პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეთორმეტე

თავი მეთორმეტე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

სკოლის პრინციპების და მეთოდების შესწავლის აუცილებლობა. - მუშაობის სამი ფაზა. - სწორი და მცდარი სამ ფაზასთან დაკავშირებით. - გაგების აუცილებლობა. - სკოლის მიზნები და საჭიროებები. - სხვა ადამიანის საკუთარ ადგილას დაყენება. - პრაქტიკული მუშაობისთვის ორგანიზაციაა აუცილებელი. - რას წარმოადგენს „მუშაობა“? - შეფასება. - მუშაობა ადამიანებთან. - მუშაობა სკოლისთვის. - პირადი დაინტერესება ორგანიზაციაში. - შესაფერისი ადამიანები. - მეოთხე გზის სკოლა. - სწორი დამოკიდებულება. - გადასახადი. - როგორ გადავიხადოთ? - სიმძიმის ცენტრი. - დისციპლინა. - წესები. - არ აკეთო ის, რისი კეთებაც საჭირო არაა. - გადაწყვეტილებებზე უარის თქმა. - ვუპასუხოთ მოთხოვნებს. - ბიძგები მუშაობაში. - არჩევანის იდეა. - ფიზიკური მუშაობა. - სკოლის შენობა. - უფრო მაღალი გონების ადამიანები. - შეუძლიათ თუ არა სკოლებს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა?

ამ ლექციებში ადამიანის შესახებ პრაქტიკული მიზნებისთვის ბევრი არა, მაგრამ საკმარისად ვისაუბრეთ; მცირეოდენი სამყაროს შესახებაც ვისაუბრეთ; თუმცა ვხედავ, რომ სკოლის და მის ფარგლებში მუშაობის იდეა ჯერ კიდევ არაა ცხადი და ხანდახან მაფორმირებელ გაგებებთანაა არეული, რომელთაც არსაით მივყავართ. სკოლის იდეა მარტივად უნდა იქნას აღქმული: სკოლა - ადგილია, სადაც თქვენ რაღაცას სწავლობთ. მაგრამ ყოველთვის და ყველაფერში უნდა იყოს გარკვეული წესრიგი, და ამ წესრიგის დაუცველად სწავლა შეუძლებელია. როდესაც გარკვეულ უმაღლეს სკოლებთან დაკავშირებულ სკოლებზე ვსაუბრობდი (ამ კავშირის გარეშე სკოლას ყოველგვარ აზრსაა მოკლებული), ვთქვი, რომ ასეთ სკოლებში თქვენ საკუთარ ყოფიერებაზე და ცოდნაზე ერთდროულად უნდა იმუშაოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი თქვენი ცოდნა სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება, და მისგან ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებთ. ეზოთერული იდეები, რომლებიც პრაქტიკულად არ ხორციელდება, მხოლოდ ფილოსოფიად იქცევა - უბრალო ინტელექტუალურ ვარჯიშად, რომელიც არსაით მიდის.
სისტემის შესწავლისთვის აუცილებელი ყველა სიტყვა მოგეცით და სხვა სისტემებთან მიმართებით ამ სისტემის მდგომარეობა აგიხსენით. გეხსომებათ, სხვადასხვა გზებზე რაც მოგიყევით, და იქიდან მეტნაკლებად გამომდინარეობს, რომ ეს სისტემა მეოთხე გზას მიეკუთვნება, ანუ მეოთხე გზის სკოლის ყველა ნიშან-თვისება გააჩნია. შემდეგ გითხარით, რომ სკოლა იმ ადამიანების დონეზეა დამოკიდებული, რომლებიც იქ სწავლობენ, ხოლო დონე კი ყოფიერების დონეზეა დამოკიდებული.

ყოფიერების განვითარებისთვის აუცილებელია სკოლა - სკოლის პრინციპებისა და მეთოდების თანახმად ერთი მიმართულებით მომუშავე ბევრი ადამიანი. რასაც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს, იმას მრავალი ერთად მომუშავე შეძლებს. როდესაც ამ სისტემას შევხვდი, ძალზე მალე დავრწმუნდი, რომ ის სკოლებთანაა დაკავშირებული და დაწერილი და დაუწერელი საკუთარი ისტორია გააჩნია. მისი არსებობის განმავლობაში გამოიგონეს და დახვეწეს მეთოდები.

სკოლები სხვადასხვა დონის შეიძლება იყოს, თუმცა აქ გარკვეული მიმართულების მქონე ნებისმიერ მოსამზადებელ სამუშაოს სკოლად მოვიაზრებ; ხოლო ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება მეოთხე გზის „სკოლა“ ეწოდოს, ის ორგანიზაციაა, რომელსაც თავის მუშაობაში სამი ძალა შემოყავს. მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ სკოლის ფარგლებში მუშაობას გარკვეული საიდუმლო გააჩნია - არა როგორც რაიმე დაფარული, არამედ ის, რასაც ახსნა ესაჭიროება. იდეის აზრი შემდეგში მდგომარეობს. თუ სკოლის ფარგლებში მუშაობას აღმავალ ოქტავად მოვიაზრებთ, ვიცით, რომ ყოველ ოქტავაში არსებობს ორი ინტერვალი, ანუ შუალედი, მი-სა და ფა-ს და სი-სა და დო-ს შორის. ამ შუალედების გასავლელად, იმგვარად, რომ მუშაობის ხასიათი ან მიმართულება არ შეიცვალოს, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევავსოთ ისინი. ამიტომ, თუ მუშაობის პირდაპირი მიმართულების უზრუნველყოფა მწადია, სამ ხაზზე ერთდროულად უნდა ვიმუშაო. თუ მხოლოდ ერთ ან ორ ხაზზე ვმუშაობ, მიმართულება შეიცვლება. თუ სამ ხაზზე, ანუ სამ ოქტავაში ვმუშაობ, ერთი ხაზი მეორეს ინტერვალის გავლაში აუცილებელი ბიძგით მიეხმარება. ძალზე მნიშვნელოვანია ამის გაგება. სკოლაში მუშაობა ბევრ კოსმოსურ იდეას იყენებს, და სამი ხაზი - მუშაობის სწორი მიმართულების შესანარჩუნებელი და წარმატების მისაღწევი სპეციალური მოწყობილობაა.

პირველი ხაზი - საკუთარ თავზე მუშაობაა: თვითშესწავლა, სისტემის ათვისება და მინიმუმ განსაკუთრებულად მექანიკური გამოვლინებების შეცვლის მცდელობაა. მეორე ხაზი - სხვა ადამიანებთან მუშაობაა. ადამიანს თავისით მუშაობა არ შეუძლია; სხვებთან ერთად მუშაობისას გარკვეული წინაღობა, უსიამოვნება და სირთულე აუცილებელ ბიძგებს ქმნიან. მესამე ხაზი - სკოლისთვის, ორგანიზაციისთვის მუშაობაა. ეს ბოლო ხაზი სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებულ ფორმას იძენს.

სამი ხაზის პრინციპი მდგომარეობას იმაში, რომ ეს სამი ოქტავა ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად უნდა მიდიოდნენ, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე დროს არ იწყება, ამიტომ, როდესაც ერთი ხაზი ინტერვალს უახლოვდება, მეორე მის დასახმარებლად ერთვება, რადგან მათი ინტერვალების ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუ ადამიანი სამივე ხაზზე ერთნაირად აქტიურია, ეს მას ბევრი შემთხვევითი მოვლენისგან იცავს. ბუნებრივია, პირველი ხაზი პირველი იწყებს. მუშაობის პირველ ხაზზე თქვენ ცოდნას, იდეებს, დახმარებას იღებთ. ეს ხაზი მხოლოდ თქვენ ერთს გეხებათ, ის სრულიად ეგოცენტრულია. მეორე ხაზზე თითოეულმა არა მხოლოდ უნდა აიღოს, არამედ გასცეს კიდეც - ცოდნა და იდეები გადასცეს, იყოს სამაგალითო და ა.შ. ეს მომუშავე ადამიანებს ეხება და ამიტომ ამ ხაზზე ყოველი ადამიანი სანახევროდ თავისთვის და სანახევროდ სხვებისთვის მუშაობს. მესამე ხაზზე ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა არის სასარგებლო და აუცილებელი სკოლისთვის, რა ესაჭიროება სკოლას, ამიტომ მესამე ხაზი სკოლის იდეებს, მუშაობის აწმყოს და მომავალს ეხება. თუ ადამიანი ამაზე არ ფიქრობს და ეს არ ესმის, პირველი ორი ხაზი სრულად ვერ იმოქმედებს. ამგვარადაა სკოლის მუშაობა ორგანიზებული, და სამივე ხაზი აუცილებელია - ადამიანს მუშაობისგან დამატებითი ბიძგების და სრული სარგებლის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სამივე ხაზზე მუშაობს.

მუშაობის სამი ხაზის სწორის და მცდარის იდეასთან შეერთებით მივიღებთ, რომ ის, რაც პირველ ხაზს, ანუ პიროვნულ მუშაობას ეხმარება, სწორია. მაგრამ მეორე ხაზზე ყველაფერი თქვენი არაა; მუშაობაში მონაწილე სხვა ადამიანებზეც უნდა იფიქროთ, უნდა ისწავლოთ არა მხოლოდ გაგება, არამედ ახსნაც, სხვებს უნდა უწილადოთ. და მალე დაინახავთ, რომ გარკვეული საკითხები თქვენთვის გასაგები მხოლოდ სხვებისთვის ახსნის შემდეგ ხდება. წრე ფართოვდება, სწორი და მცდარი უფრო წონადი ხდება. მესამე ხაზი უკვე გარე სამყაროს განეკუთვნება, კარგი და ცუდი ხდება ის, რაც ეხმარება ან ხელს უშლის მთელი სკოლის არსებობას ან მუშაობას, ამდენად, წრე კიდევ უფრო ფართოვდება. ამ საკითხზე სწორედ ამგვარად უნდა ვიფიქროთ.

მსურს, თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად სამი ხაზის იდეის შესწავლასა და გაგებას მიაპყროთ. ეს სკოლაში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თუ მას იყენებთ, ბევრი რამ გეხსნებათ. სისტემა ასეთი ინსტრუმენტებით სავსეა. მათი გამოყენებით მრავალ კარს ვაღებთ.

მუშაობის პირველი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ძალისხმევა გაგების პროპორციულ შედეგს იძლევა. თუ არ გესმით, არანაირ შედეგს არ მიიღებთ; თუ გესმით, შედეგები გაგების შესაბამისი იქნება. ამიტომ პირველ პირობას გაგება წარმოადგენს, მაგრამ მასზე უწინარესად აუცილებელია იცოდეთ, რა უნდა გესმოდეთ და როგორ შეიძინოთ სწორი გაგება. რეალური მუშაობა ყოფიერებაზე მუშაობაა, მაგრამ ყოფიერებაზე მუშაობა მუშაობის მიზნების, პირობების და მეთოდების გაგებას მოითხოვს. მუშაობის მიზანი სკოლის დაარსებაშია. ამ მიზნისთვის სკოლის მეთოდებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, და სამ ხაზზე მუშაობაა საჭირო. სკოლის დაარსება საკუთარ თავში ბევრს მოიცავს.

მუშაობაში ორი პირობაა, რომლითაც უნდა დაიწყოთ: პირველი - ადამიანს არაფრის არ უნდა სჯეროდეს, მან ყველაფერი უნდა შეამოწმოს; მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პირობა, კეთებას ეხება. ადამიანმა არაფერი არ უნდა გააკეთოს მანამ, ვიდრე არ გაიგებს, რატომ და რა მიზნით აკეთებს ამას. აუცილებელია გესმოდეთ და გახსოვდეთ ეს ორი პირობა. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს, რომ არაფერი იცის, და არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში შეუძლია რჩევა ითხოვოს, მაგრამ თუ იკითხავს, გაგონილი უნდა მიიღოს და მის თანახმად იმოქმედოს.

აქამდე პირველ ხაზზე მუშაობდით - სწავლობდით, რაც მოგაწოდეს და აგიხსნეს, და გაგებას ცდილობდით. ახლა, თუ გაგრძელება გწადიათ, მეორე ხაზზე, და რამდენადაც შესაძლებელია, მესამე ხაზზე მუშაობას უნდა შეეცადოთ. უნდა შეეცადოთ იფიქროთ, როგორ იპოვოთ მეტი სამუშაო პირველ ხაზზე, როგორ გადახვიდეთ მეორე ხაზზე მუშაობაზე და როგორ მიუახლოვდეთ მესამე ხაზზე მუშაობას. ამის გარეშე სწავლა შედეგს არ მოგიტანთ.

ახლა კი კითხვები დამისვით, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ საკმარისად გესმით მუშაობის სამი ხაზის შესახებ, - რას ნიშნავს ყოველი ხაზი, რატომაა ისინი აუცილებელი, რა არის საჭირო ყოველი მათგანისთვის და ა.შ. სარგებელი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ, ყოველთვის თქვენი გაგების პროპორციულია. რაც უფრო ცნობიერად მუშაობთ, მით მეტის მიღება შეგიძლიათ. აი რატომაა ყველაფრის ახსნა და გაგება ასე მნიშვნელოვანი.

კითხვა: რამდენად აუცილებელია მუშაობის სამი ხაზი?

პასუხი: თავიდან ყველაფერი გონებაზეა დამოკიდებული - გონება განათლებული უნდა იყოს, მან უნდა გამოიღვიძოს. მოგვიანებით ეს ემოციაზე იქნება დამოკიდებული. ამისთვის ადამიანს სკოლა ესაჭიროება, ის სხვა ადამიანებს უნდა შეხვდეს, რომლებმაც მაზე მეტი იციან, და ყველაფერზე მათთან ერთად უნდა იმსჯელოს. თუ მარტო დარჩებით, შესწავლილი დაგავიწყდებათ, რადგან ჩვენში იმდენი რამ ხდება, რომ გაგონილი უბრალოდ ქრება გონებიდან. სწორედ ამიტომ ადამიანს მარტო მუშაობა არ შეუძლია, და მხოლოდ ბევრი ადამიანის ერთობლივი მუშაობა იძლევა აუცილებელ შედეგებს. ბევრი წინააღმდეგობა და ფაქტორი არსებობს, რაც ჩვენს ძილს ინარჩუნებს და გამოღვიძებას შეუძლებელს ხდის. ის, რასაც ვსწავლობთ, უბრალოდ გაქრება, თუ მას არაფერი დაეხმარება, და რას წარმოადგენს ეს დახმარება? მხოლოდ სხვა ადამიანებს ჩვენს ირგვლივ.

თავდაპირველად ცოდნის, მასალების, პრაქტიკის შესაძენად უნდა ვიმუშაოთ. შემდეგ, როდესაც გარკვეულ ცოდნას დავაგროვებთ, შესაძლებელი ხდება სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა (იმგვარად, რომ სასარგებლო ვიყოთ და ერთიმეორეს დავეხმაროთ). მეორე ხაზზე, მისი განსაკუთრებული ორგანიზაციიდან გამომდინარე, ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვის მუშაობის სიტუაციაში იმყოფება. და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გაიგოს, რა სახითაა სკოლისთვის სასარგებლო. ეს მთლიანად გაგების საკითხია. მესამე ხაზზე მხოლოდ სკოლისთვის მუშაობთ, საკუთარი თავისთვის არა. თუ ამ სამ ხაზზე მუშაობთ, გარკვეული ხნის შემდეგ ეს ორგანიზაცია თქვენთვის სკოლად იქცევა; მაგრამ სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც მხოლოდ თითო ხაზზე მუშაობენ, ის სკოლა არ გახდება. თუ გახსოვთ, გითხარით, რომ სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც არა მარტო ცოდნის შეძენა შეგიძლიათ, არამედ ყოფიერების შეცვლაც ხელგეწიფებათ. ასეთი ბუნების სკოლა ყოველთვის და ყველასთვის ერთი და იგივეს არ წარმოადგენს, მას ჯადოსნური თვისებები აქვს და ერთი ადამიანისთვის თუ ერთი სახისაა, მეორესთვის სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს. უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი, რასაც იღებთ, - იდეები, ცოდნა და დახმარება, - სკოლიდან მოდის. მაგრამ სკოლა არაფრის გარანტიას არ იძლევა. ავიღოთ ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, სადაც მხოლოდ ცოდნას და ინსტრუქტაჟს იძლევიან. ის გარკვეული ცოდნის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ. მაგრამ ყოფიერების ცვლილების იდეის გაჩენისას, გარანტირება შეუძლებელია, ამიტომ ადამიანები შესაძლებელია ერთსა და იმავე სკოლაში იყვნენ, ერთი და იგივე ორგანიზაციაში და იმავდროულად სხვადასხვა დონეებზე იმყოფებოდნენ.

კითხვა: თქვენ სკოლის მიზნებსა და საჭიროებებზე ისაუბრეთ. რაში მდგომარეობს ისინი?

პასუხი: თავდაპირველად მათი გაგებისთვის მომზადებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს სკოლის იდეები, და ისინი უნდა გამოვიყენოთ: ეს დაგვეხმარება სკოლების გაგებაში. თუ თავად არაფერს ვაკეთებთ და სკოლებზე მხოლოდ ვლაპარაკობთ, ეს მხოლოდ წარმოდგენას ქმნის, მეტს არაფერს. არსებული იდეებიდან სარგებლის მიღება უნდა შეგვეძლოს; თუ ეს არ ძალგვიძს, სკოლა ჩვენთვის არ არსებობს. საკუთარი მიზანი უნდა გაგაჩნდეთ, და ის სკოლის მიზანს უნდა ემთხვეოდეს, მისი ნაწილი უნდა იყოს.

კითხვა: პირველსა და მესამე ხაზს შორის არსებული განსხვავება ნიშნავს თუ არა იმას, რომ სკოლას საკუთარი სტუდენტების განვითარების გარდა სხვა მიზნებიც აქვს? მაგალითად, თავისი ცოდნის შენარჩუნება?

პასუხი: არა მხოლოდ. კიდევ ბევრი რამაა, რადგან ეს დროის სხვა ხაზში უნდა განვიხილოთ. საკუთარ თავთან მიმართებით მხოლოდ აწმყო შეგიძლიათ გამოიყენოთ. სკოლასთან მიმართებით - ბევრად ხანგრძლივი პერიოდი.

შესაძლოა, დაგეხმაროთ, თუ შეგახსენებთ, როგორ დაიწყო ეს მუშაობა. მრავალი წლის წინ დავასკვენი, რომ ადამიანში ბევრი რამ არსებობს, რომელთა გამოღვიძება შესაძლებელია, მაგრამ ვხედავდი, რომ ეს უშედეგო იყო, რადგან წამიერად გამოღვიძებულები მეორე წამს ქრებოდნენ კონტროლის არარსებობის გამო. ამგვარად გავიგე, რომ სკოლა იყო საჭირო, და მის ძებნას შევუდექი, კვლავ იმ ძალებთან დაკავშირებით, რომელთაც „სასწაულებრივს“ ვუწოდებდი. ბოლოს და ბოლოს ვიპოვე სკოლა და ბევრი იდეა. ეს ის იდეებია, რომელთაც ახლა ვსწავლობთ. ამ სწავლისთვის ორგანიზაციაა აუცილებელი - პირველ რიგში, რათა ადამიანებმა ეს იდეები შეისწავლონ, და მეორე, რათა ისინი მეორე საფეხურისთვის მოემზადონ. ეს ერთ-ერთი მიზეზია ორგანიზაციის არსებობისთვის, და იქ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ ყოფნა, ვინც რაღაც უკვე თავად, დამოუკიდებლად გააკეთა. ვიდრე ცრუ პიროვნების მარწუხებში არიან მოქცეულნი, ისინი საკუთარი თავისთვისაც და მუშაობისთვისაც უსარგებლო არიან. ამიტომ პირველი მიზანი ყოველი მუშაობით დაინტერესებულისთვის საკუთარი თავის შესწავლა და იმის პოვნაა, რაც უნდა შეიცვალოს. მხოლოდ გარკვეული ცვლილებების შემდეგაა ადამიანი აქტიური მუშაობისთვის მზად. ერთი მეორესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საკუთარი თავის შესწავლა ორგანიზაციასთან და ზოგადი იდეების შესწავლასთანაა დაკავშირებული. ამ იდეების მეშვეობით გაცილებით მეტის პოვნა შეგვიძლია - რაც მეტი გაქვთ, მით უფრო მეტს იპოვით. მუშაობა არასდროს მთავრდება - ფინალი შორსაა. მუშაობა თეორიული ვერ იქნება, ყოველი იდეა პრაქტიკულად უნდა იქცეს. ამ სისტემაში ბევრი რამაა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გამოიგონებს. ზოგ აღმოჩენას ადამიანი თავად აკეთებს, ზოგი რამ კი მხოლოდ მიწოდების შემდეგ ესმის, სხვაგვარად არა; არსებობს მესამე ჯგუფიც, რისი გაგებაც ადამიანს საერთოდ არ ძალუძს. აუცილებელია ამ გრადაციების გარჩევა.

კითხვა: ვგონებ, აქამდე შესწავლილი თეორია იყო, ახლა კი ის პირად პრაქტიკად უნდა ვაქციოთ.

პასუხი: სწორია. მაგრამ არასწორია ვიფიქროთ, რომ აქამდე ყველაფერი თეორიული იყო. პირველივე ლექციაზე მოგეცათ მასალა თვითდაკვირვებისთვის და პრაქტიკული მუშაობისთვის. არ უნდა იფიქროთ, რომ რაღაც ახალი იწყება, რაც აქამდე არ ყოფილა.

კითხვა: რა ფორმის მუშაობაა ჩვენთვის შესაძლებელი ლექციების და განხილვის გარდა?

პასუხი: იფიქრეთ, რა გჭირდებათ განხილვის გარდა. თქვენთვის აუცილებელია ინსტრუქციები, გზის ჩვენება გესაჭიროებათ. გზას თავად ვერავინ იპოვის - ადამიანების მდგომარეობა იმგვარია, რომ მათთვის გზის ჩვენება შესაძლებელია, თავად კი მას ვერასდროს იპოვიან.

როგორც ხედავთ, მუშაობის მეორე ხაზზე შემდეგნაირად გადადიხართ: ეს ჯგუფები გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდა, და თქვენამდეც იყვნენ ადამიანებიც და ჯგუფებიც. სკოლაში მუშაობის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მითითებების და რჩევების მიღება მარტო ჩემგან კი არ შეგიძლიათ, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს მოსვლამდე სწავლობდნენ ამ სისტემას - შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში. მათი გამოცდილება თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, რომც მოვინდომო, ჩემთვის შესაძლებელზე მეტ დროს მაინც ვერ დაგითმობდით. სხვა ადამიანებს მოუწევთ ჩემს მიერ მოცემულის შევსება, თქვენ კი, თქვენი მხრივ, უნდა ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ისინი, მათი გამოცდილებიდან როგორ მიიღოთ სარგებელი, როგორ მიიღოთ მათგან ის, რისი მოცემაც მათ შეუძლიათ.

გამოცდილება აჩვენებს, ამ იდეებისგან მაქსიმუმის მისაღებად გარკვეული ორგანიზაციაა აუცილებელი, ადამიანთა ჯგუფების ორგანიზაცია არა მხოლოდ განხილვებისთვის, არამედ აგრეთვე ერთობლივი მუშაობისთვის, როგორც, მაგალითად, ბაღში, სახლში ან ფერმაში, ან რაიმე სხვა სამუშაოს შესრულებისას, რომლის ორგანიზება და დაწყებაც შესაძლებელია. როდესაც ადამიანები გამოცდილების მისაღებად რაიმეზე ერთად მუშაობენ, ისინი საკუთარ თავში და სხვებში იმის შემჩნევას იწყებენ, რასაც დისკუსიების დროს ვერ ამჩნევენ. დისკუსიები ერთია, მუშაობა კი - სრულიად სხვა. ამიტომ ყველა სკოლაში ორგანიზებული მუშაობის სხვადასხვა სახეები არსებობს, და ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ მათთვის შესაფერისის პოვნა ზედმეტი მსხვერპლის გარეშე, რადგან მსხვერპლი საჭირო არაა.

მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ ამის შესახებ, უნდა გაიგოთ, რომ აქამდე ადამიანები თქვენზე ზრუნავდნენ, გესაუბრებოდნენ, გეხმარებოდნენ. ახლა საკუთარ თავზე ზრუნვა თავად უნდა ისწავლოთ, მოგვიანებით კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, სხვებზეც უნდა იზრუნოთ. ესეც თქვენი მუშაობის ნაწილია.

მთავარი, რაზეც ვსაუბრობ, გაგებაა. მხედველობაში მაქვს მუშაობის, მუშაობის აუცილებლობის, მუშაობის მოთხოვნების, მუშაობის ზოგადი სქემის და ამ ყველაფრისადმი ინტერესის გაგება. ეს აუცილებლობაა. მუშაობის მეთოდების გაგება შეუძლებელია, თუ მისი ზოგადი მიმართულება არ გესმით. ხოლო როდესაც ადამიანს მიმართულება ესმის, ეს ბევრი რამის გაგებაში დაეხმარება. როგორც ხედავთ, მუშაობის ამ ნაწილში საკუთარ წილს ვერ აცდებით. თუ ამა თუ იმ მიზეზით ადამიანი ამას გაურბის, ის მეტს ვერაფერს შეიძენს.

ზოგიერთს არ ესმის მუშაობის დასაწყისი; ისინი მუშაობაზე არ ფიქრობენ როგორც მუშაობაზე; მათ ის ჩვეულებრივად ესმით. არსებობს ერთი აუცილებელი და სავალდებულო რამ გარკვეული დროის შემდეგ - და ეს შეფასებაა, რადგან მის გარეშე არავის შეუძლია მუშაობა. ერთი მხრივ, ადამიანებს მუშაობა სურთ, მეორე მხრივ კი - მიისწრაფიან, ყველაფრისადმი ძველებური დამოკიდებულება ჰქონდეთ. მაგრამ თუ მათ მუშაობა სურთ, მუშაობასთან დაკავშირებით ყველაფერი სხვაგვარად უნდა განიხილებოდეს, ყველაფერი - ისინი კი ფიქრობენ, რომ ყველაფრის ჩვეულებრივად აღქმა შეუძლიათ. რასაც არასაკმარისად მივიჩნევ, ესაა მუშაობა, მისი გაგება და შეფასება. ყველაზე მეტად შეფასების უკმარისობაა. ყველაფერი აღიქმება, როგორც თავისთავად ნაგულისხმევი, და იმავდროულად, ჩვეული თვალთახედვით განიხილება. შედეგად არაფერი იცვლება. პირად მიმართებაზე და პირად მუშაობაზე ძალზე ბევრია დამოკიდებული. სკოლა ერთი ადამიანისთვის არაა აუცილებელი წარმოადგენდეს სკოლას სხვა ადამიანისთვის.

კითხვა: როგორ მივაღწიოთ სწორ მიმართებას და შეფასებას?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, სწავლის დაწყების წინ ადამიანი განსაზღვრავს, რისი ცოდნა სურს სინამდვილეში. სრულიად შესაძლებელია, რომ ის, რასაც აქ ვსწავლობთ, მისთვის საინტერესო და სასურველი არ აღმოჩნდეს. ამიტომ, აუცილებელია, თქვენთვის სასურველი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ დროს დაკარგავთ. ესაა პირველი. მეორე, უნდა გესმოდეთ გარკვეული ძირითადი პრინციპები, სხვაგვარად ბევრი რამ გაუგებარი იქნება და რაღაც ყოველთვის შეგიშლით ხელს გაგების თქვენეულ გზაზე.

ძალზე მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს შემდეგი: ადამიანს ამ სისტემის შესწავლა დამოუკიდებლად არ ძალუძს. აუცილებელია გაიგოთ, რატომაა ასე. ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი ძალზე უბრალო და ცხადია - მასწავლებლის მხოლოდ საკუთარი თავისთვის პოვნა შეუძლებელია. თუ ადამიანი ამ სისტემის მასწავლებელს იპოვის, ის მხოლოდ მისთვის დროს არ დაკარგავს. მასწავლებლის გარეშე კი ადამიანი ვერაფერს შეძლებს. მეორე, თუ ადამიანი მარტო მუშაობს ან ცდილობს მუშაობას, ის თავის ადგილას სხვას ვერ დააყენებს, გარკვეულ მომენტში კი ეს ძალზე აუცილებელია ცოდნის და ყოფიერების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. თუ გახსოვთ, რას გეუბნებოდით კიბის შესახებ პირველ ლექციაში, მაგნეტური ცენტრის ზრდის და შემდგომი მუშაობის ახსნისას? მე გითხარით, რომ ადამიანს კიბის შემდეგ საფეხურზე ასვლა მხოლოდ საკუთარ ადგილას სხვა ადამიანის დაყენების გზით შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ადის ამ კიბეზე, რომელიც ყოფით ცხოვრებასა და ეგრეთ წოდებულ გზას შორის განსხვავებას წარმოადგენს. გზა ყოფითი ცხოვრების დონეზე არ იწყება, მის მისაღწევად ამაღლებაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაგების, ჩვენი ჩვეულებრივი გონების, ჩვენი ჩვეულებრივი გრძნობების დონე უნდა შეიცვალოს. მაგრამ, საკუთარ ადგილას სხვა ადამიანების დაყენების შესახებ ფიქრისას, ერთი საშიში შეცდომის თავიდან აცილებაა ძალზე მნიშვნელოვანი. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მათი ინდივიდუალური სამუშაოა. მათ არ ესმით, რომ ეს გამონათქვამი მხოლოდ ზოგადი პრინციპის ფორმულირებაა. არასერიოზულია ვიფიქროთ, რომ ამას ერთი ადამიანი შეძლებს, რომელიც იდეებს სხვას გადასცემს. პირველ რიგში აუცილებელია გავიგოთ, რომ ადამიანებს ეს არ ძალუძთ, და, მეორე, მათგან ამის მოთხოვნა არ შეიძლება, რადგან ინდივიდუალური მუშაობა მხოლოდ თავად გვეხება. ადამიანების დაყენება საკუთარ ადგილას - სკოლაში მუშაობას, ანუ მასში შემავალი ყველა ადამიანის გაერთიანებულ ძალისხმევას წარმოადგენს. სკოლაში ნებისმიერი მუშაობა ამ მიზნითაა ორგანიზებული, მუშაობის ყველა განშტოება ერთსა და იმავე მიზანს მიყვება: ახალი ადამიანები დააყენოს ადგილზე, რომელზეც ახლა სხვები დგანან, და ამგვარად მათ შემდეგ საფეხურზე ასვლაში დაეხმაროს. თუმცა, ამ საკითხზე სწორად ჯერ არავის უფიქრია. მაგალითად, ძალზე ცოტანი ფიქრობენ ამ ლექციებზე და ჩვენი სოფლის სახლზე - ვინ დააფუძნა, როგორ არის ორგანიზებული და როგორ ფუნქციონირებს ის. აი, ესაა პასუხი საკუთარ ადგილას სხვა ადამიანის დაყენების კითხვაზე, რადგან სხვები ზრუნავენ თქვენზე და თქვენთვის რაღაცას აკეთებენ. მათ სისტემის იდეები თქვენზე ადრე შეისწავლეს და გარკვეულ დონემდეც მივიდნენ; ახლა კი წინსვლა სურთ. ამისთვის კი სხვებს უნდა დაეხმარონ და გააგებინონ ის, რაც თავად იციან. ისინი ამას თავისით ვერ გააკეთებენ, ამიტომ ახლებისთვის ლექციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას უწყობენ ხელს. ეს სკოლის მუშაობის ზოგადი გეგმის ნაწილია. მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. შემდეგ, როდესაც სხვა ადამიანები მოვლენ, მათ ის უნდა გაუკეთონ, რაც ოდესღაც მათთვის გააკეთეს. ძალისხმევის გარკვეული პერიოდი აუცილებელია, და მასში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

კითხვა: რატომ შეუძლია ადამიანს ჯგუფში მეტის გაკეთება, ვიდრე მარტოს?

პასუხი: ბევრი მიზეზით. პირველი, როგორც უკვე აგიხსენით, ასეთია: მას მასწავლებელი მხოლოდ თავისთვის ვერ ეყოლება. მეორე: სკოლებში ზოგიერთი მკვეთრი საკითხის შერბილება ხდება. ადამიანები ერთმანეთს უნდა შეეწყონ, ეს კი ძალზე სასარგებლოა. მესამე - ყველა სარკეებითაა გარშემორტყმული: საკუთარი თავის დანახვა სხვებში შეუძლია.

კითხვა: მაგრამ აქ ჩემსა და სხვა ადამიანებს შორის კავშირი არსებობს?

პასუხი: კავშირი უნდა იყოს, მაგრამ ის მუშაობით იქმნება. ამ კავშირს ის ქმნის, ვინც მუშაობს. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სხვები ჩვენზე იფიქრებენ. ისინი ამას შეძლებისდაგვარად გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ეს თავისთავად ნაგულისხმევად არ უნდა მივიჩნიოთ.

კითხვა: ამის შესახებ უფრო მეტს ხომ ვერ მოგვიყვებით? არსებობს თუ არა რაიმენაირი ვალდებულება ამ ოთახში მყოფ ადამიანებს შორის?

პასუხი: ეს თქვენზეა დამოკიდებული, იმაზე, როგორ გესმით ეს, რას გრძნობთ, თქვენი აზრით რისი გაკეთება შეგიძლიათ ამისთვის. თავსმოხვეული მოვალეობები არ არსებობს. მოვალეობები მუშაობიდან გამომდინარეობს. რაც მეტს აკეთებს ადამიანი, მით მეტი მოვალეობა აქვს მას. თუ ადამიანი არაფერს აკეთებს, მას არც არაფერი მოეთხოვება. ბატონი გურჯიევი ამგვარად ხსნიდა ამას: ის ამბობდა, რომ საშიშია მუშაობისას რაიმეს გაკეთება, თუ არ გსურთ, რომ რაღაც ძნელი მოგთხოვონ.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ მეორე ხაზი - ადამიანებთან მუშაობაა. მიმაჩნია, რომ მარტოს უფრო მიადვილდება მუშაობა.

პასუხი: ყველა ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, მარტო თქვენ რომ იყოთ და ჩემთან საუბრობდეთ, ყველა დანარჩენის გარეშე, და განსაკუთრებით „ამ“ ადამიანების გარეშე, რადგან ეს ადამიანები განსაკუთრებით უსიამოვნო არიან. ყველანი ამგვარად ვფიქრობთ. ზუსტად ასე ვფიქრობდი, როდესაც სწავლას შევუდექი. ეს ყველაზე უფრო მექანიკური რამაა სამყაროში. მთელი მუშაობა, მთელი სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ ვერაფერს მიიღებთ პირველი ხაზიდან, თუ არ მუშაობთ მეორეში და მესამეში. პირველ ხაზზე თქვენ გარკვეულ იდეებს, ინფორმაციას იღებთ, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ჩერდებით, თუ დანარჩენ ორ ხაზზეც არ მუშაობთ.

კითხვა: პირველ ხაზზე მუშაობის მცდელობისას მესამის გაგება როგორაა შესაძლებელი?

პასუხი: თავდაპირველად პირველ ხაზზე მუშაობით, შემდეგ კი მთელის - სისტემის ყველა იდეის და სკოლაში მუშაობის პრინციპების - გარკვეული სურათის მიღებით. თუ მუშაობთ იმაზე, რასაც პირველ ხაზს ვუწოდებთ, - თვითშესწავლა და სისტემის შესწავლა, - მუშაობის ყველა შესაძლებლობა აქაა თავმოყრილი. ამიტომ, რაც მეტ დროსა და ენერგიას უთმობთ სისტემის შესწავლას, მით მეტს გაიგებთ იქიდან, რასაც ის შეიცავს. ამ გზით თანდათან მოდის გაგება. პირველ ხაზზე ძალზე პრაქტიკულები უნდა იყოთ და იფიქროთ იმის შესახებ, რისი შეძენა შეგიძლიათ. თუ გრძნობთ, რომ არ ხართ თავისუფალი, რომ გძინავთ, შესაძლოა, მოინდომოთ გათავისუფლება, გამოღვიძება, და ამ შემთხვევაში იმუშავებთ, რათა მიზანს მიაღწიოთ. მესამე ხაზზე თქვენ მუშაობაზე, მთელ ორგანიზაციაზე ფიქრობთ. პირველ ყოვლისა, ორგანიზაცია, ქმნილების სხივის მსგავსად - იდეა, საჭიროებები, ორგანიზაციის ფორმები - თქვენი შესწავლის ობიექტი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ ორგანიზაცია - თქვენი საქმეა და არა ვინმე სხვისი. შეძლებისდაგვარად მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. არავის სთხოვენ ისეთი საქმის შესრულებას, რაც მას არ შეუძლია, მაგრამ თითოეულმა უნდა იფიქროს მასზე და ესმოდეს ის. მესამე ხაზზე სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანია მასზე ფიქრი, ვიდრე კეთება. თქვენს მაგივრად მასზე ფიქრს სხვა ადამიანებს ვერ გადააბარებთ. ერთ ხაზზე მუშაობა არ არსებობს. მუშაობა სკოლაში ნიშნავს კიდეც სამ ხაზზე მუშაობას. აუცილებელია საკუთარი თვალთახედვით ამის გაგება და გააზრება, რომ ადამიანს მხოლოდ ამ სამი სახის დახმარებით შეუძლია პასიური მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ძალზე ბევრი რამ გაჩერებთ იქ, თქვენ მუდამ ერთი და იგივე გრძნობები, სიზმრები, აზრები გაქვთ.

კითხვა: სისტემის განვითარებაზე ეს მესამე ხაზია პასუხისმგებელი?

პასუხი: ყველა პასუხისმგებელია. ერთი ხაზი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს. ერთი ან ორი ხაზი მუშაობას არ წარმოადგენს. მაგრამ პირველ ყოვლისა გაგებაა აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ - ამისთვის დრო გაქვთ მოცემული, მაგრამ ვერ გადაწყვეტთ აკეთოთ ერთი და არ აკეთოთ მეორე.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ თავდაპირველად მესამე ხაზი უნდა გავიგოთ. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის მუშაობა?

პასუხი: არ არის აუცილებელი. გარკვეული აზრით გაგება - უკვე მუშაობაა. თუ არასაკმარისი რაოდენობის ადამიანი ფიქრობს მუშაობაზე მთლიანობაში და ესმის ის, გაგრძელება შეუძლებელი ხდება. ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას უნდა ესმოდეს და შეეძლოს აუცილებელის გაკეთება. თქვენ ჯერ ვერ აცნობიერებთ, რაოდენ რთულია მუშაობის თუნდაც დღევანდელი ფორმით არსებობა. მიუხედავად ამისა, მისი არსებობა და განვითარება შესაძლებელია, თუ მასში მეტი გაგება და ენერგიაა ჩადებული. ამ შემთხვევაში, სწორი გაგების შემთხვევაში, ეს გარდაუვალი განვითარება იქნება. მაგრამ არ უნდა ელოდოთ, რომ თქვენს ნაცვლად სხვა გააგრძელებს მუშაობაში გაგების და ენერგიის ჩადებას.

კითხვა: მაგრამ ინიციატივა ჩემში არაა, ხომ?

პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენშია. თუმცა მეორე ხაზზე ის ჯერ თქვენში არაა - ის უნდა ჩამოყალიბდეს. მესამე ხაზს თავად გაიგებთ, მხოლოდ მაშინ იქნება ის მესამე ხაზი. ის თქვენს მიმართებაზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ამ შესაძლებლობების ხელოვნურად შექმნა კი შეუძლებელია. თუ გრძნობთ, რომ სკოლის მუშაობისთვის რაიმეს გაკეთებაა აუცილებელია, და თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ - სწორედ ეს იქნება მესამე ხაზის მუშაობა. თავდაპირველად უნდა გაიგოთ რა არის აუცილებელი, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ იფიქროთ, თავად რისი გაკეთება შეგიძლიათ ორგანიზაციისთვის.

კითხვა: ვფიქრობ, თქვენ გსურთ, რომ თავს ამ ორგანიზაციად ან მის ნაწილად ვგრძნობდეთ, რომ ის ჩვენგან განსხვავებულად არ მიგვაჩნდეს.

პასუხი: აბსოლუტურად სწორია და მეტიც. თქვენ უნდა გაიაზროთ, რას ნიშნავს მეოთხე გზის სკოლა. ის ყოფითი ცხოვრების ნაწილია და ამიტომ განსაკუთრებით ესაჭიროება ორგანიზაცია. ბერების და იოგების სკოლები ორგანიზებულია, მაგრამ ყოფითი ცხოვრება მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას არ იძლევა. ამისთვის სპეციალური ორგანიზაცია უნდა არსებობდეს.

კითხვა: ბოლო დროს ბევრს საუბრობთ გაგების შესახებ.

პასუხი: დიახ, გაგება აუცილებელია, ისევე როგორც პირადი მიმართება. ადამიანები სკოლის არსებობას პირად საქმედ არ განიხილავენ, ის კი უპიროვნო ვერ იქნება. მრავალ შემთხვევაში გაგებას გზაზე სიტყვები ეღობება. ადამიანები საუბრობენ პირველ ხაზზე, მეორე ხაზზე, მესამე ხაზზე, მხოლოდ სიტყვებს იმეორებენ, - და არაფერი ესმით. ისინი ამ სიტყვებს ძალზე მარტივად იყენებენ. აუცილებელია ამ ხაზების საკუთარი სურათის არსებობა: თავდაპირველად საკუთარი თავის, რომელიც ცოდნას, ახალ იდეებს იძენს, ძველ ცრურწმენებს ანგრევს, ძველ იდეებს განაგდებს, რომლებსაც წარსულში ქმნიდით და რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, სწავლობთ საკუთარ თავს, სისტემას, ცდილობთ საკუთარი თავის გახსენებას, და ა.შ. თქვენ უნდა იფიქროთ იმის შესახებ, თუ რისი მიღება, რისი ცოდნა გსურთ, ვინ გინდათ იყოთ, როგორ შეცვალოთ აზროვნების, გრძნობიერების ძველი ჩვევები. ეს მთლიანად პირველი ხაზია.

შემდეგ, როდესაც საკმარისად მოემზადებით და საჭირო რაოდენობის ძალისხმევას გასწევთ გარკვეული დროის განმავლობაში, შეძლებთ ორგანიზებულ მუშაობაში ჩაერთოთ, სადაც პრაქტიკულად ისწავლით. მეორე ხაზზე მთავარი საწყისი სირთულეა - მუშაობა არა თქვენი ინიციატივით, რადგან ეს დამოკიდებულია არა თქვენზე, არამედ მუშაობაში შექმნილ მექანიზმზე. აქ ბევრი რამ შედის: გეუბნებიან გააკეთოთ ესა თუ ის, თქვენ კი თავისუფლება გსურთ, დავალებულის გაკეთების სურვილი არ გაქვთ, არ მოგწონთ ეს, ან ის ადამიანები არ მოგწონთ, ვისთანაც ერთად მუშაობა გიწევთ. ახლაც კი, როდესაც არ იცით რის გაკეთება მოგიწევთ, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ორგანიზებული მუშაობის პირობებში, რომელშიც შედიხართ ისე, რომ არაფერი იცით მის შესახებ ან იცით ძალზე ცოტა. ამაში მდგომარეობს მეორე ხაზის სირთულე, და თქვენი ძალისხმევა მასთან მიმართებაში მათი მიღებით იწყება - რადგან ისინი შესაძლოა არ მოგეწონოთ; შეიძლება იფიქროთ, რომ რის გაკეთებაც გიწევთ, თქვენებურად ბევრად უკეთ გააკეთებდით, ან პირობები არ მოგწონთ, და ა.შ. თუ თავდაპირველად მეორე ხაზთან დაკავშირებულ საკუთარ სიძნელეებზე დაფიქრდებით, მას უკეთ გაიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ის თქვენთვის უცნობი გეგმითა და მიზნების მიხედვითაა მოწყობილი. ბევრად მეტი სირთულე არსებობს, რომლებიც მოგვიანებით შეგხვდებათ, მაგრამ ეს დასაწყისია.

მესამე ხაზზე კვლავ თქვენი ინიციატივა ჩნდება, თუ გაქვთ საშუალება, რაიმე გააკეთოთ სამუშაოსთვის და არა საკუთარი თავისთვის. და თუ არაფრის გაკეთება არ ძალგიძთ, სასარგებლოა გააცნობიეროთ, რომ არაფერი შეგიძლიათ. მაგრამ ამასთანავე უნდა გაიაზროთ, რომ თუკი ყველა ადამიანი მივა დასკვნამდე, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არც მუშაობა იარსებებდა. სწორედ ესაა, რასაც საკუთარი სურათის შექმნაში ვგულისხმობ, და არა უბრალოდ სიტყვების გამეორება: პირველი ხაზი, მეორე ხაზი, მესამე ხაზი. სიტყვები არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. როდესაც საკუთარი სურათი გაგაჩნიათ, თქვენთვის ეს სიტყვები ზედმეტია. თქვენ სხვაგვარად, სხვა ენაზე ილაპარაკებთ.

მუშაობის ყოველი ხაზი, როგორც სხვა დანარჩენი სამყაროში, ოქტავებით მიმდინარეობს - ძლიერდება, სუსტდება, ინტერვალებს გადის და ა.შ. თუკი ერთდროულად სამივე ხაზზე მუშაობთ, როდესაც ინტერვალს მიადგებით საკუთარ მუშაობაში, სამუშაოს სხვა ხაზი შესაძლოა დაუბრკოლებლად მიდიოდეს და ინტერვალის გავლაში დაგეხმარებათ. ან თქვენი ინდივიდუალური მუშაობა შეიძლება კარგად მიმდინარეობდეს და ამგვარად დაგეხმაროთ ინტერვალის გავლაში რომელიმე სხვა ხაზზე. სწორედ ესაა, რაც მხედველობაში მქონდა, როდესაც სხვადასხვა ხაზებთან დაკავშირებით ინტერვალებზე ვსაუბრობდი.

რაც შეეხება მუშაობას, აუცილებელია გესმოდეთ, რომ ვერავინ იქნება თავისუფალი. რა თქმა უნდა, თავისუფლება - ილუზიაა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში არ ვართ თავისუფლები; ჩვენ ადამიანებზე, საგნებზე, ყველაფერზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ ამასთანავე მივეჩვიეთ ფიქრს, რომ თავისუფლები ვართ, და გვიყვარს საკუთარი თავის ასე წარმოდგენა. თუმცა გარკვეულ მომენტში უნდა უარვყოთ ეს წარმოსახვითი თავისუფლება. თუკი ჩვენ ამ „თავისუფლებას“ ვებღაუჭებით, რაიმეს შესწავლის ყოველგვარ შანსს ვკარგავთ.

კითხვა: საკუთარი სურათის შექმნის შესახებ - ვხედავ, რომ როდესაც საკუთარი სურათის შექმნას ვცდილობ, ძალზე მცირე მასშტაბამდე დამყავს ეს ყველაფერი.

პასუხი: თქვენ ცნებებს ურევთ ერთმანეთში. სიტყვამ „საკუთარი“ შეგაცდინათ. „საკუთარი“ მხოლოდ თქვენს ცხოვრებას და პირობებს არ ნიშნავს. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი საკუთარი მუშაობაა. სკოლა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ადამიანები თავს არა მის გარეთ, არამედ მასში გრძნობენ, როდესაც მასზე, როგორც საკუთარ სახლზე, ფიქრობენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ნახავენ მისგან სარგებელს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეცოდინებათ, რა ეხმარება მუშაობას, რა არის მისთვის სასარგებლო.

პირადი მიმართების მაგალითს მოგიყვანთ: ალბათ გახსოვთ ახალი აღთქმის პატარა იგავი ადამიანზე, რომელმაც მარგალიტი იპოვა და მის შესაძენად რაც ებადა, ყველაფერი გაყიდა. იქ სხვა იგავებიცაა, რომლებიც პირად მიმართებას გამოხატავენ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამას უპიროვნოდ იღებს, - ეს სავსებით სხვა იქნებოდა. ახალი აღთქმა ყოველთვის გვაჩვენებს პირადი მიმართების, პირადი სარგებლის აუცილებლობას.

ბევრი რამ ხდება შესაძლებელი, როდესაც მათზე სწორად ვფიქრობთ. მუშაობასთან დაკავშირებული ყოველი პრობლემა, თუ ის სწორადაა გაგებული, რაღაცას გაძლევთ; არაფერია ისეთი, საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებდით, ვიდრე ახლა იღებთ. პირველი, რაც უნდა ისწავლოთ ამ სისტემაში, არის ის, როგორ მიიღოთ; ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გარკვეული, თქვენი საკუთარი მიზნით უნდა კეთდებოდეს. სამივე ხაზიდან სარგებელს იღებთ, მაგრამ ყოველი მათგანიდან თავისებურად.

მესამე ხაზთან დაკავშირებით ზოგადი იდეის გაგებაა მნიშვნელოვანი, თუ რატომ არსებობს ეს სამუშაო და როგორ დავეხმაროთ მას. როგორც გითხარით, იდეის არსი სკოლის დაარსებაში მდგომარეობს, ანუ ესაა სკოლის წესების და პრინციპების შესაბამისად მუშაობა, თავიდან ამ წესების და პრინციპების შესწავლა, შემდეგ კი მათი პრაქტიკულად გამოყენება. ამისთვის ბევრი პირობაა აუცილებელი. ერთ-ერთი პირობა ასეთია: აუცილებელია ადამიანები. არსებობენ მომზადებული ადამიანები, რომლებსაც ამ იდეების განვითარება შეუძლიათ, მაგრამ მათ არ იცნობენ. ამიტომ აუცილებელია საჭირო ადამიანების მოძებნა და მათთვის ამ იდეების მიწოდება. მაგრამ თავდაპირველად თავად უნდა გაიგოთ ეს იდეები.

ხანდახან მეკითხებიან, რა საჭიროა სისტემის გავრცელება, რომელიც მცირედისთვისაა განკუთვნილი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არაა. სავსებით სწორია, რომ ეს სისტემა ყველასთვის არაა - ის ბევრისთვისაც კი არაა განკუთვნილი. მაგრამ ჩვენ მთელი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ის. სისტემის იდეების გავრცელება თავად ამ იდეების ბუნებით, ადამიანთა ინერციით და ამ იდეების გაგების მათი უუნარობითაა შეზღუდული. მაგრამ მას ჩვენი საკუთარი ინერცია არ უნდა ზღუდავდეს.

სისტემას საჭირო ადამიანებამდე (ანუ ისეთ ადამიანებამდე, რომელთაც არა მარტო მიღება, არამედ გაცემაც შეუძლიათ) მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის დიდი რაოდენობის ადამიანებს გადაეცემა. თუ ის მცირე ჯგუფითაა შემოფარგლული, ვერასოდეს მიაღწევს საჭირო ადამიანებამდე. მცირე ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იდეებს თავისთვის შეინახავენ, დაამახინჯებენ და დააზიანებენ მათ. დამახინჯების თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მუშაობა იზრდება და ბევრმა ადამიანმა იცის მის შესახებ. მცირე ჯგუფები, შეზღუდულები და უცვლელები, ყოველთვის დაამატებენ მას რაღაც საკუთარს. ამიტომ, რაც მეტად იზრდება მუშაობა, მით მეტის მიღება შეუძლია მისგან ცალკეულ ადამიანს. მეორე მიზეზი, რის გამოც სკოლებს არ შეუძლიათ ძალზე მცირე მასშტაბით არსებობა - ისაა, რომ მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა ადამიანებისა იძლევა ტიპების საკმარის მრავალფეროვნებას. წარმატებული ჯგუფური მუშაობისთვის ტიპების მრავალფეროვნება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარ წინაღობას და დაძაბულობას ადგილი არ ექნება. ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ერთმანეთს უგებენ.

კითხვა: რომელია საუკეთესო მეთოდი მეოთხე გზის სკოლის ფორმირების დასაწყებად?

პასუხი: ჩვენ ვერ დავიწყებთ. სკოლა სხვა სკოლიდან იწყება. თუ ადამიანები იკრიბებიან და გადაწყვეტენ: „მოდით, დავიწყოთ სკოლა“, ეს მეოთხე გზის სკოლა არ იქნება. მაგრამ თუ სკოლა უკვე დაწყებულია, როგორ გაგრძელდეს, როგორ განვითარდეს - აი, რა საკითხებზე უნდა იფიქროთ. და ამისთვის ჯერ უნდა გაიგოთ, რას ნიშნავს სამ ხაზზე მუშაობა, შემდეგ კი იმუშაოთ ამ ხაზებზე.

კითხვა: ზოგი ადამიანი თვლის, რომ სისტემა ეგოისტურია.

პასუხი: გარკვეული აზრით სისტემა უნდა იყოს ეგოისტური. მუშაობის პირველი ხაზი ეგოისტურია, რადგან იმედოვნებთ, რომ საკუთარი თავისთვის შეიძენთ რამეს. მეორე ხაზი შერეულია - სხვა ადამიანების გათვალისწინება გიწევთ, ამიტომ ის ნაკლებად ეგოისტურია; მესამე ხაზი კი სრულებით არაა ეგოისტური, რადგან ეს ისაა, რასაც სკოლისთვის აკეთებთ, არა სკოლისგან მიღების აზრით. მიღების იდეა პირველ ხაზს ეკუთვნის. ანუ სისტემა საკუთარ თავში მოიცავს როგორც ეგოისტურს, ასევე არაეგოისტურს.

კითხვა: როგორ შეიძლება მესამე ხაზის პრაქტიკულად გაგება?

პასუხი: როდესაც გაგებას იწყებთ, ეს მუშაობაში გარკვეულ მომენტს აღნიშნავს. დავუშვათ, რომელიმე სკოლასთან ხართ დაკავშირებული - კარგი თუ ცუდი დონის, ამჯერად არ გვაინტერესებს. ამ სკოლაში გარკვეულ ცოდნას იძენთ. მაგრამ რას იძლევით სამაგიეროდ? როგორ ეხმარებით სკოლას? სწორედ ესაა მესამე ხაზი. ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს მესამე ხაზი, როგორ გავიგოთ ის და როგორ დავიწყოთ მასზე მუშაობა. ჩემთვის ეს კითხვა ძნელი არასდროს ყოფილა. იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც ამ სისტემას შევხვდი, ვიგრძენი, რომ ის ჩემთვის აქამდე ცნობილ სისტემებზე დიდი და მნიშვნელოვანია, და იმავდროულად მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფისთვისაა ცნობილი. მის უკან არავითარი ორგანიზაცია, არანაირი დახმარება, საერთოდ არაფერი არ იდგა. მეცნიერება, ხელოვნება, თეტრი, ლიტერატურა თავიანთ უნივერსიტეტებს, მუზეუმებს, წიგნებს, მიმდევართა დიდ რაოდენობას, მთავრობების დახმარებას, საზოგადოების თანადგომას ფლობდნენ, და ამასთან ერთად მთელი მათი შემადგენლობა ერთად აღებული სისტემასთან შედარებით ძალზე მცირე იყო. უკეთეს შემთხვევაში ისინი სისტემის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდნენ - და, მიუხედავად ამისა, მათ ყველაფერი გააჩნდათ, სისტემას კი - არაფერი.

ასე ვფიქრობდი, როდესაც ამ სისტემას შევხვდი. გადავწყვიტე, ამ ხაზზე მემუშავა, და ეს იყო კიდეც მუშაობის მესამე ხაზი.

სრულიად ნათელია, რომ მუშაობა ორგანიზაციას და გარკვეულ ადგილს მოითხოვს მოსვლის მსურველი ყველა ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ადამიანების პოვნა, რომლებსაც ესმით ეს საჭიროება, მზად არიან და შეუძლიათ მუშაობას ყოველმხრივ დაეხმარონ. მაგალითისთვის ჩვეულებრივი სკოლა განვიხილოთ. ის გარკვეულ გეგმას და ორგანიზაციას და გარკვეული რაოდენობის ადამიანებს მოითხოვს, რათა შეინახოს ის, და აუცილებელია გარკვეული იყოს, ვინ შეასრულებს ამა თუ იმ საქმეს.

ამიტომ ყოველმა წინსვლის მსურველმა უნდა გაიცნობიეროს, რომ ეს სამუშაო, მისი არსებობა და მისი კეთილდღეობა - მისი პირადი საქმეა, რომ მასზე უნდა იფიქროს, ეცადოს, მისი მოთხოვნები გაიგოს, საკუთარ საზრუნავად მიაჩნდეს ის, რომ მუშაობა გაგრძელდეს, და ეს ყველაფერი სხვა ადამიანებს არ აჰკიდოს ტვირთად. ყველაზე მნიშვნელოვანია - ის საკუთარ, პირად საქმედ აქციოს, მასზე როგორც საკუთარ სამუშაოზე იფიქროს.

ასეთი ანდაზაა: „კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდაო“. თუ ვინმე იტყვის: „პირველი ხაზი მაინტერესებს, მესამე კი არა“, ეს იგივეა, რომ თქვას: „თევზი მიყვარს, თავის შეწუხება კი - არა“.

შეეცადეთ იფიქროთ იმის შესახებ, რომ შეიძლება მე წავიდე, და სამუშაო, იმ სახით, როგორიც დღესაა, გაქრეს. ამ კუთხით შეხედეთ, ნუ ჩათვლით მუდმივ დაწესებულებად.

კითხვა: ვცდილობ, მუშაობიდან მაქსიმუმი მივიღო. მაგრამ როგორ ვისწავლო გაცემა?

პასუხი: ხანდახან ადამიანი ისეთ სიტუაციაში იმყოფება, რომ კითხვას ამგვარად სვამს, მაგრამ ხანდახან საკმარისია გესმოდეთ, რა შეიძლება იყოს მოცემული, და არა რისი გაცემა შეგიძლიათ თქვენ; იცოდეთ, რა არის სასარგებლო და აუცილებელი მუშაობისთვის, ისე, რომ ეს თქვენთან კავშირში არ იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიგებთ, რა არის სასარგებლო მოცემულ მომენტში, და დაინახავთ, შეძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. ამიტომ, ვიდრე ამაში „მე“-ს ჩაქსოვას შეუდგებით, უნდა გაიგოთ, საერთოდ რა უნდა გაკეთდეს, რა ესაჭიროება მუშაობას. მხოლოდ მოგვიანებით შეძლებთ მასში „მე“-ს ჩაქსოვას. მე იმდენად ის კი არ მაღელვებს, ესა თუ ის ადამიანი რეალურად რას აკეთებს, არამედ ის, თუ რას ფიქრობს ის. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. თუ ის სწორად ფიქრობს და გრძნობს, შესაძლებლობა გაჩნდება. დღეს რაიმეს გაკეთების შესაძლებლობა შეიძლება არც იყოს, მაგრამ გარემოებები შეიძლება შეიცვალოს, და ასეთი შესაძლებლობა გაჩნდეს. მაგრამ თუ ადამიანი ამაზე არ ზრუნავს, არ ესმის ეს და მასზე სწორად არ ფიქრობს, ის საკუთარ თავს სასურველის მიღების შესაძლებლობას ართმევს.

კითხვა: თუკი გარემოებები მუშაობას არსებულ დონეზე შეაჩერებს, არსებობს თუ არა განვითარების შესაძლებლობა, იმის გამოყენებით, რაც აქ მოვისმინეთ?

პასუხი: ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თუ ადამიანები ამ პირობებში არ მუშაობენ, მათ გარეშე როგორ იმუშავებენ? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირეოდენი შედეგების მისაღებად მთელი შესაძლო დახმარებით ხანგრძლივი დროა საჭირო; ამიტომ, თუ ადამიანი მარტოა, მას ნაკლები შანსი აქვს. შეუძლებელია ითქვას, რა მოხდება ამა თუ იმ შემთხვევაში. ადამიანს ნასწავლიდან ელემენტარულიც კი ავიწყდება. ისიც კი ავიწყდება ორიოდ კვირაში, რაც, მისი აზრით, გაიგო. ამას გარდა, საუკეთესო განზრახვითაც კი ადამიანები იდეებს ამახინჯებენ. დავუშვათ, ადამიანები არანაირ ჯგუფებში არ შედიან - ამ შემთხვევაში მათ უნდა გააგრძელონ ფიქრი, მათ პრობლემები აქვთ, საკუთარ თავს კითხვებს უსვამენ და მათზე პასუხიც უნდა იპოვონ. მაგალითად, დამოუკიდებლად ან ცალკეულ ჯგუფებში მომუშავე ადამიანების მიერ დამახინჯების ერთ ჩვეულებრივ ფორმას წარმოადგენს ის, რომ ისინი ერთ რომელიმე განსაზღვრებას პრინციპად მიიჩნევენ.

მაგრამ თუ ადამიანმა საკუთარი თავის გახსენება ისწავლა, ეს უკვე სხვა საქმეა; ეს სხვა მდგომარეობაა, სხვა პირობებია.

მუშაობაში პირველი პირობაა - როდესაც ადამიანს ესმის, რისი მიღება სურს, და რამდენად მზდაა მისთვის საფასურის გადასახდელად, რადგან ის ვალდებულია ყველაფრისთვის გადაიხადოს. ხანდახან მას გარკვეული რამ სურს, და არ ესმის, ამას რა მოყვება და რამდენი უნდა გადაიხადოს. შეეცადეთ, იფიქროთ ამ საკითხზე; შესაძლოა მიხვდეთ, რას ვგულისხმობ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რისი შეძენაც ადამიანს შეუძლია, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, და ამ ძალისხმევის მიმართვისთვის, მით უფრო გაცნობიერებული ძალისხმევისთვის, მან უნდა იცოდეს, რატომ აკეთებს ამას და რას მიიღებს ამ ძალისხმევის ხარჯზე. და ძალზე მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს, რა პირობებში შეიძლება მუშაობა, და რომელი პირობების გარეშე არის მუშაობა უსარგებლო.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენს გადაიხდის. როგორ უნდა გადაიხადოს?

პასუხი: გადასახადი - პრინციპია. გადასახადი სკოლას კი არ სჭირდება, არამედ თავად ადამიანებს, რადგან, თუ არ გადაიხდიან, ვერაფერს მიიღებენ. გადასახადის იდეა ძალზე მნიშვნელოვანია, და ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ გადასახადი აბსოლუტურად აუცილებელია. გადახდა შესაძლებელია ამა თუ იმ მეთოდით, და თითოეულმა საკუთარი უნდა იპოვოს. მაგრამ ვერავინ მიიღებს იმას, რისთვისაც არ გადაუხდია. ნივთებს არ იძლევიან, მათ მხოლოდ ყიდულობენ. ეს მაგიაა, ეს მარტივი არაა. თუ ვინმეს ცოდნა აქვს, მას ვერ მისცემს სხვა ადამიანს, რადგან ის მხოლოდ გადახდის შემდეგ შეიძენს მას. ეს კოსმოსური კანონია. გადასახადის იდეა ძალზე ხაზგასმულია ახალ აღთქმაში, მათესთან, რამოდენიმე მშვენიერ იგავში, რომელთა შესახებაც უკვე გესაუბრეთ. კარგი ვაჭარი უნდა იყო, უნდა იცოდე რას ყიდულობ და რამდენს იხდი. საგნები ციდან არ ცვივა, მათ ვერ იპოვი, ისინი უნდა იყიდო. ადამიანი იმდენს მიიღებს, რამდენის გადასახდელადაც მზადაა. და მან წინასწარ უნდა გადაიხადოს - კრედიტი არ არსებობს.

კითხვა: ნუთუ ფასის სისწორის შემოწმება არ შეიძლება? როგორ გავიგოთ, ძალზე ძვირს ხომ არ ვიხდით?

პასუხი: ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ფასი ძალზე მაღალია, არ იხდის და ვერაფერს იღებს.

კითხვა: ჩემთვის გაუგებარია წინასწარ გადახდის საკითხი. როგორ ხდება ეს?

პასუხი: ერთადერთი გზა - წინასწარ გადახდაა, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, სხვა საკითხია; ყველაფერი, რასაც აქ ვსწავლობთ, არის როგორ გადავიხადოთ წინასწარ.
როგორც ზოგადი პრინციპი, წინასწარ გადახდა ნიშნავს, რომ თუ თქვენ გარკვეულ სამუშაოს ასრულებთ და მისგან რაიმეს მიღება გსურთ, თუ ამას სკოლისთვის სასარგებლოდ აკეთებთ, ამ შემთხვევაში თქვენ იმსახურებთ მისი ფლობის უფლებას.

გადასახადი - მუშაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, და მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს. გადასახადის გარეშე ვერაფერს მიიღებთ. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ გვსურს რაღაცის მიღება არაფრის ფასად, და ამიტომაც არაფერი გვაქვს. ჩვენ რომ რეალურად გადაგვეწყვიტა ამ ტიპის - ან თუნდაც უმნიშვნელო - ცოდნისკენ სწრაფვა და მთელი გულისყურით განგვეხორციელებინა კიდეც ეს, მას აუცილებლად მივიღებდით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ვამბობთ, რომ ცოდნა გვწადია, მაგრამ სინამდვილეში არ გვსურს. ჩვენ სხვა რამისთვის გადავიხდით, მაგრამ ცოდნისთვის გადახდა არ გვსურს, და შესაბამისად არც არაფერს ვიღებთ.

კითხვა: გადასახადი გარკვეულ დანაკარგთან ხომ არ არის დაკავშირებული?

პასუხი: დანაკარგთან ანუ ძალისხმევასთან. ამ გზით მოგება ძალგიძთ, თუმცა შეგიძლიათ დანაკარგად მიიჩნიოთ. გადასახადს მრავალი მხარე გააჩნია. პირველი გადასახადი - ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იტვირთოთ მოსმენილის შესწავლა და გაგება. ეს თავად გადასახადი ჯერ არაა, მაგრამ მის წინაპირობებს ქმნის. გადასახადი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი აზრით, არა მხოლოდ თქვენთვის უნდა იყოს სასარგებლო, არამედ სხვისთვისაც - სკოლისთვის. მაგრამ, თუ თქვენ საკუთარ თავსაც არ არგიხართ, სკოლისთვის მით უმეტეს ვერ ივარგებთ.

კითხვა: ანუ, წინსვლისთვის, მცირე გადასახადები უნდა ვიხადოთ?

პასუხი: ან დიდი.

კითხვა: რაში მდგომარეობს ეს?

პასუხი: ეს ისაა, რაზეც ვსაუბრობდით, - საკუთარი უნდა მოვძებნოთ. ეს ყოველთვის განსაზღვრულ ძალისხმევას ნიშნავს, განსაზღვრულ „კეთებას“, განსხვავებულს იმისგან, რასაც ბუნებრივად გააკეთებდით, და ეს აუცილებელი ან სასარგებლო უნდა იყოს მუშაობისთვის.

კითხვა: ვერ ჩავწვდი ძალისხმევასა და გადასახადს შორის განსხვავებას.

პასუხი: ძალისხმევა შეიძლება გადასახადი იყოს, მაგრამ ის აუცილებლად სასარგებლო უნდა იყოს, და არა მხოლოდ თქვენთვის. აუცილებელია გესმოდეთ მუშაობა და მისი საჭიროებები. როდესაც ადამიანს ეს ესმის, ის გამოძებნის გზას რაიმე სასარგებლოს გასაკეთებლად. მიმართება თქვენზე და თქვენს გაგებაზეა დამოკიდებული; შესაძლებლობა გარემოებებზეა დამოკიდებული.

კითხვა: არსებობს თუ არა გარკვეული კავშირი საკუთარ თავზე მუშაობასა და გადასახადს შორის?

პასუხი: თუ საკუთარ თავზე არ მუშაობთ, გადახდას ვერ შეძლებთ. აქაა კავშირი. ვინ გადაიხდის? ცრუ პიროვნება არ იხდის. ამიტომ დასაწყისში გადასახადი ძალისხმევას, შესწავლას, დროს, სხვა მრავალს ნიშნავს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში. როგორც გითხარით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, მუშაობაში გარკვეული მიზნის მიღწევის მცდელობით, ადამიანი იმდენს იღებს, რამდენისთვისაც იხდის. ეს ფიზიკური კანონია, წონასწორობის კანონი.

კითხვა: გადასახადი - მსხვერპლია?

პასუხი: დიახ, მაგრამ თქვენი მსხვერპლი მხოლოდ არაარსებითი, წარმოსახვითი საგნები უნდა იყოს. მთელი ჩვენი ღირებულებები - წარმოსახვითია. მუშაობისას ადამიანი ახალ ღირებულებებს იძენს და წარმოსახვითს კარგავს.

კითხვა: ნებისმიერი აზრისგან უნდა გავთავისუფლდეთ?

პასუხი: ასე არ უნდა განვაზოგადოთ. ზოგი აზრი სასარგებლოა. ყველაფრის ახსნა რომ მოკლედ შეიძლებოდეს, ეს მარტივი იქნებოდა. ბევრი რამ უნდა შეისწავლოთ, რომ იცოდეთ, რითი და როგორ გადაიხადოთ. და ცხოვრებაში თქვენ კრედიტს იღებთ, აქ კი არავითარ კრედიტს არ იღებთ. გადახდის შემდეგ თქვენ აუცილებლად მიიღებთ რაიმეს, მაგრამ არ იცით, რას მიიღებთ.

კითხვა: ნებით უნდა ვიხდიდეთ?

პასუხი: დიახ, თუმცა ეს შეიძლება რთული, ძნელი იყოს. ზოგადად, გადასახადი ძნელი უნდა იყოს თქვენთვის და სასარგებლო მუშაობისთვის. მაგრამ ეს ძალზე ზოგადი ახსნაა. ხშირად ვერაფერს განვსაზღვრავთ მანამ, ვიდრე ფაქტებთან არ მივალთ.

ძველი და ახალი ერთდროულად ვერ გვექნება, ადგილი არ ეყოფა, ამიტომ ჯერ ძველისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ეს ჩვეულებრივ საგნებსაც ეხება. თუ ადამიანს ბევრი სურს, მან ბევრი უნდა გასცეს. ხოლო თუ მცირეოდენი სურს, გაცემითაც მცირეს გასცემს. შეადარეთ და გაიგებთ.

კითხვა: მეჩვენება, რომ, შესაძლოა, ადამიანი თავს იტყუებს შეცვლის სურვილთან დაკავშირებით?

პასუხი: საკმაოდ ხშირად. მშვენიერი დაკვირვებაა, რადგან ხშირად ადამიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ შეცვლა სწადია, იმავდროულად კი ყოველი წვრილმანის შენარჩუნება სურს - და სად არის აქ ცვლილება? შეცვლა შეუძლებელია, თუ ადამიანს ყველაფრის შენარჩუნება სურს. შეცვლაზე რომ იფიქროს, ადამიანი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რაზე თქვას უარი.

კითხვა: თავად ჩვენში ხომ არ არსებობს ისეთი რამ, რაც ხელს გვიშლის საკმარისი ძალით გვსურდეს შეცვლა? საკმარისად რომ გვსურდეს, დახმარებას მივიღებდით?

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამგვარად არ ვიტყოდი. თქვენ ყველა შესაძლო დახმარება გაქვთ, ახლა თქვენი ჯერია იმუშაოთ, რაღაც გააკეთოთ. რა თქმა უნდა, სხვა პირობებში, სხვა მომზადებისას, ასევე განსხვავებულ გარემოებებში ამ ყველაფრის ორგანიზება უკეთესადაც შეიძლებოდა. მაგრამ კითხვა არ მდგომარეობს იმაში, რამდენი გვეძლევა, არამედ რამდენს ვიღებთ, რადგან, როგორც წესი, ვიღებთ მხოლოდ მცირე ნაწილს იმისას, რაც გვეძლევა.

კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი საქმეების იმგვარად დაგეგმვა, რომ მუშაობისთვის მეტი დროის დათმობა შევძლოთ?

პასუხი: ვფიქრობ, რომ თითქმის ყველას, ძალზე უკიდურესი გამონაკლისის გარდა, შეუძლია გამოყოს საკმარისი დრო მუშაობაში მონაწილეობისთვის და ამასთან პრაქტიკულად არ შეცვალოს თავისი ცხოვრება და საქმეები.

კითხვა: უმეტესობა ჩვენგანისთვის საკუთარი ცხოვრების დატოვება შეუძლებელია.

პასუხი: არა. მე გითხარით, რომ ადამიანები უნდა ფიქრობდნენ მუშაობის ამ მხარეზე, და უნდა უყურებდნენ პრაქტიკულ მხარეს - რა არის შესაძლებელი და რა - შეუძლებელი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს შემთხვევებში ადამიანებს შეუძლიათ აკეთონ ის, რაც ცხოვრებაში აქვთ გასაკეთებელი, და იმგვარად იცხოვრონ, როგორც სჩვევიათ. ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რაც არ შეიძლება მუშაობად იქცეს, თუ თქვენ საკუთარი თავის გახსენებას ცდილობთ, ცდილობთ არ გაიგივდეთ, გესმოდეთ, რომ ყველაფერი ხდება და ა.შ. გარემოებების შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს; პირიქით, გარემოებების შეცვლა ცუდიცაა, განსაკუთრებით დასაწყისში. მოგვიანებით ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ არა პირველ რიგში.

კითხვა: რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ცხოვრებაში მუშაობის შესაძლებლობად შეიძლება ყველაფერი იქცეს?

პასუხი: ვგულისხმობდი, რომ ნებისმიერი ჩვეულებრივი საქმიანობა ცხოვრებაში შეიძლება მუშაობა იყოს. თუ ადამიანი ცდილობს მუშაობის იდეები გამოიყენოს, მაშინ, თანდათან, რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი მუშაობად იქცევა.

კითხვა: როგორ გამოიყენება ეს სისტემა პრაქტიკულად?

პასუხი: მაგალითად, თვითგახსენების გზით ცნობიერების გაზრდის შესაძლებლობა. ეს დაუყოვნებლივ ხდება პრაქტიკული. და ბევრი სხვაც არსებობს.

კითხვა: თანდათან ვხვდები, რომ მუშაობის უდიდესი ნაწილი, რომლის გაკეთებასაც ვცდილობთ ცხოვრებაში სხვა ადამიანებისთვის, უსარგებლოა. სწორი იქნება თუ არა აზრი, რომ სკოლა ადამიანს ასწავლის გაარჩიოს, რა სამუშაოს შესრულება შეუძლია რეალურად?

პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ სკოლა არ გასწავლით უბრალოდ ადამიანებისთვის მუშაობას, ის სკოლისთვის მუშაობას გასწავლით, და ამ გზით სწავლობთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და როგორ გააკეთოთ ეს. თავდაპირველად საკუთარი თავისთვის მუშაობა უნდა ისწავლოთ, ამის გარეშე ვერაფერს შეძლებთ; საკუთარი თავისთვის სასარგებლო უნდა გახდეთ, უნდა შეიცვალოთ. მეორე, უნდა ისწავლოთ, როგორ გახდეთ სასარგებლო სხვა ადამიანებისთვის სკოლაში, მათ უნდა დაეხმაროთ, შემდეგ კი ისწავლოთ, როგორ დაეხმაროთ სკოლას როგორ მთლიანობას. როგორც აღვნიშნე, მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სამივე ხაზზე მუშაობს, ის სკოლიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს, და ამ გზით სწავლობს, რისი გაკეთება შეუძლია სკოლის გარეთ. ამას გარდა, სკოლაში სწავლობს კოსმოსურ კანონებს და თანდათან ხვდება, ზოგიერთი რამ რატომაა შეუძლებელი.

კითხვა: თუ ჩვენ ყველანი მექანიკურები ვართ, გაუგებარია, რატომ ვცდილობთ რაიმეს კეთებას? თუ სკოლა გვაქვს, რა აზრი აქვს ამას?

პასუხი: შეცვლის შესაძლებლობა რომ არ არსებულიყო, არც სკოლას ექნებოდა აზრი, მაგრამ შესაძლებლობა არის, და აქაა განსხვავებაც. ამ სისტემაში ვიცით, რომ შეუძლებელია „კეთება“, რომ ყველაფერი ხდება, მაგრამ აგრეთვე ვიცით, რომ არსებობს შესაძლებლობა განვავითაროთ ეს „კეთების“ ძალა.

კითხვა: იძენს თუ არა დროთა განმავლობაში მუშაობა საკუთარ ინერციას, თუ ისეთივე რთული რჩება, როგორც აღმართში ურმის ატანა?

პასუხი: ვფიქრობ, ის თანდათან რთულდება, რადგან უფრო და უფრო იტოტება. თქვენ ერთ ხაზზე იწყებთ, შემდეგ კი, გარკვეულ დროში, უკვე სამ ხაზზე მუშაობთ, და ყოველი მათგანი იყოფა და იყოფა და გამუდმებით ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. აქ ინერცია არ არის.
მეორე მხრივ, ადამიანი მეტ ენერგიას იძენს, უფრო ცნობიერი ხდება, და ეს მუშაობას გარკვეული აზრით აადვილებს. მაგრამ, თავისთავად, სამუშაო არ იოლდება.

კითხვა: აუცილებელია თუ არა სკოლისთვის მუშაობა გარკვეული პროგრესის მიღწევამდე?

პასუხი: ამ საკითხის ამგვარად ფორმულირება არ შეიძლება. თუ საკუთარი თავისთვის მუშაობთ და პროგრესს განიცდით, შემდეგ სკოლისთვის მუშაობის შესაძლებლობა ჩნდება, მაგრამ თქვენ თეორიული ვარაუდები არ უნდა დაუშვათ. სწორედ თქვენი ინიციატივაა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პირველ, ასევე მესამე ხაზზე. თქვენ მასალა გეძლევათ, მაგრამ ინიციატივა თქვენი უნდა იყოს. თუმცა მეორე ხაზზე ინიციატივას საერთოდ არ ფლობთ, ან ძალზე მცირედით ფლობთ.

ნება მომეცით გაგიმეოროთ, რაც ადრე გითხარით: თქვენ ეს იდეები მიიღეთ და აქ მოხვედით იმიტომ, რომ სხვა ადამიანები მუშაობდნენ თქვენამდე და მასში საკუთარი დრო და ენერგია ჩადეს. ახლა თქვენ უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის გაზიარება. ვეღარ მიიღებთ იდეებს, თუ პასუხისმგებლობას არ გაიზიარებთ, - ეს სავსებით ბუნებრივია. ამიტომ, თუ დღეს არა, ხვალ ადამიანი ვალდებულია „აკეთოს“. რა აკეთოს? ის უნდა მიხვდეს, რა მოსთხოვოს საკუთარ თავს. ჩვენ სკოლის მეთოდებს ვსწავლობთ, და ეს მათი შესწავლის ერთადერთი გზაა.

კითხვა: მაგალითს ხომ ვერ მოგვიყვანთ, როგორ ხდება პასუხისმგებლობის გაზიარება?

პასუხი: არა. როგორც გითხარით, ეს არის გაგების საკითხი, თუ რა არის სასარგებლო და აუცილებელი. შემდეგ, ესაა საკითხი ხედვისა, რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ახლა არა, შესაძლოა, მოგვიანებით. ეს ვერ იქნება დანიშნულების ფორმით მოცემული.

კითხვა: განა სწორი არაა, რომ საკუთარი სარგებლისთვის ადამიანმა საფასური უნდა გაიღოს, რომელიც რთულია?

პასუხი: დიახ, მაგრამ ის თქვენ უნდა იპოვოთ. საფასური, გადასახადი - არაა უბრალოდ თქვენთვის რთული რაღაცის კეთება, კიდევ ვინმესთვის რაიმე სარგებლის გარეშე.

კითხვა: უნდა ვერიდოთ თუ არა მუშაობის შესახებ შეხედულებას მხოლოდ ჩვენი განსაკუთრებული უნარების თვალთახედვით?

პასუხი: ბუნებრივია, თავდაპირველად ყველამ საკუთარი შესაძლებლობების თვალსაზრისით უნდა შეხედოს. მაგრამ დავუშვათ, მისი უნარები სასარგებლო არაა - ამ შემთხვევაში მან ახლები - სასარგებლოები - უნდა იპოვოს. ადამიანები ხშირად მეკითხებიან: როგორ ვისწავლოთ „კეთება“? მუშაობით, ყველაფრის კეთებით, რაც კი შესაძლებელია მუშაობის სამ ხაზთან დაკავშირებით. ხშირად ჩვენ „კეთება“ არ შეგვიძლია, რადგან საკუთარი ძალები არ ვიცით. ამას გარდა, გარკვეული დისციპლინის ჩვევა არ გაგვაჩნია, რაც მუშაობისასაა აუცილებელი. ყველაფრის სწავლა შეიძლება, მაგრამ ეს ინიციატივასა და გაგებას მოითხოვს, გაგება კი ძალისხმევას, მუშაობას ნიშნავს.

კითხვა: ვფიქრობ, მუშაობისგან მეტი მივიღე, ვიდრე თავად გავეცი. მაგრამ არაფერი მაქვს მისაცემი.

პასუხი: აქედან პრობლემას არ შევქმნიდი. ყოველთვის მოგვეპოვება გასაცემი, და ყოველთვის არსებობს ის, რისი სწავლაც შეგვიძლია. მანამ დაინტერესებული ხართ და იღებთ, გადახდის საშუალებაც გაქვთ. გადახდის შესაძლებლობას მაშინ კარგავთ, როდესაც არაფერს იღებთ.

კითხვა: ვგრძნობ, რომ მესამე ხაზზე ჩვენი მუშაობის ეს ნაწილი - არის ის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ გავხდეთ ადამიანები №4.

პასუხი: ეს არაა მუშაობის მესამე ხაზი. თქვენ ამას საკუთარი თავისთვის აკეთებთ, სხვაგვარად არ შეგიძლიათ გაკეთება. სამივე ხაზი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ მესამე ხაზი - ეს ისაა, რასაც თქვენ უშუალოდ სკოლისთვის აკეთებთ, ისეთი, როგორიც ხართ, და არ ელოდებით, როდის გახდებით ადამიანი №4.

კითხვა: მაგრამ მეჩვენება, რომ, ვიდრე ყოფიერების უფრო მაღალ დონეს არ მივაღწევთ, არ გვექნება ის გაგება, რომელზეც საუბრობდით.

პასუხი: არა, თქვენ ცდებით. თუ ყოფიერების სხვა დონეში სიმძიმის ცენტრის არსებობას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში მართალი ხართ, მაგრამ თუ გულისხმობთ ცნობიერების სხვა მდგომარეობას, ცდებით, რადგან, თუ ლოდინს დაიწყებთ, როდის გაგიჩნდებათ ცნობიერების სხვა მდგომარეობა, ვერაფერს მიიღებთ. ამიტომ, თქვენს კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ ყოფიერების ცვლილების ქვეშ. ცრუ პიროვნებასთან ბრძოლა ასევე აუცილებელია, ცრუ პიროვნების გამო ჩვენ ვერაფერს ვპოულობთ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არა უმეტესი.

კითხვა: ხომ ვერ გაგვიმეორებდით კიდევ ერთხელ სიმძიმის ცენტრის დამახასიათებელ ნიშნებს?

პასუხი: მუდმივი სიმძიმის ცენტრი მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეულ მომენტში მოდის, როდესაც ადამიანი უკვე დარწმუნებულია საკუთარ საქმიანობაში, სისტემაში, და როდესაც ეს სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ეს ცხოვრებაში მთავარ ადგილს იკავებს. მუდმივი სიმძიმის ცენტრი სწორედ ამ მომენტში დგება. მაგრამ როდესაც ადამიანი სისტემის იდეებით ინტერესდება, და ამასთან ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი სხვა რამ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი გახდეს მისთვის, ეს ნიშნავს, რომ მას სიმძიმის ცენტრი არ გააჩნია.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა მუშაობის სამ ხაზს შევხედოთ როგორც სამ სხვადასხვა ძალას, რომლებიც ტრიადას ქმნიან?

პასუხი: დიახ, გარკვეული აზრით, მაგრამ ისინი განუწყვეტლივ იცვლებიან. ერთი დღესაა აქტიური, მაგრამ გუშინ პასიური იყო და ხვალ გამანეიტრალებელი გახდება. ისინი მოვალეობებშიც განსხვავდებიან.

როგორც ბევრი სხვა რამ, მუშაობის ეს სამი ხაზი სიტყვებით არ გადმოიცემა. ამასთან, იდეა ძალზე ცხადია. იმ მომენტში, როდესაც ამას გაიგებთ, საკუთარ თავს ჰკითხავთ: „რად მინდოდა განსაზღვრებები? ეს ხომ სიტყვების გარეშეც სრულიად ნათელია“. თქვენ ყველაფრის გახსენება უნდა სცადოთ, რაც ამ საკითხზე ითქვა, რადგან უკვე ძალიან ბევრია ნათქვამი. მაგალითად, გაიხსენეთ საუბარი ციხის შესახებ.

მახსენდება მრავალი წლის წინ გურჯიევთან საუბარი. მან ძალზე მარტივი ფორმით გადმოსცა ეს. მან თქვა: „ადამიანი შეიძლება სასარგებლო იყოს საკუთარი თავისთვის; ადამიანი შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ადამიანებისთვის; ადამიანი შეიძლება სასარგებლო იყოს ჩემთვის“. ის სკოლას წარმოადგენდა. ესაა მუშაობის სამი ხაზის აღწერა. და მან დაამატა: „თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა სასარგებლო და არ შეუძლია სასარგებლო იყოს ჩემთვის ან სხვა ადამიანებისთვის, ეს დიდხანს არ გაგრძელდება“.

კითხვა: მაგრამ საკუთარი თავისთვის სასარგებლო ადამიანი სხვებისთვისაც ავტომატურად ხდება სასარგებლო?

პასუხი: არა, ეს კავშირში არაა. მხოლოდ დავიწყება ხდება ავტომატურად, არაფერი კარგი ავტომატურად არ ხდება. სავსებით სწორია თქვენთვის გსურდეთ საგნების მიღება, მაგრამ თუ მხოლოდ ამის შესახებ ფიქრობთ, საკუთარ თავს ზღუდავთ. ადამიანს საკუთარი თავის შესწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება, ამიტომ მას სხვა ხაზების შესასწავლად დრო აქვს. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, თუ ის ამ იდეას არ აღიარებს და მხოლოდ პირველ ხაზს ებღაუჭება, ის ფეხქვეშ საფუძველს კარგავს.

კითხვა: სავარაუდოდ, მოცემულ მომენტში ჩვენთვის მესამე ხაზი ჯერ კიდევ მიუწვდომელია?

პასუხი: არა, მხოლოდ გაგებაა აუცილებელი. ისევ და ისევ, ერთი ადამიანი შეიძლება ერთ მდგომარეობაში იყოს, მეორე - სხვა მდგომარეობაში, ამიტომ ამასთან დაკავშირებით საერთო კანონები არ არსებობს. მაგალითად მე მესამე ხაზიდან დავიწყე, სანამ პირველზე და მეორეზე დავიწყებდი რაიმეს გაკეთებას.

კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე სახის ორგანიზაცია, რათა ადამიანებს მესამე ხაზზე მუშაობაში დაეხმაროს?

პასუხი: დიახ, არსებობს. მაგრამ ორგანიზაციას თავისთავად დახმარება არ შეუძლია, რადგან ყოველი ხაზი გარკვეულ მიმართებებს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციას მიმართების ჩანაცვლება არ ძალუძს, მაგრამ იმავდროულად ის ზოგი საკითხის გასაგებადაა აუცილებელი. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მუშაობაში - დისციპლინის გაგებაა. თუ ადამიანს დისციპლინის იდეა ესმის, ის თვითნებობის წინააღმდეგ მუშაობის შესაძლებლობას პოულობს. თუ არ ესმის, იფიქრებს, რომ მუშაობს, სინამდვილეში კი ეს არა მუშაობა, არამედ თვითნებობა იქნება.

დისციპლინის შესწავლა მუშაობის მეორე ხაზთანაა დაკავშირებული. სკოლის დისციპლინის გაგების გარეშე ადამიანს შინაგანი დისციპლინა არ გააჩნია. არიან ადამიანები, რომელთაც მუშაობაში წარმატების მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ მარცხს განიცდიან, რადგან დისციპლინა აკლიათ. თუმცაღა, ყოფიერების შეცვლა მხოლოდ სკოლის მუშაობით და დისციპლინითაა შესაძლებელი. დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანს ის უნდა ქონდეს, შემდეგ კი მუშაობას თავადაც გააგრძელებს. დისციპლინა წესებთანაა დაკავშირებული. წესები - პირობებია, რომლითაც ადამიანებს სკოლაში იღებენ და იქ ცოდნას იძენენ. ამ წესების ანუ პირობების დაცვა - მათი პირველი გადასახადი და პირველი გამოცდაა.

ნებისმიერ სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხთაგანია - წესების იდეა. თუ წესები არ არსებობს - არც სკოლა არსებობს. სკოლის იმიტაციასაც კი არ შეუძლია წესების გარეშე არსებობა. თუ ეს სკოლის იმიტაციაა, იქ წესების იმიტაცია იქნება, მაგრამ რაღაც წესები აუცილებლად უნდა იყოს. სკოლის ერთ-ერთი განსაზღვრების მიხედვით, სკოლა არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გარკვეულ წესებს აღიარებენ და მიჰყვებიან. წესები არა სიმყუდროვისთვისა და კომფორტისთვის, არამედ დაბრკოლებისა და დისკომფორტისთვისაა განკუთვნილი, და ამ გზით თვითგახსენებას ეხმარებიან.

თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ყველა წესი თვითგახსენებისთვის არსებობს, თუმცა მათ თავისთავად მიზანი გააჩნიათ. წესების არარსებობის და მათი მნიშვნელობის ვერ გაგების შემთხვევაში, მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ შემდეგი: სინამდვილეში მხოლოდ ერთი წესი არსებობს, ან, უკეთ თუ ვიტყვით, ერთი პრინციპი - ადამიანმა არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთოს. ახლა შეეცადეთ, ეს გაიგოთ. რატომ არ ძალგვიძს „ვაკეთოთ“ სწორი აზრით? იმიტომ, რომ ჩვენ ძალზე ხშირად ამაოდ ვირჯებით. ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ასობით უსარგებლო საქმეს ვაკეთებთ, ამ მიზეზით „კეთება“ არ შეგვიძლია და თავდაპირველად ფუჭი ქმედებებისგან გათავისუფლება უნდა ვისწავლოთ. თავიდან უნდა ისწავლოთ არ გქონდეთ ფუჭი ქმედებები მუშაობასთან მიმართებით, მოგვიანებით კი საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებითაც. ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ესაა განსწავლის ერთადერთი გზა. ეს უნდა გააკეთოთ, ის არ უნდა გააკეთოთ - ეს ყველაფერი დეტალებია, წესი კი მხოლოდ ერთია. მანამ, სანამ ამ ძირითად წესს გაიაზრებდეთ, თქვენ სხვა მოცემული წესებით უნდა იხელმძღვანელოთ.
წესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რადგან ადამიანები მოსვლისას არც ერთმანეთს იცნობენ და არც ცოდნა გააჩნიათ, ამიტომ გარკვეული წესები უნდა იყოს დადგენილი. მაგალითად, ერთ-ერთი წესის მიხედვით, ახალმოსულებმა ლექციებზე მოსმენილის შესახებ ჯგუფის გარეთ არ უნდა ისაუბრონ. მათთვის ამ წესის მნიშვნელობა გასაგები მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც ასეთი საუბრები მათ წინააღმდეგ შებრუნდება, როდესაც მეგობრები დაჟინებით მოითხოვენ მათგან ამ თემაზე საუბარს, მათ კი ერთი სიტყვის თქმაც აღარ სურთ. ეს წესი ადამიანებს ტყუილის თქმისგან იცავს, რადგან მათთვის უცნობ საკითხზე საუბრისას მათ, ბუნებრივია, ტყუილის თქმა უწევთ. ამიტომ, ერთი ან ორი ლექციის მოსმენის შემდეგ თუ ადამიანები მოსმენილის გადმოცემას და მასზე თავიანთი აზრის გამოთქმას იწყებენ, ფაქტობრივად ისინი იტყუებიან. ადამიანთა უმეტესობა საკმაოდ მოუთმენელია, ისინი საკუთარ თავს საკმარის დროს არ აძლევენ, დასკვნებს ძალზე უცებ აკეთებენ და ამიტომ ტყუილის თქმა უწევთ.

მაგრამ ამ წესის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ეს სკოლის მუშაობის პრინციპია - ადამიანებს იდეები მხოლოდ გარკვეული პირობებით მისცეს, რაც მათ დამახინჯებისგან დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მეორე დღესვე დაამახინჯებენ: საკმაო გამოცდილება გვაქვს ამ საკითხში. იდეების დაცვა დამახინჯებისგან ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანები და იდეები არ კვდებიან. ცხოვრებაში ადამიანებიც და იდეებიც კვდებიან - უცებ არა, ნელნელა, მაგრამ კვდებიან.

ამ წესის მეორე მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტესტი, ნების, მახსოვრობისა და გაგების ვარჯიშია. თქვენ აქ განსაზღვრული პირობებით მოდიხართ; პირველი პირობაა - არ ილაპარაკოთ და ყოველთვის გახსოვდეთ ეს. ეს ძალზე ეხმარება თვითგახსენებას, რადგან ეს ყველა ჩვეულებრივი ჩვევის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თქვენი ჩვეულებრივი ჩვევა - განურჩევლად ლაპარაკია. მაგრამ ამ იდეებთან მიმართებით თქვენ უნდა განარჩევდეთ.

კითხვა: ჩანს, სკოლაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. ხომ არ წარმოადგენს ამ წესის აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზს ის, რომ ლაპარაკი ახალ ფაქტორს წარმოშობდა, რომლის შედეგიც განუსაზღვრელია?

პასუხი: რა თქმა უნდა. ადამიანებმა რომ წესების გარეშე იცოდნენ, რა უნდა აკეთონ, წესების საჭიროება არ იქნებოდა. იმავდროულად ეს თავისებური აღზრდაცაა, რადგან წესებისადმი მორჩილების გზით ადამიანები რაღაცას საკუთარ თავში აცნობიერებენ. წესები რომ არ ყოფილიყო, წინაღობა ძალზე მცირე იქნებოდა.

კითხვა: როგორც ვხვდები, წესების მთავარი მიზანი - მექანიკურობის განადგურებაა?

პასუხი: ყოველ წესს ბევრი მიზანი აქვს, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ წესებისგან ელოდოთ რაიმეს. ისინი საერთო მუშაობის მხოლოდ ნაწილია, მხოლოდ დახმარებაა.

კითხვა: შეუძლებლად მეჩვენება მეგობრების დასახმარებლად იმ ცოდნის არგამოყენება, რომელიც უკვე შევიძინეთ.

პასუხი: მისი გამოყენება ჯერ არ შეიძლება, რადგან თუ რაიმეს გაკეთებას ეცდებით იმ რაოდენობის ცოდნით, რაც გაქვთ, თქვენ მას დაამახინჯებთ. აუცილებელია მეტ ცოდნას ფლობდეთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ განსაჯოთ, ძალგიძთ რაიმეს გაკეთება მოცემულ შემთხვევაში თუ არა, მისცემთ რაიმეს სხვა ადამიანს თუ არა. ამჟამად თქვენ ეს არ ძალგიძთ.

ამას გარდა, ამ სისტემაში ყველაფერი ან სრულად უნდა ახსნათ, ან საერთოდ არ შეეხოთ, ხოლო რომ ახსნათ ერთი საკითხი, აუცილებლად უნდა ახსნათ მეორე. სირთულე სწორედ ესაა. მიმიხვდით, რას ვგულისხმობ? ჩვენთვის ბევრი რამ ფაქტებს წარმოადგენს, ან, მინიმუმ, უნდა იყოს ფაქტები. თუ თქვენ მათ შესახებ იმ ადამიანებს ესაუბრებით, რომელთაც შესწავლის ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ არ გაუვლიათ, მათთვის ეს დაახლოებით რწმენის მაგვარი იქნება. ისინი ან იწამებენ, ან არ იწამებენ, ხოლო რადგან ეს საკითხები ძირითადად ჩვეულებრივი იდეების საწინააღმდეგოა, მათთვის უფრო მარტივია, არ იწამონ ისინი. ჰოდა, რატომ გავამრავლოთ ურწმუნონი? შეუძლებელია ამ იდეების საკმარისად ნათლად ისეთი ადამიანებისთვის გადაცემა, რომლებიც მათ არ სწავლობენ.

კითხვა: რთულია ნებისმიერ საკითხზე აქ მოსმენილის ზეგავლენის გარეშე მსჯელობა.

პასუხი: მანამ, სანამ არ გაადვილდება, არაფრის კეთება არ უნდა დაიწყოთ; ყველაფერი საუბრებად იქცევა და ასეთივე საუბრებად დარჩება. როდესაც დუმილს მოახერხებთ, სათქმელს თქვენთვის შეინახავთ, მხოლოდ შემდეგ შეძლებთ მეტი ცოდნის ან მასალის დაგროვებას. თუ გაბერილ ბუშტს გახვრეტთ, ის ჰაერისგან დაიცლება. თუ საკუთარ თავს გახვრეტთ, რაღაცისგან თქვენც დაიცლებით. წესების დაცვა რთულია, რადგან წესების დაცვით და მათდამი მორჩილებით თქვენ ცნობიერ ენერგიას აგროვებთ. ესაა მთავარი, რისთვისაც წესებია დადგენილი.

წესების აღწერა ან მათი კატალოგში თავმოყრა შეუძლებელია, მაგრამ წესების გაგება შეიძლება. ამას გარდა, ემოციური განვითარება დისციპლინას მოითხოვს. ისე არაფერი ავითარებს ემოციურ ცენტრს, როგორც თვითნებობაზე უარის თქმა. წესები ქცევის იდეასთანაა დაკავშირებული. როდესაც ჩვენ №5 ადამიანები გავხდებით, ჩვენი ქცევა ახლანდელთან შედარებით სრულყოფილი გახდება. მაგრამ ჩვენ არ ვართ №5 ადამიანები, ამიტომ წესები გვჭირდება. თუ წესები გვახსოვს, გვესმის და ვემორჩილებით მათ, ჩვენი ქცევა თანმიმდევრული იქნება, გარკვეულ მიმართულებას შეიძენს; ეს უკვე აღარ იქნება №1, 2 და 3 ადამიანების ცვალებადი ქცევა.

ყველა გზა დისციპლინას მოითხოვს. ამით აიხსნება, რატომაა შეუძლებელი ადამიანისთვის მარტო მუშაობა. ადამიანს დისციპლინის შექმნა დამოუკიდებლად არ ხელეწიფება. თუ ადამიანს ესმის სამუშაო, ამ შემთხვევაში დისციპლინა იღებს ფორმას, რომელსაც ის თავად არ ირჩევს, არამედ მუშაობს მითითებების შესაბამისად. დიდი დროა საჭირო ნების შესაძენად, რადგან მანამდე თვითნებობა უნდა დაიძლიოს. იქამდე კი სხვა ნებაა აუცილებელი - სკოლის, ორგანიზაციის ნება.

კითხვა: არ მესმის, რატომ მიეკუთვნება წესები მეორე ხაზს, და არა მესამე ხაზს?

პასუხი: დაფიქრდით. პირველ და მესამე ხაზებზე წესები ვერ იარსებებს; იქ ყველაფერი უნდა აკეთოთ, რაც შეგიძლიათ, იქ ინიციატივაა აუცილებელი, მუშაობა თავისუფალი უნდა იყოს. დისციპლინა მეორე ხაზზეა საჭირო.

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია მეორე ხაზზე - საკუთარი თავისთვის სარგებელი თუ სხვა ადამიანებისთვის სარგებელი?

პასუხი: კითხვა ამგვარად არ უნდა დაისვას. მეორე ხაზზე თქვენ საკუთარი ინტერესების, სიმპატიების და ანტიპატიების დავიწყება უნდა შეგეძლოთ.

კითხვა: კითხვები, რომელსაც ადამიანები ლექციებზე სვამენ და რომლებიც სხვა ადამიანებისთვის სასარგებლოა - ეს მუშაობის მეორე ხაზია?

პასუხი: არა, მუშაობა - სხვა რამაა. აუცილებელია გესმოდეთ, რას ნიშნავს სიტყვა „მუშაობა“ სისტემის აზრით. ის მსგავს შემთხვევებს არ ნიშნავს - რომ ვიღაცის კითხვამ შემთხვევით კარგი შედეგი გამოიღო. მუშაობა ყოველთვის ძალისხმევის ხაზს ნიშნავს, რომელსაც გარკვეულ მიზნამდე მივყავართ. არა ერთი ძალისხმევა. ერთი ძალისხმევა მუშაობას არ ნიშნავს, არამედ ძალისხმევათა თანმიმდევრული ხაზი, ძალისხმევათა უწყვეტი ხაზი, მხოლოდ ეს იქცევა მუშაობად.

კითხვა: თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ეხმარება, იქნება თუ არა ეს მეორე ხაზი?

პასუხი: არა, როგორც აგიხსენით, მეორე ხაზზე ინიციატივას ადგილი არ აქვს. მაგრამ მისთვის გარკვეული მომზადება აუცილებელია: ადამიანს უნდა ესმოდეს სხვა ადამიანებთან მუშაობის აუცილებლობა. როდესაც მიხვდებით, რომ მარტოდმარტო მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მხოლოდ ამ სხვა ადამიანების წყალობით შეგიძლიათ მუშაობა, ეს იქნება გაგება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იქნება მეორე ხაზი. თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ადამიანები, რომელთაც აქ ხვდებით, ისევე აუცილებელია თქვენთვის, როგორც თავად სისტემა. ეს დასაწყისია.

კითხვა: თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ხაზი, რომელიც ადამიანს ფუჭ მოქმედებებს თავიდან ააცილებდა?

პასუხი: არა რომელიმე განსაკუთრებული ხაზი - არამედ ყველა ხაზი, რომლებიც აგიხსენით. უნდა შეგეძლოთ დაინახოთ შესაძლებელი. ბევრი რჩევა გეძლევათ, და ერთ დღეს შეგიძლიათ ერთ ხაზზე იმუშაოთ უკეთესად, მეორე დღე - მეორე ხაზზე; არავითარი სპეციალური ხაზი არ არსებობს ყველა დღისთვის, მთელი დროისთვის. ასევე არის თვითგახსენება, და ის ყველაფერი, რაც უკვე ვისაუბრეთ გაიგივების, გათვალისწინების, უარყოფითი ემოციების, სისტემის შესწავლის და ა.შ. შესახებ. თქვენ არასდროს იცით, რა უფრო სასარგებლოა მოცემულ მომენტში, რადგან ერთ მომენტში ერთი ეხმარება და მეორეში - სხვა.

კითხვა: მოიცავს თუ არა ეს სისტემა თავის თავში საკუთარი თავის უარყოფას?

პასუხი: ჩვეულებრივი გაგებით არა. მეოთხე გზაზე მხოლოდ განსაკუთრებული სახის უარყოფაა აუცილებელი, მუშაობის გარკვეულ სახეობებში, ზოგ გამორჩეულ სიტუაციაში. მაგალითად, როგორც გითხარით, სკოლაში მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებებზე უნდა თქვათ უარი. ეს შესაძლო დისციპლინის მაგალითია. და ადამიანს უნდა ახსოვდეს, რატომ აკეთებს ამას და რას აკეთებს. მაგალითად, რაც შეეხება წესებს, მან უარი უნდა თქვას საკუთარი მსჯელობის მნიშვნელოვან ნაწილზე და უბრალოდ ახსოვდეს ისინი. რადგან მან უნდა გაიაზროს, რომ არასაკმარისად ესმის. როდესაც მას ესმის, წესების დამახსოვრების აუცილებლობა ქრება. ანუ თქვენ ხედავთ, რომ უარის თქმა ბრმა მსხვერპლს არ ნიშნავს, და ის მხოლოდ სკოლაში მუშაობასთან კავშირშია აუცილებელი, სხვა მუშაობას ის არ ეხება.

გიმეორებთ: ნების შეძენისკენ გზა - ესაა დაუქვემდებარო საკუთარი თავი გარკვეულ დისციპლინას და არ ეცადო გაქცევას. ადამიანები მუშაობისას იგივე მეთოდებს იყენებენ, რასაც ცხოვრებაში, - ისინი ადაპტირდებიან. ისინი ცდილობენ მუშაობა მოსახერხებელი გახადონ, ან, სულ მცირე, რაც შეიძლება ნაკლებად მოუხერხებელი, და ამგვარად კარგავენ იმას, რისი მოცემაც მუშაობას შეუძლია.

კითხვა: ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ დაიშვება მუშაობაში ადაპტირება?

პასუხი: მუშაობასთან ადაპტირება დაუშვებელია, თქვენ სინამდვილეში უნდა მუშაობდეთ. ადაპტირება ცხოვრების გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ მუშაობაში ის ყოველთვის მცდარია. ადაპტირება - არასაიმედო მეთოდია. თქვენ ერთ მდგომარეობასთან ან გარემოებათა გარკვეულ რიგთან ადაპტირდებით, შემდეგ ისინი იცვლება, და თქვენი ადაპტირებაც ქრება. უკეთესი მეთოდი უნდა იპოვოთ, რადგან არასდროს იცით, რა მოხდება შემდეგ წამს. მაგალითად, საკუთარ ოთახში მყოფმა გადაწყვიტეთ არ გაღიზიანდეთ, ამ დროს მოულოდნელად რაღაც ხდება, და თქვენ ღიზიანდებით მანამ, ვიდრე ამას გააცნობიერებდეთ.

კითხვა: როგორ გავხადოთ ეს მუშაობა უფრო რეალური? ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ის არაა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო.

პასუხი: ეს ისაა, რაც არის, იმიტომ რომ თქვენ ის არ ხართ, რაც შეიძლებოდა ყოფილიყავით. მუშაობაში გარკვეული პრინციპი არსებობს - დრო დათვლილია. თითოეულს გარკვეული მოთხოვნები წარედგინება. თუ თქვენ ერთი თვეა, რაც მუშაობთ, მოთხოვნები მცირეა; მომდევნო თვეში ისინი მატულობს, ექვს თვეში უფრო მატულობს, ერთი წლის შემდეგ კიდევ და კიდევ. თუ ადამიანი ამ მოთხოვნებს არ პასუხობს, გადასახადი უზარმაზარი ხდება. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პირველი თვის დონეზე ყოფნის ნება აქვს მუშაობაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ის გადასახადს ვეღარ იხდის. გადასახადი, პირველ რიგში, მოთხოვნებზე პასუხის გაცემის უნარს ნიშნავს. მოთხოვნები გამუდმებით იზრდება, და თუ ჩამორჩით, თქვენ ვერაფერს დაინახავთ სინამდვილეში მათი ჭეშმარიტი დონის შესაბამისად, რადგან თავად არ ხართ სათანადო დონეზე. მაგრამ თუ მუშაობთ, თუ იზრდებით, თქვენ მიაღწევთ მოთხოვნილ დონეს. მე გიჩვენებთ, რომელი მხრიდან უნდა შეხედოთ საკითხს. ორგანიზაციაში ბევრი რამაა აუცილებელი, პირველ რიგში გაგება და ძალისხმევა.

კითხვა: ვგონებ, რომ, თუკი მოთხოვნებს ვპასუხობთ, ზოგიერთ რამეზე უარის თქმა მოგვიწევს, მაგრამ რაზე, განსაზღვრა მიჭირს.

პასუხი: არ ინერვიულოთ. როდესაც რაიმეზე უარის თქმაა საჭირო, ეს სრულიად ცხადი ხდება. თუ თავად ვერ იგებთ, რაზე უნდა თქვათ უარი, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ფიქრის დრო ჯერ არ დამდგარა. ინტელექტუალური აზროვნება ამ შემთხვევაში სრულიად უსარგებლოა, რადგან, როდესაც რაიმეზე უარია სათქმელი, ეს გამოცანის ფორმით არასდროს მოგეწოდებათ. შესაძლოა, რომელიღაც მომენტში საკუთარ თავში განსაკუთრებულ უარყოფით ემოციებს აღმოაჩენთ და გააცნობიერებთ, რომ მათი შენარჩუნების შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებთ. ან ეს შეიძლება იყოს გარკვეული სახის წარმოსახვა, ან რამე მსგავსი. ეს ყოველთვის ამგვარად იწყება.

კითხვა: პარადოქსული ჩანს, რომ ჩვენ ვცდილობთ კანონებისგან გავთავისუფლდეთ და ამასთან კიდევ უფრო მეტ კანონს ვემორჩილებით.

პასუხი: რათა გავთავისუფლდეთ, გარკვეული დროით აუცილებელია გაცილებით მეტ კანონს დავემორჩილოთ, რადგან თავისუფლების სწავლა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალზე ლმობიერნი ვართ: დავისახავთ მიზანს და ცოტა ხანში უკვე თავს ვიმართლებთ. ამას გარდა, თავსაც საკმაოდ ხშირად ვიტყუებთ.

ამიტომ, როგორც გითხარით, თუ ადამიანებს სწავლის გაგრძელება სურთ, მათ გარკვეული პირობები უნდა მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ სწავლება პრაქტიკული უნდა გახდეს. თუ ადამიანები მუშაობას საკმაოდ სერიოზულად არ მიუდგებიან, ისინი მხოლოდ დროს დაკარგავენ. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, მეც შემიძლია ლექციების კითხვა შევწყვიტო, ამიტომ ვალდებულება არც ერთ მხარეს არ ამძიმებს. მე სხვა სამუშაო მაქვს, მაგრამ ჩემთვის აუცილებელია, საკუთარი დრო გავიღო მსხვერპლად, რადგან ეს ერთადერთი გზაა სკოლის დასაარსებლად. როდესაც შევძლებ ვთქვა: „ხვალ რომ მოვკვდე, მუშაობა მაინც გაგრძელდება“, ეს იქნება სწორედ სკოლის დაარსების ნიშანი. ხოლო თუ ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, ნიშნავს, რომ სკოლა საკმარისად ძლიერი არაა.

კითხვა: აჯობებს სკოლაში მხოლოდ საკუთარი თავი შევისწავლოთ და არა სხვები, ასეა?

პასუხი: არა, სხვა ადამიანების, და არა მხოლოდ მათი, შესწავლაც აუცილებელია.

კითხვა: უფრო ადვილია თუ არა იყო ობიექტური სხვების მიმართ, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ?

პასუხი: არა, უფრო რთულია. თუ საკუთარი თავის მიმართ ობიექტური გახდებით, სხვა ადამიანების დანახვასაც ობიექტურად შეძლებთ, მაგრამ არა უადრეს, რადგან მანამდე ეს თქვენი საკუთარი შეხედულებებით, მიმართებებით, გემოვნებით, იმით, რაც მოგწონთ ან რაც არ მოგწონთ, იქნება შეფერადებული. იმისთვის, რომ ობიექტური იყოთ, ამ ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდეთ. საკუთარი თავის მიმართ ობიექტური მხოლოდ თვითცნობიერების მდგომარეობაში შეიძლება გახდეთ: ეს რეალურ ობიექტთან შეხების პირველი გამოცდილებაა.

კითხვა: სწავლობს თუ არა ადამიანი დროთა განმავლობაში ბიძგების თავად გაკეთებას, რათა ისე იმუშაოს, როგორც საჭიროა?

პასუხი: თუ სამივე ხაზზე მუშაობთ, ერთი ხაზი მეორეს უბიძგებს. როდესაც მიხვდებით - არა თეორიულად, არამედ ემპირიულად - როგორ ეხმარება ერთი ხაზი მეორეს, თქვენ გაიგებთ.

კითხვა: მხედველობაში მქონდა, რომ თუ ადამიანს საჩქაროდ ესაჭიროება ენერგია რაღაც განსაკუთრებული მიზნისთვის, როგორ შეუძლია ის მიიღოს? ბიძგის საშუალებით?

პასუხი: კარგი ბიძგი უცებ ქმნის ენერგიას. თუმცა, ბიძგები სამი სახისაა: შეიძლება სხვამ გიბიძგოთ, თავად უბიძგოთ საკუთარ თავს ან ის შეიძლება შემთხვევით მოხდეს. სხვას არაფერს ძალუძს ენერგიის უცებ შექმნა. კარგ ბიძგს შეუძლია საკუთარი თავის გახსენება და ბიძგის დამახსოვრება გაიძულოთ. ის შეიძლება იმდენად კარგი აღმოჩნდეს, რომ მისი დავიწყება გარკვეული ხნის განმავლობაში ვერ მოახერხოთ; ეს უფრო ემოციურს გაგხდით, ხოლო ემოციური ცენტრი კი ენერგიას გამოიმუშავებს.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ შემთხვევითი ბიძგები არსებობს?

პასუხი: შემთხვევითი ბიძგების გათვალისწინება არ ხდება. მოვლენები ხდება; ადამიანები ფულს ქუჩაში პოულობენ, მაგრამ ამის იმედად ვერ იქნებით. როდესაც „ბიძგის მიცემაზე“ ვსაუბრობთ, ცნობიერ ბიძგებს ვგულისხმობთ.

უნდა გვესმოდეს, როგორ ხდება მოვლენები. ჩვენ რაიმეს კეთებას ვიწყებთ, შემდეგ კი ინტერვალთან მივდივართ ისე, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს ინტერვალების არსებობის და მათი შესაძლებლობების შესახებ. ასეთია ჩვენი სიტუაცია. მანამ, სანამ მიზნების ქონის და მათი მიღწევის შესაძლებლობა გვექნება, უნდა გავიაზროთ, რამდენად შორსაა ის ჩვენგან, და ინტერვალები მოცემულ მაგალითებზე უნდა შევისწავლოთ, მაგალითად როგორიცაა საკვების დიაგრამა. ამ ინტერვალების და ორი ცნობიერი ბიძგის შესწავლის შედეგად, რომლებიც უკვე აგიხსენით, როდესაც შევისწავლით, როგორ შევქმნათ ისინი, მაგრამ არა უადრეს, სულ სხვა სახის ბიძგის შესაძლებლობასთან მივდივართ. არსებითად, ჩვენ რომ საჭირო ძალის აუცილებელი რაოდენობის ბიძგების შექმნა შეგვეძლოს, პრაქტიკულად არაფერი დარჩებოდა, რის მიღწევასაც ვერ შევძლებდით. ერთადერთი, რაც გვესაჭიროება, ბიძგებია, მაგრამ ჩვენ მათი შექმნა არ ძალგვიძს. მათზე ფიქრის დროსაც კი, არ ვართ საკუთარ თავში სათანადოდ დარწმუნებული, არ ვენდობით საკუთარ თავს, არ ვიცით დანამდვილებით, გამოიწვევს თუ არა ესა თუ ის ბიძგი სასურველ ეფექტს. აი რატომ მოიცავს ორგანიზებული მუშაობა საკუთარ თავში ბევრ ბიძგს, ანუ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ იმდენად ღრმად გვძინავს, რომ ვერანაირი ბიძგები ვერ გვაღვიძებს - მათ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ.

კითხვა: ეძლევა თუ არა ადამიანს მოქმედებებში არჩევანი საკუთარი მექანიკურობის გაცნობიერების შედეგად, თუ ის ნების გაჩენას უნდა დაელოდოს?

პასუხი: ვიტყოდი, რომ არჩევანის საშუალება ეძლევა. ამავე დროს, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ გაცნობიერებასთან ერთად შესაძლებლობა და ძალა თავისთავად მოდის. ადამიანმა შეიძლება იცოდეს და არაფრის გაკეთება არ შეეძლოს. ესაა ყველაზე რთული და უსიამოვნო სიტუაცია, როდესაც ადამიანი ხედავს საგნებსა თუ მოვლენებს და ვერაფერს აკეთებს. აი რატომაა ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი, საერთოდ არ შეუდგეთ მუშაობას, თუ ბოლომდე მუშაობისთვის მზად არ ხართ. სხვაგვარად, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებით.

არჩევანის იდეა - წინააღმდეგობრივი იდეაა. ერთი თვალთახედვით არჩევანი არ არსებობს, მეორე თვალთახედვით - არსებობს, მესამეთი კვლავ არ არსებობს, და ყველა ისინი სწორია. ეს ძალზე რთული იდეაა. მაგალითად, მუშაობაში არჩევანი არის, მაგრამ მუშაობა გარეგან ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. მოვლენები შეიძლება იმდენად გაფუჭდეს, რომ არანაირი არჩევანი არ იყოს, შემდეგ კი, შეიძლება, არჩევანის მომენტი აღმოცენდეს, მაგრამ თუ ის გავუშვით, ვკარგავთ მას.

კითხვა: თუ არსებობს რაიმე მეთოდი არჩევანის ასეთი მომენტების ამოსაცნობად?

პასუხი: მხოლოდ და მხოლოდ მუშაობაში ამ მომენტების მოძებნის მცდელობით, რადგან ეს სისტემა - ახალი ცოდნის და ძალის შეძენის მეთოდსა, და იმავდროულად - ამ ცოდნის და ძალის პრაქტიკაში ვარჯიშის საშუალებას წარმოადგენს. აქ არჩევანის მეტი საშუაება გვაქვს. თუ ამაში ვვარჯიშობთ, მოგვიანებით, შესაძლოა, სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოყენებასაც მოვახერხებთ. ეს იდეა გზაჯვარედინებთანაა დაკავშირებული. გზაჯვარედინები - მომენტებია, როდესაც „კეთებაა“ შესაძლებელი. დგება მომენტი, როდესაც ადამიანს ამ მუშაობაში დახმარება ან შეუძლია, ან არა. თუ შესაძლებლობა დგება და ადამიანი ხელიდან უშვებს მას, სხვა შესაძლოა აღარ მიეცეს ერთი წლის ან მეტის განმავლობაში, თუ ის ორგანიზებულ მუშაობას არ შეუდგება, რომელიც გამუდმებით იძლევა შესაძლებლობებს.

კითხვა: რაც შეეხება მეორე ხაზის მუშაობას, აუცილებელია თუ არა ითხოვოთ შესაძლებლობების მიცემა?

პასუხი: შესაძლებლობა ყველას ეძლევა, მაგრამ ცალკეულ ადამიანს არ შეუძლია მეორე ხაზზე მუშაობის ორგანიზება საკუთარი თავისთვის; ის სხვის მიერ უნდა იყოს ორგანიზებული.

ამასთან დაკავშირებით გამოცდილების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ სკოლაში ფიზიკური მუშაობა ფრიად სასარგებლო ყოფილა. ზოგიერთ სკოლაში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები აქვთ, მაგრამ მათი არარსებობისას ფიზიკური მუშაობა იკავებს მათ ადგილს. ეს ყველაფერი მეორე ხაზს ეხება - მუშაობა უნდა იყოს ორგანიზებული. იდეა შემდეგში მდგომარეობს: სახლში, ბაღში, ცხოველებთან და ა.შ. გარკვეული რაოდენობის ადამიანის ერთობლივად მუშაობა ადვილი არაა. მათ ინდივიდუალურად მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ერთად მუშაობა რთულია. ისინი ერთმანეთს აკრიტიკებენ, გზაზე ეღობებიან, ნივთებს ართმევენ. ეს თვითგახსენებას კარგად ეხმარება. თუ ვინმე ამ იდეითაა დაინტერესებული, მას შეუძლია სცადოს ეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ აუცილებლობას გრძნობს. არ უნდა იფიქროთ, რომ ეს მაგიური საშუალებაა. მუშაობა ქმედებას ნიშნავს. თეორიულად, სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა მეორე ხაზს წარმოადგენს, მაგრამ არ უნდა იფიქროთ, რომ სხვა ადამიანებთან ერთად ერთსა და იმავე ოთახში ყოფნა ან სხვებთან ერთად ერთი და იგივე საქმის კეთება - უკვე მეორე ხაზია. თქვენ ჯერ არ იცით, რას წარმოადგენს მუშაობის მეორე ხაზი.

კითხვა: ერთხელ გვითხარით, რომ ფიზიკური მუშაობა - წარმოადგენს მეთოდს, ვაიძულოთ ცენტრები, სწორად იმუშაონ. რას გულისხმობდით?

პასუხი: ფიზიკური მუშაობა - სპორტი არაა, მაგრამ მძიმე სამუშაოს - ერთი ადამიანისთვის ერთი სახის, მეორესთვის სხვა სახის - ცენტრები წესრიგში მოჰყავს. ცენტრები გარკვეული სახით არიან დაკავშირებულნი, და ენერგიებიც გარკვეული სახითაა გადანაწილებული. როდესაც ადამიანები დაკავებული არ არიან, ცენტრები ერთმანეთისთვის მუშაობას ცდილობენ, და ამიტომ ფიზიკური მუშაობა - ცენტრების მუშაობის გაუმჯობესების ძალზე საიმედო მეთოდია. სკოლებში ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება. თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით ზოგიერთ ადამიანთან, ცენტრების მცდარი მუშაობა მთელ ენერგიას ხარჯავს. მაგრამ, ცხადია, ორგანიზებული მუშაობის დროსაც კი, თუ ადამიანი გაიგივებით მუშაობს, ის უშედეგო იქნება.

კითხვა: რა განსხვავებაა ყოფით ცხოვრებაში ფიზიკურ მუშაობასა და სკოლაში ორგანიზებულ ფიზიკურ მუშაობას შორის?

პასუხი: სხვა ადგილებში მუშაობა უფრო ადვილია: თქვენ მეტი არჩევანი გაქვთ, როგორ იმუშაოთ. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ ბაღში მუშაობთ. თქვენ იმას გააკეთებთ, რის კეთებაც მოგწონთ, და ამას თქვენებურად გააკეთებთ. თქვენ თავად აარჩევთ იარაღებს, დროს, ამინდს - ყველაფერს. ანუ მრავლად გამოავლენთ თვითნებობას. ორგანიზებულ მუშაობაში არა მარტო ფიზიკურ შედეგებს იმკით, არამედ საკუთარ თვითნებობასაც ებრძვით. თუმცა მუშაობა მაინც სახიფათო რჩება იმის ხარჯზე, რომ ის სპეციალურადაა ორგანიზებული, რადგან ჩვეულებრივი მუშაობისას ნება ყოველთვის თვითნებობად რჩება, მაშინ როდესაც სკოლის ფარგლებში მუშაობისას თვითნებობა ყველაფერს აფუჭებს, და არა მხოლოდ თავად ამ ადამიანისთვის, არამედ სხვებისთვისაც. თვითნებობამ ყოველთვის უკეთ იცის და ყველაფრის თავისებურად გაკეთება სურს. ნებისმიერი ორგანიზებული სამუშაო თვითნებობის საწინააღმდეგოდ მუშაობის შესაძლებლობაა.

გარდა ამისა, ორგანიზებული ფიზიკური მუშაობა ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს. აი, რატომ არ შეიძლება სინამდვილეში ფიზიკურ მუშაობას ფიზიკური ეწოდოს, რადგან ის ასევე ემოციურიცაა. ის რომ მხოლოდ ფიზიკური ყოფილიყო, ესოდენ სასარგებლო არ იქნებოდა. თუ ფიზიკურ მუშაობაში, რომელსაც ასრულებთ, არავითარი ემოციური ძალისხმევა არაა, ან სიჩქარე უნდა გაზარდოთ, ან დრო და ძალისხმევა, რათა ის ემოციური გახადოთ. შეეცადეთ, გაართულოთ და გაახანგრძლივოთ რომელიმე ფიზიკური სამუშაო, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებთ, და ნახავთ, რომ ეს ემოციურ ძალისხმევას მოითხოვს. აი რატომაა მნიშვნელოვანი ფიზიკური მუშაობა.

კითხვა: რა სახის ემოციურ ძალისხმევას?

პასუხი: ნახავთ. ახლა სისტემასთან დაკავშირებულ ფიზიკურ მუშაობაზე ვსაუბრობთ - ის სულ სხვა კანონებს ემორჩილება; ამას თქვენ სხვა მიზნით აკეთებთ, და უნდა გახსოვდეთ, რატომ აკეთებთ.

კითხვა: სკოლა ზოგ ადამიანს სჭირდება და ზოგს არა?

პასუხი: სკოლა იმათ სჭირდებათ, ვინც მისთვის მზადაა. სკოლაში მუშაობის დაწყება გარკვეულ მომზადებას უკვე გულისხმობს. სკოლაში ახალი ოქტავა უნდა დაიწყოს. რას წარმოადგენს იმ პიროვნების ამოცანა, რომელიც მაგნეტური ცენტრი იყო? რა მოითხოვება მისგან ახლა? მუშაობის შეფასება, სისტემის და იმ ყველაფრის შეფასება, რაც სისტემასთანაა დაკავშირებული. თუ შეფასება არსებობს, ეს პიროვნება ზრდას გააგრძელებს; თუ არა, ზრდა შეწყდება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სკოლასთან გაიგივება?

პასუხი: ეს სკოლის დაკარგვას ნიშნავს. სკოლასთან გაიგივება სხვადასხვანაირად შეიძლება - როდესაც ის ძალზე მოგწონთ, ბევრს აკრიტიკებთ ან ზედმეტად გწამთ მისი.

კითხვა: ერევა თუ არა სკოლა იმაში, როგორ იქცევით მის გარეთ?

პასუხი: სკოლასთან მიმართებაში თქვენს ქმედებებს კანონი არეგულირებს. სკოლის მიღმა აღმოაჩენთ, რომ გარკვეული პრინციპების გამოყენებაა აუცილებელი, რომელთაც სკოლაში იყენებთ. თუ მათ გამოყენებას ყველა შესაძლო შემთხვევაში არ ცდილობთ, მათი ცოდნა უსარგებლოა. შემდეგ - ეს არაა წესი ან პრინციპი - სკოლის მიღმაც აღმოაჩენთ, რომ თუ რაიმეს გაკეთება გსურთ, სხვა არაფერი არ უნდა გააკეთოთ. სხვა სიტყვებით, თქვენ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადოთ, არა იმ გაგებით, რომ ჯიბიდან ფული ამოიღოთ და გადაიხადოთ, არამედ გარკვეული „მსხვერპლის“ ხარჯზე (ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ უფრო შესაფერისი არ მოიპოვება). და ამგვარად ეს მთელ თქვენს ცხოვრებას შეეხება.

კითხვა: დამოკიდებულია თუ არა სკოლაში ადამიანთა რიცხვი წარმოებული ცოდნის რაოდენობაზე?

პასუხი: არა, ეს დამოკიდებულია გარკვეული ყოფიერების მქონე ადამიანთა რაოდენობაზე, რომლებსაც სხვა ადამიანებზე ზრუნვა, სწავლება და ინსტრუქტირება და ა.შ. ძალუძთ. თქვენ ფიქრობთ, რომ სკოლები - ტყეში სოკოებივით იზრდებიან, მაგრამ ისინი სოკოებისგან ძალზე განსხვავდებიან. სკოლა - ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. მაგალითად ავიღოთ ეს ოთახი და ჩვენ, აქ მსხდომები და მოსაუბრეები, ეს ბევრი ადამიანის, და შესაძლოა კიდევ უფრო მეტის, ოცდაათი წლის შრომის შედეგია. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ამას გარდა, ცოდნა ჩვენი გაგებით არის ისეთი ცოდნა, რომელიც ყოფიერების განვითარების შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ცოდნა სხვა სკოლიდან უნდა მოდიოდეს და აუცილებლად უნდა იყოს ღირებული. წარმოიდგინეთ, რომ გაიძულებთ, ზეპირად ისწავლოთ საფრანგეთის პრეზიდენტების დაბადების თარიღები - რა სარგებლობას მოიტანს ეს? თუმცაღა ძალზე ხშირად ამას ცოდნას უწოდებენ.

კითხვა: რა მიზეზით არ შეიძლება ამ ცოდნის უსასყიდლოდ გაცემა - ადამიანები უფასოდ მოპოვებულს დაამახინჯებენ?

პასუხი: იმიტომ, რომ დაკარგავენ მას, გადააგდებენ, იმიტომ რომ შეფასება საფასურზეა დამოკიდებული. შეუძლებელია სწორი შეფასება იმისა, რისთვისაც არაფერს იხდით. თუკი რამეს ძალზე იოლად მოიპოვებთ, მას არ აფასებთ. ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე კი ისაა, რომ თუ თქვენ რამეს აფასებთ, მას სხვას არ მისცემთ. რას ნიშნავს შეფასება? თუ აცნობიერებთ, რამხელა ძალიხმევა გაქვთ ჩადებული მასში, რამდენი ადამიანი მუშაობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ თქვენთვის ეს ცოდნა მოეცა, თქვენ არ გასცემთ მას უფასოდ, რადგან, პირველ ყოვლისა, ის მათთვის სასარგებლო არ იქნება, და მეორე, რატომ უნდა მიიღონ მათ ის უფასოდ? ეს უდიდესი უსამართლობა იქნებოდა. მაგრამ ასე მაინც არ მოხდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მას ვერ მიიღებენ.

კითხვა: რამდენადაც მივხვდი, სკოლის მთავარი მიზანი - ზეადამიანის შექმნაა?

პასუხი: არაფერი ვიცი „ზეადამიანის შექმნასთან“ დაკავშირებით. ეს „ზეადამიანთა“ საშენი არაა!

კითხვა: რა კავშირი აქვს სკოლის იდეას კოსმოსურ მოწყობასთან?

პასუხი: ეს სკოლა, რომელშიც ყოფნა შეგიძლიათ, - საკმაოდ მცირე მასშტაბის სკოლაა. მას თქვენი დახმარება შეუძლია, მაგრამ ჩვენი მხრიდან დიდი კადნიერებაა ვიფიქროთ, რომ მას თუნდაც მცირე კოსმოსური მნიშვნელობა გააჩნია. სკოლის იდეის გაგება ძალზე ადვილია, თუ მასზე მარტივად ფიქრობთ. თქვენ გსურთ, გარკვეული ცოდნა გქონდეთ, მაგრამ მას ვერ მიიღებთ, ვიდრე სკოლას არ მოძებნით, - ისეთ სკოლას ვგულისხმობ, რომელიც სხვა სკოლისგან მიღებულ ცოდნას ფლობს და არა ჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილ ცოდნას. ესაა ერთადერთი იდეა, საიდანაც უნდა დაიწყოთ.

კითხვა: ცოტა ხნის წინ თქვენ მაღალი ცნობიერების ადამიანები ახსენეთ, ვისგანაც ეს ცოდნა მომდინარეობს. არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში, და მათი ამოცნობა თუ შეგვიძლია?

პასუხი: მათი ცნობა არ ძალგვიძს, თუ მათ არ სურთ, რომ იცნონ. მაგრამ თუ თავად მოინდომებენ, შეუძლიათ გვაჩვენონ, რომ სხვა დონეზე იმყოფებიან. თუ უფრო მაღალი დონის ადამიანებს შევხვდებით, მათ ყოფიერებას ვერ აღვიქვამთ, მაგრამ მათი ცოდნის შეცნობა შეგვიძლია. ჩვენ ვიცით საკუთარი ცოდნის საზღვრები, ამიტომ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ვიღაცამ ჩვენზე მეტი იცის. სულ ესაა, რაც ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში ძალგვიძს. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, ცნობიერია თუ არა ადამიანი, ან ჩვენზე მეტად ცნობიერია თუ არა. ისინი ჩვენს მსგავსად გამოიყურებიან. ან, და ეს განსაკუთრებით საინტერესოა, ხშირად ხდება, რომ უფრო განვითარებული ადამიანები ნაკლებად ცნობიერები ჩანან, და შესაძლოა, ისინი ჩვენზე უფრო მექანიკურებად მივიჩნიოთ.

კითხვა: სკოლები იმისთვის არსებობს, რომ სკოლის მიღმა სხვა ადამიანებზე ზოგადი გავლენა გვქონდეს, თუ მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის?

პასუხი: ვიტყოდი - ორივე, ოღონდ ამ ორ მტკიცებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს, რადგან რა გავლენა აქვთ სკოლებს ადამიანებზე სკოლის მიღმა? მხოლოდ მათი სკოლისთვის მომზადება, სხვა არაფერი. მთავარი სირთულე სკოლების სისტემის გაგებაში იმაში მდგომარეობს, რომ მათი ზედმეტად განზავება დაუშვებელია. სკოლა განზავების შემთხვევაში საკუთარი თავის საპირისპიროდ იქცევა, ყოველგვარ აზრს და მიზანს კარგავს.

კითხვა: განა წარსულში სკოლები არ ზემოქმედებდნენ კაცობრიობაზე?

პასუხი: როდესაც სკოლები კაცობრიობაზე ზემოქმედებდნენ, ის ძალზე პატარა იყო, ხოლო სკოლები - ძალიან დიდები. ახლა კაცობრიობა უზარმაზარია, სკოლები კი - პატარა. მაგალითად, სხვადასხვა მისტერიების სკოლები ზემოქმედებდნენ საბერძნეთის ცხოვრების გარკვეულ პერიოდებზე, მაგრამ საბერძნეთი პატარა ქვეყანა იყო. ეგვიპტეც შედარებით პატარა იყო, მასზე ზემოქმედებაც შესაძლებელი იყო. მაგრამ როგორ იმოქმედებდა ეს პატარა სკოლა მთელ კაცობრიობაზე ახლა? დაუფიქრებლად სვამთ კითხვებს. მახსოვს, გურჯიევმა თქვა, რომ ორასი ცნობიერი ადამიანი შეძლებდა კაცობრიობაზე ზემოქმედებას. ერთხელ გამოვთვალეთ, რას ნიშნავს ეს. დავუშვათ, მსოფლიოში არსებობს ერთი №7 ადამიანი; მას მინიმუმ ასი მოსწავლე უნდა ჰყავდეს, რადგან მას დაბალ დონეებთან კონტაქტში შესვლა თავად არ შეუძლია. ამიტომ, თუ არსებობს ერთი №7 ადამიანი, მას მინიმუმ უნდა ჰყავდეს ასი №6 ადამიანი. ყოველ №6 ადამიანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ №5 ადამიანი, რაც უკვე ათი ათას №5 ადამიანს შეადგენს. ათი ათასი №5 ადამიანიდან ყოველს მინიმუმ ასი №4 ადამიანი უნდა ჰყავდეს, რომელთა მეშვეობით შეუძლია მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი, ამიტომ უნდა იყოს მილიონი №4 ადამიანი. ყოველ №4 ადამიანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ასი №1, 2 და 3 ადამიანი, რომელთაც იცნობს და რომლებთანაც მუშაობა შეუძლია, რაც შეადგენს №1, 2 და 3 ას მილიონ ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩავთვლით, რომ ათასი შეადგენს ერთ სკოლას, იქნებოდა ასი ათასი სკოლა. მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ასეთი რაოდენობით სკოლები არ არსებობს, ამიტომ №7 ადამიანის არსებობას ვერ ვივარაუდებთ, რადგან №7 ადამიანის არსებობა იქნებოდა საწინდარი იმისა, რომ სკოლები მართავენ მსოფლიოს. №6 ადამიანის არსებობაც კი იქნებოდა ნიშანი, რომ სკოლები მართავენ მსოფლიოს. ეს გულისხმობს, რომ №6 და №7 ადამიანები მსოფლიოში მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში იარსებებდნენ, და ეს ხილული და ცნობილი იქნებოდა, რადგან ეს უცილობლად იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ ცხოვრებას სკოლები აკონტროლებენ. ხოლო, რადგან ვიცით, რომ დღეს სკოლები ძალზე ფარულად არსებობენ, ჩვენს დროში ასე არაა.

კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ №7 ადამიანს არ შეუძლია ამ პლანეტაზე არსებობა, ან ის არ არსებობს ამ პირობებში?

პასუხი: არ მითქვამს, რომ არ შეუძლია არსებობა. მე ვთქვი, რომ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის არ არსებობს, რადგან მისი არსებობა თავის თავს საცნაურს გახდიდა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული მიზეზებით №7 ადამიანები არსებობენ და საკუთარ თავს არ ამჟღავნებენ, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff