იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მესამე ლექცია - ინდივიდუაცია

 

ind

მესამე ლექცია - ინდივიდუაცია

წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფსიქიკურის რეალურობაზე და გარეგანის შინაგანზე უპირატესობის ტიპიური დასავლური პარადიგმის გადალახვაზე. დღეს ვისაუბრებ კარლ გუსტავ იუნგის საკვანძო ცნებაზე - ინდივიდუაციაზე.

მანამ, სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, გთავაზობთ, რომ იფიქროთ ერთ საკითხზე: ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ევოლუციის თეორია, რომლის თანახმადაც სიცოცხლის უმარტივესი ფორმებიდან ბუნებრივი გადარჩევის გზით უფრო რთული ფორმები წარმოიშობა. დღეს ძალიან ბევრი ამ ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ მოცემულ მომენტში სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, რადგან სერიოზულად ხომ ვერ მივიღებთ ადამის და ევას ჰიპოთეზას, რომელიც კრიტიკის ღირსიც არაა. ამრიგად, ევოლუციის თეორიის თანახმად, ადამიანი წარმოიშვა რაღაც არსებისგან, რომელიც მაიმუნს გვაგონებს.

საკითხი, რომელიც თქვენს წინაშე მსურს წარმოვადგინო: თქვენი აზრით, ევოლუციური განვითარების რომელ მომენტში მოხდა ევოლუციური გადანაცვლება და ადამიანი იქცა ადამიანად?

კლასიკური მატერიალიზმი ვარაუდობს, რომ ადამიანი შრომამ შექმნა, მაგრამ ამჟამად ზოოლოგიაში აღმოჩენების ფონზე უკვე ცხადია ამ ჰიპოთეზის სიმცდარე. შრომის იარაღებს ყოველგვარი გარეგნული სწავლების გარეშე ზოგიერთი მაიმუნის სახეობაც იყენებს, ამასთან გარკვეულ ჯგუფებში მათ აღმოაჩნდებათ ხოლმე შრომისა და საკვების მოპოვების სრულიად საკუთარი უნარები, რომლებსაც ზრდასრული ინდივიდები პირმშოებს ასწავლიან. შეამჩნევდით, რომ ეს ვერანაირად ვერ აახლოვებს თანამედროვე მაიმუნს ადამიანის მდგომარეობამდე. ამრიგად, საკითხი ღიად რჩება.

მივუდგეთ საკითხს სხვა მხრიდან - რა განასხვავებს ადამიანს ნებისმიერი ცხოველისგან? პასუხი ცხადია - ცნობიერება, მაგრამ იმის განსაზღვრა, თუ რა არის ცნობიერება, არც ისე ადვილია. თუკი გადავაგდებთ ამ ცნების გარშემო შექმნილ ყველა ცრუ დანალექს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობიერება - ესაა ერთგვარი განსაკუთრებული ყოფიერება, რომლის დროსაც ხდება საკუთარი თავის ცალკე არსებად ამოცნობა. საჭიროა მკაფიოდ განვასხვავოთ ცნებები „ფსიქიკური“ და „ცნობიერი“, რადგან ფსიქიკურს ცხოველური არსებობაც შეიცავს, მაგრამ ვერცერთ ცხოველს ვერ ექნება ცნობიერება. ცხოველი ორგანულადაა შერწყმული გარესამყაროსთან - ერთი მხრივ, და თავის ინსტინქტებთან - მეორე მხრივ. ინსტინქტები - ეს ფსიქიკური მოვლენაა, მაგრამ ცნობიერება ამ დროს არ არის. ზუსტად ასევე არ აქვს ცნობიერება ჩვილ ბავშვს ერთ წლამდე - ჩვენ შეგვიძლია მათში დავაკვირდეთ რთული ფსიქიკური რეაქციების მთელ გამას, რომლებშიც საერთოდ არაა ცნობიერება.

ამრიგად, ცნობიერება - ესაა საკუთარი თავის ცალკე ინდივიდად განცდა. ცნობიერების არსებობა გარდუვალად გულისხმობს პირველ დუალობას, პირველ წინააღმდეგობას - „მე“-ს და „არა მე“-ს წინააღმდეგობას. და სწორედ მაშინ, როცა ერთ-ერთმა მაიმუნმა განიცადა ეს ორმაგობის გრძნობა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანი, იგი იქცა ადამიანად. როგორც კი ჩნდება დუალობა: „მე“ და „არა მე“, ჩნდება შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ახასიათებს კიდეც ცნობიერებას. ამ დაძაბულობიდან იბადება რელიგია, მითოლოგია და ხელოვნება, ჯერ კიდევ განუყოფელ ერთიანობაში, როგორც „მე“-ს რეაქცია „არა მე“-ზე. პრე-ეპოქებში რელიგიური იყო ნებისმიერი პროცესი, რამეთუ ყველაფერი გარშემოც და შიგნითაც „არა მე“-ს ხასიათს ატარებდა, ამიტომ უმარტივესი რელიგიური რეაქციების გაჩენა ცნობიერების გაჩენას ნიშნავდა.

ცნობიერების პატარა კუნძულის გაჩენა პრე-ადამიანებში ძალიან ფრაგმენტულ და არასტაბილურ ხასიათს ატარებდა, და ცნობიერება ნაწილობრივი შერწყმის ერთგვარ არამდგრად მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამაც მიიღო სახელწოდება - „მისტიური თანამონაწილეობა“. მე ამ მდგომარეობას განვსაზღვრავდი, როგორც „ნაწილობრივ მისტიურ თანამონაწილეობას“, რადგან სრულ „მისტიურ თანამონაწილეობაში“ ცხოველი იმყოფება, ხოლო თუნდაც სრულიად ფრაგმენარული ფსიქიკური ცხოვრების გაჩენა იმაზე მეტყველებს, რომ არაცნობიერი შერწყმის დრო უკვე წავიდა.

ურთულესი ტაბუები, რომლებსაც პრიმიტიული ადამიანები იხვევდნენ თავის გარშემო, ერთ არაცნობიერ მიზნობრივ ფუნქციას ატარებდნენ - შეექმნათ „ცნობიერების კონცენტრაციის წერტილები“. ზუსტად იგივე დინამიკას შეგვიძლია დავაკვირდეთ ნევროტიკებთან არასაკმარისად განვითარებული ცნობიერებით, რომლებიც ათეულობით უსარგებლო მოქმედებაზე კონცენტრირდებიან (მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა კარს დაინახავენ, ქუსლს ეხებიან). ეს მოქმედებები, რომლებიც გარეგნულად აზრს მოკლებულია, თითქოს ცნობიერების ყურადღების გამაგრებას ემსახურებიან და ავტომატურად ატროფირდებიან, როცა ცნობიერება უფრო მდგრად მდგომარეობას აღწევს.

მიუხედავად ამისა, პრე-ადამიანი სრულიად იყო მოკლებული შინაგანის და გარეგანის განრჩევის უნარს. გარკვეული ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ არამდგრადი ცნობიერების ველში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, ავტომატურად პროეცირდებოდნენ გარე რეალობაზე. სწორედ ასე გაჩნდა პირველი მითოლოგია.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, ახლა კი დავუბრუნდეთ უშუალოდ ინდივიდუაციის თემას. ინდივიდუაცია - ესაა ინსტინქტური მისწრაფება მეტი გაცნობიერებულობისკენ, ანუ უფრო დიფერენცირებული ცნობიერებისკენ. დიფერენციაცია - ესაა გამოყოფა: რაც უფრო განვითარებულია ცნობიერება, მით უფრო მეტი მოვლენა და ცნობიერების ფენომენი შეუძლია გააცნობიეროს, როგორც ცალკეული ფენომენები. ინდივიდუაციის პირველი გამოვლინება - ესაა პირველი დუალობის გაჩენა: „მე“ – „არა-მე“. ამასთან „არა მე“ წარმოგვიდგება, როგორც ერთიანი, ამოუცნობი, შერწყმული არაცნობიერი, და შემდეგ გაჩენილი ცნობიერება ახდენს ერთი მოვლენის მეორესგან დიფერენცირებას, რაც წარმოადგენს კიდეც შემეცნების პროცესს. სწორედ მეტი გაცნობიერებულობისკენ და დიფერენცირებულობისკენ სწრაფვა წარმოადგენს ინდივიდუაციას.

ინდივიდუაცია - ესაა იუნგიანური ფსიქოლოგიის საკვანძო ცნება. წინა ლექციაში ჩვენ საერთო შტრიხებით განვსაზღვრეთ მისი მთავარი იდეა - ტრანსფორმაცია არაცნობიერი და ამორფული მდგომარეობიდან მთლიან ინდივიდუალობამდე. ახლა კი ამ ცნებას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ და განვსაზღვრავთ ამ პროცესის ძირითად სტადიებს.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის ლექსიკონში ინდივიდუაციის ცნება ასე განისაზღვრება: „Воссамление - ფსიქოლოგიური დიფერენციაციის პროცესი, რომელიც ამ მიზნით ინდივიდუალური პიროვნების განვითარებას ახორციელებს. ერთეული არსებების ფორმირების პროცესი; ესაა ფსიქოლოგიური ინდივიდის განვითარება, როგორც არსების, რომელიც საერთო, კოლექტიური ფსიქოლოგიისგან გამოირჩევა“.

იუნგი ინდივიდუაციას განიხილავს, როგორც ფსიქიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას. ადამიანური საქმიანობის ყველა სფერო, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც გადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახევი, იუნგის თანახმად, ინდივიდუაციისადმი არაცნობიერ მისწრაფებას მოიცავს. და თუმცა ინდივიდუაციის მოთხოვნილება არაცნობიერში ყველას აქვს, მისი განხორციელების უნარი მხოლოდ ცოტას გააჩნია.

ინდივიდუაცია დინამიური პროცესია. ინდივიდუაციის დასაწყისში ადგილი აქვს არაცნობიერ ფსიქიკას, რომელიც შედგება ინსტინქტური, ცუდად გაცნობიერებადი იმპულსებისა და აღზრდის პროცესში ათვისებული სტერეოტიპებისაგა. შემდეგ, გარკვეული სტადიების გავლის შემდეგ, ინდივიდი მიდის თავისი ცენტრის, მთლიანობის, თვითობის გაცნობიერებამდე. რელიგიის ენით, მსგავსი მიღწევა ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც „ღმერთის-მსგავსება“, „ღმერთთან ერთობა“ და მხოლოდ მცირედთ თუ შეეძლოთ ამის განხორციელება.

ახლავე ვიტყვი, რომ „ღმერთის“ ცნებას იუნგიანურ დისკურსში არაფერი აქვს საერთო პატრიარქალურ წარმოდგენებთან ცაში მყოფ დამსჯელ ან მოწყალე მამაზე. „ღმერთი“ ანუ „თვითობა“ - ესაა საკუთარი ინდივიდუალურობის ცენტრთან მიახლოების განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა. ამას შესანიშნავი განსაზღვრება მისცა იაკობ ბიომემ: „ღმერთი - ესაა წრე, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარშემოწერილობა კი არსად“. მოგვიანებით ეს თემა დეტალურად იქნება გაშლილი თავში, რომელიც თვითობას ეძღვნება. მოუმზადებელი ადამიანისთვის შესაძლოა შოკისმომგვრელი იყოს ის, რომ მიზანი, რომელიც ადრე მკაცრი ასკეტიზმით მიიღწეოდა, დღეს სრულიად მისაწვდომია ანალიტიკური ფსიქოლოგის კაბინეტში, მითუმეტეს, რომ ფაქტები ამას ადასტურებენ. ინდივიდუაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, და ეს ეტაპები ასახულნი არიან მითოლოგიაში, ალქიმიაში და ყველგან, სადაც ადამიანის შემოქმედებითი სული ვლინდება.

ვგებულობთ რა, რომ ყველაფერი ინდივიდუაციისადმი ნების გამოხატულებაა, ჩვენ შეგვიძლია ეშმაკურ ხაფანგში გავებათ, გადავწყვიტოთ რა, რომ თუ ყველა მითი ეტრთზე საუბრობს, მაშინ საკმარისია ვიცოდეთ ერთი მითი, რომ ყველაფერი გავიგოთ. მაგრამ არაცნობიერს, განსხვავებით ცნობიერისგან, შეუძლია ათასობით ენაზე ილაპარაკოს და ასობით სიმბოლო გამოიყენოს სრულიად სხვადასხვა კონტექსტებით და მნიშვნელობებით. თუკი მის ენას ვერ გავიგებთ, უბრალოდ მოვექცევით სულიერი ზრდის ილუზიაში, რითაცაა დაკავებული თანამედროვე ნიუ-ეიჯური ჯგუფების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუაციის ნებისმიერი პროცესს გააჩნია გარკვეული არქეტიპული კანონზომიერებები (რომლებზეც შემდგომ ვისაუბრებთ), არ არსებობს ორი ერთნაირი ინდივიდუაცია - ყველას მოუწევს, რომ ამ გზაზე გამოცდების, სიმბოლოების და ნიშნების თავის ნაკრებს შეეჩეხოს.

ნება ინდივიდუაციისადმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ატომს, რომლისგანაც ინდივიდის და კაცობრიობის მთელი ფსიქიკური ცხოვრება შედგება. კულტურამ მრავალი ალეგორია იცის, რომელიც თავის საფუძველში ინდივიდუაციის ინსტინქტს შეიცავს. გლახაკი, რომელიც პრინცი ხდება, მეომარი, რომელიც დრაკონს ამარცხებს და პრინცესას გადაარჩენს, ტყვია, რომელიც ფილოსოფიურ ქვად იქცევა, ან სამშვინველი, რომელიც შვიდ პლანეტარულ სფეროს გადის და ღვთაებრივობას იძენს - ეს ყველაფერი ინდივიდუაციის ფსიქიკური პროცესების ალეგორიებია. ადამიანის უბედურება იმაშია, რომ ას აქვს თვისება ტრანსფორმაციის ამ შინაგანი ინსტინქტის გარე რეალობაზე პროეცირებისა, რის შედეგადაც ძვირფას ძალებს ფლანგავს და ერთ წრეზე მუდმივად სირბილისთვის წირავს თავს. ასე შეუძლია ალქიმიკოსს, რომ შეპყრობილ იქნეს ტყვიისგან ოქროს მიღების იდეით და მთელი ცხოვრება უსარგებლო ცდებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე დახარჯოს. ან, მაგალითად, პოლიტიკოსი, რომელმაც მიზნად დაისახა პრემიერ-მინისტრის სავარძელზე დაჯდომა. ძალაუფლება, პრესტიჟი, სტატუსი და სხვა ფსიქიკური სიამოვნებები, რომლებსაც იგი თავს უკავშირებს - მხოლოდ საკუთარ თავში მეფობის მოპოვების პროექციებია.

ამიტომაც ინდივიდუაციის უმთავრეს პირობად იუნგს მიაჩნდა პროექციის გარესამყაროდან შიგნითკენ მიმართვა, ან თუ ალქიმიკოსების ენით ვიტყვით, „შინაგანი გერმეტულობის შექმნა“.

ინდივიდუაციის ინსტინქტი წარმოადგენს ცნობიერების მოპოვებისადმი მისწრაფებას. ზემოთ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ცნობიერება - ესაა ფსიქიკური ცხოვრების ერთგვარი განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ხდება საკუთარი თავის, როგორც ცალკე არსების ამოცნობა. პირველყოფილი ადამიანი ცნობიერების მხოლოდ ჩანასახებს ფლობდა და იმყოფებოდა მდგომარეობაში, რომელსაც დიდი ეთნოლოგი ლევი ბრიული განსაზღვრავს, როგორც „მისტიურ თანამონაწილეობას“. მას არ შეეძლო საკუთარი თავის გარესამყაროსგან განცალკევება. უყურებს რა ტოტზე მჯდარ თუთიყუშს, პირველყოფილი ადამიანი იტყვის არა „მე ვხედავ თუთიყუშს“, არამედ „მე ვარ თუთიყუში“, რადგან მას არ გააჩნია გარე რეალობისგან დიფერენცირების საკმარისი უნარი. ასეთივე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ბავშვები ხუთ წლამდე.

მაგრამ სწორედ აქ, პირველყოფილ და პრიმიტიულ სტადიაზე, იწყება ინდივიდუაციის პირველი ინსტინქტური იმპულსები. უპირველეს ყოვლისა, ეს იმპულსები თავის გამოხატულებას ჰპოვებენ პრიმიტიულ, ჩანასახოვან რელიგიებში. სწორედ აქ ხდება პირველად საკუთარი თავის, როგორც თაყვანისმცემელის გამოყოფა გარე ობიექტისგან, რომლის მიმართაც ხდება თაყვანისცემა. არა შრომამ, როგორც მარქსისტები ამბობენ, არამედ რიტუალმა, რელიგიამ, ტოტემმა აქციეს ცხოველი ადამიანად, მისცეს რა ცნობიერების პირველი გამობრწყინება.

ინდივიდუაციის პროცესი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი, რომელსაც შეგვიძლია წინარე ინდივიდუაცია დავარქვათ, მიმართულია გარე ობიექტების შეცნობაზე და მყარი ეგოს ფორმირებაზე, რომელიც ეფექტურად მოქმედებს გარესამყაროში. ინდივიდუაციის პროცესის მეორე ნაწილი, საკუთრივ, წარმოადგენს კიდეც ინდივიდუაციას იუნგისეული გაგებით - ესაა ფსიქიკის უძირო სიღრმეების შეცნობა, ნახტომი უცნობში და საკუთარი მე-ს ტრანსფორმაცია. სწორედ მეორე ნაწილის მოტივები და ხატ-სახეები ვლინდებიან მითოლოგიასა და რელიგიაში.

ინდივიდუაციის გზა - ესაა გმირის გზა, რომელიც გარკვეულ გამოცდას გადის, რათა გზის ბოლოს თავის ქალურ იპოსტასს შეერწყას (რომლის სიმბოლოც მითებში პრინცესაა) ან, რაც კიდევ უფრო მაღალი დონეა, დაამყაროს კონტაქტი ერთგვარ მაღალ ღვთაებრივ ძალასთან. გზა, რომელსაც გმირი გადის, და მასზე ხვდება დამხმარეებს და მტრებს, ჯადოქრებს და დრაკონებს, ალქაჯებს და ფერიებს - ესაა ინდივიდუაციის გზის სიმბოლო, რომლის მსვლელობისასაც ეგო ფსიქიკის სიღრმეში ინსტინქტურ და არქეტიპულ ფიგურებს ხვდება. სწორედ ამიტომაა მითოლოგია უკიდურესად სასარგებლო ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

არსობრივად, არანაირი სხვაობა არაა ზღაპრებსა და თანამედროვე ფოლკლორს შორის, იქნება ეს ჰოლივუდური ბოევიკები, თუ საშინელებათა ფილმები. ერთგანაც და მეორეგანაც თხრობის ძირითადი თემაა გმირის სიმბოლური გზა, რომლის მიზანიც ანიმას (ანუ თავისი ქალური იპოსტასის) გადარჩენა და გარკვეული ჩრდილოვანი პერსონაჟების გადალახვაა.

ინდივიდუაციისკენ მისწრაფება, ისევე, როგორც სხვა ინსტინქტური მისწრაფებები - არაცნობიერია. ამ პარადოქსში იმალება იმ გამოცანის ამოხსნა, რომ. გარკვეულწილად სწორედ იმ მოქმედებებს, რომლებიც სიმბოლიზმის მიხედვით შეგვეძლო ინდივიდუაციუროი ინსტინქტისათვის მიგვეკუთვნებინა, მივყავართ კიდევ უფრო მეტი გაუცნობიერებლობისკენ. მთელ ფსიქიკურ ცხოვრებას (იქნება ეს რელიგია, ხელოვნება, პოლიტიკა ან ადამიანის სულის ნებისმიერი სხვა სფერო) ამოძრავებს ინდივიდუაციის ინსტინქტი, მაგრამ რადგანაც შემთხვევათა აბსოლუტურ უმეტესობაში ეს ინტინქტი გაუცნობიერებელი და გარეთ პროეცირებულია, ინდივიდუაციის ნაცვლად ხდება ძალების უაზრო ხარჯვა არაფერზე, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტ გაუცნობიერებლობას.

განვიხილოთ ჰოლივუდური ბოევიკის უკვე ნახსენები მაგალითი. მაყურებელი უყურებს მას, თავს მთავარ გმირთან აიგივებს და მისი გზის გარკვეულ სუროგატულ განცდებს განიცდის. მაგრამ რადგანაც ეს პერსონაჟები მთლიანად პროეცირებულია, თავად ინდივიდის ფსიქიკაში არაფერი არ ხდება, იგი უბრალოდ ტყუილად ფლანგავს განცდებს, რომელიც იდეალურ შემთხვევაში ინდივიდუაციის პირად გზაზე უნდა დახარჯულიყო. სახელმწიფოს სისტემა ჰგავს დედას, რომელიც თავის ბავშვს ათას შესაძლო თამაშს და სათამაშოს სთავაზობს, ოღონდ კი მომწიფებისგან დაიცვას იგი. საშუალო ადამიანი, განიცდის რა საკუთარ თავში ინდივიდუაციის ინსტინქტს, მის პროეცირებას გარე ობიექტზე ახდენს, და არ გადის ნამდვილ ინდივიდუაციას - როგორც ბავშვი თამაშობს დიდობანას ისე, რომ თვითონ არაა დიდი. ამიტომ ინდივიდუაციის პირველი სტადია - ესაა გარკვეული სიმბოლური გათიშვა ცრუ იდენტიფიკაციებისგან და ყველაზე სერიოზული ინტროსპექცია, ანუ თვითშემეცნება.

რადგანაც ინდივიდუაციის სიმბოლოები უფრო მკაფიოდ მითოლოგიაშა წარმოდგენილი, შესაბამისად, გმირის მითოლოგიური გზის შესწავლით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, კერძოდ რომელი სტადიები და მიახლოებით რა თანმიმდევრობით უნდა გავიაროთ ინდივიდუაციის გზაზე. გმირის გზის სიმბოლიზმთან გასაცნობად დაჟინებით გირჩევთ გაეცნოთ ჯოზეფ კემბელის წიგნს - „გმირი ათასი სახით[ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაგმას მიერ ქართულად თარგმნილ ჰაიო ბანცჰაფის წიგნს - "ტარო და გმირის მოგზაურობა" (მთარგმ. შენიშვნა)]. ამ ლექციის ფარგლებში კი შემიძლია მხოლოდ მოკლედ გავაშუქო ინდივიდუაციის გზის ძირითადი არქეტიპები.

სხვათაშორის, ფროიდის ყველაზე მთავარი შეცდომა - ეს იყო წინარე-ინდივიდუაზე დაციკვლა, რის შედეგადაც იგი შეცდომით აიგივებდა პრიმიტიულ, თავსმოხვეულ გამეორებებს იმ რელიგიურ ცერემონიებთან, რომლებიც სავსეა ფსიქიკის მომწიფების ღრმა სიმბოლიზმით.

ჩვენ ვამბობდით, რომ პირველყოფილი ადამიანი ცნობიერების მხოლოდ ჩანასახებს ფლობს. მაგრამ რას წარმოადგენს ჩვეულებრივი ადამიანის საშუალო ცნობიერება? ასე შორს წავიდა იგი პირველყოფილი მდგომარეობისგან? თანამედროვე ადამიანს უპირატესობა აქვს პრიმიტიულთან შედარებით იმაში, რომ შეუძლია თავისი ეგოს გარე ობიექტებისგან დიფერენცირება მოახდინოს. თუმცაღა ეს დიფერენცირება შორსაა სრულისგან და ეხება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებს, მაშინ, როცა საკუთარი თავის დიფერენცირების უნარი გარე (შემოტანილი) ფსიქიკური ზემოქმედებებისგან, როგორც წესი ძალიან მცირეა ხოლმე. საშუალო ადამიანს არ შეუძლია კრიტიკულად შეხედოს დომინანტურ კოლექტიურ წარმოდგენებს, ავტომატურად იღებს მათ თავის თავში, და თავის საკუთრებად თვლის. ერთი მხრივ, მისი ცნობიერება ინსტინქტებისადმი დაქვემდებარებული ხდება, მეორე მხრივ კი - შემზღუდველი დოგმემისადმი, რომელსაც აღზრდის სისტემა ახვევს თავს. დიახ, სწორედ ასეა - ახლა ჩვენ ფროიდის კლასიკურ სქემას მივმართავთ: ზემოთ - მაკონტროლებელი სუპერ-ეგო, ქვემოთ - იდის დაუოკებელი ინსტინქტები, ხოლო შუაში, ნიანგსა და ლომს შორის მოქცეული მიუნჰაუზენივით გამომწყვდეულია ჩვენი ეგო-ცნობიერება.

იუნგიანურ ტრადიციაში სუპერ-ეგო განისაზღვრება, როგორც სასტიკი მამა, ხოლო პირველადი ინსტინქტურობა - როგორც საშინელი დედა (რომელიც კასტრირებას ცდილობს). მიუხედავად ფროიდის პარადიგმისა, ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, რომ ეს ერთი შეხედვით შეურიგებელი ურთიერთწინააღმდეგობები თითქოს ერთხმად მოქმედებენ, „კარგი და ცუდი პოლიციელივით“.

გარედან თავსმოხვეული სტერეოტიპების ძალაუფლებისგან განთავისუფლება, მათი კრიტიკული გააზრება - ინდივიდუაციის პირველი სტადიაა. უკვე აქ გველოდება სირთულეების დიდი რაოდენობა. გარესამყარო ათასობით ცდუნებას და სიყალბეს გვიმზადებს, რათა დაგვტოვოს არაცნობიერ, კრიტიკას მოკლებულ მდგომარეობაში. გახსოვდეთ: სისტემა მშთანთქმელ დედას ჰგავს, რომელიც ბავშვს ათას შესაძლო თამაშს და სათამაშოს აძლევს, ოღონდ გაზრდისგან დაიცვას იგი. ამიტომ ინდივიდუაციის პირველ სტადიას წარმოადგენს სიმბოლური გათიშვა ცრუ იდენტიფიკაციებისგან და სერიოზული ინტროსპექცია, ანუ თვითშემეცნება.

უდავოა, რომ პირველ საფეხურს წარმოადგენს სიმბოლური წასვლა სახლიდან. მითებში გმირი ტოვებს თავისი მშობლების სახლს და სამოგზაუროდ მიდის. ის უკვე აღარაა „დედიკოს ბავშვი“ და სრულფასოვანი განცალკევებული ერთეული ხდება. ეს ნიშნავს კავშირის გაწყვეტას ოჯახის არაცნობიერთან და საკუთარი თვითშეფასების დასაწყისს. ამ საფეხურის გამოვლინება ხშირადაა მოზარდობის ასაკის ამბოხი, რომელიც სამწუხაროდ თავისი გაუცნობიერებლობიდან გამომდინარე 95% შემთხვევებში მთავრდება სრული მარცხით და „დედიკოს ბავშვის“ მდგომარეობაში დაბრუნებით, თუმცა დედის როლს შეიძლება ნებისმიერი რამ ასრულებდეს - სამსახური, ოჯახი, პრეზიდენტი. ინდივიდუაციის არაცნობიერი ინსტინქტი გამოვლენას იწყებს, მაგრამ თავად ინდივიდის გაუცნობიერებლობის გამო იკარგება.

უძველეს კულტურებში შემუშავებული იყო ზრდასრულობის აღმნიშვნელი განსაკუთრებული ინიციაციები, რომელთა ნაწილიც საკმაოდ სასტიკი იყო. მათი მიზანია - ინდივიდის ოჯახური არაცნობიერისგან განცალკევება, ბავშვის უწინდელ მდგომარეობასთან იდენტიფიკაციის ნგრევა სიმბოლური სიკვდილის მეშვეობით და ახალი დაბადება პრინციპულად ახალი თვისებით. თანამედროვე კულტურაში მსგავსი ინიციაციის არარსებობა წარმოადგენს კიდეც მასობრივი ნევროზულობის და ინფანტილურობის მიზეზს.

შემდეგი საფეხურია - ჩრდილთან შეხვედრა. ჩრდილი - ესაა იმ ყველაფრის პერსონიფიკაცია, რასაც ჩვენი ფსიქიკა არ იღებს. მითები სავსეა „მტრულად დაპირისპირებული დუალობებით“: კაენი და აბელი, ქ რისტე და იუდა, ფაუსტი და მეფისტოფელი. საკუთარ ჩრდილოვან საპირისპირო მხარესთან შეხვედრა და ეგოსთან ფიქსირებული იდენტიფიკაციის ნგრევა - ესაა ინდივიდუაციის მტანჯველი, მაგრამ გარდუვალი სტადია.

შემდეგი საფეხურია შეხვედრა ანიმასთან, ქალებისთვის - ანიმუსთან. თავისი ბუნებით სქესობრივი ურთიერთწინააღმდეგობების ეს არქეტიპები საკმაოდ ორმაგია. ერთი მხრივ, ესაა გადასარჩენი პრინცესა (ქალებისთვის მხსნელი გმირი), მეორე მხრივ, - ესაა მარადიულად მაცდუნებელი სირენები, ვალკირიები, რუსალკები (ქალებისთვის დემონური მამაკაცები). ფსიქოლოგიურად ანიმას (ანიმუსის) განთავისუფლების სტადია შეესაბამება შინაგანი ქალურობის (მამაკაცურობის) განთავისუფლებას დედობრივი (მამობრივი) საწყისისგან. ეს მოტივები დაწვრილებით იქნება განხილული მომდევნო ლექციებში, ახლა კი ამ თემას მხოლოდ სქემატურად განვიხილავთ.

ანიმასთან პოზიტიური კონტაქტის დამყარება მითების უმეტესობაში წარმოადგენს იმ შედეგს, რომელიც იუმორისტებს აიძულებს ირონიული კითხვა დასვან თემაზე: „და რა ემართება პრინცს ქორწილის მერე?“. ქორწილის, ანუ საკუთარ ქალურ (მამაკაცურ) ასპექტებთან იეროგამიის და ინტეგრაციის შემდეგ მყარდება კონტაქტი ჩვენს შინაგან ღვთაებრიობასთან. იუნგიანურ ტრადიციაში ჩვენ პრინციპულად არ ვიყენებთ პროექციულ ტერმინს - „ღმერთი“ (რომლის კომპრომეტირება დიდი ხანია მოახდინეს მსოფლიო რელიგიებმა), და ვცვლით მას უფრო მეცნიერულ-ნეიტრალური ტერმინით - „თვითობა“. თვითობა - ესაა ყოველგვარი ფსიქიკური ცხოვრების ცენტრი და საფუძველი, ღმერთის ხატი ჩვენს ფსიქიკაში.

ზემოთ მე მოკლედ დავხატე საკვანძო არქეტიპები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ინდივიდუაციასთან. შემდგომ ყოველ ამ არქეტიპს თითო ლექცია მიეძღვნება, და ამით შეძლებთ, რომ თემა გაცილებით უფრო ღრმად აითვისოთ.

რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი „ინდივიდუაციის პროცესის ემპირიკა“, სტატიების კრებული - „ჩვენი დროის სულის პრობლემები“, „არაცნობიერისადმი მიდგომა“. „ექვსი არქეტიპი“, ჯოზეფ ქემბელი - „გმირი ათასი სახით“, ერიხ ნოიმანი - „ცნობიერების წარმოშობა და განვითარება“.

 

 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff