ნაწილი მეორე

IX. საგანთა ბუნებრივი თვისებების შესახებ, ელემენტებთან შესაბამისობაში. 

 საგანთა ბუნებრივი თვისებებიდან ზოგი ელემენტელურია, როგორიცაა გაცხელება, გაციება, დატენიანება და გაშრობა; არსებობს პირველადი ხარისხის თვისება და მეორადი ხარისხის თვისება: პირველადი თვისების გამოვლინებისას სუბსტანცია თითქმის მთლიანად იცვლება, რაც არც ერთ დანარჩენ თვისებას არ შეუძლია. ზოგიერთი საგანი ცალკეული ელემენტის ჭარბი რაოდენობით გამოირჩევა და მასში მომხდარი ოპერაცია სხვა სახით ავლენს საკუთარ თავს, რაც თავის მხრივ სუბსტანციის აბსოლუტურ ცვლილებას არ იწვევს. ეს არის პირველადი თვისების ოპერაცია და მასში შედის დამწიფება, დამუშავება, ხრწნა, აორთქლება, დაჟანგვა, წვა, გაძლიერება, შერბილება, დაბრკოლება, განდევნა, შეერთება, შეკავება, მოზიდვა და მრავალი სხვა. ელემენტალური თვისებები შერეულ სხეულებში უფრო მეტ საქმეს აღასრულებენ, თანაც იმაზე მეტს, ვიდრე საკუთარ თავში დამოუკიდებლად შეუძლიათ. ამ ოპერაციებს მეორადი ხარისხის ოპერაციებს უწოდებენ, რადგან ისინი საკუთარ თავში შეიცავენ პირველადი ხარისხის ბუნებრივ თვისებებს და შერეული სხეულის მეორადი ხარისხის ახალ თვისებებს. ასეთი ცვლილებები ძირითადად სამედიცინო წიგნებში უფრო დეტალურად განიხილება. მაგალითად, მომწიფება არის სითბოს ბუნებრივი ქმედება, სადაც საქმის არსში მატერიის გარკვეული პროპორციები არიან ჩართულნი. გამძლეობა სიცივის ოპერაციაა; ასევე არის შეკვრა, აორთქლება და სხვა დანარჩენი. ასეთი ოპერაციები კონკრეტული სახეობის ქმნილებებზე თავისებურად მოქმედებს: იგი იწვევს შარდის წარმოქმნას, რძის წარმოქმნას, მენსტრუაციის ციკლს და ასე შემდეგ. ამას მესამე ხარისხის ოპერაცია ეწოდება, რასაც თავის მხრივ იწვევს მეორადი ხარისხი, რომელიც პირველადი ხარისხიდან მომდინარეობს. ამიტომაც, პირველი, მეორე და მესამე ხარისხებისა და თვისებების მიხედვით, ბევრი დაავადება როგორც ინკურნება, ასევე წარმოიქმნება. უამრავი საგნის დამზადება ხელოვნურადაც არის შესაძლებელი, რაც ასე ძალიან აინტერესებთ მამაკაცებს: არსებობს ცეცხლი, რომელიც წყალს წვავს და ამას ბერძნულ ცეცხლს ეძახიან; არისტოტელე თავის ერთ კონკრეტულ ტრაქტატში უხვად იძლევა ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ. ანალოგიურად, არსებობს ხელოვნურად შექმნილი ცეცხლი, რომელიც ზეთის მეშვეობით ქვრება და წყლის დახმარებით ინთება. შეგვიძლია მოვძებნოთ ცეცხლის ისეთი ნაირსახეობები, რომლებიც ინთება წვიმით, მზის შუქით ან ქარით. ასევე არსებობს ცეცხლმოკიდებული წყალი, რომელიც სხვას არაფერს წვავს, გარდა საკუთარი თავისა; ხელოვნურად ინთება იმგვარი ცეცხლიც, რომელიც მუდამ ანთია და მას ვერ ჩააქრობს ვერც ზეთი, ვერც წყალი და ვერც რომელიმე სხვა საშუალება. ეს სრულებით წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ არსებობდა ერთი ცნობილი სანათი, რომელიც ვენერას ტაძარში აზბესტის ქვაზე იყო დანთებული. ერთხელ ანთების შემდეგ, იგი საუკუნეების განმავლობაში იყო დანთებული და ვერცერთი არსებული ხერხით მის ჩაქრობას ვერავინ ახერხებდა. ასევე, ხე ან სხვა საგანი შეიძლება იმგვარად მომზადდეს, რომ მისგან წარმოქმნილი ცეცხლი ვერაფერს ზიანს ვერ მიაყენებს. არსებობს გარკვეული ნაწარმი, რომელსაც ხელებზე მალამოს თხელი ფენასავით იზელენ და შედეგად გავარვარებულ და გამდნარ ლითონში ხელების ჩაყოფა ყოველგვარი ზიანის გარეშეა შესაძლებელი.

 

  X. საგანთა ოკულტური თვისებების შესახებ. 

  სხვადასხვა საგნებში გვხვდება განსხვავებული სახის თვისებები, რომლებიც ელემენტებისგან წარმოქმნილნი არ არიან, როგორიცაა შხამი, მინერალთა ორთქლი, მაგნიტური მეტალები და სხვანი. ეს თვისებები ამა თუ იმ სახეობის ან ფორმის გაგრძელებას წარმოადგენენ; მათ მცირე რაოდენობას დიდი ეფექტურობა გააჩნია, მაგრამ არასწორი დოზა სიკვდილს იწვევს, რაც მაგალითად შხამის შემთხვევაში გვხვდება; მისი ზუსტი და გათვლილი დოზა უამრავ საკითხში სასარგებლოა, მაგრამ საჭირო რაოდენობის გარეშე მტანჯველ სიკვდილს იწვევს; ასეთი საგნებიდან არც ერთს ელემენტალური ხარისხი არ ენიჭება. მათ მრავალი ფორმა და მცირე მატერია გააჩნიათ, რის გამოც ძალზედ ძლიერი გავლენების განხორციელება შეუძლიათ; მაგრამ ელემენტალური საგანი, რომელსაც მეტი მატერია გააჩნია, მოქმედებისთვის ბევრი საკითხის ჩართულობას მოითხოვს. ამას უწოდებენ ოკულტურ თვისებებს, ვინაიდან მათი მიზეზები დაფარულია და ადამიანური ინტელექტი ვერანაირად აღწევს მათ აღმოსაჩენად. ამიტომაც, ფილოსოფოსებს მათი ნაწილისადმი წვდომა ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად უფრო აქვთ, ვიდრე მიზეზის ძიებით: კუჭში საკვები შინაგანი სითბოს და მჟავიანობის მოქმედებით შეიწოვება, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ ხდება ეს. ასე რომ, საგნებში, გარდა ელემენტალური თვისებებისა, არსებობს ბუნების მიერ შექმნილი სხვა სახის დანამატები, რომლებიც ხშირად აღფრთოვანებულს და გაოცებულს გვტოვებენ, ვინაიდან ისინი ძალზედ იშვიათად ან არც არასდროს გვინახავს. 

  დიდი ხანია, რაც მატრეასმა საკუთარი ამბით ძლიერი გავლენა მოახდინა ბერძნებზე და რომაელებზე. იგი ჰყვებოდა, რომ გააჩინა და აღზარდა მხეცი, რომელმაც შემდგომში თავადაც შთანთქა იგი. დღემდე ბევრი ფიქრობს, მაინც როგორი უნდა იყოს სინამდვილეში ეს მხეცი? როდის უნდა ამოთხარონ და იპოვონ მიწის წიაღში დამარხული თევზები, რომელთა შესახებაც არისტოტელეს, თეოფრასტეს და პოლიბიოსის ისტორიული ჩანაწერები გვატყობინებენ? და ის რაც პავსანიუსმა დაწერა მომღერალი ქვების შესახებ? ეს ყველაფერი ოკულტური თვისებების ეფექტებია. სირაქლემას კუჭს რკინის გადამუშავება შეუძლია. მედიცინის ფილოსოფოსები ამბობენ, რომ მის კუჭს გამღვალი ლავაც არაფერს ავნებს, რადგან კუჭში არსებული სუბსტანციების შემადგენლობას მისი გადამუშავების ძალა აქვს. სალამანდრები და კალიები ცეცხლში ცხოვრობენ; ისინი ხანდახან იწვებიან, მაგრამ არ ზიანდებიან. არსებობს ამბავი, რომ ამაზონში აღმოჩენილ იარაღებს უბრალოდ მარხავდნენ ან სხვადასხვა ადგილას მალავდნენ, რადგან მათი დაზიანება ან თუნდაც გაკაწვრა შეუძლებელი იყო. მოგვეპოვება ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოხსენიებული კასპიის კარიბჭის ამბავი, რომელიც სპილენძისგან იყო დამზადებული. ბიბლიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ნოეს კიდობანმა მრავალი ათასწლეული გაძლო სომხეთის მთებზე. ასეთი შემთხვევები მრავალია და ისინი მშვენიერია, მაგრამ მათი დაჯერება რთულია, თითქოს მათში სარწმუნო ძალზედ მცირეა; და მაინც, მათი გამოცდილება მრავალგან არის ცნობილი. ანტიკურ გრაგნილებში საუბარია კენტავრების შესახებ, რომლებიც ნახევრად ადამიანს და ნახევრად ცხენს ჰგავდნენ, მაგრამ მეტყველებისა და აზროვნების უნარი ჰქონდათ. იერომემ ერთხელ წმინდა ანტონიუს განდეგილს ესაუბრა, რომელმაც დაგმო წარმართთა შეცდომა, ასეთი მდაბალი არსებებისთვის თაყვანისცემის გამო; წმინდა ანტონიუსი ამბობს, რომ იგი ჭეშმარიტ ღმერთს ევედრებოდა მათი ხსნისათვის. იერომე ადასტურებს, რომ ერთი მათგანი საკუთარი თვალით ცოცხლად ჰყავდა ნანახი, რომელიც შემდგომში იმპერატორ კონსტანტინეს გაუგზავნეს. 

 

  XI. როგორ არის შერწყმული ოკულტური თვისებები რამდენიმე სახის ნივთში, სამყაროსეული სულისა და ვარსკვლავთა სხივების მეშვეობით; რა ვლინდება ყველაზე მკაფიოდ ამ თვისებებში.

  პლატონელები ამბობენ, რომ ყველა არასრულფასოვან სხეულში სრულფასოვანი და უმაღლესი იდეებია ასახული. ახლა ისინი ამ იდეას ფორმის სახით განსაზღვრავენ, რომელიც სხეულებზე, სულებზე და გონებაზე მაღლა დგას; იგია ყველაზე მარტივი, სუფთა, უცვლელი, განუყოფელი, უსხეულო და მარადიული: ყველა იდეის ბუნებაც ამგვარია. ისინი ამ იდეას პირველ ადგილზე ანთავსებენ, რაც თავისთავად ღმერთის სახელით არის ცნობილი. სამყაროს ყოველ წერტილში ადამიანები ერთმანეთისგან მხოლოდ ცაკლეული მოსაზრებებით განსხვავდებიან, მაგრამ იმაში მაინც თანხმდებიან, რომ ღმერთი რაღაც ძალიან დიადი და ძლევამოსილია. მეორე ადგილზე ისინი ათავსებენ სამყაროსეულ სულს, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტური ფორმებით განსხვავდებიან. ყველა არსებული იდეა ღმერთში ერთდროულად, მაგრამ ერთი ფორმით არსებობს: მაგრამ სამყაროსეულ სულში ფორმები მრავალგვარია. იგი მოთავსებულია ყოველი არსების გონებაში, იქნება ეს სხეულთან ერთარსი თუ სხეულისგან განცალკევებული. თუ ისინი სხეულისგან განცალკევებულია, ხარისხობრივად მეტად გამოირჩევიან. ისინი ბუნებაში თავსდებიან, როგორც გარკვეულ იდეათა მიერ გაჟღენთილი ფორმების თესლი, რომელიც ჩრდილების სახით მატერიაში სახლდება. ამას შეიძლება ისიც დაემატოს, რომ სამყაროსეულ სულში არსებობს იმდენივე ძირითადი ფორმა, რამდენი იდეაც არსებობს ღმერთის გონში, რომელთაც იგი ზეცაში, ვარსკვლავებს ზემოთ აყალიბებს და აფიქსირებს.  მაშასადამე ამ ვარსკვლავებზე, ფორმებსა და თვისებებზეა დამოკიდებული არასრულფასოვან სახეობათა თვისებების მთელი ნაკრები. ყველა სახეობას გააჩნია საკუთარი ფორმა ან ფიგურა, რომელიც ქმნილებასთან შესაბამისობაში იმყოფება. იდეები არა მხოლოდ ყოველივე არსებულის მიზეზია, არამედ ყოველი სიბრძნის და ძალის წყაროცაა, რომლებიც ქმნილებებში ვლინდება. სწორედ აქედან გამომდინარე ბევრი ფილოსოფოსი ამბობს, რომ თვისებები, რომლებიც სახეობებში და ქმნილებებში ვლინდება, გარკვეული იდეების მიხედვით გადაადგილდებიან და არამც და არამც შემთხვევითობით. ეს თვისებები თავისთავად არასწორნი არ არიან, მაგრამ მატერიის უწმინდურობისა და უთანსწორობის გამო მრავალი სახის აღრევა ხდება; რამეთუ ამის საფუძველზე გვხვდება ერთი და იგივე სახეობის ქმნილება ან საგანი, რომელიც მეტად ან ნაკლებად ძლიერია; ყოველივე დამოკიდებულია მატერიის სიწმინდეზე ან მის უწმინდურებაზე. ამიტომ, ისეთ საგნებს, რომლებშიც ნაკლებია მატერიალისტური იდეები, მეტი კავშირი აქვთ მატერიისგან განცალკევებულ იდეებთან და კონკრეტული ოპერაციებისთვის უფრო ძლიერ ძალას ფლობენ, როგორც განცალკევებული იდეის მოქმედების შედეგი. ჩვენ ვხედავთ, რომ ზეციერი ფიგურები ყველა იმ შესანიშნავი თვისების მიზეზია, რომლებიც სახეობებში არასრულფასოვნად და უწმინდურად ვლინდება.

 

  XII. როგორ ხდება, რომ კონკრეტული თვისება ცალკეულ ინდივიდში შეედინება, თუნდაც ერთსა და იმავე სახეობაში. 

  ბევრ ადამიანში და მათ შორის კონკრეტულ საგნებშიც იმყოფება თავისებური საჩუქარი, ტალანტი, ნიჭი, რომელიც ძალზედ მშვენიერია და ყოველი მათგანი ზეციური ვარსკვლავების გავლენიდან მომდინარეობს. ყოველი ინდივიდი, როდესაც იგი განსაზღვრული ჰოროსკოპისა და ციური თანავარსკვლავედების კონტრასტში იბადება, საკუთარ თავში შესანიშნავ თვისებებს ატარებს და ხანდახან იტანჯება კიდეც, რაც აგრერიგად აღსანიშნავია. როდესაც სრულებით ვრწმუნდებით, რომ ჩვენში ასეთი რამ არსებობს, გვეუფლება აღტაცებისა და შეშფოთების შეგრძნება, როგორც შეგვეშინდება ხოლმე ჰაერში პირველად აფრენისას. ძალიან ხშირად, როდესაც ზეციური სულები გარკვეულ აზრებს იზიარებენ, მატერია მათ თანხმობაში მორჩილად გადადის: ბუნებაში ისინი საოცრებების სახით ჩნდებიან, წარმოსახვითი მოძრაობის წმინდა ხასიათის გამო. ცალკეულ ინდივიდში ამ ფენომენმა შესაძლოა თავი გამოხატოს რაღაც შემოქმედებითში და ხელოვნურში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდის სული მიდრეკილია იგივეს მიმართ. ეს იგულისხმა ავიცენამ, როდესაც განაცხადა, რომ ამქვეყნად ყველაფრის არსებობის საფუძველი ვარსკვლავებისა და ორბების მოძრაობის კონცეფციებში უნდა ყოფილიყო. ასე რომ, სხვადასხვა ეფექტები, მიდრეკილებები და განწყობები გამოწვეულია არა მხოლოდ მატერიალური სახეცვლილებების გამო (როგორც ბევრი ვარაუდობს), არამედ მრავალი სხვა კოსმიური გავლენისა და ფორმის შედეგადაც; ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული განსხვავება, არამედ თავისებური და სათანადო. მათი ხარისხები ერთმანეთისგან განსხვავებულად არის გადანაწილებული ყველაფრის პირველმიზეზის, ღმერთის მიერ, რომელიც უცვლელია. იგი მრავალი თვისებით ასაჩუქრებს ყველას, ვინც მოესურვება; პირველ რიგში ეს ხდება ანგელოზებში და ვარსკვლავებში, რომლებიც გარკვეული თანამშრომლობის შედეგად მატერიის სხეულებრივ ფორმას განკარგავენ. ამაში შედის სხვა საგნებიც, რაც მათ მორჩილებაში იმყოფება. მაშასადამე, ყოველი თვისება მომდინარეობს ღმერთისგან და სამყაროსეული სულის გავლით ჩვენამდე მოედინება; მსგავსება, განსხვავება, ინტელექტი და სხვა მრავალი რამ კოსმიური სხივების ერთობლიობაზე და ვარსკვლავების ასპექტთა გარკვეულ ჰარმონიულ თანხმობაზეა დამოკიდებული.

 

 XIII. საგანთა ოკულტური თვისებების წარმოშობის შესახებ. 

  ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაგნიტში არსებობს თვისება, რომელიც რკინის სხეულებს მისკენ იზიდავს, ხოლო ბრილიანტის თანმყოფობა მაგნიტს ამ თვისებას უკარგავს და ართმევს. ასევე, გახურებული ქარვა ან აზბესტი არასდროს ქვრება. კარბუნკულის ქვა სიბნელეში ანათებს. აეტიტის ქვას ათავსებენ ფეხმძიმე ქალის ნაყოფის თავთან, რაც ნაყოფის გაძლერებისა და სიჯანსაღის გარანტია, ხოლო მისი წელს ქვემოთ მოთავსება მუცლის მოშლას იწვევს; იასპი სისხლს წმინდავს; ეხენესის თევზი კბილებით ეტანება გემის მუცელს და მის მსვლელობას აჩერებს. ქამელეონის დამწვარი ღვიძლი წვიმებსა და ჭექა-ქუხილს აჩენს; ჰელიოტროპის მინერალი აბრმავებს მხედველობას და შეუმჩნეველს ხდის მას, ვინც ამ მინერალს თან დაატარებს; ლუკურიუსის ქვა თვალებიდან ყოველგვარ ილუზიებს აშორებს; ლიპარისის ქვის სუნამო ათასი ჯურის მხეცს იზიდავს; სინოხიტის ქვა ჯოჯოხეთურ მოჩვენებებს იძახებს; ანახიტის ქვა ღმერთების გამოსახულებებს წარმოაჩენს. ვკითხულობთ მცენარე ლატაცეს შესახებ, რომელთაც სპარსეთის მეფეები თავიანთ ელჩებს მივლინებებში ატანდნენ, რათა უხვი წარმატებითა და სიმდიდრით დაბრუნებულიყვნენ; არსებობს სკვითური ბალახი, რომელიც დაღეჭვისა და პირის ღრუში გაჩერების შემდეგ, ადამიანს თორმეტ დღიან შიმშილსა და წყურვილს გააძლებინებს; როგორც აპულეუსმა თქვა (თავისი ორაკულის სწავლების მიხედვით), არსებობს მრავალი სახის მცენარე და ქვა, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, მაგრამ ამ ცოდნის მისაწვდომობა არ შეიძლება იყოს კანონიერი, რადგან სიცოცხლის სიმოკლის გამო ადამიანები მთელი ძალით ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ ყოველი წმინდა თვისება და ამ მიზნით შეისწავლიან დაფარულ საიდუმლოებებს. მათ რომ საკმარისად დიდი დრო ჰქონდეთ, თვით ღმერთებსაც არ დაინდობდნენ. მაგრამ უშუალოდ საიდან წარმოიქმნება ასეთი თვისებები, წარსულში არც ერთ ბრძენკაცს არ განუცხადებია; არც ჰერმესს, არც ბოუსს, არც აარონს, არც ორფეუსს, არც თეოფრასტუსს, არც თებიტს, არც ზენოთემისს, არც ზოროასტერს, არც ევაქსს, არც დისკორდისს, არც ისააკს, არც ზაქარია ბაბილონელს, არც ალბერტუსს და არც არნოლდუსს; მაგრამ, ყველა ეთანხმება იმას, რასაც ზაქარია წერს მითრიდატეს: რომ ქვებში და მცენარეებში უდიდესი ჰუმანურობა და დიადი ძალის თვისებები იმყოფება. მაგრამ იმის გასაგებად, თუ საიდან მოდის ეს თვისებები, სპეკულაციის უფრო მაღალი სპექტრია საჭირო. ალექსანდრე პერიპატეტიკი იმაზე უფრო შორს არ მიდის, ვიდრე საკუთარი აღქმა და გრძნობები კარნახობს; იგი მოიაზრებს, რომ ეს თვისებები ელემენტებიდან მომდინარეობენ, რაც მართალია იმ შემთხვევაში, თუ საგანი ელემენტალური სახეობიდან მომდინარეობს. მაგრამ ქვებთან დაკავშირებული ბევრი ოპერაცია და წარმომავლობა არც გვარს ეთანხმება და არც წარმომავლობას. ამიტომ, პლატონი და მისი მიმდევრები ასეთ თვისებებს საგნებში არსებული იდეებისა და ფორმების მიხედვით მოიაზრებენ. ავიცენა ამ სახის ოპერაციებს ინტელიგენციებამდე ამცირებს, ჰერმესი მათ ვარსკვლავთა გავლენებს უკავშირებს, ალბერტუსი კი საგანთა სპეციფიკურ ფორმებზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტორები თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, სინამდვილეში, სწორად გაგების შემთხვევაში ყოველი მათგანი სიმართლეს ამბობს: რამეთუ ყველა მათი გამონათვამი საგანთა ერთნაირ ეფექტებს ეხება. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ყველაფრის ალფა და ომეგაა, დასაწყისი და დასასრული. თავსთავად, იგი გადასცემს ძალაუფლების გასაღებებს თავის მსახურებსა და ინტელიგენციებს, რომლებიც თავის მხრივ სრულყოფილი სიკეთით განკარგავენ სასუფევლისა და ვარსკვლავების თვისებებს; ყოველი მათგანი ინსტრუმენტია ღმერთის ჩანაფიქრთა აღსასრულებლად. მატერიაში გამოვლენილი ფორმებიც ასევე სხვადასხვა ინტელიგენციების მიერ იმართებიან, რომლებიც კონკრეტული საგნების მმართველებად და მაკონტროლებლებად არიან დადგენილნი. ასე რომ, ქვები, მცენარეები, მეტალები და ყველა დანარჩენი სხვადასხვა ზედამხედველებისა და მეთვალყურეების მიერ წარმოიქმნება. ამიტომ, ფორმათა სიზუსტე ჯერ იდეებიდან მოდის, შემდეგ მმართველი და მაკონტროლებელი ინტელიგენციებიდან, შემდეგ ზეციერი განკარგვის ასპექტებიდან და ბოლოს, ელემენტების ტემპერამენტებიდან, რომლებიც თავის მხრივ პასუხობენ სასუფევლის განკარგულებებს, იქნება ეს რაიმეს შექმნა თუ განადგურება.  

  მაშასადამე, ყველა ქვაში და მცენარეში საოცარი ძალა და თვისება იმყოფება; მათი უნარები ვარსკვლავებიდან და ვარსკვლავთა მიღმიდან მომდინარეობენ, რომელსაც უზენაესი მიზეზი განკარგავს. ამრიგად, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირში იმყოფება და ზუსტად შეესაბამება ერთმანეთს ჰარმონიულ თანხმობაში; ისინი ადიდებენ ზეციერის ძალაუფლებას, როგორც დანიელ წინასწარმეტყველის წმინდა წერილში, ცეცხლის ღუმელში ჩაგდებული სამი ახალგაზრდა აღავლენდა უფლის სადიდებელ ლოცვას, რადგან ცეცხლის ენები მათ არ ეკარებოდნენ. უფალი აკურთხებს ყველაფერს, რაც კი დედამიწაზე იზრდება, იქნება ეს მიწაში მცოცავი, წყალში მცურავი, ჰაერში მფრინავი, მხეცი, პირუტყვი, ადამიანი თუ სხვა. არ არსებობს ეფექტთა წარმოშობის სხვა მიზეზი, გარდა ყველაფრის პირველ მიზეზისა, რადგან ყველაფერი ღვთაებრივ ნიმუშს და მარადიულ იდეებს შეესაბამება. ზეციერი განკარგულების მიხედვით, სამყაროში ყველაფერს გააჩნია საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა, საიდანაც იგი ცხოვრებისათვის აუცილებელ თვისებებსა და უნარებს ღებულობს. ყოველი თვისება, რომელიც ქვებში, მეტალებში, მცენარეებში, ცხოველებში და ადამიანში ვლინდება, ღმერთს ეკუთვნის, რამეთუ ყოველ საგანში ღმერთი იმყოფება და მასში ცოცხლობს. პირველმიზეზის ქმედებები, რომელიც ინტელიგენციებისა და ანგელოზების მეოხებით ხორციელდება, სასწაულებად არის ცნობილი; არსებობს მეორადი მიზეზი, რომელსაც პლატონი და სხვები დამხმარე მიზეზებს უწოდებენ; იგი მომდინარეობს პირველადი მიზეზის ბრძანებითა და განგებულებით, მისი მოქმედება დაუყოვნებელია და ღმერთი მას აღასრულებს საკუთარი სიამოვნების ან უსიამოვნების მიუხედავად; ამათ ეწოდებათ ღმერთის უდიდესი სასწაულები: ამის შესახებ საუბარია დანიელ წინასწარმეტყველში, ესაია წინასწარმეტყველში, ეზეკიელ წინასწარმეტყველში, იობში და სხვა მრავალში. ქრისტეს ჯვარცმისას მზე დაბნელდა, მაგრამ ყველა წყარო იუწყება, რომ მაშინ სავსე მთვარე იყო და არა ახალი მთვარე (რადგან მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობას ემთხვევა), თუმცა ისიც დადასტურებულია, რომ მზე ნამდვილად დაბნელდა. ამ მოვლენის რაციონალურ მიზეზს ვერ აღმოაჩენს ვერანაირი დისკუსია, ვერც ოკულტური ან რომელიმე სხვა ღრმა მეცნიერება; ასეთი საიდუმლოს მიგნება მხოლოდ ღვთაებრივი საიდუმლოებების შეცნობით არის შესაძლებელი.

 

  XIV. სამყაროსეული სულის შესახებ, თუ რა არის იგი და როგორ აერთიანებს მისი შუამავლობა ოკულტურ თვისებებს კონკრეტულ სუბიექტებთან. 

  დემოკრიტე, ორფეუსი და მრავალი პითაგორელი ყველაზე გულმოდგინედ ეძებდნენ ზეციური საგნების თვისებებსა და უმცირესი საგნების ბუნებას; ისინი ერთხმად ამბობდნენ, რომ არც თუ უმიზეზოდ, ყველაფერი ღმერთით არის სავსე: რამეთუ არაფერი აღმატებული არსებობს, რომელიც ღვთიურ დახმარებას და წყალობას არის მოკლებული. საგნებში განფენილ თვისებებს მათ ღვთაებრივი ძალები უწოდეს; ზოგი მათ სასიცოცხლო ძალას ეძახის, ზოგიც სულს; მათი მიხედვით, საგანთა ჭეშმარიტი ბუნება სწორედ ამ თვისებებზე იყო დამოკიდებული. სულის საკუთრებას წარმოადგენს უნარი, რომ იგი ფართოვდება ერთი ფორმიდან მრავალფეროვან საგნებში, რომელთაც შემდგომში თავად წარმართავს: როდესაც ადამიანი საკუთარ ინტელექტსა და წარმოსახვას შესაცნობი საგნების გასაგებად მიმართავს, იგი საბოლოოდ შეიცნობს ამ საგნებს; სული ერთი საგნიდან ამოდის და მეორეში შედის, ხანდახან ცვლის და აბრკოლებს მოცემულ ოპერაციებს, როგორც ბრილიანტი აფერხებს მაგნიტის მიზიდულობის თვისებას. სული არის პირველი, რაც მოძრაობს და იგი გადაინაცვლებს თავისთავად; მაგრამ სხეული, ანუ მატერია, მოძრაობისთვის უუნაროა და უვარგისი; სხეული ძალიან ნელია და სულთან შედარებით ძლიერ გადაგვარებულია; ამიტომაც ამბობენ, რომ საჭიროა უფრო შესანიშნავი შუამავალი, რომელიც უფრო მეტად ემგვანება სულს და არა სხეულს, რომლის მეშვეობითაც სული შეძლებს სხეულთან ყოფნით გაიხაროს. ზემოთ ნახსენები სწავლულნი ფიქრობენ, რომ ასეთი შუამავალი შეიძლება იყოს სამყაროსეული სული, რასაც ჩვენ კვინტენსეციას ვეძახით: ვინაიდან იგი წარმოქმნილია არა ოთხი ელემენტისგან, არამედ მათზე პირველადი სუბსტანციით, რომელიც ელემენტებზე მაღლა და მათ მიღმა იმყოფება (იგულისხმება ე.წ. "აკაშას პრინციპი", მეხუთე ელემენტი - მთარგმნელის შენიშვნა). სამყაროსათვის საჭიროა ამგვარი სულის არსებობა, რამეთუ აუცილებელია ზეციური სხეულები და მათი გავლენები კავშირში მოვიდეს უხეშმატერიალურ სხეულებთან, რომელშიც ჩვენი ფიზიკური სხეულიც იგულისხმება. ჩვენი სულიერი ძალები სხეულისათვის ცნობილი სწორედ მისი შუამავლობით ხდება, ვინაიდან სამყაროსეული სულის თვისება საკუთარი კვინტენსეციით ყველაფერში შესვლა და გავრცელებაა: მთელს სამყაროში ვერ ვიპოვით ერთ წერტილს, რომელიც მისი სათნოების სიკეთეს თან არ ატარებს. თუმცა სამყაროსეული სული ყველაზე მეტად იმაში იმყოფება, რომელსაც მისი სხივები ყველაზე მეტი ხარისხით აქვს მიღებული. ამრიგად, მზის, მთვარის, პლანეტების და ვარსკვლავების გავლით ყოველი ოკულტური თვისება მცენარეებს, ქვებს, მეტალებსა და ცხოველებს გადაეცემა. შესაძლებელია სამყაროსეულ სულს ბევრად უფრო მომგებიანი გავლენა ჰქონდეს ჩვენზე, თუკი ვინმემ იცის, როგორ განაცალკეოს იგი სხვა ელემენტებისგან: ან თუნდაც იმ ნივთების გამოყენებით, რომელიც ყველაზე მეტად სავსეა ამ სულით. როდესაც სამყაროსეული სული სხეულში ნაკლებად იბოჭება და მატერიით ნაკლებად შეზღუდულია, იგი უფრო ძლიერად და სრულყოფილად მოქმედებს და ასევე უფრო მარტივად გენერირდება მის მსგავსთან: არსებობს გენერაციული და სემინარული თვისებები. ალქიმიკოსები ამ სულის ოქროსგან და ვერცხლისგან გამოყოფას ცდილობენ; როდესაც იგი მართებულად არის განცალკევებული და ამოღებული, შემდგომში მისი პროექცია შესაძლებელია ნებისმიერ მეტალზე, რითაც მოცემული მეტალი ვერცხლად ან ოქროდ იქცევა. ჩვენ ვიცით როგორ კეთდება ეს და ამის მაგალითებიც გვინახავს; მაგრამ ჩვენ აღარ შეგვიძლია ოქროს დავუბრუნოთ თავდაპირველი წონა, რომელიც მას სულის განცალკევებამდე ჰქონდა. იმის გამო, რომ ეს არის ვრცელი ფორმა, მაგრამ არა ინტენსიური, მას არ შეუძლია არასრულყოფილი სხეული სრულყოფილად აქციოს: რასაც მე არ უარვყოფ, მაგრამ ეს შეიძლება სხვა გზითაც განხორციელდეს.

 

XV. როგორ უნდა გავარკვიოთ და შევისწავლოთ საგანთა და თვისებათა არსებითი მხარე, მსგავსების გზით.

  ახლა ჩვენთვის აშკარა ხდება, რომ საგანთა ოკულტური თვისებები ელემენტებიდან არ გამომდინარეობენ, არამედ ზევიდან, რომელიც დაფარულია ჩვენი გრძნობებისთვის და მწირია გაგებისათვის. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ასეთი ფენომენები ვარსკვლავთა სხივების მეშვეობით და სამყაროსეული სულის შუამავლობით ხორციელდება: სხვაგვარად ამის გაგება არც შეიძლება, გარდა ჩვენი გამოცდილებისა და ვარაუდების დაკვირვებისა. ამიტომ, მან - ვისაც სურს ჩაერთოს ამ კვლევაში - უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველაფერი მოძრაობს, ტრიალებს,  უბრუნდება მის მსგავსს და საკუთარი თავისკენ მიდრეკილია მთელი ძალით, როგორც ოკულტური თვისების საკუთრება და როგორც ელემენტალური თვისების ხარისხი. ზოგჯერ იგივე ხდება სუბსტანიცების შემთხვევაშიც, რაც მარილის მაგალითზე გვხვდება; თუ რაიმეს დიდი ხნით ჩადებთ მარილში, თავადაც მარილად გადაიქცევა; ყოველი ქმედების დასაწყისში ქმედება არ ემსახურება საკუთარი თავისთვის რაიმეს დაქვეთებას, არამედ მისთვის მსგავსის და შესაფერისის წარმოებას. ამას აშკარად ვხედავთ გონიერ ცხოველებში: ბალახის ჭამა ცხოველს ბალახად არ აქცევს, იგი მას ინტელექტის განვითარებაში და სასარგებლო ვიტამინების მიღებაში ეხმარება. ყველაფერში არსებობს რაიმე ხარისხის ან თვისების სიჭარბე, როგორებიცაა სიცხე, სიცივე, გამბედაობა, შიში, სევდა, რისხვა, სიყვარული, სიძულვილი ან ნებისმიერი სახის ვნება. ადამიანებში ისინი ან ბუნებრივად არსებობენ ან ხელოვნურად ან სრულიად შემთხვევით, როგორც მეძავში არსებული პატიოსნება. ეს ყველაფერი მოძრაობს და იწვევს სხვადასხვა ხარისხს, ვნებას ან თვისებას. ასე რომ, ცეცხლი გადადის ცეცხლში და წყალი გადადის წყალში; გამბედაობაც თანდათანობით სიმამაცეში და უშიშრობაში გადადის. ფიზიკოსებს შორის კარგად არის ცნობილი, რომ ტვინი ეხმარება ტვინს, ხოლო ფილტვი ფილტვებს. ასევე ნათქვამია, რომ ბაყაყის მარჯვენა თვალი შველის მარჯვენა თვალის ტკივილს, ხოლო მარცხენა მარცხენას, თუ მის თვალს კისერზე ჩამოკიდებული ქსოვილით დავატარებთ. 

  ამის შედეგად ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი ცხოველი, რომელიც უნაყოფოა, მეორეს უნაყოფობასაც იწვევს. ამასთან დაკავშირებით გვატყობინებენ, რომ ქალი არ დაფეხმძიმდება, თუ იგი ყოველ თვე ჯორის შარდს დალევს. თუ ჩვენ რაიმე სახის თვისების აღმოჩენა გვწადია, უნდა ვიპოვოთ ისეთი, რომელშიც ეს თვისება გამორჩეული სახითაა წარმოდგენილი; ჩვენ ამ თვისებაში ან საგანში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, თითქოს ეს არის ყველაზე ენერგიული რამ, რისი განცდაც შეგვიძლია: როდესაც ჩვენში სიყვარულის ვაღვიძებთ, დაე მოვძებნოთ ცხოველები, რომლებიც ყველაზე მოსიყვარულენი არიან, როგორებიცაა მტრედები, კუები, ბეღურები, მერცხლები: და აიღეთ მათი ის ნაწილები, რომელშიც ვენერიული (ვენერიული ანუ სექსუალური) ენერგია/მადა ყველაზე ძლიერია; როგორიცაა გული, სათესლე ჯირკვლები, საშვილოსნო, პენისი ან მენსტრუაცია. ეს უნდა გაკეთდეს ისეთ დროს, როდესაც ცხოველებში სიყვარული ყველაზე მძაფრია: როდესაც ისინი სიყვარულს პროვოცირებენ და გამოხატავენ. ატარეთ ეს ნაწილები სხეულთან ახლოს. ისევე როგორც გამბედაობის გაზრდის მიზნით, იპოვეთ ლომი ან მამალი და აიღეთ მათი გული, თვალები ან შუბლი. უნდა გვესმოდეს, რომ ძაღლები, მამლები და ყვავები სიფხიზლეს ემსახურებიან. ამ კუთხით განსაკუთრებით სასარგებლოა ღამურისა და ბუს გული, თავი ან თვალები. თუ ღამურის ან ყვავის გულს კაცი საწოლთან დაიდებს, იქამდე ვერ დაიძინებს სანამ მას არ მოიშორებს. თუ კაცს მარჯვენა მკლავზე ღამურის თავის ქალას შეაბამთ, როდესაც დაიძინებს ვეღარ გაიღვიძებს იქამდე, სანამ მას არ მოაცილებთ. ბაყაყისა და ბუს გული ან ენა კაცს ენაწყლიანს ხდის. ასევე, თუ წყლის ბაყაყის ენას კაცი ბალიშის ქვეშ ამოიდებს, ძილში ლაპარაკს დაიწყებს. თუ ბუს (Screech owl) გულს მძინარე ქალის მარცხენა მკერდზე დადებთ, იგი მას აიძულებს ძილში ყველა საიდუმლო წარმოთქვას. ასევე ამბობენ, რომ რქიანი ბუს გულიც იგივეს აკეთებს. იგივენაირად მოიქეცით ისეთი ცხოველების შემთხვევაში, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ და ხელს უწყობენ ხანგრძლივ სიცოცხლეს. ასეთ საგნებს თავისთავად აქვთ ძალა განგვაახლონ, ხელი შეუწყონ ჩვენი სხეულის განახლებას, ახალგაზრდობის აღდგენას და მეციდინის ჭეშმარიტმა მოღვაწეებმა იციან, რომ ეს სიმართლეა; ასეთი შესაძლებლობა გვხვდება გველის შემთხვევაში. ცნობილია, რომ ერთი ძველი ერი სიბერეს გველის ჭამით განიახლებდნენ. იგივე წესით, ფენიქსი ხელახლა იბადება ცეცხლისგან, რომელსაც თავად წარმოშობს. გველი და მსგავსი ნაირსახეობის ზოგიერთი ცხოველი ახალგაზრდობას ნამდვილად აღადგენს, როგორც მედეამ აღადგინა მოხუცი პილეასი. ითვლება, რომ დათვის სისხლი, თუკი მისი ჭრილობიდან მალევე ამოიწოვება, კაცს სხეულის სიძლიერეს ანიჭებს, რადგან ეს ცხოველი ყველაზე ძლიერი არსებაა.

 

  XVI. როგორ გადადის საგანთა თვისებები ერთი ნივთიდან მეორეში და როგორ ხორციელდება მათ შორის კომუნიკაცია.

  თქვენ უნდა იცოდეთ, საგანთა ბუნებრივი თვისებების ძალა იმდენად დიდია, რომ ისინი არამარტო საკუთარ თავში ატარებენ ამ ძალას, არამედ გადასცემენ ყველაფერს, რასთან კომუნიკაციის საშუალებაც ექნებათ. ამის მარტივი მაგალითი არის მაგნიტი: იგი მაგნიტად გარდაქმნის ნებისმიერ მეტალს, რასაც იზიდავს; ანუ მას საკუთარ ძალასა და შესაძლებლობას გადასცემს, რასაც ავგუსტინე და ალბერტუსიც იმოწმებს. იგივე წესით, გაბედული, თავზეხელაღებული, თავხედი და გარყვნილი მეძავი იგივე თვისებებს გადასცემს მის გარშემო მყოფ ადამიანებს. გარდაცვლილის სამოსი მწუხარებისა და მელანქოლიის გამომწვევია. ბეღურებისა და მერცხლების ბუდეში გარკვეული ხნით ბეჭდები იდება, რომელიც შემდგომში სიყვარულისა და კეთილგანწყობის საპოვნელად და ასამაღლებლად გამოიყენება. 

 

 XVII. მტრობითა და მეგობრობით საგნათა თვისებების მოძებნისა და აღმოჩენის შესახებ.

  აუცილებელია მიგვაჩნდეს, რომ ამქვეყნად ყველაფერს ერთმანეთის მიმართ გააჩნია მტრობა ან კეთილგანწყობა და ასევე, ყველა საგანს აქვს რაღაც, რისიც მას ეშინია, ანუ მისთვის მტრული და დამანგრეველია. ასევე პირიქით, არსებობს მისთვის რაღაც, რაც მას უხარია, აღაფრთოვანებს და მისი მეშვეობით ძლიერდება. ასე რომ, ელემენტებში ცეცხლი არის წყლის მტერი, ხოლო ჰაერი მიწის, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მაინც თანხმდებიან ერთმანეთთან; და ისევ, ციურ სხეულებში მერკური, იუპიტერი, მზე და მთვარე სატურნის მეგობრები არიან; მარსი და ვენერა სატურნის მტერია; მარსის გარდა ყველა პლანეტა იუპიტერის მეგობარია და ასევე ვენერას და გარდა ყველას სძულს მარსი. იუპიტერს და ვენერას უყვართ მზე, მარსი, მერკური; მთვარე მათი მტერია. სატურნის გარდა ყველას უყვარს ვენერა. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მერკურის მეგობრები არიან; მზე, მთვარე და მარსი მისი მტერია. იუპიტერი, ვენერა და სატურნი მთვარეს მეგობარია, მარსი და მერკური მტერი. ვარსკვლავებს შორის არსებობს სხვა სახის მტრობაც; როდესაც მათ მოპირდაპირე სახლები გააჩნიათ. როგორც სატურნი მზესა და მთვარეზე, იუპიტერი მერკურზე, მარსი ვენერაზე. მათი მტრობა უფრო ძლიერია, რომელთა ეგზალტაციაც საპირისპიროა: როგორც სატურნისა და მზის, იუპიტერისა და მარსის, ვენერასა და მერკურის. მათი მეგობრობა უფრო ძლიერია, რომლებიც საკუთარ ბუნებაში, არსშსი, ძალაში და ხარისხში ერთმანეთს ეთანხმებიან: როგორც მარსი მზესთან, იუპიტერი ვენერასთან; ასევე ხდება მაშინ, როდესაც ეგზალტაცია სხვის სახლშია: როგორც სატურნი ვენერასთან, იუპიტერი მთვარესთან, მზე მარსთან, ვენერა იუპიტერთან, მთვარე ვენერასთან. უშუალოდ როგორი იქნება მათი მეგობრობა და მტრობა, ამ პლანეტათა დაქვემდებარებული საგნების მიდრეკილებები განსაზღვრავენ. ამიტომ, მეგობრობისა და მტრობის განწყობები სხვა არაფერია, გარდა ერთი საგნის მეორე საგნისადმი მიდრეკილებისა. ჰერაკლიტე ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, როდესაც ამბობდა, რომ ყველაფერი მტრობითა და მეგობრობით იყო შექმნილი. თავისთავად ცხადია, მეგობრობისადმი მიდრეკილებები მცენარეებში, ქვებში და ლითონებშიც არსებობს, როგორც მაგნიტს აქვს რკინის მიმართ, როგორც ზურმუხტს აქვს სიმდიდრისა და კეთილგანწყობის მიმართ; იასპს რაიმეს დაბადებაზე, ხოლო აქატს მჭერმეტყველებაზე. იგივე მიდრეკილება გვხვდება მამრობითი და მდედრობითი სქესის პალმის ხეებში: როგორც კი ისინი ერთმანეთის ტოტებს შეეხებიან, ფოთლებიანად ჩაეწნებიან ერთმანეთს და ერთის გარეშე მეორე ნაყოფს არ გამოიღებს. ნუშის ხე, როდესაც მარტო დგას, ნაკლებად ნაყოფიერია. ვაზებს უყვართ თელა და ზეთისხილის ხე. ზეთისხილს უყვარს ლეღვის ხე. ცხოველებში გვხვდება მეგობრობა თუნდაც შავ ფრინველებს შორის, როგორიცაა შაშვი და ყორანი; მეგობრობენ ფარშევანგები და მტრედები, კუები დ თუთიყუშები. ვეშაპს მუდმივად თან დაჰყვება პატარა თევზი, რომელიც მისი მეგობრული თანამგზავრია. ცხოველთა მეგობრობა გვხვდება არამარტო ერთმანეთთან, არამედ სხვა საგნებთან ერთადაც, როგორებიცაა ლითონები, ქვები და მცენარეები; არსებობს მცენარე ქეთნიპი, რომელიც ხვადი კატის გარეშე დარჩენილ ძუს ნაყოფის დამოუკიდებლად ჩასახვაში ეხმარება. ბაყაყებს, გველებს და სხვა სახის ქვეწარმავლებს ძალიან უყვართ მცენარე პულსატილა; ექიმები ამბობენ, რომ თუ მას კაცი შეჭამს, სიცილისგან მოკვდება. როდესაც წავი შხამიან ქვეწარმავლებთან საჩხუბრად მიდის, რუეს მცენარეს ჭამს, რადგან იგი შხამსაწინააღმდეგო პრეპარატებს შეიცავს და წავს სიკვდილისაგან იცავს. სამკურნალო უნარი ცხოველებშიც გვხვდება; თუ გომბეშოს შხამიანი არსება დაკბენს, იგი მცენარეების საჭმელად არ გაიქცევა, არამედ მოიბანს და გაისუფთავებს ნაკბენ ადგილს, რათა შხამის საფრთხისგან თავი დაიზღვიოს. მერცხლებმა გვასწავლეს, რომ ყვითელი გვირილა (Ficaria verna) საოცრად კარგი წამალია მხედველობისთვის, ვინაიდან მერცხლები თავიანთ დაავადებულ ბარტყებს მისით მკურნალობენ. თუ ბუდე პარაზიტებიანი და ჭუჭყიანია, მერცხლები ბუდეში ყვითელი გვირილისა და დაფნის ფოთლებს აფენენ. წეროები და სხვა ჯურის ფრინველნი კუჭს ღებინებით ისუფთავებენ, ყორნები კი იგივეს ქამელეონის შხამით აკეთებენ; დაავადებული ლომი მაიმუნის ხორცის ჭამით გამოჯანმრთელდება. გველისგან და ობობისაგან დაზარალებულები წამალს კიბორჩხალების ჭამით ეძებენ. გველის მიერ დაკბენილი ღორი თავს თავად ამ გველის ჭამით ირჩენს. მოწამლული ყვავები განკურნებას მუხის ხეში ეძებენ. თუ სპილო ქამელეონს გადაყლაპავს და მოიწამლება, საკუთარ თავს ველური ზეთისხილით დაეხმარება. მანდრაგორასგან მოწამლული დათვი ჭიანჭველების ჭამას იწყებს. 

 

 XVIII. მტერთა მიდრეკილებების შესახებ.

  ასევე პირიქით, არსებობს ქმნილებათა და საგანთა მტრული მიდრეკილებები და ისინი ვლინდებიან როგორც ბრაზი, აღშფოთება და ბუნებაში არსებული გარკვეული სახის წინააღმდეგობა, როდესაც ნებისმიერი რამ გაურბის თავის საპირისპიროს და განდევნის საკუთარი არსებისაგან. ასეთი დამოკიდებულება აქვს ამეთვისტოს სიმთვრალის წინააღმდეგ, იასპს სისხლის ცუდი დინებისა და შეურაცხმყოფელი წარმოსახვის წინააღმდეგ, ზურმუხტსა და აგნუსის კაქტუსს ვნების წინააღმდეგ, აქატს შხამის წინააღმდეგ, იორდასალამს ავადმყოფობის წინააღმდეგ, კორალს (წყალმცენარე) მუცლის ტკივილის წინააღმდეგ, ტოპაზს სულიერი ციებ-ცხელების წინააღმდეგ, როგორიცაა სიხარბე, ვნება და სიყვარულის ყოველგვარი გადაჭარბება. მცენარე თავშავა (Origanum) ეწინააღმდეგება შხამიან ბუზს, მას არ იკარებს და წამლავს; თავის მხრივ შხამიანი ბუზები ვერ იტანენ მზეს და სალამანდრებს, ხოლო კომბოსტო ისეთი მომაკვდინებელი სიძულვილით ეზიზღებათ, რომ ერთი მეორეს მიყოლებით ანადგურებენ. კიტრს სძულს ზეთისხილი და მაშინვე დაიკლაკნება, როგორც კი მას შეეხება. ნათქვამია, რომ ყვავის ნაღველი აფრთხობს ადამიანს. არსებობს ბაყაყის გარკვეული სახეობა, Pelodytes punctatus, რომელსაც ცხვრები ისე გაურბიან, როგორც რაღაც მომაკვდინებელს: და რაც უფრო მშვენიერია, ბუნებას ცხვრის ღვიძლში აქვს გამოსახული სიკვდილის ნიშანი, რომელიც საოცრად ემთხვევა ბაყაყის გამოსახულებას. თხებს სძულთ ბაღის რეჰანი, თითქოს მასზე უფრო დამღუპველი სხვა არაფერი არსებობს. ცხოველებს შორის, წავებს და თაგვებს ერთმანეთი არ უყვართ. ხვლიკებს იმდენად ეშინიათ მორიელების, რომ მათი დანახვისთანავე ცივი ოფლის გამომუშავებას იწყებენ; მორიელებს ზეთის მეშვეობით კლავენ, რადგან ზეთში მკვდარი მორიელის მალამო კარგი სამკურნალოა თავად მორიელის შხამისთვის. არსებობს მტრობა მორიელებსა და თაგვებს შორის; ასევე ნათქვამია, რომ გველისთვის არაფერია კიბორჩხალაზე დიდი მტერი; გველისგან დაკბენილი ღორები საჭმელად კიბორჩხალებს ეძებენ, რათა განიკურნონ; მეტიც, როცა მზე კირჩხიბში იმყოფება, გველები იტანჯებიან; მორიელი და ნიანგი ყოველთვის ერთმანეთის მოკვლას ცდილობს; ჩიტი სახელად იბისი, ნიანგს აშეშებს და უძრავს ხდის; ბუსტადის ჩიტი ცხენის დანახვაზე უგზოუკვლოდ იკარგება; ირემი გარბის როგორც ვერძის, ასევე შხამიანი გველის დანახვაზე; სპილო კანკალებს ლომის ღრიალის გაგონებაზე, ისევე როგორც ლომი კანკალებს მამლის ყივილის გაგონებაზე; მტრობა არსებობს მელიებსა და გედებს შორის; ფრინველებს შორის ერთმანეთთან მუდმივი ჩხუბი აქვთ ჩხიკვსა და ბუს, მიმინოსა და ყვავს და სხვა მრავალს. წყლის ცხოველებს შორის დელფინი მტრობს კეფალსა და ქარიყლაპიას, ასევე რამდენიმე სხვა თევზსაც; ლობსტერი და წყლის გველთევზა ერთმანეთს ანადგურებენ; მთის კატა პანტერას დანახვისას ისეთ პოზაში დგება, რომ პანტერას არ შეუძლია მასთან ახლოს მისვლა და ერიდება მას; ნათქვამია, რომ თუ მთის კატის და პანტერას ტყავს ერთმანეთის გვერდით დაკიდებ, პანტერას ბეწვი ცვენას იწყებს. ორუს აპოლონი თავის იეროგლიფებში ამბობს, რომ თუ მთის კატის ტყავი წელზე გაქვთ შემოხვეული, მტრების შუაგულში უშიშრად და უსაფრთხოდ გაივლით. კრავს ძალიან ეშინია მგლის. ნათქვამია, რომ თუ მგლის კუდი, ტყავი ან თავი ცხვრის ტყავთან ერთად ახლოს იქნება და ამას ცხვრებიც ხედავენ, ისინი ძალიან წუხდებიან და ჭამის მადა ეკარგებათ. პლინიუსი ახსენებს ჩიტს, სახელად მერლინს, რომელიც ყვავის კვერცხებს განზრახ ამსხვრევს; მერლინის ბარტყებს მელა აღიზიანებს და ბუდესთან ხშირად უსაფრდება ხოლმე; თუ ყვავები დაინახავენ, რომ მელასა და მერლინს ჩხუბი აქვთ გამართული, ისინი მაშინვე მელას მხარეს დგებიან და მერლინს ერთიანი ძალებით ებრვიან, როგორც საერთო მტერს. თუ ზეთისხილის ხეს მეძავი ქალი დარგავს, იგი მუდამ უნაყოფო იქნება ან მალევე გახმება. ლომს ისე არაფრის ეშინია, როგორც ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნის და ისე არაფრით თვინიერდება, როგორც ჩირაღდნის მეშვეობით; მგელს არ ეშინია არც მახვილის, არც შუბის, არამედ ქვის. ცხენს ეშინია აქლემის. გაბრაზებული სპილო მამლის დანახვისთანავე ჩუმდება; გველს ეშინია შიშველი კაცის, მაგრამ ჩაცმულ კაცს მისდევს. შეშლილი ხარი ლეღვის ხეზე მიბმით მოთვინიერდება.

 

  XIX. საგანთა თვისებების გამოცდილებისა და აღმოჩენის შესახებ, თუნდაც კონკრეტულ ინდივიდში არსებულ განსაკუთრებულ საჩუქართან დაკავშირებით. 

  გასათვალისწინებელია, რომ საგანთა თვისებები გვხვდება სხვადასხვა სახეობებშიც, როგორც მაგალითად სითამამე და გამბედაობა ლომში და მამალში; შიში და სიფრთხილე კურდღელში და ბატკანში; სიძულვილი მგელში; ცბიერება და გამჭრიახობა მელაში; მლიქვნელობა ძაღლში; სიხარბე ყვავში; სიამაყე ცხენში; სიბრაზე ვეფხვში და ტახში; სევდა და მელანქოლია კატაში; ვნება ბეღურაში და ასე შემდეგ. საგანთა თვისებების უდიდესი ნაწილი სახეობათა მრავალფეროვნებას მიჰყვება, თუმცა, ზოგიერთი რამ მასში ინდივიდუალურად არსებობს; ისევე როგორც არსებობენ ადამიანები, რომელთაც საშინლად ეზიზღებათ კატები. ასეთ დროს მათში კატების მიმართ შიში აშკარად არ არსებობს, არამედ ზიზღი, რომელსაც მათი დანახვისთანავე გრძნობენ. ავიცენა მოგვითხრობს მის თანამედროვეზე, რომელსაც შხამიანი არსებები ხშირად კბენდნენ და მაშინვე იხოცებოდნენ, თავად ამ კაცს კი შხამზე რეაქციაც არ ჰქონდა. ალბერტუსი გვიყვება, რომ უბიანების ქალაქში მან დაინახა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ობობებს იჭერდა და ცოცხლად ჭამდა, რითაც ძალიან კმაყოფილი გახლდათ. ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი რამ, რაც ავად არასდროს ყოფილა, კარგი საშუალებაა ავადმყოფობის მოსარჩენად; გარდაცვლილი ადამიანის ძვალი, რომელსაც ცხელება არასდროს ჰქონია, უნდა დაადონ ცხელებიანის სხეულს და გამოჯანმრთელდება. არსებობს უამრავი თვისება, რომელთაც ციური სხეულები ცალკეულ საგნებში ათავსებენ, როგორც უკვე მოვახსენე მკითხველს. 

 

  XX. როგორ იმყოფებიან ბუნებრივი თვისებები ზოგიერთ საგანში მთელი არსებით, ზოგში კი გარკვეულწილად და მცირე პორციით.

  ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ გარკვეული თვისებები საგნებში ან მთლიანად იმყოფებიან ან მხოლოდ მცირე მოცემულობით; მაგალითად, ეხენესის თევზი გემს მხოლოდ კბილების მეშვეობით კი არ აჩერებს, არამედ მთელი თავისი არსებით. ყვითელი გვირილა მთლიანად კარგია მხედველიბისთვის და არა მისი ცალკეული ნაწილები, როგორც ფოთლები და ფესვები. მაგრამ ზოგი თვისება საგანში გარკვეული ხარისხით ვლინდება; მხოლოდ ენაში, თვალში ან სხვა ნაწილში. კაცთა მოსაკლავად ბასილისკოს თვალი ყველაზე ძალადობრივი საშუალებაა; იგივე ძალა გვხვდება მთის კატის თვალში, რომელიც ნებისმიერ სხვა ცხოველს მომენტალურად აშეშებს. არსებობს სარწმუნო ცნობები ილირიაში, სკვითებში და ტრიბალელებში მცხოვრები ქალების შესახებ, რომელთა გაბრაზებული მზერა კაცებს მომენტალურად ხოცავდა. ვკითხულობთ როდოსელ ხალხზე, ტელინელებზე, რომელთაც საკუთარი ხედვით ყველაფერი გააფუჭეს, რის გამოც ისინი იუპიტერმა დაახრჩო. ჯადოქრები ასეთ თვალებს თავიანთ ჯადოქრულ ოპერაციებში იყენებენ. ჭურჭელში ჩადებული და მიწაში მოთავსბეული თხის ნაღველი ბაყაყებს იზიდავს; თხის ღვიძლი პეპლებისა და მატლების მტერია; მელა არ შეეხება ფრინველს, რომელსაც მელას ღვიძლი აქვს ნაჭამი; ადამიანში ძვლები სიცოცხლეს ემსახურება, თვალები მხედველობას, ყურები სმენას. 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff