ნაწილი პირველი

I. როგორ აგროვებენ მაგები საგანთა თვისებებს სამგანზომილებიანი სამყაროდან, განვრცობილია სამ გრიმუარში.

  ვხედავთ, რომ არსებობს სამი სამყარო: ელემენტალური, ზეციური და ინტელექტუალური; ყოველი დაქვემდებარებული, იმართება მისი ზემდგომის მიერ და ღებულობს მათი თვისებების გავლენას იმგვარად, რომ ყოველი მთავარი შემოქმედი, ანგელოზი, ზეცა, ვარსკვლავები, ელემენტები, ცხოველები, მცენარეები და ქვები თავად გადმოგვცემენ უზენაესის ყოვლისშემძლე ძალას ჩვენზე, ვისდამი მსახურებისთვისაც შექმნა მან ყოველივე: ბრძენკაცნი არ ფიქრობენ, რომ იდენტური ხარისხით შესაძლებელია ჩვენი ასვლა თითოეულ სამყაროში, თავად ყველაფრის შემოქმედ და პირველქმნილ სამყაროშიც, სადაც ყველაფერი არს და საიდანაც ყველაფერი წარმოიქმნება. სარგებელი არამარტო თვისებებშია, რომელნიც ფრიად მშვენიერნი არიან, არამედ ახალ თვისებათა ზეციდან ჩამოტანაშიც. ბრძენკაცნი საგანთა თვისებებს ელემენტალური სამყაროს იდეებში, ფიზიკაში, მედიცინაში და ბუნებრივი საგნების სხვადასხვა ნაირსახეობებში ეძებენ; შემდეგ მოდის ზეციური სამყაროს სხივები, მათი გავლენა, ასტროლოგიური წესები და მათემატიკური დოქტრინები, რომელნიც ზეციურ თვისებებს უერთდებიან. უფრო მეტიც, წმინდა რელიგიების ცერემონიების მეშვეობით, ისინი ძალაუფლების უფლებამოსილებას ადასტურებენ. ამ ყოველივეს თანმიმდევრობისა და პროცესის შესახებ მსურს გადმოგცეთ სამ გრიმუარში, რომელიც დავწერე; პირველი გრიმუარი შეიცავს ნატურალურ მაგიას, მეორე ზეციურს, ხოლო მესამე ცერემონიულს. მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა ჩემგან უპატიებელი ვარაუდი, გამოვთქვა, რომ ასეთი მცირე განსჯისა და ცოდნის მქონე კაცს, ძალუძს კი ასე ახალგაზრდა ასაკში თავდაჯერებულად შეუდგეს იმდენად რთული და საძნელო საქმის კეთებას, რის ქმნასაც ვცდილობ. ამიტომ, რაც უკვე ვთქვი და რასაც ამის შემდგომ ვიტყვი, ნუ დაეთანხმება მას ნურავინ, რამეთუ მომავალ თაობებში ისინი დამტკიცდებიან უნივერსალური ეკლესიისა და რწმენა განმტკიცებულთა კრებულის მიერ. 

 

 II. რა არის მაგია, რა ნაწილები შედიან მასში და როგორ უნდა დაეუფლოს მოწაფე კვალიფიციურად ამ წმინდა მეცნიერებას. 

  მაგია ყოვლად ძლიერი სათნოებაა; იგი სავსეა უზენაესი საიდუმლოებებით, რომლებიც შეიცავს საიდუმლო საგანთა ღრმა ჭვრეტას ბუნებასთან, ძალებთან, ხარისხებთან, სუბსტანციებთან და თვისებებთან ერთად; ის არის მთელი ბუნების ცოდნა და გვასწავლის ჩვენს შორის არსებული განსხვავებულობისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ, საიდანაც იგი აწარმოებს შესანიშნავ ეფექტებს საგანთა თვისებების გაერთიანებით და სრულყოფილ თანმიმდევრობაში დახარისხებით, რითაც სიხარულით საფუძვლიანად ქსოვს უმაღლეს ორგანოებს, რომელნიც უფლებამოსილებითა და შესაძლებლობებით სავსენი არიან. ეს არის ყველაზე სრულყოფილი და მთავარი მეცნიერება; იგია წმინდა და ამაღლებული ფილოსოფია და ბოლოს, ესაა აბსოლუტური სრულყოფილება, საუკეთესო ფილოსოფიათა შორის. მარეგულირებელი ფილოსოფიები იყოფა ნატურალურ, მათემატიკურ და თეოლოგიურ ფილოსოფიებად: ნატურალური ფილოსოფია გვასწავლის იმ საგანთა ბუნებას, რომლებიც სამყაროშია; ეს არის შედეგთა მიზეზის ძიება და მიზეზთა შედეგის პოვნა; მათში შედის დროები, ადგილები, მოვლენები და მათი ნაწილები, როგორებიცაა საგნების რიცხოვნობა და ბუნება; რა მოაქვს ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს; საიდან იწყება სასუფეველი; რა ამუქებს საავდროდ შეკრებილ ღრუბლებს; რა ძალაა ჭექა-ქუხილი; რისი მაუწყებელია ღამეული კომეტები; რა აიძულებს დედამიწას ცუნამისაკენ; რა არის მიწისძვრა; საიდან მოდის ლითონთა ფესვი; რა სათნოება აქვს ოქროს და რა სიმდიდრეს ფლობს ბუნების საფარი. ყოველივე ნახსენები, ნატურალურ ფილოსოფიას შეიცავს. მათემატიკური ფილოსოფია გვასწავლის ვიცოდეთ ბუნებრივი სხეულების რაოდენობა და როგორ ფართოვდება იგი სამ განზომილებაში, ასევე გვასწავლის ზეციური სხეულების მოძრაობასა და მიმართულებას. როგორ მართავს მზე ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს; რა აცნობს ვარსკვლავებს თავიანთ გზას; რა არის მზისა და მთვარის უცნაური დაბნელებები; რატომ ჩადის ზამთარში დასავლეთის მზე ასეთი სისწრაფით; თეოლოგიური ფილოსოფია, ანუ ღვთაებრიობა გვასწავლის, რა არის ღმერთი; რა არის გონება; რა არის ინტელექტი; რა არის ანგელოზი; რა არის დემონი; რა არის სული; რა არის რელიგია, ინსტიტუტი, ტაძარი, რიტუალი და წმინდა საიდუმლოებები. ეს მეცნიერება ასევე გვასწავლის რწმენის, სასწაულების, სათნოებების, სიტყვებისა და ფორმების საიდუმლოებს, გასაიდუმლოებულ ოპერაციებსა და ბეჭდების მისტერიებს; როგორც აპულეუსი ამბობს: იგი გვასწავლის სწორად გაგებას და ცერემონიულ კანონებში დახელოვნებას, რომელიც წმინდა რელიგიებს ეხება. მე უნდა შევაგროვო სამივე პრინციპული ხარისხი მაგიურ ცნობიერებაში; დამსახურებულად, ძველი სწავლულნი ამ ცოდნას ყველაზე უმაღლეს და წმინდა ფილოსოფიად მიიჩნევდნენ. როგორც აღმოვაჩენთ, ბევრ საკითხს ნათელი მოჰფინეს ბრძენმა ავტორებმა და ყველაზე ცნობილმა მწერლებმა; მათ შორის ძირითადად ცნობილია ზამოლქსისი და ზოროასტერი; ბევრს სჯეროდა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ამ წმინდა მეცნიერების პირველი შემომტანები. მათ ბილიკს მიჰყვება აბარისი, კარმონდასი, დამიგერონი, ეუდოქსუსი, ჰერმიპუსი; კიდევ არიან რჩეული კაცნი, მერკურიუს ტრისმეგისტუსი, პორფირიუსი, ლამბლიკუსი, პლოტინუსი, პროკლუსი, დარდანუსი, ორფეუსი, გერმა, აპოლონიუსი და ოსთანესი, რომელიც შესანიშნავად წერდა ამ ხელოვნების შესახებ. მრავალი წიგნი დაკარგულია; დემოკრიტე აბდერელი გამოჯანმრთელდა და გამოაქვეყნა გრიმუარი თავისივე კომენტარებით. პითაგორას, ემპედოკლეს, დემოკრიტესა და პლატონის გარდა, სხვა მრავალმაც იმოგზაურა შორეული მოგზაურობით, ამ წმინდა მეცნიერების შესწავლისათვის; დაბრუნებისას, მათ შექმნეს მშვენიერი ტექსტები, რომლებშიც დიდი საიდუმლოებები იყვნენ დაფარულნი. ცნობილია, რომ პითაგორა და პლატონი მემფისის წინასწარმეტყველებთან იყვნენ წასულნი საიდუმლოთა შესასწავლად და იმოგზაურეს თითქმის მთელი სირიის, ეგვიპტისა და იუდეას გარშემო; მათ მოინახულეს ქალდეველთა სკოლები, რათა არ გამორჩენოდათ ყველაზე წმინდა და ძვირფასი ჩანაწერები, რაც კი ოდესმე შექმნილა. ამიტომ, ვისაც სურს მაგიის შესწავლა, შეისწავლოს მან ნატურალური ფილოსოფია, სადაც აღმოჩენილია საგნებისა და არსებების ოკულტური თვისებები; შეისწავლოს მან მათემატიკური ფილოსოფია, ვარსკვლავებისა და ფიგურების გამოთვლა; შეისწავლოს მან თეოლოგიური ფილოსოფია, სადაც ვლინდება არამატერიალური სუბსტანციები, რომლებიც ყოველივეს მართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია მაგიის გაგება, რამეთუ არ არსებობს არანაირი მაგია და მაგიურად აღსრულებული საქმე, როდესაც ვერ ვფლობთ სამივე ფაკულტეტს.

 

 III. ოთხი ელემენტის, მათი თვისებებისა და ურთიერთშეთანხმების შესახებ.

 არსებობს ოთხი ელემენტი და ყველა ფიზიკური სხეულის საწყისი საფუძველი: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა, რომლებიც თითოეულ ელემენტალურ სხეულში შერეულია არა დაგროვების მეშვეობით, არამედ ტრანსმუტაციისა (ურთიერთნარევის) და გაერთიანების გზით. როდესაც საგნები განადგურდებიან, თავიანთ საწყის ელემენტალურ მდგომარეობას დაუბრუნდებიან ხოლმე. არ არსებობს ელემენტი, რომელიც აბსოლუტურად სუფთაა, არამედ ისინი მეტ-ნაკლებად შერეულენი არიან და ერთი მეორეს შეცვლისკენ აქვთ მიდრეკილება. მიწის ხრწნის შედეგად იგი ჭუჭყიან წყლად იქცევა, ხოლო წყლის გამკვრივება თავის მხრივ, მიწას წარმოქმნის. სითბოს მეშვეობით აორთქლებული წყალი ჰაერად გადაიქცევა, ხოლო მკვრივი ჰაერი სინათლეს წარმოქმნის. სინათლით დამწვარი ჰაერი გრილდება და იქცევა მიწად, ქვად და გოგირდად; იგი გაელვებით გამოიხატება. პლატონიც მოცემულ თვალსაზრისს იზიარებს, რადგან მისი აზრით, დედამიწა მუდმივად ცვალებადია და თითოეული ელემენტი ყოველთვის იცვლება. დახვეწილ ფილოსოფოსთა აზრია, რომ დედამიწა კი არ იცვლება, არამედ მუდმივად შერეულია სხვა ელემენტებთან, რომლებიც ეტაპობრივად არღვევენ მას, შემდგომში კი ისევ საკუთარ თავს უბრუნდებიან. თითოეულ ელემენტს გააჩნია ორი სპეციფიკური თვისება: პირველი, რომლითაც საკუთარ თავს ინარჩუნებს, ხოლო მეორე, რომელიც თანხმობაში მოდის ცვლილებასთან, როდესაც ერთი ელემენტი მეორედ გადაიქცევა. დავაკვირდეთ: ცეცხლი არის ცხელი და მშრალი, მიწა არის მშრალი და ცივი, წყალი არის ცივი და ტენიანი, ხოლო ჰაერი არის მშრალი ან ტენიანი. ამ გზით, ელემენტები საპირისპირო თვისებების მიხედვით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, როგორც ცეცხლი და წყალი; მიწა და ჰაერი. მეტიც, ელემენტები სხვა თვისებებითაც უპირისპირდებიან ერთმანეთს: მიწა და წყალი მძიმე და ბნელია, ხოლო ცეცხლი და ჰაერი მსუბუქი და ნათელი; თუმცა ჰაერის სინათლე დამოკიდებულია სინათლის ხარისხზე, რადგან ჰაერი თავისთავად ბნელია. მიწა და წყალი პასიურია, ცეცხლი და ჰაერი კი აქტიური. პლატონმა კიდევ ერთხელ გამოყო ისინი სხვა ასოციაციით და თითოეულ მათგანს სამი თვისება მიანიჭა: ცეცხლს გააჩნია სიკაშკაშე, სიმსუბუქე და მოძრაობა; მიწას სიბნელე, სისქე და სიმშვიდე; ამ თვისებათა მიხედვით ცეცხლის და მიწის ელემენტები ურთიერთსაპირისპირონი არიან. მაგრამ სხვა ელემენტები მათგან ისესხებენ თავიანთ თვისებებს: ჰაერი იღებს ცეცხლის ორ თვისებას, სიმსუბუქეს და მოძრაობას, ხოლო ერთ მიწის თვისებას, ანუ სიბნელეს. ანალოგიურად, წყალი ღებულობს მიწის ორ თვისებას, სიბნელეს და სისქეს, ხოლო ცეცხლის ერთ თვისებას, ანუ მოძრაობას. ცეცხლი ჰაერზე ორჯერ უფრო თხელი, სამჯერ უფრო მოძრავი და ოთხჯერ უფრო კაშკაშაა. ჰაერი წყალზე ორჯერ უფრო კაშკაშაა, სამჯერ უფრო თხელი და ოთხჯერ უფრო მოძრავი. ამიტომ, წყალი მიწაზე ორჯერ უფრო კაშკაშაა, სამჯერ უფრო თხელი და ოთხჯერ უფრო მოძრავი. ასე რომ, ცეცხლი არის ჰაერისთვის, ჰაერი წყლისთვის, ხოლო წყალი მიწისთვის და პირიქით, მიწა წყლისთვის, წყალი ჰაერისთვის და ჰაერი ცეცხლისთვის. ეს არის ყველა სხეულის, ქმნილებისა და თვისების საფუძველთ საფუძველი; იგი, ვინც ელემენტთა ხარისხებისა და ნარევების ცოდნას ფლობს, ადვილად განახორციელებს ისეთ რამეებს, რაც მშვენიერი, გასაოცარი და სრულყოფილია მაგიურ მეცნიერებაში. 

 

  IV. ელემენტთა სამი ორდენის შესახებ.

  როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ოთხი ელემენტი, რომელთა სრულყოფილი ცოდნის გარეშეც მაგიაში ვერაფერს შევძლებთ. თითოეული მათგანი სამმხრივია, რომელსაც რიცხვ თორმეტამდე მივყავართ; ციფრების, შვიდიანისა და ათიანის გავლით, შესაძლებელია პროგრესი განხორციელდეს უზენაეს ერთიანობამდე, რომელზედაც ყოველი ძალა და ოპერაციაა დამოკიდებული. რიგითობით ელემენტთა პირველ ორდენს წარმოადგენენ სუფთა ელემენტები; მათგან არც ერთი არ არის შერწყმული ან ცვალებადი და არც ტრანსმუტაციის შესაძლებლობა არსებობს. ისინი უხრწნელნი არიან და მათი მეშვეობით ყველა ბუნებრივი საგანი ვლინდება. არა კაცს არ შეუძლია გამოაცხადოს მათი თვისებები, რადგან ამ ელემენტებს ყველაფერთან დაკავშირებით ყველაფრის გაკეთება ძალუძთ. იგი, ვინც ამას უგულვებელყოფს, ვერასოდეს შეძლებს გასაოცარი საქმეების აღსრულებას. ელემენტთა მეორე ორდენი არის შერეული, ცვალებადი და არაწმიდა ელემენტები, თუმცა, ხელოვნების ჩარევით შესაძლებელია მათი წმინდა უბრალოებამდე დაყვანა; მათი თვისებები, როდესაც სიმარტივისთვის შემცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, უპირველეს ყოვლისა სრულყოფს ყველა ოკულტურ და ნატურალურ ოპერაციას: ეს არის მთელი ნატურალური მაგიის საფუძველი. მესამე ორდენს განეკუთვნებიან ელემენტები, რომლებიც თავისთავად ელემენტები კი არ არიან, არამედ ორჯერ არიან შერწყმულნი; ისინი ერთი მეორეში მრავალფეროვნად და ცვალებადად მონაწილეობენ. ისინი უტყუარი მედიუმები არიან, სწორედ ამიტომ, მათ შუა ბუნება ან შუა ბუნების სული ეწოდებათ: ძალიან მცირეს თუ ესმის აქ ღრმად ჩადებული საიდუმლოებები. მათში არსებული გარკვეული რიცხვების, ხარისხებისა და კანონების მეშვეობით, საგნებში ყოველგვარი ეფექტის სრულყოფა ვლინდება, იქნება ეს ნატურალური თუ ზეციური; ისინი სავსეა საოცრებებითა და საიდუმლოებებით და მოქმედებენ როგორც ნატურალურ მაგიაში, ასევე ღვთაებრივ სამყაროებშიც: რამეთუ მათი მეშვეობით წარმოიქმნება გარდაქმნა, ტრანსმუტაცია, მომავლის ცოდნა, წინასწარმეტყველება, ბოროტის განდევნა და კეთილი სულების თანმყოფობის მოპოვება. ამიტომ, დარწმუნებულნი იყავით, რომ ვერავინ შეძლებს ამ სამი სახის ელემენტისა და მათ შესახებ ცოდნის გარეშე მაგიის ოკულტურ მეცნიერებებთან და ნატურალურ მაგიასთან მუშაობას. მაგრამ, ვინც უწყის ამ ელემენტთა შესახებ, თუ როგორ გადააქციოს უწმინდურება სიწმინდედ ან შერეული მარტივად, მკაფიოდ შეიცნოს ბუნება, ჭეშმარტება, რიცხვი, ხარისხი და წესრიგი, იგი ადვილად მიაღწევს ყოველი ნატურალური ნივთის ცოდნას, სრულყოფილ ოპერაციებს და ზეციური საიდუმლოებების შეცნობას. 

 

  V. ცეცხლისა და მიწის მშვენიერი ბუნების შესახებ.

 არსებობს ორი რამ, (ამბობს ჰერმესი) ცეცხლი და მიწა, რომელნიც ყოვლად საკმარისია მშვენიერ საქმეთა აღსასრულებლად: ცეცხლი აქტიურია, მიწა პასიური. ცეცხლი (ამბობს დიონისე), ყველაფერს განმსჭვალავს და ყველაფრის გავლით მოძრაობს; იგი თავისი სინათლით მოძრაობს ყველაფერში რაც ნაცნობია და ყველაფერში რაც ოკულტურია და უცნობი. ვინაიდან იგი თავისთავად არსებობს, (სხვა მატერია მასში არაა, რომელშიც მან სათანადო ქმედება უნდა გამოავლინოს) იგი უსაზღვროა და უხილავი; იგი თვითკმარია ყოველი ქმედებისათვის, რაც მას შეეფერება; ცეცხლი დამცველია, განმანათლებელი, განვრცობილი, სწრაფი, მაღალი, ქმედებით განმსჭვალული, არ საჭიროებს არაფერს, ფარულად იზრდება და თავად ავლენს საკუთარ სიდიადეს იმისდა მიმართ, რაც მას ღებულობს; იგი აქტიურია, ძლიერია და უხილველად, ერთდროულად ყველაფერში იმყოფება; მას ვერაფერი შეურაცხყოფს ან წინ აღუდგება, რამეთუ იგი უეცრად გადააქცევს ყოველივეს საკუთარ მორჩილებაში. იგი შეუცნობელია, გაუგებარი, მიუწვდომელი და ყველაზე მდიდარი. ცეცხლი, (როგორც პლინიუსი ამბობს), არის ბუნების საგანთა უსაზღვრო და დაუმორჩილებელი ნაწილი; საკითხავია, იგი წარმოქმნის თუ ანადგურებს საგანთა უმეტესობას. ცეცხლი თავისთავად ერთადერთია და ყველაფერში აღწევს (ასე ამბობენ პითაგორელები). იგი ვრცელდება სასუფევლამდე და ყოველივეს ანათებს; მაგრამ ჯოჯოხეთში ცეცხლი მკვრივია, ბნელი და მტანჯველი. ცეცხლი ერთია, მაგრამ რაც მას ღებულობს მრავალმხრივია და შესაბამისად, განსხვავებულ საგნებში იგი სხვაგვარად არის განვრცობილი; როგორც კლეანთესი იმოწმებს, ცეცხლი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სხვა ქმნილებათაგან არის წარმოქმნილი. ცეცხლი ქვებშია და ფოლადის დაშლისას იღვიძებს; იგი მიწაში დაწვის ფუნქციას ასრულებს. ცეცხლი წყალს ათბობს და ადუღებს; იგი ოკეანის სიღრმეშია და ამოფრქვევისას წყლის ქარებს წარმოქმნის. ცეცხლი ჰაერშია (სადაც მას ყველაზე ხშირად ვხედავთ), რადგან ცეცხლი ჰაერის მეშვეობით იწვება. ყველა ცხოველი და ცოცხალი არსება, ისევე როგორც ყველა ბოსტნეული, ცეცხლისმიერი სითბოთი არის დაცული; ყოველი არსება რომელიც ცოცხალია, შინაგანი ცეცხლის მეშვეობით ცოცხლობს. ცეცხლი, რომელიც მაღლა დგას, განავრცობს სითბოს, რაც ყოველივეს ნაყოფიერებას ანიჭებს და წარმოქმნის სინათლეს, რომელიც ყოველივეს აცოცხლებს. ჯოჯოხეთური ცეცხლის თვისება არის სიმშრალე, რომელიც ყველაფერს შთანთქავს და სიბნელე, რომელიც ყველაფერს უნაყოფოს ხდის. ზეციერი და კაშკაშა ცეცხლი ბნელეთის სულებს განდევნის; ჩვენებური ხისგან წარმოქმნილი ცეცხლიც იმავეს აკეთებს, რომელიც უზენაესი სინათლის ანალოგია. სწორედ მის შესახებ ითქვა შემდეგი: "მე ვარ სამყაროს სინათლე, ჭეშმარიტი ცეცხლი, მნათობი მამა, რომლისგანაც ყოველი სიკეთე ვლინდება". იგი თავის ცეცხლს პირველ რიგში მზეს უწილადებს და ავრცელებს მას ყოველ ციურ სხეულზე, რამეთუ მათი შუამავლობით ცეცხლი ჩვენს პლანეტაზეც ვლინდება. ბნელი სულები უფრო ძლიერები სიბნელეში არიან; მაშასადამე, სინათლის ანგელოზები ძლიერდებიან არა მხოლოდ ღვთაებრივი, მზისა და ციურ სხეულთა შუქით, არამედ ჩვენი პლანეტის ცეცხლის შუქითაც. აქედან მომდინარეობს, რომ რელიგიათა პირველი და ყველაზე ბრძენი ინსტიტუტები, რიტუალურ ცერემონიებს, ლოცვას, გალობას და ღვთაების ყოველგვარ თაყვანისცემას ანთებული სანთლებით და დანთებული ცეცხლის თანხლებით აღასრულებენ. აქედან მომდინარეობს პითაგორას მნიშვნელოვანი გამონათქვამი: "არ ისაუბრო უფალთან სინათლის გარეშე". ბოროტი სულების განდევნისათვის მიცვალებულთან ცეცხლი მუდმივად უნდა ენთოს და არ უნდა ჩაქვრეს იქამდე, სანამ განდევნის ლოცვა წმინდა წესით არ აღსრულდება და მიცვალებული არ დაიკრძალება. თავად დიდმა იეჰოვამ ძველ რჯულში ბრძანა, რომ მისდამი ყოველი მსხვერპლი ცეცხლით შეწირულიყო და ცეცხლი მუდმივად დანთებული ყოფილიყო საკურთხეველზე. ყველა ელემენტს შორის საფუძველთ საფუძველი არის მიწა, რამეთუ იგია ყველაფრის ობიექტი, საგანი და ზეციური სხივების გავლენის ჭურჭელი; მასში იმყოფება ყველა თვისების ნაყოფი, იქნება ეს ცხოველი, მცენარე, თუ მინერალი. სხვა ელემენტების მეშვეობით და ზეციური სამყაროს შუამავლობით, მიწაზე ყველაფერი თავისთავად ნაყოფიერი ხდება. იგი ღებულობს ყველაფრის სიუხვეს და არსებობს, როგორც პირველი საძირკველი, საიდანაც ყველაფერი იფურჩქნება. მიწა არის ყველაფრის საფუძველი, ცენტრი და მშობელი. დატოვთ მცირე ხნით ღია ცის ქვეშ ყველაფერი განცალკევებული, გაფუჭებული, დამტვრეული და გამოუსადეგარი; იგი მალევე გამრავლდება და იქცევა ცოცხალ ორგანიზმად; მასთან გამოჩნდებიან მცენარეები, ჭიები, სხვა ცოცხალი არსებები და ასევე, ქვები და მინერალები. ეს არის დიდი საიდუმლო, რადგან მიწის განწმენდა ცეცხლის მეშვეობით არის შესაძლებელი და მისი მოსახერხებელ და მარტივ  სუბსტანციად გადაქცევა გარეცხვით მიიღწევა. ეს არის ჩვენი შემოქმედების პირველი საკითხი და ყველაზე ჭეშმარიტი წამალი, რომელსაც ჩვენი აღდგენა და შენარჩუნება შეუძლია. 

 

  VI. წყლის, ჰაერისა და ქარების მშვენიერი ბუნების შესახებ.

  დანარჩენი ორი ელემენტი, ანუ წყალი და ჰაერი, არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე წინები; ბუნება მათი მეშვეობით მშვენიერ საქმეებს აღასრულებს. წყალი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, რადგან მის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იცოცხლებს. ვერცერთი ბალახი და მცენარე გაიხარებს წყლის ტენიანობის გარეშე. წყალში ვლინდება სიცოცხლის მომცემი თვისება, განსაკუთრებით ცხოველთა სამყაროში, ვინაიდან მათი თესლი უმეტესწილად წყალს შეიცავს. ასევე, ხეებისა და მცენარეების თესლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიწიერნი არიან, აუცილებელია, რომ ტენიან მიწაში მოხვდნენ, რადგან თესლი სწორედ მასში ნაყოფიერდება; არ აქვს მნიშვნელობა დატენიანება მიწის მეშვეობით მოხდება, დილის ნამის თუ წვიმის, მთავარია რომ მათ წყალი შეეხოს. მოსე წერს, რომ მხოლოდ მიწა და წყალი წარმოშობს ცოცხალ სულს. მაგრამ, იგი ორგვარ ქმნილებას აღწერს; ერთნი, რომლებიც წყლის ქვეშ ცურავენ, ხოლო მეორენი, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ. უმეტესწილად ყოველი ცოცხალი ორგანიზმი სწორედ წყლისაგან შედგება და იგი აუცილებელია ყველაფრის სიცოცხლისათვის, რასაც მოწმობს წმინდა წერილიც, სადაც ნათქვამია, რომ დედამიწაზე არაფერი იზრდებოდა, სანამ უფალმა უნაყოფო მიწას წვიმა არ მოუვლინა. წყლის ელემენტის გარეშე შეუძლებელია სულიერი რეგენერაცია, როგორც თავად ქრისტემ დაუმოწმა ნიკოდემუსს. წყლის მნიშვნელობა უდიდესია ღვთის თაყვანისცემაში, გამოსყიდვაში და განწმენდაში; მისი აუცილებლობა არაფრით არის ცეცხლზე ნაკლები. წყლის სარგებელი უსაზღვროა, რამეთუ ყველაფერი მისით საზრდოობს და მისი მეშვეობით იზრდება. თალეს მილეთელმა და ჰესიოდემ ამგვარად დაასკვნა, რომ სწორედ წყალი იყო ყველაფრის დასაწყისი; მათ თქვეს, რომ ეს არის ყველაზე პირველი და ყველაზე ძლიერი ელემენტი, რადგან იგი ყველა დანარჩენ ელემენტზე ბატონობს. როგორც პლინიუსი ამბობს, წყალი შთანთქავს მიწას, აქრობს ცეცხლს და აღაგზნებს ჰაერს; ციდან დავარდნილი წყალი არის მიზეზი ყველაფრისა, რაც კი იზრდება დედამიწაზე. წყალი უამრავ საოცრებას აღასრულებს, რასაც ამტკიცებს პლინიუსის, სოლინუსის და კიდევ მრავალთა თხზულებები. 

  იოსებ ფლავიუსი ახსენებს კონკრეტული მდინარის საოცარ ბუნებას, რომელიც სირიის ორ ქალაქს შორის, არკეასა და რაფანეას შორის მიედინება; ეს მდინარე მხოლოდ შაბათს მორაკრაკებს და დღის დასასრულს, უეცრად წყდება (არავინ უწყის ამის მიზეზი). დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მშრალად გადახვიდეთ მდინარეზე, მაგრამ, მეშვიდე დღეს, წყალი სიუხვით ისევ ბრუნდება, როგორც ადრე. ქალაქის მცხოვრებნი მდინარეს "შაბათის მდინარეს" უწოდებენ, რამეთუ იგი წმინდა დღეა იუდეველებისთვის. სახარებაში მოხსენიებულია აუზი, რომელიც განწმენდილია ანგელოზის მიერ და მასში ჩასული ყოველი ადამიანი დაავადებებისგან ინკურნება. ზუსტად იგივე მოვლენა გვხვდება იონიის "ნიმფების წყაროში", რომელიც ქალაქ ელისის კუთვნილ ტერიტორიაზე, სოფელ ჰერაკლეაში, მდინარე ციტერონის მახლობლად მდებარეობდა: ვინც ამ წყაროში ავადმყოფობით დამძიმებული შეაბიჯებდა, მისგან სრულიად განკურნებული გამოდიოდა. პავსანიესი ასევე იუწყება, რომ ლიკეუსში, არკადიის მთაზე, იყო მდინარე, სახელად აგრია: რამდენჯერაც რეგიონს გვალვა და ხეხილის განადგურება დაემუქრებოდა, მდინარესთან მიდიოდა ლიცეუსის იუპიტერელი მღვდელი და მსხვერპლშეწირვისა და ხელში მუხის ტოტებით დამშვნებეული მხურვალე ლოცვის შემდეგ, მდინარეში ტოტებს რგავდა; შემდეგ კი მდინარის წყლები ორთქლდებოდა, უზარმაზარ ღრუბლად იქცეოდა და წვიმით რწყავდა მთელს ქვეყნიერებას. მეტიც, ეფესოელი მკურნალი, რუფუსი, მრავალი სხვა ავტორისგან განსხვავებით, უამრავ ძალზედ უცნაურ ამბავს ჰყვებოდა წყლის საოცრებათა შესახებ, რომელიც როგორც მე ვიცი, სხვა არც ერთ ავტორთან არ გვხვდება.

  დარჩა მხოლოდ ჰაერი, რომელზეც არ მისაუბრია. ეს არის სასიცოცხლო სული, რომელიც ყოველ ქმნილებაში გაედინება. იგი სიცოცხლისა და არსებობის საშუალებაა ყველაფრისთვის, რაც კი მოძრაობს. ჰაერი ყველაფერს ავსებს და ყველაფერში მოძრაობს. სწორედ აქედან გამომდინარე თვლიან ებრაელი ექიმები, რომ ჰაერი თავისთავად ელემენტი კი არ არის, არამედ რაღაც საშუალოა, სხვა ელემენტების შემკვრელი და ერთმანეთთან დამაკავშირებელი. ჰაერი დაუყოვნებლივ ღებულობს ყოველი ზეციური სხეულის გავლენას და მათ სხვა ელემენტებს გადასცემს; იგი ამ სხეულებს საკუთარ თავშიც ღებულობს, თითქოს ღვთაებრივის ყოველი გამოვლინების ანარეკლი იყოს; ჰაერი ყველაფერშია, ბუნებრივში, ხელოვნურში და ხმოვან გამოვლინებებში. ამ ყოველივეს საკუთარ თავში დატევის შემდგომ, ჰაერი მოძრაობს ადამიანებში და ცხოველებში საკუთარი ფორმებითა და მახასიათებლებით. იგი ცხოველმყოფელია როგორც სიფხიზლისას, ასევე ძილშიც და იწვევს ათასგვარ სიზმრებს, ხოლო მღვიძარებისას მატერიაში უცნაურ დამთხვევებსა და წინასწარჭვრეტის იდუმალობებს აღძრავს. ამიტომაც ამბობენ, რომ ადამიანისთვის იმ ადგილას გავლა, სადაც წარსულში კაცი მოკლეს, ძრწოლისა და შიშის მომგვრელია; რადგან ასეთ ადგილებში ჰაერი სავსეა ადამიანთა მკვლელების საშინელი სახეობის ქმნილებებით, ჰაერში იგრძნობა დახოცილთა უკანასკნელი ამოსუნთქვა და სასოწარკვეთილება. სწორედ ამის შეგრძნება იწვევს ადამიანში ძლიერ შიშს. უამრავი ფილოსოფოსი თვლიდა, რომ ჰაერის ელემენტი სიზმრებისა და მრავალი სხვა გასაოცარი შთაბეჭდილების მიზეზია. ყოველგვარი ცრურწმენისგან შორს, სრულიად ბუნებრივად არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ძალუძს მისგან ათიათასი კილომეტრით დაშორებულ ადამიანს ნებისმიერი სახის გამოსახულება, შეტყობინება ან რაიმე კონკრეტული აზრი დაუყოვნებლივ გადასცეს. ხშირ შემთხვევაში დროის განსაზღვრა რთულია, მაგრამ განზრახული ხატ-სახე ადამიანს უახლოეს ოცდაოთხ საათში გადაეცემა. წარსულში იგივეს შესახებ უწყოდა და თავადაც შესანიშნავად აღასრულებდა ამგვარ ფენომენებს აბატ ტრიტემიუსი. მაგრამ არსებობს ამაზე ბევრად მეტი საიდუმლოება, რასაც ჰაერი აღასრულებს და მათ შორის ერთ-ერთია უნარი, სადაც კაცს შეუძლია დისტანციურად დაინახოს და მოუსმინოს ნებისმიერ რაღაცას, ჩურჩულით ლაპარაკის ჩათვლით. 

  სამყაროში არსებობენ ჰაეროვანი ელემენტის მქონე ქარები. ისინი სხვა არაფერია, გარდა მოძრავი და არეული ჰაერისა. აქედან არსებობს ოთხი ძირითადი ჰაერის ტიპი, რომლებიც სასუფევლის ოთხივე კუთხიდან იხუვლებენ ხოლმე. ნოტუსი არის სამხრეთიდან მონაბერი ქარი, ბორეასი ჩრდილოეთიდან, ზეფიროსი დასავლეთიდან, ხოლო ეურუსი აღმოსავლეთიდან. ნოტუსი სამხრეთის ქარია: მოღრუბლული, ტენიანი, თბილი და ავადმყოფური, რომელსაც იერონიმუსი "წვიმათა მსეტყვავს" უწოდებს. მაგრამ ბორეასი ნოტუსის საწინააღმდეგოა; იგია ჩრდილოეთის ქარი, მძვინვარე და მღელვარე, ღრუბლების განმყრელი. ჩრთილოეთის ქარი ხშირად იწვევს წყლის გაყინვას. ზეფიროსი დასავლეთის ქარია, ყველაზე რბილი და მსუბუქი; იგი სასიამოვნო ქარია, ცივი და ტენიანი. ზეფიროსი ბუნებიდან ზამთრის გავლენას აშორებს და ყლორტებსა და მცენარეებს აყვავილებს. ამას ეურუსი ეწინააღმდეგება, რომელიც აღმოსავლეთის ქარია, წყლიანი, მოღრუბლული და მტაცებელი. 

 

 VII. ნაერთების სახეობათა შესახებ, თუ რა მიმართებაში იმყოფებიან ისინი ელემენტებთან და რა კავშირია თავად ელემენტებსა და ადამიანის შეგრძნებებს, განწყობებსა და სულს შორის. 

  ოთხ მარტივ ელემენტს მოჰყვება ოთხი სახის სრულყოფილი სხეული და ნაერთთა სახეობა: ქვები, ლითონები, მცენარეები და ცხოველები. თითოეული ელემენტი ამ სახეობათა კომპოზიციაში ერთდროულად იმყოფება, მაგრამ თითოეული მათგანი მიჰყვება და წააგავს ერთ-ერთ ელემენტს, რომელიც ყველაზე მეტად ჭარბობს მასში. ამისათვის, ყოველი ქვა მიწიერია, რადგან ისინი ბუნებრივად მძიმენი არიან და მყარი სიმშრალე ახასიათებთ, ამიტომაც მათი გადნობა შეუძლებელია. მეტალები წყალს შეიცავენ, ამიტომაც მათი გადნობა შესაძლებელია, რასაც ნატურალისტებიც აღიარებენ, ხოლო ქიმიკოსები ჭეშმარიტებად თვლიან მოსაზრებას, რომ მეტალები ბლანტი წყლისგან წარმოიქმნება. მცენარეებს ასეთი ბუნება აქვთ, თუ ისინი სუფთა ჰაერზე არ იქნებიან, აღარ გაიხარებენ და დაჭკნებიან. ასევე ყოველი ცხოველისათვის ცეცხლის ელემენტი იმდენად ბუნებრივია, რომ შინაგანი ცეცხლის ჩაქრობისას მომენტალურად იღუპებიან. ასე და ამრიგად, ყოველი სახეობა საკუთარ თავში გამორჩეული ელემენტის მიხედვით არის წარმოდგენილი. ქვებს შორის მიწიერი არის ისეთი ქვა, რომელიც მშრალი, ბნელი და მძიმეა. წყლის ქვები გამჭვირვალე და მჭიდროა, როგორებიცაა კრისტალი, მარგალიტი და მსგავსნი. ჰაეროვანი ქვა ისეთია, რომელიც წყალში არ იძირება და მის ზედაპირზე ტივტივებს. ცეცხლოვანი ქვა არის ცეცხლში ან ლავაში წარმოქმნილი ქვა, რომელიც ხშირად ჭექა-ქუხილისგანაც წარმოიქმნება. ლითონებს შორის, ტყვია და ვერცხლი მიწიერია; ვერცხლისწყალი არის წყლის ლითონი; სპილენძი და კალა ჰაეროვანია, ხოლო ოქრო და რკინა ცეცხლოვანი. მცენარეებშიც, მათი ფესვები სიმყარის გამო მიწიერია, მათი ფოთლები წყალს ეკუთვნის; მცენარის ყვავილი მისი დახვეწილობისა და სურნელოვნების გამო ჰაეროვანია, ხოლო მათი თესლები ცეცხლს ეკუთვნის, როგორც გამრავლების უშრეტი სულის განსახიერება. ცხოველებს შორის, ზოგი სხვებთან შედარებით უფრო მიწიერ ცხოვრებას ეწევა, როგორებიცაა ჭიები, მრავალფეხები და სხვადასხვა პატარა მცოცავნი. სხვებში წყლის ელემენტი მეტია, როგორც თევზების შემთხვევაში გვხვდება. არსებობენ ცხოველები, რომლებიც ჰაერის გარეშე ვერ ძლებენ და არსებობენ ცეცხლოვანი ცხოველებიც, რომლებიც ცეცხლში ცხოვრობენ, მაგალითად სალამანდრები, სირაქლემები, ლომები და მრავალი სხვანი. გარდა ამისა, ცხოველებში ძვლები ჰგავს მიწას, ხორცი ჰაერს, სასიცოცხლო სული ცეცხლს და იუმორის გრძნობა წყალს (იუმორის გრძნობაში აქ და ამიერიდან იგულისხმება "ფსიქოლოგიური ტემპერამენტი" - მთარგმნელის შენიშვნა). ეს იუმორის გრძნობა ცალკეულ ელემენტებს განეკუთვნება: ყვითელი ქოლერიკი არის ცეცხლის ნიშანი; სისხლი არის განსახიერებული ჰაერი; ლურჯი ფლეგმატიკი წყლის ნიშანია, ხოლო შავი ქოლერიკი ან მოწყენილობა მიწას ეკუთვნის; და ბოლოს, თავად სულში (ავგუსტინეს მიხედვით) გაგება ჰგავს ცეცხლს, გონიერება ჰაერს, წარმოსახვა წყალს და გრძნობები მიწას. ეს ელემენტები ადამიანში კიდევ ერთი სახით იყოფა: მხედველობა ცეცხლს ეკუთვნის, ვინაიდან შეუძლებელია თვალის სინათლის გარეშე რაიმეს დანახვა. სმენა ჰაერს ეკუთვნის, რადგან ყოველი ბგერა ჰაერის რხევების გამო წარმოიქმნება. ყნოსვა და გემო წყალს ეკუთვნის, რამეთუ ტენიანობის გარეშე არც ყნოსვა და გემო არსებობს. ბოლოს, გრძნობა არის მიწიერი და ობიექტურად ღებულობს ფიზიკურ სხეულებს. ქმედებებშიც და ოპერაციებშიც ადამიანებს ელემენტები მართავენ; მიწა ნიშნავს ნელ და მტკიცე მოძრაობას; წყალი ნიშნავს უშიშრობას, დუნედ ყოფნასა და შრომისმოყვარეობას; ჰაერი ნიშნავს მხიარულ და მეგობრულ განწყობას; ცეცხლი კი სასტიკი, სწრაფი და ბრაზიანია. მაშასადამე, ელემენტები ყველგან და ყველაფერში უპირველეს ყოვლისა გვხვდება. ისინი ყველაფერში არიან და ყველგან ავრცელებენ თავიანთ შესაძლებლობებს.

 

  VIII. როგორ არიან ელემენტები მოწყობილნი ზეცაში, ვარსკვლავებში, ეშმაკებში, ანგელოზებში და ბოლოს, თვით ღმერთში. 

  ეს არის ყველა პლატონელის ერთსულოვანი თანხმობა, რომ თავდაპირველ სამყაროში ერთდროულად ყველაფერი ყველაფერში არსებობს; ელემენტები არამხოლოდ ამ ქვემდგომ სხეულებშია, არამედ ზეცაშიც, ვარსკვლავებში, ეშმაკებში, ანგელოზებში და ღმერთშიც, რომელიც ყოველი არსებულის შემოქმედებითი მაგალითია. დაბალ სხეულებში და ეშმაკისეულებში ელემენტებს თან ახლავს ბევრი უხეში მატერია, მაგრამ სასუფეველში ელემენტები ბუნებრივი და სათნოებრივი სახით არიან. დედამიწის სიმტკიცე არ არსებობს წყლის უხეშობის გარეშე. ჰაერის სისწრაფე არ არსებობს მისი გაფრენის საზღვრების გარეშე. ცეცხლი ანათებს და მისი სითბო ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს. ვარსკვლავებს შორის ზოგი ცეცხლოვანია, როგორებიცაა მარსი და მზე; ჰაეროვანი არის იუპიტერი და ვენერა. წყლიანი გვევლინება, როგორც სატურნი და მერკური. დედამიწა მიწიერია და მთვარე (რომელიც ბევრის აზრით წყლის ელემენტს ეკუთვნის) იზიდავს ზეციერ წყლებს, რომელთაც იგი შთანთქავს და სწორედ ეს არის ჩვენი და მთვარის სიახლოვისა და კავშირის მიზეზი. ელემენტები გვხვდება ზოდიაქოს ნიშნებში და ისინი ზეცაში სამი ციკლით არის წარმოდგენილი: დასაწყისი, პროგრესი და დასასრული. ვერძი ცეცხლის დასაწყისია, ლომი პროგრესი და ზრდა, ხოლო მშვილდოსანი დასასრული. კურო მიწის დასაწყისია, ქალწული პროგრსი, თხის რქა დასასრული; ტყუპები ჰაერის დასაწყისია, სასწორი პროგრესი, მერწყული კი დასასრული. კირჩხიბი წყლის დასაწყისია, მორიელი პროგრესი და თევზები დასასრული. ამ პლანეტების, ნიშნებისა და ელემენტების შესაბამისად არის დაბადებული ყოველი ადამიანი. უფრო მეტიც, ეშმაკებიც ერთმანეთისგან სწორედ ამ ნიშნით განსხვავდებიან, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ცეცხლისაა, ზოგი ჰაერის, ზოგი წყლის და ზოგიც მიწის. აქედან მომდინარეობს ოთხი ჯოჯოხეთური მდინარე: ცეცხლოვანი ფლეგეტონი, ჰაეროვანი კოციტუსი, წყლიანი სტიქსი და მიწიერი ახერონი. ასევე სახარებაში ვკითხულობთ ჯოჯოხეთური ცეცხლის და მარადიული ცეცხლის შესახებ. გამოცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ ცეცხლის ტბის შესახებ და ესაია წინასწარმეტყველი საუბრობს დაწყევლილებზე, რომელიც უფალმა ამოგუდა მოწამლული ჰაერით. იობში საუბარია თოვლის წყლის ყინვებიდან სიცხის უკიდურესობამდე და მასში იმასაც ვკითხულობთ, რომ დედამიწა ბნელია და სიკვდილისა და უბედურების სიბნელით არის დაბნელებული. გარდა ამისა, ელემენტები თავისდა მიხედვით არიან მოთავსებულნი სასუფევლის ანგელოზებში და კურთხეულ ინტელიგენციებში; მათში არის საკუთარი არსის სტაბილურობა, რომელიც მიწიერი სიბრძნე და სათნოებაა და მათში ღმერთისთვის ნამდვილად არის მტკიცე ადგილი. მათი წყალობა და ღვთისმოსაობა წყალისმიერი განმწმენდი სათნოებაა.  სწორედ მათ უწოდებს დავით მეფსალმუნე ზეცის წყლებს: "ადიდეთ იგი, ზეცათა ზეცავ და თქვენც, წყლებო ზეცის ზემოთ!" (ფსალმუნი 148:4). მათში დახვეწილი სუნთქვა ჰაერია, ხოლო მხურვალე სიყვარული ცეცხლივით ანათებს. მათ წმინდა წერილში ქარის ფრთებს უწოდებენ. არსებობს ანგელოზთა დასები, რომელთაგან ზოგი ცეცხლოვანია, ზოგშიც სხვა ელემენტები ჭარბობს; ასეთ ანგელოზთა დასებს განეკუთვნებიან სერაფიმები, ქერუბიმები, მალახიმები, ძალნი, საყდარნი და სხვანი. ჩვენ ასევე ვკითხულობთ ყოვლის შემოქმედის შესახებ, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლე ააღორძინა და მხსნელი მოგვივლინა. სწორედ ამიტომ, ელემენტები ყველგან უნდა იყოს ნაპოვნი მათი წესის მიხედვით. ვერავინ უარყოფს: ამ სხეულთაგან ყველაზე დაბლები უხეშები არიან, ხოლო ზეციურში სუფთა და გამჭვირვალე. მაგრამ ჩვენს შიგნით უმაღლესი ზეციერია ცოცხალი და ყოველი თვალსაზრისით კურთხეულია. ელემენტები სამყაროსეული საგნების იდეები არიან; სხვადასხვა ინტელიგენციებში ძალაუფლების გადანაწილება ხდება: სასუფეველი არის სიბრძნე, ხოლო დაბალი სხეულები არიან უხეში და საზიზღარი ფორმები.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff