პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)
0
0

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანი ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი...

თავი მეცხრამეტე. პრომეთეს აღზევება

 

თავი მეცხრამეტე. პრომეთეს აღზევება

ჩვენ დროსა და სივრცეში ვვითარდებით არა კაპიტალიზმის ან სოციალიზმის წყალობით, არამედ მათ ჯიბრზე. მემარჯვენე/მემარცხენე კაპიტალისტურ/სოციალისტური ისთებლიშმენტი ფსიქოლოგიურად არაა მზად დროსა და სივრცეში ჩვენი ახალი მდგომარეობისთვის (P.M. Esfandiary, Upwingers)

პატანჯალის თანახმად, არსებობს იოგას შვიდი შტო, ან როგორც ჩვენ ვიტყოდით - იოგას შვიდი საფეხური ან სტადია.

პირველ მათგანს ეწოდება ასანა და მდგომარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძრავი პოზის შენარჩუნებაში (როგორც წესი, მჯდომარე). ჩვენს ენაზე თუ ავხსნით, ესაა ბიოგადარჩენის წრედის სტაბილიზირების მცდელობა მისი მონოტონურობაში ჩაძირვით. თქვენ ზიხართ, ზიხართ, ზიხართ და ზიხართ, სანამ „შინაგან სიმშიდეს“ არ მიაღწევთ, რაც ნიშნავს „არაცნობიერი“ ანუ შეუმჩნეველი ბიოგადარჩენითი მღელვარების ყველა ფონური შრის ატროფიას.

სხვა სკოლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ასანა ასეთი მონოტონურია და ნელა მოქმედებს, ასევე იმის გამო, რომ მოშინაურებულ პრიმატებში ასეთი პოპულარულია ომი (ცხოველური ბრძოლა ტერიტორიისთვის, მეორე წრედი), გამოიყენება ბიოგადარჩენის წრედის სტაბილიზაციის ალტერნატიული მეთოდი - საბრძოლო ხელოვნებები. აიკიდო, ძიუდო, კარატე - ბიოგადარჩენის წრედის რეპროგრამირების ყველა ეს მეთოდი სათავეს იოგას მისტიკურ სკოლებში იღებს.

მეორე ნაბიჯს კლასიკურ იოგაში, პატანჯალის თანახმად, წარმოადგენს პრანაიამა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ამ სუნთქვითი ტექნიკის ეფექტურობა მეორე წრედის ემოციური პროგრამების დამშვიდებისა და შერბილების მხრივ. (მალე თქვენ ასევე დაინახავთ, რომ იოგა, მსგავსად ტვინების გამორეცხვისა, მოქმედებს ქვემოდან ზემოთ, უფრო ძველი და პრიმიტიული წრედებიდან დაწყებული).

მესამე ნაბიჯი იოგაში - ესაა დჰარანა ან მანტრა. დჰარანა მდგომარეობს წარმოსახვაში ფორმირებულ ცალკე ხატ-სახეზე კონცენტრირებაში - მაგალითად, წითელი სამკუთხედის მკაფიო ხატ-სახეზე, და ყველა იმ დანარჩენი ხატ-სახეების, ვერბალიზაციის ან შთაბეჭდილების უმოწყალოდ მოშორებაზე, რომლებიც ცნობიერების ეკრანზე ჩნდებიან. პრაქტიკაში ბევრისთვის ეს შეუძლებელია, ამიტომ მასწავლებლების უმეტესობა დჰარანას მანტრით ცვლის - კონცენტრაციით ცალკეულ წინადადებებზე, როგორც წესი უაზროზე, მაგალითად, „ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე“, „აუმ ტატ სატ აუმ“ ან ნებისმიერი სხვა. ნებისმიერი ეს პრაქტიკა, დჰარანა ან მანტრა, თუკი საკმარის დროს დაუთმობთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მესამე წრედის „შინაგან მონოლოგს“ აჩერებს.

მათ აღმოსავლურ მისტიკურ ექვივალენტს წარმოადგენს კაბალა, ყველაზე რთული „ებრაული ხუმრობა“, რაც კი ოდესმე მოუგონიათ. მოკლედ რომ ვთქვათ, კაბალა ბოლომდე ღლის მესამე, სემანტიკურ წრედს, და აიძულებს მას, რომ გადაულახავი ნუმეროლოგიური და ვერბალური ამოცანები გადალახოს. შორეული აღმოსავლეთის ექვივალენტი - ძენის კოანი, რომელიც იმავე მიზანს ემსახურება, რასაც კაბალა, მაგრამ ნაკლებად მანიაკალური სისტემატიზმით: „როგორი ხმა აქვს ერთი ხელისგულის ტაშს?“ ძენში კოანების შესრულებას ყოველთვის თან ახლავს ძა-ძენი („მჯდომარე ძენი“) - ასანას, (პირველი წრედის გამწმენდის) გაერთიანება სუნთქვის თვლასთან (პრანაიამას ერთ-ერთ სახესთან, რომელიც მეორე წრედს არბილებს).

როცა მოსწავლე ასანას, პრანაიამის და დჰარანას ან მანტრის მეშვეობით საკმარისად დისტანცირდება პირველი წრედის მღელვარებისგან, მეორე წრედის ემოციისგან და მესამე წრედის რეალობის რუკებისგან, პატანჯალი იძლევა იამას პრაქტიკაზე გადასვლის რეკომენდაციას, რომელიც უქორწინობის აღქმასაც მოიცავს. იამას საბოლოო მიზანი - ესაა ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა მეოთხე წრედის სოციალური და სექსუალური ასპექტებისადმი; ყოველგვარი ზრუნვის შეწყვეტა ოჯახურ და საზოგადოებრივ საქმეებზე. ამის მწვერვალს წარმოადგენს თვითუარყოფა, რაც უფრო ადვილად მიღწევადია მათთვის, ვისაც უკვე გააჩნია ასანას, პრანაიამას და დჰარანას უნარები, მაგრამ მაინც მოითხოვს უზარმაზარ შეუპოვრობას.

ზოგიერთი მიმართავდა პატანჯალის შემდგომ აღმოჩენილ, ან მისთვის უცნობ ეშმაკობას, - და გამოქვაბულებში იკეტებოდა. მსგავსი იზოლაცია, როგორც უკვე აღინიშნა, შესანიშნავად ეხმარება ოთხივე ჰომინიდური წრედის აქტივობისგან განთავისუფლებაში.

ალტერნატივას მათთვის, ვისაც ნაკლებად იზიდავს ცელიბატის ან განდეგილობის პერსპექტივა, წარმოადგენს ტანტრა, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთში პატანჯალის დროს გამოიგონეს. მისი არსი იმაშია, რომ ფორმალური, ფიზიოლოგიური და „მაგიური“ (თვითჰიპნოზური) აფეთქების მეშვეობით (გახანგრძლივებულ) სექსუალურ აქტში მეოთხე წრედის ცნობიერება გარდაიქმნება მეხუთე წრედის ნეიროსომატურ ნეტარებად.

მათთვის, ვინც პატანჯალის ორთოდოქსულ გზას მიჰყვება, მეხუთე წრედი იმპრინტირდება ნიიამათი - „ზე-კონტროლით“ ან „კონტროლის არ-არსებობით“ - განზრახვითი სპონტანურობის პარადოქსული მდგომარეობით. ნიიამას სწავლება შეუძლებელია; იგი მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეიცნობა. იგულისხმება, რომ ბიო-ენერგია სადღაც უნდა გამონთავისუფლდეს, ამიტომ, როცა მას პირველი წრედიდან დევნიან ასანას მეშეობით, მეორედან - პრანაიამას მეშვეობით, მესამედან - დჰარანას ან მანტრის მეშეობით და მეოთხედან - იამას მეშვეობით, იგი აფეთქების სახით მიემართება ზემოთ, მეხუთე წრედის ნეიროსომატური გასხივოსნებისკენ.

მეექვსე ნაბიჯი პატანჯალის მიხედვით - ესაა დჰიანა. ეს სიტყვა მხოლოდ მიახლოებით შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც „მედიტაცია“. სინამდვილეში დჰიანა - ესაა გაერთიანება ობიექტთან, რომელიც ცნობიერების ეკრანზეა, ანუ სრული გაცნობიერება გამოთქმისა, რომ ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურები არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა მეტაპროგრამირების წრედის გახსნა. დჰიანას ობიექტის როლი შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა რამემ; იოგები საუბრობენ დჰიანაზე ხესთან ან ძაღლთან მიმართებაში, ხოლო ხუან მატუსი - მექსიკელი შამანი კასტანედას წიგნებიდან - კოიოტთან ან ვარსკვლავთან შერწყმაზე.

მეშვიდე ნაბიჯი იოგაში - ესაა სამადჰი. ეს სიტყვა შედგება ფუძეებისგან: სამ („კავშირი“, ფუძე, რომელიც ენათესავება ბერძნულ „სინ“-ს) და ადჰის, უფალი (ფუძე, რომელიც ენათესავება ივრითულ ადონაის და ბერძნულ ადონისს). აქ პატანჯალის და მის მიმდევრებს შორის დიდი სხვაობა ჩნდება მოსაზრებებში: ზოგიერთი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი სამადჰი, სხვები - რომ სამადჰი შეიძლება არსებობდეს ორი, სამი ან მეტი. რადგანაც სამადჰი შეესაბამება ნეიროგენეტიკური წრედის გახსნას და იმპრინტირებას, ჩვენ უნდა შევჩერდეთ იმაზე, რომ არსებობს რამდენიმე სამადჰი, იმის მიხედვით, თუ რამდენი ღვთაებრივი არქეტიპია იმპრინტირებული გენეტიკური არქივებიდან. კათოლიკე მისტიკოსები სამადჰის ღვთისმშობელზე კონცენტრაციით აღწევენ, სუფიები. -ალაჰზე, ალისტერ ქროული - პანზე, და ა.შ.; გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია იმპრინტირებულ იქნეს მერვე წრედის კოსმიური ინფორმაციული ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩავერთოთ კავშირში არა მხოლოდ ყველა მგრძნობიარე არსებასთან და დნმ-ის ძირითადი პროგრამის ზოგიერთ ემბლემურ არქეტიპთან, არამედ არაორგანულ სამყაროსთანაც. მეტაფიზიკური სამადჰის სწორედ ამ მეორე თანრიგზე საუბრობდა განდი: „ღმერთი ქვაშიცაა - ქვაშიც კია!“ ყველა სახის და ტრადიციის პანთეისტი მხურვალედ ეთანხმება კანადელ ფსიქიატრს რ.მ. ბიუკს, რომელმაც მერვე წრედის სამადჰის განცდის შემდეგ განაცხადა, რომ „სამყარო - არაა მკვდარი მექანიზმი, არამედ ცოცხალი თანმყოფობაა“.

ეს სამყარო, მარტივად რომ ვთქვათ, დასახლებულია და მნიშვნელოვანწილად იმართება მოშინაურებული პრიმატების მიერ, რომლებიც ყველაფერში გონიერი ადამიანები არ არიან. შესაძლოა ვოლტერი აჭარბებდა, როცა ამბობდა, რომ მათემატიკური უსასრულობის გასაცნობიერებლად საკმარისია იფიქრო ადამიანურ სიბრიყვეზე, მაგრამ არც ისე ძალიან. ყოველ ასწლეულში მილიონობით ადამიანი იღუპება ბრიყვული მიზეზებით, ლიდერების ან ბრბოს სიბრიყვის გამო; უცნაური (შემთხვევით იმპრინტირებული) რეალობის გვირაბები, რომლებიც ამას შესაძებელს ხდიან, განაგრძობენ ჩვენს მართვას და მანიპულირებას.

სიბრიყვე არ წარმოადგენს რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის ცალსახა თვისებას. იმისთვის, რომ ბრიყვი გახდე, არაა საჭირო ისეთი მოწოდება გქონდეს, როგორც, მაგალითად, მღვდლად გახდომისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, სიბრიყვე - ესაა გადამდები სოციო-სემანტიკური მღელვარება, რომელიც სხვადასხვა მომენტებში ყოველ ჩვენგანს ეუფლება. ამის მრავალი მაგალითი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ დიდი ადამიანების ბიოგრაფიებში. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოების განათლებული ფენის სიბრიყვის დონის ზუსტი შეფასება შესაძლოა მოხდეს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ყოველ სამეცნიერო რევოლუციას თაობის ცვლა ჭირდება. ხანშიშესული მეცნიერები, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, სრულიად არ არიან მიმღებნი ახალი თეორიებისადმი, როგორი კარგებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამიტომ რევოლუცია მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა ახალი თაობა, რომელიც თავისუფალია ძველი იმპრინტებისგან და მოწყვლადი ნეირონები გააჩნია, ახდენს რეალობის ახალი რუკის იმპრინტირებას.

მაგრამ თუკი მეცნიერება - რაციონალურობის პარადიგმა - საკმარისადაა გაჟღენთილი სიბრიყვით იმისთვის, რომ მსგავსმა შეფერხებებმა იარსებონ, რაღა უნდა ვთქვათ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და რელიგიაზე? ამ სფეროებში „ნორმალურია“ შეფერხებები ათასწლეულობით. ვოლტერის ირონიული დასკვნის თანახმად, ადამიანური სიბრიყვე უსასრულობას უახლოვდება. ზოგიერთი პოლიტიკოსის ქმედებების შესწავლა არანაკლებ პესიმიზმს იწვევს. თუკი ამ ყველაფერს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიბრიყვემ მოკლა და გამოალპო ციხეებში უფრო მეტი გენიოსი (და ჩვეულებრივი ადამიანი), დაწვა უფრო მეტი წიგნი, გაანადგურა უფრო მეტი ხალხი და უფრო მეტად შეუშალა ხელი პროგრესს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ისტორიულმა ძალამ.

გადაჭარბებული არ იქნებოდა ასევე იმის თქმაც, რომ სიბრიყვემ მოკლა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე მედიცინისთვის და ფსიქიატრიისთვის ცნობილი ყველა ავადმყოფობამ ერთად აღებულმა.

გონება - ესაა ინფორმაციის ეფექტურად აღქმის, გაშიფვრის და გადაცემის შესაძლებლობა. სიბრიყვე ანელებს ამ პროცესს ყველა ეტაპზე. ფანატიზმი, იდეოლოგიები და ა.შ. ბლოკავენ ინფორმაციის აღქმის უნარს, რეალობის რობოტული გვირაბები - მისი გაშიფვრის, ან ახალი სიგნალების სინთეზირების უნარს, ცენზურა - ინფორმაციის გადაცემის უნარს.

ცხადია, რომ გონების განვითარებამ შეიძლება დააჩქაროს იმ სხვადასხვა აპოკალიპტური პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ყველა მხრიდან გვემუქრებიან.

რომ შეგვძლებოდა ენერგორესურსების პრობლემების გადაწყვეტაზე მომუშავე ყველა მეცნიერის გონების ორ-სამჯერ გაზრდა, ოც წელზე გათვლილ სამუშაოს ექვს წელში დავასრულებდით.

ადამიანური სიბრიყვის საერთო დონე რომ მცირდებოდეს, შესუსტდებოდა წინააღმდეგობაც ორიგინალური აზროვნებისადმი და ძველი პრობლემების მიმართ ახალი მიდგომებისადმი, ასევე ცენზურა და ფანატიზმი. სიბრიყვე რომ მცირდებოდეს, ნაკლები რესურსები დაიხარჯებოდა ფართომასშტაბიან იდიოტიზმზე, ისეთზე, როგორიცაა, მაგალითად შეიარაღებებში ბრძოლა, და მეტი - სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

არ არის არაფერი გონივრულ ფარგლებში წარმოდგენადი, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნებოდა, თუკი თავად გონებას გავაძლიერებდით. ეს რა თქმა უნდა ტავტოლოგიასავით გაიჟღერებს, მაგრამ ჩვენ შემდეგი დასკვნა უნდა გავაკეთოთ:

გონების ინტენსიფიკაციის სამუშაო - ესაა სამუშაო, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ყველა დანარჩენი ჯანსაღი და ღირსეული მიზნების განხორციელებაში.

მორის ნიშოლი - ექიმი, ფსიქიატრი, იუნგისა და გურჯიევის მიმდევარი და ეზოთერული ქრისტიანობის ადეპტი, წერდა, რომ „ცნობიერებაზე მუშაობის ერთადერთი დანიშნულება - ესაა მსოფლიოში ძალადობის რაოდენობის შემცირება“. ესაა საყოველთაო ჯანდაცვის ნომერ პირველი პრობლემა ატომურ საუკუნეში, მასობრივი მკვლელობების საუკუნეში.

ჩვენ ვსაუბრობთ არა გონებირივი განვითარების ხაზობრივი კოეფიციენტის უბრალოდ გაზრდაზე - მესამე კონტურის სემანტიკურ მოხერხებულობნაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მარჯვენა ნახევარსფეროს გონივრულობის იმ ტიპებზე, რომელიც ნიშოლმა იუნგის ნეიროგენეტიკური კვლევებიდან და გურჯიევის მეტაპროგრამირების ტექნიკებიდან აიღო. ჩვენ ვსაუბრობთ ბეთჰოვენის გონებაზე, რომელიც იმდენად აღელვებდა ლენინს, რომ მას არ შეეძლო „აპასიონატას“ მოსმენა, რამეთუ იგი მასში აღძრავდა „სურვილს, რომ ეტირა და თავზე ხელი გადაესვა ადამიანებისთვის, ჩვენ კი თავზე ხელს კი არ უნდა ვუსვამდეთ მათ, არამედ უნდა ვცემდეთ, ძლიერად ვცემდეთ, რათა დაგვემორჩილონ“. ჩვენ სასოწარკვეთილებს გვესაჭიროება გონება, უფრო დიდი, ვიდრე ბეთჰოვენის, რათა შევქმნათ სიგნალი, რომელსაც თანამედროვე ლენინები იგნორირებას ვერ გაუკეთებენ, რომლებიც მათ ტირილს აიძულებენ, და არა თავებში ცემას.

ჩვენ გვჭირდება მეტი გონება და ნაკლები იარაღი. მეორე კონტურის ცხოველური პოლიტიკური თამაშები უკვე მილიონი წელია მოძველდა.

დოქტორი ნათან კლაინი წინასწარმეტყველებს, რომ მალე გაჩნდება წამლები, რომლებიც მეხსიერებას გააუმჯობესებენ, უსიამოვნო მოგონებებს წაშლიან, წამლები, რომლებიც შეასუსტებენ ან გააძლიერებენ ნებისმიერ ემოციას, წამლები, რომლებიც გაახანგრძლივებენ ან დააჩქარებენ ბავშვობას და ა.შ. დიდი წარმოსახვა არ ჭირდება იმის წინასწარმეტყველებას, რომ მსგავსი საშუალებები დიდ და აქამდე არნახულ ძალაუფლებას მოგვცემენ რეალობის ჩვენს ნეიროლოგიურ გვირაბებზე. რა თქმა უნდა, ადამიანები სხვადასხვანაირად, მათ შორის ბოროტადაც გამოიყენებენ მათ, მაგრამ ყველაზე გონიერები მათ ყველაზე გონივრული მიზნებით მოიხმარენ, კერძოდ თავისი გონების განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის ყველა შესაძლო მიმართულებით რვა წრედის ჩვენს სპექტრში. ძირითადად ისინი გამოყენებულ იქნებიან ნეიროლოგიური თავისუფლების მოსამატებლად, მოძველებული რეალობის რუკების გადაპროგრამირებისთვის, ცნობიერების საერთო გაფართოებისთვის და სიგნალებისა და ინფორმაციის მიმართ მიმღებლობის გაზრდისთვის.

ნეიროლოგიური რევოლუციის პერსპექტივა - გონების ინტენსიფიკაცია პლანეტარულ მასშტაბებში - სრულიად აშკარა უნდა იყოს მათთვის, ვისაც მცირე გამოცდილება მაინც აქვს ისეთი პრიმიტიული ფსიქოდელიკის გამოყენებისა, როგორიცაა LSD. ერთ-ერთი და ყველაზე ცნობილი ფაქტი 1960-იანი წლების LSD-ს კვლევებში - ესაა ყველაზე ხანგრძლივი ინდივიდუალური კვლევა, რომელიც ჩატარდა სპრინგ-ფროუვის (მერილენდის შტატი) საავადმყოფოში. მან აჩვენა, რომ მეტამაპროგრამირებელ ხედვებთან და ნეირო-გენეტიკურ გამოღვიძებებთან ერთად, რომლებიც პოპულარებულ იყო LSD-ს დახურული კულტურის და მისი გურუების მიერ, LSD-ს გამოყენება საშუალოდ 10 პროცენტით ზრდის გონებრივი განვითარების ხაზობრივ კოეფიციენტს.

არსებობს ჩაკეტილი კავშირი ნეიროფარმაკოლოგიასა და ტვინის შესახებ სხვა მეცნიერებებს შორის. როგორც ვილიამ ბეროუზი ამბობს, „ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს ქიმიურად, შეიძლება გაკეთდეს სხვა ნებისმიერი მეთოდითაც“. იოგა ბიო-უკუკავშირთან (biofeedback) სინთეზში უფრო მეტად გვეხმარება განჯაჭვულობის მიღწევაში, ვიდრე მხოლოდ იოგა; ჰიპნოზი და ნეიროქიმიური ნივთიერებები სინთეზში უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ცალ-ცალკე; ჯონ ლილიმ იზოლაციური რეზერვუარების გამოყენებით LSD-ს ეფექტის გაორმაგებას მიაღწია; და ა.შ.

პანიკიორებს უყვართ ჩვენი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სინერგეტიკული სისტემის მომავალი მიღწევები, რომლებიც ამჟამად იბადება ნეირომეცნიერებებში, საშუალებას მისცემენ უპრინციპო ტირანებს, რომ ტვინი უფრო ეფექტურად გამოგვირეცხონ, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ იგივე ტექნოლოგიებს, რომლებსაც გონივრულად იყენებენ გონიერი ადამიანები, შეუძლიათ გაგვათავისუფლონ ნევროზულობის და ირაციონალურობის ნებისმიერი ფორმისგან, გადართონ და დააყენონ ჩვენი ნერვული სისტემის წრედები ისევე იოლად, როგორც ჩვენ ვრთავთ ჩვენი ტელევიზორების არხებს. სწორედ ეს იგულისხმება მეტაპროგრამირების (კიბერნეტიკული) ცნობიერების ქვეშ.

რატომ უნდა ვიყოთ დათრგუნულები, თუკი შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები; ჩლუნგები, თუკი შეგვიძლია ვიყოთ ჭკვიანები; აგზნებულები, თუკი შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები? ადამიანთა უმეტესობა თავს დათრგუნულად, ჩლუნგად და აგზნებულად გრძნობს დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, რადგან მათში არ არსებობს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეეძლებოდათ თავიანთი ნერვული სისტემის დაზიანებული და დეფექტური წრედების აღდგენა და გამოსწორება. ჩვენ თანდათანობით ვიღებთ წვდომას ამ საშუალებებზე, გონების ამ ინტენსიფიკაციის მკვებავს კი წარმოადგენს სიამოვნების პრინციპი. რაც უფრო მეტ შინაგან თავისუფლებას აღწევთ, მით უფრო მეტი გჭირდებათ იგი. უფრო საინტერესოა - გადაჭრათ საკუთარი პრობლემები, ვიდრე მუდამ დამძიმებული იყოთ მათით.

მოკლედ რომ ვთქვათ, გონების ინტენსიფიკაცია ნიშნავს გონებას, რომელიც გონებას შეისწავლის (გონება კვადრატში), და პირველი, რასაც აღმოაჩენს გონების შემსწავლელი გონება (ტვინი, რომელიც ტვინს შეისწავლის: მეტაპროგრამირება), - გონების რაც უფრო მეტი მეტი სახე გაქვთ, მით უფრო საინტერესოა თქვენთვის ცნობიერების კიდევ უფრო ნატიფი, მგრძნობიარე და დახვეწილი დონეების, უფრო და უფრო მაღალი გონების განვითარება.

მთლიანობაში, გონების ინტენსიფიკაცია აუცილებელია იმიტომ, რომ იმ პრობლემებს შორის, რომლებსაც კაცობრიობა ეჩეხება, არ არის არცერთი, რომელიც არ იქნებოდა გამოწვეული ან დამძიმებული იმ ცუდად დაპროგრამებული რობოტების სიბრიყვის (უგრძნობლობის) გამო, რომლებიც ცემენ, ასახიჩრებენ და კლავენ ერთმანეთს.

გონების ინტენსიფიკაცია რეალურია, რადგან ნეირომეცნიერების თანამედროვე მიღწევები გვიჩვენებენ, როგორ შეიძლება შეცვლილ იქნეს ჩვენი შემზღუდველი ის რეფლექსები, რომლებიც გაჩნდნენ იმპრინტირების, განპირობების ან სწავლების შედეგად.

გონების ინტენსიფიკაცია - ესაა ჰედონური მიზანი, რადგანაც რაც უფრო მეტ თავისუფლებას და გაცნობიერებულობას აღწევთ, მით უფრო მეტად ისწრაფვით წინისკენ, და მით უფრო ნაკლებად გაქვთ სურვილი, რომ უკან დაეშვათ - ბრიყვული, ბრმა და მექანიკური წრედებისკენ.

გონების ინტენსიფიკაციას შეუძლია დააჩქაროს ჩვენი პროგრესი ომებისა და სიღატაკის აღმოფხვრის, კიბოსა და შიზოფრენიის წამლების შექმნის, კოსმიური მიგრაციების და ცხოვრების გახანგრძლივების იდეების, ან ნებისმიერი სხვა ღირსებული. მიზნების მიმართულებით.

სიკვდილისა და სიღატაკის მსგავსად, სიბრიყვე ჩვენთან იმდენად დიდი ხანია ცხოვრობს, რომ ადამიანებს უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ მის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ამჟამად სიბრიყვის იდეა მალე ძველდება. განსაკუთრებული ინტერესების მქონე რამდენი ჯგუფიც (ე.წ. დაზვერვის სამმართველოები, სარეკლამო სააგენტოები, ტირანები, სულიერი ლიდერები და ა.შ.) არ უნდა იგებდეს ჩვენი სიბრიყვით, კაცობრიობა მთლიანობაში მისი აღმოფხვრით უფრო მოიგებს.

ადამიანური რასის მიახლოებით 50 პროცენტს დღემდე ბოლომდე არ აქვს განვითარებული მესამე (სემანტიკური) წრედი. ეს ნიშნავს, რომ მათ თუმც კი შეუძლიათ პრიმიტიული სიგნალების გაცვლა და პრიმიტიული არტეფაქტების გამოყენება, ისინი დღემდე მოქმედებენ ძირითადად ძუძუმწოვრების ემოციური წრედისა და კიდევ უფრო ადრეული ევოლუციური სახეობების ბიოგადარჩენითი წრედის დონეზე.

მათი ლიდერი აშშ-ში ამჟამად გახლავთ ნიუტ გინგრიჩი (აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი). მესამე წრედის ტიპებს არ შეუძლიათ ამის გაგება, ამიტომ ამაში რაღაც საშინელს ხედავენ, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი ქცევა ჩვეულებრივი ცხოველური ჯოგური ქცევაა. გინგრიჩი - პრიმატების ტიპიური ლიდერია; მის მიერ წარმოთქმული ბგერები მესამე წრედის რაციონალისტს უაზრობად ეჩვენება, მაგრამ ღრმა აზრს ატარებენ პრიმატების უმეტესობის ტერიტორიულ-ემოციურ-პატრიოტული გონებებისთვის.

კიდევ 20% - ესაა „პასუხისმგებლიანი, გონიერი ზრდასრულები“, რომლებსაც ბოლომდე აქვთ განვითარებული მესამე და მეოთხე კონტურები. დროის უმეტესი ნაწილი ისინი ღელავენ, რადგან ძირითადად პრიმატებისთვის დამახასიათებელი კაცობრიობის პარამეტრები მათ აბსურდულად, ამორალურად და დღითიდღე უფრო სახიფათოდ ეჩვენებათ.

შემდეგი 20% - ესაა ნეიროსომატური ადეპტები. მეოთხე კონტურის მორალისტები მათ „მისტიკოსებს“, „გიჟებს“, „ეგოისტების თაობას“, „უპასუხისმგებლო ჰედონისტებს“ და ა.შ. უწოდებენ. მეხუთე წრედის ადეპტების უმეტესობამ (მერწყულის შეთქმულების წევრებმა) გაითავისეს ჯოისის მიერ აღწერილი „მდუმარების, გაძევების, მოხერხებულობის“ ხელოვნება: ისინი უჩინარნი არიან. სხვებმა თავიანთი ნიჭები „რწმენით კურნებაზე“ და იმავე სორტის სხვა ოკულტურ საქმეებზე გადაიტანეს, და საგულდაგულოდ მალავენ თავიანთი კლიენტებისგან, რომ მათი ავადმყოფობების მიზეზს პირველ რიგში წარმოადგენს ლოკალური იდეოლოგია, მორალი და რეალობის გვირაბი. ისინი „დადებით ენერგიას“ ასხივებენ და კეთილგონიერებით არიდებენ თავს კონფლიქტებს მორალურ-იდეოლოგიურ „ავტორიტეტებთან“.

კიდევ 5% ფლობს ნეიროგენეტიკურ ცნობიერებას და ასრულებს ევოლუციის კატალიზატორის ფუნქციას - სასიცოცხლო ძალის მსახურის, შოუს ტერმინოლოგიით. მათი „ღმერთი“ - პანია (სიცოცხლეა), ხოლო მიზანი - უკვდავება.

კიდევ 3% დაეუფლა მეტაპროგრამირების წრედს და წარმოშვა ის, რასაც გურჯიევი „კაცობრიობის ცნობიერ წრეს“ უწოდებს. ისინი თავისუფალი ქვისმთლელები არიან ამ ნათრევი ტერმინის პირვანდელი მნიშვნელობით: მომავალი რეალობების შემქმნელები.

და მხოლოდ 2% წარმოადგენს ნეიროკვანტურ ადეპტს და მთლიანად დრო-სივრცის კატეგორიების გარეთ იმყოფება.

ყველა ეს შეფასება მიახლოებითია.

უფრო ახალგაზრდა წრედები (ნეიროსომატური ნეტარება, ნეირო-გენეტიკური „ატმანის“ ცნობიერება, რეალობის მეტამაპროგრამირებელი თამაშები, არალოკალური „კოსმიური“ ცნობიერება) გარკვეულ ფუნქციას უნდა ატარებდნენ.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ისინი გვამზადებენ დრო-სივრცეში ჩვენი ახალი მდგომარეობისთვის - კოსმოსის კოლონიზაციის შემდეგ, დღეგრძელობის და უკვდავების მიღწევის შემდეგ, აჩქარების ფაქტორის კიდევ უფრო გაზრდის შემდეგ.

ტექნიკაში ძრავი ხასიათდება დროის ერთეულში ბრუნებით. ქვის ხანაში აჩქარების ფაქტორი ჯერ მხოლოდ იწყებდა მოქმედებას. იმ ცვლილებების სიჩქარე, რომლებიც მაშინ ხდებოდა, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ბრუნები 10 ათას წელში.

ნეოლითური რევოლუციის და მისი შემდგომი ურბანიზაციის შედეგად სიჩქარე გაიზარდა. ამ პერიოდიდან დაწყებული, შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ ბრუნების რიცხვზე ათასწლეულის განმავლობაში. გალილეის შემდეგ ცვლილებების ჩვეული ერთეული გახდა ბრუნების რიცხვი ერთი საუკუნის განმავლობაში. ამ საუკუნეში ჩვენ დავიწყეთ ცვლილებების სიჩქარის გაზომვა თაობების განმავლობაში. ახლა ჩვენ მივდივართ იქითკენ, როპმ უკვე ათწლეულებში გავზომოთ ეს ბრუნვები.

იმ დროისთვის, როცა ცნობიერების რევოლუცია კულმინაციას მიაღწევს, დღეგრძელობის აბები საყოველთაოდ მისაწვდომი იქნება, კლონირება ჩვეულ მოვლენად იქცევა, ამ წიგნის ყველა იდეა კი, მათ შორის ყველაზე ველური და რადიკალური, უჩვეულო და ძველმოდური გახდება - ანუ დაახლოებით 2005 წლისთვის, - ჩვენ ალბათ დავიწყებთ ამ სიჩქარის გაზომვას წლის განმავლობაში ბრუნებით.

არ არსებობს მიზეზები, რის გამოც ამ წიგნის რეალობის გვირაბი ერთადერთ სიმართლედ უნდა მიიღოთ. თუკი ნამდვილად გაიგეთ ის, რისი თქმაც მსურდა, იმაზე უკეთეს მომავალს მოუფიქრებთ საკუთარ თავს, ვიდრე მე გთავაზობთ. როგორც ბარბარა მარქს ჰაბარდი ამბობს:

მომავალი ჯერ წარმოსახვაში არსებობს,
შემდეგ ნებაში,
შემდეგ კი რეალობაში.

 

თუ გსურთ, რომ დააფასოთ ჩვენი შრომა, ანგარიშის რეკვიზიტები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff