ძალის მეორე რგოლი

კარლოს კასტანედა
0
0

კარლოს კასტანედა - ძალის მეორე რგოლი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მესამე - ლა გორდა

პირველი, რაც ლა გორდაში შევამჩნიე, მისი თვალები იყო: ძალიან ბნელი და მშვიდი. თითქოს თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდა, როგორც დონ ხუანი აკეთებდა ხოლმე. სინამდვილეში, მის თვალებს დონ ხუანის იდენტური სიმშვიდე და ძალა ჰქონდა. მე მომენტალურად ვიცოდი, რატომ იყო იგი საუკეთესო. აზრი, რომელიც თავში მომივიდა ის იყო, რომ დონ ხუანმა ლა გორდას საკუთარი თვალები დაუტოვა. 

 დანარჩენ სამ გოგონაზე ოდნავ მაღალი იყო. გამხდარი, მუქი სხეული ჰქონდა და შესანიშნავი აღნაგობა. მისი განიერი მხრების მოხდენილი ხაზი შევამჩნიე, როცა იგი სანახევროდ გოგონებისკენ შებრუნდა. 

 რაღაც გაუგებარი განკარგულება გასცა და სამივე გოგონა მის უკან, სკამზე ჩამოჯდა. იგი რეალურად იცავდა მათ ჩემგან თავისი სხეულით. ისევ ჩემკენ შემობრუნდა. მისი გამომეტყველება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული იყო, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ  სიბნელისა და სიმძიმის კვალის გარეშე. ჩემთვის არ გაუღიმია, მაგრამ მისგან მაინც ვგრძნობდი მეგობრულ განწყობას. ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურებოდა: ლამაზე სახე, არც მრგვალი და არც კუთხოვანი. პატარა პირი თხელი ტუჩებით, მაღლა აპრეხილი ლოყები და გრძელი, შავი თმა. 

 არ შემეძლო არ შემემჩნია მისი ლამაზი, დაკუნთული ხელები, რომელიც ჭიპის მიდამოზე ჰქონდა მიხუტებული. გრძელი, გაცვეთილი ნარინჯისფერი ბამბის კაბა და ყავისფერი შალი ეცვა. მასში რაღაც საშინლად დამამშვიდებელი იყო. ლა გორდაში დონ ხუანის თანმყოფობა ვიგრძენი. ჩემი სხეული მოდუნდა და დამშვიდდა.

 - დაჯექი, დაჯექი. - მითხრა მან დამამშვიდებელი ტონით.

 ისევ მაგიდასთან დავბრუნდი. მან სკამზე მანიშნა, მაგრამ მაინც ფეხზე ვიდექი. 

 პირველად გაიღიმა და თვალები უფრო რბილი და ბზინვარე გაუხდა. იგი არც ისეთი ლამაზი იყო, როგორც ჟოზეფინა, მაგრამ მაინც, იგი ყველა დანარჩენზე მეტ სილამაზეს აფრქვევდა. 

 ერთი წუთით ჩუმად ვიყავით. განმარტების გამო მან თქვა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ნაგვალის წასვლის შემდეგ და სწორედ მის მიმართ არსებული ერთგულების გამო მიეჩვივნენ იმ დავალებების შესრულებას, რომლებიც მან დატოვა. 

 კარგად ვერ გავიგე რაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ როცა ლაპარაკობდა, დონ ხუანის თანმყოფობა ყველაზე მეტად ვიგრძენი, ვიდრე ოდესმე. ისე არ გამოიყურებოდა, თითქოს იგი დონ ხუანის მანერებს ჰბაძავდა. მათი მსგავსება შინაგანად იგრძნობოდა. 

 მას ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ავუხსენი და ვუთხარი, რომ პაბლიტოს და ნესტორის დახმარება მჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ჯადოქრების გზების გაგებაში საკმაოდ ნელი ან სულელი ვიყავი. დავამატე, რომ მიუხედავად ჩემი გულწრფელობისა, მაინც ყველა მათგანი ბოროტებით და ტყუილის თანხლებით მექცეოდა. 

 მან ბოდიშის მოხდა დაიწყო, მაგრამ დასრულების უფლება არ მივეცი. ჩემი ნივთები ავიღე და კარებში გავედი. ჩემთან მოირბინა. ხელს არ მიშლიდა, ამის ნაცვლად ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა, თითქოს ყველაფერი უნდა ეთქვა, სანამ აქედან გავიქცეოდი. 

 მან მითხრა, რომ მისთვის უნდა მომესმინა და მზად იყო ჩემთან ერთად წამოსულიყო, სანამ ყველაფერს არ მეტყოდა, რაც ნაგვალმა ჩემთვის დაავალა. 

 - მეხიკოში მივდივარ. - ვუთხარი მე. 

 - საჭიროების შემთხვევაში შენთან ერთად ლოს-ანჯელესშიც წამოვალ. - თქვა მან და ვიცოდი, რომ ამას ნამდვილად გააკეთებდა. 

 - კარგი. - ვუთხარი მის შესამოწმებლად. - მანქანაში ჩაჯექი. 

 წამით ყოყმანობდა, შემდეგ შებრუნდა და სახლს ჩუმად შეხედა. ხელები ჭიპთან ისევ შემოიხვია. შებრუნდა, ხეობას გახედა და ხელებით იგივე მოძრაობა გააკეთა. 

 ვიცოდი, რასაც აკეთებდა. თავის სახლს და გასაოცარ მრგვალ ბორცვებს ემშვიდობებოდა, რომლებიც მის გარშემო იყო. 

 დონ ხუანმა დამშვიდობების ეს ჟესტი წლების წინ მასწავლა. მან ხაზი გაუსვა რომ ეს უაღრესად ძლიერი ჟესტი იყო და მეომარს იგი ზომიერად უნდა გამოეყენებინა. ძალიან ცოტა შემთხვევა მქონია, როდესაც ეს ჟესტი თავად შევასრულე. 

 ლა გორდას გამოსამშვიდობებელი ჟესტი იგივე იმის იდენტური იყო, რომელიც დონ ხუანმა მასწავლა. მან თქვა, რომ ხელები ერთმანეთთან დიდი სიჩქარით ერთდებოდა, შესაძლოა მას ტაშის ხმაც წარმოექმნა. ხელების შეერთების მიზანი იმ განცდის შებოჭვა იყო, რომ მეომარს წასვლა არ სურდა. როგორც კი ხელები შეიკვრებოდა და შეგრძნება მოვიდოდა, მკერდის შუაში, გულის დონეზე დიდი ძალით უნდა მიგეჭირა. იქ შეგრძნება მჭრელი ხდებოდა და მეომარი შეიგრძნობდა, რომ თითქოს ორივე ხელით მახვილი ეჭირა. 

 დონ ხუანმა მითხრა, რომ მეომარს ასეთი დამშვიდობების საფუძველი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა მიზეზი ჰქონდა ეფიქრა, რომ შესაძლოა უკან აღარ დაბრუნებულიყო. 

 ლა გორდას დამშვიდობებამ მომხიბლა. 

 - ემშვიდობები? - ვკითხე ცნობისმოყვარეობის გამო. 

 - დიახ. - თქვა მან მშრალად. 

 - ხელებს მკერდზე არ დაიდებ? - ვკითხე მას. 

 - მაგას მამაკაცები აკეთებენ. ქალებს საშვილოსნო აქვთ. ისინი იქ ინახავენ თავიანთ გრძნობებს. 

 - ასე მხოლოდ მაშინ ხომ არ უნდა დაემშვიდობო, როდესაც უკან აღარ ბრუნდები?

 - შესაძლებელია, რომ უკან აღარ დავბრუნდე. - მიპასუხა მან. - მე შენთან ერთად მოვდივარ. 

 დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი სევდის შემოტევა მქონდა. გაუმართლებელი იმ გაგებით, რომ ამ ქალს საერთოდ არ ვიცნობდი. მასზე მხოლოდ ეჭვები და კითხვები მქონდა. მაგრამ, როგორც კი თვალებში ჩავხედე, მის მიმართ უახლოესი ნათესაობის შეგრძნება გამიჩნდა. დავიბენი. ჩემი ბრაზი გაქრა და ადგილი უცნაურ სევდას დაუთმო. ირგვლივ მიმოვიხედე და ვიცოდი, რომ ეს იდუმალი, უზარმაზარი, მრგვალი ბორცვები მანადგურებდა.

 - ეს ბორცვები ცოცხლები არიან. - თქვა მან, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. 

 ლა გორდას მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ ამ ადგილმაც და გოგონებმაც ჩემზე ძალიან ღრმა დონეზე იმოქმედა, ასეთ რამეს კი ვერ წარმოვიდგენდი. არ ვიცოდი, აქედან რომელი უფრო დამღუპველი იყო, ეს ადგილი თუ გოგოები. გოგოების შემოტევები პირდაპირი და შემზარავი იყო, მაგრამ ამ ბორცვების ეფექტი მუდმივი და მღელვარე. მათგან გაქცევის სურვილი მქონდა. როცა ეს ლა გორდას ვუთხარი, მან მითხრა, რომ ამ ადგილის ეფექტი სწორად შევაფასე და ნაგვალმა ეს ადგილი სწორედ ამ ეფექტის გამო დატოვა. მისი თქმით, მომხდარი არავისთვის არუნდა დამებრალებინა, რადგან გოგოებს ნავად ნაგვალმა მისცა განკარგულებები, რაც ჩემთან მიმართებაში უნდა გაეკეთებინათ. 

 - შენც მოგცა ასეთი ბრძანებები? - ვკითხე მას. 

 - არა, მე არა. მე მათგან განსხვავებული ვარ. - თქვა მან. - ისინი დები არიან. ერთნაირები არიან, ზუსტად ერთნაირები. ისევე როგორც პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო არიან ერთნაირები. მხოლოდ მე და შენ შეიძლება ვიყოთ ზუსტად ერთნაირები. ჩვენ ახლა ასეთები არ ვართ, რადგან შენ ჯერ გამთლიანებული არ ხარ. მაგრამ, ოდესმე ჩვენ ერთნაირები ვიქნებით. ზუსტად ერთნაირები. 

- მე მითხრეს, რომ შენ ერთადერთი ხარ ვინც იცის, სად არის ახლა ნაგვალი და ხენარო. 

ერთი წამით შემომხედა და თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია. 

- ეს მართალია. - თქვა მან. - მე ვიცი, სად არიან ისინი ახლა. ნაგვალმა მითხრა, რომ თუ შევძლებდი, მათთან მიმეყვანე. 

 ვუთხარი, რომ ასეთი ლაპარაკი შეეწყვიტა და ჩემთვის პირდაპირ ეთქვა, სად იყვნენ ისინი. ჩემმა მოთხოვნამ როგორც ჩანს იგი ქაოსში ჩააგდო. მან ბოდიში მომიხადა და დამარწმუნა, რომ როცა გზას დავადგებოდით, მოგვიანებით ყველაფერს გამიმხელდა. მთხოვდა, რომ მათ შესახებ არაფერი აღარ მეკითხა, რადგან მკაცრი ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ შესაფერის მომენტამდე არაფერი ეხსენებინა.

 ლიდია და ჟოზეფინა კარებთან გამოვიდნენ და მე შემომხედეს. სასწრაფოდ მანქანაში ჩავხტი. ჩემს შემდეგ ლა გორდაც ჩაჯდა. დავაკვირდი, რომ მანქანაში ისე მოთავსდა, თითქოს გამოქვაბულში შევიდა. რაღაცნაირად დაიკლაკნა. დონ ხუანიც ასე აკეთებდა. ერთხელ დონ ხუანს ხუმრობით ვუთხარი, რომ მისი უცნაური საქციელი უკვე ერთგვარ ფუნქციონალურ თვისებად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ ავტომობილებისადმი მისი უცოდინარობა იყო მსგავსი ქმედების მიზეზი. გამოქვაბულებს თანდაყოლილი სული ჰქონდათ, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივად იყვნენ შექმნილნი თუ ადამიანის მიერ; ამ სულს პატივისცემით უნდა მიახლებოდით. მუხლებზე და ხელებზე ხოხვა ამ პატივისცემის გამოვლინების ერთადერთი გზა იყო. 

 ვფიქრობდი, მეკითხა თუ არა ლა გორდასთვის, ესეც დონ ხუანის დაგეგმილი დეტალების ნაწილი ხომ არ იყო, მაგრამ მან დამასწრო და მითხრა, რომ ნაგვალმა თავად მას მისცა კონკრეტული ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ჩემთან დაკავშირებით დონა სოლედადის და პატარა დების თავდასხმებისგან გადარჩენის შემთხვევაში. შემდეგ მან ძალიან უბრალოდ დაამატა, რომ მეხიკოს მთებში კონკრეტულ ადგილას უნდა მივსულიყავით, სადაც მე და დონ ხუანი დავდიოდით ხოლმე. ლა გორდამ მითხრა, რომ სწორედ იმ ადგილას გამიმჟღავნებდა ყველა ინფორმაციას, რომელიც ნაგვალს ჩემთვის არასოდეს გაუმხელია. გაურკვევლობის შეგრძნება მქონდა, შემდეგ რაღაც შინაგანი განცდა გამიჩნდა, რომელიც მთებისკენ მეწეოდა. სრულ სიჩუმეში მივდიოდით. მე სხვადასხვა ხელსაყრელ მომენტში საუბრის წამოწყება ვცადე, მაგრამ ყოველ ჯერზე თავის მკაფიო გაქნევით მაჩუმებდა. საბოლოოდ, თითქოს ჩემი მცდელობებით დაიღალა და მტკიცედ თქვა, რომ სათქმელისათვის ძალის ადგილზე ყოფნა სჭირდებოდა. სანამ იქამდე არ მივიდოდით, უსარგებლო ლაპარაკით საკუთარი თავის დაცლისგან თავი უნდა შეგვეკავებინა. 

 ხანგრძლივი მგზავრობისა და ხრიოკი გზებით ამომწურავი ლაშქრობის შემდეგ, საბოლოოდ დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. გვიანი შუადღე იყო. ღრმა კანიონში ვიყავით. ძირში უკვე ბნელოდა, მხოლოდ მთებს ზემოთ ანათებდა მზის სხივი. ფეხით გავიარეთ, სანამ პატარა გამოქვაბულამდე არ მივედით, კანიონის ჩრდილოეთით, რამდენიმე ფუტით ზემოთ. ამ ადგილას დონ ხუანთან ერთად დიდი დრო გამიტარებია. 

 გამოქვაბულში შესვლამდე ლა გორდამ მიწა ტოტებისგან ფრთხილად გაწმინდა, როგორც ამას დონ ხუანი აკეთებდა ხოლმე, რათა კლდე პარაზიტებისგან და ტკიპებისგან გაეთავისუფლებინა. შემდეგ პატარა ტოტებისგან დიდი გროვა დადგა და ფოთლებთან ერთად კლდის იატაკზე ხალიჩასავით გამოიყენა. მანიშნა, რომ შევსულიყავი. მე პატივისცემის ნიშნად დონ ხუანს ყოველთვის პირველს ვუშვებდი. მინდოდა მასთანაც იგივე გამეკეთებინა, მაგრამ მან უარი თქვა. მითხრა, რომ მე თავად ვიყავი ნაგვალი. 

 მან მაიძულა დამესვენა და თავი კომფორტულად მეგრძნო. 

 - მიზეზი, რის გამოც ნაგვალმა თავისი ყველა ახსნა ვერ გაგიმხილა ის არის, რომ არასრული ხარ. - თქვა უცებ ლა გორდამ. - შენ ჯერ კიდევ არასრული ხარ, მაგრამ სოლედადთან და დებთან შერკინების შემდეგ, ახლა უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე აქამდე იყავი. 

 - რას ნიშნავს არასრულად ყოფნა? ყველამ მითხრა, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვისაც ჩემთვის ამის ახსნა შეუძლია. - ვთქვი მე. 

 - ეს ძალიან მარტივი საკითხია. - თქვა მან. - გამთლიანებული ადამიანი ის არის, ვისაც შვილი არასოდეს ჰყოლია. 

 შეჩერდა, თითქოს დროს მაძლევდა ნათქვამის გააზრებისთვის. ჩანაწერების კეთება შევწყვიტე და ავხედე. მიყურებდა და ჩემს სახეზე ნათქვამის ეფექტს აფასებდა. 

 - მე ვიცი, რომ ნაგვალმა ზუსტად ეს სიტყვები გითხრა, რაც ახლა გავიმეორე. - განაგრძო მან. - მაგრამ შენ ამისთვის ყურადღება არ მიგიქცევია და ალბათ ახლა არც მე მაქცევ ყურადღებას. 

 ხმამაღლა წავიკითხე ჩემი შენიშვნები და მისი ნათქვამი გავიმეორე. 

 ჩაიცინა.

 - ნაგვალმა თქვა, რომ გამთლიანებული ადამიანი ის არის, ვისაც შვილი არასოდეს ჰყოლია. - გაიმეორა დინჯად, თითქოს ჩასაწერად მკარნახობდა. 

 დაკვირვებით მათვალიერებდა, თითქოს ჩემგან კითხვას ან კომენტარს ელოდა, მაგრამ არც ერთი არ მქონდა. 

 - ამ წამს ყველაფერი გითხარი არასრულად ყოფნის და გამთლიანების შესახებ. ეს მეც ისევე გითხარი, როგორც აქამდე ნაგვალმაც გითხრა. იმ დროს ეს სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და არც შენთვის ნიშნავს რამეს ამჟამად. 

 გამეცინა, რამდენად ჰგავდნენ დონ ხუანი და ლა გორდა ერთმანეთს. 

- არასრულ ადამიანს მუცელზე ხვრელი აქვს. - განაგრძო მან. - ჯადოქარს მისი დანახვა ისევე ნათლად შეუძლია, როგორც შენ მხედავ. როდესაც ხვრელი მუცლის მარცხენა მხარესაა, ნიშნავს რომ ბავშვი, რომელმაც ეს ხვრელი შექმნა, იგივე სქესისაა. თუ ის მარჯვენა მხარეს არის, მაშინ ბავშვი საპირისპირო სქესისაა. მარცხენა მხარეს ხვრელი შავია, ხოლო მარჯვნივ მუქი ყავისფერი. 

 - ამ ხვრელს ყველა ადამიანში ხედავ, ვისაც შვილი ჰყავს?

 - რა თქმა უნდა. მისი დანახვის ორი გზა არსებობს. ჯადოქარმა შეიძლება ეს სიზმარში დაინახოს, ან პიროვნებაზე პირდაპირ შეხედვით. ჯადოქარს მანათობელი არსების ხილვაში პრობლემები არ აქვს.

 მან საუბარი შეწყვიტა. ვთხოვე გაეგრძელებინა. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ ყველაფერს იწერ და მეორე წუთს აღარ გახსოვს, რა დაწერე. - თქვა მან ბრალმდებლის ტონით. 

 სიტყვებმა წამიღეს და საკუთარი თავის დაცვას ვცდილობდი. მიუხედავად ამისა, მის მიერ ნათქვამი სიმართლე იყო. დონ ხუანის სიტყვები ჩემზე ყოველთვის ორმაგ გავლენას ახდენდა: მის მიერ ნათქვამი ან პირველად მესმოდა, ან სახლში გადავიკითხავდი და შემდეგ ჩემი დაწერილი მავიწყდებოდა. 

 თუმცა, ლა გორდასთან საუბარი არსებითად განსხვავებული იყო. დონ ხუანის შეგირდებიდან არც ერთი არ იყო ისეთი ინტენსიური და მძლავრი, როგორიც ლა გორდა. 

- მუცლის მარჯვენა მხარეს ყავისფერი ხვრელი გქონდა. - განაგრძო მან. - ეს ნიშნავს, რომ გოგონამ დაგაცარიელა. შენ გოგონა გააჩინე. ნაგვალმა მითხრა, რომ მე ორი უზარმაზარი შავი ხვრელი მქონდა, რადგან ორი გოგონა გავაჩინე. ჩემი ხვრელი თავად არასოდეს მინახავს, მაგრამ უამრავი ადამიანი მყავს ნანახი, რომელთაც მსგავსი ხვრელები აქვთ. 

 - შენ თქვი, რომ მქონდა. ანუ აღარ მაქვს?

 - არა. იგი დახურულია. ნაგვალი დაგეხმარა მის გამოსწორებაში. ნაგვალის დახმარების გარეშე უფრო ცარიელი იქნებოდი, ვიდრე ახლა ხარ.

- რანაირად არის დახურული?

 - ეს შენი სინათლის ნაწილია. ამის თქმის სხვა გზა არ არსებობს. ნაგვალმა თქვა, რომ მისნაირ ჯადოქარს ამ ხვრელის ამოვსება ნებისმიერ დროს შეუძლია. ყველას, ვისაც ხედვა ან სიზმარხილვა შეუძლია, ხედავს, რომ ეს არის სხეულის ყვითელ სიკაშკაშეზე გადაკრული მოშავო ლაქა. ნაგვალმა გამოგვასწორა მე, შენ და სოლედადი. მაგრამ დახურული სიკაშკაშის ბზინვარებაზე მუშაობა თავად დაგვიტოვა. 

 - როგორ გამოგვასწორა?

 - იგი ჯადოქარია, მას შეუძლია ჩვენს სხეულში რაღაც საგნები მოათავსოს. მან შეგვცვალა. ჩვენ აღარ ვართ იგივე ადამიანები. გამოსწორება ის არის, რაც მან თავად დატოვა ჩვენში. 

 - მაგრამ, როგორ მოათავსა მან ისინი და რას წარმოადგენენ ეს საგნები?

 - მან ჩვენში თავისი სიკაშკაშე ჩადო და ამისათვის საკუთარი ხელი გამოიყენა. ნაგვალმა ჩვენს სხეულებში შეაღწია და იქ თავისი ბოჭკოები დატოვა. იგი ასე მოიქცა თავის ექვსივე შვილთან და ასევე სოლედადთან. ყველა მათგანი ერთნაირია, სოლედადის გარდა. ის სხვა რამეა.

 როგორც ჩანს, ლა გორდას გაგრძელება არ სურდა. ყოყმანობდა.

 -  რა არის სოლედადი? - ვკითხე დაჟინებით.

 - ძალიან რთული სათქმელია. - თქვა მან საგრძნობი მდუმარების შემდეგ. - იგი ისეთივეა, როგორც მე და შენ, მაგრამ მაინც, განსხვავებულია. მან იგივე სიკაშკაშე აქვს, მაგრამ ჩვენთან ერთად არ არის. ის საპირისპირო მიმართულებით მიდის. ახლა იგი შენ უფრო გგავს. ორივეს გაქვთ სხეულზე ნახვრეტი. ჩემი ნახვრეტი გამქრალია და ახლა მე სრული, მანათობელი კვერცხი ვარ. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მე და შენ ოდესმე ერთნი ვიქნებით, როცა ისევ სრული გახდები. ახლა, რაც თითქმის ერთნაირებს გვხდის, ნაგვალის სიკაშკაშეა. ასევე ისიც, რომ ორივენი ერთი მიმართულებით მივდივართ და წარსულში ორივე ცარიელი ვიყავით. 

 - როგორ გამოიყურება ჯადოქრისთვის გამთლიანებული ადამიანი? 

 - როგორც ბოჭკოებისგან შემდგარი მანათობელი კვერცხი. ყველა ბოჭკო სრულქმნილია. ისინი დაჭიმულ სიმებს ჰგვანან. ცარიელი ადამიანისთვის ხვრელის გამო ბოჭკოები დაჭმუჭნილია. როდესაც ადამიანს ბევრი შვილი ჰყავს, ბოჭკოები სიმებს საერთოდ აღარ ჰგავს. ასეთი ხალხი ერთმანეთისგან სიბნელით გამოყოფილი სინათლის ორ ნაწილს ჰგავს. გასაოცარი სანახავია. ნაგვალმა მაიძულა ისინი ერთ დღეს დამენახა, როდესაც ქალაქის პარკში ვიყავით. 

 - როგორ ფიქრობ, რატომ არ უთქვამს ნაგვალს ჩემთვის ამ ყველაფრის შესახებ? 

 - მან ყველაფერი გითხრა, მაგრამ შენ მისი ნათქვამი სწორად არასოდეს გესმოდა, ამიტომ როცა ხვდებოდა, რომ ვერ იგებდი, იძულებული იყო საუბრის თემა შეეცვალა. გაგებაში შენმა სიცარიელემ შეგიშალა ხელი. ნაგვალმა თქვა, რომ გაუგებრობა შენთვის სრულიად ბუნებრივი იყო. როდესაც ადამიანი არასრული ხდება, იგი ფაქტობრივად ცარიელია, როგორც გამოხრული გოგრა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენჯერ გეტყოდა ნაგვალი, რომ ცარიელი ხარ. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ მას შენთვის ყველაფერი აეხსნა. შენ არასოდეს იცოდი იგი რას გულისხმობდა, ან უარესი, არ გინდოდა გცოდნოდა. 

 ლა გორდა საშიშ მიწაზე დადიოდა. ვეცადე მისთვის კიდევ ერთი შეკითხვა დამესვა, მაგრამ მან უარი განაცხადა. 

 - შენ პატარა ბიჭი გიყვარს და არ გსურს გაიგო, რას გულისხმობდა ნაგვალი. - თქვა მან ბრალმდებლის ტონით. - ნაგვალმა მითხრა, რომ შენ გყავს ქალიშვილი, რომელიც არასოდეს გინახავს და ერთი პატარა ბიჭი გიყვარს. ერთმა დაგაცარიელა, ხოლო მეორემ მიწაზე მიგაკრა. შენ ორივე მათგანი ერთმანეთთან შეადუღაბე. 

 მომიწია, რომ წერა შემეწყვიტა. გამოქვაბულიდან გამოვხოხდი და ფეხზე წამოვდექი. ციცაბო ფერდობზე სიარული დავიწყე. ლა გორდა გამომყვა. მკითხა, მეწყინა თუ არა მისი პირდაპირობა. მისი მოტყუება არ მინდოდა.

 - შენ რას ფიქრობ? - ვკითხე მას. 

 - შენ ბრაზდები! - წამოიძახა და ისე ჩაიცინა, რომლის მოწმეც მხოლოდ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ვყოფილვარ. 

 თითქოს წონასწორობა დაკარგა და მარცხენა მკლავზე ხელი მომკიდა. მიწაზე დაშვებაში დახმარებისას, წელით ავწიე. ვიფიქრე, რომ ას ფუტზე მეტს არ იწონიდა. მან ტუჩები იმგვარად გააწკლაპუნა, როგორც დონ ხენარო აკეთებდა ხოლმე და თქვა, რომ ას თხუთმეტ ფუტს იწონიდა. ორივეს ერთდროულად გაგვეცინა. ეს იყო პირდაპირი, მყისიერი კომუნიკაციის მომენტი. 

 - რატომ გაწუხებს ასე ძალიან ამ თემაზე საუბარი? - მკითხა მან. 

 ვუთხარი, რომ ერთხელ მყავდა პატარა ბიჭი, რომელიც უზომოდ მიყვარდა. აუცილებლობა ვიგრძენი, რომ მისთვის ამის შესახებ უნდა მეთქვა. ჩემი გაგების მიღმა რაღაც ექსტრავაგანტურმა საჭიროებამ მაიძულა გავხსნილიყავი იმ ქალთან, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო. 

 როდესაც იმ პატარა ბიჭზე საუბარი დავიწყე, ნოსტალგიის ტალღამ მომიცვა. შესაძლოა ეს ადგილის, სიტუაციის ან დღის მონაკვეთის ბრალი იყო. რატომღაც პატარა ბიჭის ხსოვნა დონ ხუანის ხსოვნასთან გავაერთიანე და მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც მე იგი აღარ მინახავს, ყველაზე მეტად დონ ხუანი მენატრებოდა. ლიდიამ თქვა, რომ იგი არასოდეს ენატრებოდათ, რადგან ყოველთვის მათთან იყო. ნაგვალი მათი სხეული და მათი სული იყო. მაშინვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა. მეც იმავეს ვგრძნობდი. თუმცა, უცნობი გრძნობა დამეუფლა. ლა გორდას ვუთხარი, რომ ამ მომენტამდე დონ ხუანი არ მომნატრებია. მან თვალი ამარიდა.

 შესაძლოა, ამ ორი ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ ორივე მათგანი ჩემს ცხოვრებაში კათარზისული აღმოჩნდა. და ახლა ორივე გამქრალი იყო. იმ მომენტამდე ვერ ვხვდებოდი, რამდენად საბოლოო იყო ეს განშორება. ლა გორდას ვუთხარი, რომ პატარა ბიჭი სხვა რამეზე მეტად ჩემი მეგობარი იყო და ერთ დღეს იგი ჩემგან ისეთმა ძალებმა განდევნეს, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებდი. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა, რაც კი ოდესმე მიმიღია. დონ ხუანთან დახმარების სათხოვნელადაც კი წავედი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მას დახმარება ვთხოვე. მან მოისმინა ჩემი ვედრება და შემდეგ შეუკავებელი სიცილი აუტყდა. მისი რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაბრაზებაც კი ვერ შევძელი. ერთადერთი კომენტარის გაკეთება მხოლოდ იმის შესახებ შემეძლო, თუ რამდენად უგრძნობი იყო იგი. 

 - რა გინდა, რომ გავაკეთო? - მკითხა მან. 

 მე ვუთხარი, რომ ვინაიდან იგი ჯადოქარი იყო, იქნებ დამხმარებოდა ჩემი პატარა მეგობრის უკან დაბრუნებაში, რათა ნუგეში მეპოვა. 

 - შენ ცდები. მეომარი არაფერს ეძებს თავისი ნუგეშისათვის. - თქვა მან ტონით, რომელშიც საყვედურის ნასახიც არ იყო. 

 შემდეგ მან გააგრძელა ჩემი არგუმენტების განადგურება. დონ ხუანმა თქვა, რომ მეომარს არ შეუძლია მოვლენები შემთხვევითობის ხელში დატოვოს, რომელზეც იგი ცნობიერების ძალით და ურყევი განზრახვით ახდენს გავლენას. მან თქვა, რომ თუ მე ურყევი განზრახვა მექნებოდა, რათა მას დავხმარებოდი და იგი შემენარჩუნებინა, მაშინ მივიღებდი შესაბამის ზომებს, მისი ჩემს ცხოვრებაში დარჩენის უზრუნველსაყოფად. მაგრამ, დონ ხუანის თქმით, ჩემი მისდამი სიყვარული, სხვა ყველაფრის მსგავსად მხოლოდ სიტყვები იყო, ცარიელი ადამიანის უსარგებლო გამოხტომა და მეტი არაფერი. შემდეგ რაღაც მითხრა სიცარიელის და სისრულის შესახებ, მაგრამ აღარ ვუსმენდი, რადგან არაფრის გაგონება არ მსურდა. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი, დანაკარგის და სიცარიელის განცდა იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს სიცარიელეში იმ განცდას გულისხმობდა, რომელიც ვიღაც შეუცვლელის დაკარგვასთან იყო კავშირში. 

 - შენ ის გიყვარდა, მის სულს პატივს სცემდი, ყველაფერს კარგს უსურვებდი, ახლა კი უნდა დაივიწყო. - მითხრა მან.

 მაგრამ მე ვერ მოვახერხე მისი დავიწყება. ჩემი ემოციები საშინლად ცოცხალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დრომ მათი დაწყნარება შეძლო. ერთხელაც მეგონა, რომ მისი დავიწყება შევძელი, მაგრამ ერთ ღამეს მომხდარმა ინციდენტმა ჩემში ყველაზე ღრმა ემოციური აფეთქება გამოიწვია. ჩემს ოფისში მივდიოდი, როცა ახალგაზრდა მექსიკელი ქალი მომიახლოვდა. სანამ მივუახლოვდებოდი, გაჩერებაზე იჯდა და ავტობუსს ელოდა. მას სურდა გაეგო, მიდიოდა თუ არა ერთი კონკრეტული ავტობუსი ბავშვთა საავადმყოფომდე. არ ვიცოდი. მან მითხრა, რომ მის პატარა ბიჭს უკვე დიდი ხანია მაღალი ტემპერატურა აწუხებდა და ძალიან წუხდა, რადგან თავად ფული არ ჰქონდა. მოსაცდელი სკამისკენ გავიხედე და პატარა ბიჭი დავინახე, რომელსაც საზურგეზე თავი ჰქონდა გადაგდებული. ორ წელზე მეტის არ იქნებოდა. მან შემამჩნია.

 - პატარა თავი მტკივა. - მითხრა ესპანურად. 

 მისი ხმა ისეთი სუსტი იყო და მისი თვალები ისეთი სევდიანი, რომ შეუჩერებელი ტანჯვის უზარმაზარი ტალღის შემოტევა ვიგრძენი. ბიჭი ავიყვანე და დედამისთან ერთად უახლოეს საავადმყოფომდე მივიყვანე. ისინი იქ დავტოვე და დედას საკმარისი თანხა მივეცი, რათა რამდენიმე ვიზიტი გადაეხადა. მაგრამ, იქ დარჩენა და ბიჭის შესახებ მეტის გაგება აღარ მინდოდა. მინდოდა დამეჯერებინა, რომ მე მას დავეხმარე. 

 დონ ხუანისგან "ადამიანის სულისთვის სამაგიერო სიკეთის დაბრუნების მაგიური ხელოვნება" ვისწავლე. ერთხელ მას ვკითხე, როგორ უნდა გადამეხადა მისთვის სამაგიერო, რაც წლების მანძილზე ჩემთვის გააკეთა. მაშინ ბანკიდან გამოვდიოდით, მექსიკურ ვალუტაში ფული გადავცვალეთ. 

 - შენგან სამაგიეროს გადახდა არ მჭირდება. - თქვა მან. - მაგრამ თუ მაინც უნდა გადამიხადო, შენი ანაბარი ადამიანის სულისთვის შეიტანე. ეს ძალიან მცირე ანგარიშია, მაგრამ ნებისმიერი სიკეთე, რასაც ადამიანი მასში ჩადებს, საკმარისზე მეტია. 

 ლა გორდას ვუთხარი, რომ ბიჭუნას მიმართ ჩემი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გამყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ეს სიყვარული ჩემში იმდენად ღრმად იყო დამარხული, რომ ვერავინ შეეხებოდა, მაგრამ აღარ გამიგრძელებია. ვიგრძენი, რომ ამაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. თანაც ბნელდებოდა და მინდოდა ამ ადგილიდან წავსულიყავი. 

 - ჯობია აქედან წავიდეთ. - ვუთხარი მას. - სახლში წაგიყვან. იქნებ სხვა დროს შევძლოთ და ვისაუბროთ ამ საკითხებზე. 

 ისე გაიცინა, როგორც დონ ხუანი დამცინოდა ხოლმე. აშკარად, რაღაც ძალიან სასაცილო ვთქვი. 

 - რატომ იცინი, გორდა?

 - იმიტომ, რომ თავადაც ძალიან კარგად იცი, ამ ადგილს ასე ადვილად ვერ დავტოვებთ. - განაცხადა მან. -  შენ აქ ძალასთან შეხვედრა გაქვს დადებული. 

 ლა გორდა გამოქვაბულში შებრუნდა. 

 - შემოდი. - დამიყვირა მან შიგნიდან. - წასვლის საშუალება არ არსებობს. 

 ყველაზე არათანმიმდევრული რეაქცია მქონდა. გამოქვაბულში შევბოდიალდი და ლა გორდას გვერდით დავჯექი. აშკარა იყო, რომ სხვების მსგავსად, მანაც მახეში გამაბა. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რათა დაპირისპირებები მქონოდა. უნდა გავბრაზებულიყავი. მაგრამ რატომღაც გულგრილი ვიყავი. აქ ჩემი გაგებისგან რაღაც უცნობი მიზეზით ვიყავი მოსული. 

 ბლოკნოტი მომაწოდა და მანიშნა, ჩამეწერა. მან თქვა, რომ თუ წერას დავიწყებდი, არა მარტო მე დავმშვიდდებოდი, არამედ მასაც დავამშვიდებდი. 

 - რა არის ძალასთან შეხვედრა? - ვიკითხე.

 - ნაგვალმა მითხრა, რომ მე და შენ აქ ძალასთან რაღაც შეხვედრა გვაქვს. შენ პირველი შეხვედრა სოლედადთან გქონდა, მეორე პატარა დებთან. მათ შენი განადგურება სურდათ. ნაგვალმა თქვა, რომ თუ ამ ორ შეხვედრას გადაურჩებოდი, აქ უნდა მომეყვანე, რათა ერთად გვქონოდა მესამე შეხვედრასთან შეხება. 

 - რას ნიშნავს ეს შეხვედრა?

 - მართლა არ ვიცი. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ახლა აქ არის რაღაცები, რაც შენ გელოდება. მე ვიტყოდი, რომ შენ გელოდება, რადგან აქ ყოველთვის მარტო მოვდივარ და არასდროს არაფერი ხდება. მაგრამ ამაღამ სულ სხვაა. შენ აქ ხარ და ახლა ყველაფერი მოვა, რაც შენ გელის. 

 - რატომ ცდილობს ნაგვალი ჩემს განადგურებას?

 - ნაგვალი არავის განადგურებას არ ცდილობს. - პროტესტის ნიშნად წამოიძახა ლა გორდამ. - შენ მისი შვილი ხარ. ახლა მას სურს, რომ შენ თავად იყო ნაგვალი. უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი. მაგრამ ჭეშმარიტ ნაგვალად ყოფნისთვის, შენ საკუთარი ძალა უნდა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ასეთი ფრთხილი, როდესაც სოლედადს და დებს შენი დაუფლება დაავალა. მან სოლედადს საკუთარი ფორმის შეცვლა და გაახალგაზრდავება ასწავლა. ნაგვალმა სოლედადს მის ოთახში ეშმაკეული იატაკის დაგება ასწავლა. იმ ოთახს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. სოლედადი ცარიელია, ასე რომ, ნაგვალმა მას რაღაც გიგანტური საქმის გაკეთება დაავალა. სოლედადის დავალება ყველაზე რთული და სახიფათო იყო, მაგრამ სწორედ ის იყო ერთადერთი დავალება, რომელიც მას შეეფერებოდა, რასაც შენი განადგურება წარმოადგენდა. ნაგვალმა სოლედადს უთხრა, რომ არაფერია იმაზე რთული, ერთმა ჯადოქარმა მეორე ჯადოქრის მოკვლას ეცადოს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ჯადოქრის მოკვლა უფრო ადვილია, ან პირიქით, ჯადოქრის მიერ ჩვეულებრივი ადამიანის მოკვლა, მაგრამ ორი ჯადოქრის შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთმანეთში არ ჯდება. ნაგვალმა სოლედადს უთხრა, რომ მისი საუკეთესო შანსი შენი გაოცება და შეშინება იყო. იგი ასეც მოიქცა. ნაგვალმა სოლედადი სასურველ ქალად გარდაქმნა, რათა მას გაეცურებინე და თავის ლოგინში შეეტყუებინე. იქ მისი იატაკი მოგაჯადოებდა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, იმ ოთახს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. ეს ოთახი ნაგვალის შედევრია, რომელიც სოლედადს უსახსოვრა. მაგრამ შენ იმ ოთახში რაღაც გააკეთე და სოლედადს საკუთარი ტაქტიკის შეცვლა მოუწია, ნაგვალის მითითებების შესაბამისად. ნაგვალმა უთხრა, რომ თუ იატაკი ვერ მოგაჯადოებდა, მაშინ სოლედადს შენთვის ყველაფერი უნდა მოეყოლა, რისი გაგებაც გინდოდა. ნაგვალმა სოლედადს საუბარი ძალიან კარგად ასწავლა და სწორედ ეს იყო მისი ბოლო რესურსი. მაგრამ სოლედადმა ამითაც ვერ დაგამარცხა. 

 - რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი დამარცხება?

 ლა გორდა გაჩერდა და შემომხედა. ყელი ჩაიწმინდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა. ჯერ გამოქვაბულის დაბალ ჭერს ახედა, შემდეგ კი ცხვირიდან ხმაურიანად ამოისუნთქა.

 - სოლედადი ჩემნაირი ქალია. - თქვა მან. - ჩემი ცხოვრების შესახებ რაღაცას გეტყვი და იქნებ შემდეგ მაინც გაუგო მას.

 ერთ დროს კაცი მყავდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მან დამაორსულა და მასთან ერთმანეთის მიყოლებით ორი ქალიშვილი შემეძინა. ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო. გამუდმებით მთვრალი იყო და დღე და ღამე მცემდა. მე ის მძულდა, მას კი მე ვძულდი. ერთ დღესაც ჩემს ცხოვრებაში სხვა კაცი გამოჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ მოვწონდი და უნდოდა მასთან ერთად ქალაქში სამუშაოდ წავსულიყავი, როგორც ანაზღაურებადი მოსამსახურე. მან იცოდა, რომ მე შრომისმოყვარე ქალი ვიყავი და ჩემი ბოლომდე გამოწურვა სურდა. მაგრამ ჩემი ცხოვრება ისეთი უდღეური იყო, რომ მახეში გავები, ამ კაცს დავთანხმდი და მასთან ერთად წავედი. ეს კაცი წინაზე უარესი იყო. საზიზღარი და საშინელი ადამიანი აღმოჩნდა. ერთი კვირის შემდეგ დასანახად ვერ მიტანდა. ყველაზე საშინლად მცემდა, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია. მეგონა ჩემს მოკვლას აპირებდა. მთვრალიც კი არ იყო, ფხიზელი მცემდა, რადგან სამსახური ვერ ვიშოვე. შემდეგ ავადმყოფ ბავშვთან ერთად ქუჩაში სამათხოვროდ გამიშვა. ნაშოვნი ფულიდან გარკვეულ თანხას ბავშვის დედას აძლევდა. შემდეგ ისევ მცემდა, რადგან საკმარისად ვერ ვშოულობდი. ბავშვი სულ უფრო ავად ხდებოდა და ვიცოდი, რომ თუ მათხოვრობის დროს ხელში ჩამაკვდებოდა, ის კაცი ცემით მომკლავდა. ამიტომ ერთ დღეს, როცა გავიგე, რომ ის იქ არ იყო, ბავშვის დედასთან მივედი, შვილი დავუბრუნე და რაღაც თანხა მივეცი, რაც იმ დღეს ვიშოვე. ეს დღე ჩემთვის იღბლიანი იყო. ერთმა კეთილმა უცხოელმა ქალბატონმა ორმოცდაათი პესო მომცა ბავშვისთვის წამლის საყიდლად. 

 იმ საშინელ კაცთან სამი თვე ვიყავი და მეგონა, რომ ოცი წელი გავიდა. ფული სახლში დასაბრუნებლად გამოვიყენე. ისევ ორსულად ვიყავი. იმ კაცს უნდოდა საკუთარი შვილი მყოლოდა, რათა სხვისთვის არაფერი გადაეხადა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, ვცდილობდი შვილები მენახა, მაგრამ ისინი მამამისის ოჯახს ჰყავდა წაყვანილი. მთელი ოჯახი შეიკრიბა, რადგან მათი თქმით ჩემთან დალაპარაკება უნდოდათ, ამის ნაცვლად კი სადღაც უკაცრიელ ადგილას მიმიყვანეს, ჯოხებით და ქვებით სასიკვდილოდ ჩამქოლეს და მომაკვდავი მიმატოვეს. 

 ლა გორდამ მის თავზე არსებული უამრავი ნაწიბური მიჩვენა. 

 - დღემდე არ ვიცი, ქალაქში როგორ დავბრუნდი. შვილი საშვილოსნოში მომიკვდა. მამიდასთან მივედი, რომელიც ჯერ კიდევ მყავდა. ჩემი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ. მან დასასვენებელი ადგილი მომცა და ორი თვის განმავლობაში მაჭმევდა, სანამ ფეხზე ადგომას შევძლებდი. 

  ერთ დღეს მამიდამ მითხრა, რომ ის კაცი, რომელთანაც ბოლოს ვიყავი, ქალაქში იყო და მეძებდა. მან ჭორი დაყარა, რომ სამუშაოდ ფული წინასწარ მომცა, მე კი გავიქეცი და თანხა თან წავიყოლე, მას შემდეგ, ბავშვი მოვკალი. შედეგად პოლიცია მეძებდა. ვიცოდი, რომ დასასრული დამიდგა. მაგრამ ბედმა კიდევ ერთხელ გამომიწოდა დახმარების ხელი და ვიღაც ამერიკელის სატვირთო მანქანაში აღმოვჩნდი. გზაზე მომავალი სატვირთო დავინახე, სასოწარკვეთილმა ხელი დავუქნიე და მამაკაცმა გამიჩერა. მან ნება მომცა, სატვირთოში ავსულიყავი. მექსიკის ამ ნაწილამდე მომიყვანა და ქალაქში ჩამოვედი. არავის ვიცნობდი. მთელი დღეები ცოფიანი ძაღლივით დავდიოდი და ქუჩაში ნაგავს ვჭამდი. სწორედ ამ დროს, ჩემი ბედისწერა უკანასკნელად დატრიალდა. 

  პაბლიტოს შევხვდი, რომელთანაც ისეთი ვალი მაქვს, რასაც ვერასოდეს დავუბრუნებ. პაბლიტომ თავის დუქანში მიმიყვანა და ჩემი კუთხე მომცა, სადაც საწოლი მქონდა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ვეცოდებოდი. ბაზარში მიპოვა, როცა პირდაპირ თავზე დამეცა. იქ ვიჯექი და ვმათხოვრობდი. არ ვიცი, რა მიფრინდა მასთან, ჩრჩილი თუ ფუტკარი, მაგრამ რაღაც თვალებში დაეტაკა, წაბორძიკდა და ზემოდან დამეცა. მეგონა ჭკუიდან შეიშლებოდა და დამარტყამდა, მაგრამ ამის მაგივრად, მან ფული მომცა. ვკითხე, შეეძლო თუ არა ჩემთვის სამუშაოს მოცემა. სწორედ მაშინ წამიყვანა თავისთან და საკვების სამრეცხაო სამუშაოში გასაუთოებელი მაგიდა დამიდგა. 

 კარგად ვმუშაობდი, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ ადამიანების ნარჩენებს ვჭამდი და ძალიან გავსუქდი. ზოგჯერ დღეში თექვსმეტჯერ ვჭამდი. ჭამის გარდა არაფერს ვაკეთებდი. ქუჩაში ბავშვები დამცინოდნენ, უკნიდან მეპარებოდნენ, მერე ვიღაც მიბიძგებდა და მიწაზე ვეცემოდი. ბავშვების სასტიკი დაცინვის გამო ვტიროდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამიზნულად მიფუჭებდნენ სარეცხს. 

 ერთ დღესაც, შეღამებულზე პაბლიტოს სანახავად ვიღაც უცნაური მოხუცი მოვიდა. ეს კაცი აქამდე არასოდეს მენახა. ვერ წარმომედგინა, რომ პაბლიტო ასეთ საშიშ და გასაოცარ ადამიანს იცნობდა. მას ზურგი ვაქციე და მუშაობა განვაგრძე. იქ მარტო ვიყავი. უცებ იმ კაცის ხელები კისერზე ვიგრძენი. გული გამიჩერდა. ყვირილი არ შემეძლო, სუნთქვაც კი არ შემეძლო. დავეცი და იმ საშინელ კაცს ჩემი თავი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ეჭირა. შემდეგ წავიდა. ისე მეშინოდა, რომ მეორე დილამდე იქ დავრჩი, სადაც ვიწექი. მეორე დღეს პაბლიტომ მიპოვა. მას გაეცინა და მითხრა, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან მოხუცი ძალიან ძლიერი ჯადოქარი იყო და იგი პაბლიტოს ერთ-ერთი მასწავლებელი გახლდათ. დავმუნჯდი. არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ პაბლიტო ჯადოქარი იყო. მან თქვა, რომ მისმა მასწავლებელმა ჩემს თავზე მოფარფატე ფარვანების სრულყოფილი წრე დაინახა და ასევე ჩემს გარშემო მორიალე სიკვდილსაც მოჰკრა თვალი. ამიტომ, მან იჩქარა და თვალების მიმართულება შემიცვალა. პაბლიტომ ისიც დაამატა, რომ ნაგვალი ჩემს სხეულს შეეხო და მალე შევიცვლებოდი. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა. არც ის ვიცოდი, რა ჩაიდინა იმ გიჟმა მოხუცმა. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ძაღლს ვგავდი, რომელსაც ყველა წიხლებს ურტყამდა. პაბლიტო ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს მიმართ კეთილი აღმოჩნდა. თავიდან მეგონა, რომ ფიზიკური ურთიერთობისთვის ვუნდოდი. მაგრამ, მე ხომ ძალიან მსუქანი, მახინჯი და სუნიანი ვიყავი. მას უბრალოდ სურდა, რომ ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყო.

 შეშლილი მოხუცი მეორე ღამეს დაბრუნდა და უკნიდან ისევ ყელში წამიჭირა ხელი. მან საშინლად მატკინა. ვტიროდი და ვყვიროდი. არ ვიცოდი, რას აკეთებდა. მას არასდროს უთქვამს ჩემთვის სიტყვა. მისი სასიკვდილოდ მეშინოდა. მოგვიანებით მან ჩემთან საუბარი დაიწყო და მითხრა, რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ცხოვრებისათვის. მისი ნათქვამი მომეწონა. ყველგან თან დავყავდი. მაგრამ, ჩემი სიცარიელე ჩემი ყველაზე საშინელი მტერი იყო. მე ვერ ვეგუებოდი მის მეთოდებს, ამიტომ, ერთ დღესაც დაიღალა ჩემი განებივრებით და ქარი გამომიგზავნა. იმ დღეს სოლედადის სახლის უკან მარტო ვიყავი და უეცრად ვიგრძენი, რომ ქარი ძალიან ძლიერდებოდა. გალავანში უბერავდა და მტვერთან ერთად თვალებში მეტაკებოდა. სახლში შეღწევა მინდოდა, მაგრამ ჩემი სხეული შეშფოთებული იყო და გალავანში შესვლის ნაცვლად კარიბჭიდან გავედი. ქარმა მიბიძგა და დამატრიალა. სახლში დაბრუნება ვცადე, მაგრამ მცდელობა უშედეგო იყო. ქარის ძალა ვერ გავტეხე. მან მთის ბილიკიდან გადამაგდო და ღრმა ორმოში აღმოვჩნდი, რომელიც საფლავის მსგავს ხვრელს ჰგავდა. ქარმა იქ დღეების განმავლობაში დამტოვა, სანამ არ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბედისწერა შემეცვალა და წუწუნის გარეშე მიმეღო. შემდეგ ქარი ჩადგა, ნაგვალმა მიპოვა და სახლში დამაბრუნა. მან მითხრა, რომ ჩემი ამოცანა იყო გამეცა ის, რაც არ გამაჩნდა, ანუ სიყვარული და მზრუნველობა. მე უნდა მეზრუნა დებზე, ლიდიაზე და ჟოზეფინაზე, იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარ თავზე ვიზრუნებდი. მაშინ მივხვდი, რასაც ნაგვალი წლების განმავლობაში მეუბნებოდა. ჩემი სიცოცხლე დიდი ხნის წინ დასრულდა. მან ახალი ცხოვრება შემომთავაზა და იგი მართლაც სრულიად ახალი უნდა ყოფილიყო. მე არ შემეძლო ამ ახალ ცხოვრებაში ჩემი მახინჯი, ძველი ბილიკების შემოტანა. 

 მე დავიწყე ჩემი ცვლილება ლიდიასა და ჟოზეფინაზე ისეთი თავდადებული ზრუნვით, როგორც საკუთარ თავზეც არ ვიზრუნებდი. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც ნაგვალმა მითხრა და ერთ ღამეს სწორედ ამ გამოქვაბულში ვიპოვე ჩემი სისრულე. აქ ჩამეძინა, სადაც ახლა ვზივარ და შემდეგ ხმაურმა გამაღვიძა. ავიხედე და საკუთარი თავი დავინახე, როგორიც ოდესღაც ვიყავი, გამხდარი და ახალგაზრდა. ჩემი სამშვინველი ჩემთან ბრუნდებოდა. თავდაპირველად მას არ სურდა ჩემთან მოახლოება, რადგან ჯერ კიდევ საკმაოდ საშინლად გამოვიყურებოდი. მაგრამ შემდეგ მან თავი ვერ შეიკავა და ჩემთან მოვიდა. მაშინვე ერთბაშად მივხვდი, რის თქმას ცდილობდა ნაგვალი ჩემთვის წლების განმავლობაში. მან თქვა, რომ როდესაც ადამიანს შვილი უჩნდება, იგი მისი სამშვინველის ზღვარს იკავებს. ქალისთვის გოგონას ყოლა ამ ზღვრის დასასრულს ნიშნავს. ორი ქალიშვილის ყოლა ჩემთვის დასასრულს ნიშნავდა. ჩემი პირადი ძალის უდიდესი ნაწილი და ჩემი ილუზიები ამ გოგონებს ეკუთვნოდათ. როგორც ნაგვალმა მითხრა, მათ ჩემი ზღვარი მოიპარეს, ისევე როგორც მე მოვიპარე ჩემი მშობლებისგან. ეს არის ჩვენი ბედისწერა. ბიჭი ყველაზე დიდ ნაწილს მამისგან იპარავს, ხოლო გოგონა დედისგან. ნაგვალმა თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც შვილები ჰყავთ, (თუ შენსავით ჯიუტები არ არიან) ყოველთვის შეუძლიათ თქვან, რომ რაღაც აკლიათ. რაღაც ძალა, რაც ადრე ჰქონდათ, ახლა გამქრალია. სად არის ახლა ეს ძალა? ნაგვალმა თქვა, რომ ეს ძალა არის პატარა ბავშვი, რომელიც სახლში დარბის და ენერგიით სავსეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი გამთლიანებულია. 

 ლა გორდას ვკითხე, რას იტყოდა ნაგვალი, თუ მას ვეტყოდი, რომ მე ბევრად მეტი სულისკვეთებით და ენერგიით სავსე მშობლებს ვიცნობდი, მათ შვილებთან შედარებით.   

 მან ჩაიცინა და მოჩვენებითი უხერხულობის ჟესტით სახეზე ხელი აიფარა.

 - შეგიძლია მე მკითხო. - თქვა მან სიცილით. - გაინტერესებს გაიგო, მე რას ვფიქრობ?

 - რა თქმა უნდა, ამის მოსმენა მინდა. 

 - ამ ადამიანებს მეტი სულისკვეთება არ აქვთ. მათ უბრალოდ ბევრი ძალა ჰქონდათ, რათა თავიანთი შვილებისთვის მორჩილება და თვინიერება ესწავლებინათ. მათი შვილები კი მთელი ცხოვრების მანძილზე შეშინებულები დარჩნენ. სულ ეს არის. 

 მე მას მაგალითად მოვუყვანე ერთი მამაკაცის შემთხვევა, რომელსაც ვიცნობდი. იგი ოთხი შვილის მამა იყო და ორმოცდაცამეტი წლის ასაკში თავისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მან მიატოვა თავისი ცოლ-შვილი, სამსახური და წყნარი ოკეანის კუნძულზე საცხოვრებლად წავიდა. 

 - ანუ, საცხოვრებლად მარტო წავიდა? - მკითხა ლა გორდამ გაოცების ტონით.

 მან ჩემი არგუმენტი გაანადგურა, რადგან ვიცოდი, რომ მამაკაცი კუნძულზე ოცდაცამეტი წლის ქალთან ერთად გაიპარა. 

 - რომელიც უეჭველია, რომ გამთლიანებულია. - დასძინა ლა გორდამ.

 ისევ მომიწია მას დავთანხმებოდი. 

 - ცარიელი მამაკაცი მუდმივად იყენებს ქალის გამთლიანებულობას. - განაგრძო მან. - გამთლიანებული ქალი თავის სისრულეში უფრო საშიშია, ვიდრე გამთლიანებული მამაკაცი. ასეთი ქალი არასანდოა, ნერვიული, ცვალებადი განწყობით, მაგრამ ასევე დიდი ცვლილებების განხორციელებაც შეუძლია. ასეთ ქალებს შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა და ნებისიმიერ ადგილზე წასვლა, სადაც მოუნდებათ. მეორეს მხრივ, ცარიელ ხალხს ასე წინ და უკან ხტუნვა არ შეუძლია, მაგრამ ისინი უფრო სანდოები არიან. ნაგვალმა თქვა, რომ ცარიელი ადამიანები ჭიებს ჰგვანან, რომლებიც გადაადგილებამდე გარშემო იყურებიან და მცირე მანძილს გადიან, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან და კვლავ წინ მოძრაობენ. გამთლიანებული ხალხი ყოველთვის დახტის და მოძრაობს, მაგრამ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 ნაგვალმა თქვა, რომ სხვა სამყაროში შესვლისთვის ადამიანი გამთლიანებული უნდა იყოს. მაგად გახდომისთვის ადამიანს მთელი თავისი სიკაშკაშე უნდა ჰქონდეს: არავითარი ნახვრეტი, ლაქები და სამშვინველის ზღვარი. ასე რომ, ცარიელმა ჯადოქარმა თავისი სისრულე უნდა დაიბრუნოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს კაცი იქნება თუ ქალი, სხვა სამყაროში შესვლისთვის მათ თავიანთი სისრულე უნდა დაიბრუნონ, სადაც მარადისობა იმყოფება და სადაც ნაგვალი და ხენარო გველოდებიან. 

 მან ლაპარაკი შეწყვიტა და დიდხანს მიყურა. 

 ბლოკნოტში მისი სიტყვების ჩასაწერად საკმარისი სინათლე ძლივს მყოფნიდა. 

 - როგორ დაიბრუნე შენი სისრულე? - ვკითხე მას.

 ჩემი ხმის გაგონებაზე შეხტა. კითხვა გავუმეორე. მან მზერა გამოქვაბულის ჭერზე გადაიტანა, სანამ პასუხს გამცემდა. 

 - მე უარი უნდა მეთქვა ჩემს ორ გოგონაზე. - თქვა მან. - ნაგვალმა ერთხელ გითხრა, როგორ უნდა გააკეთო ეს, მაგრამ შენ მოსმენა არ გინდოდა. აზრი იმაშია, რომ ადამიანმა სამშვინველის ზღვარი უკან უნდა დაიბრუნოს. მან თქვა, რომ ჩვენ დაბრუნებასთან ერთად ეს ზღვარი უნდა განვკურნოთ, რაც რთულ გზას წარმოადგენს.

 მან პირველ რიგში მაიძულა უარი მეთქვა ჩემი გოგონების მიმართ სიყვარულზე. ეს სიზმარხილვაში უნდა გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვსწავლობდი, როგორ გამქრობოდა მათ მიმართ გრძნობები, მაგრამ ნაგვალმა მითხრა, რომ ეს უსარგებლო იყო, მისი თქმით ადამიანს მოწონების არარსებობასთან ერთად ინტერესის გაქრობაც უნდა ესწავლა. როცა ეს გოგოები ჩემთვის არაფერს ნიშნავდნენ, მათი ნახვა კვლავ მომიწია და ორივე მათგანს ხელი დავავლე. მათ თავზე ხელი ნაზად დავაჭირე და ჩემს მარცხენა ნაწილს ნება მივეცი მათგან საკუთარი ზღვარი უკან გამომეგლიჯა. 

 - მათ რა მოუვიდათ?

 - არაფერი. არასოდეს არაფერი უგრძნიათ. ახლა ორივე ზრდასრული ადამიანია. ისინი ისეთივე ცარიელები არიან, როგორც მათ გარშემო არსებული ადამიანების უმეტესობა. ბავშვების კომპანიაში ყოფნა არ უყვართ, რადგან ვერ ეგუებიან. ვიტყოდი, რომ მათ გარეშე უკეთესები არიან. მე მათგან სიგიჟე ამოვიღე. მათ ეს არ სჭირდებოდათ, მე კი არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, როდესაც ამას ვაძლევდი. გარდა ამისა, ისინი კვლავ ინარჩუნებენ ზღვარს, რომელიც მამისგან მოიპარეს. ნაგვალი მართალი იყო: ზარალი ვერავინ შეამჩნია, მაგრამ მე შევამჩნიე ჩემი მოგება.  ამ გამოქვაბულიდან რომ გავიხედე, დავინახე, რომ ყველა ჩემი ილუზია გაიფანტა. სამყარო ნათელი და ახალი იყო. ჩემი სხეულისა და სულის სიმძიმე შემსუბუქდა, ამაღლდა და მე ნამდვილად ახალი არსება ვიყავი.

 - ზუსტად იცი, რანაირად დაიბრუნე საკუთარი ზღვარი შენი შვილებისგან?

 - ისინი ჩემი შვილები არ არიან! მე არასოდეს მყოლია შვილები. შემომხედე.

 გამოქვაბულიდან გამოვიდა, ქვედაკაბა აიწია და შიშველი სხეული მაჩვენა. პირველი, რაც შევამჩნიე ის იყო, თუ როგორი მოხდენილი და დაკუნთული სხეული ჰქონდა. 

 მან მთხოვა, მასთან ახლოს მივსულიყავი და მისი სხეული ახლოდან გამომეკვლია. სხეულის მიხედვით მივხვდი, რომ მას შვილი აქამდე არ უნდა ჰყოლოდა. მარჯვენა ფეხი კლდის შვერილზე შემოდო და თავისი საშო მიჩვენა. მისი ცვლილების ჩემთვის დამტკიცების სურვილი იმდენად ინტენსიური იყო, რომ ნერვიულობის დასაძლევად სიცილი დავიწყე. მას ვუთხარი, რომ მე დოქტორი არ ვიყავი და ამიტომ ვერაფერს ვეტყოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი მართალი იყო.

 - რა თქმა უნდა, მართალი ვარ. - თქვა მან, როცა გამოქვაბულში დაბრუნდა. - ამ საშვილოსნოდან არაფერი გამოსულა. 

 წამიერი პაუზის შემდეგ მან უპასუხა ჩემს კითხვას, რომელიც უკვე დავიწყებული მქონდა. 

 - ჩემმა მარცხენა ნაწილმა ზღვარი უკან დაიბრუნა. ყველაფერი რაც გავაკეთე ის იყო, რომ წავედი და გოგონები მოვინახულე. მათთან ოთხჯერ ან ხუთჯერ წავედი, რათა საშუალება ჰქონოდათ ჩემთან ერთად თავი მშვიდად ეგრძნოთ. დიდი გოგოები იყვნენ და სკოლაში დადიოდნენ. მეგონა ბრძოლა მომიწევდა, რომ ისინი არ მომწონებოდა, მაგრამ ნაგვალმა მითხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ჩემს თავს უფლება მივეცი, ისინი თავისუფლად მომწონებოდა. მაგრამ ჩემი მათდამი მოწონება ისეთივე იყო, როგორც უცხო ადამიანის მოწონება. ჩემი გონება უკვე შემდგარი იყო, ხოლო მიზანი შეურყეველი. სხვა სამყაროში შესვლა მინდა, სანამ ისევ ცოცხალი ვარ. ამისთვის ჩემი სამშვინველის ყველა ზღვარი მჭირდება. მე ჩემი სისრულე მჭირდება. იმ სამყაროს ვერაფერი მომაშორებს! ვერაფერი! 

 გამომწვევად მიყურებდა. 

 - უარი უნდა თქვა ქალზე, რომელმაც დაგაცარიელა და იმ პატარა ბიჭზეც, თუ შენს სრულყოფას ეძებ. ქალზე უარის თქმა ადვილად შეგიძლია. მაგრამ ეს პატარა ბიჭი რაღაც სხვაა. გგონია, რომ იმ ბავშვისადმი შენი უსარგებლო სიყვარული იმდენად ღირებულია, რათა მარადისობის სამყაროში შესვლაში ხელი შეგიშალოს? 

 პასუხი არ მქონდა. ამაზე ფიქრი არ მინდოდა. უფრო სწორად, უსაზღვროდ დაბნეული ვიყავი. 

 - სოლედადმა თავისი ზღვარი პაბლიტოსგან უნდა დაიბრუნოს, თუ მას ნაგვალის სამყაროში შევლა სურს. - განაგრძო მან. - როგორ აპირებს ამას? არ აქვს მნიშვნელობა, პაბლიტო რამდენად სუსტია, ის მაინც ჯადოქარია. მაგრამ, ნაგვალმა სოლედადს უნიკალური შანსი მისცა. მან სოლედადს უთხრა, რომ ერთადერთი მომენტი დადგებოდა, როცა შენ მის სახლში მანქანით მიხვიდოდი და თუ იგი უზადო იქნებოდა, შეძლებდა შენგან იმ სიკაშკაშის აღებას, რომელიც ნაგვალმა შენში დატოვა. ეს მისთვის რთული არ იქნებოდა, რადგან იგი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ვერაფერს იგრძნობდი. მისი ერთადერთი მომენტი ის იყო, რომ შენ დაუცველ მდგომარეობაში ყოფილიყავი. 

 მას შემდეგ, რაც მოგკლავდა, მისი პირადი ძალა გაიზრდებოდა და შემდეგ ჩვენს განადგურებაზე გადმოვიდოდა. მე ვარ ერთადერთი, ვინც ეს იცის. ლიდიას, ჟოზეფინას და როზას სოლედადი უყვართ. მე არა. ვიცი, როგორი იქნება მისი განზრახვა. იგი სათითაოდ მოგვადგებოდა, ყველას თავის დროზე, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს, ხოლო მისაღები ყველაფერი. ნაგვალმა მითხრა, რომ მისთვის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. ნაგვალმა გოგოები მე მომანდო და მითხრა რა გამეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ სოლედადი მოგკლავდა და ჯერი ჩვენზე დადგებოდა. მან ჩათვალა, რომ მე საკუთარი თავის გადარჩენის და სამი გოგონადან ერთ-ერთის გადარჩენის შანსი მქონდა. სოლედადი სულაც არ არის ცუდი ქალი. იგი უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც მეომარი გააკეთებს, რომელსაც სხვა გზა არ დარჩენია. პატარა დებს სოლედადი უფრო მოსწონთ, ვიდრე საკუთარი დედები. ის მათთვის ნამდვილი დედაა. ნაგვალმა თქვა, რომ სწორედ ეს იყო მისი უპირატესობის წერტილი. არ აქვს მნიშვნელობა, რას გავაკეთებ, მე მაინც ვერ მოვახერხე მისგან პატარა დების მოშორება. შენი მოკვლის შემდეგ იმ სანდო სულებიდან ორს მაინც წაიყოლებდა. შენს გარეშე პაბლიტო არაფერია. სოლედადი მას ბუზივით გასრესდა და დაგროვებული სისრულით მარადისობის სამყაროში გადავიდოდა. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მეც იმნაირადვე მოვიქცეოდი. 

 ახლა ხომ ხედავ, მისთვის ეს ყველაფერია ან არაფერი. როცა პირველად ჩამოხვედი, ყველა გამქრალი იყო. ისე ჩანდა, თითქოს ეს შენთვისაც და ყველა ჩვენგანისთვისაც დასასრული იყო. იმ მომენტში, როცა ვიცოდი, რომ წარმატებას მიაღწიე, გოგონებს ვუთხარი, რომ ახლა მათი ჯერი იყო. ნაგვალმა თქვა, რომ გოგონებს გათენებამდე უნდა მოეთმინათ, როცა შენ ყველაზე მოდუნებული იყავი. მან თქვა, რომ დილა შენთვის კარგი დრო არ იყო. ნაგვალმა მიბრძანა შორს ვყოფილიყავი, გოგონებისთვის ხელი არ შემეშალა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვჩენილიყავი, თუ შენ შეეცდებოდი მათი სინათლის მითვისებას. 

 - მათაც უნდოდათ ჩემი მოკვლა?

 - დიახ. შენ მათი სინათლის მასკულინური მხარე ხარ. მათი სისრულე მათთვის ზოგჯერ მინუსია. ნაგვალი გოგონებს რკინის ხელით მართავდა და აწონასწორებდა, მაგრამ როდესაც იგი წავიდა, გოგონები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ სისრულის გაწონასწორებას. შენს სიკაშკაშეს შეეძლო მათთვის ამის გაკეთება. 

 - შენ რაღას იტყვი, გორდა? შენც უნდა ეცადო ჩემთვის ბოლოს მოღებას?

 - უკვე გითხარი, რომ მე სხვანაირი ვარ. გაწონასწორებული ვარ. ჩემი სიცარიელე, რომელიც ჩემი მინუსი იყო, ახლა ჩემი უპირატესობაა. მას შემდეგ, რაც მაგი თავის სისრულეს დაიბრუნებს, იგი გაწონასწორებულია, ხოლო ისეთი მაგი, რომელიც ყოველთვის გამთლიანებული იყო, კალაპოტიდან ცოტათი ამოვარდნილია. მაგალითად, ხენარო ცოტათი ამოვარდნილი იყო. მაგრამ ნაგვალი გაწონასწორებული იყო, რადგან იგი ადრე არასრული იყო, ისევე როგორც მე და შენ. უფრო სწორად, კიდევ უფრო მეტად არასრული, ვიდრე მე და შენ. მას სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. 

 პატარა დები ცოტათი ხენაროს ჰგვანან. უმეტეს შემთხვევაში საზომი არ გააჩნიათ. 

 - ჩემზე რას იტყვი, გორდა? მეც მათ უნდა დავედევნო?

 - არა. მხოლოდ მათ შეეძლოთ ესარგებლათ შენი სინათლის შეწოვით. შენ ვერავის სიკვდილით ვერ ისარგებლებ. ნაგვალმა შენთან განსაკუთრებული ძალა დატოვა, რაღაც ისეთი სახის ბალანსი, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ აქვს. 

 - მათ არ შეუძლიათ, რომ ბალანსის შენარჩუნება ისწავლონ?

 - რა თქმა უნდა, შეუძლიათ. მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმ დავალებასთან, რომელიც დებს ჰქონდათ შესასრულებელი. მათი ამოცანა შენი ძალაუფლების მოპარვა იყო. ამისთვის ისინი ისე გაერთიანდნენ, რომ ახლა ერთი არსებასავით არიან. ვარჯიშობდნენ, რათა დაემარცხებინეთ. ნაგვალმა გოგონები უმაღლესი დონის მატყუარებად აქცია, განსაკუთრებით ჟოზეფინა. მან ისეთი შოუ მოაწყო, რომელიც შეუდარებელი იყო. გოგონების მცდელობასთან შედარებით, სოლედადის გაბრძოლება ბავშვური თამაში იყო. იგი უხეში ქალია. პატარა დები ნამდვილი ჯადოქრები არიან. ორმა მათგანმა შენი ნდობა მოიპოვა, მესამემ კი შოკში ჩაგაგდო და უმწეო გახდი. მათ თავიანთი კარტები სრულყოფილად ითამაშეს. თითქმის დამარცხდი. ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ წინა ღამით შენ როზა დააზიანე და მისი განკურნებაც შეძელი. მას რომ არ ენერვიულა და საკმარისად უზადოდ მოქცეულიყო, ახლა აქ არ იქნებოდი. კარებიდან ყველაფერი დავინახე. მე ზუსტად იმ მომენტში შემოვედი, როცა შენ სამივეს განადგურებას აპირებდი. 

 - როგორ უნდა გამენადგურებინა ისინი?

 - საიდან უნდა ვიცოდე. მე შენი თავი არ ვარ. 

 - ანუ, რას ვაკეთებდი?

 - მე დავინახე, რომ შენი ორეული შენგან გამოდიოდა?

 - როგორ გამოიყურებოდა?

 - შენ გგავდა, ცხადია. მაგრამ იგი ძალიან დიდი და საშიში იყო. შენი ორეული მათ დახოცავდა. ამიტომ შემოვედი და ჩავერიე. ჩემი ძალის საუკეთესო ნაწილი გამოვიყენე, რათა დამემშვიდებინე. დების დახმარებას არც ვაპირებდი. ისინი დაიკარგნენ, ხოლო შენ აღშფოთებული და გაბრაზებული იყავი. შენ ჩვენს თვალწინ ორჯერ შეგეცვალა ფერი. ერთი ფერი ისეთი ძალადობრივი იყო, რომ მეშინოდა, ყველასთან ერთად მეც არ მოგეკალი. 

 - რა ფერი იყო, გორდა?

 - თეთრი, რა თქმა უნდა. ორეული თეთრია. მოყვითალო თეთრი, როგორც მზე. 

 მზერა შევავლე. მისი ღიმილი ჩემთვის ახლებური იყო.

 - დიახ. განაგრძო მან. - ჩვენ მზის ნაწილები ვართ. ამიტომაც ვართ მანათობელი არსებები.  მაგრამ ჩვენი თვალები ვერ ხედავენ ამ სიკაშკაშეს, რადგან იგი ძალიან სუსტია. მხოლოდ ჯადოქრის თვალებს შეუძლიათ ამის დანახვა და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ხდება. 

 მისმა განცხადებებმა სულ გამაოცა. ჩემი აზრების თავმოყრას შევეცადე, რათა ყველაზე შესაფერისი კითხვა დამესვა. 

 - ნაგვალს ოდესმე შენთვის მზის შესახებ უსაუბრია? - ვკითხე მას.

 - დიახ. ჩვენ ყველანი მზესავით ვართ, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტები. ჩვენი სინათლე ძალიან სუსტია, მაგრამ იგი მაინც ანათებს. 

 - მან თქვა, რომ მზე იყო ნაგვალი? - სასოწარკვეთილი ვითხოვდი, ამაზე მეტი გამეგო. 

 ლა გორდამ არ მიპასუხა. ტუჩებიდან უნებლიე ხმების სერია გამოუშვა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, როგორ ეპასუხა ჩემს შეკითხვაზე. ველოდი და ჩასაწერად მომზადებული ვიყავი. დიდი პაუზის შემდეგ ადგა და გამოქვაბულიდან გავიდა. 

 - ჩემს სუსტ სინათლეს გიჩვენებ. - თქვა მან სასხვათაშორისოდ. 

 გამოქვაბულის წინ ვიწრო ხევის ცენტრში გაემართა. ჩემი ადგილიდან ვერ ვხედავდი რას აკეთებდა, ამიტომ, მომიწია გამოქვაბულიდან მეც გავსულიყავი. მისგან ათი-თორმეტი ფუტის მოშორებით ვიდექი. ჩაიცუცქა და ხელები წელზე შემოიხვია. უცებ წამოდგა, მუშტად შეკრული ხელები თავს ზემოთ მოიქცია და თითები გაშალა. სწრაფი აფეთქების ხმა გავიგე და მისი თითებიდან გამოსროლილი ნაპერწკლები დავინახე. მან ისევ გაიმეორა მოძრაობა და მეორე ჯერზე თითებიდან გაცილებით დიდი ნაპერწკლების სერია გამოფრინდა. კიდევ ერთხელ ჩაიცუცქა. მან გაიმეორა თითების მკვეთრი მოძრაობა და როცა ხელები თავზე აიფარა, დავინახე გრძელი, მანათობელი ბოჭკოები, რომლებიც მისი თითებიდან ფრინდებოდნენ. თავი ავწიე, რათა ბნელ ცაზე ისინი უკეთ გამერჩია. მოწითალო სინათლის ძაფებს ჰგავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მანათობელი ბოჭკოები გაიფანტნენ და გაქრნენ. 

 ლა გორდა კიდევ ერთხელ ჩაიკეცა და მოძრაობის განმეორების შემდეგ სინათლის გასაოცარი ემანაციები დავინახე. ცა სინათლის სხივებმა გაანათა. შემაძრწუნებელი სანახაობა იყო. მასში ჩაფლული გავხდი. ჩემი თვალები ფოკუსმა მოიცვა. ლა გორდას ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ სინათლეს ვუყურებდი. უეცარი წამოყვირება გავიგე, რამაც მაიძულა მისთვის შემეხედა და დავინახე წრიული ხაზი, რომელიც ლა გორდას ეჭირა და მასთან ერთად კანიონის წვერზე ჰაერში ეკიდა. ის იქ მყისიერად ჩერდებოდა ჰაერში გამოკიდებული, შემდეგ კი ნაპერწკლების ცვენით დაბლა ჩამოვიდა. 

 უეცრად დავინახე, რომ ლა გორდა ჩემზე იდგა. ვერ გავაცნობიერე, როდის წავიქეცი. წამოვდექი. იგი ოფლში ცურავდა და ქოშინით ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას. დიდხანს ხმა არ ამოუღია. მან ადგილზე სირბილი დაიწყო. ვერ ვბედავდი, რომ შევხებოდი. ბოლოს თითქოს საკმარისად დამშვიდდა და გამოქვაბულში დაბრუნდა. რამდენიმე წუთით დაისვენა. 

 მისი ქმედებები იმდენად სწრაფი იყო, რომ ძლივს გავიაზრე, საერთოდ რა მოხდა და რისი მოწმე გავხდი. ლა გორდას ოპერაციების მომენტში ჭიპის ქვედა მიდამოში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ფიზიკურად დაძაბული არ ვიყავი და მაინც, სუნთქვა მიჭირდა.

 - ვფიქრობ, დროა შეხვედრაზე წავიდეთ. - თქვა მან სუნთქვაშეკრულმა. - ჩემმა ფრენამ ორივე გაგვხსნა. შენ ჩემი ფრენა მუცელში იგრძენი. ეს ნიშნავს, რომ გახსნილი ხარ და ღია ხარ ოთხ ძალასთან შესახვედრად. 

 - რომელ ოთხ ძალაზე მელაპარაკები?

 - ნაგვალის და ხენაროს მოკავშირეები. შენ ისინი ნანახი გყავს. საზარლები არიან. ახლა ისინი განთავისუფლდნენ ნაგვალისა და ხენაროს აყიროებისგან. ერთი მათგანი სოლედადის სახლის გარშემო იგრძენი. ისინი შენ გელოდებიან. როცა მთლიანად დაღამდება, მათ ვერაფერი შეაჩერებთ. ერთი მათგანი შენთან დღისით მოვიდა სოლედადის სახლთან. ეს მოკავშირეები ახლა მე და შენ გვეკუთვნის. თითოეული ჩვენგანი ორ მოკავშირეს მიიღებს. არ ვიცი, რომელი-რომელს და არც ის ვიცი, როგორ. ნაგვალმა მხოლოდ ის მითხრა, რომ მე და შენ მათ თავად უნდა გავუმკლავდეთ. 

 - მოიცა! მოიცა! - ვიყვირე შოკირებულმა. 

 ლაპარაკის საშუალება არ მომცა. მან ნაზად დამადო პირზე ხელი. მუცელში შიშის გვრემა ვიგრძენი. წარსულში რაღაც აუხსნელ ფენომენს დავუპირისპირდი, რომელსაც დონ ხუანმა და დონ ხენარომ თავიანთი მოკავშირეები უწოდეს. ისინი ოთხნი იყვნენ და ისეთივე რეალურები იყვნენ, როგორც ყველაფერი დანარჩენი ამ სამყაროში. მათი თანმყოფობა იმდენად უცნაური იყო, რომ ჩემში ენით აღუწერელ შიშს იწვევდნენ ყოველ ჯერზე, როცა მათ აღვიქვამდი. პირველად დონ ხუანის მოკავშირეს შევხვდი. ეს იყო მუქი, მართკუთხა მასა, რვა თუ ცხრა ფუტის სიმაღლის და ოთხი-ხუთი ფუტის სიგანის. გიგანტური ლოდის გამანადგურებელი სიმძიმით მოძრაობდა და ისე მძიმედ სუნთქავდა, რომ ღრიალის ხმას მაგონებდა. მე მას ყოველთვის ღამით, სიბნელეში ვხვდებოდი. მეგონა, რომ კარს ჰგავდა, რომელიც ერთი კუთხიდან მეორეს მონაცვლეობით დადიოდა. 

 მეორე მოკავშირე, რომელსაც შევხვდი, დონ ხენაროს ეკუთვნოდა. ეს იყო გრძელსახიანი, მელოტი და არარეალურად მაღალი, მბზინავი მამაკაცი სქელი ტუჩებით და უზარმაზარი, დაღლილი თვალებით. იგი ყოველთვის შარვალს ატარებდა, რომელიც ძალიან მოკლე იყო მისი უგრძესი, გამხდარი ფეხებისათვის.

 ეს ორი მოკავშირე დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ყოფნისას ბევრჯერ მინახავს. მათი აღქმა ჩემში ყოველთვის შეურიგებელ გადაცდომას იწვევდა ჩემს მიერ აღქმულსა და რაციონალურ გონებას შორის. ერთის მხრივ, რაციონალური საფუძველი არ გამაჩნდა იმის დასაჯერებლად, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მეორეს მხრივ კი არ არსებობდა სხვა საშუალება, რომელიც ამ აღქმას უკუაგდებდა. 

 ვინაიდან ისინი ყოველთვის დონ ხუანთან და ხენაროსთან ჩემი ყოფნის დროს ჩნდებოდნენ, მათ არსებობას ისე აღვიქვამდი, როგორც ამ ორი ადამიანის ძალის გავლენის პროდუქტს, რაც მათ ჩემზე გააჩნდათ. ჩემი გაგებით, დონ ხუანი და დონ ხენარო ფლობდნენ ძალების ფლობის შესაძლებლობას, რომელთაც ისინი მოკავშირეებს უწოდებდნენ და მათი მანიფესტაცია ჩემს წინაშე რაღაც საშინელი არსებების მსგავსად შეეძლოთ. 

 მოკავშირეების თავისებურება ის იყო, რომ ისინი არასოდეს მაძლევდნენ უფლებას მათ საფუძვლიანად დავკვირვებოდი. სხვადასხვა დროს ვცდილობდი მათზე ჩემი განუყოფელი ყურადღება გადამეტანა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავბრუ მეხვეოდა და დისოციაციის განცდა მიჩნდებოდა. 

 დანარჩენი ორი მოკავშირე უფრო გაუგებარი იყო. ერთადერთხელ ვნახე გიგანტური შავი იაგუარი ყვითელი მბზინავი თვალებით და მტაცებელი, უზარმაზარი კოიოტი. ორივე მხეცი ძალიან აგრესიული და ძლევამოსილი იყო. იაგუარი დონ ხენაროსი იყო, ხოლო კოიოტი დონ ხუანს ეკუთვნოდა. 

 ლა გორდა გამოქვაბულიდან გამოვიდა. უკან გავყევი. ჩვენ ხევიდან გამოვედით და გრძელ, კლდოვან დაბლობს მივაღწიეთ. შეჩერდა და წინ გამიშვა. მე ვუთხარი, რომ თუ ის ნებას მაძლევდა თავად მეხელმძღვანელა, მაშინ მანქანამდე მივიყვანდი. მან თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და ხელი მომიჭირა. ეტყობოდა, რომ ძალიან აჟიტირებული იყო. მანქანა ალბათ ერთი მილის მოშორებით გვყავდა დატოვებული და იქამდე მისასვლელად უკაცრიელი, კლდოვანი ხეობა უნდა გაგვევლო. დონ ხუანმა ადრე რამდენიმე დიდ ლოდს შორის დამალული ბილიკი მიჩვენა, რომელიც დაბლობს აღმოსავლეთისკენ მიუყვებოდა. ამ ბილიკისკენ გავემართე. წინ რაღაც უცნობი ლტოლვა მეწეოდა. სხვა შემთხვევაში, იგივე ბილიკს გავივლიდი, რომლითაც აქამდე მოვედით. 

 ლა გორდა თითქოს რაღაც გასაოცარს ელოდა.

 მან ხელი მომიჭირა. მისი თვალები ველური იყო.

 - სწორ გზას ვადგავართ? - ვკითხე მას.

 არ მიპასუხა. შალი გაიძრო, გაშალა და წელზე შემომხვია, შემდეგ კი თავის წელზეც შემოიხვია და შეიკრა. 

 - ეს რისთვის გააკეთე?

 თავი გააქნია. პირი გააღო, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს. მისი შეშფოთება ექსტრემალურ საფეხურამდე გამოიყურებოდა. მიბიძგა, რათა სიარული გამეგრძელებინა. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არ მეშინოდა მასთან ერთად, მით უმეტეს, რომ ჩემი რაციონალური შიშების ამბავი კარგად ვიცოდი. 

 როგორც კი მაღალ ბილიკს მივაღწიეთ, ფიზიკურმა დატვირთვამ თავისი ქნა. ცხვირში ხიხინი მქონდა და მომიწია პირით მესუნთქა. დიდი ლოდების ფორმას ვხედავდი. მთვარე არ იყო, მაგრამ ცა ისეთი ნათელი იყო, რომ ლოდების დასანახად საკმარისი  სინათლე იდგა. მესმოდა, როგორ ხიხინებდა ლა გორდაც. 

 სუნთქვის დასარეგულირებლად შეჩერება ვცადე, მაგრამ ნაზად მიბიძგა, თან თავს უარის ნიშნად აკანტურებდა. დაძაბულობის განსამუხტად რაღაცაზე ხუმრობა მინდოდა, როცა უცნაური დარტყმის ხმა გავიგე. ჩემი თავი უნებურად მარჯვნივ გადაიხარა, რათა ყურით უკეთ მომეხდინა ტერიტორიის სკანირება, თუ საიდან მოდიოდა ეს ხმა. წამით სუნთქვა შევწყვიტე და მომენტალურად გარკვევით გავიგე, რომ ჩემი და ლა გორდას გარდა, ჩვენთან ახლოს კიდევ მესამე ვიღაც ძალიან მძიმედ სუნთქავდა. უკეთ დავუკვირდი, სანამ ბოლომდე დავრწმუნდებოდი და ლა გორდას ამის შესახებ ვეტყოდი. ეჭვგარეშე იყო, გიგანტურ ლოდებს შორის მის მასიურ ფორმას ვხედავდი. მოძრაობის გაგრძელებასთან ერთად ლა გორდას პირზე ხელი დავადე და ვანიშნე, სუნთქვა შეეკავებინა. შემეძლო მეთქვა, რომ მასიური ფორმა ძალიან ახლოს იყო. როგორც ჩანს, რაც შეიძლება ჩუმად დასრიალებდა და ასევე რბილად ხროტინებდა. 

 ლა გორდა შეკრთა. იგი ჩაიცუცქა, წელზე შემოკრულ ნაჭერზე დამქაჩა და მასთან ერთად დავიხარე. წამით ხელები კალთის ქვეშ მოხვია და შემდეგ წამოდგა. ხელის თითების გაშლასთან ერთად მათგან ნაპერწკლების ნაჭრები გაფრინდნენ. 

 - ხელებზე დაიფსი. - ჩამჩურჩულა ლა გორდამ.

 - ჰა? - ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა.

 მან ბრძანება გაზრდილი მღელვარებით სამჯერ თუ ოთხჯერ ჩურჩულით გამიმეორა. ბოლოს, ალბათ მიხვდა, რომ არ ვიცოდი რა მექნა, დაიხარა და მიჩვენა, როგორ შარდავდა ხელებზე. გაოგნებული ვუყურებდი, როგორ აფრქვევდა მისი შარდი მოწითალო ნაპერწკლებს. 

 გონება დამებინდა. არ ვიცოდი, რომელი უფრო გამაოგნებელი იყო, ის, რასაც ლა გორდა შარდით ქმნიდა თუ მოახლოებული ქმნილების ხიხინი. ვერ გადავწყვიტე, ამ ორი სტიმულიდან რომელზე გამემახვილებინა ყურადღება. ორივე საოცარი იყო. 

 - სწრაფად! გააკეთე ეს შენს ხელებში! - ლა გორდამ დაამატა, რომ ჩემი ნაპერწკლების შედეგად მოახლოებული არსება უკან დაიხევდა. საკუთარ ხელებში მოშარდვა ვცადე. მცდელობა უსარგებლო აღმოჩნდა. ზედმეტად ვნერვიულობდი. ლა გორდას მოწოდებებით შეპყრობილი გავხდი და სასოწარკვეთილი ვიბრძოდი, რომ რამე მომეშარდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, მოვშარდე. თითები სამ-ოთხჯერ გავატკაცუნე და კინაღამ მოვიტეხე, მაგრამ ნაპერწკლის მსგავსი არაფერი გამოფრენილა. 

 - კიდევ ერთხელ გააკეთე. - თქვა ლა გორდამ. - ნაპერწკლების გაჩენას გარკვეული დრო სჭირდება.

 ვუთხარი, რომ მთელი შარდი გამოვიყენე, რაც მქონდა. მის თვალებში ყველაზე სასოწარკვეთილი გამომეტყველება დავინახე. 

 იმ მომენტში, მასიური და მართკუთხა ფორმა დავინახე, რომელიც ჩვენკენ მოძრაობდა. რატომღაც ეს საფრთხის შემცველად არ მეჩვენებოდა, თუმცა ლა გორდას ისე ეშინოდა, ცოტაც და გონებას დაკარგავდა. 

 უეცრად შალი მოიხსნა, პატარა კლდეზე დახტა და უკნიდან ჩამეხუტა, ნიკაპი თავზე დამადო. ფაქტობრივად, ჩემს მხრებზე ამოძვრა. იმ მომენტში, როცა ეს პოზა მივიღეთ, ფორმამ მოძრაობა შეწყვიტა, თუმცა, ჩვენგან ოცი ფუტის მოშორებით ხიხინს აგრძელებდა. 

 უზარმაზარი დაძაბულობა ვიგრძენი, რომელიც თითქოს ჩემი სხეულის შუა ნაწილში იყო კონცენტრირებული. შემდეგ მომენტში უეჭველად ვიცოდი, რომ თუ ასეთ პოზიციაში დიდხანს დავრჩებოდით, ენერგიისგან დავიცლებოდით და იმის მსხვერპლი ვიქცეოდით, რაც გვითვალთვალებდა.  

 ლა გორდას ვუთხარი, რომ სიცოცხლის გადასარჩენად, მთელი ძალით უნდა გავქცეულიყავით. მან უარის ნიშნად თავი გააქნია. როგორც ჩანს, ძალა და თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. მან თქვა, რომ მოგვიწევდა დავწოლილიყავით და ხელები თავზე აგვეფარებინა, ხოლო თეძოებით მუცელი დაგვეფარა. მაშინ გამახსენდა, რომ წლების წინ ეს ერთხელ დონ ხუანმა გამაკეთებინა, როცა ჩრდილოეთ მექსიკის უკაცრიელ მინდორში რაღაც თანაბრად უცნობი და შემზარავი სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდი. იმ დროს დონ ხუანმა თქვა, რომ გაქცევა უსარგებლო იყო და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, იმავე ადგილას, იგივე პოზიციაზე დარჩენა იყო, როგორც ამჟამად ლა გორდამ აღწერა. 

 მუხლებზე დაჩოქებას ვაპირებდი, როცა მოულოდნელად უცნაური დარწმუნებულობით ვიგრძენი, რომ გამოქვაბულის დატოვება საშინელი შეცდომა იყო. მასში ნებისმიერ ფასად უნდა დავბრუნებულიყავით. 

 ლა გორდას შალი მხრებზე და მკლავების ქვეშ შემოვიფარე. წლების წინ დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩვენს თვალწინ არსებულ უცნაურ მოვლენებს მოულოდნელი ქმედებებით უნდა შევხვედროდით. მან ერთხელ მომიყვა, როგორც წააწყდა მოლაპარაკე ირემს, ხოლო დონ ხუანი მასთან შესახვედრად, მისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად და ასეთი შეხვედრის სტრესის შესამსუბუქებლად თავზე დადგა და გულის წასვლამდე ტიროდა. შემდეგ მან იგრძნო, როგორ დაყნოსა ირემმა, დონ ხუანი წამოჯდა და ირემს შეჰპირდა, რომ არაფერს დაუშავებდა. ირემმა ჰკითხა:

 - რატომ ტირი?

 - იმიტომ, რომ მოწყენილი ვარ. - უთხრა დონ ხუანმა.

 - ნუ ხარ მოწყენილი. - უპასუხა ირემმა.

 ჩემი იდეა იყო მართკუთხა ფორმისთვის წრეზე შემომევლო და გამოქვაბულში დავბრუნებულიყავი, ამასობაში კი ლა გორდა მხრებზე მეყოლებოდა შემოსმული. 

 მან ჩამჩურჩულა, რომ გამოქვაბულში დაბრუნება გამორიცხული იყო. ნაგვალმა უთხრა, რომ იქ საერთოდ არ დარჩენილიყო. მისთვის შალის გასწორების მომენტში შევეკამათე, რომ ჩემი სხეული დარწმუნებული იყო, გამოქვაბულში უსაფრთხოდ ვიქნებოდით. მან მიპასუხა, რომ ეს სიმართლე იყო, თუ იმას გამოვაკლებდით, რომ ამ ძალების გასაკონტროლებლად არანაირი საშუალება არ გვქონდა. ჩვენ გვჭირდებოდა სპეციალური კონტეინერი, ერთგვარი აყირო, რომელსაც დონ ხუანისა და დონ ხენაროს ქამრებზე ჩამოკიდებულს ვხედავდი ხოლმე. 

 ლა გორდამ ფეხსაცმელი გაიხადა და ჩემს მხრებზე ამოძვრა. დაველოდე, სანამ წონასწორობას შეინარჩუნებდა. მხრებზე ას თხუთმეტი ფუტის სიმძიმით სიბნელეში სიარული სულაც არ იყო ადვილი. ძალიან ნელა მივდიოდი. ოცდასამი ნაბიჯი დავთვალე და ლა გორდას ჩამოსმა მომიწია. მხრებზე სიმძიმისგან განცდილი ტკივილი აუტანელი იყო. მას ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი იყო, მისი წონა ჩემი მხრის ძვლებს დაამტვრევდა. 

 თუმცა საინტერესო ის იყო, რომ მართკუთხა ფორმის მქონე სილუეტი თვალსაწიერზე აღარ ჩანდა. ჩვენმა სტრატეგიამ იმუშავა. ლა გორდამ შემომთავაზა, რომ მე ავმძვრალიყავი მის მხრებზე და თავად მატარებდა. იდეა სასაცილოდ მეჩვენა. მასზე მეტს ვიწონიდი და შეუძლებლად მეჩვენებოდა, რომ მას ვეტარებინე. გადავწყვიტეთ ცოტა ხნით გაგვესეირნა და გვენახა, რა მოხდებოდა. 

ჩვენს ირგვლივ მკვდარი სიჩუმე იყო. ნელა მივდიოდით, ერთმანეთს ვეყრდნობოდით. რამდენიმე იარდზე მეტი არ გაგვევლო, როცა ისევ გავიგეთ გახანგრძლივებული სუნთქვის ხმები, რომელიც კატის ხროტინს ჰგავდა. მე სასწრაფოდ დავეხმარე ლა გორდას ჩემს მხრებზე აცოცებაში და კიდევ ათი ნაბიჯი წვალებით გადავდგი. 

 ვიცოდი, რომ ტაქტიკურად მოულოდნელობის ეფექტი უნდა შეგვენარჩუნებინა, თუ იმ ადგილიდან გაღწევა გვინდოდა. ვცდილობდი, სხვა მოულოდნელ ქმედებებზე მეფიქრა, რაც შეგვეძლო ალტერნატიულ ვარიანტში გამოგვეყენებინა იმის ნაცვლად, რომ ლა გორდა ჩემს მხრებზე ყოფილიყო შემდგარი, როცა მან თავისი გრძელი კაბა გაიძრო. ერთი მოძრაობით მთლიანად გაშიშვლდა. მიწაზე დაიხარა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ხრაშუნის ხმა გავიგე, ლა გორდა წამოდგა და ხელში ბუჩქნარიდან აღებული ხის ტოტი ეჭირა. მან კისერზე შალის ნაჭერი შემომხვია და ერთგვარი საცხენოსნო უნაგირი გააკეთა, სადაც მას ჩემს წელზე შემოხვეული ფეხებით შეეძლო კისერზე შემოჯდომა. ხის ტოტი თავის კაბაში ჩადო და თავზემოთ დაიჭირა. მან ტოტის ტრიალი დაიწყო და კაბას უცნაურად ამოძრავებდა, ამ შესრულებას კი სტვენის მაგვარი ხმიანობა დაუმატა, რომელიც ბუს კივილს მოგაგონებდათ.

 დაახლოებით ასი იარდის გავლის შემდეგ ზურგს უკან ბუს ხმები ჩაგვესმა. ლა გორდამ ხმა შეიცვალა და ახლა ფარშევანგივით დაიწყო მოთქმა. რამდენიმე წუთში ჩვენს გარშემო ფარშევანგის ხმები გაისმა.

 მსგავსი ფენომენის მომსწრე ვიყავი დონ ხუანთან ერთად, წლების წინ. მაშინ მეგონა, რომ ამ ხმებს დონ ხუანი გამოსცემდა ან ვიღაც, რომელიც მას გაფრთხილებული ჰყავდა, მაგალითად ხენარო, ვინც დონ ხუანს ჩემი გადაულახავი შიშების დაძლევაში ეხმარებოდა; ისეთი შიშის დაძლევაში, რომელიც უკუნ სიბნელეში თავქუდმოგლეჯილ სირბილს მაიძულებდა. დონ ხუანი ამ კონკრეტულ ქმედებას "ძალის სირბილს" უწოდებდა. 

 ლა გორდას ვკითხე, იცოდა თუ არა ძალის სირბილის შესახებ. დამეთანხმა. ვუთხარი, რომ ვაპირებდით ამის გაკეთება გვეცადა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, რამდენად გამომივიდოდა. ლა გორდამ მითხრა, რომ ახლა ამის არც დრო გვქონდა და არც ადგილი, რა დროსაც ხელით წინ მიმანიშნა. ჩემი გულისცემა, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე სწრაფი გახლდათ, ველურ რიტმში გადაიზარდა. ჩვენს წინ, ალბათ ათი ფუტის მოშორებით, ბილიკის შუაში დონ ხენაროს ერთ-ერთი მოკავშირე იდგა: უცნაური, მბზინავი კაცი, გრძელი სახით და მელოტი თავით. ადგილზე გავიყინე. ლა გორდას ყვირილი შორიდან ჩამესმოდა. გვერდებზე მუშტებს გაბრაზებული მირტყამდა. მისმა მოქმედებამ მოკავშირეზე ჩემი ფიქსაცია ფოკუსიდან ამოაგდო. მან თავი მარცხნივ და მარჯვნივ მომიბრუნა. მარცხენა მხარეს, თითქმის ჩემს ფეხებთან გიგანტური კატის შავი მასა გაბრწყინებული ყვითელი თვალებით მიყურებდა. ჩემს მარჯვნივ, უზარმაზარი ფოსფორისფერი კოიოტი დავინახე. ჩვენს უკან, უზარმაზარი მართკუთხა ფორმა ლა გორდას ზურგს თითქმის ეხებოდა. 

 მაღალმა კაცმა ზურგი შეგვაქცია და ბილიკს გაუყვა. უკან გავყევი. ლა გორდა ყვირილს და წუწუნს აგრძელებდა. მართკუთხა ფორმა თითქმის ეხებოდა მის ზურგს. გავიგე, როგორ მოძრაობდა იგი. მისი ნაბიჯების ხმა ჩვენს ირგვლივ, ყველგან ისმოდა. კისერზე მის ცივ სუნთქვას ვგრძნობდი. იაგუარი და კოიოტი ლამის ფეხებში მედებოდნენ. მათი ღრენა ჩამესმოდა, რომელიც თანდათან მატულობდა. იმ მომენტში გამიჩნდა ირაციონალური სურვილი, გამომეცა ერთი გარკვეული ხმა, რომელიც დონ ხუანმა მასწავლა. ხმა გამოვეცი და მოკავშირეებმა მიპასუხეს. შეშფოთებული განვაგრძობდი ხმის გამოცემას, მოკავშირეები კი ისევ მიბრუნებდნენ პასუხს. დაძაბულობამ იკლო, ხოლო სანამ გზას მივაღწევდით, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ექსტრავაგანტული სიუჟეტის ნაწილი ვიყავი. ლა გორდა თავზე მაჯდა, ხალისიანად ატრიალებდა კაბას ჩემს თავზე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს, მოძრაობას იმ ხმის რიტმში ინარჩუნებდა, რომელსაც მე გამოვცემდი, ხოლო სხვა სამყაროდან მოსული ოთხი არსება გვეპასუხებოდა და ოთხივე მხრიდან ვყავდით შეკრული. 

 ასე მივადექით გზას. მაგრამ წასვლა არ მსურდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიტუაციას რაღაც აკლდა. გავჩერდი და დონ ხუანის მიერ ნასწავლი ძალიან განსაკუთრებული დარტყმის ხმა გამოვეცი. მან თქვა, რომ ამას "ფარვანების ზარი" ერქვა. მის გამოსაცემად მარცხენა ხელის გული და ტუჩები უნდა გამოგეყენებინა. 

 როგორც კი ხმა გამოვეცი, თითქოს გარშემო ყველაფერი დამშვიდდა. ოთხივე არსებამ მიპასუხა და მე უკვე ვიცოდი, რომელი ორი მათგანი წამოვიდოდა ჩემთან ერთად. 

 შემდეგ მანქანისკენ წავედი და ლა გორდა მანქანაში ჩავსვი. აბსოლუტურ სიჩუმეში მივდიოდით. სადღაც რაღაც შემეხო და აზრები გამეთიშა. 

 ლა გორდამ შემომთავაზა, რომ სახლში დაბრუნების ნაცვლად დონ ხენაროს ადგილისკენ წავსულიყავით. მან მითხრა, რომ პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამჟამად ქალაქგარეთ იყვნენ წასულები. მისი წინადადება მომეწონა.  

 როდესაც სახლში შევედით, ლა გორდამ ფანარი აანთო. იქაურობა ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩემი დონ ხენაროსთან ბოლო სტუმრობისას. იატაკზე დავსხედით. სკამი მოვაგორე და საწერი მოწყობილობები ზედ დავალაგე. დაღლილი არ ვიყავი და მინდოდა მეწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე. წერა საერთოდ არ შემეძლო.

 - რა გითხრა ნაგვალმა მოკავშირეებზე? - ვიკითხე.

 როგორც ჩანს, ჩემმა კითხვამ დააბნია. არ იცოდა, რა ეპასუხა. 

 - ახლა ფიქრი არ შემიძლია. -  თქვა მან ბოლოს. 

 ისე გამოიყურებოდა, თითქოს მანამდე მსგავსი მდგომარეობა არასოდეს განეცადა. წინ და უკან დადიოდა. მის ცხვირზე და ზედა ტუჩზე ოფლის პაწაწინა წვეთებს ვხედავდი. 

 მან უეცრად ხელი ჩამავლო და სახლიდან გამიყვანა. იქვე, მახლობლად ხევში მიმიყვანა და აღებინა. 

 მუცელი მტკიოდა. ლა გორდამ მითხრა, რომ მოკავშირეების ძალა ზედმეტად მძლავრი იყო და საკუთარი თავისთვის უნდა დამეძალებინა, რათა გული ამრეოდა. მას ვუყურებდი და დამატებით განმარტებებს ველოდი. უეცრად ჩემი თავი ხელებში მოიქცია და პატარა ბავშვივით თითი პირში ჩამთხარა, რის შედეგადაც ვაღებინე. მან განმიმარტა, რომ ადამიანებს მუცლის გარშემო ძალიან დელიკატური ბზინვარება ჰქონდათ და ეს ნათება ირგვლივ ყოველთვის იზიდავდა ყველა ჯურის არსებას. როდესაც მიზიდულობა ძალიან დიდი იყო, მაგალითად მოკავშირეებთან ან ძლიერ ადამიანებთან შეხვედრის შემთხვევაში, მუცლის ბზინვარება ღიზიანდებოდა, ფერს იცვლიდა ან საერთოდ ქრებოდა. ასეთ შემთხვევებში ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ღებინება იყო. 

 თავს უკეთ ვგრძნობდი, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ არ მქონდა კონტროლი აღებული. თვალების ირგვლივ დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნება მქონდა. სახლში დავბრუნდით. კარებთან მისვლისას ლა გორდამ ჰაერი ძაღლივით დაყნოსა და მითხრა, რომ იცოდა, რომელი მოკავშირეები მეკუთვნოდნენ. ამ განცხადებამ ფიქრების ქარიშხალში ჩამაგდო. ერთდროულად, ჩემი ჩვეული ინტელექტუალური განხილვები დამეწყო. ვგრძნობდი, როგორ ვფრინდებოდი ჰაერში, თითქოს ჩემს აზრებს საკუთარი ენერგია ჰქონდათ.

 პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ მოკავშირეები არსებითად ქმნილებები იყვნენ, რომლის აღიარებაც საკუთარ თავთანაც არ მსურდა. მე ისინი დავინახე, ვიგრძენი და მათ ვესაუბრე კიდეც. ეიფორიამ მომიცვა. ლა გორდას ჩავეხუტე და მან ჩემი ინტელექტუალური დილემის ახსნა დაიწყო. მოკავშირეები დონ ხუანისა და ხონ ხენაროს თანდასწრების გარეშე დავინახე, რამაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. ლა გორდას ვუთხარი, რომ როცა დონ ხუანთან ყოფნისას ერთ-ერთ მოკავშირეს თვალი მოვკარი, მან ჩემზე გაიცინა და მითხრა, რომ საკუთარი თავი სერიოზულად არ მიმეღო და დამევიწყებინა, რაც ვნახე. 

 არასოდეს მინდოდა დამეჯერებინა, რომ ჰალუცინაციები მქონდა, მაგრამ არც იმის აღიარება მინდოდა, რომ მოკავშირეები არსებობდნენ. ჩემი რაციონალური საფუძველი ურყევი იყო. უფსკრულის გადალახვა არ შემეძლო. თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო და ვფიქრობდი, რომ დედამიწაზე რეალურად არსებობდნენ არსებები, რომლებიც სხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ, მაგრამ ისინი ჩვეული გაგებით უცხოპლანეტელები არ იყვნენ. ლა გორდას ნახევარ ხუმრობით ვუთხარი, რომ ყველაფერს გავიღებდი, რათა გიჟი აღმოვჩენილიყავი. ეს განმათავისუფლებდა იმისგან, რომ მთელი სამყარო ახლებურად აღმექვა. მთელი ირონია ის იყო, რომ ყველაფერზე მეტად სამყაროს მიმართ ჩემი ინტელექტუალური გაგების განახლება მინდოდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ეს არასდროს იყო საკმარისი. სწორედ ეს გახდა ჩემი გადაულახავი დაბრკოლება, ჩემი მომაკვდინებელი ნაკლი. დონ ხუანის სამყაროში ყოველთვის ნახევრად დარწმუნებულ რეჟიმში ვიყავი. მთელი ჩემი მცდელობა იმას შეადგენდა, რომ უაზრო მონდომებით მეცადა მოვლენათა ინტელექტუალური ახსნა, თითქოს ისეთ აკადემიაში ვიყავი, სადაც დილის რვიდან საღამოს ხუთამდე ამის გაკეთება იყო შესაძლებელი, შემდეგ კი დაქანცულობისგან მისავათებული, სახლში დაბრუნების დრო იყო. დონ ხუანი ხუმრობით ამბობდა, რომ სამყაროს ყველაზე ლამაზად და განათლებულად მოწყობის შემდეგ, შეგირდი სახლში ბრუნდებოდა, რათა ყველაფერი დაევიწყებინა.

 სანამ ლა გორდა საჭმელს ამზადებდა, ჩემს ჩანაწერებზე გაოფლილი ვმუშაობდი. ჭამის შემდეგ თავი ბევრად უფრო მშვიდად ვიგრძენი. ლა გორდა საუკეთესო განწყობაზე იყო. ჯამბაზობდა, როგორც დონ ხუანი იქცეოდა ხოლმე და ზუსტად იმ ჟესტიკულაციას იმეორებდა, რასაც წერის დროს ვაკეთებდი ხოლმე. 

 - რა იცი მოკავშირეების შესახებ, გორდა? - ვკითხე მას. 

 - მხოლოდ ის, რაც ნაგვალმა მითხრა. მან თქვა, რომ მოკავშირეები იყვნენ ძალები, რომელთა მართვასაც ჯადოქარი სწავლობს. მას აყიროთი ორი მოკავშირე დაჰყავდა და ასევე ორი მოკავშირე ჰყავდა ხენაროსაც. 

 - როგორ ინახავდნენ მოკავშირეებს აყიროებში?

 - ეს არავინ იცის. ნაგვალმა მხოლოდ ის იცოდა, რომ მოკავშირესთან კონტაქტის დამყარებამდე პატარა აყირო უნდა მოეძებნა, რომელსაც თავსახური ექნებოდა. 

 - სად შეიძლება ასეთი აყიროს პოვნა?

 - ნაგვალმა სიტყვა დამიტოვა, რომ თუ ჩვენ მოკავშირეების თავდასხმას გადავურჩებოდით, სრულყოფილი აყიროს ძებნა უნდა დაგვეწყო, რომელიც მარცხენა ხელის ცერა თითის ზომა უნდა იყოს. ეს იყო ნაგვალის აყიროს ზომა. 

 - ოდესმე მისი აყირო გინახავს?

 - არა. არასოდეს. ნაგვალმა თქვა, რომ ასეთი აყირო ადამიანთა სამყაროში არ არის. ეს ჰგავს პატარა შეკვრას, რომელსაც ქამრის იკიდებენ. მაგრამ თუ მას პირდაპირი მზერით შეხედავ, ვერაფერს დაინახავ. 

 პოვნის შემდეგ, აყიროს დიდი სიფრთხილით სჭირდება მოვლა. ჩვეულებრივ, ჯადოქრები მსგავს აყიროს ტყეში არსებულ ვაზებზე პოულობენ. ისინი კრეფენ, აშრობენ და შემდეგ ასუფთავებენ მათ. მომდევნო პროცედურა მის გაპრიალებას ეხება. მას შემდეგ, რაც ჯადოქარს აყირო ექნება, იგი მოკავშირეს უნდა შესთავაზოს და აიძულოს, რომ მასში იცხოვროს. თუ მოკავშირესთან შეთანხმება შედგება, აყირო ადამიანთა სამყაროდან გაქრება და ამიერიდან მოკავშირე ჯადოქრის დამხმარე იქნება. ნაგვალს და ხენაროს მოკავშირეების გამოყენება ყველაფრის გასაკეთებლად შეეძლოთ, რისი გაკეთებაც საჭირო იყო. მოკავშირეები ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რასაც თავად ჯადოქრები ვერ შეძლებდნენ, მაგალითად ქარის გამოგზავნა ჩემს დასადევნად ან ლიდიასთვის წიწილას გაგზავნა, რომელმაც კინაღამ ჭკუიდან შეშალა. 

 გარედან თავისებური, გახანგრძლივებული სტვენის ხმა გავიგე. ზუსტად ეს ხმა ჩამესმა დონა სოლედადის სახლში ორი დღის წინ. ამჯერად ვიცოდი, რომ ეს იაგუარი იყო. ხმას არ შევუშინებივარ. ფაქტობრივად, მის სანახავად გარეთ გასვლას ვაპირებდი, რომ ლა გორდამ შემაჩერა. 

 - შენ ჯერ კიდევ არასრული ხარ. - თქვა მან. - მოკავშირეები შუაზე დაგფლითავენ, თუ მათთან დამოუკიდებლად გახვალ. განსაკუთრებით ის გაბედულთაგანი, რომელიც ახლა გარეთ ტრიალებს. 

 - ჩემი სხეული თავს ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს. - გავაპროტესტე. 

 მან ზურგზე ხელი დამკრა და იმ სკამზე დამაგდო, რომელზეც ვწერდი. 

 - შენ ჯერ კიდევ არასრული ხარ. - თქვა მან. - მუცელში უზარმაზარი ხვრელი გაქვს და ამ მოკავშირეების ძალა შენგან ნამცეცსაც არ დატოვებს. მათ არ ეხუმრო. 

 - რა უნდა გააკეთო, როცა მოკავშირე შენთან ასე მოდის?  

 - მათთან კონტაქტში არ შევალ. ნაგვალმა მასწავლა, რომ გაწონასწორებული ვყოფილიყავი და არაფერი არ მეძია დიდი მონდომებით. მაგალითად, მე უკვე ვიცი, რომელი მოკავშირეები იქნებიან შენთან, თუ აყიროს შოვნას და მასში მოკავშირეების მოთავსებას შეძლებ. შენ შესაძლოა მონდომებული იყო მათთან კავშირის დასამყარებლად. მაგრამ მე არ ვარ. დიდი შანსია, რომ მე არასოდეს მივიღებ მათ. ჩემთვის თავის ტკივილები არიან. 

 - რატომ? 

 -  იმიტომ, რომ ამ ძალებს უკანასკნელ წვეთამდე შეუძლიათ შენი ძალების დაცლა. ნაგვალმა თქვა, რომ საკუთარ დანიშნულებას და თავისუფლებას ამქვეყნად არაფერი ჯობია. ოდესმე, როცა გამთლიანებული გახდები, ალბათ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება, დავიტოვებთ თუ არა მათ. 

 ლა გორდას ვუთხარი, რომ იაგუარი მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მასში რაღაც გადამეტებული. ლა გორდამ შემომხედა. თვალებში გაკვირვება ეტყობოდა. 

 - მართლა გეუბნები, მე ის ნამდვილად მომწონს.

 - მითხარი, რა დაინახე? - მკითხა მან. 

 იმ მომენტში მივხვდი, რომ რატომღაც ავტომატურად ვივარაუდე, ლა გორდასაც იგივე არსებები უნდა დაენახა, რაც მე. მას დეტალურად აღვუწერე ოთხივე მოკავშირე. ყურადღებით მისმენდა. როგორც ჩანს, ჩემი აღწერილობით გაოცებული იყო. 

 - მოკავშირეებს ფორმა არ გააჩნიათ. - თქვა მან, როცა დავასრულე. - ისინი ქარს ჰგვანან. პირველი, რომელიც დღეს ვნახეთ, სიბნელეს ჰგავდა, რომელსაც ჩემს სხეულში შეღწევა უნდოდა. ამიტომაც ვყვიროდი. ვიგრძენი, როგორ მეხვეოდა ფეხებზე. დანარჩენები მხოლოდ ფერებად აღვიქვი. თუმცა, მათი ბზინვარება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბილიკს დღესავით ვხედავდი. 

 მისმა განცხადებებმა გამაოცა. წლების განმავლობაში ბრძოლისა და იმ ღამით ჩვენი მათთან შეხვედრის საფუძველზე რატომღაც დავრწმუნდი, რომ მოკავშირეებს კონსესუალური ფორმა ჰქონდათ, ერთგვარი სუბსტანცია, რომლის აღქმაც ყველა ადამიანს ერთნაირად შეეძლო. 

 ლა გორდას ხუმრობით ვუთხარი, რომ ჩემს ჩანაწერებში უკვე დავწერე, - მოკავშირეები ფორმის მქონე არსებები არიან მეთქი. 

 - ახლა რა უნდა ვქნა? - ვკითხე რიტორიკულად?

 - ძალიან მარტივია. - თქვა მან. - დაწერე, რომ არ არიან. 

 ვიფიქრე, რომ აბსოლუტურად მართალი იყო. 

 - რატომ აღვიქვამ მათ ურჩხულებად? 

 - ეს საიდუმლო არ არის. შენ ჯერ კიდევ არ დაგიკარგავს საკუთარი ადამიანური ფორმა. იგივე რაღაც მეც დამემართა. მოკავშირეებს ადამიანებად ვხედავდი. ყველა მათგანი ინდიელი იყო, საშინელი სახეებით და ცუდი გარეგნობით. უკაცრიელ ადგილებში მელოდნენ. მეგონა, რომ როგორც ქალს, გასაუპატიურებლად მომდევდნენ. ნაგვალი ჩემს შიშებზე სიცილით კვდებოდა. მაგრამ, მე უკვე შიშისგან ისედაც ნახევრად მკვდარი ვიყავი. ერთ-ერთი მათგანი ჩემს საწოლზე ჯდებოდა და იქამდე მანჯღრევდა, სანამ არ გავიღვიძებდი. შიში, რომელიც მოკავშირემ განმაცდევინა, აღარ მინდა, რომ განმეორდეს, თუნდაც ახლა, როდესაც შეცვლილი ვარ. ამაღამ დავრწმუნდი, რომ მოკავშირეების ისევე მეშინია, როგორც ადრე. 

 - შენ გინდა თქვა, რომ მათ ადამიანებად აღარ აღიქვამ? 

 - არა. უკვე აღარ. ნაგვალმა გითხრა, რომ მოკავშირეებს ფორმა არ აქვთ. ის მართალია. მოკავშირე მხოლოდ თანმყოფობაა, დამხმარე, რომელიც არაფერია მაგრამ ამავდროულად მაინც ისეთივე რეალურია, როგორც შენ და მე. 

 - პატარა დებიც ხედავენ მოკავშირეებს? 

 - ამა თუ იმ დროს ისინი ყველას ჰყავს ნანახი. 

 - მოკავშირეები მათთვისაც მხოლოდ ძალას წარმოადგენენ?

 - არა. ისინი შენსავით არიან. არც მათ დაუკარგავთ ჯერჯერობით ადამიანური ფორმა. ყველა მათგანისთვის, პატარა დებისთვის, ხენაროებისთვისდა სოლედადისთვის, მოკავშირეები საშინელი ქმნილებები არიან. მათთვის მოკავშირეები ღამის საზარელ ქმნილებებს განასახიერებენ. ლიდიას, ჟოზეფინას და პაბლიტოს მოკავშირეების უბრალოდ ხსენებაც ცუდად ხდის. როზას და ნესტორს მათი არ ეშინიათ, მაგრამ მათთან რაიმე კავშირის დამყარება არ უნდათ. ბენიგნოს თავისი მიდგომა აქვს და მოკავშირეებით შეწუხებული არ არის. მაგრამ, სხვები მოკავშირეებისთვის ადვილი მსხვერპლები არიან, განსაკუთრებით ახლა, როცა ისინი ნაგვალის და ხენაროს აყიროებიდან გარეთ არიან გამოსულნი. ისინი სულ შენს საძებნელად მოდიან. 

 ნაგვალმა მითხრა, რომ სანამ ადამიანი თავის ადამიანურ ფორმას ეჭიდება, მათ ფორმის არეკვლა შეუძლიათ, ხოლო ვინაიდან მოკავშირეები პირდაპირ ჩვენი მუცლის ცენტრიდან სასიცოცხლო ძალით იკვებებიან, ისინი ჩვეულებრივ ავად გვხდიან და მათ საშინელ, მახინჯ არსებებად აღვიქვამთ. 

 - არსებობს თუ არა რაიმე გზა საკუთარი თავის დასაცავად ან მათი ფორმის შესაცვლელად?

 - ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, თქვენი ადამიანური ფორმის დაკარგვაა. 

 - რას გულისხმობ? 

 ჩემს შეკითხვას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცარიელი მზერით მიყურებდა, თითქოს მელოდა, როდის გავარკვევდი საკითხს. მცირე დროით თვალები დახუჭა. 

 - შენ არაფერი იცი ადამიანური ყალიბისა და ადამიანის ფორმის შესახებ? - მკითხა მან.

 ლა გორდას მზერა შევავლე. 

 - ახლახან დავინახე, რომ შენ ამის შესახებ არაფერი იცი. - თქვა მან და გაიღიმა. 

 - აბსოლუტურად მართალი ხარ. - ვუთხარი მე.

 - ნაგვალმა მითხრა, რომ ადამიანის ფორმა ძალაა. ხოლო ადამიანის ყალიბი... მოკლედ... ყალიბია. მან თქვა, რომ ყველაფერს აქვს კონკრეტული ყალიბი. მცენარეებს აქვთ თავიანთი ყალიბი, ცხოველებს თავისი, ჭიებს თავისი. დარწმუნებული ხარ, რომ ნაგვალს შენთვის არასოდეს უჩვენებია ადამიანის ყალიბი?

 ვუთხარი, რომ მან ერთხელ ძალიან გაკვრით დამიხატა ყალიბის კონცეფცია, ისიც მაშინ, როცა ჩემს მიერ ნანახი სიზმრის ახსნას ცდილობდა. სიზმარში ვნახე კაცი, რომელიც თითქოს ბნელ ხევში იმალებოდა. მისმა იქ პოვნამ შემაშინა. ამ კაცს ერთი წამით შევხედე, მანაც შემამჩნია და თავისი თავი ჩემთვის ხილული გახადა, სიბნელიდან გამოვიდა. შიშველი იყო და მისი სხეული ანათებდა. სუსტი იყო. მისი თვალები მომეწონა. მეგობრული და ღრმა თვალები ჰქონდა. ვიფიქრე, რომ ეს კაცი ძალიან კეთილი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ იგი თავის სიბნელეში შებრუნდა და მისი თვალები ორ მანათობელ სარკეს დაემსგავსა, როგორც მრისხანე ცხოველის მზერა. 

 დონ ხუანმა მითხრა, რომ სიზმარხილვაში ადამიანურ ყალიბს შევხვდი. მან განმიმარტა, რომ ჯადოქრებს აქვთ საკუთარი საშუალებები სიზმარხილვისთვის, რათა მან ისინი ყალიბამდე მიიყვანოს. მან დასძინა, რომ ადამიანური ყალიბი სინამდვილეში არის არსება, რომელიც შესაძლებელია გარკვეულ დროს ვნახოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ძალაუფლებით ვართ განმსჭვალულნი, ხოლო ყოველი ჩვენგანი მას უეჭველად ნახავს, როდესაც სიკვდილის მომენტი გვიდგება. მან ყალიბი აღწერა, როგორც ადამიანური ქმნილების წარმოშობის წყარო, ვინაიდან სასიცოცხლო ძალის გაერთიანების ფორმის გარეშე, არ არსებობდა საშუალება, რომ ეს ძალა ადამიანურ ფორმაში გაერთიანებულიყო. 

 მან ჩემი სიზმარი განმარტა, როგორც მოკლე და არაჩვეულებრივად გამარტივებული ხილვა ყალიბის შესახებ. დონ ხუანმა მითხრა, რომ ამ სიზმარმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რამდენად ცალმხრივი და მიწიერი ადამიანი ვიყავი. 

 ლა გორდამ ჩაიცინა და თქვა, რომ საკუთარ თავზე თვითონაც იმავეს იტყოდა. ყალიბის დანახვა, როგორც შიშველი ადამიანის ან ცხოველის აღქმა, მართლაც ძალიან გამარტივებული ხილვა იყო. 

 - ალბათ ეს უბრალოდ სულელური, ჩვეულებრივი სიზმარი იყო. - ვთქვი თავის დაცვის მცდელობით. 

 - არა. - თქვა მან ფართო ღიმილით. - ადამიანური ყალიბი ანათებს და იგი ყოველთვის წყლის ხევებში და ვიწრო კლდოვან ადგილებში გვხვდება. 

 - რატომ წყლის ხევებში?

 - რადგან იგი წყლით იკვებება. წყლის გარეშე ყალიბი არ არსებობს. - მიპასუხა მან. - ვიცი, რომ ნაგვალს რეგულარულად დაჰყავდი წყლის ორმოებში იმ იმედით, რომ შენთვის ყალიბი ენახებინა. მაგრამ შენმა სიცარიელემ ხელი შეგიშალა მის დანახვაში. მეც იგივე დამემართა. იგი წყლის ორმოს ცენტრში, კლდეზე შიშველი მაწვენდა. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ რაღაცის არსებობას ვგრძნობდი, რაც სიგიჟემდე მაშინებდა. 

- რატომ უშლის ხელს ადამიანის სიცარიელე ყალიბის დანახვას? 

 - ნაგვალმა თქვა, რომ სამყაროში ყველაფერი არის ძალა, მოზიდვა ან ბიძგი. იმისათვის, რომ რაღაცაც მიგვიზიდოს ან ბიძგი მოგვცეს, ჩვენ იალქანს უნდა ვგავდეთ, რომელსაც ქარში ფრთები აქვს გაშლილი. მაგრამ თუ ჩვენი სინათლის შუაში ხვრელი გვაქვს, ძალა მასში გადის და ჩვენზე არასოდეს მოქმედებს.

 ნაგვალმა მითხრა, რომ ხენაროს ძალიან მოსწონდი და ცდილობდა გაგეცნობიერებინა შენში არსებული ხვრელი. მან ამ ხვრელიდან ისე გამოგქაჩა, რომ დიარეა დაგემართა, მაგრამ შენ ვერასდროს იგებდი, იგი რის გაკეთებას ცდილობდა. 

 - რატომ არ მითხრეს მათ ამის შესახებ ისე გარკვევით, როგორც ახლა შენ მომიყევი?

 - გითხრეს, მაგრამ შენ ვერც კი შეამჩნიე მათი სიტყვები. - მისი განცხადების დაჯერება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იმაზე დათანხმება, რომ მათ ამის შესახებ მითხრეს და მე ვერ გავიგე, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. 

 - ოდესმე გინახავს ყალიბი, გორდა?

 - დიახ. როდესაც ისევ გამთლიანებული გავხდი. იმ წყლის ხვრელში ერთხელ მარტო მივედი და ის იქ დამხვდა. ეს იყო კაშკაშა, მანათობელი არსება. მისთვის შეხედვა არ შემეძლო. მაგრამ მისი თანდასწრებით ყოფნაც კი საკმარისი იყო. თავს ბედნიერად და ძლიერად ვგრძნობდი. სხვა არაფერი მსურდა იქ ყოფნის გარდა. საერთოდ არაფერი. ნაგვალმა თქვა, რომ ხანდახან, თუ საკმარისი პირადი ძალა გვაქვს, შესაძლოა ყალიბს მზერა მოვკრათ, მაშინაც კი, თუ ჯადოქრები არ ვართ. როდესაც ეს მოხდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი ვნახეთ. მან თქვა, რომ თუ მას ღმერთს ვუწოდებთ, ეს სიმართლეა. ყალიბი ღმერთია. 

 ძალიან მიჭირდა ნაგვალს დავთანხმებოდი, რადგან ძალიან რელიგიური ქალი ვიყავი. სხვა არაფერი გამაჩნდა, გარდა ჩემი მრწამსისა. როცა მოვისმინე, რაც ნაგვალმა მითხრა, კანკალი ამივარდა. მაგრამ შემდეგ, როცა მთლიანი გავხდი და სამყაროს ძალებმა ჩემი ბიძგება დაიწყეს, უკვე ვიცოდი, რომ ნაგვალი მართალი იყო. ყალიბი ღმერთია. შენ რას ფიქრობ?

 -  რომ ვნახავ, მერე გეტყვი.

 მან გაიცინა და თქვა, რომ ნაგვალი დამცინოდა და ჩემზე ამბობდა, რომ როცა ყალიბს დავინახავდი, ალბათ ფრანცისკიანელი მეუფე გავხდებოდი, რადგან შინაგანად რელიგიური სული ვიყავი. 

 - ის ყალიბი, რომელიც დაინახე, კაცი იყო თუ ქალი? - ვკითხე მას.

 - არც ერთი. უბრალოდ მანათობელი ადამიანი იყო. ნაგვალმა მითხრა, რომ შემეძლო საკუთარი თავისთვის რამე მეთხოვა. მეომარი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მაგრამ მე ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეთხოვა. ასეც ჯობდა. მასზე ყველაზე ლამაზი მოგონება მაქვს. ნაგვალმა თქვა, რომ საკმარისი ძალის მქონე მეომარი ყალიბს ბევრჯერ ხედავს. რა დიდი იღბალი უნდა იყოს ეს! 

  - მაგრამ თუ ადამიანის ყალიბი არის ის, რაც გვაერთიანებს, მაშინ, რა არის ადამიანის ფორმა?

 - რაღაც წებოვანი ძალა, რომელიც ისეთ ადამიანად გვაქცევს, როგორებიც ვართ. ნაგვალმა მითხრა, რომ ადამიანის ფორმას ფორმა არ აქვს. მოკავშირეების მსგავსად, რომელსაც იგი აყიროებით დაატარებდა, ადამიანური ფორმა არაფერია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი უფორმოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გვფლობს და სიკვდილამდე არ გვტოვებს. მე არასოდეს მინახავს ადამიანის ფორმა, მაგრამ იგი საკუთარ სხეულში მიგრძნია.

 შემდეგ მან აღწერა ძალიან რთული სენსაციების სერია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა და რაც მძიმე ავადმყოფობით დასრულდა. სხეულის ასეთი მდგომარეობის შედეგი იყო ეფექტები, რომელთა შესახებაც გულის შეტევის სახელით მქონდა წაკითხული. მან თქვა, რომ ადამიანის ფორმამ, როგორც არსებულმა ძალამ, მისი სხეული სერიოზული შინაგანი ბრძოლის შედეგად დატოვა, რაც ავადმყოფობის სახით გამოიხატა. 

 - ისე ჟღერს, თითქოს გულის შეტევა გადაიტანე. - ვუთხარი მე. 

 - შეიძლება გადავიტანე კიდეც. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. იმ დღეს ადამიანური ფორმა დავკარგე. იმდენად სუსტად ვიყავი, რომ საწოლიდან ადგომაც არ შემეძლო. იმ დღიდან მოყოლებული აღარ მქონია ენერგია, რომ ჩემი ძველი მე ვყოფილიყავი. დროდადრო ვცდილობდი ჩემი ძველი ჩვევები აღმედგინა, მაგრამ ისინი აღარ მსიამოვნებდა, როგორც წარსულში ვიყავი მიჩვეული. საბოლოოდ, მცდელობას თავი დავანებე. 

 - რა აზრი დევს ფორმის დაკარგვაში? 

 - მეომარმა ცვლილების მიზნით ადამიანის ფორმა უნდა დაკარგოს. ნამდვილ ცვლილებას ვგულისხმობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილების შესახებ მხოლოდ ლაპარაკი შეიძლება, როგორც მაგალითად შენთან დაკავშირებით. ნაგვალმა თქვა, რომ ჩვევების შეცვლაზე ფიქრი და იმედი უსარგებლოა. ადამიანი საკუთარ თავში მისხალსაც ვერ შეცვლის, სანამ თავის ადამიანურ ფორმას ეჭიდება. ნაგვალმა მითხრა, რომ მეომარმა იცის, იგი ვერ შეიცვლება, თუმცა მიუხედავად ამისა ყველაფერს ცდილობს ცვლილებისათვის, თუნდაც იცოდეს, რომ ამას ვერ შეძლებს. ეს არის მეომრის ერთადერთი უპირატესობა ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით. მეომარს არასდროს უცრუვდება იმედები, როდესაც ცვლილებას ვერ ახერხებს. 

 - მაგრამ, შენ მაინც შენი თავი ხარ, ასე არაა, გორდა? 

 - არა. უკვე აღარ. ერთადერთი, რაც გაფიქრებინებს, რომ საკუთარი თავი ხარ, ეს ადამიანური ფორმაა. როცა ის წავა, შენ არაფერი ხარ.

 - მაგრამ შენ მაინც ლაპარაკობ, ფიქრობ და გრძნობ, როგორც ყოველთვის, არა?

 - არა. მე ახალი ვარ. 

 მან გაიცინა და ისე ჩამეხუტა, თითქოს ბავშვს ანუგეშებდა. 

 - მხოლოდ ელიჰიომ და მე დავკარგეთ ჩვენი ფორმა. - განაგრძო მან. - ის იყო ჩვენი დიდი იღბალი, რომ ეს მანამდე შევძელით, სანამ ნაგვალი ჩვენს შორის იყო. თქვენ, ხალხო, საშინელი დროება გექნებათ. ასეთია თქვენი ბედისწერა. მომდევნოს, ვინც ფორმას დაკარგავს, მე მხოლოდ კომპანიონად ვეყოლები. უკვე ვწუხვარ მის გამო, ვინც არ უნდა იყოს იგი. 

 - კიდევ რას გრძნობდი, როცა ფორმა დაკარგე, იმის გარდა, რომ საკმარისი ენერგია არ გქონდა? 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ ფორმის გარეშე მეომარი თვალის დანახვას იწყებს. მე ყოველ ჯერზე თვალს ვხედავდი, როცა თვალებს ვხუჭავდი. მოსვენება აღარ შემეძლო. თვალი ყველგან დამყვებოდა, სადაც არ უნდა წავსულიყავი. კინაღამ გავგიჟდი. ბოლოს, ასე ვთქვათ, შევეჩვიე. ახლა მას ვერც ვამჩნევ, რადგან ჩემი ნაწილი გახდა. 

 უფორმო მეომარი ამ თვალს სიზმარხილვის დასაწყებად იყენებს. თუ ფორმა აღარ გაქვს, სიზმარხილვისთვის დაძინება აღარ გჭირდება. ნებისმიერ დროს, როცა იქ წასვლა მოგინდება, თვალი წაგიყვანს.

 - ზუსტად სად არის ეს თვალი, გორდა?

 მან თვალები დახუჭა და ხელი ზუსტად მისი სახის წინ გაიწვდინა. 

 - ზოგჯერ თვალი ძალიან პატარაა, ზოგჯერ კი უზარმაზარი. - განაგრძო მან. - როცა პატარაა, შენი სიზმარხილვა ძალიან დეტალური და ზუსტია. როცა იგი დიდია, სიზმარხილვა მთების თავზე ფრენას და მრავალი რაღაცის დანახვას ჰგავს. ჯერ საკმარისი სიზმარხილვის პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ ნაგვალმა მითხრა, რომ ეს თვალი ჩემი კოზირია. ერთ დღესაც, როცა ჭეშმარიტად უფორმო გავხდები, თვალს აღარ დავინახავ. თვალიც ჩემსავით არაფერი გახდება და მიუხედავად ამისა, იგი ჩემთვის მოკავშირეს მსგავსი იქნება. ნაგვალმა თქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ადამიანური ფორმით ვხედავთ. როცა ფორმა არ გვაქვს, მაშინ სხვა დანარჩენსაც აღარ აქვს ფორმა და მაინც, ყველაფერი არსებობს. ადრე ვერ გავიგე ამაში რას გულისხმობდა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო. მოკავშირეები არსებობენ და ასევე არის თვალიც. მაგრამ, ამჟამად ეს თვალი ჩემთვის ყველაფერია. ფაქტობრივად, ამ თვალის არსებობის გარდა სხვა არაფერი მჭირდება ჩემი სიზმრების გამოსახმობად და მათ გასახსენებლად, მაშინაც კი, როცა მღვიძავს. ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხე. ალბათ, შენნაირი ვარ, ცოტათი ჯიუტი და ზარმაცი.

 - ჰაერში როგორ აფრინდი, რაც ამაღამ მიჩვენე? 

 - ნაგვალმა მასწავლა, როგორ გამომეყენებინა ჩემი სხეული სინათლის წარმოსაქმნელად. როცა ამას ვაკეთებ, ნაპერწკლები სამყაროს ხაზებს იზიდავს. როცა ერთ მათგანს მაინც დავინახავ, შემდეგ მასზე მიბმა ადვილია. 

 - როგორ იჭერ?

 - ვიღებ და ვეჭიდები. 

 მან ხელით ჟესტი გააკეთა. თითები შეამჭიდროვა, მაჯებს შეუერთა და ერთგვარი თასი შექმნა, რომელიც თითებით ეკიდა. 

 - ხაზი უნდა დაიჭირო და მაჯებისგან არასოდეს დააშორო. - განაგრძო მან. - თუ ასე მოიქცევი, დაეცემი და კისერს მოიტეხ. 

 შეჩერდა და მაიძულა მისთვის შემეხედა, თანაც ველოდი, როდის გამიმჟღავნებდა მეტ ინფორმაციას.

 - ჩემი არ გჯერა, ასე არაა? - მკითხა მან. 

 პასუხის გაცემის დრო არ მომცა, ჩაიცუცქა და კვლავ დაიწყო ნაპერწკლების წარმოება. მე მშვიდად და ცენტრირებულად ვაკვირდებოდი მის ქმედებას ჩემი განუყოფელი ყურადღებით. როდესაც თითები გაშალა, მისი კუნთის ყველა ბოჭკო ერთბაშად დაიძაბა. როგორც ჩანს, ეს დაძაბულობა მისი თითების წვერებზე იყო ორიენტირებული, საიდანაც იგი სინათლის ნაპერწკლებს ისროდა. 

 - ამას როგორ აკეთებ, გორდა? - ვკითხე მისი მოქმედებით ჭეშმარიტად გაოცებულმა.

 - ნამდვილად არ ვიცი. - თქვა მან. - უბრალოდ ვაკეთებ. ეს აქამდე ბევრჯერ გამიკეთებია და ჯერაც არ ვიცი, როგორ ვაკეთებ. როდესაც ერთ-ერთ სხივს ვიჭერ, ვგრძნობ, რომ რაღაც მიზიდავს. ერთდაერთი, რასაც ვაკეთებ ის არის, რომ ამ ხაზებს ვჭერ და ჩემკენ ვიზიდავ. როცა უკან დაბრუნება მინდა, ვგრძნობ, რომ ხაზს ჩემი გაშვება არ უნდა და ვღელავ. ნაგვალმა თქვა, რომ ეს ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა. იმდენად დიდ შფოთვაში ვარდები, რომ ერთხელაც სხეულს დავიზიანებ. მაგრამ, შემდეგ ვხვდები, რომ ერთხელაც, კიდევ უფრო უფორმო ვიქნები და აღარ შემეშინდება, ასე რომ, იმ დღემდე უნდა გავუძლო. ახლა კარგად ვარ. 

 - მაშინ მითხარი, როგორ გიზიდავენ ეს ხაზები?

 - ისევ იმავე ადგილას დავბრუნდით. არ ვიცი. ნაგვალმა შენს შესახებ გამაფრთხილა. ისეთი რამ გინდა იცოდე, რისი ცოდნაც შეუძლებელია. 

 იმის ახსნას ვცდილობდი, რომ პროცედურებს მივყვებოდი. საბოლოოდ, ყველანაირ ახსნა-განმარტების ძებნაზე უარი ვთქვი, რადგან განმარტებები არაფერს მიხსნიდნენ. 

 - როგორ ისწავლე, რომ შენს სხეულს სამყაროს ხაზები დაეჭირა?

 - სიზმარხილვაში ვისწავლე. - მიპასუხა მან. - მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი როგორ. მეომარი ქალისთვის ყველაფერი სიზმარხილვაში იწყება. ნაგვალმა მეც იგივე მითხრა, რაც შენ, რომ თავდაპირველად სიზმარში ჩემი ხელები მომეძებნა. მე მათ საერთოდ ვერ ვპოულობდი. ჩემს სიზმრებში ხელები არ მქონდა. წლების მანძილზე საერთოდ ვერ ვახერხებდი მათ პოვნას. ყოველ დაძნებამდე ჩემს თავს ბრძანებას ვაძლევდი, რომ ხელები მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. არასდროს მიპოვია რაიმე ჩემს სიზმრებში. ნაგვალი ჩემთან დაუნდობელი იყო. იგი მეუბნებოდა, რომ ან ხელებს ვიპოვიდი, ან დავიღუპებოდი. ამიტომ მოვიტყუე, რომ სიზმარში ჩემი ხელები ვიპოვე. ნაგვალს სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ ხენარომ ქუდი მიწაზე დააგდო და მასზე ცეკვა დაიწყო. მან თავში ხელი წამითაქა და მითხრა, რომ მე მართლაც დიდებული მეომარი ვიყავი. რაც უფრო მაქებდა, მით უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს. ვაპირებდი ნაგვალისთვის სიმართლე მეთქვა, რომ უცებ ზურგს უკან შეშლილმა ხენარომ ყველაზე ხმამაღლა და გაუთავებლად მომაკუა, რაც კი ოდესმე გამიგია. მისმა წნევამ რეალურად მიბიძგა. ცხელ ქარს ჰგავდა, ამაზრზენი და სუნიანი, ისეთივე, როგორც მე. ნაგვალი კინაღამ სიცილით გაიგუდა. 

 სახლთან გავიქეცი და იქ დავიმალე. მაშინ ძალიან მსუქანი ვიყავი. სულ ვჭამდი და ბევრი გაზი მქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ცოტა ხნით არ მეჭამა. ლიდია და ჟოზეფინა დამეხმარა. ოცდასამი დღე არაფერი მიჭამია და ერთ ღამეს სიზმარშ ჩემი ხელები ვიპოვე. ისინი ბებრები, უშნოები და მწვანეები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩემები იყვნენ. ასე რომ, ეს იყო დასაწყისი. დანარჩენი ადვილი იყო.

 - რა იყო დანარჩენი? 

 - მომდევნო, რაც ნაგვალს უნდოდა რომ გამეკეთებინა, იყო სიზმრებში სახლების და შენობების პოვნა, რომელთა გამოსახულებებიც ჩემი მზერით არ უნდა დამეშალა. მან თქვა, რომ სიზმარმხილველის ხელოვნება, მისი სიზმრისეული გამოსახულებების შენარჩუნებას წარმოადგენს. ნაგვალმა თქვა, სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

 - რას გულისხმობდა იგი ამაში?

 - ჩვენი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ხელოვნება არის ის, რომ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ იმის გამოსახულება, რასაც ვუყურებთ. ნაგვალმა თქვა, რომ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაგრამ, არ ვიცით როგორ. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ, ანუ ჩვენი სხეული ამას აკეთებს. სიზმარშიც იგივე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სიზმარში ამის გაკეთება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა მხოლოდ დასაფიქსირებლად, არამედ დასაფიქსირებლად და შესანარჩუნებლად. 

 ნაგვალმა მითხრა, რომ სიზმარში ჭიპის სამაგრი მეპოვა. დიდი დრო დამჭირდა, რადგან ვერ მივხვდი, რას გულისმხობდა. მან თქვა, რომ სიზმარში ყურადღებას ჭიპის მეშვეობით ვახორციელებთ, ამიტომ იგი დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ცოტა სითბო ან განცდა, რომ ჭიპს რაღაც აჭერს, რათა სიზმარში გამოსახულებები შევინარჩუნოთ.

 სიზმარში კენჭი ვიპოვე, რომელიც ჩემს ჭიპს ერგებოდა. ნაგვალი მაიძულებდა, ყოველ დღე მეძებნა იგი წყლის ორმოებში და კანიონებში, სანამ არ ვიპოვე. მას ქამარი გავუკეთე და დღემდე ვიკრავ წელზე, დღისით და ღამით. მისმა ტარებამ სიზმრებში გამოსახულებების შენარჩუნება გამიადვილა. 

 შემდეგ ნაგვალმა დავალება მომცა, რომ სიზმარში კონკრეტულ ადგილებზე წავსულიყავი. დავალებას ნამდვილად კარგად ვასრულებდი, მაგრამ ამ დროს ფორმა დავკარგე და ჩემს წინ თვალის დანახვა დავიწყე. ნაგვალმა თქვა, რომ თვალმა ყველაფერი შეცვალა და მიბრძანა მისი გამოყენება დამეწყო, რათა საკუთარი თავი ნებისმიერი მიმართულებით გამექაჩა. მან თქვა, რომ სიზმარში ჩემს ორეულთან მისასვლელად დრო არ მქონდა, თუმცა ეს თვალი უკეთესიც კი იყო. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ახლა აღარ მაინტერესებს. ამ თვალის საუკეთესოდ გამოყენება შევძელი. მას ჩემს სიზმრებში მოძრაობისთვის ვიყენებ. თვალებს ვხუჭავ და ისე ვიძინებ, როგორც არაფერი, თუნდაც დღისით ან ნებისმიერ ადგილას. თვალი მიზიდავს და სხვა სამყაროში შევდივარ. უმეტესად, უბრალოდ მასში ვტრიალებ. ნაგვალმა მე და პატარა დებს გვითხრა, რომ მენსტრუაციის დროს სიზმრები ძალა ხდება. ცოტათი გიჟი ვხდები. ვიტყოდი, რომ უფრო გაბედული ვხდები. როგორც ნაგვალმა გვიჩვენა, იმ დღეებში ჩვენს თვალწინ ბზარი იხსნება. შენ ქალი არ ხარ, ამიტომ ახლა აზრი ვერ გამოგაქვს, რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მენსტრუაციამდე ორი დღით ადრე ქალს შეუძლია გახსნას ეს ბზარი და სხვა სამყაროში გადავიდეს.

 მარცხენა ხელით მიჰყვა უხილავი ხაზის კონტურს, რომელიც თითქოს მის წინ, ხელის სიგრძეზე დარბოდა. 

 - ამ დროს, თუ ქალს სურვილი აქვს, შეუძლია სამყაროში გამოსახულებები გაუშვას. - განაგრძო ლა გორდამ. - ეს არის ბზარი სამყაროებს შორის და როგორც ნაგვალმა თქვა, იგი ყველა ქალის თვალწინ იმყოფება. 

 ნაგვალის აზრით, ქალები კაცებზე უკეთესი ჯადოქრები არიან, რადგან მათ ყოველთვის თვალწინ აქვთ ბზარი, მაშინ როცა მამაკაცებმა იგი თავად უნდა შექმნან. 

 ისე, სამყაროს ხაზებზე ფრენა სიზმრებში სწორედ მენსტრუაციისას ვისწავლე. ასევე, ვისწავლე ტანით ნაპერწკლების კეთება ხაზების მოსაზიდად და შემდეგ მათი დაჭერა. ეს არის ყველაფერი, რაც აქამდე სიზმარში ვისწავლე.

 გამეცინა და ლა გორდას ვუთხარი, რომ წლების მანძილზე სიზმარხილვის მიუხედავად, მისთვის არაფერი მქონდა საჩვენებელი.

 - შენ სიზმარში ისწავლე, როგორ მოგეხმო მოკავშირეები. - თქვა მან ბრწყინვალე დარწმუნებულობით.

 ვუპასუხე, რომ ამ ბგერების გამოცემა დონ ხუანმა მასწავლა. შევატყვე, რომ არ დამიჯერა. 

 - მოკავშირეები შენთან უნდა მოვიდნენ, რადგან ისინი მის სიკაშკაშეს ეძებენ. - თქვა მან. - ანუ ნათებას, რომელიც მან შენთან დატოვა. მან მითხრა, რომ ყველა ჯადოქარს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სინათლე აქვს გასაცემად. ასე რომ, მან ყველა თავის შვილს კანონის შესაბამისად გაუნაწილა სინათლე, რომელიც ნაგვალამდე რაღაც უზარმაზარი სივრციდან მოვიდა. შენს შემთხვევაში მან საკუთარი დაძახილიც კი მოგცა. 

 ენა გაატკაცუნა და თვალი ჩამიკრა. 

 - თუ ჩემი არ გჯერა, რატომ არ გამოსცემ ნაგვალის მიერ ნასწავლ ხმას და შეამოწმებ, მოვლენ თუ არა მოკავშირეები შენთან? 

 ამის გაკეთების ხალისს არ ვგრძნობდი. არა იმიტომ, რომ მჯეროდა, თითქოს ჩემს ხმას შედეგი არ ექნებოდა, არამედ არ მინდოდა, რომ ლა გორდასთვის განწყობა გამეფუჭებინა. 

 ერთი წუთით მელოდა და როცა დარწმუნდა, რომ არაფრის ცდას არ ვაპირებდი, ხელი პირთან მიიტანა და სრულყოფილად მიბაძა ჩემს მიერ გამოცემულ ხმას. ამას ხუთი ან ექვსი წუთის განმავლობაში იმეორებდა და მხოლოდ ჩასასუნთქად ჩერდებოდა. 

 - გესმის, რას ვგულისხმობ? - მკითხა გაღიმებულმა - მოკავშირეები ჩემზე არ ღელავენ, რაც არ უნდა ჰგავდეს იგი შენს ხმას. ახლა თავად სცადე. 

 ვცადე. რამდენიმე წამში პასუხიც გავიგე. ლა გორდა ფეხზე წამოხტა. მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ჩემზე უფრო მეტად იყო გაკვირვებული. მან სასწრაფოდ მაიძულა გავჩერებულიყავი, ფარანი ჩააქრო და ჩემი ჩანაწერები შეკრიბა. 

 კარების გაღებას აპირებდა, მაგრამ უეცრად შეჩერდა. კარის მიღმა ყველაზე შემზარავი ხმა გაისმა. ღრიალივით ჩამესმა. გაგონილი ხმა იმდენად საშინელი და ავისმომასწავებელი იყო, რომ ორივენი უკან გადავხტით. ჩემი ფიზიკური აღგზნება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილის ქონის შემთხვევაში თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი. 

 კარს რაღაც მძიმე ეყრდნობოდა. კარი ყანყალებდა და ტკაცუნობდა. ლა გორდას შევხედე. ჩემზე მეტად შეშფოთებული ჩანდა. ისევ მკლავგაშლილი, იგივე პოზაში იდგა, თითქოს კარი უნდა გაეღო. პირი ღია ჰქონდა. გაყინულს ჰგავდა. 

 ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, კარი ჩამოვარდნილიყო. საშინელი ზეწოლა არა მხოლოდ კარზე იგრძნობოდა, არამედ მთელი სახლის გარშემო. 

 ლა გორდა ფეხზე წამოდგა და მითხრა, უკნიდან სწრაფად ჩავხუტებოდი და ხელები მის ჭიპთან შემეტყუპებინა. შემდეგ მან ხელებით უცნაური მოძრაობა შეასრულა. მან ეს ოთხჯერ გააკეთა. ამის შემდეგ, განსხვავებული, უცნაური მოძრაობა შეასრულა. ხელები ისე დაიჭირა, თითქოს ორი უხილავი თოკი ეჭირა. ხელები ნელა გადაატრიალა, სანამ ხელისგულები დაბლა არ დახარა და ულამაზესი მოძრაობა გააკეთა, რომელშიც თითქოს მისი ყველა ხელის კუნთი იყო ჩართული. თითქოს ძალიან მძიმე კარს აწვებოდა და მის გაღებას ცდილობდა. ლა გორდას სხეული ძალისხმევით აკანკალდა. მკლავებს ნელა ამოძრავებდა, სანამ მეტაფორულად რაღაც არ გააღო. 

 მკაფიო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ როგორც კი მან "კარი" გააღო, ირგვლივ ქარი ამოვარდა. ძლიერმა ნიავმა დაგვიბერა და ჩვენ ფაქტობრივად კედელში გავიარეთ. უფრო სწორად, სახლის კედლებმა ჩვენში გაიარა ან მეც, ლა გორდამაც და სახლმაც იმ კარში გაიარა, რომელიც მან გააღო. უეცრად თავი გაშლილ მდელოზე ამოვყავი. მიმდებარე მთებისა და ხეების ბნელ ფორმებს ვხედავდი. ლა გორდას წელზე ხელები აღარ მქონდა შემოხვეული. ხმაურმა მაიძულა მაღლა ამეხედა, სადაც ათი ფუტის სიმაღლეზე გიგანტური ფუტკრის მსგავსი შავი სილუეტი დალივლივებდა. მუცელზე საშინელი ქავილი ვიგრძენი, შემდეგ კი  ლა გორდა მიწისკენ მოწყვეტით გამოექანა, მაგრამ დაცემის ნაცვლად, მიწაზე რბილად და ნაზად დაეშვა. 

 იმ მომენტში, როცა ლა გორდამ მიწაზე ფეხი დადგა, ჩემი ჭიპის არეში არსებული ქავილი საშინლად დამქანცველ, ნერვულ ტკივილში გადაიზარდა. თითქოს მისი დაშვება ჩემს შიგნეულობას გარეთ იზიდავდა. ტკივილისგან მთელი ხმით ვიყვირე. 

 ლა გორდას თითქოს სუნთქვა აღარ შეეძლო. ოფლში იწურებოდა.

 - აქედან უნდა მოვშორდეთ. - ჩაილაპარაკა მან. 

 პატარა დების სახლამდე მცირე გზა იყო გასავლელი. გარშემო არც ერთი მათგანი არ იყო. ლა გორდამ ფარანი აანთო და პირდაპირ ღია სამზარეულოსკენ წამიყვანა. იქ მან ტანზე გაიხადა და მთხოვა, რომ მის სხეულზე წყალი "ცხენივით შემესხა", ანუ ერთიანად გადამევლო. წყლით სავსე პატარა ტაშტი ავიღე და ნაზად დავასხი სხეულზე, მაგრამ მას უნდოდა, რომ წყალი ერთიანად შემესხა მასზე. 

 მან განმარტა, რომ მოკავშირეებთან კონტაქტმა, რომელიც მათთან იმ ღამით გვქონდა, ყველაზე მავნე ოფლიანობა გამოიწვია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩამოგვებანა. ტანსაცმელი გავიხადე და ლა გორდამ ყინულივით ცივი წყალი შემასხა. შემდეგ გასამშრალებლად სუფთა ქსოვილი მომცა და სახლში დავბრუნდით. ლა გორდამ ფარანი კედელზე ჩამოკიდა და წინა ოთახში, დიდ საწოლზე დაჯდა. მუხლები აწეული ჰქონდა და მისი სხეულის ყველა ნაწილს ვხედავდი. ლა გორდას შიშველ სხეულს ჩავეხუტე და სწორედ მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდა დონა სოლედადი, როცა ამბობდა, რომ იგი ნაგვალის ქალი იყო. ლა გორდა დონ ხუანივით უფორმო იყო. არ შემეძლო, ლა გორდაზე ისე მეფიქრა, როგორც ქალზე. 

 ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მაგრამ ლა გორდამ სამოსი ხელიდან წამართვა. მან თქვა, რომ სანამ მათ ხელახლა ჩავიცვამდი, მზეზე უნდა გამეფინა. მხრებზე დასაფარებლად პლედი მომაწოდა და ერთი თავისთვისაც აიღო. 

 - მოკავშირეების ეს თავდასხმა მართლაც საშინელი იყო. - თქვა მან, როდესაც საწოლზე ჩამოვჯექით. - ნამდვილად გაგვიმართლა, რათა მათ ხელიდან დავუსხლტით. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ მითხრა ნაგვალმა, რომ ხენაროს სახლში შენთან ერთად წავსულიყავი. ახლა ვიცი. ამ სახლის გარშემო მოკავშირეები ყველაზე ძლიერები არიან. თითქმის გამოგვიჭირეს. გაგვიმართლა, რომ ვიცოდი, როგორ წამოვსულიყავით იქიდან. 

 - ეს როგორ გააკეთე, გორდა?

 - მართლა არ ვიცი. უბრალოდ გავაკეთე. ასე ვთქვათ, ჩემმა სხეულმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როცა ამაზე ფიქრს ვცდილობ, არ შემიძლია. 

 ეს ორივესთვის დიდი გამოცდა იყო. ამ საღამომდე არ ვიცოდი, რომ თვალის გახელა შემეძლო, სანამ ეს არ გავაკეთე. მე რეალურად გავახილე თვალი, როგორც ამას ნაგვალი მეუბნებოდა. მე ვერასდროს ვახერხებდი ამის გაკეთებას, სანამ შენ არ მოხვედი. ვცადე, მაგრამ არასდროს მუშაობდა. ამჯერად იმ მოკავშირეების შიშმა მაიძულა თვალს მოვჭიდებოდი. ნაგვალმა მითხრა, რომ ოთხივე მიმართულებით იგი ოთხჯერ უნდა შემენჯღრია. მან თქვა, რომ ისე უნდა შემენჯღრია, თითქოს თეთრეულს ვფერთხავდი, შემდეგ კი ზუსტად მის შუაში კარი გამეღო. დანარჩენი ძალიან ადვილი იყო. როგორც კი კარი გაიღო მე ვიგრძენი, რომ ძლიერმა ქარმა მიმიზიდა. ნაგვალმა თქვა, რომ ნამდვილი სირთულე უკან დაბრუნებაშია. ამისათვის ძალიან ძლიერი უნდა იყო. ნაგვალს, ხენაროს და ელიჰიოს ამ თვალში შესვლა და გამოსვლა ისე შეეძლოთ, როგორც ჩვეულებრივ კარში შედიხარ და გამოდიხარ. მათთვის ეს არაფერი იყო. მათთვის თვალი არსებითად თვალს აღარც კი წარმოადგენდა. მათ თქვეს, რომ ეს იყო ნარინჯისფერი შუქი, როგორც მზე. როდესაც გაფრინდნენ, ნაგვალიც და ხენაროც ამ მანათობელ ბურთს ჰგავდნენ. სასწორის პინზე, მე ჯერ კიდევ ძალიან დაბლა ვიმყოფები. ნაგვალმა თქვა, რომ როცა ცაში დავფრინავ, ძროხის ნარჩენების გროვას ვგავარ. სინათლე არ მაქვს. ამიტომაც არის დაბრუნება ჩემთვის ასეთი საშინელი. ამაღამ შენ დამეხმარე და ორჯერ დამაბრუნე. მიზეზი, თუ რატომ გაჩვენე ჩემი ფრენა, ნაგვალის ბრძანება იყო, რომელმაც მომიწოდა, რომ შენთვის ეს მეჩვენებინა, როგორი რთული და უხეშიც არ უნდა ყოფილიყო იგი ჩემთვის. ჩემი ფრენით მე უნდა დაგეხმარო, ისევე როგორც შენ დამეხმარე, როცა შენი ორეული მაჩვენე. მთელი შენი მანევრი კარებიდან დავინახე. ჟოზეფინას მიმართ მწუხარების განცდით იმდენად გატაცებული იყავი, რომ შენმა სხეულმა ჩემი იქ ყოფნა ვერ შეამჩნია. დავინახე, როგორ გამოვიდა ორეული შენი თავის ზემოდან. იგი ჭიაყელასავით დაიკლაკნა. შენს სხეულში ვიბრაცია დავინახე, რომელმაც ფეხებში დაიარა და შემდეგ შენი სხეულიდან გამოვიდა. იგი შენ გგავდა, მაგრამ ძალიან კაშკაშა იყო, ნაგვალს ჰგავდა. სწორედ ამიტომ გაქვავდნენ დები. ვიცოდი, მათ ეგონათ, რომ ეს თავად ნაგვალი იყო. მაგრამ ამ ყველაფრის დანახვა აღარ შემეძლო. ხმა გამომრჩა, რადგან ყურადღება არ მიმიქცევია. 

 - უკაცრავად?

 - ორეულს დიდი ყურადღება სჭირდება. ნაგვალმა ეს ყურადღება შენ მოგცა, მაგრამ მე არა. მან მითხრა, რომ მისი დრო ამოიწურა. 

 ლა გორდამ კიდევ რაღაც მითხრა გარკვეული სახის ყურადღებაზე, მაგრამ ძალიან დავიღალე. ისე უცებ ჩამეძინა, რომ ჩანაწერების მომენტალურად გადატანაც კი ვერ მოვახერხე.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff