ძალის მეორე რგოლი

კარლოს კასტანედა
0
0

კარლოს კასტანედა - ძალის მეორე რგოლი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეხუთე - სიზმარხილვის ხელოვნება

მომდევნო დღეს მთელი დილის მანძილზე მარტო ვიყავი. ჩემს ჩანაწერებზე ვმუშაობდი. ნაშუადღევს, ჩემი მანქანით დონა სოლედადის სახლიდან მათ სახლამდე, ლა გორდას და პატარა დებს ავეჯის გადატანაში ვეხმარებოდი.

საღამოს მე და ლა გორდა სასადილოში მარტო ვისხედით. ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით. ძალიან დავიღალე.

სიჩუმე ლა გორდამ დაარღვია და თქვა, რომ ყველა მათგანი ზედმეტად თვითკმაყოფილი იყო მას შემდეგ, რაც ნაგვალი და ხენარო წავიდნენ. თითოეული მათგანი თავის კონკრეტულ ამოცანას აღიქვამდა. მან თქვა, რომ ნაგვალმა უბრძანა მგზნებარე მეომარი ყოფილიყო და ნებისმიერ გზას გაჰყოლოდა, რომელსაც ბედი მისთვის აირჩევდა. თუ სოლედადი ჩემს ძალას მოიპარავდა, ლა გორდა პატარა დების გადასარჩენად უნდა გაქცეულიყო და შემდეგ ნესტორს და ბენიგნოს შეერთებოდნენ, ორად ორ ხენაროს, რომლებიც გადარჩებოდნენ. თუ პატარა დები მომკლავდნენ, იგი ხენაროებს უნდა შეერთებოდა, რადგან დებს აღარ ექნებოდათ მასთან ყოფნის საჭიროება. თუ ჩვენ მოკავშირეების თავდასხმასაც გადავურჩებოდით, მას მთელი ეს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა და მარტო უნდა ყოფილიყო. მან გაბრწყინებული თვალებით მითხრა, რომ დარწმუნებული იყო, ჩვენ მოკავშირეებს ვერ გადავურჩებოდით, სწორედ ამიტომ დაემშვიდობა დებს, სახლს და გორაკებს.

 - ნაგვალმა მითხრა, რომ თუ მოკავშირეებს გადავურჩებოდით, შენთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რადგან ახლა ეს იქნება ჩემი მეომრის გზა. სწორედ ამიტომ შევუშალე ხელი გუშინ იმას, რასაც ბენიგნო გიკეთებდა. იგი მზერით მკერდზე გაჭერდა. ეს არის მისი, როგორც სტალკერის ხელოვნება. შენ გუშინ პაბლიტოს ხელს მოჰკარი თვალი. ესეც იმავე ხელოვნების ნაწილი იყო. 

 - ეს რა ხელოვნებაა, გორდა?

 - სტალკინგის ხელოვნება. ეს იყო ნაგვალის და ხენაროს ნამდვილი გაკვეთილი თავიანთი შვილებისათვის. მეორე მხრივ, ჩვენ სიზმარმხილველები ვართ. შენი ორეული ახლა სიზმარხილვაშია. 

 მისი ნათქვამი ჩემთვის ახალი იყო. ლა გორდას განცხადებების გარკვევა მინდოდა. ერთი წუთით შევჩერდი, რათა ჩემს მიერ ჩაწერილი წამეკითხა და ყველაზე შესაფერისი კითხვა შემერჩია.  მე ვუთხარი, რომ ჯერ იმის გაგება მინდოდა, რა იცოდა მან ჩემი ორეულის შესახებ, შემდეგ კი სტალკინგის შესახებ მსურდა, რომ მოეთხრო. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ შენი დუბლი ისეთია, რომელსაც გამოსასვლელად დიდი ძალა სჭირდება. იგი ფიქრობდა, რომ შენ შესაძლოა საკუთარი სხეულიდან ამ ორეულის ორჯერ გამოყვანის ძალა გქონოდა.  ამიტომაც დააყენა სოლედადი და პატარა დები შენს მოსაკლავად ან დასახმარებლად. 

 ლა გორდამ თქვა, რომ იმაზე მეტი ენერგია მქონდა, ვიდრე ნაგვალს ეგონა, რადგან ჩემი სხეულიდან ორეული სამჯერ გამოვიდა. როგორც ჩანს, როზას შეტევა დაუფიქრებელი მოქმედება არ ყოფილა. პირიქით, მან ძალიან ჭკვიანურად გათვალა, რადგან თუ დამაზიანებდა, უმწეო გავხდებოდი: ეს იყო იგივე ხრიკი, რაც დონა სოლედადმა ჩემთან ძაღლის მეშვეობით სცადა. როდესაც როზას ვუყვირე, ამით მას ჩემთვის დარტყმის საშუალება მივეცი, მაგრამ მან ჩემთვის ვერაფრის დაშავება ვერ შეძლო. ჩემი ორეული გამოვიდა და როზა საპასუხოდ დააზიანა. როდესაც როზა ხელზე არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იგი მიხვდა, რომ მე განვკურნე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალები ამოწურული მქონდა. ლა გორდამ დაადასტურა, რომ პატარა დები ძალიან ჭკვიანები იყვნენ და ჩემი ძალისგან დაცლას გეგმავდნენ. ამ მიზნით ისინი იმის მოთხოვნას განაგრძობდნენ, რომ მე სოლედადი უნდა განმეკურნა. როგორც კი როზა მიხვდა, რომ იგი განვკურნე, მას ეგონა, რომ საკუთარი თავი უკანასკნელ წვეთამდე დავისუსტე. ჩემი მოკვლისათვის ისინი მხოლოდ ჟოზეფინას უნდა დალოდებოდნენ.

 - პატარა დებმა არ იცოდნენ, რომ როზას და სოლედადის განკურნებით შენ საკუთარი ძალაც აღიდგინე. - მითხრა ლა გორდამ და ისე ჩაიცინა, თითქოს სახუმარო თემაზე ლაპარაკობდა. - სწორედ ამიტომ გქონდა საკმარისი ენერგია, რათა შენი ორეული მესამედ გამოსულიყო, როდესაც პატარა დები შენი სინათლის მითვისებას ცდილობდნენ. 

 მე მას იმ ხილვის შესახებ მოვუყევი, რომელიც სოლედადის სახლში მქონდა, როდესაც ოთახის კუთხეში მოკუნტული სოლედადი დავინახე და შუბლიდან რაღაც ბლანტი სითხე მოვაშორე.

 - ეს ჭეშმარიტი ხილვა იყო. - თქვა მან. - შენ სოლედადი მის ოთახში დაინახე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემთან ერთად იყო ხენაროს მიდამოებში, შემდეგ კი მის შუბლზე შენი ნაგვალი დაინახე. 

 იმ მომენტში თავი იძულებულად ვიგრძენი, რომ მისთვის მთელი დეტალებით მომეყოლა ჩემი გამოცდილების შესახებ როზასთან და სოლედადთან მიმართებაში, განსაკუთრებით ჩემს გაცნობიერებაზე, როდესაც მათ რეალურად ვმკურნალობდი რაღაც ბლანტი ნივთიერების შეხებით, რომელზეც ვგრძნობდი, რომ ჩემი ნაწილი იყო. 

 - როზას ხელზე ამ ნივთიერების დანახვა ასევე ჭეშმარიტი ხილვა იყო, - თქვა მან. - და შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, ეს ნივთიერება თავად შენ ხარ. იგი შენი სხეულიდან გამოვიდა. ეს შენი ნაგვალი იყო. მასზე შეხებით, შენ იგი უკან დაიბრუნე.

 ლა გორდამ შემდეგ ისეთი ტონით დაამატა, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა. მისი თქმით, ნაგვალმა უბრძანა, რომ მას არ გაემხილა ამის შესახებ, ვფინაიდან ჩვენ ყველას იგივე სინათლე გვქონდა, ჩემი ნაგვალის შეხებით დიდად არ დავსუსტდებოდი, რადგან ენერგიის დანაკარგი თითქმის იგივე იქნებოდა, რაც ჩემი ნაგვალის ჩვეულებრივ ადამიანზე შეხება. 

 - თუ შენი ნაგვალი გვეხება, შენი სიკაშკაშე ზედაპირზე რჩება. - თქვა მან და ხელი თავში ნაზად წამითაქა. - შეგიძლია იგი ისევ აიღო და დაკარგულიც არაფერია. 

 მე ვუთხარი, რომ მისი განმარტების შინაარსის დაჯერება ჩემთვის შეუძლებელი იყო. მან მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, რომ ეს ფაქტი ნაკლებად ადარდებდა. მას სიტყვა "ნაგვალის" გამოყენების შესახებ ვკითხე. მე ვთქვი, რომ დონ ხუანმა ეს სიტყვა ამიხსნა, როგორც ენით აუწერელი პრინციპი, როგორც ყველაფრის წყარო.

 - რა თქმა უნდა. - თქვა მან ღიმილით. - ვიცი, ამით რასაც გულისხმობდა. ნაგვალი ყველაფერშია. 

 ცოტათი თავხედურად აღვნიშნე, რომ საპირისპიროს თქმაც შეიძლებოდა: ყველაფერში ტონალი იყო. მან გულდასმით განმარტა, რომ ამაში წინააღმდეგობა არ არსებობდა და ჩემი განცხადება სწორი იყო, რადგან ტონალიც ყველაფერში იყო. მან თქვა, რომ ტონალი, რომელიც ყველაფერშია, ჩვენი გრძნობებისთვის ადვილად აღქმადია, ხოლო ნაგვალი, რომელიც ასევე ყველაფერშია, მხოლოდ ჯადოქრის თვალით ვლინდება. მან დასძინა, რომ ჩვენ შეგვიძლია ტონალის ყველაზე უცნაურ რაღაცებს წავაწყდეთ და მათი შეგვეშინდეს, შეგვზიზღდეს ან გულგრილნი დავრჩეთ მათ მიმართ, რადგან ყველა ჩვენგანს შეუძლია მათი აღქმა. მეორე მხრივ, ნაგვალის ხილვას ჯადოქრის მიერ სპეციალურად გაწვრთნილი შეგრძნებები სჭირდება, რათა მან სათანადოდ შეძლოს ნაგვალის დანახვა. და მაინც, ტონალი და ნაგვალი ყოველთვის ყველაფერში იმყოფება. ამიტომ, მიზანშეწონილია ჯადოქარმა თქვას, რომ დანახვა მდგომარეობს ტონალის ყურებაში, ხოლო ხედვა გულისხმობს ნაგვალის ყურებას, რომელიც ასევე ყველაფერში იმყოფება. შესაბამისად, თუ მეომარი სამყაროს ადამიანივით აკვირდება, იგი უყურებს, მაგრამ თუ ჯადოქარივით ხედავს, მაშინ მის მიერ "დანახულს" სათანადოდ ნაგვალი უნდა ეწოდოს. 

 შემდეგ მან ნესტორის მიერ ნათქვამი გაიმეორა და მითხრა, რომ მე ნაგვალი ვიყავი, რადგან ჩემი თავიდან სწორედ ნაგვალი ამოვიდა. 

 - ნესტორმა მითხრა, რომ ეს ფორმა არც ისე კარგია, რათა გაგაჩნდეს. - ვთქვი მე.

 - ეს არც კარგია და არც ცუდი. შენ ეს უბრალოდ გაქვს და იგი ნაგვალად გაქცევს. სულ ეს არის. რვა ჩვენგანიდან ერთი ნაგვალი უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება პაბლიტო, მე ან ვინმე სხვა ყოფილიყო. 

 - ახლა მითხარი, რა არის სტალკინგის ხელოვნება?

 - ნაგვალი სტალკერი იყო. - თქვა მან და შემომხედა. - შენ ეს უნდა იცოდე. მან სტალკინგის ხელოვნება თავიდანვე გასწავლა. 

 ისე აღვიქვი, რომ ლა გორდა იმას გულისხმობდა, რასაც დონ ხუანი მონადირედ ყოფნას ეძახდა. მან ცხადია, ნადირობა მასწავლა. ლა გორდას ვუთხარი, რომ ნაგვალმა ხაფანგების გაკეთება და ნადავლის მონადირება მასწავლა. ამ ტერმინის, როგორც სტალკინგის გამოყენება, უფრო ზუსტი იყო.

 - მონადირე უბრალოდ ნადირობს. - თქვა მან. - სტალკერი ყველაფერს თვალს ადევნებს, მათ შორის, საკუთარ თავსაც. 

 -  ამას როგორ აკეთებს? 

 - უნაკლო სტალკერს შეუძლია ნებისმიერი რამ მსხვერპლად აქციოს. ნაგვალმა მითხრა, რომ ჩვენ საკუთარი სისუსტეებისთვის თვალყურის დევნებაც კი შეგვიძლია. 

 წერა შევწყვიტე და შევეცადე გამეხსენებინა, მითხრა თუ არა დონ ხუანმა ოდესმე მსგავსი რამ: ჩემი სისუსტეების თვალთვალი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩემი სისუსტეების სტალკინგი. ვერც ერთი ასეთი მომენტი ვერ გავიხსენე. 

 - როგორ შეიძლება ადამიანის სისუსტეების დასტალკვა, გორდა? 

 - ისევე, როგორც საკუთარ მსხვერპლს სტალკავ. შენ არკვევ საკუთარ რუტინას, სანამ ყველა შენი სისუსტის შესახებ არ გაიგებ. შემდეგ იღებ და გამოჭერილი კურდღელივით მათ გალიაში ათავსებ. 

 დონ ხუანმა რუტინის შესახებ იგივე მასწავლა, მაგრამ ეს იყო ზოგადი პრინციპი, რომელიც მონადირემ უნდა იცოდეს. მონადირეს უნდა სცოდნოდა ნადირის "დღის განრიგი", რომელიც მას უპირატესობას აძლევდა. ლა გორდას მიერ ამ ტერმინის გაგება და გამოყენება უფრო პრაგმატული იყო, ვიდრე ჩემი. 

 დონ ხუანმა თქვა, რომ ნებისმიერ ჩვევა არსებითად "კეთება" იყო. თავის მხრივ, ეს კეთება ფუნქციონირების ყველა ნაწილის მუშაობას მოიცავდა. თუ მას ზოგიერთი ნაწილი აკლდა, კეთება დაშლას იწყებდა. ამით იგი ქმედებების ნებისმიერ თანმიმდევრულ და შინაარსობრივ სერიას გულისხმობდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვევას სჭირდებოდა ყველა მისი შემადგენელი მოქმედება, რათა ცოცხალი აქტივობა ყოფილიყო. 

 შემდეგ ლა გორდამ აღწერა, როგორ სტალკავდა საკუთარი გადამეტებული ჭამის სისუსტეს. მან თქვა, რომ ნაგვალმა პირველ რიგში იმ ჩვევის გადაწყვეტისკენ მოუწოდა, რომელიც მის სამრეცხაო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. იგი მომხმარებლების მიერ მისთვის მოტანილ საჭმელს ჭამდა. ლა გორდა ელოდა, რომ ნაგვალი რაიმე რჩევას მისცემდა, მაგრამ იგი მხოლოდ დასცინოდა და ეუბნებოდა, რომ რისი გაკეთებაც არ უნდა დაევალებინა მისთვის, ყველაფერს იზამდა, რათა საპირისპირო გაეკეთებინა. მან თქვა, რომ ადამიანები ასე არიან მოწყობილნი. ადამიანებს უყვართ მითითება, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ ამაზე მეტად ბრძოლა უყვართ, რათა ის არ გააკეთონ, რაც უთხრეს, ამგვარად სიძულვილი უჩნდებათ იმის მიმართაც, ვინც მათ რაიმეს გაკეთება ურჩია. 

 მრავალი წლის განმავლობაში იგი ვერაფერს იფიქრებდა, როგორ დაესტალკა საკუთარი სისუსტე. თუმცა, ერთ დღეს იგი ავად გახდა და თავისი სიმსუქნით იმდენად დაიღალა, რომ ოცდასამი დღის მანძილზე ჭამაზე უარი თქვა.  ეს იყო მთავარი მოქმედება, რომელმაც მისი ფიქსაცია დაარღვია. შემდეგ მან მოიტყუა, რომ პირის ღრუს ინფექცია ჰქონდა და დროთა განმავლობაში კლიენტებმა მისთვის საჭმლის მოტანა შეწყვიტეს. როდესაც ჭამა მოუნდებოდა, ჭურჭლის გასარეცხ ღრუბელს ღეჭავდა. ლა გორდამ სიცილით მითხრა, როგორ დადიოდა წლების მანძილზე პირში ღრუბლით, სანამ ჭარბი ჭამის ჩვევა არ დაარღვია. 

 - ეს იყო ყველაფერი, რაც შენი ჩვევის შესაჩერებლად დაგჭირდა? - ვკითხე მას.

 - არა. მე ასევე მეომარივით ჭამაც უნდა მესწავლა.

 - როგორ ჭამს მეომარი? 

 - მეომარი ჭამს ჩუმად, ნელა და ძალიან ცოტას. მე ჭამის დროს ვლაპარაკობდი, პირში ყველაფერს სწრაფად ვიყრიდი და ერთ დაჯდომაზე უზარმაზარ პორციებს ვჭამდი. ნაგვალმა მითხრა, რომ მეომარი მხოლოდ ოთხ ლუკმას ჭამს, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ოთხ ლუკმას და ასე შემდეგ. 

 მეომარი ასევე ყოველდღიურად ფეხით მრავალ მილს გადის. ჩემი სიმსუქნე ბევრი სიარულის უფლებას არასდროს მაძლევდა. ეს ჩვევა ყოველ საათში ოთხი ლუკმის მირთმევით სრულიად გავტეხე. ზოგჯერ მთელი დღე-ღამე გაუჩერებლად დავდიოდი. ასე დავკარგე ჩემი ცხიმის დუნდულები.

 მას დონ ხუანის მიერ შერქმეული სახელის გახსენებაზე გაეცინა.

 - მაგრამ, შენი სისუსტეების დასტალკვა მათ მოსაშორებლად საკმარისი არ არის. - თქვა მან. - შეგიძლია განკითხვის დღემდე სტალკო, მაგრამ ეს არაფერსაც არ შეცვლის. სწორედ ამიტომ არ სურდა ნაგვალს ჩემთვის იმის თქმა, თუ რა უნდა გამეკეთებინა. ის, რაც მეომარს უზადო სტალკერად ყოფნისთვის სჭირდება, მიზნის ქონაა. 

 ლა გორდა ჰყვებოდა, როგორ ცხოვრობდა დღიდან დღემდე, სანამ ნაგვალს არ შეხვდა. ამ დროისთვის იგი არაფერს ეძებდა, არც იმედები ჰქონდა, არც ოცნებები და არც სურვილები. თუმცა, ჭამა ყოველთვის შეეძლო. 

 - ჭამა ერთადერთი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მსიამოვნებდა. - თქვა მან. - გარდა ამისა, საკუთარ თავს მსუქნად არასდროს აღვიქვამდი. პირიქით, ჩემი თავი საკმაოდ ლამაზი მეგონა და ვფიქრობდი, რომ ხალხს ისეთი მოვწონდი, როგორიც ვიყავი. ყველა ამბობდა, რომ ჯანმრთელად გამოვიყურებოდი. 

 ნაგვალმა რაღაც ძალიან უცნაური მითხრა. მან თქვა, რომ მე უზარმაზარი პირადი ძალა მქონდა და ამის გამო ყოველთვის ვახერხებდი ჩემს გარშემო საჭმლის მოპოვებას, როცა ჩემი ნათესავები მშივრები იყვნენ. 

 ყველას აქვს რაღაცისთვის საკმარისი პირადი ძალა. ჩემთვის მთელი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ პირადი ძალა საკვებიდან ჩემი მეომრის მიზნისკენ მიმემართა. 

 - რა არის ეს მიზანი, გორდა? - ვკითხე ნახევრად ხუმრობით.

 - სხვა სამყაროში შესვლა. - მიპასუხა მან ღიმილით და თავში წამითაქა, როგორც დონ ხუანი აკეთებდა ხოლმე, როცა მისი თქმით, ინდულგირებული ვიყავი. 

 ჩასაწერად სინათლე აღარ მყოფნიდა. ფარნის მოტანა მინდოდა, მაგრამ ლა გორდა აწუწუნდა, რომ ძალიან დაღლილი იყო და პატარა დების მოსვლამდე გამოძინება უნდა მოესწრო. 

 წინა ოთახში შევედით. მან პლედი მომცა, შემდეგ ერთი თვითონ ჩაიცვა და მაშინვე ჩაეძინა. კედელთან ზურგით ვიჯექი. საწოლის აგურიანი ზედაპირი მძიმე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ჩალის ხალიჩა ეფარა. დაწოლა უფრო კომფორტულად მეჩვენა. ზურგის გაშლისთანავე ჩამეძინა. 

 რაღაც მომენტში გაუსაძლისი წყურვილის შეგრძნებით გამეღვიძა. სამზარეულოში გასვლა და წყლის დალევა მინდოდა, მაგრამ სიბნელეში ორიენტაციას ვერ ვახერხებდი. ვგრძნობდი, როგორ იყო ლა გორდა თავის საბანში დაგორგლილი. ორ-სამჯერ შევანჯღრიე და წყლის მოსაძებნად დახმარება ვთხოვე. რაღაც გაუგებარ სიტყვებს ბურტყუნებდა. როგორც ჩანს, ისე გემრიელად ეძინა, რომ გაღვიძება არ სურდა. ისევ შევანჯღრიე და როგორც იქნა, გაიღვიძა... მაგრამ, ეს ლა გორდა არ იყო. უცნობმა სხეულმა უხეში, მამაკაცური ხმით მიღრიალა და მიბრძანა, რომ მომეკეტა. ლა გორდას მაგივრად ჩემს გვერდით ვიღაც კაცი იწვა. შიში მყისიერად და უკონტროლოდ მეტაკა. საწოლიდან წამოვხტი და წინა კარისკენ გავიქეცი, მაგრამ ორიენტაციის არქონის გამო თავი სამზარეულოში ამოვყავი. ფარანი ავიღე და რაც შემეძლო სწრაფად ავანთე. სამზარეულოში ლა გორდა შემოვიდა და მკითხა, რამე ხომ არ მოხდა. ნერვიულად ავუხსენი, რაც დავინახე და გავიგე. ცოტა დეზორიენტირებული ჩანდა. პირი ღია ჰქონდა, ხოლო თვალებს ჩვეული ბზინვარება დაეკარგათ. მან თავი ენერგიულად გააქნია და თითქოს მომენტალურად აღიდინა ჩვეული სიფხიზლე. ლა გორდამ ფარანი აიღო და წინა ოთახში ერთად გავედით. 

 საწოლში არავინ იყო. ლა გორდამ კიდევ სამი ფარანი აანთო. განერვიულებული ჩანდა. მან მითხრა, რომ აქ დავრჩენილიყავი, თავად კი ოთახის კარი გააღო. შევამჩნიე, რომ შიგნიდან სინათლე გამოდიოდა. კარები ისევ დახურა და არაფრისმთქმელი ტონით თქვა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და საჭმელს მოამზადებდა. ლა გორდამ საჭმელი მზარეულის სისწრაფით და ეფექტურობით მოამზადა. სიმინდის ფქვილით ცხელი შოკოლადის სასმელიც გააკეთა. ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და სრულ სიჩუმეში ვჭამდით. 

 ცივი ღამე იყო. თითქოს წვიმას აპირებდა. სამი ფარანი, რომელიც მოყვითალო შუქს აფრქვევდა, ძალიან დამამშვიდებელი იყო. 

 - ვინ იყო საწოლში? - ვკითხე მას.

 - ჟოზეფინა, რა თქმა უნდა. ვინ უნდა ყოფილიყო? - ისე მიპასუხა, თითქოს პასუხით ტკბებოდა. შემდეგ გაეცინა. - ასეთი ხუმრობების ოსტატია. ერთი წამით ვიფიქრე, რომ იგი რაღაც სხვა იყო, მაგრამ შემდეგ მისი სურნელი დავიჭირე, რომელიც ჟოზეფინას სხეულს აქვს, როცა თავის ერთ-ერთ ხუმრობას ახორციელებს.

 - რის გაკეთებას ცდილობდა? უნდოდა რომ სიკვდილამდე შევეშინებინე? 

 - ხომ იცი, მათი ფავორიტი არ ხარ. არ უყვართ, როცა ნაცნობი გზიდან გადახვევა უწევთ. მათ სძულთ ის ფაქტი, რომ სოლედადი მიდის. არც იმის გაგება უნდათ, რომ ყველა ჩვენგანი ვტოვებთ ამ ტერიტორიას. ისე გამოიყურება, თითქოს ჩვენი დრო ამოიწურა. ამას დღეს მივხვდი. სახლიდან გასვლისას ვიგრძენი, რომ ეს უნაყოფო ბორცვები მღლიდა. დღემდე ასე არასდროს მიგრძნია. 

 - სად აპირებ წასვლას?

 - ჯერ არ ვიცი. როგორც ჩანს, ეს შენზეა დამოკიდებული. შენს ძალაზე. 

 - ჩემზე? რას გულისხმობ, გორდა? 

 - შენს მოსვლამდე ერთი დღით ადრე მე და პატარა დები ქალაქში წავედით. მინდოდა ქალაქში მეპოვე, რადგან სიზმარში ძალიან უცნაური ხილვა მქონდა. იმ ხილვაში, ქალაქში შენთან ერთად ვიყავი. შენ არ იცოდი ვინ ვიყავი, მაგრამ რაღაცას მელაპარაკებოდი. ვერაფრით გავიგე, რას მეუბნებოდი. ამ ხილვაში სამჯერ დავბრუნდი, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ აღმოვჩნდი, რათა გამეგო, რას მეუბნებოდი. მივხვდი, რასაც ჩემი ხილვა მეუბნებოდა. ქალაქში უნდა წავსულიყავი და ძალას მინდობილი, შენი პოვნა უნდა მეცადა. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ გზაში იყავი.

 - პატარა დებმა იცოდნენ, რატომაც წაიყვანე ისინი ქალაქში? 

 - მათთვის არაფერი მითქვამს. ჩვენ მთელი დღე ქუჩაში ვტრიალებდით. 

 მისმა განცხადებებმა ძალიან უცნაურ განცდებში ჩამაგდო. მთელს სხეულში ნერვულმა სპაზმებმა დამიარა. მომიწია, რომ ავმდგარიყავი და ოთახში გამევლო. ისევ დავჯექი და ვუთხარი, რომ იმავე დღეს ქალაქში ვიყავი, მთელი დღე ქალაქში დავდიოდი და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დონ ხუანს ვეძებდი. პირღია მიყურებდა. 

 - აშკარად ერთმანეთს ავცდით. - თქვა მან და ამოიოხრა. - ბაზარში და პარკში ვიყავით. მზის ჩასვლისას კიბეებზე ვისხედით, რათა სხვების ყურადღება არ მიგვექცია.

 სასტუმრო, სადაც მე დავბინავდი, პრაქტიკულად ეკლესიის მეზობლად იყო. გამახსენდა, რომ რაღაც მომენტში გაშეშებული ვიდექი და დიდხანს ვუყურებდი ეკლესიის კიბეებზე მოსიარულე ხალხს. რაღაც მიზიდავდა, რომ მათთან მივსულიყავი. აბსურდული წარმოდგენა მქონდა, რომ დონ ხუანიც და დონ ხენაროც იმ ხალხში უნდა ყოფილიყვნენ მათხოვრებივით ჩამომსხდარნი, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს გაკვირვებულ გამომეტყველებაზე ცრემლებამდე ეცინათ. 

 - როდის დატოვეთ ქალაქი? 

 - დაახლოებით ხუთი საათისკენ წამოვედით და მთებში, ნაგვალის ადგილისკენ გავემართეთ. 

 იმ დროისთვის რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანი ქალაქისას დღის ბოლოს წავიდა. შეგრძნებები, რომლებიც იმ დღის მანძილზე მქონდა, ჩემთვის გასაგები გახდა. მთელი იმ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ დონ ხუანი სადღაც ახლოს იყო. ლა გორდას განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებდა, რაც ჩემმა სხეულმა ეჭვების აჩრდილის მიღმა იცოდა. 

 მის სხეულზე ნერვიულობის ნიშნები შევნიშნე, როდესაც ჩემი განწყობის შესახებ მოვუყევი, რაც იმ დღეს მქონდა. 

 - რა მოხდებოდა, რომ გეპოვე? - ვკითხე მას.

 - ყველაფერი შეიცვლებოდა. შენი პოვნა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ წინსვლისთვის საკმარისი პირადი ძალა გამაჩნდა. მე, შენ და პატარა დები იმ დღეს ერთად წავიდოდით. 

 - სად? 

 - ვინ იცის? შენი პოვნის ძალა რომ მქონოდა, იმის ძალაც მექნებოდა, რომ ეს მცოდნოდა. ახლა შენი ჯერია. ალბათ ახლა გექნება საკმარისი ძალა, რათა იცოდე, სად უნდა წავიდეთ. ხვდები რას ვგულისხმობ? 

 იმ მომენტში ღრმა მწუხარების შემოტევა მქონდა. ჩემი ადამიანური სისუსტის და დრომოკლეობის განცდა ყველაზე მწვავედ ვიგრძენი. დონ ხუანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ჩვენი სასოწარკვეთის ერთადერთი შემაკავებელი, საკუთარი სიკვდილის გაცნობიერებაა. მისი თქმით, ეს იყო ჯადოქრის ქმედებათა სქემების გასაღები. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი სიკვდილის გაცნობიერება არის ერთადერთი რამ, რითაც ცხოვრების ტკივილის და შეუცნობლისადმი შიშის დაძლევა შეგვეძლია. მაგრამ, მას არასოდეს უთქვამს, როგორ გამომეტანა ეს გაცნობიერება ცხოვრების წინა პლანზე. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ამის შესახებ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, რომ მხოლოდ ჩემი განზრახვა იყო გადამწყვეტი ფაქტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე უნდა გადამეწყვიტა, რომ ეს გაცნობიერება ჩემს ქმედებებზე განვრცობილიყო. მეგონა, რომ ასეც ვიქცეოდი. მაგრამ, ლა გორდას ნათქვამმა დამარწმუნა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის, რომ თუ იგი იმ დღეს მიპოვიდა, მე აღარასოდეს დავბრუნდებოდი ჩემს სახლში, ვერასდროს ვნახავდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ამისთვის მზად არ ვიყავი. მე გავაძლიერე ჩემი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, მაგრამ არ შემეძლო, რომ დარჩენილი ცხოვრება გაუჩინარებული ვყოფილიყავი ბრაზის ან იმედგაცრუების გარეშე, როდესაც უკან საუკეთესო გრძნობებს მოვიტოვებდი. 

 თითქმის მრცხვენოდა ლა გორდასთვის მეთქვა, რომ მე არ ვიყავი მეომრად ყოფნის ღირსი, რომელსაც ისეთი ძალა აქვს, რაც ასეთი მოქმედებისთვის არის საჭირო: ყველაფერი მიატოვო, წახვიდე და ისიც იცოდე, სად წახვიდე და რა გააკეთო.

 - ჩვენ ადამიანური ქმნილებები ვართ. - თქვა ლა გორდამ. - ვინ იცის, რა გველოდება ან როგორი ძალა შეიძლება მივიღოთ?

 მე ვუთხარი, რომ ასე მოულოდნელად წასვლის გადაწყვეტილების გამო ჩემი სევდა უზარმაზარი იყო. ცვლილებები, რომელსაც ჯადოქრები ახორციელებდნენ, ზედმეტად მკვეთრი და მეტისმეტად საბოლოო იყო. ლა გორდას მოვუყევი, რომ პაბლიტომ დედის დაკარგვის გამო მისი აუტანელი მწუხარების შესახებ მომიყვა. 

 - ადამიანური ფორმა ამ გრძნობებისგან იკვებება. - თქვა მან მშრალად. - საკუთარი თავი და ჩემი შვილები წლების განმავლობაში მეცოდებოდა. ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა ნაგვალი ასეთი სასტიკი ყოფილიყო, როდესაც იმის გაკეთებისკენ მომიწოდა, რაც გავაკეთე: შვილების მიტოვება და მათი დავიწყება. 

 წლები დამჭირდა იმის გასაგებად, რომ თავის დროზე ნაგვალსაც მოუწია ადამიანური ფორმის დატოვება. იგი სულაც არ იყო სასტიკი. მას უბრალოდ ადამიანური გრძნობები აღარ ჰქონდა. მისთვის ყველაფერი თანაბარი იყო. მან თავისი ბედისწერა მიიღო. პაბლიტოსთვის და ჩემთვის პრობლემა ის იყო, რომ არც ერთი ჩვენგანი საკუთარ ბედისწერას არ ვიღებდით. 

 ლა გორდამ დამცინავი სახით თქვა, რომ პაბლიტო ტიროდა, როცა მას დედამისი, მანუელიტა ახსენდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭმლის მომზადება თავად უწევდა. მან მთხოვა, პაბლიტოს დედა გამეხსენებინა: მოხუცი, სულელი ქალი, რომელმაც სხვა არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ პაბლიტოს მსახური ყოფილიყო. 

 - ნაგვალმა თქვა, რომ პაბლიტოს იღბალი არაჩვეულებრივი იყო. დედა-შვილი ერთი და იგივე საქმისთვის იბრძვიან. ის რომ მშიშარა არ იყოს, თავის ბედს მიიღებს და სოლედადს მეომარივით დაუპირისპირდება, შიშისა და სიძულვილის გარეშე. ბოლოს საუკეთესო მოიგებს და ყველაფერს თავისთვის აიღებს. თუ სოლედადი გაიმარჯვებს, პაბლიტო მისი ბედისწერით ბედნიერი უნდა იყოს და მას წარმატება უნდა უსურვოს. მაგრამ, მხოლოდ ნამდვილ მეომარს შეუძლია ასეთი ბედნიერების განცდა.

 - რას გრძნობს დონა სოლედადი ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

 - თავის გრძნობებში არ ინდულგირებს. მან თავისი ბედისწერა უფრო ადვილად მიიღო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანმა. სანამ ნაგვალი დაეხმარებოდა, ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო. მე ახალაგაზრდა მაინც ვიყავი. სოლედადი მოხუცი ძროხა იყო, მსუქანი და დაღლილი, მის სიკვდილს წასაყვანად ევედრებოდა. ახლა სიკვდილს მის წასაყვანად ბრძოლა მოუწევს. 

 დონა სოლედადის ტრანსფორმაციაში ყველაზე მეტად მისი ცვლილების დროის მონაკვეთი მაბნევდა. ლა გორდას ვუთხარი, რომ იგი ბოლოს ორი წლის წინ ვნახე და ისევ ისეთი მოხუცი ქალბატონი იყო, რომელსაც ყოველთვის ვიცნობდი. ლა გორდამ მითხრა, რომ ნაგვალის დამსახურებით მე მათ ნამდვილ სახეს ვერასდროს ვამჩნევდი. მისი თქმით, ბოლო ვიზიტისას სოლედადი სამზარეულოდან მომესალმა და მე მას ნამდვილად არ შევხვედრილვარ. პაბლიტო და ნესტორი თავიანთ როლებს ასრულებდნენ, თითქოს ის სახლი პაბლიტოს ეკუთვნოდა, ამიტომ, მე ვერასდროს გავიგებდი, რა ხდებოდა მათთან სინამდვილეში. 

 - რატომ შეიწუხა ამდენად თავი ნაგვალმა? 

 - იგი რაღაცისთვის გინახავდა, რაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მან შენ ყოველი ჩვენგანისგან განზრახ დაგაშორა. მან და ხენარომ მითხრეს, რომ არასოდეს გამომეჩინა ჩემი სახე, როდესაც ახლოს იყავი. 

 - ჟოზეფინასაც იგივე უთხრეს?

 - დიახ. ჟოზეფინა გიჟია და ამას ვერაფერს შველის. მას უნდოდა, რომ თავისი ხრიკები შენზე ჩაეტარებინა. იგი ყოველთვის უკან დაგყვებოდა, მაგრამ შენ ეს არასდროს შეგიმჩნევია. ერთ დღეს, როდესაც ნაგვალმა ღამით მთებში წაგიყვანა, მან კინაღამ ხევში გადაგაგდო. ნაგვალმა ჟოზეფინა მალევე შეამჩნია. ჟოზეფინა ამას ბოროტი განზრახვით კი არ აკეთებს, არამედ ხალისობს. ეს არის მისი ადამიანური ფორმა. ასე იქამდე იქნება, სანამ ადამიანურ ფორმას არ დაკარგავს. მე შენ გითხარი, რომ ექვსივე მათგანი ცოტათი შერყეულია. შენ ეს უნდა იცოდე, რათა მათ ქსელებში არ გაეხვიო. თუ დაგიჭერენ, ამაზე ნუ გაბრაზდები. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება. 

 ცოტა ხანს ჩუმად იყო. მის სხეულში რხევის თითქმის შეუმჩნეველი სიგნალი დავიჭირე. მისი თვალები ფოკუსიდან ამოვარდა და პირი ისე დააღო, თითქოს ყბის კუნთებმა მათი დაჭერა შეწყვიტეს. ყურადღებით ვაკვირდებოდი. თავი ორჯერ ან სამჯერ შეარხია.

 - ახლა დავინახე, რომ შენ პატარა დებს და ხენაროებს გავხარ. 

 მან ჩუმად სიცილი დაიწყო. მე არაფერი მითქვამს. ჩემი ჩარევის გარეშე მინდოდა, რომ თავად აეხსნა. 

 - შენზე ყველა ბრაზდება, რადგან ჯერ ვერ შეიგნეს, რომ შენ მათგან არაფრით განსხვავდები. - განაგრძო მან. - ისინი ნაგვალად აღგიქვამენ და არ ესმით, რომ შენც ისევე ინდულგირებ, როგორც ისინი. 

 მან თქვა, რომ პაბლიტო გამუდმებით წუწუნებდა და სუსტის როლს თამაშობდა. ბენიგნო მორცხვის როლს თამაშობდა, რომელიც თვალებს ვერ ახელდა. ნესტორი ბრძენის როლს თამაშობდა, რომელმაც ყველაფერი იცოდა. ლიდია მკაცრი ქალის როლს თამაშობდა, რომელსაც მზერით შეეძლო ხალხის განადგურება. ჟოზეფინა ის გიჟი იყო, რომლის ნდობაც არ შეიძლებოდა. როზა გაბრაზებულ გოგოს თამაშობდა, რომელიც ყველა კოღოს ჭამდა, რაც მას უკბენდა, ხოლო მე ვიყავი ლოს-ანჯელესიდან ჩამოსული კრეტინი, რომელიც ფურცლებს და არასწორ კითხვებს ყველგან დაათრევდა. საერთო ის გვქონდა, რომ ყველა ჩვენგანს გვიყვარდა საკუთარი მდგომარეობა ისეთი, როგორშიც ინდულგირებულნი ვიყავით. 

 - მე ოდესღაც მსუქანი, სუნიანი ქალი ვიყავი. - განაგრძო მან პაუზის შემდეგ. - არ მაინტერესებდა, თუნდაც ჩემთვის ძაღლივით წიხლები ერტყათ, მთავარი ის იყო, რომ მარტო არ დავრჩენილიყავი. ეს იყო ჩემი ფორმა. მომიწევს, რომ ყველას ვუთხრა შენი და მათი მსგავსების შესახებ, რათა შენი ქმედებებით განაწყენებულნი არ იყვნენ. 

 არ ვიცოდი რა მეთქვა. ვგრძნობდი, რომ უდავოდ მართალი იყო. 

 - როგორ დაინახე ეს ყველაფერი? 

 - ასე უბრალოდ, ჩემთან მოვიდა. 

 - როგორ მოვიდა?

 - მე ვიგრძენი დანახვის შეგრძნება, რომელიც თავის ზედა ნაწილში მოვიდა და შემდეგ ის გითხარი, რაც დავინახე. 

 დაჟინებით მოვითხოვდი, რომ მას ჩემთვის დანახვის განცდის ყველა დეტალი აღეწერა. მისი აღწერა ზუსტად ემთხვეოდა იმ შეგრძნებებს, რომელიც დონა სოლედადთან და პატარა დებთან ჩემი დაპირისპირებისას განვიცადე. ლა გორდამ თქვა, რომ შეგრძნების სენსაცია მის თავზე იწყებოდა და შემდეგ ხერხემლიდან საშვილოსნომდე ეშვებოდა. იგი მას სხეულში ისე გრძნობდა, როგორც მღელვარე ქავილს, რაც იმის ცოდნაში გადაიზრდებოდა, რომ მე ჩემს ადამიანურ ფორმას ვეჭიდებოდი. 

 - ხმა გესმის, რომელიც ამ ყველაფერს გეუბნება?  

 - არა. მე უბრალოდ ამ ყველაფერს ვხედავ და შემდეგ შენს შესახებ გეუბნები. 

 მე ვიცოდი, რას გულისხმობდა იგი "დანახვაში". იგივე დამემართა ლიდიასთან და როზასთან, როდესაც დავინახე და მომენტალურად ვიცოდი, თუ სად ცხოვრობდნენ ისინი. მათი სახლი უშუალოდ არ დამინახავს. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ვიცოდი, სადაც ცხოვრობდნენ.

 ვკითხე, მანაც ხომ არ იგრძნო რაღაცის გატეხის მშრალი ხმა მისი კისრის ძირში. 

 - ნაგვალმა ყველას გვასწავლა, როგორ გამოვიწვიოთ ეს გრძნობა თავის ზედა ნაწილში. მაგრამ, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. კისრიდან გამოცემული ხმის განხორციელება კიდევ უფრო რთულია. ეს ჯერ არცერთ ჩვენგანს არ უგრძნია. უცნაურია, რადგან შენ ჯერ კიდევ ცარიელი ხარ. 

 - ეს ხმა როგორ მუშაობს? საერთოდ, რა არის?

 - შენ ეს ჩემზე უკეთ იცი. კიდევ რისი თქმა შემიძლია? - მიპასუხა მან მკაცრი ხმით. 

 თითქოს საკუთარი თავი მოუთმენლობაში დაიჭირა. მორცხვად გაიღიმა და თავი დახარა. 

 - თავს სულელად ვგრძნობ, როცა იმას გეუბნები, რაც უკვე იცი. - მითხრა მან. - ამ კითხვებს იმის შესამოწმებლად მეუბნები, ფორმა მართლა დავკარგე თუ არა?

 მე ვუთხარი, რომ დაბნეული ვიყავი, რადგან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ამ ხმის შესახებ რაღაცები ვიცოდი და ამავე დროს არც არაფერი ვიცოდი, რადგან ჩემთვის რაღაცის ცოდნა მისი სიტყვიერად გადმოცემის საშუალებას ნიშნავდა. ამ შემთხვევაში, არც კი ვიცოდი, ეს როგორ გამომეთქვა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, მისთვის კითხვების დასმა იყო, იმ იმედით, რომ მისი პასუხები დამეხმარებოდა. 

 - ამ ხმის გაგებაში ვერ დაგეხმარები. - თქვა მან. 

 უზარმაზარი დისკომფორტის განცდა დამეუფლა. ლა გორდას ვუთხარი, რომ დონ ხუანთან ურთიერთობას ძალიან ვიყავი მიჩვეული და ახლა იგი ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს, რათა ჩემთვის ეს ყველაფერი აეხსნა. 

 - ნაგვალი გენატრება? - მკითხა მან. 

 ვუპასუხე, რომ ამას იქამდე ვერ ვხვდებოდი, სანამ მის მშობლიურ მხარეში არ დავბრუნდი. 

 - შენ ის გენატრება, რადგან ჯერ კიდევ შენს ადამიანურ ფორმას ეჭიდები. - თქვა მან და ისე ჩაიცინა, თითქოს ჩემი სევდით აღფრთოვანებული იყო. 

 - შენ არ გენატრება, გორდა?

 - არა. მე არა. მე თავად იგი ვარ. მთელი ჩემი სინათლე შეიცვალა. როგორ შეიძლება ისეთი რაღაც მენატრებოდეს, რაც მე ვარ? 

 - რით განსხვავდება შენი სინათლე სხვებისგან?

 - ადამიანს ან ნებისმიერ სხვა ცოცხალ არსებას ღია ყვითელი ბზინვარება აქვს. ცხოველები უფრო ყვითლები არიან, ადამიანები უფრო თეთრები. მაგრამ, ჯადოქრის სიკაშკაშე მზის შუქზე გამჭვირვალე თაფლისფრის მსგავსია. ზოგიერთი ქალი ჯადოქარი მომწვანოა. ნაგვალმა თქვა, რომ ასეთი ჯადოქარი ყველაზე ძლიერი და ყველაზე რთულია. 

 - რა ფერის ხარ, გორდა?

 - ქარვისფერი. თაფლისფერი, ისევე როგორც შენ და ყველა ჩვენგანი. ეს ნაგვალმა და ხენარომ მითხრა. მე არასოდეს მინახავს საკუთარი თავი. მაგრამ, ყველა დანარჩენი ვნახე. ჩვენ ყველანი, ქარვისფრები ვართ. ასევე, ყველა ჩვენგანი, შენს გარდა, საფლავის ქვასავით ვართ. საშუალო ადამიანი კვერცხს ჰგავს. ამიტომაც უწოდებდა ნაგვალი მათ მანათობელ კვერცხებს. ჯადოქრები არა მხოლოდ სიკაშკაშის ფერს ცვლიან, არამედ ფორმასაც. ჩვენ საფლავის ქვებს ვგავართ. მხოლოდ ჩვენ ვართ მომრგვალებულები, ორივე ბოლოში. 

 - მე ისევ კვერცხის ფორმა მაქვს? 

 - არა. შენ საფლავის ქვას ჰგავხარ, მაგრამ შუაში მახინჯი, მოსაწყენი ხვრელი გაქვს. სანამ ეს ხვრელი გაქვს, ფრენას ვერ შეძლებ. ჯადოქრები დაფრინავენ, ისევე როგორც მე გავფრინდი გუშინ, მხოლოდ შენს გამო. შენ ადამიანური ფორმისგან გათავისუფლებაც კი ვერ შეძელი. 

 ცხარე კამათში ჩავვარდი, მაგრამ არა იმდენად ლა გორდასთან, არამედ საკუთარ თავთან. მე დაჟინებით ვამბობდი, რომ მათი პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაებრუნებინათ ეს სავარაუდო სისრულე, სისულელედ მეჩვენებოდა. ლა გორდას ვუთხარი, რომ ჩემთან ამ თემაზე ვერ იკამათებდა, თითქოს ადამიანს საკუთარი შვილისგანაც კი უნდა შეექცია ზურგი მხოლოდ იმისთვის, რომ ამქვეყნად ყველაზე ბუნდოვანი  მიზანი შეესრულებინა: ნაგვალის სამყაროში შესვლა. ჩემს სიმართლეში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ თავი დავკარგე და გაბრაზებულმა, ლა გორდას მისამართით მწარე სიტყვები ვისროლე. ჩემი გამოხტომით სრულიად გულგრილი ჩანდა. 

 - ამის გაკეთების აუცილებლობა ყველას არ გააჩნია. - თქვა მან. - მხოლოდ იმ ჯადოქრებს, რომელთაც ნაგვალის სამყაროში შესვლა უნდათ. უამრავი კარგი ჯადოქარი არსებობს, რომლებიც არასრულები არიან და მათ ეს მშვენივრად იციან. 

 მაგალითად სოლედადი ავიღოთ. იგი საუკეთესო ჯადოქარია, რომლის პოვნაც საერთოდ შეგიძლია, მაგრამ არასრულია. მას ორი შვილი ჰყავდა: ერთი მათგანი გოგო იყო. სოლედადის საბედნიეროდ, მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. ნაგვალმა თქვა, რომ ადამიანის სიკვდილისას ზღვარი იმას უბრუნდება, ვინც ეს ზღვარი გარდაცვლილს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვარი მის მშობლებს უბრუნდებათ. თუ გამცემები მკვდრები არიან და ადამიანებს შვილები ჰყავთ, ზღვარი იმას უბრუნდება, რომელიც გამთლიანებულია. თუ ყველა შვილი გამთლიანებულია, ზღვარი ყველაზე საუკეთესოსთან და გულმოდგინესთან მიდის. მაგალითად, როდესაც ჟოზეფინას დედა გარდაიცვალა, ზღვარი ყველაზე გიჟს, ჟოზეფიანს მიადგა. ჟოზეფინას ძმა ძალიან შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობიანი ადამიანია, მაგრამ ჟოზეფინა თავის ძმაზე უფრო ძლიერია. სოლედადის ქალიშვილი ისე გარდაიცვალა, რომ არცერთი შვილი არ დაუტოვებია, ამიტომ სოლედადმა სტიმული მიიღო, რომელმაც მისი ხვრელი სანახევროდ დახურა. ახლა, ამ ხვრელის დახურვის ერთადერთი იმედი პაბლიტოს სიკვდილია და პირიქით, იმავე პრინციპით, პაბლიტოს გაძლიერების დიდი იმედი სოლედადის სიკვდილია. 

 ლა გორდას ძალიან მკაცრად ვუთხარი, რომ მისი სიტყვები ჩემთვის ამაზრზენი და შემზარავი იყო. იგი დამეთანხმა, რომ მე მართალი ვიყავი. მან დამიდასტურა, ერთ დროს თავადაც სჯეროდა, რომ ჯადოქრების ეს პოზიცია შესაძლებელთაგან ყველაზე მახინჯი და გულისამრევი რამ იყო. ანთებული თვალებით მიყურებდა. მის ღიმილში რაღაც სახიფათო იგრძნობოდა. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ შენ ყველაფერი მშვენივრად გესმის, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გინდა. - თქვა მან რბილი ხმით. 

 ისევ კამათი დავიწყე. მას ვუთხარი, რომ იმას, რაც ნაგვალმა ჩემზე თქვა, არანაირი საერთო არ ჰქონდა ჩემს ზიზღთან, კონკრეტული პოზიციის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით. ლა გორდას ვუთხარი, რომ ბავშვები ძალიან მომწონდა, მათ ყველაზე დიდ პატივს ვცემდი და სამყაროში ბავშვების უმწეობას ყოველთვის ვუთანაგრძნობდი. არც კი შემეძლო იმის გაფიქრება, რომ რამენაირად ბავშვისთვის ტკივილი უნდა მიმეყენებინა. 

 - ეს წესი ნაგვალს არ დაუდგენია. - თქვა მან. - წესები სადღაც სხვაგან არის დადგენილი და არა ადამიანის მიერ. 

 თავი დავიცავი, რომ მე სულაც არ ვბრაზობდი მასზე ან ნაგვალზე, მაგრამ ვკამათობდი, რადგან ამ ყველაფრის ღირებულებას ვერ ვიაზრებდი. 

 - ღირებულება ის არის, რომ ჩვენ მთელი ზღვარი გვჭირდება, მთელი ჩვენი ძალა, მთელი სისრულე, რათა სხვა სამყაროში შევიდეთ. მე რელიგიური ქალი ვიყავი. შემეძლო რაღაც უსასრულოდ გამემეორებინა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მესმოდა, რას ვგულისხმობდი. მინდოდა, რომ ჩემი სული ცათა სასუფეველში მოხვედრილიყო. მე ეს ისევ მსურს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ გზაზე ვდგავარ. ნაგვალის სამყარო იგივე ცათა სასუფეველია. 

 პრინციპულად ვაპროტესტებდი მის რელიგიურ კონოტაციებს. მივეჩვიე, რომ დონ ხუანი არასდროს ჩერდებოდა ამ საკითხზე და არაფერს მიხსნიდა. ლა გორდამ დაამატა, რომ ჩვენსა და მღვდელ-მონაზვნების ცხოვრების წესს შორის განსხვავებას ნამდვილად ვერ ხედავდა. მან აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ ჭეშმარიტი მღვდელ-მონაზვნები იყვნენ, არამედ სქესობრივი აქტებითაც კი არასოდეს ასუსტებდნენ საკუთარ თავს. 

 - ნაგვალმა თქვა, რომ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც ისინი არ განადგურდებიან, მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ეცადოს მათ განადგურებას. - განაგრძო ლა გორდამ. - ისინი, ვინც მათ მიჰყვებიან, ყოველთვის ცარიელები არიან. მათ არ აქვთ ისეთი ძალა, როგორიც ნამდვილ მღვდელ-მონაზვნებს აქვთ. ამ სიტყვების გამო, ნაგვალი მომწონდა. მონაზვნებს და მღვდლებს ყოველთვის თაყვანს ვცემდი. ჩვენ ერთნაირები ვართ. ჩვენ სამყარო დავთმეთ და მაინც, მის შუაგულში ვართ. მღვდელ-მონაზვნები შესანიშნავი მფრინავი ჯადოქრები გახდებიან, თუ მათ ვინმე ეტყვის, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. 

 რატომღაც მამაჩემის და ბაბუაჩემის შემართება გამახსენდა, როდესაც მექსიკის რევოლუციას ჰქონდა ადგილი. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ სასულიერო პირების განადგურების მცდელობებით. მამაჩემმა მემკვიდრეობით მიიღო ეს განწყობა, ხოლო მეც თავის მხრივ ორივე მათგანისგან მერგო მემკვიდრეობა. ეს იყო ერთგვარი კუთვნილება, რომელიც გაგვაჩნდა. ერთ-ერთი პირველი, რაც დონ ხუანმა ჩემში საფუძვლიანად შეარყია, კუთვნილება იყო. 

 - ერთხელ დონ ხუანს ვუთხარი, თითქოს აზრს ხმამაღლა ვახმოვანებდი, რომ ეკლესიის საყვარელი ხრიკი ჩვენი უმეცრებაში დარჩენის ხელშეწყობა იყო. დონ ხუანს სახეზე ყველაზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს, ჩემი განცხადებები მას ღრმად მოხვდა გულზე. იმ მომენტში გამახსენდა, რამდენი საუკუნე უძლებდნენ ინდიელები მათზე განხორციელებულ ექსპლუატაციას. 

 - ეს ბინძური ნაბიჭვრები. - თქვა მან. - მათ მე უმეცრებაში მამყოფეს, ისევე როგორც შენ. 

 მისი ირონია მაშინვე დავიჭირე და ორივემ კარგად ვიცინეთ. დონ ხუანს ბაბუაჩემის და მამაჩემის რელიგიური დამოკიდებულების შესახებ ვუამბე.

 - მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე რას ამბობს ან რას აკეთებს. - მიპასუხა მან. - შენ თავად უნდა იყო უზადო ადამიანი. ნამდვილი ბრძოლა ამ მკერდში, სწორედ ახლა, ამ წამს მიმდინარეობს. 

 მკერდზე ნაზად მომეფერა. 

 - თუ შენი ბაბუა და მამა უზადო მეომრად ცხოვრებას ეცდებოდნენ, მათ მსგავსი წვრილმანი ჩხუბისთვის დრო აღარ ექნებოდათ. მთელი დრო და ენერგია ჩვენში არსებული იდიოტიზმის დამარცხებას სჭირდება. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. დანარჩენს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა ეთქვა შენს ბაბუას და მამას ეკლესიის შესახებ, ეს ნათქვამი მათ კეთილდღეობას არ მიანიჭებდა. მეორე მხრივ, უზადო მეომრად ყოფნა მოგცემს შემართებას, ახალგაზრდობას და ძალას. ასე რომ, არჩევანი გონივრულად გააკეთე. 

 ჩემი არჩევანი მეომრის ცხოვრების უზადობა და სიმარტივე იყო. ეს არჩევანი მკარნახობდა, რომ ლა გორდას სიტყვები ყველაზე სერიოზულად უნდა მიმეღო, ეს კი იმაზე მეტად საშიშად მეჩვენებოდა, ვიდრე ხენაროს ქმედებები. ხენარო ყველაზე ღრმა დონეზე მაშინებდა. თუმცა, მისი ქმედებები თანმიმდევრულად იყო დალაგებული ჯადოქრობის სწავლების განრიგში. ლა გორდას სიტყვები და ქმედებები ჩემთვის სხვა სახის საფრთხე იყო, რაღაცნაირად უფრო კონკრეტული და რეალური, ვიდრე დანარჩენი. 

 ლა გორდას სხეული წამით აკანკალდა. მასში ტალღამ გაიარა. შემდეგ გამიღიმა. მისი თვალები და ღიმილი ბრწყინვალე იყო. უბრალო ტონით მითხრა, რომ ახლა ჩემი დილემა დაინახა. 

 - უსარგებლოა თვალების დახუჭვა და პრეტენზიის გამოთქმა, რომ არაფრის გაკეთება არ გინდა. ასევ უსარგებლოა იმის თქმა, რომ არაფერი არ იცი. შეგიძლია ეს სხვებთან გააკეთო, მაგრამ არა ჩემთან. ახლა ვიცი, რატომ დამავალა ნაგვალმა, რომ შენთვის ეს ყველაფერი მეთქვა. მე არავინ ვარ. შენ დიადი ადამიანებით ხარ აღფრთოვანებული. ნაგვალი და ხენარო ყველაზე დიადები იყვნენ. 

 შეჩერდა და დამაკვირდა. თითქოს, ჩემგან რეაქციას ელოდა. 

 - შენი მთელი გზის მანძილზე ებრძოდი იმის წინააღმდეგ, რაც ნაგვალმა და ხენარომ გითხრეს. - განაგრძო მან. - სწორედ ამიტომ ხარ უკან. შენ მათ იმიტომ ებრძოდი, რადგან ისინი დიადები იყვნენ. ეს შენი ყოფიერების განსაკუთრებული მდგომარეობაა. მაგრამ, შენ ვერ შეეწინააღმდეგები იმას, რასაც მე ვამბობ, რადგან ჩემი აღქმა საერთოდ არ შეგიძლია. მე შენი თანასწორი ვარ. 

 მე შენს წრეში ვიმყოფები. შენ იმასთან ბრძოლა მოგწონს, ვინც შენზე უკეთესია. ჩემთან ბრძოლა შენთვის გამოწვევა არაა. ასე რომ, ორმა ეშმაკმა საბოლოოდ ჩემთან მოგიყვანა. საწყალი, პატარა ნაგვალი. თამაში წააგე. 

 ჩემთან ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა, რომ ნაგვალის განკარგულებით, არასოდეს უნდა ეცადა ჩემთვის საწერი მოწყობილობების წართმევა, რადგან ნაგვალის თქმით, ისეთივე საშიში ვიქნებოდი, როგორც ცოფიანი ძაღლი, მისთვის ძვლის წართმევის მცდელობისას. 

 ხელები შემომხვია, თავი მხრებზე დამადო და ჩუმად ჩაიცინა. 

 მისმა ხედვამ დამამუნჯა. ვიცოდი, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო. თავით საკმაოდ დიდხანს მეფერებოდა. მისი სხეულის სიახლოვე რატომღაც ძალიან მამშვიდებდა. იგი დონ ხუანს ჰგავდა. ლა გორდა დონ ხუანივით ძალას, დარწმუნებულობას და მიზანს ასხივებდა. ლა გორდა ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მე მას არ ვეთაყვანებოდი. 

 - მოდით, ეს დავივიწყოთ. - თქვა მან მოულოდნელად. - ახლა იმაზე ვისაუბროთ, რაც ამაღამ უნდა გავაკეთოთ. 

 - კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებთ, გორდა? 

 - ჩვენ ძალასთან ბოლო შეხვედრა გვექნება. 

 - ანუ, ეს ვიღაცასთან კიდევ ერთი საშინელი ბრძოლა იქნება?

 - არა. პატარა დები უბრალოდ აპირებენ რაღაც გიჩვენონ, რაც აქ შენს ვიზიტს დაასრულებს. ნაგვალმა მითხრა, რომ ამის შემდეგ შეგიძლია წახვიდე და არასოდეს დაბრუნდე, ან თუ გსურს, ჩვენთან დარჩენა შეგიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ თავიანთი ხელოვნება უნდა გაჩვენონ. სიზმარხილვის ხელოვნება. 

 - რა არის ეს ხელოვნება?

 - ხენარომ მითხრა, რომ იგი დროდადრო ცდილობდა შენთვის სიზმარხილვის ხელოვნება გაეცნო. მან თავისი მეორე სხეული, სიზმარხილვის სხეულიც გიჩვენა. ერთხელ მან გაიძულა ერთდროულად ორ ადგილას ყოფილიყავი, მაგრამ შენი სიცარიელე არ გაძლევდა იმის დანახვის საშუალებას, რასაც იგი გიჩვენებდა. როგორც ჩანს, მთელი მისი ძალისხმევა შენს ხვრელში გავიდა. 

 ახლა, როგორც ჩანს, სხვაგვარადაა. ხენარომ პატარა დები სიზმარმხილველებად აქცია, რომლებიც ამაღამ ხენაროს ხელოვნებას გიჩვენებენ. ამ გაგებით, პატარა დები ხენაროების ნამდვილი შვილები არიან. 

 ამან გამახსენა, რაც პაბლიტომ მითხრა, რომ ჩვენ ყველანი ტოლტეკები ვიყავით. ლა გორდას ვკითხე, რას გულისხმობდა ამაში. 

 - ნაგვალმა მითხრა, რომ მისი კეთილმყოფელის ენაზე ადრე ჯადოქრებს ტოლტეკებს ეძახდნენ. - მიპასუხა მან. 

 - მაინც, რა ენაა ეს, გორდა?

 - მას არასოდეს უთქვამს. მაგრამ, ის და ხენარო რაღაც ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ ესმოდა. არადა, ყველა ჩვენგანს, ინდიელთა ოთხი სხვადასხვა ენა ესმის.

 - დონ ხენარომაც თქვა, რომ იგი ტოლტეკი იყო?

 - მისი კეთილმყოფელიც იგივე კაცი იყო, ამიტომ, მანაც იგივე თქვა. 

 ლა გორდას პასუხებიდან ვივარაუდე, რომ ამ თემაზე იგი ან საკმარის ინფორმაციას არ ფლობდა, ან ჩემთან ამაზე საუბარი არ სურდა. ჩემი დასკვნებით მასთან დაპირისპირება დავიწყე. ლა გორდამ მითხრა, რომ მას ამისთვის არასოდეს მიუქცევია დიდი ყურადღება და აინტერესებდა, რატომ ვაძლევდი ამას ამხელა მნიშვნელობას. პრაქტიკულად, ლა გორდას ცენტრალური მექსიკის ეთნოგრაფიის შესახებ ლექცია ჩავუტარე. 

 - ჯადოქარი არის იგივე ტოლტეკი, რომელმაც სტალკინგის და სიზმარხილვის საიდუმლოებები მიიღო. - თქვა მან უბრალოდ. - ნაგვალმა და ხენარომ ეს საიდუმლოებები მათი კეთილმყოფელისგან მიიღეს და საკუთარ სხეულში დაიცვეს. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ, ამიტომ, ყველანი ტოლტეკები ვართ, ისევე როგორც ნაგვალი და ხენარო. 

 ნაგვალმა მე და შენ თანაბრად გვასწავლა, რომ უვნებლები ვყოფილიყავით. მე შენზე უფრო უვნებელი ვარ, რადგან უფორმო ვარ. შენ ჯერ კიდევ გაქვს საკუთარი ფორმა და ასევე ცარიელი ხარ, ამიტომ, ყველა ხიფათი შენს ირგვლივ ტრიალებს. თუმცა, ერთ დღეს გამთლიანდები და მიხვდები, რომ ნაგვალი მართალი იყო. მან თქვა, რომ სამყაროში ხალხი აღმა და დაღმა მოძრაობს, ისევე როგორც სამყარო მოძრაობს ხალხში აღმა და დაღმა. ჯადოქრებს იმასთან არაფერი ესაქმებათ, რომ ამ აღმავალ და დაღმავალ მოძრაობას დანარჩენი ხალხის ტემპში მიჰყვებოდნენ.

 ჯადოქრის ხელოვნება ყველაფრის მიღმა ყოფნას და შეუმჩნევლობას წარმოადგენს. ყველა დანარჩენზე მეტად კი, ჯადოქრის ხელოვნება ისაა, რომ მან არასდროს დაკარგოს მისი ენერგია, მისი პირადი ძალა. ნაგვალმა მითხრა, რომ შენი პრობლემა მუდმივად იდიოტურ საკითხებზე კირკიტია, როგორც მაგალითად ახლა აკეთებ. დარწმუნებული ვარ, შენ ყველა ჩვენგანს ჰკითხავ ტოლტეკების შესახებ, მაგრამ არასდროს დაგვისვამ კითხვას ჩვენს ყურადღებასთან დაკავშირებით. 

 მისი სიცილი ლაღი და გადამდები იყო. ვაღიარე, რომ იგი მართალი იყო. წვრილმანი საკითხები ყოველთვის მხიბლავდა. ისიც ვუთხარი, რომ გაურკვეველი იყო, რას გულისხმობდა სიტყვა "ყურადღებაში".  

 - მე უკვე გითხარი, რომ ნაგვალმა ყურადღების შესახებ მომიყვა. - თქვა მან. - ჩვენ ყურადღებით ვიჭერთ სამყაროს სურათებს. ჯადოქარი მამაკაცი გასაწვრთნელად ძალიან რთულია, რადგან მისი ყურადღება შეზღუდულია, ყოველთვის რაღაცაზეა ორიენტირებული. მეორე მხრივ, ქალი ყოველთვის ღიაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში მისი ყურადღება არაფერზე არაა ფოკუსირებული, განსაკუთრების მისი მენსტრუაციის დროს. ნაგვალმა მითხრა და შემდეგ მიჩვენა, რომ ამ დროის განმავლობაში შემიძლია ჩემი ყურადღება სამყაროს გამოსახულებებიდან გადავიტანო. თუ ჩემს ყურადღებას სამყაროზე არ გავამახვილებ, სამყარო ინგრევა. 

 - ეს როგორ კეთდება? 

 - ძალიან მარტივად. როდესაც ქალს მენსტრუაცია აქვს, მას ყურადღების ფოკუსირება არ შეუძლია. სწორედ ეს არის ბზარი, რომლის შესახებაც ნაგვალმა მითხრა. ფოკუსირებისთვის ბრძოლის ნაცვლად, ქალმა გამოსახულებები სამყაროში უნდა გაუშვას, შორეულ ბორცვზე ყურებით, წყლისთვის მზერით ან თუნდაც ღრუბლების ყურებით. 

 როდესაც გახელილი თვალებით უყურებ, თავბრუ გეხვევა და თვალები გეღლება, მაგრამ, თუ ნახევრად დახუჭავ და მთიდან მთაზე ან ღრუბლიდან ღრუბლამდე გადააადგილებ, შეგიძლია რომ ასე საათობით დარჩე, იქნებ დღეების მანძილზეც. 

 ნაგვალი კარებთან გვსვამდა და ხეობის მეორე მხარეს, მრგვალ ბორცვებზე გაყურებინებდა. ხანდახან დღეების მანძილზეც ვყოფილვართ ერთ ადგილზე გაჩერებული, სანამ ბზარი არ გაიხსნებოდა. 

 მინდოდა ამის შესახებ მეტი გამეგო, მაგრამ ლა გორდამ ლაპარაკი შეწყვიტა და სასწრაფოდ დაჯდა ჩემთან ახლოს. მან ხელით მანიშნა, რომ ყურადღებით მომესმინა. სუსტი შრიალის ხმა მომესმა და იმ წამსვე სამზარეულოში ლიდიამ შემოაბიჯა. ვფიქრობდი, რომ რომელიღაც ოთახში ეძინა და ჩვენმა საუბრის ხმამ გააღვიძა. 

 დასავლური ტანსაცმელი გამოეცვალა და ისეთი გრძელი კაბა ჩაეცვა, რომელიც ინდოელ ქალებს ეცვათ ხოლმე. მხრებზე შალი ჰქონდა მოხვეული და ფეხშიშველი იყო. ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ პატარა ბავშვს ჰგავდა. 

 მაგიდასთან მოვიდა და ლა გორდას ფორმალურად მიესალმა:

 - საღამო მშვიდობისა, გორდა. - შემდეგ მე მომიბრუნდა. - საღამო მშვიდობისა, ნაგვალო. 

 მისი მისალმება იმდენად მოულოდნელი იყო და მისი ტონი ისეთი სერიოზული, რომ გაცინებას ვაპირებდი. ლა გორდას გაფრთხილება შევამჩნიე. 

 ლიდიას ისევე ვუპასუხე, როგორც მას ლა გორდამ მიმართა:

 - საღამო მშვიდობისა, ლიდია. 

 ლიდია ჩემგან მარჯვნივ, მაგიდის ბოლოს ჩამოჯდა. არ ვიცოდი, უნდა წამომეწყო თუ არა საუბარი. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა ლა გორდამ ფეხზე გამკრა და წარბების ნატიფი მოძრაობით მანიშნა, რომ ისევ ყურადღებით მომესმინა. გრძელი კაბის შრიალი ისევ მომესმა. ჟოზეფინა წამით მაგიდასთან გაჩერდა, სანამ თავისი ადგილისკენ გაემართებოდა. იგი ჯერ ლიდიას მიესალმა, შემდეგ ლა გორდას, ბოლოს კი მე. არ შემეძლო, მისთვის სახეში შემეხედა. მასაც გრძელი კაბა ეცვა, შალი მოეხურა და ფეხზე არ ეცვა. ჟოზეფინას კაბა აშკარად სამი-ოთხი ზომით დიდი იყო და მისი გარეგნობა სრულიად შეუსაბამოდ გამოიყურებოდა. ჟოზეფინას სახე გამხდარი და ახალგაზრდა იყო, მაგრამ სხეული გროტესკულად გაბერილი ჩანდა, რადგან კაბაში რაღაც საფენივით ჰქონდა ჩატენილი. 

 სკამი აიღო, მაგიდის მარცხენა ბოლოში გააჩოჩა და დაჯდა. სამივე მათგანი უკიდურესად სერიოზულად გამოიყურებოდა. შეტყუპებული ფეხებით და სარივით გასწორებული ზურგით ისხდნენ. 

  კიდევ ერთხელ გაიგონა კაბის შრიალი და ოთახში როზა შემოვიდა. ისიც სხვების მსგავსად იყო ჩაცმული, ფეხშიშველი. ფორმალურად მოგვესალმა და ჩემი ჩათვლით ყველამ ასევე ფორმალური ტონით უპასუხა. ყველა ჩვენგანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აბსოლუტურ სიჩუმეში ვიყავით.

 უცებ ლა გორდამ დაილაპარაკა და მისმა ხმამ ყველა წამოახტუნა. მან თქვა, რომ ნაგვალი თავისი მოკავშირეების ჩვენებას აპირებდა და ჩემზე ანიშნა. მისი თქმით, მე მათ მოსაყვანად სპეციალური ხმის გამოცემას ვაპირებდი. 

 ხუმრობა ვცადე და ვთქვი, რომ ნაგვალი აქ არ იყო, ამიტომ ვერცერთ მოკავშირეს ვერავინ მოიყვანდა. მეგონა, რომ გაიცინებდნენ. ლა გორდამ სახეზე ხელები აიფარა და პატარა დებმა მე შემომხედეს. ლა გორდამ პირზე ხელი დამადო და ჩამჩურჩულა, რომ ახლა აბსოლუტურად აუცილებელი იყო, იდიოტური სიტყვებისგან თავი შემეკავებინა. მან პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მითხრა, რომ ჩემი "ფარვანას" დაძახილით მოკავშირეები უნდა გამომეძახებინა.

 უხალისოდ დავიწყე. ხმის წარმოქმნაზე ჩემი კონცენტრაციის მაქსიმუმი დავხარჯე. ძალიან მელოდიურად გამომივიდა. 

 ახალი სერიის დასაწყებად ჰაერის დიდი რაოდენობა შევისუნთქე, თუმცა მაშინვე გავჩერდი. სახლს გარეთ ჩემს დაძახილს რაღაც გაეპასუხა. მთელი სახლის ირგვლივ კაკუნის ხმები ისმოდა, სახურავიდანაც კი. პატარა დები წამოდგნენ და ლა გორდას და ჩემს გარშემო შეშინებული ბავშვებივით აიტუზნენ. 

 - გთხოვ, ნაგვალო, სახლში არაფერი შემოიყვანო. - მევედრებოდა ლიდია. 

 ლა გორდაც კი ცოტათი შეშინებული ჩანდა. მან მკაფიო ბრძანება მომცა, რათა გავჩერებულიყავი. დაძახილის გაგრძელებას ისედაც არ ვაპირებდი. მოკავშირეები ჩემი დაძახილის ხმაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. იგივე განცდა დამეუფლა, რაც ორი დღის წინ ხენაროს სახლში განვიცადე. ეს იყო აუტანელი ზეწოლა, თითქოს მთელ სახლს რაღაც ძალიან მძიმე აწვებოდა. ჭიპის მიდამოში ქავილს და ნერვულ სპაზმებს ვგრძნობდი, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ ტანჯვაში. 

 პატარა დები შიშისგან ცუდად იყვნენ, განსაკუთრებით ლიდია და ჟოზეფინა. ორივე დაჭრილი ძაღლივით წკმუტუნებდა. ყველა მათგანი ჩვენს გარშემო იყო შეყუჟული. როზა მაგიდის ქვეშ შეძვრა და ჩემს ფეხებს შორის ამოყო თავი. ლა გორდა ჩემს უკან იდგა და რაც შეეძლო, მშვიდ გამომეტყველებას ინარჩუნებდა. სამივე გოგონას ისტერია და შიში უკონტროლო პროპორციებს აღწევდა. ლა გორდა ჩემკენ დაიხარა და ჩურჩულით მითხრა, რომ ახლა საპირისპირო ხმა უნდა გამომეცა, რომელიც მათ გაფანტავდა. გამოუთქმელი გაურკვევლობის მომენტი მქონდა. ნამდვილად არ ვიცოდი, რა საპირისპირო ხმაზე მეუბნებოდა ლა გორდა. შემდეგ თავისებური ტკივილი ვიგრძენი თავის არეში, სხეულში შემაკანკალა და არსაიდან გამახსენდა თავისებური სტვენა, რომელსაც დონ ხუანი ღამით ასრულებდა და ცდილობდა, რომ ჩემთვის ესწავლებინა. მან ამიხსნა, რომ ეს იყო სიარულის დროს წონასწორობის შენარჩუნების საშუალება, რათა სიბნელეში ბილიკისთვის არ გადამეხვია. 

 სტვენა დავიწყე და ჭიპის არეში ზეწოლის განცდა შეწყდა. ლა გორდამ გაიცინა და შვებით ამოისუნთქა, პატარა დები კი ჩემგან მოშორებით დადგნენ, თან იღიმოდნენ, თითქოს ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, ეს ყველაფერი მათი მოწყობილი ხომ არ იყო, მაგრამ თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი. თითქმის უგონო მდგომარეობაში ვიყავი. ყურებში ზუზუნებდა. ჩემი მუცლის ირგვლივ დაძაბულობა იმდენად ინტენსიური იყო, რომ მჯეროდა, მალე ძალიან ცუდად გავხდებოდი. თავი მაგიდის კიდეზე ჩამოვდე, თუმცა, რამდენიმე წუთში საკმარისად მოვდუნდი იმისთვის, რომ კვლავ გამართულად დავმჯდარიყავი. 

 გოგონებმა თითქოს დაივიწყეს, რამდენად შეშინებულები იყვნენ ორი წუთის წინ. ფაქტობრივად, ისინი იცინოდნენ და ერთმანეთს უბიძგებდნენ, როცა თეძოების გარშემო შალს მჭიდროდ იხვევდნენ. ლა გორდა არც ანერვიულებული ჩანდა და არც მოდუნებული. ერთ მომენტში ორმა გოგონამ როზას უბიძგა და იგი სკამიდან გადმოვარდა, სადაც სამივე მათგანი ისხდა. როზა წამოდგა და თავის ადგილზე დაეშვა. მეგონა, რომ გაბრაზდებოდა, მაგრამ გაიცინა. ლა გორდას შევხედე, რათა ჩემთვის განკარგულება მოეცა. ძალიან სწორი ზურგით იჯდა. თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა და როზას უყურებდა. პატარა დები ძალიან ხმამაღლა იცინოდნენ. ლიდიამ ჟოზეფინას უჯიკა და იქ დაანარცხა, სადაც წუთის წინ როზა გაიშხლართა. იმ წამსვე, როცა ჟოზეფინა დაეცა, სიცილი უეცრად შეწყდა. როზამ და ჟოზეფინამ სხეულები შეარხიეს, მათი უკანალით რაღაც გაუგებარი მოძრაობა შეასრულეს. უცებ როზა და ჟოზეფინა იაგუარებივით წამოხტნენ და ლიდია ჰაერში აიტაცეს. სამივე მათგანი, ოდნავი ხმაურის გარეშე, რამდენჯერმე დატრიალდა. ჟოზეფინამ ლიდია მკლავებით ასწია და მაგიდის გარშემო ფეხის წვერებზე ორ-სამჯერ დაატრიალა. შემდეგ სამივე დაიშალა, თითქოს მუხლების მაგივრად ზამბარები ჰქონდათ, რომლებიც უცებ შეიკუმშნენ. მათი გრძელი კაბები გოგონებს უზარმაზარი ბურთის იერს აძლევდა. 

 როგორც კი იატაკზე დადგნენ, კიდევ უფრო დადუმდნენ. მათი კაბების შრიალის გარდა სხვა ხმა არ ისმოდა. ისინი ტრიალებდნენ და იკლაკნებოდნენ, თითქოს სამგანზომილებიან, მუნჯ ფილმს ვუყურებდი. 

 ლა გორდა, რომელიც ჩემს გვერდით ჩუმად იჯდა და გოგონებს უყურებდა, მოულოდნელად წამოდგა და აკრობატული სისწრაფით გაიქცა სასადილო ოთახის კუთხისკენ. სანამ კარს მიაღწევდა, მარჯვენა მხარეს დაეცა, გადაბრუნდა, შემდეგ წამოდგა და კარები გააღო. ყველა მოძრაობა აბსოლუტური სიმშვიდით შეასრულა. 

 ოთახში სამივე გოგონა გიგანტური მუხლუხოსავით იგორგლებოდა და დაცოცავდა. ლა გორდამ მანიშნა იქ მივსულიყავი, სადაც თავად იდგა. ოთახში შევედით და მან კარის ჩარჩოსგან ზურგით დამსვა. თვითონაც ჩემს გვერდით დაჯდა, ისიც კარისგან ზურგშექცეული. მან მაიძულა, თითები გადამეჯვარედინებინა და ხელები მუცელზე დამეწყო. 

 თავიდან იძულებული გავხდი, ჩემი ყურადღება ლა გორდას, პატარა დებსა და ოთახს შორის გადამენაწილებინა. მაგრამ, როდესაც ლა გორდამ ჯდომის პოზიცია მიკარნახა, ჩემი ყურადღება ოთახს დაეთმო. სამი გოგონა კვადრატული ოთახის შუაში იწვა. ოთახს ჭერი არ ჰქონდა, კედლებზე კი ოთხი ბენზინის ფარანი იყო ჩამოკიდებული. ერთმანეთის მოპირდაპირე კუთხეებში ორი კარი იყო განთავსებული. კარი, სადაც ჩვენ ვიყავით, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იმყოფებოდა. 

 როზა, ლიდია და ჟოზეფინა ოთახში რამდენიმეჯერ დატრიალდნენ საათის ისრის მიმართულებით. დაძაბული ვცდილობდი, მათი კაბების შრიალის ხმა მაინც გამეგო, მაგრამ სიჩუმე აბსოლუტური იყო. მხოლოდ ლა გორდას სუნთქვა მესმოდა. პატარა დები ბოლოს შეჩერდნენ და კედლისკენ ზურგით დასხდნენ, თითოეული მათგანი - თითო ფარნის ქვეშ. ლიდია აღმოსავლეთ კედელთან იჯდა, როზა ჩრდილოეთით, ხოლო ჟოზეფინა დასავლეთით.

 ლა გორდა ადგა, კარები დახურა და რკინის გისოსით დაამაგრა. მან მაიძულა, პოზიციის შეცვლის გარეშე რამდენიმე სანტიმეტრით გავჩოჩებულიყავი, სანამ კარებთან არ აღმოვჩნდი. იგი სამხრეთ კედელზე ჩამოკიდებული ფარნის ქვეშ დაჯდა. ლა გორდას მიერ დაკავებული პოზიცია თითქოს მინიშნება იყო. 

 ლიდია ფეხზე წამოდგა და ოთახში თითის წვერებზე დაიწყო სიარული, კედლებთან ახლოს. სიარულისას ხმას არ გამოსცემდა. ლიდიას, როზას, ლა გორდას და მე გზად თავზე გვახტებოდა, როდესაც ჩვენი ადგილების გავლა უწევდა. ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, როგორ მევლებოდა თავზე მისი გრძელი კაბა. ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებდა. რაც უფრო სწრაფად დარბოდა, მით უფრო მაღლა ადიოდა კედელზე. დადგა მომენტი, როდესაც ლიდია ფაქტობრივად ჩუმად დარბოდა ოთხი კედლის გარშემო, შვიდი ან რვა ფუტის სიმაღლეზე. ამ სურათის დანახვა იმდენად არამიწიერი იყო, რომ გროტესკულ სცენებს ესაზღვრებოდა. მისმა გრძელმა კაბამ სანახაობა კიდევ უფრო შემზარავი გახადა. რატომღაც გრავიტაცია ლიდიაზე არ მოქმედებდა. ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, როგორ გადადიოდა ჩემს თავზე და კაბას სახეზე ფარდასავით მიფრიალებდა. 

 ლიდიამ ჩემი ყურადღება ისე მიიპყრო, როგორც არასდროს. ჩემი განუყოფელი ყურადღების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მუცელში კრუნჩხვები დამეწყო. თვალები ფოკუსიდან მივარდებოდა. კონცენტრაციის ბოლო წუთში დავინახე, რომ ლიდია დაბლა ჩამოვიდა და ოთახის შუაგულში გაჩერდა. 

 სუნთქვაშეკრული იდგა და ოფლში იხვითქებოდა, ლა გორდას მსგავსად, თავისი ფრენის შესრულების შემდეგ. წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. იგი აღმოსავლეთის კედელთან, თავის ადგილზე მივიდა და იატაკზე უენერგიოდ დაენარცხა. მეგონა, რომ გონება დაკარგა, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ განზრახ პირით სუნთქავდა. 

 რამდენიმე წუთიანი უძრაობის შემდეგ, მას შემდეგ რაც ლიდია გამოცოცხლდა და წამოჯდა, როზა წამოდგა და ოთახში გაირბინა. იგი ჰაერში აფრინდა, როგორც კალათბურთელი და კედელს მიახტა, თუმცა არაფრის ხმა არ ისმოდა. ველოდი, რომ დარტყმის ძალით იატაკზე დახტებოდა, მაგრამ იგი ჩამოკიდებული დარჩა, კედელზე ქანქარასავით მიმაგრებული. თითქოს, მარცხენა ხელში რაღაც სამაგრი ეჭირა. შემდეგ შეირხა და კატაპულტივით გადახტა მეორე კედლისკენ. მსგავსი რხევა და კედლიდან კედელზე ხტომა ორმოცჯერ მაინც გაიმეორა. 

 სანამ მას ვუყურებდი, მივხვდი, რომ ხელში რაღაც კაუჭის მსგავსი ეჭირა, რამაც მისი წონის შენარჩუნება შესაძლებელი გახადა. იგი იმ ხელით ეჭიდებოდა, რომლითაც ორი დღის წინ ჩემზე თავდასხმას ცდილობდა. 

 მოსაჭიდს უცებ ხელი გაუშვა და 15-16 ფუტის სიმაღლიდან იატაკზე დახტა. დახტომისას გრძელი კაბა ჰაერში აიწია და თავზე გადაეფარა. სანამ უხმოდ დაეშვებოდა, შიგნიდან ამოტრიალებულ ქოლგას დაემსგავსა. მისი გამხდარი, შიშველი სხეული, თითქოს კაბის მასაზე დამაგრებულ ჯოხს ჰგავდა. 

 ჩემმა სხეულმა მისი დაცემის გავლენა ალბათ იმაზე მეტად იგრძნო, ვიდრე თავად როზამ. იგი მდუმარე პოზაში დაეშვა იატაკზე და გაუნძრევლად დარჩა, ცდილობდა, რომ ნორმალური სუნთქვა აღედგინა. იატაკზე მუცლის არეში დაწყებული მტკივნეული კრუნჩხვებით წამოვწექი. 

 ლა გორდა ჩემთან მოხოხდა, მისი შალი აიღო და ჭიპის ზონაზე შემომაკრა, რომელიც ჩემს სხეულზე ორ-სამჯერ დაატრიალა. შემდეგ უკან, სამხრეთის კედელთან გახოხდა. 

 სანამ შალს წელზე მაკრავდა, როზას მხედველობა დავკარგე. როცა ისევ შევხედე, ჩრდილოეთის კედელთან იჯდა. ერთი წუთის შემდეგ ჟოზეფინა ჩუმად გამოვიდა ოთახის ცენტრში. ჟოზეფინამ წინამხარი სახეზე აიფარა, თითქოს ცდილობდა, რომ მისთვის სახეში არ შემეხედა. ოთახში დადიოდა და ხელს ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებდა. ყოველ ჯერზე, როცა წინამხარს სწევდა, მისი სხეულის ნაწილი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. დადგა მომენტი, როცა მთელი სხეული კაბის ზომებით იყო გაბერილი, თავად კი წინა მხრის მიღმა იმალებოდა.

 მას შემდეგ, რაც მან მთელი სხეული დამალა, მხოლოდ ჰაერში ჩამოკიდებულ წინამხრის სილუეტს ვარჩევდი, რომელსაც წინ და უკან ამოძრავებდა.

 ზიზღი და აუტანელი გულისრევა ვიგრძენი. მისი მოძრავი წინამხარი ენერგიას მაცლიდა. წამოვწექი, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი. ტანსაცმლით დაფარული ჟოზეფინა იატაკზე დაწვა. გაშლილი ხელებით, ზურგზე იწვა. 

 ფიზიკური წონასწორობის აღდგენაში დიდი დრო დამჭირდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით იყო გაჟღენთილი. ერთადერთი დაზარალებული არ ვყოფილვარ. ყველა დაღლილი და გაოფლიანებული იყო. ლა გორდა ყველაზე გაწონასწორებულად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი კონტროლი თითქოს კოლაფსის პირას იყო. მესმოდა, როგორ სუნთქავდა ყველა მათგანი პირით. 

 როდესაც სრული კონტროლი დავიბრუნე, ყველა თავის ადგილზე დაჯდა. პატარა დები მტკიცედ მიყურებდნენ. თვალის კუთხით დავინახე, რომ ლა გორდას თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა. უეცრად უხმოდ მოხოხდა ჩემს გვერდით და ყურში ჩამჩურჩულა, რომ მოკავშირეებისთვის უნდა დამეძახა, სანამ სახლში არ შემოიჭრებოდნენ და თან არ წაგვიყვანდნენ. 

 კრუნჩხვებმა დამიარა. ლა გორდამ ჩურჩულით დაამატა, რომ მიმართულების შეცვლა შეუძლებელი იყო და დაწყებული უნდა დაგვემთავრებინა. წელიდან ნაჭერი მომხსნა და თავის ადგილზე დაბრუნდა. 

 მარცხენა ხელი ტუჩებთან მივიტანე და ძახილის ხმა გამოვეცი. თავდაპირველად ამის გაკეთება ძალიან რთული მეჩვენა. ტუჩები გამომიშრა და ხელები ოფლიანი მქონდა, მაგრამ შემდეგ თავდაპირველი მოუხერხებლობა დავძლიე და ენერგიისა და კეთილდღეობის შეგრძნება დამეუფლა. ყველაზე უნაკლო ძახილის ხმა გამოვეცი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ჩემი ხმა იმ პასუხს მაგონებდა, რომელიც ყოველთვის მესმოდა მოხმობის შემდეგ. როგორც კი სუნთქვა შევწყვიტე, გარშემო ყველა მხრიდან კაკუნის ხმები გაისმა. 

 ლა გორდამ მანიშნა, რომ გამეგრძელებინა. სამჯერ გავიმეორე. ბოლო, მესამე განსაკუთრებით მომეწონა. ხმის გამოსაცემად ხელიც კი არ გამომიყენებია. 

 ლა გორდა უცებ ჩემკენ გამოვარდა, სხეულით ამწია და ოთახის შუაში მიბიძგა. მისმა მოქმედებამ ჩემი აბსოლუტური კონცენტრაცია დაარღვია. შევამჩნიე, რომ ლიდიას ჩემი მარჯვენა მკლავი ეჭირა, ჟოზეფინას მარცხენა, ხოლო როზა ჩემს წინ დადგა და წელზე გაშლილი ხელებით მიჭერდა. ლა გორდა ჩემს უკან იდგა. 

 იმ მომენტში შევამჩნიე, რომ ჩვენს გარდა ოთახში კიდევ რაღაც იყო, მაგრამ ვერ გავარკვიე, ეს რა იყო. პატარა დები კანკალებდნენ. ვიცოდი, რომ მათ რაღაც ისეთი იცოდნენ, რისი გაგებაც მე არ შემეძლო. ისიც ვიცოდი, რომ ლა გორდა ახლა იმის გაკეთებას აპირებდა, რაც ხენაროს სახლში გააკეთა. უეცრად ვიგრძენი, როგორ გვიზიდავდა კარებში შემოჭრილი ქარი. ლა გორდას შალს მთელი ძალით ჩავეჭიდე და პატარა დებმაც მთელი ძალით ჩამჭიდეს ხელი. ვგრძნობდი, როგორ ვტრიალებდით გიგანტური, უწონო ფოთოლივით, რომელიც ტრიალებს, ტრიალებს და აქეთ-იქით ირხევა.

 თვალები გავახილე და დავინახე, რომ ერთმანეთზე ვიყავით მიკრული. ჩვენ ან ფეხზე ვიდექით, ან ჰაერში ჰორიზონტალურად ვიყავით გაჩერებული. აქედან რომელი იყო სიმართლე, ვერ ვხვდებოდი, რადგან ჩემი სენსორული აღქმა არ მუშაობდა. ჩვენი დაცემა ჭიპის არეში ვიგრძენი. ტკივილისგან ვიყვირე და ჩემი ყვირილი პატარა დების კივილს ერწყმოდა. მუხლები მტკიოდა. ფეხებზე აუტანელ დაბუჟებად ვგრძნობდი, მეგონა, რომ ორივე ფეხი მოვიტეხე. 

 შემდეგი შთაბეჭდილება ის იყო, რომ ცხვირში რაღაც მიძვრებოდა. ძალიან ბნელოდა და ზურგზე ვიწექი. წამოვჯექი. დავინახე, რომ ლა გორდა ჩემს ნესტოებს ხის ყლორტით აწვალებდა. 

 სულ მცირე დაღლილობასაც არ ვგრძნობდი. ფეხზე წამოვხტი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სახლში არ ვიყავით. გაოგნებული ვიდექი. კლდოვან, უნაყოფო ბორცვზე ვიყავით. ნაბიჯი გადავდგი და კინაღამ დავეცი. ფეხი ჟოზეფინასთვის დამიბიჯებია. შეხებისას მისი სხეული ძალიან ცხელი იყო. თითქოს ცხელება ჰქონდა. ვცადე, რომ წამოდგომაში დავხმარებოდი, მაგრამ კოჭლობდა. როზა მის გვერდით იყო. ჟოზეფინასგან განსხვავებით, როზას სხეული ყინულივით ცივი იყო. როდესაც ხელი დავადე, კანკალი ამივარდა. ჩემმა შეხებამ ისინი ამქვეყნად დააბრუნა. 

 ლა გორდამ ლიდია იპოვა და სიარულში ეხმარებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ყველანი ფეხზე ვიდექით. ჩვენ ალბათ, სახლიდან აღმოსავლეთით ნახევარი მილის მანძილზე ვიყავით. 

 წლების წინ დონ ხუანმა ჩემში მსგავსი გამოცდილება გამოიწვია, მაგრამ ფსიქოტროპული მცენარეების დახმარებით. მან დიდ მანძილზე გადამაფრინა და მისი სახლიდან შორ მანძილზე ამოვყავი თავი. იმ დროს, ამ მოვლენის რაციონალურად ახსნას ვცდილობდი, მაგრამ, ასეთი ახსნა-განმარტების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ, იმ ფაქტის მიღება მომიწია, რომ მე მართლა გავფრინდი. ორი გზა მქონდა: დონ ხუანმა უგონო მდგომარეობაში თავისი ხელით მატარა, როდესაც მისი მცენარეების ალკალოიდების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ან მისმა ფსიქოტროპულმა მართლა მომცა ფრენის საშუალება, რაც ამ მოსაზრების მიღების შემთხვევაში უნდა დამეჯერებინა. 

 ამჯერად სხვა გზა არ მქონდა, გარდა იმისა, რომ დამეჯერებინა, ჩვენ ერთად მართლა გამოვფრინდით სახლიდან. მინდოდა, ჩემი ეჭვები გამეღვიძებინა და ოთხივე გოგონას შესაძლებლობებზე დავიწყე ფიქრი, თითქოს მათ გამთიშეს და აქამდე მომიყვანეს. ხმამაღლა გამეცინა, რატომღაც ამის გაფიქრებისას თავის შეკავება ვერ შევძელი. ძველი ავადმყოფობა ისევ თავს მახსენებდა. ჩემი რაციონალური აღქმა, რომელიც დროებით გათიშული იყო, ნელ-ნელა გამოღვიძებას იწყებდა. მინდოდა, რომ ჩემი აღქმა დამეცვა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ გამოცდილების შემდეგ, პირიქით, ჩემს აღქმას უწევდა თავის დაცვა იმ კომპლექსური მთლიანობის წინაშე, რასაც "საკუთარ თავს" ვუწოდებდი. დაინტერესებული დამკვირვებლის როლში ვაკვირდებოდი, როგორ ეძებდა ჩემი რაციონალური მხარე შესაბამისი დასაბუთებების პოვნას, ხოლო ჩემს სხვა, გაცილებით დიდ ნაწილს საერთოდ არაფრის ახსნა არ აინტერესებდა.

 ლა გორდამ სამივე გოგონა ერთმანეთის გვერდით დააყენა. მეც მათთან მიმიხმო. ყველა მათგანმა ხელები ზურგს უკან შემოიხვია. ლა გორდამ იგივე მეც გამაკეთებინა. მან ჩემი ხელები მაქსიმალურად გამაშლევინა, შემდეგ კი მაიძულა, რომ წინამხარი იდაყვებთან რაც შეიძლება მჭიდროდ მქონოდა შემოხვეული. ამან ჩემს მხრებზე ძლიერი კუნთოვანი წნევა შექმნა. შემდეგ, ლა გორდამ თავისებურად, ჩიტის ხმით დაუსტვინა. ეს სიგნალი იყო. ლიდიამ სიარული დაიწყო. სიბნელეში მისმა სიარულმა ყინულზე მოციგურავე გამახსენა. იგი სწრაფად და ჩუმად დადიოდა და რამდენიმე წუთში ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. 

 ლა გორდამ კიდევ ორჯერ გაიმეორა თავისი სიგნალი. ერთმანეთის მიყოლებით როზა და ჟოზეფინა ადგილიდან დაიძრა. ლა გორდამ მითხრა, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი და თან გავყოლოდი. ხმა კიდევ ერთხელ გამოსცა და ერთად დავიწყეთ სიარული. 

 გაკვირვებული ვიყავი სიმარტივით, რომლის ფონზეც ვმოძრაობდი. მთელი ჩემი ბალანსი ფეხებზე იყო ორიენტირებული. იმის მაგივრად, რომ ზურგს უკან დაჭერილ ხელებს ჩემი სიარულისთვის ხელი შეეშალა, უცნაური წონასწორობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რაც ყველაზე მეტად მაკვირვებდა, ჩემი ნაბიჯების სიჩუმე იყო.

 როდესაც გზას მივადექით, ნორმალურად სიარული დავიწყეთ. ორ მამაკაცს ჩავუარეთ, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მიდიოდნენ. ლა გორდა მათ მიესალმა და მათაც უპასუხეს. სახლთან პატარა დები დაგვხვდა, შიგნით შესვლას ვერ ბედავდნენ. ლა გორდამ მათ უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს ვერ ვაკონტროლებდი, შემეძლო ხმა გამომეცა და ისინი აღარ შეგვაწუხებდნენ. გოგოებმა მაშინვე დაუჯერეს, რასაც თავად ნამდვილად ვერ დავიჯერებდი ასე ადვილად. 

 შიგნით შევედით. ძალიან ჩუმად და ეფექტურად, ყველა მათგანი გაშიშვლდა, ცივი წყალი გადაივლო და სამოსი გამოიცვალა. მეც იგივე გავაკეთე. ძველი ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელსაც დონ ხუანის სახლში ვინახავდი. სამოსი ლა გორდამ ყუთით მომიტანა. 

 ყველანი მაღალ განწყობაზე ვიყავით. ლა გორდას ვთხოვე აეხსნა, რა გავაკეთეთ ამჟამად. 

 - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. - თქვა მან მკაცრი ტონით. 

 მაშინ გამახსენდა, რომ პაკეტები, რაც მათთვის მქონდა მოტანილი, ისევ მანქანაში იყო. ვფიქრობდი, რომ სანამ ლა გორდა საჭმელს გვიმზადებდა, კარგი იქნებოდა, მოტანილი ნივთები დამერიგებინა. სახლიდან გამოვედი, პაკეტები ავიღე და სახლში შევიტანე. ისინი მაგიდაზე დავალაგე. ლიდიამ მკითხა, დავახარისხე თუ არა საჩუქრები, როგორც მან აქამდე შემომთავაზა. ვუპასუხე, რომ მსურდა მათ თავად აერჩიათ ის, რაც მოეწონებოდათ. ლიდიამ ამაზე უარი თქვა. მან მითხრა, რომ ეჭვგარეშეა, მე რაღაც განსაკუთრებული მქონდა მოტანილი პაბლიტოსთვის და ნესტორისთვის, ხოლო მათთვის რამდენიმე წვრილმანი, რომელსაც სიამოვნებით დავყრიდი მაგიდაზე, რათა დანაწილების გამო ბრძოლისთვის მეყურებინა. 

 - გარდა ამისა, ბენიგნოსთვის არაფერი მოგიტანია. - დაამატა ლიდიამ, როცა ჩემთან მოვიდა და დამცინავი სერიოზულობით შემომხედა. - ხენაროებს გულს ვერ ატკენ, როდესაც სამ კაცს ორ საჩუქარს მისცემ. 

 ყველას გაეცინა. თავი უხერხულად ვიგრძენი. იგი ყველაფერში აბსოლუტურად მართალი იყო. 

 - შენ უყურადღებო ხარ, ამიტომაც არასოდეს მომწონდი. - მითხრა ლიდიამ და ღიმილი მოღუშულ გამომეტყველებაში გადაეზარდა. - შენ არასოდეს მომსალმებიხარ სიყვარულით ან პატივისცემით. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით, შენ მხოლოდ თავს აჩვენებდი, თითქოს ბედნიერი იყავი ჩემი დანახვით. 

 მან ჩემს აშკარად შეთხზულ ფანტასტიკურ მისალმებას მიბაძა, როგორც აქამდე უთვალავჯერ მივსალმებივარ.  

 - რატომ არ მკითხე, რას ვაკეთებდი ამ ადგილას? - მკითხა ლიდიამ. 

 წერა შევწყვიტე და მის შეკითხვაზე დავფიქრდი. აქამდე აზრადაც არ მომსვლია, მისთვის რაიმე მეკითხა. ვუთხარი, რომ უბრალოდ საბაბი არ მქონდა. ლა გორდამ შუამავლობით დაამატა, რომ მე არასოდეს მითქვამს ლიდიასთვის და როზასთვის ორ სიტყვაზე მეტი, რადგან მხოლოდ შეყვარებულებთან ლაპარაკს ვიყავი მიჩვეული. მან დაამატა, რომ ნაგვალის თქმით, თუ მათ რაიმეს ვკითხავდი, ჩემთვის პირდაპირი პასუხი უნდა გაეცათ, ხოლო თუ არაფერს ვკითხავდი, არც არაფერი ეხსენებინათ. 

 როზამ თქვა, რომ მასაც არ მოვწონდი, რადგან ყოველთვის ვიცინოდი და ვცდილობდი, სასაცილო ვყოფილიყავი. ჟოზეფინამ დაამატა, რომ ჩვენ არასოდეს გვისაუბრია, მაგრამ არც მას მოვწონდი, რადგან ასე უფრო სახალისო იყო. 

 - მინდა იცოდე, რომ მე შენ ნაგვალად არ გაღიარებ. - მითხრა ლიდიამ. - ზედმეტად სულელი ხარ. არაფერი არ იცი. მე შენზე ბევრად მეტი ვიცი. როგორ შემიძლია, რომ პატივს გცემდე? 

 ლიდიამ დაამატა, რომ შემიძლია იქ დავბრუნდე, საიდანაც მოვედი, ან უბრალოდ ავდგე და ტბაში გადავხტე. 

 როზას და ჟოზეფინას სიტყვაც არ უთქვამთ. თუ მათი სერიოზული და ბოროტი გამომეტყველებით ვიმსჯელებდი, როგორც ჩანს, ისინი ლიდიას ეთანხმებოდნენ. 

 - როგორ შეუძლია ამ კაცს ჩვენი ხელმძღვანელობა? - ჰკითხა ლიდიამ ლა გორდას. - იგი ნამდვილი ნაგვალი არ არის. ჩვეულებრივი კაცია. თავის მსგავს იდიოტებად გადაგვაქცევს. 

 როდესაც საუბრობდა, დავინახე, როგორ უმძიმდებოდათ სახეები როზას და ჟოზეფინას. 

 ლა გორდა ჩაერია და აუხსნა, რა დაინახა ცოტა ხნის წინ ჩემს შესახებ. მან დაამატა, რომ მირჩია, არ გავხლართულიყავი გოგონების ქსელებში, ხოლო გოგონებსაც იმავეს ურჩევდა, ნუ გაიხლართებოდნენ ჩემს ქსელებში. 

 ლიდიას პირველი და საფუძვლიანი მტრობის გამომჟღავნების შემდეგ, გაოგნებული ვუყურებდი, როგორ ადვილად დაეთანხმა იგი ლა გორდას ნათქვამს. მან გამიღიმა, ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა. 

 - შენ მართლა ჩვენნაირი ხარ, ასე არაა? - მკითხა მან დაბნეული ტონით.

 არ ვიცოდი, რა მეთქვა. შეცდომების დაშვების მეშინოდა. 

 ლიდია აშკარად პატარა დების ლიდერი იყო. იმ მომენტში, როდესაც მან გაიღიმა, მომეჩვენა, რომ დანარჩენ ორსაც მომენტალურად გაუჩნდა მსგავსი განწყობა. 

 ლა გორდამ მათ უთხრა, რომ ნუ ეწყინებოდათ ჩემი კალამი, ფურცელი და კითხვები, სანაცვლოდ კი არც მე უნდა გავბრაზებულიყავი, როდესაც პატარა დები იმას დაიწყებდნენ, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ - ინგულგირებას.

 სამივე გოგონა მომიცუცქდა და ჩემთან ახლოს დასხდა. ლა გორდა მაგიდასთან მოვიდა, პაკეტები აიღო და ჩემს მანქანაში წაიღო. ლიდიას ვთხოვე, ეპატიებინა ჩემთვის წარსულში დაშვებული უპატიებელი შეცდომებისთვის და ყველა მათგანს ვთხოვე, მოეყოლათ, როგორ გახდნენ დონ ხუანის შეგირდები. იმისათვის, რომ თავი მშვიდად ეგრძნოთ, ჩემი ისტორია მოვუყევი, თუ როგორ გავიცანი თავად დონ ხუანი. მათ მიერ მონათხრობი იგივე იყო, რაც დონა სოლედადმა მითხრა. 

 ლიდიამ თქვა, რომ ყველა მათგანს შეეძლო დაეტოვებინა დონ ხუანის სამყარო, მაგრამ მათი არჩევანი დარჩენა იყო. კერძოდ მას, როგორც პირველ შეგირდს, წასვლის შესაძლებლობა მიეცა. მას შემდეგ, რაც ლიდია ნაგვალმა და ხენარომ განკურნეს, კარისკენ მიუთითეს და უთხრეს, რომ თუ ახლა მასში არ გაივლიდა, კარი ჩაიკეტებოდა და აღარასდროს გაიხსნებოდა.

 - ჩემი ბედისწერა დაიწერა, როცა ეს კარი დაიხურა. - მითხრა ლიდიამ. - ზუსტად ეს დაგემართა შენც. ნაგვალმა მითხრა, რომ როდესაც შენი ხვრელი დახურა, წასვლის შანსი გქონდა, მაგრამ ამის გაკეთება არ მოინდომე.

 ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ყველა დანარჩენზე უფრო ნათლად მახსოვდა. მათ მოვუყევი, როგორ მომატყუა დონ ხუანმა, რომ თითქოს მას ვიღაც ჯადოქარი მოსაკლავად მოსდევდა და არჩევანი მომცა, ან სამუდამოდ წავსულიყავი, ან ამ თავდამსხმელის წინააღმდეგ ომის დაწყებაში დავხმარებოდი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი მისი თანამოაზრე იყო. მასთან დაპირისპირებისას, როდესაც მეგონა, რომ დონ ხუანს სიცოცხლის გადარჩენაში ვეხმარებოდი, ეს ადამიანი ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად განეწყო და გახდა ის, რასაც დონ ხუანი "ღირსეულ მოწინააღმდეგეს" უწოდებდა. 

 ლიდიას ვკითხე, მათაც ჰყავდათ თუ არა ღირსეული მოწინააღმდეგეები. 

 - ჩვენ შენსავით დებილები არ ვართ. - თქვა მან. - ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ვინმე, გასამხნევებლად. 

 - მაგალითად, პაბლიტო შენსავით დებილია. - დაამატა როზამ. - სოლედადი მისი მეტოქეა. თუმცა, არ ვიცი, სოლედადი რამდენად არის ამის ღირსი. მაგრამ, როგორც გამოთქმა ამბობს, თუ ქათამს ვერ კვებავ, ხახვი მაინც მორწყე. 

 იცინოდნენ და მაგიდაზე ხელებს ატყაპუნებდნენ.

 მათ ვკითხე, იცნობდნენ თუ არა ჯადოქარ ქალს, სახელად კატალინას, რომლის წინააღმდეგაც დონ ხუანმა ხაფანგში ამომაყოფინა თავი. 

 უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს. 

 - მე ვიცნობ. - თქვა ლა გორდამ სამზარეულოდან. - იგი ნაგვალის ციკლიდანაა, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს ოცდაათი წლისაა. 

 - ნაგვალის ციკლი რას ნიშნავს, გორდა? - ვკითხე მას. 

 - ჯადოქრებს, როგორიც ნაგვალი და ხენაროა, ორი ციკლი აქვთ. პირველი ციკლი ის არის, როდესაც ადამიანები არიან, ჩვენი მსგავსები. ჩვენ ახლა პირველ ციკლში ვართ. თითოეულ ჩვენგანს ეძლევა დავალება და ეს დავალება გვაიძულებს, დავკარგოთ ადამიანური ფორმა. ელიჰიო, ხენაროები და ხუთივე ჩვენგანი იმავე ციკლში ვართ.

 მეორე ციკლი მაშინ იწყება, როცა ჯადოქარი ადამიანი აღარ არის, ისევე როგორც ნაგვალი და ხენარო. ისინი ჩვენთვის სასწავლებლად მოვიდნენ, ხოლო როდესაც გვასწავლეს, უკან დაბრუნდნენ. ჩვენ მათთვის მეორე ციკლი ვართ. 

 ნაგვალი და ლა კატალინა შენ და ლიდიას გგავთ. ისინიც იმავე პოზიციაში არიან. ლა კატალინა საშინელი ჯადოქარია, ისევე როგორც ლიდია. 

 პატარა დები რატომღაც ანერვიულებულები ჩანდნენ. 

 - ეს უნდა იყოს ის ქალი, რომელმაც ძალის მცენარეების შესახებ იცის. - უთხრა ლიდიამ ლა გორდას. 

 ლა გორდამ დაუდასტურა, რომ ასეც იყო. მათ ვკითხე, მიუცია თუ არა ოდესმე მათთვის ნაგვალს ძალის მცენარეები. 

 - ჩვენ სამს არა. - მიპასუხა ლიდიამ. - ძალის მცენარეებს მხოლოდ ცარიელ ადამიანებს აძლევენ, როგორც მაგალითად შენ და ლა გორდას. 

 - ნაგვალი ძალის მცენარეებს გაძლევდა, გორდა? - ვკითხე ხმამაღლა.

 ლა გორდამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. 

 - ნაგვალმა მას ორჯერ მისცა თავისი ჩიბუხი, - მითხრა ლიდიამ. - და ორივეჯერ ჭკუიდან შეირყა. 

 - რა მოხდა, გორდა? - ვიკითხე. 

 - ჭკუიდან შევირყიე. - თქვა მან, როცა მაგიდასთან მოვიდა. - ნაგვალი ძალის მცენარეებს გვაძლევდა, რადგან ჩვენს სხეულში ნიშანს ათავსებდა. ჩემი სწრაფად გააქტიურდა, მაგრამ შენთან საქმე რთულად იყო. ნაგვალმა თქვა, რომ შენ ჟოზეფინაზე უარესი გიჟი იყავი და წარმოუდგენელი, როგორც ლიდია, ამიტომაც მოუწია, რომ შენთვის ძალის მცენარეები ბევრჯერ მოეცა. 

 ლა გორდამ განმარტა, რომ ძალის მცენარეებს მხოლოდ ჯადოქრები იყენებდნენ, რომელთაც კონკრეტული მცენარეების ხელოვნება ჰქონდათ დაუფლებული. ასეთ მცენარეებთან საქმის დაჭერა ძალიან სერიოზული საქმე იყო, რისთვისაც ჯადოქრებს უნაკლო ყურადღება და სათანადოდ მოპყრობა სჭირდებოდათ. საჭირო ხარისხით ყურადღების მომზადებას მთელი ცხოვრება სჭირდებოდა. ლა გორდამ თქვა, რომ გამთლიანებულ ადამიანებს ძალის მცენარეები არ სჭირდებათ, ამიტომ არც პატარა დებს და არც ხენაროებს არასოდეს მიუღიათ ისინი, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც სიზმარხილვის ხელოვნებას სრულად დაეუფლებიან, ერთადერთხელ გამოიყენებენ ძალის მცენარეს საბოლოო და ტოტალური სტიმულის მისაღებად. ეს ისეთი მასშტაბის სტიმული იქნება, რომლის გაგებაც ჩვენთვის შეუძლებელია. 

 - მე და შენც მივიღებთ? - ვკითხე ლა გორდას. 

 - ყველა ჩვენგანი. - მიპასუხა მან. - ნაგვალმა თქვა, რომ ეს შენ ყველა ჩვენგანზე უკეთ უნდა გესმოდეს. 

 წუთით ამ საკითხის განხილვაზე შევჩერდი. ეფექტი, რომელიც ფსიქოტროპულ მცენარეებს ჰქონდათ, ჩემთვის მართლაც შემზარავი იყო. მათ თითქოს ჩემში არსებულ უზარმაზარ რეზერვუარს მიაღწიეს და იქიდან მთლიანი სამყარო ამოიღეს. ძალის მცენარეების მიერ გამოწვეულ ეფექტებს ვერ ვაკონტროლებდი. სამყარო, რომელშიც ამ მცენარეებმა ჩამაგდეს, მიუწვდომელი და ქაოტური იყო. დონ ხუანის ტერმინოლოგიით, მე კონტროლი და ძალა მაკლდა, რათა ეს სამყარო გამომეყენებინა. თუ კონტროლი მექნებოდა, ჩემი გონება შეძრწუნდებოდა იმ შესაძლებლობების წინაშე, რომელთაც მივიღებდი. 

 - მე მივიღე ძალის მცენარეები, ჩემი ხელით. - თქვა უცებ ჟოზეფინამ. - როცა გიჟი ვიყავი, ნაგვალმა თავისი ჩიბუხი მომცა, რომელიც ან განმკურნავდა, ან მომკლავდა. მან განმკურნა. 

 - ეს სიმართლეა. - თქვა ლა გორდამ. - ნაგვალმა იცოდა, რომ იგი თავს იმაზე შეშლილად აჩვენებდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ჟოზეფინა ყოველთვის ცოტათი შერყეული იყო, მაგრამ ძალიან გაბედულია და ყველა დანარჩენზე მეტად ინდულგირებდა. მას ყოველთვის სურდა, ისეთ ადგილას ეცხოვრა, სადაც არავინ შეაწუხებდა და ის გაეკეთებინა, რაც მოუნდებოდა. ასე რომ, ნაგვალმა მას თავისი ჩიბუხი მისცა, რათა ჟოზეფინას თავის საყვარელ სამყაროში თოთხმეტი დღე ეცხოვრა, სანამ არ მოიწყენდა და განიკურნებოდა. მან გადაჭრა თავისი ინდულგირება. ეს იყო მისი განკურნება. 

 ლა გორდა ღუმელთან დაბრუნდა. პატარა დები იცონოდნენ და ერთმანეთს ზურგზე უტყაპუნებდნენ ხელებს. 

 მაშინ გამახსენდა, რომ დონა სოლედადის სახლში ლიდიამ არა მარტო მითხრა, რომ დონ ხუანმა რაღაც დამიტოვა, არამედ შეკვრაც მიჩვენა, რომელშიც იგი თავის ჩიბუხს ინახავდა. ლიდიას შევახსენე რასაც შემპირდა, რომ ამ შეკვრას მომცემდა, როდესაც ლა გორდა ჩვენთან ერთად იქნებოდა. 

 პატარა დებმა ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ ლა გორდას მიუბრუნდნენ. მან თავით ჟესტი გააკეთა, ჟოზეფინა წამოდგა და წინა ოთახისკენ გაემართა. ცოტა ხნის შემდეგ იმ შეკვრით დაბრუნდა, რომელიც ლიდიამ მიჩვენა. 

 მუცელში მოლოდინის სპაზმებმა დამიარა. ჟოზეფინამ ჩემს წინ ფრთხილად დადო მაგიდაზე მოტანილი შეკვრა. ყველანი ირგვლივ შეიკრიბა. მან შეკვრის გახსნა ისევე საზეიმოდ დაიწყო, როგორც პირველად ლიდიამ გააკეთა. როდესაც პაკეტი მთლიანად გაიშალა, მისი შიგთავსი მაგიდაზე დაიღვარა. მენსტრუაციის საფენებს ვუყურებდი. 

 წამით გავბრაზდი. მაგრამ, ლა გორდას სიცილის ხმა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ისმოდა, ისეთი სასიამოვნო იყო, რომ მეც გამეცინა. 

 - ეს ჟოზეფინას პირადი შეკვრაა. - თქვა ლა გორდამ. - მისი პირად იდეა იყო, რომ ნაგვალის საჩუქრით შენს სიხარბეზე ეთამაშა, რათა დარჩენილიყავი. 

 - უნდა აღიარო, რომ კარგი იდეა იყო. - თქვა ლიდიამ. 

მან სიხარბის გამომეტყველებას მიბაძა, რომელიც პირველად პაკეტის გახსნისას მქონდა, შემდეგ კი იმედგაცრუებული გამომეტყველებით მომბაძა, როდესაც ბოლომდე არ გახსნა. 

 ჟოზეფინას ვუთხარი, რომ მისი იდეა მართლაც ბრწყინვალე იყო, რადგან ამ პაკეტის მიღება იმაზე მეტად მინდოდა, ვიდრე ვაღიარებდი. 

 - თუ გინდა, შეგიძლია გქონდეს. - თქვა ჟოზეფინამ და ყველას გაეცინა. 

 ლა გორდამ თქვა, რომ ნაგვალმა თავიდანვე იცოდა: ჟოზეფინა ავად არ იყო. სწორედ ის იყო მიზეზი, რის გამოც ასე გაუჭირდა მისი განკურნება. ადამიანები, რომლებიც რეალურად ავად არიან, უფრო მორჩილნი არიან. ჟოზეფინამ ყველაფერი კარგად იცოდა, ძალიან უმართავი იყო და ნაგვალს ბევრჯერ მოუწია, რომ ჟოზეფინასთვის მოეწია. 

 ერთხელ დონ ხუანმა იგივე რამ მეც მითხრა. მან თქვა, რომ ჩემზე მოწია. ყოველთვის მეგონა, რომ ამაში ფსიქოტროპული სოკოების გამოყენებას გულისხმობდა, რათა ჩემს შესახებ ხედვა ჰქონოდა. 

 - როგორ მოწია შენზე? - ვკითხე ჟოზეფინას. 

 მხრები აიჩეჩა და პასუხი არ გამცა. 

 - ისევე, როგორც შენზე. - თქვა ლიდიამ. - შენი სინათლე გამოქაჩა და მის მიერ დანთებული ცეცხლის კვამლით გააშრო. 

 დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი რამ დონ ხუანს ჩემთვის არასდროს უთქვამს. ლიდიას ვკითხე, რა იცოდა ამ თემის შესახებ. იგი ლა გორდას მიუბრუნდა. 

 - კვამლი ჯადოქრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - თქვა ლა გორდამ. - კვამლი ნისლს ჰგავს. ნისლი, ცხადია უკეთესია, მაგრამ მისი მართვა ძალიან ძნელია. იგი ისეთი მოსახერხებელი არ არის, როგორც კვამლი. თუ ჯადოქარს სურს, რომ დაინახოს და იცოდეს იმის ვინაობა, ვინც გამუდმებით იმალება, კაპრიზული და რთულია, ისევე როგორც შენ და ჟოზეფინა, ჯადოქარი ცეცხლს ანთებს და კვამლს საშუალებას აძლევს, ამ ადამიანის გარშემო იცეკვოს. ის, რასაც სხვები მალავენ, კვამლში გამოდის. 

 ლა გორდამ თქვა, რომ ნაგვალი კვამლს არა მხოლოდ დანახვისთვის და ცოდნის მისაღებად იყენებდა, არამედ განკურნების მიზნითაც. იგი ჟოზეფინას კვამლის აბაზანებს აძლევდა. მან ჟოზეფინა აიძულა, დანთებულ ცეცხლთან იმ მხარეს დამჯდარიყო, საითაც ქარი უბერავდა. ჟოზეფინას კვამლი ეხვეოდა, ახრჩობდა და ატირებდა, მაგრამ მისი დისკომფორტი დროებითი და უსუსური იყო. მეორე მხრივ, დადებით ეფექტს სიკაშკაშის თანდათანობით გაწმენდა წარმოადგენდა. 

 - ნაგვალი ყველა ჩვენგანს კვამლის აბაზანებს გვაძლევდა. - თქვა ლა გორდამ. - მან შენ იმაზე მეტი აბაზანა მოგცა, ვიდრე ჟოზეფინას. მან თქვა, რომ შენ აუტანელი იყავი და ჟოზეფინასგან განსხვავებით ამას სპეციალურადაც კი არ აკეთებდი.  

 ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. იგი მართალი იყო: დონ ხუანმა ასჯერ მაინც მაიძულა ცეცხლის კვამლთან დავმჯდარიყავი. კვამლი ყელს და თვალებს იმ დონეზე მიწვავდა, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ვარჩევდი. მან მითხრა, რომ სუნთქვის კონტროლი და კვამლის შეგრძნება უნდა მესწავლა, სანამ თვალებს დახუჭულ მდგომარეობაში ვინარჩუნებდი. ამ გზით ხველების გარეშე სუნთქვა შემეძლო. 

 ლა გორდამ თქვა, რომ კვამლმა ჟოზეფინა მიუწვდომლობისგან განკურნა, ხოლო ეჭვგარეშე იყო, მე სიგიჟისგან განმკურნა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი.

 - ნაგვალმა თქვა, რომ კვამლი ყველაფერს გართმევს. - განაგრძო ლა გორდამ. - სანაცვლოდ ძალიან მკაფიო და პირდაპირი ხდები. 

 ვკითხე, იცოდა თუ არა, როგორ გამოეყვანა კვამლით სააშკარაოზე ყველაფერი, რასაც ადამიანები მალავდნენ. მან თქვა, რომ ამის გაკეთება ადვილად შეეძლო, რადგან მან ფორმა დაკარგა, მაგრამ პატარა დები და ხენაროები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უნახავთ ნაგვალის მიერ ამის გაკეთება, თავად იმავეს გამეორებას ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ.

 მაინტერესებდა გამეგო, რატომ არასდროს უხსენებია დონ ხუანს ეს თემა ჩემთან, იმისდა მიუხედავად, რომ შებოლილი თევზივით მამყოფებდა. 

 - მან გითხრა. - თქვა ლა გორდამ ჩვეული დარწმუნებულობით. - ნაგვალმა ნისლში ხედვაც გასწავლა. მან გვითხრა, რომ შენ ერთხელ მთელი მიდამო დააკვამლიანე და მაინც გაარჩიე, რა იმალებოდა მის მიღმა. ნაგვალმა თქვა, რომ ამ ფაქტით თავადაც გაოგნებული იყო. 

 გამახსენდა ჰალუცინაცია, აღქმის დამახინჯება, რომელიც იმ დროს მქონდა. ეს ეპიზოდი გოგონებს მოვუყევი და ვუთხარი, რომ ნისლის და კვამლის შესახებ დონ ხუანს ჩემთვის პირდაპირ არასოდეს უსწავლებია. მისი ქმედება კოცონების დანთებას ან ნისლის კორიანტელში ჩემს წაყვანას მოიცავდა. 

 ლა გორდას სიტყვა არ უთქვამს. ფეხზე წამოდგა და ღუმელისკენ გაბრუნდა. დიდიამ თავი გააქნია და ენა გააწკლაპუნა. 

 - შენ ნამდვილად დებილი ხარ. - მითხრა მან. - ნაგვალმა ყველაფერი გასწავლა. როგორ გგონია, როგორ დაინახე ის, რაც ახლა გვითხარი? 

 ჩვენს შორის გაგების უფსკრული იყო იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლებოდა ამქვეყნად რაიმე. მათ ვუთხარი, რომ თუ მაგალითად მანქანის ტარებას ვინმეს ვასწავლიდი, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებდი საქმის შესრულებას, რათა მოსწავლეს პროცედურის ყველა ასპექტი სცოდნოდა. 

 ლა გორდა მაგიდასთან დაბრუნდა. 

 - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯადოქარი ტონალის შესახებ გასწავლის რაიმეს. - თქვა მან. - როცა ჯადოქარს ნაგვალთან აქვს საქმე, მან ინსტრუქცია უნდა გასცეს, რომელიც მეომრისთვის საიდუმლოს ჩვენებას წარმოადგენს. სულ ეს არის ყველაფერი, რაც მან უნდა გააკეთოს. მეომარი, რომელიც საიდუმლოებებს იღებს, ცოდნა ძალის სახით უნდა მიიღოს, რაც დანახულის მიხედვით მოქმედებას ნიშნავს. 

 ნაგვალმა შენ უფრო მეტი საიდუმლო გიჩვენა, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ჩვენგანს. მაგრამ, შენ პაბლიტოსავით ზარმაცი ხარ და ამჯობინებ, რომ დაბნეული იყო. ტონალი და ნაგვალი ორი სხვადასხვა სამყაროა. ერთში ლაპარაკობ, მეორეში მოქმედებ. 

 იმ მომენტში, როდესაც საუბრობდა, მისი სიტყვები აბსოლუტურად გავიგე. ვიცოდი, რაზეც საუბრობდა. ლა გორდა ღუმელთან დაბრუნდა, ქვაბში რაღაც ჩაყარა და უკან გამობრუნდა. 

 - რატომ ხარ ასეთი კრეტინი? - მკითხა ლიდიამ უხეშად. 

 - ცარიელია. - უპასუხა როზამ. 

 მაიძულეს ფეხზე წამოვმდგარიყავი. თვალებით ჩემი სხეულის ყოველ დეტალს სკანირებას უკეთებდნენ. ყველა მათგანი ჩემი ჭიპის ზონას ხელით შეეხო. 

 - მაგრამ, რატომ ხარ ისევ ცარიელი? - მკითხა ლიდიამ.

 - შენ იცი, რაც უნდა გააკეთო, ასე არაა? - დაამატა როზამ.

 - ის გიჟი იყო. - თქვა ჟოზეფინამ. - მაგრამ, მგონი ახლაც გიჟია.

 ჩემს დასახმარებლად ლა გორდა მოვიდა და მათ უთხრა, რომ მეც იმავე მიზეზით ვიყავი ცარიელი, რითაც დანარჩენები: ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა საკუთარო ფორმა. ყველა ჩვენგანს, საიდუმლოდ არ გვსურდა ნაგვალის სამყარო. გვეშინოდა და გაურკვეველი აზრები გვაწუხებდა. მოკლედ, არც ერთი არ ვიყავით პაბლიტოზე უკეთესები. 

 სიტყვა არ უთქვამთ. სამივე სავსებით დარცხვენილი ჩანდა.

 - საწყალი, პატარა ნაგვალი. - მითხრა ლიდიამ გულწრფელი შეშფოთების ტონით. შენც ისევე შეშინებული ხარ, როგორც ჩვენ. მე ისე ვიქცევი, თითქოს მკაცრი ვარ, ჟოზეფინა თითქოს გიჟია და როზა თითქოს ბრაზიანია, შენ კი კრეტინივით იქცევი.

 გაიცინეს და ჩემი ჩამოსვლის შემდეგ პირველად, ჩემდამი კეთილგანწყობის ჟესტი გააკეთეს. ჩამეხუტნენ და თავი მომადეს. 

 ლა გორდა ჩემს პირისპირ იჯდა, პატარა დები მის ირგვლივ ისხდნენ. 

 ოთხივეს პირდაპირ ვუყურებდი.

 - ახლა შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ, რაც ამაღამ მოხდა. - თქვა ლა გორდამ. - ნაგვალმა მითხრა, რომ თუ მოკავშირეებთან ბოლო კონტაქტს გადავურჩებოდით, ჩვენ იგივენი აღარ ვიქნებოდით. მოკავშირეებმა ამაღამ რაღაც გაგვიკეთეს. მათ გაგვყარეს.

 ლა გორდა ჩემს ხელს ნაზად შეეხო. 

 - ამაღამ შენთვის განსაკუთრებული ღამე იყო. - განაგრძო მან. - დღეს ყველანი შენს დასახმარებლად მოვედით, მოკავშირეების ჩათვლით. ნაგვალს ეს მოეწონებოდა. ამაღამ შენ მთელი გზა დაინახე. 

 - ეს მე გავაკეთე? - ვკითხე მას.

 - ისევ დაიწყო... - თქვა ლიდიამ და ყველას გაეცინა. 

 - მომიყევი ჩემი ხედვის შესახებ, გორდა. - დაჟინებით ვუთხარი მას. - შენ იცი, რომ მე სულელი ვარ. ჩვენს შორის გაუგებრობები არ უნდა იყოს. 

 - კარგი. - თქვა მან. - მესმის, რასაც გულისხმობ. შენ ამაღამ პატარა დები დაინახე. 

 მათ ვუთხარი, რომ მე რამდენიმეჯერ შევესწარი დონ ხუანის და დონ ხენაროს მიერ შესრულებულ წარმოუდგენელ ქმედებებს. მაშინ ისინი ისევე ნათლად დავინახე, როგორც პატარა დები, მაგრამ დონ ხუანი და ხენარო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე ვერ ვხედავდი. ამრიგად, არ ვიცოდი, რა განსხვავება შეიძლება ყოფილიყო პატარა დების ქმედებებთან დაკავშირებით. 

 - ანუ, შენ ვერ ხედავდი, როდესაც ისინი სამყაროს ხაზებს იჭერდნენ? - მკითხა ლა გორდამ. 

 - დიახ, ვერ ვხედავდი. 

 - სამყაროებს შორის არსებულ ბზარში მათი ცურვა არ გინახავს?

 მათ მოვუყევი, რისი მოწმეც ვიყავი. ჩუმად მისმენდნენ. ჩემი ანგარიშის დასასრულს, ლა გორდა ცრემლების ზღვარზე იყო მისული. 

 - რა სამწუხაროა! - წამოიძახა მან. 

 ფეხზე წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ჩამეხუტა. მისი თვალები ნათელი და მშვიდი იყო. ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ ბოროტებას არ ავლენდა. 

 - ჩვენი ბედისწერაა, რომ შენ ასეთი დაბლოკილი ხარ. - თქვა მან. - მაგრამ, შენ ჩვენთვის მაინც ნაგვალი ხარ. ცუდი ფიქრებით ხელს არ შეგიშლი. ამაში მაინც შეგიძლია, რომ დარწმუნებული იყო. 

 ვიცოდი, რომ ამ სიტყვებს მართლა გულისხმობდა. იგი ისეთი ხარისხით მესაუბრებოდა, როგორიც მხოლოდ დონ ხუანისგან მომისმენია. მან არაერთხელ ამიხსნა თავისი განწყობა, როგორც ადამიანური ფორმის დაკარგვის შედეგი. ლა გორდა მართლაც უფორმო მეომარი იყო. მისდამი ღრმა მიზიდულობამ მომიცვა. ტირილის პირას ვიყავი. ვგრძნობდი, რომ იგი ყველაზე საოცარი მეომარი იყო და ამ მომენტში რაღაც საინტერესო შემემთხვა. ვიგრძენი, რომ ჩემი ყურები თითქოს გაიხსნა. იმავეს ვგრძნობდი ჭიპის არეშიც, მაგრამ უფრო მწვავედ. ყველაფერი უფრო ნათელი გახდა: ხმები, გამოსახულებები, სურნელები. შემდეგ ვიგრძენი ძლიერი ზუზუნი, რომელიც ჩემს სმენას ხელს არ უშლიდა. ზუზუნი ხმამაღალი იყო, მაგრამ სხვა ხმებს არ ახშობდა. თითქოს, ჩემი ყურების გარდა რაღაც სხვა ნაწილს ესმოდა. სხეულში მხურვალე ტალღამ დამიარა. უეცრად რაღაც გამახსენდა, რაც აქამდე არასდროს მინახავს. თითქოს, ჩემთვის უცნობი მოგონება დამეპატრონა. 

 გამახსენდა, რომ ლიდია ორ ჰორიზონტალურ, წითელ ძაფს ქაჩავდა და მისი მეშვეობით დადიოდა კედელზე. სინამდვილეში იგი არ დადიოდა, არამედ სქელი ხაზების ზოლზე დასრიალებდა, რომელზეც ფეხები ჰქონდა დაწყობილი.  

 როზას და ჟოზეფინას ქმედებებიც გამახსენდა. როზას მარცხენა ხელით ვერტიკალური ბოჭკოები ეჭირა, რომელიც სახურავიდან გადმოსულ ვაზს ჰგავდა, ხოლო ჟოზეფინა ხაზების მიღმა იმალებოდა, რომლებიც თითქოს იატაკიდან ამოდიოდა. 

 როდესაც მათ ჩემი ერთდროული მოგონებების შესახებ მოვუყევი, პატარა დებმა დაბნეულად შემომხედეს. ლა გორდამ სასიამოვნოდ გაიცინა და თქვა, რომ ნაგვალი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ძალიან მეზარებოდა ჩემს მიერ ნანახის დამახსოვრება. 

 ჩემთვის ვფიქრობდი, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ქვეცნობიერად ამერჩია ჩემს მიერ გახსენებული? იქნებ ამ ყველაფერს ლა გორდა ქმნიდა? მართალი იყო, რომ ჩემს მიერ დანახული დავივიწყე? იქნებ დონ ხუანის და დონ ხენაროს ქმედებებში ბევრად მეტს ვხედავდი, მაგრამ შემდგომში ამ მოვლენების მხოლოდ შერჩევით ნაწილს ვიხსენებდი?

 - ძნელი დასაჯერებელია. - ვუთხარი ლა გორდას. - ახლა რაღაც ისეთი  გამახსენდა, რაც ცოტა ხნის წინ საერთოდ არ მახსოვდა. 

 - ნაგვალმა თქვა, რომ დანახვა ყველას შეუძლია, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, რომ არ გვახსოვდეს ის, რასაც ვხედავთ. - მიპასუხა მან. - ახლა მესმის, რამდენად მართალი იყო. ყველა ჩვენგანი ხედავს. ზოგი სხვებზე მეტადაც.

 ლა გორდას ვუთხარი, რომ ამჟამად ჩემმა რაღაც ნაწილმა იცოდა: მე ტრანსცენდენტული გასაღები ვიპოვე. ეს იყო დაკარგული ნაწილი, რომელიც ყველა მათგანმა გადმომცა. მაგრამ, ძნელი გასარჩევი იყო, კონკრეტულად რა იყო ეს. 

 ლა გორდამ მითხრა, რაც ახლახან დაინახა, რომ მე საკმარისად ვაპრაქტიკებდი სიზამრხილვის ხელოვნებას და ამით ჩემი ყურადღება განვავითარე, მაგრამ საკუთარ გონებას მაინც ვატყუებდი, თითქოს მაინც არაფერი ვიცოდი. 

 - ვცდილობდი, შენთვის ყურადღების შესახებ მომეყოლა. - განაგრძო მან. - მაგრამ, შენ ამის შესახებ იმდენივე იცი, რამდენიც ჩვენ. 

ლა გორდა დავარწმუნე, რომ ჩემი ცოდნა მათგან არსებითად განსხვავდებოდა. მათი ცოდნა უსასრულოდ უფრო დიდ სპექტრს მოიცავდა, ვიდრე საკუთარი. ის, რისი თქმაც ჩემთვის მათი პრაქტიკების შესახებ შეეძლოთ, ჩემთვის ბონუსი იქნებოდა. 

 - ნაგვალმა გვითხრა, რომ შენთვის გვეჩვენებინა, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ყურადღებით სიზმრის გამოსახულებები ისევე, როგორც ამას სამყაროს გამოსახულებებთან ვაკეთებთ. - განაცხადა ლა გორდამ. - სიზმარხილვის ხელოვნება იგივეა, რაც ყურადღების ხელოვნება. 

 ფიქრები მეწყერივით მეწვია. წამოდგომა და სამზარეულოს ირგვლივ ბოლთას ცემა მომიწია. ისევ დავჯექი. კარგა ხანს ჩუმად ვიყავით. ვიცოდი, რასაც გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ სიზმარხილვის ხელოვნება იგივე იყო, რაც ყურადღების ხელოვნება. მაშინ ვიცოდი, რომ დონ ხუანმა ყველაფერი მაჩვენა, რისი ჩვენებაც შეეძლო. თუმცა, მისი ცოდნის საფუძვლები ჩემს სხეულში ვერ გავაცნობიერე, სანამ იგი ჩემს ირგვლივ იყო. დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩემი რაციონალურობა იყო დემონი, რომელმაც მიწას მიმაჯაჭვა და იგი უნდა დამემარცხებინა, თუ მისი სწავლების რეალიზება მინდოდა. მაშასადამე, საკითხი იმაში მდგომარეობდა, თუ როგორ უნდა დამემარცხებინა ჩემი რაციონალური გონება. აზრადაც არ მომსვლია, ოდესმე კონკრეტულად განმესაზღვრა, რას გულისხმობდა იგი რაციონალურ გონებაში. მთელი ამ ხსნის განმავლობაში ვვარაუდობდი, რომ იგი გაგების წესრიგს, დასკვნის ან აზროვნების რაციონალურ უნარს გულისხმობდა. ლა გორდას ნათქვამიდან გამომდინარე მივხვდი, რომ იგი რაციონალურობაში ყურადღებას გულისხმობდა. 

 დონ ხუანი ამბობდა, რომ ჩვენი არსების ბირთვი თავად აღქმის აქტში იმყოფებოდა და ჩვენი ყოფიერების მაგია ცნობიერების აქტში მდგომარეობდა. მისთვის, აღქმა და ცნობიერება იყო ერთიანი, ფუნქციონალური, განუყოფელი ერთეული, რომელსაც ორი ხარისხი ჰქონდა. პირველი მათგანი იყო "ტონალის ყურადღება", ანუ საშუალო ადამიანის მიერ აღქმის შესაძლებლობა, რომლის პროექციასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვეულებრივი სამყაროს მიმართ ახდენენ. დონ ხუანმა ამ ყურადღებას "ძალის პირველი რგოლი" უწოდა და იგი აღწერა, როგორც გასაოცარი, მაგრამ ფორმალური უნარი, რომელსაც სამყაროს ყოველდღიურ აღქმაში წესრიგი შემოაქვს.   

 მეორეს უწოდებდა "ნაგვალის ყურადღებას", ანუ ჯადოქრების უნარს, რომელიც არაჩვეულებრივ სამყაროში ყურადღების გათავისებას ნიშნავდა. ეს იყო "ძალის მეორე რგოლი", ძალიან სახიფათო უნარი, რომელიც ყველას გვაქვს, მაგრამ ამას მხოლოდ ჯადოქრები იყენებენ. ეს არის შეუცნობელი სამყაროსთვის წესრიგის მინიჭების უნარი. 

 ლა გორდამ და პატარა დებმა დამანახეს, რომ სიზმარმხილველებს სიზმრებში დანახული გამოსახულებები ყურადღების მეშვეობით უნდა შეენარჩუნებინათ, რომელიც დონ ხუანის სქემის პრაგმატული ასპექტი იყო. ისინი პრაქტიკოსები იყვნენ, რომლებიც თავიანთი მოძღვრების თეორიულ ასპექტებს გასცდნენ. ამ ხელოვნების დემონსტრირებისთვის, მათ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი "ძალის მეორე რგოლი", ანუ "ნაგვალის ყურადღება". იმისათვის, რომ მათი ხელოვნების მოწმე გავმხდარიყავი, იგივე თავადაც უნდა გამეკეთებინა. ფაქტობრივად, აშკარა იყო, რომ ყურადღება ორივე სფეროზე გავამახვილე. შესაძლოა ყველა ჩვენგანი განუწყვეტლივ აღვიქვამთ ორივე სფეროს, მაგრამ ერთი მეორეს იზოლაციას უკეთებს ან მის გადამისამართებას ახდენს. სტრესის ან მიმღებლობის გარკვეულ პირობებში, ჩახშობილი მეხსიერება ზედაპირზე ამოდის და შედეგად სახეზე გვაქვს ერთი მოვლენის ორი განსხვავებული მოგონება. 

 ის, რაც დონ ხუანს უნდოდა, რომ დამემარცხებინა, სულაც არ იყო რაციონალური აზროვნების ფუნქცია, არამედ ჩემი "ტონალის ყურადღება", ანუ ჩემი ცნობიერების საღი აზრი სამყაროს აღქმის შესახებ. ლა გორდამ თქვა, რომ ყოველდღიური სამყარო შენარჩუნებას სწორედ ჩვენს მიერ მისი გამოსახულებების შენარჩუნების მიზეზით ახერხებს. შესაბამისად, თუ ვინმე გამოსახულებების შენარჩუნებას შეწყვეტს, სამყარო ინგრევა. 

 - ნაგვალმა გვითხრა, რომ პრაქტიკა მნიშვნელოვანია. - თქვა მოულოდნელად ლა გორდამ. - როდესაც ყურადღებას სიზმრისეულ გამოსახულებებზე ამახვილებ, შენი ყურადღება მკვრივდება. საბოლოოდ, შეგიძლია ხენაროს მსგავსი გახდე, რომელსაც ნებისმიერი სიზმარხილვის გამოსახულების დაჭერა შეეძლო. 

- ჩვენ ყველას, კიდევ ხუთი სიზმარხილვა გვაქვს, მაგრამ შენ ერთი მათგანი გიჩვენეთ, რადგან ეს სიზმარხილვა თავად ნაგვალმა მოგვცა. 

 - ყველა თქვენგანს შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ დროს წახვიდეთ სიზმარხილვაში? - ვკითხე მათ. 

 - არა. - მიპასუხა ლა გორდამ. - სიზმარხილვას ძალიან დიდი ძალა სჭირდება. ამდენი ძალა არც ერთ ჩვენგანს არ აქვს. მიზეზი, რის გამოც პატარა დები იატაკზე ამდენ ხანს დახოხავდნენ, ის იყო, რომ მიწა მათ ენერგიას აძლევდა. იქნებ შენც გაიხსენო ხილვა, როგორც მანათობელი არსებებისა, რომლებიც ენერგიას მიწის სინათლისგან იღებენ. ნაგვალმა თქვა, რომ ენერგიის მიღების საუკეთესო გზა არის თვალებში მზის გამოღვიძება. განსაკუთრებით, მარცხენა თვალში. 

 ლა გორდას ვუთხარი, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მან აღწერა პროცედურა, რომელიც მათ დონ ხუანმა ასწავლა. როცა საუბრობდა, გამახსენდა, რომ დონ ხუანმა იგივე პროცედურა მეც მასწავლა. ეს მდგომარეობდა თავის გვერდიგვერდ, ნელა მოძრაობაში, თითქოს ნახევრად დახუჭული მარცხენა თვალით მზის შუქს ვიჭერდი. მან ქვა, რომ არა მხოლოდ მზის გამოყენება შეიძლება, არამედ ნებისმიერი სინათლის, რომელიც თვალებს ანათებს. 

 ნაგვალმა თქვა, რომ ნაგვალმა წელს ქვემოთ შალის შემოკვრის რეკომენდაცია გასცა, რათა იატაკზე კოტრიალისას თეძოები დაეცვათ. 

 მათ ვუთხარი, რომ დონ ხუანს ჩემთვის არასოდეს უხსენებია იატაკზე ხოხვა. ლა გორდამ მითხრა, რომ ხოხვა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ, რადგან საშვილოსნო აქვთ და ენერგია პირდაპირ საშვილოსნოში შემოდის. კოტრიალით ისინი ენერგიას მთელ სხეულში ანაწილებენ. შემდეგ მან აღმიწერა პროცესი, რომელიც მამაკაცს ენერგიის მისაღებად უნდა გაეკეთებინა. 

 - ჩვენ უკვე წლებია ამ სიზმარხილვებს ვნახულობთ. - თქვა ლიდიამ. - სიზმარხილვა ჩვენი საუკეთესო ქმედებაა, რადგან ჩვენი ყურადღება სრულყოფილია. სხვა სიზმრებში, რომელთაც ვნახულობთ, ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ მერყევია.

 ლა გორდამ თქვა, რომ სიზმრების გამოსახულებების დაჭერა ტოლტეკების ხელოვნება იყო. მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ ამ პრაქტიკის გამოყენება თითოეულ ტოლტეკს შეეძლო ნებისმიერ სიზმარში. ლიდიას ყველაფერზე სიარული შეეძლო, როზას ყველაფერზე ჩამოკიდება, ხოლო ჟოზეფინას ყველაფრის მიღმა დამალვა და ფრენა შეეძლო. მაგრამ, ისინი მხოლოდ დამწყები შეგირდები იყვნენ. მათი ტოტალური ყურადღება მხოლოდ ერთ აქტზე იყო კონცენტრირებული. მან დაამატა, რომ ხენარო სიზმარხილვის "დიდოსტატი" იყო და ყველაფრისთვის შეეძლო ყურადღების მიქცევა, რადგან მისთვის ყურადღების ორ სფეროს ერთნაირი ღირებულება ჰქონდა. 

 იძულებული ვიყავი, მათთვის ჩვეული შეკითხვა დამესვა: უნდა მცოდნოდა, როგორ ატარებდნენ ამ პრაქტიკებს, რა იგულისხმებოდა სიზმარხილვის გამოსახულებების დაჭერაში. 

 - ეს შენ ისევე კარგად იცი, როგორც ჩვენ. - თქვა ლა გორდამ. - ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე სიზმარში უსასრულოდ გავემგზავრეთ, სამყაროს ხაზების შეგრძნება დავიწყეთ. ისინი იმის გაკეთებაში დაგვეხმარნენ, რაც შენ დაინახე. 

 დონ ხუანმა თქვა, რომ "ძალის პირველი რგოლი" ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ადრეულ ეტაპზე აქტიურდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ შთაბეჭდილებების ქვეშ ვცხოვრობთ. სულ ესაა. "ძალის მეორე რგოლი", "ნაგვალის ყურადღება" ადამიანთა უდიდესი ნაწილისთვის დამალული რჩება და მხოლოდ ჩვენი სიკვდილის მომენტში ვლინდება. თუმცა, არსებობს, გზა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია. ამ გზას ჯადოქრები იყენებენ, რომელიც სიზმარხილვაზე გადის. სიზმარხილვაში იგულისხმება ჩვეულებრივი სიზმრების ნების აქტად გარდაქმნის პროცესი. სიზმარმხილველები, თავიანთი "ნაგვალის ყურადღების" გააქტიურებით და ჩვეულებრივი სიზმრების საგნებზე და მოვლენებზე ფოკუსირებით, ასეთი სიზმარი შემდგომში "სიზმარხილვა" ხდება. 

 დონ ხუანმა თქვა, რომ ნაგვალის ყურადღების მისაღწევად პროცედურები არ არსებობდა. მან მხოლოდ ზოგადი მითითებები მომცა. პირველი დავალება სიზმარში ხელების პოვნა იყო. შემდგომში ყურადღების ფოკუსირების სავარჯიშო გრძელდებოდა ობიექტებისთვის შეხედვაზე, სპეციფიკური მახასიათებლების მოძებნაზე და ასე შემდეგ. აქედან იწყებოდა სიზმრებში კონკრეტულ ადგილებზე წასვლა, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, დასკვნითი ეტაპი გახლდათ "ნაგვალის ყურადღება", ტოტალურ "მე"-ზე ფოკუსირებისთვის. დონ ხუანმა თქვა, რომ ეს ბოლო ეტაპი ასე თუ ისე ყველა ჩვენგანს ოდესღაც გაგვიკეთებია, როდესაც ლოგინში მძინარე საკუთარ თავს ზემოდან დავყურებთ. იმ დროისთვის, როდესაც ჯადოქარს ასეთი სიზმარხილვა ექნება, მისი ყურადღება იმ დონეზე უნდა მობილიზდეს, რომ საკუთარი თავის გაღვიძების ნაცვლად - რასაც ზოგადად ვაკეთებთ ხოლმე - ჩვეულებრივ საქმიანობას ვეწევით, თითქოს ყოველდღიურ სამყაროში ვმოქმედებთ. ამ მომენტიდან, ადამიანში ერთგვარი გაყოფა ხდება. დონ ხუანის თქმით, ნაგვალის ყურადღების განვითარებისას გაცნობიერებული სხვა მე, ისეთივე იდენტური და რეალურად აღქმადია, როგორც საკუთარი თავი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ "სხვა მე" სიზმარხილვაშია შექმნილი. 

 დონ ხუანმა მითხრა, რომ დუბლთან მისასვლელად წინასწარ ჩამოყალიბებული, განსაზღვრული ნაბიჯები არ არსებობდა. ჩვენ ამას უბრალოდ პრაქტიკით ვაღწევთ. დონ ხუანის მიხედვით, ნაგვალის ყურადღებაზე ფოკუსირებით, პირველ ნაბიჯებს თავად ვიპოვით. მან მომიწოდა სიზმარხილვები ისე მქონოდა, რომ ჩემი შიშებისთვის კონტროლის ხელში აღების უფლება არ მიმეცა. 

 დონ ხუანმა იგივე გააკეთა ლა გორდასთან და პატარა დებთან, მაგრამ მათში რაღაც აშკარად მიმღები გახდა სხვა დონის ყურადღების მიმართ. 

 - ხენარო დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში თავის სიზმარხილვის სხეულში იმყოფებოდა. - თქვა ლა გორდამ. - მას ასე უფრო მოსწონდა. ამ მიზეზით, მას ყველაზე უცნაური რაღაცების გაკეთება შეეძლო, რაც სიკვდილამდე შეგაშინებდა. ხენაროს სამყაროებს შორის შესვლა და გამოსვლა ისე შეეძლო, როგორც მე და შენ გავდივართ და შემოვდივართ სახლის კარებში. 

 დონ ხუანი ასევე დიდი ხნის განმავლობაში მესაუბრებოდა სამყაროებს შორის არსებული ბზარის შესახებ. ყოველთვის მჯეროდა, რომ იგი მეტაფორულად საუბრობდა სამყაროების დაყოფის შესახებ, რომელსაც საშუალო ადამიანი აღიქვამს და რომელსაც ჯადოქარი ხედავს. 

 ლა გორდამ და პატარა დებმა მიჩვენეს, რომ სამყაროებს შორის არსებული ბზარი მეტაფორაზე მეტი იყო. ეს იყო უფრო ყურადღების დონის შეცვლის შესაძლებლობა. ჩემს ერთ ნაწილს მშვენივრად ესმოდა ლა გორდას ნათქვამი, ხოლო მეორე ნაწილი იმდენად იყო შეშინებული, როგორც არასდროს. 

 - შენ გვეკითხებოდი, სად წავიდნენ ნაგვალი და ხენარო. - მითხრა ლა გორდამ. - სოლედადმა ძალიან ხისტად გითხრა, რომ ისინი სხვა სამყაროში წავიდნენ. ლიდიამ გითხრა, რომ ეს ტერიტორია დატოვეს. ხენაროები სულელები არიან და შეგაშინეს. სიმართლე ის არის, რომ ნაგვალმა და ხენარომ ამ ბზარში გაიარეს. 

 რატომღაც, მისმა განუსაზღვრელმა განცხადებებმა ღრმა ქაოსის მდგომარეობაში ჩამაგდო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ისინი სამუდამოდ წავიდნენ. ისიც ვიცოდი, რომ ისინი არ გამქრალან, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მაგრამ ეს გრძნობა მეტაფორული აღქმის სფეროში მქონდა შენახული. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი ახლო მეგობრებთანაც გავაჟღერე, თავად იგი არასოდეს მჯეროდა. საკუთარი თავის სიღრმეში, ყოველთვის რაციონალური ადამიანი ვიყავი. მაგრამ, ლა გორდამ და პატარა დებმა ჩემი ბუნდოვანი მეტაფორები რეალურ შესაძლებლობებად აქციეს. ლა გორდამ, თავისი სიზმარხილვის ენერგიით, ფაქტობრივად ნახევარი მილის მოშორებით ჩვენი ტელეპორტაცია მოახდინა.

 ლა გორდამ წამოდგა და თქვა, რომ ახლა ყველაფერი გავიგე და ჭამის დრო იყო. მისი მომზადებული საჭმელი მოგვართვა. ჭამის სურვილი არ მქონდა. ჭამის დასრულებისას ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა. 

 - ვფიქრობ, რომ შენი წასვლის დროა. - მითხრა მან. 

 როგორც ჩანს, ეს პატარა დებისთვისაც მინიშნება იყო. ისინიც ფეხზე წამოდგნენ. 

 - თუ კიდევ ცოტა ხნით დარჩები, წასვლას ვეღარ შეძლებ. - განაგრძო ლა გორდამ. - ნაგვალმა ერთხელ თავისუფლება მოგცა, მაგრამ შენ მასთან დარჩენა არჩიე. მან მითხრა, რომ თუ მოკავშირეებთან ბოლო კონტაქტს გადავრჩებოდით, კარგად გამომეკვებეთ და შემდეგ ყველა თქვენგანს და გამოვმშვიდობებულიყავი. ვხვდები, რომ არც მე და არც პატარა დებს წასასვლელი არსად გვაქვს, ამიტომ, არჩევანიც არ გვაქვს. მაგრამ, შენ განსხვავებული ხარ.

 პატარა დები შემომეხვივნენ და თითოეული მათგანი გამომემშვიდობა. 

 ამ სიტუაციაში რაღაც ამაზრზენი ირონია იყო. თავისუფლად წამოსვლა შემეძლო, მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა. არჩევანი არც თავად გამაჩნდა. წლების წინ დონ ხუანმა უკან დახევის შანსი მომცა, მაგრამ მე დავრჩი, რადგან მაშინაც კი არ მქონდა არსად წასასვლელი. 

 - ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვირჩევთ. - თქვა დონ ხუანმა მაშინ. - ჩვენ ვირჩევთ, ან მეომრები ვიყოთ, ან ჩვეულებრივი ადამიანები. სხვა არჩევანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ დედამიწაზე არა. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff