ავტორი: მარკ მენსონი
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
ცხოვრება ძუკნაა. შემდეგ შენ კვდები. ხოდა ამასწინათ, როდესაც ჩემს ჭიპს ვაკვირდებოდი გადავწყვიტე, რომ ამ ძუკნას ოთხი ეტაპი აქვს. აი ისინიც:
პირველი ეტაპი: იმიტაცია
ჩვენ დაუცველნი ვიბადებით. არც სიარული შეგვიძლია, არც ლაპარაკი, არც საკუთარი თავის გამოკვება და არც წყეული გადასახადების გადახდა.
ბავშვობაში ჩვენ ახალ უნარებს სხვა ადამიანებზე დაკვირვებით და მათი იმიტირებით ვითვისებთ. ჯერ სიარულს და საუბარს ვსწავლობთ. შემდეგ, სოციალურ უნარებს ვანვითარებთ ჩვენს ახლობლებზე დაკვირვებით და იმიტირებით. საბოლოოდ კი ჩვენს კულტურასთან ვადაპტირდებით იმ წესჩვეულებებზე დაკვირვებით, რაც ჩვენს გარშემოა და ვცდილობთ ისე მოვიქცეთ, როგორც ეს ჩვენ საზოგადოებაში საყოველთაოდაა მიღებული.
პირველი ეტაპის მიზანია ისე გვასწავლოს საზოგადოების შიგნით ფუნქციონირება, რომ დამოუკიდებელ და თვითკმაყოფად ზრდასრულებად ჩამოვყალიბდეთ. მთავარია, ჩვენი საზოგადოების ზრდასრული წევრები გადაწყვეტილების მიღების და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის უნარების გამომუშავებაში დაგვეხმარონ.
მაგრამ ჩვენს გარშემო არიან ზრდასრულები და საზოგადოების ზოგიერთი წევრები, რომლებიც იდიოტები არიან (ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ზრდასრულები - საზოგადოება ჩვენს გარშემო, პირველ ეტაპზეა გაჭედილი). ისინი ჩვენი დამოუკიდებლობის გამო გვსჯიან და ჩვენს გადაწყვეტილებებს მხარს არ უჭერენ. შესაბამისად, ავტონომიას ვერ ვინვითარებთ. ამის გამო პირველ ეტაპზე ვიჭედებით, დაუსრულებლად განვაგრძობთ გარშემომყოფების იმიტირებას და რომ არ განგვსაჯონ ვცდილობთ ყოველთვის ყველა ვასიამოვნოთ. (ზოგს ჰგონია, რომ საზოგადოებას ვერასდროს მოერგება და ამიტომ იჭედება პირველ ეტაპზე. ამ ადამიანებს ხშირად ემართებათ დეპრესია და ხშირად ნარკოტიკზე დამოკიდებულები ხდებიან).
„ნორმალური“, ჯანსაღი ინდივიდისთვის პირველი ეტაპი მოზარდობის ბოლომდე და ზრდასრულობის დასაწყისამდე გრძელდება. (ნორმალური ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ, მართლა, რა ჯანდაბაა ნორმალური?). ზოგს კი ეს ეტაპი ზრდასრულობის ბოლომდე მიჰყვება. ერთ დღესაც, 45 წლის ასაკში, რამდენიმე მათგანი გაიღვიძებს და მიხვდება, რომ საკუთარი თავისთვის არასოდეს უცხოვრია და იკითხავს: „სად ჯანდაბაში გავიდა წლები?“
ეს არის პირველი ეტაპი. იმიტაცია. აღიარების და დამტკიცების მუდმივი ძიება. დამოუკიდებელი აზროვნების და პირადი ღირებულებების არ არსებობა.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ გარშემომყოფების სტანდარტები და მოლოდინები. მაგრამ ამასობაში ისე უნდა გავძლიერდეთ, რომ ამ სტანდარტების და მოლოდინების მიუხედავად ვიმოქმედოთ, როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ უნდა განვავითაროთ უნარი, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი თავებით და ჩვენი თავებისთვის.
მეორე ეტაპი: საკუთარი თავის აღმოჩენა
პირველ ეტაპზე ჩვენ გარემოსთან (ხალხი, კულტურა) ადაპტაციას ვსწავლობთ. მეორე ეტაპი კი იმის სწავლაა თუ რით განვსხვავდებით მისგან. მეორე ეტაპი ჩვენგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების დაწყებას მოითხოვს იმისთვის, რომ გამოვცადოთ და შევიმეცნოთ ჩვენი თავი, და გავიგოთ, თუ რა გვხდის უნიკალურს.
მეორე ეტაპი უამრავ ცდა-შეცდომას და ექსპერიმენტს მოიცავს. ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებთ ახალ ადგილებში ცხოვრებით, ახალი ადამიანების გაცნობით, ახალი ნივთიერებების გასინჯვით და ახალი ადამიანების ხვრელებთან თამაშით.
როდესაც მეორე ეტაპზე ვიყავი, მე გავიქეცი და ორმოცდაათიოდე ქვეყანა მოვიარე. ჩემი ძმის მეორე ეტაპი პოლიტიკურ სისტემაში თავით გადაშვება იყო, ვაშინგტონში. მეორე ეტაპი ყველას რაღაცით განსხვავებული აქვს, რადგან ყველანი რაღაცით განვსხვავდებით.
მეორე ეტაპი საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესია. ჩვენ რაღაცებს ვცდილობთ. ზოგი, რამ კარგად გამოგვდის. ზოგი არა. მთავარი მიზანი კი ცხოვრების გაგრძელება და იმის კეთებაა, რაც კარგად გამოგვდის.
მეორე ეტაპი იქამდე გრძელდება, სანამ საკუთარ ლიმიტებს არ ამოვწურავთ. ეს ბევრი ადამიანისთვის ცუდად მთავრდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რას გეტყვიან ოპრა უინფრი და დიპაკ ჩოპრა, საკუთარი ლიმიტების განსაზღვრა კარგია და ჯანსაღი.
არის რაღაცები, რაც, რამდენიც არ უნდა სცადო, მაინც ცუდად გამოგივა. და აუცილებლად უნდა იცოდე რა არის ეს რაღაცები. მაგალითად მე, გენეტიკურად არ ვარ ათლეტური. ძნელი იყო ჩემთვის ამის მიღება, მაგრამ მივიღე. ისევე შემიძლია თავის გამოკვება, როგორც თოთო ბავშვს, რომელიც მთელ იატაკზე ასხამს ფაფას. ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ გამეგო. ჩვენ ყველანი ვხვდებით რაში ვართ ბანძები. და რაც უფრო ადრე მივხვდებით ამას, მით უკეთესი.
ასე რომ, არის რაღაცები რაც არ გამოგვდის. ასევე არის რაღაცები, რაც თავდაპირველად ძალიან კარგია, მაგრამ შემდეგ ცუდად გვიბრუნდება. მაგალითად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ან ბევრ სხვადასხვა ადამიანთან სექსი. ან სამშაბათ საღამოს დათრობა. და კიდევ უამრავი რამ, დამიჯერეთ.
შენი ლიმიტების განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგან ადრე თუ გვიან გააანალიზებ, რომ შენი დრო ამ პლანეტაზე განსაზღვრულია და შესაბამისად, ეს დრო უფრო ღირებულ რაღაცებზე უნდა დახარჯო. ეს იმის გააზრებაა, რომ რადგან რაღაც შეგიძლია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გააკეთო. ეს იმის გააზრებაა, რომ რადგან რომელიღაც კონკრეტული ადამიანები მოგწონს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მათთან უნდა იყო. ეს იმის გააზრებაა, რომ ყველა შესაძლებლობას თავისი ფასი აქვს და ყველაფერი ვერ გექნება.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ლიმიტირების საშუალებას არ აძლევენ – ისინი ან თავიანთ ჩავარდნებს არ აღიარებენ, ან თავს აჯერებენ, რომ საზღვრები არ არსებობს. ეს ადამიანები მეორე ეტაპზე იჭედებიან.
ესენი არიან „სერიული ენტერპრენერები“, 38 წლისანი ისევ დედასთან რომ ცხოვრობენ და 15 წლიანი მცდელობის მიუხედავად მაინც რომ ვერ იშოვეს ფული. ესენი არიან „მომლოდინე მსახიობები“, რომლებიც ისევ მაგიდებს ელოდებიან და ორი წელია რაც კასტინგზე არ ყოფილან. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც გრძელვადიან ურთიერთობებს ვერ ეგუებიან, რადგან ყოველთვის ის განცდა აქვთ, რომ სადღაც, კუთხეში უფრო უკეთესი გამოჩნდება. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელ თავიანთ ჩავარდნებს ივიწყებენ და სამყაროს ნეგატივით ავსებენ, ან თავიანთ ტვირთს იშორებენ.
არის დრო, როდესაც ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ რომ ცხოვრება მოკლეა, და ყველა ოცნებას ვერ ავისრულებთ, ამიტომ ფრთხილად უნდა ამოვარჩიოთ რაში ვართ საუკეთესონი და იმას მივუძღვნათ თავი.
მაგრამ ადამიანები მეორე ეტაპზე იჭედებიან და მთელი ცხოვრება ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ყველაფერი პირიქითაა. რომ ისინი უსაზღვრონი არიან. რომ მათ ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ. რომ მათი ცხოვრება დაუსრულებელი ზრდა და ამაღლებაა სამყაროში, და ამ დროს გარშემო ყველა ხედავს, თუ როგორ ტკეპნიან ისინი ერთ ადგილს.
ჯანსაღი ინდივიდებისთვის მეორე ეტაპი ზრდასრულობის შუა ან ბოლო პერიოდში იწყება და 25-დან 35 წლამდე გრძელდება (ეტაპები ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა. ერთიდან მეორეში გადასვლა თანდათანობით ხდება და ხშირად თან ერთვის ემოციური სტრესი, ან ცხოვრების სტილის მკაფიო ცვლილებები). მეორე ეტაპზე ჩარჩენას „პიტერ პენის სინდრომს“ ეძახიან – უსასრულო ზრდასრულობა, გამუდმებით საკუთარი თავის აღმოჩენის მცდელობა, მაგრამ ვერაფრის პოვნა.
მესამე ეტაპი: ვალდებულება
როდესაც უკვე საზღვრებს მიადგები და შენს ლიმიტებს აღმოაჩენ (მაგ. სპორტი, კულინარია), ან რაღაცები ცუდად მოგიბრუნდება (მაგ. გართობა, ვიდეო თამაშები, მასტურბაცია), შემდეგ ის გრჩება რაც ა) ნამდვილად მნიშვნელოვანია შენთვის და ბ) რაშიც არ ფლავდები. ახლა კი დროა საკუთარ ცხოვრებას მიხედო.
მესამე ეტაპი ადამიანის ცხოვრების დიდი აწყობა/კონსოლიდაციაა. გაუშვი მეგობრები, რომლებიც ენერგიას გართმევენ და უკან გხევენ. გაერიდე უტვინო აქტივობებს და ჰობებს. გაუშვი ძველი ოცნებები, რომლებიც უახლოეს მომავალში არ აგისრულდება.
ამის შემდეგ უმატებ იმის ხარისხს, რაც კარგად გამოგდის და რაც შენთვისაა კარგი. ამყარებ ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებს შენს ცხოვრებაში. კონცენტრირდები ცხოვრების ერთადერთ მისიაზე, იქნება ეს ენერგო-კრიზისზე მუშაობა, ციფრული არტი, ტვინის მეცნიერება, თუ ცხვირმოუხოცავი და დორბლიანი შვილების ყოლა. რაც არ უნდა იყოს, ეს მესამე ეტაპზე ხდება.
მესამე ეტაპზე შენი ცხოვრების პოტენციალის მაქსიმიზაციას ახდენ, შენს მემკვიდრეობას ქმნი. რა დაგრჩება სიკვდილის შემდეგ? რით დაგიმახსოვრებენ ადამიანები? მნიშვნელოვანი კვლევით, საოცარი ახალი პროდუქტით, თუ საყვარელი ოჯახის შექმნით? ერთი სიტყვით, მესამე ეტაპი გულისხმობს, რომ ეს სამყარო იმაზე ცოტათი უფრო განსხვავებული დატოვო, ვიდრე დაგხვდა.
მესამე ეტაპი მაშინ მთავრდება, როდესაც ეს ორი რამ ერთად ხდება:
1) გრძნობ, რომ მეტს ვეღარაფერს გააკეთებ, და
2) დაბერდები, დაიღლები და აღმოაჩენ, რომ მარტინის წრუპვა და მთელი დღე კროსვორდების შევსება ყველაფერს გირჩევნია.
„ნორმალური“ ინდივიდებისთვის მესამე ეტაპი დაახლოებით 30 წლიდან იწყება და პენსიის ასაკამდე გრძელდება.
ადამიანები მესამე ეტაპზე იმიტომ რჩებიან, რომ არ იციან როგორ გაუშვან თავიანთი ამბიციები და მეტის მიღების დაუსრულებელი წყურვილი. მათ არ იციან როგორ დაემშვიდობონ ძალაუფლებას და გავლენას, და დროის დამამშვიდებელი ეფექტის წინააღმდეგ იბრძვიან, ამიტომ ხშირად, 70-80 წლის ასაკშიც აღელვებულები და მშივრები არიან.
მეოთხე ეტაპი: მემკვიდრეობა
დაახლოებით ნახევარი საუკუნის ცხოვრების ღირებული და მნიშვნელოვანი ინვესტიციის შემდეგ, ადამიანები მეოთხე ეტაპზე გადადიან. მათ დიდებული საქმეები აკეთეს, ბევრი იმუშავეს, დაიმსახურეს ყველაფერი რაც აქვთ, შეიძლება შექმნეს ოჯახი, ან ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი, ან პოლიტიკით, ან ერთი-ორი კულტურული რევოლუცია მოახდინეს, და ახლა უკვე გაჩერების დროა. მათ მიაღწიეს ასაკს, სადაც ენერგია და გარემოებები აღარ აძლევთ საშუალებას, რომ თავიანთი მისიის გაგრძელება შეძლონ.
შესაბამისად, მეოთხე ეტაპის მიზანი არა მემკვიდრეობის შექმნა, არამედ იმის ყურადღების დევნაა, რომ ეს მემკვიდრეობა სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდეს.
ეს მარტივი რამაა, (უკვე გაზრდილი) შვილების დახმარება და რჩევების მიცემა, და სიცოცხლით ტკბობა. შესაძლოა მათი პროექტები აიღოთ და პროტეჟეებთან ან მოწაფეებთან იმუშაოთ. ასევე შესაძლოა უფრო მეტად ჩაერთოთ პოლიტიკაში, რომ საზოგადოებას ის ღირებულებები შეუნარჩუნოთ, რომელსაც ის უკვე ვეღარ ცნობს.
მეოთხე ეტაპი ფსიქოლოგიურად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს უფრო ასატანს ხდის სიკვდილის გარდაუვალობის ყოველთვის-მზარდ რეალობას. ჩვენ, ადამიანებს, ძლიერი მოთხოვნილება გვაქვს, რომ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს მნიშვნელობა, რასაც გამუდმებით ვეძებთ, ერთადერთი ფსიქოლოგიური თავდაცვაა ამ ცხოვრების გაუგებრობისგან და სიკვდილის გარდაუვალობისაგან. ეს მნიშვნელობა რომ დაკარგო ან ხელიდან გაგისხლტეს, ან ნელ-ნელა გააცნობიერო, რომ სამყარომ უკან მოგიტოვა, იგივეა რაც დავიწყებას ჩახედო თვალებში და ნება მისცე, რომ მოგინელოს.
რა აზრი აქვს?
ცხოვრების ყოველ ეტაპზე განვითარება, უდიდეს კონტროლს გვაძლევს ჩვენს ბედნიერებაზე და კეთილდღეობაზე.
პირველ ეტაპზე, ადამიანი სრულიადაა დამოკიდებული სხვა ადამიანების ქმედებებზე და აღიარებაზე იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ეს საშინელი სტრატეგიაა, რადგან სხვა ადამიანები მერყევნი და არასანდონი არიან.
მეორე ეტაპზე ადამიანი თავის თავზე ხდება დამოკიდებული, მაგრამ მაინც გარედან მოსული წარმატება განსაზღვრავს მათ ბედნიერებას – ფულის შოვნა, კომპლიმენტები, გამარჯვება, დაპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი უფრო ადვილად კონტროლირებადია, ვიდრე ადამიანები, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეც არ არის სანდო.
მესამე ეტაპი რამდენიმე ურთიერთობაზე და იმ ძალისხმევებზე დგას, რომლებიც უფრო მოქნილი და ღირებული აღმოჩნდა მეორე ეტაპისას. ეს უფრო საიმედოა. მეოთხე ეტაპი კი იმის ჩაბღაუჭებაა, რასაც აქამდე მივაღწიეთ, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შევძლებთ.
ყოველ მომდევნო ეტაპზე ბედნიერება უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება შინაგან, კონტროლირებად ღირებულებებზე, ვიდრე მუდმივად ცვალებად, გარე სამყაროს ფაქტორებზე.
შიდა-ეტაპობრივი კონფლიქტი
შემდეგი ეტაპები წინა ეტაპებს კი არ ანაცვლებს, არამედ ესაზღვრება მათ. მეორე ეტაპზე მყოფ ადამიანებსაც სჭირდებათ სოციალური აღიარება. ისინი უბრალოდ რაღაც უფრო მეტისკენ მიილტვიან, ვიდრე მხოლოდ სოციალური აღიარებაა. მესამე ეტაპის ადამიანები ისევ ცდიან თავიანთ საზღვრებს. ისინი უბრალოდ მეტად ზრუნავენ აღებულ პასუხისმგებლობებზე.
ყოველი ეტაპი ადამიანის ცხოვრებისეული პრიორიტეტების აჩეხვას, გადალაგებას ჰგავს. ამის გამო, გარდამავალი პერიოდისას, მეგობრობასა და ურთიერთობებში უკუჩვენებებს ვაწყდებით. თუ შენ და შენი მეგობრები ყველანი მეორე ეტაპზე იმყოფებით, შენ კი ამ დროს დალაგდები, პასუხისმგებლობებს აიღებ და მესამე ეტაპზე გადასვლისთვის მოემზადები (შენი მეგობრები კი მეორე ეტაპზე დარჩებიან), შენსა და მათ ღირებულებებში რთულად გადასალახი, ფუნდამენტური განსხვავებები წარმოიქმნება.
ზოგადად ადამიანი ყველა გარშემომყოფზე ახდენს საკუთარი ეტაპის პროეცირებას. პირველ ეტაპზე მყოფნი სხვებს თავიანთი სოციალური აღიარების უნარის მიხედვით განსჯიან. მეორე ეტაპზე მყოფნი სხვებს საზღვრების გაფართოების და ახალი რამეების გამოცდის უნარის მიხედვით განსჯიან. მესამე ეტაპზე მყოფნი სხვებს თავიანთი პასუხისმგებლობების და იმის მიხედვით განსჯიან, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ. მეოთხე ეტაპზე მყოფნი კი ღირებულებებისა და ცხოვრებისეული მიზნების არჩევანის მიხედვით.
ტრავმის ღირებულება
თვითგანვითარებას, სიშტერიდან გასხივოსნებამდე, ხშირად ყვავილებით მორთული გზის სახით წარმოგვიდგენენ ხოლმე, რაც უამრავ სიხარულს, გვირილების მდელოზე ნავარდს, და უძვირეს სემინარებზე, ათასობით ადამიანთან ხელის ჩამორთმევას მოიცავს.
სიმართლე კი ის არის, რომ ერთი ცხოვრებისეული ეტაპიდან მეორეში გადასვლას რაიმე ტრავმა, ან ძალიან ნეგატიური მოვლენა იწვევს ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც სიკვდილს ჩახედავ თვალებში. ან ცოლს/ქმარს დაშორდები. ან მეგობარი გიღალატებს, ან საყვარელი ადამიანი გარდაიცვლება.
ეს ტკივილი გვაიძულებს უკან დავიხიოთ და ჩვენი მთავარი მოტივაციები და გადაწყვეტილებები გადავაფასოთ. ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი, ბედნიერების მიღების სტრატეგიები.
რა გვჭედავს
ყოველ ეტაპზე ერთი და იგივე რამ გვჭედავს: პირადი არასრულფასოვნების გრძნობა.
ადამიანები პირველ ეტაპზე იმიტომ იჭედებიან, რომ მათ თავი სხვებთან შედარებით ნაკლოვანები და რაღაცით განსხვავებულები ჰგონიათ, და ამიტომ მთელს დროს იმის კონფორმაციას უთმობენ, რისი დანახვაც გარშემომყოფებს სურთ მათგან. რამდენიც არ უნდა ეცადონ, მათ ჰგონიათ, რომ ეს არასდროსაა საკმარისი.
მეორე ეტაპის ადამიანები იმიტომ იჭედებიან, რომ ჰგონიათ ყოველთვის მეტი უნდა აკეთონ, ყოველთვის უფრო უკეთ, რაიმე ახალი და ამაღელვებელი წამოიწყონ, რაიმეში უკეთესები გახდნენ. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადონ, მათ ჰგონიათ, რომ ეს არასდროსაა საკმარისი.
მესამე ეტაპზე გაჭედვის მიზეზი იმაზე ფიქრია, რომ მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინეს, და რაღაც სფეროებში კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადონ, მათ ჰგონიათ, რომ ეს არასდროსაა საკმარისი.
მეოთხე ეტაპზე გაჭედილებს კი ეშინიათ, რომ თავიანთი მემკვიდრეობა დიდხანს ვერ გასტანს, ან მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს მომავალი თაობებისთვის. ისინი მას ეწებებიან, ებღაუჭებიან და ბოლო ამოსუნთქვამდე მის გავრცელებას ცდილობენ. მაგრამ ისინი ვერასდროს გრძნობენ, რომ ეს საკმარისია.
გამოსავალი ყოველ ეტაპზე, უკან დახევაა. პირველ ეტაპს რომ გაცდე უნდა აღიარო, რომ ყოველთვის ყველას ვერ მოერგები და შესაბამისად გადაწყვეტილებები შენით უნდა მიიღო.
მეორე ეტაპს რომ გაცდე უნდა აღიარო, რომ ვერასდროს შეძლებ ყველაფრის გაკეთებას, რაც კი ოდესმე გისურვია და გიოცნებია, და შესაბამისად მხოლოდ იმაზე უნდა კონცენტრირდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
მესამე ეტაპს რომ გაცდე უნდა გააცნობიერო, რომ დრო და ენერგია შეზღუდულია და შესაბამისად ყურადღება უნდა დაუთმო სხვებს, რომ სისრულეში მოიყვანონ ის, რაც შენ დაიწყე.
მეოთხე ეტაპს რომ გაცდე უნდა გააცნობიერო, რომ ცვლილება გარდაუვალია, და რომ ერთი ადამიანის გავლენა, რაც არ უნდა დიდი იყოს ის, რაც არ უნდა ძლიერი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი, ყოველთვის გაილევა.
ცხოვრება კი მოძრაობას განაგრძობს.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...