იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მეექვსე ლექცია - პირველად იყო სიტყვა

 

before big bang 3

მეექვსე ლექცია - პირველად იყო სიტყვა

სამი უკანასკნელი ლექციის განმავლობაში ჩვენ გავარჩიეთ რამდენიმე საბაზისო ცნება, რომლებიც ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში გამოიყენება, და ცოტ-ცოტა ვუახლოვდებით იმ ზღვარს, სადაც ადეკვატური გაგებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგად განვითარებული გონება, არამედ უშუალო პირადი გამოცდილებაც იმ ძალებთან კავშირის ურთიერთობისა, რომლებზეც ვისაუბრებთ. თუკი ყოველი ჩვენგანი განიცდიდა საკუთარ თავზე ჩრდილის, პერსონას და ანიმას (ანიმუსის) ზემოქმედებას და შემდეგ ამ ცნებების ახსნა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, ის დონე, რომელზეც ამის შემდეგ ვისაუბრებთ, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის გამოცდილების მიღმა დგას. საქმე ეხება ყველასთვის ნაცნობ კოლექტიურ არაცნობიერს, სადაც ჩვენ იმდენად არამყარ ნიადაგზე ვაბიჯებთ, რომ ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება ნებისმიერი ყველაზე სრულყოფილი იდეაც კი გაანადგუროს.

იუნგიანური ფსიქოლოგია სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფსიქოლოგიურ სკოლად. იმისთვის, რომ ნამდვილი იუნგიანელი იყოთ, საკმარისი არაა იუნგის და მისი მიმდევრების ყველა ნაშრომის წაკითხვა, არამედ საჭიროა საკმაოდ კარგად ერკვეოდეთ ადამიანის სულის ბევრ ქმნილებაში - როგორებიცაა ლიტერატურა, ფილოსოფია, რელიგია და განსაკუთრებით მათი სიმბოლური მხარე, რეგულარულად აკეთებდეთ რომელიმე სულიერ პრაქტიკას (მინიმუმ აქტიური წარმოსახვის ტექნიკას, რომლის გაგებაც საკმარისი მომზადების გარეშე ძნელია). მაგრამ ეს ყველაფერიც კი ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ იუნგის მიერ გამოყენებული ცნებები სწორად იქნება გაგებული. ეს ეხება ისეთ საკმაოდ რთულ ცნებებს, როგორებიცაა თვითობა, ყოვლისკავშირი (всесвязность) და სინქრონულობა. თუკი ვინმეს არ განუცდია თავის სამშვინველში თვითობის შეგრძნება, როგორც ცოცხალი ფსიქოლოგიური გამოცდილება, მაშინ ერთადერთი ვარიანტი ამ ძალასთან უშუალო შეხებისთვის მხოლოდ გარკვეული პრაქტიკები იქნება.

მანამ, სანამ პირადი არაცნობიერის საზღვარს გადავკვეთთ, რომლის ფარგლებშიც იმყოფებიან პერსონა, ეგო, ჩრდილი, განდევნილი შიშები და სურვილები და ნაწილობრივ ანიმა (თუმცა ეს უკანასკნელი აისბერგს ჰგავს: ზედაპირზე მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელზეც შეგვიძლია მივუთითოთ; მაგრამ ანიმას, როგორც ზღვრული რეალობის განცდას ვერაფერს ვერ შეადარებ), აუცილებელია ნათელი მოვფინოთ კაცობრიობასავით ძველ პრობლემას - სიტყვის პრობლემას. რამეთუ თუკი ამ დონეზე ვერ მოვახერხებთ თუნდაც ნაწილობრივი გაგების მიღწევას, მაშინ თემის შემდგომი განვითარება უბრალოდ უაზრობა იქნება.

ადამიანები მხოლოდ ფიქრობენ, რომ ცნებათა ერთი და იმავე ნაკრებს იყენებენ და საბოლოო ჯამში ესმით ერთმანეთის. სინამდვილეში ჩვენი ენები შერეულია, თითქოს როგორც ბაბილონის გოდოლის დაცემის შემდეგ, და ის, ვინც ამის გაცნობიერებას შეძლებს, პირველ ნაბიჯს გადადგამს ამ შერევის გადასალახად. ერთი და იგივე ცნებები ხშირად სხვადასხვა, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგო კონტექსტშიც კი გამოიყენება. ამასთან, ადამიანები შესაძლოა სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი გაგება იდენტურია, მაგრამ რაიმე მოვლენას შეუძლია დაანგრიოს ეს ილუზია ოცწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ.

იმისთვის, რომ მაგალითით დავაკვირდეთ ამ „გაუგებარი სიტყვების“ დინამიკას, გირჩევთ გაეცნოთ მილან კუნდერას ბრწყინვალე რომანს - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“. ამ ფრიად არასტანდარტულ და პროგრესულ რომანს მომდევნო ლექციებშც დავუბრუნდები.

ჯერ-ჯერობით ეს სიტყვები ცოტა აბსტრაქტული და დაუმტკიცებელი ჩანს. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძება განაცხადოს, რომ სიტყვები - ეს საკმარისად მარტივია, და გაუგებრობა მხოლოდ არც ისე გონიერ ხალხში შეიძლება გაჩნდეს. გარწმუნებთ, ეს ილუზიაა.

ამის გაცნობიერებისთვის, მოდით, ვცადოთ და აზრობრივად აღვიდგინოთ, რა სახით ფორმირდებოდა ცნებებისა და განსაზღვრებების ენა. თავიდან სიტყვები არ იყო, არამედ გამოიყენებოდა მხოლოდ გარკვეულ ბგერათა ნაკრები, რომელიც გადარჩენასთან დაკავშირებულ საბაზისო მოთხოვნილებებზე მიგვანიშნებდა - საფრთხე, საკვები, კონკურენცია, აგრესია, გამრავლება. სიგნალების ასეთი ნაკრები პრაქტიკულად ყველა ცხოველს აქვს. ენის ფორმირება მაშინ დაიწყო, როცა ადამიანმა აბსტრაქტული ხედვის უნარი შეიძინა და შეძლო გაერჩია არა მხოლოდ თავისი ინსტინქტური იმპულსები, არამედ გარე სამყაროს ფენომენებიც. მან გამორჩევა დაიწყო, და ამის შედეგად ყოველ გამორჩეულ მოვლენას თავის სიგნალს ანიჭებდა. რამაც დროთა განმავლობაში ცნებების მაღალგანვითარებული აპარატის გაჩენამდე მიგვიყვანა. სავარაუდოდ სწორედ ამაშია ადამია შესახებ ლეგენდის მნიშვნელობა, რომელიც დედამიწის ყველა ქმნილებას სახელს არქმევდა.

ლოგოსი - ესაა ძალიან რთული ცნება, რომელსაც მრავალი მნიშვნელობისგან შემდგარი მნიშვნელობათა ველი აქვს - „სიტყვა“, „სინათლე“, „გამორჩევა“, „ღმერთი“. და თუ გავერკვევით, ეს ცნებები შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. სინათლე შესაძლებელს ხდის ობიექტების, როგორც გამორჩეული ერთეულების ხედვას, მაშინ, როცა ღამის სიბნელეში ისინი ერთიან და ამორფულ მთლიანობად წარმოგვიდგებიან. მაგრამ თავად გამორჩევა შესაძლებელია მხოლოდ განსხვავებული ცნებების არსებობის პირობებში, და ამ ცნებებს სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად გაიგებენ, და ეს ყველაფერი თავისი ბუნებით ნუმინოზური ცნობიერების საფუძველს წარმოადგენს (აქედანაა ცნება „ღმერთი“, თუკი მას უფრო მოგვიანებით დადებულ სუპერეგოს შრეებს მოვაცილებთ).

ამგვარად, პირველი ენა - ესაა გარეგანი მოვლენების ენა. რაც უფრო მეტად განვითარებული და ფართოა კონკრეტული ადამიანის ენა, მით უფრო მეტია იმ მოვლენათა რიცხვი, რომლებიც მას შეუძლია დაიტიოს. ნებისმიერი კვლევა, საკუთარი შემეცნების ნებისმიერი სრულყოფა - ესაა პირველ რიგში ცნებათა აპარატის სრულყოფა, რომელიც განვითარების შესაბამისად შეიძლება თავის თავში მოიცავდეს უფრო და უფრო მეტ მოვლენას და მათ წახნაგებს.

ერთი შეხედვით, ამ დონეზე ვერანაირი გაუგებრობა ვერ იქნება, რამეთუ ჩვენ ყველანი ცნებათა ერთი და იგივე ნაკრებს ვფლობთ. კატას არავინ უწოდებს ძაღლს, შესაბამისად გაუგებრობა ვერ მოხდება.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. მართლაც, კატას და ძაღლს არცერთი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი არ აურევს ერთმანეთში, მაგრამ რამხელაა განსხვავება ცნება „ძაღლში“ ჩვეულებრივი ადამიანისთვის და პროფესორი კინოლოგისთვის! ჩვეულებრივი ადამიანისთვის არსებობს ერთი ფენომენი - ძაღლი და მისი რამდენიმე ჯიში, მაშნ, როცა კინოლოგისთვის აღმოსავლეთ-ევროპული და გერმანული ნაგაზი პრინციპულად სხვადასხვა არსებები არიან.

თოვლის რამდენი სახე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ? სველი, მშრალი, ყინულიანი, ჭრაჭუნა. საუკეთესო შემთხვევაში ათ ფორმას თუ ჩამოვთვლით. ესკიმოსისთვის კი არსებობს თოვლის დაახლოებით 35 სახეობა, რომელთაგანაც თთოეულს თავისი განუმეორებელი თვისებები გააჩნია! და ვერცერთ ვითარებაში იგი ვერ აურევს თოვლის ერთ სახეს მეორეში - ეს მისთვის ისეთივე სიბრიყვეა, როგორც ჩვენთვის ვერხვის და მუხის ერთმანეთში არევა იმ საფუძველზე, რომ ერთიც და მეორეც ხეა.

ცხელ ქვეყნებში მცხოვრებთათვის კი თოვლის განსაზღვრებაში სამ სხვადასხვა ქვე-ცნებასაც კი ვერ იპოვოთ. თოვლი მათთვის მხოლოდ ერთია.

ცნებათა სისტემებს შორის სხვაობის ყველაზე მკაფიო მაგალითს ფერი წარმოადგენს. ცნობილია, რომ არსებობს შვიდი ფერი და შუალედური ფერების გარკვეული რაოდენობა. როცა კომპიუტერში ვხედავთ ერთიდან მეორე ფერზე გადასვლას, რა თქმა უნდა განვასხვავებთ წითელ-A-ს წითელი-B-სგან, მაგრამ ცხოვრებაში, როცა ფერებზე ვსაუბრობთ, ეს პრინციპში არაა გათვალისწინებული. მხატვრების სამყაროში კი ყოველი ელფერისთვის არსებობს თავისი განსაზღვრება, და მათი არევის ალბათობა თითქმის არ არსებობს.

ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ მოვლენის გაცნობიერებასა და მისთვის სახელის დარქმევას შორის. ის, რისთვისაც სახელი ვიპოვეთ, უკვე მიეკუთვნება ცნობიერებას, ამიტომ ამ მოვლენაზე ლოგოსის ძალას ვფლობთ. ამ მიმართებით გასაგები ხდება უძველესი გადმოცემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ხალხში გვხვდება: იმისთვის, რომ დემონი დაიმორჩილო, მისი სახელი უნდა იცოდე. კლასიკური მითი იმის შესახებ, რომ ის, ვინც ღმერთის საიდუმლო სახელი იცის, თავად ხდება ღმერთი, ჩვენი პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ცნობიერების სხვადასხვა ფოკუსირებასთან დაკავშირებით მატერიალური მოვლენების აღწერის დონეზეც კი ადამიანები რეალობის სხვადასხვა გვირაბებში იმყოფებიან. ერთს თოვლის 35 სახე და ყოველი მათგანისთვის თავისი დასახელება აქვს, მეორეს - ... და ა.შ. ამ დონეზე გაუგებრობა შეიძლება გადალახულ იქნეს მოვლენის თვალსაჩინო დემონსტრაციით მათ მიერ, ვისაც უფრო ფართო სემანტიკური ველი აქვს. თუმცა ასეთი დემონსტრაციის შესაძლებლობები შეზღუდულია, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუ მაშინვე 150 ფერის დასახელებას გაიგებს, ინდივიდი ადვილად ისწავლის მათ გარჩევას განსაზღვრებებში გახლართვის გარეშე. თუმცაღა მოვლენის წახნაგების ნაწილობრივ დემონსტრაციასაც კი შეუძლია დაგვეხმაროს გაუგებრობის შემცირებაში და სემანტიკური ველის შესატყვისობაში მოყვანაში.

მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულდება სემანტიკის განვითარების შემდეგ ეტაპზე - როცა სახელები ეძლევა არა მხოლოდ გარეგნულ მოვლენებს, არამედ შინაგან განცდებსაც. უფრო მეტიც - გარკვეულ საგნებთან დაკავშირებულ განცდებს შეიძლება თავის საფუძველში სრულიად განსხვავებული შინაარსი ჰქონდეთ. აქ ისღა დამრჩენია, რომ კიდევ ერთხელ გირჩიოთ მილან კუნდერას შესანიშნავი რომანის „ყოფის აუტანელი სიმსუბუქის“ წაკითხვა, რადგან არსად ასე სრულყოფილად არაა გადმოცემული ცნებით-ემოციური გაუგებრობის მექანიზმი.

თუკი ადამიანები გარესამყაროს ყველა მოვლენას დაახლოებით ერთნაირად ხედავენ, ცხადია, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა განცდებისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომ ერთი და იგივე ცნება, რომელიც ამა თუ იმ განცდას განსაზღვრავს, ხშირად ურთიერთწინააღმდეგობრივ ინტერპრეტაციებად აღიწერება. კლასიკური მაგალითია - „სიყვარულის“ ცნება, რომელსაც იმდენი მნიშვნელობა და აზრი ენიჭება, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც, რომ ხშირად გაგება იმისა, თუ რას გულისხმობს ამ სიტყვის ქვეშ ადამიანი, უკიდურესად რთულია.

ალისტერ ქროული, მეოცე საუკუნის უდიდესი მაგი და მოაზროვნე, ასეთი გაგების მექანიზმს ცნება - „სამშვინველის“ მაგალითზე აღწერს. ვციტირებ: „იგივე სიტყვა „სამშვინველისთვის“ (душа) განსხვავებები ძალიან დიდია. ზოგჯერ იგი გამოიყენება ატმანის აღსაწერად, უპიროვნო პრინციპის, რომელიც პრაქტიკულად სინონიმია აბსოლუტის ცნებისა. სხვები ამ სიტყვას იყენებენ ინდივიდუალური სულის აღსაწერად, რომელიც განცალკევებულია ზე-სულისგან, ანუ ღმერთისგან. სხვები განიხილავენ მას, როგორც ნეშამის, ადამიანში გონიერი არსების, მისი მისწრაფებების ექვივალენტს;მაშინ, როცა სხვები გულისხმობენ ნეფეშს, ცხოველურ სულს, ცნობიერებას, რომელიც გრძნობებს შეესაბამება. გარდა ამისა, სიტყვა „სული“ იდენტიფიცირებულ იქნა რუახთან, რომელიც სინამდვილეში მეხსიერების მექანიზმია“ (ალისტერ ქროული, „წიგნი 777“). მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად ხშირად შევხვედრივარ ამ სიტყვის პრინციპულად განსხვავებულ გაგებას - ჩემთვის იგი ყოველთვის ნეიტრალურ-ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას ატარებდა, და ერთ სატანისტთან პოლემიკაში ჩემდა გასაკვირად შევნიშნე ძლიერი ნეგატივი, რომელიც ამ ცნების წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ მივხვდი, რომ მისთვის „სამშვინველის“ ცნებას მჭიდრო კავშირი აქვს ქრისტიანობასთან, ამიტომ ის სრულიად ბუნებრივ მტრულ გრძნობას განიცდის ამ სიტყვის მიმართ.

ამ არეულობაში მხოლოდ კარგად განვითარებული ინტუიცია გვეხმარება. მაგრამ მასაც გააჩნია თავისი საზღვრები. როცა ადამიანს ვესაუბრებით, ჩვენ შეგვიძლია ინტუიტიურად ვიგრძნოთ, თუ რას გულისხმობს იგი ამა თუ იმ ცნების ქვეშ, მისი ინტონაციის, აქცენტების, მოცემულ საგანთან დამოკიდებულების და სხვა ნატიფი წახნაგების მიხედვით. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ჩვენ თვითონ არ გვაქვს ძლიერი ემოციური ბმები ამ ცნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ ხმის ჩახლეჩვამდე იკამათონ განსაზღვრებაზე და ეჭვიც კი არ შეეპაროთ, რომ ერთი და იგივე მოვლენაზე საუბრობენ.

მაგრამ ჩვენ აქაც კი არ შეგვიძლია წერტილის დასმა. საქმე იმაშია, რომ თუკი განსაზღვრულს გრძნობებს - როგორებიცაა ბრაზი, სევდა, რისხვა, ზიზღი - ინტენსივობის სხვადასხვა დონით ყველა გრძნობს, არსებობს ასევე დონე, რომელზეც ურთიერთგაგება თითქმის შეუძლებელი ხდება. არსებობს რიგი ფსიქიკური დონეებისა, რომლებიც ცოტა ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, ხოლო ზოგიერთი მათგანის განცდა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, და ისიც ხანგრძლივი ფსიქიკური პრაქტიკების შემდეგ.

იღბლიანი, რომელსაც გაუმართლა და ამ დონეს შეეხო, იწყებს მასზე საუბარს მისთვის უკვე ცნობილი ცნებების გამოყენებით და არც კი ეჭვობს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობს მკითხველების მიერ მათთვის ცნობილი გრძნობებისა და ცნებების ფარგლებში ინტერპრეტირდება. ბუნებრივია, რომ ეს განცდა რაღაც თვალსაზრისით შედგება საერთო განცდებისგან, მაგალითად აღტაცებისგან, ვნებისგან, შიშისგან და ა.შ., მაგრამ სხვა თვალსაზრისით, და პრინციპულად რაღაც ახალს წარმოადგენს. ზუსტად ასევე მწვანე ფერი ერთი მხრივ ლურჯისგან და ყვითელისგან შედგება, მაგრამ არსობრივად პრინციპულად ახალი ფერია.

მოდით, განვავითაროთ ეს ფანტაზია და წარმოვიდგინოთ ადამიანთა დასახლება, რომლებსაც არასოდეს უნახავთ მწვანე ფერი, და უცებ ის ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა, მაგალითად, სიზმარში. ბუნებრივია, ამ ფერს იგი უკვე არსებული ცნებებით განსაზღვრავს, როგორც რაღაც, რაც თავის თავში ლურჯ და ყვითელ ფერებს “შეიცავს. მაგრამ ისინი, ვისაც მწვანე არასოდეს უნახავს, სიტყვა-სიტყვით გაიგებენ ამას და ეცდებიან რაღაცნაირად მოახდინონ ლურჯის და ყვითელის კომბინირება.

მას შემდეგ, რაც ოკულტური პრაქტიკებით დავკავდი, მომიწია, რომ გადამეტანა მრავალი მდგომარეობა, რომლებიც სრულიად არ ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამასთან ვერცერთ მათგანს ვერ გადმოვცემდი ჩვეული ცნებების სისტემით. ამას მხოლოდ მიახლოებითი ანალოგიის მეთოდით თუ გავაკეთებდი. ჭეშმარიტად, შეგვიძლია გავუგოთ მისტიკოსებს და ოკულტისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ცნობიერების უმაღლეს (ანუ არა ყველასთვის მისაწვდომ) მდგომარეობაში განცდილის განსაზღვრება შეუძლებელია, და ურჩევენ, რომ მოსინჯონ სულიერი პრაქტიკების ესა თუ ის ფორმები, რათა გამოცდილებით დარწმუნდნენ იმაში, მიესადაგება თუ არა იგი ამ კონკრეტულ ადამიანს.

სხვა გზა, რომლითაც შეუძლია იაროს იმ ადამიანმა, ვინც უნიკალური გამოცდილება გაიარა - ესაა მკაფიოდ გაგება იმისა, თუ რას არ წარმოადგენს ეს გამოცდილება. ამითჩვენ არ გამოვხატავთ განცდის გამოცდილებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცრუ აზრობრივი პროექციებისგან მაინც დავიცავთ მას. მაგალითად, იუნგი მკაფიოდ გამოარჩევს „ღმერთის“ ცნებას ტრადიციული რელიგიების ყველა სენტიმენტალური და მორალური პროექციებისგან. ღმერთი - ესაა შეუცნობელი, გამოუთქმელი არსებობა, მიუწვდომელი საიდუმლო, აღტაცება + შიში, მაგრამ ეს არანაირად არაა მორალისტური და სენტიმენტალური რელიგიური მსჯელობები. აშკარაა, რომ ადამიანი, რომელსაც თვითობის (ღმერთის) გამოცდილება არ ჰქონია, ამ განსაზღვრებისგან ამ გამოცდილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეცოდინება, თუ რას არ წარმოადგენს თვითობა. და შესაძლოა, აქტიური წარმოსახვის პრაქტიკების მეშვეობით სხვა სულიერ პრაქტიკებთან ერთიანობაში შეძლებს მიაღწიოს განცდას, რომელიც ახლოსაა იმასთან, რაც იუნგმა აღმოაჩინა.

ერთხელ შევხვდი ერთ კრეტინს, რომელიც „ანტისექსის“ მოძრაობას წარმოადგენდა. თავის ერთერთ წერილში თავისი ბრიყვული იდეების დასადასტურებლად იგი წერდა: „მოკლედ, წაიკითხეთ კლასიკოსები - ტოლსტოი, დოსტოევსკი და იუნგი“. ამ პასაჟმა ძალიან გამაბრაზა, რადგან იმ დროს რომ არ მცოდნოდა იუნგის სწავლება, ასეთი რეკომენდაციის შემდეგ იუნგის მიმართ არ განვიცდიდი არაფერს, გარდა მტრული დამოკიდებულებისა - ყველა, ვინც სექსს ბოროტებად თვლის, გონებრივად და სულიერად ღატაკი იდიოტები არიან. როცა მე ვეცადე გამეგო, თუ სად აჟღერებს თავისი 18 ტომის ფურცლებზე იუნგი ისეთ იდეებს, სადაც სექსისადმი მიუღებლობაა, მაგალითად მომიყვანეს ეპიზოდი ახალგაზრდა ადამიანზე, რომელსაც ესიზმრა, რომ იგი ვაშლებს იპარავს ბაღში, რაც იყო რეაქცია მისი მორალისტური არაცნობიერისა დამლაგებელთან ინტრიგის გამო. მაგრამ დალახვროს ეშმაკმა, აქ იუნგი მიუთითებს ფსიქიკაში განსაკუთრებულ ფუნქციაზე, რომელიც ტაბუს ადებს სექსუალობის სპონტანურ გამოვლინებას, და ასეთი ფუნქცია ნამდვილად არსებობს, თუმცაღა ცალკე აბზაცში იგი მიანიშნებს, რომ პრინციპულად ამბობს უარს ამ ფუნქციის, როგორც დადებითად ან უარყოფითად შეფასებაზე - როგორც მეცნიერი, იგი მხოლოდ მისი არსებობის კონსტატაციას ახდენს. ამ ბატონმა „ანტისექსმა“ კი მთელი აბზაცი გამოტოვა და საყვარლად „ჩააქსოვა“ იუნგი საკუთარ ბოდვით კონსტრუქციებში.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იუნგიანური ტრადიცია (და თელემა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით) მუშაობს ქვეცნობიერის ღრმა შრესთან. დანარჩენი ფსიქოლოგიური სკოლები ამჯობინებენ, რომ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე იმუშაონ და არ შორდებიან პირადი არაცნობიერის საზღვრებს.

ცნობიერების ზოგიერთი მდგომარეობა უპრიანი იქნება, რომ ამა თუ იმ ღვთაებების სახელით აღვწეროთ. ქურუმი, ან მისტიკოსი, რომელმაც ამა თუ იმ ფსიქიკურ ძალასთან კავშირის მდგომარეობა განიცადა, ღვთაებად განსაზღვრავდა მას და სახელს ანიჭებდა. მისი მრევლი კი თავის მხრივ ამ ფორმაზე საკუთარი ფსიქიკური შემადგენელის პროეცირებას ახდენდა.

ამგვარად, ჩვენი მთავარი ამოცანაა - ვიპოვოთ „გასაღებები“, რომლებიც არქეტიპული ფსიქიკის სიღრმეების კარის გაღების საშუალებას მოგვცემენ. არქეტიპები ერთიანია კაცობრიობისთვის, მაგრამ ყოველი ცალკეული ინდივიდი ამ პლასტისგან პირადი არაცნობიერის საიმედო დაცვითაა ჩაკეტილი. ყველა საზღვრის სრული ნგრევა ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკას შორის - სიგიჟეს ნიშნავს. ჩაკეტილობას და მტკიცე დაცვებს კი იქამდე მივყავართ, რასაც მე „პათოლოგიურ ნორმალურობას“ ვუწოდებ - ანუ გრძნობების და განცდების საკმაოდ ღარიბ ნაკრებს, რომლებსაც მინიმალური შინაგანი ცხოვრება გააჩნიათ და ბოლომდე არიან მიბმულნი გარე ობიექტებზე. ამოცანას წარმოადგენს საიმედო კავშირის დამყარება არქეტიპულ ფსიქიკასთან (სინონიმები - კოლექტიური არაცნობიერი, ობიექტური ფსიქიკური), რომლის დროსაც ერთი მხრივ უზრუნველყოფილ იქნება ინდივიდუალური მეს თვითობასთან ურთიერთობა და განვითარება, მეორე მხრივ კი - ეს ინდივიდუალური მე არ დაინგრევა არქეტიპული შემადგენელების ნიაღვარით.

რეკომენდებული ლიტერატურა: ალისტერ ქროული - „Liber 777”, მილან კუნდერა - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, პიოტრ უსპენსკი - „В поисках чудесного“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff