ძალის მეორე რგოლი

კარლოს კასტანედა
0
0

კარლოს კასტანედა - ძალის მეორე რგოლი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი პირველი - დონა სოლედადის გარდასახვა

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

წინასიტყვაობა

 ცენტრალურ მექსიკაში, სიერა მადრეს დასავლეთ კალთაზე, ბრტყელი, უნაყოფო მთის მწვერვალი გახლდათ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ჩემი ბოლო შეხვედრის ადგილი, მათ ორ შეგირდთან, პაბლიტოსთან და ნესტორთან ერთად. სერიოზულობისა და იქ მომხდარ მოვლენათა სპექტრი ეჭვს არ ტოვებდა, რომ ჩვენი შეგირდობა საბოლოო აკორდს მიუახლოვდა და დონ ხუანსა და დონ ხენაროს ნამდვილად უკანასკნელად ვხედავდით. ბოლოს, ყველანი ერთმანეთს დავემშვიდობეთ. შემდეგ, მე და პაბლიტო მთის წვეროდან უფსკრულში გადავხტით. 

 ამ ნახტომამდე დონ ხუანმა იმ ყველაფრის ფუნდამენტური პრინციპები წარმომიდგინა, რაც თავს გადამხდებოდა. მისი თქმით, უფსკრულში გადახტომისას ჩემი აღმა სუფთა გახდებოდა და წინ და უკან ვიმოძრავებდი ყოველი ქმნილების თანდაყოლილ სფეროებს შორის, ანუ ტონალსა და ნაგვალს შორის. 

 ჩემი ნახტომისას, საკუთარმა აღქმამ ჩვიდმეტი ელასტიკური მიმოსვლა გაიარა ტონალისა და ნაგვალის სფეროში. ნაგვალში გადასვლისას აღვიქვი, რომ ჩემი სხეული იშლებოდა. მე ვერ ვფიქრობდი და ვერ ვგრძნობდი თანმიმდევრული, გამაერთიანებელი გაგებით, როგორც ჩვეულებრივ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ მაინც, როგორღაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი კიდეც. ტონალში გადასვლისას მთლიანობაში ვფეთქავდი. ერთიანი ვიყავი, სრული, გამთლიანებული. ჩემი აღქმა თანმიმდევრული იყო. წესრიგს აღვიქვამდი. მათი დამაჯერებელი ძალა იმდენად ძლიერი იყო, მათი სიკაშკაშე ისეთი რეალური და მათი სირთულე ისეთი უზარმაზარი, რომ მე ვერ შევძელი მათი ახსნა ჩემი კმაყოფილების შეგრძნებით, ისევე, როგორც ხილვები, ნათელი სიზმრები და თუნდაც ჰალუცინაციები არ ამბობენ არაფერს მათი ბუნების გარკვევის შესახებ. 

 უფსკრულში გადახტომის შესახებ ჩემი გრძნობების, აღქმისა და ინტერპრეტაციის ყველაზე საფუძვლიანი და ფრთხილი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, იმ საფეხურამდე მივედი, რომ რაციონალურად ვერაფრით დავიჯერე მომხდარის რეალურობა. მაგრამ, ჩემი კიდევ ერთი ნაწილი მტკიცედ ინარჩუნებდა განცდას, რომ ეს ნამდვილად მოხდა, რომ მე ნამდვილად გადავხტი. 

 დონ ხუანი და დონ ხენარო აღარ იყვნენ ხელმისაწვდომნი. მათმა არყოფნამ ჩემში ყველაზე მწვავე მოთხოვნილება შექმნა აშკარად გადაუჭრელი წინააღმდეგობის წინაშე წინსვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 

 მექსიკაში დავბრუნდი, რათა პაბლიტო და ნესტორი მომენახულებინა და ჩემი კონფლიქტების მოგვარებაში დახმარება მეძია. მაგრამ იმას, რაც ამ მოგზაურობისას შემემთხვა, ვერაფრით აღვწერ, გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩემი რაციონალური აზროვნების წინააღმდეგ თავდასხმის ფინალური, კონცენტრირებული შეტევა, რომელიც თავად დონ ხუანის მიერ იყო დაგეგმილი. მისმა შეგირდებმა, დონ ხუანის დაუსწრებელი ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში მთლიანად დაანგრიეს ჩემი ლოგიკური აზროვნების უნარის ის მცირედი პორციაც, რაც შერჩენილი მქონდა. ამ რამდენიმე დღეში მათ გამიმხილეს მაგიის ორი პრაქტიკული ასპექტიდან ერთ-ერთი, სიზმარხილვის ხელოვნება, რომელიც ამ ნაწარმოების ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს. 

 მაგიის მეორე ასპექტს, სტალკინგის ხელოვნებას, რომელიც დონ ხუანისა და დონ ხენაროს სწავლების გვირგვინს წარმოადგენს, შემდგომი ვიზიტებისას მაზიარეს; ეს იყო ჯადოქართა სამყაროს ყველაზე კომპლექსური ასპექტი. 

 

 თავი პირველი - დონა სოლედადის გარდასახვა

 მოულოდნელი წინათგრძნობა გამიჩნდა, რომ პაბლიტო და ნესტორი სახლში არ დამხვდებოდა. ამაში იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მანქანა გავაჩერე. ზუსტად იქ შევჩერდი, სადაც ასფალტი სრულდებოდა და ამის იქით ხრიოკი მიწა იწყებოდა. ვფიქრობდი, გადამეფიქრებინა თუ არა გრძელი გზის გაგრძელება ციცაბო, უხეშ ბილიკებზე, რომელიც ცენტრალური მექსიკის მთებში, მათ მშობლიურ ქალაქამდე მელოდა. 

 საქარე მინა ჩამოვწიე. ქარიანი და ცივი ამინდი იდგა. მანქანიდან გადმოვედი და გავიზმორე. საათობით საჭესთან ჯდომამ ზურგი და კისერი გამიშეშა. მოკირწყლული გზის პირას მივედი. მიწა სველი იყო, რადგან ცოტა ხნით ადრე წვიმდა. სამხრეთით მდებარე მთების კალთებზე, საიდანაც დიდი მანძილი არ მაშორებდა, ძლიერი თავსხმა მოდიოდა. მაგრამ ჩემს თვალწინ, აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ ცა მოწმენდილი იყო. მიხვეულ-მოხვეული გზის გარკვეულ კუთხეებში სიერას მოლურჯო მწვერვალებს ვხედავდი, რომლებიც მშვენივრად ანათებდნენ მცხუნვარე მზის სინათლეზე.

 ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი და ქალაქში ჩავსულიყავი, რადგან, რატომღაც ყველაზე უცნაური განცდა მქონდა, რომ ბაზარში დონ ხუანს ვიპოვიდი. ბოლოს და ბოლოს, ეს უამრავჯერ გამიკეთებია. დონ ხუანს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდანვე ყოველთვის ვპოულობდი უცნაური შეგრძნებით, თითქოს გზას პირდაპირ იქ მივყავდი, სადაც დონ ხუანი იყო. როგორც წესი, თუ სონორაში ვერ მივაგნებდი, გეზს ცენტრალური მექსიკისკენ ვიღებდი და ბაზარში ამა თუ იმ ადგილას მივდიოდი, ცოტა ხანში კი, ჩემთან დონ ხუანი ჩნდებოდა. ყველაზე დიდხანს, ორი დღის მანძილზე დავლოდებივარ. მასთან შეხვედრას იმდენად ვიყავი მიჩვეული, რომ დარწმუნებული ვიყავი, ახლაც ისევე ვიპოვიდი, როგორც ყოველთვის. 

 მთელი შუადღე ბაზარში ველოდი. ბილიკებზე ზევით-ქვევით დავდიოდი, თითქოს რაღაცის საყიდლად დავბოდიალობდი. შემდეგ პარკში გავედი და იქ ველოდებოდი. შებინდებისას უკვე ვიცოდი, რომ იგი მოსვლას არ აპირებდა. მაინც, მკაფიო შეგრძნება მქონდა, რომ დონ ხუანი ცოტა ხნის წინ აქ იყო, მაგრამ წავიდა. პარკში იმ სკამზე ჩამოვჯექი, სადაც მასთან ერთად ვიჯექი ხოლმე და ვცდილობდი, ჩემი გრძნობები გამეალანიზებინა. ქალაქში ჩასვლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანი ბაზრის ქუჩებში იყო. იმაზე ვფიქრობდი, რომ იგი აქამდე უთვალავჯერ მეპოვა. ჩემმა სხეულმა იცოდა, რომ იგი მეძებდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც სკამზე ჩამოვჯექი, სხვა სახის უცნაური დარწმუნებულობა მეწვია. მშვენივრად ვიცოდი, რომ დონ ხუანი აქ აღარ იყო. იგი წავიდა და ძალიან მენატრებოდა. 

 ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ვარაუდები უარვყავი. მეგონა, რომ ეს ადგილი ჩემზე გავლენას ახდენდა. ირაციონალურობას ვიწყებდი. წარსულში, ამ ადგილას ყოველთვის მემართებოდა მსგავსი რამ. 

 სასტუმროს ნომერში რამდენიმე საათით დასასვენებლად გავჩერდი და შემდეგ კვლავ გარეთ გავედი ქუჩაში სახეტიალოდ.  დონ ხუანის პოვნის ისეთივე მოლოდინი არ მქონდა, როგორიც შუადღისას. დავნებდი. სასტუმროში დავბრუნდი, რათა კარგად გამომეძინა. 

 დილით, სანამ მთებისკენ გავემართებოდი, მთავარ ქუჩებში მანქანით ზევით-ქვევით დავდიოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ დროს ვკარგავდი. დონ ხუანი აქ არ იყო. 

 იმ პატარა ქალაქამდე მისასვლელად, სადაც პაბლიტო და ნესტორი ცხოვრობდნენ, მთელი დილა დამჭირდა. შუადღისას, როგორც იქნა, მივედი. დონ ხუანმა მასწავლა, რომ არასდროს ჩამევლო ქუჩაში მანქანით პირდაპირი გზით, რათა ცნობისმოყვარეებისთვის ყურადღება არ აღმეძრა. ქალაქში მისვლამდე მანქანას ყოველთვის გზის პირას ვაყენებდი, ქალაქთან ახლოს, ბრტყელ მოედანთან, სადაც ახალგაზრდები ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორც კი ველის კიდესთან მივედი, აღმოვაჩინე, რომ სასეირნო ბილიკი ხრეშიან გზად იყო გადაქცეული.

 დავფიქრდი, ნესტორის სახლში წავსულიყავი თუ პაბლიტოს სახლში. ჯერ კიდევ ვგრძნობდი, რომ ისინი სახლში არ იყვნენ. გადავწყვიტე პაბლიტოს სახლში წავსულიყავი. გამახსენდა, რომ ნესტორი მარტო ცხოვრობდა, მაგრამ პაბლიტო დედასთან და ოთხ დასთან ერთად. თუ პაბლიტო სახლში არ იყო, ოჯახის წევრები დამეხმარებოდნენ მის მოძებნაში. როცა მის სახლს მივუახლოვდი შევნიშნე, რომ გზიდან სახლამდე მიმავალი ბილიკი ფართოვდებოდა. ვინაიდან მიწა მყარი იყო და ჩემი მანქანისთვისაც საკმარის ადგილს ვხედავდი, მანქანა თითქმის წინა კარებთან გავაჩერე. ხის სახლისთვის ახალი ვერანდა დაუმატებიათ კრამიტის სახურავით. ძაღლები არ ყეფდნენ, მაგრამ ერთი უზარმაზარი ძაღლი დავინახე, რომელიც შემოღობილი ტერიტორიის უკან მშვიდად იჯდა და ფხიზლად მომჩერებოდა. ქათმები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოდიოდნენ. ძრავა გამოვრთე და გავიზმორე. გაშეშებული ვიყავი. 

 სახლი მიტოვებული ჩანდა. აზრმა გამიელვა, რომ იქნებ პაბლიტო და მისი ოჯახი სხვაგან გადასახლდა და ახლა აქ სხვები ცხოვრობდნენ. უცებ შემოსასვლელი კარი ფართოდ გაიღო და პაბლიტოს დედა გამოვიდა, თითქოს ვიღაცამ ძალით აიძულა გამოსულიყო. ერთი წამით უაზროდ მიყურებდა. როცა მანქანიდან გადავედი, როგორც ჩანს, მიცნო. სიხარულისგან შეაკანკალა და ჩემკენ გამოიქცა. ვფიქრობდი, რომ მას ეძინა და მანქანის ძრავის ხმამ გააღვიძა, ამიტომ ჰქონდა წამით ასეთი უაზრო გამომეტყველება, თანაც არ იცოდა, ვინ ვიყავი. მოხუცი ქალი ჩემკენ სიხარულით მორბოდა და უნებლიედ გამეღიმა. როცა მომიახლოვდა, წამით ეჭვი გამიჩნდა. რატომღაც, ისე მოხერხებულად მოძრაობდა, რომ საერთოდ არ ჰგავდა პაბლიტოს დედას. 

 - ღმერთო ჩემო! რა სიურპრიზია! - წამოიძახა მან. 

 - დონა სოლედად? - ვკითხე თავდაჯერების ნაკლებობით.

 - ვერ მიცანი? - გაეცინა. 

 მის გასაოცარ სისწრაფეზე რამდენიმე სულელური კომენტარი გავაკეთე. 

 - ყოველთვის უმწეო მოხუც ქალად რატომ აღმიქვამ? 

 მან პირდაპირ დამადანაშაულა, რომ მეტსახელად "მისის პირამიდა" შევარქვი. ერთხელ ნესტორს ვუთხარი, რომ მისი ფორმა პირამიდას მახსენებდა. მას ძალიან ფართო, მასიური უკანალი და პატარა, წვეტიანი თავი ჰქონდა. ამ ეფექტს ემატებოდა გრძელი კაბები, რომლებიც ჩვეულებრივ ეცვა ხოლმე.

 - შემომხედე. - თქვა მან. - ისევ პირამიდას ვგავარ? 

 იღიმოდა, მაგრამ მისმა თვალებმა თავი უხერხულად და არაკომფორტულად მაგრძნობინა. ვცადე რაღაც ხუმრობით დამეცვა საკუთარი თავი, მაგრამ მან გამაწყვეტინა და მომიწოდა მეღიარებინა, რომ ამ მეტსახელზე პასუხისმგებელი ვიყავი. ახსნა დავუწყე, რომ ასეთი მეტსახელის შერქმევა განზრახული არასოდეს მქონია და მაინც, ამ მომენტში იგი იმდენად გამხდარი იყო, რომ მისი ფორმა ყველაზე შორს იყო პირამიდისგან. 

 - რა დაგემართათ, დონა სოლედად? - ვკითხე. - თქვენ გარდასახული ხართ.

 - თავად თქვი. - მიპასუხა მან სწრაფად. - მე გარდავისახე!

 მე ამას ფიგურალურად ვგულისხმობდი. თუმცა, უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ უნდა მეღიარებინა, რომ მეტაფორისთვის საჭირო ადგილი არ იყო. იგი მართლაც შეცვლილი ადამიანი გახლდათ. უცებ პირი გამიშრა და პირის ღრუში მეტალის გემო ვიგრძენი. მეშინოდა.  

 მან წელზე დოინჯი შემოირტყა, ფეხები ოდნავ განზე გაშალა და სახეზე მომაჩერდა. ღია მწვანე, შეკრული ქვედაკაბა და მოთეთრო ბლუზი ეცვა. მისი ქვედაკაბა უფრო მოკლე იყო, ვიდრე ის, რასაც ადრე ატარებდა. მის თმას ვერ ვხედავდი, რადგან სქელი ნაჭრით ჰქონდა შეკრული. ფეხშიშველი იდგა და ფეხებს მიწაზე რიტმულად აბაკუნებდა, თან ახალგაზრდა გოგონას ღიმილით იღიმოდა. მე არასოდეს მინახავს ვინმესგან ისეთი ძალის ფრქვევა, როგორიც მისგან იფრქვეოდა. მის თვალებში უცნაური ბზინვარება შევნიშნე, შემაშფოთებელი, მაგრამ არა საშიში. ვიფიქრე, რომ ალბათ არასოდეს დავკვირვებივარ მის გარეგნობას ყურადღებით. სხვა რაღაცებთან ერთად, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმის გამო, რომ დონ ხუანთან ურთიერთობის წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს არაფრად ვაგდებდი. დონ ხუანის პიროვნების ძალამ ყველა დანარჩენი გააუფერულა და უმნიშვნელო გახადა. 

 დონა სოლედადს ვუთხარი, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მას ასეთი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნდა და ჩემი დაუდევრობის ბრალი იყო, რათა მას აქამდე უკეთ არ ვიცნობდი. ისიც დავძინე, რომ ყველას ხელახლა უნდა შევხვედროდი. 

 ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა. გაიცინა, თავისი მარჯვენა ხელი ჩემი მარცხენა ხელის ზურგზე დამადო და ნაზად აიტაცა.

 - რა თქმა უნდა. - ჩამჩურჩულა ყურში. 

 ღიმილი გაეყინა და თვალები გაუბრწყინდა. იგი იმდენად ახლოს იდგა, რომ ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდნენ მისი ძუძუები. საკუთარ თავს გაუთავებლად ვუმეორებდი, რომ მე ნამდვილად არასოდეს ვიცნობდი პაბლიტოს დედას და მიუხედავად მისი უცნაური საქციელისა, ის ალბათ მაინც ნორმალურად გამოიყურებოდა. მაგრამ ჩემი არსების შეშინებულმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს მხოლოდ მომაბეზრებელი აზრები იყო, რომელთაც რეალობასთან შეხება არ ჰქონდათ, რადგან სინამდვილეში დონა სოლედადი არა მარტო ძალიან კარგად მახსოვდა, არამედ ამასთან ერთად მას ძალიან კარგადაც ვიცნობდი. ის ჩემთვის დედის არქეტიპს წარმოადგენდა. 

 მეგონა, რომ ორმოცდაათის იყო ან ორმოცდაათს გადაცილებული. მისი სუსტი კუნთები უკიდურეს წონას რთულად უმკლავდებოდა. თმაში ხშირი ჭაღარა ჰქონდა. როგორც მახსოვდა, სევდიანი, მაგრამ კეთილი ქალი იყო. თანაგრძნობის უნარი ჰქონდა, ტანჯული დედა იყო, ყოველთვის სამზარეულოში ტრიალებდა. გამახსენდა, რომ ის იყო ნაზი და უანგარო ქალი, ძალიან მორცხვი, რომელიც მის გარშემო ყველას ზედმიწევნით ემორჩილებოდა. ასეთი იყო გამოსახულება, რომელიც მის შესახებ მქონდა გონებაში ჩამოყალიბებული, წლების განმავლობაში შემთხვევითი კონტაქტის შედეგად. ამ დღეს რაღაც საშინლად განსხვავებული იყო. ქალი, რომლის წინაშეც ვიდექი, საერთოდ არ ემთხვეოდა იმ იმიჯს, რომელიც პაბლიტოს დედის შესახებ მქონდა ჩამოყალიბებული. მაგრამ იგი იგივე ადამიანი იყო, უფრო გამხდარი და უფრო ძლიერი, ოცი წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურებოდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. სხეულში კანკალი ვიგრძენი. 

 ორიოდე ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა და სახეში შემხედა.

 - ნება მომეცი გიყურო. - თქვა მან. - ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ ეშმაკი ხარ. 

 გამახსენდა, რომ პაბლიტოს, მის დებს, დედამისს და ნესტორს ყოველთვის არ სურდათ დონ ხუანის სახელით მოხსენიება, ამის ნაცვლად ისინი მას "ნაგვალს" ეძახდნენ. მათთან საუბრებისას ეს სახელი თავადაც შევითვისე. 

 მან გაბედულად დამადო ხელები მხრებზე, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია. სხეული დამეჭიმა. მართლა არ ვიცოდი, რა მეთქვა. ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა, რამაც საშუალება მომცა ოდნავ აზრზე მოვსულიყავი. მისმა გარეგნობამ და ქცევამ ისე შემაშინა, რომ სულ დამავიწყდა, პაბლიტოზე და ნესტორზე მეკითხა.

 - მითხარი, სად არის პაბლიტო? - ვკითხე უეცრად.

 - ოჰ, ის მთებში წავიდა. - მიპასუხა დაუმორჩილებელი ტონით და გამშორდა. 

 - ნესტორი სადღაა?

 მან თვალები აატრიალა, თითქოს გულგრილობას იჩენდა. 

 - მთებში ერთად არიან. - თქვა იგივე ტონით.

 ნამდვილი შვება ვიგრძენი და ვუთხარი, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, ისინი კარგად იყვნენ. 

 მან შემომხედა და გამიღიმა. ბედნიერებისა და აღელვების ტალღა ვიგრძენი და მას ჩავეხუტე. მან თამამად მიპასუხა ჩახუტებაზე და ძლიერად ჩამეკონა. სიტუაცია იმდენად უცნაური იყო, რომ სუნთქვა შემეკრა. მისი სხეული ხისტი იყო. მასში არაჩვეულებრივ ძალას ვგრძნობდი. გულმა ფეთქვა დამიწყო. ნაზად ვეცადე მისი მკლავებისგან განთავისუფლებას და ვკითხე, ისევ ხედავდა თუ არა ნესტორი დონ ხუანს და დონ ხენაროს. ჩვენი გამოსამშვიდობებელი შეხვედრის დროს დონ ხუანმა გამოთქვა აზრი, რომ ნესტორი მზად იყო შეგირდობის დასასრულებლად. 

 - ხენარო სამუდამოდ წავიდა. - თქვა მან და ხელი გამიშვა. 

 ბლუზის კიდეზე ხელებს ნერვულად აწვალებდა. 

 - დონ ხუანზე რას იტყვი?

 - ნაგვალიც წავიდა. - თქვა მან და ტუჩები მოკუმა. 

 - სად წავიდნენ?

 - გულისხმობ, რომ შენ არ იცი სად წავიდნენ?

 ვუთხარი, რომ ორი წლის წინ დამემშვიდობნენ და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მიდიოდნენ. ნამდვილად ვერ გავბედე მევარაუდა, სად შეიძლებოდა წასულიყვნენ. წარსულში მათ არასდროს უთქვამთ ჩემთვის თავიანთი ადგილსამყოფელი და ფაქტად მივიღე, რომ თუ მათ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობა სურდათ, ჩემს ნახვაზე მხოლოდ უარის თქმაც საკმარისი იქნებოდა. 

 - ისინი ჩვენს გარშემო არ არიან. ეს ცხადია, - თქვა მან და წარბები შეჭმუხნა. - და ისინი არ დაბრუნდებიან. ამაშიც დარწმუნებული ვარ. 

 მისი ხმა უკიდურესად უემოციო იყო. გაღიზიანების შეგრძნება შემომეპარა. წასვლა მსურდა. 

 - მაგრამ შენ აქ ხარ, - თქვა მან და სახე ღიმილმა შეუცვალა. - პაბლიტოს და ნესტორს უნდა დაელოდო. მათ ძალიან უნდათ შენი ნახვა. 

 ხელი მაგრად მომიჭირა და მანქანას მომაშორა. წარსულთან შედარებით მისი გამბედაობა გასაოცარი იყო. 

 - მაგრამ, ჯერ ჩემს მეგობარს გაჩვენებ. - მითხრა მან და ძალით წამიყვანა სახლისკენ. 

 პატარა, შემოღობილ ადგილზე მივედით. იქ უზარმაზარი ძაღლი იჯდა. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, მისი ჯანსაღი და სუფთა მოყვითალო-მოყავისფრო ბეწვი იყო. ავი ძაღლის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ჯაჭვით დაბმული არ იყო და არც ღობე ჩანდა საკმარისად გრძელი იმისთვის, რომ მისი ნახტომისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ძაღლი არ განძრეულა, როცა მივუახლოვდით. კუდსაც არ აქიცინებდა. დონა სოლედადმა უკანა მხარეს საქონლის ზომის გალიაზე მიმითითა. შიგნით დაგორგლილი კოიოტი იწვა.

 - ეს არის ჩემი მეგობარი, - თქვა მან. - ძაღლი არა. ძაღლი ჩემს გოგოებს ეკუთვნის.  

 ძაღლმა შემომხედა და დაამთქნარა. ეს ძაღლი მომეწონა. მასთან ნათესაობის უცნაური განცდა დამეუფლა. 

 - წამოდი, სახლში შევიდეთ. - მითხრა და მკლავი მომხვია. 

 მე ვყოყმანობდი. ჩემი რაღაც ნაწილი სრულიად შეშფოთებული იყო და აქედან სასწრაფოდ გაქცევა უნდოდა, ამავდროულად ჩემს მეორე ნაწილს დარჩენა სურდა. 

 - შენ ჩემი არ გეშინია, ასე არაა? - მითხრა ბრალმდებლის ტონით.

 - სინამდვილეში ძალიანაც მეშინია! - წამოვიძახე მე.

 მან ჩაიცინა და ყველაზე დამამშვიდებელი ტონით განაცხადა, რომ იგი მოუხერხებელი, პრიმიტიული ქალი გახლდათ, რომელიც სიტყვებს ვერ არჩევდა და ძლივს თუ იცოდა, როგორ მოჰპყრობოდა ადამიანებს. მან პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა, რომ დონ ხუანმა დაავალა, დამხმარებოდა, რადგან იგი ჩემზე ღელავდა. 

 - მან გვითხრა, რომ შენ სერიოზული არ ხარ და უდანაშაულო ხალხს ბევრ პრობლემას უქმნი.

 ამ დრომდე მისი სიტყვები ჩემთვის თანმიმდევრული იყო, მაგრამ ვერ შევძელი წარმომედგინა, რომ დონ ხუანი ჩემზე ასეთ რაღაცას იტყოდა. 

 სახლში შევედით. იმ სკამზე დაჯდომა მინდოდა, სადაც მე და პაბლიტო ვისხედით ხოლმე, მაგრამ მან შემაჩერა. 

 - ეს ადგილი ჩემთვის და შენთვის არ არის, - მითხრა მან. - წამოდი, ჩემს ოთახში შევიდეთ. 

 - მირჩევნია აქ დავჯდე. - ვუთხარი მტკიცედ. - ეს ადგილი ჩემთვის ნაცნობია და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

 ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. იმედგაცრუებული ბავშვივით იქცეოდა. ზედა ტუჩი შეკუმშა და იხვის ბრტყელ ნისკარტს დაამსგავსა. 

 - აქ რაღაც საშინლად არასწორია, - ვთქვი მე. - ვფიქრობ, რომ აქედან წავალ, თუ არ მეტყვით, რა ხდება. 

 იგი ძალიან შეწუხდა და მიმტკიცებდა, რომ არ იცოდა, როგორ დამლაპარაკებოდა. მე მის უტყუარ გარდასახვაზე მივუთითე და მოვთხოვე ჩემთვის აეხსნა, რა მოხდა. უნდა მცოდნოდა, რანაირად მოხდა ასეთი ცვლილება. 

 - თუ ამას გეტყვი, დარჩები? - მკითხა ბავშვის ხმით.

 - დარჩენა მომიწევს.

 - ამ შემთხვევაში ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეს ჩემს ოთახში უნდა მოხდეს.

 პანიკური შეტევა დამეწყო. უაღრესად ვცდილობდი საკუთარი თავი დამემშვიდებინა და ჩვენ მის ოთახში შევედით. იგი სახლის უკანა მხარეს ცხოვრობდა, სადაც პაბლიტომ მისი საძინებელი ააშენა. მე ორჯერ ვიყავი ამ ოთახში, ერთხელ მისი შენების პროცესში და მეორედ, შენების დასრულებისას, სანამ დონა სოლედადი ოთახში საცხოვრებლად გადმოვიდოდა. ოთახი ისეთივე ცარიელი ჩანდა, როგორიც მანამდე, გარდა იმისა, რომ ცენტრში ერთი საწოლი და ორი კომოდი იდგა. კედლების სითეთრე გაცრეცილიყო და მოყვითალო ელფერი დასდებოდა. ჭერის ხეც გაფუჭებული იყო. კედლები სუფთა იყო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ყოველ დღე ღრუბლით იწმინდებოდნენ. ოთახი უფრო სამონასტრო კელიას ჰგავდა; ძალიან ეკონომიური და ასკეტური იყო. ოთახში არც სკამი იყო და არც რაიმე ჩამოსაჯდომი. 

 დონა სოლედადმა ჩემი საწერი ბლოკნოტი გამომართვა, მკერდზე მიიკრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, რომელიც ორი სქელი ლეიბისგან შედგებოდა. მან მითხრა, რომ მის გვერდით უნდა დავმჯდარიყავი.

 - მე და შენ ერთნი ვართ. - თქვა მან და ჩემი ბლოკნოტი მომაწოდა.

 - უკაცრავად?

 - მე და შენ ერთნი ვართ. - გაიმეორა მან ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.

 ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. შემომხედა, თითქოს ჩემგან ელოდა პასუხს. 

 - ეს რას ნიშნავს, დონა სოლედად?  

 როგორც ჩანს, ჩემმა შეკითხვამ შეაწუხა. აშკარად ელოდა, რომ გავიგებდი, რასაც გულისხმობდა. თავდაპირველად იცინოდა, მაგრამ მერე, როცა დაჟინებით ვთქვი, რომ მისი ნათქვამის მნიშვნელობა ვერ გავიგე, გაბრაზდა. ჩემს პირდაპირ გასწორდა და მის მიმართ არაკეთილსინდისიერ ქცევაში დამადანაშაულა. თვალებში რისხვა ჩაუდგა, პირი მოკუმა და ძალიან მახინჯი ჟესტი მიიღო, რითაც უკიდურესად მოხუცებულ ადამიანს დაემსგავსა. 

 გულწრფელად ვგრძნობდი, რომ ახლა რაც არ უნდა მეთქვა, არასწორი იქნებოდა. თითქოს ისიც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაღაცის სათქმელად პირს ამოძრავებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ტუჩები უკანკალებდა. ბოლოს ჩაიჩურჩულა, რომ ჩემი მხრიდან უნაკლო საქციელი არ იყო, როგორც მე მოვიქეცი ასეთ სერიოზულ მომენტში. მან ზურგი მაქცია. 

 - შემომხედე, დონა სოლედად! - ვუთხარი დაჟინებით. - მე არანაირად არ ვცდილობ ამის მისტიფიკაციას. თქვენ რაღაც ისეთი იცით, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. 

 - ძალიან ბევრს ლაპარკობ, - გაბრაზებით ამოიოხრა მან. - ნაგვალმა მითხრა, რომ არასოდეს დამეშვა შენი ლაპარაკი. შენ ყველაფერს ატრიალებ. 

 ფეხზე წამოხტა და გაფუჭებული ბავშვივით ფეხები იატაკზე დააბაკუნა. ამ მომენტში გამახსენდა, რომ ოთახს სხვა სართული ჰქონდა. ახალი იატაკი მოწითალო-ვარდისფერი იყო. წამიერად გადავდე მასთან დაპირისპირება და ოთახი შემოვიარე. ვერ წარმომედგინა, როგორ გამომრჩა მხედველობიდან იატაკი, როდესაც ოთახში შევედი. დიდებული იყო. თავიდან მეგონა, რომ ეს იყო წითელი თიხა, რომელიც ცემენტის მსგავსად იყო დაგებული, როცა ჯერ კიდევ რბილი და ტენიანი იყო, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ მას ბზარები არ ჰქონდა. დავიხარე და იატაკს თითები გადავუსვი. აგურივით მძიმე იყო. მაშინ მივხვდი, რომ იატაკი თიხის ძალიან დიდი ბრტყელი ფილებისგან იყო დამზადებული. ფილები ძალიან რთულ და მომხიბლავ დიზაინს ქმნიდნენ, მაგრამ იგი შეუმჩნეველი იყო, თუ მიზანმიმართულად არ მიაქცევდით ყურადღებას. ფილების განლაგებაში ნაგულისხმევი უნარი კარგად გააზრებულ გეგმაზე მიანიშნებდა. მინდოდა გამეგო, რამდენად გრძელი ფილები იყო გახეხილი დაზიანების გარეშე. შემოვბრუნდი და დონა სოლედადს ვკითხე. მაგრამ მაშინვე გავჩერდი. მას წარმოდგენა არ ექნებოდა, რაზე ვსაუბრობდი. ისევ იატაკისკენ შევბრუნდი. თიხა ცოტა უხეში იყო, თითქმის ქვიშაქვასავით. ეს სრულყოფილად იდეალურ ზედაპირს ქმნიდა. 

 - ეს სართული პაბლიტომ დააგო?

 მას არ უპასუხია.

 - ეს შესანიშნავი ნამუშევარია, - ვთქვი მე. - თქვენ მისით უნდა ამაყობდეთ. 

 ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს პაბლიტომ გააკეთა. სხვას ვერავის ექნებოდა ამის წარმოსახვის და ჩაფიქრების უნარი. ვიფიქრე, რომ მას იატაკი იმ პერიოდის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა, როცა აქ არ ვიყავი. შემდეგ გამახსენდა, რომ დონა სოლედადის ოთახში ექვსი თუ შვიდი წელი იყო, რაც არ ვყოფილვარ. 

 - პაბლიტო! პაბლიტო! - წამოიძახა მან გაბრაზებული, ხრინწიანი ხმით, - რა გაფიქრებინებს, რომ იგი ერთადერთია, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია?! 

 ჩვენ ძალიან ხანგრძლივი, მტკიცე მზერა გავცვალეთ და უცებ მივხვდი, რომ იატაკი სწორედ მან გააკეთა, რაც მას დონ ხუანმა დაავალა. ჩუმად ვიდექით და ცოტა ხნით კიდევ ვუყურებდით ერთმანეთს. ვგრძნობდი, რომ სრულიად ზედმეტი იქნებოდა მეკითხა, მართალი ვიყავი თუ არა. 

 - მე თვითონ გავაკეთე, - თქვა ბოლოს მშრალი ტონით. - ნაგვალმა მითხრა, როგორ გამეკეთებინა. 

 მისმა სიტყვებმა ჩემში ეიფორიის განცდა გამოიწვია. პრაქტიკულად, იგი ხელში ავიყვანე, ჰაერში ავწიე და დავატრიალე. მეც მასთან ერთად ვტრიალებდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მისთვის უამრავი კითხვა უნდა დამესვა. მინდოდა მცოდნოდა, როგორ ამზადებდა ფილებს, როგორი დიზაინი ჰქონდა წარმოდგენილი, საიდან მიიღო თიხა. მაგრამ მან არ გაიზიარა ჩემი აღფრთოვანება. ისევ ჩუმად და გულგრილად დარჩა, დროდადრო ეჭვის თვალით გამომხედავდა ხოლმე. 

 ისევ იატაკზე დავჯექი. საწოლი რამდენიმე კონვერტაციული ხაზის ზუსტ ეპიცენტრში იყო განთავსებული. თიხის ფილები მკვეთრი კუთხით იყო მოჭრილი ერთიანი მოტივების შესაქმნელად, რომლებიც თითქოსდა საწოლის ქვემოდან გამოდიოდნენ. 

 - სიტყვები არ მაქვს, რომ აგიხსნა, რამდენად აღფრთოვანებული ვარ. - ვუთხარი მე.

 - სიტყვები! ვის რა ჯანდაბად სჭირდება სიტყვები? - თქვა მან მოჭრილად. 

 გონება გამინათდა. ჩემი გონება მღალატობდა. მისი ბრწყინვალე მეტამორფოზის ახსნის ერთადერთი გზა არსებობდა. იგი დონ ხუანის შეგირდი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა დონა სოლედადის მსგავსი მოხუცი ქალი გადაქცეულიყო ასეთ უცნაურ, ძლიერ არსებად? ეს ჩემთვის ცხადი უნდა ყოფილიყო იმ მომენტიდანვე, როცა მას თვალებში ჩავხედე, მაგრამ იმ მომენტში მის მიმართ ჩემი მოლოდინები ამ შესაძლებლობას არ მოიცავდა. 

 მივხვდი, რომ ის, რაც დონ ხუანმა დონა სოლედადს გაუკეთა, იმ ორი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, რაც მე იგი არ მინახავს. თუმცა, ორი წელი საკმარსად არანაირად არ მეჩვენებოდა ასეთი შესანიშნავი ცვლილებისათვის. 

- მგონი, ახლა ვიცი, რაც დაგემართა, - ვუთხარი ჩვეულებრივი და მხიარული ტონით. - ჩემს გონებაში ახლა რაღაც გაიწმინდა. 

 - ოჰ, ნუთუ? - ჩაილაპარაკა მან, სრულიად უინტერესოდ. 

 - ნაგვალი ჯადოქრობას გასწავლიდა, ასე არაა?

 მან გამომწვევად შემომხედა. ვგრძნობდი, რომ ყველაზე ცუდი რამ ვთქვი, რისი თქმაც შეიძლებოდა. სახეზე ნამდვილი ზიზღი ეხატა. ჩემთვის არაფრის თქმას არ აპირებდა.

 - რა ნაბიჭვარი ვინმე ხარ! - წამოიძახა უცებ გაბრაზებისგან აკანკალებულმა. 

 ვფიქრობდი, რომ მისი გაბრაზება გაუმართლებელი იყო. საწოლის ერთ ბოლოში ჩამოვჯექი, როცა იგი იატაკზე ქუსლს აკაკუნებდა. შემდეგ საწოლს მეორე ბოლოში ისე დაჯდა, რომ არ მიყურებდა. 

 - კონკრეტულად რა გინდა, რომ გავაკეთო? - ვკითხე მტკიცედ და შემართებით. 

 - მე უკვე გითხარი! - თქვა მან ყვირილით. - მე და შენ ერთნი ვართ!

 ვთხოვე, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა და გამოერიცხა, თითქოს რაიმე წარმოდგენა მქონდა, რაზე ლაპარაკობდა. ამ განცხადებამ იგი კიდევ უფრო გააბრაზა. უცებ ინერციით წამოდგა და კაბა ჩაიხადა. 

 - აი ეს ვიგულისხმე! - დაიყვირა, თან საშოს მიდამოს ეფერებოდა. 

 უნებურად პირი დავაღე. მივხვდი, რომ იდიოტივით ვიყურებოდი. 

 - მე და შენ ერთნი ვართ! - გაიმეორა მან. 

 სრულიად დავმუნჯდი. დონა სოლედადი, მოხუცი ქალბატონი, ჩემი მეგობრის, პაბლიტოს დედა, ფაქტობრივად ნახევრად შიშველი იდგა ჩემგან რამდენიმე ფუტის მოშორებით და თავის სასქესო ორგანოებს მიჩვენებდა. გამოშტერებული მივჩერებოდი, აზრების ჩამოყალიბება არ შემეძლო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს სხეული მოხუცი ქალბატონის არ იყო. ლამაზი თეძოები ჰქონდა, მუქი და უთმო. მისი თეძოს აგებულება ფართო იყო, მაგრამ ეს ცხიმის გამო არ იყო, რადგან ცხიმი არ ჰქონდა. 

 მან ჩემი დაკვირვება შეამჩნია და საწოლზე დაწვა. 

 - შენ იცი, რაც უნდა გააკეთო. - თქვა მან და საშოზე მანიშნა. - ჩვენ აქ ერთნი ვართ. 

 ტანსაცმელი გადაიძრო და მოზრდილი მკერდი გამოაჩინა. 

 - დონა სოლედად, გევედრები! - წამოვიძახე მე. - რა დაგემართა? შენ პაბლიტოს დედა ხარ. 

 - არა, არ ვარ. - ამოიკვნესა მან. - მე არავის დედა არ ვარ. 

 იგი წამოჯდა და მრისხანე თვალებით შემომხედა. 

 - მეც შენნაირი ვარ. ნაგვალის ნაწილი. - თქვა მან. - ჩვენ შეერთებისთვის ვართ შექმნილნი. 

 

 - ერთი წუთით მოითმინე, დონა სოლედად, - ვუთხარი მე. - ცოტა ხანი ვისაუბროთ. 

 ველური შიში დამეუფლა და უცებ გიჟურმა აზრმა გამიელვა. ჩემს თავს ვკითხე, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ დონ ხუანი სადღაც ახლომახლო იმალებოდა და სიცილით კვდებოდა? 

 - დონ ხუან! - დავიყვირე. 

 ჩემი ყვირილი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ დონა სოლედადი საწოლიდან წამოხტა და შიშველ სხეულზე სასწრაფოდ სამოსი აიფარა. ვხედავდი, როგორ იცვამდა ტანსაცმელს, სანამ მთელი ხმით ვყვიროდი.

 - დონ ხუან!

 სახლში დავრბოდი და დონ ხუანის სახელს ვყვიროდი, სანამ ყელი არ ჩამეხლიჩა და ამტკივდა. დონა სოლედადი ამასობაში გარეთ გავარდა და მანქანის გვერდით დადგა, თან გაკვირვებული მიყურებდა. 

 მასთან მივედი და ვკითხე, დონ ხუანმა ხომ არ უთხრა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ვკითხე, იყო თუ არა იგი ამჟამად სადმე ახლომახლო. მითხრა, რომ დონ ხუანი აქ არ იყო. 

 - ყველაფერი მომიყევი. - ვუთხარი მე. 

 მან მითხრა, რომ იგი მხოლოდ დონ ხუანის განკარგულებებს ასრულებდა. დონ ხუანმა უბრძანა, რომ მისი ყოფიერება მეომრად შეეცვალა, რათა დამხმარებოდა. 

 - ახლა ძალიან ძლიერი ვარ, - თქვა მან რბილად. - მხოლოდ შენთვის. მაგრამ შენ ჩემს ოთახში არ მოგეწონე, ასე არაა?

 ახსნა დავუწყე, რომ სულაც არ იყო ასე. ვუთხარი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი გრძნობები პაბლიტოს მიმართ. შემდეგ მივხვდი, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც არ მქონდა, რაზე ვლაპარაკობდი. 

 დონა სოლედადმა თითქოს გაიგო ჩემი უხერხული პოზიცია და აღნიშნა, რომ ჩვენი გაუგებრობა უნდა დაგვევიწყებინა. 

 - შენ ალბათ გშია. -  თქვა მან მხიარულად. - საჭმელს მოგიმზადებ. 

 - ძალიან ბევრი რამ არის, რასაც არ მიხსნი. - ვუთხარი მე. - შენთან გულწრფელი ვიქნები, აქ არაფრის გამო აღარ გავჩერდები. ძალიან მაშინებ. 

- შენ ვალდებული ხარ მიიღო ჩემი სტუმართმოყვარეობა, თუნდაც მხოლოდ ფინჯანი ყავისთვის. - თქვა მან აუღელვებლად. - მოდი, დავივიწყოთ რაც მოხდა.  

 დონა სოლედადმა ჟესტით მიმითითა, რომ სახლში შევსულიყავით. ამ მომენტში ძლიერი ღრენის ხმა ჩამესმა. ძაღლი იდგა და გვიყურებდა, თითქოს ესმოდა, რაც ვილაპარაკეთ. 

 დონა სოლედადი ყველაზე საშინელი მზერით მომაჩერდა. მერე შერბილდა და გაიღიმა.

 - ჩემმა თვალებმა არ შეგაწუხოს. - თქვა მან. - სიმართლე ის არის, რომ მე მოხუცი ვარ. ბოლო დროს თავბრუ მეხვევა. ვფიქრობ, სათვალე მჭირდება. 

 სიცილი აუტყდა და მომრგვალებულ თითები თვალებთან მიიტანა, იმანჭებოდა, თითქოს ისინი სათვალეები იყვნენ. 

 - მოხუცი ინდიელი ქალი სათვალეებით! ძალიან სასაცილო იქნება. - თქვა მან ხითხითით. 

 გადავწყვიტე უხეში ვყოფილიყავი და აქედან ყოველგვარი განმარტების გარეშე წავსულიყავი. მაგრამ სანამ წავიდოდი, მინდოდა პაბლიტოსთვის და მისი დებისთვის ჩემი რაღაც ნივთები დამეტოვებინა. მანქანის საბარგული გავხსენი, რომ მათთვის მოტანილი საჩუქრები ამომეღო. დავიხარე, რათა ორი პაკეტი ამომეტანა, რომლებიც უკანა სავარძლის სიღრმეში მქონდა დადებული. როცა მეორე პაკეტს ასაღებად დავწვდი, კისერზე რბილი, ბეწვიანი ხელი ვიგრძენი. უნებურად დავიყვირე და გაშლილ სახურავს თავი ავარტყი. შევბრუნდი, რომ შემეხედა. ბეწვიანი ხელის ზეწოლა მთლიანად შემობრუნების საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ მოვახერხე წამიერი მზერა შემევლო ვერცხლისფერი მკლავისთვის ან თათისთვის, რომელიც ჩემს კისერს აწვებოდა. პანიკაში ჩავვარდი და გავიბრძოლე, საბარგულს მოვცილდი და დავეცი, პარკი ისევ ხელში მეჭირა. 

 - შენი შეშინება არ მინდოდა. - ბოდიში მომიხადა დონა სოლედადმა, რომელსაც ათი ფუტის სიშორიდან ვაკვირდებოდი. 

 ხელის გულები დანებების ჟესტივით მიჩვენა, თითქოს მარწმუნებდა, რომ რაც ვიგრძენი, მისი ხელი არ იყო. 

 - რა გამიკეთე? - ვცდილობდი მშვიდად და განჯაჭვულად ვყოფილიყავი. 

 

 როგორც ჩანს, იგი სავსებით დარცხვენილი და დაბნეული იყო. რაღაც ჩაიბურტყუნა, თითქოს ვერ თქვა ან თავად არ ვიცოდი, რაზე ვლაპარაკობდი. 

 - გთხოვ, დონა სოლედად, - ვუთხარი და მივუახლოვდი. - ჩემზე ფოკუზებს ნუ ითამაშებ.  

 თითქოს ტირილს აპირებდა. მისი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი წინააღმდეგობას მიწევდა. წამიერი პაუზის შემდეგ ვუთხარი, რაც ვიგრძენი და ვნახე. 

 - ეს უბრალოდ საშინელებაა! - გაბზარული ხმით დაიყვირა მან. 

 ძალიან ბავშვური ჟესტით აიფარა სახეზე მარჯვენა წინამხარი. მეგონა, რომ ტიროდა. მასთან მივედი და ვცადე მკლავზე ხელი მომეხვია. 

 - გთხოვ, დონა სოლედად. - ვუთხარი მე. - დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ნება მომეცით წასვლამდე ეს პაკეტები გადმოგცეთ.  

 როცა მივუახლოვდი, მკლავის უკან მისი სახის ნაწილი და შავი, ნათელი თვალები დავინახე. არ ტიროდა. იღიმოდა.

 უკან გადავხტი. მისმა ღიმილმა შემაშინა. დიდი ხნის მანძილზე ორივე გაუნძრევლად ვიდექით. სახეზე ხელს იფარებდა, მაგრამ მე ვხედავდი, როგორ მიყურებდა მისი თვალები. 

 შიშისგან თითქმის პარალიზებულად დგომისას ვიგრძენი, რომ სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. უძირო ორმოში ჩავარდნის განცდა მქონდა. დონა სოლედადი ჯადოქარი იყო. ჩემმა სხეულმა ეს იცოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი. მხოლოდ იმის დაჯერება მინდოდა, რომ დონა სოლედადი გაგიჟდა და საგიჟეთის ნაცვლად საკუთარ სახლში იმალებოდა. 

 მოძრაობას და მისთვის თვალის მოშორებას ვერ ვბედავდი. ასეთ პოზაში ხუთი თუ ექვსი წუთის განმავლობაში ვიდექით. ხელი უმოძრაოდ ჰქონდა სახესთან გაჩერებული. მანქანის უკანა მხარეს იდგა, თითქმის მარცხნივ ეყრდნობოდა. საბარგულის სახურავი ისევ ღია იყო. მარჯვენა კარი უნდა გამეღო. გასაღები მანქანის კლიტეში მქონდა ჩატოვებული. 

 ცოტა მოვდუნდი, რათა სირბილისთვის საკმარისი ენერგია დამეგროვებინა. მან თითქოს მაშინვე შენიშნა ჩემი პოზიციის ცვლილება. მკლავი დაბლა დაწია და სახე გამოაჩინა. კბილები დააღრჭიალა. მისი თვალები ჩემკენ იყვნენ მოპყრობილნი, მაგრამ რთული გამოსაცნობი იყო, რას ამბობდნენ. უცებ ჩემკენ დაიძრა. მარჯვენა ფეხი მიწაზე გააცურა, როგორც კურო აკეთებს გამოქანებისას, დამეტაკა, კლანჭიანი ხელები წელზე მომიჭირა და ამქვეყნად ყველაზე სისხლის გამყინავად იკივლა. 

 ჩემი სხეული უკან გახტა და მის ხელებს დაუსხლტა. მანქანისკენ გავიქეცი, მაგრამ იგი წარმოუდგენელი სიჩქარით დამეწია და ფეხი გამომიდო. სახით წავიქეცი, მან მარცხენა ფეხით დამიჭირა. მარჯვენა ფეხი მოვიქნიე და ფეხსაცმლის ძირით სახეში გავარტყამდი, ჩემთვის უცებ ხელი რომ არ გაეშვა და არ გაწეულიყო. ფეხზე წამოვდექი და მანქანის კარის გაღება ვცადე. ჩაკეტილი იყო. კაპოტს გადავევლე, რათა მეორე მხარეს მივსულიყავი, მაგრამ როგორღაც დონა სოლედადი უკვე იქ დამხვდა. ვცადე კაპოტს ისევ უკან გადმოვლებულიყავი, რომ შუა გზაში მარჯვენა ტერფში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი. მან ხელი ფეხზე მომკიდა. მარცხენა ფეხით დარტყმა არ შემეძლო. თავისკენ მიმიზიდა და ზედ დავეცი. მიწაზე ვიჭიდავეთ. მისი ძალა დიდებული იყო და მისი ყვირილი საშინელი. მისი სხეულის გიგანტური წნეხის ქვეშ ძლივს ვმოძრაობდი. ეს არ იყო წონის საკითხი, არამედ დაძაბულობის, რომელიც მას ჰქონდა. მოულოდნელად ღრენის ხმა გავიგე და თავზე უზარმაზარი ძაღლი გადამახტა. წამოვდექი. მანქანაში ჩაჯდომა მინდოდა, მაგრამ ქალი და ძაღლი კარებთან ჩხუბობდნენ. ერთადერთი გამოსავალი სახლში შესვლა იყო. ერთ-ორ წამში სახლში ვიყავი. მათ შესახედად არ მოვტრიალებულვარ, არამედ შიგნით შევვარდი, კარი მივხურე და რკინის გისოსით დავკეტე, რომელიც კარებს უკნიდან ჰქონდა. გავიქეცი და იგივე გავაკეთე მეორე კართან. 

 შიგნიდან ძაღლისა და ქალის გააფთრებული ღრიალი და არაადამიანური შეძახილები მესმოდა. შემდეგ უეცრად ძაღლის ყეფა ხმამაღალ ღრენაში და წკმუტუნში გადაიზარდა, თითქოს რაღაც სტკიოდა, ან რაღაც აშინებდა. მუცლის არეში რაღაც ჩამეშალა. ყურებმა ზუზუნი დამიწყო. მივხვდი, რომ სახლში ჩაკეტილი აღმოვჩნდი. შიშის შემოტევა მქონდა. საკუთარ საქციელზე აღვშფოთდი, რომ სახლში ასე სულელურად შემოვვარდი. ქალის თავდასხმამ ისე დამაბნია, რომ მომენტალურად სტრატეგიის გრძნობა დავკარგე, თითქოს ჩვეულებრივი ოპონენტებისგან გავრბოდი, რომლის მოგვარებაც მხოლოდ კარის მოხურვით შეიძლებოდა. გავიგონე, როგორ მოვიდა კარებთან ვიღაცა და გასაღებად მოაწვა. ძლიერად აწვებოდა და კარის გაღებას ცდილობდა. შემდეგ ხმამაღალი კაკუნი და ზარის ხმა გაისმა. 

 - გააღე კარი. - თქვა დონა სოლედადმა მკაცრი ხმით. - ამ დაწყევლილმა ძაღლმა დამკბინა. 

 ვფიქრობდი, შემომეშვა თუ არა ქალი სახლში. გამახსენდა დაპირისპირება, რომელიც წლების წინ სხვა ჯადოქარ ქალთან მქონდა და რომელიც, დონ ხუანის ნათქვამის მიხედვით, საკუთარ ფორმას იცვლიდა, რათა მოვეტყუებინე და ჩემთვის სასიკვდილო დარტყმა მოეყენებინა. ცხადია, დონა სოლედადი არ იყო ისეთი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ იგი ჯადოქარი იყო. ჩემს ეჭვებში დროის ელემენტი ყველაზე დიდ როლს თამაშობდა. პაბლიტო, ნესტორი და მე დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ჩართულნი წლების განმავლობაში ვიყავით, მაგრამ ჯადოქრები საერთოდ არ გვეთქმოდა. როგორ შეიძლებოდა, დონა სოლედადი ყოფილიყო ასეთი? არ აქვს მნიშვნელობა, როგორც არ უნდა შეცვლილიყო, იგი ვერ შეძლებდა ისეთი რაღაცის იმპროვიზაციას, რომლის ცვლილებასაც მთელი ცხოვრება სჭირდება. 

 - თავს რატომ დამესხი? - ვკითხე ხმამაღლა, რათა სქელი კარის მიღმა გაეგო.

 მან მიპასუხა, რომ ჩემი არ-გაშვება ნაგვალის განკარგულება იყო.  

 ვკითხე, რატომ იყო ასე.

 მან არ მიპასუხა. სამაგიეროდ, კარზე გააფთრებით დააკაკუნა და პასუხად კიდევ უფრო ძლიერი კაკუნი დავუბრუნე. რამდენიმე წუთის მანძილზე კარებს ვუკაკუნებდით. გაჩერდა და ხვეწნა დამიწყო, რომ მისთვის კარები გამეღო. ნერვული ენერგიის მოზღვავება მქონდა. ვიცოდი, რომ კარების გაღების შემთხვევაში გაქცევის საშუალება მომეცემოდა. კარებიდან რკინის გისოსი გადავწიე. შემოვიდა. მისი ბლუზი დახეული იყო. თმის დამჭერი ზოლი ჩამოვარდნილი ჰქონდა და მთელი თმა სახეზე ჩამოშლოდა. 

 - შეხედე რა მიქნა იმ წუნკალი ძაღლის შვილმა! - დაიყვირა მან. - შეხედე! შეხედე! 

 ღრმად ამოვისუნთქე. როგორც ჩანს, დაბნეული იყო. სკამზე დაჯდა და დახეული ბლუზის გახდა დაიწყო. ეს მომენტი გამოვიყენე, რათა სახლიდან გამოვვარდნილიყავი და მანქანაში შევვარდნილიყავი. მანქანაში ისეთი სისწრაფით ჩავჯექი, როგორიც მხოლოდ შიშის დროს შეგიძლია განავითარო. კარი დავხურე, ძრავა დავქოქე და მანქანა მოვატრიალე. გაზს მივაჭირე და უკანა სარკეში გავიხედე. როცა მოვტრიალდი, სახეზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. საშინელი ღრიალი მომესმა და უეცრად ძაღლის დემონური თვალები დავინახე. უკანა სავარძელზე იდგა. თავი წამით ადრე დავხარე, თორემ ჩემი თვალები მის კბილებში აღმოჩნდებოდა. მისმა ეშვებმა თავზე თმა მომაგლიჯა და ლამის სკალპი ამხადა. დავატორმუზე. მანქანის მოქმედებამ მხეცს წონასწორობა დააკარგვინა. კარები გავხსენი და გარეთ გავვარდი. კარიდან გამომავალი ძაღლის თავი დავინახე. მისი უზარმაზარი კბილების კაკუნი გავიგე და როცა ძაღლის ყბები მჭიდროდ დაიხურა, ჩემი ფეხსაცმლის ქუსლებს რამდენიმე სანტიმეტრი მოაკლდა. მანქანამ უკუსვლა დაიწყო და სახლისკენ კიდევ ერთი გიჟური სისწრაფით გავექანე. სანამ კარებამდე მივაღწევდი, შევჩერდი. 

 იქ დონა სოლედადი იდგა. თმა ისევ ზევით ჰქონდა შეკრული. მხრებზე შალი ჰქონდა შემოხვეული. ერთი წამით მიყურებდა, მერე სიცილი დაიწყო, ჯერ ძალიან რბილად, თითქოს ჭრილობა სტკიოდა, შემდეგ კი ხმამაღლა. მან თითი ჩემკენ გამოიშვირა და სიცილისგან კრუნჩხვებში ჩავარდნილი, ხელს მუცელზე იჭერდა. დაიხარა და გაიზმორა, თითქოს სუნთქვა შეეკრა. წელს ზემოთ შიშველი იყო. მის მკერდს ვხედავდი, რომელიც სიცილით ზევით-ქვევით დახტოდა. 

 ვგრძნობდი, რომ ყველაფერი დაიკარგა. მანქანისკენ გავიხედე. ოთხი ან ხუთი ფუტის უკუსვლის შემდეგ გაჩერდა. კარი ისევ დაიხურა. შიგნიდან ძაღლი მიმზერდა. ვხედავდი და ვუსმენდი უზარმაზარ ურჩხულს, რომელიც წინა სავარძლის საზურგეს ეშვებით გლეჯდა. 

 იმ მომენტში ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არ ვიცოდი რომელი უფრო მაშინებდა, დონა სოლედადი თუ ძაღლი. წამიერი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ძაღლი სულელი მხეცი იყო. 

 

 მანქანას მივვარდი და სახურავზე ავედი. ხმაურმა ძაღლი გააბრაზა. გავიგე, როგორ ბრდღვნიდა სავარძელს. სახურავზე დაწოლილმა, მძღოლის კარის გახსნა მოვახერხე. ჩემი იდეა ორივე კარის გახსნა და შემდეგ სახურავიდან უცებ ჩაძრომა იყო. მარჯვენა კარს დავეჯაჯგურე. დამავიწყდა, რომ დაკეტილი იყო. იმ მომენტში, ღია კარიდან ძაღლის თავმა ამომხედა. ამ აზრზე დამაბრმავებელი პანიკის შეტევა მქონდა, რომ ძაღლი პირდაპირ სახურავზე აპირებდა ამოხტომას. 

 ერთ წამზე ნაკლებ დროში სახლის კარებთან ვიყავი. 

 დონა სოლედადი კარებში იდგა. იცინოდა, რაც თითქმის მტკივნეულად გამოიყურებოდა.

 ძაღლი მანქანაში დარჩა და ბრაზისგან დორბლებს ისროდა. ზომით ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ წინა სავარძლიდან გამოტეულიყო. მანქანასთან მივედი და კარები ფრთხილად მივხურე. საკმარისად გრძელი ჯოხის ძებნა დავიწყე, რათა მარჯვენა კარზე უსაფრთხოების საკეტი გამეთავისუფლებინა. 

 სახლის წინა მიდამო გავჩხრიკე. ირგვლივ ხის არც ერთი ნაჭერი არ იდო. ამასობაში დონა სოლედადი შიგნით შევიდა. ჩემი მდგომარეობა შევაფასე. სხვა ალტერნატივა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ დახმარება მეთხოვა. ზღურბლს დიდი მოწიწებით გადავაბიჯე და ყველა მიმართულებით მიმოვიხედე, რადგან შესაძლოა კარს მიღმა იმალებოდა და მელოდა. 

 - დონა სოლედად! - ვიყვირე. 

 - რა ჯანდაბა გინდა? - ყვირილითვე მიპასუხა მან თავისი ოთახიდან. 

 - გთხოვ, გარეთ გამოდი და შენი ძაღლი მანქანიდან გამოიყვანე. 

 - მეხუმრები? უკვე გითხარი, რომ ის ჩემი ძაღლი არ არის. ჩემს გოგონებს ეკუთვნის. 

 - სად არიან შენი გოგონები?

 - ისინი მთებში არიან.

 ოთახიდან გამოვიდა და ჩემს წინ დადგა. 

 - გინდა განახო, რა მიქნა იმ წყეულმა ძაღლმა? - მითხრა მან მშრალი ტონით. - შეხედე! 

 შალი გადაიძრო და შიშველი ზურგი მიჩვენა.

 ზურგზე რაიმე სახის ხილული კვალი არ ემჩნეოდა. მხოლოდ რამდენიმე გრძელი, ზედაპირული ნაკაწრი ეტყობოდა, რომელიც შესაძლოა მიწაზე კოტრიალისას მიიღო. ამისთვის თავად უნდა ეზრუნა, როცა თავს დამესხა.

 - აქ არაფერი გაქვს. - ვუთხარი.

 - მოდი და სინათლეზე შეხედე. - თქვა მან და კართან მივიდა. 

 იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყურადღებით დამეთვალიერებინა მის ზურგზე ძაღლის ეშვების მიერ გაკეთებული ნაკაწრები. თავი სულელად ვიგრძენი. თვალების ირგვლივ, განსაკუთრებით წამწამებზე, მძიმე შეგრძნება მქონდა. გარეთ გავედი. ძაღლი არ განძრეულა და სახლიდან გასვლისთანავე ყეფა დამიწყო. 

 საკუთარ თავს ვწყევლიდი. ჩემს გარდა დამნაშავე არავინ იყო. ამ მახეში ისე გავები, როგორც უბრალო სულელი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ქალაქში ფეხით წავსულიყავი. მაგრამ ჩემი საფულე, ჩემი საბუთები, ყველაფერი რაც პორტფელში მქონდა, მანქანის იატაკზე ეყარა, ზუსტად ძაღლის თათების ქვემოთ. სასოწარკვეთილების შეტევა მქონდა. ქალაქში წასვლა უსარგებლო იყო. ჯიბეში იმდენი ფულიც არ მქონდა, რომ ფინჯანი ყავა მეყიდა. სხვა ალტერნატივა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ძაღლი მანქანიდან გადმომეყვანა.

 - რას ჭამს ეს ძაღლი? - დავიყვირე კარებიდან. 

 - შენი ფეხი მიეცი და ნახავ. - დამიყვირა დონა სოლედადმა ოთახიდან კისკისით. 

 სახლში საჭმელს ვეძებდი. ქოთნები ცარიელი იყო. სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ დახმარებისთვის ისევ მიმემართა. ჩემი სასოწარკვეთა სიბრაზეში გადაიზარდა. მის ოთახში სასიკვდილო ბრძოლისთვის მომზადებულმა შევედი. საწოლზე იწვა, შალი ეფარა.

 - გთხოვ, მაპატიე, რომ ეს ყველაფერი გაგიკეთე. - თქვა მან ჭერს მიჩერებულმა. 

 

 მისმა გამბედაობამ ჩემი სიბრაზე შეაჩერა. 

 - ჩემი პოზიცია უნდა გაიგო. - განაგრძო მან. - ვერ გაგიშვებ.  

 მან რბილად ჩაიცინა და მშვიდი, ძალიან სასიამოვნო ხმით მითხრა, რომ სიხარბეში და მოუხერხებლობაში იყო დამნაშავე, რომელმაც სახლიდან კინაღამ გამაქცია, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა. იგი შეჩერდა, წამოჯდა და მკერდზე შალი აიფარა. შემდეგ დაამატა, რომ მთელს სხეულში უცნაური თავდაჯერებულობა დაეუფლა. ჭერს ახედა და ხელების უცნაურად, რიტმულ ნაკადში მოძრაობა დაიწყო, ქარის წისქვილების მსგავსად.

 - ამიერიდან წასვლის საშუალება აღარ გექნება. - თქვა მან. 

 სიცილის გარეშე შემათვალიერა. ჩემი შინაგანი სიბრაზე ჩაცხრა, მაგრამ სასოწარკვეთა უფრო მწვავე იყო, ვიდრე ოდესმე. გულწრფელად ვიცოდი, რომ ფიზიკური ძალის საკითხებში ვერც მას შევედრებოდი და ვერც მის ძაღლს. 

 მან თქვა, რომ ჩვენი შეხვედრა წლების წინ იყო განსაზღვრული და არც ერთ ჩვენგანს არ გვქონდა საკმარისი ძალა, რათა ეს დაგვეჩქარებინა ან გაგვეუქმებინა. 

 - წასასვლელად თავს ნუ გამოიდებ. - თქვა მან. - ეს ისეთივე უსარგებლოა, როგორც ჩემი მცდელობა, რომ აქ დაგტოვო. შენი ნების გარდა აქედან რაღაც სხვა დაგიხსნის და ჩემი ნების გარდა აქ რაღაც სხვა დაგტოვებს.

 რატომღაც ასეთმა თავდაჯერებულობამ იგი არა მარტო დაამშვიდა, არამედ სიტყვებზე დიდი ძალაუფლება მიანიჭა. მისი სიტყვები დამაჯერებელი და ნათელი იყო. დონ ხუანი ყოველთვის ამბობდა, რომ მე მიმნდობი სული ვხდებოდი, როცა საქმე სიტყვებს ეხებოდა. მისი ლაპარაკისას ვფიქრობდი, რომ სოლედადის ნათქვამი სულაც არ იყო ისეთი მუქარა, როგორიც მე მეგონა. ჩემი ერთი ნაწილი თითქმის დამშვიდდა, მაგრამ მეორე ნაწილი მშვიდად არ იყო. ჩემი სხეულის ყველა კუნთი დაძაბული მავთულივით იყო მოჭიმული, თუმცა მაინც უნდა მეღიარებინა, რომ მიუხედავად ჩემს მიერ განცდილი ჭკუიდან შემშლელი შიშისა, იგი ყველაზე მიმზიდველ ქალად მეჩვენებოდა. დონა სოლედადი მიყურებდა. 

 - მე შენ გიჩვენებ, თუ რამდენად უსარგებლოა წასვლის მცდელობა. - თქვა მან და საწოლიდან გადმოხტა. - ვაპირებ დაგეხმარო. მითხარი, რა გჭირდება? 

 თვალების ელვარებით მიყურებდა. მისი პატარა თეთრი კბილები ეშმაკური ღიმილით იღიმოდნენ. ადრე მისი მსუქანი სახე ახლა უცნაურად გლუვი იყო და საკმაოდ უნაოჭოდ გამოიყურებოდა. მისი ცხვირის კიდეებიდან პირის კუთხეებამდე ორი ხაზი სახეს სიმწიფის იერს აძლევდა, მაგრამ არა ასაკს. წამოდგომისას მან უნებურად შალის ნაჭერს ხელი გაუშვა და შიშველი მკერდი გამოუჩნდა. მათ დასაფარავად თავს არ იწუხებდა. სამაგიეროდ, წელში გაიმართა და მკერდი წინ წამოსწია. 

 - ოჰ, შეამჩნიე არა? - თქვა მან და პროფილში შეტრიალდა, რათა უკეთ შემეთვალიერებინა, თითქოს საკუთარი თავით კმაყოფილი ჩანდა - თმები ყოველთვის ზევით მაქვს შეკრული. ნაგვალმა ასე მითხრა. თმების დაჭიმულობა ჩემს სახეს აახალგაზრდავებს. 

 დარწმუნებული ვიყავი, რომ მკერდზეც აპირებდა ლაპარაკს.

 მისი ცვლილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. 

 - ეს არ ნიშნავს, რომ თმის აწევა უფრო ახალგაზრდად წარმომაჩენს. - განაგრძო მან მომხიბვლელი ღიმილით. - თმის აწევა მაახალგაზრდავებს.

 - ასეთი რამ რანაირად არის შესაძლებელი? - ვკითხე მას.

 მან კითხვითვე მიპასუხა. სურდა გაეგო, სწორად მესმოდა თუ არა დონ ხუანის ნათქვამი, როდესაც ამბობდა, რომ შეუპოვარი განზრახვით ყველაფერი იყო შესაძლებელი. უფრო ზუსტი ახსნა მინდოდა. მინდოდა გამეგო, თმის გარდა კიდევ რას აკეთებდა გაახალგაზრდავებისთვის. მან თქვა, რომ საწოლში ყოველგვარი ფიქრისა და გრძნობისგან დაცლილი იწვა, ხოლო იატაკზე დატანებული ხაზები მას ნაოჭებს აშორებდნენ. მეტი დეტალებისთვის ხელი მოვუჭირე. მაინტერესებდა ნებისმიერი შეგრძნება, ნებისმიერი აღქმა, რასაც საწოლზე წოლის დროს გრძნობდა. იგი დაჟინებით მპასუხობდა, რომ არაფერს გრძნობდა და არც ის იცოდა, როგორ მუშაობდნენ ხაზები იატაკზე. მას მხოლოდ ის უნდა სცოდნოდა, რომ აზრების ჩარევისათვის უფლება არ უნდა მიეცა. 

 ხელები მკერდზე დამადო და ძალიან ნაზად მიბიძგა. ეს ჟესტი იმის საჩვენებლად გააკეთა, რათა ეთქვა, რომ ჩემი კითხვები საკმარისი იყო. უკანა კარიდან გარეთ გავედით. მე ვუთხარი, რომ გრძელი ჯოხი მჭირდებოდა. იგი პირდაპირ შეშის გროვასთან მივიდა, მაგრამ იქ გრძელი ჯოხები არ იყო. ვკითხე, შემეძლო თუ არა რამდენიმე ლურსმნის გამოყენება, რათა ორი შეშა ერთმანეთისთვის შემეერთებინა. ლურსმნების საპოვნელად მთელი სახლი მოვიარეთ, მაგრამ ძიება წარუმატებლად დასრულდა. საბოლოო იმედად მესახებოდა გრძელი ჯოხი, რომელსაც საქათმეში მივაგენი, რომელიც ადრე პაბლიტომ ააშენა. ჯოხი, მიუხედავად იმისა, რომ წვრილი იყო, ჩემი მიზნისთვის შესაფერისი ჩანდა.

 ჩვენი ძიების დროს დონა სოლედადს არ გაუღიმია და არაფერზე ხუმრობდა. 

 როგორც ჩანს, იგი მთლიანად ჩემს დახმარებაში იყო ჩაფლული. მისი კონცენტრაცია იმდენად ინტენსიური იყო, რომ შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მას ძალიან სურდა ჩემი დახმარება.

 ერთი გრძელი ჯოხით და ერთი შეშის ნაჭრით შეიარაღებულმა, მანქანისკენ გავემართე. დონა სოლედადი წინა კართან იდგა. 

 მარჯვენა ხელში მოკლე ჯოხის ქანავით ძაღლის ყურადღების გადატანა დავიწყე, ხოლო მარცხენა ჯოხით უსაფრთხოების საკეტის გახსნას ვცილობდი. ძაღლმა მარჯვენა ხელი კინაღამ მომაჭამა და მაიძულა მოკლე ჯოხი დამეგდო. უზარმაზარი მხეცის სიბრაზე და ძლიერება იმდენად დიდი იყო, რომ კინაღამ გრძელი ჯოხიც დავკარგე. ის იყო, ძაღლი ჯოხის გადატეხას აპირებდა, რომ დონა სოლედადი დასახმარებლად მოვიდა. უკანა ფანჯარას დაარტყა და ძაღლის ყურადღება მიიპყრო. 

 ძაღლის გაფანტული ყურადღებით გამხნევებულმა, უსაფრთხოების საკეტის გახსნა მოვახერხე. მაშინვე უკან დახევა ვცადე, მაგრამ ძაღლი მთელი სხეულით ჩემკენ მოტრიალდა და მასიური მხრების მქონე წინა თათები სავარძელზე დაალაგა. მხარზე მისი თათები ვიგრძენი. სახე მომექცა. ვიცოდი, რომ ჩემს შუაზე გაგლეჯას აპირებდა. ძაღლმა თავი დახარა, რათა მოვეკალი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის ეკბინა, საჭეს ეცა. გარეთ გამოვვარდი და ერთ წამში სახურავზე ავცოცდი. მთელი სხეული ყალყზე მქონდა დამდგარი.  

 მარჯვენა კარი გავაღე. დონა სოლედადს ვთხოვე, ჩემთვის გრძელი ჯოხი მოეწოდებინა და ერთად მივაწექით ბერკეტს, რათა საზურგე სწორი პოზიციიდან გამეხსნა. ვიფიქრე, რომ თუ ძაღლს მივაწვებოდი, მანქანიდან გადმოვიდოდა. მაგრამ ის არ განძრეულა. სამაგიეროდ, გაშმაგებით უკბინა გრძელ ჯოხს. 

 ამ დროს დონა სოლედადი სახურავზე ამოხტა და ჩემს გვერდით გაწვა. ძაღლის გამოგდებაში მეხმარებოდა. ვუთხარი, რომ სახურავზე დარჩენა არ შეიძლებოდა, რადგან ძაღლის გამოსვლისთანავე მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას ვაპირებდი. დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მან მხრები აიჩეჩა, წამოხტა, სახურავიდან დაბლა დახტა და სახლის კარებისკენ გაეშურა. დაბლა დავიხარე და ჩემი ქუდით ძაღლის წვალება გავაგრძელე. ქუდს თვალების წინ აქეთ-იქეთ ვუტრიალებდი. მისი მრისხანება ყველაფერს აღემატებოდა, რაც კი აქამდე მინახავს, მაგრამ თავის ადგილს არაფრის დიდებით არ ტოვებდა. ბოლოს მისმა მასიურმა ყბებმა ჯოხი ხელიდან გამომტაცა. ქვევით ჩავხოხდი რათა დავარდნილი ჯოხი ამეღო, როცა დონა სოლედადის ყვირილი მომესმა:

 - ფრთხილად! გარეთ გამოდის!

 თვალი მანქანისკენ გავაპარე. ძაღლი სკამზე თავს იჭერდა. უკანა თათებით სავარძელს ეყრდნობოდა და ნახევრად გარეთ იყო გამოსული.

 სახლისკენ გავეშურე და შიგნით დროულად შევედი, სანამ ძაღლი მომდევდა. მისი ინერცია იმდენად ძლიერი იყო, რომ კარებს დაკეტვისას გარედან მოასკდა. 

 კარების გისოსით გადაკეტვის შემდეგ, დონა სოლედადმა კისკისით მითხრა:

 - ხომ გითხარი, რომ ეს უსარგებლო იყო.

 ყელი ჩაიწმინდა და ჩემკენ შემობრუნდა.

 - შეგიძლიათ ძაღლი დააბათ? - ვკითხე მას.

 დარწმუნებული ვიყავი, რომ უაზრო პასუხს გამცემდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მითხრა, რომ ყველაფერი უნდა გვეცადა, თავად ძაღლის სახლში შემოტყუებისა და მისი ჩაკეტვის ჩათვლით. 

 მისმა იდეამ მომხიბლა. შესასვლელი კარი ფრთხილად გავაღე. ძაღლი იქ აღარ იდგა. ცოტათი მეტიც გავბედე და გარემო მოვათვალიერე. ახლოს აღარ იყო. იმედი მქონდა, რომ ძაღლი თავის გალიაში დაბრუნდა. ის იყო, მანქანამდე მისვლას ვაპირებდი, რომ საზარელი ღრენა მომესმა და მანქანიდან მომზირალი მხეცის მასიური თავი დავინახე. იგი წინა სავარძელზე დაბრუნებულიყო. 

 დონა სოლედადი მართალი აღმოჩნდა. ყველა მცდელობა უსარგებლო იყო. სევდის ტალღამ მომიცვა. რატომღაც ვიცოდი, რომ ჩემი აღსასრული ახლოს იყო. დონა სოლედადს სასოწარკვეთილმა ვუთხარი, რომ სამზარეულოდან დანის აღებას და ძაღლის მოკვლას ვაპირებდი. ფაქტობრივად, ამას გავაკეთებდი, სახლში ლითონის მსგავსი რაიმე საგანი მაინც რომ ყოფილიყო. 

 - ნაგვალმა არ გასწავლა, რომ შენი ბედისწერა უნდა მიიღო? - მკითხა დონა სოლედადმა უკნიდან. - ეს ჩვეულებრივი ძაღლი არ არის. მას ძალა აქვს. ის მეომარია. იმას გააკეთებს, რაც უნდა გააკეთოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, მოგკლავს კიდეც.

 უკონტროლო იმედგაცრუების მომენტი მქონდა, ქალს მხრებში ხელი ვტაცე და ვუღრიალე. ჩემი უეცარი აფეთქებით გაკვირვებული არ ჩანდა. ზურგი მაქცია და შალი იატაკზე დააგდო. მისი შიშველი ზურგი ძალიან ლამაზად და ძლიერად გამოიყურებოდა. დაუძლეველი სურვილი მქონდა, მისთვის დამერტყა, მაგრამ ამის ნაცვლად მხარზე ხელები დავადე. მისი კანი რბილი და გლუვი იყო. მკლავები და მხრები დაკუნთული ჰქონდა, მაგრამ არა ზომაზე მეტად. მას მინიმალური ცხიმი ჰქონდა და როცა გლუვ ზედაპირს თითის წვერებით ვაწვებოდი, კანის ზედაპირის ქვემოთ უხილავი კუნთების სიმტკიცეს ვგრძნობდი. არ მინდოდა, მისი მკერდისთვის შემეხედა. 

 იგი სახლის უკან წავიდა, რომელიც სამზარეულოს ემსახურებოდა. უკან გავყევი. სკამზე ჩამოჯდა და ტაშტში ფეხები დაიბანა. სანამ სანდლებს იცვამდა, დიდი მოწიწებით შევედი უკანა ოთახში, რომელიც ახალი აშენებული იყო. იგი კართან იდგა, როცა გამოვედი.

 - შენ ლაპარაკი მოგწონს. - თქვა მან და თავის ოთახში შემიყვანა. - არსად გვეჩქარება. ახლა შეგვიძლია სამუდამოდ ვილაპარაკოთ.

 მან ჩემი საწერი ჟურნალი აიღო და გადამეტებული მზრუნველობით მომაწოდა. შემდეგ საწოლის გადასაფარებელი აიღო, ლამაზად დაკეცა და უჯრებს დაადო. მაშინ შევამჩნიე, რომ ორი ზარდახშა კედლების მოყვითალო-თეთრ ფერს ეხამებოდა, საწოლი გადასაფარებლის გარეშე მოვარდისფრო-წითელი იყო, მეტ-ნაკლებად იატაკის ფერი. მეორეს მხრივ, საწოლი მთლიანად მუქი ყავისფერი იყო, როგორც ხის ჭერი და ფანჯრების ხის პანელები.

 - მოდი ვისაუბროთ. - თქვა მან, როდესაც სანდლები გაიხადა და საწოლზე ფეხები მოხერხებულად შემოიწყო. 

 მუხლები შიშველ მკერდზე მიიკრა. ახალგაზრდა გოგოს ჰგავდა. აგრესიული და მბრძანებლური მანერა დაიმორჩილა და მისი დამოკიდებულება ახლა მომხიბვლელობაში გადაზარდა.  იმ მომენტში იგი სრული ანტითეზა იყო იმისა, რაც მისგან წარსულში მახსოვდა. მაიძულებდა რაღაც დამეწერა და ამან ჩემში სიცილი გამოიწვია. იგი დონ ხუანს მაგონებდა. 

 - ახლა ჩვენ დრო გვაქვს. - თქვა მან. - ქარი შეიცვალა, ვერ შეამჩნიე?

 შევამჩნიე. მან თქვა, რომ ქარის ახალი მიმართულება მისთვის სასარგებლო იყო და ამით ქარი მის დამხმარედ გადაიქცეოდა. 

 - რა იცით ქარის შესახებ, დონა სოლედად? - ვკითხე მშვიდად, როცა საწოლის ძირას, იატაკზე ვიჯექი. 

 - მხოლოდ ის ვიცი, რაც ნაგვალმა მასწავლა. - თქვა მან. - თითოეულ ჩვენგანს, ანუ ქალებს, გვაქვს თავისებური მიმართულება, ჩვენი განსაკუთრებული ქარი. მამაკაცებს არ აქვთ. მე ჩრდილოეთის ქარი ვარ. როცა ქარი ჩრდილოეთით ქრის, მე სხვა ვარ. ნაგვალმა თქვა, რომ მეომარს ქარის გამოყენება ნებისმიერი რამისთვის შეუძლია. მე ეს ქარი ჩემი სხეულის გამოსწორების და გადაკეთების მიზნით გამოვიყენე. შემომხედე! მე ჩრდილოეთის ქარი ვარ. მიგრძენი, როცა ფანჯრიდან შემოვფრინდები. 

ფანჯარაში ძლიერი ჩრდილოეთის ქარი უბერავდა. 

 

 - რატომ გგონია, რომ კაცებს ქარი არ აქვთ? - ვკითხე მას.

  ერთი წუთით დაფიქრდა და შემდეგ მიპასუხა, რომ ნაგვალს არასოდეს აუხსნია, რატომ იყო ასე.

  - გინდა იცოდე, ვინ გააკეთა ეს იატაკი? - თქვა მან და მხრებზე საბანი შემოიხვია. - მე თვითონ გავაკეთე. მის დასაგებად ოთხი წელი დამჭირდა. ახლა ეს ოთახი ჩემს არსებას ჰგავს. 

 როცა ის საუბრობდა, შევამჩნიე, რომ იატაკის ორიენტირებული ხაზები ჩრდილოეთის მხრიდან ეშვებოდნენ. 

 - დონა სოლედად, იატაკი რატომ გააწითლე? 

 - ეს ჩემი ფერია. მე წითელი ვარ. წითელი თიხა აქვე, მთებში ვიშოვე. ნაგვალმა მითხრა სად უნდა მომეძებნა და მის ჩამოტანაშიც დამეხმარა, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში. ყველანი მეხმარებოდნენ. 

 - თიხა როგორ დაწვი? 

 - ნაგვალმა ორმო ამომათხრევინა. ეს ორმო შეშით ავავსეთ და კლდის ბრტყელ ნაჭრებს შორის თიხა დავაწყვეთ. ორმოს ჭუჭყისგან სახურავი დავაფარე და შეშას ცეცხლი წავუკიდე. დღეების განმავლობაში იწვოდა. 

 - ფილები ერთმანეთში გალღობისგან როგორ დაიცავი? 

 - არ დამიცავს. ეს ქარმა გააკეთა. ჩრდილოეთის ქარმა, რომელიც კოცონის დროს ქროდა. ნაგვალმა მიჩვენა, როგორ უნდა ამომეთხარა ორმო, რათა ჩრდილოეთის ქარი მოხვედროდა. ორმოში ოთხი ხვრელი დამატოვებინა, რათა ჩრდილოეთის ქარს მასში თავისუფლად ებერა. შემდეგ მითხრა, რომ სახურავის ცენტრში ერთი ხვრელი კიდევ დამეტოვებინა, საიდანაც კვამლი უნდა გამოსულიყო. ასე იწვოდა დღეების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ორმო გაცივდა და სახურავი გადავხსენი, ფილების გაპრიალება და გასწორება დავიწყე. საკმარისი ფილების დასამზადებლად ერთ წელზე მეტი დამჭირდა. 

 - დიზაინი როგორ გაარკვიე?  

 - ქარმა მასწავლა. როცა იატაკი დავაგე, ნაგვალს ჩემთვის უკვე ნასწავლი ჰქონდა, რომ ქარისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გამეწია. მან მიჩვენა, როგორ უნდა დავემორჩილო ჩემს ქარს და როგორ მივცე ნება, რათა მიხელმძღვანელოს. ამას დიდი დრო დასჭირდა. წლები და წლები. თავდაპირველად ძალიან რთული, სულელი მოხუცი ქალი ვიყავი. ეს მან თავად მითხრა და მართალიც იყო. მაგრამ მე ძალიან სწრაფად ვისწავლე. ალბათ იმიტომ, რომ ბებერი ვარ და დასაკარგი არაფერი მაქვს. დასაწყისში ყველაზე მეტად ხელი შიშმა შემიშალა, რომელიც მეუფლებოდა. ნაგვალის უბრალოდ ჩემს გვერდით ყოფნაც კი ცუდად მხდიდა და შიშისგან გული მიმდიოდა, ვითიშებოდი. მაგრამ მე მარტო არ ვყოფილვარ. ნაგვალს ყველა დანარჩენზეც ასეთი გავლენა ჰქონდა. მისი ბედისწერა იყო, რომ იგი ასეთი შემაძრწუნებელი ყოფილიყო. 

 მან ლაპარაკი შეწყვიტა და შემომხედა.

 - ნაგვალი ადამიანი არ არის. - მითხრა მან.

 - რატომ ამბობ ამას?

 - ნაგვალი ეშმაკია, რომელიც კაცმა არ იცის, რამდენი ხნისაა. 

 მისმა განცხადებებმა შემაცია. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა. მას, რა თქმა უნდა, უკეთესი აუდიტორიის პოვნა არ შეეძლო. ენით აღუწერლად დავინტერესდი. ვეხვეწე აეხსნა, რას გულისხმობდა ამაში. 

 - მისმა შეხებამ ხალხი შეცვალა. - თქვა მან. - შენ ეს იცი. მან შენი სხეული შეცვალა. შენს შემთხვევაში, არც კი იცოდი, რომ ამას აკეთებდა. მაგრამ იგი შენს ძველ სხეულში შევიდა და მასში რაღაც ჩადო. ჩემთანაც იგივე გააკეთა. მან რაღაც დატოვა ჩემში, რამაც მთლიანად მომიცვა. მხოლოდ ეშმაკს შეუძლია ამის გაკეთება. ახლა მე ჩრდილოეთის ქარი ვარ და ამქვეყნად არავის და არაფრის მეშინია. მაგრამ, სანამ იგი შემცვლიდა, მე სუსტი, მახინჯი მოხუცი ქალი ვიყავი, რომელიც მისი სახელის ხსენებაზეც კი კრუნჩხვებში ვარდებოდა. პაბლიტო, რა თქმა უნდა, არ მეხმარებოდა, რადგან მას ნაგვალის უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე თავად სიკვდილის.

 ერთ დღეს, ნაგვალი და ხენარო სახლში მაშინ მოვიდნენ, როცა მარტო ვიყავი. მეგონა, რომ კარებთან იაგუარები იდგნენ. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ჩემთვის ისინი დემონები იყვნენ, მაგრამ მაინც გავედი, რათა მეკითხა, რით შემეძლო მათი დახმარება. მშივრები იყვნენ და სიამოვნებით მოვუმზადე საჭმელი. გოგრის სქელი ნაჭრები და წვნიანი მივართვი. ნაგვალს საჭმელი არ მოეწონა. მან თქვა, რომ არ სურდა ისეთი სუსტი ქალის მომზადებული საჭმელი ეჭამა, როგორიც მე ვიყავი. ისე მომაჩვენა, თითქოს თასს ხელი გაკრა და მაგიდიდან გადააგდო. წვნიანით სავსე თასი ჩემს ფეხებთან ისე გამოცურდა, რომ წვეთიც არ დაღვრილა. თასი ავიღე, ისევ მაგიდაზე დავდე და ვუთხარი, რომ მიუხედავად ჩემი სისუსტისა და მის მიმართ განცდილი შიშისა, საჭმელი კარგი გრძნობებით მქონდა მომზადებული. 

 ამ მომენტიდან, ნაგვალი ჩემს მიმართ შეიცვალა. იმ ფაქტმა, რომ ჩემს ფეხებთან დავარდნილი წვნიანი არ დაღვრილა, მის ძალაზე მიმითითა. მაშინ არ ვიცოდი, რომ იგი ჩემს მიმართ შეიცვალა, რადგან თითქოს რცხვენოდა, ჩემს საჭმელზე უარის თქმის გამო. მის ცვლილებაზე არაფერი მიფიქრია. გაქვავებული ვიყავი და თვალებში ვერ ვუყურებდი. მაგრამ მან ჩემთვის უფრო და უფრო მეტი ყურადღების დათმობა დაიწყო. საჩუქრებიც კი მომიტანა: შალი, კაბა, სავარცხელი და სხვა რაღაცები. თავს საშინლად ვგრძნობდი. მრცხვენოდა, რადგან თავდაპირველად მეგონა, რომ იგი ის კაცი იყო, ვინც ქალებს ეძებდა. ნაგვალს შეგირდებად ახალგაზრდა გოგონები ჰყავდა, რა უნდოდა ჩემნაირ მოხუც ქალთან? თავიდან მისი  მოტანილი არც ერთი სამოსის ჩაცმა არ მსურდა და საჩუქრებისკენ არც ვიხედებოდი, მაგრამ პაბლიტომ დამარწმუნა და მათი ტარება დავიწყე. დროის მსვლელობასთან ერთად ნაგვალის კიდევ უფრო მეტად მეშინოდა და მასთან მარტო დარჩენა არ მსურდა. მე ვიცოდი, რომ იგი ეშმაკეული ადამიანი იყო. ვიცოდი, თავის ქალს რაც გაუკეთა. 

 იძულებული ვიყავი მისთვის თხრობა შემეწყვეტინებინა. ვუთხარი, რომ არასოდეს ვიცოდი, თუ დონ ხუანს ცხოვრებაში ვინმე ქალი ჰყავდა.

 - შენ იცი, რასაც ვგულისხმობ. - თქვა მან. 

 - დამიჯერე დონა სოლედად, წარმოდგენაც არ მაქვს. 

 - ამას ნუ მეუბნები. შენ იცი, რომ მე ლა გორდაზე ვსაუბრობ.

 ერთადერთი "ლა გორდა", რომლის შესახებაც ვიცოდი, პაბლიტოს და იყო; უზომოდ მსუქანი გოგონა, რომელსაც მეტსახელად "გორდას", ანუ მსუქანას ეძახდნენ. ამაზე არასდროს არავის გვისაუბრია, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ იგი სინამდვილეში დონა სოლედადის ქალიშვილი არ იყო. არ მსურდა, მეტი ინფორმაციის მისაღებად დონა სოლედადისთვის დამეძალებინა. უცებ გამახსენდა, რომ მსუქანი გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ვერავინ ბედავდა ჩემთვის ეთქვა, რა დაემართა მას. 

 - ერთ დღეს, სახლის წინ მარტო ვიყავი. - განაგრძო დონა სოლედადმა. - მზეზე თმას ვივარცხნიდი იმ სავარცხლით, რომელიც ნაგვალმა მაჩუქა. ვერ მივხვდი, როდის მოვიდა ნაგვალი, იგი ჩემს უკან იდგა. გავიგე, როგორ თქვა ძალიან რბილად, რომ ადგილიდან არ უნდა დავძრულიყავი, რადგან შესაძლოა კისერი მომეტეხა. მან თავი მარცხნივ გადამიწია. ძალიან არა, მხოლოდ სანახევროდ. ძალიან შემეშინდა, ვყვიროდი და ვცდილობდი ხელიდან დავსხლტომოდი, მაგრამ მას ჩემი თავი დიდხანს, დიდხანს ეჭირა მტკიცედ. 

 როცა ხელი გამიშვა, გული წამივიდა. შემდეგ, არ მახსოვს რა მოხდა. როცა გავიღვიძე, მიწაზე ვიწექი, სწორედ იქ, სადაც ახლა ვზივარ. ისე მრცხვენოდა, რომ არავის ნახვა არ მსურდა, განსაკუთრებით კი ლა გორდასი. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ სინამდვილეში ნაგვალი არასოდეს შემხებია და ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმარში მესიზმრა. 

 იგი გაჩერდა. მისგან მომხდარის ახსნას ველოდი. დაბნეულად და ჩაფიქრებულად გამოიყურებოდა. 

- დონა სოლედად, კონკრეტულად რა მოხდა? - ვკითხე მოუთმენლად. - მან რამე გაგიკეთა?

- დიახ. მან კისერი მომიგრიხა, რათა თვალების მიმართულება შემეცვალა. - მითხრა მან და ჩემს გამოშტერებულ მზერაზე ხმამაღლა გაეცინა. 

 - გულისხმობ, რომ...

 - დიახ. მან ჩემი მიმართულება შეცვალა. - განაგრძო მან. ჩემი სათქმელი არ აინტერესებდა. - ნაგვალმა შენც და ყველა დანარჩენსაც იგივე გაუკეთა. 

 - ეს სიმართლეა. მან ეს ნამდვილად გამიკეთა. მაგრამ, რა გგონია, რა მიზნით გააკეთა?

 - ასე უნდა გაეკეთებინა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. 

 იგი გულისხმობდა თავისებურ ქმედებას, რომელსაც დონ ხუანი აუცილებელ ქმედებად თვლიდა. ამაზე არასდროს არავისთან მილაპარაკია. ფაქტობრივად, ეს დამავიწყდა კიდეც. ჩემი შეგირდობის დასაწყისში, ჩრდილოეთ მექსიკის მთებში მან ერთხელ ორი პატარა კოცონი დაანთო. ერთმანეთისგან ალბათ ოცი ფუტის დაშორებით იყვნენ დანთებული. მან კოცონებისგან კიდევ ოცი ფუტით დამაშორა და ჩემი სხეული დაიჭირა, განსაკუთრებით კი თავი, რომელიც მოდუნებულ და ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა მქონოდა. შემდეგ მან ერთი კოცონის პირდაპირ დამაყენა და თავი მომიტრიალა, თვალები გამისწორა და მეორე ცეცხლისკენ შემატრიალა, მაგრამ მხრები არ გაუნძრევია. მას ჩემი თავი ამ მდგომარეობაში რამდენიმე საათის მანძილზე ეჭირა, სანამ ცეცხლი არ ჩაქვრა. მთლიანობაში ეს რიტუალი დონ ხუანის ერთ-ერთ ახირებად და მის მიერ ჩატარებულ უაზრო რიტუალად აღვიქვი. 

 - ნაგვალმა თქვა, რომ ყველა ჩვენგანი მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი მიმართულებით ყურებას ეჩვევა. - განაგრძო მან. - ეს არის სულიერი თვალების მიმართულება. წლების განმავლობაში ეს მიმართულება ზედმეტად ნახმარი ხდება, სუსტდება და უსიამოვნო ხდება, ხოლო ვინაიდან ჩვენ მიბმულნი ვართ ამ მიმართულებაზე, თავადაც სუსტები და უსიამოვნოები ვხდებით. იმ დღეს, როცა ნაგვალმა კისერი მომიგრიხა, სანამ შიშისგან გული წამივიდოდა, მან ახალი მიმართულება მომცა. 

 - რა მიმართულება მოგცა მან?

 - ამას რატომ მეკითხები? - თქვა მან გადამეტებული ძალით. - შენ ფიქრობ, რომ ნაგვალმა არასწორი მიმართულება მომცა? 

 - მე შემიძლია გითხრა ის მიმართულება, რომელიც მან მომცა. - ვუთხარი მე. 

 - დაივიწყე. მან ეს თავად მითხრა. 

 აჟიტირებული ჩანდა. პოზა შეიცვალა და მუცელზე დაწვა. წერისგან ზურგი მტკიოდა. ვკთხე, შემეძლო თუ არა საწოლი მაგიდად გამომეყენებინა და ბლოკნოტი მასზე დამედო. ფეხზე წამოდგა და დაკეცილი საბანი მომაწოდა, რათა ბალიშად გამომეყენებინა. 

- სხვა რა გაგიკეთა ნაგვალმა? - ვკითხე მას.

- მიმართულების შეცვლის შემდეგ ნაგვალმა ჩემთან ძალაზე დაიწყო საუბარი. - თქვა მან და ისევ წამოწვა. - თავდაპირველად მან სრულიად შემთხვევით ახსენა რაღაცები, რადგან არ იცოდა, ჩემთან ზუსტად როგორ მოქცეულიყო. ერთ დღეს სიერაში ხანმოკლე მოგზაურობაში წამიყვანა. მეორე დღეს მან ავტობუსით მიმიყვანა უდაბნოში, სადაც თავად ცხოვრობდა. ნელ-ნელა მასთან ერთად სიარულს მივეჩვიე. 

 - ოდესმე ძალის მცენარე მიგაღებინა?

 - მან ერთხელ მესკალიტო მომცა, როცა უდაბნოში ვიყავით. მაგრამ ვინაიდან შინაგანად ცარიელი ქალი ვიყავი, მესკალიტომ ჩემზე უარი თქვა. მასთან საშინელი შეხვედრა მქონდა. მაშინ ნაგვალმა უკვე იცოდა, რომ მესკალიტოს ნაცვლად ქარი უნდა გამეცნო. ეს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ მოხდა, რაც მან ნიშანი მიიღო. იგი იმ დღეს უსასრულოდ იმეორებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯადოქარი იყო და ხედვა იცოდა, თუ ნიშანს არ მიიღებდა, არ ეცოდინებოდა, რომელი მიმართულებით წასულიყო. დღეების მანძილზე ელოდა ჩემს შესახებ გარკვეულ მითითებას. მაგრამ ძალას ნიშნის მიცემა არ სურდა. სასოწარკვეთილმა, ვფიქრობ, მისი გუაჟე გამაცნო და მესკალიტო დავინახე. 

 თხრობა შევაწყვეტინე. მან გამოიყენა სიტყვა "გუაჟე", რომელიც ჩემთვის დამაბნეველი იყო. იმ კონტექსტში, რომელშიც იგი სიტყვას იყენებდა, მას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა მეტაფორულად ლაპარაკობდა ან გუაჟე ევფემიზმი იყო.  

 - რა არის გუაჟე, დონა სოლედად?

 პასუხის გაცემამდე შეჩერდა და თვალებში გაკვირვება შეეტყო. 

- მესკალიტო ნაგვალის გუაჟე იყო. - თქვა ბოლოს. 

 მისი პასუხი კიდევ უფრო დამაბნეველი იყო. თავს დაბნეულად ვგრძნობდი, რადგან შეშფოთებული ჩანდა, რომ მისი ნათქვამი ვერ გავიგე. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი მშვენივრად ვიცოდი. მე ვუთხარი, რომ დონ ხუანმა მესკალიტო აღმიწერა, როგორც მფარველი ღვთაება, ანუ ძალა, რომელიც პეიოტის ღეროებს შეიცავდა. იმის თქმას, რომ მესკალიტო დონ ხუანის მოკავშირე იყო, ჩემთვის აზრი არ ჰქონდა.

 - ნაგვალს შეუძლია მოკავშირეს დახმარებით ყველაფერი გაგაცნოს. - თქვა მან პაუზის შემდეგ. - ეს არის მისი ძალაუფლების გასაღები. ნებისმიერს შეუძლია მოგცეს პეიოტი, მაგრამ მხოლოდ ჯადოქარს შეუძლია მოკავშირეს დახმარებით მესკალიტო გაგაცნოს. 

საუბარი შეწყვიტა და თვალები მომაპყრო. სასტიკი მზერა ჰქონდა. 

 - რატომ მაიძულებ იმის გამეორებას, რაც ისედაც იცი? - მკითხა მან გაბრაზებული ტონით. 

 მისი უეცარი ცვლილებით სრულიად გაოგნებული ვიყავი. ერთი წუთით ადრე იგი თითქმის ისეთი ტკბილი იყო...

 - დაივიწყე ჩემი განწყობის ცვლილებები. - თქვა მან ღიმილით. - მე ჩრდილოეთის ქარი ვარ. ძალიან მოუთმენელი ვარ. ჩემი აზრის გამოთქმას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ვახერხებდი. რასაც ვგრძნობ იმას ვამბობ. ჩემთან შესახვედრად ძლიერი უნდა იყო. 

 ჩემკენ უფრო ახლოს მოიჩოჩა.

 - ნაგვალმა მესკალიტო გამაცნო, რომელიც მისი მოკავშირესგან გამოვიდა. - განაგრძნო მან. - მაგრამ მან ვერ გამოიცნო, რა მომივიდოდა ამის შედეგად. იგი ისეთ რაღაცას ელოდა, რაც შენ და ელიჰიოს მოგივიდათ მესკალიტოსთან შეხვედრისას. ორივე შემთხვევაში იგი ზარალში აღმოჩნდა და მოკავშირეს გადააწყვეტინა, რა უნდა გაეკეთებინა შემდგომში. ორივე შემთხვევაში მას თავისი მოკავშირე დაეხმარა. ჩემთან სხვანაირად მოხდა. 

 მესკალიტომ უთხრა, რომ არასოდეს მიეყვანა ჩემი თავი მასთან. მე და ნაგვალმა ის ადგილი დიდი სისწრაფით დავტოვეთ. სახლში მისვლის ნაცვლად გეზი ჩრდილოეთით ავიღეთ. ქალაქ მექსიკალიმდე ავტობუსით წავედით, მაგრამ შუა უდაბნოში ჩამოვედით. ძალიან გვიანი იყო. მზე მთებს მიღმა ჩადიოდა. ნაგვალს გზის გადაკვეთა და სამხრეთით ფეხით წასვლა უნდოდა. მოულოდნელად მან მხარზე ხელი დამკრა და ჩვენს წინ გაშლილი გზისკენ მანიშნა. მტვრის სპირალი დავინახე. გზის პირას ქარი მტვერს აქარბუქებდა. ჩვენ ვუყურებდით, როგორ მოძრაობდა იგი ჩვენი მიმართულებით. ნაგვალმა გზიდან გადაირბინა და ქარმა მთლიანად მომიცვა. ძალიან ნაზად მომელამუნა და შემდეგ გაქრა. ეს იყო ნიშანი, რომელსაც ნაგვალი ელოდა. მას შემდეგ მთაში ან უდაბნოში დავდიოდით და ქარს ვეძებდით. ქარს თავდაპირველად არ მოვწონდი, რადგან ისევ ძველი მე ვიყავი. შედეგად, ნაგვალი ჩემს შეცვლას ცდილობდა. მან მიბრძანა, ეს ოთახი და იატაკი თავად ამეშენებინა. შემდეგ მომიწოდა ახალი ტანსაცმელი ჩამეცვა და ჩალის ხალიჩის ნაცვლად მატრასზე დამეძინა. მან მომიწოდა ფეხსაცმელი ჩამეცვა და ტანსაცმლით სავსე უჯრები მქონოდა. ნაგვალმა ასობით მილის ფეხით გავლა და მდუმარედ ყოფნა მასწავლა. ძალიან სწრაფად ვისწავლე. იგი ასევე უმიზეზოდ მომიწოდებდა, უცნაური რაღაცები გამეკეთებინა. 

 ერთ დღეს, როდესაც მის მშობლიურ მთებში ვიყავით, ქარს პირველად მოუსმინე. იგი პირდაპირ ჩემს საშვილოსნოში შემოვიდა. ბრტყელი კლდის თავზე ვიწექი და ქარი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. მე იგი მანამდე დავინახე, როცა ბუჩქების ირგვლივ მორევში ტრიალებდა, მაგრამ ამჯერად ჩემზე გადმოვიდა და გაჩერდა. ვგრძნობდი, როგორ დაეშვა ჩიტივით ჩემს მუცელზე. ნაგვალმა მიბრძანა ტანსაცმელი მთლიანად გამეხადა. შიშველი ვიყავი, მაგრამ არ მციოდა, რადგან ქარი მათბობდა.

 - დონა სოლედად, გეშინოდა?

 - მეშინოდა? გაქვავებული ვიყავი. ქარი ცოცხალი იყო. კეფიდან ფეხის თითებამდე მის შეხებას ვგრძნობდი. შემდეგ იგი მთელს სხეულში შემოვიდა. ბუშტს დავემსგავსე, ქარი ყურებიდან, პირიდან და სხვა ნაწილებიდან გამომივიდა, რისი თქმაც არ მინდა. მეგონა მოვკვდებოდი. იქიდან გავიქცეოდი, ნაგვალს რომ ქვაზე არ მივეკარი. მან ყურში ჩამჩურჩულა და დამამშვიდა. ჩუმად ვიწექი და ქარს ნებას ვაძლევდი, ის გაეკეთებინა, რაც მას უნდოდა. სწორედ მაშინ მითხრა მან, რაც უნდა მექნა. 

 - რასთან დაკავშირებით?

 - ჩემს ცხოვრებასთან, ჩემს ნივთებთან, ჩემს ოთახთან, ჩემს შეგრძნებებთან. თავიდან გაუგებარი იყო. მეგონა, რომ თავად ვფიქრობდი რაღაცებს. ნაგვალმა თქვა, რომ ამას ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ. მან მითხრა, რომ როდესაც ჩუმად ვართ, ამ დროს ვიღაც სხვა გვესაუბრება, მაგრამ გვგონია, რომ თავად ვფიქრობთ. 

 - ხმა ჩაგესმა?

 - არა. ქარი ქალის სხეულში მოძრაობს. ნაგვალმა ამიხსნა, რომ ეს საშვილოსნოს მიზეზით ხდება, რომელიც ქალებს აქვთ. როგორც კი ქარი საშვილოსნოში აღმოჩნდება, ის გეტყვის, რა უნდა გააკეთო. რაც უფრო მშვიდი და მოდუნებულია ამ დროს ქალი, მით უკეთესი იქნება შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ქალი ისეთი რაღაცების კეთებას დაიწყებს, რომლის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.

 იმ დღიდან მოყოლებული, ქარი ჩემთან დროგამოშვებით მოდიოდა. იგი ჩემი საშვილოსნოდან მესაუბრებოდა და ყველაფერს მეუბნებოდა, რისი ცოდნაც მინდოდა. ნაგვალმა დასაწყისიდანვე დაინახა, რომ მე ჩრდილოეთის ქარი ვიყავი. სხვა ქარები არასდროს მელაპარაკებოდნენ, მაგრამ მათი გარჩევა ვისწავლე. 

 - რამდენი სახის ქარი არსებობს?

 - სამყაროში სულ ოთხი სახის ქარი დაქრის, ისევე როგორც ოთხი მიმართულება გვაქვს კომპასზე. ამ ქარებს ჯადოქრები იყენებენ. ოთხიანი ჯადოქრებისთვის სიმძლავრის ციფრია. პირველი ქარი არის ნიავი, დილის ქარი. მას იმედი და სიკაშკაშე მოაქვს. იგი დილის მაცნეა. იგი ყველაფერში მიმოდის და ყველაფერში შედის. ხანდახან იგი რბილია და შეუმჩნეველი. სხვა დროს შემაწუხებელია. 

 მომდევნო არის ძლიერი ქარი, ცხელი, ცივი ან ერთდროულად ორივე. ეს არის შუადღის ქარი. იგი ფეთქებადი ენერგიით სავსეა, მაგრამ ამავდროულად სიბრმავითაც არის სავსე. ეს ქარი კარებს აღებს, კედლებს შლის და ხეებს აქცევს. ჯადოქარი წარმოუდგენლად ძლიერი უნდა იყოს, რომ ასეთ ქარს გაუმკლავდეს. 

 შემდეგი არის შეღამების ცივი ქარი. სევდიანი და გამომცდელი. ეს ქარი მშვიდად არასოდეს დაგტოვებს. იგი მუდმივად შეგაკანკალებს და აგატირებს. ნაგვალმა თქვა, რომ მასში დიდი სიღრმეა და მისი ძებნა ღირებულია. 

 ბოლოს არის ცხელი ქარი. ის ათბობს და ყველაფერს იცავს. ჯადოქრებისთვის იგი ღამის ქარია. მისი ძალა ღამის წყვდიადთან ერთად მოძრაობს. 

 ოთხივე ქარი კონკრეტულ მიმართულებასთან ასოცირდება. ნიავი აღმოსავლეთის ქარია, ცივი ქარი დასავლეთის, ცხელი სამხრეთის, ხოლო ძლიერი ჩრდილოეთის. 

 ოთხივე ქარს პერსონალური მახასიათებლები გააჩნია. ნიავი გლუვი და ტალღოვანია. ცივი ქარი მღელვარე, მელანქოლიური და მუდამ ჩაფიქრებულია. ცხელი ქარი ბედნიერი და მარტოხელაა. ძლიერი ქარი კი ენერგიული, მბრძანებელი და მოუთმენელია. 

 ნაგვალმა მითხრა, რომ ოთხივე ქარი ქალურია. სწორედ ამიტომ ეძებენ მეომარი ქალები მათ. ქარები და ქალები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მე ვიტყოდი, რომ ქალები მაგიას უფრო სწრაფად სწავლობენ, თუ ისინი თავიანთ სპეციფიკურ ქარს იცნობენ და მიჰყვებიან. 

 - როგორ შეიძლება ქალმა გაიგოს, რომელია მისი კონკრეტული ქარი?

 - თუ ქალი ჩუმად დაწვება და საკუთარ თავს არ დაელაპარაკება, ქარი თავისით ამოვარდება. 

 - შიშველი უნდა იწვეს? 

 - ეს დაეხმარება. თუ იგი მორცხვია, მით უმეტეს. მსუქანი, მოხუცი ქალი ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ტანსაცმელი მთლიანად არასოდეს გამიხდია. მათში მეძინა და ბანაობის დროსაც რაღაც ყოველთვის მეცვა ხოლმე. ჩემთვის, საკუთარი მსუქანი სხეულის ქარისთვის ჩვენება სიკვდილს ჰგავდა. ნაგვალმა ეს იცოდა. მან იცოდა ქალების და ქარების მეგობრობის შესახებ, მაგრამ მან თავიდან მესკალიტო გამაცნო, რადგან ჩემთან დაკავშირებით დაბნეული იყო. 

 იმ საშინელ დღეს, თავის მობრუნების შემდეგ, ნაგვალის ხელებში აღმოვჩნდი. მან მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა გაეკეთებინა ჩემთან. მაგრამ მას არ სურდა, რომ მის სამყაროში მსუქანი მოხუცი ქალის ადგილი ყოფილიყო. ნაგვალმა თქვა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავს ისევე გრძნობდა, რასაც შენს მიმართაც განიცდიდა. იგი დაბნეული იყო. შენ ინდიელი არ იყავი, მე კი ბებერი ძროხა ვიყავი. მისთვის ორივე გამოუსადეგარნი ვიყავით. რაღაც უნდა მომხდარიყო. 

 ქალი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე მამაკაცი. მაგიის გავლენის შედეგად ქალი ძალიან მარტივად იცვლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში ნაგვალის მსგავსი ჯადოქარია ჩარეული. ნაგვალის მიხედვით, შეგირდი მამაკაცის გაწვრთნა ძალიან რთულია. მაგალითად, შენ იმდენად არ შეცვლილხარ, როგორც ლა გორდა შეიცვალა სწავლის დაწყების შემდეგ. თანაც მან სწავლა შენი სწავლების დაწყებიდან ბევრად დიდი ხნის შემდეგ დაიწყო. ქალი უფრო რბილი და ნაზია. თუმცა, კაცს მეტი ძალაუფლების მიღება შეუძლია. ნაგვალი ამას არასოდეს ეთანხმებოდა. მას სჯეროდა, რომ ქალები შეუდარებლები არიან. იგი მეუბნებოდა, რომ კაცების უპირატესობას მხოლოდ იმიტომ ვგრძნობდი, რომ თავად ვიყავი შინაგანად ცარიელი. მართალი უნდა ყოფილიყო. იმდენი ხნის მანძილზე ვიყავი ცარიელი, რომ სულ დამავიწყდა, რა გრძნობაა სრულყოფილება. ნაგვალმა მითხრა, რომ თუ ოდესმე უზადო გავხდებოდი, მაშინ ამ საკითხის შესახებ დამოკიდებულებაც შემეცვლებოდა. მაგრამ თუ იგი მართალი იყო, მაშინ ლა გორდაც და ელიჰიოც ერთნაირად კარგად განვითარდნენ, თუმცა როგორც მოგეხსენება, ლა გორდასთან დაკავშირებით მთლად ასეც არ აღმოჩნდა. 

 მე არ შემეძლო დონა სოლედადის თხრობას თანმიმდევრულად გავყოლოდი, რადგან ვარაუდს გამოთქვამდა, თითქოს ვიცოდი, რაზე ლაპარაკობდა. ამ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ მქონდა რა გააკეთა ლა გორდამ ან ელიჰიომ. 

 - რით განსხვავდებოდა ლა გორდა ელიჰიოსგან? - ვკითხე მას. 

 წამით ისე შემომხედა, თითქოს ჩემში რაღაცას ზომავდა. შემდეგ წამოჯდა და მკერდზე მუხლები მიიყრდნო. 

 - ნაგვალმა ყველაფერი მითხრა. - თქვა მან ნაჩქარევად. - ნაგვალს ჩემთან საიდუმლოებები არ ჰქონდა. ელიჰიო მის მოწაფეთაგან საუკეთესო იყო. სწორედ ამიტომ, ახლა ის ჩვენს სამყაროში აღარ არის. იგი არ დაბრუნებულა. სინამდვილეში იგი იმდენად კარგი იყო, რომ შეგირდობის დასრულებისას უფსკრულში გადახტომაც კი არ დასჭირვებია. იგი ხენაროს ჰგავდა. ერთ დღეს, როდესაც იგი მინდორში მუშაობდა, მასთან რაღაც მოვიდა და იგი წაიყვანა. 

 მინდოდა მისთვის საკუთარ თავზე მეკითხა, მართლა გადავხტი თუ არა უფსკრულში. შეკითხვის დასმამდე წამით შევყოვნდი. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მოვედი პაბლიტოსთან და ნესტორთან. ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, რომელიც დონ ხუანთან დაკავშირებული ადამიანებისგან შეიძლებოდა მიმეღო, ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.

 როგორც ველოდი, ჩემს კითხვაზე გაეცინა. 

 - ანუ გულისხმობ, რომ თავადაც არ იცი, ეს გააკეთე თუ არა? 

 - მეტისმეტად შორს არის იმისგან, რომ რეალური იყოს. 

 - ეს ნამდვილად ნაგვალის სამყაროა. მასში არაფერია რეალური. მან თავად მითხრა, რომ არაფერი დამეჯერებინა. მაგრამ მაინც, მისი მამრობითი სქესის შეგირდები უფსკრულში უნდა გადახტნენ. სანამ ისინი ისეთივე დიდებულები გახდებიან, როგორც ელიჰიო.

 ნაგვალმა მე და ლა გორდა წაგვიყვანა და იმ უფსკრულის სიღრმე დაგვათვალიერებინა. იქ მან გვაჩვენა, როგორი მფრინავი ნაგვალი იყო იგი თავად. მაგრამ მხოლოდ ლა გორდას შეეძლო, მას გაჰყოლოდა. მას უნდოდა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ ნაგვალმა უთხრა, რომ ეს უსარგებლო იყო. მისი თქმით, ქალ მეომრებს ამაზე უფრო მტკივნეული და რთული რაღაცის გაკეთება უწევდათ. მან ისიც გვითხრა, რომ ნახტომი მხოლოდ ოთხი თქვენგანისთვის იყო განკუთვნილი. 

 და ასეც მოხდა, ოთხივე თქვენგანი გადახტა. 

 მან თქვა, რომ ოთხივე გადავხტით, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მხოლოდ პაბლიტო და მე გადავეშვით უფსკრულში. მისი განცხადებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ დონ ხუანი და დონ ხენარო უნდა გამოგვყოლოდნენ. ეს უცნაურად არ მომჩვენებია. პირიქით, ამის გააზრება საკმაოდ სასიამოვნო და გულისამაჩუყებელი იყო.

 - რას ბოდიალობ? - მკითხა მას შემდეგ, რაც ჩემი აზრები გავუზიარე, - მე შენ და ხენაროს სამი შეგირდი ვიგულისხმე. შენ, პაბლიტო და ნესტორი ერთ დღეს გადახტით. 

 - ვინ არის ხენაროს მესამე შეგირდი? მე მხოლოდ პაბლიტოს და ნესტორს ვიცნობ. 

 - იმის თქმა გინდა, რომ ბენიგნოს არ იცნობ?

 - არა. არ ვიცნობ. 

 - იგი ხენაროს ყველაზე ძველი შეგირდია. ის შენამდე გადახტა და თანაც სრულიად მარტო. 

 ბენიგნო იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ინდიელი ახალგაზრდიდან, რომლებიც ერთხელ სონორას უდაბნოში დონ ხუანთან ერთად დაგვემგზავრნენ. ისინი ძალის საგნებს ეძებდნენ. დონ ხუანმა მითხრა, რომ ყველა მათგანი მაგიის შეგირდები იყვნენ. ბენიგნოს მას შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი და მასთან თავისებური მეგობრობა ჩამომიყალიბდა. სამხრეთ მექსიკიდან იყო. იგი ძალიან მომწონდა. ბენიგნო მოხიბლული იყო იმით, რომ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ მომხიბვლელ საიდუმლოებას ინარჩუნებდა და ვერასოდეს გავიგე, ვინ იყო იგი და რას აკეთებდა. ყოველთვის, როცა მას ველაპარაკებოდი, განმაიარაღებელი გულწრფელობით თავგზას მიბნევდა და ჩემი ინტერესის მარწუხებს თავს არიდებდა. ერთხელ დონ ხუანმა თავისი ნებით გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა ბენიგნოს შესახებ და მითხრა, რომ მას ძალიან გაუმართლა, რადგან მასწავლებელი და კეთილისმყოფელი იპოვა. დონ ხუანის განცხადება შემთხვევით შენიშვნად აღვიქვი, რომელიც არაფერს ნიშნავდა. დონა სოლედადმა გამიმხილა საიდუმლო, რომლის შესახებაც ათი წლის მანძილზე არაფერი ვიცოდი. 

 - როგორ გგონია, რატომ არასდროს არაფერი უთქვამს დონ ხუანს ჩემთვის ბენიგნოზე?

 - ვინ იცის? რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა. ნაგვალს დაუფიქრებლად არასდროს არაფერი გაუკეთებია. 

 მტკივანი ზურგი მის საწოლს მივაყრდენი, სანამ წერას გავაგრძელებდი.

 - ბენიგნოს რამე დაემართა?

 - ის კარგად არის. ალბათ, ყველა დანარჩენზე უკეთესადაც კი. შენ მას შეხვდები. იგი პაბლიტოსთან და ნესტორთანაა. ამჟამად ისინი განუყოფელნი არიან. მათზე ხენაროს კავშირი მუშაობს. იგივე დაემართა გოგონებსაც. ისინი განუყოფელნი არიან, რადგან ნაგვალის კავშირი მათზე მუშაობს. 

 ისევ მომიწია მისთვის შემეწყვეტინებინა და მეთხოვა აეხსნა, რომელ გოგონებზე ლაპარაკობდა. 

 - ჩემი გოგონები. 

 - შენი შვილები? ანუ, პაბლიტოს დები? 

 - ისინი პაბლიტოს დები არ არიან. ნაგვალის შეგირდები არიან. 

 მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო. მას შემდეგ, რაც პაბლიტო გავიცანი, ყოველთვის მეგონა, რომ მის სახლში მცხოვრები ოთხი გოგონა პაბლიტოს დები იყვნენ. თავად დონ ხუანმა მითხრა ასე. მთელი შუადღის მანძილზე განცდილი სასოწარკვეთილების განცდა ისევ განმეორდა. დონა სოლედადს არ უნდა მივნდობოდი. რაღაცას მიმზადებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანი არაფრის გამო არ შემიყვანდა ასეთ შეცდომაში. 

 დონა სოლედადმა აშკარა ცნობისმოყვარეობით გამომხედა.

 - ქარმა მითხრა, რომ არ გჯერა, რასაც გეუბნები. - თქვა მან და გაიცინა. 

 - ქარი მართალია. - ვუპასუხე მშრალად. 

 

- გოგონები, რომელთაც წლების მანძილზე ხედავდი, ნაგვალის შეგირდები არიან. ახლა, როცა ნაგვალი გაქრა, ისინი თავად არიან ნაგვალები. მაგრამ ისინი ასევე ჩემი გოგონები არიან. ჩემები!

- შენ ამბობ, რომ პაბლიტოს დედა არ ხარ, მაგრამ გოგონები შენი შვილები არიან?

 - მე ვამბობ რომ ისინი ჩემები არიან. ნაგვალმა ისინი უსაფრთხოდ ყოფნისთვის მომცა. შენ ყოველთვის ცდები, რადგან ყველაფრის ასახსნელად სიტყვებს ეყრდნობი. მას შემდეგ, რაც გაიგე, რომ მე პაბლიტოს დედა ვარ და გოგონებიც ჩემი შვილები არიან, იფიქრე, რომ ისინი და-ძმანი იყვნენ. გოგოები ჩემი ნამდვილი შვილები არიან. თუმცა, პაბლიტო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საშვილოსნოდან არის გამოსული, ჩემი მოკვდავი მტერია. 

 ჩემი რეაქცია მის ნათქვამზე ზიზღისა და ბრაზის ნაზავი იყო. მეგონა, რომ იგი არა მხოლოდ შეშლილი ქალი იყო, არამედ საშიშიც. რატომღაც, ჩემმა არსებამ ეს მოსვლის წუთიდან იცოდა. 

 დიდხანს მიყურა. მისთვის რომ არ მეყურებინა, საწოლის გადასაფარებელზე ჩემთვის დავჯექი. 

 - ნაგვალმა გამაფრთხილა შენი უცნაურობის შესახებ. - თქვა მან მოულოდნელად. - მაგრამ მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ახლა ვხვდები. მან მითხრა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი და არ გამებრაზებინე, რადგან მოძალადე ხარ. ვწუხვარ, რომ ისეთი ფრთხილი არ ვიყავი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. მან ასევე თქვა, რომ სანამ წერ, შეგიძლია ჯოჯოხეთში ისე შეხვიდე, რომ ეს ვერც კი იგრძნო. მე ამით არ შეგაწუხებ. მან მითხრა, რომ ეჭვიანი ხარ, რადგან სიტყვებს ეჭიდები. არც ამაზე შეგაწუხებ. საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ვცდილობდი არ გამებრაზებინე. 

 მის ტონში ჩუმი ბრალდება ისმოდა. მისი გაღიზიანების გამო თავი რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძენი.

 - რასაც მეუბნები, ჩემთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია. - ვთქვი მე. - ან შენ მატყუებ, ან დონ ხუანმა საშინლად მომატყუა. 

 - არც ერთ ჩვენგანს არაფერი ტყუილის მსგავსი არ გვითქვამს. შენ მხოლოდ ის გესმის, რისი გაგებაც გინდა. ნაგვალმა თქვა, რომ ეს შენი სიცარიელის პირობაა. 

 გოგონები ნაგვალის შვილები არიან, ისევე როგორც შენ და ელიჰიო ხართ მისი შვილები. მან ექვსი შვილი, ოთხი ქალი და ორი მამაკაცი გააჩინა. ხენარომ სამი მამაკაცი შექმნა. სულ ცხრა. ერთ-ერთმა მათგანმა, ელიჰიომ, უკვე მოახერხა... ახლა თქვენი გადასაწყვეტია, რვავე თქვენგანმა რომ სცადოთ. 

 - სად წავიდა ელიჰიო?

 - იგი ნაგვალს და ხენაროს შეუერთდა. 

 - ნაგვალი და ხენარო სადღა წავიდა? 

 - შენ იცი, ისინი სადაც წავიდნენ. მეხუმრები, არა?

 - არ გეხუმრები დონა სოლედად. 

 - მაშინ გეტყვი. ნაგვალი და ხენარო იქ დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ, სხვა სამყაროში. როცა მათი დრო ამოიწურა, ისინი უბრალოდ სიბნელეში გავიდნენ და ღამის სიბნელემ ისინი ზევით შთანთქა. 

 ვგრძნობდი, რომ შემდგომი გამოკვლევა უსაფუძვლო იყო. მზად ვიყავი, თემა შემეცვალა, მაგრამ საუბარი წამოიწყო.  

 - შენ სხვა სამყაროს თვალი მოჰკარი, როცა უფსკრულში გადახტი. - განაგრძო მან. - მაგრამ შესაძლოა ნახტომმა დაგაბნია. ძალიან ცუდი. არავის არაფერი შეუძლია გააკეთოს ამის შესახებ. შენი ბედისწერაა, კაცი იყო. ამ თვალსაზრისით, ქალები კაცებზე უკეთესები არიან. მათ უფსკრულში გადახტომა არ უწევთ. ქალებს საკუთარი გზები აქვთ. მათ საკუთარი უფსკრული აქვთ. ქალებს მენსტრუაცია აქვთ. ნაგვალმა მითხრა, რომ ეს იყო კარი ქალებისათვის. მენსტრუაციის დროს ისინი სხვები ხდებიან. მე ვიცი, რომ სწორედ მენსტრუაციის პერიოდში ასწავლიდა ნაგვალი ჩემს გოგონებს. ჩემთვის ძალიან გვიანი იყო. ძალიან ბებერი ვარ, ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი როგორ გამოიყურება ეს კარი. მაგრამ ნაგვალი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გოგონებს ყურადღება მიექციათ ყველაფრისთვის, რაც ამ დროს ხდებოდა. ასეთ დღეებში იგი გოგონებთან ერთად მთებში მიდიოდა და მათთან რჩებოდა, სანამ ისინი სამყაროებს შორის ბზარს არ დაინახავდნენ. 

 ნაგვალი, ვინაიდან მას არაფრის მიმართ წუხილი და შიში არ ჰქონდა, გოგონებს მოწყალების გარეშე აიძულებდა დაენახათ, რომ ქალებს ბზარი ჰქონდათ, რომელსაც ისინი ძალიან კარგად მალავენ. მენსტრუაციის დროს, რაც არ უნდა კარგად იყოს შენიღბვა შესრულებული, ეს ბზარი იხსნება და ქალები შიშვლები რჩებიან. ნაგვალმა ჩემს გოგოებს უბრძანა გაეხსნათ ეს ბზარი იქამდე, სანამ ნახევრად არ მოკვდნენ. ამას წლები დასჭირდა. 

 - როგორ გახდნენ ისინი შეგირდები? 

 - ლიდია მისი პირველი შეგირდი იყო. მან იგი ერთ დილას იპოვა, როცა მთებში ქოხთან დაბნეულმა გაჩერდა. ნაგვალის თქმით, ვერავის ხედავდა, მაგრამ დილიდან მოყოლებული, ნიშნები ამ ქოხისკენ უხმობდნენ. ცივი ქარი საშინლად აწუხებდა. მისი თქმით, თვალების წესიერად გახელასაც ვერ ახერხებდა, როცა ამ ადგილიდან გაცლას ცდილობდა. ასე რომ, როცა ნაგვალმა ქოხი იპოვა, იცოდა, რომ იქ რაღაც იყო. ჩალისა და ტოტების გროვის ქვეშ მან გოგონა იპოვა. იგი ძალიან ავად იყო. ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ ამბობდა, რომ არავის დახმარება არ სჭირდებოდა. ის იქ დაძინებას აპირებდა და თუ აღარ გაიღვიძებდა, არავინ არაფერს დაკარგავდა. ნაგვალს მოეწონა გოგონას სული და მის ენაზე დაელაპარაკა. ნაგვალმა გოგონას უთხრა, რომ დახმარებას აპირებდა და მასზე იქამდე იზრუნებდა, სანამ არ მოძლიერდებოდა. გოგონამ უარი უთხრა. იგი ინდიელი იყო, რომელმაც მხოლოდ გაჭირვება და ტკივილი იცოდა. მან ნაგვალს უთხრა, რომ უკვე ყველა წამალი მიიღო, რაც მშობლებმა მისცეს, მაგრამ არაფერმა უშველა.

 რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა გოგონა, ნაგვალიც უფრო მეტ ნიშანს ხედავდა, რომელიც მასზე მიუთითებდა. ეს ნიშნები ბრძანებებს ჰგავდნენ. 

 ნაგვალმა გოგონა ხელში აიყვანა, მხრებზე მოიგდო და ხენაროს სახლში მიიყვანა. ხენარომ მისთვის წამალი გააკეთა. გოგონა თვალებს ვეღარ ახელდა. მისი სახე შეშუპებული და ჩაყვითლებული იყო. ჩირქი მწიფდებოდა. ნაგვალი გოგონას კარგად უვლიდა. მან დამიქირავა, რათა გოგონასთვის მეზრუნა და მისთვის კერძები მომემზადებინა. მე მას გამოჯანმრთელებაში დავეხმარე. ლიდია ჩემი პირველი შვილია. ერთი წლის შემდეგ, როდესაც იგი მთლიანად გამოჯანმრთელდა, ნაგვალს სურდა, რომ იგი მშობლებთან დაბრუნებულიყო, მაგრამ მან უარი თქვა და დაბრუნების ნაცვლად ნაგვალთან ყოფნა ისურვა. 

 ლიდიას პოვნიდან ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც იგი ჯერ კიდევ ავად იყო და ვუვლიდი, ნაგვალმა შენ გიპოვა. შენ მასთან მიგიყვანა ვიღაც კაცმა, რომელიც ნაგვალს აქამდე არასოდეს უნახავს. ნაგვალმა დაინახა, რომ ამ კაცის სიკვდილი ახლოს იყო და მის თავზე ტრიალებდა, ხოლო ძალიან უცნაურად ეჩვენა, რომ ასეთ მომენტში მან ნაგვალის გასაცნობად მიგიყვანა. შენ მაშინ ნაგვალი გააცინე და მან გამოცდა მოგიწყო. მას თან არ წაუყვანიხარ, არამედ გითხრა, რომ მოსულიყავი და თავად მოგეძებნა. მან შენ იმგვარად გამოგცადა, როგორც აქამდე არავინ გამოუცდია. ნაგვალმა თქვა, რომ ეს იყო შენი გზა. 

 სამი წლის განმავლობაში მას მხოლოდ ორი შეგირდი ჰყავდა, ლიდია და შენ. შემდეგ, ერთ დღესაც, როცა თავის მკურნალ მეგობარს, ვისენტეს სტუმრობდა, რამდენიმე ადამიანმა ვისენტეს სახლში შემოიყვანა შეშლილი გოგონა, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა და სხვას არაფერს აკეთებდა. ვისენტემ ხალხს ნაგვალზე მიუთითა და სტუმრებმა გოგონა ნაგვალს მიანდვეს. ნაგვალმა მითხრა, რომ გოგონამ მასთან მიირბინა და ისე მიეხუტა, თითქოს აქამდეც იცნობდა. ნაგვალმა გოგონას მშობლებს უთხრა, რომ გოგონა მასთან უნდა დაეტოვებინათ. მშობლებს გადასახდელი ფასი აწუხებდათ, მაგრამ ნაგვალმა ისინი დაარწმუნა, რომ ყველაფერს უფასოდ გააკეთებდა. ვფიქრობ, გოგო მათ იმდენად აწუხებდათ, რომ სულაც არ დარდობდნენ მის მოშორებას.  

 ნაგვალმა ისიც ჩემთან მოიყვანა. ეს ჯოჯოხეთი იყო! გოგონა მართლა გიჟი იყო. ჟოზეფინა ერქვა. ნაგვალს წლები დასჭირდა მის განსაკურნებლად. მაგრამ იგი დღემდე შეშლილია. რა თქმა უნდა, ჟოზეფინა ნაგვალზე გიჟდებოდა და ლიდიასა და ჟოზეფინას შორის საშინელი ბრძოლა იყო გაჩაღებული. მათ სძულდათ ერთმანეთი. მაგრამ მე ორივე მათგანი მომწონდა. როდესაც ნაგვალმა დაინახა, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ, მათ მიმართ გამკაცრდა. ალბათ იცი, რომ სინამდვილეში ნაგვალი არასოდეს არავის უბრაზდება. ამის ნაცვლად, მან გოგონები სიკვდილამდე შეაშინა. ერთ დღესაც, ლიდია გაბრაზდა და წავიდა. მან ახალგაზრდა საქმროს პოვნა გადაწყვიტა. გზაზე მან პატარა წიწილა იპოვა. ახლახან გამოჩეკილი იყო და შუა გზაზე დაიკარგა. ლიდიამ წიწილა აიყვანა და რადგან ახლომახლო სახლები არ იდგა, გადაწყვიტა, რომ იგი არავის ეკუთვნოდა. წიწილა მკერდს შორის, გულის უბეში ჩაისვა, რათა თბილად ყოფილიყო. პატარა წიწილამ მაისურში მოუსვენრად დაიწყო ტრიალი. ლიდიამ ვერაფრით მოახერხა მისი ამოყვანა და მისმა მოუსვენრობამ კინაღამ ჭკუიდან შეშალა. გაგიჟებულმა ჩემთან მოირბინა და ყვირილით მითხრა, რომ ეს წყეული წიწილა ბლუზიდან ამომეყვანა. მე იგი გავაშიშვლე, მაგრამ წიწილას ვერსად მივაგენით, თუმცა იგი მაინც გრძნობდა მთელს სხეულზე წიწილას ფეხების სირბილს.

 მაშინ ნაგვალი მოვიდა და ლიდიას უთხრა, რომ წიწილა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდებოდა, თუ იგი საკუთარ ძველ მე-ს დაემშვიდობებოდა. ლიდია სამი დღე-ღამე შეშლილი იყო. ნაგვალმა მითხრა, რომ იგი დამება. ლიდიას ვაჭმევდი, ვასუფთავებდი და წყალს ვასმევდი. მეოთხე დღეს დამშვიდდა. ლიდია თოკებისგან გავხსენი, ტანზე ჩავაცვი და როცა წამოდგა, მოშორებით საიდანღაც პატარა წიწილა გამოტანტალდა. ლიდიამ წიწილა ხელში აიყვანა, ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა და იქ დააბრუნა, სადაც იპოვა. იმ გზაზე მასთან ერთად წავედი. 

 ამ დროიდან ლიდია არავის აწუხებდა. მან მიიღო თავისი ბედისწერა. ნაგვალი, აი რა იყო მისი ბედისწერა. მის გარეშე იგი ახლა მკვდარი იქნებოდა. მაშინ, რა აზრი ჰქონდა უარის მცდელობას იმის მიმართ, რისი მიღებაც შესაძლებელია?

 მომდევნო ჟოზეფინა იყო. ის, რაც ლიდიას თავს გადახდა, მას აშინებდა, მაგრამ მომხდარი მალევე დაივიწყა. ერთ კვირა ნაშუადღევს, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა, მის შალის ნაჭერში ხმელი ფოთოლი გაიჭედა. შალი თავისუფლად იყო ნაქსოვი. ჟოზეფინა ცდილობდა, პატარა ფოთოლი ფრთხილად გამოერჩია, მაგრამ შალის გაფუჭების ეშინოდა. როდესაც სახლში შევიდა, მისი მოცილება ისევ სცადა, მაგრამ ფოთოლი შალიდან არ გამოდიოდა. გაბრაზებულმა, ხმელ ფოთოლს ხელი მოუჭირა და დაფშვნა. მან იფიქრა, რომ პატარა ნაკუწების ამოტანა უფრო მარტივი იქნებოდა. ამ მომენტში ჭკუიდან შემშლელი კივილი გავიგე. ჟოზეფინა მიწაზე დაეცა. მასთან მივირბინე და ვნახე, რომ მუჭად შეკრულ ხელს ვეღარ შლიდა. ფოთოლმა ხელი ისე გაუჭრა, თითქოს საპარსი დაესვას. მე და ლიდია ვეხმარებოდით და შვიდი დღე გადაბმულად ვზრუნავდით მასზე. ჟოზეფინა სხვებზე მეტად ჯიუტი იყო. იგი თითქმის გარდაიცვალა. ბოლოს, როგორც იქნა ხელის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც გონებაში ძველი გზებით ცხოვრებას დაემშვიდობა. დროდადრო მაინც აწუხებს სხეულში ტკივილები, განსაკუთრებით ხელში, რომელიც მისი მახინჯი გუნება-განწყობის ბრალია, რაც ეტაპობრივად უბრუნდება ხოლმე. ნაგვალმა ორივეს უთხრა, რომ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ჩვენი ძველი მე-ს წინააღმდეგ ბრძოლას მთელი ცხოვრების მანძილზე ვინაზღაურებთ. 

 ლიდიას და ჟოზეფინას ამის შემდეგ არასოდეს უჩხუბიათ. არა მგონია მათ ერთმანეთი მოსწონდეთ, მაგრამ ყოველთვის აუცილებლად ერთად არიან. ყველაზე მეტად ეს ორი მიყვარს. ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემთან იყვნენ. ვიცი, რომ მათაც ვუყვარვარ. 

 - დანარჩენ ორ გოგონაზე რას მეტყვი? 

- ერთი წლის შემდეგ ელენა მოვიდა. იგივე ლა გორდა. ის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია. ორას ოც ფუნტს იწონიდა. სასოწარკვეთილი ქალი იყო და პაბლიტომ საკუთარ მაღაზიაში შეაფარებინა თავი. მაღაზიაში დარჩენის მიზნით მან რეცხვა და დაუთოება დაიწყო. ნაგვალი ერთ საღამოს მაღაზიაში პაბლიტოს წამოსაყვანად მივიდა და აღმოაჩინა მსუქანი გოგონა, რომელიც გვიანობამდე მუშაობდა და თავზე ფარვანები დასტრიალებდა. მან თქვა, რომ ფარვანები გოგონას თავზე საყურებლად ლამაზ წრეს კრავდნენ. ნაგვალმა დაინახა, რომ იგი ახლოს იყო თავისი სიცოცხლის დასასრულამდე, მაგრამ ფარვანებს სამყაროს მიმართ იმხელა ნდობა ჰქონდათ, რომ ნაგვალს ნიშანს აძლევდნენ. მან სწრაფად იმოქმედა და გოგონა თავისთან წაიყვანა. 

 ცოტა ხნის მანძილზე იგი კარგად იყო, მაგრამ ღრმად გამჯდარი ცუდი ჩვევები თავიანთ არსებობას ადვილად არ დათმობდნენ. ასე რომ, ნაგვალმა გოგონას დასახმარებლად ერთ დღეს ქარი გამოგზავნა. ეს მისთვის ან დახმარება აღმოჩნდებოდა, ან სიცოცხლის დასასრული. ქარმა სახლი კინაღამ დაანგრია, სანამ გოგონა გარეთ არ გავაძევე. იმ დღეს იგი მარტო იყო და არავის დაუნახავს, რა ხდებოდა მის თავს. ქარმა იგი ბორცვებისკენ და ხევებისკენ წაიყვანა, შემდეგ კი საფლავის მსგავს ორმოში ჩააგდო. ქარს იგი ორმოში დღეების მანძილზე ჰყავდა ამ ადგილას. როდესაც ნაგვალმა საბოლოოდ გოგონა იპოვა, გოგონას ქარის შეჩერება მოეხერხებინა, მაგრამ ძალიან სუსტად იყო იმისთვის, რათა ფეხზე დამდგარიყო. 

 - როგორ შეძლებს გოგონებმა შეეჩერებინათ ყველაფერი, რაც მათზე მოქმედებდა? 

 - პირველ რიგში, რაც მათზე მოქმედებდა, იყო აყირო, რომელიც ნაგვალის ქამარზე იყო მიბმული. 

 - და რა იყო ამ აყიროში?

 - მოკავშირეები, რომლებსაც ნაგუალი თან დაატარებს. მან თქვა, რომ მოკავშირე აყიროს მეშვეობით დაჰყავდა. ამის შესახებ აღარ მკითხო, რადგან მოკავშირეებზე მეტი არაფერი ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ნაგვალი ორ მოკავშირეს მეთაურობდა და მათგან დახმარებას იღებდა. ჩემი გოგოების შემთხვევაში მოკავშირეებმა უკან დაიხიეს, როცა ისინი მზად იყვნენ ცვლილებისათვის. მათთვის, რა თქმა უნდა, ეს ან ცვლილება იყო, ან სიკვდილი. მაგრამ ყოველი ჩვენგანის შემთხვევაშიც მეტ-ნაკლებად ასე იყო. ლა გორდა უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე ვინმე სხვა. იგი ცარიელი იყო, ფაქტობრივად, ჩემზე მეტად ცარიელი, მაგრამ საკუთარ სულს იქამდე აწრთობდა, სანამ თავად ძალა არ გახდა. მე იგი არ მომწონს. მისი მეშინია. ის მიცნობს. მას ჩემში და ჩემს გრძნობებში შემოსვლა შეუძლია და ეს მაწუხებს. მაგრამ მას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს, რადგან ყურადღებას არასდროს ადუნებს. მას არ ვძულვარ, მაგრამ ფიქრობს, რომ ბოროტი ქალი ვარ. შეიძლება მართალია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიცნობს და არც ისეთი უნაკლო ვარ, როგორიც მინდა, რომ ვიყო. მაგრამ ნაგვალმა მითხრა, რომ მის მიმართ ჩემს გრძნობებზე არ მენერვიულა. იგი ელიჰიოს ჰგავს. სამყარო მას აღარ ეხება. 

 - რა გაუკეთა ნაგვალმა მას ასეთი განსაკუთრებული?

 - ნაგვალმა მას ისეთი რაღაცები ასწავლა, რაც არასდროს არავისთვის უსწავლებია. ნაგვალი ლა გორდას არასოდეს ანებივრებდა ან რაიმე მსგავსი. იგი მას ენდობოდა. მან ყველაფერი იცის ყველას შესახებ. ნაგვალი ყველაფერს მიყვებოდა, მის შესახებ რაღაცების გარდა. ალბათ ამიტომაც არ მომწონს იგი. ნაგვალმა მას უთხრა, რომ ჩემი მცველი ყოფილიყო. სადაც არ უნდა წავიდე, მას ვპოულობ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მან იცის. მაგალითად, არ გამიკვირდება, ახლა რომ გამოჩნდეს. 

 - ფიქრობ, რომ გამოჩნდება?

 - ეჭვი მეპარება. ამაღამ ქარი ჩემთანაა. 

 - რა უნდა გააკეთოს მან? რამე სპეციალური დავალება აქვს? 

 - მე საკმარისად გითხარი მის შესახებ. ვშიშობ, რომ თუ მის შესახებ საუბარს განვაგრძობ, იგი შეამჩნევს და არ მინდა ეს მოხდეს. 

 - მაშინ სხვების შესახებ მომიყევი. 

 - ლა გორდას პოვნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ნაგვალმა ელიჰიო იპოვა. მან მითხრა, რომ ამ დროს შენთან ერთად იყო წასული თავის მშობლიურ მხარეში. ელიჰიო შენს სანახავად იმიტომ მოვიდა, რომ იგი შენით იყო დაინტერესებული. ნაგვალმა იგი ვერ შეამჩნია. ელიჰიოს ბავშვობიდან იცნობდა. მაგრამ ერთ დილას, როცა ნაგვალი იმ სახლისკენ მოდიოდა, სადაც შენ ელოდი, იგი ელიჰიოს შეეჩეხა. მცირე მანძილი ერთად გაიარეს, შემდეგ კი კაქტუსის გამხმარი ნაწილი ელიჰიოს მარცხენა ფეხსაცმლის წვერში გაიჭედა. ისინი ღრმად შევიდნენ ფეხსაცმლის ძირში. ნაგვალმა თქვა, რომ ელიჰიომ ხუმრობით თითი ჰაერში ცისკენ აღმართა და ფეხსაცმელი შეარხია, შედეგად კი კაქტუსი ფეხსაცმელს მოსძვრა. ელიჰიომ ეს ხუმრობად ჩათვალა და გაეცინა, მაგრამ ნაგვალმა ამ სცენის ხილვის შემდეგ იცოდა, რომ ელიჰიოს ძალა ჰქონდა, თუმცა თავად ელიჰიოს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. იგი უპრობლემოდ გახდა სრულყოფილი, უნაკლო მეომარი. 

 ჩემთვის ბედნიერება იყო, რომ მას ვიცნობდი. ნაგვალი ფიქრობდა, რომ ერთ რამეში ორივენი ერთნაირები ვიყავით. როგორც კი რაღაცას მივეჩვეოდით, მას აღარ ვუშვებდით. ელიჰიოს გაცნობის ბედნიერება არავისთვის გამიზიარება, თვით ლა გორდასთვისაც. მანაც გაიცნო ელიჰიო, მაგრამ ახლოდან არ გაცნობია, ისევე როგორც შენ არ გაგცნობია ახლოდან. ნაგვალმა თავიდანვე იცოდა, რომ ელიჰიო განსაკუთრებული იყო და მისი იზოლაცია მოახდინა. მან იცოდა, რომ შენ და გოგონები მონეტის ერთ მხარეს იყავით, ხოლო ელიჰიო მეორე მხარეს იყო. ნაგვალს და ხენაროს მართლაც ძალიან გაუმართლათ, რომ იგი იპოვეს. 

 ელიჰიოს პირველად მაშინ შევხვდი, როცა ნაგვალმა იგი ჩემს სახლში მოიყვანა. მან და ჩემმა გოგონებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. გოგონებს სძულდათ ელიჰიო და მისი ეშინოდათ. მაგრამ თავად ელიჰიო სრულიად გულგრილი იყო ამის მიმართ. სამყარო მას არ ეხებოდა. ნაგვალს არ სურდა, რომ შენ ელიჰიოსთან ახლოს ყოფილიყავი, რადგან მისი სიტყვებით, შენ ისეთი ტიპის ჯადოქარი ხარ, რომლისგანაც თავი შორს უნდა დაიჭირო. მან თქვა, რომ შენი შეხება დამშვიდების ნაცვლად აფუჭებს. ნაგვალმა მითხრა, რომ შენი სული ტყვეებს დაატარებს. იგი რატომღაც შენზე ნერვიულობდა, აღშფოთებული იყო და ამავდროულად მოსწონდი კიდეც. მან თქვა, რომ როცა გიპოვა შენ ჟოზეფინაზე უარესი გიჟი იყავი და ახლაც ასე იყო. 

 შემაშფოთებელი გრძნობა იყო იმის მოსმენა, რომ ვიღაც მეუბნებოდა, რას ფიქრობდა დონ ხუანი ჩემზე. თავიდან ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია დონა სოლედადის ნათქვამისთვის, მაგრამ შემდეგ თავი სულელად ვიგრძენი და უადგილოდ ვცდილობდი საკუთარი ეგოს დაცვას.

 - ის შენზე ღელავდა, - განაგრძო მან. - რადგან შენი მეთვალყურეობა ძალამ დაავალა. რადგანაც იგი უზადო მეომარი იყო, თავის ბატონს დაემორჩილა და სიამოვნებით შეასრულა ის, რაც ძალამ უთხრა შენთან დაკავშირებით. 

 პაუზა ჩამოვარდა. მინდოდა, დონ ხუანის ჩემს მიმართ გრძნობებზე კიდევ მეკითხა რაღაცები. ამის ნაცვლად, მას ბოლო შეგირდ გოგონაზე ვკითხე. 

 - ელიჰიოს პოვნიდან ერთი თვის შემდეგ ნაგვალმა როზა იპოვა. - თქვა მან. - როზა ბოლო იყო. როგორც კი იპოვა, ნაგვალმა იცოდა, რომ იგი ბოლო შეგირდი იქნებოდა. 

 - როგორ იპოვა?

 - თავის მშობლიურ მხარეში ბენიგნოს სანახავად იყო წასული. სახლთან თითქმის მისული იყო, როცა ბუჩქებიდან როზა გამოვარდა, რომელიც ღორს მისდევდა. ღორი ძალიან სწრაფად გარბოდა და როზა ვერ ეწეოდა. სიჩქარეში როზა ნაგვალს დაეჯახა და ღორმა გაქცევა მოასწრო. როზა ნაგვალს გაუბრაზდა და ხელის შეშლის გამო ყვირილი დაუწყო. მუშტები შეკრა და მასთან საჩხუბრად მოემზადა. როზამ ნაგვალს შეურაცხყოფა მიაყენა და ისიც კი გაბედა, რომ მის ტანსაცმელზე ხელი ჩაევლო. ნაგვალს მაშინვე მოეწონა მისი სული, მაგრამ შეგირდობის ნიშანი არ შეუმჩნევია. ნაგვალმა თქვა, რომ შემდეგ ცოტა ხნით დაიცადა და უეცრად ღორი მოვიდა, რომელიც ნაგვალის ცხვირწინ ჩაცუცქდა. ეს იყო ნიშანი. როზამ ღორს თოკი გაუკეთა. ნაგვალმა როზას ჰკითხა, კმაყოფილი იყო თუ არა საკუთარი სამუშაოთი. მან უარი უთხრა. როზა მსახური იყო. ნაგვალმა ჰკითხრა, გაჰყვებოდა თუ არა გოგონა თავისთან, რაზეც როზამ უპასუხა, რომ თუ ამაში იმას გულისხმობდა, რასაც თავად ფიქრობდა, მაშინ პასუხი უარი იყო. ნაგვალმა უთხრა, რომ ეს სამუშაოს ეხებოდა. როზა დაინტერესდა, რამდენს გადაიხდიდა ნაგვალი. მან ფასი უთხრა, რის შემდეგაც როზამ იკითხა, რაში მდგომარეობდა სამუშაო. ნაგვალმა თქვა, რომ გოგონას ვერაკრუსის თამბაქოს მინდვრებში მასთან ერთად უნდა ემუშავა. როზამ უთხრა, რომ ნაგვალს ამოწმებდა. თუ ნაგვალი იტყოდა, რომ გოგონა დამლაგებლად უნდოდა, მაშინვე მიხვდებოდა, რომ იტყუებოდა, რადგან მისი თქმით ნაგვალი ისეთ კაცს ჰგავდა, რომელსაც თავის დღეში საცხოვრებელი არ ჰქონია. 

 ნაგვალი როზათი აღფრთოვანებული იყო და მას უთხრა, რომ თუ წინადადებას დათანხმდებოდა, დაღამებამდე ბენიგნოს სახლში უნდა მისულიყო. ნაგვალის თქმით, თორმეტ საათზე დიდხანს არ დაელოდებოდა. თუ იგი მოვიდოდა, როზა მზად უნდა ყოფილიყო რთული ცხოვრებისთვის და უამრავი სამუშაოსთვის. როზამ იკითხა, რამდენად შორს იყო თამბაქოს მინდვრები. ნაგვალმა უთხრა, რომ მინდვრები ავტობუსით სამი დღის სავალზე იყო. როზამ თქვა, რომ ღორს უკან წაიყვანდა და ამის შემდეგ აუცილებლად მზად იქნებოდა წასასვლელად. იგი ასეც მოიქცა. როზა აქ მოვიდა და იგი ყველას მოეწონა. იგი არასოდეს ყოფილა ბოროტი ან შემაწუხებელი. ნაგვალს არასდროს არაფერში დასჭირვებია მისი იძულება ან მოტყუება. მას საერთოდ არ ვუყვარვარ და მაინც ჩემზე უკეთ ზრუნავს ნებისმიერზე. მე მას ვენდობი, მაგრამ არც მე მომწონს იგი, თუმცა, როცა ერთმანეთისგან შორს ვართ, ყველაზე მეტად ის მენატრება. შეგიძლია ეს გაიგო? 

 მის თვალებში სევდა დავინახე. ჩემს უნდობლობას ვერაფერს ვუხერხებდი. ხელით თვალები მოიწმინდა. 

 ბუნებრივი შესვენება ჩამოწვა. უკვე ბნელდებოდა და წერა ძალიან გამიძნელდა. გარდა ამისა, ტუალეტში შესვლა მინდოდა. იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გარეთა ტუალეტი გამომეყენებინა, როგორც მანამდე თავად ნაგვალი იყენებდა ხოლმე. 

 შემდეგ მან ორი მრგვალი გობი მოიტანა, რომლებიც თბილი წყლით იყო ნახევრად სავსე და კარგად გახეხვის შემდეგ რამდენიმე მწვანე ფოთოლი დაუმატა. მან მბრძანებლური ტონით მითხრა, რომ ამ გობში დამებანა თავი და ხელები, მეორეში კი თავად დაიწყო დაბანა. წყალი თითქმის სურნელოვანი იყო. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ჰქონდა. თითქოს რბილი მენთოლი წავისვი სახეზე და მკლავებზე. 

 მის ოთახში დავბრუნდით. დონა სოლედადმა ჩემი საწერი მოწყობილობა აიღო და ერთ-ერთი უჯრის თავზე დადო. ფანჯრები ღია იყო და იქიდან ჯერ კიდევ აღწევდა მსუბუქი სინათლე. თითქმის შვიდი საათი უნდა ყოფილიყო. 

 დონა სოლედადი ზურგე იწვა. მიღიმოდა. მეგონა, რომ იგი თვით სითბოს განასახიერებდა. მაგრამ ამავდროულად, მიუხედავად ღიმილისა, მის თვალებში დაუნდობლობას და დაუოკებელ ძალას ვგრძნობდი. 

 ვკითხე, რამდენ ხანს იყო დონ ხუანთან, როგორც მისი შეგირდი. მიპასუხა, რომ ნაგვალის მოსწავლე შვიდი წლის მანძილზე იყო. ასევე შემახსენა, რომ ბოლო ხუთი წელი იყო, რაც იგი არ მინახავს. იმ მომენტამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ორი წლის წინ ვნახე. შევეცადე ჩვენი ბოლო შეხვედრა გამეხსენებინა, მაგრამ ვერ შევძელი.

 მითხრა, რომ მის გვერდით დავწოლილიყავი. მასთან, საწოლზე დავიჩოქე. ძალიან რბილი ხმით მკითხა, მეშინოდა თუ არა. ვუთხარი, რომ არ მეშინოდა, რაც სიმართლე იყო. იმ მომენტში, ჩემს არსებაში გაჩნდა განცდა, რომელიც აქამდეც უთვალავჯერ გამოვლენილა. ეს იყო ცნობისმოყვარეობისა და სუიციდური გულგრილობის ნაზავი. 

 თითქმის ჩურჩულით მითხრა, რომ ჩემთან უზადო უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი შეხვედრა ბედისწერის მიერ იყო გადაწყვეტილი. მან თქვა, რომ ნაგვალმა პირდაპირი და დეტალური განკარგულებები მისცა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ჩემთან. როცა საუბრობდა, სიცილი ვერ შევიკავე მისი უზარმაზარი ძალისხმევის გამო, რომ დონ ხუანივით ესაუბრა. მის განცხადებებს ვუსმენდი და შემეძლო წინასწარ განმესაზღვრა, რას იტყოდა შემდეგ.

 მოულოდნელად წამოჯდა. მისი სახე ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული. შემეძლო მისი კბილების დანახვა, რომელიც თეთრად ანათებდა ოთახის სიბნელეში. ხელები შემომხვია და მასზე ზემოდან დამაწვინა. 

 ჩემი გონება ძალიან ცხადად აზროვნებდა, მაგრამ რაღაც უფრო და უფრო ღრმად მძრავდა ბუნდოვანებაში. ისეთ რაღაცას განვიცდიდი, რომელსაც კონცეფციას ვერ ვუძებნიდი. უცებ მივხვდი, რომ რაღაცნაირად, მის შეგრძნებებს განვიცდიდი. იგი უცნაური იყო. მან სიტყვებით მომხიბლა. სინამდვილეში ცივი, მოხუცი ქალი იყო. მისი სხეული არ იყო ახალგაზრდული და ენერგიული, მაგრამ მაინც, სიცოცხლისუნარიანობას და ძალას ასხივებდა. მაშინ გავიაზრე, რომ დონ ხუანს ჩვენი თავები ერთი მიმართულებით არ ჰქონდა შეტრიალებული. ეს აზრი მოცემულ ვითარებაში წარმოუდგენლად უადგილო და ძალიან სასაცილო იყო. მიუხედავად ამისა, იმ მომენტში ეს აზრი ჭეშმარიტ შეხედულებად მივიღე. ჩემს სხეულში განგაშის ზარმა დარეკა. საწოლიდან ადგომა მინდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს ჩემს ირგვლივ რაღაც არაჩვეულებრივი ძალა იყო, რომელიც მაკავებდა და მას არ მაცილებდა. პარალიზებული ვიყავი. 

 ჩემს შეგრძნებებს უნდა მიმხვდარიყო. უეცრად თქმები გაიშალა და კისერზე შემომახვია. კისერზე თმების სიმჭიდროვე ვიგრძენი, მაგრამ რატომღაც იგი რეალურად არ მეჩვენებოდა. 

 დონ ხუანი ყოველთვის მეუბნებოდა: ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ის ფაქტია, რომ არასოდეს ვიჯერებთ, რა ხდება ჩვენს თავს. იმ მომენტში, როცა დონა სოლედადი მარყუჟის მსგავსად მახვევდა რაღაცას, ვიცოდი, რასაც გულისხმობდა დონ ხუანი. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალურ დონეზე ყველაფერს ვხვდებოდი, ჩემი სხეული არ რეაგირებდა. დაბნეული და თითქმის გულგრილი ვრჩებოდი იმის მიმართ, რაც დიდი ალბათობით ჩემი სიკვდილი უნდა ყოფილიყო. 

 მისი მკლავების და მხრების დაძაბულობა ვიგრძენი, როცა კისერზე მომიჭირა. დიდი ძალით და აშკარა გამოცდილებით მახრჩობდა. ხროტინი დავიწყე. მისი თვალები გამაგიჟებელი მზერით მიყურებდა. მაშინ ვიცოდი, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა.

 დონ ხუანმა მითხრა, რომ როდესაც ჩვენ საბოლოოდ ვაცნობიერებთ რა ხდება, ჩვეულებრივ უკან დაბრუნება უკვე ძალიან გვიანია. იგი ამტკიცებდა, რომ ჩვენი ინტელექტი გვატყუებს, რადგან გზავნილის მიღების შემდეგ მინდობისა და მოქმედების ნაცვლად, ძალიან დუნედ მოძრაობს. 

 მაშინ ჩემი კისრის ძირში რაღაც გავიგონე ან შეიძლება რაღაც ტკაცუნი ვიგრძენი. ვიცოდი, რომ კისერი მომტეხა. ყურები მიზუზუნებდა და მიწუოდა. სმენის განსაკუთრებული სიცხადე გამოვცადე. მეგონა, რომ ვკვდებოდი. მეზიზღებოდა ჩემი უუნარობა, რომ საკუთარი თავის დასაცავად რაღაც გამეკეთებინა. მისთვის ჩასარტყმელად კუნთის გამოძრავებასაც ვერ ვახერხებდი. ვეღარ ვსუნთქავდი. ჩემი სხეული აკანკალდა და უეცრად მისი მომაკვდინებელი ხელებიდან განვთავისუფლდი. საწოლზე დავიხედე, თითქოს ჭერიდან დაბლა ვიყურებოდი. დავინახე უმოძრაოდ მომჩვარული ჩემი სხეული, რომელიც დონა სოლედადის ზემოდან იყო დაწოლილი. ქალის თვალებში ჰორორს ვხედავდი. გავბრაზდი, რომ ასეთი სულელი ვიყავი და სოლედადს მუშტი შუბლში მოვუქნიე. მან დაიყვირა და ჩემს სხეულს ხელი გაუშვა. დავინახე, როგორ გადმოვარდა დონა სოლედადი საწოლიდან ჩემი დარტყმის ძალით და როგორ დარბოდა ოთახში კედლების გასწვრივ, შემდეგ კი შეშინებული ბავშვივით მოიკუნტა. 

 შემდეგი შთაბეჭდილება, რომელიც დამეუფლა, იყო სუნთქვის კატასტროფული გაძნელება. თითქოს ყელი ისე გამიშრა, რომ ჩასუნთქვას ვერ ვახერხებდი. დიდი დრო დამჭირდა, რათა საწოლიდან წამოვმდგარიყავი. ამის შემდეგ დონა სოლედადს დავაკვირდი. საწოლზე უგონოდ იწვა. შუბლზე უზარმაზარი წითელი ლაქა ეტყობოდა. წყალი მოვიტანე და სახეზე შევასხი, რასაც დონ ხუანი ყოველთვის მიკეთებდა ხოლმე, როცა გული მიმდიოდა. როცა გონს მოეგო, წამოვაყენე და სიარული ვაიძულე, მკლავებით მეჭირა. ოფლში ცურავდა. შუბლზე ცივი წყლით გაჟღენთილი ნაჭერი დავადე. მან იგი მოისროლა, მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. კანკალებდა. დავაწვინე და თბილი საბნები გადავაფარე, მაგრამ მან გადაიხადა და სხეულით ქარისკენ შებრუნდა. მან მთხოვა, მარტო დამეტოვებინა და მითხრა, რომ თუ ქარი მიმართულებას შეიცვლიდა, ეს გამოჯანმრთელების ნიშანი იქნებოდა. ხანმოკლე პაუზით ხელი მომიჭირა და მითხრა, რომ ერთმანეთს ბედისწერამ დაგვაკავშირა.

 - ვფიქრობ, ერთ-ერთი ჩვენგანი ამაღამ უნდა მომკვდარიყო. - თქვა მან. 

 - ნუ სულელობ. შენ ჯერ არ დაგისრულებია. - ვუთხარი და ამას ნამდვილად ვგულისხმობდი. 

 რაღაცამ დამარწმუნა, რომ იგი კარგად იყო. გარეთ გავედი, ჯოხი ავიღე და მანქანისკენ გავეშურე. ძაღლმა დაიღრინა. ისევ სავარძელზე იჯდა. ვთხოვე, რომ ჩამოსულიყო და თვინიერად გადმოხტა. მასში რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი. მისი უზარმაზარი სხეული დავინახე, რომელიც თავის შემოღობილ ადგილას გაძუნძულდა. 

 თავისუფალი ვიყავი. წამით მანქანაში ჩავჯექი და დავფიქრდი. არა, თავისუფალი არ ვიყავი. რაღაც სახლში მიხმობდა. იქ დაუმთავრებელი საქმეები მქონდა. დონა სოლედადის აღარ მეშინოდა. ფაქტობრივად, რაღაც არაჩვეულებრივმა გულგრილობამ მომიცვა. ვგრძნობდი, რომ განზრახ ან გაუცნობიერებლად, მან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანი გაკვეთილი მომცა. მის მიერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შედეგად, მასზე ისეთი საფეხურიდან ვიმოქმედე, რომელიც ნორმალურ პირობებში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. კინაღამ დამახრჩვეს. მისმა ოთახმა სრულიად უმწეო გამხადა, მაგრამ აქედან მაინც გამოვძვერი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა. დონ ხუანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს დამატებითი პოტენციალი, რომელიც არსებობს, მაგრამ მას იშვიათად ვიყენებთ. დონა სოლედადს ჩემი ორეულის სხეულიდან ნამდვილად დავარტყი. 

 მანქანიდან ფანარი ავიღე და სახლში დავბრუნდი. წინა ოთახში ყველა სანათი ავანთე, რისი პოვნაც მოვახერხე და მაგიდას მივუჯექი, რათა წერა დამეწყო. მუშაობამ დამამშვიდა. 

 გამთენიისას დონა სოლედადი ოთახიდან გამოვიდა. წაქცევაზე იყო და ბალანსს ძლივს ინარჩუნებდა. სრულიად შიშველი იყო. უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნო და კარებთან წაიქცა. წყალი მივაწოდე და ვცადე, მისთვის პლედი დამეფარებინა. ამაზე უარი თქვა. შევშფოთდი, რადგან მის სხეულს სითბო არ უნდა დაეკარგა. მან ჩაილაპარაკა, რომ შიშველი უნდა ყოფილიყო, როდესაც ქარისგან განკურნებას ელოდა. მან ფოთლები დაფქვა, შუბლზე წაისვა და ნაჭრით ადგილზე დააფიქსირა. ტანზე საბანი შემოიხვია და მაგიდასთან მოვიდა, სადაც ვწერდი. ჩემს პირისპირ დაჯდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. მართლა ავადმყოფივით გამოიყურებოდა. 

 - რაღაც უნდა გითხრა, - თქვა მან სუსტი ხმით. - ნაგვალმა მითხრა, რომ დაგლოდებოდი. ლოდინი მომიწევდა, თუნდაც ოცი წელი გასულიყო, მაინც უნდა დაგლოდებოდი. მან ინსტრუქციები მომცა იმის შესახებ, თუ როგორ მომეტყუებინე და როგორ მომეპარა შენი ძალა. მან იცოდა, რომ პაბლიტოს და ნესტორის სანახავად მოხვიდოდი, ამიტომ მითხრა, რომ შენი მოჯადოებისათვის ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და შენთვის ყველაფერი წამერთმია, რაც გაგაჩნდა. ნაგვალმა მითხრა, რომ თუ უზადო ცხოვრებით ვიცხოვრებდი, ჩემი ძალა აქ მოგიყვანდა, როცა სახლში ჩემს გარდა არავინ იქნებოდა. ჩემმა ძალამ ეს გააკეთა. როცა ყველა წავიდა, დღეს შენ მოხვედი. ამის გაკეთებაში ჩემი უზადო ცხოვრება დამეხმარა. მხოლოდ შენი ძალის მიტაცება და შემდეგ შენი მოკვლა დამრჩენოდა. 

 - რატომ გინდოდა ასეთი საშინელი რამის ჩადენა?

 - იმიტომ, რომ შენი ძალა ჩემი მოგზაურობისთვის მჭირდება. ნაგვალმა ასე მოაწყო. ეს შენ უნდა ყოფილიყავი. ბოლოს და ბოლოს, მე შენ არ გიცნობ. შენ ჩემთვის არავინ ხარ. რატომ არ უნდა მივიღო ის, რაც ასე ძალიან მჭირდება იმისგან, ვინც სათვალავშიც არ ითვლება? ეს იყო ნაგვალის სიტყვები. 

 - რატომ უნდოდა ნაგვალს ჩემთვის ზიანის მოყენება? შენ თვითონ თქვი, რომ იგი ჩემზე ღელავდა. 

 - ის, რაც ამაღამ გაგიკეთე, არაფერ შუაშია მის მიერ შენს გრძნობებთან, ან ჩემს საკუთართან. ეს მხოლოდ ჩვენ ორს შორის ხდება. მოწმეები არ არსებობენ, რადგან ორივენი თავად ნაგვალის ნაწილები ვართ. შენ მისგან რაღაც განსაკუთრებული მიიღე, რაც მე ძალიან მჭირდება. განსაკუთრებული ძალა, რომელიც მან შენ მოგცა. ნაგვალმა თქვა, რომ ექვსი შვილიდან თითოეულს მან რაღაც აჩუქა. ელიჰიომდე ვერ მივაღწევ. იმავეს ჩემს გოგოებს ვერ გავუკეთებ, ასე რომ, ჩემს ნადავლად შენ გტოვებ. ძალამ, რომელიც ნაგვალმა მომცა, ჩემი სხეული გააახალგაზრდავა და შეცვალა. შენც გაზარდე შენი საკუთარი ძალა. ეს ძალა შენგან მოდის, ამიტომ მჭირდებოდა, რომ მომეკალი. ნაგვალმა თქვა, რომ თუნდაც არ მოკვდე, შენ ჩემი მოჯადოების ქვეშ მოექცევი და ჩემი სამუდამო პატიმარი გახდები, თუ ასე ვისურვებ. ნებისმიერ შემთხვევაში, შენი ძალა ჩემი გახდება. 

 - როგორ შეიძლება ჩემი სიკვდილი შენთვის სასარგებლო იყოს? 

 - შენი სიკვდილი კი არა, შენი ძალა. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სტიმული მჭირდება. მის გარეშე ჩემი მოგზაურობა ჯოჯოხეთად იქცევა. საკმარისი ენერგია არ მაქვს. ამიტომ არ მომწონს ლა გორდა. იგი ახალგაზრდაა და ბევრი ენერგია აქვს. მე ბებერი ვარ და მხოლოდ ეჭვები მაქვს. თუ გსურს სიმართლე იცოდე, ჩემსა და პაბლიტოს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. ის არის ჩემი მოკვდავი მტერი და არა შენ. ნაგვალმა თქვა, რომ შენს ძალას შეუძლია ჩემი მოგზაურობის გამარტივება და იმის მიღება, რაც მე მჭირდება. 

  - როგორ შეიძლება პაბლიტო შენი მტერი იყოს?

 - როდესაც ნაგვალმა შემცვალა, მან იცოდა, საბოლოოდ რაც მოხდებოდა. უპირველეს ყოვლისა, მან ისე დამაყენა, რომ ჩემი თვალები ჩრდილოეთისკენ ყოფილიყო მიმართული. შენ და ჩემი გოგონები ერთი მიმართულებით იხედებით, მე კი თქვენგან განსხვავებული ვარ. მე სხვა მიმართულებით მივდივარ. პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო შენთან არიან. მათი თვალების მიმართულებაც იგივეა, რაც შენი. ყველანი ერთად, იუკატანისკენ წახვალთ. 

 პაბლიტო ჩემი მტერია არა იმიტომ, რომ მისი თვალები საპირისპირო მიმართულებით არის მიმართული, არამედ იმიტომ, რომ იგი ჩემი შვილია. ეს შენთვის უნდა მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცი, რაზე ვლაპარაკობ. მე სხვა სამყაროში უნდა შევიდე, სადაც ახლა ნაგვალი იმყოფება, სადაც ახლა ხენარო და ელიჰიო არიან. თუნდაც ამისთვის პაბლიტოს განადგურება მომიწიოს. 

 - რას ამბობ დონა სოლედად? შენ შეშლილი ხარ!

 - არა, არ ვარ. ჩვენთვის, ცოცხალი არსებებისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ იმ სამყაროში შევიდეთ. ჩემთვის ასეა. სწორედ იმ სამყაროში მოსახვედრად ვცხოვრობ ისე, როგორც ნაგვალმა მასწავლა. იმ სამყაროს იმედის გარეშე მე არაფერი ვარ, არაფერი. წარსულში მსუქანი, ბებერი ძროხა ვიყავი. ახლა ეს იმედი მიმართულებას მაძლევს და თუნდაც ვერ ავიღო შენი ძალა, მე მაინც მაქვს ჩემი მიზანი. 

 თავი მაგიდას დააყრდნო და ხელები ბალიშად გამოიყენა. მისი განცხადებების ძალამ დამაბნია. ვერ მივხვდი კონკრეტულად რას გულისხმობდა, მაგრამ თითქმის შემეძლო მისი ვედრების თანაგრძნობა. თუმცა, ეს ყველაზე უცნაური რამ იყო, რაც მისგან იმ ღამით გავიგე. მისი მიზანი მეომრის მიზანი იყო, იგი დონ ხუანის სტილით და ტერმინოლოგიით ლაპარაკობდა. თუმცა, არასდროს ვიცოდი, რატომ უნდა გაენადგურებინა ხალხი ამ მიზნის შესასრულებლად. 

 თავი მაღლა ასწია და ნახევრად დახუჭული ქუთუთოებით შემომხედა.

 - დღეს ჩემთვის თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. - თქვა მან. - ცოტათი შემეშინდა, როცა მანქანით მოხვედი. წლები ველოდი ამ მომენტს. ნაგვალმა მითხრა, რომ შენ ქალები მოგწონს. მან თქვა, რომ მათთვის ადვილი ნადავლი ხარ, ამიტომ მეც სწრაფად დასრულება გავითამაშე. მივხვდი, რომ ანკესზე წამოეგებოდი. ნაგვალმა მასწავლა, როგორ დამეჭირე იმ მომენეტში, როცა ყველაზე სუსტი ხარ. ამ მომენტამდე ჩემი სხეულის მეშვეობით მომყავდი. მაგრამ შენ დაეჭვდი. ზედმეტად მოუხერხებლად ვიქცეოდი. ნაგვალმა მითხრა, რომ ჩემი იატაკის ხაზები შენ უმწეოს გაგხდიდა. მაგრამ შენ გაანეიტრალე ჩემი იატაკის ძალაუფლება, რადგან იგი მოგეწონა და მის ხაზებს დაჟინებით აკვირდებოდი. მას აღარ ჰქონდა ზემოქმედება, სანამ ასეთი დაჟინებით უყურებდი. შენმა სხეულმა იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. შემდეგ იყვირე. ასეთი ხმები ხაზებისთვის მომაკვდინებელია, განსაკუთრებით როცა საქმე ჯადოქრის ხმას ეხება. ჩემი იატაკის ძალა სანთელივით ჩაქრა. მე ეს ვიცოდი, მაგრამ შენ არა. 

 წასვლას აპირებდი, ამიტომ შენი შეჩერება მომიწია. ნაგვალმა მიჩვენა, როგორ დამეჭირე. მე ვცდილობდი ამის გაკეთებას, მაგრამ ჩემი ენერგია სუსტი იყო. ჩემი იატაკი შეშინებული იყო შენს გამო. შენმა თვალებმა მისი ხაზები გაანადგურეს. აქამდე სხვა არასოდეს მისჩერებია ამ ხაზებს. ასე რომ, მე ვერ შევძელი შენთვის კისერზე მოჭიდება. შენ იქამდე დამისხლტი ხელიდან, ვიდრე ამას გავაკეთებდი. შედეგად, ბოლო შეტევა ვცადე. გამოვიყენე უკანასკნელი გასაღები, რომელიც ნაგვალის მიხედვით, შენზე იმოქმედებდა, - შიში. ჩემი ყვირილით შეგაშინე და შენს დასამორჩილებლად ეს საკმარის ძალას მაძლევდა. მეგონა ხელში ჩაგიგდე, მაგრამ ჩემი სულელი ძაღლი ჩაერია. იგი იმ წამს დაგეხმარა, როცა ის-ის იყო ჩემი მოჯადოების ქვეშ მყავდი. როგორც ახლა ვხედავ, ჩემი ძაღლი არც ისეთი სულელი აღმოჩნდა. შესაძლოა მან შენიშნა შენი "ორეული" და მისკენ გაექანა, მაგრამ ამის ნაცვლად მე დამეტაკა.

 - შენ თქვი, რომ ის შენი ძაღლი არ იყო.

 - მოგატყუე. ეს იყო ჩემი კოზირი. ნაგვალმა მასწავლა, რომ ყოველთვის უნდა მქონდეს კოზირი, დაფარული ხრიკი. რატომღაც ვიცოდი, რომ შესაძლოა ძაღლი დამჭირვებოდა. როდესაც ჩემი მეგობრის სანახავად წაგიყვანე, სინამდვილეში ძაღლი განახე. კოიოტი ჩემი გოგონების მეგობარია. მინდოდა, რომ ჩემს ძაღლს შენი სუნი აეღო. როცა სახლში შევარდი, ძაღლი მანქანაში ძალით, დიდი ტკივილის ფასად შევტენე და ვუბრძანე, რომ იქიდან არ გამოსულიყო. მას ვუთხარი, რომ გაქცევის შემთხვევაში ნაწილებად დაეფლითე. შენ ისევ გაიქეცი, მაგრამ სახლიდან ვეღარ გამოხვიდოდი. მაშინ ვიცოდი, რომ მომთმენი უნდა ვყოფილიყავი და სიბნელეს დაველოდე. შემდეგ ქარმა მიმართულება შეიცვალა და ჩემს წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი.

 ნაგვალმა მითხრა, რომ მე შენ უეჭველად მოგინდებოდი, როგორც ქალი. მთავარი იყო შესაფერის მომენტს დავლოდებოდი. ნაგვალმა მითხრა, რომ როგორც კი შენი ძალის დაკარგვის შესახებ მიხვდებოდი, მაშინვე თავს მოიკლავდი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ძალას ვერ წავიღებდი ან თავს არ მოიკლავდი, ეს თავად უნდა გამეკეთებინა და ამიტომაც გადავწყვიტე შენი დახრჩობა. ნაგვალმა ის ადგილიც კი მიჩვენა, სადაც შენი ლეში უნდა გადამეგდო. ეს იყო უძირო ორმო, ნაპრალი მთაში, აქედან არც თუ ისე შორს, სადაც თხები ყოველთვის უჩინარდებიან. თუმცა ნაგვალს არასოდეს უხსენებია შენი გასაოცარი მხარე. მე გითხარი, რომ ამაღამ ერთი ჩვენგანი უნდა მომკვდარიყო. არ ვიცოდი, რომ ეს მე ვიქნებოდი. ნაგვალმა ისეთი განცდა დამიტოვა, რომ გავიმარჯვებდი. რამდენად სასტიკი იყო, რომ შენს შესახებ ყველაფერი არ მითხრა. 

 - ჩემზე იფიქრე დონა სოლედად. მე შენზე ნაკლები ვიცოდი. 

 - ეს არ არის ერთი და იგივე. ნაგვალი ამისთვის წლების განმავლობაში მამზადებდა. ყველა დეტალი ვიცოდი. შენ ჩემს ხელში იყავი. ნაგვალმა ის ფოთლებიც კი მიჩვენა, რომელიც ყოველთვის ახალი უნდა შემენახა, რათა შენი მოდუნება შემძლებოდა. გობში ისე მოვათავსე, თითქოს ისინი სურნელისთვის იყვნენ. შენ ვერ შეამჩნიე, რომ ჩემი აბაზანისთვის მე სხვა ფოთოლი გამოვიყენე. ყველაფერში ჩაფლავდი, რაც შენთვის მოვამზადე. და მაინც, დასასრულს, შენმა შესანიშნავმა მხარემ გაიმარჯვა.

 - რას გულისხმობ შესანიშნავ მხარეში?

- ის, რამაც დამარტყა და ამაღამ მომკლავს. შენი საშინელი ორეული ჩემს დასაღუპად მოვიდა. მეეჭვება, მაგრამ თუ სიცოცხლეს გავაგრძელებ, აღარასდროს ვიქნები იგივე. 

 - ჩემნაირად გამოიყურებოდა?

 - ის შენ იყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ახლა გამოიყურები. ნამდვილად ვერ ვიტყვი რას ჰგავდა. როცა ამაზე ფიქრს ვცდილობ, თავბრუ მეხვევა. 

 დონა სოლედადს ვუთხარი ჩემი წარმავალი აღქმის შესახებ, თუ როგორ დატოვა სხეული ჩემი დარტყმის გავლენით. მეჩვენებოდა, რომ ამ პროცედურით იგი დუბლის სხეულიდან გამოსვლას ემსახურებოდა, რაც ჩვეულებრივ აკრძალული ამოცანაა. მე მას საშინელი დარტყმა მივაყენე. 

 მის სხეულს სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული, მაგრამ მაინც, ეს მე არ გამიკეთებია. ვგრძნობდი, როგორ დავარტყი მარცხენა ხელი და მის შუბლზე უზარმაზარი წითელი ლაქაც ამაზე მოწმობდა, მაგრამ ოდნავი ტკივილიც არ მიგრძნია. ასეთ მძლავრ დარტყმას შეეძლო ჩემი ხელი მოეტეხა. 

 ჩემი აღწერილობის მოსმენის შემდეგ იგი სრულიად სასოწარკვეთილი გახდა. ვკითხე, ჰქონდა თუ არა რაიმე წარმოდგენა იმის შესახებ, რაც მე ვნახე.

 - ახლა ვიცი, რომ განწირული ვარ. - თქვა მან. - ძალიან ცოტა თუ გადაურჩება ორეულის დარტყმას. თუ ჩემმა სულმა სხეული დატოვა, ვეღარ გადავრჩები. უფრო და უფრო დავსუსტდები იქამდე, სანამ არ მოვკვდები. 

 მის თვალებს ველური მზერა ჰქონდა. თავი ასწია და თითქოს ზღვარზე იყო, რომ დამტაკებოდა, მაგრამ უკან დაიხია. 

 - შენ ჩემი სული წაიღე. - თქვა მან. - იგი თან უნდა გქონდეს. ეს რატომ მითხარი? 

 დავიფიცე, რომ მისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ მქონია, რომ ასე მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოვიქეცი და მის მიმართ ბოროტ განწყობას არ ვგრძნობდი.

 - მით უარესი. თუ იგი თან არ გაქვს, ესე იგი უაზროდ დახეტიალობს გარშემო. მაშინ მე მას ვერასოდეს დავიბრუნებ.

 დონა სოლედადი თითქოს ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მისი ხმა უფრო სუსტი გახდა. მინდოდა წასულიყო და დაწოლილიყო. მან მაგიდიდან ადგომაზე უარი თქვა. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ თუ მთლიანად ჩავფლავდებოდი, მისი შეტყობინება შენთვის უნდა გადმომეცა. - თქვა მან. - ნაგვალმა მითხრა, რომ შენი სხეული ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეცვალა. შენ ახლა თავად ხარ ნაგვალი. 

 - რას გულისხმობდა ამ სიტყვებში?

 - ნაგვალი ჯადოქარია. იგი შენს სხეულში შევიდა და მისი სიკაშკაშე შეცვალა. ახლა შენ ისე ანათებ, როგორც თავად ნაგვალი. მამაშენის შვილი აღარ ხარ. ახლა ნაგვალი ხარ. 

 დონა სოლედადი ფეხზე წამოდგა. დაღლილი იყო. როგორც ჩანს, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ლაპარაკი უჭირდა. თავისი ოთახისკენ წავიდა. მას მივეხმარე. არ სურდა, რომ ოთახში მეც შევსულიყავი. საბანი გაიხადა და საწოლზე დაწვა. მან ძალიან რბილი ხმით მკითხა, წავიდოდი თუ არა გორაზე და ვნახავდი, ახლოვდებოდა თუ არა ქარი. მან დაამატა, რომ ძაღლიც თან უნდა წამეყვანა. რატომღაც მისი თხოვნა სწორად არ ჟღერდა. მე ვუთხარი, რომ სახურავზე ავიდოდი და იქიდან შევხედავდი. მან ზურგი შემაქცია და მითხრა, რომ ყველაზე მცირედი, რაც შემეძლო მისთვის გამეკეთებინა, იყო ძაღლის წაყვანა, რათა მას ქარი მოეტყუებინა. მასზე ძალიან გავბრაზდი. მისი ოთახი სიბნელეში ყველაზე შემზარავ გრძნობას აღძრავდა. სამზარეულოში შევედი, ორი ფარანი ავიღე და უკან დავბრუნდი. სინათლის დანახვაზე მან ისტერიულად იყვირა. მეც ვიყვირე, მაგრამ სხვა მიზეზით. როდესაც ოთახს სინათლე მოხვდა, მთელს იატაკზე, მისი საწოლის გარშემო შავი ზოლების მსგავსი წრე დავინახე. ჩემი აღქმა იმდენად წარმავალი იყო, რომ მომდევნო მომენტში შემეძლო დამეფიცა, თითქოს ჩრდილი ლამპიონების მავთულის დამცავი ნიღბებისგან შეიქმნა. ჩემმა ფანტომურმა აღქმამ გამაბრაზა. მხრებში ხელები ჩავავლე და შევანჯღრიე. იგი ბავშვივით ქვითინებდა და მპირდებოდა, რომ ჩემზე ხრიკებს აღარ ცდიდა. ლამპიონები კომოდზე ჩამოვდე და მას მაშინვე ჩაეძინა.

  შუადღისას ქარი შეიცვალა. ვიგრძენი, როგორ შემოვარდა ძლიერი გრიგალი ჩრდილოეთის ფანჯრიდან. მალე დონა სოლედადი თავისი ოთახიდან გამოვიდა. ცოტათი ყანყალებდა. თვალებში სიწითლე გაქრა და შუბლის შეშუპება შემცირდა. ძლივს თუ შეამჩნევდა კაცი. 

 ვგრძნობდი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო. ვუთხარი, რომ მიუხედავად დონ ხუანის შეტყობინების ჩემთვის გადმოცემისა, იგი არაფერს ცხადყოფდა. 

 - მამაშენის შვილი აღარ ხარ. ახლა ნაგვალი ხარ. - თქვა მან.  

 რაღაც მართლაც შეუსაბამო იყო ჩემში. რამდენიმე საათით ადრე უმწეოდ ვიყავი და დონა სოლედადმა ჩემი მოკვლა სცადა. მაგრამ იმ მომენტში, როცა ის მელაპარაკებოდა, ამ მომენტის საშინელება დამავიწყდა. და მაინც, ჩემი კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც უაზრო ლაყბობაში და ადამიანებთან უსასრულო დაპირისპირებაში დროს ატარებდა, ჩემს ნამდვილ მედ მეჩვენებოდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი. ის "მე", რომელმაც იმ ღამით სიკვდილთან ბრძოლა გაიარა და შემდეგ ეს ყველაფერი დაივიწყა, არარეალური ჩანდა. თითქოს მე ვიყავი და თან არ ვიყავი. ასეთი შეუსაბამობების ფონზე დონ ხუანის განცხადებები მიუღებელი ჩანდა.

 დონა სოლედადი დაბნეული ჩანდა. მან მშვიდად გაიღიმა. 

 - ოჰ, ისინი აქ არიან! - თქვა მოულოდნელად. - როგორ გამიმართლა. ჩემი გოგოები მოვიდნენ. ახლა ისინი იზრუნებენ ჩემზე.

 როგორც ჩანს, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ის ისეთივე ძლიერად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს, მაგრამ მისი ქცევა უფრო დისოცირებული იყო. ჩემი შიშები გაიზარდა. არ ვიცოდი, იგი აქ დამეტოვებინა, თუ ასობით მილის დაშორებით, ქალაქის საავადმყოფოში წამეყვანა. 

 უცებ პატარა ბავშვივით წამოხტა და შესასვლელ კარს მივარდა. ძაღლი უკან გაეკიდა. მე სასწრაფოდ ჩემს მანქანაში ჩავჯექი, რათა მას გავკიდებოდი. შემობრუნებისთვის ადგილი არ იყო, ამიტომ უკუსვლით გამოვედი. როგორც კი გზისკენ მოვტრიალდი, უკანა ფანჯარაში დავინახე ოთხი გოგონა, რომელიც დონა სოლელადის გარშემო იდგა. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff