თავი მეთხუთმეტე. სხვადასხვა მოდელები და სხვადასხვა ქაოსები
თავი მეთხუთმეტე. სხვადასხვა მოდელები და სხვადასხვა ქაოსები
როცა პარადიგმის შეცვლა ხდება - ანუ როცა საგნების და მოვლენების სხვაგვარად ხედვას ვიწყებთ, - ხდება მთელი სამყაროს ხელახლა გადაწყობა. ჩვენი „ცოდნები“ - ესაა ის, რაც ჩვენს ტვინებშია, ამიტომ ის, რასაც თქვენ აღიქვამთ (თქვენი ინდივიდუალური რეალობის გვირაბი), მხოლოდ აზრებისგან შედგება - როგორც 1819 წელს ჰემფრი დეივიმ შენიშნა, როცა საკუთარ თავზე ჩაატარა ექსპერიმენტი ნიტროქსიდით, და როგორც ბუდამ შენიშნა, რომელიც მარტოობაში იჯდა, სანამ მისი სოციალური იმპრინტები არ ატროფირდნენ და არ მოკვდნენ.
კოპერნიკის რევოლუცია ასტრონომიაში, დარვინის რევოლუცია ბიოლოგიაში, კვანტური და რელატივისტური რევოლუციები ფიზიკაში თავის დროზე არანაკლებ შოკისმომგვრელნი იყვნენ, ვიდრე დღეს უკვდავების რევოლუციაა.
თქვენ შეიძლება იცხოვროთ რეალობის იმ გვირაბში, რომელიც გარესამყაროს რაიმე შემთხვევითი მოვლენითაა განპირობებული, ან აირჩიოთ თქვენი საკუთარი რეალობის გვირაბი. თქვენ შეგიძლიათ დაექვემდებაროთ ტვინის ნებისმიერ ცვლილებებს - ისეთივე რადიკალურად ნეგატიურებს, როგორც ისინი, რაც პატი ჰერსტს და რასტი კელის გადახდათ, ისევე ტრანსცენდენტულად მშვენიერებს, როგორც ბუდასა და იესოს შემთხვევაში, ისევე ეპისტემოლოგიურად რევოლუციურებს, როგორც დარვინის და აინშტაინის შემთხვევაში.
თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ, ვინც უკვე შევიდა რეალობის იმორტალისტურ (უკვდავების) გვირაბში, საენტოლოგიურ გვირაბში ან კომუნისტურ გვირაბში.
„დღეს ჩვენ გარშემო მრავალი სხვადასხვა რეალობა დაძრწის“, - შენიშნა ერთხელ ები ჰოფმანმა. ევოლუციური აჩქარება გვიბიძგებს იმ მომენტისკენ, რომლიდან დაწყებულიც ყოველი ადამიანი ატარებს პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ მიღებულ რეალობაზე.
თხუთმეტი მილიონი ამერიკელი რწმენით ელოდება, რომ გამოჩნდებიან კოსმიური ძმები თავისი ამო-ებით და „მშვიდობას დაამყარებენ მთელ მსოფლიოში“. ამო - უკიდურესი შემთხვევაა. საერთოდ, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ჩვენს თავებში იმყოფება.
ამის დემონსტრირება ადვილია კარგად ცნობილი ოპტიკური სქემის მეშვეობით, რომელსაც ნებისმიერ სკოლაში ასწავლიან ფიზიკის გაკვეთილზე.
სინათლის სხივები, რომლებსაც გარეგანი ობიექტები აირეკლავენ, თვალის ბროლს გაივლიან და ბადურაზე ფოკუსირდებიან. ამასთან, გამოსახულება თავით ფეხებისკენ ტრიალდება. ჩვენი ტვინი სურათის ინტერპრეტაციას ახდენს, კვლავ წაღმა აბრუნებს და მასში ასევე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კორექტივებიც შეაქვს.
რაც სამართლიანია მხედველობასთან მიმართებაში, სამართლიანია სხვა გრძნობებთან მიმართებაშიც. ყველაფერი, რაც ვიცით, რეგისტრირებულია ჩვენი ტვინის მიერ. ამაშია პასუხი ცნობილ კოანზე (გამოცანაზე) ძენ ბუდიზმში: „ვინ არის ის ღვთაებრივი არსება, ვინც ბალახს მწვანეს ხდის?“
ტვინი, წუთში100 მილიონი პროგრამის შესრულების პროცესში, იღებს, ამუშავებს, ახარისხებს, აორგანიზებს, ფუთავს, იარლიყებს ანიჭებს და ა.შ. მთელ ამ უმ „ეგზისტენციალურ“ გამოცდილებას და მის კლასიფიკაციას დიუის ნეიროლოგიური ათობითი სისტემის შესაბამისად ახდენს. ეს სისტემა საზოგადოების შესაბამისად იცვლება და საფუძვლად უდევს კულტურულ რელატივიზმს - ის, რაც რეალურია ესკიმოსისთვის, არც ისე ემთხვევა იმას, რაც „რეალობად“ ეჩვენება ნიუ-იორკელ ტაქსისტს.
ყოველ ინდივიდს გააჩნია თავისი ნეიროლოგიური სისტემა, ანუ თამაში, რომელიც განსხვავდება იგივე საზოგადოების სხვა ნეიროლოგიური სისტემებისგან ან თამაშებისგან. აინშტაინის ფიზიკურ რელატივიზმთან და ანთროლოპოგიურ კულტურულ რელატივიზმთან ანალოგიით, ჩვენ ამას ნეიროლოგიურ რელატივიზმს (ფარდობითობას) ვუწოდებთ.
ხორცს, რომელიც ხორცის მაღაზიის დახლზე დევს, ვეგეტარიანელი საერთოდ არ „ხედავს“ (აღიქვამს) ისე, როგორც ამას არავეგეტარიანელი აკეთებს. რასისტი სხვა რასის წარმომადგენელს საერთოდ არ ხედავს ისეთად, როგორც ამ ადამიანს ხედავენ, მაგალითად, მისი მშობლები. პოეტი (ვილიამ ბლეიქი) ამას ასე გამოთქვამს: „ერთი და იმავე ხეს სულელი და ბრძენი სხვადასხვაგვარად ხედავენ“.
მრავალ „ცენზორულ“ ამოცანას, რომლებსაც ტვინი ისე სწრაფად და მკაფიოდ წყვეტს, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ, განეკუთვნება სხვადასხვა კვანტების „შინაგანებად“ და „გარეგანებად“ აღქმის დაყოფის ამოცანა. თუკი შევისწავლით ოპტიკას და ნეიროლოგიას, ჩვენ გავიგებთ, რომ ეს მოსახერხებელი სისტემა უხეშ ფაქტებს შეესაბამება. როცა ვსწავლობთ მეტაპროგრამირების იმ ტიპს, რომელსაც ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციებში დჰიანა ეწოდება, ჩვენ ვგებულობთ, რომ ამ სისტემის სრულ გათიშვას დიდი სარგებელი მოაქვს რეალობის შეცნობის თვალსაზრისით.
ქროული დჰიანას შესახებ ამბობს: კონცენტრირების პროცესში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ცნობიერების შემადგენელი დროის ნებისმიერ მომენტში შედგება მხოლოდ ორი, და არაუმეტეს, საგნისა: (გარე) ობიექტი, რომელიც ცვალებადია, და (შიგა) სუბიექტი, რომელიც უცვლელია (ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით). წარმატებული დჰარანა (მდუმარე მედიტაცია ერთ ობიექტზე მრავალი კვირის განმავლობაში. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ძენის ბერი-ხარის ისტორია) ობიექტს ისეთივე უცვლელად აქცევს, როგორც სუბიექტს. შედეგად სუბიექტი და ობიექტი ერთი მთლიანი ხდებიან. ამ ფენომენის გაგება ჩვეულებრივ უზარმაზარ შოკს იწვევს ხოლმე.
ჩვენს ენაზე „ცნობიერება“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა) და მისი შემადგენელი - ფუნქციურად იდენტურნი არიან. ამ შემადგენელის ჩვეულებრივი დაყოფა „მე“-დ („ცნობიერების“ ნაწილად) და „არა-მე“-დ („გარეგნულად“) შეგვიძლია გადავაგდოთ (არა მხოლოდ მედიტაციის, არამედ ზოგიერთი ცნობილი ნარკოტიკის მეშვეობითაც), და მაშინ მოდის აღქმის ველის ერთიანობის განცდა. ჩვენ ვხდებით მეტაპროგრამისტები.
აი, რას შეგვიძლია ველოდოთ ველის თეორიისგან და ზოგადი სისტემების თეორიისგან სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, კვანტურ თეორიაში და ა.შ. უშუალო განცდა, და არა ამის შესახებ წიგნებში კითხვა უწინდელივით აშკარა შოკს იწვევს. როცა „მე“ და „ჩემი სამყარო“ (აღქმის ველი) ერთნი ხდებიან, „მე“ სრულიად ტრანსფორმირდება და „გადის ცეცხლით გაწმენდას“, როგორც მისტიკოსები ამბობენ.
ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც გომებრივ თამაშებს არაა ნაჩვევი, ეს ყველაფერი შესაძლოა ცოტა გაურკვევლად მოეჩვენოს. სცადეთ შემდეგი სავარჯიშო: თუ ამ წიგნს თქვენს სახლში კითხულობთ, მიმოიხედეთ ოთახში, და დააკვირდით, რომ ყველაფერი, რაც თქვენი მხედველობის ველში ხვდება, - ავეჯი, ნახატები ან პლაკატები კედლებზე, მუსიკალური ცენტრი ან მისი არარსებობა, ხალიჩები, ტელევიზორი ან მისი არარსებობა, და ა.შ. - გარკვეულწილად წარმოადგენს თქვენს შემოქმედებას, ან შექმნილია თქვენი მონაწილეობით. ეს ყველაფერი აირჩიეთ თქვენ და მან, ვინც თქვენთან ერთად ამ ოთახში ცხოვრობთ. თქვენ ასევე აირჩიეთ და მონაწილეობა მიიღეთ ამ ოთახის არჩევანშიც ამ პლანეტაზე არსებული მილიონობით ცალკეული ოთახიდან.
ამგვარად, ამ ოთახის რეალობის გვირაბი, რეალურად შექმნილი ან გამოვლენილი იქნა თქვენს მიერ სამყაროს უსასრულო შესაძლებლობებიდან.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაზე ფანატი ფროიდისტი ან ბუდისტი მისტიკოსი თუ განაცხადებს, რომ მთელი თქვენი ცხოვრება სწორედ ამის მსგავსად თქვენს მიერ იყო „არჩეული“. წამით შეჩერდით და დაფიქრდით: ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, როგორც თქვენს ცხოვრებაზე, მისი ის ნაწილი, რომელიც თქვენს ტვინში ინახება, როგორც „მეხსიერება“, ცალსახად არჩეულ იქნა. თქვენ ისიც კი არ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც ბოლო ხუთი წუთის მანძილზე დაგემართათ. თუკი შეეცდებით, რომ შეინარჩუნოთ შინაგანი დუმილი (პასიურობა, არავერბალურობა) და შეამჩნიოთ ყველაფერი, რაც თქვენს ველში ხდება ერთი წუთის განმავლობაში, თქვენ ათასობით შთაბეჭდილებით აღივსებით, რომლებსაც არათუ ვერ დაიმახსოვრებთ, არამედ თაროებზეც კი ვერ განალაგებთ.
დასკვნა: ის, რაც ხართ, და თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე - თქვენი ტვინის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია.
ყველა, ვისაც ხვდებით, ზუსტად ასეთივე „შემოქმედია“. და ყოველი ეს შემოქმედება ისეთივე მრავალფეროვანი და იდიოსინკრეტულია, როგორც ბახისმ ბეთჰოვენის, ვაგნერის, ვივალდის, ბიზეს, ორფის, შოპენის, ჯონ ქეიჯის, სოულის, „ბიტლების“, ჰარი ჯეიმისის, დისკოს, შოტლანდიური ხალხური სიმღერების, აფრიკული სიმღერების მუსიკალური სტილები.
რაც შეეხება სამყაროს თქვენს „გარეთ“, უდავოა, რომ იგი თქვენს მიერ არაა შექმნილი, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ მის შეცნობას... მხოლოდ მიახლოებით თუ შეიცნობთ. ის, რასაც იცნობთ და „თქვენს გარეთ მყოფ სამყაროდ“ თვლით, თქვენი ტვინის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც თქვენი იმ წრედების მოდელებისგან შედგება, რომლებსაც გარესამყაროსთან აიგივებთ.
ეს მოდელები ისევე მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, როგორც ბოტიჩელის, რემბრანტის, ვან გოგის, პიკასოს, დალის, მონეს ნახატები...
ამაში მდგომარეობს იმ გამოთქმის მნიშვნელობა, რომ ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან.
განვიხილოთ ერთი ძველი გამოთქმა: კიბეზე კაცი ვნახე, კაცი, რომელიც იქ არ იყო, დღესაც არ იყო, და ჯობია, რომ საერთოდ წავიდეს.
ეს ადამიანი - სემანტიკური კონტურია, იგი მხოლოდ ენაში არსებობს, მაგრამ რადგანაც ენამ მისცა მას სიცოცხლე, თითქმის აზრიანია სურვილი, რომ იგი წავიდეს.
სემანტიკის, სემიოტიკის, ლინგვისტური ანალიზის, მათემატიკის, ლოგიკის და ა.შ. ცოტა ხნის წინანდელმა მიღწევებმა აჩვენეს, რომ ჩვენს კონცეპტუალურ ველში - ჩვენს სიმბოლურ სამყაროში - ბევრი მსგავსი „მოჩვენება“ არსებობს.
არსებობს ე.წ. ემპედოკლეს პარადოქსები, რომელთა შორისაც კლასიკურია:
თეოლოგებს მოსვენებას არ აძლევს კითხვები, მსგავსად: „შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს შექმნას ისეთი მძიმე კლდე, რომლის აწევაც თვითონვე არ შეეძლება?“ (თუ არ შეუძლია, ყოვლისშემძლე არაა; ხოლო თუ შეუძლია, მაშინ ასევე არაა ყოვლისშემძლე). ფილოსოფოსებს და ფიზიკოსებს დღემდე ვერ გაუგიათ, თუ რა იყო დროის დასაწყისამდე. რას ფიქრობთ შემდეგ გამოთქმაზე? „რა ბედნიერებაა, რომ ყვავილოვანი კომბოსტო არ მიყვარს, რადგან მე რომ ის მიყვარდეს, შევჭამდი, მე კიდევ არ მიყვარს ეს საზიზღრობა“. წიგნში - „ალისა საოცნებათა ქვეყანაში“ და მათემატიკური ლოგიკის ნებისმიერ ნაშრომში ასეთი ტვინის ღრძობის ასობით მომენტს შეხვდებით.
ძენურ გამოთქმაში ამის განზოგადება ამდაგვარად ხდება: ვიფიქრო, რომ შენზე ფიქრს არ ვაპირებ, - ნიშნავს, რომ მაინც ვიფიქრო შენზე. ჯობია, ვეცდები, არ ვიფიქრო იმაზე, რომ არ ვაპირებ შენზე ფიქრს.
ბერტრან რასელმა და ალფრედ ნორტმა სცადეს გადაეწყვიტათ ყველა ეს გაურკვევლობა მათემატიკურ აღწერაში, რომელიც ცნობილია, როგორც ტიპების თეორია. სამწუხაროდ, მალე დადგინდა, რომ ან ა) ტიპების თეორია საკუთარ თავს ეხება, და მაშინ იგი ზღუდავს საკუთარ თავს თავისივე განსაზღვრებებით და ვერ წყვეტს ჩვენს სემანტიკურ პრობლემებს; ან ბ) ტიპების თეორია არ ეხება საკუთარ თავს, და მაშინ არსებობენ გამოთქმები, რომლებსაც იგი არ ეხება, და შესაბამისად შეზღუდულია, და ჩვენ კვლავაც პრობლემებით ვრჩებით.
მესამე წრედის ეს გაუგებრობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლოგიკისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით. რეალურ ცხოვრებაში ჩნდება მრავალი სიტუაცია, რომლებშიც ვაწყდებით ანალოგიურ სემანტიკურ მოჩვენებებს. პოპულარულ რომანში - “Catch-22” აღწერილია ძალიან რეალური ემპედოკლეს კვანძი: გმირს შეუძლია თავი აარიდოს ჯარში გაწვევას, თუკი დაამტკიცებს, რომ გიჟია, მაგრამ თუკი ამას ეცდება, ამით დაამტკიცებს, რომ საღ გონებაზეა, რადგანაც სახიფათო სიტუაციისგან თავის არიდების მისწრაფება ნორმალური ადამიანის მახასიათებელია.
„ფინეგანის სამძიმრის“ სიზმრის სამყაროს ლოგიკაც ასევე ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. წმინდა ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტს, წარმომავლობით გერმანელს, არ სურს კარში შესვლა და თავის სიჯიუტეს შემდეგი ფრაზით ხსნის: „Da fressen mich die Turen“ („ეს კარები შემჭამენ“). ფონეტიკურად ამ ფრაზას სრულიად ნორმალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ზუსტად ასე გამოითქმიან: „Da fressen mich die Tieren“ („ეს მხეცები შემჭამენ“).
სიტყვების მაგია? შიზოფრენია? ჩვეულებრივი ადამიანი, არავეგეტარიანელი, ნორმალურად აღიქვამს მენიუს პუნქტს: „ნაზი, წვნიანი ფილე-მინიონი“, მაგრან არა - „მოკლული და კასტრირებული ხარის ნაჭერი“. თუმცაღა ორივე ეს გამოთქმა ერთი და იგივე საგანს ეხება.
პოეზიის მაგია „ნამდვილ გომბეშოებს ქმნის წარმოსახვით ბაღებში“. როცა რობერტ ბერნე წერს: ფერმკრთალი მთვარე თეთრ ტალღაში ეშვება, და დრო ჩემთან ერთად ეშვება.
ძნელია განთავისუფლდე შეგრძნებისგან, რომ აბსტრაქცია - „დრო“ ისეთივე რეალური ხდება, როგორც ფიზიკური მთვარე და ტალღა, ან ადამიანი კიბეზე.
შეისწავლეთ შემდეგი ცხრილი:
ნებისმიერი გამოთქმა პირველი სვეტიდან შეესაბამება ერთ ადამიანის ხედვას გარკვეულ მოვლენებზე ან ადამიანებზე, რომელიც შეიძლება მეორე ადამიანის მიერ აღიწეროს შესაბამისი გამოთქმით მეორე სვეტიდან. მკითხველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ზემოთმოყვანილთაგან ზოგიერთი გამოთქმა ისეთი დამამცირებელია, ისეა სავსე წინასწარგანწყობებით, რომ მათი გამოყენება მხოლოდ ყველაზე უმეცარ და ფანატიკოს ადამიანებს შეუძლიათ; მაგრამ ეს საქმეს არ ეხება. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ესაა ის სიმსუბუქე, რომლითაც ჩვენ ვამჩნევთ შეცდომებს სხვების სემანტიკურ რუკებში, და ამასთან პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ შეცდომებს საკუთარ სემანტიკურ რეალობის გვირაბებში.
მკითხველი რომ 1920-იანებში არკანზასში დაბადებულიყო, პირველი გამოთქმა პირველ სვეტში მას ბუნებრივად მოეჩვენებოდა. ამ საკითხების სიმბოლიზმი მხოლოდ ლინგვისტიკის სფეროს არ ეხება. მაგალითად, ანეკდოტური ინგლისელი, რომელიც ყოველ საღამოს იცვლიდა ვახშმის წინ, ცხოვრობდა რა მიგდებულ ტროპიკულ ქოხში, სულაც არ იყო სულელი. იგი თავის გარშემო ინარჩუნებდა მესამე წრედის ინგლისურ რეალობას, რათა იქაური ტომის რეალობაში არ ყოფილიყო ჩათრეული. ნახეთ, რა დაემართა კურცს ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გულიდან“, როცა რეალობის აფრიკულმა გვირაბმა მისი ევროპული გვირაბი ჩაანაცვლა.
ადამიანს რამდენიმე კვირა ჰყოფნის ციხეში, რომ „მსჯავრდებულად“ იქცეს, და როგორც არ უნდა ფიქრობდეს საკუთარ თავზე მანამდე, ჯარში გატარებული მხოლოდ რამდენიმე კვირაა საკმარისი, რომ „ჯარისკაცად“ იქცეს.
ეს შენიშვნები შეესაბამება ჩვენს მიერ მანამდე გამოთქმულ მტკიცებულებებს, რომ ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან. სიმბოლური პროცესის ბუნება ისეთია, რომ თუკი იგი უკვე დაიწყო, ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია (პროფესიონალური ნეიროლოგიური ცოდნის გარეშე) განთავისუფლდეს მის მიერვე შექმნილი ან გარემოსგან თავსმოხვეული რეალობის გვირაბისგან.
კურტ საქსონი არის ავტორი წიგნისა - „ჯეიმს ბონდი ღარიბისთვის“. ესაა სახელმძღვანელო, რომელშიც თავმოყრილია ყველა შესაძლო ცნობა იმ პრაქტიკულ მეთოდებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის მოკვლა ან დასახიჩრება. მას მსგავსი თემატიკის სხვა წიგნებიც აქვს. მისტერ საქსონის სახელი არ გვხვდება ლიბერალურ ჟურნალებში, რომლებიც ავტორის პოპულარულობას განსაზღვრავენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მას მკითხველთა ფართო წრე ჰყავს აპოკალიფსურ ულტრამემარჯვენე სექტებში.
1970-იან წლებში მისტერ საქსონი წერდა, რომ 1982 წლისთვის შტატები თითქმის ბოლომდე განადგურდება. იგი ამას იმით ხსნიდა, რომ ხელისუფლებამ დიდი გადასახადებით „კონკურენცია“ წაართვა ბიზნესს, და ამავდროულად მოახდინა „არაკონკურენტუნარიანი“ 30 მილიონის სუბსიდირება ველფერის პროგრამის ხარჯზე და კიდევ 30 მილიონის - სოციალური დაზღვევის ხარჯზე. ამგვარად, ეს ქვეყანა, საქსონის სიტყვებით, იქცა „დისნეილენდად ბრიყვებისთვის“
1982 წელს, საქსონის პროგნოზის თანახმად, მთელი ამერიკული ეკონომიკა კრახამდე უნდა მისულიყო. „მილიონობით გადასახადების გადამხდელი უმუშევარი დარჩება... მილიონები, რომლებიც ახლა ვალიუმზე და სხვა ტრანკვილიზატორებზე ზიან, ჭკუიდან შეიშლებიან, როცა წამალს ვეღარ იშოვიან. ნარკომანები აფთიაქებს მიაკითხავენ დოზის საშოვნელად, და გაანადგურებენ ყველაფერს, რის მოპარვასაც მოახერხებენ“... ჩვენ დაუცველნი დავრჩებით რუსების შემოტევის წინააღმდეგ... და კიდევ ბევრი სხვა რამ... სექსონი გვეუბნება, რომ ერთადერთი გამოსავალი - ესაა ფერმების ყიდვა, მისი წიგნების შეძენა (წიგნების, რომლებიც გვასწავლიან ადამიანების განადგურების ეფექტურ მეთოდებს) და სხვადასხვა სახის იარაღის მომარაგებას იმისთვის, რომ გავანადგუროთ „სწრაფად გამრავლებადი ჭკუასუსტი პარაზიტები“, რომლებიც მიატოვებენ განწირულ ქალაქებს და თქვენი მოსავლის წასართმევად გამოემართებიან.
მისტერ საქსონი ამას ობიექტურ პროგნოზად თვლიდა, რადგან მისი აზრით იგი დაფუძნებული იყო სოციოლოგიის და ეკონომიკის „ურყევ კანონებზე“, რომლებიც მან ქალბატონი აინ რენდის წიგნებიდან ამოიკითხა. მას არ მოსდიოდა თავში, რომ აპოკალიპტური რეალობის გვირაბი, რომელშიც იგი ცხოვრობს, წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც მისი პირადი ემოციური მღელვარება და მტრული განწყობა აისახება.
ჯონ ვაიტი თვლის, რომ დედამიწა თავისი ღერძისგან გადაიხრება არაუგვიანეს 1999 წლისა. ამას მოჰყვება „მნიშვნელოვანი მსხვერპლი კაცობრიობაში“, და შედეგად ცივილიზაცია თითქმის ბოლომდე განადგურდება. ერთადერთი გამოსავალი თქვენთვის, ამბობს იგი, ესაა ფერმაში გადაბარგება (მისტერ საქსონის სტილში), სადაც თქვენ, სავარაუდოდ, მაინც აღიგვებით პირისაგან მიწისა, მაგრამ განსხვავებით ქალაქელებისგან ის უპირატესობა გექნებათ, რომ როცა დედამიწის ღერძი გადაიწევს და ყველგან დიდი მიწისძვრები დაიწყება, თქვენ თავზე ცათამბჯენები არ დაგეცემათ.
მისტერ ვაიტი თვლიდა, რომ ეს იყო ობიექტური პროგნოზი, კარმის „მარადიულ“ კანონებზე დაფუძნებული, რომლებზეც მან სხვადასხვა ოკულტისტებისგან და გურუებისგან შეიტყო. იგი ასევე არავითარ შემთხვევაში არ თვლის რეალობის აპოკალიფსურ გვირაბს, რომელშიც თავად ცხოვრობს, მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც მის პირად მღელვარებას და მტრულ განწყობას ასახავს.
მისტერ ვაიტი ასევე თვლის, რომ ბევრი ამო სინამდვილეში დემონია და მას შემდეგ, რაც დედამიწის ღერძი გადაინახვლებს, ბევრი ჩვენთაგანი ჯოჯოხეთში გაემგზავრება, მაგრამ საბედნიეროდ არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ „გაურკვეველი დროით“.
თუკი სამყაროს ისე შევხედავთ, რომ არცერთი იდეა არ გვექნება, მხოლოდ ქაოსს, უფორმო სიცარიელეს დავინახავთ, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ „ღმერთმა“ (ინტელექტმა) სამყაროს (სისტემის) შექმნა არ დაიწყო.
როგორც კი ჩვენ, შევქმნით რა ჩვენს საკუთარ სამყაროს, ვხდებით „ღმერთის ხატი და მსგავსება“, ჩვენში ამ ქაოსის მოდელი ჩნდება. ეს მოდელი ძალზე მოსახერხებელია - მის გარეშე არ ვიქნებოდით ადამიანები, - მაგრამ მას ასევე შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს, როცა გვავიწყდება, რომ თავად შევქმენით იგი.
რეალობის მოდელებიდან არცერთი, ამ თავში განხილულთაგან. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს მკითხველს, არაა უფრო მეტად შეთხზული, ვიდრე რეალობის ოფიციალური მოდელი, რომელიც ცნობილია, როგორც კონსენსუსური (არსობრივად საშუალოსტატისტიკური) რეალობა. და ეს მოდელი სულაც არაა ისეთი კონსენსუსური, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იარეთ ასი მილი ნებისმიერი მიმართულებით, და დაინახავთ, როგორ დაიწყებს კონსენსუსი რღვევას. იარეთ კიდევ ათასი მილი ნებისმიერი მიმართულებით - და ამ კონსენსუსიდან თითქმის აღარაფერი დარჩება.
„დედამიწის ადამიანები - ესაა კუნძულები, - თქვა კლემენტ ეტლიმ, - რომლებიც ერთმანეთს გაუგებრობის ოკეანეებიდან უყვირიან“. ყოველი კუნძული - ესაა ცალკეული რეალობის გვირაბი, რომელიც შექმნილია: ა) ჩვენი კულტურის, ბ) ჩვენი სუბკულტურის და გ) მითის შემქმნელის ან მხატვრის მიერ, რომელიც ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს და წარმოადგენს იმ ურყევ ინდივიდუალობას, რომელიც მე და თქვენ უნიკალურ ადამიანურ არსებებად გვაქცევს, და არა უბრალოდ წარმოებულ ასლებად, როგორც ჭიანჭველები თავიანთ ბუდეში.
რობერტ ანტონ ვილსონი გახლავთ ავტორი წიგნებისა: „Cosmic Trigger “, „შრედინგერის კატა“, „სექსი და ნარკოტიკები“ და კიდევ რამდენიმე წიგნი. მსგავსად მისტერ საქსონის და მისტერ ვაიტის სახელებისა, ვილსონის სახელიც არ ჩნდება ლიბერალურ ჟურნალებში, რომლებიც ამა თუ იმ ავტორის მნიშვ ნელობას განსაზღვრავენ; მიუხედავად მას მკითხველთა ფართო წრე ჰყავს სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს, ლიბერტარიანელ პოლიტიკოსებსა და ცნობიერების რევოლუციის ვეტერანებს შორის.
ვილსონს სჯერა, რომ უკვე ამ ათწლეულში შეიმნება საშუალებები, რომლებიც სიცოცხლეს გაახანგრძლივებენ, და ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ინტელექტის დონეს აამაღლებენ, 2010 წლისთვის კი მათ საყოველთაოდ გამოიყენებენ. მხარს უჭერს რა უფრო ნაკლებად რადიკალურ შეხედულებებს, ვიდრე დოქტორი სილვერსტეინი, ვილსონი არ ფიქრობს, რომ უკვდავება მიღწეულ იქნება მომდევნო საუკუნის შუა წლებზე ადრე, მაგრამ იმედოვნებს, რომ საშუალებები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ, საშუალებას მისცემენ მას, - მიაღწიოს ამ დრომდე.
ვილსონი ვარაუდობს, რომ 2028 წლისთვის კაცობრიობის დიდი ნაწილი დედამიწიდან კოსმიურ ქალაქებში გადასახლდება. იგი ასევე თვლის, რომ წარსულ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალი ინტელექტი და ცხოვრების მეტი ხანგრძლივობა საშუალებას მისცემს მათ, რომ ზე-ადამიანები გახდნენ ისტორიულ საშუალოსტატისტიკურ ადამიანთან შედარებით.
ვილსონი თვლის, რომ ამ პროგნოზების სანდოობა მტკიცდება სამეცნიერო ალბათობებით, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ამის გარანტია რაიმე უხეში ეკონომიკური ან კარმის კანონებია. იცი აცნობიერებს, რომ სწორედ იგია ამ რეალობის გვირაბის შემოქმედი, და რომ ეს გვირაბი მისმა საკუთარმა ტვინმა შექმნა და მის საკუთარ იმედებსა და სურვილებს გამოხატავს იმავე დონით, როგორც მათემატიკური ალბათობები. იგი აცნობიერებს, რომ რეალობის ეს გვირაბი მას ბედნიერს, შემოქმედებითს, რეალიზებულ და სიცოცხლით სავსე ადამიანად აქცევს.
ვილსონი თვლისლ, რომ მისი რეალობის გვირაბი სულაც არაა ნებისმიერ სხვა რეალობის გვირაბზე უფრო სულელური, არამედ პირიქით - გაცილებით უფრო საინტერესოა.
სავარჯიშოები
1. მეოთხე წრედის მოდელის გამოყენებით, სცადეთ განსაზღვროთ, როგორმა სპეციფიურმა იმპრინტებმა შექმნეს მისტერ საქსონის რეალობის გვირაბი.
2. გამოიყენეთ იგივე ანალიზი მისტერ ვაითან და მისტერ ვილსონთან მიმართებაშიც.
3. გამოიყენეთ იგი იესოსთან, ჰიტლერთან, ვოლტ ვიტმენთან და თქვენ საკუთარ მშობლებთან მიმართებაში.
4. დაწერეთ ამ თავის კრიტიკული ანალიზი ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის პოზიციით.