შესავალი
მთარგმნელი: ადილარი წირღვავა
(ეს წიგნი პირველად რუდოლფ შტაინერის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მარი შტაინერის რედაქციით და წინასიტყვაობით. მისი გერმანული სახელწოდება იყო „Die geistige Führung des Menschen und der Menschheit: Geisteswissenschaftliche Ergebnisse über die Menschheitsentwicklung“, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება - „ადამიანისა და კაცობრიობის სულიერი ხელმძღვანელობა: სულიერ-მეცნიერული შედეგები კაცობრიობის განვითარების შესახებ“. თუმცა ინგლისურად თარგმნის დროს რატომღაც ასე უწოდეს - Turning points spiritual history. ეს არის რუდოლფ შტანერის 1911-12 წლებში წაკითხული ლექციების კომპილაცია, რომელიც ეხება კაცობრიობის დიად მასწავლებლებს და მათთან ერთად ცალკე გამოყოფილია ქრისტეს ფიგურა. წიგნად გამოცემული ლექციების ეს ნაკრები რელიგიების ისტორიის სრულიად ახალი, არატრადიციული გადააზრებაა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ტრადიცია განიხილება როგორც კაცობრიობის ევოლუციის ეტაპები ერთი ღვთიური გეგმის ფარგლებში. რუდოლფ შტაინერის აზრით ადამიანის სულიერი ისტორია არ არის წრფივი, არამედ მასში არსებობს გადამწყვეტი მომენტები, როდესაც მაღალგანვითარებული სულიერი არსებები - დიდი მოძღვრები ჩნდებიან, რათა კაცობრიობას ახალი, გადამწყვეტი იმპულსი მისცენ. მათ მოძღვრებებს იგი განიხილავდა, როგორც ძირითად ნაწილს იმ სულიერი მემკვიდრეობისას და დინებებისას, რომელმაც მოამზადა გზა ქრისტიანული მისტერიისთვის.
წიგნს წანამძღვრებულ მარი შტაინერის შესავალში მოწოდებულია საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაცია, რომელიც მკრთალი ანარეკლია იმ მოვლენების თუ რა პირობებში უხდებოდა და რა უჯდებოდა რუდოლფ შტაინერს თავისი მოღვაწეობა.
წიგნი ნათარგმნია ინგლისურად, შემდეგ კი თარგმნა მოხდა წიგნის ინგლისურად ნათარგმნი ვერსიიდან)
წინასიტყვაობა
1911-12 წლებში როდოლფ შტაინერის მიერ ბერლინში ამ ექვს საჯარო ლექციაში წარმოჩენილია კაცობრიობის სულიერი განვითარების გარდამტეხი ეტაპები. ხუთი შერჩეული პიროვნების მაგალითებით იგი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია განვითარებად ადამიანურ ცნობიერებას გაიაზროს საკუთარი თავის სულიერი არსი. თითოეულმა მათგანმა დედამიწაზე ადამიანში შემოიტანა განსხვავებული, მეტი ცნობიერება ადამიანის სულიერი მეს და მისი მიწიერი გარემოს ურთიერთობის შესახებ.
შტაინერმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანის სულიერი მე-ს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებების აღწერას და მისი სულიერი გზის სხვადასხვა საფეხურებისა და მდგომარეობების ჩვენებას. თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაში მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ეპოქის ახალ სულიერ გარდატეხაზე. მისი სრულიად ნათელი განცხადებები ადამიანის დღევანდელი, განსხვავებული სულიერი მდგომარეობის შესახებ მას იმავე სიმაღლეზე აყენებს, რომელზეც ის ხუთი ისტორიული პიროვნებაა, რომელთა შესახებაც ამ ლექციებში ისაუბრა. საბოლოო ლექცია – „ქრისტე მეოცე საუკუნეში“ – არსებითად მისი პირადი განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორი არის და როგორი იქნება მომავალში ადამიანის ურთიერთობა ქრისტესთან. ეს კავშირი განსხვავებულია, თუმცა ამავდროულად ემატება იმ ურთიერთობას, რომელიც უკვე შემოიტანა ადამიანობაში იმ ხუთმა ფიგურამ ქრისტეს არსის მიმართ.
რუდოლფ შტაინერია პასუხისმგებელი ადამიანის სულიერი მეს თვითშეგნების გაღვიძებაზე დაფუძნებულ, ადამიანის ბედის სულიერი საფუძველის და ადამიანის რეინკარნაციის კანონების წარმოდგენაზე, რომლებიც არის კონკრეტული, უნიკალური, აუცილებელი და ახალი ადამიანური გამოცდილება. იგი ადამიანის ნების სულიერი ძალის თავისუფალ საქმეებში გაწვრთნას მოითხოვს, რომ ნამდვილი თავისუფალი, ინდივიდუალური მე უკვე შეგნებულად ქმნიდეს და საზღვრავდეს საკუთარ ბედს, საკუთარ გარემოს, საკუთარ ფიზიკურ სხეულსაც კი მაშინაც, როცა იგი მიწას არის მიჯაჭვული.
ეს არის დიდებული შესაძლებლობა, რომელიც ერთდროულად აუცილებელიცაა და შესრულებადი. თითოეულ ადამიანს, შტაინერის მიღწევების წყალობით, ახლა აქვს აღწერილი მეთოდი და ხელმისაწვდომი საშუალება, რათა მიაღწიოს ამ — მეათე იერარქიის (შენიშვნა N1), ნამდვილი თავისუფალი, დამოუკიდებელი, თვითშეგნებული, სულიერი ადამიანის, დედამიწაზე განსახიერებული სიყვარულის არსების მდგომარეობას და გაიაზროს, თუ რას ნიშნავს ეს ცნობიერება მთლიანად სამყაროსათვის.
გთავაზობთ შტაინერის უკანასკნელი ნაშრომებიდან ამოკრებილ სიტყვებს, როგორც მკითხველისთვის შტაინერის სულიერი მნიშვნელობის მინიშნებისა და ამ წიგნში განხილული პიროვნებების - ზარათუსტრას, ჰერმესის, ბუდას, მოსესა და ელიას გვერდით დაყენების საფუძვლის შესახებ:
„კაცობრიობის ევოლუციაში ცნობიერება ჩადის განვითარებადი აზრის კიბეზე. იყო ცნობიერების ყველაზე ადრეული ეტაპი, როდესაც ადამიანი განიცდიდა აზრებს ეგოში, როგორც ნამდვილ არსებებს, სავსე სულით, სულის ცხოვრებითა და სიცოცხლით. მეორე ეტაპზე ის განიცდიდა აზრებს ასტრალურ სხეულში. ამიერიდან ისინი მხოლოდ სულიერი არსებების გამოსახულებებად გამოჩნდნენ, რომლებიც სავსე იყვნენ სულითა და სიცოცხლით. მესამე ეტაპზე ის განიცდიდა აზრებს ეთერულ სხეულში. აქ ისინი მხოლოდ სულის თვისების ექოდ შინაგან სწრაფვას ავლენდნენ, მეოთხე, ანუ ამჟამინდელ ეტაპზე, ადამიანი განიცდის აზრებს ფიზიკურ სხეულში, სადაც ისინი სულიერის მკვდარი ჩრდილებად სჩანან.
რამდენადაც ადამიანის აზრში სულისა და სამშვინველის სიცოცხლის ხარისხი უკან იხევს, იმდენადვე ცოცხლდება ადამიანის ნება და ნამდვილი თავისუფლება ხდება შესაძლებელი.
მთავარანგელოზ მიქაელის ამოცანაა, დააბრუნოს ადამიანი იმ გზაზე, საიდანაც ის ჩამოვიდა თავის მიწიერი ცნობიერებაში, როდესაც აზროვნებით ცოცხალი ზეგრძნობადი განცდიდან ჩავიდა გრძნობათა სამყაროს განცდამდე.
მიქაელი ნებას აღმავალი გზით წარმართავს, იმ გზების გავლით, რომლებითაც სულის ევოლუციაში სიბრძნე ჩამოვიდა საბოლოო ეტაპამდე – ინტელექტამდე.
ამ მომენტიდან მსოფლიოს ევოლუციაში მიქაელი მხოლოდ თავის გზას აჩვენებს, რათა ადამიანი მიჰყვეს მას თავისუფლად. ეს განასხვავებს მიქაელის ამჟამინდელ მეუფებას ყველა წინა მთავარანგელოზების მეუფებისაგან, მათ შორის მიქაელის საკუთარი წინა წარმმართველებისაგანაც კი. რადგან წინა წარმმართველები არა მხოლოდ ავლენდნენ თავიანთ მოქმედებას, არამედ თავადვე მოქმედებდნენ ადამიანში. ამიტომ, ადამიანი თავისი ცხოვრებაში მოქმედებების დროს არ იყო თავისუფალი.
ამის დანახვა და გაგება არის ადამიანის ამჟამინდელი ამოცანა. რათა მან თავისი სულის ყველა ძალით იპოვოს სულიერი გზა მიქაელის ეპოქაში.
მიქაელის მოქმედების ჭეშმარიტად გაცნობიერება მსოფლიოს სულიერ წესრიგში, ნიშნავს ადამიანის თავისუფლების გამოცანის ამოხსნას კოსმოსთან დაკავშირებით, იმდენად, რამდენადაც ეს ამოხსნა აუცილებელია დედამიწაზე მყოფი ადამიანისთვის.
„თავისუფლება“, როგორც ფაქტი, პირდაპირ ეძლევა ყოველ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს იაზრებს კაცობრიობის ევოლუციის ამჟამინდელ პერიოდში. ვერავინ იტყვის: „თავისუფლება არ არსებობს“, თუ მას არ სურს აშკარა ფაქტის უარყოფა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გარკვეული წინააღმდეგობა ამ ჩვენი გამოცდილების ფაქტსა და კოსმოსის პროცესებს შორის. მიქაელის მისიის ჭვრეტისას კოსმოსის ფარგლებში ეს წინააღმდეგობა იხსნება.
ჩემს წიგნში - თავისუფლების ფილოსოფია, ადამიანის „თავისუფლება“ ამჟამინდელ მსოფლიო-ეპოქაში დამტკიცებულია, როგორც ცნობიერების არსებითი ელემენტი. აქ მოცემულ მიქაელის მისიის აღწერებში, ცხადდება ამ თავისუფლების „წარმოშობის“ კოსმიური საფუძვლები”.
ბერნარდ ჯ. გარბერი
თებერვალი 1987 წელი
მთარგმნელის წინასიტყვაობა
ამ ტომში წარმოდგენილი, გერმანულიდან ნათარგმნი ეს ექვსი ლექცია, იყო ნაწილი იმ ლექციების სერიისა, რომელიც რუდოლფ შტაინერმა ბერლინში წაიკითხა 1911-12 წლებში. მათი მიზანი იყო ყურადღების მიქცევა სულიერი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ კაცობრიობის განვითარებისათვის და სულიერი მეცნიერებით ე.წ. გარდამტეხ ეტაპებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების ნათელჰყოფა. მეტიც გარეგანი კვლევის შედეგების შედარება და დაპირისპირება სულიერი მეცნიერების მეთოდით წარმოშობილ ცოდნასთან. მკითხველი ამ უაღრესად საინტერესო ლექციებში იპოვის აზროვნების ახალ გზებს და ნათელს მოჰფენს ბიბლიაში არსებული მრავალი ბუნდოვან და გარკვეულ რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტექსტის მნიშვნელობის გასააზრებლად აუცილებელია გავიგოთ რას გულისხმობს ტერმინი „სულიერი მეცნიერება“, რომ მისი მეთოდები ჭეშმარიტია და დადასტურებულია და რომ მათ აქვთ ფაქტობრივი, პოზიტიური ღირებულება. მისი შედეგები მოგვიანებით ჩატარებული გარეგანი სამეცნიერო კვლევის შედეგებთაც დადასტურებულა. სულიერი მეცნიერება არ არის რაღაც ახალი ფანტასტიკური კონცეფცია, არამედ კოსმოსისა და სულიერი სამყაროს ღრმა საიდუმლოებების გამოკვლევისა და გამჟღავნების ლოგიკური მეთოდია. რუდოლფ შტაინერმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება მისი მეთოდების გამოიყენება შინაგანი განათლებისა და ცხოვრების წარმართვის სახელმძღვანელო მითითებების მისაღებად.
რუდოლფ შტაინერის წიგნის, „კვლევები ოკულტიზმში“, რომელიც გამოქვეყნებულია G. P. Putnam's Sons-ის მიერ, დასაწყისში მოცემულ შესავალის ავტორმა, რუდოლფ შტაინერის ნაწარმოებების ინგლისური თარგმანების რედაქტორმა, ჰ. კოლისონმა ნათლად და ლაკონურად წარმოაჩინა რუდოლფ შტაინერის ფილოსოფიის ძირითად მახასიათებლები და სულიერი მეცნიერების ფუძემდებლურ პრინციპები. სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით არის წარმოდგენილი შემდეგი მოკლე განმარტება სულიერი მეცნიერების შესახებ.
რუდოლფ შტაინერმა განსაზღვრა „ანთროპოსოფია“ ან „სულიერი მეცნიერება“ (ეს ტერმინები სინონიმებია) როგორც „ცოდნა, რომელიც წარმოშობილია ადამიანის უმაღლესი მე-დან“. სიტყვა „ანთროპოსოფია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან — ànthrôpos (ადამიანი) და sophia (სიბრძნე). თავისი დიდი სულიერი ნიჭისა და ძველი ოკულტური სწავლებების ღრმა გაგების წყალობით, შტაინერმა შეძლო შეემუშავებინა და განევითარებინა გარკვეული მეთოდები. ადამიანი, რომელიც ამ მეთოდებით მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით აამაღლებს თავისი სულის ფარულ ძალებს და გადალახავს ყველა მიწიერ ვნებასა და სურვილს, შეუძლია ერთდროულად განიცადოს მატერიალურთან და სულიერთან კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებს სრულ ცნობიერებას გარე სამყაროსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მისი თვალები იხსნება და მისი შინაგანი მხედველობა მას უმჟღავნებს სულიერი სფეროების არსებობასა და მოქმედებებს. ამ ნათელმხილველური მდგომარეობის დროს, რომელიც განსხვავდება სპირიტუალისტებისთვის ნაცნობი ჩვეულებრივი მედიუმური ტრანსისგან, ადამიანი აღმოჩნდება ღვთაებრივ მოვლენებთან ფაქტობრივ კავშირში. მისი არსების უფრო დახვეწილი სხეულები - ასტრალური სხეული და ეგო ან ცნობიერების სხეული, დროებით ტოვებენ ეთერულ და ფიზიკურ სხეულებს (იხ. შენიშვნა, გვერდი 190). თუმცა, ეს წინა ორი მაინც ინარჩუნებს, ცნობიერი კავშირს ფიზიკურ სხეულთან. სწორედ ამ ცნობიერი კავშირის ხარისხი და ძალა განსაზღვრავს განსხვავებას ამ ნამდვილ ნათელმხილველურ მდგომარეობასა და უბრალო ძილს ან ჩვეულებრივ ტრანსს შორის. ამ შეზღუდული განცალკევების მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სული და ეგო შევიდნენ სულიერ სამყაროში და მას დაუკავშირდნენ, ინდივიდუალური ცნობიერება მაინც ნარჩუნდება, პიროვნებას არ უწყდება კავშირი ეთერულ და ფიზიკურ სხეულებრივ ელემენტებთან, და იმავდროულად ცნობიერია ადამიანის ჩვეულებრივი ცნობიერებისა და მატერიალური მხედველობის მიღმა ცხოვრებისა.
როდესაც სულის ძალების განვითარებით ეს მდგომარეობა მიღწეულია, ადამიანი აღმოჩნდება ახალ სამყაროში, სულიერ სამყაროში. მას შეუძლია გაიაზროს მისი რეალობა და გამოიკვლიოს მისი საიდუმლოებები. ცოდნა და სიბრძნე, რომელიც მას ეძლევა - მუდმივია. მათით შეუძლია მოიტანოს ნუგეში და განმანათლებლობა, რათა დაეხმაროს და სარგებელი მოუტანოს კაცობრიობას. იმ პერიოდში, როდესაც ეგო პირდაპირ კავშირშია სულიერ სფეროებთან, ადამიანი იძენს ნამდვილ ცოდნას ჭეშმარიტებისა და ილუზიის, სიკეთისა და ბოროტების შესახებ. თავის ამაღლებით გარდაცვლილთა დონემდე, მას შეუძლია მათთან ურთიერთობა, არა ისე, როგორც სპირიტუალისტს, რომელიც გარდაცვლილებს თავისკენ იხმობს, არამედ თავის ამაღლებით იმ უმაღლესი ცხოვრების სფეროში, სადაც ისინი იმყოფებიან.
ამგვარად, შტაინერმა აჩვენა, რომ თანამედროვე დროშიც კი შესაძლებელია კაცობრიობას სულიერ სამყაროსთან უბრალოდ ხანმოკლე კავშირზე მეტი ჰქონდეს და ამის მეშვეობით მიიღოს ცოდნა არა მხოლოდ სულიერი საგნების, არამედ მატერიალურ სამყაროში ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სწორი წარმართვისთვისათვისაც. ძალა და თვისება, რომელიც ამის მისაღწევად არის საჭირო, მხოლოდ გულმოდგინე და უწყვეტი შრომით მიიღწევა, ისე რომ გრძნობები, ფიქრები და ნებისყოფა მთლიანად მიმართული იყოს სულიერი განვითარებისა და ადამიანის შინაგანი არსების ეთიკური აღზრდისკენ — ეს დისციპლინა აუცილებელია.
მედიტაციის ან კონცენტრაციის სავარჯიშოებია სულიერი მეცნიერების ის მეთოდები, რომლებითაც შესაძლებელია სულის ამაღლება, ადამიანის მეს სულიერი სამეფოების არსში ჭეშმარიტად შეღწევა და მოქმედებების შემეცნება. ეს მეთოდები დეტალურადაა აღწერილი რუდოლფ შტაინერის გარკვეულ წიგნებში, სახელწოდებით: სულიერი სამყაროს ზღურბლი, გზა თვითშემეცნებისკენ და ინიციაციის გზა, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ზენა სამყაროების ცოდნა. ყველა ეს წიგნი გამოქვეყნებულია G. P. Putnam's Sons-ის მიერ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ანთროპოსოფიური ცენტრებიდან. სავარჯიშოების მთავარი მიზანია ადამიანის არსების სამი ძირითადი კომპონენტის — სხეულის, სამშვინველისა და სულის გაძლიერება და ჰარმონიზაცია, რათა მოხდეს მჭიდრო კავშირი იმ დიდებულ სფეროებთან, სადაც მდებარეობს ღვთაებრივი ძალის წყარო. ამგვარად მიღებული განმანათლებლობის მეშვეობით, მატერიალური სამყაროს უფრო ცხადად გაიგება.
ზემოთ მოყვანილია სულიერი მეცნიერების მეთოდების მოკლე მიმოხილვა, რომლის მეშვეობითაც რუდოლფ შტაინერმა მოიპოვა თავისი დიდი სულიერი გამჭრიახობა და გამორჩეული ინტელექტუალური ძალა. შტაინერი თვლიდა, რომ მისი მისია და მოვალეობა იყო სახარებებისა და სამების ქრისტიანული ინტერპრეტაციის განმარტება და განვითარება, აგრეთვე ცოცხლებსა და მიცვალებულებს შორის სათანადო და გონივრული კომუნიკაციის საშუალებების წარმოჩენა. გარდა ამისა, ის ყოველთვის მზად იყო ახალი იმპულსის მიცემით კაცობრიობის სასარგებლოდ ნებისმიერი მიმართულებით გამოეყენებინა თავისი სულიერი გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა, რომელსაც ის ღირსეულად და კაცობრიობის განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.
ამ ტომის შთამაგონებელი შესავალი, რომელიც მარი შტაინერს ეკუთვნის, მართლაც შესაფერისია საგულისხმო და შთამბეჭდავ ლექციებსა.
რუდოლფ შტაინერის ნაშრომები განაგრძობენ არსებობას და დროის გასვლის მიუხედავად ის მუდამ ჩაითვლება ერთ-ერთ იმათგანად, ვინც დიდი და საგმირო მისია შეასრულა.
შესავალი
1902 წელს რუდოლფ შტაინერმა საბოლოოდ გადაწყვიტა გამხდარიყო სულიერი მეცნიერების მაცნე და მისი გზავნილი მატერიალისტური სამყაროსთვის განეცხადებინა. ამით მან თავი გაწირა დაცინვის, დამცირებისა და მტრობისთვის. მიუხდავად იმისა, რომ იყო თავისი დროის ყველაზე ნიჭიერი და უნარიანი ადამიანი, ის თავს არიდებდა ყოველგვარ აღიარებას და ნებაყოფლობით უარყოფდა ყველა პრეტენზიას მსოფლიოს უმაღლეს ჯილდოებზე, რომლებიც მისთვის ადვილად მისაწვდომი იყო, რადგანაც თავი მიეძღვნა არსებული მნიშვნელოვანი მოძრაობის კაცობრიობის სულიერი ჭეშმარიტების გონივრული და სათანადო გაგებისაკენ წარმართვისთვის. ამგვარი აზროვნება და ნებას მიცემული იმპულსი საშუალებას აძლევდა კაცობრიობას გადაელახა ის საშინელი უფსკრული, რომელშიც, თუნდაც ახლა, ნიცშე (თანმიმდევრული მატერიალისტური ფილოსოფიის დიდი მოციქული) და მასთან ერთად მისი უამრავი ნაკლებად მნიშვნელოვანი მიმდევარი ჩაიძირა, რომლებიც ვერ პოულობენ გზას, რათა გადაირჩინონ თავი სულიერი განადგურებისგან.
ასეთი ადამიანებისთვის რუდოლფ შტაინერი ერთდროულად გახდა მხსნელი და მხარდამჭერი. სწორედ მათთვის და კაცობრიობისთვის გადაწყვიტა მან ეს ალტრუისტული საქმე, რაც თავისთავად გულისხმობდა გაბედულ, მამაცურ აღმავალ ნაბიჯს ადამიანის პროგრესის გზაზე.
ამ სრულიად არაეგოისტურმა ქმედებამ მოითხოვა მტკიცე გადაწყვეტილება, ნების ურყევი სიმტკიცე და სულიერი რეალობის ზომიერი და გონივრული გააზრება, რომელიც გაჯერებული იყო ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობის ღრმა გრძნობით. აქ არ იყო გაცვეთილი ინტელექტუალური უნარი, არც ექსტაზი, არც აღმოსავლური ელფერის მქონე მისტიკური ხიბლი. მკაცრად, მტკიცედ და მშვიდად, ის მიჰყვებოდა თავის გზას და ყოველთვის გადასცემდა სულიერ განმანათლებლობას.
რუდოლფ შტაინერი სულიერ საკითხებზე არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, თითოეულ ქალაქში, სადაც ის კითხულობდა ლექციებს, არასოდეს იღლებოდა იმ ძირითადი პრინციპების განმარტებით, რომლებზეც მან ააგო თანამედროვე ინტელექტუალური ძალისა და გამჭრიახობის მოთხოვნებისა და პრეტენზიების შესაბამისი მყარი გონებრივი სტრუქტურა. სათანადო და სრულყოფილი განხილვისას, ის თავისუფლად აღიარებდა გამოწვევისა და კითხვის დასმის უფლებას. მან შეაქო ბუნებრივი მეცნიერების მიღწევები და რეკომენდაცია გაუწია მისი მეთოდების გამოყენებას სულის მეცნიერებაში. მან დაგმო უმეცრება და კანტის ფილოსოფიის ექსტრემალური ხაზი, უარყო ცოდნა წინასწარ განსაზღვრულ და შეზღუდულ ზღვრებზე.
არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი დროის სულიერი დესპოტების, სხვადასხვა ტირანების სიძულვილი რომ გროვდებოდა — რადგან ყველგან, სადაც ის მიდიოდა, მიჰქონდა ის ახალი, გამაცოცხლებელი, განმაახლებელი სიცოცხლე, რომელიც მომავალში გახდება ყოვლისშემძლე. ის, ვინც ამ სიცოცხლეს მოუტანს კაცობრიობას, თავად უნდა გაუძლოს მარტვილობას და იდგეს თითქოს ჩაკეტილი შურის, ბოროტი ნებისა და შეურაცხყოფის ერთ მხარეს და გადაულახავი ინერციის, სულელური მსუბუქი განწყობისა და გაუაზრებლობის მეორე მხარეს შუა. ჭეშმარიტად, ყოველდღიური ტანჯვაა ამის გაძლება მტრულად განწყობილი ან დახმარების მთხოვნელი, მიჯაჭვული კაცობრიობის მუდმივად მძვინვარე ტალღების წინააღმდეგ, ყოველთვის განახლებულ და არასოდეს შეწყვეტილ, ამომწურავ საქმიანობაში. ის, ვინც გადადგამს ნაბიჯს, რომელიც წინასწარ განჭვრეტს ევოლუციის მომავალ პროგრესს, თავის თავზე უნდა აიღოს ასეთი მარტვილობა. მაგრამ მას სიყვარულის ძალა უზარმაზარ დახმარებას უწევს ამ ტვირთის ტარებაში, ხოლო გამძლეობის უნარი იზრდებოდა შესრულებული სამუშაოს გადაჭარბებული სისრულის ზომით.
ბერლინი იყო პირველი ნათელი წერტილი, საიდანაც რუდოლფ შტაინერის ლექციური საქმიანობა გავრცელდა საჯაროდ. ამ დისკურსებს გზა უნდა გაეხსნა იმ ყველაფრის გასაგებად, რაც მას სურდა, „სულიერი მეცნიერების“ სახელით მსოფლიოსთვის წარმოეჩინა. ის, რასაც იგი უფრო ნაკლებად დეტალურად და ცალკეულ ლექციებად წარმოადგენდა გერმანიის სხვა ქალაქებში, აქ უკვე შეიძლებოდა ერთიან კურსად წარმოჩენილიყო, რომელსაც სისტემატური შესავლის ხასიათი ექნებოდა სულიერი მეცნიერებისადმი; ასევე დაგეგმილი იყო, რომ ამ ლექციების ნაწილი პერიოდულად გამეორებულიყო, თუნდაც ფართო საზოგადოება დიდ რაოდენობით არ მოსულიყო.
მე მოგაწვდით ამ გამოსვლების შეჯამებას, რომლებიც გაიმართა „არქიტექტენჰაუსში“ (არქიტექტურის დარბაზი) ბერლინში; რადგან ისინი ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ დავიწყეთ პატარა დარბაზში, თუმცა მალევე გადავედით საშუალო ზომის დარბაზში, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო დიდში. ომის ბოლო წელს „არქიტექტენჰაუსი“ ომის დეპარტამენტმა ხელში ჩაიგდო, და შემდეგ ლექციები ნაწილობრივ „შარვენკა-საალში“, ნაწილობრივ კი „ფილჰარმონიის“ (ფილარმონიული დარბაზის) „ობერლიხტ-საალში“ იმართებოდა. როდესაც საბოლოოდ ამ უკანასკნელი შენობის დიდ დარბაზში მივედით, „ქიოთენერ-შტრასე“ (ქიოთენერის ქუჩა) ეტლების მოძრაობისთვის დაიხურა, ხალხის უზარმაზარი თავშეყრის გამო. აქ ჩვენ შევხვდით ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც იმდენად კარგად იყვნენ ორგანიზებული ჩანდა, რომ ემზადებოდნენ რუდოლფ შტაინერის საჯარო ლექციების საქმიანობის ნაადრევი და ძალადობრივი დასრულებისათვის (შენიშვნა N2).
თავიდანვე რუდოლფ შტაინერმა აირჩია სიტყვა „ანთროპოსოფია“, რათა აღენიშნა ის საკითხი და თემა, რომლის მსოფლიოსთვის გადაცემა მისი მოვალეობა იყო; თუმცა, საჯაროდ ის ძირითადად უფრო მარტივ ტერმინს, „სულიერ მეცნიერებას“, იყენებდა. მას შემდეგ, რაც თეოსოფიური წრეების მოთხოვნით ის დათანხმდა გერმანიის თეოსოფიური საზოგადოების ხელმძღვანელობის აღებას, მან გააკეთა ყველაფერი, რაც მის ძალებში იყო, რათა თეოსოფიის სახელს დაბრუნებოდა ის პატივისცემა და აღიარება, რომელიც დაკარგვის საშიშროებაც ემუქრებოდა მას საშიშროებაში ექცეოდა ამ საზოგადოების უმწიფრობის გამო. მისი ძალისხმევა ამ მიმართულებით ნათლად იყო გამოხატული. ფაქტია, რომ ამ სახელის ბოროტად გამოყენების გამო მას დაეკისრა ტვირთი, რომელიც გაამძაფრა ზოგიერთი ადამიანის სამწუხარო დამოკიდებულებამ და გაუცხოებამ; თუმცა ამ ქმედებებს მრავალი მეგობარი გმობდა. რუდოლფ შტაინერი იღებდა ყოველ ტვირთს, რომელსაც ბედი აკისრებდა, თუ ამით ის სულიერებას ემსახურებოდა. მან მხოლოდ ამოცანას და შრომის სიყვარულს მიაქცია ყურადღება და არ აინტერესებდა კაცობრიობის ცივი გულგრილობა.
ჯერ კიდევ 1900 წელს მან მიიპყრო ბერლინის სხვადასხვა ლიტერატურული საზოგადოებების ყურადღება თავისი ძალისხმევით, სულიერი აღორძინების საქმის განვითარებისთვის; თავიდან ამას ის აკეთებდა გოეთეს ზღაპრის, „მწვანე გველი და მშვენიერი შროშანა“ შესახებ ლექციების მეშვეობით. 1901 წლის ოქტომბრიდან 1902 წლის მარტამდე ის საუბრობდა მეცხრამეტე საუკუნის გერმანული სულიერი ცხოვრების შესახებ. ამგვარად შექმნილი აზროვნების იმპულსი გაგრძელდა 1902-1903 წლებში ლექციების სერიით, სახელწოდებით „ზარათუსტრადან ნიცშემდე“, რომელიც ეხებოდა ადამიანის სულიერი ცხოვრების ევოლუციას უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე. სწორედ ზარათუსტრამ მისცა საწყისი იმპულსი იმ აზროვნების დინებას, რომელიც მოუწოდებდა კაცობრიობას, გამოეყენებინა სულის აქტიური ძალა, რათა მისი დახმარებით გადაელახა ყველაფერი მატერიალური, და ამგვარად ფიზიკური ელემენტი მის საჭიროებებს დაექვემდებარებინა.
რუდოლფ შტაინერმა ყურადღება მიაპყრო იმ ამოცანაზე, რომელიც გერმანულ პატრიოტიზმს ეკისრა ადამიანის სულიერი ევოლუციის მთლიანობაში, როგორც „ჭეშმარიტი მე“-ს პრინციპის (Ich-Prinzips) მატარებელს და მხარდამჭერს, რომელიც ღრმადაა შერწყმული ყველაფერთან რაც სულიერს ეხება. მან განაცხადა, რომ ჭეშმარიტი „მე“, ეგო (სულის მიღწევებით აღჭურვილი), უნდა გახდეს ღვთაებრივი არსის მიმღები და გავრცელების წერტილი. მან მიუთითა გერმანული სულიერი ცხოვრების დაფარულ, ჩახშობილ ნაკადზე, რომელიც, მიუხედავად თანდაყოლილი მიდრეკილებისა, განზე იყო განდევნილი მატერიალისტური კულტურის, იმპერიული ძალაუფლებისა და ძლევამოსილების ახალი იდეის მიერ. მან სევდითა და შფოთვით გაიხსენა ნიცშეს სიტყვები: „გერმანიიდან სულის განდევნა იმპერიის სასარგებლოდ“, და განაცხადა, რომ ის, რასაც გერმანია ელოდება და რასაც ის სიამოვნებით მიესალმებოდა, არის სულის სიკეთე და კურთხევა. უკვე იმ დროს რუდოლფ შტაინერი ცალსახად საუბრობდა დასავლური და აღმოსავლური სულიერი გზების მკაფიო გარჩევის აუცილებლობის შესახებ. კაცობრიობა, ნამდვილად, დიდი და ფასდაუდებელი მადლიერებით არის სავსე იმ საოცარი ცოდნის საჩუქრისთვის, რომელიც მას აღმოსავლეთიდან მიეწოდა.
გოლგოთის საიდუმლო „გარდამტეხი წერტილია“. კაცობრიობა, თავისი მზერით თანამედროვეობისკენ, ვერასოდეს დაბრუნდება იმ პირობებში, რომლებიც არსებობდა ამ გადამწყვეტი მომენტის ღვთაებრივი ცოდნისა და აღმასვლის წყაროს წინ. სამყარომ უნდა ისწავლოს წარმავალი სიბნელის საჭიროების გააზრება.
სწორედ ამ პერიოდში, როდესაც პიროვნება, ნელ-ნელა, ცდილობს განთავისუფლდეს მიწიერი გავლენებისაგან და გამოყოს ისინი ყველაფრისგან, რაც ნამდვილია და სულიერი, მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის შეცნობა, გაიაზროს თავისი არსი. მატერიალურობის გავლით გზის გაკვლევა წარმოშობს მომენტს, როდესაც ის გაიაზრებს, რომ ისევ მეორე ნაპირზეა. ამრიგად, პიროვნება, რომელმაც მართლაც მოემზადა სიკვდილის კარიბჭის გავლისა და აღდგომისკენ სვლისთვის, საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ის ისევ ნამდვილ ეგოში, ჭეშმარიტ „მე“-შია სულიერად ცნობიერი და კოსმოსის ინდივიდუალიზებული წევრი, მთლიანის ნაწილი და მაინც „მე“. როგორც კი სრულიად განთავისუფლდება ყველა მიწიერი ბუნებისგან, მატერიალური ელემენტი იშლება, ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმიდან მოკვეთილი კიდური. როდესაც ის ნამდვილად ერთიანდება დიდ კოსმოსთან, ის ფართოვდება ყველა წინა შეზღუდვის მიღმა, გარეთ, სულის სფეროებში. სწორედ იმისთვის, რომ ასეთი რამეები მოხდეს, რომ ადამიანის თავისუფლება და თვითგანსაზღვრა ძალისხმევითა და ტანჯვით იქნეს მოპოვებული, საჭირო იყო ღმერთის საკუთარი მსხვერპლი - გოლგოთის საიდუმლოს აღსრულება.
დედამიწაზე არც ერთ ძალას არ შეუძლია უგულებელყოს ეს ფაქტი ან შეაჩეროს ევოლუციის ტალღა. მოვლენები, რომლებიც თავდაპირველად ხელისშემშლელად და შემაკავებლად გამოიყურება, მხოლოდ ემსახურება ჩვენს წინსვლას. სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი არის პირველი ნაბიჯი ადამიანის თავისუფლებისკენ. მატერიალიზმის მიერ დაწესებული ვიწრო საზღვრებმა ადამიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ვერ იაზრებს ამ მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობას და ვერ პოულობს თავის ჭეშმარიტ პიროვნებას; მაგრამ ახლა მან უნდა აიმაღლოს თავი თავის შეზღუდული წარმოდგენების ზემოთ, და ეს მიღწევა მისი ცნობიერი ნების სფეროშია. ღვთაებამ, თითქოს, თქვა უარი ხელმძღვანელობასა და კონტროლზე. ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გააღვიძებს თუ არა მასში ღვთაებრივი ნებას, თუ უარყოფს მას. აქ, მაშასადამე, კაცობრიობა აწყდება ახალ „გარდამტეხ წერტილს“, და მისი ამჟამინდელი ამოცანაა მოემზადოს, რათა ამას თვალებგახელილი შეხვდეს, და არა ბრმად და უცოდინრად. სწორედ ამ საქმეს ჩაუდგა რუდოლფ შტაინერი.
ანგლო-ინდურ თეოსოფიურ მოძრაობაში გარკვეული რისკი იყო დაკავშირებული გაუაზრებელი ადამიანების მიერ იოგას სავარჯიშოების განახლებასთან, რადგან ეს სავარჯიშოები შეესაბამებოდა სხვა ეპოქას და განსხვავებულად ორგანიზებულ ადამიანის სხეულს. ისევე, შუა საუკუნეების მისტიციზმის განახლებაში იმალებოდა საფრთხე, რომ შეიძლებოდა ნამდვილი ცხოვრებისაგან გარიდება და ეგოიზმისაკენ მიდრეკილ სულში ეგოიზმის კიდევ უფრო გაძლიერება. აზროვნების ეს ორივე დინება ვერ ითვალისწინებდა დროის მოთხოვნებსა და ევოლუციის კანონებს. კაცობრიობის მომავალი და ხსნა გოლგოთის საიდუმლოს ნამდვილი მნიშვნელობის გაგებაა, ადამიანის ცნობიერების ძალის გაფართოება და გაძლიერება, რათა მან გადალახოს ადამიანის ამჟამინდელი ინტელექტუალური ძალების ვიწრო საზღვრები და არა მის ჩახშობა და შეზღუდვა. ისინი, ვინც გულით იღებდნენ მსგავს სიტყვებს, ნამდვილად არ იყვნენ მეცნიერების ცნობილ ფიგურებს შორის. ისინი იყვნენ მოკრძალებული, უპრეტენზიო ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ეპოქისთვის შესაფერისი რომელი გზა უნდა აერჩიათ, ამიტომ თავი მიუძღვნეს აღმოსავლური სიბრძნის შესწავლას, ისეთი ფორმით, როგორც ეს თეოსოფიური საზოგადოების მიერ იყო წარმოდგენილი. ამ ადამიანებმა მიმართეს რუდოლფ შტაინერს თხოვნით, გამხდარიყო მათი ასოციაციის მასწავლებელი და ხელმძღვანელი; მაგრამ მან მკაფიოდ უარი თქვა ამ მოწოდებაზე. როგორც თავათ ამბობდა იგი არასოდეს, გააკეთებდა სხვაგვარად, გარდა იმისა, რომ მიუთითებდა ორ გზას შორის განსხვავებაზე და მხარს უჭერდა თანამედროვე მოთხოვნებისთვის შესაფერისი დასავლური მეთოდების განვითარების აუცილებლობას. წინსვლა აღარ შეიძლება მხოლოდ ძველ სიბრძნესთან დაბრუნებით, ის უნდა განხორციელდეს ყველა იმ მიღწევის ნამდვილი გათვალისწინებით, რაც მოიპოვა უძველესი დროიდან ინტელექტუალური მიღწევების საშუალებით და მომავალში უნდა მიჰყვეს იმ გზას, რომელსაც ისტორია მიუთითებს, სადაც ადამიანის სულის განვითარების განვითარების არსებითი ნაბიჯები ნათლადაა გამოხატული.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის სიბრძნე იმსახურებს ჩვენს ყველაზე თბილ აღფრთოვანებასა და გაოცებას, მისი ისტორიული წინსვლის ფუნდამენტური პრინციპი უსიცოცხლოა. ეს ელემენტი ახლა დასავლეთმა უნდა შემოიტანოს, რასაც ის თავის უშუალო მოვალეობად უნდა მიიჩნევდეს. გოლგოთის საიდუმლო არის ცენტრალური წერტილი, ის საიდუმლო, რომელსაც არც აღმოსავლელები აღიარებენ და არც ახალ თეოსოფებს ესმით. ჯერ კიდევ 1900 წლის შემოდგომაზე, მე მოვისმინე ასეთი სიტყვები რუდოლფ შტაინერის პირიდან, როდესაც მას თეოსოფიური სკოლის მგზნებარე მიმდევრები აწუხებდნენ თავიანთი დაჟინებული მოთხოვნებით. ვინც ამას ხვდებოდა აცნობიერებდა, რომ აქ აუცილებელი იყო ურყევი ნება და გადაუდებელი ისტორიული საჭიროების გამოხატვა. არ შეიძლებოდა არ გაოცეულიყავი, რომ ნამდვილად არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ საწინააღმდეგო არგუმენტების წამოწევასა და დარწმუნებას. თუმცა, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ჩაატარა რუდოლფ შტაინერმა საინტერესო ლექციების კურსი თემაზე „მისტიციზმი თანამედროვე სულიერი ცხოვრების დასაწყისში“, რომელსაც 1901 წლის შემოდგომაზე მოჰყვა სხვა ლექციები, სახელწოდებით „ქრისტიანობა, როგორც მისტიური ფაქტი“.
ამ გამოსვლების დაწყებიდან მალევე, მე მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი თეოსოფიური ლიდერების ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლებს. მე შევუერთდი თეოსოფიურ საზოგადოებას და მთხოვეს, განსაკუთრებული სამუშაო მიმეღო ბოლონიაში, სადაც ანგლო-ინდური მოძრაობის წარმომადგენელს დაარსებული ჰქონდა ფილიალი იტალიაში. 1902 წლის გაზაფხულზე, სამი კვირის განმავლობაში, მე ვთარგმნიდი ინგლისურიდან იტალიურზე ინდოელი თეოსოფის, ჯინარაჯადასას ლექციებს, რომელიც მოგვიანებით თეოსოფიური საზოგადოების მომავალ პრეზიდენტად იქნა ნომინირებული. ამ სამუშაოს შესრულებისას, ხშირად მიჭირდა იმ იდეების წერა და გამოხატვა, რომლებიც ხშირად სრულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს შინაგან, გონივრულ გრძნობებს. მე გაოგნებული ვიდექი ამ წინადადებების წინაშე, იმდენად მატერიალური იყო მათი არსი და სული. ასეთ მომენტებში, ჩემი ფიქრები უბრუნდებოდა რუდოლფ შტაინერის სიტყვებს, დასავლური და აღმოსავლური მისტიციზმის გადამწყვეტ განსხვავებაზე; მე ვიცოდი, რომ ჭეშმარიტება და გამოსავალი ქრისტეს მისტერიაში იყო, რომლის შესახებაც მას ჰქონდა გააზრებული შინაგანი ცოდნა. ნამდვილი პირველყოფილი სიბრძნე შეიცავს არსსა და პრინციპს (შენიშვნა N3). ადამიანის ევოლუციის უწყვეტ პროგრესში გვხვდება მეტამორფოზები — სიკვდილი და აღდგომა. სად არის, მაშ, შეერთების წერტილი? — ჯვარზე. სწორედ რუდოლფ შტაინერი ავლენს მის საიდუმლოს.
ამ დროს მოხდა დასამახსოვრებელი ინციდენტი, კერძოდ, გერმანელმა თეოსოფებმა მიმიწვიეს ბერლინში, რათა მათი გადამდგარი წარმომადგენლის ნაცვლად მათთან გამეგრძელებინა სამუშაო. გარკვეული ყოყმანის შემდეგ, მე გადავწყვიტე დავთანხმებოდი მათ თხოვნას. ამ მოვლენიდან მალევე მოვიდა სასიხარულო ამბავი, რომ რუდოლფ შტაინერმა დაუთმო თეოსოფებს და დათანხმდა ახალი განყოფილების ხელმძღვანელობას, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, მან ეს გააკეთა იმ განსაკუთრებული პირობით, რომ მოძრაობაში შეეტანა აზროვნების ის დინება, რომელსაც თავად უჭერდა მხარს. თეოსოფიური საზოგადოების გენერალური მდივანი ინგლისში, კარგი გერმანელი მეცნიერი, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა შტაინერის ორ ნაშრომს — „მისტიციზმი თანამედროვე სულიერი ცხოვრების დასაწყისში“ და „ქრისტიანობა, როგორც მისტიკური ფაქტი“, სრულად დაეთანხმა ახალ პროგრამას. ეს გამორჩეული მეცნიერი, დოქტორი ბერტრამ კეიტლი, რომელიც ლაქნაუს უნივერსიტეტის პროფესორია, მას შემდეგ გახდა ანთროპოსოფიური საზოგადოების წევრი.
ასე დაიწყო სამუშაო, თეოსოფიური საზოგადოების საქმიანობით გარშემორტყმული და ამ ორგანიზაციის მიმართ უდიდესი ერთგულებით განხორციელებული. 1903 წელს ბერლინის არქიტექტორთა სახლში ჩატარებული საჯარო ლექციების თემები იყო შემდეგი:
19 მარტი—თეოსოფია და რელიგიის წინსვლა. (ბაბილონის კოშკი.)
26 მარტი—თეოსოფიის კარდინალური მოძღვრებები. (რეინკარნაცია და კარმა.)
2 აპრილი—თეოსოფია და თანამედროვე სამეცნიერო სული.
1904 წლის გაზაფხულზე, ასევე არქიტექტორთა სახლში, რუდოლფ შტაინერმა ისაუბრა გარკვეულ თემებზე, რომლებიც შეიცავდა მისი მოგვიანებითი მუშაობის ჩანასახს სოციალურ და პედაგოგიურ სფეროებში; ეს თემები შედიოდა სათაურის ქვეშ „ფსიქიკური სწავლებები თეოსოფიაში“, შემდეგნაირად:
16 მარტი — I. სხეული და სული. როგორ შეგვიძლია შევისწავლოთ სულის ცხოვრება? რელიგია, მეცნიერება და სულის საკითხი.
23 მარტი — II. სული და ადამიანური ბედი. რა არის სურვილი და ტანჯვა? რა არის ბედი? იმსახურა თუ არა ადამიანმა თავისი ბედი? ოპტიმიზმი და პესიმიზმი. გენიოსობა და სიგიჟე.
30 მარტი — III. სული და სამშვინველი. უკვდავება. ჰიპნოზი და ნათელხედვა. სულიერი შეხება. განათლება სულიერი კოსმიური კონცეფციის შუქზე.
კიდევ ერთი ლექციების სერია გაიმართა ვერაინს ჰაუსში, უილიამის ქუჩა (ვილჰელმშტრასე) 118-ში, ბერლინში; ამ ლექციებში რუდოლფ შტაინერი ცდილობდა ნათელი მოეფინა აღქმად და ზეგრძნობად სამყაროებს შორის არსებულ საზღვარზე; ეს არის თემა, რომელმაც მეცნიერების ყურადღება მიიპყრო და რომელშიც ბევრი საფრთხეა დაფარული არაინიცირებულთათვის. ამ ლექციათა თარიღები და სათაურები ქვემოთაა მოცემული:
7 მარტი - თეოსოფია და სომნამბულიზმი
11 აპრილი - სპირიტუალიზმის ისტორია
9 მაისი - ჰიპნოტიზმისა და სომნამბულიზმის ისტორია
ზემოთ მოყვანილთან დაკავშირებით, ჩემს ჩანაწერებში ვპოულობ შემდეგ აღნიშვნას: „უკანასკნელი ორი თემა მოგვიანებით გამოყენებული იქნა, როგორც ლექციების საგანი, რომლებიც იმართებოდა „არქიტექტენჰაუსში“ აპრილიდან მოყოლებული, ყოველ მეორე ორშაბათს თვეში; შემდგომი სერია, რომელიც გაიმართა იმავე შენობაში 1904 წლის შემოდგომაზე, განსაკუთრებით იყო მიმართული თეოსოფიის მეცნიერული საფუძვლების განვითარებასა და გაფართოებაზე.“ თემები იყო:
1904 წლის 29 სექტემბერი - რას პოულობს ადამიანი თეოსოფიაში დღეს?
1904 წლის 06 ოქტომბერი - თეოსოფია არამეცნიერულია?
1904 წლის 13 ოქტომბერი - თეოსოფიის ელემენტები I
1904 წლის 20 ოქტომბერი - თეოსოფიის ელემენტები II
1904 წლის 03 ნოემბერი - თეოსოფია და ტოლსტოი
1904 წლის 10 ნოემბერი - თეოსოფიის ელემენტები III
1904 წლის 17 ნოემბერი - თეოსოფიის ელემენტები IV
1904 წლის 01 დეკემბერი - თეოსოფია და ნიცშე
1904 წლის 03 დეკემბერი - არის თეოსოფია ბუდისტთა პროპაგანდა?
1904 წლის 15 დეკემბერი - თეოსოფიის ელემენტები V
1905 წლის გაზაფხულზე რუდოლფ შტაინერმა წარმოადგინა და განმარტა თავისი შეხედულებები სხვადასხვა ჯგუფების წინაშე; მისი შესავალი ლექცია, რომელიც გაიმართა 4 მაისს, ეხებოდა თემას „შილერი და თანამედროვეობა“; მას მოჰყვა შემდეგი ლექციები:
1905 წლის 11 მაისი - თეოლოგიური ჯგუფი და თეოსოფია
1905 წლის 18 მაისი - იურიდიული ჯგუფი და თეოსოფია
1905 წლის 25 მაისი - სამედიცინო ჯგუფი და თეოსოფია
1905 წლის 08 ივნისი - ფილოსოფიური ჯგუფი და თეოსოფია
1905 წლის ოქტომბერში დაწყებული ლექციების სერია დაიწყო თემით „ჰეკელი, ‘სამყაროს გამოცანა და თეოსოფია“. ნამდვილად აუცილებელი იყო, რომ რუდოლფ შტაინერს ჰეკელი აერჩია ამ გამოსვლების საწყის წერტილად, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ჰეკელის გამორჩეული მიღწევების გამო ბუნებრივ მეცნიერებებში, ის ღირსი და უფლებამოსილი იყო გამხდარიყო გადამწყვეტი სულიერი ძალა ჩვენს ამჟამინდელ ფილოსოფიურ შეხედულებებში, თუკი ის გაიაზრებდა და აღიარებდა ღვთაებრივ სულს, რომელიც ფარულად იმალებოდა მის ნაშრომებში — და სწორედ აქ იყო მათი გზების გასაყარი. მეორე მხრივ, შტაინერი მთლიანად უარყოფდა ჰეკელის პრეტენზიებს, რომელიც უკვე აქტიურად ცდილობდა ჩარევას ფილოსოფიის სფეროში და მსოფლიო მოსაზრებების ფორმირებაში. აქ საჭირო იყო შეზღუდვის დაწესება და ზიანის თავიდან აცილება. ამას რუდოლფ შტაინერი უდიდესი ენერგიითა და თანმიმდევრულობით ახორციელებდა, მაგრამ ეს არ უშლიდა მას ჰეკელის ნაშრომებში პოზიტიური ელემენტი ეღიარებინა ყველაზე თბილი აღიარებით.
არასოდეს მინახავს რუდოლფ შტაინერის ბუნების ეს მხარე სწორად გაეგოთ. ხალხს ყოველთვის, თითქოს განზრახ თვლიდა შეუსაბამოდ, რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთ მომენტში აქებდა, ხოლო მეორეში — აკრიტიკებდა; მაგრამ ამას ის აკეთებდა მთელი გულით, განთქმული ენთუზიაზმით ერთი მხრივ, ან უმოწყალო სიმკაცრითა და ლოგიკით მეორე მხრივ, თანაც ისე, რომ არასოდეს აძლევდა თავის პირად გრძნობებს ზეგავლენის მოხდენის საშუალებას არც თავის ქებაზე და არც ცენზურაზე. ის ყოველთვის მაღლა იდგა ყოველგვარ სუბიექტურ მიდგომაზე და ყოველთვის აღფრთოვანებული იყო სხვებში პროდუქტიული და შემოქმედებითი შესაძლებლობების დანახვით. ის ნუსხავდა მსმენელებს, როდესაც თავისი თანხმობას გამოხატავდა თბილი აღიარებით; მაგრამ, როდესაც ის მიუთითებდა მავნე და საზიანო ნაწილებზე, იწვევდა გაკვირვებას თავისი მოულოდნელი სიმკვეთრითა და სიმკაცრით. ის ყოველთვის ინარჩუნებდა უდიდეს სიყვარულს ერნსტ ჰეკელის მიმართ. ნამდვილი სიამოვნება იყო მათ შეხვედრაზე დასწრება — ჰეკელის ახალგაზრდული სიფხიზლე, მისი მსუბუქი ნაბიჯები, ფართოფარფლებიანი ქუდის ქნევა, მისი ბავშვურად მზიანი ლურჯი თვალები — ეს ყველაფერი იმ ადამიანში, რომელიც წლოვანებით უკვე მოხუცთა რიგებში უნდა ყოფილიყო. ჰეკელი არ იყო მხოლოდ ფილოსოფოსი, ის იყო მოქმედების კაცი, რომლის მჭრელი მზერა ღრმად დამკვირვებლისას ჰგავდა.
მას მუდამ ამოძრავებდა სპონტანური გულითადი სითბო. მისი ნამდვილი არსი სავსე იყო სიყვარულით, მოთმინებითა და შემწყნარებლობით. ის იყო ფაქტორი მსოფლიო ისტორიაში, და მისი გავლენა მომავალშიც გაგრძელდება (შენიშვნა N4).
მარი შტაინერი