დაამტკიცეთ, რომ მატრიცაში არ ვცხოვრობთ! - 8 ფილოსოფიური იდეა, რომელმაც ვაჩოვსკების ტრილოგია კულტად აქცია

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ოცი წლის შემდეგ „მატრიცა“ ბრუნდება! სცენარი, ჯერჯერობით, შექმ...

Matrica 1 1024x717

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

ოცი წლის შემდეგ „მატრიცა“ ბრუნდება! სცენარი, ჯერჯერობით, შექმნის პროცესშია, ჩვენ კი, გთავაზობთ დავუბრუნდეთ ორიგინალ ტრილოგიას და გავერკვეთ, თუ რატომ იქცა ვაჩოვსკის ფილმი არამხოლოდ კულტურ ფანტასტიკურ ‘ბოევიკად’, არამედ უკვდავ ფილოსოფიურ ნაწარმოებად, რომელსაც შეიძლება დაუსრულებლად მიუბრუნდე კვლავ და კვლავ. აი, ის რვა იდეა, რომელთა გამოც „მატრიცა“ თავბრუდამხვევია.

ლანა ვაჩოვსკი შეუდგა ახალი „მატრიცის“ სცენარის წერას და მალე ფრანჩიზის მეოთხე ნაწილის დამდგმელ-რეჟისორად მოგვევლინება. ლანასთან ამ ფილმში ითანამშრომლებს დევიდ მიტჩელი - ავტორი რომანისა „ღრუბლიანი ატლასი“, რომლის მიხედვითაც გადაღებულია დები ვაჩოვსკებისა და ტომ ტიკვერის ამავე სახელწოდების ეპიკური ანტიუტოპია. ფილმის გადაღება მომავალ წელს დაიწყება.

კინოტრილოგია „მატრიცა“ - მსოფლიო კინემატროგრაფის კლასიკად და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმად იქცა. ოც წელზე მეტი გავიდა პირველი ფილმის გამოსვლიდან, მაგრამ ის დღესაც ძველებურად იწვევს მილიონობით მაყურებლის აღფრთოვანებას მთელ მსოფლიოში. ფილმმა სპეცეფექტების სრულიად ახალი სტანდარტები შემოიტანა კინემატოგრაფში: მაგალითად მოდად იქცა ‘გასროლილი ტყვიის შენელებული მოძრაობის’ ეფექტის ფართო გამოყენება - კომბინირებული გადაღების ტექნიკა დროის ‘შეჩერების’ ეფექტის მოსახდენად, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ აქა-იქ მოკლე ვიდეორგოლებში თუ გამოიყენებოდა.

მაგრამ ვაჩოვსკები მიისწრაფოდნენ ნოვატორულობისკენ ყველაფერში, ცდილობდნენ რა შეექმნათ არამხოლოდ ლამაზი, არამედ პროვოკაციული, ღრმა შინაარსით დატვირთული კინო. ცდილობდნენ გადაეღოთ ფილმი ჩვეული სამყაროს არარეალურობის შესახებ, სადაც მინიმალური იქნებოდა გენდერული, ან კულტურული სტერეოტიპების ზეგავლენა.

მთავარი გმირის - რჩეულის როლზე თავიდან სანდრა ბალოკს, ან აფროამერიკელ ვილ სმიტს მოიაზრებდნენ. ორივე ვარიანტი სერიოზული გამოწვევა იქნებოდა იმ ოცი წლის მანძილზე შექმნილი წარმოდგენების ფონზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კაცობრიობის მხსნელი.

„მატრიცამ“ არამხოლოდ პროვოკაციული ‘იმიჯი’ დაიმკვიდრა, არამედ იქცა თანამედროვე ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის თავისებურ სახელმძღვანელოდ.

მოდით, განვიხილოთ 8 არაბანალური თემა, რომელიც დები ვაჩოვსკების სამყაროს უდევს საფუძვლად და ვცადოთ დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანა: როგორც ფილმის შემქმნელებმა განაცხადეს, მათ არ სურთ ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემა სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებულ კითხვებზე, მაგრამ, იმედოვნებენ, რომ მათი კინო აიძულებს მაყურებლებს, თავად დაფიქრდნენ ამაზე.

ყურადღება! ტექსტში დიდი რაოდენობითაა ‘სპოილერები’. თუმცა, თქვენ „მატრიცა“ 18-ჯერ მაინც გექნებათ უკვე ნანახი!

1. როგორ გგონიათ, მატრიცაში ხომ არ ვცხოვრობთ?

„მატრიცა“, ერთი შეხედვით, შეიძლება მომავალზე შექმნილ ფილმადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ არაფერი უშლის ხელს იმას, რომ ეს მოქმედებები აწმყოში ვითარდებოდეს.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ არ გძინავთ, თუკი სიზმრები საოცრად ცხადი და რეალურია? რამდენად შეიძლება იყოთ დარწმუნებული თქვენს წარსულში, ან თქვენს აღქმაში? როგორ შეიძლება განასხვავოთ, არის თუ არა ის, რასაც ხედავთ, რეალური, თუ მხოლოდ თქვენი წარმოდგენის ნაყოფი?

როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ მატრიცაში არ ვცხოვრობთ?

 

„მატრიცის“ სიუჟეტის ცენტრალური იდეა - არის დაშვება, რომ ჩვენი სამყარო შესაძლოა არარეალური იყოს, ხოლო ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ, მანქანებით შექმნილი სიმულაციაა, რომელსაც ჩვენი ტვინი რეალობად აღიქვამს.
რეალობის არარეალურობა - თავისთავად ძალიან ძველი იდეაა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ფილოსოფოსებს ათასწლეულების მანძილზე. ბუდა შაკიამუნიმ თავისი სწავლების საფუძველში მსგავსი იდეა ჩადო, ხოლო ბუდიზმმა მნიშვნელოვანწილად იქონია გავლენა ვაჩოვსკების შემოქმედებაზე. დასავლეთში ამ იდეების პოპულარიზება XVII საუკუნის ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა მოახდინა. თანამედროვე ფილოსოფოსი ჰილარი პატნემი თავის წიგნში „გონება, ჭეშმარიტება და ისტორია“ (1981) მკითხველს სთავაზობდა წარმოედგინა, რომ მისი ტვინი ქილაშია მოთავსებული და მიერთებულია კომპიუტერთან: ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კომპიუტერის სიგნალები - ვირტუალური რეალობა - არარეალურია? ეს ხატი ეთანადება „მატრიცის“ ხატსახეების რიგს.

შესაძლოა, თქვენ თავადაც შეგიტანიათ ეჭვი იმის რეალურობაში, რასაც თქვენს გარშემო ხედავთ. გაგიღვიძიათ და გიფიქრიათ: დავუშვათ, ჩემი ცხოვრება არ არის ნამდვილი და რაღაც ზეარსება უბრალოდ თამაშობს ჩემს როლს, ვთქვათ, ისევე, როგორც მე ვთამაშობ ‘სიმპსონებს’ კომპიუტერში.

მაგრამ, სამწუხაროდ, კაცობრიობა ვერც ვერასდროს იპოვის პასუხს ჩვენი სამყაროს რეალურობის (ან, არარეალურობის) შესახებ კითხვაზე.

როცა საქმე ამგვარ კითხვებს შეეხება, ხშირად პოლემიკაში შევდივართ და გვავიწყდება, რომ უმწეონი ვართ რამე ვამტკიცოთ, საკუთარი აზროვნების ფაქტის მიღმა. ზოგჯერ, როგორც არ უნდა გვსურდეს თავის დარწმუნება საპირისპიროში, მთელი ცხოვრება მხოლოდ ვიჯერებთ და იმის გამო, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, ვიღებთ რეალობად იმას, რასაც გარშემო ვხედავთ.

ასე რომ, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მორფეუსი მართალია: ჩვენ ვეღარაფერს დავეყრდნობით, გარდა ინფორმაციისა, რომელსაც (შეცდომით, თუ სწორად, არავინ იცის) ჩვენი ტვინი გადმოგვცემს.

2. „რეალური სამყარო“ - ეს მატრიცაა?

როგორც ამას არაერთგზის ადასტურებენ თავად დები ვაჩოვსკები, მათ ნამუშევრებზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან ბოდრიარის იდეებმა. იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით ბოდრიარმა გააკრიტიკა „მატრიცა“ და განაცხადა, რომ მისი იდეები ფილმში ბევრგან მეტისმეტადაა ტყუილით განზავებული, ამ იდეების ანალიზის გარეშე, ვაჩოვსკების ფილოსოფიაზე მსჯელობა ტრილოგიის მიხედვით, არასრული იქნებოდა.

პირველი ფილმის დასაწყისში, „მატრიცის“ მთავარი გმირი, ნეო გადაშლის წიგნს „სიმულაკრები და სიმულაცია“. ნეო ინახავდა ამ წიგნს და, სავსებით დასაშვებია, რომ სწავლობდა მას თავისი ცხოვრების სწორედ იმ პერიოდში, როცა იწყებდა იმაზე ფიქრს, რომ ამ სამყაროში რაღაც ისე არ არის, და განწირულად ცდილობდა მოეძებნა პასუხები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას რეალობის ილუზიისგან გარჩევაში.

ბოდრიარი ამტკიცებს, რომ ჩვენ ილუზორულ სამყაროში ვცხოვრობთ, ხოლო უამრავ საყოველთაოდ მისაღებ მოვლენას „სიმულაკრებს და სიმულაციას“ უწოდებს. სიმულაკრებს ფილოსოფოსი მიაკუთვნებს ისეთ სოციალურ მოვლენებს, როგორიცაა მომხმარებელი საზოგადოება, მოდა და საზოგადოებრივი აზრი. კაცობრიობა აღიქვამს ამ მოვლენებს რეალობად, რომელიც თითქოს დამოუკიდებლად არსებობს და თავის ცხოვრებას მას უქვემდებარებს, იმის გაუცნობიერებლად, რომ სინამდვილეში ეს ხელოვნურადაა შექმნილი კულტურისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ. ეს სწორედ მათი მხრიდანაა ჩვენზე თავსმოხვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა არ იციან არსებული სიტუაციის რეალური არსი და არც ცდილობენ მის გაგებას.

საინტერესო იქნებოდა, თუ ბოდრიარის ამ იდეას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავდით: ჯერ კიდევ ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და მომხმარებელი საზოგადოების გამოჩენამდე არსებობდნენ სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ადამიანთა ცხოვრებას და რომელთა ნების წინაღმდეგ ვერავინ ბედავდა გამოსვლას. გაიხსენეთ, თუნდაც ისეთი მოვლენები, როგორიცაა სოფლელების ჭორაობა ქალაქის უცნაურობებზე, ავტორიტარული მღვდელმსახურების ქადაგებები ეკლესიებში, საზოგადოებრივი მორალის შესახებ წარმოდგენები, რომელსაც მშობლები უტენიდნენ თავში თავიანთ შვილებს.

მატრიცა ფილმში ექვსჯერ გადაიტვირთა და თავიდან შეიქმნა კაცობრიობისთვის სრულიად შეუმჩნევლად — მაგრამ ჩვენს რეალურ სამყაროშიც იცვლებოდნენ „სიმულაკრები“, რომელიც ადამიანების ცხოვრებას აკონტროლებენ!

მათი „გადატვირთვა“ მუდმივად ხდებოდა კვლავ და კვლავ - ჩვენ ახლა ამას „ეპოქების ცვლას“ ვუწოდებთ: ვთქვათ, დასავლურ საზოგადოებაში გამეფებული წარმოდგენები სიყვარულზე, ოჯახზე არ ჰგავს იმ წარმოდგენებს, რაც ძველ საბრძნეთში იყო.

„მატრიცის“ ბევრი ფანატი ელოდებოდა, რა მოხდებოდა ტრილოგიის ფინალში: რომ „რეალური სამყაროც“ მატრიცა აღმოჩნდებოდა. ბოდრიარის მოლოდინი იყო, რომ ფილმი გვაჩვენებდა „სიმულაკრების“ გადაკვეთებს, და არ დაყოფდა ფილმის სამყაროს მანქანებით შექმნილ ილუზორულ სამყაროდ და ზიონის მცხოვრებთა „ნამდვილ ცხოვრებად“. ბევრს გაუცრუვდა ეს მოლოდინი.

მაგრამ, რეალურად ვაჩოვსკებმა აჩვენეს ეს გადაკვეთები, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩათ კრიტიკოსებს. მათ მოახდინეს მატრიცის ორი დონის დემონსტრირება.
ერთი - ეს იყო მანქანებით შექმნილი ვირტუალური რეალობა. მატრიცის მეორე დონე არ იყო ასე ხილული: ეს იყო კულტურა, რომელშიც ხდებოდა პერსონაჟების აღზრდა, და სწორედ ამ კულტურაში ჩამოყალიბებული მათი აღქმის თავისებურებები. არ იყო შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ტრილოგიის პირველ ნაწილში აგენტი სმიტი ზიზღით ლაპარაკობს ილუზორული ცხოვრების შესახებ, რომლითაც ნეო ცხოვრობს: პრესტიჟული სამსახური, გადასახადები და მოხუცი ქალის დახმარება ნაგვის გატანაში - ეს ყველაფერი კომპიუტერული სიმულაციის საზღვრებში ხდება. მესამე, დასკვნით ნაწილში, სმიტი ასეთივე ზიზღით ლაპარაკობს სიყვარულზე და უწოდებს მას ისეთივე ხელოვნურს, როგორიც თვითონ მატრიცაა.

გარკვეული აზრით, ეს ასეც არის, ჩვენი წარმოდგენები პრესტიჟლ სამსახურზე და სიყვარულზე - სოციალური ‘კონსტრაქტები’, აუცილებელი ნიშნების, ემოციებისა და ქმედებების მთელი ერთობლიობა, რომელიც ჩვენს კულტურაში ერთ ცნებაშია თავმოყრილი. თუმცა, ნებისმიერ სხვა კულტურაში ამ „თავისთავად ცხადი“ გაგების ქვეშ სხვადასხვა რამ მოიაზრება.

მაგალითად, ძველი ბერძნების კულტურაში სიყვარულის აღსაწერად ოთხი სხვადასხვა სიტყვა არსებობდა, ამიტომაც, ძველმა ბერძნებმა ვერ შეძლეს მათი ერთი კონცეფციის ქვეშ გაერთიანება.

ასე რომ, ისეთი ცნებები, როგორიცაა სიყვარული, ჭეშმარიტება, ოჯახი, რაც ასერიგად მნიშვნელოვანია „მატრიცის“ გმირებისთვის, ვერ იარსებებს ჩვენი კულტურის, ჩვენი „მატრიცის“ საზღვრებს მიღმა და ისინი იმდენად არიან რეალურნი, რამდენადაც ჩვენ, ადამიანები ვთვლით მათ რეალურად (არც მეტი, არც ნაკლები).

3. განსაზღვრავს თუ არა რწმენა ჩვენს ცხოვრებას?

ამრიგად, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა უძლურია აღიქვას რეალობა კულტურის ჩარჩოებს მიღმა, ხოლო იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის რეალური და რა არა, შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ტვინის სიგნალებს დავეყრდნოთ. მაშ, როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს აღქმებში?

ადამიანები უბრალოდ იღებენ იმ ფაქტს, როგორც ამას ფორმალური ლოგიკის ფუძემდებელი არისტოტელე იტყოდა, „A არის A“ - ანუ, რეალობა რეალურია, ხოლო ობიექტები გარშემო ისეთია, როგორადაც ჩვენ მათ აღვიქვამთ.

თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი არათუ ეთანხმება „თამაშის წესებს“ და კომფორტის მიზნით, აღიქვამს სამყაროს რეალურად, არამედ გულწრფელად იჯერებს ამას: ანუ, არამხოლოდ განდევნის ეჭვებს სამყაროს რეალურობის შესახებ, არამედ უარს ამბობს საკუთარი შეხედულებების გადახედვაზე. ასეთი ადამიანებისთვის რწმენის სურვილი შესაძლოა თვით სინამდვილის აღქმაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ხოლო მათი რწმენა - ერთადერთი რეალობა.

„მატრიცის“ პირველ ნაწილში ორი ფანატიკოსია: მორფეუსი და საიფერი. ერთი შეხედვით, ისინი ურთიერთსაპირისპიროდ გვეჩვენება: მორფეუსს სჯერა, რომ იპოვის ‘რჩეულს’, რომელიც გამოიხსნის კაცობრიობას მანქანების უღლიდან, რითიც საშუალებას მისცემს ადამიანებს იცხოვრონ რეალურ სამყაროში. საიფერს კი არ სურს რამე სჯეროდეს და იმ ყველაფრის დავიწყება უნდა, რაც რეალური სამყაროს შესახებ შეიტყო და ილტვის ისევ მატრიცას მიუერთდეს.

მაგრამ, ნამდვილად ასე განსხვავდებიან ეს გმირები ერთმანეთისგან?

მორფეუსი ხომ მზად არის დაიჯეროს წინასწარმეტყველება ‘რჩეულის’ შესახებ, ის სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში ამ რწმენის გამო, და სწორედ ეს რწმენა განსაზღვრავს მთელ მის არსებობას. ფაქტობრივად, მისი რწმენა - არის სწორედ მისი რეალობა, ის, რასაც ის ხედავს თავის წინაშე „სინამდვილეში“. „მე კი არ მჯერა, მე ვიცი!“ - მრავალგზის იმეორებს ის. მისთვის წინასწარმეტყველება - უდავო ჭეშმარიტებაა, მაშინაც კი, როდესაც თვითონ ნეო ეუბნება მას, რომ ეს შეცდომაა. ანუ, მორფეუსს, ფაქტობრივად, მხოლოდ თავისი წარმოდგენების სამყაროში სურს ცხოვრება - როგორც საიფერს, აი, ამ უკანასკნელს კი, ამისთვის მატრიცასთან მიერთება და მეხსიერების წაშლა სჭირდება, ხოლო მორფეუსს - არა.

ეს ორი პერსპონაჟი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ხედავენ სამყაროს რელიგიური და იდეოლოგიური ფანატიკოსები.

მათ ძველი ტექსტებიდან ამოკრებილი დოგმები, ან მოძრაობების ლიდერების მანიფესტები ბევრად უფრო ნამდვილი ჰგონიათ, ვიდრე ის ყველაფერი, რასაც მათ საკუთარი გამოცდილება კარნახობთ. ისინი, ისევე, როგორც ადამიანები, მიერთებული არიან მატრიცას და უმალ სიცოცხლეს დათმობენ, ვიდრე ეჭვქვეშ დააყენებენ თავიანთ შეხედულებებს. ჩვენს ჩვეულებრივ სამყაროში მცხოვრები უამრავი ‘მორწმუნესთვის’ ასევე უცხოა ფიქრი იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს, როგორც ნეოსთვის ფიქრი იმაზე, რომ „კოვზი არ არსებობს“ (ამიტომაც არის შესაძლებელი მისი გადაღუნვა ადამიანის ნების მეშვეობით).

რწმენის თემა არაერთგზისაა წამოწეული ტრილოგიაში, არამხოლოდ საიფერისა და მორფეუსის ხატსახეების გასაშიფრად, და არამხოლოდ კოვზის სცენაში. მაგალითად, პითიას წინასწარმეტყველების რწმენა და ტრინიტისადმი სიყვარული გააცოცხლებს ნეოს და აქცევს მას ‘რჩეულად’.

სწორედ იმის რწმენამ, რომ მას არჩევანი აქვს, შეაძლებინა ნეოს ზიონის გადარჩენა და სმიტზე გამარჯვება.

თვით პითია - ყველაზე „ადამიანური“ პროგრამებს შორის - მუდმივად საუბრობს რწმენის და მისი გავლენის შესახებ რეალობაზე, რწმენა ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცდაა ადამიანთა უმრავლესობისთვის.

4. „კაცობრიობა, როგორც სახეობა, ვერ აღიქვამს რეალობას ტანჯვისა და სიღატაკის გარეშე?“

ასე მსჯელობს კაცობრიობაზე აგენტი სმიტი ტრილოგიის პირველ ნაწილში.

ამ სცენაში ის ყვება, რომ პირველი მატრიცა შეიქმნა, როგორც უტოპიური, იდეალური სამყარო. თუმცაღა, ყველაფერი სრული კრახით დასრულდა: ადამიანები მალევე მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ იყო, და აუჯანყდნენ პროგრამას, ასე რომ, საჭირო გახდა მატრიცის გადატვირთვა, ხოლო მასში მცხოვრებთა უკლებლივ განადგურება.

რეალურად, მოვლენათა განვითარების საკმაოდ დამაჯერებელი სცენარია: ადამიანთა უმრავლესობა არ არის მიდრეკილი მშვიდი და წყნარი ცხოვრებისკენ - ისინი ცდილობენ მიზნების დასახვას, რაღაცის მიღწევას, ერთმანეთთან მეტოქეობას. ჩვენს არაიდეალურ რეალურ სამყაროში კი ამას ყოველთვის მივყავდით ომებთან, გენოციდთან, უმცირესობების დისკრიმინაციასთან და დამნაშავეობის აღზევებასთან.
ამგვარი ქცევის ბუნება მარტივია: ჩვენ ხომ ცხოველები ვართ, და თვითგადარჩენისკენ მიმართული ქმედებების მოთხოვნილება ჩვენში ეცოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა - ახლა ჩვენ უკვე ვეღარ წავალთ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ.

სამყარო, სადაც კონფლიქტი შეუძლებელია, ძალიან რთული გახდებოდა ადამიანებისთვის: ისინი, უბრალოდ, მოიწყენდნენ.

რა გასაკვირია, რომ სმიტისთვის, როგორც პროგრამისთვის, ამის გაგება რთული იყო!

ამდენად, ადამიანები არ არიან იდეალურები. თუ მათ ცხოველურ მისწრაფებას ქმედებებისადმი სპორტული შეჯიბრების, ან აქტიური დასვენების მსგავს უსაფრთხო კალაპოტში არ მივუშვებთ, ეს იდილია მათთვის კოშმარად შეიძლება იქცეს. ამიტომ, ნებისმიერი „იდეალური სამყარო“ უნდა სთავაზობდეს დაბრკოლებების გადალახვის საშუალებას მათ, ვისთვისაც ეს აუცილებელია. არქიტექტორი, იგივე მატრიცის შემქმნელი, უფრო მარტივი გზით წავიდა და უბრალოდ თავიდან შექმნა, აღადგინა ადამიანებისთვის ის სამყარო, რომელშიც ისინი ჩვეულად გრძნობდნენ თავს. ადამიანებმაც უპრობლემოდ მიიღეს იგი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანთა არაიდეალურობის თემა, ისევე, როგორც რწმენის თემა, სხვადასხვა კუთხითაა გაშლილი „მატრიცაში“. დები ვაჩოვსკები გვაჩვენებენ, რომ სიყვარული ხშირად სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ, ამასთანავე, აიდეალებენ მას, რადგან სიყვარულს შეუძლია ადამიანებს უბიძგოს წარმოუდგენელი ქმედებებისკენ და უფრო ბედნიერად აგრძნობინოს თავი. საიფერის ბრმა რწმენამ კინაღამ იმსხვერპლა მორფეუსი, მაგრამ, მორფეუსის ბრმა რწმენამ, გარკვეული თვალსაზრისით, გადაარჩინა ზიონი და მანქანებისა და კაცობრიობის დაზავებას შეუწყო ხელი.

მატრიცის სამყარო - კაცობრიობის კონტროლის პროგრამის სამყარო - წარმოჩენილია, როგორც ლამაზი, მონუმენტური, თითქმის იდეალური სამყარო. შეადარეთ ის უღიმღამო შენობა, სადაც თავისუფალი ადამიანების შემწე პიფია ცხოვრობს, მთლიანად ილუზორულ, „დავარცხნილ“ ოფისს, სადაც ნეო მუშაობდა. შეადარეთ ზიონის მცხოვრებთა უთავბოლო, ველური ცეკვები სცენას იგივე ფილმიდან, სადაც მეროვინგენის ბრწყინვალებით მოსილი დიდებული რესტორანია ნაჩვენები. შეხედეთ, რა დიდებულად და ქარიზმატულად გამოიყურებიან მატრიცასთან მიერთებული მთავარი გმირები თავიანთ ლატექს-ტყავის სამოსში და მუქ სათვალეებში - და რა ღარიბულად და არამიმზიდველად - მატრიცის გარეთ მცხოვრები თავისუფალი ადამიანები.

აქ რეალური ადამიანური სამყარო ნაჩვენებია რთული, მრავალწახნაგოვანი და უკიდურესად არაიდეალური სახით.

მაგრამ ადამიანები ხომ მართლაც არაიდეალურები არიან თავიანთი არაიდეალური ფსიქიკით, და ასევე არაიდეალურ სამყაროში ცხოვრობენ. ამ არასრულყოფილების მიღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც აბსტრაქტული და მიუწვდომელი იდეალურისკენ სწრაფვა.

სმიტი არ იყო მართალი: ადამიანებს არ ძალუძთ იყონ სრულყოფილები - მაგრამ მათთვის არაა აუცილებელი იტანჯონ, მათ შეუძლიათ იყონ ბედნიერები.

5. რა გავლენას ახდენს ადამიანური ფაქტორი ძალაუფლებაზე?

ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილში („მატრიცა: გადატვირთვა“ და „მატრიცა: რევოლუცია“) დროგამოშვებით გვაჩვენებენ მეროვინგენს - ერთ-ერთ უძველეს პროგრამას, რომელიც ინფორმაციის შესაგროვებლად შეიქმნა.

მეროვინგენი ძალიან ჰგავს ადამიანებს: მისთვის დამახასიათებელია ადამიანური ნაკლოვანებების უმეტესობა - მაგრამ, სრულიად არ გააჩნია ადამიანური ფსიქოლოგიის გაგება.

იგი თავის თავში ასხეულებს გავლენიანი მამაკაცის სტერეოტიპულ ხატსახეს, თუმცა მცირეოდენი „შარმის“ დამატებით - ფრანგული ენისა და კულტურისადმი ინტერესით. ოდესღაც ის ძალიან „ადამიანური“ იყო და უყვარდა თავისი ცოლი პერსეფონე, მაგრამ დროსთან ერთად მისი ინტერესები მხოლოდ ძალაუფლებასა და საკუთარი სტატუსის გაძლიერებას მიეჯაჭვა. სამყარო მისთვის ძალიან მარტივი გახდა: მასში აღარ დარჩა არაფერი მიზეზებისა და შედეგების გარდა, რომელთა გათვლაც შესაძლებელია.

მაგრამ ემოციები (და არამხოლოდ ადამიანების, არამედ პროგრამებისაც „მატრიცის“ სამყაროში) არ ექვემდებარება გამარტივებულ ანალიზს. ამ ფაქტის გაუაზრებლობამ მეროვინგენი ნაბიჯ-ნაბიჯ სრულ ფიასკომდე მიიყვანა.

პირველივე სცენაში მეროვინგენი აიგნორებს თავისი ცოლის პერსეფონეს გრძნობებს და გართობის მიზნით ღალატობს მას. მეორეში მას მძევლად ჰყავს აყვანილი ნეო, ხოლო როდესაც ტრინიტი შეყვარებულის გასათავისუფლებად ოთახში მყოფ ადამიანთა სიცოცხლეს რისკავს, მეროვინგენს უჭირს დაჯერება, რომ მას მართლაც შეუძლია ასეთი თავგანწირული ნაბიჯის გადადგმა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებულია.

გრძნობების როლის იგნორირება არაერთხელ გამხდარა არამხოლოდ მეროვინგენის დაცემის მიზეზი, არამედ დიქტატორთა უმეტესობისაც. ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, რომ ისინი, ვის მართვასაც ცდილობენ, არ არიან მხოლოდ პაიკები ამ თამაშში.

ადამიანური ფსიქიკა ძნელად ემორჩილება მთლიანად ამა თუ იმ თამაშის წესებს. სწორედ ადამიანური ფაქტორის გაუთვალისწინებლობას მივყავდით აჯანყებებთან და რევოლუციებთან ჩვენს რეალურ ისტორიაში.

6. აქვს თუ არა ადამიანს რამე მისია, თუ ყველაფერს არჩევანის თავისუფლება განსაზღრავს?

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა „მატრიციდან“ - გააჩნია თუ არა ადამიანს არჩევანის თავისუფლება, თუ ჩვენი ბედი იმთავითვე განსაზღვრულია, და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივყვეთ და შევასრულოთ ეს ერთადერთი დანიშნულება?

იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ეს თემა, მოდით, დავაკვირდეთ ორ ურთიერთსაპირისპირო ხატსახეს: ნეოს და სმიტს.

როგორც ცნობილია, მატრიცის ყველა პროგრამა შექმნილია გარკვეული მიზნით, ხოლო ის პროგრამები, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ მიზნის რეალიზებას, ნადგურდებიან. მაგალითად, აგენტების მიზანია სისტემისთვის საშიშროების აცილება, მათ შორის, იმ თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევენ. თუკი აგენტი მარცხდება (როგორც სმიტი პირველი ფილმის ბოლოს), ის უნდა დაუბრუნდეს მთავარი კომპიუტერის პირველწყაროს და განადგურდეს.

მაგრამ, თვით პროგრამებსაც აქვთ არჩევანი, თუმცაღა, ძალიან მწირი: სმიტს ის მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, როდესაც მან უარი თქვა სიკვდილზე.

ბევრი პროგრამა-„მოკვეთილი“, რომელიც განწირულია გასანადგურებლად, იგივე გადაწყვეტილებას იღებს და საშველად პიფიას და მეროვინგენს მიმართავს. მაგრამ სმიტი იმდენად მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა პროგრამებისგან, რომ არ შეეძლო მათთან მისვლა. ამიტომ, მას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ თავად დაეწყო სისტემასთან ბრძოლა გარკვეული სახის „კომპიუტერულ ვირუსად“ გარდაქმნილს და გადაექცია მატრიცა მისთვის შედარებით უსაფრთხო სივრცედ - გარშემომყოფთაგან თავისი თავის ასლების შექმნით.

სმიტი ამტკიცებს, რომ ყველაფერი გარდაუვალია, რომ არჩევანი არ გვაქვს - და ეს სიმართლეა, მაგრამ ეს მისთვისაა სიმართლე.

მას არ ჰქონდა არჩევანი: ის აგენტია, პროგრამაა - და ყველა მისი ქმედება სისტემის მიერ იყო ნაკარნახევი, რომლის ნაწილსაც ის თავად წარმოადგენდა. იმის მიუხედავად, ემსახურებოდა ის ამ სისტემას, თუ იბრძოდა მის წინააღმდეგ, მას არ შეეძლო მის საზღვრებს გარეთ „გასვლა“.

ემორჩილებიან თუ არა ადამიანები იგივე ბედს, იგივე გარდაუვალობას, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს სმიტი? საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევებში - არა. ასე რომ, ის ყველაფერი, რასაც ნეო ამბობდა სმიტთან კამათის დროს, ასევე სიმართლეა, სიმართლეა თვითონ ნეოსთვის. ის ხომ ადამიანია, და არა პროგრამა, მისი ცხოვრება არ ექვემდებარება გარდაუვალობას, როგორც სმიტის ცხოვრება.

ასე გამოდის „მატრიცა“ იმ იდეის წინააღმდეგ, რომ ადამიანს ერთხელ და სამუდამოდ აქვს განსაზღვრული დანიშნულება.

ნეოს რამდენიმე „ცხოვრებისეული მიზანი“ ჰქონდა: თავიდან იგი ცდილობდა ჭეშმარიტება აღმოეჩინა, შემდეგ თავის დანიშნულებად თვლიდა მორფეუსის გადარჩენას და სიცოცხლის შეწირვას, შემდეგ მიხვდა, რომ მისი მისიაა „რჩეულად“ ყოფნა - ანუ, არქიტექტორთან მისვლა, რომ ზიონის განადგურების ნება დართოს, ამოირჩიოს რამდენიმე ადამიანი, რათა თავიდან შექმნას ახალი თავისუფალი ქალაქი და გადატვირთოს მატრიცის პროგრამა. ამ მისიაზე უარის თქმას შესაძლოა მოჰყოლოდა კაცობრიობის განადგურება ზიონის დაცემის შემდეგ.

ნეოს წინამორბედი ყველა „რჩეული“ ასრულებდა არქიტექტორის ინსტრუქციას (ჯერ კიდევ პირველ ფილმში მორფეუსი ყვებოდა „პირველ რჩეულზე“, რომელმაც გაათავისუფლა „პირველი“ თავისუფალი ადამიანები, საქმე ისაა, რომ ასეთი რჩეული რეალურად სულ რამდენიმე იყო და ისინი ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც მატრიცის შემქმნელი ეტყოდა).

მაგრამ ნეომ ხელახლა მოიაზრა და გადაასხვაფერა თავისი მიზანი: თავისი შეყვარებულის გადასარჩენად უარი თქვა წესების დაცვაზე. ეს მისი ცნობიერი გადაწყვეტილება იყო და მას ესმოდა, რომ ამ „მისიის“ უგულებელყოფით, ის კაცობრიობას საფრთხის ქვეშ აყენებდა.

ტრინიტის დაკარგვის საფრთხე ნეოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრთხე, რომელიც კაცობრიობას შეიძლება დაემუქროს. გარდა ამისა, ნეომ გაიგო, რომ ‘რჩეულის’ მისია სისტემის კონტროლის მხოლოდ ნაწილია, ამიტომ, მან გადაწყვიტა, თვითონ აერჩია თავისი გზა და ისიც, თუ როგორ გამოიყენებდა თავის შესაძლებლობებს. აღმოჩნდა, რომ არც სისტემა და არც მისი წარსული ცხოვრებისეული მიზნები არ არიან მოწოდებულნი განსაზღვრონ მისი არსებობა მოცემულ მომენტში! მას შეუძლია შეცვალოს ისინი, როგორც ცვლის მატრიცას - სიტუაციიდან და განზრახვიდან გამომდინარე.

ნეოს და სმიტის ფინალურ ორთაბრძოლაში, როდესაც ყოფილი აგენტი კითხვას კითხვაზე აყრის ნეოს იმის შესახებ, თუ რის გამო იბრძვის ის ასე ჯიუტად მისთვის აშკარად სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში, ნეო მარტივად პასუხობს: „იმიტომ, რომ ეს ჩემი არჩევანია“.

სწორედ არჩევანის თავისუფლება - შესაძლებლობა იმისა, რომ დამოუკიდებლად განსაზღვრო შენი ცხოვრების მიზანი, და არ მიყვე (ბრმად) „წინასწარმეტყველებით“ (ასევე, საზოგადოებისა და სისტემის მიერ) თავსმოხვეულ მიზანსა და „დანიშნულებებს“ - არის სწორედ „მატრიცის“ ერთ-ერთი მთავარი იდეა.

მატრიცის სამყაროს - კონტროლისა და „სიმულაკრების“ სამყაროს საპირისპიროა სწორედ არჩევანის თავისუფლება. სწორედ ამ იდეით განსხვავდება ტრილოგია მასობრივი კულტურის სხვა ნაწარმოებებისგან თავისი ცნობილი „რჩეული“ პერსონაჟებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, გადაარჩენენ ყველას, მორჩილად ასრულებენ რა მათთვის წინასწარ განსაზღვრულ მისიას.

ადამიანები არ არიან პროგრამები, ისინი არ არიან შექმნილი განსაზღვრული მიზნისთვის, რომლისთვისაც მათ უნდა იცოცხლონ. ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ იცხოვრონ ამ ცხოვრების გააზრებით, ან მის გარეშე, ან თავად მიანიჭონ ცხოვრებას ესა თუ ის აზრი. როგორც თავად დებმა ვაჩოვსკებმა თქვეს ბედის როლის შესახებ, „ბედი დამოკიდებულია თვით ადამიანზე, როგორ მოგწონთ ეს პასუხი?“.

7. რა გვაქცევს ადამიანად?

ბევრი მაყურებელი „მატრიცას“ აღიქვამს, როგორც ფილმს, სადაც მამაცი ადამიანები ებრძვიან მათ დამმონებელ მანქანებს. მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ ორი ძალიან ახლომდგომი სახეობის დაპირისპირებას.

დასაწყისისთვის, მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორაა ნაჩვენები მანქანები „მატრიცაში“. ზოგიერთი მათგანი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ყავის მადუღარასა, ან კომპიუტერისგან: ისინი არ აზროვნებენ და თავის ცხოვრებას უძღვნიან მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ეს ისეთივე მანქანებია, როგორც რობოტი-მონადირეები, რომლებიც დევნიან თავისუფალი ადამიანების ხომალდებს და იერიში მიაქვთ ზიონზე, ან ისეთივე პროგრამები, როგორც აგენტების უმრავლესობაა.

ზოგიერთი პროგრამა ძალიან ჰგავს ადამიანების უმრავლესობას: ისინი „ადამიანურები“ არიან, ამ სიტყვის ჩვენს კულტურაში მიღებული გაგებით.

ეს ისეთივე პროგრამებია, როგორც პიფია, პატარა გოგონა სატი და მისი მშობლები, და, ბოლოს, თვით მეროვინგენი და პერსეფონე. მათ ასევე ახასიათებთ ადამიანური გატაცებები: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ენების შესწავლას ეხება, თუ ნამცხვრის ცხობას. ისინიც განიცდიან ადამიანურ ემოციებს, როგორიცაა: სიყვარული, სიძულვილი, იმედი, შური, ეჭვიანობა. ადამიანური კატეგორიებით აზროვნებენ და, პრაქტიკულად, ჩვენგან არაფრით განსხვავდებიან.

ისეთი პროგრამებიც კი, როგორიც არქიტექტორი და სმიტია, რომლებსაც ცალსახად ვერ მიაკუთვნებთ ვერც ერთს ამ ორი ტიპიდან (რადგან მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იაზროვნონ და განიცადონ, მაგრამ, ამასთან არ ჰგავდნენ ადამიანთა უმრავლესობას), ინარჩუნებენ თავის თავში ადამიანურ თვისებებს. სმიტის სიძულვილი - ისეთივე ადამიანური ემოციაა, როგორც პიფიას სიყვარული. არქიტექტორის სწრაფვა სრულყოფილებისკენ - ისეთივე „ჰობია“, როგორც მეროვინგენის ლტოლვა ძალაუფლებისკენ.

ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მატრიცის პროგრამის წინამორბედი - ხელოვნური ინტელექტი - წარსულის ადამიანებმა შექმნეს თავიანთი ხატის მსგავსად. ამიტომ, მანქანების რასა, რომელიც ამ ხელოვნურმა ინტელექტმა შვა, ადამიანივით ჭკვიანი და ცოცხალი აღმოჩნდა.

და თუ ასეა, მაშინ მას იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც ადამიანებს. მაგრამ კაცობრიობა არასოდეს ილტვოდა თავისივე სახეობის ფარგლებში მშვიდობიანი თანაარსებობისკენ: ადამიანები ყოველთვის ეძებენ ისეთებს, რომლებსაც შეძლებენ „არასწორი“ და „არასრულფასოვანი“ უწოდონ. რა გასაკვირია, თუ მშვიდობიანი თანაცხოვრების ეტაპი ჭკვიან მანქანებთან დიდხანს არ გაგრძელდა.

მორფეუსი ამბობდა, რომ გაუგებარია, თუ ვინ წამოიწყო ომი, - ადამიანებმა, თუ მანქანებმა. მაგრამ სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ომი ადამიანებმა დაიწყეს.

ყოველ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მანქანები ადამიანებზე უფრო ჰუმანურები აღმოჩნდნენ. სიუჟეტის მიხედვით, გადარჩენისთვის მანქანებს მზის სინათლე სჭირდებათ, ამიტომაც ადამიანებმა ცა ღრუბლებით დაფარეს, რომ ისინი მთლიანად გაენადგურებინათ, კვების წყაროს გადაკეტვით. ფაქტობრივად, ადამიანებმა მანქანების „გენოციდი“ დაგეგემეს. და, როდესაც მათი გეგმა ჩავარდა, გადარჩენილმა მანქანებმა ადამიანები ინკუბატორებში ჩასვეს და დაიწყეს მათი ‘ბატარეებად’ გამოყენება.

მაგრამ, ნამდვილად სჭირდებოდათ კი მათ ასეთი ‘ბატარეები’? ადამიანების გამოყენება ენერგიისა და სითბოს მისაღებად არცთუ ისე მიზანშეწონილია, როდესაც შენ გაქვს წვდომა ატომურ ენერგიაზე — ხოლო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია (მორფეუსის წყალობით), მანქანებს ასეთი წვდომა ჰქონდათ. გარდა ამისა, ადამიანებისგან გზის გაწმენდით, მანქანებს შეეძლოთ არამხოლოდ აეშენებინათ მეტი ატომური ელექტროსადგური, არამედ კვლავ გაეხსნათ ცა.

ამის ნაცვლად, ისინი ისევ და ისევ ახორციელებდნენ მატრიცის გადატვირთვას და ისევ და ისევ ცდილობდნენ ადამიანის სახეობის შენარჩუნებას. მეტსაც გეტყვით, პირველი მატრიცა მათ იდეალური სახით ჩაიფიქრეს, რითაც ადამიანებს შედარებით უფრო კომფორტული პირობები შეუქმნეს.

და რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, თუკი ეს ადამიანები მათ განადგურებას ცდილობდნენ? რა საჭირო იყო, საერთოდაც, ადამიანის სახეობის შენარჩუნება, თუკი ის პოტენციურად საშიშია, და, ამასთანავე, ამის არავითარი საჭიროებაც არ დგას?

სავარაუდოდ, საქმე უბრალო სენტიმენტალობაშია, სურვილის არარსებობაში, რომ გაენადგურებინათ თავიანთი შემქმნელი. გამოდის, მანქანები ბევრად ჰუმანურები აღმოჩნდნენ, ვიდრე გერმანელი ნაცისტები, რომლებმაც ებრაელების გენოციდი მოაწყეს, ან ხუტუს ნაციის რუანდელი წარმომადგენლები, რომლებმაც ამოხოცეს მინიმუმ ნახევარი მილიონი ტუტსის ტომის წარმომადგენელი, - და მეტიც, თვით ამ ომში მონაწილე ადამიანებზე ჰუმანურებიც.

მანქანები ზღუდავდნენ ადამიანებს ზუსტად იმდენად, რამდენიც საჭირო იყო მათ უვნებელსაყოფად - ხოლო ზოგიერთი პროგრამა, როგორიც პიფია იყო, საერთოდაც ადამიანების მხარეზე გადავიდა.

ამრიგად, „მატრიცა“ ჩვენს წინაშე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: ვინ არიან „ადამიანები“ და რით განისაზღვრება ადამიანურობა?

ეს კითხვები მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი მართლაც შეიძლება შეიქმნას მომავალში. ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლაც, იმ სამყაროში, რომელიც რამდენიმე გენოციდის მოწმე გახდა უკანასკნელი საუკუნის მანძილზე.

ერთი შეხედვით, ეს კითხვები მარტივად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ასე არ არის.

მაგალითად, შეიძლება თუ არა ადამიანი ვუწოდოთ ყველას, ვისაც გონება გააჩნია? რა თქმა უნდა. მაგრამ აუცილებელია იყო „გონიერი“ ამ სიტყვის საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით, იმისთვის, რომ იყო ადამიანი? თუ დიახ, მაშინ შეიძლება ადამიანად ჩავთვალოთ ჩვილი ბავშვები, ან მძიმე ფორმის ინტელექტუალური დაავადების მქონე ინვალიდი ადამიანები? ჩემთვის ცხადია, რომ შეიძლება, მაგრამ, ეს, სამწუხაროდ, ყველასთვის ასე არ არის.

მაინც რა განაპირობებს ადამიანურობას, თუ არა გონიერება? განცდის უნარი? მაშინ რა ვუყოთ კომაში მყოფ ადამიანებს?

სიყვარულის უნარი? მაშინ, რა ვუყოთ მილიონობით არომანტიკულ ადამიანს, ან უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც, სმიტის მსგავსად, არ ესმით, ან სძულთ „სიყვარულის“ ცნება? რატომ ახდენს საზოგადოება მათ დემონიზებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ განიცდიან ისე, როგორც ეს „მიღებულია“? ეს ხომ უსამართლობაა!

როგორც ხედავთ, იმის გარკვევა, თუ ვინ უნდა ჩავთვალოთ „ადამიანად“ - ანუ, სრულფასოვან პიროვნებად, რომელიც ყველა უფლებას იმსახურებს - ალბათ, არც ისე ადვილია.

8. შეუძლია თუ არა ადამიანს შექმნას რამე „არაადამიანური“?

ადამიანებმა „მატრიცის“ ტრილოგიის სამყაროდან შექმნეს ხელოვნური ინტელექტი თავიანთი ხატსახის მსგავსად.

ის „არაადამიანური“ თვისებებიც კი მანქანების საქციელში, რომელიც ხშირად განიხილება ფილმის პერსონაჟების მიერ მანქანების სამყაროს განსაკუთრებული სისასტიკის მტკიცებულებად - საკმაოდ „ადამიანურია“. გარდაცვლილი ადამიანების გამოყენება ცოცხალი ადამიანების საკვებად რით არის უკეთესი ნაცისტების მიერ ჩადენილ მკვლელობებზე, რომლებიც იყენებდნენ მოკვდინებული ადამიანების თმებს, კანს და ცხიმს სამრეწველო მიზნებით? ან „უსარგებლო“ პროგრამების განადგურება, როგორიც იყო საყვარელი გოგონა სატი - რატომ არის უფრო არაადამიანური, ვიდრე ინვალიდი ადამიანების განადგურება?

მთელი სისასტიკე მანქანების ქცევებში ადამიანური კულტურიდანაა მემკვიდრეობით გადმოსული.

და სხვანაირად შეიძლებოდა კი, რომ ყოფილიყო? შეეძლოთ ადამიანებს, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ქმნიდა, შეექმნათ რაღაც, რაც მათგან სავსებით განსხვავებულია? ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი არის - არა, არ შეეძლოთ.

ადამიანთა უმრავლესობას უჭირს წარმოიდგინოს რამე ჩვენი კულტურის „მატრიცის“ საზღვრებს მიღმა, ხოლო წარმოიდგინოს და მოიფიქროს ისეთი რამ, რაც არანაირად არ ჯდება მათ აზრებში ადამიანის ფსიქიკის შესახებ, მით უმეტეს, გამორიცხულია. სწორედ ამის გამოა, რომ უცხოპლანეტელთა უმრავლესობა ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში გაუაზრებლად არის წარმოჩენილი, უბრალოდ, „უცნაურად“, ან (რაც უფრო ხშირად ხდება) ძალიან ადამიანურად და, რეალურად, იმავე ფილმში ადამიანებისგან იმაზე მეტად არ განსხვავდებიან, ზოგჯერ კი ნაკლებადაც, ვიდრე ერთი ადამიანური კულტურის წარმომადგენლები მეორისგან.

უძველესი ხანიდან ადამიანებს გვახასიათებს გარემომცველი სამყაროსთვის ანთროპომორფული თვისებების მიწერა: ბუნების კულტებიდან მოლაპარაკე ქარებითა და მდინარეებით დაწყებული და კატებისთვის ადამიანური ემოციების მიწერით დამთავრებული.

მაგრამ ეს თემა უფრო საინტერესო ხდება, თუკი მას რელიგიათმცოდნეობის პოზიციიდან გავაანალიზებთ.

დედამიწაზე არსებულ რელიგიებში ღმერთები და სულები საეჭვო მსგავსების არიან ადამიანებთან და მათი ქმედებები, ჩვეულებრივ, ადამიანური ემოციების ლოგიკით აიხსნება ხოლმე. ამ ფაქტს ყურადღება ჯერ კიდევ ქსენოფონტემ მიაქცია, რომელიც თავის შრომებში ძველი ბერძნების რელიგიას აკრიტიკებდა, რომელთა ღმერთებიც ძალიან ჰგავდნენ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არც რელიგიის თანამედროვე კრიტიკოსებს გამოპარვია, მათ შორის აბრაამისეული რელიგიის კრიტიკოსებსაც. მორწმუნეები გეტყვიან, რომ ისინი ღმერთმა შექმნა თავისი ხატის მსგავსად, ხოლო რელიგიათმცოდნეები - რომ მორწმუნეებმა შექმნეს ღმერთი თავის დარად.

ათეისტებისა და აგნოსტიკოსებისთვის საინტერესო იქნებოდა ფაქტის დისტანციური ხედვით გაანალიზება, ხოლო მორწმუნეებს, კარგი იქნებოდა, გაერკვიათ, რამდენად შორსაა მათი წარმოდგენები ღმერთის (ან ღმერთების შესახებ) ჭეშმარიტებისგან: რადგან თუ ღმერთი (ან ღმერთები) მართლაც ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლეა (ან ყოვლისმცოდნეები და ყოვლისშემძლეები) - მაშინ, ის (ისინი), სულაც არ ჰგავს ადამიანს!

„მატრიცის“ დაპირებული ახალი მეოთხე ნაწილის ნახვამდე, გირჩევთ, ჯერ ორიგინალი ტრილოგიის წინა სამი ნაწილი ნახოთ. შესაძლოა, მისი წყალობით, თქვენ სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ: „მატრიცა“ - ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ ფილმებს შორის, რომელსაც ასეთი ძალა გააჩნია.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

ზდზისლავ ბექსინსკი


ზდზისლავ ბექსინსკი (24 თებერვალი 1929 – 21 თებერვალი 2005) პოლონე...

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

შტეფან თოდოროვიჩი


შტეფან თოდოროვიჩი (Stefan Todorovic) გერმანელი ილუსტრატორი და არქიტ...

ფლორენ სტეტჰეიმერი


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი ფლორენ სტეტჰეიმერი (19 აგვისტო, 1871-11 მ...

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff