რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

ავტორი: Admin
0
(0)

რუდოლფ შტაინერი

მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე და მისი დამოკიდებულება თანამედროვე მსოფლმხედველობის მიმართ

მთარგმნელი: გიორგი დოლიძე

შესავალი

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაში ყოველ ჯერზე ახლებურად მოქმედებენ. საბერძნეთში ასეთ ფორმულად ითვლებოდა აპოლონის გამონათქვამი. ეს არის: „შეიცანი თავი შენი.“

ასეთი ფრაზები საკუთარ თავში თითქოს უსასრულო სიცოცხლეს მოიცავენ. მათ შეხვდები, როდესაც სულიერი ცხოვრების განსხვავებულ გზებზე მოგზაურობ. რაც უფრო წინ მიდიხარ, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით საგნების შემეცნებას, მით უფრო ღრმად გაცხადდება ამ ფორმულების აზრი. ჩვენი აზროვნებისა და ფიქრის ზოგიერთ წამში ისინი ელვისებურად გაანათებენ, ნათელს მოჰფენენ მთელს ჩვენს შინაგან ცხოვრებას. ასეთ წამებში ჩვენში ცოცხლდება შეგრძნება იმისა, რომ ჩვენ კაცობრიობის განვითარების გულისცემა გვესმის. რამდენად ახლოს ვგრძნობთ წარსულის პიროვნებებს, როდესაც მათი რომელიმე გამონათქვამი გვაგრძნობინებს: ისინი გვიცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ ასეთი წამები! ამ პიროვნებებთან ჩვენ მჭიდრო კავშირს ვგრძნობთ.

მაგალითად, ჩვენ ახლოს ვეცნობით ჰეგელს, როდესაც მისი „ფილოსოფიის ისტორიის შესახებ ლექციების“ მესამე ტომში ვაწყდებით ასეთ სიტყვებს: „რა სისულელეა - გვეუბნებიან - აბსტრაქციები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, როდესაც ჩვენს კაბინეტში ფილოსოფოსებს ერთმანეთს ვაკამათებთ და ვაპირისპირებთ და ასე თუ ისე ვწყვეტთ მათ, რა ცარიელი სიტყვებია ეს აბსტრაქციები. - არა! არა! ეს სამყაროს სულის, შესაბამისად ბედისწერის ქმედებებია. ამასთან, ფილოსოფოსები უფრო ახლოს არიან უფალთან, ვიდრე ისინი, ვინც სულის ნამცეცებით იკვებებიან; ისინი კითხულობენ და წერენ უმაღლეს მითითებებს პირდაპირ ორიგინალში: ისინი მოწოდებულნი არიან მათ დაწერაში მიიღონ მონაწილეობა. ფილოსოფოსები არიან მისტები, რომლებიც გამოღვიძებისას უღრმეს საკურთხეველში იმყოფებიან.“ როდესაც ჰეგელმა ეს თქვა, იგი განიცდიდა ზემოთ აღწერილ წამებს. მან თქვა ეს ფრაზები, როდესაც ასრულებდა ბერძნული ფილოსოფიის მიმოხილვას. და ამით მან აჩვენა, რომ მას გამოუბრწყინდა ნეოპლატონური სიბრძნის საზრისი, რომელზეც იგი საუბრობს. ამ გამონათების წამში ის ახლოს იდგა ისეთ სულებთან, როგორებიც არიან პლოტინი, პროკლე. და ჩვენც ვუახლოვდებით მას, როდესაც მის სიტყვებს ვკითხულობთ.

და ვუახლოვდებით მარტოსულ მოაზროვნეს, მღვდელს ჩოპაუდან, ვალენტინუს ვიგელიუსს (ვალენტინ ვაიგელი), როდესაც მის მიერ 1578 წელს დაწერილი პატარა წიგნის „შეიცანი თავი შენი“ შესავალში ვკითხულობთ: „ძველი დროის ბრძენ ადამიანებთან ჩვენ ვკითხულობთ ამ საჭირო გამონათქვამს „შეიცანი თავი შენი“, რომელიც საერო ცხოვრებაში (ჩვეულებრივ) გამოიყენება, შემდეგი აზრით: შეხედე საკუთარ თავს, რა ხარ, ჩაიხედე საკუთარ გულში, შენ თვითონ გააკეთე დასკვნები საკუთარ თავზე და ნუ განსჯი სხვებს. მე ვამბობ: თუმცაეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, გამოთქმა „შეიცანი თავი შენი“ შეესაბამება მთელი ადამიანის ბუნებრივ და ზებუნებრივ შემეცნებას, რათა ადამიანმა არა მხოლოდ დაინახოს საკუთარი თავი და ახსოვდეს როგორ მოიქცეს ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოებასთან ურთიერთობაში, არამედ რათა შეიმეცნოს საკუთარი ბუნება, გარეგანად და შინაგანად, სულითა და ბუნებით; საიდან მოდის და რისგან არის იგი შექმნილი და განკუთვნილი.“ ვალენტინ ვაიგელი, თავისი შეხედულებიდან გამომდინარე, მივიდა იმის შემეცნებამდე, რასაც მისთვის მოიაზრებს აპოლონის გამონათქვამი.

ღრმად მოაზროვნე სულების მთელს წყებას, რომელიც მაისტერ ეკჰარტიიდან (1250-1327) მოყოლებული ანგელუს სილეზიუსით (1624-1677) მთავრდება და რომელსაც ეკუთვნის ვალენტინ ვაიგელიც, შეიძლება მიესადაგოს შემეცნების მსგავსი გზა და დამოკიდებულება ფრაზისადმი - „შეიმეცნე თავი შენი“.

ამ სულებისთვის საერთო არის ძლიერი შეგრნება იმისა, რომ ადამიანის თვითშემეცნებისას ამობრწყინდება მზე, რომელიც კიდევ სხვა რამეს აშუქებს, ვიდრე შემთხვევითი, განცალკევებული დამკვირვებლის პიროვნებას. ის, რაც სპინოზას ცნობიერებას გაეხსნა წმინდა აზროვნების ეთერულ მწვერვალებზე, კერძოდ, რომ „ადამიანის სამშვინველი ფლობს საკმარის შემეცნებას ღვთის მარადიული და უსასრულო არსებისა“, ცოცხლობდა მასში როგორც უშუალო შეგრძნება; და თვითშემეცნება იყო მათთვის გზა ამ მარადიულ და უსასრულო არსებასთან მისასვლელად. მათთვის ცხადი იყო, რომ თვითშემეცნება, თავისი ჭეშმარიტი სახით, ამდიდრებს ადამიანს ახალი აზრით, რომელიც მას მას უხსნის ახალ სამყაროს და ეს სამყარო მის გარეშე ისევე მიუწვდომელია, როგორც ფიზიკურად თვალხილულის სამყარო - უსინათლოსთვის.

რთულია ამ შეგრძნების მნიშვნელობის უკეთ ახსნა, ვიდრე ეს ი.გ. ფიხტემ თავის ბერლინურ ლექციებში, 1813 წელს, მოგვცა. „წარმოიდგინეთ სამყარო უსინათლოდ შობილთა, ვისთვისაც მხოლოდ ის საგნები და დამოკიდებულებები არსებობს, რომელთა არსებობა შეხებისას შეიგრძნობა. მიდით მათთან და ესაუბრეთ მათ ფერებისა და სხვა დამოკიდებულებათა შესახებ, რომლებიც მხედველობისთვის მხოლოდ სინათლის წყალობით არსებობენ. თქვენ მათ ესაუბრებით არარსებულის შესახებ, და ეს ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ისინი ამაში გამოგიტყდებიან. რადგან მაშინ მალე მიხვდებით თქვენს შეცდომას და თუ ვერ აუხელთ თვალებს მათ, შეწყვეტთ უსარგებლო საუბარს.

ან ისინი მოისურვებენ გარკვეული საფუძვლის გამო თქვენი სწავლება გაიგონ; მაშინ ისინი მას გაიგებენ მხოლოდ შეხებით შეგრძნებიდან გამომდინარე; ისინი მოისურვებენ შეეხონ სინათლეს და სხვა დამოკიდებულებებს, რომელთა შეგრძნებისთვის მხედველობაა საჭირო, იფიქრებენ, რომ ეხებიან მათ, შეხებით შეგრძნების ფარგლებში გამოიგონებენ და მოიტყუებენ თავს იმის შესახებ, რასაც ფერს უწოდებენ. მაგრამ ეს იქნება არასწორი გაგება, დამახინჯება, მცდარი განმარტება.“

მსგავსი რამ შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რისკენაც ზემოთ ხსენებული სულები ისწრაფვოდნენ. თვითშემეცნებაში ისინი ახალ შეგრძნების გაშლას ხედავდნენ. და ეს გრძნობები, როგორც ისინი აღიქვამდნენ, გადმოსცემს ხედვას, რომელის მიუწვდომელია მათთვის, ვინც თვითშემეცნებაში ვერ ხედავს, თუ რით განსხვავდება ეს შემეცნების სხვა სახეობებისგან. ვისაც ეს შეგრძნება არ გამოეცხადა, მას სჯერა, რომ თვითშემეცნება მოდის, როგორც გარეგანი შეგრძნებითა და საშუალებებით მოსული შემეცნება. ის ფიქრობს: „შემეცნება არის შემეცნება“. პირველ შემთხვევაში მისი ობიექტი არის რაიმე, რაც არსებობს გარესამყაროში, ხოლო სხვა შემთხვევაში კი ეს საკუთარი სამშვინველია. მას ესმის სიტყვები, უკეთეს შემთხვევაში აბსტრაქტული აზრები, რაც უფრო ღრმად მჭვრეტელისათვის შინაგანი ცხოვრების საფუძველია; კერძოდ, შემეცნების ყველა სხვა შემთხვევაში საგანი ჩვენს გარეთ გვაქვს, ხოლო თვითშემეცნებისას ჩენ თვითონ ვიმყოფებით ამ საგანში, რომ სხვა დანარჩენ საგნებს როგორც მზა, დასრულებულ მოცემულობას ვხედავთ, როდესაც საკუთარ თავში განჭვრეტილს ჩვენ თვითონ ქმედითად, შემოქმედებითად ვადგენთ. ეს შეიძლება ჩანდეს როგორც ცარიელი სიტყვიერი განმარტება, ტრივიალური; მაგრამ შესაძლებელია ამის სწორად გაგებაც, როგორც უმაღლესი ნათელხილვა, რომელიც ყოველ სხვა სახის შემეცნებას ახლებურად ანათებს. ვინც ამას პირველი შემთხვევის მსგავსად იგებს, უსინათლოს მდგომარეობაშია, რომელსაც ეუბნებიან: აი, ელვარე საგანი. მას ესმის სიტყვები, მაგრამ ბრწყინვალება მისთვის არ არის. შეიძლება მთელი ეპოქის ცოდნის ჯამი გააერთიანო საკუთარ თავში, მაგრამ თუ ვერ აცნობიერებ თვითშემეცნების მნიშვნელობას, უმაღლესი ხედვით, მთელი ეს ცოდნა ბრმაა.

ჩვენგან დამოუკიდებელი სამყარო ცოცხლობს ჩვენთვის იმით, რომ იგი ჩვენს სულს ეხმიანება. ის, რაც ჩვენ მოგვეწოდება, უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენთვის დამახასიათებელ ენაზე. წიგნი, რომელიც გადმოცემულია ჩვენთვის გაუგებარ ენაზე, ჩვენთვის უმნიშვნელო იქნებოდა. ასეთივე უმნიშვნელო იქნებოდა ჩვენთვის სამყარო, რომ არ ესაუბრა მას ჩვენთან ჩვენს ენაზე. ენა, რომელიც საგნებიდან ჩვენამდე მოდის, აღიქმება ჩვენს მიერ ჩვენივე არსებიდან. ჩვენ ვართ ისინი, ვინც საუბრობენ. საქმე ის არის, რომ ჩვენ სწორად დავუგდოთ ყური განხორციელებას (die Verwandlung), რომელიც შემოდის, როდესაც ვკეტავთ ჩვენს აღქმას გარშემო არსებული საგნებისთვის და ვუსმენთ მხოლოდ იმას, რაც ისევ ჩვენი არსებიდან ისმის. ამისთვის არის საჭირო ახალი შეგრძნება. თუ ის არ გაიღვიძებს, ჩვენს შესახებ შეტყობინებას მივიღებთ კვლავ როგორც ჩვენს გარეთ არსებულ საგანზე. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცა სადღაც არის დამალული, რაც ჩვენ გვესაუბრება გარშემო არსებული საგნებივით. მაგრამ როგორც კი შევიძენთ ახალ შეგრძნებას, გვეცოდინება, რომ მისი აღქმა არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც გარეგან საგნებს ეხება. მაშინ ვიცით, რომ ეს შეგრძნება აღქმის ობიექტსთავის გარეთ კი არ ტოვებს, როგორც თვალი ტოვებს გარეთ მის მიერ დანახულ საგანს, არამედ მას სრულად მოიცავს საკუთარ თავში. როდესაც ვხედავ რაიმე საგანს, ის ჩემს გარეთ რჩება. როდესაც აღვიქვამ საკუთარ თავს, თავად მე შევდივარ საკუთარ აღქმაში. ვინც აღქმულის გარდა კიდევ სხვა რამეს ეძებს, თავის კუთვნილს, ამით აჩვენებს, რომ შემეცნებაში მას არ გაეხსნა მისი ნამდვილი შემადგენლობა. იოჰანეს ტაულერმა (1300-1361) ეს ჭეშმარიტება ზუსტად გამოთქვა სიტყვებში:

„მე რომ მეფე ვიყო და ამის შესახებ არ ვიცოდე, არ ვიქნებოდი მეფე. თუ ჩემი თავის აღქმაში არ გავიხსნები, ჩემთვის მე არ ვარსებობ. მე რომ ჩემთვის თვალსაჩინო გავხდე, ჩემს აღქმაში მექნება საკუთარი თავი თავდაპირველი არსით. არ დარჩებოდა რაიმე ჩემს შესახებ ჩემი აღქმის მიღმა“. ი.გ. ფიხტე შემდეგი სიტყვებით ენერგიულად ხსნის სხვაობას თვითშემეცნებასა და ყველა სხვა სახის შემეცნებას შორის:“ადამიანთა უმრავლესობა უფრო ადვილად დაიჯერებს, რომ ისინი არიან მთვარეზე არსებული ლავა, ვიდრე „მე“. ვინც ამის შესახებ საკუთარ თავში ვერ გარკვეულა, მას არ ესმის ფილოსოფიის საფუძველი, და არც ესაჭიროება იგი. ბუნება, რომლის მანქანაც იგი არის, მისი ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე თავად მართავს მას ყველა საქმეში, რომელიც მან უნდა შეასრულოს. სიბრძნისმეტყველებას უკავშირდება დამოუკიდებლობა: და მხოლოდ ადამიანს შეუძლია ამის მიცემა საკუთარი თავისთვის. ჩვენ არ უნდა გვინდოდეს თვალების გარეშე ხედვა; მაგრამ არ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ხედავს თვალი.“

აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის აღქმა არის ამავე დროს საკუთარი „მე“-ს გაღვიძება. ჩვენს შემეცნებაში საგნების არსს ვაბამთ ჩვენს საკუთარ არსს. ის, რასაც გადმოგვცემენ საგნები ჩვენს ენაზე, ჩვენი „მე“-ს წევრები ხდებიან. საგანი, რომელიც ჩემს წინ დგას, აღარ არის ჩემგან განცალკევებული, თუ მე ის შევიცანი. ის, რისი მიღებაც მისგან შემიძლია, ხდება ჩემი არსების შემადგენელ ნაწილად. როდესაც ვაღვიძებ ჩემს საკუთარ „მე“-ს, აღვიქვამ ჩემს შინაგან შემადგენლობას, შემდეგ ვაღვიძებ უმაღლეს ყოფიერებაში იმასაც, რაც ჩემი არსების წევრად გარედან ვაქციე. ნათელი, რომელიც იღვრება ჩემზე გამოღვიძების დროს, გადმოდის ასევე იმაზე, რაც სამყაროს საგნებიდან ჩემში გავითავისე. ნათელი შემოიჭრება ჩემში და მასხივოსნებს მე, და ჩემთან ერთად ყველაფერს, რასაც მე სამყაროსგან შევიმეცნებ. რაც არ უნდა შევიმეცნო, ყველაფერი ბრმა ცოდნა იქნება, თუ მას ეს ნათელი არ მოეფინება. მე შემიძლია შემეცნებით მოვიცვა მთელი სამყარო: ის არ იქნებოდა იმგვარი, რაც ჩემში უნდა გახდეს, თუ შემეცნება ჩემში არ გაღვიძებულა უმაღლესი ყოფიერებისთვის.

რაც ამ გამოღვიძებით საგნებთან მიმაქვს, არ არის ახალი იდეა, არ არის ჩემი ცოდნის შინაარსობრივი გამდიდრება; ეს არის ცოდნის, შემეცნების ამაღლება უფრო მაღალ საფეხურზე, რომელზეც ყველა საგანს ახალი ბრწყინვალება ეძლევა. სანამ შემეცნებას ამ საფეხურზე არ ავიყვან, მთელი ჩემი ცოდნა უმაღლესი გაგებით არ იქნება რაიმე ფასის მქონე. საგნები ჩემს გარეშეც არსებობენ. ისინი თავიანთ ყოფიერებას საკუთარ თავში ატარებენ. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მათ ყოფიერებას, რომელიც ჩემს გარეშეც აქვთ, მე კიდევ სულიერ ყოფიერებას მივაბამ, რომელიც ჩემში საგნებს იმეორებს? ეს რომ საგნების ცარიელი გამეორება იყოს, ამის შესრულება იქნებოდა აზრს მოკლებული.

მაგრამ ცარიელი გამეორება იქნება, სანამ მე ჩემს საკუთარ „მე“-სთან ერთად არ გავაღვიძებ ჩემში მიღებული საგნების სულიერ შინაარსს, უმაღლესი ყოფიერებისათვის. როდესაც ეს მოხდება, მე ჩემში საგანთა არსს კი აღარ ვიმეორებ, არამედ მას უფრო მაღალ საფეხურზე ხელახლა ვშობ. ჩემი „მე“-ს გამოღვიძება იწვევს სამყაროში არსებულ საგანთა სულიერ აღორძინებას.რასაც საგნები ამ აღორძინებისას ამჟღავნებენ, ადრე მათ ეს არ გააჩნდათ. აი, გარეთ დგას ხე. მე მას აღვიქვამ ჩემს სულში. მე მოვფენ ჩემს შინაგან ნათელს მასზე, რასაც მოვიცავ. ხე ჩემში ხდება უფრო მეტი, ვიდრე ის, რომელიც გარეთ დგას. ის, რაც მისგან შეგრძნებათა კარიბჭეთი შემოდის, იქცევა ერთგვარ სულიერ შემადგენლობად. ხის იდეალური საპირისპირო სახე არის ჩემში. ეს ხის შესახებ უსასრულოდ ბევრს ამბობს, რასაც მე გარეთ მდგომი ხე ვერ მეტყვის. მხოლოდ ჩემგან ანათებს ხეს, რაც არის იგი. ახლა ხე აღარ არის ცალკე მყოფი არსება, რომელიც გარეთ სივრცეშია. ის წევრია მთელი სულიერი სამყაროსი, რომელიც ჩემში ცოცხლობს. თავის შინაარსს იგი აკავშირებს სხვა იდეებთან, რომლებიც ჩემშია. ის ხდება წევრი იდეათა მთელი სამყაროსი, რომელიც მცენარეთა სამყაროს მოიცავს; ის წევრიანდება ყოველი ცოცხალი არსების რიგში.

სხვა მაგალითი: მე ვისვრი ქვას ჩემგან ჰორიზონტალური მიმართულებით. ის მოძრაობს მოხრილ ხაზზე და გარკვეული დროის შემდეგ ეცემა ძირს. მე მას ვხედავ ერთმანეთის მიმდევრობით სხვადასხვა დროის წერტილში სხვადასხვა ადგილზე. ჩემი დაკვირვებით აღმოვაჩენ შემდეგს: ქვა თავისი მოძრაობის დროს იმყოფება სხვადასხვა ზეგავლენის ქვეშ. ის რომ მხოლოდ სროლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, რომელიც მე მასზე მოვახდინე, იმოძრავებდა მუდამ სწორ ხაზზე და არ შეიცვლიდა თავის სიჩქარეს. მაგრამ ამჯერად დედამიწა ახდენს მასზე გავლენას. ის იზიდავს მას. რომ არ მესროლა იგი და უბრალოდ ხელი გამეშვა მისთვის, მოწყვეტით მიწაზე დავარდებოდა. ამასთან, მისი სიჩქარე თანდათან მოიმატებდა. ამ ორი ზეგავლენის მონაცვლეობითი მოქმედებით ხდება ის, რასაც მე სინამდვილეში ვხედავ.

დავუშვათ, რომ მე არ შემეძლო ორივე ზეგავლენა აზრობრივად გამეცალკევებინა ერთმანეთისგან, და მათი კანონზომიერი კავშირით აზრობრივად ჩამერთო, რასაც ვხედავ: მაშინ შემოვიფარგლებოდი მხოლოდ იმით, რასაც ვხედავ. ეს იქნებოდა სულიერად ბრმა მზერა, ხედვა ერთმანეთის მიყოლებით არსებული მდგომარეობებისა, რომელსაც იცვლის ქვა. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ეს არ ხდება. მთელი მოქმედება ორჯერ სრულდება. ერთხელ გარეთ; და ამას ჩემი თვალი ხედავს; შემდეგ ჩემი სული მთელს მოქმედებას მეორედ ასრულებს, სულიერად. სულიერ ქმედებაზე, რომელსაც ჩემი თვალი ვერ ხედავს, უნდა მივმართო ჩემი შინაგანი შეგრძნება, მაშინ მას ეხსნება, რომ მე საკუთარი ძალით ვაღვიძებ მას, როგორც სულიერ ქმედებას.

კვლავ შეგვიძლია მოვიხმოთ ი.გ. ფიხტეს გამონათქვამი, რომელიც ამ შემთხვევას ნათლად ხსნის. „ახალი შეგრძნება არის შეგრძნება სულისათვის; ის, რომლისთვისაც მხოლოდ სული არსებობს და სხვა არაფერი, და რომლისთვისაც სხვა, მოცემული ყოფიერება იღებს სულის ფორმას, და გადაიქცევა სულად; მისთვის ყოფიერება თავისი ფორმით სინამდვილეში გაქრა... ამ შეგრძნებით ხედავენ ადამიანები მას შემდეგ, რაც ადამიანები არსებობენ, და ყოველივე დიდებული და მშვენიერი, რაც ამ სამყაროში არის, და რომელიც მხოლოდ კაცობრიობას ასულდგმულებს, ამ შეგრძნებიდან მოდის. მაგრამ ამ შეგრძნებას რომ საკუთარი თავი დაენახა სხვა ჩვეულებრივ შეგრძნებასთან სხვაობასა და წინააღმდეგობაში, არ ყოფილა. ორივე შეგრძნებათა შთაბეჭდილებები შეერთდებოდნენ, ცხოვრება იყოფოდა შემაერთებელი რგოლის გარეშე ორ ნაწილად.“

შემაერთებელი რგოლი იქმნება იმით, რომ შინაგანი შეგრძნება წვდება მის სულიერებაში იმ სულიერს, რომელსაც ის გამოაღვიძებს გარესამყაროსთან ურთიერთობის დროს. ამრიგად, ის, რასაც ჩვენს სულში ვიღებთ საგნებისგან, წყვეტს იმ გამეორებას, რომელსაც მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს არის ახალი რამე იმასთან შედარებით, რისი მოცემაც მხოლოდ გარეგნულ აღქმას შეუძლია. ქვის სროლის პროცესი და ჩემს მიერ ამ პროცესის აღქმა ცხადდება უფრო მაღალ სინათლეში, როდესაც ნათლად ვხვდები, თუ რა დანიშნულება აქვს ჩემს შინაგან შეგრძნებას მთელს საგანთან.

ორივე ზეგავლენისა და მათი მოქმედების სახეობის აზრობრივად შეთანხმებისათვის საჭიროა სულიერი შემადგენლობის ჯამი, რომელიც მე უნდა ამეთვისებინა გასროლილი ქვის აღქმისას. ამრიგად, მე ვიყენებ ჩემს დაგროვილ სულიერ შემადგენლობას რაღაცის მიმართ, რაც მხვდება გარესამყაროში. და გარესამყაროს ეს პროცესი ერთვება უკვე არსებულ სულიერ შემადგენლობაში. ის საკუთარი თვისებით აღმოჩნდება ამ შემადგენლობის გამოხატულება. ჩემი შინაგანი შეგრძნების გაგებით მე განმეცხადება, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ შეგრძნების შემადგენლობას გარესამყაროს საგნებთან. ფიხტეს შეეძლო ეთქვა, რომ ამ შეგრძნების გაგების გარეშე სამყარო ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა: ჩემს გარეთ არსებულ საგნებად და ამ საგნების ხატებად ჩემში. ორივე ნახევარი ერთიანდება, როდესაც შინაგანი შეგრძნება იგებს საკუთარ თავს, და ამით მისთვის ცხადი ხდება, რა ნათელს მოჰფენს იგი საგნებს შემეცნების პროცესში. და ფიხტეს შეეძლო ასევე ეთქვა, რომ ეს შინაგანი შეგრძნება მხოლოდ სულს ხედავს. რადგან ის ხედავს, თუ როგორ აშუქებს სული შეგრძნებათა სამყაროს და ამით მას სულიერ სამყაროში შეიყვანს. შინაგანი შეგრძნება აღადგენს გარეგან გრძნობად ყოფიერებას საკუთარ თავში, როგორც სულიერ არსს, უფრო მაღალ საფეხურზე. გარეთ არსებული საგანი სრულად არის შეცნობილი, თუ მასში არ არის ნაწილი, რომელმაც არ განიცადა ამრიგად სულიერი აღორძინება. ყოველი გარეთ არსებული საგანი ამგვარად ხდება ნაწილი სულიერი შემადგენლობისა, რომელიც, როდესაც აღქმულია შინაგანი შეგრძნებით, იზიარებს თვითშემეცნების ბედს. სულიერი შემადგენლობა, რომელიც საგანს ეკუთვნის, შინაგანი გასხივოსნებით, ისევე როგორც ჩვენი „მე“, სრულად იღვრება იდეათა სამყაროში.

ეს მსჯელობები არ შეიცავენ არაფერს, რაც ლოგიკურ დასაბუთებას ექვემდებარება ან საჭიროებს მას. ეს სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი გამოცდილების შედეგი. ვინც ამ შემადგენლობას უარყოფს, აჩვენებს მხოლოდ, რომ მას ეს შინაგანი გამოცდილება აკლია. მასთან კამათი არ შეიძლება; ისევე, როგორც ბრმასთან არ შეიძლება ფერებზე კამათი. - მაგრამ არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ამ შინაგანი გამოცდილების გამომუშავება მხოლოდ მცირე რაოდენობის რჩეულთათვის არის შესაძლებელი, მათი ნიჭიერების წყალობით. ეს არის საყოველთაო ადამიანური უნარი. ყველას, ვინც თავად არ შეიზღუდება მის წინაშე, შეუძლია მისკენ მიმავალ გზას დაადგეს. ეს შეზღუდვა ხშირად გვხვდება. და ამ მიმართულებით გამოთქმული წინააღმდეგობის დროს ყოველთვის არის შეგრძნება: საქმე ის კი არ არის, რომ შინაგანი გამოცდილების მიღწევა შეუძლებელია, არამედ ის, რომ მისკენ მიმავალ გზას კეტავენ ყოველგვარი ლოგიკური ხლართებით. ეს იგივეა, რომ ვინმემ ტელესკოპით ახალი პლანეტა დაინახოს და მისი არსებობა უარყოს, რადგან მისმა გამოთვლამ აჩვენა, რომ ამ ადგილზე არავითარი პლანეტა არ უნდა იყოს.

ადამიანთა უმრავლესობაში გამოხატულია აშკარა შეგრძნება იმისა, რომ იმით, რასაც გარეგანი შეგრძნებითა და დანაწევრებული ცნობიერებით შეიმეცნებენ, ვერ ამოწურავს ყოველივეს, რაც საგანთა არსში დევს. მათ სჯერათ, რომ დარჩენილი იმყოფება გარესამყაროში ისევე, როგორც თავად საგნები, რომლებსაც გარეგნულად აღვიქვამთ. ისინი თვლიან, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა, რაც შემეცნებისთვის უცნობი რჩება. ამით ისინი უნდა მიხვდნენ, რომ აღქმული და გონებით მოცული საგანი შინაგანი შეგრძნებით უფრო მაღალ საფეხურზე კიდევ ერთხელ უნდა იყოს განცდილი, ამას ისინი შემოიტანენ გარესამყაროში, როგორც მიუწვდომელს, უცნობს. შემდეგ ისინი საუბრობენ შემეცნების საზღვრებზე, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას გავიგოთ „საგანი თავისთავად“. ისინი საუბრობენ საგანთა უცნობ „არსზე“, რომ ეს საგანთა „არსი“ იხსნება, როდესაც შინაგანი შეგრძნება საგნებზე თავის ნათელს მოჰფენს, ამის აღიარება მათ არ სურთ.აქ დაფარული ცდომილების განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითია ცნობილი „Ignorabimus“, ბუნებისმეტყველ დიუ ბუა-რეიმონის 1876 წელს წარმოთქმული სიტყვა. მისი თქმით, ჩვენ ყველგან შეგვიძლია მხოლოდ იქამდე წვდომა, სანამ ბუნების პროცესებში „მატერიის“ გამოვლინებას ვხედავთ. რა არის თავად „მატერია“, ჩვენ ამის შესახებ არ შეგვიძლია ვიცოდეთ. დიუ ბიუა-რეიმონი ამტკიცებს, რომ ჩვენ ვერასოდეს შევალთ იქ, სადაც მატერია სივრცეში საიდუმლოდ წარმოიქმნება. მიზეზი, თუ რატომ ვერ შევალთ ამაში, არის ის, რომ იქ შეუძლებელია რაიმეს პოვნა. მას, ვინც დიუ ბუა-რეიმონივით საუბრობს, აქვს შეგრძნება, რომ ბუნებისმეტყველებას მივყავართ დასკვნებამდე, რომლებიც მიგვითითებენ, რომ არსებობს სხვა რამეც, რისი მოცემაც ამ შემეცნებას არ შეუძლია. მაგრამ მას არ სურს შეუდგეს გზას, რომელსაც მივყავართ ამ სხვა, შინაგანი გამოცდილებისკენ. ამის გამო დგას იგი უსუსურად „მატერიის“, როგორც ბნელი გამოცანის წინაშე. ვინც შინაგანი გამოცდილების გზას შეუდგება, მასში საგნები ხელახლა იბადებიან; და მაშინ გაიხსნება ის, რაც მათში გარეგანი გამოცდილებით უცნობი რჩება.

ამრიგად, ადამიანის შინაგანი შეიმეცნებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საგნებსაც თავის გარშემო. აქედან მოყოლებული ადამიანური შემეცნებისათვის იხსნება უსასრულო პერსპექტივა. ადამიანში ანათებს ნათელი, რომელიც თავის ბრწყინვალებას მხოლოდ ამ შინაგანით არ შემოსაზღვრავს. ეს არის მზე, რომელიც ამავე დროს მთელს სინამდვილეს ასხივებს. ჩვენში მჟღავნდება ის, რაც გვაკავშირებს მთელს სამყაროსთან. ჩვენ აღარ ვართ გაცალკევებული, შემთხვევითი ადამიანი, არც ესა თუ ის ინდივიდუალობა. ჩვენში ცხადდება მთელი სამყარო. ის ახსნის ჩვნში საკუთარ წყობას; და ის გვაჩვენებს, როგორ ვართ მასთან დაკავშირებულნი, როგორც ინდივიდუალობები. თვითშემეცნებიდან იბადება სამყაროს შემეცნება. და თვით ჩვენი შეზღუდული ინდივიდუალობა სულიერად ერთვება სამყაროს კავშირებში, რადგან მასში იღვიძებს ის, რაც ამ ინდივიდუალობას გასცდება და მოიცავს ყოველივეს, რომლის წევრიც ის არის.

აზროვნება, რომელიც ლოგიკური წანამძღვრებით არ ჩაიხერგავს გზას შინაგანი გამოცდილებისკენ, ბოლოს და ბოლოს მუდამ შეიგნებს იმ მოქმედ არსს, რომელიც ჩვენ მთელს სამყაროსთან გვაკავშირებს, რადგან მისი მეშვეობით შინაგანისა და გარეგანის წინააღმდეგობას ადამიანში გადავლახავთ. პაულ ასმუსი, ადრე გარდაცვლილი, გონებამახვილი ფილოსოფოსი, საუბრობს ამს შესახებ შემდეგნაირად (შდრ. მისი თხზულება: „მე“ და ნივთი თავისთავად, გვ.14 ): „ ამას ავხსნით ერთი მაგალითით: წარმოვიდგინოთ შაქრის ნატეხი; ის მრგვალია, ტკბილი, გაუმტარი და ა.შ. ეს თვისებებია, რომლებსაც ჩვენ ვიაზრებთ; მხოლოდ ერთი წარმოგვიდგება წინ როგორც სხვა რამე, ჩვენგან ისე განსხვავებული, რომ არ შეგვიძლია მასში შეღწევა ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი, - ის, რისი ზედაპირისგანაც კი ფიქრი შიშით უკუმიიქცევა. ეს არის ყველა იმ თვისების უცნობი მატარებელი; ის, რაც ამ საგნის ყველაზე ღრმა თვისობას შეადგენს. ჰეგელი სიმართლეს ამბობს, რომ ჩვენი წარმოდგენის მთელი შემადგენლობა იმ ბუნდოვანი სუბიექტისადმი მხოლოდ აკციდენცია არის; და ჩვენ არ ვუღრმავდებით მის სიღრმეს, ამ „თავისთავადთან“ მხოლოდ ცნებებს ვაკავშირებთ, - რომელსაც, რადგან ჩვენ მათ არ ვიცნობთ, საბოლოოდ არანაირი ობიექტური ღირებულება არ გააჩნია და სუბიექტური აღმოჩნდება. ცნებით აზროვნებას კი, ამის საპირისპიროდ, გააჩნია არა მსგავსი შეუცნობელი სუბიექტი, რომლისთვისაც მისი განსაზღვრებები მხოლოდ აკციდენცია იქნებოდა, არამედ საგნობრივი სუბიექტი იგივეა რაც თავად განსაზღვრება. როდესაც რაიმეს შევიმეცნებ, ის მთელი თავისი სისავსით ეცხადება ჩემს განსაზღვრებას; მისი არსების ყველაზე მეტ სიღრმეში არსებულ სიწმინდეში ვარ არა იმიტომ, რომ მას არავითარი თავისთავადობა არ გააჩნია, არამედ რადგან ის ჩვენზე ორივეზე ამაღლებულ განსაზღვრების აუცილებლობით, რომელიც ჩემში სუბიექტურად, ხოლო მასში ობიექტურად ვლინდება, მაიძულებს, მის განსაზღვრებაზე ვიფიქრო. როგორც ჰეგელი ამბობს, ამ ფიქრით ჩვენ გვეცხადება ჩვენს სუბიექტურ საქმიანობასთან ერთად, საგნის ჭეშმარიტი ბუნება.“ ასე საუბარი მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც შინაგანი გამოცდილების სინათლით აზროვნების შედეგებისთვის ნათლის მოფენა ძალუძს.

ჩემს „თავისუფლების ფილოსოფიაში“, სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე, მივუთითე შინაგანი ცხოვრების თავდაპირველ ფაქტებზე: „ეჭვგარეშეა: ჩვენს აზროვნებაში სამყაროს მოვლენებს ვეხებით ისეთ ადგილას, რომ ჩვენც იქ უნდა ვიყოთ, თუ რაიმე უნდა მოხდეს. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი. სწორედ ეს არის საფუძველი, თუ რატომ წარმომიდგებიან საგნები ასე იდუმალად: რადგან მათ წარმოქმნაში არ ვმონაწილეობ. მე ამას მხოლოდ ვესწრები; მაგრამ აზროვნების დროს ვიცი, როგორ ხდება ეს. ამრიგად, არ არსებობს იმაზე უფრო პირველადი ამოსავალი წერტილი სამყაროს მოვლენების განსახილველად, რაც არის აზროვნება“.

ვინც ადამიანის შინაგან ცხოვრებას ასე უყურებს, მისთვის ასევე ნათელია, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანურ შემეცნებას მთელი სამყაროს პროცესებისათვის. ის არ არის უმნიშვნელო დამატება დანარჩენი მსოფლიოს მოვლენებისადმი. ასეთი იქნებოდა, ყოველივე გარეთ არსებულის ცარიელი იდეალური გამეორება რომ წარმოედგინა. მაგრამ შემეცნებაში აღსრულდება ის, რაც გარესამყაროში არასოდეს აღსრულდება: ხდება სამყაროს მოვლენების შეპირისპირება თავის სულიერ არსთან. სამყაროს ეს პროცესი მარადიული იქნებოდა მხოლოდ სანახევროდ, რომ არ მისულიყო ამ შეპირისპირებამდე. - ამრიგად, ადამიანის შინაგანი განცდა ერთვება ობიექტური სამყაროს პროცესებში; მის გარეშე, ეს იქნებოდა არასრულყოფილი.

ცხადია, რომ მხოლოდ ცხოვრება, რომელზეც შინაგანი შეგრძნება ბატონობს, ადამიანს, საკუთრივ მის სულიერ ცხოვრებას, აამაღლებს საკუთარ თავზე. რადგან მხოლოდ ამ ცხოვრებით გაიშლება საგანთა არსი საკუთარი თავის წინაშე. სხვაგვარად ხდება შემეცნების უმდაბლეს უნართან. მაგალითად, თვალი, რომელიც საგნის ხედვას განაპირობებს, არის სცენა მოქმედებისა, რომელიც ნებისმიერი სხვა, გარეგანი მოქმედების სრული მსგავსებაა, საპირისპიროდ შინაგანი ცხოვრებისა. ჩემო ორგანოები არიან სივრცითი სამყაროს წევრები, ისევე როგორც სხვა საგნები, და მათი აღქმა არის დროებითი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული მოქმედება. მათი არსი ცხადდება ასევე მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შინაგან განცდაში იძირებიან. ამგვარად, მე ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ: საგნის ცხოვრებით სხვა საგნებს შორის, რომელიც თავის განსხეულებაში ცხოვრობს და თავისი ორგანოების მეშვეობით აღიქვამს იმას, რაც ამ განსხეულების მიღმა იმყოფება;და ამ ცხოვრებაზე უფრო აღმატებულით, რომელიც არ იცნობს მსგავს შინაგანსა და გარეგანს, რომელიც ვრცლად მოიცავს გარეგან სამყაროსა და საკუთარ თავს. ამრიგად, მე უნდა ვთქვა: მე ერთხელ ვარ ინდივიდუალობა, შეზღუდული „მე“; სხვა დროს კი - საყოველთაო, უნივერსალური „მე“. იგივე გამოთქვა პაულ ასმუსმა (შეადარეთ მისი წიგნი „ინდო-გერმანული რელიგია თავისი განვითარების მთავარ პერიოდებში“): „საქმიანობას, როდესაც სხვაში ვიძირებით, ვუწოდებთ „აზროვნებას“; აზროვნებაში „მე“ მთლიანად ავსებს თავისი განსაზღვრებას და უარყო საკუთარი თავი როგორც განკერძოებამ; ამის გამო აზროვნებისას ჩვენ ვიმყოფებით ყველასათვის საერთო სფეროში, რადგან განკერძოების პრინციპი, რომელიც ჩვენი „მე“-ს სხვებისადმი დამოკიდებულებაში მოიაზრება, ქრება ცალკე აღებული „მე“-ს თვითგაქრობის საქმეში, მაშინ ის მხოლოდ ყველასთვის საერთო მეობა არის“.

იგივეს მიმოიხილავს სპინოზა, როდესაც უმაღლესი შემეცნების აქტს აღწერს იმად, რაც „ღმერთის ზოგიერთი ატრიბუტის ჭეშმარიტი არსის საკმარისი წარმოდგენიდან საგნების არსის საკმარის შეცდობამდე“ მიდის. ეს სვლა სხვა არაფერია თუ არა საგნებზე ნათლის მოფენა შინაგანი განცდის სინათლის მეშვეობით. ამ შინაგანი განცდით ცხოვრებას სპინოზა აღწერს გულითადი ფერებით: „სამშვინველის უმაღლესი სიქველე არის ღვთის შეცნობა, ან საგნების წვდომა შემეცნების მესამე - უმაღლესი - სახეობით. ეს სიქველე მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია სამშვინველის მიერ შემეცნების ამ სახეობით საგნების შემეცნება; ამრიგად, ის, ვინც საგნებს შემეცნების ამ გვაროვნებით მიწვდება, აღწევს უმაღლეს ადამიანურ სრულყოფილებას და შედეგად აღივსება უმაღლესი სიხარულით, ამასთან, მას თან ახლავს მისი წარმოდგენები სიქველისა და თვით მის შესახებ. ამრიგად, შემეცნების ამ სახეობიდან წარმოდგება უმაღლესი მშვინვიერი სიმშვიდე, რომელიც ოდესმე შესაძლებელი ყოფილა“.

ვინც საგნებს ამგვარად შეიმეცნებს, ის თვით საკუთარ არსებად გადაიქცევა; რადგან მისი ცალკე აღებული „მე“ ასეთ წამებში სამყაროს „მე“-ს მიერ იფარება; ყველა არსება უკვე წარმოჩინდება არა როგორც ცალკე აღებული შეზღუდული ინდივიდუალობის დაქვემდებარებაში; ისინი წარმოჩინდებიან როგორც თავისთავადნი. ამ საფეხურზე არ არის განსხვავება პლატონსა და ჩემს შორის; რადგან რაც ჩვენ გვაშორებს, ეკუთვნის შემეცნების უფრო დაბალ საფეხურს. ჩვენ გათიშულნი ვართ მხოლოდ როგორც ინდივიდუალობები; ჩვენში მოქმედი საყოველთაო კი ერთი და იგივეა. ასევე ამ ფაქტის შესახებ შეუძლებელია იდავო მასთან, ვისაც მის შესახებ არავითარი გამოცდილება არ აქვს. ის მუდამ ხაზს გაუსვამს: პლატონი და შენ ორნი ხართ. ის, რომ ეს ორმაგობა, რომ ყოველი სიმრავლე როგორც ერთობა იბადება ხელახლა, შემეცნების უმაღლეს საფეხურზე გამოღვიძებისას, შეიძლება არა დამტკიცდეს, არამედ გამოიცადოს. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ჭეშმარიტებაა: იდეა, რომელსაც პლატონი წარმოიდგენდა, და იგივე იდეა, ჩემს მიერ წარმოდგენილი, არ არის ორი იდეა. ეს ერთი და იგივე იდეაა. და არ არსებობს ორი იდეა, რომელთაგან ერთი პლატონის თავში, ხოლო მეორე - ჩემს თავშია; არამედ უმაღლესი აზრით, პლატონისა და ჩემი გონებანი ერთმანეთში აღწევენ. ყოველი გონება აღწევს სხვაში, როდესაც ისინი ერთსა და იმავე, ერთ იდეას წვდებიან; და ეს იდეა არის ერთადერთი, ერთხელ არსებული. ის არსებობს; და ყოველი გონება გადადის ერთსა და იმავე ადგილას, რათა მასში სუფევდეს ეს იდეა.

გარდასახვას, რომელიც სრულდება ადამიანის მთელს არსებაში, როდესაც იგი ამგვარად ჭვრეტს საგნებს, მშვენიერი სიტყვებით გადმოსცემს ინდური პოემა „ბჰაგავად-გიტა“, რომლის შესახებ ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ამბობდა, რომ იგი მადლიერი უნდა იყოს თავისი ბედის, რადგან მას მიეცა ისეთი ხანგრძლივობის სიცოცხლე, რომ შეძლო ამ ნაწარმოების გაცნობა. შინაგანი ნათელი მეტყველებს ამ პოემაში: „ჩემი მარადიული სხივი, რომელმაც პიროვნული ცხოვრების სამყაროში განსაკუთრებულ ყოფიერებას მიაღწია, თავისკენ იზიდავს ხუთ გრძნობასა და ინდივიდუალურ სამშვინველს, რომლებიც ბუნებას ეკუთვნის. - როდესაც მასხივოსნებელი სული სივრცესა და დროში ისხამს ხორცს, ან როდესაც სხეულისაგან განიმოსება, აიტაცებს საგნებს და თან მიაქვს, როგორც ქარის ქროლვა აიტაცებს ყვავილების კეთილსურნელებას და თან წაიღებს. შინაგანი ნათელი ბატონობს სმენაზე, შეგრძნებაზე, გემოვნებასა და ყნოსვაზე, ასევე ხასიათზე; ის ქმნის კავშირს საკუთარ თავსა და გრძნობად ნივთებს შორის. ბრიყვებმა არ იციან: როდის აღმობრწყინდება და ქრება შინაგანი ნათელი, ასევე როდის ეზიარება ის საგნებს. მხოლოდ მას შეუძლია ამის ცოდნა, ვინც შინაგან ნათელთან არის წილნაყარი“. „ბჰაგავად-გიტა“ ისეთი ძალით ხსნის ადამიანის გარდასახვას, რომ „ბრძენის“ შესახებ ამბობს - მას მეტად აღარ შეუძლია არც შეცდომის დაშვება, არც შეცოდება. თუ გვეჩვენება, რომ ის ცდება ან სცოდავს, მაშინ თავის ფიქრებსა და ქმედებებზე უნდა მოჰფინოს ნათელი, რომლის წინაშე აღარც შეცდომა და აღარც ცოდვაა ის, რაც ასეთად ეჩვენება ჩვეულ ცნობიერებას. „ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს, და ვისი ცნობიერება უწმინდესია, არ კლავს და არ წაიბილწება, სხვა რომც მოკლას.“

ამრიგად მითითება ხდება იმავე ძირითად მშვინვიერ წყობაზე, რომელიც უმაღლესი შემეცნებიდან მომდინარეობს და რომლის აღწერისას სპინოზას თავის „ეთიკაში“ წამოსცდა: „აქ ვასრულებ იმას, რაც მინდოდა მეთქვა აფექტებზე სამშვინველის ძალაუფლებასა და თავად სამშვინველის თავისუფლებაზე. აქედან ნათლად ჩანს, თუ რამდენად აღემატება ბრძენი უვიცს და ძლიერია მასზე, ვინც მხოლოდ ვნებებს არის აყოლილი. რადგან უვიცი არა მხოლოდ აღიძვრის გარეგნული მიზეზების გამო და ვერ აღწევს მშვინვიერ სიმშვიდეს, არამედ ცხოვრობს საკუთარი თავის, ღმერთისა და საგნების არცოდნაში, და როდესაც წყდება მისი ვნებები, წყდება მისი ყოფიერებაც; ხოლო ბრძენი, როგორც ასეთი, თითქმის არ გრძნობს თავის სულში აღელვებას, არამედ არასოდეს წყვეტს საკუთარი თავის, ღმერთისა და საგნების აუცილებელ შემეცნებაში ყოფნას, და მუდამ ტკბება მშვინვიერი სიმშვიდით. როდესაც გზა, რომელსაც მე ვხატავ, როგორც იქ მიმავალს, გვეჩვენება მეტისმეტად რთულად, მისი პოვნა მაინც შესაძლებელია. ის რთული უნდა იყოს, რადგან მას ასე იშვიათად პოულობენ. რადგან როგორ შეიძლება, ვინმემ უგულებელჰყოს ხსნა, ის რომ ჩვენს ხელთ იყოს და მისი მიღწევა რთული არ იყოს? ამ დროს კი ყოველივე ამაღლებული იმდენად რთულია, რამდენადაც იშვიათი“.

მონუმენტურად გამოთქვა გოეთემ უმაღლესი შემეცნების თვალსაზრისი სიტყვებში:

„როდესაც ვიცი ჩემი დამოკიდებულება საკუთარ თავისა და გარესამყაროს მიმართ, ამას ვუწოდებ ჭეშმარიტებას. ყოველს შეუძლია საკუთარი ჭეშმარიტება ჰქონდეს, და მაინც, ეს ერთი და იგივე ჭეშმარიტებაა.“ ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს: რადგან ყოველი ერთი ინდივიდუალური, განსაკუთრებული არსებაა სხვებთან ერთად. ეს სხვა არსებები ზემოქმედებენ მასზე მისი ორგანოებით. ინდივიდუალური თვალსაზრისიდან, რომელზეც ის დგას, და თავისი შემეცნებითი შესაძლებლობების მიხედვით იქმნის ის საგნებთან ურთიერთობაში თავის საკუთარ ჭეშმარიტებას. ის იძენს დამოკიდებულებას საგნების მიმართ. როდესაც ის შეიმეცნებს საკუთარ თავს, შეიმენცებს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ, მისი კერძო ჭეშმარიტება საყოველთაო ჭეშმარიტებად გადაიქცევა; ეს საყოველთაო ჭეშმარიტება ყველაში ერთი და იგივეა.

პიროვნებაში ინდივიდუალურის, ცალკე აღებული „მე“-ს საყოველთაო „მე“-დ აღზევების გაგება აღქმულია უფრო ღრმა ბუნების მქონეთა მიერ, როგორც ადამიანის შინაგანში გაცხადებული საიდუმლო, როგორც სიცოცხლის წინარე-მისტერია. გოეთემ ამისთვისაც გამონახა შესაბამისი გამოთქმა: „და სანამ ვერ გაიგებ ამას: მოკვდი და იქმენ! - შენ ამ ბნელი მიწის საბრალო სტუმარი ხარ მხოლოდ“.

არა აზრობრივი განმეორება, არამედ მსოფლიო პროცესის რეალური ნაწილია ის, რაც ხდება ადამიანის შინაგან ცხოვრებაში. სამყარო არ იქნებოდა ის, რაც არის, თუ მისი კუთვნილი ნაწილი ადამიანის სამშვინველში არ აირეკლებოდა. და თუ უმაღლესად იწოდება, - ის, რაც ადამიანისათვის ხელმისაწვდომია - ღვთაებრივი, უნდა ითქვას, რომ ეს ღვთაებრივი არა რაიმე გარეგანია, რომელიც ხატად მეორდება ადამიანის სულში, არამედ ის, რაც ადამიანში უნდა იქნას გამოღვიძებული. ანგელუს სილეზიუსმა ამისთვის სწორი სიტყვები შეარჩია: „ვიცი, რომ ჩემს გარეშე ღმერთსაც არ შეუძლია ცხოვრება; თუ არარად ვიქცევი, განუტევებს სულს იგი.“ „ჩემს გარეშე ჭიაყელასაც ვერ შექმნის ღმერთი; თუ მე არ შევინარჩუნებ მასთან ერთად, ყოველივე უმალ დაემხობა.“ ასეთი მტკიცების გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ასკვნის, რომ ადამიანში ცნაურდება ისეთი რამ, რის გარეშეც გარშემო მყოფი არსებები ვერ იარსებებენ. თუ ყველაფერი, რაც „ჭიაყელას“ სჭირდება, ადამიანის გარეშეც იარსებებდა, ვერ ვიტყოდით, რომ ის „დაემხობა“, თუ მას ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს.

სამყაროს გულისგული ცოცხლდება თვითშემეცნებაში როგორც სულიერი შემადგენლობა. თვითშემეცნების განცდა ადამიანებისათვის ნიშნავს ცხოვრებასა და მოღვაწეობას სამყაროს გულში. ვინც თვითშემეცნებით განიმსჭვალება, გააშუქებს თავის ქმედებებს თვითშემეცნების ნათლით. ზოგადად, ადამიანის ქმედებანი განსაზღვრულია მოტივებით. რობერტ ჰამერლინგმა სწორად თქვა („ნების ატომისტიკა“): ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას ნებავს - მაგრამ არ შეუძლია ენებოს ის, რაც ნებავს, რადგან მისი ნება მოტივით არის განსაზღვრული! - მას არ შეუძლია ენებოს, რაც მას ნებავს? დააკვირდით ამ სიტყვებს უფრო ახლოდან. არის თუ არა მასში გონიერი აზრი? უნდა იყოს მასში ნების თავისუფლება, რომ შეეძლოს რაიმე ინებოს ყოველგვარი საფუძვლისა და მოტივის გარეშე?მაგრამ რა ეწოდება ნებას სხვაგვარად, თუ არა რომ გქონდესსაფუძველი, რაიმეს და არა სხვას უფრო სიამოვნებით აკეთებდე ან ესწრაფვოდე? საფუძვლის, მოტივის გარეშე რაიმეს სურვილს ვუწოდებდით გსურდეს რაიმე ისე, რომ იმავე დროს ის არ გსურდეს. ნების განსაზღვრებასთან განუყრელად არის მიბმული მოტივის გაგება. განუსაზღვრელი მოტივის გარეშე ნება არის ცარიელი შესაძლებლობა: მხოლოდ მოტივის მეშვეობით ხდება ის ქმედითი და რეალური. სრულიად სწორია, რომ ადამიანის ნება იმდენად არ არის „თავისუფალი“, რამდენადაც მისი მიმართულება მუდამ მოტივთა შორის უძლიერესის მიერ არის განსაზღვრული.“ ყოველი ქმედებისათვის, რომელიც არ აღსრულდება თვითშემეცნების ნათელში, ქმედების მოტივი ან საფუძველი უნდა იყოს აღქმული როგორც იძულება.სხვაგვარია მდგომარეობა, როდესაც საფუძველი თვითშემეცნებით არის მოცული. ამ შემთხვევაში ეს საფუძველი ჩვენი „მე“-ს წევრი ხდება. ნება აღარ არის რამეთი განსაზღვრული; ის თავად განსაზღვრავს საკუთარ თავს. კანონზომიერება, ნების მოტივი აღარ ბატონობს მასზე, ვისაც ნებავს, არამედ ერთნი არიან ნებასთან ერთად. საკუთარი ქმედებების კანონთა გაშუქება თვითდაკვირვების ნათელში იწოდება მოტივთა ყველა იძულების გადალახვად. ამგვარად, ნება ინაცვლებს თავისუფლების ფარგლებში.

ადამიანის ყველა ქმედება არ ატარებს თავისუფალ ხასიათს, არამედ მხოლოდ ის, რომელიც თავისი ყოველი ნაწილით იმყოფება თვითდაკვირვების ალში. და რადგან თვითდაკვირვება ინდივიდუალურ „მე“-ს გარდაქმნის საყოველთაო „მე“-დ, თავისუფალი ქმედება საყოველთაო „მე“-დან გამომდინარეობს.ძველი სადავო შეკითხვა, - არის თუ არა ადამიანის ნება თავისუფალი, თუ ის საყოველთაო კანონზომიერებასა და უცვლელ საჭიროებას ექვემდებარება, - არის არასწორად დასმული. თავისუფალი არ არის ქმედება, რომელსაც ადამიანი როგორც ინდივიდი აღასრულებს; თავისუფალია ქმედება, რომელსაც ის თავისი სულიერი აღორძინების შემდეგ აღასრულებს. ზოგადად, ადამიანი არ არის არც თავისუფალი და არც არათავისუფალი. ის ერთიც და მეორეც არის. ის არ არის თავისუფალი თავის ხელახალ შობამდე, აღორძინებამდე; და მას შეუძლია გათავისუფლდეს ამ აღორძინების მეშვეობით. ადამიანის ინდივიდუალური აღმავალი განვითარება შედგება არათავისუფალი ნების ისეთ ნებაში გარდაქმნისაგან, რომელიც თავისი ხასიათით თავისუფალია. ადამიანმა, რომელიც თავისი ქმედების კანონზომიერებას როგორც საკუთარს აღიქვამს, გადალახა ეს კანონზომიერება, და ამით შეზღუდულობა. თავისუფლება არის ადამიანური ყოფიერების არა თავდაპირველი ფაქტი, არამედ მიზანი.

თავისუფალი ქმედებით ადამიანი წყვეტს წინააღმდეგობას სამყაროსა და საკუთარ თავს შორის. მისი საკუთარი ქმედებები ხდება საყოველთაო ყოფიერების ქმედებები. ის საკუთარ თავს საყოველთაო ყოფიერებასთან სრულ თანხმობაში გრძნობს.საკუთარ თავსა და სხვას შორის ყოველგვარ უთანხმოებას ის გრძნობს როგორც საკუთარი „მე“-ს ჯერ კიდევ ბოლომდე გაუღვიძებლობის შედეგს. მაგრამ ეს არის „მე“-ს ბედი, რომ საყოველთაოსთან კავშირის პოვნა მას მხოლოდ მისგან განცალკევებით ძალუძს. ადამიანი ვერ იქნებოდა ადამიანი, თუ ის არ გამოცალკევდებოდა სხვებისგან როგორც „მე“; მაგრამ უმაღლესი გაგებითაც ვერ იქნებოდა ადამიანი, ამგვარად გამოცალკევებული „მე“-ს რომ არ შეძლებოდა საყოველთაო „მე“-დ განვრცობა. ადამიანური არსებისათვის დამახასიათებელია, რომ მასში ჩადებული წინააღმდეგობა გადალახოს.

ვისთვისაც სული მხოლოდ ლოგიკური გონებით არის გასაგები, მას სისხლი გაეყინება იმის გაფიქრებისას, რომ სულში საგნებმა ხელახალი დაბადება უნდა განიცადონ. ის შეადარებს ახალ, ცოცხალ, ფერებით სავსე ყვავილს ცივ, ცარიელ, სქემატურ აზრს ყვავილის შესახებ. განსაკუთრებით უხერხულად იგრძნობს თავს იმი წარმოდგენისას, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი თვითშემეცნების მარტოობიდან ასაზრდოებს თავისი ქმედების მოტივებს, უფრო თავისუფალი უნდა იყოს, ვიდრე თავდაპირველი, გულუბრყვილო პიროვნება, რომელიც თავისი უშუალო იმპულსებიდან, საკუთარი ბუნების სისავსიდან მოქმედებს. მას, ვინც ამგვარად საგნებს ცალმხრივად, ლოგიკურად უყურებს, საკუთარ შინაგანში ჩაძირული ადამიანი წარმოუდგება, როგორც მოსიარულე განსაზღვრებათა სქემა, როგორც მოჩვენება იმის საპირისპიროდ, ვინც თავის ბუნებრივ ინდივიდუალობაში იმყოფება.

ასეთი აზრი სულში საგანთა ხელახალი დაბადების შესახებ შესაძლებელია მათგან მოვისმინოთ, ვინც ჯანმრთელი ორგანოების მეშვეობით გრძნობადი აღქმით, სიცოცხლით სავსე ლტოლვითა და ვნებებით არიან აღჭურვილნი, მაგრამ მათი დაკვირვების შესაძლებლობანი საგნებზე დაცლილია წმინდა სულიერისაგან. როდესაც საჭიროა წმინდა სულიერის აღქმა, მათ ჭვრეტა აკლიათ; მათ ხელთ აქვთ მხოლოდ ცარიელი განსაზღვრებები, თუ არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები. როდესაც საქმე ეხება სულიერ შემადგენლობას, ისინი რჩებიან „მშრალები“, „გონიერად აბსტრაქტული ადამიანები“. ხოლო ვისაც აქვს წმინდა სულიერის, ისევე როგორც გრძნობადის ჭვრეტის უნარი, მისთვის, ბუნებრივია, ცხოვრება აღარ არის ღარიბი, როდესაც მას სულიერი შემადგენლობით ამდიდრებს.ვთქვათ, ვხედავ ყვავილს: რატომ უნდა დაკარგოს მისმა ხასხასა ფერებმა ოდნავ მაინც თავისი ფერადოვნება, თუ არა მხოლოდ ჩემი თვალი დაინახავს ფერებს, არამედ ჩემი შინაგანი შეგრძნება განჭვრეტს ყვავილის სულიერ არსს. რატომ უნდა იქცეს ჩემი პიროვნების ცხოვრება ღარიბად, თუ მე ჩემს ვნებებსა და იმპულსებს ბრმად კი არ მივყვები, არამედ მათ უმაღლესი შემეცნების ნათლით განვმსჭვალავ. სულში კვლავ მოცემული ცხოვრება არა ღარიბი, არამედ უფრო სავსე და მდიდარი იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი ...

მშვიდობიანი მეომრის გზა

ავტორი: დენ მილმენი მთარგმნელი: მამუკა გურული (ფილმი, რომელიც გადაღებულია ა...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონ...

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაშ...