რატომ გავურბივართ სიცოცხლეს

Admin
მაგმური სტატიები
0
0

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სადაც სიმდიდრე, სიუხვე და მიწიერი...

ავტორი: მამუკა გურული

ფოტოები: Alex Stoddard

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ტკბობა და ბედნიერება ცოდვაა, სადაც სიმდიდრე, სიუხვე და მიწიერი კეთილდღეობა დანაშაულია მათ თვალში, ვისაც ეს ყველაფერი არ გააჩნია, ან მცირედ მიეცა.

პირადი არაცნობიერის და კოლექტიური არაცნობიერის ბუნებას ამ სტატიაში არ ავხსნი, ამ თემას მაგმას ერთგული მკითხველი კარგად იცნობს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყნის ეგრეგორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული კოლექტიური არაცნობიერი დღემდე ზემოქმედებს ყოველ ჩვენგანზე, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. და მხოლოდ იშვიათს თუ გააჩნია ამ ზეწოლის გაცნობიერების, და მითუმეტეს მისგან განთავისუფლების ძალა.

ამ სტატიაში ვეცდები გამოვყო ამ კოლექტიური ზეწოლის 3 მთავარი ასპექტი, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძოა, და ყველაზე მეტად გვამყოფებს მანკიერ წრეში. ეს ეს ეხება როგორც ქვეყანას, ასევე ყოველ ჩვენგანს, რადგან ყველანი ქვეყნის ამ კოლექტიური არაცნობიერის გამტარები და გამზიარებლები ვართ.

ამ რეალობის სწრაფად შეცვლაც შეუძლებელია, რადგან საუკუნეების განმავლობაში დაგროვილს რამდენიმე წელში ვერ შეცვლი, მაგრამ პირველ რიგში ეს ცვლილება ინდივიდუალურ დონეზეა შესაძლებელი, და რაც უფრო მეტი ასეთი გამოღვიძებული ინდივიდუალობა იქნება, მით უფრო კარგად აისახება ეს მთლიან კოლექტიურ არაცნობიერზეც.

ამ სტატიაში არ ვცდილობ ვეძებო დამნაშავეები, მხოლოდ რეალობის აღწერა მსურს, რომელიც პირველ რიგში სუბიექტურია, და რამდენად უახლოვდება ობიექტურს - ეს თქვენ განსაჯეთ. ყოველი „გაშვერილი თითი“ დამნაშავეების მიმართ, უპასუხისმგებლობის გამოვლინება იქნება.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ტექსტი და გაატაროთ როგორც საკუთარი გამოცდილების, ასევე სხვა ადამიანების გამოცდილებების ჭრილში. ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად გადმოვცე სათქმელი.

მაშ ასე, სამი მთავარი ასპექტი:

ayvavi_copy

1. დანაშაულის გრძნობა, რომელიც სასჯელს იზიდავს.

მრავალი საუკუნეა, რაც საქართველო მართლმადიდებლური ეგრეგორის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამ გავლენის შედეგად კი ქვეყნის მენტალიტეტში ღრმად გაიდგა ფესვები ცოდვილობის იდეამ. „რომ დაიბადე, უკვე ცოდვილი ხარ“ - ამას შთაგვაგონებს რელიგია უკვე დიდი ხანია, და რომც არ იყოთ კონკრეტული რელიგიის მიმდევარი, ამ იდეით იმდენად განიმსჭვალა ქართული სივრცე და ჰაერი, რომ როგორც მინიმუმ ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა გიწევს ამ იდეის წინააღმდეგ. ხოლო თუ ბრძოლა არ გინდა, უნდა მოინათლო, რათა როგორც რელიგია ამბობს - „ქრისტემ გამოისყიდოს შენი ცოდვილობა“. და როცა ინათლები, შენ ხდები „რჩეული, ცოდვა-მიტევებული და ეკლესიის დაცვის ქვეშ მყოფი“. და ეს დაცვა მართლაც მუშაობს, ნებისმიერი სახის ზიარება თუ მონანიება ეკლესიის კალთის ქვეშ - ამ დანაშაულის გრძობისგან გვათავისუფლებს, მაგრამ მეორე მხრივ, ნებისმიერი თავსმოხვეული მფარველობა, მითუმეტეს თუ ეს ბავშვობიდან და შენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა - მონობაში გამყოფებს. ხდები რა კონკრეტული რელიგიური ეგრეგორის დაცვის ქვეშ მყოფი, იძულებული ხარ მისი კანონები გაატარო და გააზიარო. წინააღმდეგ შემთხვევაში „სინდისი სუფთა ვერ გექნება“ და ვალში იგრძნობ თავს ეკლესიასთან, რაც ისევ და ისევ წარმოშობს დანაშაულის გრძნობას, რომელმაც ისევ და ისევ ან მონანიების, აღსარების, ზიარების და სხვა რიტუალების სახით უნდა ჰპოვოს განმუხტვა, ან სასჯელის სახით, რომელიც ამ დანაშაულს გამოისყიდის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ საუბარი მაქვს მხოლოდ იდეაზე, „პირვანდელი ცოდვის“ არსაიდან მოტანილ დოგმაზე, რომელიც ძალიან ღრმად დევს კოლექტიურ არაცნობიერში. აქ არ მაქვს საუბარი რეალურ დანაშაულის შეგრძნებაზე, რეალურ სინდისზე, რომელიც ყველა ადამიანს ბუნებრივად აქვს მისი თანდაყოლილი თვისებებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. თუ ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ დანაშაულს სჩადის, მან ყოველთვის იცის ამის ფასი, და ისიც იცის, რას იმსახურებს ამისთვის, მაგრამ ეს ფასი პირველ რიგში მისი სულის განსასაზღვრია, მისივე მოტივიდან გამომდინარე, და არა გარე დამნამუსებლების, ან სახელმწიფო კანონის. კანონს თავისინ ფუნქცია აქვს, და თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ის პირველ რიგში აღმასრულებელი მექანიზმია, და არა მორალის მქადაგებალი, ან დამნამუსებელი.

თანმიმდევრულად გავყვეთ მანკიერ წრეს... კოლექტიურ მოცემულობაში გვყავს დანამუსებული, დანაშაული გრძნობით აღსავსე მშობლები, რომლებიც ასავე ანამუსებენ თავიანთ შვილებს. ან მეორე მხარე - რელიგიურ ეგრეგორს შეფარებული „ცოდვაგამოსყიდული“ მშობლები, რომლებიც ასევე აიძულებენ შვილებს, რომ იმავე ეგრეგორს შეაფარონ თავი. და ასე გრძელდება ისტორიულად, თაობიდან თაობამდე.

დანაშაულის გრძნობას გააჩნია უფრო ზედა, უფრო ხელშესახები ფენები - სექსით ტკბობა ცოდვაა, ნაყროვანება - ცოდვაა, სიმდიდრე - ცოდვაა, რელიგიური ეგრეგორისადმი დაუმორჩილებლობა - ცოდვაა... შედეგად ყველა ეს თემა კოლექტიურ არაცნობიერში დაბლოკილი და დათრგუნულია. საქართველოში ძალიან ცოტას თუ განუცდია რეალური ორგაზმი. სექსუალობა მასობრივადაა ჩაკეტილი და სექსის ფუნქცია ეაკულაციამდე და განმუხტვამდე თუ მიდის. სექსში თითქმის აღარაა ენერგია, აღარაა ძლიერი მუხტი. და რაც მთავარია, ყოველი სექსის შემდეგ იღვიძებს ხოლმე ის ღრმად ჩაბუდებული აზროფორმა, გრძნობა, რომ „მე რაღაც ცუდი ჩავიდინე“. ამის პარალელურად ბევრში იღვიძებს იდეა, რომ „მე თავისუფალი ვარ“, „სექსი არაა ცოდვა“, და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ენერგია მაინც იხარჯება ამ ბრძოლაში, შინაგან დაპირისპირებაში, რადგან რასაც გარშემო უმეტესობა ცოდვად თვლის, და რაც კოლექტიურ არაცნობიერში ღრმადაა გამჯდარი, შენ მარტო ასე ადვილად ვერ მოერევი. ჩნდება ამბოხი, თავისუფლებისკენ სწრაფვა, მაგრამ ამ ფუნდამენტური მოთხოვნილებისა და სურვილის მისივე აკრძალვასთან დაპირისპირებით იმხელა ენერგია იხარჯება, რომ მთავარი ძალა და ენერგია უფრო მაღალ სფეროებამდე, განსაკუთრებით კი შემოქმედებითობამდე ვეღარ აღწევს. დღემდე საქართველო ჭამის და სექსის სიბრტყეში იხარშება და ვერ გადაულახავს იგი. დღემდე ქართველი ხალხინ ცდილობს მოძებნოს ზომიერი ზღვარი ასკეტიზმსა და გარყვნილებას შორის, და არ შეუძლია, რომ ეს თემა უბრალოდ - გადალახოს და დაიკიდოს.

უცებ წარმოიდგინეთ, რომ ამ ტექსტის ქვეშ შიშველი „კუტუს“ ან „ფუჩუს“, ან მათი ურთიერთობის ვულგარული, პორნო ფოტო დევს, მკაფიოდ წარმოიდგინეთ და თქვენი რეაქციით მიხვდებით, რა დონეზე გაქვთ გადალახული ეს თემა (მეც არ მაქვს ბოლომდე გადალახული, თორემ სიამოვნებით დავდებდი).

აქვე მინდა დავამატო, რომ ამ კუთხით არასწორი მიმართულება აქვთ ზოგიერთ სხვა რელიგიურ, ეზოთერულ თუ სხვა სახის მიმართულებებსაც, მაგრამ მათი გავლენა ქვეყნის კოლექტიურ ცნობიერებაზე მართლმადიდებლურ რელიგიასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

პირველი მთავარი მიზეზი ქვეყნის სიღატაკისა, გაჭირვებისა და პრობლემებისა სწორედ ესაა - დანაშაულის გრძნობა, რომელიც მოითხოვს სასჯელს ან გამოსყიდვას. ამიტომ ქვეყანა დღემდე ელის „მესიას“ „მხსნელს“, რომელიც დაიხსნის მას ამ მანკიერი წრისგან. ამ „მხსნელის“ როლის შესრულებას დღემდე ისევ ეკლესია ცდილობს, მაგრამ რეალური ხსნის ნაცვლად გამაყუჩებელს აძლევს - „ცოდვების მიტევებას“ და „იმქვეყნიურ ბედნიერებას“ ჰპირდება ერს. ქვეყნის კოლექტიურ არაცნობიერში ღრმადაა გამჯდარი იდეა, რომ „ნეტარება სამოთხეშია, აქ კი ტანჯვის ადგილია, და ჩვენ ცოდვის შვილები ვართ“.

სწორედ ამ დანაშაულის გრძნობის გამოა, რომ თვალს ვეღარ ვუსწორებთ ჩვენივე სულს, ჩვენში არსებულ ღმერთს, და „ცუდი ბავშვივით“ თან გვრცხვენია, თან ისევ ცუდად ვიქცევით, მერე ამ სირცხვილის გრძნობას „თავაშვებულობით“ და „წესების დარღვევით“ ვებრძვით, მერე ისევ გვრცხვენია, და ასე დაუსრულებლად... ეს ხდება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, მასიურად დავჩხავით ყვავებივით ყველას, ვინც ცოცხალია, საზოგადოების ჩარჩოებში არ ჯდება და თავისუფლებისკენ ისწრაფვის. დანამუსებული საზოგადოება თვითონვე იქცა დამნამუსებლად. 

azvigeni

2. „უშიში, ვითარცა უხორცო“, ანუ სიკვდილთან თამაშის, როგორც გენეტიკური ფუნქციის დაკარგვა

გენეტიკური ფუნქციით ქართველი ხალხი მეომარია. „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - შოთა რუსთაველის ეს აფორიზმი კარგად ახასიათებს ქართველი ერის იმ იდეალურ გენეტიკურ კოდს, რომელიც შესაბამისად მის ფუნქციასაც განსაზღვრავდა. ერის ფუნქციის და მისი დაკარგვის შესახებ იდეალურად საუბრობს გოგი გეგეჭკორის გმირი ფილმში (და შესაბამისად წიგნში) - დათა თუთაშხია. თუ ვინმეს არ გინახავთ იხილეთ ეს მონოლოგი, აუცილებლად იხილეთ, მეტს აქ მე ვერ დავამატებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს მეომრული ფუნქციები და თვისებები მსოფლიო სისტემის მიერ ყველა ქვეყნის დონეზე ითრგუნება (სადაც გასდის), და მისი გამოვლენის ერთადერთ მიზერულ ფორმად სპორტი რჩება (ალბათ ამიტომაც გვყავს ბევრი ძლიერი სპორტსმენი - ოღონდ ინდივიდუალურ სახეობებში, რადგან კოლექტიური თამაშები და გუნდური ბრძოლა ქართველ ერში ბევრი მიზეზის გამო არასაკმარისადაა განვითარებული. ჩემი აზრით ამის მთავარი მიზეზი ზემოთნახსენები პირველი პუნქტია, რადგან საშუალოსტატისტიკური ქართველი ადამიანი ინდივიდუალურ ეგოს ვერ გაცდა და გუნდურ ეგოში ვერ გადავიდა, უფრო მარტივად - ბავშვური ეგო საკმარისად ვერ დაიკმაყოფილა, რომ ზრდასრულ ეგოში გადასულიყო).

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - ამ ფორმულას ქართველი დღეს ვეღარ ასრულებს. კულტურის, რელიგიის, კანონის და ბევრი სხვა ფაქტორის შედეგად დღეს ადამიანის სიცოცხლე დიდი ფასეულობა გახდა, მაგრამ იგი გამომდინარეობს უფრო სიკვდილის შიშისგან, ვიდრე სიცოცხლის სიყვარულისგან (ბევრი ამ ორს ერთიდაგივედ ჩათვლის, მაგრამ ეს ასე არაა, და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვიმსჯელოთ). მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ეს უბრალოდ მოცემულობას ავღწერ. დღევანდელ მსოფლიოში ვეღარ აღიზრდება „ალექსანდრე მაკედონელი“, ვეღარ აღიზრდება „300 სპარტელი“, ვეღარ აღიზრდება „გიორგი სააკაძე“ რადგან ეს მსოფლიოს კოლექტიური ეგრეგორის პრინციპებს ეწინააღმდეგება. დღეს მსოფლიოს კოლექტიური ეგრეგორი ალექსანდრე მაკედონელის და გიორგი სააკაძის მსგავს ადამიანებს სხვა სფეროებში მოითხოვს - მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ბიზნესში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ქართველი ხალხი ფუნქციურად ვერ გადაეწყო ამ მოთხოვნებზე და კოლექტიურ დონეზე მის სუბლიმირებას ჯანსაღი კუთხით მხოლოდ სპორტში თუ ახერხებს, არაჯანსაღი კუთხით კი - ძალადობაში, ჩაგვრაში, დომინირების სურვილში და სხვასხვა დესტრუქციულ კრიმინალურ ფორმებში. ინდივიდუალურ დონეზე ბევრი გვყავს შემოქმედებითი ადამიანი, მაგრამ ეს კოლექტიური ცნობიერების შესაცვლელად არასაკმარისია.

ისტორიულად ქართველ ხალხს მუდმივად ბრძოლა უწევდა, და გამარჯვებების თუ დამარცხებების ფასად ასრულებდა თავის ფუნქციას, დღეს კი მას ბრძოლის ძალაც და უფლებაც წაართვეს.

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“... დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სიკვდილის თემა ტაბუირებულია, მას ყველა გაურბის, მისი ყველას ეშინია, და დღეს ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ნამდვილი სიცოცხლე დაუცველად ცხოვრებაა, სიკვდილის ზღვარზე ცხოვრებაა, სიკვდილის საფრთხესთან ახლოს ცხოვრებაა. „უშიში, ვითარცა უხორცო“ - ეს ქართველთა და ზოგადად კავკასიელთა ბუნებრივი გენეტიკური მდგომარეობაა (ძველ ვიკინგთა მსგავსად), და დღეს ეს კოდი თუმც კი ჩაკეტილია, მაინც უფრო მეტად ვლინდება კავკასიელებში, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

awoman

3. ძლიერი ქალი და დათრგუნული მამაკაცი

საქართველო ისტორიულად „პატრიარქატული“ ქვეყანაა, ოღონდ „პატრიარქატული“ არა სქესობრივი გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ სული (მამრობითი ბუნება) დომინირებდა სხეულზე (მდედრობით ბუნებაზე). დღეს კი სული სისტემის მარწუხებშია მოქცეული, და ეს მთელ მსოფლიოს ეხება, არა მხოლოდ საქართველოს. სისტემას არ აწყობს სულით ძლიერი ადამიანები (არც არც მამაკაცები, არც ქალები), სისტემას არ აწყობს სულით ძლიერი ერები. ასეთ ადამიანებს და ერებს სისტემა აიძულებს, რომ მას ემსახურონ, თუ არადა კანონგარეთ მყოფად აცხადებს მათ და დევნის.

ქალი თავისი ბუნებით უფრო ახლოსაა სხეულთან, დედამიწასთან, ბუნების ენერგიებთან, იგი მეტად გრძნობადი არსებაა ვიდრე მამაკაცი. და რაც მთავარია - ქალში უფრო ძლიერია გადარჩენის ინსტინქტი. როცა საქმე გადარჩენას ეხება (და აქ პირველ რიგში გენეტიკურად, შთამომავლობის სახით გადარჩენა იგულისხმება), ქალი უფრო ძლიერია, რადგან ის უფრო ახლოსაა ბუნებრივ ინსტინქტებთან, მას ისე ადვილად ვერ გაიყოლებ იდეით, როგორც მამაკაცს. შესაბამისად, მასზე რელიგიაც და დანამუსების მექანიზმიც უფრო ნაკლებ გავლენას ახდენენ, ვიდრე მამაკაცზე. (სხვათაშორის, ქალს სხეულებრივი ტკბობის საზღვრებიც გაცილებით უფრო მეტი აქვს, ვიდრე მამაკაცს).

შედეგად ის მივიღეთ, რომ მას მერე, რაც ქართველი ერი უფუნქციოდ დარჩა (და ამ ფუნქციას სოციალურად გამოხატული ფორმით მამაკაცები უფრო ასრულებდნენ), გადარჩენის როლი საკუთარ თავზე ქალებმა აიღეს, და ისინი ამ მხრივ უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. ამან კიდევ უფრო დათრგუნა და დააკომპლექსა ზემოხსენებული პირველი მიზეზის გამო (დანაშაულის კომპლექსი) დანამუსებული და უფუნქციოდ დარჩენილი მამაკაცი, და მივიღეთ ძირითადად სამი ტიპის მამაკაცი: პირველი - უუნარო და ქალის ქუსლის ქვეშ მყოფი; მეორე - აგრესიული და ქალზე მოძალადე; მესამე - რეალობისგან გაქცეული და ვირტუალურ სივრცეს, ნარკოტიკებს ან სასმელს თავსშეფარებული.

ამ მანკიერ წრეში პასუხისმგებლობა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც აკისრიათ, რადგან როგორც უუნარო, ასევე მოძალადე და უპასუხისმგებლო მამაკაცები პირველ რიგში დედების მიერ არიან აღზრდილი. დამნაშავეებს აქაც არ ვეძებ, მოცემულობას ავღწერ მხოლოდ... და პასუხისმგებლობაშიც საკუთარი სულის წინაშე პასუხისმგებლობას მოვიაზრებ, და არა ოჯახის, ქვეყნის, კაცობრიობის ან ნებისმიერი სისტემის წინაშე მოვალეობას.

გამოსავალი

კოლექტიურ დონეზე გამოსავალს მე პირადად ჯერ ვერ ვხედავ, რადგან დღემდე ქართველი ხალხის უმეტესი ნაწილი ან რელიგიური ეგრეგორის ძლიერი გავლენის ქვეშაა, ან თანამედროვე გლობალური სისტემის გავლენის ქვეშ, რომელიც როგორც ერს განვითარების საშუალებას მაინც არ გვაძლევს (იმ მიზეზით, რომ ჩვენი გენეტიკური ფუნქცია მსოფლიოს არაფერში სჭირდება, ახალი ფუნქცია კი ჯერ ვერ ვიპოვეთ), ამიტომ ერთადერთი ხსნა ადამიანების ინდივიდუალური განვითარებაა, ყოველგვარი „კოლექტივიზმის“ გარეშე, რეალური თავისუფლების მოპოვება, შემოქმედებითობის გაზრდა, კომპლექსებისგან და „ცოდვილობის“ მითისგან განთავისუფლება, და მოკლედ, ბევრი თავისუფალი ადამიანის გაზრდა და ჩამოყალიბება, რომლებიც შემდეგ უკვე სხვა სახის ერთობით, ყოველგვარი რელიგიური ან სხვა სახის დრომოჭმული ეგრეგორების გარეშე გაერთიანებიან და ქვეყნის ბედს შეცვლიან. და ამ ადამიანებს სიკვდილთან მოუწევთ ცნობიერი თამაში, ოღონდ სიკვდილი მეგობარი იქნება, და არა სასჯელი...

და როგორც ერი, ამ ეტაპზე გადარჩენის რეჟიმში ვართ, გადარჩენის ფუნქცია კი როგორც ზემოთ ავღნიშნე - ქალებს უფრო უკეთ გამოსდით, ამიტომ ვაცალოთ სულით ძლიერ ქალებს უფრო მეტად წინ წამოსვლა და დავეხმაროთ მათ... და უკეთესია, გავერთიანდეთ ორივე სქესი ჯერ თვითაღზრდაში, შემდეგ კი სულით ძლიერი, დესტრუქციული ეგრეგორებისგან თავისუფალი გოგოების და ბიჭების აღზრდაში.

პირველ რიგში კი გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება საინტერესო თამაში უნდა იყოს, და არა „ტანჯული ბრძოლა“, „ჭაპანის გაწევა“, „უღელში ყოფნა“ და „წელებზე ფეხების დადგმა“...

საბოლოოდ კი საქართველოც განადგურდება და მთელი დედამიწაც, და რეალურად ეს სივრცე თამაშის ველია... სულების სათამაშო ველი... ქართა ველი... ქართ-ველი... თუ მოგწონთ პატრიოტობანას თამაში, ითამაშეთ, ოღონდ საინტერესოდ, მთელი სისავსით და ცოდვილობის შეგრძნების გარეშე... მე პირადად არ ვთვლი თავს პატრიოტად, არ გამოვირჩევი პატრიოტული სულისკვეთებით, და არც ეს თამაში მიზიდავს, მაგრამ ვთვლი, რომ ბევრ „პატრიოტზე“ სასარგებლო საქმეს ვაკეთებ საქართველოსთვის, და სულაც არ მაქვს ცრუ თავმდაბლობა ამის გამო. აქ კიდევ ერთი ზომიერი ზღვარია დასაჭერი ცრუ თავმდაბლობის არქონასა და მნიშვნელოვანობის გრძნობის არქონას შორის (ესეც ცალკე მნიშვნელოვანი თემაა და ცალკე მსჯელობის საკითხია).

არ არის ცოდვა - არ არის სასჯელი... ერთადერთი ცოდვა - უინტერესო და მონური ცხოვრებაა, რომელიც უკვე თვითონვეა სასჯელი... სიკვდილი კი, საერთოდ არაა პრობლემა...

მსგავსი სტატიები

We are the Robots (მექანიკურობიდან ცნობიერებისკენ)


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენ მექანიკურები ვართ..." "ჩვენ რობოტები...

მანსურ ალ-ჰალაჯი


მანსურ ალ-ჰალაჯი - IX-X საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელი...

სამყაროს შემოქმედები


მონაკვეთი სოფოოსის ჩენელინგების წიგნად შეკრული კრებულიდან - "ქმ...

მენლი პალმერ ჰოლი ჭადრაკის ეზოთერული საფუძვლების შესახებ


მენლი პალმერ ჰოლი (ფილოსოფოსი, ტაროლოგი, მასონი) ჭადრაკის ეზოტერული...

პირველ-საწყისი დუალობები (როგორ მივიღოთ ძალა?)


ავტორი: მამუკა გურული პირველი დუალობა, რომელსაც ჩვენი გონება აბსტრ...

სამყაროს მთავარი დუალობის შესახებ...


გამტარი: მამუკა გურული ? რაღაც შინაგანი ხედვა მინდა გაგიზიაროთ.....

ცნობიერების ევოლუციის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში მინდა მოკლედ და არსობრივად შევ...

არსებობს თუ არა "ინდივიდუალური სული"?


ავტორი: მამუკა გურული სხვა სტატიებშიც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff