ინტერვიუ სერგეი მელნიკოვთან

Admin
პერსონა
0
0

ავტორი: მამუკა გურული მ.გ. გამარჯობა სერგეი. ს.მ. გამარჯობა. მ.გ. პირველ რიგში დიდ მადლობას ...

ავტორი: მამუკა გურული

მ.გ. გამარჯობა სერგეი.

ს.მ. გამარჯობა.

მ.გ. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. ჩვენს გვერდზე წინასწარ დავაანონსე ეს ინტერვიუ, და რამდენიმე მკითხველმა კითხვებიც გამოგზავნა. ჯერ ამ კითხვებით დავიწყოთ... პირველი კითხვა ასეთია: გვეხმარება თუ არა მედიტაცია არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტში? შეგვიძლია თუ არა მედიტაციის საშუალებით სხვა სამყაროების ან განზომილებების შეცნობა?

ს.მ. ასე ვიტყოდი, რომ სიტყვა ცივილიზაციის ქვეშ ბევრი რამ შეგვიძლია ვიგულისხმოთ. და შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ჩვენზე ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო განვითარებული ცივილიზაციები. მაგრამ ფაქტი არაა, რომ ისინი სულიერად განვითარებულები არიან. ჩემი შეგრძნებებით, ასეთ ცივილიზაციებთან კონტაქტი შეიძლება სახიფათო იყოს. მეორე მხრივ, ამაღლებული ოსტატები, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ, იგივე ბუდა, ქრისტე და ა.შ. ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ მაღალი ცივილიზაციების წარმომადგენლებად. აი, მათთან კონტაქტში შესვლა კი ნამდვილად ღირს.

რასთან შევა ადამიანი კონტაქტში, დამოკიდებულია მის მოტივზე, რადგან როდესაც მედიტაციურ პრაქტიკებს ვიწყებთ, ჩვენი ცნობიერება უცილებლად იწყებს შეხებას სხვა სამყაროებთან. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ასტრალში გავდივართ, ასტრალში კი ძალიან ბევრი ყველა სახის რეალობა, სული და ა.შ. შეიძლება შეგვხვდეს, და ასეთი კონტაქტების უმეტესობა ჩვენი მთავარი გზიდან გვახვევინებს ხოლმე. თუ ჩვენი მიზანია საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება, ასტრალურ სამყაროში მრავალი გზაა, რომლებიც ერთი მხრივ ბევრ საინტერესო შეგრძნებას გვაძლევენ, მეორე მხრივ კი პირდაპირ ჩვენს არსამდე არ მივყავართ. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ყველანი სახიფათონი არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ გზიდან მოგვაცდინონ.

ფიზიკურ სამყაროშიც ხომ უამრავი მომცდენი ფაქტორია, და პრინციპში ინფორმაციის 90% ინტერნეტში დიდად არ გვჭირდება. ინტერნეტშიც შეიძლება დიდხანს გავიჭედოთ.

მ.გ. რა წიგნებს გვირჩევდით ისეთს, რომლებიც გზიდან არ მოგვაცდენენ?

ს.მ. მე მომწონს, მაგალითად, ჩარლზ ლედბიტერი. რამდენიმე წიგნი წავიკითხე ასტრალზე, მენტალზე, ნატიფ პლანებზე, სხვადასხვა სულებზე და რეალობის სხვადასხვა პლასტებზე. პრინციპში კარგი წიგნები აქვს.

როდესაც ასტრალში გავდივართ და კონტაქტი გვაქვს ნატიფ სამყაროებთან, აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხაზი შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ სწორი ხაზი გვქონდეს, საჭიროა სწორი მოტივაცია. ხოლო ყველაზე სწორი მოტივი ჩემი აზრით - ესაა ღმერთის ნების მიყოლა. შემდეგ კი მედიტაციის პრაქტიკა დაკავშირებულია ბევრ საინტერესო მდგომარეობასთან, ხაფანგებთან, ან პირიქით, შესაძლებლობებთან, და ეს რა თქმა უნდა ძალიან ვრცელი თემაა.

მ.გ. ერთ ლექციაში თქვენ თქვით, რომ მინიმუმ 13 ჩაკრას გრძნობთ, და შემდეგ ეს ჩაკრები არსებობას სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეებზე განაგრძობენ. შეგიძლიათ, ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ? შვიდი ძირითადი ჩაკრას გარდა, კიდევ რა ჩაკრები არსებობს, და ფუნქციონირების რა მოდელი გააჩნიათ მათ?

ს.მ. რადგან ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნებებია, მე არ მაქვს სრული ცოდნა, მაგრამ ისე ვგრძნობ, რომ ეს დანარჩენი ექვსი ჩაკრა შვიდ ძირითადს შორისაა. ასევე თავშიც ვგრძნობ სხვადასხვა აქტიურ წერტილებს. მიჭირს მათ დანიშნულებაზე ვრცლად საუბარი, უბრალოდ შევიგრძნობ მათ, როგორც ენერგეტიკულ ცენტრებს. მაგალითად ჩაკრა, რომელიც საჰასრარას და აჯნას შორის იმყოფება, შუბლის ზემოთ, დაახლოებით იქ, სადაც თმა იწყება, ჩემი შეგრძნებით პასუხს აგებს მაღალ სამყაროებთან გარკვეულ ურთიერთქმედებებზე.

ასევე აღსანიშნავია ჩაკრა ჭიპიდან ოთხი თითით ქვემოთ, რომელსაც დაოსები ქვედა დანტიანს უწოდებენ. აქაც ვგრძნობ განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას უკავშირდება. არის სვადჰისტანა, რომელიც სასქესო ორგანოების დონეზე იმყოფება, და არის ჰარა, ასე დავარქვათ, რომელიც სასიცოცხლო ენერგიასთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდება.

მ.გ. და რა პრინციპით მოქმედებენ ჩაკრები მაღალ დონეებზე, განსაკუთრებით ასტრალურზე და მენტალურზე?

ს.მ. ასტრალიურ პლანზე ესაა ენერგიის ნაკადები. მენტალურ პლანზე ასევე ენერგიის, მაგრამ უკვე გაცნობიერების ენერგიის ნაკადები.

მ.გ. თქვენ თქვით, რომ თუ ასტრალში გადიხარ, იქ იმას დაინახავ და გაიგებ, რისი დანახვა და გაგებაც ქვეცნობიერად გინდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სურვილი ძლიერია. გინდა რჩეულად იგრძნო თავი? იგრძნობ, და მოვლენ არსებები, რომლებიც გეტყვიან ამის შესახებ. გინდა უბედურად იგრძნო თავი? იგრძნობ... ჩვენი ქვეცნობიერი სურვილები ნატიფ დონეზე სიზმრების მთელ სივრცეს ქმნიან.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ ქმნის ასტრალურ სამყაროს ინდივიდის სურვილები და წარმოდგენები? და ხომ არ გამოდის, რომ ასტრალური სამყარო - ესაა ილუზიაბის და თვით-წარმოდგენების სამყარო?

ს.მ. ასეცაა. ასტრალური სამყარო უფრო ნაკლებად მკვრივია, ვიდრე ფიზიკური, და იქ არსებობს გარკვეული რეალობა, რომელიც ადამიანის მიერ არაა შექმნილი. მაგალითად, ფიზიკურ პლანზე არის კომპიუტერი და ვირტუალური სივრცე, რომელიც ადამიანმა შექმნა, იგი ილუზორულია. ერთი შეხედვით რეალურია, მაგრამ არც იმდენად რეალური, როგორიც მაგალითად თავად პლანეტა დედამიწაა. ასევეა ასტრალშიც. არსებობს ერთგვარი ასტრალური მატერია, რომელიც შექმნილია არა ადამიანის, არამედ კოსმიური ცნობიერების მიერ.

ასტრალში არის ღვთაებრივი ნაწილი, და არის ნაწილი რომელიც ადამიანებმა შექმნეს, ისევე, როგორც ფიზიკურ დონეზე. ეს სამი დონე: ფიზიკური, ასტრალური და მენტალური, - სინამდვილეში სამივე ფიზიკურია, უბრალოდ მათი ბუნება განსხვავებულია, და იქ ჩვენი ცნობიერება უფრო ადვილად ვარდება ილუზიებში, ვიდრე აქ. მაგრამ რეალობის დონით ისინი ფიზიკურები არიან.

მ.გ. როგორ ურთიერთქმედებენ ასტრალურ დონეზე სხვადასხვა „მე“-ები?

ს.მ. ესაა ემოციები, სხვადასხვა ხატ-სახეთა ნაკადები, რაღაც ამდაგვარი. ანუ ესაა ხატ-სახეობრივი აღქმა.

მ.გ. როგორ შეიძლება გავარჩიოთ კონსტრუქციული ეგრეგორები დესტრუქციულებისგან? შესაძლებელია თუ არა პირდაპირ დედამიწის ეგრეგორთან დაკავშირება სხვა უფრო პატარა ეგრეგორების გვერდის ავლით?

ს.მ. ასე ვიტყოდი, რომ არსებობს ბუნებრივი კოლექტიურობები, და არსებობს ხელოვნური, ადამიანების მიერ შექმნილი კოლექტიური აზროფორმები. ბუნებრივი კოლექტიურობა თანრიგით უფრო მაღლა დგას და მასთან კავშირში ყოფნა რა თქმა უნდა უკეთესია. კოლექტიური აზროფორმები გამარტივებულად ირეკლავენ გარკვეულ იმპულსებს, ეს ერთგვარი გამარტივებაა. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობაც გარკვეული დონის ეგრეგორია, და იგი ადამიანის მიერ არაა შექმნილი. და როგორც წესი, აზროფორმები შემზღუდველად მოქმედებენ, მაგრამ თუ ადამიანს ცნობიერების დაბალი დონე აქვს, ეს აზროფორმები მისთვის ყავარჯნების როლს თამაშობენ. როგორც ინვალიდს ჭირდება დამხმარე საშუალებები, ასევე ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ჭირდება ხელოვნური საშუალებები იმისთვის, რომ კაცობრიობამ რაღაცნაირად იმოძრაოს. მაგრამ არის ბუნებრივი ეგრეგორები, ამ ყველაფრის მიღმა, და მათზე გასვლა გულისხმობს ცნობიერების დონის ამაღლებას, გონების გაწმენდას და უფრო მეტ მიმღებლობას. პრინციპში სწორედ ამას აკეთებს მედიტაციის პრაქტიკა, როცა ვაცარიელებთ ჩვენს გონებას და ვაკეთებთ განზრახვას, რომ ჩვენი არსი შევიცნოთ.

მ.გ. როგორ განვასხვავოთ ქრისტეს რეალური იმპულსი რელიგიური ეგრეგორისგან?

ს.მ. აქ ვფიქრობ ხატ-სახეზე განწყობა უფრო დაგეხმარებათ, მაგალითად ქრისტეს სუდარის ანაბეჭდზე. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც რწმენაა. თუ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია, და მართლა გვინდა კონტაქტზე გასვლა, მაშინ შესაძლებელია.

მ.გ. რწმენა თუ განზრახვა?

ს.მ. ჩემთვის ეს არსობრივად ერთი და იგივეა. ანუ რწმენა, როგორც უპირობო დარწმუნებულობა იმაში, რომ ეს შესაძლებელია.

მ.გ. თქვენი შეგრძნებით, როგორ მუშაობს ქრისტეს იმპულსი კაცობრიობაში ჩვენს დროში?

ს.მ. არც კი ვიცი როგორ ავხსნა. მე ვთვლი რომ ახლა ბევრი სხვადასხვა იმპულსი მუშაობს. რაც შეეხება ქრისტეს იმპულსს, დავარქვათ ამას ერთგვარი სიყვარულის და თანაგრძნობის იმპულსი.

მ.გ. როგორ გავარჩიოთ გაცნობიერებულობა სიფხიზლისგან?

ს.მ. მე ვფიქრობ რომ ეს ორი ცნება არაა პრინციპულად განსხვავებული. მე უფრო დავაპირისპირებდი გაცნობიერებულობას და ფიქრს, ანუ აზროვნების ნაკადს. ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. გაცნობიერებულობა და სიფხიზლე კი ახლოსაა ერთმანეთთან. ეს შეიძება ითქვას - ერთი მოვლენის სხვადასხვა მხარეა.

მ.გ. სხეულის რომელ გარსებს გრძნობთ საკუთარი გამოცდილებით?

ს.მ. ფიზიკური სხეულის გარშემო დაახლოებით 10 სანტიმეტრზე, ან ცოტა მეტზე ეთერულ სხეულს ვგრძნობ. შემდეგ ასტრალურ სხეულს, დაახლოებით 60 სანტიმეტრზე. მენტალი - ესაა საკმაოდ დიდი რადიუსის სფერო, ალბათ მეტრანახევრის სიგანეზე. ხელებს თუ გავშლი, ალბათ ბოილომდე ვერ მივწვდები. კიდევ კაუზალურ სხეულს ვგრძნობ. ვერ ვიტყვი, რომ მკაფიოდ ვგრძნობ, და მას ალბათ შეიძლება ნებისმიერი ზომა ჰქონდეს. ეს უკვე აღარაა ისეთი სხეული, როგორიც წინა სამი, და ალბათ შესაძლოა კილომეტრებითაც იზომებოდეს, და ჩემი შეგრძნებით იგი უფრო პლასტიკურია, ანუ ზომებში იცვლება.

მ.გ. და როგორ შეიძლება „მე“-ს თვითგაიგივების გადატანა უხეშიდან უფრო ნატიფ გარსზე?

ს.მ. ეთერული სხეულის შეგრძნება მაშინ შეიძლება, თუ ენერგიების შეგრძნებაზე ვიმუშავებთ. ასტრალური სხეული, ეს უკვე ცნობიერების ძლიერ შეცვლილი მდგომარეობაა, ვფიქრობ მის შეგრძნებას ძალიან ეხმარება გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკა. თუ სიზმარში ერთხელ მაინც გაგვიცნობიერებია თავი, პრინციპში უკვე ვიცით, რა არის ასტრალური სხეული. მენტალი - უფრო უკავშირდება გაცნობიერებულობას. როცა ჩვენ მდუმარედ ვაცნობიერებთ, ამით თანდათან ვუახლოვდებით მენტალურ სხეულს. კაუზალური სხეული კი - ესაა ჩვენი სულთან კონტაქტის მაღალი მდგომარეობები.

მ.გ. რა არის „მე“ სხეულთან, სამშვინველთან და სულთან მიმართებაში? რა განსხვავებაა სამშვინველსა და სულს შორის (душа и дух).

ს.მ. ადამიანური „მე“ - ესაა სამი სხეულის ერთობლიობა. იგი იმყოფება ერთდროულად ფიზიკურ-ეთერულ-ასტრალურ-მენტალურ სხეულებში. სული იწყება კაუზალურიდან და უფრო მაღლა. ჩემთვის სამშვინველი და სული სინონიმებივით არის, მაგრამ შეგვილია დავყოთ, რომ სამშვინველი, ეს რაღაც უფრო პირადია, სული კი ღმერთთან უფრო ახლოს მყოფი. ჩემთვის ესაა როგორც სამშვინველი და ღმერთი. ანუ ღმერთი ესაა ერთგვარი ყოვლისმომცველი სული, რომელიც ჩვენში უკვე თანმყოფობს. და არის უფრო პირადული ნაწილი - ჩვენი სამშვინველი, და ჩვენი პიროვნება - ადამიანური. და ესაა როგორც სამი დონე, რომელიც ჩვენში ერთდროულად იმყოფება, და ყოველი მათგანი სიხშირეთა თავის ზოლშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთდროულად ვართ ადამიანი (პიროვნება), სამშვინველი და ღმერთი. მაგრამ ვართ რა ადამიანები, დანარჩენ ორ ნაწილს ნაკლებად ვაცნობიერებთ, და ევოლუციასთან ერთად უფრო მკაფიოდ ვაცნობიერებთ მეორე და მესამე „მე“-ს.

მ.გ. როგორ გავარჩიოთ სულის ხმა „მე“-ს ხმისგან?

ს.მ. პირველი მნიშვნელოვანი უნარი, ესაა გონების დამშვიდების და მდუმარების მიღწევის უნარი. მეორე - ესაა სწორი მოტივი, მზად იყო მიღებისთვის, ანუ მზად იყო ნებისმიერი რამისთვის, რაც არ უნდა მოვიდეს სულისგან, მიუხედავად ყველა მოლოდინისა და სურვილისა. ის, რაც სულისგან მოდის, მისი ბუნების ანაბეჭდს ატარებს, რაც არ უნდა იყოს იგი. როგორც ამბობენ, ყველაფერი, რაც ოქროსგანაა გაკეთებული, შორიდან ბრწყინავს. ასევე, ის, რაც სულიდან მოდის, განსაკუთრებული სათნოების თვისებას ფლობს. ამავდროულად, თუ ადამიანის ცნობიერება მეტისმეტად გამრუდებულია, იმან, რაც სულიდან მოდის, შეიძლება შეაშინოს იგი. ყველაფერმა, რაც უფრო დაბალი ვიბრაციებიდან მოდის, ასევე შეიძლება შთაგონება მოგვცეს, მაგრამ ეს შთაგონება სხვანაირია, მეტისმეტად გამარტივებულია, თითქოს ერთგვარი სუროგატია. განსხვავებით სულის სიხარულისგან, რომელიც უფრო მშვიდი და უფრო ღრმაა.

მ.გ. მაგალითად, ეგრეგორმაც შეიძლება გამოგზავნოს იმპულსი, რომელიც თითქოს სათნოა, მაგრამ ეს მაინც ეგრეგორი იქნება და არა სული, ასეა?

ს.მ. დიახ. იგი შეიძლება შთამაგონებლად გამოიყურებოდეს. მაგალითად რაღაც ჯგუფის მონაწილედ თავის შეგრძნება ადამიანის შთაგონებას (აჟიტირებას) იწვევს, მაგრამ ხშირად სწორედ ასეთი იმპულსები უბიძგებენ ადამიანებს არც ისე კარგი ქმედებებისკენ, იქნება ეს რევოლუციები თუ სხვა რამეები. ისინი შთააგონებენ ადამიანებს გარკვეული ქმედებებისკენ, მაგრამ ეს სულისგან არ მოდის.

მ.გ. ცოცხალი ბუნების რომელ დონეზე ჩნდება პირველად ინდივიდუალური „მე“? ანუ, მაგალიტად, არის მოსაზრება, რომ მცენარეებს ეგრეგორული „მე“ აქვთ, და ცალკეულ მცენარეს თავისი (კრისტალიზებული) ინდივიდუალური სული არ გააჩნია. და ამბობენ, რომ ცხოველებშიც ასევეა. და რომელ დონეზე ჩნდება ეს კონკრეტული „მე“?

ს.მ. საინტერესო კითხვაა. ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცი ეს, მაგრამ შეგრძნებები მაქვს, რომ ინდივიდუალორობის ჩანასახები, ანუ რაღაც ინდივიდუალური ატომებსაც კი აქვთ, არა მხოლოდ მცენარეებს და მინერალებს. ეს არის ერთგვარი ჩანასახები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ინდივიდუალურობამდე გაიზარდონ. ღმერთის ბუნება ყველაზე მცირე დეტალებშიც კი აირეკლება, ფრაქტალურად, ანუ ღვთაების ყველაზე მცირე ნაწილი შეიძლება ყველაფრის ანარეკლი იყოს. ყოველი ატომი ღვთაებრივი სამყაროა. რა თქმა უნდა ყველა არსებაში ეს ინდივიდუალობა ისე მკაფიოდ გამოხატული არაა, როგორც ადამიანში, მაგრამ რაღაც სახით ყველაფერში არსებობს.

მ.გ. და რას იტყვით „მე“-ზე რომელსაც თვითგაცნობიერების უნარი აქვს? ყველა ადამიანს აქვს ასეთი „მე“, თუ მისი მოპოვებაა საჭირო, როგორც მაგალითად გიორგი გურჯიევი ამბობდა?

ს.მ. კვლავაც, გაცნობიერებულობა ძალიან ნატიფი მომენტია. არსებობს გაცნობიერების ძალიან ბევრი საშუალება, და ადამიანი თანდაყოლილად ფლობს ამას, თუმცა რა თქმა უნდა, თუკი ამ უნარს არ განავითარებს, მისმა ინდივიდუალობამ შესაძლოა დეგრადაცია განიცადოს უფრო დაბალ დონემდე.

ძნელია ზუსტად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად გაცნობიერებულია ადამიანი. ერთ მაგალითს მოვყვები, რომელიც ტიბეტში მოხდა. იყო ერთი უბრალო მუშა, რომელიც უბრალოდ ქვებზე მანტრებს ტვიფრავდა, მონასტრების შენებაში ეხმარებოდა და ა.შ. ანუ ბერი არ იყო, უბრალოდ მუშა იყო. ერთხელაც იგი ბერებს ეუბნება: „ერთ კვირაში მოვკვდები, ოთახში ჩამკეტეთ და არავინ შემოუშვათ“. ბერები მიხვდნენ, რომ თუ ადამიანმა იცის როდის მოკვდება, და ჩაკეტვას ითხოვს, ე.ი. მას დიდი გადასვლა უნდა სინათლის სხეულში. იგი ჩაკეტეს, მოიწვიეს დალაი ლამა და სხვა ლამები გარშემო მონასტრებიდან, და აკვირდებოდნენ რა მოხდებოდა. ეს იყო 50-იანი წლები, ჩინელებმა უკვე დაიპყრეს ტიბეტი და სამხედროებიც აღელდნენ, რა ხდებაო, ამიტომ მონასტერში ვიღაც სამხედრო ჩინოვნიკებიც მივიდნენ. და მოკლედ, როცა ოთახი გახსნეს, იქ არაფერი იყო დარჩენილი გარდა ტანსაცმლისა, თმისა და ფრჩხილებისა. იგი სრულად გადავიდა სინათლის სხეულში, თუმცა არავის უნახავს მედიტაციაში მჯდომი, და დიდად სულიერად არ გამოიყურებოდა.

ამიტომ გარკვეული პერიოდიდან სხვის გაცნობიერებულობაზე შეფასებებს ძალიან ფრთხილად ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს ეს იმპულსი. სხვა საქმეა, რომ ის ყოველთვის თვალნათლივი არაა, და არსებობს გზების დიდი მრავალფეროვნება. შესაძლოა ვიღაცამ ჩემშიც ვერ დაინახოს განსაკუთრებული გაცნობიერებულობა. ეს ძალიან ფარდობითია. ვიღაცეებთან რეზონანსში ხარ და ხედავ მათ გაცნობიერებულობას, მაგრამ არსებობს სრულიად უცნაური გზები, რომლებიც შეიძლება სრულიად სხვა რეალობებს ირეკლავდნენ. ადამიანები გამტარებივით არიან სხვადასხვა ძალებისთვის. მხოლოდ გარეგნულად ვგავართ ერთმანეთს, შინაგანი არსით შეიძლება სრულიად სხვადასხვა სამყაროებიდან ვიყოთ და ერთმანეთს ძლივს ვამჩნევდეთ. ანუ შესაძლებლობა ჩემი აზრით ყველას აქვს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ყველასთან განსხვავებულად რეალიზდება. და მედიტაცია, რა სახითაც მე ვიცი და ვასწავლი, ერთადერთი ვარიანტი არაა.

მ.გ. რა უნარები უნდა შეიძინოს, რა პრაქტიკები უნდა აკეთოს ადამიანმა საწყის ეტაპებზე, როგორც საფუძველი, რომ მაღალ დონეებზე პრობლემები არ შეექმნას და გამოუსწორებელი შეცდომები არ დაუშვას?

ს.მ. არსებობს ადამიანების ორი ტიპი: ისინი, ვინც მიდიან სხეულიდან ცნობიერებამდე, და ისინი, ვინც მიდიან ცნობიერებიდან სხეულამდე. პირველებისთვის რეკომენდებულია სხეულებრივი ენერგეტიკული პრაქტიკები (იოგა, ციგუნი) და ამის საშუალებით ისინი მიდიან სხვა გაცნობიერებამდე. ისინი თანდათანობით აბსტრაგირდებიან ფიზიკური სხეულისგან და მიდიან ღრმა მედიტაციამდე. და არიან ისეთებიც, რომლებმაც ჯერ უნდა იმედიტირონ, ანუ ცნობიერებაზე იმუშაონ, ამასთან სხეულტანაც იმუშაონ ცოტათი (დამიწებისთვის). ყველა შემთხვევაშ თავდაპირველად გირჩევთ ფსიქო-ფიზიკურ პრაქტიკებს: იოგას, ციგუნს და ა.შ. და რა თქმა უნდა მედიტაციას, მდუმარებას, გონების გაჩერების უნარის განვითარებას. სხვა დანარჩენი უკვე სიტუაციიდან გამომდინარე.

მ.გ. რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც მსოფლიოში ხდება, ხანძარი ნოტრდამში, დაძაბულობა, დაპირისპირებები და ა.შ.

ს.მ. ჩემი შეგრძნებით კაცობრიობა საკმაოდ მძიმე კარმას აგროვებს თავისი ქმედებებით. და ეს კარმა სხვადასხვა კრიზისების და კატასტროფების სახით ვლინდება. ასე რომ, ეს უბარლოდ ანარეკლია არასწორი ტენდენციებისა ადამიანის ცნობიერებაში. და თუ ასე გაგრძელდება, ეს რაღაც სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანს. და ეს კრიზისი ან ცივილიზაციის ტრანსოფრმაციად იქცევა, ან ნგრევას გამოიწვევს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უფრო ტრანსფორმაცია იქნება, მაგრამ იგი დროის საკმაოდ დიდ მასშტაბში მოხდება, ალბათ ოცდამეერთე საუკუნეშიც კი არა. ეს კაცობრიობის გამოღვიძების ნელი პროცესია. და თუ გაიღვიძებს, განაგრძობს სიცოცხლეს, ხოლო თუ არ გაიღვიძებს, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება, რადგან თუ ენერგია შიგნითკენ არ მიემართება, გარეთ მიმართული ქაოსს და ნგრევას გამოიწვევს. თუ ეს ენერგია, რომელიც ყველაფრის თავშეუკავებელი მოხმარებისკენაა მიმართული, შიგნითკენ, ზრდისკენ და განვითარებისკენ იქნება მიმართული, მაშინ ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. შეუძლია თუ არა ამის გაკეთება ცივილიზაციას, როგორც ერთიან ორგანიზმს, ჯერ არ ვიცი.

მ.გ. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, მაგრამ რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად, ჯგუფურად?

ს.მ. თუ ჩვენ სწორ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თავად ამ მდგომარეობას გააჩნია ძალიან მძლავრი გამოსხივება, რომელსაც ძალიან დიდი ტერიტორიის დაფარვა შეუძლია. ეს დამოკიდებულია მდგომარეობის სიღრმეზე. მაგალითად, არსებობს ნახშირის ცეცხლი და არსებობს რადიოაქტიური ცეცხლი. სული რადიაციას ჰგავს, ძალიან მძლავრ ძალას, და თუ ჩვენ მდუმარე მედიტაციის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამავდროულად ღრმა რეზონანსში შევედით სულთან, თავისთავად ესეც უკვე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარშემო ძალიან დიდ რადიუსზე, მაშინაც კი, თუ კონკრეტულ მიზნებს არ ვისახავთ. ასე რომ, პირველ რიგში საჭიროა ამ ღრმა მდგომარეობებში ჩაძირვა, ან ნორმალური ადამიანური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც, და შემდეგ ამ ადამიანური მდგომარეობიდან, როცა თავშეკავება, ნებისყოფა და გაცნობიერებულობა გვაქვს, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ, ავაწყოთ ცხოვრობა პოზიტიურ პრინციპებზე: არა მტრობის, შურის და კონკურენციის, არამედ ურთიერთდახმარების, არაძალადობის, სიმართლის და ა.შ. პრინციპებზე. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, ამით მსოფლიოსაც საკმაოდ ძლიერად შევცვლით. და ვფიქრობ, იქნებიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მიიზიდავენ ერთმანეთს შეხედულებებში რეზონანსით. არის ასეთი პრინციპი - მსგავსი იზიდავს მსგავსს. თუ ადამიანი გარკვეულ პრინციპებს მიჰყვება, იგი აუცილებლად შეხვდება მათ, ვინც ასეთივე პრინციპებს მიჰყვება. და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჯგუფები ერთგვარი კერები გახდებიან ახალი ცივილიზაციისთვის.

მ.გ. როგორც ვიცი, თქვენ ადრე უფრო მეტად მაგიაში იყავით. რატომ გადახვედით მაგიიდან მედიტაციის და იოგას გზაზე? რით განსხვავდება ეს ორი გზა ერთმანეთისგან პრინციპში?

ს.მ. პრინციპული სხვაობა ამ ორ გზას შორის არ არის, და შეიძლება ითქვას, რომ ერთი მეორეს გაგრძელებაა. შეიძლება ითქვას, რომ მაგია - ესაა მედიტაცია, მაგრამ უფრო კონკრეტული. კვლავაც, მაგია ისეთი ცნებაა, რომ ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და იყენებს. დავარქვათ ამას ასე: არსებობს სამუშაო ასტრალურ დონეზე, როცა ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ ენერგიებთან, კონკრეტულ სურვილებთან, და კონკრეტულ პირად ინტერესებთან. გვინდა, რომ მოვიზიდოთ უკეთესი მომავალი, ვერევით გარკვეულ სიტუაციებში და ა.შ. - ჩვენი პირადი სურვილებიდან და სამართლიანობაზე ჩვენი წარმოდგენებიდან გამომდინარე; და არის მეორე მდგომარეობა, როცა ღმერთს ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენზე გავლით იმოქმედოს. რადგან ნებისმიერი პირადი ინტერესი საბოლოო ჯამში წამგებიანია, რადგან ადამიანი შეზღუდულია, და მაშინაც კი, თუ ძალიან გინდა სიკეთის გაკეთება, სრულიად არაა ფაქტი, რომ ამას შეძლებ, შეიძლება უარესი ბოროტებაც კი დაატრიალო. როდესაც ამ ყველაფერს შევეჯახე, მივხვდი, რომ ჯობია ღმერთმა იმოქმედოს ჩემზე გავლით, და მედიტაცია - ესაა საშუალება, რომ ღმერთს ხელი არ შევუშალოთ. არსობრივად ეს მაგიის თემის გაგრძელებაა, მაგრამ უფრო ბუნებრივი. და ადრე თუ გვიან, ყველანი, ვინც ამ პირადი ჯადოქრობებით არიან დაკავებულნი, მიდიან იქამდე, რომ არ შეუძლიათ ყველა თავისი ქმედების შედეგის გათვლა, და ჭირდებათ, რომ მაღალმა ძალებმა შეუსწორონ, დაეხმარონ და მიიყვანონ უმაღლეს გონამდე.

მ.გ. და ბოლო კითხვა: რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება?

ს.მ. თვითრეალიზაცია. საკუთარი ჭეშმარიტი არსის რეალიზაცია.

მ.გ. დიდი მადლობა სერგეი. იმედია საქართველოში გვესტუმრებით. დროებით.

ს.მ. დიდი სიამოვნებით. დროებით.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ელონ მასკის ცხოვრება, ანუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ასეთი წარმატებული


ელონ მასკი _ ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეწარმეა. ამ ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

უდაბნოში


სტატიის და ფოტოების ავტორი: ქრისტინე ბებია ავტოსტოპერებისთვის, ვ...

ინტერვიუ რობერტ ანტონ ვილსონთან


თარგმნილია საქართველოს უნივერსიტეტთან (www.ug.edu.ge)  თანამ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff