პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეთხუთმეტე

თავი მეთხუთმეტე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე 

ინდივიდუალური სიძნელეები. - მთავარი და ურყევი სირთულის პოვნის აუცილებლობა. - უარყოფითი ემოციები, წარმოსახვა, მაფორმირებელი აზროვნება. - ახალი თვალთახედვის შექმნა. - გაიგივებასთან ბრძოლა. - უარყოფითი ემოციების სამი კატეგორია და მათთან მუშაობის მეთოდები. - უარყოფითი ემოციების ტრანსფორმაცია. - გაღიზიანება. - სიზარმაცე. - ბუნდოვანი უარყოფითი მდგომარეობები. - წარმოსახვის სხვადასხვა ფორმები. - ტანჯვაზე უარის თქმა. - ნებაყოფლობითი ტანჯვა როგორც ყველაზე დიდი ძალა, რომელსაც ვფლობთ. - ტანჯვის როლი ორგანულ სიცოცხლეში. - ადამიანი ევოლუციისთვის სპეციალურადაა შექმნილი. - პასუხისმგებლობა პირად მუშაობაში. - მრავალ ხაზზე ერთდროულად მუშაობის აუცილებლობა. - მაფორმირებელი აზროვნება და მისი მახასიათებლები. - ასოციაციური აზროვნება. - მაღალი ცენტრების აუცილებლობა ჭეშმარიტების გასაგებად. - მედიტაცია. - სწორი აზროვნება. - წარმოსახვითი საუბრები. - რწმენის სხვადასხვა მნიშვნელობები. - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.

დადგა დრო, ახლობელ და პრაქტიკულ პირად საკითხებზე დავფიქრდეთ. ბევრი ვისაუბრეთ თეორიაზე, და საკმაოდ მრავალ სიტყვას უკვე ისე იყენებთ, რომ საკუთარ თავს არ ეკითხებით, ამ სიტყვებით რას მოიაზრებთ. ახლა ფაქტებთან გვექნება საქმე; უნდა გავარკვიოთ, ასეთებმა, როგორებიც ვართ, საიდან დავიწყოთ. ნებისმიერ მომენტში არის რაღაც, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკონტროლებთ სიზარმაცის, ცოდნის უკმარისობის, უნდობლობის ან რომელიმე სხვა მიზეზის გამო. უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე - ეს სწორი აზროვნება იქნება.
შეეცადეთ, თქვენი პირადი სირთულეები იპოვოთ. ვგულისხმობ არა გარეგან, არამედ შინაგან სირთულეებს - პირად თვისებებს, მიდრეკილებებს და ანტიპათიებს, დამოკიდებულებებს, წინასწარგანწყობებს, საქმიანობას, რომლებიც გაგებას ამუხრუჭებს და მუშაობას აფერხებს.
ყველა სირთულე, რომელსაც მუშაობისას აწყდებით, მთლიანობაში სამ კატეგორიად, ანუ კლასად შეიძლება დაიყოს.

პირველ ყოვლისა, ესაა უარყოფითი ემოციები. ადამიანების ნაწილისთვის ეს უპირველესი და, შესაძლოა, მთავარი პუნქტია, ამიტომ მათ უარყოფითი ემოციების და არგაიგივების მეთოდების შესწავლით უნდა დაიწყონ. ზოგიერთები მუდმივად უარყოფითად არიან განწყობილნი (როგორც წესი გარკვეული მიმართულებით), და როდესაც უარყოფითი ემოციები მყარ და გამუდმებულ ხასიათს იძენს, ისინი, როგორც წესი, ყოველგვარ მუშაობას წყვეტენ. ყველაფერი მექანიკური ხდება და ადამიანი აღარ პროგრესირებს.

მეორე პუნქტი - ესაა წარმოსახვა, განსაკუთრებით უარყოფითი წარმოსახვა, რადგან ის ისევე საზიანოა, როგორც უარყოფითი ემოციები. წარმოსახვაში ოცნებას არ მოვიაზრებ; უფრო საკუთარ თავში და სხვებში არარსებულის წარმოსახვას ვგულისხმობ. ყოველი ადამიანი საკუთარ თავში ამ სახის წარმოსახვის და იმ განსაკუთრებული საკითხების აღმოჩენას უნდა ცდილობდეს, რომელთაც ის ეხება.

მესამე პუნქტი - მაფორმირებელი აზროვნება და მაფორმირებელი საუბრებია. ამ საკითხზე წარმოდგენის გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება. ამ წარმოდგენის შეძენაა საჭირო. ძალზე სასარგებლოა მაფორმირებელი აზრის რამდენიმე კარგი მაგალითის პოვნა და მათი დამახსოვრება. ეს საკუთარი ან სხვების მაფორმირებელი აზრების ამოცნობას გაგიადვილებთ.
ესაა სირთულეების მთავარი ფორმები, რომლებიც საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოთ. ერთ ადამიანს ერთი ფორმა უფრო ახასიათებს, მეორეს - მეორე. მოგვიანებით გაცილებით მეტ სირთულეს აღმოაჩენთ, თუმცა თავიდან, სავარაუდოდ, ამ სამიდან ერთ-ერთი გაბრკოლებთ.
რომელიღაც შესაძლოა ძალზე კერკეტი გამოდგეს, დათავად უნდა იპოვოთ, ამ სამიდან რომელი გახასიათებთ. უნდა გაერკვეთ, რას ებრძოლოთ პირველ რიგში, და მასზე კონცენტრირდეთ. რამდენადაც ყოველ ადამიანს სამივე მოეპოვება, გარკვეული მიზეზების არსებობამ უნდა გადაგაწყვეტინოთ ამა თუ იმ სირთულეზე შეჩერება. უმეტესობამ უარყოფითი ემოციებიდან უნდა დაიწყოს. გარკვეული ნაწილისთვის წარმოსახვიდან დაწყებაა აუცილებელი, რადგან მუდამ რაღაცას იგონებს და რეალობასთან ვერასდროს მიდის. მესამე ნაწილი კი მაფორმირებელ აზროვნებას უნდა ებრძოლოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამუდამოდ ადგილზე გაიყინებიან.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ უარყოფითი ემოციების გასანადგურებლად ბევრი მეთოდი არსებობს. როგორია ეს მეთოდები?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, ეს ემოციები უნდა ვიცოდეთ. საკუთარი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ემოციის ცოდნა საჭიროა, რადგან თითო ყველაზე სანუკვარი უარყოფითი ემოცია ყველას აქვს, და სწორედ მისგან დაწყებაა აუცილებელი. უნდა იცოდეთ, საიდან დაიწყოთ, და როდესაც ეს გეცოდინებათ, პრაქტიკული მეთოდების შესწავლას შეძლებთ. მაგრამ, საკუთარ თავში უარყოფით ემოციების პოვნისას, მთავარია გესმოდეთ, რომ მათი წარმოშობის მიზეზები თქვენშია, და არა სხვა ადამიანებში - ისინი შინაგანია, და არა გარეგანი. როდესაც გააცნობიერებთ, რომ ისინი თავად თქვენშია, შედეგები თქვენი გააზრების სიღრმის და მეხსიერების ხანგრძლივობის შესაბამისი იქნება.

მსურს, გაგაგებინოთ: ადამიანებს გარკვეული სირთულეები გააჩნიათ, რომლებიც მათ სწორ მუშაობაში უშლის ხელს. ამ სირთულის პოვნაა აუცილებელი. თითოეულ ადამიანს ბევრი ასეთი სირთულე აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სხვებს აღემატება. ამიტომ ყველამ საკუთარი მთავარი სირთულე უნდა იპოვოს, და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ იმუშაოს. ეს გარკვეული ხნის განმავლობაში დაგეხმარებათ, შემდეგ კი სხვა სირთულის მოძებნა მოგიწევთ, შემდეგ კიდევ სხვა სირთულის და ა.შ. ვიდრე ახლანდელი მომენტის სირთულეს არ იპოვით, სწორად მუშაობას ვერ შეძლებთ.

პირველ სირთულეს ყველასთვის სიტყვა „მე“ წარმოადგენს. თქვენ ამბობთ „მე“-ს და არ ფიქრობთ, რომ ამას თქვენი მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს. მაგრამ მის უკან და მის გარდა კიდევ რაღაც უნდა იყოს, და ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ უნდა მოძებნოთ. ეს შესაძლოა უარყოფითი ემოციის, გაიგივების ან წარმოსახვის და ა.შ. განსაკუთრებული სახეობა იყოს.

უნდა გესმოდეთ, ადამიანთა სირთულეები ასეთია იმიტომ, რომ თავად ადამიანები არიან ასეთები. სირთულე მხოლოდ მაშინ გაქრება ან შეიცვლება, როდესაც თავად ადამიანები შეიცვლებიან. ამ სირთულეებს სხვა ვერავინ შეამსუბუქებს. წარმოიდგინეთ, რომ კეთილმა ჯადოქარმა ყველა სირთულე გააქრო - ეს დათვური სამსახური იქნებოდა, რადგან შეცვლის სურვილის მიზეზის გარეშე ადამიანებს ისეთივედ დარჩენა სურთ, როგორებიც არიან. შეეცადეთ დაფიქრდეთ, რა ართულებს ყველაფერს ან რა გართმევთ ბევრ ყურადღებას.

კითხვა: ვფიქრობ, ჩემი სირთულე - სიამაყეა.

პასუხი: სიამაყე კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი პატრონი. მაგრამ როგორ ვაქციოთ სიამაყე მსახურად? მხოლოდ ცემით. ავიღოთ თუნდაც ახალი აღთქმიდან მეორე ლოყის შეშვერის მაგალითი. ჩვეულებრივი ადამიანი იტყვის, რომ სიამაყე ამის უფლებას არ მისცემს. მაგრამ თუ სიამაყეს კარგ მსახურად აქცევთ, ამის გაკეთებას ის გაიძულებთ. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ამის გაკეთების უნარი ბევრ სხვასაც ნიშნავს - უფრო სწრაფი აღქმა, ემოციურ და მამოძრავებელ ცენტრებზე კონტროლი და ა.შ.

კითხვა: კარგად არ მესმის, როგორ დავიწყოთ ჩვენი მთავარი სირთულის ძიება.

პასუხი: ყველამ საკუთარი, და არა სხვისი, სირთულე უნდა ეძებოს, და იმისთვის, რომ ეს შეძლოს, ცრურწმენებისგან და აზრებისგან, რომ იდეები - ერთია, მუშაობა - მეორე, ცხოვრება კი - მესამე, უნდა გათავისუფლდეს. ვიდრე ამგვარად ფიქრობთ, ვერაფერს გაიგებთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ აქ თქვენი პირადი ინტერესებისთვის მუშაობთ, და რომ არავითარი სხვაობაა არაა ცხოვრებასა და მუშაობას შორის. ბევრი რამაა, რაც წინ გეღობებათ თქვენს გზაზე ცხოვრებისეული აზრით, და მათზე რომ გაიმარჯვოთ და საქმეები გამოიკეთოთ, ის უნდა გააკეთოთ, რასაც მუშაობა გთავაზობთ. შედეგებს ყოფით ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობებში, იმ ცხოვრებაში შესრულებულ სამუშაოში დაინახავთ. ამიტომ ეცადეთ თქვენს სირთულეებთან დაკავშირებული კითხვები დასვათ. აბსტრაქტული საკითხების დაშვება შეგვიძლია, მაგრამ გახსოვდეთ, ისინი ჩვენი ძირითადი მიზანი არაა.

კითხვა: როგორ ვებრძოლო მესაკუთრეობას?

პასუხი: პირველ ყოვლისა, გონებამისი გამართლებისგან უნდა გათავისუფლდეს. გონებამას აუცილებლად უნდა გაემიჯნოს, ის არ უნდა გაიგივდეს. ჩვენ გონებაზე გარკვეულ კონტროლს ვფლობთ, აქ გარკვეულ ზღვრამდე ბრძანებაც ძალგვიძს. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ არ გაამართლოთ რომელიმე უარყოფითი ემოცია - ეს უკვე ბრძოლის დასაწყისია. ასეთ შემთხვევაში გონება ემოციებზე იმოქმედებს. რა არის უარყოფითი ემოციების მიზეზი? ის მუდამ სხვებშია, ყოველთვის სხვა ადამიანების მიზეზითაა გამოწვეული. ეს უნდა შეწყდეს. უნდა დაინახოთ, რომ თქვენი უარყოფითი ემოციების მიზეზი სწორედ თქვენშია. უარყოფითი ემოციებისთვის მიზეზებს არ უნდა ეძებდეთ - მიზეზის პოვნა ყოველთვის ძალიან იოლია.

კითხვა: უნდა ვცადოთ თუ არა დავადგინოთ, რა მოითხოვს ჩვენში უარყოფითი ემოციის გამოხატვას?

პასუხი: ძალზე ხშირად ეს მიბაძვაა. ვიღაც სხვა გამოხატავს უარყოფით ემოციებს, ჩვენში კი რაღაც აღფრთოვანდება, ფიქრობს: „რა ლამაზად აკეთებს ამას“ და მიბაძვა სწადია, თქვენ კი წარმოდგენაც არ გაქვთ ამის შესახებ. მიზეზი სხვაც შეიძლება იყოს, მაგრამ ძალზე ხშირად ეს მიბაძვაა.

კითხვა: როდესაც ამბობთ, რომ სისტემის ძირითად იდეებზე უნდა ვიმუშაოთ, უარყოფით ემოციებზე მსგავს მუშაობასაც ხომ არ გულისხმობთ? შეიძლება თუ არა მუშაობა ეწოდოს იმას, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას დაჟინებით ცდილობს ამ აზრით?

პასუხი: ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაარქვათ, აუცილებლად უნდა იმუშაოთ უარყოფით ემოციებზე: თავიდან შესწავლის გზით, შემდეგ მათი არგამოხატვით, შემდეგ კი ყველაზე სანუკვარი უარყოფითი ემოციის მოძიებით. წარმოიდგინეთ, ვიღაც საკუთარ თავს არ იცოდებს, მისთვის ამ ემოციაზე მუშაობა იქნება იოლი, მაგრამ მას აქვს რაღაც სხვა ემოცია, საკუთარი, განსაკუთრებული, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა ძნელია. ჩვეულებრივ, ადამიანს მხოლოდ რამდენიმე მთავარი უარყოფითი ემოცია აქვს, თუმცა ზოგ განსაკუთრებულ ადამიანს მეტიც შეიძლება ჰქონდეს.

კითხვა: ვხედავ, რომ მცირე უარყოფით ემოციებთან ბრძოლა შემიძლია, მაგრამ ხანდახან ისინი საკმაოდ ძლიერია, და ფეთქდება.

პასუხი: უკვე ვცადე ამეხსნა, რომ უარყოფითი ემოციები სხვადასხვაგვარია, და ყველას წინააღმდეგ ერთსა და იმავე მეთოდებს ვერ გამოიყენებთ. ყველანაირი შემთხვევისთვის მზად უნდა იყოთ. ძალზე გვიანია ფიქრი, თუ უკვე უარყოფით ემოციაში იმყოფებით. თქვენ გაიგივება უნდა შეისწავლოთ და არგაიგივება იცოდეთ; სწორად აზროვნება უნდა შეგეძლოთ - არა ამ მომენტში, არამედ მის წინ და მის შემდეგ. და უარყოფითი ემოციების თვითგახსენებისთვის გამოყენება უნდა იცოდეთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა უარყოფითი ემოციების გამოვლინების გაკონტროლება უნდა შეგეძლოთ. თუ ეს არ ძალგიძთ, თავად უარყოფით ემოციებს არ შეებრძოლებით. მაგრამ აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ უარყოფითი ემოციების ტყვეობაში ვერაფერს გააკეთებთ; ამის გაკეთება შეგიძლიათ მანამდე ან შემდეგ. ხანდახან, თუ უკეთ ხართ მომზადებული, მათ გამოყენებას თვითგახსენებისთვის შეძლებთ, მაგრამ ეს სრულიად განსაკუთრებული პრაქტიკაა. მუშაობაში ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი. ყველა მცდარი ფუნქციის გამოყენა შეიძლება, ამიტომ ნებისმიერი სახის უარყოფით ემოციას თვითგახსენების დახმარება შეუძლია. იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება იმგვარად გაივარჯიშოთ თავი, რომ უარყოფითმა ემოციებმა საკუთარი თავის გახსენების აუცილებლობა მოგაგონონ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ინტელექტუალური ცენტრის მიერ ემოციური ცენტრის კონტროლი იქნებოდა შესაძლებელი, რომ გვცოდნოდა, როგორ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორაა ეს შესაძლებელი?

პასუხი: საქმე ისაა, რომ ამის გაკეთება ისწავლოთ. იპოვეთ გარკვეული სახის აზროვნებასთან, კონკრეტულ თვალთახედვასთან დაკავშირებული ემოციები. თუ ახალ თვალსაზრისებს შეიქმნით, გარკვეული ხნის შემდეგ ძველ თვალთახედვასთან დაკავშირებული ემოცია გაქრება. ბევრი ემოცია თვალთახედვაზეა დამოკიდებული. მაგრამ მუშაობა ნელი პროცესია.

კითხვა: რატომ უნდა იყოს ნელი?

პასუხი: იმიტომ, რომ არავის შეუძლია მისი ჩქარა შესრულება. მას დრო ესაჭიროება - თვალთახედვის შესაცვლელად, ახლების შესაქმნელად. ეს ბუფერების განადგურებას ნიშნავს, ეს კი მტკივნეულია. ამასთან, ბუფერების განადგურება უცებ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი კონტროლს სრულიად დაკარგავს. ჩვეულებრივ, ადამიანი საკუთარ თავს ბუფერების მეშვეობით აკონტროლებს. ამიტომ, ბუფერების მოცილება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ამ პროცესის პარალელურად კი ნება უნდა შეიქმნას. როდესაც რომელიმე ბუფერი ნადგურდება, ეს ადგილი ნებამ უნდა დაიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს აღარც ბუფერი დაიცავს და არც ნება ექნება - ის კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ბუფერის არსებობისას. აი, რატომაა თვითგანვითარების მექანიკური სისტემები საშიში, რადგან რომელიღაც მექანიკური საშუალებებით, ისე რომ, არ იცის რას აკეთებს, ადამიანს შეუძლია ესა თუ ის მნიშვნელოვანი ბუფერი გაანადგუროს, ცარიელი ადგილი ვერაფრით შეავსოს, და უარესი გახდეს, ვიდრე იყო. საშუალებები გაცნობიერებული უნდა იყოს, ადამიანმა უნდა იცოდეს.

კითხვა: ყოველთვისაა შესაძლებელი ჩვენი მთავარი უარყოფითი ემოციის პოვნა, თუ მხოლოდ ხანდახან?

პასუხი: შესაძლებელია, თუ ადამიანი გულწრფელია. ეს გულწრფელობის და გარკვეული ძალისხმევის საკითხია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, და შესაბამისად ამ ძალისხმევას არც არასდროს ვახორციელებთ. ჩვენი უარყოფითი ემოციების მოძებნის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ მცირე ემოციებზე ვკონცენტრირდებით. არასდროს ვართ საკმარისად გულწრფელები, საკუთარი მთავარი უარყოფითი ემოცია რომ დავინახოთ, რადგან ხანდახან ის ძალზე მახინჯია.

როდესაც გითხარით, რომ მთავარი უარყოფითი ემოციის პოვნაა აუცილებელი, ვიგულისხმე არა უფრო მნიშვნელოვანი, არამედ უფრო ურყევი ემოცია. თუ იპოვით და მასთან მუშაობას შეეცდებით, სხვა ემოციებსაც დაინახავთ, რომლებთან ბრძოლაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივ, ორი ან სამი ემოციაა, რომელთაც უნდა ებრძოლოთ. მაგრამ სიზუსტეა საჭირო, და არა ემოციებზე ზოგადი საუბარი. ემოციებზე ზოგადი საუბარი ზოგადი აზროვნებისთვისაა კარგი და არა მოქმედებისთვის. მოქმედება კი მხოლოდ გარკვეული ფაქტების მიმართ შეგიძლიათ.

კითხვა: განსაკუთრებით საშიში უარყოფითი ემოციები - ეჭვიანობა, შიში, სიძულვილი, მრისხანებაა?

პასუხი: არა, ეს მცდარი კლასიფიკაციაა. ყველაზე სასარგებლო - გაიგივების ხარისხის მიხედვით კლასიფიკაციაა, რადგან სწორედ ისაა უდიდესი ზიანის მომტანი. ეს უარყოფითი ემოციები თქვენ პირველხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ არაა აუცილებელი, ეს სწორი იყოს. ზოგისთვის, შესაძლოა, ყველაზე ცუდი ემოცია - საკუთარი თავის სიბრალულია. სხვისთვის - ყველაზე უარესი უსამართლობის გრძნობაა. ვერასოდეს გვეცოდინება, რომელია უარესი, იმიტომ, რომ ეს გაიგივებაზე და თვისებებზეა დამოკიდებული, რამდენადაც გარკვეული ემოციების ძლიერად შეგრძნების და მათთან გაიგივების უნარი შეიძლება ცრუ პიროვნების მთავარი თვისება იყოს. ეს კი ადამიანებში განსხვავებულია.

კითხვა: რომელი უარყოფითი ემოციები უნდა ტრანსფორმირდეს?

პასუხი: ყველა. კატალოგის შედგენა აუცილებელი არაა. იქიდან უნდა დაიწყოთ, რომელთა დაძლევაც ხელგეწიფებათ, შემდეგ კი, თუ ეს შესაძლებელია, უფრო რთულებზე გადახვიდეთ.
უარყოფითი ემოციები - შუალედური მდგომარეობაა საღ გონებასა და შეშლილობას შორის. ადამიანი, რომლის სიმძიმის ცენტრი უარყოფით ემოციებში იმყოფება, ჯანმრთელად ვერ ჩაითვლება და მას განვითარება არ ძალუძს. თავდაპირველად ის ნორმალური უნდა გახდეს.
უარყოფითი ემოციები სამ კატეგორიად იყოფა. პირველი - ჩვეულებრივი, ბანალური ყოველდღიური ემოციებია. აუცილებელია მათზე დაკვირვება, და მათ გამოხატვას გარკვეულწილად უკვე უნდა აკონტროლებდეთ. როდესაც ასეთი უარყოფითი ემოციების არგამოხატვის გარკვეულ კონტროლს მოიპოვებთ, ჩნდება კითხვა, რა ვუყოთ თავად ემოციებს. თქვენ მათთან მუშაობა უნდა დაიწყოთ, ეცადოთ არ გაიგივდეთ რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება მეტად, რადგან ისინი ყოველთვის გაიგივებასთანაა დაკავშირებული, და თუ გაიგივებაზე გაიმარჯვებთ, ემოციები გაქრება.

ემოციების მეორე კატეგორია ყოველდღიურად არ ვლინდება. ეს გარკვეულ გონებრივ პროცესებთან (როგორიცაა ეჭვიანობა, შეურაცხყოფილი გრძნობები და ა.შ.) დაკავშირებული უფრო ძნელი, რთული ემოციებია. მათი დამარცხება რთულია. მათთან გამკლავება სწორი გონებრივი დამოკიდებულების შექმნის, აზროვნების გზითაა შესაძლებელი - არა ემოციის დროს, არამედ შუალედებში, როდესაც მშვიდად ხართ. შეეცადეთ სწორი დამოკიდებულება, სწორი თვალთახედვა მოძებნოთ და ის მუდმივი გახადოთ. თუ სწორ აზროვნებას შექმნით, ეს ამგვარ უარყოფით ემოციებს ძალას გამოაცლის.

მესამე კატეგორია ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო რთული და იშვიათია. ასეთი ემოციების წინააღმდეგ უძლური ხართ. ეს ორი მეთოდი - გაიგივებასთან ბრძოლა და სწორი აზროვნების შექმნა - არ დაგეხმარებათ. როდესაც ასეთი ემოცია გეწვევათ, მხოლოდ ერთი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ: უნდა შეეცადოთ საკუთარი თავის გახსენებას - თავის გახსენებას ამ ემოციის მეშვეობით. თუ მათ გამოყენებას ისწავლით თვითგახსენებისთვის, გარკვეული ხნის შემდეგ ისინი შემცირდება და გაქრება. მაგრამ ამისთვის მომზადებაა საჭირო.

ახლა კი, რაკი არ იცით, რომელი ემოცია რომელ კატეგორიას შეესაბამება, სამივე მეთოდი ყველას წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ. მოგვიანებით დაინახავთ, რომ ემოციები ამ სამ კატეგორიად იყოფა, და რომ ერთ შემთხვევაში ერთი მეთოდი შველის, მეორეში კი - მეორე. ყველა შემთხვევაში მომზადებული უნდა იყოთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მათთან ბრძოლა ან მათი დამარცხება რთული იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლით. მაგრამ ნურასდროს აურევთ ემოციებს და მათ გამოხატვას ერთმანეთში. ის ყოველთვის წინმსწრებია. თუ გამოხატვის შეჩერება არ ძალგიძთ, ეს ნიშნავს, რომ თავად ემოციებსაც ვერაფერს დააკლებთ. ამიტომ, პირველ ყოვლისა უარყოფითი ემოციების გამოხატვის გაკონტროლება უნდა ისწავლოთ. როდესაც გამოხატვის გაკონტროლებას ისწავლით, შეგიძლიათ დაიწყოთ.

კითხვა: როგორც ჩანს, საკუთარი თავის გახსენების მცდელობები ადამიანს უფრო დაუცველს და ემოციებით უფრო ადვილად სამართავს ხდის. როგორაა შესაძლებელი თავდაცვა?

პასუხი: დასაწყისში ადამიანს არ შეუძლია თავის დაცვა. მან უნდა გარისკოს და ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგას, თუ ეს ამგვარად მოქმედებს. სინამდვილეში, ეს ორივე მიმართულებით მოქმედებს: ერთი მხრივ უფრო მგრძნობიარედ გაქცევთ, მეორე მხრივ კი დიდ კონტროლს განიჭებთ.

კითხვა: ჩვეულებრივ უარყოფით ემოციებთან დაკავშირებით - არის თუ არა ადამიანში რომელიმე განსაკუთრებული ნიშანთვისება, რომელიც მათ იწვევს?

პასუხი: სრულიად შესაძლებელია, თუმცა თუ თქვენ არგაიგივების პრაქტიკას ეწევით, ამას დაინახავთ. თქვენ ძალიან ბევრ რამესთან იგივდებით, არა მხოლოდ უარყოფით ემოციებთან. დილიდან დაღამებამდე ერთი გაიგივებიდან მეორეზე გადადიხართ, მაგრამ როდესაც ცდილობთ ჩვეულებრივზე მეტად აღარ გაიგივდეთ, იმ უარყოფითი ემოციების შემჩნევას იწყებთ, რომელთაც ადრე ვერ ხედავდით. ზოგს მთლიანად დაინახავთ, ზოგს კი მიმალვამდე მხოლოდ ოდნავ დალანდავთ. თუ შემჩნევას და არგაიგივებას ცდილობთ, ეს ემოციებთან ურთიერთობაში გაგაძლიერებთ.

კითხვა: როგორ უნდა დავინტერესდეთ გაიგივების გარეშე სწორად?

პასუხი: სწორი მეთოდი არ არსებობს. თქვენ ან სწორ საკითხებზე უნდა იფიქროთ, ან ყველაფერი თვითგახსენებასთან დააკავშიროთ. თუ სწორ საკითხებზე ფიქრი შეგიძლიათ, ე.ი. გაიგივების გარეშე მათით დაინტერესების უნარი გაქვთ, მაგრამ თუ იგივდებით, აზროვნება ქრება და უბრალოდ სიტყვების მაფორმირებელ გამეორებად იქცევა.

კითხვა: ერთი უარყოფითი ემოცია, რომელსაც გამუდმებით განვიცდი, იმ ადამიანთა წინააღმდეგ განმაწყობს, რომლებიც, როგორც მეჩვენება, არად მივიჩნიე ან რამენაირად დავაზიანე. ის გაიგივებაზეა დაფუძნებული. არ ვიცი, როგორ გავთავისუფლდე მისგან.

პასუხი: რთული სათქმელია. ჩვენ იმდენად მექანიკურები ვართ, რომ გარკვეულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა არ გვეკისრება. იმავდროულად, უფლება არ გვაქვს, ვთქვათ: „პასუხისმგებლობა არ მეკისრება, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებ“. ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. მაგრამ არგაიგივება მოცემულ შემთხვევაში არ უშველის. თუ გრძნობთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ, შეეცადეთ, აღარ გაიმეოროთ შეცდომა. ძალზე ხშირად ადამიანები მთელ ენერგიას მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრში ხარჯავენ, მომდევნო დღეს კი ანალოგიურ შეცდომას სჩადიან.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ უარყოფითი ემოციები სასარგებლო იქნებოდა, ჩვენ რომ მათთან არგაიგივება შეგვეძლოს.

პასუხი: არგაიგივება რომ შეგვეძლოს, ახლა სხვა შედეგები გვექნებოდა. ეს უეჭველად დაგვეხმარებოდა, რადგან ცხოვრებაში ბევრი საკითხისადმი, რომლებზეც ჯერ არაფერი ვიცით, ჩვენს დამოკიდებულებას ორინტირს მიანიჭებდა.

დიახ, გითხარით, ჩვენ რომ არგაიგივება შეგვძლებოდა,ისინი სასარგებლო ფუნქციები იქნებოდა. იმ სახით, როგორიც ახლაა, მათში სასარგებლო არაფერია. ყველა უარყოფითი ემოცია, რომელთა თავიდან აცილება არ შეგვიძლია, სასარგებლო ფუნქციად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მათ თვითგახსენებისთვის გამოვიყენებთ. ზოგიერთებს გამოსდით ეს, და ისინი ერთდროულად ორ შედეგს იღებენ - უარყოფით ემოციებს იცილებენ და თვითგახსენებას ქმნიან. თუ ურყევი უარყოფითი ემოცია გაქვთ და სწორი აზროვნებით მას თვითგახსენებას უკავშირებთ, გარკვეული ხნის შემდეგ, თუ დაჟინებით მუშაობთ, ეს ემოცია გაქრება. ამგვარად, შეიძლება ისინი სასარგებლო მიზანს მოემსახუროს, თუ მათი გამოყენება ძალგიძთ, მაგრამ თუ მათთან იგივდებით, ისინი სრულებით უსარგებლოა.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა უარყოფით ემოციებთან გამკლავება, თუ ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია?

პასუხი: მან არ უნდა დაიჯეროს ამ ცუდი მდგომარეობის. ზუსტად ასევე არ უნდა დაიჯეროს, რომ არსებული კარგი მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდება. როგორც ცუდი, ასევე კარგი მდგომარეობა იცვლება. თუ ადამიანს კარგი მდგომარეობის სწამს, ცუდი მდგომარეობის დადგომისას, რომლისთვისაც მზად არაა, ის ძალზე ძლიერად იმოქმედებს მასზე. თუ ადამიანი ზედმეტადაა გაიგივებული ცუდ მდგომარეობასთან, ის უძლურად გრძნობს თავს. მდგომარეობა ცუდია თუ კარგი, მან უნდა გააგრძელოს - მხოლოდ ერთი გზა არსებობს.

კითხვა: ძლიერი ეჭვიანობა ემოციათა მეორე კატეგორიას ეკუთვნის?

პასუხი: ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ. მას შეიძლება ბევრი ფორმა და გამოვლინება გააჩნდეს. ჩვეულებრივ, ეჭვიანობა გამართლებაზეა დაფუძნებული - აზრობრივად ეთანხმებით მას, იწონებთ, ნიადაგს უმზადებთ. როდესაც ნიადაგის მომზადებას შეწყვეტთ, ეჭვიანობა გაქრება ან სხვა რამედ ტრანსფორმირდება. მაგრამ ეს ძალზე ზოგადი აღწერაა. ეჭვიანობის ათი ათასი სხვადასხვა ტიპი არსებობს, მაგრამ მათი საფუძველი თითქმის ყოველთვის თქვენს შეგრძნებაშია: თქვენ გაქვთ ეჭვიანობის უფლება. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა უარყოფითი ემოციის მიზეზი თავად თქვენშია.

კითხვა: გადამდებია თუ არა უარყოფითი ემოციები? ეს ხომ არ ართულებს აგრერიგად ოჯახურ ცხოვრებას?

პასუხი: დიახ, ცნობილი ფაქტია, რომ უარყოფითი ემოციები ძალზე გადამდებია, მაგრამ განსაკუთრებით გადამდები თავად თქვენთვისაა. თუ გარკვეული უარყოფითი ემოციები გაქვთ, და თქვენ დაუშვით ისინი, თუ უარს არ ამბობთ მათზე თქვენს გონებაში, ეს ემოციები აუცილებლად განმეორდება და უფრო და უფრო გაძლიერდება.

კითხვა: საკუთარი თავის სიბრალული ჩემთვის - არაა უსიამოვნო ემოცია, თუმცა მას უარყოფითად ვთვლი. უნდა შევაჩერო თუ არა ის?

პასუხი: მით უფრო უნდა შეაჩეროთ, თუ ის სასიამოვნოა. როდესაც საკუთარი თავის მიმართ სიბრალული სასიამოვნოა, ეს განსაკუთრებულად შხამიანი ემოციაა.

კითხვა: როგორ უნდა ვიფიქრო სწორად საკუთარი თავის სიბრალულზე?

პასუხი: მასზე ფიქრისას გონებაში მუდმივი გამხსნელი უნდა შექმნათ, დამოკიდებულება, რომელიც გაჩენისთანავე გააქარწყლებს ამ სიბრალულს. იპოვეთ მისი კომიკური, აბსურდული, არანორმალური მხარე, ნუ ებოდიშებით საკუთარ თავს. თუ ასეთი მუდმივი დამოკიდებულების შექმნას მოახერხებთ, საკუთარი თავის სიბრალულის ყოველი შემოტევისას, შეგიძლიათ მას ეს გამხსნელი გადაასხათ და ის გაქარწყლდება. იპოვეთ, რა არის სულელური, უაზრო საკუთარი თავის სიბრალულში - არა ანალიზის გზით, არამედ მაგალითებით. თუ გულწრფელად ფიქრობთ და აკვირდებით, მასში ბევრ დამახასიათებელ ნიშანს იპოვით, და თუ მუდამ გონებაში გექნებათ ისინი, ის თავის წამოყოფას ვერ გაბედავს.

კითხვა: მაგრამ თუ ის არ გაქრება?

პასუხი: ეს მცდარ დამოკიდებულებას ნიშნავს, და არა მხოლოდ დამოკიდებულებას. საკუთარი თავის სიბრალული მთლად ნორმალური არაა, ამიტომ შეისწავლეთ ის, მოძებნეთ მისი ყველა უცნაური თვისება, შეეცადეთ შეგრცხვეთ მისი, არ იფიქროთ და არ ისაუბროთ მასზე იმგვარად, თითქოს ის უვნებელი ან სასიამოვნო იყოს.

კითხვა: ჩემი სურვილების მიმართ ძალზე ლმობიერი ვარ, რაც, ვფიქრობ, ჩემი მთავარი სისუსტე და შემაფერხებელია მუშაობაში. მაგრამ არ ვიცი საკუთარი ძალებით როგორ ვებრძოლო მას, სავარაუდოდ, ჩემი ყველა ძალისხმევა სუსტი იქნება.

პასუხი: ხშირად ბრძოლა არ ძალგიძთ, ან არ იცით, როგორ დაიწყოთ რომელიმე განსაკუთრებული სისუსტის წინააღმდეგ მუშაობა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმუშავეთნებისმიერისისუსტის წინააღმდეგ, და თქვენამ კონკრეტულისწინააღმდეგაც იმუშავებთ. საკუთარი თავის გამართლება ძალზე იოლი გზაა - თქვათ, რომ არ იცით, როგორ ებრძოლოთ რომელიღაც სისუსტეს. მას თავი დაანებეთ და რომელიმე სხვას ებრძოლეთ - შედეგი იგივე იქნება. განსაკუთრებულ შემთხვევებში რომელიმე კონკრეტულ სირთულეს კვლავ და კვლავ უნდა დავუბრუნდეთ, მაგრამ, მთლიანობაში, ყველა ძალისხმევას ერთი მიმართულებით მივყავართ, იქნება ეს ბრძოლა უარყოფითობის, წარმოსახვის თუ ა.შ. წინააღმდეგ.

კითხვა: მრისხანების თავისუფალი გამოვლენა რატომ მანიჭებს სიმხიარულის ცხად განცდას?

პასუხი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ჩვევაა, მეორე, იმიტომ რომ ეს იოლია. ჩვევის დაყოლას ყოველთვის სიამოვნება მოსდევს. მანქანას უმცირესი წინააღმდეგობის ხაზზე უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობისას ჩვენ უდიდესი წინააღმდეგობის ხაზზე უნდა ვიმოძრაოთ.

კითხვა: შიში ყოველთვის უარყოფითი ემოციაა? ის აუცილებელია?

პასუხი: ის მრავალი უარყოფითი ემოციის საფუძველია. ჩვენ ამჟამად ინსტინქტურ ემოციებზე არ ვსაუბრობთ. ინსტინქტური ცენტრის უარყოფითი ემოციები აუცილებელია, მაგრამ სხვა დანარჩენიდან თითქმის ყველა უსარგებლოა. თუმცა ინსტინქტურ ემოციებსაც კი შეუძლია წარმოსახვამდე მიყვანა. მაგალითად, ადამიანს ეშინია გველების, და, ისეთ ქვეყანაში მცხოვრები ეს ადამიანი, სადაც სულ ერთნახევარი გველია, მთელ ცხოვრებას გველების შიშში ატარებს. ეს წარმოსახვაა.

კითხვა: ხშირად ისეთი რამის ხომ არ გვეშინია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით?

პასუხი: შიში - ეს მხოლოდ გარკვეული მდგომარეობაა, ის შეიძლება კონკრეტული ობიექტის გარეშე არსებობდეს. ეს აჩვენებს, რამდენად უსარგებლოა უარყოფითი ემოციები. ჩვენ ხშირად ვიგონებთ ობიექტებს იმ ემოციებისთვის, რომლებიც ჩვენში უკვე არის. ავიღოთ შური, შიში, უნდობლობა. ჩვენ გვგონია, რომ ემოცია ჩვენში რაიმე გარეგანით იქმნება, მაშინ, როდესაც სინამდვილეში, ის ჩვენშია; ობიექტს უკვე მისი წარმოქმნის შემდეგ ვეძებთ და ამგვარად ვამართლებთ მას.

კითხვა: ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი, ყველა უარყოფითი ემოციის მიზეზები თავად ჩემში რატომ იმყოფება?

პასუხი: თუ დააკვირდებით საკუთარ თავს, დაინახავთ. გარეგანი მიზეზები ერთი და იგივეა, მაგრამ ხან იწვევს უარყოფით ემოციებს, ხნა კი - არა. რატომ? იმიტომ რომ რეალური მიზეზები თავად თქვენშია, გარეგანი მიზეზები მხოლოდ გამოიყურება, როგორც მიზეზი. თუ კარგ მდგომარეობაში ხართ, თუ გახსოვთ საკუთარი თავი, თუ გაიგივებული არ ხართ, მაშინ არაფერი, რაც გარშემო ხდება (შეფარდებით ვამბობ, რადგან კატასტროფებს არ ვგულისხმობ), უარყოფით ემოციებს არ გამოიწვევს. თუ ცუდ მდგომარეობაში, გაიგივებული და წარმოსახვაში ჩაძირული ხართ, ასეთ შემთხვევაში მცირე უსიამოვნებაც კი ბობოქარ ემოციებს იწვევს. ეს დაკვირვების საკითხია.

კითხვა: მაგრამ მაინც ვერ გამიგია, როგორ შეიძლება გარკვეულმა საკითხმა, მაგალითად ადამიანთა საქციელმა, არ გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები?

პასუხი: ისინი მანქანები არიან. რატომ უნდა გამოიწვიოს მანქანების საქციელმა უარყოფითი ემოციები? მანქანა თუ დაგეჯახებათ, ეს თქვენი ბრალია - მანქანების გზაზე არ უნდა დადგეთ. თქვენ შეიძლება გქონდეთ უარყოფითი ემოციები, მაგრამ ეს მანქანის ბრალი არ იქნება, ეს თქვენი ბრალია. სხვა ადამიანებს თქვენზე ასეთი დიდი ძალაუფლება არ აქვთ, როგორც თქვენ გგონიათ, ეს მხოლოდ გაიგივების ბრალია. თქვენ შეგიძლიათ გაცილებით თავისუფალი გახდეთ, თუ არ იგივდებით, და ხანდახან სინამდვილეშითავისუფალი ხართ. აი, რატომ ვამბობ, რომ მისი დაკვირვებაა აუცილებელი. თუ კარგად აკვირდებით, დაინახავთ, რომ გაიგივება ხან მეტია, ხან ნაკლები, და, შედეგად, ხანდახან მთლიანად უარყოფითი ემოციების ტყვეობაში ხართ, ხან კი ნაწილობრივ ეწინააღმდეგებით მათ. ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს - ისწავლოთ, როგორ შეეწინააღმდეგოთ უარყოფით ემოციებს, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის. უარყოფით ემოციებთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა გაიგოთ: ჩვენ ძალზე გვეშინია მათი, ძალზე ძლევამოსილად მივიჩნევთ მათ. შეწინააღმდეგებას შევძლებთ, თუ შეუპოვრები ვიქნებით და მათ გარდუვალობად და ძლევამოსილად არ ჩავთვლით.

კითხვა: ცოტა ხნის წინ დავაკვირდი, როგორ ვღიზიანდებოდი ერთ ადამიანთან საუბრისას, მაგრამ შეჩერება ვერ შევძელი. როგორ გავაკონტროლო გაღიზიანება?

პასუხი: ეს მექანიკურობის მაგალითია. თქვენ გაღიზიანებას ვეღარ გააკონტროლებთ, თუ მან გამოვლინება დაიწყო - უკვე ძალზე გვიანაა. ბრძოლა თქვენს გონებაში უნდა დაიწყოს, რომელიმე კონკრეტულ სირთულეზე სწორი აზროვნების საკუთარი მეთოდი თქვენ უნდა იპოვოთ. წარმოიდგინეთ, რომ უნდა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გაღიზიანებთ. გაღიზიანება ვლინდება, და ის თქვენ არ მოგწონთ. როგორ შეაჩერებთ მას? თქვენი აზროვნების შესწავლით უნდა დაიწყოთ. რას ფიქრობთ ამ ადამიანზე - არა ის, რასაც გრძნობთ, როდესაც გაღიზიანებული ხართ, არამედ რას ფიქრობთ მასზე სიმშვიდის ჟამს? თქვენ აღმოაჩენთ, რომ გონებაში ეკამათებით მას, უმტკიცებთ, რომ ცდება, და მის შეცდომებზე ესაუბრებით. მიგაჩნიათ, რომ მთლიანობაში, თქვენთან მიმართებით ის არასწორად იქცევა. აი, სად ცდებით. თქვენ სწორად აზროვნება უნდა ისწავლოთ. თუ ამას მოახერხებთ, ყველაფერი შემდეგნაირად მოხდება. თუმცაღა ემოციები აზრებზე გაცილებით სწრაფია, ისინი დროებითია, აზრი კი შეიძლება მუდმივი გავხადოთ. ამიტომ, როდესაც ემოცია ვლინდება, ის მუდმივ აზრს ეჯახება და წყდება. ე.ი. უარყოფითი ემოციების გამოხატულების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მუდმივი სწორი აზროვნებით შეგიძლიათ. სწორი აზროვნების რამდენიმე სიტყვით ახსნა შეუძლებელია; მისი შესწავლაა საჭირო. თუ გახსოვთ, რა გესაუბრეთ ცენტრების ნაწილების შესახებ, თქვენ მიხვალთ სწორ აზროვნებამდე, რადგან ყოფითი ცხოვრების უმრავლეს შემთხვევებში და უმრავლეს გარემოებებში ადამიანები მხოლოდ ინტელექტუალური ცენტრის მექანიკური ნაწილით, ანუ მაფორმირებელი აპარატით აზროვნებენ. ეს საკმარისი არაა. ინტელექტუალური ცენტრის ინტელექტუალური ნაწილის გამოყენებაა აუცილებელი. გაიგივება - ძირითადი მიზეზია, რატომაც მას არ ვიყენებთ. საკუთარი თავის გახსენების და არგაიგივების მცდელობა - ცენტრების მაღალ ნაწილებში გადასასვლელად საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება გაიგივების და თვითგახსენების შესახებ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ენერგია შექმნას ასეთი უარყოფითი ემოციების (მაგალითად შიშის) დაუფლებამ?

პასუხი: საკმაოდ დიდიც. ეს ენერგიის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უარყოფით ემოციებზე გამარჯვება და მათი ტრანსფორმაცია განვითარების ყველა შესაძლებლობას მოიცავს. ადამიანი უარყოფითი ემოციებით ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს.

კითხვა: რად შეიძლება ტრანსფორმირდეს უარყოფითი ემოციები?

პასუხი: უკეთესია, თუ ვიტყვით, რომ მათზე გამარჯვებაა საჭირო. მაგრამ, თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ ისინი გარკვეულ ემოციებად ტრანსფორმირდება, რომლებიც ძალიან დიდ გაგებასთანაა დაკავშირებული - ესაა ცენტრების მაღალი ნაწილების ემოციები. ჩვენში არსებული თითქმის ყველა უარყოფითი ემოცია ცენტრების მაღალი ნაწილების ემოციებად შეიძლება ტრანსფორმირდეს. მაგრამ ეს გაგებას, მის აუცილებლობაში დარწმუნებას და ამის გაკეთების გადაწყვეტილებას მოითხოვს.

კითხვა: ამ ემოციური მდგომარეობების მიღწევაში უარყოფითი ემოციები გვიშლის ხელს?

პასუხი: დიახ, ჩვენ საკმარისი ფული გვაქვს, მაგრამ მთლიანად უსიამოვნებებში გვეხარჯება. თუ მეტად დავაგროვებთ, მის სწორ გამოყენებას შევძლებთ. დახარჯვის შესაძლებლობები რაოდენობასთანაა დაკავშირებული.

კითხვა: საკუთარ თავში რისხვის ორ სახეობას ვაკვირდები: პირველი, როდესაც ბავშვს აყენებენ ტკივილს, და მეორე, როდესაც რაიმე მაღიზიანებს. ორივე თანაბრად უარყოფითია?

პასუხი: რაც უფრო ნაკლებად ეგოისტურია რისხვა, და რაც უფრო მეტად მართალი ხართ, ის მით უფრო უარესია. რაც უფრო მეტი ენერგია გეკარგებათ ამ დროს, მით უფრო მეტად უარყოფით შედეგებს მიიღებთ.

კითხვა: რატომ მეუფლება უარყოფითი ემოციები ბევრად სწრაფად დისკუსიის დროს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქმედებისას? მაგალითად, ასე ხდება პოლიტიკური დისკუსიებისას.

პასუხი: რადგან თქვენ ყოველთვის ფიქრობთ, რომ საგნები და მოვლენები შეიძლება სხვაგვარი იყოს. როდესაც გააცნობიერებთ და მტკიცედ დარწმუნდებით, რომ სხვაგვარად არაფერი იქნება, თქვენ კამათს შეწყვეტთ. კამათი ეფუძნება წარმოდგენას, რომ საგნები და მოვლენები შეიძლება სხვაგვარი იყოს და ზოგიერთებს მათი სხვაგვარად გაკეთება ხელეწიფებათ. შეეცადეთ, იფიქროთ თვალთახედვით, რომ ყველაფერი, რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. ასეთი შესაძლებლობა რომ არსებულიყო, ის ამგვარად მოხდებოდა. ძალიან მარტივია, მაგრამ მისი გაცნობიერება საკმაოდ რთულია.

კითხვა: ის, რაც სხვა ადამიანში არ მოგვწონს, ხომ არ არის თავად ჩვენში?

პასუხი: ძირითადად, დიახ. მაგრამ ამის გაცნობიერება რთულია. შესაძლოა, ადამიანებს სხვები არ უყვართ იმის გამო, რომ ისინი მათთვის სარკეს წარმოადგენენ. ისინი ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ბუნდოვნად გრძნობენ, და ეს სხვების მიმართ ანტიპათიას იწვევს. თუმცა, მუშაობაში არის პრინციპი, რომ ვიდრე ადამიანი უკეთესი გახდება, ის ჯერ უარესი უნდა გახდეს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ის მეტს ამჩნევს - სინამდვილეში უარესი ხდება მანამ, ვიდრე მეტ კონტროლს მოიპოვებდეს.

კითხვა: თუ მუდამ გვემახსოვრება, რომ ადამიანებს სხვაგვარად მოქცევა არ ძალუძთ, შევძლებთ მათ გაგებას?

პასუხი: ბუნებრივია, ეს უნდა გახსოვდეთ. და ვიდრე ის მუდმივი არ გახდება, მათზე ვერაფერს გაიგებთ. მსგავსი საკითხები ბევრია. ყველაფერი, რასაც სისტემაში სწავლობთ, ერთდროულად უნდა გქონდეთ გონებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალო წვრილმანის გამო ყველაფერი დაგავიწყდებათ.

კითხვა: შევამჩნიე, რომ ძალზე ნეგატიური ვხდები, როდესაც რჩევას მაძლევენ, და არასოდეს ვეთანხმები.

პასუხი: კვლავ, ყველაფერი თქვენს დამოკიდებულებაზეა დაფუძნებული: თქვენ უშვებთ, რომ ვიღაცას თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე შეუძლია ზემოქმედება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საკუთარ თავზე ასეთი ემოციური ძალაუფლება. ახლა, ამ რჩევის შესახებ უბრალოდ ფიქრის დროსაც კი თქვენ ღიზიანდებით. თქვენი ემოციების რეკონსტრუქციას აკეთებთ. მაგრამ თქვენ სულ სხვაგვარად უნდა იფიქროთ, ეს სწორი დასკვნების საკითხია. თუნდაც ადამიანები დაუფიქრებლად გირჩევდნენ, თუნდაც თავად უკეთესად იცოდეთ, წონასწორობის დასაკარგად მიზეზი არ გაქვთ. გაღიზიანებულ ან აგზნებულ მდგომარეობაში ვერაფერს მიიღებთ. უნდა შეეშვათ გამართლებას თქვენს გონებაში.

თუ გამართლებას შეეშვება, ადამიანი დაინახავს, რომ ყველა ამ უარყოფითი ემოციის მიზეზი რომელიღაც მცდარი იდეაა. საკუთარ ცხოვრებაში რაღაც არასწორის აღმოჩენა ყველას შეუძლია და ჩვეულებრივ, მთელ პასუხისმგებლობას აღმოჩენილს აკისრებს. მისი აზრით, ეს რომ სწორი ყოფილიყო, სხვა დანარჩენიც გასწორდებოდა. ადამიანებს ყოველთვის მოეპოვებათ გარემოებათა ერთი, ორი ან მეტი კომბინაცია, რომელთაც საკუთარ შეცდომებს და გამოვლენილ სისუსტეებს აბრალებენ. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერს იგივე შედეგის მოტანა შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რაღაც, რაც არასწორია, და ვფიქრობ: „ეს რომ სწორი ყოფილიყო, მე სხვანაირი ვიქნებოდი“. მაგრამ ის რომ სწორი ყოფილიყო, მე ზუსტად იგივე დავრჩებოდი. გამოცდილება მალაპარაკებს, რადგან ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობდნენ, და როდესაც ის, რასაც ისინი მცდარად მიიჩნევდნენ, იცვლებოდა, თავად ისინი არ იცვლებოდნენ და მხოლოდ ერთ საბაბს მეორეთი ანაცვლებდნენ.

კითხვა: ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი სირთულე - გაღიზიანებაა.

პასუხი: ეს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა თვისებაა ადამიანებში, და მას ყველა ემორჩილება. ყველაზე რთული ამქვეყნად - სხვა ადამიანების უსიამოვნო გამოვლინებების მოთმინებით ატანაა. ადამიანებს ყველაფრის გაღება შეუძლიათ, მაგრამ ამის ატანა მათ ძალებს აღემატება. გაღიზიანება - განსაკუთრებული ემოციაა, რომელიც იქმნება საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მექანიკურობის შეგრძნებით. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მექანიკური რამ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ მექანიკურობა დროდადრო მას ქმნის. თუ ჩვენ რომელიღაც შემთხვევაში ადამიანთა მექანიკურობას ვერ ვგრძნობთ, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ძალიანაც მექანიკურები იყვნენ, მათ მიმართ გაღიზიანება არ გვიჩნდება. ჩვენ გვაღიზიანებს სხვა ადამიანები, რომლებიც მანქანებივით მოქმედებენ, იმიტომ, რომ თავად ვართ მანქანები. მანქანებად ყოფნას თუ შევწყვეტთ, აღარც გავღიზიანდებით. მექანიკურობის ეს გრძნობა გაღიზიანებად იქცევა იმიტომ, რომ ადამიანები მასთან იგივდებიან. თუ გაიგივების მოცილებას შევძლებთ, ამჟამინდელი გამღიზიანებელი სასარგებლო ემოციად გარდაიქმნება, თავისებურ მგრძნობიარე ორგანოდ, რომლითაც მექანიკურობას შევიგრძნობთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად იცვლება სრულიად ბანალური ემოციები, და ხშირად ძალზე სასარგებლო ხდება, თუ მასთან არ იგივდებით.

კითხვა: რა მოვუხერხოთ უარყოფით ემოციას, როდესაც ის უბრალოდ აპათიად იქცევა?

პასუხი: ძალზე ხშირად, როდესაც უარყოფითი ემოციები პასიური წინააღმდეგობის ფორმას იღებს, დაუყოვნებლივ საპასუხოდ არაფრის გაკეთება არ ძალგიძთ. მაგრამ შეგიძლიათ მუშაობა გააგრძელოთ. დღეს თუ ვერაფერს აკეთებთ, დადგება ხვალ, და ზეგ, და შემდეგი კვირა, და შემდეგი თვე. მომავლისთვის უნდა მოემზადოთ, პირველ რიგში თვითგახსენებით, და გახსოვდეთ, რატომ მოხვედით, გახსოვდეთ პირველი პრინციპები. მთელი აპათია და უარყოფითი გრძნობები ხანგრძლივი ძილის დამსახურებაა. გაღვიძების მცდელობის მაგივრად თუ ძილს აგრძელებთ, ძილი ამა თუ იმ უარყოფით მდგომარეობას გამოიწვევს.

კითხვა: შევნიშნე, რომ მსურს, მუდამ კომფორტულად ვგრძნობდე თავს. ეს ყველას ახასიათებს?

პასუხი: ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ყველაფერს ამ სურვილს ვწირავთ მსხვერპლად. ყველაფერზე უარს ვამბობთ, ოღონდ კი ყველაზე მცირე წინააღმდეგობის ხაზით ვიაროთ. ხანდახან ეს სურვილი იმდენად ძლიერი ხდება, რომ ადამიანს მხოლოდ სიმშვიდე სურს და მეტი არაფერი. და ყველა დისკომფორტის კომფორტად ქცევას ესწრაფვის.

კითხვა: რა მეთოდით შეიძლება ამ სურვილისგან გათავისუფლება?

პასუხი: რა უნდა გაკეთდეს - სხვა საკითხია, ამ საკითხს სხვა კუთხით უნდა მივუახლოვდეთ. კომფორტის სურვილი ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, და მის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალისხმევები რიგრიგობით უნდა განვიხილოთ და არა ერთდროულად. ძილი - ყველაზე კომფორტულია; გაღვიძების მცდელობა - ძალზე არაკომფორტული. მოგვიანებით, როდესაც ნაწილობრივ გავიღვიძებთ, ვიგრძნობთ, რამდენად მოუხერხებელია ძილი, როდესაც ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამ დგომარეობამდე მისვლაა საჭირო.

კითხვა: როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს?

პასუხი: ძალისხმევით. სხვაგვარად როგორ? ზოგადად საუბარი რთულია, რადგან სიზარმაცის მრავალი ფორმა არსებობს. კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა ვილაპარაკოთ, ამიტომ მხოლოდ თავად შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იპოვეთ საკუთარ თავში სიზარმაცის სხვადასხვა ფორმები და დაინახავთ, რომ ის ყოველთვის ერთი და იგივე არაა - ზოგ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ფორმით, სხვა შემთხვევებში კი ნაკლები სიძლიერით ვლინდება. ბევრი დაკვირვება გჭირდებათ - გარედან ვერავინ დაგეხმარებათ.

კითხვა: მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის?

პასუხი: არა, ეს საკმარისი არაა. წარმოიდგინეთ, რომ გეზარებათ კონკრეტული რამ, მაგრამ ეს სიზარმაცე ყოველთვის ერთნაირი სიძლიერის არაა - ხან მეტია, ხან ნაკლები. ეს მასალაა დაკვირვებისთვის. იპოვეთ, რა განაპირობებს თქვენს მეტ ან ნაკლებ სიზარმაცეს, შედეგად გარკვეულ მიზეზებს აღმოაჩენთ და მიხვდებით, სად დააკვირდეთ შემდეგში. საკუთარ თავში ბევრი რამაა მოსაძიებელი, რაც განსხვავებას ქმნის, რადგან ჩვენში არაფერი რჩება უცვლელი დიდი ხნის განმავლობაში. თვით მუდმივი თვისებებიც კი სხვადასხვაგვარად ვლინდება - ერთ დღეს ერთი სახით, მეორე დღეს სხვანაირად. მიზეზის პოვნაა აუცილებელი.

კითხვა: რა მეთოდით განვასხვავოთ ერთმანეთისგან დასვენების ჭეშმარიტი მოთხოვნილება და სიზარმაცე?

პასუხი: როგორც წესი, მხოლოდ გარკვეული შემთხვევები უნდა განიხილოთ და არ იფიქროთ საეჭვო შემთხვევებზე. თუ თქვენთვის გაუგებარი შემთხვევებით დაიწყებთ, ვერაფერს გააწყობთ. ამ სისტემაში იმ საკითხებით უნდა დაიწყოთ, რაშიც იოტისოდენა არაფერი გეეჭვებათ.

კითხვა: თუ საკუთარი თავის გახსენებას ვცდილობთ და გარკვეულ შედეგს ვიღებთ, შეგვიძლია კი დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს წარმოსახვა არაა?

პასუხი: ისევ და ისევ, იგივეს გიპასუხებთ. ზოგიერთ მომენტში ეჭვის ნატამალიც არ გექნებათ, ზოგჯერ კი გეცოდინებათ, რომ ეს წარმოსახვაა. ყოველთვის ვერ იქნებით დარწმუნებული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ზუსტად გეცოდინებათ.

კითხვა: შეუძლია თუ არა რომელიღაც გარეგან გარემოებას ჩვენი უეცარი გამოღვიძება?

პასუხი: დიახ, მაგრამ მომდევნო მომენტში სხვა გარემოებები ისევ ძილში გაბრუნებენ, ამიტომ აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. და რაც უფრო ძლიერად გაღვიძებთ გარემოებათა ერთი სახეობა, მით უფრო ადვილად გაბრუნებთ ძილში გარემოებათა სხვა სახეობა. მხოლოდ ის გამოღვიძებაა სანდო, რომელიც თავად თქვენგან მომდინარეობს.

კითხვა: ვითარდება თუ არა გაორების გრძნობა ადამიანში, რომელიც გამოღვიძებას იწყებს?

პასუხი: არის თუ არა ეს დაკვირვება? თუ დაკვირვებაა - ერთი საქმეა, მაგრამ თუ მხოლოდ ფილოსოფიაა - ის სრულიად უსარგებლოა. არ გიშველით, თუ ერთს გადაწყვეტთ, ყველაფერი კი სხვაგვარად ხდება. დღევანდელ დღესა და შესაძლო ხვალესთან უნდა გქონდეთ საქმე.

კითხვა: აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ერთდროულად უარყოფითი ემოციაც მქონდეს და მას ვაკვირდებოდე.

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ შეიძლება ბობოქარი უარყოფითი ემოციები გქონდეთ და აკვირდებოდეთ მათ. ძალზე ხშირად უარყოფითი ემოციები გარკვეულწილად გვაფხიზლებს, ამიტომ მათი დაკვირვება შეგვიძლია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს ფაქტი მათ არ ასუსტებს, პირიქით, ისინი უკეთეს ხდება, თუ ამას აკეთებთ, და ძილის ფორმაც უფრო სასიამოვნოა. დაკვირვება არ წარმოადგენს უარყოფითი ემოციების განადგურების მეთოდს. თუ მათი განადგურება გსურთ, ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ დაკვირვება მხოლოდ შესწავლისთვისაა აუცილებელი.

კითხვა: არსებობს თუ არა უსიამოვნო, მოსაწყენ, გაურკვეველ უარყოფით მდგომარეობებთან მუშაობის მეთოდები?

პასუხი: ბევრი მეთოდი არსებობს. ხანდახან შეიძლება ამ მდგომარეობასთან ბრძოლა. როდესაც იმდენად უსიამოვნო მდგომარეობა გაქვთ, რომ ამ მომენტში ვერაფერს აკეთებთ, თუ თქვენ მის დადგომამდე, უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მიმართავთ ძალისხმევას, - ეს შეიძლება დაგეხმაროთ. თქვენ მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რაც ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია, მაგრამ არ უნდა გაიგივდეთ თქვენს მდგომარეობასთან და უნდა გახსოვდეთ, რომ ის გაივლის, არ დაიჯეროთ, რომ ის მუდმივია. ემოციურად ყველაფრის გვჯერა - ემოციური ცენტრი არ იცნობს ხვალ-ს, მისთვის ყველაფერი აწმყოა, ყველაფერი მუდმივია. თქვენ არ უნდა გაიგივდეთ ამ გრძნობასთან, უნდა იცოდეთ, რომ ის შეიცვლება.

კითხვა: ყველაფერი, რაც ამ მუშაობაში მაინტერესებდა, ძალზე მალე საშინლად მოსაწყენ საქმიანობად მექცა. როგორ ავიცილო ეს ხაფანგი?

პასუხი: იცით რა, ეს მშვენიერი მდგომარეობაა თვითგახსენებისთვის - გამოიყენეთ ის. რაც უფრო უარყოფითი ხართ, მით უფრო უკეთ გახსოვთ თავი - თუ აცნობიერებთ, რომ აქედან თავის დაღწევა შეგიძლიათ. ამან უნდა გაგახსენოთ, მაღვიძარის როლი ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის უარყოფით მდგომარეობაში დარჩებით.

კითხვა: მეჩვენება, რომ უფრო ენერგიული ძალისხმევის განხორციელება მაშინ შემიძლია, როდესაც საკუთარ თავში რაიმე სისულელეს ვაკვირდები.

პასუხი: ხანდახან ძალზე სასარგებლოა საკუთარი სისულელის დანახვა. ადამიანს ნამდვილად რომ შეეძლოს საკუთარი თავის დანახვა, ამას ვერ დაივიწყებდა. მაგრამ ეს ცნობიერებასთანაა დაკავშირებული.

კითხვა: ძალზე ადვილად ვეგუები ყველაფერს, და ეს მაღელვებს. როდესაც ძალისხმევის განხორციელებას ვცდილობ, დაწყება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ მოგვიანებით ეს უკვე აღარაა ძალისხმევა.

პასუხი: მომენტი, როდესაც გაიოლება ხდება, - გაფრთხილებაა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ჯერზე ძალისხმევა გართულდება.

კითხვა: ვგრძნობ, რომ ხანდახან უარყოფითი ემოციებიდან გამოსვლას რაიმე სასიამოვნოსთან გაიგივებით ვახერხებ.

პასუხი: თქვენ სიტყვას „გაიგივება“ მცდარი აზრით იყენებთ. თქვენ ვერ იტყვით: „თავს გაიგივების ნებას ვაძლევ“, შეგიძლიათ მხოლოდ თქვათ: „თავს რაღაცით დაინტერესების ნებას ვრთავ“. დიახ, ეს გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, მაგრამ თუ იგივდებით, პრაქტიკული თვალთახედვით ეს იგივე იქნება. თუმცა სასიამოვნო საკითხებით გაიგივების გარეშეც შეგიძლიათდაინტერესდეთ, უსიამოვნო საკითხებით დაინტერესება გაიგივების გარეშე არ ძალგიძთ.

კითხვა: ჩემი სირთულე სიცოცხლისმოყვარეობაა. თითქმის ყველაფერი მახარებს, და ეს, მგონი, ძილისკენ მიბიძგებს.

პასუხი: შეეცადეთ თავი გახსოვდეთ, ასე სიხარული უფრო დიდი, სავსე და თქვენთვის სასარგებლო იქნება. მაგრამ თუ ის გაძინებთ, მას უნდა ერიდოთ, სულ ესაა. ემოციური მდგომარეობების ყველა სახეობის გამოყენება შეიძლება თვითგახსენებისთვის, მაგრამ თავიდან გარკვეული უნარი უნდა გამოიმუშავოთ, ამას კი მხოლოდ გამუდმებული რეგულარული ძალისხმევით მოახერხებთ. თუ ამ საკითხზე მხოლოდ კვირაში ერთხელ ფიქრობთ, არაფერი გამოგივათ.

კითხვა: ვგრძნობ, რომ ჩემი მთავარი წინაღობა - წარმოსახვაა, ძირითადად საკუთარ თავზე. სპეციალური მუშაობა ხომ არ არსებობს მის საწინააღმდეგოდ?

პასუხი: წარმოსახვა ძალზე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. სპეციალური მეთოდები რომც არსებობდეს, იქამდე მისვლა მხოლოდ დეტალური შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი. თუ ზოგადად მეკითხებით, მხოლოდ ერთს გირჩევთ - თვითგახსენებას.
თუ ოცნებებს გულისხმობთ, ეს მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის უფრო უწყინარი ნახევარია. რა თქმა უნდა, ეს დროის დაკარგვას ნიშნავს, მაგრამ იმდენად ნაირგვარი მეთოდებით ვკარგავთ დროს, რომ ცოტათი მეტი ან ნაკლები დიდ განსხვავებას არ იძლევა. გაცილებით საშიშია, თუ გარკვეულ თვისებებს წარმოიდგენთ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებში, კაცობრიობაში ან ბუნებაში, იჯერებთ ამ წარმოსახვით იდეებს და ეყრდნობით მათ. ჩვენ გარშემორტყმულები ვართ ამ წარმოსახვითი თვისებებით, და სწორედ მათ უნდა ვებრძოლოთ.

კითხვა: წარმოსახვისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას, აუცილებელია თუ არა მისი მიზეზების პოვნა?

პასუხი: არა, მისი უმალ შეჩერებაა აუცილებელი. მიზეზები ყოველთვისაა. წარმასახვა სხვა რამით შეცვალეთ - მიზანმიმართული აზროვნებით.

კითხვა: რატომ არაა ღირებული წარმოსახვის დაკვირვება და შესწავლა თვითშემეცნების მიზნით?

პასუხი: ძალზე მალე მიხვდებით, რომ ეს არაფერს იძლევა. წარმოსახვა მუდამ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ეს არაკონტროლირებადი გონებრივი მუშაობაა, და წარმოსახვის მეშვეობით ბევრ ყალბ ღირებულებებს ვქმნით, ვებღაუჭებით და ჩვენს აზროვნებაში ვიყენებთ. აი რატომაა წარმოსახვა საშიში. ჩვენ არ ვამოწმებთ საგნებსა და მოვლენებს. ჩვენ წარმოვისახავთ საგნებსა და მოვლენებს იმის გამო, რომ ან მოგვწონს ისინი, ან არ მოგვწონს და გვეშინია მათი. ჩვენ წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობთ.

კითხვა: ეს რეალობიდან გაქცევაა?

პასუხი: ეს არაა გაცნობიერებული გაქცევა, მაგრამ ეს სწორედ ამგვარად ხდება. ნაწილობრივ ეს გონებრივ სიზარმაცესთანაა დაკავშირებული: მაგალითად, უფრო ადვილია რაიმეს წარმოსახვა, ვიდრე მისი შესწავლა.

კითხვა: წარმოსახვის შეჩერება ამ ცოდნის დახმარებით უფრო ადვილი არ იქნებოდა?

პასუხი: არა, ეს შეიძლება იცოდეთ, ის კი გაგრძელდება. მის შესაჩერებლად სპეციალური ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ იმდენად მექანიკურები ვართ, რომ ცოდნის შემთხვევაშიც იგივეს ვაგრძელებთ.

კითხვა: ვგრძნობ, რომ ლოდინი აღარ ძალმიძს და სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ამ ჭაობიდან გამოსავალი, სადაც ახლა ვიმყოფები. რაც უფრო უკეთ ვხედავ საკუთარ მექანკურობას, მით უფრო მეტად გადაუდებლად მესახება ეს.

პასუხი: უნდა გესმოდეთ, რომ დიდი დროა საჭირო. მრავალი წელი გავიდა ყოფით ცხოვრებაში. მექანიკურობის შესახებ სულ ახლახანს შეიტყვეთ და მუშაობას შეუდექით, შედეგების მიღება კი უმალვე გსურთ. თავდაპირველად ამ იდეებს უნდა მიეჩვიოთ. არავითარი საიდუმლო და სპეციალური მეთოდი არ არსებობს, ეს რომ უფრო სწრაფად გააკეთოთ.

კითხვა: ჩემთვის გაუგებარია, რომ წარმოსახვა ყველა ჩვენს ემოციაშია.

პასუხი: გაიგივებაზე დაფუძნებული ნებისმიერი ემოცია წარმოსახვაა. გაიგივება წარმოსახვის ნიშანია. როდესაც გაიგივების გარეშე ემოციას იპოვით, ეს იქნება ემოცია წარმოსახვის გარეშე.

კითხვა: აზროვნება - წარმოსახვის შემოწმების ერთადერთი გზაა?

პასუხი: არა, არა აზროვნება, არამედ ყურადღება, რადგან წარმოსახვა - უყურადღებობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იმ მომენტში, როდესაც ყურადღებას მიმართავთ წარმოსახვისკენ, ის ჩერდება.

კითხვა: გულისხმობთ, რომ წარმოსახვას ვერ დავაკვირდებით, თუ ის არ შეჩერდა?

პასუხი: მას დიდხანს ვერ დააკვირდებით. თუ შეამჩნევთ მას და ზურგს შეაქცევთ, ის გაგრძელდება, მაგრამ თუ ყურადღებას მასზე შეაჩერებთ, ის გაჩერდება. ყურადღება სინათლესავით მოქმედებს, წარმოსახვა კი - ქიმიური პროცესივითაა, რომელიც მხოლოდ სიბნელეში მიმდინარეობს და სინათლეში ჩერდება.

კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მისი შემჩნევისას აზროვნება იწყება?

პასუხი: აზროვნებას ყურადღება მოაქვს. ყურადღება - სხვა უნარია, რადგან აზროვნებაც კი შეიძლება ყურადღების გარეშე. მაგრამ აზროვნება ყურადღებასთან ერთად მუშაობს, მაშინ, როდესაც წარმოსახვას ეს არ შეუძლია. ზოგი უნარი მხოლოდ ყურადღებასთან ერთად მუშაობს, ზოგს კი მის გარეშეც შეუძლია მუშაობა.

კითხვა: რა განსხვავებაა ჩვეულებრივ აზროვნებასა და წარმოსახვას შორის?

პასუხი: ნებითი და უნებლიე, კონტროლირებადი და უკონტროლო.

კითხვა: წარმოსახვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იმავდროულად ყველაზე უსარგებლო თვისებაა. რატომ?

პასუხი: ეს ცუდი თვისებაა, ძილის ფორმაა, სისუსტეა. წარმოსახვა მსუბუქია, მას ძალისხმევა სრულებით არ ესაჭიროება. სხვა დანარჩენს ძალისხმევა სჭირდება.

კითხვა: შეიძლება თუ არა იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს წარმოსახვისგან გავთავისუფლდებით?

პასუხი: ვერ ვისაუბრებთ ბოლოს და ბოლოს შესახებ. ეს ძალზე შორსაა. პირველი ნაბიჯია - დავინახოთ, რამდენად დიდი დრო მიაქვს წარმოსახვას, შემდეგი ნაბიჯი - ნაკლები დრო დავუთმოთ მას.

კითხვა: ვერ ვანსხვავებ, რომელია წარმოსახვა და რომელი - არა, და არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.

პასუხი: თქვენს მაგივრად ვერავინ დაიწყებს, თავად უნდა გააკეთოთ ეს. საკუთარი თავი წარმოსახვაზე უნდა დაიჭიროთ - მხოლოდ ოცნებას არ ვგულისხმობ. წარმოსახვის გარკვეული სტანდარტი უნდა გქონდეთ: დაეჭვების შემთხვევაში შედარებას შეძლებთ. წარმოსახვა სამ ფორმას იღებს: პასიური წარმოსახვა, საუბარში გამოვლენილი წარმოსახვა და მოქმედებაში გამოვლენილი წარმოსახვა. ჩვენს მოქმედებებში ბევრი მიმართულებაა, რომლებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი ძალისხმევით იწყება და ძალისხმევით გრძელდება. სხვები შესაძლოა წარმოსახვითი იყოს. ადამიანს ჰგონია, რომ ძალისხმევაა, სინამდვილეში კი მოქმედებაში გამოვლენილი წარმოსახვაა, რომელსაც არც გაჩერება შეუძლია და არც ძალისხმევას მოითხოვს. იგივე ეხება საუბრებს: ზოგი საუბრობს, ზოგი მოქმედებს, თუმცა ორივე ერთი და იგივეს გამოვლინებას წარმოადგენს.

კითხვა: შევამჩნიე, რომ წარმოსახვა, როგორც ჩანს, მეხსიერებაში იმყოფება და ერთი ასოციაციიდან მეორეზე გადადის. სწორია ეს დაკვირვება?

პასუხი: არა. თავისთავად მეხსიერება პასუხისმგებელი არაფერზე არაა. მეხსიერება მიუკერძოებელია, ის მასალას რაც გნებავთ, ყველაფრისთვის გაწვდით. მას შეუძლია სერიოზულ აზროვნებასაც მოემსახუროს, წარმოსახვასაც, უარყოფითი ემოციების გამოხატვასაც და ა.შ.

კითხვა: მეხსიერება მექანიკურია?

პასუხი: თავისთავად მეხსიერება მექანიკურია, მაგრამ მეხსიერების გამოყენება, მისი ფუნქციონირება შეიძლება მეტად ან ნაკლებად მექანიკური იყოს. მეხსიერება - ჩანაწერებია ჩვენი ცენტრების ხვეულებზე. როგორ გამოვიყენოთ ისინი, როგორ ვიპოვოთ და როგორ შევამოწმოთ - სხვა საკითხია.

კითხვა: მნიშვნელოვანია თუ არა იმ უარყოფითი განწყობების მიზეზის ცოდნა, რომელთაც ვაკვირდებით, თუ ისიც საკმარისია, გავიგოთ, რომ ისინი უარყოფითია?

პასუხი: არა. ხანდახან მიზეზის ცოდნაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც მასთან ბრძოლა გსურთ, ვერ ებრძვით, თუ მიზეზი არ იცით, მიზეზი კი, ჩვეულებრივ, ჩვენს წარმოსახვაში იმყოფება. ყველა მიზეზი თქვენშია, ამიტომ მათი ცოდნა აუცილებელია.

კითხვა: ზოგჯერ, როდესაც ადამიანი უბედურია, ან იქნებ, ცუდ ხასიათზეა, ის უნებლიეთ რეალურ საკითხებს უბრუნდება. თქვენ კი ამბობთ, რომ ჩვენ უარყოფით ემოციებს უნდა ვერიდოთ, ამიტომ ამ დაკვირვებას ვერაფრით ვაკავშირებ სისტემასთან.

პასუხი: თქვენ ერთმანეთში ურევთ ტანჯვის იდეას და უარყოფითი ემოციების იდეას. ეს ერთი და იგივე არაა. ტანჯვა ძალზე სასარგებლოა, ბევრი რამ მხოლოდ ტანჯვით მიიღწევა. მაგრამ როდესაც ტანჯვა გაიგივებასა და წარმოსახვასთანაა დაკავშირებული, ის უარყოფით ემოციად იქცევა.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას ტანჯვაზე, და ასევე ამბობთ, რომ ის უნდა იტანჯებოდეს, რათა განვითარდეს. ორივე მტკიცება რანაირადაა სწორი?

პასუხი: სხვადასხვა შემთხვევები, სხვადასხვა დღეები, სხვადასხვა მომენტები. ეს არაა ორი საპირისპირო პრინციპი. ბევრი არასაჭირო ტანჯვა არსებობს, რომლებზეც ადამიანს უარის თქმა არ სურს. ასევე არსებობს გარდაუვალი და აუცილებელი ტანჯვა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს, თუ მას რაიმეს მიღება სურს. მეოთხე გზაზე ადამიანმა ყველაფერი არასაჭირო - ყალბი თეორიები, საუბრები, წარმოსახვითი ტანჯვა - მსხვერპლად უნდა გაიღოს, თუმცა ერთდროულად არა. წარმოსახვითი ტანჯვა - მთავარი წინაღობაა.

კითხვა: რა გამოდის, ტანჯვა არ არსებობს?

პასუხი: მხოლოდ ნაწილია რეალური. მაგრამ ჩვენ მას წარმოსახვის ხარჯზე ვამრავლებთ. რეალური ტანჯვა არსებობს, მაგრამ ის ბევრი რამითაა შემოსაზღვრული, მაგალითად, დროით. მაგრამ წარმოსახვითი ტანჯვის შემოზღუდვა ან შეჩერება არაფერს ძალუძს. რეალური ტანჯვა, თუ მას მიზეზი გააჩნია, შეიძლება აუცილებელი იყოს, ის ცოდნას გვაძლევს. წარმოსახვითი ტანჯვა ცოდნას გვართმევს. მეგობრის სიკვდილი ან რომელიმე სხვა მწუხარება - რეალური ტანჯვაა, მაგრამ თუ მასთან იგივდებით, მას უარყოფითი ემოციების გამოწვევა შეუძლია. ბოლოს და ბოლოს, ტანჯვა ჩვენი ცხოვრების მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს, მაშინ, როდესაც უარყოფითი ემოციები მას მთლიანად ავსებს.

კითხვა: ტკივილი უარყოფითი ემოციაა?

პასუხი: უბრალოდ ტკივილის განცდა - არაა უარყოფითი ემოცია, მაგრამ როდესაც წარმოსახვა და გაიგივება ერთვება, ის უარყოფითი ხდება. ემოციური ტკივილი, ისევე როგორც ფიზიკური ტკივილი - თავისთავად უარყოფითი ემოცია არაა, მაგრამ როდესაც მას არასწორად უდგებით, ის უარყოფითი ხდება.

კითხვა: ითქვა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, იგულისხმებოდა, რომ ადამიანს ტანჯვა უყვარს. მუდამ ასეა?

პასუხი: ნათქვამი ზუსტად ვერ გაიგეთ. თუ უფრო ღრმად ჩაუფიქრდებით, დაინახავთ, რომ ყოველ ადამიანს რაღაც სატანჯველი აქვს, მაგალითად, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა. ადამიანი არასდროს ამბობს უარს ამ გრძნობაზე, ესაა მისი ყველაზე ძვირფასი ქონება, ყოველთვის თან დაატარებს, საუკეთესო ადგილზე აქვს შემოდებული. ის არასდროს ცდილობს და არც კი ფიქრობს, ძალისხმევას მიმართოს და საკუთარი თავის სიბრალული მოიცილოს. ყველას აქვს ერთი ან ორი უარყოფითი ემოცია, რომელთანაც განსაკუთრებით მიჯაჭვულია. ის არ ამბობს: „მიყვარს ეს უარყოფითი ემოცია“, მაგრამ მასში ცხოვრობს, მთლიანად მისითაა მოცული, ყველაფერი ამ უარყოფითი ემოციითაა შეფერილი, ამიტომ მას არასოდეს გაიმეტებს. ბევრი ადამიანისთვის მთავარი უარყოფითი ემოციის გამეტება მთელი მისი ცხოვრების გამეტების ტოლფასია.

კითხვა: მას შემდეგ, რაც ადამიანს აღარ სწამს, რომ მისი ტანჯვა - ღმერთისგან მოვლენილი პირდაპირი სასჯელია, აღარ ესირცხვილება მათი და აღარც წყენა უჩნდება მათ მიმართ?

პასუხი: დიახ, თითქოს ასეა, მაგრამ სინამდვილეში ის მათზე უარს არასდროს ამბობს. როდესაც ადამიანი მათზე უარის თქმას გადაწყვეტს, ის მათგან თავისუფლდება. თითქოს ეს ადვილია, მაგრამ როდესაც პრაქტიკამდე მიდის საქმე, ადამიანი აღმოაჩენს, რომ ამის გაკეთება არ ძალუძს, რადგან ტანჯვა უკვე ჩვევად იქცა; და მიუხედავად იმისა, რომ გონებაში გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ის კვლავ იგივეს გრძნობს. მიუხედავად ამისა, არასაჭირო ტანჯვისგან გასათავისუფლებლად პირველი ნაბიჯი - გონებაში მასზე უარის თქმაა. როდესაც ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, გარკვეული ხნის შემდეგ ის უარს იტყვის ტანჯვაზე, მაგრამ ვიდრე მისი გონება მის მიერაა დაჰიპნოზებული, ის ძალისხმევას არ მიმართავს.

კითხვა: თუ ის ტანჯვაზე უარს იტყვის, რას მიიღებს სამაგიეროდ?

პასუხი: სამაგიეროდ ტანჯვის არარსებობას მიიღებს. აი, რატომ არ სურს მასზე უარის თქმა.

კითხვა: რომელი მეთოდით უნდა მოვიცილოთ ტანჯვა?

პასუხი: ღირებულებების გაგებით. მაგრამ ტანჯვის სხვადასხვა ფორმები არსებობს. ხანდახან ტანჯვის განადგურების ეფექტიანი მეთოდია - დავინახოთ, რომ ის ჩვენს წარმოსახვით ნაწილს განეკუთვნება. რეალურად და წარმოსახვითად დაყოფა ძალზე სასარგებლოა.

ზოგადი იდეა ასეთია: ვერაფერს მიიღებთ არაფრის ფასად, რაღაც უნდა გაიღოთ. მაგრამ რა უნდა გაიღოთ? ერთ ადამიანს ერთი არ ემეტება, მეორეს - მეორე. პასუხი კი შემდეგი იქნება: გაიღეთ თქვენი ტანჯვა - უარყოფითი ემოციები, უარყოფითი წარმოსახვა და ა.შ. ეს ძალზე კარგი შესაწირია, მაგრამ ძალზე რთულია, რადგან ადამიანი მზადაა ტანჯვის გარდა ნებისმიერი სიამოვნება გაიღოს მსხვერპლად.

კითხვა: როგორ უნდა გაკეთდეს ეს? აღარ იფიქრო, რომ იტანჯები?

პასუხი: აღარ უნდა მიიღოთ ტანჯვა და ამგვარად შეაჩეროთ ის. ეს ძალზე იოლია. წარმოიდგინეთ, რომ ნაწყენი ხართ, ტკივილი მოგაყენეს ან შეურაცხგყვეს. შეეცადეთ, ეს წყენა მსხვერპლად გაიღოთ, და დაინახავთ, რამდენად ხართ მასზე მიჯაჭვული. სინამდვილეში, ეს ძალზე სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც გრძნობთ: „არაფერია სანერვიულო. დამნაშავეც არავინაა“. მაგრამ ადამიანებს ეს არ მოსწონთ, ისინი სიცარიელეს გრძნობენ.

კითხვა: სინამდვილეში, ტანჯვა - ნებისმიერი განვითარების ჯილდოა, რადგან ცოდნა ტანჯვას მოაქვს.

პასუხი: არ ვფიქრობ, რომ მუდამ ასე უნდა იყოს. სწორია, რომ განვითარება ტანჯვის გამრავლებას ნიშნავს გარკვეული ხნით, მაგრამ აქ მიზანი ან აუცილებელი შედეგი არ უნდა დავინახოთ. თავისთავად ტანჯვას არაფერი მოაქვს, მაგრამ თუ ადამიანი თავს იხსენებს მასთან დაკავშირებით, მას შეუძლია დიდ ძალად იქცეს. ტანჯვა რომ არ არსებულიყო, მისი შექმნა მოგვიწევდა, რადგან მის გარეშე სწორ თვითგახსენებამდე მისვლა შეუძლებელია. მაგრამ ადამიანები ცდილობენ გაექცნენ ტანჯვას ან შენიღბონ ის, ისინი მასთან იგივდებიან და ამგვარად ანადგურებენ უძლიერეს იარაღს, რომელსაც ფლობენ.

კითხვა: რას ნიშნავს სასარგებლო ტანჯვა?

პასუხი: ვიდრე უსარგებლო ტანჯვისგან არ გავთავისუფლდებით, სასარგებლომდე ვერ მივალთ. ჩვენი ტანჯვის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად უსარგებლოა, ის ძალზე ბევრი გვაქვს. თავდაპირველად უსარგებლო ტანჯვის ამოცნობა უნდა ისწავლოთ, მისგან გათავისუფლების პირველი პირობა - მისი ისეთის დანახვის უნარია, როგორიც ის არის.

კითხვა: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ტანჯვა გარკვეულწილად სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რამდენადაც ყოფიერების შეცვლას იწვევს?

პასუხი: რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გესმით ტანჯვა. ჩვენ სიამოვნების გზით არაფერს ვიღებთ - სიამოვნებით მხოლოდ ტანჯვას ვიღებთ. ყოველი ძალისხმევა - ტანჯვაა, ყოველი გაცნობიერება - ტანჯვაა, რადგან საკუთარ თავზე და სხვა საკითხებზე ბევრი უსიამოვნო გაცნობიერება, და ტანჯვის ბევრი ფორმა არსებობს. როგორც გითხარით, ზოგიერთი ტანჯვა არასაჭირო და უსარგებლოა, სხვებთან არგაიგივება უნდა ვისწავლოთ, ზოგი კი სასარგებლოა. ჩვენ ტანჯვის შესახებ ვმსჯელობთ იმ თვალსაზრისით, გვეხმარება თუ ხელს გვიშლის მუშაობაში, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება ტანჯვისადმი საკმაოდ რთულია. უსარგებლო ტანჯვა - ყველაზე დიდი წინაღობაა ჩვენს გზაზე. იმავე დროს ტანჯვა აუცილებელია, და ხანდახან ხდება, რომ ადამიანებს მუშაობა არ შეუძლიათ, რადგან ტანჯვის ეშინიათ. უმეტეს შემთხვევებში ის, რისიც მათ ეშინიათ, წარმოსახვითი ტანჯვაა. წარმოსახვა მრავლად გვაქვს, და ხანდახან მის ზოგიერთ ფორმაზე უარის თქმა გვერთულება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ტანჯვა ცრუ პიროვნების მონაწილეობის გარეშე? ფიზიკურ ტკივილს არ ვგულისხმობ.

პასუხი: დიახ, მაგრამ ის ასეთი მტკიცე არ იქნება. როდესაც ცრუ პიროვნება ტანჯვით ტკბობას იწყებს, ის საშიში ხდება. ჩვენი ტანჯვის დიდი ნაწილი გაიგივებაზეა დამოკიდებული, და თუ გაიგივება ქრება, ტანჯვაც ქრება. გონიერებაა საჭირო, უნდა გესმოდეთ, რომ არაფერი სარგებელი ტანჯვას არ მოაქვს, თუ შეიძლება რომ არ იტანჯოთ.

კითხვა: არ მესმის, როგორ შეიძლება ტკივილიდან დადებითი ემოციები ამოიზარდოს. მიუხედავად ამისა, ნათელხილვის უნარის მქონე ზოგი ადამიანი სიმაღლეებს ფიზიკური ტანჯვის გზით აღწევდა.

პასუხი: ფიზიკური ან გონებრივი ტანჯვით ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია - ტრანსფორმაციის გზით. ტანჯვის ნებისმიერი სახეობა, თეორიულად თუ ვიტყვით, შეიძლება დადებით ემოციებად ტრანსფორმირდეს, მაგრამ მხოლოდ თუ ნამდვილადტრანსფორმირდა. თუმცა ამგვარი განსაზღვრებები საშიშია, რადგან შესაძლოა ვინმემ მაშინვე იფიქროს, რომ ის დადებით ემოციად საკუთარ თავს თავადგარდაქმნის. ეს სრულიად მცდარია, რადგან არაფერი ტრანსფორმირდება თავად, ტანჯვა ნების ძალისხმევამ და ცოდნამ უნდა გარდაქმნას.

კითხვა: შეუძლია თუ არა მწუხარებას, ადამიანს ცნობიერების მაღალი მდგომარეობის მიღწევაში დაეხმაროს?

პასუხი: ცალკე აღებული რომელიმე შოკი ვერ დაგვეხმარება, რადგან ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში უამრავი ხლართი გვაკავებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ერთი კი არა, ათასობით შოკია აუცილებელი, ისიც მრავალი წლის განმავლობაში. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ადამიანი ხლართების გაწყვეტას და გათავისუფლებას.

კითხვა: როგორაა შესაძლებელი რეალური ტანჯვის არსებობა, თუ ამბობთ, რომ ემოციურ ცენტრს უარყოფითი ნაწილი არ გააჩნია?

პასუხი: ამ სისტემაში ადამიანის აღწერისას შეუძლებელია საგნების და მოვლენების იმგვარად აღწერა, როგორებიცაა ისინი. მათი აღწერა მხოლოდ მიახლოებითაა შესაძლებელი. ეს მცირე მასშტაბის რუკების გამოყენების მსგავსია: მათზე შეუძლებელია საგანთა მიახლოებითი სიდიდის ჩვენება. ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანური მანქანის აღწერა იმდენად განსხვავებულია, რომ უმჯობესია ითქვას, რომ რაღაც საერთოდ არ არსებობს, ვიდრე გამოვაცხადოთ, რომ ერთი უფრო დიდია, მეორე კი პატარა. ეს ემოციურ ცენტრსაც ეხება. ზოგი ემოცია უარყოფითი არაა, მაგრამ ძალზე მტკივნეულია, და მათ თავისი ცენტრი გააჩნია, მაგრამ ის იმდენად მცირეა უარყოფით ემოციებთან შედარებით, რომლებიც არარეალურია, რომ უმჯობესია ვთქვათ, რომ ემოციურ ცენტს საერთოდ არ გააჩნია უარყოფითი ნაწილი.

კითხვა: როგორ ახსნით ამქვეყნად არსებულ უზარმაზარ ტანჯვას?

პასუხი: ძალიან საინტერესო კითხვაა. მუშაობის თვალთახედვით, შესაძლოა, უკიდურეს შემთხვევაში, ამ პრობლემის გადაწყვეტის ლოგიკური ფორმა გამოვძებნოთ. ადამიანის ორგანულ სიცოცხლეში ის დიდი ლაბორატორიის ექსპერიმენტის სახით უნდა განვიხილოთ. ამ ლაბორატორიაში მრავალგვარი ექსპერიმენტი ტარდება, და ისინი ტანჯვის მეშვეობით უნდა ჩატარდეს, რათა გარკვეული დუღილი გამოიწვიოს. რატომღაც ტანჯვა ამისთვის აუცილებელია. ამ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა უჯრედი უნდა იტანჯებოდეს, ამიტომ მათში ტანჯვის არიდებისკენ სწრაფვა ჩნდება, რათა მისგან გაქცევა ან მინიმუმამდე დაყვანა შეძლოს. თუ ზოგიერთი უჯრედი ამ სწრაფვას მოიშორებს და ტანჯვას ნებაყოფლობით მიიღებს, მისგან თავს დააღწევს და გათავისუფლდება. ტანჯვა - ნებაყოფლობითი ტანჯვა - შეიძლება სკოლაში მუშაობად იქცეს. არაფერია მასზე რთული, და იმავდროულად, არაფერი ქმნის მეტ ძალას, როგორც ნებაყოფლობითი ტანჯვა. განვითარების იდეა შინაგანი ძალის შექმნაში მდგომარეობს, ამასთან როგორ გამოცდის ადამიანი საკუთარ თავს ტანჯვის გარეშე? ერთ-ერთი თვალსაზრისით, მთელი ორგანული სიცოცხლე პლანეტური მიზნებისთვის არსებობს. სხვა თვალსაზრისით, ის მხოლოდ გათავისუფლებულებისთვის არსებობს. ანუ ის მხოლოდ მთვარის საკვები არაა. სწორედ ტანჯვაა უმაღლესი პროდუქტი, ყველა დანარჩენი გვერდითი პროდუქტია; უმაღლესი ყოველთვის ყველაზე მნიშნელოვანია.

ტანჯვის იდეა ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ თუ გავაცნობიერებთ, რომ მცირე ტანჯვით ცოტას მივაღწევთ, დიდი ტანჯვით კი - გაცილებით მეტს, მივხვდებით, რომ ტანჯვა ყოველთვის პროპორციულია. მაგრამ ერთი კი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: ტანჯვის გამოგონების უფლება არ გვაქვს. ამასთან, ადამიანს მხოლოდ საკუთარი ტანჯვის მიღება შეუძლია, სხვების მაგივრად ტანჯვის უფლება არ აქვს. ადამიანი საკუთარი ცხოვრებისეული შეხედულებებისამებრ სხვებს ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დახმარება ტანჯვას არ ამცირებს, ის მოვლენათა განრიგს არ ცვლის.

კითხვა: ნუთუ ტანჯვის შემსუბუქება არ უნდა ვცადოთ?

პასუხი: დიახ, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, რადგან ისეთი ტანჯვაც არსებობს, რომლის შემსუბუქება შესაძლებელია, და ისეთიც, რომელსაც ვერ შეამსუბუქებთ, რადგან სერიოზულად დიდი მიზეზები აქვს. მძინარე ადამიანები უნდა იტანჯებოდნენ. შესაძლოა, ამ ტანჯვას უდიდესი კოსმოსური გეგმა უდევს საფუძვლად, რაკიღა ჯამში მხოლოდ ტანჯვას ძალუძს მათი გამოღვიძება. თუ ადამიანი მოახერხებს და საკუთარ ცხოვრებას იმგვარად მოაწყობს, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოს ძილში, ის არასდროს გამოიღვიძებს. მაგრამ ეს მხოლოდ საუბარია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მისი შეცვლა შეუძლებელია.

კითხვა: არსებობს თუ არა ტანჯვის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამქვეყნად უნდა გადაიტანო?

პასუხი: ალბათ, შესაძლო ევოლუციის მიზნებისთვის ყოველი ადამიანი დიდი რაოდენობით ტანჯვის შესაძლებლობებით უნდა იყოს გარშემორტყმული. ევოლუცია ადამიანის მიმართებაზეა დამოკიდებული - იღებს თუ არა ტანჯვას და ცდილობს თუ არა მასთან არგაიგივებას. შესაძლოა, მთელი ეს კანონი იმისთვის მოიგონეს, რომ ადამიანი გაძლიერდეს, რადგან ძალა მხოლოდ ტანჯვით იქმნება.

კითხვა: კარგია თუ არა ადამიანისთვის სხვის მაგივრად ტანჯვა?

პასუხი: არავის ხელეწიფება სხვის მაგივრად ტანჯვა. კბილი თუ ამტკივდა, ის არ გაყუჩდება, როდესაც კბილები თქვენც აგტკივდებათ.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი - ექსპერიმენტია?

პასუხი: ადამიანი სპეციალურადაა შექმნილი ევოლუციისთვის - ის თვითგანვითარებისთვის დადგმული სპეციალური ექსპერმენტია. ყოველიადამიანი - ექსპერიმენტია, მაგრამ არა ყველაადამიანი.

* * *

ახლა პრაქტიკულ საკითხებს და პირადი სამუშაოს შესწავლას უნდა დავუბრუნდეთ. აუცილებელია გესმოდეთ პასუხისმგებლობა პირად მუშაობაში, რადგან, როდესაც ადამიანი რაიმეს გაგებას, მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული სურვილების ფორმულირებას იწყებს, მისი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ იზრდება. რაც უფრო მეტს იგებს, მით მეტია მისი პასუხისმგებლობა, რადგან, თუ მან არაფერი იცის და არც მუშაობას ცდილობს, მას არც სერიოზული შეცდომის ჩადენა ძალუძს. მაგრამ როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს, მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, ამან კი შესაძლოა მისი მუშაობა შეაჩეროს. ამიტომ მისი პასუხისმგებლობა მუშაობის დაწყების მომენტში იბადება, და უნდა გაიაზროთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ძალზე დიდია, რადგან ყველაფერი გათვალისწინებულია: ყველაფერი, რასაც ადამიანი ლაპარაკობს და აკეთებს, რასაც არ ლაპარაკობს და არ აკეთებს, - ყველაფერი გათვალისწინებულია და მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს უნებლიეთ ხდება, ასეთია საგნის არსი. ყოველივე თავისით ხორციელდება.

იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთოს, რამეს მიღწიოს, ბევრ ხაზზე ერთდროული მუშაობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იჭედება. თუ ერთ ან ორ ხაზს ხელიდან უშვებთ, უნდა დაბრუნდეთ და თავიდან დაიწყოთ; ვერ აარჩევთ, რომელ ხაზებზე იმუშაოთ. წარმოიდგინეთ, რომ ორმოცდაათ ხაზზე გაქვთ სამუშაო, სამ ხაზზე, რომელიც არ მოგწონთ, უარს ამბობთ, და დანარჩენ ორმოცდაშვიდზე მუშაობთ. ასეთ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უკან დაბრუნება და ორმოცდაათივე ხაზზე თავიდან დაწყება მოგიწევთ, რადგან გარკვეული ხნის შემდეგ ორმოცდაშვიდი ხაზი წინ ვეღარ წაგიყვანთ. ამ ხაზებში ვგულისხმობ საკუთარი თავის გახსენების ძალისხმევას, არგაიგივების ძალისხმევას, უარყოფითი ემოციების არ გამოხატვას და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ხაზს იღებთ ერთის გარდა - რომელიც ლაპარაკს ეხება, ის ყველაფერს გააფუჭებს. ან, თუ მათ ყველას იღებთ, მომდევნო მომენტში კი გავიწყდებათ - კვლავ ვერაფერს მიაღწევთ. აი, რატომ ვერ ვიღებთ სწორ შედეგებს. კარგად ვიწყებთ, შემდეგ მომენტში კი გვავიწყდება და საკუთარ თავს ვეუბნებით: „ერთდროულად ორმაცდაათს ვერ ვიმახსოვრებ“.

კითხვა: პასუხისმგებლობის გრძნობა როგორ გავაძლიეროთ?

პასუხი: ის შეფასებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუ აფასებთ რაიმეს, ე.ი. პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სირთულე - მაფორმირებელი აზროვნებაა. ვერაფრით წარმომიდგენია სხვაგვარად აზროვნება.

პასუხი: თქვენი შესაძლებლობების მიხედვით რაც შეგიძლიათ უკეთ იაზროვნეთ და შედეგები შეადარეთ - როდის მიყავხართ აზროვნებას აქამდე და როდის არა. ამ გზით ბევრად უკეთ გაიგებთ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე უკეთ, ვიდრე უბრალოდ მკითხაობაა. განსაზღვრებები ვერ გიშველით: განსაზღვრების სურვილი - მხოლოდ თავის მართლებაა. თუ რთულ მდგომარეობაში ხართ, თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესოდ იაზროვნებთ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ. ამ შემთხვევაშიც ასე იფიქრეთ.

კითხვა: სანამ სხვაგვარად ფიქრს დავიწყებდეთ, სხვაგვარად აღქმა ხომ არ არის აუცილებელი?

პასუხი: სხვაგვარად აღქმა არ შეგვიძლია, ვიდრე სხვაგვარად ფიქრს არ შევუდგებით. ჩვენ მხოლოდ ჩვენს აზრებს ვაკონტროლებთ, აღქმებს ვერ ვაკონტროლებთ. აღქმა ყველაზე მეტად ცნობიერებაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი საკმაოდ ხანგრძლივად იღვიძებს, მას ბევრი რამის აღქმა შეუძლია, რასაც ამჟამად ვერ აღიქვამს. ეს არც სურვილზე და არც გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

კითხვა: იმ მომენტების გამოკლებით, როდესაც საკუთარი თავის გახსენებას ვცდილობთ, ჩვენი აზროვნება მუდამ მაფორმირებელია?

პასუხი: არა, ყოველთვის არა, მაგრამ ჩვენი აზროვნების უმეტესი ნაწილი სწორედ ფორმირებითაა დაკავებული. მაგრამ როდესაც სერიოზულ საკითხებზე ვფიქრობთ, ისეთებზე, როგორიცაა სისტემის იდეები, ან საერთოდ ვერ ვფიქრობთ, ან ჩვენი აზროვნება მაფორმირებელი არაა. მაფორმირებელი აზროვნება ყოველთვის დამაზიანებელია, მაგრამ ზოგიერთ პრობლემასთან მისი გამოყენება უბრალოდ სასაცილოა.

კითხვა: ერთხელ გვითხარით, რომ სისტემის დიდ იდეებზე აზროვნება შეიძლება გაიგივების შეჩერების მეთოდი იყოს. არ მესმის, რატომაა ასე და გაიგივება აუცილებლად რატომ აზიანებს აზროვნებას?

პასუხი: იმიტომ, რომ გაიგივება აზრს ავიწროებს და არასრულფასოვანს ხდის, ის გბოჭავთ, თქვენ არ ფიქრობთ, დასკვნებს არ აკეთებთ. ის ადამიანის ნორმალური ინტელექტუალური უნარების სტანდარტს ამცირებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აჩერებს სისტემის დიდ იდეებზე აზროვნება გაიგივებას, ეს იმიტომ ხდება, რომ მათზე ფიქრი არ შეგიძლიათ, როდესაც მათთან იგივდებით. თქვენს აზროვნებას შედეგი საერთოდ არ ექნება. აზროვნების ახალი მეთოდია, როდესაც ვსწავლობთ და გაგებას ვცდილობთ. როგორც კი აზროვნების ძველ მეთოდს ვუბრუნდებით, მომენტალურად ვიგივდებით.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ მაფორმირებელი აზროვნება ყოველთვის კონტრასტებით ოპერირებს, მაგრამ სხვაგვარად როგორ შევძლებთ გაგებას, თუ არა კონტრასტებით?

პასუხი: ყოველთვის არა - მე გითხარით, რომ ეს მაფორმირებელი აზროვნების ერთ-ერთი მახასიათებელია. და როდესაც ვფიქრობთ, თავად ობიექტზე უნდა ვიფიქროთ, და არა მის საპირისპიროზე.

კითხვა: მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტული საგნის გაგება მსურს, ისიც უნდა ვიცოდე, რას არ წარმოადგენს ის.

პასუხი: სულაც არა. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი და არ შეადგინოთ კატალოგი, რას არ წარმოადგენს ის. ეს სრულიად მცდარი თვითბრალდებაა - თქვათ, რომ ასეთი უხეში მეთოდის გამოყენება გიწევთ, რადგან ამ მეთოდით ორი წელი მოგიწევდათ ფიქრი ყოველ მცირე საგანზე. საპირისპიროების გარეშეც შეგიძლიათ აზროვნება - უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ის. მაფორმირებელი აზროვნება - არაა აზროვნება.არასოდეს დაივიწყოთ, რომ მაფორმირებელი აზროვნება ხშირად სასარგებლო მიზნებს ემსახურება, მაგრამ აზროვნებისთვისის არაა განკუთვნილი.

კითხვა: №1 ადამიანები მთელ ცხოვრებას მაფორმირებელ აპარატში ატარებენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დაბადებიდან მათი ყოფიერების ზრდა არ ხდება?

პასუხი: არა მხოლოდ №1 ადამიანები, არამედ ასევე №2 და №3 ადამიანებიც შეიძლება ცხოვრობდნენ მხოლოდ მაფორმირებელ აპარატში. ადამიანთა უდიდესი უმეტესობა სხვა არაფრით სარგებლობს. რა თქმა უნდა, გარკვეული ზრდა მათ ყოფიერებაში შეინიშნება; თუმცა ეს არა ინდივიდუალური, არამედ მასობრივი ზრდაა, ბავშვისა და მოზრდილი ადამიანის აზრით. მაგრამ მათი ყოფიერება გარკვეულ ნიშნულამდე იზრდება, ჩვენ კი გვაინტერესებს ყოფიერების ზრდა №4 ადამიანის მიმართულებით.

ჩვეულებრივად გაიზარდო - ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ცვლის ყოფიერების დონეს. და ყოფიერების ეს ბუნებრივი ზრდაც კი შეიძლება შეფერხდეს.

კითხვა: შევამჩნიე, რომ როდესაც კითხვას ვსვამ, ვიდრე მპასუხობენ, ჩემი ტვინი მუშაობას აგრძელებს და შედეგად პასუხს არ ვუსმენ. როგორ ავხსნა ეს?

პასუხი: სავსებით სწორია. ესაა უბრალოდ ასოციაციური, მექანიკური აზროვნება. ბუნებრივია, თუ კითხვას სვამთ და პასუხი გაინტერესებთ, ასოციაციები უნდა შეაჩეროთ და მოისმინოთ, რას გეუბნებიან, და მხოლოდ შემდეგ იფიქროთ ამის შესახებ და შეადაროთ. თუ ასოციაციებს არ შეაჩერებთ, პასუხი თქვენს საკუთარ აზრებთან ირევა და ნათქვამს ზუსტად ვერ იგებთ. ამიტომ ვერასოდეს იღებთ სწორ პასუხის. ასოციაციურ აზროვნებასთან ბრძოლა - მუშაობის გარკვეული ხაზია. თუ რაიმეს სწავლობთ, ისმენთ ან გაგება გწადიათ, ეს თავისუფალი გონებით უნდა გააკეთოთ. თუ იმავდროულად საკუთარი აზრებით ხართ გართული, თქვენი გონება თავისუფალი არ იქნება, რომ რაიმეს მიყვეს კვალში.

კითხვა: რატომაა მიდრეკილი ადამიანი უფრო იკითხოს „რატომ“, ვიდრე „როგორ“?

პასუხი: იმიტომ რომ ეს უფრო იოლია - უფრო მექანიკურია, მეტად ვართ მიჩვეული. კითხვა „როგორ“ აზროვნებას მოითხოვს - კითხვა სწორად უნდა ჩამოაყალიბოთ. ხოლო „რატომ“ შეიძლება აზროვნების გარეშეც იკითხოთ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ უარყოფით ემოციებთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია - სხვაგვარად აზროვნება. კარგად არ მესმის, რას ნიშნავს „სხვაგვარად აზროვნება“?

პასუხი: ეს ნიშნავს, იფიქროთ იმაზე, რაც თქვენში ემოციას იწვევს და ეცადოთ, ამ დროს არც თავი იმართლოთ და არც სხვები დაადანაშაულოთ. სწორედ ეს იქნება სხვაგვარად აზროვნება. და თუმცა არის უარყოფითი ემოციები, რომელთაც ამ მეთოდით ვერ გავანადგურებთ, რადგან მათზე უფრო ძლიერი ზემოქმედებაა საჭირო, ამ მეთოდის გამოყენებას ყოველი შემთხვევისას პირველ რიგში უნდა ვეცადოთ.

კითხვა: ვხედავ, რომ ჩემი გონება დროის უმეტეს ნაწილში სრულიად ტრივიალური საკითხებითაა დაკავებული. კარგი ხომ არ იქნებოდა, რომელიმე რთული უცხო ენის შესწავლა დამეწყო, მაგალითად რუსულის, რომლის შესახებაც ვიფიქრებდი მექანიკური მუშაობისას?

პასუხი: რა მიზნით? გარკვეული ხნის შემდეგ რუსულადაც მცდარად იფიქრებთ!

კითხვა: რაიმე მეთოდი ხომ არ არსებობს, რომლის დახმარებითაც უფრო ნათლად დაგვამახსოვრდება ის, რაც გავიგეთ უკეთეს მდგომარეობაში ყოფნისას?

პასუხი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რაიმე სპეციალური მეთოდი არ ვიცი. ეს მომენტები ერთმანეთს უნდა დაუკავშიროთ. უკან გაიხედეთ, შეეცადეთ შეადაროთ ისინი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომელიმე გარკვეულ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, შეძელით კონკრეტული საკითხის გაგება, რომელიც ნახევარი საათის წინ არ გესმოდათ, თუმცა, წარსულში შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გაგება გქონდათ. შეეცადეთ, გაიხსენოთ ეს მომენტები და დააკავშიროთ ერთმანეთთან.

კითხვა: იცვლება თუ არა იდეის ან ტერმინის გაგება ყოფიერების ხარისხის მიხედვით?

პასუხი: რა თქმა უნდა. ადამიანებს თავიანთი დონის, უნარის შესაბამისად ესმით - და არა საკითხთა აზრის მიხედვით.

კითხვა: ჩემთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ იდეათაგან არცერთი ბოლომდე არ მესმის.

პასუხი: შეუძლებელია მაფორმირებელი აზროვნებით და სიტყვებით უფრო ნათლად გამოხატვა. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ესმით საგანი, თუ მას სახელს არქმევენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ, რომ ეს ხელოვნურია. როდესაც საგანს გრძნობთდა მისი შემოწმება მაღალი ცნობიერებით და მაღალი გონებით შეგიძლიათ, მხოლოდ მაშინ ძალგიძთ თქვათ, რომ ის ნამდვილად ჭეშმარიტია და ნამდვილად არსებობს. და სკოლებში ჩვეულებრივი ინტელექტუალური იდეები არ განიხილება. ეს ნიშნავს, რომ ეს იდეები, როგორც მაგალითად თვითგახსენების იდეა, არაა ნათელი მაღალი ცენტრების გარეშე, იმიტომ, რომ მაღალი ცენტრების გარეშე ადამიანს ჭეშმარიტებასთან მიახლება არ ძალუძს. სკოლები - ესაა მაღალი ცენტრების მუშაობა; ისინი იმას გვაძლევს, რასაც თავისთავად ვერ მივაღწევთ, რადგან მხოლოდ ჩვეულებრივ გონებას ვიყენებთ. ჩვეულებრივ გონებას კი გარკვეული საზღვრები აქვს და ამ საზღვრებს ვერ სცდება. მას შეუძლია მასალის დაგროვება, შემდეგ მისი დავიწყება, კვლავ დაგროვება და ისევ დავიწყება, და ზედმეტად სწორხაზოვნად ერთი მიმართულებით მოძრაობით მთელი სისტემის უაზრობამდე დაყვანა.

როდესაც საკუთარ თავს მაღალ ემოციურ ცენტრთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღმოაჩენთ, გაგაოგნებთ ის, რომ ერთდროულად ძალზე ბევრი გესმით, - შემდეგ თქვენს ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებით და ეს ყველაფერი გავიწყდებათ. დაჟინებული თვითგახსენების გზით და ზოგიერთი სხვა მეთოდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მაღალ ემოციურ ცენტრთან მიხვიდეთ, მაგრამ რასაც გაიგებთ, ვერ შეინარჩუნებთ. თუ ჩაიწერთ, უაზრობას მიიღებთ, რადგან შემდეგ მას ინტელექტუალური ცენტრით წაიკითხავთ.

კითხვა: ხანდახან, როდესაც საკუთარი თავის გახსენებას ვცდილობდი, უსულო საგნებთან დაკავშირებით უცნაური შეგრძნება მქონდა: თითქოს მათ გარკვეული თვითცნობიერება გააჩნდათ.

პასუხი: წარმოსახვის შესაძლებლობა გაითვალისწინეთ. მარტივად ვთქვათ: რაღაც ახალი იგრძენით საგნებში. მაგრამ როგორც კი ახსნას იწყებთ, წარმოსახვა ირთვება. ნუ ცდილობთ ახსნას, თავი დაანებეთ. ხანდახან ამ გზით უცნაური შეგრძნებები მოდის, მაგრამ ახსნა ყოველთვის მცდარია, რადგან ერთი კარგი აპარატით გრძნობთ, მაგრამ მეორე - ძალზე მოუხერხებელი მანქანით ხსნით, რომელსაც სინამდვილეში ახსნა არ შეუძლია.

კითხვა: მგონი, ეს ყველაფერი კვლავ ერთ საკითხთან გვაბრუნებს - როგორ გავხდეთ უფრო ემოციური?

პასუხი: თქვენ არ შეგიძლიათ ეცადოთ, გახდეთ უფრო ემოციური - რაც მეტად ცდილობთ, მით უფრო ნაკლებად ემოციური იქნებით. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, იყოთ უფრო მეტად ცნობიერი, და თუ ამას ახერხებთ, ემოციურობაც გემატებათ. თქვენ იმის შესახებ უნდა იფიქროთ, როგორ მიიღოთ მეტი ენერგია იმისთვის, რომ უფრო ცნობიერი გახდეთ. ეს სწორი კითხვა, და მასზე პასუხი კი შემდეგი იქნებოდა - თავდაპირველად გადინება უნდა შეაჩეროთ და მეტი ენერგიის მიღება სცადოთ იმ მითითებების გათვალისწინებით, რომელსაც მუშაობისას გაძლევენ - ყველამითითების. მხოლოდ ერთზე არ კონცენტრირდეთ - ყოველთვის შეიძლება რაღაც იპოვოთ, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ.

კითხვა: ხანდახან ვგრძნობ, რომ კონცენტრირების უნარი გამაჩნია, მაგრამ არ ვიცი, რა გავაკეთო. მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებზე ვფიქრობ, და ის ისევ ქრება.

პასუხი: თქვენ საკუთარ თავზე სამუშაოდ მასალა ყოველთვის საკმარისზე მეტი გაქვთ, საფიქრალიც კი არ გაქვთ, რა აკეთოთ. აზრების შეჩერება სცადეთ - ეს ადვილიცაა და სასარგებლოც. თუ ენერგია არ გყოფნით ამისთვის, ის მექანიკურ ჩვევებთან ბრძოლის გზით უნდა დააგროვოთ. საკუთარი თავის გახსენებისთვის ან აზრების შეჩერებისთვის ამ გზით საკმარისი ენერგია დაგროვდება.

კითხვა: ინდურ წიგნებში აღწერილი მედიტაცია თვითგახსენების ანალოგიურია?

პასუხი: იქ მედიტაციასთან ერთად იმაზეც საუბრობენ, რომ მასწავლებლის ზედამხედველობით მუშაობაა საჭირო. ჩვენ ვკითხულობთ და გვახსოვს ერთი, მაგრამ გვავიწყდება მეორე; გვგონია, რომ თავად შევისწავლით და მოვახერხებთ მედიტაციას. თუ თვითგახსენება ძალგიძთ, მედიტაციასაც შეძლებთ; თუ არა, ვერც მედიტაციას შეძლებთ. თვითგახსენება აზრთა კონტროლს, სხვა მდგომარეობას ნიშნავს. მედიტაცია - განვითარებული გონების საქმიანობაა, რომელიც ჯერ არ გვაქვს. კარგი იქნებოდა, მედიტაცია შეგვძლებოდა, მაგრამ არ ძალგვიძს; თვითგახსენება - მისკენ მიმავალი გზაა. ბოლოდან არ უნდა დაიწყოთ, ისევე როგორც სხვა ყველაფერში, თავიდან დაწყებაა აუცილებელი. რას ნიშნავს „მედიტაცია“ ჩვენთვის? სისტემის შესახებ აზროვნებას; იდეების დაკავშირების და ჩვენში სისტემის აღდგენის მცდელობას. სწორედ ესაა „მედიტაცია“, და არა ოდენ ერთი სიტყვისა თუ იდეის შესახებ ფიქრი.

კითხვა: სისტემის ერთ-ერთი იდეის შესახებ ფიქრისას იმავეს ვფიქრობ, რასაც ადრე. ვერ ვცვლი ამას.

პასუხი: ეს ტექნიკური მხარეა. სხვადასხვა მეთოდები მოსინჯეთ. შეგიძლიათ საკითხის ერთ ან მეორე მხარეზე კონცენტრირდეთ, ან ესა თუ ის თვალსაზრისი გაიზიაროთ, ან ვინმესთვის სისტემის მდგომარეობის ახსნა სცადოთ. თუ რომელიმე კონკრეტული საკითხის შესახებ ფიქრი გიჭირთ, ყოველთვის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ საკითხს სხვას უხსნით. მაგრამ, ისევ და ისევ, უნდა წარმოიდგინოთ, რომ სხვადასხვა ადამიანებს უხსნით - მომზადებულ ან მოუმზადებელ ადამიანს, მორწმუნეს ან სწავლულს, და ა.შ. თქვენი ახსნა განსხვავებული უნდა იყოს, იმის მიხედვით, ვის უხსნით. ასევე ძალზე სასარგებლოა, ადრე ნასწავლი სისტემაში ნასწავლისგან გამოაცალკევოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ არ აცალკევებთ, ყოველთვის აურევთ საკითხებს აზროვნებისას. ყველაფრის ცოდნა აუცილებელია, ის რაც ადრე იცოდით, რაც ოდესღაც წაგიკითხავთ, და ის, რაც აქ მიიღეთ.

კიდევ ერთი რამაა, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, - შეგიძლიათ თქვენთვის აზროვნების პროგრამის დაწერა სცადოთ. იპოვეთ საკუთარი კითხვები, რის შესახებაც დაფიქრება გწადიათ, ან ის კითხვები, რომლებიც სასარგებლოდ მიგაჩნიათ, ან საკითხები, რომლებიც არ გესმით, მაგრამ გსურთ, რომ დაუფიქრდეთ. ეს ყველაფერი სასარგებლოა. თუ დრო გაქვთ, ამ საკითხებზე დღეში ორჯერ ან სამჯერ იფიქრეთ.

კითხვა: მიცდია ეს წარმოსახვითი საუბრები, რასაც გვთავაზობთ, მაგრამ დიდი ხნით ასეთ დიალოგს ვერ ვახერხებ.

პასუხი: ეს წარმოსახვითი საუბრები გეგმის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს, ნებისმიერი წერტილიდან მისი დაწყება შეუძლებელია. მოიგონეთ სიტუაცია და წარმოსახვით ან რეალურ ნაცნობთან დაიწყეთ საუბარი. მას კონკრეტული საკითხი აუხსენით. ეს დაგეხმარებათ. მაგრამ ლექციას ნუ წაუკითხავთ - ლექცია აუცილებლად ფორმირებადი გახდება.

კითხვა: ჩემი სირთულე - შინაგანი მონოლოგებია. წარმოსახვითი საუბრები ამ ჩვევის წინააღმდეგ მუშაობაში დამეხმარება?

პასუხი: დიახ, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, ან სისტემის იდეებზე შეგიძლიათ იფიქროთ, საკუთარ თავს კონკრეტული ამოცანები დაუყენოთ. სხვა მიდგომით - უნდა შეამოწმოთ სასარგებლოა თუ უსარგებლო ეს აზრობრივი მონოლოგები. ისინი შესაძლოა სასარგებლოც იყოს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში უსარგებლოა. როგორც ყველა მექანიკურ ჩვევასთან, მათთან ბრძოლა რთულია. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ ან, შესაძლოა, საკუთარ თავს ორი საათი ებაასებით, ვიდრე ამას დააფიქსირებდეთ, ამიტომ უკეთესი დარაჯი უნდა გყავდეთ, რათა მან ზარს შემოჰკრას, როდესაც მონოლოგს იწყებთ. ეს ნიშნავს, იყოთ უფრო გამოღვიძებული.

კითხვა: ვგრძნობ, მეტს მივაღწევდი, ერთდროულად სისტემის უფრო მეტი ნაწილის, და არა მხოლოდ მისი ფრაგმენტების, დამახსოვრება რომ შემეძლოს.

პასუხი: სავსებით სწორია. სწორედ ამიტომ, მალე დაინახავთ, რომ სასარგებლოა ახალ ადამიანებთან მუშაობა და მათთვის ახსნა, რადგან სისტემის დიდი ნაწილის თვალწინ ქონა არ შეგიძლიათ, თუ მთლიანად არ იმეორებთ მას, ამის გაკეთება კი მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, როდესაც ახალი ადამიანებისთვის მისი ახსნა და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა გიწევთ. დიდ ჯგუფებში ლექციების კითხვა აუცილებელი არაა; რაღაც სასარგებლოს გაკეთება ერთ, ორ ან სამ ადამიანთანაც შეიძლება.

კითხვა: ბოლო დროს საკუთარი თავით და ძალისხმევის უშედეგობით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: თქვენ არ უნდა გაიგივდეთ ამ უარყოფით გრძნობებთან და იმედგაცრუებასთან; ეს შესაძლოთაგან ყველაზე უარესია. რამე კარგზე იფიქრეთ. მაგალითად, შეგიძლიათ სისტემის ნებისმიერი საკითხი აიღოთ და შეადაროთ, როგორ ფიქრობდით ამ საკითხზე ადრე და რას ფიქრობთ ახლა. ნახავთ, რომ რაღაც ნამდვილად შეგიძენიათ. ეს ბრძოლაში დაგეხმარებათ.

კითხვა: ნიშნავს თუ არა ნემსის ყუნწის ბიბლიური მაგალითი, რომ, როდესაც გაიგივება შეწყდება, ადამიანს შანსი ეძლევა?

პასუხი: ეს შესაძლოა მცდარი შეფასება იყოს, ან ძალზე ბევრი სიტყვა იყოს, სიტყვათა დიდი გროვა, რომელთა გამო ადამიანს ნემსის ყუნწში გავლა არ შეუძლია.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში ჭეშმარიტად გვიყვარდეს, ვიყოთ ერთგულნი და თავდადებულნი?

პასუხი: ჩვენთვის ეს საკითხები ფარდობითია. ისინი შეიძლება მეტად ან ნაკლებად გვქონდეს. მაგრამ მათი ცოდნა აბსოლუტური სახით არ ძალგვიძს.

კითხვა: ვერ გამიგია, ამ სისტემაში რწმენის ადგილი რატომ არაა. ნუთუ არ უნდა მწამდეს, რომ ეს სისტემა უფრო ცნობიერს გამხდის?

პასუხი: ეს არ გიშველით - პირიქით. თქვენ შემოწმებას და თქვენი დამოკიდებულების ფაქტებზე, და არა რწმენაზე, დაფუძნებას უნდა ცდილობდეთ. რასაც გთავაზობენ, იმის მეათედსაც თუ გააკეთებთ, მალე ფაქტებს მოიპოვებთ, შემდეგ კი თქვენი დამოკიდებულება მათზე უნდა დააფუძნოთ, და არა თეორიაზე. რწმენა პასიურია. ჩვენ კი არ უნდა ვირწმუნოთ, არამედ ყველაფერი უნდა შევამოწმოთ. რწმენისთვის სხვა გზები არსებობს, მეოთხე გზაზე კი რწმენა სისუსტეა, მუშაობისგან გაქცევის მცდელობაა. გაგების მაგივრად ვირწმუნებდით. საკმარისი საფუძველი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც ადამიანი თავად თვლის ჭეშმარიტებად.
უნდა გვესმოდეს, რომ რწმენა, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, უბრალოდ ემოციურზე აღმატებული გარკვეული მდგომარეობაა. ეს დადებითი ემოციაა, და ამ აზრით განხილული, ის უმაღლეს დონეს წარმოადგენს, რომლისთვისაც ჩვენ, №1, 2 და 3 ადამიანებს ჯერ არ მიგვიღწევია, და ამიტომ არ ვიცით, რას ნიშნავს რწმენა, - ჩვენთვის ის მხოლოდ სიტყვაა. რწმენა რაღაც ძალზე მნიშვნელოვნისკენ უნდა იყოს მიმართული, ის ყოფითი ცხოვრების წვრილმანი საკითხებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ადამიანები იმას, რასაც ჩვენ „რწმენას“ ვუწოდებთ, იმ შემთხვევებში იყენებენ, როცა მათ უნდა იცოდნენ,- ეს მხოლოდ სიზარმაცეა.
რწმენის სხვადასხვა დონეები არსებობს. ადამიანთა შვიდ კატეგორიად დაყოფის შესაბამისად რწმენის შვიდი სახეობა შეიძლება არსებობდეს, ამიტომ ამ საზღვრებში საუბარი რთულია.

კითხვა: რატომ უნდა მსურდეს შეცვლა, თუ არ მწამს, რომ ამისთვის მიზეზი არსებობს?

პასუხი: არ მწამს, არამედ ვიცი.თუ მხოლოდ გწამთ, არაფერს გააკეთებთ. თუ საკუთარი მდგომარეობის შესახებ შეიტყობთ, იქიდან გამოსვლას შეეცდებით. მაგრამ ეს ფაქტებზე, დაკვირვებებზე იქნება დაფუძნებული და არა რწმენაზე.

კითხვა: რომელი ცენტრი გამოიყენება რწმენისთვის?

პასუხი: ჭეშმარიტი რწმენა - მაღალი ემოციური ცენტრის კუთვნილი უმაღლესი ემოციაა. ჩვენს ჩვეულებრივ ემოციურ ცენტრში მხოლოდ მიმბაძველობით შეძენილი რწმენა შეიძლება იყოს. ჭეშმარიტი რწმენა არა მარტო ემოციაა, არამედ ცოდნაცაა.

კითხვა: მეგონა, საკუთარ თავზე მუშაობა - არის გადარჩენისკენ, უკვდავებისკენ მიმართული მუშაობა.

პასუხი: აზვიადებთ. გაგიგებდით, თუ იტყოდით, რომ მუშაობა მიმართულია იქით, რომ თავი არ გაისულელოთ. ჩვენ გამუდმებით თავს ვისულელებთ, იმიტომ რომ გვძინავს.

კითხვა: არის თუ არა ჩვენში რომელიმე ნაწილი, რომელიც სხეულებრივ სიკვდილს განიცდის?

პასუხი: ეს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა. თქვენ ისე უბრალოდ მეკითხებით, რა იქნება სიკვდილის შემდეგ, თითქოს შეიძლება ეს ვინმემ იცოდეს. კაცობრიობის მთელი გამოცდილება (წარმოსახვა არ მაქვს მხედველობაში) გვიჩვენებს, რომ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული მაინც გვეცოდინებოდა. რადგან არაფერი ვიცით, ეს ნათლად ამტკიცებს, რომ ცნობიერების ამ მდგომარეობაში, ჩვეულებრივი ცენტრებით, ჭეშმარიტებას ვერ ვეზიარებით, ჩვენ მხოლოდ თეორიების შექმნა შეგვიძლია. პირველ ყოვლისა, შეეცადეთ გაიგოთ, რომ წვდომის, ცოდნის უნარი ჩვენი ცნობიერების მდგომარეობითაა შემოზღუდული. ამ მდგომარეობაში მხოლოდ გარკვეული საკითხები ვიცით და მხოლოდ განსაზღვრულ კითხვებზე გვაქვს პასუხები. თუ მეტის ცოდნა გვსურს, აღმოვაჩენთ, რომ ეს არ ძალგვიძს; პრაქტიკულად შესწავლის ყოველ ხაზზე ადრე თუ გვიან ყრუ კედელს ვაწყდებით. ზოგ შემთხვევაში ეს ყრუ კედელი ადგილზე რჩება, როგორც სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის შემთხვევაში - ქვის ხანის ადამიანზე მეტი არაფერი გაგვეგება. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, რომ თუ ცნობიერების უფრო მაღალ მდგომარეობას მივაღწევთ და მაღალი ცენტრების გამოყენებას დავიწყებთ, შესაძლოა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მივიღოთ. ჩვენ საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ დაბადებიდან სიკვდილამდე ვიცნობთ. თუ გვსურს ვიცოდეთ, რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ - თუკი საერთოდ არსებობს რაღაც მანამ და მის შემდეგ - მხოლოდ იმედი შეიძლება ვიქონიოთ, რომ ცნობიერების უკეთეს მდგომარეობაში, გაუმჯობესებული მანქანის გამოყენებით, რაიმეს გაგებას შევძლებთ. ამ კითხვებს ვსვამთ და არ ვაცნობიერებთ, რომ ისეთები, როგორებიც ვართ, პასუხს ვერასდროს ვიპოვით. ბევრი მსგავსი კითხვა არსებობს.

უნდა გავაცნობიეროთ და დავიმახსოვროთ, რომ აზროვნებისას ჩვენი გონებისთვის გადაუწყვეტელ ძალზე ბევრ საკითხს ვაწყდებით. ამ საკითხის გაცნობიერება გვეხმარება გავიგოთ, რომ უფრო მარტივი პრობლემებიდან უნდა დავიწყოთ. ბევრი ადამიანი - აუცილებლად მუშაობაში არ ვგულისხმობ, თუმცა მუშაობაშიც - მთელ გონებრივ ენერგიას მსგავს გადაუწყვეტელ პრობლემას ახარჯავს. ისინი სხვადასხვა გადაწყვეტას იგონებენ, ცდილობენ სხვადასხვა სახით იფიქრონ ამ თემებზე, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლოა. თქვენ შეიძლება ერთი გაიგოთ, თუ მეორე გესმით, და მესამე, თუ პირველი ორი გესმით. გზები ყველაფრისთვის არსებობს, მაგრამ ზოგ პრობლემასთან ჩვეულებრივი გონებით მივდივართ, სხვები კი გვერდზე უნდა გადავდოთ და დაველოდოთ, ვიდრე უფრო მეტად ცნობიერნი არ გავხდებით და აზროვნებისთვის უფრო დახვეწილი მანქანების გამოყენებას არ შევძლებთ.

ჩვეულებრივი აზროვნებისას, ჩვეულებრივ ფილოსოფიაში და ფსიქოლოგიაში ეს საკითხი არასდროს ისმება, ხოლო თუ მაინც წამოიჭრება, იმდენად ბუნდოვანი და აბურდული ფორმით, რომ ვერაფერს შველის. მაგრამ ჩვენ მეტი დაყოფა, მეტი საფეხურები ვიცით და ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. ეს დაგვეხმარება, უფრო პრაქტიკულად ვიაზროვნოთ და უსარგებლო აბსტრაქციებსა და ჩვენთვის მოცემულ ეტაპზე გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტის მცდელობას  თავი ავარიდოთ.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff