ზენობია

Admin
ისტორია
0
0

ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია (დაიბადა 240 წელს ჩ.წ.ა.- გარ...

zeno1

ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა

წყარო

ზენობია (დაიბადა 240 წელს ჩ.წ.ა.- გარადაცვალების წელი უცნობია) იყო პალმირის იმპერიის დედოფალი, ვინც დაუპირისპირდა რომის იმპერიას „III საუკუნის კრიზისის“ დროს. ეს პერიოდი, რომელიც ასევე ცნობილია საიმპერატორო კრიზისის სახელით, ხასიათდებოდა მუდმივი სამოქალაქო ომებით, რამეთუ სხვადასხვა რომაელი გენერლები ერთმანეთს ებრძოდნენ იმპერიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ისტორიული წყაროების მიხედვით ამ კრიზისს შედეგად მოყვა ფართომაშტაბიანი სახალხო მღელვარება, ეკონომიკური არასტაბილურობა, და ყველაზე მნიშვნელოვანი - რომის იმპერიის დაყოფა სამ ნაწილად; გალიციის, რომის და პალმირის იმპერიებად.

ყოვლადმიღებული მტკიცების საპირისპიროდ, ზენობია არასდროს აჯანყებია რომის იმპერიას, შესაძლოა არც არასოდეს ჩაუვლია ბორკილებით რომის ქუჩებში, და თითქმის ეჭმიუტანლად შეიძლება იმის თქმა, რომ არც იმპერატორ აურელიანეს (270-275) დაუსჯია ის სიკვდილით. ზენობიას სიცოცხლისა და მმართველობის შესახებ ცნობებს გვაწვდიან შემდეგი ისტორიკოსები და წერილობითი წყაროები; ბერძენი ისტორიკოსი ზოსიმე (490-510წწ), ავგუსტინების ისტორია (IVს), ბიზანტიელი ისტორიკოსი ზონარასი (XIIსაუკუნე), და არაბი ისტორიკოსი ალ-ტაბარი( 839-923წწ) ვინც ცნობებს იბნ საიდზე (VIსაუკუნე) დაყრდნობით გვაწვდის, მისი სახელი ასევე ნახსებია თალმუდში და სხვა ავტორების მიერ.

ყველა ეს წყარო ერთხმად აღნიშნავს, რომ ზენობია დაუპირსპირდა რომის იმპერიას,მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ ახასიათებს როგორც აშკარა აჯანყებას. მისი მართველობის მსგავსი ხედვა, დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ როგორ განმარტავს სიტყვა „აჯანყებას.“ ზენობია ძალიან ფრთხილად მოქმედებდა, რადგან არ სურდა რომის იმპერიასთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართვა, და ასევე ნათელია, რომ ის სულ უფრო ნაკლებად ითვალისწინნებდა რომის ინტერესებს აღმოსავლეთში და ცდილობდა თვითონ გამხდარიყო აღმოსავლეთის ლეგიტიმური მონარქი.

ადრეული წლები და ქორწინება

ზენობია დაიბადა ქალაქ პალმირაში, სირიაში, დაახლოებით 240 წელს, მისი სრული სახელია ჯულია აურელია ზენობია. სირია რომის პროვინცია იყო, მისი ანექსიიდან 115/116 წლებიდან მოყოლებული. ზენობია რომის მოქალაქე იყო, რამეთუ მის ოჯახს გააჩნდა ეს სტატუსი, სავარაუდოდ მარკუს აურელიუსის იმპერატორობის დროს(161-180) მინიჭებული. აუგისტინების ისტორიის მიხედვით მისი მამა იყო სახელოვანი ჯულია დომნას (170-217) შთამომავალი, სევერანების საიმპერატორო დინასტიიდან.

ზენობიას განათლება ჰქონდა მიღებული ბერძნულ და ლათინურ ენებში, თუმცა შესაძლოა ვერ ფლობდა ისე თავისუფლად, როგორც ეგვიპტურსა და არამეულს. და პრეზტენზიას აცხადებდა კართაგენის ლეგენდარულ დედოფლის დიდოს და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის შთამომავლობაზე. არაბი მემატიანე ალ-ტაბირის მიხედვით, მას ადრეული ასაკიდანვე დაეკისრა პასუხისმგბლობა ოჯახის კუთვნილ ფარებზე და მწყემსებზე, და შესაბამისად კაცების მართვასაც შეეჩვია. ალ-ტაბირი ასევე ამტკიცებს, რომ სწორედ ამ პერიოდში იქცა ის ბრწყინვალე მოჯირითედ და გამოიმუშავა ამტანობისა და გამძლეობის ის უნარი, რითაც მოგვიანებით სახელი გაითქვა. ცნობილია,რომ ის თავის ჯარებთან ერთად ფეხით მიაბიჯებდა შორეულ მანძილზე, ისევე შეეძლო ნადირობა როგორც კაცებს, და შეეძლო ნებისმიერის დათრობა. ისტორიკოსი ედუარდ გიბონი თავის ცნობილ ნამუშევარში შემდეგნაირად აღწერს დედოფალს;

zenobia5

„ზენობია ალბათ ერთადერთი ქალია, რომელმაც თავისი ბრწყინვალე გენიის მეოხებით დაანგრია სტერეოტიპი თავის სქესის წარმომადგენლების მონური უმოქმედობის შესახებ, რაც აზიური კლიმატისა და მანერების მიერ იყო თავს მოხვეული. ის თავს ეგვიპტის მაკედონიელი მეფის(პტოლემაიოს I) შთამომავლად მიიჩნევდა,ის სილამაზით თავისი წინაპრის კლეოპატრას თანასწორი იყო, ხოლო უმანკოებითა და სიმამაცეთი აღემატებოდა კიდეც მას. ზენობიას აფასებდნენ თავისივე სქესის როგორც ყველაზე მშვენიერ, ისე ყველაზე მამაცად. მას მუქი ფერის კანი, თოვლით ქათქათა კბილები და შავი დიდრონი თვალები ჰქონდა, რომლებშიც იშვიათი ნაპერწკალი ბზინავდა. მას ძლიერი და ჰარმონიული ხმა ჰქონდა. მის კაცურ „გაგებას“ ზურგს განათლება უმაგრებდა. ის კარგად არ ფლობდა ლათინურ ენას, მაგრამ ბრწყინვალედ ფლობდა ბერძნულ, სირიულ, და ეგვიპტურ ენებს. მან თავისი მიზნებისთვის დაამუშავა აღმოსავლეთის ისტორია, და პლატონისა და ჰომეროსის შემოქმედებას ლონგინუსთან(128-129) ეუფლებოდა.“

ეს ნაწყვეტი აქ ძირირთად ორი მიზეზის გამოა მოცემული, ჯერ ერთი,იმიტომ რომ შედგენილია ავგუსტინების ისტორიაში ზენობიას დახასიათებიდან, და მეორე, გიბონის ნაშრომს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, შემდგომი თაობების მიერ პალმირას დედოფლის შეცნობაზე. ზენობია წარმოდგენილია, როგორც შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონი ქალი, სწორედ ესეთი იყო ის ძველი დროის მკითხველისთვის და იქნება მომავალი თაობებისთვისაც.

არაბული წყაროებიც კი, სადაც მისი დახასიათება უფრო ცბიერია, ვიდრე გმირული, წარმოადგენენ როგორც დიდებულ დედოფალს. მის სხვა ღირსებებთან ერთად, რომლებიც ხშირად მეორდება ისტორიულ წყაროებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მის უმანკოებას. ის თვლიდა, რომ სექსის მიზანი მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლება იყო, და დაქორწინების შემდეგ ქმართანაც მხოლოდ ამ მიზნით წვებოდა.

258 წელს ის ლუციუს სეპტიმუს ოდაენტუსზე, სირიის რომეალ მმართველზე დაქორწინდა. მისგან შეეძინა ვაჟი ვაბალატუსი. ზენობია ოდაენტუსის მეორე ცოლი იყო, და მას უკვე ყავდა მემკვიდრე ჰეროდე, პირველი ქორწინებიდან. ოდაენტუსი მდიდარი რეგიონის მმართველი იყო, სადაც გამოირჩეოდა ქალაქი პალმირა, რომელიც მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ აბრეშუმის გზაზე. ვაჭრები, რომისკენ მომავალი თუ მიმავალი,გზად ჩერდებოდნენ პალმირაში და გადასახადებსაც იხდიდნენ. (ფოტოზე იხ. ზენობიას დინარი)

zeno2

თუმცა, დაახლოებით 227 წელს, ვაჭრობა შეწყდა, რისი მიზეზიც გზებზე სასანიდი სპარსების მიერ მოთხოვნილი ხარკი იყო. აბრეშუმი ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი საქონელი იყო რომში ავგუსტუსის (27-14) მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, და შესაბამისად ვაჭრობის შეწყვეტამ რომაელების გულისწყრომა გამოიწვია.

სპარსების მეფემ შაპურ I-მა (240-270/272), დაიპყრო ქალაქი ანტიოქია, რომაელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, რისი მოთმენაც რომაელებს უკვე აღარ შეეძლოთ.

260 წელს იმპერატორმა ვალერიანემ (253-260) გაილაშქრა სასანიდებზე, თუმცა დამარცხდა და თავადაც ტყვედ ჩავარდა. და როგორც ამტკიცებენ შაპურ I, ცხენზე ამხედრებისას მას დასაბიჯებელ ჯორკოდ იყენებდა, სანამ ტყვეობაშივე არ გარდაიცვალა. მის შვილს გალინიუსს, არ შეეძლო სიტუაცის გამოსწორება, და ამ დროს სასანიდებზე ოდაენტუსმა გაილაშქრა, დაამარაცხა და მდინარე ევფრატის გადაღმა გადარეკა, შორს სირიიდან. ოდაენტუსმა თავი რომაელების ინტერესების გამტარებლად წარმოადგინა, თითქოსდა იმპერატორ ვალერიანეს გადარჩენა სურდა, მაგრამ სინამდვილეში სხვა მოტივები ამოძრავებდა; თვიდან მან შაპურ I-ს მოკავშირეობა შესთვაზა, და მის მტრად მხოლოდ უარის მიღების მერე იქცა.

რომისთვის გაწეული სამსახურისთვის, ოდაენტუსი რომის იმპერიის მთელი აღმოსავლეთ ნაწილის მმართველად დაინიშნა. 261 წელს, როდესაც უზურპატორმა კუიტუსმა გალინიუსის დამხობა გადაწყვიტა, ოდეანტუსმა დაამარცხა და მოკლა იგი, რითაც საკმარისი ძალაუფლება და პრესტიჟი მოიპოვა, და ამის შემდეგ თავის სამფლობელოს თითქმის რომისგან დამოუკიდებლად მართავდა. 266/267 წელს ნადირობის დროს მომხდარ ჩხუბში, ოდაენტუსი და მისი ძე ჰეროდე, მოკლა ოდაენტუსის დისშვილმა. თუმცა ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, ან სულ მცირე ვარაუდობს, რომ სწორედ ზენობიამ მოკლა ისინი, თავისი შვილის გამეფების მიზნით, მაგრამ ისტორიკოსები ამ ვერსიას არ ემხრობიან.

ძალაუფლების მოპოვება და ეგვიპტის დაპყრობა

ვაბალატუსი არასრულწლოვანი იყო და მისი რეგენტი გახდა ზენობია. მან სამეფო კარზე შემოიკრიბა ინტელექტუალები (მოაზროვნეები) და ფილოსოფოსები, მათ შორის იყო პლატონისტი კასიუს ლონგინუსი (213-273), ვისაც მოგვიანებით დაადანაშაულებენ იმაში, რომ სწორედ მან წააქეზა ზენობია, გამოყოფოდა რომს. ამ დრომდე ურთიერთობა რომსა და პალმირას შორის მეგობრული იყო, რადგან ოდაენტუსის სამხედრო მოქმედებები იმდენადვე მომგებიანი იყო რომისთვის, რამდენადაც თავისი სამეფოსთვის.

როდესაც ზენობია მოვიდა ძალაუფლებაში, მან შეინარჩუნა მისი გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკა. იმ ქაოსის დროს, რომელიც ცნობილია მესამე საუკუნის კრიზისის სახელით, რომში 26 იმპერატორი შეიცვალა. შესაძლოა ოდაენტუსიც ფიქრობდა, რომ გალინიუსის პატივისცემის დამსახურებით და სასანიდების ქალაქების ძარცვისგან მოპოვებული სიმდიდრის საშუალებით, გახდებოდა შემდეგი იპერატორი. მისი გარდაცვალების შემდეგ, იქნებ ზენობიაც განიხილავდა, რომ მას ან თუნდაც მის შვილს შეეძლო რომის მართველობის მოპოვება, და ამიტომაც აგრძელებდა მისი ქმრის პოლიტიკას. ისტორიკოსი რიჩარდ სტოუმენი წერს:

“ოდაენტუსის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ზენობიას თავისი ხალხის თვალში უკვე ჰქონდა მოპოვებული აღმოსავლეთის მეუფის სახელი. იგი სახლობდა უმშვენიერეს სასახლეში, რომელიც იყო ერთი მრავალთაგანი აღმოსავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, სადაც გარს ეხვია ფილოსოფოსები და მწერლები, ტანს კი ემოსა ანტიოქიისა და დამასკოს საუკეთესო აბრეშუმის ფარჩეული, და ჰქონდა რეპუტაცია როგორც ოდაენტუსის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის მემკვიდრის, ისე შეუდარებელი ბედუინი მებრძოლის. საკუთარი ძლევამოსილებითა და გავლენით შეიარაღებულმა ისეთი საფრთხე შეუქმნა რომის იმპერიის სუვერენიტეტს, რომ მსგავსი ამ ქაოსური მესამე საუკუნის კრიზისის დროსაც არ ყოფილა. რომის იმპერია ჩრდილოეთიდან ბარბაროსების შემოსევებს განიცდიდა, და აღმოსავლეთში არ ჰყავდა ვინმე ძლიერი, ვინც დაიცავდა მის ინტერესებს.“

გალინიუსი მოკლეს 268 წელს და ის შეცვალა კლაუდის II-ემ, რომელიც ციებ-ცხელებით გარდაიცვალა და შეცვალა ქუინტილუსმა 270 წელს. ამ დროის განმავლობაში ზენობიას პოლიტიკაც იცვლებოდა, ნახა რა,რომ რომი დაკავებული იყო შიდა პრობლემებით და მისთვის არ ეცალა, მან თავისი არმია გენერალ ზაბდას მეთაურობით გაგზავნა რომის დაქვემდებარებაში მყოფ ეგვიპტეში და დაიპყრო ის. და ეს ისე მოახერხა, რომ რომთან არ შესულა პირდაპირ კონფლიქტში.

წარმოშობით სირიელ-ეგვიპტელმა, სახელად ტიმაგენემ წამოიწყო ჯანყი რომაელების მმართველობის წინააღმეგ, როდესაც ეგვიპტის რომაელი მმართველი ლაშქრობაში იმყოფებოდა, და ზენობიას გალაშქრება ეგვიპტეზე ისე გამოვიდა, თითქოს ის რომაელების ინტერესების გამტარებელი იყო. თუმცა ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ სწორედ ზენობია იდგა ტიმაგენეს უკან, თავისი ქმედების გამართლების მიზნით. სირიელებმა მხოლოდ ცოტა ხნით შეძლეს ეგვიპტის შენარჩუნება, რომაული არმიის დაბრუნების შემდეგ კი, იძულებულები შეიქმნენ უკან დაეხიათ. რომაელები სირიელების განდევნით არ დაკმაყოფილდნენ, საზღვრამდე სდიეს და ჩრდიოლოეთ სირიაში გადარეკეს, სადაც სირიელებმა კონტრშეტევით გაანადგურეს რომაელების არმია. 

ეგვიპტის დალაშქვრის შემდეგ, ის დიპლომატიური გზებით ლევანტისა და მცირე აზიის, თავისი იმპერიისთვის შემოერთებას შეუდგა. რომის მძიმე პერიოდის გათვალისწინებით, მდიდარი პალმირას იმპერია იყო მიმზედველი ალტერნატივა ამ რეგიონების პროვინციელი მმართველებისთვის. მიუხედავად იმისა,რომ ის აშკარად თავის იმპერიას რომის ხარჯზე აფართოებდა, ის მაინც არ ერთვებოდა რომთან ღია კონფლიქტში.

ამ დროს რომის იმპერატორი იყო აურელიანე, და ზენობია ამზადებდა მონეტებს, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ვაბალატუსი, ხოლო მეორე მხარეს აურელიანე, როგორც ეგვიპტის ერთობლივი მმართველები. მას აურელიანის სახელისთვის საპატიო ადგილი ჰქონდა მიჩენელი პალმირაში, და მის სახელს ურთავდა ოფიციალურ მიმოწერაში. ამავ დროულად, მას მიღებული ჰქონდა იმპერატორული ტიტულები, აუგუსტუსი თავისი შვილისთვის - ვაბალატუსისთვის, და აუგუსტა თავისთვის, ეს ტიტულები კი მხოლოდ რომის საიმპერატორო ოჯახის პრივილეგია გახლდათ. ის ასევე ამყარებდა სავაჭრო ურთიერთობებს, და სასანიდებთნ მოლაპარაკები გზით, თავის იმპერიას შემოუერთა ტერიტორიები, ისე რომ, რომისთვის არც უკითხავს და არც მისი ინტერესები გაუთვალისწინებია. 271 წლისთვის, მისი იმპერია მოიცავდა ტერიტორიებს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიიდან ეგვიპტემდე, თურქეთის ჩათვლით.

zeno3

ზენობია & აურელიანე

სხვა იმპერტორები არ იმჩნევდნენ ზენობიას ქმედებებს, ან უბრალოდ არ გააჩნდათ რესურსები რაიმეს სამოქმედოდ, აურელიანე კი გახლდათ განსხვავებული ტიპის მმართველი. მან უბრალო ჯარისკაცობიდან გენერლობას მიაღწია, და იმპერატორიც გახდა. და პირველ რიგში ის ჯარისკაცი იყო და მერე პოლიტიკოსი. ალემანების, ვანდალების და გოთების დამარცხების შემდეგ, 272 წელს ის უკვე მზად იყო, რომის აღმოსავლური პროვინციების დასაბრუნებლად. მან არც დესპანები გააგზავნა წერილებით და არც ზენობიას ახსნა განმარტებებს დაელოდა, არამედ პირდაპირ გაილაშქრა პალმირას იმპერიაზე მთელი თავის არმიით.

მან მცირე აზიის ყველა ზენობიასადმი ლოიალური ქალაქი გაანადგურა, სანამ არ მიაღწია ქალაქ ტიანას, სადას სახელგანთქმული ფილოსოფოსი აპოლონ ტიანელი სახლობდა, რომელსაც აურელიანი დიდ პატივს სცემდა. აპოლონ ტიანელი სიზმრად გამოეცხადა აურელიანეს, და უთხრა თუ გამრჯვების მოპოვება სურდა, უნდა შეეწყალებინა ქალაქი ტიანა, ის ასეც მოიქცა, ქალაქს თავი ანება და გზა განაგრძო. ამ ერთმა მოწყალებამ დიდი სამსახური გაუწია, რადგან სხვა ქალაქებმა მოწყალე იმპერატორისადმი დანებება არჩიეს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ტიანას შემდეგ, მისთვის არცერთ ქალაქს არ გაუწევია წინააღმდეგობა, და ყველამ ვასალობა შეჰფიცა. და მალე სირიასაც მიადგა. (ფოტოზე: ზენობია აურელიანეს წინაშე).

უცნობია სცადა თუ არა ზენობიამ აურელიანეს დაკავშირებოდა, სანამ ის პალმირამდე მოაღწევდა. არსებობს მათ შორის მიმოწერა, მას შემდეგ, რაც მან უკვე მოაღწია პალმირას. თუმცა ეს მიმოწერა მოგვიანებით შეთხზულად ითვლება. აურელიანის მიერ ლაშქრობის დასაწყისში ზენობიასადმი მიწერილი წერილი, სადაც ის მისგან კაპიტულაციას მოითხოვს, და ზენობიას ქედმაღლური პასუხი, რომლებიც მოცემულია ავგუსტინების ისტორიაში, ასევე რომაელი მემატიანეების გამოგონილად ითვლება. მათ სურდათ აურელიანეს მოქმედება სამართლიანად წარმოეჩინად, ზენობიას ქედმაღლურ წერილის საპასუხოდ.

სანამ აურელიანე მისკენ მოემართებოდა, ზენობიამ თავისი ორი ლაშქარი გააერთინა. 272 წელს მათ შორის ბრძოლა გაიმართა ქალაქ დეფნთან, რომელიც იმმას ბრძოლის სახელით არის ცნობილი. ამ ბრძოლაში აურელიანემ გაიმარჯვა, მან თავიდან თავის არმიას გაქცევის ინსცენირება მოაწყობინა, ხოლო მას შემდეგ რაც, პალმირელები დევნისგან დაიღალნენ, შემოუბრუნდა და გაანადგურა ისინი. ზენობიამ და გენერალმა ზაბდამ, არმიის ნარჩენებთან ერთად თავი ქალაქ ემესას შეაფარეს, სადაც ზენობიას განძთსაცავი მდებარეობდა.

აურელიანემ მანამდე სდია ზენობიას, სანამ ამ უკანასკნელმა თავისი არმიის გადაჯგუფება და რეორგანიზება არ მოახერხა, და შემდეგ მათ შორის ბრძოლა ისევ გაიმართა, ამჯერად ქალაქ ემესასთან. ამ ბრძოლაშიც რომაელებმა გაიმარჯვეს,და ზუსტად იგივე ტაქტიკა გამოიყენეს, რაც იმმას ბრძოლაში.რომაელებმა პალმირული კავალერიის წინაშე გაქცევის ინსცენირება მოაწყვეს, კავალერია მათ დაედევნა, და როდესაც რომაელებმა ხელსაყრელ პოზიციას მიაღწიეს, შემოუტრიალდნენ და გაანადგურეს ისინი. რომაელებმა პალმირული არმია სრულიად გაანადგურეს, აიღეს ქალაქი ემესა და სავარაუდოდ განძთსაცავიც გაძარცვეს. ზენობიამ კი ამჯერადაც მოახერხა გაქცევა.

ზენობიამ ქალაქ პალმირას მიაშურა, და მის გამაგრებას მიჰყო ხელი. აურელიანე მალევე იქ გაჩნდა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ისტორიკოსი ედუარდ გიბონი წერს:

„მან ქალაქი ყველანაირი წინააღმეგობისთვის მოამზადა, და განაცხადა, რომ მისი მმართველობის ბოლო დღე, და სიცოცხლის უკანასკნელი დღე ერთიდაიგივე იქნებოდა.“ უცნობია მართლა თქვა ზენობიამ მსგავსი რამ თუ არა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ბოლო წუთამდე ელოდა დამხმარებას სპარსელებისგან, და როცა იმედი გაუცრუვდა, მან თავის შვილთან ერთად აქლემზე ამხედრებლმა დატოვა ქალაქი და სპარსეთს მიაშურა.

როდესაც აურელიანე შევიდა ქალაქში და აღმოაჩინა, რომ ზენობიამ ისევ გაქცევით უშველა თავს, მან შესაპყრობად მხედრობა დაადევნა. ზენობია მალავე შეიპყრეს, როცა ის მდინარე ევფრატის გადალხვას ცდილობდა. როდესაც ზენობია ბორკილებდადებული მიჰგვარეს აურელიანეს, მან უარყო დანაშაული და თავის მოქმედებებზე პასუხისმგებლობა თავის მრჩეევლებს დააბრალა, განსკუთრებით კასიუს ლონგინუსს, რომელიც მაშინვე დააპატიმრეს. შემდეგ აურელიანემ ზენობია რომში წაიყვანა.

zeno4

ზენობიას უკანასკნელი დღეები

ზენობიას უკანასკნელ დღეებზე განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოსიმე ჯერ ამტკიცებს, რომ ის და მისი შვილი გზად რომისკენ ბოსფორის სრუტეში დაიხრჩვნენ, შემდეგ კი ამბობს, რომ რომში მხოლოდ ზენობია მივიდა,სადაც იგი სასამართლომ გაამართლა, რის შემდეგაც ის რომის ერთერთ ვილაში ცხოვრობდა და საბოლოოდ რომაელზეც კი იქორწინა. ავგუსტინების ისტორიის მიხედვით კი, ის ოქროს ბორკილებით და ბევრი ძვირფასეულობით მორთული, ჩამოატარეს რომის ქუჩებში აურელიანეს ტრიუმფით ქალაქში დაბრუნებისას. რის შემდეგაც გაანთავისუფლეს, და მისცეს რომის მახლობლად ერთერთი სასახლე; „ სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მშვიდობასა და ფუფუნებაში გაატარა“. ზონარასი კი ამტკიცებს, რომ ის რომის ქუჩებში არასოდეს ჩამოუტარებიათ ბორკილებით, და რომ ზენობიამ იქორწინა ერთერთ მდიდარ რომაელზე, ხოლო თავად აურელიანემ კი მისი ერთერთი ქალიშვილი შეირთო ცოლად.

არც ალ-ტაბარი და არც სხვა არაბი მემატიანე თავიანთ ნაწერებში, საერთოდ არ ახსენებენ არც აურელიანეს და არც რომს. ალ-ტაბარის მიხედვით, ზენობიამ მოკლა ტომის ბელადი სახელად ჯადიმა, თავიანთ საქორწილო ღამეს, მისმა ძმისწულმა კი შური იძია. მან ზენობიას პალმირამდე სდია. საიდანაც ზენობია აქლემით მდინარე ევფრატისკენ გაიქცა, სადაც მსგავსი შემთხვევისთვის გასაქცევად გვირაბი ქონდა გამზდებული. ალ-ტაბირის ნაამბობით ის სწორედ გვირაბის შესასვლელში შეიპყრეს, შემდეგ ზენობიამ საწამლავით თავი მოიკლა, ან სხვა ვერსიით სიკვდილით დასაჯეს. (ფოტო: ზენობიას უკანასკნელი მზერა ქალაქ პალმირაზე).

ამგვარად, ზენობიას აღსასრული დამოკიდებულია იმაზე თუ ვის რომელი წყარო მიაჩნია უფრო დამაჯერებლად. ავგუსტინების ისტორია არ მიიჩნევა სანდო წყაროდ, რადგან ხშირად იგონებდა გარკვეულ თარიღებს, მოვლენებს, და პიროვნებებსაც კი, კონკრეტული იმპერატორის მმართველობის უკეთ წარმოსაჩენად. სტოუნმენი წერს;
„ზენობიას ინტერესებისა და ხასიათის შესახებ ძალიან ვრცელი დახასიათება გხვდება ავგუსტინების ისტორიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ამ ზღვა მასალიდან ბევრი რამე არაა სანდო, რადგან მისი ავტორები, ისე როგორც ბევრი ძველი მემატიანე, ყველაფრის ზუსტად აღწერის ნაცვლად, წერდა იმას რასაც თვითონ ფიქრობდა.
ისტორიკოს ზონარას ნაწერები, და განსაკუთრებით ზოსიმესი, ითვლება უფრო სანდოდ, და მათი ნაწერებიდან გამომდინარე, ჩანს რომ აურელიანემ მართლაც ჩამოიყვანა ზენობია რომში, მაგრამ შესაძლოა საკუთარი ტრიუმფის ნაწილად არ გაუხდია. აურელიანეს ძალიან ადარდებდა რომაელების აზრი მის მიერ ამ ქალის დამარცხებაზე, და ასევე იმაზე, რომ ამ ქალმა რომის იმპერიის ერთი მესამედი მიისაკუთრა.

აურელიანეს არ სურდა,რომ ზენობიასთვის იმაზე მეტი ყურადღება დაეთმოთ ვიდრე საჭირო იყო, და ზენობიას რომის ქუჩებში ოქროს ბორკილებით ჩამოტერების სცენაც, რომლის ასახვაც ხშირად გხვდება გვიანდელი პერიოდის მხატვრობასა და სკულპტურაში, სავარაუდოდ გამოგონილია. არ არსებობს ცნობები იმაზე თუ სად და როგორ აღესრულა ზენობია, მაგრამ არცერთი ევროპული წყარო არ ადასტურებს მის სიკვდილით დასჯას, და სავარაუდოდ ეს ვერსია მისი ლეგენდის ნაწილი, არაბი ისტორიკოსების მონათხრობის წყალობით გახდა.

ზენობია იყო ერთერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი შუა საუკუნეების ლეგენდებში, და მისმა ხატ-სახემ, როგორც დიდებულმა მეომარმა დედეოფალმა და ბრძენმა მმართველმა, გარშემორტყმულმა თავის დროის უჭკვიანესი ხალხით, დიდი გავლენა მოახდინა მხატვრებზე, პოეტებზე, მწერლებზე, და რუსეთის იმპერატორ ეკატერინე დიდზეც, რომელიც თავის თავს ზენობიას ადარებდა, ხოლო თავის სამეფო კარს, იმას რაც იყო პალმირაში. ზენობიას ცხოვრების ისტორია ფართოდ გავრცელდა თაობებში ავგუსტენიბის ისტორიისა და გიბონის ნაშრომის წყალობით, ამ უკანასკნელში კი ის წარმოდგენილია როგორც რომის იმპერიის ღირსეული მეტოქე, და ანტიკური ხანის დიდებული გმირი ქალი, და სწორედ ასე ახსოვთ ის დღევანდელ დროშიც.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

ზენობია


ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

ისტორიის ბნელი პერიოდი


ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიან...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff