სულიერი ისტორიის გარდამტეხი ეტაპები

რუდოლფ შტაინერი
0
0

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

თავი მეოთხე - მოსე

09.03.1911

ამ ლექციების განმავლობაში ჩვენი ყურადღება მიიქცია საინტერესო მოვლენებმა და ფაქტებმა, რომელსაც გადავაწყდით დიდი ისტორიული ინდივიდუალობების ზარათუსტრას, ჰერმესისა და ბუდას შესწავლისას. თუ ვაკვირდებით მათ, ამ ყოფის შემქმნელ, წარსულ დროებში მცხოვრებ დიად სულიერ არსებებს, მაშინ შეგვიძლია მართლაც შევიგრძნოთ და გავიგოთ ჩვენი დღევანდელი ყოფა, რადგან ვგრძნობთ, რომ ჩვენი მთლიანი სულიერი ცხოვრება მონაწილეობს კაცობრიობის კოლექტიურ განვითარებაში. 

რაც შეეხება მოსეს, რომლის პიროვნებასაც ახლა განვიხილავთ, საქმე სრულიად სხვა კუთხით წარმოდგება, რადგანაც ვგრძნობთ, რომ უსაზღვროა მის სახელთან  დაკავშირებული იმ მოვლენათა უშუალო ზემოქმედება, რომელიც დღემდე ახდენენ გავლენას ჩვენს სულებზე. ჩვენ დღესაც, თითქოს საკუთარ ძვლებში, ვგრძნობთ ამ დიდი, გამორჩეული პატრიარქისგან მომდინარე იმპულსების მოქმედებას. გვეჩვენება, თითქოს მოსე დღესაც ცოცხალი ძალაა ჩვენს აზრებსა და გრძნობებში, როდესაც მისი მოძღვრებისა და განწყობების მიხედვით ვაანალიზებთ ჩვენს იდეებსა და მოტივებს თითქოს, ნამდვილად ვიკვლევთ ჩვენს სულს. სწორედ ამიტომ, ყველა ის ტრადიცია, რომელიც პირდაპირ მოსესთანაა დაკავშირებული, ჩვენთვის უფრო ცოცხალი და რეალურად არსებულია, ვიდრე ის ტრადიცია, რაც ჩემს მიერ მითითებულ სხვა დიად პიროვნებებს უკავშირდება. ბიბლიით ყველასთვის ნაცნობი ამ ძლევამოსილი ფიგურის განხილვა, რომლის გავლენა დღემდე გრძელდება, ამიტომაც, გარკვეულწილად, იოლია.

ბოლო ათი წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული გულმოდგინე კვლევების მიუხედავად, რაც გარკვეულწილად შეეხო და რამდენადაც ეს შეიძლება ამოვიკითხოთ ბიბლიიდან ახალი შუქი მოჰფინა მოსეს ისტორიას. თუმცა როდესაც უფრო გულდასმით ვიკვლევთ ამ საკითხს, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა წმინდა წერილების საკუთარი, პირადი შესწავლით მიღებული ზოგადი შთაბეჭდილებებიდან.

ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვახსენებთ მოსესთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს, ჩვენ ვსაუბრობთ ისე, თითქოს ვახსენებთ ფართო წრეებში კარგად ცნობილ თემას. ეს ფაქტი გარკვეულწილად ამარტივებს ისტორიული მახასიათებლების განხილვას. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩნდება გარკვეული სირთულეები, ბიბლიაში მოსეს გამოხატვის მანერის გამო. ამას ჩვენ მაშინვე ვიაზრებთ, როდესაც გვახსენდება მეცხრამეტე საუკუნის ბიბლიური კვლევები. ძნელად მოიძებნება სამეცნიერო დარგი, სადაც ადამიანური ცოდნით ან გულწრფელი მცდელობით ამ კვლევების მსგავსად ჩვენი ღრმა აღფრთოვანება და პატივისცემა დაიმსახურა. მე მგონია, რომ ამ საკითხს განმეორებით უნდა გაესვას ხაზი. ვინც ეს კვლევები ყურადღებით შეისწავლა მათთვის მეცხრამეტე საუკუნეში უანალოგოდ ითვლება ბიბლიის ცალკეულ ნაწილებზე დახარჯული შრომისმოყვარეობა, გარჩევა, თავდადებული და უანგარო სამეცნიერო მიდგომა, რათა სავარაუდო წარმოშობის შესახებ მათი ხასიათიდან და სტილიდან ზუსტი ცოდნა მიღებულიყო.

ნებისმიერს, ვინც გაეცნობა ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩატარებულ საფუძვლიანი კვლევების შედეგებზე არსებულ თანამედროვე ლიტერატურას, დარწმუნდება, რომ რაც უფრო შორს მიდიოდა ეს კვლევები, მით უფრო მეტად ხდებოდა ბიბლია ხალხისთვის მიუწვდომელი. 

სირთულე წარმოიშვა იმის გამო, რომ ბიბლია განსაკუთრებით ძველი აღთქმა დაანაწევრეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ბიბლიის ერთ ნაწილში მოცემული გარკვეული მონაკვეთი წარმოშობით განსხვავებულ ტრადიციის დინებას ეკუთვნოდა, ვიდრე სხვა ნაწილში მოცემული პასაჟი. ასევე, იმაშიც თუ როგორ შეიკრა დროის მსვლელობაში ეს ყველაფერი გარკვეულწილად ერთ მთლიანობად, რაც გასაგები გამხდარიყო სამეცნიერო წესით კვლავ უნდა დაენაწევრებინათ. ამიტომ ამ გამოკვლევების შედეგები უნდა ჩაითვალოს უშედეგოდ, რადგან ისინი სრულიად უარყოფითი ხასიათის იყო და ხელს არ უწყობდა ბიბლიის იმ მაცოცხლებელი გავლენის გაგრძელებას, რაც ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა ადამიანთა გულებში.

ჭეშმარიტი სულიერი განმმვითარებელი მოძრაობა, რომელსაც სულიერ მეცნიერებას ვუწოდებთ, ძირითადად კონსტრუქციულია და როგორც ეს ხშირად ხდება სხვა მეცნიერებებში მხოლოდ კრიტიკით არაა დაკავებული. ჩვენს დროში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ბიბლიის კვლავაც ზუსტი და სათანადო გაგებაა. ამ კუთხით ის წამოჭრის შემდეგ კითხვას: „განა აუცილებელი არაა, რომ ჯერ ძველი ბიბლიური ტრადიციების მთელ ხასიათის საფუძვლად არსებულ სიღრმეებში შევაღწიოთ და მისი სრულად და ნათლად გაგების შემდეგ გამოვიკვლიოთ მათი წარმოშობა?“ თუმცა, ასეთი მიდგომა ადვილი არ არის, განსაკუთრებით ძველი აღთქმის იმ ნაწილში, რომლებიც ეხება მოსეს, ამ დიადსა და გამორჩეულ პიროვნებას.

თუ ვიკითხავთ: რას გვიამბობს სულიერი მეცნიერება ძველი ბიბლიური აღწერების თავისებურ ბუნებაზე? ის გვიჩვენებს, რომ გარეგანი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ პიროვნებასთან ან ერთან, ჩაწერილია იმ თანმიმდევრობითა და ხერხით, როგორც ისინი სინამდვილეში მოხდა, გარეგნული ისტორიის თვალსაზრისით. ამ მეთოდის მიხედვით, მოსეს პიროვნება ისეა წარმოდგენილი, რომ მისი გამოცდილებები ფიზიკურ სამყაროში წარმოდგენილია ზუსტად ისე, როგორც ისინი მოხდა სივრცესა და დროში.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ სულიერი მეცნიერების მეშვეობით ღრმად შევისწავლით ბიბლიას, ვიაზრებთ, რომ გარე მოვლენებთან და გამოცდილებებთან დაკავშირებული ბიბლიური აღწერა შეიძლება შეერწყას სრულიად განსხვავებული ხასიათის აღწერას. ხშირად ძნელია ამ ძირეული ხასიათის ცვლილების გარჩევა. მაგალითად, მოგზაურობებისა და სხვა საერთო მოვლენების შესახებ მონათხრობს ვიღებთ პირდაპირ. შემდეგ თხრობა გრძელდება და თითქოსდა შეუმჩნევლად, ჩვენ ვაწყდებით სრულიად განსხვავებული ხასიათის აღწერას. გვეჩვენება, რომ წარმოდგენილი მოგზაურობა თითქოს გრძელდება ერთი განსაზღვრული ადგილიდან მეორეზე და თითქოს ჩვენგან მოელიან, რომ თხრობის მეორე ნაწილში აღწერილ მოვლენებს იმავე სახით შევხედოთ, როგორც თავდაპირველად აღწერილ გარე ფიზიკურ მოვლენებს. სინამდვილეში კი, ასეთი აღწერის მეორე ნაწილი შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნების სულის ცხოვრების ფიგურალური გამოსახვა. იგი არ უკავშირდება გარე მოვლენებს, არამედ ასახავს სულის გამოცდილებებს, ბრძოლებსა და გამარჯვებებს, რომლებითაც ეს განსაკუთრებული არსება მაღლდება სულიერად, ცოდნით, საქმიანობის უფრო მოწინავე ეტაპზე, ანაც მსოფლიოს ევოლუციასთან დაკავშირებულ მისიაზე. ასეთ შემთხვევაში, გარე მოვლენების აღწერილობები შესამჩნევი ცვლილების გარეშე პირდაპირ გრაფიკულ წარმოდგენებად გადაიქცევა, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სტილითა და ხასიათით მსგავსი რჩება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ გარე ფიზიკურ მოვლენებთან. ისინი მხოლოდ სულის შინაგან გამოცდილებას ეხება.

ზემოთ მოყვანილი მტკიცება ყოველთვის დარჩება „უბრალო მტკიცებად“ იმათთვის, ვინც ვერ იყენებს სულიერი მეცნიერების მეთოდებს და ვერ იაზრებს იმ უცნაურ და უჩვეულო თავისებურებებს, რომლებიც ბიბლიაში მრავალ სიმბოლურ მოთხრობას უკავშირდება. უფრო მეტად ეს იქნება ასე იმ შემთხვევებში, რომლებიც პატრიარქ მოსეს ეხება. როდესაც, ჩვენ ღრმად ვსწავლობთ ამ უცნაურ წარმოდგენის მეთოდს, ვამჩნევთ, რომ როდესაც მოთხრობის გარკვეულ წერტილში გარეშე ფიზიკური მოვლენების აღწერა გადადის სულიერ გამოცდილებების აღწერაში, მთელი სტილი და აღწერილობის ძირეული ხასიათი იცვლება, ხოლო ახალი ელემენტი მოულოდნელად ჩნდება. თუ ჩვენ თავს ვკითხავთ: „როგორ შეგვიძლია ამ ცვლილების აღქმა?“ შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ვაცნობიერებთ მას სულისგან მომდინარე რწმენით. ეს უცნაური ახლახანს დახასიათებული აღწერის მეთოდი რომელიც ახლახან დავახასიათეთ, ძირითადად განსაზღვრავს ძველ რელიგიურ-ისტორიულ მოთხრობებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ეხება იმ პიროვნებებს, რომლებმაც მიაღწიეს სულიერი მოქმედების და შინაგანი ცხოვრების ღრმა შემეცნებასა და გამჭრიახობას.

რაც უფრო მეტს და საფუძვლიანად ვსწავლობთ სულიერ მეცნიერებას, მით უფრო იზრდება ჩვენი რწმენა ამ განსაკუთრებული გამოხატვის სტილის მიმართ, მაგრამ სწორედ ამ მეთოდის უცნაურობის გამო, გარკვეულწილად, ძნელია მოსეს ცოცხალ აღწერაში მოცემული ზოგიერთი მონაკვეთის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ნათელი გააზრება. ერთი მხრივ, გვაქვს ბიბლია თავისი, ერთი შეხედვით, პირდაპირი ნარატივით, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს სირთულეები, რომლებიც გამოწვეულია ნარატივის წარმოდგენის უცნაური ხერხით, როდესაც საგანი განსაკუთრებით ღრმა ხასიათისაა. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ ჩვეულებრივი ინტერპრეტაციები ბევრ შემთხვევაში ზედმეტად თავისუფალია.

მაგალითად, როდესაც განვიხილავთ ძველი ებრაული ისტორიის კონცეფციას, როგორც ამას წარმოაჩენდა ქრისტიანობის დაარსების დროს მცხოვრები ფილოსოფოსი ფილონი, ჩვენ მაშინვე ვიაზრებთ, რომ ის ცდილობდა მთელი ძველი ებრაული ერის ისტორიის გამოსახვას ისე, თითქოს ეს იყოს ალეგორია. ფილონი მიზნად ისახავდა ფიგურალურ წარმოდგენას, რომელშიც ამ ძველი ხალხის მთელი ისტორია გარდაიქმნება მათი სულიერი გამოცდილებების ერთგვარ სიმბოლურ აღწერად. ამით ფილონი ზედმეტად შორს წავიდა. ამის მიზეზი იმ განსჯის უნარისა და გამჭრიახობის არქონა იყო, რომელიც სულიერი მეცნიერებიდან იბადება, რაც საშუალებას მისცემდა მას გაერჩია და ცოდნოდა, როდის გადადიოდა გარე მოვლენების აღწერა სულის ცხოვრებასთან დაკავშირებულ აღწერებში.

რაც უფრო წინ მივიწევთ, მეტად ვიაზრებთ, რომ მოსე იყო პიროვნება, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ადამიანის ევოლუციაზე და რომლის მისიაც იყო კაცობრიობის განმანათლებლობა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მისი საქმეები ჯერ კიდევ ეხება ჩვენს სულებს, მაშინ ვგრძნობთ, რომ მოსეს იმპულსის სრული და ნათელი გააზრება ჩვენთვის აუცილებელია. ამიტომ, ყოველგვარი წანამძღვრების გარეშე, განვიხილავთ მის დიად მისიას. მისი ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანს სრულად ვერ გავიგებთ, თუ არ ვივარაუდებთ, რომ ბიბლიური ნარატივი ეფუძნება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გარკვეული ფუნდამენტური ცვლილების ზუსტ და კონკრეტულ ცოდნას, რომელზეც უკვე მივუთითეთ ზარათუსტრას, ჰერმესისა და ბუდას პიროვნებების განხილვისას. მაშინ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ევოლუციის მსვლელობისას ადამიანის სულიერი ცხოვრება თანდათან განიცდიდა გარკვეულ ცვლილებას, ღვთაებრივი პირველადი ნათელხილვის მდგომარეობიდან ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური ცნობიერებისკენ.

მე კვლავ უნდა გავიხსენო თქვენთვის წინა ლექციებში ნათქვამი, რომ წარსულში ადამიანის სული ისე იყო მოწყობილი, რომ გარკვეულ შუალედურ მდგომარეობებში, ძილსა და სიფხიზლეს შორის, მას შეეძლო სულიერ სამყაროში ჩახედვა. ჭეშმარიტად სულიერ სფეროებს მიკუთვნებული, ამდაგვარად ნანახი ვვლინდებოდა სურათების ან ხილვების სახით. სწორედ ეს ხილვებია ხშირად შემონახული მითოლოგიური ლეგენდების სახით.

შეკითხვას „როგორ შეიძლება გარეგნულად, სულიერი მეცნიერების დახმარების გარეშე, დამტკიცდეს ამ ძველი ნათელხილველური ცნობიერების რეალობა?“ ვპასუხობ - პასუხი მოიძებნება სათანადოდ ზუსტი და შრომატევადი კვლევების შედეგებში, რომლებიც ჩვენს დროშიც ჩატარდა, მაგრამ  საერთო აღიარება ჯერ არ მიუღია. ჩვენ ვუთითებდით, რომ ცოტა ხნის წინ ზოგიერთმა მითოლოგმა, ცალკეულ და გამორჩეულ ხალხებში არსებული ძველი მითიური ხილვების, ლეგენდებისა და სხვა წარმოშობის შესწავლისას, ამ ძველი მითებიისა და შეხედულებების ასახსნელად სრულიად განსხვავებული ცნობიერი მდგომარეობის არსებობა ივარაუდა.

მე არაერთხელ მივუთითე საინტერესო წიგნზე, სახელწოდებით „სფინქსის გამოცანა“, რომლის ავტორია ლუდვიგ ლაისტნერი (შენიშვნა N27), მითოლოგი, რომელიც უნდა ჩაითვალოს ამ კვლევის სფეროში თანამედროვეებს შორის ყველაზე გამორჩეულად. „სფინქსის გამოცანა“ ითვლება ამგვარი ნაშრომებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანად. ლაისტნერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გარკვეული მითები, როგორც ჩანს, იყო იმ მოვლენების გაგრძელება, რომლებიც ტიპიურია სიზმრების სამყაროში განცდილი გამოცდილებებისთვის. ის არ წასულა ისე შორს, რომ შეესწავლა სულიერი მეცნიერება და საერთოდ არ იცოდა, რომ სინამდვილეში მან საფუძველი ჩაუყარა ძველი მითოლოგიების ჭეშმარიტ ცოდნასა და გაგებას. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია მითები და ლეგენდები მხოლოდ გარდაქმნილი ტიპიური სიზმრების თვალსაზრისით განვიხილოთ, როგორც ეს ლაისტნერმა გააკეთა, არამედ უნდა ვაღიაროთ ისინი, როგორც წარსულის ადამიანური ცნობიერების მდგომარეობის პროდუქტები, რომლის დროსაც ადამიანს შეეძლო სულიერი სამყაროს აღქმა სურათობრივი ხილვებით, რომლებმაც მოგვიანებით გამოხატულება ჰპოვეს მითიურ გამოსახულებებში.

შეუძლებელია ძველი ზღაპრებისა და ლეგენდების გააზრება, ცნობიერების განსხვავებული ფორმიდან წარმოშობის დაშვების გარეშე. სწორედ ამ ვარაუდის არარსებობის გამოა, მათ რომ ცუდად იგებენ. ეს პრეისტორიული სულიერი მდგომარეობა ახლა უკვე ჩანაცვლებულია ჩვენი დღევანდელი ინტელექტუალური ცნობიერებით, რომელიც მოკლედ შეიძლება ამგვარად დავახასიათოთ: ჩვენ ვიმყოფებით ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობებს შორის. სიფხიზლეში ჩვენი გრძნობის ორგანოებით ვიღებთ გარე სამყაროდან შთაბეჭდილებებს, რომლებსაც ვაჯგუფებთ და ვაერთიანებთ ინტელექტის საშუალებით. მატერიალურად ორიენტირებულმა ინტელექტუალურმა ცნობიერებამ, შეცვალა ადამიანში ადრე არსებული ნათელმხილველური ცნობიერება. ამგვარად, ჩვენ დავახასიათეთ კაცობრიობის განვითარების ერთი კონკრეტული ეპიზოდი და წარმოვადგინეთ იგი იმ სახით, როგორც ის გამოიყურება მაშინ, როცა ადამიანთა ევოლუციას სიღრმისეულად ვიკვლევთ.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ბიბლიური თხრობის გამოხატვის მანერას. როგორც ჩანს, თითოეულ ერს, რასასა თუ ტომს ჰქონდა განსაკუთრებული მისია, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის ევოლუციასა და განვითარებასთან. ძველი ნათელხილვის ცნობიერების ფორმები სხვადასხვაგვარად ვვლინდებოდა სხვადასხვა ხალხის შესაძლებლობებისა და ტემპერამენტის მიხედვით. სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით სხვადასხვა ერის მითოლოგიებსა და წარმართულ რელიგიებში ამ ძველი ნათელხილვის მდგომარეობის შესახებ ტრადიციების ასეთ ერთგვაროვნებას.

ამგვარად, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამ ძველ მსოფლმხედველობაში უნივერსალური ცნობიერება გამოიხატებოდა მრავალ და განსხვავებულ ფორმებში, რადგან ერთმანეთისაგან განსხვავებული სხვადასხვა მისიები ჰქონდათ ერებსა და ხალხებს. თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს გავიგოთ ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ევოლუცია გულისხმობს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, იგი ცივილიზაციების შემთხვევითი თანმიმდევრობა კი არაა, არამედ მთელი ადამიანის პროგრესისა და განვითარების მსვლელობაში გადაჯაჭვულია როგორც მნიშვნელობა, ასევე მიზანი. ამიტომ ჩვენ ვხვდებით, რომ ცნობიერი მდგომარეობის გარკვეული ფორმა მოგვიანებით რომელიმე ცივილიზაციაში შეიძლება ხელახლა გამოჩნდეს და გააქტიურდეს, თითქოს ახალი ფურცელი ან ახლადშობილი ყვავილი იყოს, რომელიც რაიმეს ამატებს წარსულს, რადგან ადამიანის ევოლუცია განმეორებად და თანმიმდევრულ ფორმებში გამოვლენაა, სადაც ყოველი ახალი ეტაპი ავსებს და ამდიდრებს წინა გამოცდილებას.

სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით, ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის, რომ ყველა რასას, ძველ ინდოელებს, სპარსელებს, ბაბილონელებს, ბერძნებსა თუ რომაელებს, ჰქონდა განსაზღვრული მისია შესასრულებელი. თითოეულმა ერმა განსაკუთრებული და გამორჩეული ხერხით გამოხატა ის, რაც იყო აქტიურად მოქმედებდა და შეეძლო ეცხოვრა ადამიანის ცნობიერებაში. ჩვენ ვერ გავიგებთ სწორად ამ განსხვავებულ ხალხებს, თუ მათი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან არ გავიაზრებთ მათ მისიას.  კაცობრიობის მთელი ევოლუცია ისე მიმდინარეობს, რომ თითოეულ ერს განსაზღვრული დრო ეძლევა, როდესაც ეს პერიოდი სრულდება, ერის მისიაც დასრულებულია. თითქოს საათის გონგმა ჩამოჰკრა და დავალება დასრულდა. თუმცა შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამა თუ იმ რასაში ან ხალხში კვლავ შენარჩუნდეს წინა ეპოქას მიკუთვნებული გარკვეული ტემპერამენტის ან ბუნებრივი ხასიათის ელემენტები. ასეთ შემთხვევაში ეს ხალხი თითქოს გადაცდა იმ დროის საზღვრებს, როცა მას უკვე ახალი მისია უნდა მიეღო და ძველი შეეცვალა. ასე ხდება, რომ ზოგიერთი გამორჩეული ეროვნული თავისებურება განაგრძობს არსებობას და კვლავ აქტიურდება უფრო გვიანდელ ხანაში — მაშინ, როცა კაცობრიობის საერთო განვითარება უკვე ახალი მიზნისკენ არის მიმართული, რომელიც ძველს ცვლის.

ამგვარი მოვლენები განსაკუთრებით შესამჩნევია ეგვიპტელებთან, რასაც უკვე გავეცანით ჰერმესისადმი მიძღვნილი ლექციის დროს. ეგვიპტელებს მინიჭებული ჰქონდათ კაცობრიობის კოლექტიურ პროგრესთან და განვითარებასთან დაკავშირებული მისია. რაც მათ სრულყოფილად განახორციელეს და დაასრულეს. ამავდროულად, მათ კულტურაში ჩაიდო თესლი იმისა, რაც მომავალში უნდა განვითარებულიყო. თუმცა, მათ შეინარჩუნეს თავისი თავდაპირველი ტემპერამენტი და თავისებური მახასიათებლები, რის გამოც აღარ შეეძლოთ ახალ მისიაზე  ეხელმძღვანელათ, ამიტომ შემდგომი საზოგადოების მართვა და ხელმძღვანელობა სხვა ხალხის ხელში გადავიდა. ეგვიპტური ფესვები ჰქონდა ახალ მოძრაობას, თუმცა თავად მისიას სხვა ხასიათი უნდა მიეღო და ახალი მიმართულება მიეცა.

აქ ჩვენ ვამჩნევთ მიმართულების ცვლილებას მთელი კაცობრიობის ევოლუციის შინაარსში. იმისათვის, რომ გავიგოთ ეს გარემოებები, აუცილებელია, რომ ჩავუღრმავდეთ ყველაფერს, რაც უკავშირდებოდა ეგვიპტური მისიის ზრდასა და განვითარებას. როდესაც მოსემ შეიძინა ყველა შესაძლო ცოდნა და ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ, თუმცა, მისი ამოცანა არ იყო ძველი ეგვიპტური მისიის გაგრძელება. მოსეს უნდა შეექმნა რადიკალურად ახალი მიმართულება, ახალი სულიერი გეგმა, რომელიც კაცობრიობის განვითარების მსვლელობაში უნდა ჩაენერგა. მოსეს პიროვნებამ ძლიერი გავლენა მოახდინა კაცობრიობის მთელ ისტორიაზე სწორედ იმიტომ, რომ მისი ხედვა იყო ასეთი ძლევამოსილი, ყოვლისმომცველი და თავისი ბუნებით ღრმად განმსჭვალავი. ის გზა, რომლითაც მოსეს მისია განვითარდა ეგვიპტის ხალხის წარსული ევოლუციიდან, დღესაც უდიდესი ინტერესის საგანია, ხოლო მისი მაგალითისა და შესწავლისაგან ჯერ კიდევ უხვი ნაყოფი მიიღება. ეგვიპტელებისაგან მიღებული ცოდნა მოსემ გააძლიერა და გააღრმავა მისი კონტაქტით სულიერი განვითარების დიად და მარადიულ ნაკადთან, იგი ყოველთვის ვრცელდებოდა გარე სამყაროში, სანამ საბოლოოდ არ იქცა იმ ძალად, რომელიც დღესაც მოქმედებს ჩვენი სულების ცხოვრებაში.

ამრიგად, ჩვენ მიერ მოსეს შესახებ მიღებული შთაბეჭდილება ისაა, რომ იგი არ იყო დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ეპოქაზე ან კაცობრიობიისათვის გადასაცემ განსაკუთრებულ მისიაზე. ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც ადამიანს ვისი სულიც აღძრული იყო მარადიულად მღელვარე ღვთაებრივი ზეგავლენის  ტალღებით, რომლებიც ყოველთვის პოულობენ ახალ გზებს, რათა ღრმად შეაღწიონ კაცობრიობის ევოლუციაში, რათა ადამიანი იყოს პროდუქტიული და გამოიღოს კარგი ნაყოფი. თითქოს მოსეს სულში ჩანერგილი სიბრძნის მარადიული ჩანასახი პოულობდა თავისთვის შესაფერის ნიადაგს და მწიფდებოდა იმ ცოდნის შუქზე, რომელიც მას ეგვიპტური ცივილიზაციისგან მიეღო.

მოსეს დაბადების შემდეგ პოვნის ბიბლიაში მოთხრობილი ამბავი (გამოსვლა 2:5), ძველი ხერხით სიმბოლური აღწერაა საიდანაც ვიგებთ, რომ მოსეს სახით საქმე გვაქვს იმგვარ სულთან, რომელიც მარადიულ წყაროებიდან იღებდა უმაღლეს იდეებს, რომლებიც შემდგომ კაცობრიობას გადასცა. ვინც იცნობს რელიგიური ამბების შექმნის ამ განსაკუთრებულ ფორმას, იცის, რომ ეს სტილი ყოველთვის მიუთითებს ღრმა მნიშვნელობის მქონე მოვლენაზე. ამ ლექციების წინა ნაწილებში ჩვენ ვისწავლეთ, რომ როდესაც ადამიანი ცდილობს თავისი შემეცნების უნარი აამაღლოს სულიერი სფეროების უფრო მაღალ დონემდე, მან უნდა გაიაროს სულიერი განვითარების გარკვეული ეტაპები, რომლის დროსაც ის სრულად გამოთიშავს თავს გარე სამყაროსგან და ასევე თავს არიდებს სულის ყველაზე დაბალი ძალებიდან მომავალი გავლენებისაგან.

დავუშვათ, რომ გვსურდა ხატოვნად გამოგვეხატა, პიროვნება, რომელიც დაბადებიდან ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული ევლინება სამყაროს, რაც მოგვიანებით მას დიდ სიმაღლეებამდე აიყვანს. ჩვენ შეიძლება კარგად გამოვხატოთ ეს შეხედულება შემდეგი ნარატივით, რომ ამ არსებამ, დაბადებიდან მალევე, უნდა გაიაროს ისეთი მატერიალური გამოცდილება, რაც დროებით სრულად გამორთავდა ფიზიკური სამყაროს აღქმის უნარებს. ამ თვალსაზრისით მოსეს აღმოჩენის შესახებ ბიბლიური ამბავი გასაგები ხდება.

ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეგვიპტის ფარაონის ასულმა გაგზავნა თავისი მოახლე მდინარესთან, რათა მოეტანა კიდობანი, რომელშიც იყო ჩვილი. მან თავად დაარქვა მას მოსე — „რადგან“, თქვა მან, „მე ის წყლიდან ამოვიღე“ (გამ. 2:10). მათ ვინც იცის სახელ „მოსეს“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა, იცის, რომ იგი სწორედ ამ მოქმედებას აღნიშნავს, როგორც ეს ბიბლიაშია მითითებული. ამ მხატვრული თხრობიდან ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ფარაონის ასული - ეგვიპტური კულტურის სიმბოლო, მარადიულობის თვისებებს შეხებულ სულში მატერიალური ცხოვრების შემოდინებას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ჩვენ ვხვდებით, რომ მოსეს მიერ კაცობრიობისთვის მოსატანი უკვდავი გზავნილი, გარშემორტყმული და მოცული იყო ძველი ეგვიპტური კულტურითა და მისიით იმდაგვარად თითქოს ჩასმული იყო თავისებურ გარე გარსში.

ამას შემდეგ მოჰყვება მოვლენების აღწერა, რომლებიც მოხდა მოსეს ცხოვრებაში. მათი წარმოდგენის ფორმიდან ჩვენ კვლავ ვიაზრებთ,  რომ ისინი ეხება ნამდვილ გარე მოვლენებს. ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ მოსეს განსაცდელების შესახებ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნახსენებია მისი მწუხარება და გაჭირვება თავისი ხალხის ეგვიპტეში მონობის გამო, შეიძლება ჩაითვალოს საერთო მოვლენების ზუსტ აღწერად. ამბავი გრძელდება და ის თითქმის შეუმჩნევლად ერწყმის მისი შინაგანი სულიერი ცხოვრებისა და სულის გამოცდილებების ნათელ გამოსახვას. ეს ხდება იმ ადგილას, სადაც ნათქვამია, რომ ის გაიქცა და საბოლოოდ მიიყვანეს მიდიანის მღვდელთან, რომლის სახელი იყო იეთრო ან რუელი (გამ. 2:15-20) (შენიშვნა N28).

ერთი შეხედვით ჩვეულებრივ თხრობაში, თუნდაც მხოლოდ სახელებში,  ასეთი ხასიათის ამბის არსებობის აღმოაჩენისათვის საჭირო ცოდნის ან გარჩევის უნარის მქონე მაშინვე მიხვდება, რომ ამ მომენტში ნარატივი სრულად ცვლის თავის ხასიათს და გადადის სულის მოვლენების აღწერაზე. ჩვენ იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ მოსე არ გაემგზავრა რაიმე ტაძრის სიწმინდის ან სასულიერო სასწავლებლის საცხოვრებლისკენ, არამედ იმას, რომ მთელი მონაყოლი გონივრულადაა შემუშავებული და იმდაგვარად, რომ გარე მოვლენები განზრახ ერწყმის დიდი პატრიარქის სულის გამოცდილებებს. ამგვარად, ჩვენ ვხვდებით, რომ ამ მომენტში ნახსენები ყველა გარე ცხოვრებისეული გამოცდილება მიგვანიშნებს იმ განსაცდელებსა და ტანჯვაზე, რომლის წინააღმდეგაც მოსე იბრძოდა, რათა უფრო ამაღლებული სულიერი მდგომარეობისათვის მიეღწია.

მაშ, რა არის იეთროს ნამდვილი მნიშვნელობა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ იდუმალი პიროვნებათაგან, რომლებსაც ხშირად ვხვდებით, კაცობრიობის ევოლუციისა და განვითარების შესწავლისას. ესენი არიან არსებანი, რომლებმაც შრომისა და შინაგანი ძალისხმევით მიაღწიეს ცოდნის ისეთ მაღალ საფეხურს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ძალიან ნელა და თანდათან მოიპოვოს ადამიანმა სულის ნამდვილი შინაგანი ბრძოლების გამოცდილებით. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ადამიანმა ჭეშმარიტად განიცადოს იმ დიდებულ სულიერ სიმაღლეების ნამდვილი არსი, სადაც გადიან გზები ეს მაღალგანვითარებული არსებები, რომ მიუყვებიან. მოსე გარკვეულწილად გახდა იეთროს მოწაფე და სწორედ ამ ურთიერთობამ მისცა მის მისიას პირდაპირი იმპულსი.  იეთრო იყო ერთ-ერთი იმ იდუმალ არსებათაგან, რომლებიც თავიანთ შინაგან ბუნებას მალავენ ადამიანური გონებისაგან, თუმცა ზოგჯერ მოქმედებენ როგორც მასწავლებლები და ადამიანთა მეგზურები. ზედაპირულად ამჟამად ბევრი ეჭვი და უნდობლობა არსებობს ასეთი მისტიკური პიროვნებების ნამდვილობის შესახებ, მაგრამ მათი არსებობა ცხადი ხდება კაცობრიობის ისტორიული განვითარების ობიექტურად შემსწავლელი ყველა გულწრფელი მკვლევარისთვის.

მოსეს გამოცდილებების აღწერა, როგორც ამ დიადი ბრძენი მღვდელთმსახურის მოწაფისა, იწყება ჭის მახლობლად (სიმბოლო, რომელიც მიანიშნებს: სიბრძნის წყაროზე) იეთროს შვიდ ქალიშვილთან მისი შეხვედრის აღწერით. ყველას, ვისაც სურს გაიგოს ამგვარი სიმბოლური თხრობის ღრმა მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ყოველ ეპოქაში მისტიკური აღწერილობები სიმბოლურად გამოხატავდნენ ყველა იმ ცოდნასა და ძალას, რაც თავად სულს შეუძლია გამოავლინოს ქალის ფიგურების სახით, თუნდაც გოეთემდე, რომელიც „ფაუსტის“ დასკვნით სიტყვებში მიუთითებს „მარადიულ ქალურზე“. ამგვარად, იეთროს შვიდ ქალიშვილში ჩვენ ვცნობთ ადამიანის სულის შვიდ ძალას (შენიშვნა N29), რომლებზეც ამ მოძღვრის ხასიათი ყოველთვის ინარჩუნებდა კონტროლს.

ჩვენ გვახსოვს, რომ იმ უძველეს დროში, როდესაც ადამიანს ძველი ნათელმხილველური ცნობიერება ჰქონდა, სხვაგვარი შეხედულებები არსებობდა ადამიანის სულის ბუნებასა და მის სხვადასხვა ძალებთან დაკავშირებით. ამ პირვანდელი ცნობიერების შესახებ რაიმე წარმოდგენის შექმნის ერთადერთი გზა დღესდღეობით კვლევის საწყისი წერტილი ჩვენი თანამედროვე იდეების გამოყენებაა. დღეს ვსაუბრობთ ადამიანის სულზე და მის აზროვნების, გრძნობისა და ნების ძალებზე, თითქოს ეს ძალები ჩვენს შიგნით იყოს, თითქმის თვით სულში ჩაკეტილი. ეს შეხედულება არსებითად სწორია, თუ ინტელექტუალური ცნობიერების თვალსაზრისით შევხედავთ. თუმცა, ადრინდელი ადამიანი, თავისი ნათელმხედვური ცნობიერების წყალობით, სხვა პერსპექტივიდან უყურებდა სულსა და მის მოქმედებას. ის არ აღიარებდა რაიმე ცენტრალიზებულ სისტემას ამ კუთხით და არ თვლიდა თავის აზროვნების, გრძნობისა და ნების ძალებს ისეთ ძალებად, რომელთა მოქმედების ცენტრი მდებარეობს „მე“-ში და რომლებიც განსაზღვრავენ სულის ერთიანობასა და ინდივიდუალობას, არამედ თავს მთლიანად მაკროკოსმოსისა და მისი სხვადასხვა ძალების მორჩილად მიიჩნევდა, სულის თითოეული ცალკეული ენერგიის წყარო კი როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო კონკრეტულ ღვთაებრივ სულიერ არსებებთან. ეს კონცეფცია შეიძლება შევადაროთ ისეთს, რომელშიც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი აზროვნების აქტივობები, როგორც გამოწვეული და შენარჩუნებული სულიერი სულის ძალის მიერ, განსხვავებული იმისგან, რაც ასტიმულირებს და გავლენას ახდენს გრძნობისა და ნების ძალებზე. ანუ სულიერი ენერგიის ცალკეული ნაკადები, რომლებიც მაკროკოსმოსიდან შემოდიან და ააქტიურებენ ჩვენს აზროვნების, გრძნობისა და ნების ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ასეთ წარმოდგენას არ ვქმნით, პირველყოფილი ადამიანი თავის სულს განიხილავდა არა როგორც თვითმყოფად ცენტრალიზებულ ერთეულს, არამედ თითქოსდა როგორც თეატრს, სადაც კოსმოსის ღვთაებრივი სულიერი ძალები განუწყვეტლივ თამაშობდნენ თავიანთ ცალკეულ როლებს. მოსესთან დაკავშირებით, ნახსენებია შვიდი ასეთი ძალა, რომლებიც განუწყვეტლივ მოქმედებენ ადამიანის სულის ცხოვრების ასპარეზზე.

საკმარისია პლატონის მოძღვრებას მივუბრუნდეთ, რათა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის ცნობიერების ევოლუციისადმი შეხედულება დროთა განმავლობაში თანდათან უფრო აბსტრაქტული და ინტელექტუალური გახდა. პლატონი „იდეებს“ აღიქვამდა როგორც ცოცხალ არსებებს, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობდნენ ისევე როგორსაც ჩვენს დროში მხოლოდ მატერიასთან ასოცირდება. ამავე დროს, სულის თითოეული ძალა მას ეგონა ისეთი თვისებით შემკული, რომელიც ასრულებდა თავის როლს სულის მთლიანობის სცენაზე. თანდათანობით, სულის შესაძლებლობებთან დაკავშირებული წარმოდგენები სულ უფრო აბსტრაქტული ხდებოდა, ხოლო „მე“-ს ერთიანობამ სულ უფრო მეტად დაიკავა თავისი კანონიერი ადგილი ადამიანის შეხედულებებში. 

რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, შუა საუკუნეებში არსებულ „შვიდ თავისუფალ ხელოვნებაში“ (Seven Liberal Arts) (შენიშვნა N30) ჩვენ აბსტრაქტულ ფორმაში კვლავ ვხედავთ იმ თვისებებს, რომლებიც სიმბოლურად ასახავდა სულის ცხოვრების შვიდ მოქმედ სულიერ ძალას, ანუ მიდიანის მოძღვარ იეთროს შვიდ ასულს. შვიდი თავისუფალი ხელოვნების განვითარებისა და გამოვლენის მანერა იყო, უკანასკნელი მკრთალი ექო, თანამედროვე აზროვნების შტრიხებით გაჯერებული იმ ცნობიერებისა, რომელიც აღიარებდა, რომ შვიდი განსხვავებული ძალა გრძელდება და მუდამ აქტიურია ადამიანის სულის თეატრში დადგმულ სცენებში.

როდესაც ჩვენ განვიხილავთ ზემოთ მოყვანილ შეხედულებებს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსე სულიერი თვალსაზრისით შეეჩეხა ადამიანის სულის ამ შვიდი ძალის საერთო, ერთობლივ ასპექტს, მისი მთავარი მისია მაინც იყო ამ ძალათაგან ერთის, განსაკუთრებული სულიერი იმპულსის, ღრმად და მთლიანად ჩანერგვა კაცობრიობის განვითარებაში.  ეს მისთვის შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ მისი ხალხის სისხლსა და ტემპერამენტში თანდაყოლილი იყო განსაკუთრებული მიდრეკილება იმ გამორჩეული სულიერი ძალისადმი, რომლის მოქმედება დღემდე იგრძნობა და რომლის დანერგვაც სწორედ მოსეს ამოცანად იყო ქცეული. ეს ძალა არის ის დომინანტური სულიერი ენერგია, რომელიც აერთიანებს ყველა იმ სულიერ მოქმედ ძალას, რომლებიც ადრე განცალკევებულად და დამოუკიდებლად აღიქმებოდა, ერთიან და ჰარმონიულ შინაგან სულის ერთობაში — ანუ ნამდვილ ეგოში. შემდგომ ბიბლია გვიყვება, რომ იეთრომ ერთი ასული მოსეს შეირთო ცოლად. რაც მოსეს სულში ამ შვიდი ძალათაგან ერთ-ერთის განსაკუთრებულად გააქტიურებას ნიშნავს. მისი ზემოქმედებით იგი იქცა გადამწყვეტ, გაბატონებულ ძალად კაცობრიობის განვითარებაში, რომელმაც სხვა სულიერი ძალები ერთიან სულ-ეგოდ აქცია.

მოცემული მსგავსი განცხადებები უდიდესი სიფრთხილით უნდა გამოითქვას, რადგან ჩვენს ეპოქაში ადამიანებს აღარ გააჩნიათ ისეთი უნარი ან ორგანო, რომლის მეშვეობითაც გააცნობიერებდნენ, რომ თითქოსდა გარე მოვლენების ამსახველი მრავალი ნარატივი ბიბლიიდან, სინამდვილეში ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს კონკრეტული ადამიანის სულის განვითარების საჩვენებლად არის მოცემული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული საკუთარ სულიერ მისიასთან და მასზე იყო მიმართული მისი შინაგანი ძალა. ასევე ცხადია, რომ ერთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც ძველ ეგვიპტელებს არ ჰქონდათ, სწორედ ის შთაგონება იყო, რომელსაც მოსე იღებდა ადამიანის ეგოს-ძალისგან, ანუ იმ შინაგანი ცენტრიდან, რომელიც ადამიანის სულის ძალათა შუაგულშია მოთავსებული. სწორედ ეს იყო მისთვის საჭირო კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ის თავის განსჯას ეყრდნობოდა და მოქმედებდა.

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ძველი ეგვიპტის ხალხის ნამდვილი მისია იყო ისეთი კულტურის დაარსება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ადრეული, პირველყოფილი ნათელმხილველობის პრაქტიკასა და მეთოდებზე. ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ჩვენამდე მოღწეულა ეგვიპტური ცივილიზაციიდან, აღმოცენებულია იმ განსაკუთრებული ფსიქიკური ძალების ბუნებიდან, რომლებიც ოდესღაც ეგვიპტელ ქურუმებსა და ხალხის წინამძღოლებს ჰქონდათ. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ძველი ეგვიპტის მისიის კოსმიური საათი ამოიწურა და კაცობრიობას უნდა განევითარებინა ის სულიერი ძალები, რომლებიც განზრახული იყო, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩაენაცვლებინა ძველი პასიური ნათელმხილველური მდგომარეობა კაცობრიობის მომავალ ევოლუციაში.

ეგო-ცნობიერება, ინტელექტუალობა, რაციონალიზმი, გონიერება და  გაგება,  რომელთა მოქმედების სფერო გარე შემეცნებად სამყაროს უკავშირდება, წინასწარ განზრახული იყვნენ იმისათვის, რომ ჩაენაცვლებინათ ძველი ნათელმხილველური ცნობიერება იმ მომავალი ადამიანებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ უნდა განვითარებულიყო. უკვე აღვნიშნე, რომ კაცობრიობის მომავალში ნათელმხილველური ცნობიერება და ინტელექტუალური ცნობიერება კვლავ გაერთიანდება. უკვე კაცობრიობა მიემართება იმ დროისაკენ, როდესაც ეს ორი ცნობიერების მდგომარეობა მთლიანად გადაიჯაჭვება და ერთობლივად იმოქმედებს მთელ ადამიანურ მოდგმაში.

ჩვენი თანამედროვე ხედვის თვალსაზრისით ადამიანური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანმა ელემენტმა პირველად სწორედ მოსეს საშუალებით მიიღო თავისი იმპულსი. ამით აიხსნება ის გამორჩეული თანმიმდევრულობა და მდგრადობა, რომელიც მოსეს იმპულსს დღემდე თან სდევს ჩვენი სულის ცხოვრებასა და ძალაში. მოსეს მიენიჭა ინტელექტუალური აზროვნებისა და მოქმედების გარკვეული უნარი, რომელსაც გონება და გაგება აკონტროლებდა. ეს უნარი მასში განსაკუთრებულად და უჩვეულო ფორმით იყო ჩანერგილი, რადგან ყველა ის კონცეფცია და იდეა, რომელიც მისთვის მოვიდა და განზრახული იყო, რომ გარკვეულწილად გამოვლენილიყო და ნაყოფი მოგვიანებით გამოეღო, ჯერ უნდა ჩანერგილიყო ისე, რომ შესაბამებოდა იმ უძველეს დროში მიღებულ განსაკუთრებულ მეთოდებს. აქ ჩვენ ვაწყდებით საოცარ ფაქტს, კერძოდ, რომ შემდგომი თაობები პირდაპირ მადლიერი იყვნენ მოსეს მიმართ მათი გაგებისა და ინტელექტის გაფართოებისა და განვითარების ძალისთვის, ისე, რომ მათი ეგოს ცნობიერების მეშვეობით მათ შეეძლოთ მსჯელობა და ფიქრი სამყაროზე, და შემეცნება შინაგანი ინტელექტუალური ჭვრეტით სიფხიზლისას.

მოსესათვის ინტელექტუალური ცნობიერების მიწოდების ფორმა, უნდა ყოფილიყო ინტელექტუალური ცნობიერების გაელვების მსგავსი, მიმგვანებული ძველ ნათელმხილველური ცნობიერებისათვის. მართლაც, იგი გახდა იმ პირველი საწყისი იმპულსის მიმღები, რომელიც მიზნად ისახავდა გონივრული განსჯისა და შემეცნების ახალ წესრიგს; ამავდროულად იგი კვლავაც ფლობდა ძველ ნათელხილვით ძალას. ყველა ცოდნა, რომელიც მოგვიანებით თაობებმა ნათელხილვის გარეშე მოიპოვეს, მოსესთვის ხელმისაწვდომი იყო სწორედ ნათელხილვის მეშვეობით. მას გონება, აზროვნება და ინტუიცია წმინდა გონების სფეროში ეძლეოდა მაშინ, როდესაც მისი სული გადადიოდა იმავე ნათელხილვით მდგომარეობაში, რომელსაც ის განიცდიდა, როდესაც იმყოფებოდა ძველი მიდიანელი მოძღვრის გავლენის ქვეშ. გვაქვს მაგალითი ცეცხლმოკიდებული მაყვალისა, რომელიც არ იწვოდა. ამ შემთხვევაში, კოსმოსმიური სული გამოჩნდა მოსეს წინაშე სრულიად ახალი გზით, რომელიც ეგვიპტელთა ნათელმხილველური ცოდნის მიღმა იყო.

ვინც იცის არსებითი ფაქტები, ყველას ესმის, რომ განვითარების პროცესში ადამიანის სული აღწევს ისეთ წერტილს, როდესაც გარე ობიექტების ასპექტი თანდათან, იმდაგვარად იცვლება,  რომ ისინი გადაეჯაჭვებიან იმ იდუმალ ფონს, იმ არქეტიპებს, საიდანაც ისინი წარმოიქმნება. სულიერი განვითარების მაღალ დონისათვის მიღწეული ყველა ადამიანისათვის ცნობილია ბიბლიაში ასე შთამბეჭდავად აღწერილი „ცეცხლმოკიდებული ბუჩქის“ ამბავი, როგორც ადამიანის მიერ სულიერი სამყაროს აღქმის მაგალითი.

ჩვენ ახლა ვაცნობიერებთ, რომ მოსეს ნათელმხილველური ფორმით მიიღებული ცოდნა  ახალი ცნობიერების ხასიათის უნდა ყოფილიყო, რომელიც მომდინარეობდა კოსმოსის დიადი სულიდან, იმ სულიდან, რომელიც ყოველთვის აქტიურია და გადაჯაჭვულია მთელ მატერიალურ სამყაროში. 

როდესაც ადამიანის სული გრძნობს, რომ ეგო დაკავშირებულია სულის ქმედებასა და სიცოცხლესთან, ისევე, როგორც ძველი ხალხი აცნობიერებდა, რომ მათი არსება ჭეშმარიტად იყო დაკავშირებული კოსმიურ ძალებთან, მაშინ მას შეუძლია შეიმეცნოს ის ჭეშმარიტებები, რომლებიც პირველად მოსეს გაემხილა თავისი ნათელმხილველური ძალებით. ეს გამოცხადებები უნდა განიხილებოდეს, როგორც კოსმიური საფუძველი, საიდანაც გამომდინარეობდა მის მიერ კაცობრიობისადმი მიცემული დიდი იმპულსი, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს, ძველი ნათელხილვის დაუხმარებლად, მხოლოდ თავისი გონებრივი უნარებითა და აზროვნებით  დაეკავშირებინა და შეედარებინა ფიზიკური ფენომენები და ამგვარად შეეცნოთ ისინი, როგორც მატერიალურ სამყაროში არსებული ყველა უწყვეტობის საფუძველი.

ამჟამად, თუ განვიხილავთ ჩვენი სულის ცხოვრების ცენტრს, ის ძალიან ღარიბი შინაარსის მქონე ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შინაარსი ჩვენი ყველაზე ინტენსიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებებია. ზოგიერთმა ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა, მაგალითად, ჟან პოლმა, მიწიერი არსებობის განმავლობაში იგრძნო, რომ თავათ ნამდვილად დაუპირისპირდა მისი ნამდვილი არსების ცენტრს. ამ ისტორიას ჟან პოლი თავის ავტობიოგრაფიაში გვიყვება: „არასოდეს დამავიწყდება შინაგანი ხილვა, რომელიც ერთხელ განვიცადე და რომელიც ჯერ არავისთვის მომიყოლია. ამ ხილვაში მე ვესწრებოდი ჩემი ჭეშმარიტი თვითცნობიერების დაბადებას. მე ნათლად მახსოვს ამ მოვლენის დრო და ადგილი. ეს იყო ერთი დილა, როდესაც ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი. ვიდექი ჩვენი სახლის კარებში, როდესაც მარცხნივ გავიხედე, ხის საწყობის მიმართულებით, მოულოდნელად ზეციდან ელვასავით დაეშვა ხილვა ამ სიტყვებისა:  „მე ვარ მე“. და ეს სიტყვები გარკვეული ხნით ცხადად ანათებდა. იმ მომენტში და იმ ადგილას, ჩემმა ეგომ პირველად დაინახა საკუთარი თავი და ამ მზერით გმოწვეული გაცნობიერება სამუდამოდ დარჩა. მეხსიერების შეცდომით გამოწვეული ილუზია ამ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, რადგან არ არსებობდა არც ერთი გარე მოვლენა, არც ერთი გარეგანი შთაბეჭდილება, რომელიც შეიძლებოდა გარედან შერეოდა ამ შინაგან მოვლენას, მოვლენას, რომელიც მხოლოდ ადამიანის შინაგანი არსების საიდუმლო და წმინდა სიღრმეში შეიძლება მოხდეს. მისი უნიკალურობისა და სიახლის გამო, ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.“

ეს „საიდუმლო და უწმინდესი განმარტოება“ ჩანს ჩვენი სულის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ და ძლიერ მდგომარეობად, მაგრამ კაცობრიობას არ შეუძლია ამ კონკრეტული სულის მდგომარეობის ისე გააზრება, რადგან მას აკლია ცნობიერი სისავსე. როდესაც ადამიანი უკან იხევს ამ ცენტრალურ წერტილამდე, მაშინ ის ნამდვილად აცნობიერებს, რომ ასე სერიოზული და ძლიერი, მაგრამ ამავე დროს სიტყვის შინაარსით ასე ღარიბი სიტყვებით — „მე ვარ“ მუდამ ჟღერს მისი შინაგანი სულის არსის დომინანტური ტონი.

მოსეს მიერ ნათლად, ერთგვაროვან ერთიანობად შეგრძნობილი, კოსმოსური სული განუწყვეტლივ მოქმედებს ამ „საიდუმლო და უწმინდესი განმარტოების“ საყოფელში. გასაკვირი არაა, რომ როდესაც ეს კოსმოსური არსი პირველად გაეცხადა მოსეს, მან შეძახა: „თვითშეგნების საფუძველზე ახალი ცივილიზაციის დაწყების ამოცანა თუ მე მაკისრია, ვინ დამიჯერებს? ვის სახელით გამოვაცხადებ ჩემს მისიას?“ და პასუხიც მოვიდა: „უნდა თქვა „მე ვარ ის, ვინც ვარ“.“ ეს ღრმა დადასტურება ნიშნავს, რომ ღვთაების სახელი, რომელიც თავს იჩენს ადამიანის ბუნების „საიდუმლო და უწმინდეს განმარტოებაში“, სხვაგვარად ვერ გამოცხადდება, გარდა იმ სიტყვებისა, რომლებიც აღნიშნავენ თვითარსებობის შეგნებას. ცეცხლმოკიდებული ბუჩქის ფენომენში მოსემ ამოიცნო იეჰოვა ანუ იეჰოვა-ბუნება. მოსეს შეგნებაში იეჰოვას სახელის - “მე ვარ” შეჭრით, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოვიდა ახალი დინება, ახალი ელემენტი კაცობრიობის ევოლუციისა, რომელიც იმთავითვე ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ჩასანაცვლებლად იყო  განზრახული. უძველესი კულტურა მხოლოდ მოსეს სულის განვითარებას ემსახურებოდა, რათა მას ჭეშმარიტად შეეფასებინა და გამკლავებოდა რთულ სიტუაციებს, რომლებიც მისი ცხოვრებისეული გამოცდილების განმავლობაში წილად ხვდებოდა.

მოსესა და ფარაონის შეხვედრისას ადვილი შესამჩნევია, რომ მათ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ნაწერი მიზნად ისახავს იმის გადმოცემას, რომ ყველაფერი, რაზეც მოსე საუბრობდა, მომდინარეობდა ადამიანის ცნობიერების სრულიად შეცვლილი გარემოებიდან, რაც სრულიად გაუგებარი უნდა ყოფილიყო ძველი ნათელმხედველური ეგვიპტური კულტურით მცხოვრები ფარაონისთვის. ეს რომ ასე იყო ნათელია ჩანაწერებში გამოხატული ფორმულირებიდან — “რადგან მოსე ახალი ენით საუბრობდა”. მან თავისი სიტყვა შემოსა ადამიანის სულის ეგოს ცნობიერებიდან მომდინარე სიტყვებით, რაც გაუგებარი იყო ფარაონისთვის, რომელსაც მხოლოდ ძველი აზროვნების ნაკადის გაგება შეეძლო.

ეგვიპტელებს ჰქონდათ შესასრულებელი მისია, რომელიც ეფუძნებოდა ძველ ნათელმხილველურ ძალებს, მაგრამ ამ მისიისთვის გამოყოფილი დრო გავიდა. ამიერიდან, თუ ეს ხალხი გააგრძელებდა ცხოვრებას, ის მაინც შეინარჩუნებდა იმავე ტემპერამენტსა და ეროვნულ მახასიათებლებს, რომლებიც მანამდე ჰქონდა. მას არ ძალუძდა განვითარება და იმ საზღვრის გადალახვა, რომელიც ძველ ეპოქას ახლისგან ჰყოფდა. სწორედ ამ დროს იყო განზრახული მოსეს მიერ ამ გზის მითითება და ებრაელი ხალხის აღზევება. იმ მოვლენების ხსოვნისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო მოსესა და მისი ხალხის მიერ ძველი პერიოდიდან ახალზე გადასვლასთან ყოველთვის აღინიშნება პასექის დღესასწაული, ეს დღესასწაული მუდმივად უნდა გვახსენებდეს, რომ მოსე იყო ის, ვისაც მიეცა ძველი ცნობიერების წესრიგიდან ახალზე გადასვლის ცოდნა. ეგვიპტელებს არ შეეძლოთ ამ უფსკრულის გადალახვა. სანამ ეს ერი ყოვნდებოდა, დროის ტალღები წინ მიიწევდა. ზემოთ აღწერილი მანერით უნდა განვიხილოთ მოსეს ურთიერთობა ეგვიპტელებთან და მის ხალხთან.

ებრაელი ერი თავისი ბუნებით სრულად იყო მზად, მიეღო მოსეს მისიად განზრახული დიდი განმანათლებლობა. მისი ნამდვილი ხასიათი იყო ძველი ნათელმხილველური ცნობიერების ინტელექტუალური მსჯელობის ცნობიერებით ჩანაცვლება. წინა ლექციებში აღინიშნა, რომ ნათელმხილველური ცნობიერება არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენს გარე სხეულებრივ ბუნებასთან და ის თავისუფლად ვითარდება ზუსტად მაშინ, როდესაც ადამიანი, სულიერი ვარჯიშებით, თავისუფლდება თავისი გარე სხეულებრივი ინსტრუმენტისგან, რათა სულით შეუბოჭველად და აქტიურად იღვაწოს. ინტელექტუალური ცნობიერება დაკავშირებულია ტვინთან და სისხლთან, და მისი გამოხატვის საშუალება თვით ადამიანის ორგანიზმშია ჩადებული.

ამ ცნობიერი მდგომარეობის განგრძობითი სულიერი განვითარება, რომელიც მანამდე, თითქოს, ფიზიკური სტრუქტურის ირგვლივ ტრიალებდა, მოსემდე ხორციელდებოდა მხოლოდ ოსტატსა და მოწაფეს შორის არსებული ურთიერთობის მეშვეობით, მაგრამ ახლა ის უნდა მორგებოდა ახალ მდგომარეობას, რომელშიც ის პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული და შემოფარგლული ფიზიკური ორგანიზმით, და იმ სისხლით, რომელიც თაობიდან თაობამდე მოედინებოდა ხალხის ძარღვებში. სწორედ ამ მიზეზით, მოსეს მიერ კაცობრიობისათვის ინტელექტუალური კულტურისკენ იმპულსის შესაქმნელად მიცემული ცოდნა, შეიძლებოდა მხოლოდ იმ ერში ჩაენერგა, რომლის რასის სისხლი მომავალ თაობებშიც ენერგიულად გაგრძელდებოდა. ამიტომაც შეირჩა ასეთი ბუნების ინსტრუმენტი ახალი შემეცნებითი უნარის საბაზისო პრინციპების მისაღებად.

მოსეს მიერ ჩანერგილ ახალ ცნობიერებას მხოლოდ სულში არ უნდა ეცოცხლა, წინასწარვე იყო დადგენილი, რომ ამ ამოცანისთვის განსაზღვრული ერი უნდა გამოყოფოდა ეგვიპტელებს და შემდგომში, იზოლირებულად, როგორც ცალკე ხალხს, საუკუნეების განმავლობაში განევითარებინა ისეთი გარეგანი გზები და საშუალებები, რომლებიც მომავალში გახდებოდა ინტელექტუალური კულტურის საფუძველი. კულტურისა, რომელიც მომავალ ეპოქებშიც განაგრძობდა არსებობას.

ამგვარად, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიოს ისტორია სავსეა ყველა გარე ფიზიკურ ფაქტორთან სულიერი ელემენტის მჭიდრო კავშირით. ნათელია, რომ ბიბლიური ნარატივის ავტორი დიდ ძალისხმევას ახმარს, ძველი ეგვიპტური კულტურიდან მოსეს კულტურაზე გადასვლის ისტორიის მნიშვნელოვან მსოფლიო ისტორიის ეპიზოდად წარმოჩენას. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ისრაელის შვილების წითელი ზღვის გავლის ისტორია. ამ ნარატივის ქვეშ იმალება საოცარი ჭეშმარიტება, რომელიც ეხება კაცობრიობის ევოლუციას, მაგრამ რომელიც მხოლოდ მათთვისაა გასაგები, ვინც ნათლად აღიქვამს ამ მოვლენის მთელ შინაგან ბუნებას სრულად.

ეგვიპტელებთან დაკავშირებით, ჩვენ ვპოულობთ მტკიცებულებას სულის ძალებსა და ნათელმხილველურ უნარს შორის კავშირზე. ამ საკითხში ყველაზე ნათელ ხედვას ვიღებთ, როდესაც საწყის წერტილად ცხოველის ორგანიზმს განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ არ იფიქრებთ, რომ ადამიანის ბუნებას ცხოველისას ვუტოლებ. ჯერ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ცხოველთა სამყაროს მთელი შეხედულება და სულის ცხოვრება სიზმრისებური და მოდუნებულია, ადამიანის ინტელექტუალურ სულის მდგომარეობასთან შედარებით. პირველყოფილი ადამიანის ნათელმხილველური ცნობიერება რადიკალურად განსხვავდება და პირდაპირ არ შეიძლება შევადაროთ ცხოველთა სულის ცხოვრებასთან. თუმცა შეგვიძლია ნათლად დავინახოთ გარკვეული კავშირი ცხოველთა ინსტინქტურ სულის ცხოვრებას და არსებობას და ადრინდელი ადამიანის სულის ცხოვრებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები ხშირად გადაჭარბებულია, გარკვეული სიმართლე მაინც დევს იმ ამბებში, სადაც აღწერილია, როგორ ტოვებენ ცხოველები მიწისძვრასა და ვულკანურ ამოფრქვევას დაქვემდებარებულ ადგილებს ამოფრქვევამდე რამდენიმე დღით ადრე. ნამდვილად ყოფილა შემთხვევები, როცა ყველაფრის მხოლოდ გონებით აღმქმელი ადამიანები უმოქმედოდ დარჩენილან, მაშინ როცა მახლობლად მყოფი ცხოველები აშკარად აღელვებულან. სულიერი მეცნიერების მკვლევარმა უწყის, რომ ცხოველთა ბუნება იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული მის საცხოვრებელ გარემოსთან და შეიძლება ითქვას, რომ გააჩნიათ ისეთი ინსტინქტური გააზრების გარკვეული ხარისხი, რომელიც თავისი ელემენტარული ძალებით არეგულირებს მათ არსებობას. ადამიანში ეს უნარი აღარ არსებობს, რადგან მან განავითარა უფრო მაღალი ინტელექტუალური ხარისხი, რომლის საშუალებითაც შეუძლია შექმნას გააზრებული ცნებები და იდეები ყველაფერზე, რაც მას აღქმაში ევლინება, მაგრამ სწორედ ამ ლოგიკურმა უნარმა გაწყვიტა ის მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, რომელიც ოდესღაც ადამიანს ჰქონდა.

ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პირველყოფილ დროში ადამიანს ძველი ნათელმხილველური მდგომარეობისა და გარე ბუნების ფენომენებთან მისი კავშირის  ერთგვარი ინტუიცია, ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ინსტინქტური შემეცნება გააჩნდა, დღეს არსებული ზოგიერთი ადამიანის მსგავსად, ვინც სულის ძალისხმევით იმაღლებენ თავს და აღწევენ შემეცნების ისეთ წესრიგს ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რომლისთვისაც ვერანაირი გარეგანი მიზეზი ან საფუძველი ვერ მოიძებნება. ზემოთხსენებული ცოდნის მეშვეობითაც ძველებს შეეძლოთ ეთქვათ: „ასეთი და ასეთი მოვლენები მოხდება, ამიტომ ჩვენ წინასწარ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები, რათა მოვემზადოთ.“

ვინც თავისი სულის ძალებს იყენებს და მისი თვისებებისა და სათნოებების მეშვეობით მისი ინტელექტუალური ცნობიერების მიღმა არსებული აზრების გამოთქმის უნარს იუნჯებს, უხერხულად გრძნობს თავს, როდესაც ხალხი მოდის მასთან და ეკითხება: „რატომაა ეს ასე? დაგვისაბუთე.“ ასეთი ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ამგვარი ცოდნა ლოგიკური მსჯელობისგან სრულიად განსხვავებული გზით მოდის. გასაოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გოეთე, როდესაც ფანჯრიდან იყურებოდა, ხშირად შეეძლო საათებით ადრე ეწინასწარმეტყველა, როგორი ამინდი იქნებოდა. თუ გავიაზრებთ, რომ ძველებს გააჩნდათ ამგვარი ნიჭი, რომელიც სულიერ სამყაროსთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით ბუნებასთან და ბუნების ფენომენებთან დაკავშირებაში ვლინდებოდა (მაგრამ სრულიად განსხვავებული მანერით, ვიდრე ეს დღესაა), მაშინ, ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ და წარმოვიდგინოთ ძველი ნათელხილვის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება, რომელიც ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს უკავშირდებოდა. ძველ დროში კაცობრიობას არ გააჩნდა მეტეოროლოგიური ობსერვატორიები, არ არსებობდა გაზეთებში ან სხვა გზებით გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზები, მაგრამ ძველებს გააჩნდათ აღქმის ისეთი გრძნობა, რომელიც ნათლად წინასწარმეტყველებდა, თუ რა მოხდებოდა, რის შემდეგაც ისინი თავიანთ ქმედებებს მიღებული შთაბეჭდილებების შესაბამისად წარმართავდნენ.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ძველ ეგვიპტელებთან, რომლებშიც ძველი ნათელხილვის ნიჭი მაღალ დონეზე იყო განვითარებული. მათ არ ჰქონდათ ცოდნა ჩვენი თანამედროვე მეცნიერების ან ანალიტიკური მეთოდების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იცოდნენ როგორ ემოქმედათ გარემომცველ სამყაროში ცოცხალ ჰარმონიაში, რომ ყოფილიყვნენ. როდესაც ეგვიპტური კულტურისთვის კოსმიურმა საათმა ჩამოჰკრა, ოდესღაც გამორჩეული ეს ნიჭი დაკნინდა და ეგვიპტელებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეეძლოთ, გაეგოთ და გარკვეულიყვნენ ბუნების ფაქტებსა და რეალობებში. გარე ელემენტებისა და ფაქტორების ჯგუფისა და ურთიერთქმედებიდან მათ უკვე აღარ შეეძლოთ  წინასწარ განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო მათი ქცევის ფორმა. მაგრამ კაცობრიობა უკვე იმ გზაზე იდგა, რომ უნდა ესწავლა ამ გარეგანი ელემენტების წყობისა და ურთიერთკავშირების კვლევა და შესწავლა. სწორედ მოსე იყო ის, ვინც ამ მიმართულებით მისცემდა პირველ ბიძგს კაცობრიობას. თუმცა, ეს ბიძგი, რომელიც მოსემ ადამიანებს მიანიჭა, მაინც მოდიოდა მისი ძველი ნათელმხილველური ცნობიერებიდან.

როდესაც მოსე და მისი ხალხი იდგნენ წითელი ზღვის ნაპირზე, მან იმ ცნობიერებით, რომელიც ჩვენსას წააგავდა თუმცა ჯერ კიდევ ძველი ნათელმხილველურად აღიქვა განსაკუთრებული ბუნებრივი გარემოებები, კერძოდ, აღმოსავლეთის ქარისა და მიქცევა-მოქცევის უჩვეულო კომბინაცია, არხის მსგავს გასასვლელთან ერთად, საშუალებას აძლევდა, სწორ მომენტში, ეხელმძღვანელა ისრაელიანებისთვის ზედაპირულ წყლებში გავლისთვის. ეს ისტორიული ფაქტი სიმბოლურადაა გამოსახული, რათა გავაცნობიეროთ, რომ მოსე ნამდვილად იყო ახალი და უნივერსალური ინტელექტუალური აღქმის ფორმის დამფუძნებელი, რომელიც დღესაც აქტიურია და რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა კვლავ ისწავლის ცხოვრების პრაქტიკული საქმეების ჰარმონიაში მოყვანას ბუნების არსებულ წესრიგთან, ისევე, როგორც ეს გააკეთა იმ დიდმა პატრიარქმა.

ეგვიპტელები იყვნენ ერი, რომლის დრო ამოიწურა. მათ აღარ შეეძლოთ იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდებოდა. ძველი ნათელხილვის ძალა მინავლდა და ისინი კვლავ აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, როგორც წარსულში, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. წარსულში ისინი იტყოდნენ: „უკვე გვიანია! ჩვენ ახლა ვერ გავივლით.“ მაგრამ ის თანდაყოლილი შინაგანი განჭვრეტის ნიჭი, რომლითაც ისინი ასე დიდხანს სარგებლობდნენ, თითქმის გაქრა. მათ აღარ იცოდნენ, თუ როგორ ეცხოვრათ ახალი ინტელექტუალური ცნობიერების მდგომარეობაში. ამიტომ ისინი წითელი ზღვის წინ უმწეოდ და გაოგნებულად იდგნენ, ძველი ნათელმხილველური ცნობიერება აღარ იყო მათი მეგზური და მათ კატასტროფა შეემთხვათ. აქ ჩვენ ვხედავთ ახალ მოსესეულ ელემენტს პირდაპირ კონტრასტში ძველთან და ვხედავთ, რომ ძველი ნათელმხილველური ნიჭი იმდენად დაკნინდა, რომ მასზე აღარ შეიძლებოდა დაყრდნობა, რადგან ის შეუფერებელი იყო ახალი ეპოქისთვის და უბედურების წინამძღვრად იქცა.

როდესაც ჩვენ ვიყურებით, ერთი შეხედვით გარეგნული, თუნდაც ზემოთხსენებული გრაფიკული ნარატივების ზედაპირის მიღმა ვაწყდებით იმ საკითხს, რომელსაც მთხრობელი ნამდვილად ჰგულისხმობს, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ისტორიები ხშირად ახასიათებენ კაცობრიობის ევოლუციის დიდ გარდამტეხ მომენტებს და ვაცნობიერებთ, რომ არ არის მარტივი ამოცანა ძველი ნაწერებიდან ნაპოვნი თავისებური აღწერებიდან ამოვიღოთ სხვადასხვა პიროვნებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როგორიცაა, მაგალითად, მოსე ჩვენს მიერ ცოტა ხნის წინ ციტირებულ გარემოებებში.

ჩანაწერის შემდგომი ნაწილიდან ნათელია, როდესაც გადაწყდა, რომ მოსეს თავისი ხალხი პალესტინამდე უნდა მიეყვანა, ის მაინც მთლიანად ეყრდნობოდა ძველ ნათელხილვას და რომ მის შემთხვევაში, მისი ცოდნა სრულად იყო დამოკიდებული ამ ნიჭზე. სწორედ იმიტომ, რომ ებრაელი ხალხის ძარღვებში მიედინებოდა ისეთი სისხლი, რომელიც მათ ბუნებრივად განსაკუთრებით შესაფერისს ხდიდა მოახლოებული ინტელექტუალობისაკენ მიმავალი მოძრაობის საფუძვლის ჩასაყრელად. განზრახული იყო, რომ ისინი გაეყვანათ და წარმართულიყვნენ აღთქმულ მიწაზე. ცოდნა და სიბრძნე მოსემ თავისი ნათელმჭვრეტელური ძალებით შეიძინა, მაგრამ თვითონ ვერ შეადგენდა ახალი კულტურის არსს, რადგან ეს ახალი კულტურული უნარი უნდა გამოვლენილიყო ძველი ნათელმჭვრეტელური ცნობიერების საპირისპირო გზებით.

ბიბლიური ჩანაწერიდან ნათელია, რომ მოსე გრძნობდა, რომ მისი მისია იყო,  თავისი ხალხი გარკვეულ ადგილამდე მიეყვანა. ის ვერ შეიყვანდა მათ აღთქმულ მიწაზე. მოგზაურობის ბოლო ეტაპი უნდა დარჩენოდა მათ, ვინც ინტელექტუალური განვითარების ახალ წესრიგს მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსე იყო უფლის წინასწარმეტყველი, იმ ძალის რომელიც ადამიანის “მე”-ში ვვლინდება, ჩვენ ვიცით, რომ მას მხოლოდ თავისი ნათელმხედველური უნარით შეეძლო გაეცნობიერებინა კოსმოსის დიდი სულის უზენაესი სიტყვა. თავისი ხალხის გადარჩენის მისიასთან მარტო დარჩენილმა  მისი ნათელმხილველური ძალებით კვლავ უშუალოდ, რომ დაკავშირებოდა თავის ღმერთს მიაშურა კარავს, სადაც ხმა მოესმა: „ამიერიდან სხვამ უნდა უხელმძღვანელოს შენს ხალხს, ვინაიდან ვერ შეძლებ შეასრულო ყველაფერი, რაც შენთან ნათელხედვით მოდის.“ ამ სიტყვებმა დიდი პატრიარქი წარმოაჩინა ისეთ წინასწარმეტყველად, რომლის მსგავსი ისრაელში აღარ იქნებოდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოსე იყო მათში იყო უკანასკნელი ვისაც ჰქონდა ძველი ნათელხილვის ნიჭი. ამიერიდან კი ინტელექტუალური აზროვნების ისეთი ფორმა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა ამ ნიჭისგან, გავრცელდებოდა ყველა შესაფერის ხალხში. ადამიანის ქმედებები და შემეცნება დაეფუძნებოდა მხოლოდ მსჯელობისა და აზროვნების ძალას. ასე უნდა მომზადებულიყო „მე“ — ეგო, რათა მასში ახალ პრინციპს მიეღო ბინა, რომლის ჭეშმარიტება უკვე აღიარებული იყო ახალი კულტურის ფუნდამენტური საფუძვლების მცოდნეთაგან.

სწორედ მოსეს მისიის მეშვეობით მივიდა კაცობრიობა პირველად იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე პოზიტიური გრძნობა, რაც კი ადამიანს შეუძლია განიცადოს ყოვლისმომცველი კოსმიური სულის აბსოლუტური რეალობის, მუდამ აქტიური და მთელ დედამიწასთან დაკავშირებული ღვთაებრივი პრინციპის შესახებ, არის კონცენტრირებული „მე ვარ“-ში - ადამიანის სულის შუაგულში. მაგრამ იმისათვის, რომ ამ ორ მარტივ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს, „მე ვარ“-მა ჯერ უნდა შეივსოს სრული შინაარსი, რომელიც კიდევ ერთხელ მოიცავს მთელ სამყაროს. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო კიდევ ერთი მისია, რომელიც გამოხატულია წმინდა პავლეს ღრმა მნიშვნელობის სიტყვებში: — „არა მე, არამედ ქრისტე ჩემში“ (გალ. II, 20). 

მოსემ კაცობრიობა მიიყვანა ადამიანის „მე“-ს ჭეშმარიტი კულტურის დამკვიდრებამდე. ეს ახლადშობილი ინტელექტუალური ცნობიერება განსაზღვრული იყო საუკუნეების განმავლობაში მყოფობისათვის, მაგრამ მაინც იქნებოდა ზემოდან მოცემული საჩუქარი, ცივილიზაციის ფორმა, ასე ვთქვათ მომავალი შინაარსის „მიმღები ჭურჭელი“. აუცილებელი იყო, რომ ჩვენი არსების ცენტრი თავდაპირველად ძველი ებრაელი ხალხის წიაღში გაშლილიყო. რის შემდეგაც ეს ღვთაებრივი „მიმღები“ შეივსებოდა ყველაფრით, რაც გოლგოთის საიდუმლოს და პალესტინაში მომხდარი მოვლენების ჭეშმარიტი გაგებიდან მომდინარეობს. ამგვარად, ეგო მიიღებდა თავის ახალ შინაარსს, რომელიც თავად სულიერი სამყაროს ქმნილება იქნებოდა. ჩვენ ყველაზე ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ ყველაფერი, რაც წარმოიშვა ამ ახალი შემოდინებიდან და რაც თავის წარმოშობას ებრაელი ხალხის მომზადებასა და განვითარებას ევალება, როდესაც მივმართავთ იობის წიგნს. თუმცა, ჩვენ ვერ გავიგებთ სწორად იქ აღწერილ საოცარ ტრაგედიას, თუ არ გავითვალისწინებთ ებრაელი ერის თავისებურ მახასიათებლებს.

გვაუწყებენ, რომ იობი, მართალი კაცი, რომელსაც ღმერთის სწამდა, დარწმუნებული იყო, რომ ყოვლადმაღალი თავად იყო მისი სატანჯველის ნამდვილი წყარო. მას ზედიზედ მრავალი უბედურება დაატყდა თავს — დაკარგა ქონება, შვილები და ბოლოს თვითონაც დაავადდა. ამგვარად, უფალი თითქოს ისე გამჟღავნდა, რომ იობს ეჭვი შეჰპარვოდა — ნამდვილად მოქმედებდა კი ადამიანის „მე“-ში ის დიდი კოსმოსური სული, რომელიც სამყაროს მართავს? მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იობის ცოლმა ვეღარ გაიგო, ყოველივე ამის შემდეგ რატომ უნდა განეგრძო ქმარს ღმერთისადმი რწმენა. ამიტომაც მიმართა მას უმნიშვნელოვანესი სიტყვებით: „კვლავაც გჯერა? შეაჩვენე ღმერთი და მოკვდი!“ (იობი 2:9) რა არის ამ ალეგორიული ტრაგედიის შინაარსი და ამ სიტყვების მნიშვნელობა — „შეაჩვენე ღმერთი და მოკვდი“? აქ იგულისხმება შემდეგი: თუ ის ღმერთი, რომელსაც შენ შენი საკუთარი არსებობის წყაროდ მიიჩნევ, თავს გაჩვენებს მწუხარებითა და უბედურებით, შეგიძლია მას განშორდე — მაგრამ ჭეშმარიტად, სიკვდილი ელის იმას, ვინც ამას იზამს, ვინაიდან ვინც ღმერთს განეშორება, თავად გამოდის ცოცხალი ევოლუციის მსვლელობის ფარგლებს გარეთ. იობის მეგობრებს არ სჯეროდათ, იობს არ ჰქონოდა ჩადენილი რაიმე ცოდვა, რადგან მათ ეგონათ, რომ მართალ კაცს მხოლოდ სიმართლე და სამართლიანობა უნდა შეხვედროდა. თვით მთხრობელიც კი ვერ გვარკვევს ამ გარემოებათა სამართლიანობაში. მას მხოლოდ ის შეუძლია თქვას, რომ იობი, რომელმაც ამდენი ტანჯვა განიცადა, ბოლოს მაინც მოიპოვა ფიზიკურ სამყაროში ანაზღაურება დანაკარგისა და გასაჭირისათვის.

იობის წიგნში გამოსახულ ამ ღრმად მნიშვნელოვან ალეგორიაში, თითქოს ისმის მოსეს ცნობიერების ექო. ამ ისტორიაში ნათელია, რომ სული ისაა ვინც გვანათლებს და მუდამ ვვლინდება ადამიანის შინაგან არსებაში. მაგრამ მიწიერი არსებობისას ეგოს უწევს ფიზიკურ ნივთებთან კონტაქტი. ამიტომაა, რომ არსებობს გადაცდომები, ადამიანი შეიძლება დასუსტდეს და დაკარგოს ერთიანობის გრძნობა სიცოცხლის პირველწყაროსთან. ქრისტეს იმპულსიდან კაცობრიობამ ის ისწავლა, რომ ტანჯვისა და ვაების ანაზღაურება მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში არ უნდა ვეძებოთ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი სხეულის ტკივილით, მწუხარებითა და ტანჯვით იფარება, თუ იგი მაინც მტკიცედ დადგება და არ დაკარგავს შინაგან რწმენას, მას შეუძლია გაიმარჯვოს მატერიალურზე. რადგან მისი „მე“ არა მხოლოდ იმ პირველწყაროდანაა განათებული, რომელიც მთელ სივრცესა და დროში ვრცელდება, არამედ თვითონაც ისეთად არის შექმნილი, რომ მასში შეუძლია შეითვისოს მარადიულის ყოვლისშემძლე ძალა.

იგივე ამაღლებული აზრები ჟღერს მოციქულ პავლეს სიტყვებში: „არა მე, არამედ ქრისტე ჩემში“ (გალ. II, 20). მოსემ მიიყვანა კაცობრიობა იმ დონემდე, რომ ადამიანს შეეძლო გაეცნობიერებინა, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრობს და იქმნება კოსმოსში, ყველაზე ღრმა და დამახასიათებელი ფორმით ვლინდება ეგოში. ადამიანი შეიძლება მიუახლოვდეს სამყაროს შემეცნებას, თუ მას ერთი დიდი საერთო ერთეულის — უნივერსალური „მე“-ცენტრიდან გამომდინარე მთლიანობად წარმოიდგენს. თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს მარადიული სულის მიღება ჩვენს არსებაში, მაშინ არ უნდა დავეყრდნოთ დროებით ნივთებს, არც მხოლოდ სივრცისა და დროის მიღმა დაფარულ იაჰვეს ერთეულს მივაქციოთ ყურადღება, არამედ უნდა მივიდეთ იმ სპონტანურ და დიდებულ წყალობამდე — ქრისტეს წყარომდე — რომელიც ყველა ერთიანობის საფუძველი და ცენტრია.

ასე ვცნობთ მოსეში იმ პიროვნებას, რომელმაც გზა გაუხსნა ქრისტიანობას. ჩვენ ვხედავთ, თუ რა გზით ჩაუნერგა მან კაცობრიობას საკუთარი “მეს” შეგნება,  ცნობიერება, რომელიც მომავალი თაობების განვითარების მანძილზე უნდა გამხდარიყო მარადისობის შინაარსით გასაჯერებელი რამ. ანუ, ის უნდა ქცეულიყო შესაფერის ჭურჭლად, რომელიც სავსე იქნებოდა ქრისტეს არსის ნეტარი სუბსტანციით. ამ გზით წარმოვიდგენთ პატრიარქ მოსეს კაცობრიობის პროგრესთან და ევოლუციასთან კავშირში. ისტორია თავის უდიდეს ჭეშმარიტებებს ყოველთვის მაშინ ამჟღავნებს, როდესაც მას ზემოთხსენებული სახის აზროვნებითა და დაფიქრებით მივუდგებით.

ბუდასადმი მიეძღვნილ წინა ლექციაში, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ დროდადრო ჩნდება გამორჩეული პიროვნება, რომლის მეშვეობითაც მარადიული სიბრძნის წყარო კვლავ ცოცხლდება. იგი კაცობრიობას უბიძგებს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარებისაკენ. როდესაც ამა თუ იმ დიდი ფიგურის გარშემო არსებულ გარემოებებზე ვფიქრობთ, ჩვენ ვგრძნობთ მის ჭეშმარიტი კავშირს კაცობრიობის კოლექტიურ ევოლუციასთან.

როდესაც ამ თვალსაზრისით განვიხილავთ ადამიანის განვითარებას, აღმოვაჩენთ, რომ არსებითად და ცოცხლად ვართ ჩართული მის პროგრესში. მაშინვე ნათელი ხდება, რომ სამყაროს სულიერ ძალებს ჩვენს არსებასთან დაკავშირებული აქვთ გარკვეული მიზანი და განზრახვა, რომელიც ცხოვრების მსვლელობის განმავლობაში თანდათან უფრო და უფრო ნათელი ხდება. სწორედ მაღალგანვითარებული პიროვნებების მაგალითისა და ქმედებების გულმოდგინე განხილვით, მსოფლიოს ევოლუციისა და კაცობრიობის ისტორიის გამორჩეულ მოვლენებზე მედიტაციით, შეგვიძლია მოვიპოვოთ ძალა, სულის თავდაჯერებულობისა და ურყევი იმედის გრძნობა, რითაც შეგვიძლია დავიკავოთ სათანადო ადგილი კაცობრიობის ევოლუციაში. თუ ამგვარად განვიხილავთ მსოფლიოს ისტორიას, კვლავ ვგრძნობთ გოეთეს სიტყვების სილამაზეს, და ვაცნობიერებთ, რომ უდიდესი სარგებელი, რაც შეიძლება მივიღოთ უნივერსალური ისტორიის შესწავლით, არის ჩვენი ენთუზიაზმის გაღვიძება. მაგრამ ეს ენთუზიაზმი არ უნდა იყოს მხოლოდ ბრმა აღფრთოვანება და გაოცება, არამედ იგი უნდა გვიბიძგებდეს მომავალში კარგი ნაყოფის მოსაწევად - ჩვენს სულებში ის თესლები ჩავნერგოთ, რომლებიც წარსულიდან მოგვაქვს.

როდესაც ძველი დროის დიდი გამორჩეული პიროვნებებისა და მოვლენების ჭვრეტით ვაცნობიერებთ ამ დიდებულ ჭეშმარიტებას, დიდი პოეტის სიტყვები კვლავ ცოცხლდება, გარკვეულწილად შეცვლილი ფორმით: 

„დრო — იგი არის აყვავებული მდელო,
ადამიანობის განვითარება — ერთ დიდ ცოცხალ არსებას ჰგავს,
და ყველაფერი არის ნაყოფი და ყველაფერი არის თესლი!“

 

შენიშვნები 

27. ლუდვიგ ლაისტნერი (1845-1896) - გერმანელი მწერალი, ფილოლოგი, მითოლოგი და კულტურის მკვლევარი. ლაისტნერი მიიჩნევდა, რომ ყველა უძველეს მითს ერთი და იგივე საფუძველი აქვს — ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური და სულიერი გამოცდილება. განსაკუთრებით კი სიზმრები და ექსტაზური მდგომარეობები. ის ამბობდა, რომ უძველესი ადამიანები სამყაროს განსხვავებული ცნობიერებით აღიქვამდნენ — ნაწილობრივ სიზმარეული, ნაწილობრივ ნათელმხილველი ცნობიერებით, რომელშიც შინაგანი სურათები ბუნების და კოსმოსის ძალებთან იყო გადახლართული. რუდოლფ შტაინერის აზრით ლაისტნერმა უძველეს ნათელმხილველურ ცნობიერებასთან კავშირს მიაგნო მხოლოდ ინტელექტუალური ანალიზით და არა ინიციაციური გამოცდილებით.

28. იეთრო - მოსეს სიმამრი, მიდიანის მღვდელთმსახური. გარკვეულწილად მოსეს მასწავლებელიც კი.

29. "ადამიანის სულის შვიდი ძალა" - არის ადამიანის ფსიქიკის/სულის ძირითადი ასპექტები. სხვადასხვა ტრადიციაში მათ სხვანაირად ასახელებენ, მაგრამ ზოგადად, ეს შეიძლება იყოს: გონება, ნება, ემოცია, ინტუიცია, წარმოსახვა, სურვილი და მოქმედება.

30. შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ თავისუფალი ხელოვნებები (artes liberales) იყო შვიდი, კერძოდ: მუსიკა, გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია. პლატონმა და არისტოტელემ განასხვავეს პრაქტიკული ხელოვნებები და ე.წ. თავისუფალი ხელოვნებები, რომლებიც ეხებოდა ეთიკური ან ლიტერატურული ხასიათის პროგრესს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff