იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკი
0
0

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას, ვინც გადაწყვიტეთ, რომ შემეცნების ჰორიზონტები გააფართოვოთ. როგორც იცით...

მეოთხე ლექცია - ჩრდილის არქეტიპი

 

Ungoliant Melkor

მეოთხე ლექცია - ჩრდილის არქეტიპი

დღეს გავარჩევთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პრობლემას ფსიქოლოგიაში, იმ პირველ დაბრკოლებას, რომლის გადალახვაც ნიშნავს ნამდვილი ინდივიდუაციის დაწყებას. საქმე ეხება ჩრდილის არქეტიპს.

როგორც ადრე ითქვა, მტრულად განწყობილი ძმების ან დების არქეტიპი ადამიანის მეტამითოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივია. მას შეგვიძლია შევხვდეთ პრაქტიკულად ნებისმიერ კულტურაში, გარდატეხილს კონკრეტული ერის აღქმის პრიზმაში. ამ მითს მრავალი ნიუანსი და ელფერი გააჩნია, რომელთა შესწავლის შემდეგაც შესაძლებელია რამდენიმე ტომიანი კვლევა დაიწეროს. მაგრამ მითის ბირთვი ყოველთვის ერთი რჩება - ორი ძმა (უფრო იშვიათად ორი და), ღმერთები ან გმირები მტრულ მდგომარეობაში. ამ მტრობის განვითარება შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული შერიგებით, დამთავრებული ერთ-ერთი ძმის მკვლელობით. ამ პერსონაჟების ძმობა შეიძლება იყოს როგორც რეალური, ასევე სიმბოლური. კაენი და აბელი, ესავი და იაკობი, იესო და იუდა, ფაუსტი და მეფისტოფელი, იშტარი და ერეშკიგალი - ესენი არიან კლასიკური მიფოლოგემის ყველაზე ცნობილი მაგალითები.

თუმცაღა მითოლოგიის შესწავლას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ჩვენ გავიაზრებთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ გარდატყდება მოცემული მითი ჩვენს ფსიქიკურ სივრცეში. რა არის ჩრდილი, რა საფრთხეებს და შესაძლებლობებს შეიცავს იგი თავის თავში, როგორ შეგვიძლია მისი ამოცნობა ჩვენს ფსიქიკაში, რისი გაკეთებაა აუცილებელი მას შემდეგ, რაც ამოცნობა მოხდება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებზეც პასუხი უნდა ვიპოვოთ.

ფსიქიკის ვერმიღებული ნაწილი, რომელიც არაცნობიერშია განდევნილი და ცნობიერი ეგოს სრულიად საპირისპირო მხარეს წარმოადგენს - აი, ესაა ჩრდილის მოკლე განსაზღვრება. ფრიად განათლებული ადამიანებისთვისაც კი ჩრდილის პრობლემა საკმაოდ რთულია გაცნობიერებისთვის - ცოტას თუ შეუძლია აღიაროს, რომ ყველაფერი, რასაც სხვებში ვერ იტანენ, სინამდვილეში მათივე ფსიქეს სიღრმეებში ბინადრობს და ნებისმიერ დროს შეუძლია დარტყმა მიაყენოს მას და ცნობიერება დაიპყროს. უფრო მეტიც - მსგავსი უარყოფა საკუთარი ჩრდილის არასასიამოვნო ასპექტების გაცნობიერებისა, კიდევ უფრო მეტი შეპყრობილობით გვემუქრება. ჯერ-ჯერობით ეს თქვენთვის შორეულ პრობლემად ჟღერს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და მოვიყვან რამდენიმე ტრაგიკომიკურ ეპიზოდს, რომლებსაც დავაკვირდი. ყველაზე სერიოზულმა დაფიქრებამ ამ ერთი შეხედვით სასაცილო ეპიზოდებზე მაიძულეს, რომ ბევრ რამეში გადამეხედა ჩემი ცხოვრებისეული პოზიციისთვის.

პირველ ეპიზოდს ამ სერიიდან რამდენიმე წლის წინ დავაკვირდი ჩემი ქალაქის წრეებში აქტიური ტრიალის პერიოდში. ერთ-ერთ გლობალურ „სეიშენზე“ ბედმა ერთ სასაცილო ახალგაზრდასთან შემახვედრა - დავარქვათ მას ვასილი. გაცნობის პირველივე სიტყვებიდან ვასილიმ განმიცხადა, რომ სატანისტი იყო და მკრეხელურ ფრაზებადაც დაიღვარა. მე მისი ქცევა სასაცილოდ მომეჩვენა - სატანიზმით გატაცების ჩემმა გატაცებამ უკვე ჩაიარა, რადგან ამ სწავლებაში აშკარა არათანმიმდევრულობა დავინახე. იმ პერიოდში მხოლოდ ეს-ესაა ვხსნიდი ღმერთის იმორალურობის იდეას - ღმერთის, რომელიც სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და რომელიც თანახმაა როგორც მანკიერ, ასევე წმინდა მისწრაფებებზე. მოგვიანებით სწორედ ეს ვიპოვე იუნგის თვითობის ცნებაში და თელემას ტრიადაში: ნიუტი, ჰადიდი, რა-გორ-ჰუიტი, მაგრამ იმ მომენტში მე ვეყრდნობოდი ჰერმან ჰესეს შესანიშნავ მხატვრულ რომანს - „დემიანი“. ვასილის მოკლედ ვუთხარი, რომ ღმერთი და სატანა ერთიანნი არიან და აზრი არ აქვს მათ განრჩევას, და რა თქმა უნდა შევთავაზე, რომ „დემიანი“ წაეკითხა. ჩემდა გასაოცრად, არც კი მომისმინა და ქრისტიანობისადმი ფარულ სიმპათიაში დამადანაშაულა. მე ცოტა არ იყოს გამაკვირვა მისმა რეაქციამ, რის შემდეგაც საუბარი შევწყვიტეთ.

ერთი წლის შემდეგ მე და ვასილი ისევ შევხვდით. მე მოვდიოდი ჯგუფიდან, რომელზეც ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, და სასაცილო დამთხვევაა, მაგრამ ჩანთაში ჰესეს სწორედ ის წიგნი - „დემიანი“ მედო, რომელიც ეთ ფრიად განათლებულ ქალს ვათხოვე. ვერასოდეს ამოვიცნობდი ვასილის იმ უცნაურ ახალგაზრდაში კასტრირებული კატის თვალებით, რომელმაც მოულოდნელად სახელით მომმართა. და მაინც, ეს სწორედ ის იყო, და სულ რაღაც ორწუთიანი საუბრით შევიტყვე ვასილის „საოცარი“ (სინამდვილეში კი კანონზომიერი) ცვლილებების და რწმენების შესახებ - იგი რომელიღაც იაფფასიან პროტესტანტულ სექტაში მოინათლა. „იესომ მიმიღო, სატანა წარსულს ჩაბარდა“, - სიხარულით მახარა ვასილიმ. მე, რა თქმა უნდა არ დავაყოვნე და განვაახლე ძველი კამათი, ვეცადე ამეხსნა მისთვის აბრაქსასის ერთიანობა - ღმერთის, რომელიც მანკიერის და წმინდას მიღმაა. დისკუსიების წარმოება და არგუმენტების წამოყენება ვასილიმ, უნდა ითქვას, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში ვერ ისწავლა, და ფრაზას: „ღმერთი - ეს შექმნაა, სატანა კი - ნგრევა“, მოჰყვა საყვედური ჩემს მიმართ იმის გამო, რომ მე მეტისმეტად ვარ მიჯაჭვული მატერიალურ სამყაროზე, მალე კი სამყაროს დასასრული ახლოვდება, და ღმერთი მას ისე გაანადგურებს, რომ ქვას ქვაზე არ დატოვებს“ (ალბათ, სატანად იქცევა!). ჩემი მცდელობა, რომ „დემიანი“ მეჩუქებინა, ვასილიმ ამჯერად სატანას ცდუნებად მიიღო, მე კი - მის მიერ წარმოგზავნილად, რომელიც მივიდა, რათა ნათლობის მერე მეცდუნებინა, რის შემდეგაც მალევე დავასრულე უაზრო დიალოგი.

შემდეგი მაგალითი, რომელიც მინდა მოვიყვანო, შედარებით ცოტა ხნის წინ გადამხდა. მთავარი გმირი, დავარქვათ მას სერგეი, ყოველთვის გამოირჩეოდა მეამბოხეობის და ხელგაშლილობის რომანტიული ორეოლით. მისი საუბრები ყოველთვის სავსე იყო იმ სუბკულტურისადმი კუთვნილების განსაკუთრებული პათოსით, რომელსაც, უნდა ითქვას, რომ მეც ვეკუთვნი, თუმცა სერგეის რომანტიული პათოსი ყოველთვის მაღიზიანებდა. ეს ადამიანი ყოველთვის მსაყვედურობდა, რომ მე მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი მატერიალურ ღირებულებებს და არ მყოფნიდა გარკვეული რომანტიზმი და ამბოხი. შემდეგ, გარემოებათა შედეგად, მან მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვა და სამი თვით წავიდა ქალაქიდან.

როცა დაბრუნდა, დასანახად საცოდავი იყო. პირველი, რაც განაცხადა, როცა ჩვენს კომპანიაში დაბრუნდა, იყო ის, რომ ტაქსით მოვიდა, ამასთან, ეს ისეთი ტონით თქვა, თითქოს საქმე არ ეხებოდა ჩვეულებრივ ქალაქის ტრანსპორტს, არამედ პირად ფოლქსვაგენს, რომელიც ფორდის ქალიშვილთან ქორწინების შედეგად მზითვად მიიღო. ამის შემდეგ, დააბრუნა რა თავისი ძველი ვალი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ნასესხები, ხუთჯერ გაიმეორა, რომ დააბრუნა ეს ვალი და თან ორასი პროცენტით, თითქოს ეშინოდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ვერ გაიგებდა მისი „ღირსეული საქციელის“ კოლოსალურობას. საწყალი იმდენად იყო დამთვრალი თავისი ფინანსური დიდებით, რომ ვერც კი ამჩნევდა იმ გაოგნებულ სახეებს, რომლითაც კომპანიის თანამშრომლები ერთმანეთს უყურებდნენ.

შემდეგ მაგალითს ადგილი ჰქონდა ინტერნეტ-ურთიერთობის დროს. ერთ ქალბატონთან მქონდა მიმოწერა ქვემო ნოვგოროდიდან, და საუბრის დროს ჩემს მიერ ტრაგიკულის თეორიის წარდგენისას მაზოხიზმში დამადანაშაულა. ცხადზე უფრო მეტია, რომ ჭეშმარიტად ტრაგიკულ ცნობიერებას და მაზოხიზმს საერთო არაფერი აქვთ, რაც იოლად დავუმტკიცე, თუმცაღა ჩემთვის მოვინიშნე გონებაში, რომ მაზოხიზმი მისთვის აქტუალური თემა იყო, მითუმეტეს, შემდეგ მომწერა, რომ მაზოხიზმი - მისი „საყვარელი იარლიყია“, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელად ეჩვენება. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ეჭვები ასი პროცენტით გამართლდა, და გავიგე რა ცოტა მისი ქმართან ურთიერთობის და მისი მონობის ხარისხის შესახებ, გავოგნდი - ჩემი აზრით ქალს, მითუმეტეს ჩვენ დროში, არ აქვს უფლება, რომ ამ დონეზე დაუქვემდებაროს თავი მამაკაცს.

მე სამი მაგალითი შევარჩიე, რომლებიც ეხებოდა რელიგიას, ფულთან ურთიერთობას და ინტიმურ ურთიერთობას. ეს ის თემებია, რომლებშიც ჩრდილის პრობლემა შედარებით აქტუალურია. მსგავსი ისტორიები შეგვიძლია უსასრულოთ მოვიყვანოთ, მაგრამ სამი უკვე საკმარისია, რომ საერთო დინამიკა გამოვიყვანოთ - ინდივიდი, რომელიც თავის ჩრდილს ვერ აცნობიერებს, „ქარის წისქვილების სამყაროში იბრძვის“, და ეჭვიც არ უჩნდება, რომ ნამდვილი მტერი მის ფსიქიკაშია. ერთ მშვენიერ მომენტში, კრიზისის დროს, ხდება სრული დამორჩილება და იდენტიფიცირება იმ ღირებულებებთან, რომლებიც მანამდე უარყოფილნი და საძულველნი იყვნენ. ანალიტიკური ფსიქოლოგიის ენით თუ ვიტყვით, ხდება „ჩრდილით შეპყრობილობა“ - ჩრდილი, რომელიც მანამდე განდევნილი და მიუღებელი იყო, ბოლომდე იპყრობს ცნობიერებას. სემ მენდესის ფილმში - „სილამაზე ამერიკულად“, რომლის ნახვასაც ყველას გირჩევთ, მოყვანილია ძალიან გავრცელებული მაგალითი ვაჟკაცი პოლკოვნიკისა, რომელიც ჰომოსექსუალებს ვერ იტანს და ყოველი ბუჩქის ქვეშ ელანდება ისინი, და რომელიც საბოლოოდ ფარული გეი აღმოჩნდება.

გადასვლას, როცა ჩრდილი ეგოს იპყრობს და ცნობიერების სრულუფლებიანი ბატონი ხდება, ენანტიოდრომია ეწოდება. ესაა ფსიქოლოგიური კანონი, რომელიც ჯერ კიდევ ჰერაკლიტემ აღმოაჩინა, და რომლის თანახმადაც ნებისმიერი მკაფიოდ ფიქსირებული მოვლენა თავის ურთიერთწინააღმდეგობაში გადადის. სინამდვილეში ურთიერთწინააღმდეგობების პრობლემა წარმოადგენს პირველი ხარისხის მნიშვნელობის ფსიქოლოგიურ და ოკულტურ პრობლემასაც კი, რომლის ბოლომდე გადაჭრაც შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია ჰორიზონტის მიღწევა, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესში ხდება ცნობიერების ზრდა, ანუ ინდივიდუაცია.

როგორ განვსაზღვროთ, როგორია თქვენი ჩრდილი? არაფერია უფრო მარტივი - უბრალოდ უპასუხეთ საკუთარ თავს რაც შეიძლება გულწრფელად - პიროვნული თვისებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ღირებულებების რა ნაკრებია თქვენთვის ყველაზე საძაგელი სხვა ადამიანებში (გაშინებთ, გაღიზიანებთ, რისხვას იწვევს - სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ). თუკი გეყოფათ გამბედაობა და ამ ლექციის კონტექსტში მაქსიმალურად სრულად უპასუხებთ ამ კითხვას, მაშინ სცადეთ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი - იფანტაზიორეთ, თქვენი აზრით, რას უნდა გრძნობდეს ამ თვისებების მატარებელი, რა ემოციებს უნდა განიცდიდეს. სცადეთ, რომ ფრთხილად შეხედოთ შიგნიდან თქვენს ჩრდილს.

დიდი შეცდომა იქნებოდა ჩრდილის ცალსახად ბოროტებასთან გაიგივება. ჩრდილი - ესაა პიროვნების მეორე მხარე, სულ ესაა, ამიტომ დამნაშავის ჩრდილი შეიძლება იმ მორალურ თვისებებს შეიცავდეს, რომლებიც არ ჰყოფნის, ხოლო პურიტანის ჩრდილი - სექსუალობას.

ჩრდილი ბავშვში პირველად დაახლოებით 3-5 წლის ასაკში ფორმირდება, როცა ჩნდება პირველი თვითიდენტიფიკაცია. ცნობილია, რომ ბავშვები, როდესაც ცუდ საქციელს (მშობლების თვალსაზრისით) სჩადიან, ხშირად საუბრობენ საკუთარ თავზე მესამე პირში - რაც მიუთითებს საკუთარი თავის პირველ დისოცირებაზე მიუღებელი ჩრდილოვანი ქმედებებისგან. მოგვიანებით ინდივიდი გაცილებით უფრო მეტ დახვეწილობას აღწევს მსგავს დისოცირებაში, პოულობს რა „განტევების ვაცებს“, რომლებზეც ახდენს თავისი ჩრდილის პროეცირებას, და ყველანაირად ცდილობს მათ მოწამვლას. გარდატეხის ასაკში ყმაწვილი გადაწყვეტილებას იღებს - გაყვეს მას მშობლების გზით, ან პირიქით, სრულიად უკუაგდოს ის ღირებულებები, რომლებიც მასში აღზარდეს. გარკვეული თვალსაზრისით მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია, რადგან მშობლების ღირებულებებისგან განცალკევება ნიშნავს ინდივიდუაციის დასაწყისს (თუ ეს ცნობიერად ხდება, და არა ისტერიულად, როგორც ეს გარდატეხის ასაკს ახასიათებს). თუმცაღა ნებისმიერ შემთხვევაში ღირებულებათა სისტემა არ „კვდება“, არამედ არაცნობიერში განიდევნება, საიდანაც, იკვებება რა თვითობის ცხოველმყოფელური ენერგიებით, ეგოს პროექტების საბოტაჟს ახდენს, ნაწილობრივ კი ბოლომდე იპყრობს მას, როგორც ეს ზემოთჩამოთვლილ სამ შემთხვევაში აღვწერე.

თუკი მხედველობაში არ მივიღებთ აღქმის სპეციფიურ ნიუანსებს, რომელთა მიხედვითაც ყოველ ადამიანს თავის ჩრდილში ღირებულებათა სრულიად თავისი ინდივიდუალური ნაკრები აქვს, საერთოს ყველა ადამიანისთვის ინფანტილური სექსუალობის უმარტივესი გამოვლინებების განდევნა წარმოადგენს. ეს სფერო ფროიდის მიერ იქნა გამოკვლეული, და იმისთვის, რომ მის ნაწილობრივ სიმართლეში დავრწმუნდეთ, საკმარისია წავიკითხოთ ნებისმიერი წარწერა მამაკაცთა ტუალეტში ან უბრალოდ მოვახდინოთ იმ თვისებათა და მოქმედებათა კლასიფიკაცია, რომლებსაც უსახო (ინკოგნიტო) რესპოდენტები თავიანთ მტრებს მიაწერენ. ლატენტური ჰომოსექსუალობა და ოიდიპოსური სურვილები ამ სიაში პირველნი აღმოჩნდებიან.

იმაზე, რომ ჩრდილი აქტუალური გახდა, მოწმობენ გარკვეული სახის სიზმრები, რომლებშიც არის ბრძოლის, იმავე სქესის მტრული ფიგურის დევნის მოტივი, რომელიც სიზმარმხილველია, ან პირიქით, ავადმყოფი, სრულიად დეგრადირებული პერსონაჟის ხატ-სახე, რომელიც ზიზღს იწვევს. მსგავსი სიზმრების დროს ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ მათთან მიმართებაში რაც შეიძლება მეტი მითოლოგიური პარალელი იპოვოთ, რათა განისაზღვროს, სახელდობრ რომელი სიუჟეტი თამაშდება მოცემულ მომენტში, და აქტიური წარმოსახვის პრაქტიკა, სადაც სიზმარმხილველი ფანტაზიაში უნდა დაბრუნდეს სიზმარში და ეცადოს ცხოვრებას თითქოს მტრული პერსონაჟის თვალებით შეხედოს.

მაგალითად, ერთ ღირსეულ ფსიქოლოგიურ ნაშრომში მოყვანილია შემდეგი მაგალითი: ახალგაზრდა ადამიანი იტანჯებოდა უუნარობით, რომ როგორმე მაინც გაეკეთებინა ფულის ეკონომია - ისიც და მისი ცოლიც ყველაფერს პირველივე კვირაში ხარჯავდნენ, რის შემდეგაც ნახევრად შიმშილობდნენ. ანალიტიკოსი დაინტერესდა მისი სიზმრებით, და მაშინვე გაირკვა, რომ ამ ადამიანს ერთი და იგივე სიზმარი უმეორდება, რომელშიც იგი ვიღაც ძუნწ ბატონებს ემსახურება, სასტუმროს პატრონებს, რომელშიც იგი რაღაც დამლაგებლისმაგვარ როლს ასრულებს. ცხადია, რომ სასტუმროს პატრონები მის ჩრდილს წარმოადგენენ, რომლებიც ნაწილობრივ ფორმირებულნი იყვნენ მეტისმეტად ეკონომიური მშობლების მიუღებლობით. როგორც კი დინამიკა ანალიტიკოსისთვის ცხადი გახდა, მან ურჩია პაციენტს, რომ ემუშავა ამ ხატ-სახეებთან აქტიურ წარმოსახვაში და ეცადა, რომ თუნდაც რაიმე პოზიტიური ღირებულებები ეპოვნა მტრულ და დათრგუნულ პერსონაჟებში. რადგან ეს ამოცანა მეტისმეტად რთული იყო, ანალიტიკოსმა გაუმარტივა ამოცანა და „სამხედრო მოხერხებულობის“ სახით შესთავაზა, რომ თუნდაც ერთი სასარგებლო თვისება აეღო პატრონებისგან, რათა ეფექტურად დაპირისპირებოდა მათ. სამუშაო დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც ხუთი წელი, რის შედეგადაც კლიენტი შეურიგდა თავისი ფსიქეს ჩრდილოვან ნაწილებს, მოახდინა თვისებათა გარკვეული ნაწილის ინტეგრაცია და ისწავლა ფულის შედარებით რაციონალურად ხარჯვა.

ამგვარად, ჩრდილში ყოველთვის დევს პოტენციალი განვითარებისთვის, დაფარული განძი, რომლის პოვნის შემდეგაც ეგო პრინციპულად ახალ დონეზე გადადის. და მაინც, აუცილებელია, ცოტა გავაწბილოთ პერფექციონისტები - ჩრდილის სრული ინტეგრაცია შეუძლებელია. ალქიმიურ ილუსტრაციებშიც კი, რომლებიც ცნობიერების ძალიან მაღალ დონეებს გამოხატავენ, არის შავი ყორანი, რომელიც ნიგრედოს,ლ ჩრდილის და ქვემოთ ვარდნის საფრთხის სიმბოლოა. სინამდვილეში საერთოდ არაა აუცილებელი ჩრდილის სრულად ინტეგრაცია, რადგან უნივერსალური ჯანმრთელობის დროს საერთოდ აღარ აქვს ადგილი შემოქმედებით დაძაბულობას. მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ცნობიერი გავხადოთ ეს დაპირისპირება, ვისწავლოთ, რომ შეძლებისდაგვარად არ მოვახდინოთ ჩვენი ჩრდილის სხვებზე პროეცირება და არ მივცეთ მას საშუალება, რომ ჩვენი ცნობიერების ჰორიზონტი შეზღუდოს. შემოგვაქვს რა კონფლიქტში გაცნობიერების პრინციპი, ამით ნევროტულ გახლეჩილობას, რომელშიც ამა თუ იმ დონით აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება, ვაქცევთ ურთიერთსაწინააღმდეგოთა შემოქმედებით დაძაბულობად - არკად, სადაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სისუსტე ერთ ძალას წარმოშობს.

ჩრდილის კლასიფიკაცია სამ ნაწილად შეგვიძლია - პირადი, კოლექტიური და არქეტიპული. პირად ჩრდილზე აქ უკვე ბევრი ითქვა. თუმცაღა ყოველ კოლექტივს აქვს თავისი ჩრდილი, რომლის ზეგავლენისგან განთავისუფლებაც არც ისე ადვილია. გერმანიის საშუალო ობივატელის ცნობიერებისთვის ჰიტლერის დროს ასეთ როლს ებრაელები ატარებდნენ, ახლა რუსეთში ჩრდილის როლი ჩეჩნებს და ოლიგარქებს ეკუთვნით, რომლებიც, უნდა ითქვას, რომ ღიად თამაშობენ მას. არსობრივად, მთელი კაცობრიობის ისტორია, უსასრულო ომების ისტორია - ესაა ჩრდილის ბრმა და არაცნობიერი პროეცირების ისტორია, სადაც ეგო მხოლოდ სიკეთესთან იგივდება, ამიტომ ყველაფერი დანარჩენი აღიქმება, როგორც ბოროტების განსახიერება, და უნდა განადგურდეს. ნებისმიერ კოლექტივს, იქნება ეს ერი, ნაციონალობა, რელიგია, კულტურა თუ სუბკულტურა, გააჩნია თავისი ხატ-სახე ჩრდილისა, რომლის მიმართ სიძულვილიც საშუალებას იძლევა, რომ შეამციროს ურთიერთწინააღმდეგობათა დაძაბულობა ფსიქიკაში და არ გააცნობიეროს ჩრდილი საკუთარ თავში.

არქეტიპული ჩრდილი - ესაა რელიგიური ეშმაკის ტრადიციული ხატ-სახე, თუმცა გარკვეული სუბკულტურებისთვის ეშმაკმა და ღმერთმა ადგილები შეცვალეს (მაგალითად, სატანისტებთან), რითაც უნდა უმადლოდნენ კულტის ზოგიერთ მსახურს, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ არც ისე შეესაბამებიან იმ წარმოდგენებს, რომლებსაც ფორმალურად ქადაგებენ. სხვადასხვა მითოლოგიები არქეტიპული ჩრდილის შესახებ სხვადასხვა პასუხს იძლევიან: გარეგანი მითოლოგიის პოსტულატია უკანასკნელი ბრძოლა კეთილ და ბოროტ ძალებს შორის, რომლის შემდეგაც ბოროტება განდაგურდება და სამყაროში სიკეთე იმეფებს. უკანასკნელი ასეთი მითოლოგია - კომუნიზმია, თუმცა იქ ღმერთი და ეშმაკი მუშათა კლასმა და ბურჟუაზიამ შეცვალა. ადამიანისთვის, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებისკენაა მიდრეკილი, მსგავსი მითოლოგიური კონსტრუქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ, რადგან ცხადია, რომ სიბნელის გარეშე ვერც სინათლე იარსებობს. ყველა ხალხის და ყველა დროის ყველაზე ღრმა მოაზროვნეების და მისტიკოსებს ესმოდათ მკაცრი დუალიზმის შეუმდგარობა და ის, რომ პირვანდელი ღვთაება (თვითობა) სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება, ხოლო მარადიული ურთიერთდაპირისპირება წარმოადგენს ცნობიერებისა და სიცოცხლის აუცილებელ პირობას. თანამედროვე ფილოსოფოსებიდან ყველაზე ღრმად ამის ფორმულირება მოახდინა ალისთერ ქროულიმ „კანონთა წიგნში“, სადაც სრულყოფილი ზეციური ქალღმერთის ნუთის სახელით შემდეგი სიტყვები წარმოითქმება: „რამეთუ მე გაყოფილი ვარ სიყვარულის სახელით, გამთლიანების შესაძლებლობისთვის“.

ურთიერთწინააღმდეგობათა დიადი პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას მხოლოდ თვითობაში ჰპოვებს, არ იწურება ეგოს და ჩრდილის ურთიერთწინააღმდეგობით. წინააღმდეგობათა შემდეგი, გაცილებით უფრო რთული სისტემის - მამაკაცურის და ქალურის, ანიმას და ანიმუსის, ლოგოსის და ეროსის შესახებ შემდეგ თავში მოგიყვებით.

რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი - „სიკეთე და ბოროტება ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში“, „არგახსნილი თვითობა“, „ბრძოლა ჩრდილთან“, ერიხ ნოიმანი - „ღრმა ფსიქოლოგია და ახალი ეთიკა“ (პირველ რიგში!!!), ჰერმან ჰესე - „დემიანი“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff