მერვე ლექცია - სიზმრების ანალიზი
მერვე ლექცია - სიზმრების ანალიზი
უკვე საკმარისად გავეცანით იუნგის თეორიას იმისთვის, რომ მისი სწავლების პრაქტიკულ ასპექტებზე გადავიდეთ. პრაქტიკა თეორიის გარეშე ბრმაა, ხოლო თეორია პრაქტიკის გარეშე - მკვდარია - წინააღმდეგობათა ურთიერთშევსების პრინციპი აქაც მუშაობს. ყოველ ჯერზე, ყოველი შესაძლებლობის დროს იუნგი ხაზს უსვამდა, რომ არქეტიპები - ეს არაა მყუდრო ინტელექტუალური კონცეფცია, არამედ ესაა არაცნობიერის ცოცხალი ძალა, რომელთან შეხებასაც პიროვნების რადიკალურ ცვლილებამდე მივყავართ.
ამრიგად, გადავიდეთ იუნგის სწავლების პრაქტიკულ ასპექტებზე. პირველ რიგში ეს სიზმრების ანალიზია. იუნგიანელისთვის სიზმრების სამყარო ისეთივე ძვირფასია, როგორც გარე-სამყარო (მაგრამ არა უფრო მეტად, როგორც ნევროტული რომანტიკოსებისთვის). ზოგიერთ ფსიქოლოგიურ ჯგუფში ცუდ ტონად ითვლება თქმა: „ეს მართლა მოხდა, თუ მხოლოდ სიზმარია?“ სწორად ეს კითხვა ასე უნდა ჟღერდეს: „ეს სიზმრების სამყაროში შეგემთხვა თუ რეალურ ცხოვრებაშიც?“ იუნგი კოლოსალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სიზმრებს, დაწყებული ყველაზე პირველებით, მისი ადრეული ბავშვობიდან. მრავალ საკვანძო გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაში, რომლებმაც საბოლოოდ გაამართლეს, იგი სწორედ სიზმრისეულ არაცნობიერს უმადლოდა.
პირველად სიზმრების სამყაროს ზიგმუნდ ფროიდმა მიმართა და მათ „არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზა“ უწოდა. მიუხედავად ფროიდის მიდგომის გარკვეული შეზღუდულობისა, არ შეიძლება საკადრისი პატივი არ მივაგოთ, როგორც პირველაღმომჩენს. რამდენადაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ არაცნობიერი - ეს არაა დათრგუნული სურვილების ნაგავსაყრელი, არამედ სრულყოფილი და აქტიური შემოქმედებითი ძალაა, გასაგები ხდება იუნგის მოსწავლის, ჯეიმს ჰილმანის მიერ ფროიდის პერიფრაზი - „სიზმარი - ესაა სამეფო გზა არაცნობიერისკენ ორმხრივი მოძრაობით“.
ფროიდის ჰიპოთეზის თანახმად სიზმრები ყოველთვის შეიცავენ ფარულ სექსუალურ სიმბოლოებს. იუნგის მიხედვით, პირიქით - სიზმრის ყველაზე სექსუალური სცენებიც კი შეიძლება რაღაც სხვის სიმბოლოს წარმოადგენდნენ. ფროიდმა იუნგი პურიტანობაში დაადანაშაულა, მაგრამ იუნგის საკმარისად გაცნობის შემდეგ ეს ბრალდება სასაცილო ხდება: ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ღმერთის ხატ-სახეში შემოტანილ უნდა იქნეს მეოთხე, ქალური, სექსუალური საწყისი, ქრისტიანული ხორცის მიუღებლობა კი ნევროზია, ძნელია დაადანაშაულო პურიტანობაში. საქმე სხვა რამეშია. იუნგისთვის, რომელიც ძალიან ადრე შეეჩეხა კოლექტიური არაცნობიერის მოქმედებას, ერთ საწყისამდე დაყვანა, თუნდაც იგი ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, როგორიცაა სექსუალური ფუნქცია - არარეალური და შეზღუდულია.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იუნგი მუშაობდა სიზმრის ერთიან თეორიაზე. მისი მეთოდი გამორჩევა ბრწყინვალე დამუშავებით და მრავალშრიანობით. განსხვავებით ფროიდისგან და იმ დროის სხვა მკვლევარებისგან, იუნგი, იცოდა რა არაცნობიერის განუზომელი ძალა, ამტკიცებდა, რომ სიზმრებს გააჩნიათ არა მხოლოდ რედუქციული ფუნქცია (როგორც აქტუალური სიტუაციის ასახვა), არამედ კონსტრუქციულ-სინთეზური (ანუ რაღაც თვალსაზრისით სიზმარი სიზმარმხილველის ცხოვრებაში მომდევნო სიტუაციას აფორმირებს). ყოველი სიზმრის მიზანი თავის საფუძველში ინდივიდუაციაა, და მხოლოდ სიზმრის აზრის არასწორმა გაგებამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს რეგრესისკენ. ყოველ სიზმარშია გარკვეული გზავნილი, რომელიც ემსახურება ცნობიერების გაფართოებას და მის პრინციპულად ახალ დონეზე გადასვლას.
ამის გაგება საკმაოდ ადვილია, თუ საქმე ეხება ნეიტრალურ ან სასიამოვნო სიზმარს, მაგრამ რა ვუყოთ კოშმარებს? კოშმარს თავისი პოზიტიური ფუნქცია გააჩნია: მას ნაწილობრივი გაცნობიერებულობის დონეზე გამოაქვს გარკვეული კრიზისული პროცესი, რომელიც მანამდე უმეცრების სიბნელეში იმყოფებოდა, და საშუალებას აძლევს სიზმარმხილველს, რომ გაცნობიერებულად იმუშავოს მანამდე სრულიად დაფარულ კონფლიქტთან.
განვიხილოთ ეს თეზა მაგალითზე. მე 13 წლის ასაკში მესიზმრებოდა შემდეგი კოშმარი, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ ჩემ ცხოვრებაზე:
„მე და დედა ტყეში ვართ. უეცრად იგი პანტერად იწყებს გადაქცევას და ჩემს ცდუნებას ცდილობს. მე უძლურებას ვგრძნობ და ვხვდები, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, ვგრძნობ როგორ ვკარგავ საკუთარ თავს მის (ნახევრადქალის და ნახევრად პანტერას) ალერსთან ერთად. ჩემი ხელები პანტერას თათებად იქცევა. რაღაც მისი ხმისმაგვარი მესმის, და იგი ამბობს, რომ ახლა აღარაფერი აღარ დამჭირდება, უდიდეს ბედნიერებას და სიმშვიდეს მივიღებ, როცა მხეცი გავხდები. მე არაადამიანურ შიშს ვგრძნობ იმის გამო, რაც მემართება, და მაინც უძლური ვარ, რომ რაიმე შევცვალო. უფრო შავი წყვდიადიდან სხვა ქალის ხმა მესმის: „შეეწინააღმდეგე, სანამ რაღაც ძალა მაინც შეგრჩა, შეეწინააღმდეგე“. მაგრამ ვაგლახ, რომ ყველაფერი რაც შემიძლია, გარდუვალის მხოლოდ შენელება, გადაწევაა. ცივი ოფლით მეღვიძება“.
ამ სიზმრის აზრი და მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გავარჩიოთ, რისგან შედგებოდა სიზმარმხილველის ცხოვრება მანამ, სანამ ეს დაესიზმრებოდა.
იმ მომენტში საკმაოდ ძლიერ ფსიქოლოგიურ რეგრესიას განვიცდიდი ბავშვობაში, რომელსაც აქტიურად უწყობდა ხელს დედა. ხდებოდა ერთგვარი დაბრუნება ადრეული ბავშვობის სიმბიოტურ ერთობამდე. იმ დროისთვის, როცა სიზმარი მესიზმრა, მე უფრო და უფრო ვკარგავდი თავს და ვივსებოდი სასიამოვნო ფანტაზიებით, რომელიც ამ რეალობას მწყვეტდა.
მოდუნებული და უსიცოცხლო მდგომარეობის კომპენსაცია მოახდინა კოშმარმა, რომელმაც ნამდვილი გამოღვიძება გამოიწვია. სიზმარში ვნახე ჩემი აქტუალური სიტუაცია და ფანტაზიის ჭეშმარიტი ბუნება, რომელიც არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.
მოცემულ სიზმარს ბევრი არქეტიპული პარალელი აქვს, რომლებსაც ჯერ-ჯერობიტ არ შევეხებით. აქ მნიშვნელოვანია შევაფასოთ სიზმრის ორი ფუნქცია - რედუქტიული (ანუ ის, რომელიც სიმბოლურად ასახავს აქტუალურ სიტუაციას) და პროსპექტიული (ანუ ის, რომელიც მომავალზე ახდენს გავლენას). რედუქტიული ფუნქცია ბუნებრივია იქნება თავად კოშმარის ფონი და საკუთარი თავის დაკარგვა, რასაც მანამდე სიზმარმხილველი ვერ ამჩნევდა, კონსტრუქციული ფუნქცია კი გამოხატულია ანიმას ხმაში, რომელიც გამოვლენილიც კი არ იყო და მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუაციის ხმას წარმოადგენდა.
აუცილებელია სიზმრების დღიურის წარმოება იმისთვის, რომ საკუთარი სიზმრების ანალიზის შესაძლებლობა გქონდეთ გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც. ის, რაც გაუგებრად გეჩვენებათ ან ხელიდან გაუშვით პირველი ანალიზის დროს, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ცხადი გახდეს.
ყოველ სიზმარს რამდენიმე მნიშვნელობა გააჩნია. ხდება ხოლმე, რომ სიზმარი სიმბოლურად ასახავს მომავლის მოვლენებს (აქედანაა მუდმივი ინტერესი სიზმრებისადმი, როგორც შინაგანი ორაკულისადმი). მიუხედავად ამისა, უნივერსალური გასაღები მათთან მისადგომად არ გვაქვს, და სიზმრების ანალიზი მათ წინასწარმეტყველურ შესაძლებლობაზე აქცენტით შეცდომაა - ამით შეგიძლიათ კარგი ნევროზი აიკიდოთ.
„კლასიკური“ ფსიქოანალიტიკოსების აზრით, სიზმრები შიფრავენ და ნიღბავენ „ჭეშმარიტ“ და „აკრძალულ“ სურვილებს. იუნგი არ ეთანხმებოდა ამ ჰიპოთეზას და ამტკიცებდა, რომ არაცნობიერის პირველადი გზავნილი - ესაა სურვილი, რომ გავუგოთ მას, სურვილი, რომ ცნობიერს გადმოცეს გარკვეული ინფორმაცია. თუ გაუგებრობას აქვს ადგილი, ეს იმიტომაა, რომ ცნობიერი და არაცნობიერი სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ. ცნობიერების ენა - ესაა სიტყვები და კონცეფციები; არაცნობიერის ენა - ესაა სიმბოლოები და ხატ-სახეები.
ფროიდის სკოლის თვალსაზრისით, არ არსებობს პრინციპული სხვაობა დანას, კვერთხს, სკიპტრას, კიტრსა და მაგალითად, გასაღებს შორის - ისინი ყველანი მამაკაცური სასქესო ასოს სიმბოლოს წარმოადგენენ. ბუნებრივია, სიზმარხილვებისადმი ასეთი მიდგომის უკუგდება რთულია. ცხადია, რომ სიზმრებისადმი ასეთი დამოკიდებულების უარყოფა ძნელია, რადგან თუ ყველა გრძელი საგანი განისაზღვრება, როგორც მამაკაცის სასქესო ასო, ხოლო ყველა ხვრელიანი საგანი. -როგორც ქალის საშო, ძნელია იპოვო სიზმარი, რომელსაც მსგავს ინტერპრეტაციებში ვერ ჩასვამ. იუნგის სკოლისთვის მახვილი და გასაღები ორივე იანის აქტიური პრინციპის სიმბოლოს წარმოადგენენ, მაგრამ სრულიად სხვადასხვაგვარად ვლინდებიან. უდავოა, რომ იმ სიზმარმხილველის ფსიქიკური სიტუაცია, რომელიც ხედავს, რომ დანით კლავს ქალს, და იმ სიზმარმხილველის, რომელიც გასაღებით კარს აღებს, სრულიად განსხვავებულია, და ჩათვალო ეს სიზმრები იდენტურად, როგორც სექსის სურვილის გამოვლინება, როგორც მინიმუმ არამეცნიერულია. პირველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მაშინვე ვიეჭვოთ გარკვეულ ნევროზულობაზე, ქალურობის დამახინჯებულ აღქმაზე. საკუთრივ სიზმარმხილველის ფალოსური ძალა ცალსახად დესტრუქციულია, და ნებისმიერი აქტიური ქმედება (მათ შორის სქესობრივი აქტი) აგრესიისა და დაპყრობის აქტს წარმოადგენს. მეორე შემთხვევაში ჩვენ სრულიად შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო ორგანიზებულ იანურ ენერგიაზე და ვივარაუდოთ, რომ სიზმარმხილველი საკუთარი თავის ან სამყაროს ახალი აღმოჩენების ფაზაშია.
გადავიდეთ უშუალოდ სიზმრების ანალიზის მეთოდზე. რამდენადაც ჩვენ გვესმის, რომ სიზმარი არაფერს არ მალავს, ანალიზის დროს ჩვენი ამოცანაა - რაც შეიძლება ძლიერ გავაფართოვოთ სიზმრების ხატ-სახეთა მნიშვნელობების ველი. არსებობს ორი მეთოდი, რომლებიც შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. პირველი მეთოდია - ცირკომამბულაცია (წრიული შემოვლა) გამოიხატება სიზმრის ხატ-სახესთან რაც შეიძლება მეტი ასოციაციის შეგროვებაში. აქ გასაქანი უნდა მივცეთ ჩვენს წარმოსახვას, და ამავე დროს არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს სიზმრის კონკრეტული თემისგან გაქცევის საშუალება. ამგვარად ჩვენ გავიგებთ სიზმრის მნიშვნელობას პირადი არაცნობიერისთვის, ანუ სიზმარმხილველის „პირველი სართულისთვის“.
ჩვეულებრივი მურაბის ქილა სიზმარში შეიძლება ნებისმიერ რამეს წარმოადგენდეს - ბავშვობის მოგონებებიდან დაწყებული კარიერული ზრდის მეტაფორით დამთავრებული, და მხოლოდ მრავალ ასოციაციას შეუძლია ცხადი გახადოს, რას ნიშნავს მოცემული ხატ-სახე.
ცირკომამბულაციის მეორე მხარეს წარმოადგენს შემოქმედებითი პროექციის მეთოდი, როცა ფანტაზიაში ჩვენ სიზმარმხილველის პერსონაჟების პირით ვლაპარაკობთ. სხვათაშორის, შემოქმედებითი პროექციის მეთოდი რეკომენდებულია არა მხოლოდ სიზმრის ხატ-სახეებთან, არამედ ნებისმიერ ხატ-სახესთან, რომელიც ნებისმიერი სახის შემოქმედებითი წარმოსახვის შედეგად წარმოიშობა.
თუმცაღა ხშირად სიზმრის მნიშვნელობა არ ამოიწურება პირადი არაცნობიერით და თავისი ფესვებით კოლექტიურ არაცნობიერში ჩადის. ამ შემთხვევაში სიზმარმხილველმა მოცემული სიზმარი ზოგადსაკაცობრიო მემკვიდრეობის რაც შეიძლება მეტი პარალელით უნდა გაამდიდროს: მითებით, ზღაპრებით, ლეგენდებით და ა.შ. ამას ამპლიფიკაცია ეწოდება. თუ სიზმარმხილველი საკმარისადაა გაცნობიერებული მითოლოგიაში, მაშინ მას აუცილებლად გაუჩნდება სიზმრის არქეტიპულ მნიშვნელობასთან დაკავშირებული ასოციაციები.
მაგალითად, განვიხილოთ სიზმარი, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩიე ჩემი მდიდარი კოლექციიდან:
„მე ვიმყოფები კალუგაში, ტაიფუნის რაიონში. მანქანით მივდივარ აეროპორტისკენ, აკრძალული რაიონის გავლით. ვხვდები, რომ შეიძლება ვერ გავაღწიო, მაგრამ მაინც ვაკეთებ მცდელობას. უეცრად ვიხსენებ, რომ ჩემგან შორიახლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხვრელი სივრცეში, რომელში შესვლის შემთხვევაშიც მაშინვე მარსზე აღმოჩნდები. ამ ხვრელში მეცნიერები ძალიან სარისკო ექსპედიციებს აგზავნიან, რადგან ტემპერატურა მარსზე +200 გრადუსია, და ჟანგბადი საერთოდ არაა. მეცნიერებმა იქ დაკვირვების აპარატები გაგზავნეს და დაადგინეს, რომ თავად მარსის სამყაროს მაგიური შესაძლებლობები გააჩნია და შეუძლია სურვილები აუსრულოს მას, ვინც იქ აღმოჩნდება. თუმცაღა ამ ჯოხს ორი ბოლო აქვს, და რაღაც დროის შემდეგ საზღაურს იმკი. მაგალითად, ერთმა ქალმა მოისურვა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ყოფილიყო, და აუსრულდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კანის კიბოთი მოკვდა. კიდევ ერთმა მამაკაცმა მოისურვა, რომ მთელ მსოფლიოში გაეთქვა სახელი, როგორც მეცნიერს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თავის ლაბორატორიაში გარდაიცვალა უწყინარი ექსპერიმენტის დროს. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისაც მარსის მიმართ უანგარო ინტერესი გააჩნდათ, და ამასთან ზებუნებრივი უნარებიც მიიღეს“.
სანამ სიზმრის დინამიკის ანალიზზე გადავალთ, აუცილებელია დავადგინოთ იმ ადგილის მნიშვნელობა, რომელშიც სიზმარი მიმდინარეობდა. რატომღაც კალუგას ყველა რაიონიდან არაცნობიერმა მოქმედებისთვის სწორედ ტაიფუნი აირჩია, სიზმრების სამყაროში კი შემთხვევით არაფერი ხდება. დავიწყე რა მეხსიერებაში ქექვა, მე გავიხსენე - იქ ჩემი პირველი სიყვარული ცხოვრობს, რომელთან ურთიერთობაც ჩემთვის უკიდურესად დრამატულად დასრულდა. იგი ჩემი ანიმას პირველ ხატ-სახეს წარმოადგენს, და შესაბამისად, თავად მოქმედების ადგილი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „ჩემი ანიმას სამყარო“. ამასთან, ეს საკმაოდ ადრეული ანიმაა, რომელიც დიდი ხნის წინ წავიდა არაცნობიერში. როგორც ვიცით, ანიმას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია - ესაა ფსიქოპომის, მეგზურის ფუნქცია. თუმცაღა იგი ამ ფუნქციას მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც ეგო, ცნობიერება დიდ ძალისხმევას ჩადებს საკუთარი ნევროზების გადალახვაში და პირად ჩრდილს გააცნობიერებს. სიზმარში ეს რაიონი „დაკეტილია“, „აკრძალულია“, ანუ ის გრძნობები, რომლებიც ოდესღაც განვიცადე, მთელი ძალით იბლოკება. თუმცაღა „აკრძალულ“ რაიონებში შეღწევა ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. მთელი დანარჩენი სიუჟეტი საკმაოდ გვაგონებს ანდრეი ტარკოვსკის ფილმს - „სტალკერი“. სხვათაშორის, ტელეპორტის გაჩენა პირდაპირ ჩემი პირველი შეყვარებულის სახლთან ახლოს იმაზე მეტყველებს, რომ ანიმასთან აქტიური ურთიერთქმედება საშუალებას მომცემდა გზა გამეკვალა ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.
ამგვარად, სიზმრის წყალობით ჩვენ აღვადგინეთ რთული ფსიქიკური დინამიკის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ხიდი იდება ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. გარკვეული თვალსაზრისით მოცემული სიზმარი სუფთა სახით თვითობასთან შეხვედრის პირველი გამოცდილებაა, და არაცნობიერი გვაფრთხილებს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ამ გამოცდილების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება მოგვიტანოს. სანამ არაცნობიერის კვლევაში ინტერესით, ცნობისმოყვარეობით და ინდივიდუაციის ინსტინქტით ხელმძღვანელობ - შენ დაცული ხარ და ზებუნებრივ უნარებსაც კი ღებულობ (რომლებიც, როგორც ყველამ იცის, ვინც კი შეხებია თვითობას, წარმოადგენენ არა სიზმრის მეტაფორას, არამედ ობიექტურ ფსიქიკურ ფაქტს), მაგრამ როგორც კი ბოროტად გამოიყენებთ მათ და ამით ინფანტილური სურვილების რეალიზაცია მოგინდებათ - საზღაური გარდუვალი იქნება. ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთქმედების საკვანძო პრინციპი შეგვიძლია შემდეგი ფრაზით გამოვხატოთ: მოიხადე ქუდი, ემთხვიე მიწას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დადგე მუხლებზე“.
ხშირად ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი სიზმრით ძნელია რაღაც განსაზღვრულის თქმა, და საჭიროა სიზმრების ჯაჭვს მივადევნოთ თვალი. სიზმრების სერიები გარკვეული დროის მონაკვეთში განსაკუთრებით კარგად ხსნის სიზმარმხილველის შინაგან დინამიკას. ვაკვირდებით რა სიზმრებს, ჩვენ შეგვიძლია შთაბეჭდილება შევიქმნათ ფსიქიკაში მოქმედი მთავარი შინაგანი პერსონაჟების და მათი კონფლიქტის ბუნების შესახებ.
არსებობს ყველაზე გავრცელებული სიზმრების მოტივების სია, რომლებსაც უმეტეს შემთხვევებში დაახლოებით ერთი მნიშვნელობა აქვთ. მინდა ახლავე გაგაფრთხილოთ, რომ ტიპიური სიზმრები ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება სხვა მნიშვნელობასაც ატარებდნენ - სიზმრის დეტალების შესაბამისად ინტერპრეტაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად ვარირებდეს. თუმცაღა არსებობს სიზმრების გარკვეული ანბანი, რომელიც კარგი იქნება, თუ გეცოდინებათ. მაგალითად, სიზმრები საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე შეიძლება აღნიშნავდნენ ჩრდილის აქტიურობას. ასეთი სიზმრის მნიშვნელობის გასაგებად, აუცილებელია რაც შეიძლება დაწვრილებით შევისწავლოთ სიზმარმხილველისგან, როგორ თვისებებს ატარებს დაპირისპირებული მხარე. მაგალითად, ერთ მკვეთრად გამოხატულ ინტროვერტს ხშირად ესიზმრებოდა რუსეთისა და აშშ-ს ომი. აშშ ფულის და ბიზნესის ქვეყანაა, სადაც მეწარმეობა უკიდურესობამდეა დაყვანილი და წარმატებით შეპყრობილობამდე მიდის, ხოლო ექსტრავერტული განწყობა სრულ აბსურდამდეა დაყვანილი. ცხადია, რომ აქტიური ჩრდილი გამოხეთქვისთვის ემზადებოდა, და როგორც დრომ აჩვენა, ეს ვარაუდი გამართლდა.
ასევე ჩრდილის მოტივზე მიუთითებს სიზმარმხილველის იმავე სქესის მტრული ფიგურის მიერ დევნა. ეს თემა განსხვავდება ომის თემისგან იმით, რომ მომხდარი ცნობიერებასთან უფრო ახლოს მყოფი და უფრო ლოკალური ფსიქიკური პროცესია. უძლურება აგრესიული თავდამსხმელის წინაშე შესაძლოა მეტყველებდეს განდევნილ აგრესიაზეც და ცნობიერებაში პერფექციონისტულ განწყობებზეც, რომელიც ორიენტირებულია სუპერეგოზე. ასევე პერფექციონიზმზე მიუთითებენ სიზმრები, სადაც ჩრდილი წარმოდგენილია რაღაც ძალიან ბინძურის და საზიზღარის სახით - ვიქტორიანელი ქალბატონების სიზმრების კითხვისას, ძნელია არ შეგძრას ზიზღის გრძნობამ. ცხოველების მონაწილეობა სიზმრებში იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტი ხდება არა იმდენად იდეისა და კონცეფციის სფეროში, რამდენადაც ინსტინქტურ სფეროში - ინსტინქტი ამ დროს თავისი პირვანდელი სახით ვლინდება. კატა როგორც წესი სექსუალობას წარმოადგენს, მგელი - აგრესიას, ძროხა - ცნობიერების ინერტულობას. ხალხური ზღაპრები ძალიან ზუსტად განსაზღვრავენ ამა თუ იმ ცხოველების სიმბოლურ მნიშვნელობებს, და ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება სიმბოლოების ლექსიკონში ჩახედვა იმის გასაგებად, რომ მელა როგორც წესი ცხოველურ ცბიერებას განასახიერებს.
გავრცელებულ მოტივს სიზმრებში წარმოადგენს სიზმარმხილველის სიკვდილი. უმეტეს შემთხვევებში ასეთი სიზმრები შეგვიძლია ავხსნათ, როგორც პიროვნების მომავალი რადიკალური გარდაქმნის, ტრანსფორმაციის პოზიტიური ნიშანი. ტაროს არკანშიც კი მე-13 არკანი - სიკვდილი უკიდურესად იშვიათად ნიშნავს ფიზიკური სხეულის სიკვდილს - პირიქით, როგორც წესი საქმე ეხება რადიკალურ ტრანსფორმაციას და ცვლილებებს მოცემული ინდივიდის ბედში. ჩემი ცხოვრების მთავარ გამოცდილებამდე - კუნდალინის გამოღვიძებამდე ცოტა ხნით ადრე მე მესიზმრა შემდეგი სიზმარი:
„მე აგარაკის იმავე რაიონში ვიმყოფები და მესმის, რომ სიკვდილის დრო მოვიდა. ვიცი, რომ აგარაკის სახლი - რაღაც გაზის კამერის მსგავსია, და როგორც კი შევალ მასში, სასიკვდილო გაზს გაუშვებენ. სახლში „ღვთაებრივი“ შიშის გრძნობით შევდივარ. მთელიო ჩემი არსება მზადაა, რომ გამოიქცეს, მაგრამ მთელი ძალით ვიკავებ თავს, რამეთუ „ბედისწერა უნდა აღსრულდეს“. გაზის სუნს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემი სიკვდილის მოახლოებას. ვგრძნობ, როგორ ბუჟდება სხეული, როგორ ჩნდება თვალწინ ცისარტყელის სხვადასხვა ფერები, ჩემთვის ცხადი ხდება, რომ ყველაფერი დასრულებულია, უკან დასახევი გზა აღარაა, ცნობიერება გადნობას იწყებს ნაკადში. იმ წამს, როცა გადნობა სრულიჩანს, მე ვიღვიძებ“.
მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილი ამ სიზმარში ბოლომდე ნებაყოფლობითია და რაღაც მაღალ პროცესს ემსახურება. როცა საქმე ეხება ხელოვნურ, იძულებით სიკვდილს, ტრანსფორმაცია შესაძლოა არ იყოს ასე სასიამოვნო და შეიძლება იძულებითაც იყოს თავსმოხვეული არაცნობიერის მიერ კონსერვატული, წინააღმდეგობის გამწევი ცნობიერისადმი.
საკმაოდ რთულ თემას სიზმრებში წარმოადგენს სექსი. სექსის მოტივს მნიშვნელობათა უზარმაზარი ველი გააჩნია და იშვიათად წარმოადგენს პირდაპირ მინიშნებას არარეალიზებულ სექსუალურ სურვილზე. ითვლება, რომ სექსი სიზმარში მიანიშნებს საკუთარი სულის გარკვეულ ნაწილთან გაერთიანებაზე, ინტეგრაციაზე, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ყოველთვის ასე არაა.
აი, სიზმრებში ფრენას კი უმეტესად სწორედ სექსუალური საფუძველი აქვს, მაგრამ თუ საქმე ეხება რთულ სიუჟეტურ სიზმარს, სადაც ფრენა მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია, მაშინ ასე კატეგორიულად ამას ვეღარ ვიტყვით.
ინფლაციის მოტივზე მიანიშნებს სიზმარი, რომელშიც ადგილი აქვს ქურდობას, ფულის უკმარისობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, ან იმის დაკნინებით, რაც დიდი გვეჩვენებოდა (მაგალითად, მერსედესი უეცრად სათამაშო მანქანად იქცევა). მიუხედავად ფართოდ გავრცელებული შეხედულებისა, ინფლაცია წარმოადგენს ცნობიერების ველის გაფართოების გარდუვალ ჩრდილოვან მხარეს . იუნგი ამბობდა: „არაცნობიერში შესვლა და ინფლაციისგან თავის არიდება ისევე შეუძლებელია, როგორც ზღვაში შესვლა და არდასველება“. თუმცაღა ინფლაციით შეპყრობილობა საპირისპირო პროცესით და იმავე წერტილში დაბრუნებით გვემუქრება, საიდანაც დაიწყო თვითშემეცნების გზა. როდესაც ინფლაციას განიცდით, საკუთარ თავში იმისთვის მაინც უნდ აიპოვოთ ძალები, რომ საკუთარი მე-ს თუნდაც ნაწილით მაინც დარჩეთ განზე მდგომ დამკვირვებლად და შეინარჩუნოთ ობიექტური ხედვა.
სიზმრების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული მოტივი - ესაა მატარებელზე დაგვიანება, ან იმ გამოცდის ჩაბარება, რომელიც წარსულში ჩააბარეთ (ან ვერ ჩააბარეთ). ასეთი სიზმრები ამბობენ, რომ სიზმარმხილველი თავის პოტენციალზე დაბლა ცხოვრობს და უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებისეული მდგომარეობით. რაღაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ, ამბობენ ასეთი სიზმრები მთელი დამაჯერებლობით. ასევე ისინი შესაძლოა აღნიშნავდნენ ბავშვობასთან განშორების შეუძლებლობას, „მისგან წასვლას და ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯებას“.
ცუდია, თუ სიზმრის მოქმედება დიდი ხნის წინ მიტოვებული ადგილების დეკორაციებში ხდება: ბავშვობის პეიზაჟები, ბინები, რომლიდანაც უკვე ათი წელია რაც გადმოხვედით, და ყველაფერი ამის მსგავსი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ბევრ რამეში ინფანტილური რჩებით (ან მოცემულ ცხოვრებისეულ სიტუაციაშ განიცადეთ რეგრესი) და არ შეგიძლიათ განშორდეთ თქვენს წარსულს.
სიზმრის გავრცელებული თემაა ასევე ახლობლის ან მეგობრის სიკვდილი. ფროიდი ამას ხსნიდა, როგორც სიკვდილის ქვეცნობიერ სურვილს, მაგრამ ჩვენი აზრით ეს ძალიან უხეში გამარტივებაა. ახლობლების სიკვდილი ნიშნავს თქვენთვის ამ ადამიანის მნიშვნელობის დაკარგვას (გავრცელებული გამოთქმა - „ის ჩემთვის მოკვდა“) ან პირიქით, მეტისმეტად დიდ დაციკლულობას ამ ადამიანზე (რის კომპენსირებასაც ცდილობს კიდეც არაცნობიერი).
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი სიზმრის გარჩევაზე, თუნდაც ყველაზე ტიპიურის - ნებისმიერ ჩვეულებრივ სიზმარში შეიძლება გამოვლინდეს სრულიად მოულოდნელი სიღრმეები, რომლებსაც შეუძლიათ სიზმარმხილველი ინსაიტამდე მიიყვანონ.
და ბოლოს, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ჩემი გამოცდილებიდან, როცა სიზმრები რეალური მოვლენების წინასწარმეტყველებებს წარმოადგენდნენ. პირველი მაგალითი სერგეისთან ჩემი ანალიზის დასაწყისში მოხდა. სიზმარში დავინახე ძველი ნაცნობი მეტსახელით SS. უკვე ესეც კი საინტერესოდ მომეჩვენა, რამეთუ იგი არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი - არც პოზიტიური, და არც ნეგატიური თვალსაზრისით. მოკლედ, მესიზმრა, რომ ამ SS-მა აშკარა ხულიგნების ახალ კომპანიას გამაცნო. და სიზმარში, ვტკბებოდი რა ქაოსით ვიღაცის სახლში, ძალიან მეშინოდა, რომ კომპანიაშ გამოჩნდებოდა ვიღაც ანდრეი, და ყველა გაიგებდა ჩემი წარსულის შესახებ. ღადაობა ისაა, რომ ზუსტად ერთ კვირაში სიზმარი თითქმის სიტყვასიტყვით ახდა. მე დამირეკა SS-მა და მიმიწვია კომპანიაში, რომელსაც “გენსეკი“ ერქვა. ეს იყო საღამო, რომელზეც ვიღაც ვლადიმერმა, რომელიც ზე-მძიმე მეტალს უკრავდა, განიზრახა, რომ თავისი მუსიკის საფუძველზე, აშკარად მეტისმეტად შეაფასა რა თავისი ქარიზმა, გაეერთიანებინა ქალაქის ყველა არაფორმალი. ატმოსფერა ზუსტად ისეთი იყო, როგორც სიზმარში. უფრო მეტიც, ასრულდა სიზმრის მეორე ნაწილიც - მალე ამ წრეში გამოჩნდა ანდრეი და საკმაოდ მომიწამლა სისხლი.
თუმცაღა არ ღირს საკუთარი სიზმრების საფუძველზე ყოველ ჯერზე წინასწარმეტყველებას ეცადოთ. პირველ რიგში, სიზმარი ფსიქოლოგიურ პროცესს ასახავს, და თუ ყოვლის-ერთობის კანონის თანახმად ეს პროცესი გარეთაც გათამაშდება, თქვენ თავად განკარგავთ ამ შედეგებს. სიზმრები - ესაა საყრდენი წერტილი, რომლითაც შეგიძლიათ საკუთარი თავი ამოატრიალოთ.
რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი - „სიზმრების ანალიზის პრაქტიკული გამოყენება“, „ფსიქოთერაპიის ძირითადი საკითხები“, ჯეიმს ჰოლი - „სიზმრების იუნგიანური ახსნა“, ოლეგ ტელემსკი - „სიზმრების კოლექცია“.