კრიშნამურტი - "შესაძლებელია თუ არა მოვლენათა აღქმის მომენტში გამოღვიძებულად ყოფნა?"

Admin
პერსონა
0
0

საანენი, შვეიცარია. 1980 წლის 24 ივლისი.

წყარო

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

  კითხვა: შესაძლებელია თუ არა მოვლენათა აღქმის მომენტში აბსოლუტურად გამოღვიძებულად/გაცნობიერებულად ყოფნა, რათა გონებამ მოვლენის ჩაწერა და რეგისტრირება არ მოახდინოს?

 კრიშნამურტი: გაიგეთ კითხვა? (კიდევ ერთხელ კითხულობს). ახლა ვეცადოთ და გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. კითხვაში თავად არის პასუხი. მე ვაპირებ ეს დაგანახოთ. შეკითხვა გვეუბნება, არის თუ არა შესაძლებელი საერთოდ არაფრის დაფიქსირება და რეგისტრირება არ მოხდეს? აქ იგულისხმება თქვენი წყენები, წარუმატებლობები, სასოწარკვეთილება, შფოთვა, გამოცდილება... მომყვებით? კითხვაში იგულისხმება ყველაფერი, რაც ჩვენს შიგნით და გარეთ მიმდინარეობს. შესაძლებელია თუ არა ეს მოვლენები არ დაფიქსირდეს? რაც ნიშნავს, რომ გონება ყოველთვის თავისუფალია. ეს არის დასმული შეკითხვა. ახლა დავიწყოთ საკითხის კვლევა. 

  ტვინის ფუნქციონირების პროცესი, დროში მიმდინარე მოვლენების ჩაწერას გულისხმობს. დავუშვათ, ვიღაც მეუბნება რომ იდიოტი ვარ და ტვინი მომენტალურად იწერს ამ სიტყვებს. მე ეს არ მომწონს, რადგან საკუთარი თავის მიმართ გარკვეული გამოსახულება მაქვს და ვფიქრობ, რომ იდიოტი სულაც არ ვარ. ამიტომ, როდესაც შენ მე იდიოტს მიწოდებ, მე მტკივა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ამას ჰქვია ჩაწერა, დაფიქსირება, რეგისტრაცია. წყენა და ტკივილი მხოლოდ იქამდე არსებობს, სადამდეც საკუთარ თავზე გამოსახულება მექნება. ამ გამოსახულებას ნებისმიერი ადამიანი გათელავს. შედეგად ვღებულობ ტკივილს. მე ეს დავაფიქსირე. ტვინმა ეს მოვლენა ჩაიწერა. ჩაწერა ნიშნავს, რომ ჩემს გარშემო კედელს ვაშენებ; აღარ უნდა მეტკინოს, მეშინია, ამიტომ საკუთარ თავში ვიკეტები, მიუღებლობის კედელს ვაშენებ და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. 

  მივუბრუნდეთ შეკითხვას. არის თუ არა შესაძლებელი, არ მოხდეს ჩაწერა, როდესაც გეუბნებიან, რომ იდიოტი ხართ. არ მოხდეს ინციდენტის, ვერბალური ან სხვა სახის შეურაცხყოფის ჩაწერა. ვგულისხმობ არა მარტო მტკივნეულ გამოცდილებას, არამედ შექებასაც, რადგან ადამიანს შეუძლია ორივე საკმარისი რაოდენობით ჰქონდეს. შესაძლებელია, რომ საერთოდ არაფერი დარეგისტრირდეს? ტვინი იმგვარად არის გაწვრთნილი, რომ ყველაფერს იწერს, რადგან ამ რეგისტრაციაში უსაფრთხოება, ძალა და სიცოცხლისუნარიანობა არსებობს. ჩაწერის მეშვეობით ტვინი საკუთარ თავზე გამოსახულებას ქმნის. ეს გამოსახულება კი გამუდმებით, უსასრულოდ მიიღებს წყენას და ტკივილს. შესაძლებელია, რომ გამოსახულების გარეშე იცხოვროთ? იცხოვროთ გამოსახულების გარეშე მეუღლესთან, შვილებთან, პოლიტიკასთან, მეგობრებთან და ყველა დანარჩენთან დაკავშირებით? იცხოვროთ ისე, რომ განთავისუფლდეთ გამოსახულების ყოველგვარი აჩრდილისაგან? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში თქვენ ყოველთვის გეტკინებათ; გამუდმებით განმეორებად შაბლონში იცხოვრებთ. ამ შაბლონში არანაირი თავისუფლება არ არსებობს.

  როდესაც იდიოტს მიწოდებ, ამ მომენტში უნდა მქონდეს ტოტალური ყურადღება. როდესაც აბსოლუტური ყურადღებით აკვირდებით, ჩაწერას ადგილი არ აქვს. მხოლოდ უყურადღებობის დროს ხდება რეგისტრაცია. ვიმედოვნებ, რომ რაღაც გაიგეთ. ძალიან რთულად ხომ არ ჟღერს? ან ძალიან აბსტრაქტულად? თქვენ მაქებთ. შექება მომწონს... აი ეს მოწონება არის უყურადღებობა, ასეთ მომენტში ყურადღება არ არსებობს, ამიტომ, ტვინი ამას იწერს. მაგრამ, როდესაც მაქებთ, მაძაგებთ ან ჩემს მიმართ სხვა უკიდურესობას გამოხატავთ, და თუ ასეთ მომენტში ყოველგვარი რეაქციის გარეშე ვისმენ გაგონილს, ამ დროს არ არსებობს ცენტრი, რომელიც რაღაცას აფიქსირებს. რა არის ყურადღება? ჩვენ ყველამ ვუწყით კონცენტრაციის შესახებ, მის სხვადასხვა გამოვლინებებში. მე კონცენტრირებული ვარ სამუშაოზე, გონების კონტროლზე, შედეგის მიღწევაზე და ასე შემდეგ. ასეთი კონცენტრაციის დროს კონფლიქტი იღებს სათავეს, რადგან თქვენ ერთ საკითხზე ხართ კონცენტრირებული, სხვა აზრები მოდიან და მოდიან, თქვენ კი ცდილობთ ისინი გაყაროთ. ნაცნობია თუ არა ყველასთვის ეს სიტუაცია? ასეთი კონცენტრაცია დამღლელია და კონფლიქტის გამომწვევი. მაგრამ, როდესაც ყურადღებით ხართ, არ არსებობს წერტილი, საიდანაც აკვირდებით.

  იმედი მაქვს გებულობთ რაზე ვსაუბრობ. მომყვებით? ოდესმე რაიმესათვის ყურადღება მიგიქცევიათ? ახლა, როდესაც ვსაუბრობ, აქცევდით თუ არა ყურადღებას იმას, რაც ვთქვი. ყურადღება ნიშნავს, რომ  არ არსებობს სხვა აზრი, არ არის სხვა სახის მოძრაობა, არ არის ინტერპრეტაცია, არამედ მხოლოდ ტოტალური მოსმენა. ამრიგად, განსხვავება არსებობს კონცენტრაციასა და ყურადღებას შორის. კონცენტრაცია არის ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე, ხოლო ყურადღებაში არ არის წერტილი, საიდანაც აკვირდებით. ასეთი ყურადღება ყოვლისმომცველია. დაინახეთ ჭეშმარიტება იქიდან, რაზეც მოსაუბრე ლაპარაკობს. კონცენტრაცია წინააღმდეგობას თავიდან ვერ აიცილებს. ესაა საკუთარი თავის ჩაკეტვა, ხმებისგან დაშორების სურვილი და ასე შემდეგ. თქვენი ტვინი წერტილიდან უყურებს ყველაფერს. რა არის ამის შედეგი? გამკონტროლებელი თავად ხდება გაკონტროლებული. როგორ შეიძლება ეს სხვანაირად ვთქვათ? მოფიქრალი თავად არის ფიქრი. ფიქრსა და მოფიქრალს შორის განსხვავება არ არსებობს. ხედავთ თუ არა ამას? როცა ადამიანი ამას მკაფიო ჭეშმარიტების სახით დაინახავს, შესაძლოა რომ ყურადღებისას კონცენტრაცია მოვიდეს, მაგრამ ეს კონცენტრაცია ყურადღებიდან მოდის და არა კონკრეტული წერტილიდან.

მსგავსი სტატიები

უდაბნოში


სტატიის და ფოტოების ავტორი: ქრისტინე ბებია ავტოსტოპერებისთვის, ვ...

ინტერვიუ რობერტ ანტონ ვილსონთან


თარგმნილია საქართველოს უნივერსიტეტთან (www.ug.edu.ge)  თანამ...

ხუთი ფაქტი ვირჯინია ვულფის შესახებ


წყარომთარგმნელი: ანეტ შტრაუსი Ikigai / იკიგაი ინგლისელი მწე...

აინ რენდი (1959 წლის ინტერვიუ)


 - მე ვარ მაიკ ვალასი და გთავაზობთ მორიგ სატელევიზიო პორტრეტ...

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი მესამე)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

ინტერვიუ ოლმეკთან (ნაწილი პირველი)


ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff