თავი მესამე: ბიოგადარჩენის ორალური წრედი
თავი მესამე: ბიოგადარჩენის ორალური წრედი
გენებს, ისევე როგორც ლაიბნიცის მონადებს, არ გააჩნიათ ფანჯრები; სიცოცხლის უმაღლესი თვისებები წინასწარგანუსაზღვრელია (ედვარდ ვილსონი, „სოციობიოლოგია“).
ჩვენი წინაპრებიდან ცოტა თუ იყო სრულყოფილი ლედი ან ჯენტლმენი; უმეტესწილად ისინი ძუძუმწოვრებიც კი არ ყოფილან.
ნებისმიერი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი გადარჩენის მიზნით უნდა შეიცავდეს მკაცრად მოცემულ ბიოგადარჩენის წრედს, რომელიც მარტივად ახდენს „ან-ან“ არჩევანის პროგრამირებას ; წავიდეს წინ, საჭმლისკენ, დამცველისკენ, თუ წავიდეს უკან, საფრთხისგან, მტაცებლისგან.
ნებისმიერი ძუძუმწოვარი ბიო-გადარჩენის წრედს ბიოგადარჩენის პირველი იმპრინტირებულ ობიექტზე - დედის ძუძუზე აბამს. ბიო-გადარჩენა და ორალურობა მჭიდრო კავშირშია ყველა ძუძუმწოვარში, მოშინაურებული პრიმატების (ადამიანების) ჩათვლით. აი, რატომაა, რომ მიუხედავად კიბოს საფრთხისა, დაახლოებით ოცდაათი მილიონი ამერიკელი განაგრძობს მოწევას... სხვები საღეჭ რეზინებს ღეჭავენ, ფრჩხილებს იკვნეტენ, თითებს იწოვენ, ნუნებს იღრღნიან, საჭიროზე მეტს ჭამენ (ჩიფსები, ორცხობილები, თხილეული, საღეჭი კანფეტები და ა.შ.). ზოგი ტუჩებს იკვნეტს, ხარბად ყლაპავს ტრანკვილიზატორებს და ვიტამინებს, და ულვაშებსაც კი ღეჭავს. ის, თუ რა ხდება საძინებლების დახურულ კარს მიღმა, კარგად იცის ნებისმიერმა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს პორნოფილმი.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორალური იმპრინტირება? ცნობილია შემთხვევა პატარა ჟირაფზე, რომლის დედასაც შემთხვევით ჯიპი დაეჯახა მაშინვე, მისი დაბადების შემდეგ. ახალშობილმა, მიჰყვა რა მკაცრად მოცემულ გენეტიკურ პროგრამას, იმ პირველივე ობიექტის - თავად ჯიპის - „იმპრინტირება“ მოახდინა, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ჟირაფის არქეტიპს. იგი ყველგან დაჰყვებოდა მანქანას, ხმოვან სიგნალებს აძლევდა მას, ცდილობდა მისი ჯიქანი ეპოვნა, ხოლო როცა გაიზარდა, სექსიც კი სცადა მასთან.
კონრად ლორენცს მსგავსი მაგალითი მოჰყავს ბატის ჭუკზე, რომელმაც შემთხვევით მოახდინა პინკ-პონგის ბურთის იმპრინტირება და შემდეგ მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება გულგრიული იყო მდედრი ბატებისადმი, და მთელი თავისი სექსუალური ენერგია პინგ-პონგის ბურთებისკენ მიმართა. როგორც ჩარლზ დარვინი ამბობდა: ზრდასრულ ასაკშიც კი, როცა ვხვდებით ობიექტს, რომელიც რაღაცით გვაგონებს ქალის ძუძუს, ჩვენ განვიცდით სიამოვნებას, რომელიც, როგორც ჩანს ყველა ჩვენს გრძნობაზე მოქმედებს.
(ფოტოზე - ლორენცი და მისი ბატები)
ძველები დიად დედა ქალ-ღმერთს, დიანა ეფესელს, მრავალი ძუძუთი გამოსახავდნენ და უგალობდნენ მას, წმინდა პეტრეს თქმით, როგორც „დიდ დიანას“. ალბათ არ არსებობს არცერთი დიდი მხატვარი, რომელმაც ერთი ქალის ნახატი მაინც არ დაგვიტოვა შიშველი მკერდით. იმ სცენებშიც კი, სადაც ადამიანის გამოსახულება არაა, ფერწერა გამუდმებით იყენებს მომრგვალებულ ხაზებს. არქიტექტორები უარყოფენ ევკლიდეს ხაზს და მომრგვალებული ხაზები შემოაქვთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია: არკები, მავრიტანული გუმბათები და ა.შ. რაც შეეხება მუსიკას: სად მოვისმინეთ იგი პირველად, ვინ გვიმღერა იგი ხმადაბლა და დედის სხეულის რომელ ნაწილთან ვიყავით ამ დროს?
ალპინისტები, ხსნიან რა თავიანთ მისწრაფებას - დაიპყრონ კონუსისებური მწვერვალები, მელორის მსგავსად მოკლე ფრაზით შემოიფარგლებიან: „იმიტომ რომ ის (მდედრ.) იქაა“.
ჩვენი მაგიდის მოწყობილობას (ორალური დაკმაყოფილების ინსტრუმენტებს) ჩვეულებრივ მომრგვალებული ან მრუდე ფორმა აქვთ. კვადრატული თეფშები და ჭურჭელი „არანორმალურად“ ან უცნაურად გვეჩვენება.
ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) ყველაზე სხვადასხვა ფორმით გვევლინებიან ხოლმე, მაგრამ ყველაზე პოპულარული ოვალური და კონუსისებური ფორმებია.
ფროიდისტები თვლიან, რომ ოპიატური ნარკოტიკული დამოკიდებულობა წარმოადგენს დედის საშვილოსნოში დაბრუნების მცდელობას. ჩვენი თეორიით ამის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ ოპიუმი და მისგან წარმოებულები ბიოგადარჩენის წრედის „უსაფრთხო ადგილას“ გვაბრუნებენ: ბიო-უსაფრთხოების თბილ, მყუდრო ადგილას; ოპიატებს შეუძლიათ გაააქტიურონ ის ნეირონული კავშირები, რომლებიც ძუძუთი კვებისთვის არის დამახასიათებელი.
შევაჯამოთ: ბიოგადარჩენის წრედი დნმ-ის დონეზეა დაპროგრამებული კომფორტის ზონისა და უსაფრთხოების ძიებაზე დედის ორგანიზმთან ახლოს. თუ დედა არაა, მის ნაცვლად იმპრინტირებული იქნება მისი ახლო შემცვლელი გარემომცველი წრიდან. დაობლებული ჟირაფისთვის ოთხთვლიანი ჯიპი გახდა ოთხფეხა დედის შემცვლელი. ჭუკმა, რომელმაც ვერ იპოვა დედა-ბატის თეთრი მრგვალი სხეული, ფიქსაცია მოახდინა პინკ-პონგის თეთრ მრგვალ ბურთზე.
ეს წრედი მკაცრად ჩაისახა პირველ ორგანიზმებში, 3-4 მილიარდი წლის წინ. თანამედროვე ადამიანში ეს სტრუქტურა თავის ტვინის ღეროში იმყოფება და დაკავშირებულია ორგანიზმის ენდოკრინულ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან. აი, რატომ ახდენს ამ წრედში დარღვევები ზეგავლენას „მაშინვე მთელ ორგანიზმზე“. ჩვეულებრივ, ისინი ღებულობენ ფიზიკური, და არა „მენტალური“ სიმპტომების სახეს, და განეკუთვნებიან ექიმების კომპეტენციას და არა ფსიქიატრების.
აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ევოლუციის პრიმიტიულ სტადიაზე ვიმყოფებით და ცხოვრების პირობები ამ პლანეტაზე საკმაოდ მკაცრია. რადიკალურად განწყობილი პედიატრები დაჟინებით ამტკიცებენ, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მშობიარობის სტანდარტული პროცედურა ჩვეულებრივ სამშობიაროში თითქმის ყოველთვის ტრავმასთანაა დაკავშირებული ბავშვისთვის, ან ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ - ცუდ იმპრინტს წარმოშობს. ხოლო ძალადობა ადამიანთა საზოგადოებებში: ომები, რევოლუციები, სამოქალაქო ომები და „გამოუცხადებელი სამოქალაქო ომი“, რომელსაც მტაცებელ კრიმინალთა კლასი აწარმოებს ნებისმიერ „ცივილიზებულ“ ქვეყანაში, ადამიანთა უმეტესობის პირველ წრედს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს დროის მეტისმეტად დიდი ნაწილის განმავლობაში.
1968 წელს აშშ-ს მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 85%-ს აქვს ერთი ან მეტი სიმპტომი, რომლებსაც ჩვენ „პირველი წრედის ცუდ იმპრინტირებას ან განპირობებას დავარქმევდით“. ამ სიმპტომებს განეკუთვნება თავბრუსხვევის შემოტევები, გახშირებული გულისცემა, ხელისგულების ოფლიანობა და ხშირი ღამის კოშმარები.
ეს ნიშნავს, რომ 100-დან 85 შემხვედრი ამა თუ იმ დონით შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც „მოსიარულე ავადმყოფი“.
ესაა პირველი დონე ჩვენი უხეში, ცინიკური წარმოდგენისა, რომ ადამიანთა უმეტესობა თითქმის ისევე მექანიკურად მოქმედებს, როგორც რობოტი. როცა მოულოდნელ სიტუაციაში ზრდასრული ადამიანის ტვინში შეშინებული ბავშვის მღელვარების შესაბამისი ქიმიური ნივთიერებები აქტიურდება, ნაკლები შანსია, რომ მან შეძლოს რაიმეზე დიდი სიზუსტით დაკვირვება, გადაწყვეტა ან მსჯელობა.
აი, რატომ თქვა გურჯიევმა თავის საკუთარი ჟარგონზე, რომ ადამიანებს ძინავთ და კოშმარებს ხედავენ.
"სამართლიანობა? ღირსება? საიდან უნდა გაჩნდეს სამართლიანობა ან ღირსება მძინარე ადამიანების პლანეტაზე?" (გიორგი გურჯიევი)
მსგავს იდეას გამოთქვამდნენ ადრეული ქრისტიანებიც, რომლებიც მოგვიანებით რომაელმა ბიუროკრატებმა ერეტიკოსებად (გნოსტიკოსებად) გამოაცხადეს. „ჭეშმარიტების ევანგელე“ (პირველი საუკუნე) ღიად აცხადებს, რომ ისტორია კოშმარია:
...თითქოს (ყველა ადამიანი) მშფოთვარე ძილშია ჩაძირული. ან სადღაც გარბიან... ან თავს ესხმიან... ან თავად იღებენ შემოტევებს... ზოგჯერ მათ თითქოს სხვა ადამიანები კლავენ... ან თვითონვე კლავენ თავიანთ მოყვასებს...
ამ პირველი ქრისტიანებისთვის, ისევე როგორც ბუდისტებისთვის, გამოღვიძება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავდა ამ კოშმარისგან გამოსვლას. ჩვენი ტერმინოლოგიით ეს სიტყვა ნიშნავს იმ პროგრამის გამოსწორებას, რომელიც გვაიძულებს ისე ვიმოქმედოთ და ისე აღვიქვათ გარესამყარო, როგორც ცუდად (არასწორად) აწყობილმა რობოტებმა. თუკი გავიღვიძებთ, სულ სხვა სამყაროს დავინახავთ.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს წრედი, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი ევოლუციის ისტორია გააჩნია, ყველაზე მექანიკური და ყველაზე სწრაფია. ბიოგადარჩენის წრედში არ არსებობს დროის ცნება. დააკვირდით სისწრაფეს, რომლითაც თქვენი ძაღლი უცნობის პირველივე ხმაზე რეაგირებს: მუქარის შემცველი ყეფა და სხეულის მყისიერად მოყვანა მზადყოფნაში - ავტომატურად ხდება. შემდეგ ძაღლი სხვა სიგნალების აღქმას იწყებს, რათა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება უცნობისადმი.
რობერტ არდრის მოჰყავს პრიმატოლოგ რეი კარპენტერის შესანიშნავი ტექსტი, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ტვინის ამ ნაწილის ფუნქციონირება:
"წარმოიდგინეთ, რომ მაიმუნი ხართ და ბილიკზე დიდი ქვის გვერდით გაირბინეთ. უეცრად, მის უკან, პირისპირ აწყდებით სხვა ცხოველს. მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ იმაზე, თავს დაესხათ, გაექცეთ თუ საერთოდ არ მიაქციოთ ამ ცხოველს ყურადღება, ჯერ სხვა გადაწყვეტილებების სერია უნდა მიიღოთ. მაიმუნია ეს თუ არა? თუ არაა მაიმუნი, როგორაა განწყობილი მაიმუნების მიმართ - კეთილგანწყობილად თუ მტრულად? თუ მაიმუნია, მდედრია თუ მამრი? თუ მდედრია, აქვს თუ არა შეწყვილების პერიოდი? თუ მამრია, ზრდასრულია თუ ახალგაზრდა? თუ ზრდასრულია, რომელი ჯგუფიდანაა, თავისი თუ სხვისი? ამ გადაწყვეტილებებისთვის ერთ/მეხუთედ წამზე მეტი არ გვაქვს, რადგან შეიძლება თავს დაგესხან".
ბიოგადარჩენის პროგრამა თავდაპირველად მიბმულია დედის გარშემო უსაფრთხო ზონაზე (ორალური იმპრინტი), შემდეგ კი ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ფართო ტერიტორიებს მოიცავს, და განსაზღვრავს, რა არის სახიფათო და რა - არა. მკაცრად მოცემული გენეტიკური (ანუ ავტომატური) პროგრამების გარეშე მეორე ეტაპი შეულებელი იქნებოდა და ვერცერთი ძუძუმწოვარი ვერ დატოვებდა დედის ძუძუს. მკაცრად მოცემული პროგრამები ავტომატურად (არაცნობიერად) სრულდება, რადგან ყოველ სიტუაციაში რომ ჩერდებოდეთ და ფიქრობდეთ, პირველივე მტაცებელი შეგსანსლავდათ.
უდავოა, რომ იმპრინტი შემთხვევით მყარდება - იმპრინტული მოწყვლადობის დროს არსებული გარემოებებით. (გაიხსენეთ ბატის ჭუკი, რომელმაც პინკ-პონგის ბურთის იმპრინტირება მოახდინა). ზოგიერთში იმპრინტირდება სიმამაცე, ცნობისმოყვარეობა და კვლევებისადმი მიდრეკილება; სხვებში მოუხეშავობა, ინფო-ფობია (წინასწარგანუსაზღვრელის შიში) და ჩაკეტილობა, რის უკიდურეს გამოვლინებასაც წარმოადგენს იმპრინტი, რომელსაც აუტიზმს, ან ბავშვთა შიზოფრენიასაც უწოდებენ.
ეს ყველაფერი რობოტის ქცევებია, სანამ ადამიანი თავისი ტვინის წრედების გადაპროგრამებას ანუ გადაიმპრინტებას არ ისწავლის. უმეტეს შემთხვევებში ასეთი მეტაპროგრამირება ვერ ხერხდება. თუკი ხდება, ეს ხდება წამის მეასედში, ავტოპილოტზე, ნულოვან დროში. „თავადაც ვერ ვხვდები, როგორ გავაკეთე ეს“, - ამბობს ჯარისკაცი, რომელიც ტრიბუნალმა სიმხდალისთვის გაასამართლა, ან სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
რა თქმა უნდა, ბიოგადარჩენის წრედის მკაცრ იმპრინტირებას ზემოდან ეფინება „შედარებით რბილი“ განპირობება. ეს საშუალებას იძლევა, რომ უსაფრთხო პერიმეტრი დედის სხეულისგან ჯოგის ან თემის („გაფართოებული ოჯახის“) საზღვრებამდე გაფართოვდეს.
ყოველ საზოგადოებრივ ცხოველს, დარვინის თვითგადარჩენის „ინსტინქტთან“ (გენეტიკურ პროგრამასთან) ერთად გააჩნია გენოფონდის დაცვის ინსტინქტიც. ესაა ჩვენი ადამიანური ალტრუიზმის საფუძველი, საზოგადოებრივი ცხოველები კი ამ ინსტინქტის გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩებიან.
ველური ძაღლები (და მგლები) ყეფენ, რათა დანარჩენი ხროვა უცხოს მოახლოების შესახებ გააფრთხილონ. თქვენი შინაური ძაღლი ისე აღგიქვამთ, როგორც ხროვის ბელადს; ისიც იმისთვის ყეფს, რომ უცხოს მოახლოების შესახებ გაგაფრთხილოთ. (ყეფა რა თქმა უნდა უცხოსაც აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ძაღლი მზადაა თავისი ტერიტორიის დასაცავად).
ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ჯოგურობა (თემი, გაფართოებული ოჯახი) დაიშალა. ამაშია ფართოდ გავრცელებული ანომიით [ანომია (ფრანგ. – „კანონის არარსებობა“) - სოციოლოგიაში: თანამედროვე საზოგადოების ღირებულებათა სისტემის ხრწნა, რაც განპირობებულია გაცხადებულ მიზნებს (სიმდიდრე, ძალაუფლება, წარმატება) შორის წინააღმდეგობით და უმრავლესობისთვის მათი რეალიზების შეუძლებლობით - მთარგმნ. შენიშვნა] ან ეგზისტენციალური დრამით, რასაც ასე მაღალფარდოვნად აღწერს ბევრი სოციალური კრიტიკოსი. მოხდა შემდეგი რამ: ბიოგადარჩენის გენოფონდთან კავშირის განპირობება გადაიფარა განპირობებით ბოგადარჩენითი მისწრაფებით ქაღალდის განსაკუთრებული ნაგლეჯებისადმი, რომლებსაც „ფულს“ ვუწოდებთ.
უფრო კონრეტულად თუ ვიტყვით, თანამედროვე ადამიანი არ ეძებს ბიო-უსაფრთხოებას გენოფონდში, თემში, გაფართოებულ ოჯახში. ბიო-გადარჩენა დამოკიდებული გახდა ქაღალდის ნაგლეჯებზე. „ფულის გარეშე ცხოვრება არაფრად არ ვარგა“. თუ ამ ქაღალდებს წაართმევთ, ადამიანს მაშინვე უჩნდება მწვავე ბიოგადარჩენითი შფოთვა.
რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით ან როგორ მოიქცეოდით, ხვალ რომ თქვენი ბიოგადარჩენის ქაღალდების (ფულის) ყველა წყარო ამოიწუროს. ზუსტად იგივეს განიცდის თემური საზოგადოების ადამიანი მას შემდეგ, რაც ჯოგისგან მოიკვეთება. აი, რატომაა, რომ განკვეთა მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე საკმარისი საშუალება იყო შიგა-თემური კავშირების გასამყარებლად. ჯერ კიდევ შექსპირის დროს მოკვეთის შიში ადამიანში დიდ შიშს იწვევდა („გაძევება! გაძევება - ეს სიტყვა ჯოჯოხეთშიც კი წყევლას ჰგავს“, - იძახის რომეო) .
ტრადიციულ საზოგადოებაში თემისადმი კუთვნილება ბიოუსაფრთხოებას წარმოადგენდა, ხოლო გაძევება - სასიკვდილო საფრთხეს. თანამედროვე დროში ბიოუსაფრთხოებას ქაღალდების (ფულის) ფლობა წარმოადგენს, ხოლო მათი დაკარგვა - საშინელებას.
ველფეირიზმი, სოციალიზმი, ტოტალიტარიზმი დ ა.შ. წარმოადგენენ (რაციონალურობის და ისტერიულობის წილის სხვადასხვა თანაფარდობით) მცდელობას, რომ თემური კავშირი გენოფონდის სახელმწიფოთი შეცვლის გზით აღადგინონ. კონსერვატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ველფეირის არცერთი ფორმა მათთვის მისაღები არაა, პრაქტიკულად ითხოვენ, რომ ადამიანებმა ტოტალურ ბიოგადარჩენით მღელვარებაში და ანომიაში (მარტივად რომ ვთქვათ, მუდმივ შიშში) იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ისინი ბუნდოვნად ხვდებიან ამას და გვთავაზობენ, რომ სახელმწიფო სოციალური პროგრამები „ადგილობრივი ქველმოქმედებით“ ჩაანაცვლონ - ანუ გვთავაზობენ, რომ ჯადოსნური გზით აღადგინონ გენოფონდი იმ ადამიანებს (ჩვეულებრივი ქალაქის მაცხოვრებლებს) შორის, რომლებიც გენეტიკურად საერთოდ არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.
მეორე მხრივ, სახელმწიფო არ წარმოადგენს გენოფონდს ან თემს და სინამდვილეში არ შეუძლია, რომ ბიოგადარჩენის სრულფასოვანი ერთეულის როლი შეასრულოს. ველფეირის სისტემაში ყველა პარანოიკი ხდება რაიმე უმნიშვნელო დარღვევისთვის „განკვეთის“ მუდმივი შიშის გამო (უფრო და უფრო გართულებად ბიუროკრატიულ სისტემაში). ხოლო რეალურ ტოტალიტარიზმში, სადაც სახელმწიფოს თემთან ყალბი გაიგივება ახალი მისტიციზმის დონეს აღწევს, პარანოია სრულიად ტოტალური ხდება.
ნამდვილი კავშირი შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მცირე ჯგუფებში, სადაც ყველა იცნობს ერთმანეთს. აქედან მოდის მუდმივი (თუმცა ინდუსტრიალური საზოგადოებისთვის ძნელად მიღწევადი) მისწრაფება დეცენტრალიზაციისკენ, თემური სულისკვეთებისკენ, სახელმწიფოს ჩანაცვლებისკენ სინდიკატებით (როგორც ანარქიზმში) ან ჯგუფებით, რომლებიც საერთო მსოფლმხედველობით ერთიანდებიან (როგორიც იყო ჯგუფი „III ცნობიერება”, რომელშიც რაიხიც შედიოდა). გაიხსენეთ სამოციანების ჰიპების ექსპერიმენტები, რომლებიც დღემდე გრძელდება მრავალრიცხოვან სოფლის კომუნებში.
რეალურ სამყაროში ადამიანთა უმეტესობისთვის ბიოგადარჩენით კავშირს წარმოადგენს ქაღალდები, რომელსაც „ფულს“ უწოდებენ. ანტისემიტიზმი - კომპლექსური ანომალიაა, რომელსაც მრავალი წახნაგი და მიზეზი აქვს, მაგრამ თავის კლასიკურ ფორმაშია („ებრაელი ბანკირების შეთქმულება“) იგი გამოხატავს ძალიან მარტივ იდეას: მტრული გენოფონდი აკონტროლებს ქაღალდებს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. მსგავსი პარანოია ფულად ეკონომიკაში გარდუვალია: ნარკომანებს თავისი მითები აქვთ ჰეროინის მომწოდებლებთან დაკავშირებით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს აშშ-ში ანტისემიტიზმის შემცირებასთან ერთად „ბანკირების შეთქმულება“ ახალი ფორმით ცოცხლობს. ახლა ბოროტმოქმედების როლს ასრულებენ ძველი ოჯახები ახალი ინგლისიდან „იანკების ისთებლიშმენტი“. მემარცხენე კონსპიროლოგებს შეუძლიათ ამ იანკი-ბანკირების გენეალოგიური ცხრილები წარმოგიდგინონ, ისევე, როგორც თავის დროზე ანტისემიტები წარმოადგენდნენ როტშილდების გენეალოგიას.
ს.ჰ. დუგლასმა, ინჟინერმა და ეკონომისტმა, ერთხელ ააგო დიაგრამა, რომელიც მაკმილანის კომისიას წარუდგინა, როცა 1932 წელს საფინანსო და საკრედიტო რეგულირების საკითხებს განიხილავდნენ. მასზე გამოსახული იყო ორი მრუდი - პროცენტების დინამიკა 1812 წელს ნაპოლეონის განადგურების შემდეგ და თვითმკვლელობის დინამიკა ამავე ასოცი წლის განმავლობაში.
(ალფა მამრები პირველები ჭამენ. მაჩანჩალებს ნარჩენები ხვდებათ.- იხ. ფოტო)
ეს ორი მრუდი თითქმის ემთხვეოდა. თვითმკვლელობების რიცხვი იზრდებოდა ყოველ ჯერზე, როცა პროცენტული გადასახადის დონე იზრდებოდა, და პირიქით. ამას „დამთხვევას“ ვერ ვუწოდებთ. როცა პროცენტული გადასახადი იზრდება, ბიზნესმენების გარკვეული რიცხვი კოტრდება, მუშახელის გარკვეული რიცხვი ქუჩაში აღმოჩნდება ხოლმე, და ასევე იზრდება საერთოდ ბიოგადარჩენითი მღელვარება.
მარქსისტებისთვის და სხვა რადიკალებისთვის კარგადაა ცნობილი „მენტალური ჯანმრთელობის“ მსგავსი ფაქტორები, ამიტომ მათ ეზიზღებათ აკადემიური ფსიქოლოგიის ყველა სახე, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ ამ ბიო-გადარჩენის ასპექტებს. სამწუხაროდ, მარქსისტების წამალი - ყოველი ადამიანი სახელმწიფოებრივი ბიუროკრატიის ხუშტურებზე დამოკიდებული გახადონ - ავადმყოფობაზე უფრო უარესი გამოდის.
ბიოგადარჩენის მღელვარება საბოლოოდ ქრება მხოლოდ მაშინ, როცა საყოველთაო კეთილდღეობა იმ დონეს აღწევს, რომლის დროსაც ტოტალიტარიზმის არარსებობის პირობებში ყველას საკმარისი ქაღალდი ექნება.
„შიმშილოსგან განთავისუფლების პროექტი“, „გარანტირებული ყოველწლიური შემოსავლის“ იდეა, დუგლასის „დივიდენდების ნაციონალური გეგმა“ და ა.შ. ამ მიზნისკენ ნაბიჯებს წარმოადგენენ. იდეალი შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიის დონე ყველაფერში უზრუნველჰყოფს სიუხვეს.
უკიდურესი შემთხვევა - ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი პირველ (ორალურ) წრედზე აქვთ, - ჩვეულებრივ ვისცეროტონიკებს წარმოადგენენ, რადგან ეს იმპრინტი ჰორმონალური პროცესების აქტივონას განსაზღვრავს. მათთვის დამახასიათებელი გარეგნული შტრიხები, უკვე ზრდასრულ ასაკში, იქნება „ბავშვური სახე“, „ბავშვური სიფუმფულე“, სიმსუქნე, სინაზე და ა.შ. მათ პანიკურად ეშინიათ სხვების მხრიდან ნებისმიერი სახის დაწუნების (disapproval), რადგან ტვინის ბავშვურ წრედში დაწუნება გულისხმობს გაქრობას საკვების წყაროს დაკარგვის გამო.
ჩვენ ყველას გვაქვს ეს წრედი და ყოველდღიურად ვგრძნობთ მისი აქტივიზაციის მოთხოვნილებას. ჩახუტება, მიზიდვა, წოვა და ა.შ., ასევე ყოველდღიური თამაში ა) საკუთარ სხეულთან; ბ) სხვის სხეულთან და გ) გარემომცველ სამყაროსთან აუცილებელია ნეიროსომატური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ისინი, ვინც უარყოფენ ამ პირველად ფუნქციებს მესამე (რაციონალურ) და მეოთხე (მორალურ) წრედებზე უხეში იმპრინტის გამო, როგორც წესი არიან „მშრალი“, არამიმზიდველი, „ცივი“ და უხეში ადამიანები.
საკუთარ სხეულთან, სხვის სხეულთან ან გარესამყაროსთან თამაშის ბავშვური მოთხოვნილება ყოველ ცხოველშია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ეს „თამაშობა“ დამახასიათებელი შტრიხია ყველა აშკარად ჯანსაღი პიროვნებისთვის - „თვითაქტუალიზირებულებისთვის“, მასლოუს კლასიფიკაციის მიხედვით.
თუ ეს საწყისი იმპრინტი ნეგატიურია - ანუ თუ სამყარო მთლიანობაში და სხვა ადამიანები იმპრინტირდებიან როგორც სახიფათონი, არაკეთილგანწყობილნი და შემაშინებელნი, - მამტკიცებელი მთელი ცხოვრება განაწყობს ადამიანის აღქმას სწორედ ასეთი მსოფლმხედველობის მაქსიმალურ შესაბამისობაში. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „უსამართლობების კოლექციონერის“ სინდრომი (დოქტორ ედმუნდ ბერგლერის ტერმინოლოგიით). ქალები მსგავსი იმპრინტით ხშირად ხდებიან რადიკალური ფემინისტები, მამაკაცები კი ნაკლებად ორგანიზებულნი არიან; მათ შეხვდებით უკიდურეს მემარცხენეებში ან უკიდურეს მემარჯვენეებში.
მსგავსი ქცევა გაუცნობიერებელია სამი მიზეზით. პირველ რიგში, იგი ავტომატურია, რადგან რეალიზდება აზრის მონაწილეობის გარეშე, რობოტის პროგრამის მსგავსად. მეორეც, იგი ჩნდება მანამ, სანამ ბავშვი ენას აითვისებს, ამიტომ არავერბალურია - ასეთი ქცევა უფრო იმპულსურია, ვიდრე გააზრებული. მესამეც, იგი გაუცნობიერებელია, რადგან მაშინვე მთელ სხეულზე ვრცელდება. კერძოდ, იგი ხასიათდება რესპირატორული ბლოკით (პირველად იგი ვილჰელმ რაიხმა შენიშნა): ქრონიკული კუნთოვანი დაძაბულობით, რომელიც სწორ და მშვიდ სუნთქვას ხელს უშლის. ჩვეულებრივ ენაზე ამ მოვლენას „ყელში მოწოლილ ბურთს“ უწოდებენ.
რეიმპრინტირების (თერაპიის) ყველა ეფექტური ტექნიკა მიმართულია ამ ქრონიკული მღელვარებისგან განთავისუფლებისკენ და პირველ რიგში მიმართულია სხეულზე, და არა „სულზე“. რაიხის მიმდევრები, როლფერები, რებერსისტები, გეშტალტისტები და ა.შ. - ყოველმა მათგანმა, მიუხედავად მათ მიერ გამოყენებული ჟარგონებისა, იცის, რომ ცუდი ბიოგადარჩენის იმპრინტის გამოსწორება შესაძლებელია მუშაობით მხოლოდ ბიოლოგიურ არსებაზე, სხეულზე, რომელიც თავს გამუდმებით მოწყვლადად და თავდასხმის ობიექტად თვლის. ნეიროლონგვისტური პროგრამირების (NLP) სეანსებიც კი იმით იწყება, რომ პაციენტს თხოვენ მოდუნდეს და ძალდატანების გარეშე ისუნთქოს.
როგორც გრეგორი ბეიტსონმა აღნიშნა, კონრად ლორენცმა თავისი საოცარი აღმოჩენების გაკეთება იმპრინტინგის სფეროში - რომლისთვისაც ნობელის პრემია მიიღო, - მის მიერ შესწავლილი ცხოველების ცნობიერი იმიტაციით შეძლო. მათ, ვინც ლორენცის ლექციებს ესწრებოდა, შეეძლოთ დაენახათ მის მიერ აღწერილი ყოველი ცხოველი, რადგან ლორენცს ამ ცხოველად „გარდასახვა“ პროფესიონალი მსახიობივით შეეძლო.
უფრო ადრე ვილჰელმ რაიხმა აღმოაჩინა, რომ შეეძლო საოცრად მკაფიოდ გაეგო თავისი პაციენტების მდგომარეობა მათთვის დამახასიათებელი მოძრაობების და პოზების იმიტირებით. ბიოგადარჩენის იმპრინტები, განსაკუთრებით ტრავმული ხასიათის, მთელ სხეულზე ვრცელდება და „გაყინულია“ (რაიხის მეტაფორა) კუნთებისა და ჯირკვლების ქრონიკულ მექანიზმებში.
თუკი არ შეგიძლიათ გაიგოთ ვინმეს „ირაციონალური“ ქცევა, დაიწყეთ ამ ადამიანის სუნთქვაზე დაკვირვებით, და ძალიან მალე მიხვდებით, რა აწუხებს მას. აი, რატომაა, რომ იოგას ყველა სკოლაში - ბუდისტურში, სუფიურში და ინდუისტურში - ასეთი დიდი ყურადღება ექცევა ნორმალური სუნთქვის აღდგენას მანამ, სანამ უფრო მაღალ წრედებზე და ცნობიერების გაფართოებაზე გადავლენ.
ამ საკითხს მხოლოდ „ფსიქოლოგიური“ მნიშვნელობა არ გააჩნია. ასე, მაგალითად, კიბოს და ასთმის ფსიქოსომატური ასპექტების ყოველი კვლევისას წინასწარგანწყობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩენილია ხოლმე კუნთების ქრონიკული შეკუმშვა (რომელიც სუბიექტურად შეიგრძნობა, როგორც მღელვარება). რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს. ადამიანები ყოველდღიურად ახრჩობენ თავიანთ შინაგან ორგანოებს, რადგან ეშინიათ.
შესაძლოა, მერი ბეიკერ ედი ცოტას აჭარბებდა, როცა ამბობდა, რომ „ყველა ავადმყოფობა შიშის გამოვლინებაა“, მაგრამ ქოლისტური მედიცინა უფრო და უფრო ხდება მიდრეკილი იმისკენ, რომ თუ სიტყვა „ყველას“ უფრო ფრთხილი სიტყვით - „უმეტესობით“ შევცვლით, მისის ედი ჭეშმარიტებასთან ახლოს აღმოჩნდება.
მედიცინის სქელშუბლიანი დოქტორებიც კი, რომლებსაც ერთი წუთითაც არ მოეჩვენებათ ჯანსაღად ქოლისტური იდეები, აღიარებენ, რომ გაურკვეველი სახით ზოგიერთი ადამიანი „უფრო მიდრეკილია“ ავადმყოფობებისადმი, ვიდრე სხვები. რაში მდგომარეობს ეს მეტაფიზიკური „წინასწარგანწყობა?“ ანთროპოლოგმა ეშლი მონტაგუმ ვრცელი სტატისტიკა დააგროვა ბავშვებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით მოკლებულნი იყვნენ დედობრივ სიყვარულს ახალშობილობის დროს იმპრინტული მოწყვლადობის მომენტში. მათ არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, არამედ ცხოვრების განმავლობაში გაცილებით უფრო ავადმყოფურები იყვნენ თანატოლებთან შედარებით და რამდენიმე დიუიმით პატარებიც კი იყვნენ იგივე სქესის საშუალო სიმაღლესთან შედარებით.
ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა მსგავსი „წინასწარგანწყობის“ ახსნა (გარდა შესაძლო გენეტიკური ფაქტორებისა), - ესაა მღელვარების (კუნთოვანი დაჭიმულობის) იმპრინტი პირველ წრედზე.
ქრისტიანობას ან ნებისმიერ სხვა რელიგიას, რომელიც დოგმატურად ამტკიცებს, რომ „ღმერთს“ ჩვენი ბედნიერება და წარმატება სურს, - შეუძლია „სასწაულებრივად“ განკურნოს მსგავსი მდგომარეობები. რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი დაამტკიცებს ამას. როცა აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ „ღმერთი“ გეხმარებათ, ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში გამოსხივდება, ეს კუნთებს მოდუნების სიგნალს აძლევს და ამით ბუნებრივ ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებთ.
მიუხედავად ადამიანის ასაკისა, როცა ბიოგადარჩენის წრედი საფრთხეს გრძნობს, მთელი დანარჩენი მენტალური აქტივობა წყდება. ყველა დანარჩენი წრედი ირთვება, სანამ არ „გადაწყდება“ (რეალისტურად ან სიმბოლურად) ბიოგადარჩენის პრობლემა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის პროგრამირებასა და გამორეცხვაში.
ახალი იმპრინტის შექმნისთვის თავდაპირველად საჭიროა სუბიექტის დაბრუნება ახალშობილის მდგომარეობაში, ანუ იმპრინტული მოწყვლადობის მდგომარეობაში. ამ თემას მოგვიანებით განვიხილავთ.
ნევროლოგიურის-წინარე ტერმინებით, ბიოგადარჩენის წრედი წარმოადგენს იმას, რასაც ვუწოდებთ „ცნობიერებას“, როგორც ასეთს. ესაა აქ და ახლა, ამ მოწყვლად სხეულში თანმყოფობის შეგრძნება, რომელიც ამ ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა ენერგიებისა და ძალების ზემოქმედებას ექვემდებარება. როცა „ცნობიერების გარეშე“ (უგონოდ) ვიმყოფებით, ბიოგადარჩენის წრედი გამორთულია, და ექიმებს შეუძლიათ გაგვჭრან და არ შეეშინდეთ, რომ გავიქცევით, ან ყვირილს დავიწყებთ.
სავარჯიშოები
1. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მომენტიდან და მომავალში დატკბებით ამ პრიმიტიული წრედის მოქმედებით. სირცხვილის გარეშე ეთამაშეთ საკუთარ თავს, სხვებს და გარშემომყოფ სამყაროს, თითქოს ახალშობილი ხართ. დაფიქრდით გამოთქმაზე: „... თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.
2. ნუ იზრუნებთ დიეტაზე - თუ თქვენი გონება სწორად იმუშავებს, ავტომატურად მიაღწევთ თქვენი სიმაღლისთვის ოპტიმალურ წონას. დატკბით ჭეშმარიტად ტკბილი დესერტით კვირაში ერთხელ. დიაბეტიკებმა რა თქმა უნდა ეს გემრიელობები უშაქრო პროდუქტების განყოფილებაში უნდა შეიძინონ.
3. ჩაეწერეთ კარატეს ან კუნგ-ფუს სკოლაში და იარეთ ვარჯიშებზე როგორც მინიმუმ სამი თვე, შემდეგ კი კვლავ გადაიკითხეთ ეს თავი. თქვენ გაოცდებით, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა თქვენთვის ყოველი წინადადება.
4. დაწექით ზურგზე და გააკეთეთ 20 ინტენსიური ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. უნდა ისუნთქოთ სწრაფად და პირით. როცა 20-ს მიაღწევთ, გაჩერდით და დაიწყეთ ცხვირით სუნთქვა, ნელა და რიტმულად, როგორც იოგები გვირჩევენ, ასევე 20-ჯერ. შემდეგ ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ტანტრულ იოგაში ეს სავარჯიშო ცნობილია, როგორც „ცეცხლოვანი სუნთქვა“. მისი შედეგები ძალზე საინტერესო და გაკვეთილის მომცემია. სცადეთ!
5. ეწვიეთ აკვარიუმს და ყურადღებით დააკვირდით მის ბინადრებს. სცადეთ მოქმედებაში დაინახოთ თევზის ბიოგადარჩენის წრედი და განსაზღვრეთ, როდის და როგორ მოქმედებდა ეს წრედი თქვენს ცხოვრებაში.
6. თუ პატარა ბავშვი არ გყავთ, იპოვეთ შესაძლებლობა, რომ ერთი საათით სხვის ბავშვთან ითამაშოთ. შემდეგ ხელახლა გადაიკითხეთ ეს თავი.