ნაწილი მეხუთე

XLVII. ბეჭდების შესახებ.

    ბეჭდებს ყოველთვის აფასებდნენ ჩვენი წინაპრები; როდესაც იგი სწორი წესით არის შექმნილი და გამოყენებული, ძლიერი გავლენების განხორციელება შეუძლიათ. მათი ტარება ზემოქმედებს ადამიანის სულზე და იწვევს სიხარულს ან მწუხარებას, თავაზიანობას ან უხეშობას, გამბედაობას ან ძრწოლას, მეგობრობას ან სიძულვილს. შესაძლებელია ბეჭედს გავლენა ჰქონდეს ყოველგვარ ავადმყოფობაზე, შხამებზე, მტრებზე, ბოროტ სულებზე და მავნე ნივთიერებებზე. ბეჭდის დამზადების წესი ასეთია: როდესაც რომელიმე ვარსკვლავი მაღლდება (იგულისხმება ეგზალტაცია) იღბლიანი ასპექტით, ან თუნდაც მთვარის შეერთებისას, ვღებულობთ ქვას და მცენარეს, რომელსაც მოცემული ვარსკვლავი მართავს და ვამზადებთ ლითონის ბეჭედს, რომელიც ასევე შეესაბამება ამ ვარკსვლავს. ვათავსებთ მასში ქვას, მცენარეს ან მის ფესვს. არ გამოტოვოთ გამოსახულებები, სახელები და სიმბოლოები, ისევე როგორც სათანადო სუფიმიგაციები, თუმცა ამ საკითხის შესახებ სხვა ადგილას უფრო უხვად ვისაუბრებთ. ფილოსტრატუს იარქუსთან ვკითხულობთ, რომ ინდოელთა ბრძენმა პრინცმა აპოლონიუსს აჩუქა შვიდი ბეჭედი, რომელიც ამ წესით იყო შექმნილი. მათზე აღნიშნული გახლდათ შვიდივე პლანეტის სახელწოდება და აპოლონიუსს მოუწოდეს, რომ კვირის ყოველ დღეს განსაზღვრული ბეჭედი ეტარებინა. აპოლონიუსმა მისი გავლენით ას ოცდაათ წელზე მეტი იცოცხლა და ამასთან, ახალგაზრდობის სილამაზე შეინარჩუნა. ანალოგიურად, იოსებ ფლავიუსი იმოწმებს, რომ ებრაელთა მამამთავარს და ეგვიპტურ მაგიაში დახელოვნებულ მოსეს სიყვარულისა და დავიწყების ბეჭდების შექმნა შეეძლო. როგორც არისტოტელე ამბობს, კირინელებს შორის იყო ბეჭედი, სახელწოდებით "ბატუსი", რომელსაც სიყვარულისა და პატივის მოპოვება შეეძლო. ვკითხულობთ, რომ ცერენას ფილოსოფოსმა ევდამოსმა შექმნა ბეჭდები გველის ნაკბენის, მოჯადოებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ. იგივეს ამბობს იოსებ ფლავიუსი სოლომონ მეფეზე. პლატონში ვკითხულობთ, რომ ლიდიის მეფე გიდუსს ჰქონდა მშვენიერი და უცნაური ბეჭედი, რომლის თითზე დატრიალების შემდეგაც იგი მომენტალურად ქრებოდა და ვერავინ ახერხებდა მის დანახვას, თავად კი ყველაფერს ხედავდა. მან ამ ბეჭედით გაანადგურა მისი ბატონი და ისინი, ვინც მისი აზრით გზაზე ეღობებოდა, საბოლოოდ კი ბეჭდის წყალობით ლიდიის მეფე გახდა. 

 

  XLVIII. ადგილთა თვისებების შესახებ და რომელი ადგილები მიესადაგება გარკვეულ პლანეტებს. 

    ადგილებს თან ახლავს მშვენიერი თვისებები, რომელთაც განსაზღვრავს როგორც მასში მყოფი საგნები, ასევე ზეციურ ვარსკვლავთა გავლენები. მაგალითად, სადაც გუგული გალობს, მონიშნეთ ასეთი ადგილი და ააშენეთ იმ მიდამოში რაც გინდათ, რადგან იმ პერიმეტრზე რწყილები არ მრავლდება. ქვიშაზე ან ხრეშზე გასრიალებული გველის კვალი მოვხიკოთ და მიმოვაბნიოთ ფუტკრის სკასთან, თუკი ისინი არ გვიჯერებენ; ეს აიძულებს ფუტკრებს, მომენტალურად დაბრუნდნენ სკაში. მერცხლის ბუდიდან ამოღებული ქვის გადაყლაპვა ეპილეფსიას კურნავს. თუ ვინმე გაივლის ისეთ ადგილას, სადაც წარსულში ბევრი სისხლია დაღვრილი ან ავადობისგან ვინმე ცუდად გახდა, ეს ავადობა იმასაც შეეყრება, ვინც იქ გაიარა. პლინიუსი იუწყება, რომ თუ ადამიანი გულყრისგან წაიქცევა, ჩაარჭონ ლურსმანი იმ ადგილას, სადაც იგი წაიქცა და ადამიანი განიკურნება. ახლა ვისაუბროთ პლანეტათა მმართველობის ქვეშ მყოფ ადგილებზე: ყველა სუნიანი ადგილი, ბნელი და მიწისქვეშა ალაგი, რელიგიური თუ სამონასტრო ადგილები, ეკლესიის ეზოები, სამარხები, მიტოვებული სახლები, ძველი და დანგრეული შენობები სატურნს ეკუთვნის. იუპიტერს მიეწერება ყველა პრივილეგირებული ადგილი, კეთილშობილ კაცთა სასახლეები, ტრიბუნალები, სავარჯიშო ადგილები, სკოლები და ყველა ლამაზი და სუფთა ადგილი. მარსს ეკუთვნის ცეცხლოვანი და სისხლიანი ადგილები, ღუმელები, საცხობები, ნანგრევები, სიკდვილით დასჯის ადგილები და მინდორ-ველები, სადაც დიდი ხოცვა-ჟლეტა იყო გაჩაღებული. მზე მართავს ნათელ და მშვიდ ადგილებს, მეფეთა სასახლეებს და სასამართლოებს, ამბიონებს, თეატრებს და ყოვლად მშვენიერ ადგილებს. ვენერას ეკუთვნის მწვანე ადგილები, აყვავებული მდელოები და ბაღები, ზღვის სანაპიროები, აბანოები, საცეკვაო ადგილები და ყველა ისეთი ადგილი, რომელიც ქალებს ეკუთვნის. მერკური მართავს მაღაზიებს, სკოლებს, საწყობებს, ვაჭართა ადგილებს და მსგავსს. მთვარე განაგებს უდაბნოებს, ტყეებს, კლდეებს, ბორცვებს, მთებს, წყლებს, მდინარეებს, ზღვებს, ოკეანეებს, სანაპიროებს, ციცაბო ადგილებს და კორომებს. დედამიწის ოთხივე კუთხე პლანეტარულად არის გადანაწილებული: სატურნის, მარსის და იუპიტერის მცენარეებს იპოვით აღმოსავლეთის ან სამხრეთის მხარეს; ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ეს პლანეტები მზისგან აღმოსავლეთით ყოფნას განიზრახავენ, ნაწილობრივ კი ზოდიაქალური სახლების გამო, როგორებიცაა მერწყული, მორიელი და მშვილდოსანი - ესენი არიან სამხრეთის ნიშნები, თხის რქასთან და თევზებთან ერთად. ვენერას და მერკურის მცენარეებს იპოვით დასავლეთით ან ჩრდილოეთით, რადგან ამ პლანეტებს სიამოვნებთ დასავლეთით ყოფნა და კიდევ იმ მიზეზით, რომ მათი ძირითად სახლები, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, და ქალწული ჩრდილოეთის ნიშნები არიან. 

 

  XLIX. სინათლის, ფერებისა და სანთლების შესახებ; ასევე, რომელი პლანეტები, სახლები და ელემენტები შეესაბამება გარკვეულ ფერებს.

    სინათლე არის თვისება, რომელსაც სხვა საგნების მსგავსად შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება. ამ ფორმათა შექმნა და გამოვლენა მარტივ ქმედებაზე და ცოდნის წვდომაზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სინათლე ღმერთის გონის მიერ ვრცელდება ყველა ქმნილებაში, მაგრამ მამა ღმერთი, სინათლის მეუფე, არის სინათლის პირველადი ჭეშმარიტი წყარო. მამა ღმერთის შემდეგ, მის ძეში სინათლე მრავალფერად გარდატეხილ სინათლედ იქცევა, ხოლო სულიწმიდაში ეს არის მწველი სიკაშკაშე, რომელიც ყველანაირ სიბრძნეს აღემატება.  როგორც დიონისიუსი ამბობს, სერაფიმები (ანგელოზთა დასი) განვრცობილი სიკაშკაშით ანათებენ და მათ სხივებს დანარჩენი ნატურალური ინტელიგენციები ღებულობენ; შემდეგ იგი ეშვება ციურ სხეულებამდე, სადაც მათი სინათლე ხდება სიცოცხლის საცავი და ხილული ბრწყინვალება. სასუფეველი სავსეა ცეცხლოვანი სინათლის განსხვავებული სიცოცხლით. და ბოლოს, ადამიანში ეს არის ცხადად აზროვნების უნარი, ღვთაებრივი საგნების ცოდნა და მთელი რაციონალური ფუნქციონირების მსვლელობა. ადამიანებში სინათლის ხარისხი განსხვავებულია, რადგან ზეციერი წყვეტს, რამდენი ისურვოს ინდივიდისთვის. შემდეგ, სინათლე გადადის წარმოსახვაში, გრძნობებზე აღმატებულად, ხოლო წარმოსახვიდან აზრამდე, მაგრამ განსაკუთრებით თვალებს ეხება; ბოროტი ჯადოქრები თავიანთ რიტუალებს სიბნელეში და ჩრდილში აღასრულებენ, რადგან ამით ფარავენ საკუთარ საქმეს სინათლისაგან და საიდუმლოდ მოქმედებენ. მთის კატა არა მარტო მზერით აშეშებს ცხოველებს, არამედ მის ჩრდილში მოხვედრილი ყველა ცხოველი მომენტალურად შეშდება. პლანეტათა წესის მიხედვით, მათი თვისებების მოზიდვის მიზნით შესაძლებელია ხელოვნურად დამზადდეს ჩირაღდანი, სანთელი, ცეცხლის ალი და მსგავსი საგნები. ლამპარში დამწვარი გველის ტყავი გველებს იზიდავს. ჩირაღდნების, სანთლებისა და მსგავსი საგნების შესახებ ვრცლად საუბრობს ჰერმესი, პლატონი, ქირანიდესი და ალბერტუსი, რომელიც კონკრეტულ წერილში აღსანიშნავ ცოდნას იძლევა ამ საკითხის შესახებ. ფერებიც სინათლის ერთგვარ განსახიერებას წარმოადგენენ, რომლებიც გარკვეულ პლანეტებს შეესაბამებიან: შავი, გამჭვირვალე, ტყვიისფერი და ყავისფერი სატურნის ფერია. ჰაეროვანი ფერები, საფირონისფერი, მწვანე, მეწამული, მუქი, ოქროსფერი და შერეული ვერცხლისფერი იუპტერს ეკუთვნის. წითელი, იისფერი, სისხლისფერი და ცეცხლოვანი ფერები მარსის საკუთრებაშია. ოქროსფერს, იასამნისფერს და ნათელ ფერებს მზე განაგებს. თეთრი, მეწამული, მწვანე და ზაფრანას ფერები ეკუთვნის ვენერას, მერკურს და მთვარეს. ფერები განეკუთვნება სასუფევლის სახლებსაც (ზოდიაქოს ნიშნებს): პირველი და მეშვიდე არის თეთრი (ვერძი და სასწორი); მეორე და მეთორმეტე არის მწვანე (კურო და თევზები); მესამე და მეთერთმეტე არის იასამნისფერი (ტყუპები და მერწყული); მეოთხე და მეათე არის წითელი (კირჩხიბი და თხის რქა); მეხუთე და მეცხრე არის თაფლისფერი (ლომი და მშვილდოსანი); მეექვსე და მერვე არის შავი (ქალწული და მორიელი). 

 

L. მოხიბვლისა და მისი ხელოვნების შესახებ.

  მოხიბვლა მაგიური უნარია, რომელსაც ხშირად იყენებენ ჯადოქრები, როდესაც მზერით მოჯადოებულის გულში აღწევენ. მოხიბვლის ინსტრუმენტი არის სამშვინველი. იგი თავადაც ყოველთვის აგზავნის გარკვეული ვიბრაციის სხივებს თვალებიდან, რადგან თვალები სამშვინველის ანარეკლია. ამიტომაც, არ არის კარგი დიდხანს უყუროთ ავადმყოფს თვალებში, რადგან იგი თქვენშიც შემოიტანს დაავადებას. თვალებით შესაძლებელია გულის დაკოდვა და სამშვინველის დაავადება. მამაკაცებს ყველაზე ხშირად მაშინ ხიბლავენ, როდესაც მზერის მანძილზე ახლოს ჰყავთ და ხშირად ხდება მათ თვალებს შორის მზერითი კომუნიკაცია. ასეთ დროს შესაძლებელია ერთი ნახვით შეყვარება, თუნდაც წამიერად შეასწროთ თვალი ერთმანეთს. ასე რომ, მოხიბვლაში დიდი ძალა დევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქმედება სიყვარულით არის აღსრულებული. სასიყვარულო საქმეებში დამხმარე საგნებად გამოიყენეთ ვენერიული ნივთები, ხოლო შიშის მოსაგვრელად მგლის, მთის კატის ან მარსიანული საგნები. ჯადოქრები უბედურებისა და ავადმყოფობის შესაყრელად სატურნისეულ საგნებს იყენებენ. 

 

  LI. ჟესტების, ჩვევებისა და სხეულის ფიგურების შესახებ; რას გვპასუხობენ ისინი ვარსკვლავთა შესახებ, ანუ საიდან იღებს საფუძველს ფიზიონომია, მეტოპოსკოპია და ქირომანტია. 

  სხეულის სახე, ჟესტი, მოძრაობა, განლაგება და ფიგურა, რაც ხშირად შემთხვევითობად აღიქმება კაცთათვის, სინამდვილეში გადმოგვცემს ზეციური გავლენების მიერ მონიჭებულ თვისებებს და გვაკავშირებს უზენაეს სხეულებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენში სხვადასხვა გავლენები ხორციელდება. სახე, გამომხატველობა და ჟესტი გავლენას ახდენს მხედველობაზე, წარმოსახვაზე და ცხოველურ სულზე, რაც არავის შეუძლია, რომ უარყოს. რბილი და მხიარული სახის მქონე პრინცი ქალაქის მოსახლეობას ახარებს, მაგრამ ხრისხანე და სევდიანი აშინებს მათ. ასე რომ, ნებისმიერი ჟესტიკულაცია, რომელიც გლოვას და სევდას უკავშირდება, გარშემო მწუხარებას ავრცელებს. ანალოგიურად, მეგობრული ადამიანი გარშემომყოფებში ადვილად აღძრავს სიყვარულს. უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ჟესტები პირველ რიგში ვარსკვლავთა გავლენის შედეგად ვლინდებიან, შემდეგ სულიერი განწყობისა და შინაგანი ვნებების მიხედვით. მედიცინისა და გონებრივი განწყობების მსგავსად, სხეულის ჟესტიკულაცია და ჩვევებიც იწვევს ზეციური გავლენების გაზრდას. სატურნისეული ჟესტები მელანქოლიური და სევდიანია, როგორიცაა ტირილი, თვითგვემა, სახის დაკაწვრა და თმების დაგლეჯა. სატურნს ეკუთვნის რელიგიური ჟესტებიც, მუხლის მოდრეკა, მზერის დახრა, ლოცვა და მსგავსი. მხიარული და პატიოსანი ჟესტი, ტაშის დაკვრა და ქება-დიდება იუპიტერს ეკუთვნის. ასევე მისია მუხლის მოდრეკა, მაღლა აწეული თავი და თაყვანისცემა. სასტიკი, ბრაზიანი და უხეში ჟესტი მარსიანულია. სულარულ ჟესტს ეკუთვნის პატივსაცემი და მამაცი გამოვლინება. სოლარულია ასევე ცალ მუხლზე დაჩოქება, როგორც იჩოქებიან ხოლმე მეფის პატივსაცემად. ვენერიული ჟესტი არის ცეკვა, ჩახუტება, სიცილი, მეგობრული და მხიარული სახე. მერკურიანული არის არასტაბილური, სწრაფად ცვალებადი და მოძრავი. ჟესტების მსგავსად, ადამიანის ფორმას და შეხედულებასაც ვარკსვლავები განსაზღვრავს; სატურნისეული ადამიანი არის მუქი ან მოყვითალო ფერის, გამხდარი, კეხიანი, უხეში კანით, დიდი ვნებებით, მთელს სხეულზე ჭარბი თმით, პატარა თვალებით, თხელი წვერებით, დიდი ტუჩებით, მიწისკენ დახრილი თვალებით, მძიმე სიარულით; სატურნისეული ხშირად არის მზაკვარი, მახვილგონიერი, მაცდუნებელი და მკვლელი. იუპიტერი ჭარბობს ღია ფერის კანის ხალხში, ლამაზი სხეულით, კარგი აღნაგობით, თამამი ბუნებით, დიდი თვალებით და ფართო თვალის გუგით, მოკლე ნესტოებით, არათანაბარი, დიდი კბილებით, დახვეული თმით, კარგი განწყობით და მანერებით. მარსის გავლენა აწითლებს ადამიანის კანს, ხშირად თმასაც; ეს არის მრგვალი სახე, მოყვითალო თვალები, შემზარავი და მკვეთრი მზერა, თამამი, სარკასტული, ამაყი და მზაკვარი ბუნებით. სოლარული ადამიანის ფერი არის რაღაც საშუალო  მოყვითალოსა და შავს შორის, ხშირად ფერმკრთალი წითელი, დაბალი სიმაღლით, თუმცა სიმპათიური სხეულით, ბევრი თმის გარეშე, ხუჭუჭა თმით, მოყვითალო თვალებით, ბრძენი, ერთგული და ქების მოყვარული ბუნებით. ვენერიული ადამიანი მოშავოა, შესაძლოა თეთრიც იყოს მაგრამ უყვარს კანის გარუჯვა, ლამაზი სხეულით, ღია და მრგვალი სახით, ღია თმებით, ღია თვალებით, კარგი მანერების მქონე, პატიოსანი სიყვარულის შემძლე და მსურველი; ასევე კეთილი, მომთმენი და მხიარული. მერკურიანული ადამიანი არც თუ ისე თეთრია, გრძელი სახით, მაღალი შუბლით, ღია თვალებით, სწორი და გრძელი ცხვირით, თხელი წვერით, გრძელი თითებით. ლუნარული განსაზღვრავს თეთრ კანის ფერს, მშვენიერ აღნაგობას, მრგვალი სახით, სხეულზე რაღაც ნიშნებით, წარბშეკრული შუბლით; იგია კეთილი, ნაზი და კომუნიკაბელური. 

  ვარსკვლავებთან ერთად, ასევე ზოდიაქალურ ნიშნებსაც ახასიათებთ ჟესტიკულაციის და სხეულის აგებულების მახასიათებლები, რომელთა აღწერასაც დაწვრილებით ასტროლოგიურ წიგნებში იპოვით. ასეთ ჟესტებზე და კონფიგურაციებზეა დამოკიდებული ფიზიონომიის, მეტოპოსკოპიის და ქირომანტიის მკითხაობის სახეები. ამრიგად, ვისაც სურს მეტად მიემსგავსოს ვარკსვლავთა გავლენებს და მათთან ჰარმონიაში იმოქმედოს, შეისწავლოს მან ბუნება, მოქმედება, მოძრაობა, ჟესტიკულაცია, სახე, გონებრივი ვნებები და სეზონთა მონაცვლეობა; რაც უფრო მეტად ჩასწვდება მოსწავლე ზეციურ ვარსკვლავთა გავლენების საიდუმლოებებს, მით მეტ ძღვენს მიიღებს მათგან.

 

  LII. წინასწარმეტყველების სახეობათა შესახებ.

  არსებობს წინასწარმეტყველების მრავალი სახე, რომელიც დამოკიდებულია ბუნებრივ მიზეზებზე და ყველასთვის ცნობილია საკუთარი ხელოვნებითა და გამოცდილებით; ფიზიკოსები, მევენახეები, მწყემსები, მეზღვაურები და სხვანი, საკუთარი ცოდნის მიხედვით ახდენენ სავარაუდო ნიშნების პროგნოზირებას, რასაც სამყაროში აკვირდებიან.  არისტოტელე თავის "დროთა წიგნში" ბევრ ასეთ მეთდს ახსენებს. მათ შორის უმთავრესია  Auguria და Auspicia, რომელიც რომაელთა შორის იმხელა პატივისცემით გამოირჩეოდა, რომ არაფერს აკეთებდნენ ამ ხელოვნების ადეპტთაგან რჩევის მიღების გარეშე. ციცერონი თავის "მკითხაობათა წიგნში" დიდ ადგილს უთმობს ახსნას, რომ ტუსკების ხალხი საერთოდ არაფერს აკეთებდა ამ ხელოვნების გარეშე. არსებობს Auspicia-ს სხვადასხვა სახეობა: ზოგ მათგანს უწოდებენ საფეხმავლო (Pedestria) მკითხაობას, რადგან იგი აღებულია ოთხფეხა ცხოველების დაკვირვებისგან; ზოგს ეწოდება Auguria, რომელიც ფრინველთა ქცევებს აკვირდება. ასევე არის ზეციური მკითხაობის სახეობაც, როდესაც დაკვირვება ხდება ჭექა-ქუხილზე და გაელვებაზე. ზოგს ეწოდება Piacula, როდესაც მსხვერპლშეწირვის ობიექტი საკურთხევლიდან გაიქცევა, რამეს დაამტვრევს ან ყვირილს მორთავს. მაიკლ სკოტუსი აღნიშნავს თორმეტი სახის Auguria-ს ადამიანის ორ მხარეზე; ექვსი მარჯვნივ, რომელთა სახელებია: Fernova, Fervetus, Confert, Emponenthem, Sonnasarnova, Sonnasarvetus და ექვსიც მარცხნივ: Confernova, Confervetus, Viaram, Herrenam, Scassarnova, and Scassarvetus. ამ დასახელებების განხილვისას იგი ამბობს, რომ Fernova არის Auguria-ს ერთ-ერთი სახე, როდესაც სახლიდან რაიმე საქმის გასაკეთებლად გადიხარ და ამ დროს მარცხენა მხარეს ან შენს თვალწინ ჩაგიფრენს ჩიტი ან ჩაგივლის კაცი; ეს კარგი ნიშანია შენს საქმესთან დაკავშირებით. Viaram არის ფრინველის ჩაფრენა მარცხნიდან მარჯვნივ, ან კაცის ჩავლა ამავე მიმართულებით; ესეც კარგი ნიშანია. Confernova არის ფრინველის ან კაცის დანახვა, რომელიც ჩაფრენისას/ჩავლისას მარჯვენა მხარეს ჩამოჯდება და ისვენებს; ესეც კარგის ნიშანია. Confervetus არის ფრინველის ჩაფრენა მარჯვენა მხრიდან, რომელიც საქმეში ცუდის ნიშანია. Scimasarnova არის ფრინველის უკნიდან ჩაფრენა, მაგრამ სანამ ჩაიფრენს თუ ვხედავთ, რომ იგი ისვენებს; ეს კარგის ნიშანია. Confert როდესაც ფრინველი მარცხენა მხრიდან, წინიდან უკან ჩაგიფრენს; საქმეში ცუდის ნიშანია. Scassarvetus როდესაც ჩიტი მარცხენა მხარეს ჩაგიფრენს, ჩამოჯდება და ისვენებს; საქმეში ცუდის ნიშანია. Scassarnova როდესაც ჩიტი მარჯვენა მხარეს ჩაგიფრენს, ჩამოჯდება და ისვენებს; კარგის ნიშანია. Emponenthem როდესაც ჩიტი მარცხენა მხრიდან ჩაგიფრენს შეუჩერებლად და მხედველობიდან დაიკარგება; კარგის ნიშანია.  Hartena როდესაც როდესაც ჩიტი მარჯვენა მხრიდან ჩაგიფრენს, ზურგს უკან მარცხნივ შეტრიალდება და დასასვენებლად ჩამოჯდება; ცუდის ნიშანია. თოთოეულ შემთხვევაში იგივე ხდება კაცების ჩავლის შემთხვევაშიც. ძველები პროგნოზირებას ახდენდნენ ადამიანის დაცემინების მიხედვითაც, რომელზეც ჰომეროსი საკუთარი ოდისეას მეჩვიდმეტე წიგნში საუბრობს. 

 

  LIII. ცხოველთა და სხვა ქმნილებათა მიხედვით წინასწარმეტყველების შესახებ. 

  თუ შეამჩნევთ, რომ ვირთხები ღრღნიან თქვენს სამოსს, შეწყვიტეთ დაწყებული საქმე. როდესაც სახლიდან გასვლისას ზღურბლზე რაიმე შეგაყოვნებთ ან რაიმეს ფეხს წამოკრავთ, შეწყვიტეთ თქვენი მოგზაურობა. სამუშაოს დასაწყისში უსიამოვნო ნიშნის შემჩნევისას, გადადეთ ვალდებულება სამომავლოდ, ვინაიდან თქვენი ზრახვები მთლიანად იმედგაცრუებული იქნება, ან სრულიად უაზროდ განხორციელებული. მაგრამ, დაელოდეთ იღბლიან ნიშანს საქმის ხელახლა დასაწყებად. ოკულტურმა მეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ უამრავი ცხოველი, მასში ჩადებული ბუნებრივი ძღვენის ფონზე, წინასწარმეტყველურ ძალას ატარებს. მრავალი ფრინველი უზუსტესად წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ ამინდს, მათ შორის ბუზი მწერებიც. დელფინები თავიანთი ხტუნვით ხშირად გვაფრთხილებენ ქარიშხლის შესახებ. ძალიან გრძელი იქნება ჩამონათვალი, თუ როგორ იყენებდნენ ამ ცოდნას ფრიგიელები, კილიკიელები, არაბები, უმბრიელები, ტუსკები და სხვა ხალხები. აქ მოყვანილი ცოდნა დადასტურებულია მრავალი მაგალითით და ექსპერიმენტით. ვინაიდან ყველაფერში მომავლის ორაკული ვლინდება, მათ შორის გამორჩეულია წინასწარმეტყველი ფრინველები. მაგალითად, ასეთი ფრინველია ჭკა. თავისი მნიშვნელობა აქვს ჭკას ფრენის მანერას, ჯდომას და იმას, რას აკეთებს იგი ადამიანის გამოჩენისას, ერთ ადგილზე რჩება თუ ფრინდება; და თუ ფრინდება, რომელიც მხრიდან ჩაუფრენს ადამიანს, ჩუმად არის, გალობს თუ სხვა. ორუს აპოლონი თავის იეროგლიფებში ამბობს, რომ ბუდეში ტყუპი ჭკას დანახვა ქორწინებას მოასწავებს, რადგან ჭკა ორ კვერცხს შობს, საიდანაც თითო მამრი და თითო მდედრი იბადება. თუ ბუდეში ორივე მამრს ან ორივე მდედრს ვნახავთ (რაც იშვიათად ხდება), ნიშნავს, რომ მნახველი მეწყვილის გარეშე, მარტოხელა იცხოვრებს. როდესაც შავ მტრედს მეწყვილე მოუკვდება, ამიერიდან მარტო ცხოვრობს და აღარ წყვილდება. ყურადღებით დააკვირდით ყვავებს და ყორნებს, ვინაიდან ისინი დიდ მნიშვნელობებს ატარებენ უფრო აღმატებულ საკითხებში. სტოიცისტი ფილოსოფოსი ეპიქტეტე, რომელიც ბრძენი ავტორი გახლდათ, იტყობინება, რომ თუ ყვავი ვინმეს განზრახ დასჩხავის, იგი მოახლოებულ ბოროტებაზე აფრთხილებს მას, მის ოჯხას, ცოლს ან შვილებს. ყურადღება მიაქციეთ გედებს, რომლებიც წყლის საიდუმლოებებს ფლობენ. მათი მხიარულება და თამაში ბედნიერ მოვლენებს უწინასწარმეტყველებს არა მხოლოდ მეზღვაურებს, არამედ ყველა დანარჩენ მოგზაურს. არწივის ნიშანი აუქმებს ყველა დანარჩენი ფრინველის ნიშანს, თუ მისი ქცევა რაიმე საწინააღმდეგოზე მეტყველებს, რადგან სწორედ ასე მოხდება. არწივი დაფრინავს ყველა სხვა ფრინველზე მაღლა და ხედავს დანარჩენებზე უკეთ; იგი იუპიტერის საიდუმლოებებს ფლობს. არწივი იძლევა წინსვლის და გამარჯვების ნიშნებს; ასეთ ნიშანს იგი სისხლით იძლევა, რადგან იგი არასდროს სვამს წყალს, არამედ მხოლოდ სისხლს. კროტონიენელების წინააღმდეგ ლოკრენსელების თავზე მფრინავმა არწივმა მათ გამარჯვების ნიშანი მისცა. ალექსანდრე მაკედონელის დაბადებისას, სამშობიარო სასახლის თავზე მთელი დღის განმავლობაში ორი არწივი იჯდა; წინასწარმეტყველებმა განსაზღვრეს, რომ ისინი ალექსანდრეს მიერ ევროპისა და აზიის დაპყრობას მიანიშნებდნენ. სვავი ნიშნავს სირთულეს, სიხისტეს და მტაცებლობას. სვავები წინასწარმეტყვლებენ სასაკლაოს ადგილს, რადგან ისინი ამ ადგილზე შვიდი დღით ადრე მიდიან. ძველი მეფეები ჯაშუშებს აგზავნიდნენ იმ ადგილების განსასაზღვრად, თუ სად იყრიდნენ თავს სვავები. ფენიქსი საოცარი წარმატების ნიშანია; იგი რომის ხელახლა აშენებამდე გამოჩნდა ქალაქში. წერო შეთანხმების ფრინველია და თანხმობასა და ურთიერთგაგებას მიანიშნებს. პატარა ფრინველებს შორის, წრიპა მოლაპარაკე ფრინველია და სტუმრებს მოასწავებს. რქიანი ბუ უიღბლოა და ამბობენ, რომ ხშირად სიკვდილს წინასწარმეტყველებს. თუმცა, ზოგჯერ იგი მიუთითებს გულმოდგინებასა და სიფხიზლეს. ალმადელი ამბობს, რომ ბუები და ღამის ყორნები გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილს მოასწავებენ, თითქოს ისინი აღფრთოვანებულნი არიან სიკვდილის მოახლოებით და წინასწარ გრძნობენ მათ. ნასოს მიხედვით, ბუები და ღამის ყორნები კამათს წინასწარმეტყველებენ. 

  პომპეის ელჩი ლელიუსი ესპანეთში პურვეიურთა შორის მოკლეს; მოწმეებმა აღნიშნეს, რომ გამგზვრებამდე ლელიუსს თავზე ქორი დასტრიალებდა, რომელიც უბედურებას მოასწავებს. მელამპუს ავგორმა ბერძნების გენოციდამდე პატარა ჩიტების გაფრენაზე დაკვირვებით მათი დახოცვის ვარაუდი გამოთქვა, რადგან მისი დაკვირვებით "არცერთი ფრინველი არ გაფრინდება მშვენიერ ამინდში". მერცხალზე დაკვირვების ცოდნა გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს და ამბებს დიდი მემკვიდრეობის დატოვების შესახებ. სირბილისას ღამურასთან შეჩეხება სიფრთხილის და მორიდების ნიშანია; ასევე, სირბილისას ბეღურასთან შეჩეხება ცუდის ნიშანია, რადგან ღამურა ქორს გაურბის და ბუსკენ მიფრინავს, სადაც იგივე საფრთხე ემუქრება. სიყვარულში ბეღურა კარგის ნიშანია, რადგან იგი ბუნებით ვნებიანი ფრინველია და მეწყვილესთან საათში შვიდჯერ ჯვარდება. ფუტკრები კარგის ნიშანია მეფეებისთვის, რადგან ისინი მორჩილ სამწყსოს მიანიშნებენ. ბუზები ნიშნავს უმწეობას და თავხედობას; ისინი ჯიუტი მწერები არიან, რადგან რამდენჯერაც უნდა გაყაროთ, მაინც უკან ბრუნდებიან. მამლების ყივილის დაკვირვებით შესაძლებელია მოგზაურობის შედეგების განსაზღვრა. ციცერონი წერს, რომ თებაისის მამლები ყოველ ღამით წინასწარმეტყველებდნენ ლაკედემონელების წინააღმდეგ ბეტიელების გამარჯვებას; მიზეზი არის ფრინველთა მკითხავების ინტერპრეტაცია, რომ დამარცხებული ფრინველი გაჩუმდებოდა, გამარჯვებული კი ყოველთვის ხმამაღლა გალობს/ყივის. კურდღლის შეხვედრა მოგზაურობისთვის ცუდის მომასწავებელია, თუკი გაიქცევა და თან ვერ წაიყვანთ. ჯორიც ცუდის ნიშანია, რადგან უნაყოფოა. ღორი დამღუპველია, რადგან მავნე კაცებს მოასწავებს. თუ ცოცხალი გადარჩით, მგელთან შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში კარგის ნიშანია; სიცილიის იეროში მგელი სკოლიდან წიგნებს იტაცებდა, რაც სამეფოს წარმატების ნიშანი გახლდათ. მგლის პირველად დანახვა ადამიანს ხშირად ამუნჯებს და მეტყველების უნარს ართმევს. ხანდახან მგელი ნიშნავს ცრუ მამაკაცს, რომელსაც არ უნდა ედნოთ. ლომთან შეხვედრა კარგის ნიშანია. მაგრამ, ქალისთვის ძუ ლომთან შეხვედრა ცუდს მოასწავებს, რადგან იგი აფერხებს ჩასახვის ალბათობას. ძუ ლომი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მშობიარობს. ცხვართან ან თხასთან შეხვედრა კარგია. მოგზაურობისას ძაღლი იღბლიანია. პატარა ცხოველებს შორის, თაგვები საფრთხეს მოასწავებს. ობობას დანახვა ქსელის აღმავალ მდგომარეობაში ქსოვისას, ფულადი შემოსავლის ნიშანია. ჭიანჭველების დიდი არმია უსაფრთხოებისა და სიმდიდრის მანიშნებელია. თუ გზაზე გველი შეგხვდებათ, გაუფრთხილდით ავი ენის პატრონს, რადგან ამ ცხოველს მხოლოდ პირში აქვს ძალა. ტიბერიუსის სასახლეში გველის შეხოხებამ მას დაცემა უწინასწარმეტყველა. სემპრონიუს გრაკუსის საწოლში ორი გველი იპოვეს, მამრი და მდედრი; მეგობარმა გრაკუსს განუმარტა, რომ ორი არჩევანი ჰქონდა: თუ მამრს გაუშვებდა, თავად გადარჩებოდა და მეუღლე მოუკვდებოდა, ხოლო თუ მდედრს, თავად მოკვდებოდა მაგრამ მეუღლეს გადაარჩენდა. გრაკუსმა მეუღლის გადარჩენა ამჯობინა, მდედრი გველი გაუშვა და მამრი მოკლა. რამდენიმე დღეში გრაკუსი გარდაიცვალა. გველგესლა უხამს ქალებს და ბოროტ ბავშვებს ნიშნავს. გველთევზა ყველას მიმართ უკმაყოფილების ნიშანია, რადგან იგი ყველა თევზისგან განცალკევებით ცხოვრობს და ვერასდროს ვნახავთ სხვა თევზებთან კომპანიაში. თქვენ გულმოდგინედ უნდა დააკვირდეთ ყველა ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ: მათ ჟესტებს, ასაკს, პროფესიას, მოძრაობას, კანის ფერს, სახელს, მეტყველებას და ყველა ნიუანსს. დაკვირვების შემთხვევაში იმასაც აღმოაჩენთ, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, წინასწარმეტყველების უნარს ფლობს ყველა ცხოველი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. ციცერონი იმოწმებს, რომ ნებისმიერი ცხოველის შესახებ არსებული ცოდნა ადამიანის სულში მარადიულად იმყოფება. 

 

  LIV. როგორ მოწმდება წინასწარმეტყველება ბუნებრივი ინსტინქტის ფონზე და ამის აღმოჩენის რამდენიმე წესის შესახებ. 

  Auspicia და Auguria-ს, რომელიც სხვადასხვა მოვლენებს ფრინველებისა და ცხოველების დაკვირვების გზით წინასწარმეტყველებს, თავად ორფეოსი ასწავლიდა, რის გამოც ყოველ ერს შორის დიდი პატივი მოიპოვა. ახლა ისინი მოწმდება ბუნებრივი ინსტინქტის ფონზე, თითქოს მყისიერი გაგება ხორციელდება ცხოველთა, ფრინველთა და სხვა არსებათა ქცევის მეშვეობით, რომლებიც მოახლოებულ მოვლენებს წინასწარმეტყველებენ. როგორც უილიამ პარიელი ამბობს, მკითხაობის ბუნებრივი ინსტინქტი ყველანაირ ჰუმანურ შიშზე აღმატებულია და ადამიანთა უმეტესობას საჭირო ცოდნის შემთხვევაში მოსწონს წინასწარმეტყველება. ამ ინსტინქტის მეშვეობით წინასწარმეტყველური უნარი უამრავ ცხოველში ბუნებრივად იმყოფება. ძაღლები სწორედ ამ ინსტინქტით ცნობენ ქურდებს და ეშვებით ეცემიან ხოლმე მათ. შინაური ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და კატები, მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე გრძნობენ მის მოახლოებას. სვავები შინაგანი ინსტინქტით გრძნობენ მომავალი სასაკლაოს ადგილს, თითქოს წინასწარ ხედავენ გახრწნილ ლეშს. ადამიანური ინსტინქტი ხშირად წინასწარ გრძნობს მავნე და საშინელი მოვლენების მოახლოებას, თუმცა ხშირად წაუყრუებს და აიგნორებს ამგვარ შეგრძნებებს. თუ სახლში რაღაც ქმნილება ბუდობს, ადამიანი ინსტინქტურად გრძნობს მას, შიშსა და ტერორს განიცდის, თითქოს ვიღაც უთვალთვალებს და მარტო არ არის. თუმცა, ასეთი შეგრძნება ყველაში არ ჩნდება, რადგან მსგავსი ინსტინქტური სიმკვეთრე აშკარად არ ვლინდება უკლებლივ ყველა ადამიანში. ისტორიაში ნახსენებია ეგვიპტელი სწავლული ჰერაისკუსი, ღვთაებრივი ბუნების მქონე კაცი, რომელსაც მეძავი ქალების ამოცნობა არა მხოლოდ მათი თვალებით შეეძლო, არამედ საუბრის ტემბრითაც, ვინაიდან მათი ხმის გაგონებისთანავე საშინელი თავის ტკივილი ეწყებოდა. უილიამ პარიელი იხსენიებს თავის თანამედროვე ქალბატონს, რომელიც საყვარელი ადამიანის მოახლოებას ორი მილის სიშორიდან გრძნობდა. იგი ასევე იხსენიებს ცხენს, რომელმაც სქესობრივი აქტის დამყარებისას არ იცოდა, რომ დედამისთან ჯვარდებოდა. აქტის დასრულების შემდეგ, როდესაც ამას მიხვდა, უკბინა საკუთარ სათესლეებს, ინცესტის გამო საკუთარ თავზე შურისძიების მიზნით. ვარო, არისტოტელე და პლინიუსი იგივე ფაქტებს იმოწმებს ცხენების შესახებ. პლინიუსი გვიყვება შხამიანი გველის შესახებ, რომელსაც ასპი ერქვა; იგი ეგვიპტეში ყოველდღიურად მიდიოდა ერთი მოხელეს ოჯახში და მათი მაგიდიდან იკვებებოდა. ახალგაზრდებს მისთვის საჭმელი მოჰქონდათ. ერთხელაც, ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა მისი მასპინძლის შვილი მოკლა. ბიჭის გარდაცვალებიდან მალევე, გველმა მასპინძლის შვილის მკვლელი დაკბინა და მოკლა. ამის შემდეგ, გველი არასდროს დაბრუნებულა მასპინძლის სახლში. ამ მაგალითებით თქვენ ხედავთ, თუ როგორ ვლინდება ცხოველურ ქმნილებებში საოცარი თვისებები და უნარები. შესაბამისობათა შკალა იზრდება ისეთ ინსტანციებში, როდესაც ცხოველები სხვადასხვა ღვთაებებთან კავშირში ვლინდება და ამ ღვთაებების ბუნებას განასახიერებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ცხოველია მარსიანული, სატურნისეული, სოლარული და სხვა. 

  მოახლოებული მოვლენების შესახებ ფრენის მიხედვით ცოდნას იძლევა ბუზი, არწივი, სვავი, წერო და მსგავსნი. თუ ორი არწივი ერთად დაფრინავს, ბოროტების მომასწავებელია, რადგან ორიანი დაბნეულობის ციფრია. ანალოგიურად განსაზღვრეთ მოვლენები ციფრთა და რიცხვთა მნიშვნელობის შესწავლის შემდეგ. ყველაზე მშვენიერია ფრინველთა წინასწარმეტყველების სახეობა, როდესაც წინასწარმეტყველება ხდება გალობის მოსმენის შედეგად. ძველთა შორის, ამ საკითხში შესანიშნავ უნარებს ფლობდნენ მელამპუსი, ტირესიასი, თალესი, აპოლონიუსი და ტიანეა (ტიანას აპოლონიუსი). გამაოგნებელ ამბავს იხსენიებს ფილოსტრატე და პორფირიუსი; ერთხელ, აპოლონიუსი მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, ხეთა ჩრდილში მუსაიფობდა. ხის ტოტზე ერთი ბეღურა იჯდა; მასთან ცოტა ხანში მეორე ბეღურა მოფრინდა და ყურის წამღები ჟივილ-ხივილი ატეხეს, შემდეგ კი უეცრად ერთად გაფრინდნენ. აპოლონიუსმა მეგობრებს უთხრა, რომ ქალაქის მახლობლად მარცვლით დახუნძლული ვირი ორმოში ჩავარდა და მარცვლები მთელს მიწაზე იყო მიმოფანტული. როდესაც ჰკითხეს, საიდან იცოდა ამის შესახებ, აპოლონიუსმა მიუგო, რომ ეს ამბავი ბეღურამ მოუტანა თავის მეწყვილეს. შეძრწუნებული მეგობრები გაიქცნენ და დაადასტურეს აპოლონიუსის მიერ ნათქვამი, გაკვირვებისგან გაოგნებულებმა. პორფირიუსი თავის "მსხვერპლთა მესამე წიგნში" გვეუბნება, რომ ყოველი ფრინველის ხმოვანება სხვადასხვა სულის განწყობას განასახიერებს: სიხარულს, სევდას, ბრაზს და ასე შემდეგ. დემოკრიტე და პლინიუსი აცხადებს ამ ხელოვნების ადამიანის არსებაში გახსნის საშუალებას; მათი მიხედვით, თუ გვსურს კონკრეტული ფრინველის ენა გავიგოთ, მისი სისხლი უნდა გავურიოთ გველის სისხლთან და გველი უნდა შევჭამოთ. შედეგად, ჩიტის ენა გაგვეხსნება. ჰერმესი ამბობს, რომ თუ ნოემბრის თვეში ვინმე ჩიტს დაიჭერს და მას მელიის გულთან ერთად მოხარშავს, ჩიტის შეჭმის შემდეგ იგი ჩიტებისა და ყველა დანარჩენი ცხოველის ენას გაიგებს. პროკლუსს სჯეროდა, რომ თხუნელას შეჭმა წინასწარმეტყველების უნარს იწვევდა. წარსულში ამ ხელოვნებისადმი იმხელა პატივისცემა არსებობდა, რომ მეფეებიც კი არაფერს აკეთებდნენ ამ ცოდნაში დახელოვნებული ადამიანების რჩევის გარეშე. დღევანდელ დროში, ნაწილობრივ ადამიანთა დაუდევრობით, ხოლო ნაწილობრივ სულიერ მამათა ავტორიტეტით, ამგვარი ცოდნა დავიწყებული და გაუქმებულია. 

 

  LV. გასაოცარ მოვლენათა ინტერპრეტაციის მახასიათებლების შესახებ. 

  ამ ხელოვნებას ჰეტრუსკუსის მღვდლები და წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ. ისინი მიუთითებდნენ სასუფევლის თექვსმეტ მხარეზე და თითოეულ მათგანს საკუთარ ღვთაებას ანიჭებდნენ. გარდა ამისა, მათში მოხსენიებული იყო თერთმეტი სახის ელვისებური ნათება და ცხრა ღმერთი, რომელთა მნიშვნელობის გაგებაც საგანთა წესებში გასაღების წვდომას იძლეოდა. სამყაროში ხშირად ხდება ამაზრზენი, საშიში და გასაოცარი მოვლენები, რომლებიც წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ შეტყობინებას ატარებენ; ისინი ფართომასშტაბიან საკითხებს უკავშირდებიან. ასეთი ინტეპრეტაციის აღმასრულებელი შესანიშნავად უნდა იცნობდეს შესაბამისობისა და ვარსკვლავების ხელოვნებას, რათა ზუსტად განსაზღვროს, დროის რომელ მონაკვეთში, რომელ პროვინციას და სამეფოს აფრთხილებს პლანეტათა განგებულება. თუ ჩვენ იგივე მოვლენა ახლო საუკუნეებში გვინახავს, ყურადღებით დავაკვირდეთ, რა მოხდა ამ მოვლენების შემდეგ და შემდგომში შესაძლებლობა გვექნება იგივე მოცემულობით განვსაზღვროთ განმეორებული ნიშანი, ვინაიდან ერთი და იგივე საგნისთვის მსგავსი გაფრთხილება და ნიშანი იგზავნება. უამრავი საოცრება დაფიქსირებულა გამოჩენილი კაცის დაბადებამდე ან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ციცერონი გვიყვება ბიჭუნა მიდასზე, რომელსაც ჭიანჭველამ ძილის დროს პირში ხორბლის მარცვალი ჩაუდო, რაც დიდი სიმდიდრის ნიშანი გახლდათ. აკვანში მძინარე პლატონის პირზე ფუტკრები ისხდნენ, რომლებიც ტკბილად მეტყველების უნარს წინასწარმეტყველებდნენ. პლინიუსში ვკითხულობთ, რომ ატილიუსის და პორტიუსის კონსულებად ყოფნის დროს, ციდან რძისა და სისხლის წვიმა წამოვიდა, რომელიც წინასწარმეტყველებდა, რომ მომდევნო წელიწადში რომში ძალიან დიდი ჭირი გავრცელდებოდა. დანიის ომის დროს ციდან საყვირთა მრავალხმიანობა ისმოდა. მაკედონიელთა ომის ფარგლებში, ჰანიბალის დაღუპვისას ციდან ორი დღის განმავლობაში სისხლის წვიმა მოდიოდა. მეორე პუნიკური ომის დროს, სისხლის წვიმა დაფიქსირებულია ჰანიბალის იტალიაში შეჭრის დროსაც. მსგავს შემთხვევებში, ზეციური გავლენები არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი, რომელთა შესახებ უფრო მეტს განვიხილავთ შემდგომ თავებში. 

 

  LVI. ელემენტების ოთხი მეთოდით წინასწარმეტყველების შესახებ: გეომანტია, ჰიდრომანტია, აერომანტია და პირომანტია. 

  უფრო მეტიც, ჩვენ თავად ელემენტები გვასწავლიან ფატალური მოვლენების მოახლოების შესახებ; აქედან მომდინარეობს წინასწარმეტყველებისა და მკითხაობის ოთხი სახეობა: გეომანტია, ჰიდრომანტია, აერომანტია და პირომანტია. 

  პირველი არის გეომანტია, რომელიც მომავალს მიწის მოძრაობის მეშვეობით წინასწარმეტყველებს, რომელთა შორის ყურადღება ექცევა მიწის ხმაურს, შეშუპებას, ზანზარის სიხშირეს, ბიძგებს, ორმოებს, სუნთქვას და სხვა შთაბეჭდილებებს, რომლის შესახებაც დაწვრილებით არაბი ალმადელი საუბრობს. მაგრამ არსებობს სხვა სახის გეომანტია, რომელიც დედამიწის სხვადასხვა ადგილში გადანაწილებულ წერტილებზე არსებულ ძალაუფლებას ეხება; ამჟამად ამ თემაზე აღარ განვაგრძობთ სპეკულაციას და მასზე შემდგომში ვისაუბრებთ. 

  ჰიდრომანტია წინასწარმეტყველებს წყალზე მომხდარი მოვლენების მიხედვით, რომელშიც შედის ღვარცოფი, ცუნამი, წყლის ქარიშხლები და მსგავსნი. ამას ემატება ხილვები, რომლის დანახვაც წყალშია შესაძლებელი. სპარსელებს შორის სწავლული ვარო იუწყება, რომ ერთმა ბიჭუნამ წყალში დაინახა მერკურის ფიგურები და დაწერა ას ორმოცდაათ სტროფიანი ლექსი, სადაც დეტალურად იწინასწარმეტყველა მითრიდატეს ომის ყველა მოვლენა. ნუმა პომპილიუსი ჰოდრომანტიით იყო დაკავებული; იგი წყლის მეშვეობით ღმერთებს იხმობდა და ამ გზით იგებდა მომავალს. ჰიდრომანტიას კარგად იცნობდა პითაგორაც. ძველ დროში გავრცელებული იყო ჰიდრომანტიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, სახელად ლეკალომანსია, რომელსაც ასურელები იყენებდნენ; ისინი წყლით სავსე ტყავში ათავსებდნენ ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებს, რასაც ამატებდნენ გარკვეული გამოსახულებებით, სახელებითა და პერსონაჟებით მორთულ ძვირფას ქვებს. გასულ წლებში არსებობდა შადრევნები, რომლებიც ასევე წინასწარმეტყველებდნენ მომავალს; ამის მაგალითია მამათა შადრევნები აქაიაში, რასაც ეპიდავრუსი იუნოს წყალს უწოდებს. მაგრამ, მათ შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ მომდევნო თავებში, სადაც მოვიყვანთ ცოდნას ორაკულების შესახებ. შეგვიძლია მოვიხსენიოთ თევზებით წინასწარმეტყველებაც, რომლის შესახებაც ლიკიელთა ისტორიაში დაწვრილებით საუბრობს ათენევსი. 

  აერომანტია ეკუთვნის წინასწარმეტყველებას ჰაერზე დაკვირვების გზით. ამაში შედის ქარები, ცისარტყელები, მთვარის და ვარსკვლავების წრეები, ნისლები, ღრუბლები და ჰაერში წარმოჩენილი ხილვები. 

  პირომანტია ეხება ცეცხლის ელემენტის წინასწარმეტყველებებს: კომეტების გრძელ კუდს, ვარსკვლავთა ქცევას და ცეცხლში დანახულ ხილვებს. ციცერონის ცოლმა მეუღლეს უწინასწარმეტყველა, რომ მომდევნო წელს კონსულად დანიშნავდნენ, რადგან მსხვერპლშეწირვის დასრულების შემდეგ, მინავლებული ნაცრიდან ცეცხლის ალი ავარდა. თუ ცეცხლის ალი ბრუნავს და ტრიალებს, ქარის მანიშნებელია. ისევ, ვრცლად ამ საკითხე შემდგომ თავებში. 

 

LVII.  მკვდრეთით აღდგომისა და მძინარების შესახებ.

  არაბი ფილოსოფოსები თანხმდებიან, რომ ადამიანს ხელეწიფება საკუთარ სხეულზე და სენსიტიურ შეგრძნებებზე ამაღლება; ისინი, ვინც ამას ახერხებენ, სრულყოფილად ღებულობენ ზეციურ ძღვენებს, ინტელექტსა და ღვთაებრივ ენერგიას. მაშასადამე, ყოველი ადამიანის სული მარადიულია და სამშვინველი ყოველთვის ემორჩილება სრულყოფილ სულს. მაგები თვლიან, რომ სრულყოფილად განვითარებულ ადამიანს შეუძლია მომაკვდავი ადამიანის განკურნება ან თუნდაც, გარდაცვალების შემდეგ მისი კვლავ სიცოცხლეში დაბრუნება. ლომები თავიანთ პატარებს გათიშვის შემთხვევაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ და ამ გზით უბრუნებენ სიფხიზლეს. იგივეს ვხედავთ წავებთან. არსებობს სხვადასხვა მცენარე და მაგიური ნაწარმი, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება შეუძლია; მაგალითად, ამას აღასრულებს ფენიქსის ფერფლი და გველის ტყავი. მართლაც, ეს ბევრისთის ზღაპარია და მისი აღრიცხვა მხოლოდ ისტორიული რწმენით არის დადასტურებული. ჩვენ ვკითხულობთ წყალში დამხრჩვალების ან ომში დაღუპულების შესახებ, რომლებიც გარდაიცვალნენ და რამდენიმე დღის შემდეგ გაცოცხლდნენ; პლინიუსი ამგვარად გაცოცხლებულთა შორის იხსენიებს ავიოლას, კეიუსს, ტუბეროსს, კორფიდიუსს, გაბიენუსს და მრავალ სხვას. იგივეს ვკითხულობთ ზღაპართა შემქმნელ ეზოპეზე, ტინდორეუსზე, ჰერკულესზე, იუპიტერის ვაჟებზე, თალიაზე და მრავალზე. ბევრი ადამიანი მობრუნდა სიკვდილიდან ფიზიკოსებისა და მაგების დახმარებით. აპულეუსი გვატყობინებს ეგვიპტელი წინასწარმეტყველის, ზაქლას შესახებ; იგი ახლად გარდაცვლილ ადამიანს პირში რაღაც მცენარეს უდებდა და სხვა მცენარეს მკერდზე ადებდა, შემდეგ გვამს აღმოსავლეთისკენ აბრუნებდა და მდუმარედ ლოცვას იწყებდა, მკვდრეთით აღდგინების დასანახად ხალხი ერთმანეთს ჭყლეტდა; გარდაცვლილი სუნთქვას იწყებდა, კუნთებს ამოძრავებდა, ბოლოს წამოჯდებოდა და ლაპარაკს იწყებდა. თუ ეს მართალია, მაშინ სხეულიდან სული ბოლომდე არ უნდა იყოს გასული და სადღაც სიღრმეში უნდა იმალებოდეს, თუმცა ასეთ დროს იგი ყოველგვარი გრძნობისგან, აღქმისგან და მოძრაობისგან განთავისუფლებულია. გარდაცვალებისას სული ექსტაზს განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ასეთ დროს ბოლომდე მკვდარი არ არის ან შესაძლოა გათიშულ მდგომარეობაში (ღრმა კომაში) წევს. რაბი მოისეს გალენის წიგნში, რომელიც პატრიარქამ თარგმნა, წერია მამაკაცის შესახებ, რომელიც სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში მკვდარს ჰგავდა და როდესაც დასაწვავად ცეცხლი შეუნთეს, გაიღვიძა და ცოცხლად დაიწვა. არსებობს საშუალებები, რომელიც იძლევა დანახვის უნარს, არის თუ არა ადამიანი ნამდვილად მკვდარი. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. მე ხშირად მინახავს თაგვების გაკვეთა, რომლებიც მთლიანად მკვდარს ჰგავდნენ, მაგრამ გაკვეთის შემდეგ ვხედავდით, რომ ყველა ორგანო მუშაობდა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ უამრავ ადგილას ვხვდებით ცნობებს, რომ ზოგ ადამიანს წლების მანძილზე ეძინა. ასეთი რამ ცხოველთა სამყაროში საკმაოდ ხშირად გვხვდება, მაგალითად დათვებისა და გველების შემთხვევაში, რომელთაც მთელი ზამთარი გადაბმულად სძინავთ. პლინიუსი იხსენიებს ბიჭუნას, რომელიც სიცხისგან დაღლილმა გამოქვაბულში დაიძინა და ამტკიცებდა, რომ ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ გაეღვიძა. დამასკენი ამბობს, რომ თავად ნახა ადამიანი, რომელსაც მთელი შემოდგომა და ზამთარი ეძინა, გაზაფხულზე კი ნახევრად მკვდარს გაეღვიძა და საღ ჭუაზე აღარ იყო. საეკლესიო ისტორიები ადასტუებენ ე.წ. "შვიდი მძინარეს" შესახებ, რომელთაც ას ოთხმოცდათექვსმეტი წელი ეძინათ. ქსენოკრატე, რომელიც ფილოსოფოსთა შორის არასაკმარისი რეპუტაციით სარგებლობდა, გამოთქვამდა აზრს, რომ ხანგრძლივი ძილი ცოდვების გამო ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელი იყო. მაგრამ მარკუს დამასკენუსი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი ძილის მოგვრას შესაძლოა მრავალი მიზეზი გააჩნდეს, რომელთა შორის შეიძლება იყოს ნერვული სისტემის გადაღლა, შხამისგან მოწამვლა, დაავადება, საძილე საშუალება ან რაიმე სხვა. ცნობილია, რომ სამხრეთ გერმანიაში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ცამეტ წლამდე საკვები არ მიუღია. თეოფრასტე ახსენებს კაცს, სახელად ფილინუსს, რომელიც მხოლოდ რძით იკვებებოდა. 

 

  LVIII. სიზმრებით მკითხაობის შესახებ.

  არსებობს გარკვეული სახის მკითხაობა სიზმრების მეშვეობით, რომელიც დადასტურებულია ფილოსოფიური ტრადიციებით, ღვთაებრივი ავტორიტეტებით, ისტორიული მაგალითებით და ყოველდღიური გამოცდილებით. აქ მე სიზმარში არ ვგულისხმობ ამაო სიზმრებს ან უსაქმურ წარმოსახვებს, რადგან მათში არანაირი მკითხაობა და წინასწარმეტყველება არ დევს; ისინი მხოლოდ გონებისა და სხეულის ქაოსური მოქმედებების შედეგად წარმოიქმნება. სიზმარში ვგულისხმობ ხილვას, რომელიც გამოწვეულია ზეციური გავლენებით, რომელიც ეკუთვნის ერთდროულად სამშვინველს, გონებას და სხეულს. სიზმართა ინტერპრეტაციის შესახებ მრავალი ასტროლოგის შრომებში ვრცლად გვხვდება ინფორმაცია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან სიზმრის ინტერპრეტაციას ახდენს სხვა ადამიანი, მისი გაგების ხარისხისა და განწყობის მიხედვით. სწორედ ამ მიზეზით, სიზმრების ინტერპრეტაციისთვის თითოეული ადამიანისთვის ერთი საერთო წესის მიცემა შეუძლებელია. სინესიუსი ბრძანებს, რომ ყოველი ადამიანის მოვალეობაა დაკვირდეს საკუთარ სიზმრებს, მასში მომხდარ მოვლენებსა და სიმბოლოებს; ანუ ადამიანმა უნდა დაიმახსოვროს ყველაფერი, რასაც სიზმარში ნახავს და თავად უნდა განიხილოს სიზმრის მნიშვნელობა; ამით მას შეუძლია ნელ-ნელა მიუახლოვდეს საკუთარი სიზმრის ინტერპრეტაციას. სიზმრები მეტად ეფექტურია მაშინ, როდესაც მთვარე დაბადების ნიშნიდან მეცხრე ნიშანში იმყოფება (იგულისხმება პირად რუკაში დაბადებისას მთვარის ნიშანი და მისგან მეცხრე ზოდიაქო. მთარგმნელის შენიშვნა). ჩვენ ახლა განვიხილავთ საგნებს, რომლებიც ეკუთვნის წინასწარმეტყველურ ორაკულებს. 

 

  LIX. სიგიჟისა და წინასწარმეტყველების შესახებ, როდესაც კაცნი ფხიზლად არიან; მელანქოლიური იუმორის (ტემპერამენტის) ძალა, რომლითაც სულები იღვიძებენ ადამიანის სხეულში. 

  ხანდახან ისეც ხდება, რომ ხილვებს არამარტო მძინარენი ხედავენ, არამედ სრულიად ფხიზელ მდგომარეობაშიც. ხშირად ასეთი ხილვა უკონტროლო და ძრწოლის მომგვრელია, რომელიც იწვევს აღშფოთებას და სიგიჟეს; არისტოტელე იმოწმებს, რომ ასეთი ხილვები მომდინარეობს მელანქოლიური განწყობიდან; ასეთ დროს ადამიანი იმდენად სერიოზულია, რომ უფრო ადვილად ღებულობს პლანეტარულ გავლენებს. საკუთარ ტრაქტატში იგი ასახელებს რამდენიმე მელანქოლიურ წინასწარმეტყველს და პოეტს, მათ შორის ნიკერატუს სირაკუზანლს და ამონს. ასევე, ადამიანში სიგიჟის მიზეზი არის მელანქოლიური იუმორი და არა შავი ქოლერიკი, როგორც ბევრს ჰგონია. შავი ქოლერიკი ჯიუტი და საშინელი რამაა, რომელიც ძალადობაზე და ბოროტი სულებისადმი მოხმობას მიუთითებს, ადამიანის სხეულის დაუფლების მიზნით. მელანქოლიური იუმორის გაღვიძება იწვევს სიგიჟეს და შესაძლოა გადაიზარდოს ხილვაში და წინასწარმეტყველებაში, თუ ციური ვარსკვლავები ცოდნის შემოდინებაში ეხმარებიან მიმღებ არხს - განსაკუთრებით სატურნი. არისტოტელე ამბობს, რომ მელანქოლიური ადამიანებიდან ზოგი წინასწარმეტყველი ხდება, ზოგიც პოეტი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მეცნიერებაში წარჩინებული ყოველი ადამიანი უმეტესწილად მელანქოლიკია. დემოკრიტე და პლატონიც ამას ადასტურებს, როდესაც ამბობენ, რომ მელანქოლიური ადამიანებიდან ზოგს იმდენად შესანიშნავი ჭკუა აქვს, რომ ღვთაებრივად უფრო ეჩვენებათ, ვიდრე ჰუმანურად. ბევრი მელანქოლიური მამაკაცი თავდაპირველად უხეში, უცოდინარი და შეუპოვარია. როგორც ამბობენ, თავის დროზე ჰესიოდე, იონი, ტინიკუსი, კალცინენსი, ჰომეროსი და ლუკრეციუსი მოულოდნელად გაგიჟდნენ, პოეტები გახდნენ და შესანიშნავი საგნების მოსვლა იწინასწარმეტყველეს, რომლის შესახებაც რაციონალურად თავადაც მწირედ ესმოდათ. პლატონი ამბობს, რომ სიგიჟიდან გამოსვლის შემდეგ, უამრავ წინასწარმეტყველს თვითონაც არ ესმოდა რა დაწერა, თუმცა შემდგომში ყოველი ხელოვანი ზუსტად განსჯიდა მათ ნაწარმოებებს. მელანქოლიური ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ზეციური სულები ხშირად ხვდებიან ადამიანის სხეულში, რომელთა არსებობასაც და ინსტინქტსაც ანტიკურობა მოწმობს. სულში არსებობს სამმაგი შეგნება: წარმოსახვითი, რაციონალური და მენტალური; ვინაიდან მელანქოლიური იუმორი ადამიანს მიწიდან წყვეტს, აზროვნებას არაფერი აფერხებს და მთლიანად წარმოსახვაში გადადის, სადაც უამრავ არასრულფასოვან არსებას ხვდება. მათთან კონტაქტში შესვლა ხელოვნებაში გამომხატველობის საოცარ ფორმებს ღებულობს. როდესაც ასეთი ქმნილებები მომავალს გვიჩვენებენ, ისინი მეტწილად ავბედით სიტუაციებს გვანახებენ, როგორებიცაა დროის ცვლილება, ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრები, დიდი სიკვდილიანობა, შიმშილი, ხოცვა-ჟლეტა და მსგავსი. როგორც "აულუს გელიუსში" ვკითხულობთ, თესალიაში ცეზარსა და პომპეუსს შორის გასამართ ბრძოლამდე სიგიჟით შეპყრობილი მღვდელი, კორნელიუს პატარუსი მიიყვანეს, რომელმაც ბრძოლის დრო, წესრიგი და შედეგი იწინასწარმეტყველა. როდესაც აზროვნება გონიერების ხარისხამდე მიაღწევს, იგი ამჯერად ხვდება "შუა სულებს" და მათგან ჰუმანური, ბუნებრივი საკითხების შესახებ ღებულობს ცოდნას. ასეთ დროს ადამიანი ზოგჯერ ხდება ფილოსოფოსი, შესანიშნავი ორატორი ან წინასწარმეტყველი. როდესაც აზროვნება მთლიანად ამაღლებულია, იგი უმაღლესი სულიერების ჭურჭელი ხდება და მათგან ღვთაებრივ საიდუმლოებებს წავლობს, როგორებიცაა ღვთაებრივი კანონი, ანგელოზთა დასები, მარადიული საგნების ცოდნა და სულების ხსნა. ასეთ დროს შესაძლებელია ღვთაების მიერ დანიშნული წინასწარმეტყველების გაგება, მომავალი სასწაულების ხილვა და ცოდნა ღვთაებრივ კანონთა ცვლილების შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ქრისტეს დაბადებას. არსებობს გარკვეული ხილვები, რომელიც შუა საფეხურსა და ზებუნებრივს შორის გვხვდება; ასეთი რამ ზოგჯერ აღინიშნება სიბერის დროს, როდესაც ადამიანი სანახევროდ იმ სამყაროშია, სადაც გარდაცვალების შემდეგ აპირებს წასვლას, ამიტომ ვინაიდან მატერიაში შეგრძნებებით ძლიერად აღარ იბოჭებიან, ისინი ადვილად აღიქვამენ ღვთაებრივი გამოცხადების სინათლეს. 

  

  LX. ადამიანის გარეგანი და შინაგანი ჩამოყალიბების, ასევე გონების შესახებ; სულის სამმაგი მიდრეკილების, განზრახვისა და ვნებების შესახებ. 

  ზოგიერთი წინასწარმეტყველის აზრით, ღმერთს მაშინვე არ შეუქმნია ადამიანი, არამედ ზეციური სულების დახმარებით მასში მრავალი ნაწილი შეაერთა და გააერთიანა. ამ აზრს ეთანხმება ალქინოსიც და პლატონიც; მათი მიხედვით, ღმერთი არის სულიერი სამყაროს მთავარი შემოქმედი, რომლის შექმნას უკავშირდება როგორც ნათელი, ასევე ბნელი სულები, რომლებიც უკვდავნი არიან. ღმერთის ბრძანებით არის ასევე შექმნილი ყოველი მოკვდავი ცხოველი. ამრიგად, სულები ერთი სხეულის შესაქმნელად აერთიანებენ მიწას, ცეცხლს, წყალს და ჰაერს, სულთან თანხმობაში, რომლის შემდეგაც მასში ათავსებენ ღვთაებრივ ძღვენებს და უნარებს. შეგრძნება იყოფა გარეგანად და შინაგანად. გარეგანში არსებობს ყველასთვის ცნობილი ხუთი შეგრძნება, რომელიც ხუთ ორგანოზეა გადანაწილებული. ისინი იმგვარად არის მოწესრიგებული, რომ რაც უფრო გამოჩენილ ადგილზეა მოთავსებული, მით უფრო მაღალი ხარისხის სისუფთავე გააჩნია; ამრიგად, გრძნობათა ორგანოებს შორის ყველაზე მაღლა მოთავსებული თვალები არის ყველაზე სუფთა, რომელსაც ცეცხლისა და სინათლის ბუნებასთან აქვს ნათესაობა. ყურები მეორე ადგილს იკავებენ და მათი შესაბამისობა ჰაერთან არის კავშირში. ნესტოები მესამე რიგისანი არიან და შუალედურს განასახიერებენ ჰაერსა და წყალს შორის. შემდეგ მოდის დეგუსტაციის/დაგემოვნების უნარი, რომელიც წყალთანაა ყველაზე ახლოს და ბოლოს, შეხება გავრცელებულია მთელს სხეულში, მიწის გავლენით. სუფთა შეგრძნებებს შორის საგანთა აღქმა ყველაზე შორი მანძილიდან შესაძლებელია თვალებით და ყურებით; შემდეგ შედარებით მოკლე მანძილზე მოდის ყნოსვა, ყველაზე ახლო მანძილზე კი შეხება და დაგემოვნება. ამ შეგრძნებათა უნარში სხვა ცხოველები ადამიანს ბევრად აღემატებიან, როგორიცაა ძაღლი და ფოცხვერი, რომლებიც ადამიანზე ბევრად უკეთ ხედავენ, ესმით და იყნოსავენ. არწივი ყველა დანარჩენ ცხოველზე და ფრინველზე უკეთ ხედავს. ახლა შინაგანი გრძნობები: ავეროისის მიხედვით ისინი ოთხ მიმართულებად იყოფა, რომელთა შორის პირველია "საერთო აზრი", რადგან იგი აგროვებს და ასრულებს ყველა წარმოდგენას, რომელიც გარეგანი გრძნობებით არის აღქმული. მეორე არის წარმოსახვის ძალა, რომელიც ხშირად არაფერს წარმოადგენს და გარეგანი გრძნობების მიერ მიღებული შთაბეჭდილებების შენარჩუნებას ასახავს; მესამე არის ფანტაზია, რომელიც განსჯის, განჭვრეტს და აფასებს შენახულ მეხსიერებას; ამაში შედის დისკუსია, განწყობა, განდევნა და მოქმედების სურვილის აღძვრა. და ბოლოს, მეოთხე არის გაგება, რომელსაც ზოგჯერ ფანსატსიურ ინტელექტს უწოდებენ. ლამბლიკუსის მიხედვით იგი აერთიანებს ყველა გონებრივ შესაძლებლობას და ამას სხვა ძალების შთაბეჭდილებებისკენ აგზავნის ან თავად ღებულობს მათგან. ისინი აყალიბებენ ყველა სულიერ შთაბეჭდილებას და ორივე შეგრძნებასთან ერთად (გარეგანთან და შინაგანთან) სხეულზე ახდენენ გავლენას. ამ შეგრძნებებს საკუთარი ორგანოები აქვთ ადამიანის თავში; "საერთო აზრი" და წარმოსახვა იმყოფება ტვინის ორ ნახევარსფეროში, თუმცა არისტოტელე "საერთო აზრის" ცენტრად გულს მიიჩნევს, შემეცნებით ძალას კი თავის ზედა და შუა ნაწილში ათავსებს, მეხსიერების უმეტეს ნაწილთან ერთად. უფრო მეტიც, ორგანიზმში ხმის და მეტყველების ბევრი ორგანო არსებობს, როგორებიცაა შინაგანი მკერდის კუნთები ნეკნებს შორის, მკერდი, ფილტვები, არტერიები, სასუნთქი მილები, ენის დახრილობა და ყველა ის ნაწილი და კუნთი, რომელიც სუნთქვას ემსახურება. სიტყვის სათანადო ორგანო არის პირი, რომელშიც საუბრისას მონაწილეობას იღებს კბილები, ენა, ტუჩები, სახის კუნთები და სხვა. გონიერი სულის მაღლა - რომელიც სხეულის ორგანოთა ძალებს გამოხატავს - დგას უსხეულო ინტელექტი, რომელიც იკვლევს მიზეზებს, თვისებებს და იმ საგანთა პროგრესს, რომლებიც შეიცავს ბუნების წესრიგს და ჭეშმარიტების ჭვრეტას; სწორედ ამიტომ ეწოდება მას უმაღლესი ინტელექტი. არსებობს გონებრივი ძალის სხვა გამოვლინება, რომელიც ახარისხებს რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა იქნეს თავიდან აცილებული; იგი მთლიანად ორიენტირდება მოქმედებაზე და მას აქტიური ინტელექტი ეწოდება. მაშასადამე, ძალთა ამგვარი ორდენი ბუნებამ დაადგინა ადამიანში, რათა მან შეიმეცნოს სხეულებრივი საგნები და გონებრივი ინტელექტით ჩასწვდეს ისეთ აბსტრაქტულ საგნებს, რომლებიც ძლიერ განსხვავდებიან სხეულებზე და მასთან მიმსგავსებულ საგნებზე. არსებობს სულის სამი ძალა; პირველი არის ბუნებრივი, მეორე არის ცხოველური, რომელსაც გრძნობა მოსდევს და იყოფა გაჯავრებულად და შესაბრალისად. ხოლო მესამე არის ინტელექტუალური, რასაც ეწოდება განზრახვა. მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა საკუთარ თავს ეკუთვნის, მისთვის შეუძლებელიც შესაძლებელია, რადგან თავისი არსით თავისუფალია; ეშმაკმა განიზრახა, რომ ღმერთს გასტოლებოდა, რამაც იგი მუდმივ ავხორცობაში და ტანჯვაში ჩაძირა, ვინაიდან განდგომის შემდეგ მხოლოდ არასრულფასოვან ძალებს იყენებს; ამ ეშმაკეული მიდრეკილებებიდან ჩნდება ოთხი ვნება, რომელიც სხეულზე ზემოქმედებს. პირველი არის ობლექტაცია: გონების ან განზრახვის სურვილი, რათა იგი მყისიერად და ნებაყოფლობით დაემორჩილოს გამხრწნელ სიამოვნებებს, მაგალითად წარმოსახვები ქალთან ალერსის შესახებ. მეორეს ეწოდება ეფუზია, სიკეთის აწმყოში განვრცობის უარი. მესამე არის დიდება ან ამაღლება, როდესაც ადამიანი საკუთარი მიღწევით ამაყობს; ხოლო მეოთხე არის შური, ანუ სიამოვნება სხვისთვის ზიანის მიყენებით. ოთხივე ვნება სიამოვნების მიღების გარყვნილი მადისგან იღებს სათავეს; მწუხარება ან გაურკვევლობა ასევე იწვევს სხვა ვნებებს, როგორებიცაა შიში, სევდა, შურისძიება, მწუხარება სხვისი კეთილდღეობის გამო და სიხარული სხვისი გაჭირვების გამო. 

 

 LXI. გონებრივი მიდრეკილებებისა და მათი განსხვავების შესახებ. 

  გონების ვნებები სხვა არაფერია, გარდა საგანთა შეცნობის გარკვეული მოძრაობისა და მიდრეკილებისა, იქნება ეს სიკეთე თუ ბოროტება, მოსახერხებელი თუ მოუხერხებელი. ამ სახის მიდრეკილება სამნაირია: სენსუალური, რაციონალური და ინტელექტუალური. აქედან გამომდინარე, სულში არსებობს სამი სახის მიდრეკილება. პირველი არის ბუნებრივი შიში, ან როდესაც ბოროტების დროებითი მომგებიანობით სარგებლობს ადამიანი; ამათ ეწოდებათ ცხოველური მიდრეკილებები. ამას მოჰყვება რაციონალური მიდრეკილება ან პატივისცემა ბოროტების მიმართ, ქება-დიდება, სირცხვილი, არაკეთილსინდისიერება ან კეთილსინდისიერება, სიკეთე ან ბოროტება, რომელსაც რაციონალურ ანუ ნებაყოფლობით მიდრეკილებებს ეძახიან. ინტელექტუალური მიდრეკილება არის სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებები, ჭეშმარტიტება ან სიცრუე. გონებაში ვპოულობთ თერთმეტ მიდრეკილებას: სიყვარული, სიძულვილი, სურვილი, სისასტიკე, სიხარული, მწუხარება, იმედი, სასოწარკვეთა, გამბედაობა, შიში და რისხვა.

 

  LXII. როგორ ცვლის სხეულს გონებრივი მიდრეკილებები სამშვნივნელის მოძრაობით და ინციდენტთა ცვლილებით. 

  ფანტაზიას, ანუ წარმოსახვის ძალას მმართველი ძალა გააჩნია სულიერ მიდრეკილებებზე. შესაბამისად, მიდრეკილებათა მრავალფეროვნების ფონზე სხეულში სათანადო ტრანსმუტაცია ხორციელდება სამშვინველის ამაღლებით ან დადაბლებით, ასევე გარეგან და შინაგან მდგომარეობებში სხვადასხვა თვისებების გამომუშავებით. სიხარულისას სამშვინველი შიგნიდან გარეთ იძვრება, შიშის დროს გარედან შიგნით, ხოლო სირცხვილისას ტვინში გადაადგილდება. სიხარულის დროს გული იხსნება, სევდის დროს იკუმშება. იგივე ხდება მოულოდნელი ბრაზის ან შიშის შემთხვევაშიც. ბრაზი ან შურისძიების სურვილი აღძრავს სიცხეს, მაღალ წნევას, კანის სიწითლეს და სისუსტეს. შიში აღძრავს სიცივეს, კანკალს, დამუნჯებას და კანის გათეთრებას. სევდა იწვევს ოფლის დენას, კანის გალურჯებას და მოთენთილობას. სევდიანობა ძალზედ აზიანებს სხეულს. აშკარაა, რომ როდესაც შეყვარებულთა შორის ძლიერი კავშირია, ერთის ტანჯვისას მეორეც იტანჯება. შფოთვა იწვევს კანის გამოშრობას და გაშავებას. სიყვარული ახურებს სისხლს და ორგანიზმში სითბოს და ენერგიას აღძრავს. მძაფრმა ემოციებმა და მკვეთრად გამოხატულმა მიდრეკილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. ჩვენ აშკარად გვხვდება მაგალითები, როდესაც გადამეტებული სიხარულის, შიშის, სევდის, სიყვარულის ან სიძულვილის სიჭარბისას ადამიანები კვდებიან. სიცილიელი ტირანი დიონისე მოულოდნელად დაიღუპა ტრაგიკული გამარჯვების ამბავის შეტყობინებისას. როდესაც დედამ კანესის ბრძოლიდან უვნებლად დაბრუნებული ვაჟი დაინახა, ადგილზე გარდაიცვალა. იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია მწუხარებას, საუბარი არ საჭიროებს. ცხოველთა შორის ძაღლები ხშირად კვდებიან პატრონის გარდაცვალების მწუხარებით. შიშებს და გულის წასვლას ხშირად წინ უძღვის უთავბოლო ტირილი. ხანდახან მიდრეკილებები საოცარ ქმედებებს აღასრულებენ. კრასუსის შვილმა, რომელიც დედამ მუნჯი დაბადა, შოკური შიშის განცდის შემდეგ ენა ამოიდგა. არსებობს ცნობები, რომ ბრძოლის ეშხში შესული ალექსანდრე მაკედონელი ბრძოლისას ელვით და ქუხილით იყო გარშემორტყმული. მამა თეოდორიკუსზე ამბობენ, რომ ქადაგებისას სხეულიდან ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდა. ასეთი ქმედებები ცხოველებშიც გვხვდება, რომელთა შორიც ცნობილია ტიბერიუსის ცხენი, რომელიც პირიდან ცეცხლს ისროდა. 

 

 LXIII. როგორ გარდაქმნის ადამიანს გონებრივი მიდრეკილებები და რა გავლენა აქვს წარმოსახვის ძალას არა მარტო სხეულზე, არამედ სულზეც.

  დაკვირვებიხართ, რომ როდესაც ვიღაც ლიმონის ჭამისას იჭყანება, თქვენც განიცდით პირის ღრუში სიმჟავეს. ასევე, ამაზრზენი სცენის დანახვისას, ბევრს მაშინვე ღებინება ეწყება. ბევრ კაცს და ქალს სისხლის დანახვაზე გული მისდის, გემრიელი საკვების დანახვაზე კი პირში ნერწყვი ადგება. მტანჯველი სიზმრის ნახვისას ადამიანი ბორგავს, ოფლიანდება და წუხს, თითქოს ნამდვილად განიცდიდეს ტკივილს. სიზმარში მიღებული დაზიანება ზოგჯერ გაღვიძებისას ფიზიკურადაც აღინიშნება სხეულზე. ქრისტეს ჭრილობებზე მედიტაციისას მეფე დაგობერტუსის და ფრანცისკოსის სხეულზე მრავალი ნაწიბური და ნაკაწრი გაიხსნა. სულიერი განზრახვის შემთხვევაში სიზმარში სამშვინველი მომენტალურად ტოვებს ფიზიკურ სხეულს და წამიერად აღმოჩნდება ჩაფიქრებულ ადგილას. ჩვენ ვკითხულობთ ბევრი მაგალითის შესახებ, რომლის მეშვეობითაც სულიერი გავლენა სხეულზე ახდენს გავლენას. გალუს ვიბიუსის ბიოგრაფია გვატყობინებს, რომ იგი ხშირად ბაძავდა საღ გონებაზე საკუთარი ქცევით შეშლილებს, საბოლოოდ კი მართლა შეიშალა. პლინიუსი მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც კაცებად იქცნენ და პირიქით. იგივე ცნობებს გვაწვდის პონტანუსიც. სული ბევრად უფრო ძლიერი გავლენით მოქმედებს სხეულზე, ვიდრე შეგრძნება. ცნობილია, რომ მედეამ სიზმრის მეშვეობით სიგიჟემდე შეაყვარა თავი იასონს. როგორც ცელსუსი მოგვითხრობს, ერთ პრესვიტერს შეეძლო მთლიანად გაეთიშა სხეულში შეგრძნებები; იგი მკვდარივით იწვა, სუნთქვის გარეშე და შეეძლოთ ცეცხლი მოეკიდებინათ მისი სხეულისთვის, ყოველგვარი რეაქციის გარეშე. ამ აბსტრაქციებს უფრო სრულყოფილად განვიხილავთ მომდევნო თავებში. 

 

  LXIV. როგორ შეუძლია გონებრივ მიდრეკილებებს გავლენა მოახდინოს სხვების სხეულზე. 

  სულიერი განცდები და მიდრეკილებები, რომელიც გონებრივ ფანტაზიას მოჰყვება, გავლენას განახორციელებს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. მას შეუძლია განკურნოს ან წარმოქმნას გარკვეული დაავადება სხვების გონებაში ან სხეულში, კონკრეტული განზრახვისამებრ. სულის მიდრეკილება სხეულის ტემპერამენტიდან მომდინარეობს და მისი ქმედების შედეგია. ავიცენა გამოთქვამს იდეას, რომ აქლემზე ჯდომისას თუ წარმოიდგენთ, რომ აქლემი ეცემა, იგი მართლა წაიქცევა. სხვა ადამიანზე გავლენის მოხდენა ყველამ მშვენივრად უწყის, რომლებიც ხშირად გვხვდება ჯადოქრული ოპერაციებისას, მზერით ან რაიმე სხვა საშუალებით მოჯადოებისას. ამას იმოწმებს ავიცენა, არისტოტელე, ალგაზელი და გალენი. მზერაში/თვალებში დიდი ძალა დევს, რომელსაც ცხოველებიც ფლობენ და იგი არაერთხელ აღვნიშნეთ განვლილ თავებში, როდესაც მთის კატის მიერ გაშეშების უნარი და ბასილისკოს მზერით კაცთა დახოცვის შესახებ ვახსენეთ. ილირიაში, სკვითებში და ტრიბალელებში ქალები ბრაზიანი მზერით ხოცავდნენ მამაკაცებს. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ადამიანს სხეულზე და სულზე გავლენის განხორციელება შესაძლებელია. არ არის აუცილებელი ამის განსახორციელებლად მაინცდამაინც მედიუმური და ჯადოქრული ჩარევა მოხდეს; ადამიანის ქცევამ, სიყვარულმა და ქმედებამ შესაძლოა ისედაც იქონიოს გავლენა სხვაზე. ამრიგად, ფილოსოფოსები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ ბოროტების საზოგადოებას და ავგულ კაცებს, რადგან მათი სული მავნე სხივებით აინფიცირებს ჩვენს საკუთარს. ხოლო პირიქით, გვირჩევენ, რომ გულკეთილ და იღბლიან ხალხთან გვქონდეს შეხება, რადგან მათთან სიახლოვით ბევრად კარგ გავლენებს ვღებულობთ. რაც უფრო მაღალი საფეხურიდან მოდის გავლენა, მით უფრო ძლიერია გავლენის ძალა, მიზეზი და შედეგი, რომლის მეშვეობითაც აღასრულებდნენ სასწაულებს აპოლონიუსი, პითაგორა, ემპედოკლე, ფილოლაოსი და ჩვენი რელიგიის ბევრი წინასწარმეტყველი თუ წმინდა კაცი.  მათ შესახებ უფრო დეტალურად შემდეგ თავებში, სადაც განვიხილავთ რელიგიას.

 

  LXV. როგორ ეხმარება გონებრივ მიდრეკილებას ზეციური გავლენა და რამდენად აუცილებელია გონების მუდმივობა ყველა საქმეში. 

  გონებრივი მიდრეკილებები უამრავ ადამიანს ეხმარება, სასარგებლო და გავლენიანი ხდება ზეციური ძალების ჩარევის შედეგად, რომელიც შეიძლება შედგეს სასუფეველთან ჰარმონიით, ბუნებრივი შეთანხმებით ან ნებაყოფლობითი არჩევანით. პტოლემეოსი ამბობს, რომ ის, ვინც საკუთარი არჩევანით ირჩევს ამგვარ გავლენებთან კონტაქტს, არაფრით განსხვავდება იმისგან, ვისაც ბუნებრივად აქვს ამის საშუალება. სასუფევლის სარგებლობის ნებისმიერ საქმეში გამოსაყენებლად, ადამიანმა შესაფერისი მდგომარეობა უნდა შეიქმნას პირველ რიგში ფიქრებში, გრძნობებში, წარმოსახვაში, არჩევანში და მსგავს ქმედებებში. შედეგად, ჩვენს გონებას შეუძლია წარმოსახვისა და იმიტაციის ერთგვარი სახით შეესაბამებოდეს ნებისმიერ ვარკსვლავს, რათა უეცრად აივსოს ამ ვარკსვლავის უპირატესობით, თითქოს ადამიანი სათანადო ჭურჭელია ასეთი გავლენებისთვის. მაგალითად, საქმეში წარმატების მისაღწევად სატურნის გააქტიურების მიზნით საჭიროა სასტიკი შრომისმოყვარეობა და მტკიცე რწმენა, რომელსაც ვერაფერი შეარყევს. ფიზიკოსები და ექიმები ადასტურებენ, რომ ავადმყოფს წამლებზე მეტად მკურნალის სიყვარული და იმედი ეხმარება. ასევე, ექიმს ძლიერი ფანტაზიის ფონზე შეუძლია შეცვალოს თვისებები ავადმყოფის სხეულში, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი დიდ ნდობას უცხადებს ექიმს. მაშასადამე, მაგიაში მუშაობისას უნდა განვეწყოთ მუდმივი რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეფექტის მიღებასთან დაკავშირებით. 

 

  LXVI. როგორ შეიძლება ადამიანური გონება დაუკავშირდეს ზეციურ ინტელიგენციებს და მათთან ერთად მშვენიერი შთაბეჭდილებები მოახდინოს არასრულფასოვან ნივთებზე.  

  ფილოსოფოსები, განსაკუთრებით კი არაბები, ამბობენ, რომ ნებისმიერი სამუშაოს სუფთა განზრახვით შესრულებისას, ზეციური ინტელიგენციები განიხარებენ და სწორედ ეს სიხარული არის სამუშაოში აღმოცენებული მშვენიერი სიბრძნის და შედეგის მიზეზი. ამის შედეგად ხორციელდება მეტად ეფექტური გავლენა, ეფექტი და ხელოვნება, რომელიც დამოწმებულია შემოქმედების ნიმუშთა მიერ, არტისტთა გამოსვლებში, ნაწარმოებებში, გამოსახულებებში და ასე შემდეგ, რომელიც ადამიანურ გონებაზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს, რომ ძლიერ სიყვარულში მოქცეულ გონებას აქვს სიყვარულის გამოწვევის ეფექტი, ხოლო მძულვარე გონება ანადგურებს და ზარალს იწვევს. სიტყვა, საქციელი, ჟესტიკულაცია, მზერა და სხვა მრავალი, იწვევს სულიერი მიდრეკილების აღძვრას და მის აქტიურობას. გონება, რომელშიც მეტისმეტად დიდი სიჭარბით არსებობს ვნებისადმი მიდრეკილება, შესაფერის მომენტს ეძებს მისი გამოვლენისთვის, რომელსაც ადასტურებს თომა აქვინელის მესამე წიგნი წარმართთა შესახებ. ამიტომ, ვინც მაგიის გზაზე შედგომისათვის მზადაა, მან უნდა იცოდეს ზომიერება, სიზუსტე, ჰარმონია, წესრიგი და საკუთარი სხეულის ადგილი, სამყაროს ძალაუფლების შუაგულში. 

 

  LXVII. როგორც იცვლება ჩვენი გონება და უკავშირდება არასრულფასოვან საგნებს, რომელთაც განიზრახავს. 

  ადამიანის გონებაში დევს საგნების მოზიდვის, განზიდვის, დაბრკოლებისა და კავშირის ძალა, რისი ფლობის განზრახვაც არსებობს. ისე ხდება, რომ მატერია ემორჩილება გონებას. გადაჭარბებული და წონასწორობიდან გამოსული უარყოფითი დამოკიდებულებების შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ თავზე ავბედით მოვლენებს მოიწევს. ამიტომ, აუცილებელია შურისგან, შიშისგან, ბრაზისგან და ავხორცობისგან განთავისუფლება. მიზიდვა ან შეფერხება განსაკუთრებით ძლევამოსილია პლანეტარული თანხვედრების შემთხვევაში, ვინაიდან ისინი საკუთარ მსგავსს იზიდავენ და მასზე აქვთ გავლენა. ლომს ეშინია მამლის, რადგან მამალში უფრო მაღალია სოლარული თვისების თანმყოფობა, ვიდრე ლომში. მაგნიტი იზიდავს რკინას, რადგან მასში ზეციური დათვის თანავარსკვლავედის უმაღლესი ხარისხის ენერგიაა ჩადებული. 

  ბრილიანტი აფერხებს მაგნიტის თვისებას, ვინაიდან ძალაუფლებით მასზე მაღლა დგას. ამრიგად, როდესაც ადამიანი დროებით დაექვემდებარება ზეციურ გავლენებს, იგი მოიზიდავს შესაფერისი პლანეტისა და ვარკსვლავის თვისებებს; სოლარული გავლენის მიღება იძლევა დიდებას, აღტაცებას, კაცთა შორის პატივისცემას, მორჩილებას და სიმდიდრეს. მთვარე იძლევა მონობას, ავტომატურობას და უძლურებას; სატურნი სიმშვიდის, სევდის და მწუხარების მომგვრელია. იუპიტერი აღძრავს თაყვანისცემას, მარსი შიშს და უთანხმოებას. ვენერა გვანიჭებს სიყვარულს და ბედნიერებას, ხოლო მერკური ცოდნას, აკვიატებას და სისწრაფეს. დაშლის და შეფერხების საფუძველიც აქ უნდა ვეძებოთ. ვენერას გავლენა უპირისპირდება სატურნს, ხოლო სატურნი და მარსი კონფლიქტშია ვენერასთან და იუპიტერთან. პლანეტები არასრულფასოვან სხეულებში აღძრავენ დაპირისპირებას და კონფლიქტს, მაგრამ სასუფეველში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება სულს არ გააჩნდეს და ისურვოს, რადგან ყველაფერი სიყვარულით არის მართული, ამიტომაც, სასუფელში არ არის სიძულვილი ან მტრობა. თუ გვსურს გამოვცადოთ ასეთი მდგომარეობა, ვეცადოთ შევიგრძნოთ, როგორი იქნება ცხოვრება სიძულვილის გარეშე. 

 

LXVIII. მეტყველების, სიტყვებისა და სახელთა თვისებების შესახებ. 

 ჩვენ განვიხილეთ, რომ სულიერ მიდრეკილებებში დიდი ძალა დევს; ამრგიად, არანაკლებ ძალას ფლობს მეტყველება და სიტყვები. სიტყვა ორმხრივია, შინაგანი და გარეგანი. შინაგანი სიტყვა არის წარმოსახვითი საუბარი და სულიერი მიდრეკილების აზრობრივი წარმართვა, რომელიც ხმოვანი გამოვლინების გარეშე ხორციელდება. ჩვენ ვლაპარაკობთ სიზმრებშიც და ხშირად ვკამათობთ საკუთარ თავთან. ბგერის სახით წარმოთქმულ სიტყვას გააჩნია საკუთარი ვიბრაცია, ძალა და ხარისხი, რომელიც საკუთარ გავლენას ისვრის გარესამყაროში. ბუნებამ მეტყველება გააერთიანა გონების შინაგან ფუნქციონირებასთან, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს მის დამოკიდებულებებს, აზრებს და მიდრეკილებებს. სიტყვის გავლენით შესაძლებელია ადამიანთა მასების დამორჩილება, მათში სიმამაცის აღძვრა, დაშინება, მონობა და სხვა მრავალი. სიტყვის ძალით გავლენის განხორციელება ხდება არა მარტო ცოცხალ ქმნილებებზე, არამედ უსულო საგნებზეც. მეტყველება ერთმანეთისგან განსხვავებულია ინტელექტუალურ, ზეციურ და უზენაეს ქმნილებებში. ასევე, საგანთა და ქმნილებათა არსებითი სახელის ცოდნა აუცილებელია მაგიურ ოპერაციებში, რომელსაც თითქმის ყველა მაგი მოწმობს. ქრისტე ამბობს: "მაგრამ ის ნუ გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში დაიწერა." (ლუკა 10:20). ადამმა ყოველ ქმნილებას დაარქვა თავისი სახელი და თითოეულ მათგანს საკუთარი ადგილი მიუჩინა. ფილოსტრატესთან ვკითულობთ, რომ როდესაც რომში საკუთარი ქორწილის დღეს ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, მასთან აპოლონიუსი მოიყვანეს, რომელმაც გოგონას სახელის გაგება ისურვა; მან გოგონას სახელთან ერთად რაღაც ენაზე ლოცვა წარმოთქვა და გარდაცვილი მაშინვე გაცოცხლდა. იგივეს ვკითხულობთ სახარებაში, როდესაც ოთხი დღის გარდაცვლილს ქრისტემ სახელით მიმართა: "ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.!" (იოანე 11:44-45).

  ჩვენ უხვად ვისაუბრებთ მომდევნო წიგნებში სიტყვების, ასოებისა და მათი მაგიური გამოყენების შესახებ, სადაც შევისწავლით ასტროლოგიას, მათემატიკას და წმინდა კორესპონდენციების გამოთვლას.

  ამრიგად, პირველი წიგნი დასრულდა. კურთხევა და დალოცვა ყოველ მკითხველს. 

  (2022, 10 ნოემბერი -  2023, 28 მაისი). 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff