პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)
0
0

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანი ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი...

თავი მეთერთმეტე. ჰოლისტური ნეირო-სომატური წრედი

 

თავი მეთერთმეტე. ჰოლისტური ნეირო-სომატური წრედი

მაგრამ ჩვენში ასევე არსებობს ბუნებაზე ძალაუფლების ქონის მისწრაფება... ჯანმრთელობა, ძალა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიმშვიდე, ტანჯვებისგან განთავისუფლება - ეს ყველაფერი ნაწილია ფიზიკური ტრანსფორმაციისა, რომლის... რეალიზაციასაც ახორციელებს კიდეც ევოლუცია. შრი აურობინდო, „ადამიანის მომავალი ევოლუცია“. 

სხეულის აღდგომა აუცილებელი არაა საშინელი სამსჯავროს დღისთვის გადავდოთ. იგი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს.

lust

ეს გახლავთ ალისტერ ქროულის შთამაგონებელი ნახატის ასლი. ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ „თოთის წიგნში“, ანუ ქროულის მიერ შექმნილ ტაროს კარტის დასტაში. ოთხთავიანი ურჩხული წარმოადგენს უძველეს წრედებს; „კომპლექსებ-მოხსნილი“ შიშველი ქალი - ესაა ნეირო-სემანტიკური ექსტაზი. გველი - ესაა „კუნდალინის გველის აღმართვა“, მეხუთე წრედის ამ ნეიროსემანტიკური ნეტარების ინდური მეტაფორა.

სიტყვა „ფსიქოსომატური“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება იმისთვის, რომ ყველამ მთლიანობაში გაიგოს მისი მნიშვნელობა; სამწუხაროდ, ეს მორიგი სემანტიკური მოჩვენებაა.

ყველაფერი, რაც ვიცით და შევიგრძნობთ, - ჩვენი რეალობის გვირაბი - რეგისტრირდება ჩვენი ტვინის, და ზოგადად ნერვული სისტემის მიერ.

ფენომენები - „რწმენით განკურნება“, „რეგენერაცია“, „გაახალგაზრდავება“, ნეტარება, ექსტაზი, აღტაცება და ა.შ. მრავალი ათასი წლის მანძილზე ყველა ცნობილ კულტურაში გამოვლინდა. გუშინდელი ფსიქოლოგიის მეცნერებამდელ ენაზე ამ მოვლენებს „ფსიქოსომატურები“ ეწოდებათ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ჩვენს მოდერნისტულ და თითქმის სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟარგონზე მათ ნეირო-სომატური დავარქვათ.

ტვინის ნეიროსომატური წრედი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე აქამდე განხილული ოთხი უძველესი წრედი. იგი, როგორც წესი მაშინვე არ ვლინდება, და არც ყველა ადამიანში, არამედ მხოლოდ მათში, ვინც მათ აქტივაციას და იმპრინტირებას ახდენს.

დროებითი ნეირო-სომატური ცნობიერების მიღწევა შეიძლება: ა) იოგას სუნთქვითი პრაქტიკის - პრანაიამას მეშვეობით; ბ) (მათთვის, ვისაც შეუძლია ამას გაუმკლავდეს) კანაფის პრეპარატების გამოყენებით, როგორიცაა ჰაშიში და მარიხუანა, რომლებიც ამ წრედის გამააქტიურებელ ნეირო-გადამცემებს რთავენ.

პირველი საშუალების, პრანაიამას შესახებ დამაჯერებლად წერს ალისთერ ქროული (ყველაზე სკეპტიკოსი მისტიკოსებს შორის): ცნობიერებისთვის და სხეულისთვის არ არსებობს უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა, არ არსებობს უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა. ცნობიერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად, ცნობიერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად! ერთნაირად! - არ არის, არ არის უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა! - პრანაიამა! დიახ, ცნობ იერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად, არ არის უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა!

თუ ეს მონაკვეთი საკმარისად გამომხატველად არ მოგეჩვენათ, აი, თქვენ სხვა ციტატა ქროულისგან:

პრანაიამა ძალიან კარგია ემოციებისა და მადის დასამშვიდებლად... კერძოდ, მისი საშუალებით ადვილად შეიძლება საჭმლის მომნელებელი პრობლემების გადალახვა. იგი წმენდს როგორც სხეულს, ასევე ცნობიერებას, და სერიოზულმა მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს იგი არანაკლებ დღეში ერთი საათისა.

ამ მონაკვეთს თან ახლავს შენიშვნა: ყურადღება! ყურადღება! ყურადღება|! სწორად შესრულებული პრანაიამა შეუთავსებელია ემოციურ აზროვნებასთან (მეორე წრედის რეფლექსებთან - რ.ა.ვ). მას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ნებისმიერ მომენტში, როცა საფრთხე ექმნება თქვენს სიმშვიდეს.

ძლიერადაა ნათქვამი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ქროულის ყველა წიგნი ხუმრობებით და ცინიზმითაა სავსე, და იგი ყოველთვის ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს: „არ დამიჯეროთ“, ნაცვლად - „დამიჯერეთ“. ვგონებ, პრანაიამა ერთადერთი რამ იყო ქროულის ცხოვრებაში, რასაც სერიოზულად ეპყრობოდა.

ამ წიგნის ავტორის გამოცდილება მოწმობს, რომ პრანაიამა დეპრესიის ყველა ფორმას ხსნის და ამსუბუქებს ღრმა მწუხარებას, არბილებს სიბრაზეს და ათავისუფლებს წყენებისგან, იგი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ კი სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს. ინდუსები, პრანაიამას ოსტატები, ამბობენ, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია მივაღწიოთ უგრძნობლობას ნებისმიერი სახის ტკივილისადმი, სამადჰის („ღმერთთან კავშირს“), ვისწავლოთ ლევიტაცია და ა.შ.

რაც მთავარია, პრანაიამა ქმნის ნეიროსომატურ „ჩართვას“: სენსორულ სხიმდიდრეს, გრძნობისმიერ ნეტარებას, აღქმის სიხარულს და საერთო ჰედონისტურ „კაიფს“. მსგავსი ეფექტები გამოწვეულია ნებაყოფლობითი იზოლაციით ლილის რეზერვუარში, უწონადობის მდგომარეობაში (კოსმონავტების „მისტიური“ შეგრძნებები ნეიროსომატური რეაქციების სწორედ ამ სახეს განეკუთვნებიან) და (გონიერებში და იღბლიანებში) კანაფის პრეპარატებით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

ნეიროსომატური წრედის ნეგატიური ეფექტები ბევრ მოყვარულ-იოგში, ნარკომანში და შიზოფრენიკში ვლინდება. ამ ცუდ შემთხვევებში ნეიროსომატურ უკუკავშირს სრულიად საწინააღმდეგო რეაქციებამდე მივყავართ. სენსორული შეგრძნებები უსიამოვნო ხდება (ნებისმიერი ბგერა ან შეხება მტკივნეულად აღიქმება), მგრძნობელობა იქცევა მწვავე დისკომფორტად მთელ სხეულში, აღქმა - კოშმარად, ასევე ხდება საერთო შფოთვის იმპრინტირება. სინათლე, რომელიც ამ მდგომარეობაში განსაკუთრებულად ძლიერ შიშს და ტკივილს იწვევს, ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთთან ან „ტვინში“ საშინელი მტრების შემოჭრასთან.

გოპი კრიშნა, ინდოელი ჩინოვნიკი, რომელმაც იოგას პრაქტიკა გამაჯანსაღებელი მიზნებით დაიწყო, უეცრად კატაპულტირებულ იქნა რამდენიმე წლით ნეგატიურ ნეირო-სომატურ მდგომარეობაში. ყველა შეგრძნება უკიდურესად ავადმყოფური იყო; ხშირად მას ეჩვენებოდა, რომ ცოტაც და მოკვდებოდა. დეტალები, რომლებსაც იგი გადმოსცემს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - „კუნდალინი“, დრამატულია და ბევრ რამეში შიზოფრენიულ ბოდვას გვაგონებს. ბოლოს და ბოლოს იგი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, შევიდა პოზიტიურ ნეიროსომატურ მდგომარეობაში და მას შემდეგ წერს წიგნებს სამყაროს სრულყოფილებაზე (რაც დამახასიათებელია ამ წრედის მსოფლ-აღქმისთვის).

ნიკოლა ტესლამ, იუგოსლავმა გენიოსმა, მოზარდობისას იგივე „ჯოჯოხეთი“, ანუ შიზოიდური მდგომარეობა გაიარა - იოგას გარეშეც კი. მისგან იგი გამოვიდა დამუშავებული სამეცნიერო თეორიით ცვლადი დენის შესახებ, რწმენით ექსტრასენსორული აღქმისადმი, ზეადამიანური მეხსიერებით, და ასევე იდეალისტური ჰუმანიზმით, რომელიც გახდა მიზეზი უსასრულო კონფლიქტებისა კორპორაციებთან, რომლებიც მის ასზე მეტ გამოგონებას აფინანსებდა ელექტროობის დარგში. (30 წლამდე მან მილიონ დოლარზე მეტი იშოვა - მაშინ ეს უზარმაზარი ფული იყო, - და როცა მოკვდა ჯიბეში ერთი გროშიც კი არ ჰქონდა, და ცდილობდა გაეყიდა გამოგონება, რომელიც, მისი სიტყვებით მსოფლიოში სირატაკეს აღმოფხვრიდა.)

შამანთა უმეტესობამ და ბევრმა მისტიკოსმა ასევე გაიარა ნეიროსომატური გადასვლა ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ. ქრისტიანულ მეცნიერებაში მას „ქიმიკალიზაციას“ (chemicalization) უწოდებენ, სან ხუან დე ლა კრუზმა მას პოეტურად უწოდა „სულის ბნელი ღამე“. კაბალისტები მას „უფსკრულის გადალახვას“ უწოდებენ.

კაზანძაკისის წიგნში „ოდისეა: თანამედროვე სიქუელი“ არის სცენა, სადაც ოდისევსი ხედავს ქანდაკებას, რომელიც მას ძალიან აზრიანად ეჩვენება. ეს ქანდაკება - წრედების ევოლუციის სიმბოლოა, რომლებიც ცნობილი იყო (მეტად ან ნაკლებად) სხვადასხვა კულტურებში უკვე ათასი წლის წინ. გავიხსენოთ, მაგალითად, ძველი ეგვიპტელების „შვიდი სული“ ან კაბალისტების ათი „ცეცხლი“ და ა.შ.

კაზანძაკისის ქანდაკებაში ცხოველის (I წრედი) ზემოთ მეომარია (II წრედი), მეომრის ზემოთ - მეცნიერი (III წრედი), შეყვარებული (IV წრედი), აგონიით დამახინჯებული სახე („ქიმიკალიზაცია“, „სულის ბნელი ღამე“, „უფსკრულის გადალახვა“, რაც შეესაბამება V წრედში შესვლის ცუდ ვარიანტს), ნეტარების გამომხატველი სახე (V წრედის წარმატებით გადაიმპრინტირება) და ადამიანი, რომელიც წმინდა სულად იქცევა (VII წრედი). VI წრედი ამ სქემაში ზუსტად ისევეა გამოტოვებული, როგორც მეოთხე წრედი - იუნგთან, ხოლო ყველა წრედი მესამეს ზემოთ - კარლ საგანთან.

ზოგიერთი იღბლიანი მეხუთე წრედის ექსტაზში მაშინვე ვარდება, „ქიმიკალიზაციის“ საშინელებების და „სულის ბნელი ღამის“ გავლის გარეშე.

ნეირო-სომატური წრედი ფროიდის არამადისამღძვრელი ტერმინოლოგიით აღინიშნება, როგორც „პოლიმორფული გარყვნილება“. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ნერვული სისტემა თავის თავზე მთელი სხეულის მართვას იღებს. „ნებისმიერი მოქმედება ორგაზმი ხდება“, როგორც ალისთერ ქროულიმ თქვა, როცა ამ წრედის პოლიმორფული ბუნების ტანტრისტული ხედვა გამოხატა.

წმინდანთა ცხოვრებები სავსეა ისტორიებით, რომლებიც ან სასწაულებად ეჩვენება უმეტესობას, ვინც მეოთხე წრედშია, ან უკუგდებული ხდება როგორც „სიცრუე, ტრუილი და სისულელე“ მესამე წრედის დოგმატური რაციონალისტის მიერ, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურია მეხუთე წრედის პოლიმორფული ცნობიერების თვალსაზრისით. წმინდანი ამბობს, რომ ნეტარებაშია და ღმერთისადმი მადლიერებითაა აღსავსე მისთვის გამოგზავნილი მდიდრული ვახშმისთვის - წყლისთვის და პურისთვის. (რა თქმა უნდა, მარიხუანას ბევრი მუდმივი მომხმარებლისთვისაა ცნობილი ნეიროსომატური ნეტარების ეს დონე...) გურუ ოთახში შემოდის და მას ბიოენერგიის ისეთი დონე აქვს, რომ ხეიბარი „განკურნებული“ წამოხტება ხოლმე; უბრალოდ კონტაქტის მეშვეობით ავადმყოფში ხდება ნეიროსომატური ჩართვა, მსგავსად იმისა, როგორც ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება „კონტაქტური კაიფი“ „კაიფში მყოფებთან“| ურთიერთობისას. ბევრი შამანი ცეცხლზე დადის - როგორც ისინი ანთროპოლოგებს ეუბნებიან, იმისთვის, რომ გამოავლინონ „სულთან“ კავშირი, ანუ აჩვენონ საკუთარ თავს და სხვებს, რომ მაღალი ხარისხის ნეიროსომატურ განწყობას მიაღწიეს.

ერთმა მკურნალმა საუბრისას მითხრა, რომ „ადამიანთა უმეტესობა ადრენალინით მოწამვლისგან კვდება“. ჩვენი ტერმინოლოგიით ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობაში პირველი წრედის ზედმეტი მღელვარება და მეორე წრედის ტერიტორიული მებრძოლური განწყობაა. ადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბრძვიან გადარჩენისთვის, რაც, მიუხედავად დარვინის მტკიცებისა, არცერთ ცხოველს არ ახასიათებს. ცხოველების უმეტესობა დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში უბრალოდ თამაშობს, გადარჩენის პრობლემებს კი მხოლოდ მაშინ ჭრის, როცა ამის აუცილებლობა ჩნდება, და კვდება, თუ ისინი ვერ გადაჭრა; მაგრამ მხოლოდ ადამიანები იბრძვიან ცნობიერად, ამიტომ ცხოვრების თამაში მათში მღელვარებას და დეპრესიას იწვევს.

„წამალი ამისგან, - განაგრძობდა მკურნალი, - ესაა გააცნობიერო: მე არ მეშინია“. კონტაქტი მეხუთე წრედის პიროვნებასთან, რომელიც აკონტროლებს თავისი მეორე წრედის ადრენალინის გამოფრქვევებს, შეიძლება იქცეს კატალიზატორად, რომელიც ტანჯულს მეხუთე წრედის პირად განცდაში აგდებს.

მოსახლეობის მოწინავე 20%, ცნობიერების განვითარების წყალობით (უძველესი შამანური სიბრძნის სეკულარიზაცია), უკვე მზადაა, რომ გაიგოს რამდენიმე წინამდებარე გვერდის ნებისმიერი ველური იდეა. მათ საკმარისი ნეიროსომატური გამოცდილება გააჩნიათ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ ოდესღაც ბოლომდე რობოტიზირებულნი იყვნენ, ამიტომ ახლა ცნობიერად ისწრაფვიან ახალი ნეიროსომატური ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.

როცა ამ ადამიანების რიცხვი მოსახლეობის 51%-ს მიაღწევს, მოხდება მსოფლიოში უდიდესი რევოლუცია, რომელიც სიდიდით სიცოცხლის გახანგრძლივების რევოლუციის მსგავსი იქნება.

(გთხოვთ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს წინადადება და კარგად იფიქრეთ მასზე).

მაკლაენის ტერმინოლოგიის თანახმად, მეხუთე წრედი „არახაზობრივი“ და „გლობალურია“. ეს ნიშნავს,რ ომ იგი არაა შემოსაზღვრული თანმიმდევრულობით: „ერთ ჯერზე ერთი ობიექტი“, რაც სემანტიკურ წრედს ახასიათებს; იგი გეშტალტებით ოპერირებს. აი, რატომ უწოდებენ მას ასე ხშირად „ინტუიციას“ - უნარს, რომ იაზროვნოს მონაცემთა წერტილებს შორის აღქმის ეკრანზე და შეიგრძნოს, თუ რა საერთო ველის ნაწილებს წარმოადგენენ ეს წერტილები.

უდიდეს მუსიკოსებს შესანიშნავად აქვთ განვითარებული კავშირი მეხუთე წრედის გეშტალტინგსა და მესამე წრედის ფუნქციას შორის, რომელიც მსგავსი „კოჰერენტული სტრუქტურების“ კოდირებას შთამაგონებელი მუსიკის სიმბოლიზმში ახდენს. მუსიკა ყოველთვის იწვევს მსმენელში ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გარკვეულ აქტივობას, სადაც თითქმის ზუსტად ვიცით, რომ განლაგებულია მეხუთე წრედი.

როგორც გვახსოვს, ბეთჰოვენი ცაცია იყო. რამდენადაც მარცხენა ხელი ნევროლოგიურად ტვინის პოლიმორფულ მარჯვენა ნახევარსფეროს უკავშირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა გენეტიკური წინასწარგანწყობა მარჯვენა ნახევარსფეროს საქმიანობისადმი - ანუ ერთი მთლიანის აღქმისადმი, ნეირო-სომატური ექსტაზის თითქმის „საკუთარი სურვილით“ განცდისადმი, ასევე სენსორულ-მგრძნობელობითი აღტაცებისადმი და ნეტარებისადმი. ყველამ „იცის“, რომ მეექვსე სიმფონია „პანთეისტურია“, მაგრამ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ბეთჰოვენი იდეოლოგიური პანთეისტი, ბუნების მსგავსი აღქმა ნორმალური და ბუნებრივია მეხუთე წრედის ფუნქციონირებისთვის. ყველა, ვისაც განვითარებული აქვს მეხუთე წრედი, ყველა, ვისაც მეხუთე წრედი აქვს განვითარებული, ილაპარაკებს როგორც პანთეისტი, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა „პანთეისმის ფილოსოფიას“. ბეთჰოვენის სასწაული იმაში კი არაა, რომ სამყაროს მსგავსი სახით აღიქვამდა, - ისტორიამ მინიმუმ ათასი ადამიანი იცის, რომლებიც მას ზუსტად ასევე აღიქვამდნენ, - არამედ იმაში, რომ მან, მიაღწია რა უდიდეს ოსტატობას მესამე წრედის მუსიკის ხელოვნებაში, შეძლო ამ აღქმის გადმოცემა, (რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ „მისტიკოსს“ არ შეუძლია).

ნეიროსომატური წრედი, დიდი ალბათობით, დაახლოებით 30 ათასი წლის წინ გაჩნდა (ბარბარა ჰენეგერის დასკვნით, რომელმაც ჩაატარა რა გულდასმით კვლევა ევროპაში გამოქვაბულის კედლებზე არსებულ ნახატებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბევრი მათგანი წარმოადგენს მარჯვენა ნახევარსფეროს გასავითარებელ ვარჯიშებს, მსგავსად შამანური და იოგური ტრადიციებისა, რომლებიც დღემდეა შემონახული).

მეხუთე წრედი მარჯვენა ნახევარსფეროს ქერქზეა მიმაგრებული და ნეიროლოგიურად დაკავშირებულია ლიმბურ სისტემასთან (პირველი წრედი) და გენიტალიებთან. ეს ნეირონული კავშირები ხსნიან „კუნდალინის“ ენერგიის, ანუ „გველის“ სექსუალურ მეტაფორას, რომლებიც გამოიყენება ამ წრედის აღსაწერად ისეთ სისტემებში, როგორიცაა ინდური ტანტრიზმი, ვუდუს გნოსტიციზმი, და ასევე ჩინური წარმოდგენა ინზე და იანზე (ქალურ და მამაკაცურ ენერგიებზე).

ხანგრძლივი სექსუალური თამაში ორგაზმის გარეშე ყოველთვის რთავს მეხუთე წრედის ცნობიერებას.

ძალიან ადვილია იმის განსაზღვრა, სწორად იყო თუ არა აქტივირებული მეხუთე წრედი. რამდენად ხშირად სტუმრობს ადამიანი ექიმებს? თუ იგი „ანათებს“, და რუხად არ გამოიყურება, თუ იგი ენერგიულია, და არა ნაკლებადმოძრავი, თუკი მასში „ნაპერწკალია“ - და იგი პრაქტიკულად არასოდეს დადის ექიმებთან - იგი ნეიროსომატურ წრედს ფლობს. როგორც ერთხელ მერი ბეიკერ ედიმ დაწერა, (დაკარგა რა ამის შემდეგ პოპულარობა მათ შორის, ვისაც მისტიკაზე უყვარს საუბარი, მაგრამ არანაირი ემპირიული ცოდნა არ გააჩნია): „სიტყვა ხორცად იქცა“ [იოანე: 1-14]. ღვთაებრივი ჭეშმარიტება შეცნობილი უნდა იქნას მისი არა მხოლოდ ცნობიერებაზე ზემოქმედებით, არამედ სხეულზეც.

ანთროპოლოგია არ იცნობს ტომს, რომელშიც ერთი ნეიროსომატური ტექნიკოსი (შამანი) მაინც არ იქნებოდა. ყველა ძირითად ისტორიულ პერიოდში ხშირად ხდებოდა ნეიროსომატური ცნობიერების ფართომასშტაბური აფეთქებები, რომლებსაც, როგორც წესი, სწრაფად ახშობდა ინკვიზიციის ადგილობრივი ფილიალი ან მედიკოსთა ამერიკული ასოციაცია; ზოგჯერ მათ გარკვეული მიმართულებით წარმართავდნენ და შემდეგ თანდათან ასუსტებდნენ.

ახალ აღთქმაში ვკითხულობთ:

მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება... როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. [მათეს სახარება: 10, 1-8]

შესაძლოა ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. შესაძლოა (როგორც მარკ ტვენი იტყოდა) „ხმები ცოტა გაზვიადებულია“. თუმცაღა რაღაც ამდაგვარს (მაშინაც კი, თუ ევანგელისტები აზვიადებდნენ) უნდა ჰქონოდა ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავხსნით ქრისტიანობის ასეთ სწრაფ გამარჯვებას მეხუთე წრედის გახსნის სხვა, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტურ სისტემებზე. მიტრაიზმი, ელევსინური მისტერიები, დიონისეს კულტი და ა.შ. - ყველანი ისინი ფლობდნენ საუკუნოვან შამანურ ტექნიკებს ნეიროსომატური ნეტარების გამოსაღვიძებლად; ქრისტიანობა კი (ერთი შეხედვით) აღემატება მათ ნეიროსომატურ კონტროლში.

წმ. პავლეს მეტაფორაში „ძველი ადამი“ (I-IV წრედები) კვდება, ხოლო „ახალი ადამი“ (მეხუთე წრედი) ცნობიერებისა და საკუთარი თავის მართვის ცენტრი ხდება. სხვა მეტაფორაში სხეული შედარებულია მორჩილ თიხას, ხოლო გამოღციძებული (გასხივოსნებული) ცნობიერება - მოქანდაკეს.

ჩვეულებრივ, მეოთხე წრედის პრობლემები დანაშაულის ფორმას იღებენ: „მე არ შემიძლია გავაკეთო ის, რაც უნდა გავაკეთო“. მესამე წრედის პრობლემები გაურკვევლობის ფორმას იღებენ: „არ მესმის, რატომ მოვკიდე ხელი ამ ყველაფერს, როგორ დავაღწიო ამას თავი და რა მოითხოვება ჩემგან“. მეორე წრედის პრობლემები ტრაბახის ან სიმხდალის ფორმას იღებენ: „მე მათ ვაჯობებ“ ან „მე დავნებდები და ნებას მივცემ მათ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც გაუხარდებათ“. პირველი წრედის პრობლემები იღებენ სხეულებრივი სიმპტომების ფორმას: „მე თავს სრულიად გატეხილად ვგრძნობ“, რომლებიც საკმარისი სტრესის შემთხვევაში თანდათან ერთ მწვავე სიმპტომზე კონცენტრირდებიან (ერიკ ბერნი ამას „კოჭლის თამაშს“ ეძახის. ამ თამაშის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს არიდებს სოციალური როლის შესრულებას და თავის მოგონილ ან ნამდვილ ფიზიკურ არასრულფასოვნებაში „მიდის“.

ნეიროსომატური ცნობიერება ამ პრობლემებს მაშინვე ხსნის. პირველი წრედის „ფიზიკური“ ავადმყოფობების მხოლოდ გვეჩვენება უფრო „სასწაულებრივად“, ვიდრე მეორე წრედის ემოციურობის, მესამე წრედის გაურკვევლობის და მეოთხე წრედის დანაშაულის გრძნობის გადალახვა. პირველი წრედის „ფიზიკური“ განკურნების, როგორც რაღაც უფრო უცნაურად და ზებუნებრივად წარმოდგენას, ვიდრე სხვა წრედებში ნებისმიერი სწრაფი გაუმჯობესებაა, ჩვენ გვაიძულებს „სული - სხეულის“ დეკარტესეული დუალიზმი.

ჩვენი ტერმინოლოგიის ერთ-ერთი დანიშნულება მდგომარეობს ამ დუალიზმის გადალახვაში, რათა ყველა წრედი თანაბრად გასაგები იყოს ერთი კონტექსტის საზღვრებში.

რობოტიზებულ რაციონალისტს ეშინია და უკუაგდებს მეხუთე წრედის ნეტარებას და მის ქოლისტურ ინტუიტიურ შესაძლებლობებს (ზუსტად ისევე, როგორც რობოტიზებულ ემოციონალისტს ეშინია და უკუაგდებს მესამე წრედის საღ აზრს). ამრიგად, როდესაც ნეიროსომატური ფუნქციონირებას იწყებს და მეხუთე წრედის მუტირებადი პიროვნება ცდილობს, რომ აღწეროს თავისი ნეტარება და ერთიანობის შეგრძნება, რაციონალისტი ბურტყუნებს, რომ ეს ყველაფერი „ცალსახად სუბიექტურია“.

უბედურებაც ასევე „ცალსახად სუბიექტურია“, მაგრამ ეს არ აქცევს მას ნაკლებად ავადმყოფურად. სასურველია დავეუფლოთ ნებისმიერი ტრანსმუტაციის გამოცდილების ნეიროსომატურ უნარს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ თავი კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნოს სიტუაციაში, როცა მეოთხე წრედის ადამიანთა უმეტესობა თავს უბედურად იგრძნობდა - თუნდაც იმ ძალიან მარტივი ეგოისტური მიზეზით, რომ უკეთესია ბედნიერება განვიცადოთ, ვიდრე ტკივილი. ეს ასევე სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის, რადგან ლირის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმით: „ვერ გააკეთებ კარგს, სანამ თავს კარგად არ გრძნობ“. ზუსტად ასევე, როგორც უბედურება ეძებს კომპანიას, ბედნიერება და კარგი განწყობაც საჭიროებენ, რომ სხვა ადამიანებიც ბედნიერები და კარგ განწყობაზე იყვნენ. (მეხუთე წრედის ადეპტის პირველი გაკვეთილია - ისწავლოს საკუთარ თავში ალტრუიზმის ამოფრქვევების კონტროლი და არ იქცეს თავისმომაბეზრებლად, მცდელობაში, რომ ყველას ბედნიერად ყოფნა აიძულოს...)

რაციონალისტს კიდევ უფრო აღელვებს მეხუთე წრედის ხანგრძლივი ნეტარების შედეგები, რომელთა შორისაც შედის ავადმყოფობათა ფართო სპექტრის განკურნების უნარი - როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში. ენდორფინების თანამედროვე ობიექტური კვლევებიც კი, რომლებიც ნეიროქიმიურ ახსნას უძებნიან ასეთ მკურნალობას, უხალისოდ და მტრულად აღიქმებიან მეტად რობოტიზებული რაციონალისტების მიერ. მათთვის ეს ყველაფერი „მეტაფიზიკურად“ ჟღერს, და შესაბამისად, არსებობის უფლება არ გააჩნია. [ენდორფინები - ნეიროგადამცემები, რომლებიც მეხუთე წრედს რთავენ. ისინი შეიძლება აქტივიზებულ იქნენ მარიხუანათი, ფსიქოდელიკებით, მედიტაციით, პრანაიამით ან თეთრი სინათლის ვიზუალიზაციით. ბოლო ვარიანტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეების როზენკროიცებისთვის და ყველაზე ხშირად თანამედროვე „რწმენით-მკურნალების“ მიერ გამოიყენება].

მეხუთე წრედში არაფერია ზებუნებრივი. იგი უბრალოდ გეჩვენებათ „ზებუნებრივად“ უფრო ადრეულ წრედებთან შედარებით; თუმცაღა მესამე წრედი, რომლითაც ასე ამაყობს რაციონალისტი, უდავოა, რომ ოდესღაც ასევე „ზებუნებრივად“ გამოიყურებოდა (ეგვიპტელები მეტყველებას და მწერლობას - მესამე წრედის ფუნქციებს - თოთის ღვთაებრივ ძღვენად თვლიდნენ). მეხუთე წრედი, ისევე როგორც ყველა ადრეული წრედი, წარმოადგენს უბრალოდ შემდგომ ევოლუციურ მუტაციას, რომელიც უფრო რთულ ნეირო-სოციალურ დონეზე გადასასვლელად გვჭირდება.

„ეს ჩვეულებრივ ცხოვრებას ჰგავს, უბრალოდ შენ ყოველთვის მიწიდან ერთი ფუტით მაღლა დალივლივებ“ - ამბობს ძველი ძენური გამოთქმა.

მეხუთე წრედის ეს „მოლივლივე“ ასპექტი არამიწიერი მიგრაციისთვის გვამზადებს.

ჩვენი თეორიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნეიროსომატური ადეპტი მთელი კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ მერი ბეიკერ ედი. თავისი გულუბრყვილობის და ფილოსოფიის მცირედ ცოდნის გამო მისის ედი ვერ ხვდებოდა, რომ შეუძლებელია ილაპარაკო ან დაწერო გამოუთქმელზე. ამიტომ იგი მასზე ძალიან გრძლად წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები ხშირად რთული გასაშიფრია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გვაგონებენ „აშლილი გონების ბოდვას“ (განსაზღვრება, რომელსაც ქროული აძლევდა მისტიურ გამოხატვებს, მათ შორის საკუთარსაც), მათში ასევე გხვდება საოცარი სიცხადის მომენტებიც. მაგალითად, იგი მიხვდა და სრული სიცხადით დაწერა, რომ ავადმყოფობა - ესაა შიში, ხოლო სიყვარული - წამალი. ბევრი ფსიქოლოგი ამ იდეის გაგებას მხოლოდ ახლა, 100 წლის შემდეგ იწყებს.

„სრულყოფილი სიყვარული შიშისგან გვათავისუფლებს“ - სწორედ ასე ა„ტავისუფლებს ნეიროსომატური გამოღვიძება ადამიანს ავადმყოფობებისგან.

მისის ედიმ ერთხელ ერთ ცნობისმოყვარეს უპასუხა: „სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! ეს ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ, იმისთვის, რომ მკურნალი გახდეთ“. სამოცი წლის შემდეგ კოლეგების უმეტესობის მიერ არაღიარებული შოტლანდიელი ფსიქიატრი იან სატი წერდა, რომ „ექიმის სიყვარული კურნავს პაციენტს“.

აქ მინდა მოვიყვანო მისის ედის კიდევ ერთი ციტატა: ცვლილებების გაგება საშუალებას გვაძლევს, რომ ცხოვრების რეალურობას მივაღწიოთ, სულის კონტროლს შეგრძნებებზე... ესაა კულმინაციური პუნქტი ადამიანის გზაზე ჰარმონიისკენ და უკვდავებისკენ, მისი უნარების გამოღვიძებისკენ.

ჩვეულებრივ მკითხველს სამეცნიერო განათლებით ეს მონაკვეთი მეტაფიზიკურ სისულელედ მოეჩვენება. მოდი, ვთარგმნოთ იგი ნეიროლოგიური მეტაფორების ჩვენს ენაზე:

როცატვინი სრულად იყენებს თავის პოტენციალს, ჩვენ გვიჩნდება ახალი მსოფლხედვა და ნეიროსომატური ნეტარების კონტროლი დანაშაულის გრძნობაზე, გაურკვევლობაზე, ემოციებზე და დაბალი წრედების „სხეულებრივ სიმპტომებზე“... ეს ეტაპი ევოლუციურად აუცილებელია და წინ უძღვის მეექვსე წრედის ევოლუციური ცნობიერების და ფიზიკური უკვდავების გაჩენას.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისის ედის, მას შემდეგ, რაც გაააქტიურა მარჯვენა ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი, შეეძლო გეშტალტებით ეაზროვნა და ნეიროსომატური „მკურნალი“ გამხდარიყო სხვებისთვის. თავის გამოცხადებებში მან შეძლო, რომ დნმ-ის სტრუქტურის დონემდე ჩასულიყო და ჩვენი ათწლეულის სამეცნიერო მიღწევები ეწინასწარმეტყველებინა.

ბევრი ადამიანისთვის მიზეზად, ნეიროსომატური წრედისთვის რომ მიემართა, იქცა ხანგრძლივი ავადმყოფობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არ კმაყოფილდებოდნენ ექიმებით და მიმართავდნენ თვითგანკურნებას ან არატრადიციულ მედიცინას. შტეფან ცვაიგის გადმოცემით, ნიცშეს სააბაზანო ოთახი მოგაგონებდათ „აფთიაქს“ უამრავი წამლით, რომელთა მეშვეობითაც ფილოსოფოსი ქრონიკულ შაკიკს ებრძოდა. გურჯიევი, ებრძოდა რა განუწყვეტელ და ძლიერ ტკივილებს (ორი სამხედრო ჭრილობის და ორი ავტოკატასტროფის შედეგად დარჩენილებს), იყენებდა კოკაინს, ჰაშიშს და იოგურ ტექნიკებს (სავარაუდოდ პრანაიამას ჩათვლით). „უხეშობა“, ზიზღი ჩვეული ადამიანური ტანჯვებისადმი, „ზეადამიანური“ მდგომარეობის კონცეფცია ემოციისა და ტკივილის მიღმა, რომლებიც დამახასიათებელია ამ ორი ფილოსოფოსისთვის, სავარაუდოდ აიხსნება მათი ნეიროსომატური „ჩართვებით“, რომლებიც მწვავე ტკივილით იყო გამოწვეული. მათ ევოლუციის მთელი გზა გაიარეს - დაბალი წრედებიდან ნეიროსომატური ნეტარების სრულ განვითარებამდე, - ამიტომ ძირითადად ზიზღიტ უყურებდნენ საკუთარ ამოვარდნებს „არანეტარ“ ცნობიერებაში.

აღმოსავლეთში კონტროლი ნეირო-სომატურ წრედზე ცნობილია, როგორც დჰიანა, ჩანი ან ძენი; ამ მდგომარეობას ზოგჯერ „ბუდას გონებას“ ან „ბუდას სხეულსაც“ უწოდებენ. ძველ საბერძნეთში, სადაც ყოველწლიურად ტარდებოდა ამ მდგომარეობამდე მისაღწევი რიტუალები ფსიქოდელიური საშუალებების მეშეობით (ელევსინიური მისტერიები), მათ, ვინც წარმატებით აღწევდა რიტუალის მიზანს, დიგენებს („ორჯერ დაბადებულებს“) უწოდებდნენ. ამ მეტაფორის მსგავსი ტერმინი გვხვდება ქრისტიანობაშიც - „ხელახლა შობილის“ სახით, ხოლო მისი სიმბოლოა მითი სხეულის აღდგომაზე.

ფროიდი ბუნდოვნად განსაზღვრავდა ამ მდგომარეობას, როგორც „ოკეანური განცდა“. გურჯიევი ამ წრედს მაგნეტურ ცენტრს უწოდებდა.

იოგას ზოგიერთი სკოლის მკურნალები და ადეპტები გამუდმებით იმყოფებიან ნეიროსომატურ ცნობიერებაში; ხოლო მათ უმეტესობაში, რომლებმაც მისი მიღწევა შეძლო, იგი მხოლოდ მოკლე გამობრწყინებების სახით ბრუნდება, როგორც ეზრა პაუნდმა აღნიშნა:

სამოთხე შრომით არ მიიღწევა,
მას წამით, საათით მოიხელთებენ.
შემდეგ აგონია,
შემდეგ კვლავ საათი.

ეს „სამოთხე“, ნეიროსომატური („ცნობიერება-სხეული“) სამყაროს მდგომარეობა, უნდა განვიხილოთ, როგორც ტვინის ახალი წრედი, რომელიც ნელა და მტკივნეულად უვითარდება მთელ კაცობრიობას ძველი ცხოველური წრედებისგან. პროგრესი პრიმატების ემოციურობიდან პოსტჰომინიდურ სიმშვიდემდე, „ადამიანიდან“ „ზეადამიანამდე“, არის კიდეც ის შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც მუდმივად საუბრობენ მისტიკოსები; იგი გაისმის ბეთჰოვენის გვიანდელი, მაჟორული ნაწარმოებების უმეტესობაში.

როგორც უკვე ითქვა, სახელმწიფოებრივი ტვინის მრეცხავები, არიან რა ძირითადად მყარი პურიტანები, ამჯობინებენ, რომ კავშირი არ ჰქონდეთ სოციო-სექსუალურ წრედთან, და კმაყოფილდებიან ტვინების გამორეცხვით და პროგრამირებით ბიოგადარჩენითი, ემოციური და სემანტიკური წრედების დონეზე, მაშინ, როცა SLA-ს ან მენსონოიდების მსგავსი დაჯგუფებები უფრო შორს მიდიან და სოციო-სექსუალური წრედის გადაიმპრინტირებასაც ახდენენ.

უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ჩამორჩენილ პლანეტაზე ამჟამად მოქმედი ზოგიერთი სექტა კიდევ უფრო შორს მიდის და ტვინის ნეიროსომატურ გამორეცხვამდეც მიდის.

მუდმივი ნეიროსომატური წრედი შეიძლება იმპრინტირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი იოგური, ტანტრული ან სხვა მსგავსი პრაქტიკების ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად (რა თქმა უნდა, კარგი გენეტიკის, კარგი გარემოცვის და ზოგადად, გამართლების პირობებში).

ტვინის ნეიროსომატური გამორეცხვა - რობოტიზაციის ყველაზე ძლიერი ფორმა - მდგომარეობს ტვინის გამომრეცხავის მიერ ნეიროსომატური წრედის დროებით აქტივაციაში, რომელსაც თან ახლავს შთაგონება, რომ მხოლოდ ტვინის გამომრეცხავს (ან „ღმერთს, რომელიც მისი მეშვეობით მოქმედებს“) შეუძლია ჩართოს ეს წრედი.

სრული ეფექტისთვის, ამას რა თქმა უნდა წინ უძღვის ტვინის სტანდარტული გამორეცხვა. თავდაპირველად მსხვერპლს იზოლირებას უკეთებენ მისი უწინდელი გარემოცვისგან და ასწავლიან, როგორ მიამაგრონ ბიო-გადარჩენითი წრედი „გურუზე“ და აშრამზე (თემზე). ემოციური წრედი მწყობრიდან გამოყავთ ეგოს სტატუსზე გამუდმებული დარტყმებით, რათა შედეგად ემოციური უსაფრთხოების ერთადერთი შესაძლებლობა სრულიად დაემორჩილოს მოცემული ჯგუფის რეალობის კუნძულს. ბოლოს და ბოლოს ახალშობილის მდგომარეობამდე დაშვებული მსხვერპლი მზადაა ნებისმიერი სემანტიკის იმპრინტირებისთვის, კრიშნაიტულიდან „ხალხთა ტაძრის“ სექტამდე. ამასთან, სოციო-სექსუალური წრედი შესაძლებელია ადვილად გადაპროგრამდეს ცელიბატზე, თავისუფალ სიყვარულზე ან ნებისმიერ სხვა სექსუალურ თამაშზე გურუს არჩევანის მიხედვით. მაშინ და მხოლოდ მაშინ აჭერენ ნეიროსომატურ ღილაკებს და სუბიექტს გურუს „ძალაუფლებით“ „ეძლევა“ ექსტაზი.

მარჯო გორტნერმა , რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული მსგავსი საქმიანობით, შემდეგ კი გადაწყვიტა რომ დაეტოვებინა იგი და ფართო პუბლიკისთვის გაემხილა თავისი საიდუმლოებები, თავის ფილმში ამბობს: „ეს ბრიყვები ვერასოდეს ხვდებოდნენ, რომ ამის გაკეთება (ნეიროსომატურ ღილაკებზე დაჭერა) დამნოუკიდებლადაც შეუძლიათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამისთვის მე ვწირდებოდი!“ დღეს გორტნერი უჩვეულოდ გულახდილია. როგორც წესი მსგავსი ქარიზმატული ადამიანები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი ვერასოდეს შეძლებს მსგავსი მდგომარეობის დამოუკიდებლად მიღწევას.

ამ ნეირო-მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი პრაქტიკოსი ისტორიაში გახლდათ ჰასან-ი-საბბაჰი, რომელიც შედარებით მარტივ ტექნიკებს იყენებდა, მათ შორის, როგორც ჩანს, „შენელებული მოქმედების აბებს“, რომელიც სიბრძნის სუფიურმა ლოჟამ შექმნა კაიროში.

ჰასანის ტექნიკას მე აღვწერ (ისტორიული მოწმობების საფუძველზე) ჩემს რომანში - „ფოკუსნიკის ცილინდრი“: ორი კანდიდატი ჰასანთან ერთად სადილობს; მათ საჭმელში „შენელებული მოქმედების აბებია“ გარეული. როცა კანდიდატები იძინებენ, ისინი ჰასანის სახელგანთქმულ „ნეტარების ბაღში“ გადაჰყავთ. ამ მომენტისდთვის აბიდან ოპიუმის დიდი დოზა გამოიყოფა, და ვერცერთი კანდიდატი საერთოდ ვეღარ აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს.

„ნეტარების ბაღს“ რამდენიმე აკრის ტერიტორია ეკავა. აქ კანდიდატებს ასასინების ორდენისთვის ამზადებდნენ: ისინი უნდა გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში და სახელგანთქმული პროფესიონალი მკვლელები კაცობრიობის ისტორიაში. თუმცაღა აქვე, ამ ბაღში, ამზადებდნენ კანდიდატებს სინათლის საძმოსთვის, ილუმინატების ორდენისთვის („გასხივოსნებულებისთვის“). ერთსაც და მეორესაც ერთნაირად ამზადებდნენ. ისე, რომ ანგარიშს ვერ უწევდნენ საკუთარ თავს, ისინი თავად ირჩევდნენ თავიანთ მომავალს - პოლიტიკური მკვლელის ან გასხივოსნებული მისტიკოსის.

ორივე ახალგაზრდა ნეტარების ბაღში მიიყვანეს და ერთმანეთისგან მოშორებით ამყოფებდნენ. რაღაც დროის შემდეგ მოქმედება დაიწყო აბების მეორე ნაწილმა: სისხლში გამოიყოფოდა კოკაინი, რომელიც ოპიუმის დამაძინებელ მოქმედებაზე იმარჯვებდა და კანდიდატებს ენერგიითა და სიცოცხლით ავსებდა. ამავე დროს იწყებდა გამოყოფას ჰაშიშიც, რის შედეგადაც ისინი იწყებდნენ გარესამყაროს განსაკუთრებული სიცხადით აღქმას. ყველა ფერი უჩვეულოდ კაშკაშა და ღვთაებრივად მშვენიერი ხდებოდა.

კაიროს ყველაზე ძვირადღირებული საროსკიპოდან მოყვანილი მშვენიერი ქალების ჯგუფი მსუყე ფორმებით ყოველ კანდიდატს გარს ეხვეოდა, თან ფლეიტაზე და სხვა ტკბილხმოვან ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. „კეთილი იყოს შენი მობრძანება სამოთხეში, - წაუღიღინეს მათ ახალგაღვიძებულ და გაოგნებულ მამაკაცებს. - წმინდა ბატონის, ჰასანის ჯადოსნობით თქვენ სიცოცხლეშივე მოხვდით სამოთხეში“. ამ სიტყვებთან ერთად გოგოები კანდიდატებს „სამოთხის ვაშლებს“ (ფორთოხლებს) სთავაზობდნენ, რომლებიც მათთვის ცნობილ ყველა მიწიერ ვაშლზე უფრო ტკბილები იყვნენ, და ასევე აჩვენებდნენ საოცარ სამოთხის ცხოველებს (სხვადასხვა შორეული ქვეყნებიდან მოყვანილებს).

„ეს სამოთხეა, - ექსტაზში წამოიძახა პირველმა ახალგაზრდამ. - დიდია ალაჰი, და დიდია ბრძენი ბატონი ჰასან საბბაჰი!“

მაგრამ მისგან ოცი აკრის მოშორებით, ასეთივე ლამაზმანებით გარშემორტყმული მეორე ახალგაზრდამ უბრალოდ მიიხედ-მოიხედა, კმაყოფილად გაიღიმა და არაფერი თქვა.

შემდეგ სამოთხის ტურფების ორივე ჯგუფმა, როგორც ყურანშია ნათქვამი, ცეკვა დაიწყო და ცეკვის დროს ყოველი ქალი თანდათან იხდიდა თავის შვიდ ტანსაცმელს. ამ პროცესის დროს აბიდან კიდევ უფრო მეტი ჰაშიში გამოიყოფოდა, და ახალგაზრდების მხედველობა კიდევ უფრო მძაფრდებოდა, გრძნობები - კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა, ხოლო სილამაზის აღქმამ და სექსუალურმა სიამოვნებამ მათთვის მანამდე, მიწიერ ცხოვრებაში საერთოდ უცნობ დონეს მიაღწიეს.

შემდეგ ლამაზმანები ცეკვას მორჩნენ და მთელი თავიანთი მშვენიერებით ეცნენ მათკ, როგორც ქარის მონაქროლი ყვავილის ფურცლები. ზოგიერთი ტერფებს უკოცნიდა, ზოგი მუხლებს და ბარძაყებს, ერთი გატაცებით პირით ჩააფრინდა კანდიდატის პენისს, სხვები მკერდს, ხელებს, მუცელს, თვალებს, პირს და ყურებს უკოცნიდნენ. სანამიგი ჰაშიშის მოქმედებით გაძლიერებული ამ სიყვარულის ნიაღვრით იყო გატაცებული, ქალის მის ასოზე ენერგიულმა მოქმედებამ იქამდე მიიყვანა, რომ მის პირში განიმუხტა ისევე რბილად, ნელა და მშვენივრად, როგორც მარტოხელა ფიფქი ვარდება.

მალე ჰაშიშის გამოყოფა შეწყდა, კანდიდატების სისხლში ოპიუმმა დაიწყო გამოყოფა და მათ კვლავ ჩაეძინათ; ამ უგონო მდგომარეობაში ისინი კვლავ ჰასანის დარბაზში გადაიყვანეს. იქ გაიღვიძეს.

„საოცარია, - წამოიძახა პირველმა, - მე სამოთხის ის სასწაულები ვნახე, რომლებზეც ყურანშია საუბარი. უკვე აღარ მაქვს ეჭვები. მე ყოველთვის მექნება ჰასან-ი-საბბაჰის რწმენა, მეყვარება იგი და ვემსახურები!“

„შენ მიღებული ხარ ასასინების ორდენში, - საზეიმოდ განუცხადა ჰასანმა. - მწვანე ოთახში წადი - იქ შენი უფროსი გელოდება“.

როცა ეს კანდიდატი წავიდა, ჰასანმა მეორეს მიმართა: „შენ რას იტყვი?“

„მე აღმოვაჩინე პირველმატერია, მეტალების წამალი, სიცოცხლის ელექსირი, ფილოსოფიური ქვა, ჭეშმარიტი სიბრძნე და სრულყოფილი ბედნიერება, - უპასუხა მან და ალქიმიური ფორმულის ციტირება მოახდინა. - და ეს ყველაფერი - ჩემს თავშია!“

ჰასან-ი-საბბაჰმა ფართოდ გაიღიმა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ილუმინატების ორდენში!“.

ჰასან-ი-საბბაჰი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი სექსუალობის ტრანსმუტაციის და მეხუთე წრედის ნეტარების მკვლევარებს შორის. აღმოსავლეთში - ინდუიზმში, ბუდიზმში და დაოსიზმში - არსებობდა ტანტრისტული სკოლები, სადაც შეისწავლიდნენ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ხანგრძლივმა სქესობრივმა აქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტვინის მნიშვნელოვანი ცვლილებები. დასავლეთში გნოსტიკოსების, ილუმინატების, ალქიმიკოსების და გრძნეულების საიდუმლო კულტები, მსგავს ტექნიკებს დიდ საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან მათ შესახებ რომ წმინდა ინკვიზიციას შეეტყო, მსგავსი ექსპერიმენტების მონაწილეებს ეშმაკის მსახურებად გამოაცხადებდნენ და კოცონზე დაწვავდნენ.

ჩვენს დროში ამ უძველესი, და ასევე თანამედროვე ნეიროლოგიური საიდუმლოებებისადმი ინტერესის რევოლუციური ზრდა შეინიშნება. ტანტრიზმის მასწავლებლებს შეიძლება ბევრ ქალაქში შევხვდეთ. მასტერე და ჯონსონი კვაზიტანტრისტულ მეთოდებს იყენებენ სექსუალური აშლილობების სამკურნალოდ. გამოკითხვამ, რომელიც 1968 წელს მაკგლოტლინის მიერ ჩატარდა, აჩვენა, რომ ქვეყანაში მარიხუანას მწეველთა 85% ამას ძირითადად ეროტიული შეგრძნებების გასამძაფრებლად აკეთებს. აქტიურად იზრდება მოთხოვნილება ვიბრატორებზე და მსგავს სექსუალურ სათამაშოებზე. ჰომოსექსუალები ჩრდილიდან გამოდიან; იმ ფილოსოფოსთა ნაშრომები, რომლებიც დათრგუნვის გარეშე კულტურას ქადაგებენ (ნორმან ბრაუნი, ჰენრი მარკუზე, ჩარლზ რაიხი) ბესტსელერები გახდნენ.

სოლ კენტმა, რომელიც სამედიცინო თემებზე წერს, ივარაუდა, რომ ახლო მომავალში სექსუალური პარტნიორების ელექტრული შემცვლელები გამოჩნდებიან (მერლინ მონროს თქვენი პირადი თოჯინა!). ნაცვლად იმისა, რომ ტომ ვულფს და ნეოპურიტანებს შეუერთდეთ და შეშინებული წამოხტეთ ამ იდეისგან, მოდით ერთი წუთით შევჩერდეთ მასზე. მოდით, შევამოწმოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი რეალობის იმპრინტირებული და განპირობებული გვირაბის საზღვრებისგან გამოხედვას.

თუ 2005 ან 2050 წლისთვის შესაძლებელია სექსუალური ანდროიდის გაჩენა, მაშინ რატომ არ შეიძლება გაჩნდეს სრულიად პროგრამირებადი სექსუალური გარემო? დავარქვათ მას ჰერმან ჰესეს ხსოვნის გამო მაგიური თეატრი. დავიწყოთ იმით, რომ ეს ამჟამად უკვე მისაწვდომია ძვირადღირებულ საროსკიპოებში - ამერიკის ყველაზე ჰედონისტურ მზიან მხარეებში.

მასაჟს, რომელიც პირველ წრედს ამშვიდებს, ოპიატების ყველა ღიურსება გააჩნია, და ამასთან არ იწვევს შეჩვევას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მაგიურ თეატრში იქნებიან კომპიუტერიზირებული სხეულის მომადუნებელ-ენერგეტიზატორები, რომლებიც აღემატებიან ზემოქმედებით მასაჟის თანამედროვე ტექნიკებს. საუკეთესო საროსკიპოებში სტიმულაციისთვის პორნოფილმები გამოიყენება. ჩვენს მაგიურ თეატრში ისინი, რა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი იქნებიან და მათი მოქმედებაც ოთხივე კედელზე განვითარდება. მარიხუანა და კოკაინის ტიპის სხვა ნარკოტიკები მსგავს ადგილებში საყოველთაოდ გამოიყენება. ჩვენს მაგიური თეატრს ნეტარების მომგვრელი კიდევ უფრო უკეთესი ქიმიური სტიმულატორები ექნება.

ყოველ ჩვენგანს შეუძლია იმდენად განაგრძოს ეს ფანტაზია, რამდენის საშუალებასაც წარმოსახვა მისცემს, სანამ არ შეიქმნება ოთახი, რომელშიც ნეტარება ყველა განზომილებაში და უსასრულობამდე ვრცელდება.

ამ კიბერნეტიკული საროსკიპოს პროექტირებისას ჩვენ ერთ რამეს შევეჩეხეთ. ჩვენ გადავლახეთ სექსის საზღვრები და მივედით იქამდე, რასაც შეგვიძლია მეტასექსი დავარქვათ. თუმცა სპეციფიური გენიტალიური ტკბობა ამ დროს არ ქრება, მაგრამ მისი როლი უკვე არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მრავალგანზომილებიანი საროსკიპოს გაჩენამდე, სადაც ყველა გრძნობა ექსტაზამდე სტიმულირდება.

ყველაზე სასაცილო ამ მეცნიერულ-ფანტასტიკურ პროექტში ისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ჯადოსნური ოთახის მოწყობა. ის უკვე არსებობს ჩვენს ტვინში. ჩვენ აღვწერეთ პოზიტიური ნეიროსომატური ცნობიერება, რომელსაც ფროიდმა „პოლიმორფული გარყვნილება“ უწოდა, იმყოფებოდა რა თავის ერთ-ერთ პურიტანულ განწყობაზე, და „ოკეანური განცდა“ - როცა თავის ერთ-ერთ მისტიურ მომენტში გახლდათ. სწორედ ასე გრძნობს თავს ნეიროსომატურად ჩართული ტვინი.

ალქიმიაში ეს ცნობილი იყო, როგორც „პირველმატერიის გამრავლება“ ან „ფილოსოფიური ოქრო“, რომელიც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ოქროსგან იმით, რომ ვერ იქნებოდა დახარჯული ან გამოყენებული, რადგან მისი მარაგები მუდმივად მრავლდებოდა და განახლებას განიცდიდა. ილუმინატების ტრადიციაში - ესაა „მესამე თვალი“, რომელიც ყველაფერს გარდაქმნის, რასაც ხედავს. თვალი, რომელზეც საუბრობს იესო თავის ქადაგებაში:

სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.

სავარჯიშოები

1. აიღეთ ქრისტიანული მეცნიერების ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მათი სახელმძღვანელო და იკითხეთ იგი მთელი თვის განმავლობაში.

2. რომელიმე შაბათ-კვირას დაესწარით სუფიების სემინარს.

3. აიღეთ ჩემი წიგნი - „სექსი და ნარკოტიკები: მოგზაურობა საზღვრებს მიღმა“ და სცადეთ იქ აღწერილი ტანტრისტული სავარჯიშოების შესრულება.

4. ისწავლეთ (იმისგან, ვინც იცის) პრანაიამას სწორად კეთება. (მე ვეცადე ამ ტექნიკის აღწერას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ამ არავერბალური ცოდნის ვერბალური გზით გადაცემისას შეუძლებელია შეცდომებისგან თავის დაზღვევა. იპოვეთ ინდოელი, რომ გასწავლოთ).

5. და ფრი ჯონი, ამერიკელი გურუ, ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ გასხივოსნებას მიაღწიოთ მუდმივი კითხვის დასმით: „ვინაა ის, ვინც ახლა ჩემით ცხოვრობს?“ ეს პირველი წრედის ცნობიერებაა, მეორე წრედის ეგოა, მესამე წრედის განსჯაა, მეოთხე წრედის სექსუალური როლია, მეხუთე წრედის გეშტალტ-ველია, თუ რომელიმე შემდეგი, უფრო მაღალი წრედია? ვინაა ეს? სად იმყოფება? რა ასაკისაა?

6. დოქტორ ეიდენ კელიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ეგრეთქოდებული „არაცნობიერი“ სინამდვილეში უფრო ცნობიერია, ვიდრე ეგრეთწოდებული ცნობიერი გონება. ანუ „არაცნობიერში“ იმყოფება ნეიროსომატური და სხვა წრედების ყველა კავშირი, რომლებიც სიცოცხლეს გვინარჩუნებენ. გააანალიზეთ ეს იდეა. ეს ხომ არაა „ის, ვინც ახლა ჩემით ცხოვრობს?“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff