იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მეცხრე ლექცია - აქტიური წარმოსახვა

 

active

მეცხრე ლექცია - აქტიური წარმოსახვა

რა ქმედითიც არ უნდა იყოს სიზმრების ანალიზის მეთოდი, იუნგიანურ ტრადიციაში ეს ერთადერთი პრაქტიკა არაა. ჩვეულებრივ სიტუაციაში არ არსებობს სიზმრების ანალიზზე უკეთესი მეთოდი, რადგან ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ხდება ჩვენს ღრმა არაცნობიერში, თუმცაღა არაცნობიერი შინაარსის ფხიზელ მდგომარეობაში თავზე დატყდომისას უფრო სწრაფი ზომებია საჭირო.

სწორედ ასეთ მეთოდს წარმოადგენს აქტიური წარმოსახვა, რომელიც ძალზე მკაფიოდ განსხვავდება ნევროტიკის პასიური ფანტაზიორობისგან. აქტიური წარმოსახვა - ესაა პროცესი, რომელიც სათანადო კონცენტრაციას და გაცნობიერებულობას მოითხოვს.

იუნგი აქტიურ წარმოსახვას „იოგას დასავლურ ანალოგს“ უწოდებდა და ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. იუნგის მეთოდი იოგასგან ან ნებისმიერი სხვა სულიერი პრაქტიკისგან ფრიად განსხვავებულია. აქტიური წარმოსახვის დროს ჩვენ ვააქტიურებთ არაცნობიერს და ვმუშაობთ იმ ხატ-სახეებთან, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში სპონტანურად იბადებიან; მაშინ, როცა ნებისმიერ სულიერ პრაქტიკაში მთავარი ამოცანაა - კონცენტრაცია კონკრეტულ და წინასწარ მოცემულ ხატ-სახეებზე (რაც ასევე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და შეგვიძლია დავარქვათ მიმართული წარმოსახვა).

აქტიური წარმოსახვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს კონცენტრაცია აქტუალურ სიმპტომზე. ეს შეიძლება იყოს შიში, აკვიატებული იდეა, მოწყენილობის გრძნობა და ნებისმიერი სხვა ნეგატიური ემოცია. იმის მიხედვით, თუ როგორ ვაკვირდებით მას, ჩვენ მასზე ძალაუფლებას მოვიპოვებთ ლოგოსის ძალით, რომელზეც წინა ლექციებში ვისაუბრეთ. ამ კონცენტრაციამ იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ სიმპტომი გაფორმდეს გარკვეულ ხატ-სახედ, რომელსაც თავისი კონკრეტული აღწერადი შტრიხები გააჩნია. აქ არ არსებობს არანაირი ინსტრუქცია - ყველას არაცნობიერი თავისებურ ხატ-სახეებს და სიმბოლოებს იძლევა, რომლებთანაც არის კიდეც საწირო შემდგომი მუშაობა. ზოგიერთ შემთხვევებში წარმოსახვაში მთელი ბატალიები იწყებენ გათამაშებას. როგორც კი სიმპტომის პერსონიფიკაციას ვაღწევთ, რთული არაა იმის შემჩნევა, რომ საერთო ტონუსი იმატებს. ეს იმიტომ ხდება, რომ დათრგუნული ენერგია, იღებს რა ხატ-სახის მეშვეობით გამოვლენის შესაძლებლობას, განთავისუფლდა და უფრო გაცნობიერებული გახდა. მოხდა გარკვეული განმუხტვა.

თუმცაღა ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. შემდეგ საფეხურზე ჩვენ აქტიურად ვურთიერთქმედებთ ჩვენს წარმოსახვაში გაჩენილ პერსონაჟებთან. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ეცადოთ, რომ რაიმე ხელოვნურად მოახვიოთ მათ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირი აქტუალურ ხატ-სახეებთან გაწყდება, და აქტიური წარმოსახვა პასიურ ფანტაზიორობად იქცევა. ამასთან საჭიროა, რომ რაც შეიძლება დეტალურად გავხსნათ ხატ-სახე და წარმოსახული რეალობის ფარგლებში ვიმუშაოთ იმაზე, რომ გამოსავალი შედარებით პოზიტიური იყოს. ანუ წარმოსახულ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოთ ისევე რეაგირებას, როგორც ამას ფიზიკურ სამყაროში გააკეთებდით. იუნგს მოყავს ახალგაზრდა კაცის მაგალითი, რომელმაც წარმოსახვაში დაინახა, რომ მისი საცოლე იხრჩობოდა, და არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამაზე. ასეთი მიდგომა არასწორად ითვლება, რადგან განსხვავებით სიზმრისგან, აქტიური წარმოსახვა - ესაა შეძლებისდაგვარად ზემოქმედება არაცნობიერის პროცესებზე. აქტიური წარმოსახვის პრაქტიკაში აუცილებელია თავი ავარიდოთ ორივე უკიდურესობას - როგორც ხატ-სახის სრულიად პასიურ მიღებას (როგორც სიზმარშია), ასევე ხელოვნურად შემოტანას იმ ხატ-სახეებისა, რომლებსაც არ აქვთ კავშირი მოცემულ დინამიკასთან. მეორე შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი ხატ-სახეები, რომლებიც ცნობიერების მიერაა აგებული, მოსაწყენი და სიცოცხლეს მოკლებულია, და კავშირს კარგავენ არაცნობიერის აქტუალურ ხატ-სახეებთან. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არაცნობიერს გააჩნია გადაწყვეტის პრინციპულად თავისი ვარიანტი, და ჩვენგან სათანადო მოთმინებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტა ნაპოვნი იქნეს.

ქვემოთ მოყვანილ ციტატაში მაქსიმალურად მკაფიოდაა გადმოცემული აქტიური წარმოსახვის მეთოდის არსი: „აიღე არაცნობიერი ყველაზე შესაბამის ფორმაში (მაგალითად, სპონტანური ფანტაზიის, სიზმრის, ძლიერი ემოციის ფორმაში) და მოახდინე მისით ოპერირება. მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება, კონცენტრირდი მასზე და ობიექტურად დააკვირდი მომხდარ ცვლილებებს. მიუძღვენი ამ ამოცანის გადაჭრას მთელი შენი ძალები, ყურადღებით დააკვირდი სპონტანური ფანტაზიის ტრანსფორმაციის პროცესს. ყველაზე მთავარია: საშუალება არ მისცე არაფერს გარესამყაროდან, რომ მასში შეაღწიოს, რადგან მასში უკვე ყველაფერია, რაც საჭიროა“ (იუნგი).

ახლა კი მოვიყვან მაგალითს საკუთარი პრაქტიკიდან. სამი წლის წინ ჩემი გზა სრულიად გაიყო ჩემი ყოფილი მასწავლებლის და ანალიტიკოსის ს.ბ.-ს გზისგან. მას სურდა, რომ ხელი შეეშალა ჩემი შემდგომი დამოუკიდებელი ფსიქოანალიტიკური საქმიანობისთვის, და გააჟღერა ჩემ შესახებ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც, როგორც მე ვიყავი დარწმუნებული, საფუძველშივე ანადგურებდა ჩემს რეპუტაციას. პირველ მომენტში, როცა გავიგე, რომ მან ფსიქოანალიზის დროს მიღებული საიდუმლოს არგაცემის პრინციპი დაარღვია, შოკი განვიცადე. მეჩვენებოდა, რომ დეპრესიის და უიმედობის უკიდურეს სიღრმეში ვიძირებოდი. როცა სტუმრებისგან სახლში დავბრუნდი, გადავწყვიტე, რომ აქტიური წარმოსახვის მეთოდი გამომეყენებინა და ჩემს გრძნობებზე ვკონცენტრირდი. ცოტა ხანში ჩემი შინაგანი ხედვის წინაშე გაჩნდა სურათი - ზამთრის გაყინული ტბა და ყინულის ქვეშ - ჩაძირული, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი მამაკაცი, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ყინულის ამოტეხვას. როგორც კი პირველი ხატ-სახე გამოჩნდა, თავი ცოტა უფრო უკეთ ვიგრძენი. შემდეგ სურათზე ვკონცენტრირდი და შევეცადე, რომ რაიმე პოზიტიური ხატ-სახეები შემომეტანა, კერძოდ, ვცდილობდი ანიმასთვის მომეხმო, რათა მას იგი ყინულიდან ამოეთრია. თუმცაღა ნებისმიერი პოზიტიური ხატ-სახე ზედაპირულად და არაბუნებრივად გამოიყურებოდა - რეალურ გამომხატველობას მხოლოდ ყინულის ქვეშ მყოფი კაცი ატარებდა.

მე არ ვმშვიდდებოდა და განვაგრძობდი ამ ხატ-სახეზე კონცენტრირებას. სადღაც ხუთი წუთის შემდეგ ვიგრძენი სურვილი, რომ არ მემუშავა - ეს ფენომენი ფსიქოლოგიაში ცნობილია, როგორც „წინააღმდეგობა“, და რადგან მაშინ უკვე გამაჩნდა გარკვეული წარმოდგენები ფსიქოლოგიურ მუშაობაზე, მე გადავლახე ეს გრძნობა და კონცენტრაცია განვაგრძე.

ამ მდგომარეობაში საჭიროა რაც შეიძლება მგრძნობიარენი გახდეთ არაცნობიერის დაფარული ნაკადების მიმართ. და დაახლოებით ათ წუთში მე ვიგრძენი რაღაც შინაგანი რიტმი, მჭედლის თანაბარი რიტმული დარტყმების მსგავსი. ხატ-სახეს დავუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ის შეიცვალა, და ახლა მე ვხედავდი ტულუპებში გამოწყობილი მამაკაცების წრე, რომლებიც უზარმაზარი ჩაქუჩებით ურტყავდნენ ყინულს. მე გამიხარდა ცვლილება და დაკვირვება განვაგრძე. მეჩვენებოდა, რომ ახლა მაინც შემეძლო გადარჩენის ჩემი ფორმების შემოტანა, მაგრამ წარმოსახვა ერთ ადგილას გაჭედილი ფირფიტასავით მოქმედებდა - შემდეგი ათი წუთის განმავლობაში იგი იგივე სინაგან რიტმს ათამაშებდა, რომელმაც რაღაც მომენტში ჩემს ზურგის ტვინზეც კი დაიწყო მოქმედება, მაჰიპნოზებდა რა საერთო რიტმით.

და დაძაბული ყურადღების მხოლოდ ათი წუთის შემდეგ მე როგორც იქნა მივაღწიე ხატ-სახის შემდგომ ცვლილებას - მე დავინახე გადარჩენილი, რომელიც მარხილზე დადეს, თბილად შეფუთეს და სადღაც თვითმფრინავისკენ წაიყვანეს.

დავამთავრე რა აქტიური წარმოსახვის სეანსი, მე გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ თუმცა ობიექტურად არაფერი შეცვლილა, ჩემმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ რამდენიმე პუნქტით აიწია და ნორმალურ მდგომარეობას მიაღწია. უფრო მეტიც - მე ერთგვარ ენერგეტიკულ ამაღლებას ვგრძნობდი: თუ ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს, მზად ვარ ამისთვის, ბოლოს და ბოლოს გზა, რომელიც აქამდე იქნა განვლილი, გაცილებით უფრო რთულია, და ჩემი ამჟამინდელი გამოცდილებით ნულიდან დაწყება არც ისე რთული იქნება. როგორც აღმოჩნდა, ეს არ დამჭირდა, და ჩემი კომპლექსების საჯაროდ გამოფენამ ჩემივე ანალიტიკოსის მიერ პრაქტიკულად არ მოახდინა ჩემზე გავლენა.

მე დარწმუნებით შემიძლია განვსაზღვრო ეს გამოცდილება, როგორც აქტიური წარმოსახვის ზედმიწევნით სწორი პრაქტიკის სეანსი. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არ წარმოადგენს აქტიურ წარმოსახვას.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც იუნგი განსაზღვრავდა, როგორც „პასიურ ფანტაზიორობას“, - ესაა ფანტაზიებით თვითნარკოტიზაცია. ანუ მიეცე ლამაზ და აუხდენელ ფანტაზიებს, და წახვიდე რეალობიდან. გახსოვდეთ - წარმოსახვითი ხატ-სახეები ყოველთვის უნდა ატარებდნენ გარკვეულ ხასიათს, ისინი აქტუალურ მდგომარეობას უნდა ასახავდნენ. მე რომ სახლში მისულს სასიამოვნო ფანტაზიორობა დამეწყო ბატონი ს.ბ.-ს სიკვდილზე, მაშინ მხოლოდ იმას მივიღებდი, რომ კონფლიქტს ჩავახშობდი და ფანტაზიებში გავიქცეოდი.

ამ თავში ასევე აუცილებლად მიმაჩნია ვისაუბრო არაცნობიერის სახიფათო მხარეზე. იუნგიანურ ტრადიციაში მიღებულია პირველ რიგში გამოიყოს არაცნობიერის პოზიტიური - როგორც ენერგიისა და ცოდნის უსასრულო წყაროს ასპექტი. თუმცაღა ეს სიმართლის მხოლოდ ნახევარია, რომელიც ნამდვილ იუნგიანელებში არაცნობიერის სახიფათო მხარის ცოდნით წონასწორდება. მაგალითად, ედუარდ ედინგერი თავის ნაშრომში - „ცნობიერების შექმნა“ ხაზს უსვამდა, რომ თვითობა არაცნობიერია და ადამიანური ეგო ჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი სარკეში დაინახოს. ერთ-ერთ წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ყოვლის-კავშირზე, რომელსაც შეუძლია ერთგვარი აღტაცება გამოიწვიოს მოუმზადებელ ადამიანში, რომელიც ერთიან ყოფიერებას აბსოლუტურ სიკეთედ აღიქვამს. ამ ილუზიას აქტიურად უჭერდა მხარს ძველი მისტიკოსების უმეტესობა. თუმცაღა მიღმიერი ყოფიერება არც კეთილია და არც ბოროტი. იგი უბრალოდ სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას თავის შემოქმედებით თამაშში, და ერთსაც ჰბადებს და მეორესაც. ამის ყველაზე წარმატებული ანალოგია მსოფლიო ლიტერატურაში ლემის „სოლარისია“ - გონიერი პლანეტის ძალას, რომელსაც ადამიანები შეეხნენ, ზოგიერთი თვითმკვლელობამდე მიჰყავდა, მაშინ როცა მთავარ გმირს ღრმა თვითშემეცნების საშუალება მისცა. ყოფიერების ყველა ელემენტი, ბოროტების ჩათვლით, ერთიანის ამ საოცარ თამაშში შედის, ერთიანის, რომელიც ნებისმიერი ურთიერთწინააღმდეგობის მიღმა იმყოფება.

ცნობიერი და არაცნობიერი ქმნიან დიალექტიკურ წყვილს, და ცნობიერების ორიენტაციაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოვლინდება მასთან მიმართებაში არაცნობიერი. აუცილებელია იცოდეთ არაცნობიერის სახიფათო მხარეები, რადგან ინდივიდუაციის გზა - ესაა ლომის გზა, აქლემებმა კი ტრადიციული რელიგიის ეკლების ღეჭვა უნდა განაგრძონ.

არაცნობიერის უკუნში სრულიად სხვადასხვა ძალებია დაფარული, რომლებთან შეხებამაც შეიძლება სხვადასხვა შედეგებამდე მიგიყვანოთ. ერიხ ნოიმანი შესანიშნავ ნაშრომში - „ცნობიერების წარმოშობა და განვითარება“ განსაზღვრავდა იმას, რის წინააღმდეგ დაპირისპირებაც უწევს ცნობიერებას, როგორც „დიად დედას“, რომელიც ცდილობს, რომ უკან, დამოკიდებული ბავშვის მდგომარეობაში დააბრუნოს იგი. „ნევროტიკი ცდილობს, რომ ბავშვობაში დაბრუნდეს“ - აი, ცნობიერების ნებისმიერი სისუსტის ფორმულა.

ვიწყებთ რა მუშაობას არაცნობიერთან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა ძალასთან, რომელიც მიმართულია ჩვენს ბავშვობაში დაბრუნებაზე და ეგოზე უარის თქმაზე. აქ ჩვენი ცნობიერების არგომ სცილასა და ხარიბდას შორის უნდა გაიაროს. „ქუდი მოიხადე და ქედი მოიხარე, მაგრამ მუხლებზე არ დადგე“ - ეს დევიზი საკვანძო უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც აქტიურად იკვლევს ფსიქიკის სიღრმეებს. მუხლებზე დამდგარი მყისიერად კარგავს საკუთარ თავს. ალბათ შეგხვედრიათ სხვადასხვა ფსევდოოკულტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც აკვირდები და შთაბეჭდილება გრჩება, რომ ორგანზომილებიან სიბრტყესთან გაქვს საქმე ფსიქიკურ ცხოვრებაში. ჩვენს წრეში მსგავს არსებებს „კასტრატებს“ ვეძახით, და სხვათაშორის საკმაოდ ზუსტად. უკან, ბავშვობაში დაბრუნებული სქესს კარგავს. მას არ გააჩნია სრულფასოვანი ვნებები, მისი მგრძნობელობა თითქმის გამქრალია, და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მისი ყოფიერება სისხლნაკლულია. რა თქმა უნდა, უკონტროლო ვნებებით მთლიანად შეპყრობილი ადამიანი არც ისე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე „კასტრატი“, თუმცაღა მას ყოველ შემთხვევაში ეგოს განვითარების შესაძლებლობა მაინც რჩება. კასტრატები კი დედობრივი არაცნობიერის ძლიერ მარწუხებში არიან მოქცეულნი, ასე რომ მათი შემდგომი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ნოიმანი „ცნობიერების წარმოშობასა და განვითარებაში“ კასტრაციას, როგორც დიადი დედისგგან წარმომავალ მოვლენას განიხილავდა, როგორც ცნობიერების დაკარგვის და ინდივიდუალური მე-ს განადგურების სიმბოლოს. ვფიქრობ, იუნგი „ტავისტოკის ლექციებში“ საუბრობდა რა „ფრთებიან თავებზე“, დაახლოებით იგივეს გულისხმობდა.

ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის, თუ რამდენად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას კონკრეტული ტრადიცია, მისი სექსუალობისადმი დამოკიდებულებით. ისინი, ვინც „ვნებების მოკვდინებისკენ“ მოუწოდებენ, არსობრივად ამართლებენ უკან, ბავშვობისკენ მიმართულ ნევროტიკებს. სხვათაშორის, ალისთერ ქროული იმედგაცრუებული იყო ოქროს განთიადის ორდენით და სრულიად გაწყვიტა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა სწორედ იმიტომ, რომ საერთო ანტი-სიცოცხლის განწყობა იგრძნო მასში.

არაცნობიერში იმყოფება ძალა, რომელსაც შეუძლია გადაყლაპოს, სხვა სამყაროებში წაიყვანოს ადამიანი ისე, რომ მიწიერთან მცირე კავშირიც კი დააკარგვინოს (ეს საფრთხე შესანიშნავად აღწერა პოეტურად ბროდსკიმ თავის ლექსში „Осенний крик ястреба“), და ამ საფრთხის არდაფასება არ შეიძლება. ნამდვილად ძლიერ ოსტატს შეუძლია საშუალება მისცეს საკუთარ თავს, რომ მიეცეს ნაკადს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე ხდება. ჩვენ აქსიომასავით უნდა გვახსოვდეს: ამოცანას წარმოადგენს არა სულის სამყაროებში გაქცევა, არამედ სულიერისა და მატერიალურის გაერთიანება.

იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიას და ქროულის თელემას აერთიანებს სწორედ ეს ორიენტაცია ურთიერთწინააღმდეგობების გაერთიანებისკენ, რომელიც წარმოადგენს კიდეც ინდივიდუაციის მიზანს. რა თქმა უნდა, თეორიულ პლანში ეს იდეა ახალი არაა: დაწყებული ლაო ძით და დამთავრებული ნიკოლას კუზანსკით უმაღლესი თვითობა განისაზღვრებოდა, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისების გაერთიანება პარადოქსულ ერთობაში, თუმცაღა მხოლოდ იუნგმა და ქროულიმ გადაიყვანეს გაერთიანების ეს მისტერია პრაქტიკული გამოყენების სფეროში.

აქტიური წარმოსახვა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ქმედით პრაქტიკას, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ ურთიერთწინააღმდეგობები, მაგრამ ამ ტექნიკის არასწორი გამოყენება კიდევ უფრო მეტ რეგრესიამდე მიგიყვანთ. მოვიყვან მაგალითს: ერთ ქალბატონს არ შეეძლო თავისი ბავშვობის კომპლექსებზე პირდაპირ საუბარი და დამცავი სიმბოლოების უზარმაზარ ნაკრებს იყენებდა.

უდავოა, რომ როდესაც ნევროტიკთან გაქვთ საქმე, არ უნდა ვურჩიოთ აქტიური წარმოსახვის მეთოდი. პირველ ეტაპზე საკმარისია სიზმრების ანალიზით და ბავშვობის ყურადღებით გარჩევით შემოვიფარგლოთ - ყველა თავისი ფროიდის და ადლერის მოტივებით. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წარმატებით გაივლის ამ დონეს, რეკომენდებულია ფრთხილად შეუდგეს აქტიურ წარმოსახვას.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff