მირჩა ელიადე - საიდუმლო საზოგადოებები; ინიციაციისა და განდობის რიტუალები

მირჩა ელიადე
0
0

თავი მეხუთე

თავი მეხუთე 
 
მეომრებისა და შამანების ინიციაცია
 
ბერსერკერები
   
სწორედ ასეა წარმოდგენილი ოდინის არმია Ynglinga saga (VI თავი)-ს ცნობილ ნაწყვეტში: ”ისინი დადიოდნენ აბჯრის გარეშე, ველური ძაღლებივით და მგლებივით.  კბილებით ფარებს ჩაფრენილები და ისეთივე ძლიერი იყვნენ, როგორც დათვები და ხარები. ისინი ხოცავდნენ ხალხს და ყველაფერი, თუნდაც რკინა და ფოლადი, უძლური იყო მათ წინაშე. მათ "განრისხებული ბერსერკერები" უწოდეს“.  ამ მითოლოგიურ ეპიზოდში ვიგებთ რეალურ ცხოვრებაში "მამრობითი საზოგადოებების" - ძველი გერმანული ცივილიზაციის ცნობილი "მამრობითი კავშირების" (Männerbünde) აღწერას. ლიტერატურაში ბერსერკერები არიან "დათვის ტყავებში გამოწყობილი მეომრები". მათ მაგიურად გააიგივეს თავი ამ ცხოველებთან. ამასთან, ზოგჯერ ისინი შეიძლება მგლებად ან დათვებად გადაიქცნენ. ბერსერკერების ინიციაცია მოიცავდა მეომრებისთვის განკუთვნილ სპეციფიკურ საცდელებს. მაგალითად: ტაციტუსის თხრობის თანახმად, ჰუტსის ნეოფიტი არ შეიჭრიდა თმას ან წვერს მანამ, სანამ არ მოკლავდა მტერს. ტაიფალებში ახალგაზრდა კაცს უხდებოდა ტახის ან დათვის მოკვლა, ხოლო ჰერულოვში იგი ამ ცხოველებს იარაღის გარეშე ებრძოდა. ამგვარი საცდელების ჩაბარების შემდეგ იგი გადაიქცეოდა უშიშარ მეომარად, რომელიც მხეცივით იქცეოდა ნადირობისას. ახალგაზრდა  ხდებოდა ზეადამიანი, რადგანაც ინიციაციით მოიპოვებდა ჯადოსნურ და რელიგიურ ძალებს, რომელთაგანაც ზოგი მტაცებლისგან ჰქონდა მიღებული.
     
Ynglinga saga-მ ჩვენთვის შემონახა მოგონებები ზოგიერთი ტიპის საცდელების შესახებ  ინიციაციის რიტუალში. მეფე სიგეირმა მოღალატეობრივად დაატყვევა მისი ცხრა სიძე - ვოლსუნგები. მან გაკოჭა ისინი და მიუყარა მგელს. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი-ზიგმუნდი, გადაარჩინა მისმა დამ სინიმ. ტყის უღრან ქოხში დამალული და სინის მზრუნველობით განკურნებული ზიგმუნდი შურისძიების საათს ელოდება. როდესაც სინის ორი უფროსი ვაჟი ათი წლის ასაკს მიაღწევს, ის მათ ძმას უგზავნის, რათა გამოცდა ჩაუტაროს. ზიგმუნდი აღმოაჩენს, რომ ბიჭები მშიშრები არიან და მისი რჩევის გათვალისწინებით, სინი კლავს შვილებს. კიდევ ერთი ბიჭი, ზინფიოტლი, და-ძმის ინცესტისგან იბადება. ათი წლის ასაკში დედა მას პირველ საცდელს უტარებს: მას პირდაპირ ტანზე პერანგზე უკერავს და კანზე მიაკერავს. სიგუეირას ვაჟები ტკივილისგან ყმუიან, მაგრამ ზინფიოტლი სრულიად უემოციოა. შემდეგ დედა კანთან ერთად აცლის პერანგს და ეკითხება: „ხომ არ გტკივა?“ ბიჭი პასუხობს, რომ ვოლსუნგს ასე მცირედი განსაცდელი არ იდარდებს. შემდეგ დედა აგზავნის მას ზიგმუნდთან ქოხში; ის უბრძანებს ბიჭს, რომ პური მოამზადოს ფქვილისგან, რომლის ტომარაშიც გველგესლაა. საღამოს დაბრუნებული ზიგმუნდი მზა პურს პოულობს და კითხულობს: იპოვა თუ არა ბიჭმა ტომარაში რამე? ბიჭი პასუხობს, რომ მან რაღაც შენიშნა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ყველაფერი ერთმანეთში აურია. სიმამაცის ასეთი საცდელის შემდეგ, ზიგმუნდმა ბიჭი თავისთან წაიყვანა ტყეში. ერთ დღეს ნადირობიდან დაბრუნებულებმა, თავიანთი ქოხის კედელზე ჩამოკიდებული მგლის ორი ტყავი იპოვნეს. მეფის ორი ვაჟი მგლებად გადაიქცნენ სიკვდილის შემდეგ და მხოლოდ ათი დღის განმავლობაში შეეძლოთ მგლის ტყავისგან გათავისუფლება. ზიგმუნდმა და ზინფიოტლიმ მგლის ტყავები მოირგეს, მაგრამ მათ გახდას ვეღარ ახერხებდნენ. ისინი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და თანხმდებიან, რომ თითოეული მათგანი მეორეს დახმარების თხოვნით მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ერთდროულად შვიდზე მეტი ადამიანი დაესხმება თავს. ერთ დღეს ზინფიოტლი გამოიძახეს დასახმარებლად და მან მოკლა ყველა, ვინც თავს დაესხა ზიგმუნდს. სხვა დროს თავს დაესხნენ ზინფიოტლს, მაგრამ მან თავად მოკლა ყველა მტერი ზიგმუნდის დაუხმარებლად. მაშინ ზიგმუნდი მივარდა და ყელი გამოაჭამა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან განკურნა ზინფიოტლი. მალე თავიანთ ქოხს მიაღწიეს და გადაწყვიტეს დალოდებოდნენ იმ დროს, როცა მგლის ტყავისგან გათავისუფლებას მოახერხებდნენ. ამ ეპიზოდში მთავრდება ზინფიოტლის ინიციაცია, რომელსაც შეუძლია უკვე შური იძიოს თავისი ოჯახისთვის.
    
აქ ინიციაციის თემები გამოკვეთილია: გამბედაობის გამოცდა, ფიზიკური ტანჯვისადმი სიმტკიცის გამოჩენა და ბოლოს მაგიურ მგლად გადაქცევა. მგლად გადაქცევა, ანუ მგლის კანის ჩაცმის რიტუალი იყო "მამაკაცთა კავშირში" ინიციაციის მთავარი ელემენტი. მგელს ტყავის შემოცმის შემდეგ ადამიანი იღებს მგლის ჩვევებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ხდება ველური მეომარი, დაუმარცხებელი და დაცული ყოველმხრივ. "მგელი" - ეს იყო ინდოევროპული სამხედრო ძმობის წევრების მეტსახელი. გმირული ინიციიაციის სცენარები შეგიძლიათ იხილოთ სხვა საგებშიც. მაგალითად, "Grettis saga Ásmundarsonar"-ში გმირი ეშვება სამარხში, სადაც ძვირფასი განძია განთავსებული და მონაცვლეობით იბრძვის მოჩვენებების, თორმეტი ბერსერკის და დათვების წინააღმდეგ. ჰროლფრე კრაკის საგაში ბედჰვარი კლავს ფრთოსან ურჩხულს და განდობილს ხდის მის ახალგაზრდა მეგობარ ჰეტრს, რომელსაც ურჩხულის გულის ნაჭერს მიართმევს.
   
სამწუხაროდ, ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ გერმანული "მამრობითი კავშირების" სოციოლოგიის, მითოლოგიისა და რიტუალების საკითხებზე, რომლებსაც ბრწყინვალედ იკვლევდნენ ლილი ვეიზერი, ოტო ჰეფლერი და ჟორჟ დუმეზილი და არც ინდოევროპული "მამრობითი საზოგადოებების" სხვა მახასიათებლებზე, როგორიცაა მაგალითად ინდო-ირანული "მერია", რომლებიც სერიოზული ნაშრომების საგანი იყო სტიგ ვიკანდერისა და გეო ვიედენგრენის. მოდით, უბრალოდ ვთქვათ, რომ ინდო-ევროპული სამხედრო კავშირების ქცევა მრავალი თვალსაზრისით პრიმიტიული საზოგადოებების "მამრობითი კავშირების" მსგავსია. როგორც მათ შორის, ასევე სხვა კავშირებს შორის, საძმოს წევრები ატერორებენ ქალებსა და არაინიცირებულებს და  დემონსტრაციულად ავლენენ "ძარცვის უფლებას" - ჩვეულებას, რომელიც მაინც გვხვდება, თუმცა უფრო სუსტი ფორმით ევროპისა და კავკასიის ხალხურ ტრადიციებში. ძარცვა, განსაკუთრებით პირუტყვის მოპარვა, საძმოს წევრებს მტაცებლებს ადარებს. Wütende Neer-ის გერმანიის საძმოში ან მსგავს რიტუალურ ორგანიზაციებში ძაღლების ყეფა (ან მგლების ყმუილი) აღუწერელი ხმაურის ნაწილია, რომელშიც ყველაზე შეუთავსებელი ბგერებია შერეული. ეს ხმები მნიშვნელოვან რიტუალურ როლს ასრულებენ: ისინი ამზადებენ "მამაკაცთა კავშირის" წევრების ძალადობრივ განრისხებას(ექსტაზს). ჩვენ ვნახეთ, რომ პრიმიტიულ კულტებში რიტუალური ინსტრუმენტის ხმაური განიხილებოდა, როგორც ზებუნებრივი არსების ხმა. ეს მათთვის ინიციაცირებულობის  ნიშანი იყო. გერმანულ და იაპონურ საძმოებში უცნაური ხმები, როგორც ნიღბები, ნიშნავდა წინაპრების იქ ყოფნას, გარდაცვლილთა სულების დაბრუნებას. საცდელი შედგებოდა ნეოფიტების შეხვედრისგან გარდაცვლილებთან, რომლებიც დედამიწაზე ბრუნდებიან ზამთრის ნაბუნიობის დადგომამდე. სწორედ ზამთარში შეიძლება იქცნენ განდობილები მგლებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზამთარი არის წელიწადის დრო, როდესაც "მამაკაცთა კავშირის" წევრებს შეეძლოთ დაშორებოდნენ თავიანთ ჩვეულებრივ მდგომარეობას და დაახლოვებოდნენ ზეადამიანობას, ურთიერთობა ქონოდათ წინაპრებთან და ზიარებოდნენ მათ მაგიას.
   
მტაცებლებად გარდაქმნა მხოლოდ მეომრების პრეროგატივა არ ყოფილა: მას ვხვდებით აფრიკის საიდუმლო საზოგადოებებში, რომლებსაც "ლეოპარდს" უწოდებდნენ. ლიკანტროპიის ფენომენი დამტკიცებულია მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, მტაცებლების ქცევის რიტუალური იმიტაცია გვხვდება ზოგიერთ სოციალურ-რელიგიურ კონტექსტში, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ სამხედრო საძმოებთან და ქალთა ასოციაციებშიც კი. რაც შეეხება აფრიკული "ლეოპარდის" საზოგადოებებს, ისინი რიტუალური ლიკანტროპიის მრავალ ფორმაში საუბრობენ დიდი ნადირობის მაგიასთან დაკავშირებულ ფენომენზე - მტაცებელი ცხოველის, ძირითადად მონადირის იმიტაციაზე. შუა აზიის თურქ-მონღოლებმა მტაცებლის ქცევა მიიჩნიეს, როგორც მოდელი, რომლის მიხედვითაც შეიმუშავეს სამხედრო სტრატეგია. ჩინგიზ-ხანის მითიური წინაპარი იყო ნაცრისფერი მგელი და დიდმა დამპყრობელმა მაქსიმალურად გამოიყენა მგლების ხროვების შეტევის მეთოდი. მსგავსი მითიური თემა გვხვდება სხვადასხვა ინდოევროპელი და აზიელი ხალხის უჩვეულო სახელებსა და გენეალოგიებში. ასეთი ტომობრივი სახელები, როგორიცაა ლუვინები, გირპინები, დახი, ჰირკანები და ა.შ. ნიშნავს, რომ ეს ხალხი მგლების გმირისგან წარმოიშვა და მათ შეუძლიათ მოიქცნენ, როგორც მგლები - სასტიკი მეომრები, გარეული მხეცები. ეს ყველაფერი უფრო მეტად ეხება ომის მითოლოგიას. "მგელი-ხალხის" სხვადასხვა სახელები შესაძლოა ასახავდეს სამხედრო კლანს ან მეომართა ჯგუფს, რომლებმაც ერთხელ დაიპყრეს ტერიტორია და ასიმილირდნენ მის მკვიდრ მოსახლეობასთან, რითაც მთელ ხალხს მიანიჭეს სახელი მეომარ-მტაცებელის.
   
ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს ინიციაციის სტრუქტურის განსაზღვრის შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა კაცი ხდება მეომარი-მტაცებელი ცხოველი. სამხედრო წვრთნა თითქმის ყოველთვის არის პირადი ბრძოლა, რომელიც იმართება ისე, რომ ნეოფიტში "ბერსერკერის განრისხება" გამოიწვიოს. აქ მხოლოდ გამბედაობა არ არის საკმარისი. ისინი ბერსერკერები ხდებიან არა მხოლოდ გამბედაობის, ფიზიკური ძალის ან შეუპოვრობის წყალობით, ასევე აუცილებელია გაუძლონ მაგიურ-რელიგიურ განსაცდელებს, რომელებიც რადიკალურად ცვლის მეომარის ქცევას. ნეოფიტმა უნდა გარდაქმნას თავისი ადამიანური არსება აგრესიული და შემზარავი სიბრაზის დემონსტრირებით, რომელიც მას გააიგივებს განრისხებულ გარეულ ცხოველებთან. ის "ხურდება" უმაღლესი ხარისხით, იპყრობს იდუმალი, არაადამიანური და დაუძლეველი ძალა, რათა ამოხეთქოს ძლიერმა საბრძოლო შემართების ნაკადმა მისი არსების სიღრმიდან . ძველმა გერმანელებმა ამ ძალას "ვუტი" უწოდეს - ტერმინი, რომელიც ადამ ბრემენსკიმ თარგმნა როგორც "მრისხანება"(furor). ეს არის ერთგვარი დემონური სიგიჟე, რომელიც აშინებს და აპარალიზებს მტერს . ირლანდიური "რისხვა"("ferg") და ჰომერული "მენოსი" თითქმის ზუსტი ეკვივალენტებია იგივე დამაშინებელი საკრალური მდგომარეობისა, რომელიც დამახასიათებელია გმირული ბრძოლებისთვის. ჟ. ვენდრიემ და მარია-ლუიზა სოსტედმა გაჩვენეს, რომ ძველი ირლანდიურ ენაში ”გმირის” ზოგიერთი განმარტება გაიგივებულია სიტყვებთან: ”აღშფოთება, მღელვარება, დაძაბულობა”;  ”გმირი არის განრისხებული, შეპყრობილი საკუთარი ქარიშხლიანი და მწვავე ენერგიით”.  ნაწარმოებში "Horatii et Curiatii" ჟორჟ დუმეზილი ბრწყინვალედ განმარტავს გმირული სულისკვეთების ყველა ამ გამოთქმას და ამტკიცებს მათ კავშირს სამხედრო ინიციაციის  საცდელებთან.
                                                    
კუხულინის ინიციაცია
 
ახალგაზრდა გმირის, კუხულინის საგა შესანიშნავად ასახავს ”ძალიერი და მწვავე ენერგიის” მოულოდნელად გაჩენას. ძველი ირლანდიური ტექსტი "Tain Во Cuâlnge" (წიგნი რუხი ძროხისა) მოგვითხრობს, რომ კუხულინმა, მეფის ულსტერ კონხობარის ძმისშვილმა, ერთხელ გაიგო, რომ მის მასწავლებელს დრუიდ კატბადს უთქვამს: „თუ ახლა ეს პატარა ბიჭი იარაღს ხელში აიღებს- ის ბრწყინვალე და ცნობილი გახდება, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრება ექნება და მალე მოკვდება“. კუხულინმა ამის გაგონებისთანავე ბიძას იარაღი და ეტლი სთხოვა და ულსტრის სამეფოს ყველაზე საშინელი მტრის, ნეშტას ციხისკენ გაემართა, რათა ებრძოლა სამ მეფის ძეთან, რომლებიც უძლეველ გმირებად ითვლებოდნენ. პატარა ბიჭმა დაამარცხა მათი ჯარი და თავი მოჰკვეთა ძმებს. ჯადოქარმა გააფრთხილა მეფე, რომ ამ გმირობამ იმდენად გაათამამა კუხულინი, რომ ახალგაზრდა გმირს შეეძლო მოეკლა ყველა მისი მეომარი. მაშინ მეფემ გადაწყვიტა ბევრი შიშველი ქალი გაეგზავნა კუხულინისთვის. შემდეგ ტექსტში ვნახავთ: „მასთან შესახვედრად გამოვიდა ახალგაზრდა ქალთა გუნდი და ეჩვენა მთელი თავისი სიშიშვლით. მაგრამ, გმირმა სახე დამალა, ეტლის კედლისკენ მიბრუნდა, ისე რომ არ დაენახა ქალების სიშიშვლე და მათი სირცხვილი. მაგრამ, ის აიძულეს ეტლიდან გადმოსულიყო. ბიჭის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ სამი კასრი ცივი წყალი მოიტანეს მის დასამშვიდებლად. როცა იგი პირველ ჭურჭელში მოათავსეს, წყალი ისე გაცხელდა, რომ კასრი კაკალის ნაჭუჭივით გადასკდა და გაიფანტა. მეორე კასრში, როდესაც ბიჭი მასში ჩავიდა, წყალმა დუღილი დაიწყო. მესამე კასრში წყალმა ისეთი ტემპერატურას მიაღწია, რომელსაც ყველას ვერ უძლებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაცხრა პატარა ბიჭის მრისხანება(ferg) და იგი ტანსაცმელში გამოეწყო ”.   
   
კუხულინის რომანტიზებული საგა წარმოადგენს ინდოევროპული სამხედრო ინიციაციის შესანიშნავი მტკიცებულებას. როგორც დუმეზილმა გვაჩვენა, ნეშტას სამ ვაჟთან ბრძოლაში ვითარდება სამხედრო ინიციაციის უძველესი ინდოევროპული სცენარი: ბრძოლა სამ ოპონენტთან ან სამთავიან ურჩხულთან. მაგრამ, ჩვენ უფრო გვაინტერესებს კუხულინის მრისხანება(ferg), მისი "ბერსერკის განრისხება". დუმეზილმა გაავლო პარალელი კუხულინის რიტუალურ "მრისხანებას", შემდგომ ქალთა სიშიშვლითა და ცივი წყლით "მოშინაურება"(გაგრილება)-სა და კვაკიუტლის კანიბალების ინიციაციის რამდენიმე მომენტს შორის. მართლაც, ჩვენ გვახსოვს, რომ კვაკიუტლის ახალგაზრდა განდობილის განრისხება შეარბილა ქალმა, რომელიც გვამით ხელში ცეკვავდა და განსაკუთრებით ექიმბაშმა, რომელმაც მარილიან წყალში ჩააყოფინა თავი . როგორც კანიბალის გაბრაზება, ასევე ახალგაზრდა მეომარის "რისხვა", რომელიც თავს იჩენს უკიდურესად ძლიერი "სიმხურვალის" სახით-ჯადოსნურ-რელიგიური გამოცდაა; მასში არაფერია ჩვეულებრივი, ბუნებრივი; ეს არის საკრალური შეპყრობის სინდრომი. 

კუხულინმა მსგავსი საცდელი გაიარა ყველა ახალ ბრძოლაში. მის თავზე გამოჩნდა ცეცხლი ალი და ნაპერწკლებიც კი; თავზე თმები ყალყზე დაუდგა და შუბლიდან "გამარჯვების შუქი" გადმოუშვა. ჯ.დუმეზილმა ოსების ლეგენდებში გმირების "გაცხელების" თემა აღმოაჩინა "ნართების" მთავარი გმირის "ბატრაზდეს" შესახებ. იგივე თემა მძაფრად ფოლკლორიზებულია რუმინეთის ხალხურ პოეზიაში: ”თორმეტი წლის რომანასი ძმებთან ბრუნდება. მან მანამდე თექვსმეტი ათასი თათარი მოკლა. იგი ყვირის, რომ ცხენი “გამხურვალდა ” და ეშინია საკუთარ ხალხში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ჩადენის ”.
  
როდესაც მარციუსმა თავის ჯარს მიმართა, მისი თავიდან ცეცხლის ალი ამოვარდა და ჯარისკაცები დაგიჟდნენ(ტიტუს ლივი, XXV, 39, 16). ლათინებში სიბრაზეს ან რაიმე სხვა ძლიერ გატაცებას თან ახლავს "სიმხურვალე", "წვა" თავის არეში. მამაკაცს სიბრაზისგან თვალები უბრწყინავს, თმა ეყალყება. განრისხების(ფურორის) ეს სიმპტომები რომაელ პოეტებში თითქმის კლიშე ხდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ უფრო მეტად ძლიერი შეგრძნებებზე, ვიდრე გმირულ "სიმხურვალეზე". კულტურის უძველეს დონეზე ყველა ძალა გარშემორტყმულია მაგიური და რელიგიური თაყვანისცემით. რ.ვ. ონიანსი მიიჩნევს, რომ ასეთი მრწამსი ბერძნულ-ლათინური იდეების ნაწილია, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე- სული თავშია მოთავსებული და თითოეულ ადამიანს აქვს თავისი "გენია", რაც მას ღვთიურ ქმნილებად აქცევს. ამასთან, ეს თეორია მემკვიდრეობით მიღებულია ადრინდელი ეპოქებიდან და შესაძლოა პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს.
                                                
მაგიური სიმხურვალის სიმბოლიკა

საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ მაგიურ-რელიგიური "სიმხურვალე" უძველესი მოვლენაა. ამრიგად, ბევრ პრიმიტიულ ხალხს წარმოუდგენია ჯადოსნური და რელიგიური ძალა რაღაც "მწველად" და ამ ფენომენის დასადგენად იყენებენ ტერმინებს, რომლებიც ნიშნავს "სიმხურვალეს", "დამწვრობას", "ძალიან ცხელს" და ა.შ. ამიტომაც შამანები და ექიმბაშები იღებენ მარილიან ან წიწაკიან წყალს და უკიდურესად ცხარე მცენარეებსა და ბოსტნეულს. ამ გზით ისინი ცდილობენ გაზარდონ თავიანთი შინაგანი "სიმხურვალე".  ჯადოსნური "სიცხის" რეალური ფაქტი დასტურდება ციმბირის არქტიკულ რეგიონებში შამანების და  ჰიმალაის ასკეტების წარმოუდგენელი სიცივის მიმართ გაწეული წინააღმდეგობით. მეორეს მხრივ, შამანი ითვლება "ცეცხლის ბატონად". იგი ყლაპავს ცხელ ნახშირს, ეხება გახურებულ, ცხელ რკინას, დააბიჯებს ცეცხლში და ა.შ. მსგავსი გამოცდილება და აღქმა დადასტურებულია უფრო ცივილიზებულ ხალხში. სანსკრიტული ტერმინი "tapas" ზოგადად ასახავს ასკეტიკური ქცევას, მაგრამ ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობაა "ზედმეტი სიმხურვალე". ასკეზას შედეგად მიღებულმა "სიმხურვალემ" პრაჯაპატს სამყაროს შექმნის საშუალება მისცა; მან იგი შექმნა ჯადოსნური ოფლით. "დამმაპადაში" ნათქვამია, რომ ბუდა არის "ცხელი", ხოლო ტანტრის ტექსტებში მითითებულია, რომ კუნდალინის გამოღვიძება გამოვლინდება, როგორც დამწვრობა. თანამედროვე ინდოეთში მუჰამედელები თვლიან, რომ ადამიანი, რომელიც ღმერთთან ურთიერთობს-"ცხელია". საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი ან მოქმედება, რომელსაც გააჩნია რაიმე მაგიურ-რელიგიური ძალა, ითვლება „მხურვალედ“. ეს საკრალური ძალა, რომელიც იწვევს შამანებში "სითბოს" და მეომრების "მღელვარებას", შეიძლება გარდაქმნას, დახვეწოს და დიფერენცირება მოახდენოს ჩვენს შემდეგ ნაშრომში. ინდური სიტყვა "kratu" თავდაპირველად ნიშნავდა "ენერგიას, რომელიც თან ახლავს ინდრას ცეცხლოვან მეომარს", შემდეგ- "გამარჯვებულ ძალას, ძალას და გმირულ სიცხეს, გამბედაობას, ბრძოლას" და უფრო ფართოდ - "ძალას" და "სიდიადეს"; ზოგადად, საბოლოო ჯამში ნიშნავდა "რელიგიური ადამიანის ძალას, რაც მას საშუალებას აძლევს შეიცნოს "ჭეშმარიტების"(rta) დანიშნულება და მიაღწიოს ბედნიერებას". "სიბრაზე" და "სიცხე", რომელიც გამოწვეულია წმინდა ძალაუფლების ზრდით ან გადაჭარბებით, ბევრს აშინებს. ტერმინი "ჩანტი", სანსკრიტზე ნიშნავს სიმშვიდეს, სულში სიმშვიდეს, ვნებების არარსებობას, ტანჯვის განმუხტვას და მოდის ფესვიდან "ჩამი", რაც თავდაპირველად ნიშნავდა "ცეცხლის" ჩაქრობას, სიბრაზეს, სიცხეს, საბოლოოდ კი "სიმხურვალეს", გამოწვეულს დემონური ძალებით.

ამრიგად, ჩვენ მოწმე ვართ ფუნდამენტური მაგიურ-რელიგიური გამოცდილებისა, რომელიც საყოველთაოდ დასტურდება კულტურის უძველეს საფეხურებზე: საკრალურზე წვდომა, რომელიც "სიმხურვალის" სასწაულებრივ გააქტიურებაში გამოიხატება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომ ვაჩვენოთ, მაგალითად კავშირი, რომელიც არსებობს ტექნიკასა და ცეცხლის მისტიკას შორის, კავშირი, რომელიც აერთიანებს მჭედლებს, ჯადოქრებს და მეომრებს. მხოლოდ დავამატებთ, რომ ”ცეცხლზე დომინირება” თანაბრად ნიშნავს როგორც ”შინაგან სიმხურვალეს”, ისე მგრძნობელობის არ ქონას ტემპერატურის  მიმართ. რელიგიების ისტორიის პერსპექტივიდან მოყვანილი ყველა მაგალითი ხაზს უსვამს იმას, რომ ჯადოქარი, მჭედელი ან მეომარი მონაწილეობს თითოეულ მათგანისთვის არსებულ გეგმაში, უფრო მაღალ ცხოვრებაში გადასვლისთვის. ეს უმაღლესი ცხოვრება შეიძლება იყოს ღმერთის, სულის ან ცხოველის ცხოვრება. შესაბამისი ინიციაციები, მართალია რადიკალურად განსხვავებული გზებით მიმდინარეობს, მაგრამ ერთსა და იმავე შედეგს მისდევს: ნეოფიტის სიკვდილი ადამიანის ცხოვრებაში და მისი აღდგენა ახალ ზეადამიანურ სიცოცხლეში. ბუნებრივია, სამხედრო ინიციაციაში რიტუალური სიკვდილი ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე შამანურში, რადგან ნეოფიტი მეომარის მთავარი გამოცდაა მისი მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასთან, იგი ამ საცდელიდან გამარჯვებული გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაჯილდოებულია "სიმხურვალით" და "განრისხებული ბერსერკის" ნიშნებით, რომლებიც სიკვდილს ნიშნავს ადამიანური მდგომარეობისთვის. "ჯადოსნური სიმხურვალის" შეძენა გვიჩვენებს, რომ ამიერიდან მეომარი აღარ ეკუთვნის ადამიანთა სამყაროს.
                                              
შამანური ინიციაციები
  
მოდით ახლა მივმართოთ ყურადღება შამანურ ინიციაციებსკენ. მოცემულობის გამარტივების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ ტერმინ "შამანს" მისი ყველაზე ზოგადი გაგებით. ჩვენ "შამანიზმს" ამ ტერმინის შესაბამისი მნიშვნელობით აღვიქვამთ, ანუ თუ როგორ განვითარდა იგი ძირითადად ჩრდილოეთ და ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე მკურნალთა და ჯადოქართა ზოგიერთ კატეგორიას, რომლებიც პირველყოფილ საზოგადოებებში არსებობდა.
   
შამანად ხდებიან:

1) სპონტანური მოწოდებით ("მოხმობა","რჩეულობა");

2) შამანის "პროფესიის" მემკვიდრეობით გადაცემით;

3) პირადი გადაწყვეტილებით, ან ნაკლებად ხშირად- გვარის ნებით.

რაც არ უნდა იყოს შერჩევის მეთოდი, მხოლოდ ის, ვინც მიიღო ორმაგი მოძღვრება, აღიარებულია შამანად:

1) ექსტატიკური წესრიგის (სიზმრები, ხედვები, ტრანს და ა.შ.) და

2) ტრადიციული წესრიგის (შამანური ტექნიკა, სპირიტული სპეციალიზაცია, მითოლოგია და საგვარეულო გენეალოგია, საიდუმლო ენა და ა.შ.).

სპირიტული  და ძველი შამანების მიერ მიღებული ეს ორმაგი მომზადება წარმოადგენს ინიციაციას. ზოგჯერ ინიციაცია საჯაროდ ხდება და მოიცავს ამაღელვებელ და საინტერესო რიტუალებს;  მაგალითად, როგორც ეს არის მიღებული ციმბირის ზოგიერთ ხალხში. მაგრამ ასეთი რიტუალის არარსებობა სულაც არ ნიშნავს ინიციაციის არარსებობას: ეს შეიძლება მოხდეს სიზმარში ან ინიციაცირებულის ექსტატიკური გამოცდილების დროს.
   
ჩვენ, პირველ რიგში, გვაინტერესებს მისტიკური მოწოდების გარეგნული ნიშნები. ციმბირში ის, ვისაც შამანად მოქცევას უპირებენ- გამოირჩევა უცნაური საქციელით: ის ეძებს მარტოობას, არის მეოცნებე, უყვარს ტყეში ან უკაცრიელ ადგილებში ხეტიალი, აქვს ხილვები, მღერის ძილში და ა.შ. ზოგჯერ ეს ინკუბაციური პერიოდი ხასიათდება ძალიან მნიშვნელოვანი გამოვლინებებით: იაკუტებს შორის ხდება ისე, რომ ახალგაზრდა კაცი უნებურად ბრაზდება ან ადვილად კარგავს გონებას, იმალება ტყეებში, იკვებება ხის ფესვებით, ხტება წყალში და ცეცხლში, დანით ისერავს სხეულს. მომავალი ტუნგუსის შამანები ზრდის პროცესში იტანჯებიან ისტერიული და ნერვული კრიზისებისგან. ზოგჯერ მოწოდება თავს იჩენს ძალიან პატარა ასაკში: ბიჭი გარბის მთებში და რჩება იქ ერთი ან მეტი კვირის განმავლობაში, იკვებება ცხოველებით, რომლებსაც იგი ღრნის საკუთარი კბილებით. ნეოფიტი ბრუნდება სოფელში ტალახში და სისხლში ამოსვრილი, დახეული ტანსაცმლით, აბურდული თმით და მხოლოდ ათი დღის შემდეგ იწყებს არათანმიმდევრული სიტყვებით გაურკვეველ ლაპარაკს.
  
მემკვიდრეობითი შამანიზმის დროსაც კი, მომავალი შამანის არჩევას წინ უძღვის ქცევის შეცვლა. შამანი-წინაპრების სულები ირჩევენ ახალგაზრდას თავისი ოჯახებიდან; ის ხდება დაფანტული და ჩაფიქრებული, ეძებს მარტოობას, ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს და დროდადრო განიცდის შეტევებს, რის გამოც უგონო მდგომარეობაში ექცევა. ბურიატებს მიაჩნიათ, რომ ამ დროს ახალგაზრდის სულს იტაცებენ სხვა  სულები: იგი ღმერთების სამყოფელში მიჰყავთ და შამან-წინაპრები მას ხელობის საიდუმლოების აცნობენ, უყვებიან ღმერთების და სულების  ტიპების და სახელების შესახებ და ა.შ. მხოლოდ ამ პირველი ინიციაციის შემდეგ უბრუნდება სული სხეულს. შამანად ხდებიან ასევე უბედური შემთხვევის ან უჩვეულო ინციდენტის შედეგად. ამრიგად, ბურიატებში, სოიოტებსა და ესკიმოსებში შეიძლება შამანი გახდეს ელვის დარტყმის დროს ან უმტკივნეულოდ გაუძლოს განსაცდელს, რომელიც ინიციაციის რიტუალის საცდელის მსგავსია (ესკიმოსებისთვის, ხუთი დღის ყინულიან წყალში გატარება, ისე რომ არ დაუსველდეთ ტანსაცმელი). მომავალი შამანების უცნაურმა საქციელმა მიიპყრო მეცნიერების ყურადღება და გასული საუკუნის შუა წლებიდან მრავალი მცდელობა კეთდებოდა ფსიქიური დაავადებებით შამანიზმის ფენომენის ახსნაზე. ეს პრობლემის არასწორი გადმოცემაა. არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ყველა შამანი ნეიროპათიულია; მეორეს მხრივ, ზოგიერთი მათგანი, რომელიც ავად იყო-ინიციაციის პერიოდში გამოჯანმრთელდა  და გახდა შამანი. ციმბირში, როდესაც შამანური მოწოდება ვლინდება რაიმე სახის დაავადების ან ეპილეფსიის შეტევის შედეგად, ინიციაცია ხშირად უტოლდება გამოჯანმრთელებას. შამანიზმის მიღებას წინ უსწრებს ფსიქიკური კრიზისის მოგვარება, რომელიც "არჩევის" პირველი სიმპტომების დროს გამოვლინდა. თუ შამანიზმის ფსიქოპათოლოგიურ ფენომენთან იდენტიფიკაცია შეუძლებელია, არანაკლებ მართალია, რომ შამანის მოწოდებას ხშირად მივყავართ შინაგან კრიზისამდე, რომელიც ზოგჯერ ”სიგიჟემდეა” მისული. შამანად გახდომა შესაძლებელია  მხოლოდ ამ კრიზისის დაძლევის შემდგომ, თავად ეს დაძლევა ასრულებს მისტიკური ინიციაციის როლს. დაავადება მომავალ შამანში ვითარდება შეშფოთების გამო, რომ მას ღმერთები ან სულები ირჩევენ. ეს დაავადება "ინიციაციის ავადმყოფობად" მიიჩნევა. ნებისმიერი დაავადების შედეგად გამოწვეული ეგზისტენციალური დაუცველობა, მარტოობა და ტანჯვა ამძაფრებს რიტუალური სიკვდილის სიმბოლიკას. ”რჩეულობის” ყველა ეს ფსიქოპათოლოგიური კრიზისი შეიძლება განისაზღვროს ერთი ტერმინით - ”ინიციაციის დაავადებები”, ვინაიდან მათი სინდრომები ძალიან ახლოსაა კლასიკური ინიციაციის  რიტუალების ელემენტებთან. "რჩეულის" ტანჯვა ყველა თვალსაზრისით ინიციაციის რიტუალური წამების მსგავსია. როგორც ზრდასრულობის რიტუალებში ან საიდუმლო საზოგადოებაში შესვლის ცერემონიალებში, მოხალისეს "კლავენ" ნახევრად ღვთაებრივი ან დემონური არსებები. მომავალი შამანი თავის წარმოსახვაში ხედავს თუ როგორ მოკვეთეს თავი, დაუნაწევრეს სხეული, დათხარეს თვალები და ა.შ. ინიციაციის შამანური რიტუალები, რომლებიც დამახასიათებელია ციმბირისა და შუა აზიისთვის, შეიცავს სიმბოლურ ასვლას ზეცაში ხის ან სვეტის საშუალებით; ღმერთებისა და სულების მიერ "არჩეული" პაციენტი წარმოსახვაში ან სიზმრებში მოგზაურობს ზეცაში სამყაროს ხის მეშვეობით.
  
ჩვენ ახლა მოვიყვანთ ინიციაციის რიტუალური საცდელების რამდენიმე ტიპურ მაგალითს, რომლებიც ხდება წარმოსახვაში, ან აშკარა უგონო მდგომარეობაში ან მომავალი შამანის „სიგიჟეში“. მაგრამ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოპათოლოგია შამანის მოწოდებაში არ არის "ჩვეულებრივი" ფენომენი, რომ ის არ მიეკუთვნება ჩვეულ სიმპტომოტოლოგიას: მას აქვს ინიციაციის სტრუქტურა და მნიშვნელობა; მოკლედ, იგი წარმოადგენს ტრადიციულ მისტიკურ მოდელს. კრიზისი, რომელსაც მომავალი შამანი მრავალჯერ განიცდის, იწვევს პიროვნების ჩამოშლას, "სიგიჟეს" და შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ რიტუალურ სიკვდილად, არამედ სიმბოლურ ჩაძირვად წინკოსმოგონიურ ქაოსში, ამორფულ და გაუგებარ მდგომარეობაში, რომელიც უსწრებდა ნებისმიერ კოსმოგონიას. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ უძველესი და ტრადიციული კულტურებისათვის ქაოსში სიმბოლური დაბრუნება ტოლფასია ახალი შემოქმედებითი აქტის მომზადებისა. ამრიგად, მომავალი შამანების "ფსიქიკური ქაოსი" შეიძლება განიმარტოს, როგორც ნიშანი იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი "იშლება" და ახალი პიროვნება იბადება.
                      
ციმბირელი შამანების ინიციაციის რიტუალური საცდელები
   
განსაცდელები, რომლებიც ციმბირელმა შამანებმა უნდა გაიარონ თავიანთი ინიციაციის დროს, საკმაოდ სასტიკია. ისინი წვანან უგონო, თითქმის უსიცოცხლო მდგომარეობაში  სამიდან ცხრა  ან ზოგჯერ უფრო მეტი დღის განმავლობაში, იურტში ან განმარტოებულ ადგილზე. ამ დროის განმავლობაში ისინი არ საუბრობენ და არც ჭამენ. ზოგი მათგანი თითქოს სუნთქვას წყვეტს და შეიძლება შეცდომით დაკრძალონ. მათი ტანსაცმელი და საწოლები სისხლშია გაჟღენთილი. სიცოცხლეს რომ უბრუნდებიან, ისინი ამბობენ, რომ  დემონებმა ან წინაპრების სულებმა დაანაწევრეს: ძვლები გაასუფთავეს ხორციდან, სხეულიდან გამოდევნეს სითხე, თვალები ამოგლიჯეს. ზოგიერთის ხორცი ცეცხლზე დიდი ხნის განმავლობაში იწვებოდა, ზოგმა კი ახალი ხორცი და ახალი სუფთა სისხლი მიიღო. საბოლოოდ, ისინი გაცოცხლდნენ, მაგრამ მთლიანად განახლებული სხეულით და შამანიზმის ნიჭით დაჯილდოვებულნი.
  
იაკუტებს შორის სულებს მომავალი შამანი ჯოჯოხეთში გადაყავთ. იგი სამი წლის განმავლობაში სახლში ჰყავთ გამოკეტილი. ზუსტად იქ  ტარდება მისი ინიციაცია: სულები მოკვეთენ თავს ნეოფიტს და სხეულის გვერდით დებენ(რადგან მან საკუთარი თვალით უნდა დაინახოს, თუ როგორ არის დანაწევრებული). შემდეგ კი ჭრიან პატარა ნაჭრებად და ანაწილებენ ავადმყოფობის სულებზე. მხოლოდ ამ პირობით მიიღებს მომავალი შამანი ავადმყოფების განკურნების უფლებას. შემდეგ მისი ძვლები ახალი ხორცით იფარება და ზოგიერთ შემთხვევაში მას ახალი სისხლიც ეძლევა. იაკუტიის კიდევ ერთი მონათხრობის თანახმად, შავმა "ეშმაკებმა" მომავალი შამანის სხეული ნაჭრებად დაჭრეს და ნაჭრები სხვადასხვა მიმართულებით მიმოფანტეს, როგორც შესაწირი; შემდეგ თავში შუბი ჩაასეს და ყბა მოაჭრეს. სამოედელმა შამანმა ტ. ლეხტისალოს მოუყვა, თუ როგორ უტევდნენ მას სულები, ჭრიდნენ მას ნაჭრებად და აჭრიდნენ ხელებს. შვიდი დღე და შვიდი ღამე იგი უგონოდ იწვა მიწაზე, სანამ მისი სული ზეცაში იყო.
   
ავამ-სამოედელი შამანის გრძელი და ამაღელვებელი ავტობიოგრაფიული გადმოცემიდან, ციტირებული ა.ა.პოპოვის მიერ, გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს. ჩუტყვავილათი დაავადებული ეს მომავალი შამანი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა სამი დღის განმავლობაში, თითქმის მკვდარი, და ამიტომ მესამე დღეს იგი შეცდომით დაკრძალეს. მან დაინახა, როგორ ჩადიოდა ჯოჯოხეთში და მრავალი უბედურების შემდეგ ის კუნძულზე აღმოჩნდა, რომლის ცენტრში იყო ზეცამდე აზრდილი ახალგაზრდა არყის ხე. ეს იყო დედამიწის პატრონის ხე, რომელმაც მას ტოტი მოუტეხა და გაუწოდა ტამურის(დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი- ტყავისგან დაფარული რგოლი, კიდეებზე ზარებით ან მეტალის ფირფიტებით) დასამზადებლად. შემდეგ იგი მთასან აღმოჩნდა. ხვრელით მთაში შეაღწია, იქ შიშველ მამაკაცს შეხვდა, რომელიც სამჭედლო იარაღებით მუშაობდა ცეცხლზე მდგარ უზარმაზარ ქვაბთან. კაცმა მას ხელი სტაცა, თავი მოაჭრა, სხეული პატარა ნაჭრებად დაუნაკუწა და ყველაფერი ქვაბში ჩაყარა. სამი წლის განმავლობაში ადუღებდა, შემდეგ კი მისი თავი კოჭს მიაჯაჭვა. ბოლოს მან ნეოფიტის მდინარეში მცურავი ძვლები დაიჭირა, ააწყო და ხორცით დაფარა. სხვა სამყაროში თავგადასავლების დროს, მომავალი შამანი შეხვდა უამრავ პერსონაჟს: ნახევარღმერთებს -ადამიანების ან ცხოველების სახით და თითოეულმა მათგანმა მას გაუმჟღავნა შამანური ცოდნის ასპექტები და მკურნალობის საიდუმლოებები. როდესაც მან გაიღვიძა იურტში თავისიანების გვერდით, იგი უკვე იყო განდობილი და გახდა მათი შამანი.
  
ტუნგუსის შამანმა თქვა, რომ ინიციაციის ავადმყოფობის დროს, შამან-წინაპრებმა  ისრებით დახვრიტეს, ისე რომ მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა; შემდეგ მისი სხეული დაჭრეს, ძვლები ამოიღეს და დაითვალეს: ძვლები რომ არ ყოფილიყო საკმარისი, ის ვერ გახდებოდა შამანი. ბურიატების მონათხრობების თანახმად, ნეოფიტს აწამებენ შამანი წინაპრები, რომლებიც მას სცემენ, უჭრიან სხეულს დანით, ხორცს აადუღებენ და ა.შ. ერთი ტელეუტი ქალი გახდა შამანი მას შემდეგ, რაც მოეჩვენა უცნობი ადამიანები, რომლებმაც  ნაჭრებად აკუწეს და ადუღეს ქვაბში. ალტაის შამანური ტრადიციების თანახმად, წინაპრების სულები უხსნიან ინიცირებულს მუცელს, ჭამენ მის სხეულს და სვამენ სისხლს.
   
ეს რამდენიმე მაგალითი საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ინიციაციის დაავადებები ძალიან ახლოსაა სხვა ნებისმიერი ინიციაციის ძირითად სქემასთან: 1) დემონებისა და სულების მიერ განხორციელებული წამება, რომლებიც თამაშობენ "ინიციაციის ლიდერების" როლს; 2) რიტუალური სიკვდილი, რომელიც ჯოჯოხეთში დაშვებადაა არის წარმოდგენილი (ზოგჯერ მას თან ახლავს ზეცაში ასვლა); 3) აღდგომა ახალ ცხოვრებაში, ადამიანის სიცოცხლეში, რომელიც განდობილია, ანუ შეუძლია პირადად დაუკავშირდეს ღმერთებს, დემონებსა და სულებს. სხვადასხვა ტანჯვა, რომელსაც მომავალი შამანი განიცდის, შეფასებულია, როგორც რელიგიური განსაცდელი: ფსიქოპათოლოგიური კრიზისი აიხსნება, როგორც დემონების მიერ სულის გატაცება ან ექსტატიური მოგზაურობა ჯოჯოხეთში ან სამოთხეში; ფიზიკური ტკივილი განიხილება, როგორც სხეულის ნაწილებად დაყოფა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ტანჯვის ხასიათი, ისინი გავლენას ახდენენ შამანის ფორმირებაზე მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც იგი მათ ანიჭებს რელიგიურ მნიშვნელობას და იღებს მათ, როგორც მისტიკური გარდაქმნისთვის საჭირო საცდელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინიციაციაში "სიკვდილს" ყოველთვის მოსდევს "აღდგომა"; ფსიქოპათოლოგიის ტერმინოლოგიაში კრიზისი წყდება და დაავადება იკურნება. ახალი პიროვნების შამანად გადაქცევა დიდწილად დამოკიდებულია მის გამოჯანმრთელებაზე.
    
აქამდე ჩვენ მხოლოდ ციმბირული მაგალითები გამოვიყენეთ, მაგრამ ინიციაციის რიტუალში სხეულის ნაწილებად დანაწევრების თემა საკმაოდ გავრცელებულია. არაუკანელი შამანის ინიციაციის დროს, რიტუალის ხელმძღვანელი დამსწრეებს აჯერებს, რომ მან ნეოფიტის ენა და თვალები შეცუცვალა და მუცელი ჯოხით გაუხვრიტა. რივერ პატუინის ინდოელებს შორის ვარაუდობენ, რომ კუქსუს საზოგადოებაში შესულ ახალწვეულს ჭიპს უხვრეტენ შუბითა და თავად კუქსუს ისრით; იგი კვდება და შამანი მას ხელახლა აცოცხლებს. ნუბას მთის სუდანებს შორის, ინიციაციის პირველ საცდელს ეწოდება "თავი", ვინაიდან "ნეოფიტის თავს გახსნიან ისე, რომ მასში სული მოხვდეს". მალეკულაზე ჯადოქრის ინიციაცია მოიცავს ნეოფიტის სხეულის ნაწილებად დანაწევრებას; ცერემონიის ლიდერი აჭრის ხელებს, ფეხებს, თავს და შემდეგ აბრუნებს მათ თავის ადგილს. დაიაკებს შორის ძველი "მანანგი" ირწმუნება, რომ თითქოს ნეოფიტს თავი მოაჭრეს, ტვინი ამოაცილეს და გარეცხეს, რათა მისი გონება გაბრწყინებულიყო. დაბოლოს, როგორც დავაკვირდით, ავსტრალიელი ჯადოქრების ზოგიერთ ინიციაციაში სხეულის ნაწილებად დანაწევრება და შიგნეულობის შეცვლა მთავარი რიტუალებია. სხეულის დანაწევრება შამანებისა და ჯადოქრების ინიციაციის დროს იმსახურებს სერიოზულ შედარებით შესწავლას, ვინაიდან მსგავსება ოსირისის მითოსთან და მასთან დაკავშირებული რიტუალთან, ერთი მხრივ, და რიტუალურ დანაწევრებას ჰინდუს რიტუალში „მერია“, სხვა თუ არაფერი- დამაბნეველია და ვერ მოვუძებნეთ აქამდე ახსნა. შამანური ინიციაციის სპეციფიკური მახასიათებელი, გარდა ნეოფიტის სხეულის დანაწევრებისა,  არის მისი დაყვანა ჩონჩხის მდგომარეობამდე. ამ მოტივს ვხვდებით არა მხოლოდ "რჩეული" სულების კრიზისებში და დაავადებებში, არამედ მათ განსაცდელებშიც, რომლებმაც ხანგრძლივი და რთული ძიებების შედეგად საკუთარი ძალებით მიაღწიეს შამანის ძალას. მაგალითად, ესკიმოსთა ამასილიკში კანდიდატი დიდ დროს ატარებს მედიტაციებში თოვლისგან გაკეთებულ ქოხში. გარკვეულ მომენტში ის "კვდება" და სამი დღისა და სამი ღამის განმავლობაში სუნთქვაშეკრული იმყოფება; ამ დროს უზარმაზარი პოლარული დათვი შთანთქავს მას და ტოვებს მხოლოდ ჩონჩხს. მხოლოდ ამ მისტიკური საცდელის შედეგად იძენს კანდიდატი შამანის უნარებს. 
   
ესკიმოს იგლულიკის შამანებს("ანგაკუტს") შეუძლიათ აზრობრივად გათავისუფლდნენ ხორცისა და სისხლისგან და დიდხანს მოახდინონ დაკვირვება საკუთარ ჩონჩხზე. ჩვენ დავამატებთ, რომ დაკვირვება საკუთარ, დემონების მიერ მოკლულ სხეულზე და ჩონჩხად გადაქცევა- არის ინდო-ციმბირული და მონღოლური ბუდიზმის ერთ-ერთი რჩეული მედიტაცია. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ჩონჩხი ძალიან ხშირად გამოსახულია ციმბირელი შამანების ტანსაცმელზე. ჩვენს წინაშე არის ძალიან ძველი რელიგიური იდეა, სამონადირეო კულტურებისთვის დამახასიათებელი: ძვალი ცხოველური არსობის უმაღლეს საწყისს განასახიერებს, მატრიცა, რომელზეც ხორცი მუდმივად იზრდება. ცხოველები და ადამიანები აღორძინდებიან ძვლიებიდან; გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი სხეულებრივ არსებობაში ცხოვრობენ და როდესაც ისინი იღუპებიან, მათი "სიცოცხლე" კონცენტრირდება ჩონჩხში, რის საფუძველზეც ისინი ხელახლა აღდგებიან. ჩონჩხის მდგომარეობამდე დასულები, მომავალი შამანები განიცდიან მისტიკურ სიკვდილს, რაც მათ საშუალებას აძლევს აღმოჩნდნენ სხვა სამყაროში, სულებისა და წინაპრების სამყაროში და გაიზიარონ მათი ცოდნა. ისინი აღარ "იბადებიან" ხელახლა, ისინი "ცოცხლდებიან": მათი ჩონჩხები უბრუნდებიან სიცოცხლეს და ახალ სხეულებს იძენენ.
   
ეს არის მიწათმოქმედების კონცეფციისგან სრულიად განსხვავებული რელიგიური იდეა, რომლის მიხედვითაც დედამიწა სიცოცხლის უზენაესი წყაროა და შესაბამისად, ადამიანი სხეულის ჩასახვა მოხდა თესლით, რომელიც უნდა ჩაეფლოს სახნავ-სათეს მიწაზე, რათა იგი აღმოცენდეს. მართლაც, ეს ჩვენ დავინახეთ მრავალი მიწათმოქმედი ხალხის ინიციაციის რიტუალებში, როდესაც ნეოფიტი სიმბოლურად დაკრძალეს მიწაში და დედამიწის საშვილოსნოში ჩანასახად გადაიქცა. ჩრდილოეთ აზიის შამანების ინიციაციის სცენარი არ არის დედამიწაზე დაბრუნება (სიმბოლური დაკრძალვა, მონსტრის მიერ გადაყლაპვა და ა.შ.), არამედ ხორცის გაუჩინარება და შედეგად, სიცოცხლის არსის ამაღლება მის უფრო მაღალ და განუყოფელ რაობამდე.
                                                     
ინიციაციის  რიტუალები
 
ჩვეულებრივ, მაშინ როდესაც ნეოფიტი უგონო მდგომარეობაში იმყოფება იურტში, ოჯახი მოუხმობს შამანს, რომელიც შემდეგ ასრულებს მენტორის როლს. სხვა შემთხვევებში ნეოფიტი "სხეულის ნაწილებად დაყოფის" შემდგომ, მასწავლებლის საძებნელად მიდის, რათა შეისწავლოს ხელობის საიდუმლოებები. ცოდნას აქვს ინიციაციის ხასიათი და მისი მიღება ხშირად შეიძლება ექსტაზის მდგომარეობაში; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შამანის მასწავლებელი ასწავლის თავის მოწაფეს ისე, როგორც ამას დემონები და სულები აკეთებენ. ქსენოფონტოვი ამბობს, რომ იაკუტის შამანებთან მასწავლებელი ინიცირებულის სულთან ერთად გრძელ ექსტატიკურ მოგზაურობაში მიემართება. ისინი მთაზე ასვლით იწყებენ. პედაგოგი მწვერვალიდან აჩვენებს ნეოფიტს გაყოფილ გზაზე, საიდანაც ბილიკები მიემართება მთების ქედებზე: აქ იმყოფება დაავადებები, რომლებიც ხალხს ტანჯავს. შემდეგ მასწავლებელს მოსწავლე შეჰყავს სახლში. ისინი შეიმოსებიან შამანების ტანსაცმლით და ერთად ჯადოსნობენ. მასწავლებელი უხსნის, თუ როგორ იცნოს და უმკურნალოს დაავადებებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ყოველ ჯერზე, როდესაც სხეულის ნაწილს წარმოთქვამს, ის აფურთხებს მოსწავლის პირში, რომელმაც უნდა ჩაყლაპოს ფურთხი, რომ შეიმეცნოს "დაავადების გზები ჯოჯოხეთისკენ". და ბოლოს, მენტორს მოწაფე ზედა სამყაროსკენ მიჰყავს, ზეციური სულებისკენ. ამ მომენტიდან შამანს უკვე აქვს "ინიცირებული სხეული" და შეუძლია იღვაწოს თავისი ხელობით. 
  
ასევე არსებობს ინიციაციის რიტუალები ბურიატებში, გოლდებში, ალთაში, ტუნგუსსა და მანჩუსში. ბურიატის რიტუალები ყველაზე საინტერესოა. მთავარი რიტუალი მოიცავს აღმასვლას. იურტში მოთავსებულია დიდი არყის ხე, რომლის ფესვები განლაგებულია კერიაში, ხოლო კენწერო საკვამურის ხვრელში. არყის ხეს უწოდებენ "უდეში ბურხანი"-ს, "კარიბჭის მცველს", რადგან იგი ხსნის სამოთხის შესასვლელს შამანისთვის. ხე რჩება იურტში და წარმოადგენს შამანის საცხოვრებლის საიდენტიფიკაციო ნიშანს. ინიციაციის დღეს ნეოფიტი არყის ხის მწვერვალზე ადის - ზოგიერთი ტრადიციის თანახმად, დანით ხელში  და კვამლის ხვრელიდან გამოსული, ხმამაღლა ყვირის და ღმერთებისგან დახმარებას ითხოვს. შემდეგ შამან-მასწავლებელს, რომელსაც "შამან-მამას" უწოდებენ, ინიცირებული და ყველა დამსწრე მიჰყვება ხისგან შორს მდებარე ადგილს, სადაც მრავალი არყის ხე უკვე  დარგეს ცერემონიის მომლოდინეებმა. ერთ-ერთ ხესთან მსვლელობა ჩერდება: აქ თხას სწირავენ, კანდიდატი წელსზევით შიშველია და თავს სისხლში ისე ჩაყოფს, რომ თვალები და ყურები აღარ მოუჩანს, ხოლო ამ დროს სხვა შამანები დაფდაფებს შემოკრავენ. "შამანი-მამა" არყის ხეზე ადის და კენწეროზე ცხრა ნაჭდევს აკეთებს. კანდიდატი, რომელსაც მოჰყვება დანარჩენი შამანები, ასევე ადის მწვერვალზე. ყველა ასვლისას ისინი ექსტაზში ვარდებიან ან ვითომ დაეცემიან. პოტანინის თანახმად, კანდიდატი უნდა  აძვრეს ცხრა ხეზე, რაც ცხრა ნაჭდევის  მსგავსად ცხრა ცას განასახიერებს.
   
როგორც უნო ჰარვამ აღწერა, ბურიატ შამანის ინიციაცია უცნაურად ჰგავს მითრას საიდუმლოს ზოგიერთ რიტუალს. ამრიგად, თხის სისხლით კანდიდატის განბანა ჰგავს "ტავრობოლიუმს"- მითრაანის საიდუმლოებების მთავარ წესს, ხოლო არყის ხეზე ასვლა შვიდ საფეხურიან კიბეზე ასვლას ჰგავს, რომელიც შვიდი სიმბოლოს საიდუმლოების რიტუალური ნაწილია და ასოცირება შვიდ პლანეტარულ ცასთნ. ჩვენ თანდათან ვხვდებით ძველი ახლო აღმოსავლეთის გავლენას ყველგან: შუა აზიასა და ციმბირში. სავარაუდოა, რომ ბურიატი შამანის ინიციაციის რიტუალი ამ გავლენის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. უნდა დავამატოთ, რომ მშვიდობის ხის სიმბოლიკას და არყის ხეზე ასვლის რიტუალს ცენტრალურ და ჩრდილოეთ აზიაში ინიციაციის დროს წინ უძღვის კულტურის ელემენტები, რომლებიც შემოვიდნენ მესოპოტამიიდან და ირანიდან. აზიასა და ციმბირში შვიდი პლანეტარული ცის სიმბოლიკა შემოდის ბაბილონური იდეიდან, მაგრამ მსოფლიო ხის სიმბოლიკა, როგორც "დედამიწის ღერძი", კონკრეტულად ბაბილონური არ არის. ეს თითქმის უნივერსალური სიმბოლიკაა, რომელიც არსებობა დასტურდება კულტურის ისეთ ფენებში, რომელების მესოპოტამიასთან კავშირზე არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ .
  
ბურიატი შამანის განდობის რიტუალში, ინიციაციის მისაღებად ნეოფიტი მიდის სამოთხეში. ხის ან სვეტის მეშვეობით ზეცაში ასვლა ალტაის შამანების რიტუალების საფუძველია. არყის ხის ან სვეტის იდენტიფიკაცია ხდება სამყაროს ცენტრში აღმართული ხის ან სვეტის საშუალებით და ის აკავშირებს სამ კოსმიურ ზონას: დედამიწას, სამოთხეს, მიწისქვეშა ჯოჯოხეთს. შამანს ასევე შეუძლია გადავიდეს სამყაროს ცენტრში თავისი ტამურის ხმებით; გაგახსენებთ, რომ  სამოედელი შამანის სიზმარზე ვსაუბრობთ, მისი ტამურის კორპუსი დამზადებულია კოსმიური ხის მოჭრილი ტოტისგან.  ტამურის ხმის გაგონებაზე შამანი ექსტაზში ვარდება ხის გარშემო ტრიალის დროს, ანუ გადადის სამყაროს ცენტრში. 
  
ყველა ეს შამანური წეს-ჩვეულებები, ისევე როგორც სხვა წეს-ჩვეულებები და შეხედულებები, რომლებსაც აქ არ ვეხებით, ასოცირდება კოსმიური ხის მითის გარშემო განვითარებულ იდეებთან: ერთი მხრივ ხის, როგორ სამყაროს ცენტრის - ის აკავშირებს სამ კოსმიურ ზონას და რომლის მეშვეობით შამანები ხვდებიან დედამიწიდან სამოთხეში; მეორეს მხრივ კოსმოსური ხე წარმოდგენილია, როგორც "სამყაროს მოდელი" - სიმბოლურად იგი წარმოადგენს სამყაროს მთლიანობაში და პირველ რიგში, მთელ კაცობრიობას. ციმბირის მრავალ მითში ადამიანების სულები ხის ტოტებზეა გაჩერებული. როდესაც დადგება დრო, რომ ერთი მათგანი დაიბადოს, ღმერთი აგზავნის სულს დედამიწაზე. სხვა მითები მოგვითხრობენ, რომ ყველა შამანის სული ერთ ხეზეა თავმოყრილი: რაც უფრო მაღალია ტოტი, რომელზეც სულია შეჩერებული, მით უფრო ძლიერი იქნება შამანი. დაბოლოს, უამრავი რწმენა არსებობს შამანებსა და მათ ხეებს შორის მისტიკური ურთიერთობის შესახებ. თითოეულ შამანს აქვს ხე, რომლშიც მას შეუძლია დამალოს სული, თუ იგი სხვა შამანებთან ბრძოლაში დამარცხდა. თუ ხე მოჭრეს, მაშინ შამანიც კვდება.
  
ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ შამანის ხე კოსმოსური ხის პრესტიჟით სარგებლობს და შესაბამისად შამანმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც საშუალება სამყაროს ცენტრში ანუ რეალობის, სიცოცხლის და საკრალურობის ცენტრში მოსახვედრად. ხეზე ასვლის შემდეგ ციმბირელი შამანი ზეცაში ადის. მსგავსი რიტუალები შეგვხვდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკული ზოგიერთი ინიციაციის რიტუალის შესწავლისას.  ხეებზე ასვლა ასევე დამახასიათებელია ზოგიერთ ამერიკელ ხალხში შამანური ინიციაციებისთვის. არაუკანელი ჯადოქრის განდობა მოიცავს რიტუალურ ასვლას ხეზე ან ბოძზე, რომელიც ტოტებიდან გაწმენდილია ბაქანამდე, სადაც განდობილი მიმართავს ღმერთს ლოცვით. კარიბის ჯადოქრები აღწევენ ექსტატიურ ასვლას ზეცაში. ისინი ადიან ქოხის ჭერზე ერთმანეთზე გადახლართული უამრავი თოკებით ჩამოკიდებულ ბაქანზე. დატრიალებისას, თოკები მზარდი სიჩქარით აბრუნებს ბაქანს.
                                                          
ექსტაზის ტექნიკა
   
ქვემოთ მოყვანილი მაგალითები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ შამანებში ინიციაციის ძირითადი მახასიათებლები და ამავე დროს გავიგოთ შამანიზმის მნიშვნელობა რელიგიების ისტორიისთვის. შამანი ან ჯადოქარი შეიძლება განისაზღვროს, როგორც "საკრალურის სპეციალისტი": ადამიანი, რომელიც უფრო სრულყოფილად ან სწორად მონაწილეობს საკრალურში, ვიდრე სხვა მოკვდავები. განურჩევლად იმისა, აირჩია თუ არა იგი ზეადამიანურმა არსებებმა, თუ თავად სცადა მათი ყურადღების მიპყრობა, როგორც ეს ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში - შამანი არის პიროვნება, რომელსაც აქვს მისტიკური გამოცდილება. შამანებს შორის, ამ სიტყვის სათანადო გაგებით- მისტიკური გამოცდილება გულისხმობს შამანის ტრანსს: ნამდვილსა თუ მოჩვენებითს. შამანი პირველ რიგში არის ექსტატიკური პიროვნება. ამრიგად, პრიმიტიული რელიგიების დონეზე ექსტაზი წარმოდგენილია სულის ფრენით ზეცაში ან დედამიწაზე ხეტიალით ან საბოლოოდ მიწისქვეშა სიღრმეებში ჩაღწევით და გარდაცვლილთა შორის ხეტიალით. შამანი შემდეგ ექსტატიურ მოგზაურობას ატარებს:

1) ზეციერ ღმერთთან პირისპირ შეხვედრისა და თანასოფლელების მიერ გაღებული შესაწირავის მიძღვნისა;

2) ავადმყოფი ადამიანის სულის პოვნა, რომელიც სავარაუდოდ დაიკარგა ან გაიტაცეს დემონებმა;

3) მიცვალებულის სულის მიყვანა თავის ახალ სახლში;

4) დაბოლოს, ცოდნის გაუმჯობესება უზენაეს არსებებთან კომუნიკაციის წყალობით.

მაგრამ, როდესაც სული ექსტაზის დროს ტოვებს სხეულს, ეს დროებითი სიკვდილის ტოლფასია. ანუ შამანი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრჯერ "მოკვდეს" და "აღსდგეს". ახლა ჩვენ გვესმის უამრავი საცდელისა და ინსტრუქციის მნიშვნელობა, რაც საჭიროა შამანებში ნებისმიერი ინიციაციისთვის. შამანი ინიციაციის წყალობით სწავლობს არა მხოლოდ "სიკვდილის" და "აღდგომის" ტექნიკას, არამედ იმასაც, თუ რა უნდა გააკეთოს, როდესაც მისი სული სხეულს ტოვებს და უპირველეს ყოვლისა, როგორ უნდა ორიენტირდეს უცნობ სივრცეებში, სადაც იგი აღწევს ექსტაზის დროს. შამანი ცდილობს არსებობის ახალი დონეების შესწავლას, რომელიც გახსნილია მისი ექსტატიკური გამოცდილების მეშვეობით. მან იცის სამყაროს ცენტრისკენ მიმავალი გზა, გადის ზეციური სამყოფელის  ღრმულში, რომლის საშუალებითაც შეიძლება მაღლა სამოთხეში ასვლა და ასევე დედამიწაზე არსებული ხვრელში, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჯოჯოხეთში ჩასვლა. იგი გაფრთხილებულია იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც მას მოგზაურობისას ხვდება და იცის როგორ გადალახოს ისინი. მოკლედ, ინფორმირებულია როგორც სამოთხის, ისე ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მარშრუტების შესახებ. ეს ყველაფერი მან შეიტყო ინიციაციის დროს ეულად ყოფნისას ან შამან-მასწავლებლების ხელმძღვანელობით.

თავისი უნარების წყალობით შამანს სხეულის უვნებლად დატოვების შესაძლებლობები აქვს. სურვილის მიხედვით მას  შეუძლია სულივით მოიქცეს:  იფრინოს ჰაერში,  უჩინარი გახდეს, ხედავდეს შორ მანძილებზე, ავიდეს ზეცაში ან ჯოჯოხეთში ჩავიდეს, მოინახულოს იქ სულები და მოახერხოს მათი დაჭერა. ის არ დაიწვება ცეცხლში და ა.შ. ფაკირის ზოგიერთი შესაძლებლობის დემონსტრირება სეანსების დროს და განსაკუთრებით, "ცეცხლთან თამაში" მიზნად ისახავს სხვების დარწმუნებას, რომ შამანმა შეიძინა მისტიურ გზაზე სული. ცხოველებად გადაქცევის შესაძლებლობა, დისტანციაზე არსების მოკვლის ან მომავლის პროგნოზირების უნარი ხომ სულებს ახასიათებთ. მათი დემონსტრირებით, შამანი აცხადებს, რომ ის მონაწილეობს არახორციელი არსებების ცხოვრებაში. სულივით მოქცევის სურვილი, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ მან გაითავისა ზეადამიანური ცხოვრების წესი; ზოგადად ის   ტკბება სულიერი არსობის თავისუფლებით, ძალით და ცოდნით, რომელიც მიღებული იქნა ღმერთების თუ სულებისგან. შამანი იღებს ამ ტრანსცენდენტალურ საჩუქარს უფრო სრულყოფილი და დრამატული ინიციაციის სცენარის წარდგენით, ვიდრე წინა თავებში იყო განხილული. მართლაც, როგორც ვნახეთ, შამანური ინიციაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია: 1)სხეულის წამება და დანაწევრება; 2)სხეულის ჩონჩხად  გადაქცევა; 3) სისხლძარღვების შეცვლა და სისხლის განახლება; 4) ჯოჯოხეთში საკმაოდ ხანგრძლივი ყოფნა, რომლის დროსაც მომავალ შამანს ცოდნას გადასცემენ გარდაცვლილი შამანებისა და "დემონების" სულები; 5) ზეცაში ასვლა ზეციური ღმერთისგან ინიციაციის მისაღებად. სხვა ნეოფიტებისგან განსხვავებით  ინიციაციებში მომავალი შამანი გადის მისტიკური სიკვდილის უფრო რადიკალურ გამოცდას. იგი ერთზე მეტჯერ ექვემდებარება გონებრივი დაბინდვის საშიშროებას და ამ საფრთხეს გადალახავს იმ იმედით, რომ გადავა ჩვეულებრივი არსებობისგან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაზე.

ავსტრალიელი ჯადოქრების ინიციაცია

უაღრესად საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ციმბირის და შუა აზიის შამანების ინიციაციების მახასიათებელი სქემა თითქმის იდენტურია იმ პროგრამისა, რომელსაც ავსტრალიაში ვხვდებით. (საუბარია ზოგად სქემაზე და არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში გავრცელებულ  ინიციაციის ზოგიერთ თემაზე, როგორიცაა სამოთხეში ასვლა, ჯოჯოხეთში ჩასვლა, სხეულის დანაწევრება და ა.შ.) რაც შეეხება პარალელიზმს: ციმბირი და ავსტრალია ისტორიკოსს უყენებს ერთი ცენტრიდან შამანიზმის გავრცელების შესაძლებლობის პრობლემას. სანამ ამ რთულ პრობლემას შევეხებით, უნდა გამოვყოთ ავსტრალიელი ჯადოქრის ინიციაციის ტრადიციული სცენარი. ა.პ. ელკინის წიგნის წყალობით "მაღალი რანგის აბორიგენები", ამის წარმოდგენა არ არის რთული.

ისევე როგორც ჩრდილოეთ აზიასა და ამერიკაში, ავსტრალიაში ჯადოქრად ხდებიან:

1) პროფესიის მემკვიდრეობით გადაცემით;

2) "მოწოდებით" ან "არჩევით";

3) საკუთარი ინიციატივით.

რა გზაც არ უნდა აირჩიოს ნეოფიტმა, ჯადოქრად შეიძლება გახდეს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ჯადოქრების  აღიარების შემდეგ, ან რომელიმე მათგანთან სწავლის შემდეგ და უპირველეს ყოვლისა, მეტნაკლებად რთული ინიციაციის გავლის შემდგომ. უმეტეს შემთხვევაში, ინიციაცია შედგება ექსტატიური განსაცდელისგან, რომლის დროსაც მითიური არსებები ახორციელებენ რიგი ოპერაციების სერიას ინიციაცირებულზე და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ავიდეს ზეცაში ან დაეშვას დედამიწის სიღრმეებში. როგორც ელკინი ამბობს, ინიციაციის რიტუალი ასევე მოიცავს „გმირ-განმანათლებელის წარსულში მომხდარი ისტორიის განმეორებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ზებუნებრივი არსებები, ანტიკური გმირები ან მიცვალებულთა სულები განიხილება, როგორც ინიციაციის გადამცემები, ანუ პროფესიის მასწავლებლები. ” კანდიდატს "კლავს" ეს ზებუნებრივი არსება, რომელიც შემდეგ ატარებს რამდენიმე ქირურგიულ ოპერაციას მის უსიცოცხლო სხეულზე: ხსნის მუცლის ღრუს და ამოაქვს შიგნეული, რომელსაც ანაცვლებს ახლებით, ამატებს კიდევ რაღაც ჯადოსნურ ნივთიერებებს; ან უჭრის სხეულს კისრიდან წელის არემდე, აშორებს მხრის, ბეჭის და ბარძაყის ძვლებს, ზოგჯერ შუბლის ძვალსაც, აცხებს ჯადოსნურ ნივთიერებებს, გამოაშრობს ძვლებს და შემდეგ დააბრუნებს მათ თავის ადგილებზე. ჩვენს წინა ნამუშევარში("შამანიზმი") ჩვენ უკვე მოვიყვანეთ არა ერთი მაგალითი. რონალდ და კეტრინ ბერნდტებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია სამხრეთ ავსტრალიის  უდაბნოში მცხოვრები ტომების ჯადოქრის ინიციაციის შესახებ. ნეოფიტს მიცვალებულის მსგავსად გლოვობენ, რადგან ყველამ იცის, რომ მას "ნაჭრებად დაჭრიან". ის წყლით სავსე ორმოსკენ მიემართება, სადაც ორი ჯადოქარი მას დაუხუჭავს თვალებს და აგდებს გველის პირში. ნეოფიტს გველი  ყლაპავს და მომავალი განდობილი გველის მუცელში გაურკვეველი ვადით რჩება.  და ბოლოს, ჯადოქრებს ორი კენგურუ მიაქვთ საჩუქრად გველისთვის და ისიც კანდიდატს ჰაერში მაღლა ამოაგდებს. ახალწვეული კლდეზე ვარდება და ჯადოქრები მის საძებნელად მიდიან. მათი აზრით, ნეოფიტი ძალიან მცირეწლოვანი ბავშვის ზომამდე შემცირდა. (ჩვენ გავეცნობით მხეცის მუცელში ემბრიონად გარდაქმნის რიტუალურ თემას, რომელიც დედის საშვილოსნოს იდენტურია.) ერთი ჯადოქარი ბავშვს ხელში აიყვანს და ისინი თავიანთ სოფელში გაფრინდებიან.
    
მისტიკური წესრიგის მქონე ამგვარი ინიციაციის შემდეგ - რადგანაც იგი განახორციელა ზებუნებრივმა არსებამ - იწყება ნამდვილი ინიციაცია, რომელშიც მთავარ როლს ასაკიანი ჯადოქრები ასრულებენ. ახალშობილი-კანდიდატი მოთავსებულია ცეცხლის წრეში, სადაც ის სწრაფად იზრდება ზრდასრული ადამიანის პროპორციებამდე. იგი აცხადებს, რომ კარგად იცნობს გველს, რომ ისინი მეგობრებიც კი არიან, რადგან მას მუცელში ეწვია. შემდეგ მოდის განმარტოების პერიოდი, რომლის დროსაც კანდიდატი მედიტირებს და საუბრობს სულებთან. ერთხელაც ჯადოქრები მას ტყეში წაიყვანენ და წითელ ოხრით მოხატავენ. ”ის ზურგზე წევს ცეცხლის წინ და სავარაუდოდ მკვდარია. მთავარი ჯადოქარი აჭრის კისერსა და ხელებს და გადაუხსნის სახსრებს იდაყვებში, თეძოებზე, მუხლებზე და ტერფებზე ”. სხვა "ექიმები" სხეულს ნიჟარებით უვსებენ- ყურებსა და პირში უთავსებენ ისე, რომ კანდიდატს შეეძლო სულების, ფრინველების და უცხო არსებების მოსმენა და გაგება. მის კუჭს ასევე ავსებენ ნიჟარებით, რომ მან ახალი სიცოცხლე მიიღოს და დაცული გახდეს ნებისმიერი იარაღის ზემოქმედებისგან. შემდეგ ჯადოქრები ნეოფიტს "დაკრძალავენ" და შემდგომ კვლავ აღადგენენ. როცა ყველა ბრუნდება სოფელში, განდობილს ახალი საცდელი ელოდება: შამანები შუბებს ესვრიან ახალ "ჯადოქარს", მაგრამ ნიჟარების წყალობით, რომლებითაც იგი არის "გატენილი", ბასრი იარაღები ნეოფიტს სხეულში აღარ ერჭობიან.
   
საქმე გვაქვს ინიციაციის ძალიან დახვეწილ შემთხვევასთან. აქ შეგიძლიათ იხილოთ ინიციაციის ორი ძირითადი თემა, რომელთაგან მხოლოდ მეორეა დამაახასიათებელი ჯადოქრების ინიციაციისთვის:

1) მონსტრის მიერ გადაყლაპვა;

2) სხეულის დანაწევრება.

სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ორმაგ ინიციაციაზე, რომელთაგან პირველი წარმოებულია ზებუნებრივი არსების მიერ, ხოლო მეორე ჯადოქრების. მაგრამ, ”საშვილოსნოში დაბრუნებისას”, კანდიდატი არ იღუპება გველის მუცელში, რადგან ახსოვს მისი იქ ყოფნის შესახებ. ინიციაციისთანავე ნამდვილი რიტუალური მოკვდინება ძველი ჯადოქრების საქმიანობის საგანია. იგი მოიცავს ნეოფიტის ნაწილებად დანაწევრებას, ორგანოების შეცვლას და ჯადოსნური ნივთიერების შეშვებას სხეულში.
   
ინიციაციის ოპერაციები მოიცავს შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების განახლებას, ძვლების გაწმენდას და ჯადოსნური ნივთიერებების ჩანერგვას ნეოფიტის სხეულში: კვარცის კრისტალები, მარგალიტის ნიჟარები ან გველის სულები. კვარცი ასოცირდება ზეციურ სამყაროსთან და ცისარტყელასთან; მარგალიტის ნიჟარები ასოცირდება ცისარტყელა-გველთან, ანუ ისევ ცასთან. ეს ზეციური სიმბოლიკა ასოცირდება ზეცაში ექსტატიკური ასვლასთან. მართლაც, ბევრგან კანდიდატი სტუმრობს სამოთხეში, ან საკუთარი ძალისხმევით(ასვლა, მაგალითად, თოკზე), ან გველით ასვლა. ცაში ის ესაუბრება ზებუნებრივ არსებებს და მითიურ გმირებს. სხვა ინიციაციებია მკვდრების სამეფოში ჩასვლა: მომავალი ჯადოქარი იძინებს სასაფლაოს მახლობლად, ან შედის გამოქვაბულში,  ჩადის მიწისქვეშ ან ტბის სიღრმეში და ა.შ.  ზოგიერთ ტომში ინიციაცია ასევე მოიცავს ნეოფიტის "შეწვას" ცეცხლზე ან მის მახლობლად. დასასრულს, განდობილი აღდგება იმავე ზებუნებრივი არსების მეშვეობით, რომლებმაც იგი მოკლეს და ახლა ის არის მაგიური "ძალაუფლებით დაჯილდოებული ადამიანი". ინიციაციის დროს და მის შემდეგ ნეოფიტი ხვდება სულებს, მითიური პერიოდის გმირებს და მიცვალებულთა სულებს, რომლებთაგანაც  ყველა მათგანი მას ჯადოქრობის საიდუმლოებებს ასწავლის. თავად განათლება ცხადია, ასაკოვანი ოსტატების ხელმძღვანელობით სრულდება.
   
დასასრულს, ადამიანი ხდება ჯადოქარი სიკვდილის შედეგად ინიციაციის წესით, რასაც მოჰყვება აღდგომა და ახალი ზეადამიანური შესაძლებლობების შეძენა. ავსტრალიელი ჯადოქრის რიტუალური სიკვდილი, ციმბირელი შამანების სიკვდილის მსგავსად, მოიცავს ორ სპეციფიკურ და განსაკუთრებულ მახასიათებელს:

1) კანდიდატის სხეულზე ჩატარებული მთელი რიგი ოპერაციები (მუცლის გახსნა, ორგანოების განახლება, ძვლების დაბანა და გამოშრობა, ჯადოსნური ნივთიერებების დამატება) ;

2) ზეცაში ასვლა, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს ექსტაზური მოგზაურობა სხვა სამყაროში.

ჯადოქრების ტექნიკურ საიდუმლოებასთან დაკავშირებული აღმოჩენები მიღებულ იქნა ტრანსში, ძილში, სიფხიზლეში, ინიციაციის რიტუალის დაწყებამდე ან მის შემდეგ.
                             
უფრო განვითარებული კულტურების ზეგავლენა
    
ელკინმა ავსტრალიელი ჯადოქრის ინიციაციის სცენარი მიუახლოვა მუმიფიკაციის რიტუალს, რომელიც აღმოსავლეთ ავსტრალიაში დასტურდება; როგორც ჩანს ეს უკანასკნელი წეს-ჩვეულება აქ დეტროის დე ტორესის კუნძულებიდან ჩამოვიდა, სადაც მუმიფიკაციის გარკვეული სახეობა ნამდვილად გამოიყენებოდა. ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კულტურაზე მელანეზიის გავლენა უდავოა. მაგრამ, ელკინს სურს დაიჯეროს, რომ ეს მელანეზური გავლენა, რომელსაც თან ახლდა იდეები და ტექნიკა- თავდაპირველად სხვა, უფრო მაღალ კულტურებს ეკუთვნოდა. იგი არ ამტკიცებს დაჟინებით მელანეზიის მუმიფიკაციის რიტუალის ეგვიპტური წარმოშობას, თუმცა ზოგიერთი ანალოგია მართლაც გასაოცარია. ის პარალელს ავლებს და საკმაოდ სწორადაც, ავსტრალიელი ჯადოქრების პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებსა და ინდურ-ტიბეტელი იოგების ქცევასთან. ცეცხლში შესვლა, ჯადოსნური თოკის გამოყენება, გაქრობის და სურვილისამებრ წარმოშობის უნარი, უკიდურესად სწრაფი გადაადგილება და ა.შ.-ისევე პოპულარულია ავსტრალიელ ჯადოქრებში, როგორც იოგებსა და ფაკირებს შორის. „შესაძლებელია,“ - წერს ელკინი, -„ რომ არსებობს გარკვეული ისტორიული კავშირები ინდოეთსა და ტიბეტში იოგასა და სხვა ოკულტურ პრაქტიკებსა და ავსტრალიელი ჯადოქრების პრაქტიკასა და ფსიქიკურ შესაძლებლობებს შორის“. ინდუიზმი გავრცელდა აღმოსავლეთ ინდოეთში, იოგას აპრაქტიკებდნენ კუნძულ ბალის კუნძულებზე და ავსტრალიელი ჯადოქრების ზოგიერთი მოქმედება შედარებულია პაპუას შამანების ქმედებებთან. თუ ელკინის ვარაუდები დასაბუთებული იქნებოდა, ავსტრალიაში გვექნებოდა ისეთი ვითარება, როგორიც აზიასა და ციმბირში გვხვდება: შუა და ჩრდილოეთ აზიის შამანიზმი ღრმად არის გამსჭვალული კულტურის ელემენტებით, რომლებიც შემოვიდა მესოპოტამიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ჩვენ გვეჩვენება, რომ ავსტრალიელი ჯადოქრების რიტუალის, რწმენის, ოკულტური ტექნიკის საფუძვლებმა ინდური გავლენის წყალობით ახლანდელი ფორმა მიიღო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შამანიზმის ორივე ეს ფორმა - ავსტრალიური და ჩრდილოეთ აზიური-უნდა განიხილებოდეს, როგორც უფრო მაღალგანვითარებული რელიგიების გავლენის შედეგი. ამ გავლენებმა უდავოდ ზეგავლენა მოახდინეს შამანების მისტიკური იდეოლოგიასა და ტექნიკაზე, მაგრამ მათ ის არ შეუქმნიათ. მსგავსი შამანისტური რიტუალები და კიდევ უფრო თვალსაჩინო პარაფსიქოლოგიური გავლენის შესაძლებლობები ინდო-ტიბეტური ფაკირების ან ავსტრალიელი ჯადოქრების მსგავსია და გვხვდება იმ რეგიონებშიც, სადაც ძნელი წარმოსადგენია ინდური გავლენა - მაგალითად, ამერიკის ორივე კონტინენტზე. მთელ მსოფლიოში, პარანორმალური შესაძლებლობების შეძენა ხდება ჯადოქრების სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის, მათი შეპყრობილობის და იმიტირებული ან ნამდვილი ტრანსის შედეგად. ეს ხდება ჯადოქრებისა და შეპყრობილ ადამიანთა შორის, რომლებიც ცდილობენ ზოგჯერ არასწორი საშუალებებით, რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ნორმალური ქცევა, რათა ირწმუნონ თავიანთი პარანორმალური ძალების. ასე რომ, მაგების და შეპყრობილთა არსებობა დასტურდებოდა კულტურის განვითარების უძველეს ეტაპებზე. ინდოეთის შესაძლო გავლენა ავსტრალიაში, ისევე როგორც ლამაიზმის გარკვეული გავლენა ციმბირში, მხოლოდ ანტიკური მაგიის ადგილობრივი ტრადიციების დადასტურება, დაზუსტება  და დამატებაა.

გარდა ამისა, კონკრეტულად შამანური ტექნიკა და იდეოლოგია: მაგალითად, ხეზე ზეცაში ასვლა ან "ჯადოსნური ფრენა" - დადასტურებულია თითქმის მთელ მსოფლიოში და მათი ახსნა ძნელია მხოლოდ ინდური ან მესოპოტამიური ზემოქმედებით. ანალოგიურად, გავრცელებულია შეხედულებები სამყაროს ცენტრში მდებარე "დედამიწის ღერძთან" დაკავშირებით, წერტილიდან საიდანაც შესაძლებელია კომუნიკაცია კოსმოსის სამ ზონას შორის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შამანიზმის მთავარი მახასიათებელია ექსტაზი, რომელიც განიმარტება, როგორც მომენტი, როდესაც სული სხეულს ტოვებს. ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, რომ ექსტატიკური გამოცდილება არის კონკრეტული ისტორიული ცივილიზაციის ან კონკრეტული კულტურული ციკლის შექმნა. სავსებით შესაძლებელია, რომ ექსტატიკური გამოცდილება, მისი სხვადასხვა გამოვლინებით, განუყოფელია ადამიანის ცხოვრებისაგან და წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების განუყოფელ ნაწილს, ადამიანის არსებობის განსაკუთრებულ გზას სამყაროში. შამანიზმი არ არის მხოლოდ ექსტაზის ტექნიკა; მისი თეოლოგია და ფილოსოფია სულ ბოლოს არის დამოკიდებული ექსტაზის მნიშვნელობაზე. რას ნიშნავს ყველა ეს შამანური რიტუალები და მითები, რომლებიც უკავშირდება ზეცაში ასვლას და "ჯადოსნურ ფრენას", ან უჩინარი და უწვავი გახდომის უნარს? ყველა მათგანი გამოხატავს უნივერსალურ, კოსმიურ დონეზე განსახილველ განსაკუთრებულ ინტერვალს ყოველდღიურ, ყოფიერ არსებობაში. აშკარაა ამ ინტერვალის ორმაგი მნიშვნელობა: ეს არის ამავე დროს სხვა სამყაროში გადასვლა და თავისუფლება, რომელიც შეიძლება მოიპოვოთ აღმასვლით, ფრენით, უჩინრად გახდომით და ა.შ. ბუნებრივია, ტერმინები "ტრანსცენდენცია" და "თავისუფლება" ”არ ეხება კულტურის უძველეს დონეს მაგრამ, გამოცდილებას ეხება და ეს მნიშვნელოვანია. აბსოლუტური თავისუფლების სურვილი, დედამიწასთან და მის საზღვრებთან დამაკავშირებელი ბორკილების დატეხვის სურვილი- ადამიანის მთავარი მისწრაფებების ტოლფასია. მეორეს მხრივ, ფრენა და ზეაღსვლა აღნიშნავს ტრანსცენდენტალურ ქმედებას: ”ფრენა” ამტკიცებს, რომ ადამიანი გაიჭრა სიცოცხლის ზღვარს ”ზევით”, რომ იგი შეპყრობილია სულიერების ჭარბი დოზებით. ყველა მითი, რიტუალი და ლეგენდა, რომელიც ახლახანს მიმოვიხილეთ, გამომდინარეობს ნოსტალგიური მოთხოვნილებიდან, რომ დავინახოთ როგორ იქცევა ადამიანის სხეული, ისე როგორც "სული": შეცვალოს ადამიანის სხეულებრივი ფორმა და გადააქციოს იგი სულიერ "ფორმად".
   
ასე რომ, "სულივით მოქცევის" სურვილი ყველგან ფართოდ არის გავრცელებული, მას არანაირი კავშირი არ აქვს კაცობრიობის ისტორიის კონკრეტულ მომენტთან. შამანი ან ჯადოქარი ისეთივე როლს ასრულებს ძველ რელიგიებში,  როგორც მისტიკოსები მოწინავე რელიგიებში; ისინი მაგალითნი არიან დანარჩენი საზოგადოებისთვის, რადგან აცნობიერებენ ტრანსცენდენტურობას და თავისუფლებას; ამით სულების და სხვა ზებუნებრივი არსებების მსგავსებნი ხდებიან. არსებობს საფუძველი იმისა, რომ ზებუნებრივ არსებების დამსგავსების სურვილი ადამიანს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე აწუხებდა.
   
შამანიზმის ზოგადი ფენომენი სცილდება ჩვენი კვლევის ფარგლებს და ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ მისი ზოგიერთი ასპექტის წარმოდგენით, რაც ეხება ძირითადად იდეოლოგიას და ინიციაციის წესებს. ჩვენ კონსტატაცია მოვახდინეთ მისტიკური სიკვდილისა და აღდგომის თემის მნიშვნელობაზე. მაგრამ, ჩვენ ასევე ვაჩვენეთ გარკვეული მახასიათებლების არსებობა, რომლებიც თითქმის მხოლოდ შამანურ ინიციაციას უკავშირდება: სხეულის გაკვეთა, ჩონჩხად გადაქცევა, შინაგანი ორგანოების განახლება; დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისტიკურ ზეცაში აღმასვლებს და დაშვებებს ქვესკნელის სამყაროს სიღრმეებში; დაბოლოს, მეხსიერების მნიშვნელოვანი როლი: შამანები და ჯადოქრები არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ თავიანთი ექსტატიკური გამოცდილებები. ზოგიერთი შამანი კი აცხადებს, რომ ინახავს მათი წინა ცხოვრების მოგონებებს. ამრიგად, ჩვენ ვადასტურებთ "სიკვდილის" გამოცდილების შესამჩნევად გაღრმავებას ინიციაციის დროს და ამავე დროს, მეხსიერების და ზოგადად, ფსიქიკური და გონებრივი შესაძლებლობების მნიშვნელობის ზრდას.  შამანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ახერხებს თავის ცნობიერებაში შეიტანოს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ სამყაროში ეკუთვნის ოცნებებს, "სიგიჟეს" და სიკვდილთან ახლოს მყოფ სივრცეებს. პრიმიტიული საზოგადოების შამანები და მისტიკოსები სწორად განიხილებიან, როგორც უმაღლესი არსებები; მათი მაგიური და რელიგიური შესაძლებლობები აიხსნება მათი მენტალური ძალით. ამიტომ შამანი ხდება მოდელი მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ეს ზეშესაძლებლობები. შამანი არის ადამიანი, ვინც იცის და ახსოვს, ანუ არის სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებს ნაზიარები ადამიანი, ის ითავისებს სულის ცხოვრებას. შამანი არა მხოლოდ ექსტაზური, არამედ დამკვირვებელი და მოაზროვნეცაა. უფრო გვიანდელ ცივილიზაციებში "ფილოსოფოსები" სწორედ ამ ხალხიდან წარმოიშვებიან, რომლებიც  დაჟინებით ცდილობენ გაარკვიონ არსობის საიდუმლოებები და მოწოდებულნი არიან თავიანთი შინაგანი ცხოვრება ექსპერიმენტულად  იკვლიონ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff