პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)

Admin
მაგმური სტატიები აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრაქციის დონეზე მენტალურად წვდებ...

dualobebi

ავტორი: მამუკა გურული

პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრაქციის დონეზე მენტალურად წვდება - ესაა "გამოუვლენელი" და "გამოვლენილი".

ის, რაც გამოუვლენელის სფეროშია, ჩვენი გონისთვის ამ ეტაპზე აბსოლუტურად მიუწვდომელია. ესაა ამოუცნობი, სიტყვით გადმოუცემელი, რომელიც სინამდვილეში ყოველი დუალობის მიღმა დგას და ყოველი დუალობის წყაროა.

გამოვლენილი სამყარო აღქმის უამრავ დონედ იყოფა და ჩვენთვის მათი უდიდესი ნაწილი ამ ეტაპზე ასევე მიუწვდომელია, მაგრამ რაღაცნაირად: აბსტრაქციების, ფორმულების და სიტყვების მეშვეობით მაინც შეგვიძლია რაღაცას შევადაროთ ისინი და ასე თუ ისე ავღწეროთ (თუმცა ეს ვერ იქნება რეალური აღქმა).

თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში დუალობებს შორის მკაფიო ზღვარი არ არსებობს, ამიტომ მათ გასაგებად დუალობათა უკიდურესი გამოხატულებები უფრო გამოგვადგება.

გამოვლენილ სამყაროში პირველი დუალობა - ესაა ორი ცნება, რომელთა აღწერაც ძნელია მხოლოდ თითო სიტყვით, ამიტომ ვეცადოთ, რომ თვითოეული რამდენიმე სიტყვით ავღწეროთ:

1) დინამიური ძალა, გამშლელი ცხელი იმპულსი, რომელიც აქტიურია, მოუწესრიგებელია, ქაოტურად ვრცელდება და იფანტება, თუ რაიმე წინააღმდეგობა (ჭურჭელი) არ დახვდა.

2) სტატიკური ძალა, შემკვრელი ცივი იმპულსი, რომელიც პასიურია, სტრუქტურიზებულია (მოწესრიგებული სისტემაა), ფორმაა, ჭურჭელია, უზარმაზარ პოტენციალს ატარებს, მაგრამ მოძრაობაში ვერ მოდის, ვერ ცოცხლობს, თუკი ზემოთაღწერილი დინამიური ენერგია არ შევიდა მასში და არ "გააცოცხლა".

შესადარებლად ავიღოთ ავტომობილის ძრავი. ძრავში აფეთქებული ბენზინი წარმოქმნის დინამიურ ენერგიას, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ამ გავრცელებულ ძალას ხვდება თავად ძრავის მექანიზმი, როგორც ჭურჭელი, რომელიც მოძრაობაში მოდის. აფეთქების ქაოტური ანერგიის გარეშე ძრავი ვერ იმუშავებდა. ასევე ვერ იმუშავებდა ძრავი, რომ არ ყოფილიყო იგი მოწესრიგებული სისტემა, თავისი ფორმებით და მექანიზმებით. ანუ ამ დუალობაში ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია და არსებობას წყვეტს.

ჩინურ სისტემაში ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უმაღლესი იანი და უმაღლესი ინი. ვედურ სისტემაში - სურია და ჩანდრა, - კაბალაში - ხოქმა და ბინა, ქართულ მითოლოგიაში - მზე და მთვარე. ფიზიკაში ეს შეგვიძლია ტალღას და ნაწილაკსაც შევადაროთ.

მრავალ სისტემაში პირველს მიაწერენ მამაკაცურ საწყისს, ხოლო მეორეს - ქალურს. ფიზიკური გამოვლინების დონეზე ეს მართლაც ასეა: ფორმა ქალში უფროა აქცენტირებული, ვიდრე მამაკაცში, ხოლო მამაკაცში, როგორც წესი, შინაგან ძალას უფრო პრიორიტეტს ანიჭებენ, ვიდრე მის გარეგნულ ფორმას. ასევე ქალს გააჩნია მიმღები ჭურჭელი - საშვილოსნო, რომელიც მამაკაცისგან მიღებულ ენერგიას (ამ შემთხვევაში სპერმატოზოიდების სახით) "ბოჭავს" და ჩანასახად გარდაქმნის.

როგორც ვიცით, ადამიანს სხვადასხვა ნატიფი სხეულები (დონეები) აქვს და სქესის ზემოთმოცემული გამოხატულება მხოლოდ ფიზიკურ დონეს ეხება. ყოველ მომდევნო დონეში პოლარობები იცვლება და თუ მაგალითად ფიზიკურ დონეში ქალი იყო მიმღები და პასიური, მასზე ერთით მაღალ დონეში პირიქითაა - ქალია აქტიური, ხოლო მამაკაცი - პასიური, და ა.შ იმ დონემდე, სადაც სხვაობა უბრალოდ აღარ არსებობს. შესაბამისად სქესი ადამიანის მხოლოდ პერიფერიული გამოხატულებაა და არსობრივად ადამიანი ორსქესიანი (ან შეიძლება ითქვას უსქესო) არსებაა.

რაში გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა? ეს გვაძლევს გასაღებს ძალიან ფუნდამენტური და საკვანძო საკითხის გასაგებად: "როგორ მივიღოთ ძალა"? რეალურად ხომ ყველას ეს გვინდა - ძალა, რომელიც უფრო და უფრო გვაცოცხლებს და გვაძლიერებს. რაც არ უნდა პოეტური და ესთეტიკური განწყობა გქონდეთ, ან რაც არ უნდა იძახოთ, რომ მთავარი სიყვარულია, ალტრუიზმია და ა.შ. ამა თუ იმ სახით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, - ყველა ძალისკენ მიილტვის და ძალაზე ნადირობს. ჰოდა მოდი, არსობრივად ჩავწვდეთ - როგორ შეიძლება მივიღოთ ძალა?

პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაღაც დონის დინამიური ძალა ყოველ ჩვენგანს გვაქვს (წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხლები არ ვიქნებოდით), მაგრამ იმისთვის, რომ ევოლუცია განვიცადოთ და ერთ ადგილზე არ ვიყოთ გაჩერებულები, უფრო და უფრო მეტი (როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად) ძალა გვჭირდება.

ასევე შევთანხმდეთ იმაზე (ზემოთმოყვანილი პოსტულატებიდან გამომდინარე), რომ ძალა ყოველთვის მიელტვის ჭურჭელს, ყოველთვის საჭიროებს და არ გაურბის მას. სხვა შემთხვევაში თავის ფუნქციას ვერ შეასრულებდა.

აქედან გამომდინარე ცხადია, რომ საჭირო არაა ძალაზე "ნადირობა", მისი ძებნა და დევნა. იგი ყოველთვის თვითონ პოულობს მისთვის სასურველ ჭურჭელს (ფორმას). შეუძლებელია აქტიური იყო დინამიურ ძალასთან მიმართებაში, რადგან ეს სათავეშივე ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კანონებს. შესაძლებელია მხოლოდ მიმღები იყო ძალის მიმართ და შემოუშვა, გაატარო იგი.

აქ ჩნდება კითხვა: თუკი შეგვიძლია მხოლოდ მიმღებნი ვიყოთ ძალის მიმართ, ე.ი. გამოდის, რომ თუ უბრალოდ დავჯდები და არაფერს გავაკეთებ, ძალა თავისით შემოვა? ასეთი კარგი და ლამაზი ვარ (სასურველი ჭურჭელი ვარ) ძალისთვის?

საქმეც იმაშია, რომ ჩვენ ზუსტად იმ რაოდენობისა და ხარისხის ძალას ვიზიდავთ, რა ფორმისა და სილამაზის ჭურჭელიც გვაქვს (აქ არ იგულისხმება გარეგნული სილამაზე, თუმცა ისიც გარკვეულ ძალას იზიდავს).

ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: იმისთვის, რომ მე, როგორც ფორმა (ჭურჭელი) მოქმედებაში მოვიდე და უფრო მაღალი ხარისხის ძალისთვის მოვამზადო თავი, საჭიროა ენერგია, რომელიც ძალას მომცემს ამისთვის. და იკვრება მანკიერი წრე: არ მაქვს ძალა იმისთვის, რომ უფრო დიდ ძალას მომზადებული დავხვდე.

პასუხი მარტივია: ჩვენი ჭურჭლის სასურველ ფორმაში მოსაყვანი ძალა ყოველთვის გაგვაჩნია, უბრალოდ სწორად და კონცენტრირებულად არ ვიყენებთ მას. ვფანტავთ და ვიფიტებით, თუმცა არა იმ დონემდე, რომ არსებობა შევწყვიტოთ. ან უბრალოდ დაახლოებით ერთ დონეზე ვინარჩუნებთ და არ ვვითარდებით.

ჩვენი აქტიურობა უნდა გამოიხატებოდეს სწორედ ჭურჭლის მომზადებაში იმ ძალის შემოსაშვებად, რომელიც გვსურს. ყოველი ძალა თავის შესაბამის ფორმას მიელტვის. "ძველ კასრებში ახალ ღვინოს არ ასხამენ", და არც "Assassin's Creed"-ის ახალ ვერსიას წერენ ძველი მოდელის კომპიუტერებში. ამიტომ ჩამო-ყალიბებული(!!!) უნდა გვქონდეს, თუ რა ძალას მიველტვით, და შესაბამისად უნდა ჩამო-ვაყალიბოთ ამისთვის როგორც სხეული, ასევე ფსიქიკა.

ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენში უკვე მოცემული დინამიური ძალის მეშვეობით მოვახდინოთ ჩვენი სხეულისა და ფსიქიკის მაქსიმალურად შესაძლებელი ფორმით სტრუქტურიზება ერთი მხრივ, და მეორე მხრივ - არ მივეჯაჭვოთ ამ სტრუქტურიზებულ ფორმას და მზად ვიყოთ მისი ცვლილებისთვის, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჭურჭელს თავი არ უნდა დავახუროთ და ღია უნდა დავტოვოთ, რათა ზემოდან სითხე ჩაისხას.

სამყარო და ბუნება არაა ისეთი სულელი, რომ რბილ და არაგამძლე ჭურჭელში ისეთი სითხე ჩაასხას, რომელიც გახეთქავს და გაანადგურებს მას. ჭურჭელი, ჩვენი ერთგვარი "მე"-ა, რომელიც გვჭირდება იმისთვის რომ ევოლუცია განვიცადოთ. "მე"-ს აბსოლუტური ანულირება ინდივიდუალობის ნგრევას გამოიწვევს და მანამ, სანამ ადამიანი თავის ჭეშმარიტ ინდივიდუალობამდე მივა, ეს სახიფათოა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ბუნება და სამყარო არ არიან სულელები, მაგრამ ხშირად ადამიანები არიან სულელები და შეუსაბამო ჭურჭელში შეუსაბამო სითხეს (ძალას) ასხამენ ან ისხამენ. სწორედ ეს იწვევს არაჰარმონიულ განვითარებას, ფსიქიკის ნგრევებს და სხვა სავალალო შედეგებს.

რეზიუმე 

მოაწესრიგეთ თქვენი ჭურჭელი იმის შესაბამისად, თუ რა ძალას მიელტვით. იყავით პასიურნი (მიმღებნი) თავად ძალის მიმართ, მაგრამ აქტიურნი საკუთარი ფსიქიკის და სხეულის (ფორმის) ტრანსფორმაციაში. ასევე გადაუსხით თქვენი ძალა მხოლოდ მათ, ვისაც მისი მიღება შეუძლიათ, და უაზროდ ნუ გაფანტავთ მას. ასევე ძალადობრივად ნუ მოახვევთ თქვენს ძალას მათ, ვინც მიმღებ პოზიციაში არაა, რადგან ესეც სამყაროს ფუნდამენტურ კანონს ეწინააღმდეგება და როგორც წესი აზიანებს ადამიანებს.

პირველი ნაბიჯი ჭურჭლის მომზადებისთვის - ესაა უსარგებლო და არაფრის მომცემი ნაგვის გადაყრა, რომელიც როგორც წესი სულაც არ მიგვაჩნია ნაგვად და ფრიად საჭიროდ ვთვლით.

ამაზე უნივერსალური გასაღები ძალის მოსაპოვებლად არ არსებობს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

ცნობიერების ევოლუციის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში მინდა მოკლედ და არსობრივად შევ...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

რატომ გავურბივართ სიცოცხლეს


ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სად...

არქიტექტორის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრე...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff