ავტორი: მამუკა გურული
სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ რადგან რთულად გასაგებია და ჩვენი მენტალობისთვის ჯერ-ჯერობით მიუღებელი, ამიტომ ვეცდები კიდევ ავხსნა.
ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ ინდივიდუალური სული აქვს, თავისი წინა ცხოვრებებით, კარმით, მომავალი (სასუფევლის) ცხოვრებით და ა.შ. რა ხდება სინამდვილეში?
ანალოგიისთვის ჯერ განვიხილოთ ფუტკრების სკა. აქ თვითოეულ ფუტკარს თავისი პირადი ფუნქცია (მისია) აქვს, რომელსაც ასრულებს და ფუტკრების კონკრეტულ სისტემაში (ე.წ. ეგრეგორში) თავისი წვლილი შეაქვს. აქ გამოყოფილია ერთი "დედა ფუტკარი", რომელიც მთელი ამ სისტემის ცენტრია. ალბათ ჩვენთვის აბსურდული იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ თვითოეული ეს ფუტკარი "უკვდავი სულია" და მას გააჩნია წინა ცხოვრებები, შემდეგ ცხოვრებაში ისევ ფუტკრად, პეპლად ან ძალიან განვითარებულ შემთხვევაში სინდიოფალად დაიბადება. თავად ეს "დედა ფუტკარიც" კი ერთ-ერთი პატარა სკის (ეგრეგორის) ცენტრია, ე.წ. მონადაა, რომლის გარშემოც სხვა ფუტკრები ერთიანდებიან, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ისიც პატარა ნაწილია ფუტკრების საერთო სისტემისა.
ფუტკრის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს რაღაც საშუალოა ერთ-უჯრედიანებსა და ადამიანს შორის. ახლა კი ვეცდები ორივე ეს უკიდურესობა განვიხილო:
გისწავლიათ ალბათ ბიოლოგიაში, რომ არსებობენ ერთუჯრედიანი ორგანიზმები (მაგალითად ამება), რომლებიც თითქოს დამოუკიდებლად ლივლივებენ წყალში და ცხოვრობენ ბედნიერად, მრავლდებიან დაყოფით და შთანთქავენ უმცირესი ზომის საკვებ ნივთიერებებს.
ევოლუციის შემდეგი საფეხურია მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, და ძალიან მნიშვნელოვანი სიცოცხლის ტიპი, რომელსაც კოლონიებს უწოდებენ და ისინი გარდამავალი რგოლია ერთუჯრედიანებსა და მრავალუჯრედიანებს შორის. ასეთია, მაგალითად, ვოლვოქსი. ესაა კოლონია, რომელშიც ეთუჯრედიანები (მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გადმოსახედიდან უჯრედები) თან ერთიან ორგანიზმად შეიკვრნენ, და თან თითქოს დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლიათ.
სენტიმენტალურ თვალს ბუნებრივია, რომ გაუჩნდება აზრი ერთუჯრედიანებში მარადიული უკვდავი სულის არსებობის შესახებ, მაგრამ თუ ამ სენტიმენტალურ თვალს მიკროსკოპში ჩავახედებთ და მაგალითად ხახვის ფურცლის ანათალს ვაჩვენებთ, იგი დაინახავს, რომ ჩვეულებრივი ხახვი, რომელიც თითქოს ასეთივე "ინდივიდუალობაა", მილიონობით ასეთი "ინდივიდუალური" უჯრედისგან შედგება.
რატომ მიმყავს მსჯელობა ამ მიმართულებით? ახლავე აგიხსნით. აი, მაგალითად, თუ ინდივიდუალური და უკვდავი სული (თავისი წინა ცხოვრებებით და კარმით) გააჩნია ადამიანს, მაშინ რატომ არა აქვს იგი, მაგალითად პრიმატებს? ადამიანიც ხომ ძუძუმწოვართა კლასს მიეკუთვნება და განსაკუთრებული ფიზიოლოგიური სხვაობებით არ გამოირჩევა თავის ევოლუციურ წინაპართაგან. და ამ ლოგიკით ძალიან შორს შეგვიძლია ჩავყვეთ: თუ სული გააჩნია ადამიანს და პრიმატს, მაშინ რატომ ძაღლს არა? რატომ თევზს არა? რატომ ჭიაყელას არა? რატომ ფუტკარს არა? და ა.შ. ჩავალთ ერთუჯრედიანებამდე... და საერთოდ, რატომ ვთვლით არაცოცხალად მოლეკულას ან ატომს? მასაც ხომ თავისი "ცოცხალი სტრუქტურა" აქვს და გარკვეულ სისტემას წარმოადგენს (რაღაცით მზის სისტემასაც კი ჰგავს).
ახლა ზემოთ ავყვეთ: რატომ არ აქვს ინდივიდუალური სული მთელ კაცობრიობას? (ისევე როგორც ფუტკრების მთლიან ეგრეგორს)? მთელ დედამიწას? მთელ მზის სისტემას? მთელ გალაქტიკას? მთელ სამყაროს? და საბოლოო ჯამში, თუ რელიგიის კუთხით გავყვებით "ღმერთიც" ხომ ერთიანი და მთლიანი არსია, და აქედან გამომდინარე "ერთი ინდივიდუალობაა"?
ბუნებრივია, ბევრს გაგიჩნდებოდათ პროტესტის გრძნობა: კი მაგრამ, ვიღაც პრიმატს ან ფუტკარს რატომ მადარებ? მე ხომ ადამიანი ვარ შესაბამისად მაქვს გრძნობები, ემოციები, საკუთარი ინდივიდუალობის და უნიკალურობის რეალური განცდა. როგორ შეიძლება ერთიანის რაღაც უპიროვნო ნაწილი ვიყო?
და მე გიპასუხებთ: რა იცით, რა განცდები აქვთ პრიმატებს? კატებს? ფუტკრებს? ან ბოლოს და ბოლოს ერთუჯრედიანებს? რა თქმა უნდა, ევოლუციით ძალიან ვუსწრებთ ერთუჯრედიანებს, მაგრამ არსობრივად ბევრად განვსხვავდებით? ან რით განსხვავდება ადამიანი ჩანასახოვანი განვითარების გარკვეულ სტადიებზე თევზისგან ან ამფიბიისგან? თუ ადამიანს აქვს ამ დროს სული, მაშინ რატომ არ აქვს იგი ამფიბიას?
ზოგადად ამ მიდგომას და დამოკიდებულებას ძალიან კარგად ხსნის ვიზუალური ვექტორის ფუნქცია და მისი ნაწილობრივი ხედვა - დეტალების ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად აღქმის უნარი (დაწვრილებით იხ. ამ სტატიაში, მაგრამ ამ ახლა მინდა ვექტორული სისტემის გარეშე განვავრცო ეს თემა, რადგან ბევრისთვის ეს სისტემა უცნობია.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თავად ცნება "ინდივიდუალური სული" არასწორადაა აღქმული და გაგებული. სული აბსტრაქტული და იდეური (პლატონის მიხედვით) სამყაროს ცნებაა, იდეათა სამყაროში კი ყველაფერი არსში ერთიანდება. მაგალითად არსებობს ფუტკრის იდეა, რომელიც განშლილია მატერიალურ სამყაროში უამრავი სხვადასხვა ფუტკრის სახით. რეალურად ყველა ამ ფუტკარს "სული" - ერთი აქვს. და ყველა ფუტკარი (ადამიანი რომ ყოფილიყო) თავისად ჩათვლიდა იმ ერთ სულს.
მაშ, რაშია შეცდომა და არასწორი აღქმა? იმაში, რომ ადამიანები ნაწილიდან გამომდინარე აღვიქვამთ რეალობას, და არა მთლიანობიდან. შესაბამისად წინა ცხოვრებები, კარმა და მთელი ეს ეზოთერული ცნებებიც აქედან გამომდინარე დასკვნებს ეყრდნობა.
ვეცდები უფრო კარგად ავხსნა: ანალოგიად ავიღოთ ადამიანი, როგორც სისტემა. თუკი მე ფუტკარმა დამნესტრა და ხელი გამოსივდა, გამოდის, რომ გასივებული ხელის უჯრედებმა წინა ცხოვრებაში "მიქარეს"? სენტიმენტალური თვალი, რომელიც ყოველ ნაწილს და დეტალს უნიკალურ ინდივიდუალობად ხედავს, მოუძებნის "ეზოთერულ" ახსნას, რომ ამ უჯრედებმა, ან მთლიანად ხელმა წინა ცხოვრებაში თავისი კარმული მისია არასწორად შეასრულა, ამიტომ მისი ლილითი ამა და ამ ზონაში მოხვდა, და სატურნი ამ სახით "სჯის". ან თუ ფრჩხილის უჯრედის ნაცვლად ამ ცხოვრებაში ნეირონად მოხვედი, ე.ი. წინა ცხოვრებაში "კაი ტიპი" იყავი.
ბუნებრივია, კიდევ გაგიჩნდებოდათ აღშფოთება: რატომ მადარებ უჯრედს, ფუტკარს, ან თუნდაც პრიმატს? ისევ გეტყოდით, რატომაც არათქო, მაგრამ ვეცდები "ეზოთერულად" დასკვნები დავდო, ჩემი შეხედულება და ასევე იმ შეხედულებების ნაკრები, რომელსაც ვეთანხმები (საბოლოო ჯამში ხომ ესეც რწმენის და ლოგიკის სინთეზიდან გამომდინარეა):
1. არსებობს ერთიანი არსი (დაარქვით ღმერთი, სამყარო, იეჰოვა, ვიშნუ, რაც გნებავთ...) რომელიც იყოფა ორ არსად: შემოქმედი არსი და ქმნილების არსი.
2. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მატერიას - ესაა ქმნილების არსი, ე.წ. ფორმათა სამყარო, სადაც არსი უამრავ ფორმად იშლება.
3. ქმნილების არსის მაღალ დონეებზე რეალურად ვერაფრს ვიტყვით, იმიტომ რომ ამ დონის ცნობიერება და რეალური აღქმის უნარი არ გაგვაჩნია (მითუმეტეს ვერაფერს ვიტყვით შემოქმედ არსზე).
4. ქმნილების არსი იყოფა უამრავ სისტემად (ე.წ. ეგრეგორად), რომლებიც დამოუკიდებელ "ერთეულს" წარმოადგენენ.
5. ყოველი დონე საკუთარ თავს უმაღლეს ინდივიდუალობად (ერთეულად) აღიქვამს, რადგან თავისზე ზემოთ რეალური ცნობიერი აღქმა არ გააჩნია. მაგალითად, ფუტკარს ჰგონია, რომ უკვდავი, მარადიული და დაუშლელი ერთეულია (როგორც სული, და არა როგორც ფიზიკური სხეული), რადგან ვერ აღიქვამს მთელი სკის ცნობიერებას, მთელი სკის ცნობიერება კი კონცენტრირებული სახით პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედა ფუტკარშია (უფრო სწორად დედა ფუტკარს აქვს წვდომა მთლიანი ეგრეგორის ერთიანობაში ხედვისკენ).
6. ადამიანიც ისეთივე ჯოგური და "კოლონიური" არსებაა, როგორც ფუტკრები, მგლები ან ზემოთნახსენები ვოლვოქსი, და როგორც ადამიანის ერთი უჯრედი ვერ გადარჩება სხვა უჯრედებისგან დამოუკიდებლად, ასევე ვერ გადარჩება (ყოველ შემთხვევაში ბედნიერი ვერ იქნება) იგი კაცობრიობისგან იზოლაციის შემთხვევაში.
7. კაცობრიობაში ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ფუნქცია, რომელსაც თუ ასრულებს - ბედნიერია, თუ ვერ ასრულებს - იტანჯება (ამ ფუნქციათა შესახებ საუკეთესო მეცნიერება დღეისთვის - ვექტორული ფსიქოლოგიაა).
8. ადამიანში, როგორც სახეობაში, ასევე არიან "დედა ფუტკრები", რომლებიც კაცობრიობის დონეზე ცნობიერებით დიდ ერთეულებს აერთიანებენ და უფრო მთლიანობრივი აღქმა აქვთ, ამიტომ სხვების ფონზე ისე მოჩანს, თითქოს კრისტალიზებული და მრავალჯერ ინკარნირებადი სული აქვთ, მაგრამ რეალურად ისინიც საერთო არსის ნაწილნი არიან და ასეთი აღქმა იქიდან გამომდინარე აქვთ, რომ უფრო მაღალ ერთიანობას ვერ ხედავენ. რეინკარნაციას კი სავარაუდოდ განიცდის მათი კრისტალიზებული ცნობიერების დონე, და არა მათი "პიროვნება".
9. "გასხივოსნება" სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ინდივიდუალურობის განცდიდან სამყაროს (როგორც მინიმუმ მისი გარკვეული ნაწილის) ერთიანობის რეალურ განცდამდე ამაღლება.
p.s. "ინდივიდუალური სული" და პიროვნული ინდივიდუალობა (უნიკალურობა) სხვადასხვა რამეა. სული ყველა არსებას აქვს, მაგრამ არა იმ სახით, როგორც წარმოუდგენიათ. მაგალითად, ადამიანს თუ შევადარებთ და ვიტყვით, რომ ადამიანს საერთო სული (არსი) აქვს, მის თვითოეულ უჯრედს ეგონება, რომ ეს მისი სულია, მაგრამ ცალკე აღებული უჯრედები უბრალოდ დროებითი ფრაქტალური ნაწილებია და საკუთარი კრისტალიზებული ინდივიდუალობა არ გააჩნიათ. ასევეა ადამიანიც უფრო დიდ სისტემებთან მიმართებაში. მთლიანიდან ნაწილისკენ უნდა წავიდეთ და არა პირიქით.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...