ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე წყარო ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პიროვნებები უკვე არა ერთი ასეულ...

ex777

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო

ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პიროვნებები უკვე არა ერთი ასეული წელია კაცობრიობის გამორჩეული გონების მფლობელთა შესწავლის და ინტერესის საგანია. ფსიქოლოგიის მეცნიერების დაარსების დღიდან, ადამიანებმა შეძლეს განევითარებინათ და საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ უნარები ამ არც თუ მარტივ, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეში. ამიტომ ახლა, ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებისა და მისი პიროვნების შესწავლისას სანდო მონაცემების მისაღებად ადამიანები იყნებენ კვლევის ძალიან განსხვავებულ და მრავალფეროვან მეთოდებს. ერთერთი ასეთი მეთოდი, რომელმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა და პრაქტიკული მხრიდან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი არის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი.

ფსიქო - სოციალური ექსპერიმენტების რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ, საინტერესო, ზოგჯერ კი არაჰუმანურ და შოკის მომგვრელ მაგალითს ჩვენ განვიხილავთ მათი მნიშვნელობის გამო. მაგრამ მანამდე, გავიხსენოთ რა არის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რითი გამოირჩევა და მოკლედ შევეხოთ ასევე მის ტიპებსა და მახასითებლებს.

რა არის ექსპერიმენტი?

ექსპერიმენტი ფსიქოლოგიაში - ეს არის გარკვეული ცდა, რომელიც ტარდება სპეციალურ პირობებში, ფსიქოლოგიური მონაცემების მისაღებად, ობიექტის ქმედების პროცესში ჩარევის გზით. მკვლევარი შეიძლება იყოს როგორც მეცნიერი-სპეციალისტი, ასევე უბრალო მოყვარული.

ექსპერიმენტის ძირითადი მახასიათებლებია:

• რომელიმე ცვლადის ცვლილების შესაძლებლობა და ახალი პირობების შემნა ახალი კანონზომიერებების გამოსავლენად;
• ათვლის წერტილის შერჩევის შესაძლებლობა;
• განმეორებით ჩატარების შესაძლებლობა;
• ექპერიმენტში ისეთი კვლევის მეთოდების ჩართვის შესაძლებლობა, როგორიცაა: ტესტი, გამოკითხვა, დაკვირვება და ა.შ.

თვითონ ექსპერიმენტი შეიძლება რამდენიმე სახის იყოს: ლაბორატორიული, ბუნებრივი, საპილოტე, გაცხადებული, გასაიდუმლოებული და ა.შ.

ახლა გადავიდეთ ცნობილი ექსპერიმენტების განხილვაზე. ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტებია:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

დასკვნა

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

(ექსპერიმენტების სანახავად აირჩიეთ გვერდები, ან გადადით შემდეგ თავზე)


 

ex1

1. ხოტორნის ექსპერიმენტი

ხოტორნის ექსპერიმენტში მოიაზრება ფსიქო-სოციალური ექსპერიმენტების მთელი წყება, რომელიც ტარდებოდა 1924-1932 წლებში აშშ-ს ქალაქ ხოტორნში, “Western Electrics” –ის ბაზაზე მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელტონ მეიო. ექსპერიმენტის წინაპირობა ქარხნის თანამშრომელთა შრომის პროდუქტიულობის შემცირება აღმოჩნდა. კვლევებმა, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, ვერ გამოავლინა ამ შემცირების მიზეზები. იქიდან გამომდინარე, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო წარმოების გაზრდით, მეცნიერებს სრული თავისუფლება მიეცათ. მათი მიზანი იყო გამოევლინათ დამოკიდებულება შრომის ფიზიკურ პირობებსა და თანამშრომელთა ეფექტურობას შორის.

ბევრი კვლევის შედეგად, მეცნიერები მივდნენ დაკვნამდე, რომ შრომის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო და, განსაკუთრებით, თანამშრომლებში სამუშაოს მიმართ ინტერესის გაჩენა, რაც ამ შემთხვევაში განპირობებული იყო მათი ექპერიმენტში მონაწილეობით. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანამშრომლებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად და ისინი ექცევიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხელმძღვანელთა და მკვლევართ მხრიდან, უკვე მოქმედებს მათ ეფექტურობაზე. სხვათაშორის, ექსპერიმენტის პროცესში აღმოაჩინეს ხოტორნის ეფექტი, თვითონ ექპერიმენტმა კი საგრძნობლად აამაღლა ფსიქოლოგური კვლევების, როგორც მეცნიერული მეთოდების ავტორიტეტი.

ხოტორნის ექსპერიმენტის შედეგებისა და ხოტორნის ეფექტის შესახებ ცოდნა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში, უფრო ზუსტად კი - მოვახდინოთ დადებითი გავლენა ჩვენსა და სხვების შრომის ეფექტურობაზე. მშობლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ შვილების განვითარების დონე, მასწავლებლებს - გაზარდონ მოსწავლეების მოსწრება, დამსაქმებლებს - თანამშრომელთა შრომის ეფექტურობა. ამისათვის შეგიძლიათ სცადოთ გამოაცხადოთ, რომ იგეგმება გარკვეული ექსპერიმენტის ჩატარება და ადამიანები, რომელთაც ამის შესახებ აცნობეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ინოვაციების დანერგვა.


 

ex2

2. მილგრემის ექპერიმენტი

მილგრემის ექსპერიმენტი პირველად აღიწერა ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის მიერ 1963 წელს. მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს, რომ იკვლევენ ტკივილის გავლენას მეხსიერებაზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, რეალური ცდის პირი ( „მასწავლებელი“) და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდის პირის როლს („მოსწავლე“). „მოსწავლეს“ უნდა დაემახსოვრებინა სიტყვები მოცემული სიიდან, „მასწავლებელს“ კი - შეემოწმებინა მისი მეხსიერება და შეცდომის შემთხვევაში დაესაჯა ელექტრული დენის დარტყმით, ისე, რომ ყოველ ჯერზე გაეზარდა მისი სიძლიერე.

თავიდან მილგრემის ექპერიმენტი ტარდებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ, როგორ შეეძლოთ გერმანიის მაცხოვრებლებს მიეღოთ მონაწილეობა ადამიანების უდიდესი რაოდენობის განადგურებაში ნაცისტური ტერორის დროს. შედეგად, ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა ადამიანების უუნარობა (ამ შემთხვევაში „მასწავლებლების“) შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს (მკვლევარს), რომელიც ავადლებულებდა „მუშაობის“ გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლეს“ ზიანი ადგებოდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კონფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც კი. თვითონ მილგრემი ამტკიცებდა, რომ ავტორიტეტის წნეხის ქვეშ, ადეკვატური ზრდასრული ადამიანები ძალიან ბევრზე არიან წამსვლელები.

თუ დავუფიქრდებით, დავინახავთ, რომ სინამდვილეში მილგრემის ექპერიმენტის შედეგები, გარდა სხვა ყველაფრისა გვაჩვენებს ადამიანების უუნარობას, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს, როდესაც მას ხელმძრვანელობს მასზე სტატუსით, რანგით და ა.შ. მაღლა მდგომი პირი. იმისათვის, რომ შეგვეძლოს ჩვენს საზოგადოებას ვუწოდოთ ნამდვილად ცივილიზებული, ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთისადმი ადამიანური დამოკიდებულებით, ეთიკური ნორმებითა და მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობა, რომლებსაც მათ კარნახობთ საკუთარი სინდისი და არა სხვა ადამიანების ავტორიტეტი და ძალაუფლება.


 

ex3

3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

სტენფორდის ციხის ექპერიმენტი ჩატარდა ამერიკელი ფსიქოლოგის, ფილიპ ზიმბარდოს მიერ, სტენფორდში, 1971 წელს. მასში იკვლევდნენ ადამიანის რეაქციას ციხის პირობებზე, თავისუფლების შეზღუდვაზე და თავს მოხვეული სოციალური როლის გავლენას მის ქცევაზე. ექსპერიმენტი დაფინანსებული იყო აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ, იმისათვის, რომ აეხსნათ კონფლიქტების მიზეზები ფლოტში და გამოსასწორებელ დაწესებულებებში. ექსპერიმენტისთვის შეირჩნენ მამაკაცები, რომელთა ნაწილი გახდა „პატიმარი“, ხოლო ნაწილი - „ბადრაგი“.

„პატიმრები“ და „ბადრაგი“ ძალიან მალე შევიდნენ როლებში და იმპროვიზირებულ ციხეში ხშირად იქმნებოდა სახიფათო სიტუაციები. „ბადრაგის“ მესამედი ავლენდა სადისტურ მიდრეკილებებს, „პატიმრებმა“ კი უმძიმესი მორალური ტრავმები მიიღეს. ორ კვირაზე გათვლილი ექსპერიმენტი 6 დღეში შეაჩერეს, რადგან ვეღარ შეძლეს კონტროლის შენარჩუნება. სტენფორდის ექპერიმენტს ხშირად ადარებენ ზემოთ აღწერილ მილგრემის ექსპერიმენტს.

რეალურ ცხოვრებაში შეგვიძლია ვნახოთ როგორ ხდის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი გამამართლებელი იდეოლოგია ადამიანებს ადვილად შთაგონებადსა და მორჩილს, ავტორიტეტის ძალაუფლება კი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაზე. დააკვირდით საკუთარ თავს და დაინახავთ იმის ნათელ დასტურს, თუ რამდენად ახდენს გავლენას გარკვეული გარემოებები და სიტუაციები თქვენს შინაგან მდგომარეობაზე და ხელს უწყობს თქვენი პიროვნების თავისებურებებისგან განსხვავებული ქცევის ფორმირებას. ძალიან მნიშვენელოვანია ყოველთვის იყოთ საკუთარი თავი და გახსოვდეთ თქვენი ღირებულებები, იმისათვის რომ არ მოექცეთ გარემო ფაქტორების გავლენის ქვეშ. ამის გაკეთება კი მხოლოდ მუდმივი თვითკონტროლისა და გაცნობიერების ხარჯზეა შესაძლებელი, რომლებიც თავის მხრივ საჭიროებს რეგულარულ და სისტემატიურ მუშაობას.


 

ex4

4. რინგელმანის ექსპერიმენტი

რინგელმანის ექპერიმენტი (იგივე რინგელმანის ეფექტი) პირველად აღიწერა 1913 წელს, ხოლო ჩატარდა 1927 წელს ფრანგი სოფლის მეურნეობის ინჟინერიის პროფესორის, მაქსიმილიან რინგელმანის მიერ. ეს ექსპერიმენტი ტარდებოდა ცნობისმოყვარეობის გამო, თუმცა გამოკვეთა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ადამიანების ეფექტური მუშაობა მცირდება იმის მიხედვით, რამდენი ადამიანია იმ ჯგუფში, რომელშიც ისინი მუშაობენ. ექპერიმენტისთვის შემთხვევითად შეარჩიეს ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. პირველ შემთხვევაში ეს იყო სიმძიმეების აწევა, მეორეში - თოკის გადაწევა.
ერთ ადამიანს შეეძლო აეწია, მაგალითად, მაქსიმუმ 50კგ. შესაბამისად ორ ადამიანს უნდა შესძლებოდა 100 კგ-ის აწევა, რადგან შედეგი პირდაპირ პროპორციულად უნდა გაზრდილიყო. მაგრამ ეფექტი სრულიად სხვაგვარი იყო : ორმა ადამიანმა შეძლო იმ მასის მხოლოდ 93%-ის აწევა, რომელსაც ცალცალკე წევდნენ. როდესაც ჯგუფი გაზარდეს 8 ადამიანამდე მათ მხოლოს მასის 49% აწიეს. თოკის გადაწევის შემთხვევაში ეფექტი ზუსტად იგივე იყო: ადამიანების რაოდენობის ზრდა ამცირებდა ეფექტურობის პროცენტს.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც ჩვენ გათვლას ვაკეთებთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე შედეგის მისაღწევადაც მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, ხოლო როდესაც ვმუშაობთ ჯგუფში, ხშირად იმედებს სხვაზე ვამყარებთ. პრობლემა მოქმედებების პასიურობაში მდგომარეობს, თანაც ეს პასიურობა არის უფრო სოციალური ვიდრე ფიზიკური. დამოუკიდებელი მუშაობა ჩვენში აღძრავს რეფლექსს მივაღწიოთ ჩვენს მაქსიმუმს, ჯგუფურ მუშაობაში კი შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი გაქვთ გასაკეთებელი, აჯობებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყოთ და არ გქონდეთ სხვებისგან დახმარების მოლოდინი, რადგან ასეთ დროს ბოლომდე დაიხარჯებით და მიაღწევთ შედეგს, თანაც სხვებისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ის, რაც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია.


 

ex6

5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“

„მე და სხვები“ 1971 წლის საბჭოთა კავშირში გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმია, სადაც ასახულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის გადაღებები, რომელთა მიდინარეობასაც დიქტორი კომენტარს უკეთებს. ექსპერიმენტები ასახავს გარშემო მყოფთა აზრის გავლენას ადამიანზე, და მის უნარს გამოიგონოს ის რაც არ/ვერ დაიმახსოვრა. ყველა ექსპერიმენტი მოამზადა და ჩაატარა ფსქიოლოგმა ვალერია მუხინამ.

ფილმში ნაჩვენები ექსპერიმენტები:

• „თავდასხმა“ : ცდისპირებს უნდა აღეწერათ იმპროვიზირებული თავდასხმის დეტალები და გაეხსენებინათ თავდამსხმელთა მახასიათებლები.
• „მეცნიერი და მკვლელი“ : ცდისპირებს აჩვენებენ ერთი და იმავე ადამიანის პორტრეტს ისე, რომ წინასწარ წარუდგენენ მას როგორც მკვლელს ან მეცნიერს. მონაწილეებმა უნდა შექმნან ამ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
• „ორივე თეთრია“ : მაგიდაზე ბავშვებს-მონაწილეებს წინ უდებენ შავ და თეთრ პირამიდას. სამი ბავშვი ამბობს რომ ორივე თეთრია მეოთხის შთაგონებადობის შესამოწმებლად. ამ ექსპერიმენტების შედეგები ძალიან საინტერესოა. მოგვიანებით ასეთივე ექსპერიმენტი ჩატარდა ზრდასრულ ადამიანებზე.
• „ტკბილ-მლაშე ფაფა“ : თეფშზე ფაფის ¾ ტკბილია, ხოლო ¼ - მლაშე. სამ ბავშვს ასინჯებენ ფაფას და ისინი ამბობენ, რომ ის ტკბილია. მეოთხეს ასინჯებენ მლაშე ნაწილს. მიზანი: შეამოწმონ რას იტყვის ფაფაზე ის მონაწილე, რომელმაც მლაშე ნაწილი გასინჯა, მაშინ როდესაც სამი დანარჩენი მონაწილე ამბობს, რომ ის ტკბილია, რითაც ამოწმებენ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას.
• „პორტრეტები“ : მონაწილეებს აჩვენებენ 5 პორტრეტს და თხოვენ იმის დადგენას არის თუ არა ამ ფოტოებს შორის ერთი და იგივე ადამიანის ფოტოები. ამასთანავე, ყველა მონაწილემ, ერთის გარდა, რომელიც გვიან მოვიდა, უნდა თქვას, რომ ორი სხვადასხვა ფოტო ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის. ექსპერიმენტის მიზანს ასევე წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს უმრავლესობის აზრი ერთ ადამიანზე.
• „ტირი“ : მოსწავლის წინ მოთავსებულია ორი სამიზნე. თუ ის გაისვრის მარცხენა სამიზნის მიმართულებით, მიიღებს ერთ რუბლს, რომელიც შეუძლია სურვილისამებრ გამოიყენოს. თუ მარჯვენა სამიზნეს დაუმიზნებს ერთი რუბლი კლასის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. მარცხენა სამიზნეში თავიდანვე ზუსტი სროლის მეტი ნიშნულია გაკეთებული. უნდა დავადგინოთ, რომელს სამიზნეს დაუმიზნებს მოსწავლე, თუ დაინახავს, რომ ბევრმა მისმა მეგობარმა მარცხენა სამიზნე არჩია.

ჩატარებული ექპერიმენტების შედეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ ადამიანებისთვის (როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის) ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობენ სხვები და მათი აზრი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს სხვების გარემოცვაში. ამავე მიზეზით, ბევრი ადამიანი ვერ აღწევს თავის მიზნებს, ღალატობს თავის ოცნებებს, ყვებიან საზოგადოებივ აზრს. უნდა ვისწავლოთ ნებისმიერ პირობებში შევინარჩუნოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი და ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენი ტვინით. პირველ რიგში ეს თქვენვე დაგეხმარებათ.

 


 

Study 3

6. „საშინელი“ ექსპერიმენტი

მთელი თავისი არსით საშინელი ექსპერიმენტი ჩაატარა ფსიქოლოგმა უენდელ ჯონსონმა 1939 წელს, აშშ-ში, თავის ასპირანტთან, მერი ტიუდორთან ერთად, იმისათვის, რომ დაედგინა რამდენად შთაგონებადები არიან ბავშვები. ექპერიმენტისთვის შეარჩიეს 22 ობოლი ბავშვი დევენპორტიდან. ისინი გაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის წევრ ბავშვებს ეუბნებოდნენ რა მშვენივრად საუბრობენ ისინი და ყოველმხრივ აქებდნენ. ბავშვების მეორე ნახევარს კი არწმუნებდნენ, რომ მათი საუბარი სავსეა უამრავი ნაკლით და საწყალ ენაბლუებს უწოდებდნენ.

ამ საზარელი ექსპერიმენტის შედეგებიც ასეთივე საზარელი იყო : მეორე ჯგუფის ბავშვების უმრავლესობას, რომელთაც არ ჰქონდათ საუბრის არანაირი დეფექტი, განუვითარდათ და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდათ ენაბლუობის ყველა სიმპტომი. თვითონ ექსპერიმენტს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, იმისათვის, რომ არ შეელახათ ჯონსონის რეპუტაცია. შემდეგ საზოგადოებამ მაინც გაიგო ამ ექსპერიმენტის შესახებ. მოგვიანებით, სხვათაშორის, ნაცისტები ატარებდნენ მსგავს ესპერიმენტებს საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე.

თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაზე დაკვირვებისას, ზოგჯერ ძალიან გასაკვირია როგორ ზრდიან ჩვენს დროში მშობლები შვილებს. ხშირად შეიძლება შეამჩნიო როგორ ეჩხუბებიან ისინი თავიანთ შვილებს, შეურაცხყოფას აყენებენ, ძალიან არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებენ. სულაც არ არის გასაკვიი, რომ პატარა ბავშვებისგან ყალიბდებიან ადამიანები დაზიანებული ფსიქიკით დაგანვითარების დარღვევებით. უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი, რასაც ვეუბნებით ჩვენს შვილებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ვუმეორებთ ამას, ასახვას ჰპოვებს მათ შინაგან სამყაროზე და მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან, რას ვეუბნებით ბავშვებს, როგორ ვურთიერთობთ მათთან, როგორ თვითშეფასებასა და ღირებულებებს ვუყალიბებთ. მხოლოდ ჯანსაღ აღზრდას და ნამდვილ მშობლის სიყვარულს შეუძლია ჩამოაყალიბოს ჩვენი შვილები ადეკვატურ ადამიანებად, რომლებიც მზად არიან ზრდასრული ცხოვრებისა და ნორმალური, ჯანსაღი საზოგადოების წევრობისთვის.


 

aversion01 full

7. პროექტი „ავერსია“

ეს საშინელი პროექტი ხორციელდებოდა 1970-1989 წლებში სამრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯარში, პოლკოვნიკ ობრი ლევინის ხელმძღვანელობით. ეს იყო საიდუმლო პროგრამა, მიმართული იმისკენ, რომ გაეწმინდათ სამხრეთ აფრიკული არმიის რიგები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისგან. ექსპერიმენტის „მონაწილე“ოფიციალური მონაცემებით გახდა ათასამდე ადამიანი, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია. „კეთილი“ მიზნის მისაღწევად მეცნიერები იყენებდნენ უამრავ საშუალებას : ნარკოტიკებითა და ელექტროშოკური თერაპიით დაწყებული, ქიმიური კასტრაციითა და სქესის შეცვლის ოპერაციებით დამთავრებული.

პროექტმა კრახი განიცადა : სამხედროების სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. თვითონ „მიდგომა“ კი არ იყო დაფუძნებული სამეცნიერო მონაცემებზე ჰომოსექსუალობის ან ტრანსსექსუალობის შესახებ. ამ პროექტის ბევრმა მსხვერპლმა ვერ შეძლო საბოლოო რეაბილიტაცია. ზოგიერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რა თქმა უნდა, ეს პროექტი ეხებოდა მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს, მაგრამ თუ ვისაუბრებთ ზოგადად იმ ადამიანებზე, რომლებიც განსხვავდებიან მასისგან, დავინახავთ, რომ საზოგადოებას არ უნდა მიიღოს ადამიანები, რომელიც „არ ჰგვანან“ სხვებს. ინდივიდუალიზმის მინიმალური გამოვლინებაც კი, შეიძლება გახდეს დაცინვის, გაუგებრობის, მიურებლობის მიზეზი „ნორმალური“ უმრავლესობისგან. ყოველი ადამიანი ინდივიდია, პიროვნება, რომელსაც გააჩნია თავისებურებები და ფსიქიკური მახასიათებლები. ჩვენ არ გვაქვს, უფლება ვუთხრათ ადამიანებს როგორ უნდა იცხოვრონ, ილაპარაკონ, ჩაიცვან და ა.შ. ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ მათ შეცვლას, თუ მათი „არასწორობა“ საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ისეთად, როგორიც არის, მიუხედავად მისი სქესობრივი, რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური მიკუთვნებულობისა. ყველას აქვს უფლება იყოს საკუთარი თავი.


 

ex7

8. ლენდისის ექსპერიმენტები

ლენდისის ექსპერიმენტებს ასევე უდწოდებენ „სახის სპონტანური გამომეტყველება და დაქვემდებარებულობა“ ექსპერიმენტების ეს ციკლი ჩატარდა დოქტორ კარინი ლენდისის მიერ, მინესოტაში, 1924 წელს. ექსპერიმენტის მიზანი იყო სახის იმ კუნთების მუშაობის კანონზომიერებების შესწავლა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოცების გამოხატვაზე და ასევე, ამ ემოციებისთვის დამახასიათებელი მიმიკის პოვნა. ამ ესპერიმენტების მონაწილეები ლენდისის სტუდენტები იყვნენ.

მიმიკის უფრო მკაფიო გამოხატულებისთვის, ცდისპირებს სახეზე ჰქონდათ დატანილი სპეციაალური ხაზები. ამის შემდეგ, მათ აჩვენებდნენ რამეს, რასაც შეეძლო გამოეწვია ძლიერი ემოციები. ზიზღისთვის სტუდენტები ყნოსავდნენ ამიაკს, აღგზნებისთვის უყურებდნენ პორნოგრაფიულ სურათებს, სიამოვნებისთვის - უსმენდნენ მუსიკას და ა.შ. მაგრამ ყველაზე დიდი დისონანსი გამოიწვია ექპერიმენტმა, სადაც ცდისპირებს თავი უნდა მოეჭრათ ვირთხისთვის. თავიდან ბევრი მონაწილე კატეგორიულ უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც აკეთებდნენ. ექსპერიმენტის შედეგებმა არ აჩვენა ცდისპირების სახის გამომეტყველებასთან დაკავშირებული კანონზომიერება, მაგრამ სამაგიეროდ დაგვანახა, რამდენად მზად არიან ადამიანები დაექვემდებარონ ავტორიტეტების ნებას და ამ წნეხის ქვეშ გააკეთონ ის, რასაც ჩვეულებრივ პირობებში არ გააკეთებდნენ.

ცხოვრებაშიც ხომ ასეა: როდესაც ყველაფერი კარგადაა და ისე ეწყობა როგორც საჭიროა, როდესაც ყველაფერი ისე მიდის როგორც გვინდა, მაშინ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ, ჩვენი მოსაზრება გვაქვს და ვინარჩუნებთ ინდივიდუალობას. მაგრამ საკმარისია ვიღაცამ წნეხის ქვეშ მოგვაქციოს, რომ ადამიანების უმრავლესობა კარგავს საკუთარ თავს. ლენდისის ექსპერიმენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანი მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, კარგავს დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს, ნაკლებად აზროვნებს და ა.შ. სინამდვილეში არც ერთ ავტორიტეტს არ შეუძლია გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა. მითუმეტეს, თუ ამას მოსდევს ზიანის მიყენება ცოცხალი არსებებისთვის. თუ ყველა ადამიანი გააცნობიერებს ამას, დიდი ალბათობით ჩვენი სამყარო გახდება უფრო ჰუმანური და ცივილიზებული, მასში ცხოვრება კი - უფრო კომფორტული და უკეთესი.


 

albert

9. პატარა ალბერტი

ექსპერიმენტი „პატარა ალბერტი“ ჩატარდა ნიუ იორკში 1920 წელს ფსიქოლოგ ჯონ უოტსონის მიერ, რომელიც, სხვათაშორის, არის ბიჰევიორიზმის - ფსიქოლოგიის განსაკუთრებული მიმდინარეობის, დამფუძნებელი. ექსპერიმენტი ტარდებოდა იმისათვის, რომ დაედგინათ როგორ ფორმირდება შიში იმ საგნების მიმართ, რომლებიც მანამდე შიშს არ იწვევდნენ.

ცდისთვის აარჩიეს 9 თვის ბიჭი სახელად ალბერტი. რაღაც დროის განმავლობაში მას აჩვენებდნენ თეთრ ვირთხას, ბაჭიას, ბამბას და სხვა თეთრ საგნებს. ბიჭი ეთამაშებოდა ვირთხას და მიეჩვია მას. ამის შემდეგ, როდესაც ბავშვი იწყებდა თამაშს ექიმი ჩაქუჩის მეტალზე დარტყმით იწვევდა მასში ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბიჭმა დაიწყო ვირთხასთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხოლო კიდევ უფრო გვიან, ვირთხის და სხვა თეთრი საგნების დანახვისას ტირილს იწყებდა. ექსპერიმენტის დასასრულს, გამოითქვა მოსაზრება, რომ შიშები ადამიანს უყალიბდება ძალიან ადრეულ ასაკში და შემდეგ უნარჩუნდება მთელი ცხოვრება. ალბერტს რაც შეეხება, მისთვის აუხსნელი თეთრი ვირთხის შიში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა.

ამ ექპერიმენტის შედეგები, პირველ რიგში, გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოველი დეტალისთვის ყურადღების მიქცევა ბავშვის აღზრდის პროცესში. რაღაც, რაც უმნიშვნელოდ მოგვეჩვენა და გამოგვრჩა თვალთახედვის არიდან, შეიძლება უცნაური ფორმით აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე და გადაიზარდოს ფობიაში ან შიშში. ბავშვების აღზრდისას, მშობლები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით, აკვირდებოდნენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა და ბავშვების რეაგირებას ამაზე. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინრე, რაც უკვე ვიცით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, გავიაზროთ და ვიმუშავოთ ჩვენს შიშებზე, რომელთაც ახსნას ვერ ვუძებნით. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რისიც უსაფუძვლოდ გვეშინია ბავშვობიდან მოგვყვება. და რა სასიამოვნო შეიძლება იყოს განთავისუფლება შიშებისგან, რომლებიც გვაწვალებდნენ ან უბრალოდ თავს გვაბეზრებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში?


 

sad dog

10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა

შეძენილ უუნარობას უწოდებენ ისეთ ფსიქიკურ კონდიციას, როდესაც ადამიანი არ აკეთებს აბსოლუტურად არაფერს იმისათვის, რომ როგორმე გამოასწოროს თავისი მდგომარეობა, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი. ეს მდგომარეობა ჩნდება ხოლმე გარემოს ნეგატიურ ზეგავლენაზე რეაგირების რამედენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. შედეგად ადამიანი უარს ამბობს ყველა ქმედებაზე რომელიც მიმართულია დამანგრეველი გარემოს ცვლილებისა ან განრიდებისკენ. იკარგება თავისუფლების შეგრძნება და საკუთარი ძალების რწმენა. ჩნდება დეპრესია და აპათია.

პირველად ეს ფენომენი 1966 წელს აღმოაჩინა ორმა ფსიქოლოგმა: მარტინ სელიგმანმა და სტივ მაიერმა. მათ ჩაატარეს ცდა ძაღლებზე. ძაღლები გაყვეს სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფის ძაღლები ცოტა ხანს ისხდნენ გალიებში და შემდეგ განთავისუფლდნენ. მეორე ჯგუფის ძაღლებზე ზემოქმედებდნენ დენის მცირე დარტყმებით, მაგრამ აძლებდნენ მათ საშუალებას გამოერთოთ ელექტრობა ბერკეტზე თათის დაჭერით. მესამე ჯგუფი იყო იგივე ზემოქმედების ქვეშ ოღონდ თავის დაღწევის საშულების გარეშე. გარკვეული დროის შემდეგ ეს ძაღლები გადაიყვანეს სპეციალურ ვოლიერში, საიდანაც მარტივი იყო თავის დაღწევა უბრალოდ კედელზე გადახტომით. ამ ვოლიერშიც იყვნენ ძაღლები დენის დარტყმების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ადგილზე რჩებოდნენ. ამან აჩვენა მეცნიერებს, რომ ძაღლებს განუვითარდათ „შეძენილი უუნარობა“. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უძლურნი არიან გარემოს ზემოქმედების წინააღმდეგ. მოგვიანებით, მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ადამიანის ფსიქიკაც ანალოგიურად იქცევა რამდენიმე წარუმატებლობის შემთხვევაში. მაგრამ ღირდა ძაღლების წამება იმად, რომ გაგვეგო ის, რაც ისედაც ყველამ დიდი ხანია ვიცით?

ალბათ ბევრ ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს იმის დამადასტურებელი მაგალითი, რაც დაამტკიცეს მეცნიერებმა მოცემული ექსპერიმენტით. ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებაში წარუმატებლობების პერიოდი, როდესაც გგონია, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის განწყობილი. ეს არის მომენტები, როდესაც ნებდები, გინდა ყველაფერს შეეშვა, შეწყვიტო შენთვისა და შენი ახლობლებისთვის უფრო კარგზე ფიქრი. სწორედ ეს მომენტები გვეხმარება გამობრძმედაში და უფრო ძლიერს გვხდის. ზოგიერთები ამბობენ, რომ ამით ცხოვრება გვცდის. და თუ ამ ტესტს სიამაყით თავაწეული გავივლით, ბედიც გაგვიღიმებს. იმ შემთვევაშიც კი, თუ არ გჯერათ ასეთი რაღაცების, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ვერ იქნებით ყოველთვის კარგად ან ყოველთვის ცუდად, ერთი მეორეს ყოველთვის ცვლის. არასდროს დახაროთ თავი და არ უღალატოთ თქვენს ოცნებებს, ისინი ამას არ გაპატიებენ. ცხოვრების რთულ მომენტებში გახსოვდეთ, რომ ყველა სიტუაციიდან არის გამოსავალი და ყოველთვის შეიძლება „გადაახტე ვოლიერის კედელს“, ყველაზე უკუნი სიბნელე კი განთიადის წინ არის.


 

david

11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

ეს ექპერმენტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე არაადამიანურად ისტორიაში. ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტარდებოდა 1965-2004 წლებში ბალტიმორში (აშშ). 1965 წელს იქ დაიბადა ბიჭი სახელად ბრიუს რეიმერი, რომელსაც წინადაცვეთისას ექიმებმა დაუზიანეს პენისი. გაურკვევლობაში მყოფმა მშობლებმა რჩევისთვის მიმართეს ფსიქოლოგ ჯონ მანის და მან „ურჩია“ უბრალოდ შეეცვალათ ბავშვის სქესი და აღეზარდათ როგორც გოგონა. მშობლებმა გაითვალისწინეს ეს „რჩევა“, თანხმობა განაცხადეს სქესის შეცვლის ოპერაციაზე და დაიწყეს ბრიუსის მაგივრად ბრენდას აღზრდა. სინამდვილეში, მანის დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა დაემტკიცებინა, რომ გენდერული კუთვნილება განპირობებულია აღზრდით და არა ბუნებით. ბრიუსი გახდა მისი ცდისპირი.

მიუხედავად იმისა, რომ მანი თავის ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ ბავშვი სრულფასოვან გოგონად იზრდება, მშობლები და სკოლის მასწავლებლები, პირიქით, ირწმუნებოდნენ, რომ ბავშვი ბიჭის ხასიათის ყველა თავისებურებას ამჟღავნებს. ბავშვიც და მშობლებიც განიცდიდნენ უდიდეს სტრესს წლების განმავლობაში. რამდენიმე წლის შემდეგ ბრიუს-ბრენდამ მაინც გადაწვიტა გამხდარიყო კაცი: შეიცვალა სახელი და გახდა დევიდი, შეიცვალა იმიჯი და გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია კაცის ფიზიოლოგიასთან „დასაბრუნებლად“. მან ოჯახიც შექმნა და იშვილა თავისი მეუღლის შვილები. მაგრამ 2004 წელს, მეუღლესთან დაშორების შემდგომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მხოლოდ 38 წლის იყო.


 

დასკვნა

რა შეგიძლია ვთქვათ ამ „ექსპერიმენტის“ შესახებ ისეთი, რასაც გავითვალისწინებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში? ალბათ მხოლოდ ის, რომ ადამიანი იბადება გარკვეული თვისებების და წინასწარგანწყობების ნაკრებით,რომლებიც განპირობებულია გენეტიკური ინფორმაციით. საბედნიეროდ არც თუ ისე ბევრი ადამიანი ცდილობს გადააკეთოს ბიჭი გოგოდ და პირიქით. მაგრამ აღზრდის პროცესში ზოგიერთ მშობელს თითქოს არ უნდა თავისი შვილის ხასიათის თავისებურებებისა და მისი პიროვნების შემჩნევა. მათ უნდათ „გამოძერწონ“ ბავშვი თითქოს პლასტელინისგან - გაზარდონ ისეთად, როგორიც მათ უნდათ რომ იყოს და ამავე დროს უგულებელყოფენ მის ინდივიდუალიზმს. და ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ზრდასრულ ასაკში გრძნობს არარეალიზებულობას, ყოფის ამაოებას, ვერ იღებენ სიამოვნებას ცხოვრებისგან. მცირე განმტკიცდება უფრო მნიშვნელოვანით და ნებისმიერი ჩვენი გავლენა ბავშვებზე აისახება მათ მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ სასურველია ვიყოთ უფრო ყურადღებიანები ბავშვების მიმართ და გავაცნობიეროთ, რომ თითოეულ ადამიანს, ყველაზე პატარასაც კი, აქვს თავისი გზა და ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ მას ამ გზის პოვნაში.

მსგავსი სტატიები

ნახევარ გამტარი


ერთი შეხედვით თითქოს ადამიანები განსხვავებულები ე.წ ინდივიდუალურ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

ემოციური მიჯაჭვულობა


ემოციური მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას მიმართ, მშობლის, მეგობრის, შეყვა...

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff