პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)
0
0

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანი ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი...

თავი მეექვსე. დროთა-მაკავშირებელი სემანტიკური წრედი

 

aaww

თავი მეექვსე. დროთა-მაკავშირებელი სემანტიკური წრედი

თუ ორ გონს შევყრით ერთად, ყოველთვის გაჩნდება მესამე, - უმაღლესი გონი, რომელიც უხილავად უწყობს ხელს მათ თანამშრომლობას. (ვილიამ ს. ბეროუზი და ბრაიან ჯიზნი - „მესამე გონი“).

ადამიანური არსებებისთვის დამახასიათებელია დროთა დაკავშირება

მესამე სემანტიკურ წრედს კავშირი აქვს არტეფაქტებთან და ქმნის „რუკას“ (რეალობის გვირაბს), რომელიც შესაძლებელია სხვას გადასცეთ, თაობების შემდეგაც კი. ასეთი რუკები შეიძლება იყოს სურათები, პროექტები, სიტყვები, კონცეფციები, ინსტრუმენტები (რომლებსაც თან ახლავს ვერბალური ინსტრუქციები გამოყენებისთვის), თეორიები, მუსიკა და ა.შ.

ადამიანური არსებები (მოშინაურებული პრიმატები) განეკუთვნებიან ქმნილებებს, რომლებიც სიმბოლოებს იყენებენ. როგორც სემანტიკის დამფუძნებელმა, კორჟიბსკიმ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც სიმბოლოებს მართავენ, ჩვენც გვმართავენ.

თუ მოსე, კონფუცი, ბუდა, მუჰამედი, იესო და წმ. პავლე დღემდე ახდენენ ჩვენზე ცოცხალ ზემოქმედებას - ეს კი ნამდვილად ასეა, თუ გარესამყაროს დააკვირდებით, - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა სიგნალებმა ჩვენამდე ადამიანური სიმბოლური სისტემების საშუალებით მოაღწია. ეს სისტემები საკუთარ თავში მოიცავენ სიტყვებს, ხელოვნების ნაწარმოებებს, მუსიკას, რიტუალებს და გაუცნობიერებელ რიტუალებს („თამაშებს“), რომელთა მეშვეობითაც კულტურა გადაეცემა. მარქსი და ჰიტლერი, ნიუტონი და სოკრატე, შექსპირი და ჯეფერსონი განაგრძობენ ადამიანთა გარკვეული ნაწილების მართვას იგივე მეთოდით - სემანტიკური წრედის მეშვეობით.

კიდევ უფრო მეტი დონით და ნაკლებად გაცნობიერებულად ჩვენ ვექვემდებარებით მართვას ბორბლის, გუთნის, ანბანის და რომის გზების გამომგონებლების მხრიდანაც.

იმდენად, რამდენადაც სიტყვები ამავდროულად შეიცავენ დენოტაციებს (მინიშნებებს სენსორულ-ეგზისტენციალურ სამყაროზე) და კონოტაციებს (ემოციურ ელფერებს, პოეტურ და რიტორიკულ ასპექტებს), ადამიანები იმ სიტყვების მეშვეობითაც კი შეგიძლიათ აიძულოთ, რომ იმოქმედონ, რომლებსაც არც მნიშვნელობა გააჩნიათ და არც შესატყვისობა რეალურ სამყაროში. ამაში მდგომარეობს დემაგოგიის, რეკლამის და ორგანიზებული რელიგიების უმეტესობის მექანიზმი.

ბიოგადარჩენის წრედი გარესამყაროს გამოვლინებას მხოლოდ ორად ყოფს: ის, რაც ჩემთვის კარგია (სასარგებლოა), და ის, რაც ჩემთვის ცუდია (სახიფათოა). ემოციურ-ტერიტორიული წრედი ასევე ორ ნახევრად ყოფს სამყაროს: ის, რაც ჩემზე ძლიერია (ჯოგურ იერარქიაში ჩემზე მაღლა დგას), და ის, რაც ჩემზე სუსტია (ჯოგურ იერარქიაში ჩემზე დაბლა დგას). ამ საფუძველზე ვითარდება სოციო-ბიოლოგიური სისტემები.

სემანტიკური წრედი საშუალებას გვაძლევს, რომ სურვილის მიხედვით დავყოთ და კვლავ გავაერთიანოთ საგნები. მის მიერ მღელვარედ იარლიყების ჩამოკიდებას და სორტირებას დასასრული არ აქვს. პერსონალურ დონეზე - ესაა „შინაგანი მონოლოგი“, რომელიც ჯოისმა „ულისე“-ში გადმოსცა. ისტორიულ დონეზე - ესაა დროთა-მაკავშირებელი ფუნქცია, რომელიც კორჟიბსკიმ აღწერა, და რომელიც საშუალებას აძლევს ყოველ თაობას, რომ ახალი კატეგორიები დაამატოს ჩვენს მენტალურ ბიბლიოთეკას - მარადიულად დაყოს და გააერთიანოს სულ ახალი და ახალი საგნები, მათი ხელახალი კლასიფიკაცია და გადანაცვლება მოახდინოს.

ამ დროთა-მაკავშირებელ განზომილებაში აინშტაინმა ნიუტონი ჯერ კიდევ მანამ შეცვალა, სანამ მსოფლიოს დიდი ნაწილი ნიუტონის შესახებ შეიტყობდა; უბრალო არითმეტიკამ მიგვიყვანა ალგებრის დაბადებამდე, რომელიც იქცა მათემატიკურ ანალიზად, რომელმაც თავის მხრივ წარმოშვა ტენზორული ანალიზი, და ა.შ. ჰაიდნმა და მოცარტმა გზა მოუმზადეს ბეთჰოვენს, რომელიც იმ სფეროებში შეიჭრა, რომლებიც რომანტიკოსებს და ვაგნერისტების ეკუთვნოდათ, და რამაც თანამედროვე მუსიკა წარმოშვა.

ეგრეთწოდებული „მომავლის შოკი“ ყოველთვის ჩვენთან იყო, მას შემდეგ, რაც წინაისტორიულ დროში პირველად დაიწყო ფუნქციონირება სემანტიკურმა წრედმა. სახეობისთვის, რომელსაც გააჩნია სიმბოლიზების, გამოთვლის, აბსტრაქციის უნარი, დრო ყოველთვის იქნება „ცვლილებების დრო“. ეს პროცესი დროთა განმავლობაში ჩქარდება, რადგან სიმბოლიზების უნარებს ახასიათებთ დამოუკიდებლად განვითარება.

ჩვეულებრივ ენაზე სემანტიკურ წრედს „გონება“ ჰქვია. (როგორც ცოტა ხნის წინ რადიოგადაცემაში ფსიქოლოგმა რობერტ ორნშტაინმა აღნიშნა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანია, ჩვენ ჩვეულებრივ ვგულისხმობთ, რომ ამ ადამიანს ენა კარგად აქვს მიბმული, ანუ იგი კარგად იყენებს სემანტიკურ წრედს.)

ტრანსაქციული ანალიზის ენაზე პირველ (ორალურ) წრედს ეწოდება ბუნებრივი ბავშვი, მეორე (ემოციურ) წრედს - ადაპტირებული ბავშვი, ხოლო მესამე, სემანტიკურ წრედს - ზრდასრული, ან კომპიუტერი. იუნგის ტერმნინებში პირველ წრედს შეესაბამება შეგრძნება, მეორეს - გრძნობა, მესამეს კი - გონება (აზროვნება).

პირველი წრედის ნეიროლოგიური კომპონენტი ტვინის უძველეს ნაწილებამდე მიდის; კარლ საგანმა მათ „რეპტილიური ტვინი“ უწოდა. ამ ნეიროსტრუქტურების ასაკი მინიმუმ მილიარდობით წელს მოიცავს. მეორე წრედის სტრუქტურები პირველ ძუძუმწოვრებთან ერთად გაჩნდა სადღაც მილიარდი ან 500 მილიონი წლის წინ; ამიტომ საგანი მათ „მამმალურ ტვინს“ (ლათ: mammalia - ძუძუმწოვარი) ანუ „ძუძუმწოვრების ტვინს“ უწოდებს. სემანტიკური წრედი სავარაუდოდ 100 ათასი წლის წინ გაჩნდა; საგანი მას „ადამიანის ტვინს“ უწოდებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანთა უმეტესობა დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ორი უძველესი წრედით უფრო მეტად იმართებიან, ვიდრე სემანტიკური (რაციონალური) წრედით, და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სემანტიკური წრედი ასე ადვილად ექცევა ცრუ ლოგიკის გავლენის ქვეშ (უმეცრება, შეუწყნარებლობა, ნებისმიერი სახის ფანატიზმი), როცა ბიოგადარჩენის წრედი სიცოცხლისთვის, ან ემოციური წრედი - სტატუსისთვის საფრთხის შესახებ სიგნალს აძლევს მას.

ცინიკოსებს, სატირებს და „მისტიკოსებს“ (5-8 წრედები) ასჯერ უთქვამთ ჩვენთვის, რომ „გონება - ესაა გამყიდველი ძუკნა“, ანუ სემანტიკური წრედი გახსნილია მანიპულაციისთვის უფრო ძველი, უფრო პრიმიტიული წრედებისთვის. რა შეუპოვრადაც არ უნდა უარყოს რაციონალისტმა ეს განცხადება, ახლო პერსპექტივაში იგი ყოველთვის ჭეშმარიტი აღმოჩნდება ხოლმე - ანუ, თუ რაციონალისტის ერთ-ერთ საყვარელ სიტყვას გამოვიყენებთ, იგი ყოველთვის პრაგმატულად ჭეშმარიტია. ის, ვინც შეძლებს, რომ საკმარისად დააშინოს ადამიანები (ანუ გამოიწვიოს ბიოგადარჩენითი შფოთვა), შეძლებს რომ მალევე მოახვიოს თავს ნებისმიერი ვერბალური რუკა, რომელიც მათი აზრით შვებას მოუტანთ, ანუ შფოთვისგან გაანთავისუფლებთ მათ.

ჯოჯოხეთით დაშინებით და შემდეგ ხსნის შეპირებით, ყველაზე უმეცარ და გარყვნილ ინდივიდებს შეუძლიათ, რომ თავს მოახვიონ მათ მთელი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ორწუთიან რაციონალურ ანალიზსაც კი ვერ გაუძლებდა. და მოშინაურებული პრიმატების ნებისმიერ ალფა მამრს, როგორი სასტიკი ან გარყვნილიც არ უნდა იყოს იგი, შეუძლია თან გაიყოლოს პრიმატების მთელი ჯოგი, თუკი დაიყვირებს, რომ კონკურენტი ჯოგის ალფა-მამრი მათ ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებს. ძუძუმწოვრების ეს ორი რეფლექსი ცნობილია შესაბამისად, როგორც რელიგია და პატრიოტიზმი. ისინი მოშინაურებულ პრიმატებში ზუსტად ისევე მუშაობენ, როგორც ველურებში, რადგან ფარდობით ევოლუციურ მიღწევას წარმოადგენენ (გარკვეულ ეტაპზე).

ემოციურ-ტერიტორიული, ანუ „პატრიოტული“ წრედი ასევე შეიცავს სტატუსის, ანუ ჯოგური იერარქიის პროგრამებს. პირველი წრედის ბიოგადარჩენის შფოთვასთან ტანდემში, მას ყოველთვის შეუძლია დაამახინჯოს სემანტიკური რაციონალური წრედის მუშაობა. ყველაფერი, რასაც შეუძლია სტატუსის დაკარგვამდე მიგვიყვანოს, და ყველაფერი, რაც ინდივიდის „სივრცეში“ იჭრება (იდეოლოგიური „სივრცის“ ჩათვლით), საფრთხეს წარმოადგენს საშუალოსტატისტიკური მოშინაურებული პრიმატისთვის. თუკი, მაგალითად, ვინმე საწყალი მიჩვეულია გარკვეულ ცხოვრებისეულ სტატუსს - „მე თეთრი ვარ, და არა ვიღაც ჯანდაბა ნიგერი“ ან „მე ნორმალური ვარ, და არა ვიღაც პედიკი“ და ა.შ. - ტოლერანტობის, ჰუმანიზმის, რელატივიზმის და ა.შ. ქადაგების (ქადაგება თავისთავად წარმოადგენს მეორე წრედის პოლიტიკას, რადგან იმათზე მაღლა გაყენებთ, ვისაც უქადაგებთ. მაგრამ თქვენ ვერ დაიკავებთ ამ აღმატებულ პოზიციას, თუკი თქვენი აუდიტორიისთვის მოცემული გენოფონდის დომინანტი ალფა-მამრის სახით არ ხართ იმპრინტირებული, ან „ბოსის“, ან სხვა ავტორიტეტული ფიგურის სახით არ ხართ განპირობებული. 60-იანების კონტრ-კულტურა, ისევე, როგორც მრავალი სხვა იდეალისტური მოძრაობა იმის გამო ჩავარდა, რომ მეტისმეტად ბევრი ქადაგებდა მორალური აღმატებულობის პოზიციით მაშინ, როცა არავინ არ იყო იმპრინტირებული ან განპირობებული მისი, როგორც მორალურად აღმატებულის აღქმაზე) ნებისმიერი მცდელობა მასში გადამუშავებულ იქნება არა სემანტიკური, არამედ ემოციური წრედით და განიხილება, როგორც თავდასხმა სტატუსზე (მის სოციალურ როლზე).

მესამე, სემანტიკური წრედი მჭიდროდაა დაკავშირებული სამგანზომილებიანობასთან (თუმცა ჩვენი ბინოკულარული მხედველობაც, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს). მარჯვენა ხელის ფუნქციის დომინირება დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისთვის და პრიმატებისთვის. სხვა ძუძუმწოვრებს მსგავსი რამ არ ახასიათებთ; ისინი ერთნაირად თავისუფლად ფლობენ ორივე ხელს.

ცოტა ხნის წინ ნეიროლოგიის მიღწევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ხელის დომინირება მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ტენდენციასთან - გამოვიყენოთ თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად, ვიდრე მარჯვენა (ცაციებს ქვემოთ განვიხილავთ). და მართლაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ იმდენად იშვიათად ვიყენებთ მარჯვენა ნახევარსფეროს, რომ დიდი ხანი მას „მდუმარე ნახევარსფეროს“ ეძახდნენ.

ამგვარად, ადამიანთა უმეტესობას გააჩნია გენეტიკურად ჩადებული („მკაცრად მოცემული“) წინასწარგანწყობა, რომ იმანიპულიროს მარჯვენა ხელით და იფიქროს მარცხენა ნახევარსფეროთი. ეს დამოკიდებულება მჭიდროდაა დაკავშირებული ვერბალურ, სემანტიკურ წრედთან, რადგანაც მარცხენა ნახევარსფერო - ესაა „მეტყველების“ ნახევარსფერო. იგი ხაზობრივია, ანალიტიკურია, კომპიუტერის მსგავსია და ძალიან ვერბალურია. სწორედ ესაა ნეიროლოგიური საფუძველი რუკის შექმნასა და მანიპულირებას შორის. მარჯვენა ხელი მანიპულირებს (და ქმნის არტეფაქტებს), მარცხენა ნახევრასფერო კი შედეგების კარტოგრაფირებას ახდენს - ქმნის მოდელს, რომელიც სამყაროს ამ ნაწილის მომავალი ქცევის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს მახასიათებელი წმინდად ადამიანურია (პოსტ-პრიმატულია).

მემარცხენეებს კი პირიქით, დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უმუშავებთ - ქოლისტური, სუპრავერბალური, „ინტუიტიური“, მუსიკალური და „მისტიური“. ლეონარდო, ბეთჰოვენი და ნიცშე ცაციები იყვნენ. ტრადიციულად ცაციები შიშს და მოწიწებას იწვევდნენ; მათზე ეჭვი ჰქონდათ, რომ შამანური კავშირი ჰქონდათ „ღმერთთან“ ან „ეშმაკთან“ (ალისტერ ქროულმა ამის შესახებ პრაგმატულად იცოდა, ჯერ კიდევ თანამედროვე ნეიროლოგიის გამოჩენამდე. იგი აიძულებდა თავის მოსწავლეებს, რომ ერთნაირად კარგად ეწერათ ორივე ხელით, და ამიტ მათი მძინარე ნახევარსფეროს აქტივობას აღვიძებდა).

ამრიგად, არსებობს მარჯვენას და მარცხენას ჯვარედინი შესაბამისობა ტვინისა და ხელების ფუნქციონირებაში.

aww2

მარჯვენას და მარცხენას ეს ორმაგი (სარკული) პოლარობა ნეიროლოგიურად სამგანზომილებიან სივრცეში გვათავსებს. წინა დიაგრამის მოდიფიკაციით და მესამე წრედის (წრედის) დამატებით, ჩვენ ვიღებთ შემდეგს:

aww1

სამგანზომილებიანი სისტემის ამ ორგანზომილებიანი სურათის ვიზუალიზაციისთვის წარმოიდგინეთ, რომ „თავდასხმა-უკანდახევის“ ღერძი მართი კუთხითაა განლაგებული ყველა დანარჩენი ღერძის მიმართ - ანუ „დაინახეთ“, როგორ მოდის ეს ღერძი გვერდიდან პირდაპირ თქვენსკენ.

ეს ე.წ. „ევკლიდეს“ სივრცეა. ამ კონტექსტში ცხადია, თუ რატომ იყო ევკლიდეს სივრცე სივრცის პირველი ტიპი, რომელიც მათემატიკოსებმა და მხატვრებმა მიიღეს, რატომ გვეჩვენება დღემდე „ბუნებრივად“, ასევე რატომაა ზოგიერთი ადამიანისთვის რთული სივრცის იმ არაევკლიდური სახეების წარმოდგენა, რომლებსაც თანამედროვე ფიზიკა იყენებს.

ევკლიდეს სივრცე - ესაა გარეგნული პროექცია იმისა, თუ როგორ აგროვებს ჩვენი ნერვული სისტემა ინფორმაციას ბიო-გადარჩენითი, ემოციური და სემანტიკური წრედებისგან.

მესამე წრედის იმპრინტული ნაწილები განლაგებულია მარცხენა ნახევარსფეროს ქერქში და მჭიდროდაა დაკავშირებული ხორხისა ნატიფ კუნთებთან და მარჯვენა ხელის კუნთებთან. თავის ტვინის ქერქი შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ამიტომ მას ხშირად „ახალ ტვინს“ უწოდებენ; იგი აღმოჩენილია მხოლოდ უმაღლეს ძუძუმწოვრებში და ყველაზე მეტად განვითარებულია ადამიანებში, ვეშაპებსა და დელფინებში.

ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი მესამე წრედზე აქვთ, ჩვეულებრივ, „ცერებროტონიკებად“ ყალიბდებიან. ისინი მაღლები და გამხდრები არიან, რადგანაც სხეულიდან ენერგია გამუდმებით თავის ტვინისკენ მიდის. კარიკატურული ბოროტი გენია დოქტორი სივლანუსი „სუპერმენიდან“, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ თავისგან შედგებოდა, წარმოადგენს ადამიანთა ამ ტიპის ექსტრემალურ ფორმას. ხალხში ასეთ ადამიანს „კვერცხისთავას“ ეძახიან.

თითქმის ყოველთვის, მესამე წრედის ეს ცერებროტონიკური ტიპები იგნორირებას უკეთებენ ან მტრულად არიან განწყობილნი პირველი და მეორე წრედების ფუნქციების მიმართ. თამაში მათ არ მოწონთ (სულელურად და ექსცენტრულად ნეჩვენებათ), ემოციები კი ერთდროულად - აბნევენ და აშინებენ.

რამდენადაც ჩვენ ყველას გვაქვს ეს წრედი, ამიტომ ყველას გვჭირდება, რომ რეგულარულად ვავარჯიშოთ იგი. შეადგინეთ სქემა, რომელიც თქვენს ბიზნესს ან საშინაო მოვალეობებს აღწერს, და შეეცადეთ ოპტიმიზება გაუკეთოთ მას უფრო მეტი ეფექტურობისთვის. შეიმუშავეთ სქემა, რომელიც მთელ სამყაროს აღწერდა. ყოველ რამდენიმე წელში დაიწყეთ რაიმე ისეთი მეცნიერების შესწავლა, რომელზეც მანამდე არაფერი იცოდით.

ნუ უგულვებელჰყოფთ ამ წრედთან თამაშს; შეთხზეთ ლექსები, იგავები, აფორიზმები ან ანეკდოტები.

მისტერ ქროულიმ თქვა:
შენც ვარსკვლავი ხარ.

P.S. მან ასევე თქვა:
ნუ გამოეკიდები შედეგებს.

aww3

(ნეიროლოგიური იმპრინტი საფუძველს წარმოადგენს მთელი ორგანიზმისთვის)

ისევე, როგორც წინა წრედის შემთხვევაში, სემანტიკური წრედის მთელი განპირობება და სწავლება მკაცრი იმპრინტის ფუნდამენტზე შენდება. ბევრი იდეა, რომელიც გონებაში წარმოდგენადია ეგზისტენციალურად, წარმოუდგენელია სოციალურად, რადგანაც: ა) მოცემულ საზოგადოებაში ყველას დაახლოებით ერთნაირი სემანტიკური იმპრინტი აქვთ, და ბ) ეს ყოვედღიურად მყარდება წარმოდგენებით, რომლებიც მექანიკურად აღიქმება, როგორც ჭეშმარიტება.

გენიოსი - ესაა ის, ვინც გარკვეული შინაგანი პროცესის შედეგად შეძლო მეშვიდე წრედამდე გაღწევა (მცირე ნეიროლოგიური სასწაული, რომელსაც გაურკვეველ ტერმინს - „ინტუიციას“ უწოდებენ) და უკან, მესამე წრედში დაბრუნება, ამჯერად უკვე ახალი სემანტიკური რუკის დახატვის, რეალობის ახალი მოდელის აწყობის უნარით. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ყოველთვის ღრმა შოკია ხოლმე მათთვის, ვინც ძველი, რობოტიზებული იმპრინტების ხაფანგშია გამოკეტილი, და ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც ტერიტორიული საფრთხე (იდეოლოგიურ სივრცეში). თავისუფალი აზრის წარმომადგენელთა წამებულების გრძელი სია, დაწყებული სოკრატესგან, აჩვენებს, რამდენად ურყევად მუშაობს ადამიანებში ნეოფობია (ახალი სემანტიკური სიგნალების შიში).

როგორც ტომას კუნმა აჩვენა „მეცნიერული რევოლუციის სტრუქტურაში“, თავად მეცნიერება - მესამე წრედის სემანტიკური რაციონალურობის აპოთეოზი - არაა თავისუფალი ნეოფობიისგან. ყოველ მეცნიერულ რევოლუციას ერთი თაობა სჭირდება ძველი მსოფლმხედველობის გადასალახად, ამასთან, ძველი მეცნიერები არასოდეს ღებულობენ ახალ სემანტიკურ პარადიგმას. ისინი, ჩვენი ტერმინოლოგიით, მექანიკურად არიან მიჯაჭვულები თავიანთ პირველად იმპრინტებზე. კუნის თქმითლ, რევოლუცია მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ძველი იმპრინტისგან თავისუფალი ახალი თაობა ორ მოდელს ადარებს და რაციონალურ გადაწყვეტილებას ღებულობს ახალი მოდელის სასარგებლოდ.

მაგრამ თუკი მეცნიერბას, რომელსაც თვითკორექციის ყველაზე მეტი უნარი აქვს მესამე წრედის ინფორმაციის დამუშავების ყველა ფუნქციასთან შედარებით, მთელი თაობა სჭირდება, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ პოლიტიკაზე, რელიგიასა და ეკონომიკაზე? მათში დაგვიანების დრო არც თუ იშვიათად ასეულობით, ან შესაძლოა ათასეულობით წელსაც შეადგენდეს (რა თქმა უნდა, ეს ეხება სხვა ადამიანების პოლიტიკას, რელიგიას და ეკონომიკას. მკითხველის პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი გონივრული და ობიექტური შეხედულებაა. სხვანაირად როგორ!).

ჩვენ ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიოგადარჩენით ნეიროლოგიაში დროის ფაქტორი არ არსებობს. „მე უბრალოდ გავაკეთე ეს“, - ვამბობთ ბიოგადარჩენითი წრედის ავტომატური მუშაობის შემდეგ.

დროს მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ-ტერიტორიული წრედის მოქმედებებში. დომინირების სიგნალებმა შესაძლოა არ იმუშავონ: ძუძუმწოვარმა, რომელიც გარეგნულად უფრო სუსტი ჩანს, შეიძლება გაიმარჯვოს. ორმა ძაღლმა შეიძლება რამდენიმე წუთი უტრიალოს ერთმანეთს, ღრენით და ერთმანეთის დაყნოსვით (ძაღლის ქიმიური გამონაყოფი საშუალებას აძლევს მეორე ძაღლს, რომ მისი შეშინების დონე განსაზღვროს), სანამ ცხადი არ გახდება, რომელია მათ შორის უფრო ძლიერი.

რაც შეეხება ადამიანურ დონეს, ჩვენ ხშირად ვიტანჯებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, და მწვავედ ვაცნობიერებთ დროის ფაქტორს ამ ყოყმანის დროს. როგორც თრილერების ნებისმიერი ავტორისთვისაა ცნობილი, ემოციური დაძაბულობის მომატების ძირითადი საშუალება - ესაა დროის შეზღუდვის დაწესება რთული ან სახიფათო გადაწყვეტილების მიღების მომენტში (უყურეთ Star Trek-ის ნებისმიერ სერიას. იქ ხშირად შეგხვდებათ ეს ხერხი. შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ ირვინ ვოლისის ნებისმიერი ბესტსელერი. დაძაბულობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერდება, თუკი დროის შეზღუდვა უეცრად მატულობს უშუალოდ კვანძის გახსნის წინ).

მესამე წრედში დრო იმავე დონით კონცეპტუალიზდება, როგორითაც განცდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ - დროის ქმნილებები ვართ; „ხალხური გადმოცემები“, ტოტემური კვერთხი, ჰომეროსის „ოდისეა“, ძველი აღთქმა, ვედები და ა.შ. იმის შესახებ გვიყვებიან, რაც წარსულში იყო, და ხშირად შეიცავენ წინასწარმეტყველებებს მომავლის შესახებ. მეცნიერება მესამე წრედის ფუნქციებს გონებისთვის წარმოუდგენელ დროის შუალედებამდე აფართოებს. მწერლობისა და სხვა სიმბოლური სისტემების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკა, კორჟიბსკის მიერ აღწერილ დროთა-დაკავშირებას ქმნის: ჩვენ ვაცნობიერებთ თავს არა მხოლოდ უძველესი ბრძენების გზავნილთა მიმღებებად, არამედ გზავნილის პოტენციურ გადამცემებადაც, რომლებიც შესაძლებელია მრავალი საუკუნის შემდეგ მიიღონ.

მეოთხე წრედში ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობთ დროის თანმყოფობას და ზეწოლას.

ამ თავის დასასრულს ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს 1600 წლის 18 თებერვალს იმის გამო, რომ დედამიწის მზის გარშემო ბრუნვაზე საუბრობდა. იყო თუ არა იგი დამნაშავე?

სავარჯიშოები

1. თუკი ლიბერალი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლით „National Review”, კონსერვატორების ყველაზე გონივრული (და მახვილგონივრული) ჟურნალი. ყოველთვე, რამდენიმე საათის განმავლობაში, იკითხეთ ამ ჟურნალის სტატიები და სცადეთ, რომ რეალობის მათ გვირაბში შეხვიდეთ.

2. თუ კონსერვატორი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლიტ ჟურნალი „New York Review of Books" და თვეში რამდენიმე საათით სცადეთ მათი მნიშვნელობის ჩაწვდომა.

3. თუ რაციონალისტი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლით ჟურნალი „Fate” (ამერიკული ჟურნალი „Fate” აქვეყნებდა მასალებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის, ამოუხსნელი მოვლენების, მონსტრების და ა.შ. შესახებ).

4. თუ ოკულტისტი ხართ, გახდით კომიტეტის წევრი მეცნიერული კვლევებისა პარანორმალური მოვლენებზე შეტყობინებების შესახებ და ერთი წლის განმავლობაში იკითხეთ მათი ჟურნალი - „The Skeptical Inquirer”.

5. შეიძინეთ ჟურნალი „Scientific American” და წაიკითხეთ მასში ნებისმიერი სტატია. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვა: რატომ საუბრობენ ისინი ასე დარწმუნებით? დაფუძნებულია თუ არა მათი დოგმატიზმი რეალურ მონაცემებზე, თუ ეს დოგმა პრიმატების ერთ-ერთი ჩვევაა (ინტელექტუალური სივრცის დაცვისკენ მიმართული)? დაიჯერებენ თუ არა უწინდებურად ამ თეორიებს 2011 წელს? 2593 წელს?

6. პირველივე შესაძლებლობისთანავე შედით ფილოსოფიურ დენატებში განათლებულ მარქსისტთან, ინტელიგენტ მუსულმანთან და იაპონელ ბიზნესმენთან.

7. იყიდეთ ZOOM-ი ან LIFT-ი (ერთი და იმავე კოფეინის შემცველი მასტიმულირებელი სასმელის ორი დასახელება) ჯანსაღი საკვების მაღაზიაში. დალიეთ იგი (ეფექტი არალეგალურიკოკაინის მიღებით გამოწვეულ შედეგს წააგავს). როცა აგზნებას მიაღწევთ და „წაგიღებთ“, აირჩიეთ მსხვერპლი და აუხსენით მას სამყაროს მოწყობა, სანამ იგი თქვენგან გაქცევას არ მოახერხებს. ის, რასაც ამ დროს იგრძნობთ, - ესაა რაციონალისტის გონების მუდმივი მდგომარეობა. ვერბალური წრედი კონტროლიდან გამოდის და აღარ რეაგირებს სხვა დანარჩენი წრედებიდან მომავალ ინფორმაციებზე. აი, რატომაა, რომ ადამიანთა უმეტესობა ფიზიკურად ვერ იტანს რაციონალისტებს. „ამაჩქარებელი“ ნარკოტიკები ააქტიურებენ მარცხენა ნახევარსფეროს ქერქის ვერბალური ცენტრების ნეიროგადამცემებს.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff