თავი მეათე. როგორ გამოვურეცხოთ ტვინი მეგობრებს და მოვახდინოთ ადამიანების რობოტიზაცია
თავი მეათე. როგორ გამოვურეცხოთ ტვინი მეგობრებს და მოვახდინოთ ადამიანების რობოტიზაცია
ვერცერთი მთავრობა, ვერცერთი სამხედრო-საწარმოო კომპლექსი, ვერცერთი ეკონომიკური სისტემა, ვერცერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალება ვერასოდეს შეძლებს ჩვენს მარიონეტებამდე და რობოტებამდე დაყვანას ისე, როგორც ამას აკეთებს ბიოლოგიის და გარშემომყოფი გარემოს დიქტატი. (P.M. Esfandiary, “Upwingers”).
როგორც ადრე აღვნიშნეთ, როცა ბიოგადარჩენის წრედი საფრთხის შესახებ იძლევა სიგნალს, მენტალური საქმიანობის ყველა სხვა ფორმა წყდება.
ბიოგადარჩენის წრედში არ არსებობს „დროის“ ცნება; რეფლექსები ემოციური ეგოს, რაციონალური გონების ან ზრდასრული პიროვნების ჩარევის გარეშე ირთვებიან: „მე თვითონაც ვერ შევნიშნე, როგორ გავაკეთე ეს“.
ყველა საბრძოლო ხელოვნება - ძიუდო, აიკიდო, კუნგ-ფუ და ა.შ. - წარმოადგენე ბიოგადარჩენის წრედის გადაიმპრინტირების ტექნიკებს. მათი ამოცანაა - გააკეთონ ისე, რომ მექანიკურად („გაუცნობიერებლად“) შესრულებული მოქმედებები მართლაც ბიოგადარჩენას ემსახურებოდნენ, რადგან ამ წრედში შემთხვევით იმპრინტირებული რეფლექსები ყოველთვის საიმედო არაა.
ბიოგადარჩენის წრედის მექანიკური ბუნება საკვანძო როლს თამაშობს ტვინების გამორეცხვაში. ახალი იმპრინტის შესაქმნელად საჭროა, რომ მსხვერპლი ახალშობილის მდგომარეობამდე მიიყვანოთ, ანუ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც პირველი წრედი მოწყვლადი ხდება.
როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, არმია ამ პროცესს მოსაწვევით იწყებს, რომელიც ატყობინებს სუბიექტს, რომ მისი სხეული ამ მომენტიდან მას კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის. განთავისუფლების სიმბიონურმა არმიამ, რომელსაც უფრო სწრაფი ცვლილებები სჭირდებოდა, პატის ტანიად გადაკეთება იმით დაიწყო, რომ იარაღის ლულა მიაბჯინა მას, თუმცა შეტყობინება იგივე იყო: „ამ მომენტიდან ჩვენ შეგვიძლია შენს სხეულს ის გავუკეთოთ, რაც მოგვესურვება“. ამგვარად, პირველი წრედის ბიოგადარჩენითი ინსტინქტები იმისადმი მორჩილებაზე მაგრდება, ვინც ამ უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, - ზუსტად ისევე, როგორც პატარა ბავშვი სწავლობს თავისი ბიოგადარჩენის წრედის მშობლებზე მიმაგრებას.
პატის საბარგულში ყოფნა (მას შემდეგ, რაც იარაღით დაემუქრნენ) - ესაა კლასიკური რიტუალური სიკვდილი, რომელიც რიტუალურ დაბადებას უძღვის წინ; საბარგულის შინაგანი მოხაზულობა რაღაცით გვაგონებს კიდეც დედის საშვილოსნოს. როცა საბარგული გააღეს, პატი ხელახლა დაიბადა რეალობის ახალ გვირაბში, რომელიც მის გამტაცებლებს ეკუთვნოდათ. მსგავსად ამისა, იქ, სადაც სუფთა სახით ინახება მასონური ინიციაციის უძველესი ფორმები (იხ. მაგალითად დიდი ადეპტის რიტუალი იზრაელ რეგარდის „ოქროს განთიადის მაგიის სრულ სისტემაში“) კანდიდატს ჭაში აგდებენ, შემდეგ კი „ამოიყვანენ“ ხოლმე, როგორც ახალდაბადებულ თავისუფალ ქვისმთლელს. წყალში სრული ჩაყვინთვა - ნათლობის ფორმა, რომელიც პროტესტანტმა ფუნდამენტალისტებმა აირჩიეს, - იგივე ეფექტისკენ ისწრაფვის. მაგრამ ნათლობაში უკვე აღარაა ის ნამდვილი მღელვარება, რომელსაც ტრადიციული მასონობა და SLA იყენებდა ტვინის შესაცვლელად.
ყველა ტვინის გამომრეცხავი ემპირიულ ცოდნას ფლობს (უმეტეს შემთხვევაში არც კი იცნობს ლირის ცნობიერების რვაწრედიან მოდელს) იმაზე, რომ ბიოგადარჩენის ორალური წრედი საჭიროებს კავშირს ობიექტთან, რომელსაც შესაძლებელია, რომ დედობრივი ფუნქცია მიეწეროს. იმისთვის, რომ სუბიექტის პანიკა და იმპრინტული მოწყვლადობა გააძლიერონ, მას შემდეგ, რაც იგი ტვინის გამომრეცხველების (ამერიკული ან სიმბიონური არმიის, „საიდუმლო პოლიციის“ ან რაიმე სხვა ორგანიზაციის) ხელში ხვდება, მის იზოლირებას ახდენენ ყველაფრისგან, რასთანაც მანამდე ჰქონია მსგავსი კავშირი. ახალწვეულს სასწავლო ბანაკში გზავნიან და რამდენიმე კვირით ან თვით შესაძლებლობას არ აძლევენ, რომ საყვარელი ადამიანები (ცოლი, შეყვარებული, მშობლები და ა.შ.) ნახოს. პოლიტ-პატიმარს მიწისქვეშა სარდაფში კეტავენ. პატი ჰერსტი სარდაფში ჩაკეტეს მაშინვე, როგორც კი ავტომობილის საბარდულიდან მისი „მეორე დაბადება“ მოხდა.
იზოლირების ექსპერიმენტები, რომელიც საზღვაო ქვეით ჯარში ჩატარდა დოქტორ ჯონ ლილის და სხვა მკვლევარების მიერ, ასევე იმ მეზღვაურობის მოწმობები, რომლებმაც გემის ჩაძირვა გადაიტანეს, რომლებსაც ჯონ ლილი „ღმერთისადმი მიბაძვაში“ განაზოგადებს, აჩვენებენ, რომ ჰალუცინაციის გაჩენისთვის საკმარისია სრული იზოლაციის სულ რაღაც რამდენიმე საათი. ეს ჰალუცინაციები, ისევე, როგორც ჰალუცინაციები, რომლებიც ფსიქოდელიური ნარკოტიკების მიღების შემდეგ ჩნდებიან, მოწმობენ უწინდელი იმპრინტების ნგრევაზე და ახლისადმი მოწყვლადობის მომატებაზე.
ბიოგადარჩენის წრედის ვინმესადმი (ან რაიმესადმი) მიმაგრების აუცილებლობა ილუსტრირებულია ჟირაფის მაგალითით, რომელმაც მონადირის ჯიპის შთაბეჭდვა მოახდინა დედის შემცვლელის როლში. ზუსტად ასევე, ბავშვები, რომლებიც დების და ძმების გარეშე იზრდებიან, განსაკუთრებით მოშორებით, სოფლად, ხშირად იქმნიან წარმოსახვით მეგობრებს თამაშის დროს, რომლებიც შესაძლოა სრულიად „რეალურები“ გახდნენ იმისთვის, რომ შეაშინონ მშობლები და ფსიქიკურ აშლილობებზე მიატანინონ მათ ეჭვი. დოქტორ ლილის მიერ მოყვანილი იმ მეზღვაურების და მკვლევარების მოწმობები, რომლებიც იზოლაციაში მოხვდნენ, აჩვენებენ, რომ მსგავსი სახის „გამცილებლები“, „თანამოსაუბრეები“ ან „მფარველი ანგელოზები“ საკმაოდ სწრაფად ჩნდება ზრდასრულშიც, როგორც კი ის ნორმალური სოციალური კონტაქტის შესაძლებლობას კარგავს. ისინი ასევე ხშირად მიდიან მათთან, ვინც იმყოფება იდუმალ მდგომარეობაში, რომელსაც „სიკვდილთან ახლოს მყოფ გამოცდილებას“ ან „სხეულიდან გასვლას“ უწოდებე (მაგალითად, როცა საოპერაციო მაგიდაზე გული ჩერდება).
პირველი ადამიანური არსება, რომელსაც სუბიექტი ასეთი იზოლაციის შემდეგ ხედავს, ადვილად შეიძლება არჩეულ იქნეს მის მიერ დედის ან მამის შემცვლელად. ეს ხსნის იმას, თუ რატომ უვითარდებათ ტერორისტებთან (მაგალითად, გატაცებული თვითმფრინავის მგზავრებს) ტყვედ მოხვედრილ ადამიანებს „პარადოქსული“ სიმპათია მათ მიმართ, ვინც სიკვდილით ემუქრებათ. ეს ასევე ხსნის, თუ რატომ ხედავს ახალწვეული თავის გამტაცებლებში არა მხოლოდ გამტაცებლებს, არამედ დამცველებსაც, ასევე, რატომაა, რომ ტვინგამორეცხილი მსხვერპლი იწყებს მადლიერების გამოხატვას, მორჩილებას, და ბოლოს და ბოლოს „პატივისცემას“ ტვინის გამომრეცხავისადმი.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც ბიოგადარჩენის წრედი კვებას უკავშირდება, ის, ვინც საკვებს აწვდის, მიჯაჭვის სავარაუდო ობიექტები ხდებიან. პოლიტიკური პატიმარი, ახალწვეული, ტერორისტების ტყვე - ყველანი ისინი რეგულარული დაპურების პროცესში ცოტათი ეჯაჭვებიან მათ, ვინც ტყვეობაში ამყოფებს. არაპირდაპირი ფორმით ეს გვხვდება სხვადასხვა რელიგიებშიც (მაგრამ ამჯერად დაშნების გარეშე, რომელიც ნამდვილ იმპრინტულ მოწყვლადობას წარმოშობს): მონათვლა-აღდგომის რიტუალს მოსდევს ტრაპეზა-ზიარების რიტუალი.
ამ მეთოდების ვარიანტები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათთანაც კი, ვინც ტვინის გამორეცხვის გარემოში თავისი ნებით ხვდება, როგორც ეს მოხდა „სახალხო ტაძარში“, „მენსონის ოჯახში“ და სხვა მსგავს ორგანიზაციებში. როგორც კი მსხვერპლი თემის ტერიტორიაზე ხვდება, პირველი ნაბიჯი - ესაა მისი იზოლაცია, ყველა კავშირის გადაჭრა გარესამყაროსთან და მისთვის კონფლიქტურ რეალობის გვირაბებთან. ამავდროულად სწრაფად იქმნება მშობლიური სიყვარულის და მფარველობის ატმოსფერო (ე.წ. „სიყვარულით ბომბარდირება“) და ხდება გამოკვება.
მიუხედავად იმისა, თავისი ნებით ხვდება სუბიექტი ამ ახალ პირობებში თუ მას იტაცებენ (ან აპატიმრებენ, როგორც პოლიციურ სახელმწიფოებში), დამუშავების შემდეგი ეტაპის მიზანი - ესაა მისი მეორე წრედის ემოციურ-ტერიტორიული იმპრინტების გატეხვა. ეს ნიშნავს, რომ განაგრძობენ სუბიექტის გამოკვებას (პირველი წრედის ორალური დამოკიდებულობის ხელშეწყობას) და ამავდროულად ყველა შესაძლო მეთოდით ესხმიან თავს მისი მეორე წრედის ეგოს. „სინანონის მოთამაშეებისა“ და მაგალითად, აშშ-ს არმიის სასწავლო ბანაკის სერჟანტის შედარება საოცარ მსგავსებას გამოავლენს: არსობრივად ერთი და იგივე მეორდება: „შენ სრულიად არასწორი ხარ. ჩვენ სრულიად მართლები ვართ. ძალიან ნაკლები შანსია, რომ ისეთი არასწორი, როგორც შენ ხარ,ლ ოდესმე მართალი გახდეს, მაგრამ მაინც ვეცდებით, რომ გადაგაკეთოთ“. რა თქმა უნდა, ამ დროს ფართოდ გამოიყენება ტერიტორიული სტატუსის ანალური ლექსიკონი. იდეალურმა სუბიექტმა თითქმის უნდა დაივიწყოს თავისი სახელი და მზად უნდა იყოს, რომ გამოეხმიანოს დაძახილზე: „ეი, შენ, ტრაკო!“
„უმცროსი ლეკვის“ გრძნობა (უმცროსი ლეკვი და უფროსი ლეკვი - ესაა სოციალური როლები, რომელიც ძალიან ადრეულად იმპრინტირდება ყველა კოლექტივში, - „ლეკვების ჯგუფში“) შეიძლება გაძლიერებულ იქნეს ნამდვილი შიშის პერიოდული დოზებით. „შიში - უდიდესი მასწავლებელია“ - ჩარლი მენსონის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმა. კომუნისტურ ქვეყნებში (როგორც ნაჩვენებია კოსტა გრავას შესანიშნავ ფილმში - „აღსარება“) ტვინის გამომრეცხავების საყვარელი ტრიუკი იმაში მდგომარეობდა, რომ გამოეყვანათ სუბიექტი კამერიდან, გაეტარებინათ ციხის ეზოში და ჩამოეკიდათ ყელზე ყულფი, თითქოს ჩამოახრჩობდნენ. შვება, რომელსაც ის გრძნობდა, როცა ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდებოდა, იდეალურ იმპრინტულ მოწყვლადობას ქმნის. მსგავსი სიტუაციის ვარიანტი გვხვდება ჩემს რომანში - „ილუმინატუსი!“: მსხვერპლს არწმუნებენ, რომ ის მოწამლულია, ათავსებენ კუბოში და ზემოდან თავსახურს ახურავენ. ვფიქრობ, ისინი, ვინც ოსტატი მასონის ინიციაცია გაიარა, აღიარებენ, რომ სწორედ ესაა ის “ნიშანი, რომელსაც საფლავში წაიღებ“.
ზუნის ინდიელებში ყოველ მამაკაცს ყმაწვილობაში იტაცებენ „დემონები“ ნიღბებში, რომლებსაც ის ტომისგან (დედისგან და უსაფრთხოების სხვა იმპრინტირებული სიმბოლოებისგან) შორს მიყავთ უდაბნოში და მათრახებით ცემენ. შემდეგ „დემონები“ იხსნიან ნიღბებს და აღმოჩნდება, რომ ისინი მსხვერპლის ნათესავები არიან დედის ხაზით; იმპრინტული მოწყვლადობის ამ მომენტში განდობილს უხსნიან ტომის „საიდუმლოებებს“ (რეალობის ადგილობრივი გვირაბი). ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი წარუშლელ კვალს ტოვებს ახალბედას ცნობიერებაზე. განდობის მსგავსი რიტუალები თითქმის ყველა ტომს აქვს, თუმცა არა ყოველთვის ასე ოსტატურად დამუშავებული. ამ რიტუალის სიმბოლურ და ნაკლებად სასტიკ ვარიანტებს წარმოადგენენ ბარ-მიცვა და კონფორმაცია - ჩვენი ადგილობრივი მეგა-ტომების ცერემონიები.
მეორე წრედის ხელახლა დაბადება შეგვიძლია პრაქტიკულად დასრულებულად ჩავთვალოთ, როცა უმცროსი ლეკვი გულწრფელად (და არა მოჩვენებითად) იწყებს უფროსი ლეკვების კეთილგანწყობის მოპოვებას. ეს, რა თქმა უნდა იწყება, როგორც როლის იძულებითი შესრულება; ტვინების გამოცდილმა გამომრეცხავმა იცის ეს და დიდად არ აპროტესტებს. იგი მხოლოდ სტიმულირებას უკეთებს ამ პროცესს, რათა „მსახიობური თამაში“ უფრო და უფრო რეალური გახდეს. როგორც დიდი ხნის წინ ედმუნდ ბერკმა შენიშნა (და როგორც ასევე ცნობილია ყველა მსახიობისთვის, რომელიც სტანისლავსკის მეთოდით თამაშობს), შეუძლებელია, რომ სამი დრამატული გაბრაზებული ჟესტი არ გააკეთო პოლიტიკური გამოსვლისას, რომ ამ დროს ნამდვილი სიბრაზე არ იგრძნო. შეუძლებელია გააკეთო მორჩილების სამი ჟესტი, და ამ დროს მორჩილება არ იგრძნო. (ამაში მდგომარეობს „კომპანიის ადამიანის“ ფსიქოლოგიის საიდუმლო, რომელშიც მორჩილების წლები ადამიანს დამსაქმებელთან ნამდვილ გაიგივებას გამოუმუშავებს.)
ახალწვეული ჯერ ცდილობს, რომ თავი მოაწონოს სერჟანტს, რომ თავი აარიდოს შემდგომ დამცირებებს და სასჯელებს. თანდათანობით მას მართლა უნდება სერჟანტისთვის თავის მოწონება, ანუ იმის დამტკიცება, რომ ის არც ისე ცუდია და „საკმარისად კარგია“ იმისთვის, რომ ჯარისკაცი იყოს. პეტი ჰერსტი, უდავოა, თავიდან თავს აჩვენებდა, რომ SLA-ს რეალობის გვირაბი მიიღო, მაგრამ შემდეგ თამაში თანდათანობით რეალობად იქცა.
ეს პროცესი ჩქარდება პერიოდული წახალისებების სისტემით. სუბიექტი სულ უფრო და უფრო ხშირად ამჟღავნებს (როგორც ბიჰევიორისტები იტყოდნენ) საჭირო ქცევას. რადგანაც ადამიანები უფრო რთულად არიან მოწყობილნი, ვიდრე ეს ბიჰევიორისტებს წარმოუდგენიათ, საჭიროა წახალისებების ვარირება სასჯელებთან „არაგულწრფელობისთვის“ ან „ამბოხებისთვის“. სუბიექტმა უნდა გაიგოს: საწყისი ეტაპის შემდეგ საკმარისი არაა მხოლოდ თავის მოჩვენება, რომ რეალობის ახალი გვირაბი მიღებულია; იმისთვის, რომ თავი აარიდოს შემდგომ დამცირებებს, ეგოს დაკარგვას, დაშინებას და უმცროსი ლეკვის მუდმივ სტატუსს, საჭიროა, რომ გულწრფელად მიიღონ იგი. უმწეობის იმპრინტის მიმაგრების შემდეგ განპირობების და სწავლების ეს პროცესი საკმაოდ რბილად წავა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ტვინების მთავარი გამომრეცხავის ხალხი მოახდენენ მის სტიმულირებას წახალისებებით, თანადგომით და საერთო „დაჯილდოვებით“ (გულწრფელი მორჩილებისთვის) ზიზღთან, იმედგაცრუებასთან და საერთო უკმაყოფილებასთან ერთად (არაგულწრფელობისთვის ან ამბოხებისთვის).
ახლა უკვე ადვილად მოხდება მესამე, სემანტიკური წრედის გადაიმპრინტირება. საკმარისი მოტივაციის შემთხვევაში ადამიანის ტვინს ნებისმიერი სიმბოლური სისტემის ათვისება შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ფორტეპიანოზე ბოლო პერიოდის ბეთჰოვენი დაუკრას; მე ეს ისეთივე „სასწაულად“ მეჩვენება, როგორც ექსტრასენსების სასწაულები; სათანადო მოტივაციის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ისწავლოს ფრანგული, ჰინდი, გამოთვლის სხვადასხვა მეთოდები, სუახილი და ა.შ.
აქ დიდ მნიშვნელობას იძენს თვითნებური სისულელის გარკვეული რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ რეალობის ახალი გვირაბი, ანუ სიმბოლური სისტემა, (ისევე როგორც ძველი) უნდა შეიცავდეს ხაფანგებს (წინა რეალობის გვირაბის და საღი აზრის უხეშ დარღვევებს), რათა შესაძლებელი იყოს სუბიექტის დადანაშაულება მეამბოხეობაში („აბსოლუტურ არასწორობაში“) და ამგვარად უბიძგონ მას, რომ კიდევ უფრო მეტად ეცადოს ახალი რეალობის გვირაბის ნაწილად ყოფნას.
ამგვარად, იეჰოვას მოწმეები შეიძლება შეეწინააღმდეგონ სისხლის გადასხმას მაშინაც კი, თუ ამაზე მათი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული; კიდევ უფრო ძლიერ (რადგანაც ყველა ძუძუმწოვარს აქვს განვითარებული შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი) მათ უარი უნდა თქვან თავიანთი შვილებისთვის სისხლის გადასხმაზე, თუნდაც შედეგად მოკვდნენ. ქალმა, რომელიც რომაული კათოლიციზმის აღმსარებელია, შეიძლება ვერ მიიღოს განქორწინება მაშინაც კი, თუკი ქმარი სახლში ყოველ საღამოს მთვრალი მიდის, ცემს და პერიოდულად ვენერიული დაავადებებით აჯილდოვებს მას. აშშ-ს საზღვაო ქვეით ჯარში ახალწვეულს, რომელიც საშინელ ცოდვას სჩადის და თოფს (rifle) „იარაღს“ (gun) უწოდებს, აიძლებენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იაროს ერთ ხელში იარაღით, ხოლო მეორეშ საკუთარი პენისით, და ვინც შეხვდება გზაზე ყველას განუცხადოს შემდეგი ტექსტი:
ეს - თოფია, ეს კი - ჩემი იარაღი, ეს - ბრძოლისთვისაა, ეს კი - გასართობად.
ოდესღაცთეოსოფებისგან მოითხოვდნენ იმის რწმენას, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე არსებობს ხვრელი, რომელიც დედამიწის ცენტრამდე ჩადის. მენსონი მოითხოვდა, რომ მის მიმდევრებს ერწმუნათ, თითქოს ეს ხვრელი მოჰავეს უდაბნოში იმყოფება. ნაცისტური პარტიის წევრებს უნდა ერწმუნათ, რომ ლომი - არიული ცხოველია, კურდღელი კი - არაარიული. და ა.შ.
მსგავსი „სისულელის“ ნეიროლოგიური და სოციოლოგიური ფუნქცია (რომლისგანაც რაციონალისტი ლაპარაკის უნარს კარგავს) მდგომარეობს იმაში, რომ განაცალკევოს ისინი, ვინც რეალობის ახალ გვირაბში არიან, მათგან, ვინც მის საზღვრებს მიღმაა. ეს ხელს უწყობს ჯგუფურ სოლიდარობას, გუნდის გამყარებას და გაუცხოების ა და დისკომფორტის შეგრძნებას იშვიათ შემთხვევებში, როცა ჩნდება მათთან ურთიერთობის საჭიროება, ვინც ტვინის გამორეცხვის სემანტიკური სისტემის გარეთ იმყოფება. ჯგუფმა, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველჰყოს, რომ ეს გაუცხოება განიცდებოდეს, როგორც „აღმატებულობა“. ახალი რეალობის გვირაბის გარეთ მყოფნი უნდა აღიქმებოდნენ, როგორც „აბსოლუტურად არამართლები“ - ისეთივენი, როგორიც იყო თავად სუბიექტი მანამ, სანამ მას ტვინს გაოურეცხავდნენ.
ამ პროცედურების „ნატიფი ინსტალაციისთვის“ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს (და ხშირად გამოიყენება კიდეც) ნარკოტიკები, თუმცაღა, თუკი გავითვალისწინებთ ძირითადი ნეიროლოგიური კანონების ძალას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტვინის გამორეცხვის მრავალი კლასიკური შემთხვევა სწორედ ისე ხდებოდა, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი, რაიმე სამედიცინო პრეპარატის გამოყენების გარეშე: მაგალითად, როცა ამერიკელი ჯარისკაცები იმ სამხედრო დანაშაულებს აღიარებდნენ, რომლებიც აშკარად არ ჩაუდენიათ; ერთგული კომუნისტები - ტროცკისტულ შეთქმულებებში მონაწილეობას, რომლებსაც, როგორც ჩანს არც არასოდეს უარსებიათ, და ა.შ.
არმიათა უმეტესობაში ყოველგვარი ნარკოტიკის გარეშე სულ რამდენიმე კვირაა საჭირო იმისთვის, რომ სამოქალაქო ადამიანი ჯარისკაცად აქციონ, თუმცაღა ეს მდგომარეობები იმდენადვე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რამდენადაც კათოლიკები - სინტოისტებისგან.
ჩემს ერთ-ერთ რომანში მე აღვწერ ლუნისტების სექტას, რომლის წევრებიც დამტვრეული ლათინურით და ცალ ფეხზე მდგომი, წეროებივით ლოცულობენ. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სატირა, თუმცაღა ნებისმიერ თვითმარქვია-მესიას, რომელსაც ზემოთმოყვანილი პრინციპები ესმის, შეუძლია ადვილად შექმნას მსგავსი კულტი. მის წევრებს მალე აღმატებულობის სრულიად გულწრფელი გრძნობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც მათი რეალობის გვირაბის გარეთ იმყოფება.
ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების შემდეგ სექტანტები და ტერორისტები როგორც წესი იწყებენ ხოლმე მკაცრი სქემების შეცვლას მეოთხე, სოციო-სექსუალურ წრედში. (სახელმწიფოები, როგორც წესი ამ წრედს არ ეხებიან, რადგან სახელმწიფო აგენტების უმეტესობა პურიტანობისა და ავტორიტარულობის ნაზავს წარმოადგენენ, ამიტომ ეშინიათ უხეშ ეროსთან საქმის დაჭერის).
საიდუმლო არაა, რომ შუასაუკუნეების ყველაზე ძლიერი საიდუმლო საზოგადოება - ტამპლიერების ორდენი - ახალწვეულებს აიძულებდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ღვთისგმობასა და სოდომიაში. ზუსტად ისევე, როგორც მესამე წრედის ყველა კულტური სემანტიკა გარკვეული ჯგუფის დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებას ახდენდა, ინიციაციის ეს რიტუალი განაცალკევებდა ტამპლიერებს დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან; ამ დროს გაჩენილი გაუცხოება შეიძლება ადვილად იქნეს კონდიცირებული აღმატებულობის გრძნობაში. კენიურ ორგანიზაცია მაუ-მაუში ყოველ ახალ წევრს ასევე უნდა გაევლო ჰომოსექსუალური სქესობრივი აქტი, რათა დანგრეულიყო მისი უწინდელი განპირობება ჰეტეროსექსუალობისა და მონოგამიის მიმართულებით.
სხვა, ზოგჯერ ძალიან ცნობილ სექტებში სექსუალობა ბოლომდე ითრგუნება - ესაა კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ დაინგრეს მეოთხე წრედის სტატისტიკურად ნორმალური იმპრინტირება.
„მენსონის ოჯახში“ მიღებული იყო ის, რასაც ოქსიმორონულად შეგვიძლია ვუწოდოთ იძულებითი თავისუფალი სიყვარული. არმია წყვეტს ნორმალურ სასიყვარულო კავშირებს და აგდებს სუბიექტს სამყაროში, სადაც იძულებით თავშეკავებას თან მოსდევს ხოლმე საროსკიპოებში სიარული, და საკმაოდ ხშირად მოწინააღმდეგეთა ქალების გაუპატიურება. ამასთან ჰომოსექსუალიზმს ყოველთვის არსებობდა არააფიშირებული არჩევანის სახით. თანამედროვე ამერიკელი გურუ - და ფრი ჯონი თავის მიმდევრებში ახდენს მუდმივი მონოგამიის იმპრინტირებას - თითქმის ისე, როგორც ევროპულ კულტურაში, იმ განსხვავებით, რომ მისთვის სულერთია, როგორი იქნება ეს წყვილი - ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური. რა ვარიანტიც არ უნდა აირჩიოს კულტის ლიდერმა, „განცალკევებული რეალობის“ წარმატების აუცილებელი პირობაა მისი რაიმე განსხვავებულობა ძირითადი საზოგადოებისგან.
ყველაზე ადვილი საშუალება, რომ დაექვემდებარო ტვინის გამორეცხვას - ესაა ამქვეყნად დაბადება. მაშინვე იწყებს მოქმედებას ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპი - პროცესი, რომელსაც სოციოფსიქოლოგები სოციალიზაციას უწოდებენ. ბიოგადარჩენის წრედი ავტომატურად მიემაგრება ყველაზე შესაფერის დედას ან მის შემცვლელ ობიექტს; ემოციურ-ტერიტორიული წრედი ეძებს „როლს“ ანუ ეგო-იდენტიფიკატორს, ოჯახში ან ტომში; სემანტიკური წრედი სწავლობს იმიტაციას, შემდეგ კი იყენებს რეალობის ლოკალურ ქსელებს (სიმბოლურ სისტემებს); სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტირება ხდება სექსუალური სიახლოვის ნებისმიერი გამოცდილებით, რომელიც მისაწვდომია სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
ამ პროცესის შედეგად სუბიექტები შეიძლება არც იყვნენ მზად, რომ მოკლან ქალები და ბავშვები სასწავლო სამხედრო ბანაკის კურსდამთავრებულების მსგავსად; ან სჯეროდეთ, რომ ჩარლი მენსონი - ესაა იესო და სატანა ერთ სახეში; ან მემარცხენეთა ლოზუნგების ყვირილით ძარცვონ ბანკები. ნორმალური „სოციალიზაციის“ შედეგი სუბიექტებში დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როდის დაიბადნენ ესკიმოსი-ტოტემისტების, ისლამური ფუნდამენტალისტების, კათოლიკების, მარქსისტ-ლენინისტების, ნაცისტების, მეთოდისტ-რესპუბლიკელების, ოქსფორდის განათლების აგნოსტიკების, გველთთაყვანისმცემლების, კუკლუქსკლანისტების, მაფიოზების, უნიტარების, ირლანდიის რესპუბლიკული არმიის წევრების, ებრაელი-ორთოდოქსების, ბაპტისტების და ა.შ. სახით.
ცხადია, რომ სამყარო საკმარისად დიდი და რთულია, ხოლო ეგო - საკმარისადაა კონცენტრირებული საკუთარ თავზე იმისთვის, რომ ყველა ამ რეალობის გვირაბს რაღაც დოზით „აზრი ჰქონდეს“ მათთვის, ვინც იმპრინტირებულ-განპირობებულია მათ მიღებაზე. ასევე ცხადია, რომ რეალობების გვირაბთა უმეტესობა იმდენად აბსურდულ ელემენტებს შეიცავს, რომ ნებისმიერ, ვინც არ იყო მათით იმპრინტირებულ-განპირობებული, გაკვირვებით და შიშით უყურებს მათ, და ეკითხება საკუთარ თავს: „როგორ შეიძლება, რომ ჭკვიან ადამიანებს (ან ხალხებს) მსგავსი აბსურდის სჯეროდეთ?“
რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს... ცხოვრობთ თქვენ რეალობის ქრისტიანულ გვირაბში, მენსონის რეალობის გვირაბში, ვეგეტარიანულ რეალობის გვირაბში, თუ რაციონალურ რეალობის გვირაბში...
ყოველ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი ერთი ჭესმარიტი რელიგია.
ადრე ჩვენ უკვე მოვიყვანეთ პერსინჯერისა და ლაფრენერის ციტატა: ჩვენ, როგორც სახეობა, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არსებობს მონაცემთა უამრავი წერტილი. წერტილების ამ მატრიცაზე ჩვენ ვაგებთ სტრუქტურას, და სამყარო ჩვენთვის აზრს იძენს. ამ სტრუქტურის ხასიათი განისაზღვრება ჩვენი ბიოლოგიური და სოციოლოგიური თვისებებით.
იმედი მაქვს მკითხველი ახლა უფრო კარგად გაიგებს ამ სიტყვების მნიშვნელობას, ვიდრე ჩვენი კვლევის დასაწყისში.
მოშინაურებული პრიმატის ტვინის ფუნქცია - თუ იმ ყველაფრიდან გამოვიტანთ დასკვნებს, რაც უკვე ვიცით, და ჯერ-ჯერობით გვერდზე გადავდებთ უფრო მაღალ და შედარებით ახალ ოთხ წრედს, - მდგომარეობს იმაში, რომ ფროიდის გამოთქმით - „ადაპტაციის ორგანოს“ როლი შეასრულოს. კერძოდ, ყველაზე ძველი, ყველაზე პრიმიტიული და ყველაზე მექანიკური ცენტრები მხოლოდ ბიოგადარჩენას ემსახურებიან. შედარებით „ახალგაზრდა“ (დაახლოებით 500 მილიონი წელი) ემოციურ-ტერიტორიული წრედი ემსახურება ჯოგურობის შეგრძნების, საბინადრო სივრცისა და იერარქიის შენარჩუნებას. მკაფიოდ ჰომინიდური სემანტიკური წრედი (100 ათასი წელი?) პასუხს აგებს რუკებსა და მოდელებზე - რეალობის გვირაბებზე, - რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვურევთ თავად რეალობასთან და, რაც კიდევ უფრო უარესია, „მთელ“ რეალობასთან. მორალურ-სოციალური წრედი (20 ათასი წელი?) პასუხს აგებს მოშინაურებული პრიმატის ზრდასრული პიროვნების, ანუ მშობლის როლის, ანუ სუპერ-ეგოს ჩამოყალიბებაზე.
ცხადია, რომ ახლა მესამე, სემანტიკური წრედი ამ ძველ წრედებთან ერთად და მათზე მუშაობს. მის მიერ შექმნილი რუკები და მოდელები, - ესაა მოშინაურებული პრიმატების საზოგადოებაში სოციალურ როლებთან ჩვენი ადაპტაციის ინსტრუმენტები. ამგვარად, მეთოდისტი (მეთოდური პროტესტანტული ეკლესიის წევრი) შუა დასავლეთიდან „ბოროტად არ სარგებლობს თავისი ტვინით“, როგორც ვარაუდობდა არტურ კესტლერი, რომელმაც მეთოდისტის რეალობის გვირაბი ააწყო; მისი ტვინი ზუსტად იმას აკეთებს, რაც შუა დასავლეთელი მეთოდისტის ჯოგურ სისტემასთან ადაპტაციისთვის სჭირდება, - ალაგებს მეთოდისტის იდეოლოგიის სტრუქტურას მონაცემთა უამრავ წერტილზე, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეჯახება. ჩინელი მაოისტი, ირანელი მუსულმანი, ნიუ-იორკელი ფემინისტი, მერინელი ჰედონისტი და ა.შ. - ყოველ მათგანს გააჩნია ერთნაირი დოზით თავისუფალი“ და ერთნაირი დოზით რთული რეალობის გვირაბი. და ყველანი ისინი ერთნაირი დოზით აბსურდულად გამოიყურებიან.
თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ რეალობის ეს გვირაბები უკვე აღარ არიან ერთმანეთისგან იზოლირებულნი. ჯერ კიდევ ასი (ხოლო ზოგიერთ რეგიონში ოცი) წლის წინ ადამიანს შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ადგილობრივი რეალობის გვირაბის მყუდრო პარკში. დღეს ჩვენ უკვე გამუდმებით ვეჯახებით ადამიანებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ რეალობის გვირაბებში ცხოვრობენ. ეს წარმოშობს უზარმაზარ შუღლს ყველაზე უმეცარ გონებებში, მეტაფიზიკურ და ეთიკურ ქაოსს უფრო რთულ გონებებში, და მზარდ დეზორიენტაციას უკლებლივ ყველაში - ჩვენ ამ სიტუაციას „ფასეულობების კრიზისს“ ვუწოდებთ.
საშუალოსტატისტიკურ, კულტურულ ან ნეიროლოგიური რელიატივიზმების საკითხებში ნაკლებად განსწავლულ ადამიანს თავს ატყდება მთელი ეს ურთიერთ-კონფლიქტში მყოფი რეალობის გვირაბების ნაკადი. ჯ.რ. პლატის თანახმად, გადაადგილების სიჩქარე 1900 წელთან შედარებით ათასჯერ გაიზარდა, ხოლო შეტყობინებათა გადაცემის სიჩქარე - 10 მილიონჯერ. ეს ნაკადი უფრო და უფრო სწრაფი და ინტენსიური ხდება. ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ტელე-გადაცემების ჩვენი მიმოხილვა“ მიტაცებული აღმოჩნდა დაშინებული კონსერვატორების ბანდის მიერ, რომლებიც ვერ გებულობენ, ამიტომ ეშინიათ „უცხო“ სიგნალთა ამ ნაკადების; იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გზამკვლევის როლი შეასრულოს სატელევიზიო პროგრამებში, „მიმოხილვა“ იქცა უწყვეტ გადმოცემად იმისა, რომ ტელევიზიის რეალობის გვირაბი უფრო ფართო, გაუგებარი და მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე კეთილსინდისიერი პროვინციელი-ამერიკელის ვიწრო გვირაბული ხედვა.
გაჩნდა ახალი პროფესია: „დეპროგრამისტი“ - ნეიროტექნიკოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ იტაცებს ბავშვს (მაშინაც კი, თუ ამ „ბავშვს“ უკვე 21 წელი შეუსრულდა), რომელიც მშობლიურ რეალობის გვირაბს დაშორდა და რომელიმე ახალი (ანუ საზოგადოებაში ჯერ არ აღიარებული) „სექტის“ მიერ იქნა ტვინგამორეცხილი. ამას უწოდებენ მსხვერპლის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირფერობა და ნეიროლოგიური უმეცრებაა. ეს „დეპროგრამისტები“ სინამდვილეში რე-პროგრამისტები არიან. რეალობის მშობლიური გვირაბი ისეთივე უნებურია (და უცხოსთვის ისეთივე უცნაურია), როგორც ნებისმიერი „სექტის“ რეალობის გვირაბი. სემანტიკური ტრიუკების სპეციალური სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანთა უმეტესობას და ზოგიერთ სასამართლოს, რომ იგნორირება გაუკეთონ ამ ფაქტებს. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მშობელი-მეთოდისტების გზააბნეული შვილი ვთქვათ, კათოლიკურ ეკლესიაში მოხვდება და მშობლები ეცდებიან, რომ ძალადობრივად მოახდინონ მისი „დეპროგრამირება“ (რეპროგრამირება) მეთოდიზმში; ან თუ ბავშვი აშშ-ს არმიაში მოხვდება, როგორც ეს კელის დაემართა, მშობლები კი მოიტაცებენ მას და ეცდებიან, რომ რეალობის სამოქალაქო გვირაბებში დააბრუნონ.
ეს პრობლემები არ გაქრება; ხახუნი, რომელსაც სხვადასხვა რობოტებისა და პრიმიტიული ტვინების დაჯახება იწვევს, მხოლოდ გაძლიერდება. გადაადგილებისა და სიგნალების გადაცემის სიჩქარეებიც ზრდას განაგრძობენ.
საბედნიეროდ, ადამიანის ტვინში ფორმირდება მაღალი წრედები, რომლებიც უფრო ფართო პერსპექტივებს ხსნიან, ვიდრე ძველი წრედების ვიწრო გვირაბული ხედვები. ეს ამ წიგნის მომდევნო თავების თემაა.
იმდენად, რამდენადაც ყველა „ანიჭებს უპირატესობას“ ერთ წრედს სხვებთან შედარებით, ყოველ საზოგადეობაში არსებობენ ადამიანები, რომლებშიც შეგვიძლია ამოვიცნოთ ნარცისისტები (პირველი წრედის რობოტები), ემოციონალისტებს (მეორე წრედის რობოტები), რაციონალისტები (მესამე წრედის რობოტები) და მორალისტები (მეოთხე წრედის რობოტები).
რობოტი-რაციონალისტები, მსგავსად სხვა რობოტების ტიუპისა, შესაძლოა ბოლომდე მექანიზებულნი იყვნენ, ან მოქნილობის, ანუ მათ სქემაში ჩადებული „თავისუფლების“ გარკვეული დონე გააჩნდეთ. ბოლომდე რობოტიზებულები წარმოადგენენ მატერიალისტური ეკლესიის და სამეცნიერო პარადიგმებისადმი ჭეშმარიტი მორწმუნეების უზარმაზარ ორდის ფუნდამენტურ ფრთას. გარკვეული მომენტის შემდეგ მათმა ნერვულმა სისტემამ შეწყვიტა ახალი იმპრინტების მიღება.
ეს ადამიანები გამუდმებით შეშინებულნი და დამწუხრებულნი არიან ადამიანთა იმ (დიდი) ნაწილის ქცევით, რომელიც მეორე წრედის ცხოველურ პოლიტიკაში ვლინდება. ისინი თვლიან, რომ რადგან ეს ტერიტორიულ-ემოციური („პატრიოტული“) ქცევა არარაციონალურია, იგი არ უნდა არსებობდეს. მათ ბრმად სჯერათ დარვინის, მაგრამ ნერვიულობენ სიტყვა „დარვინიზმის“ გაგონებისას (რადგან იგი აღიარებს ცხოველურ პოლიტიკას აქამდე მოქმედი ევოლუციური სტრატეგიის სახით) და უარყოფენ ეტოლოგიის გენეტიკის და სოციო-ბიოლოგიის მონაცემებს. მათ არ უყვართ ადამიანთა რასის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც მათი საყვარელი წრედი არ მართავს, და შფოთვით აცნობიერებენ, რომ ადამიანთა რასის სხვა წარმომადგენლებს არ უყვართ ისინი.
ამ რობოტ-რაციონალისტებს ასევე ფრიად აცბუნებენ ახალი წრედები - ზოგიერთი მათგანი ცხოვრების დიდ ნაწილსაც კი ახმარს ისეთი სტატიების და წიგნების დაწერას, რომლებიც „ამტკიცებენ“, რომ ახალი წრედები არ არსებობენ და რომ ყველა მეცნიერი, რომელმაც მათი არსებობის დასტური მიიღო, - მატყუარები, სულელები, ლუზერები, შარლატანები და წყეული ერეტიკოსები არიან.
ისევე როგორც რობოტი-ემოციონალისტის, რობოტი-მორალისტის, რობოტი-ნარცისის და ა.შ., რობოტი-რაციონალისტის „გამოყვანაც“ შეუძლებელია მისი ვიწრო რეალობის გვირაბიდან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ რეალობის ყოველი გვირაბი, რომელიც მოშინაურებული პრიმატის ტვინმა შექმნა, წარმოადგენს ამ ტვინის პირადი ისტორიის ანათალს; და ყოველი ასეთი საბოლოო რეალობის გვირაბი ისევე „პერსონალიზებულია“, როგორც ბახის ან ბეთჰოვენის მუსიკა, რემბრანტის ან პიკასოს ნახატები, ჯოისის ან რაიმონდ ჩენდლერის რომანები, კათოლიციზმი ან ძენ-ბუდიზმი, ლიბერტარიანიზმის პოლიტიკა ან ირა, წმინდა პავლეს ტაძრის ან დისნეილენდის არქიტექტურა.
ყოველი ეს ხელოვნების ნიმუში წარმოადგენს „რეალობას“ მათთვის, ვინც იგი შექმნა და მასში ცხოვრობს. რაციონალიზმი - სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ჯგუფური ხელოვნების ნაწარმოები, ცოტა ნაკლებ ტოლერანტული, ვიდრე სხვები, ცოტა უფრო მეტად სასარგებლო ტექნიკაში, ვიდრე სხვები, და ცოტათი სულელური, როცა არ შეუძლია აღემატებოდეს მის მიერ შექმნილ ბოლო პარადიგმას.
ბოლომდე რობოტიზებულ რაციონალისტი - ის, ვისმა ნერვულმა სისტემამაც სრულიად შეწყვიტა განვითარება, - შეგვიძლია ორი ნიშნით განვსაზღვროთ:
1. იგი გამუდმებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ დანარჩენი კაცობრიობის ყოველდღიური გამოცდილების დიდი ნაწილი - ესაა „ტყულილი“, „ჰალუცინაცია“, „ჯგუფური ჰალუცინაცია“, „მასობრივი ჰალუცინაცია“, „უბრალოდ დამთხვევა“, „ასშკარა დამთხვევა“ ან „არაკორექტული კვლევა“.
2. იგი არასოდეს არ თვლის, რომ მისი პირადი გამოცდილება თუნდაც ერთ-ერთ ამ კატეგორიაში ჯდება.
სავარჯიშოები
1. გახდით ღვთისნიერი კათოლიკე. ახსენით სამ გვერდში, რატომ შეიძლება ჩათვალოთ ეკლესია უცდომელად და წმინდად, მიუხედავად იმისა, რომ მის პაპებს შორის იყვნენ ალექსანდრე VI (როდრიგო ბორჯია), პიუს XII (ჰიტლერის მოკავშირე) და ა.შ.
2. ვისაც გახსოვთ მაილაი, გახდით ლეიტენანტი კელი. ხმამაღლა წარმოთქვით, ისე რომ მართლა გრძნობდეთ და გწამდეთ, შემდეგი სიტყვები: „არმია უპირველეს ყოვლისა. ჩემი სიცოცხლე არმიას ეკუთვნის“. ვისაც არ გახსოვთ, ეცადეთ მიბაძოთ ჯერი ფოლუელს. ხმამაღლა წარმოთქვით, ისე რომ მართლა გრძნობდეთ და გწამდეთ, შემდეგი სიტყვები: „დაგვეხმარეთ, რომ გავუმკლავდეთ მორალურ გახრწნას - დღესვე გამოგვიგზავნეთ ჩეკი!“
3. უარყავით მთელი ეს წიგნი. დაამტკიცეთ, რომ ყველა, თქვენს გარდა, ტვინის გამორეცხვის მსხვერპლია, ხოლო თქვენს დედას (მამას) - ერთადერთი, რეალური, ობიექტური ხედვა აქვს მოვლენებზე.
4. მიიღეთ ეს წიგნი, თუ მთლიანად არა, ძირითადი შტრიხებით მაინც. წარმოიდგინეთ, რომ ტვინი გამოგირეცხეს. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ყოველი შემხვედრი ადამიანის რეალობის ცალკეულ გვირაბზე და განსაზღვროთ, რა დონით შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება თქვენი საკუთარი რეალობის გვირაბის გასაფართოვებლად. სხვა სიტყვებით, ისწავლეთ მოსმენა.
5. ჯეიმს ჯოისმა ერთხელ თქვა, რომ არასოდეს შეხვედრია მოსაწყენ ადამიანს. სცადეთ, რომ ახსნათ ეს სიტყვები. სცადეთ, შეაღწიოთ ჯოისის სამყაროში, სადაც ყოველი ადამიანი წარმოადგენს გამოცანებითა და სიურპრიზებით სავსე რეალობის ცალკეულ კუნძულს. სხვა სიტყვებით, ისწავლეთ დაკვირვება.
6. წაიკითხეთ ოლდოს ჰაქსლის წიგნი - „გენიოსი და და ქალღმერთი“. მიაქციეთ ყურადღება, როგორ უბრუნდება მეცნიერი-გენიოსის მესამე წრედი უმწეო ბავშვის პირველ წრედს, როცა მას ცოლი ტოვებს.
7. რეალობის ნაცისტურ, კათოლიკურ და ა.შ. გვირაბებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შემდეგ დაბრუნდით თქვენს „ნორმალურ“ გვირაბში. გეჩვენებათ თუ არა იგი უწინდებურად სრულიად ობიექტური, თუ დაიწყეთ იმის გაგება, რამდენად განისაზღვრება იგი თქვენი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფით?
8. და ბოლოს, გამოიკვლიეთ ქრისტოფერ ჰაიატის წიგნის „საკუთარი თავის ანულირება ენერგეტიკული მედიტაციის მეშვეობით“. რეალობის როგორ გვირაბს გთავაზობთ იგი, და რამდენად გულწრფელია ამ წიგნში? დაიჯერებდით თუ არა იმას, რომ იგი ჩემს იდეებს იყენებდა, ან მე - მისას? დაიჯერებდით თუ არა, რომ უკანასკნელ განცხადებას მოხერხებული გამომცემლები ავრცელებენ? ან იქნებ, მე დავწერე ეს წიგნი? ან იქნებ მე და ის - ერთი და იგივე ადამიანი ვართ?