პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეჩვიდმეტე

თავი მეჩვიდმეტე (ბოლო თავი)

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
 
დაბრუნების იდეა მხოლოდ თეორიაა. - დაბრუნების შესაძლებლობის მიმართ ადამიანთა განსხვავებული დამოკიდებულება. - სამი თანმიმდევრული სტადია. – რატომ უნდა იყოს შეზღუდული C გავლენების მიღების შესაძლებლობა. - გარდასულ ცხოვრებათა ხსოვნა. - რეინკარნაციის თეორია, როგორც დაბრუნების იდეის გამარტივება. - მტკიცებულების პოვნა შეუძლებელია. - ჩვენ ყოფიერების მდგომარეობა გვზღუდავს. - არსებათა სხვადასხვა სახეობები - უძლიერესი არგუმენტი წინარე-არსებობის სასარგებლოდ. - რატომ არ ბრუნდება სკოლები. - ერთ ცხოვრებაში დაბრუნების შესწავლა. - მარადიული დაბრუნება მარადიული არაა. - გადახრების შესაძლებლობა. - შანსები შეზღუდულია, და დრო დათვლილია. - თვითგახსენება და დაბრუნება. - პიროვნება და დაბრუნება. - ბავშვური აზროვნების შესწავლა. - დაბრუნების იდეის წარმოშობა. - დროის სამი განზომილება. - დაბრუნების იდეა და სისტემა. - პარალელური დრო. - გონების შეზღუდულობა. - ტენდენციების გაძლიერება და დაბრუნება. - შემდეგ ჯერზე სკოლასთან შეხვედრის შესაძლებლობა. - იყო მომზადებული. - საწყისი წერტილი ყველასთვის ერთია? - სკოლა და მისი მოთხოვნები. - არსების სიკვდილი. - დაბრუნება და სიკვდილის თარიღი. - მსოფლიო მოვლენების დაბრუნება. - გამოღვიძება გადამწყვეტია.
 
 
გამუდმებით მეკითხებიან დაბრუნების თაობაზე, ამიტომ მსურს, ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც განსჯისთვის მასალას მოგცემთ. ორი მიზეზის გამო ვცდილობ, ამ თემას გვერდი ავუარო: პირველი, ჩვენ საუბარი მხოლოდ თეორიულად შეგვიძლია, დაბრუნების შესახებ რეალურ ფაქტებს არ ვფლობთ, და, მეორე, არ ვიცით, ცვლის თუ არა მუშაობა დაბრუნებასთან დაკავშირებულ კანონებს. ეს აუცილებლად უნდა გვესმოდეს. დაბრუნების შესახებ ძალზე მცირეოდენი ვიცით. ოდესმე შევეცდებით დაბრუნების შესახებ დაწერილი სანდო ინფორმაციის შეგროვებას, და დავფიქრდებით მის შეფასებაზე, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა.
 
„სამყაროს ახალ მოდელში“ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დავწერე, რომ ყოფით ცხოვრებაშიც კი ადამიანები ძალზე განსხვავებულები არიან დაბრუნების თვალთახედვით. ზოგს ზუსტად იგივე დაბრუნება, სხვებს კი განსხვავებული ვარიანტები ან შესაძლებლობები ექნებათ; ერთნი მაღლა ავლენ, მეორენი დაეშვებიან, და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს მუშაობასთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობასთან ახლოს არიან, სამი თანმიმდევრული დაბრუნების შესწავლაა შესაძლებელი (თუმცა მხოლოდ თეორიულად). დავუშვათ, რომ პირველი - ისაა, როდესაც ადამიანი უმაღლესი გონის გარკვეულ იდეებთან შეხვედრის შესაძლებლობას უახლოვდება; მეორეა, როდესაც ადამიანი C გავლენებთან კონტაქტში უეჭველად შედის; და მესამე, რომელიც პირველი ორის შედეგს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ მეორეს შემდეგ დაბრუნების შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება. C გავლენებთან ადამიანის კონტაქტში შესვლამდე ასეთი შესაძლებლობები უსაზღვრო ჩანს, მაგრამ კონტაქტის შემდეგ მცირდება. თუ ამას გავიგებთ, დაბრუნებაზე გარკვეულწილად აზრიან და სასარგებლო საუბარს შევძლებთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ერთ სიბრტყეზე განვიხილავთ, ეს მხოლოდ თეორიული და სრულიად უსარგებლო საუბარი იქნება.
 
კითხვა: თქვენ გულისხმობთ, რომ C გავლენებთან კონტაქტში შესვლის შემდეგ შანსების რაოდენობა მცირდება?
 
პასუხი: დიახ, რადგან C გავლენების გაფლანგვა არ შეიძლება. B გავლენები პრაქტიკულად შეუზღუდავია; ეს ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრებაში ბლომადაა და აღებაც შეიძლება და არაღებაც - მათი რაოდენობა არ მცირდება. მაგრამ C გავლენები შეზღუდულია. შეეცადეთ, თავად უპასუხოთ ამ კითხვას, და მიხვდებით, რატომ უნდა იყოს C გავლენების მიღების შესაძლებლობა შეზღუდული, რადგან, თუ ადამიანი მათ არ მოიხმარს, რა აზრი აქვს მათ დახარჯვას?
 
კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ სწორი მუშაობისას ჩვენი შანსები იზრდება?
 
პასუხი: არა, ასე არ არის. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ სწორად არვმუშაობთ, დაბრუნების შესაძლებლობას და ამ შანსებს ვკარგავთ.
 
ამ დამატებითი დახასიათების გარეშე, რომელიც ახლახანს ვახსენე, დაბრუნებაზე საუბარი თეორიულადაც კი სრულიად უსარგებლოა. დაბრუნებაზე განსჯისას კარგია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი და რა - შეუძლებელი, რა შეიძლება მოხდეს და რა არ შეიძლება მოხდეს. ჩვეულებრივ, ადამიანები ან არ იღებენ ამ იდესა, ან არ გაუგიათ ის, ან არ ესმით, ან გადაჭარბებულად აფასებენ, მას ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ სასარგებლოა დავფიქრდეთ, რა დამოკიდებულება გვაქვს მასთან, ამისთვის კი გარკვეული საფუძველი გვჭირდება, საიდანაც დაწყებას შევძლებთ. მაგალითად, ეს იდეა „მახსოვრობასთანაა“ დაკავშირებული. ადამიანები ხშირად მეკითხებიან გარდასულ ცხოვრებათა ხსოვნის შესახებ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მაღალი ცენტრების მუშაობის გარეშე მათ ეს არ ძალუძთ. ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ ადამიანები (ძირითადად იმის შესახებ, რასაც „რეინკარნაციას“ უწოდებენ), რომ მათ წინა განხორციელებებში თავიანთი ცხოვრება ახსოვთ. ისინი წიგნებსაც წერენ იმაზე, თუ ვინ იყვნენ ადრე. ეს სრული ფანტაზიაა. უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაში წარსულ ცხოვრებათა ხსოვნა არ შეგვიძლია - ვერაფრით დავიმახსოვრებთ. ჩვენს გონებაში და ცენტრებში ყველაფერი ახალია. ის, რაც ერთი ცხოვრებიდან მეორეში შეიძლება გადავიდეს - არსებაა. ამიტომ, შეუძლებელია მკაფიო მოგონებები გვქონდეს, არამედ მხოლოდ ისეთი ბუნდოვანი შეგრძნებები, რომ ძნელი დასაშვებია, რომ ვინმეს რაიმე კონკრეტულის გახსენება შეეძლოს. მხოლოდ სიცოცხლის პირველ წლებშია ეს ნამდვილად შესაძლებელი, მაგრამ იმ პერიოდში ადამიანი ვერ ამჩნევს ასეთ შეგრძნებებს, ან, თუ ამჩნევს კიდეც, ეს წარმოსახვას აჩენს.
 
კითხვა: რა განსხვავებაა რეინკარნაციის თეორიასა და დაბრუნების თეორიას შორის?
 
პასუხი: რეინკარნაციის იდეა - ჩვენს ჩვეულებრივ გაგებასთან დაბრუნების იდეის თავისებური ადაპტაციაა, რადგან თეორიულად დაბრუნების იდეა გაცილებით რთულია - ის დროის სრულიად ახლებურ გაგებას ითხოვს. დაბრუნების იდეის გასაგებად განათლებულ ადამიანებსაც კი გარკვეული რაოდენობის მათემატიკური ცოდნა სჭირდებათ. დაბრუნება - მარადისობაში, რეინკარნაცია კი - დროში. ის გულისხმობს, რომ დრო ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, და რომ ჩვენ არსებობას ვაგრძელებთ ამ დროში სიკვდილის შემდეგ. მაგალითად, ბუდიზმში ითვლება, რომ ადამიანი კვდება და უმალ თავიდან იბადება, ისე, რომ ერთი სიცოცხლე მეორეს მოსდევს, იმიტომ, რომ ასეთი ახსნა ჩვეულებრივი ადამიანისთვის უფრო ადვილად გასაგებია. მაგრამ ჩვენი ცხოვრების მიღმა დროის არსებობის მტკიცებულებები არ მოგვეპოვება. ყოველი ადამიანისთვის დრო - ცხოვრებაა, და ის მოიცავს მთელ დროს, ასე რომ, როდესაც ცხოვრება მთავრდება, დროც მთავრდება. ანუ, რეინკარნაცია როგორც თეორია ნაკლებად მეცნიერულია, ვიდრე დაბრუნება - მასში ძალზე ბევრი რამაა მიღებული მტკიცებულების გარეშე.
 
კითხვა: მაგრამ სად ხორციელდება ყველა ეს ცხოვრება?
 
პასუხი: ჩვენ ადგილზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ დაბრუნებაზე. თუ ამბობთ, რომ თქვენი ცხოვრება გახსოვთ, მაგალითად რომში, ამის მტკიცებულებას როგორ იპოვით? ეს შეუძლებელია. ამიტომ, ყოველ თეორიას სხვადასხვა დონეზე შეუძლია იარსებოს. დაბრუნების თეორია განსაზღვრულ დონეზე არსებობს, რომელიც გარკვეულ ცოდნას და გაგებას მოითხოვს, მაგრამ შემდეგ ის შეიძლება დამახინჯდეს და უფრო დაბალ დონეზე დაეშვას. ასეთი რამ ნებისმიერ თეორიას შეიძლება შეემთხვეს, და ხანდახან მსგავ პროცესში თეორია შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს. მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ არაფრის დამტკიცება და არცერთი თეორიის დაჟინებით დაცვა არ ძალგვიძს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ვეცადოთ და გავიგოთ ყოველი თეორია მის საზღვრებში და დავინახოთ, რა არის შესაძლებელი და რა - შეუძლებელი მისი თვალთახედვით. თუ რომელიმე თეორიას აიღებთ და ერთს მოაკლებთ და მეორეს დაუმატებთ, ეს არასწორი იქნება. ყოველ თეორიაში ყველაფერი უნდა შეისწავლოთ, რასაც შეიცავს, და არაფერი არ უნდა გამოტოვოთ. ანუ, თუ თეორიას ვიპოვით, რომელიც ფილოსოფიურად შესაძლებელია, ვეძებთ პირობებს, რომლებშიც ის თეორიიდან ფაქტად იქცევა.
 
კითხვა: მართალია თუ არა ჩემი ვარაუდი, რომ თავად არ ხართ დარწმუნებული მარადიული დაბრუნების თეორიის რეალობაში?
 
პასუხი: შევეცადე ამეხსნა, რომ შეუძლებელია,ამ თეორიებში დარწმუნებული ვიყოთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია, თქვენ უბრალოდ რწმენას და შეხედულებას ერთმანეთში ურევთ. კითხვების და პრობლემების მთელი რიგი არსებობს, რომელთა შესახებ ჩვენ მხოლოდ თეორიების შექმნა შეგვიძლია, ყოველგვარი რეალური შეხედულების გარეშე, რომ ერთი თეორია მეორეს სჯობს. ვიტყოდი, რომ დაბრუნების თეორია რეინკარნაციის თეორიას სჯობს, მაგრამ არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ის ფაქტობრივად უფრო სწორია, არაა. და მტკიცებულებას ჩვენი ცნობიერების მდგომარეობის გამო ვერ მივიღებთ. ერთადერთი შესაძლებლობა მუშაობის თვალსაზრისით ასეთია: შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ, როდესაც ცნობიერების მდგომარეობას შევცვლით, ჩვენი დაკვირვების შესაძლებლობები გაიზრდება. ამჟამინდელ მდგომარეობაში ამ საკითხებზე თეორიების გარდა სხვა ვერაფერი გვექნება.
ჩვენ ყოფიერების მდგომარეობა გვზღუდავს, №1, 2 და 3 ადამიანის ყოფიერების მდგომარეობაში კი ეს საკითხები დანამდვილებით არ ვიცით.
 
კითხვა: ამბობთ, რომ ადამიანს არ ძალუძს, წარსული ცხოვრება ახსოვდეს?
 
პასუხი: დიახ. ეს მხოლოდ არსებას ხელეწიფება, მაგრამ რამდენადაც ჩვეულებრივი ადამიანის არსებას საკუთარი ორგანული სტრუქტურა არ გააჩნია და პიროვნებისგან გამოყოფილი არაა, ჩვენ არ გვახსოვს.
 
ამავე დროს ის ფაქტი, რომ ერთ ადამიანს ერთი ტიპის არსება გააჩნია, მეორეს კი სხვა ტიპის - ეს წინარე-არსებობის სასარგებლოდ ერთ-ერთი უძლიერესი არგუმენტია, რადგან არსებას არაფრისგან დაბადება არ შეუძლია - ეს ძალზე ცხადია. თუმცა სისტემა ადამიანს მხოლოდ დაბადებიდან სიკვდილამდე განიხილავს.
 
კითხვა: საიდან მოდის ჩვენი ის ნაწილი, რომელიც ბრუნდება?
 
პასუხი: ეს სწორედ თქვენხართ. როდესაც დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ საკუთარდაბრუნებაზე ვფიქრობთ. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ეს ნაწილი, და შეგვიძლია მთელი ცხოვრება თეორიულ განსაზღვრებებზე დავხარჯოთ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის და არც ამ იდეის ფსიქოლოგიურ გაგებაში მოგვეხმარება. ახლა ვცდილობ გარკვეული პრინციპები დავადგინო, რომლებიც ამ იდეის პრაქტიკულ გაგებას მოგვცემს. ჩვენ ბევრი სიტყვის პოვნა შეგვიძლია, მაგრამ ეს კვლავ უშედეგო იქნება.
 
იპოვეთ პასუხი, რატომ არ შეიძლება C გავლენების გაფლანგვა? იფიქრეთ ამაზე. თუ ამ კითხვას უპასუხებთ, ბევრ სხვა კითხავასაც გასცემთ პასუხს. ეს კი იცით - უბრალოდ ორს ორი მიუმატეთ.
 
კითხვა: ეს იმიტომ, რომ თუ C გავლენები დაბრუნდებოდნენ, ჩვენ მათ ყოველ ჯერზე თავიდან გავფლანგავდით?
 
პასუხი: ეს იგულისხმება, თუმცა პასუხი არაა. მართლაც, მათი დაუსრულებელი გაფლანგვით, რა სარგებელს ველოდოთ მათგან? მაგრამ არის რაღაც, რასაც თქვენ ამ ყველაფერში ვერ ხედავთ, და სწორედ ეს რაღაცაა ყველაფრის გასაღები. ეს ძალზე მარტივია, იდუმალებით მოცული არაფერი არაა. თავსატეხი არაა, უბრალოდ აზროვნების საკითხია.
 
შეეცადეთ, ასე იფიქროთ: ავიღოთ ჩვეულებრივი სკოლა. ბიჭი სკოლაში მიდის და ყოველ წელს ერთი და იგივეს სწავლობს. ის წლის განმავლობაში სწავლობს რაღაცას, შემდეგ სახლში მიდის და ყველაფერი ავიწყდება, რის შემდეგ იგივეს სწავლა ხელახლა უწევს. ის კვლავ მთელი წელი სწავლობს, მიდის სახლში და ისევ ყველაფერს ივიწყებს, კვლავ სკოლაში ბრუნდება და თავიდან იწყებს სწავლას. რას ეტყვიან მას სკოლაში? აი, რატომ არ მეორდება სკოლები, აი, რატომ არ არსებობს სკოლისთვის დაბრუნება. ეს კი სწორედ ისაა, რაც ადამიანებს სწადიათ: მათ კვლავ და კვლავ ერთი და იგივეს სწავლა სურთ. მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ უმაღლეს სკოლაში უნდა მოხვდეთ. თუ უმაღლეს სკოლაში წასვლა არ შეგიძლიათ, ამ დონეზე სხვა სკოლა არ იქნება, რადგან არსებულები უკვე დაამთავრეთ.
 
კითხვა: ხვდება თუ არა სკოლას ადამიანი C გავლენების გზით?
 
პასუხი: სკოლა ნიშნავსC გავლენებს. სკოლას B გავლენების გზით ხვდებით.
 
კითხვა: უფრო მაღალ კლასში ვერ გადახვალ, თუ გამოცდას არ ჩააბარებ?
 
პასუხი: სწორია, მაგრამ თქვენ შეიძლება ჩააბაროთ გამოცდა და ყველაფერი დაგავიწყდეთ, ასე ხშირად ხდება.
 
კითხვა: მაგრამ ადამიანმა რაღაც დონეზე მაინც შეისწავლა, როგორ ისწავლოს?
 
პასუხი: ხან კი, ხან არა. ისე სწავლობთ, როგორც სწავლობთ, და იმასაც სწავლობთ, როგორ დაივიწყოთ.
 
კითხვა: თქვენი ნათქვამიდან დავასკვენი, რომ C გავლენები - გარდაქმნაა, მატრანსფორმირებელი ძალაა, ხოლო ამაზე ნაკლები C გავლენებს არ წარმოადგენს.
 
პასუხი: სწორია. საკმაოდ მიუახლოვდით, თუმცა C გავლენები ცოდნის გარკვეულ რაოდენობადაც შეიძლება განვიხილოთ.
 
კითხვა: ცოდნა, რომლის გამოყენება შეიძლება?
 
პასუხი: არა, ეს კვლავ განსაზღვრებაა. მე ვთქვი „ცოდნა“, განსაზღვრებები ვერ გიშველით. უცნაურია, რომ ამას ვერ ხედავთ, რომ მისი სრულიად უბრალო მნიშვნელობის მოხელთებას ვერ ახერხებთ. ცოდნის გადაცემა C გავლენებს ნიშნავს, ის განსაზღვრულ მუშაობას გულისხმობს, ის თავისთავად არ წარმოიქმნება და ვიღაცის მუშაობას ნიშნავს, ხოლო ვიღაცის მუშაობის გაფლანგვა არ შეიძლება. თუ მუშაობა შედეგიანია, მისი გაგრძელება შეიძლება, მაგრამ თუ უშედეგოა, ის, ბუნებრივია, ჩერდება. ამით აიხსნება, თუ რატომ უნდა იყოს დაბრუნების შესაძლებლობა შეზღუდული. თუ ადამიანი სკოლაში მოდის და მისი იქ ყოფნა უსარგებელოა, ბუნებრივია, მას ერთი და იგივეს სასწავლად კვლავ იქ დაბრუნება არ შეუძლია - მან გამოსავალი უნდა მოძებნოს. შეეცადეთ, ეს გაიგოთ, რადგან მოცემული პრინციპების გაგების გარეშე დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვეულებრივი საუბრებით, რომლებიც მათემატიკას ან რაიმე სხვას ეფუძნება, ის ძალზე ერთფეროვანი ხდება, დაბრუნება კი ყოველთვის ერთნაირი არ შეიძლება იყოს. გახსოვთ ალბათ, ცოდნის მატერიალურობის და იმ ფაქტის შესახებ ვისაუბრეთ, რომ ადამიანს მცირე შანსი აქვს დაწყებისთვისაც კი, იმიტომ, რომ ამისთვის მრავალი ხელსაყრელი გარემოებაა აუცილებელი. მაგრამ ისიც უნდა გაიგოთ, რომ გარკვეული ცოდნის შეძენასთან ერთად შანსები სულ უფრო და უფრო მცირდება, რადგან თუ ადამიანი ცოდნას არ იყენებს, მისი მიღება გართულდება, რაც სრულებით ბუნებრივია. და იგივე ეხება ყოველ დღეს, ყოველ წელს, მთელ ცხოვრებას - აი, რა უნდა გესმოდეთ. დაბრუნების იდეა სასარგებლოა, იმიტომ რომ ის ამცხოვრებას ეხება. თუ რაღაცას დღეს არ ვაკეთებთ, რატომ ველით, რომ ხვალ გავაკეთებთ? თუ დღეს შეგვიძლია გაკეთება, დღეს უნდა გავაკეთოთ. ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ, რადგან ხვალ კიდევ სხვა რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ დრო გვაქვს.
 
კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თუ დღეს არ გისმენთ, ხვალ იგივეს ვეღარ მოვისმენთ?
 
პასუხი: შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენ აქ იყოთ, მე კი არა - საიდან იცით?
 
კითხვა: წარმატებას მხოლოდ თქვენი დახმარებით მივაღწევთ?
 
პასუხი: არა, შეგიძლიათ სხვა ადგილი მოძებნოთ - აბსოლუტურად არაფერი გაკავებთ. თუ ვინმეს იცნობთ, რომელთანაც წარმატებას მიაღწევთ, რა თქმა უნდა ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. არცერთი შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოთ, თუკი მოგეცათ.
 
კითხვა: ვიგულისხმე - თქვენ ერთადერთი შუამავალი ხართ აქ?
 
პასუხი: არა, არავინაა ერთადერთი. თუ სხვა გზა იცით, ის სხვა შესაძლებლობა იქნება, მაგრამ თუ სხვა შესაძლებლობა არ იცით, ჩემს გარდა არავის იცნობთ, მაშინ ცოდნის მიღებას ჩემგან უნდა ეცადოთ. თუ სხვასაც იცნობთ, მისგან შეგიძლიათ ცოდნის მიღება. გასაგებია? ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ - ეს თეორიულ სწავლებად არ უნდა დარჩეს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება პრაქტიკულად უნდა ისწავლოთ.
 
კითხვა: შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს? ძალზე ღრმად ხომ არ გვძინავს, შევძლებთ მათ შემჩნევას და გამოყენებას?
 
პასუხი: შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია. თუ ადამიანი მუშაობამდე ჯერ არ მისულა, მას ცოდნის, მასალის, ტენდენციების დაგროვების შესაძლებლობა აქვს. შესაძლებლობებს, თუნდაც არც თუ ისე ძლიერს, ერთი, ან ურთიერთსაპირისპირო მიმართულების მიცემა ძალუძს. შემდეგ, რასაც „მუშაობას“ ვუწოდებთ, რაც C გავლენებს ანუ უშუალოდ ცოდნას, უშუალოდ შესწავლას ნიშნავს, იქ შესაძლებლობები უკვე სულ სხვაა, ხოლო რეალური შესაძლებლობები მხოლოდ იმ მომენტში იწყება, როდესაც ადამიანი მათ იყენებს.
 
კითხვა: დაბრუნების იდეაში მოვლენები კვლავ ხდება. მაგრამ სკოლები აუცილებლად იმავე ადგილას ჩნდება? იქნებ, ჩემი წინა დაბრუნებისას ამ სისტემას ინგლისამდე არ მოუღწევია?
 
პასუხი: ამაშია დაბრუნების იდეის სირთულე, რადგან, როდესაც ადამიანები იგებენ და ფიქრობენ მის შესახებ, ისინი ჩვეულებრივი მაფორმირებელი (ანუ ლოგიკური) სახით ფიქრობენ, ან ხშირად სრულიად ალოგიკურად ფიქრობენ, ან კიდევ უფრო უარესად. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ლოგიკურად მსჯელობენ, მათ არასაკმარისი მასალა აქვთ, არასაკმარისად იციან, რომ მის შესახებ იფიქრონ. პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ თეორიაზე ვსაუბრობთ, და მეორე, რომ ეს თეორია საკმაოდ სრული უნდა იყოს - საკმარის მასალას მოიცავდეს. როდესაც დაბრუნებაზე ვფიქრობთ, ვთვლით, რომ ყველაფერი მეორდება, და სწორედ ეს აფუჭებს ამ თეორიასთან ჩვენს მიდგომას. პირველი, რაც დაბრუნების შესახებ უნდა გავიგოთ, ისაა, რომ ის მუდმივი არაა. ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა, რადგან სხვადასხვა შემთხვევებში განსხვავებულია. თეორიულად განხილვის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ მექანიკური ცხოვრების მქონე ადამიანების შემთხვევაშიც კი, ასეთი ცხოვრებები იცვლება. მხოლოდ სრულიად გახევებულ პირობებში ზოგი ადამიანის ცხოვრება ერთი და იგივე სახით მეორდება - შესაძლოა, ძალზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სხვა შემთხვევებში, ჩვეულებრივ მექანიკურ ცხოვრებებშიც კი, ყველაფერი იცვლება. თუ ადამიანები არც თუ ისე კარგად უმკლავდებიან გარემოებებს, როგორც, მაგალითად დიდი ადამიანები, რომლებიც ისევ დიდი ადამიანები გახდებიან, და ამასთან ვერავინ ვერაფერს გააწყობს, გადახვევები შესაძლებელია, მაგრამ, ისევ და ისევ, არა სამუდამოდ. არასდროს იფიქროთ, რომ რაიმე სამუდამოდ არსებობს. ეს ძალზე უცნაური რამაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანებს, რომელთაც შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნიათ (ან გარკვეული პირობების გამო, ან საკუთარი არასაკმარისი განვითარების გამო, ან რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის გამო), თავიანთი ცხოვრების განმეორება ცვლილებების გარეშე შეუძლიათ, მაშინ, როდესაც თეორიული შესაძლებლობების მქონე ადამინების შემთხვევაში, მათმა ცხოვრებამ შესაძლოა გარკვეულ წერტილს მიაღწიოს, რომელშიც ან განვითარების შესაძლებლობას შეხვდებიან, ან ქვემოთ დაეშვებიან. ან ერთი, ან მეორე - ისინი ერთი და იგივე ადგილზე ვერ დარჩებიან, და გარკვეულ რეალურ შესაძლებლობასთან შეხვედრის მომენტიდან, ისინი ან ამოიცნობენ რაღაცის გაკეთების ამ შესაძლებლობას, ან დაკარგავენ მას და შემდეგ ქვემოთ დაეშვებიან. უბრალოდ დაფიქრდით ამ საკითხზე, და შესაძლოა, გარკვეული კითხვები გაგიჩნდეთ.
 
კითხვა: დამოკიდებულია თუ არა ამ შესაძლებლობების ამოცნობის ოსტატობა ყოფიერების შეცვლაზე, რომლის მიღწევაც მხოლოდ მცირე ძალისხმევების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაა შესაძლებელი?
 
პასუხი: ორი მომენტი უნდა გვესმოდეს. მოვლენები შესაძლებლობებთან სხვადასხვა დამოკიდებულებაში არიან: ზოგიერთი, თუმცა ისინი ჯერ არ მომხდარა, და თუმცა გვეჩვენება, რომ მოხდება ამა თუ იმ სახით, რეალობაში წინასწაგანსაზღვრულია. არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რადგან მოვლენებს ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზები ამოძრავებს, რომ, თუმცა ჯერ არ მომხდარა, მათი განხორციელება მხოლოდ ერთი სახითაა შესაძლებელი. სხვა მოვლენებთან მიმართებით გამეორება ასეთი ზუსტი არაა. ბევრი გრადაციაა, და იმათ გვერდით, რაც მხოლოდ ერთი სახით შეიძლება მოხდეს, შეიძლება სხვა მოვლენებიც არსებობდეს, რომლებიც ჯერ უნდა მოხდეს და ეს შეიძლება ამა თუ იმ სახით განხორციელდეს. ეს უნდა გავიგოთ როგორც პრინციპი, გავიგოთ,რატომააის, რაც ხდება, განსხვავებული დარაარის მასში განსხვავებული. ავიღოთ დღევანდელი დღე. რაღაც უნდამოხდეს ხვალ, რადგან მისი მიზეზები შარშანდელ წელში, ან ათი, ოცი წლის წინაა საძებნელი. მაგრამ თუ იმ მოვლენის მიზეზი, რაც ხვალ უნდა მოხდეს, დღევანდელ დღეშია, მაშინ ხვალ ეს მოვლენა შეიძლება სხვაგვარად მოხდეს, თუ უკვე დღეს რაღაც განსხვავებულად კეთდება. ანუ ეს მიზეზების ბუნების და მათი ადგილმდებარეობის საკითხია. შეგიძლიათ ასე შეხედოთ: დავუშვათ, ხედავთ, რომ მოვლენები ერთი და იგივე სახით ხდება დიდი ხნის განმავლობაში - ასეთ შემთხვევაში მოვლენათა უცაბედ შეცვლას განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ უნდა ელოდოთ. სხვა მოვლენები შეიძლება შედარებით ახალი იყოს - გარკვეული ტენდენცია ახლახანს გაჩნდა, და ამიტომ ის შეიძლება ადვილად გაქრეს. მაგრამ თუ ტენდენცია ერთი და იგივე მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, ცვლილების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდო იქნება. ეს მსგავს საკითხებზე მსჯელობის ერთადერთი გზაა, რადგან ამ საკითხის შესახებ კონკრეტული არაფერი ვიცით. ამასთან დაკავშირებით ერთი პრინციპი უნდა გახსოვდეთ - ყველაფერი ერთნაირი არ არის. თუ იტყვით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და ამას ყველაფერს მიუსადაგებთ, არ იქნებით მართალი, რადგან ცვლილების შესაძლებლობასთან არასოდეს არაფერი არაა ერთნაირ დამოკიდებულებაში.
 
კითხვა: ადამიანთა დაბრუნებაში შესაძლო გადახრა შეიძლება თუ არა ნიშნავდეს, რომ ერთი დაბრუნებისას დაბადებული ადამიანები აღარ დაიბადონ შემდეგში?
 
პასუხი: ეს მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგრამ ამ დეტალების დაწვრილებით განხილვას არ შევუდგებით. მსურს, რომ ნათლად გაიგოთ შემდეგი: ვიდრე ადამიანები სრულიად მექანიკურები არიან, მოვლენები თითქმის უსაზღვროდ განმეორდება და განმეორდება. მაგრამ თუ ადამიანები უფრო ცნობიერი ხდებიან, ან ასეთი შესაძლებლობა უჩნდებათ, მათი დრო ისაზღვრება. ისინი უსაზღვრო რაოდენობის დაბრუნების იმედად ვეღარ იქნებიან, თუ უკვე დაიწყეს რაღაცის გაგება და შესწავლა. რაც უფრო მეტს სწავლობენ, მით უფრო ხანმოკლე ხდება მათი დრო. ადამიანებს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ ყოველ მათგანს მხოლოდ ძალზე შეზღუდული რაოდენობის შანსი გააჩნია, ამიტომ თუ ისინი კარგავენ შესაძლებლობას ერთ ცხოვრებაში, მეორე ცხოვრებაში მას კიდევ უფრო იოლად დაკარგავენ. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ცვლილების შესაძლებლობას, მით უფრო მცირდება შანსების რაოდენობა, და თუ ადამიანი პოულობს შანსს და არ იყენებს მას, მან შეიძლება საერთოდ დაკარგოს ის. ამ პრინციპის გამოყენება ერთი ცხოვრების მიმართებითაც შეიძლება. გახსოვთ, რას გეუბნებოდით: მუშაობაში, ერთ ცხოვრებასთან მიმართებით, დრო დათვლილია,და რაც უფრო სერიოზულად მუშაობენ ადამიანები, მათი დრო მით უფრო მკაცრად ითვლება. თუ ორი თვე მუშაობა და ათი თვე ძილი გსურთ, ითვლება, რომ თორმეტი თვე მუშაობდით, თუნდაც სინამდვილეში მხოლოდ ორი თვე გემუშავათ. მაგრამ მოთხოვნები ან პირობები თორმეტ თვეს შეესაბამება, და რაც უფრო მეტს მუშაობს ადამიანი, ეს მოთხოვნები მით უფრო იზრდება. თუ ადამიანი ძალზე ცოტას მუშაობს, ის შეიძლება რომელიმე იდეასთან ერთი და იგივე დამოკიდებულებაში დარჩეს ერთი ან ორი წლის განმავლობაში; მას შეიძლება არასწორად ესმოდეს რამე და ამის გამო ბევრს არ კარგავდეს, რადგან მესამე წელი აქვს წინ. მაგრამ თუ მან სერიოზულად დაიწყო მუშაობა, მას სამი წელი არ ექნება, რადგან ყოველი დღე - გამოცდაა, და ადამიანმა უნდა ჩააბაროს ერთი გამოცდა, შემდეგზე რომ გადავიდეს. ეს აუცილებლად უნდა გაიგოთ, და ეს პრინციპი დაბრუნების მიმართ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
 
კითხვა: ასეა თუ არა, რომ, თუ სრულად მექანიკურები ვართ, ზუსტად იმავე სახით უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ თუ ნაკლებად მექანიკურები ვართ, ჩვენი დაბრუნების რაოდენობა მცირდება?
 
პასუხი: მთლად ასე არაა. როგორც გითხარით, ადამიანთა ბევრი სხვადასხვა კატეგორია არსებობს. არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება იმავე სახით ავტომატურად მეორდება. სხვა ადამიანებს გარკვეული მცირე ცვლილებები და მოდიფიკაციები აღენიშნებათ, მაგრამ იმავე დონეზე. მესამე კატეგორია, ზოგადად თუ ვიტყვით, გარკვეული შესაძლებლობა გააჩნია იმ აზრით, რომ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები არცთუ უმიზნოა და უფრო და უფრო უახლოვდება ზოგიერთ B გავლენებს. მეოთხე კატეგორია სკოლასთან შეხვედრის შესაძლებლობას უახლოვდება. აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანები შესაძლებლობებთან მიმართებით თანასწორები არ არიან. და, რა თქმა უნდა, იმათ, რომლებიც უკვე შეხვდნენ გარკვეულ შესაძლებლობას და უარი თქვეს მასზე, განვითარებისთვის უუნაროები აღმოჩნდნენ.
 
კითხვა: ჯერ კიდევ არ მესმის, რატომაა დრო შეზღუდული იმათთვის, ვინც მუშაობს, ხოლო შეუზღუდავი მათთვის, ვინც არ მუშაობს?
 
პასუხი: მათთვის, ვისაც გამოღვიძება არ დაუწყია, დრო დათვლილი არაა, რადგან ის ჯერ არ არსებობს. ყველაფერი მეორდება, მუდამ ერთი და იგივე, კვლავ და კვლავ. ასე შეგიძლიათ განიხილოთ: ცოდნა შეზღუდულია, მაგრამ რადგან ასეთი ადამიანები საერთოდ არ იღებენ ცოდნას, მათთვის ის შეზღუდული არაა. შემდეგ, როგორც გითხარით, ჩვეულებრივ სკოლას შეგიძლიათ შეადაროთ: შეუძლებელია მუდამ ერთსა და იმავე კლასში დარჩენა - ან წინ უნდა წახვიდეთ, ან სკოლიდან წამოხვიდეთ. გარკვეული მოთხოვნები არსებობს, და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ადამიანები შესაძლებლობებს კარგავენ. ამიტომ, თუ ადამიანმა მუშაობა დაიწყო, ის არ უნდა გაჩერდეს. დავუშვათ, ადამიანმა მუშაობა დაიწყო და შემდეგ შეწყვიტა. ეს მისი მუშაობის უუნარობის მაჩვენებელია, და რაღა აზრი აქვს მის არსებობას? შეეცადეთ, ამ თვალთახედვით იფიქროთ ამ საკითხზე.
 
კითხვა: ყველასთვის ხელმისაწვდომია ამა თუ იმ ციკლში გზებიდან ერთ-ერთი?
 
პასუხი: არ ვიცი, და არ შეგვიძლია ასეთი საკითხები ვიცოდეთ; მხოლოდ საკუთარ თავზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენშანსი გვაქვს, სულ ესაა, რაც ვიცით, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ.
 
კითხვა: მომავალი მუშაობაში თოკზე სიარულს გავს. შეიძლება თუ არა მოგვიანებით სტაბილურობის სხვა დონის მიღწევის იმედი გვქონდეს?
 
პასუხი: ისევე როგორც ძილის მდგომარეობას, ნებისმიერ მდგომარეობას ბევრი სხვადასხვა ფორმა გააჩნია. არსებობს ძილი გამოღვიძების შესაძლებლობით, ძილი გამოღვიძების ნაკლები შესაძლებლობით და ძილი გამოღვიძების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე.
 
კითხვა: აუცილებელია თუ არა არსებაში რაიმეს შეცვლა, სხვა დაბრუნება რომ გვახსოვდეს?
 
პასუხი: არა, აუცილებელია ამ ცხოვრებაში გავხდეთ ცნობიერი. თქვენ მხოლოდ ეს ცხოვრება გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „ადრე რომც მეცხოვრა, დღეს ეს არ მახსოვს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში რომც ვიცხოვრო, ისევ არაფერი მემახსოვრება“. თუ ცნობიერი ხდებით ამ ცხოვრებაში, თქვენ გემახსოვრებათ, და იმდენივე გემახსოვრებათ, რამდენიც ახლა გახსოვთ. თუ ახლა არ გახსოვთ საკუთარი თავი, მაშინ არც შემდეგ ჯერზე გემახსოვრებათ, ანუ ყველაფერი ისევ ისე იქნება. საკუთარი თავის ახლაგახსენების დაწყების შესაძლებლობა, ცვლილების შესაძლებლობის სათავეა. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია.
 
კითხვა: თუ პიროვნება ჩვენთან ერთად კვდება, რას მოგვცემს შემდეგ დაბრუნებაში მისი შესუსტების მცდელობები?
 
პასუხი: ამ საკითხს დოგმატურად არ უნდა მივუდგეთ. როდესაც დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, „რაღაცაზე“ ვლაპარაკობთ, რაც ბრუნდება, და ეს „რაღაც“ საკუთარ თავში ინახავს ყველა შექმნილი ტენდენციის კვალს. თუ პიროვნების შესუსტების ტენდენცია შექმნილი იყო, ის გაგრძელდება, მაგრამ თუ საპირისპირო ტენდენცია იყო შექმნილი, პიროვნების გაძლიერების ტენდენცია, მაშინ სწორედ ეს ტენდენცია გაგრძელდება. სავსებით სწორია, რომ პიროვნება კვდება, მაგრამ თუ ეს „რაღაც“ ბრუნდება, მაშინ მიზეზები იგივე შედეგებს გამოიწვევს. თუ გარკვეული ახალი ტენდენციები შეიქმნა, მათაც თავიანთი შედეგები ექნება. ამიტომ ადამიანს, რომელმაც ბავშვობიდან ძილისადმი ჭეშმარიტი სიყვარული გამოავლინა, ადრევე შეუძლია ძილში ჩაიძიროს.
 
კითხვა: გამოდის, ერთადერთი, რის შენახვაც შეგვიძლია, არსებაში განხორციელებული, თუნდაც სულ მცირე ცვლილებებია?
 
პასუხი: არა, ცვლილება პირველად პიროვნებაში უნდა განახორციელოთ.
 
კითხვა: მაგრამ ეს ხომ არ ინახება!
 
პასუხი: ეს ერთადერთია, რის გაკეთებაც ძალგვიძს. არსებაზე მუშაობა ძალზე ცოტა ადამიანს შეუძლია. ეს მაინცდამაინც უპირატესობას არ წარმოადგენს მათთვის, ვისაც ეს შეუძლია, რადგან არსებაზე მუშაობა ძალზე ძნელია, მაგრამ ასე ხდება. ჩვეულებრივ ჩვენ პიროვნებაზე ვმუშაობთ, და ეს ერთადერთი სამუშაოა, რის გაკეთებაც შეგვიძლია. და თუ ნამდვილად ვმუშაობთ, ეს რაღაც შედეგს გამოიღებს. ხანდახან ტენდენციები არსებაშია, ხანდახან კი პიროვნებაში, მაგრამ მე ამ ცნებებს არ გამოვხატავდი როგორც „არსებას“ და „პიროვნებას“. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენ ზოგიერთი ტენდენცია უნდა შევასუსტოთ და ზოგი გავაძლიეროთ, შევასუსტოთ მექანიკური ტენდენციები და გავაძლიეროთ ცნობიერი. ეს ფორმულირების ერთადერთი შესაძლო ვარიანტია, ნებისმიერი სხვა არაზუსტი იქნება.
 
კითხვა: მეჩვენება, რომ პიროვნება, ფიზიკური სხეული და გარეგნობა ძალზე არამდგრადია დაბრუნებისთვის.
 
პასუხი: დიახ, მაგრამ ყველა გარკვეული მიზეზებით შეიქმნა, ხოლო რადგან მიზეზები იგივე იქნება, შედეგსაც იმავეს გამოიწვევს. ადამიანი იმავე გარემოებებში იბადება, იმავე სახლში, იმავე მშობლებთან, და ყველაფერი ძველებურად განვითარდება. გარკვეული გადახრები შესაძლებელია, მაგრამ საბოლოოდ შედეგი იგივე დადგება. დავუშვათ, ადამიანი რომელიმე ქალაქში დაიბადა, შემდეგ კი დროებით იქიდან გაემგზავრა. მოგვიანებით ბრუნდება და იგივე პირობებში აღმოჩნდება, თითქოს არც არსად წასულა. ამგვარად, ესაა ილუსტრაცია იმისა, თუ რას ვგულისხმობ გადახრაში. ადამიანი ყოველთვის იმავეს უბრუნდება.
 
კითხვა: რას სურს ასე ძლიერ დაბრუნება და თან ეშინია მისი?
 
პასუხი: არ ვიცი - ეს თქვენი საკუთარი კვლევის მასალაა. რა თქმა უნდა, ადამიანს სიკვდილის ჩვეულებრივ იდეას დაბრუნების იდეა ურჩევნია. იმავე დროს მას ეშინია ამ იდეის, რადგან თუ ის საკუთარ თავთან ნამდვილად გულწრფელია, ხვდება, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება. თუ ის მუდამ ერთსა და იმავე სიტუაციაშია, მუდამ ერთი და იგივე შეცდომებს სჩადის, მას ესმის, რომ ახალი დაბადება ვერ უშველის, თუ ახლა იგივეს კეთებას განაგრძობს. ცვლილება მხოლოდ ძალისხმევის შედეგი შეიძლება იყოს; არანაირი გარემოება ცვლილებას არ გამოიწვევს. აი რატომაა უშედეგო გარე გარემოებების ცვლილებების ჩვეულებრივი რწმენა: გარემოებები იცვლება, თქვენ კი უცვლელი რჩებით, თუ მუშაობას არ იწყებთ. იგივე ეხება დაბრუნებას. გარე გარემოებების თვალთახედვით, ადამიანის ცხოვრება შეიძლება მთლიანად შეიცვალოს, მაგრამ შედეგი იგივე იქნება - არსების და პიროვნების თანაფარდობა იგივე დარჩება. რეალური ცვლილება მხოლოდ სკოლაში მუშაობის შედეგის სახით დგება. ან, თუ მიყოლებით რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში ადამიანი მაგნეტურ ცენტრს ავითარებს და ვერ ხვდება სკოლას, ამ შემთხვევაში ცვლილება მაგნეტური ცენტრის ზრდით გამოიხატება.
 
კითხვა: თვლით თუ არა, რომ ისინი, ვინც საკმაოდ მაღალ მდგომარეობას მიაღწია, დაბრუნების ვალდებულებას აღარ ექვემდებარებიან?
 
პასუხი: ძალზე შორს მიდიხართ. ზოგიერთი რელიგია სიცოცხლის ბორბალის გაჩერების იდეით იწყება. მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, დაბრუნების იდეა - მხოლოდ თეორიაა, და როგორ უნდა გავაჩეროთ ის, რომლის არსებობაშიც დარწმუნებული არ ვართ? თუ მატარებლის გაჩერება გსურთ, უნდა იცოდეთ, რომ ის მოძრაობს. რა აზრი აქვს მისი გაჩერება გსურდეთ მაშინ, როდესაც დარწმუნებული არ ხართ, რომ ის მოძრაობს?
 
კითხვა: წინასწარგანსაზღვრულია თუ არა ადამიანის სიკვდილის თარიღი?
 
პასუხი: ვერ გეტყვით, ამ საკითხზე სხვადასხვა თეორია არსებობს. მგონია, რომ ერთი თვალსაზრისით ის წინასწარაა განსაზღვრული, მაგრამ იმდენად კომპლექსური სიდიდეა, რომ ადამიანის დრო შეიძლება შემოკლდეს ან გაიზარდოს. ამიტომ, თუმცაღა სიცოცხლე წინასწარაა განსაზღვრული, ეს არაა აბსოლუტური წინასწარგანსაზღვრულობა. ან, იქნებ, უმჯობესია ვთქვათ, რომ ის ყოველ მომენტში იცვლება, თუმც კი წინასწარაა განსაზღვრული. ყოველ წამს ახალი ფაქტორების მოტანა და ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება ან შემცირება შეუძლია. თუ არაფერი ხდება, მაშინ ის წინასწარაა განსაზღვრული.
 
კითხვა: მოქმედებს თუ არა სკოლაში მუშაობა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?
 
პასუხი: ისევ ზედმეტად ბევრს ითხოვთ. შესაძლოა, რამდენიმე რეინკარნაციის შემდეგ სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება იპოვოთ, მაგრამ თუ ამას დაუყოვნებლივ ელით, თქვენ ძალზე ბევრის მოლოდინი გქონიათ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ვფიქრობ, სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად იქნება.
 
კითხვა: ნიშნავს ეს თუ არა, რომ კვლავ იგივე ცხოვრებით ვცხოვრობ? მე ისევ 1915 წელს დავიბადე და კვლავ 1915 წელს დავიბადები?
 
პასუხი: მუდამ 1915 წელს - ეს ერთადერთია, რაც ვერ შეიცვლება. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ადრე უნდა გვეცხოვრა - არსაიდან ვერ გავჩნდებოდით, თუნდაც ეს არ გვახსოვდეს. ისინიც კი, ვინც ფიქრობს, რომ რაღაც ახსოვს, ისიც მხოლოდ ბავშვობაში ახსოვს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაფერს ვივიწყებთ.
 
დაბრუნების შესწავლა ბავშვური აზროვნების, განსაკუთრებით ბავშვის ამეტყველებამდე პერიოდის აზროვნების შესწავლით უნდა დავიწყოთ. ადამიანებს საკუთარი თავი ამ ასაკში რომ ახსოვდეთ, ბევრი საინტერესო რამ გაახსენდებოდათ. სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები ლაპარაკს იწყებენ, ისინი ნამდვილ ბავშვებად იქცევიან, ექვსი თვის ან წლის შემდეგ კი ყველაფერს ივიწყებენ. ადამიანებს ძალზე იშვიათად ახსოვთ, რის შესახებ ფიქრობდნენ ძალზე ადრეულ ბავშვობაში. მაგრამ, ფსიქოლოგიურად, ფაქტია, რომ ბავშვობის ძალზე ადრეულ მოგონებებში - ადამიანებს კი ხანდახან ახსოვთ რამდენიმე თვის ასაკიდან რაღაც - მათ უკვე აქვთ ინტელექტი, ადამიანების, ადგილების და საგნების გარკვეული გაგება. როგორ შეიძლება სულ ახლახანს დაბადებული ბავშვებისგან ველოდოთ, რომ ისინი მთელ ამ მასალას ფლობენ? ინტელექტი საკმაოდ ნელა ვითარდება, მაგრამ ზოგ ბავშვს ზრდასრული ადამიანის გონება აქვს. ისინი სულაც არ არიან ბავშვები, ბავშვებად მოგვიანებით იქცევიან. თუ მათ ადრეულ ბავშვობაში საკუთარი აზროვნება გაახსენდებათ, ნახავენ, რომ ეს მოზრდილთა აზროვნების ანალოგიურია. აი რა არის საინტერესო.
 
კითხვა: თქვენთვის ცნობილია, რატომ უნდა ახსოვდეს ბავშვს საკუთარი მოზრდილი აზროვნება, და არა წარსული ბავშვური აზროვნება?
 
პასუხი: ჩვენ იმდენად მცირე მასალას ვფლობთ, რომ ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ. მე მხოლოდ მისი შესწავლის შესაძლებლობაზე ვსაუბრობ. დავუშვათ, რომ ბავშვობის გახსენებას ვცდილობთ ისე, რომ ამ პროცესში წარმოსახვა არ ჩაერთოს. ამ შემთხვევაში, თუ რამეს ვიპოვით, სწორედ ეს იქნება მასალა. ლიტერატურაში მხოლოდ მცირეოდენის პოვნაა შესაძლებელი, რადგან ადამიანებმა არ იციან, ეს საკითხი როგორ უნდა შეისწავლონ. თუმცა ჩემს პირად გამოცდილებაში რამდენიმე ძალზე საინტერესო ფაქტს წავაწყდი. ასევე ზოგ ადამიანს, რომელთაც ვიცნობდი, ცხოვრების პირველი წლების საინტერესო მოგონებები ჰქონდათ, და ყველას ერთი შთაბეჭდილება გააჩნდა, რომ აზროვნება არ იყო ბავშვური. ხვდებით, რას ვგულისხმობ? მათ მზა გონება ჰქონდათ, სრულიად ზრდასრული რეაქციებით, და ადამიანების ისეთი ხედვა და მათი ამოცნობა, რომლის ჩამოყალიბება ექვსი თვის შეუგნებელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლებელია.
 
კითხვა: რატომ ქრება ის, როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს?
 
პასუხი: ბავშვი სხვა ბავშვების მიბაძვას და იმის კეთებას იწყებს, რასაც მისგან დიდები მოელიან. ისინი ელიან, რომ ის სულელი ბავშვი იქნება, და ისიც სულელი ბავშვი ხდება.
 
კითხვა: როგორ შეიძლება გავიგოთ, რა ახსოვს ჩვილს? მეგონა, რომ ადამიანი სრულიად სუფთა ცენტრებით იბადებოდა, და მას ცენტრებით ახსოვს.
 
პასუხი: ეს იდუმალებითაა მოცული. როგორც გითხარით, ზოგიერთებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან სხვებისგან, თავიანთი პირველი თვეების უცნაური და სრულიად განსაზღვრული მოგონებები გააჩნიათ. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანებს იმგვარად აღიქვამდნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები და არა როგორც ბავშვები. ისინი არ ქმნიან სურათებს ცალკეული ელემენტებისგან, მათ სრულიად გარკვეული შთაბეჭდილებები აქვთ სახლებზე, ადამიანებზე და ა.შ.
 
კითხვა: ჯერ კიდევ ვერ ვიგებ, როგორ უნდა გახსოვდეს წინა დაბრუნებები? ვფიქრობდი, მახსოვრობა ცენტრების შემადგენლობაზე იყო დამოკიდებული, რომლებიც პიროვნებაში იმყოფება. როგორ შეიძლება პიროვნებას დაბრუნება ახსოვდეს?
 
პასუხი: თქვენ ვერ გემახსოვრებათ ის, თუ საკუთარი თავი არ გახსოვთ აქ, ამ დაბრუნებაში. ჩვენ ადრეც ვცხოვრობდით, ბევრი ფაქტი ამტკიცებს ამას. იმიტომ არ გვახსოვს, რომ საკუთარი თავი არ გვახსოვს. იგივე სწორია ამ ცხოვრებისთვისაც. თუ მოვლენები მექანიკურია, მხოლოდ ის გვახსოვს, რომ ისინი მოხდა. მხოლოდ თვითგახსენებასთან ერთად შეგვიძლია დეტალები გვახსოვდეს. პიროვნება ყოველთვის არსებასთანაა შერეული. მახსოვრობა არსებაში იმყოფება და არა პიროვნებაში, მაგრამ პიროვნებას მისი სწორად არეკვლა შეუძლია, თუ მეხსიერება საკმაოდ ძლიერია.
 
კითხვა: თუ იმავე გარემოებებში ვბრუნდებით, მაშინ ცხოვრებაში თუნდაც რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა ძალზე უმნიშვნელო ჩანს.
 
პასუხი: ის ცხოვრების დასაწყისშია. ცხოვრება დიდხანს გრძელდება, და მის მიმდინარეობაში რაღაცის შეძენა შეგვიძლია - ცოდნის, გაგების - და ამ გაგებას არსებაში გადასვლა შეუძლია. ამ შემთხვევაში, თუ სიცოცხლის პირველი წლები არსებაში ვცხოვრობთ, ეს გაგება ჩვენზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს, არსებაში გარკვეულ მოგონებებს იწვევს. როგორც წესი, ისინი უფრო მოზრდილ ასაკში ქრება, თუმცა ბავშვებს ის ხანდახან საკმაოდ დიდხანს აქვთ, რვა-ათ წლამდე.
 
კითხვა: სამი-ოთხი წლის ასაკში თამაშ-თამაშით საკუთარი თავის გახსენებას ვცდილობდი.
 
პასუხი: სავსებით შესაძლებელია, ეს დარჩენილიყო. არაა გამორიცხული, წინა ცხოვრებაშიც ცდილობდით თვითგახსენებას - დაუჯერებელი ამაში არაფერია.
 
კითხვა: ნიშნავს თუ არა დაბრუნება, რომ, თუ სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ, ის კვლავ დაბრუნდება?
 
პასუხი: სხვადასხვანაირი შეცდომები არსებობს, მაგრამ თუ ეს შეცდომა შეგნებულად გაქვთ ჩადენილი, იმიტომ ჩაიდინეთ, რომ ასე გსურდათ, მაშინ, სავარაუდოდ, ამ შეცდომის ხელახლა ჩასადენად კიდევ უფრო ძლიერ განეწყობით.
 
კითხვა: ბრუნდება თუ არა დაავადებები?
 
პასუხი: ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა. ეს საკმაოდ რთულ საკითხებთანაა დაკავშირებული. დაავადებები უნდა დაიყოს, რადგან ისინი სხვადასხვაგვარია. ზოგს შეუძლია არსებაზე ზემოქმედება, ზოგს - არა. ბევრი გადამდები დაავადება აკუმულატორებს აღებს, ამიტომ შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. შემდეგ აკუმულატორები ღია რჩება, ან კვლავ იხურება. ასეთი დაავადებები ბიძგის როლს ასრულებს. ეს შემთხვევითი დაავადებებია, და ისინი შეიძლება განმეორდეს ან არ განმეორდეს. ამას გარდა, არსებობს ბედთან დაკავშირებული დაავადებები, თანდაყოლილი დაავადებები.
 
კითხვა: ვფიქრობ, მარადიული დაბრუნება არ მესმის.
 
პასუხი: ჩვენ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ეს ფილოსოფიური საუბარია, რადგან მასალა არ გვყოფნის, რომ თუნდაც თეორიულად ვიმსჯელოთ. თუ გახსოვთ, ფილოსოფიურად საუბარი შესაძლებლობებზე ლაპარაკს ნიშნავს. ანუ, თუ დაბრუნება არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს.
 
კითხვა: ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა განვიხილოთ, როგორც ფილოსოფიური საკითხი თუ საკითხი, რომელიც გადამოწმებას ექვემდებარება?
 
პასუხი: გადამოწმებაზე ვერ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, როდესაც ზოგი ადამიანი ამ საკითხის დასაბუთებას პოულობს, ეს ძალზე სუბიექტურია. ისინი ვერ შეძლებენ სხვებს საკუთარი გაგება გადასცენ. ისინი ან დაუჯერებენ, ან არა, მაგრამ ასეთი ცნობები დასაბუთებას არ წარმოადგენს. თუმცა, დაბრუნების შესახებ ზოგი მოსაზრების გადამოწმება ამ ცხოვრებაში დაკვირვების გზით შეგიძლიათ.
 
კითხვა: როგორ წარმოიშვა დაბრუნების იდეა?
 
პასუხი: ფსიქოლოგიურად ერთ პასუხს მიიღებთ, მათემატიკურად - მეორეს, ისტორიულად - მესამეს. თუ ფსიქოლოგიურად გულისხმობთ, ვფიქრობ, რომ ეს ძალზე დაჟინებული და გარკვეული გრძნობაა, რომელიც ხანდახან აქვთ ბავშვებს, რომ „ეს ადრე უკვე იყო“. მაგალითად, ახალ სახლში ან ახალ ქალაქში მოხვედრისას, მათ უჩნდებათ გრძნობა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ახსნა „ცნობიერების გახლეჩა“, როგორც მას უწოდებენ, და რასაც ჩვენ გაცილებით უკეთ აღვწერთ, როგორც ერთი ცენტრიდან მეორეზე გადასვლას, არაა საკმარისი, რადგან ისინი მხოლოდ ზოგ შემთხვევას ხსნის, და არა ყველას.
 
კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ დაბრუნება მოხდა იმ ქალაქის არსებობისას?
 
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა. ეს დროის იგივე ხაზი არაა - ეს პარალელური დროა. დაბრუნების იდეა დროის ორ განზომილებას მოითხოვს. სამი განზომილების აუცილებლობა მხოლოდ მუშაობის იდეასთან ერთად მოდის. მაგრამ დროის მეორე განზომილება სინამდვილეში ძალზე ელემენტარულია. მის არსებობაში ეჭვს ვერ შევიტანთ, მით უმეტეს თანამედროვე მათემატიკურ და ფიზიკურ წარმოდგენებში. თუ მივიღებთ, რომ დროის ხაზი - მრუდია, მაშინ მრუდს ორი განზომილება აქვს, ამიტომ დროის ორი განზომილება არსებობს.
 
კითხვა: ვერ გავიგე, რანაირად შეიძლება გააჩნდეს დროს ორი განზომილება.
 
პასუხი: მარტივი მაგალითი განვიხილოთ. გემზე იმყოფებით, გემბანზე დადიხართ და ამ დროს გემიც მიცურავს. სწორედ ესაა თქვენი მოძრაობის მეორე განზომილება. ერთი მოძრაობა: თქვენ მოძრაობთ - მიდიხართ, მეორე მოძრაობა - გემი მიდის.
 
კითხვა: სპირალს შეუძლია ჩვენი ამჟამინდელი წრიდან გამოყვანა?
 
პასუხი: ვფიქრობ, ვერ ვისაუბრებთ სპირალებზე სისტემის კუთხით. მაგრამ თუ მათზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ვლაპარაკობთ, მაშინ ჩვეულებრივ დაბრუნებაში საერთოდ არაა სპირალი, ყველაფერი ერთი და იგივე დონეზე ხდება. დაბრუნებები შეიძლება გარკვეულ დეტალებში განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან - ერთი ერთ მხარეს იყოს გადახრილი, მეორე სხვაგვარად - მაგრამ ეს უმნიშვნელო გადახრებია, და აქ არავითარი სპირალი არაა. სპირალის იდეა ერთი და იგივეს გაუთავებელი გამეორებიდან გაქცევით, ანუ რაღაც სიახლის შემოტანის მომენტში ჩნდება.
 
კითხვა: მარადიული დაბრუნების იდეა სისტემის ნაწილს წარმოადგენს?
 
პასუხი: არა, სისტემის გაგება მის გარეშეც შეიძლება, თუმცა მოგვიანებით სისტემის ზოგიერთი პოზიციის გაგება გაგიადვილდებათ, თუ დაბრუნების შესახებ გარკვეული წარმოდგენა გექნებათ. სისტემა განვითარების გზას გიჩვენებთ, მაგრამ არ გეუბნებათ, რა ხდება, როდესაც ვვითარდებით. თუ საკითხს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის შესახებ დროის თვალსაზრისით შევხედავთ - მხოლოდ დროის თვალსაზრისით - გონივრული იქნება, დავუშვათ, რომ №1, 2, 3 და 4 ადამიანს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გააჩნია, მასში არაფერია მუდმივი. მასში მუდმივის იმდენად ნაკლებობაა, რომ მას სიკვდილის შოკის გადატანა არ ძალუძს. თუ მასში რაიმე მუდმივი არსებობს, ის სიკდილის შოკს გადაიტანს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ საკითხის განხილვა მარადისობასთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ შემოწმება არ შეგვიძლია, მაგრამ ასეთი შეხედულება გულისხმობს, რომ გამეორება არსებობს. ცხოვრება უნდა გამეორდეს, მხოლოდ ერთი ცხოვრება შეუძლებელია. შეეცადეთ, ცხოვრების აგებულება გაიგოთ. მას ვერ გაიგებთ, თუ სწორ ხაზზე ფიქრობთ, ხოლო თუ წრეებზე ფიქრობთ, აღმოაჩენთ, რომ ტვინი ამ კონცეფციას ვერ იტევს. ყველაფერი ცოცხალი - ორგანული სიცოცხლე, ადამიანები და ა.შ. - ცოცხლობს და კვდება, და რაღაც იდუმალი გზით, რომელიც არ გვესმის, ეს წრეებს წარმოშობს. ეს წრეები სხვა წრეებთანაა დაკავშირებული, და ცხოვრების მთელი აგებულება - ამის შედეგია. ნებისმიერი რამ, ყოველი მცირე ნაწილი კვლავ და კვლავ ბრუნავს საკუთარ წრეში, რადგან ყველაფერმა არსებობა უნდა გააგრძელოს. თუ ნაპრალი გაჩნდება, მთელი სტრუქტურა განადგურდება.
 
კითხვა: იმის გამო ხომ ვერ ვიგებთ დაბრუნებას, რომ აზროვნების აუცილებელი კატეგორია გვაკლია, რადგან ის მარადისობაში იმყოფება?
 
პასუხი: დიახ, თუ ასე გნებავთ. ჩვენმისი მკაფიოდ წარმოდგენა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენს მაღალ ცენტრებს შეუძლია. თუ ვმუშაობთ, მასზე ფიქრს შევძლებთ, მაგრამ მხოლოდ მაღალი ცენტრების დახმარებით - ჩვენი ჩვეულებრივი გონებით არა. მაგრამ მანამდე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ჩვეულებრივი ცენტრები მაქსიმალურად ამუშავდეს, რადგან მათ სრულად არ ვიყენებთ. მაღალ ცენტრებზე გადასვლამდე ჩვეულებრივი ცენტრების ყველა ნაწილის, და არა მხოლოდ მექანიკური ნაწილების, სრულად გამოყენება უნდა ვისწავლოთ.
 
დაბრუნების იდეას ბევრი სრულიად ცხადი ნაკლი გააჩნია, მაგრამ მათემატიკურად ის სწორია და ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამგვარი იდეა, რადგან სხვაგვარად, დაბრუნების იდეის გარეშე, წარსული არ იქნებოდა. თუ წარსული არაა, არც აწმყოა, ხოლო თუ აწმყო არაა, ჩვენ სად ვართ? ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც მთელი აწმყო ქრება. ამ საკითხზე უკვე დავწერე „Tertium Organum“-ში: თუ მატარებლით ვმგზავრობთ, ვერ ვიფიქრებთ, რომ გავლილი სადგურები ქრება, ხოლო რომლებსაც ვუახლოვდებით, შენდება, - ისინი ჩვენს მიახლოებამდეც იქ იყო და მისი გავლის შემდეგაც იქ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი კვდება, ამიტომ ისევ თავიდან უნდა დაიბადოს; და დაბრუნება - ერთადერთი თეორიაა, რომელსაც პასუხის გაცემა ძალუძს.
 
კითხვა: თუ ყოველი მომენტი ყოველთვის სხვებთან ერთდროულად არსებობს, რა აიძულებს ადამიანს, თავი სწორედ ამმომენტში იგრძნოს?
 
პასუხი: გონების შეზღუდულობა. უეჭველად, იდეა პარალელური დროის შესახებ მომენტის მარადიულობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენს გონებას ამგვარად აზროვნება არ ძალუძს. ჩვენი გონება - ძალზე შეზღუდული მანქანაა. ჩვენ იძულებულები ვართ უფრო იოლი გზით ვიაზროვნოთ, და ეს უნდა გავითვალისწინოთ. გამეორებაზე ფიქრი უფრო ადვილია, ვიდრე მომენტის მარადიულ არსებობაზე. უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენს გონებას საგნების და მოვლენების, ისეთის, როგორიც არის, სწორი ფორმულირება არ შეუძლია; ჩვენ მხოლოდ მიახლოებითი ფორმულირებები უნდა ვიპოვოთ, რომლებიც უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება. სულ ესაა, რაც შეგვიძლია. ჩვენი გონება და ენა - ძალზე უხეში ინსტრუმენტებია, ჩვენ კი მეტად ნატიფ მეტერიებსა და პრობლემებთან უნდა გვქონდეს საქმე. იმავდროულად, ვერ ვაცნობიერებთ, რომ, საკითხების გაიოლებით, საკუთარი თავის სამგანზომილებიან სამყაროში წარმოდგენით, ჩვენ ამ სამყაროს არარსებულად ვაქცევთ. ჩვენ საკუთარ თავს შეუძლებელ მდგომარეობაში ვაყენებთ, რადგან, თუ ვიღებთ, მაგალითად, ჩვეულებრივ შეხედულებას გამქრალ წარსულსა და ჯერ არარსებულ მომავალზე, მაშინ არაფერი არსებობს. ეს ამ იდეიდან გამომდინარე ერთადერთი ლოგიკურად შესაძლებელი დასკვნაა: ან არაფერი არსებობს, ან ყველაფერი არსებობს - მესამე ვარიანტი არ არსებობს.
 
კითხვა: როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა დაბრუნების თავიდან აცილება?
 
პასუხი: იგივე შეცდომას უშვებთ, რასაც ბევრი დოქტრინა. ისინი გაქცევაზე უფრო ადრე იწყებენ ფიქრს, ვიდრე თეორიის სისწორეში დარწმუნდებოდნენ. თავდაპირველად უნდა გაიგოთ, რომ დაბრუნება რეალურად არსებობს, - მოგონებების გზით გაიგოთ, და არა თეორიულად. შემდეგ უნდა დაიღალოთ მისგან, ის უნდა მოგწყინდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გაქცევაზე იფიქროთ.
 
კითხვა: ბოლომდე როგორ უნდა დავრწმუნდეთ მის არსებობაში?
 
პასუხი: როგორც გითხარით, მხოლოდ მოგონებების გზით. თუ გახსოვთ, რომ ადრეც ცხოვრობდით, რას გავდა ის, რა ხდებოდა, გეცოდინებათ კიდეც. თუ არ გახსოვთ, დარწმუნებულიც ვერ იქნებით. თეორია ამბობს შემდეგს: თუ ერთი ცხოვრების განმავლობაში გახსოვთ საკუთარი თავი, შემდეგშიც გემახსოვრებათ. თუ ამ ცხოვრებაში არ ხართ ცნობიერი, არ გემახსოვრებათ. ამიტომ, თავდაპირველად, ამ ცხოვრებაში უნდა გახდეთ ცნობიერი.
 
კითხვა: ადამიანს რომ დაბრუნების კანონისგან გაქცევა შეეძლოს, ის იმავე დროში დარჩებოდა თუ უმაღლეს ადამიანს სხვა დროებში გაქცევა შეუძლია?
 
პასუხი: არა, დრო არაფერ შუაშია. დრო მხოლოდ ერთ ცხოვრებას შეესაბამება. ერთი ცხოვრების მიღმა დრო არ არსებობს - შეგიძლიათ ამას მარადისობა უწოდოთ. და რას მოიაზრებთ გაქცევის ქვეშ? ამ იდეის გაგების მრავალი გზა არსებობს. როგორ გაექცევით დროს? ის თქვენი ნაწილია, ეს იგივეა, საკუთარ ფეხებს ან თავს გაექცეთ. იმავე დროს, გაქცევის იდეას აზრი აქვს - ის მექანიკურობისგან, მხოლოდ ერთი „მე“-ს არსებობისგან, სასურველის კეთებისგან გაქცევას ნიშნავს. გაქცევის მრავალი ხარისხი არსებობს, მაგრამ ეს დასაწყისია. თქვენ ამ იდეას ძალიან უბრალოდ იღებთ. შეეცადეთ იფიქროთ, რას ნიშნავს გაქცევა.
 
კითხვა: ვერ ვათავსებ წარსულის არსებობის, რეალურად ცხოვრების იდეას მის დაბრუნების იდეასთან.
 
პასუხი: ნუ ფიქრობთ ამ საკითხზე, თუ გერთულებათ. თავი დაანებეთ. აი, რატომაა საჭირო დაბრუნების შესახებ გამარტივებული ფორმებით საუბარი: ჩვენს გონებას სხვაგვარად აზროვნება არ ძალუძს. ეს იდეა სინამდვილეში მაღალი ინტელექტუალური ცენტრისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც სწორად აზროვნება შეუძლია. თითქმის ამაოა დაბრუნებაზე საუბარი, რადგან ის ფილოსოფიად იქცევა, მაგრამ მასზე რაღაცის თქმა ჩვენი ამჟამინდელი ცოდნითაც შეგვიძლია: სკოლაში სწავლისას რაღაც გვრჩება. ადამიანს ახალი დაწყებულიც რომ ჰქონდეს სწავლა, რაღაც მაინც შემორჩება. ის ვერ დაივიწყებს მას. შესაძლოა, ნაადრევი მოგონება მას ახალ ციკლში შესვლაში დაეხმაროს, და თუ ის ერთხელ მაინც მივიდა სკოლასთან, შეუძლია იმედი იქონიოს, რომ უფრო სწრაფად შეხვდება სკოლას, და ეს შეიძლება დაეხმაროს. ანუ, ამ იდეებთან მხოლოდ კავშირითაც კი რაღაც შევიძინეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიწყებთ, ვფლობთ რა სისტემის უპირატესობებს. ეს ერთადერთი საიმედო რამაა, სხვა დანარჩენი მუშაობაზეა დამოკიდებული.
 
კითხვა: როგორ შეიძლება დაბრუნება ადამიანისთვის სასარგებლო იყოს?
 
პასუხი: თუ ადამიანი გახსენებას და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე წრეში დაბრუნების ნაცვლად შეცვლას იწყებს; თუ ადამიანი იმის კეთებას იწყებს, რაც სურს და რაც საუკეთესოდ მიაჩნია, მაშინ ეს სასარგებლოა. მაგრამ თუ ადამიანმა არაფერი იცის დაბრუნების შესახებ ან იცის და არაფერს აკეთებს, სარგებელიც არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მეორდება და მეორდება.
ერთ ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება, ამიტომ, თუ უბრალოდ გემახსოვრებათ, რა მოხდა გუშინ, ზოგიერთი ხვალინდელი მოვლენის თავიდან აცილებას შეძლებთ. ყოველი ადამიანი მოვლენათა გარკვეულ ჩაკეტილ წრეში ცხოვრობს - ერთ ადამიანს ერთი შეემთხვევა, მეორეს - სხვა. თქვენ მოვლენათა საკუთარი ტიპები უნდა იცოდეთ, და თუ იცით, ბევრი რამის თავიდან აცილებას მოახერხებთ.
 
კითხვა: თუ ადამიანი ერთი დაბრუნების დროს სისტემას შეხვდა, შეხვდება თუ არა მას შემდეგი დაბრუნებისას?
 
პასუხი: ეს ადამიანის სისტემასთან მიმართებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, როდესაც სისტემას შეხვდა, თქვა: „რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს ხალხი!“ ეს დამოკიდებულია, თუ რა ძალისხმევას მიმართავს ადამიანი. თუ ძალისხმევას მიმართავს, რაღაცის შეძენა, და მისი შენარჩუნებაც შეუძლია, თუ ეს რაღაც ზედაპირულ პიროვნებაში არ მოხდა, და თუ მხოლოდ მაფორმირებელი არ იყო.
 
კითხვა: აუცილებლად მიყვება თუ არა ადამიანი ყოველი დაბრუნებისას მოქმედებათა გარკვეულ ხაზს?
 
პასუხი: როგორც გითხარით, ივარაუდება, რომ ყველა შეძენილი ტენდენცია მეორდება. ერთი ადამიანი შესწავლის ან გარკვეული საკითხებით დაინტერესების ტენდენციას იძენს. ის კვლავ ამ საკითხებით დაინტერესდება. მეორე გარკვეული საკითხებისგან გაქცევის ტენდენციას იძენს. შემდეგში ის ისევ გაექცევა ამ საკითხებს.
 
კითხვა: ძლიერდება თუ არა ეს ტენდენციები?
 
პასუხი: ისინი შეიძლება გაძლიერდეს ან სხვა მიმართულებით განვითარდეს. არანაირი გარანტია არაა - სანამადამიანი რომელიმე გაცნობიერებულ მოქმედებას არ მიაღწევს, როდესაც მას საკუთარი თავის ნდობის გარკვეული შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენ რომ საკმარისი მასალა გვქონოდა, ამ საკითხზე მრავალ კითხვას ვუპასუხებდით. მაგალითად, რატომ უჩნდებათ ბავშვებს უცნაური მიდრეკილებები, რომლებიც მათი გარემო პირობების საწინააღმდეგოა და სრულიად უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ? ხანდახან ეს საკმაოდ ძლიერი მიდრეკილებებია, რომლებიც მათ ცხოვრებას ცვლის და სრულიად მოულოდნელი მიმართულებით სვლას აიძულებს, მაშინ, როდესაც მემკვიდრეობაში არაფერია, რაც მსგავს სურათს შექმნიდა. აი, რატომ ხდება უმეტეს შემთხვევებში შემდეგი: მშობლები შვილებს, შვილები კი მშობლებს ვერ უგებენ. ისინი ვერასოდეს გაუგებენ ერთმანეთს სწორად ან საკმარისად. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან - ერთმანეთისთვის უცხოები; ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს რომელიღაც გაჩერებაზე, შემდეგ კი კვლავ სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებენ გზას.
 
კითხვა: როდესაც გვეუბნებით „შევისწავლოთ ბავშვები“, რას გულისხმობთ?
 
პასუხი: სწორედ ესაა ძალზე რთული. თუ მიდრეკილებებს დიდ სკალაზე დააკვირდებით, მოულოდნელობებს წააწყდებით. ესა თუ ის მიდრეკილება შეიძლება გარემოცვის ან რაიმე სხვა მიზეზის შედეგად მოიაზროთ, მიუხედავად ამისა, პატარა ბავშვებში ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი მიდრეკილებები მჟღავნდება - არა ის შემთხვევითი მიდრეკილებები, უცებ რომ ჩნდება და ქრება, არამედ რომლებიც მთელ სიცოცხლეს გასდევს. ამ თეორიის თანახმად, ეს შეიძლება წინა ცხოვრების ბოლო წლებში შეძენილი მიდრეკილებები იყოს, რომლებიც ამ ცხოვრებაში ძალზე ადრე ვლინდება.
 
კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დაბრუნების თანახმად, წინა ცხოვრებაში ჩვენს მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი ქმედებები ამჟამინდელი მიდრეკილებების გამომწვევია?
 
პასუხი: სრულიად შესაძლებელია. მაგრამ, არის ერთი მაგრამ: ეს სამუშაო ადრე არ იყო. გამორიცხული არაა, სხვა სამუშაო ყოფილიყო - შესაძლოა, მრავალი სხვა სახის - მაგრამ ეს არა. ეს სამუშაო ადრე არ არსებობდა, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.
 
კითხვა: ვგულისხმობდი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იდეა ჩანს, რომ ამჟამინდელ მომენტსა და სიკვდილს შორის ჩვენ საბედისწერო ქმედებებს ვახორციელებთ, რომლებიც შემდეგი ჯერისთვის ტენდენციებს ქმნის.
 
პასუხი: რა თქმა უნდა. ცხოვრების ყოველ მომენტში ტენდენციებს ვქმნით, რომლისგანაც ვერ გავთავისუფლდებით ათი ცხოვრების განმავლობაშიც კი. აი, ინდურ ლიტერატურაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა რატომ ენიჭება. ეს შეიძლება ზღაპრის ფორმით გამოიხატოს, მაგრამ პრინციპი იგივეა.
 
კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ეს სამუშაო ადრე არ ყოფილა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის არ გამეორდება?
 
პასუხი: გარანტია არ არსებობს. თქვენთვის ეს თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ერთი შეიძლება გარკვეულად ჩაითვალოს - ის ზუსტად იმავე სახით არ წარიმართება. შესაძლოა, სკოლები და ჯგუფები იყოს, მაგრამ არც იგივენაირი და არც იმავე დროს. სამუშაო - ერთადერთია, რაც დაბრუნების კანონს არ ექვემდებარება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო არ იქნებოდა. თუ ის ოდნავ მაინც ცნობიერია, ის იმავე ფორმით ვერ დაბრუნდება. თუ კვლავ ამ სამუშაოს ავიღებთ, მასში ბევრი რამ სრულიად სხვაგვარად წარიმართება. მაგალითად, რაც ახლა კონკრეტულ დროს მოხდა, შესაძლოა, ოცი წლით ადრე დაიწყოს.
 
კითხვა: თუ სკოლები იმავე სახით არ ბრუნდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანი სკოლას მხოლოდ ერთ ცხოვრებაში შეხვდება?
 
პასუხი: არა, აქ სხვა იდეა შემოგყავთ. ეს გაცილებით იოლია. დაბრუნება, თუკი ის არსებობს, მექანიკურია და მექანიკურობას ეფუძნება. სკოლა მექანიკური ვერ იქნება, ანუ ის, თუნდაც ელემენტარული, სხვა კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. თუ სკოლა ოდესღაც ერთი ფორმით არსებობდა, შემდეგ ჯერზე ის ვერ იქნება იმავე ადგილას, იგივე დროს ან იგივე ფორმით. შეუძლებელია ითქვას, როგორ შეიცვლება, მაგრამ იგივე აღარ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მექანიკური იქნებოდა, ხოლო თუ მექანიკურია, სკოლა არ არის.
 
კითხვა: ასეთ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც სკოლას შეხვდა, შემდეგ ჯერზე შეიძლება ვეღარ იპოვოს ის?
 
პასუხი: მან შეიძლება სხვა იპოვოს, არაა გამორიცხული, უკეთესი, ან საერთოდ ვერ იპოვოს. სკოლის ტიპი, რომელსაც შეიძლება შეხვდეს ან ვერ შეხვდეს ადამიანი, ბევრ უცნობ მიზეზზეა დამოკიდებული, უცვლელად მხოლოდ გაქვავებული მოვლენები მეორდება დაუსრულებლად. ცოცხალი მოვლენები ერთი და იგივე არასდროს არაა.
 
თქვენ შეიძლება, მაგალითად ტრაფალგარის მოედნის დაბრუნების იმედი გქონდეთ, მაგრამ არა სკოლის, დაბრუნების თვალსაზრისით.
 
კითხვა: მაშინ, რადგან სკოლები მექანიკური არაა, თუ ჩვენ ვბრუნდებით, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სისტემას ოდესმე ხელახლა ვიპოვით?
 
პასუხი: დარწმუნებული ვერ ვიქნებით, მართალია, მაგრამ ამ საკითხს სხვადასხვა მხარე გააჩნია. სავსებით სწორია, არაფერი ბრუნდება ზუსტად იმავე ფორმით, მაგრამ იმავე დროს, ადამიანი ვერ დაკარგავს იმას, რაც უკვე შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ თუ ის ერთ შესაძლებლობას კარგავს, სხვას პოულობს. ის მხოლოდ საკუთარი მიზეზით კარგავს, მაგრამ უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ შესაძლებლობები უსასრულო არაა. გარკვეული აზრით დაბრუნება არსებობს, ან, მინიმუმ, შეიძლებაარსებობდეს, მაგრამ, როგორც გითხარით, ყველაფრისთვის, დიდისა თუ პატარასთვის, „მარადიული“ დაბრუნება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს. სხვადასხვა გამოვლინებები არსებობს, და ისიც კი, რასაც მარადიულად მივიჩნევთ, შესაძლოა სულაც არ იყოს ასეთი. ყოველ მათგანს შანსების შეზღუდული რაოდენობა გააჩნია. თუ ადამიანები ყოფითი ცხოვრებით ცხოვრობენ და სწორ გავლენებს არ აგროვებენ, მაგნეტურ ცენტრს არ აფორმირებენ, გარკვეული ხნის შემდეგ მისი ფორმირების შესაძლებლობასაც კი კარგავენ. ისინი შეიძლება გაქრნენ, იმიტომ, რომ დიდი კონკურენციაა. ...ბევრი რამაა, რის შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცით, მაგრამ პირველი, რაც დაბრუნების შესახებ უნდა გვესმოდეს, - ის მარადიული არაა.
 
კითხვებით ვხვდები, რომ ზოგიერთი თქვენგანი ვერ აცნობიერებს, რამდენად იშვიათია განვითარების შესაძლებლობა, და რამდენად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ვერასდროს მიუახლოვდება ამ შესაძლებლობას. ისინი ვერც იმ მრავალრიცხოვან, დიდ თუ მცირე საშიშროებას აცნობიერებენ, რაც ამ შესაძლებლობას ემუქრება. რაც შეეხება იგივე სკოლასთან შეხვედრის შანსს, ვიგრძენი, რომ ადამიანებს აოცებს ის, რომ შეიძლება ვერ შეხვდნენ მას, რომ ეს შესაძლებლობა მარადიული არაა. სინამდვილეში, ყველაფერი, რაც სკოლებთანაა დაკავშირებული, ჩვეულებრივი კანონების მიღმაა, ამიტომ არაფერი მოხდება იგივენაირად. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა შესაძლებლობები არ იქნება, მაგრამ ადამიანი მათთვის მზად უნდა იყოს. სკოლა ადამიანისგან ვერ გაიქცევა. ერთადერთი, ვისაც გაქცევა შეუძლია, თავად ადამიანია, მაგრამ ის მასთან შესახვედრად მზად უნდა იყოს, თუნდ ათი ათასი სიცოცხლე ჰქონდეს. თავისთავად არაფერი მოდის. ადამიანს თავისთავად მოსულის მხოლოდ დაკარგვა შეუძლია. ის ზუსტად იმდენს მიიღებს, რამდენისთვისაც მომზადებულია, ხოლო მომზადება მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეუძლია. ამ მუშაობას გარანტიები არ აქვს. თქვენ ვერც სამეცნიერო ხარისხებს მიიღებთ მუშაობაში გატარებული დროის სანაცვლოდ. ყოველდღიურად გამოცდას აბარებთ, და ნებისმიერ დღეს შეიძლება ჩააბაროთ ან ჩაიჭრათ.
 
კითხვა: სკოლასთან შეხვედრის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ ვშიშობ, დაბრუნება შეიძლება ისეთ პირობებში მოხდეს, რომლებიც ამ შეხვედრას შეუძლებელს გახდის.
 
პასუხი: არ ვფიქრობ, რომ სკოლასთან შეხვედრის შანსი ძალზე მცირეა, რადგან, თუ დაბრუნების თეორიას მივიღებთ, ადამიანი იმავე გარემოებებში, იმავე დროში, იმავე პერიოდში დაიბადება. თუ გარკვეული მიზეზებით ყველაფერი ზუსტად ანალოგიურად არ მეორდება, რაღაც სხვას იპოვით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი წარსული ცხოვრებიდან რაღაც მაინც გახსოვთ. ყოველ შემთხვევაში, მეტი შანსი გექნებათ, ვიდრე უცოდინრობის შემთხვევაში.
 
კითხვა: ამ შემთხვევაში, სწორია თუ არა ის, რომ არცერთი ჩვენგანი ადრე სისტემას არ შეხვედრია?
 
პასუხი: ვფიქრობ, რომ სწორია. მაგრამ შესაძლოა, რაღაც მსგავსი შეგხვედრიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ მე ასე ვფიქრობ, თქვენთვის არაფერს ნიშნავს. თავად უნდა მიხვდეთ, ამგვარად რატომ ვფიქრობ.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა დარწმუნებული ვიყო, რომ თუ ერთ ცხოვრებაში იწყებ მუშაობას, მის გაგრძელებას მეორე ცხოვრებაში შეძლებ?
 
პასუხი: ისევ და ისევ, თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, იმავე ადგილიდან დაიწყებთ, სადაც შეჩერდით. რაც მეტს მიიღებთ ახლა, მით უფრო გაგიადვილდებათ დაწყება. ეს ერთი დღიდან მეორეში გადასვლის მსგავსია: იგივე დამოკიდებულებაა. მაგალითად, დღეს რაღაცის შესწავლას იწყებთ, ხვალ კი აგრძელებთ - თავიდან დაწყება არ გჭირდებათ. მაგრამ, თუ მხოლოდ თავს აჩვენებთ, რომ სწავლობთ, წიგნში იყურებით და კითხვის ნაცვლად ყვინთავთ, შემდეგ ჯერზე თავიდან დაწყება მოგიწევთ.
 
კითხვა: იზრდება თუ არა მაგნეტური ცენტრი შემდეგ ცხოვრებაში, თუ ამ ცხოვრებაში ყოფიერების შეცვლა განხორციელდა?
 
პასუხი: არა, მაგნეტური ცენტრი პიროვნებაში იქმნება, ამიტომ მისი შექმნა თავიდან მოგიწევთ. მას წინა ცხოვრებიდან მზამზარეულს ვერ მიიღებთ.
 
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ტენდენცია ერთ დაბრუნებაში იქცეს ჩვევად შემდეგ დაბრუნებაში?
 
პასუხი: ტენდენციაზეა დამოკიდებული. თუ ის მექანიკურია, ის ჩვევად იქცევა. თუ ცნობიერია, ჩვევად ვერ იქცევა, რადგან ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.
 
კითხვა: როდესაც ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ, რამოდენიმე გზაჯვარედინს ვხედავ, სადაც, ჩემი აზრით, მცდარი გადაწყვეტილებები მივიღე. შემიძლია თუ არა ამ დაბრუნებაში რომელიმე კონკრეტული ქმედება განვახორციელო, რათა შემდეგში ანალოგიური შეცდომა არ დავუშვა?
პასუხი: გარკვეულ დონემდე, ყველაფერი გარკვეულ დონემდე. თუ უკან მივიხედავთ, ვიპოვით მომენტებს, რომელთაც გზაჯვარედინი შეიძლება ეწოდოს. თუ მათ არ შევისწავლით, შეიძლება შეცდომით წერტილი გზაჯვარედინად მივიჩნიოთ, და ამგვარად ნამდვილი გზაჯვარედინი გამოგვეპაროს. ადამიანს შეუძლია ამ საკითხზე იფიქროს, მას ძალუძს, შეიცვალოს ახლა ამ განსაკუთრებული წერტილების მიმართ, და თუ ეს საკმაოდ ღრმაა, მას ემახსოვრება ეს; თუ არასაკმარისად ღრმაა, მას შეუძლიაახსოვდეს. ყოველ შემთხვევაში, შანსი არსებობს, რომ დროთა განმავლობაში ის შეძლებს აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები, რადგან ამა თუ იმ გზით გარდაუვალი სვლის ეს საკითხი შეიძლება მეტად გარდაუვალი ან ნაკლებად გარდაუვალი იყოს.
 
კითხვა: თუ ასეთ გზაჯვარედინებს ვერ ვამჩნევთ, მათი გამოყენება შეგვიძლია?
 
პასუხი: ეს არაა გამოყენების საკითხი. ესაა მათი შესწავლა წარსულში, მაგრამ არა მომავალში. ჩვენი ცოდნა არასაკმარისია იმისთვის, რომ „კეთებაზე“ ვიფიქროთ. მხოლოდ მაფორმირებელი აზროვნება იწყებს ყოველთვის „კეთების“ იდეით.
 
კითხვა: თუ რაღაცას ვირჩევთ, როგორ შეიძლება ამან დაბრუნებაზე მოახდინოს გავლენა?
 
პასუხი: დაბრუნებაზე პირდაპირ გავლენის მოხდენა არ შეიძლება. დაბრუნების იდეის მიხედვით არაფერი იცვლება, მხოლოდ თქვენშეგიძლიათ შეიცვალოთ. თუ თქვენ იცვლებით, მაშინ დაბრუნებაშიც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ბევრი იდეა და მოვლენა შეიძლება გადავიდეს ერთი ცხოვრებიდან მეორეში ამ გზით. მაგალითად, ვიღაცამ იკითხა, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ დაბრუნების იდეისგან. თუ ადამიანი ინტელექტუალურად გააცნობიერებს ამ იდეას, და ის მისი არსების ნაწილი გახდება, ანუ მისი სიცოცხლისადმი ზოგადი მიმართების ნაწილი, მაშინ ის არ დაივიწყებდა მას, და ეს მისთვის უპირატესობად იქცეოდა - შემდეგ ცხოვრებაში უფრო ადრე შეიტყობდა მის შესახებ.
 
კითხვა: სწორია თუ არა ვიფიქროთ, რომ ჩვენ მარადიულად არ ვცოცხლობთ, ანუ ვკვდებით და ისევ ვიბადებით?
 
პასუხი: სავსებით სწორია. სრულიად მექანიკურად მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი დრო აქვთ, ხოლო მეტად ცნობიერი ადამიანების დრო გაცილებით ხანმოკლეა; ეს ერთადერთი განსხვავებაა. ეს ძალზე უსამართლოდ გამოიყურება, მაგრამ მექანიკური ადამიანები ძალზე უსიამოვნო გარემოებებში შეიძლება აღმოჩნდნენ. დავუშვათ, ისტორიულ მოვლენებთან (მაგალითად, ისეთთან, როგორც ომებია) დაკავშირებული რომელიმე გარე შემთხვევის გამო, რომელიღაც ადამიანი ძალზე ახალგაზრდა კვდება და ყოველ ჯერზე კვლავ ახალგაზრდა იღუპება, - ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გარემოებათა განსაკუთრებულ კომბინაციას შეუძლია მოვლენებში ცვლილებების შეტანა.
 
კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც მოვლენა ადამიანის მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, ბრუნდება თუ არა ის?
 
პასუხი: დიახ, მსგავსი მოვლენა შეიძლება განმეორდეს. ნუ დაივიწყებთ, რომ მხოლოდ თეორიაზე ვსაუბრობთ, ხოლო თეორია შეიძლება უკეთესი ან უარესი, შესაძლო ფაქტებთან ახლოსმყოფი ან დაცილებული იყოს.
 
მექანიკურ ცხოვრებაში ისიც კი, რაც ხდება, რაიმე პრაქტიკულ ცვლილებას არ იწვევს. ყველაფერი მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი გამოღვიძებას იწყებს. ამ მომენტიდან მოვლენები სერიოზულობას იძენს. ამიტომ - მექანიკურ დაბრუნებაზე მეკითხებით, თუ გამოღვიძების დასაწყისზე?
 
კითხვა: შემდეგ ჯერზე სკოლასთან შეხვედრის შესაძლებლობას ვგულისხმობდი.
 
პასუხი: როგორც გითხარით, ამ ცხოვრებაში სხვა დანარჩენთან შედარებით სკოლები დაბრუნებისგან უფრო თავისუფალია. ბევრი რამ შეიძლება ზუსტად ანალოგიურად განმეორდეს, როგორც ახლაა, ზოგი კი შეიძლება შეიცვალოს. ეს იგივეა, სეირნობისას რომ ხედავთ: ადამიანებს, ხეებს, ავტობუსებს, ავტომობილებს, სახლებს, განათების ბოძებს. მათგან ზოგი უძრავია, ზოგი კი მოძრავი. ომები, რევოლუციები და მსგავსი მოვლენები განათების ბოძებს გავს, ცნობიერი მოვლენები კი მოძრავი ავტომობილებიდან გამომავალ შუქს წააგავს. თუ სახლიდან გამოდიხართ, აუცილებლად დაინახავთ იგივე განათების ბოძებს, მაგრამ საეჭვოა, იგივე მანქანები დაინახოთ.
 
კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლებლობა არასდროს გვეძლევა ორჯერ?
 
პასუხი: ერთი და იგივე შესაძლებლობა არა, ეს დროის უქმად დაკარგვა იქნებოდა. როდესაც ადამიანები გარკვეულ შესაძლებლობებს ხვდებიან, ისინი მათზე დახარჯულ ენერგიაზე ხდებიან პასუხისმგებელნი. თუ ისინი მას არ იყენებენ, ის არ ბრუნდება. განათების ბოძები უძრავად დგას; ავტომობილები არ დგას, ისინი არა დგომისთვის, არამედ მოძრაობისთვისაა შექმნილი. სასარგებლოა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე შესაძლებლობები შემდეგ ჯერზე შეიძლება არ დაბრუნდეს. ჩვენ ველით, რომ ყველაფერი განმეორდება, მაგრამ შეიძლება სხვაგვარად მოხდეს. ეს შეიძლება სხვა ადამიანებზე იყოს დამოკიდებული - სხვა ადამიანებმა შეიძლება ადრიანად დაიწყონ. მაგალითად, მე ეს ლექციები დავიწყე ინგლისში 1921 წელს, მაგრამ შემდეგ ჯერზე შეიძლება 1900 წელს დავიწყო. თქვენ მხოლოდ 1921 წლისთვის იქნებით მომზადებული, მაგრამ 1921 წელს თქვენ შესაძლებლობა არ მოგეცეთ. ეს პირდაპირ არ უნდა გაიგოთ, მხოლოდ მაგალითია განსჯისთვის.
 
კითხვა: ძალზე რთულია სისტემასთან უფრო ადრე შეხვედრისთვის მზადებაზე ფიქრი.
 
პასუხი: თქვენ ვერაფერს მოამზადებთ. მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გაიხსენოთ, ასე თქვენ გემახსოვრებათ შემდეგ ჯერზე. მთელი სირთულე უარყოფით ემოციებშია; ჩვენ იმდენად ვტკბებით მათით, რომ აღარაფერი გვაინტერესებს.
 
კითხვა: არის თუ არა საწყისი წერტილი მუშაობაში ერთი და იგივე ყოველი ადამიანისთვის, თუ ჩვენ სხვადასხვა საწყისი წერტილები გვაქვს?
 
პასუხი: ძალზე განსხვავებული. ადამიანები სხვადასხვა დონიდან იწყებენ. ჩვენ არ ვიცით ჩვენი წინა ცხოვრებათა ისტორიები. ერთმა უკვე შეასრულა გარკვეული სამუშაო, თუმცა შეუძლებელია ითქვას, რა ფორმით. სხვები მხოლოდ იწყებენ, მაშინ, როდესაც ზოგმა უკვე ბევრი ძალისხმევა განახორციელა. ამიტომ, ყველა სხვადასხვაგვარად იწყებს. თუმცა სკოლაში ყველამ ერთი და იგივე უნდა გაიაროს, და ზოგჯერ იმათთვის, ვისაც მეტი მასალა აქვს, ეს უფრო რთულია, ვიდრე ადამიანებისთვის, რომლებსაც ნაკლები მასალა აქვთ. ინდივიდუალურად ეს ძალზე განსხვავებულია. ზოგი თუ გარკვეული დროის განმავლობაში პასუხისმგებლობას ვერ ითავისებს, სხვები ამას ახერხებენ. ზოგს ახალ ადამიანებთან მუშაობა შეუძლია, სხვებმა კი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ უნდა ისმინონ.
 
კითხვა: მოაქვს თუ არა პრაქტიკული სარგებლობა თვითგახსენების პირობებში საკუთარი ცხოვრების მოვლენებზე ფიქრს, შემდგომი დაბრუნებისთვის მათ შესახებ მოგონების ჩაბეჭდვის განზრახვით?
 
პასუხი: არა, პრაქტიკული სარგებელი არაა. როგორც უკვე მრავალჯერ გითხარით, პირველი, მომავალი დაბრუნების, და მეორე, თვითგახსენების აუცილებლად უნდა გჯეროდეთ. თუ საკუთარ თავს ისე გაიხსენებთ, როგორც აღწერეთ, შედეგად მხოლოდ წარმოსახვად ტრანსფორმირებას მიიღებთ. მაგრამ თუ შეეცდებით, თავიდან მხოლოდ საკუთარი თავი გაიხსენოთ და სხვა არაფერი დაუმატოთ ამას, შემდეგ კი, როდესაც გაკეთებას შეძლებთ, თქვენი წარსული ცხოვრების გახსენება სცადეთ - გახსოვთ ალბათ, გზაჯვარედინების პოვნის მცდელობაზე გესაუბრეთ - ამ შემთხვევაში, ყველაფერი ერთად, ძალზე სასარგებლო იქნება. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ უკვე ძალგიძთ ამის გაკეთება, არ შეგიძლიათ.
 
ოთხ განზომილებაში საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრის მცდელობის ბევრი მეთოდი არსებობს. ამჟამად ამას მხოლოდ ფსიქოლოგიურად ვიღებთ, ჩვენს ცხოვრებასთან მიმართებით. წარმოიდგინეთ, რომ ათი წლით უკან ბრუნდებით და აღმოაჩენთ, რომ გარკვეული მომენტები მშვენივრად გახსოვთ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ იცით ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდება, და რომ ეს, რაც იცით უკვე, თავიდან უნდა განიცადოთ, - ყველა შეცდომა, უაზრობა და ა.შ. შედეგად სხვაგვარად შეხედავთ ამ ყველაფერს. ახლა ყველაფერი თქვენშია, თუ საკუთარ ცხოვრებას სწავლობთ, უკან ბრუნდებით და შემდეგ ისევ წინ მიდიხართ. წარმოსახვის გამოყენებით თქვენ ამას შეგნებულად გააკეთებთ. მაგრამ არაფერი არ უნდა  შეცვალოთ. ამ შემთხვევაში თქვენ თავიდან განიცხოვრებთ ამ ათ წელიწადს და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ იმგვარად ხდება, როგორც ადრე, და იმავდროულად იცით, რომ ყველაფერი ზუსტად ასე უნდა ხდებოდეს.
 
კითხვა: ამისთვის რამდენად კარგად უნდა გვახსოვდეს?
 
პასუხი: ისეთი მომენტები უნდა იპოვოთ, რომლებიც კარგად გახსოვთ. ზოგს უკეთ ახსოვს, ზოგს უარესად. მაგრამ იმათთვის, ვისაც უარესად ახსოვს, ეს გაცილებით სასარგებლო იქნება, რადგან მთელი ცხოვრება აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს. ეს ანატომიური თეატრის მსგავსია; მხოლოდ ჩვეულებრივ ანატომიურ თეატრში მკვდარ სხეულთან გვაქვს საქმე, აქ კი თქვენ სხვა ადამიანებთან საქმე ვერ გექნებათ, ვიდრე საკუთარ თავზე ყველაფერს არ გაიგებთ.
 
კითხვა: რა უნდა ვქნათ ისეთი მომენტის შეხვედრისას, როდესაც არ გვახსოვს, რა ხდებოდა?
 
პასუხი: თქვენში ყველაფრის მოგონებაა, მაგრამ ის შეიძლება, როგორც იტყვიან, „შეშინებული“ იყოს. მიუხედავად ამისა, თუ დაჟინებით იმუშავებთ, ნელ-ნელა სურათები გამოიკვეთება, და აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ იფიქროთ სიტყვებზე, განწყობებზე, გრძნობებზე და ადამიანებზე. ეს გვიჩვენებს, რომ ფსიქოლოგიის შესწავლა ჩვენს გარეშე არ შეიძლება. საკუთარი ცხოვრების შესწავლისას თქვენს წინაშე მთელი მუზეუმი იხსნება.
 
კითხვა: ახლახანს თქვით, რომ ადამიანი იმ ადგილიდან აგრძელებს, სადაც წინა ცხოვრებაში გაჩერდა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში №4 ადამიანი გახდა, შემდეგში ის №4 ადამიანად დაიბადება?
 
პასუხი: არ ვიცი. ვფიქრობ, უმჯობესია ვთქვა, რომ უფრო ადვილად გახდება №4 ადამიანი. უნდა გითხრათ, რომ ყოფიერების ისეთი დიდი ცვლილებისას, როგორც ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლაა, ადამიანი ბევრი ახალი კანონის ქვეშ ექცევა. როგორ მოქმედებს ეს, არ ვიცი. ჩვენ მხოლოდ საკუთარ სიტუაციაზე შეგვიძლია საუბარი, რადგან ესვიცით, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით მცირე ცვლილებებს ველით - მეტ ცოდნას, მეტ ცნობიერებას და, თუ გაგვიმართლა, ცოტათი მეტ ნამუსსს ან წყურვილს. მაგრამ დიდ ცვლილებებზე მაგალითად ისეთზე, როგორიცაა ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა, საუბარი არ შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, მცირე ცვლილებაც კი - ცვლილებაა, და უმჯობესია იმ მცირე ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია.
 
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე სასარგებლოა გავაცნობიეროთ, რავიცით. ეს კითხვები ისე ისმება, თითქოს პასუხი ვიცოდეთ, მაგრამ ხუთი წუთის დაფიქრებაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ - პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, რადგან რომ შეგვძლებოდა, უკვე დიდი ხნის წინ გვექნებოდა პასუხები. ამ კითხვებზე პრაქტიკულად პასუხის გასაცემად უკეთესი ინსტრუმენტის ფლობაა საჭირო; ამ ინსტრუმენტის აღქმის მეტი დიაპაზონით გამოყენება რომ შეგვძლებოდა, ჩვენ, შესაძლოა, კონკრეტული პასუხები გვქონოდა, მაგრამ არა ჩვეულებრივი ტვინით, რომელიც ამჟამად გვაქვს.
 
კითხვა: ვერ ვიგებ, რა კავშირია მდგომარეობის შეცვლასა და გარემოებების შეცვლას შორის.
 
პასუხი: ეს სხვადასხვა რამაა. გარემოებები თავისთავად, მდგომარეობა კი მხოლოდ მუშაობის შედეგად იცვლება, და ბევრი მიზეზი, რის გამოც მდგომარეობა იცვლება, გარემოებებზე არაა დამოკიდებული. უნდა გესმოდეთ, რა როგორ ხდება. კარგია ამ საკითხზე ფიქრი, მაგრამ შეიძლება ადვილად შეცდეთ. ერთი შეცდომა ისაა, რომ ვფიქრობთ, რომ მოვლენები შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო. ეს მხოლოდ ჩვენთან მიმართებაშია სწორი. დიდმასშტაბიანი გარე მოვლენების მმართველი ყველა მიზეზი დიდი ხნის წინ შეიქმნა, და სინამდვილეში ჩვენი შესწავლის საგანს არ წარმოადგენს - მისი დეტალურად შესწავლის დრო არ გვაქვს. მაგრამ საკუთარი თავი დეტალურად უნდა შევისწავლოთ.
 
კითხვა: თუ ადამიანი მისთვის დადგენილ დროს აღარ იბადება, რა ემართება სხვა სიცოცხლეებს, რომელთანაც ის დაკავშირებულია?
 
პასუხი: ეს ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა გაგების თვალსაზრისით. როგორც თეორიიდან ჩანს, ადამიანს არ შეუძლია ხელახალი დაბადება უმალ შეწყვიტოს. აღარ დაიბადო ხელახლა - ყველა სხვა პროცესის მსგავსი პროცესია: ადამიანი თანდათან ქრება, და ეს გაქრობა დიდ შედეგებს არ იწვევს. ზოგი ადამიანი უნდა გაქრეს, სხვები უნდა დარჩნენ - მაგალითად, ისტორიულ და სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებული ადამიანები. ისინი ყველაზე უსიამოვნო მდგომარეობაში იმყოფებიან: წრეში ტრიალებენ დაუსრულებლად, და უმეტესობა მათგანი სრულიად მკვდარია.
 
კითხვა: განა დიდი ადამიანებისთვის შეუძლებელია ისტორიულ ქარტეხილებში ცხოვრებისგან გაქცევა?
 
პასუხი: უმეტეს შემთხვევებში მათთვის გაქცევა დაგვიანებულია; ისინი უკვე მკვდრები არიან, გზად თითქმის ყველა ძვალს კარგავენ, მაგრამ ვალდებულნი არიან არსებობა გააგრძელონ და წრეზე იტრიალონ. ეს სიცოცხლის ერთ-ერთი საიდუმლოა - რომ მას მკვდარი ადამიანები მართავენ.
 
კითხვა: არ მესმის, რატომ არიან დიდი ისტორიული ფიგურები იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ვალდებულნი არიან, დაბრუნდნენ, მაშინაც კი, როდესაც უკვე მკვდრები არიან. განა მათთვის შემცვლელების პოვნა უფრო მარტივი არ იქნებოდა?
 
პასუხი: მარტივი ვისთვის? აშკარაა, ისინი გარკვეულ პირობებს შეესაბამებიან და ამიტომ აგრძელებენ წრეზე სიარულს, მაშინაც კი, როდესაც კვდებიან და ადამიანები კვლავ ცოცხალ არსებებად მიიჩნევენ. შესაძლოა, ეს მათი მთავარი ღირსებაა, რომ მკვდრები არიან, რადგან ასე ისინი შეცდომებს არ სჩადიან - ისევ და ისევ ზუსტად იგივეს აკეთებენ.
 
კითხვა: თქვენ მკვდარი ადამიანების დაბრუნებაზე საუბრობთ, მე კი ვფიქრობდი, რომ არსება არ კვდებოდა.
 
პასუხი: ის შეიძლება შეფარდებით მოკვდეს, იმ აზრით, რომ განვითარებას წყვეტს. მექანიკურად არსებობს, მაგრამ არ იზრდება, დროთა განმავლობაში კი მხოლოდ გაქრობა შეუძლია. არსებას ბევრი სხვადასხვა გზით შეუძლია სიკვდილი. მას შეუძლია მხოლოდ ამ ცხოვრებისთვის მოკვდეს ან მთლიანად მოკვდეს. ეს უკანასკნელი შემთხვევა მხოლოდ არასწორი მოქმედებების, ნამუსის საწინააღმდეგო ქმედებების ხანგრძლივი პერიოდის შედეგადაა შესაძლებელი. არსების მკვლელობა ნამუსის მკვლელობას ნიშნავს. ან ის შეიძლება მოკვდეს ამ ცხოვრებაში და ხელახლა დაიბადოს შემდეგ ცხოვრებაში ძლიერი და ჯანმრთელი. მაგალითად, ადამიანი დაეცა და თავი დაიზიანა, და არსება შეიძლება მოკვდეს იმ გაგებით, რომ მეტად განვითარების შესაძლებლობა აღარ ექნება. მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში კვლავ იცოცხლებს. ანუ, არსების სიკვდილზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, რომელ ვარიანტს ვგულისხმობთ: შემთხვევითს თუ განზრახულს.
 
სიცოცხლეზე ფიქრისას გვავიწყდება, რომ ბევრი ადამიანი მკვდარია, ხოლო მძინარე ადამიანები იოლად ექცევიან მკვდრების გავლენის ქვეშ.
 
კითხვა: ადამიანთა უმრავლესობა მკვდარია?
 
პასუხი: ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ ჩვენს ჯგუფში, სანკტ-პეტერბურგში. ზოგი თვლიდა, რომ უმეტესობა ადამიანებისა მკვდარია, მაგრამ მე ყოველთვის ამ მოსაზრების წინააღმდეგ ვიყავი. ყველას სძინავს, თუმცა ცხოვრებაში გხვდებათ სასიამოვნო ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ სიზარმაცის, შესაძლებლობების ნაკლებობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. მაგრამ ისინი მკვდრები არ არიან.
 
კითხვა; როგორ ზემოქმედებენ მკვდარი ადამიანები მძინარეებზე?
 
პასუხი: მძინარე ადამიანებთან შედარებით ისინი ძალზე ძლიერები არიან, რადგან მათ არც ნამუსი გააჩნიათ, და არც სირცხვილი. რა არის ჩვეულებრივი ადამიანის სისუსტის მიზეზი? ნამუსი და სირცხვილი. ამას გარდა, თუ ადამიანებს სძინავთ, მათ ყველაფერი შეიძლება შეემთხვეთ, მათი ლოგინიდან მოტაცებაც კი შეიძლება.
 
ცხოვრებაში ყველას სძინავს, მაგრამ ყველა მკვდარი არაა - ჯერ კიდევ ყველა არა. იმავე დროს, თუ ადამიანს B გავლენების მიღების და გამოყენების უნარი საერთოდ არ გააჩნია, მას კვდომისგან ვერაფერი დაიცავს. B გავლენები ადამიანების კვდომისგან დასაცავადაა მოვლენილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სძინავთ. მაგრამ თუ ადამიანები მათ უარყოფენ, აღარაფერი რჩება, რაც სიკვდილს შეაჩერებდა. ადამიანები თანაბარნი არ არიან ევოლუციასთან მიმართებაში. ზოგს შეუძლია განვითარება, სხვებს - არა. მათ ან დაკარგეს ევოლუციის შესაძლებლობა, ან მისი დამსახურებისთვის არაფერი გააკეთეს.
 
კითხვა: რაიმე განსხვავება თუ არსებობს ნათელხედვასა და დაბრუნების შესახებ მოგონებას შორის?
 
პასუხი: ჭეშმარიტი ნათელხედვა, ფანტასტიკური აღწერების გარეშე, - მაღალი ემოციური ცენტრის ფუნქციას წარმოადგენს, რაც №5 ადამიანის ფუნქციას ნიშნავს. მასზე ნაკლები ყველაფერი ან ტყუილია, ან წარმოსახვაა. სრულიად შესაძლებელია, ზოგჯერ მაღალი ცენტრების გაელვებები გვქონდეს, მაგრამ ეს არაა საიმედო, და არც მისი მართვა შეუძლია არავის, №5 ადამიანის გარდა, - და ეს დასრულებული №5 ადამიანი უნდა იყოს. თუ ადამიანი კრისტალიზდება და თითქმის №5 ადამიანი ხდება, ისე, რომ არ ყოფილა №4 ადამიანი, ასეთი ადამიანი დასრულებული არაა და ამიტომ ამ ძალების სრულად გამოყენება არ ძალუძს. მაგრამ თუ ის ცნობიერების მესამე მდგომარეობას მიაღწევს, ცნობიერების ამგვარი განვითარება მაღალი ემოციური ცენტრის ფუნქციონირებას ნიშნავს, რომელიც ჭვრეტის უფრო ფართე დიაპაზონს ფლობს, ვიდრე ჩვეულებრივი მხედველობა.
 
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადამიანს ესმოდეს დაბრუნება, თუ ის ვერ ერკვევა განზომილების და სხვადასხვა დროების საკითხებში?
 
პასუხი: ვფიქრობ, გაგება შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ტერმინებზე უნდა შევთანხმდეთ. როგორც თეორიას, მას აქვს ფსიქოლოგიური, მათემატიკური და, როგორც შეგვიძლია ვუწოდოთ, ფიზიკური მხარე, და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მხარის გაგება განზომილებისა და სივრცის იდეების აუცილებელი შესწავლის გარეშეც შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანი მათემატიკური მხარე არაა. ეს მხოლოდ სიცოცხლის თეორიაა, რომელიც, ასე ვთქვათ, მათემატიკურადაა დასაბუთებული. მაგრამ მასზე, როგორც ფაქტზე, საუბარი არ შეგვიძლია.
 
სხვაგვარადაც შეიძლება ავხსნათ. დაბრუნების იდეა შეიძლება კაცობრიობის სიცოცხლეს დავუკავშიროთ. ინდივიდუალური დრო მთავრდება, და ადამიანი დიდი არსების - კაცობრიობის სიცოცხლესთან ხდება დაკავშირებული.
 
ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: თუ ადამიანი მექანიკური რჩება, ის შეიძლება ათი ათასჯერ დაბრუნდეს და ვერაფერი მიიღოს აქედან. დაბრუნების ფაქტი თავისთავად არაფერს ცვლის. მაგრამ თუ ადამიანი მუშაობას იწყებს, ის ძალზე იზრდება; ეს ერთადერთი პრინციპია, რომელსაც გარკვეული საკითხების ახსნა შეუძლია. მაგრამ თავისთავად ათი ათასი სიცოცხლე და ერთი სიცოცხლე - ერთი და იგივეა.
 
კითხვა: კვლავ ბრუნდება თუ არა ისტორიაში ყველა მოვლენა, მაგალითად, ომები და რევოლუციები?
 
პასუხი: ახლა ინდივიდუალურ დაბრუნებაზე ვსაუბრობთ. აქედან ისტორიულ მოვლენებზე არ უნდა გადავხტეთ. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოვლენები განმეორდება. მათ მექანიკური ძალები და მექანიკური ადამიანები ქმნიან, ამიტომ გარეგნულად ადამიანები იგივე პირობებში იქნებიან, როგორც ადრე. შემდეგი უნდა გავიგოთ: თუ ახლა არაფერი იცვლება, მოგვიანებითაც არაფერი შეიცვლება. დავუშვათ, არიან ადამიანები, რომელთაც ახსოვთ, - რა შეუძლიათ მათ გააკეთონ? სხვებს არ ახსოვთ, და ისინი ძლიერად არიან საკუთარ წარმოდგენებში დარწმუნებულები და გონების კარნახს ნაკლებად უგდებენ ყურს. მოვლენების ხსოვნა კი თვითგახსენებაზეა დამოკიდებული. თუ ახლა ხდებით ცნობიერი, ე.ი. თუ შემდეგი ცხოვრება გექნებათ, გემახსოვრებათ, რა ხდებოდა. თუ საკუთარი თავი არ გახსოვთ, მოვლენებს როგორ დაიმახსოვრებთ?
 
კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩემთვის მსოფლიო მოვლენების სიტუაცია ყოველთვის ერთი და იგივე იქნება?
 
პასუხი: უნდა გესმოდეთ, რომ ყოველი სამყარო, დაბრუნების თვალთახედვით, სხვა სამყაროს შიგნით იმყოფება. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს უფრო დიდ სამყაროში და მის შიგნით მდებარე სამყაროზე გავლენა მოახდინოს. ამასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი არსებობს, რომელზეც ჩვენს გონებას სწორად ფიქრი არ ძალუძს. ჩვენ რომ უფრო განსაზღვრულად და ცხადად აზროვნება შეგვეძლოს, მეტს დავინახავდით.
 
სამყაროების თაობაზე ერთი რამ მინდა დავამატო. ვიდრე აბსოლუტი არსებობს, სხვა ყველაფერიც უნდა არსებობდეს - მათთვის სიკვდილი არ შეიძლება. სიკვდილის შემთხვევაში კი მანამ განმეორდებიან, ვიდრე აბსოლუტი არსებობს.
 
მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა. ამ სისტემაში დაბრუნების ცნება სულაც არაა აუცილებელი. ის შეიძლება საინტერესო და სასრგებლო იყოს; შეგიძლიათ ამ იდეითაც კი დაიწყოთ, მაგრამ საკუთარ თავზე რეალურად მუშაობისთვის ის არ გჭირდებათ. აი, რატომ არ შედის ეს იდეა სისტემაში. ის გარედან მოვიდა - ჩემგან, ლიტერატურიდან. ის ეწერება სისტემაში, მას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი აუცილებლობა არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგვიძლია, მხოლოდ ამ ცხოვრებაში შეგვიძლია. თუ ახლა არაფერს ვაკეთებთ, შემდეგი ცხოვრება იქნება ზუსტად ასეთი, ან უმნიშვნელო გადახრებით, ყოველგვარი კონკრეტული ცვლილებების გარეშე. თუ დაბრუნება არსებობს, ჩვენ მისი შეცვლა არ ძალგვიძს. მხოლოდ ერთი რამაა, რისი შეცვლაც შეგვიძლია: გაღვიძებას ვეცადოთ და იმედი გვქონდეს, მღვიძარედ დავრჩეთ. თუ უნდა დავბრუნდეთ, ამას ვერ შევაჩერებთ. ჩვენ მატარებელში ვართ, ის კი სადღაც მიდის. ჩვენ მხოლოდ მატარებელში დროის გატარება შეგვიძლია სხვადასხვანაირად - ან სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ან უნიჭოდ გავფლანგოთ ჩვენი კუთვნილი დრო.

დონაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff