მეათე ლექცია - თვითობა
მეათე ლექცია - თვითობა
მოცემული ლექცია ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე რთულ თემას იუნგიანურ ტრადიციაში - თვითობის არქეტიპს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იუნგი სხვადასხვა ნაშრომებში იძლეოდა თვითობის სრულიად განსხვავებულ, და ხშირად ურთიერთწინააღმდეგობრივ განმარტებებს. ეს თემა უმაღლესი სირთულის პრობლემაა და პარადოქსების დიდ რაოდენობას შეიცავს.
„ფსიქოლოგია არ ინტერესდება ღმერთის, როგორც სამყაროს ობიექტურად არსებული შემოქმედის არსებობით, არამედ მხოლოდ გარკვეული ფსიქოლოგიური გამოცდილებით, რომელიც გაგებულ და განსაზღვრულ იქნა, როგორც ღმერთი“, - წერს გერჰარდ ადლერი - იუნგის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოსწავლე. ამიტომ ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ თვითობის პრობლემის განხილვისას და ეცადოთ, რომ დააბალანსოთ ზღვარი რელიგიურ ხედვასა (რომელიც ხშირად ფილოსოფიურ სპეკულაციებად იქცევა ხოლმე) და ფსიქოლოგიური გამოცდილების უშუალო ჭეშმარიტებებს შორის.
თვითობის განცდის გამოცდილება - ესაა სწორედ ის, რაც ყველა ტრადიციაში ფორმულირებულია, როგორც ღმერთის განცდა, ამიტომ გარკვეულწილად შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ ამ ცნებებს შორის, თუმცა „ღმერთის“ ცნება უფრო აღიქმება გარკვეულ ობიექტურ გარე ძალად, ხოლო თვითობა წარმოადგენს ყველაზე ღრმა დონის ფსიქოლოგიურ გამოცდილებას. თუმცაღა ძირითადი ინფორმაცია თვითობის განცდის შესახებ შეგვიძლია სწორედ უძველესი მისტიკური ტექსტებიდან ავიღოთ, თუკი ფსიქოლოგიურად გავაანალიზებთ მათ.
ვცადოთ, როგორღაც სისტემატიზაცია გავუკეთოთ იმას, რაც თვითობის არქეტიპის შესახებ ვიცით. პირველ რიგში, როგორც იუნგი ახსენებდა „გაერთიანების მისტერიაში“, მიღმიერი ზღვრული ფსიქოლოგიური რეალობის, ანუ თვითობის გაგება შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა პარადოქსის მეშვეობით. მსგავსი პარადოქსები - სახელწოდებით კოანები - განსაკუთრებული ფიქრის საგანი იყო ძენ ბუდიზმში. პარადოქსული განსაზღვრებები, რომლებიც კოანებს ჰგვანან, ასევე გვხვდება ალქიმიაში. „უფრთო ყორანი, რომელიც მზის უკუნში დაფრინავს“ - მსგავს პარადოქსებს განეკუთვნება. განსაზღვრებების მსგავსი პარადოქსულობა იმითაა განპირობებული, რომ თვითობაში ხდება ყველა ურთიერთწინააღმდეგობის ფინალური გაერთიანება.
ჩვენ შეგვიძლია ამ პოზიციის მრავალი პარალელი ვიპოვოთ ძველ მისტიკოსებთან. მაგალითად ნიკოლას კუზანელი ღმერთს განსაზღვრავდა, როგორც მიღმიერ არსებობას, რომელიც თავის თავში ყველა ურთიერთწინააღმდეგობას მოიცავს. იაკობ ბიომეს თანახმად, „ღმერთი - ესაა წრე, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარშემოწერილობა კი არსად“, ხოლო დიონისე არეოპაგელი ამტკიცებდა, რომ ღვთაების მიმართ არცერთი პოზიტიური შეფასება არ იქნება სწორი, რადგან იგი საწინააღმდეგოსაც მოიცავს, ღმერთი კი წინააღმდეგობების მიღმა დგას.
ურთიერთწინააღმდეგობების გაერთიანება, იუნგის თანახმად, ნებისმიერი ინდივიდუაციის ზღვრულ მიზანს წარმოადგენს, და ეს იწყება ეგოს და ჩრდილის გაერთიანებით, გადის მამაკაცურის და ქალურის გაერთიანებას და უნატიფესი ურთიერთწინააღმდეგობების ისეთ ღრმა შრეებში აღწევს, რომლებიც მხოლოდ თვითობის განცდაში ერთიანდებიან. თუმცაღა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ბუნება შეზღუდულია მისი ეგოთი, (რომელიც ბოლომდე ვერ გაქრება) რის გამოც ჩნდება კიდევ ერთი პარადოქსი, რომელიც განცდებით წყდება, და არა გონებით: გამოდის, რომ საბოლოო მიზანი მიუღწეველია, მაგრამ ამასთან სხვა გზაც არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მისკენ ვისწრაფვოთ. იუნგი გვირჩევდა, რომ განგვეხილა თვითობის ხატ-სახე, როგორც შთამაგონებელი სიმბოლო, და არა საბოლოო მიზანი, რადგან მიზანი არა ეგოს საბოლოო განადგურება, არამედ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, ეგოსა და თვითობას შორის ურთიერთობის დამყარებაა (სხვათაშორის, პირვანდელად სიტყვა „რელიგიის“ ეტიმოლოგია „კავშირიდან“ მოდის, იგივე სიტყვიდან მოდის აღმოსავლური ცნება - იოგაც. თუმცაღა დღეისათვის რელიგია ვერ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციას).
თვითობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიმბოლო გამარჯვებული ბავშვის სიმბოლოა. ამაში ალქიმიური სიმბოლიზმია - ურთიერთწინააღმდეგობები მეფისა და დედოფლის სახით კვდებიან, რათა დაიბადოს რაღაც ახალი - ბავშვი, რომელიც ორივეს ნაწილს შეიცავს.
თვითობის განცდის გამოცდილებას ახასიათებს ნუმინოზურის განსაკუთრებული განცდა - ესაა აღტაცებისა და საშინელების განცდა, მსგავსი იმისა, რასაც ნიცშე განსაზღვრავდა, როგორც დიონისურ ექსტაზს. თვითობის პირდაპირ განცდა, ხატ-სახეებისა და სიმბოლოების გარეშე, უკიდურესად იშვიათად მიიღწევა და მოუმზადებელ ადამიანს ჭკუიდან შეშლით ემუქრება - გავიხსენოთ ამფალი, რომელმაც ზევსის ბუნებრივი დიდებულებით ნახვა მოინდომა და ცოცხლად დაიწვა.
ამიტომ უმეტეს შემთხვევებში თვითობა ფსიქიკაში გარკვეული ხატ-სახეებისა და სიმბოლოების მეშვეობით ვლინდება. პირველ რიგში, ესაა განსაკუთრებული სახის რიცხობრივი შესაბამისობა: თვითობის ფორმულა 3+1 ხშირად გვხვდება სიზმრებში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სამი მსგავსი ან იდენტური ხატ-სახე, და ერთი სხვა, ამ სამისგან პრინციპულად განსხვავებული. ფსიქოლოგიური სიტუაციის შესაბამისად ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს - სიზმარმხილველმა შეიძლება დაინახოს სამი ქალი და ერთი მამაკაცი ან სამი მამაკაცი და ერთი ქალი, სამი ცხოველი და ერთი ადამიანი, ან სამი ადამიანი და ერთი ცხოველი, სამი მდიდრულად ჩაცმული ბატონი და ერთი მაწანწალა - სია შეგვიძლია უსასრულობამდე გავაგრძელოთ. ტეტრადის - 3+1-ის ფორმულა პირველადია ადამიანური ფსიქოლოგიის გაგებისთვის: თუ შევისწავლით მითოლოგიას, სიზმრებს, ლიტერატურას, ჩვენ თავად შეგვიძლია ამაში დარწმუნება. მაგალითად, ტეტრადის პრინციპით ორგანიზებული ჯგუფები ყველაზე მდგრადები არიან და მონაწილეებში ნათესაობისა და ერთობის გრძნობას წარმოშობენ.
სიზმრებში 3+1 მოტივის გაჩენა ერთგვარ კრისტალიზაციაზე, სტაბილიზაციაზე, ფსიქიკის ცენტრირებაზე მიანიშნებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქაოსისა და წრიალის პერიოდი დასრულდა, და ეგო ხელახლა კრისტალიზდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტეტრადის გამოჩენა ავტომატურად პოზიტიურ გამოსავალზე მიანიშნებს - ზოგჯერ კრისტალიზაცია არასწორად ხდება და ინდივიდი დიდი ხნით იჭედება თავის ნევროტულ კონსტრუქციებში. სიზმრების ანალიზის ჩემს პრაქტიკაში უკიდურესად დესტრუქციული ტეტრადებიც შემხვედრია, მაგალითად, სამი უზარმაზარი ვირთხა, რომლებიც კატას ჭამდნენ. იუნგმა მშვენივრად იცოდა არაცნობიერის (თვითობის) ჩრდილოვანი მხარის შესახებ და სერიოზულად გვაფრთხილებდა ამის შესახებ.
თვითობის ხატ-სახეებს წარმოადგენენ ნებისმიერი სიმეტრიული კონსტრუქციები, მაგალითად, სასახლეები ოთხი შესასვლელით (რომელთაგანაც ერთ-ერთი, როგორც წესი განსაკუთრებული, საიდუმლო და დაფარულია). ტიბეტურ ბუდიზმში არსებობს სულიერი პრაქტიკა - მანდალაზე მედიტაცია (მანდალა - სანსკრ. „წრე), რომელიც წარმოადგენს წრეს, შიგნით კვადრატით, სადაც კვადრატის თითოეული მხარე ერთგვარი შესასვლელია.
თვითობის კიდევ ერთი ნუმინოზური ხატ-სახე - ჯვარია. ქრისტიანული მითის ლოგიკის მიუხედავად, რომლის თავსმოხვევასაც ძალზე გამალებით ცდილობდა ზოგიერთი პროტესტანტული სექტა (შეუძლია თუ არა მამას უყვარდეს რევოლვერი, რომლითაც მისი ძე დახვრიტეს?), ჯვარი წარმოადგენს დასავლეთის ერთ-ერთ ცენტრალურ რელიგიურ ხატ-სახეს. მისი განსაკუთრებული ხიბლი დაკავშირებულია სწორედ თვითობის მაორგანიზებელ და მასტრუქტურირებელ ხატ-სახესთან - ოთხი მხარე, ოთხი სტიქია, რომელზეც ჯვარცმულია ცნობიერება. ქრისტიანული მითის დაფარული სიმბოლური მხარე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას ატარებდა, თუმცაღა ახლა, როცა სხვა ერაში შევაბიჯეთ, ეს მნიშვნელობა აქტუალურობას კარგავს.
ამგვარად, თვითობის პირველი განსაზღვრება იქნება ყოფიერების ოთხობითი პრინციპი, რომელიც ფსიქიკის მაორგანიზებელ პრინციპს წარმოადგენს. ინდივიდს, რომელიც არასწორ პირობებშია მოთავსებული, ეს პრინციპი ადრეული ბავშვობიდანვე არასწორად უყალიბდება, და მისი თვითობა მის წინააღმდეგვე იმოქმედებს - ასეთია ყველა ფსიქოზის ბუნება.
ყველა სერიოზულ მისტიკურ სწავლებაშია ნათქვამი, რომ ღმერთი ჩვენს შიგნითაა, და არა გარეთ. ხდება გარკვეული ჭეშმარიტი ბუნების პოსტულირება, რომელიც ჩვენთვის დაფარულია; ყველა ძიება ბოლოს და ბოლოს მიდის წერტილამდე, საიდანაც ეს ძიებები დაიწყო, მაგრამ გაგების ახალ დონეზე, სპირალის ახალ საფეხურზე. ამგვარად, თვითობის შემდგომი განსაზღვრება - ესაა ეგოს არქეტიპული საფუძველი - ის წერტილი, რომლის გარშემოც ფორმირდება ეგო-ცნობიერება, იზრდება რა თვითიდენტიფიკაციებით.
და ბოლოს, თვითობის მესამე განსაზღვრება - ესაა ჩვენი ცნობიერების ჭეშმარიტი ცენტრი, წერტილი ნულში. ამ კონტექსტში შეუძლებელია კიდევ ერთხელ არ გავიხსენოთ ბიომეს უკვე ციტირებული გამოთქმა: „ღმერთი - ესაა წრე, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარშემოწერილობა კი არსად“. სხვაგვარად: თვითობა - ესაა ეგოს არქეტიპული საფუძველი, რომელიც ეგოს ისე შეესაბამება, როგორც მამოძრავებელი მოძრავს.
იუნგის თანახმად, კლასიკური რელიგიური სამება არასრულყოფილია, რადგან მასში არაა მეოთხე - ქალური, ეროტიული ელემენტი. ღმერთი კლასიკურ რელიგიურობაში გაიგივებულია მხოლოდ მამაკაცურ საწყისთან, სულთან, რასაც ნევროტულ დისოციაციამდე და მთელი მატერიალურის ეშმაკისთვის გადაცემამდე მივყავართ. მეოცე საუკუნის რელიგიური ცხოვრების ყველაზე მთავარ მოვლენად იუნგი თვლიდა მარიამის სხეულით ამაღლებას, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ 1950 წელს მიიღო. იუნგის აზრით ეს დოგმატი აწონასწორებს ქრისტიანობაში სულისა და ხორცის ნევროტულ დუალიზმს და საშუალებას იძლევა, რომ დოგმატურ დონეზე მაინც მივუახლოვდეთ თვითობას.
რა თქმა უნდა, ესეც კი ვერ შველის ქრისტიანობას, რომლის ვადაც, კოლექტიური არაცნობიერის ღრმა კანონების თანახმად დასასრულს უახლოვდება, თუმცაღა ამ დოგმატის მიღებამ ცოტათი მაინც გააწონასწორა მოვლენები. ახლა ახალი ქარები და ახალი ღმერთები ანთებენ ჩვენს ჩირაღდანს.
თვითობის ხატ-სახეები უამრავია - შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ხატ-სახე, რომელიც ნუმინოზურის გრძნობას იწვევს, თვითობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თავის მხრივ, ყოველი ხატ-სახე თავის ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, რომ „მოცემულ მომენტში თქვენი თვითობა გააქტიურდა“ და ამით შევწყვიტოთ ანალიზი. მაგალითად, რქაეული (единорог) შეიძლება მიანიშნებდეს სიწმინდის არქეტიპულ იდეაზე, რომელიც თვითობას ახასიათებს, პელიკანი - საკუთარ თავზე უარის თქმასა და თვითშეწირვაზე (შუასაუკუნეების დროინდელი გადმოცემით პელიკანი სისხლით კვებავს თავის შვილებს, ამიტომ საღვთისმეტყველო ალეგორიებში იგი ქრისტეს განასახიერებს), გველი შეიძლება წარმოადგენდეს თვითობის პარადოქსულ მხარეს, მის სიბრძნეს, მაგრამ ამასთანავე საფრთხესაც, შეცნობის შხამსაც. თუ მაკრისტალიზებელი ტეტრადა ოთხი ცხოველისა და ერთი ადამიანის სახით მოდის, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამ ადამიანის თვითობა რეგრესულია და ჯერ კიდევ არაა დაშორებული დედის პირველადი ურობოროსისგან. მოკლედ, ხატ-სახეების და მათი შესაძლო ინტერპრეტაციების სია შეგვიძლია უსასრულოდ განვაგრძოთ, მთავარია გვახსოვდეს იუნგის რჩევა: ნებისმიერი ხატ-სახის და განცდის ანალიზს ისე მივუდგეთ, თითქოს პირველად აანალიზებთ, რათა შტამპებს აარიდოთ თავი.
საკმაოდ მკაფიოდ უნდა გავიგოთ სხვაობა თვითობის არქეტიპს, როგორც ასეთსა და იმ ხატ-სახეებს შორის, რომლებითაც თვითობა თავს ავლენს. წარმოადგენს რა უდიდესი ინტენსივობის განცდას, თვითობა იმ ხატ-სახეებში ვლინდება, რომლებიც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად აკლია ინდივიდს. მაგალითად, სასტიკი ადამიანისთვის თვითობა წარმოდგება ყოვლისმოწყალების და ყოვლისპატიების ღმერთის სახით, ხოლო ისინი, ვინც მეტისმეტად სუსტნი და სენტიმენტალურნი არიან, შესაძლოა შეეჩეხონ მრისხანე ღვთაებების შემაძრწუნებელ ხატ-სახეებს.
თუ ინდივიდუაციის პროცესი სწორი გზით მიდის, მაშინ ეს კომპენსატორული ხატ-სახეები მხოლოდ პრელუდია იქნება თვითობის სრულყოფილი გამაერთიანებელი სიმბოლოს დაბადების წინ - ღვთაებრივი ბავშვის, რომელიც ინდივიდუაციის მიზანს წარმოადგენს. ამ სიმბოლიზმის გაგება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც გარკვეული მისტიკური განცდების გამოცდილება გააჩნია.
თუმცაღა ხშირად ისე ხდება, რომ ეს წინასწარი კომპენსატორული ხატ-სახეები ბოლომდე ანგრევენ ცნობიერების განწყობას და ეგოს შეშლილობის ჟურღმულში აგდებენ. თვითობას ვერ შობს თანამედროვეობის მონური გონება, რომელიც ღმერთზე მშობლების ხატ-სახეს აპროეცირებს. თუკი ევანგელეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გავაანალიზებთ, იუნგი მიუთითებდა იოანეს - ერთ-ერთი სახარების და აპოკალიფსის ავტორის საინტერესო და სევდიან გამოცდილებაზე. ღმერთის მიერ დაბრმავებული იოანე, რეფლექსიისა და უკან მოხედვის გარეშე ფიქრობდა, რომ ღმერთი სინათლეა და მასში არანაირი სიბნელე არაა. სიცოცხლის ბოლოს, ენანტიოდრომიის კანონის თანახმად, იგი ღმერთის მრისხანე, უმოწყალო მხარით გახდა შეპყრობილი, და ამ შეპყრობილობის ნაყოფი იყო სწორედ აპოკალიფსი.
ამგვარად, ურთიერთწინააღმდეგობების გაერთიანების პრობლემა - ესაა უდიდესი სირთულის პრობლემა, რომელიც ადამიანის სულის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული თვითობის არქეტიპთან.
ვიწყებთ რა თვითობის თემის კვლევას, ჩვენ პრინციპულად ახალ დონეზე ვეჯახებით ჩრდილის პრობლემას. როდესაც აქამდე ვმუშაობდით ჩრდილთან, საქმე გვქონდა ძირითადად პირად განდევნილ კომპლექსებთან, და ამ დონეზე ჯერ კიდევ შეიძლება რაიმე მიახლოებითი ორიენტირების მოცემა. მაგრამ როდესაც ამ პრობლემას თვითობის ღვთაებრივი ურთიერთწინააღმდეგობების დონეზე ვუბრუნდებით, ჩვენ ვგავართ მეთევზეს, რომელიც ღია ზღვაში ქარიშხლის ეპიცენტრში აღმოჩნდა, და მხოლოდ ზღვრულ გაცნობიერებულობას შეუძლია გვიხსნას დაღუპვისგან. ისტორიამ არაერთი დიადი სახელი იცის, რომლებიც ღვთაებრივ წინააღმდეგობას შეეჯახნენ და ამ არათანაბარ ბრძოლაში ჩაიძირნენ. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ფრიდრიხ ნიცშე, რომელსაც ვერც მაძაგებლებმა გაუგეს, და ვერც მიმდევრებმა.
ის, ვინც თვითობის ოკეანეში ქარიშხლიან ღამეს გაცურავს, ვინც ციკლონის ცენტრამდე მივა, სადაც აბსოლუტური სიმშვიდის ცენტრია; ის, ვინც შეძლებს დააკვირდეს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სიკეთის და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის, მამაკაცურის და ქალურის, სულისა და მატერიის წყვილები შევარდენთა წყვილის მსგავსად, ფსიქიკურის სამყაროში ურთიერთქმედებენ ხან სასიყვარულო, ხან საომარ ტემპში; ის, ვინც შეძლებს, რომ დარჩეს დამკვირვებლად და არ გააიგივოს თავი არც ერთთან ამ წყვილებიდან - ის ჭეშმარიტად აღმოაჩენს ფილოსოფიურ ქვას, ალქიმიკოსების მესამე შვილს, დიად შემრიგებელს, და განახორციელებს საკუთარ თავს თვითობასთან ცოცხალ ზიარებაში.
რეკომენდებული ლიტერატურა: კარლ იუნგი: «Aion», «პასუხი იობს», «თვითობის ფენომენოლოგია», «სამების შესახებ დოგმის ფსიქოლოგიური ანალიზი», ალისთერ ქროული - ყველაფერი.
თუ გსურთ დააფინანსოთ ამ და სხვა ტექსტების თარგმნა, გადადით ამ ბმულზე.