თავი მეოთხე - ხენაროები
მეორე დილით, დაახლოებით რვა საათზე გამეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ ლა გორდას ტანსაცმელი მზეზე გაეფინა და საუზმეც გაემზადებინა. სასადილოში ვისაუზმეთ. როცა დავასრულეთ, მას ლიდიას, როზას და ჟოზეფინას შესახებ ვკითხე. სახლიდან გაუჩინარებულები ჩანდნენ.
- ისინი სოლედადს ეხმარებიან. - თქვა მან. - იგი წასასვლელად ემზადება.
- სად მიდის?
- აქედან სადღაც შორს. მას აღარ აქვს დარჩენის მიზეზი. იგი შენ გელოდებოდა, შენ კი უკვე მოხვედი.
- პატარა დებიც მასთან ერთად მიდიან?
- არა. მათ უბრალოდ დღეს აქ ყოფნა არ სურთ. როგორც ჩანს, დღეს მათთვის კარგი დღე არ არის, რომ სახლის გარშემო ტრიალებდნენ.
- რატომ არ არის კარგი დღე?
- დღეს შენს სანახავად ხენაროები მოდიან, გოგოები კი მათ ვერ უგებენ. თუ ყველა მათგანი ერთ ადგილას აღმოჩნდება, ისინი ყველაზე საშინელ ბრძოლაში მოხვდებიან. ბოლოს, როდესაც ეს მოხდა, მათ კინაღამ ერთმანეთი დახოცეს.
- ფიზიკურად ჩხუბობენ?
- დიახ. ყოველი მათგანი ძალიან ძლიერია და არც ერთს სურს მეორე ადგილის დაკავება. ნაგვალმა გამაფრთხილა, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მე მათ შესაჩერებლად უძლური ვარ. ასევე, მე სხვადასხვა მხარის დაჭერაც მიწევს, ამიტომ, ყველაფერი არეულია.
- საიდან იცი, რომ ხენაროები დღეს მოდიან?
- მე მათთან არ მისაუბრია. უბრალოდ ვიცი, რომ ისინი დღეს აქ იქნებიან. სულ ეს არის.
- ეს იმიტომ იცი, რომ ხედავ?
- სწორია. მე ვხედავ, რომ ისინი მოდიან. ერთი მათგანი პირდაპირ შენთან მოდის, რადგან შენ მას იზიდავ.
ლა გორდა დავარწმუნე, რომ კონკრეტულად არავის ვიზიდავდი. მას ვუთხარი, რომ ჩემი მოგზაურობის მიზანი არავისთვის გამიმხელია, მაგრამ მინდოდა, რომ პაბლიტოსთვის და ნესტორისთვის რაღაც მეკითხა.
მან თავხედურად გაიღიმა და თქვა, რომ ბედმა პაბლიტოსთან დამაკავშირა, რადგან ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავდით და იგი უეჭველად პირველი აპირებდა ჩემს ნახვას. მან დაამატა, რომ ყველაფერი, რაც მეომარს შეემთხვევა, შეიძლება განიმარტოს, როგორც ნიშანი. ამგვარად, ჩემი სოლედადთან შეხვედრა იმის ნიშანი იყო, თუ რის გარკვევას ვაპირებდი ამ ვიზიტისას. ვთხოვე, მისი სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა.
- კაცები ამჯერად ძალიან ცოტას მოგცემენ. - თქვა მან. - ქალები შუაზე დაგგლეჯენ, როგორც ეს სოლედადმა გააკეთა. სწორედ ამას ვიტყოდი, თუ შენს ნიშანს წავიკითხავდი. შენ ხენაროებს ელოდები, მაგრამ ისინი შენნაირი კაცები არიან. ახლა მეორე ნიშანს შეხედე. ისინი ცოტათი ჩამორჩებიან. მე ვიტყოდი, რომ რამდენიმე დღით... ეს შენი ბედისწერაა, ისევე როგორც ზოგადად კაცების ბედისწერაა, რომ ისინი ყოველთვის რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
- რას ჩამორჩებიან, გორდა?
- ყველაფერს. მაგალითად, ქალებს.
მან ჩაიცინა და თავში ხელი წამითაქა.
- რაც არ უნდა ჯიუტი იყო, უნდა აღიარო, რომ მართალი ვარ. მოიცადე და ნახავ.
- ნაგვალმა გითხრა, რომ კაცები ქალებს ჩამორჩებიან?
- რა თქმა უნდა, მან მითხრა. შენ უბრალოდ გარშემო უნდა მიმოიხედო.
- ვიხედები, გორდა. მაგრამ, ასეთ რამეს ვერ ვხედავ. პირიქით, ქალები ყოველთვის უკან არიან. ისინი კაცებზე არიან დამოკიდებულნი.
მან გაიცინა. მისი სიცილი არ იყო დამცინავი ან მწარე. მხიარულად იცინოდა.
- შენ ჩემზე უკეთ იცნობ ადამიანთა სამყაროს. მაგრამ, ახლა მე უფორმო ვარ, შენ არა. გეუბნები, ქალები უკეთესი ჯადოქრები არიან, რადგან ჩვენს თვალწინ ბზარია, ხოლო შენს თვალწინ არ არის.
იგი გაბრაზებული არ ჩანდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მისთვის ამეხსნა, რომ ჩემს აზრს კამათისთვის, შეწინააღმდეგებისთვის ან თავდასაცავად კი არ გამოვხატავდი, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა მას ელაპარაკა.
მან თქვა, რომ ჩვენი შეხვედრის მომენტიდან მოყოლებული, საუბრის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასევე დაამატა, რომ საუბარი ნაგვალმა ასწავლა, რადგან მისი დავალება იგივე იყო, რაც ჩემი - ადამიანთა სამყაროში ყოფნა.
- ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ, ადამიანთა სამყაროს ანარეკლია. - თქვა მან. - შენი ვიზიტის დასრულებამდე გაიგებ, რატომ საუბრობ და იქცევი ისე, როგორც საუბრობ და იქცევი. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ადამიანურ ფორმაზე ხარ მიჯაჭვული, ისევე როგორც ხენაროები და პატარა დები არიან მიჯაჭვული ადამიანურ ფორმაზე, როცა ერთმანეთის მოსაკლავად იბრძვიან.
- ნუთუ ყველა თქვენგანმა არ უნდა ითანამშრომლოს პაბლიტოსთან, ნესტორთან და ბენიგნოსთან?
- ხენარომ და ნაგვალმა თითოეულ ჩვენგანს უთხრა, რომ ერთმანეთთან ჰარმონიაში გვეცხოვრა, ერთმანეთს დავხმარებოდით და ერთმანეთი დაგვეცვა, რადგან ჩვენ სამყაროში მარტონი ვართ. პაბლიტო ჩვენ ოთხზე პასუხისმგებელი რჩებოდა, მაგრამ იგი ლაჩარია. ჩვენ რომ მისი ზედამხედველობის ქვეშ დავრჩენილიყავით, ახლა უკვე უპატრონო ძაღლებივით ვიქნებოდით დახოცილები. როდესაც ნაგვალი გარშემო იყო, პაბლიტო ყველას ძალიან სასიამოვნოდ გვექცეოდა და თითოეულ ჩვენგანზე ძალიან კარგად ზრუნავდა. ყველას ეცინებოდა და ხუმრობდნენ, რომ იგი იმდენად კარგად ზრუნავდა ჩვენზე, თითქოს მისი ცოლები ვიყავით. ნაგვალმა და ხენარომ წასვლამდე ცოტა ხნით ადრე პაბლიტოს უთხრეს, რომ მას რეალური შანსი ჰქონდა ოდესმე ნაგვალი გამხდარიყო, რადგან ჩვენ შეგვეძლო მისი ოთხი ქარი გავმხდარიყავით, ანუ მისი ოთხი კუთხე. პაბლიტომ იფიქრა, რომ ეს იყო მისი დავალება და იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენს მიმართ შეიცვალა. ჩვენს მიმართ ისე დაიწყო მოქცევა, თითქოს მართლაც მისი ცოლები ვიყავით.
ნაგვალს პაბლიტოს შანსების შესახებ ვკითხე და მან მითხრა, რაც აუცილებლად უნდა მცოდნოდა, რომ მეომრის სამყაროში ყველაფერი პირად ძალაზე იყო დამოკიდებული, ხოლო თავის მხრივ პირადი ძალა უზადობაზე იყო დამოკიდებული. პაბლიტო რომ უზადო იყოს, მას შანსი ექნებოდა. როცა ნაგვალმა ეს მითხრა, გამეცინა. პაბლიტოს ძალიან კარგად ვიცნობ. მაგრამ, ნაგვალმა მითხრა, რომ ასე აგდებულად და მსუბუქად არ უნდა მიმეღო. მისი თქმით, მეომრებს ყოველთვის აქვთ შანსი, რაც არ უნდა სუსტები იყვნენ ისინი. მან დამანახა, რომ მე თვითონ ვიყავი მეომარი და რომ პაბლიტოსთვის ჩემი ფიქრებით ხელი არ უნდა შემეშალა. ნაგვალმა მითხრა, რომ აზრები გამომერთო და პაბლიტოსთვის უფლება მიმეცა ისეთი ყოფილიყო, როგორიც იყო. მისი თქმით, ჩემთვის უზადო საქციელი პაბლიტოს მიმართ გაწეული დახმარება იყო, იმის მიუხედავად, რაც მის შესახებ ვიცოდი.
მე მივხვდი, რა მითხრა ნაგვალმა. გარდა ამისა, მე პაბლიტოსთან საკუთარი ვალი მაქვს და მის დახმარებას ისედაც მივესალმებოდი. მაგრამ, ამავდროულად ისიც ვიცოდი, რომ ჩემი დახმარების მიუხედავად, იგი მაინც დამარცხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მას არ ჰქონდა ის, რაც ნაგვალად ყოფნისთვის არის საჭირო. პაბლიტო ძალიან ბავშვურია და დამარცხებას არ შეეგუება. იგი უბედურია, რადგან უზადო არ არის, თუმცა თავის ფიქრებში მაინც ცდილობს, რომ ნაგვალის მსგავსი იყოს.
- როგორ დამარცხდა?
- როგორც კი ნაგვალი წავიდა, პაბლიტომ ლიდიას სასიკვდილო შეურაცხყოფა მიაყენა. წლების წინ ნაგვალმა პაბლიტოს დაავალა, რომ ლიდიას ქმარი ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ დასანახად. გარშემო მყოფებს ეგონათ, რომ ლიდია პაბლიტოს ცოლი იყო. ეს იდეა ლიდიას ოდნავაც არ მოსწონდა. იგი ძალიან მკაცრია. საქმე ისაა, რომ პაბლიტოს ლიდიასი ყოველთვის სიკვდილამდე ეშინოდა. ისინი ვერასდროს შეძლებდნენ ერთად ყოფნას და ერთმანეთს მხოლოდ იმის გამო ითმენდნენ, რომ გარშემო ნაგვალი იყო. მაგრამ, როცა ნაგვალი წავიდა, პაბლიტო გაგიჟდა და საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ უკვე საკმარისი პირადი ძალა ჰქონდა, რათა მისი ცოლები გავმხდარიყავით. სამივე ხენარო შეიკრიბა და მოიფიქრეს, რა უნდა გაეკეთებინათ ამისთვის, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ჯერ ყველაზე მკაცრი გოგონა, ლიდია უნდა წაეყვანათ თავისთან. ისინი მომენტს დაელოდნენ, როცა ლიდია სახლში მარტო იყო, შემდეგ სამივე სახლში შემოვიდა, ლიდიას მკლავები დაუჭირეს და საწოლზე დააგდეს. პაბლიტო ლიდიას ზემოდან მოექცა. ლიდიას თავიდან ეგონა, რომ ხენაროები ხუმრობდნენ, მაგრამ როცა მიხვდა, რომ სერიოზული განზრახვა ჰქონდათ, პაბლიტოს ისეთი ძალით სთხლიშა თავი შუბლში, რომ თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა. ხენაროები გაიქცნენ. ნესტორი პაბლიტოს ჭრილობას თვეების მანძილზე მკურნალობდა.
- არის რაიმე, რისი გაკეთებაც შემიძლია, რომ მათ გაიგონ?
- არა. სამწუხაროდ, გაგება მათი პრობლემა არ არის. ექვსივე მათგანს ძალიან კარგად ესმის. ნამდვილი უბედურება სხვა რამეა. ისინი თავს იკავებენ, გაიგივებულები არიან და შეცვლას არ ცდილობენ. ვინაიდან მათ იციან, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, უნდოდეთ ან სჭირდებოდეთ, მაინც ვერ შეიცვლებიან, ამიტომ საერთოდ შეწყვიტეს მცდელობა. ეს ისეთივე არასწორია, როგორც ჩვენი წარუმატებლობების გამო იმედგაცრუების გრძნობა. ნაგვალმა თითოეულ მათგანს უთხრა, რომ მეომრები, ქალებიც და კაცებიც, ცვლილების მცდელობებში უნაკლოები უნდა იყვნენ, რათა ადამიანური ფორმა შეაშინონ და კარგად შეარყიონ. ნაგვალმა თქვა, რომ წლების უზადობის შემდეგ დადგება მომენტი, როდესაც ფორმა ვეღარ უძლებს და ისე მიდის, როგორც მე დამტოვა. ამით, რა თქმა უნდა, იგი სხეულს აზიანებს და ადამიანი შეიძლება მოკვდეს კიდეც, მაგრამ უზადო მეომარი ყოველთვის გადარჩება.
ლა გორდას კარებზე უეცარმა კაკუნმა შეაწყვეტინა. იგი წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა. ლიდია იყო. ძალიან ფორმალურად მომესალმა და ლა გორდას მასთან ერთად წასვლა სთხოვა. ერთად წავიდნენ.
მარტო ყოფნას მივესალმე. საათების მანძილზე ვმუშაობდი ჩემს ჩანაწერებზე.
ღია ცის ქვეშ სასადილოში გრილოდა და ძალიან კარგი განათება იყო.
ლა გორდა შუადღისას დაბრუნდა. მან მკითხა, მინდოდა თუ არა ჭამა. მშიერი არ ვიყავი, თუმცა მან დაჟინებით მოითხოვა, რომ მეჭამა. მისი თქმით, მოკავშირეებთან კონტაქტი ძალიან დამღლელი იყო და თავს ძალიან სუსტად გრძნობდა.
ჭამის შემდეგ ლა გორდასთან დავჯექი და მოვემზადე, რათა მისთვის სიზმარხილვის შესახებ კითხვები დამესვა, როცა შემოსასვლელი კარი ხმამაღლა გაიღო და პაბლიტო შემოვიდა. იგი აშკარად მორბოდა და ძლიერად ქოშინებდა. წამით კარებთან შეჩერდა და სუნთქვა შეეკრა. დიდად არ შეცვლილა. ოდნავ ხანდაზმული, ან შესაძლოა ცოტა უფრო დაკუნთული ჩანდა. თუმცა, მაინც ძალიან გამხდარი და მღელვარე იყო. სახე ფერმკრთალი ჰქონდა, თითქოს დიდი ხანია, მზეზე არ ყოფილა. თვალების ყავისფერი ხაზი დაღლილობის სუსტ კვალს ატყობდა. პაბლიტო მომხიბვლელი ღიმილით გამახსენდა. როცა იქ იდგა და მიყურებდა, მისი ღიმილი ისეთივე მომხიბვლელი იყო, როგორც არასდროს. ჩემკენ გამოიქცა და წამით ხელები ჩამკიდა. შემდეგ ნაზად მომეხვია და ჩამეხუტა. მისი ნახვა უზომოდ გამიხარდა. ინფანტილური სიხარულით ვხტუნავდი. არ ვიცოდი, მისთვის რა მეთქვა. საბოლოოდ, მან სიჩუმე დაარღვია.
- მაესტრო. - თქვა მან რბილად და თავი ოდნავ დამიქნია, თითქოს თაყვანს მცემდა.
მაესტროს, მასწავლებლის სიტყვამ გამაოცა. შემოვბრუნდი, ვეძებდი, ვინ იდგა ჩემს უკან და ვის მიმართა პაბლიტომ ამ სახელით. შეგნებულად ვაჭარბებდი ჩემს მოძრაობებს, რათა მას გაეგო, რომ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. გაიღიმა და თავში ერთადერთი კითხვა მომივიდა, თუ საიდან იცოდა მან ჩემი აქ ყოფნის შესახებ.
მან თქვა, რომ ის, ნესტორი და ბენიგნო იძულებულნი გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ ყველაზე უჩვეულო შეშფოთებით, რამაც დღე და ღამ გაუჩერებლად სირბილი აიძულათ. ნესტორი საკუთარ სახლში იყო წასული, რათა გაეგო, იყო თუ არა იქ რაიმე, რაც ანგარიშს უწევდა მათ მიერ შეგრძნობილს. ბენიგნო სოლედადის სახლში წავიდა, ხოლო თავად იგი დების სახლისკენ გამოეშურა.
- ჯეკპოტს გაარტყი, პაბლიტო. - თქვა ლა გორდამ და გაიცინა.
პაბლიტოს არ უპასუხია. ლა გორდას თვალებში ჩახედა.
- თავს დავდებ, ყველაფერს იზამ იმისთვის, რომ აქედან გამაგდო. - თქვა მან დიდი სიბრაზის ტონით.
- ნუ მეჩხუბები, პაბლიტო. - უპასუხა ლა გორდამ აუღელვებლად.
პაბლიტო მომიბრუნდა და ბოდიში მომიხადა, შემდეგ კი ძალიან მაღალი ხმით დაამატა, თითქოს ყველას უნდოდა გაეგო, რომ სახლში საკუთარი სკამით მოვიდა და მას იქ დადგამდა, სადაც მოესურვებოდა.
- აქ ჩვენს გარდა სხვა არავინაა. - თქვა ლა გორდამ და ჩაიცინა.
- მაინც მოვიტან ჩემს სკამს. თქვენ ხომ არ გეწყინებათ, მაესტრო?
ლა გორდას გავხედე. მან ფეხის წვერით თითქმის შეუმჩნეველი თანხმობის ნიშანი მომცა.
- შემოიტანე, რაც გინდა ის შემოიტანე. - ვუთხარი მე.
პაბლიტო სახლიდან გავიდა.
- ისინი სულ ასე არიან. - თქვა ლა გორდამ. - სამივე მათგანი.
პაბლიტო ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, მხრებზე უჩვეულო გარეგნობის სკამი ჰქონდა გადაკიდებული. სკამი ისეთი ფორმის იყო, რომ ზურგის კონტურს მიჰყოლოდა, ასე რომ, როცა მხრებზე მოიგდებდი, ზურგჩანთას ჰგავდა.
- შეიძლება, დავდგა? - მკითხა მან.
- რა თქმა უნდა. - ვუპასუხე და სკამი ჩავაჩოჩე, რათა მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა.
პაბლიტომ მსუბუქად ჩაიცინა.
- შენ ნაგვალი არ ხარ? - მკითხა მან, შემდეგ ლა გორდას გახედა და დაამატა. - თუ ბრძანებებს უნდა ელოდო?
- ნაგვალი ვარ. - ვუთხარი ღიმილით, რათა მისთვის მეხუმრა.
ვგრძნობდი, რომ პაბლიტო ის-ის იყო ლა გორდასთან ჩხუბს აპირებდა. ეს ლა გორდასაც უნდა ეგრძნო, რაღაც მოიმიზეზა და სახლის უკან გავიდა.
პაბლიტომ სკამი მიწაზე დადო და ნელა შემომიარა, თითქოს ჩემს სხეულს ათვალიერებდა. შემდეგ სკამზე დასხდა და საზურგეზე ხელები დაასვენა. მის პირდაპირ ვიჯექი. მისი განწყობა გორდას წასვლისთანავე რადიკალურად შეიცვალა.
- პატიებას გთხოვ ჩემი საქციელის გამო. - თქვა მან ღიმილით. - მაგრამ, ეს ჯადოქარი უნდა მომეშორებინა.
- იგი ამდენად ცუდია, პაბლიტო?
- შეგიძლია ამაზე ფსონი დადო. - მიპასუხა მან.
თემის შესაცვლელად ვუთხარი, რომ ძალიან კარგად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
- შენ თვითონ ძალიან კარგად გამოიყურები, მაესტრო. - განაცხადა მან.
- რა სისულელეა, რატომ მეძახი მაესტროს? - ვკითხე ხუმრობით.
- საქმე ისე არ არის, როგორც ადრე. - მიპასუხა მან. - ახლა ჩვენ ახალ სფეროში ვართ და მოწმე ამბობს, რომ შენ ახლა მაესტრო ხარ. მოწმე არ შეიძლება ცდებოდეს. მაგრამ, მთელ ამბავს თავად მოგიყვება. ვფიქრობ, მას უკვე უნდა ეგრძნო, რომ შენ აქ ხარ. როცა უკან ვბრუნდებოდით, ყველას იმის განცდა გვქონდა, რომ შესაძლოა გზაში იყავი, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ უგრძნია, რომ უკვე ჩამოხვედი.
მე მას ვუთხარი, რომ მისი და ნესტორის სანახავად ვიყავი ჩამოსული, რადგან ისინი ორად ორი ადამიანი იყვნენ მთელს სამყაროში, რომელთანაც დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ჩვენი ბოლო შეხვედრის შესახებ შემეძლო საუბარი. ყველაზე მეტად იმ გაურკვევლობის გარკვევა მჭირდებოდა, რომელიც ჩემში ამ შეხვედრამ წარმოქმნა.
- ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. - თქვა მან. - შენს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. შენ ეს იცი. მაგრამ, უნდა გაგაფრთხილო, რომ მე არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც შენ გინდა, რომ ვიყო. ალბათ უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ გველაპარაკა. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ არ ვილაპარაკებთ, ვერაფერს გავიგებთ.
ჩემი შეკითხვა ფრთხილად და მიზანმიმართულად ჩამოვაყალიბე. მას ავუხსენი, რომ ჩემი რაციონალური გაჭირვების ფსკერში ამჟამად ეს გაჭირვება იყო:
- მითხარი პაბლიტო, უფსკრულში ნამდვილად ჩვენი სხეულებით გადავხტით?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
- მაგრამ, შენ ჩემთან იყავი.
- მთელი აზრიც მაგაშია. მართლა იქ ვიყავი.
მისი იდუმალი პასუხებით თავს გაღიზიანებულად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თუ მას შევარყევდი, მასში რაღაც გათავისუფლდებოდა. ჩემთვის აშკარა იყო, რომ იგი განზრახ აკავებდა საკუთარ თავში რაღაც ძალიან დიდ ღირებულებას. გავაპროტესტე, რომ იგი ჩემთან საიდუმლოებების დაცვას ირჩევდა, მაშინ როცა ერთმანეთის მიმართ სრული ნდობა გვქონდა.
პაბლიტომ თავი გააქნია, თითქოს ჩუმად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ბრალდებას.
ვთხოვე, ჩემთვის მთელი თავისი გამოცდილება მოეყოლა, დონ ხუანისა და დონ ხენაროს მიერ ბოლო შეხვედრის სამზადისიდან დაწყებული ბოლო ნახტომამდე.
პაბლიტოს მონათხრობი ბუნდოვანი და არათანმიმდევრული იყო, მას მხოლოდ გადახტომამდე არსებული ბოლო რამდენიმე წუთი ახსოვდა. როცა დონ ხენარო და დონ ხუანი წყვდიადში გაუჩინარდნენ, პაბლიტოს ფეხები მოეკვეთა, მე მკლავში ხელჩაფრენილი უფსკრულის კიდემდე მივიყვანე და იქ მან გონება დაკარგა.
- რა მოხდა შენი გულის წასვლის შემდეგ, პაბლიტო?
- არ ვიცი.
- სიზმრები გქონდა? ან ხილვები? რა ნახე?
- ხილვები არ მქონია. ან რომც მქონოდა, მათ ყურადღებას ვერ მივაქცევდი. ჩემი უზადობის ნაკლებობა მათ დამახსოვრებას შეუძლებელს ხდის.
- შემდეგ რა მოხდა?
- ხენაროს ძველ ადგილას გავიღვიძე. არ ვიცი, იქ როგორ მოვხვდი.
იგი ჩუმად იყო, მე კი გონებაში გაშმაგებით ვეძებდი კითხვას, კომენტარს, კრიტიკულ განცხადებას ან სხვა რამეს, რაც მის განცხადებებს დამატებით საგანს შემატებდა. როგორც ჩანდა, პაბლიტოს მოხსენებაში არაფერი იყო გამოსაყენებელი იმის დასამატებლად, რაც მე დამემართა. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. თითქმის გავბრაზდი მასზე. ჩემი გრძნობები პაბლიტოს და ჩემს მიმართ წუხილის ნაზავი და ამავდროულად ყველაზე მძაფრი იმედგაცრუება გახლდათ.
- ვწუხვარ, რომ შენთვის ასეთი იმედგაცრუება გამოვდექი. - თქვა პაბლიტომ.
ჩემი უშუალო რეაქცია მის სიტყვებზე, ჩემი გრძნობების დაფარვა და მისი დარწმუნება იყო, რომ სულაც არ ვიყავი იმედგაცრუებული.
- მე ჯადოქარი ვარ. - თქვა მან სიცილით - ღარიბი, მაგრამ იმისთვის საკმარისი, რომ ვიცოდე, რას მეუბნება ჩემი სხეული. და ახლა ის მეუბნება, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ.
- მე არ ვარ გაბრაზებული, პაბლიტო! - წამოვიყვირე.
- ამას შენი გონება ამბობს, მაგრამ არა შენი სხეული. შენი სხეული გაბრაზებულია. თუმცა, შენი გონება ჩემს მიმართ სიბრაზის მიზეზს ვერ პოულობს, ასე რომ, შენ ახლა ორ ცეცხლს შორის იმყოფები. ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შენთვის შემიძლია, ამის ამოხსნაა. შენი სხეული გაბრაზებულია, რადგან მან იცის, რომ მე უზადო არ ვარ და შენი დახმარება მხოლოდ უზადო მეომარს შეუძლია. შენი სხეული გაბრაზებულია, რადგან გრძნობს, რომ მე საკუთარ თავს ვფლანგავ. მან ყველაფერი იცოდა იმ წუთიდან, როცა ამ კარში შემოვედი.
არ ვიცოდი რა მეთქვა. პოსტფაქტობრივი რეალიზაციის ნაკადი ვიგრძენი. ალბათ იმის თქმა მართალი იყო, რომ ჩემმა სხეულმა ეს ყველაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, მისმა პირდაპირობამ ჩემი იმედგაცრუება გაანადგურა. ეჭვი შემიჩნდა, პაბლიტო ჩემთან რაიმე თამაშს ხომ არ თამაშობდა? მე ვუთხარი, რომ იგი ისეთი გაბედული და პირდაპირი იყო, არც ისეთი სუსტი უნდა ყოფილიყო, როგორც საკუთარ თავს წარმოიდგენდა.
- ჩემი სისუსტე ის არის, რომ ლტოლვისთვის ვარ შექმნილი. - თქვა მან თითქმის ჩურჩულით. - მე კი იმ დონემდე მივედი, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისკენ მივილტვი. ამის გჯერა?
- არ შეიძლება, ამას სერიოზულად ამბობდე, პაბლიტო! - წამოვიძახე მე.
- სერიოზული ვარ. მე დედამიწაზე ჩვეულებრივი ადამიანის სახით სიარულის დიდებული პრივილეგია მაინტერესებს, ამ გასაოცარი ტვირთის გარეშე.
მისი პოზიცია უაზროდ მეჩვენა და აღმოვაჩინე, რომ ისევ და ისევ ვუმეორებდი, იგი სერიოზული ვერ იქნებოდა. მოულოდნელმა შეშფოთებამ შემაჩერა. თითქმის ცრემლების ზღვარზე იყო.
ჩემმა შეშფოთებამ თანაგრძნობის მძაფრ გრძნობას დაუთმო ადგილი. ერთმანეთის დახმარება ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ შეძლო.
ლა გორდა ამ დროს სამზარეულოში დაბრუნდა. პაბლიტო თითქოს მყისიერად გამოცოცხლდა და ფეხზე წამოხტა.
- რა ჯანდაბა გინდა? - იყვირა მან ნერვული ხმით. - თვალყურს რატომ გვადევნებ?
ლა გორდამ ისე მომმართა, თითქოს პაბლიტო არ არსებობდა. მან თავაზიანად დასძინა, რომ სოლედადის სახლში აპირებდა წასვლას.
- რაში გვაინტერესებს, სად მიდიხარ? - იყვირა პაბლიტომ. - ჯოჯოხეთშიც წასულხარ.
პაბლიტო ბავშვივით აბაკუნებდა მიწაზე ფეხებს, მაშინ როცა ლა გორდა იდგა და იცინოდა.
- გავიდეთ ამ სახლიდან, მაესტრო. - მითხრა პაბლიტომ ხმამაღლა.
მწუხარებიდან სიბრაზეზე მისმა მოულოდნელმა გადასვლამ მომხიბლა. პაბლიტოს თვალს ვერ ვაშორებდი და მთელი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, პაბლიტოს მოხერხებულობა იყო.
მან უცებ მაგიდასთან მოირბინა, საწერი მოწყობილობები გამომტაცა და ჩემგან შორს დაიჭირა. მან მთელი ნაკრები ცერა და საჩვენებელი თითით აიტაცა. მე ისინი ყოველთვის ორივე ხელით, მთელი ძალით უნდა მჭეროდა. მას რაღაც არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა. მან ხელი გაუშვა და ამ მომენტში სივრცის გაფართოების წარმავალ სურათს მოვკარი თვალი. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ჩემი მხრიდან ვიზუალური დეზორიენტაციის შემთხვევად აღვიქვი, მაგრამ მე უკვე ვისწავლე, რომ ამ ხალხთან ჩემი დამოკიდებულება ან ჩვეული მანერით უნდა განმემარტა, ან ჩვეული მანერით არაფრის ახსნა შემეძლო, ამიტომ მისი განმარტება არც მიცდია.
- ხელში რა გიჭირავს, პაბლიტო? - ვკითხე მას.
გაკვირვებულმა პაბლიტომ ხელი ზურგს უკან დამალა. მას ბუნდოვანი გამომეტყველება ჰქონდა და შფოთავდა, თითქოს საჩქაროდ უნდოდა სახლიდან გასვლა, სანამ თავბრუსხვევა დაეწყებოდა.
ლა გორდამ ხმამაღლა გაიცინა და დასძინა, რომ პაბლიტო ისეთივე კარგი მატყუარა იყო, როგორც ჟოზეფინა, ან შესაძლოა, უკეთესიც კი, ამიტომ, თუ დაჟინებით ჩავაცივდებოდი რა ეკავა მას ხელში, პაბლიტო შარვალში ჩაისვრიდა და ნესტორს მისი მოვლა თვეების მანძილზე დასჭირდებოდა.
პაბლიტო სიბრაზისგან იხრჩობოდა. მისი სახე თითქმის იისფერი გახდა. ლა გორდამ პაბლიტოს უჩვეულო ტონით მოუწოდა, მსახიობობა შეეწყვიტა, რადგან მას მაყურებელი არ ჰყავდა. იგი მიდიოდა, ხოლო მე მოთმინება აღარ შემრჩენოდა. შემდეგ მომიბრუნდა და ყველაზე მბრძანებლური ტონით მითხრა, რომ აქ დავრჩენილიყავი და ხენაროს სახლში არ წავსულიყავი.
- რა ჯანდაბის გამო არ უნდა წამოვიდეს? - პაბლიტომ დაიყვირა და კართან ისე დახტა, თითქოს ლა გორდას შეჩერებას ცდილობდა. - რა გულისამრევია! მაესტროს ეუბნება, რა უნდა გააკეთოს!
- გუშინ თქვენს სახლში მოკავშირეებთან შეტაკება გვქონდა. - უთხრა ლა გორდამ მას. - ამის გამო, ნაგვალი და მე ჯერ კიდევ სუსტნი ვართ. შენს ადგილას რომ ვიყო, პაბლიტო, ყურადღებას დავალებაზე გავამახვილებდი. რაღაცები შეიცვალა. მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ლა გორდა წინა კარიდან გავიდა. მაშინ მივხვდი, რომ ის მართლაც ძალიან დაღლილი ჩანდა. მისი ფეხსაცმელი ზედმეტად მჭიდრო გამოიყურებოდა, ან იქნებ ის იმდენად სუსტად იყო, რომ ძლივსღა დადიოდა. იგი პატარა და სუსტი ჩანდა.
ვფიქრობდი, რომ მეც დაღლილს ვგავდი. ვინაიდან მათ სახლში სარკეები არ იყო, საკუთარი თავისთვის შეხედვის სურვილი გამიჩნდა, ამიტომ სახლიდან გასვლა მომინდა, რათა მანქანის სარკეში ჩამეხედა. ალბათ ამას გავაკეთებდი, მაგრამ პაბლიტომ ხელი შემიშალა. მან ყველაზე გულწრფელი ტონით მითხრა, რომ სიტყვაც კი არ დამეჯერებინა, რაც მისი მატყუარობის შესახებ ითქვა. ვუთხარი, რომ ამაზე არ უნდა ენერვიულა.
- ლა გორდა საერთოდ არ მოგწონს, არა? - ვკითხე მას.
- შეგიძლია კიდევ გაიმეორო. - მიპასუხა მან მრისხანე მზერით. - ყველა ცოცხალზე უკეთ შენ იცი, როგორი მონსტრები არიან ეს ქალები. ნაგვალმა გვითხრა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენ აქ ჩამოსვლას აპირებდი, მხოლოდ იმისთვის, რათა მათ ხაფანგში ჩავარდნილიყავი. იგი გვევედრებოდა, რომ მზადყოფნაში ვყოფილიყავით და ქალების უნარების შესახებ გვაფრთხილებდა. ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ ოთხიდან ერთი შანსი გქონდა: თუ შენი პირადი ძალა მაღალი იქნებოდა, შენ ამ ადგილზე მოგვიხმობდი და გადაგარჩენდით. თუ შენი ძალა დაბალი იქნებოდა, ჩვენი ძალისხმევით მოვიდოდით და აქ შენს გვამს ვნახავდით. მესამე შანსი იყო შენი სოლედადის მონად გახდომის ნახვა, ამ ამაზრზენი, კაცთმოყვარე ქალის ხელში. მეოთხე და ყველაზე ნაკლებად სავარაუდო შანსი ის იყო, რომ ცოცხალს და ჯანმრთელს გიპოვიდით.
ნაგვალმა გვითხრა, რომ თუ ამას გადაურჩებოდი, მაშინ ნაგვალი გახდებოდი და ჩვენ შენ უნდა გენდობოდეთ, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია ჩვენი დახმარება.
- შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, პაბლიტო. შენ ეს იცი.
- არა მხოლოდ ჩემთვის. მე მარტო არ ვარ. მოწმე და ბენიგნო ჩემთან არიან. ჩვენ ერთად ვართ და შენ ყველას უნდა დაგვეხმარო.
- რა თქმა უნდა, პაბლიტო. ეს უთქმელადაც ცხადია.
- აქ ირგვლივ ხალხი არასოდეს გვაწუხებდა. ჩვენი პრობლემები ამ მახინჯ შეშლილებს ეხებათ. ჩვენ არ ვიცით, მათ რა ვუყოთ. ნაგვალმა ბრძანება მოგვცა, რომ ყველაფრის მიუხედავად მათ გარშემო დავრჩენილიყავით. მან პირადი დავალებაც მომცა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელი. ადრე ძალიან ბედნიერი ვიყავი. შენ გახსოვს. ახლა, როგორც ჩანს, ჩემს ცხოვრებაზე კონტროლის აღებას ვეღარ ვახერხებ.
- რა მოხდა, პაბლიტო?
- ამ ჯადოქრებმა სახლიდან გამაძევეს. ამიღეს და ნაგავივით მომისროლეს. ახლა ხენაროს სახლში ვცხოვრობ ნესტორთან და ბენიგნოსთან ერთად. საჭმელი ჩვენთვის თავად უნდა მოვიმზადოთ. ნაგვალმა იცოდა, რომ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომ ლა გორდას ჩვენსა და იმ სამ ბოზს შორის შუამავლობის დავალება მისცა. მაგრამ, ლა გორდა ახლაც ისაა, რასაც ნაგვალი ადრე ეძახდა: ორას ოცი დუნდული. ეს იყო მისი მეტსახელი წლების განმავლობაში, რადგან ის სასწორზე ყოველთვის ორას ოც კილოს ურტყამდა. ის იყო ყველაზე მსუქანი, ყველაზე სუნიანი ბოჩკა, რაც აქამდე არასდროს გენახა. დღეს იგი მისი რეალური წონის ნახევარია, მაგრამ მაინც იგივე მსუქანი, ზანტი ქალია და ის ჩვენთვის ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ შენ ახლა აქ ხარ, მაესტრო. ჩვენი შფოთვა დასრულდა. ახლა ჩვენ ოთხი ვართ ოთხის წინააღმდეგ.
კომენტარის გაკეთება მინდოდა, მაგრამ შემაჩერა.
- ნება მომეცი, ჩემი სათქმელი მანამ დავასრულო, სანამ ეს ჯადოქარი ჩემს მოსასროლად დაბრუნდება. - თქვა მან და კარებს ნერვულად გახედა.
მე ვიცი, რაც მათ გითხრეს, რომ ხუთივენი ერთმანეთის მსგავსნი ხართ, რადგან თქვენ ნაგვალის შვილები ხართ. ეს ტყუილია! შენ ჩვენი მსგავსი ხარ, ხენაროების მსგავსი, რადგან ხენაროც დაეხმარა შენი სიკაშკაშის შექმნას. შენც ჩვენ გვეკუთვნი. ხედავ რას ვგულისხმობ? ასე რომ, არ დაიჯერო რასაც გეუბნებიან. ჯადოქრებმა ყველაფერი არ იციან, რაც ნაგვალმა გვითხრა. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ იციან. ჩვენს შექმნას ორი ტოლტეკი დასჭირდა. ასე რომ, ჩვენ ორივეს შვილები ვართ. ეს ჯადოქრები...
- მოიცადე პაბლიტო, მოიცადე. - ვუთხარი და პირზე ხელი ავაფარე. იგი ფეხზე წამოდგა, ჩემი მოძრაობით აშკარად შეშინებული იყო.
- რას გულისხმობდი, რომ თქვი, ჩვენს შექმნას ორი ტოლტეკი დასჭირდაო?
- ნაგვალმა გვითხრა, რომ ჩვენ ტოლტეკები ვართ. მან თქვა, რომ ტოლტეკი არის მისტერიების მიმღები და მფლობელი. ნაგვალი და ხენარო ტოლტეკები არიან. მათ მოგვცეს მათი განსაკუთრებული სიკაშკაშე და საიდუმლოებები. ჩვენ მივიღებთ ეს საიდუმლოებები და ახლა მათ ვატარებთ.
პაბლიტოს მიერ სიტყვა ტოლტეკის გამოყენებამ დამაბნია. ამ სიტყვას მხოლოდ ანთროპოლოგიური მნიშვნელობით ვიცნობდი. ამ კონტექსტში, ის ყოველთვის ეხებოდა ძველ კულტურას ცენტრალურ და სამხრეთ მექსიკაში, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, რაც გადაშენებული გახლდათ.
- რატომ გვიწოდა მან ტოლტეკები? - ვკითხე მას. არ ვიცოდი, მეტი რა მეთქვა.
- იმიტომ, რომ ეს არის ის, ვინც ჩვენ ვართ. იმის მაგივრად, რომ ჩვენს თავს ჯადოქრები ვუწოდოთ, მან თქვა, რომ ტოლტეკები ვართ.
- თუ ეს ასეა, პატარა დებს ჯადოქრებს რატომ ეძახით?
- ოჰ, ეს იმიტომ, რომ მე მძულს ისინი. ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ჩვენ ვართ.
- ნაგვალმა ეს ყველას უთხრა?
- ეს ყველამ იცის.
- მაგრამ, მას ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს.
- ოჰ, ეს იმიტომ, რომ შენ ძალიან განათლებული ადამიანი ხარ და ყოველთვის სულელურ რაღაცებზე მსჯელობ.
მან ხმამაღლა გაიცინა და ზურგზე ხელი დამკრა.
- შემთხვევით, ნაგვალმა ხომ არ გითხრათ, რომ ტოლტეკები უძველესი ხალხი იყვნენ, რომლებიც მექსიკის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ?
- აი, უკვე დაიწყე. ამიტომაც არ გითხრა არაფერი. ბებერმა ყვავმა ალბათ არ იცოდა, რომ ისინი ძველი ხალხი იყვნენ.
სიცილის დროს სავარძელში მოკალათდა. მისი სიცილი ძალიან სასიამოვნო და გადამდები იყო.
- ჩვენ ტოლტეკები ვართ, მაესტრო. - თქვა მან. - დარწმუნებული იყავი, რომ ვართ. სულ ეს არის, რაც ვიცი. მაგრამ, შეგიძლია მოწმეს ჰკითხო. მან იცის. ამაზე ინტერესი დიდი ხნის წინ დავკარგე.
იგი წამოდგა და ღუმელისკენ წავიდა. მას გავყევი. პაბლიტომ დაბალ ცეცხლზე ქოთანში მოხარშული საკვები დაათვალიერა. მკითხა, ვიცოდი თუ არა, ვინ დაამზადა ეს საჭმელი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ლა გორდამ გააკეთა, მაგრამ ვუთხარი, რომ არ ვიცოდი. მან საკვები ოთხჯერ ან ხუთჯერ მოკლედ, ძაღლის მსგავსად დაყნოსა. შემდეგ გამოაცხადა: "ჩემმა ცხვირმა მითხრა, რომ ეს ლა გორდამ მოამზადა". მან მკითხა, ვჭამე თუ არა საჭმელი, რაზეც ვუპასუხე, რომ ჭამა მის მოსვლამდე ცოტა ხნის წინ დავასრულე. პაბლიტომ თავისთვის უზარმაზარი პორცია გადაიღო. მან ძალიან სწორხაზოვანი რეკომენდაცია მომცა, რომ მხოლოდ ლა გორდას მიერ მომზადებული საკვები მეჭამა და მხოლოდ მისი თასი გამომეყენებინა, როგორც თავად აკეთებდა ამას. მე ვუთხარი, რომ ლა გორდამ და პატარა დებმა საკვები შავი თასით მომართვეს, რომელიც სხვებისგან განცალკევებით, თაროზე ინახებოდა. მან თქვა, რომ ეს თასი ნაგვალს ეკუთვნოდა. მაგიდასთან დავბრუნდით. პაბლიტომ ძალიან ნელა შეჭამა და მთელი ჭამის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მისმა საქციელმა მიმახვედრა, რომ ყველა ერთსა და იმავეს აკეთებდა: სრულ სიჩუმეში ჭამდნენ.
- ლა გორდა შესანიშნავი მზარეულია. - თქვა მან ჭამის დასრულებისას. - ადრე საჭმელს სწორედ ის მიმზადებდა. ეს საუკუნეების წინ იყო, სანამ შემიძულებდა, სანამ ჯადოქარი გახდებოდა. უფრო სწორად, ტოლტეკი.
მან თვალისმომჭრელად შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
თავს ვალდებულად ვთვლიდი გამომეთქვა, რომ ლა გორდა ისეთი პიროვნება არ ჩანდა, რომელსაც ვინმეს სიძულვილი შეეძლო. ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ მან ფორმა დაკარგა.
- ეს წარმოუდგენლად სასაცილოა! - წამოიძახა მან.
ისე მიმზერდა, თითქოს ჩემს გაკვირვებას ზომავდა, შემდეგ სახე მკლავქვეშ დამალა და დარცხვენილი ბავშვივით ჩაიცინა.
- კარგი, მან ეს მართლა გააკეთა. - დაამატა მან. - ის უბრალოდ შესანიშნავია.
- მაშინ, რატომ არ მოგწონს იგი?
- რაღაცას გეტყვი, მაესტრო, რადგან გენდობი. მის მიმართ არმოწონებას საერთოდ არ ვგრძნობ. იგი საუკეთესოა. იგი ნაგვალის ქალია. მასთან ასე იმიტომ ვიქცევი, რომ მომწონს, რადგან მანებივრებს და ასეც იქცევა. იგი ჩემზე არასოდეს გაბრაზდება. ყველაფრის გაკეთება შემეძლო. ხანდახან ვიბნევი და მისთვის ხელის გარტყმა მინდება. როდესაც ამას დავაპირებ, იგი უბრალოდ გზიდან ხტება. მეორე წუთს არც კი ახსოვს რა გავაკეთე. ეს არის ნამდვილი, უფორმო მეომარი. იგი ყველასთან იმავეს აკეთებს. მაგრამ ჩვენ, დანარჩენები, სამწუხაროდ კრეტინები ვართ. მართლა ცუდები ვართ. ის სამი ჯადოქარი გვძულს და მათაც საპასუხოდ ვძულვართ.
- თქვენ ჯადოქრები ხართ, პაბლიტო. არ შეგიძლიათ, რომ შეაჩეროთ მთელი ეს კამათი?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა. რას ელი ჩვენგან? გინდა, რომ დები და ძმები ვიყოთ?
არ ვიცოდი, რა მეთქვა.
- ისინი ნაგვალის ქალები იყვნენ. - განაგრძო მან. - და მაინც, ყველა ელოდა, რომ მათ თან წავიყვანდი. ზეცის სახელით, ეს რანაირად უნდა გამეკეთებინა! მე ვეცადე ერთ-ერთი მათგანის წაყვანას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დამხმარებოდა, იმ ნაძირალა ჯადოქარმა კინაღამ მომკლა. ასე რომ, ახლა ყველასგან მე მომდევს, თითქოს დანაშაული ჩავიდინე. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ნაგვალის მითითებების შესრულება იყო. მან მითხრა, რომ თითოეულ მათგანთან ინტიმური ურთიერთობა უნდა დამემყარებინა, სანამ ერთბაშად ყველას შევინარჩუნებდი. მაგრამ, ყველასთან კი არა, ერთთანაც ვერ შევძელი ამის გაკეთება.
მინდოდა დედამისზე, დონა სოლედადზე მეკითხა, მაგრამ აზრი ვერ დავალაგე, როგორ მიმეყვანა იგი ამ დიალოგამდე. რაღაც მომენტი ჩუმად ვიყავით.
- გძულს ისინი იმის გამო, რის გაკეთებასაც შენთვის ცდილობდნენ? - მკითხა მან მოულოდნელად.
ჩემი შანსი დავინახე.
- არა, სულაც არა. - ვთქვი მე. - ლა გორდამ ამიხსნა მათი მიზეზები. მაგრამ დონა სოლედადის შეტევა ძალიან საშიში იყო. ნახულობ ხოლმე მას?
მას არ უპასუხია. ჭერს უყურებდა. ჩემი შეკითხვა გავიმეორე. შევნიშნე, რომ თვალები ცრემლით აევსო. მისი სხეული შეირყა, მდუმარედ ქვითინებდა.
მან თქვა, რომ ერთხელ მას მშვენიერი დედა ჰყავდა, რომელიც, უეჭველია, ჯერ კიდევ მახსოვდა. მას მანუელიტა ერქვა. ეს იყო წმინდა ქალი, რომელმაც ორი ბავშვი გაზარდა და მათთვის მხარდასაჭერად ჯორივით მუშაობდა. იგი ყველაზე ღრმა თაყვანისცემას გრძნობდა დედის მიმართ, რომელიც უყვარდა და რომელსაც უვლიდა. მაგრამ, ერთ საშინელ დღეს ბედისწერა აღსრულდა და უიღბლო შემთხვევის მეოხებით პაბლიტომ ხენარო და ნაგვალი გაიცნო, რომელთაც მისი ცხოვრება გაანადგურეს. პაბლიტომ ძალიან ემოციური ტონით თქვა, რომ ორმა ეშმაკმა მას და დედამისს სული წაართვა. მათ მოკლეს მისი მანუელიტა და დატოვეს ეს საშინელი ჯადოქარი, სოლედადი. პაბლიტო ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და მითხრა, რომ ეს საზიზღარი ქალი დედამისი არ იყო. ის არ შეიძლებოდა მისი მანუელიტა ყოფილიყო.
შეუჩერებლად ატირდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მისი ემოციური აფეთქება იმდენად ნამდვილი იყო, ხოლო მისი მსჯელობა იმდენად მართალი, რომ ვიგრძენი, როგორ გადმომედო პაბლიტოს სენტიმენტალური განწყობა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს პაბლიტოსთვის დიდი უბედურება იყო დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან გზების გადაკვეთა.
მხრებზე ხელი მოვხვიე და კინაღამ მეც მასთან ერთად ავტირდი. დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ ფეხზე წამოდგა და უკანა მხარეს გავიდა. გავიგე, როგორ დაიფერთხა ცხვირი და ხელ-პირი დაიბანა. როცა დაბრუნდა, უფრო მშვიდად იყო. იღიმოდა კიდეც.
- არასწორად ნუ გამიგებ, მაესტრო. - განაცხადა მან. - მე არავის ვადანაშაულებ იმაში, რაც დამემართა. ეს იყო ჩემი ბედისწერა. ხენარო და ნაგვალი უზადო მეომრებივით მოქმედებდნენ. უბრალოდ სუსტი ვარ, სულ ესაა. ჩემი დავალების შესრულება ვერ შევძელი. ნაგვალმა თქვა, რომ ჩემი ერთადერთი შანსი ამ საშინელი ჯადოქრის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ოთხივე ქარის გარშემო შემოკრება იყო, ოთხივე მხარეს. მაგრამ, ჩავფლავდი. ეს გოგონები სოლედადთან ერთად იყვნენ და ჩემი დახმარება არ სურდათ. მათ ჩემი სიკვდილი უნდოდათ.
ნაგვალმა ისიც მითხრა, რომ თუ ჩავფლავდებოდი, შენ გადარჩენის შანსი აღარ გექნებოდა. მან თქვა, რომ თუ ისინი მოგკლავდნენ, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად სამყაროს მეორე ბოლოში უნდა გავქცეულიყავი. ეჭვი მეპარებოდა, რომ გასაქცევ ბილიკამდე მისვლას მოვასწრებდი. ნაგვალის თქმით, შენს ძალასთან და მის მიერ დაგროვებულ ცოდნასთან ერთად, შეუდარებელ ძალას დაეუფლებოდა. ასე რომ, როცა ვიგრძენი, რომ ოთხი ქარის გადაბირება ვერ მოვახერხე, თავი მკვდრად ჩავთვალე. რა თქმა უნდა, მე მძულდა ეს ქალები, მაგრამ დღეს, მაესტრო, შენ ახალი იმედი მომიტანე.
მე ვუთხარი, რომ დედის მიმართ მისმა გრძნობებმა ძალიან შემაწუხა. ფაქტობრივად, შეძრწუნებული ვიყავი იმით, რაც მოხდა, მაგრამ მეეჭვებოდა, რომ მისთვის ნებისმიერი სახის იმედი მომეტანა.
- დიახ! შენ იმედი ხარ! - წამოიძახა მან დიდი დარწმუნებით. - მთელი ეს დრო თავს საშინლად ვგრძნობდი. საკუთარი დედა რომ ნაჯახით მოგდევს მოსაკლავად, არა მგონია ვინმემ თავი კარგად იგრძნოს. მაგრამ, ახლა იგი აქედან მიდის, შენი წყალობით და იმით, რაც გააკეთე.
ამ ქალებს ვეზიზღები, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ მშიშარა ვარ. მათი უტვინო თავებით ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ განსხვავებულნი ვართ. შენ და ის ოთხი ქალი, ჩემგან, ბენიგნოსგან და მოწმისგან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით განსხვავდებით. თქვენ ხუთივე თითქმის მკვდარი იყავით, სანამ ნაგვალი გიპოვიდათ. მან გვითხრა, რომ ერთხელ თავის მოკვლაც კი სცადე. ჩვენ ასე არ ვიყავით. თავს კარგად ვგრძნობდით, ცოცხლები და ბედნიერები ვიყავით. ჩვენ თქვენგან საპირისპირო ვართ. თქვენ სასოწარკვეთილი ხალხი ხართ. მაგრამ, ჩვენ არა. ხენარო რომ არ გამეცნო, დღესაც ბედნიერი დურგალი ვიქნებოდი. ან იქნებ, უკვე მკვდარი ვყოფილიყავი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე იმას გავაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო და ეს მშვენიერი იქნებოდა.
მისმა სიტყვებმა ცნობისმოყვარე გუნებაზე დამაყენა. უნდა მეღიარებინა, რომ ის მართალი იყო, როდესაც თქვა, ეს ქალები და შენ სასოწარკვეთილები ხართო. დონ ხუანს რომ არ შევხვედროდი, ახლა უეჭველია, მკვდარი ვიქნებოდი, მაგრამ პაბლიტოს მსგავსად ვერ ვიტყოდი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. დონ ხუანმა ჩემს სხეულს სიცოცხლე და ძალა მოუტანა, ხოლო ჩემს სულს თავისუფლება.
პაბლიტოს განცხადებებმა გამახსენა, რა მითხრა დონ ხუანმა ერთხელ, როდესაც ჩემს მეგობარ მოხუც კაცზე ვსაუბრობდით. მან ძალიან ხაზგასმით მითხრა, რომ მოხუცის სიცოცხლეს ან სიკვდილს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ მეჩვენა, რომ დონ ხუანი სათქმელს აზვიადებდა.
მე ვუთხარი, ცხადია, რომ იმ მოხუცის სიცოცხლეს და სიკვდილს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამყაროში არაფერს შეიძლება ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა, გარდა პერსონალურად, ჩვენს მიერ მინიჭებული მნიშვნელობისთვის-მეთქი.
- როგორც იქნა, შენ თვითონ თქვი! - წამოიძახა მან სიცილით. - ზუსტად ამას ვგულისხმობ. მოხუცის სიცოცხლესა და სიკვდილს პირადად მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას შეეძლო მომკვდარიყო 1921-ში, ან 1950-ში, შეეძლო ცხრამეტ წლამდე ეცოცხლა, ან ოთხმოცდათხუთმეტ წლამდე. არ აქვს მნიშვნელობა. მისთვის ყველაფერი იდიოტურად ერთნაირია.
ჩემი ცხოვრებაც, სანამ დონ ხუანს შევხვდებოდი, ასეთივე იყო. ჩემთვის არასდროს არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ისე ვიქცეოდი, თითქოს ჩემზე რაღაცები მოქმედებდა, მაგრამ, ეს მხოლოდ გათვლილი ხრიკი იყო, რათა მგრძნობიარე ადამიანად გამოვჩენილიყავი.
პაბლიტომ დაილაპარაკა და ჩემი ფიქრები განდევნა. მას სურდა გაეგო, შემთხვევით ჩემი გრძნობები ხომ არ შეურაცხყო. დავარწმუნე, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. საუბრის ისევ წამოსაწყებად ვკითხე, სად გაიცნო დონ ხენარო.
- ბედისწერით, ჩემი უფროსი ავად გახდა. - თქვა მან. - ქალაქის ბაზარში მის მაგივრად წასვლა და ტანსაცმლის ჯიხურების ახალი განყოფილების აშენება მომიწია. ორი თვე ვმუშაობდი. იქ ყოფნისას ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელის ქალიშვილს შევხვდი. ერთმანეთი შეგვიყვარდა. მამამისის ჯიხური სხვებზე უფრო დიდი ავაშენე, სადაც სივრცე გვქონდა და სანამ მისი და კლიენტებზე ზრუნავდა, დახლის ქვეშ ვსიყვარულობდით ხოლმე.
ერთ დღესაც, ხენარომ საცალო ვაჭრობისთვის დახლთან სამკურნალო მცენარეები მოიტანა და სანამ გამყიდველთან საუბრობდა, შეამჩნია, რომ ტანსაცმლის სადგამი ყანყალებდა, თითქოს ვიღაც ანჯღრევდა. მან ყურადღებით დახედა სადგამს, მაგრამ მხოლოდ სკამზე ნახევრად მძინარე ჩემი მიჯნურის და დაინახა. გამყიდველმა ხეანროს უთხრა, რომ დღის ამ მონაკვეთში, ყოველდღურად, სადგამი თავისით იწყებდა ყანყალს. მეორე დღეს ხენარომ ნაგვალი მოიყვანა და მოყანყალე სადგამი უჩვენა, რომელიც ცხადია, ზუსტად იმ მონაკვეთში ირხეოდა. მესამე დღეს ისევ დაბრუნდნენ და კვლავ განაგრძეს სადგამის თვალიერება. ისინი მელოდნენ, სანამ დახლიდან გამოვიდოდი. ხენარო იმ დღეს გავიცანი და მან მითხრა, რომ სამკურნალო მცენარეების სპეციალისტი იყო. ხენარომ ისეთი წამლის დამზადება შემომთავაზა, რომელსაც ამქვეყნად ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებდა და მისი თქმით ნებისმიერი მათგანი ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდა. ქალები მომწონდა, ამიტომ მახეში გავები. ცხადია, მან წამალი გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, თანაც ამისთვის ათი წელი დასჭირდა. ამასობაში ახლოდან გავიცანი და ისე შემიყვარდა, თითქოს ჩემი ძმა იყო. ახლა კი ჯოჯოხეთურად მენატრება. მან მომატყუა. ზოგჯერ მიხარია, რომ ასე მოიქცა, თუმცა, უმეტესად, ვბრაზდები ხოლმე.
- პაბლიტო, დონ ხუანმა მითხრა, რომ ჯადოქრებმა, სანამ ვინმეს აირჩევენ, ნიშანი უნდა ნახონ. შენთან ასეთი რამ იყო?
- დიახ. ხენარომ თქვა, რომ სადგამის ყანყალისას დაინახა, როგორ სიყვარულობდა დახლის ქვეშ ორი ადამიანი. ამიტომ, ლოდინი მოუწია, როდის გამოვიდოდნენ დაკავებულები თავიანთი პოსტიდან. მას აინტერესებდა, ვინ იყვნენ ისინი. ცოტა ხნის შემდეგ გოგონა გავიდა, მაგრამ მას მე გამოვრჩი. იგი ძალიან გაკვირვებული დარჩა, როგორ ვერ მოახერხა ჩემი დანახვა, მაშინ როცა ასეთი ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს გამოჩენას. მეორე დღეს ნაგვალთან ერთად მოვიდა. მანაც დაინახა, რას აკეთებდა ორი ადამიანი დახლის ქვეშ, მაგრამ, როცა ჩემი გამოჭერის დრო მოვიდა, ახლა ორივეს გამოვრჩი. მესამე დღეს ისევ მოვიდნენ. ხენარომ დახლს შემოუარა, ნაგვალი კი წინ დარჩა. დახლიდან გახოხებისას ხენაროს შევეფეთე. ვიფიქრე, რომ ვერ შემამჩნია და ყეფა დავიწყე, რათა ჰგონებოდა, რომ დახლის ქვეშ ძაღლი იყო დამალული. ხენარომ შეშლილივით იღრიალა და ჩემზე მიუთითა, ამ დახლთან ცოფიანი ძაღლია შეჩურთულიო. ისე ყვიროდა, მეც დავიჯერე, რომ სადღაც ახლოში ძაღლი იყო. იმდენად შემეშინდა, სხვა გზით გავცოცდი, ინერციით წამოვდექი და ნაგვალს შევასკდი. ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად წაიქცეოდა, მაგრამ მან ცალი ხელით, პატარა ბავშვივით ამწია. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. ასეთი მოხუცი იყო, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად ძლიერი. ვფიქრობდი, რომ ამგვარი ძალის მქონდე ადამიანი ტყეში ხეებს ძირფესვიანად მოთხრიდა. გარდა ამისა, არ მინდოდა ნამუსი დამეკარგა იმ ადამიანების თვალში, რომლებმაც დამინახეს, როგორ მივცოცავდი დახლის ქვეშ. ნაგვალს ვკითხე, ისურვებდა თუ არა ჩემთან მუშაობას. იგი დამთანხმდა. იმავე დღეს, მაღაზიაში ჩემს ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ორი თვის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა. ამ ორ ეშმაკთან არანაირი შანსი არ მქონდა.
პაბლიტოსთვის მომუშავე დონ ხუანის წარმოდგენა ჩემთვის უკიდურესად სასაცილო იყო. პაბლიტო დონ ხუანს ბაძავდა, თუ როგორ დაატარებდა იგი ხის მორებს მხრებით. გონებაში ლა გორდას დავეთანხმე: პაბლიტო ისეთივე კარგი მსახიობი იყო, როგორც ჟოზეფინა.
- რატომ წავიდნენ ისინი ასეთი რთული გზით, პაბლიტო?
- მათ უნდა მოვეტყუებინეთ. იმედია არ ფიქრობ, რომ მაშინვე მათთან ერთად წავიდოდი. მთელი ცხოვრება ჯადოქრების, მკურნალების და სულების შესახებ მსმენოდა, მაგრამ არასოდეს არც ერთი სიტყვა არ მჯეროდა მათ შესახებ. ვფიქრობდი, რომ ამ საკითხების მორწმუნე ხალხი უცოდინრები იყვნენ. ხენაროს რომ ეთქვა, მე და ნაგვალი ჯადოქრები ვართო, მათ ზურგს შევაქცევდი. მაგრამ, ისინი ჩემთან შედარებით ზედმეტად ჭკვიანები იყვნენ. ორივე მართლაც უზადო მზაკვარი იყო. არ ჩქარობდნენ. ხენარომ თქვა, რომ დამელოდებოდა, თუნდაც ამას ოცი წელი დასჭირვებოდა. სწორედ ამიტომ დაიწყო ნაგვალმა ჩემთვის მუშაობა. მას თავად ვთხოვე. ასე რომ, მათი გასაღები ნამდვილად მე გამოვდექი.
ნაგვალი გულმოდგინე მუშა იყო. იმ დღეებში გაბღენძილი ტიპი ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ეს მე ვიყავი, ვინც მას იყენებდა. მართლა მჯეროდა, რომ ნაგვალი ერთი მოხუცი, სულელი ინდიელი იყო, ამიტომ უფროსს ვუთხარი, რომ იგი ბაბუაჩემი იყო, რადგან სხვა მხრივ არ დაიქირავებდა, თანაც ნაგვალის ანაზღაურების პროცენტსაც ვიღებდი. ნაგვალმა თქვა, რომ არაფერზე პრობლემა არ ჰქონდა. ყოველდღურად, მისი გამომუშავებულიდან რამდენიმე პესოს მაძლევდა.
ბაბუაჩემმა ჩემს უფროსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ძალიან მშრომელი მუშაკი იყო. მაგრამ, სხვა ბიჭები მას დასცინოდნენ. მოგეხსენება, მას დროდადრო სახსრების გაჭიმვის და გატკაცუნების ჩვევა ჰქონდა. ხალხი ფიქრობდა, რომ იგი მოხუცებულობისგან ძვლების დამტვრევის ზღვარზე იყო მისული.
მე ძლივსღა ვახერხებდი იმ აზრის შენარჩუნებას, რომ ნაგვალი თითქოს ჩემი ბაბუა იყო. მაგრამ, ხენარომ უკვე მშვენივრად იცოდა ჩემი ხარბი მხარე. მან მითხრა, რომ იგი ნაგვალს მცენარეებისგან დამზადებულ სპეციალურ ფორმულას აძლევდა, რომელიც მას ხარივით აძლიერებდა. ყოველ დღე მისთვის მწვანე ფოთლების პატარა შეკვრა მოჰქონდა და აჭმევდა. ხენარო ამბობდა, რომ მისი მეგობარი არაფერი იყო ამ მცენარეული ფორმულის გარეშე და ამის დასამტკიცებლად ორი დღის მანძილზე ნაგვალისთვის ფოთლები არ მოუტანია. ნაგვალი მცენარეების გარეშე თითქოს უბრალო, ჩვეულებრივი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხენარომ მითხრა, რომ მისი ფორმულების გამოყენება მეც შემეძლო, რათა გოგონებისთვის თავი შემეყვარებინა. ამან ძალიან დამაინტერესა და მან მითხრა, რომ ჩვენ შეგვეძლო პარტნიორები ვყოფილიყავით, თუ მას ამ ფორმულის დამზადებაში და ნაგვალისთვის მიცემაში დავეხმარებოდი. ერთ დღეს მან დოლარები მიჩვენა და მითხრა, რომ პირველი პარტია ვიღაც ამერიკელს მიჰყიდა. ამან კიდევ უფრო დამაინტერესა და მისი პარტნიორი გავხდი.
მე და ჩემს პარტნიორ ხენაროს შესანიშნავი დიზაინები გვქონდა. მან მირჩია, რომ საკუთარი მაღაზია გამეხსნა, რადგან მის მიერ დამზადებული ფორმულის გაყიდვით მიღებული თანხით ყველაფრის გაკეთებას შევძლებდი. მაღაზია ვიყიდე, რომელშიც ჩემმა პარტნიორმა გადაიხადა. ასე რომ, სულ მთლად ველური გავხდი. მე ვიცოდი, რომ ჩემი პარტნიორი ნამდვილად ჩემს მხარეს იყო და მწვანე ფორმულების დამზადებაზე მუშაობა დავიწყე.
პაბლიტოს მონათხრობის პარალელურად ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ხენაროს ფორმულების მომზადების დროს ფსიქოტროპული მცენარეები უნდა გამოეყენებინა. ვფიქრობდი, რომ რაღაც გზით ხენარო შეუმჩნევლად აძლევდა საჭმელად პაბლიტოს ამ მცენარეებს, რათა პაბლიტოს პარტნიორობა გაემყარებინა.
- პაბლიტო, ძალის მცენარეებს გაძლევდა? - ვკითხე მას.
- რა თქმა უნდა. - მიპასუხა მან. - მან თავისი მწვანე მცენარეები მომცა. ტონობით ვჭამდი.
მან აღწერა და მიბაძა როგორ იჯდა დონ ხუანი ხენაროს სახლის კართან ღრმა ლეთარგიის მდგომარეობაში და შემდეგ მაშინვე გამოცოცხლდებოდა, როგორც კი ტუჩებზე მცენარის შეხებას იგრძნობდა. პაბლიტომ თქვა, რომ ასეთი ტრანსფორმაციის გათვალისწინებით იგი იძულებული იყო, თავადაც ეცადა.
- რა იყო ეს ფორმულა? - ვკითხე პაბლიტოს.
- მწვანე ფოთლები. ნებისმიერი მწვანე ფოთოლი, რაც ხენაროს ხელში მოხვდებოდა. აი ასეთი ეშმაკი იყო ხენარო. თავის ფორმულაზე მელაპარაკებოდა და იქამდე მაცინებდა, სანამ ფუტკარივით არ დავიწყებდი ლივლივს. ღმერთო, ის დღეები ძალიან მიყვარდა.
ნერვიულად გაიცინა. პაბლიტომ თავი გვერდით გადახარა და ყელი ორ-სამჯერ ჩაიწმინდა. თითქოს ცდილობდა, არ ატირებულიყო.
- როგორც უკვე გითხარი, მაესტრო, სიხარბემ მძლია. - განაგრძო მან. - მე ფარულად ვგეგმავდი ჩემი პარტნიორის გაცურებას მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად ვისწავლიდი ფორმულის დამზადებას. ხენაროს ყოველთვის უნდა სცოდნოდა ჩემი მოტივები, წასვლამდე ერთი დღით ადრე ჩამეხუტა და მითხრა, რომ ჩემი სურვილის ასრულების დრო იყო. ჩემი პარტნიორის მოშორების დრო დადგა, რადგან მე უკვე ვისწავლე ფორმულის დამზადება.
პაბლიტო წამოდგა. თვალები ცრემლებით აევსო.
- ჩათლახი ხენარო. - თქვა მან რბილად. - ეს დამპალი ეშმაკი. მე იგი ნამდვილად მიყვარდა. ასეთი მშიშარა რომ არ ვიყო, როგორიც ახლა ვარ, მის ფორმულებს დავამზადებდი.
წერა აღარ მინდოდა. ჩემი მწუხარების გასაფანტად პაბლიტოს ვუთხარი, რომ ნესტორის მოსაძებნად უნდა წავსულიყავით.
ის იყო ჩანაწერებს ჩანთაში ვალაგებდი და წასასვლელად ვემზადებოდი, რომ სახლის კარები ხმამაღალი ჯახუნით გაიღო. ნესტორისკენ გავიქეცი. ოთახის შუაში ერთმანეთს შევხვდით. ჩამეხუტა და ზურგზე ხელი მომითათუნა. უფრო მაღალი და ძლიერი ჩანდა, ვიდრე ბოლოს ვნახე. მის გრძელ, გამხდარ სხეულს თითქოს კატის სირბილე შეეძინა. რატომღაც, ჩემს წინაშე მყოფი ადამიანი, რომელსაც ვუყურებდი, ის ნესტორი არ იყო, რომელსაც ვიცნობდი. მე იგი ძალიან მორცხვი მახსოვდა, რომელსაც ოღროჩოღრო კბილების გამო გაღიმება ერიდებოდა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის პაბლიტოს გვერდით იყო და მას უვლიდა. ის ნესტორი, რომელიც მიყურებდა, დონ ხუანის და დონ ხენაროს ნაზავი იყო. იგი ხენაროსავით მძლავრი იყო და დონ ხუანივით შარმიანი ხმის ტემბრი ჰქონდა, თითქოს მისი საუბარი კანონი იყო. მასთან ერთად ვიცინოდი, სხვანაირად არ შემეძლო. ზურგზე მეფერებოდა. ქუდი მოიხადა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ პაბლიტოს ქუდი არ ეხურა. შევამჩნიე, რომ ნესტორი გაცილებით მუქკანიანი იყო. მის გვერდით პაბლიტო თითქმის სუსტი ჩანდა. ორივეს ამერიკული Levi’s-ები ეცვათ.
ნესტორის სახლში ყოფნამ მყისვე შეამსუბუქა მძიმე განწყობა. მას ვთხოვე, სამზარეულოში შევსულიყავით.
- დროულად მოხვედი. - უთხრა პაბლიტომ ნესტორს უზარმაზარი ღიმილით, როდესაც დავსხედით. - მე და მაესტრო აქ ვტიროდით და ტოლტეკ ეშმაკებს ვიხსენებდით.
- მართლა ტიროდი, მაესტრო? - მკითხა ნესტორმა სახეზე ბოროტი ღიმილით.
- ნამდვილად ტიროდა. - უპასუხა პაბლიტომ.
წინა კარზე ძალიან რბილმა ტკაცუნის მაგვარმა ხმამ პაბლიტოს და ნესტორს საუბარი შეაწყვეტინა. მარტო რომ ვყოფილიყავი ვერაფერს შევამჩნევდი და ვერ გავიგებდი. პაბლიტო და ნესტორი წამოდგა.
მეც მათ მივბაძე. შემოსასვლელ კარს გავხედეთ. კარი ძალიან ნელა იღებოდა. ვფიქრობდი, რომ ალბათ ლა გორდა დაბრუნდა და კარის ჩუმად გაღებას ცდილობდა, რათა ჩვენთვის ხელი არ შეეშალა. როცა კარი საბოლოოდ ფართოდ გაიღო, ბენიგნო ისე შემოვიდა, თითქოს ბნელ ოთახში იპარებოდა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ფეხის თითების წვერებზე დადიოდა.
ყველანი ბენიგნოს ვუყურებდით, გაჩუმებულები. შემდეგ ცალი თვალი ოდნავ გაახილა და სამზარეულოსკენ ორიენტაციით დაიწყო უხმო ნაბიჯებით, თითის წვერებზე სიარული. ერთი წამით მაგიდასთან თვალებდახუჭული იდგა. პაბლიტო და ნესტორი დასხდა. მათ მანიშნეს, რომ იგივე გამეკეთებინა. შემდეგ ბენიგნომ თავისი სკამი ჩემს გვერდით მოაჩოჩა. მან თავი მხარზე რბილად დამადო. ეს მსუბუქი ნიშანი იყო, რათა ჩავწეულიყავი და მისთვის საკმარისი ადგილი გამეთავისუფლებინა. ბენიგნო დაჯდა, თვალები არ გაუხელია.
მასაც პაბლიტოს და ნესტორის მსგავსად Levi’s-ი ეცვა. მას შემდეგ, რაც ბოლო წლების წინ ვნახე, შევსებული სახე და განსხვავებული თმის ზოლი ჰქონდა, მაგრამ კარგად ვერ ვიხსენებდი. მას უფრო ღია ფერის კანი ჰქონდა ვიდრე მახსოვდა, პატარა კბილები, სავსე ტუჩები, მაღალი ლოყები, პატარა ცხვირი და დიდი ყურები. იგი ყოველთვის ბავშვად მეჩვენებოდა, რომლის თვისებებიც მომწიფებული არ იყო.
პაბლიტო და ნესტორი, რომლებმაც ბენიგნოს საყურებლად საუბარი შეწყვიტეს, როგორც კი დასხდა საუბარი განაახლეს, თითქოს არაფერი მომხდარა.
- რა თქმა უნდა, იგი ჩემთან ერთად ტიროდა. - თქვა პაბლიტომ.
- იგი შენსავით მტირალა არ არის. - უთხრა ნესტორმა პაბლიტოს. მერე ჩემკენ შემობრუნდა და ჩამეხუტა.
- ძალიან მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. - მითხრა მან. - ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ ლა გორდას და მან თქვა, რომ შენ ნაგვალი ხარ, მაგრამ არ უთქვამს, როგორ გადარჩი. როგორ გადარჩი, მაესტრო?
იმ მომენტში უცნაური არჩევანი მქონდა. შემეძლო ჩემს რაციონალურ გზას გავყოლოდი, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე და მეთქვა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა და მართალიც ვიქნებოდი, ან შემეძლო მეთქვა, რომ იმ ქალების ხელიდან ჩემმა ორეულმა დამიხსნა. გონებაში ვზომავდი ყოველი ალტერნატივის შესაძლო ეფექტს, როცა ბენიგნომ ყურადღება გამიფანტა. ერთი თვალი ოდნავ გაახილა, შემომხედა, შემდეგ ჩაიცინა და თავი მკლავებში ჩარგო.
- ბენიგნო, ჩემთან საუბარი არ გინდა? - ვკითხე მას.
ბენიგნომ თავი უარის ნიშნად გააქნია.
გადავწყვიტე მეკითხა, რა სჭირდა მას.
- რას აკეთებს? - ვკითხე ნესტორს დაბალი ხმით.
ნესტორმა ბენიგნოს თავზე ხელი გადაუსვა და შეარხია. ბენიგნომ წამით თვალები გაახილა და შემდეგ ისევ დახუჭა.
- ის ასეთია. - მითხრა ნესტორმა. - უკიდურესად მორცხვია. ადრე თუ გვიან თვალებს გაახელს. ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ მოიწყენს, დასაძინებლად წავა.
ბენიგნომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. თვალები არ გაუხელია.
- აბა, როგორ გადარჩი? - ნესტორი დაჟინებით მოითხოვდა ჩემს პასუხს.
- არ გინდა, გვითხრა? - მკითხა პაბლიტომ.
შეგნებულად ვთქვი, რომ ჩემი დუბლი საკუთარი სხეულიდან ერთი დღის მანძილზე სამჯერ ამოვიდა. მე მათ მომხდარის შესახებ ანგარიშს ვაძლევდი.
ჩემი მოხსენებით გაკვირვებულები არ ჩანდნენ. პაბლიტო აღფრთოვანებული იყო და ვარაუდს გამოთქვამდა, რომ შესაძლოა დონა სოლედადი ვეღარ გამოჯანმრთელებულიყო და მომკვდარიყო. მას სურდა გაეგო, ლიდიასაც ხომ არ დავარტყი. ნესტორმა პაბლიტოს გაჩუმების ნიშანი მისცა და პაბლიტო თვინიერად შეჩერდა შუა წინადადებისას.
- მაპატიე, მაესტრო. - თქვა ნესტორმა. - მაგრამ ეს შენი ორეული არ იყო.
- მაგრამ ყველამ თქვა, რომ ეს ჩემი ორეული იყო.
- ნამდვილად ვიცი, რომ შენ ლა გორდას არასწორად გაუგე, რადგან როცა ბენიგნო და მე ხენაროს სახლისკენ მივდიოდით, გზაზე ლა გორდა დაგვეწია და გვითხრა, რომ შენ და პაბლიტო ამ სახლში იყავით. მან შენ ნაგვალი გიწოდა. იცი რატომ?
მე გამეცინა და ვთქვი, რომ ეს მათი განცხადება იყო, როდესაც თქვეს, რომ დონ ხუანის სიკაშკაშის ყველაზე მეტი წილი მივიღე.
- ერთი ჩვენგანი სულელია! - თქვა ბენიგნომ ბოხი ხმით ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
მისი ხმის ტემბრი იმდენად უცნაური იყო, რომ მისგან კიდევ უფრო შორს გავჩოჩდი. მისი მოულოდნელი განცხადების და პლუს, ჩემი რეაქციის გამო, ყველას სიცილი აუტყდა. ბენიგნომ ცალი თვალი გაახილა და წამით შემომხედა, შემდეგ სახე ისევ მკლავებში ჩამალა.
- იცი, რატომ ვეძახით ხუან მატუსს ნაგვალს?
ვთქვი, რომ ყოველთვის მეგონა, ეს დონ ხუანის ჯადოქრად მოხსენიების კარგი საშუალება იყო-მეთქი.
ბენიგნოს სიცილის ხმამ ყველა დანარჩენის ხმა გადაფარა. თითქოს საკუთარი თავით უზომოდ ტკბებოდა. თავი მხარზე დამასვენა, თითქოს თავს ისე მძიმედ გრძნობდა, რომ რაღაცაზე უნდა ჩამოეყრდნო.
- მიზეზი, რის გამოც ჩვენ მას ნაგვალს ვეძახით ის არის, რომ მას ორად გაყოფა შეუძლია. - განაგრძო ნესტორმა. - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებოდა, სხვაგან წასვლა შეეძლო, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. მისგან რაღაც გამოდიოდა, რაღაც, რაც ორეული არ იყო, არამედ საშინელი, შემზარავი ფორმა, რომელიც მას ჰგავდა, მაგრამ მასზე ორჯერ დიდი იყო. ჩვენ ამ ფორმას ნაგვალს ვეძახით და ვისაც იგი გააჩნია, თავისთავად, ისიც ნაგვალია.
ნაგვალმა გვითხრა, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ ფორმის სხეულიდან გამოცალკევება, მაგრამ, მისი თქმით, ნაკლები შანსია, რომ რომელიმე ჩვენგანს ამის გაკეთება მოუნდეს. ხენაროს ამის გაკეთება არ უნდოდა, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენც არ გვინდა. როგორც ჩანს, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ამაში არის ჩარჩენილი.
ხითხითებდნენ და ყვიროდნენ, თითქოს ნახირს მიერეკებოდნენ. ბენიგნომ თვალებდახუჭულმა მომხვია მხრებზე ხელები, მის ლოყებზე სიცილისგან წამოსულ ცრემლებს ვხედავდი.
- რატომ ამბობ, რომ ამაში ჩარჩენილი ვარ? - ვკითხე ნესტორს.
- ამას ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება. - თქვა მან. - და ძალიან ბევრი სამუშაო. არც კი ვიცი, ფეხზე როგორ დგახარ.
ნაგვალმა და ხენარომ ერთხელ ევკალიპტის კორომში გაგყვეს. მათ იქ წაგიყვანეს, რადგან ევკალიპტი შენი ხეა. მე თვითონ იქ ვიყავი და შევესწარი, როცა შუაზე გაგყვეს და შენგან ნაგვალი გამოიყვანეს. ისინი იქამდე განაწევრებდნენ, სანამ უკვე მანათობელი კვერცხი აღარ იყავი, არამედ ორი სიკაშკაშის გრძელი ნაჭერი. შემდეგ ისევ გაგაერთიანეს, მაგრამ ჯადოქარს, რომელიც ხედავს, შეუძლია თქვას, რომ შუაში უზარმაზარი უფსკრულია.
- რა უპირატესობა აქვს გაყოფას?
- შენ გაქვს ყური, რომელსაც ყველაფერი ესმის და თვალი, რომელიც ყველაფერს ხედავს. შენ ყოველთვის შეძლებ დამატებითი მილის გავლას ნებისმიერ მომენტში. ეს გაყოფა არის მიზეზი, რის გამოც მათ გვითხრეს, რომ შენ მაესტრო ხარ.
ისინი პაბლიტოს გაყოფასაც ცდილობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. იგი ზედმეტად განებივრებულია და ყოველთვის ნაბიჭვარივით ტკბებოდა. ამიტომაც არის ახლა ასეთი გაფუჭებული.
- მაშინ, ორეული რა არის?
- ორეული, იგივე დუბლი, არის მეორე სხეული, რომელსაც ადამიანი სიზმარში იძენს. იგი ზუსტად საკუთარ თავს ჰგავს.
- თქვენ ყველას გყავთ ორეული?
ნესტორმა გაკვირვებით შემომხედა.
- პაბლიტო, მოუყევი მაესტროს ჩვენი დუბლის შესახებ. - თქვა მან სიცილით.
პაბლიტომ ბენიგნო შეანჯღრია.
- შენ მოუყევი, ბენიგნო. - თქვა მან. - უფრო უკეთესი, აჩვენე კიდეც.
ბენიგნო ფეხზე წამოდგა, თვალები რაც შეეძლო ფართოდ გაახილა, სახურავს ახედა, საცვალი ჩაიხადა და პენისი მაჩვენა.
ხენაროები სიცილით გაგიჟდნენ.
- მაესტრო, შენი შეკითხვა სერიოზულად დაგვისვი?
ნერვიული გამომეტყველებით მკითხა ნესტორმა.
ისინი დავარწმუნე, რომ სასიკვდილოდ სერიოზული ვიყავი ნებისმიერი რაიმეს ცოდნის სურვილით. გრძელ საუბარს ჩავუღრმავდი იმის შესახებ, თუ როგორ ინარჩუნებდა დონ ხუანი ყველა მათგანს ჩემგან შორს, იმ მიზეზების გამო, რომელთა გაგებაც ვერ მოვახერხე, რაც მათ შესახებ მეტის ცოდნაში ხელს მიშლიდა.
- ამაზე დაფიქრდით, - ვუთხარი მათ. - სამი დღის წინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ეს ოთხი ქალი ნაგვალის შეგირდები იყვნენ და არც ის, რომ ბენიგნო ხენაროს შეგირდი იყო.
ბენიგნომ თვალები გაახილა.
- ამაზე თავად იფიქრე, - თქვა მან. - აქამდე არ ვიცოდი, რომ ასეთი კრეტინი იყავი.
თვალები ისევ დახუჭა. ყველანი გაუჩერებლად იცინოდნენ. არჩევანი არ მქონდა, მათ ავყევი.
- ჩვენ უბრალოდ დაგცინოდით, მაესტრო. - თქვა ნესტორმა ბოდიშის მოხდის გამომეტყველებით. - გვეგონა, რომ შენ ჩვენ დაგვცინოდი. ნაგვალმა გვითხრა, რომ შენ ხედავ. თუ მართლა ხედავ, იმასაც დაინახავ, რომ ძალიან ვწუხვართ. ჩვენ არ გვაქვს სიზმარხილვის სხეული. ორეული არც ერთ ჩვენგანს არ ჰყავს.
ნესტორმა ძალიან სერიოზული სახით თქვა, რომ ორეულის ქონის მათ სურვილს შორის რაღაც ჩადგა. მისი ნათქვამი ისე გავიგე, რომ დონ ხუანის და დონ ხენაროს წასვლის შემდეგ მათ რაღაც ბარიერი შეექმნათ. იგი ფიქრობდა, რომ ეს შესაძლოა პაბლიტოს ჩაფლავების შედეგი იყო. პაბლიტომ დაამატა, რომ ნაგვალის და ხენაროს წასვლის შემდეგ მათ თითქოს რაღაც მოსდევდათ და ბენიგნოსაც კი, რომელიც იმ დროს მექსიკის ყველაზე სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდა, უკან დაბრუნება მოუწია. თავს მშვიდად მხოლოდ მაშინ გრძნობდნენ, როცა სამივენი ერთად იყვნენ.
- როგორ ფიქრობ, რა არის ეს? - ვკითხე ნესტორს.
- აქ არის რაღაც უკიდეგანო, რაც გვიზიდავს. - მიპასუხა მან. - პაბლიტო თვლის, რომ ეს ამ ქალების წინააღმდეგობის ბრალია.
პაბლიტო მომიბრუნდა. მის თვალებში ინტენსიური მზერა იდგა.
- მათ მე დამწყევლეს, მაესტრო. - თქვა მან. - მე ვიცი, რომ მთელი ჩვენი უბედურების მიზეზი მე ვარ. ლიდიასთან ჩხუბის შემდეგ მინდოდა ამ მხარეებიდან გავმქრალიყავი და რამდენიმე თვის შემდეგ ვერაკრუსში გავემგზავრე. იქ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი გოგოსთან ერთად, რომლის ცოლად მოყვანაც მინდოდა. სამსახური ვიშოვე და კარგად ვმუშაობდი, სანამ ერთ დღეს სახლში მოვედი და აღმოვაჩინე, რომ ოთხი ალქაჯი, მტაცებელი მხეცებივით, ჩემთან იყვნენ მოსულნი, თითქოს სუნზე მომაგნეს. ჩემს სახლში იყვნენ და ჩემს ქალს აწამებდნენ. ალქაჯმა როზამ თავისი მახინჯი ხელი ჩემს გოგოს ხელი მუცელზე დაადო და მან მომენტალურად ლოგინში ჩაიჯვა. აი ასე, უბრალოდ. მათმა ლიდერმა, ორას ოცმა დუნდულმა მითხრა, რომ მათ ჩემს მოსაძებნად მთელი კონტინენტი შემოიარეს. მან ხელი შარვლის ქამარზე ჩამავლო და სახლიდან ასე გამომიყვანა. ავტობუსში შემათრიეს და ჩემს აქ მოყვანას აპირებდნენ. იმაზე მეტად შევიშალე ჭკუიდან, ვიდრე თავად ეშმაკი, მაგრამ ორას ოც დუნდულს ვერ გავუმკლავდებოდი. იმდენი მოვახერხე, რომ გზაში მათ ხელიდან დავუსხლტი. ბორცვებზე და ბუჩქებზე იმდენ ხანს მივრბოდი, სანამ ფეხები არ დამისივდა და ფეხსაცმელს ვეღარ ვიხდიდი. კინაღამ მოვკვდი. ცხრა თვე ავად ვიყავი. მოწმეს რომ არ ვეპოვე, მოვკვდებოდი.
- მე არ მიპოვია. - თქვა ნესტორმა. - ლა გორდამ იპოვა. მან იქ მიმიყვანა, სადაც პაბლიტო იყო და ჩვენ ერთად მოვიყვანეთ იგი ავტობუსით აქამდე. უაზროდ ბოდავდა და დამატებითი საფასურის გადახდა მოგვიწია, რათა მძღოლი დაგვეთანხმებინა, რომ შეშლილი მგზავრი დაეტოვებინა და შუა გზაზე არ ჩამოეგდო.
ყველაზე დრამატული ტონით, პაბლიტომ თქვა, რომ მას აზრი ჯერაც არ შეუცვლია: სიკვდილი ისევ უნდოდა.
- მაგრამ, რატომ? - ვკითხე მას.
მის მაგივრად ბენიგნომ მიპასუხა გუგუნა, ბოხი ხმით.
- იმიტომ, რომ მისი პენისი არ მუშაობს. - თქვა მან.
მისი ხმის ტემბრი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, რომ ერთი წამით გამიჩნდა შთაბეჭდილება, თითქოს გამოქვაბულში საუბრობდა. ერთდროულად შემაშინებელი და შეუსაბამო ხმა ჰქონდა. თითქმის უკონტროლოდ გამეცინა.
ნესტორმა თქვა, რომ პაბლიტო მისთვის ნაგვალის მითითებების შესაბამისად დაკისრებული დავალების შესრულებას ცდილობდა, რომელიც ქალებთან სათითაოდ სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობდა. ნაგვალმა პაბლიტოს უთხრა,რომ სამყაროს ოთხივე კუთხე უკვე არსებობდა, ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო, მათი მიღება გახლდათ. მაგრამ, როდესაც პაბლიტო თავისი პირველი კუთხის, ლიდიას მოსაპოვებლად წავიდა, მან იგი თითქმის მოკლა. ნესტომა დაამატა, რომ ეს მისი პირადი აზრი იყო, როგორც ამ მოვლენის მოწმე: მიზეზი, რის გამოც ლიდიამ პაბლიტოს თავი დაარტყა, ის იყო, რომ პაბლიტო ვერ ასრულებდა მამაკაცურ მოვალეობას, ლიდიამ კი საშინელი შერცხვენისგან თავის ასაცილებლად, მას თავი დაარტყა.
- პაბლიტო ამ დარტყმის შედეგად მართლა დაავადდა? თუ თავს აჩვენებდა? - ვიკითხე ნახევრად ხუმრობით.
ბენიგნომ ისეთივე ბოხი ხმით მიპასუხა.
- თავს აჩვენებდა! მხოლოდ კოპი ამოუვიდა.
- ჩვენ პაბლიტოს არ ვადანაშაულებთ, რადგან ამ ქალების ეშინოდა. - თქვა ნესტორმა. - ისინი თავად ნაგვალს ჰგვანან. მასავით საშინელი მეომრები არიან. ისინი ბოროტები და გიჟები არიან.
- მართლა ფიქრობთ, რომ ისინი ასეთი ცუდები არიან?
- ის, რომ ისინი ცუდები არიან, სიტუაციის მხოლოდ ერთი ნაწილია. - თქვა ნესტორმა. - ისინი ნაგვალს ჰგვანან. სერიოზულები და პირქუშები არიან. როდესაც ნაგვალი მათთან იყო, ისინი მასთან ახლოს სხდებოდნენ და ნახევრად დახუჭული თვალებით ჰორიზონტს გასცქეროდნენ საათების, ზოგჯერ კი დღეების განმავლობაში.
- მართალია, რომ ჟოზეფინა დიდი ხნის წინ შეშლილი იყო? - ვკითხე მათ.
- სასაცილოა. - მიპასუხა ნესტორმა. - დიდი ხნის წინ არა. ის ახლაც შეშლილია. ჟოზეფინა ყველაზე შეშლილია მთელს მათ ხროვაში.
ხენაროებს მოვუყევი, რაც ჟოზეფინამ გამიკეთა. ვიფიქრე, რომ მის ბრწყინვალე მსახიობურ ნიჭს შეაფასებდნენ, მაგრამ, ჩემმა ამბავმა მათზე არასწორი გზით მოახდინა გავლენა. შეშინებული ბავშვებივით მისმენდნენ. ბენიგნომაც კი გაახილა თვალები.
- ვახ! - წამოიძახა პაბლიტომ. - ეს ბოზები მართლაც საშინლები არიან. შენ იცი, რომ მათი ლიდერი ორას ოცი დუნდულია. სწორედ იგი ისვრის ქვებს და შემდეგ იმალება, რათა თავი უცოდველ პატარა გოგონად მოგაჩვენოს. მასთან ფრთხილად იყავი, მაესტრო.
- ნაგვალმა ჟოზეფინა ისე გაწვრთნა, რომ იგი ნებისმიერი ყოფილიყო. - თქვა ნესტორმა. - მას ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეუძლია: ტირილის, სიცილის, გაბრაზების, ყველაფრის...
- მაგრამ, როგორია იგი მაშინ, როცა ამ გზით არ მოქმედებს? - ვკითხე ნესტორს.
- ღამურაზე უფრო გიჟია. - მიპასუხა ბენიგნომ რბილი ხმით. - მე მას პირველივე დღეს შევხვდი, როცა ჩამოვიდა. მე მომიწია მისი სახლში შეყვანა. ნაგვალი და მე ყოველთვის საწოლზე ვამაგრებდით. ერთხელ მან ტირილი მეგობრის გამო დაიწყო, პატარა გოგონასთვის, რომელთანაც ადრე თამაშობდა. სამი დღე გადაბმულად ტიროდა. პაბლიტო მას ანუგეშებდა და ბავშვივით კვებავდა. ისინი ერთმანეთს ჰგვანან. არც ერთმა არ იცის, როგორ გაჩერდეს, როგორც კი დაიწყებენ.
ბენიგნომ უეცრად ჰაერის დაყნოსვა დაიწყო. ფეხზე წამოდგა და ღუმლისკენ წავიდა.
- იგი მართლა მორცხვია? - ვკითხე ნესტორს.
- მორცხვი და ექსცენტრულია. - მის ნაცვლად პაბლიტომ მიპასუხა. - ასე იქამდე იქნება, სანამ თავის ფორმას არ დაკარგავს. ხენარომ გვითხრა, რომ ადრე თუ გვიან საკუთარ ფორმას დავკარგავთ, ამიტომ საჭირო არ არის საკუთარი თავი საწყალი გავხადოთ იმ ცვლილებების უშედეგო მცდელობებით, როგორც ამას ნაგვალი გვეუბნებოდა. ხენარომ გვითხრა, რომ უბრალოდ საკუთარი თავით ვისიამოვნოთ და არაფერზე ვინერვიულოთ. შენ და ქალები ნერვიულობთ და ცდილობთ. ჩვენ, მეორეს მხრივ, ვტკბებით. თქვენ არ იცით როგორ დატკბეთ საგნებით, ხოლო ჩვენ არ ვიცით, როგორ ვიყოთ უბედურები. ნაგვალი საკუთარი თავის საწყლად გახდომას უზადობას უწოდებდა. ჩვენ ამას სისულელეს ვეძახით. ამაზე რას იტყვი?
- შენ საკუთარ თავზე ლაპარაკობ, პაბლიტო. - უპასუხა ნესტორმა. - მე და ბენიგნო თავს ასე არ ვგრძნობთ.
ბენიგნომ საჭმლის თასი მოიტანა და ჩემს წინ დადო. იგი ყველას ემსახურებოდა. პაბლიტომ თასები დაათვალიერა და ბენიგნოს ჰკითხა, სად იპოვა ისინი. ბენიგნომ უპასუხა, რომ ისინი იმ ყუთში ნახა, რომელშიც ლა გორდა ჭურჭელს ინახავდა. პაბლიტომ დამარწმუნა, რომ ეს თასები ადრე მათ ეკუთვნოდათ, სანამ ისინი გაიყოფოდნენ.
- ფრთხილად უნდა ვიყოთ, - თქვა პაბლიტომ ანერვიულებული ტონით. - ეს თასები უთუოდ მოჯადოებულები არიან. იმ ბოზებმა მათში რაღაც ჩაყარეს. მე ლა გორდას თასით ჭამა მირჩევნია.
ნესტორმა და ბენიგნომ ჭამა დაიწყეს. შევამჩნიე, რომ ბენიგნომ ყავისფერი თასი მომცა. პაბლიტო ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდა. მისი განწყობის შემსუბუქება მინდოდა, მაგრამ ნესტორმა შემაჩერა.
- ნუ მიიღებ მას ასე სერიოზულად. - თქვა მან. - ასე ყოფნა უყვარს. დაჯდება და შეჭამს. სწორედ აქ მარცხდებით შენ და ქალები. თქვენ ვერ იგებთ, რომ პაბლიტო უბრალოდ ასეთია. რატომღაც თქვენ ელით, რომ ყველა ნაგვალივით იქნება. ლა გორდა ერთადერთია, ვინც მას მშვიდად აღიქვამს, და არა იმიტომ, რომ მისი ესმის, არამედ იმიტომ, რომ მან ფორმა დაკარგა.
პაბლიტო საჭმელად დაჯდა და ოთხივემ მთელი ქვაბი დავაცარიელეთ. ბენიგნომ თასები გარეცხა, ყუთში ფრთხილად დააბრუნა და შემდეგ ყველანი კომფორტულად დავსხედით მაგიდის გარშემო.
ნესტორმა შემომთავაზა, რომ როგორც კი დაბნელდებოდა, ყველას იმ ხევში გაგვესეირნა, სადაც დონ ხუანი, დონ ხენარო და მე დავდიოდით ხოლმე. თავი რაღაც უხალისოდ ვიგრძენი. მათ კომპანიაში თავს საკმარისად თავდაჯერებულად არ ვგრძნობდი. ნესტორმა თქვა, რომ ისინი სიბნელეში სიარულს მიჩვეულები იყვნენ და ჯადოქრის ხელოვნება ის იყო, რომ იგი ხალხმრავლობაში ყოფნისასაც კი შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. მე მას ვუთხარი, რა მითხრა ერთხელ დონ ხუანმა, სანამ იგი აქედან არც ისე შორს, უდაბნოს მთებში მარტო დამტოვებდა. მან მოითხოვა მთლიანად კონცენტრირება მომეხდინა იმაზე, რომ შესამჩნევი არ ვყოფილიყავი. მან თქვა, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ყველაფერს ერთი შეხედვით ცნობდნენ. იმ მიდამოებში ბევრი ადამიანი არ ცხოვრობდა, მაგრამ ამ ადგილებში ხშირად დადიოდნენ ხოლმე და უცხოებს კილომეტრიდან ამჩნევდნენ. მან მითხრა, რომ ბევრ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და შესაძლოა ჩემთვის ესროლათ კიდეც.
- სხვა სამყაროს არსებებზე ნუ ინერვიულებ. - თქვა დონ ხუანმა სიცილით. - რეალურად საშიშები მექსიკელები არიან.
- ეს ჯერ კიდევ ძალაშია. - თქვა ნესტორმა. - ეს ყოველთვის ძალაში იყო. სწორედ ამიტომ იყვნენ ნაგვალი და ხენარო არტისტები. მათ ამ ყველაფრის შუაგულში შეუმჩნევლად ყოფნა ისწავლეს. ისინი სტალკიგნის ხელოვნებას ფლობდნენ.
სიბნელეში სეირნობისთვის ჯერ კიდევ ადრე იყო. ნესტორისთვის ჩემი კრიტიკული შეკითხვის დასმა მინდოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვარიდებდი. კითხვის დასმისგან რაღაც უცნაური გრძნობა მიშლიდა ხელს. თითქოს პაბლიტოს პასუხის შემდეგ ინტერესი ამომეწურა. მაგრამ, თვითონ პაბლიტო დამეხმარა და თემა უეცრად ამ საკითხთან მიიყვანა, თითქოს ჩემს გონებას კითხულობდა.
- ნესტორიც იმავე დღეს გადახტა უფსკრულში. - თქვა მან. - ამ გზით იგი მოწმე გახდა, შენ მაესტრო გახდი და მე სოფლელი იდიოტი გავხდი.
ნესტორს სასხვათაშორისო მანერით ვთხოვე, ჩემთვის უფსკრულში გადახტომის შესახებ მოეყოლა. ვცდილობდი, რომ მსუბუქად დაინტერესებული გამოვჩენილიყავი. მაგრამ, ჩემი იძულებითი გულგრილობის შესახებ პაბლიტომ იცოდა. მან ჩაიცინა და ნესტორს უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან მოვლენების თავისი გადმოცემის გამო ღრმად იმედგაცრუებული ვიყავი.
- მე თქვენს შემდეგ გადავხტი. - თქვა ნესტორმა და ისე შემომხედა, თითქოს ჩემგან დამატებით კითხვას ელოდა.
- ჩვენს შემდეგ მაშინვე გადახტი?
- არა. მომზადებისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ხენაროს და ნაგვალს ჩემთვის არ უთქვამთ, რა უნდა გამეკეთებინა. ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის გამოცდა იყო. პაბლიტო სასოწარკვეთილი ჩანდა. სკამიდან წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ისევ დაჯდა და სასოწარკვეთილი ჟესტით თავი გააქნია.
- ნამდვილად დაინახეთ, რომ ზღვარზე გადავედით? - ვკითხე ნესტორს.
- მე მოწმე ვარ. მოწმედ ყოფნა ჩემი ცოდნის გზა იყო. თქვენთვის იმის უნაკლოდ თქმა, რისი მოწმეც ვიყავი, ჩემი ამოცანაა.
- რა ნახე სინამდვილეში?
- დავინახე, რომ ერთმანეთისთვის ხელი გქონდათ ჩაკიდებული და უფსკრულის კიდისკენ მირბოდით. - თქვა მან. - შემდეგ დავინახე, როგორ დაფრინავდით ცის თაღზე, პაბლიტო უფრო შორს წავიდა, სანამ ჩამოვარდებოდა. შენ ოდნავ მაღლა აიწიე უფსკრულის კიდიდან მცირე მანძილზე და შენც დაბლა დაეშვი.
- მაგრამ, ჩვენი სხეულებით გადავხტით?
- არა მგონია, სხვა შესაძლებლობა არსებობდეს. - თქვა მან და გაიცინა.
- შეიძლება, რომ ეს ილუზია ყოფილიყო?
- ამით რისი თქმა გინდა, მაესტრო. - მკითხა მან მშრალი ტონით.
- მინდა ვიცოდე, რა მოხდა სინამდვილეში.
- შენც პაბლიტოსავით ხომ არ გამოშტერდი? - მკითხა ნესტორმა გაბრწყინებული თვალებით.
ვცდილობდი, ნახტომის შესახებ ჩემი გაურკვევლობა ამეხსნა. მან შემაწყვეტინა. პაბლიტომ ნესტორის გაჩუმება სცადა და ისინი კამათში ჩაერთნენ. პაბლიტომ ნესტორისგან თავისი სკამი სანახევროდ განზე გააჩოჩა.
- ნესტორი თავის ცხვირს ვერ ხედავს. - მითხრა მან. - ბენიგნოც იგივეა. მათგან ვერაფერს მიიღებ. შენ ჩემი თანაგრძნობა მაინც გაქვს.
პაბლიტომ ჩაიცინა, მხრები აუკანკალდა და სახე ბენიგნოს ქუდში ჩამალა.
- თქვენ გადახტით. - მითხრა უცებ ნესტორმა. - ხენარომ და ნაგვალმა სხვა არჩევანი არ დაგიტოვეს. ეს იყო მათი ხელოვნება, რომ თქვენ მოებრუნებინეთ და შემდეგ კარიბჭემდე მიეყვანეთ, რომელიც ღია იყო. ასე რომ, თქვენ ზღვარს გასცდით. სწორედ ამის მოწმე გავხდი. პაბლიტო ამბობს, რომ იგი არაფერს გრძნობდა. ეს საეჭვოა. ვიცი, რომ მან ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ ასე აირჩია, რომ თქვას, თითქოს არაფერი უგრძნია.
- მე ნამდვილად არ ვიცოდი, რა ხდებოდა. - მითხრა პაბლიტომ ბოდიშის მოხდის ტონით.
- ალბათ. - მშრალად თქვა ნესტორმა. - მაგრამ მე თვითონ ვიცოდი და დავინახე თქვენი სხეულები, რომლებიც იმას აკეთებდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ: უფსკრულში ხტებოდნენ.
ნესტორის მტკიცებებმა უცნაური აზრები ამიშალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებდი დადასტურებას, რომელსაც თავად აღვიქვამდი. მაგრამ, როცა ეს დადასტურება მივიღე, მივხვდი, რომ ეს მაინც არაფერს ცხადყოფდა. იმის ცოდნა, რომ გადავხტი და ჩემს მიერ აღქმულის მეშინოდა, ერთი რამ იყო, ხოლო დადასტურების პოვნა, მეორე. ვიცოდი, რომ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. სულ მეგონა, რომ ვინმესგან ამის დამტკიცება ჩემს ეჭვებს და შიშებს გაამართლებდა. ვცდებოდი. ამან უფრო ამანერვიულა და უფრო მეტად ჩამრთო საკითხში.
მათ ვუთხარი, რომ სწორედ ამ საკითხის გასარკვევად ვიყავი მათთან ჩამოსული, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ნამდვილად აღარ მინდოდა. ორივემ ერთდროულად დაიწყო საუბარი და ბოლოს სამივე კამათში აღმოვჩნდით ჩართული. პაბლიტო ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა რა მოხდა, ნესტორმა ყვიროდა, რომ პაბლიტო თავს იდებილებდა, ხოლო მე მათ ვეუბნებოდი, რომ ამ ნახტომის შესახებ არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა.
ჩემთვის პირველად გახდა აშკარა, რომ არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა სიმშვიდე და თვითკონტროლი. არც ერთ ჩვენგანს არ სურდა სხვისთვის დაეთმო თავისი განუყოფელი ყურადღება ისე, როგორც დონ ხუანი და დონ ხენარო აკეთებდნენ ხოლმე. ვინაიდან ჩვენს აზრთა მიმოცვლაში ყოველგვარი წესრიგის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, საკუთარ თავში განხილვებში ჩავიძირე. ყოველთვის მეგონა, რომ ერთადერთი ნაკლი, რაც დონ ხუანის სამყაროში შესასვლელად ხელს მიშლიდა, ყველაფრის რაციონალიზების სურვილი იყო, მაგრამ პაბლიტოს და ნესტორის თანმყოფობამ საკუთარ თავზე ახალი შეხედულება მომცა. ჩემი დამატებითი ნაკლი გაუბედაობა იყო. როდესაც ერთხელ უკვე გავცდი საღი აზრის უსაფრთხო მოაჯირებს, საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი და იმ საოცრების მეშინოდა, რაც ჩემს თვალწინ დატრიალდა. ამგვარად მივხვდი, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, თითქოს უფსკრულიდან გადავხტი.
დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ ჯადოქრობის მთელი საკითხი აღქმას ეხებოდა და ამის დასტურად, მან და ხენარომ ჩვენი ბოლო შეხვედრისთვის მთის წვერზე კათარზისული დრამა გამართეს. მას შემდეგ, რაც დახმარებისთვის ყველას მადლობა გადავუხადე, დიდი აღტაცების მდგომარეობაში ჩავვარდი. იმ მომენტში მათ მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრეს და ჩემი სხეული აღქმის ერთადერთი შესაძლო აქტისკენ მიმართეს: უფსკრულში ნახტომისაკენ. ეს ნახტომი ჩემი აღქმის პრაქტიკული მიღწევა იყო არა როგორც საკუთარი თავის საშუალო კაცას აღქმისკენ, არამედ როგორც ჯადოქრისკენ.
ჩემი აზრების ჩაწერაში იმდენად ვიყავი გატაცებული, რომ ვერ შევამჩნიე, როდის შეწყვიტეს პაბლიტომ და ნესტორმა საუბარი. სამივე მიყურებდა. მათ ავუხსენი, რომ ჩემთვის ამ ნახტომის გაგების არანაირი გზა არ არსებობდა.
- გასაგები არაფერია. - თქვა ნესტორმა. - რაღაცები უბრალოდ ხდება და არავის შეუძლია თქვას, როგორ. ჰკითხე ბენიგნოს, სურს თუ არა რაიმეს გაგება.
- შენ გინდა, რომ გაიგო? - ხუმრობით ვკითხე ბენიგნოს.
- ნამდვილად! - წამოიძახა მან ღრმა ბასით, რითაც ყველა გააცინა.
- შენ ინდულგირებ, როდესაც ამბობ, რომ გაგება გინდა. - განაგრძო ნესტორმა. - ისევე როგორც პაბლიტო ინდულგირებს, როდესაც ამბობს, რომ არაფერი ახსოვს.
მან პაბლიტოს შეხედა და თვალი ჩამიკრა. პაბლიტომ თავი დახარა.
ნესტორმა მკითხა, შევამჩნიე თუ არა რაიმე პაბლიტოს განწყობაში, როდესაც გადახტომას ვაპირებდით. უნდა მეღიარებინა, მაშინ ნამდვილად არ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ისეთი დახვეწილი დეტალი შემემჩნია, როგორიც პაბლიტოს განწყობა იყო.
- მეომარმა ყველაფერი უნდა შეამჩნიოს. თქვა მან. - ეს არის მისი ხრიკი და როგორც ნაგვალმა თქვა, აქ არის მისი უპირატესობაც.
მან გამიღიმა და მიზანმიმართული უხერხულობის ჟესტით სახე თავის ქუდში დამალა.
- რა გამომრჩა პაბლიტოს განწყობაში? - ვკითხე მას.
- პაბლიტო უკვე გადახტა, სანამ სხვაგან წავიდოდა. - თქვა მან. - მას არაფრის გაკეთება არ დასჭირდებოდა. გადახტომის ნაცვლად, იქნებ კიდეზე ჩამოჯდა?
- რას გულისხმობ?
- მისი სხეული იშლებოდა. პაბლიტო იტყუება. ის რაღაცას მალავს.
პაბლიტოს ჩემთან საუბარი დაიწყო, შემდეგ რაღაც გაუგებრად ამოილუღლუღა და სკამზე დაეშვა. ნესტორმაც დაიწყო რაღაცის თქმა. მე მათ გაჩუმება ვაიძულე. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სწორად გავიგე.
- რას ნიშნავს, სხეული იშლებოდა?
ნესტორი დიდხანს უსიტყვოდ მიყურებდა. ჩემგან მარჯვნივ იჯდა. შემდეგ სკამი მდუმარედ გააჩოჩა ჩემს პირდაპირ.
- შენ სერიოზულად უნდა მიიღო ჩემი ნათქვამი. - თქვა მან. - უკან დასახევი გზა არ არსებობს, რათა დროის ბორბალი უკან, იქამდე დაატრიალოს, რაც ნახტომამდე ხდებოდა. ნაგვალმა თქვა, რომ მეომრად ყოფნა პატივი და სიამოვნებაა, ხოლო მისი ბედისწერაა ის გააკეთოს, რაც გასაკეთებელი აქვს. უნაკლოდ უნდა გითხრა, რისი მოწმეც გავხდი. პაბლიტო იშლებოდა. როდესაც უფსკრულისკენ გარბოდით, მყარი მხოლოდ შენ იყავი. პაბლიტო ღრუბელივით იყო. იგი ფიქრობს, რომ სახით აპირებდა დაცემას. შენ ფიქრობ, რომ ერთმანეთის ხელი გეჭირათ. არც ერთი არ ხართ მართალი და ეჭვიც არ მეპარება, ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, რომ მისთვის ხელი არ მოგეკიდებინა.
უზომოდ დავიბენი. მე ნამდვილად მჯეროდა, რომ ნესტორი გულწრფელად იმას ამბობდა, რაც დაინახა, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვდა, რომ პაბლიტოსთვის ხელი მქონდა ჩაკიდებული.
- რა მოხდებოდა, რომ არ ჩავრეულიყავი? - ვკითხე მათ.
- ამაზე ვერ გიპასუხებ. - მითხრა ნესტორმა. - მაგრამ მე ვიცი, რომ შენ თითოეულის სიკაშკაშეზე იმოქმედე. იმ მომენტში, როცა მას შეეხე, პაბლიტო უფრო მყარი გახდა, მაგრამ შენ ფუჭად დახარჯე შენი ძვირფასი ძალა.
- რა გააკეთე ჩვენი გადახტომის შემდეგ? - ვკითხე ნესტორს ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
- მას შემდეგ, რაც თქვენ ორნი გაქრით, ჩემი გრძნობები იმდენად დამსხვრეული იყო, რომ სუნთქვაც არ შემეძლო და გავითიშე, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით. მეგონა, რომ ეს ერთ წუთს გაგრძელდა. როცა ისევ გონს მოვედი, ნაგვალის და ხენაროს ძებნა დავიწყე. ისინი წასულები იყვნენ. მათ მთაზე ზევით-ქვევით ხმის ჩახლეჩამდე ვეძახდი, სანამ ხმა არ ჩამეხლიჩა. მაშინ მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. კლდის კიდეს მივუახლოვდი, ვცდილობდი ნიშანი მეპოვა, რომელსაც დედამიწა იძლევა, როდესაც მეომარი უკან დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა უკვე ძლიერ მონატრებას ვყავდი შეპყრობილი. მაშინ ვიცოდი, რომ ხენარო და ნაგვალი სამუდამოდ წავიდნენ. შემდეგ გამახსენდა, რომ თქვენთან დამშვიდობების და თქვენი გადახტომის შემდეგ, მათ ხელი დამიქნიეს და მეც დამემშვიდობნენ.
დღის იმ მონაკვეთში, იმ უკაცრიელ ადგილზე მარტო ყოფნა იმაზე მეტი იყო, რისი ატანაც შემეძლო. ერთი ხელის მოსმით ყველა მეგობარი დავკარგე, რომელიც სამყაროში გამაჩნდა. მიწაზე დამჯდარი ვტიროდი. უფრო და უფრო მეშინოდა, ისევ მთელი ხმით დავიწყე ყვირილი. ხენაროს სახელს ყველაზე ხმამაღლა ვყვიროდი. დაღამდა. ირგვლივ ვეღარაფერს ვარჩევდი. როგორც მეომარი, მე ვიცოდი, რომ მწუხარებისთვის თავის მიშვებასთან, გაიგივებასთან არანაირი საქმე არ უნდა დამეჭირა. თავის დასამშვიდებლად კოიოტივით ყმუილი დავიწყე, როგორც ნაგვალმა მასწავლა. ცოტა ხნის ყმუილის შემდეგ თავი ბევრად უკეთესად ვიგრძენი, თანაც იმდენად, რომ ჩემი მწუხარება დამავიწყდა. საერთოდ დამავიწყდა, რომ სამყარო არსებობდა. რაც უფრო მეტს ვყმუოდი, მით უფრო ადვილი იყო დედამიწის სითბოს და მფარველობის შეგრძნება.
საათები უნდა გასულიყო. უცებ ჩემს შიგნით, ყელის უკან დარტყმა ვიგრძენი, ყურებში კი ზარის ხმა ჩამესმა. გამახსენდა, რა უთხრა ნაგვალმა ელიჰიოს და ბენიგნოს, სანამ ისინი გადახტებოდნენ. მან თქვა, რომ ყელის შეგრძნება იქამდე მოდიოდა, სანამ ადამიანი სიჩქარის შეცვლისთვის მზადმყოფი გახდებოდა, ხოლო ზარის ხმა იყო საშუალება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი საჭიროების შესრულება იყო შესაძლებელი. მაშინ მინდოდა, რომ კოიოტი ვყოფილიყავი. ჩემს მკლავებს დავხედე, რომლებიც მიწაზე იყო განრთხმული. მათ ფორმა ჰქონდათ შეცვლილი და კოიოტს ჰგავდნენ. მკლავებზე და მკერდზე კოიოტის ბეწვებს ვხედავდი. კოიოტი ვიყავი! ამან ისე გამახარა, რომ კოიოტივით ტირილი დავიწყე. ვიგრძენი ჩემი კოიოტის კბილები და გრძელი, ბუსუსებიანი ენა. რატომღაც ვიცოდი, რომ მოვკვდი, მაგრამ არ მაინტერესებდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კოიოტი მკვდარი იყო თუ ცოცხალი. კოიოტის ფეხებით უფსკრულთან მივძუნძულდი და მასში გადავხტი. სხვა არაფერი მქონდა გასაკეთებელი.
ვგრძნობდი, როგორ ვეცემოდი ძირს კოიოტის სხეულით. ჰაერში დავტრიალდი. მაგრამ, სანამ ფსკერამდე მივაღწევდი, ისეთი მსუბუქი გავხდი, რომ დაცემის ნაცვლად ჰაერში დავცურავდი. ისეთი მსუბუქი ვიყავი! მჯეროდა, რომ სიკვდილი საბოლოოდ ჩემში იყო შემოსული. რაღაცამ შიგნიდან შემაძრწუნა და მშრალი ქვიშასავით დავიშალე. სიმშვიდეს და სრულყოფილებას ვგრძნობდი იქ, სადაც ვიყავი. როგორღაც ვიცოდი, რომ თან ვიყავი, თან არ ვიყავი. მე არაფერი ვიყავი. სულ ეს არის, რისი თქმაც ამის შესახებ შემიძლია. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, თითქოს მშრალი ქვიშა ისევ შეერწყა ერთმანეთს და კვლავ გავმთლიანდი. სიცოცხლეში დავბრუნდი და მოხუცი ჯადოქრის ქოხში ამოვყავი თავი, რომელიც მაცატეკის ტომიდან იყო. მან მითხრა, რომ სახელად პორფირიო ერქვა. ასევე დაამატა, რომ ჩემი დანახვით მოხარული იყო და ჩემთვის მცენარეების შესახებ ისეთი რაღაცების სწავლება დაიწყო, რაც ხენაროს არ უსწავლებია. მან მცენარეებთან მიმიყვანა და მცენარეების ყალიბები მაჩვენა, განსაკუთრებით მათზე არსებული ლაქები. მისი თქმით მცენარეებში ამ ლაქების დაკვირვებით ადვილად გავარჩევდი, რისთვის იყვნენ ისინი სასარგებლო, თუნდაც აქამდე არასოდეს მენახა მსგავსი მცენარეები. როდესაც დარწმუნდა, რომ ნიშნები ვისწავლე, დამემშვიდობა მაგრამ სამომავლოდ მასთან ისევ მიმიპატიჟა. იმ მომენტში ძლიერი ქაჩვა ვიგრძენი და ისევე დავიშალე, როგორც ადრე. მილიონობით ნაწილაკად ვიქეცი.
შემდეგ ისევ გავმთლიანდი და კვლავ პორფირიოს სანახავად დავბრუნდი. ბოლოს და ბოლოს, მან დამპატიჟა. ვიცოდი, რომ ნებისმიერ ადგილას წასვლა შემეძლო, მაგრამ პორფირიოს ქოხი ავირჩიე, რადგან იგი ჩემდამი კეთილგანწყობილი იყო და თანაც რაღაცებს მასწავლიდა. არ მინდოდა გამერისკა და რაღაც საშინელებები მეპოვა. პორფირიომ ამჯერად ცხოველების ყალიბთა სანახავად წამიყვანა. სწორედ იქ დავინახე ჩემი ნაგვალი ცხოველი. ერთმანეთს დანახვისთანავე ვიცნობდით. პორფირიოს ძალიან გაუხარდა ასეთი მეგობრობის დანახვა. პაბლიტოს და შენი საკუთარი ნაგვალიც ვნახე, მაგრამ მათ ჩემთან საუბარი არ ისურვეს. მოწყენილები ჩანდნენ. მათგან დაჟინებით ლაპარაკს არ ვითხოვდი. არ ვიცოდი, რა გააკეთე შენს ნახტომში. ვიცოდი, რომ თავად გარდაცვლილი ვიყავი, მაგრამ ჩემმა ნაგვალმა მითხრა, რომ გარდაცვლილი არ ვიყავი და თქვენ ორნიც ცოცხლები იყავით. ჩემს ნაგვალს ელიჰიოს შესახებ ვკითხე და მან თქვა, რომ იგი სამუდამოდ წავიდა. მაშინ გამახსენდა მომენტი, როდესაც ელიჰიოს და ბენიგნოს გადახტომის მოწმე გავხდი. ნახტომამდე ცოტა ხნით ადრე ნაგვალმა ბენიგნოს მითითება მისცა, რომ არ მოეძებნა უცნაური ხილვები და სამყაროები საკუთარი არსების გარეთ. ნაგვალმა უთხრა, რომ მხოლოდ საკუთარი სამყაროს შესახებ ესწავლა, რადგან სწორედ ასე იპოვიდა მისთვის ხელმისაწვდომი ძალაუფლების ერთადერთ ფორმას. ნაგვალმა მათ სპეციალური ინსტრუქციები მისცა, რათა ძალების აღდგენის მიზნით მათი ნაწილები მაქსიმალურად აფეთქებულიყო. მეც იგივე გავაკეთე. ტონალიდან ნაგვალში თერთმეტჯერ გავიარე. ყოველ ჯერზე პორფირიო მიღებდა, რომელიც უფრო და უფრო მეტს მასწავლიდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემი ძალა იკლებდა, მე მას ნაგვალში აღვადგენდი იმ დრომდე, სანამ იქამდე არ აღვადგინე, რომ ისევ დედამიწაზე აღმოვჩნდი.
- დონა სოლედადმა მითხრა, რომ ელიჰიოს უფსკრულში გადახტომა არ დასჭირვებია. - ვთქვი მე.
- იგი ბენიგნოსთან ერთად გადახტა. - თქვა ნესტორმა. - ჰკითხე მას, თავისი საყვარელი ხმით გეტყვის.
ბენიგნოს მივუბრუნდი და მისი ნახტომის შესახებ ვკითხე.
- ჩვენ ნამდვილად ერთად გადავხტით! - მიპასუხა მან მღელვარე ხმით. - მაგრამ, მე არასოდეს ვსაუბრობ ამაზე.
- რა გითხრა სოლედადმა ელიჰიოს შესახებ? - მკითხა ნესტორმა.
მათ ვუთხარი, რომ სოლედადის თქმით ელიჰიო რაღაცამ წაიყვანა, როდესაც ღია მინდორში მუშაობდა.
- იგი საფუძვლიანად დაბნეულია. - თქვა ნესტორმა. - ელიჰიო მოკავშირეებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ მას არც ერთი მათგანი არ სურდა, ამიტომ მათ გაუშვეს. ამას ნახტომთან არაფერი აქვს საერთო. ლა გორდამ თქვა, რომ გუშინ მოკავშირეებთან ბრძოლა გქონდათ. არ ვიცი რა გააკეთეთ, მაგრამ თუ მათი დაჭერა ან მოტყუება გინდათ, რათა თქვენთან დარჩნენ, მაშინ მოგიწევთ, რომ მათთან ერთად დატრიალდეთ. ზოგჯერ ისინი საკუთარი სურვილით მოდიან ჯადოქართან და მას ატრიალებენ. ელიჰიო საუკეთესო მეომარი იყო, ამიტომაც მოკავშირეები მასთან საკუთარი სურვილით მივიდნენ. თუ რომელიმე ჩვენგანს მოკავშირეები მოუნდება, წლობით უნდა ვეხვეწოთ და ასეც რომ მოვიქცეთ, მეეჭვება, ისინი საერთოდ დაფიქრდნენ მაინც ჩვენს დახმარებაზე.
ელიჰიოს ყველა დანარჩენის მსგავსად მოუწია გადახტომა. მის ნახტომს შევესწარი. იგი ბენიგნოსთან იყო დაწყვილებული. ბევრი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება, იმაზეა დამოკიდებული, თუ რას აკეთებს პარტნიორი. ბენიგნო ელიჰიოს ცოტათი ჩამორჩება, რადგან მისი პარტნიორი უკან არ დაბრუნებულა. ასე არ არის, ბენიგნო?
- ნამდვილად! - უპასუხა ბენიგნომ თავისი საყვარელი ბასით.
ცნობისმოყვარეობას დავნებდი, რომელიც ბენიგნოს მიერ წარმოთქმული პირველივე სიტყვის გაგების შემდეგ მაწუხებდა. ვკითხე, როგორ გამოსცემდა ასეთ უცნაურ ხმას. ჩემკენ შემობრუნდა, გასწორდა და პირისკენ მიმითითა, თითქოს უნდოდა, რომ მისი პირისთვის მტკიცე ყურადღებით შემეხედა.
- არ ვიცი! - დაიროხროხა მან. - უბრალოდ პირს ვაღებ და ეს ხმა ამოდის!
- ხენარომ მას თავისი ხმები დაუტოვა. - მითხრა ნესტორმა. - იქამდე მოითმინე, სანამ გაკუებას მოინდომებს.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბენიგნო თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ემზადებოდა.
- მოიცადე ბენიგნო, მოიცადე. - ხელები გავასავსავე. - არ არის საჭირო.
- ოჰ! - იმედგაცრუებული ტონით წამოიძახა ბენიგნომ. - საუკეთესო მხოლოდ შენთვის მქონდა შემონახული.
პაბლიტომ და ნესტორმა იმდენი იცინეს, რომ ბენიგნომაც კი ვეღარ მოახერხა სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება და მათ აჰყვა.
- მითხარი, კიდევ რა დაემართა ელიჰიოს? - ვკითხე ნესტორს, როცა დაწყნარდნენ.
- მას შემდეგ, რაც ელიჰიო და ბენიგნო გადახტა, ნაგვალმა სწრაფად მიმიყვანა უფსკრულის კიდესთან, რათა ნიშანი დამეჭირა, რომელსაც დედამიწა იძლევა, როცა მეომრები უფსკრულში ხტებიან. თუ არის რაღაც პატარა ღრუბელი, ან ქარის სუსტი ნაკადი, მეომრის დრო დედამიწაზე ჯერ არ დასრულებულა. იმ დღეს, როცა ელიჰიო და ბენიგნო გადახტა, ვიცოდი, ბენიგნოს გადახტომისას ჰაერი შეირხა, რითაც დავრწმუნდი, რომ მისი დრო ამოწურული არ იყო. მაგრამ, ელიჰიოს მხარე დუმდა.
- როგორ ფიქრობ, რა დაემართა ელიჰიოს? მოკვდა?
სამივემ შემომხედა. ერთი წუთით გაჩუმდნენ. ნესტორმა ხელები გადაიჯვარედინა. ბენიგნომ ჩაიცინა და თავი გააქნია. ახსნა ვცადე, მაგრამ ნესტორმა ხელით შემაჩერა.
- ამ კითხვებს სერიოზულად სვამ? - მკითხა მან.
ჩემს ნაცვლად ბენიგნომ უპასუხა. როდესაც არ მსახიობობდა, მისი ხმა ღრმა და მელოდიური იყო. მან თქვა, რომ ნაგვალმა და ხენარომ ისეთნაირად მოგვაწყვეს, რომ ყველა ჩვენგანი ფლობდა ინფორმაციას, რომელიც სხვებს არ ჰქონდათ.
- კარგი, თუ ასეა, მაშინ გეტყვით. - თქვა ნესტორმა და გაიღიმა, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოიხსნა. - ელიჰიო არ მომკვდარა. საერთოდაც არა.
- ახლა სად არის?
ისევ გადახედეს ერთმანეთს. ისეთი განცდა მქონდა, რომ სიცილს ძლივს იკავებდნენ. მათ ვუთხარი, რომ ელიჰიოს შესახებ მთელი ჩემი ცოდნა იმისგან შედგებოდა, რაც დონა სოლედადმა მითხრა. მან თქვა, რომ ელიჰიო სხვა სამყაროში ნაგვალთან და ხენაროსთან ერთად იყო. ჩემთვის ეს ისე ჟღერდა, თითქოს სამივე გარდაიცვალა.
- რატომ ლაპარაკობ ასე, მაესტრო? - ღრმა შეშფოთების ტონით მკითხა ნესტორმა. - ასე პაბლიტოც კი არ ლაპარაკობს.
მეგონა, რომ პაბლიტო გაპროტესტებას აპირებდა. კინაღამ წამოდგა, მაგრამ ბოლოს თითქოს აზრი შეიცვალა.
- დიახ, ასეა. - თქვა მან. - ასე მეც კი არ ვლაპარაკობ.
- თუ ელიჰიო არ მომკვდარა, მაშინ, სად არის?
- სოლედადმა უკვე გითხრა. ელიჰიო ნაგვალთან და ხენაროსთან წავიდა.
გადავწყვიტე, რომ კითხვები აღარ დამესვა. არასდროს მქონია განზრახვა, რომ ჩემი გამოკითხვები აგრესიული ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, ყოველთვის ასე აღიქვამდნენ. გარდა ამისა, ისეთი განცდა მქონდა, რომ მათ ჩემზე მეტი არ იცოდნენ.
ნესტორი უცებ წამოდგა და წინ და უკან სიარული დაიწყო. ბოლოს მაგიდიდან ჩემი მკლავები მოაშორა. მას არ უნდოდა, რომ დამეწერა. მან მკითხა, პაბლიტოს მსგავსად მართლა ბრიყვი ხომ არ გავხდი, ნუთუ გადახტომისას არაფერი მახსოვდა. ვუპასუხე, რომ რამდენიმე ცხადი სიზმარი და ხილვა მქონდა, რომელთა ახსნა არ შემეძლო და განმარტების მოსაძებნად სწორედ ამ მიზნით ვიყავი მათთან ჩამოსული. მათ სურდათ ყველა იმ ხილვის შესახებ გაეგოთ, რაც მე მქონდა.
ჩემი ცნობების მოსმენის შემდეგ, ნესტორმა თქვა, რომ შენი ხილვები უცნაური თანმიმდევრობით იყო დალაგებული და მათგან მხოლოდ ორ ხილვას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ამ სამყაროსთვის. დანარჩენები უცხო სამყაროს ხილვები იყვნენ. მან განმარტა, რომ ჩემი პირველი ხილვა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან მას სათანადო ნიშანი ჰქონდა. მან თქვა, რომ ჯადოქრები ყოველთვის პირველად იღებდნენ ნებისმიერი მოვლენის შესახებ წინასწარ გეგმას ან რუკას, სანამ იგი მომავალში განვითარდება.
ამ კონკრეტულ ხილვაში უცნაურ სამყაროს ვუყურებდი. ჩემს თვალწინ უზარმაზარი კლდე იდგა, რომელიც ორად იყო გაჭრილი. მასში გაჭრილი ფართო უფსკრულიდან უსაზღვრო ფოსფორისფერ დაბლობს ვხედავდი, რომელიც მომწვანო-მოყვითალო შუქით იყო გაჟღენთილი. ხეობის ერთი მხარე უზარმაზარი კლდეებით იყო დაფარული, რომელსაც წარმოუდგენელი, გუმბათის მსგავსი სტრუქტურა ჰქონდა. იგი ბნელი იყო, თითქმის ნახშირისფერი ნაცრისფერი. ზომების მიხედვით, სიმაღლეში ორმოცდაათი ათასი ფუტი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიგრძეში მრავალი მილი. ამხელა სივრცის დანახვამ დამაბრმავა. თავბრუსხვევის შეგრძნება მქონდა და დაშლის მდგომარეობაში ჩავვარდი.
შემდეგ კიდევ ერთხელ დავბრუნდი და ძალიან არათანაბარ, ბრტყელ ზედაპირზე აღმოვჩნდი. ეს იყო მბზინავი, დაუსრულებელი ზედაპირი, ისევე როგორც დაბლობი, რომელიც აქამდე ვნახე. გარემოს შესამოწმებლად თავს მარცხნიდან მარჯვნივ ვაბრუნებდი და პირიქით. თუმცა, როცა შემობრუნება და ჩემს უკან გახედვა მომინდა, ჩემი სხეულის დიდი ნაწილის გამოძრავებას ვერ ვახერხებდი.
დაბლობი მონოტონურად ვრცელდებოდა, თანაბრად მარცხნივ და მარჯვნივ. სხვა არაფერი ჩანდა დაუსრულებელი, მოთეთრო სივრცის გარდა. მინდოდა ფეხქვეშ მიწისთვის დამეხედა, მაგრამ თვალები დაბლა ვერ მოძრაობდა. თავი ავწიე და ზემოთ ავიხედე. რაც დავინახე იყო კიდევ ერთი უსაზღვრო, მოთეთრო ზედაპირი, რომელიც თითქოს იმასთან იყო დაკავშირებული, რომელზეც ვიდექი. ასე მეჩვენებოდა. შიშის განცდა მქონდა და ვგრძნობდი, რომ ახლა ჩემთვის რაღაც უნდა გამხელილიყო. მაგრამ, დაშლის მოულოდნელმა, დამანგრეველმა რხევებმა ჩემი გამოცხადება შეაჩერა. რაღაც ძალამ ქვევით მიბიძგა. თითქოს მოთეთრო ზედაპირმა ჩამყლაპა.
ნესტორმა თქვა, რომ გუმბათის ხილვას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ეს კონკრეტული ფორმა ჰქონდათ ნაგვალს და ხენაროს იზოლირებული, სადაც მათი თქმით, ოდესმე ყველა ჩვენგანი უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.
ბენიგნომ დაილაპარაკა და მითხრა, თუ როგორ გაიგო ნაგვალის მიერ ელიჰიოსთვის მიცემული მითითება, რომ ეს გუმბათი მოეძებნა. მან თქვა, რომ ნაგვალი და ხენარო ელიჰიოსგან დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ელიჰიოს სწორად გაეგო მათი მოტივი. მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ ელიჰიო საუკეთესო იყო. ამიტომ, მას უბრძანეს, ეპოვა გუმბათი და ისევ და ისევ შესულიყო მის მოთეთრო სარდაფებში.
პაბლიტომ თქვა, რომ სამივეს დაევალა იმ გუმბათის პოვნა, თუ ამას შეძლებდნენ, მაგრამ ეს ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. მე მათ პრეტენზიული ტონით გავუმხილე, რომ არც დონ ხუანს და არც დონ ხენაროს არასდროს მსგავსი რამ ჩემთვის არ უთქვამთ. გუმბათთან დაკავშირებით არანაირი ინსტრუქცია არ მქონდა.
მაგიდასთან მჯდომი ბენიგნო უცებ წამოდგა და ჩემთან მოვიდა. ჩემს მარცხნივ დაჯდა და ყურში ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა, რომ ალბათ ორმა მოხუცმა ამის შესახებ მითხრა და არ მახსოვდა, ან ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, რადგან ამ ადგილზე ჩემი ყურადღების ფიქსაცია არ მომეხდინა, როგორც კი მას ვიპოვიდი.
- რატომ არის გუმბათი ასეთი მნიშვნელოვანი? - ვკითხე ნესტორს.
- იმიტომ, რომ ნაგვალი და ხენარო იქ არიან. - მიპასუხა მან.
- სად არის ეს გუმბათი?
- სადღაც ამ დედამიწაზე.
მათთვის ვრცელი ლექციის წაკითხვა მომიწია იმის შესახებ, რომ შეუძლებელი იყო, ამხელა სივრცის მქონე კონსტრუქციას ჩვენს პლანეტაზე ეარსება. მათ ვუთხარი, რომ ჩემი ხილვა უფრო სიზმარს ჰგავდა და ასეთი გუმბათი მხოლოდ ფანტაზიებში შეიძლება არსებობდეს. იცინოდნენ და ხელებს ნაზად მითათუნებდნენ, თითქოს ბავშვს ეხუმრებოდნენ.
- გინდა იცოდე, სად არის ელიჰიო? - თქვა უცებ ნესტორმა. - კარგი. იგი ამ გუმბათის თეთრს სარდაფებში ნაგვალთან და ხენაროსთან ერთად არის.
- მაგრამ, ეს გუმბათი ხილვა იყო. - გავაპროტესტე.
- მაშინ, ელიჰიო ხილვაშია. გაიხსენე, რა გითხრა ბენიგნომ. ნაგვალმა და ხენარომ არ გითხრეს, რომ გუმბათი გეპოვა და მასში დროდადრო დაბრუნებულიყავი. ასე რომ ყოფილიყო, შენ ახლა აქ არ იქნებოდი. ელიჰიოსავით იქნებოდი, ამ ხილვის გუმბათში. ელიჰიო არ მომკვდარა, როგორც ქუჩაში უპატრონოდ მიგდებული კაცი კვდება ხოლმე. იგი უბრალოდ თავისი ნახტომიდან არ დაბრუნებულა.
მისი სიტყვები ჩემთვის გამაოგნებელი იყო. მე არ შემეძლო განზე გამეწია იმ ხილვების სიცხადე, რომლებიც მქონდა, მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზის გამო მასთან კამათი მინდოდა. ნესტორმა არაფრის სათქმელად დრო არ მომცა და ჩემი მომდევნო ხილვა გამახსენა: მომდევნო, უკანასკნელი ხილვა. ეს ყველაზე კოშმარული ხილვა იყო. აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც უცნაური, უხილავი არსება მომდევდა. ვიცოდი, რომ იგი ახლოს იყო, მაგრამ ვერ ვხედავდი, თუმცა არა იმიტომ რომ უხილავი იყო, არამედ იმიტომ, რომ სამყარო, რომელშიც ვიყავი, წარმოუდგენლად უცნობი იყო. საერთოდ არ ვიცოდი, ნებისმიერი საგანი რას წარმოადგენდა. ისინი ნამდვილად არ იყვნენ ამ სამყაროდან. ემოციური სტრესი, რაც ასეთ ადგილას დაკარგვისას განვიცადე, იმაზე მეტი იყო, რისი ატანაც შემეძლო. ერთ მომენტში ჩემს ფეხქვეშ ზედაპირმა, სადაც ვიდექი, კანკალი დაიწყო. ვიგრძენი, როგორ ჩავვარდი დაბლა, მაგრამ რაღაც ტოტისმაგვარს მოვეჭიდე. როგორც კი მას შევეხე, მთლიანად მაჯაზე შემომეხვია, თითქოს ნერვებით სავსე იყო და ყველაფერს გრძნობდა. ვგრძნობდი, როგორ ავიწიე უზარმაზარ სიმაღლემდე. ქვემოთ დავიხედე და წარმოუდგენელი ცხოველი დავინახე. ვიცოდი, რომ ეს იყო ის არსება, რომელიც მომდევდა. ზედაპირიდან, რომელიც მიწას ჰგავდა, მაღლა ამოდიოდა. მისი უზარმაზარი პირი დავინახე, რომელიც გამოქვაბულივით გაიღო. სისხლის გამყინავი, საფუძვლიანად არამიწიერი ღრიალი გავიგე, ოხშივარივით სუნთქვის ხმაც მესმოდა. შემდეგ საცეცებმა დამიჭირეს და იმ გამოქვაბულის პირში ჩავვარდი. როდესაც მასში ვვარდებოდი, პირის ყოველი დეტალი გარკვევით დავინახე. იგი ჩემი ჩაყლაპვის შემდეგ დაიხურა. მაშინვე მყისიერი წნევა ვიგრძენი, რომელმაც ჩემი სხეული დალეწა.
- შენ უკვე მოკვდი. - თქვა ნესტორმა. - ამ ცხოველმა შეგჭამა. შენ გაბედე და ამ სამყაროს მიღმა გაიხედე, შედეგად კი ჭეშმარიტი საშინელება იპოვე. ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი იმაზე რეალური არ არის, ვიდრე შენი ხანმოკლე ცხოვრება იმ ადგილას და მონსტრის ხახაში სიკვდილი. ეს ცხოვრება, რომელიც ახლა გვაქვს, მხოლოდ ხანგრძლივი ხილვაა. ახლა მიხვდი?
სხეულში ნერვულმა სპაზმმა დამიარა.
- მე ამ სამყაროს მიღმა არ წავსულვარ. - განაგრძო მან. - მაგრამ ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. მე შენნაირი საშინელებათა ზღაპრები არ მაქვს. პორფირიოს ათჯერ ვესტუმრე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამოდ მასთან წავიდოდი, მაგრამ ჩემი მეთერთმეტე გადასვლა იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ჩემი მიმართულება შეცვალა. ვიგრძენი, რომ პორფირიოს ქოხს გავცდი და იმის ნაცვლად, რომ მის კართან ვყოფილიყავი, ქალაქში აღმოვჩნდი, ჩემი მეგობრის ადგილთან ძალიან ახლოს. მეგონა, რომ ეს სასაცილო იყო. ვიცოდი, რომ ტონალსა და ნაგვალს შორის ვმოგზაურობდი. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მოგზაურობა განსაკუთრებული სახის უნდა იყოს. ამიტომ დავინტერესდი და გადავწყვიტე, ჩემი მეგობარი მენახა. მაინტერესებდა, მართლა მოვახერხებდი თუ არა მის ნახვას. მის სახლთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე, როგორც აქამდე ათასჯერ გამიკეთებია. მისმა ცოლმა სახლში შემიშვა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მეგობარი სახლში იყო. მართალიც აღმოვჩნდი. მეგობარს ვუთხარი, რომ ქალაქში საქმეზე ვიყავი ჩამოსული და მან ვალიც კი გადამიხადა, რაც ადრე ჰქონდა ჩემგან ნასესხები. ფული ჯიბეში ჩავიდე. ვიცოდი, რომ ჩემი მეგობარი და მისი ცოლი, ფული, მისი სახლი და მთელი ქალაქი ისეთივე ხილვა იყო, როგორც პორფირიოს ქოხის ხილვა. ვიცოდი, რომ ჩემს მიღმა არსებულ ძალას შესაძლოა ყოველ წამს დავეშალე. ამიტომ დავჯექი, რომ ჩემს მეგობართან ყოფნით მთლიანად დავმტკბარიყავი. ვიცინოდით და ვხუმრობდით. შემიძლია ვთქვა, რომ მხიარული, მსუბუქი და მომხიბვლელი ვიყავი. იქ დიდხანს დავრჩი, დაშლას ველოდი. ვინაიდან დაშლა არ მოვიდა, წამოსვლა გადავწყვიტე. მე მას დავემშვიდობე და ფულისთვის და მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადე. სახლიდან წამოვედი. სანამ ძალა წამიყვანდა, ქალაქის ნახვა მინდოდა. ქალაქში მთელი ღამე დავხეტიალობდი. მთელი გზა ფეხით გავიარე იმ ბორცვებისკენ, რომელიც ქალაქს გადაჰყურებდა და მზის ამოსვლის მომენტში რეალიზაციამ ჭექა-ქუხილივით დამარტყა. მე სამყაროში დავბრუნდი და ძალა, რომელიც დამშლიდა, ახლა მშვიდად იყო და მცირე ხნით დარჩენის უფლებას მაძლევდა. ჩემი სამშობლოს და ამ საოცარი დედამიწის ნახვას უფრო დიდხანს ვაპირებდი. რა დიდი სიხარულია მაესტრო! მაგრამ, ვერც იმას ვიტყოდი, რომ პორფირიოსთან მეგობრობა არ მსიამოვნებდა. ორივე ხილვა თანაბარია, მაგრამ მე ჩემი ფორმის და ჩემი პლანეტის ხილვა მირჩევნია. ეს ალბათ ჩემი ინდულგირებაა.
ნესტორმა ლაპარაკი შეწყვიტა და ყველა მე მომაჩერდა. ისეთი შეძრწუნებული ვიყავი, როგორც აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ზოგი ნაწილი აღფრთოვანებული იყო მისი ნათქვამით, მეორე ნაწილს კი მასთან ბრძოლა სურდა. უაზროდ დავიწყე მასთან კამათი. ჩემი განწყობა რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ კი შევამჩნიე, რომ ბენიგნო ძალიან გაღიზიანებული გამომეტყველებით მიყურებდა. მან თვალები ჩემს მკერდს მიაპყრო. ვიგრძენი, რომ მკერდზე საშინლად ძლიერი რაღაც მაწვებოდა. ოფლიანობა დამეწყო, თითქოს გამათბობელი პირდაპირ სახესთან მქონდა მოშვერილი. ყურებმა ზუზუნი დაიწყო.
ზუსტად იმ მომენტში, ოთახში ლა გორდა შემოვიდა. მისი გამოჩენა ყველაზე მოულოდნელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხენაროებიც ამას გრძნობდნენ. ყველამ მისკენ გაიხედა. პაბლიტო პირველი იყო, რომელსაც გაოცების შემდეგ სტანდარტული განწყობა დაუბრუნდა:
- რატომ შემოდიხარ ასეთნაირად? - მომთხოვნი ტონით იკითხა მან. - სხვა ოთახიდან გვისმენდი, ასე არაა?
მან თქვა, რომ სახლში სულ რამდენიმე წუთით იყო და შემდეგ სამზარეულოში შემოვიდა. შემდეგ დაამატა, რომ ჩუმად ყოფნის მიზეზი რაიმეს მოსმენა არ იყო, არამედ შეუმჩნევლად ყოფნის უნარის გამოყენება.
მისმა თანმყოფობამ უცნაური სიმშვიდე შექმნა. მინდოდა ნესტორის განცხადებებს დავბრუნებოდი, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი ლა გორდამ თქვა, რომ პატარა დები სახლისკენ მოდიოდნენ და ნებისმიერ წამს შესაძლოა ნებისმიერი კარებიდან შემოსულიყვნენ. ხენაროები ერთბაშად წამოდგნენ ფეხზე, თითქოს რაღაც ერთობლივმა სიმებმა მოქაჩათ. პაბლიტომ სკამი მხარეზე შემოიგდო.
- წამოდი, სიბნელეში სალაშქროდ წავიდეთ, მაესტრო. - მითხრა პაბლიტომ.
ლა გორდამ ყველაზე მბრძანებლური ხმით მითხრა, რომ მათთან წასვლა ჯერ არ შემეძლო, რადგან მას არ დაუსრულებია ჩემთვის ყველაფრის თქმა, რისი თქმაც ჩემთვის ნაგვალმა დაავალა.
პაბლიტო მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა.
- მე უკვე გითხარი, - თქვა მან. - ისინი თავხედი, პირქუში ბოზები არიან. ვიმედოვნებ, რომ შენც ასეთი არ ხარ, მაესტრო.
ნესტორმა და ბენიგნომ ღამე მშვიდობისა მისურვეს და ჩამეხუტნენ.
უკანიდან გავიდნენ.
რამდენიმე წამში კარებზე საშინლად ხმამაღალი კაკუნის ხმა გაისმა. მე და ლა გორდა ფეხზე წამოვხტით. პაბლიტო შემოვიდა, ზურგზე ისევ თავისი სკამი ჰქონდა გადაკიდებული.
- შენ გეგონა, რომ ღამე მშვიდობისას თქმას არ ვაპირებდი, არა? - მკითხა მან და სიცილით უკან გაბრუნდა.