ძალის მეორე რგოლი

კარლოს კასტანედა
0
0

კარლოს კასტანედა - ძალის მეორე რგოლი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეორე - პატარა დები

 დონა სოლედადი თითქოს რაღაცას უხსნიდა ოთხ გოგონას, რომლებიც მის გარშემო იყვნენ შეკრებილნი. ხელებს დრამატული ჟესტებით ამოძრავებდა და თავზე ანიშნებდა. აშკარა იყო, რომ ის მათ ჩემზე ეუბნებოდა. მანქანა იქ გავაჩერე, სადაც ადრე ვიყავი გაჩერებული. მათთვის დალოდებას აქ ვაპირებდი. ვფიქრობდი, მანქანაში ვმჯდარიყავი თუ გადმოვსულიყავი და გვერდით მივყრდნობოდი. გადმოსვლა ვამჯობინე. კარები ღია დავტოვე, რათა ჩახტომისათვის და წასვლისთვის მზად ვყოფილიყავი, თუ წინა დღის მსგავსი მოვლენები განმეორდებოდა. 

 ძალიან დაღლილი ვიყავი. ოცდაოთხ საათზე მეტი იყო, თვალი არ მომიხუჭავს. ვაპირებდი, რომ გოგონებისთვის ყველაფერი გამემხილა რაც შემეძლო, დონა სოლედადთან თავს გადამხდარი მოვლენების შესახებ, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადაედგათ და შემდეგ იქიდან წამოვიდოდი. გოგონების მოსვლამ გარკვეული ცვლილება გამოიწვია. ყველაფერი თითქოს ახალი ენერგიით და შემართებით დაიმუხტა. 

 დონა სოლედადის გამოცხადება, რომ ისინი დონ ხუანის შეგირდები იყვნენ, ჩემთვის იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ ერთი სული მქონდა მათ როდის შევხვდებოდი. ისინი დონა სოლედადს ჰგავდნენ. მან თქვა, რომ გოგონები მე მგავდნენ და ჩვენ ერთი მიმართულებით მივდიოდით. ეს პოზიტიურ შეგრძნებას მმატებდა. ამის დაჯერება ყველაფერზე მეტად მინდოდა.

 დონ ხუანი მათ "ლას ჰერმანიტას", ანუ პატარა დებს ეძახდა. ეს სიტყვები ყველაზე მეტად იმ ორს შეეფერებოდა, რომლებიც მე გავიცანი, ანუ ლიდიას და როზას, ორ ცბიერ, ახალგაზრდა მომხიბვლელ გოგონას. როცა მათ პირველად შევხვდი, ოციან წლებში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პაბლიტო და ნესტორი ყოველთვის უარს ამბობდნენ მათი ასაკის გამხელაზე. დანარჩენი ორი, ჟოზეფინა და ელენა, ჩემთვის სრულიად საიდუმლო იყო. მათი სახელების ხსენება დროდადრო მესმოდა, ისიც ყოველთვის არახელსაყრელ კონტექსტში. დონ ხუანის მიერ გაკეთებული განვლილი შენიშვნებიდან მივხვდი, რომ ისინი რაღაცნაირად ცბიერები იყვნენ; ერთი გიჟი იყო, მეორე კი მსუქანი. ისინი იზოლირებულად ცხოვრობდნენ. ერთხელ, როცა დონ ხუანთან ერთად მათ სახლში შევედი, ჟოზეფინას შევეჩეხე. დონ ხუანმა იგი გამაცნო, მაგრამ სანამ მივესალმებოდი, ჟოზეფინამ სახეზე ხელები აიფარა და სადღაც გავარდა. ელენას ერთხელ ტანსაცმლის რეცხვის დროს მოვკარი თვალი. უზარმაზარი იყო. ვფიქრობდი, რომ მას ჯირკვლის პრობლემები აწუხებდა. მივესალმე, მაგრამ არ შემობრუნებულა. მისი სახე არასოდეს მინახავს. 

 გოგონებთან საუბრის სურვილი გამიჩნდა და ამავდროულად თითქოს მეშინოდა კიდეც მათი. 

 გზას ვუყურებდი და თავს ვიკავებდი, რომ ყველა მათგანს ერთდროულად შევხვედროდი. გზა მიტოვებული იყო. ცოტა ხნით ადრე ისინი ჩემგან ოცდაათი მეტრის დაშორებით იდგნენ. მანქანის სახურავზე ავედი, რათა უკეთ დამენახა. არავინ ჩანდა და ჩემკენ არავინ მოდიოდა, ძაღლიც კი. პანიკაში ჩავვარდი. მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას ვაპირებდი, როცა ვიღაცის ძახილი მომესმა: "ჰეი, ერთი შეხედეთ, აქ ვინ არის!"

 სწრაფად შემოვბრუნდი და ორი გოგონა დავინახე, რომლებიც სახლიდან გამოდიოდნენ. დავასკვენი, რომ უკანა კარიდან ყველანი სახლში შევიდნენ. შვებით ამოვისუნთქე. 

 

 ორი ახალგაზრდა გოგონა ჩემკენ წამოვიდა. საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ მათ აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ. ძალიან ლამაზები, ყავისფერკანიანები და გამხდრები იყვნენ. გრძელი შავი თმა შეკრული ჰქონდათ. სადა სამოსი ეცვათ, ლურჯი ჯინსის ქურთუკები და დაბალქუსლიანი, რბილი ყავისფერი ფეხსაცმელები. ფიზიკურად ძალიან ჯანსაღები ჩანდნენ. დიდი ელეგანტურობით მოძრაობდნენ. ერთი ლიდია იყო, მეორე როზა. 

 მათ მივესალმე და ხელი სათითაოდ ჩამომართვეს. ჯანმრთელად და ენერგიულად გამოიყურებოდნენ. ვთხოვე, ჩემს მიერ ჩამოტანილი ამანათების წაღებაში დამხმარებოდნენ, რომელიც საბარგულში მქონდა. როცა ამანათი სახლამდე მიგვქონდა, შორიახლოს ღრიალი გავიგე, რომელიც ლომის ღრიალს ჰგავდა. 

 - ეს რა იყო? - ვკითხე ლიდიას. 

 - არ იცი? - კითხვა ურწმუნო ტონით შემომიბრუნა.

 - ძაღლი უნდა ყოფილიყო. - თქვა როზამ სახლში შესვლისას. პრაქტიკულად, მათ სახლში შემათრიეს. 

 პაკეტები მაგიდაზე დავდეთ და სკამებზე ჩამოვჯექით. ორივე გოგონა ჩემს წინ იჯდა. მე მათ ვუთხარი, რომ დონა სოლედადი ძალიან ცუდად იყო და მასთან ერთად ქალაქის საავადმყოფოში წასვლას ვაპირებდი, რადგან არ ვიცოდი სხვა რა გამეკეთებინა მის დასახმარებლად.

 ლაპარაკის დროს მივხვდი, რომ საშიშ მიწაზე დავდიოდი. წარმოდგენა არ მქონდა, რამდენი ინფორმაციის გამჟღავნება შემეძლო მათთვის, დონა სოლედადსა და ჩემს შორის გაჩაღებულ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით. მინიშნებების ძებნა დავიწყე. ფრთხილად ვაკვირდებოდი მათი ხმების ტემბრს და სახის გამომეტყველებას, რათა რამენაირად მაინც დამედგინა, რამდენი იცოდნენ. მაგრამ უმეტესწილად ჩუმად იყვნენ და ნებას მაძლევდნენ, ძირითადად მე მელაპარაკა. ეჭვი მეპარებოდა, რომ მათთვის ინფორმაცია ნებაყოფლობით მიმეწოდებინა. ბოლოს და ბოლოს, სისულელეების ლაპარაკი დავასრულე. ლიდიამ გამაწყვეტინა. მშრალი ტონით თქვა, რომ დონა სოლედადის ჯანმრთელობაზე ჩემი ზრუნვა საჭირო არ იყო, რადგან მათ უკვე გადადგეს ნაბიჯები მის დასახმარებლად. ამ განცხადებამ მაიძულა მეკითხა, იცოდა თუ არა რა იყო დონა სოლედადის გასაჭირის მიზეზი. 

 - შენ მას სული წაართვი. -  თქვა მან ბრალმდებლის ტონით. 

 ჩემი პირველი რეაქცია თავის დაცვა იყო. დაუღალავად დავიწყე საუბარი, მაგრამ მალევე დავასრულე, რადგან ამით საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი. მიყურებდნენ. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ჩემი დაღლილობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ძლივს მოვახერხე აზრების თავმოყრა. ბოლოს დავნებდი. 

 - სად არიან პაბლიტო და ნესტორი? - ვიკითხე დიდი ხნის პაუზის შემდეგ.

 - მალე აქ იქნებიან. - თქვა ლიდიამ სწრაფად. 

 - მათთან ერთად იყავით? 

 - არა! - წამოიძახა მან და სახეში მომაჩერდა. 

 - ჩვენ არასდროს დავდივართ ერთად. - განმარტა როზამ. - ის უკანალები ჩვენგან განსხვავდებიან. 

 ლიდიამ როზას მისამართით ფეხით გარკვეული მოძრაობა გააკეთა, რათა გაეჩუმებინა. თითქოს ისეთი ვინმე იყო, ვინც ბრძანებებს გასცემდა. მისი ფეხების მოძრაობის დაჭერამ დონ ხუანთან ურთიერთობის ყველაზე თავისებური მხარე გამახსენა. უამრავჯერ, როცა ერთად ვიყავით ხოლმე, მან ფეხების კოდირებული მოძრაობით ფარული კომუნიკაციის სისტემა მასწავლა. დავინახე, როგორ მისცა ლიდიამ როზას საშინელი ნიშანი, რომელსაც დონ ხუანი რაღაც უსიამოვნო და საშიში სიტუაციის დროს მაძლევდა. გამეცინა. გამახსენდა, რომ დონ ხუანმა ეს ნიშანი პირველად მაშინ მომცა, როცა ხენარო გავიცანი. 

 არ შევიმჩნიე, თითქოს არ ვიცოდი, რას ნიშნავდა მათი ნიშანი. 

 როზამ ანიშნა, რომ ჩემი შუაზე გაგლეჯა სურდა. ლიდიამ სხვა ჟესტით უპასუხა - "არა".

 დონ ხუანის მიხედვით, ლიდია ძალიან ნიჭიერი იყო. მისი თქმით, იგი პაბლიტოზე, ნესტორზე და ჩემზე მეტად მგრძნობიარე და ფხიზელი იყო. ვერასდროს მოვახერხე მასთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ძალიან დისტანციური და მჭრელი ენის პატრონი იყო. მას ჰქონდა უზარმაზარი, შავი, მოძრავი თვალები, რომლებიც არასოდეს არავის უყურებდნენ პირდაპირ. გამახსენდა, რომ წითელი, მტკივანი ქუთუთოები ჰქონდა და ამის გამო ყველა დასცინოდა. ქუთუთოების სიწითლე გამქრალიყო, მაგრამ თვალები ჩაცვენილი ჰქონდა და ძალიან ხშირად ახამხამებდა. დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ყოფნის წლებში ლიდია ყველაზე ხშირად მყავდა ნანახი, მაგრამ ალბათ საერთო ჯამში ერთმანეთში ათიოდე სიტყვის მეტი არც გაგვიცვლია. პაბლიტო მას რატომღაც ყველაზე საშიშ ადამიანად თვლიდა. ყოველთვის მეგონა, რომ იგი უბრალოდ ძალიან მორცხვი იყო. 

 მეორეს მხრივ, როზა ძალიან მღელვარე ადამიანი იყო. მეგონა, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ. მისი თვალები ძალიან გულწრფელი და მბრწყინავი იყო. იგი არასოდეს ყოფილა მორცხვი, მაგრამ მარტივად ფეთქდებოდა. სხვებზე მეტად როზას ვესაუბრებოდი ხოლმე. იგი მეგობრული იყო, ძალიან თამამი და მხიარული. 

 - სად არიან დანარჩენები? - ვკითხე როზას. - გამოსვლას არ აპირებენ? 

 - მალე გამოვლენ. - მიპასუხა ლიდიამ. 

 მათი გამომეტყველებიდან და საუბრიდან მივხვდი, რომ ჩემთან მეგობრობა სულაც არ იყო ის, რაც მათ გონებაში ჰქონდათ. მათი ფეხების ჟესტებიდან მივხვდი, რომ ისინი ისეთივე საშიშები იყვნენ, როგორც დონა სოლედადი. და მაინც, იქ ვიჯექი, მათ ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ძალიან მშვენიერები და ლამაზები იყვნენ. მათ მიმართ ყველაზე თბილი გრძნობები მქონდა. ფაქტობრივად, რაც უფრო დიდხანს მიყურებდნენ თვალებში, მით უფრო მძაფრი ხდებოდა ეს გრძნობა. ერთ მომენტში დაუოკებელ ვნებას ვგრძნობდი. ისინი იმდენად მიმზიდველები იყვნენ, რომ შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და მათთვის მეყურებინა, მაგრამ გამაფრთხილებელი ფიქრი მეწვია და ფეხზე წამოვდექი. არ ვაპირებდი, წინა ღამის აურზაური ხელახლა გამემეორებინა. გადავწყვიტე, რომ ჩემი კოზირები გამომეყენებინა. მათ მტკიცე ტონით ვუთხარი, რომ დონ ხუანმა ჩემთვის რაღაც გამოცდა შექმნა, რომელიც დონა სოლედადის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, ან პირიქით, დონა სოლედადს მოუწყო რაღაც გამოცდა ჩემი მეშვეობით. არსებობდა შანსი, რომ მან ჩვენს შემთხვევაშიც იგივე გააკეთა და წინ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა გველოდა, რასაც შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანის დაზიანება გამოეწვია. მათი მეომრის განწყობას მივმართე. თუ ისინი დონ ხუანის ჭეშმარიტი მემკვიდრეები იყვნენ, ჩემთან უზადოები უნდა ყოფილიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ როგორც ჩვეულებრივი, ხარბი ადამიანები.

 როზას მივუბრუნდი და ვკითხე, რატომ უნდოდა ჩემი შუაზე გაგლეჯა. ერთი წამით გაოგნებული მზერით მიყურებდა, შემდეგ გაბრაზდა. თვალები ბრაზისგან გაუნათდა. პატარა პირი მოკუმა. 

 ლიდიამ ძალიან თანმიმდევრულად ჩამოაყალიბა, რომ არაფრის უნდა შემშინებოდა. მისი თქმით, როზა ჩემზე იმიტომ იყო გაბრაზებული, რომ დონა სოლედადს ვაწყენინე. მისი გრძნობები მხოლოდ პირადი რეაქცია იყო და მეტი არაფერი. 

 ვთქვი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო. ავდექი. ლიდიამ ჟესტით გამაჩერა. როგორც ჩანს, შეშინებული ან ღრმად შეშფოთებული იყო. მან გააპროტესტა, რა დროსაც გარედან მოსულმა ხმაურმა ყურადღება გამიფანტა. ორი გოგონა ჩემს გვერდით გადმოხტა. რაღაც მძიმე კარებს გარედან უბიძგებდა და შემონგრევას ლამობდა. შევამჩნიე, რომ გოგოებმა კარები მაშინვე რკინის გისოსით დაამაგრეს. ზიზღის გრძნობა დამეუფლა. მთელი დრამა ისევ განმეორდებოდა. ავად ვიყავი, ამ ყველაფრისგან დავიღალე. 

 გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე მე შემომხედეს და ისევ ერთმანეთს გადახედეს. 

  სახლის გარედან დიდი ცხოველის კვნესა და მძიმე სუნთქვა მესმოდა. შეიძლება ძაღლი იყო. დაღლილობამ დამაბრმავა. კარებს მივვარდი და საკეტს გახსნა დავუწყე. ლიდია კარებს აეკრა და ისევ ჩაკეტა. 

 - ნაგვალი მართალი იყო. - თქვა მან სუნთქვაშეკრულმა. - შენ სულ ფიქრობ და ფიქრობ. იმაზე იდიოტი ხარ, ვიდრე მეგონა. 

 მან მაგიდასთან დამაბრუნა. ჩემს გონებაში უკანასკნელად ჩამოვაყალიბე, როგორ უნდა ამეხსნა მათთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი საკმარისი იყო. როზა გვერდით მომიჯდა და შემეხო. ვგრძნობდი, როგორ ნერვიულად ეხებოდა ჩემს ფეხებს. ლიდია ჩემს წინ იდგა, მტკიცედ მიყურებდა. მისი ანთებული შავი თვალები თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, რაც არ მესმოდა. 

 საუბარი დავიწყე, მაგრამ არ დამიმთავრებია. მოულოდნელი და ყველაზე ღრმა გაცნობიერება მეწვია. ჩემმა სხეულმა გააცნობიერა მწვანე სინათლე, რომელიც სახლის გარეთ არსებობდა. არაფერი მინახავს და არც გამიგონია. უბრალოდ სინათლეს ვაცნობიერებდი, თითქოს ჩამეძინა და ჩემი ფიქრები სურათებად გადაიქცა, რომლებიც ზედმიწევნით ასახავდა ყოველდღიური ცხოვრების სამყაროს. სინათლე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ამას მზის წნულით ვგრძნობდი. მას გავყევი, უფრო სწორად, მასზე ყურადღება გავამახვილე, როდესაც მოძრაობდა. შუქზე ყურადღების ფოკუსირების შედეგად გონების დიდი სიცხადე წარმოიშვა. მაშინ ვიცოდი, რომ ამ სახლში არასწორი და სახიფათო იყო, უდანაშაულო მსხვერპლად თავი წარმომეჩინა. 

 - არ გეშინია? - მკითხა როზამ და კარისკენ მანიშნა. 

 მისმა ხმამ ჩემი კონცენტრაცია დაარღვია. 

 ვაღიარე, რომ გარეთ რაღაც ძალიან ღრმა დონეზე მაშინებდა, იმდენად ძლიერად, რომ შიშისგან სიკვდილისათვის საკმარისი იყო. მეტის თქმა მინდოდა, მაგრამ სწორედ მაშინ ვიგრძენი მრისხანების ტალღა. დონა სოლედადის ნახვა და მასთან ლაპარაკი მინდოდა. მე მისი არ მჯეროდა. პირდაპირ მისი ოთახისკენ წავედი. იგი ოთახში არ დამხვდა. მთელს სახლში მისი სახელის ძახილი დავიწყე. სახლს კიდევ ერთი ოთახი ჰქონდა. კარი გავაღე და შიგნით შევედი. იქ არავინ იყო. ჩემი ბრაზიც ისევე გაიზარდა, როგორც ჩემი შიში. 

 სახლიდან უკანა კარით გამოვედი და წრეზე მოვუარე. ძაღლიც კი არსად ჩანდა. შემოსასვლელ კარზე გაბრაზებულმა დავაკაკუნე. ლიდიამ გამიღო. შიგნით შევედი. მათ დავუყვირე და ვუთხარი, ჩემთვის ეთქვათ, სად იყვნენ დანარჩენები. ლიდიამ თვალები დახარა და არ უპასუხია. კარის დაკეტვა უნდოდა, მაგრამ არ ვანებებდი. სწრაფად გამშორდა და სხვა ოთახში შევიდა. 

 ისევ მაგიდას მივუჯექი. როზა არ ინძრეოდა. თითქოს ადგილზე იყო მიყინული. 

 - ჩვენ ერთნი ვართ. - თქვა მან მოულოდნელად. - ეს ნაგვალმა გვითხრა. 

 - მაშინ მითხარი, რა ტრიალებდა სახლის გარშემო? - ვკითხე მას.

 - მოკავშირე. 

 - ახლა სად არის?

 - ჯერ კიდევ აქ არის. იმ მომენტში, როცა სუსტი იქნები, გაგჭყლეტს. მაგრამ ჩვენ არ ვართ ისინი, ვისაც შენთვის რაიმეს თქმა შეუძლია. 

 - მაშინ, ვის შეუძლია, რომ ამიხსნას? 

 - ლა გორდას! - წამოიძახა როზამ და თვალები რაც შეიძლება ფართოდ გაახილა. - ის არის ერთადერთი. მან ყველაფერი იცის. 

 როზამ მკითხა, შეეძლო თუ არა კარების დახურვა, მხოლოდ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავით. პასუხს არ დალოდებია, კარისკენ გაემართა და ჩაკეტა. 

 - ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ყველას მოსვლამდე აქ მოვიცადოთ. - თქვა მან. 

 ლიდია ოთახში პაკეტით დაბრუნდა. მუქ-ყვითელ ქსოვილის ნაჭერში რაღაც ობიექტი ჰქონდა შეხვეული. ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. შევამჩნიე, რომ მას ძლიერი, მბრძანებლური აურა დაჰყვებოდა. რატომღაც მან თავისი განწყობა მე და როზას გადმოგვცა. 

 - იცი აქ რა მაქვს? - მკითხა მან.

 ბუნდოვანი წარმოდგენაც არ მქონდა. მან ნაჭრის გახსნა ძალიან მიზანმიმართული მოძრაობებით, ნელა დაიწყო. შემდეგ გაჩერდა და შემომხედა. თითქოს მერყეობდა. ისე ჩაიცინა, ვითომ ძალიან მორცხვი იყო, რათა შეკვრაში შეხვეული ობიექტი ეჩვენებინა. 

 - ეს პაკეტი ნაგვალმა შენ დაგიტოვა. - ჩაილაპარაკა მან. - მაგრამ ვფიქრობ, სჯობს ლა გორდას დაველოდოთ. 

მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ იგი გაეხსნა. სასტიკი მზერა მომაპყრო და პაკეტი ოთახიდან სიტყვის უთქმელად გაიტანა. 

 ლიდიას თამაშით ვერთობოდი. მან დონ ხუანის სწავლების ძალიან მიმზიდველი ხრიკი გაითამაშა, თუ როგორ გამოეყენებინა სიტუაცია თავის სასარგებლოდ. ამანათის მოტანისას, თითქოს მის გახსნას აპირებდა, ბოლო მომენტში კი უკან წაიღო. მისმა ნათქვამმა, რომ დონ ხუანმა რაღაც დამიტოვა, საიდუმლოების ელფერი შექმნა, რაც ჩემთვის თითქმის აუტანელი იყო. მან იცოდა, რომ დავრჩებოდი, რათა გამეგო, რა იდო პაკეტში. რამდენიმე ვარიანტი მქონდა. შესაძლოა ეს იყო ხელსაწყო, რომელსაც დონ ხუანი ფსიქოტროპული სოკოების მოვლისას იყენებდა. მან ერთხელ მითხრა, რომ ამ ხელსაწყოს შესანახად დამიტოვებდა. შეიძლება მისი დანა ყოფილიყო, ტყავის ჩანთა ან თუნდაც მისი ძალის საგანი. მეორეს მხრივ, შესაძლოა მხოლოდ ლიდიას ხრიკი ყოფილიყო. დონ ხუანი ზედმეტად აბსტრაქტული იყო იმისთვის, რომ ჩემთვის რაიმე განძი დაეტოვებინა. 

 როზას ვუთხარი, რომ შიმშილისგან ფეხზე ძლივს ვიდექი და ძალიან სუსტად ვიყავი. შევთავაზე, რომ ორიოდე დღით ქალაქში ჩავიდოდი, დავისვენებდი და პაბლიტოს და ნესტორის სანახავად ისევ დავბრუნდებოდი. ისიც დავძინე, რომ ჩამოსვლისას შესაძლოა დანარჩენი ორი გოგონაც მენახა. 

 ლიდია დაბრუნდა და როზამ მას უთხრა, რომ წასვლას ვაპირებდი.

 - ნაგვალმა გვითხრა, რომ ისე დაგხვედროდით, როგორც თავად მას მოვემსახურებოდით. - განაცხადა ლიდიამ. - ჩვენ ყველანი ნაგვალები ვართ, მაგრამ შენ დანარჩენებზე მეტად ხარ, რაც არავის ესმის. 

 ორივემ ერთდროულად დამიწყო ახსნა, რომ ჩემს წინააღმდეგ არაფრის მცდელობას არ აპირებდნენ, როგორც დონა სოლედადი მომექცა. მათ თვალებში მკაფიოდ ვხედავდი პატიოსნებას, მათ ვენდობოდი. 

 - იქამდე უნდა დარჩე, სანამ ლა გორდა არ დაბრუნდება. - თქვა ლიდიამ.

 - ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ მის ლოგინში უნდა დაიძინო. - დაამატა როზამ.

 ოთახში დილემის წინაშე გარშემორტყმულმა, ბოლთას ცემა დავიწყე. ერთის მხრივ, დარჩენა და დასვენება მინდოდა. მათი თანდასწრებით თავს ფიზიკურად მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი, რაც წინა დღით დონა სოლედადთან საერთოდ არ მიგრძნია. მეორეს მხრივ, ჩემი რაციონალური მხარე ოდნავაც არ იყო მოდუნებული. ისეთივე შეშინებული ვიყავი, როგორც მანამდე. როდესაც ბრმა სასოწარკვეთის მომენტებში მქონდა, ხშირად გადამიდგამს გამბედავი ნაბიჯები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ქმედებების იმპულსი შეწყდა, თავი ისე დაუცველად ვიგრძენი, როგორც არასდროს.

 სულიერი ძიების ანალიზში ჩავეფალი, როცა ოთახში აქეთ-იქით დავდიოდი გაბრაზებული. ორივე გოგონა ჩუმად იჯდა და შეშფოთებული მიყურებდა. შემდეგ ყველა გამოცანა მოულოდნელად ამოიხსნა. ვიცოდი, რომ ჩემში რაღაცას ძალიან ეშინოდა. ასეთ რეაქციას დონ ხუანის თანდასწრებით მიჩვეული ვიყავი. წლების განმავლობაში მის გვერდით შიშის განცდის მოსახერხებელი საწოვარათი ვიყავი ჩამოკიდებული. დონ ხუანთან ჩემი დამოკიდებულება ნუგეშს და უსაფრთხოებას მაძლევდა. დონ ხუანი საზარელი იყო, მაგრამ მასთან გატარებულმა წლებმა ერთმანეთთან მეგობრულად დაგვაახლოვა და მისი აღარ მეშინოდა. სამაგიეროდ, ამ სიტუაციას ვეღარ ვუძლებდი. დონ ხუანი წავიდა. მის შეგირდებს არ გააჩნდათ დონ ხუანის მოთმინება, დახვეწილობა და ძალაუფლება. მათთან ერთად ნუგეშის ძიების ჩემი მოთხოვნილება უბრალო სისულელე იყო.

 გოგოებმა მეორე ოთახში შემიყვანეს. ფანჯარა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყურებოდა, ისევე როგორც საწოლი. კომფორტი და სხეულებრივი კმაყოფილება, რაც დაწოლისას განვიცადე, უჩვეულო იყო. ამ ოთახში დონ ხუანი იწვა ხოლმე. მის საწოლზე თავს დაცულად და სრულყოფილად ვგრძნობდი. ჩემი სხეული შეუდარებელმა სიმშვიდემ მოიცვა. მსგავსი შეგრძნება მქონდა ერთხელ, როცა დონ ხუანმა ჩრდილოეთ მექსიკის უდაბნოში, გორაკის თავზე საწოლი გამიშალა. ჩამეძინა. 

 გამთენიისას გამეღვიძა. ლიდია და როზა ჩემს გვერდით იწვნენ. მძინარედ გამოიყურებოდნენ. ერთი-ორი წამით გაუნძრევლად ვიწექი, შემდეგ ორივეს ერთდროულად გაეღვიძა. 

 ლიდიამ გაიღიმა და თქვა, რომ ჩემი დაცვის და დასვენების მიზნით მათ ჩემთან უნდა დაეძინათ. მშიერი ვიყავი. ლიდიამ როზა სამზარეულოში გაგზავნა საჭმლის მოსამზადებლად. ამასობაში მან სახლის ყველა ფარანი აანთო. როდესაც საჭმელი გამზადდა, მაგიდასთან დავსხედით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მათ მთელი ჩემი ცხოვრება ვიცნობდი და მათთან ერთად წლები მქონდა გატარებული. ჩუმად ვჭამდით. 

 როცა როზა მაგიდას ალაგებდა, ლიდიას ვკითხე, ყველას ეძინა თუ არა ნაგვალის საწოლში. ეს ერთადერთი საწოლი იყო მთელს სახლში, დონა სოლედადის საწოლის გარდა. ლიდია უაზრო ტონით თქვა, რომ ისინი წლების წინ გადავიდნენ ამ სახლიდან აქედან ახლოს. მან დასძინა, რომ პაბლიტოც გადავიდა ნესტორთან და ბენიგნოსთან საცხოვრებლად. 

 - რა დაგემართათ ხალხნო? მეგონა, რომ თქვენ ყველანი ერთად ცხოვრობდით.

 - უკვე აღარ. - მიპასუხა ლიდიამ. - ნაგვალის წასვლის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე ვასრულებდით დავალებებს. ნაგვალმა შეგვაერთა და ნაგვალმა დაგვაშორა.

 - სად არის ახლა ნაგვალი? - ვიკითხე ყველაზე ჩვეულებრივი ტონით, რაც შევძელი. 

 ორივემ შემომხედა და შემდეგ ერთმანეთს გადახედეს.

 - არ ვიცით. - თქვა ლიდიამ. - ის და ხენარო წავიდნენ. 

 თითქოს სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მაინც ჩავეძიე, ყველაფერი ეთქვათ, რაც იცოდნენ. 

 - ჩვენ ნამდვილად არაფერი ვიცით. - ლიდიამ ჩემი შეკითხვებისგან აშკარად გაფითრებულმა შემომხედა. - სხვა სამყაროში წავიდნენ. შეგიძლია ეს კითხვა ლა გორდას დაუსვა. მას რაღაც აქვს სათქმელი. გუშინ იცოდა, რომ შენ აქ იყავი და დროზე მოსასვლელად ძალიან ვჩქარობდით. გვეშინოდა, რომ მკვდარი დაგვხვდებოდი. ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვისაც უნდა დავეხმაროთ და ვენდოთ. მან თქვა, რომ შენ თავად ხარ დონ ხუანი. 

 სახეზე ხელები აიფარა, ჩაიცინა და დაამატა:

 - ამის დაჯერება ძალიან რთულია. 

 - ჩვენ შენ არ გიცნობთ. - დაამატა როზამ. - ეს არის უბედურება. ოთხივე ჩვენგანი ამას ვგრძნობთ. გვეშინოდა, რომ მკვდარი იყავი და როცა დაგინახეთ, გავბრაზდით, რომ მკვდარი არ დაგვხვდი. სოლედადი ჩვენთვის დედას ჰგავს. ალბათ, დედაზე მეტსაც. 

 ერთმანეთში კონსპირაციული მზერა გაცვალეს. ეს მზერა მაშინვე აღვიქვი, როგორც მოახლოებული უბედურების ნიშანი. რაღაც კარგს არ ამზადებდნენ. ლიდიამ შენიშნა ჩემი მოულოდნელი უნდობლობა, რომელიც მთელ სახეზე მეწერა. მან იმის ახსნა დამიწყო, რომ ჩემი დახმარება სურდათ. მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად არ მქონდა. თუ ჩემთვის ზიანის მოყენება უნდოდათ, ამას თავისუფლად გააკეთებდნენ, სანამ მეძინა. ლიდია იმდენად გულმოდგინედ ლაპარაკობდა, რომ თავი ჭიაყელად ვიგრძენი. გადავწყვიტე, მათთვის მოტანილი საჩუქრები დამერიგებინა. ვუთხარი, რომ იქ უმნიშვნელო წვრილმანები იყო და ის აერჩიათ, რაც მოეწონებოდათ. ლიდიამ მითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საჩუქრებს თავად გავანაწილებდი. ძალიან თავაზიანი ტონით დაამატა, რომ ისინი მადლობელი იქნებოდნენ, თუ დონა სოლედადს განვკურნავდი. 

 - როგორ ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო მის განსაკურნებლად? - ვკითხე დიდი ხნის დუმილის შემდეგ.

 -  შენი ორეული გამოიყენე. 

 მე ყურადღებით დავაკვირდი იმ ფაქტს, რომ დონა სოლედადმა კინაღამ მომკლა და რაღაცის დამსახურებით გადავრჩი, რაც ჩემს უნარს და ცოდნას ნამდვილად არ წარმოადგენდა. შეშფოთებული ვიყავი, რადგან დარტყმას რეალურად ჰქონდა ადგილი, თუმცა არ ვიცოდი, ეს რანაირად გავაკეთე. ვიცოდი, რომ დონა სოლედადის დახმარება ისევე არ შემეძლო, როგორც მთვარეზე ფეხით გასეირნება. 

ისინი ჩუმად და ყურადღებით მისმენდნენ, მაგრამ აჟიტირებულები ჩანდნენ. 

 - სად არის ახლა დონა სოლედადი? - ვკითხე ლიდიას.

 - ლა გორდასთან ერთად არის. - თქვა მან სასოწარკვეთილი ტონით. ლა გორდამ იგი მოშორებით წაიყვანა და მის განკურნებას ცდილობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, სად არიან. ეს არის სიმართლე.

 - ჟოზეფინა სადღაა?

 - მოწმეს მოსაყვანად წავიდა. მოწმე ერთადერთია, ვისაც სოლედადის განკურნება შეუძლია. როზა ფიქრობს, რომ შენ მოწმეზე მეტი იცი, მაგრამ ვინაიდან სოლედადზე გაბრაზებული ხარ, მისი სიკვდილი გინდა. ჩვენ არ გადანაშაულებთ.

 ისინი დავარწმუნე, რომ დონა სოლედადზე არ ვბრაზობდი და მით უმეტეს, მისი სიკვდილი არ მსურდა. 

 - მაშინ განკურნე! - მიყვირა როზამ გაბრაზებული ხმით. - მოწმემ გვითხრა, რომ შენ ყოველთვის იცი, რა უნდა გააკეთო, მოწმე ვერ შეცდებოდა. 

 - ვინ ჯანდაბაა ეს მოწმე?

 - მოწმე ნესტორია. - ისე თქვა ლიდიამ, თითქოს მისი სახელის წარმოთქმა არ უნდოდა. - შენ ეს იცი. უნდა იცოდე. 

 გამახსენდა, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრისას, დონ ხენარომ ნესტორს მოწმეს სახელით მიმართა. მეგონა, რომ ეს სახელი ხუმრობა ან რაღაც ხრიკი იყო, რომელსაც იგი ბოლო წუთებში განშორებისა და ტკივილი შესამსუბუქებლად იყენებდა. 

 - ეს ხუმრობა არ ყოფილა. - თქვა ლიდიამ მტკიცე ტონით. - ხენარო და ნაგვალი მოწმესთან სხვა გზას მიჰყვებოდნენ. ყველგან თან დაჰყავდათ, სადაც დადიოდნენ. ყველგან! მოწმე ყველაფერს შეესწრო, რისი მოწმედ ყოფნაც შეიძლებოდა. 

 ცხადია, ჩვენს შორის დიდი გაუგებრობა არსებობდა. ვეცადე ამეხსნა, რომ მათთვის პრაქტიკულად უცხო ვიყავი. დონ ხუანმა ყველასგან დამაშორა, მათ შორის პაბლიტოსთან და ნესტროთან. მათთან ერთად დიდ დროს არ ვატარებდი. წლების მანძილზე ერთმანეთთან მისალმების და დამშვიდობების გარდა, ჩვენ არასოდეს გვისაუბრია. ყველა მათგანს ძირითადად დონ ხუანის აღწერილობის მიხედვით ვიცნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ჟოზეფინას შევხვდი, ვერ ვიხსენებდი, როგორ გამოიყურებოდა. ლა გორდა კი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ისიც ზურგიდან. გოგონებს ვუთხარი, რომ გუშინდელ დღემდე ისიც კი არ ვიცოდი, თუ ისინი დონ ხუანის შეგირდები იყვნენ და ბენიგნოც მათი ჯგუფის ნაწილი იყო. 

 მათ ერთმანეთში უხერხული მზერა გაცვალეს. როზამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ ლიდიამ ფეხის მოძრაობით უბრძანა, რომ გაჩუმებულიყო. ვიგრძენი, რომ ჩემი ხანრგძლივი განმარტებების გამო, მათ ერთმანეთში ასე ჩუმ-ჩუმად არ უნდა ესაუბრათ. ჩემი ნერვები იმდენად დაძაბული იყო, რომ მათმა ნიშნებმა უბრალოდ გამაცოფა. ორივეს მთელი ძალით ვუყვირე და მაგიდაზე ხელი დავაბრახუნე. როზა წარმოუდგენელი სისწრაფით ფეხზე წამოდგა და ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე, რათა თავიდან ამეცილებინა რაღაც მძიმე ჯოხის მსგავსი საგანი, რომელიც როზას ხელში ეჭირა. ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა გავიგე.

 ზუსტად ეს ხმა ჩამესმა წინა ღამეს, როცა დონა სოლედადი მახრჩობდა. ეს იყო ყველაზე თავისებური და იდუმალი ხმა, რომელსაც თითქოს ჩემი სასუნთქი მილის უკან, კისრის ქვედა ნაწილი გამოსცემდა. ყურები დამიგუბდა. მარცხენა ხელით ელვის სისწრაფით დავწვდი როზას ჯოხს და შუაზე გადავტეხე. მთელს სცენას ისე ვაკვირდებოდი, თითქოს ფილმს ვუყურებდი. 

 როზამ იკივლა და მაშინვე მივხვდი, რომ მკლავში მარცხენა მუშტი ჩავარტყი. ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა, რეალური არ იყო. როზა ყვირილს განაგრძობდა. ლიდიამ იგი დონ ხუანის ოთახში შეიყვანა. მცირე ხნით ყვირილი ისევ ისმოდა, შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა. მაგიდას მივუჯექი. ჩემი ფიქრები დისოცირებულნი და არათანმიმდევრულნი იყვნენ. 

 კისრის ძირში თავისებური ხმის შესახებ კარგად ვიცოდი. დონ ხუანმა იგი აღწერა, როგორც ხმა, რომელიც ადამიანის სიჩქარის შეცვლისას ვლინდება. ბუნდოვნად მახსენდებოდა, რომ მასთან ერთად მსგავსი გამოცდილება მქონია. მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამით ეს გავაცნობიერე, ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი, სანამ როზასთან იგივე არ განმეორდა. მაშინ მივხვდი, რომ ხმამ სიმხურვალის განსაკუთრებული შეგრძნება გამიჩინა პირის ღრუში და ყურების შიგნით. ბგერის ძალამ და სიმშრალემ დიდი ზარის ხმაზე ჩამაფიქრა.

 ცოტა ხნის შემდეგ ლიდია დაბრუნდა. მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. გამიღიმა კიდეც. მე ვთხოვე, დამხმარებოდა ამ ამოცანის ამოხსნაში და ჩემთვის აეხსნა, ახლა რა მოხდა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემმა ყვირილმა როზა ააღელვა და დაიჯერა, რომ შენ მის ვნებას აპირებდი. იგი ეცადა თავისი "სიზმარხილვის ხელით" შენთვის ჯოხი დაერტყა, მაგრამ მე ავიცილე და როზას ისევე დავარტყი, როგორც გუშინ დონა სოლედადს. ლიდიამ მითხრა, რომ როზას ხელი სამუდამოდ გამოუსადეგარი იქნებოდა, თუ მის დასახმარებლად გზას არ გამოვნახავდი. 

 ოთახში როზა შემოვიდა. მკლავი ნაჭრით ჰქონდა გადახვეული. მან შემომხედა. ბავშვის თვალებით მიყურებდა. ჩემი გრძნობები მის მიმართ ძალიან არეული იყო. ჩემი რაღაც ნაწილი საკუთარ თავს მახინჯად და დამნაშავედ გრძნობდა. მაგრამ ისევ, სხვა ნაწილი აუღელვებელი რჩებოდა. რომ არა ეს მეორე ნაწილი, დონა სოლედადის შემოტევას და როზას თავდასხმას ვერ გადავურჩებოდი. 

 დიდი ხნის დუმილის შემდეგ ვუთხარი, რომ ჩემი ყვირილისა და როზას მიერ ჩადენილი საქციელის შედარება არ შეიძლებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მე მათ პრაქტიკებს არ ვიცნობდი, როზას შეეძლო ერთი მოქნევით მოეტეხა ჩემთვის მთელი მკლავი. 

 როზას მომთხოვნი ტონით მოვუწოდე, ჩემთვის თავისი მკლავი ეჩვენებინა. მან უხალისოდ მოიხსნა ნაჭერი. მკლავი შეშუპებული და წითელი ჰქონდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ხალხი რაღაც გამოცდას მიტარებდა, რომელიც დონ ხუანმა ჩემთვის დატოვა. მათთან დაპირისპირებით მე მომისროლეს ისეთ სფეროში, რომლის მიღწევაც რაციონალური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო. მას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემი რაციონალურობა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეადგენდა იმისა, რასაც თავად საკუთარი თავის მთლიანობას უწოდებდა. ჩემთვის უცნობი და ფიზიკური სხეულის განადგურების სრულიად რეალური საფრთხის გავლენის ქვეშ, ჩემს სხეულს ან თავისი ფარული შესაძლებლობები უნდა გამოეყენებინა, ან უნდა მომკვდარიყო. დონ ხუანის გამოცდა იმაში უნდა ყოფილიყო, რომ ჩემთვის დაენახებინა, რამდენად რეალურად არსებობდა ასეთი რესურსების არსებობისა და გამოყენების შესაძლებლობა. წლების მანძილზე გავლილი მოწაფეობა მხოლოდ ამ ფაქტის მიღებას ემსახურებოდა. დონ ხუანი მართალი იყო, როდესაც იგი კომპრომისზე უარს ამბობდა და ჩემთვის ან სრულ გამარჯვებას აღიარებდა, ან ტოტალურ დამარცხებას. თუ მოწაფეობა ჩემს ფარულ რესურსებთან წვდომას ვერ მოახერხებდა, ასეთი გამოცდა საბოლოოდ გამოცდიდა მას, რომლის წინააღმდეგაც არაფრის გაკეთება შემეძლო. დონ ხუანს დონა სოლედადისთვის უთქვამს, რომ დამარცხების შემთხვევაში მე თავს მოვიკლავდი. ადამიანური ბუნების მისი ღრმა ცოდნიდან გამომდინარე, ალბათ, მართალი იყო. 

დრო დადგა, რათა მოქმედების ახალი კურსი ამეღო. ლიდიამ მითხრა, რომ დონა სოლედადის და როზას დახმარება იმ გზით შემეძლო, რომლითაც მათ ზიანი მივაყენე. პრობლემას წარმოადგენდა შეგრძნებების და აზრების სწორი თანმიმდევრობის დალაგება, რომელიც ჩემს სხეულს ამ ძალის განთავისუფლებას აიძულებდა. როზას ხელი ავიღე და მოვეფერე. მსურდა, რომ იგი განკურნებულიყო. მის მიმართ მხოლოდ საუკეთესო გრძნობები მქონდა. როზას ვეფერებოდი და დიდხანს ვეხუტებოდი. მას ჩემს მხარზე ჩამოეძინა, მაგრამ მკლავზე სიწითლეში და შეშუპებაში ცვლილებას ვერ ვამჩნევდი. 

 ლიდია სიტყვის უთქმელად მიყურებდა. მან გამიღიმა. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ განკურნების თემებში სრული კრეტინი ვიყავი. მისმა თვალებმა თითქოს ჩემი განწყობა დაიჭირა და იქამდე მიყურა, სანამ განწყობა არ გამიქრა. 

 როზას დაძინება უნდოდა. იგი ან ძალიან დაიღალა, ან ავად იყო. არ მინდოდა მცოდნოდა, აქედან რომელი იყო მართალი. ხელში ავიყვანე. უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე წარმომედგინა. დონ ხუანის საწოლთან მივიყვანე და ნაზად დავაწვინე. ლიდიამ საბანი გადააფარა. ოთახში ძალიან ბნელოდა. ფანჯარაში გავიხედე და ვარსკვლავებით მოჭედილი უღრუბლო ცა დავინახე. ამ მომენტამდე დავიწყებული მქონდა, რომ ჩვენ ძალიან დიდ სიმაღლეზე ვიყავით. 

 როცა ცას ავხედე, ოპტიმიზმის მოზღვავება ვიგრძენი. რატომღაც, ვარსკვლავებს ჩემთვის სადღესასწაულო განწყობა ჰქონდათ. სამხრეთ-აღმოსავლეთი მართლაც მშვენიერი მიმართულება იყო. 

 უეცარი სურვილი გამიჩნდა, მენახა, როგორი ცის ხედი იშლებოდა დონა სოლედადის ოთახიდან, რომელიც ჩრდილოეთის მხარეს იყო მიმართული. ლიდიას ხელი ჩავკიდე და სოლედადის ოთახისკენ გავემართე, რომ უეცრად თავის მიდამოში გაჩენილმა შეგრძნებამ შემაჩერა. შეგრძნება ტალღასავით დაეშვა ზურგზე და კუჭში ჩამეღვარა. ხალიჩაზე დავჯექი. ვფიქრობდი, ჩემს შეგრძნებებზე მეფიქრა. მეჩვენებოდა, რომ საკუთარ თავზე ძალაუფლება დავკარგე. ჩემი აზროვნების ძალა და ფიქრები შემცირდა. ვცდილობდი რაღაცაზე ფიქრი დამეწყო, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თითქოს აზროვნების პროცესი გამიქრა. 

 ჩემმა გონებრივმა მდგომარეობამ ლიდია დამავიწყა. იგი ჩემკენ დახრილიყო და სახეში მიყურებდა. მისი ხელი ავტომატურად ავიღე და ისევ დონა სოლედადის ოთახისკენ წავედი. კართან მისვლისას ვიგრძენი, როგორ იჭიმებოდა ლიდიას მთელი სხეული. იძულებული ვიყავი, მისთვის ძალა დამეტანებინა. ზღურბლის გადალახვისას, კედლის მოპირდაპირე მხარეს ადამიანის სხეულის მიგდებულ მასას მოვკარი თვალი. სანახაობა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ოხვრით ამოვისუნთქე და ლიდიას ხელი გავუშვი. ეს დონა სოლედადი იყო. თავი კედლისთვის მიეყრდნო. ლიდიას მივუბრუნდი. მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ დონა სოლედადი დაბრუნდა, მაგრამ ჩემი სიტყვები არ ჩამესმოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ვლაპარაკობდი. ისევ ლაპარაკს ვაპირებდი, მაგრამ უეცრად მოქმედების სურვილი გამიჩნდა. თითქოს საუბარს დიდი დრო მიჰქონდა, მაგრამ დრო ძალიან ცოტა მრჩებოდა. ოთახში შევედი და დონა სოლედადთან მივედი. როგორც ჩანს, ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა. მის გვერდით დავჯექი და სანამ რაიმეს ვეტყოდი, სახე ავუწიე, რომ მისთვის შემეხედა. შუბლზე რაღაც დავინახე. ფოთლების ნაყენს ჰგავდა, რომელიც თავისთვის გაიკეთა. მუქი, ბლანტი სითხე იყო. მისი შუბლიდან მოცილების აუცილებლობა ვიგრძენი. თამამად ავიღე მისი თავი და ბლანტი თაბაშირი მოვაშორე. რეზინს ჰგავდა. არ ამოძრავებულა და არც ტკივილს უჩიოდა. შუბლზე მოყვითალო-მწვანე ლაქა ემჩნეოდა. ლაქა მოძრაობდა, თითქოს ცოცხალი იყო ან ენერგიით გამსჭვალული. წამით ვუყურებდი, არაფრის გაკეთება შემეძლო. თითით დავაწექი და მისი წებოვნება ვიგრძენი. შუბლიდან რაღაც მასას ვაცილებდი. პანიკაში არ ვიყავი, როგორც ჩვეულებრივ ვგრძნობდი ხოლმე. ავდექი. ჩირქოვანი მასა თბილი იყო. იგი მყისიერად შემაშრა თითებზე და ხელის გულზე. შემდეგ კიდევ ერთი შფოთის ტალღა ვიგრძენი და დონ ხუანის ოთთახისკენ გავიქეცი. როზას ხელი ჩავავლე და მისი მკლავიდანაც მოვაცილე ბლანტი მასა, რომელიც დონა სოლედადს შუბლზე ჰქონდა. 

 გული ისე მიცემდა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. დაწოლა მინდოდა, მაგრამ რაღაცამ მაიძულა ფანჯარასთან მივსულიყავი და ერთ ადგილზე მერბინა. ეს პრაქტიკა დონ ხუანმა დიდი ხნის წინ მასწავლა. 

 არ ვიცი, რამდენ ხანს დავრბოდი. უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც კისერს და მხრებს მიწმენდდა. მაშინ მივხვდი, რომ პრაქტიკულად შიშველი ვიყავი და ოფლში ვიწურებოდი. ლიდიას ჩემს მხრებზე ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული და სახიდან ოფლს მაშორებდა. ჩემი ნორმალური აზროვნების პროცესი ერთბაშად დამიბრუნდა. ოთახში მიმოვიხედე. როზას ღრმად ეძინა. დონა სოლედადის ოთახში გავიქეცი. ველოდი, რომ მასაც მძინარეს ვიპოვიდი, მაგრამ ოთახში არავინ იყო. ლიდია უკან მომყვებოდა. ვუთხარი, რაც მოხდა. ლიდია როზას მივარდა და გააღვიძა, სანამ ტანსაცმელს ვიცვამდი. როზას გაღვიძება და ადგომა არ სურდა. ლიდიამ როზას დაშავებული ხელი აიღო და ზედ დააჭირა. როზა წამოხტა, სრულიად ფხიზელი იყო.

 სახლის ირგვლივ დარბოდნენ და ფანრების ჩაქრობა დაიწყეს. ისე იქცეოდნენ, თითქოს გასაქცევად მზად იყვნენ. მინდოდა მეკითხა, რატომ ჩქარობდნენ ასე ძალიან. მეც აფორიაქებული ვიყავი და მათთან ერთად ვჩქარობდი. ტანსაცმელი წამებში ჩავიცვი. თითქოს ჩემს განკარგულებას ელოდნენ. 

 სახლიდან გამოვედით და ყველა ამანათი გამოვიტანეთ, რაც მოტანილი მქონდა. ლიდიამ მირჩია, რომ სახლში არც ერთი მათგანი არ დამეტოვებინა. ისინი ჯერ არ დამირიგებია. პაკეტები მანქანის უკანა სავარძელზე დავაგდე. გოგონები მანქანაში ჩასხდნენ. მანქანა დავძარი და სიბნელეში უკუსვლით გამოვედი. 

 სავალ გზაზე დადგომისას, ყველაზე მძაფრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. გოგონებმა მითხრეს, რომ ლიდერი მე ვიყავი. მათი ქმედებები ჩემს გადაწყვეტილებებზე იყო დამოკიდებული. მე ნაგვალი ვიყავი. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვშორდებოდით სახლს და გაუაზრებელი მიმართულებით გეზს ვერ ავიღებდით. მათთვის თავად უნდა მეხელმძღვანელა. მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა სად წავსულიყავი ან რა მექნა. მათ თვალებში ჩავხედე. გოგონების თვალები კაშკაშებდნენ. მათმა თვალებმა დონ ხუანის თვალები გამახსენა. ისინი თითქოს უფრო მეტ სინათლეს ასხივებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის თვალები. 

 ვიცოდი, რომ მათ ჩემი უძლურების შესახებ იცოდნენ. საკუთარი უძლურების დასაფარად ხუმრობის ნაცვლად, მთელი პასუხისმგებლობა გოგონებს უხეშად დავაკისრე. მათ ვუთხარი, რომ ნაგვალიზმის პრაქტიკა მაკლდა და მადლობელი ვიქნებოდი, თუ რამენაირად დამავალდებულებდნენ მინიშნებით იმის შესახებ, თუ სად უნდა წავსულიყავით. ისინი ზიზღით მიყურებდნენ. თავებს იმედგაცრუებულად აკანტურებდნენ. გონებაში რამდენიმე ვარიანტი გადავალაგე, როგორიც იყო ქალაქში ჩასვლა, ნესტორის სახლში წასვლა და მეხიკოში წასვლა, მაგრამ შესაფერისად არც ერთი ვარიანტი არ მეჩვენებოდა. 

 მანქანა გავაჩერე. გეზი ქალაქისკენ მქონდა აღებული. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად გოგონებთან გულითადად საუბარი მინდოდა. რაღაცის სათქმელად პირი გავაღე, მაგრამ მათ ზურგი შემაქციეს, მოიბუზნენ და მხრებზე ხელები შემოიხვიეს. როგორც ჩანს, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ისინი ჩემს მოსმენას არ აპირებდნენ. 

 ჩემი იმედგაცრუება უზარმაზარი იყო. ერთადერთი, რაც მაშინ მსურდა, დონ ხუანის მსგავს ოსტატად ყოფნა იყო, იქნებოდა ეს ნებისმიერ სიტუაციაზე კონტროლი, ინტელექტუალური გამჭრიახობა თუ მისი იუმორის შეგრძნება. ამისგან განსხვავებით, ახლა ორი გაბუტული გოგონას კომპანიაში ვიყავი. 

 ლიდიას სახეზე დაცინვის ჟესტი შევამჩნიე და ამან საკუთარი თავმოყვარეობის მოზღვავებული სურვილი გამიქრო. იმ მომენტში პირველად მივხვდი, რომ ჩვენს შორის არსებულ მუდმივ იმედგაცრუებას დასასრული არ უჩანდა. ცხადია, ისინი დონ ხუანის უზადობას იყვნენ მიჩვეულნი. მათთვის ნაგვალიდან ჩემზე გადმორთვა დამღუპველი უნდა ყოფილიყო. 

 კარგა ხანს ვისხედით. მხოლოდ ძრავის დუდღუნის ხმა ისმოდა. ერთბაშად სხეულის კანკალის შეგრძნება ისევ მეწვია და მივხვდი, რა განვიცადე დონა სოლედადის ოთახში შესვლამდე. მისი სხეულის ნაცვლად მე იმას შევეხე, რაც დარტყმის მომენტში მისგან განცალკევდა. ის, რაც მას მოვაცილე, გარკვეული ენერგია იყო, რომელიც დარტყმისას მის სხეულში დავტოვე.

 გონებაში კონკრეტული ადგილის ხილვა მეწვია. დავრწმუნდი, რომ დონა სოლედადი და ლა გორდა იქ იყვნენ. ჩემი ვარაუდო ღრმა დარწმუნებულობა იყო, რომელსაც დადასტურება არ სჭირდებოდა. ლა გორდას დონა სოლედადი რომელიღაც ხევის პირას ჰყავდა მიყვანილი და მის განკურნებას ცდილობდა. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მკურნალობის მეთოდი არასწორი იყო და ჩემს მიერ დონა სოლედადის შუბლიდან ჩირქოვანი მასის მოცილების შემდეგ იქ დარჩენის საჭიროება აღარ იყო. 

 ჩემი ხილვა გოგონებს გავუზიარე. ორივემ ის მიპასუხა, რასაც დონ ხუანი მეუბნებოდა ხოლმე, - არ დავნებებულიყავი. თუმცა, დონ ხუანის რეაქცია უფრო თანმიმდევრული იყო ხოლმე. მე არასოდეს მიგრძნია დონ ხუანისგან ზიზღი ან კრიტიკა, მაგრამ ეს გოგონები სხვა სამყაროდან იყვნენ. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

 - სახლში წაგიყვანთ. - ვუთხარი მათ. - სად ცხოვრობთ?

 ლიდია მომიბრუნდა და ყველაზე ბრაზიანი ტონით მითხრა, რომ ორივენი ჩემი მფარველობის ქვეშ იყვნენ და მათ უსაფრთხოებაზე პასუხს ვაგებდი, რადგან ნაგვალის თხოვნით მათ უარი თქვეს მოქმედების თავისუფლებაზე, რათა მე დამხმარებოდნენ. 

 იმ მომენტში სიბრაზის შემოტევა მქონდა. მინდოდა მათთვის სახეში გამელაწუნებინა, მაგრამ ჩემს სხეულში უცნაური შემოტევა ისევ განმეორდა. შეგრძნება ზურგს უკან დაეშვა და მუცელში ჩამეღვარა. მე უკვე ვიცოდი, ისინი სად ცხოვრობდნენ. ამას სხეულებრივად ვგრძნობდი. ჩემი რისხვა გაქრა და იგი უცნაურმა სიფხიზლემ შეცვალა. ამავდროულად სიცილის სურვილი მომაწვა. დონა სოლედადის და პატარა დების გავლენის მეშვეობით, მაგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შევასრულე. დონ ხუანის ტერმინოლოგიით, მე "სამყარო გავაჩერე". ორი განცალკევებული შეგრძნება გავაერთიანე. თავს ზემოთ უცნაური შეგრძნება მქონდა და კისრის ძირში ტკაცუნის მსგავსი ხმა მომესმა: სწორედ მათი მეშვეობით ჩერდებოდა სამყარო. 

 ზუსტად იმ მომენტში ვიცოდი, რომ პირველად მქონდა სამყაროს გაჩერების სრული ცნობიერება. ამ გრძნობამ გამახსენა სხვა, წლების წინ განცდილი სხეულებრივი გაცნობიერება. ეს თავის ზედა ნაწილში სენსიტიურ შეგრძნებასთან იყო დაკავშირებული. დონ ხუანმა თქვა, რომ მაგებს ასეთი სენსაცია უნდა გამოეწვიათ და მან ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი ქავილის შეგრძნება, რომელიც არც სასიამოვნო იყო და არც მტკივნეული. იგი თავის ზედა ნაწილში ვლინდებოდა. 

 წლების განმავლობაში ვცდილობდი მისი მითითებების შესრულებას ამ სენსაციის მიღწევისათვის, მაგრამ ერთის მხრივ, ვერ ვგებულობდი რას გულისხმობდა მისი აღწერილობა, ხოლო მეორეს მხრივ, მე არ შემეძლო ჩემი სხეულის ადეკვატური მეხსიერებით გამეგო მისი პრაგმატული ნაბიჯები. მაგრამ ერთ დღესაც ჩემმა სხეულმა თავისთავად აღმოაჩინა ეს შეგრძნება, როცა პარკირების ადგილას სატვირთო მანქანას მართავდა. იმ დღეს საათობით ვიარე პარკინგზე, რათა ჩემი სხეულისთვის ამ შეგრძნების დამახსოვრებისათვის შანსი მიმეცა. 

 გოგონებს შევხედე. მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ ახლახან გავიგე, სადაც ცხოვრობდნენ. გადავიფიქრე. შეუძლებელი იყო მათთვის აღმეწერა, რომ ამ შეგრძნებამ გამახსენა სახლი, რომელსაც მე და დონ ხუანმა პაბლიტოს სახლამდე მისვლისას ჩავუარეთ. მან სახლზე მიმითითა და მითხრა, რომ იგი იდეალური ადგილი იყო სიმშვიდისათვის მაგრად დასასვენებელი ადგილი არ გახლდათ. გოგონები ამ სახლთან მივიყვანე. 

 მათი სახლი საკმაოდ დიდი იყო. დონა სოლედადის სახლის მსგავსად, ისიც კრამიტის სახურავით იყო გადახურული. მას წინ ერთი გრძელი ოთახი ჰქონდა, უკან ღია სამზარეულო, სამზარეულოს გვერდით უზარმაზარი აივანი და ქათმებისთვის განკუთვნილი ეზო. მათი სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ორი კარით გადაკეტილი ოთახი, თითო-თითო წინიდან და უკნიდან. ლიდიამ თქვა, რომ იგი თავად ააშენეს. მინდოდა დამეთვალიერებინა, მაგრამ ორივემ დასძინა, რომ ეს არ იყო შესაფერისი მომენტი, რადგან ჟოზეფინა და ლა გორდა არ იყვნენ, რათა ისეთი ადგილები მენახა, რაც მათ ეკუთვნოდათ. 

 წინა ოთახის კუთხეში დიდი, ჩაშენებული აგურის ბაქანი იყო. დაახლოებით თვრამეტი ინჩის სიმაღლე იყო და კედელთან საწოლივით იყო მიშენებული. ლიდიამ მასზე სქელი ჩალის ხალიჩები დააფინა მომიწოდა ცოტა ხნით დამეძინა, სანამ ისინი ყურადღებას მომაქცევდნენ. 

 როზამ ფარანი აანთო და საწოლის ზემოთ ლურსმანზე ჩამოკიდა. დასაწერად საკმარისი სინათლე მქონდა. მე მათ ავუხსენი, რომ წერა დაძაბულობას მიხსნიდა და ვიკითხე, ხომ არ ვაწუხებდი რომელიმეს ამით. 

 - რატომ გვეკითხები? - მიპასუხა ლიდიამ. - უბრალოდ გააკეთე!

 ცალსახა ახსნა-განმარტების ფონზე ვუთხარი, რომ დონ ხუანს და დონ ხენაროს ჩემს ჩანაწერებზე მუშაობა ყოველთვის უცნაურად ეჩვენებოდათ. დონ ხენარო ჩანაწერების კეთებისას საოცარი სიზუსტით დამცინოდა და დონ ხუანთან ერთად სიცილისგან მიწაზე გორავდა. ბოლოს იმდენად მიეჩვივნენ, რომ როცა საწერი მოწყობილობა აღარ მქონდა, სასწრაფოდ მაგზავნიდნენ მის მოსატანად, რადგან მათი თქმით კალმის და ბლოკნოტის გარეშე ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი. 

 - ჩვენ ყველანი უცნაურ რაღაცებს ვაკეთებთ. - მშრალად თქვა ლიდიამ. 

 ფარნის ქვეშ საწოლზე ჩამოვჯექი, ზურგით კედელს მივეყრდენი. ისინი ჩემს გვერდით წამოწვნენ. როზამ საბანი აიღო და მაშინვე ჩაეძინა, თითქოს დაძინებისთვის მხოლოდ დაწოლა სჭირდებოდა. ლიდიამ თქვა, რომ ახლა სასაუბროდ შესაფერისი დრო და ადგილი იყო, თუმცა ამჯობინებდა სინათლე ჩამექრო, რადგან მას ეძინებოდა. 

 სიბნელეში გამართული ჩვენი საუბარი დანარჩენ ორ გოგონას ეხებოდა. ლიდიამ თქვა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა სად იყო ლა გორდა, მაგრამ ჟოზეფინა უთუოდ მთაში იყო და ჯერ კიდევ ნესტორს ეძებდა. მან განმარტა, რომ ჟოზეფინა ყველაზე ქმედითუნარიანი იყო საკუთარ თავზე ზრუნვაში, როგორიცაა მაგალითად სიბნელეში უკაცრიელ ადგილას ყოფნა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით აირჩია იგი ლა გორდამ მოცემული საქმის შესასრულებლად. 

 აღვნიშნე, თითქოს მათ მიერ ნათქვამის მოსმენილიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ლა გორდა ყველას მეთაური იყო. ლიდიამ მიპასუხა, რომ ლა გორდა მართლაც იყო ყველაზე პასუხისმგებელი და იგი თავად ნაგვალმა დააყენა მეთაურად. მან დაამატა, რომ თუნდაც ასე არ ყოფილიყო, იგი ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა მმართველი, რადგან საუკეთესო იყო. 

 იმ მომენტში იძულებული გავხდი, ფარანი ამენთო, რათა საუბარი ჩამეწერა. ლიდია ჩიოდა, რომ სინათლეში ფხიზლად ყოფნა შეუძლებელი იყო, მაგრამ მე გავიმარჯვე. 

 - რატომ არის ლა გორდა საუკეთესო? - ვკითხე ლიდიას.

 - მას ყველა დანარჩენზე მეტი პირადი ძალა აქვს. - თქვა მან. - ლა გორდამ ყველაფერი იცის. გარდა ამისა, ნაგვალმა მას ხალხის გაკონტროლება ასწავლა. 

 - ოდესმე გშურდა, რომ იგი შენზე უკეთესი იყო?

 - ადრე კი, მაგრამ ახლა აღარ.

 - რატომ შეიცვალე?

 - მე საბოლოოდ დავთანხმდი ჩემს ბედისწერას, როგორც ნაგვალმა მითხრა. 

 - და რა არის შენი ბედისწერა?

 - ჩემი ბედისწერა... ჩემი ბედისწერა არის, რომ ნიავი ვიყო. სიზმარმხილველი. ჩემი ბედისწერაა, რომ მეომარი ვიყო. 

 - როზას ან ჟოზეფინას შურთ ლა გორდასი?

 - არა, არ შურთ. ყველა ჩვენგანმა მიიღო საკუთარი ბედისწერა. ნაგვალმა თქვა, რომ ძალა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა საკუთარ ბედისწერას წუწუნის გარეშე მიიღებ. მე ბევრს ვწუწუნებდი და თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან ნაგვალი მომწონდა. მეგონა, რომ ქალი ვიყავი. მაგრამ მან მიჩვენა, რომ ქალად ყოფნისგან შორს ვიყავი. ჩემი ცხოვრება მანამდე დასრულდა, სანამ მას შევხვდებოდი. ეს სხეული, რომელსაც ახლა ხედავ, ახალია. იგივე შეემთხვა ყველა ჩვენგანს. ალბათ შენ ჩვენნაირი არ იყავი, მაგრამ ჩვენთვის ნაგვალი ახალი ცხოვრება იყო. 

 როდესაც გვითხრა, რომ წასვლას აპირებდა, რადგან სხვა რაღაცები უნდა გაეკეთებინა, გვეგონა მოვკვდებოდით. მაგრამ ახლა შემოგვხედე. ჩვენ ცოცხლები ვართ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ნაგვალმა დაგვანახა: ჩვენ თავად ვიყავით ნაგვალები. იგი ყოველთვის აქ იქნება, ჩვენს გვერდით. ჩვენ მისი სხეული და სული ვართ.

 - ოთხივე თქვენგანი იმავეს გრძნობთ?

 - ჩვენ ოთხნი არ ვართ. ჩვენ ერთნი ვართ. ეს არის ჩვენი ბედისწერა. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ. და შენც ასეთი ხარ. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. სოლედადიც, იგივეა, თუმცა იგი სხვა მიმართულებით მიდის. 

 

 - პაბლიტო, ნესტორი და ბენიგნო? ისინი რა ასპექტში ჯდებიან?

 - არ ვიცით. ჩვენ ისინი არ მოგვწონს. განსაკუთრებით პაბლიტო. იგი მშიშარაა. საკუთარ ბედისწერას არ იღებს და მისგან თავის დაღწევა სურს. მას უნდა, რომ ჯადოქრის ცხოვრებას თავი დაანებოს და ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვროს. ეს შესანიშნავი იქნება სოლედადისთვის. მაგრამ ნაგვალმა გვიბრძანა, რომ მას დავხმარებოდით. ჩვენ დავიღალეთ მისი დახმარებით. შესაძლოა ლა გორდამ ერთ დღესაც იგი სამუდამოდ გააგდოს ჩვენგან. 

 - მას ამის გაკეთება შეუძლია?

 - შეუძლია! რა თქმა უნდა, შეუძლია. იგი უფრო მეტად არის ნაგვალი, ვიდრე დანარჩენები. იქნებ შენზე მეტადაც. 

 - როგორ ფიქრობ, რატომ არასდროს უთქვამს ნაგვალს ჩემთვის, რომ მისი შეგირდები იყავით?

 -  იმიტომ, რომ ცარიელი ხარ.

 - მან თქვა, რომ ცარიელი ვიყავი?

 - ყველამ იცის, რომ ცარიელი ხარ. ეს შენს სხეულზე წერია.  

 - როგორ შეგიძლია ამის თქმა?

 -  შენს შუაში ხვრელია.

 -  სად? ჩემი სხეულის შუაში?

 იგი ძალიან ნაზად შეეხო ჩემი მუცლის მარჯვენა მხარეს. თითით წრე შემოხაზა, თითქოს უხილავი ხვრელის კიდეებს მიჰყვებოდა, რომელიც ოთხი ან ხუთი ინჩის დიამეტრის იყო. 

 - შენც ცარიელი ხარ ლიდია?

 - მეხუმრები? მე გამთლიანებული ვარ, ვერ ხედავ?

 ჩემს კითხვებზე მისი პასუხები ისეთ გეზს იღებდა, რომელსაც არ ველოდი. არ მინდოდა ჩემი უცოდინარობა გამომეფინა. თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. 

 - რატომ გგონია, რომ ხვრელი მაქვს, რომელიც მაცარიელებს? - ვკითხე დაფიქრების შემდეგ, თუ რა იქნებოდა ყველაზე უდანაშაულო შეკითხვა.

 მან არ მიპასუხა. ზურგი შემაქცია და ბუზღუნებდა, რომ სინათლის შუქმა თვალები ატკინა. მე დაჟინებით მოვითხოვდი პასუხს. მან გამომწვევად შემომხედა. 

 - შენთან საუბარი აღარ მინდა. - თქვა მან. - შენ დებილი ხარ. პაბლიტოც კი არ არის ასეთი იდიოტი. არადა, ის ყველაზე უარესია. 

 არ მინდოდა მომდევნო ჩიხში მოვხვედრილიყავი, თითქოს ვიცოდი, რაზეც ლაპარაკობდა, ამიტომ ისევ ვკითხე, რამ გამოიწვია ჩემი სიცარიელე. ვთხოვე ელაპარაკა და ისიც დავძინე, რომ დონ ხუანს ეს თემა ჩემთვის არასოდეს აუხსნია. თუმცა იგი ხშირად მეუბნებოდა, რომ ცარიელი ვიყავი და მისი სიტყვები ისევე მესმოდა, როგორც ნებისმიერი სხვა გაიგებდა ამ განცხადებას. მეგონა იგი გულისხმობდა, რომ ჩემში განზრახვისთვის, მიზნისთვის ან თუნდაც ინტელექტისთვის ცარიელი ვიყავი. მას არასოდეს უსაუბრია ჩემს სხეულში არსებულ სიცარიელეზე. 

 - შენს მარჯვენა მხარეს ხვრელია. - თქვა ლიდიამ სერიოზულად. - ხვრელი, რომელიც ქალმა შექმნა, როდესაც დაგაცარიელა. 

 - იცი, ვინ არის ეს ქალი?

 - ამის თქმა მხოლოდ შენ შეგიძლია. ნაგვალმა თქვა, რომ მამაკაცებს ძალიან ხშირად არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ ვინ დააცარიელა ისინი. ქალები უფრო იღბლიანები არიან. მათ ზუსტად იციან, ვინ დააცარიელათ. 

- შენი დებიც ჩემსავით ცარიელები არიან?

 - ნუ სულელობ. როგორ შეიძლება ისინი ცარიელები იყვნენ? 

 - დონა სოლედადმა თქვა, რომ იგი ცარიელი იყო. მე მგავს? 

 - არა. მის მუცელში არსებული ხვრელი უზარმაზარი იყო. იგი ორივე მხრიდან ეტყობოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცმა და ქალმა დააცარიელა. 

 - რა გააკეთა დონა სოლედადმა?

 - მათ საკუთარი სისრულე მისცა. 

 ერთი წუთით ვყოყმანობდი, სანამ მომდევნო კითხვას დასვამდი. მსურდა მისი განცხადების ყველა მნიშვნელობა შემეფასებინა.

 - ლა გორდა სოლედადზე უარესი იყო. - განაგრძო ლიდიამ. - იგი ორმა ქალმა დააცარიელა. მუცელში არსებული ხვრელი გამოქვაბულს ჰგავდა. მაგრამ მან ეს ხვრელი დახურა. ახლა იგი მთლიანია. 

 - დანარჩენ ორ გოგონაზე მომიყევი. 

 - მათზე მეტს ვერაფერს გეტყვი. - თქვა მან გადაჭრით. - ამ საკითხზე შენთან საუბარი მხოლოდ ლა გორდას შეუძლია. დაელოდე, სანამ ის მოვა. 

 - რატომ მხოლოდ ლა გორდას?

 - მან ყველაფერი იცის. 

 - ის ერთადერთია, რომელმაც ყველაფერი იცის?

 - მოწმემაც ამდენივე იცის, შესაძლოა მეტიც, მაგრამ იგი ხენაროა და სწორედ ეს ართულებს მასთან გამკლავებას. ჩვენ ისინი არ მოგვწონს.

 - რატომ?

 - ეს სამი უკანალი საშინელები არიან. ხენაროსავით გიჟები არიან. მოკლედ, თავად არიან ხენაროები. ისინი ყოველთვის გვებრძოდნენ, რადგან ნაგვალის სიკვდილამდე ეშინოდათ და ახლა ჩვენზე შურისძიება უნდათ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ლა გორდა.  

 - რა მიზეზით ამბობს ამას ლა გორდა?

 - ნაგვალმა უთხრა, რომ ეს დანარჩენებისთვის არ ეთქვა. იგი ხედავს. ნაგვალმა თქვა, რომ შენც ხედავ. ჟოზეფინა, როზა და მე ვერ ვხედავთ და მაინც, ხუთივე ერთნაირები ვართ. ჩვენ ერთნი ვართ. 

 ფრაზას, "ჩვენ ერთნი ვართ", რომელიც დონა სოლედადმა გუშინ გამოიყენა, ფიქრებისა და შიშების ზვავი მოჰყვა. საწერი მოწყობილობები გადავდე. ირგვლივ მიმოვიხედე. უცნაურ სამყაროში, უცნაურ ადგილას, უცნაური გოგონების შუაში ვიწექი, რომელთაც არ ვიცნობდი. და მაინც იქ თავს მშვიდად ვგრძნობდი. ჩემმა სხეულმა მოდუნებულობა და გულგრილობა განიცადა. მე მათ ვენდობოდი. 

 - აქ აპირებ დაძინებას? - ვკითხე ლიდიას.

 - აბა სად დავიძინო?

 - შენს ოთახზე რას იტყვი?

 - მარტო ვერ დაგტოვებთ. ჩვენც ისევე ვგრძნობთ თავს, როგორც შენ. ჩვენთვის უცხო ხარ, გარდა იმისა, რომ ვალდებულნი ვართ, დაგეხმაროთ. ლა გორდამ გვითხრა, რომ რაც არ უნდა იდიოტი იყო, მაინც უნდა ვიზრუნოთ შენზე. მან თქვა, რომ შენთან ერთად უნდა დავიძინოთ და ისე მოგეპყროთ, თითქოს თავად ნაგვალი იყო. 

 ლიდიამ ფარანი ჩააქრო. კედელზე მიყრდნობილი დავრჩი. ფიქრისთვის თვალები დავხუჭე და მაშინვე ჩამეძინა. 

 

 ლიდია, როზა და მე სახლის წინაკართან დილის რვა საათიდან, თითქმის ორი საათის განმავლობაში ვისხედით. ვცდილობდი საუბარი წამომეწყო, მაგრამ მათ ლაპარაკზე უარი თქვეს. ძალიან მოდუნებულები ჩანდნენ, თითქოს ეძინათ. თუმცა, მათი განწყობა გადამდები არ იყო. გოგონების სიჩუმემ თავისებურ განწყობაზე დამაყენა. სახლი პატარა გორაკის მწვერვალზე იდგა. შესასვლელი კარი აღმოსავლეთს მხრიდან ჰქონდა. თვალწინ თითქმის მთელს ვიწრო ხეობას ვხედავდი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყო განფენილი. ქალაქი არ ჩანდა, მაგრამ ხეობის ფსკერზე გაშენებული მინდვრების მწვანე უბნებს ვხედავდი. ხეობის მეორე მხარეს ყველა მიმართულებით გიგანტური, მწვანე და ეროზიული ბუჩქები იყო. ამ ხედმა ჩემში უცნაური გრძნობა გააჩინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ბორცვები დროის სხვა მონაკვეთში მამოგზაურებდნენ. 

 ლიდიამ უეცრად დაილაპარაკა და მისმა ხმამ ჩემი ფიქრები გაფანტა. 

 - აი, ჟოზეფინაც მოდის. - თქვა მან. 

 მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს გავხედე, რომელიც ხეობიდან სახლამდე მიდიოდა. ალბათ, ორმოცდაათი იარდის მოშორებით, გოგონა ბილიკს ნელა მოუყვებოდა. მაშინვე შევამჩნიე ასაკობრივი სხვაობა ჟოზეფინასა და დანარჩენ ორ გოგონას შორის. ისევ მას შევხედე. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჟოზეფინა ასეთი ასაკოვანი იქნებოდა. მისი ნელი სიარულისა და სხეულის პოზიციის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ორმოცდაათი წლის ქალს ჰგავდა. გამხდარი იყო, გრძელი, მუქი ქვედაკაბა ეცვა და ზურგით შეშის ნაჭრები მოჰქონდა. წელზე რაღაც შეკვრა ჰქონდა მიბმული, თითქოს სიარულისას რაღაცას ძუძუთი კვებავდა. სახლამდე მოსასვლელი ციცაბო ფერდობი ძლივს ამოიარა. როცა როგორც იქნა, სახლამდე ამოაღწია, ისე მძიმედ სუნთქავდა, რომ მისაშველებლად წამოვდექი. მან ისეთი ჟესტი გააკეთა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო.

 ლიდიას და როზას ხითხითი ჩამესმა. მათ არ ვუყურებდი, რადგან მთელი ჩემი ყურადღება ჟოზეფინამ მიიპყრო. ჩემს წინ მდგომი ქალი იყო ყველაზე ამაზრზენი და საშინელი არსება, რაც კი ოდესმე მინახავს. შეშის შეკვრა ზურგიდან მოიხსნა და ხმამაღალი რაკუნით მიწაზე დაყარა. უნებურად უკან გადავხტი. 

 მან ერთი წამით შემომხედა და შემდეგ თვალები დახარა, როგორც ჩანს, თავისი მოუხერხებლობის გამო შერცხვენილი იყო. ზურგში გასწორდა და აშკარა შვებით ამოისუნთქა. ცხადია, ტვირთი ძალიან მძიმე იყო მისი ასაკოვანი სხეულისთვის. 

თმა ნაწილობრივ სცვიოდა. შუბლზე დაბინძურებული თავსაბურავი ჰქონდა აკრული. გრძელი და ჭაღარა თქმა ჰქონდა, თითქოს ბინძური და მქრქალი. გამიღიმა და თავი გააქნია. ყველა კბილი აკლდა. სახეზე ხელი აიფარა და გაეცინა. სანდლები გაიხადა და სახლში ისე შევიდა, რომ მისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. როზა შიგნით შეჰყვა. 

 დამუნჯებული ვიდექი. დონა სოლედადის ნათქვამიდან ისე გავიგე, რომ ჟოზეფინა ლიდიას და როზას ასაკის იყო. ლიდიას მივუბრუნდი. მიყურებდა. 

 - წარმოდგენა არ მქონდა, თუ ასეთი ასაკოვანი იყო. - ვუთხარი მას.

 - დიახ, საკმაოდ ასაკოვანია. - თქვა მან არასერიოზული ტონით.

 - შვილი ჰყავს?

 - დიახ. ყველგან თან დაჰყავს. მას ჩვენთან არასოდეს ტოვებს. ალბათ ეშინია, რომ შევჭამთ. 

 - ბიჭია?

 - კი. 

 - რამდენი წლისაა?

 - მისი ასაკი არ ვიცი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ასეთ ასაკში მას შვილი არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ მან ყურადღება არ მოგვაქცია. 

 - ვისი შვილია?

 - ჟოზეფინასი, რა თქმა უნდა.  

 - იმას ვგულისხმობ, რომ მამა ვინ არის?

 - ნაგვალი, რა თქმა უნდა.  

 საუბრის ასეთი განვითარება საკმაოდ ექსტრავაგანტური და ძალიან შემაშფოთებელი იყო.

  - ვფიქრობ, რომ ნაგვალის სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. - ვთქვი მე. ამას უფრო ჩემთვის ვფიქრობდი, ვიდრე ლიდიას ვეუბნებოდი. 

 - ნამდვილად. - თქვა ლიდიამ და გაიცინა. 

 ამ ეროზიული ბორცვების ყურება გაუსაძლისი გახდა. ამ მხარეში რაღაც მართლაც იყო ამაზრზენი და ჟოზეფინამ საბოლოო დარტყმა მომაყენა. მახინჯი, მოხუცი, უკბილო, სუნიანი და ბინძური ქალი იყო. სახეზეც თითქოს დამბლის მაგვარი ეტყობოდა. მარცხენა თვალის ყველაზე უსიამოვნო დამახინჯებას და პირის მარცხენა მხარის დაშავებას ვხედავდი. ჩემი განწყობა ტანჯვის დონეზე დავიდა. ერთი წამით ნაცნობმა აზრმა გამიელვა, რომ მანქანაში ჩავმხტარიყავი და აქედან გავქცეულიყავი. 

 ლიდიას შევჩივლე, რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი. მან ჩაიცინა და თქვა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა, ჟოზეფინამ ნამდვილად შემაშინა. 

 - მას ადამიანებზე გავლენის უნარი აქვს. მისი გამომეტყველება ყველას სძულს. ტარაკანზე მახინჯია. 

 - მახსოვს, რომ ერთხელ ვნახე, მაგრამ მაშინ ახალგაზრდად გამოიყურებოდა. 

 - რაღაცები იცვლება. - თქვა ლიდიამ ფილოსოფიურად. - დონა სოლედადს შეხედე. რამხელა ცვლილებაა არა? შენ თვითონაც შეიცვალე. ახლა უფრო მასიური ხარ, ვიდრე მანამდე. უფრო და უფრო ემგვანები ნაგვალს. 

 მინდოდა მეთქვა, რომ ჟოზეფინას ცვლილება საზიზღარი იყო, მაგრამ მეშინოდა, ჟოზეფინას ჩემი ნათქვამი არ გაეგო. 

 ხეობის გადაღმა ეროზიულ ბორცვებს გავხედე. გაქცევის სურვილს ვგრძნობდი. 

 

 - ეს სახლი ნაგვალმა მოგვცა, - მითხრა ლიდიამ. - მაგრამ ეს არ არის დასასვენებელი ადგილი. ჩვენ მანამდე სხვა სახლში გვქონდა, მართლაც ძალიან ლამაზი. ეს ადგილი გასახურებლად არის. მთები გაგაგიჟებს.

 ჩემი შეგრძნებების წაკითხვაში მისი მიხვედრილობა მაოცებდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. 

 - ჩვენ ყველანი, ბუნებრივად ზარმაცები ვართ. -  განაგრძო ლიდიამ. - ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავის დაძაბვა. ნაგვალმა ეს იცოდა, ამიტომ, ალბათ ჩათვალა, რომ ეს ადგილი გარე სამყაროსგან ბარიერით დაგვიცავდა. 

 უცებ წამოდგა და თქვა, რომ რაღაცის ჭამა უნდოდა. სამზარეულოში შევედით, რომელიც ნახევრად ღია იყო და მხოლოდ ორი კედელი ჰქონდა. მარჯვენა მხარეს თიხის ღუმელი იდგა. მეორე ბოლოში, სადაც ორი კედელი ერთმანეთს ხვდებოდა, გრძელი სასადილო მაგიდა და სამი სკამი იდგა. იატაკი გლუვი მდინარის ქვებით იყო მოპირკეთებული. ბრტყელი სახურავი დაახლოებით ათი ფუტის სიმაღლეზე იყო და ორ საყრდენ კედელს ეყრდნობოდა. 

 ლიდიამ ლობიო და ხორცი თასში ჩაასხა, რომელიც ძალიან დაბალ ცეცხლზე იხარშებოდა. ცეცხლზე რამდენიმე ტორტილაც გაათბო. როზა შემოვიდა, ჩემს გვერდით დაჯდა და ლიდიას სთხოვა, საჭმელი მისთვისაც მიერთმია. 

 ლიდიას ოსტატობით და საჭმლის მომზადების მანევრებით აღფრთოვანებული ვიყავი. თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ სამზარეულოში ჟოზეფინაც შემოვიდა. მისთვის არ შემიხედავს, თუმცა იგი ჩემს წინ, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. მუცლის გვრემა დამემართა. ვგრძნობდი, რომ ამ ქალთან ერთად საჭმელს ვერ შევჭამდი. უხერხულობის შესამსუბუქებლად ვიხუმრე, რომ როზას თეფშში ორი ლობიოთი ზედმეტი იდო, რაზეც ლიდიამ როზას თეფშიდან ორი ლობიოს ამოღებით მიპასუხა. ნერვიულად გამეცინა, ვიცოდი, რომ როცა მაგიდასთან ლიდია დაჯდებოდა, მომიწევდა, ჟოზეფინასთვის შემეხედა. 

 ბოლოს და ბოლოს, უხალისოდ მომიწია ჟოზეფინასკენ გამეხედა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს სამყაროში ყველა და ყველაფერი ამოწყდა. არ მჯეროდა, რასაც ვხედავდი. პირი დავაღე. ლიდიამ და როზამ ხმამაღლა დაიწყეს სიცილი. შეგრძნებებისა და აზრების დასალაგებლად უსასრულო დრო დამჭირდა. ჩემს წინაშე ძალიან ლამაზი გოგონა იჯდა. ეს არ იყო იგივე ჟოზეფინა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე. იგი გარეგნობით ლიდიას და როზას არ ჰგავდა. ინდიელის ნაცვლად, უფრო ლათინური გარეგნობა ჰქონდა. ახალი ზეთისხილისფერი სახე, ძალიან პატარა პირი, სწორი ცხვირი, თეთრი კბილები და მოკლე, შავი თქმა ჰქონდა. სახის მარცხენა მხარეს ლოყა თავხედური ღიმილით ეჩქმიტებოდა. 

 ეს ის გოგონა იყო, რომელიც წლების წინ გავიცანი. იგი ჩემს თვალიერებას ჩვეულებრივად ხვდებოდა. მეგობრული თვალები ჰქონდა. რაღაც უკონტროლო ნერვიულობა დამეწყო. როგორც იქნა, ჩემი ჭეშმარიტი გაკვირვების შემდეგ კლოუნის მსგავსი გამომეტყველებით ყურება დავასრულე.

 ბავშვებივით იცინოდნენ. მათი სიცილის შემხედვარე, მინდოდა ჩემთვის აეხსნათ, რა საჭირო იყო ჟოზეფინას ისტორიული გამოცხადება გორაკზე ამოსვლისას. 

  - იგი სტალკინგის ხელოვნებას ეუფლება. - თქვა ლიდიამ. - ნაგვალმა ხალხის გაცურება გვასწავლა, რათა მათ არ შეგვამჩნიონ. ჟოზეფინა ძალიან ლამაზია და ღამით არავინ შეაწუხებს, თუ მახინჯი და სუნიანი მოხუცი ქალის იმიჯი ექნება. ამ სხეულით რომ ყველგან დადიოდეს, თავადაც მიხვდები, რა დაემართება.  

 ჟოზეფინამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და შემდეგ სახე ყველაზე მახინჯი გრიმასით დამანჭა, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია. 

 - ამ სახის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში შეუძლია. - თქვა ლიდიამ.

 ვამტკიცებდი, რომ თუ ამ მხარეში ვიცხოვრებდი, მისი შენიღბვისას უფრო ადვილად შევამჩნევდი, ვიდრე ბუნებრივი სხეულით. 

 - ეს შენიღბვა მხოლოდ შენთვის იყო. - თქვა ლიდიამ და სამივეს ერთად გაეცინა. - ერთი შეხედეთ, როგორ გამოშტერდა. შენ ჟოზეფინაზე მეტად მისი შვილი შეამჩნიე. 

 

 ლიდია ოთახში შევიდა, ნაჭრებში გახვეული ფუთა გამოიტანა და ჩემს წინ დააგდო, რომელიც ბავშვს ჰგავდა. მათთან ერთად ხმამაღლა გამეცინა. 

 - ყველას გაქვთ ასეთი განსაკუთრებული შენიღბვა? - ვკითხე მათ.

 - არა, მხოლოდ ჟოზეფინას. ირგვლივ არავინ იცნობს მას ისე, როგორც სინამდვილეშია. - მიპასუხა ლიდიამ. 

 ჟოზეფინამ თავი დაუქნია და გაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იგი საოცრად მომეწონა. მასში რაღაც ძალიან უმანკო და თბილი იყო. 

 - ჟოზეფინა, თქვი რამე. - ვუთხარი მას და მხრებზე ხელები ნაზად მოვუჭირე.

 გაოგნებულმა გამომხედა და შეაკანკალა. ვიფიქრე, რომ ალბათ თავი ვერ მოვთოკე და ხელი ძალიან ძლიერად ჩავჭიდე. ხელი გავუშვი. უცებ ყველაზე გროტესკული ხმით მორთო წივილ-კივილი.

 მთელი სახე უეცრად შეეცვალა. წამის წინ მისი მშვიდი გამომეტყველება მახინჯმა და უნებლიე სპაზმების სერიამ შეცვალა. 

 შეშინებულმა შევხედე. ლიდიამ ყელში ხელი წამიჭირა.

 - რატომ შეაშინე, იდიოტო? - ყურში ჩამჩურჩულა. - არ იცი, რომ დამუნჯდა და ლაპარაკი არ შეუძლია?

 ჟოზეფინამ მისი სიტყვები აშკარად გაიგო და ეტყობოდა, რომ პროტესტს გამოთქვამდა. ლიდიას მისამართით მუშტი შეკრა და შემზარავად უყვირა, შემდეგ ხველა აუტყდა. როზამ ზურგზე დაუწყო მოფერება. ლიდიამაც იგივე სცადა, მაგრამ ჟოზეფინამ ისეთი მოუქნია, რომ კინაღამ ნოკაუტში ჩააგდო. 

 ლიდია გვერდით მომიჯდა და უძლურების ჟესტი გააკეთა.

 მხრები აიჩეჩა.

 - აი, ასეთია. - მითხრა მან. 

 ჟოზეფინა მისკენ შებრუნდა. მისი სახე ყველაზე მახინჯი სიბრაზით იცქირებოდა. პირი გააღო და კიდევ უფრო ხმამაღლა იღრიალა შემაძრწუნებელი, ღებინების მაგვარი ტონალობით. 

 ლიდია სკამიდან ჩამოხტა და შეუმჩნევლად გაიძურწა სამზარეულოდან. 

 

 როზას ჟოზეფინა მკლავებით ეჭირა და ეფერებოდა. ჟოზეფინა თითქოს მრისხანების განსახიერება იყო. ისეთი სახე ჰქონდა, რომ რამდენიმე წუთში მთლიანად დაკარგა სილამაზე და უმანკოება, რომელმაც მომხიბლა. არ ვიცოდი რა მექნა. ბოდიშის მოხდა ვცადე, მაგრამ მისმა არაადამიანურმა ხმებმა ჩემი სიტყვები ჩაახშო. ბოლოს, როგორც იქნა, როზამ სახლში შეიყვანა. 

 ლიდია დაბრუნდა და მაგიდასთან დაჯდა. 

 - რაღაც არასწორი მოხდა. - თქვა მან და თავზე ხელი დაიდო. 

 - ეს როდის მოხდა?

 - დიდი ხნის წინ. ნაგვალმა მგონი რაღაც გაუკეთა, რადგან უეცრად მეტყველების უნარი დაკარგა. 

 ლიდია დამწუხრებული ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სევდას მისი სურვილის წინააღმდეგ, უნებლიედ ავლენდა. ცდუნებაც კი ვიგრძენი, მისთვის მეთქვა, რომ ემოციების დასამალად ასე არ უნდა ებრძოლა.

 - როგორ ურთიერთობს თქვენთან? - ვკითხე მას. - ნუთუ წერს?

 - ნუ სულელობ. ის არ წერს. კარლოს კასტანედა კი არ არის. ხელ-ფეხის მეშვეობით გვეუბნება, როცა რაღაც უნდა. 

 ჟოზეფინა და როზა სამზარეულოში დაბრუნდნენ. ჩემს გვერდით იდგნენ. ისევ ვფიქრობდი, რომ ჟოზეფინა უმანკოებისა და სილამაზის განსახიერება იყო. მის შემხედვარე ვერ იფიქრებდით, რომ ერთ წამში ასე შეეძლო გაშმაგება და დამახინჯება. გავიფიქრე, რომ მხოლოდ მეტყველების უნარის არმქონე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ოსტატი სახის მიმიკურ გამომხატველობაში და ეს უნარი მის გარდასახვასთან მჭიდროდ დავაკავშირე. 

 როზამ მითხრა, რომ ჟოზეფინას ჩვენთან ერთად ყოფნა და ლაპარაკი უნდოდა, რადგან მისი თქმით, ძალიან მოვეწონე. 

 - სანამ შენ მოხვიდოდი, აქამდეც მშვენიერ ხასიათზე იყო. - თქვა ლიდიამ მკაცრი ხმით.

 ჟოზეფინამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გაიღიმა. თან უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.

 - ვისურვებდი, რომ ლა გორდა აქ იყოს. - თქვა როზამ. - ლიდია ჟოზეფინას ყოველთვის აბრაზებს.

 

 - არ ვაბრაზებ! - გააპროტესტა ლიდიამ.

 ჟოზეფინამ გაუღიმა და ხელი გაუწოდა, რომ შეხებოდა. თითქოს ბოდიშის მოხდას ცდილობდა. ლიდიამ ხელი აუქნია.

 - რა გინდა, შე მუნჯო იმბეცილო. - ჩაიჩურჩულა მან.

 ჟოზეფინა არ გაბრაზებულა. მან თვალი აარიდა. მის თვალებში იმხელა სევდა იდგა, რომ შეხედვაც არ მინდოდა. ვიგრძენი, რომ იძულებული ვიყავი შუამავლობა გამეწია. 

- ის ფიქრობს, რომ ერთადერთი ქალია სამყაროში, რომელსაც პრობლემები აქვს. - დამასწრო ლიდიამ. - ნაგვალმა გვითხრა, რომ მასთან ძლიერები და უმოწყალოები ვყოფილიყავით, სანამ საკუთარი თავის შეცოდებას არ მოეშვებოდა. 

 როზამ შემომხედა და ლიდიას განცხადება თავის ქნევით დაადასტურა. 

 ლიდია როზას მიუბრუნდა და უბრძანა ჟოზეფინას მხარს მოსცილებოდა. როზა ჟოზეფინას მოშორდა და ჩემს გვერდით, სკამზე ჩამოჯდა. 

  - ნაგვალმა თქვა, რომ ერთ დღეს ისევ დაიწყებს ლაპარაკს. - მითხრა ლიდიამ.

 - ჰეი, - როზამ ხელი დამკრა. - იქნებ შენ ხარ ის, ვინც მას აალაპარაკებს. 

 - დიახ! - წამოიძახა ლიდიამ, თითქოს ისიც იმავეს ფიქრობდა. - ალბათ ამიტომ მოგვიწია შენი ლოდინი. 

 - ძალიან მკაფიოა! - დაადასტურა როზამ ლიდიას ნათქვამი. 

 ორივე ფეხზე წამოხტა და ჟოზეფინას მოეხვია.

 - შენ ისევ ილაპარაკებ. - წამოიძახა როზამ, როცა ჟოზეფინას მხარზე კოცნიდა. 

 ჟოზეფინამ თვალები გაახილა და გადაატრიალა. იგი ჯერ კვნესოდა, შემდეგ ქვითინი აუტყდა და წინ და უკან დაიწყო სირბილი, ცხოველივით ტიროდა. მისი აღელვება ენით აღუწერელი იყო. გულწრფელად მეგონა, რომ ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო. როზა და ლიდია გვერდით ამოუდგა და პირის დახურვაში დაეხმარნენ. მაგრამ ისინი მის დამშვიდებას არ ცდილობდნენ. 

 

 - შენ ისევ ილაპარაკებ! შენ ისევ ილაპარაკებ! - ყვიროდნენ გაბმულად. 

 ჟოზეფინა კვლავ ატირდა და ისე ყვიროდა, რომ თმები ყალყზე დამიდგა.

 აბსოლუტურად დაბნეული ვიყავი. მათთან გონივრულ საუბარს ვცდილობდი. რაციონალურ გონებას მივმართე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩემი სტანდარტებით თავად მათ მსგავსი რამ ძალიან მცირე გააჩნდათ. მათ შორის წინ და უკან დავდიოდი, ვცდილობდი გამერკვია, რა უნდა გამეკეთებინა. 

 - შენ მის დახმარებას აპირებ, ასე არაა? - მაქეზებდა ლიდია. 

 - გთხოვთ, სერ, გთხოვთ. - მევედრებოდა როზა.

 მათ ვკითხე, ჭკუიდან ხომ არ შეიშალნენ. წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. და მაინც, როცა ვსაუბრობდი, შევამჩნიე, რომ ჩემს გონებაში ოპტიმიზმის სასაცილო გრძნობას და დარწმუნებულობას ვგრძნობდი. თავიდან მისი მოშორება მინდოდა, მაგრამ შევინარჩუნე. ერთხელ მსგავსი განცდა მქონდა ჩემს ძვირფას მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით, რომელიც სასიკვდილოდ იყო ავად. ვფიქრობდი, რომ მისი გამოჯანმრთელება შემეძლო და ამის შესახებ დონ ხუანსაც კი მივმართე.

 - რა თქმა უნდა, შეგიძლია მისი განკურნება და სიკვდილის ხაფანგიდან დახსნა. - მითხრა მან.

 - რანაირად? - ვკითხე დონ ხუანს.

 - ძალიან მარტივი პროცედურაა. რაც შეიძლება ხშირად შეახსენე, რომ მისი ავადმყოფობა განუკურნებელია. ვინაიდან ამას ამგვარად ამბობენ, ამ ტერმინს ძალა აქვს. პაციენტს დასაკარგი აღარაფერი აქვს. მან უკვე ყველაფერი დაკარგა. როცა ადამიანს არაფერი აქვს დასაკარგი, იგი გაბედული ხდება. ჩვენ მშიშრები მხოლოდ მაშინ ვართ, როცა რაღაცას ვებღაუჭებით და თავი უკვდავი გვგონია. 

 - მაგრამ, მხოლოდ ამის შეხსენება საკმარისი იქნება?

 - არა. ეს მას საჭირო სტიმულს მისცემს. შემდეგ მან დაავადება საკუთარი მარცხენა ხელით უნდა მოიშოროს. მუშტად შეკრული მკლავით საკუთარი არსებიდან დაავადება მუცლის წინა მხრიდან უნდა ამოიტანოს, თითქოს სახელური ეჭიროს. მან უნდა გააგრძელოს დაავადების სხეულიდან ამოტანა ზემოთ და ზემოთ. უთხარი მას, რომ რადგან არაფერი აქვს გასაკეთებელი, მთელი დარჩენილი სიცოცხლის დრო ამ მოძრაობას დაუთმოს. დამიჯერე, მას შეუძლია ჯანმრთელი წამოდგეს ფეხზე, თუ ამის სურვილი ექნება. 

 - ძალიან მარტივად ჟღერს. - ვთქვი მე.

 დონ ხუანმა ჩაიცინა. 

 - მარტივად ჟღერს, მაგრამ მარტივი არ არის. - თქვა მან. - ამის გასაკეთებლად შენს მეგობარს უნაკლო სული სჭირდება. 

 დონ ხუანმა შემომხედა და დიდხანს მიყურებდა, თითქოს ჩემი მეგობრის მიმართ ჩემს მიერ განცდილ შეშფოთებას და სევდას ზომავდა. 

 - რა თქმა უნდა, შენს მეგობარს რომ უნაკლო სული ჰქონდეს პირველ რიგში ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. - დაამატა მან. 

 ჩემს მეგობარს ვუთხარი, რაც დონ ხუანმა მითხრა, მაგრამ იგი უკვე იმდენად სუსტად იყო, რომ მკლავის აწევის თავიც არ ჰქონდა. 

 ჟოზეფინას შემთხვევაში ჩემი გაუთქმელი ნდობის საფუძველი ის იყო, რომ იგი უნაკლო სულის მქონე მეომარი გახლდათ. საკუთარ თავს ჩუმად ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე ხელის მოძრაობას მასთან მიმართებაშიც ემუშავა?

 ჟოზეფინას ვუთხარი, რომ მისი ლაპარაკის უუნარობა ერთგვარი ბლოკირების დამსახურება იყო. 

 - დიახ, დიახ, ეს ბლოკირების ბრალია. - გაიმეორა ჩემს შემდეგ ლიდიამ და როზამ. 

 ჟოზეფინას მარცხენა მკლავის მოძრაობა ავუხსენი და ვუთხარი, რომ სწორედ მისი მეშვეობით შეეძლო ამ ბლოკირების მოხსნა. 

ჟოზეფინას თვალები გაუფართოვდა. თითქოს ტრანსში ჩავარდა. პირს ამოძრავებდა და ძლივს გასაგონ ხმებს გამოსცემდა. მან ხელის გამოძრავება სცადა, მაგრამ მისი მღელვარება იმდენად ძლიერი იყო, რომ მკლავს ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე ამოძრავებდა. მისი მოძრაობის გასწორებას შევეცადე, მაგრამ იმდენად შეცბუნებული იყო, რომ გაგების დონეზეც ვერ გაიგო რას ვეუბნებოდი. მისი თვალები ფოკუსიდან ამოვარდა და ვიცოდი, რომ წამიც და გული წაუვიდოდა. როგორც ჩანს, როზა მიხვდა, რაც ხდებოდა. მან ორი ნახტომი შეასრულა, წყალი ჭიქაში ჩაასხა და ჟოზეფინას სახეში გაუქანა. ჟოზეფინამ თვალები უკან გადაატრიალა, თვალის მხოლოდ თეთრ ფენას ვხედავდი. შემდეგ თვალების დახამხამება დაიწყო, სანამ ისევ ფოკუსში არ დაბრუნდა. პირს ამოძრავებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. 

 - ხელით შეეხე მის ყელს! - დამიყვირა როზამ.

 - არა! არა! - საპასუხოდ იყვირა ლიდიამ. - მის თავს შეეხე. ეს მის თავშია, შე სულელო!

 მან ხელი მომკიდა და ჟოზეფინას უხალისოდ დავადე თავზე ხელი.

  ჟოზეფინა აკანკალდა და ნელ-ნელა სუსტი ბგერების სერია ამოუშვა. რატომღაც ისინი უფრო მელოდიური მეჩვენებოდნენ, ვიდრე მისი არაადამიანური ხმები რამდენიმე წუთის წინ. 

 განსხვავება როზამაც აშკარად შეამჩნია:

 - გაიგეთ? ეს გაიგეთ? - გვეკითხებოდა ჩურჩულით. 

 როგორი განსხვავებაც არ უნდა ყოფილიყო, ჟოზეფინამ კიდევ ერთხელ ისეთი გროტესკული ბგერები ამოუშვა, როგორც არასდროს. როცა გაჩუმდა, მცირე ხნით ტირილი აუვარდა და შემდეგ ისევ ეიფორიის სხვა განცდებში შევიდა. ბოლოს ლიდიამ და როზამ დააწყნარეს. როგორც ჩანს, ჟოზეფინა ძალაგამოცლილი იყო და სკამზე ჩამოჯდა. ქუთუთოები ძლივს ასწია, რათა ჩემთვის შემოეხედა. თვინიერად გამიღიმა. 

 - ძალიან, ძალიან ვწუხვარ. - ვუთხარი და მისი ხელი ნაზად ავიღე. 

 ჟოზეფინას მთელი სხეული ვიბრირებდა. თავი დახარა და ისევ ტირილი დაიწყო. მის მიმართ თანაგრძნობის უკიდეგანო ფსკერს ვგრძნობდი. იმ მომენტში მის დასახმარებლად ჩემს სიცოცხლესაც გავიღებდი.

 ჩემთან ლაპარაკის მცდელობისას უკონტროლოდ ატირდა. ლიდია და როზა იმდენად ჩათრეულები იყვნენ ამ დრამაში, რომ პირით ჟოზეფინას ჟესტებს აკეთებდნენ. 

 - ღვთის გულისთვის, რამე გააკეთე! - მომთხოვნი ხმით წამოიძახა როზამ.

 აუტანელი შფოთვა განვიცადე. ჟოზეფინა ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა. ძალიან ძლიერად მომეკრა. იმ მომენტში ლიდია და როზაც საოცარი სისწრაფით მომვარდა. მხრებით და ფეხის ქუსლებით დამიჭირეს. ჟოზეფინას ჩახუტებით გამოწვეულმა წონამ, ლიდიას სისწრაფემ და როზას მანევრირებამ უმწეო გამხადა. ყველანი ერთდროულად მომვარდნენ და სანამ გავიაზრებდი რა მოხდა, ჟოზეფინასთან ერთად იატაკზე ვიწექი. მის გულისცემას ვგრძნობდი. მან დიდი ძალით მომიჭირა. ჟოზეფინას გულიდან ამოსული ხმები ყურში ჩამესმოდა. მისი მოშორება ვცადე, მაგრამ მტკიცევ ვყავდი დაჭერილი. როზას და ლიდიას იატაკზე ვყავდი მილურსმული. როზამ გიჟურად ჩაიცინა და ჩემს მხარზე საკბენად დაიხარა. მისი პატარა, ბასრი კბილები აკრაჭუნდა. პირი ნერვული სპაზმების ფონზე გახსნა და დახურა. 

 ერთბაშად ამაზრზენი ტკივილის და ფიზიკური ზიზღის ტერორის განცდა დამეუფლა. სუნთქვის უნარი დავკარგე. ჩემს თვალებს ფოკუსირება არ შეეძლო. ვიცოდი, რომ გონებას ვკარგავდი. კისრის ძირში რაღაცის გატეხისმაგვარი, ტკაცუნა ხმა გავიგე. ჩემს თავზე ჩხვლეტა ვიგრძენი, რომელიც მთელს სხეულში კანკალივით მიტრიალებდა. მომდევნო მომენტში გავიაზრე, რომ სამზარეულოს მეორე მხრიდან ვიყურებოდი. სამივე გოგონა მე მიყურებდა. 

 - რას აკეთებთ, ხალხო? - უეცრად ვიღაცის ხმამაღალი, უხეში და მბრძანებლური ხმა გავიგე. 

 წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა. ვიგრძენი, რომ ჟოზეფინამ ხელი გამიშვა და ფეხზე წამოდგა. იატაკზე ვიწექი, მაგრამ ასევე მათგან შორსაც ვიდექი, ქალს ვუყურებდი, რომელიც აქამდე არასდროს მენახა. კართან იდგა. ჩემკენ დაიძრა და ექვსი თუ შვიდი ფუტის მოშორებით გაჩერდა. მაშინვე მივხვდი, რომ იგი ლა გორდა იყო. მან მოითხოვა გაეგო, რა ხდებოდა.

 - ჩვენ უბრალოდ, ვეხუმრებოდით. - თქვა ჟოზეფინამ და ყელი ჩაიწმინდა, - მუნჯის როლს ვთამაშობდი. 

 სამივე გოგონა ერთმანეთთან ახლოს შეიკრიბა და სიცილი დაიწყო. ლა გორდა არ განძრეულა, მე მიყურებდა. 

 მათ გამაცურეს! ჩემი სისულელე და გულუბრყვილობა იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ ისტერიული სიცილი ამიტყდა, რომელიც თითქმის უკონტროლო იყო. ჩემი სხეული აკანკალდა. 

 სამივე მათგანმა ერთობლივად განახორციელა ჩემი მოტყუება. მე რეალურად ვგრძნობდი ჟოზეფინას სხეულს, როგორც ძალას, რომელიც ჩემს სხეულში შედიოდა. როზას კბენა აშკარად ჩემი ყურადღების გადატანის ხრიკი იყო.

 გავიგონე, როგორ მომიწოდა ლა გორდამ დამშვიდებისკენ. 

 ნერვული აშლილობის შემდეგ, მშვიდმა და ჩუმმა ბრაზმა მომიცვა. ისინი მეზიზღებოდა. უკვე ყელში იყვნენ. ჩემს ქურთუკს და საწერ მოწყობილობებს მაშინვე ავიღებდი და სახლიდან გავიდოდი, მაგრამ ჯერ საკუთარ თავზე კონტროლი არ მქონდა აღებული. თავბრუსხვევას ვგრძნობდი, ჩემი გრძნობები ნამდვილად მწყობრიდან გამოდიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, როცა პირველად შევხვდი გოგონებს დონა სოლედადის სახლში. მათ ზემოდან ვუყურებდი, ჩემს სხეულში არ ვიყავი. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის იყო, რომ ცხადად ვაცნობიერებდი, ჟოზეფინას მიერ ჩემი დაუფლებისგან კისრის არეში იმ ტკაცუნისმაგვარმა სენსაციამ დამიცვა, რომელიც ცხადად ვიგრძენი. თითქოს ჩემი თავის ზემოდან რაღაც ამოვიდა. ჩემი თავიდან ფაქტობრივად მართლად ამოვიდა რაღაც.

 რამდენიმე წლის წინ დონ ხუანმა და დონ ხენარომ ჩემი აღქმის მანევრირება ისე მოახდინეს, რომ მე ორეულის წარმოუდგენელი შეგრძნება მქონდა: ვგრძნობდი, როგორ წამაქცია დონ ხუანმა და მიწაზე მიმაკრა, მაგრამ ამავდროულად ფეხზე ვიდექი. ჯადოქრობის თვალსაზრისით რომ ვთქვათ, ჩემმა სხეულმა ორეულის აღქმის მეხსიერება შეინახა და თითქოს მისი მდგომარეობა გაამეორა. თუმცა ამ დროისთვის ჩემთვის ორი რამ იყო ახალი: მე ჩემს მეორე სხეულსაც ვგრძნობდი და ამას თან ემატებოდა ტკივილგამაყუჩებელი შეგრძნება, რომელიც ამ ქალებთან დაპირისპირების დროს განვიცადე. ამ ხმის გაგონება ჩემი სხეულიდან რაღაც ისეთს ათავისუფლებდა, რაც თავად იღებდა საკუთარ თავზე ხელმძღვანელობას. 

 ორიოდ წუთის შემდეგ ნამდვილად ვიგრძენი, რომ სიმაღლიდან მიწაზე დავეშვი. ჩემს თვალებს ნორმალურად დანახვისათვის ცოტა ხანი დასჭირდა. 

 ოთხივეს შევხედე და თავი შიშვლად და დაუცველად ვიგრძენი. მაშინ დისოციაციის მომენტი, ან აღქმის უწყვეტობის ნაკლებობა მქონდა. თითქოს თვალები ძლიერად დამეხუჭა და რაღაც ძალამ მოულოდნელად რამდენიმეჯერ დამატრიალა. როდესაც თვალები გავახილე გოგოები პირდაღებულნი მიყურებდნენ. მაგრამ როგორღაც მე ისევ ჩემი თავი ვიყავი.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff