დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე
0
0

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წინასიტყვაობა 1947 წლის გამოცემისთვის ინტერესი ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართ ყოველთვის დიდი იყო, განსაკუთრებით, მასწ...

თავი მეორე

თავი მეორე

ადამიანის ხნოვანების აღრიცხვას, ჩვეულებრივ მისი დაბადების მომენტიდან იწყება. მართალია ამ უკანასკნელს ჩანასახის განვითარების მთელი ცხრა თვის ისტორია უსწრებს წინ, მაგრამ ამას სათვალავში არავინ იღებს, და ეს იმიტომ, რომ დაბადებამდე ადამიანი, ანატომიურ ფიზიოლოგიურად, უფრო ნაწილს შეადგენს დედის სხეულისას, ვიდრე დამოუკიდებელ ორგანიზმს. მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ დაბადების მომენტიდან იწყება და ადამიანის უკანასკნელი ამოსუნთქვით მთავრდება.

ამ დროის განმავლობაში ცოცხალი არსება საკუთარი ძალებით ცდილობს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები - იმ პირობებში და იმ საშუალებებით, რომელთაც მას მისი ბუნებრივი და სოციალური გარემო აწვდის. ეს არის, რაც მის სიცოცხლეს შინაარსს აძლევს და ამით მას ნამდვილ ცხოვრებად აქცევს.

დედის მუცლის ხანა

1. ჩანასახის არსებობა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც მამაკაცის სპერმატოზოიდი დედის კვერცხუჯრედს უერთდება. ემბრიონი, რომელიც ამ შეერთების აქტის შედეგად ჩნდება, თავისი განვითარების პროცესში ორ მნიშვნელოვან ხანას გაივლის, ე. წ ემბრიონურსა და პლაცენტურს. პირველ ხანში ემბრიონი ფორმირდება, იგი ადამიანის ჩანასახის გარკვეულ სახეს ღებულობს; მეორეში - იზრდება და სრულდება, მეცხრე თვის ბოლოს კი დედის მუცელს ტოვებს და ახალდაბადებული ბავშვის სახით გვევლინება.

მას რომ შეხედოთ, დაინახავთ, რომ იგი უკვე ნამდვილი ადამიანია; მაგრამ - არა მარტო გარეგნული შეხედულებით, არამედ იმ მხრივაც, რომ ყველა მნიშვნელოვანი ორგანო და ორგანოთა სისტემები თითქმის სრულიად მზამზარეული, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მომწიფებული მაინც აქვს, რომ ფუნქციონირებისათვის ბევრი არაფერი აკლია. ქვემოთ დაწვრილებით გავეცნობით, თუ რა მდგომარეობაშია მთავარ ორგანოთა სისტემები. ახლა კი ჩვენთვის საკმარისი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ საერთოდ, მათი განვითარება იმდენად შორსაა წასული, რომ ზრდისა და ფუნქციონალური განვითარების მეტი ბევრი არაფერი დარჩენია.

ამრიგად, სულ ცხრაოდე თვის განმავლობაში ერთ უჯრედოვანი ჩანასახი ურთულეს და უგანვითარებულეს ორგანიზმად, მზამზარეულ ადამიანად იქცევა.

იბადება საკითხი: როგორია ის პირობები, რომლებშიც ასეთი არაჩვეულებრივი სწრაფი ზრდა-განვითარება ხდება. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ცოცხალი ორგანიზმის განვითარება დედამიწაზე მრავალ მხრივ იმ პირობებზეა დამოკიდებული, რომელშიც მას ცხოვრება უხდება: რაც უფრო რთულია ეს პირობები, მით უფრო რთული ხდება მათდამი შეგუების ამოცანები და მით უფრო ძლიერდება ცოცხალი ორგანიზმის განვითარების იმპულსები.

ემბრიონის არაჩვეულებრივი სწრაფი განვითარების ფაქტი ადვილად აფიქრებინებს ადამიანს, თითქოს დედის მუცელი რთულსა და ცვალებად გარემოს წარმოადგენს და მისდამი შესაგუებლად ორგანიზმს ძალა უნებურად ეგოდენ სწრაფი განვითარების გზის განვლა უხდება.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით: დედის მუცელი იმ თავითვე ერთსახოვან, უცვლელ გარემოს წარმოადგენს, რომელიც ჩანასახს მრავალფეროვან, უცვლელ გარემოს წარმოადგენს, რომელიც ჩანასახს მრავალფეროვან გაღიზიანებათა ზემოქმედების ობიექტად როდი აქცევს, არამედ იცავს და იფარავს მათგან. მიას მიხედვით ჩანასახი ისეთ გარემოში იზრდება და ვითარდება სადაც შეგუების აქტები სრულიად არაა საჭირო, რამდენადაც იგი გარე პირობათა უშუალო ზეგავლენისგან დაცულია.

დედის მუცელში ბავშვს არ სჭირდება არც კვებისა და მონელების ორგანოები, ვინაიდან მისი ორგანიზმი დედის სისხლის მიმოქცევის წრეშია ჩართული; არც სუნთქვის ორგანოები, ვინაიდან არც აქ არის იგი დედისგან დამოუკიდებელი. მას არ სჭირდება არც ერთი რეცეპტორი ან ე. წ. გრძნობის ორგანო: არც თვალი, ვინაიდან დასანახი მას არაფერი აქვს, არც ყური, რადგან ბგერას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც გემოს, სუნის, ტკივილისა და ტემპერატურის ორგანოები, ვინაიდან ნორმალურად უცვლელ გარემოში არც ერთი შესაფერისი გამღიზიანებელი არ შეიძლება მოქმედებდეს მასზე. არც ფეხია საჭირო ამ გარემოში და არც ხელი, არც სხვა რამე ორგანო იმიტომ, რომ დედის მუცელი მათი გამოყენებისათვის არავითარ საჭიროებას არ ბადებს. მიუხედავად ამისა, ჩანასახი ყველაფერ ამას იძენს და ახალშობილ ბავშვს ყველაფერი ეს იმდენად განვითარებული აქვს, რომ ზოგიერთი მათგანის ამოქმედებას უკვე პირველივე დღიდან ახერხებს.

იბადება კითხვა: მაშ რა ტენდენციები მოქმედებს ემბრიონში? რა წარმართავს მის ყოფას და განვითარებას? ცოცხალი ორგანიზმის ძირითად ინსტიქტად ჩვეულებრივ თვითდაცვის ინსტინქტს თვლიან. მაგრამ ამ ინსტინქტს მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის საწინააღმდეგოდ მიმართულ ტენდენციათა და მავნე ზეგავლენათა პირობებში აქვს აზრი: ცოცხალი ორგანიზმი თავს იცავს მათგან. რაც შეეხება ემბრიონს, მას ასეთი აქტიური თავდაცვის საჭიროება, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ აქვს: დედის მუცელი, როგორც გარემო სადაც მას ზრდა უხდება, ნორმალურად, ნამდვილ საფარს წარმოადგენს, რომელიც მას ყოველგვარი გარე გამღიზიანებლის უშუალო ზემოქმედებისგან იცავს. მაშასადამე , თავდაცვის ინსტინქტის მოქმედების შესახე აქ ზედმეტია ვილაპარაკოთ.

ერთი სიტყვით, უდავოა, რომ დედის მუცელში ბავშვის ორგანიზმი ისე რთულდება და სრულდება, რომ მას გარე პირობათა უშუალო ზეგავლენისათვის აქტიურად ანგარიშის გაწევა არ უხდება. მაშასდამე ცხადია, რომ აქ მისი ორგანოები ვითარდებიან და მწიფდებიან თავისთავად, მარტოოდენ შინაგანი კანონზომიერების იმპულსით, გარეშე ყოველგვარი ფუნქციებისა და ვარჯიშისა: დედის მუცლის უცვლელ არეში ორგანიზმი თავისუფლად და წმინდად შლის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მას მემკვიდრეობით აქვს თანდაყოლილი.

მაგრამ რაღა წარმართავს ორგანიზმის განვითარებას მას შემდეგ, რაც იგი შინაგანი, მემკვიდრეობით მიღებული იმპულსების ზეგავლენით, თავის ზრდის პროცესს დაამთავრებს და მარტივი ჩანასახი ბავშვის დასრულებულ ორგანიზმად იქცევა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვით ადრე დაბადებამდე ბავშვი მოძრაობას იწყებს: „მუცელი მეძრაო“, ამბობს ასეთ შემთხვევაში დედა. არ არსებობს არავითარი საბუთი ვიფიქროთ, რომ ეს მოძრაობა რაიმე გარე გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხო რეაქციას წარმოადგენდეს. ჩვეულებრივ - სრულიად მართებულად - მას ე. წ. იმპულსურ, ე. ი. შინაგანი წარმოშობის , მოძრაობათა ჯგუფს აკუთვნებენ. მაგრამ რა არის იმპულსური მოძრაობა? ჩვენ ქვემოთ დავრწმუნდებით, რომ იგი იმ ძირითადი ტენდენციის ამოქმედების ფორმად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს ჯერ კიდევ დაბადებამდე უჩნდება და მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში გადამწყვეტ გავლენას ახდენს მასზე. ყველაზე ადრე ეს ტენდენცია „მუცლის ძვრის“ სახით იჩენს თავს: უნდა ვიფიქროთ, რომ ჩანასახის სათანადო მოტორული ორგანოები ამ დროისათვის უკვე იმდენად არიან ჩამოყალიბებული, რომ ორგანიზმს მათი ფუნქციების იმპულსი უჩნდება და იგი მოძრაობას იწყებს.

როგორც ვიცით, თითოეული ფუნქცია , რომელიც ჩანასახში პოტენციურად არის მოცემული და დედის მუცელში ორგანიზმის, შინაგანი იმპულსის ზეგავლენით გაფორმების კვალობაზე თავის გარკვეულ სახეს ღებულობს, თავისი შემდეგი განვითარებისათვის აუცილებლად სათანადო გარემოს ზეგავლენას მოითხოვს: თვალი, მაგალითად: სინათლის სხივის ზემოქმედებას, ყური - ჰაერის რხევის ზეგავლენას და სხვა. ორგანიზმის შემდგომი ფუნქციონალური განვითარება ასეთ გარემოს ზემოქმედების გარეშე სრულიად შეუძლებელია. ამიტომ ორგანიზმი ან უნდა დაიღუპოს, ანდა მან სამუდამოდ უნდა დატოვოს დედის მუცელი, რომელიც მას სათანადო გარე გამღიზიანებელთა მიღების საშუალებას აძლევს. მაშასადამე, მის ბედს ეს ძირითადი ტენდენცია, თავისი ფუნქციების ამოქმედების ტენდენცია, წყვეტს და დაბადების აქტი ამ ტენდენციის აქტივობის შედეგს წარმოადგენს.

2. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ბავშვის მდგომარეობა დაბადებამდე? სამწუხაროდ, სრულიად მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ საკითხებზე ემპირიულად შემოწმებული პასუხი გავცეთ. პრაიერი, მაგალითად, ფიქრობდა, რომ დაბადების წინა ხანა ღრმა ძილის მაგვარ მდგომარეობას უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც აქა-იქ სუბიექტური განცდები - გრძნობისა და შეგრძნების მსგავსი ფენომენები არღვევენ. (1)

პრაიერის აზრი, რომ აქ ღრმა ძილის მაგვარ მდგომარეობასთან და არა ნამდვილ ძილთან გვაქვს საქმე , უდავოა. მართლაცდა, ჩვენი ძილი ხომ ფხიზლობასაც გულისხმობს - იგი მისი პოლარული მდგომარეობაა. ხოლო რამდენადაც დედის მუცელში ფხიზლობის შესახებ ლაპარაკი ზედმეტია, აქ ვერც ჩვეულებრივი ძილის შესახებ ვილაპარაკებთ, ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ აქ ისეთ თვისებურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რომელიც არც ნამდვილ ძილს წარმოადგენს და არც ნამდვილ სიფხიზლეს, არამედ სპეციფიკურ დიფუზურ მდგომარეობასთან, რომელიც შემდეგ ერთი მხრივ, ნამდვილი ძილის და მეორე მხრივ, ნამდვილი ძილის და, მეორე მხრივ, სიფხიზლის მდგომარეობად დიფერენცირდება.

აქვს თუ არა ბავშვს დაბადებამდე (ფეტუსს) ფსიქიკური განცდები? პრაიერი, როგორც ვიცით, ემოციურად აღბეჭდილი შეგრძნებების არსებობას აღიარებს. მაგრამ დედის მუცლის პერიოდის ნორმალური პირობები ისეთია, რომ ფსიქიკურის არსებობას იქ არც რაიმე საბაბი ექნებოდა და არც რაიმე აზრი. ეს იმდენად ცხადია, რომ პრაიერის მიერ ნაგულისხმევი განცდებიც კი, ემოციურად აღბეჭდილი შეგრძნებები, მისი აზრით კანისა და კუნთების შემთხვევითი გაღიზიანების შედეგად უნდა ჩნდებოდნენ, იმ გაღიზიანების შედეგად, რომელსაც ან თვით ფეტუსის ანდა დედის შემთხვევითი მოძრაობების ზემოქმედება და არა ნორმალური პირობების ზეგავლენა უნდა იწვევდეს. ასეთ არაჩვეულებრივ ზეგავლენათა გამო, ვინ იცის, შეიძლება, მართლაც, ჩნდებოდეს რაიმე, ფსიქიკურის მაგვარი ფენომენი; მაგრამ ეს ისევე არადამახასიათებელი იქნებოდა ფეტუსის მდგომარეობისათვის, როგორც თვით მისი გამომწვევი შემთხვევითი ზეგავლენა ფეტალური (ემბრიონული) განვითარების გარემოსათვის.

ამრიგად, ჩვენ სრული საბუთი გვაქვს დავასკვნათ, რომ ფეტალური მდგომარეობა ცოცხალი ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, გარე პირობათა უშუალო ზეგავლენის გარეშე ვითარდება და ამდენად სრული თვითმყოფობითა და დამოუკიდებლობით ხასიათდება.

3. თუ ასეთია დედის მუცლის ბავშვობის სტრუქტურა, მაშინ თავისთავად წყდება საკითხიც ამ პერიოდის ფუნქციის შესახებ. მართლაცდა, თუ მას გარე გამღიზიანებელთა უშუალო ზეგავლენის გარეშე განვითარება ახასიათებს, მაშინ ცხადია, რომ მხოლოდ აქ ეძლევა ცოცხალ ორგანიზმს შესაძლებლობა მარტო შინაგანი ფაქტორის მიხედვით წარიმართოს: დედის მუცლის პერიოდი ეს ის ხანაა, როდესაც ორგანიზმი დაუბრკოლებლივ შლის თითქმის მხოლოდ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მის საფუძველ მდებელ გენებში მარხია. ეს ის ხანაა, რომელიც აუცილებელია, რათა ემბრიონი იმ გარკვეული ცხოველის ორგანიზმად იქცეს, რომლის ჩანასახსაც იგი წარმოადგენს.

თავისთავად იგულისხმება, ადამიანის ორგანიზმის ფორმაციის პროცესი რომ ცვალებად პირობათა ზეგავლენის არეში წარმოებულიყო, იგი ასე ადვილად თავის მიზანს ვერ მიაღწევდა. ასეთი პროცესის შედეგად სავსებით ისეთი ორგანიზმი კი არ ჩამოყალიბდებოდა, როგორის შესაძლებლობაც ძირითად გენებშია ჩასახული, არამედ - გარე პირობათა ცვალებადობის გამო, ალბათ, საგრძნობლად განსხვავებული. დედის მუცლის პერიოდის ფუნქცია მაშ ის არის, რომ იგი ადამიანის ჩანასახის მხოლოდ შინაგანი ფაქტორის ზეგავლენით განვითარებისა და ამრიგად, ადამიანის ტიპიური ორგანიზმის სწორი ფორმაციის შესაძლებლობას იძლევა.

ახალდაბადებულობის ხანა

I ახალდაბადებულის გარემო

1. მეცხრე თვის ბოლოს ნაყოფი დედის მუცელს სამუდამოდ ტოვებს: იგი იბადება და ამ აქტით ცოცხალი არსების ბედი ერთბაშად ძირიან-ფესვიანად იცვლება: 1) იგი დედის სხეულს სწყდება და ანატომიურად და ფიზიოლოგიურად დამოუკიდებელ არსებად იქცევა; 2) იგი გარე გამღიზიანებლებს მოკლებული არიდან ერთბაშად მრავალფეროვან გამღიზიანებელთა სამყაროში გადადის. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი გეოლოგიური კატაკლიზმი არ სცვლის არსებულ მდგომარეობას ისე ანაზდეულად და ისე ძირითადად, როგორც დაბადების აქტი. თვით მომენტი ამ ცვლილებისა — დაბადების აქტი — სრულიად უჩვეულოსა და სამძიმო პირობებში აყენებს ბავშვის ორგანიზმს. ჩვენ არ ვიცით დაბეჯითებით, განიცდის რამეს დაბადების დროს ბავშვი თუ არა, მაგრამ მის თოთო სხეულს იმდენი არაჩვეულებრივ ძლიერისა და უხეში ზემოქმედების ატანა უხდება, რომ მომავალში მას ამის მსგავსიც კი არაფერი შეხვდება. „ჩვენ რომ საკუთარი დაბადების შთაბეჭდილების მოგონება შეგვძლებოდაო”, ამბობს ერთი ავტორი, უეჭველია, მას ასე აღვწერდით: „უფსკრულში გადაჩეხა, არაჩვეულებრივ მტკივნეული წნეხა თავსა და მთელ სხეულზე ძლიერ ვიწრო არხში გავლის დროს, ხრჩობა, წამოყვირება, მცირეოდენი შვება, ხელახალი ხრჩობა, შვება და, ბოლოს, ჩაძინება; ამასთან ერთად ძლიერი სიცივე, ხრიალი და ბრჭყვიალა სინათლე, გულისცემა, თითქოს სკდებოდეს იგი და ასთმატური სუნთქვა”. (4) ყოველ შემთხვევაში, დაბადების აქტის დროს ბავშვის სხეული, რომლისთვისაც ამ მომენტამდე ყოველი გარე გამღიზიანებლის ზეგავლენა სრულიად უცნობი იყო, ერთბაშად ამ უკანასკნელის უხეში შეტევის მსხვერპლად იქცევა. თავისთავად იგულისხმება, ბავშვის ორგანიზმი გარემოს ამ პირველს ძლიერ შეტევას ურეაქციოდ ვერ დატოვებს. და ეს პირველი და ამავე დროს უეჭველად უაღრესად ინტენსიური რეაქცია შეუძლებელია განსაკუთრებით ღრმა კვალს არ აჩენდეს ახალშობილის თოთო ორგანიზმს და იმდენად ღრმას, რომ ყოველი შემდეგი რეაქცია, რამდენადაც იგი გარე გამღიზიანებლის ზეგავლენით იქნება გამოწვეული, ამ პირველი რეაქციის კვალის მიხედვით არ მიმდინარეობდეს. ამიტომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ცხოვრების პირველი პერიოდი, ე. წ. ახალდაბადებულობის ხანა მანამ გრძელდება, სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, ე. ი. სანამ ბავშვი გარე გამღიზიანებელით ზემოქმედების საპასუხოდ ამ სტერეოტიპულ რეაქციას თავს არ დაანებებს.

2. დაბადების აქტით ახალშობილი ინდივიდის დამოუკიდებელი არსებობა იწყება. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს დამოუკიდებლობა? რაკი იგი დედის მუცელს სწყდება, იგი ცალკე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ერთეულად იქცევა და, თუ წინათ არც დამოუკიდებელი კვება ჰქონდა და არც დამოუკიდებელი სუნთქვა, ახლა ყველა ეს ფუნქცია თვითონ უნდა იტვირთოს. როგორც ჩვეულებრივ ფიქრობენ, თვითდაცვის ინსტინქტი, რომელიც ახალშობილის ორგანიზმში იღვიძებს, ამიერიდან მისი ქცევის ძირითად წარმმართველ ძალად იქცევა. მაგრამ არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს მეორე ძირითად ინსტინქტს ან ტენდენციას, რომლის აქტივობაც, როგორც დავინახეთ, უკვე წინა საფეხურზეც დასტურდება და რომლის ბუნებრივ შედეგსაც თვითონ დაბადების აქტი შეადგენს, სახელდობრ, არსებული ფუნქციების ამოქმედების ტენდენციას. პატარა ადამიანი, ამ ორი ძირითადი ტენდენციით აღჭურვილი, აბიჯებს ცხოვრების ბჭეს და სრულიად ახალ გარემოში იწყებს არსებობას.

3. მაგრამ როგორია ეს ახალი გარემო? პირველი შეხედვით იგი ძირ-ფესვიანად განსხვავდება იმ არსისაგან, რომელშიც ვითარდებოდა ბავშვის ორგანიზმი. მართლაცდა, ის ხომ ამიერიდან იმ დიდ ფიზიკურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც მოვლენათა აურაცხელ მრავალფეროვნებას შეიცავს და მხოლოდ დაუღალავი ბრძოლის შედეგად გვაწვდის იმას, რაც აუცილებელია ჩვენი არსებობისათვის. ახალდაბადებული ბავშვი ამ ულმობელი სამყაროს მკვიდრად იქცევა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შეხედვით არის ასე.

ნამდვილად კი საქმე სხვაგვარად უნდა წარმოვიდგინოთ. არსად დედამიწის ზურგზე კულტურული განვითარების არც ერთ საფეხურზე არ შეიძლება ისეთი მდგომარეობის დადასტურება, რომ ახალდაბადებული მართლა ამ მრავალფეროვან ბუნებრივ გარემოში იწყებდეს ცხოვრებას. ყველგან, განვითარების ყველა საფეხურზე, ბავშვსა და ბუნებას შორის ის სოციალური ერთეული დგება, რომელსაც ახალდაბადებულის მშობლები ეკუთვნიან. იმის მიხედვით, თუ როგორია ამ სოციალური ერთეულის ეკონომიური და საერთო კულტურული მდგომარეობა, მუშავდება გარკვეული წესები ბავშვის მოვლისა, რომლის ძირითადი აზრი და ხასიათი არსებითად ბავშვზე მოქმედ გარე გამღიზიანებელთა რაოდენობითსა და თვისობრივ განსაზღვრულობაში მდგომარეობს, ე. ი. მუშავდება ის, რასაც ჩვენ ასაკობრივ გარემოს ვუწოდებთ.

ბავშვის გარემოდ, მაშასადამე, თავიდანვე ის უთვალავი გარე-გამღიზიანებელთა სამყარო კი არ ხვდება, რომელიც ფიზიკური ბუნების სახით დედის მუცლის გარემოს უკიდურეს წინააღმდეგობას წარმოადგენს, არამედ სოციალური წრის მიერ განსაზღვრული, სახეშეცვლილი ასაკობრივი გარემო, რომელიც ბავშვის მოვლის ამა თუ იმ სისტემის სახით კაცობრიობის განვითარების ყველა საფეხურზე შეიძლება დადასტურდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასაკობრივი გარემოს ძირითადი აზრი ბავშვზე მოქმედ გამღიზიანებელთა თვისობრივ და რაოდენობით განსაზღვრაში მდგომარეობს. შეიძლება ითქვას, რომ „ჩვეულებრივი ხალხური წესი ბავშვის მოვლისა არსებითად მთელი დედამიწის ზურგზე ერთი და იგივეა. იგი არც გეოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული, არც სოციალურზე და არც სარწმუნოებრივზე”. რამდენადაც ეს ახალდაბადებულის მოვლის წესის გავრცელებულობას ეხება, ეს სწორია. მაგრამ, რამდენადაც მოვლის წესის გამღიზიანებელთა რაოდენობითსა და თვისობრიობით შერჩევაში მდგომარეობს, პლოსის აზრი მცდარია. სრულიად უდავოა, რომ ეს შერჩევა ყოველთვის სოციალური ერთეულის შეხედულებათა, ინტერესთა და შესაძლებლობათა მიხედვით ხდება: იქ, სადაც ეკონომიური ურთიერთობა ისეთია, რომ ყოველი ახალი პირი ზედმეტსა და უსარგებლო ტვირთს წარმოადგენს, იქ, რა თქმა უნდა, ბავშვზე ზემოქმედ გამღიზიანებელთა შერჩევაზე თავს არავინ იწუხებს და მას ზოგჯერ სრულიად უპატრონოდაც ტოვებენ. იქ, სადაც განსაკუთრებით ფიზიკური ძალა და ამტანობა ფასდება, როგორც მაგალითად, ეს ძველ სპარტაში იყო, ბავშვზე მოქმედ გამღიზიანებელთა შერჩევაც თავისებურია: აქ ხშირად შეხვდებით ისეთ წესს ბავშვის მოვლისას, რომელსაც ბერნფელდი ფეტოფობურს უწოდებს და მოკლედ შემდეგნაირად ახასიათებს: „ბავშვს დაბადებისთანავე, ხოლო ამის შემდეგ ცვალებადი სიხშირით, ცივ წყალში აბანავებენ, სრულიად შიშველს ძირს, მიწაზე, სდებენ ანდა მაგრად გაკრულს, მოძრაობის შესაძლებლობას მოკლებულს, ტოვებენ”. დამახასიათებელი ბავშვის ასეთი მოვლის წესისათვის ის არის, რომ იგი ასეთ გარემოს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებით დიდად განსხვავდება დედის მუცლის გარემოსგან: თუ ამ უკანასკნელს სითბო, სირბილე და უგამღიზიანებლობა ახასიათებს, აქ სწორედ საწინააღმდეგო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ამიტომაა, რომ ბერნფელდი მას ფეტოფობურს უწოდებს. ამ წესის მომხრენი იმით ამართლებენ მას, რომ ფიქრობენ, ბავშვის სხეულის გამაგრება და ახალი გარემოსადმი შეგუება ყველაზე უკეთ სწორედ ამ გზით შეიძლებაო.

მაგრამ ყველაზე უფრო გავრცელებული და ასე ვთქვათ, ბუნებრივი წესი ბავშვის მოვლისა სხვაგვარია. სანიმუშოდ შეიძლება თუნდ ის წესი ავიღოთ, რომელიც ჩვენს ხალხშია გავრცელებული. ბავშვი რომ დაიბადება, იგი თბილი წყლით იბანება, მერე თბილად აკვანში არტახებით ჩაიკვრება, სინათლისაგან დასაცავად სახეზე რამე ეფარება, აკვანი ირწევა და ბავშვი „იძინებს”. საზოგადოდ, ცდილობენ სიჩუმე დაიცვან, რომ ბავშვი არ გააღვიძონ. - ეს, პრინციპში, სწორედ ის წესია, რომელიც თითქმის ყველგან, მთელი დედამიწის ზურგზეა გავრცელებული და რომლის შესახებაც პლოსი ამტკიცებს, თითქოს იგი ბავშვის მოვლის ბუნებრივი, სხვადასხვა ფაქტორებზე დამოუკიდებელი წესი იყოს. დამახასიათებელი მისთვის ისაა, რომ იგი ბავშვის ახალ გარემოს დედის მუცლის გარემოს უახლოებს. ამიტომაც მას ფეტოფილური წესი ეწოდება.

რამდენადაც ამ წესის ძირითადი აზრი გარე სამყაროს შესაძლო გამღიზიანებელთა შემოფარგვლასა და ამ სახით ახალშობილი ბავშვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში მდგომარეობს, - ეს წესი, მართლაც, ყველაზე უფრო ბუნებრივად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ იგი ყველგან და ყოველთვის ერთნაირი არ არის: ოჯახის კულტურულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი, მის სოციალურ-ეკონომიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი გარესამყაროს ურიცხვ შესაძლებლობათა ისეთ ჩარჩოში ჩაყენებას, რომ ოჯახის ახლადმოვლენილი წევრისათვის მართლა ფეტოფილური გარემო შეიქმნეს.

ამგვარად, ცხადი ხდება, რომ ახალდაბადებული ბავშვის გარემოს ბუნებრივი გარე სამყარო კი არ წარმოადგენს, რა სახითაც იგი უშუალოდაა მოცემული, არამედ ის კომპლექსი გარე მოვლენათა, რომელიც საზოგადოების განვითარების მონაცემ საფეხურზე მიზანშეწონილად ითვლება ბავშვის განვითარებისათვის.

როგორ იქცევა ახალდაბადებული ამ ახალ გარემოში? სანამ ამ საკითხის შესწავლას შევუდგებოდეთ, საჭიროა წინასწარ მისი ფიზიკური ორგანიზმის მდგომარეობა გავითვალისწინოთ.

II. ახალდაბადებულის ფიზიკური სტატუსი

1. ახალდაბადებულის სიმაღლე, სხვადასხვა მკვლევარის ცნობების თანახმად, 50 სანტიმეტრს უდრის. მაგრამ, რასაკვირველია, ყველა ბავშვზე ეს არ ითქმის, არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი ახალდაბადებული გაცილებით ნაკლები ან მეტი სიმაღლისაა. ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ერთგვარი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მემკვიდრეობას. ეს ნათლად ჩანს შემდეგი ცხრილიდან (ცხრილი 1), რომელიც შეიცავს ცნობებს სხვადასხვა ეროვნული შთამომავლობის ახალდაბადებულთა სიმაღლის შესახებ.

ცხრილი 1
(უგრელიძის მიხედვით)

 cxr 1

როგორც ცხრილიდან ჩანს, განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ახალდაბადებულთა შორის იმდენად დიდი არ არის, რომ მაინცდამაინც ყურადღების ღირსი იყოს.

ერთგვარ განსხვავებას იძლევა ახალდაბადებულთა სქესობრივი კუთვნილების მომენტიც: ყველა ქვეყანაში ქალი უფრო დაბალი ტანის იბადება, ვიდრე ვაჟი (განსხვავება, საშუალოდ, 0.6 სანტიმეტრს უდრის). ქართველი ახალდაბადებული ქალი კი 0.85 სმ-ით უფრო დაბალია, ვიდრე ვაჟი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (მაგ. ტოპინარ-ის), რაც უფრო მაღალი ტანისაა რასა, მით უფრო დიდია სიმაღლის განსხვავება ქალ-ვაჟთა შორის. ეს დებულება ქართველი ბავშვის მასალაზეც მართლდება. (6)

სიმაღლეზე გავლენას ახდენს აგრეთვე მშობელთა ასაკი, მათი ეკონომიური მდგომარეობა და, ბოლოს, ისიც, მრავალ მშობიარეთა შვილია ახალდაბადებული, თუ არა. ცხრილი 2 შეიცავს ცნობებს დედის ასაკის გავლენის შესახებ თბილისელ ახალშობილთა სიმაღლეზე, ხოლო ცხრილი 3 – ეკონომიური მდგომარეობისა და მრავალმშობიარობის გავლენის შესახებ უცხოელ ახალდაბადებულთა სიმაღლეზე.

ცხრილი 2
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 2

თუ აქ მოყვანილი ცნობებით ვიხელმძღვანელებთ, კერძოდ, ქართველი ახალდაბადებულების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი სიმაღლის ვაჟები 20-30 წ. დედებს ებადებათ (მასალის უთანაბრობის გამო ამ ცნობების ავტორსაც უჭირს აქედან რაიმე დასკვნა გამოიყვანოს). ხოლო უდიდესი სიმაღლის ქალები – 20 წელზე უფრო ახალგაზრდა დედებს.

ცხრილი 3

cxr 3

როგორც ვხედავთ (ცხრილი 3) პირველი შვილები უფრო დაბალი ტანისანი არიან, ვიდრე მრავალმშობიარეთა ახალდაბადებულები.

რაც შეეხება მშობელთა ეკონომიურ მდგომარეობას, მისი გავლენა საკმაოდ თვალსაჩინოდ უნდა ჩაითვალოს: როგორც ამავე ცხრილიდან ჩანს, ომის წინა დროს დაბადებულნი (1912-13 წწ.), ჩვეულებრივ, უფრო დიდი ტანის არიან, ვიდრე ომის შემდეგ (1920-1922 წწ.) დაბადებულნი.

2. ახალდაბადებულის წონა, ჩვეულებრივ, 3-3.5 კილოგრამს უდრის. რასაკვირველია, ყველა ახალდაბადებულს ეს წონა არა აქვს: უმცირესი წონის ბავშვები 2.5 კილოგრამს იწონიან, ხოლო უდიდესი წონის - 4 კილოგრამზე მეტს. პირველნი სუსტებად ითვლებიან, მეორენი კი – გიგანტებად ანუ ბუმბერაზებად.

პროფ. უგრელიძის მიხედვით, ეს წონა თბილისელ ქართველ, სომეხ და რუს ახალდაბადებულთა შორის შემდეგნაირადაა განაწილებული (ცხრილი 4).

ცხრილი 4
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 4 

ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ბლონსკისა და სხვათა დებულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრეობას ახალდაბადებულთა წონაზეც აქვს გავლენა, საერთოდ, სწორად უნდა ჩაითვალოს. აღსანიშნავია ოღონდ, რომ ეს გავლენა არც იმდენად თვალსაჩინოა, რომ სხვა ფაქტორთა გავლენას ფარავდეს. პირიქით, როგორც ახლავე დავრწმუნდებით, უფრო ხშირად საწინააღმდეგო მდგომარეობას აქვს ადგილი: არის ფაქტორები, რომელთაც გაცილებით მეტი გავლენა აქვს ახალდაბადებულის წონაზე, ვიდრე შთამომავლობას. ამ დებულებას დასავლეთი ევროპისა და ამერიკის ახალდაბადებულთა შესახებ მასალებიც ადასტურებენ.

რაც შეეხება სქესობრივ განსხვავებულობას, იგი ყველა მკვლევარის მიერ იქნა დადასტურებული: ქალი საშუალოდ, ჩვეულებრივ, ვაჟებზე ნაკლებს იწონის. ამას ცხრილი 5 ამტკიცებს.

ცხრილი 5
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 5 

ახდენს თუ არა ბავშვის წონაზე რაიმე გავლენას მშობლების ეკონომიური უზრუნველყოფა, ამ საკითხზე ურთიერთის საწინააღმდეგო მასალა იქნა მიღებული. დასავლეთ ევროპის მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრს ადგას, რომ ფეტუსი პარაზიტია, დედის ხარჯზე იკვებება და ამიტომ დედის კვება მასზე თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს. სამაგიეროდ, პელერის ცნობების მიხედვით, საწინააღმდეგო მოვლენას აქვს ადგილი. პროფ. უგრელიძე საკმაოდ დიდი მასალის განხილვის შედეგად ასეთ დასკვნამდე მიდის: „გარჩეული ლიტერატურისა და ჩვენი საკუთარი დაკვირვების მიხედვით, არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ დედის კვებას გავლენა აქვს ნაყოფის განვითარებაზე. მაგრამ ეს გავლენა არც ისეთია, როგორც ეს თეორიული მოსაზრებით იყო მოსალოდნელი. ევროპის სახელმწიფოებმა დიდი ეკონომიკური კრიზისი განიცადეს, მაგრამ ფეხმძიმენი კვების ნაკლებობის დროს, ეტყობა, თავისი მარაგით ასაზრდოებდნენ ნაყოფს”.

ახალდაბადებულის წონაზე გავლენა აქვს აგრეთვე იმას, თუ წელიწადის რომელ დროს მოხდა მშობიარობა: ჩვეულებრივ, ზაფხულსა და შემოდგომაზე დაბადებულნი უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გაზაფხულსა და ზამთარში დაბადებულნი (ცხრილი 6).

ცხრილი 6
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 6

გარდა ამისა, პირველ მშობიარე დედების ახალდაბადებულები არა მარტო სიმაღლით, არამედ წონითაც ჩამოუვარდებიან მრავალმშობიარეთა ბავშვებს. ცხრილი 7, რომელიც თბილისში დაბადებულ ბავშვთა შესახებ ცნობებს შეიცავს, ამ დებულების დასაბუთებას იძლევა.

ცხრილი 7

cxr 7 

როგორც ვხედავთ, აღნიშნული დებულება უმთავრესად ვაჟებს ეხება, ხოლო, რაც შეეხება ქალებს, აქ განსხვავება ისე მცირეა, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს (უგრელიძე).

საინტერესოა, რომ, მაგალითად, პელერის ცნობების მიხედვითაც პირმშო ვაჟები უფრო განსხვავდებიან თავისი წონით მრავალმშობიარეთა ვაჟებისაგან, ვიდრე ქალები. შეიძლება ეს იმით აიხსნებოდეს, რომ ქალები მრავალმშობიარეთაც უფრო მსუბუქი ებადებათ, ვიდრე ვაჟები.

3. ახალდაბადებული ბავშვის ყოველდღიური აწონის შემთხვევაში ერთი ფრიად პარადოქსული მოვლენა იჩენს თავს, რომელიც პირველად როდერირის მიერ ყოფილა აღწერილი (1753 წ.). პირველი დღეების განმავლობაში ბავშვი კი არ მატულობს წონაში, არამედ კლებულობს. გასაგებია, რომ ამ ფაქტით მრავალი მკვლევარი დაინტერესდა და ამჟამად საბოლოოდაა დადგენილი, რომ ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში მისი თავიდან აცილება სრულიად შეუძლებელია და, მაშასადამე, იგი „ფიზიოლოგიურ მოვლენად” უნდა იქნეს მიჩნეული.

ცხრილი 8
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 8

რამდენ ხანს გრძელდება „წონის ფიზიოლოგიური დაკლება”, ამ საკითხზე ცხრილი 8 იძლევა პასუხს. იგი თბილისელ ახალდაბადებულებს ეხება და რამდენადაც არსებითად სხვა ქვეყნებში მიღებულ ცნობებს ეთანხმება, შეგვიძლია მისი გათვალისწინებით დავკმაყოფილდეთ. ცხრილიდან ჩანს, რომ წონაში კლება სულ 2-3 დღე გრძელდება: ახალშობილთა უდიდესი პროცენტი ან მეორე დღეს ამთავრებს წონაში კლებას და ან მესამე დღეს; განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ან სხვადასხვა სქესის ბავშვთა შორის იმდენად მცირეა, რომ ანგარიშგასაწევი არ არის. რაც შეეხება დაკლებული წონის რაოდენობას, ეს შემდეგი ცხრილიდან ჩანს (ცხრილი 9).

ცხრილი 9
(უგრელიძის მიხედვით)

cxr 9

აქ ცალკეა აღრიცხული 2500-3000 გრ, 3000-3500 გრ, 3500-4000 გრამიანი და 4000 გრამზე მეტი სიმძიმის ახალდაბადებული ბავშვების წონის საშუალო დანაკლისი. რადგანაც ეროვნული შთამომავლობის მიხედვით განსხვავება დიდი არ არის, ცხრილში მხოლოდ ქართველი ახალდაბადებული ბავშვების შესახებაა ცნობები შეტანილი.

ამ ცხრილიდან შეიძლება შემდეგი დასკვნების გამოყვანა: 1) წონის ფიზიოლოგიური დანაკლისი პირველ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე შემდეგ დღეებში; 2) რაც უფრო დიდი წონის არის ბავშვი, მით უფრო მეტს კარგავს იგი, თუ მხედველობაში გვეყოლება საშუალო წონის ბავშვები; ხოლო, რაც შეეხება შედარებით სუსტებს, ისინი საშუალოზე თუ არა მეტს, ნაკლებს მაინც არ კარგავენ; 3) ბავშვის სქესს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს: მაშინ, როდესაც ყველა ვაჟი საშუალოდ 207.2 გრამს კარგავს, ქალებს მხოლოდ 158.4 გრამი აკლდებათ; განსხვავება 48.7 გრამს უდრის; 4) პირმშოები 38.3 გრამით ნაკლებს კარგავენ, ვიდრე შემდეგშობილნი.

საინტერესოა, თუ რამდენი დღის შემდეგ ახერხებენ ბავშვები თავისი პირვანდელი წონის აღდგენას. არსებული გამოკვლევების მიხედვით, პირვანდელი წონის აღდგენა ყველა ბავშვს ერთსა და იმავე ვადაში როდი უხერხდება: ზოგი უფრო ადრე აღწევს მას, ზოგი უფრო გვიან.

ავტორების დიდი უმრავლესობის ცნობების მიხედვით, ეს ვადა 7 დღესა და 14 დღეს შუა მერყეობს. რაც შეეხება ჩვენს ბავშვებს, მათგან 6-7 დღის განმავლობაში მხოლოდ 22.4% აღიდგენს თავის პირვანდელ წონას (უგრელიძე). აღსანიშნავია, რომ ქალების პირვანდელი წონის აღდგენა უფრო გვიან ხდება, ვიდრე ვაჟებისა.

დასასრულ, საინტერესოა, თუ რით უნდა აიხსნას წონის ფიზიოლოგიური კლების მოვლენა. ამ საკითხზე საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ ვერ არის მონახული. გუნდობინის აზრით, გადამწყვეტ როლს ამ შემთხვევაში შემდეგი გარემოება უნდა ასრულებდეს: 1) ახალდაბადებული საკმარის საკვებს ვერ ღებულობს ან იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის წოვას შეჩვეული, ანდა აგრეთვე იმის გამოც, რომ პირველ დღეებში დედასაც არა აქვს საკმარისი რძე, 2) ბავშვი ბევრს კარგავს როგორც პერსპირაციით (ოფლის გამოყოფით), ისე სითბოს ძლიერი გამოყოფის გამოც, 3) ახალდაბადებულის ორგანიზმის საერთო სისუსტის გამო საკვებ ნივთიერებათა შეთვისება საკმაო სისრულით არ უნდა ხდებოდეს. მთავარი მიზეზი, გუნდობინის აზრით, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის უწესრიგობაში უნდა ვეძიოთ, რაც, თავის მხრივ, მთელი ორგანიზმის ფუნქციონალური სისუსტით აიხსნება. - უკანასკნელ ხანებში წონის ფიზიოლოგიური დაქვეითების მიზეზად ფილტვებისა და კანის მიერ წყლის გამოყოფას თვლიან: შენიშნულია, რომ წონის დაკლების დროს სისხლი სქელდება, ხოლო მატების დროს რაოდენობით იზრდება; გარდა ამისა დაკარგული წონის უმეტესი რაოდენობა წყალზე მოდის (ბირკ-ედელშტაინის დაკვირვებით, ახალდაბადებულს 12 საათის განმავლობაში 126 გ დაუკარგავს და აქედან 90 გ მარტო წყლის ხარჯზე მომხდარა). ზოგიერთი ავტორის აზრით, წყლის ასეთი ენერგიული გამოყოფის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ახალდაბადებულის საკვები დედის რძე სისხლის მარილების მხოლოდ ერთ მესამედს შეიცავს; მაშასადამე, ბავშვი დაბადების შემდეგ ნაკლებ მარილებს ღებულობს, ვიდრე დაბადებამდე, როდესაც იგი მარილებით მდიდარი ნივთიერებით საზრდოობდა.

4. როგორც ცნობილია, ახალდაბადებულის გარეგნული შესახედაობისთვის დამახასიათებლად მისი სხეულის მთავარი ნაწილების – თავის, ტანისა და ფეხების პროპორციები უნდა ჩაითვალონ. მისი თავი მთელი სიმაღლის 25%-ს უდრის; ზრდადასრულებული ადამიანის თავის კი სიმაღლის მერვედს, ე. ი. 12.5%-ს შეადგენს; არაპროპორციულად დიდია მისი გარშემოწერილობაც: იგი 34-36 სმ-ს უდრის და ნორმალურ შემთხვევებში გულმკერდის გარშემოწერილობის ნახევარზე მეტია 7 სანტიმეტრით. მისი სხეულის ქსოვილები სუსტია, მდიდარია წყლით (მთელი სხეული 70% წყალს შეიცავს, ხოლო მა გარი ნივთიერებანი მარტო 30%–ს შეადგენენ მაშინ, როდესაც დიდის სხეულში წყალი მხოლოდ 50%-ია); მისი სისხლი ღარიბია ფერმენტებითა და ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ნივთიერებებით. ეს გასაგებად ხდის ახალშობილის სიცოცხლის უნარიანობის დაქვეითებას, ავადმყოფური პროცესების მკვეთრ მიმდინარეობასა და მის ხშირ სიკვდილიანობას.

5. რომ გადავიდეთ ახლა ახალდაბადებულის ნერვული სისტემის შესწავლაზე, ვნახავთ, რომ მისი განვითარების დონე ასეთია: თავის ტვინი, როგორც წონით, ისე გაფორმების მხრივაც საკმაოდ მაღალ დონეზე დგას: იგი 350-360 გრამს იწონის და უკვე ყველა მთავარ ნაპრალსა და ხვეულს შეიცავს. თავის ტვინის ქერქი, დაახლოებით, 9 მილიარდ უჯრედს შეიცავს, ე. ი. იმდენს, რამდენსაც ზრდადასრულებული ადამიანის, მაგრამ ფუნქციონალურად ჯერ კიდევ მოუმწიფებელია: მისი უჯრედები პატარებია, ღარიბია მორჩებით, რომელნიც მიელინის გარსის უქონლობის გამო აგზნების გატარების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან და, მაშასადამე, ქერქის ცენტრებს ურთიერთს ვერ უკავშირებენ. თავის ტვინის ქერქი არც ქერქქვეშ მდებარე ცენტრებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ასევე მოუმწიფებელი არიან ის ქსოვილებიც, რომელთაც ნერვული აგზნება ქერქიდან ამ ცენტრებისკენ მიაქვთ.

სამაგიეროდ სრულიად მომწიფებულია ხერხემლის ტვინი, როგორც რეფლექტორული ორგანო. მას მხოლოდ პირამიდული გზების მომწიფება აკლია, ე. ი. იმ გზების, რომელნიც მას თავის ტვინის ქერქთან აერთებენ. ამიტომაა, რომ ახალდაბადებული მოკლებულია ნებისმიერი მოძრაობის უნარს.

მოგრძო ტვინი ჯერ კიდევ დაბადების მომენტამდეა მომწიფებული: სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მომნელებელი მილის მუშაობა, ცხვირის დაცემინება, მთქნარება და სხვ. ყველაფერი ეს მოგრძო ტვინის ფუნქციას შეადგენს, და ამ აქტების წარმოება ახალდაბადებულს თავიდანვე შეუძლია.

ნათხემი და ვაროლის ხიდი სივრცეში ორიენტაციისა და მოძრაობების კოორდინაციის ცენტრებს წარმოადგენენ. რამდენადაც ახალდაბადებულის მოძრაობები უწესრიგოდ და შეუთანხმებლად მიმდინარეობენ, უეჭველია, ეს ამ ცენტრების მოუმწიფებლობის ბრალი უნდა იყოს. ქერქისქვეშ მდებარე ცენტრები (მხედველობის ბორცვი და striatum-ი) რთულ ინსტინქტურ მოძრაობებს განაგებენ, როგორც, მაგალითად, წოვას, მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენს მიმიკასაც, რომელიც რთულ ემოციონალურ განცდებთან ერთად იცვლება. რამდენადაც ახალშობილს წოვის ინსტინქტი მომწიფებული აქვს, ხოლო სახის გამომეტყველება შედარებით უძრავი და დაქვეითებული, მისი ქერქისქვეშ მდებარე ცენტრებიც მხოლოდ ნაწილობრივ უნდა იყვნენ მომწიფებულნი.

III. ახალდაბადებულის ცხოვრების შინაარსი

ა. „ძილის“ მდგომარეობა

1. ახალდაბადებულის ასაკობრივი გარემო პრინციპულად არ განსხვავდება დიდად დედის მუცლის გარემოსაგან. ყოველ შემთხვევაში, იგი იმდენად ამცირებს და ანელებს გარე გამღიზიანებელთა ზემოქმედებას ბავშვზე, რომ ამ უკანასკნელისათვის შესაძლებელი ხდება, დაახლოებით, კვლავ იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რომელიც დაბადების აქტის შედეგად იქნა დარღვეული. დაახლოებით-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ნამდვილად არავითარს მოვლის წესს არ ძალუძს, ბავშვს სავსებით დედის მუცლის სიტუაცია შეუქმნას, ვინაიდან გარე გამღიზიანებელთა გარკვეული რაოდენობა მასზე აუცილებლად მოქმედებს, როგორც, მაგალითად, ჰაერი, რომლითაც ბავშვი სუნთქავს. მიუხედავად იმისა, რომ დედის მუცლის ხანაში მას არც ერთხელ სათანადო ორგანოთა ამოქმედების შემთხვევა და შესაძლებლობა არ ჰქონია, ზოგი ორგანო (მაგალითად, სასუნთქი აპარატი) მაინც ისეთი მექანიკური სისწორითა და დაუბრკოლებლობით იწყებს დაბადებისთანავე ფუნქციობას, რომ ბავშვი ახალი გარემოს ზემოქმედებას კი არა, უფრო მის აღკვეთას „იგრძნობდა” მტკივნეულად. ამიტომაც ამ ორგანოთა შესატყვისი გამღიზიანებლები, ყოველ შემთხვევაში, მას ხელს არ შეუშლიან თავის ჩვეულ, დაბადების წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. (7)

როგორც ვიცით, დაბადების წინარე მდგომარეობას ძილის მაგვარ მდგომარეობად თვლიან და როცა ახალდაბადებულს ძლიერი შიმშილი ან ხმაური არ უშლის ხელს, ის ყოველთვის ამ ძილის მაგვარ მდგომარეობას უბრუნდება.

მაგრამ გვაქვს კი აქ საქმე მართლა მხოლოდ ფეტალური მდგომარეობის განახლებასთან? რომ ვცადოთ ბავშვის ამ მდგომარეობის უფრო ახლო გაცნობა, ვნახავთ, რომ იგი თითქმის მთელი მისი სიცოცხლის შინაარსს ავსებს: პირველ დღეებში ბავშვს თითქმის სულ „ძინავს”, - ყოველ შემთხვევაში არა ნაკლებ დღის ხანგრძლივობის 88.7% (8)-ისა. გარდა ამისა, ბავშვის „ძილის” რითმი ხანმოკლეა. იგი ხშირად წყდება და კვლავ განახლდება: ბავშვი მალე იღვიძებს და მალევე იძინებს, თითქოს რაღაც აწუხებდეს მას; საერთოდ, მას განუწყვეტლივ ორ საათზე მეტი არ სძინავს. დასასრულს, დადასტურებულია, რომ მისი გაღვიძება ყოველთვის ერთნაირად ადვილი არ არის: ერთი და იგივე გამღიზიანებელი ზოგჯერ აღვიძებს მას და ზოგჯერ ვერა.

ეს დაკვირვებები გასაგებს ხდიან ბავშვის „ძილის” ნამდვილ ბუნებას. ჯერ ერთი, ნათელია, რომ ახალდაბადებულის „ძილი”, რომელიც მისი დროის 88.7%-ს ავსებს, შეუძლებელია თავიდან ბოლომდე ნამდვილ ძილად ჩავთვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი იქნებოდა, თუ რად ძინავს მას ასე ხანგრძლივად. მეორე მხრივ, არც მარტო ფეტუსის უდიფერენციაციო მდგომარეობის გაგრძელებასთან უნდა გვქონდეს აქ საქმე. მართლაცდა, ცნობილია, რომ ძლიერი გამღიზიანებლების ზემოქმედების გამო ბავშვი ზოგჯერ „იღვიძებს”; ყოველ შემთხვევაში, თავის ძილისმაგვარ მდგომარეობას ცოტა ხნით მაინც თავს ანებებს - იგი „სიფხიზლის” მდგომარეობაში გადადის.

მაგრამ ამას სრული გარკვეული შედეგები სდევს თან: რაკი ფაქტია, რომ ძლიერი გამღიზიანებლების ზემოქმედება წმინდა ფეტალურ მდგომარეობას ბოლოს უღებს; რაკი ფაქტია, რომ ეს გამღიზიანებლები ახალდაბადებულის ორგანიზმში რეაქციას იწვევენ, აუცილებელი ხდება დავუშვათ, რომ ამ უკანასკნელის შედეგად მასში დაღლილობის ტოქსინები გროვდებიან. ზოლტმანის ცდებისა (9) და ჩვეულებრივ დაკვირვებათა მიხედვით უდავოა, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, მით უფრო ადვილად იღლება იგი. ასეთი ინტოქსიკაციის ბუნებრივი შედეგი ძილია. მაშასადამე, აუცილებელი ხდება ვაღიაროთ, რომ ახალდაბადებულობის პირველადი სიფხიზლის გვერდით, პირველადი ძილიც იჩენს თავს. ამის შემდეგ გასაგები ხდება, თუ რატომ არის, რომ ახალდაბადებულის ძილი ზოგჯერ სიფხიზლისაგან ვერ გაგვირჩევია, ხოლო ზოგჯერ ღრმა ძილის შთაბეჭდილებას იძლევა. უეჭველია, პირველ შემთხვევაში ფეტუსის არა დიფერენცირებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ხოლო მეორე შემთხვევაში – ძილთან.

ამრიგად, ახალდაბადებულის სიცოცხლის შინაარსს განსაკუთრებით ფეტალური არა დიფერენცირებული მდგომარეობა შეადგენს, მაგრამ ამის გვერდით ძილისა და ფხიზლობის პრიმიტიული ფორმებიც იჩენენ თავს. (10)

ბ. ფხიზელი მდგომარეობის შინაარსი

თანახმად ბიულერისა და ჰეცერის დაკვირვებებისა, ახალდაბადებული ბავშვი დღე-ღამის 11.3%-ს ფხიზლობს. ისმის საკითხი: რა შეადგენს ბავშვის ფხიზლობის დროის შინაარსს?

ყოველი ცოცხალი ორგანიზმი რაიმე ძირითადი ტენდენციის მატარებელია; იგია, რომ მის ცხოვრებას შინაარსსა და მიმართულებას აძლევს. ბავშვს, როგორც ვიცით, ორი ასეთი ტენდენცია აქვს: პირველი - თვითდაცვის ინსტინქტია, ხოლო მეორე - მოძრაობის ანუ ფუნქციობის ინსტინქტი. პირველი - გარე თუ შინა გაღიზიანებათა საპასუხოდ იწყებს მოქმედებას: სათანადო მოძრაობათა საშუალებით ცოცხალი ორგანიზმი თავის დაცვას ცდილობს. ამიტომ ამ მოძრაობებს ყოველთვის რეაქციის მოძრაობათა, ან მოკლედ, რეაქციათა ხასიათი აქვთ. მეორე - მემკვიდრეობით მიღებულ ორგანოთა ამოქმედებისადმი მისწრაფების სახით იჩენს თავს. ორგანოები მათი სტრუქტურის შესაფერისად ისწრაფვიან იმოქმედონ და იმოძრაონ. მათ არა აქვთ, მაშასადამე, რეაქციის მოძრაობათა ხასიათი, ისინი აქტიური ბუნების მოძრაობებს წარმოადგენენ.

ახალდაბადებული ბავშვის მოძრაობათა ინვენტარი რომ განვიხილოთ, მასში, მართლაც, მოძრაობათა ორ დიდ ჯგუფს აღმოვაჩენთ: ე. წ. რეაქციებსა და აქტიურ მოძრაობებს.

a) რეაქციის მოძრაობები

1. პირველი რეაქცია, რომელსაც ბავშვი გარე გამღიზიანებლის პირველი მკვეთრი შეტევის საპასუხოდ იძლევა, ეს ის თავისებური ხმაა, რომელიც ჭყივილს უფრო გავს, ვიდრე ადამიანის კივილს ან ყვირილს. ევროპის ხალხები მას კივილს (Крик, Schrei) უწოდებენ და ჩვენც ამ ტერმინზე შევჩერდებით.

მაშ, ბავშვის პირველი რეაქცია სწორედ ეს სპეციფიკური კივილია, მაგრამ ამასთან ერთად სხეულის ის თავისებური მთლიანი მოძრაობები, რომელიც ყველაზე უკეთ შოკის რეაქციის სახელწოდებით შეიძლება დახასიათდეს.

ახალდაბადებულისთვის არაფერი არაა ისე დამახასიათებელი, როგორც ეს კივილი. როგორ ჩნდება იგი პირველად? თანამედროვე გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ბავშვის პირველი კივილი მის ფილტვებში ჰაერის პირველი შეჭრის, ე. ი. პირველი შესუნთქვისა და ამოსუნთქვის აქტს წარმოადგენს (პაიერი). მაგრამ არის შემთხვევები, რომ ბავშვი სუნთქვას უფრო ადრე იწყებს, ვიდრე კივილს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად კივილი უბრალო ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის კი არა, უფრო ხმის ორგანოთა ამოქმედების შედეგად უნდა ვიგულისხმოთ. ეს რომ ასეა, ეს იქიდან ჩანს, რომ ხმის ორგანოს ნასვრეტის დაძაბული დავიწროება კივილის აუცილებელ პირობას შეადგენს. ამგვარად, კივილი სპეციფიკური ადამიანური რეაქციაა, რომელიც მეტყველების ორგანოს ამოქმედებასთანაა დაკავშირებული. ამ აზრით შეიძლებოდა მისთვის პირველი მეტყველებითი რეაქციაც გვეწოდებინა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას თავიდანვე მეტყველების მნიშვნელობა აქვს; ეს არც იმას ნიშნავს, რომ იგი იმთავითვე ჩვეულებრივ ე. წ. გამომხატველ მოძრაობათა წრეს უნდა მიეკუთვნოს. კივილი პირველად დაბადების სიტუაციაში ხდება. დაბადების აქტი კი, როგორც ვიცით, პირველი შეხვედრაა ბავშვის სხეულისა გარე გამღიზიანებელთა ინტენსიურ ზემოქმედებასთან. თავისთავად იგულისხმება, ბავშვის ორგანიზმისათვის სრულიად შეუძლებელია ამ პირველს, გარე ზეგავლენით შექმნილ სიტუაციას, არავითარი რეაქციით არ უპასუხოს. და მართლაც, ახალდაბადებული მთელი ორგანიზმის მთლიან რეაქციას იძლევა, რეაქციას, რომელიც გამღიზიანებლის მიმართ სრულიად ინდიფერენტულია და მის თავისებურებას არავითარ ანგარიშს არ უწევს. რაკი დაბადების სიტუაცია მთელი ორგანიზმის ასეთს დიფუზიურ რეაქციას იწვევს, გასაგებია, რომ ამ რეაქციაში ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოც ღებულობს მონაწილეობას, როგორსაც ადამიანისათვის მეტყველების ორგანო შეადგენს.

მაშასადამე, კივილი, ორგანიზმის მთლიან, გამღიზიანებლის სპეციფიკური ბუნებისადმი ინდიფერენტულ, შოკისებური რეაქციის თანმხლებ, ორგანიზმის სტრუქტურული თავისებურებით განსაზღვრულ ფენომენს წარმოადგენს.

ასეთი რეაქციისათვის განსაკუთრებით ისაა დამახასიათებელი, რომ იგი არავითარ ანგარიშს არ უწევს გამღიზიანებლის თავისებურებას, იგი მისი ბუნებისადმი სრულიად ინდიფერენტულია და ამიტომ ყოველთვის არასპეციფიკურ ხასიათს ატარებს.

ახალშობილი ბავშვისათვის ყოველი გარე გამღიზიანებელი უცხოა და უჩვეულო: დედის მუცელში ყოფნის დროს იგი სავსებით დაცული იყო მათი ზემოქმედებისაგან. ამიტომ, პირველ ხანებში მაინც, მისი რეაქციები უეჭველად მოკლებული უნდა იყვნენ სპეციფიკურს, ე. ი. გამღიზიანებლის ბუნების შესატყვის ხასიათს.

ახალშობილის რეაქციათა შესწავლა გვარწმუნებს, რომ ეს მართლაც ასეა. ოღონდ ერთი განსაზღვრა უეჭველად მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. გამღიზიანებლის მოქმედება შეიძლება ორგვარი იყოს: ინტენსიური და ნაკლებ ინტენსიური. ბავშვის რეაქცია ორივე შემთხვევაში განსხვავებულია. ინტენსიური გაღიზიანების ზემოქმედების შემთხვევებში მისი ლოკალიზაცია არ ხერხდება და ამიტომ რეაქციას მთელი ორგანიზმი იძლევა. ეს სწორედ ის შოკისებური რეაქციაა, რომლის პირველი ნიმუშიც დაბადების მომენტში გვეძლევა და რომელსაც, ჩვეულებრივ, კივილი ახლავს თან. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გამღიზიანებლის ინტენსივობა, ეს რეაქცია ან მთლიანად შეიძლება წარმოიშვას და ან ნაწილობრივ: შედარებით უფრო სუსტ შემთხვევებში იგი მარტო კივილის ფორმით გვევლინება.

ამის შემდეგ გასაგებია, რომ ყოველი ძლიერი გამღიზიანებელი, რა ბუნებისაც უნდა იყოს იგი, ბავშვში ყოველთვის ერთსა და იმავე რეაქციას იწვევს: იგი კრთება და კივის; ხოლო შედარებით ნაკლებ ინტენსიური გაღიზიანების ზემოქმედების შემთხვევებში მარტო კივილით კმაყოფილდება.

პრაიერი ცდილობს ყველა ის შემთხვევა ჩამოთვალოს, რომელნიც ბავშვის კივილის რეაქციას იწვევენ; ასეთებად ის თვლის: შიმშილს, წყურვილს, სხეულის უხერხულ მდგომარეობას, სიცივეს, ცუდ სუნს, მაგრამ შეკვრას და უხერხულობას წოვის დროს. უეჭველია, ყველა ამ გამღიზიანებლისათვის დამახასიათებელი ისაა, რომ მათი ზემოქმედება დიფუზიური ხასიათისაა, თითქოს მთელ ორგანიზმში ვრცელდება, ერთი, რომელიმე ორგანოთი ან სხეულის ნაწილით არ კმაყოფილდება და გარკვეული ლოკალიზაცია არ აქვს. პრაიერს არ აქვს აღნიშნული, რომ არც ერთი გამღიზიანებელი კივილს არ იწვევს, სანამ იგი საკმაოდ ინტენსიური არ გახდება და, გარდა ამისა, მას არც ის უეჭველი ფაქტი აქვს მოხსენებული, რომ ბავშვში კივილის რეაქციის გამოწვევა ყოველი გამღიზიანებლით შეიძლება, საჭიროა ოღონდ იგი სათანადოდ გაძლიერდეს.

ერთი სიტყვით, ყოველი საკმაოდ ინტენსიური გამღიზიანებელი, შინაგანი თუ გარეგანი, რომელიც მთელ სხეულს დიფუზიურად აღძრავს, ბავშვის განვითარების ამ საფეხურზე შოკისა და კივილის რეაქციას იწვევს.

2. ბავშვზე მოქმედი ყველა გამღიზიანებელი როდია ასეთი ხასიათის: ნაკლებ ინტენსიური გამღიზიანებლებიც ახდენენ გავლენას ბავშვზე. დამახასიათებელი ამათთვის ისაა, რომ მათი ზემოქმედება ორგანიზმის რაიმე გარკვეული ნაწილის ან ორგანოს აგზნებას იწვევს: მთელ სხეულში დიფუზიურად არ იშლებიან და საკმაოდ გარკვეული ლოკალიზაცია აქვთ. ასეთი გამღიზიანებლებიც არასპეციფიკურ რეაქციას იწვევენ, ხოლო არა მთელი სხეულის არასპეციფიკურ რეაქციას ან მის თანმხლებ და წარმომადგენელ - კივილს, არამედ იმ ორგანოს რეაქციას, რომელსაც გამღიზიანებელი ეხება. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს რეაქცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რა ორგანოდან მომდინარეობს: ხელისთვის იგი ერთნაირია, ფეხისთვის - მეორენაირი; მოკლედ: თითოეული ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფერისია. მაშასადამე, არასპეციფიკურად ეს რეაქციები მხოლოდ გამღიზიანებლის მიმართ უნდა ჩაითვალონ; ხოლო რაც შეეხება ორგანოს, რომლის რეაქციებსაც ისინი წარმოადგენენ, ამ მხრივ მათთვის სწორედ სპეციფიკურობაა დამახასიათებელი.

ასეთ მოძრაობათა შორის ახალდაბადებული ბავშვისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებლი ე. წ. წოვაა . ჩვეულებრივ, მას ინსტინქტურ მოძრაობათა წრეს მიაკუთვნებენ და მას თითქმის ერთადერთ მზამზარეულ ინსტინქტად თვლიან. (12) თუ ინსტინქტურად ისეთ მოძრაობებს ვიგულისხმებთ, რომელებსაც ახასიათებთ: 1. სირთულე, 2. მიზანშეწონილობა, 3. თანდაყოლილობა და 4. რეფლექსთაგან განსხვავებით - მხოლოდ შინაგანი მოთხოვნილების არსებობის და არა გარე გამღიზიანებლის ყოველი ზეგავლენის შემთხვევაში ამოქმედება, მაშინ, ცხადია, წოვა ახალდაბადებული ადამიანის უმნიშვნელოვანეს ინსტინქტად უნდა ჩაითვალოს.

მაგრამ ეს სრულიად არ გვიშლის ხელს იგი სხვა თვალსაზრისითაც დავახასიათოთ; მით უმეტეს, რომ წოვის მოძრაობები არა მარტო შიმშილის დროს აქვს ბავშვს. სრულიად უეჭველია, რომ ბავშვი გაძღომის ყოველი შემთხვევის შემდეგ როდი ანებებს თავს წოვას, არამედ ზოგჯერ იგი მანამდე განაგრძობს მას, სანამ რძე უკანვე არ გამოუვა პირიდან. გარდა ამისა, იგი ძალიან ხშირად წოვს თავის საკუთარ თითებს: არა მხოლოდ მაშინ, როდესაც შია. ეს ფაქტი ცხადჰყოფს, რომ წოვა, რომელიც, რა თქმა უნდა, საკვების მისაღებად უაღრესად მიზანშეწონილ მექანიზმს წარმოადგენს, არა მარტო ამ მიზნისათვის გამოიყენება და რომ იგი არა მარტო ადეკვატური, არამედ ყოველგვარი სხვა გამღიზიანებლითაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს. (13)

აქედან ცხადია, იგი ამ ტიპიურ მოძრაობად უნდა ჩაითვალოს, რომელიც გარკვეულ ორგანოს ეკუთვნის და შეიძლება, ყოველთვის ჩნდებოდეს, როდესაც ამ ორგანოს რაიმე გამღიზიანებელი ეხება, მიუხედავად იმისა, სწორედ ამ რეაქციას მოითხოვს გაღიზიანების ბუნება თუ არა.

ეს იმას ნიშნავს, რომ წოვა ჭამის ორგანოთა ფუნქციონალურ ამოქმედებას წარმოადგენს. იგი თავს იჩენს ყოველთვის, როდესაც ცოცხალ ორგანიზმს ამ ორგანოთა ამოძრავების ტენდენცია აქვს და ამასთან ერთად მასზე რაიმე ლოკალური გამღიზიანებელი მოქმედებს. ბუნებრივად, წოვის მექანიზმი თვითდაცვის, კერძოდ, კვების ინსტინქტის მექანიზმს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვეულებრივ, იგი შინაგანი გამღიზიანებლის, შიმშილის, ზეგავლენით იწყებს მოქმედებას, მაგრამ რამდენადაც წოვის მოძრაობები გარკვეული ორგანოს ფუნქციას შეადგენენ და ცოცხალ ორგანიზმს თითოეული თავისი ორგანოს ამოქმედების ტენდეცია აქვს, გასაგები ხდება, რომ ბავშვი არაადეკვატური გამღიზიანებლის ამ ორგანოზე ზემოქმედებასაც წოვის რეაქციით უპასუხებს. (14)

3. ამავე ჯგუფს ეკუთვნის ის რეაქციებიც, რომელნიც ახალდაბადებული ბავშვის რეფლექსების სახელწოდებით არიან ცნობილნი:

ა) ბავშვის ხელის გული რომ რითიმე გააღიზიანო, სულერთია რით, თითები იმწამსვე მოიხრება, ხშირად ისე მაგრად ჩაეჭიდება გამაღიზიანებელ საგანს, რომ იგი ზევით რომ ასწიოთ, ბავშვი შეიძლება დაეკიდოს კიდეც მას. (15)

ფეხის გულის გაღიზიანებისას, ე. წ. ბაბინსკის რეფლექსი ჩნდება: ცერი ზევით აიწევა, ხოლო თითები - ქვემოთ.

ბ) საკმაოდ ძლიერი სინათლე ბავშვის თვალების დახუჭვას, ხოლო ზომიერი - ხშირად გახელას. შემდეგ - მიშტერებას და ზოგჯერ, როდესაც ნათელი საგანი, მაგ., სანთელი ნელა მოძრაობს, თვალების გაყოლებასაც იწვევს. (16)

როდესაც ბავშვზე მოქმედი გამღიზიანებელი, მაგ., შეხება ან მხედველობა, ძლიერ ინტენსიურია, იგი მთელ სხეულში გაბნეულ დიფუზიურ აგზნებას იწვევს და შედეგი - შოკის ან მარტო კივილის რეაქციაა; ხოლო როდესაც, როგორც ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, გაღიზიანება ეგოდენ ინტენსიური არ არის, მაშინ მისი განსაზღვრული ლოკალიზაცია ხდება და რეაქციას ის ორგანო იძლევა, რომელიც გაღიზიანებას განიცდის. რა თქმა უნდა, აქ ყოველთვის საქმე გვაქვს მხოლოდ იმ რეაქციასთან, რომლის მოცემაც, ორგანოს მომწიფების დონის მიხედვით, მას შეუძლია: ხელი ეკიდება, თვალი იხილება, ფეხის გაქცევის რეაქციას გვაძლევს. საგულისხმოა, რომ ეს რეაქციები, გამღიზიანებელთა თვისობრივი განსხვავებულობის მიუხედავად, მარად სტერეოტიპული სახით მეორდებიან.

გ) უეჭველია, რეაქციათა ამავე ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ შემდეგი, პირველად პრაიერის მიერ დადასტურებული რეაქციის სახეც: როდესაც ბავშვი მაძღარია და არც წოვის ფუნქციის ამოქმედების ტენდენცია აქვს, ტუჩებზე რომ ძუძუ ან ხელი მიადო, იგი სწრაფად თავს განზე გაწევს. ჩვეულებრივ, ამ რეაქციას ე. წ. გამომხატველ მოძრაობათა ჯგუფში ათავსებენ და მას უარყოფის ნიშნად თვლიან. (17) ნამდვილად ესეც ლოკალური ხასიათის რეაქციად უნდა ჩაითვალოს: იგი გამღიზიანებლის ადგილობრივ ზემოქმედებაზე ჩნდება და თავის მოძრაობის და არა წოვის მოძრაობის სახით გვევლინება. მეორე მხრივ, მას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ბავშვს არც ჭამის ტენდენცია აქვს აღგზნებული და არც წოვის ფუნქციისა.

იგივე უნდა ითქვას დანარჩენ ე. წ. გამომხატველ რეაქციათა შესახებაც (მაგ., ტუჩების მოკუმვა, რომელიც წოვის რეაქციის შესავალად უნდა ჩაითვალოს: როდესაც მშიერი ბავშვის ტუჩებს რაიმეთი ეხები და შემდეგ საგანი სწრაფად უკანვე მიგაქვს, ბავშვი ტუჩებს კუმავს).

მაშ, საერთოდ, რეაქციულ მოძრაობათა შესახებ შემდეგი უნდა ითქვას: ყოველი გამღიზიანებელი, რომელიც ახალშობილ ბავშვზე მოქმედებს, მასში არასპეციფიკურ რეაქციას იწვევს - როდესაც გამღიზიანებელი ძლიერია, საპასუხოდ მთელი სხეულის არადიფერენცირებული შოკური რეაქცია და კივილი ჩნდება; ხოლო როდესაც იგი შედარებით სუსტია და მისი ზემოქმედების არეს ლოკალიზაცია ხერხდება, ორგანიზმის სათანადო ნაწილის ან ორგანოს საპასუხო მოძრაობა იჩენს თავს, რომელიც თავისი ბუნებით ქვემდებარე ორგანოს ფუნქციონალურ მოქმედებას წარმოადგენს.

სპეციფიკური სარეაქციო მოძრაობები, რომელნიც ანგარიშს უწევენ გამღიზიანებლის ხასიათს და ამ უკანასკნელის მიხედვით იცვლებიან, ახალდაბადებულს ჯერ კიდევ არა აქვს. გამონაკლისს ზოგიერთი შემთხვევები შეადგენენ, რომელნიც როგორც გამონაკლისნი, უფრო შემდეგი პერიოდის ჩანასახ ელემენტებს წარმოადგენენ, ვიდრე ახალდაბადებულობის ხანის დამახასიათებელ მოვლენებს.

b) აქტიური მოძრაობები

ბავშვის მოძრაობათა მეორე ჯგუფი პრაიერს შემდეგ, დღემდე, იმპულსურ მოძრაობათა სახელწოდებით არის ცნობილი. ჩვეულებრივ, ამ მოძრაობათა შემდეგ სიას იძლევიან: „ხელებისა და ფეხების გაჭიმვა და მოხრა, რომელსაც ხშირად მიმართავს ახალდაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომწვევი საბაბი არსად ჩანს; თითების გაშლა და მოხრა: სხეულის გაჭიმვა (გაზმორების შემთხვევების მსგავსად), თვალების ზოგიერთი მოძრაობა პირველ დღეებში, სხვადასხვა მოძრაობები დაბანის დროს (აბაზანაში); სხვადასხვაგვარი გრიმასები ტუჩებით და თვალის ქუთუთოებით; ხელების აქეთ-იქით მოძრაობა, განსაკუთრებით, საკუთარი სახის წინ...“ ბერნფელდი სამართლიანად აღნიშნავს, რომ, გარდა ამ მოძრაობათა, ალბათ, სხვებიც არსებობენ, რომელნიც იმპულსურ მოძრაობათა ჯგუფისადმი უნდა იქნენ მიკუთვნებული. მაგრამ, სახელდობრ, რომლები - ამის გადაწყვეტა ძნელია, რადგანაც, სამწუხაროდ, მოძრაობათა ამ ჯგუფის ნამდვილი არსი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გამორკვეული.

პრაიერმა პირველმა სცადა მათი ბუნების ნათელყოფა. მისი აზრით, ზრდისა და კვების პროცესების მეოხებით მოზარდის ნერვებსა და კუნთებში პოტენციური ენერგიის განსაზღვრული რაოდენობა უნდა გროვდებოდეს, რომელიც დროგამოშვებით, სისხლის ან ლიმფის მდინარების ზეგავლენით, კინეტიკურ ენერგიად უნდა იქცეოდეს და, ამრიგად, ბავშვის ე. წ. სპონტანურ მოძრაობებს იწვევდეს. ბერნფელდი პრაიერის ამ შეხედულებას ამარტივებს, რამდენადაც პოტენციური ენერგიის წარმოშობისა და ლოკალიზაციის შესახებ საკითხს აყენებს და უბრალოდ, ფროიდის შეხედულების თანახმად, ამტკიცებს: ადამიანის ორგანიზმის, როგორც მთელის, განკარგულებაში ფსიქიკური ენერგიის გარკვეული რაოდენობა მოიპოვება, რომლის ტრანსფორმაციის შესაძლებლობის აღიარებასაც წინ არაფერი ეღობებაო. ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ თავისუფალი (პოტენციური) ენერგიის ამოქმედების ერთ-ერთ ფორმად შეიძლება მისი მოტორულ აგზნებად გადაყვანაც ჩაითვალოს. ამისდა მიხედვით, ბერნფელდის თქმით, იმპულსური მოძრაობები თავისუფალი ენერგიის გამოვლენას ანუ გადაყვანის მოძრაობებს (Abfuhzbewvegung) წარმოადგენენ. (18)

არსებითად ბერნფელდის თეორია ახალს არაფერს იძლევა, როგორც ამას თვით ბერნფელდიც აღნიშნავს. მისი უპირატესობა მხოლოდ ის არის, რომ რაკი პოტენციური ენერგიის დაგროვებას ზრდის პროცესს არ უკავშირებს, ზრდადასრულებული ადამიანის იმპულსურ მოძრაობათა აღიარების შესაძლებლობასაც გვაძლევს. მაგრამ ამაშივე მარხია მისი სისუსტეც: იგი ანგარიშს ვერ უწევს იმ უეჭველს, პრაიერისა და სხვათა მიერ დამოწმებულ ფაქტს, რომ მოზრდილი ადამიანის მოძრაობათა ინვენტარში იმპულსურ მოძრაობებს იშვიათად თუ შეხვდებით. სწორი თეორია სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა იწყებდეს ან და უკეთ - ბავშვის ზრდის პროცესში იმპულსურ მოძრაობათა ხვედრითი წონის გათვალისწინებით.

შ. ბიულერისა და ჰეცერის ცნობით, პირველი წლის განმავლობაში ე. წ. სპონტანურ მოძრაობათა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება: თუ პირველ თვეში იგი ბავშვის ქცევის მთელი ინვენტარის მხოლოდ 1%-ს შეადგენს, სამი თვის შემდეგ იგი 11% აღწევს, ექვსი თვისათვის - 27%-ს. ცხრისათვის — 28%-ს და, დასასრულ, 12-ისათვის 31%-ს. (19) შემდეგი წლებისათვის დაწვრილებითი ცნობები არ მოგვეპოვება; ოღონდ მოზრდილობის ხანაში, როგორც ვიცით, მათი ხვედრითი წონა იმდენად მცირდება, რომ პრაიერი აქ მათ არსებობას თითქმის სრულიად უარყოფს. სამაგიეროდ, ამ მოძრაობათა პირველად ფორმას პრაიერი დედის მუცლის ხანაში ადასტურებს: როგორც ვიცით, ეს ის მოძრაობებია, რომელსაც ჩვეულებრივ მუცლის ძვრას უწოდებენ.

ამ ცნობიდან, სხვათა შორის, ერთი გარკვეული დასკვნის გამოტანა შეიძლება: ორგანიზმის განვითარების დასაწყის ხანებში იმპულსურ მოძრაობათა ხვედრითი წონა ძლიერ სუსტია, შემდეგში - იმის კვალობაზე, თუ რა ტემპით მაგრდება ორგანიზმი, იგი სწრაფად იზრდება; ხოლო განსაზღვრული დროიდან იმპულსურ მოძრაობათა შემთხვევები მით უფრო იშვიათი ხდება, რაც უფრო ახლო დგას ორგანიზმი თავისი დასრულების ფორმასთან: უეჭველია, ისინი მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებული ორგანიზმის მომწიფების პროცესთან. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ ახალდაბადებულის იმპულსურ მოძრაობათა შორის თვალის მოძრაობებსაც ასახელებენ. მაგრამ ძალიან მალე მდგომარეობა იცვლება და თვალის იმპულსურ მოძრაობებზე ლაპარაკი უადგილო ხდება. რას გვეუბნება ეს ფაქტი? უეჭველია, იმასვე, რასაც მეორე ფაქტიც, რომელსაც ახლავე გავეცნობით.

ახალდაბადებული ბავშვი ზოგჯერ ფეხებს ამოძრავებს - ერთს რომ აქეთ გასწევს, მეორეს - იქით. რა თქმა უნდა, ესეც იმპულსური მოძრაობაა (შტერნი). მაგრამ განსაზღვრული დროის შემდეგ იგი ამ მოძრაობასაც თავს ანებებს: სახელდობრ, როდესაც მისი ლოკომოტური ორგანოები იმდენად მომწიფდება, რომ სიარულის დაწყება გახდება შესაძლებელი, ბავშვი ჩვეულებრივ პირობებში ფეხების იმპულსურ მოძრაობებზე ხელს იღებს. იგივე უნდა ითქვას თვალის შესახებაც: რა წამს ეს ორგანო იმდენად მომწიფდება, რომ იგი თავისი ფუნქციის სწორ შესრულებას დაიწყებს, იმპულსურ მოძრაობებს აღარც ის მიმართავს.

ჩვენ უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ცოცხალ ორგანიზმს, კერძოდ და განსაკუთრებით, ადამიანს თვითდაცვის ინსტინქტის გვერდით მეორე ძირითადი ინსტინქტიც აქვს, რომელსაც ფუნქციონალური შეგვიძლია ვუწოდოთ.

ცოცხალი ორგანიზმის მუდმივი, შეუჩერებელი მოძრაობის ფაქტი, რომელიც ახლა ფართოდაა ცნობილი, ამ ინსტინქტის წიაღიდან წარმოიშვება.

ამავე წყაროდან მომდინარეობს თითოეული ჩვენი ორგანოს მისწრაფება ადეკვატური მოქმედებისადმი: თვალი ესწრაფვის ხედვას, ყური - სმენას, ცხვირი - ყნოსვას, ენა - გემოვნებას... ამიტომაა, რომ ისე როგორც აუტანელი იქნებოდა ადამიანისათვის უძრავად ყოფილიყო შეკრული დიდი ხნით, ისევე მტანჯველი იქნებოდა მისთვის ისეთ არეში ყოფნა, სადაც სხვა მისი ორგანოები ფუნქციონირების შესაძლებლობას სრულიად მოკლებულნი იქნებოდნენ. (20)

როგორც ვიცით, ინსტინქტი უკვე დედის მუცლის ხანაში იწყებს მოქმედებას: როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ფეტუსის პირველი მოძრაობა ანუ ე. წ. მუცლის ძვრა მისი გამოვლენის პრიმიტიულ ფორმას წარმოადგენს. თვით დაბადების ფაქტიც ამ ინსტინქტის გარეშე გაუგებარი იქნებოდა. თავისთავად იგულისხმება, ამ ინსტინქტის მოქმედების შემთხვევები ახალდაბადებული ბავშვის ინვენტარში უნდა გვხვდებოდეს, და სრულიად უეჭველია, რომ იმპულსური მოძრაობების ადგილი სწორედ ამ ინსტინქტის გამოვლენათა შორის უნდა ვეძიოთ.

იმპულსურ მოძრაობათა ბუნების ასეთი კონცეფცია ერთბაშად ნათელყოფს ყველა იმ ნიშანს, რომლებიც მათ დამახასიათებლადაა ცნობილი. სახელდობრ:

1. უწინარეს ყოვლისა, პრობლემატურად იმპულსურ მოძრაობაში მისი აქტიური ბუნება ითვლება. რაკი ამ მოძრაობის შემთხვევებში გარე გამღიზიანებლის ზემოქმედების დადასტურება შეუძლებელია, შინა გამღიზიანებლის ძებნას იწყებენ. ეს იმიტომ ხდება აუცილებელი, რომ იმთავითვე წინასწარვეა მიღებული აზრი, თითქოს ცოცხალი არსების ბუნებრივ მდგომარეობას უძრაობა შეადგენდეს და მაშასადამე, ყოველი მოძრაობის დაწყებისათვის რაიმე გამღიზიანებლის ზემოქმედება იყოს საჭირო. გამონაკლისად მოზრდილი ადამიანის ე. წ. სპონტანური მოძრაობები ითვლება, რომელნიც ტვინიდან მომდინარე იმპულსების ზეგავლენით წარმოიშვებიან.

ჩვენი კონცეფციისათვის ეს სიძნელე არ არსებობს. თუ ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობა მოძრაობაა და თუ უძრაობა მისთვის ამ ბუნებრივი მდგომარეობის შეწყვეტას ნიშნავს, (21) მაშინ თავისთავად იგულისხმება, რომ მოძრაობისადმი მისწრაფება იმ თავითვე გარკვეული ინსტინქტის სახით უნდა იყოს მასში მოცემული.

ასეთი ინსტინქტი ახალდაბადებული ბავშვის ორგანიზმსაც უნდა ჰქონდეს, რამდენადაც იგი ცოცხალი ორგანიზმია, და გასაგებია, რომ ეს ინსტინქტი სრულიად დამოუკიდებელი, აქტიური მოძრაობების სახით იჩენს თავს.

2. იმპულსურ მოძრაობათა ის სია რომ განვიხილოთ, რომელიც პრაიერის მიხედვითაა შედგენილი და ზემოთ იყო მოყვანილი, დავრწმუნდებით, რომ თითოეულ მათგანს სრულიად გარკვეული ხასიათი აქვს, სახელდობრ, იმ ორგანოს ფუნქციონალური მოძრაობის ხასიათი, რომლის საშუალებითაც იგი ხდება. (22) ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო სიმპტომატურად ახალდაბადებულის ფეხების იმპულსური მოძრაობები უნდა ჩაითვალოს. ბავშვი ისე ამოძრავებს ფეხებს ჰაერში, თითქოს დაიარებოდეს. რამდენადაც იმპულსური მოძრაობები ფუნქციონალური ინსტინქტის გამოვლენას წარმოადგენს, შეუძლებელია, მათ სხვაგვარი ხასიათი ჰქონდეს, თუ არა ისეთი, როგორიც ფეხების ფუნქციას შეეფერება, სახელდობრ, სიარულის ხასიათი.

3. მაგრამ, თუ იმპულსური მოძრაობები ბავშვის ორგანოების ფუნქციონალურ ამოქმედებად უნდა ჩავთვალოთ, მაშინ მათი ობიექტური მნიშვნელობაც თავისთავად გასაგები ხდება. “ამ საკითხის სპეციალისტებს ხაზგასმით აქვთ იმპულსურ მოძრაობათა ბიოლოგიური მნიშვნელობა აღნიშნული. მათი მიხედვით, ეს უკანასკნელი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ამ მოძრაობას წინასწარი ვარჯიშების ღირებულება აქვთ. (23)

მაგრამ საიდან და რატომ აქვთ მათ ასეთი ღირებულება, ამის ახსნას არავინ იძლევა. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, საკითხი თავისთავად წყდება: თუ ყოველი იმპულსური მოძრაობა ამა თუ იმ ორგანოს თუ სხეულის ნაწილის მოძრაობას წარმოადგენს ფუნქციონალური ამოქმედების მიმართულებით, მაშინ ცხადია, რომ ყოველი ასეთი მოძრაობის ცალკე შემთხვევა არსებითად ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონალური ვარჯიშის აქტად უნდა ჩაითვალოს.

4. ეს გარემოება გასაგებს ხდის იმპულსურ მოძრაობათა განვითარების მრუდის მიმდინარეობასაც. თუ თითოეული იმპულსური მოძრაობა იმ ძირითადი ინსტინქტის გამოვლენას წარმოადგენს, რომელიც ბავშვის ცალკე ორგანოების ფუნქციონალური ამოქმედების აქტებში იჩენს თავს, მაშინ ცხადია, რომ ამ მოძრაობათა ბედი, ერთი მხრივ მაინც, სხეულის ორგანოთა მომწიფების მიმდინარეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მართლაცდა, სანამ ესა თუ ის ორგანო ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, მას არ შეუძლია იმ ფუნქციის შესრულება, რომელსაც იგი თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე იძლევა. მაგრამ თუ მოცემულ მომენტში მისი მომწიფება დაწყებული მაინც არის, ორგანიზმის მოძრაობის ინსტინქტმა ამ ორგანოს ამოქმედების ტენდენციაში უნდა იჩინოს თავი და შედეგად მისი ფუნქციონალური მომწიფების დონის შესაფერისი მოქმედება უნდა მოგვცეს. ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშე არა ორგანოს ნამდვილი ბიოლოგიური დანიშნულების შესრულების აქტი იქნება, არამედ მისი მომწიფების დონის შესაფერისი ფუნქციის ამოქმედების აქტი, ე. ი. არა ორგანოს ნამდვილი ფუნქციონირება, არამედ მისი იმპულსური მოძრაობა.

აქედან ცხადია, რომ როგორც კი ორგანო ფუნქციონალურად საბოლოოდ მომწიფდება, ფუნქციონალური ტენდენცია იმპულსური მოძრაობების ნაცვლად თავის ნამდვილ ფუნქციონალურ ამოქმედებაში იპოვის დაკმაყოფილებას. მეორე მხრივ, შესაძლოა, ესა თუ ის ორგანო ფუნქციონალურად საკმაოდ მომწიფებულიც იყოს, მაგრამ მისი ამოქმედება იმპულსური ხასიათის მოძრაობებით განისაზღვრებოდეს. ამას იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ადგილი, როდესაც ესა თუ ის ორგანო მანამ ასწრებს მომწიფებას თავისი დანიშნულების შესრულების უნარიანობის დონემდე, სანამ ადამიანის ცხოვრების პირობები მის სერიოზულ გამოყენებას მოითხოვდნენ. განვითარების ჩვენი ძირითადი კონცეფციის მიხედვით, ეს იმ ორგანოთა და ფუნქციათა შესახებ უნდა ითქვას, რომელებიც ადამიანის მოზარდ ორგანიზმს, თავისი მაღალი მემკვიდრეობის გამო, მეტად თუ ნაკლებად მზამზარეულად აქვს მიღებული. რაკი მოძრაობის ინსტინქტის იმპულსის ზეგავლენით მათი ამოქმედება აუცილებელი ხდება, ხოლო ცხოვრების მოთხოვნილებები ამ უკანასკნელის გამოყენების საჭიროებას ჯერ კიდევ არ იძლევიან, იგი იძულებულია იმპულსური მოძრაობების დონეზე დარჩეს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია თითოეული ეს მოძრაობა თავისი ხასიათით სათანადო ორგანოს ნამდვილი, საკმაოდ დასრულებული ფუნქციისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდეს.

შესაძლებელია, ასევე საწინააღმდეგო შემთხვევებსაც ექნეს ადგილი. ეს მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ორგანიზმს ისეთ გარემოში უხდება ზრდა, რომელშიც მისი არსებობისათვის ზოგიერთი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ფუნქციის ამოქმედებაა საჭირო. მაგრამ ბავშვის განვითარების ნორმალურ პირობებში ასეთ შემთხვევებს ადგილი არა აქვს. (24)

ამრიგად, იმპულსურ მოძრაობათა ბედი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ორგანიზმის განვითარების დონეზე და, მეორე მხრივ, იმ მოთხოვნილებებზე, რომელსაც ბავშვის ორგანიზმს მისი გარემო უყენებს. და ის მრუდე, რომელიც სხვადასხვა ასაკის იმპულსურ მოძრაობათა ხვედრით წონას გამოხატავს, სწორედ ამ ორი ფაქტორის თანასწორ მოქმედი ძალის შედეგს წარმოადგენს. მართლაცდა, როდესაც ბავშვი იმდენად თოთოა, რომ მისი ორგანიზმის გარკვეული ფუნქციონალური მომწიფების შესახებ ჯერ კიდევ ნაადრევია ლაპარაკი, მისი იმპულსური მოძრაობები ძლიერ იშვიათი და განსაკუთრებით, ნაკლებ დიფერენცირებული უნდა იყოს: დედის მუცლისა და ახალდაბადებულობის პერიოდში ეს მართლაც ასეა. ხოლო შემდეგ, იმის კვალობაზე, თუ როგორ ვითარდება ორგანიზმი და ცალკე ორგანოები, ფუნქციონალური ინსტინქტი სულ უფრო და უფრო საგრძნობი ხდება, და შედეგად იმპულსურ მოძრაობათა რიცხობრივ ზრდასა და თვისობრივ დიფერენციაციას ვღებულობთ. როდესაც ორგანიზმის განვითარება კიდევ უფრო შორს წავა, ფუნქციონალური ინსტინქტი ხელსაყრელ პირობებში თამაშის, სწავლისა და, ბოლოს, შრომის სახითაც ხორციელდება. აქედან თავისთავად ნათელი ხდება, რომ იმპულსურ მოძრაობათა რიცხვი ასაკის წინსვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო კლებულობს და ბოლოს, ზრდადასრულებული ადამიანის ასაკში, თითქმის სრულიად აღიკვეთება. (25)

IV. ახალდაბადებულობის ხანის ფუნქცია

როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ახალდაბადებული ბავშვის ცხოვრება? ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალი ორგანიზმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის გარემოს აქვს. ახალდაბადებულის გარემო ისეთია, რომ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, დედის მუცლის პერიოდის მდგომარეობის აღდგენას ესწრაფვის. ძირითადი, თავიდან აუშორებელი განსხვავება ამ უკანასკნელისაგან იმაში მდგომარეობს, რომ ახალდაბადებულმა თვითონ უნდა მიიღოს და გადაამუშაოს საკვები და თვითონვე დამოუკიდებლად შეითვისოს ჟანგბადი: თვითონ უნდა ისუნთქოს. მეორე განსხვავება ისაა, რომ გარესამყაროს გამღიზიანებელთა ზემოქმედების აბსოლუტური. აღკვეთა სრულიად შეუძლებელი ხდება და ახალდაბადებულის გარემო ამ გამღიზიანებელთა ზემოქმედების შენელებას უფრო ახერხებს, ვიდრე მის სრულ აღკვეთას: სინათლე, სითბო-სიცივე, ხმაური და ბევრი რამ სხვა ახალდაბადებულზეც მოქმედებს მეტი ან ნაკლები ინტენსივობით, მაშინ როდესაც დედის მუცელში მათ სრულიად არ ჰქონიათ ადგილი. ცოცხალი ორგანიზმი ასეთ გარემოში იწყებს ცხოვრებას და მის წინაშე ამოცანა დგება, რომლის გადაწყვეტაზეც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხია დამოკიდებული: იგი ამ შეცვლილ გარემოს უნდა შეეგუოს. რამდენადაც ამოცანა ჟანგბადისა და საკვების შეთვისებაში მდგომარეობს, ამაში მას თანდაყოლილი ინსტინქტური მექანიზმები ეხმარება, ხოლო გარე გამღიზიანებელთა მიმართ - უკვე მიღწეული დონე ამ გამღიზიანებელთა მიმღები ორგანოების განვითარებისა. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს გამღიზიანებლები თავისი ინტენსივობით ამ დონეს შეეფერებიან, ისინი ორგანიზმის შინაგან ფუნქციონალურ ტენდენციას აკმაყოფილებენ და მათი როლი ამით ამოიწურება: ორგანიზმის თვითმყოფობას ეს გამღიზიანებლები ვერ არღვევენ და მათი არსებობა ორგანიზმისათვის საკუთარი ორგანოების ამოძრავების ფაქტით ამოიწურება: როგორც განსხვავებული რაღაც, როგორც გარე არსებული რაღაც, ისინი ორგანიზმისათვის არ არსებობენ.

მაგრამ რა გინდ დიდი მზრუნველობითაც უნდა იყოს ახალდაბადებულის გარემო ფეტოფილურად მოწყობილი, სულერთია, სრულიად შეუძლებელია იგი სავსებით უზრუნველყოფილი იყოს ინტენსიურ შთაბეჭდილებათა შემოჭრისაგან, ისეთ გამღიზიანებელთა შემოჭრისაგან, რომელნიც ახალშობილი ორგანიზმის მომწიფების დონეს ანგარიშს არ უწევენ და მის შესაძლებლობათა საზღვარს შორს სცილდებიან: ძლიერი, მოულოდნელი ხმა, ინტენსიური სიცივე, მდებარეობის მოულოდნელი შეცვლა და მრავალი სხვა ძლიერი გაღიზიანების შემთხვევა ყოველთვის შეიძლება დადასტურდეს ამა თუ იმ ახალშობილი ბავშვის სიცოცხლის პირველსავე დღეებში. საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაში ახალშობილი ადამიანისათვის აქ მაინც ხდება გარესამყაროს მის წინაშე ფარდა, აქ მაინც იჭრება მის წინაშე ობიექტური სინამდვილე, აქ მაინც საბოლოოდ ეღება ბოლო მის თვითმყოფურ, სოლიფსურ არსებობას, რომელიც მას დედის მუცელში ახასიათებდა. ჩვეულებრივი რეაქცია, რომლითაც ახალდაბადებულის ორგანიზმი უპასუხებს ასეთ გამღიზიანებლებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მათგანი მოქმედებს მასზე, ყოველთვის ერთნაირია: იგი მთლიანი ორგანიზმის არა დიფერენცირებულ, მეტად თუ ნაკლებად გამოკვეთილ შოკურ რეაქციას წარმოადგენს, რომელსაც, ჩვეულებრივ, კივილი ახლავს თან, მაგრამ, თუ ყოველი ასეთი გამღიზიანებელი მხოლოდ ნეგატიურ, თავიდან აშორების ან გაქცევის რეაქციას იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ურთიერთისაგან სრულიად არ განსხვავდებიან და, მაშასადამე, ბავშვისათვის ობიექტური სინამდვილის სახით არც არსებობენ.

ამრიგად, ახალდაბადებულის მდგომარეობა ჯერ კიდევ ფეტუსის თვითკმარი, სოლიფსური მდგომარეობის გაგრძელებას წარმოადგენს. მაგრამ გარე გამღიზიანებლები მაინც მოქმედებენ მასზე და მთელი მისი შემდგომი ცხოვრების შინაარსი ამ ურთიერთმოქმედების პროცესში უნდა შეიქნეს.

აქედან თავისთავად ნათელი ხდება, თუ რა შეადგენს ამ პერიოდის ძირითად დანიშნულებას: ორგანიზმი, რომელსაც ამიერიდან გარე გამღიზიანებელთა სამყაროში მოუხდება ცხოვრება, მათ ზემოქმედებას უნდა მიეჩვიოს: იგი უნდა მომაგრდეს იმდენად, რომ მისი არსებობა და განვითარება ამ ახალ პირობებშიც შესაძლებელი შეიქნეს. აქ ამ პერიოდში უნდა გადაწყდეს, დაჰყვა თუ არა ახალდაბადებულს იმდენად მომწიფებული შინაგანი შესაძლებლობანი, რომ მათი განვითარება გარემოს პირობების ნიადაგზე გაგრძელდეს.

 

შენიშვნები მეორე თავისთვის: 

1. W.Prayer, Spezielle Physiologie des Embryo, 1885.
2. ფსიქიკურისთვის „იმანენტური ტრანსცენდენტობაა“ განსაკუთრებით დამახასიათებელი. ამდენად, ფსიქიკას მხოლოდ იქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს, სადაც მოვლენათა განსხვავებულობა არსებობს; დედის მუცელი კი, როგორც ემბრიონის გარემო, მოკლებულია ამ განსხვავებულობას.
3. ფსიქიკური (ცნობიერების) ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ: K. Bühler, op. cit. Bernfeld, Psychologie d. Säuglings, S. 26.
4. Garley D., Das Schock des Geborenwerdens (Bermfeld, S. 187) ფსიქოანალიზის სკოლის მიმდევართა აზრით, დაბადება ნამდვილ ტრამვად უნდა ჩაითვალოს, რომელიც მრავალ მხრივ ინდივიდის მომავალ ბედს განსაზღვრავს (Rank, Das Trauma der Gebul und seine Bedeutung für Psychoanalyse 1924), იგი პირველი შიშის აფექტია, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმი განიცდის, და ყოველი შემდეგი შიშის განცდა „ფსიქიკურად და ფიზიკურად დაბადების განმეორებას წარმოადგენს“ (ბერნფელდი). ბერნფელდის აზრით, დაბადების სიტუაცია ხშირად მეორდება, განსაკუთრებით თოთო ბავშვობის ხანაში, მაგალითად, ბავშვის კივილი ან შოკის ხასიათის რეაქციები, რომელთა ჩვეულებრივ ინტენსიური გამღიზიანებლის ზემოქმედება იწვევს, დაბადების სიტუაციის განახლებას წარმოადგენს. გარდა ამისა, თვით აფექტის ბუნება საზოგადოდ განსაკუთრებით ამ „დაბადების შიშის“ გავლენით აიხსნება. რამდენად სწორია ეს შეხედულება, ამას ქვემოთ დავინახავთ.
5. Bernfeld, S. 3.
6. მ. უგრელიძე ქართველ, სომეხ და რუს ახალდაბადებულთა ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევა, 1930. დანარჩენი ცნობებიც ამ წიგნიდანაა ამოღებული.
7. ეს აზრი, რამდენადაც ვიცი, პირველად პერემ გამოთქვა. მერე განსაკუთრებით ფსიქოანალიზის სკოლამ: „ახალდაბადებულის ძილი ფეტალური მდგომარეობის დაბრუნებაა, რომელიც მისი აღკვეთის ყოველი შემთხვევის შემდეგ მუდამ მზადაა თავი იჩინოს, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება“ (ბერნფელდ, გვ. 15); მაგრამ ბერნფელდი ძილად თვლის როგორც ფეტუსის, ისე ახალდაბადებულის ამ მდგომარეობას და ამისდა მიხედვით, დიდი ადამიანის ძილსაც ასეთი უკანდაბრუნების, ე. წ. რეგრესიის ტენდენციის შედეგად ცნობს. ქვემოთ ვნახეთ, თუ რაოდენ საფუძვლიანია ეს შეხედულება.
8. Ch. Bühler und Hetzer, Inventar der Verhaltungsweisen des Kindes im ersten Lebensjahr, 1925
9. Soltmann, Ueber einige physiologische Eigentümlichkeiten der Muskeln und Nerven des Neugeborenen. Jahrbuch f. Kinderheilkunde XII, 1878 (ბერნფელდით).
10. ბერნფელდის შეხედულება, თითქოს ძილი ფეტუსის მდგომარეობისაკენ ლტოლვის, მაშასადამე, ე. წ. რეგრესული ტენდენციის შედეგს წარმოადგენს, შეუწყნარებელია. ახალდაბადებული ბავშვი, როგორც ვიცით, მართლა უბრუნდება განსაზღვრული აზრით, ფეტუსის მდგომარეობას; მაგრამ გარდა ამისა, გარე შთაბეჭდილებათა ზეგავლენით გამოწვეული დაღლილობის გამო მასში ახალი ფენომენი - ძილი იჩენს თავს. მაშასადამე, არც ზრდადასრულებული ადამიანის ძილის შესახებ შეიძლება ითქვას, თითქოს იგი რეგრესიული ტენდენციის შედეგს წარმოადგენდეს.
11. ნ. ბერულავას ერთ-ერთ ჩვენ მიერ ნახელმძღვანელებ დაკვირვებაში შემდეგ ცნობას ვპოულობთ: „ბავშვი გულწასული დაიბადა, რამოდენიმე ხნის შემდეგ მოიყვანეს გრძნობაზე. ბავშვმა მხოლოდ ამის შემდეგ იკივლა, თუმცა სუნთქვა მანამდეც ჰქონდა“.
12. შტერნი აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, ახალდაბადებულ ბავშვს „მიმართვის“ ინსტინქტიც აქვს.
13. ნ. ბერულავას დაკვირვება: „ბავშვი იწყებს წოვას მაშინაც, როდესაც მის ლოყას მიადებ ხელს“.
14. ფროიდმა საგანგებოდ მიაქცია ყურადღება პატარა ბავშვის საკუთარი თითების ლოკვის ჩვეულებას და პირველად სცადა მისი ახსნა. ფროიდის აზრით, ამ შემთხვევაში ბავშვის სექსუალური ინსტინქტის პირველ გამოვლენასთან გვაქვს საქმე: ბავშვი მიტომ ლოკავს თავის თითს, რომ მას ეს სპეციფიკურ სიამოვნებას ჰგვრისო. ჩვენი შეხედულების მიხედვით, საკითხი გაცილებით უფრო მარტივად და ბუნებრივად აიხსნება: წოვა ლოკა-ლური, სპეციფიკური რეაქციაა და მას თითების შეხება, როგორც არაინტენსიური გაღიზიანება, იწვევს. იგი ფუნქციონალური ტენდენციის გამოვლენას წარმოადგენს და ამდენად მასთან ე. წ. ფუნქციის სიამოვნებაა დაკავშირებული. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ბავშვის სექსუალური ინსტინქტის კი არა, მისი ფუნქციონალური ტენდენციის დაკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე.
15. ამერიკელმა მკვლევარმა რობინზონმა საგანგებო ცდები დააყენა ამ საკითხის შესასწავლად (Koffka K., Grundlagen der psychischen Entwicklung, 2A).
16. „16 დღეს თვალს აყოლებს მის წინ გატარებულ ზარს“ (ბერულავას დაკვირვება).
17. ბიულერის აზრით, თავის გაქნევა, რომელიც მთელი დედამიწის ზურგზე უარყოფის ნიშნად ითვლება, ამ პრიმიტიული რეაქციიდან უნდა იყოს წარმომდგარი (Bühler, Geist. Entw. d. Kindes, s. 91).
18. Benfeld, Op. cit., S. 42, f.
19. Ch. Bühler, Kindheit und Jugend, 1927.
20. აქედან თავისთავად ცხადი ხდება, თუ რამდენად შორს დგას ჭეშმარიტებისაგან ბერნფელდის აზრი, თითქოს ადამიანის ძირითად ტენდენციას ფეტუსის მდგომარეობის
განახლებისადმი სწრაფვა ანუ ე. წ. რეგრესიული ტენდენცია შეადგენს.
21. მოძრაობის პროცესში სხეულში დაღლილობის ინტოქსიკაცია ხდება, რაც მოძრაობის გაგრძელების შესაძლებლობას აძნელებს. აუცილებელი ხდება მოძრაობის შეწყვეტა ანუ დასვენება, რათა, მოძრაობის ხელახალი აღდგენა უზრუნველყოფილი იქნეს. უდავოა, პრაიერის აღწერაზე იმპულსურ მოძრაობათა უნებურ გავლენას ახდენდა მისი თეორეტული გაგება ამ მოძრაობათა ბუნებისა. ამიტომაა რომ, ჯერ ერთი, იგი სრული არაა, და, მეორე, მასში მოძრაობების ფუნქციონალური ხასიათი დაჩრდილულია. იმპულსურ მოძრაობათა აღწერა ჩვენი თვალსაზრისით გაცილებით უფრო სრულ სურათს მოგვცემდა.
23. Stem, op. cit., S. 46.
24. ამრიგად ჩვენ ვხედავთ, რომ აქ იმპულსური მოძრაობა ნამდვილი თამაშის სახეს ღებულობს. როდესაც ცხოვრების პირობები აღნიშნულ ორგანოს ფუნქციის წინაშე გარკვეულ მოთხოვნილებას წამოაყენებენ, მაშინ ჩვენს წინაშე შრომის გარკვეული სახე დადგება. ამრიგად, იმპულსური მოძრაობა, თამაში და შრომა - აი ის ფორმები, რომელშიც ფუნქციონალური ტენდენციის გამოვლენასთან გვაქვს საქმე.
25. აქ ფუნქციონალური მოტორული ტენდენცია შრომასა და თამაშში იჩენს თავს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff