პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)
0
0

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანი ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი...

თავი მეშვიდე. დროთა-მაკავშირებელი დიალექტიკა: აჩქარება და შენელება

 

თავი მეშვიდე. დროთა-მაკავშირებელი დიალექტიკა: აჩქარება და შენელება

ბუნებასა და სოციალურად ორგანიზებულ მსოფლიოს შორის დიალექტიკაში ადამიანური ორგანიზმი ტრანსფორმაციას განიცდის. ამ დიალექტიკაში ადამიანი წარმოშობს რეალობას, და ამგვარად წარმოშობს საკუთარ თავს. (ბერგერი და ლოკმენი, „რეალობის სოციალური მოწყობა“)

პირველი და მეორე წრედები ევოლუციურად მდგრად სტრატეგიებს წარმოადგენენ. მილიონობით წლის მანძილზე ისინი დაახლოებით ერთი და იმავე ფორმით ფუნქციონირებენ არა მხოლოდ პრიმატებში, არამედ ყველა ძუძუმწოვარში, ასევე მრავალ სხვა სახეობაში. მესამე სემანტიკური წრედი წარმოადგენს ევოლუციურად არამდგრად სტრატეგიას. უფრო სწორი იქნება, დავარქვათ მას არა ევოლუციური, არამედ რევოლუციური.

პირველი ორი წრედი აგებულია უარყოფით უკუკავშირზე (ბიოლოგიური თვალსაზრისით). ისინი ჰომეოსტაზს ინარჩუნებენ - ანუ უცვლელად უბრუნდებიან წონასწორობის ეკოლოგიურ-ეტოლოგიურ მდგომარეობებს. უარყოფითი უკუკავშირის ფუნქცია სწორედ მდგრადობის შენარჩუნებაა.

დროთა-მაკავშირებელ სემანტიკურ წრედში მსგავსი მდგრადი უარყოფითი უკუკავშირი არ არსებობს. იგი წარმოადგენს მექანიზმს, რომელსაც კიბერნეტიკოსებმა და ბიოლოგებმა დადებითი უკუკავშირი უწოდეს. იგი არ უბრუნდება მდგრად მდგომარეობას, არამედ გამუდმებით ისწრაფვის ახალი წონასწორობისკენ უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე (უარყოფითი უკუკავშირი ფიქსირებულ მდგომარეობას უბრუნდება, როგორც თერმოსტატი. დადებითი უკუკავშირი მოძრავ მიზანს ეძებს, როგორც თვითდამიზნებადი რაკეტა).

პირველი ორი წრედი პასუხს აგებს იმ ყველაფრის შენარჩუნებაზე, რაც ადამიანში მეტ-ნაკლებად მუდმივია. ისინი ბოლომდე ციკლურები არიან და უშუალოდ უკავშირდებიან ვიკოს, ჰეგელის და სხვა მათი მსგავსი ფილოსოფოსების მიერ აღმოჩენილ ისტორიულ ციკლებს.

მესამე წრედი ყოველთვის შეკავებული და და მკაცრად შეზღუდული იყო წესებით, კანონებით, აკრძალვებით, ტაბუებით და ა.შ., რადგანაც ის ანგრევს ასეთ ციკლებს. თუკი თავისუფლებას მისცემთ მას, იგი სპირალურად და ზემოთკენ ისწრაფვის.

საზოგადოებებში, რომლებშიც მესამე, სემანტიკურ წრედს ნაწილობრივი თავისუფლება ეძლევა - მისი ბოლომდე განთავისუფლება ჯერ არცერთ საზოგადოებას არ გაურისკავს, - ეს სპირალი დაუყოვნებლივ ჩნდება. ადრე ეს ცნობილი იყო, როგორც „პროგრესი“, შემდეგ ეს სიტყვა მოდიდან გადავიდა.

ზემოთ მიმართული სპირალი („პროგრესი“) წარმოადგენს იმის მახასიათებელს, რასაც კარლ პოპერი განსაზღვრავს, როგორც „საზოგადოების აღმოჩენას“. ესაა სეკულარული, ჰუმანისტური კულტურები, რომლებიც შედარებით თავისუფალია ტაბუსგან და დოგმატიზმისგან.

ასეთი თავისუფლება დღემდე შეფარდებითია, რადგანაც მრავალი ტაბუ არაცნობიერ დონეზე „საღი აზრის“ ან „ეთიკური ნორმების“ სახის ქვეშ იმალება. ნებისმიერი, ვინც მათში დაეჭვებას გაბედავს, წარმოადგენს „ერეტიკოსს“, „მოღალატეს“ ან „უპასუხისმგებლო ფსიქოპათს“.

(როგორც დავინახავთ, რაციონალისტებს, რომლებიც შედარებით თავისუფალ საზოგადოებებში დომინირებენ, თავიანთი საკუთარი ტაბუ გააჩნიათ.)

პირველად მათემატიკური ფორმულა, რომელიც ადამიანის საზოგადოებაში ცვლილებების სიჩქარეს განსაზღვრავდა, ისტორიკოსმა ჰენრი ადამსმა შემოგვთავაზა. ნიუტონის ფიზიკის გავლენით ადამსმა ივარაუდა (სუფთა ჰიპოთეტურად: შეხსენება მათ, ვინც მის „გულუბრყვილობას“ დასცინის), რომ ენერგიის უტილიზაცია უკუპროპორციულია დროის კვადრატისა, მსგავსად იმისა, როგორც ნიუტონის გრავიტაციაა უკუპროპორციული მანძილის კვადრატისა.

ანთროპოლოგიის მაშინდელი მონაცემების საფუძველზე ადამსმა ივარაუდა, კაცობრიობამ თავის განვითარებაში დაახლოებით 90 000 წელიწადზე ცოტა მეტი გაიარა. შემდეგ მან გამოთვალა, რომ ამ დროის უმეტესი ნაწილი იმაზე წავიდა, რომ მისულიყო გალილეიმდე, მეცნიერულ მეთოდამდე, ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისამდე და უზარმაზარ ნახტომამდე ენერგიის უტილიზაციაში, რაც უკვე „თანამედროვე“ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი.

რადგანაც რიცხვი 300 წარმოადგენს კვადრატულ ფესვს 90 000-დან, ადამსმა ივარაუდა, რომ შემდეგი ძლიერი ნახტომი დაახლოებით 1900 წელს უნდა მომხდარიყო - გალილეიდან 300 წლის შემდეგ, და ზუსტად იმ დროს, როცა ადამსი ამ პროგნოზს აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ყურადღებით დააკვირდა გარშემო რეალობას, ადამსმა გადაწყვიტა, რომ ამ ნახტომს უფრო მაღალი ენერგეტიკული დონისკენ წარმოადგენენ კიურების კვლევები, რომლებმაც რადიოაქტოვობა აღმოაჩინეს. როგორც მრავალმა კომენტატორმა აღნიშნა, ადამსის წაკითხვის შემდეგ, მან ძალიან ზუსტად იწინასწარმეტყველა ჩვენი ატომური საუკუნე.

თავისი დიდი იდეით შთაგონებული ადამსი უფრო შორს წავიდა. რადგანაც რიცხვი 17 მიახლოებითი კვადრატული ფესვია 300-დან, მან იწინასწარმეტყველა, რომ შემდეგი დიდი რევოლუციური ეტაპი 1917 წლის შემდეგ დაიწყებოდა. ხოლო რადგან 17-ის მიახლოებითი კვადრატული ფესვი 4-ია, შემდეგ ნაბიჯად იგი 1922 წელს ვარაუდობდა. მისი სიტყვებით, ამ დროისთვის ჩვენს განკარგულებაში ენერგიის ამოუწურავი წყარო იქნებოდა. ზუსტად ისე ა გამოვიდა, როგორც ის წინასწარმეტყველებდა.

მიუხედავად ამისა, ჰენრი ადამსი სწორ გზაზე იდგა. უბრალოდ მისი მათემატიკა მეტისმეტად გამარტივებული იყო.

„სწორ გზაზე“ იდგა მისი ძმაც, ბრუქსი, რომელიც ასევე ეძებდა „კანონზომიერებებს“ ისტორიაში. ბრუქსმა გამოყო სქემა, რომელიც, შესაძლოა, არ არის სრულიად ჭეშმარიტი, მაგრამ ისევე მიახლოებით ჭეშმარიტია, როგორც ვიკოს, ჰეგელის, მარქსის და ტოინბის განზოგადებები. ბრუქს ადამსის აზრით, ყოველი ცივილიზაცია თავის განვითარებაში გადის ოთხ შემდეგ ეტაპს:

1. ქურუმების მიერ ცოდნის მონოპოლიზაცია. მაგალითად, როგორც ეგვიპტელი, ასევე მაიას ცივილიზაციის ქურუმები დამწერლობას ხალხისგან საიდუმლოდ ინახავდნენ.

2. სამხედრო ძალის მონოპოლიზაცია დამპყრობლების მიერ, რომლებიც საკუთარ თავს სახელმწიფოდ ან ხელისუფლებად აქცევენ. მაგალითად, „ფნანგი ნაბიჭვარი“ (ვილჰელმ დამპყრობელი, როგორც იგი ტომ პეინმა დაახასიათა) ინგლისში მოწინავე ტექნოლოგიით ჩადის - მძიმე კავალერია ადგილობრივი ქვეითი ჯარის წინააღმდეგ - და მეფედ იქცევა. მისი ნათესავები და მომხრეები კი მიწათმფლობელი ლენდ-ლორდები ხდებიან.

3. მიწის მონოპოლიზაცია ამ ლენ-ლორდების მიერ. გადასახადების (“რენტის“) აკრეფა მათგან, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს.

4. ნაციონალური ბანკების მიერ ფულის ბეჭდვის მონოპოლიზაცია. გადასახადის („მოგების“) აკრეფა ყოველ ფულად ერთეულზე, რომელიც წრებრუნვაშია გამოშვებული.

ცივილიზაციების უმეტესობას მინიმუმ სამი მაინც გაიარა ამ ოთხი ეტაპიდან, თუმცა არა ყოველთვის ამ თანმიმდევრობით. ზოგიერთმა კი ოთხივე გაიარა.

ბრუქს ადამსმა ასევე შენიშნა, რომ ცენტრალიზებული კაპიტალი (სიმდიდრე, რომელიც რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ ოჯახშია კონცენტრირებული) ადამიანის ისტორიის დოკუმენტირებული მონაკვეთის მანძილზე სტაბილურად ინაცვლებდა დასავლეთის მიმართულებით. კაპიტალის პირველი მსხვილი დაგროვება შეინიშნება შუმერებთან, შემდეგ ფულის ცენტრი თანმიმდევრულად ინაცვლებს ეგვიპტეში, საბერძნეთში, აპენინების ნახევარკურძულზე, გერმანიის გარკვეულ ნაწილებში და ლონდონში. ამ კვლევის დაწერის დროს (დაახლოებით 1900 წელს) წონასწორობა ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის მეტყეობდა, და ბრუქსის აზრით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნიუ-იორკში უნდა გადაენაცვლებინა, ბრიტანული იმპერიის დაცემასთან დაკავშირებით. მისი ვარაუდი გამართლდა. თუმცაღა ბრუქს ადამსს არ აქვს თეორია, რომელიც 6000 წლის მანძილზე კაპიტალის დასავლეთით გადანაცვლებას ახსნის. მან უბრალოდ ტენდენცია აღწერა.

ბევრის აზრით, ეს მოძრაობა კვლავ გრძელდება. მაგალითად, კარლ ოგლსბი „კოვბოების იანკებთან ომში“ ამერიკის 1950 წლის პოლიტიკას წარმოადგენს „იანკების ძველი სიმდიდრის“ (ღერძი: ნიუ-იორკი - ბოსტონი, რომელმაც ლონდონი ჩაანაცვლა 1900 წლის შემდეგ) და „კოვბოების ახალი სიმდიდრის“ (ტეხასის და კალიფორნიის ნავთობის და აეროკოსმიური მილიარდელები) ბრძოლად. 1997 წლის მდგომარეობით ჩანს, რომ კოვბოები იმარჯვებენ; ეს მოსალოდნელიც იყო, თუ ადამისისეულ კაპიტალის დასავლეთისკენ მიგრაციას საფუძვლად რაღაც რეალური „კანონი“ უდევს.

1919 წლის ერთ-ერთ ღამეს გრაფ ალფრედ კორჟიბსკის დაესიზმრა საოცრად ცხადი სიზმარი, და მას გაეღვიძა ბედნიერი ცრემლებით და მკაფიო გრძნობით, რომ სწორედ თაობიდან თაობამდე სიგნალების გადაცემა - მესამე წრედის დროთა-მაკავშირებელი ფუნქცია - განგვასხვავებს ჩვენ სხვა პრიმატებისგან.

კორჟიბსკი თავიდანვე ვარაუდობდა, რომ დროთა-დაკავშირება შესაძლებელია მათემატიკურად აღიწეროს. მოგვიანებით მან მიატოვა ეს იდეა - მისი გამოთვლები ისეთივე არაადეკვატური იყო, როგორც ჰენრი ადამსის, - მაგრამ მაინც ღირს, რომ გავჩერდეთ მათზე და დავაკვირდეთ, როგორ იყო აღმოჩენილი აჩქარების კანონი.

თავდაპირველად კორჟიბსკიმ ივარაუდა, რომ თუ ერთგვარი ჰიპოთეტური პირველი თაობის ყველა გამოგონებას, აღმოჩენას და ა.შ. P-ს დავარქმევთ, ხოლო სიჩქარეს, რომლითაც შემდეგი თაობა ამ დონეს ასწრებს - R-ს, მაშინ გამოგონებების, აღმოჩენების და ა.შ. საერთო ჯამი მეორე თაობის ბოლოს იქნება PR-ის ნაწარმოები. ალგებრული თვალსაზრისით ეს სრულიად სამართლიანია. მესამე თაობის შემდეგ ეს ჯამი იქნება PRR, ხოლო მეოთხეს შემდეგ - PRRR.

ზოგადი ფორმულა იქნება PRt, სადაც t - საწყისი ათვლის წერტილიდან აღებული თაობების რიცხვია.

ამ ფორმულის მრუდი ყოველ თაობასთან ერთად უფრო ციცაბო ხდება. კორჟიბსკიმ პირდაპირ მიანიშნა იმაზე, რასაც ერვინ ტოფლერმა მოგვიანებით „მომავლის შოკი“ უწოდა და მისი მათემატიკურად აღწერა სცადა.

ეკონომიკურ-ტექნიკურ ისტორიაში მრავალი ცვლადი სინამდვილეში კორჟიბსკის PRt ფუნქციას აკმაყოფილებს, მაგრამ არა ყველა. მათემატიკა კვლავაც მეტისმეტად მარტივი აღმოჩნდა - ყველაფერი ერთნაირი სიჩქარით ვერ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, კორჟიბსკი, ისევე როგორც ჰენრი ადამსი, ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან: აჩქარება ნამდვილად არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული დროთა-დაკავშირებასთან - თაობებს შორის სიგნალების გადაცემასთან.

ის, რაც ადამსისა და კორჟიბსკის მიერ აღმოჩენილ აჩქარებებს უდევს საფუძვლად, დღეისათვის ცნობილია, როგორც ნეგენტროპია და სტოქასტური პროცესები. ამ სფეროში ჩვენს ცოდნას უნდა ვუმადლოდეთ კვანტური ფიზიკოსის ერვინ შრედინგერის, მათემატიკოსის ნორბერტ ვინერისა და ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალისტის კლოდ შენონის თითქმის ერთდროულ (1946-1948) აღმოჩენებს.

სტოქასტური პროცესი - ესაა შემთხვევითი მოვლენების სერია, მაგრამ განსაკუთრებული სახის სერია. სტოქასტურ პროცესში გარკვეული ფაქტორი ან მოქმედება არჩევანს ახორციელებს - გამოყოფს შემთხვევით თანმიმდევრობაში პროცესს, რომელიც არაა შემთხვევითი.

პროცესი, რომელიც შემთხვევითი არაა, მათემატიკაში ცნობილია, როგორც ინფორმაცია. ინფორმაცია ასევე შეიძლება განსაზღვრებულ იქნეს, როგორც ორგანიზაცია, ანუ დაკავშირებულობა.

გრეგორი ბეიტსონმა ინფორმაცია განსაზღვრა, როგორც „სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“.

ინფორმაცია - დაკავშირებულობა - „სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“ - კორჟიბსკის დროთა-დაკავშირებულობა, - ეს ყველაფერი წინასწარგანუსაზღვრელის ასპექტებია. თუკი თქვენთვის რაღაც უკვე ცნობილია, ან იოლად შეგიძლიათ ამის წინასწარმეტყველება თქვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, მაშინ თქვენთვის ეს უკვე აღარაა ინფორმაცია. და პირიქით, თუ რაღაც არ იცით ან არ შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ, ეს - ინფორმაციაა.

ევოლუციის დინამიკა - ესაა ინფორმაციის, დაკავშირებულობის გადარჩევა შემთხვევითი მოვლენების სერიებიდან. ინფორმაციის გაჩენის უხეშ ილუსტრაციად შეიძლება ეს სამი ლექსი გამოგვადგეს:

ვარდები წითელია, იები - ლურჯია, შაქარი - ტკბილია, და შენც.

თუკი მკითხველი ამერიკულ-ინგლისური კულტურისგან შედარებით იზოლაციაში არ გაიხზარდა, ეს ლექსი მისთვის ძალიან ცოტა ინფორმაციას შეიცავს. მისი ყოველი შემდგომი ხაზი ადვილად პროგნოზირებადია. ახლა წაიკითხეთ შემდეგი:

ვარდები წითელია, ტუში - შავია, კეთილი ინებე და დაჯექი ლურსმანზე.

ეს უხეში ხუმრობა (სკოლის წარმოშობის) უფრო მეტ ინფორმაციას ატარებს უფრო მეტი მკითხველისთვის, რადგან იგი უფრო ნაკლებად პროგნოზირებადია. ინფორმატიულობის კიდევ ერთი ნახტომი ჩნდება შემდეგ ვარიანტში, რომელიც სტივ ალენს ეკუთვნის:

ვარდები წითელია, იები - ლურჯია, შენ რითმებს ელი, მაგრამ ისინი არ იქნება.

ამ ლექსის იუმორისტული წინასწარგანუსაზღვრელობა მათემატიკური თვალსაზრისით მეტად ინფორმატიულია, ვიდრე ის ადვილად პროგნოზირებადი ლექსი წმინდა ვალენტინის დღისთვის, რომლითაც დავიწყეთ. თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ, დავუბრუნდეთ ბეიტსონის ელეგანტურ გამარტივებას: „ინფორმაცია - ესაა სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“.

მათემატიკაში ინფორმაცია ასევე ცნობილია, როგორც ნეგატიური (უარყოფითი) ენტროპია - ან ხშირად გამოყენებული შემოკლება - ნეგენტროპია.

ენტროპია - ესაა სისტემის სიმკვდარის დონე. ნეგენტროპია ანუ ინფორმაცია - ესაა სისტემის გაცოცხლებულობის დონე.

ევოლუცია ყოველთვის განისაზღვრება მინიმუმ ორი სტოქასტური პროცესით, რომელთაგანაც თითოეული სხვისი (სხვების) „სელექტორის“ (ამომრჩევლის) როლს ასრულებს. არაცოცხალ სისტემებში, სადაც მსგავსი „სელექცია“ არ არსებობს, ენტროპია (გადახლართულობის უკმარისობა) სტაბილურად იზრდება, როგორც ნათქვამია ცნობილ თერმოდინამიკის მეორე კანონში. ცოცხალ სისტემებში, სტოქასტური სელექციის წყალობით, სტაბილურად იზრდება ნეგენტროპია (ინფორმაცია). შრედინგერის თქმით, „სიცოცხლე იკვებება ნეგატიური ენტროპიით“. სიცოცხლე - ესაა გადახლართულობის მოწესრიგების, არჩევისა და განსაზღვრის პროცესი.

თუ მეტაფიზიკაში არ გადავვარდებით, მაშინ სიცოცხლე (ევოლუცია) ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს ყოველთვის ისწრაფვოდეს უფრო მაღალი გადახლართულობისკენ, ანუ უფრო მაღალი გონიერებისკენ.

ეს პროცესი ჩქარდება, რამეთუ, როგორც მათემატიკურად შენონმა დაამტკიცა, იგი ლოგარითმულია. მრუდი, რომელიც ლოგარითმულ დამოკიდებულებას შეესაბამება, ზემოთ უფრო ციცაბოდ მიდის, რაც უფრო დიდია არგუმენტის მნიშვნელობა.ლ

ამგვარად, აჩქარება, რომელიც ადამსმა და კორჟიბსკიმ შეამჩნიეს, წარმოადგენენ კაცობრიობის წვლილს პროცესში, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა ევოლუციაში.

ადამიანური შემადგენელის აჩქარება უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანამდელი ავოლუციური შემადგენელის აჩქარება, რადგან მესამე, სემანტიკური წრედის და მისი სიმბოლოების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ინფორმაცია (ნეგატიური ენტროპია - გადახლართულობა) თაობიდან თაობას გადავცეთ.

მსოფლიო სიმდიდრე „რეალური კაპიტალის“ სახით (მოქმედი საწარმოები, ამ დროისთვის ცნობილი დაბადების ადგილები და ა.შ.) ყოველ თაობაში ორმაგდებოდა მას შემდეგ, რაც ეკონომისტებმა მეთვრამეტე საუკუნეში სტატისტიკის დამუშავება დაიწყეს.

საიდან მოდის ეს სიმდიდრე? ორთოდოქსული ეკონომისტების აზრით, იგი მოდის მიწისგან, შრომისგან და კაპიტალისგან. მარქსისტების აზრით, იგი მოდის მხოლოდ მიწისგან და შრომისგან, ხოლო კაპიტალისტი წარმოადგენს ქურდს, რომელმაც ამ პროცესში ბუღალტერული აღრიცხვის ხელოვნური სისტემა ჩასვა. ერთნიც და მეორენიც ცდებიან. მიწა და შრომა, ან მიწა, შრომა და კაპიტალი ვერ წარმოშობენ ახალ სიმდიდრეს, თუკი ისინი ორგანიზებულნი არიან ცრუ იდეის გარშემო, მაგალითად ისეთის, როგორიცაა - ნავთობის ძიება იქ, სადაც ის არაა. სიმდიდრის ნამდვილი წყარო - ესაა სწორი იდეები, სიცოცხლისუნარიანი იდეები, ანუ ნეგატიური ენტროპია (ინფორმაცია).

ამ გადახლართული (სიცოცხლისუნარიანი) იდეების წყაროს კი წარმოადგენს ადამიანის ნერვული სისტემა. მთელი სიმდიდრე წარმოიშობა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თავიანთ ნეირონებს გონივრულად იყენებენ.

ერთხელ ნევროზიანი ახალგაზრდა ძენის ოსტატთან მივიდა და ჰკითხა, როგორ მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე.

„როგორ შეიძლება რამე არ გყოფნიდეს, - ჰკითხა მას როსიმ (ძენის ოსტატმა), - როცა მსოფლიოში უდიდეს საგანძურს ფლობ?“

„რა არის ეს უდიდესი საგანძური?“ - ჰკითხა გაკვირვებულმა ახალგაზრდამ.

„ადგილი, საიდანაც ეს კითხვა მოდის, მსოფლიოში უდიდესი საგანძურია“, - თქვა ოსტატმა (უნდა აღვნიშნოთ, რომ მან ეს ძენის ოსტატებისთვის სრულიად არადამახასიათებელი გარკვევით თქვა).

რა თქმა უნდა, იყო რა ბუდისტი, ოსტატმა სიღარიბის აღქმა დადო და იმისგან სრულიად განსხვავებულ რამეს გულისხმობდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ მან იცოდა, რომ მთელი ჩვენი გამოცდილება ჩვენს ტვინშ იბადება - ტკივილო და შფოთვა, ნეტარება და ექსტაზი, ყველა უმაღლესი ევოლუციური ხედვა და დროის-მიღმა განცდა, და ა.შ. ტვინი ასევე წარმოადგენს „მსოფლიოს უდიდეს საგანძურს“ მატერიალური ეკონომიკის თვალსაზრისითაც: მასში იბადება ყველა იდეა, რომლებიც პოულობენ რა გამოყენებას სოციუმში, სიმდიდრედ იქცევიან: გზები, მეცნიერული კანონები, კალენდრები, ფაბრიკები, კომპიუტერები, წამლები, ურიკები, ავტომობილები, რეასქტიული თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები...

თუ ამ წიგნს უდაბნოში არ კითხულობთ, მოწყდით გვერდს და მიმოიხედეთ გარშემო. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ვინც არ უნდა „ფლობდეს“ ამას თეორიულად, წარმოადგენს დროთა-მაკავშირებელ შედეგს იმ მატერიალიზებული ან გამოვლენილი იდეებისა, რომლებიც ადამიანთა შემოქმედებით გონებებში დაიბადა. ეს ყველაფერი ნეგატიური ენტროპიაა. ურთიერთ-გადახლართული წესრიგია.

და ეს სისტემა კიდევ უფრო მეტი გადახლართულობისკენ მოძრაობს უწყვეტად მზარდი ტემპით.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ უდაბნოში იმყოფებით, ასევე დაინახავთ გადახლართულ წესრიგს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ცვლილების ტემპი მეტი გადახლართულობის მიმართულებით გაცილებით ნაკლებია. ანუ ის სტოქასტური პროცესები, რომლებსაც ჩვენ გენეტიკურ დრეიფს, ევოლუციას და ა.შ. ვეძახით, უმაღლესი წესრიგისკენ უფრო ნელა ისწრაფვიან, ვიდრე ის სტოქასტური პროცესები, რომლებსაც ადამიანის აზრს, გამოგონებას, კულტურას და ა.შ. ვუწოდებთ (აი, რატომაა ასე რთული თანხმობის მიღწევა ბუნებრივი პროცესების გონივრულობის საკითხებში. როგორც ბეიტსონი აღნიშნავს, თუკი ვივარაუდებთ, რომ ყოველი მოწესრიგებადი პროცესი გონივრულია, მაშინ ბიოსფერო მართლაც გონივრული გამოდის; მაგრამ თუკი სიტყვა „გონივრულს“ მხოლოდ იმ მოწესრიგებად პროცესებს ვუწოდებთ, რომლებიც იგივე სიჩქარით მიმდინარეობენ, რომლითაც ჩვენი ტვინი ფუნქციონირებს, მაშინ ბუნება უბრალოდ მექანიკურია, და არა გონივრული. იმ უცხოპლანეტელისთვის, რომლის დროის აღქმაც ჩვენისგან განსხვავდება, ეს საკითხი საერთოდ არასოდეს დადგებოდა.)

უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც ადამიანურ სამყაროში აღვიქვამთ, შედგება კონკრეტიზებული იდეებისგან ზემოთ აღნიშნული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დააკვირდით ადამიანთა საზოგადოებას; თქვენ ხედავთ ისტორიულ ადამიანის ტვინს, რომელიც თავს გარეთ ავლენს.

რა თქმა უნდა, ყველა იდეა ერთნაირად კარგი არაა. შესაბამისად, ყველა გამოვლენილი იდეა (ადამიანის ქმნილებები ბიოსფეროში) ერთნაირად კარგი არაა.

აი, რატომ სცადა წინა საუკუნეში ჯონ რასკინმა სიმდიდრის (ინგლ. Wealth) და სიღატაკის (ინგლ. Illth) ერთმანეთისგან განსხვავება. ეს განსხვავება არ იქნა მიღებული და არ შევიდა ენაში, რადგან იმ დროს ადამიანები არ იყვნენ ამისთვის მზად.

სიმდიდრე, რასკინის აზრით, იმ ყველა არტეფაქტისგან (კონკრეტიზებული იდეისგან) შედგება, რომლებიც აუმჯობესებენ ადამიანთა ცხოვრებას, ან ცხოვრებას ზოგადად. სიღატაკე შედგება იმ არტეფაქტებისგან, რომლებიც ანადგურებენ ან აუარესებენ ცხოვრებას. ფაბრიკა, რომელიც ჰაერს ან წყალს აბინძურებს, ამ თვალსაზრისით სიღატაკეს წარმოადგენს, ისევე, როგორც ბომბი, მახვილი, პისტოლეტი, ტანკი ან ნერვულ-პარალიზური გაზი.

ბრუქს ადამსის მიერ კაპიტალის დასავლეთისკენ მიგრაცია ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სიმდიდრის, ასევე სიღატაკის მიგრაციას.

ცხადია, რომ პრიმიტიულ პლანეტარულ პირობებში - შეზღუდულ სივრცეში და შეზღუდულ რესურსებში - სიღატაკე აუცილებლად ითვლებოდა სიმდიდრის დასაცავად. მოშინაურებული პრიმატების ტერიტორიული პოლიტიკა ბევრ რამეში ჰგავს ყველა დანარჩენი ძუძუმწოვრის ტერიტორიულ პოლიტიკას. უბრალოდ პრიმატებს უკეთ აქვთ განვითარებული მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის უნარი. თავიდან ეს საჭირო იყო გადარჩენისთვის - ევოლუციის წარმატების ფარდობითობა, - რადგანაც პრიმატები, სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ამქვეყნად ფიზიოლოგიური „ჩაშენებული“ იარაღის (ეშვების, ბრჭყალების, რქების და ა.შ.) იბადებიან.

გონების საუკუნიდან (XVIII საუკუნიდან) დაწყებული სიმდიდრის (ცხოვრების გამაუმჯობესებელი იდეების გამოვლინების) ექსპონენციალური ზრდა ასევე იწვევდა უფრო და უფრო მეტ უტოპიურ ოცნებას. ამავდროულად, სიდიდით მსგავსი და ნიშნით საპირისპირო სიღატაკის ზრდა იწვევდა უფრო და უფრო მეტ ანტიუტოპიურ და აპოკალიპსურ შიშებს.

dollar

(კაპიტალი უდრეკად მოძრაობს დასავლეთისკენ, რადგან ახალი იდეები ყოველთვის ტალღის ქიმზე ჩნდებიან)

ნებისმიერი ვარაუდი მომავალთან დაკავშირებით - უტოპიური თუ ანტიუტოპიური - ყოველთვის ეფუძნება ევოლუციის დომინანტი ფაქტორის შესახებ წარმოდგენას. მთელი ეს წიგნი, და არა მხოლოდ ეს თავი, დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ევოლუციის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს სიმდიდრის წარმოშობის უნარი (გადახლართულობის უმაღლეს დონემდე სწრაფვა). სიღატაკის წარმოშობის უნარი - ძუძუმწოვრების გადარჩენის არქაული სისტემაა, რომლის საჭიროებაც სწრაფად მცირდება.

ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრის კონცენტრირება (რეალური კაპიტალისა და იმ იდეებისა, რომლებიც ახალ კაპიტალს წარმოშობენ) დღეისათვის უფრო მეტი კონცენტრაციით გვხვდება ევოლუციურად განვითარებულ ნერვულ სისტემებში.

კალიფორნიაში, ორეგონში, ალიასკაზე, ბრიტანულ კოლუმბიაში, არიზონაში, ტეხასში, ჰავაის კუნძულებზე, იაპონიასა და ყველგან - წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება, 2000, 2010, 2050 წლების მსოფლიო იქმნება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ გიგანტური ნეიროლოგიური რევოლუციის ვეტერანებს - 1960-იანების ფსიქოდელიურ პიონერებს, 1950-70-იანების ცნობიერების მოძრაობის „კურსდამთავრებულებს“, თანამედროვე ფსიქოლოგიის უძველეს აღმოსავლურ სიბრძნესთან გამაერთიანებლებს.

მერილინ ფერგიუსონი, ამ მოძრაობის წარმომადგენელი, მას მერწყულის შეთქმულებას უწოდებს. ტომ ვულფი, დროში მოგზაური ნიუ-იორკიდან, ანუ ნეიროლოგიური წარსულიდან, კულტურიდან, რომელიც 1950 წლამდე ფორმირდა, მათ „მე“-ს თაობას უწოდებს.

ეს „მე“-ს თაობა დროებით წარმოადგენს დროთა-მაკავშირებელი ფუნქციის უმაღლეს მნიშვნელობას. უდრეკად მიემართებიან რა დასავლეთისკენ, შორს ტრადიციებისგან, დოგმისგან, ისინი წარმოადგენენ პროდუქტებს - როგორც ედმუნდ ბერკმა თქვა პირველ ამერიკელებზე - „უთანხმოებისა არ-დამთანმხლებლებს შორის და პროტესტანტიზმს პროტესტანტებს შორის“. ყოველი ერესი, რომელიც ევროპას ტოვებდა, სიცოცხლეს აძლევდა ახალ, კიდევ უფრო ველურ ერესებს აღმოსავლეთ სანაპიროზე 1600-1800 წლებში. ისინი, ვინც „მეტისმეტად გამოირჩეოდნენ“, იძულებულნი იყვნენ კიდევ უფრო შორს გადასულიყვნენ დასავლეთით, და ათასობით უტოპიურ კომუნას წარმოქმნიდნენ (ანარქისტები, ევანგელისტები, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები და ა.შ.), რომლებიც XIX საუკუნის შუაში მოდებულნი იყვნენ მთელ შუა დასავლეთში. ისინი, ვინც კიდევ უფრო მეტად „გამოირჩეოდნენ“, - სრულიად არატრადიციულები, - უკანასკნელ 30-70 წელს დასავლეთისკენ კიდევ უფრო შორს წავლიდნენ.

ამ მიგრაციის აზრი გამოცანაა აღმოსავლური შტატებისთვის და კიდევ უფრო მეტი აგამოცანა - ევროპელებისთვის.

კიდევ უფრო იდუმალი ეს მოვლენა მაშინ გახდა, როცა მან წყნარი ოკეანის სანაპიროს მიაღწია და ურთიერთქმედება დაიწყო ისეთ აღმოსავლურ ნეირო-მეცნიერებებთან და ტვინთან მუშაობის ისეთ ხელოვნებებთან, როგორებიცაა იოგა, დაოსიზმი და ძენი.

მან მთლიანად შთანთქა აღმოსავლური გაკვეთილები, და ამავდროულად შეინარჩუნა თავისი დასავლური არსი. იგი დასავლურად დარჩა - უთანხმოება არ-დამთანხმებლებს შორის და ა.შ., - და უკანასკნელი ორი-სამი ათწლეულია ძალას იკრებს და მიმართულებას განსაზღვრავს.

მისი მიზანია - უმაღლესი გადახლართულობა უმაღლეს გონთან.

ეს ძალაუფლების ახალი ელიტაა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, მერწყულის ეპოქის ამ შეთქმულებმა 1960-იანების ახალგაზრდული რევოლუცია მოახდინეს, რომელმაც ყველა გადაჭარბების და შეცდომის მიუხედავად შეცვალა და გააუმჯობესა კავშირი: „სტუდენტი - ადმინისტრატორი - მასწავლებელი“ ჩვენს უნივერსიტეტებში; ჯანსაღი ჰედონიზმის გარკვეულ რაოდენობას საშუალება მიეცა, რომ ჩვენს პურიტანულ კულტურაში შემოეღწია; იმპორტირებულ იქნა ათეული აღმოსავლური ნეირო-მეციერება (და სამწუხაროდ ორი ათეული აღმოსავლური სისულელე); მოხდა ეკოლოგიური მოძრაობების ინიცირება (პირველი აღიარება სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის პლანეტარული მასშტაბით); ხელახლა ააღორძინეს ნამდვილი სიყვარული ველური ბუნებისადმი; შთააგონეს მოქნილი სამუშაო გრაფიკის იდეა და სხვა ნოვაციები, რომლებიც ადამიანს ეკონომიკური რობოტიზაციისგან ათავისუფლებენ; სათავე დაუდეს ქალების, გეების, ბავშვების ემანსიპაციის მოძრაობებს და ხელი შეუწყვეს შავკანიანების განთავისუფლებას; შეაჩერეს ვიეტნამის ომი; გაავრცელეს ჩვენს კულტურაში ქოლისტური მედიცინა და გააკეთეს კიდევ ბევრი სხვა რამ.

იგივე ჯგუფი ამჟამად ხელმძღვანელობს კომპიუტერულ რევოლუციას; გზას უკვლევს კოსმოსურ მიგრაციას; ხელს უწყობს შიმშილობისგან განთავისუფლების პროექტს, რომელსაც დღესაც კი შეუძლია პლანეტის ყველა მოშიმშილე დააპუროს; წარმოადგენს სიცოცხლის დღეგრძელობის რევოლუციის და უკვდავების ძიების ავანგარდს და კიდევ ბევრ სხვა რამესაც აკეთებს.

და ყველანი ისინი ცხადად აცნობიერებენ საკუთარ თავს გონების იმ ინტენსიფიკაციის ფეთქებადი პროცესის მონაწილეებად, რომელიც ამ წიგნის მთავარ იდეას წარმოადგენს.

„დასავლური პროგრესიზმის“ ეს ტიპი (ან უტოპიზმი) ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა და ბევრ რამეში ებრაელებს უნდა უმადლოდეს. აი, რატომ ქადაგებს ყველა რეაქციონერი ინტუიტიურად ანტისემიტიზმს. როგორც ამ ტრადიციის შესახებ უილიამ ბლეიკი წერდა:

წინასწარმეტყველები ესაია და იეზეკილი ჩემთან ტრაპეზს იყოფდნენ, და მე ვკითხე, თუ როგორ გაბედეს მათ იმის მტკიცება, რომ მათთან ღმერთი ლაპარაკობდა, და ხომ არ ეშინოდათ, რომ არასწორად იქნებოდნენ გაგებულნი და შეცდომაში შეიყვანდნენ ადამიანებს.

ესაიამ უპასუხა: „მე არ გამიგია ღმერთის ხმა ყურებით, და არ მინახავს იგი თვალებით, მაგრამ ჩემმა გრძნობებმა უსასრულობა მოიპოვეს ყველაფერში, და მე ვირწმუნე, რომ ჭეშმარიტი რისხვის ხმა - ღმერთის ხმაა. მე არ მიფიქრია შედეგებზე, მაგრამ წიგნი დავწერე“.

„ყველაფერში უსასრულობის“ დანახვა დამახასიათებელია როგორც დასავლეთისთვის, ასევე აღმოსავლეთისთვის; მაგრამ ებრაელებისგან მემკვიდრეობით მიღებული განმასხვავებელ დასავლურ შტრიხი - ესაა „გულწრფელი რისხვის ხმა“ ნებისმიერ ინსტიტუტთან მიმართებაში, რომელიც უარყოფს ან აკნინებს უსასრულობას, რომელიც ყოველი ადამიანის სულშია. ჩვენი ადამიანური პოტენციალის სრული გამოთავისუფლება, პრომეთეს სინათლის დანთება ყველგან - ესაა დამახასიათებელი დასავლური მისტიკური ტრადიციისთვის, რაც არ გვხვდება არც ინდუიზმში, არც ბუდიზმში, არც დაოსიზმში და არცერთ სხვა აღმოსავლურ რელიგიაში.

ტომას ჯეფერსონმა თავისი იდეა - „ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი“ - განავითარა ყოველ ადამიანში უსასრულობის აღქმის საფუძველზე, რომელიც მან შოტლანდიელი ფილოსოფოსებისგან - რეიდისგან და ჰატჩესონისგან ისწავლა. შოტლანდიური განმანათლებლობა, ისევე, როგორც ფრანგული და ინგლისური, გახდა დასაწყისი ღვთის სასუფევლის შესახებ იუდეურ-ქრისტიანული ოცნების მატერიალიზაციისა და გამოვლინებისა.

XVIII საუკუნის სწორედ ამ ილუმინატურ წრეებში გაჩნდა პროგრესის კონცეფცია, რომელმაც ცნობიერად ააღორძინა პრომეთეს სიმბოლიზმი. ბოლო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამ იდეას იმდენჯერ დაესხნენ თავს, რომ მისი დაცვა მკითხველს შესაძლოა არქაიზმად და ექსცენტრულობად მოეჩვენოს.

მიუხედავად ამისა, ევოლუცია რეალურია: კვანტური ნახტომები რეალურად ხდება როგორც ბიოსფეროში, ასევე ადამიანის ინტელექტუალურ ისტორიაში. ჩვენ მზარდი გაცნობიერებულობის და გონივრულობის ტალღის ქიმზე მივექანებით, რომელიც უფრო სწრაფად მოძრაობს, მიუხედავად ჩვენი ნებისა.

ადამიანთა უმეტეს ნაწილს - განსაკუთრებით მმართველი ელიტის უმეტეს ნაწილს - არ მოსწონს ეს აჩქარება. კაპიტალის (ანუ იდეების) მიგრაცია დასავლეთის მიმართულებით ბევრ რამეში გახლდათ ჩაგვრისგან გაქცევა, ესკეიპისტური მოძრაობა (დღეს ზოგიერთი ესკეიპიზმს ეძახის ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების მისწრაფებას). ყველგან და ყოველთვის, ისინი, ვინც საზოგადოებას მართავენ, ცდილობდნენ დაემუხრუჭებინათ მესამე წრედის საქმიანობა, შეენელებინათ აჩქარება, შეეზღუდათ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება, სიტყვის და აზრის თავისუფლებაც კი.

ბერძნული მითი მიჯაჭვულ პრომეთეზე - ტიტანზე, რომელსაც სინათლე მოჰქონდა კაცობრიობისთვის და ამის გამო მარადიული ტანჯვა მიესაჯა, - ესაა ძალიან ზუსტი სიმბოლო იმისა, თუ როგორ ეპყრობიან მესამე წრედს ადამიანთა საზოგადოებების უმეტესობაში.

თავისებური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება საზოგადოებების უმეტესობაში მეოთხე - სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტირება, - ესაა უცნაური ტაბუები, რომლებიც ჩვენ ყველას, ნებისმიერ ტომში გვბოჭავენ, რამდენად „განვითარებულიც“ არ უნდა ვიყოთ ტექნოლოგიურად, - ასევე წარმოადგენს აჩქარება - შენელების დიალექტიკის ნაწილს.

მეოთხე წრედის იმპრინტირება ძირითადად გამოიყენება მუხრუჭის სახით, რომელიც დროთა-მაკავშირებელი სემანტიკური წრედის თავისუფალ აქტივობას ზღუდავს.

სწორედ ამაში მდგომარეობს ტაბუსა და „მორალის“ ისტორიული ფუნქცია.

სავარჯიშოები

1. შეადარეთ ჩვ. წ. აღ-მდე IV საუკუნის საბერძნეთი, ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის რომი, სამხრეთ ევროპა რენესანსის პერიოდში, 1600-1900 წლების ინგლისი, 1900-1950 წლების ნიუ-იორკი და დღევანდელი კალიფორნია. განსაზღვრეთ შეფარდება სიმდიდრის დაგროვებასა და ერესის, ნოვაციების, აღმსარებლობების, „გიჟების“, პიონერების, გამომგონებლების და ა.შ. დაგროვებას შორის.

2. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ცენტს დებთ ჭადრაკის დაფის პირველ უჯრაზე, ორ ცენტს - მეორეზე, ოთხს - მესამეზე, და ა.შ. რამდენი ცენტი უნდა დადოთ სამოცდამეოთხე უჯრაზე? სწორედ ასე მოქმედებს დროთა-დაკავშირება შედარებით გახსნილ საზოგადოებებში.

3. წაიკითხეთ ბრალდება, რომელიც იმ დროის ორთოდოქსულმა მეცნიერებამ გალილეის წაუყენა.

4. წაიკითხეთ ბრალდება, რომელიც ბეთჰოვენს, პიკასოს და ჯოისს წაუყენეს, მათ, ვინც კარგად იცოდა, როგორი უნდა იყოს მუსიკა, მხატვრობა და ლიტერატურა.

5. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა აღწერილი 1997 წლის „Scientific American”-ში 1997 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერული იდეები, ან იქნებ 2017-ში?

6. გაარკვიეთ, რამდენი წელი გავიდა აინშტაინის სამუშაოების პუბლიკაციებს და ფარდობითობის სპეციალური თეორიის წარდგენასა და ამ თეორიის ფიზიკოსების უმეტესობის მიერ მიღებას შორის?

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff