პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მეთერთმეტე

თავი მეთერთმეტე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ჩვენ „კეთება“ არ ძალგვიძს. - ამ იდეის ჭეშმარიტების გაცნობიერების მნიშვნელობა. – „კეთების“ ილუზია და რა წარმოშობს მას. - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მუშაობისას უნდა ვისწავლოთ „კეთება“. - დინების საწინააღმდეგო სვლა. - შინაგანი „კეთება“. - მანკიერი წრე და მისგან თავის დაღწევა. - ცენტრების კოორდინაცია. – „კეთება“ „არ-კეთებით“ იწყება. - შინაგანი კონტროლი. - შეუძლებლის კეთება და რას ნიშნავს ეს. - ძალისხმევაზე ძლიერი ზეწოლა. - მუშაობა ნებაზე. - რას წარმოადგენს ნება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და რას წარმოადგენს ჩვენი ნება? - ჩვენი ნება სურვილის შესაბამისად მოქმედებს. - შინაგანი კონფლიქტი და ბრძოლა. - ნებაზე უარის თქმა. - ჩვენ მხოლოდ ნების ხანმოკლე მომენტებს ვფლობთ. - დისციპლინა. - აუცილებელია საკუთარი თავი გვახსოვდეს. - ცნობიერება ნიშნავს ნებას. - მიზანი როგორც მაკონტროლებელი ფაქტორი. - აუცილებელია ნების საკითხს გამუდმებით დავუბრუნდეთ. - თვითნებობა და სიჯიუტე. - უთანხმოება. - თვითნებობის წინააღმდეგ მუშაობა. - სკოლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. - რეგულარული მუშაობის აუცილებლობა. - გზაჯვარედინები. - საკუთარ თავში მთვარის შექმნა. - სიმძიმის ცენტრი. - ზეძალისხმევა. - რა ქმნის მუშაობის სტიმულს.

მუშაობის შინაგან ნაწილს - საკუთარ თავზე მუშაობას - უნდა დავუბრუნდეთ. თუ ამ საკითხს დაუფიქრდებით, დაინახავთ, რომ თქვენი პირადი მუშაობის ცენტრალური ნაწილი - იმ ფაქტის გაცნობიერებაა, რომ ჩვენ „კეთება“ არ შეგვიძლია; გაგება, რატომ არ შეგვიძლია „კეთება“, და რას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია „კეთება“. როგორ გავაცნობიეროთ ეს? ან უნდა ეცადოთ ის გააკეთოთ, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, ან ყველაფერი სხვაგვარად უნდა გააკეთოთ. ამის შემდეგ გაიგებთ, შეგიძლიათ „კეთება“ თუ არა. კითხვათა ნახევარი „კეთებას“ ეხება - როგორ შევცვალოთ ეს, დავანგრიოთ ის, თავიდან ავიცილოთ რაღაც და ა.შ. მაგრამ მცირეოდენის შესაცვლელადაც კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. თუ არ სცადეთ, ამას ვერასოდეს გაიგებთ. საქმე იმაშია, რომ არასაკმარისად ფიქრობთ, არასაკმარისად აკვირდებით. სისტემის დახმარების გარეშე ვერაფერს შეცვლით. როგორც წესი, ეს ავიწყდებათ. სისტემა გაჩვენებთ, როგორ შეიძლება საგნების ან მოვლენების შეცვლა და სხვაგვარად გაკეთება, და საიდან უნდა დაიწყოთ. სისტემასთან ერთადაც კი ეს ძალზე რთულია, სისტემის გარეშე კი სრულიად შეუძლებელია, აბსოლუტურად შეუძლებელია. როდესაც ამას გააცნობიერებთ, სისტემის ღირებულებასაც მიხვდებით, რადგან სისტემასთან ერთად რაღაც შანსი არსებობს, სისტემის გარეშე კი არავითარი შანსი არაა.

იდეა იმის შესახებ, რომ „კეთება“ არ შეგვიძლია, ძალზე მნიშვნელოვანია, და მას გამუდმებით უნდა დავუბრუნდეთ. თუ ეს იდეა ან მისი რომელიმე თვისება ნათელი არაა, დასვით კითხვები, რადგან აუცილებელია გესმოდეთ და გახსოვდეთ ის. ყველაფერი „ხდება“. ადამიანებს არაფრის „კეთება“ არ შეუძლიათ. დაბადებიდან სიკვდილამდე ყველაფერი ხდება, ხდება, ხდება, ჩვენ კი გვგონია, რომ ამ ყველაფერს თავად ვაკეთებთ. ეს ჩვენი ნორმალური მდგომარეობაა ცხოვრებაში, და უმცირესის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ მუშაობის შედეგად გვეძლევა, უპირველეს ყოვლისა მხოლოდ საკუთარ თავში, და არა გარეთ. საკუთარ თავშიც კი „კეთება“ ძალზე ხშირად „არ-კეთებით“ იწყება. ვიდრე რაიმეს გაკეთებას შეძლებთ, რის გაკეთებაც არ ძალგიძთ, თქვენ ბევრი ისეთი რამ არ უნდა აკეთოთ, რასაც ადრე აკეთებდით. მაგალითად, გამოღვიძება მხოლოდ სურვილით თქვენ არ ხელგეწიფებათ, მაგრამ შეგიძლიათ არ გეძინოთ ბევრი და დიდხანს.

კითხვა: აქვს თუ არა ადამიანს ხანდახან არჩევანი ორ შესაძლო შემთხვევას შორის.

პასუხი: მხოლოდ მცირე შემთხვევებში, და მაშინაც კი, როდესაც ამჩნევთ, რომ შემთხვევები გარკვეული სახით ხდება, და მათ შეცვლას გადაწყვეტთ, აღმოაჩენთ, რაოდენ მოუხერხებელი გასაკეთებელია ეს.

კითხვა: რატომ ვერ ველევი იდეას, რომ „კეთება“ შემიძლია? მე ხომ ხშირად სწორედ საპირისპიროში დავრწმუნებულვარ.

პასუხი: ამ იდეის გაცნობიერება რთულია, მაგრამ აუცილებელია. ვიდრე მიგვაჩნია, რომ „კეთება“ შეგვიძლია, ყოველთვის შემდეგისთვის გადავდებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუკი ვმუშაობთ. როგორც გითხარით, „კეთება“ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში შეგვიძლია - აქედან უნდა დავიწყოთ. მაგრამ საკუთარი თავის შესწავლას არასოდეს დავიწყებთ, ვიდრე გვგონია, რომ „კეთება“ ძალგვიძს. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი ილუზია.

კითხვა: მესმის, რომ დიდ საგნებსა თუ მოვლენებში არჩევანი არ მაქვს, მაგრამ მეჩვენება, რომ მცირეების კეთება შემიძლია.

პასუხი: მცირე მოვლენები მათი წარმმართველი გარკვეული გარემოებების მიხედვით ხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ მათ მართავთ, სინამდვილეში კი ისინი ხდება. ჩვენ „კეთება“ არ შეგვიძლია, რადგან გვძინავს. მძინარე ადამიანი როგორ შეძლებს „კეთებას“? აუცილებელია გამოღვიძება, როდესაც ადამიანს ღვიძავს, მას შეუძლია „კეთება“. „კეთება“ - მაგიაა.

უნდა გესმოდეთ, რომ არაფერი ხდება იმ მომენტში, როდესაც ხდება; ამ შემთხვევის აუცილებლობა მის რეალიზაციამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა. ყველაფერი თავისთავად ხდება; აკეთებთ რამეს თუ არ აკეთებთ, შესაძლებელია ათი წლის წინ გადაწყვეტილიყო. შესაძლოა, თქვენმა მოქმედებებმა ათი წლის წინ მიიღეს გარკვეული მიმართულება, და ეს განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებთ ხვალ, - ამის შეცვლა თქვენ არ შეგიძლიათ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და მათ თანახმად ვმოქმედებთ. სინამდვილეში ჩვენ გვმართავს არა შინაგანი გადაწყვეტილებები, არამედ გარეგანი გავლენები. თუ შინაგანი გადაწყვეტილება გარეგან გავლენას შეესაბამება, გავაკეთებთ ამას, თუ არ შეესაბამება - არ გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავში ძალები შევქმნათ იმისთვის, რომ „ვაკეთოთ“. ბუნებამ გარეგანი გავლენებით მოქმედ მანქანებად შეგვქმნა, თუმცა საკუთარი ძრავის განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. თუ არ გვაქვს შინაგანი ძრავა, გამუდმებით ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებთ.

კითხვა: ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის მოქმედების გარკვეული იდეალის დასახვა ხომ არ წარმოადგენს იმას, რაც „კეთების“ ქვეშ მოიაზრება?

პასუხი: საქმე ისაა, შეუძლია თუ არა გაკეთება და აკეთებს თუ არა ამას, რადგან გეგმების შედგენა და იდეალების ქონა - ერთია, ხოლო კეთება - სრულიად სხვაა. ეს შეიძლება მხოლოდ კარგი განზრახვა იყოს. ჩვენი ყოფიერების ერთერთი მთავარი ნიშანი ისაა, რომ არ ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებასაც გადავწყვეტთ.

კითხვა: აღმოვაჩინე, რომ ხანდახან მცირე დამატებითი ძალისხმევაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში დავეხმაროთ. ნუთუ ეს კეთება არ არის?

პასუხი: ეს ილუზიაა, რადგან თუ რამე უნდა მოხდეს, თქვენ გარკვეულ დამატებით ძალიხმევას გასწევთ, ხოლო თუ არ უნდა მოხდეს, არაფერს მოიმოქმედებთ. თქვენ გგონიათ, რომ შეგიძლიათ ამ ძალისხმევის გაკეთება ან არ გაკეთება, რომ შეგიძლიათ „კეთება“ ან „არ-კეთება“. მაგრამ შეეცადეთ იფიქროთ სწორად: არაფერის „კეთება“ არ შეგიძლიათ, ყველაფერი მექანიკურად ხდება. ერთი მეორეს მიჰყვება და ხდება ან არ ხდება, თქვენ კი არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ.

კითხვა: მაგრამ თუ თქვენ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებით, რომ მისი ცხოვრება უფრო ასატანი გახდეს?

პასუხი: თუ გაჭირვებულს ეხმარებით, ეს ხდება. თუ ვინმე ამ გაჭირვებულს იმ მცირედსაც ართმევს, რაც აქვს, ესეც ხდება. ერთი ადამიანი მას გროშებს აძლევს, მეორე ბოლო კაპიკებს ართმევს. პირველ რიგში აუცილებელია პრინციპის გაგება, რომ არავის არაფრის „კეთება“ არ ძალუძს. თუ ცხოვრებაზე დაფიქრდებით, არა პირად ცხოვრებაზე, არამედ კაცობრიობის ცხოვრებაზე - ომებზე, რევოლუციებზე - ნათლად დაინახავთ ამას. უნდა ეცადოთ, დაკვირვებისთვის შესაფერისი შემთხვევა იპოვოთ, იმიტომ რომ თუ მცირე მასშტაბისას შეარჩევთ, ამას ვერ დაინახავთ. მაგრამ თუ შესაბამის შემთხვევას, პირობებს და გარემოებებს იპოვით, საკმაოდ სწრაფად მიხვდებით, რაიმეს კეთება შეგიძლიათ თუ არა. ყველაზე მარტივია - ეცადოთ გახსოვდეთ საკუთარი თავი. შეგიძლიათ ამის გაკეთება თუ არა? ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათ „კეთება“ შეუძლიათ, იმიტომ რომ ხანდახან გარკვეულ გეგმებს ადგენენ და ნამდვილად აღწევენ სასურველ მიზანს. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი მოვლენათა გარკვეულ ნაკადში შევიდნენ, და მომხდარი შემთხვევით დაემთხვა მათ გეგმას. როდესაც რაიმე ამგვარად ხდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთეთ ეს, რომ გეგმა შევადგინეთ და მის მიხედვით ვიმოქმედეთ. რეალურად კი ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეგნებულად ან ცნობიერად გავაკეთეთ, და ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენათა ნაკადების არჩევა შეგვიძლია - ეს უბრალოდ შემთხვევითობაა. მუშაობის ნებისმიერ სახეობაში, ბიზნესში, მოგზაურობებში და ა.შ. ხანდახან ხდება, რომ ყველაფერი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილას ყველაფერი გარკვეული სახით მექანიკურად ხდება - და მეტი არაფერი.

ჩვენთვის რთული გასაგებია, რომ როდესაც ადამიანები მაგალითად ხიდს აგებენ, ეს „კეთება“ არაა - ეს მხოლოდ წინმსწრები ძალისხმევის შედეგია. ეს შემთხვევითობაა. ამის გასაგებად პირველ ხიდზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ადამმა ააშენა, და ხიდის მთელ ევოლუციაზე. თავიდან ეს შემთხვევითია - ხე მდინარეზე გარგიგარდმო დაეცა, შემდეგ ადამიანი რაღაც მის მსგავსს აშენებს და ა.შ. ადამიანები არ „აკეთებენ“, ერთი მეორეს მოყვება.

კითხვა: გულუბრყვილო კითხვაა, მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ არ შეიძლება, რომ ყველაფერი სხვაგვარი იყოს? მაგალითად, აკეთებ რამეს, და ფიქრობ, რომ შეგეძლო სხვაგვარად გაგეკეთებინა.

პასუხი: მაგრამ თუ თქვენ გარკვეული სახით იქცეოდით, ეს ნიშნავს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეგეძლოთ. რომ შეგძლებოდათ, სხვაგვარად მოიქცეოდით. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ აზრს, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, რომ არც კი ვცდილობთ ის შევცვალოთ, რისი შეცვლაც შეგვიძლია. შეგვიძლია დღევანდელი დღე შევცვალოთ, გუშინდელი უკვე დამთავრებულია. თუ დღევანდელ დღეს შევცვლით, ხვალინდელი უკვე სხვაგვარი იქნება. ეს წინააღმდეგობრივად ჟღერს, მაგრამ სწორედ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს, ხელს გვიშლის გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა ისინი შევცვალოთ.
კითხვა: როდესაც ადამიანი რეალურად ხვდება, რომ „კეთება“ არ ძალუძს, მას დიდი სიმამაცე სჭირდება. ცრუ პიროვნებისგან განთავისუფლების შედეგად გაუჩნდება თუ არა მას სიმამაცე?
პასუხი: ადამიანი ასე მარტივად ამ გაგებამდე არ მიდის. ეს გარკვეული ხნის საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია, ასე რომ, როდესაც ის ამ გაგებამდე მიდის, პარალელურად მას უკვე ბევრი სხვა რამ აქვს გაცნობიერებული - ძირითადად იმის შესახებ, რომ არსებობს შეცვლის მეთოდები, თუ სწორ ადგილას და სწორ დროს სწორ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. აუცილებელია ამ ინსტრუმენტების ქონა, მათი მოპოვება კი ისევ და ისევ მუშაობითაა შესაძლებელი. ძალზე მნიშვნელოვანია ამ გაგებამდე მისვლა. ამის გარეშე ადამიანი სწორად არ მოიქცევა, მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში ჩადგება.

კითხვა: ვერ ვხვდები, რატომ უნდა იმართლოს თავი?

პასუხი: რადგან მას არ სურს უარი თქვას იდეაზე, რომ „კეთება“ შეუძლია, და თუნდაც აცნობიერებდეს, რომ ყველაფერი ხდება, ის, მაგალითად, ასეთ გამართლებას პოულობს: „ეს შემთხვევითობაა, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“. აი, რატომ ვერ ვიაზრებთ ამ იდეას. მთელი ცხოვრება ვაკვირდებით, როგორ ხდება ყველაფერი, და მაინც მათ ჯიუტად შემთხვევითობებს და გამონაკლისებს ვუწოდებთ იმ წესიდან, რომ ჩვენ „კეთება“ შეგვიძლია. ან გვავიწყდება, ან ვერ ვხედავთ, ან არასაკმარის ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ ყოველთვის ვთვლით, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია „კეთება“. თუ თქვენს ცხოვრებაში მოძებნით მომენტს, როდესაც რაღაცის გაკეთება სცადეთ და არ გამოგივიდათ, ეს მაგალითად გამოგადგებათ, რადგან დაინახავთ, რომ საკუთარი წარუმატებლობა ახსენით როგორც შემთხვევითობა, როგორც გამონაკლისი. თუ იგივე სიტუაცია მეორდება, კვლავ ფიქრობთ, რომ „კეთება“ შეგიძლიათ, და თუ ისევ მარცხი განიცადეთ, წარუმატებლობას კვლავ შემთხვევითობით ახსნით. ძალზე სასარგებლოა საკუთარი ცხოვრების ამ თვალთახედვით გადახედვა. თქვენ აპირებდით ერთს, გამოგივიდათ მეორე. თუ ნამდვილად გულწრფელი ხართ, დაინახავთ ამას, მაგრამ თუ არ ხართ გულწრფელი, საკუთარ თავს დაირწმუნებთ, რომ შედეგად ზუსტად ის მიიღეთ, რაც გსურდათ! როდესაც მოვლენები გარკვეული სახით ხდება, ნაკადი მიგვაქანებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავად ვმართავთ ამ ნაკადს.

კითხვა: თუ ადამიანი რომელიღაც მომენტში გრძნობს, რომ „კეთება“ შეუძლია (მაგალითად, შეასრულოს გარკვეული დავალება ჩვეულებრივ სამუშაოში), როგორ უნდა ავხსნათ ეს?

პასუხი: თუ ადამინმა რაღაცის კეთება იცის, ეს ნიშნავს, რომ მას ასწავლეს შემთხვევითობების გარკვეული ჯაჭვის მიყოლა, ან, თუ გსურთ, გარკვეული შემთხვევითობის ჯაჭვის დაწყება, შემდეგ კი ის თავისთავად ვითარდება, ის კი მას მისდევს, თუმცა ფიქრობს, რომ თავად მიუძღვის მას.

კითხვა: მაგრამ თუ მას სწორი დამოკიდებულება აქვს?

პასუხი: არა, დამოკიდებულებას ამასთან არაფერი აქვს საერთო. დამოკიდებულებაც და გაგებაც შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ მაინც აღმოაჩენთ, რომ მოვლენები გარკვეული სახით ხდება - ნებისმიერი ჩვეულებრივი მოვლენები. შეეცადეთ გაიხსენოთ შემთხვევები, როდესაც რაღაცის სხვაგვარად გაკეთება სცადეთ, და დაინახავთ, როგორ უბრუნდებოდით ჩვეულს, თუნდაც მცირე გადახრებით, უზარმაზარი ძალები კვლავ ძველ გზაზე გაბრუნებენ.

კითხვა: გარეგან გავლენაზე ყველა ჩვენი მოქმედება ავტომატური რეაქციებით იმართება?

პასუხი: არა, ბევრი რამ ჩვენში უკვე ჩამოყალიბებულია, მაგალითად ჩვევები, აზროვნების ჩვეულებრივი ხერხები, ასოციაციები, ბუფერები და ა.შ. ამიტომ, ეს არაა უბრალოდ გავლენები, რომელზეც ბუნებრივად ვრეაგირებთ. ბევრი რამ წინა გავლენების შედეგია.

კითხვა: ვერ ვახერხებ „კეთების“ უუნარობის იდეის ფატალიზმისგან გამოყოფას. როდის და როგორ გვაქვს არჩევანის ძალა, და რით განვსხვავდებით ცხოველებისგან?

პასუხი: ამჟამინდელ მდგომარეობაში თითქმის არაფრით განვსხვავდებით. არჩევანის ძალა მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც საკუთარი სიტუაციის, საკუთარი მექანიკურობის გააზრებას ვიწყებთ, და როდესაც სხვა რაღაცისთვის ვიწყებთ ბრძოლას. ამის შესაძლებლობები არსებობს. მაგრამ ეს აზროვნების მაფორმირებელი მეთოდია - ან დეტერმინიზმი, ან თავისუფლება. ზოგი რამ წინასწარგანსაზღვრულია, ზოგი - ნაკლებად; ზოგი კი ჩვენს ხელშია, თუ ვიცით, როგორ შევცვალოთ ან შემოვაბრუნოთ ისინი. მაგრამ - ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ყველაფერი ფარდობითია.

კითხვა: თქვენი გადმოცემით, ჩვენ ვერაფერს ვუხერხებთ იმას, რომ გამუდმებით ერთი და იგივე გვემართება. ხომ არ გულისხმობდით - ვიდრე ჩვენი ყოფიერება არ შეიცვლება?

პასუხი: მუშაობაზე არაფერი მითქვამს. გითხარით, რომ აუცილებელია გესმოდეთ, რომ თავად ჩვენ არ შეგვიძლია „კეთება“. როდესაც ღრმად ჩავწვდებით ამას, შევძლებთ ვიფიქროთ იმაზე, რომ „კეთება“ შესაძლებელია - რა პირობები, რა ცოდნა და როგორი დახმარებაა აუცილებელი. მაგრამ თავდაპირველად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოფით ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მხოლოდ ემოციური გააზრების შემდეგ ხდება გზის გაგრძელება შესაძლებელი.

კითხვა: ვერ ვხვდები, რატომაა, რომ რაღაცის „კეთება“ ადამიანს შეუძლია, ხოლო რაღაცის „კეთება“ კი არ შეუძლია. რა სხვაობაა მათ შორის? რატომ შეუძლია მას უარყოფით ემოციებთან ბრძოლა, ხოლო გამოღვიძება არ შეუძლია?

პასუხი: ძილი - ჩვენი ყოფიერების ფორმა ანუ დონეა. გზის ჩვენების შემთხვევაში ადამიანს სისტემის დახმარებით შეუძლია რაღაც გააკეთოს, მაგრამ გამოღვიძების ხარისხს თავისთავად ყოფიერების დონე აჩვენებს. ამიტომ უარყოფით ემოციებთან მთელ ბრძოლას, არასაჭირო აზრების გაჩერებისა თუ საკუთარი თავის გახსენების მცდელობებს გამოღვიძებისკენ მიყავხართ, მაგრამ იმაზე ადრე გამოღვიძება არ შეგიძლიათ, ვიდრე გაიღვიძეთ.

კითხვა: მაგრამ როდესაც ადამიანები ცდილობენ ცნობიერნი გახდნენ - ეს მათი კეთებაა?

პასუხი: დიახ - ამ შემთხვევაში ადამიანი ხედავს, რომ არ შეუძლია. ცნობიერი მდგომარეობის მიღწევის მცდელობები ადამიანის საკუთარი მუშაობის შედეგია.

მხოლოდ ამ სისტემაში გეუბნებიან მკაფიოდ, რომ „კეთება“ არ შეგიძლიათ. ყველა სხვა სისტემა ამა თუ იმ აზრით „კეთებით“ იწყებს; ისინი ამბობებ - გააკეთეთ ეს ან გააკეთეთ ის. ეს განსხვავებული სისტემაა. ეს ეზოთერული სწავლებაა, მაგრამ აქ თქვენ ყოფითი ცხოვრების პირობებში შეგიძლიათ დაიწყოთ - დახურულ სკოლაში ან მონასტერში წასვლა აუცილებელი არაა. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ადამიანი ვერაფერს „აკეთებს“. ერთადერთი, რისი „გაკეთებაც“ მას ძალუძს, საკუთარი თავის გახსენებაა. ამდენად, ადამიანს უნდა ესმოდეს ერთი და აკეთებდეს მეორეს.

კითხვა: ვიფიქრე, რომ, შესაძლოა, ეს იდეა (რომ „კეთება“ არ შეგვიძლია) პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ?

პასუხი: არა, სწორედ რომ პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ ეს იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც არცერთ სწავლებას არ უკავშირდებიან. როდესაც ადამიანი გარკვეული სწავლების ან სისტემის შესწავლას იწყებს, რომლებიც სკოლის მეთოდებს იძლევიან, ის განსაზღვრულად ქმედებას უნდა შეეცადოს. მუშაობაში ჩვენ უნდა „ვაკეთოთ“, რადგან, თუ „კეთებას“ არ ვცდილობთ, არაფერი მოხდება. თავიდანვე უნდა „ვაკეთოთ“ - ცოტა, მაგრამ სრულიად განსაზღვრული ქმედებები. თუ თქვენ შეგიძლიათ არ გაიგივდეთ, ეს უკვე „კეთების“ დასაწყისია. თუ საუბრისგან თავის შეკავება შეგიძლიათ, მაშინ, როდესაც ამის მიდრეკილება გაქვთ, ეს უკვე „კეთებაა“. „კეთება“ დინების საწინააღმდეგოდ სვლით იწყება - თავიდან საკუთარ თავში, პირად საქმეებში. თქვენ შეგიძლიათ ეცადოთ საკუთარი თავის გახსენებას, შემდეგ, როდესაც ამას შეძლებთ, გარკვეულ შედეგს მიიღებთ და მიხვდებით, რომ მეტი შეგიძლიათ, მაგრამ ამ ყველაფერს საკუთარ თავთან მიმართებით აკეთებთ. თქვენ შეძლებთ, მაგალითად, უარყოფით ემოციებს გაუმკლავდეთ, ან სხვაგვარად იაზროვნოთ. მაგრამ თქვენს გარეთ ყველაფერი ისევ მოხდება.

კითხვა: შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ „კეთების“ დასაწყებად ერთ-ერთი მეთოდია - საკუთარ თავში ისე შევცვალოთ მოცემულობები, რომ ისინი სხვაგვარად მოხდნენ?

პასუხი: აუცილებელია ადამიანები კატეგორიებად კიდევ ერთხელ დავყოთ. №1, 2 და 3 ადამიანებს არაფრის „კეთება“ არ შეუძლიათ - მათ ცხოვრებაში ყველაფერი „ხდება“. თუ ისინი კარგად იქცევიან, ეს ნიშნავს, რომ მათ ცუდად მოქცევა არ შეუძლიათ; თუ ისინი ცუდად იქცევიან, ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად მოქცევა არ ძალუძთ. ამ აზრით ერთი მეორეზე უკეთესი არაა, რადგან ორივე მექანიკურია. მაგრამ როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს, როდესაც ნებისმიერი დონის სკოლაში შედის, მან „კეთება“ უნდა ისწავლოს. როგორც გითხარით, ადამიანი ვალდებულია საკუთარი თავიდან დაიწყოს - გაიგოს, შეისწავლოს, შეეცადოს განთავისუფლდეს ზოგიერთი ჩვევისგან, სხვებზე კონტროლი მოიპოვოს და ა.შ.

კითხვა: უნდა დავაკვირდეთ თუ არა ჩვენს რეაქციებს?

პასუხი: დაკვირვება სასარგებლოა, მაგრამ ყოველთვის ერთნაირი რეაქცია გვაქვს. ჩვენ მხოლოდ რეაქციის ხუთი ან ექვსი ფორმა გვაქვს: ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ კონკრეტულ შემთხვევებზე ჩვენი რეაქცია ყოველთვის ერთნაირია. მაგრამ თუ ვეცდებით, გავაკეთოთ ის, რასაც გვირჩევენ, და არ გავაკეთოთ ის, რისგანაც თავის შეკავებას გვირჩევენ, შეცვლა სწორი მიმართულებით მოხდება, და ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, ჩვენთვის ადრე შეუძლებლის გაკეთებას შევძლებთ.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ვმართოთ ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება?

პასუხი: თუ ჩვენ საკუთარ თავში ვმართავთ მოვლენებს. თუ ჩვენში არაფერი არასაჭირო არ ხდება, ჩვენ შევძლებთ გარე მოვლენების მართვას, მაგრამ ამისთვის ჯერ საკუთარ თავში უნდა ვმართავდეთ მოვლენებს. ვიდრე მოვლენებს შეუძლიათ „მოხდნენ“ ჩვენში, ჩვენ ვერ შევძლებთ რაიმე ვმართოთ გარეთ. როგორ შეიძლება სხვაგვარად იყოს? ერთი „მე“ გადაწყვეტს მართოს, მაგრამ ამის მაგივრად მთელი მისი ყურადღება იქითაა მიპყრობილი, თუ რა ხდება ჩვენში და გარეთ.

კითხვა: თუ ადამიანს არაფრის „კეთება“ არ შეუძლია, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გონებრივი რეაქციის მართვა შეუძლია მოვლენებზე, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარებიან?

პასუხი: სავსებით სწორია. ეს დასაწყისია. თუ ადამიანი საკუთარი რეაქციების მართვას სწავლობს, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, ის აღმოაჩენს, რომ თანდათან მეტად შეუძლია მართვა, მოგვიანებით კი შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მან ზოგიერთი (ისევ და ისევ, ყველას მართვას ვერ შეძლებს, რადგან გრადაცია ძალზე დიდია) გარე მოვლენების მართვაც შეძლოს. მაგრამ სხვა, განსხვავებული კალიბრის, გარე მოვლენების მართვა შეუძლებელია.

კითხვა: თუ გარკვეული შედეგის მიღწევა მსურს და არ ძალმიძს, და მიზნად დასახულს სხვაგვარად ვაკეთებ, შედეგი იგივე იქნება თუ არა, მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა?

პასუხი: თავი არ უნდა მოიტყუოთ. თუ რაიმეს აკეთებთ, და შედეგი თქვენი მოლოდინის შესაბამისია, ეს მხოლოდ გამართლება, ბედნიერი შემთხვევაა - და მეტი არაფერი. ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა სრულიად სხვაგვარად მოიქცეთ და მაინც ანალოგიური შედეგი მიიღოთ.

კითხვა: თითქოს ადამიანი მანკიერ წრეშია მოქცეული!

პასუხი: დიახ, ასეა, და ეს სისტემა - მანკიერი წრიდან თავის დაღწევაა, რადგან ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში ადამიანს ეს არ შეუძლია.

კითხვა: მეტს ხომ ვერ გვეტყოდით მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ძალისხმევის შესახებ?

პასუხი: თუ ყველაფერს, რაც გეძლევათ, სწორად მიიღებთ და საკმარისი ძალისხმევით იმუშავებთ, ამ შემთხვევაში სკოლა ან სისტემა - როგორც გნებავთ, ისე მოიხსენიეთ - ამ მანკიერი წრიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას გაძლევთ. ვერ გამოხვალთ სკოლის და ცოდნის გარეშე. მაგრამ ისევ და ისევ, თუ ცოდნას იძენთ და ძალისხმევას არ მიმართავთ, შედეგს ვერ მიიღებთ.

როდესაც ადამიანი სკოლაშია, მას აიძულებენ „კეთებას“, რადგან თავად საკუთარი თავის იძულება არ შეუძლია, საკმარის ძალას ვერ ქმნის. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ თავს სხვა პირობებში ჩაიყენებს, ეს გარკვეულ შედეგს მოიტანს. სკოლა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ის გამანეიტრალებელი ძალის გამტარია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება სურვილი გააჩნდეს, შეუძლია ძალისხმევის გაწევა, მაგრამ არ იცოდეს, როგორ დაიწყოს. ეს მარტივი ჩანს, მაგრამ მარტივი არაა.

კითხვა: ამ შემთხვევაში რომელია აქტიური და პასიური ძალები?

პასუხი: ცხოვრება შეიძლება მივიჩნიოთ აქტიურ ძალად, ხოლო პასიური ძალა, ასე ვიტყოდი, ინერციაში, ჩვევებში, ყველაფერშია, რაც „ხდება“.

კითხვა: როგორ უნდა გავარჩიოთ მექანიკური და არამექანიკური ძალისხმევა?

პასუხი: გარჩევის აუცილებლობა არ არსებობს. ძალისხმევას მიმართეთ, და შედეგი გიჩვენებთ.

კითხვა: თქვენი აზრით, ყველაფერი, რაც აქამდე მიკეთებია ცხოვრებაში, ძილის ერთ ფორმას სხვა ფორმით ანაცვლებდა?

პასუხი: ის თავად იცვლებოდა; თქვენ ამასაც კი არ აკეთებდით. ცხოვრებაში ადამიანს არავითარი კონტროლი არ გააჩნია, მაგრამ ამ მუშაობაში მისი შეძენა შეუძლია. მუშაობაში უნდა გავექცეთ მდგომარეობას, რომელშიც არაფრის „კეთება“ არ შეგვიძლია და ყველაფერი „ხდება“. მუშაობის გარეშე გაქცევა შეუძლებელია. კონტროლის გარკვეული ილუზია ცხოვრებაში ჩვეულებრივი აღზრდით გვეძლევა, მაგრამ თუ გარემოებები შეიცვლება, ეს ყველაფერი ქრება.

კითხვა: გთხოვთ მითხრათ, რომელია მთავარი მიზეზი, რომელიც გაქცევას არ მანებებს?

პასუხი: მექანიკურობა. ჩვენში კვლავ ყველაფერი „ხდება“ - ის, რასაც უნდა აკონტროლებდეთ, მაგრამ ვერ აკონტროლებთ. ჩვენში არის ის, რაც შეიძლება იყოს და უნდა იყოს მექანიკური (ფიზიოლოგიური პროცესები და ა.შ.), და არის ისიც, რაზეც რაც შეიძლება მეტი კონტროლი უნდა მოვიპოვოთ, რადგან ისინი გამოღვიძებაში გვიშლიან ხელს. ვერც კი წარმოიდგენთ, ჩვენში ერთი მეორესთან რა ხარისხითაა დაკავშირებული. ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვათ ან გაიფიქროთ რამე მომხდარ შემთხვევათა ზოგადი მიმართულების მიღმა.

ჩვენი ოთხი ცენტრი - ინტელექტუალური, ემოციური, მამოძრავებელი და ინსტინქტური - იმდენად არიან კოორდინირებული, რომ ერთში დაწყებული მოძრაობა მეორეში მყისიერად იწვევს შესაბამის მოძრაობას. განსაზღვრული მოძრაობები ან პოზები განსაზღვრულ აზრებთანაა დაკავშირებული; განსაზღვრული აზრები განსაზღვრულ გრძნობებთან, შეგრძნებებთან და ემოციებთანაა დაკავშირებული - ყველაფერი კავშირშია. ისეთებს, როგორებიც ვართ, მთელი ნებით, რომლის თავმოყრაც ძალგვიძს, მხოლოდ ერთ ცენტრზე შეგვიძლია გარკვეული კონტროლის მოპოვება, მხოლოდ ერთზე და მხოლოდ ხანმოკლე დროით. სხვა ცენტრები კი დამოუკიდებლად აგრძელებენ მოქმედებას. ისინი დაუყოვნებლივ შეცვლიან იმ ცენტრს, რომლის გაკონტროლებაც გვსურს, და მას კვლავ მექანიკური რეაქციების რეჟიმში დააბრუნებენ. დავუშვათ, ყველაფერი ვიცი, რაც უნდა ვიცოდე და გადავწყვიტე, ახლებურად ვიაზროვნო. მე ახლებურად აზროვნებას ვიწყებ, მაგრამ ძველებურად ჩვეულ პოზაში ვზივარ ან ჩვეულებისამებრ ვეწევი სიგარეტს, და საკუთარ თავს კვლავ ძველი აზრებით ვპოულობ.

იგივე შეიძლება ითქვას ემოციებზე: ადამიანი გადაწყვეტს, რაიმე ახლებურად შეიგრძნოს, შემდეგ კი ძველებურად ფიქრობს, და ამიტომ უარყოფითი ემოციები კვლავ მოდიან, ძველებურად, უკონტროლოდ. ანუ იმისთვის, რომ შევიცვალოთ, მოცემულობები ოთხივე ცენტრში უნდა შევცვალოთ ერთდროულად , ეს კი შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს ოთხივე ცენტრის გამაკონტროლებელი ნება. სკოლაში ამ კონტროლის მისაღწევი სპეციალური მეთოდები არსებობს, მაგრამ სკოლის გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლება. მთლიანობაში ჩვენი მანქანა ძალზე ჭკვიანურადაა ჩაფიქრებული. ერთი შეხედვით, მას განვითარების გასაოცარი შესაძლებლობები გააჩნია, მეორეს მხრივ კი, ეს განვითარება საკმაოდ გაძნელებულია. ასე რატომაა მოწყობილი, მხოლოდ მას შემდეგ მიხვდებით, რაც ცნობიერების და ნების აზრს გაიაზრებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაწვდებით, რომ არც ცნობიერებას და არც ნებას მექანიკურად განვითარება არ შეუძლიათ. უმცირესიც კი ბრძოლით უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არც ცნობიერება იქნება და არც ნება. ეს ძნელი უნდა იყოს.

კითხვა: იმის მაგიერ, შემთხვევითობას დავყრდნობოდი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, საერთოდ არაფერი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩემი ნება ძალზე სუსტია.

პასუხი: არ-კეთება თავისთავად კეთების სახეობაა. თუმცა კი ძალზე საინტერესო საკითხს შეეხეთ. როდესაც კონტროლს მოიპოვებთ, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები სულ უფრო ნაკლებად მოხდება, თქვენ მცირეოდენი საქმის გაკეთებაც კი თავად მოგიწევთ, რადგან ისინი თავისთავად აღარ მოხდება. თუმცა აქამდე, სავარაუდოდ, დიდი გზაა გასავლელი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ადამიანმა ამქვეყნად რაღაც სასარგებლო უნდა გააკეთოს, - წარმოსახვაა, რამდენადაც, როგორც ამბობთ, ჩვენ „კეთება“ არ შეგვიძლია?

პასუხი: ის შეიძლება იყოს წარმოსახვა ან მიბაძვა, მაგრამ შესაძლოა სწორიც იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ, და როგორ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რა. ბევრი ფიქრობს რა უნდა გააკეთოს, მაგრამ არ უფიქრდება როგორ. ხშირად მათი გადაწყვეტილება, გააკეთონ ესა თუ ის, შეუძლებელია (ომის შეწყვეტა და ა.შ.).

კითხვა: თუ ჩვენ ვცდილობთ ცნობიერნი ვიყოთ და დავინახოთ, როგორია საგანი ან მოვლენა სინამდვილეში, ხომ არ შეცვლის ეს ჩვენს სიტუაციას იმგვარად, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები აღარ მოხდეს და თავად ვაკეთოთ ისე, როგორც გვსურს?

პასუხი: მიზანი, რა თქმა უნდა, ესაა, მაგრამ ეს შორეული მიზანია. პირველ რიგში, აქ არასწორადაა გამოყენებული სიტყვა „ჩვენ“. უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც საუბარია ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მათ არაფრის „კეთება“ არ შეუძლიათ, ეს ყოფითი ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებს ეხება - იმას, რასაც ნორმალურ ცხოვრებას უწოდებენ. მაგრამ ამ მუშაობით ჩვენ „ნორმალური“ ცხოვრებიდან გამოსვლას ვცდილობთ, ამიტომ უნდა „ვაკეთოთ“. მაგრამ თავიდან უნდა გავარკვიოთ, რის „კეთება“ შეგვიძლია, რადგან ამჟამინდელ პირობებში ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში ისევ მოხდება. მაგრამ რაღაც არჩევანი უკვე გვაქვს, შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ნება (რამდენადაც შეგვიძლია ის გაგვაჩნდეს) გამოვავლინოთ. ამიტომ სიტყვა „ჩვენ“ ძველი მნიშვნელობით აღარ გამოდგება. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ დასაწყისში განსხვავებაა არა „კეთებასა“ და „არ-კეთებას“ შორის, არამედ „კეთების“ მცდელობასა და გაგების მცდელობას შორის, და ახლა მთელი ჩვენი ენერგია გაგების მცდელობაზე უნდა კონცენტრირდეს. რის კეთების მცდელობა შეგიძლიათ, უკვე აგიხსენით. ჩვენ ვცდილობთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ის, რის გაკონტროლებასაც შევძლებთ, და თუ ამ საკითხზე ვმუშაობთ, კონტროლს ვეუფლებით. ეს არის „კეთება“, რომელიც ახლაა შესაძლებელი.

კითხვა: იქნება თუ არა „კეთების“ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი, თუ სრულად გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ არაფრის „კეთება“ არ შეგვიძლია?

პასუხი: ხანდახან ნაბიჯი ძალზე დიდია, რადგან ყოველი იდეა, რომელიც საკმაოდ მოშორებით ვითარდება, საკუთარი თავის საპირისპირო ხდება. ამიტომ, თუ საკუთარ თავს ძალზე სერიოზულად უმტკიცებთ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, აღმოაჩენთ, რომ ეს მართლაც ასეა. ეს ფარდობითობის საკითხია. როგორც გითხარით, „კეთების“ უუნარობა ეხება ადამიანებს, რომელთაც სკოლაში მუშაობის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ.

კითხვა: ვფიქრობ, მასწავლებელი მჭირდება. ვხედავ, რომ თავად არაფრის გაკეთება არ ძალმიძს.

პასუხი: მასწავლებელი თქვენს ნაცვლად არაფერს „გააკეთებს“. გარკვეული დავალებები გეძლევათ, და თქვენ ვალდებული ხართ, ისინი შეასრულოთ. ეს ყოველთვის ასეა. „კეთების“ მცდელობის ნაცვლად ეცადეთ „არ აკეთოთ“! თქვენ „კეთებას“ „არ კეთების“ შესწავლით სწავლობთ. თქვენ ცდილობთ აკეთოთ ის, რაც სასურველად მიგაჩნიათ, ახლა კი პირიქით სცადეთ: არ გააკეთოთ ის, რაც არასასურველია.

როგორც ხედავთ, ეს თვითევოლუცია სულაც არაა აუცილებელი, არაა მექანიკური, არც გარანტიები არსებობს. ის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ადამიანები ხშირად კითხულობენ: „მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალია წელია ვმუშაობ, რატომ არ მქონია აქამდე მაღალი ცენტრების გამოცდილება?“ მე კი პასუხად ვეკითხები: „ნამდვილად მუშაობდით ამ წლების განმავლობაში?“ ადამიანი ათვლას ამ იდეების მოსმენის მომენტიდან იწყებს და არ ცდილობს დაითვალოს, სინამდვილეში რამდენი იმუშავა - რამდენი დღე, საათი ან წუთი ყოველდღიურად. თუ ადამიანი ასე გამოთვლის, ნახავს, რომ რაიმე შედეგის მოლოდინის არანაირი მიზეზი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეები მრავალი წლის წინ მოისმინა.

კითხვა: თუ მანქანები ვართ, როგორ შევცვლით ჩვენს ყოფიერებას?

პასუხი: შეცვლას ვერ დაველოდებით. მუშაობაში ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპია - არასდროს არ უნდა იმუშაოთ თქვენი ძალების შესაბამისად, არამედ ყოველთვის უფრო მეტად. ეს შეუცვლელი პრინციპია. მუშაობისას ყოველთვის მეტი უნდა გააკეთოთ, ვიდრე შეგიძლიათ; მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ შეცვლას. მხოლოდ შესაძლებელს თუ აკეთებთ, იმავე ადგილას დარჩებით, სადაც იმყოფებით. შეუძლებელი უნდა აკეთოთ. სიტყვა „შეუძლებელი“ არ უნდა განიხილოთ გადაჭარბებული ზომით, არამედ ოდნავ მეტიც უკვე ბევრს ნიშნავს. ეს განსხვავებაა ცხოვრებისგან - ცხოვრებაში მხოლოდ შესაძლებელს აკეთებთ.

ყველაფერში მეტი ენერგია უნდა ჩადოთ - თვითშესწავლაში, თვითდაკვირვებაში, თვითგახსენებაში და ა.შ. ხოლო მუშაობაში რომ მეტი ენერგია ჩადოთ, უნდა იპოვოთ, სად იხარჯება ის. ყოველ დილას გარკვეული ენერგიის რაოდენობით იღვიძებთ. ის მრავალი გზით შეიძლება დაიხარჯოს. გარკვეული რაოდენობა აუცილებელია თვითგახსენებისთვის, სისტემის შესწავლისთვის და ა.შ. მაგრამ თუ ამ ენერგიას სხვა რამეს მოახმართ, მუშაობისთვის აღარაფერი დაგრჩებათ. ამაშია საქმე, ესაა და ეს. შეეცადეთ, ყოველ დილას გამოთვალოთ, რა რაოდენობის ენერგიის ჩადებას აპირებთ მუშაობაში სხვა აქტივობებთან შედარებით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ელემენტარულ საქმესთან შედარებითაც კი, თუნდაც მხოლოდ დროსთან მიმართებით, მუშაობას ძალზე ცოტას უთმობთ, თუ საერთოდ უთმობთ რამეს, და ყველაფერი სრულიად უსარგებლო საქმიანობას ეთმობა. კარგია, თუ ეს საქმიანობა სასიამოვნო მაინცაა, მაგრამ უმეტესად ასე არაა. გამოთვლების ნაკლებობა, ამ ელემენტარული სტატისტიკის არარსებობაა მიზეზი, რომ არ გვესმის, რატომ ხდება, რომ ჩვენი საუკეთესო განზრახვებისა და გადაწყვეტილებების მიუხედავად, საბოლოოდ არაფერს ვაკეთებთ. როგორ გავაკეთებთ რამეს, როდესაც ამას არც ენერგიას და არც დროს არ ვუთმობთ?

თუ ენის სწავლა გსურთ, ყოველდღიურად უნდა იზეპიროთ გარკვეული რაოდენობის სიტყვები და შეისწავლოთ გრამატიკა. თუ რუსული ენის შესწავლას გადაწყვეტთ და დღეში მხოლოდ ხუთ სიტყვას ისწავლით, გარანტიას გაძლევთ, მას ვერასდროს ისწავლით. მაგრამ თუ დღეში ორას სიტყვას სწავლობთ, ერთი თვის შემდეგ შეძლებთ რუსული ენის გაგებას. ეს ყველაფერი ელემენტარულ სტატისტიკაზეა დამოკიდებული. ყველა სამუშაოსა თუ სწავლებაში გარკვეული სტანდარტი არსებობს. თუ მას გარკვეული რაოდენობის, მაგრამ არასაკმარის ენერგიას და დროს უთმობთ, შედეგს ვერ მიიღებთ. მხოლოდ წრეზე იტრიალებთ და დაახლოებით იგივე ადგილას დარჩებით.

კითხვა: მეც ერთი იმათგანი ვარ, ვინც ხუთ სიტყვას სწავლობს დღეში, მაგრამ ყოველთვის თავს ვიმშვიდებდი, რომ ოდესმე ეს გაამართლებს.

პასუხი: არა, ამას მეტი ენერგია უნდა მოახმაროთ. შეამჩნევდით, აქაც კი ძალზე ცოტანი ლაპარაკობენ, სხვებს მხოლოდ მოსმენა სურთ, რადგან ასე უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია. შემდეგ, თქვენ აზრებს ყურადღებას არ აქცევთ. მე ძალზე ბევრ აზრს გაწვდით, თქვენ კი უმეტესობას არც ეხებით. ეს გონების სიზარმაცეა, ზოგადი სიზარმაცე. ეს სიზარმაცე უნდა დაძლიოთ. ვერაფერს მიიღებთ, თუ იზარმაცებთ ან მხოლოდ ერთ საქმეს გააკეთებთ და სხვებს - არა. ახლა კი ხდება შემდეგი: მე გაწვდით აზრის გარკვეულ მიმართულებას, თქვენ კი ვერც ამჩნევთ ამას. სხვას გაწვდით - მასაც ხელიდან უშვებთ. საბოლოოდ შედეგად მხოლოდ შეუმჩნეველ მიმართულებებს მივიღებთ.

როგორც გითხარით, ნებისმიერი მუშაობა, ნებისმიერი მდგომარეობა მოითხოვს გარკვეულ მინიმალურ ძალისხმევას და მინიმალურ დროს, ხოლო ის მუშაობა, რომლის შესრულებასაც ჩვენ ვცდილობთ, სხვებთან შედარებით მეტს მოითხოვს, თუ შესამჩნევი შედეგების მიღწევა გვსურს. რას ნიშნავს პრაქტიკული მუშაობა? ეს არა მხოლოდ ინტელექტზე, არამედ ასევე ემოციებზე და ნებაზე მუშაობას ნიშნავს. ინტელექტზე მუშაობა ახლებურად აზროვნებას, ახალი თვალსაზრისების შექმნას, ილუზიების დამსხვრევას ნიშნავს. ემოციებზე მუშაობა - ესაა უარყოფითი ემოციების გამოხატვის და გათვალისწინების არარსებობა, არგაიგივება და მოგვიანებით, თავად ემოციებზე მუშაობა. მაგრამ რას ნიშნავს ნებაზე მუშაობა? ესაა მუშაობა საკუთარ ქმედებებზე. თავდაპირველად საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: რას წარმოადგენს №1, 2 და 3 ადამიანების ნება? ის სურვილების თანაბარმოქმედია. ნება - გაერთიანებული სურვილების მიმართულებაა, ხოლო რადგან ჩვენი სურვილები გამუდმებით იცვლება, ჩვენ მუდმივი მიმართულება არ გაგვაჩნია. ანუ ჩვეულებრივი ნება სურვილებზეა დამოკიდებული, ჩვენ კი სხვადასხვა მიმართულების ბევრი სურვილი შეიძლება გვქონდეს. ხაზი, რომელიც ყველა ამ სურვილის წერტილებს აერთებს, არის სწორედ თანაბარმოქმედი. ესაა ჩვენი ნება. ერთ დღეს მას შეიძლება ერთი მიმართულება ჰქონდეს, მეორე დღეს - სხვა, თუმცა ჩვენ ის სწორი გვგონია. სინამდვილეში ის ჩვენი სიბრმავის თანაბარმოქმედია.

საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რას შეიძლება ეფუძნებოდეს №7 ადამიანის ნება. ის სრულ ცნობიერებას უნდა ეფუძნებოდეს, ეს კი ცოდნას და გაგებას მოიაზრებს, რაც ობიექტურ ცნობიერებასთან და მუდმივ „მე“-სთანაა დაკავშირებული. რეალური ნება, ანუ ისეთი ნება, რომელიც სურვილებზე ან სხვა რაიმეზე არაა დამოკიდებული, მხოლოდ იმ ადამიანებს გააჩნიათ, რომლებიც სამივეს ფლობენ.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ჩვენთვის ნება შეუძლებელია?

პასუხი: ნება - ფარდობითი ცნებაა: სხვადასხვაგვარი ნება არსებობს სხვადასხვა დონეებზე. მექანიკურ ადამიანს, რომელიც განვითარებაზე არასდროს ფიქრობს, მხოლოდ სრულიად მექანიკური მრავალი მცირე ნება გააჩნია. მას გარკვეული სურვილი აქვს: მის ერთ მხარეს რაღაცის გაკეთება სურს, მეორეს კი ეშინია, რომ ამისთვის დაისჯება. სხვადასხვა მისწრაფებებს შორის ბრძოლა იმართება, და ამ ბრძოლის შედეგს ჩვენ „ნებას“ ვუწოდებთ.

კითხვა: მაშასადამე, ნების განსავითარებლად, სურვილების წინააღმდეგ უნდა წავიდეთ?

პასუხი: პირველ ყოვლისა ერთიანი უნდა გახდეთ. თქვენ - მრავლობითი ხართ და ასობით „მე“ და ასობით ნებისგან შედგებით. თუ დამოუკიდებელი ნების განვითარება გსურთ, ერთიანი და ცნობიერი უნდა გახდეთ. ნება ერთიანობას და ცნობიერებას ეფუძნება.

კითხვა: როდესაც ჩვენთვის არასასურველის გაკეთებას გადავწყვიტავთ და შევძლებთ კიდეც, განა ამას ნების გამოყენებით არ ვაკეთებთ?

პასუხი: შეიძლება შიში იყოს მიზეზი - შესაძლოა, გეშინიათ არ გააკეთოთ ეს, ან ჯილდოს ელით, ან ამ ცხოვრებაში, ან შემდეგში - ბევრი რამაა შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ან გვეშინია რაიმესი, ან რაღაც გამორჩენას ველით. როგორც წესი, ცნება „ნება“ ფარდობითი გაგებით გამოიყენება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებაზე, ჩვენ გარკვეულ დონეზე ვსაუბრობთ. ვიდრე ნების შესაძლებლობაზე ვისაუბრებდეთ, რომელიმე ცენტრალური პუნქტი უნდა გაგვაჩნდეს, რომელსაც ყველა დანარჩენის გაკონტროლება შეეძლება. ნება მექანიკური მდგომარეობიდან განთავისუფლებას ნიშნავს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სასარგებლო ერთიანობის მოპოვება რომელიმე რუტინულ საქმიანობაში ჩაღრმავებით, რომელშიც „მე“-თა უმრავლესობა ჩაერთვება?

პასუხი: ამას სრულ ერთობას ვერ ვუწოდებთ, ეს მხოლოდ ფარდობითი ერთობაა - მუშაობაში ჩართულ „მე“-თა ერთობა. ამ სახის მუშაობით ბევრის სწავლა შეიძლება, მაგრამ ის ვერ მოგიცავთ თქვენ მთლიანად. არ არსებობს ისეთი მუშაობა, რომელსაც მთლიანის მოცვა შეუძლია, ეს ყოველთვის მხოლოდ თქვენი ნაწილი იქნება.

კითხვა: როგორ შევიცვლებით ან გამოვიღვიძებთ, თუ არავითარი თავისუფალი ნება არ გაგვაჩნია?

პასუხი: თავისუფალი ნება რომ გვქონდეს, მანქანები არ ვიქნებოდით. მანქანას თავისუფალი ნება როგორ ექნება? და შეცვლას როგორ მოვახერხებთ? უკვე აგიხსენით, რომ შეცვლის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ის ძალზე მცირეა და დასაწყებად ხელშემწყობი გარემოებების ბევრი სხვადასხვა კომბინაციაა აუცილებელი. მოგვიანებით ეს ნაბიჯ-ნაბიჯ სულ უფრო რთულდება, უფრო და უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, გარკვეული დროის შემდეგ კი მსუბუქდება. მაგრამ თავიდან გარემოებათა გარკვეული კომბინაციაა საჭირო, შემდეგ კი თავდაუზოგავი შრომა, ამიტომ სკოლაა აუცილებელი. სკოლის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცვლა. სირთულეები იმდენად დიდია, ხოლო ადამიანი იმდენად სუსტი, რომ მას არაფრის გაკეთება მარტოს არ ძალუძს.

ამჟამად ჩვენი ნება მრავალ „მე“-ს ან „მე“-თა ჯგუფებს ეკუთვნის, რომლებიც მრავალთაგან ერთ რომელიღაც პიროვნებას ეფუძნებიან. მაგრამ რეალური ნება ერთ ნებას ნიშნავს, ამიტომ ის შეიძლება მხოლოდ ერთადერთ „მე“-ს, ან, თუ გნებავთ, არსებას ეკუთვნოდეს. ამიტომ თავიდან ჩვენ ერთიანი უნდა გავხდეთ, უკიდურეს შემთხვევაში, გარკვეულ მომენტებში მაინც, შემდეგ კი ვეცადოთ და ნების შესაქმნელად ვიმუშაოთ. ერთიანი ერთბაშად ვერ გავხდებით, ეს შეუძლებელია. ნება მოვა და წავა - ერთ მომენტში გექნებათ ნება, მეორეში - არა. დიდი დრო გაივლის, ვიდრე ჩვენში რაიმე საიმედოზე შევძლებთ საუბარს, რაიმე მუდმივზე რომ არაფერი ვთქვათ.

კითხვა: როგორ იზრდება ნება?

პასუხი: ის ძალისხმევის გარეშე ვერ გაიზრდება. ენერგიას უნდა გაუფრთხილდეთ და გარკვეულ სისუსტეებთან საბრძოლველად დააგროვოთ. დავუშვათ, იცით, რომ კონკრეტული სისუსტე გახასიათებთ და რომ მას უნდა ებრძოლოთ, მაგრამ ხედავთ, რომ არასაკმარისი ენერგია გაქვთ. ამ შემთხვევაში უნდა ეცადოთ ნაკლებად რთული მოქმედება შეასრულოთ და ამგვარად ენერგია დაზოგოთ. საერთოდ კი, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მცირე ძალისხმევების გაკეთების შესაძლებლობას. ჩვენ უგულებელვყოფთ მათ, საკმარისად მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია ისინი. თუმცა ძალისხმევების კეთების ჩვენი უნარის გაზრდა სწორედ ამ მცირე ძალისხმევების ხარჯზე შეგვიძლია, რომლებიც არად მიგვაჩნია.

კითხვა: ერთობის შექმნას ყოველთვის შინაგანი კონფლიქტი უძღვის წინ?

პასუხი: შინაგანი კონფლიქტის გაცნობიერება. შინაგანი კონფლიქტები მუდმივია. არავინ ცხოვრობს შინაგანი კონფლიქტების გარეშე, ეს ნორმალურია და ისინი მუდმივად არსებობენ. მაგრამ როდესაც მუშაობას ვიწყებთ, კონფლიქტი იზრდება. როდესაც არ ვმუშაობთ, გავრბივართ, არ ვბრძოლობთ. რას ნიშნავს „მუშაობა“? ეს კონფლიქტის მხარეებთან ბრძოლას ნიშნავს. ჩვენ გარკვეული მიზანი გვაქვს, მაგრამ ჩვენი „მე“-თაგან მრავალს ამ გზით სიარული არ სურს, ამიტომ, ბუნებრივია, კონფლიქტი იზრდება. მაგრამ ერთიანობის შექმნა კონფლიქტის შედეგს არ წარმოადგენს - ეს მასთან ბრძოლის შედეგია. ჩვენ მრავლობითი ვართ, და გვსურს ერთიანნი გავხდეთ - აი, ჩვენი მიზნის ერთი ფორმულირება. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენი ასეთი მრავლობითობა - რთული, უსიამოვნო და საშიშია. გადაწყვეტილებას ვიღებთ, მინიმუმ ნაკლებად დაყოფილი ვიყოთ, ხუთასის ნაცვლად გავხდეთ ხუთი. ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ არ მსურს, - სწორედ ესაა კონფლიქტი, და მისი მუდმივი დაბრუნებით ის წინააღმდეგობას ზრდის და გაერთიანებას წარმოქმნის.

კითხვა: ადამიანთა უმრავლესობას მიზნის მიღწევაში წინააღმდეგობა ხომ არ უშლის ხელს?

პასუხი: წინააღმდეგობა ბუნებით ძალზე მრავალგვარია, იმიტომ, რომ ჩვენ ფიზიკური და გონებრივი მრავალი ჩვევა გვაქვს, რომელთა დაძლევაც ხანდახან არ ძალგვიძს. ჩვევები შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ სიახლისთვის ადგილი არ რჩება. აქ კვლავ სკოლის საკითხს მივადექით, რადგან ადამიანს თავისთავად, თუნდაც ცოდნით აღჭურვილს, არც შინაგანი და არც გარეგანი წინააღმდეგობის დაძლევა არ ძალუძს.

კითხვა: თუ ყველაფერი რიგზეა და ადამიანი „დიახ“-სა და „არა“-ს შორის არავითარ კონფლიქტს არ გრძნობს, მისი გამოწვევა ხომ არ იქნებოდა უმჯობესი?

პასუხი: ამის აუცილებლობა არ არსებობს. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს - ცდილობს საკუთარი თავის გახსენებას, არ გაიგივებას, სისტემის დამახსოვრებას, - მყისიერად წინააღმდეგობა იჩენს თავს. წინააღმდეგობა ენერგიას ქმნის. თუ ყველაფერი იოლად ხდება, წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს. მაგრამ თუ თქვენ მექანიკურობას ხელს უშლით, წინააღმდეგობას იწვევთ, რაც ენერგიას ქმნის.

კითხვა: რას ნიშნავს ერთიანობა? ეს ცენტრებს შორის ერთიანობაა?

პასუხი: ერთიანობა არა ცენტრებს შორის, რადგან ცენტრები სხვადასხვაგვარია, არამედ პიროვნებებს ან „მე“-თა ჯგუფებს შორის. ყოველ ცენტრს საკუთარი სამუშაო აქვს, და ჩვენი ცენტრები უკვე კარგად კოორდინირებულები არიან, რადგან ერთი ცენტრის მუშაობა მექანიკურად მეორის მუშაობას იწვევს. ეს სულაც არაა სასურველი, და ნაწილობრივ სწორედ ამ მცდარი კოორდინაციის გამო პიროვნებები არასაკმარისად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული - ბევრი მათგანი სრულიად დამოუკიდებელი და წინააღმდეგობრივია.

კითხვა: შეიძლება თუ არა განვითარების სურვილი ნებად მივიჩნიოთ?

პასუხი: უწოდეთ ამას სურვილი, ეს სრულიად საკმარისია. ეს ნება არაა. ნება მთლიანს ეკუთვნის და ცნობიერების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ცნობიერების ჩვენს მდგომარეობაში სურვილსა და ნებას შორის სხვაობის დანახვა?

პასუხი: რა თქმა უნდა. სურვილია - როდესაც იმას აკეთებთ, რაც გსურთ; ნება - როდესაც შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც არ გსურთ.

კითხვა: როგორ შეგვიძლია შინაგანი კონფლიქტის სწორად გამოყენება?

პასუხი: ეს ძალზე მარტივია. ჩვენს ერთ ნაწილს - მაგნეტურ ცენტრს ან ერთ პიროვნებას - გამოღვიძება სურს. მაგრამ უმეტეს ნაწილს ძილი ურჩევნია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მხარეს ხართ, შემდეგ კი მას მიეხმაროთ.

ნებაზე, მის ტრანსფორმაციაზე მუშაობას რომ მიეჩვიოთ, საკუთარი ნება უნდა უარყოთ. არასწორად გაგების შემთხვევაში ეს საკმაოდ საშიში გამოთქმაა. ძალზე მნიშვნელოვანია სწორად გაგება, რას ნიშნავს „საკუთარი ნების უარყოფა“. თქვენ ნება არ გაგაჩნიათ - მაშ, როგორ უნდა უარყოთ ის? პირველი, უნდა გააცნობიეროთ, რომ არასოდეს ეთანხმებით აზრს, რომ არანაირი ნება არ გაგაჩნიათ; თქვენ მხოლოდ სიტყვით ეთანხმებით. მეორე, უნდა გესმოდეთ, რომ ნება არა ყოველთვის, არამედ დროდადრო გვაქვს. ჩვენს მდგომარეობაში ნება ძლიერ სურვილს ნიშნავს. თუ ძლიერი სურვილი არ გვაქვს, არც ნება არსებობს, ამიტომ არც არაფერია, რაზეც უარის თქმა მოგვიწევს. სხვა მომენტში ძლიერი სურვილი გვიჩნდება, რომელიც მუშაობას ეწინააღმდეგება, და თუ ჩვენ მას შევაჩერებთ, ეს ნიშნავს, რომ ნება უარვყავით. ანუ ნებაზე უარის თქმა შეგვიძლია არა ყოველთვის, არამედ ხანდახან. „მუშაობის წინააღმდეგ“ რაღას ნიშნავს? ეს მუშაობის წესებისა და პრინციპების, ან უშუალოდ თქვენ რისი გაკეთება ან არ გაკეთებაც დაგავალეს - საწინააღმდეგოდ წასვლას ნიშნავს. არსებობს გარკვეული საერთო წესები და პრინციპები, ხოლო სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული პირობები შეიძლება არსებობდეს.

კითხვა: საჭიროა თუ არა შემდგომი პირადი მითითებების მოთხოვნა?

პასუხი: დიახ, მაგრამ თუ ადამიანი კითხულობს, უნდა დაემორჩილოს კიდეც. თუ ის არ იკითხავს, რაიმეს გაკეთების ვალდებულებაც არ აქვს, გარდა ზოგადი წესების და პრინციპების დაცვისა; ამიტომ, ვიდრე იკითხავს, ის ორჯერ უნდა დაფიქრდეს.

კითხვა: თუ ადამიანი მორჩილებისთვის მზადაა, მისცემთ თუ არა მას მითითებებს?

პასუხი: თუ შემთხვევა მომეცემა. ეს იმ მომენტში უნდა მოხდეს, როდესაც ნება გაქვთ. ისეთი რამის გაკეთების განსაზღვრული სურვილი უნდა გქონდეთ, რაც მუშაობაზე ან სხვა ადამიანებზე მოქმედებს. ჩვეულებრივ ჩვენ ცუდი ნება გვაქვს; კარგი ნება ძალზე იშვიათად გვაქვს. თუ თქვენ კარგი ნება გაქვთ, მასზე არაფერს გეტყვით, მხოლოდ გირჩევთ: „გააგრძელეთ, წინ წაიწიეთ, ისწავლეთ“.

თქვენ არ იცით, როგორ იფიქროთ ნებაზე. ერთ მომენტში აცნობიერებთ, რომ მანქანა ხართ, შემდეგში კი საკუთარი აზრის თანახმად მოქმედება გსურთ. ამ მომენტში შეჩერება და სასურველზე უარის თქმა უნდა შეგეძლოთ. ეს არ ეხება მომენტებს, როდესაც რაიმეს კეთების არანაირი განზრახვა არ გაქვთ, მაგრამ გაჩერება უნდა შეგეძლოთ, თუ თქვენი სურვილი წესების ან პრინციპების, ან რაც გითხრეს, იმის წინააღმდეგ მიდის. ხშირად ხდება, ადამიანები შესწავლას აგრძელებენ და ამ მომენტებს უყურადღებოდ ტოვებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მუშაობენ, სინამდვილეში კი არაფერი ხდება. ყოველთვის ერთნაირად მუშაობა არ შეგვიძლია - დღეს თუ პასიური შესწავლა საკმარისია, ხვალ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა, შეჩერება აღმოჩნდება აუცილებელი.

კითხვა: რა იწვევს ამ მომენტებს?

პასუხი: სურვილი. როგორც გითხარით, ჩვენი ნება სურვილების თანაბარმოქმედია. ეს სისტემის გამოხატულება არაა, ეს ძველი ფსიქოლოგიური, კარგი განსაზღვრებაა. სურვილები ძალზე მრავალგვარია - შეიძლება იყოს ინტელექტუალური (ცოდნის სურვილი, ცნობისმოყვარეობა), ემოციური, ინსტინქტური ან მამოძრავებელი. თუ ერთი ძლიერი სურვილი იმარჯვებს, ის სხვებსაც აძლევს მიმართულებას. ახლა ვსაუბრობ სურვილებზე, რომლებიც მუშაობასთანაა დაკავშირებული.

კითხვა: ჩვენ წესების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ თუ მათ დავიცავთ, ეს „კეთება“ იქნება. ეს კი შეუთავსებლად მეჩვენება იდეასთან, რომ ჩვენ „კეთება“ არ ძალგვიძს.

პასუხი: ყველაფერი შეფარდებითია. ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი შინაგანი მოქმედება „გავაკეთოთ“, რადგან გარკვეულ კონტროლს ვფლობთ. მაგალითად, აზრებზე გარკვეული კონტროლი გვაქვს - შეგვიძლია ვიფიქროთ რაზეც გვსურს. ეს შესაძლებლობათა დასაწყისია. თუ ჩვენს ინტერესებს ერთი მიმართულებით ვინარჩუნებთ, სააზროვნო პროცესი გარკვეულ ძალას იძენს, და, რამდენიმე ხნის შემდეგ, მას შეუძლია მინიმუმ საკუთარი თავის ცოდნის კონკრეტული მომენტები შექმნას, რომელსაც, როდესაც ის უფრო ხშირად მოდის და უფრო ხანგრძლივად რჩება, კიდევ რაღაცის შეცვლა შეუძლია. ანუ, ამ აბსოლუტური მექანიკურობიდან გამოსავალი არსებობს. მაგრამ თუ ადამიანი ყოფითი ცხოვრების პირობებში იმყოფება და არ იცის, რომ ყველაფერი ხდება, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ პირობების შეცვლის რეალური შესაძლებლობა აზრების და, რამდენადაც შესაძლებელია, ცნობიერების გაკონტროლებით, ანუ საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობით იწყება. ამ შინაგანი სამუშაოს შესრულებით, საკუთარ თავზე კონტროლის მოპოვების მცდელობით, ადამიანი „კეთებას“ სწავლობს. ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია „კეთება“, რადგან მას არ ძალუძს; მაგრამ თუ დაიწყებს, თანდათან, ის სწავლობს, როგორ „აკეთოს“.

კითხვა: სასარგებლოა თუ არა თვითდისციპლინა, თუ ეს უნდა იყოს სკოლის დისციპლინა?

პასუხი: დისციპლინა კარგია, თუ ის ნამდვილად დისციპლინაა. მაგრამ თუ მხოლოდ თვითშემოქმედებაა, ის არავითარ შედეგს არ მოიტანს. დისციპლინის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე - უარყოფითი ემოციების გამოხატვის არარსებობაა. მექანიკური დავალებები უშედეგოა, მაგრამ თუ თქვენ უარყოფითი ემოციებისას საკუთარ თავს იჭერთ და მათ აჩერებთ - ეს დისციპლინაა.

თუ მუშაობა გვსურს, ჩვენს აზრებს, სიტყვებს და მოქმედებებს ამ მუშაობის თვალთახედვით უნდა ვამოწმებდეთ. ამიტომ, თუ მუშაობა გსურთ, უკვე აღარ ხართ თავისუფალი - თავისუფლების ილუზიას უნდა დაემშვიდობოთ. საკითხავია, გაქვთ თუ არა თავისუფლება? გაქვთ თუ არა დასაკარგი რამე?

აი, რატომაა აუცილებელი თვითგახსენება. თვითგახსენება - არა მარტო საკუთარი თავის შესახებ ცოდნაა, არამედ გარკვეული სახით მოქმედების უნარსაც ნიშნავს, იმის კეთებას, რაც გსურთ. იცით, ლოგიკურ აზროვნებაში, ლოგიკურ ცოდნაში ჩვენ ცნობიერებას ნებისგან ვაცალკევებთ. ცნობიერება ნიშნავს ნებას. რუსულ ენაში, მაგალითად, ერთი და იგივე სიტყვა გამოიყენება ნების და თავისუფლების გამოსახატად. ცნობიერება ნებას ნიშნავს, ნება კი - თავისუფლებას.

კითხვა: ყურადღება - ნების სინონიმია?

პასუხი: არა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი სიტყვის გამოყენების აუცილებლობა არ იქნებოდა. მაგრამ ყურადღების კონტროლი - ნების დასაწყისია.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ ყველაფერი უნდა ვაკონტროლოთ. რა არის ჩვენში, რაც აკონტროლებს?

პასუხი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გსურთ თქვენ. მოქმედების ყოველ ცალკეულ მიმართულებაში მაკონტროლებელი ფაქტორი - მიზანია. საკუთარ თავზე მუშაობისას ან შესწავლისას გარკვეული მიზანი გაქვთ. ეს მიზანი გააკონტროლებს თქვენს მოქმედებებს.

მაგრამ თქვენ ეს არ გქონდათ მხედველობაში; თქვენ მკითხეთ, რა არის ჩვენში, რასაც გაკონტროლება შეუძლია. ამაზე რომ გიპასუხოთ, კვლავ „მე“-თა ჯგუფებს უნდა დავუბრუნდე, მოცემულ შემთხვევაში, მაგნეტურ ცენტრს. მუშაობის კუთხით ამჟამად ჩვენს მიზანს მაგნეტური ცენტრის, და არა შემთხვევითი „მე“-ების, კონტროლქვეშ ყოფნა წარმოადგენს, რომელთაგან ერთს ერთი აინტერესებს, მეორეს - სხვა. თუ ყოველ მათგანს ჩვენი გაკონტროლება სურს, ეს ნიშნავს, რომ არავინ გვაკონტროლებს, მაგრამ თუ ჩვენ მაგნეტური ცენტრი წარგვმართავს, ეს უკვე გარკვეულ კონტროლს ნიშნავს.

მიზნის გარკვევა და ფორმულირება - მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვეულებრივ ხდება, რომ ადამიანი სწორად ახდენს მიზნის ფომულირებას, სრულიად სწორი მიმართულებით, მაგრამ ძალზე შორეულ მიზანს ისახავს. შემდეგ, ამ მიზნის შესაბამისად, ის სწავლას და მასალის დაგროვებას იწყებს. შემდეგ ჯერზე ის ოდნავ სახეცვლილი სახით ცდილობს მიზნის ფორმულირებას და პოულობს მიზანს, რომელიც მასთან ახლოსაა; შემდეგ კიდევ უფრო ახლოს და ა.შ. მანამ, ვიდრე ყველაზე ახლოს მყოფ მიზანს არ იპოვის - ხვალ ან ზეგ. ასეთია სინამდვილეში მიზნებთან სწორი დამოკიდებულება, თუ მათზე დიდი სიზუსტით არ ვლაპარაკობთ. შეგვიძლია მრავალი მიზანი ვიპოვოთ, რომელთა შესახებაც უკვე საკმაოდ გარკვევით ვისაუბრეთ. „ვიყოთ ერთიანნი“. სწორია, მშვენიერი მიზანია. „ვიყოთ თავისუფალნი“. როგორ? მხოლოდ და მხოლოდ მანქანაზე კონტროლის მოპოვებით. ვიღაც იტყვის: „მსურს ვიყო ცნობიერი“, სხვამ შეიძლება თქვას: „გამოღვიძება მსურს“ ან „მსურს მქონდეს ნება“. ყველა ეს მიზანი ერთსა და იმავე წრფეზე, მაგრამ სხვადასხვა დაშორებით მდებარეობს.

კითხვა: დავასკვენი, რომ ჩემი მიზნების უმეტესობა საკმაოდ შორეულია, მე კი უფრო პრაქტიკული სამუშაო მსურს.

პასუხი: დიახ. იმიტომ რომ მანამ, ვიდრე თქვენ შორეული მიზნების მიღწევას შეძლებთ, ბევრი რამაა, რისი გაკეთებაც აქ და ახლა შეგიძლიათ, და სწორედ ამით განსხვავდება სისტემა თითქმის ყველა სხვა სისტემისგან. სხვა სისტემები მიზნებით იწყებენ, რომლებიც, მინიმუმ, ათი ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან და არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნიათ, ეს სისტემა კი ამ ოთახში იწყება. ამაშია განსხვავება, და ეს უნდა გავიგოთ უპირველეს ყოვლისა.

ამ საკითხს კვლავ და კვლავ უნდა დავუბრუნდეთ: რა გვსურს მუშაობისგან? ნუ გამოიყენებთ სისტემის ტერმინოლოგიას - თქვენთვის სასურველი იპოვეთ. თუ ამბობთ, რომ გსურთ ცნობიერი იყოთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რისთვის? რისი მიღწევა გსურთ იმით, რომ ცნობიერი გახდებით? ნუ იფიქრებთ, რომ ამ კითხვას დაუყოვნებლივ უპასუხებთ. ეს ძალზე რთულია. მაგრამ მას გამუდმებით უნდა მიუბრუნდეთ. და უნდა იცოდეთ, რომ მანამ, ვიდრე დრო მოვა და სასურველის მიღებას შეძლებთ, უნდა გაიგოთ, რა არის ის. ეს ძალზე განსაზღვრული პირობაა. თქვენ არასდროს არაფერს მიიღებთ, ვიდრე არ იტყვით: „ეს მსურს“. ამის შემდეგ, შესაძლოა, თქვენ მიიღებთ ან ვერ მიიღებთ ამას; მაგრამ ვერასოდეს მიიღებთ ამას, თუ არ იცით, რა არის ეს. თქვენ შეიძლება თქვენეული ფორმულირება მისცეთ ამას, და აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოთ საკუთარ თავთან. შემდეგ შეგიძლიათ საკუთარ თავს ჰკითხოთ: „დამეხმარება ეს სისტემა სასურველის მიღებაში?“თუ ჩვენი მიზანი გვახსოვს, მასზე ვფიქრობთ, სულ უფრო მეტ მიზეზს ვპოულობთ მუშაობისთვის, ჩვენი ნება ერთი მიმართულებით იმოძრავებს და გაძლიერდება. თუ ჩვენს მიზანს ვივიწყებთ, ვდუნდებით.

მიზნის შესახებ იმიტომ გესაუბრებით, რომ გირჩევთ იფიქროთ ამ საკითხზე, გადახედოთ თქვენს წინანდელ მოსაზრებებს მასზე, და განსაზღვროთ, როგორ ჩამოაყალიბებდით თქვენს მიზანს ახლა, ამ იდეების გარკვეულწილად შესწავლის შემდეგ.

ვიტყოდი, რომ ის, რისი მიღებაც ადამიანს შეუძლია, რასაც მას პირდებიან მუშაობის შემთხვევაში, - ესაა ის, რომ მუშაობიდან გარკვეული ხნის შემდეგ ის საკუთარ თავს დაინახავს. სხვა დანარჩენი, რასაც ის, შესაძლოა, მიიღებს, მაგალითად ცნობიერება, ერთიანობა, მაღალ ცენტრებთან კავშირი, ამის შემდეგ მოდიან - და არც ის ვიცით, რა თანმიმდევრობით მოვლენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: მანამ, სანამ ამას არ მივიღებთ - ვიდრე საკუთარ თავს არ დავინახავთ - ვერაფერს მივიღებთ. ვიდრე ამ მიზნით მუშაობას არ დავიწყებთ, ვერ ვიტყვით, რომ მუშაობას შევუდექით. ამიტომ, გარკვეული ხნის შემდეგ, უახლოეს მიზნად საკუთარი თავის დანახვის უნარი უნდა დავისახოთ. არა საკუთარი თავის ცოდნა (ეს მოგვიანებით მოდის), არამედ დანახვა. ადამიანს საკუთარი თავის დანახვის ეშინია. მაგრამ მას შეუძლია გამბედაობა მოიკრიბოს და დაინახოს, რას წარმოადგენს.

კითხვა: ნება ყოფიერების ნაწილს წარმოადგენს?

პასუხი: დიახ, ისევე როგორც ცნობიერება და გაგება. მაგრამ თუ თქვენ ძალზე ბევრს მუშაობთ გაგებასა და ცოდნაზე და ნებას უგულებელჰყოფთ, ამ შემთხვევაში, იმის მაგიერ, რომ გაძლიერდეთ, თქვენი ნება შესუსტდება ან არ შეიცვლება. თუ ნება განუვითარებელია, გაგების განვითარება ვერ გიშველით. შეიძლება ბევრი რამ გესმოდეთ, მაგრამ ვერ იყენებდეთ. ამიტომ თავიდანვე სერიოზულად უნდა ეცადოთ ნების განვითარებას. როგორც გითხარით, ჩვენი ნებით - №1, 2 და 3 ადამიანების ნებით - მთელი ჩვენთვის შესაძლებელი კონცენტრაციის გამოყენებით მხოლოდ ერთ ცენტრს ვაკონტროლებთ. თუმცა ცენტრები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. ერთზე მეტი ცენტრის კონტროლის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საკუთარ თავს რაიმე სხვა ნების ქვეშ აყენებთ, რადგან თქვენი საკუთარი არაა საკმარისი, და სწორედ ამიტომაა საჭირო სკოლის დისციპლინა და ვარჯიშები.

ჩვენ არავითარი რეალური ნება არ გაგვაჩნია; მხოლოდ თვითნებობა და სიჯიუტე გვახასიათებს. თუ ადამიანს ეს ესმის, მას უნდა ეყოს გამბედაობა და უარი თქვას საკუთარ ნებაზე. სკოლაში განსაკუთრებული შესაძლებლობები იქმნება ნებაზე უარის სათქმელად, ასე რომ, თუ თქვენ უარს ამბობთ მასზე, მოგვიანებით საკუთარი ნება გექნებათ. მაგრამ ამ განსაკუთრებული შესაძლებლობების გარეშეც, თუ ადამიანები საკუთარ თავს აკვირდებიან და ყურადღებიანები არიან, მათ შეუძლიათ დაიჭირონ მომენტები, როდესაც ძლიერი სურვილი ჩნდება, და საკუთარ თავს ჰკითხონ, რა უნდა გააკეთონ ამ სისტემის მიხედვით. თითოეულმა საკუთარი სიტუაცია უნდა გაიგოს.

კითხვა: რა არის თვითნებობა? და რა განსხვავებაა თვითნებობასა და სიჯიუტეს შორის?

პასუხი: მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ორივე წინააღმდეგობის გამოვლინებას წარმოადგენს. ესაა ნება, რომელსაც წინააღმდეგობრიობა ქმნის და მართავს. ასეთი ნება გვაქვს, მაგრამ ის არა ჩვენგან, არამედ წინააღმდეგობებიდან მომდინარეობს. თვითნებობაა - მაგალითად, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანმა არ იცის, როგორ გააკეთოს კონკრეტული რამ და ცდილობთ აუხსნათ, ის კი იმეორებს: „არა, თავად გავაკეთებ“, „თავად გადავწყვეტ“, „არავის მოსმენა არ მსურს“ და ა.შ. სიჯიუტე - თითქმის იგივეა, მხოლოდ უფრო ზოგადი ხასიათისაა, ეს შეიძლება ჩვევის სახეობა იყოს. ეს მექანიკური ნებაა, რომელიც, როგორც წესი, საკუთარ თავზე და საკუთარ გამოცდილებაზე მცდარ წარმოდგენებს ეფუძნება. თვითნებობა - თვითდამკვიდრებაა. თუ თვითნებობას ნორმალურ მოქმედებას შეადარებთ, მასში ყოველთვის გარკვეულ ოპოზიციას აღმოაჩენთ - თქვენ რაღაცის გაკეთება გსურთ, რაც არ უნდა გააკეთოთ. ეს ძალზე დამახასიათებელია მუშაობისას. იდეების შესწავლისას იცით, რომ კონკრეტულ ქმედებებს უნდა ერიდოთ, მაგრამ სწორედ ისინი გსურთ. თვითნებობის შესახებ თუ აქედან დაიწყებთ ფიქრს, მრავალ საკუთარ მაგალითს აღმოაჩენთ.

კითხვა: როგორ ვებრძოლოთ თვითნებობას? და შესაძლებელია თუ არა იმ მომენტების ამოცნობა, როდესაც ჭეშმარიტ ნებას ვფლობთ?

პასუხი: ჭეშმარიტ ნებას არა - ჭეშმარიტი ნება ძალზე შორსაა. როგორც გითხარით, თქვენ მხოლოდ თვითნებობა და სიჯიუტე გაქვთ, ანუ რამდენიმე პატარა ნება, რომლებიც გამუდმებით იცვლება. რაც შეეხება იმას, როგორ ვიმუშაოთ თვითნებობის წინააღმდეგ, - შეგიძლიათ სისტემა შეისწავლოთ. სისტემაში განსაზღვრული მოთხოვნებია - რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ. რა უნდა დაუპირისპიროთ თვითნებობას? მხოლოდ ორი რამაა ერთმანეთის საპირისპირო - მუშაობა და თვითნებობა. თვითნებობას, მაგალითად, სურს ლაპარაკი, თქვენ კი არ უნდა ილაპარაკოთ გარკვეულ საკითხებზე, რადგან, თუ ილაპარაკებთ, მხოლოდ ტყუილებს იტყვით; არის წესი, რომლითაც გეკრძალებათ სისტემის იდეებზე საუბარი სხვებთან მანამ, ვიდრე თავად არ გაიგებთ და ჩაწვდებით მათ. მიმდინარეობს ბრძოლა, და შედეგი გამარჯვებულის შესაბამისი იქნება. ამგვარად თავიდანვე ხვდებით მუშაობის იდეებს, რომლებიც თვითნებობის საპირისპიროა. თუ მუშაობას ივიწყებთ, ე.ი. თვითნებობასთან არ მუშაობთ. მასთან ბრძოლის ერთადერთი გზა - ესაა გახსოვდეთ მუშაობის შესახებ. შესაძლოა, რაღაც მომენტში მუშაობა საჭირო არ არის, სხვა მომენტში კი საჭიროა, და ამ მომენტში მიხვდებით, რას ნიშნავს თვითნებობაზე უარის თქმა. საკუთარ თავს ჰკითხეთ: მუშაობის თვალთახედვით სწორია თუ არა ეს? სწორედ ესაა თვითნებობის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვეულებრივ ადამიანის ნება ზიგზაგისებურად ან წრეზე მოძრაობს, აი რატომაა აუცილებელი მისი დამორჩილება. ეს დამორჩილება მას ისე გამოწრთვნის, რომ მოგვიანებით ერთი გარკვეული ხაზის გაყოლას შეძლებს. როდესაც საკმარისად გაძლიერდება, მისი შეზღუდვის აუცილებლობა იხსნება. ამიტომ არ შეიძლება ნება ისეთი დარჩეს, როგორიც ახლაა, რადგან ამჟამად ის ყველა მიმართულებით გარბის. ის უნდა გაიწრთვნას, ნების გამოსაწრთვნელად კი ბევრი უსიამოვნო ქმედების განხორციელებაა აუცილებელი.

კითხვა: ყოველთვის შეიძლება ნების გამოსაწრთვნელად შესაძლებლობების მოძებნა?

პასუხი: დიახ, როგორც გითხარით, იქ, სადაც წინაღობაა. მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გსურთ თქვენ - იმაზე, გსურთ თუ არა წინააღმდეგობა, თქვენს გადაწყვეტილებაზე, მდგომარეობასა და სიტუაციაზე. მუშაობისას გამუდმებით უნდა დაიძლიოს სიზარმაცე, ინერცია, გაჩერების სურვილი. თუ ადამიანი არ მუშაობს, მას დასაძლევიც არაფერი აქვს, მაგრამ თუ ის რაიმეზე მუშაობს, მას გამუდმებით მოუწევს მუშაობის მიტოვების სურვილის დაძლევა.

კითხვა: თუ საკუთარ თავს იმის გაკეთებას ვაიძულებ, რისი გაკეთებაც არ მსურს, იქნება თუ არა ეს წინაღობა?

პასუხი: ყველაფერი წინაღობაა, თუ ამას აკეთებთ. მაგრამ მხოლოდ ფიქრი საკმარისი არაა. მხოლოდ წინაღობების ხარჯზე ქმნით ენერგიას და ავითარებთ ნებას.

კითხვა: ახალი განვითარებისთვის მუდამ ბევრი შინაგანი წინააღმდეგობა და დისკომფორტია საჭირო?

პასუხი: ადამიანებზეა დამოკიდებული. ერთისთვის მეტია საჭირო, მეორესთვის - ნაკლები. გავიმეორებ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ მხოლოდ სწავლა გსურთ, ამისთვის საგანთა და მოვლენათა დანახვაც საკმარისია, მაგრამ თუ შეცვლა გსურთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ დანახვა საკმარისი არაა. საგანზე ან მოვლენაზე მიმართული მზერა მას არ შეცვლის. მუშაობა წინააღმდეგობას, „დიახ“-სა და „არა“-ს შორის, მუშაობის მსურველ ნაწილსა და იმ ნაწილს შორის, რომელსაც ეს არ სურს, კონფლიქტს ნიშნავს. ჩვენში მრავალი ნაწილია, რომელთაც მუშაობა არ სურთ, ამიტომ მომენტში, როდესაც მუშაობას შეუდგებით, წინააღმდეგობა იწყება. თუ რაიმეს გაკეთებას გადავწყვეტ, ხოლო ჩემს რომელიმე ნაწილს ამის გაკეთება არ სურს, მე დაჟინებით უნდა ვცადო ჩემი გადაწყვეტილების შესრულება. მაგრამ როგორც კი მუშაობა წყდება, წინააღმდეგობაც ქრება.

კითხვა: როგორ უნდა შევქმნათ სასარგებლო წინააღმდეგობა?

პასუხი: რომელიმე კონკრეტული იდეით უნდა დაიწყოთ. თუ წინააღმდეგობას არ უწევთ, ყველაფერი ხდება. მაგრამ თუ გარკვეული იდეები გაქვთ, უკვე შეგიძლიათ გაიგივებას შეეწინააღმდეგოთ და წარმოსახვას, უარყოფით ემოციებს და ა.შ. ებრძოლოთ. შეეცადეთ იპოვოთ ის, რაც ნამდვილად გიშლით ხელს აქტიური იყოთ მუშაობისას. აუცილებელია იყოთ აქტიური - ვერაფერს მიიღებთ, თუ პასიური ხართ. ჩვენ გვავიწყდება დასაწყისი, სად და რატომ დავიწყეთ, და დროის უმეტეს ნაწილს არა მიზანზე, არამედ წვრილმან დეტალებზე ფიქრს ვანდომებთ. მაგრამ დეტალებში სასარგებლო არაფერია, თუ მიზანი არ არსებობს. თვითგახსენებას სარგებელი არ ექნება, თუ მუშაობის მიზნები და თქვენი საწყისი ძირითადი მიზანი არ გახსოვთ. თუ ეს მიზნები ემოციურად არ ახსოვს ადამიანს, წლების შემდეგაც იგივე მდგომარეობაში დარჩება. გონების განვითარება არაა საკმარისი; ნება უნდა განვითარდეს.

ჩვენ არასდროს ვართ ერთი და იგივე ზედიზედ ორი დღის განმავლობაში. რომელიღაც დღეებში მეტად წარმატებულები ვართ, სხვა დღეებში - ნაკლებად. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, - ესაა გავაკონტროლოთ ის, რაც ჩვენს ძალებშია. ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ რთული მოვლენების გაკონტროლებას, თუ მარტივს არ ვაკონტროლებთ. ყოველ დღე, ყოველ წამს არსებობს ის, რისი გაკონტროლებაც ძალგვიძს, მაგრამ არ ვაკონტროლებთ, ამიტომ ახალი არაფერი გვექნება გასაკონტროლებელი. ჩვენს გარშემო ბევრი რამაა, რასაც უგულებელვყოფთ. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენს აზროვნებას არ ვაკონტროლებთ. ჩვენ ბუნდოვნად ვფიქრობთ, რა გვსურს, მაგრამ თუ არ ჩამოვაყალიბებთ, არაფერი მოხდება. ეს პირველი პირობაა, თუმცა ბევრი წინაღობა არსებობს.

ძალისხმევა - ჩვენი ფულია. თუ რაიმე გვსურს, ძალისხმევით უნდა გადავიხადოთ. შედეგებს ძალისხმევის სიძლიერის და დროის (იმ აზრით, სწორია თუ არა ეს დრო ძალისხმევისთვის) შესაბამისად მივიღებთ. ძალისხმევა ცოდნას მოითხოვს, იმ მომენტების ცოდნას, თუ როდისაა ის სასარგებლო. ხანგრძლივი პრაქტიკის საშუალებით უნდა ვისწავლოთ, როგორ ვაწარმოოთ და გამოვიყენოთ ძალისხმევა. ჩვენს მიერ შესრულებული ძალიხმევა - თვითდაკვირვების და თვითგახსენების ძალისხმევაა. როდესაც ადამიანები ძალისხმევის შესახებ სვამენ კითხვას, ისინი „კეთების“ ძალისხმევას გულისხმობენ. ეს დაკარგული ან არასწორი ძალისხმევა იქნებოდა, მაგრამ თვითდაკვირვების და თვითგახსენების ძალისხმევა სწორია, რადგან სწორ შედეგამდე მივყავართ. თვითგახსენება ნების ელემენტს შეიცავს. ეს რომ მხოლოდ ოცნება იყოს - „მე ვარ, მე ვარ, მე ვარ“ - ეს არაფერი იქნებოდა. თქვენ მრავალი მეთოდის მოფიქრება შეგიძლიათ, როგორ გაიხსენოთ საკუთარი თავი, რადგან თვითგახსენება - არაა ინტელექტუალური ან აბსტრაქტული საკითხი, ეს ნების მომენტებია. ის არა აზრი, არამედ მოქმედებაა. ეს ნიშნავს უფრო მაღალი კონტროლის ქონას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან რა სარგებელი იქნებოდა? საკუთარი თავის გაკონტროლება მხოლოდ თვითგახსენების მომენტებში შეგიძლიათ. აღზრდით და განათლებით შეძენილი მექანიკური კონტროლი, - როდესაც ადამიანს ასწავლიან, როგორ მოიქცეს გარკვეულ გარემოებებში, - რეალურ კონტროლს არ წარმოადგენს.

კითხვა: ნებაზე უარის თქმა საკუთარ აზრზე უარის თქმას ხომ არ იწვევს?

პასუხი: გააჩნია. როგორც წესი, ეს ბავშვობაზე, სისუსტეზე და ტყუილზე უარის თქმას ნიშნავს, ჯერ ერთი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საბოლოო მოქმედებაა: უარს ამბობთ და არავითარ ნებას აღარ ფლობთ. ეს ილუზიაა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ასეთი ნება, რომ მასზე უარი ვთქვათ. ჩვენი ნება დაახლოებით სამი წუთი გრძელდება. ნებაზე უარის თქმა - არა ერთჯერადი მოქმედება, არამედ უწყვეტი პროცესია. ერთჯერადი მოქმედება არაფერს ნიშნავს. მეორე შეცდომა - იმ პრინციპების დავიწყებაა, რის გამოც უარს ამბობთ ნებაზე. ბევრი პრინციპი არსებობს, რომელთა დაცვისთვისაც უნდა თქვათ უარი ნებაზე. მესამე - უკიდურესობებში აზროვნებას, ყველაზე რთული შემთხვევევების წარმოდგენას უნდა ერიდოთ. უბრალო, ჩვეულებრივი შემთხვევებით დაიწყეთ. ნებაზე უარის თქმა მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მუშაობა გახსოვთ. ამ გზით სწავლობთ, როგორ შექმნათ ნება; სწორედ ესაა მისი განვითარების მეთოდი.

კითხვა: ნებაზე უარის თქმა ნიშნავს თუ არა იმას, რომ არაფერი ვაკეთოთ გაგების გარეშე?

პასუხი: აი, კიდევ ერთი თქვენი შეცდომა. თქვენ ფიქრობთ, რომ ნებაზე უარის თქმა რაიმე კეთებას ნიშნავს. აქ დიდი განსხვავებაა. მაგალითად, გსურთ ადამიანს უთხრათ, რას ფიქრობთ მასზე, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ. ეს პრაქტიკის საკითხია. ნების გაზრდა შეიძლება, თუ ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე და აიძულებს თავის ნებას დაემორჩილოს მუშაობის პრინციპებს. ის, რასაც მუშაობასთან კავშირი არ აქვს, არც ამასთანაა დაკავშირებული, მაგრამ რაც უფრო ეფლობით მუშაობაში, მით მეტი რამ ეხება მას. თუმცა ეს დროს მოითხოვს.

როცა მათი შანსი დგება და ადამიანებს ეუბნებიან რა გააკეთონ ან რა არ გააკეთონ, ისინი ხშირად ამას ეწინააღმდეგებიან - მათი აზრით ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზების გამო. და ამგვარად ისინი ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას. გარკვეული დროის შემდეგ მათ შეიძლება დაინახონ, რომ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიან. ესაა სასჯელი თვითნებობისთვის.

კითხვა: ვფიქრობ, თუ თვითნებობაზე ვიტყვით უარს, სინამდვილეში იმას მივიღებთ, რაც გვსურს, რადგან სასურველზე უარის თქმით ადამიანი სასურველ შედეგს იღებს.

პასუხი: თქვენი ყველა სურვილი თვითნებობა არაა. თუ გშიათ და ჭამა გსურთ, ეს თვითნებობა არაა. თვითნებობა მუდამ საკუთარი სურვილით მოქმედებას და, ჩვენს შემთხვევაში, მუშაობის და მისი პრინციპების დავიწყებას ნიშნავს. თუ ჩემი თვითნებობა გინების ჩვევას წარმოადგენს, და მე უარს ვამბობ ამ ჩვევაზე, რადგან ის მუშაობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, სად არის სასურველი შედეგი, რომელზეც საუბრობდით?

ზოგიერთი ჩვენი სურვილი შეიძლება კარგად იყოს შენიღბული. მაგალითად, ადამიანი ვინმეს აკრიტიკებს და ამას გულწრფელობას უწოდებს. მაგრამ გაკრიტიკების სურვილი იმდენად ძლიერი შეიძლება იყოს, რომ მის ასალაგმად სინამდვილეში მას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, ხოლო ადამიანს თავისთავად ეს არ ძალუძს.

უნდა გაგიმეოროთ: ნება რომ შექმნას, ადამიანმა მუშაობის იდეებთან ყოველი საკუთარი მოქმედების კოორდინაცია უნდა შეძლოს; მან ყოველი მოქმედებისას უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, როგორ აღიქმება ეს მუშაობის თვალთახედვით. სასარგებლოა ეს თუ საზიანო ჩემთვის და მუშაობისთვის? თუ თავად არ იცის, შეუძლია იკითხოს. თუ ადამიანი უკვე დიდი ხანია მუშაობს, პრაქტიკულად მასთან ყველა მოქმედებაა დაკავშირებული; დამოუკიდებელ მოქმედებებს ადგილი არ აქვს იმ გაგებით, რომ ადამიანს აღარ შეუძლია სულელურად და გულგრილად მოქცევა. ის უნდა დაფიქრდეს, სანამ იმოქმედებს. ეს ერთადერთი მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეიძლება ნება შეიქმნას, და ამისთვის სკოლაა აუცილებელი.

როგორც უკვე გითხარით, თვითნებობა ყოველთვის საკუთარ მოსაზრებასთანაა დაკავშირებული - ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ მან იცის. შემდეგ ის სკოლაში მოდის და იგებს, რომ არაფერი იცის. აი რატომაა სკოლისთვის მომზადება აუცილებელი. ჩვეულებრივ, ადამიანები უამრავი მოსაზრებით და თვითნებობით არიან სავსე. ადამიანი, რომელიც სკოლაში მოდის, მზად უნდა იყოს სკოლის სწავლების და დისციპლინის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერაფერს მიიღებს. ის ვერ მოიპოვებს ნებას, თუ თვითნებობაზე არ თქვა უარი, ზუსტად ისევე, როგორც ვერ მოიპოვებს ცოდნას, თუ საკუთარ მოსაზრებებზე არ იტყვის უარს.

კითხვა: თვითნებობა ადამიანმა თვითონ უნდა დაამარცხოს, თუ ეს გარედან მოხდება?

პასუხი: ადამიანმა ის თავად უნდა დაამარცხოს, და საკმაოდ უნდა დაჯაბნოს, რომ მან სკოლაში ყოფნა მოახერხოს. ის საკმარისად უნდა განთავისუფლდეს თვითნებობისგან, რათა სიახლეები ბრძოლის გარეშე მიიღოს. მას არ შეუძლია დაიტოვოს ძველი შეხედულებები და მოსაზრებები და ახლები შეიძინოს. ის საკმარისად თავისუფალი უნდა იყოს, რომ ძველზე უარი თქვას, დროებით მაინც. მას უნდა შეეძლოს დისციპლინის აუცილებლობის გაგება, რადგან ნების შექმნა შეუძლებელია, ვიდრე ადამიანი განსაზღვრულ დისციპლინას არ მიიღებს.

სკოლის გარეშე ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ის ეცდება და ეცდება, და არაფერი გამოუვა. როდესაც ის რომელიმე სკოლას დაუკავშირდება, მთავარია - დაიწყოს მუშაობა თვითნებობის დასამარცხებლად. როდესაც თვითნებობა საკმარისად დაძლეულია, შემდეგ უკვე მუშაობის სხვადასხვა მეთოდებზეც შეიძლება საუბარი.

კითხვა: როგორ ვისწავლო ცხოვრებაში სხვაგვარად მოქცევა - ისე, რომ თავიდან ავიცილო ერთი და იგივე შემზღუდველი და განმეორებადი ემოციები, რომელთაც ახლა ვგრძნობ?

პასუხი: ცხოვრებაში სხვაგვარად მოქმედება - ჩვენი მიზანია. სწორედ ამისთვისაა ორგანიზებული მუშაობა, ამისთვის უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა თეორიები, გვახსოვდეს ნაირნაირი წესები და ა.შ. ის, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ, შორეული მიზანია. თავდაპირველად სისტემაში უნდა ვიმუშაოთ. სისტემასთან და ორგანიზაციასთან კავშირში მოქმედების სწავლით ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვიმოქმედოთ ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრებაში მოქმედებას ვერ ვისწავლით, თუ ჯერ სისტემას არ გავივლით.

კითხვა: მუშაობის ისეთი გადაწყვეტილება მინდა მივიღო, რომელზეც შემდეგ უარს ვერ ვიტყვი.

პასუხი: ეს ჩვენი ყველაზე დიდი ილუზიაა - რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია. გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელია ყოფნა, რადგან ჩვენში ისეთებში, როგორებიც ვართ, ერთი პატარა „მე“ იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო სხვა „მე“-სგან, რომელმაც არაფერი იცის ამ გადაწყვეტილების შესახებ, მის შესრულებას მოელიან. ეს ერთ-ერთი პირველი პუნქტია, რომელიც უნდა გავიგოთ: რომ ისეთებს, როგორებიც ვართ, გადაწყვეტილების მიღება მცირე საკითხებშიც კი არ შეგვიძლია - ყველაფერი უბრალოდ ხდება. მაგრამ როდესაც ამას სწორად გაიგებთ, როდესაც მიზეზებს დაუწყებთ ძებნას და იპოვით მათ, შემდეგ შეძლებთ მუშაობას, და შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაც შეძლოთ, თუმცა ეს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მუშაობასთან იქნება დაკავშირებული და სხვა არაფერთან.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, - საკუთარი სამუშაო რეგულარულად აკეთოთ, შეახსენოთ ის საკუთარ თავს, არ მისცეთ ნება, ხელიდან გაგისხლტეთ. ჩვენ ძალზე ადვილად ვივიწყებთ. ძალისხმევის გაკეთების გადაწყვეტილებას ვიღებთ - გარკვეულ ძალისხმევასა და გარკვეულ დაკვირვებაზე - შემდეგ კი ჩვეულებრივი მოვლენები, ჩვეულებრივი ოქტავები ამ ყველაფერს შეწყვეტს, და ჩვენ გვავიწყდება. შემდეგ კვლავ გვახსენდება და ისევ გვავიწყდება, და ა.შ. გაუთავებლად. აუცილებელია გვავიწყდებოდეს ნაკლებად და გვახსენდებოდეს მეტად; აუცილებელია მუდამ ინარჩუნებდეთ იმ გაცნობიერებას, იმ საგნებს, რომლებიც უკვე ნახეთ და გაიგეთ. უნდა ეცადოთ, არ დაივიწყოთ ისინი.

მთავარი სირთულე იმაშია, რა გავაკეთოთ და როგორ ვაიძულოთ საკუთარი თავი, ეს გავაკეთოთ. საკუთარი თავი აიძულო რეგულარულად იფიქრო, რეგულარულად იმუშაო - ესაა მნიშვნელოვანი. მხოლოდ ასე დაინახავთ საკუთარ თავს, ანუ დაინახავთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა - არა, საით მიმართოთ თქვენი ყურადღება, და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა ხდება? თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას იმუშაოთ, რაღაც აკეთოთ და შეიცვალოთ - შედეგად იმავე ადგილას რჩებით, სადაც იყავით. შეეცადეთ თქვენს მუშაობაზე იფიქროთ, იმაზე, რის გაკეთებას ცდილობთ, რატომ აკეთებთ ამას, რა გეხმარებათ და რა გიშლით ხელს ამაში, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. შესაძლოა სასარგებლო იყოს გარე მოვლენებზე ფიქრიც, რადგან ისინი აჩვენებენ, რამდენად ბევრია დამოკიდებული იმ ფაქტზე, რომ ადამიანებს სძინავთ, რომ მათ არ შეუძლიათ სწორი აზროვნება, არ შეუძლიათ გაგება. როდესაც ამას თქვენს გარეთ დაინახავთ, შეძლებთ საკუთარ თავს მიუსადაგოთ ეს. იგივე არეულობას საკუთარ თავშიც დაინახავთ სხვადასხვა სახის საგნებსა თუ მოვლენებთან დაკავშირებით. ძნელია ფიქრი, ძნელია დანახვა, სად უნდა დაიწყო ფიქრი: როგორც კი ამას გაიგებთ, თქვენ სწორად დაიწყებთ აზროვნებას. თუ საკუთარ გზას იპოვით, როგორ იფიქროთ ერთ საკითხზე სწორად, ეს დაუყოვნებლივ დაგეხმარებათ, რომ სხვა საკითხზეც სწორად იფიქროთ. სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები არაფერზე სწორად არ ფიქრობენ.

კითხვა: ყველაზე მეტად მაღელვებს ის სიმარტივე, რომლითაც ისეთ მდგომარეობაში ვვარდები, რომელშიც ნებისმიერი ძალისხმევა შეუძლებელია.

პასუხი: დიახ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, მიმართოთ რეგულარულ ძალისხმევას, ეს გაგრძელებაში დაგეხმარებათ. ეს ერთ-ერთი ის შესრულებადი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. მუშაობაში მხოლოდ შესაძლებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ.

კითხვა: წელიწადში რამდენჯერმე მოქმედების გარკვეული ხაზი ჩემთვის განსაკუთრებით ნათელი ხდება. ამ მომენტებს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში განვიცდიდი და მივედი დასკვნამდე, რომ ამაოა რაიმე სერიოზული მოქმედება იმის გარეშე, რასაც ჩვეულებრივ შთაგონებას უწოდებენ.

პასუხი: ჩვეულებრივ პირობებში არის პერიოდები, როდესაც არაფერი ხდება, შემდეგ კი გზაჯვარედინები ჩნდება. მთელი ცხოვრება ქუჩებისგან და გზაჯვარედინებისგან შედგება. მოსახვევები გზაჯვარედინებზე უფრო სისტემატურიც კი გახდება, თუ ადამიანს სიმძიმის ცენტრი გააჩნია. ამ შემთხვევაში რაიმე ერთი ყოველთვის სხვაზე მნიშვნელოვანი იქნება, და ადამიანი ყოველთის ერთი მიმართულებით შებრუნდება. თუმცა შთაგონებას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს მხოლოდ იმ მომენტის გაცნობიერებაა, როდესაც რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ.

კითხვა: ხანდახან, როდესაც ვცდილობ გადავწყვიტო, გავაკეთო თუ არ გავაკეთო რაიმე, კარგ არგუმენტებს ვპოულობ - სისტემის თვალთახედვით - როგორც გაკეთების, ასევე არ გაკეთების სასარგებლოდ.

პასუხი: შეუძლებელია ამაზე ზოგადად საუბარი, ეს გარემოებებზეა დამოკიდებული. ხანდახან თქვენ სისტემის თვალთახედვით წყვეტთ, ხან კი ცხოვრებაში გვხვდება ის, რაც სისტემასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რადგან ყოველთვის არ შეგიძლიათ ამ იდეების პრაქტიკულად გამოყენება, ვიდრე ყველას არ გაიგებთ.

სისტემაში არსებობს გამონათქვამი - „საკუთარ თავში მთვარის შექმნა“. მოგიყვებით, რას ნიშნავს ეს. ეს სიმბოლური გამონათქვამია, დიაგრამის ან გამონათქვამების ფორმის სიმბოლოები კი ძალზე კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენება. სიმბოლო ერთდროულად ბევრ იდეას გამოხატავს. ის რომ მხოლოდ ერთს გამოხატავდეს, პასუხი იოლი იქნებოდა, მაგრამ სიმბოლო იმისთვის გამოიყენება, რომ თავიდან იქნას აცილებული გრძელი აღწერები და ერთ გამონათქვამში ბევრი იდეა ჩაიდოს.

როგორ უნდა მოხდეს დიაგრამის ან სიმბოლური გამონათქვამის გაშიფვრა? სიმბოლოს გასაგებად აუცილებელია მასში მოქცეულ იდეათა თანმიმდევრობის ცოდნა.

ანუ, თუ ვკითხულობთ, რას უნდა ნიშნავდეს „საკუთარ თავში მთვარის შექმნა“, თავდაპირველად საკუთარ თავს უნდა დავეკითხოთ, რაში მდგომარეობს მთვარის ფუნქცია ორგანულ სიცოცხლესთან მიმართებაში? მთვარე აწონასწორებს ორგანულ სიცოცხლეს - ყველა გარეგან მოძრაობას მთვარე აწონასწორებს. რა მოხდება, თუ მთვარის ეს ფუნქცია გაქრება? ეს სასარგებლო იქნება ცალკეული ადამიანისთვის თუ პირიქით?

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ყოფიერებას ეხება. როგორია ჩვენი ყოფიერების თვისებები? ჩვენი ყოფიერების მთავარი თვისება ისაა, რომ ჩვენ მრავლობითი ვართ. თუ ყოფიერებაზე მუშაობა, მისი მიზნის შესაბამისად გადაქცევა გვსურს, უნდა ვეცადოთ გავხდეთ ერთიანნი. მაგრამ ეს ძალზე შორეული მიზანია. რას ნიშნავს ერთიანი გახდომა? პირველი ნაბიჯი, რომელიც ჯერ ძალზე შორეულია, მუდმივი სიმძიმის ცენტრის შექმნაში მდგომარეობს. სწორედ ესაა „საკუთარ თავში მთვარის შექმნა“. მთვარე - მუდმივი სიმძიმის ცენტრია, რომელიც აწონასწორებს ჩვენს ფიზიკურ სიცოცხლეს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში ასეთი წონასწორობა არ გვაქვს, ამიტომ, როდესაც ამ წონასწორობას ანუ სიმძიმის ცენტრს საკუთარ თავში ვქმნით, მთვარე აღარ გვესაჭიროება.

მაგრამ თავიდან უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს მუდმივი „მე“-ს არარსებობა. ჩვენ მისი მრავალი თვისება გაგვაცნეს, მაგრამ ისინი უფრო კონკრეტულად დაკვირვებით უნდა დადგინდნენ, რადგან იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ იდეას „საკუთარ თავში მთვარის შექმნა“, უნდა შეგვეძლოს გარჩევა, რა არის მნიშვნელოვანი, და რა - არ არის. შემდეგ, უნდა ვებრძოლოთ იმ თვისებებს, რომლებიც ერთიანობის მიღწევაში გვიშლის ხელს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ წარმოსახვას, უარყოფით ემოციებს და თვითნებობას. მანამ, სანამ ეს ბრძოლა წარმატებული გახდება, აუცილებელია გაცნობიერება, რომ წარმოსახვის ყველაზე უარესი ფორმა (მუდმივი სიმძიმის ცენტრის შეძენის თვალსაზრისით) - ესაა რწმენა იმისა, რომ ადამიანს თავისით შეუძლია რაიმეს გაკეთება. ამის შემდეგ ჩვენ უარყოფითი ემოციები უნდა ვიპოვოთ, რომლებიც იმის გაკეთებას არ გვანებებენ, რასაც სისტემა გვავალდებულებს. ამისთვის საჭიროა გაცნობიერება, რომ თვითნებობა შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ იმის კეთებით, რასაც ადამიანს ავალებენ. ადამიანი მას საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ დაამარცხებს, რადგან ეს ისევ თვითნებობა იქნება.

ნება მომეცით გაგიმეოროთ. ყოფიერებაზე მუშაობა - ეს ყოველთვის არის ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რისი კეთებაც თქვენ მოგწონთ ან არ მოგწონთ. მაგალითად, გორგოლაჭებით სეირნობა მოგწონთ, თქვენ კი თვითგახსენებას გავალებენ. ამ შემთხვევაში გორგოლაჭებით სასეირნოთ წასვლის სურვილს უნდა ებრძოლოთ. რა უნდა იყოს გორგოლაჭებით სეირნობაზე უფრო უცოდველი? მაგრამ თქვენ მაინც ამ სურვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოთ. ყოველ დღე და ყოველ წამს არის ის, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, და არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ.

ასეთი წესი ვერ იარსებებს: „თქვენ საკუთარი თავი უნდა გაიხსენოთ“. თუ თქვენ გავალებენ რაიმეს გაკეთებას ან არ გაკეთებას, თქვენ კი არც ცდილობთ, ეს ნიშნავს, რომ არაფერი გსურთ, მუშაობა არ გსურთ.

თქვენ საკმაო ცოდნას ფლობთ. ახლა ყოფიერებაზე მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავექცეთ იმის კეთებას, რასაც გვირჩევენ.

კითხვა: თვითნებობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს რა წარმოადგენს?

პასუხი: თქვენ გახსოვთ, საიდან დავიწყეთ. მიზანი სიმძიმის ცენტრის შექმნაა, „საკუთარ თავში მთვარის შექმნა“. ამას ვერ შევძლებთ თვითნებობის მეშვეობით.

„საკუთარ თავში მთვარის შექმნა“ ტანჯვის შეწირვის იდეასთანაა დაკავშირებული. როდესაც ჩვენ ტანჯვას ვწირავთ, საკუთარ თავში „მთვარის“ შექმნას ვიწყებთ. ჩვენ ყოველთვის გვსურს ტანჯვის შენარჩუნება, მაგრამ „მთვარე“ მხოლოდ ჩვენი ტანჯვისგან შეიძლება შეიქმნას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტანჯვაზე უარის თქმა - ერთი მოქმედებაა, ხოლო „მთვარის შექმნა“ - მოქმედებათა უწყვეტი რიგის შედეგი.

კითხვა: როგორ ვიპოვოთ ის „მე“-ები, რომლებიც ხელს გვიშლიან ვაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან?

პასუხი: როდესაც პირველად აღმოაჩენთ, რომ არ გააკეთეთ ის, რაც გირჩიეს, მიზეზი მოძებნეთ. მეორედ - კიდევ ერთი მიზეზი იპოვეთ და ა.შ. შემდეგ, როგორც გითხარით, უარყოფითი ემოციები მოძებნეთ, რომლებიც ხელს გიშლიან ნათქვამის გაგონებას და მის მიყოლას. იმ დღეს ან მე არ მოგეწონეთ, ან ვინმე სხვა, ან ამინდი - და თქვენ საკუთარ თავს უფლებას აძლევთ არაფერი გააკეთოთ.

კითხვა: ძალისხმევის გაკეთება - ესაა, რასაც თქვენ ბრძოლას უწოდებთ. მაგრამ რას უწოდებდით ისეთ შემთხვევას, როდესაც ადამიანი რაიმეს აკეთებს, მაგრამ ბრძოლას ვერ აღიქვამს?

პასუხი: ესე იგი, ეს მოხდა. ის, რაც ჩვენ შეიძლება შეგვემთხვეს, ოთხი სახისაა: შემთხვევა, მიზეზი შედეგით, ბედი და ნება. ბრძოლა ნების, განზრახვის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს. თქვენთვისაც აუცილებელია, საკუთარი განზრახვა იცოდეთ. შეუძლებელია, ძალისხმევას ახორციელებდეთ და ეს არ იცოდეთ. სწორედ წინასწარ განზრახული მოქმედებაა მნიშვნელოვანი.

კითხვა: ამ ოთხ კატეგორიას შორის ნება ხშირად არ გამოიყენება, ასე არაა?

პასუხი: ნების გამოყენება აუცილებელია. ჩვენ არასდროს არ ვართ მზად მუშაობისთვის, მაგრამ მაინც უნდა ვიმუშაოთ. თუ ერთი სახის მუშაობისთვის ვართ მზად, მეორე გვეძლევა, რომლისთვისაც მზად არ ვართ. მუშაობაში ნების გამოყენებას უნდა ვეცადოთ - იმდენად, რაც გაგვაჩნია. თუ ადამიანს ერთი სანტიმეტრი ნება აქვს და მას იყენებს, ის გაიზრდება და ორი სანტიმეტრი გახდება, შემდეგ სამი და ა.შ. მუშაობისას ზეძალისხმევის გაკეთება უნდა ვისწავლოთ.

კითხვა: რას წარმოადგენს ზეძალისხმევა?

პასუხი: ზეძალისხმევას მრავალმხრივ აღწერენ, მაგრამ ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ აკეთებთ არა იმას, რაც თქვენი აზრით საუკეთესოა, არამედ იმას, რასაც გირჩევენ. ჩვენ მზად ვართ საკუთარი შეხედულებისამებრ ვაკეთოთ ბევრი რამ, მაგრამ არ ვართ მზად ვაკეთოთ ან არ ვაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან.

კითხვა: რით განსხვავდება ზეძალისხმევა ჩვეულებრივი ძალისხმევისგან?

პასუხი: მათ მხოლოდ ხარისხი არ განასხვავებს ერთმანეთისგან. ზეძალისხმევა - ესაა ძალისხმევა, რომელიც მაქსიმალურად ცნობიერად, გარკვეული მიზნით (რომელიც არანაირი გარეგანი ფაქტორებით არაა გამოწვეული) გაკეთდა. ჩვენ ნამდვილად სერიოზულ ძალისხმევას არასოდეს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ძალისხმევის გაკეთება. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც იძულებულნი ვართ ძალისხმევა გავწიოთ, ჩვენ ვაკეთებთ ამას, მაგრამ არა ზეძალისხმევას. ამას გარდა, ცხოვრებაში განხორციელებული ჩვეულებრივი ძალისხმევები აუცილებელი და სასარგებლოა. მისი მიზნიდან გამომდინარე ზეძალისხმევა შეიძლება ფუჭი ჩანდეს.

კითხვა: ვგრძნობ, რომ მანკიერ წრეში ვექცევი. რაც მეტ ძალისხმევას ვეწევი, მით უფრო უკეთ ვხედავ, რომ „კეთება“ არ შემიძლია.

პასუხი: ამ შემთხვევაში უფრო მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოთ და ამასთან უწყვეტად უნდა აცნობიერებდეთ, გამუდმებით ვარჯიშობდეთ. დაინახავთ, რომ მუდამ ერთსა და იმავე მდგომარეობაში არ ხართ.

ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში „კეთება“ არ ძალუძთ, მაგრამ თქვენს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა - თქვენ მუდამ კეთებას უნდა ცდილობდეთ. თქვენ გამუდმებით გაიგივებული ხართ, მაგრამ უნდა ცდილობდეთ არ გაიგივდეთ; საკუთარ საუბარს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მუდამ ნეგატიურად ხართ განწყობილი, მაგრამ უნდა ებრძოლოთ ნეგატიურ ემოციებს. და აუცილებლად უნდა გახსოვდეთ საკუთარი თავი. დააკვირდით და შეეცადეთ ეს შეცვალოთ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ენერგიის იქ გადატანა, სადაც ის აუცილებელია? მე ეს არ ძალმიძს.

პასუხი: ჩვეულებრივ, ეს კონტროლთანაა დაკავშირებული. თუ კონტროლის მოპოვება გსურთ, იქიდან უნდა დაიწყოთ, საიდანაც შესაძლებელია. ამიტომ აუცილებელია, გამუდმებით საკუთარი თავი შეისწავლოთ და სუსტი წერტილები იპოვოთ, სადაც კონტროლის შექმნაა შესაძლებელი. სხვა თვალთახედვით, მათ შეიძლება „ძლიერი მხარეები“ ვუწოდოთ, რადგან ისინი სუსტი მექანიკურობის თვალსაზრისითაა. თქვენ საკუთარი არჩევანით ერთს მეორეზე ადრე ვერ გააკეთებთ. ვიღაც ერთი სახით იწყებს, სხვა - მეორეთი, მაგრამ ყოველმა მათგანმა გარკვეული მიმართულების ძალისხმევებს უნდა მიმართოს, და მიხვდეს, რა არის შესაძლებელი და რა - არა. მაგრამ ერთი ადამიანისთვის ერთი მიმართულების ძალისხმევაა სასარგებლო, მეორესთვის - სხვა მიმართულების.

კითხვა: მუშაობისთვის სტიმულს რა ქმნის?

პასუხი: საკუთარი ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობიერება. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ საკუთარ თავს ატყუებს, რომ სძინავს, მისი სახლი კი ცეცხლის ალშია გახვეული, მუდამ, უწყვეტად ცეცხლშია, და მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით ცეცხლს მის ოთახამდე ჯერ არ მიუღწევია სწორედ ამ მომენტში; როდესაც ადამიანი ამას გაიცნობიერებს, ის ეცდება გამოღვიძებას და ჯილდოს არ დაელოდება. რადგან ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ სახლი ცეცხლშია გახვეული, ყოველთვის ჯილდოს ველოდებით. რა უნდა გავაკეთოთ ძილში? ვხედავდეთ სხვადასხვა სიზმრებს - კარგებს და ცუდებს, მაგრამ ერთსა და იმავე საწოლში. სიზმრები შესაძლოა მრავალგვარი იყოს, მაგრამ საწოლი იგივეა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff