თავი მეშვიდე
თავი მეშვიდე
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
გაგება, როგორც ამ სისტემის მთავარი მოთხოვნა - გაგების ფარდობითობა - როგორ გავზარდოთ გაგება - ახალი ენა - სწორი და მცდარი დამოკიდებულება - დამოკიდებულებები და გაგება - მიზნისა და მიმართულების აუცილებლობა - ძნელი განსასაზღვრია, რა სურს ადამიანს - ჩვენი მიზნები ძალზე შორსაა - სიკეთე და ბოროტება - მორალი და მორალის გრძნობის აუცილებლობა - სწორის და მცდარის მუდმივი სტანდარტის პოვნის აუცილებლობა - სინდისის განვითარება, როგორც ნამდვილი სისტემის მიზანი - წინააღმდეგობების დანახვა - ბუფერები, როგორც სინდისის განვითარების მთავარი წინაღობა - მომზადება ბუფერების გასანადგურებლად - შინაგანი დისჰარმონია და ბედნიერება - აუცილებელია შინაგანი წონასწორობის დამყარება - ცხოვრებაში ქცევის სტანდარტები - ცნობიერება და სინდისი - როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტება - საკუთარ თავთან გულწრფელობის აუცილებლობა - მექანიკურობა
მსურს გაგახსენოთ, რომ ნამდვილი სისტემა გაგებაზეა დაფუძნებული.
ნამდვილ სისტემაში გაგებას პირველი ადგილი უნდა ეჭიროს. რაც მეტი გესმით, მით უკეთესი იქნება თქვენი მუშაობის შედეგი.
გაგება - ფარდობითი ტერმინია. ყოველ ადამიანს ყოველწამიერად ყველაფრის საკუთარი გაგება გააჩნია. მაგრამ გაგება შეიძლება იყოს ფართო, ფართო და კიდევ უფრო ფართო. ნამდვილ სისტემაში გაგებას ცოდნის და ყოფიერების გარკვეულ დონეზე გარკვეულ შესაძლებელ მაქსიმუმს ვუწოდებთ. როგორც წესი, ეს მაქსიმუმი ძალზე დაბალია; ადამიანების გაგება მხოლოდ ერთი ოთახითაა შემოსაზღვრული და ისინი არასდროს გამოდიან ამ ოთახიდან. მაგრამ ამ იდეების გაგება უმეტესწილად ამ ერთი ოთახის გარეთ ხდება.
მსურს, რომ იფიქროთ მთლიანობაში. ადამიანები ხშირად არ კითხულობენ „რატომ“, ხოლო თუ კითხულობენ, მათი ეს „რატომ“ როგორც წესი ძალზე უმნიშვნელოა. უნდა დაფიქრდეთ, რატომ მოდიხართ აქ, რა გინდათ ნამდვილი სისტემისგან და რა შეიძლება მისგან ისწავლოთ, რატომ არსებობს ნამდვილი სისტემა, რატომ ვსაუბრობ ამ სისტემაზე, რისი მიღწევა მსურს მასზე საუბრით. ყოველ ადამიანს ყველაფერზე გარკვეული თვალსაზრისი უნდა გააჩნდეს; ის შეიძლება მცდარი იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეული წარმოდგენა ყველას უნდა ჰქონდეს.
როგორც წესი, თითქმის ყველა მოცემული იდეა გაუხსნელი, გამოუკვლეველი რჩება.
არსებობს ყუთები, რომლებიც შეიძლება გავხსნათ, შიგთავსი შევისწავლოთ და ბევრი ახალი დავამატოთ. მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში საქმე გაუხსნელ ყუთებთან გვაქვს. ერთი ყუთი - ცოდნაა, მეორე - ყოფიერება, მესამე - გაგება და ა.შ. ყუთებს არც კი ვხსნით. თავდაპირველად ყუთების შიგთავსი უნდა შევისწავლოთ. ამ მხრივ განსაზღვრული საკითხზე საკუთარი თავის შეზღუდვა აუცილებელი არაა. სისტემა ორგანულია, აქ საიდანაც გნებავთ, იქიდან დაიწყებთ. რითიც გნებავთ დაიწყეთ, ოღონდ იდეებს, რომელთა შესახებაც გსმენიათ, რაიმე მოუხერხეთ. ამ წიგნებიან ყუთებზე მხოლოდ ჯდომა საკმარისი არაა.
გახსენით ცოდნის და ყოფიერების ყუთები. ცოდნასა და ყოფიერებას შორის თანაფარდობა ძალზე მნიშვნელოვანია.
უკვე ბევრი რამ გესმით, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ გარშემო კიდევ ბევრი ისეთი საკითხია, რისი გაგებაც არ შეგიძლიათ; მაგრამ თუ რაც გესმით, იქიდან დაიწყებთ, კიდევ სხვა მრავალსაც გაიგებთ.
გაგების ყოველი მომენტი, ყოველი გაცნობიერება არა მხოლოდ იმას ხდის ნათელს, რაზეც ვფიქრობდით, არამედ, დამატებით სხვა მრავალს.
კითხვა: გაგების მომენტი თვითგახსენების მომენტს წარმოადგენს?
პასუხი: სხვადასხვაგვარად. შეიძლება მასთან იყოს დაკავშირებული ან არ იყოს.
კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რეალური გაგება თვითგახსენებასთან არ იყოს დაკავშირებული?
პასუხი: „რეალური“ გაგება არ არსებობს. გაგება ფარდობითია. ის ტემპერატურის მსგავსია: ის შეიძლება ხუთი გრადუსი, ათი გრადუსი, თხუთმეტი გრადუსი იყოს. ხედავთ, ჩვეულებრივი ენა რატომ არ არის შესაბამისი და რატომ უნდა შევისწავლოთ სხვა ენა? იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ენაში ყველა სიტყვა აბსოლუტად აღიქმება. სინამდვილეში გაგების სხვადასხვა დონეები არსებობს. როგორც გითხარით, უკეთ და კიდევ უფრო უკეთ გაგება შეგვიძლია. იმ შემთხვევაში, თუ გვსურს კიდევ უფრო უკეთ გვესმოდეს, ჩვენი ყოფიერება უნდა შევცვალოთ.
თუ საქმეში უმაღლესი ემოციური ცენტრის ჩართვას შევძლებთ, გაცილებით უკეთ გაგებას მოვახერხებთ. მეტის გასაგებად უმაღლესი გონებრივი ცენტრია აუცილებელი.
განსაზღვრებები იშვიათად გვშველიან, და სინამდვილეში ძალზე ცოტა განსაზღვრება არსებობს. წარმოდგენა, რომ რაიმეს გასაგებად განსაზღვრებაა საჭირო, სრულიად მცდარია, რადგან ბევრი რამის განსაზღვრა არ შეგვიძლია, ხოლო რასაც განვსაზღვრავთ, ფარდობითად, სხვა საგნების დახმარებით განვსაზღვრავთ. ამიტომ, უამრავ საგანს შორის, რომელთა განსაზღვრაც არ ძალგვიძს, საგანთა მცირე კუნძულები არსებობს, რომლის განსაზღვრაც შეგვიძლია.
კითხვა: თვითგახსენება გაგებასთან შედარებით ნაკლებად ფარდობითია?
პასუხი: აბსოლუტურ ტერმინადაც რომ მივიჩნიოთ, ჩნდება კითხვა, რამდენ ხანს? საკუთარ თავს საუკეთესო შესაძლო ფორმით ნახევარი საათის განმავლობაში იხსენებთ თუ ხუთი წუთის განმავლობაში - დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.
კითხვა: როგორ უნდა დავძლიოთ უფსკრული თვითგახსენებასა და მასზე უბრალო ფიქრს შორის? ეს გაგების საკითხია?
პასუხი: თქვენ გარკვეული კედელი უნდა დაანგრიოთ და არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ.
ისწავლო რაღაცის კეთება - გარკვეული ოსტატობის მიღწევას ნიშნავს. დიდი ხნის განმავლობაში ამ საქმის კარგად გაკეთება არ გამოგივათ, თქვენი საქმიანობა მოუხაშავი იქნება; შემდეგ, ერთხელაც აღმოაჩენთ, რომ საქმეს კარგად აკეთებთ.
იგივე შეიძლება ითქვას თვითგახსენებაზე; მთლად არა, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა.
კითხვა: გაგების გაზრდის რაიმე მეთოდი თუ არსებობს?
პასუხი: არაერთი; ათასი მეთოდი არსებობს. პირველივე დღიდან გაგების გაზრდის მეთოდებზე ვსაუბრობდი. მაგრამ პირველი მეთოდი საკუთარი თავის დაკვირვება და შესწავლაა, რადგან ეს გაგების ჩვენს უნარს ზრდის. ეს პირველი ნაბიჯია. თუ მოცემული იდეების გაგებას შეძლებთ, თქვენი ცოდნა გაიზრდება. მაგრამ თქვენ მხოლოდ ზედაპირულად და სურვილის გარეშე იგებთ. ან შესაძლოა ძლიერი სურვილიც გაგაჩნდეთ, მაგრამ მანქანა არ მუშაობს. თუმცა ჩვენი მანქანა საუკეთესო ნაწილებს შეიცავს, რომლებსაც ამჟამად არ ვიყენებთ. მათ გამოყენებას მხოლოდ ცნობიერების გაზრდით მოვახერხებთ. ეს ერთადერთი გზაა.
კითხვა: დაგვეხმარება თუ არა მეხსიერება იმაში, რაც მოვისმინეთ?
პასუხი: მეხსიერების მაქსიმუმი, რაც გაგვაჩნია, არასაკმარისია, რადგან ნამდვილ სისტემაში ვიხსენებთ არა მეხსიერების, არამედ გაგების მეშვეობით. პირიქით, მეხსიერება შესაძლოა დაბრკოლება აღმოჩნდეს. თუ თქვენს მიერ გაგონილს, რომელსაც ნამდვილ სისტემაში სწორი ადგილი უჭირავს, მისთვის შესაფერის ადგილას განათავსებთ, მას ვეღარ დაივიწყებთ, და ის იქ დარჩება; მაგრამ, სრულიად უსარგებლოა, თუ გაგებული მხოლოდ გახსოვთ, მისი სწორ ადგილას მოთავსების გარეშე. მოსმენილიდან თუნდაც უმცირესის გაგებას უნდა ცდილობდეთ, გაგება კი სხვა იდეებს შორის მის კუთვნილ ადგილას მოთავსებას ნიშნავს. ნამდვილ სისტემაზე ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ და ყველაფერ ახალს მასში საკუთარი ადგილი უნდა გააჩნდეს, და აღარ დაგავიწყდებათ, და თქვენს მიერ შესრულებული ყოველი ახალი დაკვირვება საკუთარ ადგილს იპოვის. ეს იგივეა, რომ გქონდეთ ნახაზი დეტალების გარეშე, დეტალებს კი დაკვირვება ამატებს.თუ ნახაზი არ გაქვთ, დაკვირვება იკარგება.
მაგრამ, უმთავრესად, წინაღობებს უნდა ებრძოლოთ, რომლებიც გაგებას უშლიან ხელს. მხოლოდ ამ წინაღობების მოცილების შემდეგ მოახერხებთ მეტის გაგებას. თუმცა წინაღობები ინდივიდუალურია, გარდა გაიგივების ზოგადი აღწერისა და ა.შ. საკუთარი უნდა იპოვოთ; უნდა ხედავდეთ, რა გეღობებათ გზაზე, რა აფერხებს თქვენს გაგებას. როდესაც მიაგნებთ, უნდა შეებრძოლოთ. ეს დროს მოითხოვს, რადგან უცებ ვერ იპოვით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თითქმის თავიდანვე ნათელი იყოს. დიდი ხნის განმავლობაში მთელი მუშაობა გაგებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ესაა ერთადერთი სახელმძღვანელო. ჩვენი მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იმის „კეთება“ გვსურს, რაც ჯერ არ გვესმის, მაგრამ ნამდვილ სისტემაში თავდაპირველად გაგებაა აუცილებელი. როდესაც უკეთესად გესმით, ბევრი რამ ხდება შესაძლებელი, მაგრამ არა უადრეს.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ამ სისტემის გასაგებად ადამიანმა თავისი ყოფიერება მისი ცოდნის დონემდე უნდა აამაღლოს, და ყოფიერების ამაღლებაა ყველაზე რთული?
პასუხი: ორივე ერთნაირად რთულია.
კითხვა: მეჩვენება, რომ ცოდნის ამაღლება უფრო მარტივია.
პასუხი: არც ისე ადვილია, როგორც ფიქრობთ, რადგან ცოდნა გაგების გარეშე უსარგებლოა, ის უბრალოდ უფრო მრავალსიტყვიანი იქნება.
ჩვენ ყოფიერების შეცვლაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ისეთივე იქნება, როგორც ყველა დანარჩენი ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, მთელი ცხოვრება არ გვეყოფა. ყოფიერების მყარი ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სასკოლო მუშაობის დახვეწილ მეთოდებს ვიყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მცდელობები ქაოსური იქნება. ასეთი მუშაობის პირველი პირობაა - არაფერი დაიჯეროთ და გაგებული ყოველთვის გადაამოწმოთ; მეორე პირობა კი - არაფერი გააკეთოთ მანამ, ვიდრე არ ჩაწვდებით, რატომ და რა მიზნით უნდა გაკეთდეს ეს. ამგვარად, ეს გაგებაზეა დამოკიდებული; ყველა უმოკლესი გზა გაგებაზეა დამოკიდებული.
კითხვა: ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა ყოფიერებასა და გაგებას შორის.
პასუხი: ეს ორი განსხვავებული რამაა. გაგება ცოდნისა და ყოფიერების შეერთებას წარმოადგენს. რა გვზღუდავს ჩვენ? ცხადია, ჩვენი ყოფიერება, რომელიც გაგების ჩვენს უნარს ნიშნავს. რა არის გაგება? ის ცოდნის ერთ ნაწილს მეორესთან აკავშირებს. მაგალითად, გაგება რომ ყოფიერებაზეა დამოკიდებული, დაინახავთ, თუ ყოფიერების ელემენტარულ იდეას მიიღებთ. ადამიანი სხვადასხვა „მე“-დ და „მე“-თა ჯგუფებადაა დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. თუ ერთმა „მე“-მ ერთი საკითხი იცის, მეორემ - სხვა საკითხი, ხოლო მესამემ - კიდევ სხვა, და ისინი არასდროს იკვეთებიან, რა სახის გაგებაა შესაძლებელი? ერთი თვალთახედვით, ეს შემდეგნაირად გამოიყურება: ადამიანს გააჩნია საკმარისი ცოდნა, მაგრამ რადგან ეს „მე“-ები არასდროს ხვდებიან ერთმანეთს, ცოდნის ერთად თავმოყრა არ ხერხდება. ესაა ჩვეულებრივი ადამიანის ყოფიერების მდგომარეობა, და აქედან ჩანს, რომ ისეთს, როგორიც არის, მას არ შეიძლება გაგება გააჩნდეს. გაგება ყოველთვის ნაწილების მთლიანთან დაკავშირებას ნიშნავს, ხოლო თუ ადამიანმა მთლიანი არ იცის, დაკავშირებას როგორ შეძლებს?
ნამდვილ სისტემაში გაგებას უნდა შეეცადოთ; რაც გესმით, მხოლოდ მას მოაქვს დადებითი შედეგები. გაგების გარეშე გაკეთებული საქმე დიდად შედეგიანი არ იქნება, რადგან ღირებული მხოლოდ ისაა, რაც გესმით.
კითხვა: ვერ ვიგებ, რატო არაა რწმენა საჭირო. განა სისტემის იდეების არ უნდა გვწამდეს?
პასუხი: არა, რწმენა ვერ გვიშველის. თქვენი მომზადების საფუძველზე იდეები ან უნდა მიიღოთ, ან არ უნდა მიიღოთ. ამ იდეებთან გარკვეული მასალით მიდიხართ, და ამ მასალის დახმარებით წყვეტთ, მიიღოთ ისინი თუ არა, იმის მიხედვით, გესმით თუ არა ისინი. თქვენთვის შეიძლება გამოიყენოთ სიტყვა „მიღება“, მაგრამ ჩვენ სიტყვას „გაგება“ ვიყენებთ; ხოლო თუ გაგება ძალგიძთ, რწმენა არ გესაჭიროებათ. ამ სისტემის იდეებში აბსოლუტურად არაფერია, რასაც რწმენა ესაჭიროება, რადგან ზოგიერთ შემთხვევებში, ფსიქოლოგიურ საკითხებში, მაგალითად, ყველაფრის შემოწმება შეგიძლიათ, სხვა შემთხვევებში კი, მაგალითად სამყაროს შესწავლისას, მასშტაბის იდეა არსებობს. ნამდვილ სისტემაში ერთი იდეაც კი არ მეგულება, რომელიც რწმენას საჭიროებს და არაფერი ისეთი, რომელსაც რწმენა დაეხმარებოდა. პირიქით, ვფიქრობ, რწმენა ყველაფერს გაართულებდა და დახმარების ნაცვლად დაგაბრკოლებდათ.
კითხვა: თუ რომელიღაც მომენტში მექანიკურობას ვამჩნევ და ვეწინააღმდეგები მას, ხანდახან რაღაც ახალს ვხედავ და ვიგებ. რას მაძლევს ეს გაგება?
პასუხი: ეს დაკვირვების საგანია. კითხვაზე პასუხს მიიღებთ, თუ ფაქტებს აკვირდებით და გარეგან და შინაგან პირობებს ხედავთ, რომლებიც გაგებას ახლავს თან, და პირობებს, რომლებიც გაგების ნაკლებობას ახლავს თან.
კითხვა: თვითდაკვირვების გარდა რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს იმისთვის, რომ საკუთარ თავს უკეთ ჩაწვდეს?
პასუხი: უნდა გესმოდეთ, რას და რატომ აკეთებთ. რაც უფრო მეტად გესმით, მით მეტის მიღება შეგიძლიათ ერთი და იგივე ძალისხმევის შედეგად.
მაგრამ მთავარი საკუთარი თავის გახსენებაა. რაც მეტად გესმით საკუთარი თავის, მით უფრო უკეთ იაზროვნებთ, ამისთვის უკეთეს მანქანებს იპოვით. საკუთარ თავს თუ გაიცნობიერებთ, აღმოაჩენთ, რომ საკუთარი გონება აღარ გესაჭიროებათ. ეს გონება მოგემსახურებათ მაგიდისა და სკამების შესახებ აზროვნებისას, მაგრამ თუ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გსურთ ფიქრი, შეგეძლებათ უკეთესი მანქანები გამოიყენოთ.
კითხვა: რატომ ხდება, რომ უმცირესის გაგებაც კი არ შემიძლია მასზე ფიქრისას, მაგრამ ხანდახან გაგება უეცრად მეწვევა ხოლმე?
პასუხი: გაგება ყოველთვის ასეთი გზით მოდის. გესმით, მერე კი აღარ გესმით. მაგრამ თუ გაგების ყველა ნაბიჯი მცდარადაა გადადგმული, ეცადეთ, არ იფიქროთ ამის შესახებ, მაგრამ ეცადეთ თავი გაიხსენოთ, ანუ იყოთ ემოციური, და დროთა განმავლობაში თქვენ მიხვდებით. გაგება მუდმივი მყისიერად არ ხდება; როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ბევრი საფეხურია, და შესაძლოა რაც ერთ დღეს გაიგეთ, მეორე დღეს იგივე ვერ გაიგოთ, რადგან უფრო ცნობიერი იყოთ იგივე გარემოებებში ერთ დღეს და მიძინებული მეორე დღეს. ამიტომ, შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, რომ ის საკუთრივ თქვენი გახდეს.
კითხვა: ადამიანი ემოციური ცენტრით იგებს?
პასუხი: გაგება ყველა ცენტრის გაერთიანებულ ფუნქციას წარმოადგენს. ცალკე აღებულ ყოველ ცენტრს შეუძლია მხოლოდ იცოდეს; როდესაც ისინი ცოდნას აერთიანებენ, შედეგად გაგება მიიღება. რაიმეს გასაგებად ადამიანს მინიმუმ სამი ცენტრი სჭირდება.
კითხვა: იგულისხმება, რომ საგანი ყოველმხრივ უნდა იქნას გაგებული?
პასუხი: არა, ვგულისხმობ, რომ თავდაპირველად იდეა უნდა გაგაჩნდეთ, როგორი რაკურსით, როგორი მასშტაბით, რომელ მთელზე ფიქრობთ. შემდეგ კი, თუ რომელიმე ცალკეულ საგანზე ფიქრობთ ან საუბრობთ, ეს ცალკეული საგანი მთელთან მიმართებით უნდა გაიგოთ. მხოლოდ ესაა გაგება: ამ საგნის ადგილის, მნიშვნელობის, თქვენთან და სხვა საგნებთან მიმართების პოვნა. სცადეთ, და მიხვდებით, რომ ეს არც ისეთი იოლია, როგორც გეჩვენებათ.
კითხვა: რაც არ უნდა მარტივი იყოს, მაინც არაფერი გვესმის.
პასუხი: დიახ, უბრალო საკითხები ხანდახან გვესმის; მაგრამ უფრო რთულებზე ვიბნევით და არ გვესმის ისინი. გვსურს, სერიოზულ საკითხებს ჩავწვდეთ და ამავდროულად ვერ ვაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში უმარტივესი საკითხების გაგება არ შეგვიძლია. თუ მათგან დავიწყებთ, თანდათან მეტს ჩავწვდებით. მაგრამ თუ სერიოზული საკითხებით დავიწყებთ და მცირეებზე არ ვიფიქრებთ ან არ დავაკვირდებით მათ, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებთ.
კითხვა: არის თუ არა ყოველთვის შესაძლებელი ემოციურად გაგება, ინტელექტუალური გაგების გარეშე? ხანდახან თქვენ გრძნობთ საგანს, რომლის გაგებაც არ შეგიძლიათ.
პასუხი: ამ შემთხვევაში ეს გრძნობაა, და არა გაგება. ემოციური გაგება ხანდახან ძალზე სასარგებლოა, მაგრამ მისი შემოწმება არ შეგიძლიათ. მაგრამ თუ მოახერხებთ საგანს ერთი, მეორე და მესამე ცენტრის თვალთახედვით შეხედოთ, მაშინ თქვენ ნამდვილად გაიგებთ. ცენტრების ხელმძღვანელობაც არ არის საკმარისი თავისთავად, რადგან ცოდნაა აუცილებელი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოდნა ცენტრების ხელმძღვანელობასთანაა დაკავშირებული, საქმე გვაქვს გაგებასთან.
კითხვა: როგორ გადადის ინტელექტუალური გაგება ემოციურ გაგებაში?
პასუხი: როგორც გითხარით, გაგება ერთი ცენტრით ძალიან იშვიათად მუშაობს. ერთი ცენტრის მუშაობა ინფორმაციას ან გრძნობას წარმოადგენს, და არა გაგებას, რომელიც რამდენიმე ცენტრის ფუნქციაა - ორის, სამის, ოთხის, იქნებ მეტისაც.
კითხვა: არსებობს თუ არა მეთოდი, რომლითაც რაიმე საკითხის ჩემს გაგებას შევამოწმებდი?
პასუხი: თქვენ მეკითხებით და არ აკონკრეტებთ, რას გულისხმობთ და ეს აჩვენებს, რომ არც კი გესმით, რას კითხულობთ, რადგან ყოველ ცალკეულ გაგებას განსაზღვრული კრიტერიუმები გააჩნია. დავუშვათ, ამბობთ, რომ გესმით, როგორ მოხვიდეთ აქ თქვენი სახლიდან: იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მანქანით მოხვალთ (თუ გყავთ), ეს ნიშნავს, რომ თქვენი გაგებისთვის კრიტერიუმი გაქვთ. სხვა ყველაფერში მხოლოდ პრაქტიკული გამოყენება აჩვენებს, გესმით თუ არა.
კითხვა: თუ გარკვეული ხარისხის გაგებას მივაღწევთ, სამყაროსთვის უფრო გამოსადეგი გავხდებით?
პასუხი: ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა ვიყოთ გამოსადეგი. როდესაც პირველ საფეხურს მივაღწევთ, შემდეგ ვიფიქროთ მეორეზე. თუ გვძინავს, ვერავისთვის ვიქნებით გამოსადეგი, საკუთარი თავისთვისაც კი. როგორ გავუგებთ სხვებს, როდესაც საკუთარი თავის არ გვესმის? №1, 2 და 3 ადამიანებს ერთმანეთის გაგება არ შეუძლიათ; ამ დონეზე გაგება უბრალოდ შემთხვევითია. თუ №4 ადამიანის მიმართულებით ვვითარდებით, ერთმანეთის გაგებას ვიწყებთ.
კითხვა: რას გულისხმობთ ერთმანეთის გაგების ქვეშ?
პასუხი: ადამიანები საუბრობენ, ცდილობენ ახსნან საკუთარი მოსაზრებები და არ შეუძლიათ. მათ მოსმენილის სწორად გამეორებაც კი არ შეუძლიათ, დეტალებს ცვლიან.
და მცდარი გაგება გამუდმებით იზრდება. ვიღაც თეორიას იგონებს, და დაუყოვნებლივ იქმნება ამ თეორიის საწინააღმდეგო ხუთი სხვა თეორია. შესაქმიდან ათასობით წელი გავიდა, და მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთის არ ესმოდათ. რატომ ველოდებით, რომ მათ ახლა ესმით ერთმანეთის? ამიტომ, ჯერ საკუთარ თავს უნდა გავუგოთ. ჩვენს მდგომარეობას ვერ ვხედავთ და ჩვენს მექანიკურობას ვერ ვაცნობიერებთ. ვერ ვხედავთ, რომ ეს გაუგებრობა კანონს წარმოადგენს.
კითხვა: როგორ შევძლო ჩემი მექანიკურობის უკეთ გაგება, როგორ დავინახო, რომ მანქანა ვარ?
პასუხი: მცდელობის გარეშე არაფერი გამოგვივა. თუ გსურთ დაადგინოთ, მანქანა ხართ თუ არა, შეეცადეთ ის გააკეთოთ, რისი გაკეთებაც მანქანას არ შეუძლია. შეეცადეთ, გახსოვდეთ საკუთარი თავი, რადგან მანქანას ეს არ ძალუძს. თუ ამას შეძლებთ, ე.ი. მანქანა არ ხართ; თუ ვერ შეძლებთ, დამტკიცდება, რომ მანქანა ხართ. შემდეგ, თუ გააცნობიერებთ, რომ მანქანა ხართ, და დაინტერესდებით, როგორ შეწყვიტოთ მანქანად ყოფნა, ისევ და ისევ ერთადერთი მეთოდი მცდელობა იქნება.
კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ თანაბარი ყოფიერების ადამიანებს ძალუძთ ერთმანეთის გაგება?
პასუხი: მთლად სწორად ვერ გაგიგიათ, რადგან თუ ორ ადამიანს თანაბრად მცდარი ყოფიერება აქვს, ისინი ერთმანეთს ვერ გაუგებენ. ადამიანებს შორის გაგება არა თანასწორობის, არამედ ყოფიერებასთან ერთად ცოდნის გარკვეული დონის შედეგია. სხვადასხვა დონეები, მაგალითად №5, №6 და №7 ადამიანების დონეები, ითვალისწინებს როგორც ყოფიერების, ასევე ცოდნის დონეებს. მიიჩნევენ, რომ №5 ადამიანები უგებენ ერთმანეთს, №6 ადამინები უფრო უკეთ უგებენ ერთმანეთს, და №7 ადამიანები სრულად უგებენ ერთმანეთს. №4 ადამიანებიც კი უგებენ ერთმანეთს ჩვენთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ან წამიერად, მომენტალურად ვუგებთ და ისევ ვკარგავთ გაგების უნარს. ასეთ გაგებას ვერ დავეყრდნობით. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, ერთად მუშაობენ წლების განმავლობაში, ზოგჯერ ვერ უგებენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ უწოდებენ ადგილს და პირობებს, სადაც ვიმყოფებით, ენების აღრევის ადგილს, რადგან ყველანი სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. სწორედ ამ მიზეზით სწორ სკოლაში უპირველეს ყოვლისა ენას სწავლობთ, - და თუ მას სწორად გამოიყენებთ, - გაუგებთ ერთმანეთს. აი რატომაა ახალი ენა აუცილებელი. თუ ამ ენას არ შეისწავლით, ან ენა მცდარია, თქვენ ვერასოდეს გაუგებთ ერთმანეთს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ერთსა და იმავე სიტყვას ხარისხობრივად სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს იმ ადამიანთა დონიდან გამომდინარე, ვინც ამ სიტყვას იყენებს?
პასუხი: დიახ, შესაძლებელია. სიტყვები ობიექტურ მნიშვნელობას აღწევენ №4 ადამიანის დონიდან. №1, №2 და №3 ადამიანები სრულად სუბიექტურები არიან, და ყოველ მათგანს ნებისმიერი სიტყვა თავისებურად ესმის. მაგრამ, თუ ადამიანებმა ეს ენა ან თუნდაც რამდენიმე სიტყვა იციან, მათ ამ სიტყვების ერთნაირი მნიშვნელობით გამოყენება შეუძლიათ.
კითხვა: თუ ერთი სიტყვა მთლიანად გაიგეთ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ №7 ადამიანის საფეხურს მიაღწიეთ?
პასუხი: არა, თქვენ არ შეგიძლიათ ერთი სიტყვა სრული და სხვა - არასრული მნიშვნელობით გაიგოთ. ყველა გარკვეულ დონეზე უნდა იცოდეთ, და თქვენი ყოფიერება შეიცვლება, და გაცილებით მეტ დაყოფას იპოვით. ამგვარად, თქვენი ენა თანდათან გართულდება. და გარკვეულ დონეზე, შესაძლოა, ახალი სიტყვები, ახალი ფორმები დაგჭირდეთ, რადგან ძველი ფორმები შემდგომში საკმარისი აღარ იქნება.
კითხვა: ტერმინის ან სიტყვის გაგება იცვლება თუ არა ყოფიერების დონის შესაბამისად? მაგალითად სიტყვას „სიყვარული“ №1 ადამიანისთვის ერთი მნიშვნელობა ექნება და №4 ან №5 ადამიანისთვის - სხვა?
პასუხი: რა თქმა უნდა, ახლაც ვხედავთ, რომ ერთი და იგივე სიტყვა №1 ადამიანისთვის ერთს ნიშნავს, №2 ადამიანისთვის - მეორეს და №3 ადამიანისთვის - მესამეს. მაგრამ №1, №2 და №3 ადამიანების დონეზე ეს მექანიკურად ხდება, იმ აზრით, რომ ადამიანებს მისი თავიდან აცილება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებს თავიანთი დონის და უნარების, მაგრამ არა მათი მნიშვნელობის შესაბამისად ესმით.
კითხვა: რა ნიშნებით ხასიათდება ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა, მაგალითად №3-დან №4-ზე ან №5-ზე?
პასუხი: №5 ადამიანი ერთიანია, ის ერთიანობას ფლობს. ის თავისი „მე“-ების იმ გამუდმებული კონფლიქტის გარეშე ცხოვრობს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მას თვითცნობიერება გააჩნია. ის უმაღლეს ემოციურ ცენტრზე კონტროლს ფლობს. ამიტომ მან იცის, როგორია ცვლილება. სხვა ადამიანებს მასზე მხოლოდ ის ეცოდინებათ, რასაც თავად აჩვენებს, რადგან საკუთარი თავის კონტროლი შეუძლია. №4 ადამიანმა იცის საკუთარი მიზანი და ის, თუ როგორ მიაღწიოს ამ მიზანს. ის გახელილი თვალებით დადის, მაშინ როდესაც ჩვენ თვალდახუჭული დავიარებით.
კითხვა: რას გულისხმობდით, როდესაც თქვენს ერთერთ ლექციაზე თქვით, რომ გაგება განსხვავებული ვერ იქნება?
პასუხი: თუ ადამიანები უმაღლეს დონეს აღწევენ, მათ არ შეუძლიათ სხვადასხვაგვარად გაიგონ რაიმე. ეს უმაღლეს დონეს ეხება, მაგრამ რადგან ჩვენ ჯერ მხოლოდ ვისწრაფვით მისკენ, ჩვენთვის ეს მხოლოდ პრინციპია. თუ ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით რამე, ეს ნიშნავს, რომ ყველა ცდება. ამ სახის მარტივი მაგალითები ახლავე შეგვიძლია მოვიძიოთ. თუ ორ ადამიანს ნამდვილად ესმის რამე, თუ ერთნაირად კარგად შეუძლიათ რაიმეს გაკეთება, ისინი ერთმანეთს გაუგებენ. მაგრამ ჩვენ პრაქტიკული მხრიდან შეფასების უნარი დავკარგეთ და მხოლოდ თეორიულად, სიტყვებით ვმსჯელობთ.
კითხვა: ვიდრე სრულ გაგებას მივაღწევთ, ნაწილობრივი გაგება გვექნება თუ არა?
პასუხი: როდესაც საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ, აბსოლუტური ცნებებით საუბარი არ შეგვიძლია. მხოლოდ ფარდობით ღირებულებებზე შეგვიძლია საუბარი. სრული გაგებისგან შორს ვართ, მაგრამ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნაკლებ და მეტ გაგებაზე. თუ საკუთარი თავის გახსენების და არგაიგივების მცდელობას გააგრძელებთ, გაგება თანდათან გაიზრდება.
კითხვა: ხომ ვერ აგვიხსნით უფრო დაწვრილებით, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ გაგება წარმოადგენს ნაწილის მთელთან დამოკიდებულების გაგებას?
პასუხი: თუ მხოლოდ ნაწილი გესმით, ეს გაგება არ არის. ასეთი გაგება უსინათლო ადამიანების მსგავსია, რომლებიც სპილოს აღწერას ცდილობენ: ერთი - კუდის მიხედვით, მეორე - ხორთუმის მიხედვით და ა.შ. გაგება ნაწილებიდან მთლიანობის შეკვრას ნიშნავს. ადამიანს ნაწილებიდან დაწყებაც შეუძლია და მთლიანიდანაც. მაგრამ საიდანაც არ უნდა დაიწყოს, რაც მეტადაა დაკავშირებული ნაწილები, მით უკეთ ესმის, - თუ კავშირები სწორადაა გაკეთებული, და არა უბრალოდ ილუზია.
კითხვა: თუ ნამდვილ სისტემაში რაიმე გესმით, უმაღლეს ცენტრებს იყენებთ ამ დროს?
პასუხი: არა, მხოლოდ ცენტრების უმაღლეს ნაწილებს. უფრო მაღალი ცენტრები უფრო მაღალ ცნობიერებას ნიშნავს. მაგრამ გაგების მრავალი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს, და ადამიანს გაგების ძალზე საინტერესო კვლევა შეუძლია. მაგალითად, არის საკითხები, რომელიც ადამიანს არ ესმის ერთ მომენტში, ხოლო სხვა მომენტში ესმის, შემდეგ კი ისევ კარგავს გაგებას. შემდეგ, არის საკითხები, როგორც, მაგალითად, ბევრი გამონათქვამი ახალ აღთქმაში, რომელთაც მრავალი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ბავშვებზე ნათქვამს ორმოცამდე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანს ყველა ერთად არასდროს ახსოვს. მე არასდროს მესმოდა სამ მნიშვნელობაზე მეტი ერთდროულად. ჩაწერილი მქონდა ოცამდე, მაგრამ ისინი უბრალოდ სიტყვებად დარჩნენ. აუცილებლად უნდა გავიაზროთ ჩვენი შეზღუდულობები.
სწორი გაგება სწორ დამოკიდებულებას მოითხოვს. უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ კონტროლს არ ვფლობთ, რომ მანქანები ვართ, რომ ყველაფერი შეიძლება შეგვემთხვეს. მაგრამ ამ საკითხებზე მხოლოდ საუბარი ფაქტებს არ ცვლის. მექანიკურობას რომ დააღწიოთ თავი კიდევ რაღაც არის საჭირო, და პირველ რიგში, ეს დამოკიდებულების ცვლილებას მოითხოვს. ცოდნასთან, ნამდვილ სისტემასთან, მუშაობასთან, თვითშესწავლასთან, მეგობრებთან და ა.შ. ჩვენს დამოკიდებულებებზე გარკვეულ კონტროლს ვფლობთ. უნდა გავიგოთ, რომ „კეთება“ არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა შეგვიძლია.
დამოკიდებულება მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე განვიხილოთ ორი - დადებითი და უარყოფითი, არა დადებითი და უარყოფითი ემოციების აზრით, არამედ ინტელექტუალური ცენტრის დადებითი და უარყოფითი ნაწილების მიმართ დამოკიდებულებით, იმ ნაწილების მიმართ, რომელთაგან ერთი ამბობს „დიახ“, ხოლო მეორე - „არა“, ანუ მოწონების და დაწუნების მიმართ. ესაა ორი მთავარი დამოკიდებულება. ძალზე მნიშვნელოვანია დამოკიდებულებაზე ფიქრი, რადგან ხშირად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს იმის მიმართ, რისი გაგებაც მხოლოდ დადებითი დამოკიდებულებით შეგვიძლია. მაგალითად, შეიძლება ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს ნამდვილ მუშაობასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხთან. ამ შემთხვევაში მისი გაგება ჩერდება, და ის ვეღარ იგებს ვერაფერს, ვიდრე თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის. გარკვეულ შემთხვევებში დადებითი და სხვა შემთხვევებში უარყოფითი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რადგან ხშირად გაგების ნაკლებობა მცდარი დამოკიდებულების შედეგია. ცხოვრებაში უამრავი რამაა, რომლის გაგებაც არ შეგიძლიათ, თუ მათ მიმართ საკმარისი უარყოფითი დამოკიდებულება არ გაგაჩნიათ, რადგან თუ მათ დადებითად უყურებთ, ვერასდროს ვერაფერს გაიგებთ. თუ ადამიანი ცხოვრებას სწავლობს, ის უარყოფით დასკვნებამდე უნდა მივიდეს, რადგან ცხოვრებაში ბევრია უარყოფითი. მხოლოდ დადებითი დამოკიდებულების შექმნის მცდელობა ისევე მცდარია, როგორც მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულების ქონა. თუმცა ზოგ ადამიანს მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რაიმეს და ყველაფრის მიმართ, ხოლო სხვები მხოლოდ დადებითი დამოკიდებულების კულტივირებას ცდილობენ იმის მიმართ, რაც უარყოფით დამოკიდებულებას მოითხოვს. მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნე, იმ მომენტში, როდესაც უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებთ ნამდვილ მუშაობასთან, ამ მუშაობის იდეებთან, მეთოდებთან და წესებთან მიმართებით, თქვენ გაგებას წყვეტთ. შეიძლება გესმოდეთ თქვენი უნარების შესაბამისად, ოღონდ მანამ, სანამ დადებითი ხართ.
მაგრამ ეს მხოლოდ ინტელექტუალურ დამოკიდებულებას ეხება. ემოციურ ცენტრში უარყოფითი ემოციური დამოკიდებულებები გაიგივებას ნიშნავს.
კითხვა: ვფიქრობ არ მესმის, რას წარმოადგენს უარყოფითი დამოკიდებულება?
პასუხი: ეს ნიშნავს იჭვნეულ ან მტრულ დამოკიდებულებას - ბევრი ვარიანტი არსებობს; ხანდახან - შიშის დამოკიდებულება. აღიქვით მიღების ან არმიღების ჩვეულებრივი აზრით.
კითხვა: დამოკიდებულება იგივე გაიგივებას ხომ არ წარმოადგენს?
პასუხი: რა თქა უნდა, არა. დამოკიდებულება თვალსაზრისს აღნიშნავს. შეიძლება თვალსაზრისი გაგაჩნდეთ და არ იყოთ გაიგივებული. გაიგივება ხშირად მცდარი დამოკიდებულების შედეგია.
კითხვა: როგორ უნდა შეცვალოს ადამიანმა დამოკიდებულებები?
პასუხი: თავდაპირველად ნამდვილი სისტემის თანახმად საკუთარი თავის და ცხოვრების შესწავლით. ეს ცვლის დამოკიდებულებას. ნამდვილი სისტემა განსხვავებული გაგების ან, უმალ, განსხვავებული დამოკიდებულებების და არა მხოლოდ ცოდნის სისტემაა. შემდეგ, აუცილებელია გარკვეული შეფასება; საგანთა ფარდობითი ღირებულება უნდა გესმოდეთ. თუმცა, არა დაყოფაზე, არამედ შესწავლაზე ვსაუბრობთ. უნდა შევისწავლოთ და გავიგოთ ის საკითხები, რომლებიც ამჟამად ჩვენთვის მხოლოდ სიტყვებია, და ხშირად სიტყვები, რომლებსაც მცდარი აზრით და არასწორ ადგილას ვიყენებთ. აუცილებლად უნდა გავიგოთ და გვახსოვდეს ზოგი ძირითადი პრინციპი. თუ ამას გააკეთებთ, სწორად დაიწყებთ. თუ არ გესმით და არ გახსოვთ ისინი, მცდარი მიმართულებით წახვალთ. სამი თუ ოთხი დაბრკოლება არსებობს და რომელიმეს მაინც წამოკრავთ ფეხს.
კითხვა: ვფიქრობ, ძალზე ვაფასებ ნამდვილ სისტემას, მაგრამ როგორ გავზარდო ემოციური შეფასება იმგვარად, რომ დიდი ძალისხმევის გაწევა შევძლო?
პასუხი: უკეთესი გაგების და საკუთარი თავის გახსენების მცდელობის გზით. გაგება მხოლოდ გონებაში არ არის; უკვე აგიხსენით, რომ ესაა რამდენიმე ცენტრის ერთდროული მუშაობა და ის როლი, რომელსაც ემოციური ცენტრი თამაშობს მასში, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ღრმა გაგება ემოციური ენერგიის გარეშე შეუძლებელია.
კითხვა: იქნებ მეტად აგვიხსნათ, რატომ სჭირდება გარკვეული დამოკიდებულება გაგებას?
პასუხი: შეეცადეთ დაფიქრდეთ; შეეცადეთ მიხვდეთ, რატომაა ეს საჭირო, და შეეცადეთ ჩაწვდეთ, რას ნიშნავს დამოკიდებულება ან თვალთახედვა. ეს გაგების საკითხია, ყველაფრის - რაც უკვე ვიცით, ყველა იდეის და პრინციპის, რაც შევისწავლეთ, და ფაქტების ახალი თვალთახედვით დანახვის უნარის გამოყენების გაერთიანება. ახლებურად ფიქრი ძალზე რთულია, რადგან აზროვნების ძველი მეთოდის შენარჩუნებას ეხმარება აზროვნების ძველი ჩვევები, ძველი ასოციაციები, დამოკიდებულებები და თავად გარემოს ზემოქმედება.
დავუშვათ, გარკვეული დამოკიდებულება გაქვთ რაიმეს მიმართ, და თავად ეს საგანი ცდილობს ამ დამოკიდებულების შენარჩუნებას ყველა შესაძლო ხერხით. შემდეგ, თუ მას შეცვლით, თუ მას მიმართავთ, თქვენ დიდ ნაბიჯს გადადგამთ.
კითხვა: გვითხრეს, რომ ყოფიერებაზე რეალური მუშაობა მოითხოვს გაცნობიერებას, თუ როგორ შევიძინოთ სწორი გაგება. თქვენ ასევე გვითხარით, რომ უნდა გვესმოდეს, რა გვსურს?
პასუხი: რამდენიმე მიზეზი არსებობს ამისთვის. გაგება ყველაზე დიდი ძალაა ჩვენს განკარგულებაში, რომელსაც ჩვენი შეცვლა შეუძლია. რაც მეტი გაგება გვაქვს, მით მეტი შედეგი მოაქვს ჩვენს ძალისხმევას. რაც შეეხება იმის ცოდნას, რაც თავად გვსურს - წარმოიდგინეთ, როგორ შედიხართ მრავალგანყოფილებიან დიდ მაღაზიაში. თქვენ უნდა იცოდეთ, რისი შეძენა გსურთ. როგორ მიიღებთ რამეს, თუ არ იცით, რა გსურთ? თუმცა პირველ რიგში ის უნდა იცოდეთ, რას გთავაზობთ მაღაზია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ის ნივთები მოითხოვოთ, რაც იქ არ იყიდება. სწორედ ესაა ნამდვილ პრობლემასთან მიდგომის გზა.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რატომ დაიწყეთ. რისი მიღება გსურთ, რასაც ყოფითი ცხოვრება გთავაზობთ, თუ უფრო მეტის? ღირს კი ცდად? წარმოსახვის ჩვენი უნარი, რომელსაც, როგორც წესი, არასწორად ვიყენებთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგვეხმაროს. მაგრამ წარმოსახვა მუდამ უნდა აკონტროლოთ და თქვენთან ერთად გაქცევის საშუალება არ უნდა მისცეთ. ჩვენ მას წარმოსახვას ვუწოდებთ, თუ ის ჩვენთან ერთად გარბის, მაგრამ თუ მას აკონტროლებთ, მის გამოყენებას შეძლებთ, რომ დაინახოთ, რას ნიშნავს ესა თუ ის საგანი, რას მოიცავს თავის თავში. ამგვარად, თუ წარმოსახვას იყენებთ, ის დაგეხმარებათ დაინახოთ, ნამდვილად გსურთ ის, რაზეც საუბრობთ, თუ არა, რადგან ხშირად სხვა რამ გვსურს ან ვერ ვაცნობიერებთ, რომ ერთ რამეს სხვებიც მოჰყვება თან. არ შეიძლება ერთი რამ გსურდეთ ცალკე აღებული; როდესაც ერთი რამ გინდათ, მასთან ერთად ბევრ სხვასაც მიიღებთ.
როდესაც იცით, რა გსურთ, ისიც გეცოდინებათ, საით მიდიხართ და ეს სწორად გეცოდინებათ. აუცილებელია ეს იცოდეთ. ეს შეიძლება ფანტასტიური ჩანდეს, სრულიად შეუძლებელი ჩვეულებრივი თვალთახედვით და მაინც, ეს შეიძლება სწორი იყოს. ან გამოიყურებოდეს უბრალოდ და სწორად და, მიუხედავად ამისა, შეუძლებელი იყოს.
კითხვა: შეგიძლიათ გვითხრათ, რა მიზანი უნდა ჰქონდეს ადამიანს? მხედველობაში მაქვს, მუშაობის მეშვეობით რის შეძენა შეგვიძლია?
პასუხი: ზოგადი პასუხია - ერთადერთ მიზანს ყოფიერების შეცვლა წარმოადგენს. მიზანი უმაღლესი მდგომარეობების და უმაღლეს ცენტრებთან მუშაობის უნარის მიღწევაა. სხვა დანარჩენი - ამ მიზნის მიღწევის გზებია. უამრავი რამის გაკეთებაა აუცილებელი, რომლებსაც, თითქოს, არაფერი აქვთ საერთო ამასთან, მაგრამ საჭიროა, რადგან ნორმალურზე დაბალ დონეზე ვცხოვრობთ. ჯერ ნორმალურ დონეს უნდა მივაღწიოთ, შემდეგ კი ახალი უნარების განვითარება უნდა ვცადოთ. ამ საქმეში ვერავინ დაგეხმარებათ, მხოლოდ თქვენი მუშაობა და თქვენი საკუთარი გაგება. გაგებიდან უნდა დაიწყოთ. ეს ლექციები და ეს სისტემა იმიტომ არსებობს, რომ გაგება მოგცეთ. შემდეგი ნაბიჯი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ყოფიერების ცვლილებას მიაღწევთ, თუ თქვენ გახსოვთ ყველაფერი, რაც ითქვა, და თუ თქვენთვის გამონაკლისებს არ დაუშვებთ და იმ საკითხებს არ გამოტოვებთ, რომლებიც არ მოგეწონათ. თუ ასე მოიქცევით, სწორი დამოკიდებულება გაგონილის მიმართ არ გექნებათ, და თუნდაც ცდილობდეთ, რომ გახსოვდეთ, ეს არაფერს შეცვლის.
კითხვა: რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ნორმალურზე დაბალ დონეზე ვცხოვრობთ? ნორმალური რა არის?
პასუხი: ნორმალურობა განვითარების უნარია. როგორც წესი, ადამიანები ნორმალურზე დაბალ დონეზე იმყოფებიან. მხოლოდ ნორმალური ადამიანის დონიდან იწყება განვითარების შესაძლებლობა. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანის დონეზე დაბალი ბევრი მდგომარეობა არსებობს. ძალზე გაიგივებული, ან მაფორმირებელი იდეებით დაჰიპნოზებული, ან ძალზე მატყუარა ადამიანები უფრო მანქანები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ადამაინები. იყო ჩვეულებრივი ადამიანი შედარებით მაღალი მდგომარეობაა, რადგან სწორედ ამ მდგომარეობიდანაა შესაძლებელი გზის გაგრძელება.
კითხვა: ხშირად მიცდია მეფიქრა, რა მსურს, მაგრამ მხოლოდ ქაოსი აღმომიჩენია.
პასუხი: დიახ, ასეა. მსურს, რომ გაიცნობიეროთ, რამდენად რთული განსასაზღვრია, რა სურს ადამიანს. დავუშვათ, სასურველის მიღების შესაძლებლობა მოგეცათ: არ გეცოდინებათ, რა თქვათ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ და იცოდეთ ეს, უნდა შეგეძლოთ მისი ფორმულირება. ზოგ საკითხთან მიმართებით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მათ მიღებას ჩვეულებრივი გზით ვერ შეძლებთ, თუმცა არც იმის გარანტია არსებობს, რომ მათ ამ გზით მოიპოვებთ. მაგალითად, თანმიმდევრობა შეიძლება არასწორი იყოს. არსებობს გარკვეული თანმიმდევრობა, რომელშიც ადამიანს შეუძლია მიიღოს ის, რაც ჩვენ არ ვიცით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გარკვეულ საგნებს მიიღებთ, მაგრამ, შესაძლოა, მიიღებთ არა იმას, რაც გინდოდათ, არამედ რაღაც სხვას. და თუნდაც სასურველს ვერ იღებდეთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ვერც სხვა გზით მიიღებდით მათ.
უცნაურია, რომ ადამიანებმა, როგორც წესი, თავიანთი მიზანი არ იციან. მიზნის ფორმულირება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ადამიანს საკუთარ მდგომარეობაზე გარკვეული წარმოდგენა უკვე აქვს. თუ ადამიანი თავის მდგომარეობას ვერ აცნობიერებს, მისი ყველა მიზანი წარმოსახვითი იქნება. ამიტომ, გირჩევთ, იფიქროთ თქვენს მიზანზე: რას ფიქრობდით მასზე ადრე და როგორ აღწერდით იმას, რისი მიღებაც ადამიანს შეუძლია და რის მიღებას უნდა ცდილობდეს. აზრი არ აქვს მიზნის აღწერას, რომლის მიღწევასაც, როგორც იცით, ვერ შეძლებთ. ხოლო თუ გაქვთ მიზანი, რომლის მიღწევის იმედიც შეიძლება გქონდეთ, ამ შემთხვევაში თქვენი მუშაობა აზრიანი, სერიოზული იქნება.
დასაწყისში ადამიანები ძალზე აბსტრაქტულ და შორეულ მიზნებს ისახავენ. ადამიანის მიზანი თავიდან იმ სინათლეს ჰგავს, რომელსაც ის ღამით, ბნელ ქუჩაზე სეირნობისას შორს ხედავს. ის ამ სინათლეს მიზნად სახავს და მისკენ მიდის. გზაზე, მასსა და სამიზნე შუქს შორის სხვა სინათლეს ხედავს, და ხვდება, რომ ჯერ ახლომდებარე შუქთან უნდა მივიდეს და ახლა მისკენ მიემართება. მაგრამ ახლა მესამე სინათლეს ხედავს და ა.შ. ეს რამდენჯერმე მეორდება, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მასთან უახლოეს სინათლეს არ დაინახავს, ანუ მიზანს, რომლის მიღწევა შეუძლია იმ ადგილიდან, სადაც იმყოფება.
ამიტომ, არ გქონდეთ მეტისმეტად ფართო წარმოდგენა საგნებზე; ნუ გაიხედავთ ძალზე შორს, ახლომახლო ათვალიერეთ. ვერ დაიწყებთ მუშაობას ძალზე შორეული მომავლისთვის; ხვალინდელი დღისთვის უნდა იმუშაოთ. დღეს რაღაცა არასწორად გეჩვენებათ. რატომ? იმიტომ, რომ გუშინდელი დღე იყო მცდარი. ამიტომ ის, რასაც დღეს სწორად აკეთებთ, ხვალაც სწორი იქნება. და მხოლოდ მიზნის არსებობისას შეიძლება გახსოვდეთ, რას აკეთებდით გუშინ და რას აკეთებთ დღეს; რა შეესაბამება თქვენს მიზანს და რა არ შეესაბამება.
ჩვენი ყველა ქმედების მამოძრავებელ ძალას ორი მახასიათებელი აქვს: რაღაც გვიზიდავს და რაღაც განგვიზიდავს. ჩვენ ვერ გვეცოდინება, რას მივაღწევთ შორეულ მომავალში, მაგრამ კარგად ვიცნობთ სიტუაციას, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. თუ ეს გვესმის, გაგება გარკვეულ მიზანს გვაძლევს. მიზანი ამ სიტუაციიდან გამოსვლაა. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ზოგი რამ ჩვენში, რისგან განთავისუფლებასაც უნდა ვცდილობდეთ.
მიზანი ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული, გაგებული და დამახსოვრებული.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედეგი დადგეს. თუ მიზანს წამდაუწუმ ივიწყებენ, არანაირი შედეგი არ იქნება. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც საკუთარ მდგომარეობას აცნობიერებს, საკუთარი მიზნის ფორმულირება? ის დაინახავს, რომ მისი მდგომარეობის სიმძიმის ცენტრი ძილია; და მისი მიზანი გამოღვიძება იქნება. ან, თუ ის თავის მექანიკურობას ხედავს, მისი მიზანი მექანიკურობის მოცილება იქნება. ორივეს ერთი შედეგი მოყვება. ეს პრაქტიკული და მარტივი შეხედულებაა.
კითხვა: ჩემთვის ნათელია, რომ განვითარებას ხელს უშლის მექანიკურობის მოცილების სურვილის არასაკმარისი ძალა. როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს სურვილი?
პასუხი: ეს ერთერთი ხშირად დასმული შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა თითქმის შეუძლებელია. თქვენ უნდა სცადოთ და შეადაროთ საგნები, როგორები არიან და როგორები უნდა იყვნენ. უფრო მეტი გაგებაა აუცილებელი და, თუ სრული ახსნა გსურთ, მეტი თვითგახსენება, რადგან მხოლოდ ისაა ერთადერთი რეალური პასუხი. თუ თვითგახსენება იზრდება, სხვა დანარჩენიც მატულობს.
კითხვა: წინაღობები ახსენეთ, რომელთა გადალახვა მიზნის მისაღწევად აუცილებელია. საკუთარ თავში იმდენი წინააღმდეგობა აღმოვაჩინე, რომ შესაძლებლად აღარ მესახება რაიმეს მიღწევა.
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ თავს მათთან აიგივებთ. თქვენ უნდა ხედავდეთ, რომ მუდამ მოძრაობაში ხართ, ერთ ადგილას არასდროს რჩებით; მიზანს ხან უახლოვდებით, ხან კი შორდებით. აუცილებელია დააკვირდეთ საკუთარ თავს, დაიჭიროთ წამი, როდესაც ახლოს ხართ მიზანთან. თუ თქვენს მიზანს ფორმულირებას გაუკეთებთ, გეცოდინებათ, როდის ხართ მასთან ახლოს და როდის - შორს. თუ მიზანი სწორად გაქვთ ფორმულირებული, მუდამ ერთი და იგივე დაშორებით ვერ იქნებით მისგან.
კითხვა: ვგრძნობ, რომ მყისიერი შედეგისთვის ვმუშაობ. ეს მცდარი მიზანია?
პასუხი: მიზანი სწორია თუ მცდარი, საკითხი ასე არ დგას. მიზანი უნდა იცოდეთ. მიზანი ყოველთვის აწმყოში უნდა იყოს და მომავალს ეხებოდეს. შედეგი შეუძლებელია, თუ მიზანი, ძალისხმევა და გადაწყვეტილება არ არსებობს.
კითხვა: მნიშვნელოვანი ძალისხმევა როგორ უნდა გაკეთდეს?
პასუხი: მცირე ძალისხმევების გზით. მნიშვნელოვანი ძალისხმევა გარემოებებზე, სიტუაციაზე, გაგებაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი ძალისხმევით დაწყება თქვენ არ ძალგიძთ. მცირე ძალისხმევით უნდა დაიწყოთ, როგორიცაა მაგალითად, საკუთარი თავის გახსენება ან ფიქრების შეჩერება დღეში სამჯერ. ეს სულ მცირე ძალისხმევაა, მაგრამ თუ რეგულარულად აკეთებთ, შესაძლებელია დიდი ძალისხმევის აუცილებლობა ან შესაძლებლობა მოვიდეს, და თქვენ მის განხორციელებას სწორ მომენტში შეძლებთ.
კითხვა: ლექციაზე პირველად მოსვლისას დიდი მიზანი მქონდა, ახლა კი ის მნიშვნელოვნად დაპატარავდა.
პასუხი: დიახ, მიზნები ძალზე მცირდებიან, როდესაც მუშაობას იწყებთ. თავიდან ისინი უზარმაზარი არიან - გაბერილი ბუშტის მსგავსად, შემდეგ კი იმდენად პატარავდებიან, რომ ჯიბეში ჩადებასაც კი შეძლებდით.
კითხვა: ვთვლი, რომ ჩვენს მდგომარეობაში სწორსა და მცდარს შორის სხვაობის შეფასება არ შეგვიძლია.
პასუხი: პირიქით: ამ სხვაობის შეფასება შეგვიძლია, და არა მარტო შეგვიძლია, მოვალენიც ვართ. მცდარი ანუ ბოროტი იმ მომენტიდან ხდება გასაგები, როდესაც მიმართულებას ვიძენთ. თუ მიმართულება არ გაგვაჩნია, არც განსაკუთრებული ბოროტება არსებობს, რადგან ეს ერთი და იგივეა.
კითხვა: მიმართულებაში მიზანს გულისხმობთ?
პასუხი: დიახ. მიზანი მიმართულებას, გარკვეულ ხაზს ნიშნავს. თუ ჩემი მიზანი აქედან სახლში წასვლაა, ჩემთვის სწორი იქნება მარჯვნივ წასვლა და მცდარი - მარცხნივ წასვლა. აი, როგორ დგინდება სიკეთის და ბოროტების პრინციპი. თუ წინასწარ მიზანი ანუ მიმართულება არ დადგინდა, სიკეთე და ბოროტება, ან სწორი და მცდარი ვერ განისაზღვრება. როდესაც მიზანი გაქვთ, ის, რაც თქვენი მიზნის საპირისპიროა ან მას გაცილებთ, მცდარია, ხოლო ის, რაც ეხმარება თქვენს მიზანს, სწორია. ეს უნდა იყოს თქვენი პირადი მიზანი. თუ ის განვითარების შესაძლებლობას შეესაბამება, მაშინ ნამდვილი სისტემა ხსნის ამ შესაძლებლობებს. და თუ თქვენ გესმით, რომ ის, რაც მიზნის მიღწევაში გვაფერხებს, მექანიკურობაა, ხოლო ის, რაც გვეხმარება - ცნობიერება, ნათელი გახდება, რომ ცნობიერება სიკეთეა, ხოლო მექანიკურობა - ბოროტება. ამიტომ, „კეთილი“ და „ბოროტი“-ს ნაცვლად ნამდვილი სისტემა იყენებს სიტყვებს „ცნობიერი“ და „მექანიკური“. ეს სრულიად საკმარისია ყველა პრაქტიკული მიზნისთვის.
თუ კითხვები გაქვთ, შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ ეს პრაქტიკული განსაზღვრება მუდამ უნდა გახსოვდეთ, რადგან ის ერთადერთ საიმედო საფუძველს წარმოადგენს ჩვენთვის; ჩვენთვის სწორია ის, რაც ჩვენს განვითარებას, ჩვენს გამოღვიძებას და მექანიკურობასთან ჩვენს ბრძოლას ეხმარება; ხოლო მცდარია ის, რაც ჩვენს მექანიკურ მისწრაფებებს ახალისებს, რაც ჩვენს ცვლილებას აფერხებს, რაც ჩვენს განვითარებას ხელს უშლის. თუ აქედან დავიწყებთ, მოგვიანებით გაცილებით მეტ კრიტერიუმს ვიპოვით განსასხვავებლად.
კითხვა: ყველაფერი მექანიკური - ბოროტებაა?
პასუხი: არაა სავალდებულო, ყველაფერი მექანიკური ბოროტება იყოს; მაგრამ ბოროტება არ შეიძლება ცნობიერი იყოს, ის მხოლოდ მექანიკურია. საკუთარ თავს უნდა დაეკითხოთ: შეიძლება ბოროტება ჩემში ცნობიერი იყოს? სხვა ყველაფერი ფილოსოფიაა. თუ არსებობს რამე, რასაც თქვენი სუბიექტური თვალთახედვით სიკეთედ განიხილავთ, და თუ ცდილობთ ცნობიერად გააკეთოთ ის, რასაც ბოროტებად თვლით, აღმოაჩენთ, რომ ან არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ან სიამოვნებას ვერ იგრძნობთ. სწორედ ამ გზით თქვენ არ შეგიძლიათ უარყოფითი ცნობიერად, გაიგივების გარეშე. უარყოფითი ემოციები ბოროტების საუკეთესო გამტარები არიან, რადგან ისინი ყველაზე მექანიკურები არიან იქიდან, რაც გაგვაჩნია.
კითხვა: ცხოვრებაში ჩვენი მიზნის საწინააღმდეგო ბევრი რამის გაკეთება გვიწევს.
პასუხი: რატომ მიზნის საწინააღმდეგო? შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრი რამ არ შეესაბამება თქვენს მიზანს, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ადამიანმა მიზნის საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთოს რამე. იმ ყველაფრიდან, რასაც ადამიანი ყოფით ცხოვრებაში აკეთებს, ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც შეუძლია, დროის დაკარგვაა. თუმცა, ბევრი რამაა, რაც ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე უბრალოდ დროის დაკარგვა. თუ რამე გარდაუვალია, ადამიანს ყოველთვის შეუძლია ამ საქმის შესრულება ყოველნაირი აქტიურობის გარეშე. გაცილებით უარესიც არსებობს, მაგალითად წარმოსახვა, უარყოფითი ემოციები და ა.შ. ისინი გარდაუვალი არ არიან. ის, რისი კეთებაც გვავალია, მუშაობას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, მრავალ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც არ გვავალია და რაც მუშაობას ეწინააღმდეგება. ცალსახად მიზნის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებები მხოლოდ მექანიკური შეიძლება იყოს, და მრავალი მათგანი ადამიანის მიზნისკენ სვლას აფერხებს.
კითხვა: ცნობიერების მიზანს წარმოადგენს თუ არა მანქანის მართვა, და ამგვარად ცნობიერი ადამიანისთვის შეუძლებელია არსებობდეს რამე მექანიკური?
პასუხი: ცნობიერ ადამიანს შევეშვათ. ბოროტების გაგება მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებით შეგიძლიათ - სხვა დანარჩენი ძალზე ზოგადია. საკუთარ თავში პოულობთ მახასიათებლებს და მისწრაფებებს, რომლებიც ცნობიერების წინააღმდეგ არიან მიმართული და წინააღმდეგობას ეხმარებიან. ეს ბოროტება თავად თქვენშია. თქვენ ნახავთ, რომ ბოროტება მხოლოდ მექანიკურად ვლინდება; ამას ბოლომდე გასაგებად დიდი დრო ესაჭიროება. შეიძლება ხშირად შეცდეთ, შესაძლოა ბოროტებად აღიქვათ ის, რაც ბოროტება არაა, ან მექანიკური ცნობიერად ჩათვალოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ადვილად შევცდეთ, თუ ჩვენი აღზრდის შესაბამისად, მექანიკურად ვიქცევით? უკეთესი ხომ არ იქნებოდა საწინააღმდეგოდ გვემოქმედა?
პასუხი: საწინააღმდეგოდ მოქმედება იგივე მექანიკურობაა, თქვენ მხოლოდ ერთ მექანიკურობას მეორეთი ჩაანაცვლებთ. თუ თქვენთვის ჩვეული მოქმედების საწინააღმდეგოდ დაიწყებთ ქმედებას, ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სწორი იქნება. ამას გარდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ისწავლეთ, ან რასაც მიეჩვიეთ, მცდარია. ასე მარტივად არაა საქმე. თქვენი ქმედებების მაგალითების მიხედვით დაინახავთ, რომ ის, რაც ხდება, თქვენი თანხმობით ხდება, შეიძლება ან სწორი იყოს, ან მცდარი. მაგრამ თქვენ რომ ცნობიერი ყოფილიყავით, არჩევანის საშუალება გექნებოდათ; სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა.
კითხვა: ქცევის მიღებული სტანდარტები უნდა ვაღიაროთ თუ ახლები უნდა ვეძიოთ მუშაობისას?
პასუხი: ხშირად ვიხდით ბოდიშს, რომ მიღებული სტანდარტები გვავიწყდება, რადგან ვთვლით, რომ ახლები უნდა გვქონდეს. ახალი სტანდარტების შეძენის პროცესში, გარკვეულ მომენტში, არცერთი არ გვაქვს, ამიტომ უნდა გაიგოთ, რომ ჩვეულებრივი სტანდარტებით ვიმოქმედოთ, ვიდრე ახლებს შევიძენდეთ. თქვენ ჩვეულებრივი მორალური კანონების არსსა და ნამდვილ სისტემას შორის განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ დაინახავთ. მაგალითად, განვიხილოთ ადამიანებთან ურთიერთობის ჩვეულებრივი წესები. ეს წესები ძალზე უბრალოა: სხვას არ გაუკეთო ის, რაც თავად არ გინდა რომ გაგიკეთონ. ეს სრულიად ლოგიკურია და ცხადად და სრულად არის მიღებული სისტემაში.
კითხვა: თავად ხომ არ უნდა დავადგინოთ, რა არის სწორი და რა მცდარი, და არ დაველოდოთ, ვიდრე გვეტყვიან?
პასუხი: ამას თავად როგორ გაიგებთ? ამ კითხვაზე პასუხს ადამიანები შესაქმის დროიდან ეძებენ და ჯერაც ვერ უპოვიათ. სწორისა და მცდარის გარჩევა რომ შეგეძლოთ, ყველაფერ დანარჩენსაც გაიგებდით.
არა, თქვენ ეს უნდა ისწავლოთ, როგორც ბევრი სხვა რამ, რისი შესწავლაც აუცილებელია. თვითგახსენების ფასეულობას რომ მიხვდებით, მხოლოდ შემდეგ ისწავლით სწორად შეფასებას და განსჯას და აწონდაწონვას შეძლებთ.
კითხვა: ადამიანი ხშირად განზრახ მოქმედებს მცდარად, მაგრამ ძალა არ ყოფნის შესაჩერებლად.
პასუხი: რა თქმა უნდა, რადგან თუ მექანიკური ხართ ყველაფერში, ერთ საქმეში ცნობიერი ვერ იქნებით. ამასთანავე, განზრახ არ ნიშნავს ცნობიერად; მოვლენები უბრალოდ ხდება. თუ ყველაფერი ხდება, ერთი მოვლენა არ შეიძლება არ მოხდეს; ისიც უნდა მოხდეს.
კითხვა: გააჩნია თუ არა ამ სისტემას დამახასიათებელი მორალური სტანდარტი?
პასუხი: დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ახლახანს გითხარით, ამ სისტემასთან მიმართებით ეს ძალზე ადვილი გასაგებია. ესაა მექანიკურის მიმართება ცნობიერისადმი. ეს ნიშნავს, რომ ზოგი რამ მექანიკურია და უნდა დარჩეს მექანიკურად, მაგრამ სხვები, რომლებიც ამჟამად მექანიკურია, ცნობიერი უნდა გახდეს.
ყველაზე რთული კი სწორის და მცდარის ან სიკეთის და ბოროტების გარჩევაა. ჩვენი გონება ამ საკითხზე ფიქრს ცნობიერებასთან მიმართებით მიეჩვია. მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს მუდმივი გარე განსაზღვრება, რომლის მიღება, დამახსოვრება და მიყოლა შეიძლება, და ვერც კი წარმოგვიდგენია გარე განსაზღვრების არარსებობა. ამ დროს კი ქმედებათა შინაგანი თვისებები არსებობს, რაც ყველაფერს განსაზღვრავს.
კარგის და ცუდის ცნობიერთან და არაცნობიერთან მიმართების იდეა ძალზე სასარგებლოა განსჯისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორი ანალოგიების პოვნას იწყებთ; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გარკვეულ გაგებას გაძლევთ, არამედ იმიტომაც, რომ თქვენი გონების სისტემაში გაგონილ ამ და მსგავს იდეებზე კონცენტრირებით, გონებას თქვენთვის შესაძლებელ უმაღალეს დონეზე, ანუ ცენტრების ინტელექტუალურ ნაწილებში ინარჩუნებთ. ამ საკითხებზე ცენტრების უფრო დაბალი, მექანიკური ნაწილებით ღირებულად ვერ იფიქრებთ - აქედან არაფერი გამოვა. გარკვეული გაგების მისაღწევად ცენტრების ინტელექტუალური ნაწილი უნდა გამოიყენოთ, ამასთან არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ან სამი ერთდროულად. რა არის მორალი? ქცევის კანონების გაგება? ეს საკმარისი არაა.
როდესაც ველურებივით ვამბობთ: „თუ თქვენ მპარავთ მე, ეს ცუდია, მაგრამ თუ მე გპარავთ თქვენ - კარგია“, ეს მორალი არ არის, ეს ველურის ქცევაა. რადგან მორალი ჩნდება მაშინ, როდესაც კარგის და ცუდის განცდა საკუთარი ქმედებების მიმართებით ჩნდება, და ადამიანს შეუძლია უარი თქვას იმაზე, რასაც მიიჩნევს, რომ ცუდია და აკეთოს ის, რასაც თვლის, რომ კარგია.
რას ნიშნავს კარგი? და ცუდი რაღას ნიშნავს? როგორც წესი, ამ პირველ სტადიაზე ადამიანი მორალურ პრინციპებს რელიგიური, ფილოსოფიური ან მეცნიერული იდეებიდან იღებს ან უბრალოდ ტრადიციულ ტაბუს ითვისებს. მას სწამს, რომ ზოგი რამ კარგია, სხვები კი - ცუდი. მაგრამ ეს სუბიექტური მორალია, და სიკეთის და ბოროტების გაგება წმინდად შეფარდეფითია. ყველა ქვეყანასა და ყველა ეპოქაში მიღებული იყო გარკვეული მორალური კოდექსები, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. მაგრამ თუ არსებული თეორიების შედარებას შევეცდებით, ვნახავთ, რომ ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და თავადაც წინააღმდეგობრივები არიან. გაგება „ზოგადი მორალი“ არ არსებობს, არც ქრისტიანული მორალი არსებობს. მაგალითად, ქრისტიანობა ამბობს, რომ არ უნდა მოკლათ, მაგრამ ამას სერიოზულად არავინ უყურებს. ბევრი მორალი მკვლელობის საფუძველზე იყო აგებული. მაგალითად, როგორც პირველ ლექციაზე გითხარით, ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად უღირს საქციელად სისხლიან შურისძიებაზე უარის თქმა წარმოადგენს. და რატომ შეუძლია ადამიანს ერთ შემთხვევაში ჩაიდინოს მკვლელობა, მეორეში კი - არა? ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ მორალზეა ცნობილი, წინააღმდეგობრიობებითაა სავსე.
ამგვარად, თუ ამ პრობლემაზე დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ასეული მორალური სისტემის და სწავლების მიუხედავად, ადამიანს არ შეუძლია თქვას, რა არის სწორი და რა - არასწორი, რადგან მორალური ღირებულებები იცვლება, მათში მუდმივი არაფერია. ამავე დროს, მათი დამოკიდებულებით სწორის და მცდარის იდეასთან, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან.
არიან ადამიანები, ვისაც სრულიად არ გააჩნია სწორის და მცდარის არანაირი გრძნობა, მორალური გრძნობის ნაცვლად მათ აქვთ იდეა სასიამოვნოსა და უსიამოვნოს, ხელსაყრელის და არახელსაყრელის შესახებ. ხოლო ადამიანებმა მეორე ჯგუფიდან, რომლებსაც აქვთ სწორის და მცდარის შეგრძნება, სინამდვილეში არ იციან, რა არის სწორი და რა არის მცდარი. ადამიანები, რომლებიც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან, არ დაინტერესდებიან მოცემული სისტემით, ის მათთვის არაა. მეორე კატეგორიის ადამიანები შეიძლება დაინტერესდნენ ამ სისტემით.
აუცილებელია თავიდანვე გაიგოთ, რომ ადამიანმა სწორის და მცდარის გარკვეული შეგრძნებით უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. შემდეგ, საკმაოდ სკეპტიკურად უნდა მიუდგეს ჩვეულებრივ მორალს და ესმოდეს, რომ ჩვეულებრივი მორალის პრინციპებში არაფერია ზოგადი და გამძლე, რადგან ისინი იცვლებიან ადათ-წესების, ადგილის და დროის პერიოდის მიხედვით. და მას უნდა ესმოდეს ობიექტური სწორის და მცდარის აუცილებლობა. თუ მას ეს სამი საკითხი ესმის, ის იპოვის საფუძველს სწორის და მცდარის გასარჩევად ყოველ ცალკეულ საგანთან მიმართებით, რადგან თუ სწორად იწყებს მუშაობას, ის გაიგებს, რომ არსებობს გარკვეული ნორმები, რომელთა დახმარებით კარგი და ცუდი ფარდობითი აღარ არის და აბსოლუტური ხდება. საქმე იმაშია, რომ სწორი მიმართებით, სწორი თვალთახედვით უნდა მოხდეს დაწყება. თუ ის მცდარი თვალთახედვით იწყებს, ვერაფერს იპოვის.
კითხვა: როგორ უნდა ვენდოთ სწორის და მცდარის ჩვენს საკუთარ გრძნობას?
პასუხი: შეგიძლიათ ენდოთ ან არ ენდოთ; ის არსებობს. ამდენად, ეს კითხვა მოხსნილია. თქვენ შეიძლება მერყეობდეთ და ობიექტთან დაკავშირებით გეეჭვებოდეთ. რა თქმა უნდა, ცოდნის, განვითარების, ცნობიერების გარეშე ვერ იტყვით რაიმეზე გადაწყვეტით, სწორია ეს თუ მცდარი; მაგრამ თქვენ სწორ გზას ადგახართ. მორალი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ მორალური გრძნობა მუდმივია. თუ ადამიანებს არავითარი მორალური გრძნობა არ გააჩნიათ, მათთან საუბარი უსარგებლოა. მაგრამ სწორის და მცდარის შეგრძნება ერთია, ხოლო განსაზღვრება, შინაარსი - სრულებით სხვაა. ორ ადამიანს შეიძლება სწორის და მცდარის ძალზე ძლიერი გრძნობა გააჩნდეს, მაგრამ რაც სწორია ერთისთვის, მეორესთვის მცდარი იყოს. გრძნობა განსაზღვრებას არ გულისხმობს, ამიტომ ადამიანს შეიძლება სწორის და მცდარის შეგრძნება გააჩნდეს და ამ საკითხზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს.
კითხვა: ამ საკითხში სტანდარტის გამოყენება ცნობიერებას ეხმარება თუ ხელს უშლის?
პასუხი: სტანდარტი სისტემასთან უნდა იყოს დაკავშირებული. სისტემის გარეშე (ნამდვილ სისტემას ვგულისხმობ, თუმცა ადამიანს რომელიმე სისტემა უნდა გააჩნდეს) ვერ განსჯით.
ეს სისტემა ობიექტური ცნობიერების შესაძლებლობიდან იწყებს, ობიექტური ცნობიერება კი აღიწერება როგორც მდგომარეობა, რომელშიც ჭეშმარიტების შეცნობა შეგვიძლია. როდესაც მას მივაღწევთ, ჭეშმარიტების შეცნობას შევძლებთ; ასევე გვეცოდინება, რა არის სწორი და რა - მცდარი. მაშასადამე, იგივე გზა, რომელიც ობიექტურ ცნობიერებამდე მიდის, აგრეთვე სწორის და მცდარის გაგებამდე მიდის. რამდენადაც ობიექტურ ცნობიერებამდე ჯერ არ მიგვიღწევია, ყველაფერს, რაც მის განვითარებაში გვეხმარება, ვაფასებთ როგორც სწორს და კარგს, და ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის ამაში, როგორც მცდარს და ცუდს.
ჩვენი ჩვეულებრივი გაგებით ობიექტური ჭეშმარიტება უფრო მეტად ცხოვრების ინტელექტუალურ მხარეს მიეკუთვნება, თუმცა ადამიანს მისი ცოდნა შეიძლება უნდოდეს რელიგიური კუთხით, მორალური მხრიდან, ესთეთიკური მხრიდან და ა.შ.
სისტემა ხსნის, რომ ადამიანები 1, 2, 3, 4, 5, 6, და 7 ამ მიმართებით სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან. არსებობს რელიგიები №1, №2, №3, №4 და ა.შ., და არსებობს მორალი №1, №2, №3, №4, №5 და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი მცდარია, არამედ ის, რომ ერთის ახსნა მეორეთი არ ხდება. მაგალითად, ქრისტე ინკვიზიციას არ ქადაგებდა, და თუ მისი სწავლება 1, 2, და 3 ადამიანებმა გააუკუღმართეს, რათა დანაშაულებრივი მიზნით გამოეყენებინათ ის, ამის ქრისტესთვის მიწერა არ შეიძლება.
რაკიღა ჩვენ 1, 2 და 3 ადამიანები ვართ, ბევრი რამ არსებობს ისეთი, რომლებზეც ვერ ვპოულობთ ხილულ მინიშნებას იმის შესახებ, გვეხმარებიან ისინი თუ ხელს გვიშლიან ცნობიერების განვითარებაში. ამიტომ, სხვა პრინციპები უნდა ვეძებოთ, შეგვიძლია კიდეც სხვა პრინციპების პოვნა, თუ ქცევის კონკრეტულ შემთხვევებზე ვფიქრობთ. ნამდვილ სისტემაში მრავალი საკმარისი მინიშნების პოვნა შეიძლება, რომლებიც გვაჩვენებენ, როგორ უნდა შევხედოთ ამა თუ იმ საგანსა თუ მოვლენას.
კითხვა: თვლით თუ არა, რომ დროთა განმავლობაში ამ სისტემიდან ახალი რწმენა და მორალი შეიძლება აღმოცენდეს?
პასუხი: ამ სისტემიდან - არა. ეს სულ სხვა რამაა. ეს იდეები მასისთვის, ბრბოსთვის არაა. უნდა გესმოდეთ, რომ ეს სკოლის სწავლებაა, სკოლის სწავლება კი მხოლოდ სკოლისთვის არსებობს. ხელსაყრელ გარემოებებში სკოლები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს სხვაა; ეს იგივე არაა, რაც რელიგიის გაჩენა და ზრდა.
ნამდვილი სისტემის მიზანი - ადამიანის სინდისთან მიყვანაა. სინდისი - განსაზღვრული უნარია, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანში გვხვდება.
ის, ნამდვილად, ცნობიერების სხვა გამოხატულებაა, თუმცა ცნობიერება უფრო მეტად ინტელექტუალურ მხარეს მუშაობს, სინდისი კი - უფრო მეტად მორალურ მხარეს: ის ქცევის ავკარგიანობის გარჩევაში ეხმარება ადამიანს. სინდისი მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი თავის თავს ვერ დაუმალავს ვერაფერს, და ის ადამიანში უნდა განვითარდეს. ეს განვითარება ცნობიერების განვითარებასთან ერთად ხდება. იმის თქმა, რომ სინდისი არ გვაქვს, არ შეგვიძლია, ამიტომ აქ არარსებულის სპეციალურად განვითარება არ იგულისხმება. უბრალოდ ჩვენს ცხოვრებაში ის კულისებს მიღმა იმყოფება, ჩვენში ღრმადაა ჩამალული, და მიძინებულია. ყოფით ცხოვრებაში მან შეიძლება რაღაც მომენტში გამოიღვიძოს, და როდესაც ეს ხდება, განსაკუთრებით დასაწყისში, მას ყოველთვის ტანჯვა მოაქვს, რადგან ძალზე უსიამოვნოა საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტებასთან პირისპირ შეხვედრა.
სინდისი ემოციებთან მიმართებით იგივეა, რაც ცნობიერება იდეებთან მიმართებით. შესაძლოა, სინდისის რაობის გაგება გაგიმარტივდეთ, თუ სიტყვების - ცნობიერება და სინდისი - ეტიმოლოგიურ მნიშვნელობაზე დაფიქრდებით. ცნობიერება ერთად შეკრებილ ცოდნას ნიშნავს. თუმცა მთელ ცოდნაზე ლაპარაკი არ შეგვიძლია, რადგან ეს ძალზე რთული იქნებოდა; მხოლოდ იმ მთელ ცოდნაზე შეგვიძლია საუბარი, რომელიც ერთი და იგივე საგნის შესახებ გვაქვს. ის დაკავშირებული უნდა იყოს თვითშემეცნებასთან, ამიტომ ცნობიერება თქვენ თავად უნდა დაუკავშიროთ ყველაფერს, რაც რომელიმე კონკრეტულ საგანზე იცით.
სინდისი - იგივეა, მხოლოდ ემოციებთან დაკავშირებით. სინდისის მომენტი ნიშნავს ერთდროულად გრძნობდეთ ყველაფერს, რასაც გრძნობთ ვინმეს ან რამეს მიმართ.
რომ შეგეძლოთ ყველაფერი იგრძნოთ, რაც ოდესმე გიგრძვნიათ ადამიანის, ქვეყნის, სახლის, წიგნის ან კიდევ რაიმეს მიმართ, ეს იქნებოდა სინდისის მომენტი, და თქვენ დაინახავდით, რაოდენ ბევრი წინააღმდეგობრიობაა თქვენს ემოციებში. თუ მსგავსი განცდა არ გქონიათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი განსხვავებული გრძნობა შეიძლება გქონდეთ. სინდისის მდგომარობაში ყველაფერს ერთად ვხედავთ. აი რატომაა ის ასეთი არასასიამოვნო მდგომარეობა. სინდისი აქვეა, მაგრამ ჩვენ სინდისისგან თავდასაცავად ბევრი მეთოდი მოგვეპოვება, მაგალითად წარმოსახვა, უარყოფითი ემოციები, გამართლება და სხვა, რადგან სინდისი უსიამოა.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ სინდისი ყველა ჩვენი ემოციის ერთდროული განცდაა. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიგრძნოთ ისინი ყველა ერთად.
პასუხი: არა, ეს არასდროს მითქვამს. მე ვთქვი, რომ სინდისის მომენტში, გსურთ თუ არა ეს, თქვენ ერთი და იგივე საკითხის მიმართ ყველა თქვენს ემოციას ერთდროულად შეიგრძნობთ. მაგრამ ეს სინდისის განსაზღვრება არაა. სინდისი შეიძლება განისაზღვროს როგორც მოცემულ საკითხზე ჭეშმარიტების ემოციური შეგრძნება. როგორც ვთქვი, სინდისი ცნობიერების მსგავსია, მხოლოდ ჩვენთვის სხვანაირად გამოიყურება. ჩვენ სუბიექტურები ვართ, ამიტომ ყველაფერს სუბიექტური თვალთახედვით აღვიქვამთ.
როდესაც ცნობიერებაზე ვფიქრობთ, ჩვენ რაღაც ძალაზე, ენერგიაზე ან ინტელექტუალურ გაგებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ვფიქრობთ. იგივე ენერგია, იგივე ძალა შეიძლება ემოციით გამოვლინდეს, და ეს შეიძლება სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვეულებრივ პირობებში შეემთხვეთ. ხანდახან ადამიანებს ჭეშმარიტების ემოციური შეგრძნება შეიძლება ჰქონდეთ - ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ეს სინდისია.
ცნობიერების ნაკლებობა, თვითგახსენების არარსებობა და ბევრი სხვა რამ, ისეთი, როგორიცაა გაიგივება და წარმოსახვა, სინდისის ამ მომენტებისგან გვთიშავენ, რაც შესაძლებელი იქნებოდა, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ. შეეცადეთ, ამ საკითხზე ამგვარად იფიქროთ. წინააღმდეგობრიობების ხედვა და სინდისი დაკავშირებულია, მაგრამ ეს ერთი და იგივე არაა, და თუ ორივეს ერთდროულად მისდევთ, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ.
ცნობიერება, რომელიც გვაქვს ჩვენს მდგომარეობაში, ინტელექტუალური ცენტრით ვერ გამოვლინდება, იმიტომ, რომ ინტელექტუალური ცენტრი ძალზე ნელია, რადგან ის, უმეტესწილად, ფორმირებადი ნაწილით მუშაობს. თუმცა დროდადრო ის შეიძლება ემოციური ცენტრით გამოვლინდეს, და ამ შემთხვევაში, როგორც გითხარით, მას სინდისი ეწოდება. ცნობიერება, თავი რომ გამოავლინოს, ხანგრძლივ მომზადებას, ინტელექტუალურ უნარებს და ა.შ. საჭიროებს, სინდისი კი უფრო ხშირად და უფრო მარტივად მუშაობს, ვიდრე სრული ცნობიერება. სრული ცნობიერება დიდ ცოდნას მოითხოვს, რომელიც საკუთარი არსებობის გაგებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს უნდა იყოს მუდმივი გაგება; არაა საკმარისი, დღეს გესმოდეთ და ხვალ დაგავიწყდეთ.
დასაწყისში, როდესაც სინდისი ვლინდება ჩვენში, ის ჩვენს საწინააღმდეგოდაა მომართული, და ყველა ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობრიობა ცხადი ხდება ჩვენთვის. ჩვეულებრივ ჩვენ მათი დანახვა არ შეგვიძლია, რადგან მუდამ ამ თუ იმ პატარა იზოლირებულ განყოფილებაში ვიმყოფებით, მაგრამ სინდისი ზემოდან გვაკვირდება და გვიჩვენებს, რომ აქ თქვენ ერთი გრძნობა გქონდათ, იქ - სხვა, და კიდევ სადღაც სრულებით სხვა გრძნობა, - და ყველა ერთი და იგივე საკითხის მიმართ. მაგალითად, თუ მუშაობას ავიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთ მომენტში მის მიმართ ერთი გრძნობა გვაქვს, მეორე მომენტში - სრულიად სხვა, ხოლო მესამე მომენტში - კიდევ სხვა. და არასდროს ვგრძნობთ ყველას ერთად.
ჩვენ რომ ერთდროულად შეგვეძლოს იმ ყველაფრის ერთად შეგრძნება, რაც სამუშაოს მიმართ ოდესმე გვიგვრძნია, დიდ დარტყმას მივიღებდით. ეს სინდისი იქნებოდა. მთელ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი აზროვნების ჩვეულ მეთოდებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დარტყმებს, უსიამოვნო გრძნობებს, საკუთარი თავის შესახებ უსიამოვნო წარმოდგენებს გაექცნენ. და ესაა მთავარი, რაც მძინარე მდგომარეობაში გვაკავებს, რადგან იმისთვის, რომ გავიღვიძოთ, არ უნდა გვეშინოდეს; საკმაოდ მამაცები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგობრიობები რომ დავინახოთ.
სინდისის საკითხს საერთოდაც რომ არ შევეხოთ, მნიშვნელოვანია საკუთარ თავში აღმოაჩინოთ, რომ რაიმეზე ძლიერი ემოციების განცდისას (ზომიერ ემოციებს ეს არ ეხება), შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მეორე მომენტში სხვა ემოცია გექნებათ იგივე საკითხის მიმართ. თუ საკუთარ თავში ვერ ხედავთ ამას, სხვა ადამიანებში დააკვირდით. როდესაც ამ წინააღმდეგობრივი ემოციების არსებობას გაიცნობიერებთ, ეს დაგეხმარებათ თქვენი მექანიკურობის და საკუთარი თავის გაგების უკმარისობის - თვითშემეცნების უკმარისობის - აღქმაში. რას ვგავართ, როდესაც სხვადასხვა დროს განსხვავებულ ემოციებს განვიცდით? ერთ მომენტში ვენდობით, მეორე წამს გვეეჭვება, ერთ მომენტში გვიყვარს, მეორე წამს - არ გვიყვარს. ამგვარად, მიზანი ისაა, რომ ამ განსხვავებულ ემოციებს თავი ერთად მოვუყაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავი არასდროს გვეცოდინება. თუ წამიერად მხოლოდ ერთ ემოციას ვგრძნობთ და სხვები არ გვახსოვს, ჩვენ მასთან ვართ გაიგივებული. როდესაც სხვა ემოცია მოდის, პირველი გვავიწყდება; მესამე ემოციისას წინა ორი გვავიწყდება. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიბაძვის და მრავალი სხვა გზით ჩვენ გარკვეული სახის წარმოსახვით მდგომარეობაში ცხოვრებას ვსწავლობთ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ უსიამოვნებებისგან, ამიტომ ადამიანები მხოლოდ ერთი ემოციის დანახვის უნარს ივითარებენ.
გაიხსენეთ მუშაობა, გაიხსენეთ საკუთარი თავი ერთ გუნება-განწყობილებისას, შემდეგ სხვა გუნება-განწყობილებისას. შეეცადეთ ერთმანეთთან დააკავშიროთ, და თქვენ დაინახავთ.
კითხვა: თუ ჩვენ სხვადასხვა იზოლირებული განყოფილებები გაგვაჩნია, ისინი თავის თავს გამოხატავენ?
პასუხი: როგორც უკვე გითხარით, თითოეული თავის დროზე. მაგალითად, ვიღაც გვიყვარს ერთ მომენტში და სიკვდილს ვუსურვებთ მეორეში. მაგრამ ამას ვერ ვხედავთ. თუმცა ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ერთდროულად ერთსა და იმავე ობიექტზე ყველა ჩვენი ემოციის შეგრძნება შეგვიძლია. უნდა დაელოდოთ, ვიდრე ასეთი მომენტის ეშხს არ შეიგრძნობთ, რადგან მის გარეშე ვერასდროს მიაღწევთ იმის შემდგომ გაგებას, რას ნიშნავს სინდისის მომენტი. სინდისი შეიძლება ძალზე ძლიერი და განსაზღვრული იყოს. მაგრამ უმეტესწილად მას სძინავს, რადგან ადამიანთა უმეტესობას სძინავს, და მათში ყველაფერი მიძინებულია.
ამგვარად, სინდისი უნდა გავაღვიძოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ჭეშმარიტების ემოციურად გაგება უნდა ვისწავლოთ, და ამის გაკეთება ძალგვიძს, თუკი საკუთარ თავში წინააღმდეგობრიობებთან პირისპირ შეხვედრა არ გვაშინებს.
ჩვენში სპეციალური მექანიზმები არსებობს, რომლებიც ამ წინააღმდეგობრიობების დანახვისგან გვიცავენ. ამ მექანიზმებს ბუფერები ეწოდება. ბუფერები სპეციალური მოწყობილობებია, ან, თუ გნებავთ, სპეციალური წანაზარდები, რომლებიც გვიცავენ საკუთარ თავზე და სხვა საკითხებსა თუ საგნებზე ჭეშმარიტების ხედვისგან. ბუფერები გარკვეული სახის აზრგაუმტარ განყოფილებებად გვყოფენ. ჩვენ შეიძლება წინააღმდეგობრივი სურვილები, განზრახვები, მიზნები გვქონდეს, და ვერ დავინახოთ, რომ ისინი წინააღმდეგობრივები არიან, რადგან მათ შორის ბუფერებია აღმართული და ერთი განყოფილებიდან მეორეს დანახვის საშუალებას არ გვაძლევენ.
ერთ განყოფილებაში ყოფნისას, ფიქრობთ, რომ ეს მთლიანობაა, შემდეგ მეორე განყოფილებაში გადადიხართ და ფიქრობთ, რომ ესაა მთლიანობა.
ამ მექანიზმებს ბუფერები ეწოდებათ იმიტომ, რომ როგორც მატარებლის ვაგონში, ისინი დარტყმებს არბილებენ. მაგრამ ადამიანი-მანქანის მიმართებით ეს უფრო ძლიერია: ისინი ადამიანს დანახვის საშუალებას არ აძლევენ, ბუფერი შირმას წარმოადგენს. ძლიერი ბუფერების მქონე ადამიანები ვერასდროს ხედავენ; მაგრამ რომ დაენახათ, რამდენი წინააღმდეგობრიობაა მათში, მოძრაობის უნარს დაკარგავდენენ და საკუთარი თავის ნდობას დაკარგავდნენ. აი რატომაა ბუფერები აუცილებელი მექანიკურ ცხოვრებაში. ასეთი უკიდურესი შემთხვევები მცდარ განვითარებას აღნიშნავს, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებშიც კი, ამა თუ იმ მიმართულებით, ყოველთვისაა ღრმა ფარული ბუფერები.
კითხვა: თუ ადამიანმა შეძლო და საკუთარ თავში ბუფერი აღმოაჩინა, როგორ შეიძლება მისი თავიდან მოცილება?
პასუხი: ჯერ უნდა დაინახოთ ის; ვერაფერს იზამთ, ვიდრე ის უხილავია. ხოლო როდესაც დაინახავთ, რაიმეს გაკეთებას შეძლებთ თუ არა, ბუფერის ზომაზე და ბევრ სხვა საკითხზეა დამოკიდებული. ხანდახან ჩაქუჩით უნდა დაამტვრიოთ ის, ხან კი თავად ქრება, ან სუსტდება, სინდისი იწყებს გამოვლენას. ყოფით ცხოვრებაში ის ბუფერებით ითრგუნება.
კითხვა: უფრო დაწვრილებით ვერ აგვიხსნით, რას ნიშნავს ბუფერები?
პასუხი: ბუფერების აღწერა ან განსაზღვრა ძალზე რთულია. როგორც ვთქვი, ესაა დანაყოფების რიგი ჩვენში, რომლებიც საკუთარი თავის დაკვირვების საშუალებას არ გვაძლევენ. თქვენ შეიძლება სხვადასხვა ემოციური დამოკიდებულება (ბუფერები ყოველთვის ემოციურ დამოკიდებულებებს მიეკუთვნებიან) გქონდეთ ერთსა და იმავე საგნისა თუ საკითხის მიმართ დილით, შუადღეს და საღამოს, ისე რომ თავადაც ვერ ამჩნევთ ამას. ან ერთ გარემოებაში ერთი სახის აზრი გაქვთ, სხვა გარემოებაში კი სხვა სახის აზრები, და ბუფერებია სწორედ კედლები, რომლებიც მათ შორის დგანან.
როგორ წესი, თითოეული ბუფერი საკუთარ თავზე, საკუთარ უნარებზე, ძალებზე, მიდრეკილებებზე, ცოდნაზე, ყოფიერებაზე, ცნობიერებაზე და ა.შ. მცდარ წარმოდგენაზეა დაფუძნებული. ისინი განსხვავდებიან სხვა მცდარი იდეებისგან, რადგან ისინი მუდმივია: მოცემულ პირობებში ადამიანი ყოველთვის ერთსა და იმავეს გრძნობს და ხედავს; და უნდა გაიგოთ, რომ №1, 2 და 3 ადამიანებში არაფერი არაა მუდმივი.
ცვლილების ერთადერთი შანსი, რომელიც ადამიანს აქვს, იმაში მდგომარეობს, რომ მასში არაფერია მუდმივი. წარმოდგენები, ცრურწმენები, მიკერძოებული იდეები თავისთავად ბუფერებს არ წარმოადგენენ, მაგრამ თუ ისინი ძალზე მყარ ფორმას მიიღებენ, მუდამ ერთი სახის შენარჩუნებით, და ერთი და იგივე მეთოდით თიშავენ ობიექტს ჩვენი მხედველობის არედან, ისინი იქცევიან ბუფერებად. თუ ადამიანებს აქვთ ცრუ ინფორმაციაზე, ცენტრების არასწორ მუშაობაზე, უარყოფით ემოციებზე დამყარებული გარკვეული მუდმივი მცდარი დამოკიდებულება, თუ მუდამ ერთნაირად იმართლებენ თავს, ისინი ბუფერებს ამზადებენ. და როდესაც ბუფერი აღიმართება და მუდმივი ხდება, ის ნებისმიერ შესაძლო პროგრესს აჩერებს. თუ ბუფერები კვლავ ვითარდებიან, ისინი ფიქსირებულ იდეებად იქცევიან, ეს კი შეურაცხადობაა ან მისი დასაწყისი.
ბუფერები სხვადასხვა სახისაა. მაგალითად, ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც ძალზე საინტერესო ბუფერი ჰქონდა. ყოველთვის, როდესაც რაღაცას შეცდომით აკეთებდა, ამბობდა, რომ ამას შეგნებულად, ექსპერიმენტის სახით აკეთებდა. ეს ბუფერის ძალზე კარგი მაგალითია. მეორეს ჰქონდა ბუფერი, რომ ის არასდროს აგვიანებს, ამიტომ, ამ მყარად ჩამჯდარი ბუფერით ის ყოველთვის აგვიანებდა, მაგრამ ვერასდროს ამჩნევდა ამას, ხოლო თუ შენიშვნას იღებდა, ყოველთვის უკვირდა და ამბობდა: „როგორ უნდა დავაგვიანო? მე არასდროს ვაგვიანებ“.
კითხვა: ბუფერის დაძლევის შემდეგ, როდესაც რაღაც სრულიად აუტანელს დაინახავთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ?
პასუხი: მთელი ამჟამინდელი მუშაობა ამისთვის სამზადისია. თუ ადამიანი არ მუშაობს და მხოლოდ ფიქრობს, რომ მუშაობს, და ბუფერი უეცრად შემთხვევით ქრება, ის საკუთარ თავს ძალზე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოაჩენს, და დაინახავს, რომ მხოლოდ თავს აჩვენებდა, რომ მუშაობს. ბუფერები თავის მოჩვენებაში გვეხმარებიან, ვითომ ვმუშაობთ. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ აქვთ სინდისი, რადგან სინდისმა უეცრად რომ გაიღვიძოს, ისინი ჭკუიდან შეიშლებოდნენ. ბუფერების სარგებლობა შემდეგში მდგომარეობს: ისინი ძილის გაგრძელებაში გვეხმარებიან, რადგან თუ სხვა მხარეები ადამიანში განვითარებული არაა, თუ ყველაფერი გარკვეულ წონასწორობაში არაა მოყვანილი, ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის ატანა ისეთის, როგორიც არის. ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი ბუფერების განადგურება მომზადების გარეშე. ადამიანი მზად უნდა იყოს. საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ ვიტანთ, რომ არ ვიცნობთ მას. აუტანელი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ როგორები ვართ.
კითხვა: თუმცა საკუთარ თავს განსაკუთრებული გრძნობის გარეშე, ინტელექტუალურად განვიხილავთ.
პასუხი: ინტელექტუალური თვითშესწავლა მხოლოდ მომზადებაა, მაგრამ როდესაც საკუთარი თავის დახსომებას და არგაიგივებას ცდილობთ, თქვენ ემოციურად გრძნობას იწყებთ.
კითხვა: ყველას გვაქვს ბუფერები?
პასუხი: დიახ, მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის გულწრფელები ვიქნებოდით და ყოველთვის ყველაფერს დავინახავდით.
კითხვა: რას წარმოადგენს ჩვეულებრივ ადამიანისთვის დამახასიათებელი შინაგანი დისჰარმონიის მიზეზი?
პასუხი: ეს დისჰარმონია ნორმალური მდგომარეობაა №1, 2 და 3 ადამიანებისთვის.
მძინარე ადამიანი ჰარმონიული ვერ იქნება; ის რომ ჰარმონიული ყოფილიყო, განვითარებისთვის არავითარი სტიმულის მომცემი მოტივი არ იქნებოდა და განვითარების შესაძლებლობა არ იქნებოდა.
კითხვა: მაგრამ თუ ადამიანი ცდილობს მეტად გამოღვიძებული იყოს, ის საკუთარ დისჰარმონიაზე მეტს იგებს; ამ შემთხვევაში, რაკი ხედავს ამას, შეუძლია თუ არა მას უფრო ჰარმონიული გახდეს?
პასუხი: ეს თეორიული კითხვაა. ადამიანი დისჰარმონიული მას შემდეგ აღარ იქნება, რაც ის აღარ იქნება, რასაც ახლა წარმოადგენს. ისეთი, როგორიც ახლაა, ის დისჰარმონიულია, შემდეგ იგებს საკუთარი დისჰარმონიის შესახებ, შემდეგ ისევ დისჰარმონიული, კვლავ იგებს მის შესახებ და ა.შ.
კითხვა: ამგვარად, ადამიანი არასოდეს იქნება ბედნიერი?
პასუხი: ბედნიერება წონასწორობას ნიშნავს, ხოლო წონასწორობა ჩვენს მდგომარეობაში შეუძლებელია, თუ წონასწორობას ჰარმონიულობის აზრით განვიხილავთ. გარკვეულწილად ჩვენ ყოველთვის, თუმცა არასწორად, ვართ გაწონასწორებულები. ჩვენ რომ ჰარმონიულები ვიყოთ ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში, არანაირი მიზეზი შეცვლისთვის არ გვექნებოდა; ამიტომ ბუნებამ სწორად გააკეთა, რომ არ შეგვიძლია ჰარმონიულები ვიყოთ იმ სახით, როგორებიც ვართ, რათა არ ვიყოთ ბედნიერები ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში. ბედნიერება ჰარმონიაა გარეგან ფაქტორებსა და შინაგან გამოვლინებებს შორის, და ჩვენთვის ეს შეუძლებელია, თუ ბედნიერებად ჰარმონიას მოიაზრებთ.
კითხვა: მუშაობა ადამიანს უფრო უბედურს ხომ არ ხდის?
პასუხი: ნამდვილი სისტემის შესწავლა, მეტი კონტროლის მოპოვება ადამიანს უფრო ვერ გააუბედურებს. აქ არავითარი თვითუარყოფა არაა. ის, რაც ადამიანმა უნდა დაკარგოს, წარმოსახვაა. ის, რაც რეალურია, გამოღვიძებას ხელს არ უშლის. წარმოსახვები განაპირობებენ ჩვენს მძინარე მდგომარეობას, და სწორედ მათზე უნდა ვთქვათ უარი.
კითხვა: ბუფერებს აღზრდა და გარემოცვა განაპირობებს?
პასუხი: ბევრი რამ: მაგრამ საუკეთესო ბუფერები თვითაღზრდითაა შექმნილი.
კითხვა: გვასწავლის თუ არა სისტემა, როგორ გავთავისუფლდეთ ბუფერებისგან?
პასუხი: დიახ, სისტემა ჯერ მათ პოვნას გვასწავლის. პოვნის შემდეგ, შეგიძლიათ მეთოდი მოძებნოთ, როგორ მოიშოროთ ისინი თავიდან. ვიდრე მათ არ გააცნობიერებთ, მათზე მუშაობას ვერ დაიწყებთ.
კითხვა: როგორ ვიპოვოთ ბუფერები?
პასუხი: ადამიანს მათი პოვნა არ ძალუძს, თუ სწორად არ აკვირდება საკუთარ თავს. წინააღმდეგობრიობები უნდა ეძებოთ.
კითხვა: თავად უნდა ვეძებოთ ბუფერები, თუ სხვამ უნდა დაგვანახოს ისინი?
პასუხი: ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ვერავინ გაჩვენებთ მანამ, ვიდრე თქვენთვის შესაძლებელ მაქსიმუმს არ გააკეთებთ საკუთარი თავისთვის. ადამიანები არასდროს იჯერებენ ნათქვამს; ისინი ამბობენ: „რაც გნებავთ, ოღონდ ეს არა!“
კითხვა: არის თუ არა ბუფერი, როდესაც საკუთარ თავს ვეუბნებით: „ამას ხვალ გავაკეთებ?“
პასუხი: ეს ბუფერი არ არის, მაგრამ მშვენიერი მეთოდია ბუფერების მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.
კითხვა: თქვენ თქვით, რომ ადამიანმა საკუთარ თავში შეუთავსებლობები უნდა ეძებოს. ბევრ მათგანს ვხედავ, მაგრამ მათ ჩემს სხვადასხვა „მე“-ს მივაწერ.
პასუხი: დიახ, სწორია. მაგრამ, როდესაც ერთ ასეთ შეუთავსებლობაში ვიმყოფებით, ჩვეულებრივ ერთერთ ასეთ შეხედულებასთან ვართ გაიგივებული და სხვას ვერ ვხედავთ. როდესაც არც ერთში არ იმყოფებით, როდესაც გვერდით დგახართ, შეგიძლიათ თქვათ: „ამ საკითხს ხან ამ კუთხით ვუყურებ, ხან იმ კუთხით“, მაგრამ როდესაც გაიგივებული ხართ, ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. უნდა ეცადოთ ამ გაიგივების მოსპობა.
კითხვა: ბუფერია თუ არა, როდესაც ერთსა და იმავე დროს რაღაც თან გინდა და თან არ გინდა?
პასუხი: ეს ბუფერი არაა. ბუფერი ხშირად ღებულობს ძლიერი დარწმუნების ფორმას. მაგალითად, ერთი ჩემი ნაცნობი დარწმუნებული იყო, რომ ყველა ადამიანი უყვარს. სინამდვილეში მას არავინ არ უყვარდა, მაგრამ ამ ბუფერი ძალით ის თავისუფალი იყო იმდენად უსიამოვნო ყოფილიყო, რამდენადაც თავად სურდა. ეს ძალზე საიმედო და მყარი ბუფერია.
კითხვა: სხვებზე დაკვირვებით თუა შესაძლებელი ბუფერებზე მეტის გაგება?
პასუხი: დიახ, რადგან ეს დაგეხმარებათ ბუფერები საკუთარ თავში დაინახოთ. მაგრამ, რადგან მოვლენები ზუსტი ანალოგიით იშვიათად მეორდება, ადამიანი ბუფერებს მხოლოდ სხვებში დაინახავს და არა საკუთარ თავში. მაგრამ თუ ის მომზადებულია ამისთვის ჯერ საკუთარ თავში მათი აღმოჩენის, საკუთარი მექანიკურობის გაცნობიერების გზით, ის მათ დაინახავს.
კითხვა: როდესაც ადამიანი ბუფერს ხედავს, შეიძლება, რომ სხვა ბუფერები შექმნას საკუთარი თავის გასამართლებლად?
პასუხი: ასე მარტივად ბუფერს ვერ შექმნით. შეგიძლიათ ტყუილის მოგონება ან წარმოსახვა, მაგრამ ბუფერები საკმაოდ მყარია და მათი შექმნა ხანგრძლივი პროცესია.
კითხვა: სინდისის აღქმა მხოლოდ მაღალი ემოციური განცდის დროს ხდება?
პასუხი: არა, როგორც გითხარით, სინდისი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც ყოველგვარი სკოლის გარეშე შესაძლებელი გრძნობაა. ესაა ერთ კერძო საგანთან, ან მეორე საგანთან, ან მესამე საგანთან დაკავშირებული ჭეშმარიტების შინაგანი გრძნობის სახეობა. კავშირი შესაძლოა მცდარი იყოს, მაგრამ გრძნობა თავისთავად სავსებით სწორი იქნება.
კითხვა: უეჭველად, სინდისი მეტია, ვიდრე მოცემულ დროს ყველა საკუთარი ემოციის ცოდნა, რადგან მას ადამიანის მოქმედების შედეგის შეცვლა შეუძლია. ის, როგორც ჩანს, ზოგ ემოციას აძლიერებს და ზოგს ასუსტებს.
პასუხი: ეს იმიტომ, რომ ხედავთ მათ. ეს შესაძლებლობათაგან უდიდესია, რადგან როდესაც ერთი და იგივე საგანზე თქვენს განსხვავებულ ემოციებს დაინახავთ და ეს ხედვა მუდმივი გახდება, შეძრწუნდებით.
კითხვა: ის, რასაც ჩვენ სინდისს ვუწოდებთ, ხომ არ არის ჩვენი ერთი „მე“, რომელიც სხვა „მე“-ს არ იწონებს?
პასუხი: ძალზე კარგი დაკვირვებაა სინდისზე ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. მაგრამ ის, რასაც მე სინდისს ვუწოდებ, გარკვეული მდგომარეობაა, რომელში შეგვიძლია მოგვიანებით მოვხვდეთ. ყოფით ცხოვრებაში ის, რასაც სინდისს უწოდებენ, მხოლოდ გარკვეული ასოციაციებია. ჩვენ გარკვეულად აზროვნებას და მოქმედებას მივეჩვიეთ, და თუ რაიმე მიზეზით სხვაგვარად ვიქცევით, უსიამოვნო გრძნობას განვიცდით, რასაც სინდისს ვუწოდებთ. სინამდვილეში სინდისი ბევრად ღრმა და ძლიერი გრძნობაა, და როდესაც რეალური სინდისი გამომჟღავნდება, დაინახავთ, რომ ის არ ჰგავს იმას, რასაც ამჟამად სინდისს ვუწოდებთ.
კითხვა: ამ შემთხვევაში ის გრძნობა, რომელსაც სინდისს ვუწოდებთ, არასწორია?
პასუხი: არ არის აუცილებელი არასწორი იყოს, მაგრამ ეს სხვა გრძნობა არაა. ის შესაძლოა ყოველდღიურ საგნებთან თუ მოვლენებთან იყოს გადაჯაჭვული, რომლებსაც განსაკუთრებული მორალური ღირებულება არ გააჩნიათ. მორალი ყოველთვის ფარდობითია, სინდისი - აბსოლუტურია.
სინდისი განსაკუთრებული დადებითი ემოციაა. ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში ჩვენში ამ ემოციის მცირე კვალი მოიპოვება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ზოგადი გრძნობა გაგვაჩნდეს, რომ რაღაც შეიძლება სწორი იყოს და სხვა რამ კი მცდარი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ სწორი და არასწორი. ეს უნდა განვავითაროთ. ამ მომენტისთვის ის სინდისი, რომლის ქონაც შეგვიძლია, ვერ არჩევს დიდს მცირესგან, მაგრამ მოგვიანებით სინდისი შეიძლება ცნობიერების განსხვავებულ მეთოდად, განმასხვავებელ ინსტრუმენტად იქცეს.
სინდისის სრულად გამომჟღავნების დროისთვის ნებისყოფა უნდა გაგვაჩნდეს, „კეთების“ უნარი უნდა გვქონდეს, სინდისის კარნახით უნდა ვმოქმედებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სინდისი სრულად ადამიანის დღევანდელ მდგომარეობაში რომ გამომჟღავნდეს, ის ყველაზე უბედური არსება იქნებოდა; ის ვერ შეძლებდა დავიწყებას, არ ექნებოდა ადაპტირების უნარი და ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებდა. სინდისი ბუფერებს შლის, ამიტომ ადამიანი საკუთარ თავთან პირისპირ დაუცველი რჩება, და ამავდროულად არავითარი ნებისყოფა არ გააჩნია, შესაბამისად არც შეცვლა შეუძლია, ვეღარც იმას აკეთებს, რაც აქამდე სწორად მიაჩნდა. ამიტომ, თავდაპირველად მან ნებისყოფა უნდა გამოიმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრიად უსიამოვნო, კონტროლს მიღმა სიტუაციაში აღმოჩნდება. როდესაც კონტროლს მოიპოვებს, მას შეუძლია სინდისის გამომჟღავნების არ შეეშინდეს, მაგრამ არა უადრეს.
კითხვა: რას წარმოადგენს სინანულის გრძნობა, რომელიც მისი აზრით არასწორი საქციელის შემდეგ უჩნდება ადამიანს? ხომ არ არის ეს სინდისი?
პასუხი: არა, სინდისი სხვა რამაა, ის გაცილებით ძლიერი და ყოვლისმომცველია. მაგრამ სასარგებლოა, თუ ადამიანს სინანულის მომენტები ახსოვს. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რას ეფუძნება ეს სინანული.
კითხვა: არსებობს თუ არა არსსა და სინდისს შორის კავშირი?
პასუხი: კავშირი არსებობს, რადგან ცნობიერებაც და სინდისიც არსიდან მოდიან, მაგრამ არა ჩვენი არსიდან. ჩვენი არსი უბრალოდ მექანიკურია.
კითხვა: ვფიქრობ, აუცილებელი არაა, თვითგახსენებამ მორალური დონის ამაღლება გამოიწვიოს.
პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, სხვაგვარ გაგებას აყალიბებს. რადგან, როდესაც ადამიანი ცნობიერი ხდება, მას საგანთა თუ მოვლენათა მორალური მხარე უკეთ ესმის, რადგან მორალი მექანიკურობის საპირისპიროა. თუ ადამიანი უფრო ცნობიერი გახდება, ის საკუთარი ქცევის გაკონტროლებას შეძლებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა მორალური გრძნობა სასარგებლო ან საიმედო იყოს ადამიანის ქცევასთან მიმართებით?
პასუხი: ზოგადად რთული სათქმელია, მაგრამ რაც მეტად შეისწავლით ნამდვილ სისტემას, მეტად დაინახავთ საკუთარ თავს. ბევრი რამაა, რაც თქვენ სრულიად სწორად მიგაჩნიათ, მაგრამ ნამდვილი სისტემის თვალთახედვით, აბსოლუტურად მცდარია. ბევრი რამაა, რაც არ ვიცით. როდესაც ვთვლით, რომ სავსებით მორალურები ვართ, ამით დიდი ზიანის მიყენება შეგვიძლია საკუთარი თავისთვის - რეალური ზიანის, და არა მხოლოდ მორალური გაგებით.
ნამდვილ სისტემას, განსაკუთრებით მოგვიანებით სტადიებზე, ბევრად უფრო მკაცრი წესთა კოდექსი აქვს, და იმავდროულად, შესაძლოა, ის სხვა ნებისმიერზე უფრო თავისუფალია. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ თვალთახედვით, თუ რა არის მექანიკური და რა - ცნობიერი.
კითხვა: სინდისის ფუნქცია ბოლომდე ვერ გავიგე.
პასუხი: თუ არაფერს ამატებთ ამ კითხვას, ასე გიპასუხებთ: თუ ადამიანს გარკვეული მიზანი არ გააჩნია, გარკვეული მიზნისთვის არ მუშაობს, სინდისის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს, რომელსაც არ გაუმართლა და სინდისი აქვს, ცხოვრება გაუმწაროს. მაგრამ თუ ადამიანი გარკვეული მიზნისთვის მუშაობს, ამ შემთხვევაში სინდისი მას მიზნის მიღწევაში ეხმარება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა, რომელმაც თვითგახსენების და სხვა პრაქტიკების მეშვეობით ცოდნა და ძალა შეიძინა, ეს ძალაუფლება ბოროტი მიზნით გამოიყენოს?
პასუხი: იქიდან გამომდინარე, რომ თვითგანვითარების აუცილებელ ნაწილს სინდისის გამოღვიძება წარმოადგენს, სინდისის გამოღვიძება კი ახალი ძალების არასწორი მიზნებისთვის ან განზრახვისთვის გამოყენების ნებისმიერ შესაძლებლობას შეუშლის ხელს. ეს თავიდანვე ნათლად უნდა იყოს აღქმული, რადგან გამოღვიძებული სინდისი არ აძლევს ადამიანს ეგოისტურად, ან სხვა ადამიანების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ან მავნე - ფაქტობრივად არაფრის, რასაც მცდარად და ბოროტად მივიჩნევთ - ქმედების საშუალებას. სინდისი გაღვიძებული უნდა იყოს, რადგან მიძინებული სინდისით ადამიანი ყოველთვის დაუშვებს შეცდომებს და საკუთარ თავში წინააღმდეგობრიობებს ვერ დაინახავს.
კითხვა: გვეხმარება თუ არა მიძინებულ მდგომარეობაში მორალური კოდექსის გამოყენება?
პასუხი: ყოველთვის ერთნაირად არ გვძინავს, და მომენტებში, როდესაც ნაკლებად გვძინავს, შეგვიძლია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, და ჩვენს მიძინებულ მდგომარეობაშიც კი ძალგვიძს, ამ გადაწყვეტილებებს მეტად ან ნაკლებად მივყვეთ, ან საერთოდ არ მივყვეთ და აბსოლუტურად ჩვენი მიძინებული მდგომარეობის დაქვემდებარებაში ვიყოთ. ამას გარდა, თუ ადამიანი გარკვეულ გააზრებულ იდეებს მიყვება, მხოლოდ ამ პროცესითაც კი ის უფრო გამოღვიძებული ხდება.
კითხვა: როდესაც ადამიანი ცნობიერია, ის წინააღმდეგობრიობებს აცნობიერებს. ეს მათ გარკვეულწილად მაინც არ ანეიტრალებს?
პასუხი: არა, ეს ძალზე მარტივი იქნებოდა; თქვენ მათი დანახვა შეგიძლიათ, და მიუხედავად ამისა, ისინი დარჩებიან. ერთი საქმეა - ხედავდეთ, მეორე - რაიმეს აკეთებდეთ, ერთია - იცოდეთ, და მეორე - იცვლებოდეთ.
კითხვა: აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ ობიექტური ცნობიერებითაა შესაძლებელი?
პასუხი: ჭეშმარიტება ჩვენს გარეშე არსებობს, მაგრამ ადამიანს ჭეშმარიტების ცოდნა მხოლოდ ობიექტურ მდგომარებაში შეუძლია. არა „აბსოლუტური“ ჭეშმარიტების, არამედ უბრალოდ ჭეშმარიტების, რადგან ჭეშმარიტება არ საჭიროებს კვალიფიკაციას. ჩვენს მდგომარეობაში ჭეშმარიტების ცოდნა არ ძალგვიძს, მხოლოდ მცირედის გამოკლებით, და აქაც კი შეცდომებს ვუშვებთ.
კითხვა: როგორ შეიძლება ჩვენს დონეზე ადამიანმა ჭეშმარიტება გაიგოს?
პასუხი: მარტივი საკითხების გაგებით. ადამიანს ჭეშმარიტების გაგება მარტივ საგნებსა თუ მოვლენებში შეუძლია; მას შეუძლია იცოდეს, რას წარმოადგენს კარი და რა არის კედელი, და ამ მარტივი საგნების მიმართ რთული კითხვები დასვას. ეს ნიშნავს, რომ სრულიად უბრალო პრინციპებში გარკვეული თვისება აღმოაჩინოთ და ამ უბრალო პრინციპების დახმარებით სხვა საკითხები გადაამოწმოთ. სწორედ ამიტომაა ფილოსოფია ნამდვილი სისტემიდან ამოღებული - როგორც შესაძლებლობათა უბრალო განხილვა ან სიტყვების აზრის განხილვა. უბრალო საკითხების გარკვევას უნდა ცდილობდეთ და ამგვარად აზროვნება უნდა ისწავლოთ; ამგვარად ისწავლით ყველაფრის მარტივ საკითხებამდე დაყვანას. ავიღოთ, მაგალითად, თვითგახსენება. მთელი მასალა თქვენს ხელთაა; თუ საკუთარ თავს აკვირდებით, დაინახავთ, რომ მოცემულ მომენტში საკუთარი თავი არ გახსოვდათ; შეამჩნევთ, რომ ზოგ მომენტში მეტად გახსოვთ თავი, ზოგში კი ნაკლებად, და გადაწყვეტთ, რომ უკეთ გახსოვდეთ თავი. ეს ნიშნავს, რომ კარი იპოვეთ, რომ კარსა და კედელს შორის განსხვავებას ხედავთ.
კითხვა: როგორ გავახანგრძლივოთ სინდისის მდგომარეობა?
პასუხი: თავდაპირველად მის გახანგრძლივებაზე კი არა, არამედ შექმნაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის არ გვაქვს. როდესაც ვქმნით ან ვაღვიძებთ სინდისს, შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგია მისი დიდი ხნით შენარჩუნება, თუმცა ეს ძალზე უსიამოვნოა. მაგრამ პირდაპირი მეთოდები მის გამოსაწვევად არ არსებობს, ამიტომ ადამიანმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, სინდისი რომ შეიგრძნოს. ზოგადად, ერთერთი პირველი პირობა საკუთარ თავთან მაქსიმალური გულწრფელობაა. ჩვენ არასდროს ვართ გულწრფელნი საკუთარ თავთან.
კითხვა: როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავთან გულწრფელობა?
პასუხი: მხოლოდ საკუთარი თავის დანახვის მცდელობით. უბრალოდ იფიქრეთ საკუთარ თავზე, არა ემოციურ მომენტებში, არამედ მშვიდ პერიოდში, და არ გაიმართლოთ თავი, რადგან ჩვეულებრივ თავს ვიმართლებთ და ყველაფერს ახსნას ვუძებნით, ვამბობთ, რომ ეს გარდაუვალი იყო ან რომ სხვისი შეცდომა იყო და ა.შ.
კითხვა: ვეცადე გულწრფელი ვყოფილიყავი, თუმცა ახლა ვხედავ, რომ სინამდვილეში არ ვიცი, რას ნიშნავს, იყო გულწრფელი.
პასუხი: მხოლოდ სურვილი, ვიყოთ გულწრფელნი, საკმარისი არაა. მრავალ შემთხვევაში არ გვსურს გულწრფელობა, მაგრამ რომც გვინდოდეს, ვერ მოვახერხებდით ამას. ეს უნდა გაიგოთ. გულწრფელობის უნარი მთელი მეცნიერებაა. გულწრფელობის გადაწყვეტილებაც კი საკმაოდ რთულია, რადგან მოსამიზეზებელს ბევრს ვპოულობთ.
მხოლოდ გულწრფელობას და იმ ფაქტის, რომ მექანიკურობის და მისი გარდაუვალი შედეგების მონები ვართ, სრულად მიღებას შეუძლია გვიშველოს ბუფერების მოძებნასა და განადგურებაში, რის მეშვეობითაც თავს ვიტყუებთ. თუ რას წარმოადგენს მექანიკურობა და მექანიკურობის მთელი საშინელება, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავიგოთ, როდესაც რაღაც საშინელებას ჩავდივართ და სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს მექანიკურობა იყო ჩვენში, რომელმაც გვაიძულა ასე მოვქცეულიყავით. აუცილებელია მაქსიმალური გულწრფელობა საკუთარ თავთან, ეს რომ დავინახოთ. თუ დამალვას, გამართლებას ან ახსნას ვცდილობთ, ვერასოდეს გავაცნობიერებთ ამას. ამას საშინელი ტკივილის მოყენება შეუძლია, მაგრამ უნდა ავიტანოთ და ვეცადოთ გავიგოთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან სრული აღიარებით შეიძლება ავიცილოთ თავიდან მისი განმეორება მომავალში. თუ ბოლომდე გავიგებთ ამას და არ ვეცდებით მის დაფარვას, შესაძლოა შედეგიც კი შევცვალოთ.
ჩვენ შეგვიძლია მექანიკურობის ხაფანგს გავექცეთ და მისი ძალა გავანადგუროთ ძლიერი ტანჯვის გზით. თუ ტანჯვას გავურბივართ, თუ გვეშინია მისი, თუ საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ სინამდვილეში არაფერი ცუდი არ მომხდარა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს უმნიშვნელოა და რომ ყველაფერი ისევე შეიძლება მოხდეს, როგორც ადრე ხდებოდა, ჩვენ არა მარტო ვერასოდეს გავიქცევით, არამედ უფრო და უფრო მექანიკურები გავხდებით და მალე მივაღწევთ მდგომარეობას, როდესაც არავითარი შესაძლებლობა და ერთი შანსიც კი არ გვექნება.