იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მეხუთე ლექცია - სიზიგია (ანიმა და ანიმუსი)

 

anima

მეხუთე ლექცია - სიზიგია (ანიმა და ანიმუსი)

წინა ლექციაში თქვენ შეგეძლოთ მაგალითებით დარწმუნებულიყავით, თუ რა მტანჯველი და რთულია ჩრდილთან დაკავშირებული პრობლემატიკა. არაცნობიერის ჩრდილოვან შემადგენელთან შეჯახება - ჭეშმარიტად მტანჯველი იდენტიფიკაციის კრიზისია ნებისმიერისთვის. ჩრდილთან მცირე შეხებაც კი ჭეშმარიტად ეგზისტენციალურ ტანჯვებს იწვევს. ამიტომ აბსოლუტური უმეტესობა ამჯობინებს, რომ ედემურ უმეცრებაში იყოს თავის არაცნობიერთან მიმართებაში.

დღევანდელი ლექცია ეხება ანიმას და ანიმუსს. მანამ, სანამ ამ არქეტიპების ანალიზს შევუდგებოდეთ, აუცილებლად ვთვლი, რომ მოვიყვანო კარლ იუნგის ციტატა: „თუ ჩრდილი შეგირდის ამოცანაა, ანიმა - ეს უკვე ოსტატის ამოცანაა“. მხოლოდ მას, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ჩრდილთან, შეუძლია შეაფასოს, თუ რას ნიშნავს „შეგირდის ამოცანა“.

განსაზღვრების თანახმად, ანიმა წარმოადგენს მამაკაცის ფსიქიკის ქალურ ნაწილს, ხოლო ანიმუსი - ქალის ფსიქიკის მამაკაცურ ნაწილს. ამ მიმართებით იუნგი ხელმეორედ, უკვე ფსიქოლოგიური ცოდნის მეშვეობით ხსნის უძველეს ჭეშმარიტებას, რომ ფსიქიკურ დონეზე ჩვენ ყველანი ანდროგინები ვართ.

ანიმა და ანიმუსი ჭარბადაა წარმოდგენილი მითებში. პატრიარქალურ კულტურაში, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, მამაკაცის ინდივიდუაციის გზაზე ანიმას მითოლოგია გაცილებით უფრო სრულადაა გამოვლენილი, ვიდრე ანიმუსის მითოლოგია.

ამრიგად, დავიწყოთ მითოლოგიით. მითებში ანიმა პოზიტიურ ასპექტში წარმოადგენს პრინცესას, რომელიც უნდა გადაარჩინონ (პრინცესას გადარჩენის სიმბოლოს დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ), რამეთუ იგი მეგზურის ფუნქციას ასრულებს (ანიმას მსგავსი ფუნქციის მაგალითებია - ბეატრიჩე დანტეს „ღვთაებრივი კომედიიდან“, ასევე სხვადასხვა ქალური ხატ-სახეები, როგორებიც არიან ელენა და მარია გოეთეს „ფაუსტიდან“). ანიმა მეგზურის როლში ინდივიდუაციის საკმარისად მაღალ საფეხურებზე შემოდის, როცა გადალახულია მისი სახიფათო ასპექტები და იგი განთავისუფლებულია დედობრივი არქეტიპის ბატონობისგან. დაბალ საფეხურებზე კი ანიმა ჯერ კიდევ შერეულია დედის ხატ-სახესთან და ღრმა არაცნობიერის საშიშ ფიგურებში ვლინდება, როგორებიც არიან, მაგალითად, სირენები, ჰარპიები, ქალთევზები და ბოროტი ჯადოქრები (ეს უკანასკნელი სუფთა დედის ხატ-სახეა).

იუნგი გამოყოფდა ანიმას განვითარების ოთხ დონეს - ევა, ელენა, მარიამი და სოფია. პირადად მე ბოლომდე არ ვეთანხმები ზოგიერთ დეტალს, მაგრამ აქ ისე მომყავს კლასიფიკაცია, როგორც იუნგთანაა აღწერილი.

ანიმას განვითარების ყველაზე დაბალი სტადია - ევაა. იუნგი ალბათ გულისხმობდა არა ევას, რომელმაც ადამს ვაშლი მისცა და ამით არაცნობიერის მონობისგან გაანთავისუფლა, არამედ პირვანდელ არქი-დედას, ანუ ცნობიერების იმ მდგომარეობას, როცა ქალური საწყისი ჯერ კიდევ არაა განცალკევებული დედობრივისგან. აქ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ არქაული მითები მომაკვდავ ვაჟ-შეყვარებულებზე, რომლებიც ვერ შორდებიან ძლევამოსილ დედას.

ალბათ ყოველ თქვენგანს უნახავს მამაკაცები, რომლებიც განვითარების ამ საფეხურზე იმყოფებიან. ესენი არიან „დედიკოს ბიჭები“, რომელთა აქტივობაც მთლიანადაა შთანთქმული დედის ხატ-სახით. ისინი შეიძლება იყვნენ ჰომოსექსუალები, ან შექმნან ასეთი წარმოდგენა, ასევე შეიძლება გამოიყურებოდნენ ჩვეულებრივ მეოჯახეებად, მაგრამ მათი ამოცნობა ყოველთვის შეიძლება განსაკუთრებული „მორჩილებით“ (смиренности) თვალებში. მათი ეროტიული საწყისი თითქოს გამოთულია, ამიტომ ისინი „უბიწოების“ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს საეჭვო ღირსებაა, თუკი პიროვნების სექსუალური მხარის მოუმწიფებლობას გულისხმობს. უფრო უპრიანია ვთქვათ, რომ ისინი უბრალოდ კასტრირებულნი არიან დედობრივი ხატ-სახის მიერ.

ანიმას განვითარების შემდეგი დონეა - ელენა. სავარაუდოდ იუნგი ტროას ელენას გულისხმობდა, რომლის სილამაზემაც ომი გააჩაღა ელადასა და ტროას შორის. ჩემი აზრით ეს ხატ-სახე ცოტა წარუმატებლადაა შერჩეული, მაგრამ თავად არსი გასაგებია - ეს ის დონეა, რომელშიც ეროტიზმი უკვე გამოხატულია და გამოყოფილია დედობრივი საწყისისგან, მაგრამ არაა გამოყოფილი ფლობის სურვილისგან და აგრესიისგან. თუკი ანიმას პირველი დონე შეგვიძლია შევადაროთ მცენარეულ დონეს, მეორე უკვე ცხოველურია, რომელიც რა თქმა უნდა ევას დონის კასტრირებულ მორჩილებაზე რამდენადმე უკეთესია.

ანიმას განვითარების მესამე ეტაპს იუნგი განსაზღვრავს, როგორც მარიამი. კვლავაც, თანამედროვე ადამიანისთვის რთულია ამის გაგება, რადგან ჩვენ მკაფიოდ ვაიგივებთ მარიამს დედობრივ ფუნქციასთან. იუნგი აღწერს ანიმა-მარიამს, როგორც სულიერი დის, მეგზურის არქეტიპს. ჩემი აზრით მესამე დონის ანიმად ათენა უფრო გამოდგებოდა. ამ სტადიაზე ინდივიდუაციისკენ მიმავალი ადამიანი საკმარისად თავისუფლდება სექსუალობის დიქტატისგან და შესაძლებლობა ეძლევა რომ ქალი აღიქვას, როგორც მეგობარი. აქ უკვე შეიძლება გაჩნდეს მომწიფებული თანამშრომლობა, და ინდივიდუანტი აღწევს მომწიფებულ, ადამიანურ დონეს.

ანიმას უმაღლესი დონე - სოფიაა. აქ უკვე საუბარია ქალური საწყისის რელიგიურ-მისტიურ წვდომაზე. „მარადიულო ქალურობავ, ჩვენ შენსკენ ვისწრაფვით!“ - ფაუსტის ეს ყვირილი სწორედ სოფიასადმია მიმართული.

სოფია - ეს მხოლოდ ერთ-ეთი სახელია, და მათთვის, ვინც შორსაა ქრისტიანობისგან, იგი ყოველთვის არაა შესაფერისი. მარადიული ქალურობა უამრავ სახელს ატარებს. ჩემთვის, როგორც თელემიტისთვის, ეს პირველ რიგში ნუთია - უსასრულო ცის მბრძანებელი, და ბაბალონი - მიღმიერი ვნების ქალღმერთი. ინდუისტი შესაძლოა კალიზე, პარვატიზე, ლაქშმიზე აპელირებდეს. კაბალურ ტრადიციაში ესაა ღმერთის მეუღლე - შეკინა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როცა განვითარების შემდეგ დონეს ვაღწევთ, წინა დონე არ ქრება მთლიანად, და ანიმას გარკვეული ნაწილი წინა, უკვე განვლილ ფორმებში რჩება. აი, რატომაა, რომ ცნობიერების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ვუფრთხოდეთ მაკასტრირებელ დედას და ინსტინქტურ ასპექტებში ვარდნას.

ჩვენს სულში ყოველთვის მოქმედებს ორი ქალური არქეტიპი - ანიმა და დედობრივი, ამიტომ იმაზე, თუ რომელ მათგანს ვანიჭებთ უპირატესობას, დამოკიდებულია მათი ფსიქოლოგიური ურთიერთდაპირისპირების შედეგი. მოსახერხებლობისთვის ანიმა განისაზღვრება, როგორც დინამიური ქალური საწყისი, ხოლო მზრუნველი დედის არქეტიპი - როგორც სტატიური ქალური საწყისი. იმისთვის,ლ რომ მოვახდინოთ ამ ორ არქეტიპს შორის სხვაობის ილუსტრირება, გთავაზობთ განვიხილოთ შემდეგი სიზმარი, რომელიც ანიმას გაცნობიერების პერიოდში მესიზმრა.

„მატარებელში ვზივარ სკამზე. რაღაც სადგური გავიარეთ, რომელიც ცხოვრებაში ჩვეულებრივი სადგურია, სიზმარში კი - ნეონის შუქებითაა განათებული. მარჯვნიდან ვაგონში ქალი შემოვიდა. ის ძალიან ლამაზია, მკაფიო, შავი თმა, მისგან რაღაც უზარმაზარი დიონისური ძალა მოდის, ხელში გიტარა უჭირავს, რომელზეც დაკვრას აპირებს. მისი სიმღერა - ესაა გამოწვევა ყველაფერი გაყინულისადმი, ამბობს, რომ მას უნდა გავყვეთ, ჯოჯოხეთი გავიაროთ, და მხოლოდ ძლიერს შეუძლია ამის ატანა. მე ვაკვირდები ქალს და აღტაცებასა და შიშს ვგრძნობ, მაგრამ აქ ვაგონში მეორე მხრიდან შემოდის სხვა ქალი, უცნაური მამაკაცის თანხლებით. ზუსტად ვიცი, რომ ამ მამაკაცს გამჭვირვალე თეთრი ტყავი აცვია. ქალს ნათელი თმა აქვს, და რაღაც კლასიკურ ინსტრუმენტზე უკრავს, არფისმაგვარზე. და მაშინვე ყველა მის მოსმენას იწყებს, იგი მღერის იმაზე, თუ როგორ მშვენიერ და უშფოთველ სამყაროს ქმნის ყველაფრისგან, რასაც ეხება. ყოველი, ვინც მას მოუსმენს, არასოდეს დაიტანჯება. მთელი ვაგონი გაიყინა მისი ჯადოქრობისგან, თითქოს პირველი ქალი არც კი გამოჩენილიყოს, და მამაკაცმა ყველაზე დაიწყო ხარის ტყავის მორგება, და ამ პროცესში ადამიანებს რაღაც ემართებოდათ, ისინი რაღაც უცნაურ ბედნიერებას ჰპოვებდნენ. საშინელ ბედნიერებას! და აი, ის მიახლოვდება და ცდილობს ხარის ტყავი ჩამომაცვას, მე კი მთელი ძალით ვეწინააღმდეგები. და წინააღმდეგობის ამ წამს მე ვიმეცნებ, რომ არსებობს მხოლოდ ორი ძალა, და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ვის გავყვეთ“.

ქვემოთ მოვიყვან ციტატას დიმიტრი მერეჟკოვსკის რომანიდან, რომელიც მხატვრის შესანიშნავი ოსტატობით ხატავს დედობრივი ზეწოლის არქეტიპს და იმ უბედურებს, რომლებიც მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ:

«Не влюблены ли мы в маминьку, как Алёша в свою богородицу?

— Маминька! Голубица моя! Возьми меня к себе! – стонет, как томная горлица, краснокожий штабс-капитан Гагин.

— Малюточка моя, – утешает маминька,—жалею и люблю тебя, как только мать может любить своё дитятко. Да будет из наших сердец едино сердце Иисуса Христа!

А генерал майор Головин, водивший некогда фангорийцев в убийственный огонь Багратионовых флешей, теперь у маминькиных ног—лев, укрощенный голубкой.

Старая, больная, изнурённая, более на мертвеца похожая,— а я понимаю, что в неё влюбиться можно. Страшно и сладостно сие утончённое кровосмешение духовное: детки, влюблённые в маминьку. Только дай волю и затоскуешь о желтеньких глазках, как пьяница о рюмке». (დ. მერეჟკოვსკი «ალექსანდრე პირველი»)

მერეჟკოვსკი მისთვის დამახასიათებელი ინტუიციით აშიშვლებს ოიდიპოსის კომპლექსს - ფროიდამდე დიდი ხნით ადრე. ინცესტური ძალა - ესაა უკან მისწრაფების ძალა, რომელიც გაიძულებთ რომ დედის წიაღში დაბრუნდეთ, ბავშვს დაემსგავსოთ, საკუთარ თავზე უარი თქვათ. ეს არაა ბიოლოგიური ფენომენი, როგორც ფროიდი ფიქრობდა, არამედ ფსიქოლოგიურია.

მაშ, როგორია ანტითეზა? ჭეშმარიტი ანიმა - მარადიული მეამბოხეა, რომელიც დედის ხატ-სახეს უპირისპირდება. ესაა ლილიტი, რომელიც შემეცნების ხეს იძლევა და გიბრძანებთ, რომ საბავშვო სამოთხიდან შორს წახვიდეთ. სამწუხაროდ ლიტერატურაში ჭეშმარიტი ანიმას არც ისე ბევრი სუფთა ხატ-სახეა - შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ჰერმინე - ჰესეს „ტრამალის მგელიდან“ და საბინა - მილან კუნდერას რომანიდან - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“.

ნევროზულ ადამიანში ანიმა პრაქტიკულად ყოველთვის დედობრივი არქეტიპის მიერაა ჩაყლაპული. ანიმას დრაკონისგან ან დედინაცვლისგან განთავისუფლების არქეტიპული მოტივი წარმოადგენს სწორედ მოცემული პროცესის მეტაფორას. არა მხოლოდ დიადი მზრუნველი დედა ემუქრება ანიმას. არანაკლებ საფრთხეს მისთვის წარმოადგენს პატრიარქალური არქი-პრინციპის დომინირება, რომელიც სიმბოლიზებულია დიადი მამით. ბებერი მეფე, უკვდავი კაშეი, ჯადოქარი კლინზორი - ამ ტიპის ხატ-სახეები არიან.

ეს სიმბოლიკა აქტუალურია პატრიარქალურად მოწყობილი ფსიქიკის შემთხვევაში. ანიმა ჩვენში წარმოადგენს სპონტანურობას, შემოქმედებას, თამაშს, რომელიც მამობრივი საწყისით შეპყრობილ პატრიარქს არ ახასიათებს. გარეგნულად ეს გამოიხატება განსაკუთრებულ შებოჭილობაში, დოგმატურობაში, აზროვნების გაძვალებაში. ცნობიერების ველიდან განდევნილი ანიმა ბოლოს და ბოლოს ავ ფურიად იქცევა, რომელიც ამპარტავნებაში გადავარდნილ ცალმხრივ პატრიარქალურ ეგოს სრესს.

ეს დინამიკა ასახულია, მაგალითად, თომას მანის რომანში - „სიკვდილი ვენეციაში“, სადაც ხანშიშესულ ლიტერატორს, რომლისთვისაც არაფერი არსებობს გარდა სამუშაოსი, უეცრად ყმაწვილი ბიჭი უყვარდება, მასში ბნელ წარმართულ ღმერთს, დიონისეს ხედავს, შემდეგ კი თანდათან ჭკუიდან იშლება და კვდება. ცხადია, რომ ყველაფერს არაცნობიერში განდევნილს ძალების დაგროვების თვისება გააჩნია. და ერთ მშვენიერ მომენტში იგი გარეთ იჭრება და დალაგებულ ცნობიერ სამყაროს სრულიად ანგრევს.

რაც უფრო მეტადაა განდევნილი ანიმა ცნობიერებიდან, მით უფრო უსუსურია მამაკაცი ქალებთან ურთიერთობაში. მაგარი მაჩოები, რომლებიც ყველაზე უსუსური ქალების ქუსლების ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე, - ამის აშკარა დასტურია. საქმე იმაშია, რომ რადგან ასეთი მამაკაცების ქალური თვისებები ღრმადაა დათრგუნული და ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფებიან, ყველაზე უსუსური და ინფანტილური ქალები მათში ანიმას პროექციას იწვევენ.

არსებობს საწინააღმდეგო საფრთხე, როცა ანიმას მთელი ძალაუფლება ეძლევა, რის შედეგადაც მამაკაცი ხდება კაპრიზული, ინფანტილური და სრულიად კარგავს თავის მამაკაცურ თვისებებს. ყურადღებიანი დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქმე უკვე ეხება არა იმდენად ანიმას, არამედ დედას, რომელმაც იგი გადაყლაპა. მოკლედ, დროდადრო ყოველი მამაკაცი განიცდის საკუთარ თავზე თავისი ანიმას დამანგრეველ ასპექტებს ამა თუ იმ ვარიანტში, და მხოლოდ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ინტროსპექციის და თვითანალიზის უნარები აქვს.

ანიმა წარმოადგენს განუვითარებელ გრძნობებს, ანიმუსი კი - უფრო მეტად განუვითარებელ რწმენა-წარმოდგენებს. ქალი, რომელიც ანიმუსითაა შეპყრობილი, ხდება ზე-დოგმატური, არ-დამთმობი, კონსერვატიული. მას შეუძლია ააგოს რთული ლოგიკური კონსტრუქციები, რომლებიც მხოლოდ ერთს არიან მოკლებულნი - პირვანდელ სწორ გზავნილს. ასეთ ქალებს იუნგი „შავ მზეს“ უწოდებდა, და მართლაც, ჩემი დაკვირვებით, შავი მზის სიმბოლო მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ხშირად გვხვდება მათ ფანტაზიებსა და ნახატებში.

ანიმუსის ცრუ ლოგიკა არ უნდა აგვერიოს ნამდვილ ლოგიკურ ფუნქციასთან, ისევე, როგორც ანიმას განუვითარებელი გრძნობები არ წარმოადგენენ გრძნობის ფუნქციის, როგორც ასეთის სინონიმებს. ეს ძალიან ნატიფი საკითხია, რომლის გაგებაც მხოლოდ საკუთარ თავზე და სხვებზე დაკვირვების შემდეგ მოდის.

ქალის ანიმუსსაც ასევე ევოლუციის ოთხი საფეხური გააჩნია. ყველაზე ადრეულ დონეზე იგი განუყოფელია მამის ხატ-სახისგან - ქალი „მხოლოდ ქალიშვილია (ასულია)“. მამაკაცი ასეთი ქალებისთვის უნდა იყოს ერთგვარი მფარველი მამა ან დიქტატორი. ასეთი ტიპის ურთიერთობების აშკარა მაგალითი წარმოდგენილია რაინერ ფასბინდერის ფილმში - „მარტა“.

შემდეგ სტადიაზე ანიმუსი წარმოდგენილია გარეგანი რესპექტაბელურობით და სოციალური წარმატებით. ბიზნესმენები, მაკლერები, ადვოკატები, ანიმუსის ასეთი ტიპის პერსონიფიკაციას წარმოადგენენ.

უფრო მეღალი, მესამე საფეხურია - პოეტები, მხატვრები, შემოქმედები. ქალი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს მამაკაცის დახვეწილობა და არა პრიმიტიული ბიოლოგიური რანგი, უკვე განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა.

მეოთხე საფეხური, ისევე, როგორც ანიმას შემთხვევაში, - ტრანსპერსონალური, ზე-ადამიანური სტადიაა, სადაც ანიმუსი წარმოადგენს ერთგვარ სამყაროესულ მამაკაცურ საწყისს - სულს.

იუნგის სამუშაოებში გასაგები მიზეზების გამო ანიმას თემა გაცილებით უფრო კარგადაა დამუშავებული, ვიდრე ანიმუსის, მაგრამ მისი ზოგიერთი მოსწავლის - მარია ლუიზა ფონ ფრანცის და მარიონ ვუდმენის შრომები შესანიშნავად აკომპენსირებენ ამ ნაკლოვანებას.

მივმართავთ რა მოცემულ კლასიფიკაციას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალიან მიახლოებითი, ორგანზომილებიანი სქემაა, რომელიც მხოლოდ ცოტათი ხსნის ფსიქეს მრავალგანზომილებიან სივრცეებს. უფრო დაბალ დონეებზეც კი შეიძლება გამოვლინდეს უფრო მაღალი საფეხურების სიმბოლოები, და პირიქით, რაღაც მომენტში ის, ვინც ანიმას მეოთხე დონე შეიცნო, ზოგჯერ მეორეზე ეშვება. ფსიქიკურ ცხოვრებას ვერ მოათავსებ ვერცერთ სქემაში, მხოლოდ მრავალწლიანმა დაკვირვებამ შეიძლება მოგვცეს თუნდაც მცირე დარწმუნებულობა საკუთარ ანალიზში.

შემდეგი ლექცია შეეხება სიტყვას, მის ძალას და სისუსტეს. მის სიბრძნეს და სისულელეს. რამდენად ძლიერია სიტყვა და სად მთავრდება მისი გავლენის საზღვრები. და გახსოვდეთ: სიტყვა - ეს არაა უბრალოდ სიტყვა.

რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი - „სული და მიწა“, „ქორწინება, როგორც ფსიქოლოგიური ურთიერთობა“, „არექტიპების შესახებ, განსაკუთრებით კი ანიმას შესახებ“, ერიხ ნოიმანი - „ცნობიერების წარმოშობა და განვითარება“, მარიონ ვუდმენი - „გამოცარიელებული საქმრო“, მარია ლუიზა ფონ ფრანცი - „ზღაპრის ფსიქოლოგია“, ჰერმან ჰესე - „ტრამალის მგელი“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff