ავტორი: თიკა ბერძენიშვილი
ამ წამს მე ვარსებობ. ამ წამს შევიგრძნობ სიცოცხლეს. ყოველი ჩასუნთქვა ამოსუნთქჳა ჩემს არსებობას მაცნობიერებინებს ამ სხეულში. ამ წამს ვზივარ და ვწერ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ეს წამი. ვაცნობიერებ ჩემს სხეულს. რა საოცარი სისტემაა სხეული. ხელი, რომლითაც ვწერ ვაკვირდები და გაოცებული ვარ, აქამდე ეს არასდროს გამიკეთებია. რა მარჯვედ მიჭირავს კალამი, რა სწრაფად ვწერ, რა მოქნილობაა, ეს ასოები თითქოს თავისით იხაზება გრნობებით ნაკარნახევი.
წერა ჩემს შესაძლებლობებში ეხლა გავაცნობიერე და მის სიღრმეს ვწვდები, რომელიც ტვინში პროგრამის სახით არსებობს და ეხლა ვიყენებ, როგორც საჭიროებას. საჭიროებას იმისა, რომ ვწერო ამ წამზე. აღმოჩენაა ამ წამზე ფიქრი, ამ ფიქრის გაცნობიერება, მერე მასზე წერა და თან კითხვა თვალს რომ ვავლებ ნაწერს.
რას ვგრძნობ? ვიყენებ ჩემი გრძნობის ორგანოებს დასაკვირვებლად. ყურში რამდენი რამ მესმის. რამდენ ტალღას აღვიქვამ ერთდროულად. ქუჩიდან შემოსული სიგნალის და მუხრუჭის ხმა, ტელევიზორის ხმა, რომელიც მეზობლის კედლებიდან აღწევს ჩემს ყურამდე, მუსიკის ხმა გვერდითა ოთახიდან, ჩემი საკუთარი სუნთქვის ხმა და ხმა რასაც წერის მომენტი კალამისა და ფურცლის ურთიერთქმედება ახმიანებს. ერთიანი გუგუნია თითქოს სამყაროში.
რა ხმაურიანია ჩვენი ყოველწამობრიობა. ცხვირით სხვადასხვა სუნებს ვარჩევ. სანამ წერას დავიწყებდი საკმეველი დავაბოლე. მისი სუნი მძაფრად აღსაქმელია. მარცხენა ხელს ვყნოსავ და აღვიქვავ დასაბანი გელის არომატს, რომელიც ჩემი ხელის კანზე შემორჩა. მხედველობა რა საოცარი უნარია. თვალი მოვავლე ირგვლივ ოთახში, ერთდროულად ესეც ყურის მსგავსად რამდენ რამეს აღიქვამს. სარკეს ვხედავ და სარკეში არეკლილ უამრავ ნივთს. ეს სარკეც რაღაც მაგიაა ამ წამს ჩემთვის. გემოს შეგრძნებას ვაცნობიერებ, ენა კბილებს შემოვატარე და სასას. ენის რეცეპტორები აღეგზნენ და შემაგრძნიბინეს პირის ღრუ თავის გემოთი. ეს შეხებაც ხომ საოცარია მართლაც.
ერთ ხელში კალამი, მეორეში რვეული მიჭირავს, ხელში ჭერის შეგრძნებას ვაცნობიერებ. ყელთან მომექავა, შევეხე ხელით და თითქოს შეხებით იქ რაღაც დავაკმაყოფილე. ახლა ამ შეგრძნებებს მსურს გავცდე და გავაცნობიერე მათ მიღმა ვინ ვარ. მათ მიღმა არსებობაა, არა ხელშესახები, არამედ ხელშეუხებელი. ეს არსებობა თვითმყოფადია, რომელიც სულ იყო, არის და იქნება. დინება, რომელიც ყველგან და ამავდროულად არსად მიედინება. მას არ აქვს გონება და გრძნობები. ის ყოვლისმომცველი თავად ცოდნის წყაროა. ცენტრირებულია სამყაროს ერთიან ცნობიერებასთან, პირველწყაროსთან მიერთებული.
ის არსებობს დროის და სივრცის მიღმა სიმშვიდესა და ჰარმონიაში გაზავებული. ყველაფერში მყოფი და ამავდროულად არაფერში მყოფი. რა საოცარი ნაზავია, მე ვარ ცნობიერება დროსა და სივრცის მიღმა, ხელშეუხებელი ენერგია, ამავდროულად ვარ სხეული ხელშესახები, გონიერი და გრძნობისმიერი.
მე ვაცნობიერებ სიცოცხლეს, როგორც წამის მარადიულობას.
გისურვებთ ცხოვრებაში უამრავ გაცნობიერებულ წამს. პატივისცემით და დიდი სიყვარულით თიკა ბერძენიშვილი