ნაწილი მეოთხე
XXXIII. სიგილებისა და ბუნებრივ საგანთა სიმბოლოების შესახებ.
ყველა ვარსკვლავს გააჩნია თავისებური ბუნება, მახასიათებელი, თვისება, პირობა, სიგილი და სიმბოლო, რომელთაც ისინი თავიანთი სხივებისა და გავლენების მეშვეობით ახორციელებენ, თუნდაც ისეთ ქვემდგომ ნივთებში, როგორებიცაა ელემენტები, ქვები, მცენარეები, ცხოველები და მათი წევრები, საიდანაც ყველაფერი ღებულობს ჰარმონიულ განწყობილებას და გარკვეული სიგილით აღნიშნავს კონკრეტულ თვისებას, რომელიც განსხვავდება მატერიის სხვა თვისებისაგან, როგორც კონკრეტულად, ასევე რიცხობრივად. მაშასადამე, ყველა საგანს და ნივთს გააჩნია საკუთარი ხასიათი და სიმბოლო, რომელიც კავშირშია მის მმართველ ვარსკვლავთან და განსაკუთრებულ ეფექტს ემსახურება. ასეთი სიგილები შეიცავენ და ინარჩუნებენ თავისებურ ბუნებას, აზრს და თვისებას, რომლითაც მმართველი ვარსკვლავები მათზე გავლენას ახორციელებენ; ისინი აღძრავენ ოპერაციას და ეხმარებიან ვარსკვლავთა გავლენის, ფიქსირებული ვარსკვლავების და ზოდიაქოს ნიშნების მოქმედებას, რამდენადაც ისინი მატერიაში მოქმედებისთვის მზადდება, მათთვის განკუთვნილი დროის ფარგლებში. ძველი სწავლულები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ ამ საკითხით, რამეთუ მათ მიზანს საგანთა ოკულტური თვისებების მიგნება და აღმოჩენა წარმოადგენდა. ჩვენ შევიტყვეთ, რომ ზეციური გავლენები ყველაფერში არსებობს, ამიტომაც წარმოიშვა საგნებზე მკითხაობის მრავალი სახე, როგორებიცაა ქვებზე, მცენარეებზე და ცხოველთა ძვლებზე მკითხაობა. უნდა დავინახოთ, რომ ასეთ უზარმაზარ და ამდენად მრავალფეროვან მასშტაბში არ არსებობს ტრადიციული ცოდნა; ასეთი ცოდნა მხოლოდ რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გვხვდება, რისი შეცნობს საშუალებასაც ადამიანური ინტელექტის საზღვრები გვალძევს; ამიტომ, დავტოვოთ ის, რაც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია მცენარეებში, ქვებში და სხვა საგნებში და შემოვიფარგლოთ მხოლოდ ადამიანის ბუნებით, რომლის შეცნობაც სამყაროს დასანახად ყველაზე სრულყოფილი გამოსახულებაა, ვინაიდან ადამიანი საკუთარ თავში ზეციური სამყაროს მთელს ჰარმონიას ატარებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია მივმართოთ სიგილებს, ბეჭდებს და სიმბოლოებს, როგორც მეტად ეფექტური საგანი. ვარსკვლავთა რაოდენობა, მათი ზემოქმედება და სიმბოლოები თავიდან ბოლომდე მხოლოდ ღმერთისთვის არის ცნობილი. ამიტომ, ვერც ერთი ადამიანური ინტელექტი ვერ შესწვდება ამ ცოდნას. ჩვენთვის რამდენიმე მაგალითი არის ცნობილი, რომელთა აღმოჩენასაც ძველმა ფილოსოფოსებმა და ქირომანტებმა ნაწილობრივ მიზეზის ძიებითა და ნაწილობრივ გამოცდილების შედეგად მიაგნეს; და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დაფარული და შეუცნობელი ბუნების საგნებში. ჩვენ აქ მოვიყვანთ რამდენიმე სიმბოლოს და პლანეტის სიგილს, რომლებიც უძველესი ქირომანტებისთვის იყო ცნობილი. ჯულიანი მათ წმინდა და ღვთაებრივ სიმბოლოებს უწოდებს, ვინაიდან წმინდა წერილის მიხედვით ყოველი ადამიანის ცხოვრება ხელის გულზე წერია. ყველა ერში, ყველა ენაში და რასაში ეს მოცემულობა არის ერთნაირი და მუდმივი, რომელსაც დროთა განმავლობაში მრავალი აღმოჩენა დაემატა და შემდგომში კიდევ დაემატება. ჩვენთვის აქ საკმარისია იმის ჩვენება, თუ საიდან მომდინარეობენ ბუნების სიმბოლოები და რომელ საგნებში უნდა გამოვიკვლიოთ ისინი.
მთვარის წმინდა სიმბოლო
XXXIV. როგორ მოვიხმოთ ბუნებრივ საგანთა თვისებები და მოვიზიდოთ ზეციური სხეულების გავლენები.
თუ გსურთ მიიღოთ გარკვეული თვისება სამყაროს ნებისმიერი კუთხიდან ან რომელიმე ვარსკვლავისაგან, გამოიყენეთ საგნები, რომლებიც კონკრეტული ვარსკვლავის გავლენის ქვეშ არიან, ისევე როგორც ხე შეესაბამება ცეცხლის წარმოქმნას, მასში არსებული გოგირდისა და ზეთის გამო. როდესაც რომელიმე სახეობის ნივთს მიმართავთ, სწორად გაითვალისწინეთ შესაბამისობა და არ მიმოფანტოთ ერთმანეთში სხვადასხვა გავლენის მქონე საგნები; ისინი უნდა შეესაბამებოდეს ერთ იდეას და ვარსკვლავს, რომელიც სამყაროსეული სულის საშუალებით უნიკალური საჩუქრით ან აზრით არის გაჟღენთილი. მე ვიყენებ სიტყვა "მორგებას" და მასში ვგულისხმობ ერთმანეთისადმი ჰარმონიულად დაქვემდებარებულ საგნებს, რასაც მატერიაში გარკვეული თვისება შემოაქვს. ვინაიდან ჩვენს მიერ ნახსენები საგნები გარკვეულ უპირატესობებს ფლობენ, მათი თვისებები დაფარულია და რაიმე განსაკუთრებული ეფექტი იშვიათად ხორციელდება; ისინი დამალულია როგორც მარცვალში დამალული მდოგვის მარცვალი, როგორც ხახვის ან რძის წვენზე დაწერილი ასოები, რომლებიც ცეცხლის გარეშე უხილავნი არიან ან როგორც ქვაზე თხის ქონით დაწერილი წერილი, რომელიც მთლიანად შეუმჩნეველია, სანამ ქვას ძმარში არ ჩავდებთ, რათა ასოები გამოჩნდენ. მაგალითად, თუ გვსურს, რომ მზისგან მოვიზიდოთ გარკვეული თვისება, მოვძებნოთ სოლარული მცენარეები, ქვები, ლითონები და ცხოველები და გამოვიყენოთ ისინი ყოველდღიურობაში, რამეთუ სოლარული წესრიგის მიხედვით, მათი გავლენა უფრო მაღალია და მათ უშუალოდ მზესთან აქვთ კავშირი. ასე რომ, თქვენ უნდა გამოიხმოთ მზის სხივებისგან უნიკალური თვისება, რომელსაც იგი სამყაროეული სულის და სეზონების მეშვეობით აგზავნის დედამიწაზე.
XXXV. ბუნებრივ საგანთა ნარევების და მათი სარგებელის შესახებ.
ყველაზე აშკარაა, რომ ქვემდგომ ბუნებაში უმაღლეს ორგანოთა ყველა თვისება და გავლენა სათანადოდ აღმოჩენილი არ არის, არამედ ისინი ჩვენს შორის არსებულ მრავალ საგანშია მიმოფანტული. არსებობს ბევრი სოლარული ნივთი, მაგრამ ყველა მათგანი როდი ფლობს ყველა მზის თვისებას. ამიტომ, ზოგჯერ საჭიროა ოპერაციებში ვფლობდეთ ნარევებს, რამეთუ მზის ასობით და ათასობთ თვისება სხვადასხვა მცენარეებში, ქვებში, ცხოველებში და სხვა საგნებშია გადანაწილებული. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ყოველი მათგანი ერთ ფორმაში, სადაც ყველა ზემოთაღნიშნული თვისება იქნება გაერთიანებული. არსებობს ორმხრივი ნარევი: პირველი, რომელიც თავდაპირველად არსებობს მიწიერ და ზეციურ საგნებში და მეორე, რომელიც მიიღება ხელოვნური ნარევით, გარკვეული პროპორციების შესაბამისად. ასეთი თვისება მატერიაში ეშვება და მიდრეკილია მსგავსისკენ, რომელსაც ხარისხობრივად შეესაბამება. ასე რომ, მცენარეთა გარკვეულ ნარევებს, რომლებიც ნატურალური ფილოსოფიის და ასტრონომიის მიხედვით არის შედგენილი, გააჩნიათ შესაბამისი თვისება და ხარისხი, რაც ვარსკვლავთა მრავალი უნარით არის დაჯილდოებული. ამის კარგი მაგალითია თაფლი, ვინაიდან ფუტკარი თაფლს ათასობით ყვავილის ნექტრიდან ღებულობს, მასში გაერთიანებულია უამრავი თვისება და ერთ საგანშია მოქცეული, რომელიც ფუტკართა ღვთაებრივი ხელოვნების ჩარევით მზადდება. ეუდოქსუს გიუდიუსი გვაწვდის ინფორმაციას ლიბიაში მცხოვრები გიგანტების გარკვეული ერის შესახებ, რომლებიც თაფლს ხელოვნურად, ფუტკრების გარეშე ამზადებდნენ და იგი ფუტკრის თაფლს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ისევე როგორც ორი ხის დამყნობა არის შესაძლებელი, ასევე შეიძლება შევქმნათ გარკვეული ოკულტური თვისებების ჭურჭელი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა საგნის გაერთიანება და მათ შორის, ცხოველის ქვად გადაქცევაც. მაგალითად, აბანოზი ერთდროულად არის ხეც და ქვაც. მაშასადამე, როდესაც ვინმე საგანთა ნარევს ზეციური გავლენების ქვეშ აკეთებს და ამავდროულად ბუნებრივ ძალებს იყენებს, ისინი საოცარ შედეგებს იწვევენ. მსგავს ნარევთა შესახებ საუბარია ქირამისის, არქიტას, დემოკრიტეს და ჰერმესის შრომებში.
XXXVI. შერეულ საგანთა კავშირის, უფრო დახვეწილ ფორმათა შემოღებისა და სიცოცხლის შთაბერვის შესახებ.
უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენად კეთილშობილი და დახვეწილია რაიმე ნივთის ფორმა; რაც უფრო დახვეწილია ფორმა, მით უფრო მიდრეკილია სრულფასოვანი მიღებისათვის და მისი გავლენაც მეტად ძლიერია. შედეგად, საგანთა თვისებები მშვენიერი ხდება. როდესაც შერეული საგნები მატერიაში სეზონთა მიხედვით თავსდება, ისინი ცოცხლდებიან ვარსკვლავთა გავლენის შედეგად და რაც უფრო გონივრულია სული, მით უფრო კეთილშობილური ფორმა გააჩნია. საგნებში, რომლებიც სიცოცხლეს იღებენ, ძალიან დიდი ძალა იმყოფება, ვინაიდან შერეულ საგანთა სრულყოფილი ნაზავი ყოველგვარ წინააღმდეგობას არღვევს. ცხოვრებისათვის სრულყოფილ საგანთა მიღება წინააღმდეგობის მიმართ არსებულ ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სასუფეველი ყოველივე არსებულის დასაბამია და იგი სიცოცხლეს ანიჭებს ზეციურ გავლენებსა და მშვენიერ ძღვენებს იმ შესაძლებლობათა შესაბამისად, რომელსაც ცხოვრება საკუთარ თავში მოიცავს. ტრანსფორმაციული გავლენების შედეგად ხშირად წარმოიქმნება სხვადასხვა ამაზრზენი სახეობის ქმნილებებიც, რომელიც ბუნების კანონებს არ ექვემდებარება; მაგალითად, ჭიებისაგან წარმოიქმნება კოღოები, ცხენისა და ხარის განავალი წარმოშობს ბზიკების ნაირსახეობას, გამომშრალი და დანაწევრებული იხვის წყალში მოთავსება ბაყაყებს წარმოქმნის, მაგრამ თუ მას გამოვაცხობთ და ნაჭრებად დავანაწევრებთ, ტენიან ადგილას მიწაში მოთავსების შემდეგ მისგან გომბეშოები წარმოიქმნება. ბაღის ბაზილის დანაწევრება და ორ ქვაში მოთავსება მორიელებს აჩენს. მენსტრუაციის დროს ქალის მოჭრილი თმების ნაკელში ჩადება გველებს წარმოქმნის. წყალში ჩადებული ცხენის კუდი მომაკვდინებელ ჭიას წარმოშობს. არსებობს ხელოვნება, რომლითაც შესაძლებელია ქათმის კვერცხისგან ადამიანური ფორმის გამოყვანა, რომელიც თავადაც მინახავს და მისი გაკეთებაც შემიძლია; მაგები ამბობენ, რომ ასეთი ქმნილებები საოცარ ოსტატობას ფლობენ და მათ ჭეშმარიტ მანდრაგორას უწოდებენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომელი საგნები არიან ბუნებრივნი ან ხელოვნურნი და ასევე, რომელ მათგანს შეუძლია ვარსკვლავთა გავლენის მიღება. როდესაც ზეციურ ვარსკვლავთა გავლენების განხორციელებას ხელს არაფერი უშლის, საგნები იტანჯებიან, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს მათი თვისება. მატერია რაც უფრო სუფთა და დახვეწილია, მით უფრო შეუფერებელია ვარსკვლავთა გავლენისათვის. საკითხი უკავშირდება სამყაროსეული სულის მუდმივობას, რომელიც ყოველდღიურად მიედინება ბუნების მიერ შექმნილ საგანთა შორის; ამიტომაც, შეუძლებელია რომ გამზადებულმა მატერიამ არ მიიღოს სიცოცხლე ან უფრო დახვეწილი ფორმა.
XXXVII. როგორ უნდა მოვიზიდოთ ზოგიერთი ბუნებრივი ან ხელოვნური პრეპარატების მეშვეობით გარკვეული ზეციური და სასიცოცხლო ძღვენები.
პლატონელები, იარქუს ბრაჰმანუსთან, მეკუბალებთან, ებრაელებთან და ჰერმესთან ერთად თანხმობით ამბობენ, რომ ყოველი სამყაროსეული საგანი ექვემდებარება თაობათა ცვლას, ხრწნას და იგივე გვხვდება ზეციურ საგნებშიც, მაგრამ ზეციური კანონების თავისებურებით; ასევე იგივე გვხვდება ინტელექტუალურ სამყაროშიც, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი მანერით. ყოველი ქვემდგომი საგანი ამისდა მიხედვით უნდა პასუხობდეს ზემდგომ საგნებს, რომელიც თავის მხრივ უზენაესი მიზეზიდან მომდინარეობს, რასაც კვინტენსეციას ან სულიერ სამყაროს ვუწოდებთ. მსგავსი კავშირებიდან მომდინარეობს მთელი მაგიის და ოკულტური ფილოსოფიის არსი, რომელიც ყველა ქმნილებაში მიედინება. ყოველდღიურად რაღაც ბუნებრივი საგანი ხელოვნებაში გამოვლინებას იზიდავს და ასევე ღვთაებრივი საგანი ბუნებრივ გამოვლინებას იზიდავს, რასაც ეგვიპტელები ნატურალურ მაგიას უწოდებენ; ყოველი მაგიური ძალა მიდრეკილია მსგავსისკენ და თავისთვის შესაფერის საგანს იზიდავს. ასეთი მიზიდულობები საგანთა შორის ურთიერთთანხმობაში იმყოფებიან, რითაც ზემდგომი უკავშირდება ქვემდგომს და პირიქით: ამას ბერძნები სიმპათიას (συµπαθιαν) უწოდებენ. ასე რომ, მიწა თანხმობაში მოდის წყალთან, წყალი ჰაერთან, ჰაერი ცეცხლთან და ცეცხლი ზეციურ წყალთან. ცეცხლი ნაკლებად მიდრეკილია წყალთან შერევით, ასევე ჰაერი ნაკლებად მიდრეკილია მიწასთან შერევით. ასე რომ, არც სული არის მთლიანად ერთიანი სხეულთან, არამედ სხეულთან მეტად ერთიანია სამშვინველი (spirit). ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც სამყარო პატარა ბავშვის სხეულს მატერიისთვის ამზადებს, იგი ამ მომზადებით სამყაროდან სამშვინველს ღებულობს. სამშვინველი არის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება სულის, გონების და ღმერთის რეალიზაცია; ისევე როგორც ხე არის ზეთის ტრანსპორტირების საშუალება, ხოლო ცეცხლი სითბოს გამოვლინების საშუალებაა. ამ მაგალითებით ვხედავთ, თუ როგორ ხორციელდება ბუნებრივი ან ხელოვნური პრეპარატების მეშვეობით ზეციური და სასიცოცხლო ძღვენების მიღება. ქვებსა და მეტალებს საკუთარი შესაბამისობა აქვთ მცენარეებთან, მცენარეებს თავის მხრივ ცხოველებთან, ცხოველებს ზეცასთან, ზეცას ინტელიგენციებთან, ხოლო ინტელიგენციებს ღვთაებრივი თვისებებით და ატრიბუტებით ღმერთთან, რომლის ხატად და მსგავსად არსებობს ყველაფერი, რაც კი სამყაროში იქმნება. ღმერთის უპირველესი გამოსახულება არის თავად სამყარო, შემდეგ ადამიანი, მხეცი, მცენარე და სხვა. სულიერ საკითხებში მცენარე ეთანხმება მხეცს (ადამიანური გაგებით), ადამიანი შეცნობის ხარისხის მიხედვით ჰგავს და ეთანხმება ანგელოზს, ხოლო ანგელოზი ღმერთის უკვდავებას. ღვთაებრიობა არსებობს გონებაში, მაგრამ გონებაში ღვთაებრივი ანექსირებულია; გონება თანხმობაში მოდის ინტელექტთან, ინტელექტი განზრახვასთან, განზრახვა წარმოსახვასთან, წარმოსახვა შეგრძნებასთან, ხოლო შეგრძნება საგნებთან. ეს არის ბუნების უწყვეტობა, ვინაიდან ზემდგომი და ყოველგვარი უპირატესი სიბრძნე გრძელი და უწყვეტი სერიებით მიედინება ყველა ქვემდგომ ქმნილებაში და ფანტავს საკუთარ სხივებსა და გავლენებს უკანასკნელ ნივთებამდეც; ქვემდგომი კავშირშია ზემდგომთან, ხოლო ზემდგომი უზენაესთან. ზემდგომში უმცირესი მოძრაობა სიმების რხევების მსგავსად გავლენას ახდენს ქვემდგომ ქმნილებებზე.
XXXVIII. როგორ შეგვიძლია გამოვიხმოთ არა მხოლოდ ზეციური და სასიცოცხლო, არამედ გარკვეული ინტელექტუალური და ღვთაებრივი ძღვენები.
მაგები ასწავლიან, რომ ზეციური ძღვენები შესაძლებელია დაექვემდებაროს ქვემდგომ ქმნილებებს ხელსაყრელი გავლენით. ძღვენთა მიღება შესაძლებელია ასევე ციური ანგელოზებისაგან, ვინაიდან ისინი ვარსკვლავთა მსახურები არიან. ლამბლიკუსი, პროკლუსი და სინესიუსი, პლატონელთა მთელს სკოლასთან ერთად ადასტურებენ, რომ შესაძლებელია არამარტო ზეციური და სასიცოცხლო ძღვენების მიღება, არამედ გარკვეული ინტელექტუალური, ანგელოზური და ღვთაებრივი ძღვენების გამოხმობაც, რომელთაც სამართლიანი და ძლიერი გავლენა გააჩნიათ ნატურალისტური ფილოსოფიის კანონებისა და ასტრონომიის მიხედვით; მერკურიუს ტრისმეგისტუსი წერს, რომ სწორად შერჩეული გამოსახულება, რომელიც გარკვეულ ანგელოზს შეესაბამება, თავადაც წარმოაჩენს ამ ანგელოზის თვისებებს. იგივეს აღნიშნავს წმინდა ავგუსტინე თავის მერვე წიგნში, "ღმერთის ქალაქში" (De Civitate Dei). ვინაიდან სწორედ ეს არის სამყაროს ჰარმონია: ზეღვთაებრივ საგნებს ქვემოთ იხმობს ზეციური საგნები, ხოლო სუპერნატურალურს - ნატურალური, რადგან ერთი მოქმედი თვისება ყველა დანარჩენ ნივთშია მიმოფანტული, რომლის მეშვეობითაც ცხადი საგნები ოკულტურ მიზეზთაგან წარმოიქმნება. ასე რომ, მაგი იყენებს საგნებს, რათა მოახდინოს ოკულტურ საგანთა მანიფესტაცია. ასეთი ოპერაცია ხორციელდება ვარსკვლავთა სხივების, სინათლის, ბგერებისა და ბუნებრივი საგნების მეშვეობით, რაც მისაღებია ზეციურისთვის; სხეულებრივი თვისებების გარდა მათში არსებობს სხვა სახის მიზეზი, გრძნობა, ჰარმონია, ღვთაებრივი ზომა და ბრძანება. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ანტიკურ დროში ხალხს დიდად არ სჩვეოდათ ღვთაებრივი და შესანიშნავი ძღვენების მიღება ნატურალური ნივთების მეშვეობით: ქვა, რომელიც მთის კატის თვალიდან არის ამოღებული, ენის ქვეშ მოთავსების შემდეგ ადამიანს წინასწარმეტყველების უნარს ანიჭებს. იგივე უნარს იძლევა მთვარის ქვის, სელენიტის ტარება. ანახიტის ქვა ღმერთების გამოსახულებებს წარმოაჩენს და სინოხიტის ქვას შეუძლია გამოიძახოს გარდაცვლილთა აჩრდილიც. როგორც პლინიუსი გვატყობინებს, იდენტურ ქმედებას ახორციელებს მცენარე აგლაოფოტისი (Aglauphotis). მცენარე, სახელად რეანგელიდა (Rheangelida), რომელსაც მაგები სვამენ, იწვევს წინასწარმეტყველების უნარს. უფრო მეტიც, არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც გარდაცვლილს სიცოცხლეში აბრუნებს. ქსანთუს ისტორიკოსი ყვება, რომ ერთი კონკრეტული მცენარის მეშვეობით მან დრაკონი მოკლა და შემდეგ კვლავ გააცოცხლა. ამ საკითხის შესახებ დისკუსიას შემდეგ ქვეთავში განვაგრძობთ. აშკარაა, რომ მსგავსი ქმედების განხორციელება სხვა ცხოველებზეც შეგვიძლია. დამხრჩვალი მწერები და ბუზები თბილ ფერფლში ჩაყარეთ და გაცოცხლდებიან. დამხრჩვალი ფუტკრები მცენარე ქეთნიპის წვენში მოათავსეთ და გაცოცხლდებიან. გაუწყლოებისაგან მკვდარი გველთევზა მოათავსეთ ტალახში და ჩაასხით მასში ძმარი და სვავის სისხლი; იგი რამდენიმე დღეში გაცოცხლდება. ვარხვი საკუთარ ბარტყს თავისი სისხლის მიცემით აბრუნებს სიცოცხლისაკენ.
XXXIX. მატერიაში მანიფესტირებადი საგნების შესახებ, რომლის მოხმობაც ადამიანს ხელეწიფება; სამყაროს ღმერთებისა და მათი მსახური სულების შესახებ.
არავინ უწყის, რომ ადამიანს გარკვეული ხელოვნების ჩარევით ხელეწიფება ბოროტი სულების შექმნა და როგორც ფსელუსი იმოწმებს, ბოროტი ჯადოქრები ასეთ ხელოვნებას ფლობენ. ასეთ ქმნილებებს გააჩნიათ ამაზრზენი და საზიზღრად ბინძური მახასიათებლები, რაც წარსულში ჯერ კიდევ პრიაპუსის მსხვერპლშეწირვისა და მათი კერპის, პანის თაყვანისცემის დროს ხდებოდა. მსხვერპლშეწირვა ასეთ დროს სრულიად შიშველი სახით, გენიტალიების დაფარვის გარეშე ხორციელდებოდა. ეს ყველაფერი არც ისე განსხვავებულია (მხოლოდ მაშინ, თუ იგი ჭეშმარიტებაა და არა იგავი) ამბებში, რომელიც ძველი საეკლესიო ერესის საზიზღარ მწვალებლობაზე მოგვითხრობს. ასეთები და ამის მსგავსნი ხშირად ვლინდება ჯადოქრებში და ალქაჯებში. ამგვარი ქმედებებით სამყაროში შემოდის ბოროტეული სულები. ერთხელ, კინოფსის ჯადოქარ იოანეს ერთ-ერთი ბოროტი სული ესაუბრა; იოანე ამბობს, რომ სატანას მთელი ძალაუფლება დედამიწაზე იმყოფება, აქ ცხოვრობს და მისდამი დაქვემდებარებული ლეგიონები უამრავ საგანსა თუ მოვლენას განაგებს. ისინი ჩვენ გვემორჩილებიან, ისევე როგორც ჩვენ ვემორჩილებით მათ. ასევე პირიქით, ისევ და ისევ მცირემ თუ უწყის, რომ ადამიანისთვის შესაძლებელია ზეციურ ანგელოზებთან და წმინდა სულებთან კავშირი კეთილი საქმის კეთებით, სუფთა გონებით, ფარული ლოცვებით, ღვთისმოსაობით და სხვა მსგავსით. მაშასადამე, ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ სამყაროსეული ღმერთების აღზევება ადამიანებს ხელეწიფებათ, ასევე მათი მსახური სულების მანიფესტირებაც, როგორც მერკურიუსი (ჰერმეს ტრისმეგისტუსი) ამბობს ჰაერის სულებზე; არა ზეციერზე, არამედ ბევრად უფრო მაღალზე. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ანტიკურ ხანაში მღვდლები და მსახურები ქმნიდნენ ქანდაკებებს, გამოსახულებებს, წინასწარმეტყველებდნენ მომავალს და აცოცხლებდნენ ვარსკვლავთა სულებს. ასეთ ქმნილებებს შეუძლიათ საგანთა მართვა, წმინდა ქადაგება და სასწაულების აღსრულება, რომელთაც ბოროტი სულები არ აკეთებენ, როდესაც ადამიანის სხეულს ისაკუთრებენ.
XL. მაგიური კავშირებისა და ბმების შესახებ.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ნატურალური საგნებისა და მათი საოცარი ეფექტურობის შესახებ. ახლა ჩვენ გვესმის რომ არსებობს ადამიანის კავშირი სიყვარულთან, სიძულვილთან, ავადმყოფობასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა მრავალთან. ასევე არსებობს კავშირები ქურდებსა და მძარცველებს შორის, რომ მათ არ შეეძლოს ნებისმიერ ადგილას მოპარვა. კავშირია ვაჭართა შორის, რათა მათ არ შეეძლოს გაყიდვა ნებისმიერ ადგილას. არსებობს ჯარის ბმა, რათა მასში ვერავინ გაატანოს, ასევე წისქვილის ან წყლის ბმა, რათა მათში წყალი არ ამოიწუროს. გვხვდება მიწის კავშირი, რათა მან ნაყოფი არ გამოიღოს და რაიმე ადგილის შებოჭვა, რომ მასზე ვერაფერი აშენდეს. არსებობს ცეცხლის შებოჭვა, რათა იგი სუსტი იყოს და არ დაწვას აალებადი ნივთი. ასევე გვხვდება ჭექა-ქუხილის და ქარიშხალის შებოჭვა, რათა მან არაფერი დააზიანოს. ასეთი მოვლენების არსებობა ნაკლებად სარწმუნოა მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოცდილებით არის ცნობილი. ასეთი ქმედების შესრულება მიეწერებათ ჯადოქრებს, მალამოებს, სასიყვარულო ელექსირებს, ნივთებს, ბეჭდებს, ხიბლებს, წარმოსახვის ძლიერ შებოჭვას, ვნებას, ბგერებს, მოჯადოებას, რიცხვებს, წინააღმდეგობებს, მსხვერპლს, ფიცს, სიტყვას, მოწოდებას, ხსოვნას, ერთგულებას, კურთხევას, ცრურწმენას, დაკვირვებას და სხვას.
XLI. მაგთა ძალაუფლების შესახებ.
მაგთა ჭეშმარიტი ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მათ ძალუძთ დაარღვიონ, მოიხმარონ ან შეცვალონ ყველა არასრულფასოვანი საგანი. ხშირად ისინი ბნელ ხელოვნებასაც ფლობენ. არსებობს ჯადოქრული ოპერაციები, რომლებიც იწვევს სიყვარულს ან მის გაქრობას. აპულეუსი გვიყვება ქალზე, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის თმებით სასიყვარულო შელოცვებს აკეთებდა. მათ რიტუალებში ხშირად გამოიყენება ცხვირი, თითები, ფრჩხილები, თმები, სისხლი და მხეცის კბილები. ასევე გამოიყენება ძროხის რძე და მთის თაფლი. ჯადოქრები კაცთა თმებს ახვევენ და ცეცხლის ალზე წვავენ, ხოლო ასეთ დროს მაგიის დაუძლეველი ძალითა და ღმერთების ბრმა ძალით, დამწვარი თმის პატრონი გრძნობს რიტუალის ჩანაფიქრს და სიხარულით ბრუნდება სახლში, უხარია, ცეკვავს ან ცუდი განზრახვის შემთხვევაში უბედურება ემთხვევა, იკარგება ან თავს იკლავს. ავგუსტინე იტყობინება, რომ მას სმენოდა ჯადოქარ ქალთა შესახებ, რომელთაც ადამიანების პირუტყვებად გადაქცევა და შემდეგ მათი ისევ ადამიანურ ფორმაში დაბრუნება შეეძლოთ.
XLII. გარკვეულ მაგიურ უნართა შესანიშნავი შესაძლებლობების შესახებ.
ახლა მე დაგანახებთ, რა სახის შესანიშნავ გავლენებს განახორციელებენ გარკვეული მაგები და მათი უნარები; ამ მაგალითთა საფუძველზე შესაძლოა გაგვეხსნას ბილიკი მთელი საგანის განსახილველად, რაც მათ ეხება. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი ნივთიერება არის სისხლი, ხოლო უშუალოდ რა სახის ძალას ფლობს იგი მაგიაში, ამას ახლავე განვიხილავთ. ახლად დაყენებულ ღვინოში ჩამატებული სისხლის წვეთი მას მჟავე გემოვნებას აძლევს, ხოლო თუ სისხლი ვაზს შეეხება, სამუდამოდ აფუჭებს მას. სისხლი ახმობს ამქვეყნად ყველა მცენარეს და ნებისმიერ ხეს უნაყოფოს ხდის. სისხლი ბაღის ყვავილებს წვავს და ხეებიდან ნაყოფებს მიწაზე ყრის. იგი აშავებს მინის სიკამკამეს და ჟანგავს რკინას და სპილენძს. სისხლს მძაფრი სურნელი აქვს, რომელიც ძაღლებს ჭკუიდან შლის, თუკი მის გემოს გასინჯავენ. ადამიანის სისხლის დაგემოვნება ძაღლს აცოფიანებს, ხოლო გაცოფებული ძაღლის ნაკბენი განუკურნებელია და სიკვდილს იწვევს. სისხლს შეუძლია დახოცოს სკაში დაბუდებული ყველა ფუტკარი და იგი თეთრეულს აშავებს. მენსტრუალური სისხლით დამბალი სამოსი კურნავს წყლის შიშს და იგი ერთადერთი წამალია ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი კაცისთვის, თუ გვინდა, რომ ადამიანმა წყლის დალევა შეძლოს; ასეთ დროს მენსტრუალური ნაჭერი ჭიქის ან წყლის თასის ქვეშ უნდა გავფინოთ. მენსტრუაციის ციკლის დროს თუ ქალი დაყრილ სიმინდზე ფეხით გაივლის, სიმინდს მოსცილდება ყველა პეპელა, მატლი, ხოჭო, ბუზი და სხვანი. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს პროცედურა მზის ამოსვლამდე კეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმინდს გასახმობად გაწირავენ. პლინიუსი ახსენებს, რომ სისხლს შეუძლია სეტყვის, ქარიშხლისა და ელვის გამოწვევა. მენსტრუალური სისხლი მეტად შხამიანია მთვარის კლებადობის ფაზაში და კიდევ უფრო შხამიანია თუ იგი კლებადობასთან ერთად მთვარის ზოდიაქალურ ცვლილებას ემთხვევა; მაგრამ, თუ მენსტრუაცია მზის ან მთვარის დაბნელებას ემთხვევა, იგი ყველაზე მომაკვდინებელი და განუკურნებელი შხამია. მენსტრუალური სისხლი ყველაზე ძლიერია ქალწულის მენსტრუაციის პირველ წლებში; თუ ასეთ დროს გოგონა სისხლიანი ხელებით სახლის საძირკველ ძელებს შეეხება, ვერანაირი ბოროტმოქმედება სახლში ვერ შეაღწევს.
აპოლონიუსი თავის „არგონავტიკაში“ პრომეთეს ბალახს ახსენებს, რომელიც მისი თქმით კავკასიონის კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთეს დაღვრილი სისხლისგან იზრდება, რომლის ღვიძლსაც არწივი ჯიჯგნის. აპოლონიუსის გადმოცემით ეს ყვავილი ზაფრანას ჰგავს, რომელსაც ორმაგი ყუნწი აქვს ჩამოკიდებული. აპოლონიუსი გვეუბნება, რომ პროზეპრინას ერთგულების შესრულების შემდეგ, ვინც ამ ყვავილს წაისვამს, იგი აღარ დაშავდება მახვილითა და ცეცხლით. მთის კატაც ძლევამოსილ მაგიურ უნარებს ფლობს. მისი თვალები აშეშებს ყველა ცხოველს, მისი ტყავი ადამიანს ჰმატებს უშიშრობას და მტრებში შიშის ზარს, მისი შუბლის წილი კი ჯადოს ისხლეტს. არის სხვა მრავალი, რა თვისებებსაც მთის კატა ფლობს. ბასილისკოს სისხლი, რომელსაც ასევე სატურნის სისხლსაც უწოდებენ, დიდებულ ძალას ფლობს წარმატების მოპოვებაში, შუამდგომლობაში და გარიგებების წარმოებაში; მას იყენებენ დაავადებების სამკურნალოდ და პრივილეგიების მინიჭებისათვის. ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ ქვებს კაცთა შორის შუღლის ჩამოგდება შეუძლია. ძაღლები გაურბიან კაცს, რომელსაც ძაღლის გული აქვს. მახვილს, რომლითაც ადამიანი არის მოკლული, მაგიაში საოცარი ძალა აქვს. მათრობელ სასმელში გარეული დათვის ტვინის დალევა კაცს ისეთსავე მძვინვარეს გახდის, როგორც დათვია. კაცი ყველაფერს დათვის გონებით აღიქვამს და ამ სიგიჟეში განაგრძობს ყოფას, სანამ მისი ეფექტი მთლიანად არ გაქარწყლდება.
XLIII. სუნამოების, სუფუმიგაციების, მათი გავლენისა და ძალის შესახებ.
ზოგი სუფუმიგაცია, ანუ პარფიუმერია, რომელიც ვარსკვლავთა გავლენებს შეესაბამება, დიდ ძალას ატარებს ზეციური თვისებების მიღებისათვის, ვინაიდან ისინი ძლიერი გავლენით მუშაობენ სუნთქვის შედეგად. ასეთი სურნელების სუნთქვისას, ჩვენი სუთქვის ხარისხი ძალიან იცვლება. ჰაეროვანი სუნამოები ადვილად მოძრაობს, რისი მეშვეობითაც სწრაფად შეუძლია გავლენის განხორციელება. იგი ყოველწამიერად და სწრაფად შეედინება ჩვენს გულ-მკერდში, რომლითაც საოცრად მიგვიზიდავს იმ თვისებებისკენ, რასაც ჰაერი ატარებს. სუნამოს გამოყენებით შესაძლებელია ღვთაებრივი შთაგონების მიღება. არსებობს ორთქლთა ნარევი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომავლის წინასწარ განჭვრეტა. არავის აინტერესებს, რამდენად დიადი ქმედებების აღსრულებაა შესაძლებელი სუფუმიგაციების გამოყენებით; პორფირიუსი გვაწვდის ცოდნას, რომ გარკვეული ეფექტებისა და ნარევების შესწავლით, ამოსუნთქვისას შესაძლებელია პირიდან ჭექა-ქუხილის გამოსროლა. ისევე როგორც ქამელეონის დამწვარი ღვიძლი იწვევს ჭექა-ქუხილსა და წვიმებს, ასევე საყლაპავი მილის მუხის შეშის კვამლით დაწვა ქარიშხლისა და ელვის წარმომქმნელია. სუფუმიგაციები და სუნამოები ვარსკვლავთა გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ამიტმაც ორთქლებში ხშირად ჩნდებიან სულიერი არსებები და სხვადასხვა ქმნილებები. ქინძის, ნიახურის, ლენცოფასა (Hyoscyamus nuger) და ჰემლოკის (Conium maculatum) კვამლი სულების თავშეყრას იწვევს; აქედან გამომდინარე, მათ სულთა მცენარეებს უწოდებენ. ტაპსუს ბარბატუსის მცენარე, წითელი სანდერსი (Pterocarpus santalinus) და შავი ყაყაჩო უცნაურ ფორმებსა და სულებს იძახებს; თუ მათ კვამლს ნიახური დაემატება, იგი განდევნის სულებს ნებისმიერი ადგილიდან და ხილვებს აუჩინარებს. ასევე, კალამინტის (Calamintha nepeta), პეონის და პიტნას კვამლი განდევნის ყველანაირი სახის ბოროტ სულსა და ამაო ფანტაზიას. ცხენის დამწვარი ჩლიქი განაგდებს ვირთხებს და თაგვებს; იგივეს აკეთებს დამწვარი ჯორის ჩლიქიც. სუნამოებში და სუფიმიგაციებში შესაძლებელია გარკვეული თვისებების შეყვანა, რაც უამრავ საკითხი დაეხმარება ადამიანს. ცხადია, სურნელით შეიძლება გავრცელდეს ინფექციაც, რომელიც გადამდები ჭირივით მოედება ყოველივეს. სუფიმიგაციაში შენახული თვისება შესაძლებელია ორი წლის მანძილზე შევინახოთ. თუკი ოქროს, ვერცხლის ან რაიმე ძვირფასი ნივთის დამალვა გვსურს, დავამთხვიოთ მისი დამალვა მზისა და მთვარის შეერთებას და იმ ადგილზე დავწვათ ერთნაირი რაოდენობის ქინძი, ზაფრანა (Saffron), ნიახური და შავი ყაყაჩო, დავაწუროთ მას ჰემლოკის (Conium maculatum) წვენი და ამ ნივთს ვერასდროს ვერავინ მიაგნებს, ვინაიდან სულები მუდმივად შეინარჩუნებენ მის ადგილსამყოფელს. თუ ვინმე მაინც შეეცდება მის მოპარვას, ძლიერ დაზარალდება ან ჭკუიდან შეიშლება. ჰერმესი ამბობს, რომ სულიერი ამაღლების მოსანიჭებლად არაფერია სპერმაცეტის კვამლის სუნზე უკეთესი საშუალება. (სპერმაცეტი არის ცვილოვანი ნივთიერება, რომელსაც კაშალოტის თავის ტვინის ერთ-ერთი ორგანოსგან ამზადებენ. მთარგმნელის შენიშვნა). მზის თვისებებთან მუშაობისას გამოვყენოთ სოლარული მცენარეები, მთვარესთან ლუნარული და ასე შემდეგ. ისევე როგორც ვარსკვლავთა და სულთა შორის გვხვდება წინააღმდეგობები, იგივეს ვაწყდებით სუფიმიგაციებთანაც; პროკლუსს მოჰყავს მაგალითი, რომ სული, რომელიც ლომის სახით ჩნდებოდა, უჩინარდებოდა მამლის დანახვისას, რადგან მამალსა და ლომს შორის წინააღმდეგობა არსებობს. გაითვალისწინეთ ამის მსგავსი პრაქტიკული მოსაზრებები მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.
XLIV. პლანეტარულ სურნელებათა შესახებ.
სოლარული სურნელია ზაფრანა, ამბერგრისი (Ambergris ), მუშკი, ლიგნუმის ალოე, ლიგნუმ-ბალზამი, დაფნის ნაყოფი, მიხაკი და საკმეველი. ასევე, სოლარულია ყველა დაქუცმაცებული და შერეული სურნელი, რომელიც ტკბილ არომატს ატარებს.
ლუნარულ ფუმიგაციას წარმოქმნის ბაყაყისგამშრალი თავი, ხარის თვალები, თეთრი ყაყაჩოს თესლი, საკმეველი და კამფორი (Camphor), რომელიც ირევა მენსტრუაციის ან ბატის სიხლთან.
სატურნისეულია შავი ყაყაჩოს თესლი, ლენცოფა (Hyoscyamus nuger), მანდრაგორას ფესვი, მაგნიტი და მური (გუმფისი), რომელიც კატის ტვინთან ან ღამურას სისხლთან ირევა.
იუპიტერისათვის აიღეთ ნაცარი, ლიგნუმ-ალოე, სტორაქსი (Storax balsam), ბენზოინი, ფარშევანგის ბუმბულთან ან მერცხლის ტვინთან ერთად.
მარსიანულია ეუფორბიუმი, ბდელიუმი, არმონიაკი.
ვენერიულია მუშკი, ქარვა-გრიზი, ლიგნუმის ალოე, წითელი ვარდი, წითელი მარჯანი, ბეღურას ტვინთან ან მტრედის სისხლთან ერთად.
მერკურიანულია მასტიკა, საკმეველი, მიხაკი, მარწყვა-ბალახი (Potentilla) და აქატი, მელას ან წავის ტვინთან ერთად.
გარდა ამისა, სატურნისეულია ყველა სურნელოვანი ფესვი, როგორიცაა მაგალითად წიწაკის ფესვი და სხვა. საკმეველის ხე იუპიტერს ეკუთვნის, ისევე როგორც მიხაკის ხე. მარსიანულია სანდლის ხე და კვიპაროსი. ვენერიულია ყვავილები, როგორიცაა ვარდი, ზაფრანა და სხვანი. მერკურიანულია დარიჩინი, ლიმონი, ცვილანა. ლუნარულია ბოსტნეულთა ფოთლები. მაგთა მოსაზრების მიხედვით, ყოველ კეთილად აღსრულებულ საქმეში მონაწილეობას უნდა ღებულობდეს ძვირფასი სურნელი ან ორთქლი, როგორიცაა სიყვარულის აქტი, სათნო ნების აღსრულება და სხვა. ასევე, არსებობს ბოროტეული სურნელებანი, რომლებიც ცუდი განზრახვის შესრულებისას, სიძულვილისას და უბედურებისას გამოიყენება. ზოდიაქოს ნიშნებს ეკუთვნით საკუთარი სურნელი, როგორც ვერძს მური (გუმფისი), კუროს პეპერვორტი (Lepidium campestre), ტყუპებს მასტიკა, კირჩხიბს კამფორი, ლომს საკმეველი, ქალწულს სანდალი (სანდლის ხის), სასწორს გალბანუმი (Galbanum), მორიელს ოპოპანაქსი (Opopanax), მშვილდოსანს ლიგნუმის ალოე, თხის რქას ბენზოინი, მერწყულს ეუფორბიუმი და თევზებს წითელი სტორაქსი. ჰერმესი აღწერს ყველაზე ძლიერ სურნელს, რომელიც შვიდი პლანეტარული სურნელით არის შერწყმული.
XLV. მაგიური მზერის, კოსმეტიკის, მედიცინის, სასიყვარულო პრეპარატებისა და მათი თვისებების შესახებ.
მაგიური კოსმეტიკა, მედიცინა და სასიყვარულო პრეპარატები სხვა დანარჩენებთან ერთად ატარებენ ზეციურ თვისებებს, ამრიგად, მათ შეუძლიათ გამრავლება, გარდაქმნა და მახასიათებლების გადატანა. ეს ნიშნავს, რომ იგი არა მარტო საკუთარ სხეულზე მოქმედებს, არამედ მის მახლობლად მყოფ სხეულებზეც. გავლენა და მოხიბვლა ხორციელდება სურნელით, მზერით, შეხებით და მსგავსი საშუალებებით. ვინაიდან ჩვენი სამშვინველი გამჭვირვალე და დახვეწილია, მიზანშეწონილია ისეთი პრეპარატების დამზადება, რომლებიც არსებითად შეეფერებიან ჩვენს სამშვინველს, რათა მსგავსების გზით მეტად მოიზიდონ და გარდაქმნან სამშვინველი. მსგავს თვისებებს ატარებენ გარკვეული მალამოები და ხელოვნურად შექმნილი ნაწარმები. შედეგად, უბრალოდ ხელის ან რაიმე სხვა ორგანოს შეხებით შესაძლებელია ავადმყოფობის, მოწამვლის ან სიყვარულის გამოწვევა.
ახლა ვისაუბროთ მხედველობაზე, ვინაიდან იგი დანარჩენ შეგრძნებათა შორის საგნებს ყველაზე წმინდად და ნათლად აღიქვამს. იგი ყველაზე მკვეთრად და ღრმად ღებულობს დანახულს, როგორც სიზმარში ვხედავთ ხოლმე. მზერა გარდაქმნის ვიზუალურ ქმნილებებს, რომელიც ადვილად მოქმედებს ფანტაზიაზე. შინაგანი განწყობა და ხედვა ხშირად გამოდის სააშკარაოზე გარეგნულად, რის შედეგადაც იწვევს აღქმას, თითქოს უცხო ობიექტები და ქმნილებები ჩვენს გარშემო მოძრაობენ. ასეთ დროს შესაძლოა ვიხილოთ საშინელი გამოსახულებები. არსებობს მზერის აღქმისთვის სიწმინდის მიმნიჭებელი საშუალებები, რაც გვაიძულებს დაუყოვნებლივ დავინახოთ ჩვენს გარშემო არსებული ქმნილებები, რომელთაც ჩვეულებრივ ვერ ვხედავთ. ასევე, არსებობს პრეპარატები, რომელიც მამაკაცს ძილში ლაპარაკს, სიარულს და ჩვეულებრივი საქმის კეთებას აიძულებს. შესაძლებელია ძილში ადამიანს გავაკეთებინოთ ისეთი რამ, რაც მას მღვიძარებისას არ შეუძლია ან ვერ ბედავს. ზოგი პრეპარატი გვაიძულებს გავიგოთ საშინელი ან სასიამოვნო ხმები. ხშირად სწორედ ასეთი ხმები ჩაესმით პარანოიით შეპყრობილ ადამიანებს. ადამიანის მოჯადოება შესაძლებელია წამლით, სურნელით, ორთქლით, მზერით, შეხებით, მუსიკით, სინათლით, ნახატით, შხამით და სხვადასხვა სახის რიტუალებით, როგორებიცაა მაგალითად წარმართული ან რელიგიური რიტუალები.
XLVI. პროცესის და შეჩერების შესახებ.
როდესაც სამყაროსეული სული თავისი არსებით ქმნის ყველაფერს, ბუნებრივსა და ხელოვნურს, ამავდროულად მათ ანიჭებს ზეციურ სხეულთა თვისებებს. ასეთი პროცესების მოძრაობისას შესაძლებელია ბუნებრივად ან ხელოვნურად აღინიშნოს შეჩერება, შეკვრა და შეფერხება, სხეულებრივი ან გონებრივი, რომელიც გადაიქცევა ავადმყოფობად, ჯანმრთელობად, გამბედაობად, შიშად, სევდად, სიხარულად და ასე შემდეგ: ამ თვისებათა ტარება ადამიანს ან საგანს ხდის მადლიანს, საშინელს, მისაღებს, მიუღებელს, პატივსაცემს, საყვარელს, საძულველს ან საზიზღარს. ამ სახის ვნებათა გადატანა შესაძლებელია დანერგილ ხეებში, სადაც სასიცოცხლო აზრი ღეროდან ნამყენს გადაეცემა და ეძებს მის მსგავსს. მებაღეები ხედავენ, რომ მდედრი პალმის ხე მამრისკენ იხრება. თევზი სტელა (ვარსკვლავა) ფლობს ბოროტეული გავლენების შეჩერების უნარს, როდესაც მელიას სისხლთან ერთად სპილენძის ლურსმნით ჭიშკარზე მიაჭედებენ. თუ ქალი ადამიანის დაკრძალვისას გამოყენებული ქსოვილის ნაჭერთან ერთად, მისი სამარხის მიწას ნემსთან ერთად ატარებს, მასთან ვერავინ შეძლებს სქესობრივი კავშირის დამყარებას, სანამ ამ საგანს სხეულით დაატარებს. ამ მაგალითებით ვხედავთ, რომ კონკრეტული საგნები კონკრეტულ პროცესს აჩერებს, რითაც ადამიანს გარკვეული უპირატესობის მოპოვება შეუძლია. აუცილებელია ვიცოდეთ პროცესის და შეჩერების წესები, რასაც მოცემული ხელოვნება მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა შესრულდეს განსაზღვრული თავნავარსკვლავედების ქვეშ, ასევე მავთულების, ძაფების და თმების დახმარებით. თუკი რაიმეს შეფუთვა გვსურს, განხორციელდეს იგი მცენარეთა ფოთლებით, ცხოველთა ტყავით ან თხელი ქსოვილებით. შესაბამისად, საგანი იფუთება დაფნის ფოთლებით, ლომის ტყავით ან ოქროს ძაფით მაშინ, როდესაც მზე თავის ზენიტში (ლომში) იმყოფება. ასეთ დროს ქმედებას აღვასრულებთ სოლარული თვისებით. სატურნისეული გავლენების განხორციელებისას, ვიყენებთ სატურნის საგნებს და ვამთხვევთ პერიოდს, როდესაც სატურნი მძვინვარებს. ანალოგიურად შევუსაბამოთ მოცემული ხელოვნება სხვა დანარჩენსაც.