თავი მეექვსე
თავი მეექვსე
ინიციაციის თემები დიდ რელიგიებში
ამ ბოლო თავის თემის დასახელება შეიძლება თავხედურადაც გამოიყურებოდეს. არა იმიტომ, რომ გარკვეული ტრადიციული ინიციაციების სცენარები არ გვხვდება მოწინავე რელიგიებში, არამედ იმიტომ, რომ მათი განხილვა სცილდება იმ ფარგლებს, რომლითაც ჩვენ შევაზღუდეთ ეს კვლევა. ამ პრობლემას აუცილებლად დავუბრუნდებით წიგნში "სიკვდილი და ინიციაცია".
რელიგიები, რომლებსაც ჩვენ ახლა მიმოვიხილავთ, გაცილებით უფრო რთული სტრუქტურისაა, ვიდრე პრიმიტიული რელიგიები, რომლებიც გარდა ინდოეთისა, მკვდარი რელიგიებია. ასევე, ყოველთვის ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ კარგად გვესმის რამდენიმე დოკუმენტის სრული არსი, რომელსაც ვფლობთ. არ არის აუცილებლობა ვამტკიცოთ, რომ ინიციაცია საიდუმლო და ფარული ცერემონიაა. თუ პრიმიტიულ საზოგადოებების ინიციაციების შესახებ რამე ვიცით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ თეთრკანიანებმა შეძლეს ინიციაციის რიტუალის გავლა, ან იმის გამო, რომ ადგილობრივებმა მოგვცეს გარკვეული ინფორმაცია. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ პრიმიტიული ინიციაციების შესახებ სიღრმისეული ცოდნისგან. მაშ, რა შეგვიძლია ვთქვათ ელეუსინური რიტუალების ან ბერძნულ-აღმოსავლეთის საიდუმლოებების შესახებ? ჩვენ თითქმის არ გვაქვს საიდუმლო რიტუალების დამადასტურებელი არანაირი საბუთი. ზოგადად, ანტიკურ ისტორიაში ინიციაციის შესახებ ჩვენი ინფორმაცია ფრაგმენტული და არაპირდაპირია; ისინი ტენდენციურიც კია, რადგან ჩვენამდე ქრისტიანი ავტორებისგან მოვიდნენ. თუ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც შეეძლო ლაპარაკი ინიციაციაზე ანტიკურ დროში, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სჯეროდათ ინიციაციის ზოგიერთი სცენარის აღდგენის, ძირფესვიანი გარდაქმნის და გადახალისების შესაძლებლობისა. ასევე იმის გამო, რომ მათ უკვე იცოდნენ ინიციაციის ფენომენისა და მის მიმართ ქრისტიანობის დამოკიდებულების შესახებ ისტორიის გარკვეულ მომენტებში.
მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, სავსებით შესაძლებელია ინიციაციის სცენარის რეკონსტრუქცია რამოდენიმე ფრაგმენტული დოკუმენტის საფუძველზე და მისი მახვილგონივრული ანალიზის შეთავსებით. თუ შეიძლება რომ იმედი გვქონდეს ბერძნულ-აღმოსავლურ მისტერიებში ინიციაციის სქემის აღსადგენისა, უგუნურება იქნება იმის მტკიცება, რომ მათი მონაწილეების რელიგიური, სულიერი მდგომარეობის და გამოცდილების გაშიფვრა შეგვიძლია. დაუსრულებლად შეიძლება განვიხილოთ, რამდენად ხელმისაწვდომია ამ რელიგიური გამოცდილების შინაარსი თანამედროვე მკვლევარებისთვის, რომლთა შესაძლებლობები შეზღუდულია მწირი დოკუმენტაციით. რა პოზიციაც არ უნდა დავიკავოთ ამ მეთოდოლოგიურ დავაში, მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ღირებული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი და შრომატევადი შრომით. რადგან ჩვენ ამ ეტაპზე სხვა არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია-იძულებულნი ვართ შემოვიფარგლოთ სავარაუდო ინტერპრეტაციებით შემდგომი კვლევების მოლოდინში.
ინდოეთი
ჩვენ დავიწყებთ თხრობას ინდოეთიდან, რადგან აქ შემონახულია მრავალი უძველესი რელიგიური ფორმა, უფრო ახალი იდეებისა და რელიგიური რწმენის პარალელურად. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა უპანაიამაზე, პირველი სამი კასტისთვის სავალდებულო სიმწიფის მიღწევის რიტუალზე, რომლის მეშვეობითაც ნეოფიტი "იბადება" როგორც ბრაჰმანა და ამრიგად ხდება "ორჯერ დაბადებული". ანალოგიურად, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ "diksä"-ზე, რიტუალზე, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ნეოფიტმა და რომელიც ძირითადად მოიცავს ემბრიონად სიმბოლურ ტრანსფორმაციას. დაბოლოს, ჩვენ ვახსენეთ ინიციაციის კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც დედის საშვილოსნოში დაბრუნებას გულისხმობს - "Hiranyagarbha" და დედ-დედამიწის მიერ განდობილის მისტიკური დაბადება. "Diksha" და "Hiranyagarbha" არის ინიციაციები, რომლებიც კანდიდატს აძლევს საკრალურის ღრმა სფეროებში წვდომის საშუალებას. მაგრამ, ინდოეთში გავრცელებული იყო ამ ტიპის მრავალი სხვა ინიციაციის რიტუალები, ანუ იყო შესაძლებლობა საკრალურში უფრო სრულყოფილი მონაწილეობისა ანუ განდობილის ეგზისტენციალური სტატუსის რადიკალური შეცვლისა. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს ამ ტიპის ინიციაციები: ინიციაციები, რომლებშიც ხდება გადასვლა ამქვეყნიური მდგომარეობიდან ტრანსცენდენტალურ მდგომარეობაში. მორფოლოგიური თვალსაზრისით, ამ ტიპის ინიციაციები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინდური ინიციაციის პარალელი პრიმიტიულ სამყაროში საძმოში განდობის რიტუალებისა და განსაკუთრებით შამანური ინიციაციების. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათი შინაარსი იდენტურია. ჩვენ საქმე გვაქვს უაღრესად სპეციალიზებულ ინიციაციებთან, რომლებიც ინდივიდს მრავალ შეზღუდვას უქმნის მისი ცხოვრების წესის შეცვლის მიზნით. ზოგჯერ ანტიკური ინიციაციის სცენარი თითქმის სრულადაა დაცული, თუმცა რიტუალური სიკვდილის საცდელი ახალ მნიშვნელობას იძენს. რიტუალის გაგრძელების და ამავე დროს ანტიკური სცენარების გადაფასების ყველაზე გამჭვირვალე მაგალითებს ვხვდებით ინდო-ტიბეტურ ტანტრიზმში. ტანტრიზმი, უმეტესწილად, მკვიდრი სულიერების გამოხატულებაა, ეროვნული ფენების რეაქცია. ამიტომ ბუნებრივია, რომ იგი იყენებს უძველეს რელიგიურ კატეგორიებს. მაგალითად, ტანტანული "სიდჰების" (წმინდანთა) მითებში, რიტუალებსა და ფოლკლორში შამანური ინიციაციებს სპეციფიკურ მოტივებს ვხვდებით, განსაკუთრებით მათსიენდრანატხასა და გარაქხნათხას გამოსახულებებში და პერსონაჟებში, რომლებიც განსაკუთრებით ანცვიფრებდნენ საერთო სახალხო წარმოსახვას. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად გარაქხნათხამ განახორციელა ორი მათსიენდრანათხას ბიჭის ინიციაცია: მან მოკლა ისინი, გარეცხა მათი შინაგანი ნაწილები, " როგორც ამას აკეთებენ მრეცხავი ქალები", კანი ხის ტოტებზე ჩამოკიდა და შემდეგ გააცოცხლა ისინი. ეს სცენარი უცნაურად მოგვაგონებს ავსტრალიელი ჯადოქრების და ციმბირული შამანისტური ინიციაციის რიტუალების დამახასიათებელ მოტივს. დედოფალი მაიანამატი, რომელის ინიციაციაც ჩაატარა გარაქხანათხამ, ასევე იქცეოდა შამანივით: ის არ იწვოდა ცეცხლში, არ იხრჩობოდა წყალში, შეეძლო თმის ღერებისგან გაკეთებულ ხიდზე და სამართებლის ალესილ პირზე სიარული, ასევე შეეძლო ჯოჯოხეთში ჩასვლა და ბრძოლა სიკვდილის ღმერთთან, მან გაათავისუფლა თავისი ქმრის სული და ა.შ. ეს ფოლკლორული მოტივები ეხმიანება ციმბირისა და შუა აზიის შამანების ზეპირ მონათხრობებს. ფოლკლორის იგივე მოტივები პარალელებს პოულობს ტანტრულ რიტუალებში. მაგალითად: ინდო-ტიბეტურ წეს-ჩვეულებაში, რომელსაც "ტჩოდ"-ს (gtchod) უწოდებენ, ნეოფიტები დემონებს ეპატიჟებიან მათი ხორცის მისართმევად. ასევე მედიტაციის ძალით ახალწვეული ქალღმერთს საბრძოლველად იწვევს დაშნით ხელში, რომელიც ნეოფიტს თავს ჭრის და ნაწილებად ალაგებს. შემდეგ კანდიდატი ხედავს დემონებსა და გარეულ ცხოველებს, რომლებიც მოდიან და შთანთქავენ მას. კიდევ ერთ ტანტრულ მედიტაციაში ნეოფიტები ხედავენ როგორ შორდება ხორცი ჩონჩხს წარმოსახვაში და ხედავენ თავიანთ თავს, როგორც "ჩონჩხს-თეთრს, ბრწყინვალეს და უზარმაზარს". ინიციაციის მსგავსი თემა გვხვდება ციმბირელ და ესკიმოს შამანთა შორის. ინდო-ტიბეტური "ტჩოს" შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით დანაწევრებისა და ჩონჩხად გადაქცევის ტრადიციული თემის ახალ შეფასებას: ახალბედა გადის საცდელს: იწვევს საშინელ გამოსახულებებს თავისი წარმოსახვით, რომელიც ემორჩილება აზროვნების ძალას. მან იცის, რომ ეს ეხება საკუთარი ტვინის ახალი მოდელის შექმნას, რომ ქალღმერთი და დემონები ისეთივე სურეალურია, როგორც საკუთარი სხეული და საერთოდ მთელი კოსმოსი. ნეოფიტი-ბუდისტი, რომელიც ეკუთვნის დიდ გადამზიდავს, აცნობიერებს, რომ სამყარო "ცარიელია" ანუ ონტოლოგიურად არარეალურია. ეს ინიციაციის მედიტაცია ამავე დროს არის "სიკვდილის შემდგომი" საცდელი ანუ "ჯოჯოხეთში დაშვება" - მაგრამ ნეოფიტი ამ შემთხვევაში აღწევს ნებისმიერი სიკვდილის შემდგომი გამოცდილების სიცარიელეს, რათა თავი დააღწიოს შიშს სიკვდილის დროს და თავიდან აიცილოს დედამიწაზე ახალი დაბადება. სხეულის დანაწევრების ტრადიციული საცდელი, რომელიც ტარდება შამანების სამყაროში, შესაბამისი რიტუალებით, "ინიციაციის დაავადებით" ან სიზმრებითა და ხილვებით-აღარ განიმარტება როგორც მისტიკური სიკვდილი, რომელიც აუცილებელია "აღდგომისთვის" ახალი ცხოვრებაში. ახლა ეს გამოცდილება შემეცნების ინსტრუმენტს ემსახურება: მისი წყალობით ნეოფიტს შეიმეცნებს, თუ რა არის "სრული სიცარიელე" და ამის გაგების შემდეგ უახლოვდება საბოლოო განთავისუფლებას. კიდევ ერთი ტანტრული რიტუალი, რომელშიც აშკარად დაცულია ინიციაციის რიტუალის სტრუქტურა- არის რიტუალური შეღწევა "მანდალაში". იგი იდენტურია ავსტრალიური "ბორასა" და ზოგადად ნებისმიერი სხვა "წმინდა სივრცისა". "მანდალა" არის "მსოფლიოს მოდელი" და პანთეონი. მანდალაში შეღწევით ნეოფიტი გარკვეული გაგებით, შედის "მსოფლიოს ცენტრში": მანდალას ცენტრში მას შეუძლია გასცდეს ამქვეყნიურ საზღვრებს და გახდეს ტრანსცენდენტული.
ინიციაცია ხდება მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალური რიტუალის საშუალებით აწვდის მოსწავლეს გაგებისა და შეცნობის უნარს. მას მოეთხოვება დაიცვას მკაცრად საიდუმლოება. ”როდესაც უმაღლესი ცოდნა წარმოიშობა შენში, არაფერი უთხრა მათ, ვისაც არ უნახავს ღვთაებრივი დიდი წრე (ანუ მანდალა), წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირი (მისტიკური) გაწყდება.” იგივე პედაგოგი დასძენს: ”ეს არის თქვენი კავშირი "ვადჯრასთან" (ანუ ტანტრულ დოქტრინასთან). თუ ვინმეს გაესაუბრები ამ თემაზე, შენი თავის ქალა ნატეხებად იქცევა და ჰაერში გაიფანტება”.
მხოლოდ იოგაში შეტანილი სხვადასხვა ტექნიკური მეთოდიკის ერთად განხილვისას, ჩვენ გავიგებთ ინიციაციის ტრადიციული თემის გადაფასების პროცესს. პრაქტიკული იოგის გარე ასპექტი ჰგავს ნეოფიტის ქცევას ინიციაციის დროს: იოგიც ასევე ტოვებს ხალხის საზოგადოებას, გადადის მარტოობაში, ასკეტიზებას ექვემდებარება და ასრულებს მასწავლებლის ზეპირ მითითებებს, ზოგჯერ ძალიან მკაცრს, ძირითადად საიდუმლოს, გადაცემულს "პირიდან ყურამდე", როგორც ამას ინდუისტურ ტექსტებში ამბობენ. უფრო მეტიც: იოგის ტექნიკები, რომელიც თავმოყრილია ერთობლიობაში, ახდენს ინიციაციის სქემის განმეორებას. იოგის საბოლოო მიზანი, ისევე როგორც ნებისმიერი ინიციაციისა-არის რადიკალური ცვლილება ეგზისტენციალური რეჟიმისა მათთვის, ვინც მის წესებს იცავს. იოგას წყალობით ასკეტი ანადგურებს ადამიანური ცხოვრების პირობებს, ინდური ტერმინოლოგიით: ტანჯვით სავსე მოსაწყენ არსებობას; იგი ხვდება უჩვეულო მდგომარეობაში: ინდუსები მას უწოდებენ განთავისუფლებას, თავისუფლებას, "მოქშას", " მუკტს", "ნირვანას". ყოველდღიური ცხოვრების განადგურება აბსოლუტური თავისუფლების მოსაძებნად-ნიშნავს ამ ცხოვრებაში სიკვდილს და ახალ ტრანსცენდენტურ, უპირობო ცხოვრებაში დაბადებას.
სიკვდილის სიმბოლიკა აშკარაა იოგასთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ფსიქო-ფილოსოფიურ ასპექტებში. იოგზე დაკვირვების დროს გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს გააკეთოს ზუსტად საპირისპირო, რასაც სხვები აკეთებენ "ამ სამყაროში", ანუ რასაც აკეთებენ საკუთარი უმეცრების პატიმარი ჩვეულებრივი ადამიანები. მართლაც, უწყვეტი მოძრაობის ნაცვლად, იოგი იმყოფება აბსოლუტურად სტატიკურ მდგომარეობაში, რომელსაც "ასანა" ეწოდება და ქვას ან მცენარეს ჩამოჰგავს. რიგითი ადამიანის მღელვარე და არითმიულ სუნთქვას ის უპირისპირებს "პრანაიამას", სუნთქვის რიტმულ შენელებას და სუნთქვის მთლიანად შეკავებისადმი სწრაფვასაც კი. იგი პასუხობს ფსიქო-მენტალურ ცხოვრების ე.წ. ნორმალურ, ქაოტურ ნაკადს აზრის ერთ წერტილში დაფიქსირებით ("ეკაგრატა"). მოკლედ, ის აკეთებს საპირისპიროს იმასა, რაც ცხოვრება აიძულებს ადამიანს - ის იქცევა ისე, რომ გათავისუფლდეს უამრავი სისტემისგან, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივ ცხოვრებას და აღმოაჩნდება უპირობო, აბსოლუტურად თავისუფალ ყოფაში; მაგრამ, ასეთი მდგომარეობა ღმერთების პოზიციასაც კი აღემატება და ჰგავს მიცვალებულთა მოსაწყენ, უინტერესო, გამონათებების გარეშე ცხოვრებას.
იოგაში ვხვდებით ასკეტიზმისა და რწმენის, იდეებისა და ტექნიკების კომპლექსს, რომლის მიზანია გარდაქმნა, თუნდაც ჩვეულებრივი არსებობის განადგურება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასკეზის ეს გრძელი და რთული გზა ვითარდება ინიციაციის ცნობილი სცენარის გასწვრივ: იოგა "კლავს" ჩვეულებრივ ადამიანს, ანუ მეტაფიზიკურად "უმეცარს", ილუზიების მსხვერპლს და "შობს" ახალ ადამიანს, უპირობოს და თავისუფალს. რა თქმა უნდა, იოგას უმაღლესი მიზანი არ არის იგივე, რაც სხვადასხვა ინიციციით მიიღწევა შამანებში ან საიდუმლო ძმობებში და რომლებიც გაანალიზებულია წინა ორ თავში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ იოგები, რომელთა მიზანია მისტიკური კავშირი (uniomistica) ღვთიურთან, ნამდვილი იოგი პირველ რიგში ცდილობს სრული სულიერი დამოუკიდებლობის მოპოვებას. ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისტიკების და ჯადოქრების, შამანებისა და იოგების წინაშე მდგარი ყველა განსხვავებული მიზანი მოითხოვს ასკეტიზმსა და სულიერ ვარჯიშებს, რომელთა სტრუქტურა წარმოდგენილია ინიციაციის კლასიკურ ფორმატში: ნეოფიტის ტრანსფორმაცია მისტიკური სიკვდილით. ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, როდესაც იოგის მედიტაციის ზოგიერთ ვარჯიშს გაითვალისწინებთ. აქედან ირკვევა, თუ რა გაგებით გადაფასდა მისტიკური სიკვდილის სიმბოლიზმი ტანტრული „ტჩოდით“. სიკვდილის შემდგომი (postmortem) მდგომარეობების შეცნობა შეიძლება შივა სამჰიტაში ნახსენები ვარჯიშის საშუალებით: გარკვეული მედიტაცია საშუალებას აძლევს იოგს წინასწარ გაითვალისწინოს გაქრობის პროცესი, რომელიც ხდება სიკვდილის შემდეგ. რადგან იოგების "სადჰამა" მოიცავს კოსმიურ კონტექსტს, ეს მედიტაცია ხსნის კოსმოსის პერიოდული ცვლილების პროცესს.
ტრადიციული ინიციაციის კიდევ ერთი თემა, რომელიც იოგამ და ბუდიზმმა გადაიღეს და გადააფასეს- არის "ახალი სხეულის" თემა, რომელშიც იწყებს ახალ ცხოვრებას განდობილი. თვითონ ბუდამ გამოაცხადა, რომ მან თავის მოწაფეებს აჩვენა, თუ როგორ უნდა გადავიდნენ ხორციელი სხეულიდან "სხვა სხეულში", რომელიც შექმნილია "ინტელექტუალური ნივთიერებისგან"(rupim manomayam). ჰათჰა-იოგის მიმდევრები, ტანტრისტები და ალქიმიკოსები ცდილობენ მიიღონ "ღვთიური სხეული"(divya deha), აბსოლუტურად სულიერი (chinmaya), ან ბუნებრივი "მწვანე" (apaqua) სხეული გარდაქმნან სრულყოფილ, "ზრდასრულ"(pakwa) სხეულში. ბუდისტი ბერების წეს-ჩვეულებები მოიცავს ზოგიერთ რიტუალს, რომელიც ინარჩუნებს ინიციაციის სტრუქტურას. უფრო მეტიც, ბუდისტურ მითებსა და ლეგენდებში უამრავია ინიციაციის რიტუალების მაგალითები. იმ გამოწვევებს შორის, რომლებიც ანანდამ უნდა გადალახოს რაჯაგრიჰაში, სანგჰუში მისაღებად არის საკვანძო გასასვლელი, როგორც ერთ-ერთი ცნობილი დაბრკოლების საცდელი. მეორეს მხრივ, ლეგენდები ბუდას და სხვა წმინდანთა და ბრძენთა შესახებ მუდმივად იმეორებენ ინიციაციის ძველ თემებს - "შინაგანი სიმხურვალე", ალი, რომელიც ჩნდება მათი თავებიდან, ვინც ჩვეულებრივ სამყაროს საზღვრებს გასცდა. როდესაც ანანდა მიაღწევს ნირვანას, მას ცეცხლის ალი წაეკიდება და მისი სხეული მთლიანად იწვება. ინდოეთში გვხვდება იგივე პრიმიტიული რიტუალები, რომლებიც ტრადიციული ინიციაციებისას გვქონდა, მაგრამ მათ უკვე განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინეს: სხეულის ნაჭრებად დანაწევრება, სიკვდილი და აღდგომა, ორსულობა და ახლად დაბადება, საცდელები და დაბრკოლებები, ახალი სხეულის მოპოვება, ჯადოსნური სიმხურვალე. რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ინდიელი ბრძენის, ჯადოქრის ან მისტიკოსის მიერ დასახული მიზნები, ისინი იმედოვნებენ, რომ მათ მიაღწევენ ფიზიკური და ფსიქო-მენტალური საშუალებებით, რაც გულისხმობს ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების განადგურებას. გარდა ამისა, ადამიანის განთავისუფლების ან გაღმერთების პროცესი ყოველთვის შეიძლება განისაზღვროს ინიციაციის მთავარ პუნქტებით და ისინი არსად არ გამოიხატება უფრო მკაფიოდ, ვიდრე ინიციაციიის ტრადიციულ გამოსახულებებსა და ტერმინოლოგიებში.
ინიციაციის რიტუალების კვალი ძველ საბერძნეთში
ხმელთაშუა ზღვის რელიგიებს განხილვისას, ინიციაციების სამ ძირითად ტიპს ვხვდებით: ზრდასრულობაში გადასვლის რიტუალები, საიდუმლო ძმობაში შესვლა და მისტიკური ინიციაციები. მაგრამ, ჩვენ ვერ ვიხილავთ ინიციაციის სამივე ტიპს ერთი და იმავე ისტორიულ ეპოქაში. საბერძნეთისა და რომის ისტორიის შექმნისთანავე, როგორც ჩანს, ზრდასრულობის რიტუალებმა დაკარგეს რელიგიური აურა, მაგრამ მითების და ლეგენდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პრაქტიკულად პრეისტორიულ ხანაში ტარდებოდა. საბერძნეთში, ისტორიული ეპოქის განმავლობაში, ზრდასრულობის რიტუალები წარმოდგენილი იყო სამოქალაქო განათლების მიღებასთან დაკავშირებული ფორმით, მათ შორის, ბიჭების არა დრამატული შეყვანა სამოქალაქო საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაში. ამასთან, მითოლოგიური სცენარების პერსონაჟები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ამ სამოქალაქო რიტუალებს, მაინც გვახსენებს უფრო უძველეს წესრიგს, რომელიც ასოცირებულია იმ ატმოსფეროსთან, რომელშიც ყალიბდებოდა ზრდასრულობის რიტუალები. მაგალითად, თესევსის ლეგენდარული ფიგურა და მის სახელთან დაკავშირებული რიტუალები ყველაზე მარტივად აიხსნება ინიციაციის სცენარების თვალსაზრისით. თესევსის ლეგენდის მრავალი ეპიზოდი სინამდვილეში ინიციაციის საცდელებია: მაგალითად, მისი რიტუალური ჩაძირვა ზღვაში არის საცდელი, რომელიც ექვივალენტურია შემდგომ ცხოვრებაში მისი მოგზაურობის, უფრო სწორად, ნერეიდების მიწისქვეშა სასახლეში - ფერიების, რომელთა მოვალეობას შეადგენდა ძირითადად "ახალგაზრდა ჭაბუკების " დაცვა(courotrophoi); თესევსის მიერ ლაბირინთში შეღწევა და ურჩხულთან ბრძოლა- გმირული ინიციაციის სამაგალითო თემაა; დაბოლოს, არიადნეს გატაცება, რომელიც აფროდიტეს მრავალითაგან ერთერთი განსახიერებაა და რომელთანაც თესევსმა დაასრულა ინიციაცია "ღვთიური ქორწინებით". როგორც ხ.ჟამერი აღნიშნავს, თესევსის მრავალი საგმირო მითი შედის ანტიკურ რიტუალებში, რაც წინა ეპოქაში აღნიშნავდა ახალგაზრდა კაცის დაბრუნებას სოფელში ტყის რიტუალის შემდეგ. ანალოგიურად, ზრდასრულობის რიტუალების უძველესი სცენარების ნაშთები შეიძლება მოიძებნოს ლიკურგუსის სპარტანულ საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მოიცავს ტკივილს, მარტოობას და შიშს და რაც ყველა თვალსაზრისით წააგავს ინიციაციის უძველეს საცდელებს. ასე რომ, ახალგაზრდა კაცს გზავნიდნენ მთებში, მას ერთი წელი ისე უნდა ეცხოვრა, რომ არავის ენახა; ვინც დაენახვებოდა, სასჯელს მიუსჯიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალგაზრდა კაცი(couros) მთელი წლის განმავლობაში ეწეოდა მგლის ცხოვრებას. მგლად გარდაქმნა ან მგლის ქცევის რიტუალური მიბაძვა როგორც ვნახეთ, შამანებისა და მეომრების ინიციაციის სპეციფიკური მახასიათებელია. ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ რწმენებსა და უძველეს რიტუალებზე, რომლებმაც დიდი დრო დაჰყვეს ევროპის კონტინენტზე ჩრდილოეთით და სამხრეთით. მათი ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ბერძნულ მითებსა და ლეგენდებში. მისტიკური კურეტების ფიგურებში შეიძლება კვლავ ამოვიცნოთ ინიციაციის ლიდერები: ისინი მიჰყვებიან ახალგაზრდსა ტყეებში, ასწავლიან ხის ნაყოფის მოპოვების უძველეს ტექნიკას, ნადირობას, ცეკვას და მუსიკას. აქილევსის ისტორიის ზოგიერთი მომენტი შეიძლება აიხსნას, როგორც ინიციაციის საცდელები; ის კენტავრმა გაზარდა, ანუ იგი ტყეში ინიცირებულ იქნა ცხოველთა სამყაროს მენტორების მიერ; მას ცეცხლისა და წყლში გავლა მოუწია - ინიციაციის კლასიკური ტესტი; მან კიდევ გარკვეული პერიოდი იცხოვრა გოგონებში, იყო გოგოსავით ჩაცმული-ზრდასრულობის ზოგიერთი პრიმიტიული წეს-ჩვეულების შესაბამისად. ინიციაციის ზოგიერთი ნიშანი გვხვდება ჰეფესტოს მითებსა და ლეგენდებში. იგი ჩამოაგდეს ზეციდან და ცხრა წლის განმავლობაში დარჩა ზღვაში. მას მყესები გადაუჭრეს და ფეხები გადაუტრიალეს - ჯადოქრებისა და მჭედლების ინიციაციებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები - და ბოლოს, მან შეისწავლა მჭედლობა კედალიონის მიწისქვეშა სამჭედლოში ევრინომის (სიკვდილი) მღვიმეში, რომელმაც იგი თავისთან წაიყვანა (ილიადა, XVIII, 398 ), რაც შვილად აყვანას და ხელახალ დაბადებას ნიშნავდა.
ძველ საბერძნეთში გოგონების განდობის რიტუალების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ამასთან ხ.ჟამერმა გვაჩვენა, რომ თესმოფორიაში შესაძლებელია ქალთა ინიციაციის სცენარების ამოცნობა. ახალგაზრდა გოგონების შეკრება საფოს(ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დაიბადა) გარშემო ასევე შეიძლება ჩაითვალოს უძველესი რიტუალის რელიქვიად, რომელიც ასოცირდება სქესობრივ მომწიფებასთან. ახალმოსულები, რომლებიც ქორწინებამდე იმყოფებიან საფოს ან სხვა მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ, იღებენ სპეციალურად ქალის ინიციაციას(რთვა, ქსოვა და ა.შ.), სწავლობენ "კეთილ წეს-ჩვეულებებს"; ასეთ სწავლებას აქვს პროტოტიპი მითოლოგიაში . ლესბოსური ჰომოსექსუალიზმი იყო გამოხმაურება ეფეების "დორიულ" სიყვარულზე. ჰომოსექსუალური ურთიერთობები მენტორებსა და ნეოფიტებს შორის ასევე ხშირია ბევრ პრიმიტიულ საზოგადოებაში.
ელეუსი და ელინისტური მისტერიები
მოდით, განვიხილოთ ისტორიულ ეპოქაში არსებულ ინიციაციები, რათა გავიგოთ, რა გაგებით და რამდენად შეუძლია უძველესი ინიციაციის სცენარებს გავლენის მოხდენა მაღალგანვითარებულ საზოგადოების განვითარებაში. ელეუსინური მისტერიები, დიონისური რიტუალები და ორფიზმი უკიდურესად რთული ფენომენია, რომელთა მნიშვნელობა საბერძნეთის რელიგიისა და კულტურის ისტორიაში ძალიან დიდია. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ვაპირებთ გავეცნოთ ინიციაციის რიტუალებს; თუმცა, როგორც ვთქვით, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ყველაზე ნაკლები ვიცით; და მაინც, შევეცდებით მათი სცენარების აღდგენას. ელეუსინისეული მისტერიები, დიონისური ცერემონიალების მსგავსად საღვთო მითს ემყარებოდა. რიტუალები წარმოადგენდა მითში მოთხრობილ პრეისტორიულ მოვლენებს და რიტუალის მონაწილეებს თანდათან ეცნობებოდათ ღვთაებების არსებობის შესახებ. მაგალითად, ელეუსში ჩასვლის საღამოს, ნეოფიტებმა(მისტიები) შეაჩერეს ცეკვა და სიამოვნების მიღება პერსეფონეს გატაცების გამო. ისინი ხელში ჩირაღდნებით დაძრწოდნენ, ტიროდნენ და წუწუნებდნენ, ყველგან დახეტიალობდნენ და პერსეფონეს ეძებდნენ. მოულოდნელად მაცნემ გამოაცხადა, რომ ჰელიოსმა აღმოაჩინა ქალღმერთის ადგილმდებარეობა და მათ განაგეძეს ისევ გართობა, მუსიკა და ცეკვა. მით უფრო თანამედროვე ხდება მითი დემეტრასა და პერსეფონეს შესახებ: გოგონას გატაცება, დემეტრას პრეტენზიები "აქ და ახლა" ხდებოდა- ქალღმერთების სიახლოვის გამო და მათი იქ ყოფნის წყალობით ინიციაციის მისტიკური აურა დაუვიწყარი ხდებოდა.
როგორც არისტოტელემ უკვე აღნიშნა (ფრაგმენტი 15), მისტერიები არ შეიცავდა არაფერს ახალს: მითი უკვე ცნობილი იყო, საიდუმლო არ არსებობდა, მაგრამ შესაძლებელი გახდა ლიტურგიული მოქმედებების შესრულება და წმინდა საგნების დანახვა. ფაქტობრივი ინიციაცია ხდებოდა ელეუსიის ტელეისტერში (ინიციაციის ადგილი). რიტუალი იწყებოდა განწმენდით. შემდეგ თავსაბურავით თავდაფარული მისტი შეიდიოდა ტელესტერიუმში და დგებოდა ცხოველის ტყავით დაფარულ შემაღლებაზე.
რა ხდებოდა შემდეგ, ამის მხოლოდ მიხვდრა შეგვიძლია. ინიციაციის საიდუმლო მკაცრად იყო დაცული. "ღმერთების შიში დუმილისკენ მოუწოდებს" - გვიამბობს დემეტრას ჰიმნი(479). ხოლო "მეფე ოიდიპოსის" გუნდი მოგვითხრობს, რომ მოძღვარმა-ევმოლპიდებმა "ოქროს გასაღებით ჩაუკეტეს ენა მოკვდავთა". კლემენტ ალექსანდრიელმა (Protrepticus, II, 21.2) მოგვიტანა საიდუმლოთა წმინდა ფორმულა: „მე ვიმარხულე და კიკეი დავლიე; ის კალათში ჩავდე და შემდეგ ხელში ავიღე, სხვა კალათში გადავიტანე, შემდეგ ამოვიღე და ჩავდე ისევ პირველ კალათში ”. რიტუალის ორივე ნაწილის შინაარსი ნათელია: მარხვა და კიკეის მიღება; კიკეი-ეს არის კვერცხის, ფქვილის, წყლისა და პიტნის ნარევი, რომელიც მითის თანახმად დედოფალმა მეტანირამ შესთავაზა კორას ხანგრძლივი ძებნით დაღლილ დემეტრას. რაც შეეხება კლიმენტის მიერ მოცემულ დანარჩენ წმინდა ფორმულებს, მასში შემოთავაზებული იქნა სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რომელსაც ჩვენ აქ არ შევეხებით. არ არის გამორიცხული სიკვდილის რაიმე ფორმის არსებობა ინიცირების დროს, ანუ სიმბოლური დაშვება ჯოჯოხეთში, რადგან სიტყვების- "ინიციაცია"("telestay" = ინიციაციას) და "სიკვდილი" ("teleutepn = სიკვდილს") თამაში საკმაოდ პოპულარული იყო ბერძნულ ენაში. "სიკვდილი ნიშნავს ინიციაციის გავლას" - თქვა პლატონმა. თუ რიტუალური კალათა მიწისქვეშა სამყაროს სიმბოლოა, მაშინ განდობილი ეცნობა მას ჯოჯოხეთში დაშვებისას. უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა საგნების იდუმალი მანიპულირების წყალობით, განდობილი თავიდან იბადება და იმ წუთიდანვე თავს გრძნობს ქალღმერთის მიერ ნაშვილებად.
იპოლიტეს მიერ გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, იეროფანტი განმარტავს: კულმინაციურ მომენტში, "მას, ვინც ბრწყინვალეა, შეეძინა წმინდა ბავშვი, ბრიმომ (წარმოშვა) ბრიმოსი. "ინიციაციის მეორე ხარისხი მოიცავს "ეპოპტეას" (განჭვრეტა): მისტი (ნეოფიტი) ხდება ეპოპტა - "ის, ვინც ხედავს". ჩვენ ვიცით, რომ როცა ჩირაღდნებს ჩააქრობენ, ბურუსი ჩამოწვება და იეროფანტი გამოჩნდება კოლოფით ხელში. იგი გახსნის მას და ამოიღებს თავთავს მოწიფებული მარცვლეულით. ვალტერ ოტტო ამბობს: ”ეჭვი არ მეპარება მოვლენის სასწაულებრივ ხასიათში. თავთავი, რომელიც ზებუნებრივი სიჩქარით გაიზარდა და მომწიფდა- დემეტრას საიდუმლოებების ნაწილია, ისევე როგორც რამდენიმე საათში გაზრდილი ვაზის მტევანია დიონისეს დღესასწაულის ნაწილი. მსგავს სასწაულებს მცენარეებთან ერთად პრიმიტიულ ხალხთა რიტუალებშიც ვხვდებოდით". ასტერიუსს მიაჩნია, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ "წმინდა ქორწინება" შედგა იეროფანტსა და დემეტრას მოძღვარს შორის.
გულუბრყვილობა იქნება ჩვენი მხრიდან, რამდენიმე სტრიქონში შევეცადოთ წარმოვადგინოთ იმ საიდუმლოებათა არსი, რომლებიც საბერძნეთის რელიგიურ ცხოვრებაში ათასობით წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბატონობდნენ და საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს შორის მგზნებარე დავის საგანი იყო. ელეუსინისეული საიდუმლოებები, ისევე როგორც დიონისე და ორფიზმი, უამრავ პრობლემას უქმნის მკვლევარს, განსაკუთრებით მათი წარმოშობისა და სიძველის პრობლემები, რადგან საქმე გვაქვს ყველაზე სიღრმისეულ ანტიკურ რიტუალებსა და რწმენებთან. არც ერთი ინიციაციის კულტი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ბერძნული სულით შექმნილი. მათი ფესვები ღრმად გადადის პრეისტორიულ ეპოქაში. ტრადიციები ახალ რელიგიურ დონეზე აღმოცენდებოდა, მდიდრდებოდა და ინტერპრეტირდებოდა. ათენის წყალობით ელეუსისი გახდა პანელელიციზმის რელიგიური ცენტრი, მაგრამ დემეტრასა და კორას მისტერიები ელეუსში საუკუნეების განმავლობაში აღინიშნებოდა. აქ ინიციაციის რიტუალები უშუალოდ დაკავშირებულია აგრარულ წეს-ჩვეულებებთან, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება ღვთიური სიკვდილის და აღდგომის საკითხს, რაც უზრუნველყოფს მინდვრების ნაყოფიერებას. ორფიკურ-დიონისურ წეს-ჩვეულებაში არსებული რიტუალური ინსტრუმენტი წარმოადგენს პრიმიტიული სანადირო კულტურისთვის დამახასიათებელ რელიგიურ ობიექტს. დიონისეს, ორფეოსის ან ოსირისის დანაწევრებით ილუსტრირებული მითები და რიტუალები უცნაურად მოგვაგონებს წინა თავში გაანალიზებულ ავსტრალიურ და ციმბირულ რიტუალებს. ელევსისის მითები და რიტუალები პარალელებს პოულობს ზოგიერთი ტროპიკული კულტურის რელიგიებში, რომლებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო და მატრიარქალური სტრუქტურა.
ის ფაქტი, რომ უძველესი რელიგიის მსგავსი ელემენტები გვხვდება ბერძნული და ბერძნულ-აღმოსავლეთის მისტერიის ცენტრში, ადასტურებს არა მხოლოდ მათ განსაკუთრებულ სიცოცხლის უნარიანობას, არამედ მათ მნიშვნელობას კაცობრიობის რელიგიური ცხოვრებისათვის. უდავოა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიურ გამოცდილებაზე, რომელიც არის უძველესიც და არსებული მოდელისაც. ჩვენი კვლევისათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ინიციაცია ანუ ნეოფიტის სულიერი გარდაქმნა-წარმოადგენს ბერძნულ-აღმოსავლურ და პრიმიტიულ სამყაროში ჩატარებულ რიტუალებში მიღებული გამოცდილების საფუძველს. ელეუსში, ისევე როგორც ორფულ-დიონისურ წეს-ჩვეულებებში და ელინისტური ეპოქის ბერძნულ-აღმოსავლურ მისტერიებში, მისტი-ნეოფიტი გადის ინიციაციას, რათა გასცდეს ადამიანურ შესაძლებლობებს და მიიღოს უმაღლესი, ზეადამიანური არსების თვისებები. ინიციაციის რიტუალები აღადგენს თავდაპირველ მითს, რომელიც მოგვითხრობს ღვთაების თავგადასავალზე, მის სიკვდილსა და აღდგომაზე. ამ საიდუმლო რიტუალების შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცით რომ მათში მთავარი იყო კავშირი ნეოფიტის მითიურ სიკვდილთან და აღდგომასთან. ისიდას საიდუმლოებებში ინიციაციასთან დაკავშირებით აპულეიუსმა განიცადა „ნებაყოფლობითი სიკვდილი“ (ad instar voluntariae mortis) და „მიუახლოვდა სიკვდილის სამეფოს“, რათა მიეღო თავისი „სულიერი დაბადების დღე“(natalemsacrum). ასეთი რიტუალების მაგალითებში შედის ოსირისის მითი და შესაძლებელია რომ დიდი დედის (ფრიგიანის და სხვების) საიდუმლოში მისტს სიმბოლურად დაკრძალავენ სამარხში. ფირმიკ მატერნის ჩვენების თანახმად, იგი განიხილებოდა, როგორც "სიკვდილისთვის განწირული" (moriturus). ამ მისტიკურ სიკვდილს ახალი, სულიერი დაბადება მოჰყვებოდა. სალუსტი წერს: ფრიგის რიტუალში ახლად განდობილებს რძით კვებავდნენ, თითქოს ისინი ახალშობილები იყვნენ. "მითრას ლიტურგიის" სახელით ცნობილ ტექსტებში შეიძლება წაიკითხოთ: ”... დღეს შენ მიერ ხელახლა დაბადებული, იმ ურიცხვთა შორის, რომლებმაც უკვდავება მიიღეს ...” ან ”ხელახლა დაიბადებული, აღდგა სიცოცხლის ამ შემოქმედებით აღორძინებაში”.
ყველგან საუბარია სულიერ აღორძინებაზე, "პალინგენეზიაზე"(ხელახლა დაბადებაზე), რაც ნიშნავს მისტის(ინიციაცირებულის) ეგზისტენციალური მდგომარეობის ძირეულ შეცვლას. ინიციაციის წყალობით ნეოფიტი იღებს ყოფის ახალ ფორმას: ის ხდება ღმერთების სწორი, ხდება მისი ღმერთად იდენტიფიცირება. აპოტეოზი, განღმრთობა, "უკვდავება" (apathanatismos-უკვდავების მოპოვება)-ელინისტური მისტერიის ჩვეულებრივი კონცეფციებია. ამასთან, გვიანი ანტიკური სამყაროსთვის ადამიანის განღმრთობა სულაც არ ყოფილა დაუფიქრებელი ოცნება. "მაშ, იცოდე, რომ ღმერთი ხარ", - წერდა ციცერონი (სახელმწიფოს შესახებ, VI, 17). სხვა ტექსტში შეგიძლიათ წაიკითხოთ: ”მე გიცნობ შენ, ჰერმეს და შენ მიცნობ მე. მე ვარ შენ და შენ მე ”. მსგავსი გამონათქვამები გვხვდება ქრისტიანულ წერილებში. როგორც კლემენტ ალექსანდრიელი ამბობ: "ჭეშმარიტი გნოსტიკოსი (ქრისტიანი) უკვე გახდა ღმერთი ”(”პროტრეპტიკური ”, VIII, 4). ლაქტანციუსისთვის კი სუფთა ადამიანი ხდება „ღმერთსავით“ (consimilis Deo), „ღმერთის მსგავსი“ („ღვთიური ინსტიტუტები“, VI, 23).
განდობილის ონტოლოგიური გარდაქმნა, პირველ რიგში, მის სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში გამოიცდება. უკვე ზოგ პრიმიტიულ ხალხში (მელანეზიელები, აფრიკელები და ა.შ.) ხდება აღნიშვნა საძმოს წევრების და განდობილების სიკვდილის შემდგომი ცხოვრების განსხვავებაზე. დემეტრეს საგალობლის დროიდან ისინი განადიდებდნენ განდობილების ბედნიერებას სხვა სამყაროში და იცოდებდნენ მათ, ვინც დაიღუპა ზიარების გარეშე. ”ბედნიერია დედამიწაზე მცხოვრები ის ადამიანი, რომელმაც ეს იხილა. ვინც არ იცოდა წმინდა ორგიები და ვინც არ მონაწილეობდა მათში, სიკვდილის შემდეგ ვერ იპოვის იმავე ბედს ბნელ ქვეყნებში”(”ჰიმნი დემეტრეს”, 480-482). ”ბედნიერია ის, ვინც ეს ნახა მიწისქვეშეთში ჩასვლამდე! - წამოიძახა პინდარმა - მან შეიცნო სიცოცხლის დასრულება! მანვე შეიტყო დასაწყისის შესახებაც ... ”(„ სამგლოვიარო სიმღერები ”, ფრაგმენტი 10). ”ოჰ, სამჯერ ბედნიერია ის მოკვდავი, ვინც განსჭვრიტავს საიდუმლოებებს და ამის შემდეგ წავა ჰადესში; მხოლოდ მათ შეუძლიათ იქ ცხოვრება; სხვებისთვის ყველაფერი ტანჯვა იქნება ”(სოფოკლე, ფრაგმენტი 719 დინდორფი, 348 დიდოტი).
ელინისტური ხანაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა იდეა იმის შესახებ, რომ საიდუმლოს ზიარებული პირები პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ინიციაციას იღებდნენ იმისთვის, რომ ზეადამიანის ონტოლოგიური სტატუსი მიეღოთ- მეტნაკლებად ღვთიური მდგომარეობა და უზრუნველყოთ საკუთარი სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე ანუ უკვდავება. როგორც ვნახეთ, მისტერიების დროს გამოიყენეს კლასიკური სცენარი: ნეოფიტის მისტიკური სიკვდილი, რასაც მოჰყვა ახალი, სულიერი დაბადება. რელიგიების ისტორიისთვის, ბერძნულ-აღმოსავლური საიდუმლოებების მნიშვნელობა ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ასახავენ პირადი რელიგიური გამოცდილების საჭიროებას, რასაც მოიცავს ადამიანის მარადიულ სიცოცხლე, ანუ ქრისტიანული ტერმინოლოგიის გამოყენებით- მის "ხსნას" მარადისობაში. ასეთი პირადი რელიგიური გამოცდილების მიღება შეუძლებელია საზოგადოებრივი კულტების ფარგლებში, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო სამოქალაქო ცხოვრების და სახელმწიფოს განვითარება. დიდ ისტორიულ ცივილიზაციებში, სადაც მისტერები გამრავლდა, როგორც წესი პრიმიტიული კულტურების სპეციფიკურ სიტუაციებს აღარ ვხვდებით. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ახალგაზრდების ინიციაცია ასოცირდებოდა როგორც ადამიანთა კოლექტივების, ასევე სამყაროს საერთო აღორძინებასთან. ელინისტურ ეპოქაში ეს საკმაოდ განსხვავებულად იყო წარმოჩენილი: მისტერიების უზარმაზარმა წარმატებამ აჩვენა უფსკრული რელიგიურ ელიტასა და სახელმწიფო რელიგიას შორის-უფსკრული, რომელსაც საბოლოოდ სულ გააღრმავებს ქრისტიანობა, სულ მცირე რამდენიმე ეპოქისთვის.
მისტერიების მიმართ ჩვენი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გვაჩვენებენ ინიციაციის ტრადიციული თემების მუდმივობას და მათი შესაძლებლობები დაუსრულებლად მრავლდება და იძენს ახალ ღირებულებებს. ელინიზმის სამყაროში ჩვენ ვხვდებით იგივე ვითარებას, რასაც ინდოეთში: უძველესი სცენარების მიღება და მათი გამოყენება მრავალფეროვანი სულიერი მიზნებისთვის, დაწყებული "მისტიკური კავშირით" (unio mistica) ღვთაებასთან-უკვდავების მინიჭებამდე, საბოლოო განთავისუფლებამდე და ნირვანამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ ინიციაციის სცენარები განუყოფლად არის დაკავშირებული სულიერი ცხოვრების სტრუქტურასთან, რადგან ინიციაცია აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ახალგაზრდა გასცდეს ბუნებრივ, ადამიანურ ცხოვრებას და მიუახლოვდეს ცხოვრების წმინდათა წესს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საიდუმლოებებმა გამოიწვიეს წარმოსახვა, რამაც ფართო ფილოსოფიური და სულიერი ლიტერატურა წარმოშვა, განსაკუთრებით გვიან ანტიკურ პერიოდში. ფილოსოფიისა და ინიციაციის იდენტიფიკაცია გახდა ლაიტმოტივი პითაგორიზმისა და პლატონიზმის აღმავლობისა. "მაიას" (მაია = დედა, ძიძა, ბებიაქალი) რიტუალებსაც კი, რომლის დახმარებითაც სოკრატე შეეცადა "ეშვა" ახალი ადამიანი, ჰქონდათ პროტოტიპი პრიმიტიული საზოგადოებების ინიციაციის რიტუალებში: მათ ასევე "გააჩინეს" "ნეოფიტი ანუ დაეხმარნენ მას სულიერ ცხოვრებაში დაბადებაში . "მშობიარობის" მოტივს ინიციაციაციაში ანტიკური ხანის დასასრულს თან ახლდა სულიერი მამობის თემა, რაც უკვე დადასტურებულია გვიან ბრაჰმანიზმსა და ბუდიზმში. წმინდა პავლეს ჰყავდა "სულიერი ვაჟები" -ვაჟები, რომლბიც მისი რწმენის მეშვეობით დაიბადნენ.
მაგრამ, არის კიდევ რაღაც სხვა ფაქტორიც. ელინისტური საიდუმლოების გამოსავლენად, ბევრმა ფილოსოფოსმა და თეოსოფისტმა შემოგვთავაზა ინიციაციის წესების ალეგორიული ინტერპრეტაციები. ამ ინტერპრეტაციების უმეტესობამ განმარტა საიდუმლო წესები, როგორც რიგი თანმიმდევრული მოქმედებები, რომლებიც ადამიანის სულს უბიძგებდა ღმერთამდე ამაღლებისკენ. საკმარისია იამბლიხუსის, პროკლეს, სინესიუსის, ოლიმპიოდორის და სხვა ნეოპლატონიკოსების ან ანტიკურ ბოლო საუკუნეების საიდუმლოებით მოცული ფილოსოფოსების წაკითხვა იმის გასაგებად, თუ რამდენად შეადარეს მათ ფსიქოდრამის საიდუმლოებებს ინიციაცია, რომლის წყალობითაც სული განეშორება მატერიას, ხელახლა იბადება და გაფრინდება მის ნამდვილ, ზემგრძნობიარე სამყაროში. ასე რომ, მათ განაგრძეს სულიერი ფასეულობების გადაფასების პროცესი, რომელიც უკვე გაჟღერდა ელეუსინის საიდუმლოებებში. გარკვეულ ისტორიულ მომენტში იქაც სოფლის მეურნეობის წეს-ჩვეულებამ ზეგავლენა მოახდინა ახალ რელიგიურ ფასეულობებზე. საიდუმლო, რომელიც პრიმიტიული სოფლის მეურნეობის სტრუქტურას ინარჩუნებს, ახლა მიემართებოდა არა სახნავი მიწის ნაყოფიერების ან საზოგადოების კეთილდღეობისკენ, არამედ ცალკეული თითოეული მისტის(ინიცირებულის) სულიერი ბედისკენ. ასე "განაახლეს" მოგვიანებით კომენტატორებმა უძველესი რიტუალები, "წაიკითხეს" რა მათში საკუთარი სულიერი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო მათი ეპოქის ღრმა კრიზისთან.
ამიტომ, ჩვენ ძნელად გამოგვადგება ეს უზარმაზარი მასალა ხელმისაწვდომი კომენტარების ორფული, ელინისტური და სხვა საიდუმლოებების თავდაპირველი მნიშვნელობის ასახსნელად. მართალია, ასეთ ალეგორიულ ინტერპრეტაციებს არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ „ისტორიული რეალობები“, მაგრამ, მათ მაინც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. მართლაც, ამ ინტერპრეტაციებს ახასიათებს გარკვეული სინკრეტული სულიერება. ჩვენი ეპოქის მრავალი საუკუნის მრავალმა გნოსტიკოსმა, ქრისტიანმა და ჰეტეროდოქსმა იქიდან გადმოიტანეს თავიანთი იდეები, სიმბოლოები, ძირითადი საკვანძო გამოსახულებები. „დაბრმავებული“ და მოკვდავი ადამიანის სულის სავალალო დრამა, თავისთავად დავიწყებული, მწერალ-გნოსტიკოსებმა გამოავლინეს სკრიპტებისა და მისტერიის ფილოსოფიური ინტერპრეტაციების საშუალებით. გნოსტიკოსების წყალობით, ევროპასა და აზიაში აღინიშნა ელინისტური საიდუმლოებების და მათი გამოცდილების ღირებულების ზრდა, რიტუალურად მიმავალი "სიკვდილიდან" "სულის" აღორძინებამდე. ამ საიდუმლოებით მოცული ფონის ზოგიერთი ასპექტი შუა საუკუნეებამდე შემორჩა. დაბოლოს, მთელი დოქტრინა აღორძინდა ნეოპლატონიზმის მიმდევარი მწერლებისა და ფილოსოფოსების წრეებში აღორძინების ეპოქის იტალიაში.
ქრისტიანობა და ინიციაცია
მე -19 საუკუნის ბოლოდან ჩვენი საუკუნის 30-იან წლებამდე ზოგიერთ მეცნიერს სწამდა, რომ ქრისტიანობის წარმოშობის ახსნა შესაძლებლებელი იყო ბერძნულ-აღმოსავლეთის მისტერიების მეტნაკლებად პირდაპირი გავლენით. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა ეს ჰიპოთეზები. ამის საწინააღმდეგოდ, გაჩნდა კითხვა- ხომ არ უკავშირდება ჩვენი ეპოქის პირველი საუკუნეების საიდუმლოების "აღორძინება" ქრისტიანობის აღზევებას და ახსნილია თუ არა ძველი რიტუალების ზოგიერთი საიდუმლოები ახალი რელიგიური ფასეულობების გათვალისწინებით, რომლებიც ქრისტიანობამ მოიტანა.
ამ პრობლემის ყველა ასპექტის განხილვა რათქმაუნდა აქ არ შეგვიძლია. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომ ადრეულ ქრისტიანობაში ინიციაციის თემის შესაძლო შემთხვევითი არსებობა სულაც არ ნიშნავს მისტერიის სავალდებულო გავლენას. მსგავსი თემა შეიძლება პირდაპირ ნასესხები იყოს ერთ-ერთი საიდუმლო ებრაული სექტისგან და პირველი მათგანნი არიან ესენელები, რომელთა შესახებაც ახლახანს მოგვაწოდეს სენსაციური ინფორმაცია მკვდარი ზღვის ხელნაწერიდან. ასევე არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინიციაციის თემა ქრისტიანობამ "გადაიღო" სხვა რელიგიისგან. როგორც ვთქვით, ინიციაცია შეიძლება თანაარსებობდეს სულიერი ცხოვრების ნებისმიერ ახალ გადაფასებასთან. ამრიგად, ჩვენ ორ განსხვავებულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომლებიც ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. პირველი ეხება ადრეული ქრისტიანობის ინიციაციის ელემენტებს (სცენარები, იდეოლოგია, ლექსიკა). მეორე ეხება შესაძლო ისტორიულ კავშირებს ქრისტიანობასა და საიდუმლოების კულტებს შორის.
დავიწყოთ დაზუსტებით - რა გაგებით შეგვიძლია ვისაუბროთ ინიციაციის ელემენტებზე ადრეულ ქრისტიანობაში. ცხადია, ქრისტიანული ნათლობა თავდაპირველი ინიციაციის ტოლფასია: ნათლობამ შეიყვანა მოქცეული ახალ რელიგიურ საზოგადოებაში და მარადიული სიცოცხლის ღირსი გახადა. ცნობილია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 150 – დან 300 წლამდე პალესტინასა და სირიაში ძალიან ხშირად გვხვდებოდა ნათლობის რიტუალი. ესენელები ასევე იყენებდნენ რიტუალურ განბანვას ან ნათლობას. ქრისტიანების მსგავსად, ეს იყო ინიციაციის რიტუალი, მაგრამ ქრისტიანებისაგან განსხვავებით, ესენელები პერიოდულად იმეორებდნენ ამ საკულტო რიტუალს. აზრი არ აქვს ქრისტიანული ნათლობის პარალელების ძიებას განწმენდის საიდუმლო წესებს ან წარმართულ, ანტიკურ სხვა რიტუალებს შორის. მათ შესახებ იცოდნენ არა მხოლოდ ესენელებმა, არამედ სხვა ებრაულმა რელიგიურმა სექტებმა. მაგრამ, ნათლობა პირველი ქრისტიანებისთვის წმინდათა წმინდა გახდა, რადგან იგი ქრისტემ დააარსა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნათლობის წმინდა ღირებულება განისაზღვრა იმით, რომ ქრისტიანებმა აღიარეს იესო, როგორც მესია და ღვთის შვილი. ამის შესახებ უკვე აღნიშნა წმინდა პავლემ(1. კორ., X) და განავითარა იოანეს სახარებაში:" ნათლობა არის ღმერთის თავისუფლების საჩუქარი, რომელსაც მოაქვს ახალი დაბადების შესაძლებლობა წყლისა და სულიწმიდნის დახმარებით"(იოანე, III, 5). როგორც ახლა ვნახავთ, ნათლობის სიმბოლიკა მნიშვნელოვნად გამდიდრდა მესამე საუკუნის შემდეგ. მასში იხილავთ მრავალ ნასესხებს მისტერიის ენისა და გამოსახულებისაგან; მაგრამ, არც ერთი ამ ნასესხების გაშიფვრა არ შეიძლება ადრეული ქრისტიანობის კონტექსტში.
ინიციაციის სტრუქტურის კიდევ ერთი კულტურული აქტია-ევქარისტია(ზიარება), რომელიც იესომ შემოიტანა საიდუმლო სერობაზე. ევქარისტიაში ქრისტიანი ჰყოფს უფლის სხეულსა და სისხლს. მისტერიებში ხშირად გვხვდება რიტუალური დღესასწაულები. მაგრამ ამ ბოლო "ვახშმის" ისტორიული წინამორბედები აქამდე ვერ მოიძებნება. ქუმრანის ტექსტებმა გვაჩვენა, რომ ესენელები ერთად მოსუფრალებს განიხილავენ, როგორც მესიანური ტრაპეზის წინამორბედს. როგორც კრისტერ სტენდალი შეგვახსენებს (op. Cit., P. 10), ეს იდეა თანაბრად არის დამოწმებული სახარებებში. "... ბევრი მოვა დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან და მოილხენს აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ზეცად სამეფო დღესასწაულზე“(მათე, VIII, 11). მაგრამ, აქ ჩნდება ახალი იდეა: ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ იესო უკვე აღდგა და ზეცად ამაღლდა, ხოლო ესენიელებს სჯეროდათ, რომ როდესაც იგი წმინდა მესიად იქცეოდა, ამავე დროს აღადგენდა წმინდა ისრაელსაც. გარდა ამისა, საიდუმლოება ქრისტიანებისთვის ერთ პიროვნებასთან და ერთ ისტორიულ მოვლენასთან ასოცირდებოდა(იესო და საიდუმლო სერობა), მაგრამ კუმრანის ტექსტებში ვერ ვხვდებით კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამრიგად, გასაგებია თუ რა მნიშვნელობა მიანიჭა ადრეულმა ქრისტიანობამ ინიციაციის ელემენტებს: ერთის მხრივ, ნათლობამ და ზიარებამ აკურთხა ქრისტიანი, რადიკალურად შეცვალა მისი ეგზისტენციალური სტატუსი, მეორეს მხრივ იგი შეიყვანა რჩეულთა საზოგადოებაში. ესენიელთა შორის განდობილთა საზოგადოების ორგანიზაცია უკვე ძალიან კარგად იყო განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები საკუთარ თავს "წმინდანებს" და "რჩეულებს" უწოდებდნენ, ესენელები საკუთარ თავს ინიციაცირებულად თვლიდნენ. ორივემ აღიარა, რომ ისინი დანარჩენი საზოგადოებისგან გამოყოფილი იყვნენ თავ-თავიანთი "ინიციაცირებულობით". ქუმრანის ტექსტები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ იესოს სახარების ისტორიული კონტექსტი და ადრეული ქრისტიანული თემების განვითარება, აგრეთვე რამდენად ასოცირდება ადრეული ქრისტიანობა ისრაელის ისტორიასთან და ებრაელი ხალხის იმედებთან. არ შეიძლება არ ვიცოდეთ რა განასხვავებს ქრისტიანობას ესენელებისა და ზოგადად ყველა სხვა საიდუმლო, თანამედროვე კულტებისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიხარულისა და სიახლის განცდა. როგორც აღინიშნა(ნოკი, გვ. 199), სიტყვები, რომლებიც ნიშნავს "სიახლეს" და "სიხარულს", ახასიათებს ადრეული ქრისტიანობის ლექსიკას. ქრისტიანობის სიახლე განისაზღვრა იესოს პიროვნების ისტორიულობით და სიხარული წარმოიშვა მისი აღდგომისადმი ნდობით. პირველი ქრისტიანული თემებისთვის იესოს მკვდრეთით აღდგომა ვერ გაიგივდებოდა იდუმალი ღმერთების პერიოდულ სიკვდილთან და აღდგომასთან. მისი ცხოვრება, ტანჯვა, სიკვდილი და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ისტორიულად თანაბრად არსებობდა "პონტოელი პილატეს დროს". ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა უხილავი მოვლენა იყო და ის აღარ განმეორებულა ყოველწლიურად, როგორც მაგალითად, ადონისის მკვდრეთით აღდგომა. ეს არც კოსმიური ცხოვრების სიწმინდის შიფრი იყო, როგორც მცენარეული სამყაროს ღმერთების შემთხვევაში და არც ინიციაციის სცენარი, როგორც მისტერიებში. ეს იყო "ნიშანი", რომელიც ისრაელის ხალხში მესიის მოლოდინის ნაწილი იყო. ამრიგად, აღდგომა სხვა დროის შემოსვლის ერთ-ერთი ნიშანი იყო. იესოს მკვდრეთით აღდგომა ნიშნავდა, რომ ”ზღვარი” (ესქატონი) ახლახანს დადგა. როგორც წმინდა პავლემ თქვა, იესო აღდგა, როგორც "პირმშო მიცვალებულთა შორის"(კოლოსი,1:18). ეს არის მრავალი აღდგომის წარმოშობა იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, რომელიც აღინიშნა სინოპტიკური სახარებით: "გაიხსნა საფლავები და მრავალი მკვდარი წმინდანების სხეულები აღდგა" (მათე, XXVII, 52) პირველი ქრისტიანებისთვის აღდგომა აღნიშნა ისტორიაში როგორც ახალი ეპოქა: იესოს მესიად „მოსვლა“ და შედეგად ადამიანის სულიერი შეცვლა და მთელი სამყაროს განახლება. ეს იყო უდავოდ "მისტერია", საიდუმლო, მაგრამ საიდუმლო, რომელზეც "სახლებიდან სახურავებიდან უნდა ეყვირათ"; და რაც მთავარია, ქრისტიანული საიდუმლოებით "ინიციაცია" ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ამრიგად, ადრეულ ქრისტიანობაში ინიციაციის რიტუალური ელემენტები გამომდინარეობს იქიდან, რომ ინიციაცია შეესაბამება რელიგიური ცხოვრების მთლიან გადაფასებას. მხოლოდ "გარდაცვლილმა" ყოველდღიური ცხოვრებისთვის "სიკვდილით" და ახალად აღორძინებულ ცხოვრებაში ხელახლა დაბადებით შეიძლება განდობილმა მიაღწიოს არსებობის უმაღლეს ფორმას და ასევე შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს სიწმინდის ახალ გარღვევაში სამყაროში ან ისტორიაში. ინიციაციის ”გარდაუვალობის” გათვალისწინებით, გასაკვირია რომ ადრეულ ქრისტიანობაში გვხვდება ინიციაციის სცენარების და ლექსიკის ასე მცირე კვალი. წმინდა პავლეს არასდროს გამოუყენებია სიტყვა "ტელეტე", საიდუმლოებების განსაკუთრებული სახელი; და თუ ის გამოიყენებს სიტყვას "მისტერიონს", მაშინ მხოლოდ იმ გაგებით, რასაც მას "სეპტუაგინტა" ვარაუდობს, ანუ "საიდუმლოს". ახალ აღთქმაში "მისტერიონი" არ ეხება საკულტო აქტს, როგორც ეს ანტიკურ ხანაში იყო. წმიდა პავლესთვის "საიდუმლო" არის ღმერთის საიდუმლო, ანუ მისი გადაწყვეტილებაა გადაარჩინოს ადამიანი მისი ძის, იესო ქრისტეს შუამავლობით. არსებითად, ეს ეხება გამოსყიდვის საიდუმლოს. ასე რომ, გამოსყიდვა არის რელიგიური იდეა, რომლის გაგება მხოლოდ ბიბლიური ტრადიციის კონტექსტში შეიძლება; მხოლოდ ამ ტრადიციაში ადამიანმა ანუ თავდაპირველმა ღვთის ძემ, დაკარგა თავისი პრივილეგია ცოდვების გამო. იესო საუბრობს ცათა სასუფევლის "საიდუმლოებებზე" (მათ. XIII, 11; მარკ IV, 11; ლუკა VIII, 10), მაგრამ ეს გამოთქმა სხვა არაფერია, თუ არა "მეფის საიდუმლოს" ანალოგი ძველი აღთქმიდან (მეფეთა, XII, 7). ამ გაგებით, „საიდუმლოებებში“ იგულისხმება „სამეფო“, რომელიც იესომ მორწმუნეებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. "ცათა სასუფეველის საიდუმლოება" არის "საიდუმლო", რომელსაც მეფე ამცნობს მხოლოდ თავის ახლობლებს (იხ. იუდიფი, 11, 2) და რომელსაც სხვებისთვის იგავის სახით მალავს, "რადგან ისინი ხილულს ვერ ხედავენ და მოსასმენი მათ არ ესმით ”(მათ., XIII, 13). დასასრულს, მართალია, იესოს გზავნილი ინიციაციის სტრუქტურას შეიცავს-და ეს სამართლიანია, რადგან ინიციაცია ნებისმიერი ახალი რელიგიური აღმოჩენის ნაწილია - ამასთან არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ადრეულ ქრისტიანობაზე გავლენას ახდენს ელინისტური მისტერიები.
რომის იმპერიის ყველა პროვინციაში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, განსაკუთრებით კონსტანტინეს საბოლოო ტრიუმფის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ განვითარების პერსპექტივის ცვლილებას: ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიად იქცა, მისი ისტორიულობა კი უკანა პლანზე გადაიდო. არა ის, რომ ეკლესიამ უარყო ქრისტეს ისტორიულობა, როგორც ეს გააკეთეს ზოგიერთმა ქრისტიანმა ერეტიკოსმა და გნოსტიკოსმა; ყველანაირ ეკუმენიზმის ნიმუშად ქცევასთან ერთად, ქრისტიანული გზავნილი სულ უფრო მეტად ფორმულირდა ეკუმენურ ტერმინოლოგიაში. ადრეული ქრისტიანობა ასოცირდებოდა კონკრეტულ ისტორიასთან, ისრაელის ისტორიასთან. ამ თვალსაზრისით, მთელ ლოკალურ ისტორიას "პროვინციალიზმი" ემუქრება. როდესაც ადგილობრივი ისტორია წმინდა და ამავე დროს სამაგალითო ხდება, ანუ ხდება პარადიგმა მთელი კაცობრიობის გადარჩენისთვის- ეს უნდა იყოს გამოხატული საყოველთაოდ გასაგები უნივერსალური ენით. რელიგიის ერთადერთი უნივერსალური ენაა სიმბოლოების ენა. ქრისტიანი მწერლები სულ უფრო ხშირად იყენებდნენ სიმბოლოებს, რომ სახარების საიდუმლოებები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ; მაგრამ, რომის იმპერიაში არსებობდა ორი "უნივერსალისტი" რელიგიური მოძრაობა, რომლებიც არ შემოიფარგლებოდნენ ადგილობრივი კულტურის ჩარჩოებით: მისტერიალური და ფილოსოფიური. გამარჯვებულმა ქრისტიანობამ ორივე შეითავსა. ამრიგად, ჩვენ წინაშე გვაქვს ადრეული ქრისტიანობის გამდიდრების "სამმაგი" პროცესი: 1) ძველი სიმბოლოები, ახლად აღმოჩენილი და გადააზრებული, რომლებმაც მიიღეს ახალი ქრისტიანული მნიშვნელობა; 2) მისტერიიდან ნასესხები გამოსახულებები და ინიციაციის თემები; 3) ბერძნული ფილოსოფიის ასიმილაცია.
ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ ინიციაციის მოტივების განხილვით გამარჯვებულ ქრისტიანულ მოძღვრებაში, მაგრამ ჩვენ უნდა შევეხოთ ეკლესიის მამათა მიერ გამოყენებული სიმბოლოებს, რომლებიც ძველია და მსოფლიო მასშტაბით იყო გავრცელებული. მაგალითად, ითვლება, რომ კოსმოსური ხის და მსოფლიოს ცენტრის სიმბოლოები ჯვრის სიმბოლიკაში შევიდნენ. ჯვარი აღწერილია, როგორც "ხე, რომელიც დედამიწიდან ცამდე იზრდება", როგორც "სიცოცხლის ხე, რომელიც გორაკზე დარგეს", ხე, რომელიც "დედამიწის სიღრმიდან ამოდის, ზეცაში ადის და განწმენდს სამყაროს საზღვრებს ”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანუ ჯვარის მიერ უნივერსალური გამოსყიდვის საიდუმლო გასაგები რომ გახდეს- ქრისტიანმა ავტორებმა გამოიყენეს ძველი აღთქმისა, ანტიკური და შუა აღმოსავლეთის სიმბოლოები(”სიცოცხლის ხე”), აგრეთვე კოსმოსური ხის უძველესი სიმბოლო, რომელიც მდებარეობს მსოფლიოს ცენტრში და უზრუნველყოფს კავშირს ცასა და დედამიწას შორის. ჯვარი არის იესო ქრისტეს მიერ მიღებული გამოსყიდვის ხილული ნიშანი: მას უნდა დაეკავებინა ზეცაში ასვლის უძველესი სიმბოლოების ადგილი; და რადგან გამოსყიდვა მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება, ჯვარი უნდა განთავსდეს მსოფლიოს ცენტრში, რათა განწმინდოს მთელი სამყარო.
რაც შეეხება ნათლობას, მამები ხაზს უსვამენ მის კურთხევის ფუნქციას სიკვდილისა და აღდგომის გამოსახულებების გამოყენებით. ნათლობის ემბაზი შედარებულია ერთდროულად დედის საშვილოსნოსთან და სამარხთან: ეს არის საფლავი, რომელშიც ისინი მიწიერ ცხოვრებას ტოვებენ და დედის საშვილოსნო, რომელშიც მარადიული სიცოცხლე იბადება. ნათლობის წყალში ჩაძირვასა და ინიციაციის დროს რიტუალურ სიკვდილთან სიცოცხლის იდენტიფიკაცია ნათლად არის გამოხატული სირიულ ლიტურგიაში: ”ასე რომ, ო მამაო, იესო ცხოვრობდა თქვენი ნების მიხედვით და სულიწმინდის ნების თანახმად სამ მიწიერ საცხოვრისში : ხორციელ საშვილოსნოში, ნაკურთხი წყალის საშოში და ქვესკნელის პირქუშ გამოქვაბულებში". ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ხდება მცდელობა განიწმინდოს ინიციაციის უძველესი თემა, რაც პირდაპირ უკავშირებს მას იესოს სიცოცხლესა და სიკვდილს. III საუკუნის დასაწყისიდან და ძირითადად IV საუკუნის შემდეგ უფრო და უფრო ხშირდება სესხება მისტერიის ენის ლექსიკისა და გამოსახულებებისა. ბერძნული ფილოსოფიის ენის ათვისების პროცესში, ნეო-პლატონიზმის ინიციაციის მოტივებმა შეაღწია წმინდა მამათა ნაწერებში. წარმართებისადმი მიმართვაში ალექსანდრიელი კლიმენტი იყენებს მისტერიის ენას: ”ო, მართლაც წმინდა საიდუმლოებო! ოჰ, სუფთა სინათლევ! ჩირაღდნები მინათებს ისე, რომ ვხედავდე ცას და ღმერთს, ინიციაციის მიღების შემდეგ, მე წმინდანი გავხდი ”.
IV საუკუნეში გაჩნდა "საიდუმლო სწავლებები" (arcanadisciplina), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმარჯვებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქრისტიანული საიდუმლოებები დაცული უნდა იყოს არაინიცირებულთაგან. როგორც მამა რაჰნერმა თქვა: "ნათლობის და სამსხვერპლო საკურთხეველის საიდუმლოებანი გარშემორტყმული იყო ღრმა თაყვანისცემისა და საიდუმლოებით მოცული რიტუალით და მალე კანკელებმა დაფარეს წმიდათაწმინდა არაგაცნობიერებულების თვალიდან: ისინი გახდნენ" საიდუმლოებები, რომლის წინაშეც კანკალებენ და თაყვანს სცემენ“. ”ეს ცნობილია ინიცირებულთათვის” - ასეთმა მოკლე ფორმულამ გვერდი აუარა ყველა ბერძნულ ქადაგებას. ერთმა ფსევდო-არეოპაგიტის თანამედროვე ავტორმა გააფრთხილა ინიცირებული ქრისტიანი: ”ფრთხილად იყავით ყველაზე წმინდა საიდუმლოებების გამჟღავნებისგან. ფრთხილად იყავით და პატივი ეცით ღვთიურ საიდუმლოს... დაიცავით იგი ყოველგვარი კონტაქტისგან არაინიცირებულთაგან, გააცანით წმინდა ჭეშმარიტებები მხოლოდ წმინდა სინათლით ნაკურთხ ადამიანებს”. საერთოდ, ჩვენ ვსაუბრობთ ინიციაციის საიდუმლო თემების სუბლიმაციაზე. ეს პროცესი შესაძლებელი გახდა, რადგან იგი გახდა უფრო ფართო მოძრაობის-ძველი სამყაროს რელიგიური და კულტურული ტრადიციების "გაქრისტიანების" მოძრაობის ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ტრიუმფალურად გამარჯვებულმა ქრისტიანობამ დასრულა ასიმილაცია არა მხოლოდ ბერძნული ფილოსოფიის, რომაული სამართლის საფუძვლისა და "კოსმოკრატი მმართველი" აღმოსავლეთის იდეოლოგიის-არამედ მემკვიდრე გახდა დავიწყებული ღმერთებისა და გმირების, ხალხური რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების, განსაკუთრებით მიცვალებულთა კულტების და ნაყოფიერების რიტუალების. ეს მასობრივი ასიმილაცია ქრისტიანობის დიალექტიკასაც კი შეეხო. როგორც მსოფლიო რელიგია, ქრისტიანობა ვალდებული იყო შეერწყა ყველა რელიგიური და კულტურული "პროვინციალიზმი" და მათთვის საერთო მნიშვნელობა გამოენახა. ამ გრანდიოზული უნიფიკაციის განხორციელება მხოლოდ ყველა ფორმის, გამოსახულებების და ღირებულებების ქრისტიანობის ენაზე გადათარგმნით შეიძლებოდა.
ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რომ ნეოპლატონიკურ ფილოსოფიასთან ერთად, ინიციაციის თემები და მისტერიების რიტუალები გახდა პირველი ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანობამ მიიღო. ამასთან, არ შეიძლება საუბარი მასში მისტერიების შინაარსის ჩართვის შესახებ. ქრისტიანობამ ჩაანაცვლა მისტერიები, როგორც მან ჩაანაცვლა ანტიკური და სხვა რელიგიური ფორმები. ქრისტიანული "ინიციაცია" ვერ იარსებებს მისტერიულ ინიციაიებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რელიგია, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ქრისტეს ისტორიულობა, საფრთხეს უქმნიდა მრავალ სინკრეტულ რელიგიასა და სწავლებას. გამარჯვებული ქრისტიანობის შეუწყნარებლობა ყველაზე ბრწყინვალე მტკიცებულებაა იმისა, რომ მასში ელინისტური მისტერიების ნებისმიერი ფორმით აღრევა შეუძლებელი იყო.
ინიციაციის მოტივების ნაშთები ქრისტიანულ ევროპაში
ქრისტიანობის საბოლოო ტრიუმფმა წერტილი დაუსვა გნოსტიკოსთა მისტერიებსა და ინიციაციებს. სულიერი აღორძინება, რომელებსაც საიდუმლოებით მოცულ ინიციაციებში ეძებდნენ, ამიერიდან უკვე ქრისტიანობას ეკუთვნოდა. მაგრამ ინიციაციის ზოგიერთი მოტივი, მეტნაკლებად გაქრისტიანებული-კიდევ მრავალი საუკუნეს გადაურჩა. აქ შევეხებით ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ჯერ საკმარისად არ არის შესწავლილი: ქრისტიანულ ევროპაში შუა საუკუნეებიდან დღემდე ინიციაციის სცენარების შენარჩუნება და მისი თანდათანობითი ცვლილებები. ვინაიდან ამ პრობლემას მთლიანობაში ვერ გავაშუქებთ, შემოვიფარგლებით მხოლოდ მისი მიმოხილვით. პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, თუ რა ფორმებში იყო დაცული სხვადასხვა ტიპის აქ მიმოხილული ინიციაციები, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში: ისინი ყოველთვის არ ინახებოდა ისეთი ფორმით, როგორც რიტუალები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ ძირითადად როგორც ხალხური წეს-ჩვეულებები, თამაშები და ლიტერატურული მოტივები.
ინიციაციები, რომლებმაც ჩვეულებრივ შეძლეს რიტუალების ფორმით გადარჩენა, ეს არის ზრდასრულობის მიღწევასთან დაკავშირებული ინიციაციის ცერემონიალები. მე-19 საუკუნის ბოლომდე თითქმის ევროპის ყველა სოფელში რიტუალები, რომლებიც აღნიშნავენ ერთი ასაკიდან მეორეში გადასვლას, ასახავდა ზოგიერთ ისეთ თემას, რომლებიც ტრადიციულია ზარდასრულობის მიღწევის რიტუალისთვის. ბიჭების "ახალგაზრდობის" კატეგორიაში გადაყვანას ყოველთვის თან ახლავდა "გადასვლის" რიტუალის გავლა და ინიციაციის ზოგიერთი საცდელი. აქ სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის სიმბოლიკა თითქმის დავიწყებულია, მაგრამ ინიციაციაში განსაცდელის სტრუქტურა საკმაოდ კარგად არის დაცული. ანალოგიურად, ინიციაციის საფუძვლების აღმოჩენისას, წინაქრისტიანული ეპოქის "მამრობითმა კავშირებმა" გაგრძელება ჰპოვეს მეტ-ნაკლებად მილიტარიზებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, მათ სიმბოლიკასა და საიდუმლო ტრადიციებში, შესვლის რიტუალებში, სპეციალური ცეკვებში(მაგალითად, ხმლით ცეკვა და ა.შ.) და მათ კოსტიუმებშიც კი. მეორეს მხრივ, ინიციაციის ძველი თემა გვხვდება ნაკეთობების კორპორაციების საზეიმო ცერემონიალებში, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში. შეგირდს გარკვეული დრო უნდა გაეტარებინა თავის მასწავლებელთან, შეესწავლა "ხელობის საიდუმლოებები", კორპორაციის ტრადიციები და მხატვრული სიმბოლიკები. სწავლება მოიცავდა მთელი რიგი საცდელების ჩატარებას, ხოლო კორპორაციაში ახალმოსულის მიღებას თან ახლდა დუმილის აღთქმის ფიცი. უძველესი ინიციაციის სცენარების კვალი მაინც შეიძლება მოვიძიოთ მასონებისა და მჭედლების სპეციალურ რიტუალებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში.
ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მაგალითი ასახავს ინიციაციის რიტუალების შენარჩუნების სხვადასხვა გზებს ქრისტიანულ ევროპაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა ხარისხით მოხდა მათი დესაკრალიზაცია. ყველა ეს წეს-ჩვეულება კვლავ შეიძლება ჩაითვალოს რიტუალებად. მათ შორისაა საცდელები, სპეციალური ინსტრუქციები და განსაკუთრებით იდუმალება. ამ ჯგუფთან ერთად შეიძლება დასახელდეს ხალხური წეს-ჩვეულებები, რომლებიც შესაძლოა წარმოშობილია ქრისტიანობამდე ეპოქის ინიციაციის სცენარებიდან, რომელთა თავდაპირველი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში დაიკარგა და განიცადა ეკლესიის მხრიდან ძლიერი ზეწოლა მათი გაქრისტიანებით. საიდუმლოებით მოცული წარმოშობის ამ ხალხურ ჩვეულებებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აღინიშნოს მასკარადები და თეატრალური რიტუალები, რომლებიც თან ახლავს ზამთრის ქრისტიანულ დღესასწაულებს შობასა და გაზაფხულის გამოღვიძების(მასლენიცა) კარნავალს შორის.
ზოგიერთი ინიციაციის ტრადიცია გადარჩა ძალიან დახურულ წრეებში, რაც თითქმის საიდუმლოდ არსებობას ნიშნავს. ალქიმია ცალკე განხილვას იმსახურებს. მის მნიშვნელობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მან შეინარჩუნა გვიანდელი ანტიკური საიდუმლო თეორიები, აგრეთვე შეინარჩუნა როლი, რომელიც მან ითამაშა დასავლური კულტურის განვითარებაში. "ალქიმიურ მოქმედებაში"(opusalchymicum) შეიძლება იხილოთ ინიციაციის ისეთი რიტუალური თემები, როგორიცაა წამება, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა-მაგრამ ამჯერად ისინი სულ სხვა სახის გამოცდილებას ეხებოდა-მეტალებსა და მინერალებზე ექსპერიმენტებს. ალქიმიკოსებს სჯეროდათ, რომ საიდუმლო არის ღმერთი და შესაბამისად, ელინური მისტერიების მისტივით ინიცირებული ნივთიერება "იტანჯება", "კვდება" და "აღდგება" სხვა მდგომარეობაში - ხდება მისი ტრანსფორმაცია. ზოისმე, ელინისტური ეპოქის ერთ-ერთი დიდი ალქიმიკოსი, მოგვითხრობს ხილვაზე, რომელიც მას სიზმარში ნახა: ვიღაცამ, სახელად იონმა, გამოუცხადა, რომ იგი მოკლეს მახვილით, დაჭრეს ნაჭრებად, მოკვეთეს თავი, გაატყავეს, დაწვეს ცეცხლში; მან გაუძლო ამ ყველაფერს "იმისთვის, რომ მიეღო ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს მას სხეული სულად გადააკეთოს". გამოღვიძებულმა ზოსიმემ ჰკითხა საკუთარ თავს, ხომ არ მიეკუთვნება ყველაფერი, რაც მან სიზმარში ნახა, რაიმე სახის ალქიმიურ პროცესს. ტანჯვა და ნაჭრებად დანაწევრება ადვილად საცნობია, როგორც შამანური ინიციაციის დამახასიათებელი სცენარი. მაგრამ, არა ნეოფიტი განიცდის რიტუალურ წამებას, არამედ მინერალური ნივთიერება და ეს მისი თვისებების შეცვლის, ტრანსფორმაციას განიცდის. "ალქიმიური მოქმედების" პროცესში გვხვდება ინიციაციის სხვა მოტივები, მაგალითად, ფაზა სახელწოდებით "გაშავება" (nigredo) შეესაბამება მინერალების "სიკვდილს" და მათი "გახსნა" (dissolutio) ან "დაშლა" (putrtfactio) პირველად მატერიად(Prima materia) გარდაქმნას. ზოგიერთ გვიანდელ დასავლურ ალქიმიურ ტექსტში, მატერიის დაყვანა "პირველადი ნივთიერებამდე" იდენტურია "საშვილოსნოში დაბრუნებასთან"(regressum ad uterum). "ალქიმიური მოქმედების" ყველა ეს ფაზა, როგორც ჩანს, ასახავს არა მხოლოდ მინერალური ნივთიერებების ტრანსფორმაციის ხანგრძლივი პროცესის ეტაპებს, არამედ ალქიმიკოსების შინაგან საცდელებსაც. არსებობს სინქრონულობა ალქიმიურ ოპერაციებსა და ალქიმიკოსის იდუმალ გამოცდილებას შორის, რაც იწვევს მის სრულ აღორძინებას. როგორც გიხტელი ამბობს "ნათების"(albedo) პროცესის შესახებ: "ამ აღორძინებისას ჩვენ არა მხოლოდ ახალ სულს, არამედ ახალ სხეულსაც ვიღებთ ...“
ყოველივე ზემოთ აღნიშნული იმსახურებს დეტალურ განხილვას, რომლის განხორციელებაც აქ არ შეგვიძლია. ამისთვის მკითხველს ვეპატიჟებით, გაეცნონ ჩვენს წიგნს "მჭედლები და ალქიმიკოსები". რამდენიმე მოკლე კომენტარი იყო საჭირო იმის საჩვენებლად, რომ ევროპაში ალქიმია განაგრძობდა უძველესი ინიციაციის სცენარების გამოყენებას თითქმის ახალი დროის დასაწყისამდე. ალქიმიკოსებმა გამოიყენეს ინიციაციის ეტაპები მინერალის გარდაქმნის დიდი ოცნების ასასრულებლად, ლითონების "დახვეწისთვის" "სულიერების" გზით და მათი ოქროდ გადაქცევის მიზნით. ოქრო ერთადერთი "სრულყოფილი" ლითონი იყო, რომელიც ნივთიერების დონეზე შეესაბამებოდა ღვთიურ სრულყოფილებას. ქრისტიანობის განვითარების პერსპექტივაში შეიძლება ითქვას, რომ ალქიმიკოსები ცდილობდნენ ბუნება "გაეთავისუფლებინათ" მისი დაცემის შედეგებისგან და "გადაერჩენათ" იგი. ამ ამბიციურ, კოსმიურ მცდელობში ალქიმიკოსები იყენებდნენ ტრადიციული ინიციაციის კლასიკურ სცენარს: ნივთიერების "სიკვდილი" და "აღდგომა" მისი აღორძინებისთვის.
ინიციაციის მოტივები და ლიტერატურული თემები
არ არის გამორიცხული, რომ შუა საუკუნეების განმავლობაში მცირე და დახურულ საზოგადოებებში ტარდებოდა სხვა ტიპის ინიციაციების რიტუალებიც. სიმბოლიკა და ინიციაციის რიტუალების მინიშნებები შეგიძლიათ იხილოთ ტამპლიერების რიტუალებში, "ერეტიკოსების" და ჯადოქრების სასამართლო პროცესებშიც კი. ეს ინიციაციები მართლაც პრაქტიკულად ხორციელდებოდა, ეხებოდა ვიწრო წრეებს და მკაცრი საიდუმლოებით იყო მოცული. ჩვენ ვხედავთ არა თუ ინიციაციების სრულ, ზოგად დაფარვას, არამედ მათ თითქმის საბოლოო გაქრობას. ეს გარემოება უფრო მეტად იწვევს ინტერესს ინიციაციის მრავალი მოტივის არსებობისა XII საუკუნის შემდეგ განვითარებულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით ბრეტონულ ციკლში და პირველ რიგში, რომანებში არტურზე, მეფე-მეთევზეზე, პერსეფალზე, გრაალის ლეგენდის გმირებზე და სხვა. მეფე არტურის ციკლის მოტივების კელტურ წარმოშობაზე დღეს მეცნიერთა უმეტესობას ეჭვი აღარ ეპარებათ. მოდით, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამერიკელებით და მოვუხმოთ ისეთებს, როგორებიც არიან ჯორჯ ლიმონ კიტრიჯი, არტურ ბრაუნი და როჯერ შერმან ლუმისი, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს კელტური მითოლოგიის თემებსა და პერსონაჟებს შორის ურთიერთობა, არტურიული ციკლის ლეგენდები, სცენარები და პერსონაჟები. ამ სცენარების უმეტესობა ინიციაციის სცენარია: ყოველთვის არსებობს სასწაულებრივი საგნების ხანგრძლივი და დაძაბული „ძიების“ მოტივი, რაც სხვათა შორის მოითხოვს გმირის სხვა სამყაროში შეღწევას.
ძნელია იმის გარკვევა, თუ რამდენად შეიცავს ბრეტონული ციკლი არა მხოლოდ კელტური მითოლოგიის ნაშთებს, არამედ მოგონებებს რეალური რიტუალების შესახებ. არტურის ხელმძღვანელობით მებრძოლთა ჯგუფში დაშვების წესებში შესაძლებელია ზოგიერთი საცდელის გაშიფვრა საიდუმლო საზოგადოებაში შესვლისას, მაგალითად "მამაკაცთა კავშირში". ჩვენი მიზნისთვის მნიშვნელოვანია მეფე არტურის შესახებ რომანებში გავრცელებული ინიციაციის მოტივების და სიმბოლოების აღმოჩენა. გრაალის ციხე-სიმაგრეში პერსიფალმა ღამე უნდა გაატაროს სამლოცველოში, სადაც მკვდარი რაინდი განისვენებს; გაისმის ჭექა-ქუხილი და ის ხედავს შავ ხელს, რომელიც აქრობს ერთადერთ ანთებულ ლამპარს-აი ინიციაციის რიტუალში ღამის სიფხიზლის მაგალითი. გმირი გადალახავს უამრავ განსაცდელს, მან უნდა გადაიაროს წყალში ჩაძირულ ხიდზე და მოიპოვოს ხმალი, რომელსაც იცავენ ლომები და ურჩხული. გარდა ამისა, ციხის შესასვლელთან საათზე ფერიები ან დემონები დგანან. ეს ყველაფერი გვახსენებს სხვა სამყაროში გადასვლის სცენარებს, ჯოჯოხეთში ჩასვლის საშიშროებას; როდესაც ამგვარი მოგზაურობებში მიემართებიან ხორციელი არსებები, ეს ყოველთვის არის ინიციაციის ნაწილი. ჯოჯოხეთის დაღმართის საშიშროების გადალახვისას, გმირი ცდილობს მოიპოვოს უკვდავება ან მიაღწიოს რაიმე სხვა საგანგებო მიზანს. უამრავი საცდელი, რომელსაც არტურიანული ციკლის პერსონაჟები გადიან, იგივე კატეგორიას განეკუთვნება: გმირები კურნავებენ მეფის „იდუმალ“ ავადმყოფობას და აღადგენენ „გაპარტახებულ სამეფოს“ ან თვითონ ხდებიან სუვერენნი. ასევე ცნობილია, რომ ძალაუფლების ფუნქციები ასოცირდება ინიციაციის რიტუალთან.
მთელი ეს ლიტერატურა გაჟღენთილია ინიციაციის სცენარების მოტივებით და "საზოგადოებაში წარმატებულობის" წყალობით მან უდიდესი მნიშვნელობა მოიპოვა ჩვენი კვლევისთვის. ის ფაქტი, რომ რომანტიკულ ისტორიებს, რომლებიც ინიციაციის კლიშეებს შეიცავდა, სიამოვნებით უსმენდნენ-ვფიქრობთ, რომ ამგვარი თავგადასავლები შუა საუკუნეების ადამიანის ღრმა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა. ინიციაციის სცენარებმა აღარ გაამძაფრა წარმოსახვა, მაგრამ წარმოსახვითი ცხოვრება, ცხოვრება ოცნებით-ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკისთვის, როგორც რეალური, ყოველდღიური ცხოვრება.
ჩვენ აქ შევეხებით პრობლემას, რომელიც არ შედის რელიგიის ისტორიკოსის კომპეტენციაში, მაგრამ მიეკუთვნება ფსიქოლოგიის დარგს. მაგრამ, ეს აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რა მოუვიდა ინიციაციის სცენარებს, როდესაც მათ დაკარგეს თავიანთი რიტუალური მნიშვნელობა: ისინი გადაიქცნენ იმად, რასაც არტურიული ციკლის რომანებში ვხვდებით-"ლიტერატურულ მოტივებად". მათი სულიერი გზავნილი ახლა ადამიანის გამოცდილების სხვა სფეროს, პირდაპირ ფანტაზიას ეხება. მსგავსი რამ დიდი ხნის წინ მოხდა ზღაპრებთან დაკავშირებით. პოლ სენტივი უკვე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ზღაპრების ასეთი კატეგორია დაკავშირებულია სტრუქტურით და წარმოშობით ინიციაციასთან. სხვა ფოლკლორისტებმა იგივე თემა წამოწიეს და ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა გერმანიკოსმა იან დე ვრიზმა გამოავლინა ინიციაციის ელემენტები საგებში და ზღაპრებში. რომელი პოზიციაც არ უნდა დავიკავოთ დებატებში-ზღაპრების წარმოშობასა და მნიშვნელობის შესახებ, არ შეიძლება უარვყოთ, რომ გმირების განსაცდელები და თავგადასავალი თითქმის ყოველთვის ითარგმნება ინიციაციის ენაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია რომ მთავარია: როდის და სადაც არ უნდა შეიქმნილიყო ზღაპრები-ადამიანები, როგორც პრიმიტიული, ისე ცივილიზებულნი, ყოველთვის უსმენდნენ მათ გასაოცარი ინტერესით და სიამოვნებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინიციაციის სცენარები-ფარულიც კი, როგორც ზღაპრებში- ფსიქოდრამის გამოხატულებაა, რომელიც ადამიანის ღრმა საჭიროებებს აკმაყოფილებს. თითოეულ ადამიანს სურს შეექმნას საფრთხეები, გადალახოს განსაკუთრებული სირთულეები, გადახდეს თავგადასავლები "სხვა სამყაროში"-და ამ ყველაფერის განხორციელებას ის ცდილობს თავის გამოგონილ, წარმოსახვითი ცხოვრების დონეზე, ზღაპრების მოსმენისა და კითხვის ან ოცნებების დონეზე.
კიდევ ერთი მოძრაობა, ძირითადად "ლიტერატურული", მაგრამ შესაძლოა მასში ინიციაციაც იყოს ჩართული, არის "სიყვარულის ერთგულნი"(Fidelid'Amore). ამ მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ XII საუკუნეში პროვანესსა და იტალიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში. "სიყვარულის ერთგულნი" წარმოადგენდა საიდუმლო სულიერ ლაშქარს, რომლის მიზანი იყო "მხოლოდ ერთი ქალის" კულტი და სიყვარულის საიდუმლოების ინიციაცია. ყველა მათგანი იყენებდა "ფარული ენას"(parlarcruz), რათა მათი სწავლებები "ბრბოსთვის" მიუწვდომელი ყოფილიყო, როგორც ამას "ერთგულთა" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ფრანჩესკო და ბარბერინო(1264-1348) ამბობს. ჟაკ დე ბეზიერმა, კიდევ ერთმა "სიყვარულის ერთგულმა" თავის ლექსში "C'est des fiez d'Amours" (კუპიდონის ხრიკები) დაწერა, რომ "სიყვარულის საიდუმლოებები არ უნდა აღმოაჩინონ, ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს დაცული".
სიყვარულის ინიციაცია სულიერი წესრიგის იყო. თავად ჟაკ დე ბეზიერი ამტკიცებდა და განმარტავდა სიტყვას "სიყვარული": “Senefe en sa partie Sans, et mor senefie mort;” ან “l'assemblons, s'auront sans mort” ბოლო სტრიქონი ასე იკითხება: "მაშ, მოდით ერთად შევიკრიბოთ და გავხდეთ უკვდავები". "ქალი" განასახიერებს ტრანსცენდენტალურ ინტელექტს, სიბრძნეს. ქალისადმი სიყვარული-განდობილის გამოღვიძებაა იმ ლეთალგიიდან, რომელშიც ქრისტიანული სამყარო ჩაეფლო პაპის სულიერი არასრულყოფილების გამო. მართლაც, "სიყვარულის ერთგულების" ტექსტებში არის ალუზია "ქვრივი, რომელიც სინამდვილეში ქვრივი არ არის": ეს ნიშნავს "მადონა ინტელიგენცას"(Madonna Intelligenza), რომელიც "ქვრივად" დარჩა, რადგან მისი მეუღლე- პაპი გარდაიცვალა სულიერი ცხოვრებისთვის და მან თავი მხოლოდ ამქვეყნიურ საქმეებს მიუძღვნა. ეს არ არის წმინდა ერეტიკოსული მოძრაობა, არამედ ჯგუფი, რომელიც აღარ ცნობდა ქრისტიანობის სულიერ ლიდერ-პაპების პრესტიჟს. ჩვენ არაფერი ვიცით მათი ინიციაციის რიტუალების შესახებ, მაგრამ ისინი უეჭველად არსებობდნენ, რადგან "სიყვარულის ერთგულნი" თავს ლაშქრად თვლიდნენ და საიდუმლო შეხვედრებში მონაწილეობდნენ. ჩვენთვის "სიყვარულის ერთგულნი" საინტერესოა, რადგან ისინი ასახავენ ფენომენს, რომლის არსი შემდეგნაირად გამოიხატება: საიდუმლო სულიერი გზავნილის "ლიტერატურის" საშუალებით გადაცემა. დანტე ამ ტენდენციის ყველაზე ცნობილი მაგალითია, რომელიც ითვალისწინებდა ხელოვნების, განსაკუთრებით ლიტერატურის, როგორც სამაგალითო საშუალების განხილვის თანამედროვე ტენდენციას, რომელსაც შეუძლია თეოლოგიის, მეტაფიზიკისა და სოტერიოლოგიის იდეების გამოხატვა.
რამდენიმე შენიშვნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გახდა თანამედროვე სამყაროს ინიციაციის შემადგენელი ელემენტი. ტერმინი „თანამედროვე სამყარო“ გამოიყენება სხვადასხვა კატეგორიის პირთა დასახასიათებლად, რომელთაც არ აქვთ რელიგიური გამოცდილება და ფაქტობრივად დესაკრალიზებულად არსებობენ დესაკრალიზირებულ სამყაროში. მათი ქცევის, მრწამსისა და იდეალების ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს იქ დამალული მითოლოგია და დავიწყებული ან დაკარგული რელიგიების კვალი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ადამიანმა გააცნობიერა საკუთარი ქცევა, როგორც "რელიგიურმა ადამიანმა"(homoreligiosus). მას სურს თუ არა ეს, თანამედროვე რელიგიური ადამიანი აგრძელებს ჰომორელიგიუსის(homoreligiosus) ქცევას, მისდევს მის რწმენას და ენას, მაგრამ ართმევს სიწმინდეს და ათავისუფლებს მათ თავდაპირველი მნიშვნელობიდან. შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ არარელიგიური დღესასწაულები და გართობა, ან საზოგადოებრივ ცერემონიები, სპექტაკლები, სპორტი, ახალგაზრდულ ორგანიზაციები, პროპაგანდა და ლოზუნგები, მასობრივი ლიტერატურა-ეს ყველაფერი სიმბოლოების, რიტუალების და მითების სტრუქტურას ინარჩუნებს, თუმცა ისინი რელიგიური შინაარსისგანაა დაცლილი. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის: თანამედროვე ადამიანის წარმოსახვა კვლავ გაჯერებულია რელიგიური სიმბოლოებით, ფიგურებით, თემებით. როგორც ზოგიერთ ფსიქოლოგს უყვარს აღნიშვნა: "ქვეცნობიერი რელიგიურია". შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად, დესაკრალიზებული საზოგადოების ადამიანში რელიგია ხდება „ქვეცნობიერი“; ის მისი არსების უღრმეს შრეებში იმყოფება; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ განაგრძობს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას მის ფსიქიკურ ცხოვრებაში.
რაც შეეხება ინიციაციის ელემენტებს, ისინი მაინც შეიძლება აღმოვაჩინოთ რელიგიური გამოცდილების სხვა სტრუქტურებთან ერთად თანამედროვე ადამიანის წარმოსახვაში და ოცნებებში. მაგრამ ისინი ასევე შეიძლება ამოვიცნოთ რეალურ განსაცდელებში, რომლიც ინდივიდმა უნდა გაიაროს თავის სულიერ კრიზისებში, მარტოობაში და სასოწარკვეთაში, რასაც არ გაურბის პასუხისმგებლობის, შეგნებისა და შემოქმედების არსებობისკენ მიმავალი არც ერთი ადამიანი. მაშინაც კი, როდესაც ინიციაციის საცდელების რიტუალურ ხასიათს ვეღარ აღიქვამს, აშკარაა რომ ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ "მეს" რთული და საშიში სიტუაციების გადაჭრის გარეშე, ანუ იგი განიცდის "წამებას" და " სიკვდილს " და იღვიძებს სხვა ცხოვრებაში თვისობრივად განსხვავებული და "აღორძინებული". თუ კარგად დააკვირდებით, ადამიანის ცხოვრება შედგება მთელი რიგი განსაცდელებისგან, ”სიკვდილისა” და ”აღორძინებისაგან”. მართლაც, თანამედროვე ადამიანისთვის "ინიციაცია" აღარ ასრულებს მის ონტოლოგიურ ფუნქციას, რადგან იგი არ აღიქმება როგორც რელიგიური და გააზრებულად გასავლელი საცდელი; ეს არ იწვევს ინიციაცირებულის ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას ან მის ხსნას. ინიციაციის სცენარები ეხება ფსიქოლოგიურ და ცხოვრებისეულ გეგმას. ყველაფრის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ფუნქციონირებას და ამიტომ ვამბობთ, რომ ინიციაციის პროცესი თანაარსებობს თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან.
რამდენიმე დასკვნითი შენიშვნა
ჩვენი კვლევის დასასრულს თვალი გადავავლოთ განვლილ გზას. ჩვენ დავადგინეთ, რომ ინიციაციის სხვადასხვა ტიპი შეიძლება მივაკუთვნოთ ორი დიდი კატეგორიას: 1) ზრდასრულობის რიტუალები, რომელთა წყალობითაც ადამიანები იღებენ დაშვებას სიწმინდეებთან, ცოდნას, სექსუალობასთან და ზოგადად ჭეშმარიტად ადამიანები ხდებიან; 2) სპეციალიზებული ინიციაციები, რომლებსაც ინდივიდები იღებენ, რათა გადალახონ ამქვეყნიური სამყაროს საზღვრები და მოიპოვონ დაცვა ზებუნებრივი არსებისგან ან კიდევ გახდნენ მათი მსგავსნი. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ საკუთარი ინიციაციის სცენარებით ეს მეორე კატეგორია ძირითადად იყენებს თემებს, რომლებიც თან ახლავს ზრდასრულობის რიტუალებს.
ვინაიდან აქ ვერ წარმოგიდგენთ ამ ორი კატეგორიის ინიციაციის ვერც გეოგრაფიას და ვერც მათ ისტორიას, ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი კვლევის ზოგიერთი შედეგის მიმოხილვას:
1) მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილ ხალხში ზრდასრულობის რიტუალები, როგორც წესი ასოცირდება რიტუალური საკრავის ხმაურთან და წინადაცვეთასთან-ეს რიტუალები ყოველთვის ასე არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინიციაცია არის ავტონომიური და თვითკმარი ფენომენი(suigeneris), რომელიც შეიძლება არსებობდეს- და არსებობს -სხეულის დაზიანებისა და სხვა დრამატული წესების გარეშეც, რომელთანაც იგი ჩვეულებრივ ასოცირდება.
2) სქესობრივი მომწიფების ასაკთან დაკავშირებული ინიციაციის რიტუალები უკიდურესად ფართოდ გავრცელებულია და დადასტურებულია უძველეს ხალხებში - ავსტრალიელებში, კალიფორნიელებში, ბუშმენებში, ჰოტენტოტებში და ა.შ. ამასთან, არსებობს პრიმიტიული საზოგადოებები, რომელთა ცხოვრებაშიც ზრასრულობის რიტუალები არ ჩანს ან წარმოდგენილია უკიდურესად რუდიმენტული ფორმით. ესენი არიან მაგალითად, შორეული ჩრდილოეთის და ჩრდილოეთ აზიის ზოგიერთი ხალხი. მაგრამ, ამ ხალხთა რელიგიურ ცხოვრებაში შამანიზმი დომინირებს და როგორც ვნახეთ, შამანად გარდასახვა ხდება გრძელი და ზოგჯერ დრამატული ინიციაციის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში პოლინეზიაში ზრდასრულობის რიტუალები თითქმის გაქრა, სამაგიეროდ საიდუმლო საზოგადოებებია ფართოდ გავრცელებული, სადაც ყოველთვის იყენებენ ინიციაციის სცენარებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ინიციაციის რიტუალები ფართოდ არის გავრცელებული პრიმიტიულ სამყაროში: როგორც ზრდასრულობის ინიციაციის, ასევე "მამრობითი კავშირებში" შესვლის რიტუალები; და ბოლოს ინიციაციის საცდელები, რომლებიც აუცილებელია მისტიკური მოწოდების აღსასრულებლად.
3) ისინი, ვინც ინიციაციას გადიან, მათ განიხილავენ, როგორც ღვთიური ან ზებუნებრივი არსების მოქმედებებს. ამრიგად, ინიციაციის ცერემონია არის "ღმერთისადმი მიბაძვა" (imitatiodei); ინიციაციის დღესასწაული საშუალებას აძლევთ დაუბრუნდნენ თავდაპირველ წმინდა დროს და ნეოფიტები, უკვე განდობილებთან ერთად, შეიგრძნობენ ღმერთებისა და მისტიკური წინაპრების მათთან ყოფნას. ინიციაცია არის სამყაროს და ტომის წმინდა ისტორიის გამეორება, რომელშიც ისევე როგორც მისტიკური დასაწყისის დროს, მთელი საზოგადოება ჩაიძირა და იქიდან ხელახლა აღორძინდა.
4) ინიციაციის სცენარები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამაში დარწმუნებისთვის საკმარისია შევადაროთ კურნაის რიტუალის სიმარტივე ავსტრალიის ან მელანეზიის ინიციაციებს. მომწიფების ინიციაციის ზოგიერთი ტიპი ორგანულად ასოცირდება გარკვეულ კულტურების რიტუალებისგან; ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ამა თუ იმ ინიციაციის სტრუქტურული კავშირი ნადირობის ან მიწადმოქმედების კულტის წეს-ჩვეულებებთან. ნებისმიერი კულტურული ფენომენის მსგავსად, ინიციაციის ფენომენიც ისტორიული ფაქტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინიციაციის კონკრეტული გამოხატულებები შეესაბამება როგორც საზოგადოების სტრუქტურას, ასევე მის ისტორიას. ამავე დროს, ინიციაცია გულისხმობს ეგზისტენციალურ გამოცდილებას: რიტუალური საცდელი სიკვდილით და საკრალურის აღმოჩენა; ანუ ის არსებობს მეტა-კულტურულ და ტრანსისტორიულ განზომილებაში. სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე ინიციაციის თემები განაგრძობს არსებობას კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებებში. ბერძნულ-აღმოსავლეთის საიდუმლოებების ზოგიერთი სცენარები დადასტურებულია ჯერ კიდევ ისეთ პრიმიტიულ კულტურებში, როგორიცაა ავსტრალიური ან აფრიკული.
5) გავიხსენოთ ინიციაციის მოტივები და თემები, რომლებიც განსხვავდება გამეორებისა და გავრცელების სიხშირით: ა) თემა მეტნაკლებად მარტივი: ნეოფიტის დედისგან დაშორება და მისი შეყვანა საკრალურში; ბ) უფრო დრამატული თემა: წინადაცვეთა, განსაცდელები, წამება, სიმბოლური სიკვდილი, რასაც შემდგომ მოჰყვება აღდგომა; გ) სცენარი, რომელშიც სიკვდილის იდეა ჩანაცვლდება ახალი კონცეფციისა და ახალი მშობიარობის იდეით, ხოლო ინიციაცია გამოხატულია ემბრიოლოგიური და გინეკოლოგიური თემის თვალსაზრისით; დ) სქემა, რომლის ძირითადი ელემენტია ინდივიდუალური გასვლა ტყეში და დამცავი სულის ძებნა; ე) გმირული ინიციაციების სპეციფიკური სცენარი, რომელიც ფოკუსირებულია მაგიური საშუალებების დახმარებით მიღწეულ გამარჯვებაზე(გარდაქმნა გარეულ მხეცად, ”მრისხანება” და ა.შ.); ვ) შამანების, წმინდათა და სხვა "სპეციალისტების" ინიციაციისთვის განკუთვნილი მოდელი, რომელიც მოიცავს როგორც ჯოჯოხეთში დაშვებას, ასევე სამოთხეში ასვლას (ძირითადი თემები: სხეულის დაყოფა და შინაგანი ორგანოების განახლება; ხეებზე ასვლა და ა.შ.); ზ) მოტივი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "პარადოქსული", რადგან ის ითვალისწინებს საცდელებს, რომლების განხორციელებაც შეუძლებელია ადამიანის გამოცდილების დონეზე("დაბრკოლების" ტიპის საცდელები). ცხადია, საცდელი- ”დაბრკოლებები” გარკვეულწილად ყველა წინა რიტუალის განუყოფელი ნაწილია (რა თქმა უნდა, პირველი). ამასთან, შეგვიძლია ვისაუბროთ "პარადოქსულ" მოტივზე, რადგან ის შეიძლება განცალკევდეს ჩვეულებრივი კომპლექსისგან და იყოს სიმბოლო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მითებსა და ფოლკლორში, კერძოდ უმაღლესი რეალობისა და სულის სტრუქტურების გასახსნელად.
6) როგორც დავადგინეთ, მრავალგვარი ინიციაციის სცენარი შეიძლება თანაარსებობდეს ერთსა და იმავე კულტურაში. სცენარების ეს მრავალფეროვნება განპირობებულია შესაბამის კულტურაზე დროთა განმავლობაში განხორციელებული ისტორიულად თანმიმდევრული ზემოქმედებებით. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინიციაციის მეტა-კულტურული ხასიათი: იგივე ინიციაციის მოტივები გვხვდება როგორც თანამედროვე, ისე პრიმიტიული ადამიანების ოცნებებში, სიზმრებსა და წარმოსახვაში. ვიმეორებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ეგზისტენციალურ გამოცდილებაზე, რომელიც თან ახლავს მთელი კაცობრიობის ისტორიას. ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია უძველესი ინიციაციის სქემების ხელახლა განახლება მაღალგანვითარებულ ცივილიზაციებშიც.
7) არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ინიციაციის ერთი თემადან მეორეზე გადასვლა არის "რევოლუციური", ან რომ ერთი თემა წარმოიქმნება წინასგან ან რომ ერთი თემა შთანთქავს სხვებს. თითოეული მათგანი თვითკმარია. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი: ინიციაციის სცენარების დრამა მძაფრდება უფრო რთულ კულტურებში; სწორედ ასეთ კულტურებში ჩნდება სპეციალურად შემუშავებული სცენარები, ნიღბები, სასტიკი და საშინელი საცდელები. ყველა ეს ინოვაცია მიზნად ისახავს რიტუალური სიკვდილის სცენარების უფრო პათეტიკურად გამძაფრებას.
8) უკვე ძველ კულტურებში რიტუალურ სიკვდილთან დაკავშირებული იყო პირველყოფილი მითი, რომელის შინაარსიც შემდეგი იყო: ზებუნებრივი არსება, ხალხის "განახლების" მიზნით, კლავს და აღადგენს მათ "სხვებად"; ხალხი კლავს ამ ზებუნებრივ არსებას და შემდეგ ამ დრამის გარშემო ჩნდება საიდუმლო რიტუალები; უფრო სწორედ, ზებუნებრივი არსების ძალადობრივი სიკვდილი ხდება მთავარი საიდუმლო, რომელიც განახლდება ყოველ ახალ ინიციაციაში. ამრიგად, საზეიმო სიკვდილი არის ზებუნებრივი არსების, მისტერიის ფუძემდებლის სიკვდილის განმეორება. წინმსწრები რიტუალის საშუალებით სიკვდილი ხდება საკრალური და იღებს რელიგიურ მნიშვნელობას, რადგან ეს არის მთავარი მოვლენა ზებუნებრივი არსების ისტორიაში. რიტუალური სიკვდილი ნეოფიტს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მისტერიის ფუძემდებლის ზებუნებრივ არსებობაში. ამავდროულად, სიკვდილი და ინიციაცია ურთიერთშემცვლელი ცნებები ხდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტული სიკვდილი შედარებულია უფრო მაღალ ხარისხზე გადასვლასთან.
9) რიტუალური სიკვდილი ინიციაციისთანავე ხდება შეუცვლელი პირობა ნებისმიერი სულიერი აღორძინებისთვის, სულის შენარჩუნებისა და უკვდავებისთვისაც კი. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ინიციაციის რიტუალებმა და იდეოლოგიამ თავისი ადგილი დაიკავა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან რელიგიურმა მნიშვნელობამ რიტუალურ სიკვდილს მიანიჭა ნამდვილი სიკვდილის შიშზე გამარჯვება და რწმენა სულის სიცოცხლის შესაძლებლობისა სიკვდილის შემდეგ.
10) არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ რიტუალური სიკვდილი ერთდროულად ნიშნავს "ბუნებრივი", „არაკულტურული" ადამიანის დასასრულს და მისი გადასვლას არსებობის ახალ ეტაპზე: დაბადება სულიერი ცხოვრებისთვის და არა "ამ წუთიერი" არსებობისთვის. ამრიგად, ინიციაციის დროს რიტუალური სიკვდილი არის მისტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომლის დროსაც ადამიანი ხდება სულ სხვა არსება, რომელიც შექმნილია ღმერთების ან მითიური წინაპრების მიერ აღმოჩენილი მოდელის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხდება ნამდვილი ადამიანი იმ გაგებით, რომ იგი წყვეტს ”ბუნებრივ” მდგომარეობაში ყოფნას და ზეადამიანური არსების მსგავსი ხდება. ინიციაციის ცერემონია გვაჩვენებს, რომ უძველესი მენტალიტეტი გამომდინარეობდა იქიდან, რომ ნამდვილი, სულიერი ადამიანი - არ არის ბუნებრივი პროცესის შედეგი. იგი "შექმნილია" ძველი მასწავლებლების მიერ- ღვთაებრივი არსების მიერ აღმოჩენილ და მითებში დაცული ნიმუშების მიხედვით. ეს ძველი პედაგოგები პრიმიტიული საზოგადოებების სულიერი ელიტაა. მათთვის ცნობილია სულიერი სამყარო, ჭეშმარიტად ადამიანური სამყარო. მათი ფუნქციაა ახალ თაობებს აუხსნან არსებობის ღრმა აზრი და დაეხმარონ მათ აიღონ პასუხისმგებლობა, გახდნენ "რეალური პიროვნება" და შესაბამისად, მიიღონ მონაწილეობა "კულტურაში". მაგრამ, რადგან ძველი საზოგადოებებისათვის "კულტურა" არის ზებუნებრივი არსებისგან მიღებული ღირებულებების ერთობლიობა, ინიციაციის ფუნქციაც ასეთია: იგი ხსნის გზას თითოეული ახალი თაობისთვის ტრანსჰუმანური სამყაროსკენ, ანუ როგორც ავღნიშნეთ- ტრანსცენდენტული სამყაროსკენ.
ეპილოგი
როგორც ვნახეთ, თანამედროვე სამყაროსთვის აღარ არის ცნობილი ინიციაციის ტრადიციული ტიპი. ინიციაციის ზოგიერთი თემა ჯერ კიდევ არსებობს ქრისტიანობაში, მაგრამ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები არ აღიარებენ "ინიციაციის ღირებულებებს". გვიან ანტიკურ მისტერიებიდან ნასესხებმა რიტუალებმა, გამოსახულებებმა და ლექსიკამ, რა სახითაც ისინი სხვადასხვა ქრისტიანულმა კონფესიებმა შეინარჩუნა, დაკარგა ინიციაციის აურა: თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში ისინი საეკლესიო სიმბოლიკისა და საზეიმო ცერემონიების შემადგენელი ნაწილნი იყვნენ. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფები აღარ არსებობდნენ ან ეხლა აღარ არსებობენ და არ ცდილობენ კათოლიკურ ეკლესიაში ინიციაციის ეზოთერული საიდუმლო მნიშვნელობის "აღორძინებას". ჟ.კ. გიუსმანსის მაგალითი ყველაზე ცნობილია, მაგრამ იგი არა ერთადერთია. ამ მცდელობებს თითქმის არანაირი რეზონანსი არ ჰქონდა ლიტერატურული და მოყვარული ოკულტისტების წრეების გარეთ. მართალია, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში კათოლიკური კონფესიის ხელისუფლება დიდ ინტერესს იჩენდა გამოსახულებების, სიმბოლოებისა და მითების მიმართ, მაგრამ ეს პირველ რიგში განპირობებული იყო ლიტურგიული მოძრაობის აღორძინებით, ბერძნული პატროლოგიის სფეროში აღმოჩენების და მისტიკური გამოცდილებისადმი ინტერესის ზრდით. ამჟამად არც ერთი ეს გავრცელებული იდეა არ გასცდენია "ეზოთერული" ჯგუფის საზღვრებს. პირიქით, კათოლიკურ ეკლესიაში შეიძლება შეამჩნიოთ იგივე სურვილი "იცხოვრონ ისტორიაში" და ასწავლონ თავის სამწყსოს ისტორიული რეალობის პრობლემების დაპირისპირება, რაც შესამჩნევია რეფორმატორულ ეკლესიებში. თუ დღეს მრავალი კათოლიკე მღვდელი უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს სიმბოლოების შესწავლის მიმართ, ვიდრე ეს ოცდაათი წლის წინ ხდებოდა, მაშინ ეს სხვა მიზეზით ხდება, ვიდრე მიზეზით, რითიც ჰიუისმანი და მისი მეგობრები ხელმძღვანელობდნენ. ახლა ეს კეთდება იმისათვის, რომ მღვდლებმა უკეთ გაიგონ თავიანთი სამწყსოს სულიერი სირთულეები და კრიზისი. ამავე მიზეზით ფსიქოანალიზს სულ უფრო ხშირად სწავლობენ და იყენებენ სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მღვდლები. რა თქმა უნდა, ჩვენს დროში არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობის ოკულტური სექტები, საიდუმლო საზოგადოებები, ფსევდო-გასხივოსნებული ჯგუფები, ნეო-სპირიტუალისტური მოძრაობა და ა.შ. თეოსოფია, ანთროპოსოფია, ნეო-ვედანტიზმი ან ნეო-ბუდიზმი-სხვა არაფერია თუ არა დასავლურ სამყაროში დადასტურებული კულტურული ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. ეს ფენომენი არ არის ახალი. ინტერესი ოკულტიზმის მიმართ, რომელსაც თან ახლავს ფარულ, მეტნაკლებად ინიცირებულ საზოგადოებებში გაერთიანების ტენდენცია, ევროპაში გაჩნდა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში და კულმინაციას მიაღწია XVIII საუკუნეში. ერთადერთი საიდუმლო საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ იდეოლოგიურ გაერთიანებას, აქვს საკუთარი ისტორია, სოციალური და პოლიტიკური პრესტიჟი-არის ფრანკმასონობა იგივე მასონობა. დანარჩენი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ინიციაციაზე, ცოტა ხნის წინ გაჩნდნენ და იმპროვიზაციულ და ჰიბრიდულ ხასიათს ატარებენ. მათი ინტერესები ძირითადად სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროშია: ისინი ასახავენ თანამედროვე საზოგადოების ნაწილის დეზორიენტაციას, მათ სურვილს-იპოვონ რელიგიური რწმენა. ისინი აგრეთვე ასახავენ ოკულტური "საიდუმლოებებისადმი" და იმქვეყნიური სამყაროსადმი დაუძლეველ მიმზიდველობას, რაც წარმოადგენს ადამიანური არსებობის განუყოფელ ნაწილს და რაც აღინიშნა ყველა ეპოქაში, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში და კულტურის განვითარების ყველა დონეზე.
თანამედროვე მსოფლიოს ყველა საიდუმლო და ეზოთერული ორგანიზაცია არ ითვალისწინებს შესვლის ან ინიციაციის რიტუალებს. "ინიციაცია" დავიდა უმეტესწილად წიგნის ინსტრუქციებამდე (შთამბეჭდავია მსოფლიოში წიგნების და ჟურნალების რაოდენობა "ინიციაციის" შესახებ). რაც შეეხება ოკულტური ინიციაციის ჯგუფებს, ეს არის რიტუალები, რომლებიც გამოიგონეს ან შთაგონებულია გარკვეული წიგნებით, რომლებიც ინახავს უძველესი ინიციაციების ძვირფას აღმოჩენებს. "ინიცირების რიტუალებად" წოდებული ქმედებები ხშირად ავლენს სავალალო სულიერ სიღარიბეს. ის ფაქტი, რომ მიმდევრებმა მათში უმაღლესი ცოდნის მიღების გზა ნახეს, აჩვენებს თუ რამდენად დაკარგა თანამედროვე ადამიანმა ტრადიციული ინიციაციის გაგება. მაგრამ, ამგვარი წამოწყებების წარმატება ასევე ცხადყოფს ღრმა საჭიროებას, რომ „იყვნენ განდობილნი“ ანუ ხელახლა დაიბადონ, რათა მონაწილეობა მიიღონ სულიერ ცხოვრებაში. გარკვეული თვალსაზრისით, ფსევდოსაკრალური სექტები და ჯგუფები დადებით როლს ასრულებენ, რადგან ისინი ეხმარებიან თანამედროვე ადამიანს, იპოვნოს დესაკრალიზებული არსებობის სულიერი მნიშვნელობა. ერთმა ფსიქოლოგმა ისიც კი თქვა, რომ იმ რიტუალების ექსტრავაგანტული არასაიმედოობა, რომელებსაც ინიციაცია ეწოდება, არც ისე მნიშვნელოვანია; მნიშვნელოვანია, რომ მათში მონაწილე ღრმა ქვეცნობიერმა, ფსიქიკამ გარკვეული სტაბილურობა მოიპოვოს ამ "რიტუალების" წყალობით.
ამ ფსევდო-ოკულტური ჯგუფების უმეტესობა უიმედოდ უნაყოფოა. მათი საქმიანობა არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვან შემოქმედებით შედეგზე გასვლის საშუალებას. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებიც ინიციაციის თემებს მიადევნებს თვალყურს - მაგალითად, ჯეიმს ჯოისის „ულისსი“, ტ.ს. ელიოტის „დაკარგული ქვეყანა“ შექმნილია მწერლებისა და მხატვრების მიერ, რომლებიც არ აცხადებენ პრეტენზიას, რომ არიან „ინიციაციის“ იდეის მომხრენი და არ განეკუთვნებიან ოკულტურ წრეს.
ჩვენ ვუბრუნდებით იმ პრობლემას, რომელსაც ადრე უკვე შევეხეთ: ინიციაციის თემები ცოცხალია თანამედროვე ადამიანის ქვეცნობიერში. ამას ადასტურებს ხელოვნების ზოგიერთ ნაწარმოებში ინიციაციის სიმბოლიკა - პოეზიაში, რომანებში, პლასტიკური ხელოვნებაში, ფილმებში - და კიდევ საზოგადოების შესაბამისი რეაგირება მათზე. როგორც ჩანს, ასეთი სპონტანური და მასიური ინტერესი ადასტურებს, რომ თანამედროვე ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში ჯერ კიდევ არის რაღაც მგრძნობიარე ინიციაციის სცენარებსა და გზავნილების მიმართ. ამ ნამუშევრების ინტერპრეტაციისთვის გამოყენებულ ლექსიკონშიც კი შეგვიძლიათ მოვძებნოთ ინიციაციის მოტივები. ამბობენ, რომ ასეთი შინაარსის წიგნი ან ასეთი ფილმი ამჟღავნებს გმირების მითებს და განსაცდელებს, რომლებიც ეძიებენ უკვდავებას, რომ ისინი ეხებიან სამყაროს გამოსყიდვის თემას, ქალისა და სიყვარულის წყალობით ეზიარებიან ახლად დაბადების საიდუმლოებებს და ა.შ.
გასაკვირი არ არის, რომ კრიტიკოსებს სულ უფრო მეტად იზიდავთ რელიგიური ჩანართების გამოყენება და განსაკუთრებით "ინიციაციის" სიმბოლიკის, თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებებში. თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციებში ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კითხვა, როგორც "გასართობი" და ისტორიული რეალობიდან თავის დაღწევის საშუალება, თანამედროვე ადამიანის ქცევის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ბუნებრივია, ის ცდილობს დაიკმაყოფილოს თავისი დათრგუნული ან არასაკმარისად დაკმაყოფილებული რელიგიური მოთხოვნილებები ზოგიერთი წიგნის წაკითხვით, რომელებიც სინამდვილეში შეიცავენ თანამედროვე პერსონაჟებად შენიღბულ მითოლოგიურ გამოსახულებებს და არაჩვეულებრივი თავგადასავლების საფარქვეშ წარმოადგენენ ინიციაციის სცენარებს. ამ ნახევრად ცნობიერი ან ქვეცნობიერი სურვილის ნამდვილობა- მონაწილეობა მიიღონ "განსაცდელებში", რომლებიც გმირს აცოცხლებს და "გადაარჩენს"- დასტურდება ინიციაციის თემების არსებობით თანამედროვე ადამიანის ოცნებებში და წარმოდგენებში. კ.გ. იუნგი ამტკიცებს, რომ პროცესი, რომელსაც მან უწოდა "ინდივიდუალიზაცია"(l'individuatiori), რომელიც მისი აზრით ადამიანის არსებობის უმაღლესი მიზანი იყო, ხორციელდება მთელი რიგი ინიციაციის "საცდელების" მეშვეობით.
როგორც ვთქვით, "ინიციაცია" თანაარსებობს ადამიანის რეალურ ცხოვრებასთან. ეს ხდება ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე სავსეა ღრმა კრიზისებით, განსაცდელებით, შფოთვით, დანაკარგებით და საკუთარი თავის პოვნით, ”სიკვდილით და აღდგომით”; მეორეს მხრივ, რადგან სრულფასოვანი წარმატებული სიცოცხლეც კი გარკვეულ მომენტში წარუმატებლად გამოიყურება. ჩვენ არ ვსაუბრობთ მორალურ განაჩენზე, რომელიც მათ წარსულს განსჯის, არამედ მხოლოდ დაკარგული შესაძლებლობების შერეულ განცდაზე, რომ უღალატეს საკუთარ საუკეთესო "მეს". ზოგადი კრიზისის ასეთ მომენტებში ხსნის ერთადერთი იმედი რჩება: ახალი ცხოვრების დაწყება, ანუ ოცნება ახალ არსებობაზე, სრულ და მნიშვნელოვან აღორძინებაზე. ეს არ არის ბუნდოვანი მისწრაფება, რომელიც ყველა ადამიანის სულის სიღრმეში იმალება, ახალი კოსმოსური მოდელის პერიოდული განახლების შესაბამისად. რაზეც ოცნებობენ და რის იმედიც აქვთ ტოტალური კრიზისის ამ მომენტებში - ეს არის საბოლოო და ზოგადი განახლება, განახლება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცხოვრება. ამ „განახლებით“ მთავრდება ნებისმიერი ჭეშმარიტად რელიგიური მოქცევა. მაგრამ, თანამედროვე საზოგადოებაში ასეთი მიმართვები საკმაოდ იშვიათია. მით უფრო საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არარელიგიური ადამიანებიც კი ზოგჯერ თავიანთი არსების სიღრმეში გრძნობენ სულიერი აღორძინების სურვილს, რაც სხვა ეპოქებში იყო ინიციაციის მიზანი. ჩვენი ვერ გადავწყვეტთ, თუ რამდენად შეასრულეს ტრადიციულმა ინიციაციებმა თავიანთი დანაპირები. მთავარია, რომ მათ განაცხადეს თავიანთი განზრახვის შესახებ და მიიღეს ძალა შეეცვალათ ადამიანის ცხოვრება. ნოსტალგია ინიციაციის "განახლების" მიმართ, რომელიც სპორადულად ჩნდება თანამედროვე არარელიგიურ ადამიანში, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია: ეს შეიძლება იყოს ადამიანის მარადიული ნოსტალგიის ზოგადი თანამედროვე გამოხატულება, რომელიც ცდილობს სიკვდილი დადებითად მოიაზროს და ხელი შეუწყოს სიკვდილის მიღებას, როგორც რიტუალს უმაღლესი არსებობისკენ. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციაცია წარმოადგენს ადამიანის არსებობის განსაკუთრებულ განზომილებას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დადებით როლს ანიჭებს სიკვდილს: სიკვდილი გვიმზადებს სულიერ "ახალ დაბადებას", მიყავართ ცხოვრებაში, რომელიც არ ექვემდებარება დროის დამანგრეველ რბოლას.
თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული
პირადი ნომერი: 35001029103
ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.