პ. უსპენსკი - "მეოთხე გზა"

გიორგი გურჯიევი
5
1

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენსკის ჰკითხეს, აპირებდა თუ არა თავისი ლექციების გამოქვეყნებას, მან უპასუხა: „რა სარგებელი ექნება ამას? მნიშვნელოვანია არ...

თავი მერვე

 

თავი მერვე

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

მრავლობითობა და მუდმივი „მე“-ს არარსებობა - სიტყვის „მე“ ხუთი მნიშვნელობა - სხვადასხვა პიროვნებები, სიმპატიები და ანტიპატიები - უსარგებლო და სასარგებლო პიროვნებები - მაგნეტური ცენტრი და მმართველის მოადგილე - საკუთარი თავის დაყოფა „მე“-დ და „ბატონ X“-ად - ცრუ პიროვნება - რას წარმოადგენს „მე“ - ცრუ პიროვნების შესწავლა როგორც საკუთარი თავის გახსენების შესწავლის გზა - ცრუ პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა - კონტროლის აუცილებლობა - ცრუ პიროვნება და უარყოფითი ემოციები - რა არის საიმედო და არასაიმედო საკუთარ თავში - ტანჯვა და მისი სარგებელი - არ ვახსენოთ „მე“ განსხვავების გარეშე - ცრუ პიროვნება ნამდვილი სისტემის იდეებს ამახინჯებს - მთავარი ნიშანი ან ნიშნები - საკუთარი სისუსტის ცოდნის აუცილებლობა - სტატიკური ტრიადა - შეფასება - გაორების საშიშროება - კრისტალიზაცია

კითხვა: როდესაც კითხვას ვსვამთ, როგორ ვიყოთ ნაკლებად მექანიკურები, გვპასუხობენ - უფრო მეტად გამოვიღვიძოთ; როდესაც ვიკითხავთ, როგორ გამოვიღვიძოთ, გვპასუხობენ - საკუთარი თავი გავიხსენოთ. ეს წრეს გავს, რადგან ყოველი მეთოდი მეორე მეთოდის დამატებას წარმოადგენს. შეგვიძლია თუ არა დამატებითი დახმარების მიღება, რათა ყველა ან მათგან რომელიმე გამოვცადოთ?

პასუხი: ეს ბოლომდე სწორი არ არის, რადგან ყველა ამ მცდელობას საკუთარი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ყველანი განსხვავებულები არიან. კედლის დანგრევა ყველა შესაძლო მხრიდან უნდა სცადოთ. კედელი ძალზე მაღალი და მტკიცეა, და ის უნდა დავანგრიოთ.

mmmmme

თუმცა აქედან არ დავიწყებთ - ვიწყებთ ჩვენი მრავლობითობიდან. პირველად რომ გესაუბრეთ ჩვენში არსებული მრავალი „მე“-ს შესახებ, გითხარით, რომ ყოველწამიერად ახალი „მე“ გამოდის ასპარეზზე, ხანმოკლე დროით გვმართავს და ქრება, და მრავალი მათგანი ერთმანეთს არასდროს ხვდება. როდესაც აცნობიერებთ, რომ ერთიანი არ ხართ, რომ მრავლობითი ხართ, რომ შეიძლება რაიმეზე კონკრეტული ცოდნა დილით გაქვთ და ნაშუადღევს მასზე არაფერი იცით, ამ შემთხვევაში ეს ცნობიერება დასაწყისის მაჩვენებელია. არ ვგულისხმობ, რომ თუ ამ მრავლობითობას ვაცნობიერებთ, მისი შეცვლა და სხვა პიროვნებად ქცევა შეგვიძლია; მაგრამ ეს გაცნობიერება პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

კითხვა: ვერ ვხვდები, განსხვავებული სიმპატიები რატომ აღნიშნავს სხვადასხვა „მე“-ს ან „მე“-თა ჯგუფებს.

პასუხი: იმიტომ, რომ ერთი და იგივე „მე“ იდენტური იქნებოდა. როდესაც ამბობთ „მე“, მთლიანობაზე ფიქრობთ. სინამდვილეში, ეს თქვენი მხოლოდ პატარა ნაწილია.
ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვარსებობთ, რომ ყოველ „მე“-ში მთელი კაპიტალის ჩადება არ ძალგვიძს, წინააღმდეგ შემთხვევაში გავკოტრდებოდით. მხოლოდ გროშებს ვაბანდებთ. ჩვენი „მე“-ები - გროშებია. დავუშვათ, რომ გარკვეული რაოდენობის მონეტები გაქვთ, გროშები. ყოველ მომენტში, როდესაც ამბობთ „მე“, იყენებთ თითო გროშს. ეს შეცდომაა; ისეთებიც კი, როგორებიც ვართ, მეტი ვღირვართ, ვიდრე გროშია.

ნამდვილ სისტემაში სიტყვის „მე“ შესახებ ხუთი გზით ხუთ სხვადასხვა დონეზე შეიძლება საუბარი. ადამიანი თავის ჩვეულებრივ მდგომარეობაში „მე“-ს სიმრავლეს წარმოადგენს; ეს პირველი მნიშვნელობაა. როდესაც ადამიანი მუშაობას გადაწყვეტს, ჩნდება „დამკვირვებელი მე“, ან „მე“-თა ჯგუფი (სქემაზე შავადაა ნაჩვენები); ეს მეორე მნიშვნელობაა. ყველაზე პატარა წრით ნაჩვენებია მესამე მნიშვნელობა, როდესაც მმართველის მოადგილე ჩნდება. ის გარკვეული რაოდენობის „მე“-ებს აკონტროლებს. საშუალო წრით ნაჩვენებია მეოთხე მნიშვნელობა, როდესაც მმართველი ჩნდება. ის ყველა „მე“-ს აკონტროლებს. მეხუთე მნიშვნელობა - ეს ბატონის (ინგლისურ ვარიანტში - "Маster", მთარგმნელის შენიშვნა) მნიშვნელობაა. ის დიდი გარეთა წრითაა გამოხატული, რადგან მას დროში სხეული გააჩნია. მან იცის წარსული, ასევე მომავალი, თუმცა ამას სხვადასხვა ხარისხი უნდა ჰქონდეს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა მუშაობით დაინტერესებულ „მე“-თა რაოდენობის გაზრდა?

პასუხი: საკმაო რაოდენობის „მე“-ები გაგვაჩნია, მათი რიცხვი თავისთავად მატულობს.

მიზანი მათი გაერთიანება და მუშაობით დაინტერესებულ ერთ „მე“-დ გადაქცევის ხელშეწყობაა. თუ მრავალი სხვადასხვა „მე“-ა დაინტერესებული და ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე, რომ არც კი უწყიან, ერთ „მე“-ს ან „მე“-თა ჯგუფს შეუძლია ერთი რამ აკეთოს, მეორეს - სხვა რამ. საკუთარ თავზე საუბრისას „მე“-ს გამოყენება მხოლოდ თქვენს მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული მიზნისთვის შეგიძლიათ: თვითშესწავლისას, სისტემის შესწავლისას, თვითგახსენებისას და ა.შ. სხვა შემთხვევებში უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს რეალურად თქვენ კი არ ხართ, არამედ თქვენი მხოლოდ მცირე, დიდწილად წარმოსახვითი ნაწილია. როდესაც ამის გარჩევას ისწავლით, როდესაც ეს ჩვევად იქცევა (მუდმივობის აზრით), იგრძნობთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. მაგრამ თუ ყოველთვის განურჩევლად „მე“-ს იყენებთ, ამით მხოლოდ თქვენს მექანიკურ ტენდენციებს უწყობთ ხელს და აძლიერებთ მათ. ამასთანავე, დაკვირვებიხართ, რაოდენ ხშირად ვირჯებით უსურვილოდ? ხან რას ვაკეთებთ, ხან რას, ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვგრძნობთ და ამგვარად, ერთი მეორეს მიყოლებით ისინი ენერგიას გვართმევენ, და რეალური მუშაობისთვის აღარაფერი რჩება.

პირველ ლექციაში ვთქვი, რომ ეს ასეულობით „მე“-ები ჯგუფებს აყალიბებენ, რომლებშიც რამდენიმე „მე“ ერთად მუშაობს. ზოგი ამ ჯგუფებიდან ბუნებრივია, სხვები - ხელოვნური, ზოგი კი - პათოლოგიურიც კი. მრავალ „მე“-თა პირველი ბუნებრივი დაყოფა ფუნქციების შესაბამისია: ინტელექტუალური, ემოციური, ინსტინქტური და მამოძრავებელი. მაგრამ, ამათ გარდა, სხვა მრავალი დაყოფაც არსებობს, რომლებსაც შეიძლება სხვადასხვა პიროვნება ეწოდოს.

კითხვა: რა განსხვავებაა პიროვნებებსა და მრავალ „მე“-ს შორის?

პასუხი: შეიძლება ითქვას, რომ პიროვნებები სხვადასხვა „მე“-სგან შედგებიან. ყველას შეუძლია საკუთარ თავში რამდენიმე პიროვნება აღმოაჩინოს, და რეალური თვითშესწავლა ამ სხვადასხვა პიროვნების შესწავლით იწყება, რადგან „მე“-ს შესწავლა არ შეგვიძლია მათი სიმრავლის გამო. პიროვნებების შემთხვევაში საქმე უფრო მარტივადაა, რადგან ყოველი პიროვნება, ანუ „მე“-თა ჯგუფი, რომელიმე მიდრეკილებას, განსაკუთრებულ მისწრაფებას ან, ზოგჯერ, ჩვევას აღნიშნავს.

კითხვა: სპეციალური დაკვირვება ხომ არაა საჭირო პიროვნების დასანახად?

პასუხი: თქვენი პირადი სიმპატიების შესწავლა დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ რაიმე ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგწონდათ, დაინახავთ, რომ მის გარშემო ჩამოყალიბებული პიროვნება არსებობს. ჩვენ სიმპატიების ქმნილებები ვართ; ბევრი სხვადასხვა რამ გვიყვარს, მაგრამ ნამდვილი სიმპატია მხოლოდ გარკვეული რაოდენობით გვაქვს. მათი შესწავლის გზით ადამიანი პიროვნებებს პოულობს.

კითხვა: ნუთუ ყველა პიროვნება სიმპატიასთანაა დაკავშირებული და არცერთი - ანტიპატიასთან?

პასუხი: არა მგონია, რომ ნორმალურ ადამიანს ასეთი ძლიერი ანტიპატია ჰქონდეს. ანტიპატიები, როგორც წესი, შემთხვევითია, ამიტომ არ ენდოთ მათ. თუმცა, ზოგი რამ ყოველთვის გიყვარდათ, ხოლო ზოგი - მხოლოდ გგონიათ, რომ გიყვართ.
პიროვნებები ძალზე განსხვავებულები შეიძლება იყვნენ. მათგან ზოგი რეალურ ფაქტებს, გემოვნებასა და მიდრეკილებებს, სხვები კი წარმოსახვებს და საკუთარ თავზე მცდარ წარმოდგენებს ეფუძნება. ამიტომ პიროვნებები ერთმანეთისგან უნდა განვაცალკევოთ - ნებისმიერი ფორმით სასარგებლოები თვითგანვითარებისთვის უსარგებლოთაგან, რომლებიც უნდა გავანადგუროთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა დავიმორჩილოთ.

კითხვა: მეჩვენება, რომ ზოგი პიროვნება დიდი ხნით ქრება.

პასუხი: ისინი არ ქრებიან, მხოლოდ კულისებში იმალებიან. შემთხვევითი „მე“-ები ქრებიან, პიროვნებები კი ასე მარტივად არ ქრებიან, თუმცა შესაძლოა მიიმალონ. ან, მათი მსხვერპლად შეწირვაა შესაძლებელი, რადგან ხანდახან, ერთი პიროვნების გამოსავლენად ადამიანმა რამდენიმე სხვა უნდა გაწიროს.

კითხვა: როგორ დავადგინოთ, რომელი პიროვნებაა რეალური და რომელი წარმოსახვითი?

პასუხი: ცხოვრება პიროვნებებისთვის გამოცდას ითვალისწინებს. დავუშვათ, ფიქრობთ, რომ რაღაც ძალზე მოგწონთ, შემდეგ ცხოვრება გთავაზობთ იმას, რაც თქვენი აზრით მოგწონდათ, და უცებ აღმოაჩენთ, რომ ეს სულაც არ გსიამოვნებთ და თურმე მხოლოდ გეგონათ, რომ ეს მოგწონდათ. ამრიგად, დაინახავთ, რომ ეს პიროვნება წარმოსახვითი იყო.
კითხვა: რა განსაზღვრავს, რომელი პიროვნება ანუ „მე“-თა ჯგუფია უსარგებლო და უნდა გამოირიცხოს?

პასუხი: პიროვნებები უნდა დაიყოს. თვითგანვითარება მაგნეტური ცენტრიდან, ანუ „მე“-თა ჯგუფიდან ანუ პიროვნებიდან იწყება, რომელიც კონკრეტული საკითხებითაა დაინტერესებული. როდესაც ადამიანი სკოლაში ხვდება, მისი მაგნეტური ცენტრი ყოფიერების შესწავლის შედეგად მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას იწყებს, და ამგვარად მაგნეტური ცენტრი ბოლოს და ბოლოს მმართველის მოადგილე ხდება. ამ პიროვნების გარდა სხვა პიროვნებებიც არიან, რომელთაგან ზოგი შეიძლება განვითარდეს, ზოგი კი საწინააღმდეგოდაა განწყობილი. ამგვარად, ზოგი პიროვნება მუშაობისას შეიძლება გაერთიანდეს, ზოგი ნეიტრალური რჩება და, ვიდრე მუშაობას ხელს არ შეუშლის, გარკვეული დროის განმავლობაში მათი დატოვება შეიძლება, ზოგი კი უნდა გამოირიცხოს. როდესაც მაგნეტური ცენტრი მმართველის მოადგილედ ტრანსფორმირდება, თქვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებთ, გარკვეულ მიზანს ისახავთ, მუშაობთ. შემდეგ გაიგებთ, რომელ პიროვნებას შეუძლია მოადგილესთან მუშაობა და რომელს არ შეუძლია.

თუ პიროვნება თქვენს მიზანს ეწინააღმდეგება და მისი დაზიანება შეუძლია, ან არ სურს ის, ან არ იცის მის შესახებ, ამ შემთხვევაში მას მმართველის მოადგილესთან მუშაობა არ შეუძლია. ამგვარად, მათი გამორჩევა შეიძლება, მაგრამ ჯერ მათი შესწავლაა საჭირო. შემდეგ, როდესაც პიროვნებები გადარჩეულია და მაგნეტური ცენტრის ირგვლივაა დაჯგუფებული, რომელიც მმართველის მოადგილეს წარმოადგენს, ისინი არსებაზე მხოლოდ თავიანთი არსებობით მოახდენენ გავლენას.

კითხვა: მმართველის მოადგილე სინდისია?

პასუხი: დიახ, მაგრამ ირიბი: მათ შორის რამდენიმე სხვადასხვა მდგომარეობაა. უკეთესია, თუ ვიტყვით, რომ მაგნეტური ცენტრი საფუძველია, რომლიდანაც მუდმივი „მე“ ამოიზრდება.

მოგვიანებით, გარკვეული ტრანსფორმაციების გზით მაგნეტური ცენტრი მუდმივი „მე“ ხდება. ის მუდმივი „მე“-ს თესლია, მაგრამ მხოლოდ თესლი - თავდაპირველად ის სრულიად უნდა გარდაიქმნას.

ახლა კი პრაქტიკული გამოყენებისთვის ყველაზე უფრო რთული დაყოფის გაგება სცადეთ. ესაა დაყოფა „მე“-დ და „უსპენსკი“-დ (ავტორის შემთხვევაში). რას წარმოადგენს „მე“? ჩვენ არავითარ „უსპენსკის“ საპირისპირო მუდმივ „მე“-ს არ ვფლობთ. მაგრამ მთელი ჩვენი ინტერესი ნამდვილ სისტემაში, მთელი ჩვენი ძალისხმევა თვითშესწავლაში და თვითგანვითარებაში და ის, რასაც „დამკვირვებელი „მე“ ეწოდება - ეს ყველაფერი „მე“-ს დასაწყისია. სხვა ყველაფერი „უსპენსკია“, ანუ „ცრუ პიროვნება“. „უსპენსკი“ საკუთარი თავის ჩვენი წარმოსახვითი ხატებაა, რადგან მასში ვათავსებთ ყველაფერს, რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, რაც, როგორც წესი, წარმოსახვის ნაყოფია. მთელი შესწავლა საბოლოოდ ამ წარმოსახვითი სურათის შესწავლაზე და მისგან განცალკევებაზე დაიყვანება. ამიტომ, ამჟამად „მე“-დ შეგიძლიათ მიიჩნიოთ ამ სისტემის თქვენი შეფასება. ეს „თქვენ“ ხართ. სისტემასთან თქვენი დამოკიდებულებიდან, სისტემაში თქვენი მუშაობიდან, სისტემისადმი თქვენი ინტერესიდან იზრდება „მე“. ამ საფუძველზე შეგიძლიათ „მე“-ს ცრუ პიროვნებისგან განცალკევება. არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი სწორად წარიმართება, მაგრამ ამ მეთოდს დიდი პრაქტიკული ღირებულება გააჩნია.
ცრუ პიროვნება ყოველთვის თვითგანვითარებისთვის მუშაობის წინააღმდეგია და ყველა სხვა დანარჩენი პიროვნებების მუშაობას აზიანებს. ის არასდროსაა სასარგებლო.

კითხვა: რა განსხვავებაა რეალურ პიროვნებასა და ცრუ პიროვნებას შორის?

პასუხი: თქვენ ორ დაყოფას ურევთ ერთმანეთში, რომლებიც სრულიად განსხვავებულები არიან და სხვადასხვა სკალაზე იმყოფებიან, ამიტომ მათი შედარება არ შეიძლება. პიროვნებების შესახებ (მრავლობით რიცხვში) არსებასთან დაკავშირებით საუბრობენ, რადგანაც გითხარით, რომ პიროვნება მის შემადგენელ სხვადასხვა პიროვნებებად იყოფა.
არსებად და პიროვნებად დაყოფა ამჟამად მხოლოდ თეორიულია და სასარგებლოა მხოლოდ როგორც პრინციპი, რადგან მისი დანახვა საკუთარ თავში რთულია. ჩვენ არ ვიცით ჩვენი პიროვნებები, ამიტომ ორი ბოლოდან ვიწყებთ შესწავლას. ჩვენ ჯერ იმ პიროვნებას ვსწავლობთ, რომელიც მუშაობასთანაა დაკავშირებული და რომელიც მაგნეტური ცენტრიდან განვითარდა; შემდეგ სრულიად სხვა სკალაზე ცრუ პიროვნებას ვსწავლობთ. ცრუ პიროვნება „თქვენი“ საპირისპიროა, ის თქვენი მცდარი წარმოდგენაა საკუთარ თავზე - სწორედ ის, რასაც არ წარმოადგენთ. ეს დაყოფა პრაქტიკულია, რადგან აუცილებლად გარკვევით უნდა იცოდეთ, რისი მსგავსია თქვენი ცრუ პიროვნება.

ამგვარად, არ უნდა ავურიოთ ცრუ პიროვნება პიროვნებებში, რადგან, თუმცა ისინი არც თუ მთლად რეალურები არიან, პიროვნებები შეიძლება რეალურ მიდრეკილებებს, რეალურ გემოვნებას და სიმპატიას ეფუძნებოდნენ, მაშინ როდესაც ცრუ პიროვნება მთლიანად ყალბია და შეიძლება ისეთი რამ უყვარდეს, რაც „თქვენ“ არ მოგწონთ, ან არ უყვარდეს ის, რაც „თქვენ“ ნამდვილად მოგწონთ. როდესაც ცრუ პიროვნებაზე საუბრობთ, თქვენ „თქვენს თავს“ არსებულად მიიჩნევთ, ხოლო ცრუ პიროვნებას - არარსებულად; როდესაც პიროვნებებზე საუბრობთ, ცრუ პიროვნებას საუბრის მიღმა ტოვებთ და რაც „საკუთარ თავად“ მიგაჩნიათ, იმის სხვადასხვა დაყოფას განიხილავთ.

ცრუ პიროვნება მხოლოდ სიტყვა არ უნდა იყოს. ნებისმიერ ადამიანს მასზე საუბრისას ცრუ პიროვნების გავლენის ქვეშ მოქცეული საკუთარი თავის გარკვეული სურათი უნდა გააჩნდეს. ამ ტერმინის მხოლოდ ამგვარ გამოყენებას შეუძლია გარკვეული შედეგის მოტანა.

კითხვა: კიდევ მოგვიყევით, რას წარმოადგენს „მე“?

პასუხი: „მე“ მხოლოდ სავარაუდოა; ჩვენ არ ვიცით, რას წარმოადგენს „მე“. მაგრამ „უსპენსკი“ ვიცი და მისი შესწავლა მის ყველა გამოვლინებაში შემიძლია. ამიტომ „უსპენსკით“ უნდა დავიწყო. „მე“ მოუხელთებელი და ძალზე პატარაა; ის მხოლოდ პოტენციალის სახით არსებობს; თუ ის არ იზრდება, ცრუ პიროვნება ყველაფრის წარმმართველად დარჩება. მრავალი ადამიანი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ იციან, რა რას წარმოადგენს. ისინი ამბობენ „ეს მე ვარ“, სინამდვილეში კი ეს ცრუ პიროვნებაა. ეს, როგორც წესი, როლების თამაშის ჩვენს უნართანაა დაკავშირებული. ეს ძალზე შეზღუდული უნარია; ჩვეულებრივ ჩვენ დაახლოებით ხუთი ან ექვსი როლი გვაქვს, მიუხედავად იმისა, აღვიქვამთ ამას თუ არა. ჩვენ გარკვეული, მთლიანად შეცდომაში შემყვანი, ამ როლებს შორის მსგავსების შემჩნევა შეგვიძლია და მაშინ, ცნობიერად ან არაცნობიერად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ უკან უცვლელი ინდივიდუალობა დგას. ჩვენ მას „მე“-ს ვუწოდებთ და ვფიქრობთ, რომ ის ყველა გამოვლინების უკან იმყოფება, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ეს ჩვენი თავის წარმოსახვითი სურათია. ეს სურათი უნდა შევისწავლოთ. შეუძლებელია საკუთარი თავის პრაქტიკული ცოდნა, თუ ადამიანი თავის ცრუ პიროვნებას არ იცნობს. ვიდრე ვფიქრობთ, რომ ერთი ვართ, ყველა ჩვენი განსაზღვრება მცდარია. მაშინ, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ყველა ეს განზრახვა, სურვილი და ა.შ. არარეალურია, რომ ისინი ცრუ პიროვნებას წარმოადგენენ, მხოლოდ მაშინ შეუძლია მას რაღაც შეიძინოს. ესაა ერთადერთი შესაძლებელი პრაქტიკული მუშაობა, და ის ძალზე ძნელია. ცრუ პიროვნება უნდა გაქრეს ან, ყველაზე მცირე, უნდა გარდაიქმნას ძალად, რომელიც ჩვენს მუშაობას ხელს არ შეუშლის. ის საკუთარ თავს დაიცავს და ადვილად არ დათმობს პოზიციებს. მუშაობა ცრუ პიროვნებასთან ბრძოლას წარმოადგენს, რომელიც ამ დროს შეგვეწინააღმდეგება, ძირითადად, სიცრუის მეშვეობით, რადგან სიცრუე მისი ყველაზე ძლიერი იარაღია.

კითხვა: თუ ამბობთ, რომ ის, რასაც „მე“-ს ვუწოდებთ, წარმოსახვითია, „თვითცნობიერების“ ქვეშ რას მოიაზრებთ? რომელი „თვით“ შეიძლება იყოს ცნობიერი?

პასუხი: თვით როგორც არა-თვითისგან განსხვავებული. „მე“ - და ეს მაგიდა. როდესაც ვთქვი, რომ „მე“ წარმოსახვითია, ვგულისხმობდი აზრობრივ სურათს, რომელიც საკუთარ თავზე გაგვაჩნია, იმ აზრით, რომ საკუთარ თავზე ვფიქრობთ.

როდესაც ვამბობ „უსპენსკი“, ეს გალამაზებული „უსპენსკია“, შექმნილი, რომ იმგვარად გამოიყურებოდეს, რასაც არ წარმოადგენს. მე მას ბევრ ისეთ რამეს მივაწერ, რასაც ის არ ფლობს, და ასევე არც მის სისუსტეებს ვიცნობ. რეალური „მე“-ს ზრდის პირობა იმაში მდგომარეობს, რომ „უსპენსკი“ თავიდან მოვიცილოთ, მასთან არ ვიყოთ გაიგივებული.

კითხვა: „მე“ ყოველთვის არარეალურია, თუ ის ძალისხმევასთან არ არის დაკავშირებული?

პასუხი: „მე“ მხოლოდ თვითცნობიერ მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს, და თვითცნობიერების შექმნისთვის მუშაობის ყოველი მომენტი ძალისხმევას გულისხმობს. არაფერი „ხდება“ თავისთავად. თუ შევცვლით ჩვენს ყოფიერებას, ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ამჟამინდელ მდგომარეობაში სხვაგვარი ვერაფერი იქნება.

კითხვა: ვფიქრობ, რომ მხოლოდ ცრუ პიროვნებას შეუძლია გარკვეულ ახალ გარემოებებთან შეგუება; მას ახალი როლის შესრულება შეუძლია და ამას უკეთ გააკეთებს.

პასუხი: ცრუ პიროვნება არ ადაპტირდება. მორგება ჩვეულებრივი გაგებით ნიშნავს მეტნაკლებად მართვად მოქმედებას. ცრუ პიროვნება სხვაგვარად რეაგირებს, იმის მიხედვით, რას წარმოადგენს, მაგრამ ადაპტირება არ შეუძლია. და აუცილებელი არ არის ცხოვრებას აიოლებდეს - მას ვერ დაეყრდნობით. უნდა გაიგოთ, რომ უმცირესი კონტროლიც კი არ გაგაჩნიათ ცრუ პიროვნებაზე. როდესაც ამას დავინახავთ, ვაცნობიერებთ, რომ ის ყველაფერს განაგებს, და მისი გაკონტროლება არაფერს შეუძლია. ამიტომ ადაპტირებას ამას ვერ ვუწოდებთ. საკუთარ თავში უნდა განაცალკევოთ, რისი გაკონტროლება ძალგიძთ და რისი - არა. ის, რისი გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ, ცრუ პიროვნებას განეკუთვნება, ხოლო ის, რასაც აკონტროლებთ - თქვენ.

კითხვა: რა უნდა მოვუხერხოთ ცრუ პიროვნების საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას?

პასუხი: ჯერ ყველა მისი თავისებურება უნდა შეისწავლოთ, შემდეგ სწორად იაზროვნოთ. სწორად აზროვნებისას, მასთან ურთიერთობის გზებსაც იპოვით. ის არ უნდა გაამართლოთ; ის გამართლებით საზრდოობს და ყველა თავისი თვისების განდიდებით ცხოვრობს. ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, მშვიდ წუთებშიც კი, მას ყოველთვის ვამართლებთ, მივიჩნევთ რა მას კანონიერად და მისთვის ყველანაირად ვიბოდიშებთ. სწორედ ამას ვუწოდებ მცდარ აზროვნებას.

ცრუ პიროვნების შესწავლის პროცესში სულ უფრო მეტად ვამჩნევთ მექანიკურობას. მექანიკურობის გაცნობიერების პარალელურად რაიმე არამექანიკურის შექმნის გზით აქედან გამოსვლას ვსწავლობთ. როგორ გავაკეთებთ ამას? ჯერ უნდა დავფიქრდეთ, რა გვსურს, მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან გავაცალკევოთ. საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი თავის და მუშაობის იდეის ცოდნის სურვილი, ცნობიერების შექმნისთვის ბრძოლა არ არის მექანიკური - ამაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ. და თუ ამ კუთხით შევხედავთ, მრავალ წარმოსახვითს დავინახავთ საკუთარ თავში. ეს წარმოსახვები ცრუ პიროვნებას წარმოადგენს - წარმოსახვითი ემოციები, წარმოსახვითი ინტერესები, წარმოსახვითი წარმოდგენები საკუთარ თავზე. ცრუ პიროვნება უკიდურესად მექანიკურია, ამიტომ კვლავ უნდა განვაცალკევოთ ცნობიერი და მექანიკური. ჩვენი ეს მექანიკური ნაწილი ძირითადად წარმოსახვებს, ყველაფერზე და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მცდარ შეხედულებებს ეფუძნება. უნდა გავაცნობიეროთ, რაოდენ ძლიერ ვექვემდებარებით ამ ცრუ პიროვნებას და გამოგონილ საგნებსა თუ მოვლენებს, რომლებიც რეალურად არც კი არსებობენ, და უნდა გამოვაცალკევოთ ის, რაზეც რეალურად დაყრდნობას შევძლებთ, იმისგან, რაც თავად ჩვენში სანდო არაა. ეს დასაწყისი იქნება. საკუთარი თავის უკეთ გაცნობა გამოღვიძებაში დაგვეხმარება.

კითხვა: თვლით თუ არა, რომ ჩვენი ცრუ პიროვნება მასალის შეგროვებით, დაკვირვებით უნდა შევისწავლოთ?

პასუხი: საკუთარი თავის დაყოფის გზით, ყველაფრისთვის „მე“-ს დარქმევაზე უარის თქმის გზით. სიტყვის „მე“ გამოყენება რეალურად მხოლოდ თქვენი საკუთარი თავის უფრო მეტად ცნობიერი ნაწილის - მუშაობის სურვილის, გაგების სურვილის, გაუგებრობის გაცნობიერების, მექანიკურობის გაცნობიერების - მიმართ შეგიძლიათ; ამას შეგიძლიათ „მე“ უწოდოთ. „მე“ ზრდას მხოლოდ სწავლასთან, საკუთარ თავზე მუშაობასთან ერთად იწყებს; სხვაგვარად ის არც გაიზრდება და არც შეიცვლება. მუდმივი „მე“ უცებ არ მოდის. ყველა ილუზორული „მე“ ქრება ერთი მეორეს მიყოლებით, და რეალური „მე“ თანდათან ძლიერდება, ძირითადად თვითგახსენების გზით.

თვითგახსენება მხოლოდ საქმის კურსში ყოფნის აზრითაც ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც წინ მიიწევთ, ის სხვა ინტერესებს უკავშირდება, იმათ, რისი მიღებაც გსურთ. ამჟამად ერთ მომენტში გახსოვთ ეს, შემდეგ კი, დღის ან კვირის განმავლობაში გავიწყდებათ; თუმცა ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა თვითგახსენების მიზანს მუდმივი „მე“-ს თანდათანობით გახსნა?

პასუხი: გახსნა არა; თვითგახსენება მისი საფუძველის მომზადებაა. მუდმივი „მე“ იქ არაა. ის უნდა გაიზარდოს, მაგრამ ვერ იზრდება, როდესაც მთლიანად უარყოფითი ემოციებით, გაიგივებით და სხვა მსგავსითაა დაფარული. ამიტომ მისთვის საფუძველის მომზადებით უნდა დაიწყოთ. თუმცა, პირველ ყოვლისა, როგორც ადრე ვთქვი, აუცილებლად უნდა გაიგოთ, რას წარმოადგენს თვითგახსენება, რატომაა უკეთესი, როდესაც საკუთარი თავი გახსოვთ, რა ეფექტი ექნება მას, და ა.შ. ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა იფიქროთ. ამას გარდა, საკუთარი თავის გახსენების მცდელობისას ნამდვილი სისტემის ყველა სხვა იდეასთან უნდა შეინარჩუნოთ კავშირი. თუ ერთს მიყვებით და მეორე გავიწყდებათ, მაგალითად, თუ სერიოზულად მუშაობთ თვითგახსენებაზე და მრავალ „მე“-დ დაყოფა მხედველობიდან გრჩებათ, თუ ადამიანი საკუთარ თავს ერთად (როგორც ერთიანს) აღიქვამს, თვითგახსენება მცდარ შედეგებს მოიტანს და შესაძლოა განვითარება შეუძლებელი გახადოს. მაგალითად, ისეთი სკოლები ან სისტემები არსებობს, რომლებიც, მართალია ამ საკითხებს ამგვარად არ განიხილავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ცრუ პიროვნებას და სინდისის წინააღმდეგ ბრძოლას ეფუძნებიან. ასეთი მუშაობა უცილობლად მცდარ შედეგებს მოიტანს. თავიდან ის გარკვეულ ძალას შექმნის, მაგრამ უმაღლესი ცნობიერების განვითარება შეუძლებელი იქნება. ცრუ პიროვნება ან ანადგურებს, ან აუკუღმართებს მეხსიერებას.

თვითგახსენება სწორ ფუნქციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამავდროულად, მასზე მუშაობისას, ცრუ პიროვნების დასუსტებაზე უნდა მუშაობდეთ. მუშაობის გარკვეული მიმართულებები მითითებული და ახსნილია დასაწყისშივე, და ყველა ერთად უნდა მიმდინარეობდეს. არ შეიძლება ერთი აკეთოთ და მეორე არა. სწორი კომბინაციის შესაქმნელად ყველა აუცილებელია, თუმცა თავდაპირველად ცრუ პიროვნებასთან ბრძოლას უნდა ჩაწვდეთ. დავუშვათ, ვიღაცა საკუთარი თავის გახსენებას ცდილობს და ცრუ პიროვნების წინააღმდეგ ძალისხმევის მიმართვა არ სურს. ამ შემთხვევაში ყველა მისი დამახასიათებელი თვისება თამაშში ჩაერთვება სიტყვებით: „ეს ხალხი არ მომწონს“, „ეს არ მსურს“, „ის არ მსურს“ და ა.შ. და ეს უკვე არა მუშაობა, არამედ მისი საპირისპირო იქნება. როგორც ვთქვი, თუ ადამიანი ამ მცდარი გზით ცდილობს მუშაობას, ის შეიძლება ადრინდელზე მეტად გაძლიერდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი სიძლიერის ზრდასთან ერთად განვითარების შესაძლებლობა კლებულობს. ფიქსაცია განვითარებამდე - კიდევ ერთი საშიშროებაა.

კითხვა: უნდა დაიცვას თუ არა თავი ადამიანმა ამ საფრთხისგან?

პასუხი: რა თქმა უნდა. მხოლოდ თქვენს მცირე ნაწილს სურს თავის გახსენება, სხვა პიროვნებებს ანუ „მე“-ებს ეს სრულებით არ უნდათ. მათი პოვნა და მხილებაა აუცილებელი, გარკვევა, რომლები არიან ნამდვილი მუშაობისთვის სასარგებლო, რომლები - განურჩეველი და რომლები - იმდენად მიძინებული, რომ არაფერი უწყიან ამის შესახებ. მიზანს წარმოადგენს ის, რომ ადამიანმა „მე“-ებზე ან პიროვნებებზე კონტროლი მოიპოვოს, და რომ რომელიმე მათგანის განვითარება, მათი გარკვეული სახით ორგანიზება შეეძლოს. „მე“, რომელიც აკონტროლებს, არ იქნება ერთერთი „მე“, რომლებსაც ამჟამად ფლობთ. რეალური „მე“-ს ფორმირების იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; მისი შემთხვევით ფორმირება შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევებში „მე“-ს ფილოსოფიური იდეით ვკმაყოფილდებით, გვჯერა, რომ ვფლობთ მას, და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ფაქტობრივად ერთი „მე“-დან მეორეზე გადავდივართ.

კითხვა: როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, რომელია რეალური და რომელი - ცრუ პიროვნება სიმპატიის და ანტიპატიის განხილვისას?

პასუხი: უნდა დაიწყოთ გაცნობიერებით, რომ ეს მთლიანად ცრუ პიროვნებაა, შემდეგ კი ეცადოთ დაადგინოთ, რა არ წარმოადგენს მას. მეორეს პირველზე ადრე ვერ გააკეთებთ. ჯერ უნდა ჩაწვდეთ, რომ ყველაფერი ცრუ პიროვნებაა, და როდესაც ამაში დარწმუნდებით, შეძლებთ დაინახოთ, რას წარმოადგენთ „თავად თქვენ“.

გააგრძელეთ დაკვირვება. მუშაობა იწყება მომენტიდან, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ის არ არსებობს. როდესაც ეს ყველაფერს მოიცავს, როდესაც ეს გაცნობიერება ხდება, მხოლოდ შემდეგ იწყება პროდუქტიული მუშაობა. მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს როგორც ერთიან „მე“-ზე, ეს უშედეგო მუშაობაა.

თქვენ უნდა ჩაწვდეთ, რომ ცრუ პიროვნება ძალზე მოუხელთებელია. ის ერთია, სხვადასხვა პიროვნებებისგან არ შედგება; მაგრამ იმავე დროს ის თავის თავში ურთიერთსაწინააღმდეგო და შეუთავსებელ თვისებებს შეიცავს, თვისებებს, რომლებსაც ერთდროულად გამოვლინება არ შეუძლიათ. ამგვარად, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საკუთარი ცრუ პიროვნების ერთდროულად მთლიანობაში დანახვა არ შეგიძლიათ. ხან მეტად ხედავთ, ხან კი მისი გარკვეული თვისებები ვლინდება. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ცრუ პიროვნება ხშირად საკმაოდ მომხიბვლელი ან თავშესაქცევია, განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ ცრუ პიროვნებაში ცხოვრობენ. ამიტომ, როდესაც თქვენი ცრუ პიროვნების დაკარგვას იწყებთ, როდესაც მასთან ბრძოლას იწყებთ, ადამიანებს აღარ უყვარხართ. ისინი გეტყვიან, რომ მოსაწყენი გახდით.

კითხვა: რა არ წარმოადგენს ცრუ პიროვნებას?

პასუხი: ცრუ პიროვნებას ძალისხმევის გაკეთება არ შეუძლია. ამ ნიშნით მას ადვილად იცნობთ დაეჭვების შემთხვევაში. ცრუ პიროვნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყოველთვის ყველაფრის მარტივად გაკეთებას ცდილობს და ყოველთვის ირჩევს იმას, რასაც ნაკლები ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ ვერაფერს ისწავლით ან შეცვლით ძალისხმევის გარეშე. ამიტომ, როდესაც პატარა „მე“-ს ან „მე“-თა ჯგუფს აღმოაჩენთ, რომლებიც ძალისხმევის გაწევისთვის მზად არიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი ცრუ პიროვნებას არ ეკუთვნიან.

კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს ახალი ცრუ პიროვნების შეძენა ნამდვილ სისტემასთან მიმართებაში?

პასუხი: თუ ადამიანი ცრუ პიროვნებაზე არ ფიქრობს ან არ ესმის ის, და თუ ადამიანი თავს იტყუებს და ფიქრობს, რომ მუშაობს, ის ახალ ცრუ პიროვნებას ვერ შეიძენს, მაგრამ მისი ცრუ პიროვნება უფრო გაიზრდება. ამიტომ ის მუშაობასთან არ უნდა დაიშვას, თუ დაწყებიდან მალევე არ მოხდა მისი განადგურება.

კითხვა: ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხშირად მაიძულებს ვიფიქრო, რომ დამსახურებისამებრ არ მაფასებენ და, შესაბამისად, ვიტანჯები ჩემს თავზე შეხედულების შედეგად.

პასუხი: სწორია, მაგრამ არ იფიქროთ შეხედულებაზე; მხოლოდ მიმართულება უნდა გახსოვდეთ. თქვენ შეიძლება საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენა გქონდეთ, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მიმართულება უნდა იყოს სწორი; თქვენ ვერ წახვალთ, თუ არ იცით სად მიდიხართ. თქვენი თავის წარმოსახვით სურათს მხოლოდ სწორი პუნქტიდან შეიძლება ხედავდეთ, სწორი პუნქტი კი მიმართულებაა. სხვა არანაირი პუნქტი არ არსებობს, საიდანაც მას დაინახავთ.

კითხვა: გვითხარით კიდევ ერთხელ, რას უკავია რეალური „მე“-ს ადგილი ამჟამად?

პასუხი: ცოდნის სურვილს. ამით ჭეშმარიტი „მე“ გაიზრდება. თავიდან მისი განსაზღვრა ძნელია, ის მიზანია. თუ გარკვეულ მუშაობას, რომელიმე სისტემას უკავშირებთ თავს, ის ზრდას იწყებს; მაგრამ თავისით გაზრდა, მხოლოდ ხელსაყრელი გარემოებების გამო, მას არ შეუძლია. ძალზე მარტივი დასადგენია, რომ არავითარი მუდმივი „მე“ არ გაგვაჩნია.

შეეცადეთ გახსოვდეთ საკუთარი თავი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ეს თქვენი ყოფიერების საფეხურს აჩვენებს. თქვენ რომ მუდმივი „მე“ გაგაჩნდეთ, საკუთარი თავის ხსომებას თხუთმეტი საათის განმავლობაშიც კი შეძლებდით! ეს ყველაფერი ძალზე მარტივია, მაგრამ ჩვენი მანქანის გასაღები არ გვაქვს. ჩვენ რომ გასაღები გვქონოდა, მარტივად გავხსნიდით და შიგთავსს დავინახავდით, შემდეგ კი წარმოსახვითს რეალურისგან განვაცალკევებდით. მაგრამ ესეც კი უნდა ვისწავლოთ: ძლიერ მივეჩვიეთ არარეალურს.

ამიტომ ჩვენი შესწავლის ობიექტი ცრუ პიროვნება უნდა იყოს, რომელიც მუდამ ჩვენათანაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ყველა მის გამოვლინებაში იცნობთ, შეძლებთ „მე“-ს გამოცალკევებას. ჩვენ გაიგივებულები ვართ ჩვენივე წარმოსახვით საკუთარ თავთან, ეს კი გაიგივების ძალზე სახიფათო ფორმაა.

კითხვა: როგორ გავარჩიოთ, რა არის რეალური?

პასუხი: ამას ვერ შეძლებთ. მაგრამ შეძლებთ გაარჩიოთ, რა არის არარეალური, ზუსტად იმგვარად, როგორც არჩევთ ერთმანეთისგან მართალს და ტყუილს. ფილოსოფიის აუცილებლობა არ არსებობს; მარტივად შეხედეთ ამ საკითხს. ჯერ მარტივი საკითხების მიმართ უნდა გამოვიყენოთ გარჩევა. წარმოსახვა ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, რადგან მისი გვწამს. რეალურს ზრდა მხოლოდ წარმოსახვითის ხარჯზე შეუძლია. მაგრამ ყოფით ცხოვრებაში არარეალური იზრდება რეალურის ხარჯზე.

კითხვა: კარგად ვერ გავიგე მუშაობასა და ყოფით ცხოვრებას შორის დაყოფა.

პასუხი: პირადი მუშაობის მიმართება ცხოვრებასთან ზუსტად ისეთივეა, როგორც მუდმივი „მე“-ს დამოკიდებულება ცრუ პიროვნებასთან. მუშაობა არსობრივად მუდმივ „მე“-ს წარმოადგენს, ხოლო ყოფითი ცხოვრება - ცრუ პიროვნებას. როდესაც გესმით, რას წამოადგენს მუდმივი „მე“, როდესაც აცნობიერებთ საკუთარ თავს და მუდმივ კონტროლს ახორციელებთ, ეს მუშაობაა. ამჟამად ცრუ პიროვნებაში ცხოვრობთ.

კითხვა: მიჭირს განსხვავება დავინახო „მე“-სა და „მის ბ“-ს შორის.

პასუხი: როგორც უკვე აღვნიშნე, „მე“-სა და „მის ბ“-ს შორის დაყოფისას თქვენში პრაქტიკულად ყველაფერი „მის ბ„-ა. თქვენ „მის ბ“-ს ზრდაში შეიძლება მხოლოდ ნამდვილი სისტემის მიმართ ინტერესის შედეგად გადაასწროთ, რადგან რეალური „მე“ მხოლოდ აქედან იზრდება. იქ არსებული მთელი მასალა არასდროს არსად არ მიგიყვანთ ამ იდეების გარეშე, ამ ინტერესის გარეშე, რადგან ეს აკავებს მას გარკვეულ ხაზზე, გარკვეული მიმართულებით. თავიდან თქვენ საკუთარ თავს სწავლობთ, აკვირდებით და ა.შ., შემდეგ, გარკვეული ხნის შემდეგ, თუ მუშაობთ, „მე“ დროდადრო თითო წამით გაჩნდება, თუმცა მის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ, და ის კვლავ გაქრება. ასე გაგრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი, გარკვეულ მომენტში, ის გაჩნდება და დარჩება საკმაოდ ხანგრძლივად იმისთვის, რომ იცნოთ და დაიხსომოთ ის. ასე ჩნდება ყველაფერი ახალი; ჯერ ძალზე ხანმოკლე დროით მოდის, შემდეგ მეტ ხანს რჩება. ეს ზრდის ბუნებრივი გზაა, სხვანაირი ის ვერ იქნება. ჩვენ ძალზე ბევრი აზროვნების მექანიკური ჩვევა და არასწორი მომენტი გვაქვს. რეალური „მე“ ჩნდება და დაუყოვნებლივ ითრგუნება.

როდესაც ცრუ პიროვნებაზე მეტს შეიტყობთ, გააცნობიერებთ, რომ მის მიერ ხართ მოცული. ვერაფერს ხედავთ ცრუ პიროვნების თვალების გარეშე, არაფერი გესმით ცრუ პიროვნების ყურების გარეშე და ვერაფერს ამბობთ ცრუ პიროვნების ხმის გარეშე. ყველაფერი ცრუ პიროვნების გავლით ხდება, და პირველი ნაბიჯი მისი გაცნობაა, რადგან ამ შემთხვევაში გაიგებთ, რაოდენ დიდ ადგილს იკავებს ის თქვენს ცხოვრებაში.

კითხვა: რამდენადაც ცრუ პიროვნება წარმოსახვითია, ის რეალურად არსებობს თუ არა?

პასუხი: ის რეალურად არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მას არსებულად წარმოვისახავთ. ის თავის გამოვლინებებში არსებობს, მაგრამ არა როგორც ჩვენი რეალური ნაწილი. ის მრავალი „მე“-ს კომბინაციაა, რომლებსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნიათ, მაგრამ ისინი მოქმედებენ და გარკვეულ შედეგებს იწვევენ. არ ეცადოთ მისი განსაზღვრა, რადგან ამ შემთხვევაში დაკარგავთ თქვენს გზას სიტყვებში, ჩვენ კი საქმე ფაქტებთან უნდა გვქონდეს.
უარყოფითი ემოციები არსებობს, მაგრამ, იმავდროულად, არ არსებობს, რადგან მათ არანაირი რეალური ცენტრი არ გააჩნიათ. იგივე ითქმის ცრუ პიროვნებაზე. ჩვენი მდგომარეობის ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ ჩვენ არარსებულით ვართ გადავსებული.

უნდა გაიგოთ, რომ იმ დონეზეც კი არ ძალგიძთ მუშაობის დაწყება, რომელზეც იმყოფებით; თქვენ ჯერ რაღაც უნდა შეცვალოთ. იმის პოვნა, რისი შეცვლაც საჭიროა, მხოლოდ თქვენი დაკვირვებების შედეგადაა შესაძლებელი. ხანდახან ეს ძალზე ცხადი ხდება, და სწორედ ამის შემდეგ იწყება ბრძოლა, რადგან ცრუ პიროვნება საკუთარი თავის დაცვას იწყებს.

თავიდან თქვენ ცრუ პიროვნება უნდა შეისწავლოთ. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, პირველ სტადიას ეხება - გაგებას, რომ ცრუ პიროვნებას არ ვიცნობთ და რომ მის გასაცნობად ის უნდა შევისწავლოთ; რომ მთელი მუშაობა, რასაც ვასრულებთ, ცრუ პიროვნების ხარჯზე სრულდება; რომ მთელი მუშაობა, რის გაკეთებაც შეგვიძლია საკუთარ თავზე, ცრუ პიროვნების ძალის შემცირებას ნიშნავს; და რომ თუ ჩვენ მცდელობას და მუშაობას ვიწყებთ, ისე რომ ცრუ პიროვნებას არ ვაწუხებთ, მუშაობა შედეგს არ გამოიღებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - უნდა გაიგოთ, რომ ცრუ პიროვნება ყოველნაირი ტყუილის, დამახასიათებელი ნიშნების და მრავალი „მე“-ს კომბინაციაა, რომლებიც ვერასოდეს იქნებიან სასარგებლო ცხოვრებაში და მუშაობაში, - მსგავსად უარყოფითი ემოციებისა. მიუხედავად ამისა, ცრუ პიროვნება ყოველთვის ამბობს „მე“-ს და საკუთარ თავს ყოველთვის მრავალ უნარს მიაწერს, ისეთებს, როგორიცაა ნება, თვითცნობიერება და ა.შ., და თუ მას შევაკავებთ, ის ნებისმიერი მუშაობისთვის წინაღობად დარჩება.

ამგვარად, საკუთარი თავის შეცვლის მცდელობაში ერთ-ერთ პირველ და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საკუთარი თავის „მე“-დ და თქვენს სახელად დაშლა, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ ეს დაყოფა არ გაკეთდა, თუ ადამიანს ეს ავიწყდება და საკუთარ თავზე ფიქრს ჩვეულებისამებრ აგრძელებს, ან თუ ის მცდარად ყოფს თავის თავს, მუშაობა წყდება. საკუთარ თავზე მუშაობის პროგრესირება მხოლოდ ამ დაყოფის საფუძველზე ხდება, მაგრამ დაყოფა სწორი უნდა იყოს. ხშირად ხდება, რომ ადამიანები დაყოფას არასწორად აკეთებენ: იმას, რაც საკუთარ თავში უყვართ, უწოდებენ „მე“-ს, ხოლო იმას, რაც არ მოსწონთ ან რაც მათი აზრით სისუსტეს ან უმნიშვნელოს წარმოადგენს, ცრუ პიროვნებად მიაჩნიათ. ეს სრულიად მცდარი დაყოფაა; ეს არაფერს ცვლის და ადამიანი ისეთად რჩება, როგორიც იყო. ეს მცდარი დაყოფა უბრალოდ ტყუილია, საკუთარი თავისთვის ნათქვამი ტყუილი, რაც ყველაფერზე უარესია, რადგან იმ მომენტში, როდესაც მცირე სიძნელეს ვაწყდებით, ეს შინაგან წინააღმდეგობაში და არასწორ გაგებაში გამოვლინდება. მცდარი დაყოფა არასაიმედოა და აუცილებლობის დროს გვღალატობს.

საკუთარი თავის სწორად დასაყოფად, ადამიანი უნდა ჩაწვდეს, რა არის „მე“ და რა არის „უსპენსკი“, „ბრაუნი“ ან „ჯონსი“, სხვა სიტყვებით, რა არის ტყუილი და რა - თავად ის. როგორც ვთქვი, საკუთარი თავის დაყოფას რომც უშვებდეთ, თქვენ განწყობილი ხართ, უწოდოთ იმას, რაც საკუთარ თავში მოგწონთ, „მე“, ხოლო რაც არ მოგწონთ - „მე არა“, რადგან სწორი დაყოფის პოვნა უცებ არ ხდება; ნამდვილ მუშაობასთან დაკავშირებული გარკვეული მითითებები უნდა მოიძიოთ, რომლებიც დაგეხმარებიან. მაგალითად, თუ ამბობთ, რომ თქვენი მიზანია იყოთ თავისუფალი, პირველ რიგში უნდა გაიაზროთ, რომ თავისუფალი არ ხართ. თუ გესმით, რამდენად არათავისუფალი ხართ, და თქვენი სურვილი თავისუფლებაა, დაინახავთ, თქვენში რა ნაწილს სურს თავისუფლება და რა ნაწილს - არ სურს. ეს დასაწყისია.

კითხვა: ცრუ პიროვნების დანახვა დახმარების გარეშე თუ არის შესაძლებელი?

პასუხი: თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ჩემთვის ასეთი შემთხვევა ცნობილი არ არის. სხვისი დახმარებითაც კი ადამიანები ვერ ხედავენ მას. თქვენ შეიძლება ადამიანს სარკე უჩვენოთ, ის კი გიპასუხებთ: „ეს მე არ ვარ, ეს ხელოვნური სარკეა, არარეალური სარკეა. ეს ჩემი ანარეკლი არაა“.

კითხვა: როგორ მოვიცილოთ ცრუ პიროვნება?

პასუხი: თქვენ მას ვერ მოიცილებთ. ეს იგივეა, საკუთარი თავის მოჭრა სცადოთ. მაგრამ შეგიძლიათ ის ნაკლებად მომთხოვნი, ნაკლებად გამუდმებული გახადოთ. თუ თქვენი ცრუ პიროვნება აქ იმყოფება ოცდაოთხი საათიდან ოცდასამი საათი, როდესაც ბრძოლა დაიწყება, ის თქვენთან იქნება ოცდაორი საათი და „თქვენ“ ერთი საათით მეტხანს დაჰყოფთ. თუკი, გარკვეულ მომენტში, ცრუ პიროვნების გამოვლენის საშიშროებას გრძნობთ და მისი გაჩერების მეთოდს პოულობთ, - სწორედ ესაა, რითიც უნდა დაიწყოთ. მოცილების საკითხი აქ არ შედის - ეს სხვადასხვა საკითხთანაა დაკავშირებული. თქვენ კონტროლი უნდა გაგაჩნდეთ.

კითხვა: ცრუ პიროვნების შესწავლა საკუთარი თავის ანალიზს ხომ არ წარმოადგენს? ვფიქრობდი, რომ ეს ცუდია.

პასუხი: გარკვეული ხარისხით ეს ანალიზია. ის, რაც ითქვა ანალიზისგან თავის შეკავების შესახებ, პირველ ლექციაშია მოცემული. როგორც გითხარით, ანალიზი შეუძლებელია, რადგან არასაკმარისი ცოდნა გაქვთ. ანალიზი მიზეზებისა და შედეგების დადგენას გულისხმობს. ამიტომ თავიდან გითხარით, რომ ანალიზისგან თავი შეგეკავებინათ და მხოლოდ და მხოლოდ დაკვირვებოდით, რადგან ანალიზის დრო დადგება, თუ კანონებს გაეცნობით. ამჟამად ამ კანონებს სწავლობთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტად უნდა გააანალიზოთ. თქვენ ხედავთ, რომ პირველ ლექციაში მოყვანილი წესები დაკვირვებისთვის და აზროვნებისთვის ერთი სახისაა, და დროთა განმავლობაში ისინი იცვლებიან და მოდიფიცირდებიან. ის, რისი გაკეთებაც ადამიანს პირველ თვეში არ შეუძლია, მეორე თვეში უნდა აკეთებდეს. მაგრამ სიძნელეები და შესაძლებლობები გამუდმებით მატულობს. გაანალიზება ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული, მხოლოდ აუცილებლობისას; მაგრამ ყველაფერში. ხანდახან ეს მხოლოდ დროის კარგვაა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხანდახან ცრუ პიროვნებას სხვა ადამიანები ქმნიან, მაგალითად, როდესაც ზრდასრული ადამიანები ბავშვს ეუბნებიან, რომ ისინი უცნაურებს ვერ იტანენ?

პასუხი: სწორედ ასეა. ცრუ პიროვნებას ბევრი სხვადასხვა რამ ქმნის, მეტწილად კი სხვა ადამიანების რჩევები. ბავშვი ხომ ძალზე მრავალრიცხოვან რჩევას იღებს, განსაკუთრებით მისი მიჯაჭვულობებისა და ანტიპატიების თაობაზე.

კითხვა: კარგად ვერ გავიგე, როგორ ვიპოვო „მე“, რომლებიც მუშაობის წინააღმდეგნი არიან? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ „მე“ საგულდაგულოდ უნდა გამოვიკვლიოთ?

პასუხი: ამ საკითხზე თეორიულად არ უნდა იფიქროთ. შეეცადეთ იპოვოთ, რა ეწინააღმდეგება თქვენში სისტემის იდეებს, ან შეეცადეთ იპოვოთ იდეებისადმი გულგრილი „მე“-ები (რაც გნებავთ ის უწოდეთ). დავუშვათ, რომ გარკვეული გემოვნება გაქვთ კვებაში. „მე“, რომლებიც ინტერესდებიან კვებით, ვერ დაინტერესდებიან თვითგახსენებით. სხვა „მე“-ებიც არსებობენ, რომლებიც თვითგახსენების საპირისპირო საკითხებით არიან დაინტერესებული. ბევრი რამაა, რასაც სიამოვნებით აკეთებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი არ გახსოვთ, და ბუნებრივია, ეს „მე“-ები მტრულად იქნებიან განწყობილი თვითგახსენების მიმართ, რადგან ის მათ სიამოვნების მიღებაში ხელს შეუშლის. შეეცადეთ, ამ გზით იპოვოთ ისინი. თეორიული მიდგომა არ დაგეხმარებათ.

კითხვა: რა წარმოშობისაა მრავალი „მე“-ს ეს ხელოვნური ჯგუფები?

პასუხი: მათი ფორმირება შესაძლებელია მიმბაძველობით, ორიგინალობის სურვილით, მიმზიდველობის სურვილით, სხვათა აღფრთოვანების ცენტრად ყოფნის სურვილით და ა.შ.

კითხვა: რას აკეთებთ, როდესაც „მე“-თა ჯგუფს პოულობთ, რომელთაც საკუთარი თავის გახსენება არ სურთ?

პასუხი: მოეშვით მათ. თუ ამ „მე“-თა ჯგუფს ეს არ სურს, რის გაკეთებას შეძლებთ? თუ ამის მსურველი „მე“-თა ჯგუფები არსებობს, იმუშავეთ მათთან. იმ „მე“-ებმა, რომლებიც აცნობიერებენ თვითგახსენების აუცილებლობას, უნდა იმუშაონ სხვა „მე“-ებთან, რომელთაც იგივე სურთ. მათ სხვა „მე“-ების დასარწმუნებლად დრო არ უნდა დაკარგონ.

კითხვა: მოსალოდნელი ხომ არაა, რომ ზოგიერთი „მე“ ადამიანში შეუშინდება „ბატონი A„-სგან „მე“-ს გამოყოფის იდეას?

პასუხი: რა თქმა უნდა, ცრუ პიროვნების შემადგენელ ყველა „მე“-ს შეეშინდება, რადგან ეს მათთვის სიკვდილს ნიშნავს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ისინი თავის შიშს გარკვეული ხნის განმავლობაში გაჩვენებენ, შემდეგ კი შეინიღბებიან, რათა არ განადგურდნენ. თქვენ შეიძლება სერიოზულად გჯეროდეთ, რომ ცრუ პიროვნება გაანადგურეთ, ამ დროს კი ის მხოლოდ სიღრმეში იმალება რომელიმე თვისების უკან და გამოსავლენად მზადაა. ეს თვისება ყოველთვის სისუსტეა. ვიდრე ის არსებობს, მთელი ენერგია მას მიაქვს, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგად იყოს შენიღბული, ამ ფორმით უფრო ძლიერდება და რეალური „მე“-ს სიმაღლის იზრდება. ამიტომ „მე“-დ და „ბატონ A“-დ დაყოფის აუცილებლობის გაცნობიერება მის გასანადგურებლად საკმარისი არაა. უნდა გახსოვდეთ, რომ ცრუ პიროვნება თავს იცავს.

კითხვა: ცრუ პიროვნება უარყოფით ემოციებზეა დაფუძნებული?

პასუხი: ცრუ პიროვნებაში უარყოფითი ემოციების გარდა კიდევ ბევრი რამაა. მაგალითად, ყოველთვის სახეზეა აზროვნების ცუდი ჩვევები; ცრუ პიროვნება, ან ცრუ პიროვნების ნაწილები ყოველთვის მცდარ აზროვნებაზეა დაფუძნებული. თუმცა, გარკვეული ხარისხით მართალი ხართ: ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ცრუ პიროვნებას უარყოფით ემოციებს მოვაცილებთ, ის განადგურდება, მას მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მეორე მხრივ, ზოგიერთ ცრუ პიროვნებას უფრო სასიამოვნო ემოციებზე შეუძლია ფუნქციონირება. არსებობს ასევე ძალზე სიცოცხლისმოყვარე ცრუ პიროვნებები, და ამ შემთხვევაში თქვენს ცრუ პიროვნებას თქვენი მოტყუება შეუძლია, და თქვენ დაიჯერებთ, რომ უარყოფით ემოციებს ებრძვით. მას თქვენი მოტყუება სხვადასხვა გზებით შეუძლია.

კითხვა: ყველა უარყოფითი ემოცია ცრუ პიროვნებიდან იბადება?

პასუხი: სხვაგვარად როგორ იქნება? ის ხომ, ასე ვთქვათ, უარყოფითი ემოციების, მათი ჩვენების, მათით ტკბობის, მათი შექმნის სპეციალური ორგანოა. თქვენ გახსოვთ, რომ უარყოფითი ემოციებისთვის ცენტრი არ არსებობს. უარყოფითი ემოციებისთვის ცენტრის ფუნქციას ცრუ პიროვნება ასრულებს.

კითხვა: არის თუ არა გაიგივება ცრუ პიროვნების გამოვლინება?

პასუხი: ცრუ პიროვნება თავის თავს ვერ გამოავლენს გაიგივების გარეშე, ისევე როგორც ჩვენში არსებული უარყოფითი ემოციებისა და სხვათა და სხვათა გარეშე, ისეთების, როგორიცაა ყველა სახის ტყუილი, ყველა წარმოსახვა. პირველ რიგში ადამიანი იგივდება საკუთარ თავზე თავის წარმოსახვით იდეასთან. ადამიანი ამბობს: „ეს მე ვარ“, მაშინ, როდესაც ეს არაფერია წარმოსახვის გარდა. იგივეს თქმა შეიძლება ტყუილზე - შეუძლებელია გაიგივების გარეშე ტყუილის თქმა; ეს ძალზე საცოდავი ტყუილი იქნებოდა და მას არავინ დაიჯერებდა.

ამგვარად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა მოიტყუოს, შემდეგ კი სხვების მოტყუებასაც შეძლებს.

ცრუ პიროვნების შესწავლა - ერთ-ერთი სწრაფი მეთოდია თვითგახსენებისთვის. რაც მეტად გესმით თქვენი ცრუ პიროვნების, მით მეტად გემახსოვრებათ საკუთარი თავი. თვითგახსენებას ხომ პირველ რიგში ცრუ პიროვნება უშლის ხელს. მას არ შეუძლია და არ სურს ახსოვდეს თავი, და არც სხვა ნებისმიერი პიროვნების გახსენების საშუალებას იძლევა. ის ყოველნაირად ცდილობს თვითგახსენების შეჩერებას, შეუძლია ძილის ნებისმიერი ფორმა აიღოს და მას თვითგახსენება უწოდოს. და ამ დროს ის სავსებით ბედნიერია. არ უნდა ენდოთ თქვენს ცრუ პიროვნებას - მის იდეებს, მის სიტყვებს, მის ქმედებებს. თქვენ მისი განადგურება არ შეგიძლიათ, მაგრამ მისი გაპასიურება გარკვეული დროით ხელგეწიფებათ, და შემდეგ, ნელნელა, მის დასუსტებას შეძლებთ.

კითხვა: თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი არ უნდა ენდოს არაფერს, რაც ცრუ პიროვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ, ჩანს, ის ერთადერთია, რაც მას გააჩნია.

პასუხი: ასე არ ხდება. ხართ თქვენ, და არიან წარმოსახვითი „მე“-ები. თქვენ ხართ ის, რაც სინამდვილეში არსებობს, და უნდა ისწავლოთ ამის გარჩევა. ის შეიძლება ძალზე მცირე იყოს, ძალზე ელემენტარული, მაგრამ უნდა შეგეძლოთ რაღაც საკმარისად გარკვეულის და მტკიცეს საკუთარ თავში აღმოჩენა. თუ ჩვენ მთლიანად ცრუ პიროვნებას წარმოვადგენთ, მაშინ არაფერი მოხდება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ცრუ პიროვნება გააჩნიათ. ამ ადამიანთა სხვა მხარეები იმდენად დათრგუნულია, იმდენად სუსტია, რომ მათ ცრუ პიროვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ძალუძთ. ეს ადამიანები საკუთარ თავს არასდროს შეისწავლიან, რადგან მათ ეშინიათ საკუთარი თავის ისეთის დანახვა, როგორებიც არიან. ცრუ პიროვნებას საერთოდ არ უყვარს ეს. ჩვეულებრივ, თუ ისინი ამ მუშაობას იწყებენ, მალევე ანებებენ თავს და ათასგვარ გამართლებას უძებნიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ თვითშესწავლის გაგრძელება არ შეუძლიათ. მაგრამ თუ ადამიანს ძალა გააჩნია ცრუ პიროვნების შესწავლის გასაგრძელებლად, ეს აჩვენებს, რომ მას ცრუ პიროვნების გარდა სხვა რამეც გააჩნია. როგორც ადრე გითხარით, ეს ყოველდღიური სამუშაოა, და არა თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. ეს ყოველდღიური გამოცდაა.

კითხვა: ხომ არ გინდოდათ გეთქვათ, რომ ცრუ პიროვნებას შეუძლია დაგვტოვოს ასაკის მატებასთან ერთად?

პასუხი: არა. თუ მის წინააღმდეგ არაფერს აკეთებთ, ის იზრდება. გემოვნება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის იზრდება. ეს ერთადერთი „განვითარებაა“, რომელიც მექანიკურ ცხოვრებაში ხდება. ცრუ პიროვნება - ჩვენი ყველაზე მექანიკური ნაწილია, იმდენად მექანიკური, რომ მის გამო არავითარი იმედი არ არსებობს. ამიტომ მისი დაშვება მუშაობასთან დაუშვებელია.
კითხვა: როგორც ჩანს, დიდებული ადამიანები, მაგალითად წმინდანები ამარცხებენ ცრუ პიროვნებას.

პასუხი: ხარისხზეა დამოკიდებული. წმინდანები ეშმაკებს აღწერენ, რომელთაც უნდა ებრძოლონ. ეშმაკები ცრუ პიროვნებაში ცხოვრობენ.

კითხვა: როგორ უნდა მახსოვდეს ჩემი გაცნობიერება იმისა, რომ ემოციური ტანჯვის უმეტესობა ცრუ პიროვნებაში იმყოფება?

პასუხი: მხოლოდ თვითგახსენების გზით. ტანჯვა თვითგახსენებისთვის საუკეთესო შესაძლო გზას წარმოადგენს, თუ მისი გამოყენება უკვე იცით. თავისთავად ის არ შველის; ადამიანი შეიძლება მთელი თავისი ცხოვრება იტანჯებოდეს და ამან ნამცეცი შედეგიც კი არ გამოიღოს, მაგრამ თუ ის სწავლობს ტანჯვის გამოყენებას, ის სასარგებლო ხდება. იმ მომენტში, როდესაც იტანჯებით, შეეცადეთ თავი გაიხსენოთ.

კითხვა: ტანჯვის ორი სახეობა არსებობს: ერთი - ჩემი საკუთარი მექანიკურობის და სისუსტის ხედვისგან, და მეორე - თქვენთვის საყვარელი დაავადებული ან უბედური ადამიანის ხილვით გამოწვეული ტანჯვა. როგორ უნდა ვიმუშაოთ ამის საწინააღმდეგოდ ან როგორ გამოვიყენოთ ეს მუშაობისთვის?

პასუხი: კითხვა შემდეგში მდგომარეობს: შეგიძლიათ რამე გააკეთოთ თუ არა? თუ შეგიძლიათ, ე.ი. შეგიძლიათ, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ, ეს სხვა საქმეა. თუ ყველაფერი ტანჯვას გვაყენებს, რაშიც დახმარება არ შეგვიძლია, ასეთ შემთხვევაში მუდმივად დავიტანჯებით. მთავარია აღმოვაჩინოთ, რაოდენ დიდია აქ წარმოსახვა. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას აქ ადგილი საერთოდ არ აქვს, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ვცდით, ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ეს ყველაფერი წარმოსახვითია. საკუთარ თავს მცდარად აღვიქვამთ და იმავდროულად ამ მცდარ სურათს რეალურ თვისებებს მივაწერთ. მაგრამ თუ ეს სურათი ყალბია, მაშინ მასთან დაკავშირებული ყველაფერი ყალბია, და ადამიანის ტანჯვაც ყალბია. ის შეიძლება ძალზე მძაფრი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. წარმოსახვითი ტანჯვა, როგორც წესი, რეალურთან შედარებით უფრო უსიამოვნოა, რადგან რეალურ ტანჯვას რაიმეს მოუხერხებთ, წარმოსახვით ტანჯვასთან კი ვერაფერს გააწყობთ. თქვენ მხოლოდ მისი მოცილება შეგიძლიათ, მაგრამ თუ ის გიყვართ და მისით ამაყობთ, იძულებული ხდებით, რომ ის შეინარჩუნოთ.

კითხვა: კიდევ ვერ ჩავწვდი, როგორ დავიწყოთ ცრუ პიროვნების გაგება.

პასუხი: უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს ის, და ასე ვთქვათ, მას ადგილი მიუჩინოთ; ეს პირველი ნაბიჯია. უნდა გააცნობიეროთ, რომ ნებისმიერი გაიგივება, ნებისმიერი გათვალისწინება, ნებისმიერი ტყუილი, საკუთარი თავისთვის ნათქვამი ტყუილის ჩათვლით, ყველა სისუსტე, ყველა წინააღმდეგობრიობა, მიუხედავად იმისა, ჩანან ისინი თუ არა, ეს ყველაფერი ცრუ პიროვნებას წარმოადგენს. ის ძაღლის განსაკუთრებულ ჯიშს ჰგავს. თუ მას არ იცნობთ, ვერც დაელაპარაკებით. მისი ნაწილების დანახვაც კი სრულიად საკმარისია, რადგან მისი ყველა მცირე ნაწილი ერთი და იგივე შეფერილობისაა. თუ ეს ძაღლი ერთხელ მაინც გინახავთ, ყოველთვის იცნობთ მას. ის განსაკუთრებულად ყეფს, განსაკუთრებული ფორმით დარბის...

თავიდან ვერ გეცოდინებათ, რა არის „მე“ და რა - ცრუ პიროვნება.

ის, რასაც „მე“-ს უწოდებთ, რთული აგებულებისაა და ასეთივეა ცრუ პიროვნებაც. შეუძლებელია მათზე ყველაფერი იცოდეთ; მაგრამ, თუ ერთი მხრივ იღებთ რამეს, რაზეც დარწმუნებული ხართ, რომ ეს მცდარია, ხოლო მეორე მხრივ - თქვენთვის ეჭვშეუტანლად ჭეშმარიტს, თქვენ მათი შედარება შეგიძლიათ.

კითხვა: ხანდახან საკუთარ გაიგივებას და გათვალისწინებას ვაკვირდები, და მიმაჩნია, რომ ამგვარად იმ სურათხატის მიხედვით ვიქცევი, რაც საკუთარ თავზე მაქვს. შემიძლია თუ არა ამ სახით ცრუ პიროვნების ცოდნას მივუახლოვდე და მასზე დაკვირვებით შევასუსტო?

პასუხი: დიახ, ეს ერთადერთი გზაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ არ იღლებით, რადგან მრავალი ადამიანი აქტიურად იწყებს, მაგრამ მალე იღლებიან, და „მე“-ს გამოყენებას განურჩევლად იწყებენ, ისე რომ კითხვასაც არ სვამენ: „რომელი მე“? ჩვენს მთავარ მტერს სიტყვა „მე“ წარმოადგენს, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენ სინამდვილეში ჩვეულებრივ პირობებში მისი გამოყენების არავითარი უფლება არ გაგვაჩნია.

გაცილებით მოგვიანებით, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, შეგვიძლია „მე“-თა ჯგუფზე ვიფიქროთ, რომლებიც მმართველის მოადგილეს, როგორც „მე“-ს შეესაბამებიან. მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში, როდესაც ამბობთ „არ მომწონს“, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „რომელ ჩემს „მე“-ს არ მოსწონს?“ ამ გზით მუდმივად შეახსენებთ თავს ამ მრავლობითობას. თუ ერთხელ დაგავიწყდათ, მეორედ უფრო ადვილად დაგავიწყდებათ. მრავალჯერ უცდიათ ნამდვილი მუშაობის დაწყება, მაგრამ დროთა განმავლობაში ივიწყებდნენ, და შედეგად, ადამიანები უფრო დაბლა ეშვებიან და ადრინდელზე მეტად მექანიკურები ხდებიან. თვითშემეცნების დასაწყისი წარმოადგენს გაგებას, თუ ვინ ლაპარაკობს ჩვენში და ვის უნდა ვენდოთ.

კითხვა: იზრდება თუ არა მუშაობის უნარი ცრუ პიროვნების შესუსტების თანაბარზომიერად?

პასუხი: მუშაობა ცრუ პიროვნებასთან ბრძოლით იწყება. ადამიანი ყველაფერს ცრუ პიროვნების ხარჯზე იღებს. მოგვიანებით, როდესაც ის პასიურ მდგომარეობაში გადაჰყავს, სხვა არხების საშუალებით შეუძლია მიღება, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის იძულებულია ცრუ პიროვნებიდან იცხოვროს.

ცრუ პიროვნების ყოფით ცხოვრებაში აღმოჩენა ძალზე რთულია, რადგან მის წინააღმდეგ არაფერი ხორციელდება, შესაბამისად არც წინააღმდეგობას აქვს ადგილი. მაგრამ, როდესაც ადამიანი მუშაობას იწყებს, მუშაობის მიმართ წინააღმდეგობა ჩნდება, სწორედ ეს წინააღმდეგობაა ცრუ პიროვნება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ცრუ პიროვნება სისტემის იდეებით დაინტერესდეს ან ის ამ იდეებმა მიიზიდონ?

პასუხი: დიახ, საკმაოდ ძლიერად. ამ შემთხვევაში მიიღებთ აბსოლუტურად სხვა სისტემას -სისტემას ცრუ პიროვნების ჭრილში. იმ მომენტში, როდესაც ცრუ პიროვნება სისტემას საკუთარ თავთან მიმართებით იყენებს, ის ძლიერად იზრდება და სისტემას თქვენთვის ასუსტებს. ის აქა-იქ სიტყვებს ამატებს და ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად სახეცვლილი მიბრუნდება ზოგი იდეა უკან. რომელიმე ფორმულირებიდან ერთი სიტყვის ამოგდებას იდეის სრულიად შეცვლა შეუძლია. ცრუ პიროვნებამ ყოველთვის უკეთ იცის და ყოველთვის თავს იმართლებს, როდესაც იმას აკეთებს, რაც მოსწონს. აი, სად იმალება საშიშროება.

სისტემა ნათქვამს იმ აზრით გულისხმობს, როგორც ეს ითქვა. თუ ვინმე აკორექტირებს ნათქვამს, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ის ვეღარ იქნება სისტემა - ეს იქნება ფსევდოსისტემა, სისტემის ფალსიფიკაცია. როდესაც ის არაზუსტი ხდება, ანუ როდესაც ნაწილი დავიწყებული ან გამოტოვებულია, ის მცდარ შედეგებს მოიტანს.

კითხვა: ამ კითხვებს იმიტომ გისვამთ, რომ ხანდახან მუშაობისადმი ჩემი ინტერესის უტყუარობაში ეჭვი მეპარება - შესაძლოა, საკუთარ თავს ვატყუებ.

პასუხი: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თავად შეგიძლიათ; და, ისევ და ისევ, თუ ძირითადი პრინციპები არ გავიწყდებათ და არ ამბობთ „მე“-ს მაშინ, როდესაც ის მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთ „მე“-ს წარმოადგენს. თქვენ სხვა „მე“-ები უნდა გაიცნოთ და გახსოვდეთ ისინი. მათი დავიწყება ძალზე საშიშია, რადგან პატარა დარტყმა, მცირე ცვლილება საკმარისი იქნება, რომ ყველაფერი არასწორი გზით წავიდეს.

აქამდე, ადამიანზე საუბრისას მის ზოგადადამიანურ თვისებებს განვიხილავდით, რაც ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ მუშაობის გარკვეულ მომენტში, ზოგადი პრინციპების გაგების გარდა, ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს საკუთარი განსაკუთრებულობების ძიებას, რადგან მას საკუთარი თავის პრაქტიკულად ცოდნა არ შეუძლია, თუ მან მხოლოდ ზოგადი დახასიათება იცის. ყოველი ადამიანი საკუთარ ინდივიდუალურ თვისებებს, სისუსტეებს ფლობს, რის გამოც მის თავს გადამხდარ მოვლენებს წინააღმდეგობას ვერ უწევს. ეს თვისებები ან სისუსტეები მარტივი ან რთული შეიძლება იყოს. ერთი ყველაფერს უმკლავდება გემრიელი საჭმელის გარდა; მეორე - ყველაფერს, საუბრების გარდა; ან შეიძლება ზარმაცი, ან პირიქით, ძალზე აქტიური იყოს. თვითშესწავლის გარკვეულ საფეხურზე ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი მთავარი თვისების, ანუ მთავარი სისუსტის პოვნა. ადამიანთა მთავარი სისუსტეები ძალზე განსხვავებულია, და თუ ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ რაიმეს, რასაც სხვა ადამიანი ვერ უმკლავდება მისი მთავარი თვისების გამო, სისუსტეების ეს სხვაობა ილუზიას გვიქმნის, რომ ჩვენ „კეთება“ შეგვიძლია. მთავარი თვისება, ანუ მთავარი სისუსტე ცრუ პიროვნებაშია. ზოგ შემთხვევაში ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებული ერთი, ორი ან სამი თვისება ან ტენდენცია შეინიშნება, რომლებიც ყველაფერს განმსჭვალავს, როგორც ღერძი, რომლის ირგვლივაც ყველაფერი ბრუნავს. ეს მთავარი თვისებაა. ზოგჯერ ის საკმაოდ ცხადი და ნათელია, ხანდახან კი რთული აღსაწერია. ხშირად ვერანაირ სიტყვებს, ვერანაირ ფორმებს ვერ ვპოულობთ მის აღსაწერად, და მხოლოდ ირიბად თუ შეიძლება მისი დახასიათება. საინტერესოა, რომ ადამიანს ხანდახან ძალზე უჭირს საკუთარი მთავარი თვისების პოვნა, რადგან ის მასშია, და თუ სხვა უთითებს მასზე, ჩვეულებრივ, არ იჯერებს ამას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ის, რაც მის გვერდით დგას, თუმცა ის თავად თვისება არაა.

ხანდახან სასარგებლოა ჩვენს შესახებ მეგობართა მოსაზრებების მოსმენა, რადგან ეს ხშირად ჩვენი თვისებების აღმოჩენაში გვეხმარება. ძალზე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გვიშლის მუშაობაში ხელს. ვიდრე ადამიანი ამას არ იპოვის, მთავარი თვისება მუდამ ენერგიის დაკარგვის მიზეზი იქნება, ამიტომ ეს დანაკარგი უნდა აღმოვაჩინოთ და შევაჩეროთ.

კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი მთავარი თვისების თავად აღმოჩენა?

პასუხი: ორგანიზებული მუშაობისას გარკვეულ მომენტში მას აღმოაჩენთ ან შესაძლოა სხვამ მიგითითოთ მასზე. თუმცა, სხვა თუ მიგითითებთ, ამას არ დაიჯერებთ. ხანდახან ის იმდენად ცხადია, რომ მისი უარყოფა შეუძლებელია, თუმცა ბუფერების დახმარებით ადამიანს მისი დავიწყება შეუძლია. ვიცნობდი ადამიანებს, რომლებმაც იცოდნენ თავიანთი მთავარი ნიშანი და გარკვეული დროის განმავლობაში ახსოვდათ კიდეც ის, შემდეგ კი ივიწყებდნენ. თქვენ თავად უნდა მიუახლოვდეთ მას.

მხოლოდ მას შემდეგ გეცოდინებათ ის, როცა თავად იგრძნობთ მას. თუ მხოლოდ სხვები გესაუბრებიან მასზე, ადვილად დაივიწყებთ მას. როდესაც თქვენი ცრუ პიროვნების გამოვლინებების სხვაობას დაინახავთ, შემდეგ შეძლებთ თქვენი მთავარი თვისების აღმოჩენას.

კითხვა: ეს ხომ არაა ბუფერი?

პასუხი: არა, მაგრამ ბუფერები მთავარ თვისებას მალავენ, ეხმარებიან მას.

კითხვა: თუ ჩვენს მთავარ თვისებას აღმოვაჩენთ, შევძლებთ მის გამოსწორებას? თქვენ თქვით რომ ვერაფრის შეცვლას ვერ მოვახერხებთ.

პასუხი: ჩვეულებრი გზით ვერ შევძლებთ. თუმცა ამ შემთხვევაში გამოცდილება და ცოდნა იგულისხმება, რაც ყოფით ცხოვრებას არ განეკუთვნება.

კითხვა: თუმცა ჩვეულებრივი ადამიანიც ხომ იცვლება?

პასუხი: დიახ, ის იცვლება: უფრო მექანიკური, უფრო შეზღუდული, უფრო უსიცოცხლო ხდება. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ყოფით ცხოვრებაში არაფერი პროგრესირებს. პიროვნებები იცვლებიან, განსაკუთრებით, თუ გარემოებები იცვლება, მაგრამ ეს მექანიკური, შემთხვევითი ცვლილებებია. ჩვენი შეხედულებები ხშირად გამონაკლისებს ეფუძნება, მიუხედავად იმისა, სწორია ჩვენი დაკვირვება თუ არა. წესებზე უფრო მარტივი გამონაკლისების შემჩნევაა.

კითხვა: საკუთარ თავში გარკვეული ტენდენციის შემჩნევის შემდეგ, ადამიანი წყვეტს, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს.

პასუხი: როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მაინც ხდება. ან, თუ არ ხდება, მის ადგილას სხვა ტენდენცია ჩნდება. როგორც წესი, ამას მხოლოდ ერთი რამ აჩერებს - შიში.

კითხვა: იცვლება თუ არა მთავარი თვისებები ცხოვრების განმავლობაში?

პასუხი: თუ ისინი ნათლადაა გამოხატული, მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, ადრე მქონდა ისეთი თვისებები, რომლებიც ახლა აღარ მაქვს?

პასუხი: შესაძლებელია. ჩვენი საკუთარი თავის ცოდნა ძალზე არასრულყოფილია. ადამიანი შეიძლება მრავალ მოვლენასა თუ საგანს აკვირდებოდეს ცხოვრებაში და მაინც, დიდ შეცდომებს უშვებდეს, თუ არ იცის, როგორ შეამოწმოს საკუთარი დაკვირვების შედეგები. და ჩვეულებრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, რთულია მთავარი თვისების შემჩნევა.

კითხვა: შეგიძლიათ მითხრათ, რომელია ჩემი მთავარი თვისება?

პასუხი: არა მგონია, შემეძლოს. მუშაობის დასაწყისში ამის აუცილებლობა არ დგას. დასაწყისში მნიშვნელოვანი არა მთავარი თვისებაა, არამედ ის, რაც მის მიერ იწარმოება, და ის, რისი შესწავლაც დამოკიდებულების ფორმით შეგიძლიათ. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ დამოკიდებულებებს მოვლენებისა თუ საგნების მიმართ, რადგან საკუთარ თავზე სწორი ფორმით არასდროს გვიფიქრია. ჩვენ ბევრი წარმოსახვითი იდეა გვაქვს. ახლა უნდა შევისწავლოთ ჩვენი თვალსაზრისები, ჩვეული ემოციები, მეთოდი, რომლითაც ვფიქრობთ, რასაც ვიგონებთ. ეს ყველაფერი მთავარი თვისების ან თვისებების შედეგებია, რადგან ერთის გარდა შეიძლება ორი ან სამი თვისებაც არსებობდეს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია. იფიქრეთ ცრუ პიროვნებაზე; ეს სრულიად საკმარისია პრაქტიკული მიზნებისთვის. თეორიულად, ცრუ პიროვნება უმეტეს შემთხვევაში ერთი ღერძის ირგვლივ ტრიალებს, და ეს ღერძი მთავარი თვისებაა. თუ ადამიანს ერთი დიდი სისუსტე აქვს, ეს, ერთი მხრივ, უპირატესობაა, რადგან თუ ის დაძლევს ამ თვისებას ანუ სისუსტეს, ერთი ხელის დაკვრით შეძლებს ბევრის მიღწევას. თუ ყველაფერი ერთ წერტილშია თავმოყრილი, მასში განხორციელებული ძალისხმევა საუკეთესო შედეგს იძლევა, ვიდრე ძალისხმევა, რომელიც სხვადასხვა წერტილში კეთდება. მაგრამ მთავარი თვისება ყოველთვის განსაზღვრადი არაა. ხანდახან შეიძლება მიუთითოთ მასზე, ხანდახან კი - არა; ერთ ადამიანში დაინახოთ ის, მეორეში - არა. თუმცა ცრუ პიროვნების დანახვა შეგიძლიათ.

კითხვა: არის თუ არა მთავარი თვისება ცრუ პიროვნების საკვები?

პასუხი: მთავარი თვისება საკვები არაა. ის ცრუ პიროვნებაა; ცრუ პიროვნება მასზეა დაფუძნებული და ის ყველაფერში შედის.

კითხვა: მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მთავარი თვისება იღებს გადაწყვეტილებას?

პასუხი: ეს საუკეთესო განსაზღვრებაა მისთვის - რომ ის ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას. მთავარ თვისებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად ზოგად საკითხებზე ჯობია ფიქრი - რატომ მიხვედით ნამდვილ სისტემასთან, რა გსურთ სისტემისგან. ხშირად ხდება, რომ ადამიანები ლექციებს ესწრებიან წლების განმავლობაში და ავიწყდებათ, რატომ მოვიდნენ. თუ გახსოვთ, რატომ მოხვედით, სისტემა პასუხს გაგცემთ. შეიძლება არ გახსოვდეთ მექანიკურობის შესახებ; შეიძლება დაგავიწყდეთ ყველა ადამიანის ძლიერი დარწმუნებულობა, რომ მას „კეთება“ შეუძლია და რომ, თუ ეს არ ძალუძს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე არ უფიქრია ან არ სურდა ეს.

ამ იდეასთან ბრძოლა და იმის გაგებაა აუცილებელი, რომ მექანიკურები ვართ, რომ არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს, რომ გვძინავს, რომ მრავალი „მე“-ს პატრონები ვართ. ეს დაგვეხმარება ცრუ პიროვნების დანახვაში, რადგან ყველაფერი, რასაც საკუთარ თავს მივაწერთ, - წარმოსახვის სტანდარტული მაგალითებია. და წარმოსახვითი პიროვნება, ანუ ცრუ პიროვნება, წარმოადგენს სწორედ ყოველი ადამიანის მთავარ თვისებას.

კითხვა: ცრუ პიროვნება ყოველთვის ეგოისტია?

პასუხი: თუ საკუთარ თავზე, როგორც ცრუ პიროვნებაზე ფიქრობთ, და ცდილობთ იპოვოთ ის, რაც მას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი ეგოისტური ცრუ პიროვნებას წარმოადგენს. მაგრამ რაც მეტს ფიქრობთ მასზე, მით ნაკლებად დაინახავთ მას. ის შეიძლება სრულიად არაეგოისტურად მოგეჩვენოთ, და ეს ყველაფერზე უარესია!

კითხვა: მთავარი თვისების მრავალი სახესხვაობა არსებობს?

პასუხი: კლასიკური თვისებებიც არსებობს და უცნაური ვარიანტებიც. ახალი აღთქმის მრავალ ადგილას გავრცელებული თვისებაა აღწერილი - როდესაც სხვების ნაკლს ვხედავთ, საკუთარს კი ვერ ვამჩნევთ. საკმაოდ ჩვეულებრივია საკუთარი თავის შეცოდების ზოგიერთი ფორმა. არსებობს ასევე საინტერესო კომბინაციები, რომელთა ფსიქოლოგიური განსაზღვრების პოვნა საკმაოდ ძნელია.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა თვითგახსენება მთავარი თვისების დამარცხების ერთადერთ გზას?

პასუხი: თვითგახსენების გარეშე ვერაფერს გავაწყობთ. ეს ერთადერთი გზაა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანს სხვადასხვა თვისებები ჰქონდეს, როდესაც ის სხვადასხვა ადამიანთან ერთად იმყოფება?

პასუხი: არა, ეს როლებია. თვისებები ასე სწრაფად არ იცვლება.

კითხვა: წარმოადგენს თუ არა ადამიანების გაკიცხვა თვისებას?

პასუხი: დიახ, ეს შეიძლება თვისება იყოს. მაგრამ რას ეფუძნება ის? გაგების უკმარისობას. თუ ფსიქოლოგიის შესწავლას დაიწყებთ, ნახავთ, რომ ყველა მიზეზი ისევ ჩვენშია, ჩვენს გარეთ არავითარი მიზეზი არ არსებობს. თქვენ არასაკმარისად ახსენებთ საკუთარ თავს ამის შესახებ. ერთ მცირე ნაწილს ესმის, რომ მიზეზები ჩვენშია, მაგრამ უმეტესი ნაწილი კვლავ სხვა ადამიანებს ადანაშაულებს. ყოველი უარყოფითი ემოციის საფუძველში იპოვით თვითგამართლებას, რაც კვებავს მას. თვითგამართლება თავდაპირველად საკუთარ გონებაში უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი, გარკვეული დროის შემდეგ, მის შეჩერებას ემოციაშიც შეძლებთ. გაგების უკმარისობა პირველი მიზეზია, ძალისხმევის უკმარისობა - მეორე.

კითხვა: თქვენ თქვით, რომ სიზარმაცე შეიძლება მთავარი თვისება იყოს?

პასუხი: ზოგი ადამიანისთვის სიზარმაცე მათი ცხოვრების სამ მეოთხედს ან მეტს შეადგენს. ხანდახან სიზარმაცე ძალზე თვალსაჩინოა და ცრუ პიროვნების მთავარ თვისებას წარმოადგენს, და ამ შემთხვევაში სხვა ყველაფერი სიზარმაცეზეა დამოკიდებული. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სიზარმაცის სხვადასხვა სახეობები არსებობს.

ამ სხვადასხვა სახეობების ძიება საკუთარი თავის და სხვა ადამიანების დაკვირვებითაა აუცილებელი. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ დაკავებულები არიან, გამუდმებით რაღაცას აკეთებენ, მაგრამ გონებით ზარმაცები არიან. ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე რამე სხვა. სიზარმაცე მხოლოდ უსაქმოდ ჯდომის სურვილი არაა.

კითხვა: რომელია ცრუ პიროვნებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა?

პასუხი: ყოველთვის აკეთეთ ის, რაც ცრუ პიროვნებას არ მოსწონს, და სულ მალე მრავალ ისეთ რამეს აღმოაჩენთ, რაც ცრუ პიროვნებას არ მოსწონს. თუ ამგვარად გააგრძელებთ, ის მეტად და მეტად გაღიზიანდება და საკუთარ თავს ცხადად გამოაჩენს, ისე რომ მალე მის შესახებ კითხვები აღარ დაგრჩებათ.

მაგრამ დასაწყისში თქვენი ბრძოლა ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული - უნდა იცოდეთ მისი თვისებები, იპოვოთ ის, რაც მას ყველაზე მეტად არ მოსწონს. ერთ ცრუ პიროვნებას ერთი რამ არ მოსწონს, სხვას - მეორე. მის წინააღმდეგ წასასვლელად საკმარისი ძალა უნდა გაგაჩნდეთ.

* * *

ახლა ადამიანის სხვა ნაწილებთან ცრუ პიროვნების დამოკიდებულების შესახებ ვისაუბროთ.
ყოველ ადამიანში, ყოველ მომენტში, მისი განვითარება ე.წ. სტატიკური ტრიადის მეშვეობით ხდება. ეს ტრიადა სტატიკურად იმის გამო იწოდება, რომ სამკუთხედის მწვერვალის შემადგენელი ნაწილები ყოველთვის ერთ ადგილზე რჩება და გამანეიტრალებელი ძალის ფუნქციას ასრულებს, ამ დროს კი სხვა ძალები ძალიან ნელა იცვლებიან.

ადამიანი ოთხ ნაწილად იყოფა: სხეული, სული, არსება და პიროვნება. არსებაზე და პიროვნებაზე უკვე ვისაუბრეთ. ტერმინი „სული“ ნამდვილ სისტემაში სასიცოცხლო პრინციპის აზრით გამოიყენება. სული შეიძლება აღიწეროს როგორც ნატიფი მატერიის ან ენერგიის ღრუბელი, რომელიც გაერთიანებულია და ფიზიკურ სხეულზეა მიბმული. ვიდრე ის სხეულშია, სხეული ცოცხალია, და სხეული და სული ერთი მთლიანობაა, როდესაც ისინი იყოფიან, ვამბობთ, რომ სხეული მოკვდა.

ესაა, რაც ხორცის მკვდარ ნაგლეჯს ცოცხალი ორგანიზმისგან განასხვავებს. როდესაც ცენტრი კარგად მუშაობს, სული იქაა ფოკუსირებული. თუმცა, ჩვეულებრივ ადამიანში სულს არანაირი ფსიქიკური თვისებები არ გააჩნია, და მასზე ცოდნის გაღრმავებაც არაფრის მომცემია. მე მხოლოდ თეორიული თვალთახედვით გესაუბრებით; სული მატერიალურია, თუმცა უფრო ნატიფი, ვიდრე სხეული.

 mmmmme222

ეს სქემა სასარგებლოა, რადგან ისეთებს წარმოგვაჩენს, როგორებიც ვართ, თუ ამის დანახვა ძალგვიძს. ის გვიჩვენებს ცვლილებებს ჩვენს განვითარებაში, იმას, თუ რას წარმოვადგენთ ამჟამად და რა შეიძლება გავხდეთ.

როდესაც ამ სქემით სარგებლობას ისწავლით, მისი მეშვეობით თქვენს მუშაობაში გარკვეულ სტადიებს დაადგენთ.

პირველი სამკუთხედი ყოფით ცხოვრებაში ადამიანის მდგომარეობას აჩვენებს; მეორე მის მდგომარეობას განვითარების დასაწყისში ასახავს. პირველი და მეორე სამკუთხედით ნაჩვენებ მდგომარეობებს შორის დროის ხანგრძლივი მონაკვეთებია, და კიდევ უფრო ხანგრძლივი მონაკვეთებია ამ სამკუთხედებსა და მესამე სამკუთხედს შორის. ფაქტობრივად, მრავალი შუალედური სტადია არსებობს, მაგრამ ცრუ პიროვნებასთან მიმართებით განვითარების გზის საჩვენებლად ეს სამიც საკმარისია.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მდგომარეობათაგან მუდმივი არცერთი არაა. ნებისმიერი მათგანი შეიძლება ნახევარი საათი გაგრძელდეს, შემდეგ სხვა მდგომარეობაში გადავიდეს, მას კი სხვა მდგომარეობა მოჰყვეს.

სქემა მხოლოდ განვითარების მიმდინარეობას გვიჩვენებს. შესაძლებელია სქემის განვრცობა მუდმივი „მე“-ს საზღვრებს მიღმა, რადგან მუდმივ „მე“-საც მრავალი ფორმა გააჩნია.

ტრიადა სხეულისგან, სულისგან და მწვერვალში - არსებისგან შედგება. მეორე წერტილში „მე“ იმყოფება, მრავალი „მე“-ს მნიშვნელობით აღებული, რომლებიც შეადგენს ადამიანს, ანუ ყველა გრძნობა და შეგრძნება, რომლებიც ცრუ პიროვნების ნაწილს არ შეადგენს.

სამკუთხედის მესამე წერტილს ცრუ პიროვნება, ანუ საკუთარი თავის წარმოსახვითი სურათი იკავებს.

ჩვეულებრივ ადამიანში ცრუ პიროვნება საკუთარ თავს „მე“-ს უწოდებს და აქტიურია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, თუ ადამიანს განვითარება შეუძლია, მასში მაგნეტური ცენტრი იწყებს ზრდას.

ადამიანი ამას „განსაკუთრებული ინტერესებით“, „იდეალებით“, „იდეებით“ ან მსგავსი ტერმინებით მოიხსენიებს. როდესაც ადამიანი ამ მაგნეტურ ცენტრს შეიგრძნობს, საკუთარ თავში ცალკე ნაწილს პოულობს და ამ ნაწილიდან იწყება მისი ზრდა. ეს ზრდა მხოლოდ ცრუ პიროვნების ხარჯზე შეიძლება განხორციელდეს, რადგან ცრუ პიროვნებას არ შეუძლია გამოვლინდეს მაგნეტური ცენტრის გამოვლინების თანადროულად. როდესაც მაგნეტური ცენტრი აქტიურია, ცრუ პიროვნება პასიურია, ხოლო როდესაც ცრუ პიროვნებაა აქტიური, მაგნეტური ცენტრი პასიურია.

თუ ადამიანში მაგნეტური ცენტრი ფორმირებულია, მან შეიძლება სკოლა იპოვოს, ხოლო როდესაც მუშაობას დაიწყებს, მან ცრუ პიროვნების საწინააღმდეგოდ უნდა იმუშაოს. ეს არ ნიშნავს, რომ ცრუ პიროვნება გაქრება; ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის არ ვლინდება, მაგრამ როდესაც მაგნეტური ცენტრი ზრდას იწყებს, ის ქრება, ხანდახან ნახევარი საათით, ხან კი მთელი დღითაც. შემდეგ ბრუნდება და მთელი კვირის განმავლობაში რჩება!
როდესაც ცრუ პიროვნება მცირე ხნით ქრება, „მე“ ძლიერდება, მაგრამ ეს რეალური „მე“ არაა, ეს მრავალი „მე“-ა. რაც უფრო ხანგრძლივია პერიოდები, რომლის დროსაც ცრუ პიროვნება ქრება, მით უფრო ძლიერდება მრავალი „მე“-სგან შედგენილი „მე“.

მაგნეტური ცენტრი შესაძლოა მმართველის მოადგილედ ტრანსფორმირდეს, და როდესაც მმართველის მოადგილე ცრუ პიროვნებაზე კონტროლს მოიპოვებს, ის უსარგებლოს ცრუ პიროვნების მხარეს გადააწყობს, ხოლო აუცილებელს „მე“-ს მხარეს დატოვებს. შემდეგ, შემდგომ სტადიაზე, შესაძლოა, რომ მუდმივი „მე“, იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ეკუთვნის, „მე“-ს მხარეს გაჩნდეს. ამ დროს მრავალი „მე“ ცრუ პიროვნების მხარეს აღმოჩნდება, მაგრამ ახლა ამის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ. გაჩნდება მუდმივი „მე“ ყველაფერ მის კუთვნილთან ერთად, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მაინც რა ეკუთვნის მას. მუდმივ „მე“-ს სრულიად განსხვავებული ფუნქციები, იმისგან სრულიად განსხვავებული თვალთახედვა აქვს, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები.

დასახელება „მუდმივი მე“ ბოლომდე ზუსტი არაა, რადგან ის მუდმივი დიდი ხნის განმავლობაში არაა; ის მხოლოდ საჭიროებისას მოდის და რჩება, ხოლო თუ აღარაა საჭირო, კვლავ მიდის. ამიტომ, უმჯობესია ვთქვათ „რეალური მე“. როდესაც ეს „მე“ მოდის, ის ყველა სხვა „მე“-ს აკონტროლებს. მას იმგვარად შეუძლია კონტროლირება, რაც არცერთ არსებულ „მე“-ს არ ძალუძს, ამიტომ ის სრულიად ახალია გარკვეული აზრით. როდესაც ეს ერთი „მე“ მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ის რჩება. ჯერ ერთი, შესაძლოა მის საჭიროებას არ წარმოადგენდეს დარჩენა, რადგან მცირე „მე“-ებმაც უნდა ისწავლონ სწორად მოქმედება. მეორე, ის დაძაბულ მუშაობას მოითხოვს, და თუ მუშაობა სუსტდება, ამ „მე“-ს დარჩენა არ შეუძლია. ამგვარად, მისი ყოფნა ბევრი ელემენტისგან შედგება, მაგრამ ერთხელ მაინც თუ განიცადეთ მისი მყოფობა, ბევრს შეიტყობთ და დარწმუნდებით იმაში, რაც ახლა შეგიძლიათ მხოლოდ ივარაუდოთ.

სტატიკური ტრიადა აჩვენებს, რომ ცრუ პიროვნების სხვადასხვა გამოვლინებასთან დაკავშირებით ან პირადი მუშაობა, ან გადაგვარება ხორციელდება, მაგრამ სხეული, სული და არსება იგივე რჩება მთელი დროის განმავლობაში. გარკვეული ხნის შემდეგ ისინიც ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან, მაგრამ ეს საწყის სტადიებში არ შედის. სხეული იგივე სხეულად დარჩება, არსება მოგვიანებით შეიცვლება, მაგრამ ეს არ შედის ნამდვილი მუშაობის საწყის სტადიაში. ამ სისტემის თანახმად, არსება მხოლოდ იმიტომ შედის, რომ ის პიროვნებასთანაა შერეული. მას ცალკე არ განვიხილავთ, რადგან, როგორც უკვე აგიხსენით, ჩვენ პიროვნებისგან ცალკე არსებაზე მუშაობის არავითარი საშუალება არ გაგვაჩნია.

კითხვა: მოიაზრებს თუ არა ეს სქემა, რომ სხეული და არსება ხანდახან ცრუ პიროვნების მხარეს დგანან, ხანდახან კი საპირისპირო მხარეს, იმისდა მიხედვით, რომელი მხარე ჯობნის?

პასუხი: არა. სხეული და არსება თუ ნორმალურია, ისინი მიუკერძოებლები არიან და რომელიმე მხარეს არ იჭერენ. მაგრამ თუ მათში დარღვევაა, ისინი ცრუ პიროვნების მხარეს იმყოფებიან. მაგრამ ეს ჩვენი საუბრის თემა არაა; ჩვენ მათ მუდმივ ძალებად განვიხილავთ. ცვლილებებს ადგილი ტრიადის დანარჩენ ორ წერტილში აქვთ.

კითხვა: ამ სქემის მიხედვით, მმართველი მოადგილე მაგნეტური ცენტრის ადგილს მას შემდეგ იკავებს, რაც ადამიანი სკოლაში მუშაობას შეუდგება?

პასუხი: როგორც ადრე აგიხსენით, მმართველის მოადგილე პირდაპირ მაგნეტური ცენტრიდან არ მოდის, მაგნეტური ცენტრი ჯერ უნდა ტრანსფორმირდეს. პირველი, რაც მაგნეტური ცენტრის ადგილას სწორ ზრდაზე მიანიშნებს, არის შეფასება - ნამდვილი მუშაობის გაგება. პირველსა და მეორეს შორის დიდი გზაა. სქემაზე ისინი ერთმანეთის მიმდევრობითაა გამოსახული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთს მეორე დაუყოვნებლივ მოჰყვება - ისინი საკმაოდ არიან ერთმანეთისგან დაცილებული, და აქ ასეულობით ტრანსფორმაციას აქვს ადგილი.

კითხვა: რა აიძულებს „მე“-ს განვითარებას, ხოლო ცრუ პიროვნებას განლევას?

პასუხი: ყველა ცვლილება დროში ხდება. ყოფით ცხოვრებაში ცრუ პიროვნება მუდამ იქ იმყოფება. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ის შემცირდება და ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდება, ნაკლებ დროს დაიკავებს. (ეს სქემის მეორე სტადიაშია ნაჩვენები, სადაც ცრუ პიროვნება პასიური გახდა, ხოლო მაგნეტური ცენტრის ირგვლივ შემოკრებილი მრავალი „მე“ გააქტიურდა.) თქვენ ვერ დააპატარავებთ ცრუ პიროვნებას ზომით, მაგრამ დროში მის შემცირებას შეძლებთ. ავიღოთ ოცდაოთხი საათი - რამდენი საათი ეკუთვნის ერთს და რამდენი - მეორეს? ჩვენში ყველაფერი ამ სახით იცვლება.

კითხვა: აქამდე მეგონა, რომ ცრუ პიროვნება მრავალი „მე“-ს ნაკრებს წარმოადგენდა. ამ სქემამ თავგზა ამიბნია.

პასუხი: ამ მრავალ „მე“-ს შორის ზოგი სასარგებლო და ბევრი კი პასიური „მე“-ა, რომლებიც სხვა პიროვნებების დასაბამი შეიძლება გახდნენ. ცრუ პიროვნებას განვითარება არ შეუძლია; ის სრულიად მცდარია. აი, რატომ ვთქვი, რომ მთელი მუშაობა ცრუ პიროვნების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. ადამიანი იმიტომაა წარუმატებელი მუშაობაში, რომ ცრუ პიროვნებას საკმარის ყურადღებას არ უთმობდა, არ სწავლობდა მას, არ მუშაობდა მის წინააღმდეგ. ცრუ პიროვნება მრავალი „მე“-თია შედგენილი, მაგრამ ყველა ისინი წარმოსახვითი არიან.

კითხვა: არ მესმის, რას ნიშნავს პასიური „მე“.

პასუხი: პასიური „მე“-ები - ესაა „მე“-ები, რომლებსაც სხვები, აქტიური „მე“-ები აკონტროლებენ. მაგალითად, კარგ განზრახვებს შეიძლება სიზარმაცე აკონტროლებდეს. სიზარმაცე აქტიურია, კარგი განზრახვები - პასიური. „მე“ (ანუ მრავალი „მე“-ს კომბინაცია) კონტროლში აქტიურია; „მე“-ები, რომლებსაც აკონტროლებენ ან ხელმძღვანელობენ, პასიურები არიან. მარტივად გაიგეთ. ეს სქემა წარმოადგენს მდგომარეობას, შემდეგ ცოტათი სხვა მდგომარეობას, და კვლავ სხვა მდგომარეობას. ამ სქემის დახმარებით ყველაზე ელემენტარულით დაწყებული, ადამიანის სამი სხვადასხვა მდგომარეობის ნახვა შეგიძლიათ. ყველაზე ელემენტარულ მდგომარეობაში ცრუ პიროვნებაა აქტიური, ხოლო „მე“ - პასიური. სხეული, სული და არსება ყოველთვის გამანეიტრალებლებად რჩებიან. როდესაც, მრავალი სტადიის შემდეგ, „მე“ მდგომარეობა მოდის, „მე“ აქტიური ხდება, მრავალი „მე“ პასიურდება და ცრუ პიროვნება ქრება. ბევრი სხვადასხვა სქემის დახაზვა შეიძლება ამ ორ უკიდურესობას შორის, ასევე შემდგომი განვითარების რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს.

კითხვა: არსებობს თუ არა სტატიკურ ტრიადაში ისეთი ადგილი, სადაც „მე“-ს ჯგუფები, რომლებიც მაგნეტურ ცენტრთან არ არიან დაკავშირებულები, აქტიურები არიან, ხოლო ცრუ პიროვნება - პასიურია?

პასუხი: როდესაც ვთქვი, რომ „მე“-თა ზოგიერთი ჯგუფი, ანუ პიროვნებები, აქტიურდებიან, მხედველობაში მქონდა ისინი, რომლებიც მაგნეტური ცენტრის გარშემო არიან შემოკრებილნი. თავიდან თავად მაგნეტური ცენტრი, ხოლო შემდეგ ის „მე“-ები, რომლებიც მაგნეტური ცენტრის გარშემო არიან განლაგებული, ეწინააღმდეგებიან ცრუ პიროვნებას.

შემდეგ, გარკვეულ მომენტში, მაგნეტური ცენტრი აქტიურდება, ხოლო ცრუ პიროვნება - პასიურდება. მაგნეტური ცენტრი ინტერესების ან სიმპატიების გარკვეული ჯგუფების კომბინაციას წარმოადგენს. ის არ გხელმძღვანელობთ, რადგან ხელმძღვანელობა პროგრესის მაჩვენებელია, თქვენ კი ერთ ადგილას დგახართ. მაგრამ როდესაც რაღაც მოვლენები ხდება, მაგნეტური ცენტრის დახმარებით შეგვიძლია დავინახოთ, რა რას წარმოადგენს, ან მოგწონთ ეს თუ არა. თქვენ არჩევანის გაკეთების საშუალება გეძლევათ. მანამ, სანამ ადამიანი მუშაობაში ჩაეფლობოდა, მაგნეტური ცენტრი გარკვეულ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენდა. როდესაც სკოლას ვპოულობთ, ეს ინტერესი სასკოლო მუშაობასთან გვაკავშირებს, შემდეგ კი მუშაობისთვის ძალზე სუსტი მაგნეტური ცენტრი სამუშაო პიროვნებად ტრანსფორმირდება.

ეს სქემა ასახავს მუშაობის საწყის სტადიებს, და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კომბინაცია გამოვყავი მათგან, რომელთა ჩვენებაც შესაძლებელი იყო. მაგალითად, ერთერთ საწყის სტადიაზე შეგვიძლია დავხაზოთ ტრიადა სხეულით, სულით და არსებით მწვერვალზე, ცრუ პიროვნებით ერთ მხარეს და უკვე გარკვეულ ჯგუფებად დაყოფილი მრავალი „მე“-ებით - მეორე მხარეს.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია მაგნეტური ცენტრი, თუმცა სხვა ჯგუფებიც არსებობს, რომლებიც მასთან არ არიან მიერთებული, მაგრამ, მაინც, არ არიან მტრული მაგნეტური ცენტრის მიმართ, რომელსაც არსებობა და, ბოლოს და ბოლოს, რაღაც უკეთესში გარდაქმნა შეუძლია. „მე“-თა ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის მტრული და მავნებელი არიან, ცრუ პიროვნებას წარმოადგენენ.

კითხვა: დამოკიდებულია თუ არა სტატიკური ტრიადის ფორმის ცვლილება ყოფიერების ცვლილებაზე?

პასუხი: დიახ, ყოველი მცირე ცვლილება ყოფიერების ცვლილებაა, თუმცა ეს გამოთქმა ჩვეულებრივ უფრო მსხვილ, უფრო სერიოზულ ცვლილებებთან მიმართებით გამოიყენება.
როდესაც ყოფიერების ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ №1, №2, №3 ადამიანებიდან მაგალითად №4 ადამიანად შეცვლაზე ვსაუბრობთ. ეს ყოფიერების ცვლილებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომი მცირე ნახტომებისგან შედგება. სტატიკური ტრიადა მხოლოდ დამხმარე სქემას წარმოადგენს, ის თქვენი გამოსახულებაა. ის თქვენს ყოფიერებას წარმოსახავს, თუ რას წარმოადგენთ მოცემულ მომენტში, და გეხმარებათ, საკუთარ თავს აღუწეროთ ყველა სტადია, რომელსაც ჩვეულებრივი მექანიკური არსებობიდან განვითარებისკენ გადიხართ. ამგვარად, სიტყვებით კი არ აღწერთ ამას, არამედ სრულ სურათს ხატავთ.

ჩვენს მიზანს ერთიანობის მიღწევა, ერთი მუდმივი „მე“-ს შეძენა წარმოადგენს. მაგრამ მუშაობის დასაწყისში ჩვენ მეტად და მეტად დაყოფილები ვხდებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რამდენად შორს ხართ იმისგან, ერთი რომ იყოთ, და როდესაც საკუთარი თავის ყველა ნაწილს გაიცნობთ, ერთ ან რამდენიმე მთავარ „მე“-ზე მუშაობის დაწყება შეიძლება, რომელთა გარშემოც ერთობის შექმნაა შესაძლებელი.

ის ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, რასაც საკუთარ თავში ამჟამად ვაკვირდებით, მცდარი გაგების შედეგი იქნებოდა. ახალი „მე“ ისაა, რასაც ამჟამად არ იცნობთ; ის იქიდან იზრდება, რასაც შეგიძლიათ ენდოთ. თავიდან, ცრუ პიროვნების საკუთარი თავისგან გამოყოფით, თქვენ ცდილობთ საკუთარი თავის დაყოფას თქვენი აზრით სანდოდ და არასანდოდ.

როდესაც გეეჭვებათ, გაიხსენეთ, რომ უნდა სცადოთ სხვა „მე“-ების გამოწვევა, რომლებსაც გარკვეული ღირებულება გააჩნიათ. ეს ერთადერთი გზაა ეჭვების დასამარცხებლად. იმისთვის, რომ განვითარდეთ, შეფასების გარკვეული უნარი უნდა გაგაჩნდეთ.

ერთადერთი პრაქტიკული მიდგომა - საკუთარი თავის სხვადასხვა მხარეზე ფიქრი და იმ მხარეების პოვნაა, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ და რომლებსაც - არ შეუძლიათ. ზოგ ადამიანს რეალური ღირებულებები გააჩნია, ზოგს ყალბი ღირებულებები აქვს, ზოგს კი არანაირი ღირებულება არ გააჩნია. იგივე ითქმის სხვადასხვა „მე“-ზე. ადამიანებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება შეალიონ სიტყვათა სისტემების შესწავლას, და რეალობას ვერასოდეს მიუახლოვდნენ. სამი მეოთხედი ან ცხრა მეათედი ჩვენი ჩვეულებრივი ცოდნისა რეალურად არ არსებობს: ის მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.

მაგრამ ეს სამუშაო თავიდანვე პრაქტიკული უნდა იყოს.

თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ მუშაობის, სისტემის გარეშე ადამიანს არაფერი ძალუძს. თუ ადამიანი მუშაობას იწყებს, მას გარკვეული შანსი უჩნდება. მაგრამ მუშაობაშიც იმალება საშიშროებები, რადგან თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ, და იმავდროულად კონტროლის მოპოვებისთვის მუშაობაზე უარს ამბობენ, თუ ისინი თეორიაში ზედმეტად დიდხანს რჩებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება დიდი ძალისხმევის გარეშე, თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ ამ ძალისხმევის შემდეგი დღისთვის გადადებას, ამ შემთხვევაში ეს უწყვეტი მერყეობა ეფექტს იძლევა, და გარკვეული დროის შემდეგ საშიში მომენტი დადგება. ის არ დგება დასაწყისში, არამედ მას შემდეგ, თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში საკმარის ძალისხმევას და სერიოზულ მუშაობას არ ახორციელებთ. შემდეგ, ერთიანობის ნაცვლად, ადამიანი ყველა თავისი თვისებით და პიროვნებით ორ ნაწილად გახლეჩილი აღმოჩნდება - ერთი ნახევარი ეხმარება პიროვნულ მუშაობაში, მეორე კი გულგრილი ან მტრულია. ეს ორი ჯგუფი გვერდიგვერდ ცხოვრობს, და შეძლებისდაგვარად მორიგეობით ფუნქციონირებს, - ერთი შეიძლება დილით გამოვლინდეს, მეორე კი საღამოს. ეს ძალზე საშიშია. ასეთი ორი ჯგუფის არსებობისას ერთის გულგრილობა მეორე ჯგუფის მუშაობის შედეგებს ანადგურებს, და განვითარება მთლიანობაში წყდება. არ არის აუცილებელი ეს მეორე ჯგუფი მტრულად ან ცუდად იყოს განწყობილი მუშაობისადმი, ის სუსტია, ხოლო სისუსტე და ძალა ერთდროულად ვერ გაიზრდებიან. ამიტომ, ამის წინააღმდეგ სწრაფად და უმოწყალოდ უნდა იბრძოლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგად შესაძლოა ორმაგი კრისტალიზაცია დადგეს.

კითხვა: როგორ შეიძლება ამ ორი ჯგუფის ფორმირების აღმოჩენა?

პასუხი: თუ ადამიანი საკუთარი თავის დაკვირვებას სწავლობს, მას ამ პროცესის დაწყების აღმოჩენა შეუძლია, და ამის შემდეგ მან დიდი ხნის განმავლობაში ამ პროცესს გაგრძელების ნება არ უნდა მისცეს, რადგან ყოველ შემდეგ დღეს მას სულ უფრო მეტად გაუჭირდება მასთან ბრძოლა. თუმცა ეს სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად ვლინდება.

კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რომ ეს გაგების გარეშე ცოდნის შეძენის შედეგი იყოს?

პასუხი: არა. გაგება შეიძლება იყოს, მხოლოდ მოქმედების გარეშე. საქმე იმაშია, რომ ვერც ცოდნა და გაგება უშველის ადამიანს, თუ ის ყოფიერებაზე არ მუშაობს. თუ ნება არ იზრდება, ადამიანს შეიძლება ესმოდეს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოს. თუ ადამიანები ძალზე დიდხანს იცდიან სერიოზული ძალისხმევის გარეშე ან სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე, მათ შესაძლოა ორმაგი კრისტალიზაცია დაეწყოთ. ამ შემთხვევაში ისინი საკუთარი მუშაობით ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ კი მცდარი შედეგების მიღებაც შეუძლიათ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff