თავი პირველი
თავი პირველი
რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალური სიმწიფის მიღწევასთან და ტომობრივ ინიციაციასთან პირველყოფილ რელიგიებში
წინასწარი შენიშვნები
ამ პატარა წიგნში გვსურს წარმოვადგინოთ ინიციაციისს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპები, შევეცადოთ ამოვხსნათ მათი ღრმა მნიშვნელობა, რომელიც ყოველთვის რელიგიურია, რადგან ეგზისტენციალური მდგომარეობის შეცვლა ხდება რელიგიური განსაცდელების გავლის შედეგად. ინიცირებული გარდაიქმნება განსხვავებულ ადამიანად, რადგან მასში სამყაროსა და ცხოვრების რელიგიური არსის გაცნობიერება ხდება. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ამ მნიშვნელოვანი და რთული პრობლემის ინტერპრეტაციას რელიგიის ისტორიის პერსპექტივაში და არა ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ - კულტურული ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის პერსპექტივაში. ამ საკითზე დაწერილია შესანიშნავი ნამუშევრები; საკმარისია აღინიშნოს ჰენრიხ შურცის "უძველესი საზოგადოებები და მამაკაცთა კავშირები" (ბერლინი, 1909) და ენტონი ვებსტერის "პირველყოფილი საიდუმლო საზოგადოებები" (ნიუ-იორკი, 1908).
რელიგიის ისტორიკოსი ყოველთვის უდიდეს სარგებელს იღებს ეთნოლოგისა და სოციოლოგის მიერ ნაწარმოები კვლევებიდან, მაგრამ ის ვალდებულია შეავსოს ეს მონაცემები და მოახდინოს მათი ინტეგრირება სხვა უფრო ფართო მიმართულებით. ეთნოლოგია ეხება მხოლოდ საზოგადოებებს, რომლებსაც "პირველყოფილს, პრიმიტიულს" უწოდებენ, ხოლო რელიგიების ისტორიკოსი თავის კვლევაში მოიცავს კაცობრიობის მთელ რელიგიურ ისტორიას, პირველი კულტებიდან დაწყებული, დაკავშირებული პალეოლიტთან, თანამედროვე რელიგიური მოძრაობებით დამთავრებული. ინიციაციის როლისა და მნიშვნელობის გასაგებად, რელიგიის ისტორიკოსი მიდის არა მხოლოდ პრიმიტიული რიტუალებისკენ, არამედ ბერძნულ-აღმოსავლური საიდუმლოებების რიტუალისკენ, ინდო-ტიბეტური ბუდიზმისკენ, სკანდინავიურ პირთა რიტუალებისაკენ და დიდი მისტიკოსების გამოცდილებისაკენ. ანალოგიურად, რელიგიის ისტორიკოსი იმიჯნება სოციოლოგიისგან, როდესაც ის ცდილობს გააცნობიეროს პირველ რიგში ინიციაციის რელიგიური გამოცდილება და ახსნას სიმბოლიკის ღრმა მნიშვნელობა მითებსა და ინიციაციის რიტუალებში. ზოგადად, რელიგიის ისტორიკოსის მიზანია შეაღწიოს ეგზისტენციალურ სიტუაციაში, რომელში მონაწილეობასაც რელიგიური ადამიანი იღებს ინიციაციის პროცესში და ამ პირველყოფილი რელიგიური გამოცდილების გასაგებად გადმოცემა ჩვენი თანამედროვეებისთვის.
რელიგიის ისტორია განასხვავებს ინიციაციის სამ ფართო კატეგორიას ან ტიპს. პირველი მოიცავს კოლექტიურ რიტუალებს, რომლებიც აღნიშნავს ბავშვობიდან ან მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლას და სავალდებულოა საზოგადოების ყველა წევრისთვის. ეთნოლოგიურ ლიტერატურაში ეს ფორმები განიხილება შემდეგი თვალსაზრისით: "სქესობრივი მომწიფების ასაკთან დაკავშირებული რიტუალები", "ტომობრივი ინიციაციები" ან "ასაკობრივი ინიციაციები".
სხვა ინიციაციები განსხვავდება დასახელებულისგან იმით, რომ ისინი არ არიან სავალდებულო საზოგადოების ყველა წევრისთვის და უმეტესწილად ხორციელდება ინდივიდუალურად ან ძალიან ვიწრო ჯგუფებში. ინიცირების მეორე კატეგორიაში შედის საიდუმლო საზოგადოებაში, გაერთიანებაში (Bund) ან ძმობაში შესვლის ყველა სახის რიტუალები. ეს საიდუმლო საზოგადოებები ერთიდაიმავე სქესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მათ საიდუმლოებებს ძალიან მკაცრად იცავენ. საძმოების უმეტესობა აერთიანებს მამაკაცებს და ქმნის "მამაკაცთა კავშირებს" (Männerbünde), მაგრამ ასევე არსებობს ქალთა საიდუმლო საზოგადოებები. პირველყოფილი კულტურის დონეზე, ორივე სქესისთვის მისაღები საზოგადოებები ძალზე იშვიათია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ დეგრადაციის ფენომენზე. მაგრამ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ძველ ახლო აღმოსავლეთში ორივე სქესის წარმომადგენლებს ჰქონდათ წვდომა გარკვეულ საიდუმლოებებთან და ბერძნულ-აღმოსავლური მისტერიები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც საიდუმლო ძმობა, თუმცა მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები. და ბოლოს, ინიციაციის მესამე კატეგორია ადასტურებს მისტიკურ მოწოდებას, რომელიც პრიმიტიული რელიგიების დონეზე ჯადოქრის მოწოდებაა - მკურნალი და შამანი. ამ მესამე კატეგორიის ერთ-ერთი სპეციფიკური მახასიათებელია იმ ადამიანის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც აძლევს მას ინდივიდუალური გამოცდილება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ მათ, ვინც ამ მესამე კატეგორიის ინიციაციას გადიან, სურვილი აქვთ თუ არა, უნდა მიიღონ მონაწილეობა რელიგიურ გამოცდებში უფრო ძლიერად და მძაფრად, ვიდრე მათ, ვინც დანარჩენ საზოგადოებას ეკუთვნიან. ჩვენ ხაზი გავუსვით: უნდათ მათ ეს თუ არა, რადგან შამანად ან ჯადოქარდ გახდომა შესაძლებელი იყო ან პირადი სურვილით, ზებუნებრივი ძალების შეერთებით (რასაც ”ძიება” ეწოდება) და ან მოწოდებით (”მოხმობა”), როდესაც ადამიანი იძულებული იყო გამხდარიყო შამანი - ზებუნებრივი არსება.
განვმარტოთ, რომ ინიციაციის ბოლო ორი კატეგორია - საიდუმლო ძმობა და შამანები, ანუ უმაღლესი რელიგიური სტატუსის მინიჭება - სინამდვილეში საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან და შეგვიძლია განვიხილოთ იმავე ტიპის ვარიანტებად. ამასთან, რაც მათ განასხვავებს, ეს არის ექსტაზის ელემენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შამანებში ინიციაციისთვის. ნათქვამს დავუმატოთ, რომ ინიციაციის ყველა კატეგორიას შორის სტრუქტურული ერთიანობაა, ისე რომ გარკვეული პერსპექტივის თვალსაზრისით, ყველა ინიციაცია მსგავსია. ასევე, თავიდანვე აუცილებელია გამოვკვეთოთ რამდენიმე ხაზი, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვიმოძრაოთ ამ უკიდურესად ფართო არეალში, რომლის გარეშეც შეიძლება დავიკარგოთ. თემის განვრცობასთან ერთად წინასწარი შენიშვნების შევსების და საჭირო ნიუანსების დამატების შესაძლებლობა გვექნება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ჩვენი კვლევის ღრმა მიზანი არის ადამიანის შემეცნება. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არ შეიძლება იყოს როგორც ნატურალისტის. ადამიანის შესწავლა მწერის მსგავსად არა მხოლოდ ამორალურია, არამედ უპირველეს ყოვლისა არამეცნიერულიც. ინიციაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენია. ეს აქტი არამარტო აყალიბებს ინდივიდის რელიგიურ ცხოვრებას ტერმინ "რელიგიის" თანამედროვე გაგებით - იგი განსაზღვრავს მის ცხოვრებას მთლიანობაში. პირველყოფილ და უძველეს საზოგადოებებში ინიციაციის დროს ხდებოდა ადამიანი ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო - ქმნილება, რომელიც გახსნილია სიცოცხლისთვის და შესაბამისად, ჩართული კულტურაში. ვინაიდან, სქესობრივი მომწიფების მიღწევასთან დაკავშირებული ინიციაცია გულისხმობს პირველ რიგში საკრალურის აღმოჩენას, პირველყოფილი სამყაროსთვის ეს ნიშნავს ტომის მითოლოგიური და კულტურული ტრადიციების შერწყმას.
ხშირ შემთხვევაში ზრდასრულობის რიტუალებს მივყავართ სექსუალობის აღმოჩენასთან, მაგრამ პრეისტორიულ საზოგადოებაში იგი ასევე ეკუთვნოდა საკრალურ სფეროს. მოკლედ, ინიციაციის დროს ბავშვის ბუნებრივი რეჟიმი იცვლებოდა კულტურული რეჟიმით, რომელიც იძლეოდა სულიერ ფასეულობებზე წვდომას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრიმიტიულ სამყაროში ინიციაცია ადამიანს ანიჭებდა პირის სტატუსს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ინიციაციამდე ადამიანურ ქმედებებში მათი მონაწილეობა შეზღუდული იყო, რადგან მათთვის ცხოვრების რელიგიური სფერო დაკეტილი იყო. ამრიგად, ინიციაცია წარმოადგენს გადამწყვეტ გამოცდილებას თანამედროვეს წინა საზოგადოების ადამიანის ცხოვრებაში: ეს არის ფუნდამენტური ეგზისტენციალური გამოცდილება; მისი შეძენისას ადამიანს შესაძლებლობა ეძლეოდა შეეძინა თავისი თანდაყოლილი არსებობის რეჟიმი. როგორც ვნახავთ, სქესობრივი მომწიფების დადგომა იწყებოდა განშორებით: ბავშვს ან მოზარდს აცალკევებდენ დედისგან და ეს ზოგჯერ ხდებოდა საკმაოდ უხეში ფორმებით. მაგრამ, ინიციაციას მხოლოდ გამოუცდელი ახალგაზრდებისთვის არ ქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. რიტუალი მოიცავდა მთელ ტომს. ახალ თაობას წვრთნიდნენ და ამსახურებენ ზრდასრულთა საზოგადოებაში, ისინი ხდებოდნენ ტომში ინტეგრაციის ღირსნი. ამავდროულად, მრავლდებოდა ტრადიციული რიტუალები, რის შედეგადაც მთელი რიგი საზოგადოებები იბადებოდა. პრიმიტიულ საზოგადოებებში ინიციაციის რიტუალები ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიური დღესასწაულებად ითვლებოდა.
ავსტრალიის ინიციაციები; წმინდა ტერიტორია
ავსტრალიის სქესობრივი მომწიფების რიტუალები ინიციაციის ძალიან არქაული ფორმაა. როგორც წესი, ცერემონიაში საკმაოდ ბევრი ტომი მონაწილეობს, ამიტომ ინიციაციის დღესასწაულისთვის მომზადებას დრო სჭირდება. გრძელი თვეები გადის ტომების შეკრების გადაწყვეტილების მიღებამდე და ცერემონიის დაწყებამდე. მოწვეული ტომის ლიდერი აგზავნის მაცნეებს, რომლებსაც წმინდა მუსიკალური ხმოვანი ინსტრუმენტი დააქვთ (bull-roarers) სხვა ტომის ბელადებთან, რათა ამცნონ ბიჭების ინიციაციის რიტუალის ჩატარების თარიღი. რადგანაც ავსტრალიელი ტომები იყოფა ორ ჯგუფად, რომელთა შორისაც ქორწინება ხდება, A ჯგუფი იღებს თავის თავზე ახალგაზრდების ინიციაციას B ჯგუფიდან და პირიქით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალბედებს განდობის რიტუალებს უტარებენ თავიანთ პოტენციურ სიმამრები.
ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ "ბორას" მომზადების ყველა დეტალების აღწერისგან - ასე ჰქვია რიტუალს აღმოსავლეთ ავსტრალიის ტომებში. ამ დროს ყველა ზომაა მიღებული ისე, რომ ქალებმა არაფერი დაინახონ და შეამჩნიონ.
ზოგადად, რიტუალი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 1) წმინდა ტერიტორიის მომზადება, სადაც კაცები იზოლირებულნი იქნებიან დღესასწაულის განმავლობაში; 2) ახალგაზრდა ვაჟების დედებისგან და საერთოდ ქალებისგან განცალკევება; 3) მათი შეგროვება ტყეში ან სპეციალურ იზოლირებულ ბანაკში, სადაც ისინი მიიღებენ მითითებებს ტომის რელიგიურ ტრადიციების მიხედვით; 4) დამწყებთათვის ჩატარებული ზოგიერთი ოპერაცია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია წინადაცვეთა, წინა კბილის ამოღება, პენისის ჭრა ურეთრის გასწვრივ, აგრეთვე კანის გაჭრა და თმის შეჭრა. ინიციაციის მთელი რიტუალის დროს მოზარდები სპეციალური რეჟიმთ ცხოვრობენ, გადიან გარკვეული რაოდენობის გამოცდებს: სხვადასხვა ტაბუ და კვებითი აკრძალვები.
ინიციაციის თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი რელიგიური მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა დავადგინოთ თითოეული მათგანის ადგილი იქ არსებული სამყაროს რელიგიურ ხედვაში. ასე რომ, "ბორა" ყოველთვის მოითხოვს წმინდა ტერიტორიის წინასწარ მომზადებას. იუინის, ვირაჯურის, კამილაროას და ქუინზლენდის ტომები ამზადებენ მიწის მრგვალ ნაკვეთს, რომელზეც ხდება გარკვეული წინასწარი რიტუალები და მისგან გარკვეულ მანძილზე აშენებულია მცირე ზომის წმინდა შენობა. ორივე ამ რიტუალურ ობიექტს აკავშირებს ბილიკი, რომლის გასწვრივ განლაგებულია ინიციაციის ჩამტარებელი ტომის მამაკაცები ნიღბებით და ტომის ნიშნით ხელებზე. ახალმოსულები ჩამოსვლისთანავე გზაზე გაჰყავთ და ნიღბიან ხალხს აჩვენებენ. ყოველ საღამოს ტარდება ცეკვები, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი გრძელდება, სანამ უკანასკნელი მონაწილეც არ ჩამოვა.
მკვლევარმა მეთიუსმა კამილაროაში საკმაოდ დეტალურად აღწერა წმინდა ტერიტორია. იგი შედგება ორი წრისგან: ერთი დიდი, 20 მეტრიანი დიამეტრით, რომლის ცენტრში სამ მეტრიანი საყრდენი ბოძია, რომლის ზედა ნაწილში ემუს ბუმბულებია მიმაგრებული. სხვა, უფრო მცირე წრეში, მიწაში ფესვებით ზევით, ორი ახალგაზრდა ხეა განლაგებული. ნეოფიტების ქალებისგან რიტუალური განცალკევების შემდეგ, ორი მოხუცი კაცი, რომლებიც ზოგჯერ "ჯადოქრებად" არიან წარმოდგენილი, "ბორას" ტრადიციულ გამოსახულებას სიმღერით აღმართავენ ხეებზე. ადამიანის სისხლით ნაკურთხი ეს ხეები მნიშვნელოვან სიმბოლურ მისიას ატარებენ, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ორივე წრე უკავშირდება ერთმანეთს ბილიკის საშუალებით. ორივემხარეს უამრავიფიგურადაგამოსახულებაადახატულიმიწაზედაჩამოსხმულიათიხისგან. მათგანყველაზედიდიდაახლოებით 4-5 მეტრია. ესააუმაღლესი რელიგიური არსება ბეამე. კიდევ ორი ფიგურა მითიური წინაპარია და თორმეტი პერსონაჟის მთელი ჯგუფი წარმოადგენს ახალგაზრდებს, რომლებიც ბეამესთან ერთად იყო თავდაპირველ მითიურ ბანაკში. სხვა ფიგურებზე გამოსახულია ცხოველებისა და ფრინველების ბუდეები. ნეოფიტებს ეკრძალებათ ამ გამოსახულებების ყურება, რომლებიც საფუძვლიანად განადგურდება ცერემონიის დასრულებისას. მაგრამ მოზარდებს მათი დათვალიერება შეეძლებათ, როდესაც "ბორას" შემდეგ რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას. ეს დეტალი ჩვენთვის საინტერესოა: ეს ნიშნავს, რომ ნეოფიტების რელიგიური სწავლება მთლიანად არ მთავრდება ინიციაციის რიტუალის დასრულებით და რომ რიტუალი შედგება რამდენიმე ეტაპისგან.
მეთიუზის თხრობის თანახმად, "ბორას ტერიტორია არის პირველი ბანაკი ბეამეს მიწაზე და მასთან ერთად ვინც იყო, მას მიართვეს ძღვენი".
შეიძლება ითქვას, რომ ინიციაციის რიტუალის შესრულებისას იმ მითოლოგიური ეპოქის ინსცენირება ხდება, როდესაც პირველად შესრულდა "ბორას" რიტუალი. წმინდა ტერიტორია ბეამეს პირველ ბანაკის იმიტაციაა, ხოლო მისი ჟესტები და მოქმედებები სადღესასწაულო რიტუალში მეორდება. ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ ბეამეს შემოქმედებითი აქტის განმეორებაზე და შესაბამისად, სამყაროს აღორძინებაზე, რადგან წმინდა ტერიტორია არის "სამყაროს მოდელი" და ღვთიური არსების ნაკურთხი სამყარო. "ბორას" დროს ბეამეს დედამიწაზე გამოჩენის წმინდა, მითიური დრო ბრუნდება, როდესაც მან დააარსა საიდუმლოებები, რომელთა შესრულება რიტუალის დროს ხდება. ამ დღესასწაულების მონაწილეები ხდებიან პირველი "ბორას" ცერემონიის თანამედროვეები, რომელიც გაიმართა "იმ დროს", "ძველ კარგ დროში" ("ბუგარის" ან "ალჩარის" დრო), როგორც ავსტრალიელმა მკვიდრების წარმოსახვაშია. ამიტომაა, რომ ინიციაციის ცერემონიები ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრალიის მკვიდრთა ცხოვრებისათვის: ინიციაციის აღნიშვნისას ისინი გადაეშვებიან წმინდა ეპოქის საწყისის საწყისში, შეიგრძნობენ ბეამეს და სხვა მითიური არსებების არსებობას და საბოლოოდ აცოცხლებენ სამყაროს.
რადგან მსოფლიო განახლდა, ის იმეორებს მის საწყის მოდელს - ბეამეს პირველ მობრძანებას დედამიწაზე. ვინაიდან ინიციაციის რიტუალები დაარსებულია ღვთაებრივი არსებების ან მითიური წინაპრების მიერ, მათი აღნიშვნა იძლევა დაბრუნების საშუალებას თავდაპირველ დროში. ეს მოცემულობა მისაღებია არა მხოლოდ ავსტრალიელებისთვის, არამედ მთელი პრიმიტიული სამყაროსთვის - ჩვენ ვსაუბრობთ ძველი რელიგიების ძირითად კონცეფციაზე: ღვთიურ არსებზე დაფუძნებული რიტუალის გამეორება საშუალებას აძლევთ გაიმეორონ სამყაროს შექმნის პერიოდი, როდესაც რიტუალი პირველად შედგა. ცერემონიის ეფექტურობა განისაზღვრება იმით, რომ იგი წარმოადგენს დასაწყისის საფუძველს წმინდა დროში. რიტუალში მითის დრო ბრუნდება - რაც მოხდა "იმ დროს", "ბუგარის დროს" ხდება აქ და დღეს, "აქ და ახლა". როდესაც დასავლეთის კიმბერლის და ბადის ტომი იწყებს ხალხის მომზადებას ინიციაციისთვის, მოხუცები მიდიან ტყეში "განბორის" ხის მოსაძებნად, რომლის ქვეშაც "ჯამარი" (მათი უზენაესი არსება) ისვენებდა ძველად ". ჯადოქარი მიუძღვება ხალხს წინ, მისი მისიაა ხის პოვნა. როგორც მას კი იპოვნის, მამაკაცები გარს შემოერტყებიან ხეს და სიმღერით აჭრიან ტოტებს თავიანთი კაშკაშა დანებით. მითიური ხე ხდება რეალური. ინიციაციის დროს შესრულებული ყველა მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა რიტუალის დამფუძნებლების მიერ მითიური დროის პირველი მოდელის გამეორება. ამ მომენტიდან ისინი წმინდა რიტუალები გახდნენ და მათი პერიოდული გამეორება განაახლებს საზოგადოების მთლიან რელიგიურ ცხოვრებას. ზოგიერთი მოქმედების მნიშვნელობა ზოგჯერ ავიწყდებათ, მაგრამ ისინი მეორდება, რადგან ისინი მითიურმა არსებებმა შეასრულეს რიტუალში. არუნტას ტომის ინიციაციის გარკვეულ ეპიზოდში ერთ-ერთი ქალი ახალ მოქცეულს მხრებით ასწევს. ამით ის ბაძავს უნთქიპას ქალების მოქმედებას "ალჩერინგის" მითიურ დროში.
დავუბრუნდეთ ჩვენს თემას- წმინდა ტერიტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავსტრალიის ინიციაციის რიტუალებში: ეს არის ორიგინალი სამყაროს სურათი, როცა დედამიწაზე ღვთიური არსება დაეშვა. ქალები და ბავშვები, რომლებიც არ მონაწილეობენ განდობის რიტუალებში, იზოლირებულები არიან. ხოლო დამწყებებმა მითი მხოლოდ ზედაპირულად იციან. მხოლოდ ინიციაციის შემდეგ, "ბორას" რიტუალის შემდგომ დროს, მათ საშუალება ექნებათ დაინახონ ორივე წრის დამაკავშირებელი ბილიკის გასწვრივ მდებარე სურათები. ტომის მითოლოგიის შესწავლის შემდგომ მათ უკვე შეეძლებათ გაიგონ ამ სიმბოლიკების მნიშვნელობა.
დედისგან განშორება
სხვადასხვა ტომებში მეტნაკლებად დრამატულია ბიჭების დედებისგან განშორება. ეს ყველაზე ნაკლებად დრამატულია კურნაის ტომში, სადაც ინიციაციის რიტუალი საკმაოდ მარტივია. დედები სხედან ახალ ახალწვეულთა გარშემო, ხოლო შესაბამისი თითო-თითო მამაკაცები გამოჰყოფენ მათ. მენტორები რამდენჯერმე აიტაცებენ ჰაერში ახალწვეულებს და მათ ერთდროულად უნდა აღმართონ ხელები ცისკენ რაც შეიძლება მაღლა. ამ ჟესტის მნიშვნელობა აშკარაა: დამწყებნი ზეციერ ღვთაებას მიეძღვნებიან. შემდეგ ისინი წმინდა შენობაში შეჰყავთ. იქ ახალწვეულები ზურგზე წვებიან, მკლავებს მკერდზე დაიკრეფენ და მათ ტანზე გადააფარებენ საბნებს . ისინი ვერაფერს ხედავენ და ვერაფერს ხვდებიან. ერთფეროვანი, მონოტონური სიმღერის ფონზე იძინებენ და ქალები ტოვებენ ამ ადგილს. კურნაის ტომის ბელადის თქმით- ”თუ ქალმა ნახა, რა ხდება იქ ან მოისმინა- რას ვეუბნებით ბიჭებს, მე მას მოვკლავ ”. იუინებში, ისევე როგორც, ავსტრალიის სხვა ტომებში, თითოეული ახალბედა გადაეცემა ორ მეურვეს. ინიციაციის მთელი რიტუალის დროს ეს მეურვეები უმზადებენ მათ საჭმელს, მოაქვთ წყალი, გადასცემენ ცოდნას, უყვებიან ტრადიციულ მითებსა და ლეგენდებს, განკურნების ისტორიებს, უხსნიან თავიანთ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს ტომის წინაშე. საღამოს დიდი კოცონს ანთებენ და მეურვეებს თავისი მხრებით ნეოფიტები მოყავთ, რომლებსაც უბრძანებენ, ცეცხლს უყურონ და არ გაინძრნენ, რაც არ უნდა მოხდეს. მათ უკან, გარკვეულ მანძილზე, დედები არიან განლაგებული, რომლებიც არ ჩანან ხშირფოთლიანი ტოტების უკან. ათი თუ თორმეტი წუთის განმავლობაში ბიჭები ცეცხლზე "იწვებიან" . როდესაც ცერემონიის ლიდერი გადაწყვეტს, რომ პირველი ინიციაცია მთავრდება და ახალმოსულები საკმარისად "შემწვარი" არიან, იმ ადგილიდან, სადაც ქალები არიან განლაგებული, ისმის პირველყოფილი მუსიკალური ინსტრუმენტ (ratchet )- ის ხმა. ამ სიგნალზე მეურვეები უბრძანებენ ბიჭებს, რომ გაიქცნენ წმინდა სათავსში. იქ ისინი პირქვე უნდა დაწვნენ მიწაზე რომელიც დაფარულია ოპოსუმის ტყავებით და საფენებით. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალებს ნება რთავენ ადგნენ და რამდენიმე მილის მოშორებით მოისვენონ შესაბამის სადგომზე. ამრიგად სრულდება პირველი რიტუალი, რომელიც შედგებოდა ახალბედების ქალებისგან გამიჯვნასა და ცეცხლით გამოცდისაგან. ამ საღამოდან ნეოფიტები სრულფასოვანი მონაწილენი ხდებიან ექსკლუზიურად მამაკაცების ცხოვრებისა.
მურინგის ტომში განშორება მოულოდნელი და უფრო დრამატულია. გადასაფარებლების ქვეშ ჩამალული დედები მიწაზე სხედან ბიჭებთან ერთად, რომლებიც მათ წინ არიან ჩამჯდარნი. მოულოდნელად მათკენ მიდიან კაცები და სათითაოდ ყველა ბიჭს იტაცებენ.
ვირაჯურის ტომი განდობის რიტუალებს "გურინგალს" უწოდებს, რაც "ტყის სიღრმეების მიეკუთვნებას" ნიშნავს. სცენარი მსგავსია წინასი. მკვლევარი ჰოვიტი ამას ასე აღწერს: ქალები და ბიჭები სხედან, ტოტებით და გადასაფარებლებით არიან დაფარულნი. ახალწვეულებს მოულოდნელად იტაცებენ რიტუალში მონაწილე მამაკაცები და ტყეში მიჰყავთ. იქ მათ ასხამენ წითელი საღებავს. მეთიუსი გვთავაზობს უფრო ამაღელვებელ აღწერას: ჯგუფი მიემართება წმინდა სათავსისკენ, სპეციალური ხმოვანი ინსტრუმენტების ხმების, მიწაზე ჯოხების დარტყმების და ცეცხლში ტოტების სროლის თანხლებით. ამ დროს რამდენიმე კაცი ჩუმად უახლოვდება ბიჭებს და ისინი გარკვეულ მანძილის მოშორებით მიჰყავს. იქ მყოფ ქალებსა და ბავშვებს როცა აძლევენ საშუალებას თვალი გაახილონ და მიმოიხედონ, გარშემო მხოლოდ ნაცარს და დანახშირებულ ტოტები ხედავენ. მათ ეუბნებიან, რომ დარამულუნს, რომელიც ახალმოსულთათვის მოვიდა, მათი დაწვა სურდა.
რიტუალის ამ პირველი ფაზის მნიშვნელობა: დედებისგან განცალკევება, საკმაოდ გასაგებია. ჩვენ ვსაუბრობთ განშორებაზე, ზოგჯერ საკმაოდ უხეშ განშორებაზე ბავშვობის ხანასთან, რაც ბავშვისთვის მთელი სამყაროა, დედობრივი და ქალური, უპასუხისმგებლობისა და გულუბრყვილობის, უმეცრებითა და ბავშვური ასექსუალობით. დედასთან კავშირის გაწყვეტა ხდება ისე, რომ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს როგორც დედებზე, ასევე ნეოფიტებზე. ავსტრალიის თითქმის ყველა ტომის ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შვილებს კლავენ, რომ მათ შთანთქავს მტრული და იდუმალი ღვთაება, რომლის ნამდვილი სახელი მათ არ იციან. მხოლოდ მისი ხმა აქვთ მოსმენილი - საშინელი ხმაური, რომელსაც გამოსცემს წმინდა მუსიკალური ინსტრუმენტი(ratchet). მათ უხსნიან, რომ ღვთაება უყოყმანოდ გააცოცხლებს ახალწვეულებს, მაგრამ უკვე როგორც ზრდასრულ მამაკაცებს, ანუ ინიციაცირებულებს. და მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ნეოფიტები ბავშვობაში იღუპებიან და დედებს აქვთ წინათგრძნობა, რომ ისინი ვერასდროს მიიღებენ თავიანთ ვაჟებს ისეთებს, როგორც ინიციაციის დაწყებამდე იყვნენ. როდესაც ვაჟები საბოლოოდ ბრუნდებიან სოფელში, დედები ხელის შეხებით ამოწმებენ ბიჭებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი ნამდვილად მათი შვილები არიან. ბევრ ავსტრალიურ ტომში, ისევე როგორც სხვა ერებში, დედები გლოვობენ განდობილებს, როგორც გლოვობენ მკვდრებს. რაც შეეხება თავად ნეოფიტებს, მათი შემდგომი საცდელები კიდევ უფრო სერიოზულია. ისინი პირველად სწავლობენ რელიგიურ შიშს, საშინელებებსაც კი, როდესაც აფრთხილებენ, რომ მათ მოკლავენ და წაიყვანენ ღვთიური არსებები. აქამდე ისინი ბავშვებად ითვლებოდნენ და საერთოდ არ მონაწილეობდნენ ტომის რელიგიურ ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ შემთხვევით ისმინდნენ იდუმალი არსებების შესახებ მინიშნებებს მითების და ლეგენდების ფრაგმენტებში, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. შესაძლოა მათ დანახული ყავდათ მიცვალებული, მაგრამ არ ეგონათ, რომ სიკვდილს შეეძლო მათ თავად შეხებოდათ. ეს იყო ის, რაც " მათი ცნობიერების გარეთ" ხდებოდა: იდუმალი მოვლენა, რომელიც სხვებს, განსაკუთრებით მოხუცებს ემართებოდათ. მოულოდნელად ისინი გაიყვანეს ბედნიერი ბავშვობის გაუცნობიერებლობიდან და გააფრთხილეს, რომ ახლა ისინი მოკვდებიან, მათ ღვთიური ძალით მოკლავენ. დედებთან განშორებისთანავე ბიჭებს უკვე ჰქონდათ სიკვდილის განცდა: ისინი შეიპყრეს უცნობმა ნიღბიანმა მამაკაცებმა, ნაცნობი ადგილებიდან გაიტაცეს, უცხო და შორეულ ადგილას ტოტებით დაფარულ მიწაზე დაყარეს. ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდნენ უცნობ ადგილას უკუნ სიბნელეში. ეს მათთვის აქამდე ცნობილი ღამის ბუნებრივი სიბნელე არ იყო, მათი სიბნელე არ იყო სრულყოფილი, რადგან ის შეიცავდა მთვარეს, ვარსკვლავებს, მნათობებს და არა მისტიკურ არსებით დასახლებულ აბსოლუტურ საშიშ სიბნელეს. ვაჟები აღსავსე იყვნენ ღვთაების მოახლოების საშინელებით, რის შესახებაც აფრთხილებდნენ რიტუალური საშიში ხმები. სიბნელის, სიკვდილისა და ღვთიური არსების სიახლოვის საცდელები განუწყვეტლივ მეორდებოდა და ძლიერდებოდაა ინიციაციის მთელი რიტუალის განმავლობაში. როგორც ვნახავთ, ინიციაციის მრავალი რიტუალი მოიცავს ღვთიური არსების ხელიდან სიბნელეში სიკვდილის მოტივს. ამავე დროს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ რიტუალის პირველივე აქტიდან დაწესდა სიკვდილით გამოცდა: ახალწვეულები იძულებით მოათავსეს უცნობ სამყაროში და მათ მიერ განცდილმა საშინელებამ დაადასტურა სიკვდილში ღვთიური არსების მონაწილეობა. სამყარო რომელშიც ნეოფიტები იმყოფებოდნენ, წმინდა სამყარო იყო. მათსა და მატერიალურ სამყაროს შორის უფსკრული იყო, დარღვეული იყო უწყვეტობა. არაინიცირებული სამყაროდან წმინდა სამყაროში გადასვლას სიკვდილის გამოცდა სჭირდებოდა; ერთის არსებობა კვდება, რათა მეორეში გადავიდეს. ჩვენს მაგალითში, ბავშვობა და ბავშვის არსებობის უპასუხისმგებლობა იღუპება, რათა მიაღწიოს უმაღლეს არსებობას, რაც შესაძლებელს გახდის წმინდას შეეხოს და შეიმეცნოს.
კურნაისტომის "ჟერაელი"
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, როდესაც დავინახავთ, რა ემართებათ ახალმოსულებს მენტორებთან ურთიერთობის დროს. ზოგადი ინიციაციის ცერემონიალში სხვადასხვა რიტუალისა და იდეოლოგიური ელემენტის წარმოსაჩენად, აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე რიტუალს მთლიანობაში, ცალკეულ ფრაგმენტებად დაყოფისა და დეტალების განხილვის გარეშე. მართალია ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ გამეორებას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს რიტუალური მოქმედებების თანმიმდევრობის გარკვევისა და ამით ინიციაციის სხვადასხვა რიტუალების სტრუქტურების გამოკვეთისთვის. ჩვენ დავიწყებთ უმარტივესი და ნაკლებად დრამატული, კურნაის ტომის ინიციაციის რიტუალით. გვახსოვს, რომ წმინდა სადგომში მიწაზე გაწოლილ, საბნებით დაფარულ დამწყებებს ეძინათ მონოტონური სიმღერის თანხლებით. გაღვიძებისთანავე ისინი იღებენ "სიმწიფის ქამარს", რის შემდეგაც იწყება რეალური სწავლა. ნეოფიტები ისევ იწვნენ მიწაზე და თავს იფარავდნენ. შემდეგ, რიტუალური საკრავის ხმაზე კაცები მიუახლოვდნენ მათ. ბელადი ახალწვეულებს უბრძანებს გადააგდონ გადასაფარებლები და შეხედონ ცას, შემდეგ კი იმ კაცებიდან, რომლებიც რიტუალური ინსტრუმენტის ხმაურით მიუახლოვდნენ, ორი მოხუცი გამოეყო და ვაჟებს ამცნეს: ”ამის შესახებ არავის არაფერი არ უნდა უთხრათ - არც თქვენ დედას, არც თქვენ დას და არავის, ვინც არ არის “ჟერაელი”, ანუ განდობილი”. მათ აჩვენებენ ორი წმინდა მუსიკალურ რიტუალურ ინსტრუმენტს - დიდს და პატარას, რომელსაც "კაცს" და "ქალს" უწოდებენ. ბელადი ბიჭებს უყვება ინიციაციის რიტუალის წარმოშობის შესახებ: „დიდი ხნის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა ღვთაება, სახელად მუნგან-ნგაუა. სწორედ ამ ღმერთმა შემოიტანა ინიციაციის რიტუალი კურნაის ტომში. მისი ვაჟი თუნდუმი გახდა ტომის უშუალო წინაპარი. მუნგან-ნგაუამ დააწესა ინიციაციის რიტუალი და პირველად მისი შვილი ხელმძღვანელობდა მას. ამასთან ერთად პირველმა მან გამოიყენა ორი რიტუალური ინსტრუმენტი (ratchets), რომელთაგანაც ერთი ატარებდა მის სახელს და მეორე მისი ცოლის სახელს. მაგრამ ერთმა მოღალატემ ქალებს საიდუმლო გაუმხილა. გაბრაზებულმა მუნგან-ნაგუამ გამოიწვია კოსმოსური კატასტროფა, რომლის დროსაც თითქმის მთელი კაცობრიობა დაიღუპა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი იგი ზეცაში ავიდა. მისი ვაჟი თუნდუმი და მისი მეუღლე მკვლელ ვეშაპებად იქცნენ“. ამ მითს რომ უამბობდნენ, მოხუცები ნეოფიტებს გადასცემენ რიტუალურ ინსტრუმენტ(ratchets)-ს და მათ გახმოვანებას სთავაზობენ.ამ საიდუმლოს გადაცემის შემდეგ ყველა უბრუნდება დასახლებას, მაგრამ სწავლება გრძელდება. კერძოდ, ბიჭებს უხსნიან მოზრდილების პასუხისმგებლობის შესახებ. გარდა ამისა, ნეოფიტები ესწრებიან ინსცენირებას, რომელიც ასახავს მითიური პერიოდის მოვლენებს. საბოლოო რიტუალი მოიცავს დედასთან განშორების ახალ მოქმედებას: იგი სთხოვს შვილს წყალი დალიოს, მაგრამ მოზარდი წყალს ტალახს უმატებს. ამის შემდეგ ქალები მიდიან. ჰოვიტმა დაინახა, რომ ერთ-ერთი დედა ისე გლოვობდა შვილს, თითქოს იგი გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალწვეულებს, ისინი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ტყეში რჩებიან თავიანთ მენტორებთან ერთად.
ამ რიტუალის არსი არის ნეოფიტების ინფორმირება უზენაესი არსების არსისა და მისი მითის შესახებ, ასევე ინფორმაცია მისი ურთიერთობის შესახებ წმინდა სარიტუალო ინსტრუმენტთან და ინიციაციის საიდუმლო. ინიციაცია ყველაზე ხშირად შემოიფარგლება რელიგიური, მორალური და სოციალური ცოდნის გადმოცემით. ინიციაციის ეს ფორმა ავსტრალიაში შეიძლება ჩაითვალოს როგორც ყველაზე მარტივ და ყველაზე უძველეს ფორმად. იგი გამოირჩევა რთული განსაცდელების არარსებობით და ცერემონიის ზოგადად მშვიდობიანი ხასიათით.
დარამულუნი და იუინის ტომის ინიციაცია
ავსტრალიის სხვა ტომებში ინიციაცია უფრო დრამატულია. მაგალითად, როგორ ვითარდება რიტუალი იუინებსა და მურ-რინგებში ბიჭების დედებისგან განშორების შემდეგ. მამაკაცები აჩხრიალებენ სარიტუალო ინსტრუმენტებს და ხელებს მაღლა სწევენ ცისკენ. ეს ჟესტი ნიშნავს, რომ დიდ მასწავლებელს (ბიმბანს) და უზენაეს არსებას (რომლის სახელი არ უნდა იცოდნენ ქალებმა და არაინიცირებულებმა) დარამულუნს მოუწოდებენ. მენტორები ახალმოსულებს უყვებიან მითებს დარამულუნის შესახებ და აფრთხილებენ, რომ არასოდეს ახსენონ ისინი ქალებისა და ბავშვების წინაშე. რამდენიმე ხნის შემდეგ საერთო მსვლელობა მთისკენ მიემართება. გზად მაგიურ ცეკვებს ასრულებენ თითოეულ გაჩერებაზე. ჯადოქრები ცდილობენ ნეოფიტები გახადონ დარამულუნისთვის სასიამოვნოდ მისაღებნი. მთას რომ მიუახლოვდებიან, მერიტუალეები და ახალწვეულნი აწყობენ ცალკე გასაჩერებელ დგილს, ხოლო დანარჩენი მამაკაცები ათავისუფლებენ ტყის მასივის ნაწილს ხეებისაგან. როდესაც ყველაფერი მზად იქნება, იქ ჩამოყავთ ახალწვეულები. გზად მათ მხოლოდ საკუთარ ფეხებს უნდა უყურონ. როდესაც ვაჟებს თვალების აწევის ნებას მისცემენ, მათ წინ ხვდებათ ნიღბიანი კაცები, ხოლო მათ გვერდით გამოსახულია დარამულუნის ფიგურა ხეზე თითქმის სამი ადამიანის სიმაღლეზე. რამდენიმე ხნის შემდეგ მენტორები ბიჭებს თვალებს უხვევენ. მთავარი ჯადოქარი ცეკვით უახლოვდება თითოეულ ახალმოსულს, სტაცებს თავზე ხელს და ჩაქუჩის მეშვეობით წინა კბილს უმტვრევს . ბიჭმა სისხლი არ უნდა გამოაფურთხოს, თორემ ჭრილობა არ დაიხურება.
ჩვეულებრივ, დამწყებები გასაოცარი გულგრილობით გაივლიან ამ საცდელს. შემდეგ მათ უბრძანებენ მიუახლოვდნენ ხეს, რომელზეც დარამულუნის გამოსახულებაა განთავსებული და დიდ საიდუმლოს უმჟღავნებენ: დარამულუნი ციდან ხედავს ყველაფერს, რასაც ხალხი აკეთებს. სწორედ ის ზრუნავს ადამიანზე სიკვდილის შემდეგ, სწორედ მან დააარსა ინიციაციის რიტუალი და ასწავლა ყველაფერი მათ წინაპრებს. ჯადოქრები თავის ძალაუფლებას დარამულუნისგან იღებენ: ”ის დიდი მოძღვარია, შეუძლია გააკეთოს ის რაც სურს და იყოს იქ სადაც მოისურვებს. მან გადასცა ტომის კანონები მამებს, რომლებსაც მამიდან შვილზე გადასცემდნენ და ახლაც აკეთებენ ამას.” ჯადოქრები აფრთხილებენ ახალმოსულებს, რომ ღმერთი მოკლავს მათ, თუ გადაწყვეტენ დასახლებაში მისი გამოსახულების გამჟღავნებას. თითოეული ნეოფიტი იღებს ოპოსუმის ბეწვისგან დამზადებულ მამაკაცურ სარტყელს. შემდეგ ყველა ბრუნდება ტყის პირას მდებარე პატარა ბანაკში, სადაც იმართება ცეკვები და პანტომიმები სხვადასხვა ცხოველების ქცევის იმიტაციით. როგორც სპენსერმა და სხვებმა აღნიშნეს, ამ ცეკვებს და პანტომიმებს ღრმა რელიგიური გავლენა აქვთ, რადგან თითოეული "მსახიობი" წარმოადგენს წინაპარს, რომელიც "ალჩარის" დროს ცხოვრობდა. მითოლოგიური მოვლენების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს ახლად განდობილებს უფრო ადვილად აითვისონ ტომის რელიგიური მემკვიდრეობა. ცეკვები შეიძლება გაგრძელდეს სამი საათის განმავლობაში და განახლდეს მეორე დღეს. ბოლო პანტომიმა სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოა. ჯადოქარს ჩაფლავენ ორმოში და ევედრებიან დარამულუნს. შემდეგ ჯადოქარი უეცრად წამოდგება საფლავიდან, პირით უჭირავს "ჯადოსნური ნივთიერება" (ჯოია), რომელიც მან თითქოს დარამულუნისგან მიიღო. შუადღისას მთელი ჯგუფი ბანაობს წყლის ნაკადში. ისინი ჩამოირეცხავენ ტანიდან ყველაფერს, რაც ცერემონიალს უკავშირდება ისე, რომ ქალებმა მათ არაფერი შეამჩნიონ. უმეტეს შემთხვევაში, ვაჟები ტყეში ექვსიდან შვიდ თვემდე რჩებიან ძირითადად მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც დროდადრო სტუმრობენ მათ.
ინიციაციის ამ გრძელი და დინამიური რიტუალის დროს გასაოცარია საიდუმლოს გაძლიერება და განსაკუთრებით რიტუალის დრამატიზაცია, რომელსაც აქვს საკუთარი სცენარი და შეიცავს ბევრ ფუნდამენტურ მომენტს: ჯადოქრების ცეკვები და მათი ჯადოსნური ძალების დემონსტრირება, უზენაესი არსების სახელის დრამატული გამჟღავნება, მისი მითი და დამწყებთათვის წინა კბილის იძულებითი ჩამოღება. თავად დარამულუნის როლი ძალზე მნიშვნელოვანია: ღვთიური არსების გამოცხადება ხდება როგორც რიტუალური ინსტრუმენტის ხმაურში, ასევე იგი გვევლინება როგორც ხისგან გამოკვეთილი ფიგურა. რაც შეეხება სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის პანტომიმას, იგი გვიჩვენებს დარამულუნის ძალას, რომელიც აცოცხლებს ჯადოქარს და აძლევს მას "ჯადოსნურ ნივთიერებებს". არცერთ სხვა რიტუალში, რომელიც სქესობრივ მომწიფებას უკავშირდება, ზეციური უმაღლესი არსება არ ასრულებს ასეთ მნიშვნელოვან როლს. ყველა საცდელი, რომელსაც გადის დამწყები, დარამულუნის სახელით გადის და ყველა გამოცხადება ეხება მის ქმედებებს და ძალას.
სიკვდილის სიმბოლიკა ინიციაციის რიტუალში
უზენაესი არსების როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვირაჯურის ტომების ინიციაციის რიტუალებში. ახალმოსულები ტყეში მიჰყავთ, მათ ცოდნას გადასცემენ მენტორები, ესწრებიან ჯადოქრების ცეკვებს, ნაცარს იყრიან თავზე. ჯადოქრები ცეკვით აჩვენებენ თავიანთ ჯადოსნურ ძალას, აჩვენებენ საგნებს, რომლებიც მათ თითქოს ამოაქვთ თავისი წიაღიდან. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სპექტაკლი შემდეგია: მთავარი ჯადოქარი ქრება და ერთი წუთის შემდეგ ბრუნდება ტოტებსა და ფოთლებში გამოწყობილი, რომელიც მისი თქმით მან ბეამეს ბანაკიდან შეაგროვა.
იუინის ტომისგან განსხვავებით ვირაჯურის ტომი არ მიიჩნევს დარამულუნს უზენაეს არსებად; ის არის მხოლოდ უზენაესი ღვთაების ვაჟი ან მსახური. ამასთან, წინა კბილის ჩამოღების რიტუალში დარამულუნს ენიჭება მთავარი როლი. მეთიუისის აღწერის თანახმად, ახალწვეულს საბნებს აეფარებენ და ეუბნებიან, რომ დარამულუნი მათ დასაწვავად მოდის. ამ მომენტში ისმის რიტუალური ინსტრუმენტის ხმები. მოულოდნელად საბნებს ხდიან ბიჭებს და ყიჟინით ანიშნებენ რიტუალურ საკრავზე და ყვირიან: "აი დარამულუნი!" ამის შემდეგ ბიჭებს საშუალება ეძლევათ შეეხონ რიტუალურ ინსტრუმენტს, რომლებსაც შემდეგ ამსხვრევენ და ფრთხილად წვავენ. მეთიუსის მიერ გადმოცემული მითის თანახმად, დარამულუნი ეუბნება მამამისს ან ბატონ ბეამეს, რომ ინიციაციის დროს მან მოკლა ბიჭები, დაჭრა ნაჭრებად, დაწვა და შემდეგ სიცოცხლეში დააბრუნა "ახალი არსებებად, მაგრამ ერთი კბილის გარეშე". სხვა ვერსიით, მან ისინი გადაყლაპა, ცოტა ხნის შემდეგ კი ამოიღო უკან ცოცხლად. ღვთიური არსებების ან ურჩხულის მიერ გადაყლაპვა ინიციაციის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივია და მას შემდეგ დავუბრუნდებით. ახლა ჩვენ დავამატებთ, რომ სხვა ტომთა შორის, დარამულუნი ასევე კლავს და აცოცხლებს ნეოფიტებს ინიცირების რიტუალის დროს. ვიონჯურთა ერთ-ერთი პატარა ტომი ვონჯბონები თვლიან, რომ დარამულუნი იტაცებს ახალმოსულს, კლავს მას, ზოგჯერ ანაწევრებს პატარა ნაჭრებად, შემდეგ კი მკვდრეთით აღდგენს და კბილს ჩაამოუღებს. როდესაც ღამით გაისმის რიტუალური ინსტრუმენტის ხმა, ტურბალთა ტომში ქალები და ბავშვები თვლიან, რომ ამ დროს ჯადოქრები ახალწვეულებს შთანთქავენ. ამ შემთხვევაში ჯადოქრებს აიგივებენ მითიურ არსებასთან, რომელიც განასახიერებს რიტუალურ ინსტრუმენტს და რომელიც ითვლება რიტუალის "ავტორად". უნმაჯერასა და კაიტიშის ტომებს შორის, აგრეთვე კარპენტერის ყურის ბინადარ ბინბინგის ტომში, სპენსერი და გილენი ამტკიცებენ, რომ ქალები და ბავშვები დარწმუნებულნი არიან, რომ რიტუალური ინსტრუმენტის ხმა არის სულის ხმა, რომელიც შთანთქავს ან კლავს ახალმოსულებს და შემდგომ აცოცხლებს მათ. შევჩერდეთ ამ კავშირზე ინიციაციის დროს სიკვდილსა და რიტუალური ინსტრუმენტის ხმაურს შორის. მოგვიანებით ვნახავთ, რომ ეს ხმაური არის ღვთაებრიობის სიმბოლო, რომელიც მართავს ცხოვრებას, სქესს, ნაყოფიერებას და სიკვდილს.
ვირაჯურში ჰაუვიტმა შენიშნა ძალზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ახალმოსულის ტყეში დარჩენას უკავშირდება: მამაკაცები ხის ქერქიდან სპირალს ჭრიან, რომელიც მიზნად ისახავს ცასა და დედამიწას შორის გზის წარმოდგენას. აქ ჩანს, რომ ადგილი აქვს მისტიკური კავშირის განსახიერებას ადამიანის სამყაროსა და ზეციურ, ღვთიურ სამყაროს შორის. როგორც მითი მოგვითხრობს: ბეამეს მიერ შექმნილი პირველი ადამიანი ავიდა ბილიკზე ზეცაში და იქ ისაუბრა მის შემქმნელთან. ახლა ცხადი ხდება ქერქის სპირალის როლი ინიციაციის დღესასწაულის დროს: სპირალი არის აღმასვლის სიმბოლო, ის აძლიერებს კავშირს ბეამეს ზეციურ სამყაროსთან. ზეციური აღმასვლის სიმბოლიკა არსებობს, როგორც ვნახავთ, ავსტრალიაში ინიციაციის სხვა ტიპებში.
ვირაჯურის რიტუალის აღწერის დასასრულებლად დავამატებთ, რომ როდესაც ნეოფიტები მთავარ დასახლებაში ბრუნდებიან, დედები მათ ისე უყურებენ, თითქოს უცხოები იყვნენ. ისინი მათ ტოტებს ურტყამენ და ბიჭები ისევ გარბიან ტყეში, სადაც ამ ჯერზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში რჩებიან. ეს დედისგან საბოლოო განშორებაა. მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ ახალმოსულებს უამრავ საკვებს ტაბუ ედებათ. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ დასახლებასთან მიახლოება, ქალების თვალიერება და დასაძინებლად დაწოლა, სანამ მანამ "ირმის ნახტომი ცას არ გადაივლის".
ინიციაციის რიტუალში საცდელების მნიშვნელობა
ხაზი გავუსვათ ერთ დეტალს: ვირაჯურის დამწყებთათვის დასაძინებლად წასვლა მხოლოდ გვიან ღამით არის შესაძლებელი. ეს არის კონკრეტული საცდელი ინიციაციის რიტუალიში, რომელიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც უნივერსალური და მიღებულ იქნას საკმაოდ განვითარებულ რელიგიებშიც კი. არ დაძინება ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკური დაღლილობის დამარცხებას, არამედ ნების და სულის სიმტკიცის დამტკიცებას: ფხიზლად ყოფნა ნიშნავს გააცნობიერო ამ სამყაროში არსებობა და იყო პასუხისმგებელიანი. იური-ულუს ტომში ახალმოსულებს ღამით მუდმივად არხევენ ისე, რომ მათ არ შეუძლიათ ჩაძინება. ნარინიუერის ტომიდან ბიჭები ღამით ტყეში შეჰყავთ და სამი დღე-ღამის განმავლობაში არ შეუძლიათ ჭამა და ძილი. წყლის დალევა შეუძლიათ მხოლოდ "ლერწმის საშუალებით" . რა თქმა უნდა, ჩვენ წინაშე ძალიან არქაული ჩვეულებაა, ის გვხვდება ინიციაციის რიტუალებში ცეცხლოვანი მიწის მცხოვრებთა შორისაც კი. ბიჭებს ძალიან ცოტა სასმელს იღებენ და ყოველივე ეს საკვების მრავალრიცხოვან ტაბუებთან ერთად მათ ცხოვრებისეული სირთულეებისთვის ამზადებს. ფიზიკური ამტანობის ყველა საცდელი, ძილის, სმის, ჭამის აკრძალვები სამიდან ოთხ დღემდე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ იამანის ტომებში ცეცხლოვან მიწებზე და ასევე დასავლეთ კალიფორნიის ტომებში. როგორც ჩანს, ისინი ძალიან ძველი კულტურის საფუძვლის ნაწილია.
საკვების აკრძალვას ასევე აქვს რთული რელიგიური ფუნქცია, რომლის განხილვასაც აქ არ ვაპირებთ. საკმარისია დავაკვირდეთ, რომ ზოგიერთ ტომში სადაც საკვები აკრძალვები ჩნდება, ნეოფიტი მითებით, ცეკვით და პანტომიმების მეშვეობით შეიცნობს თითოეული საკვების რელიგიურ წარმოშობას. ასევე არსებობს რიტუალური აკრძალვა საჭმლზე თითებით შეხებაზეც. მაგალითად, ნგარიგოში, ექვსი თვის განმავლობაში, რასაც ტყეში ატარებს ახალბედა- მენტორი საჭმელს პირში თავისი ხელით უდებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალმოსული განიხილება, როგორც ახალშობილი, რომელსაც არ შეუძლია ჭამა თავისით. მოგვიანებით ვნახავთ, რომ ზრდის ზოგიერთ რიტუალში ნეოფიტი აღიქმება, როგორც ჩვილი, რომელმაც არ იცის როგორ გამოიყენოს ხელები ან არ იცის ჯერ ლაპარაკი. მსოფლიოს სხვა ნაწილებში ჭამის დროს ხელების გამოყენების აკრძალვა ბიჭებს აიძულებს აიღონ საკვები პირით, როგორც ცხოველებმა ან რწმენის თანახმად, მიცვალებულთა სულებმა. ფაქტია, რომ ტყის წიაღში იზოლირებულ ნეოფიტებს მათი ტომები ნამდვილად მკვდრად თვლიან და მოჩვენებებთან აიგივებენ. ახლა ჩვენ გვინდა ყურადღება მივაქციოთ ჯუნგლებში იზოლირების სიმბოლიკის ამბივალენტურობას: ეს გულისხმობს არა მხოლოდ სიკვდილს, არამედ ახალი ცხოვრების დაწყებას. ამიტომ ახალწვეული აღიქმება როგორც ახალშობილი.
ახალმოსულის მდგომარეობა ამ შემთხვევაში შეიძლება შემდეგნაირად განიმარტოს: იგი გარდაიცვალა ან დაბრუნდა ადრეულ ბავშვობაში. აქედან გამომდინარეობს საუბრის აკრძალვა. არ არის საჭირო მაგალითების ძიება, რადგან ავსტრალიაში ნეოფიტები თითქმის ყველგან დუმილს ინარჩუნებენ. მათ მხოლოდ მენტორების კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება აქვთ. ზოგიერთ ტომში ნეოფიტები მიწაზე წვანან, ანუ ისინი სიმბოლურად "მკვდარს" განასახიერებენ და მათ ასევე აკრძალული აქვთ სიტყვების გამოყენება. ვაჟებს შეუძლიათ მხოლოდ ისეთი ბგერების გამოცემა, რომლებითაც ცხოველებისა და ფრინველების ხმებს მიბაძავენ. დამწყები კარაჯერი გამოსცემს სპეციალურ ბგერებს, შემდეგ კი ჟესტებით აკონკრეტებს, რა სჭირდებათ. სხვადასხვა სახის ვიზუალური აკრძალვები ახსნილია ანალოგიურად. ამრიგად, ინიცირების კანდიდატებს შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ფეხების ყურება და ამიტომ ყოველთვის უნდა იარონ თავჩახრილებმა. მათ, როგორც წესი, ფარავენ ფოთლებით და გადასაფარებლებით, ან უბრალოდ უხვევენ თვალებს. სიბნელე არის სხვა სამყაროს სიმბოლო, ისევე როგორც სიკვდილი და ემბრიონის მდგომარეობა. რა მნიშვნელობაც არ უნდა ქონდეს ტყეში იზოლირებას, იქნება ეს სიკვდილი ან დაბადებამდე დაბრუნება, გასაგებია, რომ ახალბედა ჩვეულებრივ სამყაროში აღარ არის.
ამავდროულად, ყველა აკრძალვა: საკვების ჩამორთმევა, იძულებითი დამუნჯება, სიბნელეში ცხოვრება, საკუთარი ფეხების გარდა ვერაფრის დანახვა- არის ასკეტური ვარჯიში. ნეოფიტი იძულებულია კონცენტრირება მოახდინოს, იმედიტიროს, იფიქროს. სხვადასხვა ფიზიკურ საცდელს სულიერი მნიშვნელობა აქვს. ნეოფიტი ემზადება მოზრდილობის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის და ამავდროულად იღვიძებს სულიერი ცხოვრებისთვის, რადგან ინიციაციის პროცესები და შეზღუდვები ხდება ინსტრუქციების, მითების გაცნობის, ცეკვებისა და პანტომიმის ფონზე. ფიზიკური საცდელები სულიერ განვითარებას ისახავს მიზნად: ბავშვის კულტურაში შეყვანა, სულიერი ღირებულებების აღქმისადმი "გახსნა". ეთნოლოგებს აოცებთ ახალწვეულთა განსაკუთრებული ინტერესი მითების, ტრადიციებისა და რიტუალური ცხოვრების მიმართ. წინადაცვეთის დაწყებამდე, ან მის შემდეგ ახალბედები თავიანთ მენტორებთან ერთად დიდხანს მოგზაურობენ მითიური არსების მარშრუტებით; ამასთან ისინი ყოველთვის უნდა მოერიდონ ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან შეხვედრას. ზოგიერთ შემთხვევაში, ახალმოსულს ეკრძალება საუბარი, მაშინ როდესაც ისინი შემთხვევით გამვლელს ხვდებიან. ის საკრავის ჩხრიალის მეშვეობით აფრთხილებს შესაძლო გამვლელს. აბორიგენთა აზრით, ახალწვეული არის ვანგარაპა, "ბიჭი, რომელიც იმალება".
ავსტრალიის ინიციატივის რიტუალებში უნდა აღინიშნოს კიდევ ორი საცდელი: 1) ცეცხლის ჩირაღდნების სროლა ახალმოსულთა თავებზე და 2) მათი ჰაერში აგდება. ბოლო საცდელი დამახასიათებელია არუნტისთვის, აქ იგი წარმოადგენს პირველ აქტს ძალიან დიდხანს დაწყებულ წლების განმავლობაში გადაჭიმულ ინიციაციისას. ცეცხლის სროლა, რომელიც ელვას მოგვაგონებს, როგორც ჩანს, წმენდის რიტუალია. მაგრამ მას სექსუალური მნიშვნელობაც აქვს. რაც შეეხება ახალბედის ჰაერში აგდებას, მას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ზეციური ღვთაებისთვის საჩუქრად ნეოფიტის მიძღვნა და აღმასვლის სიმბოლო. ორივე რიტუალი ეხება ნეოფიტისთვის ზეციურ ღვთაების გაცნობას და ორივე ერთმანეთს ავსებს. ეს ცერემონია, როგორც ჩანს, სხვა ამაღლების რიტუალების მსგავსია. მაგალითად, უმბას ცერემონიალის დროს დამწყები უნდა აცოცდეს ახალგაზრდა ხეზე, რომელიც ტოტებისგან ადრე იყო გასუფთავებული. როდესაც იგი მწვერვალს მიაღწევს, ქვემოდან ყველა აღტაცების ყიჟინით ესალმება. კურნაიში, სოფელში დაბრუნებამდე, იწყება ე.წ. "ოპოსუმის თამაშები". დაახლოებით ოცი ფუნტი სიმაღლის ხეზე რომელსაც ტოტები ჩამოშორებული აქვს და პრაქტიკულად ბოძადაა ქციეული, ბიჭების მრჩეველები ოპოსუმებივით ძვრებიან ერთმანეთის მიყოლებით. ალბათ, ეს თამაში არ არის ორიგინალური, მსგავსი ღონისძიება შეინიშნებოდა ვირაჯურშიც. კარაჯერის ტომელისთვის ხეზე ასვლა წარმოადგენდა სპეციალური რიტუალს, რომელსაც უწოდებენ "ლა-რიბუგას": ამ დროს კაცები მღეროდნენ წმინდა სიმღერას, ახალბედა ხეზე ცოცდებოდა. რიდინგტონი გვიყვება, რომ სიმღერის სიუჟეტი დაკავშირებული იყო ხის მითთან, მაგრამ კარაჯერებმა დაივიწყეს მისი მნიშვნელობა. ამასთან, შეიძლება გამოვიცნოთ რიტუალის მნიშვნელობა: ხე განასახიერებს კოსმიურ ღერძს, მსოფლიოს ხეს; მასზე ასვლით განდობილი ადის ზეცაში. ალბათ ეს ეხება აღმასვლას, რომელსაც შამანები ხშირად მიმართავენ თავიანთი ინიციაციის რიტუალების დროს. "ბორა დეს ჩეპარას" დროს ტარდება შემდეგი რიტუალი: ახალგაზრდა ხეს რგავენ მიწაში ფესვებით ზემოთ და მის გარშემო რამდენიმე ხეს ამაგრებენ რომლებიც ქერქისგანაა გაწმენდილი და ოხრითაა შეღებილი. ისინი ერთმანეთზე ქერქით არიან გადაბმულები. შამანი ზის გადმობრუნებულ ხეზე, რომელსაც პირზე თოკი აქვს ჩამოკიდებული. ის წარმოადგენს უზენაეს არსება მაამბას. არსებობს რწმენა, რომ ღამით შამანი ზეცაში ადის მაამბას სანახავად და ტომის საქმეებს განიხილავს მასთან. შამანები აჩვენებენ კვარცის კრისტალს ახალბედებს, რომელიც მათი მტკიცებით, მიიღეს მაამბასგან. ხის გამოყენებით ზეცაში ასვლა და ფრენის უნარი, რომელიც მიღებულია კვარცის კრისტალისგან, წარმოადგენს სპეციფიკურ შამანურ სიუჟეტს, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ავსტრალიაში და გვხვდება სხვა ქვეყნებშიც. ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ, როდესაც შამანურ ინიციციებს მივმართავთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ასვლის, ამაღლების სიმბოლიკა, როგორც ეს გამოხატულია ახალმოსულთა ჰაერში აგდებასა და ხეებზე ასვლაში, განსაზღვრავს ავსტრალიის ზოგიერთ რიტუალს, რომელიც ასოცირდება სქესობრივი მომწიფების ასაკში გადასვლასთან. ზემოთ აღნიშნულიდან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 1) წარსულში უზენაესმა ზეციურმა არსებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინიციაციაში, რადგან ამაღლების წესები არქაული ხასიათისაა და მათი საწყისი მნიშვნელობა თითქმის მთლიანად დაიკარგა ; 2) შამანები იღებენ თავიანთ ჯადოსნურ ძალას ზეციური არსებებისგან. ისინი ხშირად ასახავენ მათ რიტუალებში და სწორედ შამანები უხსნიან ნეოფიტებისთვის ღვთიური არსების მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან ზეცაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამაღლების სიმბოლიკა, რომელიც აღზრდის რიტუალში არის წარმოდგენილი- გვაფიქრებინებს, რომ ძველად მჭიდრო კავშირი იყო ღმერთებსა და ინიციაციის რიტუალს შორის.
კოლექტიური ინიციაცია და აღორძინება
ტომები, რომლებზეც ჩვენ ახლახანს ვისაუბრეთ, მტკივნეული პროცედურებიდან მხოლოდ წინა კბილის ამოღებას მიმართავენ, როგორც საცდელს ინიციაციის რიტუალში. მაგრამ, ავსტრალიის ტომების დიდ ნაწილში წინადაცვეთა სპეციფიკური რიტუალია, რომელსაც საბოლოოდ შეიძლება მოჰყვეს ახალი ოპერაცია -პენისის ქვედა ნაწილის კვეთა (სუბინცისიონ-რიტუალური ოპერაცია, რომელი დროსაც ხდება პენისის ნაწილის კვეთა, რაც გულისხმობს ურეთრით მუდმივად გახსნილ მდგომარეობაში ყოფნას). ავსტრალიაში სხვა ოპერაციების ჩატარებაც დაფიქსირებულია, როგორიცაა: ტატუირება, თმის მოჭრა და ზურგზე კანის გაჭრა. ვინაიდან წინადაცვეთა და პენისის ქვედა ნაწილის კვეთა საკმაოდ რთული პროცედურაა და აღწერს რელიგიურ ფასეულობებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლთან და სექსუალობასთან, მათ შემდეგ თავში გადავხედავთ შეგნებულად, რათა თხრობა არ გართულდეს. აქამდე კი განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სიკვდილის სიმბოლიკას ინიციაციის რიტუალში.
აშკარაა, რომ ამ რიტუალურ სიკვდილს ამავდროულად მივყავართ ტომთაშორისი დღესასწაულისკენ და იგი სტიმულს აძლევს კოლექტიური რელიგიური ცხოვრების აღორძინებას. ამრიგად, ავსტრალიური ტომების ინიციაციის რიტუალები ჯდება კოსმიურ მისტერიაში: კაცები, რომლებმაც უკვე გაიარეს ინიციაცია და ახალწვეულები ტოვებენ საერთო დასახლების ნაცნობ გარემოს და იწყებენ ახალ ცხოვრებას წმინდა სათავსში ან ტყის წიაღში, სადაც ისინი იმეორებენ პირველად მოვლენებს და ტომის მისტიკურ ისტორიას. მითების გაცოცხლება, როგორც ვნახეთ, გულისხმობს "სიზმრების დროის" დაბრუნებას, ეს არის ღვთიური არსებისა და წინაპრების მისტიკური არსებობით განწმენდილი დრო. ჩვენი თვალსაზრისით, არც ისე მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი ციური არსებები ყოველთვის არ გამოდიან წინა პლანზე ინიციაციის რიტუალებში, ასევე ზოგიერთ ტომში მათი როლი გადადის წინაპრებზე ან მისტიკურ ფიგურებზე, რომლებიც "დემონურადაა" შეღებილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეადამიანური არსებები, როგორიც არ უნდა იყოს მათი სტრუქტურა, ტომის თვალში წარმოადგენს ტრანსცენდენტულ და წმინდა სამყაროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კოლექტიური ინიციაციის რიტუალები წარმოადგენენ მითოლოგიურ დროს, როდესაც ეს ღვთიური არსებები იყვნენ დაკავებული დედამიწის შექმნით და აღჭურვით. ინიციაცია წარმოებს ამ არსების მიერ, ან ხორციელდება მათი თანდასწრებით.
ამიტომ, ნეოფიტების მისტიკური სიკვდილი არ ახდენს უარყოფით მუხტს. პირიქით, ეს სიკვდილი ბავშვობაში, სექსუალობის მიღმა, უმეცრებაში, ზოგადად გაუცნობიერებელ მდგომარეობაში არის კოსმოსისა და ტომთა საზოგადოების სრული აღორძინების მიზეზი, რადგან თავიანთი შემოქმედების გამეორებით ღმერთები, გმირები, განმანათლებლები და მისტიკური წინაპრები კვლავ იბადებიან და მოქმედებენ დედამიწაზე. ბავშვების მისტიკური სიკვდილი და მათი შემდგომი გამოღვიძება არის კოსმოგონიის, ანთროპოგონიისა და ყველაფრის გრანდიოზული გამეორების ნაწილი, რაც ახასიათებს "სიზმრების დროის" თავდაპირველ ეპოქას. მოკლედ, ინიციაციამ გაიმეორა ტომის წმინდა ისტორია და საბოლოო ჯამში სამყაროს წმინდა ისტორია. ამ განმეორებამ კვლავ განწმინდა მთელი მსოფლიო. ბავშვები "გარდაიცვალნენ" გაუცნობიერებელ მდგომარეობაში და დაიბადნენ ახალ სამყაროში, იმ ცოდნის წყალობით რომელიც მიიღეს ინიციაციის პერიოდში და გახდნენ ზებუნებრივი არსებების წმინდა ქმნილებანი.
დავიმახსოვროთ ეს გარემოება, რომელიც წარმოადგენს მთავარ მოტივს და ინიციაციის ყველა ასპექტს: სიკვდილისა და აღდგომის საცდელი არა მხოლოდ რადიკალურად ცვლის ნეოფიტის ონტოლოგიურ მდგომარეობას, არამედ უხსნის მას ადამიანის არსებობის არსს და სამყაროს საკრალურობას: ყველა რელიგიის საერთო დიდი საიდუმლო, კერძოდ, რომ ადამიანი, კოსმოსი, ცხოვრების ყველა ფორმა ღმერთების ან ზეადამიანური არსებების მიერ არის შექმნილი. ნეოფიტს ამ ყველაფერს უხსნის "დასაწყისის მითები" . ისინი ასწავლიან მას ნივთების და მოვლენების წარმოშობის გაგებას და იმ ფაქტის გაგებას, რომ ის თავად არის სხვისი ქმნილება, მისი ცხოვრება ამა თუ იმ რიგი მითოლოგიური ისტორიების შედეგია, ზოგადად - ”წმინდა ისტორიისა”. ადამიანი ეკუთვნის "წმინდა ისტორიას", რომლის აღქმაც მხოლოდ განდობილებს შეუძლიათ: სწორედ ეს აღმოჩენაა ამოსავალი წერტილი სხვადასხვა რელიგიური ფორმის განვითარებისათვის.
მომდევნო ქვეთავის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)
თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული
პირადი ნომერი: 35001029103
ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.