თავი მეორე
თავი მეორე
რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალური სიმწიფის მიღწევასა და ტომობრივ ინიციაციასთან პირველყოფილ რელიგიებში (გაგრძელება)
ავსტრალიაში სქესობრივი მომწიფების ასაკთან დაკავშირებული ინიციაციის რიტუალები მოიცავს არა მხოლოდ წინა კბილის ამოღებას, როგორც საცდელს, არამედ ყველაზე ხშირად წინადაცვეთაის რიტუალს, რასაც მოგვიანებით მოჰყვება ახალი ოპერაცია--პენისის ქვედა ნაწილის კვეთა (subincision). ავსტრალიაში წინადაცვეთას ზოგი ეთნოლოგი განიხილავს, როგორც შედარებით ახალ კულტურულ ფენომენს. ვ.შმიდტი და ფ.შპაიზერი თვლიან, რომ ეს ჩვეულება ავსტრალიაში შემოიტანა ახალი გვინეადან შემოსულმა კულტურულმა ტალღამ. როგორიც არ უნდა იყოს მისი წარმოშობა, წინადაცვეთა სექსუალური სიმწიფის ასაკის მიღწევას უკავშირდება არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ მთელ ოკეანეთსა და აფრიკაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ტომში. როგორც ინიციაციის რიტუალს, წინადაცვეთას აქვს ფართო გავრცელება, თითქმის უნივერსალურიც. ჩვენ აქ არ ვაპირებთ ამ რთული პრობლემის სრულ განხილვას, მაგრამ შემოვიფარგლებით მისი ზოგიერთი ასპექტით, კერძოდ, წინადაცვეთის რიტუალთან და ზოგიერთ რელიგიურ რეალობასთან კავშირის განხილვით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში, ისევე როგორც ზემოთ დასახელებულ სხვა ქვეყნებში, ითვლება, რომ წინადაცვეთას ასრულებენ არა ადამიანები, არამედ ღვთიური ან "დემონური" არსებები. წინადაცვეთა არ არის ღმერთების ან გმირების მიერ მითიურ ხანაში დაწესებული ქმედების პირდაპირი გამეორება, თუმცა ეს მათ სამყაროში ყოფნას გულისხმობს. არუნტის ტომის ქალებსა და ბავშვებს მიაჩნიათ, რომ რიტუალური საკრავის ხმაური არის დიადი სული "თვანირაკას" ხმა, რომელიც ბიჭების წასაყვანად მოვიდა. მართლაც, წინადაცვეთის დროს, ბიჭებს ხელში აჭერინებენ რიტუალურ საკრავს (ჩურინგა). ეს ნიშნავს, რომ დიადი სული თავად აპირებს ოპერაციის შესრულებას. არუნტას ტომში წარმოუდგენიათ, რომ ცერემონია შემდეგნაირად ჩატარდება: „თვანირაკა“, რომელიც მოზარდების წასაყვანად მოვიდა, ითხოვს, რომ ბიჭი მის წინაშე დააყენონ და ეუბნება მას: "შეხედე ვარსკვლავებს!" როდესაც ვაჟი მაღლა იხედება, დიადი სული სჭრის მას თავს. მეორე დღეს, როდესაც თავი უკვე იწყებს დაშლას, თვანირაკა აბრუნებს მას თავის ადგილას და აცოცხლებს ბიჭს. პიტჯანჯარის ტომებში ცერემონიის დროს უცნობი ადამიანი მოულოდნელად გამოდის ტყიდან, იგი წიდადაცვეთს ახალმოსულებს და მაშინვე იკარგება. კარაჯერში ახალბედის წინადაცვეთა მიმდინარეობს მაშინ, როცა ის თვალებდახუჭული ზის და ყურები აქვს დახშული. ოპერაციის შემდეგ მას დაუყოვნებლივ აჩვენებენ რიტუალურ საკრავს. როდესაც სისხლი შედედდება ჭრილობაზე ბიჭი თვალებს ახელს და ხედავს კაჟის ინსტრუმენტებს, რომლებსაც წინადაცვეთისთვის იყენებდნენ. კიკატას ტომში წინადაცვეთას ატარებენ რიტუალური ინსტრუმენტის ჩხრიალის ხმაზე, რომლის გაჟღერებისთანავე შეშინებული ქალები და ბავშვები იქაურობას სირბილით ეცლებიან. ანულას ტომის ქალები რიტუალური ინსტრუმენტის ჩხრიალის ხმას მიიჩნევენ დიადი სულის გნაბაიას ხმად, რომელიც ყლაპავს ბიჭებს და შემდეგ გადმოაფურთხებს მათ უკვე ინიციაცირებულებად. არ არის საჭირო მეტი მაგალითების მოყვანა. ყველა შემთხვევაში წინადაცვეთა წარმოდგენილია როგორც საკრალური აქტი, რომელიც შესრულებულია ღმერთების ან ზეადამიანური არსების სახელით, განსახიერებულია შემსრულებლებში ან მათ რიტუალურ ინსტრუმენტებში. წინადაცვეთამდე ან მის დროს გამაყრუებელი ხმაური ნიშნავს ღვთიური არსების არსებობას. შეგახსენებთ, რომ იუინის, კურნაის და სამხრეთ ავსტრალიის სხვა ტომებს შორის, სადაც წინადაცვეთას არ იყენებენ, ინიცირების მთავარი საიდუმლოა რიტუალური ინსტრუმენტის ჩხრიალი, როგორც ღმერთის ან მისი ვაჟის ან მისი მსახურის ინსტრუმენტისა და მისი ხმის გაცნობა. რიტუალურიინსტრუმენტის ხმაურისიდენტიფიკაციაღვთისხმასთან უძველესირელიგიურიიდეაა: ისგვხვდებაკალიფორნიისდაიტურისპიგმიებისტომებში, ანუიმზონებში, რომლებიცისტორიულმადაკულტურულმასკოლამმიაკუთვნა"ადრეულიკულტურას" (Urkultur).
რაც შეეხება მტკიცებას, რომ რიტუალური საკრავი (rattle) - ის ხმაური ჭექა-ქუხილს ნიშნავს, ეს იდეა განსაკუთრებით გავრცელებულია ოკეანიის, აფრიკის, ამერიკის, ასევე ბერძნულ ანტიკურ ხანაში, სადაც "რომბოსი" (დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი ტყავით დაფარული რგოლი, კიდეებზე ზარებით ან მეტალის ფირფიტებით) ითვლებოდა როგორც "ზაგრეუსის ჭექა-ქუხილი". შესაძლებელია, რომ თეოლოგიასა და მითოლოგიაში რიტუალური საკრავი (rattle) არის კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ატრიბუტი. ის ფაქტი, რომ ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ინსტრუმენტი (rattle) წარმოდგენილია უმაღლესი ციური არსების ნიშნით ჩატარებული ინიციაციის რიტუალებში, კიდევ ერთი დადასტურებაა ამ ფორმით ჩატარებული ინიციაციის არქაიზმისა. ახლახან ვნახეთ, რომ ავსტრალიის წინადაცვეთის ცერემონიალებში, რიტუალური საკრავ (rattle)-ის ხმა ნიშნავს ღვთაების ყოფნას რიტუალის დროს. რადგან წინადაცვეთა მისტიკულ სიკვდილს უტოლდება, ყველას სჯერა, რომ ნეოფიტი ამ ღვთაებამ მოკლა. თუმცა გასაგებია, რომ წინადაცვეთის ღვთაებები არ მიეკუთვნებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის უმაღლესი ზეციური არსების კლასს. ისინი უფრო განიხილებიან, როგორც მათი ვაჟები ან მსახურები, ან როგორც ტომის მითიური წინაპრები. ზოგჯერ წინადაცვეთის ღვთაებები ცხოველებად გამოიყურებიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავსტრალიის წესით წინადაცვეთა მითოლოგიის ნაწილია, რომელიც უფრო რთული, უფრო დრამატული და აშკარად ნაკლებად ძველია, ვიდრე ინიციაციის სხვა ფორმების მითოლოგია, რომელსაც წინადაცვეთა აკლია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ინიციაციის ოსტატების შემზარავი ხასიათი, რომელთა გამოცხადება რიტუალური ინსტრუმენტ (rattle)- ის ხმით ეცნობებათ ახალგაზრდებს.
ასეთივე სცენარით მიმდინარეობს რიტუალები ავსტრალიის საზღვრებს გარეთაც. ღვთიური არსებები, რომლებიც ინიციაციიის ცერემონიალში ერთვებიან და ამცნობენ გარშემომყოფებს თავის მოახლოებას რიტუალური ინსტრუმენსტის გამაყრუებელი ხმაურით, უმეტესწილად გარეული ცხოველების სახით გვევლინებიან - აფრიკაში ლომების და ლეოპარდების, სამხრეთ ამერიკაში იაგუარების, ნიანგების და ზღვის მონსტრების ოკეანეთში. კულტურულ-ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, კავშირი ინიციაციის ხელმძღვანელებსა და რიტუალურ ინსტრუმენტს შორის შეიძლება ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად, რომ ამ ტიპის ინიციაციის წარმოშობა უკავშირდება უძველესი ნადირობის წესებს. ეს განსაკუთრებით ეხება აფრიკის ინიციაციის რიტუალებს. აქ წინადაცვეთა გაიგივებულია მისტიკურ სიკვდილთან და შემსრულებლები ლომების და ლეოპარდების ტყავებში არიან ჩაცმულნი - ისინი განასახიერებენ ღვთაებრიობას ცხოველური ფორმით, რომელიც პირველად იქნა მიღებული რიტუალური მკვლელობის მითიურ დროში. ცხოველების როლების შემსრულებლებს ამშვენებს გარეული ცხოველების ბრჭყალები, ხოლო დანები აღჭურვილია კაუჭებით. ისინი თავს ესხმიან ახალგაზრდა ვაჟების სასქესო ორგანოებს და გამოხატავენ სურვილს მათი მოკვლის. წინადაცვეთის რიტუალი განასახიერებს რეპროდუქციული ორგანოების განადგურებას ცხოველების მიერ. ცხოველების როლების შემსრულებლებს "ლომებს" უწოდებენ და წინადაცვეთას გამოხატავს ადგილობრივების ენაზე ზმნა "მოკვლა". რამდენიმე ხნის შემდეგ, ახალგაზრდებსაც ლეოპარდის ან ლომის ტყავი აცვიათ, ანუ ითვისებენ ცხოველების ღვთაებრივ არსს და შედეგად მათში ხელახლა იბადებიან.
ინიციაციის დროს წინადაცვეთის აფრიკულ ვარიაციაში უნდა გვახსოვდეს ორი ძირითადი ელემენტი:
1) ინიციაციის განმკარგველები არიან ცხოველური ღვთაებები, რაც მიგვანიშნებს რიტუალის სტრუქტურულ კავშირზე ნადირობის უძველეს კულტურასთან;
2) ღვთაებებს გარეული ცხოველების სახით განასახიერებენ ცერემონიის წამყვანები, რომლებიც ნეოფიტებს წინადაცვეთისას „კლავენ“;
3) ეს რიტუალური სიკვდილი აისახება თავდაპირველ მითში, რომელშიც მოქმედებს პრველყოფილი ცხოველი, იგი კლავს ხალხს და შემდეგ აცოცხლებს მათ. ასე რომ, აფრიკაში, ისევე როგორც ავსტრალიაში, წინადაცვეთა შეასრულა ზებუნებრივმა არსებამ, რომელიც განსახიერებულია ოპერაციის შემსრულებელში და თვით რიტუალი იყო ძველი მითის განმეორება. წინადაცვეთის, ასევე რიტუალური მუსიკალური ინსტრუმენტისა და ზებუნებრივი არსებების კავშირის არსებობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი მითიურ-რიტუალური თემის არსებობაზე მიუთითებს, რომლის ძირითადი მნიშვნელობა შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ: ა)მითიური არსებები, რომლებიც ჩნდებიან რიტუალური ისნტრუმენტის ხმაურში კლავენ, ჭამენ, ყლაპავენ ან წვავენ მომავალ განდობილებს; ბ) ეს უკანასკნელნი ცოცხლდებიან, მაგრამ უკვე შეიცვლილები არიან "ახალ ადამიანად"; გ) მითიური არსებები შეიძლება ასევე გამოჩნდნენ ცხოველის სახით, ცხოველური მითოლოგიის შესაბამისად; დ) მათი ბედი, ზოგადად, ნეოფიტების ბედის იდენტურია, რადგან, დედამიწაზე ყოფნისას ისინი თვითონ დაიღუპნენ და გაცოცხლდნენ და არსებობის ახალ ფორმას მისცეს დასაბამი. აქ გვაქვს მითიურ-რიტუალური თემა, რომლის მნიშვნელობა არსებითია ინიციაციის ფენომენის გასაგებად, რომელსაც მუდმივად შეხვდებით ჩვენი კვლევის მსვლელობისას.
წინადაცვეთის შედეგად გამოწვეული ტანჯვა - ეს ოპერაცია ზოგჯერ უკიდურესად მტკივნეულია - ინიციაციის დროს რიტუალური სიკვდილის გამოსახვაა. მაგრამ ბიჭების მიერ განცდილი საშინელება რელიგიური ხასიათისაა - ის წარმოიშობა ღვთიური არსების მიერ მოკვლის შიშისგან. მაგრამ ერთიდაიგივე ღვთიური არსება აცოცხლებს ბიჭებს, რომლებიც აღარ ბრუნდებიან ბავშვობის ცხოვრებაში, მაგრამ უერთდებიან უფრო მაღალი ცხოვრებისეულ რეალობას, რადგან ახლა ისინი გახსნილები არიან შემეცნებისთვის, სიწმინდესა და სექსუალობისთვის. აშკარაა კავშირი ინიცირებასა და სქესობრივ მომწიფებას შორის - არაინიცირებულები გაიგივებულნი არიან ბავშვებთან და მცირეწლოვან გოგოებთან, ისინი ითვლებიან შემეცნების უუნაროებად, ხოლო არაგანდობილი მშობლების შვილები ხშირად არ მიიღებიან კლანში. აფრიკელ მაგვანდას და ბაპედის ხალხებში, ინიციაციის ლიდერები ახალმოსულებს ამ სიტყვებით მიმართავენ: ”აქამდე ბავშვობის სიბნელეში იყავით; ქალებივით იყავით და არაფერი იცოდით! " ხშირად, განსაკუთრებით ოკეანეთსა და აფრიკაში, წინადაცვეთის შემდეგ ახალგაზრდებს დიდი სექსუალური თავისუფლება აქვთ. მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ სექსუალურ თავისუფლებაზე მისი თანამედროვე გაგებით, ეს არის არაწმინდა და უსაზღვრო. ისევე როგორც ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, სექსუალობა თანამედროვეს წინა საზოგადოებაში სიწმინდის ელემენტს ატარებდა. ის იყო ცხოვრების და ნაყოფიერების მთავარ საიდუმლოში მონაწილეობის საშუალება. ინიცირების წყალობით, ახალბედა დაიშვებოდა სიწმინდეში, მან უკვე იცოდა, რომ სამყარო, სიცოცხლე და ნაყოფიერება წმინდა რეალობაა, რადგან მათ ქმნიან ღვთიური არსებები. ამიტომ სექსუალური ცხოვრების გაცნობა დამწყებთათვის ნიშნავს სამყაროსა და ადამიანის არსებობის წმინდა საიდუმლოებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
პენისის ქვეკვეთის (subincision) სიმბოლიკა
(პენისის ქვედა ნაწილის კვეთა (subincision)-რიტუალური ოპერაცია, რომელი დროსაც ხდება პენისის ქვედა ნაწილის ჭრა, რაც გულისხმობს ურეთრით ანუ შარდსადენი მილით მუდმივად გახსნილ მდგომარეობაში ყოფნას).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავსტრალიაში, წინადაცვეთის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ინიციაციის წესით, გარკვეული ინტერვალით - ხუთიდან ექვსი კვირით არუნტისთვის, ორი ან სამი წლის განმავლობაში კარაჯერისთვის - მოჰყვება კიდევ ერთი ოპერაცია - სასქესო ორგანოზე ქვეგანაკვეთის დატანა (subincision). ეს იდუმალი ოპერაცია ეთნოლოგებს და ფსიქოლოგებს უამრავ პრობლემას უქმნის, რომელთა შეხებასაც საუბარს აქ არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ ოპერაციის ორ რელიგიურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ: პირველი უკავშირდება ბისექსუალობის იდეას, მეორე - რელიგიური იდეა სისხლის შესახებ. ი. ვინთჰოისი აღნიშნავს, რომ ოპერაციის მიზანია ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლურად დატანა ინიცირებულის სასქესო ორგანოზე, რომლის მიზანია შექმნას ღვთაებების მსგავსი სახე, რომლებიც, ამ ავტორის აზრით, ბისექსუალი იყო. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ღვთაებათა ბისექსუალობა არ იყო ავსტრალიის უძველესი კულტურის ფორმირების ნაწილი - ძველ ავსტრალიურ ღმერთებს ზოგადად "მამებს" უწოდებდნენ. პრველყოფილ რელიგიებში ბისექსუალობა უცნობია. როგორც ჩანს, ღვთიური ბისექსუალობის კონცეფცია შედარებით ახალია. ის ავსტრალიაში შეიძლება მალანეზიურმა და ინდონეზიურმა კულტურულმა ტალღებმა მოიტანეს. მაგრამ ვინთჰოისის ჰიპოთეზაში არის მომენტი, რომელიც ყურადღების ღირსია - ეს არის ღვთაებრივი მთლიანობის იდეა, მრავალ პრიმიტიულ რელიგიაში მიღებული. იგი ითვალისწინებს ერთ ღვთიურ არსში თანაარსებობას ყველა საღვთო ატრიბუტის და შესაბამისად, არ გამორიცხავს ორივე სქესის კომბინაციას. რაც შეეხება დამწყების ქალად სიმბოლურ ტრანსფორმაციას, ავსტრალიაში ასეთი სიმბოლიკა თითქმის არასოდეს ყოფილა. უ.ე.როთმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ქუინზლენდში პიტა-პიტისა და ბოუ-ბიას ტომებმა პენისის გაკვეთის დროს განდობილის მიერ მიღებული ჭრილობა შეადარეს ქალის სასქესო ორგანოს და ნეოფიტს, რომელსაც ეს ოპერაცია ჩაუტარდა დაარქვეს- "ის, ვისაც აქვს ქალის სასქესო ორგანო". კუნაპიპის კულტის შესწავლა ჩრდილოეთ ავსტრალიაში, რ.მ.ბერნდტი მსგავს ინტერპრეტაციას გვაძლევს: "სიმბოლურად, ნეოფიტი ოპერაციის შემდეგ ფლობს განაყოფიერებისათვის საჭირო მამაკაცთა და ქალთა სასქესო ორგანოებს". ვფიქრობთ რომ ეს უფრო ახალი იდეაა, რომელიც ავსტრალიაში გაჩნდა მალანეზიური კულტურიდან, რადგან ავსტრალიის ტომთა უმეტესობამ არ იცოდა სექსუალური ურთიერთობისა და ჩასახვის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ავღნიშნოთ, რომ ინიცირების დროს ნეოფიტის ქალად რიტუალური ტრანსფორმაცია ძალზე გავრცელებულია სხვადასხვა კულტურაში. მაგალითად, მასაიში, ნანდიში, ნუბასა და სხვა აფრიკულ ტომებში ნეოფიტები ჩაცმულები არიან როგორც გოგონები, ხოლო სამხრეთ აფრიკის სოთჰოს ტომებში გოგონებს მამაკაცის ტანსაცმელი აცვიათ ინიციაციის დროს. ახალბედა ვაჟები, რომლებიც ტაიტიზე არიორის საზოგადოებაში გადიან ინიციაციას, ქალებივით იცვამენ. ვ. შმიდტი და პ.ვირცე ამტკიცებენ, რომ ქალად რიტუალურ გარდაქმნას იყენებენ ახალ გვინეაში ინიციაციის რიტუალის დროს, ჰადონმაც იგივე აღმოაჩინა ტორესის სრუტეში. როდესაც მოზარდები ტყეში ცხოვრობენ, ისინი ჩვეულებრივ შიშველნი დადიან, რაც შეიძლება აიხსნას, როგორც ნეოფიტის ასექსუალობის სიმბოლო. ყველა ამ წეს-ჩვეულების რელიგიური მნიშვნელობა შემდეგნაირად გვეჩვენება: ისინი მეტ შესაძლებლობას იძლევიან დამწყებმა მიიღოს ახალი ქმნილებისთვის დამახასიათებელი თვისებები, აერთიანებენ მასში ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებს და ამით მიაღწევენ სიმბოლურ მთლიანობას. მითიურ აზროვნებაში, სანამ ინდივიდუალური გახდები, აუცილებელია გახდე ტოტალური, ყოვლისმომცველი. ბისექსუალობა განიხილება, როგორც უმაღლესი მდგომარეობა თითოეულ სქესთან მიმართებაში, რადგან ის განასახიერებს მთლიანობას და შესაბამისად, სრულყოფილებას. მაგრამ ავსტრალიასა და მეზობელ რეგიონებში, პენისის ქვეკვეთის (subincision) მთავარი მიზანი სუფთა სისხლის მიღებაა. სისხლი არის ძალასა და განაყოფიერების უნივერსალური სიმბოლო. ავსტრალიაში, ისევე როგორც სხვაგან, ახალმოსულებს წითელ ოხრას, სისხლის შემცვლელს ან ახალ სისხლს ასხურებენ. მაგალითად, დიეირის ტომში მამაკაცები იჭრიან ვენებს და სისხლს უშვებენ პირდაპირ ნეოფიტების სხეულებზე, რათა გამბედაობა მიანიჭონ მათ. კარაჯერში, იტჩიმუნდში და ავსტრალიის სხვა ტომებში ნეოფიტს სისხლს დასალევად აძლევენ. ეს ჩვეულება გვხვდება ახალ გვინეაშიც, სადაც ამ ქმედებას შემდეგ განმარტებას აძლევენ: მამაკაცის სისხლთან ერთად, ახალბედა ძალას იღებს, რადგან სისხლი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა, მხოლოდ დედის სისხლი იყო. ამ ბოლო მაგალითში საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ, მაგრამ თავსებად იდეასთან: 1) ნაყოფი იკვებება დედის სისხლით და ბავშვს აქვს დედის სისხლი; 2) შესაბამისად, ინიციაციამ, რომელიც საბოლოოდ გამოყოფს ბიჭს დედისგან, უნდა მისცეს მას მამრობითი სისხლი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალ გვინეაში ინიცირების დროს ტარდება სასქესო ორგანოებზე განივკვეთი ჭრილის დატანის ოპერაცია, რომელიც ანაცვლებს ქვეკვეთის (subincision) ჭრილობას; ახალმოსულებს ეუბნებიან, რომ ამ გზით დედებს სისხლი მოაშორეს, რომ ისინი გახდნენ ძლიერები და ლამაზები. ვანგლა-პაპუაში, ბისმარკის არქიპელაგიდან დედის სისხლს იღებენ ცხვირის გახვრეტით, რაც ცვლის სასქესო ორგანოების ოპერაციას. მსგავსი ჩვეულება გვხვდება ახალი გვინეის კუმანების ტომში, სადაც ინიციაციის მთავარი ოპერაცია კანდიდატის ცხვირის ძგიდის გახვრეტაა. როგორც ერთმა მკვიდრმა აუხსნა ჯონ ნილსს, ”ეს კეთდება იმისთვის, რომ ცუდი სისხლი ამოიღონ ვაჟის სხეულიდან, რომელიც მიიღო დედის საშვილოსნოში ყოფნის დროიდან; ეს სისხლი დედის მემკვიდრეობაა. ” მ.ფ.ეშლი-მონტეგიუ გთავაზობთ ამ ფენომენის ახსნის საკუთარ ვერსიას. ამ მეცნიერის აზრით, მამაკაცებმა შეამჩნიეს, რომ ქალები ცუდი სისხლისგან იწმინდებიან მენსტრუაციის დროს და ცდილობდნენ მიბაძონ მათ ჭრილობის დატანით მამაკაცის სასქესო ორგანოებზე, რაც მამაკაცის სასქესო ორგანოს მდედრისას დაამგვანებს. ამრიგად, საქმე გვაქვს არა მარტო დედის სისხლის მოცილებასთან, არამედ სისხლის განახლებასთან მისი პერიოდული გამოშვებით, როგორც ეს ხდება ქალებში. ხოლო პენისისქვეკვეთის (subincision) ოპერაცია საშუალებას აძლევს მამაკაცებს გაიღონ გარკვეული რაოდენობით სისხლი, პერიოდულად გაიხსნან ჭრილობები, რაც ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებებში, განსაკუთრებით ინიციაციისას. პენისის ქვეკვეთის (subincision) ფენომენი ძალიან რთულია იმისთვის, რომ განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე გვერდზე; მაგრამ, ერთი ფაქტი პირდაპირ ეხება ჩვენს თემას: ნეოფიტი ეზიარება სისხლის საიდუმლოებას; ეხსნება მას კავშირები - ერთდროულად მისტიკური და ფიზიოლოგიური, რაც მას დედასთან აკავშირებს და მას სთავაზობენ რიტუალს, რომელიც ვაჟს კაცად აქცევს. რადგანაც ახალმოსულმა დედისგან ქალის სისხლი მიიღო საშვილოსნოში კვების პერიოდში, მას საკვების მრავალი აკრძალვა ეკისრება. მისტიკური კავშირი საკვებთან, სისხლთან და სექსუალობას შორის წარმოადგენს მალანეზიური და ინდონეზიური ინიციაციის სპეციფიკურ მოტივს , მაგრამ ის სხვა ადგილებშიც გვხვდება. ძირითადად უნდა გვახსოვდეს, რომ ნეოფიტი გამოდის ამ სისხლიანი დასახიჩრების მეშვეობით რადიკალურად აღორძინებული. რელიგიური თვალსაზრისით, ყველა ამ ოპერაციას აქვს თავისი ახსნა და გამართლება, რადგან აღორძინების იდეა არის რელიგიური იდეა. არ უნდა დაგვაბნიოს და დაგვზაფროს ინიციაციის დროს მიღებული წამებისა და დასახიჩრების ფაქტებმა. ნუ დაივიწყებთ, რომ როგორც პირველყოფილ კულტურის დონეზე, ასევე უფრო განვითარებული კულტურის დონეზე, როგორც წესი, იყენებდნენ გაზვიადებას, უცნაურობას, გადაჭარბებულობას სულის ტრანსცენდენციის უფრო სრულყოფილად გამოსავლენად.
ინიციაცია ცეცხლოვან მიწაზე
სულიერ ცხოვრებაში მიღებას, რაც ინიციაციის პირველი შედეგია, აცხადებს აღორძინებისა და ახლად დაბადების მრავალი სიმბოლო. მაგალითად, ძალიან გავრცელებული ჩვეულებაა ნეოფიტისთვის ახალი სახელის მიცემა ინიციაციისთანავე. ეს ძალიან უძველესი ჩვეულებაა - იგი სამხრეთ-აღმოსავლეთი ავსტრალიის ტომებშიც გვხვდება და თითქმის ყველგან არის გავრცელებული. ყველა თანამედროვეს წინა საზოგადოებაში ეს სახელი იდენტურია ინდივიდის, როგორც სულიერი არსების ცხოვრებასთან. ინიციაციის სიმბოლიკა, როგორც ახალი დაბადება, ეხება ყველაზე პირველყოფილ ტომებს, როგორიცაა იამანა და ჰალაკვულოპი ცეცხლოვან მიწაზე, რომელთა მოზარდობის მიღწევასთან დაკავშირებული რიტუალები ძალიან მარტივია. მართლაც, პ. გუზინდესა და ვ. კოპერსის გამოკვლევის შემდეგ, იამანასა და ჰალაკულოპის ტომებში ინიციაციის რიტუალებში უფრო მორალური და რელიგიური გაკვეთილები ჩანს, ვიდრე მეტნაკლებად დრამატული საცდელები. გოგონების ინიციაცია ხდება ბიჭებთან ერთად, თუმცა მამაკაცისა და ქალის მენტორების მიერ ჩატარებული გაკვეთილები ცალ-ცალკეა. ვ. შმიდტი მიიჩნევს, რომ ორივე სქესის ამგვარი კოლექტიური ინიციაცია არსებული ფორმებიდან ყველაზე უძველესია და ხაზს უსვამს, რომ იგი არ შეიცავს რაიმე სახის სხეულებრივ ოპერაციებს და შემოიფარგლება მხოლოდ უზენაესი არსების შესახებ ისტორიებით. იგი ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ იამანასა და ჰალაკვულოპის ტომების ინიციაციის რიტუალი კიდევ უფრო ძველი ფორმაა, ვიდრე ავსტრალიის კურნაის ტომის, რადგან ისინი არ მიმართავენ სქესის გამიჯვნას. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქრონოლოგიური პრობლემის განხილვას და არც საკითხს იმის შესახებ, ასახავს თუ არა იამანისა და ჰალაკულოპის ინიციაციის რიტუალის უკიდურესი სიმარტივე მათი პირველობის ხარისხს, პირიქით, ეს ყველაფერი აიხსნება დეგრადაციის პროცესით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტომებს შორის ვიპოვოთ შემუშავებული ინიციაციის სცენარი, რომელიც უკვე შეიცავს იზოლაციის თემებს, მისტიკურ სიკვდილს, აღდგომასა და უზენაესი არსების აღიარებას. ინიციაცია სოფლიდან შორს ვითარდება; ცერემონია, რომელსაც 1922 წელს გუზინდე და კოპერსი ესწრებოდნენ, გაიმართა "კუნძულ ნავარინოზე უკაცრიელ ადგილას". ბიჭები დააშორეს მშობლებს, პირველ რიგში დედებს და გადაიყვანეს მეურვეების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ უნდა დაეცვათ გარკვეული ფიზიკური და მორალური დისციპლინა, გაცნობოდნენ რიტუალის ტესტების სტრუქტურას - დამწყებებმა უნდა იმარხულონ, შეინარჩუნონ სხეულის გარკვეული მდგომარეობა, ისაუბრონ ძალიან ცოტა და მშვიდად, უყურონ მხოლოდ მიწას და განსაკუთრებით დიდხანს იფხიზლონ. ის რომ იამანში ინიციაციის რიტუალი გათანაბრებულია აღორძინებასთან, ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ცერემონიალში მონაწილე ვ.კოპერსმა მიიღო ახალი სახელი - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ იგი "ხელახლა დაიბადა" ტომში. იამანის ინიციაცა მოიცავს მთელ რიგ მომენტებს, რომლებიც მხოლოდ განდობილებს ეცნობებათ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იეიტაიას ბოროტი სული - დედამიწის სული რომელიც, რწმენის თანახმად, ხალხს ჭამს. იეტაიტა, რომელსაც ცერემონიაზე ერთ-ერთი მენტორი წარმოადგენს, წითლად და თეთრად არის შეღებილი. ფარდის უკნიდან გამოჩენისთანავე იგი თავს ესხმის ახალმოსულებს, ურტყამს, ისვრის ჰაერში და ა.შ. მენტორები მკაცრად იცავენ ყველა საიდუმლოებას იეტაიტასთან დაკავშირებით, მის ქცევაზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც ხდება ქოხში. მართალია, ინიციაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მენტორები მუდმივად მიანიშნებენ უზენაეს არსებაზე- ვატაუინეივაზე, რომელიც ინიციაციის წესის ფუძემდებლად ითვლება, მაგრამ იეტაიტას როლი რიტუალური გაგებით უფრო დრამატულია. ხშირად, ამ ორ ზებუნებრივ პერსონაჟს მიაწერენ თანაბარ ძალას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანამ დედამიწის სული გახდებოდა, იეტაიტა იყო ტომის მითიური წინაპარი და შესაბამისად, ინიციაციის მთავარი ლიდერი. მისმა აგრესიულმა ბუნებამ სავარაუდოდ გავლენა მოახდინა სელქნამის ტომის "მამაკაცთა თემების " დღესასწაულის მახასიათებლებზე. მართლაც, სელქნამის ტომში, სქესობრივი მომწიფების ასაკთან ასოცირებული ინიციაცია დიდი ხანია გადაკეთდა საიდუმლო და მხოლოდ მამაკაცურ რიტუალად. ორიგინალური მითის თანახმად, ტომის ქალები, კრას ხელმძღვანელობით (რომელიც იყო ძლიერი ჯადოქარი, ქალი-მთვარე) ატერორებდნენ მამაკაცებს. მათ წარმატებას მიაღწიეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა "სულებად" გადაქცეულიყვნენ, ანუ მათ იცოდნენ რიტუალური ნიღბების დამზადება და გამოყენება. მაგრამ, კრას ქმარმა კრენმა(მზის კაცმა), ერთხელ აღმოაჩინა ქალთა საიდუმლოება და მამაკაცებს ამცნო. განრისხებულმა მამაკაცებმა ამოხოცეს ყველა ქალი, ცოცხლები მხოლოდ პატარა გოგოები დატოვეს. მას შემდეგ მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ საიდუმლო რიტუალებს ნიღბების გამოყენებით, რითაც ქალებს თავის მხრივ აშინებდნენ. ინიციატივის დღესასწაული გრძელდება სამიდან ექვს თვემდე და ცერემონიის დროს ბოროტი ქალის სული „ქსალპენი“ აწამებს ნეოფიტებს და კლავს მათ, მაგრამ სხვა სული, ძლიერი ჯადოქარი „ოლიმი“ აცოცხლებს მათ.
ცეცხლოვან მიწაზე, ისევე როგორც ავსტრალიაში, შეინიშნებოდა ინიცირების რიტუალის უფრო მეტად დრამატიზების ტენდენცია, განსაკუთრებით რიტუალური სიკვდილის სცენარებში საშიში მომენტების გააქტიურება. მაგრამ, რიტუალების დრამატიზაციის გამძაფრება და ამაღელვებელი, შეიძლება ითქვას, სენსაციური მითოლოგიური დეტალები სულაც არ კეთდება უმაღლესი არსების სახელით. პირიქით, ეს ინოვაციები მიზნად ისახავს უზენაესი არსებების მნიშვნელობის დაკნინებას და რიტუალში მათი აქტიური მონაწილეობის თითქმის მთლიანად გაქრობას. ისინი ჩაანაცვლეს "დემონურმა" არსებებმა და მითოლოგიურმა ფიგურებმა, რომლებიც ასოცირდებიან კაცობრიობის ისტორიის საშინელ, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებთან. ამ არსებებმა აღმოაჩინეს წმინდა საიდუმლოებები და სოციალური ურთიერთობები, რამაც რადიკალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი და შესაბამისად მათი რელიგიური და სოციალური ნორმები. მიუხედავად მათი ზებუნებრივობისა, ეს მისტიკური არსებები "იმ დროს" გარკვეულწილად გადიოდნენ ადამიანის ცხოვრების მსგავს ეტაპებს: მათ იცოდნენ მღელვარება, კონფლიქტი, დრამა, აგრესია, ტანჯვა და სიკვდილი. მათ პირველად გაიარეს ყველა ეს საცდელი დედამიწაზე და საფუძველი ჩაუყარეს ცხოვრებას ამჟამინდელი სახით. ინიციაცია უხსნის ამ პრეისტორიულ მოვლენებს ახალმოსულებს და მისი რიტუალები იმეორებს მსოფლიოში ყველაზე დრამატულ მოვლენებს. ინიციაციის რიტუალის ამგვარი დრამატული შემუშავების ფენომენი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როდესაც მკვლევარი ავსტრალიასა და ცეცხლოვან მიწიდან ყურადღებას მიაპყრობს მალანეზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის რელიგიებს. რიტუალები უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება, საცელები უფრო მტკივნეულია, ფიზიკური ტანჯვა წამების დონეს აღწევს, მისტიური სიკვდილის იდეა შვილის დედისგან განშორების რიტუალის ძალიან აგრესიულად წარმოადგენს. ასე რომ, ჰოტენტოტთა შორის ახალმოსულს შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დაარტყას დედას, ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ მან გაითავისუფლა თავი ქალის მზრუნველობისგან. მაგალითად, პაპუას ტომის ნეოფიტი ფეხით სდგება დედას სხეულზე. ქალის მუცელზე ფეხით დადგომა ადასტურებს მათი განცალკევების ფაქტს.
სიკვდილის ინსცენირება ინიციაციის რიტუალში
ინიციაციის რიტუალებმა სიკვდილთან დაკავშირებული სცენების განვითარებასთან ერთად მიიღო ჭეშმარიტად დრამატული ხასიათი. კონგოსა და კატ ლოანგოში, 10-12 წლის ბიჭებს აძლევენ სასმელს, რომლის დალევის შემდეგ ისინი გონებას კარგავენ. შემდეგ ვაჟები ჯუნგლებში გადაყავთ წინადაცვეთისთვის. ბასტიანი ამბობს, რომ ისინი "კერპების სახლში არიან დაკრძალულნი" და როდესაც იღვიძებენ, მათ აღარ ახსოვთ ყოფილი ცხოვრება. ჯუნგლებში ყოფნისას ბიჭუნებს თეთრი საღებავით ღებავენ (უტყუარი მითითება იმისა, რომ ისინი ჩრდილები გახდნენ), გაანდობენ ტომის საიდუმლო ტრადიციებს და ასწავლიან ახალ ენას.
გავითვალისწინოთ რამდენიმე მახასიათებელი მომენტი: სიკვდილი, რომელიც სიმბოლურად გონების დაკარგვით, წინადაცვეთითა და დაკრძალვით ხდება; წარსულის დავიწყება, მოქცეულთა ჩრდილებთან გათანაბრება, ახალი ენის სწავლა. თითოეული ეს მოტივი გვხვდება განდობის რიტუალებში - აფრიკაში, ოკეანეთში და ამერიკაში. ყველა მაგალითის ჩამოთვლის გარეშე, გავიხსენოთ ნეოფიტების სიცოცხლეში „დაბნელების“ რამდენიმე შემთხვევა. ლიბერიაში ნეოფიტებს, რომლებსაც სავარაუდოდ კლავს ტყის სული, შემდგომ მათ აღადგენენ ახალ ცხოვრებაში, ტატუირებას უკეთებენ და ახალ სახელს ანიჭებენ, რათა საერთოდ დაივიწყონ წარსული ცხოვრება. ისინი აღარ სცნობენ თავიანთ ოჯახს და მეგობრებს, საკუთარი სახელიც კი არ ახსოვთ და ისე იქცევიან, თითქოს დავიწყებული აქვთ ქცევის ელემენტარული წესები, მაგალითად როგორ დაიბანონ. სუდანის ზოგიერთ საიდუმლო საზოგადოებებში განდობილი ივიწყებს მშობლიურ ენას. მაკუას მოქცეულებს, სოფლის მოშორებით ქოხში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, ახალი სახელი ეწოდებათ; ახლობლები მათ აღარ სცნობენ. როგორც კარლ ვეილმა თქვა, ვაჟები დედებისათვის გარდაიცვალნენ. დავიწყება არის სიკვდილის სიმბოლო, მაგრამ ის შეიძლება განიმარტოს, როგორც დაბრუნება ადრეულ ბავშვობაში. მაგალითად, დასავლეთ სერამის პატასივას ტომებში ქალებს აჩვენეს სისხლიანი შუბები, რომლითაც სულმა მოკლა ბიჭები. როდესაც ახალმოქცეულები დაბრუნდებიან სოფელში, ისინი იქცევიან როგორც ახალშობილები, რომლებსაც ლაპარაკი არ შეუძლიათ. ამ ქცევის მიზანია, რომ მთელი ტომისთვის გაცხადდეს, რომ ნეოფიტები არიან "ახალი არსებები".
ზოგიერთი რიტუალის დრამატურგიის გაგება უფრო ადვილია, როდესაც ზუსტი და დეტალური აღწერაა ხელმისაწვდომი. გუნთერ ტესმანი ასე აღწერს პანგვეს ტომის ინიციაციის წესს: ცერემონიიდან ოთხი დღით ადრე ნეოფიტებს აღნიშნავენ ნიშნით, სახელწოდებით "განწირული სიკვდილისთვის". დღესასწაულის დღეს მათ ასმევენ ღებინების წამალს, ხოლო ვინც აღებინებს, უნდა გაიაროს სოფელში შეძახილების თანხლებით: "შენ უნდა მოკვდე!". შემდეგ ახალმოსულები ჭიანჭველებით სავსე სახლში შეჰყავთ და აგრძელებენ ყვირილს: „ახლა შენ მოგკლავენ! შენ ახლა მოკვდები ”. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიჭებს სახლში ტოვებენ "ჭიანჭველების საკვებად". შემდეგ მენტორებს ვაჟები მიჰყავთ ქოხში ჯუნგლებში, სადაც ერთი თვის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ სრულიად შიშვლები სრული იზოლაციაში. იმისათვის, რომ ვინმეს არ შეხვდნენ, ისინი აფრთხილებენ თავიანთ იქ ყოფნის შესახებ ქსელიფონის მსგავსი ინსტრუმენტზე დაკაკუნებით. ერთი თვის შემდეგ მათ თეთრად ღებავენ და აბრუნებენ სოფელში ცეკვებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ძილის დროს უნდა დაბრუნდნენ იმავე ტყის ქოხში. მათ ეკრძალებათ ჭამა ქალების თანდასწრებით, რადგან, როგორც აღწერს ტესმანი, "მკვდარი ბუნებრივია არ ჭამს". ნეოფიტები ტოვებენ ჯუნგლებს მხოლოდ სამი თვის შემდეგ. სამხრეთ პანგვეში რიტუალი კიდევ უფრო დრამატულია. განდობილებისთვის ამზადებენ საფლავს. იგი წარმოადგენს ორმოს დაფარული თიხის ნიღბებით. ორმო განასახიერებს ღვთაებრივი საშვილოსნოს და მასზე ახალწვეულები გადადიან, რაც ნიშნავს მათ ახალ დაბადებას.
ჩვენს წინაშე არის სრულად შემუშავებული სცენარი, რომელიც მრავალ ფაზას მოიცავს: განწირვა სიკვდილისთვის; სიკვდილი, რომელიც სიმბოლოა ჯუნგლებში იზოლირება და რიტუალური სიშიშვლე; მოჩვენებათა ქცევის იმიტაცია, ვინაიდან, ახალმოსულები იყვნენ "სხვა სამყაროში" და გაუთანაბრდნენ მკვდრებს; და ბოლოს, დაბადების რიტუალი და სოფელში დაბრუნება. ალბათ ბევრ აფრიკელსა და სხვა ხალხს, რომლებსაც ახლა ვიცნობთ, ანალოგიურად აქვთ შემუშავებული ინიციაციის სცენარები. მაგრამ მკვლევარები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მე -XiX საუკუნეში მოღვაწეობდნენ, ყველა დეტალს არ გვაწვდიან. ხშირად ისინი კმაყოფილდებიან აღნიშვნით, რომ საუბარია სიკვდილისა და აღდგომის რიტუალზე.
აფრიკაში შესაძლოა ვიხილოთ სხვა ინიციაციის რიტუალები, რომელშიც დრამატული ელემენტი ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, თორდისა და ჯოისის კვლევა ბუშონგოში სიმწიფის მიღწევის რიტუალების შესახებ: გრძელ სანგრში რამდენიმე ნიშა მზადდება, სადაც ოთხი კაცი იმალება, რომლებიც განასახიერებენ ლეოპარდს, მეომარს, მჭედელს და მაიმუნს. ბიჭებს აიძულებნ გადალახონ თხრილი. როდესაც მათ თავს ესხმიან დამალული კაცები, ისინი შიშისგან წყლიან ორმოში ხვდებიან. მეორე რიტუალი, სახელწოდებით განდა, კიდევ უფრო მეტ შიშს იწვევს დამწყებებში. თხრილში იმალება ადამიანი, რომელიც მთელი ძალით არყევს რამდენიმე სვეტს, რომელთა თავები შორიდან მოჩანს. განდობილები ფიქრობენ, რომ სულები თავს ესხმიან თხრილში მყოფ მამაკაცს და ის თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის. მართლაც, თხრილიდან როცა კაცი ამოდის, ის თხის სისხლითაა გაჟღენთილი, ვითომ სერიოზულად დაჭრილი და ფეხებს ძლივს იმორჩილებს. ის ეცემა მიწაზე და დანარჩენი კაცები მასგან მოშორებით გადახტებიან. შემდეგ ახალმოსულებს სთავაზობენ რიგრიგობით შევიდნენ თხრილში, მაგრამ მათ იმდენად ეშინიათ, რომ იქ მყოფ მამაკაცებს ევედრებიან ამ განსაცდელისგან განთავისუფლებას. მეფე ნაიმი, რომელიც ასევე რიტუალის განმკარგველია, თანახმაა გაათავისუფლოს ისინი გარკვეული გამოსასყიდის ფასად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ საშინელი განსაცდელის ინსცენირებაზე, რომელშიც ნეოფიტების გამბედაობა გამოიცდება. ალბათ სიმწიფის ასეთი რიტუალი წარმოიშვა საიდუმლო რიტუალების გავლენის ქვეშ საიდუმლო ერთობებში, რომლებიც ძალიან გავრცელებულია აფრიკაში. მსგავსი გავლენა შეიძლება ვივარაუდოთ ყველგან, სადაც ნიღბები მონაწილეობენ ასეთი დრამატული ხასიათის რიტუალში; მაგალითად, როგორც ტარდება ელემის ტომის (ახალი გვინეა) ინიციაციის რიტუალი. მიუხედავად იმისა, რომ ათი წლის ასაკს მიღწეული ბიჭები იზოლირებულნი არიან კაცთა სახლში, სოფელი შეიპყრეს ნიღბიანმა კაცებმა - მაცნეებმა, რომლებიც მთის ღმერთის კოვავეს წინაშე დარბიან. ღამით რიტუალური ინსტრუმენტის ხმაურით ნიღბიანები მთელ სოფელს აშინებენ. მათ უფლება აქვთ მოკლან ყველა არაინიციაცირებული ადამიანი, რომლებიც ცდილობენ მათ ამოცნობას. ამ დროის განმავლობაში სხვა მამაკაცები იმარაგებენ საკვებს, განსაკუთრებით ღორის ხორცს. კოვავე რომ გამოჩნდება, ყველანი ტყეში გარბიან და ბიჭებიც თან მიყავთ. სიბნელიდან ისმენენ კოვავეს ხმას, რომელიც ვაჟებს წმინდა საიდუმლოებებს ამცნობს და სიკვდილით ემუქრება ყველას, ვინც გაბედავს მათ გამჟღავნებას. შემდეგ მოზარდებს კეტავენ ქოხებში და ისინი ექვემდებარებიან კვების ტაბუებს. აკრძალულია ნებისმიერი ურთიერთობა ქალებთან. თუ გამონაკლის შემთხვევებში ბიჭი დატოვებს ქოხს, მას საუბრის უფლება არ აქვს . ის ფაქტი, რომ ინიციაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება, მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი გვინეაში ძლიერია საიდუმლო საზოგადოებების გავლენა. ამას მოწმობს სიმწიფის რიტუალის ატმოსფეროც: ნიღბების გამოჩენა და მათ მიერ შთაგონებული საშინელება.
დრამატული სცენარის მიხედვით შექმნილი რიტუალის შესანიშნავი მაგალითია ნანდას რიტუალი, რომელიც ოდესღაც ფიჯის კუნძულებზე ტარდებოდა. რიტუალი იწყებოდა სოფლიდან მოშორებით ქვის სათავსის მშენებლობით, რომლის იყო სიგრძე 30 მეტრამდე და სიგანე 15 მეტრამდე. ქვის კედლის სიმაღლე აღწევდა ერთი მეტრს. შენობის სახელწოდება "ნანდა" სიტყვასიტყვით ნიშნავდა "საწოლს." თავდაპირველი მითის თანახმად, ნანდას შესახებ წინაპრებს ორი უცხო პირის საშუალებით ეცნობა. ისინი პატარები იყვნენ, ძალიან შავები, ერთს სახე წითლად ქონდა შეღებილი, მეორეს თეთრად. როგორც ჩანს, ნანდა წარმოადგენს წმინდა ტერიტორიას. ორი წელი გამოყოფს მისი კონსტრუქციის მშენებლობას პირველი ინიციაციისგან და ორი წელი გადის მას და მეორე ინიციაციას შორის, რის შემდეგაც ნეოფიტები საბოლოოდ ითვლებიან "კაცებად". მეორე ინიცირებამდე რამდენიმე ხნით ადრე ორგანიზატორები აგროვებენ დიდი ოდენობით საკვებს და ნანდას მახლობლად აშენებენ ქოხებს. დანიშნულ დღეს ახალმოსულები, მოძღვრის მეთაურობით, ერთად მიდიან ნანდაში, ერთ ხელში აქვთ ჯოხი, მეორეში შუბი. კედელთან მათ მოხუცები ელიან და სიმღერით მიესალმებიან. ახალმოსულები იარაღს მათ ფეხებთან აწყობენ - შემოწირულობის მსგავსად და მაშინვე იმალებიან ქოხებში. მეხუთე დღეს ისინი კვლავ მოძღვრის თანხლებით მიდიან წმინდა სათავსში, მაგრამ კედელთან მიახლოებისთანავე იქ ვეღარ პოულობენ მოხუცებს. შემდრომ ისინი ნანდაში შეყავთ. თავზარდაცემული ბიჭები "ხედავენ თავიანთ სისხლში დასველებული გვამების მწკრივს, მუცლგამოჭრილებს და წიაღებგადმოყრილებს". მოძღვარი მიდის ცხედრებს შორის და შეშინებული ნეოფიტები მისდევენ მას, სანამ არ მიაღწევენ სადგომის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მათ მთავარი მოძღვარი ელის. ის ”მოულოდნელად იწყებს ღრიალს, რომლის გაგონებაზეც მკვდრები ფეხზე წამოხტებიან და მდინარისკენ მირბიან სისხლისა და სიბინძურის გასარეცხად, რომლითაც ისინი იყვნენ დაფარული.” მამაკაცები წარმოადგენენ წინაპრებს, გაცოცხლებულებს იდუმალი ძალაუფლებით, რომელსაც ფლობს მთავარი მოძღვარი, მაგრამ ეს ძალა ვრცელდება ყველა განდობილზეც. პერფორმანსის მიზანი არა მხოლოდ ახალმოსულთა შეშინებაა, არამედ იმის ჩვენება, რომ სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოება წმინდა სადგომში ხდება. მთავარი მოძღვარი ნეოფიტებს უხსნის საიდუმლოებას: სიკვდილს ყოველთვის აღდგომა მოსდევს.
ზემოთ აღნიშნული მაგალითი შესანიშნავად ასახავს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც წინაპრები ასრულებენ განდობის რიტუალებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საუბარია მიცვალებულთა პერიოდულ დაბრუნებაზე სიცოცხლეში, სპეციალურად ახალგაზრდების ინიციაციის პროცესში ჩასართავად. ეს მითიური და რელიგიური თემა ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში; ის გვხვდება პრეისტორიულ იაპონიასა და ძველ გერმანელებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილისა და აღდგომის იდეას, რომელიც ფუნდამენტურია ინიციაციის ყველა ფორმისთვის, ემატება კიდევ ერთი: წინაპრების დაბრუნება. როგორც ვნახავთ, ეს მეორე იდეა მიზნად ისახავს საიდუმლო საზოგადოებებში ინიციაციის პროცესში ცენტრალური როლის შესრულებას.
განდობილების მონსტრის მიერ გადაყლაპვა
ინსცენირებები, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ და რომლებმაც გამოიწვიეს ახალწვეულებში შიში, საშინელება და სხვა მწვავე ემოციები, უნდა ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი გამოცდა. ჩვენ უკვე მოვიყვანეთ საკმაოდ მძიმე საცდელების რამდენიმე მაგალითი; მათი რიცხვი და მრავალფეროვნება უდავოდ შთამბეჭდავია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ვაჟებს უმოწყალოდ სცემენ მენტორები, რომლებმაც არ უნდა აჩვენონ, რომ შესაბამის ტკივილს გრძნობენ. ზოგიერთ ბიჭი სიკვდილამდე მიყავთ. დედებს ამის შესახებ აცნობენ მხოლოდ ნეოფიტების ტყიდან დაბრუნების შემდეგ. ქალს უყვებიან, რომ მისი ვაჟი სულმა მოკლა, ან როგორც ყველა ახალმოსული, ისიც მონსტრმა გადაყლაპა, მაგრამ მან ვერ მოახერხა მუცლიდან ამოძვრომა. წამება რიტუალური სიკვდილის ტოლფასია. დარტყმები, მწერების ნაკბენები, ქავილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობის გამოწვევა გარკვეული შხამიანი მცენარეებით - ეს მრავალი ტიპის საცდელები ნიშნავს, რომ ნეოფიტი არა მხოლოდ მითიური ცხოველის ინიციატივით არის მოკლული, არამედ ის არის დანაწევრებული, დაღეჭილი პირში და "მონელებული" კუჭში.
რიტუალური წამების მსგავსება ურჩხულის მიერ გადაყლაპულ და ”მონელებულ” ნეოფიტის ტანჯვასთან, დასტურდება ქოხის სიმბოლიკით, რომელშიც ბიჭები იზოლირებულნი არიან. ქოხი თითქოს წარმოადგენს ზღვის ურჩხულის - ნიანგის ან გველის სხეულს და მის ღია პირს. სერამის ზოგიერთ რაიონში, კარს რომლის მეშვეობითაც ახალმოსულები შედიან ქოხში, ეწოდება "გველის პირი". ქოხში ჩაკეტვა უდრის მხეცის წიაღში გამომწყვდევას. როუკის კუნძულზე, როდესაც ახალწვეულებს ტყის ქოხებში გამოკეტავენ, ნიღბიანი კაცები აცნობებენ ქალებს, რომ ახლა მათ შვილებს შთანთქავს საშინელი არსება, სახელად მარსაბა. ზოგჯერ განდობილის შეღწევა მხეცის სხეულში ნამდვილი თეატრალური წარმოდგენის მსგავსად არის გათამაშებული. სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის ზოგიერთ ტომში ახალბედა იძინებს ორმოში და მის წინ ორ ნაწილად გაჭრილ ხის ნაჭერს აგდებენ, რაც გველის, როგორც ცერემონიის განმკარგველის ყბებს განასახიერებს. ახალ გვინეაში, ქოხის სიმბოლიკა განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ბიჭების წინადაცვეთისთვის იქ აშენებულია სპეციალური ქოხი მონსტრი ბარლუნის სახით, რომელიც აპირებს ნეოფიტების გადაყლაპვას: იგი წარმოადგენს ცხოველის "მუცელს" და "კუდს". ახალბედის ქოხში შესვლა უდრის მისგან მონსტრის მუცელში შეღწევას. ჰოპ-პაპუას ტომში (ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპირო) მონსტრი ნეოფიტს ყლაპავს და შემდეგ აფურთხებს სულს, რომლის ხმა ფლეიტის ხმას ჰგავს. გარეგნულად იგი წარმოდგენილია ნიღბებისა და ფოთლების პატარა ქოხების სახით, რომელშიც ნეოფიტები შედიან. კაი და ჟაბიმის ტომთა შორის ინიციაციის რიტუალურ ქოხებს აქვთ ორი შესასვლელი: პირველი- საკმაოდ განიერი, სადაც გამოსახულია ურჩხულის პირი, მეორე- ბევრად უფრო პატარა, მისი კუდი .
არსებობს რიტუალური შესასვლელები მულაჟებში, მსგავსი ზღვის ურჩხულებისა (ნიანგი, ვეშაპი ან დიდი თევზი). ასე მაგალითად, ახალი გვინეის პაპუასები რაფიას(მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა) იყენებენ ურჩხულის, სახელად „კაიემუნუს“ დასამზადებლად; ინიციაციისთვის განკუთვნილ დროს ბიჭები ურჩხულის "მუცელში" ატარებენ. დღესდღეობით ინიციაციის მნიშვნელობა დაკარგულია და ბიჭს შეუძლია კაიემუნუს შიგნით შესვლა, სანამ მამა დაასრულებს მულაჟზე მუშაობას. ჩვენ დავუბრუნდებით მხეცის მუცელში შეღწევის სიმბოლიკას, რადგან ინიციაციის ეს მოტივი ფართოდ იყო გავრცელებული და მუდმივად ჩნდებოდა მრავალ კულტურულ კონტექსტში. ზოგადად, ქოხის სიმბოლიკა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს შეიძლება ჩანდეს ჩვენს პირველ მაგალითებში. მითიური ცხოველის წიაღის გარდა, ინიციაციის ქოხი დედის საშვილოსნოსაც წარმოადგენს. ნეოფიტის სიკვდილი ნიშნავს მის დაბრუნებას ემბრიონულ მდგომარეობაში. ამ დაბრუნებას არ აქვს წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათი, არსებითად იგი კოსმოგონიურია. ეს არ არის დედის ორსულობის და ხორციელი მშობიარობის გამეორება, არამედ დროებითი დაბრუნება ვირტუალურ, კოსმიურ სამყაროში. იგი სიმბოლიზირებულია ღამის და სიბნელის მეშვეობით და მას მოჰყვება აღორძინება და იდენტური „სამყაროს შექმნა“. კოსმოგონიური მოვლენების პერიოდული გამეორებისა და კოსმოგონიის დიდ მომენტებთან ადამიანის გამოცდილების იდენტიფიკაციის საჭიროება არის უძველესი, პრიმიტიული აზროვნების მახასიათებელი ნიშანი.
უღრან ტყეში დამალული საინიციატივო ქოხის ხსოვნა შემორჩა ევროპის ქვეყნების ხალხურ თქმულებებშიც კი, სადაც სიმწიფის რიტუალები დიდი ხანია აღარ არსებობს. ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ გადარჩენილი რიტუალების - არქეტიპების მნიშვნელობას, როგორიცაა ქოხი, ტყე, სიბნელე. ისინი გამოხატავენ ძალადობრივი სიკვდილის და შემდგომი აღორძინების მარადიულ ფსიქოდრამას. ტყე და მისი წიაღი სიმბოლოა როგორც ჯოჯოხეთის, ასევე კოსმიური ღამის, სიკვდილისა და წარმოსახვითი ღირებულებების. თუ ქოხი არის ურჩხულის წიაღი, რომელშიც არის ნეოფიტი დანაწილებული და მონელებული, ეს ასევე არის ის ადგილი, სადაც ის ხელახლა იბადება. რიტუალური სიკვდილისა და აღორძინების სიმბოლოები ავსებენ ერთმანეთს.
როგორც ავღნიშნეთ, ზოგი ხალხი ტყეში იზოლირებულ ახალმოსულებს გარდაცვლილთა სულებს ადარებს. მათ ხშირად ღებავენ თეთრი საღებავით, რომ ისინი მოჩვენებებივით გამოიყურებოდნენ; ისინი ხელებით არ ჭამენ, რადგან მკვდრები ასე არ იქცევიან. ასე მაგალითად, აფრიკის ზოგ რაიონებში (ბაბალი და იტური) და ახალი გვინეაში ახალწვეულები პატარა ჩხირებით ჭამენ. სამოაში ისინი იყენებენ ჩხირებს, სანამ წინადაცვეთის დროს მიღებული ჭრილობა არ მოშუშდება. გარდაცვლილთა შორის ყოფნა ნეოფიტებს ამდიდრებს ახალი ცოდნით, რადგან მკვდრებმა ცოცხლებზე მეტი იციან. წინაპრების კულტი იზრდება, ხოლო უზენაესი ზეციური არსების გამოსახულებები თითქმის ქრება რელიგიური პრაქტიკიდან. რიტუალური სიკვდილის ღირებულება ასევე იზრდება, არა მხოლოდ როგორც საცდელი ახალ სიცოცხლეში გადასასვლელად აუცილებელი რიტუალისთვის, არამედ როგორც არსებითად ღირებული სიტუაცია, რომელიც ნეოფიტებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ თავიანთ წინაპრებს შორის. ეს ახალი კონცეფცია დიდ მნიშვნელობას შეიძენს კაცობრიობის რელიგიურ ისტორიაში. მოწინავე საზოგადოებებშიც კი მკვდარი განიხილება როგორც საიდუმლოებისა და წინასწარმეტყველების მცველი, ხოლო პოეტურ შთაგონებას მგოსნები ეძიებენ საფლავების მახლობლად.
შემეცნების ეტაპები
როგორც ვნახეთ, ინიცირების ყველა ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ზრდასრულობასთან მიღწევასთან, ყველაზე ელემენტარულიც კი, მოიცავს ნეოფიტისთვის წმინდა, საიდუმლო ცოდნის გამჟღავნებას. ზოგი ადამიანი განდობილებს უწოდებს "მათ, ვინც იცის". ტომის ტრადიციების გარდა ნეოფიტებს ასწავლიან ახალ ენას, რომელიც მათ თავის მსგავსებთან კომუნიკაციისას მოემსახურება.
კონკრეტული ენა ან თუნდაც კონკრეტული ლექსიკა, რომელიც მიუწვდომელია ქალისთვის და არაგანდობილთათვის, არის კულტურული ფენომენის მაჩვენებელი, რომელიც ყვავის საიდუმლო რელიგიურ საზოგადოებებში. ჩვენ მოწმენი ვართ განდობილთა საზოგადოების ეტაპობრივი გარდაქმნისა კიდევ უფრო დახურულ საძმოებად ახალი რიტუალებით და ინიციაციის მრავალი ეტაპით. ეს ფენომენი უკვე გამოკვეთილია უძველეს კულტურებში. ვინაიდან ჩვენს კვლევაში ჯერჯერობით ავსტრალიით შემოვიფარგლეთ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზოგიერთ ტომში ინიციაციის დაწყება შედგება რიგი ცალკეული რიტუალებისაგან, რაც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, მათში ყველა ნეოფიტი არ არის დაშვებული. ინიციაციის რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც პენისის ქვეკვეთა(subincision) ტარდება, ზოგჯერ წინადაცვეთიდან მრავალი წლის შემდეგ ხდება მანიპულაციის ჩატარება და წარმოადგენს ინიციაციის ახალ ეტაპს. მაგალითად, დეიირის ტომში ეს არის ინიცირების ხუთი მთავარი რიტუალიდან ბოლო და მასში ყველა განდობილი არ არის დაშვებული. კარაჯერში რიტუალები ძალიან გრძელი პერიოდის განმავლობაშია გადაჭიმული და მისი მიმდინარეობა ზოგჯერ ათ წლამდეც აღწევს. ასეთი ხანგრძლივი ინტერვალების მიზეზს რელიგიური ფონი აქვს. როგორც ტინდალი განმარტავს, ”რიტუალის მრავალი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგ ნეოფიტს არ ეცნობება მრავალი წლის შემდეგც, ეს დამოკიდებულია მისდამი ნდობასა და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტომის რელიგიური ტრადიციებზე დაშვება დამოკიდებულია კანდიდატის გონებრივ უნარებზე, მის ზნეობრივ პრინციპებზე და ასევე რელიგიური საიდუმლოებების გაგების უნარზე.
აქ გვხვდება საიდუმლო საზოგადოებების, აგრეთვე საძმოების, შამანების, ჯადოქრებისა და ყველანაირი მისტიკის გამაერთიანებელი საძმოს ახსნა. ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ მარტივ და ფუნდამენტურ იდეაზე: საკრალური ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ქალებისთვის, მაგრამ თავდაპირველი ცოდნა მას არ ამოუწურია. რელიგიური საცდელები და უფრო მაღალი დონის ცოდნა ყველას განურჩევლად ვერ ეკუთვნის. რელიგიური გამოცდილებისა და ცოდნაში ჩაღრმავება მოითხოვს განსაკუთრებულ მისწრაფებას, განსაკუთრებულ ნებისყოფასა და ინტელექტს. იმისათვის, რომ გახდე შამანი ან მისტიკოსი, უბრალო სურვილი არ არის საკმარისი; არ შეგიძლება ასვლა ინიციაციის უმაღლეს დონეზე სულიერი თვისებების დამტკიცების გარეშე. ზოგიერთ საიდუმლო საზოგადოებაში ცოდნის მაღალ დონეზე დაშვება შესაძლებელია მდიდარული შემოწირულობების სანაცვლოდ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრიმიტიულ სამყაროში სიმდიდრე არის მაგიური და რელიგიური წესრიგის განსხვავების ნიშანი.
ზოგიერთ ფაქტზე ჩვენი მიმოხილვა გვიჩვენებს მოზრდილობის რიტუალების მორფოლოგიურ სირთულეს. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი ინიციცია წყვეტს უზენაესი არსების ხელმძღვანელობას და მათ ადგილს იკავებენ წინაპრები და ღმერთები ცხოველების ნიღბით, ის სულ უფრო დრამატული ხდება, ხოლო მისი ფუნდამენტური თემა - სიკვდილი და აღდგომა - ვლინდება სპექტაკლებში, რომლებიც უფრო ამაღელვებელი და კიდევ საშიშია. თანაბრად აშკარაა, რომ ინიციაციის შედარებით მარტივ საცდელებს - წინა კბილის ამოღება, წინადაცვეთა-ემატება უფრო და უფრო მტკივნეული საცდელები; ამასთან, მათი მიზანი ყოველთვის ერთია - დაარწმუნონ რიტუალური სიკვდილის არსებობაში ნეოფიტი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის და სექსუალურობის სიწმინდის გაგებას. სისხლის საიდუმლო ხშირად ასოცირდება საკვების საიდუმლოებასთან. საკვების ურიცხვ ტაბუს აქვს ორმაგი ფუნქცია - ეკონომიკური და სულიერი. განდობის რიტუალების გავლის შემდეგ, დამწყებნი აცნობიერებენ საკვების წმინდა ღირებულებას და მის კავშირს ზრდასრულობასთან. ახლა, საკუთარი თავის გამოსაკვებად, ისინი აღარ არიან დამოკიდებული არც დედაზე და არც მოზრდილების მიერ მიღებულ საკვებზე. ამრიგად, ინიციაცია უდრის სიწმინდის, სიკვდილის, სექსუალურობისა და არსებობისთვის ბრძოლის აღმოჩენას. განდობილები გახდებიან ნამდვილი ადამიანები, მხოლოდ ადამიანის არსებობის ყველა პარამეტრის გათვალისწინებით.
ჩვენს მიერ გაანალიზებული ფაქტები აჩვენებს წინაპრების როლის ზრდას, რომლებიც, როგორც წესი, ნიღბებით არიან წარმოდგენილი. ავსტრალიაში სქესობრივი მომწიფების რიტუალებს ხელმძღვანელობენ ჯადოქრები; ახალ გვინეაში, აფრიკასა და ამერიკაში - მოძღვრები ან ნიღბები; ხშირად მათ როლს ასრულებენ საიდუმლო საზოგადოებების წევრები, ანუ წინაპრების წარმომადგენლები. ინიციაცია ახლა ხდება "სპეციალისტების" ეგიდით - ანუ გარკვეული რელიგიური მოწოდების მქონე ადამიანების მიერ. ახალწვეულთა სწავლება აღარ ევალებათ მოხუცებს, არამედ უფრო და უფრო ხშირად მოძღვრებს და საიდუმლო საზოგადოებების წევრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ასპექტები - რელიგიური ექსტაზი, "ჯადოქრების" საიდუმლოებები და სასწაულები, ურთიერთობა წინაპრებთან და ა.შ., დამწყებთათვის გახსნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უფრო ღრმა რელიგიური გამოცდილება აქვთ მიღებული სპეციალური მოწოდებით ან მათ გავლილი აქვთ ძალიან ხანგრძლივი სწავლის პროცესი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ინიცირების რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია ზრდასრულობასთან, უფრო მეტად წარმოადგენენ ტომის მისტიკურ ტრადიციებს, რომლებიც მომდინერეობს ჯადოქრების, საიდუმლო საზოგადოებების, რიტუალური ნიღბებისგან. ეს გავლენას ახდენს საიდუმლოს გაღრმავებასა და ინიციაცირებულების რაოდენობის ზრდაზე და თანდათანობით გამოიწვევს უმცირესობის სულიერ, სოციალურ და პოლიტიკურ უპირატესობას, რომლებმაც გაიარეს ინიციაციის უმაღლესი საფეხური და არიან წინაპრების მიერ გადაცემული დოქტრინის ექსკლუზიური მფლობელები. ამ რელიგიური თვალსაზრისით, ინიციაცია იდენტურია ნეოფიტის ტომის მითიურ ისტორიაში შეყვანასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანდიდატი ეცნობა ზებუნებრივი არსების ”საქმეებს”, რომლებმაც ”სიზმრების დროში” შექმნეს პირობები თანამედროვე ადამიანის არსებობისა და ტომის ყველა სოციალური, კულტურული და რელიგიური ინსტიტუტისთვის. ზოგადად, ამ ტრადიციული დოქტრინის ცოდნა ნიშნავს წინაპრებისა და სხვა ზებუნებრივი არსების ყველა თავგადასავალის წარმოდგენას, როდესაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობდნენ. ავსტრალიაში, ეს თავგადასავალი გრძელდება ხანგრძლივი გასეირნებებით, რომლის დროსაც "სიზმრების დროის" არსებები ახორციელებენ მთელ რიგ მოქმედებებს და დამწყებებმა ინიცირებისთანავე უნდა გაიმეორონ ეს მისტიკური მარშრუტები. ამრიგად, ისინი იმეორებენ იმ უძველესი პერიოდის მოვლენებს, რომლებიც ავსტრალიელებისთვის ერთგვარ კოსმოგონიას წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ "ნაწარმოების" დასრულებასა და გაუმჯობესებაზე და არა მის შექმნაზე. მითიური წინაპრები არ ქმნიან სამყაროს, ისინი გარდაქმნიან მას, აძლევენ მას თანამედროვე ფორმას. ანალოგიურად, ისინი არ ქმნიან ადამიანს, ისინი „ცივილიზებურს“ ხდიან მას. ბევრჯერ უმაღლესი არსებების მიწიერი არსებობა მთავრდებოდა მათი ტრაგიკული სიკვდილით ან ზეცაში ან მიწისქვეშეთში გადასვლით. ასე რომ, მათი ცხოვრება სავსეა დრამატიზმით, რაც არ იყო სამხრეთ-ავსტრალიის უმაღლესი არსებების მითებში. ამრიგად, ნეოფიტებს კავშირი აქვთ დრამატულობით სავსე მითიურ ისტორიასთან და ნელ-ნელა გაეცნობიან უზენაესი არსებების შემოქმედებას. დოქტრინა, რომელიც ახალ თაობებს გადაეცემა ინიციაციის დროს, სულ უფრო და უფრო თავს უყრის წინაპრების ისტორიებს, ანუ ამაღელვებელი მოვლენების სერიებს, რომლებიც მოხდა "სიზმრების დროში". იყო ინიციაცირებული, ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რა მოხდა ადრეულ ხანაში და არა მხოლოდ ვინ არიან ღმერთები და როგორ შექმნეს მათ სამყარო და ადამიანი. წმინდა საიდუმლო ცოდნა დამოკიდებულია მითიურ წინაპრებზე და არა ღმერთებზე. მითიური წინაპრები გადაურჩნენ თავდაპირველ დრამას, რის შედეგადაც სამყარო და ადამიანი შეიქმნა მისი დღევანდელი ფორმით - და შესაბამისად, სწორედ მათ აქვთ ეს ცოდნა და შეუძლიათ გადასცენ იგი. თანამედროვე ტერმინოლოგიაში ზემოთაღნიშნული ასე ჟღერს: წმინდა ცოდნა აღარ ასოცირდება ონტოლოგიასთან, არამედ მხოლოდ მისტიკურ ისტორიას უკავშირდება.