ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი მეორე)

woody180
პერსონა
0
0

ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს საინტ...

bzriala

ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა

განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს საინტერესო ადამიანებთან.

ჩვენი პირველი სტუმარია - ოლმეკი, ძალიან საინტერესო პიროვნება და გაცნობიერებული სიზმარხილვების ყველაზე ცნობილი ოსტატი საქართველოში. ოლმეკის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებ-გვერდზე: olmek.ru

გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ნაწილს:

(პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზე)

მ.გ: გადავიდეთ მეთოდოლოგიაზე. რა მთავარი პრინციპები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ რეგულარულად შეძლოს სიზმრების გაცნობიერება, და ენერგიაც საკმარისი ჰქონდეს?

ოლმეკი: ეს ყველაზე არაპოპულარული ნაწილია. არავის არ მოსწონს და არავინ არ ეთანხმება, მაგრამ ერთადერთი შანსია, რომ სულიერად გაიზარდოს ადამიანი. წარმოიდგინე, რომ 10 ლარი გაქვს ყოველდღე და ამ 10 ლარს ყოველდღე ხარჯავ აუცილებელ ნივთებში, საჭმელში და ა.შ. გარდა ამისა რამდენიმე ლარი გრჩება გასართობად, ლუდის დასალევად და ა.შ. ამ დროს შენ მეუბნები, რომ გინდა სულიერად განვითარდე, ანუ კიდევ რაღაც გააკეთო ამ ფულით, მაგალითად, ტელევიზორი იყიდო, ამას კი 10 ლარი კი არა, პირობითად ყოველდღიურად 20 ლარი სჭირდება. შენი გათვლებით ფიქრობ, რომ მაინც შეძლებ ტელევიზორის და ამ ყველაფრის ყიდვას, რაც შეუძლებელია, მე კი გეუბნები, რომ ტელევიზორი რომ იყიდო, ეკონომია უნდა გააკეთო ყოველდღიური 2-3 ლარის, რასაც გართობაში ხარჯავ, და მაშინ რაღაც პერიოდის მერე გექნება ტელევიზორი.

ადამიანს არ აქვს ბევრი თავისუფალი ენერგია. რაც აქვს ხარჯავს. თან გინდა, რომ სულიერად განვითარდე, სიზმრები გახსოვდეს, გააცნობიერო, რაღაც ძალები გქონდეს. ერთადერთი შანსი ამის მისაღწევად ისაა, რომ ყოველღიურად გააკეთო ეკონომია.

მ.გ: აქ იგულისხმება ზოგადად ენერგია თუ გარკვეული სახის ენერგია? არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი ენერგია აქვთ თითქოს და არ იციან სად წაიღონ.

ოლმეკი: რაც არ უნდა ჰქონდეს, დღის ბოლოს უთავდება და იძინებს. უნდა დავსვათ კითხვა: სად იკარგება ყველაზე დიდი ენერგია. ესაა სექსუალური ენერგია, რომელიც იკარგება სექსის დროს. ეს თუ არ გადაიკეტა, დანარჩენი რაც არ უნდა გადაკეტო, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვერ შეაგროვებ იმხელა ენერგიას, ტელევიზორისთვის რომ გეყოს. ანუ სულიერი განვითარებისთვის არ გეყოფა. ამიტომ პირველი და აუცილებელი - ესაა სექსუალური ენერგიის კონტროლი. ეს ძალიან არაპოპულარული თემაა, და ბევრს ჰგონია საერთოდ, რომ ამან შეიძლება ავად გახადოს, მაგრამ სექსუალური ენერგია რომ გააკონტროლო, ამისთვის საჭიროა სექსუალური ცენტრი გააკონტროლო. სხვანაირად არაფერი გამოგივა და უბრალოდ გაგიჟდები ან მართლა ავად გახდები, იმიტომ, რომ თუ შაქარს ჭამ, რომელიც სექსუალურ ცენტრს აღაგზნებს, და ამავე დროს ცდილობ შეიკავო თავი სექსისგან, ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეგიქმნის. ამიტომ თუ გინდა, რომ სექსუალური ცენტრი აკონტროლო, უნდა აკონტროლო ტკბილეულობა.

მ.გ: ტკბილეული საერთოდ უნდა გამოირიცხოს?

ოლმეკი: ხილის გარდა ყველაფერი. შოკოლადიც, თაფლიც. ხილი შეიძლება, ისიც დღის პირველ ნახევარში. ცხადია უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლიც. ასევე ალკალოიდები, რომლებიც ბევრია სიგარეტში. შემდეგი, რაც შაქრის მერე ყველაზე მეტად ურტყამს სექსუალურ ცენტრს - ესაა ხორცი.

მ.გ: ურტყამს, ანუ აღაგზნებს?

ოლმეკი: კი. აღაგზნებს. თუ სექსუალური ცენტრი აგზნებულია, სულ სექსზე ფიქრობ. შენი ცნობიერება სექსუალურ ცენტრში ჩამოდის. შენ არ შეგიძლია იფიქრო ამ დროს სულიერებაზე, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ მაღალი ცენტრები იყოს ანთებული, ხოლო თუ სექსუალური ცენტრი ანთია, სექსზე ფიქრობ.

მ.გ: ვერ ვიტყოდი რომ ყოველთვის ეგრეა, შეიძლება ტკბილიც ვჭამო, სასმელიც დავლიო, მაგრამ რაღაც ამაღლებულზე ვიფიქრო. ანუ მაინცდამაინც მაგაზეა დამოკიდებული?

ოლმეკი: კი, მაგაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ადამიანი გეტყვის, რომ სექსის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ იმ ცენტრშია ცნობიერება. საკმარისია ზედა ცენტრში გადაიტანოს ცნობიერება და გაუკვირდება, მანამდე რატომ ფიქრობდა ასე, ანუ ცენტრიდან ცენტრში მიდგომები კარდინალურად იცვლება. ასევე გააჩნია რა დონის აგზნებულობა გაქვს. თუ სექსუალური ენერგია დაკარგე, მაშინ რამდენიმე დღე შეგიძლია არ იფიქრო სექსზე.

მ.გ: ანუ როცა გროვდება მაშინ ფიქრობ სექსზე, და როცა დაცლილი ხარ არ ფიქრობ?

ოლმეკი: კი, მაგრამ ეს ენერგია შეიძება დაგროვდეს არა სექსუალურ ცენტრში, არამედ სხვა ცენტრში, იმიტომ, რომ თუ ენერგია ამ ცენტრში გროვდება, ყველა მის ზემოთ არსებული ცენტრი გამოფიტულია. ენერგიას არ შეუძლია იაროს აქეთ-იქეთ. წარმოიდგინე სალამური. ყველა ხვრელს თუ დაუცობ და ერთი ღიაა, ერთიდან გამოდის ჰაერი.. ქვედას თუ დაუცობ ზემოთ შეგიძლია გააღო და იქიდან გამოვა, მაგრამ საიდანღაც უნდა გამოვიდეს.

განვაგრძოთ ხორცის თემაზე. ხორცში დიდი რაოდენობით სექსუალური ენერგიაა, რადგან ცხოველებისთვის ჭამა, სექსი და ძილია ყველაზე მნიშვნელოვანი. ხორცით სწრაფად ივსება სექსუალური ცენტრი, ასევე კუჭსაც მეტად ტვირთავს. ხორცის მიღების შემდეგ ორი ცენტრია აგზნებული. ესენია - მზის წნული და სექსუალური ცენტრი. შაქარზე ნაკლებ აღაგზნებს, მაგრამ თუ სექსუალური ენერგიის კონტროლი გინდა, ხორცზეც უარი უნდა თქვა. ამის გარეშე დიდხანს კონტროლს ვერ შეძლებ. მნიშვნელოვანია ასაკიც. რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო მეტი კონტროლი ჭირდება.

მ.გ: კვებასთან დაკავშირებით გასაგებია. კიდევ რა პრინციპები უნდა დაიცვას ადამიანმა?

ოლმეკი: შემდეგია რეჟიმი. დრო ისე უნდა გადაანაწილო, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. მაგალითად, თუ სიზმრის პრაქტიკას მიყვები და არ გძინავს, აქედან კარგი არაფერი გამოვა. სიზმარხილვების პრაქტიკას მეტი დრო ჭირდება. როგორც კი გაიღვიძებ მაშინვე უნდა მოხდეს სიზმრების ჩაწერა, და გაღვიძება უნდა მოხდეს ღამეში რამდენჯერმე. რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო მეტი და ხანგრძლივი სიზმრის ჩაწერა გჭირდება. ზოგჯერ ნახევარი რვეულიც შეიძლება გაავსო. და ყურადღებაც უკიდურესად პროგრესირებს. ფაქტიურად რამდენიმე საათი უნდა წერო. ანუ გჭირდება როგორც მინიმუმ რამდენიმე საათის დამატება, და ეს რამდენიმე საათი შენს ცხოვრებას უნდა მოაკლო. უნდა დაიძინო 8 საათზე, 9 საათზე. ახლა ამ დროს არავინ იძინებს. ყველა იძინებს 12-ზე და 1-ზე. პრაქტიკა მსხვერპლს მოითხოვს. ეს მსხვერპლად შეწირული დროა. იკლებ გართობას, არ ჭამ ტკბილეულს, არ სვამ ალკოჰოლს, არ ჭამ ხორცს და პლუს ადრე იძინებ, ეს კი სერიოზული შეზღუდვაა.ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც სერიოზული ინტერესი არ აქვს, ამას არ გააკეთებს. იმის გულისთვის, რომ „საინტერესო სიზმარი“ ნახო, ამხელა მსხვერპლს არ გაიღებ. ამას ემატება სექსის შეზღუდვაც, რაც ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ან მეორე ნახევარი არ გეყოლება, ან თუ გეყოლება, ისიც ამ თემაში უნდა იყოს, ასეთი ადამიანის ნახვა კი ძალიან რთულია. და ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მარტო რჩები. ეს არაა ის გზა, რომ თან ის აკეთო, თან ეს აკეთო. ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურები. ან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ, ან არაჩვეულებრივით.

მ.გ: არ არსებობს რაღაც ზომიერი ზღვარი, რომ ნელ-ნელა, მაგრამ შედეგს მაინც მიაღწიო.

ოლმეკი: რამდენადაც შეზღუდავ სექსუალური ენერგიის კარგვას, მით უფრო მეტი იმედი შეიძლება გქონდეს, რომ მიაღწევ. ეს თუ არ შეზღუდე, არაფერი გამოვა, რაც არ უნდა აკეთო. არსებობს ათიათას ან ასიათას ადამიანშ ერთი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი აკეთოს, თან სექსუალური ენერგიაც ხარჯოს და მაინც გამოუვიდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, და მაინცდამაინც იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ შენ ასეთი ხარ. შეიძლება სექსთან ერთად სიზმარხილვაც გამოგდიოდეს, მაგრამ როგორც წესი ისე ხდება ხოლმე, რომ ასეთი ადამიანი იწყებს, და შემდეგ ბეზრდება, ნებისყოფა არ ყოფნის. არა მარტო სიზმარხილვაზე, ნებისმიერ სხვა საქმეში ასეა. მაგალითად ყოველდღე გინდა ვარჯიში, და გადაწყვეტ, რომ ივარჯიშო, მაგრამ ერთხელ ივარჯიშებ, ორჯერ, სამჯერ და მერე გბეზრდება, ენერგია არ გყოფნის. შეიძლება 20 წელი იწვალო და პირველ კარს ვერ გასცდე.

მ.გ: შენ რომელ კარზე ხარ?

ოლმეკი: მეოთხე.

მ.გ: იმისთვის, რომ სიზმრები გააცნობიერო, გაცნობიერებულობის დონე რეალურ ცხოვრებაშიც მაღალი უნდა ჰქონდეს ადამიანს, ხომ ასეა?

ოლმეკი: კი, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. მიზანი უნდა გქონდეს ძალიან მაღალი, არაამქვეყნიური. შენ თუ მიზანი გაქვს, რომ ბიზნესმენი გახდე, სიზმარხილვას თავი უნდა დაანებო. ორივე ერთად არ გამოგივა. თუ გინდა მუსიკოსი გახდე, სიზმარხილვა ასევე არ გამოგივა. ორივეგან პროფესიონალი ვერ იქნები. ანუ ეს ყველაფერი მთელ შენს ცხოვრებას მოითხოვს. თუ შენი ცხოვრების სტილი სიზმარხილვის პრაქტიკას შეესაბამება, მაშინ კი, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ილუზიაა, რომ ორივე აკეთო. შენი ათი ლარი ხუთ-ხუთად გაიყოფა და იქაც მოიკლებ რაღაცას და აქაც. შესაბამისად არცერთგან არ ივარგებ.

მ.გ: რა არის გაცნობიერებულობა, როგორ აღწერდი?

ოლმეკი: აქ ვინცაა, ყველას ძინავს. კი, სიზმართან შედარებით ხვდება ვითომ სად არის, მაგრამ ნამდვილი კრიტერიუმი იმისა, რომ ხვდებოდა სად ხარ - ესაა, აცნობიერებდე - სად ხარ, საიდან მოხვედი, სად მიდიხარ. ადამიანებს თუ დააკვირდები, რა ხდება? დაიბადა, მშობლებმა გაზარდეს, მშობლებმა არ იციან, ვინ არიან, შესაბამისად არც ამან არ იცის ვინ არის, არ იცის, საიდან მოვიდა, არ იცის რისთვის ცხოვრობს, და არ იცის, სად უნდა წავიდეს.

რა არის სიზმარი? აი, შედიხარ სიზმარში და რაღაც სიუჟეტი ჩაირთო, მოვიდა ვიღაც, მაგალითად ნათესავი და გეუბნება რაღაცას, შენც აყვები და მონაწილეობ. არ გახსოვს, იქ როგორ მოხვდი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რა მიზანი აქვს... საერთოდ ვერ აცნობიერებ სიზმარში რომ ხარ, უბრალოდ მოვლენებზე რეაგირებ. ესაა ძილი. ჩემს პირველ გაცნობიერებულ სიზმარში, როცა მფრინავ თეფშს ვხედავდი, ორი ვარიანტი იყო, ან ვერ გავიღვიძებდი, დავდგებოდი და გაკვირვებული მივაშტერდებოდი მფრინავ თეფშს, ანუ სიუჟეტში მივიღებდი მონაწილეობას, ან გავიღვიძე სიზმარში, მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ იყო რეალური და აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი მოქმედების სქემა. მივხვდი, საიდან მოვედი, მივხვდი, რომ დროებით ვარ და მალე გამეღვიძება. იმ ადამიანებს რაც არ უნდა გაეკეთებინათ საერთოდ არ მაღელვებდა, იმიტომ რომ ეს სიზმარი იყო. იქ არ ვატარებდი ფსიქოლოგიურ მანევრებს, რომ აი, ამან რაც არ უნდა მითხრას არ უნდა გავბრაზდე. უბრალოდ ვიცი, რომ სიზმარია და მშვიდად ვარ. ანუ კარდინალურად იცვლება ყველაფერი, შენ გღვიძავს. პირველ რიგში, ემოციურად არ ხარ ჩართუყლი მიმდინარე მოვლენებში, და არ აღიქვამ ამ ყველაფერს, როგორც ნამდვილს და მნიშვნელოვანს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი ის მფრინავი თეფში და ის ხალხი. ესაა როცა გღვიძავს. ხოლო როცა გძინავს, არ შეგიძლია არაფრის იგნორირება. ყველაფერზე რეაგირებ.

მ.გ. არსობრივად რა განსხვავებაა სიზმარსა და ამ რეალობას შორის?

ოლმეკი: არავითარი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, აცნობიერებ თუ არა, თორემ ამ რეალობას და სიზმარს შორის არავითარი განსხვავება არაა. როცა სიზმარში ხარ, არ იცი, რომ სიზმარში ხარ.

მ.გ: ანუ ახლაც სიზმარში ვართ?

ოლმეკი: კი, მაგრამ სიზმარში პერსონაჟს რომ უთხრა გძინავსო, ის გეტყვის, ხომ არ გაგიჟდიო, ამიტომ ამას აზრი არ აქვს, მაგრამ ისიც თუ აცნობიერებს, რომ სადღაც ძინავს, მაშინ აქვს აზრი, და გაიგებს რა უთხარი, სხვანაირად ვერანაირად ვერ გაიგებს, და აგრესიის წყარო იქნება. გიჟი ხარ და მეც მაგიჟებო გეტყვის.

მ.გ: მაინც ხომ არის რეალობის რაღაც კრიტერიუმები. მაგალითად ეს უფრო მყარია, უფრო უხეშია, არ იცვლება, როგორც მინიმუმ სიკვდილამდე, და ა.შ.

ოლმეკი: არა, როცა სიზმარში მიყვები ამ გზას, მიხვდები, რომ იქაც ყველაფერი მყარია, შეიძლება დაარტყა და გეტკინოს. მე თვეობით მტკიოდა ხელი. სიზმარში ხელში დანა გამიყარეს და ხელის ვეღარ ვამოძრავებდი. ექიმთანაც ვიყავი, და მითხრა, შენ რასაც მიყვები, მყესებს რომ იჭრიან ზუსტად ეგ სურათია, მაგრამ ფიზიკურად არაფერი არ გაქვს დაზიანებულიო. ჰოდა დავდიოდი ჩამოკიდებული ხელით. სინამდვილეში რა მოხდა? სიზმარში აქ (მიმანიშნებს ხელისგულზე) დანა ჩამარტყეს და მეორე მხარეს გავიდა. არაფერი მქონდა დანისთვის რომ დამეხვედრებინა და ხელი დავუხვედრე. გრძნობები მაქსიმალურად ჩართული იყო, და იმდენად შევიგრძენი, რომ გავიღვიძე, ჭრილობა მქონდა, მაგრამ არ ჩანდა. ანუ დაზიანდა ენერგეტიკული სხეული, და არა ფიზიკური.

ანუ სხვაობა არანაირი არ არის. რამდენად აცნობიერებ, რამდენად ჩართული ხარ - ამაშია სხვაობა. სიზმარში შეიძება გავიდეს 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, და აქ რომ გაიღვიძებ ყველაფერი გახსოვდეს.

მ.გ: მაშინ, რატომ ამბობდი წეღან, რომ ათვლის წერტილად ადამიანმა ეს რეალობა უნდა აიღოს? რა მნიშვნელობა აქვს რომელ სიზმარში იქნება, თუ ესეც სიზმარია?

ოლმეკი: მნიშვნელობა ის აქვს, რომ ახლა სადაც ხარ, შენ მკვლევარი ხარ, ანუ ყველა სიზმარი თანაბარია. შენ თუ აქედან იქ გადახტები და იქ დაიწყებ კვლევას, შემდეგ იქიდან სხვაგან გადახტები, და არსად არაფერი არ იცი. ათვლის წერტილი აქ გაქვს, და მთავარია მიხვდე სიზმრის ბუნებას, როგორ ფუნქციონირებს ეს სიზმრების სამყარო. შენ თუ იხტუნავე სიზმრებში და ყველგან თავიდან დაიწყე იმის კვლევა, თუ ვინ ხარ, ეს უსასრულოდ გაგრძელდება. ერთი ათვლის წერტილი გჭირდება, ინფორმაცია უნდა შეაგროვო. აქ უკვე რაღაც იცი, გაიღვიძე და რაღაც უკვე გაიგე. იქ რომ გადახვალ, სიზმარი ისევ ეცდება ჩაგითრიოს. და იქ თავიდან უნდა გაიღვიძო, შემდეგ კიდევ სხვაგან გადახვალ და იქაც იგივე იქნება. და ეს არასოდეს არ მორჩება, ისევე როგორც აქამდე არ მორჩენილა. ანუ საჭიროა ათვლის წერტილი, რომელსაც დაეყრდნობი, იმიტომ, რომ ყველაფერი სიზმარია.

მ.გ: რა შეიძლება იყოს ადამიანის მთავარი მიზანი?

ოლმეკი: გაიგო - ვინა ხარ. რატომ ხარ, რა გინდა. შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ არ გაინტერესებდეს ვინ ხარ, საიდან ხარ, სად მიდიხარ, რისთვის მოხვედი? სიკვდილი მოდის, და შენ ეს არ გაინტერესებს. ესაა ძილი, მეტი არაფერი. უყურებ, რომ ყველა კვდება, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს. მხოლოდ მძინარე ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს, რომ ნამდვილად იცოდეს, რომ სიკვდილი მოვა, და მაინც არ აინტერესებს.

მ.გ: და სიკვდილის შემდეგ რა ხდება, შენი ცოდნიდან გამომდინარე?

ოლმეკი: ჯერ გააჩნია როგორ მოკვდი. თუ წესიერად იცხოვრე, ისე მოკვდები, რომ გემსახსოვრება, რომ მოკვდი. ანუ იქ იწყება ახალი სიზმარი, და იცი, იქ როგორ მოხვდი. მაგრამ თუ არასწორად იცხოვრე, ისე მოკვდები, რომ არ გემახსოვრება, რომ მოკვდი. ეს უდიდესი პრობლემაა. მაშინ იწყება შემდეგი სიზმარი, ისევე როგორც ეს დაიწყო: არ იცი ვინ ხარ და რას აკეთებ, და უბრალოდ მიყვები დინებას.

მ.გ: ანუ რეინკარნაციას გულისხმობ, თუ უბრალოდ სადღაც რაღაც სივრცეში ხვდები?

ოლმეკი: სიკვდილის შემდგომ მდგომარეობას. ახლაც სადღაც სივრცეში ხარ. სიზმარში რომ ხარ, ხელს რასაც მოკიდებ, მყარია, ქვასავითაა. ამ კრიტერიუმით ვერ განსაზღვრავ. გარდაცვალების შემდეგ ეთერული სხეული გაქვს, მაგრამ ეთერული სხეული სუნთქავს, იმიტომ რომ გაქვს ეთერული ფილტვები. შენ ვერ მიხვდები რომ მკვდარი ხარ იმით, რომ არ სუნთქავ. ეთერული ფილტვები მუშაობენ. და თუ არ გახსოვს, როგორ მოხვდი იქ, როგორ უნდა გაიგო საერთოდ, რომ მოკვდი? რა იცი, რომ ახლა მკვდარი არ ხარ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაგარია? ეს არაფერს ნიშნავს. სიზმარშიც მაგარია. მე ცნობიერ სიზმარში შემიმოწმებია: გრძნობებს როცა ჩართავ, ყველაფერი მაგარია. თუ ამორთული ხარ, მაშინ შეიძლება გაიარო მყარ სხეულში, , მაგრამ როგორც კი შეეხები და იგრძნობ, რომ მყარია, ან გაიხსენებ, რომ ეს ხომ მყარია, ხელს ჩაარტყამ და მოიტეხავ.

მ.გ: რა არის ის, ადამიანში, რაც მან უნდა განავითაროს ან მოიპოვოს თავის თავში, რაც მუდმივი იქნება და დაეხმარება ყველა დონეზე, სიკვდილის შემდეგაც. რა დავარქვათ ამას, გაცნობიერებულობა, გახსოვდეს საკუთარი თავი, თუ რა?

ოლმეკი: პირველი, რაც დაკარგა ადამიანმა, არის მეხსიერება. დავარქვათ ამას სულის მეხსიერება. პიროვნების მეხსიერება წუთიერია. პირველი პრობლემა - ესაა ამნეზია. ერთი მხრივ ამბობ, რომ უკვდავი არსება ხარ, მეორე მხრივ კი არ გახსოვს. ინსულტი დაგემართა და არ გახსოვს ვინ ხარ, გახვედი სახლიდან და დაგავიწყდა ვინ ხარ. კი გეუბნებიან, რომ შენ ესა და ეს ხარ, აქა და აქ ცხოვრობდი, ამა და ამ ასაკის ხარ, მაგრამ არაფერი გახსოვს. ესაა ადამიანის პრობლემა. მას მეხსიერების აღდგენა სჭირდება: ვინ არის, საიდან და რისთვის მოვიდა? ეს სადღაც არის ჩაწერილი. ის, თუ რატომ არ ახსოვს, დიდი ისტორიაა, და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მ.გ: აქვე მინდა დაგისვა მაგმას ერთ-ერთი მკითხველის კითხვა: შესაძლებელია თუ არა თანამედროვე სამყაროშ მილარეპას პრეცენდენტი, ანუ დიდი კარმული დაბინძურების მიუხედავად ერთ ინკარნაციაში გასხივოსნება?

ოლმეკი: შესაძლებელია კი. შესაძლებელია, ყველას შეუძლია ვინც მოინდომებს, მაგრამ ყველა არ მოინდომებს. თუ მოინდომა გამოუვა, მაგრამ ამას სჭირდება სპეციფიური ცხოვრება, მსხვერპლშეწირვა და მიზანმიმართულობა. ვინც გადაწყვეტს, ვინც განიზრხავს, ყველას შეუძლია, მაგრამ ყველა არ მოინდომებს, იმიტომ რომ არ ახსოვს. თუ გგონია, რომ ხორცი ხარ, სულისკენ არ წახვალ, იმიტომ, რომ ის არ არსებობს შენთვის.

სულის მოპოვება, ესაა პირველ რიგში გახსენება - საიდან ხარ და ვინ ხარ. სულის მეხსიერება უკიდეგანოა, სამშვინველის სამი ან ხუთიათასი წელი და ა.შ. ფიზიკური სხეულის კი - ერთი ცხოვრება. სულიერ გზაზე როცა მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ შენი სული გიახლოვდება. რაც უფრო პროგრესირებს მეხსიერება, რაც უფრო მეტად იხსენებ, აი მაგალითად, როცა სიზმარში ვიყავი და გავიხსენე, რომ ახლა მე საწოლში ვწევარ, იქ ვინ ვიყავი? ფაქიზი სხეული თავისი მეხსიერებით, რომელსაც ფაქტიურად არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რაც იმწუთში ხდება. მაგრამ როგორც კი გავიხსენე, მომიახლოვდა მთელი ეს გამოცდილება, აქაური გაცნობიერება შემოვიდა ჩემში და მეც ძიერი გავხდი. ერთი კი არ ვიყავი, მეორე შემოვიდა, და წარმოიდგინე, შვიდი რომ შემოვიდეს, რა მოხდება.

მესამე ნაწილი იხ. ამ ლინკზე

შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ კომენტარებში, და ოლმეკი ეცდება შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ბრიუს ლი (უკანასკნელი ინტერვიუ)


ამონარიდები ინტერვიუდან. მთარგმნელი: ანა თოფურიძე ჟურნალისტი: რ...

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი მეორე)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ელისონ დიუბუა


ავტორი: ანა თოფურიძე ელისონ დიუბუა - ამერიკელი მწერალი, რომელიც ...

ჰონგ-კონგელი რეჟისორის, ვონგ კარ-ვაის ინტერვიუ


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი ვონგ...

ინტერვიუ თამაზ ბუთხუზთან (ნაწილი მეორე)


მოამზადა მამუკა გურულმა ნაწილი მეორე (პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff