„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი

Admin
ისტორია
0
0

დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნოა ჰარარი საუბრობს იმის თაობაზე...

23 84

ავტორი: იუვალ ნოა ჰარარი

მთარგმნელი: ანი ციცაგი

ებრაელი ისტორიკოსის გამომაფხიზლებელი გამოსვლა, რომელიშიც ის აღნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა ვერ აცნობიერებს რა ხდება მათ თავს, და რა დევს სასწორზე.

დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნოა ჰარარი საუბრობს იმის თაობაზე, თუ ვინ მართავს მომავალში ცხოვრებას დედამიწაზე და როგორ შეიცვლება ადამიანი მუდმივი ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში.

ჰარარი - არის ისტორიკოსი, კერძოდ შუასაუკუნეების პერიოდის სპეციალისტი, ასევე არის ავტორი ბესტსელერებისა: „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ და „ჰომო დეუსი: ხვალინდელი დღის მოკლე ისტორია“.

მაშ ასე, რა გველოდება ახლო მომავალში, ჰარარის მიხედვით.

განახორციელეთ ინვესტიცია საკუთარ ადაპტაციის უნარში

ისტორიის განმავლობაში მუშაობის გაგება მუდმივად იცვლებოდა. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (შეიძლება ითქვას, კაცობრიობის ისტორიის უმეტესი ნაწილი) ადამიანები საერთოდ არ მუშაობდნენ - ისინი გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ასე ვთქვათ, თვითონ მუშაობის იდეა: მე ვდგები და 8:00 საათზე მივდივარ სამსახურში, სადაც ვიმყოფები 17:00 საათამდე,- ეს თანამედროვე გაგებაა. ჩვენი წინაპრები, რომლებიც იყვნენ მონადირეები და შემგროვებლები, ასობით ათასი წლის განმავლობაში გადიოდნენ ფონს სამსახურის გარეშე.

სამსახურის დაკარგვით გამოწვეული შფოთვა - ასევე შედარებით თანამედროვე ფენომენია. უკანასკნელ საუკუნეებში მომხდარი ინდუსტრიული რევოლუციების განმავლობაში ადამიანი გამუდმებით განიცდიდა შიშს, რომ მანქანა-დანადგარების მნიშვნელობა და შესაძლებლობები გაიზრდება, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ადამიანებს და თვითონ ადამიანები აღარ იქნებიან საჭირო. ამჯერად, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ეს შესაძლოა სწორიც აღმოჩნდეს, როგორც იმ ბიჭის შემთხვევაში, რომელიც ტყუილად ყვიროდა: „მგლები! მგლეეეებიიი!“ ბოლოს მგლები მართლაც მივიდნენ.

დღეს ადამიანები უფრო საშიში ცნების წინაშე დგანან, ვიდრე ექსპლუატაციაა - საკუთარ უსარგებლობასთან. როდესაც ექსპლუატაციას გიწევენ, თქვენ სულ მცირე, იცით, რომ მნიშვნელოვანი ხართ, რომ იგივე სამუშაოს სხვა ვერავინ შეასრულებს. აქედან მოდის კიდეც შფოთვის ზრდასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა.

ვფიქრობ, ახალი პროფესიები მაინც გამოჩნდებიან. კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებენ კი ადამიანები საკუთარი თავის ისე „განახლებას“, რომ დაიკავონ ეს ვაკანტური ადგილები? თვითგანახლება კი მათ მოუწევთ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვიწევს არა ერთი ტექნოლოგიური რევოლუციის, არამედ ამ რევოლუციათა მთელი კასკადის გადატანა. თვითგანახლება/ადაპტაცია 20 წლის ასაკში ერთია, მაგრამ საკუთარი თავის შეცვლა 30, 40, 50 წლის ასაკში - ძალიან რთულია, ეს კიდევ უფრო გვიმატებს შფოთვის დონეს.

საერთოდ, ადამიანები ბევრ რამეს აკეთებენ ისეთს, რაც არ მიიჩნევა სამსახურად. მაგალითად, ბავშვების აღზრდა. და სამუშაოს დიდი ნაწილი, რომელსაც ასრულებენ ადამიანები ბოლო რამდენიმე საუკუნეა, უბრალოდ არ ზის მათ ბუნებაში. ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ რაიმეს „ჭეშმარიტი“ სამსახური ადამიანისთვის.

ჩვენ ზედმეტად ბევრ ყურადღებას ვუთმობთ რობოტიზაციას, როდესაც ვსაუბრობთ დასაქმების ბაზრის მომავალზე. იმდენივე ყურადღება უნდა დავუთმოთ ბიოტექნოლოგიებს. ახალი პროფესიების უმრავლესობა დაკავშირებული იქნება ადამიანური ემოციების გაგებასთან. უპილოტო მანქანებსაც კი უნდა შეეძლოთ ესმოდეთ, როგორ იქცევიან ფეხით მოსიარულეები. ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია, თუ მომავალში მანქანები შეცვლიან ბანკირებს და სოციალურ მუშაკებს.

თუ საკითხს შევხედავთ ოდნავ სხვაგვარად, ცხადი გახდება: უნდა დავიცვათ არა პროფესიები, არამედ ადამიანები. შეიძლება პროფესიის რომელიმე ნაწილი გავაუქმოთ მისი შეუსაბამობის გამო - ისინი არ ღირან იმად, რომ შევინარჩუნოთ. ვის უნდა მთელი ცხოვრება იყოს მოლარე? ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე და არა პროფესიებზე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დასაქმების კრიზისის წინაშე კი არ ვდგავართ, არამედ სამუშაოს მნიშვნელოვანების კრიზისის წინაშე.

როგორც ისტორიკოსი, აღვნიშნავ, რომ შუა საუკუნეებთან შედარებით დღეს ხალხი ცხოვრობს უბრალოდ სამოთხეში, მაგრამ რატომღაც თავს სულაც არ გრძნობენ ისე, როგორც სამოთხეში. ჩვენ შეგვიძლია გულმოგინედ ვიმუშავოთ, ვიყოთ ეფექტურები, მაგრამ არ შეგვიძლია მოვდუნდეთ. თუ შევძლებთ და მოვაგვარებთ მუშაობის მნიშვნელოვნების კრიზისს, ამით მოვაგვარებთ მოდუნების პრობლემასაც.

საუკეთესო რჩევა, რის მოცემასაც შევძლებდი, არის ის, რომ განახორციელოთ ინვესტიცია საკუთარ ადაპტირების უნარში. ყველა თქვენი ინვესტიცია - ამა თუ იმ მეცნიერების შესწავლა, მაგალითად პროგრამირების - ეს ლატარიაა. თქვენ არ იცით ზუსტად ეს ცოდნა გამოგადგებათ თუ სხვა, მაგრამ ქაოსის დროს თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ ემოციური მდგრადობა, უნარი გაუძლოთ ყველა ამ ცვლილებას. ეს ძალიან ძნელია. მე არ ვიცი არც ერთი უნივერსიტეტი, სადაც ამას ასწავლიან.

ვინც ფლობს ინფორმაციას - ის ფლობს მსოფლიოს

შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი ბოლო თაობა ვართ. ერთი ან ორი საუკუნის შემდეგ დედამიწაზე დასახლდებიან ორგანიზმები, რომლებიც ისევე ძლიერ განსხვავებულები იქნებიან ჩვენგან, როგორც ჩვენ განვსხვავდებით ნეანდერტანელებისგან ან შიმპანზეებისგან. ზუსტად შემდგომ თაობებში ვისწავლით ჩვენი სხეულისა და გონების მოდიფიცირებას, და ეს იქნება XXI საუკუნის ეკონომიკის მთავარი პროდუქტი.

მაინც როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ პლანეტის მომავალი მასპინძლები? ამას გადაწყვეტენ ისინი, ვინც ფლობს ინფორმაციას. პლანეტაზე სიცოცხლეზე კონტროლი მათ ხელში იქნება, ვინც მოიპოვებს კონტროლს ინფორმაციაზე. ინფორმაცია - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი სამყაროში. არც დედამიწა, როგორც უძველეს ხანაში; არც სამრეწველო მოწყობილობები, როგორც ბოლო რამდენიმე საუკუნეა. რა მოხდება, თუკი ინფორმაციის საკმაოდ დიდი რაოდენობა კონცენტრირდება რჩეულთა პატარა ჯგუფის ხელში? კაცობრიობა დაიყოფა. მაგრამ არა კლასებად, არამედ განსხვავებულ სახეობებად.

ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს, როცა შეგვიძლია „დავჰაკოთ“ არა მხოლოდ კომპიუტერები, არამედ ადამიანის ორგანიზმი. ამისთვის საჭიროა ორი რამ: დიდი გამომთვლელი სიმძლავრე და მონაცემთა დიდი ოდენობა, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემებიც. დღემდე არავის ჰქონია ეს ინგრედიენტები კაცობრიობის „დასაჰაკად“. კაგებემ ან ესპანურმა ინკვიზიციამაც კი, რომლებსაც შესაძლებლობა ქონდათ ეთვალთვალათ ადამიანებისთვის 24 საათის განმავლობაში, ეს ვერ მოახერხეს.

ახლა სიტუაცია იცვლება ორი ერთდროულად მიმდინარე რევოლუციის წყალობით: კომპიუტერული მეცნიერების განვითარება (კომპიუტერული განათლების აყვავება, ხელოვნური ინტელექტი) და ბიოლოგიის განვითარება, კერძოდ ნეირობიოლოგიის მიმართულებით. ეს გვაძლევს ჩვენ აუცილებელ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. შეიძლება შევაჯამოთ ბიოლოგიური დაკვირვებების საუკუნე-ნახევარი მხოლოდ სამი სიტყვით: ორგანიზმებს აქვთ ალგორითმები. და ჩვენ ახლა ვსწავლობთ იმას, თუ როგორ გავშიფროთ ეს ალგორითმები.

შესაძლებელია ორივე რევოლუციის მთავარი აღმოჩენა იყოს ბიომეტრიული სენსორი, რომელიც გარდაქმნის ჩვენს სხეულსა და ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს ელექტრონულ სიგნალებად, რომლის ანალიზის გაკეთებაც შეუძლია კომპიუტერს. ამ ალგორითმების გაშიფრვით, შესაძლებელია შეიქმნას არსებები, რომლებიც იქნებიან ადამიანებზე უკეთესი. მაგრამ როგორ გამოიყენებენ ეს არსებები შემდგომში ამ ტექნოლოგიებს, სიმართლე რომ ითქვას, წარმოდგენა არ მაქვს.

ახლა ეს პროცესი სამ ფრონტზე მიმდინარეობს. პირველი - ბიოინჟინერია, მეცნიერები ქმნიან ახალ ორგანოებს, ანახლებენ ძველ ორგანოებს, ერევიან ორგანიზმში გენეტიკურ დონეზე და ა.შ. მაგრამ ეს მაინც არის ყველაზე კონსერვატიული ფრონტი, იმდენად რამდენადაც ის იყენებს ტრადიციულ „აგურებს“, რომლისგანაც შედგება ორგანიზმი, ისეთი როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ ბოლო რამდენიმე მლიარდი წელია. მეორე მიდგომა უფრო რადიკალურია - ორგანულისა და არაორგანულის კომბინაცია (ბიონიკური ხელი, კომპიუტერული ინტერფეისი ტვინში, მეორე იმუნური სისტემა, შექმნილი მილიონი ნანორობოტისგან და ასე შემდეგ). მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი თქვენი ტვინი რჩება ორგანული, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაკავშირებულია სხვა და სხვა ტიპის მოწყობილობებთან, ინტერნეტთან.

მესამე და ყველაზე რადიკალური - სრულიად არაორგანული სიცოცხლის ფორმების შექმნაა. შეიძლება კი ამისი გაკეთება? ეს კითხვა დღემდე ღიად რჩება. შექმნის საიდუმლოც ასევე გაუხსნელია - ჩვენ დღემდე წარმოდგენა არ გვაქვს რა არის ეს და როგორ გამოვლინდება იგი ადამიანებთან/ადამიანებში. საერთო კონსენსუსი ასეთია - ცნობიერება იმყოფება ტვინში და თუ მას „დავჰაკავთ“ და გავიგებთ, როგორ მუშაობენ ეს მილიარდობით ნეირონები, რომლებიც ქმნიან გამოცდილებას და ემოციებს, ამ შემთხვევაში აღარ იქნება ბარიერები, რომ ხელახლა ვაწარმოოთ ისინი სხვა „მატერიაში“. შესაძლოა, სიცოცხლის არაორგანულ ფორმებთან ჩვენ ახლა არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ ყველა უფრო სერიოზული მეცნიერი ირწმუნება, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება.

ადამიანები საერთოს არ იცნობენ საკუთარ თავს სინამდვილეში. ამიტომ ალგორითმები - ეს არის რეალური შანსი შევიცნოთ საკუთარი თავი უკეთ. მოვიყვან მაგალითს პირადი გამოცდილებიდან: 21 წლის ასაკში გავაცნობიერე საკუთარი ჰომოსექსუალობა, იქამდე მე ამას უარვყოფდი. მე არ ვარ გამონაკლისი - ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ ამას უარყოფს, მათ უბრალოდ არ იციან საკუთარი თავის შესახებ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა 10-20 წლის შემდეგ ალგორითმი შეძლებს ესაუბროს თინეიჯერს მისი ორიენტაციის შესახებ. ალგორითმი აკვირდება თქვენი თვალების მოძრაობას, წნევას, ტვინის აქტიურობას და გატყობინებთ, ვინ ხართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ორიენტაციის დამალვას შეძლებთ მეგობრებისთვისა და კოლეგებისთვის, ამ მონაცემების მიღებას შეძლებენ კომპანიები Amazon, Google, Facebook. ალგორითმები, რომლებიც თქვენ გითვალთვალებთ/გაკვირდებიან, შეატყობინებენ, მაგალითად Coca-Cola-ს, რომ თუ კომპანია მოისურვებს მოგყიდოთ თქვენ თავისი სასმელი, არ ღირს გაჩვენოთ რეკლამა შიშველი გოგოების მონაწილეობით. თქვენ ამას ვერც კი შეამჩნევთ, მაგრამ კორპორაციებმა მშვენივრად იციან, რომ ეს ინფორმაცია მილიარდები ღირს.

როგორ შეიძლება ინფორმაციის ფლობის რეგულირება? დედამიწისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ინფორმაცია არის ყველგან და ამასთანავე არსად, შესაძლებელია მისი კოპირება, ის ვრცელდება დაუჯერებელი სიჩქარით და ასე შემდეგ. მაშინ ვინ ფლობს ინფორმაციას ჩემს შესახებ? ახლანდელ დროში მონაცემთა დიდ ნაწილს ფლობენ კორპორაციები და ადამიანებს ეს აწუხებს. მაგრამ თუ ხელისუფლებებს ექნებათ ინფორმაციის ნაციონალიზირების უფლებამოსილება, ეს მიგვიყვანს ციფრულ დიქტატურამდე.

ადამიანების უმეტესობა საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა დევს სასწორზე

როდესაც ჩვენ გვექნება ალგორითმები, რომლებიც შეძლებენ უკეთ გაგვიგონ, ვიდრე ჩვენ გვესმის საკუთარი თავის, ისინი შეძლებენ იწინასწარმეტყველონ ჩვენი სურვილები, იმანიპულირონ ჩვენი ემოციებით, და ჩვენს მაგივრადაც კი მიიღონ გადაწყვეტილებები. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, დადგება ციფრული დიქტატურის ეპოქა.

XX საუკუნეში დემოკრატიამ შეცვალა დიქტატურა, რადგან ის იყო უკეთესი მონაცემთა დამუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში. დემოკრატია ავრცელებს ინფორმაციას და ხალხს და ინსტიტუციებს აძლევს გადაწყვეტილების მიღების უფლებას. დიქტატურა კი ახდენს მთელი ინფორმაციის კონცენტრირებას და გადაწყვეტილებების მიღება ერთეულების ხელშია. პირველმა მოდელმა უფრო ეფექტურად იმუშავა, ამიტომ, მაგალითად, ამერიკის ეკონომიკამ გადაუსწრო საბჭოთა კავშირის ეკონომიკას.

მხოლოდ XXI საუკუნეში ბიოტექნოლოგიურ რევოლუციას შეუძლია ქანქარა საპირისპირო მიმართულებით გადააადგილოს: ინფორმაციის ცენტრალიზებული განაწილება შესაძლოა გახდეს უფრო ეფექტური. თუ დემოკრატია არ მოერგება ახალ პირობებს, ახალი ადამიანები იცხოვრებენ ციფრული დიქტატურის რეჟიმში. მაგალითისთვის ავიღოთ ჩრდილოეთ კორეა: მომავალში იქ ადამიანებს ექნებათ ე.წ. სპეციალური ბიომეტრიულ სამაჯურები. როდესაც ადამიანი შევა ოთახში და დაინახავს მორიგი დიდი მმართველის პორტრეტს, სამაჯური გამოითვლის მის ემოციებს, წნევას და გადასცემს მონაცემებს პასუხისმგებელ ორგანოებს - ასე გამოიყურება სამომავლოდ ციფრული დიქტატურა.

ინფორმაციის კონტროლი მსოფლიო ელიტას საშუალებას მისცემს მოიმოქმედოს რაღაც უფრო რადიკალური, ვიდრე ციფრული დიქტატურაა. ორგანიზმების „დაჰაკვით“ ელიტა მიიღებს შესაძლებლობას გადააკეთოს მომავალი ცხოვრების სცენარი. და ეს იქნება უდიდესი რევოლუცია არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის ისტორიაში. 4 მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლის არსებობის წესები პლანეტაზე არ შეცვლილა, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ექვემდებარებოდა ბუნებრივი გადარჩევისა და ორგანული ბიოქიმიის კანონებს. მაგრამ ახლა მეცნიერება ცვლის ევოლუციას ბუნებრივი გადარჩევის ევოლუციის გზით, გონების ჩანაფიქრის დახმარებით. არა ღმერთის, არამედ ადამიანის ჩანაფიქრის დახმარებით. თუ არ დავარეგულირებთ ამ საკითხს, ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი, ელიტა, მიიღებს წვდომას ამ პროცესების მართვაზე და სწორედ ისინი განსაზღვრავენ მომავალში სიცოცხლის სცენარს და პირობებს დედამიწაზე.

ბევრი პოლიტიკოსი ისე იქცევა, როგორც მუსიკოსები: ისინი თამაშობენ ადამიანების ემოციებითა და ბიოქიმიური სისტემით. პოლიტიკოსი წარმოთქვამს სიტყვას და მთელი ქვეყანა შეპყრობილია შიშით. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში განათავსებს პოსტს და ამას მოყვება სიბრაზის აფეთქება საზოგადოების მხრიდან. არ ვფიქრობ, რომ ღირს მივცეთ ამ „მუსიკოსებს“ ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტები და მით უმეტეს არ ღირს ვანდოთ მათ სიცოცხლე დედამიწაზე. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, მათ მომავლის საკუთარი ხედვაც კი არ გააჩნიათ. მომავლის ხედვის მიცემის ნაცვლად ისინი კვებავენ საზოგადოებას წარსულის შესახებ ნოსტალგიური ფანტაზიებით. როგორც ისტორიკოსს, შემიძლია მოგიყვეთ წარსულის შესახებ. იქამდე უნდა გითხრათ, რომ იქ (წარსულში) ყველაფერი არც ისე კარგად იყო - იქ დაბრუნება თქვენ არ მოგინდებოდათ. გარდა ამისა, წარსული არ დაბრუნდება. ამიტომ ნოსტალგიური ფანტაზიები არ არის პრობლემის გადაჭრის გზა.

მაშ, ვის უნდა ეკუთვნოდეს ინფორმაცია? გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი. ამ საკითხზე დისკუსია მხოლოდ დაწყებულია. არ შეიძლება ველოდოთ ასეთ მნიშვნელოვან კითხვაზე დაუყოვნებლივ პასუხს. მსჯელობაში უნდა ჩაერთონ მეცნიერები, ფილოსოფოსები, იურისტები და პოეტებიც კი. განსაკუთრებით პოეტები! რამეთუ ამ კითხვაზე პასუხის პოვნის შემდეგ, მათზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კაცობრიობის მომავალი, არამეს თვით პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის მომავალი.

მაგრამ პროგრესი დღეისათვის უმნიშვნელოა. ადამიანების უმრავლესობა საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა დევს სასწორზე. ბევრი ხელისუფლება (იაპონიის ხელისუფლების გამოკლებით - ისინი ნამდვილად ყველაფერს აცნობიერებენ) ასევე თავს არიდებს ამ საკითხს მიზეზით: ჩვენ გაცილებით გადაუდებელი საქმეები გვაქვს. ასეთი მიდგომა კი ძალიან საშიშია. როგორც ისტორიკოსი, მე ვცდილობ მივიტანო ინფორმაცია ადამიანთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობამდე, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება სამყაროში, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ყველას საერთო მომავლის შესახებ მსჯელობაში.

მსგავსი სტატიები

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?


წყარო კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივა...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

რომაელთა ყოველდღიური ცხოვრება


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკ...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

ზენობია


ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff