პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი პირველი

Ouspensky sitting

თავი პირველი

მთარგმნელი: მამუკა გურული

რაზეა ეს სისტემა. - ფსიქოლოგიის შესწავლა. - ადამიანის დაუსრულებლობა. - სამყაროს შესწავლა და ადამიანის შესწავლა. - მასშტაბის პრინციპი. - შესაძლო ევოლუცია. - თვითშემეცნება. - მრავალი „მე“. - ფუნქციების დაყოფა. - ცნობიერების ოთხი მდგომარეობა. - თვითდაკვირვება. - თვითგახსენება. - ორი უმაღლესი ფუნქცია - მანქანის არასწორი მუშაობა. - წარმოსახვა. - ტყუილი. - ნების არქონა. - კონტროლის უკმარისობა. - უარყოფითი ემოციების გამოხატვა. - უარყოფითი ემოციები. - დამოკიდებულებების შეცვლა. - ფუნქციებზე დაკვირვება. - გაიგივება. - გათვალისწინება. - ძილი. - ციხე და მისგან გაქცევა. - ადამიანის შვიდი კატეგორია. - მექანიკურობა. - სამის კანონი. – შვიდის კანონი. - ილუზიები. - ჩვენ არ შეგვიძლია „კეთება“. - სიკეთე და ბოროტება. - მორალი და სინდისი. - მხოლოდ ცოტას შეუძლია განვითარდეს. – A, B და C გავლენები. - მაგნეტური ცენტრი. - ჩვენ სამყაროს ცუდ ნაწილში ვცხოვრობთ. - ქმნილების სხივი. - კანონთა წესრიგი.

სანამ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რას წარმოადგენს ეს სისტემა და ვისაუბრებ ჩვენს მეთოდებზე, მანამდე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები და პრინციპები მე არ მეკუთვნის. და ესაა ის მთავარი, რაც მათ ღირებულებას ანიჭებს, რადგან მე რომ მეკუთვნოდნენ, ისინი დაემგვანებოდნენ სხვა თეორიებს, შექმნილებს ჩვეულებრივი გონებით, ანუ საგნებზე მხოლოდ სუბიექტურ ხედვას მოგვცემდნენ.

როდესაც 1907 წელს დავიწყე წერა წიგნისა - „სამყაროს ახალი მოდელი“, მე განვსაზღვრე ჩემთვის (როგორც ამას მრავალი სხვა ადამიანი აკეთებდა ჩემამდე და ჩემს შემდეგ), რომ იმ ცხოვრების გარეგნული მხარის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რაღაც ბევრად მსხვილი და მნიშვნელოვანია. და მაშინ მე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მანამ, სანამ ამის შესახებ მეტს არ გავიგებთ, ყველა ჩვენი ცოდნა ცხოვრებაზე და ჩვენს თავზე სინამდვილეში არაფრად არ ღირს. მახსენდება, როგორ ვთქვი მაშინ ერთ-ერთ საუბარში: „შესაძლებელი რომ იყოს იმის დამტკიცება, რომ ცნობიერებას (ან ჯობია ამას ახლა გონება დავარქვათ) შეუძლია ფიზიკური სხეულისგან ცალკე გამოვლენა, მაშინ სხვა მრავალი რაღაცის დამტკიცებაც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ შეუძლებელია ამის, როგორც მტკიცებულების მიღება. მე მესმოდა, რომ პარანორმალური ფსიქოლოგიის გამოვლინებებს (როგორებიცაა აზრების გადაცემა, ნათელმხილველობა, მომავლის ცოდნის შესაძლებლობა, წარსულის დანახვა და ა.შ.) მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ამიტომ ვცდილობდი, მეპოვა ამ მოვლენების შესწავლის მეთოდი და ამ მიმართულებით რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ამგვარად, რამდენიმე საინტერესო რამ აღმოვაჩინე, მაგრამ შედეგები ფრიად გაურკვეველი და მოუხელთებელი აღმოჩნდნენ. ცალკეული ექსპერიმენტები საკმაოდ წარმატებით ტარდებოდა, მაგრამ მათი გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ამ ექსპერიმენტების მსვლელობისას მე ორ დასკვნამდე მივედი. პირველი ის, რომ ჩვენ არასაკმარისად ვიცით ჩვეულებრივი ფსიქოლოგია. ჩვენ არ შეგვიძლია პარანორმალური ფსიქოლოგიის შესწავლა, იმიტომ, რომ ნორმალურს არ ვიცნობთ. მეორეც, მე დავასკვენი, რომ არსებობს ერთგვარი რეალური ცოდნა; რომ სადღაც უნდა იყოს სკოლები, რომლებმაც ზუსტად იციან ის, რისი გაგებაც ჩვენ გვინდა, მაგრამ რაღაცით ისინი დაფარულნი არიან, და ეს ცოდნაც დაფარულია. ამიტომ დავიწყე ასეთი სკოლების ძიება. მე ვმოგზაურობდი ევროპაში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ცეილონში, თურქეთში და ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ჩემი მოგზაურობების მხოლოდ დასასრულს, ომის დროს [იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი] შევხვდი რუსეთში ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც შეისწავლიდნენ სისტემას - პირველსაწყისად აღმოსავლური სკოლებიდან წამოსულს. ეს სისტემა ფსიქოლოგიის შესწავლით იწყებდა, და ჩემი წარმოდგენებით, სწორედ ასეც უნდა გაეკეთებინა.

ამ სისტემის მთავარი იდეა შემდეგში მდგომარეობდა: ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი შესაძლებლობების და ძალების მცირე ნაწილსაც კი. ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს შიგნით ძალიან დიდ და ნატიფ ორგანიზაციას ვატარებთ, ოღონდ არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ იგი. ხსენებული ჯგუფის წევრები გარკვეულ აღმოსავლურ მეტაფორებს იყენებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს შიგნით მშვენიერი ავეჯით, ბიბლიოთეკითა და სხვა ოთახებით სავსე დიდი სახლია, მაგრამ ჩვენ სარდაფში ან სამზარეულოში ვცხოვრობთ და არც კი ვცდილობთ ამ ოთახების დატოვებას. თუ გვეუბნებიან, რომ ამ სახლს ზედა სართულებიც აქვს, ჩვენ არ გვჯერა, დავცინით მათ და ცრურწმენებს და ზღაპრებს ვეძახით ამ წარმოდგენებს.

ეს სისტემა გარკვეულ ახალ პრინციპებზე დაყრდნობით სწავლობს სამყაროს და ადამიანს. ასეთი შესწავლა გარკვეულ სპეციალურ ენას მოითხოვს. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სიტყვები (იგივე, რომლებსაც ჩვეულებრივი საუბრის დროს ვიყენებთ), მაგრამ ცოტა განსხვავებულ, უფრო ზუსტ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ.

სამყაროს, უნივერსუმის შესწავლა დაფუძნებულია გარკვეული ძირითადი კანონების შესწავლაზე, რომლებსაც მეცნიერება მეტწილად არ იცნობს, ან მათ მიერ არაღიარებულია. ორი ძირითადი კანონი - ესაა სამის კანონი და შვიდის კანონი (მათ მოგვიანებით განვიხილავთ). მათში შედის - და ამ თვალსაზრისით აუცილებელია - მასშტაბის პრინციპი: პრინციპი, რომელიც ჩვეულებრივ მეცნიერულ კვლევებში ან საერთოდ არ შედის, ან ძალიან მცირე ხარისხით შედის.

ადამიანის შესწავლა მჭიდროდაა დაკავშირებული ევოლუციის იდეასთან. მაგრამ ევოლუცია მოცემულ შემთხვევაში ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ჩვეულებრივ. როგორც წესი სიტყვა „ევოლუციის“ ქვეშ გულისხმობენ ერთგვარ მექანიკურ პროცესს: გარკვეული საგნები რაღაც ცნობილი თუ უცნობი კანონებით სხვა საგნებად ტრანსფორმირდება, რომლებიც კიდევ სხვად ტრანსფორმირდება და ა.შ. მაგრამ იმ სისტემის თვალსაზრისით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთი ევოლუცია არ არსებობს. მე ვსაუბრობ არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად - ადამიანის ევოლუციაზე. ადამიანის ევოლუცია, თუკი იგი ხდება, შეიძლება იყოს მხოლოდ ცოდნისა და ძალისხმევების შედეგი. სანამ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რისი გაგებაც ჩვეული გზით შეიძლება, ვერანაირ ევოლუციაზე საუბარი ვერ იქნება.

სერიოზული შესწავლა იწყება ამ სისტემაში - ფსიქოლოგიის შესწავლით, ანუ საკუთარი თავის შესწავლით, რადგანაც შეუძლებელია ფსიქოლოგიის ასტრონომიის მსგავსად - საკუთარი თავის გარეთ შესწავლა. ადამიანმა საკუთარი თავი უნდა შეისწავლოს. როცა ამის შესახებ მოვისმინე, ჩემთვის მაშინვე გასაგები გახდა, რომ ჩვენ ასეთი შესწავლის არანაირი მეთოდი არ გაგვაჩნია, მაგრამ არსებობს საკუთარ თავზე უამრავი ცრუ წარმოდგენა. და მე მივხვდი, რომ ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ამ ცრუ წარმოდგენებისგან და ამავე დროს უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შემეცნების მეთოდები.

იმედია გესმით, რამდენად რთულია იმის განსაზღვა, თუ რა იგულისხმება ფსიქოლოგიის ქვეშ. იმდენი აღნიშვნა არსებობს, რომლებიც ერთი და იგივე სიტყვებს სხვადასხვა სისტემებში ენიჭებათ, რომ ძნელია საერთო განსაზღვრების პოვნა. ამიტომ ჩვენ შემდეგით დავიწყებთ: ფსიქოლოგია - ესაა საკუთარი თავის შესწავლა. თქვენ უნდა გაიგოთ რამდენიმე მეთოდი და პრინციპი, და მათზე დაყრდნობით შეგიძლიათ სცადოთ, რომ ახალი თვალთახედვით შეხედოთ საკუთარ თავს.

როცა საკუთარი თავის შესწავლას ვიწყებთ, პირველ რიგში ვაწყდებით ერთ სიტყვას, რომელსაც ყველა სხვა სიტყვაზე ხშირად ვიყენებთ. ესაა სიტყვა - „მე“. ჩვენ ვამბობთ: „მე ვაკეთებ“, „მე ვზივარ“, „მე ვგრძნობ“, „მე მიყვარს“, „მე არ მიყვარს“ და ა.შ. ეს ჩვენი მთავარი ილუზიაა, რამდენადაც ყველაზე პირველი შეცდომა საკუთარ თავთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანად ვთვლით საკუთარ თავს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ საკუთარ თავზე „მე“-ს და ყოველთვის ვგულისხმობთ ერთი და იგივე რამეს, მაშინ, როცა სინამდვილეში ასობით და ათასობით სხვადასხვა „მე“-დ ვართ დაყოფილი. ერთ მომენტში, როცა „მე“-ს ვამბობ, ამ დროს ჩემი ერთი ნაწილი ამბობს ამას; მეორე მომენტში ამ სიტყვას სრულიად სხვა „მე“ წარმოთქვამს. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ ერთი „მე“ კი არა, ბევრი სხვადასხვა „მე“ გვაქვს - დაკავშირებულნი ჩვენს გრძნობებთან და სურვილებთან. ჩვენ არც კი ვეჭვობთ, რომ არანაირი მმართველი „მე“ არ გაგვაჩნია. ეს „მე“-ები გამუდმებით იცვლებიან: ერთს მეორე თრგუნავს, მეორეს მესამე განდევნის, და სწორედ ასეთი ბრძოლა წარმოადგენს მთელ ჩვენს შინაგან ცხოვრებას.

„მე“, რომელსაც ჩვენში ვხედავთ, რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ზოგიერთი მათგანი სრულიად უფლებამოსილია. სხვები კი სრულიად ხელოვნურნი არიან, რადგანაც შექმნილნი არიან არასაკმარისი ცოდნისა და საკუთარ თავზე გარკვეული წარმოსახვითი იდეების შედეგად.

იმისთვის, რომ საკუთარი თავის შესწავლა დავიწყოთ, აუცილებელია ავითვისოთ თვითდაკვირვების მეთოდები, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ ფუნქციების გარკვეული ფუნქციური დაყოფა. ჩვენი ჩვეული წარმოდგენა მათ შესახებ, სრულიად მცდარია. ჩვენ ვიცით სხვაობა ინტელექტუალურ და ემოციურ ფუნქციებს შორის. მაგალითად, როდესაც ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვადარებთ, განვმარტავთ ან ნამდვილ მნიშვნელობებს ვპოულობთ გარკვეული საგნებისთვის - ეს ინტელექტუალური მუშაობაა. მაშინ, როცა სიყვარული, სიძულვილი, შიში, ეჭვი და ა.შ. - ესაა ემოციები. მაგრამ ძალიან ხშირად, საკუთარზე დაკვირვების მცდელობისას ინტელექტუალურ ფუნქციებს ემოციურში ვურევთ: როცა ვგრძნობთ, ამას აზრებს ვუწოდებთ, ხოლო როცა ვფიქრობთ - ამას ემოციებს ვუწოდებთ. მაგრამ შესწავლის პროცესში ჩვენ მივხვდებით, რომ ერთი მეორესგან განსხვავდება. მაგალითად, არსებობს უზარმაზარი განსხვავება სიჩქარეში, მაგრამ ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ.

არსებობს კიდევ ორი ფუნქცია, რომლებსაც პირვანდელი ფსიქოლოგიის არცერთი სისტემა არ იზიარებს და სათანადოდ არ ესმის - ინსტინქტური და მამოძრავებელი. ინსტინქტური განეკუთვნება ორგანიზმის შინაგან ფუნქციას: საჭმლის მონელება, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა - ეს ინსტინქტური ფუნქციებია. მათ განეკუთვნება ასევე ჩვეული შეგრძნებები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება, სიცივისა და სითბოს შეგრძნება და ა.შ. პრინციპში, თითქმის ყველა ჩამოვთვალე. გარე მოძრაობებიდან ინსტინქტური ფუნქციას მხოლოდ მარტივი რეფლექსები შეესაბამება, რადგანაც უფრო რთულები მამოძრავებელ ფუნქციას განეკუთვნება. ინსტინქტური და მამოძრავებელი ფუნქციების გარჩევა ძალიან მარტივია. ჩვენ არ გვჭირდება იმის სწავლა, თუ რა განეკუთვნება ინსტინქტურ ფუნქციას, - ჩვენ ამ უნარებით ვიბადებით. მეორე მხრივ, ყველა მამოძრავებელი ფუნქციის სწავლა გვიწევს - ბავშვი სწავლობს სიარულს, წერას და ა.შ. ამ ორ ფუნქციას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგანაც მამოძრავებელ ფუნქციებში არაფერია თანდაყოლილი, ხოლო ინსტინქტური ფუნქციები, სწორედ თანდაყოლილი ფუნქციებია.

ამიტომ თვითდაკვირვების პროცესში, პირველ რიგში, სწორედ ამ ოთხი ფუნქციის გარჩევაა საჭირო, ამ ყველაფრის კლასიფიკაცია, რასაც აკვირდებით, და თქმა: „ეს ინტელექტუალური ფუნქციაა“, „ეს ემოციური ფუნქციაა“ და ა.შ.

თუ გარკვეული ხნის განმავლობაში აპრაქტიკებთ მსგავს დაკვირვებას, შეძლებთ, რომ რამდენიმე უცნაური რამ აღმოაჩინოთ. მაგალითად, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყველაზე რთული თვითგახსენებაში - ეს ისაა, რომ გავიწყდებათ იგი. თქვენ იწყებთ დაკვირვებას, თქვენი ემოციები კი რომელიმე აზრს უკავშირდება და თვითდაკვირვება გავიწყდებათ.

გარდა ამისა, რამდენიმე ხნის შემდეგ, თუკი განაგრძობთ დაკვირვების ამ ძალისხმევას, რომელიც ახალ ფუნქციას წარმოადგენს და ასეთი სახით ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გამოიყენება, თქვენ შეამჩნევთ სხვა საინტერესო რაღაცას - რომ დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში საკუთარი თავი არ გახსოვთ. თქვენ რომ მუდმივად შეგეძლოთ საკუთარი თავის გაცნობიერება, მაშინ მუდმივად დაკვირვებასაც შეძლებდით, ან, ყოველ შემთხვევაში, იმდენს მაინც, რამდენსაც მოისურვებდით. მაგრამ რადგანაც არ შეგიძლიათ საკუთარი თავის გახსენება, შესაბამისად კონცენტრაციაც არ შეგიძლიათ. ამიტომ უნდა აღიაროთ, რომ ნება არ გაგაჩნიათ. თქვენ რომ საკუთარი თავი გახსოვდეთ, ნებაც გექნებოდათ და იმის კეთებაც შეგეძლებოდათ, რასაც მოისურვებდით. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ, გახსოვდეთ საკუთარი თავი, არ შეგიძლიათ გააცნობიეროთ საუთარი თავი, ამიტომაც ნება არ გაგაჩნიათ. ზოგჯერ, რაღაც მოკლე დროით, გაგაჩნიათ ნება, მაგრამ ეს ნება რაღაც სხვისკენ მიემართება, და გავიწყდებათ იგი.

ეს ის სიტუაციაა, ყოფიერების ის მდგომარეობაა, რომლითაც გვიწევს საკუთარი თავის შესწავლის დაწყება. მაგრამ ძალიან მალე, თუკი დაკვირვებას განაგრძობთ, მიხვალთ დასკვნამდე, რომ საკუთარი თავის შესწავლის დასაწყისიდანვე უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში რაღაცეები, რაც არასწორია, მოიყვანოთ წესრიგში ის, რაც თავის ადგილზე არ იმყოფება. სისტემა ხსნის ამ ყველაფერს.

ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ შეგვიძლია ცნობიერების ოთხ მდგომარეობაში ვიცხოვროთ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ორში ვცხოვრობთ: ერთში - როცა გვძინავს, ხოლო მეორეში - როცა როგორც იტყვიან, „გვღვიძავს“, ანუ ჩვეულ მდგომარეობაში, რომელშიც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მოვისმინოთ, ვიკითხოთ, ვწეროთ და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ ორი მდგომარეობაა ოთხი შესაძლებლიდან. ცნობიერების მესამე მდგომარეობა - ძალზე უცნაურია. როცა გვიხსნიან, თუ რა არის ეს, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, რომ გაგვაჩნია იგი. მესამე მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს თვითცნობიერება, და ადამიანთა უმეტესობა, თუ ამის შესახებ ჰკითხავთ, გეტყვით: „რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობიერნი ვართ!“

აუცილებელია დრო და თვითდაკვირვების ხშირი ძალისხმევები, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ სინამდვილეში არ ვართ ცნობიერნი, რომ ცნობიერნი მხოლოდ პოტენციურად ვართ. თუ გვეკითხებიან, ჩვენ ვპასუხობთ: „დიახ, მე ცნობიერი ვარ“, და ამ მომენტში მართლაც ვაცნობიერებთ თავს, მაგრამ შემდეგ მომენტში კვლავ გვავიწყდება საკუთარი თავი, უკვე აღარ ვართ ცნობიერნი. ამრიგად, თვითდაკვირვების გზით მივდივართ იმის გაგებამდე, რომ ცნობიერების მესამე მდგომარეობა არ გვაქვს და მხოლოდ პირველ ორში ვცხოვრობთ - ან ძილში, ან მღვიძარე მდგომარეობაში, რომელსაც ამ სისტემაში ფარდობითი ცნობიერება ეწოდება. მეოთხე მდგომარეობა, რომელსაც ობიექტური ცნობიერება ეწოდება, ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგანაც მისი მიღწევა მხოლოდ თვითცნობიერების გავლით შეიძლება. ანუ ჯერ საკუთარი თავი უნდა გავაცნობიეროთ იმისთვის, რომ მოგვიანებით ობიექტურ ცნობიერებას მივაღწიოთ.

ამიტომ თვითდაკვირვებასთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ გავაცნობიეროთ საკუთარი თავი „მე აქ ვარ“ შეგრძნების შენარჩუნებით - და მეტი არაფერი. ეს ის ფაქტია, რომელიც მთელმა დასავლურმა ფსიქოლოგიამ, გამონაკლისის გარეშე, ხელიდან გაუშვა. თუმცა ბევრი ადამიანი ძალიან ახლოს მიდიოდა ამასთან, ისინი ვერ აფასებდნენ ამ ფაქტის მნიშვნელობას და ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ჩვეული მდგომარეობა შესაძლებელია შეიცვალოს - რომ ადამიანს შეუძლია ახსოვდეს საკუთარი თავი, თუკი საკმარისად დიდხანს ეცდება ამის გაკეთებას.

ეს არაა ერთი დღის ან ერთი თვის საქმე. ესაა ძალიან ხანგრძლივი პროცესი: იმის შესწავლის, თუ როგორ მოვიშოროთ დაბრკოლებები, რადგანაც ჩვენ არ გვახსოვს და ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ თავს ჩვენს მანქანაში მრავალი მცდარი ფუნქციის გამო, და ყველა ეს ფუნქცია უნდა გამოსწორდეს და დარეგულირდეს. როცა უმეტესობა ამ ფუნქციათაგან სწორად დაიწყებს მუშაობას, თვითგახსენების პერიოდები უფრო ხანგრძლივი გახდება, ხოლო როცა ისინი საკმარისად ხანგრძლივია, ჩვენ მოვიპოვებთ ორ ახალ ფუნქციას. თვითცნობიერებასთან ერთად, რომელიც ცნობიერების მესამე მდგომარეობაა, ჩვენ მოვიპოვებთ ფუნქციას, რომელსაც უმაღლესი ემოციური ფუნქცია ეწოდება, თუმცა იგი ამავე დონით ინტელექტუალურიცაა, რადგანაც ამ დონეზე, ჩვეულებრივი დონისგან განსხვავებით, არ არსებობს განსხვავება ინტელექტუალურსა და ემოციურს შორის. ხოლო როდესაც ობიექტური ცნობიერების მდგომარეობას ვუახლოვდებით, მოვიპოვებთკიდევ ერთ ფუნქციას, რომელსაც უმაღლესი ინტელექტუალური ეწოდება. ის მოვლენები, რომლებსაც პარანორმალურ ფსიქოლოგიას ვეძახი, ამ ორ ფუნქციას მიეკუთვნება. აი, რატომაა, რომ როდესაც 25 წლის წინ ექსპერიმენტებს ვატარებდი, მივედი დასკვნამდე, რომ ექსპერიმენტული მუშაობა შეუძლებელია, რადგან ეს ექსპერიმენტის კი არა, ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის საკითხია.

მე მხოლოდ ზოგიერთი საერთო იდეა მოგეცით. ახლა ეცადეთ მოახდინოთ იმის ფორმულირება, რაც ვერ გაიგეთ, და რაც უკეთ უნდა ავხსნა. დასვით ნებისმიერი კითხვა, რაც გაგიჩნდებათ, - როგორც ჩემს მიერ ნათქვამთან დაკავშირებით, ასევე საკუთარი კითხვები. ასე უფრო გაგვიადვილდება დაწყება.

კითხვა: აუცილებელია თუ არა, რომ გამუდმებით ვაცნობიერებდეთ თავს, იმისთვის, რომ ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობას მივაღწიოთ?

პასუხი: ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ამიტომ საუბარიც კი ვერ იქნება მუდმივ თვითგაცნობიერებაზე. ჯერ-ჯერობით მხოლოდ დასაწყისზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი სხვადასხვა ფუნქციებად დაყოფასთან კავშირში, როცა შეგვიძლია - როცა გვახსოვს, რომ უნდა ვაკეთოთ ეს, - რადგანაც ამაში შემთხვევაზე ვართ დამოკიდებულნი. როცა გვახსოვს, უნდა ვეცადოთ, რომ გავაცნობიეროთ თავი. ესაა ყველაფერი, რაც შეგვიძლია.

კითხვა: საჭიროა თუ არა საკუთარი ინსტინქტური ფუნქციების გაცნობიერება?

პასუხი: მხოლოდ შეგრძნებების. აუცილებელი არაა შინაგანი ინსტინქტური სამუშაოს ცნობიერად შესრულება. იგი საკუთარი თავისთვისაა ცნობიერი, მიუხედავად ინტელექტუალური ფუნქციისა, და არაა ამის გაზრდის აუცილებლობა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისეთად გავაცნობიეროთ თავი, როგორსაც ვხედავთ, და არა ჩვენი შინაგანი ფუნქციები. რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა დავიწყოთ ზოგიერთი იმ შინაგანი ფუნქციის გაცნობიერება, რომელთა გაცნობიერებაც სასარგებლოა, მაგრამ ახლა არა. ჩვენ არ მოვიპოვებთ არანაირ ახალ გრძნობას. ჩვენ მხოლოდ უკეთ ვახდენთ ჩვენი ჩვეული შთაბეჭდილებების კლასიფიკაციას, ჩვეულებრივი რაღაცეების, რასაც ცხოვრებისგან, ადამიანებისგან, ყველაფრისგან ვიღებთ.

კითხვა: სწორი იქნება თუ არა იმის თქმა, რომ რაღაც ახალის შესწავლისას (მაგალითად ავტომობილის მართვის) ინტელექტუალური ფუნქცია კარნახობს მამოძრავებელს, თუ რა უნდა გააკეთოს, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი გამოცდილებას მოიპოვებს, იგი თავისით მუშაობს?

პასუხი: სრულიად მართალია. თქვენ შეგიძლიათ მრავალ ასეთ მაგალითს დააკვირდეთ. თავიდან ინტელექტუალური ფუნქციის მეშვეობით სწავლობთ.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ფიზიკურ მოქმედებებზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა? თუ ეს უბრალოდ გონებაზე დაკვირვებისთვის მზადებაა?

პასუხი: არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ბევრ რამეს ვურევთ და არ ვიცით ბევრი რაღაცის მიზეზი. მიზეზების გაგება კი მხოლოდ მუდმივი დაკვირვების გზით შეგვიძლია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კითხვა: მოგვცემთ მითითებებს, როგორ ვიმუშაოდ ოთხი ცენტრიდან თითოეულზე?

პასუხი: ეს ყველაფერი ახსნილი იქნება, მაგრამ მოგვიანებით. ახლა, - და კიდევ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, - თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დააკვირდეთ.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა სხვადასხვა „მე“-ს მუშაობის მაგალითს შემდეგი სიტუაცია: ადამიანი გვიან წვება დასაძინებლად, მაგრამ მტკიცედ გადაწყვეტს, რომ მომდევნო ღამეს ადრე დაწვება, მაგრამ როცა ღამე დგება, სხვაგვარად იქცევა?

პასუხი: სრულიად მართალია: „ერთი „მე“ წყვეტს, მეორე „მე“-მ კი უნდა გააკეთოს.

კითხვა: როგორ მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევების ორგანიზება იმისთვის, რომ უფრო მეტად გავაცნობიეროთ საკუთარი თავი?

პასუხი: ეს ძალიან მარტივია ასახსნელად, მაგრამ რთულია გასაკეთებლად. არ არსებობს შემოვლითი გზები. საუკეთესო შედეგს მხოლოდ პირდაპირი ძალისხმევის შედეგად მიაღწევთ. უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ მეტად გაცნობიერებული იყოთ, და რაც შეიძლება ხშირად ჰკითხოთ საკუთარ თავს: „ვაცნობიერებ თუ არა საკუთარ თავს?“

კითხვა: კი მაგრამ, როგორ შეიძლება რაიმენაირად დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ თქვენი მეთოდი სწორია?

პასუხი: უბრალოდ შეადარეთ ერთი დაკვირვება მეორეს. გარდა ამისა, როცას ვსაუბრობთ, როცა ვხვდებით. ადამიანები ჰყვებიან თავიანთი დაკვირვებების შესახებ, ადარებენ მათ; მე ვცდილობ ავხსნა ის, რისი გაგებაც მათ არ შეუძლიათ; არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან; და ამ სახით ადამიანი მოიპოვებს დარწმუნებულობას მარტივ საკითხებში - ზუსტად ისევე, როგორც მან იცის, რომ ბალახი მწვანეა.

აქ არაფერ შუაშია რწმენა ან ნდობა. პირიქით, სისტემა გასწავლით, რომ აბსოლუტურად არაფერს არ დაუჯეროთ. თქვენ ყველაფერი უნდა შეამოწმოთ, რასაც ხედავთ, გესმით, გრძნობთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება რაღაცამდე მისვლა.

ამავე დროს, უნდა გაიგოთ, რომ ჩვენი მანქანა ოპტიმალური სახით არ მუშაობს. მისი მუშაობა შორსაა სრულყოფილებისგან მრავალი მცდარი ფუნქციის შედეგად, ამიტომ სამუშაოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შესწავლას უკავშირდება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ისინი, რათა მათგან განვთავისუფლდეთ. და ერთ-ერთი ყველაზე მცდარი ფუნქცია, რომელიც ძალიან გვიყვარს, ესაა წარმოსახვა. ამ სისტემაში წარმოსახვის ქვეშ ვგულისხმობთ არა ცნობიერი ფიქრი რაიმე საკითხზე, ან ვიზუალური ხატ-სახეების განზრახ გამოწვევა, არამედ წარმოსახვა, რომელიც რაიმე კონტროლის ან შედეგის გარეშე ხდება. იგი ძალიან დიდ ენერგიას გვართმევს და აზროვნება არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

კითხვა: როცა თქვენ ამბობთ - „წარმოსახვა“, ლაპარაკია რაიმე რეალურის წარმოდგენაზე, თუ აზრობრივი სურათების დახატვაზე?

პასუხი: წარმოსახვას მრავალი ასპექტი გააჩნია. იგი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სიზმარი სიფხიზლის დროს, ან, მაგალითად, არარსებული ძალების წარმოდგენა საკუთარ თავში. ეს ერთი და იგივე რამეა, იგი კონტროლის გარეშე მუშაობს და თვითნებურად მიედინება.

კითხვა: და ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა?

პასუხი: ადამიანი არ აღიქვამს ამას თავის მოტყუებად: იგი წარმოიდგენს რაღაცას, შემდეგ სჯერა ამის, და ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფებია.

შევისწავლით რა ადამიანს ჩვეული ძილის მდგომარეობაში, ერთიანობის გარეშე, მექანიკურობით და კონტროლის უკმარისობით, ჩვენ ვპოულობთ სხვა რამდენიმე არასწორ ფუნქციას, რომლებიც ამ მდგომარეობის შედეგს წარმოადგენენ, - კერძოდ, გამუდმებულ სიცრუეს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. ჩვეულებრივი ადამიანის ფსიქოლოგიას შეგვიძლია სიცრუის შესწავლაც ვუწოდოთ, რადგანაც ადამიანი უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე სხვა რამეს აკეთებს. არსობრივად, მას არ შეუძლია სიმართლის თქმა. ასე ადვილი არაა მისი თქმა: ადამიანმა ჯერ უნდა ისწავლოს სიმართლის თქმა, ზოგჯერ კი ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს.

კითხვა: გთხოვთ, აგვიხსენით, რას გულისხმობთ სიცრუეში?

პასუხი: სიცრუე - ესაა ფიქრი ან საუბარი იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანმა არ იცის. სწორედ ასე იწყება სიცრუე. ეს არ ნიშნავს განზრახ სიცრუეს, როგორც, მაგალითად არარსებულზე მოყოლის დროს ხდება, მაგალითად, რომ მეზობელ ოთახში დათვი იმყოფება. თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ მეორე ოთახში და ნახოთ, რომ დათვი იქ არაა. მაგრამ თუკი თქვენ შეკრიბავთ ყველა თეორიას, რომლებიც ადამიანებმა ნებისმიერი საკითხის შესახებ შექმნეს, მასზე ყველანაირი ცოდნის გარეშე, დაინახავთ, თუ სად იწყება სიცრუე. ადამიანმა არ იცის საკუთარი თავი, მან არაფერი არ იცის, და მაინც, ნებისმიერ საკითხზე მას თეორიები გააჩნია. ამ თეორიების უმეტესობა - ტყუილია.

კითხვა: მე მინდა ვიცოდე ჭეშმარიტების ის ნაწილი, რომლის ცოდნაც ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში. როგორ უნდა შევამოწმო, ტყუილია თუ არა ეს?

პასუხი: თითქმის ყველაფრისთვის, რაც თქვენ იცით, არსებობს შემოწმების მეთოდები. მაგრამ პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რა შეგიძლიათ იცოდეთ, და რა არ შეგიძლიათ. ეს შემოწმებას ეხმარება. თუ აქედან დაიწყებთ, მაშინ მალეფიქრის გარეშეც კი დაიწყებთ ტყუილის გაგებას. ტყუილს განსაკუთრებული ჟღერადობა გააჩნია. განსაკუთრებით ტყუილს იმ საკითხებზე, რომლებიც ვერ გვეცოდინება.

კითხვა: როცა წარმოსახვაზე ვსაუბრობთ - თუკი ვცდილობთ რომ ვიაზროვნოთ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოვიდგინოთ, უნდა ვაცნობიერებდეთ თუ არა გამუდმებით ამ ძალისხმევას?

პასუხი: დიახ, თქვენ გააცნობიერებთ ამას - არა იმდენად ძალისხმევას, რამდენადაც კონტროლს. თქვენ იგრძნობთ, რომ აკონტროლებთ რაღაცეებს, და რომ ისინი თავისთავად არ ხდებიან.

კითხვა: როცა თქვენ ამბობთ - „გახსოვდეთ საკუთარი თავი“, გულისხმობთ თუ არა ამაში თვითდაკვირვების შემდეგ გახსენებას, ანუ იმას, რომ გვახსოვდეს ის ყველაფერი, რომლებიც, როგორც ვიცით, ჩვენშია?

პასუხი: არა. აიღეთ ეს დაკვირვებისგან სრულიად დამოუკიდებლად. გახსოვდეს საკუთარი თავი იგივეა, რაც აცნობიერებდე საკუთარ თავს - „მე ვარ“. ზოგჯერ ეს თავისთავად მოდის; ეს ძალიან უცნაური შეგრძნებაა. ეს არც ფუნქციაა, არც აზროვნება და არც გრძნობა - ეს ცნობიერების სხვა მდგომარეობაა. თავისთავად, იგი მხოლოდ მოკლე მომენტებში მოდის, როგორც წესი, სრულიად ახალ ვითარებაში, და ადამიანი ეუბნება საკუთარ თავს: „რა უცნაურია, მე აქ ვარ“. ეს თვითგახსენებაა. ასეთ მომენტში საკუთარი თავი გახსოვთ.

მოგვიანებით, როცა ამ მომენტების გამორჩევას დაიწყებთ, სხვა საინტერესო დასკვნამდე მიხვალთ: თქვენ მიხვდებით, რომ ის, რაც ბავშვობიდან გახსოვთ, სხვა არაფერია, თუ არა თვითგახსენების გამობრწყინებები, რადგანაც ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი მომენტების შესახებ იცით, ესაა მხოლოდ ის, რომ მათ ადგილი ჰქონდათ. თქვენ იცით, რომ იქ იყავით, მაგრამ ზუსტად არაფერი გახსოვთ. ხოლო როდესაც მსგავსი გამონათება ხდება, თქვენ იხსენებთ ყველაფერს, რაც მაშინ თქვენს გარშემო იყო.

კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს დაკვირვების მეშვეობით გააცნობიეროს, რომ რაღაცეები მას არ გააჩნია? უნდა დავაკვირდეთ თუ არა საგნებს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი შესაძლებელია?

პასუხი: მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა „ყველაფერი“ უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ დააკვირდით, ყოველგვარი მკითხაობის გარეშე, და დააკვირდით მხოლოდ იმას, რისი დანახვაც შეგიძლიათ. დიდი ხნის განმავლობაში თქვენ მხოლოდ ის გჭირდებათ, რომ დააკვირდეთ და ეცადოთ გაარკვიოთ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გაიგოთ ინტელექტუალურ, ემოციურ, მამოძრავებელ და ინსტინქტურ ფუნქციებზე. მაშინ თქვენ შეძლებთ მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ოთხი განცალკევებული გონება გაქვთ - არა ერთი გონება, არამედ ოთხი სხვადასხვა გონება. ერთი გონება ინტელექტუალურ ფუნქციებს აკონტროლებს, მეორე, მისგან სრულიად განსხვავებული, იემოციურ ფუნქციებს აკონტროლებს, მესამე ინსტინქტურებს, ხოლო მეოთხე, ასევე სრულიად განსაკუთრებული, - მამოძრავებელ ფუნქციებს. ჩვენ მათ ცენტრებს ვუწოდებთ: ინტელექტუალურ, ემოციურ, მამოძრავებელ და ინსტინქტურ ცენტრებს. ისინი სრულიად დამოუკიდებელნი არიან. ყოველ ცენტრს თავისი საკუთარი მეხსიერება, წარმოსახვა და ნება გააჩნია.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების შემთხვევაში, თუკი საკმარისად ვიცნობთ საკუთარ თავს, თვალყური ვადევნოთ იმას, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდნენ?

პასუხი: მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა. ადამიანმა შეიძლება იცოდეს, სურვილები კი მაინც წინააღმდეგობრივი ჰქონდეს, რადგანაც ყოველი სურვილი ცალკე ნებას ნიშნავს. რასაც ჩვენ საკუთარ ნებას ვეძახით ჩვეული თვალსაზრისით, ეს მხოლოდ სურვილების ტოლქმედია. ეს ტოლქმედი ზოგჯერ მოქმედების გარკვეულ მიმართულებას იღებს, სხვა დროს კი იგი შესაძლოა სხვა მიმართულებად გადაეწყოს, რადგან ერთი სურვილი ერთ მხარწს მიდის, მეორე კი სხვა მხარეს, და ჩვენ არ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ რა გავაკეთოთ. ეს ჩვენი ჩვეული მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, მიზანი ერთიანობამდე მისვლა უნდა იყოს, და არა მრავლობითად ყოფნა, როგორებიც ახლა ვართ, რადგანაც იმისთვის, რომ რაღაც სწორად გავაკეთოთ, რაღაც სწორად ვიცოდეთ, რაღაცამდე მივიდეთ, ჩვენ ერთიანნი უნდა გავხდეთ. ეს ძალიან შორეული მიზანია, და ვერ მივუახლოვდებით მას, სანამ ჩვენს თავს არ გავიცნობთ. ხოლო იმ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, ჩვენი უმეცრება ჩვენს შესახებ იმდენად დიდია, რომ როდესაც ვხედავთ ამას, საშინელი განცდა გვეუფლება იმის გამო, რომ ვერანაირ გამოსავალს ვერ ვპულობთ.

ადამიანი - ესაა ძალიან რთული მანქანა, და იგი შესწავლილ უნდა იქნეს, სწორედ როგორც მანქანა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი მანქანის სამართავად (იქნება ეს ავტომობიული, თუ რკინიგზის ლოკომოტივი) თავიდან სწავლაა საჭირო. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი მანქანების ინსტინქტურად მართვა, მაგრამ რატომღაც ვთვლით, რომ ადამიანური მანქანის სამართავად ჩვეულებრივი ინსტინქტი საკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით უფრო რთულია. ეს ერთერთი პირველი მცდარი დაშვებაა - ჩვენ არ გვესმის, რომ უნდა ვისწავლოთ, რომ მართვა - ცოდნისა და ოსტატობის საკითხია.

***

ახლა კი მითხარით, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად იქიდან, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და რაზეც უფრო მეტის გაგებას ისურვებდით.

კითხვა: მე წარმოსახვის საკითხმა დამაინტერესა. როგორც ჩანს, ამ სიტყვის ჩვეული გამოყენებისას არასწორ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას.

პასუხი: სიტყვა „წარმოსახვის“ ჩვეულებრივ მნიშვნელობაში ხელიდან გაშვებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ ამ სისტემის ტერმინოლოგიაში ჩვენ სწორედ ყველაზე მთავარით ვიწყებთ. ყოველი ფუნქციისთვის ასეთ ფაქტორად გვევლინება შემდეგი: „ვმართავთ თუ არა ამ ფუნქციას?“ ამიტომ, როცა ჩვენს წარმოსახვას ვმართავთ, მას სხვა სახელს ვუწოდებთ - ვიზუალიზაციას, შემოქმედებით აზროვნებას, გამოგონებას - ყოველ ცალკეულ შემთხვევას შეგვიძლია ცალკე სახელი მოვუძებნოთ. მაგრამ როდესაც იგი თავისთავად მიმდინარეობს და ჩვენ გვმართავს, ისე, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებით, მაშინ ამას წარმოსახვას ვუწოდებთ.

გარდა ამისა, არსებობს წარმოსახვის სხვა მხარეც, რომელსაც ჩვეულებრივ გაგებაში ასევე ხელიდან ვუშვებთ. მე ვსაუბრობთ არარსებულის წარმოსახვის პროცესზე - მაგალითად, არარსებული უნარების. ჩვენ საკუთარ თავს ისეთ ძალებს მივაწერთ, რომლებიც არ გაგვაჩნია; ცნობიერებად წარმოვიდგენთ საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ გვაქვს წარმოსახვითი ძალები და წარმოსახვითი თვითცნობიერება. ერთიანებად წარმოვიდგენთ თავს, მაშინ, როცა მრავალი სხვადასხვა „მე“ ვართ. და ასეთი რამეები, რასაც საკუთარ თავზე და სხვებზე წარმოვიდგენთ, ძალიან ბევრია. მაგალითად, ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ შეგვიძლია „ვაკეთოთ“, რომ არჩევანი გვაქვს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, ჩვენ არ შეგვიძლია „კეთება“, რაღაცეები უბრალოდ ხდება ჩვენს თავს.

ამიტომ, არსობრივად, ჩვენ წარმოვიდგენთ საკუთარ თავს. სინამდვილეში ის არ ვართ, რაც წარმოგვიდგენია.

კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე სხვაობა წარმოსახვასა და ოცნებებს შორის?
პასუხი: თუკი ამ ოცნებების მართვა არ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ ისინი წარმოსახვის ნაწილია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მთელი წარმოსახვა. წარმოსახვას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს. ჩვენ წარმოვისახავთ არარსებულ მდგომარეობებს, არარსებულ შესაძლებლობებს, არარსებულ ძალებს.

კითხვა: შეგიძლიათ თუ არა, რომ განსაზღვრება მისცეთ უარყოფით წარმოსახვას?

პასუხი: ყოველგვარი უსიამოვნო რაღაცის წარმოსახვა, ყველაფრის, რაც შეიძლება შეგემთხვეთ თქვენ, ან სხვა ადამიანებს, თვითგვემა. უარყოფითი წარმოსახვა სხვადასხვა ფორმებს იღებს. ზოგიერთი სხვადასხვა ავადმყოფობას წარმოიდგენს, ზოგიერთი - უბედურ შემთხვევებს, სხვები - წარუმატებლობებს.

კითხვა: გახდება თუ არა ემოციების მართვა ჩვენი რეალური მიზანი?

პასუხი: ემოციების მართვა - ძალიან რთულია. ეს თვითშემეცნების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ჩვენ ვერ დავიწყებთ ემოციების მართვით, რადგანაც არასაკმარისი გაგება გვაქვს ემოციებზე.

ვეცდები ავხსნა. რისი გაკეთებაც შეგვიძლია ემოციური ფუნქციის დაკვირვების დასაწყისიდანვე, - ეს მხოლოდ ისაა, რომ ვეცადოთ შევაჩეროთ ჩვენი ერთი ფრიად განსაზღვრული გამოხატულება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ უსიამოვნო ემოციების გამოხატვა. ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაზე რთული რამაა, რადგანაც უსიამოვნო ემოციები ისე სწრაფად და ადვილად გამოიხატება, რომ შეუძლებელია მათ დავეწიოთ. და მაინც, თუკი არ ცდილობთ ამის გაკეთებას, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ რეალურ თვითდაკვირვებას, ამიტომაც თავიდანვე, ემოციებზე დაკვირვებისას თქვენ უნდა ეცადოთ, რომ შეაჩეროთ უსიამოვნო ემოციების გამოხატვა. ეს პირველი ნაბიჯია. ამ სისტემაში მსგავს უსიამოვნო, უხეშ და დამთრგუნველ ემოციებს - უარყოფით ემოციებს ვუწოდებენ.

როგორც ვთქვი, პირველი ნაბიჯი იქნება მცდელობა - არ გამოხატოთ ეს ემოციები; მეორე ნაბიჯია - თავად უარყოფითი ემოციების შესწავლა, მათი სიების შედგენა, მათ შორის კავშირების მოძებნა (რადგანაც ზოგიერთი მათგანი მარტივია, ზოგიერთი კი ძალიან რთული), ასევე თანდათანობით იმის გაგება, რომ ისინი სრულიად უსარგებლონი არიან. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, ყველა უარყოფითი ემოცია აბსოლუტურად უსარგებლოა: ისინი არცერთ სასარგებლო მიზანს არ ემსახურებიან; ისინი არ გვაცნობენ ახალს და არ გვაახლოებენ მასთან; ისინი არ გვაძლევენ ენერგიას; ისინი მხოლოდ ფლანგავენ ენერგიას და ქმნიან უსიამოვნო ილუზიებს. მათ ფიზიკური ჯანმრთელობის დანგრევაც კი შეუძლიათ.

და მესამეც, შესწავლისა და დაკვირვების გარკვეული გამოცდილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ დასკვნამდე, რომ უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლება შესაძლებელია, რომ ისინი სრულიად არ არიან აუცილებელნი. აქ სისტემა გვეხმარება, რადგანაც გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში არ არსებობს რეალური ცენტრი უარყოფითი ემოციებისთვის, და რომ ისინი იმ ხელოვნურ ცენტრებს მიეკუთვნებიან ჩვენში, რომლებსაც ბავშვობაში ვქმნით, როდესაც ვბაძავთ ჩვენს გარშემომყოფ ადამიანებს - უარყოფითი ემოციებით. ადამიანები ასწავლიან კიდეც ბავშვებს უარყოფითი ემოციების გამოხატვას. შემდეგ ბავშვები კიდევ უფრო მეტს სწავლობენ მიბაძვით; ისინი აკოპირებენ უფროს ბავშვებს, უფროსები კიდევ უფრო ზრდასრულებს აკოპირებენ, და ამგვარად, უკვე ადრეულ ასაკშივე ისინი სპეციალისტები ხდებიან უარყოფით ემოციებში.

და ეს დიდი შვებაა, როცა ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ არ არსებობს არცერთი აუცილებელი უარყოფითი ემოცია. ჩვენ მათ გარეშე ვიბადებით, მაგრამ რაღაც უცნობი მიზეზით ვსწავლობთ ასეთ ემოციებს.

კითხვა: იმისთვის, რომ თავისუფალნი ვიყოთ უარყოფითი ემოციებისგან, უნდა შეგვეძლოს თუ არა მათი შეჩერება თავიდანვე?

პასუხი: არა, ეს არასწორია, იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ემოციების მართვა. მე ვახსენე სხვადასხვა ფუნქციების სხვადასხვა სიჩქარე. ყველაზე ნელი - ინტელექტუალური ფუნქციაა. შემდეგ მოდის მამოძრავებელი და ინსტინქტური, რომლებსაც დაახლოებით ერთნაირი სიჩქარე აქვთ (რომელიც გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე ინტელექტუალური ფუნქცია). ემოციური ფუნქცია კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს, მაგრამ დაახლოებით იმავე სიჩქარით მუშაობს, როგორც ინსტინქტური. ანუ მამოძრავებელი, ინსტინქტური და ემოციური ფუნქციები გაცილებით უფრო ჩქარია, ვიდრე აზრი, და შეუძლებელია ემოციის აზრით დაჭერა. როცა ჩვენ ემოციურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ემოციები იმდენად სწრაფად მოსდევს ერთიმეორეს, რომ ჩვენ ფიქრის დრო არ გვრჩება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ამ სხვაობაზე მამოძრავებელი და ინტელექტუალური ფუნქციების სისწრაფის შედარებით. თუ რაიმე სწრაფი მოძრაობის შესრულებისას ეცდებით, რომ დააკვირდეთ საკუთარ თავს, დაინახავთ, რომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. აზრს არ შეუძლია გაჰყვეს მოძრაობას. ან ძალიან ნელა უნდა შეასრულოთ მოძრაობა, ან ვერ შეძლებთ, რომ დააკვირდეთ. ფაქტი ასეთია.

კითხვა: მოძრაობაში ფიზიკურ მოძრაობას გულისხმობთ?

პასუხი: დიახ, ჩვეულებრივი ქმედებები, როგორებიცაა მანქანის ტარება, ან წერა; აქედან ვერაფერს ვერ დააკვირდებით. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, და მოგვიანებით ეს დაკვირვების ილუზიას ქმნის. სინამდვილეში თქვენ არ შეგიძლიათ, რომ სწრაფ მოძრაობებს დააკვირდეთ.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენთვის, - ისეთებისთვის, როგორებიც ამჟამად ვართ, - რეალური ბრძოლა უარყოფით ემოციებთან ამ მიზეზით მომავლის საკითხს წარმოადგენს, თუნდაც არც ისე შორეულის. არსებობს მრავალი რამ, რაც უნდა გავიგოთ, და მრავალი მეთოდი, რომლებიც უნდა შევისწავლოთ: არ არსებობს პირდაპირი გზა, და ჩვენ უნდა შევისწავლოთ მათთან ბრძოლის ირიბი გზები.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევცვალოთ მრავალი რამ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულებებიდან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩვენი ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან. მე ვგულისხმობ ინტელექტუალურ დამოკიდებულებებს (შეხედულებებს საკითხებზე). ჩვენ ძალიან ბევრი არასწორი დამოკიდებულება გვაქვს უარყოფითი ემოციების მიმართ: ჩვენ მათ აუცილებლებად, ლამაზებად და კეთილშობილებად ვთვლით; ჩვენ ხოტბას ვასხამთ მათ, და ა.შ. ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან. უნდა გავწმინდოთ ჩვენი გონება უარყოფით ემოციებთან მიმართებაში. როცა ჩვენს გონებას სწორი დამოკიდებულება ექნება მათთან, როცა მათ ხოტბას აღარ შევასხამთ, მაშინ ნელ-ნელა ვიპოვით მათთან ბრძოლის მეთოდებს, ყველასთან თავისებურად. ვიღაცისთვის ადვილი იქნება ერთ უარყოფით ემოციასთან ბრძოლა, ვიღაცისთვის - მეორესთან. თქვენ უნდა დაიწყოთ ყველაზე მარტივით, ამასთან, ჩემთვის ყველაზე მარტივი, შეიძლება თქვენთვის ყველაზე რთული იყოს, ამიტომ თქვენთვის ყველაზე მარტივი უნდა იპოვნოთ, შემდეგ კი შედარებით რთულებზე გადახვიდეთ.

კითხვა: ხსნის თუ არა ეს იმას, თუ რატომ ვახდენ ზოგიერთი უარყოფითი ემოციის ასოციაციას ადამიანებთან, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ?

პასუხი: სრულიად სავარაუდოა, რადგანაც მრავალ უარყოფით ემოციას მიბაძვის გზით სწავლობენ. მაგრამ ზოგიერთი შესაძლოა ჩვენს ნატურას ახასიათებდეს, რამეთუ ჩვენს ნატურას შეიძლება სხვადასხვა მიდრეკილებები და მხარეები ჰქონდეს. ემოციები შეიძლება ჯგუფებად დაიყოს, და ერთი ადამიანი უფრო მეტად ერთი ჯგუფისკენ იქნება მიდრეკილი, მეორე კი - მეორესკენ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია შიშის სხვადასხვა ფორმებისკენ, სხვები - აგრესიის სხვადასხვა ფორმებისკენ. მაგრამ ისინი განსხვავებულნი არიან და არ მოდიან მიბაძვისგან.

კითხვა: მათთან ბრძოლა ყველაზე რთულია?

პასუხი: დიახ, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, დაფუძნებულნი არიან რაიმე სისუსტეზე, რადგანაც უარყოფით ემოციებს ჩვეულებრივ საფუძვლად უდევს საკუთარი მიდრეკილებების აყოლა - ადამიანი რაღაცის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. და თუ ვინმე შიშის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, სამაგიეროდ გამოვლენის უფლებას აძლევს აგრესიას, ან თუ აგრესიას არ ჰყვება, თვითშებრალებისკენ აქვს მიდრეკილება. უარყოფითი ემოციები ყოველთვის რაღაცის აყოლაზეა დაფუძნებული.

მაგრამ სანამ ისეთ რთულ საკითხებზე გადავალთ, როგორიცაა უარყოფით ემოციებთან ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დავაკვირდეთ მამოძრავებელი ფუნქციის ყოველდღიურ მცირე გამოვლინებებში, ასევე იმაში, რასაც შეგვიძლია ინსტინქტური ფუნქციიდან დავაკვირდეთ, ანუ სასიამოვნოს და უსიამოვნოს, სითბოს და სიცივის აღქმა - ის შეგრძნებები, რომლებსაც გამუდმებით ვატარებთ.

კითხვა: თქვენ ახსენეთ გაიგივება, შემიძლია კითხვა დავსვა მასზე?

პასუხი: რა თქმა უნდა. მაგრამ აქ მყოფთაგან ყველას არ სმენია ამის შესახებ, ამიტომ ცოტათი განვმარტავ. როცა დაკვირვებას ვიწყებთ (მოცემულ შემთხვევაში ეს ეხება ემოციებს, მაგრამ ასევე სხვა ფუნქციებსაც ეხება), ჩვენ ვამჩნევთ, რომ ყველა ჩვენს ფუნქციას თან ახლავს გარკვეული დამოკიდებულება - ჩვენ მეტისმეტად შთანთქმულნი ვხდებით საგნებით, მეტისმეტად ვიკარგებით მათში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თუნდაც მცირე ემოციური ელემენტი ჩნდება. ამას ეწოდება გაიგივება. ჩვენ თავს ვაიგივებთ საგნებთან და მოვლენებთან. გაიგივების ცნება ინდურ წმინდა წერილებში არსებობს, ბუდისტები კი საუბრობენ მიჯაჭვულობაზე და განჯაჭვულობაზე. ეს სიტყვები კიდევ უფრო ნაკლებად დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია, რადგანაც მანამ, სანამ ამ სისტემას გავიცნობდი, ვკითხულობდი ამ სიტყვებს და ვერ ვგებულობდი, უფრო სწორად ვგებულობდი, მაგრამ სუფთა ინტელექტუალურად ვიღებდი ამ იდეას. ბოლომდე მხოლოდ მაშინ გავიგე ის, როდესაც იგივე ცნება რუსულად და ბერძნულად ძველ ქრისტიან მწერლებში ვიპოვნე. მათ ოთხი სხვადასხვა დასახელება აქვთ გაიგივების ოთხი დონისთვის, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ გვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიგოთ ეს იდეა არა განსაზღვრების გზით, არამედ დაკვირვების გზით. ეს მიჯაჭვულობის გარკვეული თვისებაა - იყო დაკარგული საგნებსა და მოვლენებში.

კითხვა: ამ დროს დაკვირვების შეგრძნება ქრება?

პასუხი: როცა გაიგივებული ხართ, არ შეგიძლიათ დაკვირვება.

კითხვა: ჩვეულებრივ, ეს ემოციებით იწყება? შედის თუ არა მასში ასევე მესაკუთრეობა?

პასუხი: დიახ, მრავალი რამ. იგი ინტერესით იწყება. თქვენ ინტერესდებით რაღაცით, შემდეგ მომენტში კი უკვე აღარ ხართ ამაში.

კითხვა: მაგრამ, თუ მაგალითად, ჩვენ ვაზროვნებთ და თან ვაცნობიერებთ ამ აზროვნების ძალისხმევას, გვიხსნის თუ არა ეს გაიგივებისგან? შეუძლებელია ერთის და მეორეს ერთდროულად კეთება, ასე არაა?

პასუხი: დიახ, ეს ერთ მომენტში გიხსნით, მაგრამ შემდეგ მომენტში სხვა აზრი მოდის და სხვა მხარეს მიჰყავხართ. ამიტომ არ არსებობს არანაირი გარანტია. გამუდმებით ყურადღებით უნდა იყოთ.

კითხვა: რომელ უარყოფით ემოციებს ასხამენ ხოტბას ადამიანები?

პასუხი: ზოგიერთი ადამიანი ძალიან ამაყობს თავისი გაღიზიანებადობით, რისხვით, ან სხვა რთული ემოციებით. მათ მოსწონთ, როდესაც სასტიკებად თვლიან. არ არსებობს თითქმის არცერთი უარყოფითი ემოცია, რომლითაც ადამიანი ვერ დატკბებოდა, და ამის გაცნობიერება - ყველაზე რთული რამაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა თავის სიამოვნებას უარყოფითი ემოციებისგან იღებენ.

გაიგივება ადამიანებთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ფორმას იღებს, რომელსაც ამ სისტემაში გათვალისწინება ეწოდება. მაგრამ გათვალისწინება შეიძლება ორი სახის იყოს - როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ სხვა ადამიანების გრძნობებს, და როცა ვითვალისწინებთ საკუთარს. ძირითადად ჩვენს საკუთარ გრძნობებს ვითვალისწინებთ. ძირითადად იმას, რომ რაღაც მიზეზით ადამიანები არასაკმარისად გვაფასებენ, არასაკმარისად ფიქრობენ ან ზრუნავენ ჩვენზე. ჩვენ ამისთვის ბევრ სიტყვას ვპოულობთ. ეს გაიგივების ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგია, და ძალიან ძნელია მისგან განთავისუფლება: ზოგიერთი გამუდმებით მისი ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებაზე დაკვირვება.

***

პირადად ჩემთვის, თავიდანვე ყველაზე საინტერესო იყო თვითგახსენების იდეა. უბრალოდ არ მესმოდა, როგორ არ შეეძლოთ ადამიანებს ასეთი რაღაცის შემჩნევა. მთელმა ევროპულმა ფილოსოფიამ და ფსიქოლოგიამ ხელიდან გაუშვა ეს საკითხი. ძველ სწავლებებში არის ამ ცნების ნაკვალევი, მაგრამ ისინი ისე კარგადაა შენიღბული და ისე ეშმაკურადაა განლაგებული სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომ შეუძლებელი ხდება ამ ცნების მთელი მნიშვნელობის დანახვა.

როდესაც ვცდილობთ, რომ გვახსოვდეს ეს და დავაკვირდეთ საკუთარ თავს, მივდივართ ფრიად განსაზღვრულ დასკვნამდე, რომ ცნობიერების იმ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, მთელი ამ გაიგივებებით, გათვალისწინებებით, უარყოფითი ემოციებით და თვითგახსენების არარსებობით, ჩვენ სინამდვილეში გვძინავს. ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ გვღვიძავს. ამიტომ, როდესაც ვცდილობთ, რომ გვახსოვდეს თავი, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - ჩვენ ვცდილობთ გავიღვიძოთ. და ვიღვიძებთ კიდეც ერთი წამით, მაგრამ შემდეგ კვლავ ვიძინებთ. ეს ჩვენი ყოფიერების მდგომარეობაა, ამიტომაც ფაქტიურად გვძინავს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ გაღვიძებას, თუკი მანქანაში ბევრ რამეს გამოვასწორებთ და ძალიან დიდხანს და შეუპოვრად ვიმუშავებთ გაღვიძების იდეაზე.

კითხვა: ამახინჯებს თუ არა ძლიერი ფიზიკური ტკივილი ადამიანის აზროვნებას?

პასუხი: უეჭველად. ამიტომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე. როდესაც ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ იგი ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ ახალი ფუნქციების, ცნობიერების და ა.შ. გამომუშავებაზე. გამონაკლისი შემთხვევები არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რადგან ისინი მთლიანობას ამახინჯებენ.

არსებობს ამასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. ჯგუფი, რომელსაც მოსკოვში შევხვდი, აღმოსავლურ მეტაფორებს და იგავებს იყენებდა, და ერთ-ერთი საინტერესო თემა ციხის თემა იყო - ადამიანი ციხეში იმყოფება, ამიტომ რა შეიძლება უნდოდეს მას? რა შეიძლება იყოს მისი მთავარი სურვილი? თუ ის ასე თუ ისე თავის ჭკუაზეა, მას შეიძლება მხოლოდ ერთი რამ უნდოდეს - ციხიდან გაქცევა. მაგრამ მანამ, სანამ გაქცევის სურვილის ფორმულირებას შეძლებდეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ციხეშია. თუ მას არ ესმის, რომ ციხეში იმყოფება, მაშინ არც მოუნდება განთავისუფლება. შემდეგ, როდესაც იგი მოახდენს ამ სურვილის ფორმულირებას, იგი დაიწყებს გაქცევის შესაძლებლობების შეფასებას და მიხვდება, რომ მარტო გაქცევას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ კედლების გამოთხრაა საჭირო, და ა.შ. იგი მიხვდება, რომ პირველ რიგში სხვა ადამიანები უნდა იპოვოს, რომლებიც მასთან ერთად გაქცევას გადაწყვეტენ, - ადამიანთა მცირე ჯგუფი. იგი მიხვდება, რომ ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ, შესაძლოა მოახერხოს გაქცევა. მაგრამ ყველა ვერ შეძლებს. ერთი ვერ შეძლებს, და ვერც ყველა შეძლებს, მაგრამ გარკვეული მცირე რაოდენობა შეძლებს. და მაინც, რა პირობებში? იგი მიდის დასკვნამდე, რომ დახმარებაა საჭირო. ამის გარეშე გაქცევა შეუძლებელია. მათ სჭირდებათ რუქები, ინსტრუმენტები და ა.შ. ანუ მათ სჭირდებათ დახმარება გარედან.

ზუსტად ასეთია ადამიანის მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მანქანის გამოუყენებელი ნაწილები. ეს ციხე არსობრივად ნიშნავს, რომ ჩვენი სახლის სარდაფში ან სამზარეულოში ვზივართ და არ შეგვიძლია მათი საზღვრების დატოვება. გასვლა შესაძლებელია, მაგრამ მარტო არა. სკოლის გარეშე არავის შეუძლია. სკოლა ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკვე გაიქცნენ, ან როგორც მინიმუმ, ემზადებიან გასაქცევად. სკოლა ვერ დაიწყება სხვა სკოლის დახმარების გარეშე, მათი დახმარების გარეშე, ვინც ადრე გაიქცა. მათგან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული იდეები, გარკვეული გეგმა, გარკვეული ცოდნა - ეს ჩვენი ინსტრუმენტებია. ვიმეორებ: ყველა ვერ შეძლებს გაქცევას. ამის წინააღმდეგ ძალიან ბევრი კანონია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ეს ძალიან შესამჩნევი იქნებოდა და მაშინვე გამოიწვევდა რეაქციას მექანიკური ძალების მხრიდან.

კითხვა: გაქცევის სურვილი თავისი არსით ინსტინქტურია?

პასუხი: არა. ინსტინქტური მხოლოდ ორგანიზმის შინაგანი სამუშაოა. ასეთი სურვილი ინტელექტუალური და ემოციური უნდა იყოს, რადგანაც ინსტინქტური ფუნქცია სინამდვილეში შედარებით დაბალ, ანუ ფიზიკურ ფუნქციებს განეკუთვნება. თუმცაღა ზოგიერთ პირობებში შესაძლებელია ფიზიკური გაქცევის სურვილსაც ჰქონდეს ადგილი. მაგალითად, თუ ოთახში მეტისმეტად ცხელა, ჩვენ კი ვიცით, რომ გარეთ სიგრილეა, - რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გვინდოდეს გაქცევა. მაგრამ იმის გასაცნობიერებლად, რომ ციხეში ვართ, და გაქცევა შესაძლებელია, აუცილებელია გონება და გრძნობა.

კითხვა: როგორც ჩანს, ხანგრძლივი თვითდაკვირვების გარეშე რთულია იმის გაგება, თუ რა არის გაქცევის მიზანი.

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. ციხე - ეს უბრალოდ მაგალითია. ჩვენთვის ციხე - ეს ჩვენი ძილია, და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე თუ ვიტყვით, ჩვენ გვინდა გავიღვიძოთ, როცა გვესმის, რომ გვძინავს. ამის გაგება ემოციურადაა საჭირო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიზმარში უძლურნი ვართ - ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ცხოვრებას, დავინახოთ, რატომ ხდება მოვლენები ასე თუ ისე - როგორც მსხვილმანი, ასევე წვრილმანი - და გავიგოთ, რომ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ადამიანებს სძინავთ. ბუნებრივია, რომ ადამიანებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ სიზმარში.

იცით, ამ იდეებთან და ამ მეთოდებთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაურ დროში ვცხოვრობთ, რადგანაც სკოლები მალე ქრებიან. ოცდაათი ან ორმოცი წლის წინ შეიძლებოდა მრავალი სხვადასხვა სკოლის ნახვა, რომლებიც დღეს უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობენ, ან მათი პოვნა ბევრად უფრო ძნელია.

კითხვა: ისინი აღმოსავლეთშიც ისევე ქრებიან, როგორც დასავლეთში?

პასუხი: აღმოსავლეთს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. დასავლეთში ისინი დიდი ხანია აღარ არსებობენ. მაგრამ, ვფიქრობ, სკოლებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ეს ძალიან საინტერესო თემაა, რადგანაც ჩვენ არ ვიცით, როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან სწორად. არსებობს სკოლების მრავალი სახე.

***

კითხვა: როცა საკუთარ თავზე დაკვირვებას ვიწყებთ, არ ჯობია, რომ ამისთვის ბევრი სხვადასხვა მოკლე ქმედება ავირჩიოთ, ვიდრე ერთი ხანგრძლივი საქმე? აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა?

პასუხი: არა, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ სხვადასხვა პირობებში დააკვირდეთ თავს, და არა მხოლოდ და მხოლოდ ერთში.

კითხვა: ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ არა შემდეგ ამის გაანალიზება?

პასუხი: არა. დასაწყისში (და ზოგადად, საკმაოდ ხანგრძლივად) არ უნდა იყოს არანაირი ანალიზი. იმისთვის, რომ გააანალიზოთ, აუცილებელია კანონები იცოდეთ: რატომ ხდება მოვლენები სწორედ ასე, და რატომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. ამიტომ, სანამ კანონები არ იცით, ჯობია არ ეცადოთ გაანალიზებას. მხოლოდ დააკვირდეთ მოვლენებს, როგორებიც არიან, და ეცადოთ, რომ მიაკუთვნოთ ისინი ემოციურ, ინტელექტუალურ, მამოძრავებელ და ინსტინქტურ ფუნქციებს. ყოველ ამ ფუნქციას თავისი საკუთარი ცენტრი, ან გონება გააჩნია, რომლის მეშვეობითაც იგი თავს ავლენს.

ცნობიერების ფუნქციებსა და მდგომარეობებთან (ასევე შესაძლო ევოლუციის თვალსაზრისით) კავშირში ადამიანი იყოფა შვიდ კატეგორიად, და ამასთან მხოლოდ პირველი სამიდან ერთ-ერთში იბადება. ადამიანი, რომელშიც ჭარბობს ინსტინქტური ან მამოძრავებელი ცენტრი, ხოლო ემოციური და ინტელექტუალური ნაკლებად განვითარებულია, იწოდება ადამიანად #1; თუ ემოციური ფუნქცია ჭარბობს, ეს იქნება ადამიანი #2; ხოლო თუ ინტელექტუალური ფუნქცია ჭარბობს, ეს იქნება ადამიანი #3. ამ სამ ტიპზე მაღლა დგას (მაგრამ ასეთებად არ იბადებიან) ადამიანი #4. ეს ნიშნავს ცვლილების დასაწყისს - უპირატესად ცნობიერებაში, მაგრამ ასევე ცოდნასა და დაკვირვების უნარში. შემდეგ მოდის ადამიანი #5, რომელმაც უკვე განივითარა საკუთარ თავში ცნობიერების მესამე მდგომარეობა (თვითცნობიერება) და რომელშიც უმაღლესი ემოციური ფუნქცია მუშაობს. შემდეგ მოდის ადამიანი #6, და ბოლოს ადამიანი #7, რომელსაც სრული ობიექტური ცნობიერება გააჩნია და რომელშიც უმაღლესი ინტელექტუალური ფუნქცია მუშაობს.

კითხვა: როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ, არის თუ არა ადამიანი ჩვენზე განვითარებული, თუკი არ ვიციღთ, რა საზომით გავზომოთ?

პასუხი: როცა მეტი ვიცით იმაზე, რაც გვაკლია, რასაც მივიწერთ, მაგრამ სინამდვილეში არ ვფლობთ, ჩვენ დავიწყებთ ამის შესახებ რაღაცის ხედვას, თუმცა უფრო მაღალი დონის ადამიანების გარჩევა მხოლოდ მათი ცოდნით შეგვიძლია. თუკი მათ იციან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით, და თუ გვესმის, რომ ეს სხვამ არავინ იცის, და ვერ იქნებოდა შესწავლილი რაიმე ჩვეულებრივი მეთოდით, მაშინ ეს შეიძლება მაჩვენებელი იყოს.

ეცადეთ იფიქროთ თავად ამ კატეგორიების მახასიათებლებზე. მაგალითად, როგორი საერთო მახასიათებლები ექნებათ ადამიანებს #1, #2 და #3? პირველ რიგში - ძილი. ადამიანები #1, #2 და #3, სანამ არ დაიწყებენ საკუთარი თავის შესწავლას რაიმე სისტემასთან კავშირში, რომელიც თვითშემეცნების საშუალებას მისცემს მათ, მთელ თავის ცხოვრებას ძილში ატარებენ. ისინი მხოლოდ გამოიყურებიან ფხიზლებად, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს იღვიძებენ (ან შემთხვევით იღვიძებენ წამიერად, გაიხედ-გამოიხედავენ და ისევ იძინებენ). მათ მეორე მახასიათებელს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თუმცა ასეთ ადამიანებს მრავალი სხვადასხვა „მე“ გააჩნიათ, ამ „მე“-თაგან ზოგიერთი არც კი იცნობს ერთმანეთს. ადამიანს შეიძლება სრულიად განსაზღვრული დამოკიდებულებები, შეხედულებები და რწმენები ჰქონდეს, მაგრამ ამავდროულად სხვა შეხედულებები და რწმენები, ანტიპათიები და სიმპათიები ჰქონდეს, და ამ განსხვავებული შეხედულებების მფლობელებმა არც კი იციან ერთმანეთის შესახებ. ეს #1, #2 და #3 ადამიანების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.

ადამიანები ძალიან დაყოფილნი არიან, და არ იციან და ვერ ეცოდინებათ ამის შესახებ, რამეთუ ყოველი „მე“ მხოლოდ ზოგიერთ „მე“-ს იცნობს, რომლებსაც ასოციაციებით ხვდება; სხვა „მე“-ები სრულიად უცნობი რჩება. „მე“-ები დაყოფილია ფუნქციების მიხედვით: არსებობს ინტელექტუალური, ემოციური, ინსტინქტური და მოტორიული (მამოძრავებელი) „მე“-ები. საკუთარი თავის გარშემო მათ რაღაც იციან, მაგრამ ამის იქით არაფერი გაეგებათ. ამიტომ მანამ, სანამ ადამიანი არ დაიწყებს საკუთარი თავის შესწავლას ამ დაყოფის ცოდნით, იგი ვერასოდეს მივა თავისი ფუნქციებისა და რეაქციების სწორ გაგებამდე.

ადამიანის ეს ძილი და მასში ერთიანობის არარსებობა სხვა ძალიან მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოშობს, კერძოდ - ადამიანის სრულ მექანიკურობას. ადამიანი ამ მდგომარეობაში, ადამიანი #1, #2 და #3 გარე ზეგავლენების მიერ მართულ მანქანას წარმოადგენს. მას არ გააჩნია შესაძლებლობა, რომ ამ გავლენებს შეეწინააღმდეგოს, ერთმანეთისგან გაარჩიოს ისინი, მათგან განცალკევებით შეისწავლოს საკუთარი თავი. იგი თავს ფეხებზე მყარად მდგომად აღიქვამს და ძლიერი ილუზია აქვს იმისა, რომ თავისუფლება აქვს - სადაც უნდა იქ წავიდეს, თავისი სურვილისამებრ იმოძრაოს, მარჯვნივ ან მარცხნივ წავიდეს. მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. თუ ის მარჯვნივ მოძრაობს, ეს ნიშნავს, რომ მარცხნივ მოძრაობა არ შეუძლია. „ნება“ - ეს სრულიად მცდარი ცნებაა. იგი არ არსებობს. ნება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ადამიანში, რომელსაც ერთი მმართველი „მე“ გააჩნია. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანს მრავალი სხვადასხვა „მე“ გააჩნია, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, მას ასევე მრავალი განსხვავებული ნება გააჩნია: ყოველ „მე“-ს თავისი საკუთარი ნება გააჩნია, ვერ იარსებებს ერთი „მე“ ან ერთი ნება. მაგრამ ადამიანს შეუძლია მივიდეს მდგომარეობამდე, როცა მმართველ „მე“-ს და ნებას მოიპოვებს. მას ამის გაკეთება მხოლოდ ცნობიერების განვითარებით შეუძლია. ესაა ამ სისტემის ყველაზე ელემენტარული პრინციპები.

***

ახლა მინდა კიდევ ერთი საკითხი განვიხილო. ჩვენ ვიწყებთ ფსიქოლოგიით - საკუთარი თავის, ადამიანური მანქანის, ცნობიერების მდგომარეობის, გამოსწორების მეთოდების და ა.შ. შესწავლით; მაგრამ ამავდროულად სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ სამყაროს საერთო კანონების დოქტრინები, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის გაგებაც კი არ შეგვიძლია, თუკი არ გვესმის ზოგიერთი ძირითადი კანონი, რომლებიც ყველა მოვლენის უკან დგას. ჩვეულებრივი მეცნიერული ცოდნა ამისთვის საკმარისი არაა, რადგანაც სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც თვითგახსენების არარსებობა, ფსიქოლოგიაში ხელიდანაა გაშვებული. ამიტომ ჩვენმა მეცნიერებამ ან დაივიწყა, ან არასოდეს იცნობდა იმ ძირითად კანონებს, რომლებზეც ყველაფერია დაფუძნებული.

როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ამ სამყაროში, დიდი თუ მცირე, დაფუძნებულია ორ ძირითად კანონზე, რომლებსაც ამ სისტემაში სამის კანონი და შვიდის კანონი ეწოდებათ.

სამის კანონი, თუკი მას მოკლედ ავღწეთ, ნიშნავს, რომ ყოველ მოვლენაში მოქმედებს სამი ძალა. მათ ეწოდებათ, (მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, რადგანაც ისინი არ გამოხატავენ მათ თვისებებს) დადებითი, უარყოფითი და გამანეიტრალებელი, ანუ აქტიური, პასიური და გამანეიტრალებელი, ან კიდევ უფრო მარტივად - პირველი, მეორე და მესამე ძალები ეწოდებათ. ეს სამი ძალა ყველაფერში შედის. ბევრ შემთხვევაში ჩვენ გვესმის ორი ძალის არსებობის აუცილებლობა, რადგანაც ერთ ძალას არ შეუძლია მოქმედება, არსებობს ქმედება და საწინააღმდეგო ქმედება. მაგრამ მესამე ძალას, როგორც წესი არ ვიცნობთ. ეს დაკავშირებულია ჩვენი ყოფიერების მდგომარეობასთან, ჩვენი ცნობიერების მდგომარეობასთან. სხვა მდგომარეობაში ჩვენ მას ბევრ ისეთ შემთხვევაში გავაცნობიერებდით, რომელშიც ახლა ვერ ვხედავთ. ზოგჯერ შეგვიძლია მესამე ძალის მაგალითები ჩვეულებრივ მეცნიერულ კვლევებში დავინახოთ - მაგალითად, ქიმიაში და ბიოლოგიაში შესაძლებელია დავინახოთ მესამე ძალის აუცილებლობა პროცესებისა და მოვლენების წარმოქმნაში.

ჩვენ ვიწყებთ ფსიქოლოგიის შესწავლით. შემდგომში უფრო მეტს ვისაუბრებთ სამ ძალაზე და ვიპოვით მათი ურთიერთქმედების რამდენიმე მაგალითს. მაგრამ ჯობია მომზადებულები ვიყოთ და უკვე ახლავე შევეჩვიოთ ამ სამი ძალის შესწავლის აუცილებლობას.

ასევე აუცილებელია, რომ მოკლედ აღვწეროთ შვიდის კანონი. იგი ნიშნავს, რომ არცერთი პროცესი სამყაროში არ მიმდინარეობს წყვეტების (შესვენებების) გარეშე. იმისთვის, რომ ამ იდეის ილუსტრირება მოვახდინოთ, ავიღოთ გარკვეული პერიოდი, რომელშიც ვიბრაციების რაოდენობა იზრდება. დავუშვათ, ყველაფერი დაიწყო წამში ათასი ვიბრაციით, შემდეგ კი მათი რაოდენობა ორიათასამდე გაიზარდა. ასეთ პერიოდს ოქტავა ეწოდა, რადგანაც ეს კანონი გამოყენებულ იქნა მუსიკაში, სადაც ეს პერიოდი დაყოფილი იყო შვიდ ნოტად და პირველი ნოტის გამეორებად. ოქტავა, განსაკუთრებით მაჟორული ოქტავა, - სინამდვილეში კოსმიური კანონის სურათი ანუ ფორმულაა, რადგანაც კოსმიურ პროცესებში ერთი ოქტავის ფარგლებში არის ორი მომენტი, როცა ვიბრაციები თავისით სუსტდება. ვიბრაციები მუდმივად არ ვითარდება. მაჟორულ ოქტავაში ეს გამოიხატება ნახევარტონების არარსებობით [„მი“-სა და „ფა“-ს შორის, და „სი“-სა და „დო“-ს შორის. მთარგმნ. შენიშვნა]; აი, რატომ ამბობენ, რომ ეს კოსმიური კანონის სურათია, მაგრამ ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს მუსიკასთან.

შვიდის კანონის გაგება აუცილებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი ძალიან დიდ როლს თამაშობს ყველა მოვლენაში. შვიდის კანონი რომ არ ყოფილიყო, , ყველაფერი სამყაროში დასრულდებოდა, მაგრამ ამ კანონის შედეგად ყველაფერი გადაიხრება. მაგალითად, თუ წვიმა დაიწყებოდა, იგი შეუჩერებლად გაგრძელდებოდა, თუ წყალდიდობა დაიწყებოდა, იგი ყველაფერს დაფარავდა, თუ მიწისძვრა დაიწყებოდა, იგი უსასრულოდ გაგრძელდებოდა. მაგრამ ეს მოვლენები შვიდის კანონის წყალობით წყდებიან, რადგანაც ყოველი ნახევარტონის გამოტოვებისას მოვლენები გადაიხრებიან, ისინი არ მიდიან პირდაპირი ხაზით. შვიდის კანონი ხსნის ასევე, თუ რატომ არაა ბუნებაში პირდაპირი ხაზები. ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში, და ჩვენი მანქანაც, ამ კანონს ეფუძნება. ამიტომ ჩვენ შევისწავლით მას ჩვენი ორგანიზმის მუშაობაში, რადგანაც საკუთარი თავი უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არა მხოლოდ ჩვენს მენტალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, არამედასევე ფიზიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც. ჩვენს ფიზიკურ პროცესებში ამ კანონის მოქმედების მრავალ მაგალითს ვხვდებით.

ამავე დროს შვიდის კანონი ხსნის, როგორ მივცეთ დამატებითი ბიძგი ოქტავას და შევინარჩუნოთ პირდაპირი ხაზი (თუკი იცით, როგორ და რა მომენტში გააკეთოთ ეს). ადამიანურ საქმიანობაში ჩვენ ხშირად ვაკვირდებით, როგორ იწყებენ ადამიანები რაღაც ერთი საქმის კეთებას, რაღაც დროის შემდეგ კი სრულიად სხვა საქმეს აკეთებენ. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ ეს საგანი სრულიად შეიცვალა. მაგრამ პირად სამუშაოში, - განსაკუთრებით ამ სისტემასთან დაკავშირებულო სამუშაოში, - ჩვენ უნდა შევისწავლოთ, როგორ შევინარჩუნოთ ოქტავები გადახრისგან, როგორ შევინარჩუნოთ პირდაპირი ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრამდე ვერ მივალთ.

***

ჩვენ გამუდმებით უნდა დავუბრუნდეთ ფსიქოლოგიას, მაშინაც კი, როცა სისტემის სხვა მხარეებს შევისწავლით, რადგან სწორედ ფსიქოლოგიის შესწავლით გავზრდით რეალურად ჩვენს ცოდნას; ამის გარეშე მხოლოდ სიტყვებს დავისწავლით და მეტი არაფერი. მხოლოდ მაშინ, როცა გავიგებთ, თუ როგორ შევისწავლოთ საკუთარი თავი ფსიქოლოგიური კუთხით, ჩვენი გონების მუშაობასთან, ჩვენს შემეცნებით უნარებთან და ა.შ. დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ რაღაცის გაგება.

მე ვეცდები მოგცეთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორაა საჭირო თვითშესწავლის დაწყება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიცრუეზე, და მე განსაზღვრება მივეცი ფსიქოლოგიას, როგორც „სიცრუის შესწავლას“. ამიტომ ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი რამ დაკვირვებისთვის - ესაა სიცრუე. ფრიად ახლოს არიან ტყუილთან ჩვენი ილუზიები, საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც საკუთარ თავს ვატყუებთ, მცდარი იდეები, მცდარი რწმენები, მცდარი წარმოდგენები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ, რადგან სანამ ჩვენი ილუზიების გაგებას არ დავიწყებთ, ვერასოდეს შევძლებთ ჭეშმარიტების დანახვას. ყველაფერში პირველ რიგში ილუზიები ფაქტებისგან უნდა გამოვყოთ. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი დავინახოთ, შევძლებთ თუ არა მართლა ვისწავლოთ რამე ახალი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულად გადასალახავი ილუზია - ესაა ჩვენი დარწმუნებულობა იმაში, რომ „კეთება“ შეგვიძლია. ეცადეთ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვთვლით, რომ ვადგენთ გეგმებს, ვწყვეტთ, ვიწყებთ და ვაღწევთ იმას, რაც გვსურს, მაგრამ სისტემა ამბობს, რომ ადამიანს # 1, 2 და 3 არ შეუძლია „აკეთოს“ - მას არ შეუძლია აკეთოს არაფერი, მას ყველაფერი მხოლოდ ემართება. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როცა ყველა ფიქრობს, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ მიხვდებით, რომ ბევრი რამ, რასაც ზოგადად ადამიანზე ვამბობთ, შესაძლებელია ჭეშმარიტება იყოს მხოლოდ უფრო მაღალი დონის ადამიანებთან მიმართებაში, და მიუღებელია დაბალი დონის ადამიანებთან კავშირში. თუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს შეუძლია „აკეთოს“, ეს სიმართლე იქნება #7 ან #6 ადამიანებთან მიმართებაში. #5 ადამიანსაც კი შეუძლია რაღაც აკეთოს ჩვენთან შედარებით, მაგრამ ჩვენ არაფრის კეთება არ შეგვიძლია. ზუსტად ასევე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ცნობიერება აქვს. ეს სწორი იქნება #5, #6 და #7 ადამიანთან მიმართებაში (დაწყებული #5-დან), ხოლო თუ ვიტყვით, რომ ადამიანს სინდისი აქვს, ეს სწორი იქნება მხოლოდ ადამიან #4-ზე, და არა ადამიან #1, 2 და 3-ზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის გარჩევა, თუ ადამიანის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ესა თუ ის საგანი ან მოვლენა, რამეთუ გარკვეული საგნები სწორია ერთ კატეგორიასთან მიმარტებაში, მაგრამ მცდარია სხვებთან მიმართებაში.

იმის გაგება, რომ ადამიანს არ შეუძლია „კეთება“, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამაშია საფუძველი ჩვენი ხედვისა საკუთარ თავზე, და მაშინაც კი, როცა საკუთარი თავით ვხდებით იმედგაცრუებულნი, მაინც გვჯერა, რომ სხვებს შეუძლიათ „კეთება“. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად და ბოლომდე მივიღოთ ის, რომ მოვლენები მექანიკურად ხდება და არავინ აძლევს მათ ბიძგს. თავიდან ამის დიდ მასშტაბში დანახვა ძნელია, მაგრამ ძალიან მალე ამას საკუთარ თავში დაინახავთ. საკუთარი თავის შესწავლისას, როცა გარკვეული რაღაცეების კეთებას შეეცდებით, რომლებსაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ (მაგალითად, თუკი ეცდებით, რომ გახსოვდეთ თავი, აცნობიერებდეთ საკუთარ თავს), ძალიან მალე დაინახავთ, შეგიძლიათ თუ არა რაიმეს „კეთება“. და უმეტესობა შემთხვევბში აღმოჩენთ, რომ არ შეგიძლიათ ამის კეთება.

კითხვა: თუკი ჩვენ არაფრის კეთება არ შეგვიძლია, როგორც #1, 2 და 3 ადამიანებს, შეგვიძლია თუ არა მოვიზიდოთ დახმარება გარედან, თუ გვინდა, რომ ცნობიერები გავხდეთ?

პასუხი: არ არსებობს ისეთი დახმარება გარედან, რომლის მოზიდვაც შეგვიძლია, რადგანაც მექანიკურები ვართ. ჩვენ არაფრის კეთება არ შეგვიძლია, მაგრამ კეთებაში არის სხვაობები, და თვითდაკვირვება გამოავლენს მათ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ გარკვეული წინააღმდეგობა. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაიმე სურვილი, რაიმე მიდრეკილება, მაგრამ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სურვილს და მთელი დღის განმავლობაში შევეწინააღმდეგოთ. ძალიან პატარა რაღაცეებში არჩევანი გაგვაჩნია, ამიტომ, თუმცა არ შეგვიძლია „კეთება“, - არსებობს ბევრი მცირე რაღაც, რისი კეთებაც უკვე ახლა შეგვიძლია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ - გავაცნობიეროთ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ამის ხანგრძლივად კეთება. მაგრამ ვცდილობთ თუ არა? აი, რაშია საქმე. ჩვენს სხვადასხვა ქმედებებზე დაკვირვებისას ვხედავთ, რომ თუმცა, როგორც საერთო პრინციპი, ადამიანი # 1, 2 და 3 ვერაფერს ვერ „აკეთებს“, თუკი იგი ხდება რაღაცაში დაინტერესებული, თუკი რაღაც უფრო მეტის სურვილი უჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივი რაღაცეები, მაშინ იგი ყოველთვის ერთი და იგივე დონეზე არ რჩება, და მას ძალუძს აირჩიოს მომენტები, როცა შეეძლება დაიწყოს რაღაცის კეთება ძალიან ელემენტარულ დონეზე.

სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უნდა განვიხილოთ, ესაა სიკეთისა და ბოროტების იდეა ამ სისტემაში. ჩვეულებრივ, ადამიანთა წარმოდგენები ამ თემაზე ძალიან ჩახლართულია, და აუცილებელია თავად განსაზღვროთ, როგორ გაიგოთ იგი. ამ სისტემის თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ორი რამ, რომლებიც შეგვიძლია შევადაროთ ან განვიხილოთ ადამიანში, - მექანიკური კანონების გამოვლინება და ცნობიერების გამოვლინება. თუკი მოინდომებთ, რომ რაიმე სტანდარტამდე მისვლის მიზნით იპოვით იმის მიზეზები, რასაც კარგს ან ცუდს უწოდებთ, მაშინვე დაინხავთ, რომ ის, რასაც ბოროტებას ვუწოდებთ, ყოველთვის მექანიკურია, მას არასოდეს არ შეუძლია იყოს ცნობიერი, ხოლო ის, რასაც სიკეთეს ვუწოდებთ, ყოველთვის ცნობიერია. იგი ვერასოდეს იქნება მექანიკური. დიდი დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ამის მიზეზი დაინახოთ, რადგანაც მექანიკურის და ცნობიერის ცნებები ერთმანეთშია არეული ჩვენს გონებაში. ჩვენ არასოდეს აღვწერთ მათ სწორად, ამიტომ ესაა ის საკითხი, რომელიც შემდგომ უნდა განიხილოთ და შეისწავლოთ.

შემდეგ, სიკეთისა და ბოროტების საკითხთან დაკავშირებით, უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ მორალისა და სინდისის ერთმანეთთან დამოკიდებულებები. რა არის მორალი და რა არის სინდისი? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მორალი მუდმივი არაა. იგი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ასწლეულებში, სხვადასხვა ათწლეულებში, სხვადასხვა კლასებში, სხვადასხვა განათლების ადამიანებში და ა.შ. ის, რაც მორალურია კავკასიაში, შეიძლება ამორალური იყოს ევროპაში. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში სისხლის აღება ყველაზე მორალური რამაა. თუ ადამიანი უარს ამბობს იმის მოკვლაზე, ვინც მისი ბიძა მოკლა, მას ყველაზე ამორალურ ადამიანად ჩათვლიან. მაგრამ ევროპაში ასე არავინ იფიქრებს. პირიქით, ადამიანთა უმეტესობა ამორალურად ჩათვლის იმ ადამიანს, რომელიც ვინმეს მოკლავს, თუნდაც მისი ბიძის მკვლელის ნათესავს. ამიტომ მორალი ყოველთვის სხვადასხვა და ცვალებადია. მაგრამ სინდისი არასოდეს იცვლება. სინდისი - ესაა ჭეშმარიტების ემოციური გაგების გარკვეული სახე გარკვეულ დამოკიდებულებებში, ჩვეულებრივ ქცევასთან, ადამიანებთან და სხვა დამოკიდებულებებში. იგი ყოველთვის ერთი და იგივეა. იგი არ იცვლება და ვერ იქნება სხვადასხვა - სხვადასხვა ეროვნებებში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ადამიანებში.

ეცადეთ დააკავშიროთ თქვენს გონებაში ის, რაც სიკეთისა და ბოროტების, მექანიკურობისა და ცნობიერების, მორალისა და სინდისის განსაზღვრებებზე ვთქვი, შემდეგ კი დასვით კითხვა: „შესაძლებელია თუ არა ცნობიერი ბოროტება?“ ეს შესწავლას და დავირვებას მოითხოვს, მაგრამ ამ სისტემის თვალსაზრისით არსებობს სრულიად განსაზღვრული პრინციპი, რომ ცნობიერი ბოროტება შეუძლებელია - მექანიკურობა ყოველთვის არაცნობიერია.

კითხვა: გაგება ბოროტების შესახებ, რომელიც ყოველთვის არაცნობიერია, საკმაოდ რთულია გასაგებად. შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ ეს საკითხი?

პასუხი: პირველ რიგში, ეცადეთ დამოუკიდებლად აღმოაჩინოთ, რას ეძახით ბოროტებას, მაგრამ არა განსაზღვრების გზით, არამედ მაგალითებით. როცა გექნებათ მაგალითების გარკვეული რაოდენობა, ჰკითხეთ საუთარ თავს, შეიძლება თუ არა ისინი იყვნენ ცნობიერნი? შეიძლება თუ არა ბოროტების ცნობიერად კეთება? მოგვიანებით თქვენ ნახავთ, რომ იგი შეიძლება გაკეთებულ იქნეს მხოლოდ გაუცნობიერებლად. მეორე პასუხია - რომ ყველაფერი, რასაც ბოროტებას ეძახით, შეიძლება მექანიკურად მოხდეს, და იგი ყოველთვის მექანიკურად ხდება, ამიტომ მას არ სჭირდება ცნობიერება.

მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ სისტემის იდეა პირველ რიგში ადამიანის ევოლუციასთან კავშირში, და ავხსენი, რომ ევოლუციის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ცნობიერი პროცესები და ცნობიერი ძალისხმევები, მუდმივნი და ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ის მექანიკური ევოლუცია, როგორადაც ზოგჯერ მას გებულობენ, არ არსებობს. ევოლუცია, თუკი იგი შესაძლებელია, შეიძლება იყოს მხოლოდ ცნობიერი, და ევოლუციის დასაწყისი ყოველთვის ცნობიერების ევოლუციაა. ეს ვერ იქნება რაღაც სხვისი ევოლუცია. თუ ცნობიერება იწყებს ევოლუციას, მაშინ სხვა საგნებიც იწყებენ ზრდას და ევოლუციას. თუ ცნობიერება იგივე დონეზე რჩება, მაშინ ყველაფერი დანარჩენიც იგივე დონეზე რჩება.

არსებობს რამდეიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც თავიდანვე უნდა გაიგოთ ევოლუციასთან მიმართებაში. პირველ რიგში ის, რომ # 1, 2 და 3 ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობიდან მხოლოდ ძალიან ცოტას შეუძლია გახდეს # 4, 5, 6 და 7, ან თუნდაც დაიწყონ ასეთებად გახდომა. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოთ, რადგანაც თუკი ვიფიქრებთ, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ევოლუცია, მაშინ შევწყვეტთ იმ პირობების გაგებას, რომლებიც ევოლუციის დასაწყისისთვისაა აუცილებელი, როგორც ეს ციხიდან გაქცევის მაგალითზე აგიხსენით.

კითხვა: აქვს თუ არა ადამიანთა ყველა რასას განვითარების ერთი და იგივე შესაძლებლობები?

პასუხი: ეს საინტერესო კითხვაა. მე თვითონაც დავსვი ეს კითხვა, როცა პირველად მივუახლოვდი ამ სამუშაოს, და მითხრეს, რომ იგი ძალიან სერიოზულ სკოლებში განიხილებოდა ფრიად მნიშვნელოვან პერიოდში. ყველა შესაძო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ განვითარების შესაძლებლობის თვალსაზრისით არ არსებობს არანაირი განსხვავება თეთრ, ყვითელ, შავ, ყავისფერ და წითელ რასებს შორის. ამჟამად თეთრ და ყვითელ რასებს უპირატესი ზეგავლენა აქვთ, მაშინ, როცა ადრე სავარაუდოდ რომელიღაც სხვა ჭარბობდა. მაგალითად, სფინქსი, უფრო მეტად შავკანიანს მოგვაგონებს, ვიდრე ევროპელს.

კითხვა: იმასთან დაკავშირებით, რაც სიკეთეზე და ბოროტებაზე თქვით: შეუძლია თუ არა ამ სისტემის მიმდევარს ომში მონაწილეობის მიღება?

პასუხი: ეს მისი საქმეა. არ არსებობს არანაირი გარეგანი აკრძალვა ან პირობა.

კითხვა: კი, მაგრამ შეიძლება თუ არა ერთის მეორესთან შეთავსება?

პასუხი: კვლავაც, ეს მისი საქმეა. ეს სისტემა ძალიან დიდ თავისუფლებაში ტოვებს ადამიანს. მას სურს, რომ გაცნობიერებულობა და ნება წარმოქმნას. ვერც გაცნობიერებულობა და ვერც ნება ვერ შეიქმნება რაიმე გარეგანი შეზღუდვების მიყოლით. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. უნდა გაიგოთ, რომ გარეგანი რაღაცეები ყველაზე ცოტას ნიშნავს. ყველაზე მთავარი - ეს შინაგანი საკითხებია, შინაგანი ბრძოლაა.

კითხვა: არსებობს მრავალი რამ, რაც სისულელედ მიმაჩნია, და რომლებიც შემიძლია ჩავიდინო.

პასუხი: თქვენ არ უნდა აიღოთ მაგალითად საკუთარი თავი, იმიტომ, რომ მაგალითად შეგიძლიათ აიღოთ ბოროტების მხოლოდ ის მაგალითები, რომლებიც უკვე მომხდარია. ამიტომ ჯობია აიღოთ იდეა მთლიანობაში. იპოვეთ ყველა შესაძლო მაგალითი, - არ ვგულისხმობ უბედურ შემთხვევებს ან შეცდომებს, რადგააც ბევრი დანაშაული შემთხვევითია, - არამედ აიღეთ ყველაფერი, რასაც ცალსახად განზრახ ჩადენილ ბოროტებას ვუწოდებთ, და თქვენ დაინახავთ, რომ მას არ სჭირდება გაცნობიერებულობა, საკმარისია მხოლოდ ერთი მექანიკური მოქმედება, და ყველაფერი თავისთავად მიდის.

კითხვა: ეს არჩევანის ილუზიას ქმნის.

პასუხი: სწორედ ესაა უდიდესი ილუზია - „კეთების“ ილუზია და არჩევანის ილუზია. ეს ცნებები უფრო მაღალ დონეს განეკუთვნებიან. დაწყებული #4 ადამიანიდან, ადამიანს უკვე უჩნდება არჩევანი, მაგრამ # 1, 2 და 3 ადამიანებს ძალიან მცირე არჩევანი აქვთ.

კითხვა: ნუთუ არ უნდა ჩავთვალოთ შავი მაგიის შესწავლა ცნობიერ ბოროტებად?

პასუხი: იცით ვინმე, ვინც შეისწავლა იგი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც წაიკითხეს წიგნები საშიში სურათებით და საკუთარ თავს ატყუებენ?

კითხვა: თუკი განზრახ გადავწყვეტთ ისე ვიმოქმედოთ, რომ სხვა ადამიანი მოვატყუოთ, ნუთუ ეს განზრახ გაკეთებული ბოროტება არ იქნება?

პასუხი: დიდი ალბათობით, თქვენ სხვანაირად არ შეგეძლოთ - იყო გარემოებების ან სხვა რაღაცის ისეთი ზეწოლა, რომ თქვენ სხვაგვარად მოქმედება არ შეგეძლოთ.

ეს ყველაფერი რთული პრობლემებია, და დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ მათ შევეჩვიოთ, რადგანაც ჩვენ არასწორად ფიქრს მივეჩვიეთ. მაგალითად, როცა ჩვენ ისტორიულ მოვლენებს ვაკვირდებით, ცნობიერად სწორედ იმას ვთვლით, რაც ცნობიერი ვერ იქნება, ხოლო იმას, რაც შეიძლება ცნობიერი იყოს, მექანიკურად, გარკვეულ პროცესად აღვიქვამთ.

***

ახლა, თუკი დავუბრუნდებით იმ იდეას, რომ მხოლოდ ძალიან ცოტას შეუძლია განვითარდეს და იპოვოს საკუთარ თავში დაფარული უნარები, მაშინ ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა განსაზღვრავს ამ განსხვავებას? რატომ აქვთ ზოგიერთ ადამიანს რაღაც შანსი, სხვებს კი არ აქვთ? ეს სიმართლეა, რომ ზოგიერთ ადამიანს თავიდანვე არანაირი შანსი არ აქვს. ისინი ისეთ პირობებში დაიბადნენ, რომ არაფრის სწავლა არ შეუძლიათ, ან თავად გააჩნიათ რაღაც დეფექტები, - ამიტომ ჩვენ გამოვრიცხავთ დეფექტურ ადამიანებს, რადგანაც მათზე სათქმელი არაფერია. ჩვენ მათზე ვსაუბრობთ, ვინც ნორმალურ გარემოებებში იმყოფება, თავადაა ნორმალური და სწავლის, გაგების და ა.შ. ჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდა. და ამ ადამიანებს შორისაც კი, ძალიან ცოტას ექნება შესაძლებლობა, რომ პირველი ნაბიჯები მაინც გადადგან განვითარების გზაზე. როგორ და რატომ ხდება ასე?

ყველა ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრებაში ორი სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება. პირველ რიგში, ცხოვრებაში შექმნილი გავლენები: სიმდიდრის, სახელის და სხვა რამეების სურვილი, - ჩვენ მათ A ზეგავლენებს ვეძახით. მეორეა ცხოვრებაში გარედან მოსული ზეგავლენები, რომლებიც იგივე პირობებში მოქმედებენ, თუმცაღა თავისი არსით სრულიად განსხვავებულნი არიან, - ჩვენ მათ B გავლენებს ვუწოდებთ. ისინი ადამიანთან რელიგიების, ლიტერატურის ან ფილოსოფიის სახით მოდიან. ეს ზეგავლენები თავისი წარმომავლობით ცნობიერნი არიან. A ზეგავლენები - საწყისშივე მექანიკურები არიან. ადამიანი შეიძლება შეეჩეხოს B ზეგავლენებს, გვერდზე ჩაუაროს და ვერ შეამჩნიოს, ან მოისმონოს ისინი, და იფიქროს, რომ გებულობს მათ, გამოიყენოს სიტყვები, მაგრამ ამასთან არანაირი ჭეშმარიტი გაგება არ ჰქონდეს. ეს ორი გავლენა განსაზღვრავს ადამიანის შემდგომ განვითარებას. თუ ადამიანი B ზეგავლენებს აგროვებს, მათი შედეგები მასში კრისტალიზდება (სიტყვა „კრისტალიზაციას“ პირდაპირი მნიშვნელობით ვიყენებ) და ადამიანში აფორმირებს ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს, რომელსაც ჩვენ მაგნეტურ ცენტრს ვუწოდებთ.

ამ ზეგავლენათა მეხსირების მკვრივმა მასამ შესაძლოა ადამიანი სადღაც მიიზიდოს, ან რაიმე მიმართულებით შემოაბრუნოს. როდესაც ადამიანში მაგნიტური ცენტრი დაფორმირდა, მას უფრო უადვილდება, რომ B ზეგავლენები მოიზიდოს, და აღარ ცდება A ზეგავლენებით. ჩვეულებრივ ადამიანებს A ზეგავლენებმა შესაძლოა იმდენი დრო წაართვან, რომ სხვა ზეგავლენებისთვის აღარაფერი რჩება, და მათზე საერთოდ ზემოქმედებენ B ზეგავლენები. მაგრამ თუ მაგნეტური ცენტრი ადამიანში იზრდება, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ იგი შეხვდება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებისგანაც შეუძლია რაღაც განსაკუთრებული ისწავლოს, რაღაც, რაც B ზეგავლენაში არ შედის და რასაც C ზეგავლენას ვუწოდებთ. ეს ზეგავლენები თავისი წარმომავლობით და ზემოქმედებით ცნობიერნი არიან და შესაძლებელია, რომ მხოლოდ უშუალო სწავლების გზით იქნენ გადაცემულნი. B ზეგავლენები შეიძლება მოდიოდნენ წიგნებიდან, ხელოვნების ნაწარმოებებიდან და სხვა მსგავსი საგნებიდან, მაგრამ C ზეგავლენა მხოლოდ პირდაპირი კონტაქტის გზითაა შესაძლებელი. თუ ადამიანი, რომელშიც მაგნეტურმა ცენტრმა წონაში მოიმატა, შეხვდება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მეშვეობითაც კონტაქტში შედის C ზეგავლენებთან, ეს ნიშნავს, რომ მან პირველი ნაბიჯი გადადგა. ამ შემთხვევაში იგი განვითარების შესაძლებლობას ღებულობს.

კითხვა: რას ნიშნავს პირველი ნაბიჯი?

პასუხი: ეს დაკავშირებულია „გზის“ იდეასთან. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ გზა არ იწყება ცხოვრების ჩვეულებრივ დონეზე. იგი გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იწყება. პირველი ნაბიჯი - ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანი C ზეგავლენას ხვდება. ამ მომენტიდან იწყება კიბე - საფეხურების გარკვეული რაოდენობით, რომლებიც გავლილ უნდა იქნეს იმისთვის, რომ გზას მივაღწიოთ. გზა არ იწყება სულ ქვემოდან, არამედ მხოლოდ უკანასკნელი - ბოლო საფეხურის გადალახვის შემდეგ.

კითხვა: ვის უწოდებთ ნორმალურ ადამიანს?

პასუხი: შესაძლოა ეს პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სხვა განსაზღვრება - ეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც განვითარება შეუძლია.

კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე შეფარდება A ზეგავლენებსა და B ზეგავლენებს შორის? როცა B ზეგავლენები აღწევენ ადამიანს, ზემოქმედებენ თუ არა ისინი A ზეგავლენებზე, ახდენენ თუ არა მათ ტრანსფორმირებას?

პასუხი: მათ შეუძლიათ მათზე ზემოქმედება, მაგრამ ამავდროულად ერთი მეორეს გამორიცხავს. ადამიანი დედამიწაზე ამ ორი სხვადასხვა ზეგავლენის ქვეშ ცხოვრობს. მას შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი, ან შეუძლია ორივე ჰქონდეს. როცა თქვენ საუბრობთ A და B ზეგავლენებზე, თქვენ საუბრობთ ფაქტებზე. თუკი ამ გამოთქმის ნაცვლად ამა თუ იმ განსაზღვრულ ფაქტს ჩასვამთ, მაშინ დაინახავთ, თუ როგორ ურთიერთ-მიმართებაში იმყოფებიან ისინი. ეს ძალიან მარტივია.

ამასთან დაკავშირებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რატომ უჭირს ადამიანს ასე ძალიან საკუთარი თავის ტრანსფორმაციის დაწყება და გაზრდის შესაძლებლობამდე მისვლა? საქმე იმაშია (და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს), რომ ადამიანი ბუნების მიერ ძალიან საინტერესო სახით არის შექმნილი. იგი მხოლოდ გარკვეულ დონემდე ვითარდება, რის შემდეგაც თავად უნდა განვითარდეს. ანუ ბუნება აღარ ანვითარებს ადამიანს გარკვეული დონის ზემოთ. მოგვიანებით დეტალურად შევისწავლით, რა დონემდე ვითარდება ადამიანი, და როგორ უნდა დაიწყოს მისი შემდგომი განვითარება, და დავინახავთ, რატომაა, რომ ამ თვალსაზრისით მას არასოდეს შეუძლია თავად განვითარდეს და არ შეუძლია, რომ ბუნების მიერ იყოს განვითარებული. მაგრამ აქამდე რამდენიმე საერთო პირობა უნდა გავიგოთ.

ადამიანისთვის ძნელია, რომ თუნდაც დაიწყოს საკუთარ თავზე ნებისმიერი სახის მუშაობა, რადგანაც იგი სამყაროს ძალიან ცუდ ადგილზე ცხოვრობს. თავიდან ეს შეიძლება ფრიად უცნაურ იდეად მოგეჩვენოთ, ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროში არსებობს კარგი და ცუდი ადგილები, და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ წილად გვხვდა თითქმის ყველაზე ცუდ ადგილზე ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაგება ან იმიტომ, რომ ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ მეტისმეტად რთულია, ან იმიტომ, რომ იგი რეალურ ფაქტებს არ ითვალისწინებს.

თუკი მოვინდომებთ, რომ ვიპოვოთ ჩვენთან ყველაზე ახლო მყოფი ადგილი სამყაროში, მაშინ მივხვდებით, რომ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა კი მისი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ დედამიწა - მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა, და რომ არსებობენ უფრო მსხვილი პლანეტები (სავარაუდოდ უფრო ძლევამოსილნი, ვიდრე დედამიწა), და ყველა ეს პლანეტა ერთად აღებული რაღაცნაირად უნდა ზემოქმედებდეს დედამიწაზე და მართავდეს მას. შემდეგი მასშტაბით მოდის მზე, და ჩვენ გვესმის, რო მზე მართავს ყველა პლანეტას და მათ შორის დედამიწასაც. თუ ამ თვალსაზრისით შეხედავთ, მაშინ ცოტა განსხვავებულ წარმოდგენას შეიქმნით მზის სისტემაზე, თუმცა ამაში არაფერია ახალი - საქმე მხოლოდ იმაშია, როგორ შევუსაბამოთ ერთი რაღაც მეორეს.

დედამიწა მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტაა, მზე ირმის ნახტომის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ამის მიღმა შეგვიძლია ყველა შესაძლო სამყარო წარმოვიდგინოთ. ეს ყველაფერია, რაც ჩვეული თვალსაზრისით ვიცით. წმინდა ფილოსოფიური ტერმინის სახით ჩვენ შეგვიძლია ამას დავამატოთ საგანთა ერთგვარი მდგომარეობა ან ურთიერთშესაბამისობა, რომელსაც აბსოლუტს ვეძახით, - მდგომარეობა, რომელშიც ყველაფერი ერთიანია. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ მთვარის მიმართება დედამიწისადმი, დედამიწის - პლანეტებისადმი და ა.შ. ცოტა სხვაგვარად.

absolut

ვუყურებთ რა ზემოდან ქვემოთ, ჩვენ ვხვდებით უზარმაზარ განსხვავებას მასშტაბში, თუკი ყველა მზეს ჩვენს მზეს შევადარებთ, ხოლო დედამიწას - სხვა პლანეტებს. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ისინი გარკვეულ მასშტაბში იმყოფებიან ერთმანეთთან მიმართებაში. ყველაზე პატარა მასშტაბი მთვარეს აქვს, და მთვარის მიღმა ჩვენ არაფერი ვიცით. ამ ყველაფერს ქმნილების სხივს უწოდებენ. არსებობენ სხვა სხივებიც, რამეთუ ეს სხივი არ მოიცავს მთელ უნივერსუმს. არამედ, რადგან ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, და იგი დედამიწას გაივლის, ჩვენ ქმნილების ამ სხივს ვეკუთვნით. ამ დიაგრამიდან ჩანს, თუ რა იგულისხმება სამყაროს „ცუდ“ ადგილში. ყველაზე ცუდი ადგილი - ესაა მთვარე, მაგრამ დედამიწა თითქმის ასეთივე ცუდია. ეს დაახლოებით ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს ცხოვრებას ჰგავს, რითაც აიხსნება ის, თუ რატომაა ბევრი რამ ასე რთული დედამიწაზე. ამის შეცვლა ან რაიმეს გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ როცა ვიცით ამის შესახებ, შეგვიძლია ვადაპტირდეთ, და თავიდან ავიცილოთ ბევრი რამ, რის თავიდან აცილებასაც სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებდით. თუმცაღა ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს წარმოსახვას უფლება, რომ გაგვიტაცოს და დაგვაჯეროს, რომ ბოლომდე გაქცევაა შესაძლებელი.

მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. იმ მიზეზით, რომლებიც ჯერ-ჯერობით რთულია ასახსნელად, ყველა ეს სამყარო ქმნილების სხივში ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ზეგავლენა გადადის უფრო მაღალიდან უფრო დაბალისკენ, მაგრამ პლანეტებსა და დედამიწას შორის წყვეტაა. იმისთვის, რომ ამ წყვეტისგან განთავისუფლდეს, და იმისთვის, რომ პლანეტების ზეგავლენამ დედამიწას მოაღწიოს, გამოგონილ იქნა განსაკუთრებული ინსტრუმენტი. ესაა მგრძნობიარე ფირის ერთგვარი სახე, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, - ის, რასაც ორგანულ სიცოცხლეს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ მცენარეები, ცხოველები და ადამიანები გარკვეულ მიზანს ემსახურებიან - ისინი კავშირს ინარჩუნებენ დედამიწასა და პლანეტებს შორის. ორგანული ცხოვრების მეშვეობით, რომელსაც შეუძლია მიიღოს და შეინარჩუნოს ისინი, პლანეტარული ზეგავლენები დედამიწას აღწევენ. ასეთია დედამიწაზე ორგანული სიუცოცხლის მნიშვნელობა და აზრი.

კითხვა: თქვენ მხოლოდ დედამიწაზე უშვებთ ორგანული სიცოცხლის არსებობას? ფიქრობთ თუ არა, რომ იგი სხვა პლანეტებზე არაა?

პასუხი: სულაც არა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ორგანული სიცოცხლე დედამიწაზე, რადგანაც სწორედ დედამიწაზე ვიმყოფებით და მისი ორგანული სიცოცხლის ნაწილს წარმოვადგენთ. ამიტომ მხოლოდ დედამიწაზე ვსაუბრობთ. ყველა დანარჩენ პლანეტას ერთად ვიღებთ, როგორც ერთ მასას, მაგრამ დედამიწაზე განსაკუთრებულად ვსაუბრობთ. ამაში მდგომარეობს მასშტაბის პრინციპი. რაც უფრო ახლოსაა რაღაც თქვენთან, მით უფრო ახლოსაა თქვენი შესწავლა რეალურ მასშტაბთან - ერთი ერთზე. თუ ამ ოთახს შეისწავლით, თქვენ გჭირდებათ, რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანი აპირებს მოსვლას და რამდენი სკამი გჭირდებათ, ანუ დეტალურად შეისწავლით, მაგრამ თუ მთელ სახლს აიღებთ, მაშინ არ გჭირდებათ ასეთი წვრილმანების ცოდნა. ხოლო თუ ქუჩას სწავლობთ, ეს სრულიად სხვა მასშტაბია. ასევე შევისწავლით ქმნილების სხივს სხვადასხვა მასშტაბებში. ჩვენ ვსაუბრობთ დედამიწის ორგანულ სიცოცხლეზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ სხვა ნებისმიერი პლანეტის ორგანულ სიცოცხლეზე. ჩვენ არ გვაქვს მისი შესწავლის შესაძლებლობა არსად, გარდა დედამიწისა.

***

კიდევ უფრო მეტ დეტალს მოგიყვებით ქმნილების სხივის შესახებ, რომლებიც აგიხსნიან, თუ რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ დედამიწა - ცუდი ადგილია სამყაროში. თქვენ გახსოვთ, მე ვამბობდი, რომ სამყაროს ძირითადი კანონების შესწავლა უნდა დავიწყოთ, და მე ვთქვი, რომ ორი კანონი, რომლებიც უნდა შევისწავლოთ - ესენია სამის კანონი და შვიდის კანონი. შემდეგ მე ვახსენე მასშტაბის პრინციპი. თქვენ ახლა უკვე შეეჩეხეთ მასშტაბის პრინციპს და ხედავთ, რომ ყველაფერს ერთი და იგივე მასშტაბში არ შევისწავლით. ეს ჭეშმარიტად ყველაზე სუსტი ადგილია ჩვეულებრივ მეცნიერებაში: მეცნიერები ცდილობენ, რომ ყველაფერი ერთი და იგივე მასშტაბში შეისწავლონ, და არ ესმით, რომ ეს სულაც არაა აუცილებელი. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. პრაქტიკული მიზნებისთვის საჭიროა, რომ საგნები სხვადასხვა მასშტაბებში შევისწავლოთ.

დავუბრუნდეთ სამის კანონს. როგორც გახსოვთ, ავხსენი, რომ ყველაფერი მომხდარი სამი ძალის მოქმედების შედეგია, და რომ ორ ძალას თავისთავად არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება. ვეცდები ეს იდეა ქმნილების სხივთან დავაკავშირო.

აბსოლუტი - ესაა სამყარო 1, რადგანაც ეს სამი ძალა მასში ერთს შეადგენენ. თავისი საკუთარი ნებით და ცნობიერებით აბსოლუტი სამყაროებს წარმოშობს. იქ ყველაფერი განზრახულია, და ყოველი ძალა თავის ადგილს იკავებს. ჩვენთვის ეს შეუცნობელია. შემდეგ სამყაროში - სამყარო 3-ში, არსებობს იგივე სამი ძალა, ოღონდ უკვე დაყოფილი სახით. ეს ძალები კვლავ წარმოქმნიან სამყაროებს, რომელთაგანაც ჩვენ ერთს ვიღებთ, მაგრამ ეს სამყარო 6 განსხვავდება სამყარო 3-ისგან, რომელიც აბსოლუტთან კონტაქტში იმყოფება, რადგანაც იგი უკვე მექანიკურია. სამყარო 6-ს გააჩნია სამი ძალა წინა სამყაროსგან, და სამიც თავისი საკუთარი. შემდეგ სამყაროს - სამყარო 12-ს - გააჩნია სამი ძალა მეორე თანრიგიდან, ექვსი ძალა მესამე თანრიგიდან და სამიც საკუთარი. შემდეგ სამყაროს - სამყარო 24-ს - ოცდაოთხი ძალა გააჩნია, მის შემდეგს - ორმოცდარვა, ხოლო უკანასკნელს - ოთხმოცდათექვსმეტი ძალა.

სამყარო 1 - აბსოლუტი 1
სამყარო 3 - ყველა სამყარო 3
სამყარო 6 - ყველა მზე 6 (3+3)
სამყარო 12 - მზე 12 (3+6+3)
სამყარო 24 - ყველა პლანეტა 24 (3+6+12+3)
სამყარო 48 - დედამიწა 48 (3+6+12+24+3)
სამყარო 96 - მთვარე 96 (3+6+12+24+48+3)

ეს რიცხვები აღნიშნავენ იმ კანონების რაოდენობას, რომლებიც ყოველ სამყაროს მართავენ. რაც უფრო მეტია კანონების რიცხვი, მით უფრო ძნელია რაიმეს შეცვლა. მაგალითად, ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობს, რომელიც ორმოცდარვა კანონის ქვეშ იმყოფება. ეს ორმოცდარვა კანონი ჩვენთვის ძალიან რთულს ხდის რაიმე ცვლილების შესაძლებლობას, რადგანაც ყოველი წვრილმანი ამ კანონებით იმართება. საბედნიეროდ, ადამიანისთვის ყველა კანონი სავალდებულო არაა, ამიტომ მას შეუძლია თავი აარიდოს ზოგიერთ მათგანს. ადამიანის ევოლუციის შესაძლებლობა პირველ რიგში დაკავშირებულია ზოგიერთი კანონისგან გაქცევასთან. ზუსტად ისევე, როგორც იგი გაურბის კანონებს, როცა ციხის კედელზე ძვრება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff